ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      ცოტა ხნით ყურადღებას ვითხოვ მკითხველისაგან. ისეთი რამ უნდა გიამბოთ, ჭექა - ქუხილის ღმერთმა მოგვიანებით რომ გაგვიმხილა. იმ დროისთვის უკვე აღარ ვიყავით აუზის ძერწილ ნაპირებზე ჩამორიგებულნი, ვლაღობდით და ვმხიარულობდით სამოთხისდარ ბაღნარში. ჭექა - ქუხილის ღმერთს აბა რაღა დააოკებდა? ხომ ცნობილია მისი თავმომწონეობის დიდი უნარი, მეტად ფერადოვნად აგვიწერა ყოველივე, რაც ახლა უნდა გადმოგცეთ. ასე რომ, მოვლენათა თანმიმდევრობას დროებით ვარღვევ, ორსახა ნიღბის ფათერაკს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

      უწინარეს ყოვლისა, თეთრი დრო ახსენა ჭექა - ქუხილის ღმერთმა, მის შესახებ თუ გიფიქრიათო. იკითხა. თეთრი დრო რაღა უნდა იყოსო, ჩვენი მხრივ ჩვენც ვკითხეთ. ჭექა - ქუხილის ღმერთსაც მეტი რა უნდოდა, მაშინვე წმინდა წერილის სიტყვები მოიშველია: „ ვიხილე დიდი, თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი“.

      მერე შედარებით ხმას დაუწია და ასე გააგრძელა: აქ მეტისმეტად ბევრია სათქმელი, ვერ შევეჭიდები მათ სიმრავლეს, ვერც მათ ძლევამოსილებას ავწონით, თუმცა თეთრ ტახტს გვერდს ვერ ავუვლი, დიდ გამოცანას ჰგავს ეს სიტყვები, ვფიქრობ, ასეცაა. მივყვეთ სიტყვათა მდინარებას, ვნახოთ, საით გაგვიყვანს. ადამიანმა რამე რომ დაინახოს, აუცილებლად სინათლე სჭირდება. კერძოდ, მზის სხივია მისი მეგზური, უიმისოდ ვერაფრის დანახვას ვერ შევძლებთ. ცისარტყელად იშლება მზის სხივი, რომელშიაც ადამიანმა შვიდი ფერი ამოიცნო, რატომღაც ასე ჩათვალა საჭიროდ, თუმცა მასში ფერების უსასრულო რაოდენობაა. ციფრ შვიდიანს მიუსადაგა ფერთა რაოდენობა. თუ ყველა ამ ფერებს შევკრებთ, სამ ძირითად ფერს მივიღებთ: წითელს, ყვითელს და ლურჯს. ფერთა უსასრულო მრავალგვარობა სწორედ ამ სამი ფერისგან გამომდინარეობს. თავის მხრივ, თუ ამ ფერებს ერთმანეთში ავურევთ, თეთრი ფერი მიიღება, ანუ მზის სხივი სინამდვილეში თეთრია, ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი.

      ახლა დროის შესახებ ვთქვათ; დრო ადამიანმა სამ ნაწილად გაჰყო: წარსული, აწმყო და მომავალი. ჩვენს მიერ აღნიშნული ფერები შეგვიძლია დროს მოვარგოთ. წითელი ფერი წარსულის ფერია, (გავიხსენოთ წითელი გადანაცვლება, რასაც ადამიანები უჭვრეტენ კოსმოსურ წიაღში, ანუ როცა წარსულში იყურებიან.) ოქროსფერი დღევანდელ დროს ნიშნავს, იგი მზის ხილული ფერია. რაც შეეხება ლურჯ ფერს, იგი მომავლის ფერია, მას წინა ორ ფერთან შედარებით ბევრად აღმატებული ენერგია გააჩნია.

      გავყვეთ ანალოგიურ მსგავსებას ფერებსა და დროებს შორის. უკვე ვთქვით, ლურჯს, წითელს და ყვითელს თუ გავაერთიანებთ, მივიღებთ თეთრ ფერს. ასევე თუ შესაძლებელი იქნებოდა წარსულის, აწმყოს და მომავლის გაერთიანება, მივიღებდით თეთრ დროს, ანუ ისეთი დროის განზომილებას, რომელიც სამივე დროს მოცავს თავის თავში.

      იქნებ სწორედ ესაა მარადისობა, ვინ იცის .... როგორც პატივცემული მეცნიერები აღნიშნავენ, ადამიანს ახსოვს წარსული და არ ახსოვს მომავალი. ესეც საკმაო საფუძველს იძლევა, რათა თეთრი დროის შესახებ ვილაპარაკოთ.

      ვფიქრობ, სწორედ ამას გულისხმობს „თეთრი ტახტი“ წმინდა წერილში. და იქ უკვე სულ სხვა ხედვაა, იქ უკვე აღარ აღიწერება მიწიერი სანახები ისეთი სახით, როგორსაც შეჩვეულები ვართ, აღარსადაა ცა და მიწა, მათ უკვე სულ სხვა სახით დაინახავს მხილველი. იგივე შეიძლება ითქვას ზღვის შესახებაც, „ზღვა აღარ იყო“ - ღაღადებს წმინდა წერილი, ზღვას იქ სულ სხვა შესახედაობა ექნება და ის ჯერჯერობით ჩვენი ხედვის მიღმაა. და სწორედ თეთრი დროის შუქზე წარმოჩინდება ყოველი არსება, ვისაც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია. სიცოცხლის წიგნიც სწორედ თეთრი დროის ფურცელია.

      ახლა კი მინდა კრისტალებზე გესაუბროთ. გამჭვირვალე, მყარ სხეულაკებზე. ცხადია, გაუმჭვირვალენიც არსებობენ, მათზე სიტყვას არ შევაჩერებ. აი, იმათზე ვილაპარაკებ, მუდამ სინათლის სხივებს რომ ეთამაშებიან.

      გამჭვირვალება საქებარი თვისებაა, უმაღლეს შინაგან წესრიგზე მიუთითებს. თუ რაღაც ცნობარებსაც გადავქექავთ, ვნახავთ, რომ კრისტალებში ატომების განლაგება უდიდესი სიზუსტითაა მოწესრიგებული. მათ შორის მანძილი არასოდეს იცვლება, კრისტალი მთლიანად უნდა განადგურდეს, უნდა დაიწვას ან დაიმსხვრას, სხვანაირად ატომები ადგილიდან არ დაიძვრებიან, მუდამ შეინარჩუნებენ უძრავ წესრიგს. ერთი სიტყვით, კრისტალს არ უყვარს ცვლილება. კრისტალი თვით უძრაობაა. ანუ, დრო და სივრცე კრისტალის წიაღში შეხვდნენ ერთმანეთს, გადაეჯაჭვნენ და სამუდამოდ გაქვავდნენ. ანუ, დრო და სივრცე ერთმანეთში გაქვავებულნი, ასედაც შეიძლება მას ვუწოდოთ.

      ახლა სინათლის შესახებ გესაუბრებით. სინათლეს უძრავს ნამდვილად ვერ უწოდებ. იგი მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, თუ მოძრაობს, ანუ, როცა უდიდესი სისწრაფით ინაცვლებს ადგილს სივრცეში, (დაახლოებით სამასი ათასი კილომეტრი წამში) სინათლეს ვერ შეაჩერებთ, თუ ამას შეეცდებით, მაშინვე მოკვდება, ანუ სინათლე თვით მოძრაობაა.

      და, აი, ერთმანეთს შევახვედროთ ეს ორნი, კრისტალი და სინათლე, უძრაობა და მოძრაობა. ერთმანეთისაგან ისე დაშორებულნი, როგორც ცა და დედამიწა. სრულიად საპირისპირო თვისებებით არიან აღჭურვილნი. ჰოდა, რას ეტყვიან ერთმანეთს, როცა ერთმანეთს შეხვდებიან ეგზომ განსხვავებული არსებანი, კრისტალი და სინათლე, უძრაობა და მოძრაობა, დედამიწა და ცა . . . რა საუბარს გააბამენ ერთმანეთთან, ვის შეუძლია ამის ამოკითხვა. არადა, რა ლამაზი სანახავია, როცა ერთმანეთს შეხვდებიან კრისტალი და სინათლე, რა ფერები და ფორმები ლივლივებენ, რამდენ საოცრებას აღწერენ, თვალს ვერც კი მიადევნებ. ნამდვილად ვიცი, რაღაც მეტად მნიშვნელოვანს, ღრმააზროვანს და საინტერესოს უამბობენ ერთმანეთს ეს ორი არსება, ბუნებით სრულიად სხვადასხვანი.

      მოკლედ თუ მოვჭრით, კრისტალი და სინათლე ერთად დიდი ცოდნაა, დიდი სიბრძნეა. ისინი შეხვედრისას სამყაროს უდიდეს საიდუმლოს აღწერენ და გადაგვიშლიან ხოლმე თვალწინ. მეტად ფართოა ამ საიდუმლოს არეალი. ნეტავი შეგვეძლოს მისი ამოკითხვა, მაშინ გავიგებდით რას ეუბნებიან ერთმანეთს ცა და დედამიწა.

      ახლა კრისტალთა სხვადასხვაობაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას; მრავალგვარნი არიან კრისტალები, და ცოდნა, მათ წიაღში ჩამარხული, მეტად მრავალფერია და მრავალგვარი. ყველა კრისტალს საკუთარი ცოდნა აქვს, მისი თვისებებიდან გამომდინარე.

      და ის კრისტალები, წმინდა წერილში მოხმობილი, სწორედ რომ ამ დიდი საიდუმლოს, კრისტალთა წიაღში ჩამარხულ საიდუმლოს გვიმხელენ და აღწერენ. და ქალაქი, ამ ცოდნაზე აღმოცენებული, დიდ სრულფასოვნებასთან იქნება წილნაყარი, ამიტომაც ბრწყინავს იგი დიდი, ძვირფასი თვალივით.

      დიდად პატივცემულ მეცნიერებს ვეხმიანები: თავიანთი სიტყვაც შემოგვაშველონ, უზუსტესად აღნუსხონ სინათლის სხივთა კონები, კრისტალის მჭვირვალე წიაღში გაბნეული თუ გარდატეხილი. მათ მრავალგვარობას ხომ საზღვარი არ აქვს, ყველა კრისტალი თავისებურ ბილიკს უგებს სინათლის კონებს. და ყოველივე ეს ცოდნის იმ ბილიკს შეემატება, რომელზეც უკვე ამდენი ვისაუბრეთ, საბოლოოდ კი დავემსგავსებით იმ ადამიანს, რომელიც ძალიან ფართო სტადიონზე დააბიჯებს, სტადიონი კი უბრალო არ გეგონოთ, იგი უამრავი კრისტალისაგან შეთხზული ცოდნის მძივებითაა მოფენილი. მათში ის ცოდნა აირეკლება რაც კრისტალებმა და სინათლის სხივებმა ერთმანეთს გაუმჟღავნეს. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს წმინდა წერილში მოხმობილი სახელები: იასპი, ამეთვისტო, ქრისოპრასი.

      მაღლით დავხედოთ კრისტალთა მძივებს, ვნახოთ, რა სურათ - ხატება ამოვა. ახალი იერუსალიმის საიდუმლოსაც მცირედით მაინც ვეზიარებით.

      უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: მეტისმეტად ბევრია სათქმელი, მაგრამ ვხედავ, თქვენი მოუთმენლობაც დიდია, ამას ცხადად ვხედავ, თუმცა ნიღბები გიფარავთ სახეს.

      . . . რამეთუ წინანდელნი გარდახდნენ. . .

      თითქოს ოკეანის ტალღები ამბობენ ამ სიტყვებს, ისე ხმამაღლა ქუხს მათი ხმა. ეს შედარება სწორედაც რომ უპრიანია. ზღვის შესახებ ისედაც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ალბათ ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავთ, რამდენად დიდია ზღვის ტალღების ძალა. თუნდაც ცუნამი გავიხსენოთ, ზღვის ნაპირს თვალის დახამხამების უმალ რომ ცვლის. მერედა, რა აძლევს ამ უდიდეს დამანგრეველ ძალას ნაპირთან ზღვის ტალღებს? სწორედ ის ტალღები, რომლებიც შუა ზღვაში დარჩნენ და ნაპირს ვერ მიაღწიეს. ასევე, კაცობრიობაც შეიძლება ზღვას შევადაროთ, თითოეული ადამიანი კი ზღვის წვეთს. ყველა წვეთი ზღვის ძლევამოსილებას ემსახურება და სწორედ ამიტომ, არცერთი მათგანი არაა დაკარგული, ყველა იპოვის თავის გზას და ბილიკს. ასევე ადამიანიც თითქოს ჩაკარგულია დრო - სივრცის წიაღში, თაობათა სიმრავლეს თუ გადავხედავთ, მაგრამ მის ძლევამოსილებას არაფერი აკლდება ამით. როგორც არ იკარგება ზღვის წვეთი, ასევე არც ადამიანი იკარგება დრო - სივრცის წიაღში. დიდი ენერგიის წყაროა ყოველი ჩვენგანი და ეს ენერგია ჩვენთანაა განუყოფლად.

     

      * * *

      ახლა ისევ ორსახა ნიღაბს დავუბრუნდეთ. ჩვენ ის მაშინ დავტოვეთ, როცა აუზში გადავარდა. ერთი სახე წყალში იყო ჩამხობილი, მეორე სახე ზეცისკენ აღეპყრო, ხელები ფართოდ გაეშალა და ნელნელა იძირებოდა. წამით ყველანი გაოგნებამ შეგვიპყრო, ვეღარაფერი მოგვესაზრებინა.

      უცბად ჰაერში რაღაცა ბრწყინვალემ გაიელვა... (არ ვაჭარბებ, მართლა გაელვებას გავდა). ოქროს ნიღაბი იყო, ყველას დაასწრო გონს მოსვლა, შხეფების კორიანტელი დააყენა აუზში ჩამხტარმა, ორიოდე ხელის მოსმით მიცურდა ორსახა ნიღაბთან, ასე უდრტვინველად რომ იძირებოდა. ჩააფრინდა, ნაპირზე ამოიყვანა სულ ერთიანად გაწუწული და გაბრუებული. საბრალო ორსახა ნიღაბი, მეტისმეტად მგრძნობიარე აღმოჩნდა, ვეღარ გაუძლო იმ პირქუშ სურათს, ჭექა-ქუხილის ღმერთის მიერ დახატულს. თანაც როგორი ხმით... ჭექა-ქუხილის ღმერთის საოცრად ომახიან ხმასაც არანაკლები ღვაწლი მიუძღოდა იმაში, რომ ხსენებული სურათი რაც შეიძლებოდა პირქუში, მკვეთრი ფერებით უხვად შეზავებული გამოსულიყო.

      ჰოდა, მოადინა კიდეც წყალში ტყაპანი გონწასულმა ორსახა ნიღაბმა. არცაა გასაკვირი, კიდევ ცოტაც და ალბათ დანარჩენებსაც იგივე დაგვემართებოდა.

      ამასობაში მოვასწარით გონს მოსვლა. ცხადია, ყველანი მზად ვიყავით ორსახა ნიღბის დასახმარებლად, მაგრამ ვინ მიგიშვა... ოქროს ნიღაბი ლამის ტკიპასავით აეკრა თავის გადარჩენილს, წყალი ჩამოუწურა, შეუმშრალა, თავით ფეხებამდე ფაფუკ ხალათში გაახვია... თურმე გულიც ოქროსი ჰქონია ოქროს ნიღაბს.

      უცბად რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა; მომეჩვენა, თითქოს ეს სანახაობა, ოქროს ნიღაბი თავზე რომ ევლება ორსახა ნიღაბს, უკვე მენახა ოდესღაც... თუმცა არა, უფრო სწორედ, კი არ მენახა, რაღაცას მანიშნებდა თითქოს, მანიშნებდა მეტისმეტად ცხადად და თვალსაჩინოდ. იმდენად თვალსაჩინოდ, ხანდახან დაბრკოლებადაც რომ იქცევა ხოლმე. ცნობილი ამბავია, ყველაზე ადვილად სწორედ ის გვისხლტება მხედველობიდან, რაც ყველაზე ცხადია და თვალსაჩინო.

      ეს სურათი რაღაცას ჰგავდა, მაგრამ რას, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი; და კიდევ ერთხელ ვინატრე გამორჩეული თვალთახედვის ნიჭი, შემთხვევით ნანახ უცხო სტუმარს რომ აღმოაჩნდა. თითქოს ახლაც ცხადად ვხედავ: დგას უძრავად, ღამეულ ცრიატ შუქში გახვეული, სახე გაბადრული მთვარისკენ მიუპყრია და მთვარის დაბნელება იწყებაო, ამბობს. ო, რა ადვილად განასხვავა ერთმანეთისგან ღრუბლის და დედამიწის ჩრდილები. არც კი დაფიქრებულა, არც თავი უმტვრევია რაიმეზე და არც არაფერი... ერთი შეხედა თუ არა ოდნავ ჩაკბეჩილ მთვარის დისკოს, მორჩა... ყოველივე ცხადი იყო მისთვის. ხომ ყველანი მისი წინააღმდეგნი ვიყავით: ერთხმად ვუმტკიცებდით, ღრუბლის ჩრდილია და არა დედამიწისო; არა და არა! ერთი ბეწო ეჭვიც არ შეპარვია თავის სიმართლეში. წამი რა არის, წამითაც არ შეყოყომანებულა. ასეთი თავდაჯერება მართლაც გასაოცარია; მას ხომ არავითარი საბუთი არ ჰქონდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად... მხოლოდ დრომ, ერთადერთმა პირუთვნელმა მსაჯულმა, გაამჟღავნა ყველაფერი, მთვარის დისკო მანათობელ ნამგლად აქცია. აი, მაშინ კი ყველამ ვიწამეთ, რომ დედამიწის ჩრდილს შევყურებდით თურმე და არა მაცთურ ღრუბელს.

      მე კი, თავდაჯერებას ვინ დაეძებს, ეჭვადაც ვერ ვხვდები, თუ რას შევყურებ ახლა, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი, ორსახა ნიღბისკენ მზრუნველობით დახრილი ოქროს ნიღაბი, თავით ფეხებამდე ბაჯაღლო ოქროსავით მოელვარე, საყვარლად ჩაგრეხილი პაწია რქების ჩათვლით. რაღაცას ნამდვილად მეუბნებიან ორივენი, მაგრამ რას, მომკალი და, ვერ მივმხვდარვარ.

      მე არც ვარსკვლავებამდე ამაღლება შემიძლია... დრო-სივრცის უფართოესი რკალი მიუწვდომელია ჩემთვის. არადა, რა საწყენია, რაღაცას ალბათ მეც ვიტყოდი ამ საოცარი სურათის შემყურე, ვიტყოდი, როგორც შემთხვევითობა... ეჰ, ნეტავი როგორმე მიმახვედრა, რას უნდა ნიშნავდეს ეს სურათ-ხატება, ორი ნიღბის მიერ დახატული და შექმნილი... ცალ-ცალკე არა, ერთად მყოფნი მანიშნებდნენ რაღაცას.

      სავსე მთვარე გამოეკიდა მათ თავებს ზემოთ, თვალებში გამომცდელად შემომხედა, თითქოს მეკითხებოდეს, ნუთუ ვერაფერს ხვდებიო, ვერაფერს ამჩნევო... აჰა, ცხადი სურათხატება ძევს შენს წინაშე: ერთი მხრივ ორსახა ნიღაბი, ორი სახე ანუ ორბუნებოვანი არსება, რომელიც ეს წუთია ამოვიდა ზღვიდან... წყლის ყველა წვეთი ხომ ზღვის საკუთრებაა. მეორე მხრივ კი ერთიანად ბაჯაღლო ოქროსგან ნაძერწი ორრქიანი არსება, თავგამოდებით მზრუნველი ზღვიდან ამოსულ ორსახა ნიღაბზე; ხომ ხედავთ, თავზე როგორ ევლება და ეფოფინება.

      რატომ ვერა და ვერ მოისაზრე, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი. თუნდაც კრავის პაწია რქები ავიღოთ, ასე საყვარლად რომ დაგრეხილან და ჩაწნულან. ამან მაინც როგორ არ დაგაეჭვა რაიმეში... რქები საერთოდ ხომ იარაღს ნიშნავს, მაგრამ ეს ჩახლართული პაწია რქები იარაღი ვერ იქნება... ვის უნახავს კრავის რქებით განგმირული ან თუნდაც გაკაწრული არსება? არა, აქ იარაღთან არ გვაქვს საქმე, ეს ორი რქა სულ სხვა რამაა, მაგრამ რა?

      ამ ფიქრებმა ლამის ტვინი გამიბურღეს. ისეთი გძრნობა მქონდა, თითქოს რაღაცას ვეჯახებოდი შუბლით, მაგრამ რას, ვერა და ვერ მივმხვდარიყავი, სათქმელს კალაპოტი ვერა და ვერ მოვუძებნე.

      და უცბად...

      - შენ ხარ მეორე მხეცი!

      გეფიცებით, ეს სიტყვები თვითონვე ამოსხლტნენ საიდანღაც... ნამდვილად ასე იყო; ჯერ ვთქვი და მერე დავფიქრდი, თუ რა ვთქვი, ვის ვუწოდე მეორე მხეცი. ოქროს ნიღაბს! სწორედ მას მივმართე ასე...

      მეტი აღარაფერი მითქვამს, ჩუმად ვიდექი საკუთარ სიტყვებს მიყურადებული. ნელ-ნელა გავიაზრე, რომ წმინდა წერილს გამოვეხმაურე:

      „ვიხილე მეორე მხეცი, მიწიდან ამომავალი, მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა...~ აი, ამ საოცარი სიტყვების ექომ მოაღწია ჩემამდე. ალბათ ჩემს მეხსიერებაში თვლემდნენ.

      არც სხვა ნიღბები იღებდნენ ხმას, ირგვლივ სიჩუმის ყინულოვანი კედელი შემომერტყა, თუმცა მალე გაირღვა ეს კედელი. ჩემამდე მოაღწია რაღაც ხმებმა. გავიგონე ერთმანეთს როგორ გადაულაპარაკეს ნიღბებმა, შემთხვევითობამ მგონი ენა ამოიდგაო.

      მერე კი ყველა ნიღაბმა მე მომაპყრო მზერა, მათ შორის ოქროს ნიღაბმაც... ის უკვე აღარ იყო დახრილი ორსახა ნიღბისკენ, თუმცა გვერდიდან არ შორდებოდა. იდგა წელში გამართული, იქნებ უფრო გასაგებად გვითხრა შენი სათქმელიო, მთელი თავისი ბრწყინვალე გარეგნობით მაგრძნობინებდა...

      მეც აღარ დავაყოვნე:

      - დიახ, ასეა... შენ ხარ მიწიდან ამომავალი მხეცი, თავზე ევლები ორსახა ნიღაბს, ორბუნებოვან არსებას, მხეცს და ადამიანს ერთსა და იმავე დროს. შენ დაგინახე სულ პირველად, როგორც კი ფეხი შემოვდგი ამ წალკოტში. ოქროს ბრწყინვალე ქანდაკებასავით ამოდიოდი მიწის ღრმა ორმოდან, დედამიწის ჭრელ ბურთს ადევნებული...

      შენ არ ხარ მაცთური ღრუბლის ჩრდილი, როგორც თავს გვაჩვენებ. შენ მთელი დედამიწის ჩრდილი ხარ, სამყაროს სივრცეში მოხეტიალე, და ბოლოს მთვარის დისკოზე განფენილი...

      ორიოდე სიტყვით ავუხსენი სმენად ქცეულ ნიღბებს, თუ რა მქონდა მხედველობაში და მერე ისევ განვაგრძე. ოქროს ნიღაბს მივმართავდი უმეტესწილად:

      - ერთიანად ოქროსგან ხარ ნაძერწი, ამიტომ ოქროს მხეცს გიწოდებ. ოქროს მიწიდან მოიპოვებენ, მეც წაგახმარე ხელი მიწის ღრმა ორმოდან ამოსვლაში. როგორც კი თვალი მოგკარი, მაშინვე მენიშნა რაღაც, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვამჩნევდი შენს რქებს, კრავის რქებივით საყვარელ ჩაგრეხილ-ჩახლართულებს. ამიტომაც დამაგვიანდა მივმხვდარიყავი, თუ ვინ ხარ.

      - რქებმა რაღა განიშნეს? - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ორსახა ნიღაბმა, თუმცა მე მშვენივრად გავიგონე მისი სიტყვები...

      ახალი მთვარე გამოცურდა ამ დროს საიდანღაც, სავსე მთვარისკენ მიიდრიკა, ჩანს, თავიანთი ჩვეული ოინბაზური მოგზაურობის წარმოდგენას აპირებენ.

      - ძალიან ბევრი რამ მანიშნეს შენმა რქებმა, - მივმართე ისევ ოქროს ნიღაბს. ვიცოდი, ჩემს სიტყვებს სხვებიც კარგად გაიგონებდნენ. - მე, რა თქმა უნდა, ვერ მივწვდები უფართოეს და უშორეს რკალს, თქვენთვის ასე მახლობელს, მაგრამ ხანდახან რაღაცას მაინც მოვკრავ თვალს. კრავის ორი რქა, საყვარლად დაგრეხილ-ჩაწნულები, ორ სპირალს რომ მოგვაგონებენ, ისინი ხომ იარაღად არ გამოდგებიან... გინახავთ, კრავს ვინმე დაეჭრას ან თუნდაც გაეკაწროს ამ რქებით? არა, აქ სულ სხვა რამაა, ორრქიან არსებას არავითარი იარაღი არ სჭირდება. ის ხომ თავიდან ფეხებამდე ოქროსია... ჰოდა, თვითნვეა იარაღი.

      როდესაც ამ სიტყვებს ვამბობდი, ახალი მთვარე მიეახლა სავსე მთვარეს. ნელ-ნელა გადაცურდა მის მნათ სახეზე, პაწია რქებად გამოესახა თავზე. ოღონდ ეს რქები დაგრძეხილი არ ყოფილან, სწორად იდგნენ. თითქოს ჩემს სიტყვებს ბეჭედი დაუსვესო, ისე გამოუვიდათ მთვარეებს.

      - რატომ არიან რქები ასე ჩახლართულები? - გაისმა შეკითხვა.

      ვეღარ მოვასწარი ამაზე დაფიქრება, მეორე შეკითხვა მოჰყვა მაშინვე:

      - რატომაა რქების რიცხვი ორი და არა ვთქვათ ათი?

      უკვე აღარ ვიცოდი, რომელ ნიღაბს ეკუთვნოდნენ ისინი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მთვარის გაორმაგებულმა სახემ (თავზე პაწია მნათი რქებით) მომაწვდინა ხმა, ორი შეკითხვა ერთად დამისვა.

      - მეკითხებით, რატომაა რქები ჩახლართული და მათი რიცხვი რატომაა ორი? - ვაგრძელებ სიტყვას, დროის მოგება მჭირდება. ასეთ რამეებზე ჯერ არ მიფიქრია.. - ცხადია, ამასაც თავისი მიზეზი ექნება, თანაც ფრიად მნიშვნელოანი... წმინდა წერილში არაფერია შემთხვევითი, იქ თითო სიტყვას თითო ცთომილის წონა აქვს. დიახ, რქები იარაღს არ ნიშნავს, ეს უკვე ვიცით, მათ რაღაც სხვა დანიშნულება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ რა? ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება... (ცოტა ხნით ვჩუმდები, არც სხვები იღებენ ხმას, მგონი ვარსკვლავებიც კი რაღაცაზე ფიქრობენ, ისე გარინდებულან...) ჰო, რას ვამბობდი? ისინი შენი თავიდან გამოდიან (ოქროს ნიღაბს მივმართავ) თანაც როგორი სახით, სპირალივით ჩაგრეხილ-ჩახლართულები... ხომ კარგად ვიცით ყველამ (ახალს არაფერს ვამბობ), თავი ხომ მბრძანებლობს სხეულს. თავი განსაზღვრავს, თუ რა სახის მოძრაობა უნდა შეასრულოს ამ უკანასკნელმა, რა გზებით უნდა იაროს. ჰოდა, ყველაფერი აშკარაა, თანაც ერთი შეხედვისთანავე. კრავის რქები იმ დახლართულ გზებს ნიშნავს და აღწერს, რომლითაც დედამიწაზე დააბიჯებ. შენ ხომ სწორი გზით სიარული არ შეგიძლია, ყოველთვის მრუდე მიმართულებას არჩევ. ამის სურათხატებაა შენი თავიდან გამოსული რქები (ისევ ვჩუმდები, არავინ მეკამათება, მგონი სწორ გზას ვადგივარ,) თანაც რქების რიცხვიც ორია, რატომ არიან ორნი?... აჰა, ყოველივე ცხადია, იმიტომ არიან ორნი, რომ ორპირი ხარ, ორბუნებოვარი, ფლიდი, მაცდური, მატყუარა... პირდაპირობა და გულწრფელობა უცხო ხილია შენთვის. თანაც ეს როდია ყველაფერი, საკუთარ თავსაც გამუდმებით ეწინააღმდეგები (ის ფინანსისტი გამახსენდა, ორ მეომარ მხარეს ერთდროულად რომ ამარაგებს...) ასეთია შენი გზა და ბილიკი მზის ქვეშ.

      როგორც კი სიტყვა დავასრულე, სავსე მთვარეს გაუქრა პაწია მნათი რქები. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი უნაშთოდ დაემთხვნენ ერთი-მეორეს. ახალი მთვარე ეხლა სრულებით აღარ ჩანდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რომ ისევ იქ იყო, ვიცოდი მათი ოინბაზობის ამბავი...

ნახვა: 16

ტეგები: qwelly, ბლოგი, მაძიებელი, მოთხრობა, ოქრო, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო მოთამაშეები ფანქრის სკულპტურებში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 18, 2019.
საათი: 10:26pm 0 კომენტარი

      ბოლო სეზონმა საბოლოოდ დაასამარა სერიალის ეპიკურობის და განსაკუთრებულობის, საინტერესოობისა და აღმაფრთოვანებლობის იდეა, მაგრამ ინტერესი ჯერ კიდევ არ ქრება HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული…

გაგრძელება

ცხელი ზუგდიდი, ოჯახის სიწმინდე ქუჩაში და გადამდგარი მინისტრის ინტერვიუ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 16, 2019.
საათი: 11:15pm 0 კომენტარი

      დღემ კვლავინდებურად საარჩევნო არეულობებით და მერე ამ არეულობებზე კომენტარებით ჩაიარა - ისევ ზუგდიდიდან, ისევ დაძაბულობებით და ისევ არეულობით. დღის მეორე მთავარი ბლოკი იყო გადამდგარი მინისტრის…

გაგრძელება

საარჩევნოდ ცხარე ზუგდიდი, სარისკო სიცოცხლე, ომბუდსმენის პალიტრა, იუნკერის ნათქვამი ევროპელობა და გარეჯის მიწა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მეფის ხსენების დღეს, მთლად სამეფო ამბები არ ისმოდა ქართულ მედიაში, ძირითადი აქცენტები კვლავაც არჩევნებს უკავშირდებოდა და ტრადიციაც ქცეულ, წინააარჩევნო არეულობებსა და ხმაურს - ამჯერად ზუგდიდიდან.…

გაგრძელება

მასწავლებლების ანაზღაურების სამომავლო ზრდა, ფინანსები, პრემიერის გამოსვლა მახათაზე, საარჩევნო სიახლოვე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 13, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ახალი კვირაც სამაისო არჩევნებით დაიწყო - მინდოდა დამეწერა, სავარდო, მაგრამ ვაითუ ვინმემ პოლიტიკურ მიკუთვნებულობაში ჩამითვალოს. დღის ამბებში მოახლოებული არჩევნები რომ იქნებოდა ეს ცხადია, მაგრამ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters