ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

      იცით, ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები? ცეცხლოვანმა გველეშაპმა. არ გეხუმრებით, ნამდვილად ასე იყო, ვარსკვლავების მანათობელმა გირლიანდებმა გველეშაპი გამოსახეს იმ უფართოეს სივრცეში, რომელშიც იმჟამად ვიმყოფებოდით (მართლაც საზღვარი არ აქვს აქაური წალკოტის სასწაულებს). პირდაპირ სასაცილო იყო, მეტი რომ არ ვთქვათ, ცეცხლოვან გველეშაპს აინტერესებდა, თუ რატომ ლაპარაკობდა ორრქიანი კრავი გველეშაპის ხმით.

      რაც შეეხება მთვარეებს, სადღაც გამქრალიყვნენ, მათი ნასახიც კი არსად ჩანდა...

      - „ლაპარაკობდა როგორც გველეშაპი~ - ვიმეორებ წმინდა წერილის სიტყვებს. ეს უკვე ჩვეულებად მექცა. თან დროს ვიგებ ამით, როგორც უკვე გითხარით.

      - რა თქმა უნდა, გველეშაპივით ილაპარაკებს, აბა რა გგონიათ? ის ხომ ოქროსია... ორრქიანი მხეცი თავიდან ფეხებამდე ოქროა, ნამდვილი ბაჯაღლო ოქრო. ჰოდა, ერთი მითხარით, ვინ ლაპარაკობს ოქროზე უფრო ხმამაღლა? თუ მოეძებნება მეტოქე ამ მხრივ ჩვენს ცთომილზე. გარწმუნებთ, მეტოქეს ვერ იპოვით, უიმედო საქმეა. როდესაც საქმე ხმას შეეხება, ოქროს ვერავინ გაუწევს მეტოქეობას მთელი დედამიწის ზურგზე, და ეს ხმა მხოლოდ გველეშაპს თუ შეიძლება შეადარო, როგორც წმინდა წერილში წერია სიტყვასიტყვით. იქნებ მეტიცაა, ვინ იცის... იქნებ აღემატება კიდეც გველეშაპს...

      სანამ ვლაპარაკობდი, ცეცხლოვანი გველეშაპი ნელ-ნელა ირწეოდა, ცეცხლოვან კიდურებს ასავსავებდა. მერე უცბად თითქოს აფეთქდაო, სულ ერთიანად დაიფანტა, ვარსკვლავებად დაიშალა, ცეცხლოვან წვიმად დაეფრქვა ოქროს ნიღაბს, რომელიც ისე გაბრწყინდა, თვალს ვერც კი გაუმაგრებდი. მართლაც მშვენიერი სანახაობა იყო, ჩემს სათქმელსაც ძალიან მოუხდა...

* * *

      „იგი მოქმედებდა პირველი მხეცის მთელი ხელმწიფებით, აიძულებდა დედამიწას და მის მკვიდრთ, თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა~.

      როდესაც ეს სიტყვები გაისმოდა, რომელიღაცა თანავარსკვლავედმა გაშალა ჩვენს თვალწინ ბრწყინვალე საცეცები. რაიმე გარკვეული ფორმა არ მიუღია, ვარსკვლავები ნელ-ნელა ინაცვლებდნენ ადგილს, უახლოვდებოდნენ ან შორდებოდნენ ერთმანეთს, თან ოდნავ თრთოდნენ, როგორც ნამდვილი, ცოცხალი არსებანი... და საერთოდ, ციურმა მნათობებმა საბოლოოდ დაიპყრეს სივრცე ჩვენს ირგვლივ. ნიღბები რახანია აღარ ჩანდნენ. მე მათ აღარ ვეძებდი, არც გამოხმაურებას ველოდი მათგან (ოქროს ნიღბის გამოკლებით). ციური მნათობები მეკითხებოდნენ, მათგან მესმოდა წმინდა წერილის სიტყვები, ისევ ისინი მანიშნებდნენ, თუ რა პასუხი უნდა გამეცა მათზე... როგორ? ოჰ, უამრავი საშუალება ჰქონდათ საამისოდ.: აუწერლად მრავალგვარი ფორმით და მოყვანილობით, რომლებსაც ბრწყინვალე გირლიანდებით გამოსახავდნენ. მრავლისმეტყველად მოკიაფე მზერით, სულის სიღრმემდე რომ აღწევდა, და კიდევ რა ვიცი, რით აღარ... ეს ოდნავ მთორვალე, ბრდღვიალა ვარსკვლავები რას აღარ გეტყვიან, ოღონდ ყური დაუგდე.

      ... და კიდევ, რა თქმა უნდა, ოქროს ნიღაბი. აბა, მხედველობიდან როგორ დავკარგავდი... რა ლამაზად ციაგობდა ვარსკვლავების შუქზე, რა საყვარლად უციმციმებდა პაწია, ჩაგრეხილი რქები... მისი მრავლისაღმქმელი გარეგნობა ნამდვილი ოქროს ძარღვი იყო ჩემთვის, თვითნაბადისკენ რომ მიმიძღოდა უცილობლად.

      - „იგი მოქმედებდა პირველი მხეცის მთელი ხელმწიფებით...~ - გავიმეორე ჩვეულებისამებრ. მართალია, თანავარსკვლავედთა მთელი კრებული ჩემს მხარეზე იყო, მაგრამ დროის მოგება მაინც არ მაწყენდა - სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ყველაფერი აქაც ერთი შეხედვით ჩანს. პირველმა მხეცმა (ანუ ადამიანმა ყველაზე ზოგადი ნიშნებით) გველეშაპისგან მიიღო ტახტი, ანუ ძლევამოსილება მთელ დედამიწაზე. ამის თაობაზე ბევრი ვილაპარაკეთ და შევთანხმდით კიდეც, რომ ნამდვილად ასე იყო. გველეშაპი აქ მეზოზოურ ერას ნიშნავს, ანუ დინოზავრების ბატონობას მთელ დედამიწაზე, რომელიც მერე კაინოზოურმა ერამ (ადამიანმა) ჩაანაცვლა. მაგრამ აი, რა მოხდა შემდეგ? ეს მართლაც საინტერესოა, მგონი უცნაურადაც გამოიყურება, რაც შემდგომში მოხდა... კერძოდ ის, რომ პირველმა მხეცმა მეორე მხეცს გადაულოცა მთელი თავისი ძლევამოსილება... ხომ მეთანხმებით, რომ უცნაური ამბავია? ვერაფერს გააწყობ, ასე მოხდა. ადამიანმა (პირველმა მხეცმა) თავისი ძლევამოსილება და ტახტი ოქროს გადაულოცა, რომელმაც გველეშაპის ხმით იწყო ლაპარაკი.

      თავის მხრივ მეორე მხეციც ემსახურება პირველს (ბიოლოგიური სიმბიოზის მსგავსად).

      ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ უდიდესი ენერგიის და დოვლათის თავმოყრა დღეს-დღეისობით მხოლოდ ოქროს წყალობით ხდება. ყოველგვარ მონაპოვარს, ძალას თუ სახსარს ოქრო უდევს საფუძვლად, მხოლოდ და მხოლოდ ოქრო. და ეს ყველაფერი მეორე მხეცმა (ოქრომ) პირველ მხეცს (ადამიანს) გაუფინა ფეხქვეშ. ეს იმ დროს, როცა პირველს ისედაც არ აკლდა ძლევამოსილება. მას ხომ გველეშაპის ტახტი ერგო... მაგრამ ოქრომ მისი ძლევამოსილება კიდევ უფრო... გააძლიერა? გააათკეცა? არ ვიცი, რამდენად სწორად ვამბობ... ვერ მომიძებნია სიტყვა, მიახლოებითაც რომ ასახავდეს ორი მხეცის (ადამიანის და ოქროს) ურთიერთობას, სიტყვა, რომელიც ამ საოცარი სიმბიოზის შინაგან არსს დაიტევს თავის თავში.

      ვცადოთ, შევქმნათ მხატვრული სახე, მოცემულ სიმბიოზს რომ გააცოცხლებს. მეტ სიცხადეს მივიღებთ, სურათიც უფრო აშკარა გახდება:

      ოქროს მხეცმა, თავით ფეხებამდე ბაჯაღლო ოქროსგან გამოძერწილმა და ერთიანად ბრწყინვალემ, ასევე ბაჯაღლო ოქროს ხონჩაზე მოათავსა დედამიწის ჭრელი ბურთი და ვის მიართვა? ვფიქრობ, გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს; ზღვიდან აომმავალ მხეცს (ადამიანს, ზოგადი ნიშნებით).

      დიახ, მთელი დედამიწა, თავისი მრავალგვარი ბინადრების ჩათვლით (ცხოველებით, ფრინველებით...) ოქროს მხეცმა ადამიანს უძღვნა საჩუქრად, სანაცვლოდ იმისა, რომ ამ უკანასკნელმა მთელი თავის ძალაუფლება გადაულოცა მას. ასეთ ძვირფას საჩუქარზე კი ცხადია, უარს არავინ იტყვის. არც ზღვიდან ამომავალ მხეცს მოსვლია თავში მსგავსი რამ აზრად.

      მან მიიღო საჩუქარი, ოქროს ხონჩით მორთმეული და გაშალა კიდეც ფრთები. დიახ, მხოლოდ და მხოლოდ ოქრომ მისცა ადამიანს ფრთების გაშლის საშუალება. თანაც ისე ფართოდ, რომ მთელ დედამიწას გადაფოფრებოდა. დედამიწის დანარჩენი ბინადრების სასიცოცხლო არეალიც ბევრად უფრო შევიწროვდა წინანდელთან შედარებით... (ის პერიოდი მაქვს მხედველობაში, როდესაც ოქროს მხეცი ჯერ ისევ თვითნაბადის სახით სუფევდა მიწის წიაღში...) მათი ყოფნა-არყოფნა მთლიანად ზღვიდან ამომავალი მხეცის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ოქრო რომ არა, პირველი მხეცი ვერასგზის ვერ შეძლებდა ამას, თავის შეუვალ ნებას ვერ დაუმორჩილებდა დედამიწას და მის მკვიდრთ...

      იქნებ ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ზემოთ მოყვანილი სახე: დედამიწის ჭრელი ბურთი ოქროს ხონჩაზე. მაგრამ თუ ყურადღებით მიადევნებთ თვალს, ამ ორი მხეცის (ადამიანის და ოქროს) თანამოსაგრეობას, აუცილებლად იწამებს ხსენებული სახის ჭეშმარიტებას. არც ისაა გამორიცხული, საკმარისად არ მიიჩნიოს ვინმემ ჩვენს მიერ მოხმობილი მხატვრული სიმბოლოები და ფერები... უფრო მკვეთრი შტრიხები და ბნელი ლაქები მოიძიოს შექმნილი მდგომარეობის აღსაწერად და გასაცოცხლებლად.

      , * * *

      ..განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა...~ კიდევ ერთხელაა მოხმობილი ეს მეტად იდუმალი სიტყვები წმინდა წერილში. ამას შემთხვევითობას ვერ უწოდებ, წმინდა წერილში არაფერია შემთხვევითი.

      უკვე ითქვა, თანაც არაერთხელ, რომ ზღვიდან ამომავალმა მხეცმა შეძლო თავის თავში გადაერჩინა ადამიანი (იგივე მეშვიდე თავი). მისი უაღრესად განვითარებული გონების წყალობით აღსრულდა ეს მართლაცდა სასწაულებრივი რამ. ამავე დროს, მხეცი ცხოველმყოფლობს მასში, მიწიერ არსებათა ყველა ნიშანი ბუდობს ადამიანში.

      რაც შეეხება ოქროს მხეცს, იგი ერთგვარ ოქროს ხიდად იქცა ამ ორთა შორის. მართალია მეტად მერწევია ეს ხიდი, მაგრამ დრეკადიც გამოდგა, მისი გაწყვეტა ვერავინ შეძლო, თუმცა არაერთხელ სცადეს.

      როგორც ხედავთ, ეს სამი სახე (გნებავთ, სიმბოლო): ზღვიდან ამომავალი მხეცი, ადამიანები, ოქრო... უაღრესად მჭიდროდ არიან ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი. სამმაგ ნასკვს ქმნიან და ეს ნასკვი მეტად მკვიდრია და წარუხოცელი. დღემდე წარმატებით უძლებს დროთა მდინარებას.

      ანდა სამი წვერი, ასედაც შეიძლება ითქვას. რაიმე რომ დაწნა, სამი წვერია საჭირო, ნაწნავიც სახეზეა, ზემოხსენებული სამეულის ურთიერთქმედება. ამ ურთიერთქმედებას სხვას ვერაფერს უწოდებ, გარდა წარუხოცელისა. ყოველ შემთხვევაში, დღეს-დღეობით... ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება ამაში.

     

* * *

      „ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ზეციდან დედამიწამდე ადამიანთა წინაშე~.

      ჰოი, ზეცაო! რა ცხადი იყო ამ ცეცხლოვანი სიტყვების ფარული აზრი... ჩემი ერთგული თანამოსაგრეები (ანუ ვარსკვლავები) ისე მხიარულად აჭყეტდნენ თვალებს, თითქოს ამბობდნენ, ამის გამოცნობას რა უნდაო.

      სად იყო და სად არა, კუდიანი ვარსკვლავი შემოეხეტა ჩვენს შორსგაზიდულ სივრცეში. ფარშევანგივით ფართოდ გაეშალა თავისი მანათობელი კუდი. დაუღალავად მიმოჰქროდა ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე, ცეცხლოვანი რკალების ნამდვილი კორიანტელი დააყენა, ოქროს ნიღაბმაც მისკენ მიატრიალა თავი, ჩანს, მოხიბლა ამ ზეციურმა ჯამბაზმა... ყველაფერ ამას შევყურებდი და სათქმელიც თავისთავად მოედინებოდა. ასეთი რამეების ჭვრეტა აბა ვის არ აალაპარაკებს:

      - „ახდენდა დიდ სასწაულებს~... ჯერ ამ სიტყვებს მივხედოთ, ვამბობ დინჯად, კუდიან ვარსკვლავს ვუთვალთვალებ... ო, რა საოცარ მარყუჟებს ხაზავს, პირდაპირ ცეცხლოვან ნიშნებს აღწერს ზეცაზე. რომელ სასწაულებზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი? ჩემი აზრით, ამ სიტყვას სულ უბრალო ახსნა დაეძებნება; მეცნიერება გახლავთ ეს სასწაული, აი, რა!

      დიახ, მეცნიერება იგულისხმება ამ სიტყვის მიღმა. ასეა უეჭველად. მეცნიერება, როგორც ადამიანური გონების პირმშო, მართლაც მეტად საინტერესო მოვლენა გახლავთ. მან ძლევამოსილი ნაბიჯებით იარა დედამიწაზე, მართლაც ფარშევანგის კუდივით გაშალა უამრავი აღმოჩენები და მიღწევები, რომლებიც ხშირად მართლაც სასწაულებს ემსგავსებიან. თუნდაც ადამიანის ჰაერში აფრენა ვთქვათ, კოსმოსში გაღწევა, ატომური ენერგიის აღმოჩენა... რომელი ერთი ჩამოვთვალო...

      და ყველაფერ ამას მეცნიერება ვერ შეძლებდა, რომ არა ოქრო, მეორე მხეცი. დიახ, როგორც ვიცით (ალბათ ყველა მეთანხმებით), მხოლოდ ოქროს წყალობით ხდება შესაძლებელი ენერგიების და დოვლათის ისეთი თავმოყრა, რაც გარდაუვლად სჭირდება მეცნიერებას, ანუ წმინდა გონებრივ სამუშაოს. დიახ, ოქროს ამ საოცარი უნარის გარეშე (ენერგიათა თავმოყრას ვგულისხმობ) მეცნიერება ნაბიჯსაც ვერ წადგამდა წინ. სულ მთლად ალბათ არ მოკვდებოდა, მაგრამ ივლიდა ტაატით, კუს ნაბიჯებით... კუს ნაბიჯით კი შორს ვერავინ წავა, არც მიწიერი ცივილიზაცია და მეცნიერება იქნებოდა ამ მხრივ გამონაკლისი...

      ...და რა თქმა უნდა, ვერც ზეციურ ცეცხლს ჩამოიტანდა დედამიწაზე, რომ არა ოქროს მხეცი. დიახ, დადგა დრო ზეციურ ცეცხლზე ვილაპარაკოთ. დავფიქრდეთ, რომელი ცეცხლი შეიძლება აქ იგულისხმებოდეს. განა ზეციური ცეცხლი არ ანთია ვარსკვლავთა წიაღში? ისინი ხომ მართლაც მზეები არიან, ისე როგორც ჩვენი მზე იგივე ვარსკვლავია. ზეციური ცეცხლით იწვიან ვარსკვლავები, სითბოს და სინათლეს გამოასხივებენ, ოღონდ იწვიან უჟანგბადოდ, მიწიერი ცეცხლისგან განსხვავებით.

      მერედა როგორი ბუნებისაა ზეციური ცეცხლი? როგორ ხდება წვა უჟანგბადოდ ვარსკვლავთა წიაღში?

      ოდესღაც ადამიანებს ეს სრულიად შეუძლებლად მიაჩნდათ.ვარსკვლავთა წიღაში ატომური ცეცხლი ანთია, ანუ ხდება ატომური გარდაქმნები ელემენტარულ ნაწილაკებში, რის შედეგადაც კოლოსალური ენერგია გამოსხივდება სითბოს და სინათლის სახით. მზეც მათ რიცხვშია.

      ესეც თქვენი ზეციური ცეცხლი.

      ზღვიდან ამომავალი მხეცი დიდხანს უჭვრეტდა ზეციურ ცეცხლს, ანუ ვარსკვლავებს, მერე კი შეძლო შეუძლებელი, მიწაზე ჩამოიტანა. ადამიანმა მიაგნო ატომურ მზეს...გერ ჯაჭვური რეაქცია განახორციელა,მერე ატომური სინთეზიც შეზლო... ამის შედეგად მიიღო ენერგია, რომელიც ვარსკვლავთა წიაღში ანთებულ ზეციურ ცეცხლს ენათესავება. ასე რომ, ზემოთ მოყვანილი ნათქვამი ზეციური ცეცხლის მიწაზე ჩამოტანის შესახებ სულაც არაა უსაფუძვლო, სასწაული ნამდვილად აღსრულდა. ასეთი სასწაულები კი ძვირი ჯდება, ძალიან ძვირი. ადამიანს უდიდესი გზის გავლა დასჭირდა, სანამ ატომურ მზეს, ანუ ზეციურ ცეცხლს მიაგნებდა. როგორ შეძლებდა ამას ოქროს მხეცის შემწეობის გარეშე? ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია... დიახ, ოქრო რომ არა, ადამიანი ვერ გადადგამდა იმ გოლიათურ ნაბიჯებს, ზეციდან მიწამდე ბილიკის გაკვალვას რომ სჭირდება.

      როდესაც ვთქვი, „ციდან მიწამდე ბილიკის გაკვალვა~, კუდიანმა ვარსკვლავმა კუდი მოიქნია, გეგონებოდა თევზი ასხმარტალდა ბადეშიო... რამდენიმე თავბრუდამხვევი მარყუჟი გააკეთა და თვალს მიეფარა. მისი ადგილი მანათობელმა ნისლეულმა დაიკავა. ჯერ პატარა ფთილასავით ამოცურდა საიდანღაც და ეს ფთილა თვალდათვალ იზრდებოდა, ფარფლებივით შლიდა ნისლოვან კიდურებს.

     

* * *

      „აცდუნებდა დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად~.

      უპირველეს ყოვლისა, ოქროს ნიღაბს მივმართე, რომელსაც უკვე მიწვდა ნისლეული, ოდნავ გაამქრქალა მისი ბრწყინვალე გარეგნობა.

      - ეს ხომ შენ ხარ, თვით ცდუნება, სხვა არავინ შეიძლება იყოს. ნამდვილი ცდუნება ხარ... ბნელეთიდან ამოდიხარ (მიწის წიაღის ბნელეთიდან), ისევ ბნელში ინაცვლებ და სუფევ, ბნელ საცავებში ინახავენ ოქროს ადამიანები. რა თქმა უნდა, სამზეოზეც გამოდიხარ, მერედა როგორ? მხოლოდ და მხოლოდ ცდუნების სახით. ყველას აცდუნებ, თვალებს უჭრელებ, ათასი ბნელი და ეშმაკეული საქმისკენ უბიძგებ, აკი გეძახიან ყვითელ ეშმაკსაც...

      მანათობელი ნისლეული კიდევ უფრო გაიფოფრა, ფართოდ გაშალა ფარფლები, გეგონებოდა მათ მიღმა რამის მიჩქმალვას ცდილობსო.

     

* * *

      „...ეუბნებოდა დედამიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისგან და გაცოცხლდა~.

      რა წარმტაცია ამ საოცარი სიტყვების ჟღერადობა... თითქოს რომელიღაცა ტრაგიკული დრამის სიუჟეტია, იდუმალების ბურუსში საგანგებოდ გახვეული, რათა კიდევ უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს. ერთი შეხედვით ასე იფიქრებ... განსაკუთრებით სიტყვა „ხატება~ მიმანიშნებს ამაზე. ნება მიბოძეთ, რამდენიმე წამით დრამა გვერდზე გადავდოთ, თქვენი ყურადღება სიტყვა „მახვილზე~ მინდა გავამახვილო. საქმე იმაშია, რომ სიტყვა „მახვილი~ არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, იგი აქ, ანუ ამ შემთხვევაში, სამიზნეს ნიშნავს. იკითხავთ ალბათ, რომელ სამიზნეზეა ლაპარაკიო. გეტყვით, მაგასაც გეტყვით, ოღონდ ჯერ რაღაც-რაღაცეების გახსენება მოგვიხდება. კერძოდ, ზღვიდან ამომავალი ანუ პირველი მხეცი მყავს მხედველობაში. ყველამ ვიცით, რომ ზღვიდან ამომავალ მხეცს (ანუ ადამიანს ზოგადად) სულაც არ აქვს შვიდი თავი. ამ ციფრს აქ სიმბოლური დატვირთვა გააჩნია, მხეცის შინაგან არსზე მიუთითებს, რომელიც ციფრ შვიდიანზეა ჯვარდაწერილი, ანუ მთლიანად მასზეა აწყობილი. მეშვიდე თავი ნიშნავს „ადამიანს ადამიანში~, ვფიქრობ, ესეც კარგად გვახსოვს... მხეცის ცხოველმყოფლობა ჰკლავს მას, ანუ იგი ვერ ცოცხლობს ცრუ და უხანო წუთისოფელში. სასიკვდილო ჭრილობის მსხვერპლი ხდება, მაგრამ მკვდრეთით აღდგენის უნარი მხოლოდ მას, მეშვიდე თავს აქვს მინიჭებული. იგი უხანოა წუთისოფლისთვის, ამავე დროს უხნესია თვით დედამიწაზე, როგორც მარადისობის დასაბამიერი მკვიდრი.... ამის შესახებ უკვე ითქვა.

      ავს„ხატებას~ დავუბრუნდეთ... ო, რა მრავლისმეტყველად ჟღერს. ვფიქრობ, ძალზე ბევრ რამეს იტევს თავის თავში. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ნიშნავდეს რაღაცა ზოგადს, ყველასთვის ერთნაირად მისაღებს, ანუ საერთოს... თანაც იმდენად მკვიდრს და შეუვალს, წუთისოფლის მღვრიე მდინარე რომ ვერ წაშლის და ვერ გადარეცხავს. ჰოდა, რა უნდა იყოს ეს რაღაც „ზოგადი?~ ჩემი აზრით, ეს გახლავთ საერთო წესი, რომლითაც ცხოველმყოფლობს ჩვენი უხანო წუთისოფელი.

      ანუ, სწორედ ის დრამა გახლავთ, განუწყვეტლივ რომ თამაშდება კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე, თამაშდება ვარიაციათა უსასრულო მრავალფეროვნებით. სიტყვა „დრამა~ სწორედ ამიტომ მოვიხმეთ ზემოთ... გადის დრო, იცვლებიან თაობები, იცვლებიან მოთამაშენი; ერთადერთი, რაც არ იცვლება, ხსენებული დრამის პათოსი გახლავთ, ანუ მისი საერთო წესი, რომლის მიხედვით მეშვიდე თავი მუდამ სამიზნეა, მახვილი ყოველთვის მისკენაა მიმართული... ეს საერთო წესი, ანუ „ხატება~ საოცრად ტევადი სიტყვაა, თანაც მეტად მკვიდრი. უცვლელად მოგზაურობს თაობიდან თაობამდე.

      ... და სწორედ აქ ბობოქრობს მეორე მხეცი, სწორედ ამ საერთო წესში (მოარულ ხატებაში) ავლენს მთელ თავის ძლევამოსილებას; მის სულისჩამდგმელად გვევლინება... „მიეცა სული ხატებისთვის მისაცემად...~ რატომ? იმიტომ რომ პირველი მხეცი მხოლოდ მის ხმას უგდებს ყურს. მერედა, როგორია ეს ხმა, ვის ეკუთვნის? როგორც ვიცით, გველეშაპს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ასე უმოწყალოდ ახშობს ყველა დანარჩენ ხმებს, რომელთაც ჩვენი საწუთრო შობს. აქედან გამომდინარე, ოქრო ერთდაერთი მბრძანებელი ხდება ზღვიდან ამომავალი მხეცისთვის. იგი ხშირად ვარდება ისეთ მდგომარეობაში, „ოქროს ციებ-ცხელების~ სახელით რომაა ცნობილი. ოქრო ყველაფერია მისთვის. მომნუსხველი, სათაყვანებელი კერპია. ოქროს ქვიშაზე შენდება ყველა შენობა, ოქროს ძაფი გასდევს ყველა დრამას, რომელიც გამუდმებით თამაშდება უსასრულოდ მრავალფეროვანი ვარიაციებით.

      ასევე უსასრულოა დანაშაულობათა ნუსხა, რომელთა ჩადენისკენ უბიძგებს ოქრო ზღვიდან ამომავალ მხეცს.

      უდიდესი წამქეზებელი ყველგან და ყოველთვის, ყოველგვარი ბნელი საქმეებისკენ; ასეთია ოქროს მხეცი, თუ მოკლედ მოვჭრით.

      სადაც დანაშაულია, იქ მსხვერპლიცაა, მსხვერპლი კი მუდამ მეშვიდე თავია, ანუ ყოველივე ღირებული, რაც ადამიანს გააჩნია. იგი კვდება წუთისოფლისთვის, მაგრამ ცოცხლობს მარადისობაში. მხოლოდ მას, ერთადერთს აქვს მკვდრეთით აღდგენის უნარი.

      ახლა კი „ხატების~ ერთ-ერთი მნიშვნელობაც მინდა გაგანდოთ. აკი ვთქვი, მეტისმეტად ტევადია ეს ცეცხლოვანი სიტყვა... ვფიქრობ, აქ შემოქმედებითი ნიჭის კვალიც იკვეთება, უცილობლად უნდა ჰქონდეს მასთან გამოძახილი. აბა დაუკვირდით: ხატება, ანუ რაც იგივეა, ქარგა, ქმნილება... თუნდაც დრამა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკეთ. ეს ყველაფერი ხომ თავისთავად გულისხმობს მხატვრულ ქსოვილს, ანუ რაიმეს უცვლელს, მარადიულს, ჩვენს მღვრიე საწუთროზე ბევრად უფრო აღმატებულ ღირებულებას. ეს კი იგივე შემოქმედება გახლავთ. კაცობრიობის მთელი არსებობის მანძილზე განუწყვეტლივ იდგმება და თამაშდება ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი დრამა. შემოქმედებაც სწორედ მის წიაღში პოულობს საზრდოს, მისი „ხატებით~ იკვებება.

      აქ კიდევ ერთი კანონზომიერება იჩენს თავს. საქმე იმაშია, რომ შემოქმედებითი ნიჭის წყალობით შექმნილი „ხატება~ ანუ მხატვრული ქსოვილი (გნებავთ, მთელი მისი პათოსი) მუდამ მსხვერპლის მხარეზეა.

      მხატვრული დრამა (ანუ ხატება) აქ უკვე აღარ წარმოადგენს მახვილს, რომელიც მეშვიდე თავისკენ, ადამიანურობისკენაა მიმართული. პირიქით, იგი (ხატება) მისი მოზიარე, მისი გულშემატკივარი ხდება. შემოქმედებითი ნიჭი მარადისობის საჩუქარია, მეშვიდე თავიც (ადამიანი ადამიანში) მარადისობის მკვიდრია, აქ იკვეთება მათი გზები, იკვეთება კანონზომიერება, რომ უკვდავია მხოლოდ ის, რაც ღირებულია ადამიანში, ანუ ადამიანი ადამიანში. იგი უხანოა წუთისოფლისთვის, მაგრამ უხნესია თვით დედამიწაზე, როგორც მარადისობის დასაბამიერი მკვიდრი, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ......

      დავასრულე სიტყვა, მანათობელი ნისლეულიც გაიფანტა, მის ნაცვლად ალისფერი შუქის ნიაღვარმა იელვა... ისე ჩანდა, თითქოს თვით ნისლეულმა ამოაფრქვია იგი. წმინდა წერილის შემდეგი სიტყვებიც ალისფერმა ათინათმა გამოარიდა ნისლეულის წიაღიდან.

     

* * *

      ,...მიეცა სული მხეცის ხატებისთვის მისაცემად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას~.

      ალისფერი შუქის ნიაღვარი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ორრქიან არსებასაც, ცხადია, ალისფერი ათინათი დაეფინა. ძალიანაც მოუხდა, უფრო მსუყე, სანდომიანი იერი მიიღო. ბრწყინვალებაც შემატა ალისფერმა ელფერმა... ეს განსაკუთრებით მის პაწია რქებზე ითქმოდა, მათ რაღაც საოცარი ძალით იწყეს ლაპლაპი, სისხლში ამოვლებულებს დაემსგავსნენ. მეც მაშინვე გავუბი მასლაათი ორრქიან საოცარ არსებას, თავით ფეხებამდე ალისფერი ჩირაღდანივით მოგიზგიზეს:

      - რა შეგიღება სისხლისფრად კრავის ორი რქა, საყვარლად დაგრეხილ-ჩაწნულები... ისინი ხომ იარაღად არ გამოდგებიან, ვერავის ურქენ ამ რქებით, ოდნავ ზიანსაც კი ვერ მიაყენებ, ამ დროს კი ისე ლაპლაპებენ, თითქოს ეს წუთია ამოარიდე სასიკვდილოდ დაჭრილი მსხვერპლის შიგანს.

      იქნებ იმიტომ ელვარებენ, რომ სისხლისფერი მეტისმეტად მახლობელი ფერია მათთვის... შენი კვალის ფერია ეს ავბედითი ფერი... მხოლოდ და მხოლოდ სისხლისფრით აღიბეჭდება შენი ყოველი ნაბიჯი დედამიწის ზურგზე... სადაც ოქროა, იქ სისხლის კვალიცაა, განუყრელ ტყუპისცალებად იქცნენ. ამ ჭეშმარიტებას ამჟღავნებენ შენი პაწია რქები, ამიტომაც ლაპლაპებენ ასეთი ძალით, თითქოს ეს-ესაა ამოარიდე სასიკვდილოდ დაჭრილი მსხვერპლის შიგანს.

      ზღვიდან ამომავალმა მხეცმა ჩვენს თვალწინ შემოიძარცვა საბურველი, ამდენ ხანს რომ ფარავდა ჩვენგან. მან უკვე გაგვაცნო თავისი თავი. ახლა შენი ჯერია... თუმცა, უნდა ითქვას, ძალიან ჯიუტობ, გაურბი ჩვენს მზერას. თან თვალებს გვიჭრელებ, ასეთი რამ მხოლოდ შენ შეგიძლია.

      გამოუცნობი ბუნების ხარ, არ ვიცით, როგორ ძგერს შენი გული. ვერ გვიპოვია შენი მაჯისცემა. არ ვიცით, რითი სუნთქავ, რითი სულდგმულობ.

      „მიეცა სული ხატებისთვის მისაცემად...~ წმინდა წერილი ასე ღაღადებს შენზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მოგეცა სული, რომელმაც ვერ დაივანა შენში, სხვას (ამ შემთხვევაში „ხატებას~) გადაეცა. ჰოდა, რა ვუწოდოთ ამ გარდამავალ რაღაცას, შუამავალი სული? მეტისმეტად უცნაურად ხომ არ ჟღერს.

      თუმცა, ბუნებით ნამდვილად ხარ შუამავალი, ასეთი ხვედრი გერგო მზის ქვეშ. ამ უცნაურმა სიტყვამ (შუამავალი სული) ბურუსი მაინც ვერ გაფანტა, კვლავ ამოუცნობ არსებად რჩები. ვერც აქ დავიტრაბახებთ, თითქოს რაიმე ვიცოდეთ შენს შესახებ.

      ის კი ნამდვილად ვიცით, რომ ცოცხალია „ხატება~ (ანუ დრამა), შენი წაქეზებით შექმნილი. სული მას შენ ჩაუდგი, და ისიც ცოცხლობს, რაღაც სრულიად განსაკუთრებული, შუამავალი სიცოცხლით ცოცხლობს. ჟამი, მისთვის მინიჭებული, საკმაოდ ხანგრძლივია წუთისოფლის კვალობაზე; მას თაობათა უსასრულო ჯაჭვი ჰქვია.

      აუწერელია მისი სიჭრელე და მრავალგვარობა, აურაცხელია მისი სავალი ბილიკების სიმრავლე.

      ამ „ხატების~ მოქმედი გმირები მთელი კაცობრიობაა. თაობათა უწყვეტი მონაცვლეობით.6 ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ დრამაში (ხატებაში), თავისი როლი შეასრულოს სიტყვით ან საქმით. ოღონდ ისე, როგორც შენ აქეზებ: თავი აარიდოს სწორ, გასხივოსნებულ გზებს. ყოველთვის ბნელი, მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით იაროს, მახვილი მოუღეროს მეშვიდე თავს, ანუ ადამიანს ადამიანში, ამ უკანასკნელისთვის ყოველთვის მსხვერპლის ადგილია გამზადებული.

      მაგრამ, ვაი მას, ვისაც სიჯიუტე დასძლევს, არ დაემორჩილება შენი წაქეზებით შექმნილ „ხატებას~, ანუ საერთო წესს. მახვილი მაშინვე მისკენ შეტრიალდება, ურჩი და გაუგონარი, თვითონვე იქცევა მსხვერპლად... მოკლული იქნება, როგორც წმინდა წერილი ღაღადებს, ისე უგულოდ და დაუნდობლად, როგორც ეს მხოლოდ შენ, ოქროს მხეცს ხელგეწიფება. სწორედ ამიტომ ელვარებენ ასეთი ძალით შენი პაწია, დაგრეხილი რქები.

      ვერავინ დათვლის შენს თაყვანისმცემლებს... ამაო გარჯაა, ყველას ვარწმუნებ. უფართოესია შენი ძლევამოსილების არეალი ჩვენს საწუთროში: სანამ ბავშვი ქვეყანას მოევლინებოდეს, მანამდე მსჯელობენ მისი მშობლები, აქვს თუ არა არსებობის უფლება მათ ნაშიერს, მსჯელობენ უპირველეს ყოვლისა, შენთან მიმართებაში. ისე გამოდის (ნებით თუ უნებლიეთ), თითქოს ჯერ ისევ დაბადებამდე გცემდნენ თაყვანს უგონო ჩვილები, აღიარებენ შენს ძლევამოსილებას. ალბათ ესეც მატებს სისხლისფერ ელვარებას შენს პაწია, დაგრეხილ რქებს.

ნახვა: 354

ტეგები: qwelly, ბლოგი, გველეშაპი, მაძიებელი, მოთხრობა, ოქრო, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters