ბუმერანგი (ამონარიდი)

      რა კარგია, რომ ყარყუმის მანტია არ გავატანე არყოფნის ბილიკს... ჩქამიც არ ისმის, ოდნავადაც კი. მდუმარების წიაღში მივაბიჯებ, მშვიდად, რბილად, მართლაცდა კატასავით უხმაუროდ. ჰო, კატამ ნამდვილად წამახმარა თათი...

      ნეტავი ასე გაგრძელდებოდეს, სანამ ბილიკის ბოლომდე გავაღწევდე, თუმცა ვინ იცის...

      როგორც ხედავთ, ეჭვები მაინც არ მტოვებდნენ. უკვე მოვასწარი, კარგად გავცნობოდი არყოფნის ბილიკს, ჩამოვარდნილი ღრმა სიჩუმე ქარშხლისწინა მყუდროებად მესახებოდა.

      აკი ასედაც მოხდა საბოლოოდ...

      ჯერჯერობით კი ვტკბებოდი იმ საოცარი მდუმარებით, უკიდეგანო ველზე რომ გამეფებულიყო. თავში იმ სიტყვებს ვალაგებდი, საკუთარი გულისთვის რომ უნდა მეთქვა არყოფნის ბილიკის ბოლოს, ანუ იქ, სადაც თავი და გული ხვდებიან ერთმანეთს. კატის ნაბიჯებით მოვიწევ შენსკენ (საკუთარ გულს მივმართავდი), აღარაფერი შემრჩა, სრულიად გამძარცვა არყოფნის ბილიკმა, თუმცა ამას როდი დავეძებ. როგორმე შენამდე მოვაღწიო, ერთი ამასღა ვნატრობ... რომ იცოდე, რამდენი რამ მაქვს შენთვის სათქმელი. გზად შემხვედრებმაც რამდენი კითხვის ნიშანი ამკიდეს. თან მომყვება უამრავი „...რატომ, როგორ, რისთვის..“ შენ ერთადერთს შეგიძლია მათზე პასუხის გაცემა; გული ხომ თავზე ბევრად უფრო ბრძენია, ოღონდ ესაა, საკუთარი სიბრძნე სიტყვებით ვერ გამოუხატავს. არყოფნის ბილიკის ბოლოს აღსრულდება ეს სასწაული, გულის სიბრძნე სიტყვების სამოსელით შეიმოსება.

* * *

      - ხომ გესმის, მეზღაპრისთვის ერთი და იგივეა არყოფნის ბილიკის დალაშქვრა და საკუთარი გულის მოსმენა. ერთს ამბობს, იქვე მეორეს გულისხმობს, - შემეხმიანა მებაღე თავაუღებლად და ისევ განაგრძო კითხვა.

* * *

      ...საკუთარ გულთან უხმო მუსაიფით მივიწევდი წინ. კარგად მახსოვდა სულთამხუთავის გაფრთხილება, სიტყვა არ დაგცდეს, დიდია სიტყვის ძალა, წაგლეკავს მისი გამოძახილიო. ყუჩობდა უკიდეგანო ველი, უცნაურად შორსგაზიდული ცისკიდურით. ყუჩობდა არყოფნის ბილიკი, თვით უსასრულობასთან შერწყმული, ყოველივე თითქოს რაღაცის მოლოდინში გარინდულიყო

      უცბად რაღაც ხმა დაირხა, ოდნავ გასაგონი, უღონო. ერთი წამით გაიჟღერა და მაშინვე მიწყდა.

      სმენა გავაფაციცე, ხომ არ მომეჩვენა?

      ხმა ისევ დაირხა, შედარებით მომძლავრებულად. თითქოს სარკეში ჩაიხედაო, ისე განმეორდა და ორივენი ერთად მიწყდნენ.

      წამიც და, ისევ დაირხა ხმა, რამდენიმე ბგერა უკვე ზედიზედ მიჰყვა ერთმანეთს.

      ეჭვი არაფრისა იყო, რაღაც ხმები ნამდვილად შემოიჭრნენ მდუმარე უკიდეგანო ველზე.

      ნეტავი საიდან, რა გამოსცემს ამ ხმებს?

      სულერთიანად დავიძაბე... შეიძლება ითქვას, დაჭიმულ სიმად ვაქციე მთელი სხეული, ჩავუსაფრდი უღონო ხმებს, რათა მათი წარმოშობის წყარო და ბუნება გამომეცნო.

      გამოცდილება, იცოცხლე, დამიგროვდა. რანაირი ხმები აღარ მოვისმინე, რა სახის კაკაფონია აღარ დამატყდა თავს.

      არადა, მეტისმეტად უცნაურია; მე ხომ ყველაფერი არყოფნის ბილიკს გავატანე; ბედაური, ოქროს გვირგვინი, სამკაულები, სამოსელი... საკუთარი ხელით მოვისროლე ეს ყველაფერი. ამდენად, არყოფნის ბილიკსაც არაფერი არ უნდა აშფოთებდეს.

      ყარყუმს რაც შეეხება, ის სულ სხვაა,... როგორც უკვე ვთქვი. ყარყუმი არანაირ ხმებს არ გამოსცემს. პირიქით, სრულიად მიაჩუმათა ჩემი ნაბიჯები, მართლაცდა კატის ნაბიჯებად აქცია. სიჩუმეს ეფერება და უფრთხილდება ყარყუმის ყოველი ბეწვი.

      ჰოდა, მეტად საოცარია, რა უნდა გამოსცემდეს ამ ხმებს?

      თავს ვიმტვრევდი ამაზე ფიქრით... მართალია, ეს უღონო ბგერები არაფრით მაწუხებდნენ, მაგრამ ვინ იცის, რა მოხდებოდა, რა მელოდა წინ. როგორ შეიცვლებოდნენ ბგერები, ჯერჯერობით სრულიად უღონონი.

      ბგერები კი ნამდვილად იცვლებოდნენ, უფრო და უფრო იმაღლებდნენ ხმას, რაც წინ მივიწევდი არყოფნის ბილიკზე. ამით ისინი ერთგვარად ჰგავდნენ თავიანთ წინამორბედ ხმებს.

      თუმცა განსხვავებაც ბევრი იყო მათ შორის.

      საქმე იმაშია, რომ ყველა წინამორბედი ხმა ზემოდან ჩამომესმა. კარგად მახსოვს, როგორ გავიგონე „სხვა ბედაურის“ ფლოქვების ხმა სადღაც ჩემს თავს ზემოთ. რა მკაფიო განცდა მქონდა მაშინ, თითქოს ვიღაცა პირდაპირ ლურჯი ცის კაბადონზე მიაგელვებდა ბედაურს.

      ზუსტად იგივე მოხდა ყველა სხვა შემთხვევებშიც, სამკაულების თუ სამოსელის ხმების გაორმაგებისას. მათ ჯერ ზეცა დაიპყრეს, მხოლოდ ამის შემდეგ მოეფინენ უკიდეგანო ველს.

      ახლა კი ნამდვილად არ გამჩენია ისეთი გრძნობა, თითქოს ეს უღონო ხმები სადღაც ზევიდან მესმოდეს, ამის მსგავსს ვერაფერს ვიტყვი.

      აქ რაღაც სხვაა, მაგრამ რა? რა ჰქვია იმ „სხვას“, წინამორბედ ხმათაგან განსხვავებულს...

      ხმები არ მესმის არც „ზევიდან“, არც რომელიმე სხვა მხრიდან. ხმები როგორღაც ერთდროულად იბადებიან „ჩემში“ და „ჩემს გარეთ.“ვერ ვხვდები, რომელი რომელს ასწრებს. ამას ვერ გაიგებ, როგორც არ უნდა ჩაუსაფრდე, როგორც არ უნდა გაიმახვილო ყურთასმენა. ამ მხრივ სრულიად განსხვავდებიან თავიანთი წინამორბედი ხმებისგან, გარედან რომ დამატყდნენ თავს, მხოლოდ მოგვიანებით შემოაღწიეს სისხლის ყოველ წვეთში. მათ არ უცდიათ საკუთარი წარმომავლობის დამალვა. პირიქით, თითქოსდა საგანგებოდ, სწორედ თავიანთი წარმოშობის წყაროსკენ მიუთითებდნენ უდიდესი სიცხადით. ბედაურის ფლოქვების გრიალი თავიდანვე ფლოქვების გრიალი იყო, ასევე ოქროს ქუსლების ხმიანობა, და სხვა დანარჩენიც. არანაირი გაუგებრობის საფარველში ისინი არ გახვეულან ამ ახალშობილი ხმებისგან განსხვავებით.

      გაძლიერებით კი შეუნელებლად ძლიერდებიან ეს უღონო (ჯერჯერობით) ბგერები. რამდენადაც წინ მივიწევ, სულ უფრო და უფრო იმაღლებენ ხმას, და ერთგვარი რიტმულობაც აშკარად იჩენს თავს მათ ჟღერადობაში.

      ამ რიტმულობამ ცალკე თავსატეხი გამიჩინა. ვცადე ჩემი ნაბიჯებისთვის მისი მისადაგება,

      ვინ იცის, იქნებ სწორედ ჩემი ნაბიჯების ექო დამიბრუნდა უკან... არც ამას გამოვრიცხავდი, მეტისმეტად გამოუცნობია არყოფნის ბილიკი.

      მაგრამ გამოუცნობი ხმების რიტმულობა არ ემთხვეოდა ჩემი სიარულის რიტმს. რამდენიც არ ვუთვალთვალე, მათ შორის ვერანაირი შეხების წერტილები ვერ აღმოვაჩინე.

      ასე რომ, თავსატეხი თავსატეხად დარჩა, ვერა და ვერ ამოიხსნა. პირიქით, ახალი დაემატა. თანაც როგორი... ბევრად უფრო იდუმალი და გამოუცნობი...სწორედ მან გამიჩინა ყველაზე მეტი საფიქრალი.

      საქმე იმაშია, რომ რაღაცით მეტად მახლობელნი, მეტად ნაცნობნი მეჩვენებოდნენ ეს ხმები. თითქოს მათთვის უკვე მომესმინა, თანაც არაერთხელ, მაგრამ როდის და რა პირობებში, ამას ვერასგზით ვერ მივმხვდარიყავი.

      ერთი რამ ცხადია, ვფიქრობდი მე. ხმა და მისი გამოძახილი მეტისმეტად ახლოს არიან ერთმანეთთან, ამიტომაც ისმინებიან „ჩემში“ და „ჩემს გარეთ“ ერთდროულად.

      ნეტავი მაცოდინა, რა გამოსცემს ამ უცნაური ბუნების მქონე ხმებს, რა უნდა იყოს ისეთი, ნაცნობიც რომაა და თან გამოუცნობიც ერთსა და იმავე დროს.

      ამის ახსნა შეუძლებელი ჩანდა.

      ვნახოთ, იქნებ გზადაგზა გაირკვეს რაიმე, ვუთხარი ჩემს თავს უნაყოფო ჩხრეკა-ძიების მერე. ვივლი ამ გამოუცნობი, თანაც მეტად მახლობელი ხმებით გარემოსილი. მათ უსიამოვნოს ნამდვილად ვერ დაარქმევ. ტალღების მიქცევა-მოქცევა გამახსენეს, გეგონებოდა ზღვის ტალღები მისდევენ ერთმანეთსო. ერთგვარ სულსწრაფობასაც ამჟღავნებენ. ერთმანეთს უსწრებენ, არ აცდიან, და საერთოდ, უწყინარი ბუნებისა ჩანან. ეს არაა ისეთი ტალღების ხმიანობა, წალეკვით რომ გემუქრება. ვერ შემაფერხებენ ეს ტალღები, დიდი იმედი მაქვს, გავაღწევ არყოფნის ბილიკის ბოლომდე, იქ, სადაც საკუთარ გულთან საუბარს შევძლებ, ოღონდ მეტისმეტად ნუ გაძლიერდებიან ეს გამოუცნობი (და თანაც მახლობელი) ხმები, მძიმე და მქისე ნუ გახდებიან თავიანთი წინამორბედებივით.

      მძიმე და მქისეო? არა, რაღაც ბევრად უარესი... სახელიც კი ვერ მომძებნია... ახდა სწორედ ის, რისიც ასე მეშინოდა; მეტისმეტად გაძლიერდნენ გამოუცნობი ხმები, ტალღათა მიმოქცევის მსგავსნი. მათ ახლა უწყინარს ნამდვილად ვერ დაარქმევდი. ეს უკვე ქედშემაღლებული, მძიმე და მღვრიე ტალღებია, ნაპირს გაცოფებით რომ ეხეთქებიან და ძირფესვიანად აბრუნებენ ყველაფერს, რაც კი წინ შემოხვდებათ. თანაც როგორი გაავებით ღმუიან და ღრიალებენ... ისმის რაღაც საზიზღარი, გამყინავი ბგერები, აფთარის ხარხარის მსგავსი. ისმის ტკივილით და სიმწრით სავსე შემზარავი ამობგერება, რაღაცნაირი გაკაპასებული ხმები, სიავით სავსე და დაუნდობელი.

      ყოველივე ამას მიუმატეთ საზიზღარი ქირქილის და ხრიალის ხმა... დიახ, ჩემი სულთამხუთავის ხმა აქაც წამომეწია, თითქოსდა რაიმე აკლდა ამ ჯოჯოხეთურ კაკაფონიას, იმასაც თავისი რომ არ დაემატებინა. ქირქილებდა, თან მომაკვდავივით ხრიალებდა ჩემი სულთამხუთავი, და მე ძარღვებში სისხლი მეყინებოდა მისი გაგონებისას, ისედაც ღონემიხილს სრულიად~.

      მინდა ვთქვა: ხანდახან (საკმაოდ იშვიათად) რაღაც ნაზი, საამური ბგერები შემოიჭრებოდნენ ხოლმე საიდანღაც, მაგრამ სულ ერთი წამით, მაშინვე ითქვიფებოდნენ საზარელ ხმათა მორევში.

      მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, ჯოჯოხეთური ბგერებიც რომ ნაცნობნი და ახლობელნი მეჩვენებოდნენ. ამ მხრივ ოდნავადაც არ ჩამორჩებოდნენ უღონო ხმებს. პირიქით, ხმის გაძლიერების კვალობაზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ის „რაღაცა ნაცნობი და მშობლიური~, უღონო ბგერებშიც რომ ისმოდა და იგრძნობოდა. სწორედ ეს გარემოება მაკვირვებდა ყველაზე მეტად.

      ნეტავი მაცოდინა, რა გამოცანას მიწყობს ამჯერად არყოფნის ბილიკი, ვფიქრობდი მე. რატომ მეჩვენება ეს საზარელი ხმები ძალიან ახლობელ, ლამის მშობლიურ ხმებად. თანაც განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ასე გაძლიერდნენ. ნეტავი რატომ?

      ასეთმა ფიქრებმა არანაკლებ გამაწამა, ვიდრე იმ ჯოჯხეთურმა კაკაფონიამ, ერთდროულად რომ ისმოდა „ჩემში~ და „ჩემს გარეთ“. დანარჩენმა ყველაფერმა უკან დაიხია, უპირველეს ყოვლისა, საზარელ ხმათა უცნაური მახლობლობა მაინტერესებდა.

      ეს ყველაზე იდუმალი რებუსი იყო, რომელსაც კი ოდესმე გადავყრივარ; თითქოსდა რომელიღაცა მძვინვარე, გავეშებული ცხოველი ცდილობდა რაღაცის თქმას, მაგრამ სათქმელი ბგერათა ვერანაირ საზღვრებში ვერ მოექცია. ის ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდა ჩემთვის, მე კი მისი სათქმელის ამოცნობას ვერ ვახერხებდი.

      ...და უცბად მივხვდი (წამზე უსწრაფესად, რაღაც გაელვებასავით იყო ეს მიხვედრა), თუ რა უნდა ყოფილიყო ამ ხმების წყარო, სად ღებულობდნენ სათავეს; ჩემი გულიდან ისმოდა ეს ხმები, ამიტომაც მეჩვენებოდნენ ასე ახლობელნი. არყოფნის ბილიკმა გაამჟღავნა ისინი, გულისცემაც დიდი ხმაურია მისთვის.

      სამწუხაროდ, გაოცებამ დაასწრო განსჯას, და მე ხმამაღლა შევძახე საკუთარ გულს:

      - ეს შენ მეხმიანები?

      ამოვთქვი ეს სიტყვები, არც ისე ხმამაღლა კაცმა რომ თქვას, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, და მეტიც საკმარისზე: მე ხომ არყოფნის ბილიკზე მივაბიჯებდი, რომელიც ათასწილ უკან მოგაგებს ყოველგვარ ძალისხმევას. ასედაც მოხდა. არყოფნის ბილიკმა უკან დამიბრუნა ჩემი უნებლიე წამოძახილი, დამიბრუნა როგორც ათასი გრიგალი ერთად. იმ წამიდან, შემიძლია ვთქვა, საკუთარ თავს სრულებით აღარ ვეკუთვნოდი. ერთი ისღა გავარჩიე, ქარბორბალის მსგავსი რაღაც რომ დატრიალდა ჩემს ირგვლივ. „...ზესკნელი და ქვესკნელი ერთად დაგემხობა თავზე..“ წამით გამიელვა თავში სულთამხუთავის სიტყვებმა, და ყოველივე ბნელეთში დაინთქა.

      არ ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი ბნელეთის წიაღში. ნელ-ნელა დამიბრუნდა გონება, ძალა მოვიკრიფე, მივიხედ-მოვიხედე: ყარყუმის საცოდავი ნაგლეჯებიც აღარ შემრჩენოდნენ, ისინიც წაეგვარა ჩემთვის არყოფნის ბილიკს. გაძარცვული ვეგდე ტალახში, ნიშნისმოგებით მიღიმოდა უკეთური ცთომილის უკეთური მზე.

* * *

      მებაღემ კვლავ მოსწყვიტა თვალი უსტარს.

      - ხომ ნახე, აქედან ისევ უკეთურ ცთომილზე იწყებს ლაპარაკს, - მაცნობა მან, - სულ დაავიწყდა, საკუთარ გულს რომ უნდა შეხვედროდა. ეჰ, რას იზამ, მაინც რაღაცა გამოუვიდა... დასასრული კი მეტად სევდიანი აქვს ამ ზღაპარს. აჰა, ნახე: „რამდენი არ ვეცადე, მაინც ვერ გავაღწიე სხვა სივრცეში, ვერ ვიხილე სხვა ცთომილი, რომელსაც სხვა მზე ანათებს.“

      - მართლაც სევდიანი ზღაპარია, - დავეთანხმე მე. ჩემს გონებაში ყრუდ ჩაკეტილი, კოშმარული ეზო ამოტივტივდა, უშნოდ აჩხორილი აივნებით, - უკეთური ცთომილი და უკეთური მზე, რომელსაც ვერსად გაექცევი. რა უნდა იყოს ამაზე უარესი...

      - შეკითხვების კრიალოსანი? - შემახსენა მებაღემ, თან ფურცლებს აშრიალებდა, - ისიც ხომ სულ ტყუილად აიკიდა...

      - მართლაც, უამრავი „...რატომ, როგორ, რისთვის...“ დარჩა პასუხგაუცემელი.

      მებაღეს აღარაფერი უთქვამს, კარგა ხანს აშრიალა ფერცლები და ბოლოს იქიდან ქაღალდის პატარა ნაგლეჯი ამოქექა, ტალახი ეცხო გვერდზე.

      - ხომ იცანი? - მკითხა მან.

      - ჰო, ბავშვის წერილი დედასთან...

      - სწორედ ისაა. აჰა, ნახე, რას წერს მის შესახებ მეზღაპრე...

      ზღაპარი თურმე ჯერ არ დასრულებულიყო, კიდევ რაღაც დარჩა სათქმელი. აი, ისიც:

* * *

      ...წამოვკრიფე სხეული ტალახიდან, სულით ხორცამდე ნაგვემმა და ღონემიხდილმა. გამწარებული ვლანძღავდი საკუთარ თავს; ენას კბილი რატომ ვერ დავაჭირე, ცოტა ხანს გამეძლო როგორმე, უნებლიე წამოძახილით არ შემეშფოთებინა არყოფნის ბილიკი. იქნებ გამეღწია სხვა სივრცეში, მივწვდენოდი სხვა ცთომილს, რომელსაც სხვა მზე ანათებს. სულ ამაოდ ჩამიარა ამდენმა ტანჯვა-წვალებამ, და სწორედ ჩემი სულსწრაფობის გამო.

      უცბად შევამჩნიე, რაღაც ქაღალდის ნაგლეჯი ეგდო ტალახში, იქვე, ჩემს გვერდით. ავიღე, გავშალე; ბავშვის წერილი აღმოჩნდა, დედისადმი მიწერილი. თვალში მეცა სიტყვები: „...მე ხშირად მილანძღავენ შენს თავს, მაგრამ არაფერი მჯერა, არც დავიჯერებ არასოდეს..“

      პირდაპირ გაოგნებული დავრჩი. აქ საიდან უნდა მოხვედრილიყო ეს წერილი... მე ხომ იგი ხელის ერთი მოქნევით მოვისროლე, ოდნავადაც არ დამნანებია. განა სახსენებელია ეს უბადრუკი ქაღალდის ნაგლეჯი ყოველივე იმასთან შედარებით, რაც მე არყოფნის ბილიკს გავატანე; ბედაური, ტანით ნაძერწი, ბეწვით ბზინვარე. ოქროს გვირგვინი, ძვირფასი სამკაულები, სამეფო სამოსელი და ყარყუმის მანტია, ნისლივით მსუბუქი... ეს ყველაფერი უკვალოდ შთანთქა არყოფნის ბილიკმა, მხოლოდ ბავშვის წერილი დამიბრუნა.

* * *

      - რას იტყვი? ხომ მართლაც ბუმერანგივით იქცევა ბავშვის წერილი, - მეკითხება მებაღე.

      თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. მართლაც, წერილმა აღწერა რაღაც გამოუცნობი, ფართო რკალი, ბოლოს კი ისევ დაუბრუნდა იმ ადგილს, საიდანაც გატყორცნეს. სწორედ რომ ბუმერანგის წესია.

      - ბუმერანგიც ამიტომ ჰქვია ამ ზღაპარს, - დააზუსტა მებაღემ.

      ამაზეც ვეთანხმები:

      - სათაური მართლაც სწორადაა შერჩეული, ვერაფერს იტყვი.

      - უცნაური ამბავი კია... რაღა მაინცდამაინც ეს საცოდავი ქაღალდის ნაგლეჯი დაბრუნდა უკან...

      ამ სიტყვებით მებაღემ ბავშვის წერილი საქაღალდეში მოათავსა. უპირველეს ყოვლისა, მას მიუჩინა ადგილი.

      - მართლაც უცნაური ამბავია: წერილის გარდა ყველაფერი დაიკარგა, მთელი სამეფო შესამოსელი შთანთქა არყოფნის ბილიკმა, მხოლოდ ეს პატარა ქაღალდის ნაკუწი გადარჩა...

      მინდოდა გამეგრძელებინა ამაზე საუბარი, ერთად გვემსჯელა მე და მებაღეს, თუ რანაირად შეიძლებოდა მომხდარიყო ეს სასწაული. ენაზე მადგა უამრავი „...რატომ, როგორ, რისთვის..“’

      მაგრამ რატომღაც სიტყვა ვერ დავძარი, თვალი ვერაფერზე შევაჩერე კითხვის ნიშანთა მორევში.

      ეტყობა, აღარც მებაღეს შერჩა საუბრის იშტა. ალბათ დაღალა ამ ზღაპარმა, სასმელმაც თავისი დაუმატა.

      მებაღე გაფანტული ფურცლების თავმოყრას შეუდგა, თან ოდნავ ქანაობდა. მეც ვეხმარებოდი. ნიღბები დარბაისლურად გადმოგვყურებდნენ კედლიდან. ამჯერად ისინი არაფერში ჩარეულან, კრინტიც არ დაუძრავთ მთელი ამ ხნის მანძილზე.

      ალბათ უკეთესი იქნებოდა, მათაც ეთქვათ რაიმე. ეს განსაკუთრებით ჭექა-ქუხილის ღმერთს ეხება... ნეტავი მაცოდინა, დედის მაძიებელი ბავშვის წერილს რანაირად მოუხდებოდა მისი მგრგვინავი ხმა... უფრო შთამბეჭდავნი თუ იქნებოდნენ წერილის საოცარი სიტყვები, „... მე ხშირად მილანძღავენ შენს თავს, მაგრამ არაფერი მჯერა, არც დავიჯერებ...~ (და ა. შ.), ამ მეტად ომახიანი ხმის მქონე ღმერთს რომ დაექუხებინა ისინი.

      მე მიძნელდება ამის წარმოდგენა. ჭექა-ქუხილის ღმერთი კი ხმას არ იღებს, ისე როგორც დანარჩენი ნიღბები. არა და არა!

      .თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ სიჩუმის ენით ლაპარაკობენ წერილის საოცარი სიტყვები, უნაპირო სიყვარულის და თავგანწირვის გამომხატველნი... ჰო, მგონი ნამდვილად ასეა, სწორედ ეს სიჩუმეა ყველაზე უფრო შთამბეჭდავად მეტყველი.

      იგი ისეთ სიმაღლეზე სუფევს, ვერანაირი მგრგვინავი ხმა ვეღარ მიწვდება, ამაოა ყოველგვარი ჭექა-ქუხილი.

      ალბათ სწორედ ამიტომ დუმს ჭექა-ქუხილის ღმერთი. კარგად იცის, რომ აქ თავს ვეღარაფრით მოიწონებს.

      არადა, როგორ უყვარს თავზარდამცემი შთაბეჭდილების მოხდენა...

      - მგონი წაგიხდა საქციელი, - ჩუმად, სულ ჩუმად ვეუბნები ჭექა-ქუხილის ღმერთს. მდუმარედ შემომყურებს თვალებში. მართლაც ჰგავდა საქციელწამხდარს, მიუხედავად მეტისმეტად პეწიანი, საოცრად შთამბეჭდავი გარეგნობისა.

* * *

      „შემმოსეს მე სამეფო სამოსელით,~ - ისევ ჩამესმა მებაღის ხმა. ქაღალდის შეკვრა თაროზე ამ სიტყვების წაღიღინებით მოათავსა. სწორედ მიმხვდარვარ, ნამდვილად ესალბუნება ეს სიტყვები.

      გოლიათი, ერთი გოლიც რომ ვერ გაიტანა ათი შესაძლებლიდან; ასეთი მსჯავრი გამოუტანა მებაღემ საკუთარ თავს. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე თვლის.

      ვინ იცის, იქნებ არც მთლად ასეა. ერთი რამ უდავოა: საოცრად მახვილი თვალი აღმოაჩნდა მებაღეს, შეუმცდარად ამჩნევს, თუ რაიმე ღირებულს და საინტერესოს გადაეყარა. ამაში ხელს ვერ უშლიან ცხოვრების უღიმღამო ფურცლები. ნაცრისფერი ბურუსი, ამგვარი ცხოვრების თანამდევი, ვერ ართმევს ხედვის ნიჭს. თუნდაც დედა-შვილის ამბავი რად ღირს.... დიდი ადგილი დაუთმო მას თავის ნაამბობში მებაღემ, და მართებულადაც მოიქცა. მის თვალს არ გამოპარვია, თუ რამდენად შთამბეჭდავ, ღირებულ შემთხვევას გადაეყარა მათი სახით.

      ჰო, ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება. აი, ამ წუთში, როცა ჩემს თავში ნამდვილი ქაოსია, ერთმანეთში ირევა მებაღის ნაამბობი და ზღაპრის სიჭრელე, სწორედ ზემოთხსენებული შემთხვევა იკვეთება ყველაზე მეტი სიცხადით.

      დედა-შვილი, ერთდროს ერთარსნი, მერე კი ერთმანეთისგან უსასრულო მანძილით დაშორებულნი (მებაღემ შეძლო ამ მანძილის დანახვა). დედა, შეიძლება ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ სხეულია, ხორცისა და ძვლების კუნძია. შვილი კი სულია, თითქმის სრულიად თავისუფალი სხეულებრივი საწყისისგან; სხეული ვერ იტვირთავს ასეთ უნაპირო, თავგანწირულ სიყვარულს... მებაღის სიტყვით, დედა-შვილი არაერთხელ შეხვედრია ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთი ვერ უცვნიათ. შეიძლება წარმოიდგინო, რა სანახაობა იქნებოდა; დედა მაგიდას მისჯდომია, სიხარბით ანთებულ თვალებს საჭმელს ვერ აშორებს. ჭამს, რასაც კი მისწვდება, სხვა არაფერი ანაღვლებს. შვილი კი, იქვე, მის გვერდით მჯდომი, საჭმელს ზედაც არ უყურებს. დაფიქრებული ზის, ხანდახან თუ მიმოიხედავს, ეძებს მშობელ დედას, მის ოცნებებში ქალღმერთს რომ ედრება. თეთრხალათიანი მეთვალყურე შეახსენებს და მხოლოდ ამის მერე იწყებს ჭამას, თანაც ისე ჭამს, თითქოს ვერ კი გრძნობდეს საჭმლის გემოს. მისი ფიქრები ისევ სანატრელ დედასთანაა, რომელიც იქვე, მის გვერდით ზის, და მაინც... უცხონი არიან ერთმანეთისთვის, სრულიად უცხონი. ყოველ შემთხვევაში, ამ ცთომილზე ასეა, ანუ უკეთურ ცთომილზე, რომელსაც უკეთური მზე ანათებს, ზღაპრის ენით რომ ვთქვათ.

      მაგრამ სხვაგან, სხვა ცთომილზე, რომელსაც სხვა მზე ანათებს, იქნება იცნონ და იპოვნონ ერთმანეთი, იმავე ზღაპრის ენას თუ გავყვებით.

* * *

      უცბად მომესმა მებაღის ხმა, სიხარულით სავსე:

      - უპოვნიათ! ერთმანეთი უპოვნიათ!

      გამიკვირდა. დედა-შვილმა იპოვა ერთმანეთი? ამ წუთში ხომ სწორედ მათზე ვფიქრობდი...

      არა. ასეთი არაფერი მომხდარა...

      თურმე მებაღემ ეხლაღა შეამჩნია, მქისე კამათლის ორივე ნატეხი ერთად რომ იყო.

      მე ხომ მის უჩუმრად შევაერთე ისინი.

      - საოცარია, რატომ ვერ ვნახე აქამდე! - ამბობდა მებაღე, ორივე ხელით მოწიწებით ეპყრა მქისე კამათლის ნატეხები და გაბრწყინებული თვალებით დაჰყურებდა. თეთრი თმა ნისლივით წამოშლოდა თავზე. თამაშით გახარებულ ბავშვს გავდა, თუ ანგელოზს, ან ორივეს ერთად.

      ნანატრი გოლი რომ გაეტანა იმ ათიდან, ასე თუ გაიხარებდა ნეტავი?

      მე თვითონვე რომ, ბოლოს და ბოლოს, გამეგორებინა მქისე კამათელი და მთელი ქვეყნის ოქრო მომეგო, ჩემი სიხარული თუ იქნებოდა ასე ძლიერი...

      ახლა ნამდვილად ბარი-ბარში ვართ, კიდევ ერთხელ გავახარე მებაღე. ვერავინ დამწამებს, რაიმეში ვიყენებდე ამ პატიოსან კაცს. შემიძლია მშვიდობით დარჩენა ვუსურვო, სუფთა გულით.

* * *

      მოულოდნელად ოქროსმაძიებელი გამახსენდა და ამან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ადგილზე შევხტი.

      ალბათ ისევ მესტუმრება. ისე როგორ გაძლებს, გული თუ არ მოიოხა.

      ვუთხრა თუ არა, ეს ყველაფერი, რაც ამ ხნის მანძილზე ვნახე და მოვისმინე? დავაკვალიანო თუ არა ახლა უკვე სევდის სახლის მისამართით?

      ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ არ ღირდა...

      ჯერ ერთი, რომ ეს ამბავი მისთვის არაფრით არ იქნებოდა სასარგებლო. ნაღდად ვერაფერს გამორჩებოდა მთელ ამ მიეთ-მოეთს. ამას გარდა, შეიძლებოდა გზაც გაემრუდებინა მისთვის, წინასწარ მონიშნული ბილიკისგან აეცდინა.

      - იარე შენი გზით, ოქროს მესაიდუმლევ, - გულში ასე ვიმართე მას. - შენთვის ასე აჯობებს. იქნებ რაიმე ისეთს გადააწყდე, ერთი დღის სავალზე უკან ჩამოგვიტოვო მე და ჩემი ახლადგაცნობილი მებაღე.

* * *

      - ისევ შევხვდებით, - ვეუბნები მებაღეს. ვფიქრობ, არაფერი უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო, სადღა იპოვის ჩემისთანა თავგამოდებულ მსმენელს. მებაღეს არც კი გაუგია ჩემი გამოსამშვიდობელი სიტყვა, ისევ მქისე კამათლებით იყო გართული. საგანგებოდ ეძებდა თაროზე მათთვის ადგილს, რათა აღარასოდეს დასცილებოდნენ ერთმანეთს. ჩანს, ძალიან მოსწონს კოლექციონერობა, ესეც ხომ თავისებური აზარტია...

      საფიქრალი მეც მქონდა; მეტისმეტად ბევრი რებუსი დამიგროვდა, ვეცდები ზოგიერთ მათგანზე მაინც ვიპოვო პასუხი. რაც მთავარია, რაღაც ახალი ბილიკი ნამდვილად გავკვალე, სიზმარეული წალკოტისკენ მიმავალი, ალბათ ძველებურად აღარ გამიძნელდება მისი ხელახლა მონახულება.

      მაშინ რა ვიცოდი, თურმე სულ ტყუილად მქონდა ამის იმედი. ძალიან კი მოვინდომე, ცდა ნამდვილად არ დამიკლია; საგულდაგულოდ მოვჩხრიკე მთელი ეზო. მებაღეც მეხმარებოდა, ერთად მოვიარეთ გალავანი, სევდის სახლს რომ ირგვლივ ერტყა. მე ვუმტკიცებდი, ქვის მორღვეულ ყორეზე გადმოვფორთხდი-მეთქი. მებაღე ეჭვით აქნევდა თავს, გალავანი მხოლოდ ერთ ადგილას იყო ოდნავ დაზიანებული და ისიც სულ ახლახანს შეაკეთესო. ამას გარდა, ის დაზიანებული ადგილი პირდაპირ ქუჩას ესაზღვრება და არა რომელიმე ბაღსო. ასე, რომ ჩემთვის ძველებურად გაუგებარი დარჩა, თუ სად და როგორ ვიარე იმ დღეს, დაქცეული ბაგის ციაღში. რომელ ადგილას გადმოვლახე მორღვეული ქვის ყორე, თითქოს განგებ, კვამლის სქელი ფარდა რომ ბურავდა სწორედ იმ დროს.

      ერთი სიტყვით, ვეღარ ვპოვე წალკოტი, ვერც აყვავებული, ვერც დაქცეული, ასავალ-დასავალიც ვერ გავიგე იმდღევანდელი ჩემი მოგზაურობისა, მაგრამ ამაზე დიდად არ მიმტვრევია თავი, ჩხრეკა-ძიებასაც მალე შევეშვი. რატომ თუ იცით? იმიტომ რომ ერთი რამ ძალიან კარგად დავიმახსოვრე; რაიმე შემთხვევამ უნდა მიმიყვანოს იმ სიზმარეულ წალკოტთან, თუ ისევ მიწერია მისი ნახვა (სიზმარეულს, იმიტომ ვამბობ, რომ ხანდახან მგონია, თითქოს სიზმარში ვნახე ზღაპრულად მშვენიერი წალკოტი). ეს გამოუკლებლად ყველას ეხება, ვინც მისკენ გზის გაკვლევას მოინდომებს. ჰო, ასეა ნამდვილად, რაიმე შემთხვევამ უნდა მიგაგდოს იმ ჩალუსკუმებულ ჭიშკართან, მის შესახებ რაიმე ცნობების მოკრეფას არავითარი აზრი არ აქვს. წინასწარ მითითებული მისამართით იმ წალკოტში ვერ მოხვდებით, ეს სრულიად გამორიცხულია.

      აქ შეიძლება ვინმემ შემახსენოს, თუ როგორ დავაკვალიანე ოქროსმაძიებელი, და იმანაც შეძლო წალკოტში მოხვედრა. მართალი ბრძანებაა, ოქროსმაძიებელი ნამდვილად მე დავაკვალიანე, მის წინაშე გაიღო წალკოტის ჭიშკარი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ მოხდა, მეტად აღარ განმეორებულა.

      ეს ისეთი გამონაკლისია, საერთო წესს რომ ადასტურებს.

ნახვა: 60

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გველის ტყავი გველის მაგივრად

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთხელ ყვავილოვან მდელოზე დავსეირნობდით მე და ჩემი პაწია მზეები. მე მათ ვასწავლიდი, თუ როგორ უნდა…

გაგრძელება

ობიექტური სასამართლოს მოლოდინის ხმაური, ექიმი საოკუპაციო ტყვეობაში და რეფინანსირება და თბილისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2019.
საათი: 11:44pm 0 კომენტარი

      სასამართლო საინფორმაციო ობიექტივის ფოკუსში იყო. ბევრ საქმეს შორის, რომელიც დღეს იმართებოდა, განსაკუთრებით აქტუალური და ხმაურიანი იყო, მოლოდინისამებრ, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო.…

გაგრძელება

კვლევა ცხელ კვალზე, აქციის შედეგები და დაკავებულების სასამართლო, ექიმი ოკუპაციურ ტყვეობაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      პიკეტირების, ბოქლომების, ქვიშებისა და შეშის აქციები არ აპირებენ დასრულებას, თუმცა სამუშაო კვირა უფრო მშვიდი და ნაკლებ ხმაურიანი გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრინიპში. მაგრამ ამ სიჩუმეში,…

გაგრძელება

პარლამენტის პიკეტირება და კარვობანა რუსთაველზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 18, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      კვირით დაწყებული აქციები ორშაბათსაც გაგრძელდა და პიკეტირებული პარლამენტი სპეცრაზმით გათავისუფლდა - ცხადია დღის მთავარი თემა ეს იყო და რა თქმა უნდა, ახსენებდნენ პრორუსობისა და რუსეთუმეობის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters