კამათელი (ამონარიდი)

      თამაშის შესახებ უნდა გესაუბროთ. იქნებ არც ღირდეს მისი მოსმენა, მაგრამ აქ იმდენი ქება-დიდება მიუძღვენით თამაშს, თავს ნებას ვაძლევ, მეც შემოგიერთდეთ. შემთხვევითობას მიაწერეთ, თუ რაიმე შემეშალა. თუ სწორედ განვსაჯე, ისიც...

      ჰო, რას ვამბობდი? მომიტევეთ, ალბათ ძალიან არეულდარეულად ვლაპარაკობ, მე ხომ სათქმელი არ მომიმზადებია... აქ სათამაშოდ მოვედი და არა სასაუბროდ. ნამდვილი მოთამაშე ყველას და ყველაფერს ეთამაშება, საკუთარი თავის ჩათვლით.

      მოგეხსენებათ, პროფესიული ჩვევები... მეც ერთხანს კარგად გავერთე აქაურობით, გულში სანაძლეოს ვდებდი, ხან ვიგებ-დი, ხან ვაგებდი. ასე რომ, ჩემებურად უკვე გაგეთამაშეთ. დიდი ყურადღებით გისმენდით, ამაში უნდა მერწმუნოთ. მოთამაშის თავი ფრიად ამთვისებელია და ტევადი. ყოველ შემთხვევაში, სასურველია, ასე იყოს, სხვანაირად არაფერი გამოუვა. სჯობს თამაშს შეეშვას, სხვა საქმეს ეწიოს.

      ჯერ იმას მოგიყვებით, თუ რომელმა ქარმა წამომიღო თქვენსკენ. გუშინ, ზუსტად ამ დროს, შვიდ საათზე... აჰა, ახლაც შვიდი საათია (მაჯის საათზე დავიხედე), უკვე ოცდაოთხი საათი გასულა... ერთ ადამიანს ველოდი, რომელიც არ მოვიდა. ყომარი უნდა გვეთამაშა, ასე დავთქვით... მიყვარს ეს ძველისძველი, მართლაცდა დიდებული თამაში. მე მას თამაშთა მეფეს ვუწოდებ, ოღონდ ისე, ჩემთვის. სხვამ რაც უნდა, ის თქვას... ჰო, მე ველოდი, ისიც ელოდა, მაღალი, ხმელ-ხმელი, პეწიანად ჩაცმული მამაკაცი, ნაცრისფერებში თუ წენგოსფერებში... არ ვიცი, კარგად ვერ გავარჩიე, ფერები როგორღაც ერთმანეთში გადა-დიოდნენ. ამასობაში მოსაღამოვდა, ჩაირთო ღამის განათება,ის კი, მოგეხსენებათ, ფერებს თავისებურად ცვლის და ურევს... ჰო, ვიდექი, ვიდექი, არ მოვიდა ჩემი მეწყვილე... არც მასთან მოვიდნენ, ასე ვივარაუდე მისმა შემყურემ. ბევრჯერ ავუარჩავუარეთ ერთმანეთს, რის შემდეგაც ყოველთვის ამოჩემებულ ადგილს ვუბრუნდებოდით. მინდოდა, ადვილი შესამჩნევი ვყოფილიყავი, მაშინვე დავენახე ჩემს მეწყვილეს, დრო ამაოდ არ დაგვეკარგა თვალების ცეცებაში. ალბათ ისიც ასე ფიქრობდა... მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი, ისიც ერთსა და იმავე ადგილს უბრუნდებოდა მოჯადოებულივით... ჰოდა, როცა ერთხელ კიდევ ავუქციეთ გვერდი ერთმანეთს, მან მითხრა, ვფიქრობ, თამაში გიყვართო.

      - რატომაც არა, ძალიანაც მიყვარს, მაგრამ თქვენ საიდან მოგივიდათ თავში ასეთი აზრი?

      - ხელს ისე შლი, თითქოს კამათელს აგორებ...

      გამეცინა, მისი ხელებისკენ გამექცა მზერა. როგორ გამომრჩა მხედველობიდან, მე თვითონაც შემეთვალიერებინა მისი მანერები. აზრადაც არ მომსვლია, საკუთარ საფიქრალში ვიყავი ყელამდე ჩაფლული. შევყევით ნელ-ნელა, თითოოროლა სიტყვა კიდევ გავცვალეთ და მერე მე შევთავაზე, ვითამაშოთ-მეთქი. დრო მალე გავა და ჩვენს საქმესაც ვეწევით. მან თავი დამიქნია, ჯიბიდან მაშინვე კამათლები ამოვიღე... მუდამ თან დამაქვს. მყუდრო ადგილი მოვძებნეთ ქუჩის გადაღმა, პატარა სკვერში. თუ ჩემი მეწყვილე მოვიდოდა, იქიდანაც კარგად დავინახავდი... ჩავუჯექით, გავაგორეთ და ისე დამთავრდა ჩვენი თამაში, ვერც მე მოვიგე, ვერც იმან...

      უჰ, რა თამაში იყო ის თამაში... ახლაც კი ოფლს მასხამს იმის გახსენებისას, მანამდე მსგავსიც კი არაფერი მენახა და არ განმეცადა... ყომარის თამაში ხომ იცით? ძალიან უბრალო, მარტივი თამაშია და სწორედ ამაშია მთელი მისი დიდებულება. ყომარი კამათლის გაგორებაა, კამათელი კი ძალიან ახლოა ხელთან და...ხერხემალთან. კამათელი ხელის თითებს ესაუბრება და გულს ეხმიანება... აქ ბევრი რამის თქმა შემიძლია, რაღაცა ნამდვილად გამეგება კამათლების ამბავში. კარგა ხანია, ჩემს ნებას მორჩილებენ, სასურველ ნიშნებზე ჯდებიან, რომელსაც ვნატრობ, იმ ციფრს აღწერენ. რაც მთავარია, ისიც კარგად ვიცი, როდისუნდა დავაბრუნო ეს პატარა მხეცუნები ბუნაგში (ანუ ჯიბეში). ყოლველთვის ასე იყო, თითქოს ეხლაც ასე ხდებოდა, ამ პატარა, მწვანე სკვერში, მაგრამ რატომღაც სასურველ შედეგს ვერ ვაღწევდი. . ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ვიგებდი საოცრად დიდ თანხას, .. და სწორედ ამ დროს ჩემიმეტოქე ისეთ რაღაცას გააგორებდა, ერთიანად აუფასურებდაყველაფერს. აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ ხელახლა დავიწყეთ თამაში, რამ-დენჯერ გავაგორეთ, თავბრუდამხვევ თანხებამდე ავდიოდი... და ბოლოს ისევ არაფერი, ვერც მე ვიგებდი, ვერც ის, ამან ერთიანად მომსპო... გაფაციცებით ვუთვალთვადებდი ჩემი ახლადგამომცხვარი მეწყვილის ხელებს. შულერიაო, ვერ იტყოდი, უფრო არიფს ჰგავდა. ამ დროს კი, როგორც იტყვიან, აღლუმი მას მიჰყავდა... და რაც ყველაზე უცნაური იყო, მოგებაზე თითქოს არ თამაშობდა, ჩემს მონაგებს აბათილებდა, ეს იყო სულ. დანარჩენის ჯავრი თითქოს არ ჰქონდა.

      - მგონი საკმარისია, - ჩამესმა უცბად ამ უცნაური მოთამაშის ხმა. შევხედე, სრულიად მშვიდად გამოიყურებოდა. ცოტა არ იყოს, მოწყენილობაც კი ეხატა სახეზე. მგონი მართლა მობეზრებია ჩემთან თამაში, მაგრამ მე რა გამაჩერებდა... ჩავავლე ხელი, სულ ჯიკავ-ჯიკავით შევიყვანე პირველივე შემხვედრი ხელოსნის ფარდულში.

      - ამ ხელოსანს არც მე ვიცნობ, არც შენ. ახლავე გამოვაჩარხვინებ კამათლებს და იმით ვითამაშოთ...

      - გგონია, ვთაღლითობ? – ღირსებით სავსე სახით შემესიტყვა.

      - როგორ გეკადრება! ოღონდ მე ცოტათი სხვანაირი, უფრო მქისე კამათლები მჭირდება.

      ხელოსანს ორიოდე სიტყვით ავუხსენი, რაც მინდოდა. იმანაც სულ მალე ჩამაბარა... კამათლები კი არა, ორი მქისე ძვლის ნატეხი, ასე თუ ისე კვადრატს მიმგვანებული, გვერდებზე შავი წერტილებით. ეს ორი კამათელი ერთი ძვლის გადანატეხი გახლდათ. გადანატეხ გვერდებზე თითო შავი წერტილი დავსვით, ანუ იაქე... იქ სხვა არაფერი მოხერხდებოდა...

      - აი, ასეთი კამათლებით თამაშობდნენ ჩვენი წინაპრები, -ვთქვი მე.

      - გააგორე, - მივიღე პასუხი. მეც გავაგორე მქისე კამათელი, იმანაც გააგორა, ანგარიში ისევ გაბათილდა....

      პირდაპირ გაოგნებული დავრჩი, მართლა ვეღარაფერი გამეგო. მესმის, გაპრიალებული კამათლებით ითაღლითო, მათი გალაქული ზედაპირი თითქოს საგანგებოდ გიწვევს საამისოდ, კამათლები და მოთამაშის ხელები გარკვეული ხნის მერე ეჩვევიან და ცნობენ ერთმანეთს... მაგრამ ეს მქისე, ხორკლიანი ზედაპირი სრულიად გამორიცხავს ყოველგვარ თაღლითობას, იგი გადაულახავი ბარიერია, რომელსაც ვერცერთი შულერი ვერ დალაშქრავს.

      ამ დროს კი თამაში ძველებურად გრძელდებოდა, თითქოს არაფერი შეცვლილიყოს. ჯერ თითქოს ვიგებდი ამ მქისე კამათლით. მგონი მეშველა, ვამბობდი გუნებაში. ოცნებებში უკვე ოქროს კოშკებს შევხაროდი... და უცბად, ერთი ხელის გაქნევით სრულებით აბათილებდა ჩემს მონაგებს, უწინდებურად წყალს ატანდა ჩემს ოქროს კოშკებს. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ასე, დროის შეგრძნება საერთოდ დავკარგე. ისიც მომყვებოდა, თითქოს ხათრს არ მიტეხდა, თორემ ჩემსავით ჟინით ატანილს სულაც არ ჰგავდა...

      ბოლოს ისეთ თანხაზე გავაგორე კამათელი, თავის დღეში რომ ვერ ვიფიქრებდი.

      - ამას მთელი დედამიწის ოქრო თუ გადაწონის, - ჩამესმა მისი ხმა.

      - სულ ერთია, გააგორე! – ვთქვი მე და მქისე კამათლები ახლოს მივუჩოჩე. მართლა სულ ერთი იყო იმ წამს ჩემთვის ყველაფერი, მაგრამ ის აყოვნებდა კამათლების აღებას.

      რაღას უყურებ! – შევძახე სულწასულად.

      მან მხოლოდ ერთი კამათელი აიღო და მითხრა:

      - ახლა აღარ ვარ თამაშის გუნებაზე. ხვალ საღამოს მოდი ჩემთან და იქ გავაგოროთ.

      ამ სიტყვებთან ერთად ჯიბეში ჩაიდო მქისე კამათელი და თვალს მიეფარა. რას გავაწყობდი. თავიდანვე გვქონდა ასეთი პირობა, შეიძლებოდა გადაგვედო კამათლის გაგორება. თუმცა, ალბათ მაინც ვერ ვეტყოდი რამეს, უბრალოდ ვერ მოვასწრებდი, ისე სწრაფად მიეფარა თვალს, თითქოს გაქრაო. და აი, ეხლა თქვენს წინაშე ვარ, სწორედ მას ვერ ვხედავ თქვენს შორის, ვისთანაც უნდა მეთამაშა. იმედი მაქვს, როცა იქნება, შევძლებ. ჩემი წილი კამათლის ნატეხი ჩემთანაა. აი, ყველამ ნახეთ.

* * *

      ჯიბიდან კამათელი ამოვიღე და ხელი მაღლა ავწიე. ნიღბები ახმიანდნენ, თითო-ოროლა სიტყვით გამოელაპარაკნენ ერთმანეთს... `ხუმრობა უყვარს” – გავიგონე ეს სიტყვები, ვიღაცის შესახებ თქმული... `ჰო, ხანდახან გაგვეხუმრება ხოლმე”... `თამაშიც ძალიან უყვარს”... `რა სათქმელია, თამაში ხომ მაგის მოგონილია”...

      ნიღბები მალე მიჩუმდნენ, მეც ისევ გავაგრძელე საუბარი.

* * *

      თქვენთვის უკვე ცნობილია, შემთხვევითობის რომელმა ქარმა გადმომაგდო აქეთკენ. ახლა კი, როგორც შეგპირდით, თვითონ თამაშის შესახებ ვიტყვი ორიოდე სიტყვას. ვეცდები მ საკრალურ ციფრს, შვიდიანს მივუსადაგო. აქ ბევრი საინტერესო აზრი მოვისმინე. ყველა მათგანი თავისებურად მიმზიდველია და დამაფიქრებელი, ერთი მეორეს მჯობი. თუმცა, მომიტევონ დანარჩენებმა, მომღიმარი მზის სახეს მაინც ცალკე აღვნიშნავ... ძალიან მომწონს რკალთა სისტემა, მის მიერ მხიარულ კარუსელად წარმოდგენილი. განსაკუთრებით ბედისწერის რკალმა მომხიბლა... მართლაც დიდებული რამაა. რკალი, რომლის ასავალ-დასავალი არავინ იცის, ვერავის გაურკვევია მისი მოხაზულობა.

      ბედისწერის შესახებ მეც მაქვს ჩემი სათქმელი. აბა რისი მოთამაშე ვიქნებოდი... ბედისწერა, ეს მართლაც იდუმალი რკალივითაა, რომელიც ჩვენს ხერხემალს ემთხვევა რაღაცით... გონება მას სრულებით ვერ აღიქვამს, ტვინის ხვეულები სადღაც გვერდზე რჩება მისი სავალი გზიდან.

      ერთ შემთხვევას გავიხსენებ ჩემი ბავშვობიდან: სოფლისკენ მივემგზავრებოდი ავტობუსით. არდადეგები იწყებოდა, ავტობუსი სანახევროდ ბავშვებით იყო სავსე. მე და დედაჩემი ყველაზე წინ ვიჯექით, მძღოლის უკან. ამინდს თითქოს არა უშავდა, მოწმენდილი დილა გათენდა, მაგრამ მერე ღრუბლები მოჯარდნენ ცაზე და ჟინჟვლა დაიწყო, წვრილი წვიმა ცრიდა. მძღოლმა თქვა, ასეთი წვრილი წვიმა ყინულზე უარესიაო, მოცურება იცისო. ღონიერი თქეში წვიმა ტალახს გადარეცხავს ასფალტიდან, ეს წვრილი წვიმა ტალახს ცომივით აზელავს და იქვე დატოვებსო. სვლა შეანელა მძღოლმა მოცურების შიშით, წინ ნელა მივიწევდით.

      ცოტა ხანში მართლა გადავეყარეთ ერთ მსუბუქ მანქანას; თითქოს ცეკვავსო, ისე მოიქნია ძარა და გზის გარდიგარდმო გაიხირა. ჩვენმა მძღოლმა მანქანა გააჩერა, ჩავიდნენ, მიეშველნენ მსუბუქი მანქანის პატრონს. კიდევ კარგი, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ჩვენმა ავტობუსმა გზა გააგრძელა, ისევ ისე ნელა, აუჩქარებლად. მძღოლი ამბობდა (თმაჭაღარა, გამოცდილი კაცი იყო), ხერხემლით ვგრძნობ, რომ მანქანა ცურავსო. მე ხომ იქვე ვიჯექი, მაგრამ ვერაფერსაც ვერ ვგრძნობდი. თუმცა მოვინდომე, ძალიან მოვინდომე (მეტისმეტად ცნობისმოყვარე ბავშვი ვიყავი), მთელი ყურადღება საკუთარ ხერემალს მივაპყარი. რაფერიც არ გამომივიდა. ვერა და ვერ შევიგრძენი, თუ როგორ ცურავდა ჩვენი ავტობუსი.

      ეს შემთხვევა იმიტომ გავიხსენე, რომ ხერხემლის ფარულ ღირსებებს გავუსვა ხაზი. ბედისწერის იდუმალ ბილიკებს თვალი ვერაფრით ვერ მიადევნა ადამიანმა. ამაოდ დაშვრა, ვინც ეს იტვირთა, საკუთარი უძლურების აღიარებით მთავრდებოდა ბოლოს ყველაფერი. მხოლოდ ხერხემალი ამბობს თავის სათქმელს, როცა საქმე ბედისწერას ეხება. ამბობს ძალიან ჩუმად, ძალიან უღონოდ, მაგრამ მისი მოსმენა უნდა ისწავლო, ესაა თავი და თავი. მგონი მეც შევძელი რაღაც ამ მხრივ, სხვანაირად მოთამაშე ვერ გავხდებოდი.

      თამაში ყოველთვის მიყვარდა, ბავშვობიდან მოყოლებული. ახლაც მიყვარს... ბევრნაირი თამაშები არსებობს, მათი ჩამოთვლა შეუძლებელიც კია. განუწყვეტლივ ემატება მათ რიგებს, მდიდრდება მეთოდები და საშუალებანი. ტექნიკური პროგრესი ვარიანტების ამოუწურავ კასკადს გვთავაზობს. მართალი გითხრათ, მე მათ დიდ პატივს არ ვცემ, ყველაზე უბრალო თამაში მიყვარს. დიახ, ეს სწორედ ყომარი გახლავთ. კამათლების ერთ გაგორებადაც არ მიღირს თამაშობათა ის ფერადოვანი ატრაქციონი, ყოველ ნაბიჯზე რომ თვალებს გვიჭრელებენ. უკვე გითხარით და კიდევ ვიმეორებ: კამათელზე უფრო დიდებული სათამაშო მე არ მეგულება, და მე იგი უკვე მოვარგე შვიდიანების სისტემას. ახლავე გეტყვით, როგორ.

      აი, შეხედეთ, ეს ის კამათელია, თქვენამდე რომ მომიყვანა.

      ალიან მქისეა, მაგრამ ყველა პირობას პასუხობს, რაც ნამდვილ კამათელს მოეთხოვება. აქვს ექვსი წახნაგი, მათზე შავი წერტილებით ციფრთა რაოდენობაა დატანილი.

      თქვენს მხარეს იმ წახნაგს შემოვატრიალებ, რომელზეც ერთი შავი წერტილია გამოსახული. ეს იაქეს ნიშნავს. აქედან ვიწყებთ დანარჩენი ციფრების და გვერდების ათვლას. ეს პირველი წახნაგია. და ამ პირველ წერტილს, ანუ პირველ წახნაგს, მე მივუსადაგებ სამყაროს შექმნის პირველ დღეს.: `იქმენინ ნათელი” – ბრძანა უფალმა. მაშინვე გამობრწყინდა ნათელი, შეიქმნა დღე და ღამე. ვგრძნობ, ცოტათი გიკვირთ, მაგრამ არაფერია, საკმაოდ ჯიუტი ვარ, გავაღწევ ბოლომდე...

      კამათლის მეორე წახნაგი შემობრუნდა თქვენსკენ. მასზე ორი შავი წერტილი ჩანს. ეს არის დუ, ყომარბაზების ენაზე. სამყაროს შექმნის მეორე დღეს ემთხვევა, როცა უფალმა ცა და მიწა გააჩინა.

      აგერ, მესამე წახნაგი თავისი სამი წერტილით, ეს გახლავთ. იმ მესამე დღის სურათ-ხატებაა, როცა უფალმა წყალი და ხმელი გაჰყო ერთმანეთისგან.

      მეოთხე წახნაგი ოთხი წერტილით, იგივეა, რაც ჩარი, სამყაროს შექმნის მეოთხე დღე... ამ დღეს უფალმა ცის მნათობნი შექმნა.

      მეხუთე წახნაგი და ხუთი შავი წერტილი, ანუ ბეში, სამყაროს შექმნის მეხუთე დღის ანალოგი... ამ დღეს უფალმა შექმნა თევზნი წყალში და ფრინველნი ცაში.

      აჰა, ბოლო მეექვსე წახნაგიც, შავი წერტილებით. სახელად შაში. სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს მიგვანიშნებს, როდესაც უფალმა შექმნა ნადირნი ხმელეთისანი და მათ შორის ყველაზე ბოლოს ადამიანი. ადამიანი ხომ ბუნების გვირგვინია, მასთან მისასვლელად დიდი გზის გავლა გახდა საჭირო.

      როგორც ხედავთ, ყველა ის დღე, როცა უფალმა რაიმე შექმნა, კამათელზე უკლებლად არის დატანილი. კამათლის ექვსი წახნაგი სრულად ემთხვევა სამყაროს შექმნის ექვს დღეს.

      მეშვიდე დღეს კი... რა მოხდა მეშვიდე დღეს? აი, ესაა ყველაზე საინტერესო. ჭექა-ქუხილის ღმერთსაც ყველაზე მეტად სწორედ ეს აინტერესებდა, მართლაც ძალიან მომხიბლავი იდეა მოგვაწოდა ნულოვანი დროის შესახებ... ერთი სიტყვით, მეშვიდე დღეს უფალს არაფერი შეუქმნია. არაფერი, ეს იგივე ნულია, ანუ ნულოვანი დროა, ნული კი ციფრია, საიდანაც დასაბამს იღებს ციფრთა ნებისმიერი სიმრავლე.

      ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენმა კამათელმა სრულად მოიცვა სამყაროს შექმნის სურათი: ექვსი დღე საქმიანი დღე, მათ მოახერხეს კამათელზე ასახვა... მეშვიდე კი ნულოვანი დღეა, რომელიც კამათელზე არაა დატანილი, მაგრამ მისი არსებობა თავისთავად იგულისხმება, ყველა ციფრი ხომ ნულიდან იწყება და მასში ასრულებს თავის არსებობას. ვფიქრობ, კამათლის შვიდივე ნიშანი სახეზეა.

      მინდა ცოტათი განვავრცო ეს საკითხი (ნულოვან დროს ვგულისხმობ). დომინოს შეგახსენებთ, ერთ-ერთ უმარტივეს თამაშს. (ნიღბად, ხომ ხედავთ, დომინო ვარჩიე). დომინოს ქვაც იგივე კამათელია, ოღონდ სიბრტყეზე დატანილი. ჰოდა, ნულოვანი დრო (ანუ არაფერი) სწორედ იქ სუფევს ყველაზე თვალსაჩინოდ; ერთ-ერთ ქვაზე არცერთი შავი წერტილი არაა აღნიშნული. იქ არაფერია, ანუ ნულოვანი დროა. დღე, როდესაც უფალს არაფერი შეუქმნია.

      ახლა კი იმის შესახებ მინდა გიამბოთ, ხერხემალი და კამათელი როგორ მივუსადაგე ერთმანეთს..

      ჩემი ერთ-ერთი კოზირი ანალიზის იშვიათი უნარი გახლავთ.

      ალბათობის თეორიის სიღრმეებში ჩაყურყუმალავებამ მომიწია. თამაშში მართლაც ძალიან წამადგა... მთავარი მაინც სულ სხვაა.

      ჰოდა, რა არის ეს `სულ სხვა?!” სრულიად შეუმჩნეველი `რაღაც”, მაგრამ განუზომელია მისი ძალა და მნიშვნელობა. ჩვენს ხერხემალში წერია ის პაწია, უმნიშვნელო `რაღაც”, და მას სახელად ბედისწერა ჰქვია. ეს იმთავითვე კარგად ვიცოდი, ეს ცოდნა შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო გააღრმავა. არ მავიწყდებოდა ბავშვობაში მოსმენილი სიტყვები: `...ხერხემლით ვგრძნობ, რომ მანქანა ცურავს...” და კამათელს ვაგორებდი, ძვლისგან გამოთლილ, უბრალო კამათელს, წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებულს. ჭრელა-ჭრულა სიახლეებისა არასდროს არაფერი მწამდა... მგონი უკვე გითხარით... ვაგორებდი და ვცდილობდი, ძაფი გამება საკუთარ ხერხემალსა და კამათელს შორის. მინდოდა შეხმიანებოდნენ ერთმანეთს, ჩემი ხელის თითები მათი შუამავალი უნდა ყოფილიყო. თითქოს შეუძლებელი ჩანდა. მე მაინც არ ვეშვებოდი. ძალიან, ძალიან მოვინ-დომე და ბოლოს შევძელი შეუძლებელი; ხელის თითებმა და ხერხემალმა აღიქვეს ერთმანეთი, არაფერს ვაჭარბებ, ნამდვილად ასე მოხდა; გონებისთვის სრულიად მიუწვდომელი, იდუმალი კავშირი დამყარდა ხერხემალსა და ხელის თითებს შორის, და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ როგორი ფორმა ექნებოდა კამათელს, მქისე იქნებოდა თუ გაპრიალებული, უბრალო თუ რაიმე ძვირფასი, ფერადი თუ შავ-თეთრი. თუნდაც ჭიქაში ჩაეყარათ, როგორც მიღებულია...

      ჩემთვის სულერთი იყო. ვერანაირმა კედლებმა ვეღარ აღმართეს ზღუდე ახლადგაცნობილებს შორის. რატომ? იმიტომ, რომ აქ თვით ბედისწერა მეტყველებდა, მბრძანებელთა მბრძანებელი.

      ძალიან სუსტად, უღონოდ, მაგრამ იმდენად კი, ჩემამდე მოეღწია, ხოლო მე, ჩემდათავად თუ როგორ მექნებოდა ყურადღება

      გამახვილებული, ამის წარმოდგენას ალბათ ყველანი შეძლებთ მეც ვთამაშობდი, ვაგორებდი ნაირ-ნაირ კამათლებს და არასოდეს ვაგებდი... არ ვაგებდი იმის წყალობით, რომ ვიცოდი, თუ როდის უნდა შევჩერებულიყავი. `სჯობს შეჩერდე”. აი, ამ ორი სიტყვით შეიძლება გადმოიცეს ის უღონო, ძლივსშესამჩნევი ნიშანი, რომელიც ხერხემლიდან ჩემს ხელის თითებს გადაეცემოდა, იქიდან კი ტვინს. რაკი ერთხელ გაიბა ეს ძაფი, აღარც გაწყვეტილა, დღემდე ასე გრძელდება...

      ჭაღარა მძღოლი ხერხემლით გრძნობდა, მანქანა როგორ ცურავდა. მე ვგრძნობ, როდის უნდა შევჩერდე, როდის უნდა ჩამოვუშვა რკინის ფარდა. თამაშის შეწყვეტა ჩემზე ლაზათიანად არავის ეხერხება; სწორედ იმის წყალობით, რომ წინასწარ ვიცი, თუ როდის უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი, ყოველთვის ვახერხებ, სათანადო პეწით შევმოსო იგი.

      ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მე არასოდეს ვაგებ? მთავარი ხომ სწორედ ესაა, დროზე შეჩერდე, წყალს არ გაატანო უკვე მონაგები... ჩემზე უკეთესი მოთამაშეებიც მინახავს, მაგრამ ჩემთან ყოველთვის მარცხდებოდნენ.

      მაგრამ აქ ერთმა რამემ იჩინა თავი, ძვირფასებო: თამაში იკარგება, თამაში! თამაშის მთელი ხიბლი ისაა, რომ წინასწარ არ იცი, რა ნიშანი ამოვა და როგორ, მოიგებ თუ წააგებ. აქ კი, ეს ყველაფერი უკვალოდ დაიკარგა, აღარაა მღელვარე მოლოდინი იმისა, თუ რა მოხდება, ბედი გაგიღიმებს თუ გიმტყუნებს. ანუ აღარსადაა ის საოცარი თილისმა, რასაც თამაში ჰქვია. დარჩა მხოლოდ კეთილგონიერი, გათვლილი ნაბიჯი.

      მე კი თამაში მიყვარს... მიყვარს რისკი, აზარტი, ანუ ის ციებ-ცხელება, წაგება-მოგების ჭიდილში რომ აგიტანს. ოღონდ, ვაი რომ აზარტი მეტისმეტად სახიფათო რამაა, ძვირფასებო. ეს ენით აუწერელი, ყველაზე იდუმალი და მიუწვდომელი განცდაა... რა ვუწოდო მას? ღმერთი? სატანა? არ ვიცი, ალბათ არც არასოდეს მეცოდინება... ეს მარად მოუთვინიერებელი ნადირი, ცეცხლისთვალებიანი ურჩხული... რამდენი დაფერფლა მისმა მზერამ, და კიდევ რამდენს ელის ეს ხვედრი... მაინც მისკენ მიილტვიან, როგორც ფარვანები ცეცხლის ალისკენ. მეც მათთან მიმათვალეთ, მეც მიყვარს აზარტი, მიყვარს, როცა ჟრუანტელი გივლის მთელ ტანში მოგების ჟინით ატანილს, მიყვარს, როდესაც ხელის ერთ გაქნევას ანდობ ყველაფერს, რაც კი ღირებული გაგაჩნია, რითაც სუნთქავ და სულდგმულობ...

      მიყვარს ნახტომი უსასრულობაში... ნახტომი, როცა თვალახვეული მიჰქრიხარ სადღაც წკვარამში, და არ იცი, დაიმსხვრევი თუ გადარჩები...

      მრავალგვარია აზარტის ბილიკები, შორს სცილდებიან სათამაშო მაგიდებს, ყოველივე დაუქსელავს მათ სიმრავლეს. იქნებ აზარტით შეპყრობილები მიმოჰქრიან კოსმიური მნათი ჩირაღდნები სამყაროსეულ წკვარამში, რას გადაეყრებიან ისინი თავიანთ რკალებზე, წინასწარ იციან ვითომ? არა, ალბათ მათ არ იციან, მე კი ვიცი... მე ხომ მეტისმე-ტად კეთილგონიერი ვარ... ვიცი, როდის უნდა შევჩერდე...

      ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეჩერება ვერ შევძელი, სწორედ წუხანდელი თამაში იყო. ალბათ ახლაც იქ ვიქნებოდი, ჩემს მეტოქეს რომ არ შეეწყვიტა თამაში. ეს მეტისმეტად უცნაურად მეჩვენება, ასეთი რამ ჯერ არ დამმართნია.

      ცეცხლისთვალებიან ურჩხულს ვყავდი მაშინ შეპყრობილი... სწორედ იმ ურჩხულს, რომელიც თითქოს უკვე მოთვინიერებული მყავდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა... თავი შემახსენა... გესმით? თავი შემახსენა ამ ცეცხლისთვალებიანმა ურჩხულმა, ჩემი ფიქრებიც სწორედ მას უტრიალებენ მოჯადოებულივით... მართლაცდა, რა არის აზარტი, თუ ცივი გონებით განვსჯით, ვის აუწონია მისი ავი და კარგი? ერთი ის ვიცით, რომ სწორედ მასშია თამაშის მთელი ხიბლი და ჯადო, სხვა რისი თქმა შეგვიძლია მის შესახებ ისეთის, მოსმენად რომ ღირდეს? ვფიქრობ, არ უნდა იყოს ადვილი ამოცანა... თუმცა მე მაინც ჩემებურად ვცადე, რაიმე ადგილი მიმეჩინა ამ ურჩხულისათვის სამყაროსეული სიჭრელის წიაღში. მოთამაშეებისთვის ეს ადგილი სრულიად განსაკუთრებულია.

      ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მოუსვენარია ადამიანის გონება. გამუდმებით ჩხრეკს და იძიებს, რასაც კი გადაეყრება და მიწვდება. ჰოდა, რას შეეჩეხა ამ ძიებისას? ორ უმთავრეს სამანს, ნულსა და უსასრულობას. ცოტა სხვანაირად რომ ვთქვათ, ამქვეყნად ყოველივე ნულსა და უსასრულობას შორის მიმოიქცევა. ნულს ვეღარაფერს დააკლებ და უსასრულობას ვეღარაფერს მიუმატებ, ადამიანისათვის ცნობილი ყველა საშუალება გამოუსადეგარია საამისოდ.

      მხოლოდ აზარტი, ეს ცეცხლისთვალებიანი ურჩხული იქცევა ცოტათი სხვანაირად, მხოლოდ აზარტის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ის რაღაცით ნულზე ნაკლებია და ამავე დროს რაღაცით უსას-რულობაზე მეტია. დიახ, აზარტმა, მხოლოდ აზარტმა შეძლო ოდნავ, სულ ოდნავ მაინც მიახლოებოდა ამ ორ უკარება სამანს.

      ` ყველაფერი ან არაფერი!” ვინ იტყვის აზარტით შეპყრობილის გარდა... მხოლოდ აზარტს შესწევს უნარი, ბუნაგში მიუხტეს თვით ბედისწერას, ამ ყველაზე მოუხელთებელ ნადირს. მერე რა მწველი, რა ულმობელია ეს ნახტომი... ზეციურ ელვას ვამსგავსებ, სხვა ვერაფერს. დაე, ზეცა შემეხმიანოს, თუ მართალს ვამბობ...

* * *

      როდესაც ბოლო ფრაზა ვთქვი, ხელი მაღლა აღვმართე. ეს უნებურად მომივიდა, თორემ ზეცით ელვის გამოხმობას სულაც არ ვაპირებდი. და რა გგონიათ? მართლა გაიელვა... გაელვებას უხილის ხმაც მოჰყვა...

      ხელი სასწრაფოდ ჩამოვწიე, მაღლა ავიხედე შეცბუნებულმა და ცოტა არ იყოს, შეშინებულმაც... ცაზე ყომრალი ფერის ღრუბლები მოჯარულიყვნენ, მძიმედ იგრაგნებოდნენ და აშკარად წვიმით დალბობას გვპირდებოდნენ.

      ჩემთან ერთად ნიღბებმაც აიხედეს მაღლა, მოქუფრულ ცას მიაპყრეს მზერა. რამდენიმე წამით ხმას არავინ იღებდა, მგონი ისინიც ჩემზე არანაკლებ გააოცა ამ საოცარმა დამთხვევამ.

      ბოლოს სიჩუმე ჭექა-ქუხილის ღმერთმა დაარღვია.

      - აჰა, შეეხმიანა ზეცა შენს სიტყვებს! – დაიბუხუნა მან.

      - ეს ხომ სრულიად უნებური დამთხვევაა, - ვიმართლე თავი.

      ამასობაში დანარჩენი ნიღბებიც მოვიდნენ გონს, პატარა ბავშ-ვებივით აცმუკდნენ და აჟივჟივდნენ, გაცხარებულ მსჯელობას მოჰყვნენ ერთმანეთში, ჩემი არსებობა თითქოს საერთოდ დაავი-წყდათ. ...”მართლაცდა მეტად უცნაური დამთხვევა...” ...რაც გინდა თქვი და, ასე ხომ მოხდა...” `...თუმცა არც არის გასაკვირი, სიტყვას ხომ თვით შემთხვევითობა ამბობდა... `...ჰო, შემთხვევითობას ნამდვილად გამოუვიდა თამაში”... ეს ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები გავარჩიე მათ ჟრიამულში. რაღაცით ძალიან გახარებულები იყვნენ და რა უხაროდათ, არ ვიცი.

      მორჩნენ რა ერთმანეთისთვის აზრის გაზიარებას, ჩემსკენ შემობრუნდნენ ნიღბები, შთაბეჭდილებათა მთელი ნიაღვარი დამატეხეს თავზე... ცმუკავდნენ, ჟრიამულობდნენ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ. მე არ ვიცი, რომელ მათგანს ეკუთვნოდა ესა თუ ის ფრაზა. ერთი ის ვიცი, რომ აზარტის შესახებ ყველას აღმოაჩნდა სათქმელი.

      ... მართლაცდა, რა არის აზარტი, ვის შეუძლია მის შესახებ რაიმე ღირებულის თქმა... ამაზე ღირს დაფიქრება... ... ჩემი აზრით, ნამდვილი საოცრებაა...

      ... მოთამაშემ აღფრთოვანებული სიტყვები უძღვნა ამ საოცრებას, ეს გასაგებია, მაგრამ იქნებ სხვა კუთხითაც შეგვეხედა მისთვის.

      ... იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ აზარტს გაურკვევლობის ბურუსი ბადებს. მღელვარე მოლოდინი! აი, სად სუფევს იგი. რა იქნება, რა მოხდება ხვალ, ზეგ, მაზეგ... ამაზე ფიქრი ყოველთვის აზარტის შემცველია, მისი ნაპერწკალი ურევია თუნდაც იმ უბრალოზე უბრალო სიტყვებში, როგორი ამინდი იქნე-ბა ხვალ...

      ... დიახ, აზარტი მეტისმეტად მჭიდროდაა ჩაქსოვილი ადამიანთა ყოფიერებაში, მას ყველა ადამიანურ განცდაში უდევს წილი. აზარტის გარეშე არავინ მოინდომებს გადადგას რომელიმე მეტ-ნაკლებად უჩვეულო ნაბიჯი, შეძლოს შეუძლებელი, ზეცას შეახოს ხელი... ოცნება უბრალოდ მოკვდებოდა მის გარეშე...

      ... რა სათქმელია, ბებიები ზღაპრებს ვეღარ მოუყვებიან შვი-ლიშვილებს; დაამარცხებს თუ არა გველეშაპს გმირთა-გმირი, განა აქ აზარტი არ ზეობს?

      ... ჰოდა, რა გამოდის? თამაში კარგავს ყოველგვარ ხიბლს აზარტის გარეშე, ადამიანთა ყოფაცხოვრებაზეც იგივე შეიძლება ითქვას...

      ... აზარტი იდუმალ მაჯისცემას ჰგავს, სადღაც, სიღრმეში რომ მიმალულა. განა შეიძლება მაჯისცემა შეწყდეს?

      ... მე მგონი, აზარტი ძლიერმოქმედ ელექსირს ჰგავს, მცირე დოზებით მხსნელია, დიდი დოზით დამღუპველი...

      ... მერედა, სად, რომელ სასწორზე აწონი იმ დოზებს, როგორ განსაზღვრავ მათ სარგებლიანობას. ესეც ხომ მუდამ გაურვევლობის ბურუსითაა მოცული. აზრთა ნაირგვარობა სხვაგან არსადაა ისე ჭრელი, როგორც აქ. ... აჰა! აზარტი დაუბრუნდა იმ ნიადაგს, საიდანაც იშვა; ის ხომ ბურუსის და გაურკვევლობის ღვიძლი შვილია...

      ყოველი მხრიდან საფანტივით დამაყარეს ეს სიტყვები ნიღბებმა. ასე მეგონა, ჩემს ირგვლივ ჭრელი კარუსელი ტრიალებდა, ფერები როგორღაც ერთმანეთში გაიდღაბნა... მე ყველა მათგანს თავს ვუქნევდი და ვეთანხმებოდი... მერე იმ სიჭრელიდან ოქროს ნიღაბი გამოიკვეთა, ცეცხლისთვალებიანი ურჩხული ნამდვილად არსებობსო, მიმტკიცებდა. ოღონდ ესაა, თვალიც ვერავინ მოჰკრა, რადგან მუდამ ბურუსშია გახვეული, შეუძლებელია იქიდან მისი გამოტყუება...

      - გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის პირისპირ აღმოჩნდები ცეცხლოვანი ნახტომის მერე, - ვთქვი მე.

      ოქროს ნიღაბმა თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და მგონი კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ამ დროს ჭექა-ქუხილის ღმერთი აძრახდა და ყველა სხვა ხმა დაჰფარა.

      - ყველა ჩვენთაგანმა თქვა თავისი სათქმელი, - დინჯად წამოიწყო თავისი ბუხუნა ხმით. ნიღბები გაჩუმდნენ და მისკენ მიტრიალდნენ, - მზის ნიღაბმა სათამაშო კარუსელი ააწყო თავისი შვიდი რკალით, მათ შორის ერთ-ერთი რკალი ღიაა. თქვენი ნებართვით, მე მას ღია რგოლს ვუწოდებ, საგანგებოდ ჩართულს ყრუდ ჩაკეტილ ჯაჭვში.

      ორსახა ნიღაბმა წყალი და სული დააწყვილა, რომლებიც მოთამაშე ტალღაში გამთლიანდნენ. ასეთ დროს მათ მთელი სამყარო ევიწროებათ, ესეც იგივე ღია რგოლია.

      ოქროს ნიღაბმა ელემენტთა მრავალრიცხოვნობას გვაზიარა და ღიად დარჩენილ რგოლზე მანაც მიგვანიშნა... მეშვიდე ინერტული აირი ჯერაც არ აღმოუჩენიათ, მეშვიდე პერიოდს რომ დაასრულებდა.

      მოთამაშე (ანუ შემთხვევითობა) კამათელზე და მის ექვს ნიშანზე გვესაუბრა, რომელსაც ძალზე მახვილგონივრულად დაუკავშირა ნულოვანი დროის ცნება. ესეც თქვენი ღია რგოლი.

      მე, თქვენმა მონა-მორჩილმა, სამყაროს შექმნის შვიდ დროზე ვცადე საუბარი. არ ვიცი, რა გამომივიდა... ყოველ შემთხ-ვევაში, ღია რგოლი აქაც სახეზეა, მეშვიდე დღეს ხომ ღმერთს არაფერი შეუქმნია. ღიად დარჩენილი, ანუ ნულოვანი დრო, ანუ ღია რგოლი.

      ასე რომ, მივიღეთ ხუთი ნიღბის სიტყვა ხუთი ნაკლული რგოლით.

      იკითხავთ, დანარჩენი ორი სად არისო.

      ახლავე მოგახსენებთ: ხუთ ნაკლულ რგოლს შორის გალობით მიმოჰქრის სინათლის ფრინველი. აჰა, ის ორიც, სულ შვიდნი არიან.

* * *

      ჭექა-ქუხილის ღმერთის სიტყვა ყველას ძალიან მოგვეწონა, აღფრთოვანებულმა ნიღბებმა ტაშიც კი დასცხეს, მგონი ტაში აქამდე ჯერ არავისთვის შეუწევიათ. მე მათთვის აღარ მცხელოდა, დავიღალე, თამაშსაც პირი არ უჩანდა. `ის” არ მოვიდა. სხვა დროს ვესტუმრები აქაურობას, მაშინ გავაგორებ ჩემს კამათელს-მეთქი, ვიფიქრე და წამოვედი. ჭექა-ქუხილის ღმერთმა გამომაცილა, ისევ იმ ქექაქუხილზე ლაპარაკობდა, ჩემს სიტყვას რომ მოჰყვა. ჩანდა, მეტად გულნაკლული იყო.

      - თამაში თამაშის წილ! – როხროხებდა ჭექა-ქუხილის ღმერთი, – ---ზეცა არასდროს რჩება ვალში, ბოლო სიტყვა ყოველთვის მასზეა... თანაც რა კარგად მოერგო (დაემთხვა) შენს სათქმელს.

      - განა ვინმეზე ნაკლები ხარ? -გავუკეთე გული , -მძივებივით ერთ ძაფზე აასხი ყველა ჩვენგანის სათქმელი, მართლაც მშვენიერი რამ იყო.

      - ჰო, მაგრამ ზეცა შენს სიტყვას შეეხმიანა. შენთვის დაიქუხა, ჩემთვის კი არა.

      მეორე დღესვე მივაკითხე ჩემთვის უკვე ცნობილი ალაყაფის ჭიშკარს. დაკაკუნებაზე დრო აღარ დამიხარჯავს, მაშინვე ვკარი ხელი და შევაღე...

      შევაღე და, როგორ ფიქრობთ, სად მოვხვდი? ისევ იმ წალკოტში?

      არა, მსგავსიც კი არაფერი იფიქროთ; სრულიად ჩვეულებრივ, ყრუდ ჩაკეტილ ეზოში ამოვყავი თავი. ყოველ მხარეს აივნებით დახუნძლული უსახური შენობები აღმართულიყო. ცხადია, გაო-ცებული დავრჩი. მაშინვე გამოვბრუნდი უკან, შევათვალიერე ქუჩა, ალაყაფის ჭიშკარი, ყოველივე ნაცნობი ჩანდა. ისევ შევაღე, ისევ ის ეზო.

      არადა, მთელ იმ ქუჩაზე შავად შეღებილი ალაყაფის ჭიშკარი სხვა არ ყოფილა. თუ შემეშალა, რანაირად... შეუძლებელიც კი ჩანდა აქ რაიმე შეცდომა.

      რამდენჯერმე ვცადე, გავაღე ჭიშკარი, ყოველთვის იმ უსახურ ეზოში აღმოვჩნდი. ვერაფერი გამეგო, მაგრამ აბა სანამდე ვიქნებოდი იქ. წამოვედი ჩემს კამათელთან ერთად, უფრო სწორად, კამათლის მქისე ნატეხთან ერთად. ასე რომ, ვერც იმ დღეს ვითამაშე.

      ჰოდა, მიჰყვა მერე ერთმანეთს სხვა დღეები და სხვა ცდები.

      დავდიოდი იმ ქუჩაზე, ვაღებდი შავად შეღებილ ალაყაფის ჭიშკარს... ისევ ის ეზო...

      არც კი ვიცი, ასე რამდენჯერ განმეორდა. ვეღარ მოვხვდი იმ მშვენიერ წალკოტში, ვერა და ვერ ვითამაშე... აქ ალბათ შეიძლებოდა დაგვესრულებინა ჩვენი ამბავი, ერთი პატარა შემთხვევა რომ არა... საქმე იმაშია, რომ ერთ ყოვლად უცნაურ ტიპს გადავეყარე, ოქრო უყვარდა მეტისმეტად. არ მინახავს ადამიანი, ამ ყვითელი მეტალის ჟინით ამ ზომამდე ატანილი. ეს რაღაც სხვა იყო, იმას არ ჰგავდა, სიხარბის ბაცილა რომ შეეყრებათ ხოლმე. როგორღაც თავისებურად უყვარდა ოქრო, აღმერთებდა, შესციცინებდა, ლამის ლოცულობდა მა-სზე. მასში მზის სახეს ვხედავო, ამბობდა. რაღაც განსაკუთრე-ბული უნარიც კი გამოიმუშავა: შეეძლო დამალული ოქრო ეპოვნა. ათიდან რვა შემთხვევაში პოულობდა. მალე ამ ბარიერსაც დავძლევო, იმედოვნებდა.

      მის შემყურეს გამახსენდა, რომ ოქროს ნიღაბიც ერია წალკოტის მკვიდრ ნიღბებში. მგონი მასაც ძალიან უყვარდა ოქრო, შეეძლო ბევრი ელაპარაკა მასზე. აკი შეგვპირდა კიდეც, ბევრ საიდუმლოს გაგიმჟღავნებთ ამ მზისფერი მეტალის შესახებო, მაგრამ საუბრის თემა სხვა იყო, გეზს ვერ გადაუხვევდა. მოვუყევი მის შესახებ იმ უცნაურ ყმაწვილს, დავაკვალიანე, თუ როგორ უნდა გაეღო შავი ალაყაფის ჭიშკარი, იქ კი ალბათ ბევრ საინტერესო რამეს მოისმენდა მისი საყვარელი ოქროს შესახებ.

      რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ წალკოტის კარი გაიღებოდა მისთვის. ისიც მივიდა იმ ჭიშკართან, როგორც თვითონ მიამბო მერე, გააღო ...

      თუმცა აქ უკვე სხვა ამბავი იწყება.

ნახვა: 45

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, კამათელი, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბიზნესგვარები პროკურატურიდან, ფილმების ტელევიზია, პენსიონერი პედაგოგია და ამაზონი ცეცხლის ალში!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 22, 2019.
საათი: 11:18pm 3 კომენტარი

      აგვისტო ოკუპაციის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ეს თემა აქტუალობას რა თქმა უნდა დღესაც არ კარგავდა. ახალი ამბავი კი ახალი ბიზნესმენების გამოჩენა იყო პროკურატურის განცხადებებში - ხაზარაძის საქმეში…

გაგრძელება

კურიერმა ეთერი დატოვა, რუსული ვერტმფრენი საქართველოში ფრენს და ხაზარაძე - ანაკლია კვლავ ერთი პროექტია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 21, 2019.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ვიდრე აგვისტო თვალს ჩაგვიკრავს და ხელიდან გამოგვეცლება, რუსთავი ორის საინფორმაციო უკვე გამოგვეცალა - დღეს კურიერი აღარაფერს იუწყებოდა. სხვა ამბებში კი ოკუპაცია გრძელდება და ამჯერად, საჰაერო…

გაგრძელება

ბანკირი გაყინული ანგარიშებით, ტელევიზია უჟურნალისტოდ, შვებულება საქმით და ოკუპაცია ბოძებით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 20, 2019.
საათი: 11:00pm 4 კომენტარი

      ქვეყანაში ისე დაცხა, სრული არეულ დარეულობაა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკირს საბანკო ანგარიშები აღარ აქვს, ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას კი ჟურნალისტები გაექცნენ, პრეზიდენტი…

გაგრძელება

ხლართებით ოკუპაცია, თბილისის მომართულობა და გაუკოტრებელი რუსთავი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 19, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს ლიხის ქედი თავის ძალას წარმოაჩენს - სინოპტიკოსები გასხვავებულ დასავლეთ-აღმოსავლეთს გვპირდებიან - დასავლეთში წვიმა, აღმოსავლეთში ცხელი და უნალექო ამინდი. რაც შეეხება პოლიტიკურ ამბებს -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters