გენიოსები ხომ დროში მოგზაური წინასწარმეტყველები არიან ან პირიქით, სულაც არ მოგზაურობენ და დროს თავად აძლევენ დასაწყისს. ზოგიერთნი კი, უბრალოდ დროის მსვლელობის საფეხურებს თუ არ აწყობენ, სხვისი აწყობილის ანალიზს აკეთებენ. და მაინც, დრო რჩება ერთადერთ ღირსეულ მეტოქედ სიცოცხლესთან ჭიდილში. ამ შესავლის იდეა კი, ერთი ძველდროული ჩანაწერის ამოწერა და თქვენთვი გაზიარება მეწადა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულით თარიღდება ეს ტექსტი, მაგრამ მოდით - თითი დაადეთ იმ ადგილს, აგერ, ოცდამეერთე საუკუნის პირველი მეხუთედში თუ რამე შეცვლილა. მაშ, ასე:

      სულ იმას ჩივიან ჩვენში, პრაქტიკოსი ხალხი არა გვყავსო; პოლიტიკოსები, მაგალითად, მრავლად არიან; გენერლებიც არ გვაკლია; მმართველებსაც მოძებნი, რამდენსაც გინდა და როგორსაც გინდა, – პრაქტიკოსები კი არსად არიანო. ყოველ შემთხვევაში, ყველა ასე ჩივის. იმასაც კი ამბობენ, ზოგიერთ რკინიგზის ხაზზე რიგიან მომსახურეებსაც ვერ ნახავ, რომელიმე საკომპანიო გემზე ოდნავ მაინც ხეირიანი ხალხის გამონახვა ადმინისტრატორებად ყოვლად შეუძლებელ რასმე წარმოადგენსო. ხშირად გაიგონებ, ამა და ამ ადგილზე ახალი რკინიგზა გაიყვანეს და ვაგონები ერთმანეთს დაეჯახა, ან ხიდი ჩაინგრა და მატარებელი ჩაიტანაო. ამა და ამ ადგილზეო, წერენ, ლამის მთელი ზამთარი ჩარჩა მატარებელი დათოვლილ მინდორზე, ხუთი საათის სავალი გზა ჰქონდათ და ხუთი დღე კი იყურყუტესო. ამა და ამ ადგილზეო, ჰყვებიან, ათასობით ფუთი საქონელი ორ-სამ თვეობით ლპება ადგილზე გაგზავნის მოლოდინში; ამა და იმ ადგილზეო კი, ამბობენ (თუმცა ძნელი დასაჯერებელია), ერთმა ადმინისტრატორმა, უფრო სწორად, ზედამხედველმა ვიღაც ვაჭრის ნოქარს საშველი რომ აღარ მისცა, საქონელი გამაგზავნინეო, გაგზავნის ნაცვლად კბილების ჩალეწვით გაუწია ადმინისტრატორობა და მერე ეს თავისი ადმინისტრაციული საქციელი იმით გაამართლა, „გავცხარდი და რა მექნაო“. ჩვენში იმდენი სახელმწიფო დაწესებულებაა, კაცს წარმოდგენისაც შეეშინდება; ყველა მსახურობდა, ყველა მსახურობს და ყველა აპირებს სამსახურს, – მაშ, ვითომ რა დიდი ამბავი უნდა, ამ ხალხისგან საკომპანიო გემების რიგიანი ადმინისტრაცია შეირჩეს?

აკირა კუროსავა, იდიოტი, ლიტერატურა, ამონარიდი, დოსტოევსკი, qwelly, blog, dostoesky, akira kurosawa

      ამაზე ზოგჯერ იმდენად უბრალო პასუხს გაძლევენ, არც გჯერა ხოლმე. მართალია, ჩვენში ყველა მსახურობდა თუ მსახურობს და პეპერებიდან მოყოლებული ბადიშებამდე ორასი წელია ამ ჭაპანს ეწევიან, სამაგალითო გერმანულ ყაიდაზე შექმნილს, მაგრამ ეს მომსახურე და იმ ზომამდეც, რომ სულ ცოტა ხნის წინათ განყენებულობა და პრაქტიკული ცოდნის უქონლობა სწორედ ამ მომსახურეთა საუკეთესო რეკომენდაციად და დიდ ღირსებად ითვლებოდა. თუმცა მომსახურე ხალხთან რა გვესაქმება, ჩვენ ხომ, კერძოდ, პრაქტიკოს ხალხზე ვაპირებდით ლაპარაკს. ეჭვი არაა, გაუბედაობა და საკუთარი ინიციატივის სრული უქონლობა ჩვენში მარადჟამ მიაჩნდათ პრაქტიკოსი ადამიანის უმთავრეს და უპირველეს ნიშანთვისებად, მიაჩნდათ და ახლაც მიაჩნიათ. მაგრამ ვითომ მარტო ჩვენ მოგვდგამს ეს ცოდვა – თუკი ასეთ შეხედულებას ცოდვა შეიძლება ეწოდოს? ორიგინალობის უქონლობა დედამიწის ზურგზე ადამჟამობიდან მოყოლებული ყველგან ითვლებოდა თავიანი, საქმიანი და პრაქტიკოსი ადამიანის საუკეთესო რეკომენდაციად, ყოველ შემთხვევაში, ადამიანთა ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი (ამდენი მაინც) მუდამ ასე ფიქრობდა და მხოლოდ ადამიანთა ერთი პროცენტი მსჯელობდა და მსჯელობს ახლაც სხვანაირად.

      გამომგონებლები და გენიოსები თავიანთი საქმიანობის დასაწყისში (ძალიან ხშირად, დასასრულსაც) საზოგადოებაში მუდამ უგუნურებად მიაჩნდათ; ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ყველას მშვენივრად მოეხსენება. თუ, მაგალითად, ათეული წლების მანძილზე ყველანი თავიანთ ფულს ლომბარდში მიარბენინებდნენ და ოთხ-ოთხ პროცენტობით იქ მილიარდები დააგროვეს, ცხადია, როცა ლომბარდი გაუქმდა და ყველანი საკუთარი ინიციატივის ამარა დარჩნენ, ამ მილიონების მეტი წილი სააქციონერო ციებ-ცხელებას და თაღლითებს უნდა შეეწირა, – რასაც წესიერება და უმწიკვლოებაც კი მოითხოვდა. დიახ, უმწიკვლოებაც; თუ უმწიკვლო გაუბედაობა და ორიგინალობის უქონლობა ჩვენში დღემდე, ყველას აზრით, საქმიანი, რიგიანი კაცის უცილობელი თვისება იყო, უეცარი გადასხვაფერება მეტისმეტი ურიგო და უწესობაც კი იქნებოდა. აბა, მითხარით, რომელ მოსიყვარულე დედას არ გაუსკდება შიშით გული, თუ მისი ვაჟი ან ქალი გაკაფულ გზას გადაუხვევს: „არა, შენი ჭირიმე, ორიგინალობას რა თავში ვიხლი, ოღონდ ბედნიერად და უზრუნველად იცხოვროსო“, – ფიქრობს ყოველი დედა, როცა თავის შვილს ურწევს აკვანს. გადიებიც კი ათადან ბაბადან ამას დასტუტუნებენ და დამღერიან აკვანს: „ოქროებში ჩაჯდებიო, გენერალი [დღეს ალბათ, პრეზიდეტი] გახდებიო!“ მაშასადამე, გენერლობა ჩვენი გადიებისთვისაც უდიდეს ბედნიერებას წარმოადგენდა და, როგორც ჩანს, არხეინი, ნეტარი ცხოვრების ყველაზე გავრცელებული ნაციონალური ადგილი გახლდათ. განა არა: გამოცდის ავად თუ კარგად ჩაბარებისა და ოცდათხუთმეტი წლის სამსახურის შემდეგ ვინ არ მიაღწევდა ჩვენში გენერლობას და ლომბარდში გარკვეულ თანხას არ დააგროვებდა? რუს კაცს დიდი თავისტეხა არ სჭირდებოდა, რომ საქმიანი და პრაქტიკოსი ადამიანის სახელი დაემსახურებინა. დაბოლოს, გენერალი რომ არ გამხდარიყავი, ჩვენში მხოლოდ ორიგინალური, სხვანაირად რომ ვთქვათ, მოუსვენარი კაცი უნდა ყოფილიყავი. შეიძლება ეს რამდენადმე გაუგებარიც იყოს. მაგრამ, საერთოდ რომ ვთქვათ, სწორი გახლავთ და ჩვენი საზოგადოებაც სრულიად მართალი ბრძანდებოდა, როცა პრაქტიკული ადამიანის თავისი იდეალი ასე განსაზღვრა.

ნახვა: 159

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, დოსტოევსკი, ფიქრი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ათასეული კორონიანი საქართველოში, ოცნების სახეები და ფეხბურთელის საქმე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 15, 2020.
საათი: 11:09pm 0 კომენტარი

      დღესასწაულის ქველინიუსი ცოტა პოლიტიზირებული და შედარებით ხმაურიანი გამოდგა. ცხადია, ბოლო დღეების და კვირების მთავარი ამბავი ისევ ფეხბურთელის საქმეა, რომელსაც ოპოზიციური მედია აშუქებს, ნაკლებ ოპოზიციური კი აქა-იქ ნიუსებს უთმობს. დღის მთავარი ამბავი პარლამენტარების საქმიანობასაც ეხებოდა და ოცნების შიდა პოლიტ-სახეების საქმეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 ივლისი, 2020

      ქართველი კორონა ათ ასეულს ასცდა…

გაგრძელება

კოჭლი ქსელი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2020.
საათი: 8:30pm 1 კომენტარი

   გვმართებს  ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…

გაგრძელება

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:00pm 5 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters