ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)

    წავიდა პირველი და გადმოღვარა მიწაზე თავისი თასი, და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.

   - რას იტყვი ამაზე? - ჰკითხა ორსახა ნიღაბმა ჭექა-ქუხილის ღმერთს. ამ ორთა შორის დიალოგის სახე მიიღო შემდგომმა საუბრებმა, როგორც უკვე ვთქვი.

   - ვიტყვი, რომ მართლაც გაუჩნდათ ადამიანებს სასტიკი და საზარელი ჭრილობები, მაგრამ მათ ვერ დაინახავს პაწია ტბორის ბინადარი ლიფსიტა, განუზომლად უფრო ფართო ხედვის კუთხეა საჭირო. მეტად მადლიერი ვარ მზის ნიღბის... მან პირველმა გადააბიჯა დრო-სივრცის უფართოეს რკალზე და ჩვენც თან გაგვიყოლა, რა ბევრი რამ გახდა ჩემთვის საცნაური იმ წამიდან...

   - სასტიკ და საზარელ ჭრილობებზე გეკითხები, - შეახსენა ორსახა ნიღაბმა. სადმე სხვაგან არ გაუტიოსო, ალბათ იფიქრა.

   - მეც მანდა ვარ... თვალი მივადევნოთ უწყვეტად მედინი თაობების სიმრავლეს ვარსკვლავების სიმაღლიდან. რას დავინახავთ? ათასგვარი ხრწნილების და სიბილწის ნიაღვრები ჩქეფენ თაობათა წიაღიდან, და ეს ნიაღვრები სულ უფრო წყალუხვნი ხდებიან. მიზეზი ამისა ერთია: საკუთარ სხეულს დაემონა ადამიანი, მხოლოდ სხეულებრივ ლტოლვას მისდევს და ეთაყვანება, ეს კი იგივე მხეცის თაყვანისცემაა, რამეთუ ერთნი არიან სხეულით... და მოიფინა ადამიანთა სხეულები სასტიკი და საზარელი ჭრილობებით, თან როგორ მრავლდება მათი რიცხვი, რამდენი ახალი სნება გაჩნდა... სხეული უძლურია განთავისუფლდეს მათგან, რადგან სულში აქვთ ფესვი გადგმული...

   - საკმარისია, განაგრძე. - შეაწყვეტინა ორსახა ნიღაბმა.

                                                        * * *

    „გადმოღვარა მეორემ თავისი თასი ზღვაზე და იქცა სისხლად, როგორც მკვდრისგან. და დაიხოცა ყოველი სულდგმული ზღვაში“.

   - მკვდარს სისხლი აღარ სდის, - ჩაილაპარაკა ოქროს ნიღაბმა.

   - მართალია, მაგრამ დაღვრილი სისხლი უკვე მკვდარია, და ის სისხლი ადამიანის არაა.

   - რა სთქვი? ადამიანის არაა?

   - არაა ადამიანის... სულ ამაოდ ჩხრეკენ და ეძიებენ საზღვაო ბრძოლების ამბებს, რომლებსაც ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა, აქაოდა, ზღვაში დახოცილების დიდი რაოდენობა ჩაცვივდაო. წმინდა წერილში ნახსენები მკვდარი სისხლი სულ სხვა არსებისაა... უმეტესწილად მაინც, თუ მთლიანად არა...

   - მაინც რომელი არსების?

   - გველეშაპის.

   - რა სთქვი? გველეშაპის?

   - ნამდვილად ასე ვთქვი, გველეშაპისაა ის სისხლი, უმეტესწილად...

   - რომელი გველეშაპის, რას ამბობ...

   - რომელიც ერთ დროს სახლობდა დედამიწაზე, და ისე აღზევდა, მთლიანად დაიპყრო ყველა მიწიერი სტიქია; ხმელეთი, წყალი, ჰაერი. დინოზავრებს ვგულისხმობ... რა კარგად თქვა ცისარტყელას ნიღაბმა: „სად არიან დინოზავრები?“ „ყველგან არიან“. დიახ, ისინი ყველგან იყვნენ, თანაც უზღვავი რაოდენობით. წმინდა წერილში ნახსენები მკვდარი სისხლი სწორედ მათი გახრწნის შედეგად გაჩნდა, ანუ ნავთობი...

   ალბათ გეცოდინებათ, თუ როგორ წარმოიქმნება დედამიწის წიაღში ნავთობი, ანდა გაზი... ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ... მაგრამ აი, იმ კატასტროფას შეგახსენებთ, რასაც ზღვაში ჩაღვრილი ნავთობი იწვევს. მართლაც შემზარავი სანახაობაა, ყველას გვაქვს ნანახი ტელევიზორში მაინც, თუ რეალურად არა...

   - ესე იგი, მკვდარი სისხლი ნავთობია?

   - მე ვთქვი, უმეტესწილად.

   - კიდევ რა შეიძლება მასში ვიგულისხმოთ?

   - ბევრი რამ... თუნდაც დახშული კონტეინერები ვთქვათ, ატომური ნარჩენებისთვის რომ იყენებენ, მერე კი მთელ დედამიწაზე ეძებენ ადგილს მათ დასამარხად.

   - მგონი ღირს ამაზე დაფიქრება: მკვდარი სისხლი, ანუ რაღაც ისეთი, რომელმაც დაკარგა თავის წიაღში მსუფევი ენერგია, სასიცოცხლო ან რაიმე სხვა სახის...

                                                 * * *

     „გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებზე და წყალთა წყაროებზე და იქცა სისხლად“(მართლაც როგორ უხდება ამ სიტყვებს ჭექაქუხილის ღმერთის მგრგვინავი ხმა).

   - იგივე სურათხატებაა, ოღონდ საზღვრები გაფართოვდა.

   - მართალი ხარ, საკუთარ სიტყვას შეგახსენებ ამასთან დაკავშირებით.

   - რომელ სიტყვას?

   - ცისფერი იკანკლედი, აი რომელს. უნდა ვაღიარო, მართლაც მშვენივრად თქვი: „დედამიწის მკერდზე შეკრული ცისფერი იკანკლედი“. ამაზე ხატოვნად და მკაფიოდ ვერაფერი აღწერს წყლის მიმოქცევას ჩვენ მშობლიურ ცთომილზე.

   - ძალიანაც ნუ გააზვიადებ, - ორსახა ნიღაბმა ცოტათი დაიმორცხვა.

   - ამ მშვენიერ სიტყვას ვერ გავექცევით... წყალი განუწყვეტლივ მიმოიქცევა დედამიწაზე, ინაცვლებს ერთი მდგომარეობიდან მეორეში, ოკეანედან ღრუბლებში, ღრუბლებიდან მდინარეებში, ტბებში... ცისფერი იკანკლედი მუდმივ მოძრაობაშია. ასე რომ, წყლის ყველა წვეთი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, თანაც ძალიან მჭიდროდ... ჰოდა, რომელიმე წვეთში მოხვედრილი სისხლი მთელ ცისფერ იკანკლედს ბილწავს და აჭუჭყიანებს. თუ ყველაფერს ამას თვალს მივადევნებთ, ცხადად დავინახავთ: ცისფერი იკანკლედი აგებს პასუხს ადამიანის ყველა მოქმედებაზე...

   - მეც ხომ ასე ვთქვი...

                                                         * * *

   „გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა, მართალი ხარ, შენ წმინდაო, რომელიც ხარ და იყავი, წმინდაო, რადგანაც ასე განიკითხე“.

   - განაჩენივით ჟღერს, - ჩაილაპარაკა ორსახა ნიღაბმა.

   - ასედაც არის, ზღვიდან ამომავალ მხეცს (ადამიანს) ძალიან სჭირდება წყალი, თანაც სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობით, რაც დრო გადის. წყალი დღეისდღეობით ცივილიზაციის თავისებურ საზომად იქცა. რაც უფრო ცივილიზებულია ადამიანი, მით უფრო მეტ წყალს მოიხმარს. ჰოდა, ცისფერი იკანკლედი მისი მთავარი სამიზნე ხდება. სათქმელადაც კი ძნელია, თუ რა დაუნდობლად ექცევა იგი ამ ულამაზეს ცისფერ სამკაულს, დედამიწის მკერდზე შეკრულს.

   - ნამდვილი ბარბაროსი, - გულისწყრომით ჩაილაპარაკა ორსახა ნიღაბმა.

   - ბარბაროსები ბევრად უფრო ნაკლებ წყალს მოიხმარდნენ, ამ მხრივ ისინი უკეთესები იყვნენ, გარკვეული გაგებით...

   - ბარბაროსზე ბევრად უარესი... განაგრძე...

                                                      * * *

    „ვინაიდან მათ დაღვარეს წმინდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და შენ მიეც მათ სასმელად სისხლი, ვინაიდან დაიმსახურეს“.

   - მწარეა მეტად ეს სასმელი, - ჩაფიქრებით თქვა ორსახა ნიღაბმა.

   - მაგრამ თუ დაიმსახურეს, მიღებენ კიდეც, ამას ვერ უარყოფ.

   - ძალიან ძნელია ამის უარყოფა, კიდეც რომ ვცადო...

   - შეუძლებელია, მე თუ მკითხავ. ადრე თუ გვიან, ყველა გაივლის თავის ჭუჭყიან ნაკვალევზე, ყველა იგემებს იმ სასმელს, შენ რომ მეტად მწარე უწოდე. ამაოდ ფიქრობენ, თავი შეაფარონ განმარტოებულ სასახლეებში და ბაღნარებში.

    - დამალვით, მართლაც ვერავინ ვერსად დაიმალება, ვერც თავის ჭუჭყს და სიბინძურეს დამალავს.

                                                    * * *

      „გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და მიეცა მას, რომ ცეცხლით დაეწვა ადამიანები“...

    - მეტისმეტად მძიმე სურათია, - წაილაპარაკა ორსახა ნიღაბმა.

    - სათქმელს ვერ გავექცევით, ისე როგორც მზეს ვერ გაექცევა ვერცერთი ცთომილი.

    - ფერებს ზედმეტად ნუ გაამკვეთრებ.

    - არც მიფიქრია... ჩვენ ყველანი მზის შვილები ვართ.

    - პოეტურად ჟღერს...

    - პოეზია ყველაზე ახლოა ჭეშმარიტებასთან. ჩვენში ღვივის მზის ნაპერწკალი, მისი წყალობით ვსულდგმულობთ, ფრთებს ვშლით დედამიწაზე და მის მიღმა...

    - ჭეშმარიტად.

    - ცეცხლიც მზის საჩუქარია.

    - ასეა...

   - თავდაპირველად ეს საჩუქარი ერთი მუგუზალი იყო მხოლოდ.

   - გეთანხმები.

   - მერე ამ მუგუზლიდან ატომური სოკო ამოვიდა.

   - მართლაც, რა გრძელი გზა გაიარა იმ თავდაპირველმა საჩუქარმა...

   - „იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით...“ ამ საოცარი სიტყვების ერთერთი ხორცშესხმა სწორედ ატომური ცეცხლია, რომელმაც ჰაერშივე დასწვა ადამიანები...

   - მეტს ნუღარაფერს ვიტყვით ამაზე...

                                                       * * *

     „გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იკვნეტდნენ“.

   - ეს ნამდვილი გამოცანაა, - დაფიქრებით თქვა ორსახა ნიღაბმა.

   - მაგრამ მისი ახსნა, ვფიქრობ, შესაძლებელია. დრო-სივრცის უფართოესი რკალი აქაც გვეხმარება... შემახსენე, რამდენ წელიწადს მოითვლის ჩვენი ბებერი დედამიწა?

   - თუ არ ვცდები, ოთხ მილიარდ წელიწადს.

   - ძალიან კარგი. ახლა ისიც მითხარი, რა იყო დედამიწის ადგილას ოთხი მილიარდი წლის წინათ?

   - ეს არავინ იცის, ადამიანს მასზე ხელი არ მიუწვდება.

   - გამოდის, აქ ადამიანი არცოდნას შეეჯახა შუბლით. ეს იგივეა, რაც სიბნელე...

   - ასედაც შეიძლება ითქვას.

   - როცა გასრულდება მიწიერი დრო, მერე რაღა იქნება?

   - არც ეს იცის ვინმემ.

   - ანუ აქაც სიბნელეა...

   - ასე ვთქვათ..

   - ჰოდა, ასეთი სურათი მივიღეთ; დედამიწა არსებობს არაფრიდან არაფრამდე, ანუ სიბნელიდან სიბნელემდე. როგორ არ გაგახსენდება მხეცის დაბნელებული სამეფო...

   - მაგითი რისი თქმა გინდა?

   - იმის, რომ ადამიანის გონება მეტისმეტად ბეცია. იმდენი კი მოახერხა (ამას ვერ დაუკარგავ), რომ დედამიწის ასაკი განესაზღვრა, მაგრამ მის მიღმა ვეღარ გადაიხედა. არაფრიდან არაფრამდე, სიბნელიდან სიბნელემდე... აი ასეთია ადამიანის გონებრივი ხედვის არეალი.

   - მეტისმეტად უცნაურ დასკვნებს აკეთებ.

   - რას გვეუბნება წმინდა წერილი? „წყვდიადიდან იშვა ნათელი, და ბნელი იგი მას ვერ ეწია“.

   - ეგ რაღაზე დაგჭირდა...

   - ადამიანი მეტისმეტად დაშორდა იმ ნათელს, ბნელეთიდან თავდახსნილს... დაშორდა თავდაპირველ სიხარულს, უფლის ხელიდან ნაბოძებს. მას მიჰყვა სასოება, იმედი, რწმენა... ადამიანი განიძარცვა ყველაზე უძვირფასესისგან, მხოლოდ გონებრივი განსჯის ამარა დარჩა, რომელზეც მეტისმეტად დიდი იმედები დაამყარა. საკუთარი გონების ძლევამოსილებამ ადამიანი მრათლაც აიყვანა რაღაც სიმაღლემდე, მაგრამ მერე ვეღარაფერში დაეხმარა, ასე ვთქვათ, უნუგეშოდ მიატოვა... ადამიანმა ვეღარაფერი გააკვლია თავისი მიწიერი ყოფიერების მიღმა. არადა, როგორ გაისარჯა... მშობლიური ცთომილის ასაკი გამოითვალა, მისი სავალალო აღსასრულიც ივარაუდა... ესაა სულ, რაც მან შეიძლო, ეს კი ძალზე მცირეა სამყაროსეული სივრცის წიაღის წინაშე... სუსტი ძაფია, მზის სხივებით შეფერადებული. ამ ძაფის დასაწყისი და დასასრული სრულ სიბნელეშია ჩაძირული... აჰა, დავბრუნდით ისევ იქ, საიდანაც დავიწყეთ; სიბნელე, რომელმაც მოიცვა მხეცის სამეფო, ანუ გონება, რომელიც დაშორდა ღვთიურ ნათელს...

   - მართლაც უნუგეშო სურათია... ენებს იკვნეტდნენო, რაღასა უნდა ნიშნავდეს...

   - იმას, რომ მხეცი მეტისმეტად დიდ ძალას ატანს თავის ენას, რათა ხსენებულ სიბნელეს დააღწიოს თავი... მეტისმეტად ბევრს ყბედობს, თანაც სრულიად უშედეგოდ, მხოლოდ ტკივილს აყენებს, როგორც სხვას, ისე საკუთარ თავს. მრუდედ ნათქვამი ისევ უკან უბრუნდება ყოველთვის. დიახ, ამას ენის კვნეტა ჰქვია და სხვა არაფერი.

   - მგონი მართალი ხარ, ბევრ ტკივილს შობს მხეცის ენა...

                                                           * * *

      „გადმოღვარა მეექვსემ თასი დიდ მდინარეზე, ევფრატზე, და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან“.

   - გამოცანებს გამოცანა ემატება, - თქვა ორსახა ნიღაბმა.

   - დრო ახსნის ყველა გამოცანას, მთავარია მისი მაჯისცემა არ დაგვეკარგოს... ამჯერად შენ უნდა მოგბაძო.

   - მიბაძვის ღირსად მაინც რა მიითვალე?

   - შენ დააწყვილე სული და წყალი, რათა როგორმე მიწვდენოდი სულის საზღვრებს, ასე უკარებას და მოუხელთებელს უკლებლივ ყველასთვის, მართლაც მშვენივრად გამოგივიდა...

   - არ ვიცი, შეიძლება... - თავმდაბლად თქვა ორსახა ნიღაბმა.

   - ...მე კი წყალსა და დროს დავაწყვილებ, ისინიც ძალიან გვანან ერთმანეთს (მართლაც რამდენ იდუმალებას იტევს თავის თავში წყალი, ეს საოცარზე საოცარი ნივთიერება). დრო მართლაც წყალივით მიედინება, წყალივით ახლოა ჩვენთან, სულ ახლოს, მაგრამ ამავე დროს მიუწვდომელიცაა. წყალს ვერ ჩაავლებ ხელს, ვერ შებოჭავ, ბადეში ვერ გააბამ. შენთანაა, შენშია და თანაც ხელშეუხებელია.

   - მართლაც, - დაეთანხმა ორსახა ნიღაბი.

   - როგორც წყალი მიმოიქცევა დედამიწაზე (შენი საყვარელი გამოთქმა, ცისფერი იკანკლედი გაიხსენე), ასევე ჩვენი მიწიერი დროც ტრიალებს და მიმოიქცევა დაუსრულებლად.

   - ნამდვილად ასეა... გეთანხმები.

   - ...და როგორც წყალი დაშრება ხოლმე, თუ მისი მკვებავი წყარო ამოიწურა, ასევე დროც შეიძლება დაშრეს, ანუ ამოიწუროს...

   - ეს ცოტათი უცნაურად მეჩვენება.

   - აქ არაფერია უცნაური.

   დიდი მდინარის, ევფრატის წყალი, წმინდა წერილში ნახსები, არ უნდა ნიშნავდეს წყალს აუცილებლად. ჩემი აზრით, იგი ჩვენი მიწიერი დროა. მას მიეცა დასაბამი, ისე როგორც წყალთა მდინარეებს ეძლევა სათავე წყაროების სახით. მოედინებოდა ჩვენი მიწიერი დრო უთვალავი საუკუნეების მანძილზე. დადგა ჟამი, ამოიწურა მისთვის მიცემული ვადა, იწყება მისი დაშრობა, ისე როგორც დიდი მდინარე დაშრება მისი მკვებავი წყაროების ამოწურვისას. ამ მიმართებით წყალი და დრო სრულად აირეკლავენ ერთმანეთს.

   - აღმოსავლეთის მეფეებზე რაღას იტყვი?

   - ჩემი აზრით, არც ისინი უნდა იყვნენ აუცილებლად მეფეები. ხომ გსმენია ანდაზა, დრონი მეფობენ და არა მეფენიო. ჩვენ, მიწიერი არსებანი, დროს აღმოსავლეთიდან ვითვლით და ვანგარიშობთ ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის, მზის მიხედვით. მზის ამოსვლა-ჩასვლა აღწერს ყოველ დღეს, კვირას, თვეს, წელიწადს, საუკუნეს... და სწორედ ეს უკანასკნელნი არიან აღმოსავლეთის მეფეები, მათ მიერაა დასაზღვრული ყველა მიწიერი მეფის ძლევამოსილება. დრო! აი ვინ არის ჭეშმარიტი მეფე, ანუ აღმოსავლეთიდან მომავალი მეფე.

   - გამაოგნებელი სიტყვებია...

                                                         * * *

   „ვიხილე, როგორც გველეშაპის და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმინდური სული, როგორც ბაყაყები“.

   - ყველაზე გაუგებარი სწორედ ეს უწმინდური სულები მეჩვენება, თანაც რატომ არიან მაინცდამაინც სამნი - ორსახა ნიღაბმა მხრები აიჩეჩა კიდეც გაკვირვებისგან, როცა ამ სიტყვებს ამბობდა.

   - რატომ არიან მაინცდამაინც სამნი? - დაიგრუხუნა ჭექა-ქუხილის ღმერთმა, - კარგი კითხვაა მართლაც. თავის დროზე მაგასაც მოეფინება ნათელი, ოღონდ ჯერ შენ თვითონ მიპასუხე ერთ კითხვაზე; როგორ ცხოვრობს დღევანდელი ადამიანი?

   - რას გულისხმობ...

   - რას მიელტვის. რითი სუნთქავს, რითი საზრდოობს...

   - არც კი ვიცი, რა ვთქვა, საიდან დავიწყო. ადამიანს ბევრი რამ სჭირდება, ინტერესებიც შეიძლება მეტად მრავალმხრივი ჰქონდეს.

   - ერთერთი დამისახელე.

   - თუნდაც ყოველდღიური ინფორმაცია, სად რა ხდება და როგორ. დღევანდელი ადამიანისთვის ამან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

   - სწორედ ამის თქმა მინდოდა, დღევანდელ ადამიანს იფნორმაციის უწყვეტი ნაკადი სჭირდება, მას ყოველდღე უნდა მიაწოდო ინფორმაციის გარკვეული დოზა. თანაც, რაც დრო გადის, ეს დოზა სულ უფრო და უფრო იზრდება.

   - მაგაში მართალი ხარ, დოზას დოზა ემატება...

    - მთელ დედამიწას მოეფინა ინფორმაციის ტალღები, ყოველივე წალეკა ამ ტალღებმა, ყველაფერი თავის წიაღში აატივტივა, თითქოს დიდი წარღვნა ყოფილიყოს... შედეგიც სახეზეა, მთელი დედამიწა ერთ დიდ ქალაქად იქცა, ამას სახელად გლობალიზაცია უწოდეს. დღევანდელი ადამიანი ზის ტელევიზორის ეკრანთან, ნაირნაირი ფერადფერადი ამბებით იჭყიპება და თავს ერთი დიდი ქალაქის, დედამიწის მოქალაქედ გრძნობს.

   - უწმინდურ სულებზე არაფერი გითქვამს.

   - ახლავე. მერედა, რა კვებავს ამ ყოვლისმომცველ ინფორმაციულ წარღვნას, მთელი დედამიწა ასე რომ დააპატარავა? ძირითადად სამი რამ: სიტყვა, გამოსახულება და ბგერა. აი ის უმთავრესი წყაროები, რომლებმაც ხსენებულ წარღვნას დაუდეს სათავე. სამი უწმინდური სულაც ეს არის.

   - ყურს სჭრის შენი სიტყვები.

   - ვერაფერს გააწყობ, სათქმელი უნდა ითქვას. ინფორმაციის ნაკადებს, ცხადია, დადებითი მხარეებიც გააჩნიათ, მაგრამ ხანდახან მეტისმეტად ჭუჭყიან ღვარცოფად გარდაისახებიან ხოლმე და ყველაფერს აბინძურებენ. ამის მოწმენი ყველანი გავმხდარვართ, თანაც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად.

   რა სწერია წმინდა წერილში? „...ისინი გამოდიან გველეშაპის, მხეცის და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან“... ეს იმას ნიშნავს, რომ მხეცმა (ანუ ადამიანმა ზოგადი ნიშნებით) ძალაუფლება მიიღო გველეშაპისგან (ამაზე უკვე ვილაპარაკეთ), მერე კი ცრუწინასწარმეტყველს, ანუ ხსენებულ ჭუჭყიან ღვარცოფს გაუნაწილა იგი. მეტისმეტად დიდია ინფორმაციის ძალა დღევანდელ სამყაროში, იგი მსაჯულიცაა და ჯალათიც ერთსა და იმავე დროს. გინდა ვინმე მიწასთან გაასწორო? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიგიწვდება ხელი საინფორმაციო წყაროებზე. გინდა ვინმე ღმერთად შერაცხო? ეგეც შესაძლებელია, მთავარია საინფორმაციო ქარიშხლების გამოწვევა შეგეძლოს. ერთი სიტყვით, შეუძლებელი აღარაფერია ამ სამი უწმინდური სულისთვის, სრულ არარაობას სასწაულად გაასაღებენ, ნამდვილ სასწაულს ცოცხლად დამარხავენ, ანდა ისეთი უგვანო სახით წარმოაჩენენ, შეხედვა შეგზარდება... ასეთია ჩვენი დღევანდელობა, უძლიერეს იარაღად იქცა ხსენებული სამი უწმინდური სული. თანაც მისი ძლევამოსილება სულ უფრო და უფრო მატულობს, დროის გასვლის კვალობაზე...

   - მაინც მიკვირს, რატომ შერაცხე უწმინდურ სულებად სიტყვა, გამოსახულება და ბგერა. იქნებ ისინი სხვაგანაა საძიებელი.

   - კი მაგრამ, სხვაგან სად უნდა ვეძებოთ ისინი?

   - თუნდაც მხეცის სხეულში.

   - სხეულის არეალი მეტად შეზღუდულია. ინფორმაციული ველი სულ სხვაა, იგი უსხეულოა, ასე ვთქვათ, კიბერსივრცეა, იგი დახშულია სხეულისთვის. მასში მხოლოდ ასევე უსხეულო თუ შეაღწევს...

   ჰოდა, სიტყვა, გამოსახულება, ბგერა, სამივე უსხეულოა, ასე ვთქვათ, ლანდია. მათ სრული გასაქანი აქვთ კიბერსივრცეში. სამივენი ერთმანეთში გადაქსოვილნი მოგზაურობენ მიწიერ კიბერსივრცეში, როგორც ეშმაკის სულები.

                                                        * * *

   „...როგორც ბაყაყები...“

   - ბაყაყები რაღას უნდა ნიშნავდეს?

   - ესეც ადვილი ასახსნელია. ნანახი გექნება ალბათ (და მოსმენილიც), თუ როგორ ყიყინებენ ბაყაყები. წამოსკუპდებიან სადმე ტბორში ქვებზე და ყიყინებენ, ყველა მათგანი თავისთვის ყიყინებს, ოდნავადაც არ აინტერესებს, უსმენს თუ არა ვინმე. მაგრამ თუ რაიმემ შეაშფოთა... მაგალითად, ქვას თუ გადაისვრი ტბორში, მაშინ ჩუმდებიან ბაყაყები, ოღონდ ცოტა ხნით მერე ისევ აგრძელებენ ყიყინს.

   - რისთვის დაგჭირდა ეს ყველაფერი?

   - ახლავე გეტყვი. აიღე რომელიმე ბრჭყვიალა სათამაშო... რა თქმა უნდა, ეკრანით და ღილაკების მთელი ასხმულით აღჭურვილი. ჩართე და მიაპყარი ყურადღება. მაშინვე დაიწყებს სამი სახის ინფორმაციის ფრქვევას (სიტყვა, გამოსახულება, ბგერა), და აღარც გაჩუმდება. ოდნავადაც არ აინტერესებს, უსმენს თუ არა ვინმე... ანდა, უყურებს თუ არა ვინმე, ეს სულერთია მისთვის. ლაპარაკობს, მაგრამ შენ არ გელაპარაკება. გიყურებს, მაგრამ ვერ გხედავს. შენ მას ვერც დაელაპარაკები, ვერც დაენახვები, და ვერც გააჩუმებ, სანამ რაიმეთი არ შეაშინებ... უნდა მეთქვა, არ გამორთავ... ამ შემთხვევაში ეს იგივეა.

  - მე მაინც მეჩვენება, რომ მეტისმეტად მკაცრად სჯი. თუმცა გააგრძელე...

                                                 * * *

   „მოაგროვა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება“.

   -ამის თაობაზე იმდენი ითქვა, თითქოს სათქმელიც აღარაფერია, მე მაინც ვცდი. რას უნდა ნიშნავდეს „არმაგედონი?“ რამდენადაც მახსოვს, მეგიდო ქალაქის სახელია. სიტყვა „არმაგედონი“ გულისხმობს მთას ხსენებულ ქალაქთან. ასე რომ, მთა ქალაქ მეგიდოს მახლობლად, მიწიერი თვალსაწიერის მიხედვით, ასეთი გახლავთ ამ სიტყვის მნიშვნელობა.

   - მაგრამ როცა ვარსკვლავებამდე ავმაღლდებით, - გამომწვევი ხმით წამოიწყო ორსახა ნიღაბმა, - რა მოხდება მაშინ? არმაგედონი ისევ ქალაქად წარმოგვიდგება?

   - „არმაგედონის“ მიხედვით არ იგულისხმება რომელიმე ქალაქი, თუნდაც მეგიდო... წმინდა წერილში ლაპარაკია ქალაქზე საერთოდ. მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ რა ჰქვია მას სახელად.

   -რაღაც საეჭვოდ მეჩვენება...

   - ეჭვები მოგვიანებით, ჯერ მე მომისმინე... შემდეგ, ყველა ქალაქი ადამიანის მიერაა აშენებული, მისი შექმნილია. მერედა, საიდან ებოძა ადამიანს საიმისო ძალი და ღონე, ქალაქები რომ ეშენებინა? უწინარეს ყოვლისა, მზისგან, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავისგან. მზეა ადამიანისთვის სიცოცხლის და მოქმედების უმთავრესი წყარო. ასე რომ, ქალაქის ადგილას შეიძლება მზე დავაბრძანოთ, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი, გულთბილი და სახიერი, ყოველგვარი წყალობის უხვად გამმეტებელი...

   - მთა რაღას ნიშნავს?

   - რაც შეეხება მთას, აღარც ისაა უბრალოდ ერთი რომელიმე მთა, თუნდაც მეგიდოს მახლობლად.

   ქალაქის ადგილას მზე სუფევს, ამიტომ ყოველივე შეიცვალა; ამჯერად მთა უკვე დედამიწაა, მთელი ჩვენი ცთომილი.

  - ყველაფერი თავდაყირა დადგა...

  - პირიქით: ყველაფერმა თავისი ადგილი იპოვა... ამგვარად, რას ნიშნავს სიტყვა „არმაგედონი?“ ეს ნიშნავს ცთომილს ვარსკვლავის მახლობლად... ანუ, ჩვენს შემთხვევაში, დედამიწას მზის მახლობლად. დრო-სივრცის უფართოესმა რკალმა ასეთი სურათი დახატა ჩვენს თვალწინ.

  - შეიძლება, თუმცა ბევრი რამ მაინც ბუნდოვანია.

  - მაინც რა?

  - რას ნიშნავს ერთ ქალაქში ყველა ადამიანის მოგროვება?

  - მიკვირს, როგორ გამოგრჩა მხედველობიდან ასეთი უბრალო რამ. კაცობრიობა კარგა ხნით, რაც მოგროვდა ერთ დიდ ქალაქში, და ამ ქალაქს სახელად საერთო ინფორმაციული ველი ჰქვია...

                                                        * * *

      „გადმოღვარა მეშვიდე ანგელოზმა თასი ჰაერში და ტაძრიდან გამოვიდა ხმა, რომელიც ამბობდა „აღსრულდა“.

  - დროსივრცის უფართოესი რკალი სწორედ აქ გვჭირდება ყველაზე მეტად, - ჩაილაპარაკა ორსახა ნიღაბმა.

   - სრულ ჭეშმარიტებას ამბობ, - დაიგრუხუნა ჭექა-ქუხილის ღმერთმა - ვარსკვლავების სიმაღლიდან უნდა დავხედოთ ყოველივეს. უპირველეს ყოვლისა, სიტყვა „ჰაერს“ მივაქციოთ ყურადღება. რას უნდა ნიშნავდეს იგი? ცხადია, ის ჰაერი არ იგულისხმება, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. ჰაერი აქ სივრცის აღმნიშვნელი სიტყვაა, მისი საშუალებით მონიშნულია ადგილი, რომელსაც ჩვენი ცთომილი იკავებს დროსა და სივრცეში. საქმე აქ უკვე დედამიწის ყოფნა-არყოფნას ეხება, და არა მარტო ადამიანის...

  - მსგავსი რამ ბევრჯერ ითქვა...

  - მართალი ხარ, მაგრამ მე მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს. რაღაც ხდება დედამიწაზე, მაგრამ რა? აი რის დანახვას ვცდილობ დროსივრცის უფართოესი რკალიდან.

  - ალბათ დედამიწას ეჯახება რაიმე.

  - შეიძლება. წმინდა წერილის სიტყვები ლამის პირდაპირ მიუთითებენ ამაზე. „იყვნენ ელვანი და ქუხილნი, მოხდა დიდი მიწისძვრა, რაც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე“. სურათი, რომელსაც ეს სიტყვები აღწერენ, ლამის ერთნაირად მოჩანს როგორც მიწიერი, ისე დროსივრცის უფართოესი თვალსაწიერით, და იგი ნაკლებ სანუგეშოა.

                                                       * * *

   აქ ერთი უცნაური რამ მოხდა, იძულებული ვარ ჩავერიო ორი ნიღბის დიალოგში. საქმე იმაშია, რომ ჭრელი ლამაზი ბურთი, რომელიც აქამდე თანაბარზომიერად ტრიალებდა აუზის შუაგულში (მკითხველს ალბათ ემახსოვრება მის შესახებ), უცბად აბარბაცდა, დაკარგა ხსენებული თანაბარზომიერება. მისმა ორივე პოლუსმა გაურკვეველი ფორმის რკალები აღწერა ასევე გაურკვეველ სიბრტყეში... იმედი მაქვს, მკითხველს არ დავიწყებია, რომ ჭრელი ბურთი დედამიწას განასახიერებდა... ამ რყევა-ყანყალის მერე ჭრელი ბურთი თითქოს დაბნეულობამ შეიპყრო, ისევ სცადა ტრიალი, რამდენიმე ბრუნი გააკეთა კიდეც, ოღონდ ძალიან უთავბოლოდ, არათანაბრად... და უცბად ჩაძირვა იწყო. დიახ, რატომღაც ასე მოხდა, თავის ორეულს შეწებებულმა ჭრელმა ბურთმა აუზის ფსკერისკენ აიღო გეზი. ჯერ გამთლიანდა ორი ჭრელი ბურთი, ერთ ლამაზ ბურთად იქცა. მერე ეს ბურთი გაბრტყელდა, დაპარატარავდა, ბოლოს სულ მთლად გაქრა. ყველანი მონუსხულებივით შევქცეროდით ჭრელი ბურთის უცნაურ საქციელს, ჰაერს კი ჭექა-ქუხილის ღმერთის გრგვინვა და როხროხი არყევდა...

                                                  * * *

   - გაჩუმდი, აღარაფერი თქვა, - ხმის კანკალით შეევედრა ორსახა ნიღაბი ჭექა-ქუხილის ღმერთს.

   - მაგრამ მე ისიც მინდა გითხრათ, თუ როდის არ ემთხვევა ერთმანეთს უფართოესი დროსივრცის და ჩვენი ყოფიერების რკალები. ხანდახან ისინი თითქოს წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან. ლაპარაკია დიდ ქალაქზე, რომელიც სამ ნაწილად დაიყო. რომელია ეს ქალაქი? ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ქალაქი მზეს ნიშნავს, სიტყვა „არმაგედონმა“ მიგვიყვანა ამ დასკვნამდე. ხსენებულ სიტყვებში კი, რომლის მიხედვით დიდი ქალაქი სამ ნაწილად დაიყო, ქალაქი უკვე დედამიწას ნიშნავს.

   - ახლა რიღასთვის შეუცვალე ადგილები მზეს და დედამიწას?

   - ამჯერად ისინი ასეთნაირად წარმოჩინდნენ... და საერთოდ, მსგავსი ღრმა აზრის შემცველი სიმბოლოები საკმაოდ ხშირად უცვლიან ერთმანეთს ადგილებს.

  - სიმბოლოები რომ მონაცვლეობენ, ამაში გეთანხმები, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ მეტისმეტად თვითნებურად ექცევი მათ.

  - ხანდახარ თვითნებობაც საჭიროა, თორემ ისე ნაბიჯსაც ვერ წადგამ წინ... ამგვარად, დიდი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად. რომელ ნაწილებზეა ლაპარაკი, რა უნდა დავითვალოთ, კონტინენტები, ზღვები? თუ რომელიმე მეგაპოლისის უბნები...

   - მართლაც გაუგებარია, მაგრამ ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა.

   - ჩემი აზრით (ბარემ დავასრულებ), დიდი ქალაქი აქ ნამდვილად დედამიწას ნიშნავს, დედამიწა კი, როგორც ვიცით სამი სტიქიაა, ხმელეთი, წყალი, ჰაერი... თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თვითონ დედამიწა სამი ნაწილისგან შედგება: ესენია: ბირთვი, მანტია, ქერქი...

   - გაჩუმდები თუ არა?

   - ახლავე, სულ ცოტაღა დარჩა... ისევ გავიხსენოთ სიტყვა „ჰაერი“. ეს სიტყვა აქ ნამდვილად სივრცეს ნიშნავს, როგორც უკვე ვთქვი... სივრცე, რომელიც გამრუდებული იყო დედამიწის ირგვლივ (როგორც ცნობილია, მიზიდულობის ველი სივრცეს ამრუდებს.), მერე კი მოსწორდა, როდესაც დედამიწამ შეწყვიტა არსებობა. ეს იმას ჰგავს, დიდი ხომალდი რომ ჩაიძირება... იმ ადგილას მაშინვე მორევი გაჩნდება, ერთხანს იტრიალებს ეს მორევი, მერე კი წყალი ისევ სარკესავით მოსწორდება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, მხოლოდ დიდი ხომალდის ნამსხვრევები ტივტივებენ აქა-იქ... წმინდა წერილში ხომ სეტყვაა ნახსენები, თანაც რაღაც განსაკუთრებული ზომის მქონე, მსგავსიც კი რომ არ ენახა ვინმეს.

   ჩემი აზრით, დიდი ქალაქის სამ ნაწილად დაყოფა სწორედ ამას ნიშნავს, დედამიწის სამ ძირითად ნაწილად დაშლა-განცალკევებას, და ამ მოვლენას, ცხადია, ნამსხვრევების ნამდვილი სეტყვა უნდა ახლდეს თან.

  თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ყველაფერი სხვანაირად აიხსნას, დიდი ქალაქი შეიძლება აქაც მზეს ნიშნავდეს. არც მზეა ერთგვაროვანი, ისიც სამ ძირითად კომპონენტს მოითვლის. ესენია: ბირთვი, ქრომოსფერო, ფოტოსფერო... თუ ამ მოსაზრებას გამოვედევნებით, მაშინ თვით მზეზე უნდა მოხდეს ცვლილებები. და მაშინ ...

   ჭექა-ქუხილის ღმერთი ერთი წამით შეყოვნდა, ალბათ შეკითხვას თუ ელოდა, მაგრამ ორსახა ნიღაბი საეჭვოდ მიჩუმდა, ხმა აღარ ამოუღია. ამით აშკარად კმაყოფილმა ჭექა-ქუხილის ღმერთმა მართლაც რომ გაუტია:

   - აქ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, წმინდა წერილის ეს ნაწილი, იოანე პატმოსელის გამოცხადება, თავისებურად წინააღმდეგობივია დროსა და სივრცეში. ხილვები ერთმანეთს მისდევენ, ხანაც ასწრებენ, თითქოს უკანვე ბრუნდებიან, ერთმანეთს უკვე სხვა დროსა და სივრცეში კვეთენ. წყლის ჭავლი გაგახსენდება, მდინარის ღონიერი ნაკადით წარმოქმნილი, რომელიც გამუდმებით იცვლის ადგილს, რაღაც გამოუცნობ რკალებს აღწერს და ისე მიიწევს წინ. ანუ, იმის თქმა მინდა რომ ადამიანური გაგება აქ ხვდება რაღაც მიღმიერ იდუმალ ცნებებს, აზროვნების წამიერი გაელვება კვეთს მეტად ფართო კანონზომიერებებს. ეს გადაკვეთის წერტილი არ შეიძლება ქრონოლოგიურად ზუსტი იყოს. ამასთან ერთად, ზოგიერთი რამ პირდაპირი გაგებით არის მოხმობილი. მაგალითად: “ზღვაში ჩავარდა ცეცხლმოდებული მთა”, ეს გახლავთ ასტეროიდის ჩამოვარდნის ცხადი აღწერა. თუმცა უმეტესად გამოცხადების ფრაზებს ღრმა სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ეს ფრაზა გავიხსენოთ გამოცხადებიდან: “დედამიწაზე ჩამოვარდა ვარსკვლავი, რომლის სახელია “აბზინდა”. ერთი მხრივ თითქოს გაგიკვირდება, რა შუაშია აქ აბზინდა, ერთი ჩვეულებრივი მცენარეა, თუნდაც სამკურნალო,. მაგრამ ამ სიტყვას აქვს მეორე მნიშვნელობა, იგი ნიშნავს მარყუჟს, ანუ რაიმეს შეკრულს. ჰოდა, რა შეიძლება იყოს აქ შეკრული, ამ მეტად ფართო განზომილებაში? ალბათ დრო-სივრცე. მერდა და სად ხდება ასე? შავი ხვრელის წიაღში, მოვლენათა ჰორიზონტს მიღმა. იქ დრონ და სივრცე მორევს ქმნის, ტრიალებს სინგულარული ცენტრის ირგვლივ, ანუ შეკრულია, თითქოს მართლაც აბზინდით შეკრესო.

    გამოცხადების შემდგომ თავშიაც იგივე მოვლენაა აღწერილი, ოღონდ უკვე სხვა სიტყვებით: “ვიხილე დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი და მიეცა მას ჯურღმულის გასაღები”……. აქაც სინგულარობა გაგვახსენდება, რომელმაც ამდენი თავსატეხი გაუჩინა დღეს ადამიანებს. სწორედ ისეთი სურათია აღწერილი, რაც დედამიწას (და მთლიანად ,მზის სისტემას) მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა შეიძლება დაემუქროს გამრუდებული დრო – სივრცის პირობებში. თუნდაც ეს ფრაზა: “იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვნიან მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ . . .” ეს იმას ნიშნავს, რომ დროის დინება შეცვლილია ადამიანებისთვის, ანუ გამრუდებულია. როგორც ყოველი ცოცხალი არსება, ადამიანიც ბიოლოგიური საათია. ჰოდა, შეცვლილი დროის დინება აღრევს ამ საათს, სიკვდილის დრო არ იქნება მკაცრად განსაზღვრული, იგი როგორღაც ცვლადი, არამდგრადი გახდება. ეს მეტად ძნელი წარმოსადგენია ახლა ჩვენთვის, მაგრამ გამოცხადების სიტყვები აშკარად მიგვანიშნებენ მასზე.

    ამ მეტად სევდიანი თავის დასასრულს ნახსენებია უფსკრულის ანგელოზი, რომლის სახელია ებრაულად აბადონი, ბერძნულად კი აპოლიონი. ვფიქრობ, ყოველივე ცხადია: სიტყვა “ლიონ” ბერძნულად ლომს ნიშნავს, ანუ მტაცებელ ცხოველს. “აპო” ნიშნავს “გან”, “შორს”, ანუ მტაცებლიდან შორს, ერიდეთ მტაცებელს. მერედა რომელ მტაცებელზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი, უფართოეს დრო – სივრცეში? მხოლოდ და მხოლოდ შავ ხვრელზე . . . დავაზუსტებ; გიგანტურ შავ ხვრელზე, რომელსაც შეუძლია მთელი მზის სისტემა ჩანთქას, ებრაული სიტყვა აბადონიც იმავე მნიშვნელობისაა, მას სიცარიელის ანგელოზს უწოდებენ. მისი სახელია “არავინ”. აქ უკვე სრულიად ცხადი ხდება დედამიწის სამ ნაწილად დაყოფის სურათი; ჯერ ჰაერს წარიტაცებს კოსმიური მტაცებელი, მერე წყალს, ბოლოს ხმელეთის რიგიც დადგება. “ყველა კუნძული გაიქცა და მთები აღარ იპოვებოდა”, ეს სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ მტაცებელმა უკვე დაიწყო ხმელეთის მოკბეჩა.

   აქ ჭექაქუხილის ღმერთი ცოტა ხნით შეყოვნდა. ალბათ ნიღბების საპასუხო გამოხმაურებას ელოდა. არცერთი ნიღაბი არ იღებდა ხმას, გასუსულები უსმენდნენ ჭექაქუხილის ღმერთს. ამ უკანასკნელმაც, შეიძლება ითქვას, ნამდვილად გაუტია, ისეთ რამეებს გადასწვდა, რის თქმასაც არავინ ეხვეწებოდა...ცხადად ეტყობოდა, ძალიან კმაყოფილი რომ იყო.

   ...ციფრი შვიდიანი კიდევ ბევრი საიდუმლოს გასაღები შეიძლება იყოს, ცივილიზაციათა თავისებურ ქრონოლოგისაც კარგად ეხამება, რაც წმინდა წერილშია მოხმობილი; “ მეფეებიც შვიდნი არიან. ხუთი დაეცა ერთი არის, მეორე ჯერ არ მოსულა. როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება. Mმხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა შვიდთა რიცხვიდან და დაღუპვისკენ მიდის . . .” ეს ყოველივე შეიძლება ასე განვმარტოთ: ეს ციფრები ადამიანთან, ანუ ზღვიდან ამომავალი მხეცის მეუფებასთან არის დაკავშირებული. მერვე რიცხვი, რომელიც შვიდი რიცხვიდან გამოდის, მხეცის არსებობის დროა მთლიანობაში. Aანუ, ესაა რიცხვი, ყველა შვიდი ადამიანური ცივილიზაციების შეჯამებით რომ მიიღება. “ მხეცი დაღუპვისკენ წავა . . .” ესე იგი თვითონვე მოინაცვლებს ადგილს, ვერ გაექცევა მტაცებელს, პირიქით: თვითონვე გაიქცევა მისკენ, რამეთუ სხვა გზა აღარ ექნება.

   დაფიქრდით, რას გვეუბნება ერთი მეტად ხატოვანი ფრაზა: “ვიხილე ანგელოზი, რომელმაც გადმოაგდო ნამგალი და მოიმკა დედამიწა.” რომელ ნამგალზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი? ვფიქრობ, ეს ახალი მთვარეა. როგორც ვიცით, მთვარის მიზიდულობა ახალმთვარეობისას ემთხვევა მზის მიზიდულობას, და ამდენად, იგი უძლიერესია. მითუმეტეს, თუ პერიგეის მდგომარეობაში იმყოფება. მოიმკა ნიშნავს, რომ “უკვე იყო მომწიფებული რაღაც”, ვფიქრობ აქ მიწიერი კონტინენტების ბაქნები იგულისხმება. ალბათ მათ შორის უკვე არსებობდა ტექტონიკური დაძაბულობა, და იგი ადგილიდან დაძრა ახალი მთვარის მიზიდულობამ. ცხადია, შედეგად უძლიერესი მიწისძვრა იქნებოდა, თავისი კატასტროფული შედეგით. “მოიმკა დედამიწა” სწორედ ამას ნიშნავს.

   წითელი გველეშაპიც გავიხსენოთ, რომელმაც “კუდით წამოათრია ვარსკვლავთა მესამედი და მოიფინა დედამიწის მესამედი ვარსკვლავებით”. ეს გახლავთ მიწიერი ცივილიზაციის მეტად შთამბეჭდავი სურათ – ხატება. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: მიწიერი სიცოცხლე, მათ შორის ადამიანთა ცივილიზაცია, მცენარეთა წყალობით ცხოველმყოფლობს. თავის მხრივ, მცენარისთვის მზის სხივებია აუცილებელი, კერძოდ, მზის სპექტრის წითელი უბანი. მცენარე შთანთქავს მხოლოდ წითელ ფერს, ყვითელს და ლურჯს აირეკლავს, სწორედ ამიტომაა მწვანე. წითელი გველეშაპის ყოფნა-არყოფნაც მცენარის ამ საოცარ თვისებაზეა დამოკიდებული, მისი წითელი ფერი სწორედ ამაზე მიანიშნებს.

   გველეშაპის მიერ კუდით ვარსკვლავების წამოთრევა იმას გულისხმობს, რომ მიწიერმა ცივილიზაციამ თავისი არსებობის დასასრულს (კუდი ამის ნიშანი გახლავთ) ატომური რეაქტორებით მოფინა მთელი ხმელეთი, ანუ დედამიწის მესამედი. ხმელეთი ხომ დედამიწის ზედაპირის მხოლოდ მესამედია, ორი მესამედი წყლითაა დაფარული.

   შემდგომ თავში ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ დაედევნა წითელი გველეშაპი მშობიარე დედაკაცს, რომელსაც “ემოსა მზე, მის ფერხთით მთვარე, ამკობდა თორმეტი ჯიღა”…. . . მიწიერი სიცოცხლის მეტად ფერად-ხატოვანი სურათ-ხატებაა; მზით შემოსვა ეს მზით ცხოველყოფლობაა, მთვარე ირგვლივ ევლება, ანუ მის ფერხთითაა. თორმეტი ჯიღა, ეს თორმეტი თვეა, მიწიერი დრო. ჭეშმარიტად, დიდი წინასწარმეტყველები, უწინარეს ყოვლისა, დიდი პოეტები იყვნენ. “წითელმა გველეშაპმა პირიდან ამოასხა წყალი”, ეს იმას ნიშნავს, რომ მიწიერი ცივილიზაცია თვითონვე შობს თავის დაღუპვის წყაროს. და მაშინ....

                                                         * * *

    ჭექა-ქუხილის ღმერთმა ვეღარ მოასწრო ეთქვა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო „მაშინ“, წყლის ჭყაპუნის ხმა გაისმა მოულოდნელად. თვალი მოვწყვიტეთ ჭექა-ქუხილის ღმერთს (ყველა ჩვენთაგანის მზერა მას ჰქონდა დაპყრობილი), მივიხედ-მოვიხედეთ და რას ვხედავთ: ორასახა ნიღაბი ჩავარდნილა აუზში. მეტად უცნაური სანახავი იყო: ერთ-ერთი ნიღბით, რომელიც სახეს უფარავდა, წყალში იყო ჩამხობილი, მეორე ნიღაბი ზეცისკენ მიეპყრო, ორივე ხელი ფართოდ გაეშალა, ფართო, ფრიალა სახელოებით შემოსილი... და აი, ასე იძირებოდა ნელ-ნელა. არ იძროდა, არ ირხეოდა, ხელ-ფეხს ოდნავადაც არ ატოკებდა, თითქოს თოჯინა ყოფილიყო.

   ორიოდე წამით გაოგნებულები შევყურებდით ორსახა ნიღაბს, წყლის სიღრმისკენ გაშლილი ხელებით ნელ-ნელა მიმავალს. ყველას ერთნაირად დაგვაგვიანდა გაგვეაზრებინა, თუ რა ხდებოდა ჩვენს თვალწინ. სულ ახლახანს მოსმენილმა ძრწოლვის მომრგველმა სიტყვამ სადღაც შორს გადაგვტყორცნა, გარემოს რეალური აღქმა მოგვიჩლუნგა.

ნახვა: 37

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ოქრო, ქადაგიძე, ძიება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 17, 2019.
საათი: 10:38pm 0 კომენტარი

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა…

გაგრძელება

ფაუნა და კულინარია

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 11:08pm 1 კომენტარი

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald…

გაგრძელება

უცხო ღიმილი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 16, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად…

გაგრძელება

გერმანული მოდელით შეთავაზებული აქციები და ისევ გატაცებული ექიმი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2019.
საათი: 11:03pm 1 კომენტარი

      ნოემბერი და რუსთაველზე აქციები მგონი ისეთ ტრადიციად დამკვიდრდება, მომავალ თაობებს რომ უნდა უთხრან - არ დავივიწყოთ ჩვენი ძირ-ძველი ტრადიციებიო და პერფორმანსებად შეიძლება შემოინახოს ისტორიამ. ფაქტია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters