ვინ გადაურჩა წარღვნას (დასასრული)

      მსახურებდა ნოე დამრეც ფერდობზე შერჩენილ კიდობანს, დგეში რამდენჯერმე უხდებოდა თოკის კიბეზე ასვლაჩამოსვლა. დილიდან დაღამებამდე ფუტკარივით შრომობდა. შეიძლება დიდი ხელმარჯვეობას ვერ იჩენდა... საქონლის საჩიხი სულ მალე მოირღვა, წამდაუწუმ მისი შეკეთება უხდებოდა. ახლადდადებული ქათმის კვერცხები მზის გულზე დარჩა და გალაყდნენ... მაგრამ თავს არ იზოგავდა ნამდვილად. ბევრჯერ ინატრა საქმეში ხელისწამომკრავი. უწინარეს ყოვლისა, წყალობა ახსენდებოდა ასეთ დროს, მართლაც დიდად გამოადგებოდა მისი ჭკუა და გამოცდილება. ჯერჯერობით არავინ ჩანდა, ძეხორციელი არ ჭაჭანებდა ღვთის ხელით შექმნილ, დიდზე დიდ კიდობანზე,დგითი დგე რომ სულ უფრო ფერადოვანი და კალთამადლიანი ხდებოდა... ნოე გულს არ იტეხდა, აქამდე მომიყვანა ღმერთმა, არც ამის შემდეგ მიმატოვებს, აუცილებლად შემახვედრებს ვინმე ხმისგამცემსო.

      მოაწია ჟამმა, ხმისგამცემიც გამოუჩნდა, თანაც ისეთი, წინასწარ ვერაფრით წარმოიდგენდა. წყაროზე მიდიოდა, თავისი განუყრელი დოქით ხელში. ის იყო დაღმართი ჩაათავა, ოციოდე ნაბიჯი აკლდა წყარომდე, ადამიანის ნაშიერს რომ გადაეყარა, მისთვის ასე სანატრელს... და უფრო მეტიც; სრულიად ახალგაზრდა ასულს, ვარდისფრად ლოყებატკრეცილს. მასაც დოქი ეპყრა ხელთ, ოღონდ უკვე სავსე წყაროს წყლით.

      ნოე გახევდა, თვალი დარჩა ახალგაზრდა ასულის მწყაზარ სახეზე. უწინარეს ყოვლისა, ვარდისფრად ატკრეცილმა ლოყებმა მიიზიდა მისი თვალი. მზის სხივების ანარეკლი დაინახა ნოემ საოცარი სიცხადით. თავი ისე იგრძნო, თითქოს თვითონ მზეს გაენდოს მისთვის დიდზე დიდი საიდუმლო.

      - მზე და ღვინო ერთად სახლობენ შენს ლოყებზე, - უთხრა ნოემ ახალგაზრდა ასულს. მის ბედნიერებას საზღვარი აღარ ჰქონდა; როგორც იქნა, დაელაპარაკა ადამიანეის ნაშიერს, თანაც ასე სანდომიანს.

      ასული წამით შედგა, გაოცებით შეანათა მფრთხალი მზერა, სახეზე არაფერი დატყობია. მაშინვე თავის გზას გაუდგა, ნოესკენ ერთხელაც არ მოუხედავს.

      ნოეს კი, აბა, რა გააჩერებდა... იქვე დატოვა თავისი დოქი, ასულს კვალდაკვალ მიჰყვა, თან ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. კარგა ხანს იარა ასულმა, და ბოლოს, როცა შეჩერდა, ისეთი სანახაობა იხილა ნოემ, რასაც ამდენ ხანს დანატრებული იყო; ადამიანთა სადგომები შეფენილიყო მთის ფერდობს. დიდად მიმზიდველი ან დახვეწილი არაფერი ყოფილა, სრულიად უბრალო ქოხმახები, ერთმანეთის მახლობლად განლაგებულნი. შორიახლოს საქონლის საჩიხიც ჩანდა, დაახლოებით ისეთი, თვითონ ნოემ რომ გამართა კიდობნიდან გადმოსვლისას, ოღონდ ბევრად უფრო მკვიდრი და საიმედო. ქოხებთან ადამიანებიც ჩანდნენ კანტიკუნტად. ნოე მათკენ გაემართა, ისინიც მობრუნდნენ მისკენ, უხმოდ შეაჩერდნენ. ეუცხოვა მათი შესახედაობა ნოეს, მეტად აბრანძულ-დაბრანძულები იყვნენ, მაგრამ ამას აღარ დაგიდევდათ, ისე დანატრებულიყო ადამიანის ნაშიერს. თანაც ისე ვარდისფერლოყება ასულიც ხომ ერთი იმათგანი იყო... ახლა არსად ჩანდა, ალბათ რომელიმე ქოხს შეაფარა თავი და იქიდან იჭვრიტება.

      რომ იცოდეთ, როგორ გამიხარდა თქვენი დანახვაო, მაშინვე მიეხალისა ნოე უცნობებს. რა ხანია, დანატრებული ვარ ძეხორციელს, ციურ მნათობებთან მუსაიფით ვიქცევდი თავს, ისინი ჩემი კარის მეზობლები არიან... როგორც იქნა, შეგხვდით. ვიცი, ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავიო.

      მერე საკუთარი თავგადასავლის მოყოლა სცადა, ძალიან უთავბოლოდ გამოუვიდა, მეტისმეტად ღელავდა და ჩქარობდა. ჩვენც კარის მეზობლები ვართო, აუწყა თავის მსმენელებს (დიდი ყურადღებით უსმენდნენ უცნობები ნოეს), აქედან ჩემს კიდობნამდე არც ისე შორიაო.

      მართლაც იღბლიანად გადავეყარე, კიდობანზე გეუბნებით... წარღვნამ ატარა, ატარა, ბოლოს კი ჩიტის ბუდესავით ციმციმ დაუშვა მთის ფერდობზეო. მაინცდამაინც სწორი ადგილი ვერ შეურჩია, ცოტათი გვერდზეა გადახრილი. ეგ არაფერი, მაინც დიდებული სანახავია, მეფის სასახლესავით ფართოა და მოკაზმული. მაგრამ აბა, რა შეედრება ამ კიდობანს (აქ ნოემ ფეხი მაგრად დაჰკრა მიწას), ღვთის ხელით შექმნილს. რომელი მეფის სასახლე იქნება ასე გამშვენიერებული... ყოველ ნაბიჯზე რაიმე სასწაულს გადაეყრები.

      წყაროს პირას ვიყავი აგერ ახლა, ნამდვილი საგანძური აღმოვაჩინე, თვალიც კი აგიჭრელდება, იმდენია. თანაც სულ ემატება და ემატება დღითიდღე.

      ჩემს კიდობანზე ყოფნისას თვალმარგალიტში ვურევდი ორივე ხელს, თვალს მჭრიდა მათი ბრწყინვალება, მაგრამ იმას, რაც წყაროს პირას ვიხილე, არაფერი შეედრება. თურმე რა სიმდიდრეს ვთელავდი უწინ ფეხით, თავს არც კი ვიწუხებდი, დაბლა დამეხედა. ახლა კარგად ვიცი მისი ფასი; ღმერთმა ამ საგანძურით დიდზე დიდი კიდობანი მოკაზმა... რამდენი ხანი ვნატრობდი მასზე ფეხის დადგმას...

      აქ ნოემ კვლავ მოსინჯა ფეხქვეშ მიწა. სანატრელი სიმკვრივის შეგრძნებამ გული აუჩქროლა. ხმაც კი უთრთოდა, როცა კვლავ გააგრძელა სიტყვა: ,,გული საგულეში აღარ მეტევა, ისე მიხარია ყოველი დღის გათენება. დავაბიჯებ ყოველგვარი სიკეთით სავსე დიდ კიდობანზე, რაღა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება... მზად ვარ მუხლებზე დავეცე, დავკოცნო მისი ყოველი გოჯი.

      აქ ნოეს გაახსენდა მშვენიერი ასული, რომლის ლოყებზე ასე სანდომიანად მეზობლობდნენ მზე და ღვინო... და რომელიც აქეთკენ გამოუძღვა ნოეს თავისდაუნებურად. ამის შესახებაც უნდოდა ეთქვა რაიმე, მოერიდა, ისევ ღვთის ქმნილების შესახებ გააგრძელა ლაპარაკი:

      -...ციურ მნათობებს ჩამოვუგდე სიტყვა ამასწინათ, ვკთიხე, თუ გინახავთ რაიმე უფრო აღმატებული და მშვენიერი, ვიდრე დიდზე დიდი კიდობანია... ხომ იცით, რამდენს მოგზაურობენ, თვალებიც ფართოდ აქვთ გამოჭყეტილი, მათი უნახავი არაფერია. ხმაც არ გაიღეს. არაფერი აქვთ სათქმელი და იმიტომ...

      დოქის ამბავიც გაიხსენა ნოემ, დაწვრილებით უამბო სმენად ქცეულ უცნობებს, თუ როგორც იპოვა წყალში მოტივტივე დოქი, რომელშიც სამად სამი ყლუპი ღვინო იყო ჩარჩენილი, მეტი არა...~ ძალიან გავბრაზდი, დიდი საყვედური ვკადრე ღმერთს, თურმე სულ ტყუილად. იქვე დამასაჩუქრა ღვინიანი ტიკჭორით. აბა, რა ვიცოდი, თუ ასეთ სიხარულს მიმზადებდა, მწარედ სანანებელი გამიხდა ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები. ტიკი პირთამდე სავსე არ ყოფილა, მაგრამ ერთ ჯერზე სრულიად საკმარისი იყო, არავინ დამრჩენია უდღეგრძელები... ციურმა მნათობებმაც დამიმშვენეს სუფრა. არც ღმერთმა იუკადრისა ჩემი ტრაპეზი. მნათობთა მიღმა სუფევდა, ისინი ხომ შუამავლები არიან ღმერთისა~.

      ბოლოს ისიცა თქვა ნოემ, ვაზი დავრგე ღვთის ხელით შექმნილ დიდ კიდობანზე, ჩემი კიდობნიდან გადმოვრგეო. მშვენივრად შეეგუა ახალ ნიადაგს. როცა იქნება, დავლევ მისგან დაწურულ ღვინოს. პირველი სადღეგრძელო ღმერთს უნდა ვუთხრა, ასე შევპირდი...

      ამ სიტყვების მერე გამობრუნდა ნოე, კვლავ წყაროს მიაშურა. წამოიღო წყალი დოქით, ავიდა კიდობანზე, ისაუზმა, მოისვენა და მერეღა გაახსენდა, რომ სულ თვითონ ილაპარაკა იმ უცხო ხალთახნ, იმათ კი ხმაც არ ამოუღიათ.

      ნოე დააფიქრა ამან, ნეტავი ასე უცნაურად რატომ გამომივიდა ნანატრი შეხვედრა ვინმე ძეხორციელთანო. მალე მოისაზრა, რაში იყო საქმე; მხოლოდ მას, ნოეს, ენატრებოდა ხმისგამცემი, ამდენი ხნის მანძილზე მარტომყოფს. იმათ ეს საწუახრი არ ჰქონიათ, ერთმანეთი ჰყავდათ გვერდით.

      რაც მეტს ფიქრობდა ნოე, საგონებელიც ემატებოდა. ეჭვობდა, მგონი ბევრი აბდაუბდა ვთქვი, ამდანი არ უნდა მელაპარაკაო. მართლაც თავმოუბმელი ხარ, უსაყვედურა საკუთარ თავს. სრულიად უცხო ხალხს რაღა არ მოუყევი, ყველაფერი ხელისგულზე დაუფინე, მათი ამბავი კი არც იკითხე. ვინ იცის, რა იფიქრეს, რა მოუვათ თავში. ,,მძვინვარება და გაუგებრობა~. ეს ორი სიტყვა ამოტივტივდა საიდანღაც. სადაც ადამიანებია, ეს სიტყვებიც იქაა...

      ტყუილად ღელავდა ნოე, ის ადამიანები დიდად არ გაუოცებია იმის საქციელს და უნაურ ლაპარაკს. ვინ იცის, რა გასაჭირო დაადგაო, თქვეს თურმე, როგორც ნოემ გაიგო მერე. იმასაც მიუხვდნენ, დიდი ხანია არავის დალაპარაკებიაო. თავის მხრივ მათაც დიდი განსაცდელი გამოიარეს, იხილეს ცის სარკმელი ღია, საიდანაც უფლის ნება გაცხადდა. საკუთარი სხეულით შეიგრძნეს უფლის პეშვი, რომელმაც ისინი უცილობელ დაღუპვას გამოარიდა, აღარაფერი გააკვირვებდათ ამქვეყნად.

      მეორე დღესვე ესტუმრნენ ნოეს, ცოტა რამ მოსაკითხი მიუტანეს კეთილგანწყობის ნიშნად, ლეღვის ჩირი და ქვის კეცზე გამომცხვარი ხმიადი. ნოეს გაეღიმა ამის დანახვისას, მთის კორტოხზე გატარებული დღეები გაახსენდა... ამჯერად აღარ მოქცეულა დაუკვირვებლად, დადინჯებით შეხვდა სტუმრებს, მეტად ჭკვიანური საუბარი წამოიწყო, ამინდზეც თქვა ერთიორი სიტყვა. სტუმრები ყურადღებით უმენდნენ, თან კიდობანს ათვალირებდნენ. მეტად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე კიდობანმა. მართალია, გადახრილად მდგარმა, მაგრამ მაინც მკვიდრმა და დიდებულმა. აი, ამით გადავურჩი წარღვნასო, თქვა ნოემ და თავის კიდობანზე მიათითა... ახლა კი აი, ამ კიდობანზე დავაბიჯებო, ფეხი მიწას დაჰკრა. სტუმრებმა თავი დაუქნიეს, ყოველივე გასაგებიაო. დაეჭვების მსგავსი არაფერი ეტყობოდათ. გამგები, თბილი ღიმილი ჩაჰფენოდათ თვალებში. აქა-იქ შემორჩნენ წარღვნას გადარჩენილი ადამიანები, ძალიან ეძვირფასებოდათ ერთმანეთი. მით უმეტეს, ნოე მათ ნამდვილი უფლისწულივით გამოეცხადა თავისი დიდებული კიდობნით.

      ისეთი გულიანი საუბარი გაიბა, ნოეს კინაღამ წამოსცდა სიტყვა ვარდისფერლოყება ასულზე, დროზე შეიკავა თავი. ამის დროც მოვაო, იფიქრა, არც შემცდარა...

      სიტყვა რომ აღარ გამიგრძელდეს, ნოემ სულ მალე იქორწინა ვარდისფერლოყება ასულზე, იგემა მზე და ღვინო, ასულის ლოყებზე ერთად მსუფევი. ახალ ნათესავებსაც მშვენივრად შეეწყო, მათ იმთავითვე დიდი ყურადღება გამოიჩინეს ნოეს მიმართ, და რაღა თქმა უნდა, კიდობნის მიმართაც. მის შეფასებაში ნამდვილად არ შემცდარან. ერთი ერია მაინც ახალ ნათესავებში, ბუსავით მრგვალთვალებიანი, სულ ახალგაზრდა ყმაწვილი. როგორ გაუბრწყინდა თვალები, როდესაც ნოემ თავისი კიდობნის შიდა სათავსო გააღო და რაღაც უცნაური ნივთები აჩვენა, ერთმანეთზე დახვავებული. ყმაწვილი სათითაოდ იღებდა ყოველ მათგანს, ნოესთვის სრულიად გაუგებარს, ყოველი მხრით ატრიალებდა ხელში, ცდილობდა ერთმანეთისთვის მიესადაგებინა. რამდენ რამეს დაუდო მერე დასაბამი ამ უცნაურმა ნივთებმა, ნოე ამას თავის დღეში ვერც კი წარმოიდგენდა. რაღა თქმა უნდა, ნოესი იყო კიდობანი, ეს სადავოდ არავის გაუხდია, მას ეკუთვნოდა მთელი ავლადიდება, რასაც კიდობნის წიაღი ინახავდა, მაგრამ არ შეეძლო ყველა ამ სიკეთის გამოყენება.

      ამ საქმეს ახლადშეძენილ ნაცნობთა ჭკუა უფრო მოერგო.

      თუმცა ნოეს არც ცხელოდა იმ უცაური, საკირკიტო ნივთებისთვის, კიდობნის წიაღში რომ თვლემდნენ მცოდნეთა მოლოდინში. ოჯახი გაუჩნდა, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო, თავის დღეში ამას არ ღირსებია, საზრუნავი მოემატა და, რა თქმა უნდა, სასიხარულოც... როდესაც ღმერთი შეეწევა, ჩემისთანა თავმოუბმელიც კი თავს მოუვაო, ამბობდა და თვალს ეშმაკურად უკრავდა ცის თაღზე გაბრწყინებულ მნათობებს. ამ ბედნიერ დღეებშიც კარის მეზობლებად დარჩნენ ისინი ნოესთვის, ერთად ხვდებოდნენ და აცილებდნენ დღეების ჭრელ კრიალოსანს. არც ამ დღეთა სიმრავლე დაუთვლია ნოეს, ახალმა ნაცნობებმა ითავეს ეს საქმე, თანაც რა სანაქებოდ...

      ამასობაში იმ ვაზის ღვინოც დაიწურა, რომელიც ნოემ დარგო ახლადშემშრალ მიწაზე. აავსო ნოემ თავისი მრავალჭირნახული დოქი კამკამა, ცინცხალი ღვინით...

დოქი

      გადაიარა წარღვნამ, ღვთიური მადლი მოეფინა ახლადაღორძინებულ ქვეყანას. ნოემ იპოვა მყუდრო ნავსაყუდელი. სათქმელი თითქოს აღარაფერია, თუმცა ერთი მეტად სანდომიანი, მომცრო ნივთი ელის თავის რიგს. ეს დოქი გახლავთ. გაკვრით არაერთხელ შევეხეთ, მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალეთ, ჯეროვნად შეგვეჩერებინა ყურადღება მასზე.

      ემახსოვრება მკითხველს, თუ როგორ დაჰკარგა ნოემ მამისეული დოქი ჭაბუკობისას, ღვინით სავსე. ჩაძინებულს მოჰპარეს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ნოეს აღარასოდეს მოუნახულებია მშობლიური სახლი. იმ დაკარგულ მამისეულ დოქს ძალიან ჰგავდა ის დოქი, ზევახმა რომ მიაჩეჩა ოქროს სანაცვლოდ. იმ წუთას, როდესაც ცოფმორეულ ნიაღვრებს გაურბოდა, ნოეს ნამდვილად არ ეცალა ამის გამოსარკვევად. სამაგიეროდ შემდგომში მოიცალა, როცა მთის კორტოხს შემორჩა, წარღვნისგან ოტებული.

      როგორც კი სული მოითქვა გადმოხურულს თავშეფარებულმა, ლუკმა გაღეჭა და რამდენიმე ყლუპი ღვინოც დააყოლა, ნოემ საგულდაგულოდ დაავალიერა ზევახის ნაწყალობევი დოქი. მართლაც ბევრი რამით ახსენებდა მამისეულ დოქს. ზომით ზუსტად იგივე იყო, ნოეს შეეძლო ამაზე დაეფიცებინა. კარგად ახსოვდა, მოხრილი მკლავით როგორ იკრავდა გულში მამისეულ დოქს, როდესაც ბილიკი მეტისმეტად ოღროჩოღრო ხდებოდა. ძალიან ეშინოდა, არ გამიტყდესო. ზევახის დოქმაც ზუსტად იმდაგვარად მოახრევინა მკლავი, როდესაც ღვარცოფს გაურბოდა. საამო სიმძიმეც ორივემ ერთნაირად აგრძნობინა ფერდებზე. ფერითაც იგივე იყო ზევახის დოქი, კარგად გამომწვარი თიხის ფერი. მოყვანილობითაც: კოხტად აღერილი ყელი, სატუჩეთი დაგვირგვინებული. ეს ყოველივე ერთხმად ღაღადებდა, ეს იგივე დოქია, რომელიც ჭაბუკობისას მოგპარესო. თუმცა ნოეს მაინც არ შეეძლო ბოლომდე დარწმუნებული ყოფილიყო ამაში.

      ჭკვიანი და წინდახედული კაცი იყო ნოეს მშობელი მამა, თავმოუბმელობას ნამდვილად ვერავინ დასწამებდა. გაფრთხილებით ხომ სანიმუშოდ უფრთხილდებოდა ყველაფერს, რაც გინდა უბრალო რამ ნივთი ყოფილიყო... არც არავის აპატიებდა დოყლაპიობას. ამასთან ერთად, საკუთარ ნიშანს ადებდა ყოველივეს, რაც კი მისი საკუთრება იყო და ეს ყველამ კარგად იცოდა. დოქსაც უეჭველად ექნებოდა მამისეული ნიშანი, მაგრამ ნოეს აღარ ახსოვდა, როგორი იყო იგი. სიმართლე რომ ითქვას, არც არასოდეს დაინტერესებულა მისით დიდად.

      ბევრი ატრიალა ნოემ ზევახის დოქი ხელში. ეძებდა, რაიმე ნიშანი ხომ არ აქვსო, იქნებ მამისეული ნიშანი გამახსენოსო. თითქოს რაღაც ნაჩხაპნები აღმოაჩინა, მაგრამ იმის დადგენა გაუჭირდა, ეს ნაჩხაპნები რაიმე ნიშანი თუ შეიძლებოდა ყოფილიყო საერთოდ.

      მოგვიანებით, კიდობანზე ყოფნისას, როდესაც წყალში მოტივტივე დოქი იპოვა სამად სამი ყლუპი ღვინით, ისიც კარგად შეათვალიერა ნოემ. ნაპოვნი დოქიც ძალიან ჰგავდა მამისეულ დოქს, და რაღა თქმა უნდა, ზევახის დოქსაც. ვერც მას მოუძებნა ნოემ რაიმე გარკვეული ნიშანი, ამდენად, ვერა და ვერ დაადგინა, ეს სამი შემთხვევა, სამ სხვადასხვა დოქს ეხებოდა, თუ ერთი და იგივე დოქმა იმოგზაურა ამდენი. საბოლოოდ ნოე მაინც იქითკენ იხრებოდა (რატომღაც ასე ერჩივნა), რომ ეს ერთი და იგივე დოქი უნდა ყოფილიყო; ჯერ ჭაბუკობის დროს დაკარგული, მერე ზევახის ნაწყალობევი და ღვარცოფით გატაცებული, ბოლოს კი წყალში ნაპოვნი სამად სამი ყლუპი ღვინით... მეტად ძნელი წარმოსადგენი კი იყო, რამ გადაარჩინა თიხის დოქი, როგორ არ გატყდა ამდენი თავგადასავლების შემდეგ. თუმცა ნოეს არ ეჩვენებოდა ეს ამბავი დიდ საკვირველებად; კარგად ახსოვდა, როგორ ციმციმ დაუშვა ქარიშხალმა ძირს ჩიტის ბუდე სრულიად მთელი დაჭორფლილი კვერცხით. თუ კვერცხი გადარჩა, თავისი სიფრიფანა ნაჭუჭით, დოქს ვითომ რაღა უჭირდა, წითელი თიხისაგან საგულდაგულოდ გამომწვარს. ნამდვილად ისაა, სამჯერ დაკარგული და ხელახლა ნაპოვნი . . . ვინ იცის, სად აღარ ვიარეთ, ბოლოს მაინც ერთმანეთს შევხვდითო, იტყოდა ნოე და დოქს სიყვარულით ეფერებოდა დაბორცვილ ფერდებზე.

      სწორედ ამ დოქით უნდა ჩამოედგა ნოეს ღვინო სუფრაზე, როდესაც თავისი აღთქმის ასრულება ეწადა, ღვთისთვის მიცემული. საგანგებოდ ემზადებოდა ამისთვის. საკუთარ ოჯახს და ახლობელ-ნაცნობებს, ყველას ერთად მოუყრიდა თავს. მიუსხდებოდნენ სუფრას, გატეხდნენ პურს. ნოე წამოდგებოდა, ყველანი ხმას გაკმენდნენ, იცოდნენ, ეს რასაც მოასწავებდა.

      იწყებდა ნოე ლაპარაკს ღვინით სავსე თასით ხელში. თვალი მაღლა აღეპყრო, ღმერთს მიმართავდა, ლურჯი ცარგვალის მიღმა უხილავად მსუფევს. იხსენებდა წარღვნისდროინდელ ამბებს, აღწერდა, თუ რა გასაჭირი დაადგა, რა ბეწვზე გადაურჩა გავეშებულ ღვარცოფს, რომელმაც უამრავი სიცოცხლე წაიღო. როგორ ებღაუჭებოდა გაბერილ რუმბს... ირგვლივ ცხედრები ტივტივებდნენ, მათ შორის ბავშვებიც ერივნენ...

      აქ ნოე, როგორც წესი, შეყოვნდებოდა ხოლმე. დაუპატიჟებელი სტუმარივით ეწვეოდა მისთვის კარგად ნაცნობი, მეტად ბუნდოვანი განცდა, რომელსაც მან სახელი ვერა და ვერ მოუძებნა; უხერხულობის, შეცბუნების თუ რაღაც გაურკვეველი დამნაშავეობის განცდა...

      ,,მე გადამარჩინე, მაგრამ ისინი რისთვის დაიღუპნენ... ვინ ვარ მე შენთვის, ისინი ვინღა იყვნენ, რა ზომით გაზომე მათთვის მისაგებელი~... ეს სიტყვები ცეცხლოვანი ნიშნებივით იწყებდნენ ჰაერში რიალს.

      ბავშვების ღიად დარჩენილი თვალები ხომ სულმთლად უბნევდნენ ნოეს თავგზას... ისე, როგორც კიდობანზე მყოფობისას, მისი საფიქრალი ოჩან ხარს ემსგავსებოდა, სვრელის შუაში გახირულს. შეჭირვებული მოუსვამდა ხელს დოქის ფერდებს, თითქოს მისგან ელის შველასო. შველოდა კიდეც, ღვინით სავსე დოქის საამო სიგრილე დაურბენდა მთელ სხეულში. ახსენდებოდა, თუ როგორ იპოვა წყალში მოტივტივე დოქი სამად სამი ყლუპი ღვინით. ,,...ერთადერთხელ ვკადრე ღმერთს საყვედური და მაშინვე სანანებელი გამიხდა...~ იტყოდა ნოე და შვებით ამოისუნთქავდა, უბრუნდებოდა მეტყველების უნარი. ქება-დიდებას უძღვნიდა ღმერთს, დიდზე დიდი კიდობნის შემქმნელს: მხოლოდ შენ შეგეძლო შეგექმნა ეს სასწაულთა სასწაული, დიდზე დიდი კიდობანი, მოკრძალებით ამბობდა ნოე. შენ მოკაზმე და აავსე იგი ყოველგვარი სიკეთით; ცას თუ მიწას, წყალს თუ ხმელს, ყველაფერს ერთნაირად ატყვია შენი ხელის ნათითურები, ამაში მთვარე დამემოწმებაო.

      თან იქვე დააყოლებდა, რომ ერთადერთი, რაც თვითონ მას, ნოეს შეეძლო, ღვთის ხელიდან გამოსული სასწაულის მოფერება და სამსახურია.

      ბოლოს კი ასე დაასრულებდა თავის ფერადოვან სადღეგრძელოს: ,,კიდობანზე ყოფნისას გთხოვე, არ მოგეშალა ჩემთვის ღვინით სავსე თასის აწევა. არც მოგიშლია. დიდად მადლიერი ვარ შენი, სულით და გულით გადღეგრძელებ~.

      ნოე ქედს მოიდრეკდა, თაყვანს სცემდა ღმერთს მადლიერების ნიშნად და ღვინით სავსე თასს დაეწაფებოდა.

      დღეგრძელი იყო ნოე, მრავალ ღვინობისთვეს მოესწრო. მრავალჯერ აავსო თავისი დოქი ცინცხალი, თავანკარა ღვინით, მრავალთა უმრავლესჯერ ასწია ღვინით სავსე თასი ღვთის სადიდებლად, თავისი აღთქმის ერთგულმა. ღმერთს გულმხურვალედ მოახსენებდა მადლს, მისი თხოვნა რომ შეიწყნარა და ღვინით სავსე თასის აწევა არ მოუშალა... და ყოველთვის ყუჩობდა, როდესაც წარღვნის დროინდელი უსიამო ხილვები ეწვეოდნენ.

      უჩვეულო სიცხადე ახლდათ ამ ხილვებს, დრომ ისინი ოდნავადაც ვერ გაამქრქალა. წამიერად ყუჩობდა ნოე, მათზე თვალმიპყრობილი, ფიქრის კვალი გაუკრთდებოდა ნირშეცვლილ სახეზე. მისი შემყურე იყტოდი, რაღაც მეტად იდუმალ, შორეულ ხმას უსმენს, ანუ ღმერთს უსმენსო... აკი ღმერთს ადიდებდა, ღვინით სავსე თასით ხელში. ასეთად დარჩა იგი შთამომავალთა ხსოვნაში; კაცი, რომელსაც ღმერთი ელაპარაკებოდა...

ნახვა: 10

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, მოთხრობა, ქადაგიძე, წარღვნა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისი ფული და ვისი სახელი?!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 22, 2019.
საათი: 11:21pm 0 კომენტარი

      როცა საქმე მედიას ეხება, თითქოს დანარჩენი მედიასაშალებები პირს კრავენ და მხოლოდ ერთსა და იმავე თემას აშუქებენ მეტისმეტი გაშლილობით. ცხადია, რუსთავი ორის ამბავი და ამჯერად მესაკუთრეების ისტორიები…

გაგრძელება

სათამაშო დიდები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 21, 2019.
საათი: 11:09pm 1 კომენტარი

      ისტორიული თოჯინების სერია საკმაოდ ძველი მოფიქრებაა, ჯერ კიდევ ბარბების გამოჩენამდე არსებობდა ცნობილი პერსონების გასათამაშოების მცდელობები. ჩვენ დღევანდელ გმირს, დიტო ვონს (Dito Von)…

გაგრძელება

ილუზიური არქიტექტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

      მაშინ როდესაც ძალიან ბევრს ფიქრობენ ქალაქის იერსახეზე, ადგენენ რეგულაციებს, გენ-გეგმებს, გასცემებ ნებართვებს ან აჩერებენ მშენებლობებს, თუმცა ერთიანი ხაზი მაინც არ გვაქვს მოფიქრებული, ვფიქრობ,…

გაგრძელება

ყველა თავის წილს ითხოვს, IRI იკვლევს და მოსამართლეები სანთლით საძებარნი არიან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 19, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      რა თმა უნდა, არ შეცვლილა ახალი ამბების მეინსტრიმი - რუსთავი ორი დღის ყველაზე პოპულარული და მედიაყურადღებიანი ობიექტია. მართალია ევროსასამართლო თავისი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters