საკაცობრიო კულტურის უნივერსალური სინთეზის იდეა, რომლის განხორციელებასაც ფლორენციის პლატონური აკადემია ისახავდა მიზნად, ყველაზე მასშტაბურად გამოვლინდა  ფართო  განათლების  და  ინტერესების  მქონე  ახალგაზრდა გრაფ მირანდოლასთან, რომელიც    წლისა ჩამოვიდა პადუიდან ფლორენციაში და ფიჩინოს დაემოწაფა. პადუაში იგი ავეროესის მიმდევარ ილია დელ მედიგოსთან (1458-1493) სწავლობდა და ავეროესის გარკვეული ზეგავლენა ბოლომდე შერჩა. მას სურდა საკაცობრიო კულტურის სხვადასხვა საპირისპირო მიმართულებებში და, ამდენად, სქოლასტიკაშიც ენახა დადებითი მომენტები. პიკო დელა მირანდოლას ძირითად ნაშრომს  „ადამიანის ღირსების შესახებ` _ რენესანსის მანიფესტს უწოდებენ. თავისი ხანმოკლე მოღვაწეობის პირველ პერიოდში, სანამ ფიჩინოს იდეების ერთგული რჩებოდა და სასტიკ ასკეტს, სავონაროლას  სრულად  არ  დაემორჩილებოდა,  მირანდოლა  ამტ კიცებდა, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია და თავად ქმნის ბუნებას საკუთარი თავისათვის; ის ფიქრობდა, რომ ყველა კულტურას თავისი შეუცვლელი ღირებულება აქვს. მათი სინთეზი შესაძლებელია და საჭირო. ეს მათ შორის მშვიდობის დამყარების საფუძველი იქნება. იგივე აზრია გატარებული მის მიერ შესაქმის ინტერპრეტატიაში, რომელსაც „ჰეპტაპლუსი` (შვიდდღიური) ეწოდება. მისთვის ადამიანი თავისუფალია სიკეთისა და ბოროტებას შორის არჩევაში. ასარჩევი კი ძალიან ბევრია, რადგან ადამიანი სინთეზია ზეციურის, ციურის და მთვარისქვეშეთის. ამ კომენტარებში ვხვდებით მირანდოლასთან სიტყვას და ცნებას „ჰომონკულუსი`, რომელიც შემდგომში თეოფრასტე პარაცელსთან (1493-1541), იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან(1749-1832) და სხვებთან დიდ ყურადღებას მიიქცევს. რამდენადაც ადამიანში ყველაფერია, ამდენად მისი სრულყოფილების დონეებს, სათანადო მცდელობის პირობებში, საზღვარი არა აქვს (თვით ღმერთთან გატოლების ჩათვლით). რამდენადაც ყველა ადამიანის ბუნება ასეთია, და ადამიანს ევალება არჩევანის გაკეთება, ამდენად ყველა ადამიანმა, და არა მხოლოდ რჩეულმა, უნდა იცოდეს ფილოსოფია. საკუთარი შესაძლებლობების გააზრების და გამოყენების სხვა საშუალება, მირანდოლას აზრით, ადამიანს არა აქვს. ამ საფუძველზე ამტკიცებდა მირანდოლა, რომ ფილოსოფიის გარეშე ადამიანი ადამიანი არაა. რაც შეეხება მაგიას, იგი მას, ისევე ესმის, როგორც ფიჩინოს ესმოდა  როგორც ბუნებისმეცნიერების პრაქტიკული ნაწილი. ძველი  და  გავლენიანი  დიდგვაროვანის  ოჯახის  შვილმა, ჯოვანი პიკო დელა მირანდოლამ,14 წლისამ მიატოვა ოჯახი. მამის დიდი ქონებიდან თავისი წილი ორ ძმას დაუტოვა, რათა სრულად მისცემოდა მეცნიერულ კვლევას. მიზნად საეკლესიო კარიერა ჰქონდა და ბოლონიის უნივერსიტეტში წავიდა სამართლის შესასწავლად. მაგრამ მალე ფილოსოფიის და თეოლოგიის დაუფლება მიიჩნია ძირითად საქმედ. შვიდი წელი სწავლობდა იტალიისა და საფრანგეთის ცნობილ უნივერსიტეტებში. დიდ ნიჭთან ერთად, ენების შესწავლის საოცარ უნარს იყენებდა და, რენესანსის საერთო მიზნის თანახმად, ხელმძღვანელობდა პრინციპით „წყაროებისაკენ!". პირველწყაროებისაკენ ამ სწრაფვამ მაშინ ბევრი ნაყალბევი ხელნაწერის შექმნა განაპირობა. ისინი ადვილად და დიდ ფასადაც იყიდებოდა. ეს ეპიდემია მირანდოლასაც შეეხო. ვინმე თაღლითმა მას, თითქოსდა წინასწარმეტყველი ეზრას (VI-V სს.) შეკვეთით გადაწერილი,  ებრაული  ხელნაწერები  მიჰყიდა.  მირანდოლა ბევრს მოელოდა მათი შესწავლიდან. ეზრას სახელთან ბიბლიაში დაკავშირებულია როგორც ებრაელების ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების ხელმძღვანელობა არტარქსერქსე I (465- 424) დავალებით  დანგრეული ტაძრის აღდგენა და მოსეს წიგნებისათვის (ხუთწიგნეულის) დღევანდელი სახის მიცემა, ასევე, ებრაელთათვის სხვა რჯულის ადამიანთან ქორწინების აკრძალვაც  და  სხვა.  მირანდოლა  შეცდომას  მალე  მიხვდა. შეიძლება ამანაც მისცა ბიძგი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას მაშინ ძალზე გავრცელებული ლიტერატურული ჰუმანიზმის პრეტენზიებისადმი. ცნობილი ჰუმანისტი ერმოლაო ბარბარო (1454-1493), არისტოტელეს მთარგმნელი, რომელიც მხოლოდ ბერძნულ კლასიკას თვლიდა პატივისცემის ღირსად, საყვედურობდა მირანდოლას, რომ მან, ბერძნული და ლათინური ენების მცოდნემ, წაიბილწა თავი ბარბაროსების კითხვით. ერმოლაო ბარბაროსებად  თვლიდა  არა  მარტო  არაბებს,  არამედ ალბერტ დიდს (1193/1205- 1280), თომა აქვინელს და მათ მიმდევრებსაც. ერმოლაო ფიქრობდა, რომ ის, რაც მაშინ არისტოტელეს სახელით ვრცელდებოდა, თავად არისტოტელეს რომ ენახა, ვერ იცნობდა, თუ ვისი დაწერილი იყო. ნეოპლატონიზმის ძლიერი ნაკადი შუა საუკუნეების არისტოტელიზში, განსაკუთრებით არაბულში, ამგვარი საყვედურის საბაბს ნამდვილად იძლეოდა. ერმოლაო საეკლესიო არისტოკრატიას ეკუთვნოდა, პაპ ინოკენტი XIII (1655-1724) ნდობით იყო აღჭურვილი. მირანდოლას ცნობილი საპასუხო წერილი დამაჯერებლად უჩვენებს ამ ახალგაზრდა მოაზროვნის პოზიციის მაღალ ზნეობრიობას და მისი ხედვის სიღრმესაც. საკაცობრიო კულტურის ერთიანობის საჩვენებლად დაწერა მირანდოლამ თავისი 900 თეზისი. შუა საუკუნეებში უყვარდათ არისტოტელეს დებულების მოშველიება იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდა შეიძლება იყოს ბრძენი, მაგრამ არა სწავლული. იოანე პეტრიწიც იყენებს ამ მოსაზრებას („ვთქუა ჭაბუკი ბრძნად, არამედ ცნობილად არღა). თუმცა, ადამიანის მოქცევა მყარ საზღვრებში არ შეიძლება  რამდენადაც ადამიანი ღვთის ხატი და მსგავსია, ე. ი. აქვს გონება და თავისუფალი ნება. ახალგაზრდა მირანდოლა ბრძენიც იყო და უზარმაზარი ცოდნის მფლობელიც. ეს მის მოწინააღმდეგეებს ბოროტ ძალებთან კავშირის ბრალდების საბაბსაც აძლევდა. სიბრძნის  და  ასაკის  მიმართება,  ჩანს,  მარტო  არისტოტელეს, პეტრიწსა და ალბერტ დიდს არ აწუხებდა. ამ ასპექტით აღორძინების ეპოქაში ბერძნული მითოლოგიის ღმერთთა იერარქიასაც გადახედეს. დაისვა კითხვა: რატომაა, რომ ღმერთთა შორის ყველაზე უმცროსი (ჭაბუკი) მერკური სიბრძნის სიმბოლოდ ითვლება? სიბრძნე ხომ უდიდესია სათნოებათა შორის? ერმოლაო  ბარბარომ  მირანდოლას,  პადუიდან  ფლორენციაში გადასვლის გამო, არისტოტელეს ღალატში დასდო ბრალი. მაგრამ მირანდოლას პადუის არისტოტელიზმი კი არ უარუყვია, არამედ საკაცობრიო სიბრძნეში მისი ჭეშმარიტი ადგილის გააზრება სურდა. უნდა ითქვას, რომ იგი ყველა პუქტში დამაჯერებლად უარყოფს ერმოლაოს ბრალდებებს და კულტურის განვითარების პროგრესულ გზაზე მიუთითებს. მირანდოლა თვლის, რომ იგი პადუიდან ფლორენციაში გადავიდა, არა როგორც პადუის მოღალატე, არამედ, როგორც მზვერავი. მას უნდოდა ენახა, რა საფუძველი აქვს არისტოტელიკოსთა და პლატონელთა მრავალსაუკუნოვან დაპირისპირებას და როგორია ის პლატონი, რომელსაც პადუაში ასწავლიან. მისი დასკვნა ასეთი იყო: ეს დაპირისპირება, ტერმინთა და სიტყვათა განსხვავებულ გაგებას უფრო ემყარება, ვიდრე ამ პოზიციათა  პრინციპულ  შინაარსს.  „შერიგების  თავადმა"  მირანდოლამ (ასე უწოდებდნენ მას თანამედროვეები) დაინახა, რომ ფლორენციის აკადემიაში ნამდვილ არისტოტელეს პლატონთან არაფერი ექნებოდა საკამათო. ერმოლაო, წერდა მირანდოლა ყოფილ თანამოაზრეს,  მე ვნახულობ პლატონთან ჰომეროსის სტილის მშვენიერებასაც, რომელიც ყოველდღიურ მეტყველებაზე მაღლა დგას და იმ აზრებსაც, რომელიც მას არისტოტელესთან ანათესავებენ. როცა ამ ორ მოაზროვნეს ვადარებთ,შეიძლება ითქვას, რომ ისინი რამდენადაც შეუთავსებელი ჩანან  სიტყვების  დონეზე,  იმდენადვე  არსებით  თანხმობაში არიან ერთმანეთთან. ამ წერილის განხილვისას, არ შეიძლება ხაზი არ გაესვას ახალგაზრდა ბრძენის მიერ მაშინდელ იტალიურ  ჰუმანიზმიდან  გამომდინარე  უსიამოვნო  ტენდენციაზე მითითებას. ესაა ჰუმანისტების არისტოკრატიზმი, მათი გამიჯვნა  უბრალო  მოქალაქეებისგან,  რომელთაც  ზემოდან  უყ- ურებდნენ. ეს გამოიხატებოდა მათ მიერ აზრის გამოთქმის ფორმისათვის, ასე ვთქვათ, ფილოლოგიური მხარისათვის გან- საკუთრებული ყურადღების მინიჭებაში  შეიძლება ითქვას, მის განზრახ გართულებაში. მირანდოლა ფიქრობდა, რომ ეს იყო შინაარსის, აზრის დამცირება. ისინი უარყოფდნენ აზრს, თუ ის სათანადო ფილოლოგიურ ფორმაში არ იყო მოქცეული და ხელოვნების დონეზე არ იყო აყვანილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი გამოხატულება შედგომში ცნობილი დებულებისა „ხელოვნება ხელოვნებისათვის". წარმოშობით, განათლებით და რწმენით არისტოკრატი მირანდოლა უარყოფ- და არა მარტო კულტურათა დახარისხებას, არამედ მასისა და ინტელიგენციის დაპირისპირებასაც. იგი არ უარყოფდა აზრის გადმოცემის ფორმის მნიშვნელობას, მაგრამ თვითკმარად მაინც შინაარსი მიაჩნდა. მაღალი ლიტერატურული ფორმის გარეშე გამოთქმული რაიმე შინაარსი, მისი ღრმა რწმენით, მაინც გარკვეული ღირებულების შეცველია, მაგრამ თუ ადამიანი შინაარსს არ ფლობს, იგი საერთოდ ადამიანიც არ არის. ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, ავეროესისა და ავეროიზმის ცნობილი სპეციალისტი ერნსტ რენანი (1812-1892) მირანდოლას პოზიციას „ბრძნულ ეკლექტიზმს" უწოდებდა. მაგრამ როცა საპირისპირო შეხედულებათაგან ამორჩევას  (ეკლეგოს)  საფუძვლად  თეორიულად  და  ზნეობრივად გამართლებული პრინციპი უდევს, ეს ეკლექტიზმი კი არაა, არამედ დაპირისპირებულთა შორის საერთო საფუძვლის დანახვა, ანუ სინთეზი. სწორედ ესაა „ბრძნული ეკლექტიზმის" ლოგიკური შინაარსი. მას უდავოდ მიაჩნია, რომ თუ ადამიანს განსაკუთრებული ადგილი აქვს სამყაროში, რაც იუდაიზმის და ქრისტიანობის მოთხოვნაცაა, მისი აუცილებელი მახა- სიათებლები უნდა იყვნენ აზროვნების და არჩევანის სრული თავისუფლება. ადამიანს უფლება აქვს ნებისმიერ ავტორიტეტში შეეჭვდეს და საკუთარი პოზიცია დაიცვას. ეს ეხება თვით ეკლესიის მამების დებულებებსაც, რომლებიც სავალდებულო დოგმებათაა მიჩნეული. როგორც ერნსტ კასირერი (1874-1945) სამართლიანად შენიშნავს,  მთელი  პატივისცემის  მიუხედავად,  მირანდოლა, არც პლატონისა და არისტოტელეს გაფეტიშების მომხრეა. მხ- ოლოდ ეს ორი გენიოსი არ წარმოადგენს საერთოდ საკაცობრიო კულტურას. მას არც საერთოდ ანტიკური ფილოსოფიისა და კულტურის გაფეტიშება სურს. მისთვის სრულყოფილი მთელი მხოლოდ საკაცობრიო კულტურას შეიძლება ეწოდოს, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება, ე. ი. უახლოვდება ღმერთს. რაც მთავარია, ყველა ეპოქას და ყველა კულტურას თავისი შეუცვლელი ადგილი და წონა აქვს საკაცობრიო კულტურაში. ეს ეხება რასებს, ენებს, კულტურებს. შეიძლება ითქვას, რომ მირანდოლამ ომი გამოუცხადა ფილოლოგიური კვლევით ცალმხრივ გატაცებას, რომლის მიხედვითაც, შინაარსს ღირებულება მხოლოდ მაშინ ექნება, თუ იგი შესაბამისი სიტყვაკაზმული ხელოვნების კანონებს დაიცავს. ხაზგასასმელია, რომ მირანდოლა პლატონსა და არისტოტელეს შორის განსხვავებას კი არ უარყოფს, არამედ მათ შორის შეურიგებელ დაპირისპირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დამოუკიდებელი მნიშვნელობაც არ ექნებოდათ. ეს კი არსებითია მირანდოლასათვის. არა მხოლოდ ეს უდიდესი გენიოსები, არამედ მათზე მნიშვნელოვნად დაბლა მდგომნი, თუნდაც მხ- ოლოდ მათი კომენტატორები, მირანდოლას საკაცობრიო კულტურისთვის საჭიროდ მიაჩნია. ისინიც საკაცობრიო სიბრძნის რაღაც ნაწილს წარმოაჩენენ. იგი ასახელებს იოანე დუნს სკოტს(1265/66-1308), თომა აქვინელს, ავიცენას (980-1037), ალ-ფარ-აბის († 950) და სხვებს. თავად ორიგენეც, თავისი პელაგიანელობით, რომელიც პაპ ანასტასიუს I (აღსაყდრ. 399) მიერ 399 წელს ერეტიკოსად იქნა გამოცხადებული (და რომელსაც მრავალი იყენებდა, მაგრამ მითითებას ვერ ბედავდა), საჭიროა ფილოსოფიისა და კულტურისათვის; საჭიროა, რათა ადამიანის თავისუფლების რაობა გავიგოთ. მირანდოლას მოსწონს ორიგენეს აზრი, რომ ღმერთის სიკეთესთან შეუთავსებელია მარადიული სასჯელი, რომ არ შეიძლება სასრულო დროში უსასრულო სასჯელის დამსახურება. ადამიანის რაობის გასაგებად, აუცილებელია, რომ მას ცოდვაში ჩავარდნის უნართან ერთად, ცოდვის დაძლევის მარადიული უნარიც ჰქონდეს. აქ, ცხადია, მირანდოლა პავლე მოციქულს ემყარება, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანში ამ ორი საპირისპირო შესაძლებობის თანარსებობას. ისინი აუცილებელია ადამიანის მიერ საკუთარი შეცდომის გაცნობიერებისა და საკუთარი სრულყოფისათვის, როგორც ღმერთისაკენ მარადიული სვლის შესაძლებლობა. მირანდოლას აზრით, ადამიანის თავისუფლება მდგომარეობს  შემოქმედების  უწყვეტ  პროცესში,  რომელიც  წარმოადგენს საკუთარი თავის შექმნას და რომელიც არასდროს არ წყდება. იგივე შეიძლება ითქვას ჟან პოლ სარტრზე (1905-1980)  და მაქს შელერზეც (1874-1928).  გარკვეული  აზრით, მათ შეიძლება სიორენ კირკეგორიც (1813-1855) მივათვალოთ. კირკეგორის მიხედვითაც, ღმერთს ადამიანისათვის არ მიუცია არსებობის ერთი რომელიმე სახე. ბეღურას, ცხენს და ა. შ. ყველას გარკვეული სახე აქვს, რომლის შეცვლა მათ არ შეუძლიათ და, ამდენად, მისთვის პასუხისმგებელნი არ არიან. ამის გამო, მათ ღმერთისადმი საყვედურის უფლებაც აქვთ. ადამიანი კი თავად ირჩევს თავის ადგილს არსებულთა შორის და თავის მორალურ სახესაც. მირანდოლას იდეალში გაერთიანებულია ანტიკურობის  რწმენა  უმაღლესსა  და  სრულყოფილში,  ანუ ღმერთში, როგორც უძრავში და უცვლელში. მირანდოლას დამსახურება არ შეიძლება დავიყვანოთ მხოლოდ პლატონისა და არისტოტელეს შერიგების ცდაზე. ეს მცდელობა ხომ ბოეციუსიდან დაწყებული მრავალ თეოლოგთანაა აშკარა. მაგალითად, დიდი თურქი მოაზროვნე ალ-ფარაბი, იოანე პეტრიწი და სხვა, საკმაოდ ნათლად ანვითარებდნენ ამ პრინციპს. კოპლსტონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მირანდოლა არ იყო არც ეკლექტიკოსი, არც ფანატიკოსი, არც ანტიარისტოტელიკოსი. ვინც ამას აკეთებს, კოპლსტონის აზრით, მათ არისტოტელე არ წაუკითხავს. არც მირანდოლამოუცია ამის საფუძველი. მეტიც, მირანდოლას მტკიცებით, არისტოტელე ჭეშმარიტებას გამოთქვამს უფრო ნათლად, ვიდრე პლატონი. მირანდოლა არც ანტისქოლასტიკოსი იყო. ფიჩინოსთან ერთად, იგი აქვინელს „ჩვენი თეოლოგიის ბრწყინვალებას" უწოდებდა. ამგვარი მიდგომა ბუნებრივია და მისი საერთო გეგმიდან გამომდინარეობს. პიკოსაგან განსხვავებით, შეურიგებელი  ანტიარისტოტელიკოსი  იყო  მისი  ძმისშვილი, ჯოვანი ფრანჩესკო დელა მირანდოლა (1469-1533), რომელიც არისტოტელეს მოძღვრებას ქრისტიანობასთან შეურიგებლად თვლიდა.  მისი  ნაშრომია  „ამქვეყნიური  სიბრძნის  ამაოების შესახებ". იგი სავონაროლას გავლენითაა დაწერილი და წარმოადგენს არისტოტელეს უარყოფას პლატონის პოზიციებიდან. პლატონში უმცროსი მირანდოლა ამქვეყნიური სიბრძნის უსუსურობის დამსაბუთებელს ხედავდა. მირანდოლა 24 წლისა იყო, როცა შესაძლებლად ჩათვალა საკუთარი სინკრეტული სისტემა ფართო მსჯელობის საგნად ექცია. ფლორენციის გამგებელი მედიჩების მეგობარმა მირანდოლამ გადაწყვიტა თავისი გავლენა და ქონება თეოლოგთა და ფილოსოფოსთა მსოფლიო კონგრესის მოსაწვევად გამოეყენებინა. იგი იწვევდა ყველა მისთვის ცნობილ მოაზროვნეს, ხარჯებს კი თავად კისრულობდა. კონგრესის თემა უნდა ყოფილიყო ადამიანური ცოდნის ერთიანობის და მისი პერსპექტივის პრობლემა. მირანდოლამ საპაექროდ წამოაყენა 900 თეზისი, რომელთაც აერთიანებდა სათაური ყოველგვარი შემეცნების შესახებ. რომის პაპი ჯერ თანახმა იყო ამ იდეის, შემდეგ კი,  მირანდოლას  მოწინააღმდეგეთა  წაქეზებით,  აღნიშნული თეზისების შესამოწმებლად კომისია გამოჰყო, რომელმაც თეზისი ერეტიკულად სცნო; მაგრამ მირანდოლა არ დაეთანხმა კომისიას და თავისი თეზისების დაცვა დაიწყო. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ ყველა თეზისი ერეტიკულად იქნა გამოცხადებული და კონგრესი აიკრძალა. ამ გამოცდისათვის კიდევაც რომ გაეძლო, კონგრესის იდეას სხვა გადაულახავი სიძნელეები დახვდებოდა. ამგვარი ყოვლისმომცვლელი შემწყნარებლობის განსახორციელებლად მაშინდელი ეპოქა მზად არ იყო. თეზისების ერეტიკულად ცნობის შემდეგ, მირანდოლას დაპატიმრება ელოდა. მან გადაწყვიტა საფრანგეთში გასცლოდა რომის ინკვიზიციას, მაგრამ გზაში დააპატიმრეს. პატიმრობიდან იგი იხსნა ლორენცო მედიჩიმ, რომელმაც დაარწმუნა პაპი, რომ მირანდოლას თეზისები არცთუ ისე საშიში იყო ეკლესიისათვის და თავად მისი პიროვნებაც იმსახურებდა პატივისცემას. მირანდოლას 900 თეზისიდან 55 პროკლესაგან იყო აღებული. ამ თეზისებში, ისევე, როგორც ნაშრომში „თორმეტი წიგნი ასტროლოგთა წინააღმდეგ", უარყოფილი იყო მნათობთა ზემოქმედება ადამიანის ბედზე, მაგრამ მისაღებად ითვლებოდა მაგია, როგორც მოძღვრება ადამიანის ბუნებაზე აქტიური ზემოქმედების შესახებ. მაგიას მირანდოლა, ისევე, როგორც ფიჩინო, ამყარებდა ნივთებსა და ბუნების ძალების საყოველთაო სიმპათიის კანონზე. ასტროლოგიის უარყოფაში მირან დოლა ულრიხ ცვინგლისა (1484-1531)  და იოჰან კეპლერის (1571-1660) წინამორბედად ითვლება. მირანდოლასათვის შემეცნების საფეხურები გამოხატავენ ონტოლოგიურ  იერარქიას.  ზეერთი,  ზეარსი  და  ზეკეთილი ღმერთის  შემეცნების  საფეხურები გამორიცხავენ  მის- გან  ყოველივე  სხეულებრივსა  და  არასრულყოფილს,  მეორე საფეხურზე ღმერთის სრულყოფილება შეიმეცნება, როგორც აბსოლუტურად  ერთადერთი  რეალობა,  რომელიც  არაფერს არ ჰგავს.  მესამე  საფეხურზე  ამ  ერთადერთის  ზეარსობას და  ზეკეთილობას  გავიგებთ.  ამით  შევდივართ  ღვთაებრივი სინათლიდან ღვთაებრივ სიბნელეში. როდესაც ამ სინათლის შეუმეცნებადობას და გამოუთქმელობას შევიგნებთ, ავმაღლდებით უმაღლეს მეოთხე საფეხურზე ვეზიარებით არცოდნის ცოდნას. ის, რაც კონკრეტულ საგანთა შემეცნების თვალსაზრისით სინათლეა, ღმერთის საკუთრივი არსების შესამეცნებლად სიბნელეა და არცოდნაა. ღმერთის ამ დონეზე  შემეცნება  ამქვეყნიური  ნეტარებაა.  ხაზგასასმელია  ის, რომ მისთვის საკმარისი არაა შემეცნების ბუნებრივი მსვლელობა. ეს ერთადერთი პუნქტი როდია, სადაც მირანდოლა თეოლოგიას უთმობს. ფილოსოფიას და საღვთო წერილს იგი ღმერთის  სხვადასხვაგვარ  გამოვლინებად  თვლიდა მათი თანხმობა საეჭვოდ არ მიაჩნდა. თავისი ახლებური მოძღვრება ადამიანის შესახებ მირანდოლას, ისევე, როგორც კუზანელს, შეეძლო საღვთო წერილზე მითითებით დაეცვა, სადაც ადამიანის მიერ თვით ანგელოსთა განკითხვაზეა ლაპარაკი (კორინთელთა, 1.6.3). სიტყვა ადამიანის ღირსების შესახებ მირანდოლამ მის მიერ დაგეგმილი საყოველთაო დისპუტისათვის დაწერა. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ ადამიანი მიკროკოსმოსია,  რომ მასში არის როგორც მიწიერი (ცხოველური), ასევე ღვთაებრივი. არც ერთი ეს ელემენტი მასში გაბატონებული არ არის. ღმერთმა მას თავისუფალი ნება მიანიჭა და თავად ადამიანზეა დამოკიდებული თავდაპირველი გაურკვეველი მდგომარეობიდან  ცხოველამდე  დაეშვება,  თუ  ღმერთამდე ამაღლდება.  ამდენად,  ადამიანი  თავადაა  საკუთარი  თავის შემოქმედი. ეს აღორძინების აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. მისი საფუძველი ნეოპლატონიზმის პანთეისტური ტენდენციებია. ეს ტენდენციები ნათლად ჩანს მირანდოლას ნაშრომში "არსისა და ერთის შესახებ". აქ იგი, კუზანელის კვალად, აიგივებს ღმერთს და სრულყოფილებას სამყაროში, ისე რომ, საგანი აღებული მის სრულყოფილებაში (რუსთველის (XII ს.) სიტყვებით  „მათ სავსებაში") ღმერთია. ის,  რაც  განსხვავებულია  ღმერთისაგან,  სამყაროში  იწვევს დაპირისპირებას და ბრძოლას  რაც, მირანდოლას აზრით, ნეგატიური როდია. ჰერაკლიტეზე (დაახლ. 544  დაახლ. 483) და ემპედოკლეზე (დაახლ.  490-430)  დამყარებით,  იგი  ამტკიცებს, რომ ამქვეყნიური სილამაზე მხოლოდ ამ გზით წარმოიშვება.  სილამაზე  მეგობრული  მტრობა  და  თანხმობადი განხეთქილებაა.  ღმერთის  ძალის  გამოვლინება  ისაა,  რომ განხეთქილებას მუდამ სჭარბობს თანხმობა, ხოლო დაპირი სპირებას ერთიანობა. მირანდოლას ამ მოსაზრებებმა დიდი გავლენა იქონიეს ჯორდანო ბრუნოს (1548-1600) პანთეიზმის ჩამოყალიბების პროცესში. რაც შეეხება მირანდოლას პოზიციას რელიგიათა თანხმობისა და შემწყნარებლობის შესახებ, იგი 100  წლის  შემდეგ  გამოიყენა  ფრანგმა  მოაზროვნე ჟან ბოდენმა (1530-1596), ხოლო უფრო გვიან გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგმა (1729-1781) „ნათან ბრძენში". ყოვლისმომცველი ეკლექტიკური სინთეზი, მიუხედავად მრავალი საყურადღებო პრინციპისა, როგორც ჩანს, მისი ავტორისათვისაც არ იყო მთლად დამაჯერებელი.1490 წელს იგი ექცევა ცნობილი ფანატიკოსის სავონაროლას გავლენის ქვეშ. მირანდოლას ხელშეწყობით ჩავიდა სავონაროლა ფლორენციაში, რომელიც, როგორც ამბობენ, მალე ააფორიაქა და 1492 წლიდან ფაქტიურად სავსებით დაიმორჩილა. სავონაროლა მოითხოვდა ახალ მორალს, უარყოფდა ფუფუნებას და საერო ხელოვნებას. მისი წაქეზებით დაწვეს პეტრარკას ნაწარმოებები და დაანგრიეს ხელოვნების მრავალი ძეგლი. მისი მოთხოვნები თანდათან აუტანელი გახდა როგორც პაპისათვის, ასევე უბრალო ხალხისათვისაც, რომელსაც იგი ძირითადად ეყრდნობოდა. სავონაროლა 1498 წელს კოცონზე დაწვეს. ფილოსოფიის ცნობილი ისტორიკოსი კარლ ფორლენდერი (1860-1928) მირანდოლას ჰუმანიზმის იდეების მოღალატედ თვლის სავონაროლას მხარდაჭერისათვის. მაგრამ მომავლისაკენ მიმავალი გზის მაძიებელმა მირანდოლამ, ალბათ, ბორჯათა აღვირახსნილი ფუფუნებით და გარყვნილებით გულგატეხილმა, ასევე საკუთარი მეცნიერული კვლევის შედეგებში შეეჭვებულმა, დიდი  ყოყმანის  შემდეგ,  სავონაროლას  მიერ  წამოყენებული რიგორისტული პრინციპი აირჩია. ისიც უნდა ითქვას, რომ მირანდოლა არც საკუთარი ცხოვრებაში  გამოირჩეოდა  დიდი  ზნეობრიობით.  სავონაროლას გავლენით, მირანდოლა წვავს ახალგაზრდობაში დაწერილ სატრფიალო ლექსებს, სასიყვარულო წერილებს, ინანიებს ცოდვებს (ერთხელ, ახალგაზრდა ქალი ცხენზე შემოისვა და გაიტაცა. როცა მდევრები წამოეწივნენ, ბრძოლა გაუმართა. მან და მისმა მხლებლებმა თვრამეტი კაცი მოკლეს). მირანდოლა უმცროსი იგონებდა, რომ იგი ხშირად ხედავდა ამ პერიოდში ბიძამისს, თუ როგორ იშოლტავდა იგი საკუთარ თავს, მას კი ხშირად ურჩევდა გამუდმებით ეკითხა ბიბლია. თავად ბიბლიის განმარტებებს მიჰყო ხელი. მის ცოდვათა შორის შეიძლება მოვიხსენიოთ მისი ინტიმური კავშირი ფიჩინოს მეორე გამოჩენილ მოწაფესთან, შესანიშნავ ფილოლოგთან, კარგ პოეტთან (რომელსაც  ბოკაჩოს და ლუდოვიკო არიოსტოს (1474-1533 გვერდით მოიხსენიებდნენ), ლორენცო მედიჩის შვილების აღ-მზრდელთან, პოლიციანოსთან. რენესანსის მესვეურებს შორის ეს არ იყო ერთეული მოვლენა. ადამიანის პრეტენზია ტიტანობაზე და სრულ თავისუფლებაზე, სახიფათო პრინციპია. მრავალი მათგანი აცნობიერებს, რომ ტიტანი ღმერთთან ბრძოლაში ყოველთვის მარცხდება. თუმცა აღიარებით, ყველა არ აღიარებს ამას (მაგ., ნიკოლო მაკიაველი (1469-1527),  რომელიც  ადამიანის ცოდვილიანობისათვის თვალის გასწორებას ცდილობს და ღირებულებათა საზომად მხოლოდ სახელმწიფოს კეთილდღეობა მიიჩნია). მირანდოლას ბედში, ტიტანიზმის, როგორც მსოფლმხედველობის,  მცდარობის  გაცნობიერებას  ვხედავთ. ასევეა მისი ძლევამოსილი მეგობრის, ლორენცო მედიჩის ბედშიც. გადმოცემით ლორენცო ბრწყინვალემ (1449-1492) სიკვდილის წინ მიიწვია სავონაროლა და ცოდვათა მიტევება სთხოვა. სავონაროლამ სამი პირობა წაუყენა ამისათვის: I. მონანიება, როგორც რელიგიური პირობა; II. ცოდვის გზით შეძენილ ქონებაზე უარის თქმა; III. უარის თქმა ფლორენციის მმართველობაზე და დემოკრატიული მმართველობის დაშვება, რაც ნიშნავდა სავონაროლასთვის ძალაუფლების ოფიციალურად გადაცე- მას. ამაზე, როგორც პოლიტიკურ მოთხოვნაზე, ლორენცო არ დათანხმდა. სავონაროლამ არ გაათავისუფლა იგი ცოდვათაგან. სავონაროლამ ქალაქი მასებზე დამყარებით აიღო. ფლორენციაში რესპუბლიკის დამყარება ძირითადად ამ ფაქტ- მა განაპირობა. მაგრამ ახალმა მმართველობამ ვერც წესრიგი დაამყარა, ვერც ზნეობა გააუმჯობესა და ვერც მეურნეობას გაუგო რამე. ხალხი მას გადაუდგა.  498 წელს მასებს არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, როცა სავონაროლა პაპის ბრძანებით ჩამოახრჩვეს. აღორძინებას იტალიაში, ამ პერიოდისათვის, სულ რაღაც ოცდაათი წლის ისტორია ჰქონდა, მაგრამ უკვე ნათლად გამოჩნდა მისი სიდიადეც და ნაკლოვანებანიც. თეორიულ დონეზე ის ყველაფრის გაერთიანებას, ყველაფერში სიკეთის დანახვას ცდილობდა. მაგრამ თეორიული დებულებები  პრაქტიკაში  შესაძლებელ,  მაგრამ  გაუთვალისწინებელ და არასასურველ გამოვლენას ჰპოვებდნენ. გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831) ამტკიცებდა, რომ ყველა სიტყვა თავისი ბუნებით ზოგადია. იგი ამაში სიტყვის, როგორც ადამიანთა რაციონალური კომუნიკაციის საშუალებას გულისხმობდა და ამას სიტყვის ღვთაებრივ ბუნებას უწოდებდა. მაგრამ საერთოდ ისტორიამ და, განსაკუთრებით აღორძინებისამ, გვიჩვენა აქედან გამომდინარე სიძნელეები. სიტყვის ზოგადმა ბუნებამ მისცა საშუალება ჰუმანისტებს ქრისტიანობის ეპიკურესთან (342/341-271/270)  შერიგების  შესაძლებლობა  და საჭიროება დაესაბუთებინათ. აღორძინების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე, ლორენცო ვალამ (1407-1457), რომის პაპის მდი ვანმა, ამ იდეის მხარდასაჭერად, გამოაქვეყნა ტრაქტატი „სიამოვნება, როგორც ჭეშმარიტი სიკეთე" (1531). მაგრამ, თუ ეპიკურე სიამოვნებით და კმაყოფილებით ცხოვრებისთვის, სათნო და ზნეობრივი არსებობისათვის ყველსა და პურს სავსებით საკმარისად მიიჩნევდა, ვალა ამტკიცებს, რომ სიამოვნებით და კომფორტულად ცხოვრება სულაც არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას; პირიქით, იგი დიდი სიქველეა. მეტიც, კომფორტულად  ცხოვრება  ბუნებრივია  და  ამიტომ  ღვთაებრივიცაა (ვალასთვის, ღმერთი იგივეა, რაც ბუნება). არავის ეეჭვება, რომ ბუნებრივი და გამართლებულია თვითშენახვის სურვილი ადამიანის მიერ და სიამოვნება თვითშენახვის საუკეთესო საშუალებაა. საქმე ისაა, რომ უზნეო სიამოვნება ლორენცო ვალასათვის არ არსებობს. მაგრამ ეს დებულება ხომ ჭეშმარიტი მორწმუნის თვითგვემასთან ერთად, სასტიკ ინკვიზიტორსაც, ბორჯებისა და მედიჩების წარმომადგენლების სიამოვნებებსაც ამართლებს? უაზრობაა ადამიანს უმტკიცო, რაც შენ გსიამოვნებს, ის სინამდვილეში სიამოვნება არ არის, თუ სახელმწიფოში ამის სამართლებრივი საზღვრები არაა დადგენილი. პიკო დელა მირანდოლამ სიამოვნების ორივე გაგების შედეგები გამოსცადა. მაინც ვერ დარწმუნდა თავისი არჩევანის სისწორეში. ამ ახალგაზრდა გენიოსს რომ დასცლოდა, თავისი ფილოსოფიის ძირითადი პრინციპის (ადამიანი მუდამ თავისუფალია და მუდამ შეუძლია აირჩიოს) თანახმად, ცხოვრების საზრისის ახალი შესაძლებლობების ძიებას განაგრძობდა, ე. ი. მარადიული წრებრუნვის გზას გააგრძელებდა. როგორც კასირერი აღნიშნავს, სავონაროლას არც ერთი ადამიანის სულისათვის არ უბრძოლია ისე სიჯიუტით, მონდომებით და ვნებით, როგორც მირანდოლას სულისათვის და ამ ბრძოლაში მას დარჩა გამარჯვება (16,71). ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას ბედი იტალიაში რენესანსული კულტურის პირველი დიდი ტრაგედიაა. ქართველი მკითხველისათვის საინტერესო იქნება იმის აღნიშვნა, რომ მირანდოლას მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი და საერთოსაკაცობრიო ღირებულების შინაარსი ილია ჭავჭავაძემ (1837-1907), 1888 წელს, "ივერიაში" კარგად გააცნო თავის მკითხველს. განიხილავდა რა აღორძინების ეპოქას, ილია წერდა: `ამ საუკუნემ ახალი თვალით მიახედა კაცობრიობა ადამიანის ღირსებაზედ და იმის არსებობის საგანზედა. ჰუმანიზ- მის მოძღვრება იმაში მდგომარეობსო, ამბობს ერთი მწერალი, რომ ადამიანი შეჰხაროდეს ცხოვრებას, ელინებრ სიხარულის თვალით უყურებდეს, იმაში მდგომარეობს, რომ კაცის ადამიანური ღირსება ღრმად პატივცემული იყოს და არა-ნაკლებ ღრმადვე ჩანერგული რწმენა გვქონდეს, რომ ყოველი ღონე და ნიჭი ადამიანის ბუნებისა აუცილებლად საჭიროა განვითარებულ და წარმატებულ იქნას ერთიანად და გამოუკლებლივ. ეს პატივისცემა ადამიანის ღირსებისა დაიწერა თავის დროშაზედ ჰუმანობის მოძღვრებამ და ეს მოძღვრება გარკვევით გამოთქვა მაშინ ერთმა იტალიელმა ჰუმანისტმა პიკოდელა მირანდოლამ 1486 წელსა. ამ პიკოს სიტყვით, აი რას უბრძანებს ღმერთი პირველს კაცს ადამსა: «მე შენთვის, ადამო, არავითარი სამუდამო ბინა და სადგური არ მომიცია, არავითარი სამუდამოდ უცვალებელი საქმე არ ამიჩენია ეს იმისთვის, რომ საცა შენ გიამოს იქ იცხოვრო, რაც გინდოდეს ის საქმე აიჩინო. მე შენ არც სასიკვდილოდ გამიჩენიხარ, არც უკვდავად დამინიშვნიხარ. ეს იმიტომ, რომ შენ თვითონ იყო შენის თავის მკეთებელი  და  ისეთი  სახე  მიიღო,  როგორიც  შენ  თითონა გსურს. შენ შეგიძლიან პირუტყვამდინაც ძირს ჩამოხვიდე და ანგელოზამდინაც ზე ახვიდე.» კაცმა რომ ჩაიხედოს ამ სტრიქონებში, და მასთან უნარიც ჰქონდეს გამოსარკვევი გამოარკვიოს და დასანახი დაინახოს, ჩვენთან ერთად იტყვის, რომ ამაზედ მარტივად და ამაზედ ნათლად ძნელია კაცმა გამოთქვას-ღა, როგორც არსებობის საგანი, ისეც ადამიანის ღირსება".

ნახვა: 2239

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The flexibility of this build allows

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 9, 2024.
საათი: 6:02am 0 კომენტარი

In conclusion, the Path of Exile affliction end date marks the end of one chapter and the beginning of another in the ongoing saga of Wraeclast. As players prepare to bid farewell to the affliction league, they can take pride in their achievements and look forward to the challenges and rewards that lie ahead in the next league. With each new iteration, Path of Exile continues to push the boundaries of online gaming, offering players a rich and immersive …

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters