იმ დღეს მათი ჩხუბი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. უფრო შეხმატკბილებულ ძმაკაცებს ვერსად შეხვდებოდით, ბოლო ხანებში კიდევ უფრო დაუტკბნენ ერთმანეთს... თუ სადმე ახსენებდნენ შაშვის სახელს, იქ კაკაბიც უნდა ყოფილიყო, ანდა პირიქით. მგონი მამლების ჩხუბის გამო წაკამათდნენ, ერთი „ხტუნიას“ აქებდა, მეორე „ძიძგილას“. საუბედუროდ, სხვადასხვა ფალავნის თაყვანისმცემლები იყვნენ განუყრელი ძმაკაცები. თუმცა უწინ თურმე ორივე ერთ ფალავანს ეთაყვანებოდა, მაგრამ რომელს ამ ორში, ეს უკვე აღარ ვიცი, შეიძლება ის დრო თვითონაც აღარ ახსოვდათ. დღევანდელმა ქიშპობამ გუშინდელი თანხმიერების არა იცის რა, უკვალოდ ივიწყებენ ხოლმე ყველაფერს.

      ჯერ კარგა მაგარ-მაგარი, მარილიანი გამოთქმებით ლანძღეს ერთმანეთი, არ დაინდეს მოქიშპე ფალავნები, თვით მსაჯებსაც გადასწვდნენ, ბოლოს მწვრთნელებსაც. მერე კი, როგორც მოწმეები ამბობდნენ, ცოტათი წაუთაქეს კიდეც ერთმანეთს... ეს ამბავი ქუჩის კუთხეში მოხდა, ყველაზე მაღალი კორპუსის უკან, მაგრამ შეუმჩნეველი მაინც არ დარჩა, მთელი უბანი მათ საყურებლად შეიყარა. თავი ორივეს ყოჩაღად ეჭირა; ჯერ შორიდან ზვერავდნენ ერთმანეთს, მერე მიუახლოვდებოდნენ და კარგა ეშხიანად დასცხებდნენ. მათ მოქნეულ მუშტებს სულ უფრო და უფრო ემატებოდა სიფიცხე.

      ბოლოს თურმე კაკაბმა ერთი ისეთი მოსდრო ყბაში, რომ შაშვა ლამის საკარმიდამო ნაკვეთი მოზომა მიწაზე, მთელი ტანით ისე გაიშხლართა... ო, რა გაუთავებელი სჯა-ბაასი გაიმართა მერე ამის გამო; კაკაბს არაფერიც არ მოუდვიაო, გაიძახოდნენ ერთნი. მისი მოქნეული მუშტი არაფერს არ მოხვედრია, ჰაერის გარდა. შაშვმა ქვას წამოჰკრა ფეხი და იმიტომაც წაიქცა. ცოდვა გამხელილი სჯობია, ვერც ჩხუბის დასაწყისში იდგა ფეხზე მაინცდამაინც მყარად, თავისი საყვარელი ფალავნის ასე, შვიდიოდე სადღეგრძელო ჰქონდა დალეული...

      რაო, შენმა მზემ, კაკაბი ფეხზე ბაყბაყდევივით იდგა? განა იმას შაშვზე ნაკლებად უყვარს მამლების ჩხუბი. შვიდზე ნაკლებ სადღეგრძელოს არც ის შეაწევდა თავის ფალავანს, ასე ამბობდნენ მეორენი...

      კაკაბის ბაყბაყდევობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ რა მისი ბრალია, თუ ქვა არ დახვედრია ფეხქვეშ... არაფერიც, ქვა არაფერ შუაშია, ქვა კი არა, შაშვი... კაკაბი... კაკაბი... შაშვი...

* * *

      ო, რა შეუმჩნეველი იყო ეს ორი ძმაკაცი მანამდე, სანამ ეს საბედისწერო ჩხუბი მოხდებოდა... შეუმჩნეველი იმ გაგებით, რასაც მსოფლიო დიდება ჰქვია და საქვეყნოდ სახელის განთქმა, თორემ თავიანთ წრეში, მამლების ჩხუბის გულშემატკივრებსა და ახლო მეზობლებს თუ მოკეთეებს შორის, არც სახელი აკლდათ, არც დიდება. როგორც კარგ ჩიტებს, ისე იცნობდა ყველა...

      დაე, მკითხველის ყურს უცხოდ ნუ მოეჩვენება ეს სიტყვები, თავის ძველ, ყბადაღებულ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებს მას... შაშვი და კაკაბი მართლაც კარგი ჩიტები იყვნენ, ისევე როგორც მათი ახლობელი ნაცნობები თუ მოკეთეები...

      ანუ, როგორც მთელი ქალაქის მოსახლეობა... და აგრეთვე სხვა ქალაქებისაც მთელ ცთომილზე... ისინი მართლაც ჩიტები იყვნენ, უფრო სწორად, ყოფილი სიტები. იქ ყველანი ასე ირწმუნებიან, ერთ დროს ნამდვილი ფრთოსნები ვიყავითო, ჰაერში ლაღად დავნავარდობდით, მთელი ზეციური სივრცე განუყოფლად ჩვენ გვეკუთვნოდაო. ამის დასტურად დიდის ამბით გიჩვენებენ უძველესი დროიდან შემორჩენილი ტაძრების ნანგრევებს, რომელთა კედლებზე საკმაო სიმკვეთრით განირჩევა ფრთოსანი ადამიანების გამოსახულებანი. საოცრად ლაღი, წარმტაცი და მშვენიერი ცხოვრება ჰქონიათ თურმე. არხეინად დანავარდობდნენ ცის ლაჟვარდოვან სივრცეში. როცა ფრენა მობეზრდებოდათ, მწვანედ მობიბინე ხავერდოვან ველ-მინდორზე ან ბუჩქნარში ისვენებდნენ. თუ სიცხე შეაწუხებდათ, კამკამა მდინარეებსა და ტბებში იგრილებდნენ სულსა და გულს. მაგრამ მერე თანდათანობით შეეშვნენ ჰაერში ფრენას და ფრთებიც დაკარგეს. თუმცა გარდამავალ ფაზაში ერთხანს კიდევ ჰქონიათ პატარა ფრთები, საფრენად უკვე უვარგისი, მერე ისიც გაუქრათ. თუ რატომ თქვეს უარი ჰაერში ფრენაზე, ამის შესახებ აზრთა დიდ სხვადასხვაობას აქვს ადგილი ყოფილ ფრთოსანთა შორის. თუ აქ შევეცდებით მათ გადმოცემას, მთავარი სათქმელი გვერდზე დაგვრჩება, ამიტომ სჯობია სხვა დროისთვის იყოს.

      ოღონდ ჰაერში ფრენის ნოსტალგიას აქ ერთნაირად განიცდის ყველა... გულმდუღარედ მისტირიან სამუდამოდ დაკარგულ ფრთებს, ცდილობენ რაიმეთი აანაზღაურონ მისი ნაკლულობა და ამ მიზნით სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ ხოლმე; ფრინველთა სახელებს ირქმევენ... თვით ცთომილს, რომელზეც ყოფილი ფრთოსნები ცხოვრობენ, ქანდარა უწოდეს სახელად. თვით ცნება ჩიტი აქ იგივეა, რაც ადამიანი. ამიტომ, თუ ვინმეზე იტყვიან, კარგი ჩიტიაო, ეს მის მაღალ ადამიანურ თვისებებს გულისხმობს უთუოდ...

      ისევ ძველ სათქმელს ვუბრუნდებით; შაშვი და კაკაბი ნამდვილად კარგი ჩიტები იყვნენ და მათი ჩხუბიც არაფრით არ ყოფილა განსაკუთრებული, ორივეს მხურვალედ უყვარდა თავისი ფალავანი და ხანდახან მეტისმეტი სიფიცხით ცდილობდნენ ამ სიყვარულის დამტკიცებას, ამისთანები ადრეც მომხდარა, მაგრამ ახლანდელ ჩხუბს ერთი მეტად საოცარი, უჩვეულოზე უჩვეულო, საშიში და არგაგონილი ამბავი გადაეხლართა და ამით საქვეყნოდ ცნობილი გახადა იგი...

      ბოლო ხანს „ქანდარაზე“ ყველაფერს წონა დაეკარგა, აი ასეთი გახლდათ ეს უჩვეულო ამბავი. ისე არ გაიგოთ, თითქოს ფასი დაჰკარგოდეს რაიმეს. არა, უწინ მთები დაიძვრებიან ადგილიდან, სანამ ვთქვათ, ოქრო დაჰკარგავდეს ფასს ცთომილ ქანდარაზე, მაგრამ წონა კი ნამდვილად დაეკარგა, და მთებიც ნამდვილად აპირებდნენ მგონი ადგილიდან დაძვრას, რამდენადაც ყოველივე უწონადობისკენ მიისწრაფვოდა. ეს უცბად არ მომხდარა, შემპარავ სნებასავით ნელ-ნელა, შეუმჩნევლად განვითარდა, თავდაპირველად ყველაფერს თითქოს მასხრობის თუ რაღაც თავშესაქცევი ხუმრობის იერი ჰქონდა, საამური, სასეირო ამბავივით გამოიყურებოდა:

      - თურმე გავმხდარვარ, ავიწონე და იმის მესამედს ვიწონი, რასაც ადრე ვიწონიდი, - ამბობდა გახარებული ღიპოსანი - ნაბიჯიც უფრო მსუბუქი გამიხდა...

      - ჩემმა შვილმა წონაში დაიკლო, რაღა მეშველება, - ვიშვიშებდა მზრუნველობით დედა და ბურთივით მრგვალ ბავშვს გულში იკრავდა.

      - რა ადვილად ვწევ ამ რგოლებს, - ხარობდა შტანგისტი.

      - რა მსუბუქი ყოფილხარ, საყვარელო... - ეუბნებოდა შეყვარებული ვაჟი ქალიშვილს.

      თავისი დადებითი მხარეებიც მრავლად გააჩნდა ამ უცნაურ მოვლენას, „მძიმე ტვირთი“ აღარ არსებობდა თავისი პირვანდელი გაგებით. დიასახლისები არხეინად მოათამაშებდნენ პირთამდე გატენილ საბაზრო ჩანთებს. ავეჯი ციმციმ აჰქონდათ მეათე სართულზე... და კიდევ მრავალი, მაგრამ გადიოდა დრო, წონის შემცირება შეუნელებლად გრძელდებოდა, და ცთომილ

      „ქანდარის“ მკვიდრნი მიხვდნენ, რომ ეს კარგს არაფერს უქადდათ. ზემოთ აღწერილმა ამბებმა თანდათან დაკარგეს სამხიარულო ხასიათი. დაირღვა საუკუნეობით დაწესებული და განმტკიცებული ცხოვრების ყველა ნორმა. მუშაობას გულს აღარავინ უდებდა, აღარც სწავლა-განათლება ახსოვდათ. ყველაფერი შეიცვალა, ირგვლივ ყოველივე როგორღაც სულ სხვანაირად, არაბუნებრივად გამოიყურებოდა, არავინ და არაფერი აღარ ჰგავდა თავის თავს. ადამიანები (ანუ ჩიტები) ქუჩაში ისე დააბიჯებდნენ, თითქოს შენელებული კინოკადრიაო. სპორტსმენები ზედიზედ ამყარებდნენ რეკორდებს სიგრძეზე თუ სიმაღლეზე ხტომაში, რომლებსაც უკვე აღარავითარი ფასი არ ჰქონდა... და საერთოდ, ყველაფერს ეკარგებოდა ფასი წონის დაკარგვასთან ერთად, ეჭვქვეშ დადგა ღირებულებათა ყველა ძველი საზომი.

      მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ წონის ასეთი განუხრელი შემცირება თვით ცთომილის მკიდრთა სიცოცხლესაც დაემუქრა. თუ ასე გაგრძელდებოდა, ერთ მშვენიერ დღეს ალბათ ყველაფერი საბოლოოდ დაკარგავდა წონას და მაშინ ხომ მათი დაღუპვა გარდუვალი იყო. ქანდარელებს კარგად ჰქონდათ წარმოდგენილი, თუ რა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებოდნენ ამ დროს. ცთომილის ირგვლივ დატრიალდება საშინელი ქარიშხალი, რომელიც ყოველივეს თან წარიტაცებს და უფსკრულში დანთქავს. არცერთი ჩიტი არ გადარჩება ცოცხალი, ყველა პირწმინდად მოისრება, ბოლოს თვით ცთომილი შუა განიპობა და სამყაროს სივრცეს მოეფინება ათას ნამსხვრევად ქცეული.

      ვერაფერი სანუგეშო სურათი იყო, რასაც ქანდარელთა ცოცხალი წარმოსახვა ხატავდა, ისინიც ძალიან შეფუცხუნდნენ. დიდი თუ პატარა იმაზე იმტვრევდა თავს, რას უნდა გამოეწვია წონის შემცირება ცთომილზე, სანამდე უნდა გაგრძელებულიყო ასე და რას უქადდათ მომავალი; ცთომილი „ქანდარა“ ხომ მათი ერთადერთი სახლი იყო, მისი დაღუპვა მათ დაღუპვასაც ნიშნავდა. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ საუკეთესო მეცნიერი თავები, რომლებიც კი მოიძებნებოდა მთელ ცთომილზე, ანუ რამდენიმე ბუ, რიცხვით ასე ოცდაათამდე, ყველაზე დიდი თავების პატრონები. მეცნიერი ბუები არც კი დაძრულან თავიანთი კაბინეტებიდან, მხოლოდ და მხოლოდ მათი თავების ჰოლოგრაფიული გამოსახულებანი ხვდებოდნენ ერთმანეთს წრიულად განლაგებულ ეკრანებზე, თავები ლაპარაკობდნენ, არჩევდნენ საკითხებს, შეკითხვებს სვამდნენ, პასუხობდნენ, კამათობდნენ. მათ მნახველს შეეძლო ეფიქრა, თითქოს ვიღაც დახელოვნებულ მებაღეს ყველაზე საუკეთესო გოგრებისთვის მოუყრია თავიო. შედარებით მომცრო, გვერდითა ეკრანებზე მსურველებს შეეძლოთ ეხილათ მეცნიერთა ტვინების სურათები, რომლებიც რაღაც სასწაულებრივად იყვნენ დაღარულ-დაჭმუჭნილნი და ამის მიხედვით ემსჯელათ მათ მფლობელთა მაღალ ინტელექტზე. კომისია თავს უყრიდა ყველა მოსაზრებას და ჰიპოთეზას, რომელიც წონის შემცირებას შეეხებოდა, შეიძლება ითქვას, რომ ჰიპოთეზების ნამდვილი ქარიშხალი ამოვარდა, ერთი ჰიპოთეზა ასე ღაღადებდა; ალბათ ცთომილმა ბრუნვას უმატა, უფრო სწრაფად ტრიალებს ღერძის ირგვლივ და წონის შემცირებაც ამან გამოიწვიაო. მეორე მოსაზრების მიხედვით ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ ცთომილ ქანდარაზე დღე და ღამე ჟღერს საცეკვაო მუსიკა, ეტყობა ცთომილის შემადგენელი ქანები რეზონანსში მოვიდა მუსიკის ტალღებთან. სხვები თვითონ ადამიანებს (ანუ ჩიტებს) აბრალებდნენ, ერთ ადგილას ვეღარ ისვენებენ, გიჟებივით დაჰქრიან ცთომილის ერთი კუთხიდან მეორეში, ბოლოს და ბოლოს, შეიქმნა მხები ძალების მომენტი, რამაც წონასწორობა დაარღვიაო... და კიდევ მრავალი. ყველა ჰიპოთეზა თუ მოსაზრება კომისიას უნდა განეხილა, შეესწავლა და ექსპერიმენტულად შეემოწმებინა. ამას გარდა, კომისიას დაევალა იმ წერილების განხილვა და შესწავლა, რომლებსაც მათ მთელი ცთომილის მოსახლეობა გაუგზავნიდა... თავის მხრივ, წერილებში აღნიშნული უნდა ყოფილიყო ყველა ის მოვლენა, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო, რასაც კი ოდნავი კავშირი მაინც ექნებოდა წონის შემცირებასთან, ანდა მეტად უჩვეულოდ მოეჩვენებოდათ. კომისიამ მხურვალე თხოვნით მიმართა ხალხს, უყურადღებოდ არ დაეტოვებინათ არცერთი ცოტად თუ ბევრად განსაკუთრებული შემთხვევა. ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო ამბავი დიდი მოვლენის გასაღები შეიძლება გახდეს, ამის მაგალითები მრავლად იცის ისტორიამ, ეს ყველას კარგად მოეხსენებოდა ცთომილ „ქანდარაზე“.

      იმ დღიდან კომისიის მისამართით წერილების ნამდვილმა ნიაღვარმა იწყო დენა. უამრავ მოვლენებს აღწერდნენ, მნიშვნელოვანს თუ უმნიშვნელოს. მაგალითად, „...ჩემმა პოინტერმა დღეს პირიც არ დააკარა ძეხვის ნაჭერს...“ ანდა „...დიდი ხნის წინათ გაუქმებულ, დამშრალ შადრევანში მოულოდნელად წყალმა ამოხეთქა...“ მეცნიერი თავები გულდასმით ეცნობოდნენ წერილებს და მაძებრებს აგზავნიდნენ მათში მოხსენიებული ამბების ადგილზე შესასწავლად. ამ წერილებში ერთერთი ისეთი წერილიც გამოერია, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი შაშვის და კაკაბის ჩხუბის შესახებ...

      აქ კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდეთ შაშვის და კაკაბის კინკლაობის ამბავს... (ერთი ნაბიჯითაც ვეღარ გავცდებით ამ პატარა წაკინკლავებას, ძვირფასო მკითხველო, რამეთუ ის გახლავთ ამ მოთხრობის მთავარი დედაბოძი და ძარღვი). უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოთხრობის დასაწყისში იმ კინკლაობის მხოლოდ პირველი ნახევარია აღწერილი, კომისიის მისამართით გაგზავნილ წერილში კი იგი თავიდან ბოლომდეა გადმოცემული. რამდენადაც ყოველგვარ სათქმელს თავისი დრო და ადგილი აქვს, ზემოხსენებული კინკლაობის მეორე ნახევარიც სწორედ ახლა უნდა ითქვას. დასაწყისში რომ ყოფილიყო ყველაფერი მოთხრობილი, ალბათ ყურადღებასაც არავინ მიაქცევდა და სასურველ ეფექტსაც ვერ მოახდენდა.

      ამრიგად, შაშვმა მიწაზე ერთი საკარმიდამო ნაკვეთი მოზომა... (თუ არ ვცდები, აქ შევწყვიტეთ ზემოხსენებული ჩხუბის აღწერა, შაშვი მიწაზე გაშხლართული დავტოვეთ) ხუთიოდე წამი გაუნძრევლად იწვა, ისე რომ ზოგიერთებმა მისაშველებლადაც კი გაიწიეს, მაგრამ შაშვს არავის ხელის წაშველება არ დასჭირვებია, ზლაზვნით წამოიწია, ტანსაცმლიდან მტვერი ჩამოფერთხა, სისხლი გადმოაფურთხა პირიდან, კბილიც გადმოაყოლა (ცალკე იმ კბილის შესახებ; დიდი ხანია ამოსაძრობი ჰქონდა და ექიმთან მისვლის ეშინოდა, მადლობელიც უნდა იყოს, რომ კაკაბმა მოადო ყბაში), მწარედ გაიღიმა და თქვა: ერთი ისეთი საიდუმლო რამ ვიცი, რაც ჩემს გარდა არავინ იცის. აი ნახავთ, რაც მოხდება. მაშინ გამიხსენებთ, როცა ყველაფერი ყირაზე დადგება, მაგრამ გვიანღა იქნებაო.

      მეტი არაფერი უთქვამს, გატრიალდა და წავიდა, ნელნელა მიიმალა ხალხში. წერილის ავტორი შაშვის მიერ ნათქვამ სიტყვებზე ამახვილებდა ყურადღებას და აღნიშნავდა, რომ ეს იყო საშინელი მუქარა, მთელი ცთომილის მიმართ, ყველას მიმართ ნათქვამი... და ამ საშინელ მუქარას ის გარემოება სდებდა განსაკუთრებულ ფასს, რომ შაშვმა ოდნავადაც არ ინდომა სამაგიერო გადაეხადა კაკაბისთვის, რომელიც დაქიჩმაჩებული იდგა სრულ მზადყოფნაში, საპასუხო დარტყმის მოლოდინში. არა, შაშვს არც კი უფიქრია კაკაბისთვის ხურდის დაბრუნება, და ეს ამბავი დიდზე დიდი საოცრებააო, ეწერა წერილში. როგორ! შაშვმა დარტყმა შეარჩინოს ვინმეს... თანაც ვის; უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარს... ამისთანა რამ ჯერ არ თქმულა და არ გაგონილაო. ცხადია, შაშვს რაღაც სხვა „სამაგიერო ხურდა“ ჰქონდა მხედველობაში, ანუ ის ამბავი, რაც შემდგომში მთელ ცთომილზე უნდა დატრიალებულიყო. ალბათ მან ერთადერთმა უწყოდა ამის შესახებ. წონის შემცირების პირველმა ნიშნებმაც სწორედ იმ კინკლაობის მეორე დღეს იჩინა თავი. წერილს ხელს აწერდა ვინმე ღობემძვრალა ჩიტი, ზემოხსენებული ჩხუბის შემთხვევითი მოწმე.

      დიდი ვერაფერი საკბილო იყო კომისიის რჩეული თავებისთვის, მაგრამ იმ მიზნით, არაფერი დაგვრჩესო შეუმოწმებელი, შემთხვევის ადგილას გააგზავნეს ერთერთი ყველაზე გამჭრიახი მაძებარი, სახელად ძერა. ჰოდა, აქ იმდენმა უცნაურობამ იჩინა თავი, რომ სულ მალე მეცნიერი ბუების თავებმა ლამის თავი დაანებეს ყველაფერს დანარჩენს და მთლიანად შაშვის პიროვნების შესწავლაზე გადაერთვნენ.

      დაიწყო იმით, რომ ჩიტბატონა აღმოჩნდა იმ ბინაში მცხოვრები, რომლის მისამართიც ჩვეული მოხერხებულობით დაადგინა ძერამ და რომელიც წესით შაშვის უნდა ყოფილიყო. ჭრელ ხალათში გამოწყობილი ჩიტბატონა სამზარეულოში იჯდა პატარა მაგიდასთან, წინ თოხლოდ მოხარშული კვერცხები ეწყო და ის-ის იყო წასაუზმებას აპირებდა. ძერას შეკითხვაზე, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ბინა, რომელშიც ამჟამად იმყოფებოდნენ, ჩიტბატონამ ფაქიზად მოიწმინდა პირი გაქათქათებული ხელსახოცით და აუწყა, რომ აღნიშნული ბინა მისი საკუთრება გახლდათ. არც ის დავიწყებია თავაზიან ჩიტბატონას, რომ ძერა საუზმეზე მიეპატიჟებინა.

      ძერამ თავის გაქნევით ანიშნა უარი და კვლავ შეეკითხა, თქვენამდე აქ ვინ ცხოვრობდაო.

      - ჩემამდე ქალბატონი გუგული ცხოვრობდა ამ ბინაში, - იყო პასუხი.

      - უფრო ადრე?

      - უფრო ადრე შაშვი...

      ძერამ ის-ის იყო პირი გააღო, რომ ეკითხა, როგორ გადაინაცვლა ამ ბინამ ხელიდან ხელში, მაგრამ ჩიტბატონამ არ დააცადა, ენაწყლიანად მოუთხრო, რომ ეს ბინა შაშვს ეკუთვნოდა სულ პირველად. მერე შაშვი ქალბატონ გუგულზე დაქორწინდა, მაგრამ რაღაც ვერ შეხმატკბილდნენ. შაშვმა ბინა გუგულს დაუტოვა. თქვენი მონა-მორჩილი (თავის თავზე მოკრძალებით თქვა ჩიტბატონამ) ბიძაშვილად ერგებოდა ქალბატონ გუგულს... ბევრი საამური წუთი მახსოვს ერთად გატარებული, მაგრამ უნაკლო ამქვეყნად არაფერია და... სულ მღერის ქ-ნი გუგული, მერედა რა მაღალი ხმით... მართლაც ძნელი ასატანია, ძლივს დავისვენე მას შემდეგ, რაც ხოხობთან გაფრინდა, თურმე მამიდაშვილები ყოფილან...

      - შაშვი სად ცხოვრობს ამჟამად? - ზრდილობიანად შეაწყვეტინა ძერამ.

      - სახურავზე, ბეღურების მეზობლად.

      ძერას აღარ დაუხანებია, სახურავს მიაკითხა. იქ მართლაც აღმოჩნდა პატარა ჯიხური, სატელევიზიო ანტენების ტყეში შეყუჟული. ძერამ საგულდაგულოდ გაჩხრიკა იქაურობა, რაღაც ძველმანები აღმოაჩინა, რომლებშიც ალბათ იძინებდა შაშვი. კედლებზე გაკრული იყო სატურნირო ცხრილები, რომლებიც „ძიძგილას“ და „ხტუნიას“ შეხვედრებს აღნიშნავდნენ. ამათში არაფერი იყო საინტერესო, არც ძერას მიუქცევია ყურადღება. რამდენიმე ფოტოსურათი იპოვა, რომლებზეც მთელი თავყრილობები იყო გადაღებული. ფოტოსურათები თან წამოიღო ძერამ. აქ რომელიმეზე შაშვი იქნებაო.

      გამოძიების შემდგომი საფეხური იმ ზემოხსენებული კინკლაობის მოწმეთა დაკითხვა გახლდათ. იმათაც მეტი რა უნდოდათ, ერთი იმასღა ნატრობდნენ, ვინმეს რაიმე გაეხსენებინა ამის შესახებ, შაშვის უცნაური საქციელით ყველა გაოცებული იყო, ძერას ყველაფერი აინტერესებდა, რაც კი შაშვს შეეხებოდა, შაშვის ნაცნობებიც მოუღლელად უყვებოდნენ, თუ რა უყვარდა, რა სძულდა, რას ვერ იტანდა... შეიქმნა დოსიე შაშვის იდუმალებით მოცული პიროვნების შესახებ, რომელსაც დღითი დღე ემატებოდა სისქე. ძერამ მოწმეებს სახურავიდან წამოღებული ფოტოსურათები აჩვენა და იკითხა, რომელი იყო მათში შაშვი... და რა დიდი იყო ძერას გაოცება, როცა ის ჩიტი, რომელშიც შაშვი ამოიცნეს მისმა ძმაკაცებმა (ამაში ისინი არ შეიძლებოდა შემცდარიყვნენ) ყველა სურათზე ზურგით იდგა.

      ძერამ თავშეყრილ ხალხს ჰკითხა (მთელი კორპუსის მოსახლეობა შეიყარა ამ გამოკითხვის ადგილას, თან შემთხვევითი გამვლელებიც დაემატნენ), ინქებ თქვენც გქონდეთო შაშვის ფოტოსურათებიო, რამდენიმე ჩიტი გაიქცა და მოარბენინა ფოტოსურათები შაშვთან. ერთად სამახსოვროდ გადაღებული, შაშვი იმ ფოტოსურათებზეც ზურგით იდგა.

      ძერა მაძებარმა ნადირის სუნი იკრა; არა, ეს ამბავი, რომ შაშვი ყველა სურათზე ზურგით იყო გადაღებული, არაფრით არ შეიძლებოდა შემთხვევითი ყოფილიყო. შაშვი წინასწარგანზრახულად ემალებოდა ფოტოობიექტივს. ძერამ უფრო მეტი მონდომებით გააგრძელა გამოკითხვა. შაშვის გარეგნობა ამიწერეთო, სთხოვა მის ძმაკაცებს. შაშვის გარეგნობაო? ჰოი, უდიდესო ფრთოსანო! (ასე მიმართავდნენ იქაურები თავიანთ წინაპარს, ცთომილ „ქანდარას“ უპირველეს ფრთოსან მკიდრს), ადამიანის რა მოგახსენოთ და, ცხრათავიანი ურჩხული ნამდვილად გამოვიდოდა იმ აღწერილობებით, რასაც შაშვის ძმაკაცები სთავაზობდნენ სმენაგაფაციცებულ მაძებარს. ერთი თავი და სხეული როგორ დაიტევდა იმდენ ერთმანეთის გამომრიცხველ ნიშნებს. ჯერ მარტო შაშვის ცხვირის შესახებ რამდენნაირი აზრი გამოითქვა. ერთმა თქვა, კეხიანი ცხვირი ჰქონდაო, მეორემ - არწივისებურიო. მესამემ სწორი ცხვირი აღწერა, მეოთხემ ცხვირი სულაც არ ჰქონდაო... ძერას ყველაფერი გულდასმით შეჰქონდა დოსიეში.

      შემდეგ ის იკითხა ძერამ: იმ დღეს, როცა ის ღირსსახსოვარი ჩხუბი მოხდა, რაიმე უჩვეულო განსაკუთრებული მოვლენა ხომ არ შეგიმჩნევიათო?.. ხომ არაფერს დაუმატებდითო. უჩვეულო? რამდენიც გნებავთ. იმ დღეს თურმე ყველაფერი რაღაც გადასხვაფერებული მოგეჩვენებოდა. ცას როგორღაც მეტისმეტად ლურჯი ფერი ჰქონდა, სხვა დროს რომ არ ჰქონია, ისეთი. თურმე მზეც რაღაც სხვანაირად ანათებდა იმ დღეს. ხან გამოიხედავდა ღრუბლის იქიდან, ხან მიიმალებოდა, თითქოს კუკუდამალობას თამაშობდაო. ის ღრუბელიც რაღაც სხვანაირად, უჩვეულოდ გამოიყურებოდა...

      - მაინც როგორ გამოიყურებოდა ის ღრუბელი? - ჰკითხა ძერამ.

      - როგორ და, აი ისე... - ჰაერში ხელებით წრე შემოხაზა მთხრობელმა.

      - მაშინ მფრინავი თეფში ყოფილა.

      - რაო, რა ყოფილაო? - იკითხა ვიღაცამ შედარებით შორიდან, ხალხმრავლობის გამო ახლოს ვეღარ მოეღწია.

      - მფრინავი თეფში...

      ატყდა ამ თემაზე გადალაპარაკება, და სულ რაღაც ათიოდე წუთის შემდეგ ყველას შეეძლო დაეფიცა, რაც კი რამ წმინდა და საუკეთესო გააჩნდათ, რომ იმ დღეს საკუთარი თვალით იხილეს მფრინავი თეფში. თურმე მთელი საათი ეკიდა ჰაერში იმ სახურავის თავზე, სადაც შაშვი ცხოვრობდა. ბოლოს თოკის კიბე ჩამოშვებულა იქიდან და შაშვი მასზე აბობღებულა...

      ძერამ ყველაფერი დაწვრილებით ჩაიწერა... არც მფრინავი თეფშის ამბავი გამორჩენია. მფრინავი თეფშები საკმაოდ ხშირად ჩნდებოდნენ ცთომილ „ქანდარის“ სხვადასხვა წერტილში. არასოდეს არავითარ კონტაქტს არ ამყარებდნენ ცთომილის მოსახლეობასთან და ყველას თავგზას უბნევდნენ ამით. ხომ შეიძლება, რომ ბოლოს და ბოლოს, ვიღაცასთან დაემყარებინათ კონტაქტი და ეს ვიღაცა სწორედ შაშვი იყო. თანაც... ოოო, ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი კინაღამ გამორჩა მხედველობიდან; შაშვი ხომ სახურავზე ცხოვრობს. იქ, სადაც ანტენების ტყეა გაშენებული. იქნებ ამ ანტენებში ერთი ისეთი ანტენაც ურევია, რომლითაც შაშვი სხვა სამყაროდან მოსულ სტუმრებთან, ანუ მფრინავ თეფშებთან ამყარებს კავშირს. „ხტუნიას“ და „ძიძგილას“ სატურნირო ცხრილები? თვალის ახვევაა ყველაფერი. ეს ცხრილები სულ სხვა რამეა, სხვა ანგარიშები. ყველაფერს გაშიფვრა და შემოწმება სჭირდება.

      ძერა გაფაციცებით იწერდა ყველაფერს. ირგვლივ შემოხვეულ მოწმეებს ერთი გნიასი ჰქონდათ, ერთმანეთს აღარ აცლიდნენ ახალ-ახალი ვერსიების გადმოცემას. ბოლოს ერთმა გაბურძგნილმა ბეღურამ ძერასკენ დიდი გაჭირვებით გაიკვლია გზა და მოახსენა, რომ სწორედ ჩხუბის დღეს საკუთარი თვალით იხილა შაშვი, ხელში რძის ბოთლით...

      შაშვი რძის ბოთლით! ამ განცხადების უცნაურობამ და შეუსაბამობამ თითქოს ერთბაშად დაამუნჯა ყველა. რამდენიმე წამით ღრმა მდუმარება ჩამოვარდა. ჯერ ძეხორციელს არ ენახა შაშვი რძის ბოთლით ხელში, სხვა რომელიმე ბოთლით კი, რამდენიც გნებავთ. ეს იმდენად დაუჯერებელი ამბავი იყო, რომ მეძებარმა საჭიროდ არ სცნო დოსიეში მისი შეტანა.

      სიხარულით ფრთაშესხმული ძერა მაშინვე ჩაუდგა კვალში შაშვს. თუ ამ საქმეს გახსნიდა, მსოფლიო სახელი მოელოდა, ამაში საეჭო აღარაფერი იყო. პირველ რიგში დაადგინა, ხომ არ ახლდა შაშვი თავის საყვარელ ფალავანს „ხტუნიას“, რომელიც შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად მოგზაურობდა. გამოძიებამ ცხადჰყო, რომ „ხტუნიას“ შაშვი არ ახლდა, ხოლო რაც შეეხება „ძიძგილას“, აქ არაფრის შემოწმება არ იყო საჭირო, რამდენადაც შაშვი თვალით დასანახავადაც ვერ იტანდა „ძიძგილას“. ძმაკაცების თქმით, შაშვი ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყო, ოღონდ არა „ძიძგილასთან“ ახლომახლო.

      რათა მკითხველი საქმის კურსში იყოს, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფალავნების მოგზაურობა მხოლოდ მათი მშობლიური ცთომილით არ შემოიფარგლებოდა. ცთომილ „ქანდარაზე“ დიდიხანია ჰქონდათ საფრენი აპარატები, რომლებითაც მეზობელ ცთომილებზე მიემგზავრებოდნენ. მეზობელი ცთომილები ბუნებრივი პირობებით წააგავდნენ თვით „ქანდარას“, მათსავით გონიერი არსებებით იყვნენ დასახლებულნი, მაგრამ „ქანდარას“ მკვიდრთ, როგორც კი ფეხს დაადგამდნენ სხვა ცთომილზე, მაშინვე საშინელი ცხვირისცემინება აუტყდებოდათ ხოლმე, ერთი წუთითაც ვერ იცილებდნენ „სკაფანდრებს“. ამიტომ სხვა ცთომილებზე გადასახლების იმედი „ქანდარის“ მკვიდრთ არ შეიძლებოდა ჰქონოდათ, რამდენადაც ამ ცხვირისცემინებას არაფერი შველოდა, როგორც ამბობდნენ, ალერგიით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ქანდარელებმა იცოდნენ, რომ მათი ერთადერთი სახლი, ეს იყო ცთომილი „ქანდარა“, რაც შეეხება თვით ფალავან მამლებს, მათზე სრულებითაც არ მოქმედებდა სხვა ცთომილთა ჰაერი, პირიქით, უფრო მეტ ფხას სწორედ იქ იჩენდნენ.

      გამოძიების შემდეგი საფეხური კაკაბის დაკითხვა გახლდათ. ძერა დიდ იმედებს ამყარებდა მასზე, ამიტომ საგანგებოდ ეწვია კაკაბს. რაც შაშვი დაიკარგა, კაკაბი უნუგეშო სევდა-ნაღველმა შეიპყრო. მგონი, ცოტა არ იყოს, სინდისიც ქენჯნიდა... მთელი დღეები ფეხმოუცვლელად იჯდა სახლში პატარა მაგიდასთან, რომელზეც გახსნილი ბოთლი იდგა... ძერამ გუნებაში საგანგებოდ აღნიშნა, რომ ის ბოთლი რძის არ ყოფილა...

      - რამდენი ხანია, რაც შაშვს იცნობთ? - ჰკითხა ძერამ იმის შემდეგ, რაც ბოთლის საგანგებო შესწავლას მორჩა.

      - რაც თავი მახსოვს, - იყო პასუხი.

      - თავი რამდენი ხანია გახსოვს?

      - რაც შაშვს ვიცნობ.

      ძერამ რაღაც ჩაინიშნა ბლოკნოტში და ახალი შეკითხვა დაუსვა:

      - როდის გაიყო თქვენი ინტერესები?

      ამაზე კაკაბი ისე ჩაფიქრდა, როგორც ჭადრაკის მოთამაშე დაფიქრდება მეტად სერიოზული სვლის წინ. იმდენხანს იფიქრა, რომ იქვე მდგარ პენსიონერ ყვავს ფეხზე ჩაეძინა... კაკაბის ბინა მეზობლებით გავსებულიყო, მათ მაშინვე გაიგეს ძერას სტუმრობის ამბავი და იფიქრეს, იქნებ ჩვენც დავჭირდეთო რაიმეში. აი, ასეთი დაუზარელი ჩიტები სახლობდნენ „ქანდარაზე“.

      - როცა ვიჩხუბეთ... - ესღა ამოშაქრა ბოლოს კაკაბმა.

      - როდის იჩხუბეთ?

      - როდის და... როცა გაიყო ჩვენი ინტერესები...

      - მოიცათ; მამლების ჩხუბის დროს იჩხუბეთ თუ მის შემდეგ?

      - მამლების ჩხუბის დროს საჩხუბრად სად გვეცალა! - გულწრფელად გაიკვირვა კაკაბმა - ჯერ მამლები ჩხუბობდნენ, მერე ჩვენ...

      ეს კითხვა-პასუხი კარგა ხანს გაგრძელდა, ალბათ მკითხველს მოთმინება არ ეყოფა მისი დაწვრილებითი გაცნობისთვის. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ კაკაბის დაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ბურუსით შეიმოსა შაშვის ისედაც იდუმალებით მოსილი პიროვნება.

      - იმ ჩხუბის შემდეგ აღარ გინახავს შაშვი? - უკანასკნელად ეს კითხვა დაუსვა კაკაბს ძერამ და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

      - სიზმარში ვნახე ერთხელ, - ხმაჩაწყვეტით თქვა კაკაბმა. ყველამ თავი დახარა. ზოგიერთებს ცრემლიც მოადგა თვალზე. ამ დროს გაეღვიძა პენსიონერ ყვავს, თავი პანაშვიდზე ეგონა და კაკაბს მიეახლა ხელის ჩამოსართმევად. კაკაბს გული სულ მთლაც ჩაეთუთქა, ცრემლი აუკიაფდა თვალში.

      ძერამ ყველაფერი დაწვრილებით შეიტანა ოქმში, კაკაბს დაუბარა, თუ რაიმე შეიტყოთ შაშვის შესახებ, აუცილებლად ხმა მოგვაწვდინეთო და კიდევ უფრო შეურვებული სახით დასტოვა იქაურობა, ვიდრე მოსვლამდე ჰქონდა. მეზობლებიც მას მიჰყვა. ბინა ერთ წამში დაცარიელდა. გულმოკლულმა კაკაბმა ბოთლს გაუბა მუსაიფი.

      ძერას ადგილას სხვა ვინმე რომ ყოფილიყო, ალბათ დაიბნეოდა: ეს ერთი ძაფიც გაწყდა. არადა, ყველაზე მეტ იმედებს სწორედ კაკაბზე ამყარებდა... მაგრამ ძერა იმისთანების რიცხვს როდი ეკუთვნოდა, რომლებსაც სიძნელეები ფრთებს უკვეცავენ. პირიქით, ასეთ დროს ძალების სრულ მოზღვავებას გრძნობდა მთელ სხეულში, თავიც რაღაც განსაკუთრებული სიცხადით აუმოქმედდებოდა ხოლმე: ჩიხში მოვექეცით? მაგას რა სჯობია! თუ კარგი ჩიტი ხარ, გამოსავალსაც იპოვი. კიდევ არსებობს ერთი ძაფი... ეს ძაფი გახლავთ ქალბატონი გუგული, ტყუილად არ არის ნათქვამი; „ეძებეთ ქალი!“

      ძერა ფრთაშესხმული გაქანდა ხოხობისკენ, რომელიც ჩიტბატონას თქმით, მამიდაშვილად ერგებოდა გუგულს. ხოხობი ორძელზე შემოსკუპებულიყო და თავბრუდამხვევ ვარჯიშებს აკეთებდა.

      - გუგული? როგორ არა... ჩვენ მამიდაშვილები ვართ, - აუწყა ყელმოღერებულმა ხოხობმა ორძელიდან. თავიც არ შეუწუხებია, რომ ძირს ჩამომხტარიყო. პირიქით, უფრო მეტად წაიგრძელა კისერი და შეეცადა მეტისმეტად კოხტა სხეული გამოეკვეთა. - მაგრამ ახლა აქ აღარ ცხოვრობს, სხვასთან გაფრინდა.

      - ვინ სხვასთან? - ყურები ცქვიტა ძერამ.

      - ვისთან და პრანწიასთან... პირდაპირ გასაოცარია, რა უნდა მოსწონებოდა მისი. თუმცა, რას გაუგებ გუგულებს...

      ძერას ყური აღარ გდია ხოხობის ფილოსოფიური მსჯელობისთვის, ისარივით გაქანდა პრანწიასთან...

      მაგრამ საუბედუროდ, იქაც წარუმატებლობა ელოდა. პრანწიამ აუწყა, გუგული გნოლთან გაფრინდაო...

      ძერა გნოლისკენ გაეშურა მაშინვე...

      გნოლმა თვალზე ცრემლმორეულმა აუწყა (ძალზე მგრძნობიარე ჩიტი გახლდათ), გუგულმა ქედანის გულისთვის მიმატოვაო.

      ძერამ ქედანს მიაკითხა, რომელმაც, მოჰკრა თუ არა თვალი ძერას, მაშინვე მიაძახა, გუგული კოდალასთან იმყოფებაო. თურმე წინასწარ გაეგო, რომ ძერა გუგულს დაეძებდა.

      კოდალამ გულწითელასთან გააგზავნა ძერა.

      გულწითელამ ბოლოქანქარასთან.

      ბოლოქანქარამ მოლაღურთან,

      მოლაღურმა მწყერთან.

      მწყერმა როჭოსთან...

      და ასე დაუსრულებლად. ძერა ფრთაშესხმული დაჰქროდა ერთი ჩიტიდან მეორემდე, დაუღალავად დაეძებდა გუგულს, იმედი ჰქონდა, რომ მისი პოვნით შაშვსაც იპოვნიდა.

      გუგულის ასეთი დაუცხრომელი მიმოფრენა და შაშვის გაქრობა აუცილებლად რაღაც იდუმალ კავშირში უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან. ამას ძერა უტყუარად გრძნობდა, ამიტომაც იღწვოდა ასე დაუზარელად.

      ცთომილ „ქანდარაზე“ კი ისევ ისე გრძელდებოდა წონის შემცირება. ხალხი ქუჩაში უფრო და უფრო ფართო ნაბიჯებით დადიოდა, თითქოს საცაა ჰაერში აფრინდებიანო. ისევ და ისევ განუხრელად ეკარგებოდა ყველაფერს წონა, და საშველი აღარსად ჩანდა. უკვე გამოჩნდნენ აპოკალიფსური წინასწარმეტყველნი, რომლებიც ქადაგებდნენ, შურისძიების ღმერთი დაეშვათ ცთომილ „ქანდარაზე“. „დიდი ფრთოსანი“ განრისხებულია ჩვენზე და ხელი აიღო ცთომილის მკვიდრთა მფარველობაზეო.

      „ქანდარას“ მკვიდრთ ისედაც არ ჰქონდათ გული საგულეს, და ასეთი წინასწარმეტყველებანი უარესად უბნევდათ თავგზას. აღარ იცოდნენ, რა საშუალებისთვის მიემართათ, თავი როგორ გადაერჩინათ. გაცხარებით აგებდნენ საფრენ აპარატებს, რათა მეზობელ ცთომილებზე დასახლებულიყვნენ, თუმცა კარგად იცოდნენ, ალერგია მოგვიღებს ბოლოსო. ოქროს მარაგი, რაც კი გააჩნდათ, ჯაჭვებად გადაადნეს და ტანსაცმლის ქვემოდან წელზე შემოიხვიეს, ამით რაიმეს მივემაგრებით, თუ ისევ გაგრძელდა წონის შემცირებაო. თუმცა ზოგიერთები ეჭვით უყურებდნენ ამ ღონისძიებას. ბოლოს ყველაფერი ჰაერში აფრინდება და რაღაზე უნდა მივემაგროთო. მაგრამ გულში მაინც იმედს ინახავდნენ, იქნებ საქმე აქამდე არ მივიდესო. ო, როგორ გამჟღავნდა ქანდარელთა ოქროს მარაგი! ვისაც ოქროს სქელი ჯაჭვი ერტყა წელზე, ისინი შედარებით მყარად დააბიჯებდნენ. ვისაც ნაკლებად სქელი ოქროს ჯაჭვი ჰქონდა, ნაკლებად მყარად დადიოდა. ვისაც სულ არ ჰქონდა, ლამის უკვე აფრენილიყვნენ ჰაერში. ეს უკანასკნელნი ჩიოდნენ, მიწაზე ხომ დაჩაგრულები ვიყავით და ჰაერშიც ჩვენ უნდა ავფრინდეთო პირველნი. მეცნიერი თავები დღე და ღამეს ასწორებდნენ, უამრავ ინფორმაციას ნთქავდნენ და ამუშავებდნენ, რათა მოსალოდნელი კატასტროფის მიზეზისთვის მიეკვლიათ და როგორმე თავიდან აეცილებინათ. ამ ინფორმაციათა შორის ერთერთი მთავარი ადგილი ეჭირა ძერას მიერ შედგენილ ოქმებს, რომლებსაც მეცნიერი თავები განუწყვეტლივ ღებულობდნენ. ძერა მოუღლელად დაეძებდა გუგულს, რათა მისი საშუალებით შაშვისთვის მიეკვლია და ამით მთელი ცთომილისთვის ეშველა... შაშვის მიერ ნათქვამი საშინელი მუქარა სულ უფრო ცხად, დამაჯერებელ იერს იძენდა, რაც კი დრო გადიოდა. ქანდარის მკვიდრთ ცოტას თუ ეპარებოდათ ეჭვი, რომ სწორედ შაშვმა მოუწყო მათ ასეთი ოინი.

      და ერთ მშვენიერ დღეს, როცა ცთომილ „ქანდარაზე“ ლამის ყველაფერს საბოლოოდ დაეკარგა წონა, როცა თვით ჩიტებიც დაიღალნენ ამდენი ხნის დაძაბული, უაზრო და ფუჭი არსებობით და უკვე ნატრობდნენ კიდეც, ნეტავი ყველაფერი მალე დამთავრდესო, სულ შიშში ყოფნას ის სჯობია, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს ყველაფერსო... მეზობელ ცთომილზე სატურნირო მოგზაურობიდან დაბრუნდა ცნობილი ფალავანი „ძიძგილა“. იგი ამაყად გადმოდგა მფრინავი ხომალდის კიბეზე, გრძნობდა, რომ ამდენი ხალხი მის შესახვედრად შეიყარა... აეროდრომზე ყოველთვის ქვეყნის ხალხი იყო, განსაკუთრებით წონის შემცირების დროს მოიმატა მათმა რიცხვმა. ზოგიერთები იქაურობას ერთი წამით არ შორდებოდნენ, ვინიცობაა რაიმე მოხელეს, მფრინავი ხომალდებიც აქ არისო... ამას გარდა, მამლების ჩხუბი იმდენად უყვარდათ იქაურებს, რომ ასეთმა დაძაბულმა დღეებმაც ვერ გაანელა მათი ინტერესი. „ძიძგილას“ მართლაც ბევრი თაყვანისმცემელი ელოდებოდა იმ დღეს ხალხით გაჭედილ აეროდრომზე.

      ჰოდა, ერთი სიტყვით, ხომალდის კიბეზე გადმოდგა „ძიძგილა“. მკერდი წინ წამოსწია, მთელი ტანით გაიჭიმა. გამარჯვებული ჩამბრძანებულიყო ფალავანი და ღირსეულ დახვედრას მოელოდა. მის გვერდით კი, ვინ იდგა, თუ იცით? შაშვი!!!

      შაშვის დანახვაზე ეს ამდენი ხალხი ჯადოშეყრილივით გახევდა, ენაც კი ჩაუვარდათ, იმდენად გაოგნდნენ, მერე კი ერთბაშად იღრიალა ყველამ, კიბეზე ჩამოსვლა ვინ აცალა, თვითონვე ავარდნენ ზევით და სულ ციმციმ ჩამოაბრძანეს ძირს შაშვი, რომელიც წყალწაღებულივით იქნევდა ხელფეხს ხალხის დუნდგოს თავზე. ამ დროს ბევრმა დაამტვრია ერთმანეთს ცხვირპირი. თვითონ შაშვი კი ისეთ დღეში იყო, როგორც კი ხელი შეუშვეს, მაშინვე მკვდარივით გაიშხლართა ძირს. ვიღაც ჭკუისკოლოფმა ჯიბეები მოუჩხრიკა, თვითონვე ექნება რაიმე მოსაღონიერებელიო და მართლაც ამოაცალა სავსე ბოთლი, რომელიც მაშინვე მოაპირქვავეს შაშვის თავზე.

      და კიდევ ერთი საოცრება; ბოთლიდან რძე გადმოჩხრიალდა...

      შაშვმა თვალები გაახილა, როგორც კი რძე გადაასხეს. წამოდგა, მაგრამ ხმა ვეღარ ამოიღო... უფრო სწორად, ცდილობდა ლაპარაკს, პირს აღებდა, მაგრამ არავითარი ბგერა მის ბაგეს არ დასცდენია. ირგვლივ შემოხვეული ხალხი კი სეტყვასავით აყრიდა შეკითხვებს, რატომ ახლდა შაშვი „ძიძგილას“, როცა ყველამ იცის, რომ „ხტუნიას“ თაყვანისმცემელი იყო. რას ნიშნავდა ის საშინელი სიტყვები, რითაც მთელ ცთომილს დაემუქრა კაკაბთან ჩხუბის დროს... მართალია თუ არა, რომ მფრინავ თეფშებთან ჰქონდა საიდუმლო კონტაქტი. ბოლოს და ბოლოს, ის რძის ბოთლიც რას მოასწავებს, რაც შაშვის ჯიბეში უპოვეს. ყველა ამ კითხვაზე ხალხი მოუთმენლად თხოულობდა პასუხს, შაშვი კი ხმას ვერ იღებდა.

      ბოლოს ყველაფერი ჩიტირეკიამ გაარკვია. ჩიტირეკია არცერთი ფალავნის გულშემატკივარი არ ყოფილა, არც „ხტუნიას“ ანდა „ძიძგილასი“, მაგრამ თვითონ მამლების ჩხუბის ყურება ძალიან მოსწონდა და ამ მიზნით ხან ერთ ფალავანს აეკიდებოდა სატურნირო მოგზაურობის დროს, ხან კიდევ მეორეს. ამჯერად ჩიტირეკია „ძიძგილას“ ახლდა, რამეთუ „ძიძგილა“ მეტისმეტად კარგ ფორმაში იყო, აკი გამარჯვებული დაგვიბრუნდა ფალავანი... მერედა, რატომ იყო ძიძგილა ასეთ საბრძოლო ფორმაში, ვისი წყალობა იყო ეს? არც მეტი, არც ნაკლები, შაშვის სიმღერის წყალობით. თურმე შაშვი მღეროდა, და მისი სიმღერა რაღაც საოცრად მოქმედებდა ძიძგილაზე. ვერცერთი მეტოქე ვერ უმაგრდებოდა, ყველას თვალები დასთხარა. რძეც სწორედ იმისთვის სჭირდებოდა, რათა კარგად ემღერა, რძის მეტი არაფერი დაულევია. შაშვი ადრე „ხტუნიას“ გულშემატკივარი იყო, მაგრამ ერთხელ ხტუნიამ მაგრად ჩაუნისკარტა და გაებუტა. შაშვის საშინელი მუქარა სწორედ იმას ნიშნავდა, რომ მისი სიმღერის წყალობით „ხტუნიას“ ნაცვლად „ძიძგილა“ გახდებოდა ჩემპიონი.

      ყველაფერ ამას დალაგებით ყვებოდა ჩიტირეკია, იღლიაში ძიძგილა ამოეჩარა და თან იმას ეფერებოდა. შაშვიც თავს განუწყვეტლივ აკანტურებდა, მართალს ამბობსო. გაოცებული ხალხი საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდა. ყველაზე მეტად ისინი შაშვის სიმღერის ამბავმა გააკვირვა, განა შაშვმა სიმღერა იცისო? იკითხეს. რაღაც არ გაგვიგონიაო.

      ამაზე ჩიტირეკიას სახე შეეცვალა, როგორღაც მგრძნობიარე, ლამის მტირალი იერი მიიღო... „ამბობთ, არ გაგვიგონიაო? - ასე მიმართა მან გარსშემოხვეულ ხალხს. - რას გაიგონებთ, როცა არაფრის გაგონება არ გინდათ. თქვენს სახლებში განუწყვეტლივ გაისმის ათასნაირი რახარუხი, ბრახაბრუხი, სტვენა და წრიპირი, რასაც თქვენ მექანიკურ მუსიკას ეძახით და ასე რომ მოგწონთ. შაშვი დიდი ფრთოსანივით მღერის (იქნებ ისიც არ იცით, რომ ჩვენი დიდი ფრთოსანი წინაპარი მომღერალი ჩიტი იყო). ერთ დროს კაკაბიც უწყბოდა ხმას, მაგრამ კაკაბიც აიყოლია დღევანდელმა მოდამ, რახარუხი უფრო მოსწონს. დანარჩენებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, შაშვის სიმღერის გაგონებაც არ უნდოდათ. შაშვი მაინც თავისას არ იშლიდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ცდილობდა თავის ირგლივ მყოფი ჩიტები როგორმე აემღერებინა. წამოიწყებდა სიმღერას მშვენიერი, მელოდიური ხმით, თან ლოტბარობდა კიდეც (აჰა, თურმე რატომ იყო შაშვი მუდამ ზურგით ყოველ ფოტოსურათზე). ბოლოს ხელი ჩაიქნია თვითონაც, რახან არაფერი გამოდიოდა. მხოლოდ „ძიძგილა“ იყო მისი ერთადერთი მსმენელი...

      მერედა, რა გულდაწყვეტილი იყო შაშვი, ის თუ შეამჩნია ვინმემ? მოდით, და ერთად ვიმღეროთ, მოყვარევ და მეგობარო ჩემო, ასე არ ამბობდი? - შაშვს მიუბრუნდა ჩიტირეკია. შაშვმაც თავი დაუქნია - სიმღერა ნამდვილი სასწაულია, და ბევრი სასწაულის მოხდენა შეუძლიაო. მძიმეა ცთომილი, რომელზეც ჩვენ დავაბიჯებთ, და ჩვენი სხეულებიც მძიმეა. სიმღერა კი ისეთი მსუბუქია, სრულიად უწონადოა, მაგრამ სწორედ ის აძლევს წონას ყველაფერს, რამეთუ მას თანხმიერება უყვარს, სიმღერა ვერ ცოცხლობს თანხმობის გარეშე... ის ხიდია, ჩვენს შორის გადებული. მძიმეა და მოუქნელი ჩვენი სხეულები, ჩვენ მისი მარადი ტყვეები ვართ. სიმღერა თავისუფალი ჩიტია, რომელიც არხეინად მიმოქრის ერთი სხეულიდან მეორემდე. ჩვენ შორსა ვართ ერთმანეთისგან, ძალიან შორს, და კიდევ უფრო დავშორდებით მომავალში, ასე გვასწავლიან მეცნიერი თავები. სამყარო აფეთქებული კოლოსია, რომლის ნამსხვრევები მიჰქრიან სივრცეში და სულ უფრო შორდებიან ერთმანეთსო. ჩვენი ხმები, ჩვენი სიმღერები სრულიად თავისუფლად პოულობენ ერთმანეთს, სინათლის კონებივით ერწყმიან, მერე ისევ იშლებიან... სიმღერა უსხეულო ჩიტია, ჩვენს სხეულებში ჩაბუდებული, ნუ მოჰკლავთ იმ ჩიტს.

      დაასრულა ჩიტირეკიამ თავისი სიტყვა, ბოდიში მოიხადა მსმენელთა წინაშე, მე ისე ვერ გითხარით, როგორც შაშვი გეტყოდათო. შაშვს სიმღერაც ეხერხება და ლამაზი ლაპარაკიც, მე მაგდენი სად შემიძლია, მისი ნათქვამი ზუსტად გადმოვცეო. მე ხომ ჩიტი კი არა, ერთი უბრალო ჩიტირეკია ვარო. თან ისიც აღნიშნა, რომ ბევრჯერ ვცადეთ შაშვის სიმღერის ჩანაწერი გაგვეკეთებინა, რათა შაშვს ყელი არ ასტიკვნოდა ამდენი სიმღერით, მაგრამ საოცარი რამ მოხდა; ჩაწერილ სიმღერაზე ძიძგილა სრულებითაც არ რეაგირებდა. როგორც ჩანს, ჩაწერის დროს რაღაც იკარგება, სიმღერის ყველაზე თბილი, ცოცხალი ნაწილი... სიმღერა გულიდან უნდა მოედინებოდეს და არა რაღაც ეშმაკის კოლოფიდან, ასე თქვა შაშვმა.

      ჩიტირეკიას ახსნა-განმარტებით უმეტესობა კმაყოფილი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც დალაგებულად ვერ მოახერხა ლაპარაკი. აკი თვითონაც აღნიშნა ამის შესახებ და თან ბოდიშიც მოიხადა. ბოლოს ვიღაცას გაახსენდა (თუ არ ვცდები, ჭოტი უნდა ყოფილიყო, ვეება სათვალით აღჭურვილი), ბარემ ისიც ეკითხათ ჩიტირეკიასთვის, წონის დაკარგვის შესახებ რას ფიქრობდა შაშვი, მაგრამ უცბად აღმოჩნდა, რომ ძველებურად მყარად იდგა მიწაზე. არავითარი წონის შემცირება აღარ არსებობდა. ისევ დაუბრუნდა წონა ყველაფერს რაღაც ერთ წამში, რაც, ცხადია, ძალიან სასიხარულო იყო. ცთომილი „ქანდარა“ გადარჩა მოსალოდნელ კატასტროფას, აპოკალიფსური ქარიშხალი აღარ დანთქავდა ყველაფერს ცოცხალს, აღარც თვით ცთომილს ემუქრებოდა რაიმე, ჩიტების ერთადერთი სახლი გადარჩენილი იყო.

      პირველმა გაოგნებამ სიხარულს დაუთმო ადგილი. ყველა ზეიმობდა, ოქროსჯაჭვიანების გარდა. ისინი ისე დამძიმდნენ, ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირდათ. ისევ უჯაჭვოები მიეშველნენ, თან ასე ჩიოდნენ, მაინც ჩვენი თავში საცემი გახდითო. უჩვენოდ, ხომ ხედავთ, არ ვარგიხართო. მეცნიერი ბუების თავებს საზრუნავი მოემატათ. ახლა მათ ისიც უნდა გამოეკვლიათ, თუ რატომ დაუბრუნდა წონა ისევ ყველაფერს ცთომილ „ქანდარაზე“. ამჯერზე უკვე ორჯერ მეტი ინფორმაცია უნდა მიეღოთ და გადაემუშავებინათ, ამიტომ საკუთარი თავების ჰოლოგრაფიული გამოსახულებანი ორჯერ გაადიდეს. იმედოვნებდნენ, რომ ამ საშუალებით ტვინის ტევადობას გაზრდიდნენ, რაც ხელს დიდად შეუწყობდათ მეცნიერულ შრომაში. უბრალო ჩიტებშიც დიდი მითქმა-მოთქმა იყო: ერთნი ამბობდნენ, როგორც კი შაშვმა ფეხი დაადგა ცთომილზე, მაშინვე ყველაფერს წონა დაუბრუნდაო. მეორენი ამტკიცებდნენ, წონა ჯერ კიდევ მაშინ აღსდგა ცთომილ „ქანდარაზე“, როგორც კი იმ ხომალდის ბორბლები შეეხო მიწას, რომელსაც ჩვენთან შაშვი მოჰყავდაო. მესამენი სულ სხვა მხრიდან მიუდგნენ საკითხს. მათი აზრით წონის აღდგენა იმან გამოიწვია, რომ ძერამ ცთომილი ქანდარა დატოვაო...

      ახლა ისევ ძერა-მეძებარს უნდა დავუბრუნდეთ. მან შესაშური ენერგიულობა გამოიჩინა, დიდხანს ეძება ქალბატონი გუგული. ამ ძებნაში კაჭკაჭთანაც მოხვდა. კაჭკაჭმა აუწყა, რომ გუგული თურმე ძერასთან გაფრენილიყო.

      ამის გაგონებაზე ძერას თითქოს თავში ჩაარტყესო. ჰო, მართლა, მის საკუთარ ცოლსაც გუგული ჰქვია. სიმღერითაც, მგონი, კარგა ხმამაღლა მღერის. ძერა მაშინვე საკუთარი სახლისკენ გაქანდა. ფაციფუცით გააღო კარები და ბინაში ტყვიასავით შევარდა. მეტად საეჭვო სიჩუმე შემოეგება, გუგულის სიმღერის ხმა არ ისმოდა. ძერამ სასწრაფოდ მოჩხრიკა ოთახები, გუგული არსად ჩანდა, მაგრამ თოხლოდ მოხარშული კვერცხები აღმოაჩინა სამზარეულოში. იქვე პატარა წერილი იდო. „ეს უკანასკნელი საუზმეა, რომელიც მე მოგიმზადე, მივფრინავ თაფლობის თვის ცთომილზე“. ეწერა იმ წერილში, ძერამ სასწრაფოდ შესანსლა თოხლო კვერცხები და იმავე დღეს გაეშურა თაფლობის თვის ცთომილზე გუგულის მოსაძებნად. ეს ამბავი სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა შაშვი დაბრუნდა ცთომილ „ქანდარაზე“. და სწორედ ამან, დროში დამთხვევამ არივ-დარია ყველაფერი. ვერაფრით ვეღარ გაარკვიეს, თუ როდის დაუბრუნდა წონა ყველაფერს; მაშინ, როცა შაშვმა დაადგა ფეხი „ქანდარაზე“, თუ იმ დროს, როცა ძერამ დატოვა „ქანდარა“.

      ამ ორი მოსაზრების მომხრეებს დაუსრულებელი დავა ჰქონდათ ერთმანეთში, ამ დროს კი მათ მესამე მოსაზრებაც დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელის მომხრეთა აზრით, წონის აღდგენა ცთომილ „ქანდარაზე“ „შაშვი-კაკაბის“ წყალობით მოხდა. როგორც ვიცით, შაშვის და კაკაბის ცნობილი წაკინკლავების გამო დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი. თავიდან ფიქრობდნენ, რომ იგი ინტერესთა სხვადასხვაობას ანუ სხვადასხვა ფალავანთა გულშემატიკვრობას უნდა გამოეწვია, და ყველა ძალიან გაოცებული დარჩა, როცა გაიგეს, რომ თურმე ორივე, შაშვიც და კაკაბიც, ერთი და იმავე ფალავნის „ძიძგილას“ გულშემატკივარი ყოფილა. ვერაფრით ვერ გაარკვიეს, რა აჩხუბებდა ორ განუყრელ ძმაკაცს.

ჩიტების სახლი, ქადაგიძე, მოთხრობა, ბლოგი, Qwelly

      თვითონ ჩხუბის გმირები ყველაზე უფრო მეტად იყვნენ გაოცებულნი. ბევრი იფიქრეს, იმტვრიეს თავები, მაგრამ ვერაფრით ვერ გაიხსენეს, რისთვის წაკინკლავდნენ იმ დღეს. და აქედან გამომდინარე, ვერაფერი ვერ უთხრეს ცნობისმოყვარეთა დიდ გუნდს, რომელიც მათგან პასუხს ელოდა.

      ბოლოს შაშვმა სიმღერა წამოიწყო... ასე იცოდა ხოლმე, როცა ჩიხში მოექცეოდა, ყოველთვის სიმღერას იწყებდა (ამ დროსითვის ხმაც მოუვიდა შაშვს, ათიოდე ბოთლი რძე გამოსცალა). კაკაბიც აჰყვა შაშვს. გულმა ვეღარ მოუთმინა, ისე მონატრებოდა თავისი ძმაკაცი, თორემ მისი თქმით, აღარც კი ახსოვდა, როდის იმღერა უკანასკნელად. მიუხედავად ამისა, ხმა მშვენივრად შეუწყვეს ერთმანეთს. ისე თანხმიერად და გულიანად ამღერდნენ, რომ დანარჩენებმაც ვეღარ მოითმინეს, ბანი მისცეს მათ სიმღერას და მშვენიერი, წარმტაცი, დიდებული, ძარღვიანი და ულამაზესი „შაშვი-კაკაბი“ დააგუგუნეს. თვალებზე ცრემლებიც კი მოადგათ, ისეთი გატაცებით მღეროდნენ თურმე.

      და სწორედ მაშინ დაუბრუნდა საბოლოოდ ყველაფერს თავისი წონა ცთომილზეო, ასე ამტკიცებენ მესამე მოსაზრების მომხრენი. მაგრამ არც მათ მეტოქეებს სძინავთ, ყოველნაირად ცდილობენ დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე და სხვათა უმართებულობა. უნდა ითქვას, რომ არცერთი მოსაზრების მომხრეები არ ჩამოუვარდებიან ერთმანეთს რაიმეთი, ყველანი კარგი ჩიტები არიან... ვნახოთ, ყოველივეს დრო გვიჩვენებს და გამოარკვევს.

ნახვა: 20

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე, ჩიტები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:25pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters