მურა ფერის გრილი სასმელი, სასიამოვნოდ მწკლარტე გემოსი. ქაფით უხვად თავმოდგმული, ლამის ჭიქის მესამედი რომ უჭირავს... ნება-ნება მიიტან პირთან. სულს ფრთხილად უბერავ იმ ქაფს და მოწრუპავ. დალოცვილი სიგრილე აგეღვრება სიცხისგან გაოფლიანებულ სხეულში. კანი შეიძლება ოდნავ გაგიხორკლიანდეს კიდეც, ისე მყისიერად ეხმაურება პირველივე ყლუპს. ცოტა ხნით მოიცილებ პირიდან ჭიქას, დაიცდი, რათა სხეულის ყოველმა უჯრედმა შეიგრძნოს სასმელით მოგვრილი სიგრილე და საამო მოთენთილობა. ზაფხულის ხვატი ერთი ასად აძლიერებს ამ სანეტარო შეგრძნებას. გიხარია კიდეც, ირგვლივ ასე რომ ცხელა... მერე ისევ მოწრუპავ... ამ სასმელს დედამიწაზე ლუდი ჰქვია.

      რა შორეულია ახლა ეს ყველაფერი; ზაფხულის ხვატიც და ლუდის გემოც. მთელი უსასრულობაა (აქ ამ სიტყვაში არაფერია გადაჭარბებული), რაც სანატრელად მექცა ასეთი თითქოსდა უბრალო რამ... რაც ჩვენს გვერდითაა, იმას არ ვაფასებთ... ჰო, მართლა, კინაღამ დამავიწყდა; ლუდის სმის დროს ზღვას უნდა გავყურებდე, ზანტად მოდგაფუნე ტალღებს და მზის მცხუნვარე სხივებზე მოქათქათე პლაჟს. რა თქმა უნდა, გრილი სასმელის დალევა ყველგან სასიამოვნოა, მით უმეტეს ზაფხულის ხვატში. მაგრამ მე ასე მესახება ჩემი სანუკვარი ოცნების ახდენა, თუკი „ღმერთი“ ინებებს...

      არ შემეძლო მისთვის სხვანაირად მეწოდებინა. როგორი სახით წარმოედგინა ადამიანს ღმერთი? უმეტეს შემთხვევაში რაღაც უსხეულო არსებად, რომელშიც კოლოსალური ძალმოსილება იქნებოდა თავმოყრილი, რომლისთვისაც არავითარი ბარიერი აღარ იარსებებდა სივრცესა და დროში. სწორედ ასეთი არსებაა ჩემს გვერდით. მთლიანად მასზეა დამოკიდებული ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი... და რაც თვით ყოფნაზეც მეტია ჩემთვის, მასზეა დამოკიდებული, ოდესმე ფეხს დავადგამ თუ არა მიწაზე.

      ასეთ საოცრებას, ცხადია, დედამიწაზე ვერ შევხვდებოდი. თუმცა უამრავი გადმოცემები და ლეგენდები ერთხმად ღაღადებენ, ოდესღაც ღმერთები ეშვებოდნენო დედამიწაზე. ვინ იცის, იქნებ მართლა ეშვებოდნენ ამის მსგავსი არსებანი, ახლა ჩემს გვერდით რომაა... ასეა თუ ისე, მისი ცხადად მხილველი მე არავინ შემხვედრია. არც მაშინ მქონია მისი ნახვის ბედნიერება, როდესაც მბრუნავ პულტთან მჯდარი იმ ლოგარითმული მრუდის სქემას ვადგენდი, ჩვენს „მედუზამ“ რომ შემოხაზა მზიდან ანტარესამდე... ეს შეხვედრა „მედუზა!“ ბორტს მიღმა უნდა შემდგარიყო. ალბათ სხვანაირად არც მოხერხდებოდა... არა, ხომალდი არ აფეთქებულა... ამ შეხვედრისთვის ეს სულაც არ ყოფილა აუცილებელი. შემდგომშიაც მშვიდობიანად გააგრძელა გზა. წინასწარ შედგენილი სქემისთვის თითქმის არც გადაუხვევია, ისე შემოხაზა გიგანტური რკალი და მშვიდობიანად დაბრუნდა დედამიწაზე. ეკიპაჟს მხოლოდ ერთადერთი წევრი აკლდა, ჩემი სახით... როგორც სახომალდო ჟურნალი იუწყებოდა, ასტრონავტი დაიღუპა კორპუსგარეთა პარაბოლური სარკის გასწორების ჟამს, როდესაც ავარია განიცადა ზონდმა.

      სრული ჭეშმარიტებაა, ზონდი იყო ყველაფერში დამნაშავე. ყოველ ტექნიკურ სიახლეს თავისი ჩრდილოვანი მხარეც ახლავს. ძალიან მოსახერხებელია ეს სტრუქტურული ზონდი; რამდენიმე წამით მოგათავსებენ ოვალური ფორმის კაბინაში, რომლის ერთერთი მრუდე კედელი უშუალოდ ღია კოსმოსში იხსნება. უხილავი ატომები თვალისდახამხამებაში ქმნიან უზუსტეს სტრუქტურულ გისოს. ზონდი მთლიანი გარსივით შემოგეკვრება ირგვლივ. არავითარი შესაკვრელები, ჭანჭიკები და სხვა ამდაგვარი ხარახურა! თითქოს შენი სხეულის შემადგენელი ნაწილია. რაც შეიძლება ნაკლებად ზღუდავს ყოველგვარ მანიპულაციებს. ამავე დროს საიმედოდ გიცავს ღია კოსმოსის მომაკვდინებელი გამოსხივებისგან. ხომალდზე დაბრუნებისას იმავე ოვალურ კაბინაში ხდება ზონდისგან განთავისუფლება. თითქოს კვერცხის ნაჭუჭისგან გამოდიხარო, რომელიც თვითონვე იხსნება, წიწილას ნისკარტის მიუკაკუნებლად. მაგრამ თუ რაიმე მიზეზით ზონდის შიდაატომური სტრუქტურა დაირღვა (ამისთვის საკმარისია, ვთქვათ, რენტგენის სხივმა შეაღწიოს იმ ოვალური კაბინის კედლებში), მაშინ ასტრონავტი ბევრად უფრო უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვიდრე იმ დროს, როცა ძველებური მძიმე სკაფანდრებით გადიოდნენ ღია კოსმოსში. მაგრამ ასეთი შემთხვევას გამორიცხულად თვლიდნენ, რადგან ოვალური კაბინა ყოველგვარი გამოსხივებისგან საიმედოდ იყო დაცული ფილტრების მრავალშრიანი სისტემით. თანაც ეს მაღალსაიმედო ზონდი ხომალდის კორპუსზე გვარლით იყო მიბმული სულ უმნიშვნელო რისკის თავიდან აცილების მიზნით. ზონდის შიგნით კი თავით ფეხამდე ელასტიურ აფსკში ვიყავით გამოხვეული. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რაღაც მიზეზით ჰერმეტულობა დაირღვეოდა.

      იმ გვარლმა ახლაც ჭიპლარი გამახსენა. მისი დანახვისას მსგავს ფიქრებს ვერასოდეს ვერ ვაღწევდი თავს. როცა მე თვითონ ხომალდში ვიმყოფებოდი და იქედან შევყურებდი ღია სივრცეში მოტივტივე ატრონავტს, წარმოდგენაში ყოველთვის ამეკვიატებოდა ახალშობილი, რომელიც ეს-ესაა მოევლინა ქვეყანას და ჭიპლარით ჯერ ისევ დედის სხეულზეა მიბმული. მეც ხომ ასეთ სანახაობას წარმოვადგენ-მეთქი ამ წუთას, ვფიქრობდი გულში და ვცდილობდი საკუთარი თავი უცხო თვალით დამენახა... ადამიანს უყვარს საერთოდ საკუთარი თავის შორიდან დანახვა. ეს გრძნობა რომ არ გააჩნდეს, იქნებ არც არასოდეს მიეტოვებინა დედამიწა... აი, იშვა ნაყოფი და მოუქნელი მოძრაობით მიცოცავს თვალისმომჭრელად მობრჭყვიალე პარაბოლური სარკისკენ, თითქოს მასაც ბრჭყვიალა საგნები იზიდავდეს ახლადთვალახელილი ბალღის მსგავსად.

      პარაბოლური სარკე სულ ახლოს იყო, გიგანტური თვალივით ელავდა უჩვეულოდ ჩაღამებული სიცარიელის ფონზე... სარკის გვერდით ხომ ვარსკვლავები აღარ აღიქმებოდნენ. თვით „მედუზას“ კორპუსსაც ძლივს ვარჩევდი, ბიბლიური ლევიათანივით გართხმულიყო სადღაც ჩემს ქვევით.

      გვარლი სარკის პლატინის მუხლს წამოედო. ნელნელა ფართო ბრუნი გავაკეთე, რათა გვარლი მისგან გამენთავისუფლებინა. ბუნდოვნად მოციმციმე „მედუზამ“ სრული წრე შემოხაზა ჩემს ირგვლივ. გვარლი მაინც არ მოსცილდა პლატინის მუხლს. მაშინ სხვა ხერხს მივმართე: მკვეთრი მოძრაობით გავიწიე გვერდზე, რათა გვარლი რაც შეიძლებოდა ძლიერად დაჭიმულიყო და თუ მის განთავისუფლებას ვერ შევძლებდი, ეს მაინც გამერკვია, რამდენად იყო დახლართული.

      უეცრად პარაბოლური სარკე მეტისმეტად გაიზარდა. ლამის მთელ ცას გადაეფარა, თუ მთელი ცა ჩაინთა მასში, და მასთან ერთად მეც... თურმე ზონდი გარღვეულიყო, და გვარლის დაჭიმვის დროს ისე ამოვვარდი იქედან, როგორც წაბლი ამოიტყორცნება მთლიანობადაკარგული ნაჭუჭიდან.

      გაწყვეტილი გვარლი გველის კუდივით აიკლაკნა სივრცეში... უცნაურია, ასეთ წუთებში შეშინებასაც რომ ვერ ასწრებ. გაწყვეტილი გვარლის დანახვისას ისევ ჭიპლარი ამეკვიატა. „ჭიპლარი... გაწყვეტილი ჭიპლარი“... ესღა გავიფიქრე, უნებურად, თუმცა უკვე მშვენივრად ვიცოდი, რომ მოხდა რაღაც შეუქცევადი მოვლენა, და მე მთლიანად ამოვვარდი სისტემიდან.

      ელასტიური აფსკი მაშინვე ბუშტივით გაიბერა. ზოგიერთები მას ზედმეტად თვლიდნენ, თურმე საჭირო ყოფილა. ღია კომოსს მშვენივრად გაუძლო... რამდენიმე წამით თუ რამდენიმე საუკუნით, ვერაფერს ვიტყვი. როცა ყველა მხრით რამდენიმე უფსკრული ერთად აღებს პირს, დროს ჩვეულებრივი საზომით ვეღარ აღიქვამ. წამი შეიძლება საუკუნედ იქცეს. ხომალდიდანაც არაფერი შეუმჩნევიათ. ზონდი შორიდან ისევ მთლიანს ჰგავდა, ზონიდან ჩემი ამოვარდნა კი ერთ კვეთაში მომხდარიყო დამკვირვებლის თვალისთვის, თანაც ამ დროს წარმოქმნილმა მბრუნავმა მომენტმა პარაბოლური სარკის მეორე მხარეს გამისროლა და მთლიანად მომაფარა თვალიდან... გაწყვეტილმა გვარლმაც კი არ დააეჭვა ისინი. ერთი სიტყვით, ელასტიურმა აფსკმა მშვენივრად გაუძლო წნევის მკვეთრ ცვლილებას, ოდნავადაც არ დაზიანებულა... და მერე, როცა ყველაფერი უკან დარჩა, ჩემს თავს „პერანგიანი ახალშობილი“ ვუწოდე.

      შემდეგშიც ასეთი შედარება აღმოჩნდა საჭირო; ისეთ ხომალდზე ამოვყავი თავი, რომელიც თვით ახალშობილისთვისაც სრულიად გამოსადეგი იქნებოდა... გადასვლის წამი მიუწვდომელი დარჩა ჩემთვის. მკვეთრად შემცირებულმა წნევამ თავისი ჰქნა; საფეთქლებში კაკუნი, ნათელი რგოლები თვალის წინ და მისთ. არაფერი მაკლდა-მეთქი, რომ ვთქვა, ეს ძალიან ცოტას მეტყველებს. ადრე ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, თუ შესაძლებელი იქნებოდა ასეთი კომფორტის არსებობა. სანამ შევეჩვეოდი, ბევრი რამ ძალიან მაკვირვებდა. მაგალითად, ხავერდოვანი მანიპულატორები, რომლებიც ისე მემსახურებოდნენ, რომ მათ შეხებას საერთოდ ვერ აღვიქვამდი. ეს მართლაცდა უცნაური გარემო თავისთავად რეაგირებდა ყველაფერზე, თუ რა მესაჭიროებოდა და რა არა, ჩემი ცნობიერებისგან დამოუკიდებლად ეხმაურებოდა ჩემი სხეულის ყოველ უჯრედს. მე არ მჭირდებოდა ისეთ ელემენტარულ ყოფით წვრილმანებზე ფიქრიც კი, მშია თუ მწყურია, მცივა თუ მცხელა... არც რაიმე მცდელობა მჭირდებოდა ჩემთვის ყველაზე მისაღები რეჟიმის შესაქმნელად. თითქოს ვიღაც უხილავი ძიძა ზრუნავდა ჩემზე. თანდათან დავრწმუნდი, რომ შემეძლო სრულიად არხეინად მეგრძნო თავი. ნელნელა ის ხიფათიც გადამავიწყდა, რაც ღია კოსმოსში განვიცადე. ვეღარც კი წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა რაიმე საშიშროება არსებულიყო სადმე. იმ უძირო უფსკრულებისაც აღარ მეშინოდა, ყოველი მხრიდან რომ შემოჰყურებენ ადამიანს კოსმოსში და რომელთა მიმართ ასეთი მყარი რეფლექსები გვაქვს გამომუშავებული. ანკი როგორ შემაშინებდნენ, როცა ამ სანეტარო, უშფოთველმა ყოფამ დიდ მდინარესავით თავის წიაღში აატივტივა ყველაფერი. სამყაროსეული უდიდესი სივრცე, თავისი უფსკრულებით და ვარსკვლავებით, თითქოს ჩემს შიგნით მოექცა. ყველაფერი ჩემში იყო და ამავე დროს ყველგან მე ვიყავი.

      ასეთ უზრუნველ ყოფას ხომ არაფერი სჯობია! მას შემდეგ, რაც პირველად მიეფიცხა შუა ცეცხლს, სულ იქითკენ მიელტვოდა ადამიანი, რაც შეიძლება მაღალი კომფორტი შეექმნა თავის ირგვლივ; ცეცხლი, რომელიც არასოდეს ჩაქრება და ზომიერად გაგათბობს. საკვები, რომელიც არასოდეს გამოილევა... დიახ, ეს ყველაფერი დიდი სიკეთეა, მით უმეტეს ისეთი სახიფათრო მალაყის შემდეგ. მაგრამ მეორე მხრივ, ეს იყო არსებობა, რომელიც ლამის არარსებობას უტოლდებოდა, - აი, რა გამოვიდა ამ დიდი სიკეთიდან. მე ვცხოვრობდი შეგრძნებების გარეშე, ხოლო შეგრძნების გარეშე ცხოვრება უფრო სიკვდილს ემსგავსება, ვიდრე სიცოცხლეს. ასეთ ყოფას ვეღარც სასიამოვნოს დაარქმევ, ვეღარც უსიამოვნოს. არავითარი წინააღმდეგობა, არავითარი გაღიზიანება ან ტკივილი, თვით კოღოს ნაკბენის ოდენაც კი... თვით იმაზე ფიქრიც კი არ მაწუხებდა, მარტო ვიყავი თუ არა. „ჭიანჭველების ბუდის“ ძახილი სრულიად მიყუჩებულიყო ჩემში. ცხადია, ეს სრულქმნილი გარემო ყოველგვარი უარყოფითი ემოციის ჩახშობაზეც ზრუნავდა ჩემთვის მიუწვდომელი გზებით. უკვე ძალიან ახლოს ვიყავი ისეთი მდგომარეობასთან, როცა ყოველგვარი საზღვარი იშლება შენსა და გარემომცველ სამყაროს შორის, როცა ყველაფერი ერთ უსახო მასად ითქვიფება. კიდევ დიდხანს რომ გაგრძელებულიყო ასეთი მდგომარეობა, სულ ადვილად შეიძლებოდა მეც ისე გავთქვეფილიყავი იმ უსახო მასაში, როგორც შაქრის ნატეხი იხსნება წყალში... შეიძლებოდა ლეთარგიის მსგავს უსასრულო, გამოუფხიზლებელ ძილში ჩავფლულიყავი და ყველაფერი გადამვიწყებოდა ამქვეყნად, მათ შორის საკუთარი თავიც კი... ადამიანს საერთოდ ძალიან ადვილად შეიძლება დაავიწყდეს საკუთარი თავი, ხანდახან ამას შეგნებულად მიელვტის კიდეც...

      მაგრამ აქ დედამიწამ მიშველა. დედამიწა არ დამვიწყებია, მე ხომ ოდესღაც დედამიწაზე დავაბიჯებდი, ფეხქვეშ ვგრძნობდი მის სიმკვრივეს...

      დედამიწაზე ფეხის დადგმა!.. შორეულ სამყაროში სამოგზაუროდ წასული ასტრონავტისთვის არაფერია ამაზე უფრო სანატრელი; ყვავილოვანი მწვანე მდელო, პოეტთა ურიცხვი თაობის მიერ შექებული, ანდა ზღვისპირა ნამიანი ქვიშა, ფეხქვეშ საამოდ რომ ჩხრიალებს. თუნდაც უბრალო ქვა-ღორღი იყოს. სულერთია, ეს ყველაფერი ჩემი დედამიწაა. ჩემს სხეულს ახსოვს იგი, არ დავიწყებია... რადაც უნდა დამიჯდეს, ისევ უნდა დავბრუნდე იქ, ისევ უნდა დავადგა ფეხი მიწაზე.

      და უკვე, საკუთარი თავიც გამახსენა ფეხქვეშ დედამიწის სიმკვრივის შეგრძნებამ... გამახსენა და მაშინვე მივხვდი, თუ რა საშიშროების წინ ვიდექი. მივხვდი, რომ აუცილებელი იყო რაიმე მეღონა. როგორმე უნდა დამეღწია თავი ამ სახიფათო გაყუჩებისგან. შემეცნო საკუთარი არსებობა, მეობა... და მერე განუწყვეტლივ შემეხსენებინა საკუთარი თავისთვის, რათა აღარასოდეს დამვიწყებოდა.

      პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ყველაზე უბრალო იყო; სარკეს დავუწყე ძებნა, რათა საკუთარი ორეული დამენახა. ამ თვლემის მსგავსი გაყუჩების დროს სარკეში ერთხელაც არ ჩამიხედავს. აბა, რაში მჭირდებოდა... მით უმეტეს არ სჭირდებოდათ იგი იმ ხავერდოვან მანიპულატორებს, რომლებიც თითქოსდა შეუხებლად მემსახურებოდნენ... მაგრამ ახლა, საკუთარი არსებობის გასახსენებლად ეს აუცილებლობად წარმომიდგა. განა მხოლოდ იმისთვის იხედება ადამიანი სარკეში, რომ წვერი გაიპარსოს და ჰალსტური გამოინასკვოს? მე მგონი, სარკეში ბევრად მეტი რაღაც უნდა ჩანდეს, ვიდრე ჩვენი სხეულის ზედაპირია... ყოველ შემთხვევაში, იმ დროს ასე წარმომედგინა, როცა დიდი მონდომებით მივილტვოდი სარკეში ჩემი ორეულის დანახვას, მაგრამ ვერაფრით ვერ დავინახე...

      ეს იყო პირველი წინააღმდეგობა, რასაც ამ სრულქმნილი კომფორტის პირობებში წავაწყდი; მინდოდა ჩემი ორეულის დანახვა და გარემო ამაზე უარს მეუბნებოდა.

      ძალიან გამიკვირდა და თან გამაღიზიანა კიდეც (ჩემთვის სასიკეთოდ) ამ უცნაურმა მოვლენამ. განზრახვაზე ხელის აღება არც მიფიქრია. გაუთავებლად ვცდილობდი სარკეში ჩემი გამოსუხელბის დაჭერას, მაგრამ რამდენიც არ უნდა მეცადა, ვერაფერსაც ვერ ვხედავდი, რაღაც ბუნდოვანი მნათი ნისლეულის გარდა...

      ამ მნათი ნისლეულის დანახვისას ხშირად მახსენდებოდა პარაბოლური სარკე, რომლისკენაც იმ საბედისწერო ჟამს მივცოცავდი. სულ ახლოს ჩავუქროლე, მაგრამ მე მასში არაფერი დამინახავს. პარაბოლური სარკე იმისთვის არაა შექმნილი, რათა გამოსახულება აირეკლოს იგი ვარსკვლავის სხივებს ერთ წერტილში უყრის თავს. საკმარისია სულ მცირე, სუსტი გამოსხივება, რომ გიგანტურ ნაპერწკლად ამოუწურავია. ერთად ხომ არ ჩაქრება ყველა ვარსკვლავი?.. ანუ თუ ერთი ჩაქრება, იმწამსვე მეორე ინთება სანაცვლოდ, თითქოს თვალმოუხუჭავად ფხიზლობდეს ვიღაც უხილავი მნათე... ეს სარკე თითქოს პარაბოლური ან უნდა იყოს, მაგრამ უცნაურად გამრუდებული ზედაპირი კი აქვს. რატომ არ უნდა ვჩანდე მასში, განგებ მოაწყვეს ასე თუ შემთხვევითი ამბავია?..

      თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თავსატეხი რებუსის ამოხსნის დროს. ვერაფერი ვერ მომოეხერხებინა ამ რებუსისთვის... რამდენიც არ ვუკირკიტე, იმ მრუდეზედაპირიან სარკის მექანიზმს ვერაღერი გავუგე... მაგრამ არც უარის თქმა შემეძლო ამ მცდელობაზე. რაც არ უნდა იყოს, რაღაც საზრუნავით ვიყავი გართული. და ასეთი საქმიანობა, თუნდაც სრულიად უნაყოფო, მაინც ბევრად სჯობდა იმ თვლემისმსგავს არსებობას.

      ერთხელ, როცა სარკის წინ რამდენიმეჯერ შევიცვალე პოზა და ხედვის კუთხე, რა არის როგორმე საკუთარი ორეული დამეჭირა, ამ უნაყოფო ძიებით გაბეზრებულმა და გაღიზიანებულმა ჩემთვისვე უნებლიედ ხმამაღლა ვთქვი; სადა ხარ, ბოლოს და ბოლოს, დამენახვე-მეთქი. ჩემს ორეულს ვუთხარი ეს სიტყვები. ორეულს, რომელიც ჯიუტად გამირბოდა.

      როგორც კი ფრაზა დავასრულე, ვიღაცის ხმა გაისმა:

- მე აქვე ვარ, შენს გვერდით.

      მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ვერაფერიც ვერ დავინახე. პირველი, რაც ამ დროს თავში გამიელვა, ის იყო, რომ ალბათ ე.წ. „ანგელოზი“ მელაპარაკება-მეთქი, როგორც გამჭირვალე მასალისგან დამზადებულ რობოტებს უწოდებენ. ასეთ რობოტებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნილებაა. არავის არ სიამოვნებს ადამიანს მიმსგავსებული რაღაც საფრთხობელას უყუროს, როგორც არ უნდა შეალამაზო, სულერთია, მაინც საფრთხობელაა. შედარებით სუსტნერვებიან ხალხზე ცუდად მოქმედებს. მე ადრეც მქონდა ნანახი მსგავსი ეგზემპლარები და ჩემი უხილავი თანამოსაუბრეც მათ რიცხვს მივაკუთვნე. ოღონდ ჩემს მიერ ადრე ნანახი „ანგელოზები“ ხანდახან უნებურად მაინც ამჟღავნებდნენ თავიანთ არსებობას; ხან ელექტრონაპერწკალი გაკრთება, ხან სხივი გადატყდება რომელიმე უჯრედში ან გამტარში. აქ კი სრულიად არაფერი ჩანდა, თითქოს სიცარიელეს ველაპარაკებოდი. მეც დავასკვენი, რომ ეს „ანგელოზიც“ ალბათ სრულყოფილების ნიმუშია, როგორც სხვა დანარჩენი ამ სრულქმნილ გარემოში. ამიტომაც არის სრულიად უხილავი.

      სრულქმნილების რა დონეზეც არ უნდა იდგეს, ბოროტი მაინც ბოროტია. მეც ბევრი იწილო-ბიწილო არ დამიწყია, მაშინვე საქმეზე გადავედი:

- მიწაზე როდის დავეშვებით, ჩემო ანგელოზო?

      მფარველური ტონით ვკითხე, რობოტს ასე უნდა ელაპარაკო.

- როცა დრო მოვა. - იყო ლაკონიური პასუხი.

      ძალიან გამაბრაზა ამ პასუხის თავხედურმა ტონმა. რას ნიშნავს „როცა დრო მოვა“. რა უფლება აქვს ასეთი ბუნდოვანი ფრაზებით მელაპარაკოს. განა ამ ზეგამჭვირვალე „ანგელოზისთვის“ ცნობილი არაა, რომ ბოროტებმა მხოლოდ შეკითხვებს უნდა გასცენ პასუხი... თუმა ეს პირობა უნაკლოდ შეასრულა. მანამდე არ ამოიღო ხმა სანამ არ დაველაპარაკე. აბა, საიდან უნდა ცოდნოდა, თუ საკუთარ ორეულს ველაპარაკებოდი... დიახ, შეკითხვებს უნდა გასცენ პასუხი და ეს პასუხიც ისეთივე გამჭვირვალე უნდა იყოს, როგორიც თვითონვე არიან.

      ასე რომ, თუ ერთ შემთხვევაში რობოტს ჰგავდა ჩემი უხილავი თანამოსაუბრე, მეორეში უფრო ადამიანს ემსგავსებოდა. დამაეჭვა ამ გაორებულმა თვისებებმა. სიფრთხილე ვამჯობინე. ხმამაღლა არ გამომითქვამს აღშფოთება მისი წრესგადასული თავხედობის გამო. ისევ გავაგრძელე მასთან მუსაიფი, ოღონდ მფარველურ ტონზე უარი მაინც არ მითქვამს. შეკითხვებსაც უკვე მოიარებით ვაძლევდი. ძალიან მაინტერესებდა გამერკვია, რისი მაქნისი იყო ეს სათამაშო, იქნებ გამომდგომოდა რამეში...

- ერთი ეს მითხარი, ამ სარკეში ჩემს თავს რატომ ვერ ვხედავ? - ასეთი იყო ჩემი მეორე შეკითხვა, თითქოს სხვა ყველაფერი გარკვეული ყოფილიყო ჩემთვის.

- ამ სარკეში სხეულის ზედაპირიდან არეკლილი სინათლის სხივები არ ხვდება.

      ვერაფერს იტყვი, თითქოს ნათელი პასუხია...

- ბარემ ისიც მითხარი, ეს მანათობელი ნისლეული რომელი წარმოშობისაა.

- სხეულშიდა წარმოშობის...

- გამოდის, რომ თურმე ეს მანათობელი ნისლეული მაინც ჩემი ორეული ყოფილა. - შევნიშნე მე.

- სრული ჭეშმარიტებაა, რამდენადაც...

      და აქ ჩემმა უხილავმა თანამოსაუბრემ ფართო ახსნა-განმარტება წამოიწყო. ვუსმენდი და მის სიტყვებზე ძალაუნებურად ერთი ჩემი მასწავლებელი მაგონდებოდა; ხანშიშესული, ფიჩხივით გამხმარი კაცი. დიდის ამბით გვიხსნიდა (ოდესღაც იქ, დედამიწაზე...) რომ ადამიანი თავის თავში სინათლის მთელ თაიგულს შეიცავს. (ეს სიტყვა „სინათლის თაიგული“ განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ისეთი ამბით წარმოთქვამდა ხოლმე...) რომ ყველა ადამიანი ნამდვილი ცოცხალი დაიოსადგურია ამ თაიგულის წყალობით. შევყურებდი და ვერაფრით ვერ წარმომედგინა, თვითონ მას, ამ ფიჩხივით გამომშრალ კაცს, რა თაიგული უნდა გამოესხივებინა. მაგრამ როცა ექსპერიმენტულ ნაწილზე მიდგა საქმე, აღმოჩნდა, რომ მართლა ასხივებდა, როგორც ჩვენ ყველანი. ჩაბნელებულ ოთახში რიგრიგობით შეგვიყვანა. იქ, ლითონის მოლაპლაპე ეკრანზე ჩვენი გამოსხივების მანათობელ პროექციას ვხედავდით. ჩემი მასწავლებლის მანათობელ პროექციასაც მოვკარი თვალი იმ ეკრანზე. ყოველ ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია ეს გამოსხივება. „ანგელოზის“ ნათქვამში ჩემთვის სიახლე არაფერი არ ყოფილა. ერთი ის მაკვირვებდა, ასეთი სარკე რიღასთვის დასჭირდათ... სარკე, რომელიც სხეულის ზედაპირს არ ცნობს და მხოლოდ სიცოცხლის გამოსხივებას აირეკლავს. აქ ხომ ცოცხალი არსება არავინაა, ჩემს გარდა. ეს გამჭვირვალე სათამაშო, ცხადია, სათვალავში არ ჩაიგდება...

      „ანგელოზს“ უბოდიშოდ შევაწყვეტინე ლაპარაკი:

- შენ თვითონ თუ ხედავ შენს თავს ამ სარკეში?

- რა თქმა უნდა, ვხედავ. - იყო მშვიდი პასუხი.

- მერე, როგორი სახით ხედავ? - ვკითხე და თან ვფიქრობდი, იქნებ იუმორის გრძნობაც გააჩნია ამ სათამაშოს. სხვათაშორის, ასეთი ნიმუშებიც არის ცნობილი, გაეხუმრები, გაგეხუმრებიან...

      გამაბრუებელი პასუხი აქ მივიღე.

      ადამიანის სახითო, მითხრა.

      რამდენიმე წამით მის დანახვას ვცდილობდი ჩემს წინ გამოკიდებულ სიცარიელეში და მერე თავმობეზრებული კაცის ხმით ვკითხე;

- რომელი ადამიანის... ვინ არის ის ადამიანი!

- შენისთანა ასტრონავტი...

      რაც შემდეგ „ანგელოზისგან“ შევიტყვე, სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ჩემთვის, თუმცა დასაწყისში საკმაოდ ბანალურად გამოიყურებოდა. სხვა შემთხვევაში ალბათ ყურადღებასაც არ მივაქცევდი... მხედველობაში ის მაქვს, რომ დედამიწაზე დაბრუნების დიდი სურვილი მქონდა, თან უსაქმობისგან ვიყავი გაბეზრებული. კინაღამ ისევ თვლემა მომერია, რომელსაც ეს-ესაა ძლივს დავაღწიე თავი; ხოლმადი, რომელმაც ავარია განიცადა, ვეღარ შეეძლო დედამიწაზე დაბრუნება და წლობით დაეხეტებოდა სიცარიელეში. იმ ავარიის შედეგად მართვა დაკარგა, თორემ სიცოცხლე არ ჩამკვდარა. მის ბორტზე უცვლელად იყო შენარჩუნებული შიდა ეკოლოგიური გარემო, რაც სიცოცხლის წრებრუნვისთვისაა აუცილებელი. ის პირველი ასტრონავტი, ვინც ოდესღაც დედამიწა დატოვა უნაკლოდ აღჭურვილი ხომალდით, რომელსაც თვითაღდგენის, თვითგანახლების უნარიც გააჩნდა, დიდი ხანია აღარ იყო ცოცხლებში. მისი შემდგომი თაობები იზრდებოდნენ და ვითარდებოდნენ უგზო-უკვლოდ მიმქროლავ ხომალდზე, რომელიც სულ უფრო და უფრო შორდებოდა დედამიწას.

      მსგავსი ამბები ბევრი გამეგონა. სტარტიდანვე ათასი მოულოდნელობა უდარაჯებს კოსმოსში გასულ ხომალს, რა ტექნიკითაც არ უნდა იყოს აღჭურვილი. სულაც არაა გამორიცხული, ვთქვათ, ხომალდის აფეთქება მისივე საწვავის წყალობით, თუმცა ამის ალბათობა თითქოსდა ნულს უტოლდება სპეციალისტების აზრით... მაგრამ არავითარი აფეთქება, შეჯახება ან სხვა ამდაგვარი კატასტროფა არა მზარავს ისე, როგორც მსგავსი სურათის წარმოდგენა: ხომალდი, რომელსაც აღარავინ მართავს და გიგანტური სიჩქარით ბრმად მიჰქრის სივრცეში, არ ეჯამება არცერთ ციურ სხეულს ბედის რაღაც უცნაური ახირების წყალობით, არც რომელიმე ვარსკვლავის ტვეობაში მოექცევა. ხომალდის გარსი მარად ურღვევია თვითაღდგენის უნარის წყალობით. მის ბორტზე კი განუწყვეტლივ ფუთფუთებს სიცოცხლე. ხარობენ მცენარეები, რომლებიც ჟანგბადს გამოჰყოფენ, იზრდებიან თაობები, რომლებიც ჩაისუნთქავენ ამ ჟანგბადს და ერთმანეთს ცვლიან, ცვლიან, ცვლიან დაუსრულებლად.

      უფსკრულში გადახედვასავით, თან მაშინებს და თან ძალზე მიზიდავს ერთი წუთით წარმოვიდგინო, რას უნდა განიცდიდეს ადამიანი ამ ბრმად მიმქროლავ ხოლმალზე; უსასრულოდ ხანგრძლივი წლები, უკვალოდ დანთქმულნი სიცარიელის უფსკრულებში... ვარსკვლავთა მანათობელი გირლანდები, რომლებიც ზანტად ცვლიან ერთმანეთს. აქ ხომ ისეთივე მკაცრი წესრიგით აღარ მეორდება ცის ვარსკვლავური სურათი, როგორც ეს დედამიწაზე ხდება. გიგანტური სიჩქარით მიმქროლავი ხომალდი ადგილს იცვლის და ვარსკვლავებიც ადგილს იცვლიან. მოზარდ თაობებს ელექტრონული ძიძა ჩასჩურჩულებს მათ სახელებს და ეუბნება, რომ აქედან ძლიან შორს, იმ თანავარსკვლავედების მიღმა, ანთია ერთი საშუალო სიდიდის ვარსკვლავი, რომელსაც სახელად მზეს ეძახიან. მზეს ცთომილთა მთელი ამალა ახლავს თან. იმ ამალაში ერთერთს დედამიწა ჰქვია. „დედამიწა!“ ნეტავ როგორ ჟღერს მათთვის ეს სიტყვა... მოწიწებით იმეორებენ ამ სიტყვას, თან შეჰყურებენ მიწიერ ფერადოვან სურათებს, რასაც პუნქტუალურად სთავაზობს დაუზარელი ელექტრონული ძიძა: მთები, ზღვები, ტყეები, ყვავილოვანი მწვანე მდელო, მოჩხრიალე ნამიანი ქვიშა... ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი ლანდებია მათთვის... ძალზე რეალური, მაგრამ უსხეულო, როგორც მირაჟი. მთლიანად დედამიწაც, ჩაღამებულ სიცარიელეში გამოკიდებული ცისფერი მძივი, უმშვენიერესი ჯადოსნური სამყაროა მათთვის, ზღაპარივით შორეული და მიუწვდომელი. ისინიც იზრდებიან, მიწიერი ზედაპირებით და მირაჟებით გარემოსილნი. აგრძელებენ იმავე სამუშაოს, რაც ერთ დროს დაიწყო იმ პირველმა დაკარგულმა ასტრონავტმა. გროვდება უამრავი მეცნიერული ინფორმაცია. იცვლებიან თაობები, იცვლება სხეული. შედარებით უფრო ნელა, მაგრამ დაჟინებით იცვლება გონებაც, კიდევ უფრო გამდიდრებული და ძლევამოსილი გადადის სხეულიდან სხეულში, თავის ტვინიდან თავის ტვინში... ერთადერთი, რაც არავითარ ცვლილებას არ განიცდის, ესაა მშვენიერი ოცნება დედამიწაზე, იგი უცვლელად გადადის თაობიდან თაობაში. და მათთვის დედამიწაზე დაბრუნება, მიწაზე ფეხის დადგმა იგივეა, რაც ზღაპრის რეალობად ქცევაა მიწიერი ბავშვისთვის.

      ასეთი სურათი მაშინ მიიღება. როცა შიდაგალაქტიკურ სივრცეში დაჰქრის ხომალდი, სინათლის ბილიკებით დაქსელილ ღამეში. მაგრამ თუ ხომალდი გასცდა თანავარსკვლავედთა საზღვრებს და თავი ამოჰყო გარეგალაქტიკურ სივრცეში... რა საზარელია ეს მკვდარი სივრცე!.. უსასრულო, გაყინული წყვდიადი, რომელსაც არსერთი ვარსკვლავი აღარ ანათებს! მხოლოდ სამარეს თუ შეიძლება იგი შეადარო, კედლებს რომ ვეღარ მოუსინჯავ ხელის ცეცებით. ამ მკვდარ სივრცეში წლობით მიჰქრის ხომალდი, რომელიც თვითონაც მკვდარი უნდა იყოს დიდი ხანია, მაგრამ ბუნების რაღაც აუხსნელი ახირების გამო მის ბორტზე ისევ ღვივის სიცოცხლე... სიცოცხლე გადარჩა, გაიარა უთვალავი ბეწვის ხიდი მუტაციის და ადაპტაციის გზებზე. ისევ იზრდებიან თაობები, რომლებიც ადამიანის გონიერი თვალებით შესცქერიან ამ გაუთენებელ ღამეს და ესმით მშვენიერი ზღაპრები მირაჟივით მიუწვდომელ დედამიწაზე.

      ხანდახან რომელიმე შორეული მანათობელი სამყარო ამოცურდება ბნელეთის ოკეანის ნაპირას, მარაოსავით გაშლის ცეცხლოვან რკალებს. მაშინ მისკენაა მიმართული ყველა ამ გონიერი, ფართოდ გახელილი თვალების ისარი. კარგად იციან, ამ სინათლის კუნძულს უნდა მიაპყრონ მთელი გულისყური, რათა ოდესმე შეძლონ წყვდიადის სამარიდან ამოსვლა. სინათლეა მათი მეგზური. ხანდახან მატყუარაც, მაგრამ საბოლოოდ მაინც გზის გამკვლევი... სინათლე, ეს საოცრება, რომელსაც მეცნიერებმა ასე მოსწრებულად უწოდეს „ყველაზე ბნელი ადგილი ფიზიკაში...“ ამაოდ არ მომიყვანია აქ ეს ფრაზა, სინათლე მართლაც სასწაულთა ამოუწურავი ზღვაა, როგორც შემდეგ დავინახავთ...

      მაგრამ მართვადაკარგულ ხომალდს ჯერჯერობით არ შეუძლია სინათლის კუნძულისკენ აიღოს გეზი. მანათობელი შორეული სამყარო თანდათან მკრთალდება, ცეცხლოვანი რკალები სიბნელის ზღვარში იძირებიან. ხომალდმა, რომელსაც თვითგანახლების უნარი გააჩნდა და არ დაუკარგავს იგი, კიდევ დიდხანს უნდა იხეტიალოს მკვდარ სივრცეში. კიდევ ბევრმა თაობამ უნდა მიაპყროს ფართოდ გახელილი მეოცნებე თვალები წყვდიადის მიღმა მოგიზგიზე ჩირაღდანს, სანამ ბოლოს მათ შორის არ აღმოჩნდება რომელიმე, ვინც შეძლებს ნაბიჯი გადაადგას იმ ჩირაღდნისკენ...

      ასეთი დღეც დგება.

      მასში უკვე ბევრი ახალი თვისებაა. თავისთავად ცხადია, ბევრად უფრო აღმატებული და ძლევამოსილი გონების მფლობელია, ვიდრე ის ასტრონავტი, ვინც პირველმა დასტოვა დედამიწა. ამასთან ერთად, მასში თავმოყრილია მთელი წინა თაობების დაუოკებელი ლტოლვა სინათლისაკენ. რა აძლევს ნაპირთან ტალღას დამანგრეველ ძალას? ის შორეული ტალღები, რომლებიც შუა ზღვაში დარჩნენ და ნაპირს ვერასდროს ვერ მიაღწევს. ხოლო ის ბევრი ახალი თვისება, რაც მისგან გონებამ შეიძინა, უმეტესწილად სხვა ნიადაგში გადანერგვის წყალობა იყო... მეც ძალიან მიკვირდა და ძლივს დავიჯერე მას შემდეგ, რაც სრულიად მწყობრი თეორია ვიხილე, „გამჭირვალე ანგელოზის“ მიერ ჩამოყალიბებული. თურმე გონება, ეს უცნაური მცენარე, შეიძლება ხარობდეს ტვინის რუხი ნივთიერების მიღმა... ოღონდ ერთი აუცილებელი პირობით; უნდა არსებობდეს „სინათლის თაიგული“, რაც ყოველ ადამიანში დავანებულა. განვითარების რომელიღაც საფეხურზე სიცოცხლემ უარი თქვა ცილოვან უჯრედზე, როგორც მძიმე ტვირთზე ასეთ უჩვეულო პირობებში, და თავისებურ უსხეულო სხეულში, „სინათლის თაიგულში“ გადაინაცვლა... სინათლე ყველაზე ხელსაყრელი ნიადაგი აღმოჩნდა გონებისთვის. ხომ ძველთაგანვე ცნობილი ფაქტია, რომ სინათლეს შეუძლია ინფორმაციის დამახსოვრება... სწორედ „სინათლის თაიგული“, ამ მრუდე სარკეში არეკლილი მანათობელი ნისლეული ყოფილა ყველაზე მთავარი... უიმისოდ შეუძლებელი იქნებოდა იმ ჩირაღდნისკენ გზის გაკვალვა. მცენარის თესლი მიწის წიაღში, სრულ სიბნელეში ღვივდება, შემდეგ კი პოულობს გზას სინათლისკენ, სწორედ იმის წყალობით, რომ მასშიც ანთია „სინათლის თაიგული“, სიცოცხლის გამოსხივება...

      ერთი სიტყვით, არავითარი „ანგელოზი“, არავითარი გამჭვირვალე სათამაშო! ჩემს წინაშეა ჩემისთანა ასტრონავტი, მიწიერი წარმოშობის ადამიანი, ოღონდ, ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, მასში ბევრად ძლიერია „სინათლის თაიგული“. შეიძლება ითქვას, ეს არის ერთგვარი შედედებული სინათლე, ანდა ვთქვათ, შეკუმშული. ამ „თაიგულში“ შენარჩუნებულია ყველა ადამიანური თვისება, მათ შორის ისიც, რომ მასაც ჩემსავით ენატრება დედამიწა, ენატრება მიწაზე ფეხის დადგმა...

      ბნელს ნათელი მოეფინაო, ალბათ ისე არაფერს მიესადაგება ეს გამოთქმა, როგორც ამ აღსარებას, რაც მე ჩემი უხილავი თანამოსაუბრისგან მოვისმინე. ლამის მუხლებზე დავცემულიყავი და თაყვანი მეცა მისთვის, როგორც ძველი სამყაროს ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. სიცოცხლე, სულ ერთიანად საოცრებათაგან ნაქსოვი ჯადოსნური ყვავილი, რომელსაც თვით მარადისობაში გაუდგამს ფესვი! არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც შეაჩერებდა მის ძლევამოსილ წინსვლას. პირიქით, ეს დაბრკოლება ისევ იმას ემსახურება, რათა კიდევ უფრო სრულქმნილი იშვას საკუთარი თავისგან. თვით ღმერთის სიმაღლეზე ამაღლებულა სულით და ხორცით მიწიერი, ჩვეულებრივი ადამიანი... აკი მართლაც ასეთი სახით წარმოედგინა ადამიანს ღმერთი, როგორც უკვე ვთქვი ერთხელ... და ზეცის ნაცვლად დედამიწა ქცეულა მისთვის სალოცავ ხატად.

      დედამიწა... ეს აღმოჩნდა ჩვენი შემდგომი ურთიერთობის მომავალი რგოლი. მას მართლაც ძალიან ენატრებოდა დედამიწა. ამის მიხვედრა მე არ გამძნელებია. ძველი სამყაროს უკარება ღმერთებისგან განსხვავებით ჩემს „ღმერთს“ (აწი უკვე ასე უნდა ვუწოდო) ძალზე გულღია ხასიათი აღმოაჩნდა. ათას რამეზე ვსაუბრობდით. მფარველურ ტონზე ცხადია, მაშინვე ვთქვი უარი. ახლა მე მას, როგორც ტოლი ტოლს, ისე ველაპარაკები... საათობით შეგვეძლო ვთქვათ, იმაზე გვემსჯელა, თუ როგორი ვარჯიშების შესრულება სჯობია დილით, ახალგაღვიძებულზე. მე იმ აზრისკენ ვიხრები, რომ დილით, როცა სხეული ჯერ ისევ მოდუნებულია, შედარებით ზანტი, ნაკლებად მკვეთრი მოძრაობების შესრულება სჯობია, დაახლოებით ძველი იოგების მსგავსად. ეს მშვიდი, შენელებული რიტმი თანდათანობით გადაგვიყვანს თვლემიდან სიფხიზლისკენ, ისე რომ ერთი წამითაც არ დაირღვევა სხეულის და სულის ჰარმონია. მკვეთრი მოძრაობები, ხტუნვა და ცეკვა მოგვიანებით აჯობებს, როცა სხეული მთლიანად გამოფხიზლდება. „ისიც“ სავსებით მეთანხმება, ოღონდ ერთი შესწორება შეაქვს; დაჭიმვა რაც შეიძლება ენერგიულად უნდა შესრულდეს დღის ნებისმიერ დროს. სხეულის ყოველმა უჯრედმა უნდა შეიგრძნოს თავისი არსებობა. სხეულს უნდა გრძნობდა მთლიანობაში და ამავე დროს თმის უმცირეს ბეწვამდე. სხეული, რომელითაც დედამიწას ეხება, მიწაზე დააბიჯებ...

      და ყოველთვის, რაზედაც არ უნდა გველაპარაკა, ამ თემას უბრუნდებოდა. დედამიწა, სხეული, მიწაზე ფეხის დადგმა... თანდათან დავრწმუნდი, რომ ჩემზე ნაკლებად როდი ენატრებოდა დედამიწა. ამან კიდევ უფრო აშკარად დამანახა მისი მიწიერი წარმოშობა. სხვა სამყაროდან რომ ყოფილიყო მოსული, ასე რად მოენატრებოდა მაშინ ეს ნამცეცა ცთომილი. „ღმერთი“ ნამდვილად მიწიერი და მიწიერ ნოსტალგიას შეეპყრო.

      აქ ერთი წინააღმდეგობა იჩენს თავს: როგორ! ასეთი ძლევამოსილი არსება, რომლისთვისაც აღარაფერია შეუძლებელი; მან შეაღწია ენერგიის აკრძალულ სამალავებთან. სივრცე და დრო მისთვის ჭადრაკის ფიგურებად ქცეულან. როგორც მოესურვება, ისე გადაადგილებს მათ. რანაირად მოხდა, რომ დედამიწა მიუწვდომელი დარჩა მისთვის?

      მიუწვდომელიო? მას შეეძლო დედამიწა გამჭოლ გაეკვეთა გალაქტიკის ცენტრიდან მომქროლავი დიდი ენერგიის მქონე კოსმოსური სხივების მსგავსად... დედამიწა ჩვენთან ძალიან ახლოს, შეიძლება ითქვას, მეტისმეტად ახლოს იყო, ხან ცისფერი მძივივით ციმციმებდა ზუსტად ჩვენს ცხვირწინ, სულ ერთი ბეწო და უწყინარი... ხანაც უსაშველოდ დიდი და შიშისმომგვრელი, მძიმედ იძროდა ვარსკვლავიერი ცის ფონზე. ამ დროს რა მრისხანე იერი ჰქონდა ამ ნამცეცა სათამაშოს! ოკეანე ხან პატარა ღელესავით მიედინებოდა ჩვენს ფეხქვეშ, ხანაც მთელ სამყაროს ავსებდა თავისი ყოვლისმომცველი სილურჯით. შემეძლო მეხილა ზღვის აქაფებული ტალღა, მთასავით უძრავად გაყინული, თვითონ მთები კი აღელვებული ზღვის ზედაპირით ბორგავდნენ... ალბათ ცოტა ვინმეს თუ დაუნახავს ზეცა პეპლების თვალით (უსაზღვროა მხედველობის არე, როცა თვით ყოვლისმშემძლეობაა შენი მეგზური). მზე სრულიად უძრავად იყო ცაზე მილურსმული. და საღაოს, როცა მზე ჩადიოდა, დამავიწყდა კიდეც, როგორ გამოიყურებოდა იგი შუადღისას. მეგონა, ასე წითლად ბრიალებდა ყოველთვის. თურმე თვით მთებიც შეჰყურებენ ზეცას და მათ თვალში ვარსკვლავებს თავბრუდამხვევი ფერხული გაუჩაღებიათ. მზე და მთვარე, ეს ორი მთავარი მოცეკვავეა, რომლებიც განუწყვეტლივ ასრულებენ რაღაც რიტუალურ ცეკვას. ხან მიუახლოვდებიან ერთმანეთს, ხან დაშორდებიან. ამ ბრწყინვალე შუქ-ჩრდილებისგან ნაქსოვ სცენაზე ხანდახან თავხეზელაღებულივით შემოიჭრებიან კუდიანი ვარსკვლავები. მათი ყოვლად უცანური, სახიფათო მარყუჟების ხილვისას მიწაზე მკვიდრად დანდობილი ფესვები უთრთით ასწლოვან მუხებს.

      სულ ახლოს იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს მაინც მიუწვდომელი რჩებოდა, საკუთარი ნიდაყვივით. მე არ შემეძლო მიწაზე ფეხის დადგმა, რადგან ასეთი იყო „ღმერთის“ ნება... თურმე თვითონ „მას“ არ შეეძლო მიწაზე ფეხის დაბიჯება... სხეული ხომ აღარ ჰქონდა. დიახ, „მას“ შეეძლო დედამიწა გამჭოლ გაეკვეთა კოსმოსური სხივების მსგავსად, მაგრამ არ შეეძლო შეხებოდა... დედამიწა ისევ მირაჟივით მიუწვდომელი რჩებოდა მისთვის. ეს ბუნდოვანი სიტყვებიც „როცა დრო მოვა“, იმას ნიშნავდა, რომ მე მაშინ დავადგამდი ფეხს მიწაზე, როცა თვითონაც დაიბრუნდება სხეულს და შეძლებდა მიწაზე ფეხის დაბიჯებას.

      ასეა, უმსხვერპლოდ არაფერი მოდის. მან მიაღწია სრულყოფილების მწვერვალს (მხედველობაში მაქვს ყველგან და ამავე დროს თითქოს არსად ყოფნის საოცარი უნარი, კოლოსალური ენერგიის ფლობაზე რომ არაფერი ვთქვათ) ოღონდ სხეულის დაკარგვის ხარჯზე. ახლა კი ისევ მოენატრა, რაზედაც ერთ დროს თვითონვე თქვა უარი. ეს ყველაფერი ძალიან მაგონებდა თვით ადამიანის სწრაფვას რაღაც უსხეულო იდეალისკენ. აქაც იგივე მოვლენაა, ოღონდ შებრუნებული ნიშნით. ალბათ ბუნებაში არაფერი არ ხდება ისეთი, რასაც თავისი საწინააღმდეგო ნიშანი არ გააჩნდეს. თუ არსებობს სხეულის სწრაფვა უსხეულოსკენ, უნდა დავასკვნათ, რომ არსებობს მისი შებრუნებული პროცესი, უსხეულოს სწრაფვა სხეულისკენ.

      თანაც ეს ორი ურთიერთშებრუნებული პროცესი იმითაც ჰგავს ერთმანეთს, რომ არცერთი არაა უხიფათო. ეს სრულიად შემთხვევით გამოირკვა ჩვენს საუბარში, როდესაც ჩვეულებისამებრ, ათასგვარი წვრილმანის შემდეგ ისევ „დედამიწას“ დავუბრუნდით. მე ვთქვი:

- ო, რა მძიმეა ხანდახან სხეული. რა შემაწუხებელია და დამღლელი. რა ხშირად ვნატრობთ უიმისობას და იქნებ მართლაც ასე სჯობდეს...

      ამაზე უჩვეულოდ სევდიანი ხმით მიპასუხა:

- შენ წარმოდგენაც არა გაქვს, რას ნიშნავს, გქონდეს სხეული. ხომ არ გგონია, ცოცხალ სხეულში უფრო ნაკლები ენერგიაა, ვიდრე ნებისმიერ ვარსკვლავში...

      ამ შენიშვნას ძალზე ხანგრძლივი ახსნა-განმარტება მოჰყვა, რამაც მე ბევრ რამეზე ამიხილა თვალი; ჯერ ერთი, ცოცხალი სხეული, როგორც სასწაული სასწაულთა შორის, რაღაც განსაკუთრებული სახეობის ზეენერგიის მფლობელია, ოღონდ ეს ზეენერგია სრულიად დახშულია ადამიანისთვის... მეორეც... თვითონ ადამიანის სხეული, ეს უფაქიზესი და უზუსტესი მექანიზმი, მიწიერი სიცოცხლის ჭეშმარიტი გვირგვინია. იგი ხომ თავის თავში მოიცავს სიცოცხლის ყველა ფორმას, რაც კი ოდესმე განსულიერებულა დედამიწაზე. დაახლოებით ისე, როგორც ყველაზე მძიმე მეტალი შეიცავს თავის წინამორბედ მეტალებს. მერე კიდევ, ამ სასწაულთ სასწაულის ხელახლა მოპოვების მცდელობა!.. თურმე ეს არც ისე უხიფათო ყოფილა. როგორც ადამიანს უდარაჯებს ათასგვარი დაბრკოლება უსხეულოსკენ ლტოლვაში და შეიძლება დაიღუპოს კიდეც, ზუსტად ასევე, არც შებრუნებული მოვლენაა ნაკლებად საშიში. თურმე „მასაც“ აფიქრებს ამ ნაბიჯის გადადგმა. ხომ უსაზღვროდ ფართოა მისი ცოდნა სხეულის შესახებ, მაინც არაა საბოლოოდ დარწმუნებული, შეძლებს თუ არა თავისი მიზნის განხორციელებას, სულ მცირე რამ საკმარისია, რომ ყველაფერი წყალში ჩამეყაროსო. ამიტომ ხანდახან ისეთ რამეებს მეკითხება, რაც მე სასაცილოდ არ მყოფნის. ეს ჩემს თვალში ჩანს ისე, თორემ თვითონ „მას“, ვინ იცის, რისთვის სჭირდება:

- რას განიცდი, როცა მიწაზე დააბიჯებ?

      ამ ყოვლად უბრალო შეკითხვამ დიდი თავსატეხი გამიჩინა. რას უნდა განვიცდიდე, ფეხქვეშ მყარი ნიადაგის სასიამოვნო შეგრძნების გარდა. ეს განსაკუთრებით მაშინაა სასიამოვნო, როცა შორეული მოგზაურობიდან ბრუნდები... სიმყარის და უძრაობის შეგრძნება განუყოფლად თან გდევს, თუ ჭაობებზე არ დააბიჯებ.

      სათითაოდ ჩამოვთვალე ყოველგვარი ნიადაგი, რომელზედაც ადამიანს შეეძლება მოუწიოს სიარულმა. მეგონა ამომწურავად ვუპასუხე და კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ჩემმა მონდომებამ „იგი“ პირიქით, აღაშფოთა.

- ...არსებობს რაიმე უძრავი და მყარი? განა ადამიანებისთვის ცნობილი არაა, რომ დედამიწა უსასრულო სივრცეში მიჰქრის? თუ ცნობილია, მითუმეტეს... სიმყარის და უძრაობის შეგრძნება მას არაფრად სჭირდება. ადამიანი, რომელიც მიწაზე აბიჯებს ფეხს, უნდა შეიგრძნობდეს დედამიწას, როგორც ერთიან სხეულს. ეს არის ჭეშმარიტი სიმყარე. დედამიწა და ადამიანი, ეს განუყოფელი მთლიანობაა. თუ ცოცხალ სხეულს ეს შეგრძნება არ გააჩნია, ძალზე დიდი დანაკლისია მისთვის...

      ალბათ, მართლაც ასეა. ფიზიკურად რომ წარმოიდგინო ეს მოდელი უფრო აშკარად ჩანს ეს დანაკლისი. ადამიანიც თავისთავად ძალზე პატარა ობიექტია, მაგრამ დედამიწასთან ერთ მთლიანობაში აღებული შეუდარებლად აღემატება თავის თავს.

      ცოტა ხნის შემდეგ ახალ შეკითხვას მაძლევს.

- რატომ გიყვართ მთაზე ასვლა?

      ანდა

- ...რატომ გაჯადოებთ უფსკრულში გადახედვა?

      და იქვე

- ...როგორი მოჩანს მზე, როცა მჭიდროდ მოხუჭული წამწამებიდან შეჰყურებთ?

      მეც ათასნაირად მიხდება თავის მტვრევა ამ სრულიად უბრალო კითხვებზე პასუხის გასაცემად. რა დალაგებითაც უნდა მოვიფიქრო და მყარი პასუხი გავცე, ერთი მოსმით უძირო უფსკრულს აღმოუჩენს ფეხქვეშ. ჩემი დასკვნები ისე ჰკიდია იმ უფსკრულის თავზე, როგორც აბლაბუდას უღონო ძაფზე შერჩენილი კოღოს ფრთები...

      წარმოდგენაც არა მაქვს, როგორ გამოიყენებს ჩემს პასუხებს, რა დასკვნები გამოაქვს მათგან. ერთი რამ კი ნაღდად ვიცი: „იგი“ აუცილებლად შეეცდება სხეულის დაბრუნებას, რათა ფეხი დაადგას მიწაზე. არავითარი ხიფათის წინ არ დაიხევს უკან, ოღონდ საკუთარ თავს ხორცი შეასხას იმ სახით, რა სახითაც ხედავს ჩემთვის გამოუცნობ მრუდეზედაპირთან სარკეში. მეც მეტი რა მინდა, მასთან ერთად მეც დავადგამ ფეხს მიწაზე. ჩვენი ერთად ყოფნა თავისებური სიმბიოზია. მე „,იგი“ მჭირდებოდა, რათა იმ ავარიის დროს ეშველა ჩემთვის. ახლაც მჭირდება, რათა დედამიწაზე დავბრუნდე... მასაც ძალიან ვჭირდები, რათა სხეული დაიბრუნოს. უჩემოდ „იგი“ ვერაფერს გააწყობდა. ალბათ ყველგან მომძებნიდა, თუნდაც მწიფე ვაშლივით არ ჩავარდნოდი ხელში. ახლა კი სულ არხეინად შემეძლო შორიდან მეყურებინა ყველაფრისთვის, თვით საკუთარი თვალით მეხილა სამყაროთა გარდასახვა; ასანთის ღერივით იწვოდნენ ვასრკვლავთა გიგანტური ჩირაღდნები... ცივი მტვერი უშველებელ სივრცეს ეფინებოდა და ლამის ამოევსო ყველა უფსკრული. მერე კი ამ განფენილი, მარგალიტისფრად მოციმციმე ნისლეულიდან ისე ამოცურდებოდნენ ახალი სამყაროები, როგორც ყველის თავი ამოცურდება შედედებული რძიდან. ამ ნისლეულის ხილვა უცნაურ გრძნობას ბადებდა ჩემში... თითქოს იმავე მრუდე სარკეს შევყურებდი, რომელშიც ამაოდ დავეძებდი საკუთარ ორეულს. ერთხელ ვკითხე კიდეც ამის შესახებ; თავიდანვე რად არ შემეხმიანე, როცა შენს გვერდით ამოვყავი თავი, სარკეებში რად მაძებნინე საკუთარი ორეული-მეთქი.

      ამაზე სრულიად ამომწურავი, „ადამიანური“ პასუხი მივღე; ადამიანი მაშინ პოულობს, როცა ეძებსო. თავიდანვე რომ მეცადა შენთან კონტაქტის დამყარება, რაიმე ტექნიკურ ფოკუსად ჩათვლიდი და ყურადღებასაც არ მიაქცევდიო.

      როცა დავფიქრდი, მეც ასე განვსაჯე; მართლა სულ ადვილად შეიძლებოდა უშედეგო დარჩენილიყო მისი მცდელობა, მე თვითონ რომ არ მომენდომებინა პირველს. როცა ეძებ, შინაგანი ძალები უკიდურესად დაძაბულია, ყურადღებაც მობილიზებული. შანსიც მეტია, რომ არაფერი გამოგრჩეს; შეიძლება მუჭა-მუჭა მოხვეტო ყალბი თვლები, მაგრამ თუ მათში ერთი მაინც ურევია ჭეშმარიტი, ის უკვე აღარ გამოგრჩება მხედველობიდან. ხოლო როცა არ ეძებ, ძვირფას თვალს შეიძლება ისე დაადგა ფეხი, არც კი დაიხედო ძირს. ალბათ ასე იყო საჭირო. მე უნდა დამეწყო „მისი“ ძებნა, ოღონდ ჯერ ამისთვის დავიწყების ნისლში უნდა დავნთქმულიყავი.

* * *

      ...მურა ფერის გრილი სასმელი, სასიამოვნოდ მწკლარტე გემოსი, ქაფით უხვად თავმოდგმული, ლამის ჭიქის მესამედი რომ უჭირავს. ...ნება-ნება მიიტან პირთან. სულს ფრთხილად უბერავ იმ ქაფს და მოწრუპავ. დალოცვილი სიგრილე ჩაგეღვრება სიცხისგან გაოფლიანებულ სხეულში. კანი შეიძლება ოდნავ გაგიხორკლიანდეს კიდეც, ისე მყისიერად ეხმაურება პირველსავე ყლუპს. ცოტა ხნით მოიცილებთ პირიდან ჭიქას. დაიცდი, რათა სხეულის ყოველმა უჯრედმა შეიგრძნოს სასმელით მოგვრილი სიგრილე და საამო მოთენთილობა. ზაფხულის ხვატი ერთი ასად აძლიერებს ამ სანეტარო შეგრძნებას. გიხარია კიდეც, ირგვლივ ასე რომ ცხელა... მერე ისევ მოწრუპავ... ამ სასმელს დედამიწაზე ლუდი ჰქვია...

      აღსრულდა!.. მე მიწაზე მიდგას ფეხი. შემიძლია ვთქვა, რომ „ჩემთან არს დედამიწა“, ეს პაწაწინა ცისფერი მძივი, ღმერთის სალოცავი ადგილი. ფარდულთან ვდგევარ, ნება-ნება ვსვამ გრილ სასმელს და გავყურებ მზის მცხუნვარე სხივებზე მოქათქათე პლაჟს. ლურჯი ტალღების მშვიდი დგაფუნი უმშვენიერეს მუსიკასავით იღვრება ჰაერში. წინასწარ ვტკბები ამის წარმოდგენით, თუ როგორ გავცურავ ამ ლურჯ, გრილ ტალღებში. რა საამოდ გამიგრილებს მთელ სხეულს... რა კარგია, რომ ასე ცხელა... რა კარგია, ფეხს რომ მწვავს გახურებული ქვიშა. ალბათ „ისიც“ შეიგრძნობდა ამ ქვიშის სიმხურვალეს. აკი ამას მიელტვოდა მთელი არსებით, უნდოდა საკუთარი სხეულით შეეცნო დედამიწა, თავი მის შემადგენელ ნაწილად ეგრძნო... ნეტავი მართლა სად არის... ჩვენ ხომ, ერთად უნდა დაგვედგა ფეხი მიწაზე...

      ამის გაფიქრება იყო და შევამჩნიე, ლუდის ფარდულთან შეჯგუფული ხალხი შეჩოჩქოლდა და ზღვის მხარეს დაიწყო ყურება. მეც გავიხედე იქითკენ, საითაც ხალხი იყურებოდა. სიმართლე რომ ვთქვა, რაღაც უცნაურს თავიდანვე მოველოდი, როგორი სახით წარმომიდგება „იგი“ დედამიწაზე მოსიარულე... მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა; ჯერ რაღაც გაურკვეველი ფორმის, ნისლივით გაბნეული სინათლის ბულული ამოიზარდა პირდაპირ ლურჯი ტალღების თავზე. მისი დანახვისას ის მანათობელი ნისლეული გამახსენდა, იმ მრუდეზედაპირიან სარკეში რომ შევყურებდი საკუთარ ორეულის ნაცვლად. ოღონდ ეს მანათობელი ნისლეული შეუდარებლად უფრო სხივმოსილი გახლდათ. ეს იყო ალბათ „მისი“ სინათლის თაიგული, ამჯერად ჩემთვის უკვე ხილული. მერე იმ „სინათლის თაიგულს“ რაღაც ჩრდილები შეერივნენ... და იწყეს დენა გაურკვეველმა ლანდებმა ამ შუქ-ჩრდილის წყაროდან. თუ დაუკვირდებოდი, მათში სხეულებს ამოიცნობდი... ყველა იმ სხეულს, რაც კი ადამიანის ამქვეყნად მოვლინებამდე განსულიერებულა დედამიწაზე, უმარტივესი ორგანიზმიდან დაწყებული თვით ადამიანის სხეულამდე. ისინი ადი-ჩადიოდნენ ტალღებთან ერთად, მერე ნაწილ-ნაწილ იშლებოდნენ და ლურჯ წყალში ითქვიფებოდნენ მედუზას სხეულის ნაგლეჯებივით. შევყურებდი და ვერაფერი გამეგო. იქნებ მართლაც ვერ ასცდა იმ ხიფათს, რასაც ასე უფრთხოდა, სულ მცირე რამ არის საკმარისი, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყაროსო... იქნებ რაღაც ვერ გაითვალისწინა და სხეულის დაბრუნების ცდა მისთვის საბედისწეროდ დამთავრდა. ანდა ვინ იცის, იქნებ ასე უნდა მომხდარიყო ყველაფერი. ასეთნაირად უნდა დაშვებულიყო დედამიწაზე, შეხებოდა მის ზედაპირს... მოესინჯა მასთან კონტაქტი. მერე კი ალბათ ჩვეულებრივი ადამიანივით გაუყვება ზღვის ნამიან ქვიშას. მიდი და გამოარჩიე, რომელი მათგანია. აქ უკვე გამიძნელდება, ამდენი სხეულების ზღვაში...

      ხელში ჭიქაშერჩენილი, ჩუმად ვუთვალთვალებდი ზვის ლურჯ ტალღებზე აზიდულ შუქ-ჩრდილთა კუნძულს, ჩემს თვალწინ ჩაიარა ნაირგვარ სხეულთა მთელმა კალეიდოსკოპმა, ჩაიარა და უკვალოდ განზავდა ზღვაში. მალე შუქ-ჩრდილთა წყაროდ დაიშრიტა, ისევ უშფოთველი სილურჯე გადაგვეშალა თვალწინ.

      რომელი სასწაულით გააკვირვებ დღეს ადამიანებს? აუღელვებლად შეჰყურებდნენ ამ მართლაცდა უჩვეულო სანახაობას. ერთმა თქვა, ფეიერვერკიაო, მეორემ - კინოგადაღებააო. მესამემ წასვლა არჩია, რაიმე საშიში არ იყოსო. ვიღაც შუახნის, მუგუზალივით გაშავებულმა კაცმა, რომელსაც ალბათ მთელი ზაფხული ზღვის პირას გაეტარებინა, როგორღაც თქვა, ღმერთი გამოგვეცხადაო. მე გამეცინა ამის გაგონებაზე.

      ჩემს სიცილზე შემომხედა, დამაკვირდა და ეჭვით მკითხა, ვინა ხარო.

      ვინ უნდა ვიყო, ადამიანი ვარ-მეთქი, მივუგე.

      აქ უნდა აღვნიშნო, რომ მე ისევ იმ ელასტიურ აფსკში ვიყავი გახვეული რაიმე მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად. მისი გახდა ჯერაც ვერ მომესწრო, ისე მეჩქარებოდა მიწიერ შეგრძნებათა განცდა. ჩემი მოსაუბრე ამ უცნაურმა სამოსელმა დააეჭვა და იმიტომ ჩამაცივდა ასე.

- აქ საიდან მოხვედი?

- საიდანაც ღმერთი.

      ამრეზით შემომხედა და თავი გამანება. რა თქმა უნდა, ან გიჟად ჩამთვალა, ან ხუმრობად მიიღო ჩემი ნათქვამი. მე კი სიმართლე ვუთხარი, სრული სიმართლე...

ნახვა: 319

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ზღაპარი, ნოსტალგია, ფანტასტიკა, ფენტეზი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters