„ზღაპარს დავეძებ“ - მაღალ თაღზე ცეცხლივით ბრიალებენ ეს სიტყვები, დაუძლეველი ძალით გიზიდავენ. თაღი ბაღის შესასვლელი უნდა იყოს, ეს აქედანაც კარგად ჩანს. თვითონ თაღს ხვიარა მცენარე შემოხვევია, ოღონდ ისე, რომ ცეცხლოვანი წარწერა არ მიჩქმალოს.

      წამით ნაბიჯს შეანელებ, დაფიქრდები, ხომ არ გაიმრუდო გზა, ზღაპრისკენ თუ მისი მაძიებლებისკენ ხომ არ გადაუხვიო... და უცბად აღმოაჩენ, რომ უკვე ზემოხსენებული თაღის ქვეშ დგეხარ, ცეცხლოვანი წარწერა სწორედ შენს თავს ზემოთ ბრიალებს. ისღა დაგრჩენია, მომდევნო ნაბიჯი გადადგა, თაღს მიღმა სამყაროს მიაშურო. აქ ერთი პატარა მოულოდნელობა ჩასაფრებულა; ხედავ წარწერას, „აქ შემოსულნო, გაიხსენეთ ყველა იმედი.“ ვიღაც ხუმარას ფერადი ცარცით მიუჩხაპნია ეს სიტყვები თაღის შიდა მხარეს. გეღიმება იმ უცნობი ხუმარას საქციელზე, გუნებაში გაივლებ, რომ ეს წარწერა ერთგვარ გონებამახვილობას ნამდვილად არაა მოკლებული, ბოლოს და ბოლოს იმის საპირწონეა, რაც ჯოჯოხეთის კარიბჭეზეა აღბეჭდილი. თუმცა თქმით არაფერს ამბობ, ვთქვათ ეშმაკმა დალახვროს, ან რაიმე ამდაგვარს... უსიტყვოდ მიაშურებ თაღის მიღმა სამყაროს.

      თავი ბაღში ამოჰყავი, ჰო, ეს შესასვლელიდანაც კარგად ჩანდა. მერედა, რა ხდება ამ ბაღში? რითია გამორჩეული, რითი ამართლებს იმ ცეცხლოვან წარწერას, სატყუარასავით რომ გამოუფენიათ შესასვლელში... გულში იმედს ინახავ, რომ ეს არ იქნება სატყუარა და აქ ნამდვილად გადაეყრები რაიმე უჩვეულოს, ზღაპარს ანდა რაიმე მის მინაგვარს,...

      ბაღს კი ნამდვილად არა უშავს რა, ყვავილთა კორომები კოხტად გაკრეჭილ გაზონებს ენაცვლებიან, ტანაყრილ ხეებს ლაღად გაუშლიათ მსუყე სიმწვანით შემოსილი მკლავები... და საერთოდ, ყოველივეს მზრუნველი ხელი ეტყობა. რაც მთავარია, ზღაპრის გმირებიც აქ არიან, აბა, ზღაპრების მაძიებელთა ბაღი უამათოდ რა იქნებოდა. აგერ, ტყის ალი ოქროსთმიანი, ხელფრთიანი ანელოზები, როკაპი თავისი განუყრელი ცოცხით, ყველას რა ჩამოთვლის; აგერ ურჩხული გაწოლილა, თითქოს მზეზე თბებაო. როგორც მოგვიანებით ირკვევა, თურმე ურჩხული ამ ბაღში მერხის მოვალეობას ასრულებს, მართლაც ძალიან მოხერხებულია ჩამოსაჯდომად. ცოტას გაივლი და კიდევ გადაეყრები ურჩხულს, მოყვანილობით განსხვავებულს და ჩამოსაჯდომად კიდევ უფრო მოხერხებულს. ჰაერში უცნაური არსებები დაფრინავენ, მფრინავი ხალიჩები, ფასკუნჯები... ჟამიდანჟამს გამოჩნდებიან და კვლავ თვალს ეფარებიან.

     

      ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სადაა თვითონ ზღაპარი?

      გარემო მართლაც მშვენიერია, მაგრამ ზღაპარს ვერ ჩაანაცვლებს. მხედველობაში არ გაქვს თავზარდამცემად ეფექტური, ჭრელაჭრულა სანახაობები, ლამის რომ წალეკა ყოველივე. არა, ნამდვილი ზღაპარი გენატრება, ანდა რაიმე ისეთი, ამ სახელწოდებას ოდნავ მაინც რომ გაამართლებდა.

      ...და სწორედ ამ დროს მწვანე ღამურა გიახლოვდება, გაწვდის ფერადოვან ფურცელს, რაც ერთი შეხედვით ყვავილწნულს ჰგავს. ასოებსაც გაარჩევ მისი შესწავლისას და შენთვის ცხადი ხდება, რომ ზღაპარი შენ თვითონვე უნდა იპოვო. როგორ, რა საშუალებით, ეს უკვე შენი საქმეა. ეს ბაღი სწორედ ამით განსხვავდება სხვათაგან. ყველგან, ასე ვთქვათ, მზამზარეული ზღაპრები გხვდება, აქ კი თვითონვე უნდა მიაგნო. შეიძლება მარტოდმარტო ეძებო ზღაპარი, გარემო ყოველთვის დაგეხმარება... ზღაპრული მფრინავი ხალიჩები და ა.შ. ანდა ვინმეს გაესაუბრო, იქნებ ერთად მოიპოვოთ ზღაპარი...

      ჯერ გაოცებული ხარ, ღამურას მწვანე ფერიც გეუცხოვება. ღამურა ხომ ნაცრისფერია, ამას კი მწვანე კოსტიუმი ჩაუცვამს, და რა უცნაურიც არ უნდა იყოს, მწვანე ფერი უფრო მეტად ამსგავსებს ღამურას, ვიდრე ნაცრისფერი დაამსგავსებდა. მწვანე აპკით გადაკრულ ფრთებს ხან გაშლის, ხან დაკეცავს. კარგად გამოსდის, გეგონება ცოტაც და ჰაერში აფრინდება. ცოტა ხანს ფიქრობ და მისი მოწოდებული იდეაც საკმაოდ საინტერესო გეჩვენება.

      რატომაც არა, ამბობ, ვცდი, იქნებ რაიმე გამოვიდეს,

      გაუყვები ბაღის ბილკებს, მეტად საამურია ამ ბილიკებზე სეირნობა, თვალსა და გულს გაახარებ. გონებასაც მიეზღვება თავისი, რაიმე ზღაპრულ სიუჟეტსაც შეთხზავ, რომელსაც მწვანე ღამურას სიტყვით, საგანგებო კონკურსზე წარადგენენ. მერე კი შეაფასებენ მცოდნე თავები. რაიმე სამახსოვრო სიგელითაც დაგაჯილდოვებენ, თუ ჩათვლიან ამის ღირსად შენს ნაცოდვილარს. ეს დიდად არ გაღელვებს, მთავარი თვით პროცესია, ზღაპრის ძიება აშკარად შეიცავს აზარტის რაღაც ნიშნებს. ჩანს, სხვებიც გაუტაცნია ამ თავისებურ და მეტად უწყინარ აზარტს. ხან აქ, ხან იქ შემოგეფეთებიან ხოლმე.

      გიყვარს ზღაპარი (ეს მხოლოდ ბავშვობის წლებს არ ეხება, მოზრდილობაშიც შეინარჩუნე). არ ეთანხმები ზღაპრის მოძულეებს (ასეთებიც არსებობენ), თუკი გეტყვიან, რაღა დროს ზღაპრებიაო. სადღაც წარსულში ჩარჩნენ ზღაპრები, დღევანდელობას ისინი აღარ გამოადგებაო. არ ეთანხმები ამ მოსაზრებას, დანამდვილებით იცი, (თანამოაზრეებიც ბევრი გყავს), ზღაპრის მოყვარულები მეტნი არიან, ვიდრე მოძულეები. ზღაპრებში არის რაღაც უცვეთელი, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია დღევანდელობისთვის. ყველა რეალური სიუჟეტი გაცვდა, დრომ, ყოვლისშემძლემ და დაუნდობელმა, ყოველივე გააცამტვერა და ერთმანეთში ათქვიფა, აღარაფერი დარჩა უთქმელი. გადაეყრები ვინმეს რომელიმე მიწიერ სიბრტყეში: ქუჩაში, შენობაში, ეკრანზე, ქაღალდის ფურცელზე, ან წიგნებში... ერთი სიტყვით, მნიშვნელობა არ აქვს, სად და როგორ. წამოიწყებს რაღაც გრძელ ამბავს, სულ ორიოდე სიტყვის თქმას მოასწრებს და უკვე იცი, ბოლოში რა უნდა თქვას. ყველა სათქმელი ითქვა, ყველაფერი ხელისგულზეა, ალფადან ომეგამდე, ყოველივე ერთ მოცვეთილ, ყრუდ ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს და ნელნელა კარგავს პირვანდელ სახეს. ხომ გინახავთ ქაღალდის ძველი ფერდაკარგული ფურცლები და შავით თეთრზე ნაწერი მათზე. ნაწერი ხუნდება, შავი და თეთრი ფერები ერთმანეთში ითქვიფება. დადგება დრო, საერთოდ შეუძლებელი იქნება რაიმეს წაკითხვა, ისე აითქვიფებიან ერთმანეთში. რეალურ სიუჟეტებსაც რაღაც ამდაგვარი დაემართათ.

      ერთადერთი, ზღაპარი გაექცა იმ მოცვეთილ წრეს, ჯერჯერობით უძლებს, უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელობამ, უწინარეს ყოვლისა, ტექნიკურმა პროგრესმა, სწორედ ზღაპარზე მიიტანა იერიში. თუნდაც კვანტური ფიზიკა ვთქვათ, უკან რომ ჩამოიტოვა ყველა ჭინკა და ჯადოქარი; კვანტური მისტიკა, უცნაურობათა ხარისხი... ამ მართლაცდა უცნაურობებმა ზღაპრის მიღმაც კი გაუტია... კვანტური ფიზიკა უფრო ზღაპრულია, ვიდრე თვით ზღაპარი, ასე ამბობენ მცოდნე თავები.

      როგორ გამომწვევად ჟღერს, ზღაპარზე უფრო ზღაპრული. ეგ არაფერი, ზღაპარი ამ სახიფათო შემოტევასაც უძლებს, ზღაპარი ცოცხლობს, სუნთქავს და იფურჩქნება კვანტური ფიზიკის ჯინაზე.

      გამოდის, ზღაპარი რაღაცით რეალობაზე მეტია, რადგან ასეთი სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ რით? სად იმალება ამ სიცოცხლისუნარიანობის საიდუმლო, რითი აღემატება იგი სინამდვილეს. გრძნობ, მეტად თავსატეხი რებუსის წინაშე დგახარ, რომლის ამოხსნის დიდი იმედი არ გაქვს. მაინც ცდი. მონადირე მელიას ცოცხალ ბარტყებს ამოუყვანს მუცლიდან, რეალობაში ეს შეუძლებელია, ზღაპარში სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. საინტერესოა, რატომ? იქნებ იმიტომ, რომ სიცოცხლე საერთოდ უწყვეტი ჯაჭვია და ზღაპარი უფრო ახლოა ამ ჯაჭვთან, ანუ რაღაც მიუწვდომელ ჭეშმარიტებასთან, ვიდრე რეალობა. ამ შეკითხვის ბოლომდე გააზრებაც კი გიძნელდება. თავს ისე გრძნობ, თითქოს რომელიღაც შორეულ ცთომილის დანახვას ცდილობდე, ის კი გამუდმებით სხლტება შენი მხედველობის არედან. მეტისმეტად დიდია მანძილი თქვენს შორის, თვალთახედვა ვერ ახერხებს ამ მანძილის დაფარვას. სჯობია, თვითონ ზღაპარზე ვიფიქროთ, მოძღვრავ საკუთარ თავს, იქნებ ეს საიდუმლო თვითონვე ჩაგვივარდეს ხელში, ასედაც ხდება.

     

      რა არის ზღაპარი? შენს სიცოცხლეში პირველად უსვამ თავს ამ შეკითხვას. თუკი რაიმეს მოძიება გინდა, ჯერ ის უნდა გაარკვიო, რასთან გაქვს საქმე. და იქვე პასუხობ (ამას დიდი დაფიქრება არ სჭირდება); ზღაპარი, ესაა რეალობის და გამონაგონის, ანუ შესაძლებლის და შეუძლებლის (ასედაც შეიძლება ითქვას) თავისებური შეთანწყობა, ნაზავი. ამ შეთანწყობას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებური გონებამახვილობაც უნდა ახლდეს. ანუ, ცოტა სხვანაირად რომ ითქვას, რაიმე ლიტერატურული ფანდია საჭირო, გამონაგონს და რეალობას ერთ ჰარმონიულ მთლიანობაში რომ მიუჩენს ადგილს, გვერდიგვერდ დაასახლებს ახლო მყოფს და მიუწვდომელს, შეათავსებს შესაძლებელს და შეუძლებელს. მხოლოდ მაშინ გაღვივდება ის ზღაპრული მარცვალი, რომელსაც მბრძანებელი სიმაღლე უჭირავს მთელ ამ მიეთმოეთში. საქმე ისაა, როგორმე დალაშქრო ის მბრძანებელი სიმაღლე, მისგან რომ გაშორებს. უნდა სცადო, ცდას წინ რა უდგას, დაგეხმარებიან ნირნაირი ზღაპრული ფიგურები, მწვანე ბუჩქებში შეყუჟულები; ისე იყურებან, თითქოს გაქეზებენო.

      და შენც იწყებ ამ ზღაპრული ფიგურების მოხმობას, ერთმანეთთან მიგყავს ისინი, რაღა თქმა უნდა, წარმოსახვით... ერთმანეთთან ალაპარაკებ და ცდილობ მათი საუბრიდან რაიმე ლოგიკური ძაფი გააბა, იქნებ რაღაცას თავი მოებას. ამ ყოფით კარგა ხანს იმტვრიე თავი. ბოლოს ამჩნევ, რომ უცნაური რამ გემართება, გამუდმებით რაღაცაში იხლართები , და ეს რაღაცა ძალზე ნაცნობია შენთვის. ნეტავი რა უნდა იყოს ეს ნაცნობი, ახლა ამაზე დაფიქრდები და უცბად ხვდები, რომ ეს ზღაპარი კარგა დიდი ხნის წინათ წაგიკითხავს თუ მოგისმენია... უბრალოდ ახლა გაგახსენდა.

      ერთი სიტყვით, არაფერი გამოვიდა ამ მცდელობიდან, ვერაფერში დაგეხმარენ მწვანე ბუჩქებში შეყუჟული ნაირნაირი ზღაპრული ფიგურები. მოცვეთილ გზებზე იარეს, მოცვეთილ სურათხატებათა ბოხჩა მოაპირქვავეს და გაშალეს შენს თვალთა წინ.

      -…გაგექცათ ზღაპარი? ხელს ნუ ჩაიქნევთ, თქვენი ზღაპარი თქვენთვისაა, მხოლოდ თქვენთვის. ისევ თქვენ უნდა მოიხელთოთ, სხვა მას ვერ მიწვდება, ახლოსაც ვერ გაეკარება...

      მწვანე ღამურა თავის სტიქიაშია, დაჰქრის მწვანე ფრთების ფრიალით, საცაა ჰაერში აფრინდება და მიწვდება მიუწვდომელს, თუნდაც შენგან გაქცეულ ზღაპარს... თუმცა არა, ვერ მიწვდება, შენი ზღაპარი ისევ შენ უნდა მოიხელთო, სხვას მას ვერ გაეკარება.... მაგრამ როგორ, რა გზით, რანაირად უნდა მიწვდე, როგორც აღმოჩნდა, ის ვარსკვლავივით შორეულია შენთვის,

      ვარსკვლავებს ხომ არ მივმართო? საკუთარ თავს უსვამ ამ შეკითხვას. ზღაპარში რეალობის მხარდამხარ აუცილებლად უნდა მეზობლობდეს რაიმე ისეთი, რაც შეუძლებელია და მიუწვდომელი. ვარსკვლავებიც ხომ მიუწვდომელია, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით... მათ ვერ შეეხები, ახლოსაც ვერ გაეკარები.

      და არა მარტო ვარსკვლავები არიან მიუწვდომლები, აგრძელებ ფიქრების ამ ხაზს, იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს მახლობელ (შედარებით მახლობელ) ციურ სხეულებზე, მზე, მთვარე, კომეტა თავისი განთქმული კუდით, ადვილად (ასე ვთქვათ, სამეზობლოდ) ვერ მიხვალ მათთან. თვით ის პატარა უსახური ნამსხვრევებიც კი, მეტეორებს რომ ეძახიან, მიუწვდომლობის შარავანდედს ატარებენ. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ დედამიწაზე ჩამოცვივდებიან.

      ერთი სიტყვით, ზეცას მიაპყარი თვალი ზღაპრის მოსაძიებლად. მაშინვე გახსენდება უამრავი ზღაპარი, სადაც მთავარი გმირები ციური სხეულები არიან. ზღაპარს მართლაც ძალიან ალამაზებენ, ისეთ სინათლეს აფრქვევენ ყოველივეს,

      თუმცა ისეთი ზღაპრებიც შეგხვედრია, სადაც ციური სხეულები ყურით არიან მოთრეულები (რა უნაურად ჟღერს არა? ციური სხეულების ყურით მოთრევა). უფრო სწორად, ამის დიდ მცდელობას აქვს ადგილი. და როგორ მთავრდება ეს მცდელობა? ციური სხეულების დიდი მხიარულებით, და ამას ისინი არც მალავენ. აბა, რა აქვთ დასამალი? მათ ხომ ყველაფერი ძალიან ლამაზად, საოცრად სანდომიანად გამოსდით. თანაც რა სხვადასხვანაირად გამოხატავენ თავიანთ მხიარულებას: მზე ისე გულიანად იცინის, როგორც მხოლოდ მას ხელეწიფება და რომლის ბადალი არაფერია მთელ სამყაროში. მთვარე ძლივსშესამჩნევად და, ცოტა არ იყოს, იქედნურად იღიმება, ძალიან უნდა გაიფაციცო და გაიმახვილო თვალი, მთვარის ღიმილი რომ დაინახო. ვარსკვლავები კი, ნუღარ იკითხავთ, რა ამბავში არიან, კიდით კიდემდე ავსებს სამყაროს მათი სიცილკისკისი. და შენც ძალიან, ძალიან გეშინია, ამ უკიდეგანო (ეს სიტყვა აქ მართლაცდა თავის ადგილზეა) მხიარულების შუაგულში არ აღმოჩნდე, ასე ვთქვათ, მისი გამომწვევი მიზეზი არ გახდე.

      კარგი, თავი დავანებოთ ციურ სხეულებს, არ გვინდა ასე შორს წასვლა, სადმე ახლომახლო მოვიძიოთ რაიმე მიუწვდომელ-შეუძლებელი. ვთქვათ, გუშინდელი დღე, რა უნდა იყოს ამაზე უბრალო. ვერც გუშინდელ დღეს მიწვდები, ახლოსაც ვერ გაეკარები. იგივე ითქმის ხვლინდელ დღეზე, ისიც მიუწვდომელია, ცხადია ჯერჯერობით, სანამ მისი დრო არ დამდგარა. ასე რომ, ეს ორი დრო, ანუ ორი დღე ზღაპრებს ჰგვანან ამ თვალსზრისით.

      იგივე შეიძლება ითქვას ჩვენი დაბადების დღეზეც, (აგრძელებ ფიქრების ამ ხაზს, საინტერსოდ გეჩვენება). ჩვენთვის ის დროც ზღაპარს ჰგავს, სანამ დავიბადებით, ზღაპარივით მიუწვდომელია და თითქოს ერთგვარად არარეალურიც, ძალიან გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ოდესღაც ამქვეყნად არ ვიყავით. ვერც იმ დროს წარმოვიდგენთ, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნებით, ჩვენთვის ისიც ზღაპარივითაა, ვერანაირად ვერ გავისიგრძეგანებთ გონებაში. აქაც ორი ზღაპარი გვაქვს, ანუ ორი დრო, დაბადებამდე და გარდაცვალების შემდეგ. ამ ორ ზღაპარს შორის რეალობის გზაწვრილი გაჭიმულა და ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მოგზაურობა ზღაპრიდან ზღაპრამდე.

      ყველაზე საოცარი ისაა, რომ ჩვენი ცხოვრების გზაწვრილიც ვერ ძლებს ზღაპრის გარეშე, ზღაპარი ენატრება, ზღაპარი სჭირდება, რეალობის მღვრიე ნაკადმა რომ არ წალეკოს. ეს ბაღიც ხომ, თავისი წარწერით, დავეძებ ზღაპარს, ამაზე მეტყველებს. აჰა, დაბრუნდი ზუსტად იქ, საიდანაც დაიწყე. თითქოს რაღაც ჩაკეტილ წრეზე ტრიალებ.

      თავს გაიქნევ, რათა გამოხვიდე ამ მოჯადოებული წრიდან, თუმცა დანებებას არ აპირებ, იქნებ კვლავ მოიძიო რაიმე, რაღაცით საინტერესო და არც ისე მიუწვდომელი. თუნდაც ის კატა, აგერ ბუჩქებიდან რომ იყურება. რამდენი ზღაპარი მიუძღვნეს ამ პატარა არსებას, მგონი ყველას და ყველაფერს გადაასწრებს ამ მხრივ.

      ფისო, ფისო, როგორ უხდები ამ ბაღნარს. ზღაპარსაც ძალიან უხდები. იქნებ შენი ფაფუკი თათით ჩემს ზღაპარშიც შემოაბიჯო, ყოველივე გააცოცხლო, აალაპარაკო, როგორც გჩვევია. შენი სათქმელიც თქვა შენს განთქმულ მიაუსთან ერთად. შემოდი, ფისო, ჩემს ზღაპარში.

      ვაი რომ ტყუილად ხარჯავ ამ გულისამაჩუყებელ სიტყვებს, ფისომ ყურიც კი არ გათხოვა, ზედაც არ შეგხედა. ჯერ გულმოდგინედ დაიბანა თავპირი საკუთარ კუდზე წამოსკუპებულმა. მერე ერთი ლაზათიანად გაიწვართა, გაიზმორა, წელი ღვედივით დაჭიმა, რის შედეგადაც ზურგზე ტალღამ გადაურბინა. ამის შემდეგ კი გასწია თავის გზაზე. სიტყვა რას მიქვია, ერთი მიაუც არ შეაწია შენს ზღაპარს. მიდიოდა, მირონინებდა თავისი ფაფუკი თათებით... და აი სასწაული, სწორედ ახლა ამოიდგა ენა ფისომ, ალაპარაკდა და აი რა გაიგონე მისგან; სულ თათებზე მკიდიხართ შენ და შენი ზღაპარიო, ზუსტად ეს სიტყვები თქვა ტანის ტალღისებური რხევით და თათების მსუბუქი რონინით.

      ეს რა ყოფილხარ, ზღაპარო, ამბობ გაოცებული. რა არხეინად, რა მსუბუქი გულით გამოვეშურე შენსკენ, ვფიქრობდი ადვილი მოსახლთებელი იყავი, ბავშვის სათამაშოსავით მსუბუქი და ფერადოვანი მეგონე; თურმე რა მძიმე ყოფილხარ.

      ერთი სასაცილო შემთხვევა გახსენდება ამ გასაჭირში მყოფს: არც ისე დიდი ხნის წინ ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა (ვიღაცვიღაცეები ამისთვისაც იცლიან ხანდახან). კონკურსის წესი და პირობა იყო რაიმე მოულოდნელი თემა, და ეს თემა რეალობის საზღვრებს არასოდეს სცილდებოდა. ეს ყველამ იცოდა და ამისთვის მზად იყვნენ, მანამდე ჩატარებულ კონკურსებში ამ მხრივ ყოველივე რიგზე იყო, ვიღაცვიღაცეები იმარჯვებდნენ, პრემიებსაც იღებდნენ, მაგრამ ამჯერზე კონკურსის მესვეურებმა მწერლობას მოწყურებულ ხალხს შესთავაზეს, ზღაპარი დაწერეთო. ნამდვილად ვიცი, ასეთი გასაჭირი ჯერ არ დასდგომიათ იქ თავშეყრილ ადამიანებს, რა გამწარებით იჭყლეტდნენ ტვინებს, რა არის მისგან რაიმე ზღაპრისმაგვარი გამოეწურათ. ზოგიერებმა აქაიქ თითქოს რაღაცას მოაბეს თავი, უმეტესობას კი მრთლაც შავი დღე ადგათ. მაგონდება ერთი გოგონა(კონკურსი ტელევიზიით გადაიცემოდა), რა შეწუხებული სახით იდგა კამერების წინ, თავი მტკივაო, ჩიოდა, (მეტი დამაჯერობლობსთვის თავზე დაიდო ხელი,) მეტი აღარ შემიძლიაო, ბევრი ვიფიქრე, ვიმტრიე თავი, მაგრამ ზღაპარი არა და არ გამომდისო...

      მეც ზუსტად იმ გოგონას მდგომარეობაში ვარ ამ წუთას. იმ განსხვავებით, რომ კამერებით არ მიღებენ

      სადა ხარ, ზღაპარო, სად?

      - ...აქ არის, სულახლოს. ახლა ამ წუთას სწორედ თქვეს თავს ზემოთ დაფარფატებს. მიწვდი, მოიხელთე როგორმე შენი ზღაპარი, ერთადერთი და განუმეორებელი.

      მწვანე ღამურაც აქ ყოფილა, ჰაეში იქნევს მწვანეაპკიან ფრთებს, თან ფერად ბუშტებს მოაფრიალებს. რა კარგად ჩაერთო შენს ფიქრებში, გეღიმება ამაზე, ყურს სიამოვნებით უგდებ.

      - ... ის თქვენთვისაა, მხოლოდ თქვენთვის, და თუ ვერ მიწვდებით, სამუდამოდ დაკარგულია აი ამ ბუშტივით.

      ამ სიტყვებით ხელს უშვებს ერთერთ ბუშტს, ისიც მოწყდება მის ხელს, ნებანება მიიწევს მაღლა, ფიქრებით მისდევ იმ ფერად ბუშტს; როგორი საქმეა, მიწვდე მიუწვდომელს, ერთადერთს და განუმეორებელს. ჭეშმარიტად, ამისთვის ნამდვილად ღირს გარჯა, ის ხომ სამუდამოდ შენთან იქნება, არ გიღალატებს, ქარს არ გაჰყვება ამ ფერადი ბუშტივით. ეს უკანასკნელი ნამდვილად არ ღალატობს თავის თავს, და არა ვინმე სხვას;

      დაილია, დაპატარავდა, წერტილისოდენად იქცა, ბოლოს სულ მთლად გაქრა, გადაიკარგა, მისი ნასახიც არ ჩანს. შენი ზღაპარი. ვერ იტყვი,რომ დაიკარგა. როგორ დაიკარგება ის, რაც არასოდეს არსებულა.

      ამ ფერადმა ბუშტმა შენი მდგომარეობა როგორღაც თვალსაჩინოდ წარმოაჩინა, თავს გასულელებულად გრძნობ, იმ კონკურსანტებივით. ისინიც ხომ გასულელებულებს ჰგავდნენ.

      თუმცა, უნდა ითქვას, საკუთარი უნიათობაც გაღიზიანებს; ზღაპარს ვერ მიწვდი, მის კვალსაც ვერ მიაგენი, მაგრამ ალბათ ეს არ არის განაჩენი.

      როგორ იქცევიან, როდესაც კვალს კარგავენ?

      უბრუნდებიან საწყის წერტილს, ეს ნაცადი ხერხია. საწყისი წერტილი კი ბავშვობაა, სხვა რა უნდა იყოს.

      გეჩვენება, თითქოს რაღაც მკვრივ საყრდენს გრძნობ ფეხქვეშ. ეს სწორედ ის გზაწვრილია, ორ ზღაპარს შორის რომ გაბმულა - ასე უწოდე ორი დროს, დაბადებამდელს და გარდაცვალების შემდგომს. თავის დროზე თქვა თავისი სათქმელი იმ დროთა თანალმობამ, იქნებ ახლაც გამოგადგეს ამ საჭოჭმანო საქმეში. ბავშვი ამ გზაწვრილის დასაწყისშია, ანუ ახლოსაა პირველ ზღაპართან. სწორედ ამიტომ შინაურულად გრძნობს თავს ზღაპრულ სამყაროში. ბავშვი თავისი გულუბრყვილოდ მოციაგე თვალებით ხედავს მას, რასაც უფროსები სართოდ ვერ ამჩნევენ.

      თანაც, ამ გზაწვრილის დასაწყისი ზღაპრული ხალიჩითაა მოგებული. ასათუთებენ და ანებივრებენ ბავშვებს, ფაფუკ საგებს უგებენ ფეხქვეშ. სცადე, იქნებ დაადგა მასზე ფეხი, შეაბიჯო დაბადებამდელი დროის წიაღში, ანუ ზღაპარში, დალაშქრო მისი მიუწვდომლობა.

      ერთი სიტყვით, ბრუნდები ბავშვობაში, სხვა გზა აღარ დაგრჩენია, რაიმე სხვა საშუალებით ზღაპარს ვერ მოიძიებ. ფიქრებით გამოიხმობ ბავშვობის სურათებს, ისინიც ჭრელი კარუსელივით იწყებენ ტრიალს შენი გონების თვალსაწიერზე. ხან რა ამოყვინთავს ამ კარუსელიდან, ხან რა. რომელ ერთზე უნდა შეაჩერო ყურადღება? აი თუნდაც, ერთერთი მათგანი; ფართო, მწვანე მდელოზე დარბიხარ, თამაშობ, ცხადია უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ. თანდათან ბინდდება, შენ ისევ დარბიხარ, მწვანე მოლი ნოხივით გეფინება ფეხქვეშ, მისი სურნელი ცხვირში გიღიტინებს. ამ სირბილში მდელოს განაპირას აღმოჩნდი, სადაც უკვე ბოსტანია. იცი, რომ ბოსტანში თამაში არ შეიძლება, კვლებს გადაჯეგავ. არც ცდილობ ამას, შენ ხომ დამჯერე, ჭკვიანი ბავშვი ხარ... ამიტომ მაშინვე უკან გამოიქცევი. ბინდბუნდი ძალას იკრებს, შენ თამაშს ვერ ელევი, კვლავ დარბიხარ უკვე ჩამუქებულ მდელოზე. კიდევ ერთხელ აღმოჩნდი იმ ბოსტანთან. აქ ჩერდები, რაღაცას შეჰყურებ, და ეს რაღაცა მეტად უცნაურია. ხედავ, კვლებში ვიღაც ჩამალულა და იცინის. თანაც რა ფართოდ, რა გულიანად იცინის, ტუჩების კუთხეები ლამის ყურებამდე წვდება.

      ერთხანს შეჰყურებ ამ მოცინარ არსებას, მერე უკან გამობრუნდები, კლავ თამაშს აგრძელებ, თუმცა ყურადღება ისევ იმ მოცინარი სახისკენ გაქვს. ხანდახან მიირბენ ბოსტანთან, შეჰყურებ, ჰო, იქ ნამდვილად იცინის ვიღაცა.

      ამასობაში კიდევ უფრო ბნელდება. გეძახიან, თამაშის დრო ღარ არისო. მიდიხარ ამ ძახილის კვალდაკვალ, განათებულ ოთახში ამოჰყოფ თავს. ირგვლივ მზრუნველობის თბილი კალთა გავლია, თავზე გევლებიან მზრუნველი უფროსები, და რა უცნაურია, შენ მათ არ უმხელ ამ უცნაური სიცილის ამბავს, არავის არაფერს ეუბნები, მხილოდ შენთვის ფიქრობ; და როგორია ეს ფიქრები? ოჰ, მეტად მრავალფეროვანი... ის მოცინარე სახე თანდათან სულ უფრო მკაფიო ხდება, უკვე მის სხეულსაც ხედავ, და აი მეტად საინტერესო, თავშესაქცევი არსება დგას შენს წინაშე. გიწვდის ხელს, ცხადია თავისი განუყრელი სიცილით. შენც შეაგებებ შენს პატარა ხელს, და მერე ერთად დარბიხართ საოცრად ფერადოვან ბილიკებზე. ვინ იცის, სად არ წახვალთ და წამოხვალთ, რა აღარ გადაგხდებათ თავზე, იმათ რა ჩამოთვლის...

      და როგორ გინდა, ერთერთი მათგანი მაინც გაიხსენო იმ თავგადასავლებიდან, რა მშვენიერი ზღაპარი მოიქსოვებოდა. მაგრამ არა, ის თავგადასავლები თან გაჰყვა ბავშვობის დღეებს. მათ უკან ვეღარ გამოიხმობ, რამდენიც არ უნდა იმტვრიო თავი იმ გოგონასავით, ზღაპრების კონკურსში რომ გაიჭედა. ერთადერთი ისღა გაიხსენე, მეორე დილით როგორ მიირბინე ბოსტანთან, რათა დღის სინათლეზე გენახა ის მოცინარე არსება... და რას ხედავ? მწვანე კვლებში საზამთრო ჩაგორებულა. საღამოს ბინდბუნდში სიცილად მოგეჩვენა მწვანე და თეთრი ზოლების მონაცვლეობა.

      ისღა დაგრჩენია, ამ მცდელობაზეც ჩაიქნიო ხელი. ვერ გააცოცხლე ბავშვობის მოგონებები, თვალსაჩინო სახე ვერ მიეცი მათ, რათა შენს გარდა სხვებსაც დაენახათ.... იმდენი კი მოახერხე, გზაწვრილი გაგება ორ ზღაპარს შორის, მაგრამ ამაზე შორს კი ვეღარ წახვედი, ზღაპარს ოდნავადაც ვერ მიუახლოვდი. ასეთი რამ მხოლოდ ბავშვს შეუძლია, ანდა იმას , ვინც ბავშვი გადაარჩინა თავის თავში. ჩანს, არ ეკუთვნი მათ რიცხვს, ამიტომაც მუდამ ხელცარიელი რჩები .

      -... ოღონდ როგორმე მიწვდი, როგორმე მოიხელთე, შენი ზღაპარი მუდამ შენთან იქნება, აღარასოდეს მიგატოვებს.

      ღამურას ხმა კვლავ შემოიჭრა შენს ფიქრებში, მართლაცდა დროულად, უკვე დაკარგე ზღაპრის მოძიების იმედი... უფრო სწორად, თითქმის დაკარგე. იმედი ჯერ ისევ ფეთქავს მილეულ გულისცემასავით. ვინც ამ ბაღში შემოაბიჯებს, იმედების მთელი კრიალოსანი დაჰყვება თან, შენც მათ რიცხვში ხარ.

      ჯანდაბას, აგერ ამ ურჩხულის ზურგზე ჩამოვჯდები, იქნებ ვინმე მომიჯდეს გვერდით, ორ ხმაში ვცდი ბედს, ბოლოს ასე გადაწყვიტე.

      მართლაც, სულ მალე ვიღაც ზღაპრის მაძებარი ჩამოჯდა ურჩხულის ზურგზე. თვალს აპარებ მისკენ, თავჩაღუნული ზის, არც ხმას იღებს, არც კი იხედება შენსკენ. ცოტათი გიკვირს ეს ამბავი, თუ ზღაპარს ორ ხმაში ეძებს ჩემსავით, უნდა შეგეხმიანოს კიდეც. ალბათ ჯერ ფიქრობს, რა უნდა თქვას და როგორ. ბოლოს ასე გადაწყვიტე.. არც შენ ზიხარ უქმად, სხვადასხვა ვარაუდებს არჩევ, იქნებ თვითონ გეთქვა რაიმე? საკითხავი ისაა, რა თქვა და როგორ.

      ისევ რეალობას უხმობ, იქნებ რაიმეთი დაგეხმაროს ამ გასაჭირში რაიმეთი. როგორ ეხმიანებიან ადამიანები ერთმანეთს რომელიმე არაზღაპრულ სივრცეში შეხვედრისას? ოჰ, ეს ნამდვილი სეირია, დადექი და უყურე: „გამარჯობა,“ როგორა ხარ. „არამიშავს“ და ა. შ. სრულად არაფრისმთქმელ ფრაზებს უცვლიან ერთმანეთს. მერე ერთმანეთის ამბების გამოკითხვას იწყებენ, თუ ამის დრო აქვთ. სეირიც მაშინ იწყება, ერთიცა და მეორეც მხოლოდ იმას ამბობს, რის თქმასაც საჭიროდ ჩათვლის, თანაც შელამაზებულად. რაღაცას გაბუქავს, რათაცას საერთოდ მიჩქმალავს. მერე კი, თუ საუბარი გაგრძელდა, ბედაურ ტყუილსაც დაახეთქებს. მიზანი ერთია, რაც შეიძლება მომგებიანად გამოჩნდეს მოსაუბრის თვალში. ამ მხრივ ნამდვილად ტოლს არ უდებენ ერთმანეთს, ორივე კარგი ცრუპენტელაა.

      ჰოდა, რა ქვია ყოველივე ამას, გამონგონის და სიმართლის ამ ნარევს, ვითომ ზღაპარი? იმ გაგებით, რომ ზღაპარი სინამდვილის და ფანტაზიის თავისებური ნაზავია. სხვა გზა არაა, მასაც ზღაპარი უნდა ვუწოდოთ, ოღონდ ცხადია, ეს არაა მშვენიერი ზღაპარი, ბავშვის მოციაგე თვალით დანახული და თავისებური გონებამახვილობით შეზავებული. ესაა მახინჯი რეალობის მახინჯი ზღაპარი. რეალურ სამყაროში შეხვედრისას ადამიანები სწორედ მახინჯ ზღაპრებს უცვლიან ერთმანეთს, იქ სხვა არაფერი ხდება.

      თქვენ ამისგან დაზღვეული ხართ, ერთმანეთს არ იცნობთ და ვერც მოიკითხავთ, ჰოდა, ძალიანაც კარგი, გვერდზე დარჩება უსახურ ზღაპრები, მახინჯი რეალობის საზღვრებში უიმედოდ გამომწყვდეულები. მათთან არაფერი გესაქმენბათ. თქვენ, ამ ბაღნარის ორი სტუმარმა, მშვენიერი, ამაღლებული ზღაპრები უნდა უამბოთ ერთმანეთს. ყვავილის ფურცელივით ნაზი და სურნელოვანი სამყარო უნდა დახატოთ და გააცოცხლოთ მახინჯი რეალობის შუაგულში.

      ფერადოვან ხილვებში ჩაძირული ფიქრობ და უცბად აღმოაჩენ, რომ სრულიად არაფერი გაქვს სათქმელი... ყოველ შემთხვევაში, შენი სიტყვა, თუკი რაიმეს იტყოდი საერთოდ, ისე შორს იქნებოდა ზღაპრიდან, ამ მხრივ ნებისმიერ ვარსკვლავს გაუწევდა მეტოქეობას, დედამიწიდან მისი დაშორება იგულისხმება... და მაინც, რაღაცა უნდა ითქვას, ეს დუმილი უსასრულოდ ხომ ვერ გაგრძელდება...ტყუილად ხომ არ ჩამოჯექით ურჩხულის ზურგზე... თუნდაც რომელიმე მოცვეთილ ფრაზას იტყვი, ისიც შეგეხმიანება და ვინ იცის, იქნებ მოხდეს სასწაული, ზღაპრის შორეული ნაპირი გმოჩნდეს, ან მისი ათინათი ... რა ვთქვა? რა კარგი ამინდია, ამას მაინც იტყვი.

      ამ ფიქრებში ხარ და ამ დროს გესმის;

      - რა კარგი ამინდია დღეს.

      საკუთარი სიტყვები ხომ არ ჩამესმაო, წამით გულში გაივლებ.

      არა, ეს შენი მეზობელი შეგეხმიანა.

      კიდევ ერთ წამს ფიქრობ, მეტს არა და უდასტურებ;

      -მართლაც,მშვენიერი ამინდია.

      - ერთხანს ალბათ ასე გაგრძელდება.

      - იმედი მაქვს.

      თქვი ეს სიტყვა და მაშინვე გახსენდება ფერადი ცარცით თაღზე მიჩხაპნილი წარწერა, „აქ შემოსულნო, გაიხსენეთ ყველა იმედი.“ აჰა, იმედების კრიალოსანს კიდევ ერთიც მიემატა...

      ამის მერე ორივენი დგებით და თქვენს გზას ეწევით. ის თავისთვისთვის მიდის, შენ შენთვის. აღარაფერზე ფიქრობ, აღარაფერს ეძიებ, უბრალოდ ტოვებ ზღაპრული არსებებით დასახლებულ ბაღს. მარცხით დამთავრდა ზღაპრის მოძიების ცდა, თუმცა ძალი და ღონე არ დაგიკლია. ბევრი ეძიე და ჩხრიკე, ვერა და ვერ მიწვდი იმ ერთადერთს და განუმეორებელს, რომელიც მხოლოდ შენთვისაა და სხვა ვერავინ იტყვის, შენს გარდა. ამას უკვე შეურიგდი, თუმცა ხელის ჩაქნევას არ აპირებ, ასეთი რამეები არ გიყვარს. ეს პირველი მცდელობა იყო, არ გაგიმართლა. კვლავ ეწვევი აქაურობას, თავს უფრო შინაურულად იგრძნობ , იქნებ გამოვიდეს რაიმე, თქვა შენი ზღაპარი, ჯერ კიდევ გაქვს ამის იმედი ... და აქ თვალში გხვდება ფერადი ცარცით მიჩხაპნილი წარწერა; „აქ შემოსულნო, გაიხსენეთ ყველა იმედი.“ უკვე მისულხარ იმ მაღალ თაღთან, რითაც ამ ბაღში შემოხვედი.

ნახვა: 464

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ფერია, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters