- მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები გასარკვევი...

      აჯობებს, აქაურობას გავეცალო-მეთქი, ვიფიქრე, მე თვითონ იმავე მერხზე ვიჯექი, განაპირა მხარეს, სრულებით არ მაინტერესებდა ის ჩახლართული წვრილმანები, რის მოყოლასაც თმაჭაღარა კაცი აპირებდა, მაგრამ, ისე მოხდა, კარგახანს ვერ დავიძარი იქედან, სმენადქცეული ვუგდებდი ყურს ვიღაც უცნობი კაცის თავგადასავალს. აქედანვე ვიტყვი; ახალთახალი ფეხსაცმელები ეცვა, მოწითალო აგურისფერი, მაღალი ხარისხი პირდაპირ ყვიროდა ამ ფეხსაცმელებში, სხვა მხრივ კი საკმაოდ აბრანძულ-დაბრანძული გახლდათ ამ ჭრელი ამბის მთხრობელი:

      -... ჰოდა, აი, ასე, მივდივარ, მივაბიჯებ ჩემს გზაზე, კარგად ვიცნობ იქაურობას, ფიქრი არაფრისა მაქვს. ჩემს წინ ვიღაც ახალგაზრდა კაცი მიაბიჯებდა. ოცდაათ წელს თუ იქნებოდა გადაბიჯებული, მეტის არა...

      კარგად იყო ჩაცმული, უფრო მეტიც: ძალიან კარგად; ეს მაშინვე მეცა თვალში. ხომ იცით, უპირველეს ყოვლისა ტანსაცმელს ვამჩნევთ ხოლმე. მოყვანილობითაც კოხტა იყო, კარგად აწყობილი ტანფეხით, არც სიმაღლე ჰკლებია, საშუალო სიმაღლის მაინც იქნებოდა. ოციოდე ნაბიჯი აშორებდა ჩემგან და ასე მივაბიჯებდით. ვხედავ, ნაბიჯი შეანელა, ჯიბიდან რაღაც ამოიღო, ალბათ საფულე მეთქი - მაშინვე ვივარაუდე. ასედაც აღმოჩნდა, რაღაცა დაითრია საფულედან, მაგრამ რა, ამის დანახვა ვეღარ შევძელი, მე ხომ მას ზურგიდან შევყურებდი... ალბათ ფულის რამდენიმე კუპიურა ცალკე გადადო, გავივლე გულში, ესეც სწორად მიფიქრია.

      საფულე ისევ ჯიბეში ჩაიდო; უფრო სწორად, ეგონა, რომ ჩაიდო, ძირს დაუვარდა. ზედ დატანებაზე მეც წამოვეწიე, კინაღამ შევეჯახე, ცოტა დამაკლდა...

      ჭაღარამ წამით შეისვენა, გვერდით მსხდომთ გადახედა. მის გარდა სამი მამაკაცი იჯდა, დაახლოებით ერთი ხნისანი, სამოცს მიტანებულნი. სიამოვნებით დააფიქსირა ჭაღარამ, ყურადღებით რომ უსმენდნენ და ისევ განაგრძო:

      - არავის შეუმჩნევია ეს ამბავი ჩემს გარდა. ამაში მაშინვე დავრწმუნდი. გეზად მოვავლე თვალი ირგვლივ, არავინ იყურებოდა ჩვენსკენ. ფეხი მაშინვე დავადგი საფულეს, ამას ვერავინ დამასწრებდა, მე ხომ სულ ახლოს ვიყავი მასთან. ავიღე საფულე... ცხადია ჯერ ცხვირსახოცი დავაგდე ძირს. ცხვირსახოცთან ერთად მივაყუჩე ჯიბეში... დავინახე, ახალგაზრდა კაცი როგორ შევიდა მოსაცდელ დარბაზში, უკან ერთხელაც არ მოუხედავს, არაფრის ეჭვი არ გასჩენია, სახე არ დამინახავს მისი...

      კვლავ შეყოვნდა ჭაღარა, თითქოს რაღაცაზე წამით თვალი შეაჩერაო, მალევე გამოერკვა და განაგრძო:

      - აღარ შევსულვარ მოსაცდელ დარბაზში. საჩქაროდ გავეცალე იქაურობას, ტუალეტში ვდურთე თავი... გავჩითე საფულე; თვითონაც ერთ რამედ ღირდა. ძვირფასი ტყავისა იყო, კოხტა, მოხერხებული, როგორც თვით სამოსელი იმ ახალგაზრდა კაცისა. ფულიც იდო შიგ, არა უშავდა რა, სრულიად საკმარისი იმისთვის, კაცს რომ დროსტარებით გული ეჯერებინა. ფულის გარდა ლატარიის ბილეთები იდო, ორი ბილეთი...

      ჭაღარამ კითხვის თვალით გადახედა გვერდით მსხდომთ, ხომ გაიგეთ, რაც ვთქვიო. ჩანს კმაყოფილი დარჩა მათი სახის იერით, უფრო ხალისიანად განაგრძო:

      - ჰო, ლატარიის ორი ბილეთი იდო. დიდად არ გამხარებია მათი დანახვა. მე ხომ არ ვიცოდი, მომგებიანნი იქნებოდნენ თუ არა, ასეთი რამეები არასოდეს მიზიდავდა, არ მიყვარდა სასწორზე იღბალის შეგდება, ყოველთვის საეჭვო საქმეა.

      ნაღდი საქმე მიყვარდა, ფული, საქონელი, ისევ ფული... ერთი ფიქრი ისიც კი გავიფიქრე, ეს საფულე ისევ მის პატრონს ხომ არ დავუბრუნო მეთქი. ფული არც ისე ბევრია, დიდად ვერ დახარბდები, ლატარიის ბილეთები კი მეტად საეჭვო რამაა, შეიძლება წინასწარ გაყიდული საქმე იყოს. ლატარიის ბილეთებით რომ ჩალიჩობდნენ, კარგად ვიცოდი. ისეთი ბილეთებით, ძვირფას მანქანებს რომ იგებენ. თქვენც გეცოდინებათ ალბათ.

      - მოიგეს ბილეთებმა? - ჰკითხა ვიღაცამ სულსწრაფად. მერხის ირგვლივ ხალხი შეიყარა, მსმენელები შემოგვემატნენ.

      - ჰო, მოიგეს, - ოდნავი დაყოვნებით თქვა ჭაღარამ.

      - რა მოიგეს?

      - მანქანები.

      - როგორ? ორივემ მანქანა მოიგო?

      - ჰო, ორივემ, მაგრამ აბა, მაშინ ამის შესახებ რა ვიცოდი. საფულე ისევ ჯიბეში დავმალე, გამოვედი ტუალეტიდან, მოვათვალიერე იქაურობა. აღარსად ჩანდა კოხტად ჩაცმული ახალგაზრდა კაცი. ცოტა ხნის მერე თვითმფრინავი აფრინდა; როგორც მერე დავასკვენი, სწორად იმ თვითმფრინავში უნდა მჯდარიყო, საფულის დაკარგვა ჯერ არ ჰქონდა შემჩნეული, მან ხომ წვრილმანი ხარჯებისათვის ფული ცალკე გადადო. საფულის დაკარგვას მაშინ შეამჩნევდა, როცა მასთან დაკავშირებული ფაქტის წინაშე დადგებოდა.

      - მანქანები გამოიტანე?

      - არა, რისი მანქანები. თვითონ ლატარიის ბილეთები გავყიდე, თითოეული სამმაგ ფასში. არც ისე ცოტანი არიან, ვისაც ასეთი შენიღბვა ურჩევნია.

      ეს საუბარი მოწყალების სახლის ეზოში შედგა... იქ, სადაც უფასო საკვებს არიგებენ. ამბის მთხრობელიც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ხსენებული სახლის მუშტარი, ისე, როგორც სხვები, ამ საინტერესო ამბის მოსასმენად შემოჯარულები.

      თანაც ზუსტად ამ დროს, მოხდა რაღაც ისეთი, რაც წინ წაუძღვა შემდგომ მოვლენებს; ვიღაცამ, იქაურობის ხშირმა სტუმარმა, ყურში ჩამილაპარაკა შემდეგი სიტყვები, ისე, რომ სხვებს არ გაეგონათ:

      - ერთი შეხედე, შეხედე, რა დღეშია ეს უბედური... მოწყალების სახლში დადის, დღეს არ აცდენს, ალბათ სული შიმშილით ამოხდებოდა, აქაურობისთვის რომ არ მოეგნო. ერთ დროს კი, ჰაი, რას გრიალებდა, ბზესავით ჰქონდა ფული...

      შევხედე ამ სიტყვების მთქმელს, ვიღაც უცნობი შემრჩა ხელში. ის კი ჭაღარას არ აშორებდა თვალს, ჩემთვის არც კი შემოუხედავს, ისე მითხრა დამატებით ორიოდე სიტყვა:

      - ერთი პერიოდი მაინც ძალიან აიწყვიტა, ჰალსტუხივით იცვლიდა ქალებს და მანქანებს, ახლა კი ნახე...

      უცნობმა თქვა თავისი სათქმელი, მიტრიალდა და ხალხში გაერია ქირქილით. მართალი გითხრათ, დიდად არ გამკვირვებია მისი საქციელი. უყვართ ზოგზოგებს სრულიად უცნობებისთვის რაიმეს გაზიარება. გულს დაცლიან ხოლმე რაიმე ტვირთისგან. ნაცნობებს ერიდებიან საამისოდ. სხვა დროსაც მქონია მსგავსი შემთხვევა; ვიღაც ქალმა მკლავში ხელი ჩამავლო, ავადმყოფ კაცზე მიმითითა, ძლივს რომ მიჩანჩალებდა ქუჩაში. აშკარად ეტყობოდა, პარეზით იყო შეპყრობილი.

      - ვაიმე, ამას რას ვხედავ! რომ იცოდე, ერთ დროს რა ვაჟკაცი იყო, რა ვაჟკაცი - მოთქვამდა ქალი და მკლავზე ხელს მიჭერდა, თუმცა, თვითონ ამას ვერც კი გრძნობდა, მეტისმეტად იყო აღელვებული. ალბათ ოდესღაც უყვარდა ის კაცი, ჰოდა, განცდები ვეღარ დამალა და პირველსავე შემხვედრს გაუზიარა როდესაც ასე გასაცოდავებული იხილა თავისი დიდი სიყვარულის საგანი.

      მოწყალების სახლის ეზოში, რაღა თქმა უნდა, ბევრად მარტივად იყო საქმე. გრძნობების აფეთქებასთან არ გვქონია შეხება. ვიღაცამ გული დაცალა ძველი ტვირთისაგან, წიხლი ჩააზილა ისედაც დაცემულს და მიწაზე გართხმულს...აბა, ასეთ სიამოვნებას როგორ დაიკლებდა.

      ერთი ის იყო გასაკვირი, დაბარებულივით რომ გამომეცხადა, რათა თმაჭაღარა კაცის სიტყვები დაედასტურებინა. მე მას უცნობთაგან უპირველესს ვუწოდებდი, აკი სულ პირველად თვითონვე შემეხმიანა. ძველი, მძიმე ტვირთისაგან გულის დამცლელს, ანუ თმაჭაღარა კაცს, მეორე უცნობის ადგილი ერგო. მესამე უცნობიც გამოჩნდება, თავის დროს ელოდება.

      - ყოველთვის ამ დღეში კი არ ვიყავი, ახლა რომ მხედავთ, - ამბობდა მეორე უცნობი, - იყო დრო, სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი... ფულის მუღამი ვიცოდი... ხომ იცით, ამ ქვეყნად ფულია ყველაფერი. ადვილად წინ ვერავინ გადამირბენდა. სანამ ვინმე რაიმეს მოიფიქრებდა, მე უკვე გადაფიქრებული მქონდა. ჰო, ასე იყო, ნაღდად არაფერი მიჭირდა, როდესაც ის საფულე ვიპოვე. ფულს ფული მიემატა, მეც ფრთები უფრო ფართოდ გავშალე უწინდელთან შედარებით...

      - დიდმა ფულმა თვალის აჭრელება იცის - ჩაილაპარაკა ხელჯოხიანმა მოხუცმა... უშუალოდ მთხრობელის გვერდით მჯდომ მოხუცს ხელჯოხი ეპყრა ხელთ, საკმაოდ მოცვეთილი, თუმცაღა კარგად შენახული, ჩუქურთმებით შემკული;

      - თანაც იოლად მოსულმა ფულმა - ხმა შეაწია მეორე მოხუცმა, მესამემ უხმოდ დაიქნია თავი.

      - ხომ გითხარით, ფულის ხამი არ ვყოფლვარ- მეთქი - ფიცხად შეესიტყვა თმაჭაღარა კაცი. ჩანდა მისთვის მტკივნეულ საკითხს შეეხნენ, - საფულის პოვნა ნამდვილად დიდი შენაძენი იყო, მაგრამ თავგზა არ დაუბნევია ჩემთვის.

      საქმეს ძველებურად მივყვებოდი. ერთი ის იყო, ფსონები გავზარდე, თუმცა არაფერი გადამიმლაშებია. ყოველთვის სიფრთხილეს ვამჯობინებდი. ამითი ვიყავი ცნობილი, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც უცხო ხილივით იქნებოდა. არ მითამაშია, არ წამიგია კარტში, არც ვინმე ქალს გადავკიდებივარ, ქონება მასზე არ გადამიგია. ქალებს ჩემს ცხოვრებაში თავისი ადგილი ჰქონდათ მიჩენილი, იქედან ერთი ნაბიჯის გადმოდგმის ნებასაც არ ვაძლევდი რომელიმეს.

      წამით იყუჩა უცნობმა და აი, ეს ფეხსაცმელებიც სწორედ იმ დროიდან შემომრჩაო - თქვადა თავის ფეხსაცმელებს დახედა, მოწითალო აგურისფრად რომ გაუდიოდა ლაპლაპი, მართლაც საგულდაგულოდ იყო გაწმენდილი, - ერთი გავისინჯე და აღარც ჩამიცვამს, მაშინვე გვერდზე მივყარე. რატომ, თუ იცით? იმიტომ რომ არ მოუხდა იმ სამოსელს, რაც იმ წამისთვის მეცვა. არაფერი მქონდა მაგის შესაფერისი. როგორც ხედავთ, მეტად მკვეთრი ფერისაა, რაღაცას თხოულობდა შესაფერისს, ჰალსტუხს ან სხვა რაიმეს. მერე მიმავიწყდა, სრულებით აღარ გამხსენებია მაგის არსებობა. ეჰ, მაგისთანების მეტი რა მქონდა... სწორედ ამ დილით ვიპოვე ისეთ ადგილას, ვერც კი წარმოვიდგენდი, ერთი გაფიქრება ვიფიქრე, ხომ არ გავყიდო - მეთქი, ძვირფასი ტყავისაა, მუშტარს ადვილად ვიშოვიდი, მაგრამ არა, ისევ მე ჩავიცმევ, მაგის დედაც ვატირე...

      - ამ დღეში რამ ჩაგაგდო? - ლამის ერთხმად ჰკითხეს გვერდით მსხდომებმა.

      - მეც არ ვიცი... დღემდე ვერ გამიგია, რა მოხდა, რა დატრიალდა ჩემს თავზე. ცდა ნამდვილად არ დამიკლია. ბევრი ვიწვალე, ვირბინე... თქვენც ხომ იცით, როგორ ხდება, კიდევ ცოტაც და, აი, ახლა გამიმართლებს, ეძებ, ცდილობ, ვის აღარ აწუხებ, არა და არ გიმართლებს, ყველაფერი ხელიდან გისხლტება გასაპნულივით... ერთი რომ დაიწყო, წავიდა და წავიდა, ვეღარაფრით შევაჩერე...

      - ძნელია უკუღმა დატრიალებული ჩარხის შემობრუნება - ფიქრიანად ჩაილაპარაკა ხელჯოხიანმა მოხუცმა.

      - თუ შეუძლებელი არაა, - გააგრძელა მეორემ, მესამემ დაუდასტურა, ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდებაო...

      - როგორც ჩანს, ნამდვილად ასეა, რაც მე ვიწვალე და ვირბინე, რაღა არ ვცადე, ყველგან ხელი მომეცარა...

      - ცოდვა დაგიდვია თავზე, ამიტომაც ჩავარდი ამ დღეში _ თქვა ვიღაცამ ირგვლივ შემოჯარულთაგან.

      - კარგი ერთი, რომელ ცოდვაზე ლაპარაკობ. იპოვა, ხომ არ წაურთმევია ვინმესთვის - გამოეპასუხა ვიღაცა. იმას კიდე სხვა ვიღაცა შეეხმიანა... კითხვა - პასუხი გაიმართა ირგვლივ შემოჯარულ ხალხში, ერთმანეთს უაზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, ჩემთვის უცნობ თმაჭაღარა კაცს აღარც კი უყურებდნენ.

      - იპოვა და არ გაამხილა - კაცი ხომ არ მოუკლავს; ვიცნობ ზოგ ზოგებს, სისხლის ტბა რომ დააყენეს. ყელი გამოსჭრეს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, მერე რა, ვერ ცხოვრობენ? ფულში ბანაობენ, ხახვივით შერჩათ ყველაფერი. რაღა ამას მოეკითხა ცოდვა...

      - მერე კიდევ, შენახვაც უნდა იცოდეს კაცმა, - მაღალი ფალცეტით ახმიანდა მოცვეთილ შლიაპიანი, გამხდარი კაცი, - ზოგი რამ შემნახავსაც მოეკითხება. ხომ გაგიგონიათ: ცუდი შემნახავი ქურდზე უარესიაო. ფრთხილად უნდა იყო, როცა ჯიბით ასეთ რამეს ატარებ.

      - არც ის ყოფილა წმინდანი, ლატარიის ბილეთებით ჩალიჩობდა - დაიგუგუნა ხრინწიანმა ბარიტონმა. შევხედე, წვერგაბურძგნული ახმახი შემრჩა ხელში, თვალები სიცხიანივით უელავდა, ცხადი იყო, საფულის დამკარგავს გულისხმობდა.

      - მართალი ხარ, მაგრამ მაინც ცოდოა, - ისევ ახმიანდა ფალცეტი, - ერთი ბილეთი მაინც მიეცა...

      - ჰო, ერთი ბილეთი მაინც მიეცა; ჯუნგლის კანონია, თუ ნანადირევს წაართმევ შენზე სუსტს და უღონოს, თავი და კუდი დაუტოვეო.

      - ჰო, მართლა, რაიმე საბუთისნაირი თუ იდო საფულეში? - გაახსენდა ვიღაცას.

      - არანაირი - იყო პასუხი.

      - ჰოდა, ვერც მოახერხებდა ერთი ბილეთის მიცემას, თან სარისკოც იქნებოდა, შეიძლება თავი გაეცა.

      - მე თუ მკითხავთ, საფულის დაბრუნება სჯობდა ყველაფერს...

      - ამ შემთხვევაში მართლაც ასეა, ვერაფერი არგო იმ საფულემ...

      - საუკუნო ძმას შეიძენდა, ღვიძლ ძმაზე უკეთესს.

      - მართალს ამბობ, რაღას არ გააკეთებდა მისთვის, ვინ იცის.

      - ჰოდა, იქნებ აღარ ჩავარდნილიყო ამ დღეში...

      - თუ ბედად ეწერა, სულ ერთია, მაინც ვერ აიცდენდა...

      უცბად ისეთი შეუვალი ხმა გაისმა, ყველა თავისკენ მიახედა, ეს იყო კრიალოსანით აღჭურვილი ქალბატონი.

      - ტაძრისთვის უნდა შეეწირა ნაპოვნი საფულე, მხოლოდ მაშინ აიცდენდა ამ დღეში ჩავარდნას.

      ამან კითხვა - პასუხის ახალი ტალღა გამოიწვია. – „მაგითი ვითომ რა?“ - ამბობდა ერთი, - „დამკარგავს რაიმე შეემატებოდა?“ – „- მპოვნელი ცოდვას მოიხსნიდა თავიდან“, - „კი, მაგრამ ღმერთი ვინმე მექრთამე ჩინოვნიკი ხომ არ არის, საქმე რომ ჩააწყო“...

      ძალიან გაფიცხდნენ ყველანი, როგორც ჩანს, უზენაესი მსაჯულის თემა ყველას აწუხებდა; ალბათ არავინ დარჩენილა ისეთი, თავისი აზრი რომ არ გამოეთქვა...

      საუბარმა კინაღამ სხვა მიმართულება მიიღო, (კრიალოსანით აღჭურვილი ქალბატონის დიდი წვლილი იყო ამაში) ხელჯოხიანმა მოხუცმა დააბრუნა ძველ კალაპოტში. კარგა ხანს ჩუმად მყოფი კვლავ გამოელაპარაკა თმაჭაღარას, რიგით მეორე უცნობს:

      - როგორც ჩანს, უბრალო დამთხვევა იყო საფულის პოვნა და შენი დაღუპვა.

      - ჰო, მეც ასე მგონია, რაც მეწერა, ის მოხდა.

      დანარჩენებიც მიჩუმდნენ, გაახსენდათ საფულის მპოვნელის არსებობა, კვლავ მისკენ შებრუნდნენ.

      - ფრთები უფრო ფართოდ გაგაშლევინა ერთ ხანს, ეს იყო სულ, არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ამ დროს კი ვინ იცის, დამკარგავს როგორ დააკლდა.

      - აბა, რა გითხრათ... ისეთს არ ჰგავდა, ერთი დარტყმა რომ მიწასთან გაასწორებს.

      - მაგას ნუ იტყვი, - შეეკამათა ხრინწიანი ბარიტონი, - გააჩნია, როგორ შეხვდები დარტყმას. შეიძლება უმძიმეს მახეს დაუძვრე უვნებლად, შეიძლება თან გადაჰყვე უბრალო წაბორძიკებას.

      ამ მოსაზრებას ყველა ერთსულოვნად დაეთანხმა, მათ შორის ხელჯოხიანი მოხუციც, თან ერთგვარად შეაჯამა მოსმენილი.

      - რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, საბოლოოდ მაინც გაურკვეველი რჩება საკითხი, ვერაფერს გაარკვევ, ვერც დაზუსტებ... საფულის მპოვნელს ვხედავთ. ვიცით, რა მდგომარეობაშია, დამკარგავის შესახებ არაფერი ვიცით.

      მპოვნელმა ნაღვლიანად ჩაიქნია თავი.

      - ჰო, არაფერი ვიცით,... ნეტავი სად არის, რას აკეთებს ახლა, ცოცხალი თუა.

      - თავი ჩამოიხრჩო!

      თოფის გასროლის მსგავსი ეფექტი მოახდინა ამ ორმა სიტყვამ. თუმცაღა, სრულიად მშვიდი ხმით იყო წარმოთქმული. ვიღაც ერთმა იმთგანმა თქვა, მოწყალების სახლის ხშირმა სტუმარმა, მოცვეთილი სამოსით, უპოვრის აბგით და ა. შ. ჩანს, მოგვიანებით შემოემატა იქაურობას, საკითხის არსშიც გარკვევა მოასწრო და მხოლოდ ამის მერე ჩაერია საუბარში. სწორედ ეს გახლდათ მესამე უცნობი, პირველ ორს რომ მიემატა. მაინც რა უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს მათი გამოცხადება... თუმცა, რა აღარ ხდება ამქვეყნად...

      ორიოდე წამით ყველა დადუმდა, დრო დასჭირდათ მოსმენილის გააზრებისთვის. „უი, რას ამბობთ, საცოდავი...“ აქა - იქ წაილაპარაკეს ზოგზოგებმა.

      ყველაზე პირველად ისევ საფულის იღბლიანი მპოვნელი გამოერკვა, ირგვლივ შემოჯარულ ადამიანებში თვალებით მოძებნა იმ ფატალური სიტყვების მთქმელი.

      - მას თუ იცნობდით?

      - ვიცნობდი.

      - როგორი სახე ჰქონდა? მე ხომ მისი სახე არ დამინახავს, - ერთგვარი დამორცხვებით დაუმატა.

      - აბა, როგორ გითხრათ, საკმაოდ სანდომიანი სახე ჰქონდა, ცოცხალი, მეტყველი თვალები...

      - მეც ასე ვიფიქრე...

      - კოხტად ჩაცმა - დახურვა უყვარდა, დიდ ყურადღებას აქცევდა საკუთარ გარეგნობას. საერთოდ კარგ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე.

      - ეს ზურგიდანაც ეტყობოდა.

      - მოიცა ერთი, თუ ღმერთი გწამს, რა დროს სახეა, - ჩაერია ხელჯოხიანი მოხუცი, - ამბობ, თავი ჩამოიხრჩოო, ნამდვილად იცი? - მესამე უცნობს მიმართა მან.

      - ნამდვილად.

      - თვითონ ნახე?

      - არა, მე არ მინახავს.

      - აბა, საიდან იცი?

      - ვიცნობდი ჩამოხრჩობილს.

      ხელჯოხიანმა ყურადღებით აათვალიერ - ჩაათვალიერა მესამე უცნობი, წამით იყუჩა და კვლავ გააგრძელა გამოკითხვა:

      - ნათესავი ხომ არ იყო შენი?

      - არა, თანაკლასელები ვიყავით, თანაც მეზობლები. ქუჩის ერთ მხარეს ის ცხოვრობდა, მეორე მხარეს - მე. ჩვენი ოჯახებიც იცნობდნენ ერთმანეთს.

      - ვინ ნახა ჩამოხრჩობილი?

      - სასტუმროს დამლაგებელმა, სასტუმროს ნომერში ჩამოიხრჩო თავი, აქედან შორს...

      მესამე უცნობმა უცხო ქალაქი დაასახელა, რომელსაც აქ არ მოვიყვანთ, არაფრად გვჭირდება.

      - რისთვის ჩამოიხრჩო თავი?

      - ლატარიის ბილეთების დაკარგვის გამო...

      - წერილი თუ დატოვა, ან კედელზე მინაჩხაპნი?

      - დატოვა.

      - რა ეწერა?

      - სიცოცხლე მომბეზრდაო, წერდა. ოჯახს ეთხოვებოდა, პატიებას თხოვდა.

      - ლატარიის ბილეთები თუ იყო ნახსენები?

      - არა, არ ყოფილა.

      - აბა, საიდან იცი, რომ მაინცდამაინც ლატარიის ბილეთების გამო ჩამოიხრჩო თავი?

      - დროში ზუსტად ემთხვევა. აეროპორტში საფულე დაკარგა, ჩავიდა დანიშნულების ადგილას, დადგა ფაქტის წინაშე, გამოსავალი ვეღარ მოძებნა.

      - ეს არაფერს ამტკიცებს.

      - თანაც, ხომ გითხარით, ოჯახებიც კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. გავიგეთ, რაც მოხდა, სხვადასხვა წყაროებიდან.

      - იქნებ ჩამოახრჩვეს, შუბლზე იარაღი დაადეს, წერილი ამ გზით დააწერინეს.

      - ასეთი ეჭვი თავიდანვე გაჩნდა, მაგრამ რაღას გავაწყობდით. უცხო ქალაქში, სასტუმროს ნომერში... მეტისმეტად ძნელი საქმე იყო. ოჯახს მაგის თავი არ ჰქონდა.

      - ერთი სიტყვით, ოჯახს ასეთი ვერსია მიაწოდეს - თქვა ხელჯოხიანმა მოხუცმა, - მის მიღმა კი საქმე აღარ წასულა.

      - ასე იყო, რაღაც კი სცადეს, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

      - თვითონ ოჯახი ხომ არ გასულა რაიმე კავშირზე, ვინ იდგა ლატარიის ბილეთების მიღმა, შენი ძმაკაცი ხომ უბრალო შუამავალი უნდა ყოფილიყო.

      - ეგ არც კი უცდიათ. იქით ეშინოდათ, ვინმე თავზე არ დაგვადგესო.

      ორიოდე წამით იყუჩა ხელჯოხიანმა მოხუცმა და მერე ნაფიქრ - მოსმენილი შეაჯამა:

      - შუამავალი გაასაღეს და ამას დასჯერდნენ, ჩრდილში დარჩენა ამჯობინეს, ლატარიის ბილეთებს კვალში აღარ ჩადგომიან.

      ჩამოხრჩობილის ძმაკაცმა თანხმობის ნიშნად უხმოდ დაუქნია თავი.

      ნელ ნელა სხვებიც ჩაერივნენ საუბარში, პირველმა გაოგნებამ გადაუარათ. უწინარეს ყოვლისა, გაოცება გამოითქვა, ეს რა უცნაური შეხვედრის მოწმენი გავხდითო, ასეთ რამეს ყოველდღე ნამდვილად ვერ ნახავო, მერე ისევ ახლახანს მოსმენილ ამბავს მიუბრუნდნენ. გაცვეთილბერეტიანმა და თვითონაც ბერეტივით მრგვალმა ქალბატონმა თქვა, თავი არ უნდა დაეზოგათ, მაგ საქმეს ბოლომდე უნდა მიყოლოდნენო.

      სხვები თავს დაეჭვებით აქნევდნენ; უცხო ქალაქში, სასტუმროს ნომერში... მეტისმეტად საძნელო საქმეა. გაცხარებით მსჯელობდნენ, ყველა თავის აზრს იცავდა. მეც ყურადღებით ვუსმენდი მათ, თან ჩემთვის ნაცნობ- უცნობებს, საფულის მპოვნელს და ჩამოხრჩობილის ძმაკაცს ვუთვალთვალებდი. რაც შეეხება პირველ უცნობს, ფატალური სიტყვების წარმომთქმელს, მან, ეტყობა, ბევრად ადრე დატოვა იქაურობა. ყოველ შემთხვევაში, მისი ალი-კვალი არსად ჩანდა. დრო გადიოდა, ნელნელა ბინდი წვებოდა მომცრო ბაღში, სადაც ხის მერხები ჩამოერიგებინათ უპოვართათვის. კვლავ შეუნელებლად გრძელდებოდა გაცხარებული სჯა - ბაასი. რა ვიცი, რა აღარ თქვეს, რა აღარ გაიხსენეს, ასე ვიზამდი, ისე ვიზამდი, ფულს ამ გზას ვუჩვენებდი, ლატარიის ბილეთებს იმ გზას. საზღვარი აღარ უჩანდა ნაირ - ნაირ ვარიანტებს. ისიც ითქვა, რა დიდი ფული უნდა ჰქონოდათ ლატარიის ბილეთების პატრონებს, ბილეთების მოძებნაზე თავი რომ აღარ შეუწუხეს, ალბათ ფულს ვეღარც ითვლიანო. როდესაც იმდღევანდელი ამბავი მახსენდება, ასე მგონია, ისევ ისე გაცხარებით მსჯელობენ, საფულის პოვნის მართლაცდა თავისებურმა ამბავმა, (საფულისა, სადაც ფულის გარდა ლატარიის ორი ბილეთი იდო) მეტისმეტად გააცხოველა იქ მყოფთა წარმოსახვა. მოწყალების სახლის სტუმრებმა საკუთარი სიზმარი იხილეს ცხადად, აბა ვინ არ ხედავს სიზმრად, თითქოსდა ფულით გატენილ კეისებს პოულობდნენ, ანდა მომგებიან ლატარიის ბილეთებს... ვერა და ვერ დამშვიდებულიყვნენ.

      თუმცა, ერთი პატარა შემთხვევის გადმოცემა მგონი მაინც ღირს. ვიღაც მოლეულმა ქალბატონმა, განგებას მამაკაცის ხმით რომ დაეჯილდოვებინა, (საოცარი იყო, მაინც სად იტევდა ამ ხმას) ასეთი რამ უთხრა აგურისფერფეხსაცმლიანს: შენ მის სახეს მაშინ ნახავ, (ცხადია, საფულის დამკარგავი ჰყავდა მხედველობაში), როდესაც ღმერთთან მიხვალო.

      საფულის იღბლიანმა მპოვნელმა, პასუხი დაუგვიანა, მის ნაცვლად ვიღაც შეეხმიანა ირგვლივ შემოჯარულ მსმენელთაგან:

      - როცა ღმერთთან მივა, ღმერთის სახეს ნახავს.

      - ჰოდა, ისიც იქ იქნება...

      ამ სიტყვებს წამიერი სიჩუმე მოჰყვა, მერე ისევ ალაპარაკდნენ. მე მათ ყურს აღარ ვუგდებდი, თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობდი. ჩემმა ნაცნობმა უცნობებმა (მე, ასე თუ ისე, ვიცნობდი მათ, ჩემზე კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ) რებუსის მსგავსი ხლართი აღწერეს ჩემს ირგვლივ, თავისდაუნებურად ასე გამოუვიდათ. მეჩვენებოდა, თითქოს ძალიან ფართო სტადიონზე დავაბიჯებდი, რომელზეც ამოუცნობი რამ იყო დახატული და მის დანახვას ვერ ვახერხებდი.

      იმდღევანდელი ჩემი ბოლო შთაბეჭდილება საფულის იღბლიანი (თუ უიღბლო) მპოვნელის სიტყვები იყო (ჯერ ისევ იმ მერხზე იჯდა, როცა დავტოვე იქაურობა ), თავჩაღუნულმა ჩაილაპარაკა საკუთარ აგურისფერ ფეხსაცმელებზე თვალმიციებულმა:

      - სახე არ დამინახავს მისი...

ნახვა: 31

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დაკარგვა, მოთხრობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ჯინჯერები, წითურები პორტრეტებში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 28, 2020.
საათი: 8:41pm 0 კომენტარი

      ფაქტი, რომ მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 1-2% იბადება წითელი თმით, ამ ადამიანებს განსაკუთრებულს ხდის. ზოგჯერ, ეს განსაკუთრებულობა დადებითად წაადგებათ ხოლმე, ზოგჯერ კი ჩაგვრისა და ბულინგის მსხვერპლნიც გამხდარან. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ფოტოგრაფია. შესავლიდან გამომდინარე, აღარ გაგიკვირდებათ, თუ დავწერ, რომ წარმოშობით შოტლანდიელია, ანუ იმ ქვეყნიდან არის, სადაც წითური ადამიანები, შეიძლება ითქვას, უმავლესობაშიც არიან - ყველგან იპოვით ერთ წითურს…

გაგრძელება

დარდი პანდემიაზე, ეკონომიკაზე, კარტოგრაფებზე და მოახლოებულ წვიმებზეც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      მარხვის დაწყების წინ, პატრიარქმა მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა მისცა საჭიროების შემთხვევაში რძის პროდუქტების მიღებაზე კურთხევა გასცენ. ხვალიდან შეზრუდვების ამოქმედება იწყება, ამიტომ დღევანდელი პარასკევი, რომელსაც შავი პარასკევიც წამოეწია, დედაქალაქის სრული პარალიზების მიზეზი გახდა - ყველა საყიდლებს ეშურებოდა. მომავალი დღეები წვიმიანი იქნებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. კოვიდს რაც შეეხება - 123470 დადასტურებული,…

გაგრძელება

ირმის ნახტომი (ზღაპარი - ლეგენდა)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2020.
საათი: 3:30pm 0 კომენტარი

      ცის თაღი იძროდა მისი ნაბიჯებიდან, ელვას აკვესებდა ჯიღა თვალებით, ფართოდ განტოტვილი რქებით კი თითქოს მთელ სამყაროს შესდგომოდა დედაბოძად.

      აზავერი მოდისო, დაურბენდა ეს ძახილი ცის ბინადრებს, ისინიც დიდის ამბით მოემზადებოდნენ მის დასახვედრად. ფარშევანგი მაშინვე კუდს გაშლიდა, რათა საზეიმო ელფერი მიეცა სასურველი სტუმრის მობრძანებისთვის. მგელიც უკუდგებოდა, ოღონდ აშკარად გამომწვევი ნაპერწკლები უხტოდნენ თვალებში. გველი განზე გასრიალდებოდა,…

გაგრძელება

დაწესებული შეზღუდვები და ბიუჯეტიდან დაფინანსება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 26, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      შეზღუდვები დაწესდა და აღსრულება 28 ნოემბრიდან დაიწყება. შეზღუდვები კი განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩევა, თუმცა ქალაქები მაინც დააშორა ერთმანეთს. დღის მთავარი თემა პრემიერის გამოსვლა და დაწესებული შეზღუდვები იყო. ოპოზიციამ, ცხადია, არც დაწესებული შეზღუდვები მოიწონა და არც პარლამენტში შესვლაზეა თანახმა - ერთადერთი რასაც თანხმდება საბიუჯეტო დაფინანსებაა. კოვიდს რაც შეეხება - მთლიანი რიცხვები - 118690 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული…

გაგრძელება

Qwelly World

free counters