პლატონისა  და  არისტოტელეს მოძღვრებათა  ურთიერთმიმართების საკითხი გვიანი ანტიკურობის და შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. აღორძინების ეპოქაში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებათა დაპირისპირების დროს, ქრისტიანულ ქვეყნებში, ცხადია, უპირატესობის კრიტერიუმი იყო ის, თუ როგორ ეგუებოდნენ ეს მოძღვრებები ქრისტიანობას. ისლამის სამყაროში ასეთივე იდეოლოგიური საზომი იყო „ყურანთან  მათი შეთანხმების შესაძლებლობა. ცნობილი ფილოლოგი, 1434 წელს კონსტანტინეპოლიდან იტალიაში გადასახლებული იოანე არგიპოპულო (1317- 1473 ) რომელიც ჯერ პადუაში ბერძნულ ენას და არისტოტელეს ფილოსოფიას ასწავლიდა, შემდეგ კი ფლორენციაში დასახლდა, ამტკიცებდა, რომ არისტოტელემ არ იცოდა იდეების შესახებ პლატონის ნამდვილი თეორია, ხოლო ყველა სხვა წინააღმდეგობა მათ შორის მოჩვენებითია (69,III, 179- 280). პადუას სკოლა გულმოდგინედ იცავდა არისტოტელეს ფილოსოფიას და მის პრიმატს ყველა სხვა მოძღვრებაზე. პლეთონის მოწაფემ, მარსილიო ფიჩინომ, ფლორენციაში პლატონური  აკადემია  დააარსა  პადუას  სკოლის  პერიპა ტეტიზმის საწინააღმდეგოდ. ფლორენციელების მიერ „სამშობლოს მამად წოდებული კოზიმო მედიჩის (1389- 1464) დახმარებით გახსნილ ამ აკადემიას, რომელშიც პლატონის ბიუსტის წინ უქრობად ენთო სანთელი, მიზნად ჰქონდა მთელი საკაცობრიო კულტურის სინთეზი პლატონის მოძღვრების საფუძველზე. კოზიმომ 1462  წელს მარსილიო ფიჩინოს ფლორენციის მახლობლად კარეჯოს ვილა აჩუქა. საჩუქრად გადასცა ასევე მის ბიბლიოთეკაში არსებული ბერძნული ხელნაწერების კოდექსი. ფიჩინოს ახლო მეგობარი და მფარველი იყო ლორენცო მედიჩიც (1449- 1492 ). იტალიურ რენესანსზე შეუძლებელია ლაპარაკი ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ბანკირთა ოჯახის, მედიჩების საქმიანობის გათვალისწინების გარეშე. ამ გვარის წარმომადგენლები უკვე XIV ს.-ში იქცევენ ყურადღებას, როგორც ფილანტროპები და ხელოვნების მფარველები. ამ საქმიანობის დასაწყისს, ისევე, როგორც ოჯახის დიდ სიმდიდრეს ჯოვანი მედიჩის (1360- 1429) სახელს უკავშირებენ. კოზიმო მედიჩი მისი შვილი იყო. მის სახელს უკავშირდება ევროპაში პირველი საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება. კოზიმო არ იყო შემთხვევითი კაცი აკადემიაში. იგი გონივრულად წარმართავდა და აფინანსებდა მის მუშაობას. მისი სიტყვებია: პლატონის მოძღვრების ცოდნის გარეშე არავინ შეიძლება იყოს კარგი მოქალაქე და კარგი ქრისტიანი. ჯოვანის შთამომავლობა თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებდა გავლენას არა მარტო ფლორენციასა და იტალიაში, არამედ მთელ ევროპაშიც. ლორენცო მედიჩის (კარგი პოეტისა და პლატონური აკადემიის დისპუტების მონაწილის) ქალიშვილი, მარია (კატერინა) მედიჩი (1519- 1589)  საფრანგეთის დედოფალი და რეგენტიც გახდა. ამ გვარის თავგადასავალში კარგად ჩანს ახალი ბურჟუაზიული ეპოქის სპეციფიკა: ისინი ხალხის ინტერესების სახელით მივიდნენ ხელისუფლებაში, ამავე ხალხის და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის საბაბით გახდნენ შემდეგ ტირანები, რომლებიც იმავე ხალხმა განდევნა სავონაროლას (1445 - 1498) მეთაურობით. ამის შედეგად გაბატონებულმა ანარქიამ და მასების მდგომარეობის გაუარესებამ, მედიჩების დაბრუნება შესაძლებლი გახადა  1512   წელს. დიდი ფლორენციელი ჰუმანისტი მარსილიო ფიჩინო მღვდლად ეკურთხა  1475 წელს. პლატონის თარგმნა კი  რამაც იტალიურ და, შეიძლება ითქვას, ევროპულ ჰუმანიზმს, ახალი შინაარსი მისცა ფიჩინომ  1463  წელს დაიწყო და ამ საქმეს ოცი წელი მოანდომა.  1491  წელს პლოტინის თარგმანი გამოაქვეყნა. მანვე გააცნო თანამემამულეებს პროკლე და დიონისე არეოპაგელი (VI ს.). იგი შეგნებულად ქმნიდა ქრისტიანობისათვის საერთო საკაცობრიო ფილოსოფიურ საფუძვლებს. როცა მღვდელი გახდა (შემდეგ კი კანონიკიც), მას არ მიუჩნევია საჭიროდ პლატონით და ასტროლოგიით თავისი დაინტერესება დაემალა. იგი ბეჯითად აგრძელებდა თავისი გეგმის განხორციელებას, რომლის მიზანი იყო, პლატონის მოძღვრების საუძველზე, ფილოსოფიის მიერ საკაცობრიო სიბრძნის გაერთიანება. ხალხი, ალბათ, გაიცინებს მღვდელზე,  წერდა ფიჩინო, რომელსაც სჭირდება ასტროლოგია. მაგრამ მე სპარსულ, ეგვიპტურ და ქალდეურ ავტორიტეტებზე დამყარებით ვთვლი, რომ ციური მატერიებით დაინტერესება და საფუძვლიანი შესწავლა სჭიდება მღვდელს. ეს მისი პრინციპული პოზიცია იყო,  რომლისთვისაც  არ  გადაუხვევია,  თუმცა  ყოველთვის ემიჯნებოდა ისეთ ასტროლოგიას და მაგიას, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე აცხადებდა პრეტენზიას და ადამიანის და ღმერთის თავისუფალი ნების პრინციპს ანგარიშს არ უწევდა. ფიჩინო საერთოდ აღორძინების ახალი კულტურის საფუძვლად ადამიანის ნების თავისუფლებას მიიჩნევდა. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ  1477 წელს ფიჩინომ მკაცრად უარყო ასტროლოგების პრეტენზიები, ციურ სხეულებზე დაკვირვებით, მომავლის გათვალისწინების უნარზე: რა იციან, რა მოხდება  10 წლის შემდეგ, როცა იმასაც ვერ გვეტყვიან, თუ რას გააკეთებენ თავად ისინი ხვალ? მეცნიერებასთან დაპირისპირებული ასტროლოგია მისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. იმის მიხედვით, თუ საზოგადოებაში მაგიის რომელი გაგება სჭარბობდა, იცვლებოდა ფიჩინოს პოზიცია. ზოგიერთ მკვლევარს უკვირს, რომ ფიჩინო თავის თანამოაზრედ მიიჩნევდა  პაპ  სიქსტუს  IV  ( 1414- 1484),  რომელსაც  ერთნაირად სწამდა წინასწარმეტყველებაც და ასტროლოგიაც; მაგრამ  494 წელს ფიჩინო მის მეგობარ ანჯელო პოლიციანოს ( 1454- 1494) წერდა, რომ იგი მტკიცედ უჭერს მხარს ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას (1463 - 1494) ბრძოლას ასტროლოგების წინააღმდეგ და ზიზღით უკუაგდებს ასტროლოგების ცრურწმენებს. ფიჩინო პლატონს მითიური ჰერმეს ტრისმეგისტოსის („სამგზით ამაღლებულის`) მემკვიდრედ მიიჩნევდა და თავად ჰერმესი ეგვიპტელი ეგონა. პლატონის მემკვიდრეობაზე, როგორც საკაცობრიო კულტურის ცენტრზე, წარსული მსოფლმხედველობრივი  ნააზრევის  „მოსარგებად,  მან  კოზიმო მედიჩის მითითებით, თარგმნა ე. წ. „ჰერმეტული კორპუსი" (ხელნაწერი კოზიმოს ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა). ფიჩინოს კაცობრიობის ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზა წარმოედგინა,  როგორც  ჰერმესიდან  პლატონზე  და  აქედან ქრისტეს გამოცხადებაზე გადასვლა. ეს არის იგივე, რაც ადამიანის შესაძლებელი ამაღლების გზა ღმერთამდე. ფილოსოფია და მაგია მასთან მჭიდრო კავშირშია. თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაშრომში  „ცოდნის სამი წიგნი" (1489) ფიჩინო  იძლევა  მაგიის  რენესანსულ  და  ნეოპლატონურ  გაგებას.  კოსმოსი  მისთვის  ცოცხალი  მთლიანობაა,  რომელშიც მსოფლიო სული უკავშირდება მსოფლიო სხეულს. ეს აისახება ყველა არსებულში. ადამიანში ეს ერთიანობა გაცნობიერებული შეიძლება იყოს. ეს საშუალებას აძლევს ადამიანს, სათანადო მეთოდების გამოყენებით, მართოს სამყაროს საგნები და ავიდეს ღმერთამდე. კიდევ უფრო დიდი გავლენა ჰქონდა ფიჩინოს კომენტარებს პლატონის „ნადიმზე" (1489), რაც მასთან წარმოდგენილი იყო, როგორც სიყვარულის პლატონური თეორია.

       ზოგი მკვლევრის აზრით, იტალიური აღორძინება, ფაქტობრივად, დაიწყო ფიჩინოს თარმანებმა და მისმა შრომამ «სიყვარულის შესახებ, ანუ პლატონის „ნადიმი". სიყვარული მან წარმოადგინა, როგორც სამნაირი მიმართება: I. ტოლისა ტოლთან; II. ქვემდგომისა  ზემდგომის მიმართ; III. ზემდგომისა ქვემდგომისადმი. ეს უკანასკნელი მიმართება სამყაროს შემქმნელი და მაარსებელი სიყვარულის სახეა. ღმერთის მაძიებელი სიყვარული ადამიანისადმი, სამყაროსა და მისი საგნებისადმი არის ის, რაც სამყაროს ერთიან მთელად კრავს. აქ შემოდის სიყვარული, როგორც ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც ეხმარება რწმენას, რადგან უბრალო დაქვემდებარება არაა საკმარისი. აქვეა მსჯელობა მიწიერ და ზეციურ სიყვარულზე. ფაქტობრივად ფიჩინოს ყველა შრომა ამ  პრინციპების  საფუძველზე  მსოფლმხედველობის  დასაბუთების  ცდაა.  ამ  პოზიციის,  ასე  ვთქვათ,  იდეოლოგიური გამართლებაა  ფიჩინოს  კომენტარები  პლატონის  „ფედროსზე`. მისი აზრით, სიყვარული, რომელზედაც საუბარია პლატონთან, პავლე მოციქულთან და დიონისე არეოპაგელთან, ერთი და იგივეა, სახელდობრ, ესაა სიყვარული აბსოლუტური მშვენიერებისადმი, რომელიც არის ღმერთი, ანუ აბსოლუტური სიკეთე. ამ პოზიციას პლატონისა და პავლე მოციქულის შესახებ პეტრიწიც იზიარებდა. რაც შეეხება დიონისე არეოპაგელს, პეტრიწი მას არ ახსენებს, ალბათ, ფიქრობდა, რომ ამ როლს მისივე საკუთარი „მატერიალურისაგან მიუხებელი ღმრთისმეტყველება` შეასრულებდა.ეს  თეორია  აუცილებლობით  მოითხოვდა  ფილოსოფიურ მოძღვრებას სულის უკვდავებაზე, რაც ფიჩინომ წინდახედულად, უფრო ადრე მოამზადა თავისი წიგნით „პლატონის თეოლოგია, რომელიც 1474 წელს გამოქვეყნდა (37,266). ამ ფუნდამენტურ ნაშრომს, რომელიც ოთხი წიგნისაგან შედგება, ფიჩინოს საუკეთესო ნაშრომად მიიჩნევენ, რაც პლატონის  რენესანსული  აღორძინების  ერთ-ერთი  ყველაზე  მნიშვნელოვანი საფუძველი იყო. აღმოსავლური სიბრძნის კანონიერ მემკვიდრედ პლატონის მიჩნევა და ამგვარად გაგებული პლატონის ქრისტიანობასთან არა მარტო თავსებადად, არამედ მისთვის  დიდად  სასარგებლოდ  წარმოჩენა,  ისტორიულადაც და სოციალურადაც პროგრესული საქმე იყო. არსებობდა მოსაზრებაც, რომ ამგვარი შერიგების შედეგი ოქროს ხანის დაბრუნება იქნებოდა. ზოგიერთი მკვლევარი ამ საქმეს „პლატონის ევანგელიზაციას` უწოდებს.ონტოლოგიური  პერსპექტივიდან  გამომდინარე,  ფიჩინოსათვის ბიბლიური, ასევე პლატონური ღმერთი, როგორც ყველა საგნის ცენტრი, არის სიკეთე. ამის გამო ყველაფერი, რაც არსებობს, რაზეც შეიძლება ვთქვათ, რომ იგი ყოფიერია,  არის  მშვენიერი.  ყველა  საგანი  ღმერთის  რაღაცნაირი გამოვლინებაა, მისი გამოსხივებაა. არსებულის საფეხურები, ამდენად, სიკეთის სხვადასხვა საფეხურებია. ესენია: გონება, სული, ბუნება, მატერია.  ამის  დასაბუთება  სურს  ფიჩინოს პლატონის „ნადიმის კომენტარებში. „ფედროსში` ფიჩინო იმ აზრსაც ამოიკითხავს, რომ ადამიანის გონებას აქვს სიმრავლეში ერთიანობის და უნივერსუმში კერძოს ნახვის უნარი, რაც შესაძლებლობას აძლევს მას დაიწყოს გახსენების პროცესი. ფიჩინო  იზიარებდა  თავისი  უფროსი  თანამედროვის, ლეონ ბატისტა ალბერტის (1404- 1473 )  დებულებას,  რომ  ადამიანი დაბადებულია იმისათვის, რათა გახდეს ბედნიერი. თუმცა ფიჩინო ადამიანთა შორის განსხვავებას სულაც არ უარყოფდა. მისი აზრით, განსჯას (Verstand), როგორც შემეცნების ორგანოს, ყველა ადამიანი ფლობს, რაც შეეხება გონებას (რატიო) იგი ცოტას თუ ხვდება წილად. პლატონისა და არისტოტელეს დაპირისპირებას,  რომლისკენაც  შეიძლებოდა  ებიძგა  ადამიანისთვის გეორგიუ გემისტოს პლეთონის ცნობილ პოზიციას, ფიჩინო არ ეთანხმებოდა. იგი მისდევს პლატონისადმი არისტოტელეს შეთანხმების პრინციპს, მაგრამ პლატონის სრული უპირატესობით _ როგორც ამას ჯერ კიდევ ბოეციუსი (480-524) და შემდეგ იოანე პეტრიწი ამტკიცებდნენ. ფიჩინოს  დაუმთავრებელი  დარჩა  ნაშრომი  „პლატონისა და არისტოტელეს თანხმობის შესახებ". ამ ორ დიდ გენიოსს შორის არსებითი თანხმობის საკითხის კვლევას ფიჩინოს მოწაფე, პიკო დელა მირანდოლა გააგრძელებს. მარსილიო ფიჩინო კი მაინც თვლიდა, რომ არისტოტელე უარყოფდა ადამიანის ინდივიდური სულის უკვდავებას, რაც მისთვის არსებითი მნიშვნელობის ნაკლი იყო. როცა  მკვლევრებს  ფიჩინოს  შემეცნებისთეორიული  მოსაზრებები სისტემური სახით უნდათ წარმოადგინონ და მათ გამაერთიანებელ საფუძველს რომელიმე დიალოგში ეძებენ, როგორც წესი, პლატონის „თეეტეტს` ირჩევენ. მაგ: ალითად, ალექსეი ლოსევი (1895- 1988) თვლის, რომ ამ დიალოგში ყველაზე კონცენტრირებულადაა მოცემული ფიჩინოს შემეცნების თეორია. მისი აზრით, პლატონი აქ საბოლოოდ ანგარიშს უსწორებს ცალმხრივ სენსუალიზმს და ტრადიციულ მითოლოგიას (45,550). პლატონი აქ ასაბუთებს, რომ ცნებათა კორელატურობა  ე. ი. რომელიმე მათგანის გააზრებისათვის მისი „მეწყვილე" ცნების აუცილებლობა, და პირიქით ცოდნის შეუძლებლობაზე კი არ მიუთითებს, არამედ იმაზე, რომ მათ საერთო დამაკავშირებელი ჰყავთ იდეის სახით, და ის მათი საფუძველიცაა. ამის გარეშე ჩვენ არავითარი ცოდნა არ გვექნებოდა, რადგან არც შეხედულების დონეზე მიღებული ინფორმაცია (რომ ისინი მხოლოდ გამორიცხავენ ერთმანეთს) და არც სწორი და განმარტებული ცოდნა ჭეშმარიტება არ იქნება. გერმანელი ფილოსოფოსი ბურკჰარდ მოიზიში სწორედ ამ დიალოგის კომენტარებში ხედავს ფიჩინოს ეპისტემოლოგიის სისტემის  თავისებურებას.  აქ  წამოწეულია  დიალოგში  დასმული კითხვა: „რა არის შემეცნება, როგორც ასეთი?" . ცნობილია, რომ პლატონი ამ დიალოგსაც ისევე ამთავრებს, როგორც სხვებს, ე. ი. მცდარი შეხედულების უარყოფით და ჭეშმარიტებისაკენ გზის ჩვენებით. დიალოგში სოკრატე დაითანხმებს თეეტეტს, რომ ცოდნა არაა არც ის, რისი ჩვენთვის თავზე  მოხვევა  უნდა  შეგრძნებებს,  არც  ის,  რასაც  სწორ შეხედულებას უწოდებენ და არც ახსნა სწორ შეხედულებებთან კავშირში, ე. ი. ჩემი მცდელობა, ვინმეს სწორი წარმოდგენა შევუქმნა. ჩვენი ცოდნა მხოლოდ მაშინ იქნება ნამდვილი, ანუ დასაბუთებული და ყველასთვის სავალდებულო, თუ დავადგენთ  საგნის  სპეციფიკურ,  განმასხვავებელ  ნიშანს.  მაგრამ კონკრეტულად რაა ასეთი, სოკრატე არც აქ ამბობს. ცხადია, ზოგადი პრინციპის (ამ შემთხვევაში, განმასხვავებელი ნიშნის დადგენის აუცილებლობაზე მითითება), უფრო კონკრეტულად არ გამოითქმება; მაგრამ, როცა ამის შესახებ პლატონს საყვედურობენ, იგულისხმება, რომ იგი (თუნდაც ერთ კონკრეტულ მაგალითზე მაინც) არ უჩვენებს ამ პრინციპის პოზიტიურ გამოყენებას. ამ დიალოგის პოზიტიური შედეგი, პლატონის აზრით, ისაა, რომ მომავალი კვლევა აქ უკვე მიღწეულის გამოყენებით უფრო მყარ საფუძველს შეიძენს და კვლევის ნაყოფიც უკეთესი იქნება. ბ. მოიზიში ეთანხმება ამ გავრცელებულ შეხედულებას, მაგრამ ფიქრობს, რომ ფიჩინოს პლატონის ამ დიალოგის ანალიზისას რაღაც მეტი და მნიშვნელოვანი აქვს ნათქვამი. ეს მეტი იტალიური რენესანსული აზროვნების სპეციფიკას გამოხატავს. ფიჩინოს შემეცნების თეორია, რომ ნეოპლატონურია, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მიზნადაა დასახული ერთიანობაში გავიაზროთ პლატონიც, არისტოტელეც, ჰერმეს ტრისმეგისტოსიც. ამ გეგმის შესაბამისად, ფიჩინო „თეეტეტის" შუა ნაწილში პლატონის მიერ დასმულ კითხვას  „რა არის შემეცნება, როგორც ასეთი?" კონსტრუქციულად ავითარებს. ამას ბ. მოიზიში იმაში ხედავს, რომ ფიჩინო შემეცნებას განიხილავს ჩვენი  სულის  ერთმანეთისაგან  განსხვავებული  ფუნქციების მიხედვით.  ესენი  კი  პლატონის  და  ფიჩინოს  ტრიადისადმი ცნობილი მიდრეკილების თანახმად, სამია:  . სულს აქვს აღმქმელი ფუნქცია, რომლის დროსაც ის სხეულებრივ გრძნობებს  იყენებს,  როგორც  ხელსაწყოებს,  და  განსხვავებულად აღქმულს  რაღაც  ერთიანობად  აკავშირებს.  ამ  ერთიანობას შეიძლება თავად სული ვუწოდოთ; ანუ სული გამოდის, როგორც გარკვეული იდეა, რომლის მიხედვითაც შეგრძნებების მრავალფეროვნება აღქმად შეიკვრება. აქ სული გამოდის, როგორც ერთ-ერთი იდეა, რომელიც სხვა იდეებს თავის საგნად აქცევს (რასაც პლატონი „სოფისტეში" აანალიზებს);  . სხვა ასპექტია, როცა სული რაიმეს სხეულის და გრძნობების დახმარებით კი არ იღებს, არამედ თავად თავის თავიდან იაზრებს. სულის ამ ასპექტს ეწოდება ზოგადი შინაარსი, ანუ ცნებები. ესენია, არსი და არარსი, იდენტობა და არა იდენტობა, ერთი და მრავალი. ამ ასპექტით დანახული, სულის მიერ წარმოებულ შემეცნებას ეწოდება გრძნობად შთაბეჭდილებათა და ამ ზოგადობათა შინაარსებს შორის კავშირების დამდგენი;  . სხვა ასპექტია შემეცნების თავისებური, პრაგმატული მომენტი. მის საჭიროებაზე  ახალგაზრდა  პლატონი  „ფედონში`  მსჯელობდა და მას ხატოვნად ზიარებას (პარტიციპაციას) უწოდებდა, როგორც  იდეის  მიბაძვას.  გვიანდელ  პლატონთან  ეს  მნიშვნელოვანი ცნება გახდა, რომელიც მიუთითებდა, რომ ზოგადი არაა რაიმე აბსტრაქტული ზოგადი, არაა რაღაც ფენომენებისაგან მოწყვეტილი ჰიპოსტაზირებული იდეა (არისტოტელე, რომ საყვედურობდა თავის მასწავლებელს). პლატონი აქ პირდაპირ ამბობს და ფიჩინოც, როგორც ნეოპლატონიკოსი, ამ შინაარსს წამოსწევს, რომ „ზოგადი ყველაშია`, სიმრავლეშია. ზოგადი ექსპლიციტურად ამ სიმრავლის ყველა ერთეულშია და სული მას რაიმე სხვით, მაგალითად, შეგრძნებებით კი არ აღიქვამს და შეიცნობს, არამედ საკუთარი თავით. ამიტომ სულს ამ ერთეულებშივე შეუძლია დაინახოს მათი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. ფიჩინო დარწმუნებულია, რომ ეს არისტოტელეს ნამდვილი პოზიციაცაა, ასევე პლოტინის, გვიანდელი და შუა პლატონიზმისაც. ბ. მოიზიში ამ პოზიციას სამართლიანად უწოდებს „სინკრეტულ ეპისტემოლოგიას` (7 , 56). ამგვარად გაგებული შემეცნება, ფიჩინოსათვის საიმედო გზაა ღვთაებრივი სინამდვილისაკენ, რომელზედაც პლოტინმა თქვა: „ყოველივე ერთია`. ამდენად, შემეცნება „გზა ქვემოთ` კი არ არის, როგორც ეს პლატონთან შეიძლებოდა გვეფიქრა, არამედ „გზა ზემოთ`. ანტიკური ნეოპლატონიზმის ამ ცნებას ფიჩინო შეუერთებს ღვთაებრივი წყალობის თომა აქვინელის მიერ ხაზგასმულ ცნებას, როგორც შემმეცნებლის წარმატებისათვის აუცილებელს. წყალობის აუცილებლობაზე ხაზგასმა არ შეიძლება ფიჩინოს სინკრეტიზმის მარცხად ანდა ნაკლად ჩაითვალოს, თუ რეალობისათვის თვალის გასწორებას, ანუ ადამიანური შემეცნების შესაძლებლობების საზღვრების გათვალისწინებას ნაკლად არ ჩავთვლით. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ამგვარ საზღვარს გვიანდელი პლატონიც უშვებდა თავისი დაუწერელი ფილოსოფიის თეორიით. დიონისე არეოპაგელმა ეს სავსებით ნათლად გამოკვეთა. თომა აქვინელიც და ფიჩინოც მისგან არიან დავალებულნი. ეს ის შინაარსი იყო, რომელიც მაგიასთან ფიჩინოს შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ქრისტიანობისათვის მის- აღებს ხდიდა. ადამიანური შემეცნების შესაძლებლობათა გამთავისებელი, ანუ გამანამდვილებელი ადამიანი, იმანუელ კანტის (1724- 1804) სიტყვებით რომ ვთქვათ, „წყალობის ღირსი" ხდება,  მორჩილად  დგება  აბსოლუტურის  წინაშე,  წყალობის მოლოდინში და არა როგორც მოძალადე (შავი მაგიის მიმდევრის მსგავსად), რომელიც მოითხოვს წყალობას, როგორც დამსახურებულს და კუთვნილს. აქ არსებითი სიღრმისეული ერთიანობის დანახვა შეიძლება დიდ თეოლოგებს (დიონისე არეოპაგელი, თომა აქვინელი და სხვა) და დიდ ფილოსოფოსებს შორის (კანტი, ფრიდრიხ ვილჰელმ შელინგი (1775- 1854), ნეოკანტიანელები). შეიძლება ითქვას, რომ ეს მოთმინების ძალაეყო  ფიჩინოს  და  ბოლომდე  ნეოპლატონური  ფილოსოფიის ერთგული დარჩა, რასაც ვერ ვიტყვით მის უმნიშვნელოვანეს და უახლოეს მიმდევარზე, ჯოვანი პიკო დელა მირანდოლაზე. XI ს. ბიზანტიურ რენესანსთან პლატონური აკადემიის კავშირზე მიუთითებს ფიჩინოს მიერ მიქელ ფსელოსის (1018 _ დაახლ.  1078 ან  1096) თარგმნა. ფიჩინოს ნაშრომებიდან უმთავრესად მიაჩნიათ _ პლატონის თეოლოგია სულის უკვდავების შესახებ (1482 ). ჰანს ურს ფონ ბალთაზარი (1905- 1988) თვლის, რომ პლატონის მთელი თეოლოგია ფიჩინოსთან სულის უკვდავების მტკიცებაზე დაიყვანება (60,6 7), რაც გადაჭარბებაა. სულის უკვდავება ფიჩინოს სჭირდება ახალი ადამიანის კონცეფციის შესაქმნელად და ეს კონცეფცია არასგზით არ დაიყვანება სულის უკვდავების შესახებ მოძღვრებაზე. პლატონი, ფიჩინოს აზრით, აფუძნებს არა მარტო თეოლოგიას, არამედ ბუნებისმეტყველებასაც. ახალგაზრდობაში ფიჩინო პადუაში არისტოტელეს ნიკომახეს ეთიკას და სხვა შრომებს სწავლობდა  და  კომენტარებს  ურთავდა.  ამ  შრომას  ის  არ თვლიდა უნაყოფოდ. არისტოტელეს შრომები მისთვის არის გზა პლატონისაკენ. გზა, მისი აზრით, არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს გზის მიზანს. პერიპატეტიკული მოძღვრება არ ეწინააღმდეგება პლატონიზმს. არისტოტელე ფიზიკოსი, ფიჩინოს რწმენით, მისდევს პლატონის ნაკვალევს. ფიჩინო პლოტინის განსაკუთრებულ პატივისცემას ავლენს. მისი აზრით, პლოტინმა ახსნა პლატონი, ისევე, როგორც ქრისტემ გამოაცხადა  ღმერთის  სიბრძნე  ადამიანებისათვის.  ფიჩინოს პლატონიზმი უფრო ნეოპლატონიზმია. პლატონის იდეების თეორიის დაფარულ კვალს ეძებს იგი როგორც ბიბლიაში, ისე ზოროასტრიზმში, როგორც ორფეოსთან, ისე ჰერმეს ტრისმეგისტოსთან. ფიჩინო, შესაძლოა მაისტერ ეკჰარტის (1260-1328) იდეების გავლენით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ღმერთის მაძიებელ სიყვარულს სამყაროსადმი, როგორც არსებულის ერთიანობად შემკვრელს და მაარსებელს. სიყვარული აქ შემოდის, როგორც ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც შველის რწმენას. ეს აუცილებელია, რადგან უბრალოდ ღმერთის მორჩილება და დაქვემდებარება მისადმი არაა საკმარისი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე მის განაზრებებს მიწიერი და ზეციური სიყვარულის ურთიერთმიმართების შესახებ. ამ ნაშრომის ზეგავლენის ერთ-ერთი პირველი შედეგია ლეონ ებრეოს (დაახლ. 1460- 1523  ) „დიალოგი სიყვარულზე". იგი იყო მოსე მაიმონიდეს (1432  - 1535) ცნობილი კრიტიკოსის, პორტუგალიიდან გამოქცეული ებრაელის, ისააკ აბრაბანელის (1432  - 1535) უფროსი ვაჟი. ჰ. უ. ფონ ბალთაზარის აზრით, ლეონის წიგნის წარმატებამ და გავლენამ, თავად ფიჩინოს წიგნსაც კი გადააჭარბა. ცნობილი კათოლიკე თეოლოგი, ფრედერიკ კოპლსტონი ( 1907- 1994) კი ამ გავლენის სფეროს კიდევ უფრო აფართოებს  ამ გავლენას ხედავს დიდი გერმანელი სწავლულის (ლათინურისა და ბერძნულის დიდოსტატის), იოჰანეს როიხლინის ( 1455- 1522) შრომებში. მან შეიტანა გერმანიაში ებრაულის  სწავლება.  იგი  პიკო  დელა  მირანდოლას  იდეებს იზიარებდა, გატაცებული იყო ნეოპითაგორელების რიცხვთა მისტიკით და კაბალით. აღსანიშნავია, რომ ფიჩინო ცდილობდა პლატონიზმის შერიგებას ქრისტიანულ არისტოტელიზმთან, მაგრამ არა არაბულთან. მისი ნაშრომის, პლატონური თეოლოგიის XV წიგნი ეძღვნება ავეროისტული ურჩხულის უარყოფას. აქ ხაზგასმითაა ნახსენები, რომ ავეროესმა ბერძნული არ იცოდა და ამიტომ სულაც არ ესმოდა არისტოტელეს ჭეშმარიტი აზრი. ურჩხული  გონების  ერთიანობაზე  ავეროესის  მოძღვრებას ეწოდება. ამ თეორიით ნება არც ერთ პიროვნებას არ მიეწერება, აუხსნელი რჩება ნების და მოქმედების თავისუფლება. ფიჩინო ასტროლოგიასაც კი იშველიებს სულთა ერთობის თეორიის უარსაყოფად. სული არ არის ერთიანი, რადგან არსებობს სატურნული, მარსიანული, იუპიტერული და სხვა სულები. უარიყოფა განგების ავეროისტული თეორიაც. ფიჩინოს გავლენა მისი თანამედროვე ფოლოსოფოსებითა  და  თეოლოგებით  არ  შემოიფარგლებოდა.  დიდი  იყო მისი ავტორიტეტი ხელოვნებაშიც. ფიჩინოს შემოქმედების თანამედროვე მკვლევარი ანგელა ფოსი წერილში „სფეროთა მუსიკა  ფიჩინო და რენესანსული ჰარმონია სანდრო ბოტიჩელის (1445- 1510) ცნობილი სურათის  „პრიმადონა"  ანალიზით აჩვენებს, რომ ბოტიჩელის ენიგმატური სიმბოლიზმის პროგრამა შთაგონებული იყო ნეოპლატონური ცნებებით შესაქმის ჰარმონიის შესახებ, რომელიც აისახებოდა როგორც რვა პლანეტარულ სფეროზე, ასევე მუსიკალური ოქტავის რვა ტონზე. მისი მტკიცებით, ბოტიჩელის ვიზუალური მეტაფორა სფეროთა ჰარმონიის შესახებ შთაგონებულია მარსილიო ფიჩინო ფლორენციელით, რომელმაც სცადა გაეერთიანებინა ცა და მიწა. ამავე ასპექტით იხილავს ბოტიჩელის ნახატებს ვერნერ ბაიერვალტესი ნარკვევში „მარსილიო ფიჩინოს თეორია მშვენიერებაზე პლატონიზმის კონტექსტში (62 ,52 ). როცა იგი მსჯელობს პლატონის, პლოტინის და ფიჩინოს იდეებზე მიწიერი და ზეციური ვენერას მიმართების შესახებ (შესაბამისად, მიწიერ და ზეციურ სიყვარულზე), აღნიშნავს, რომ მისი ილუსტრაცია იყო ტიციანის ( 1477- 1576) შედევრი „წმინდა და მიწიერი სიყვარული", რომელიც რომში, ბორგეზეს ვილაში კედელზე იყო დახატული. დიდი მხატვარი გადმოსცემს მათ, როგორც ერთი პრინციპის ორგვარი გამოვლენის ფორმას. ფიჩინო თვლიდა, რომ რამდენადაც ადამიანის სული მიდრეკილია მშვენიერებისაკენ და ქმნის მშვენიერებას, თავად სულს შეიძლება ვენერა ეწოდოს. ამ აზრის პირველწყაროდ მითითებულია პლოტინის VI „ენეადა, სადაც აღნიშნულია, რომ ყოველი სული თავად არის აფროდიტე, რომელსაც რომაელები ვენერას უწოდებენ. თავის მოძღვრებას ფიჩინო აყენებდა, როგორც ფილოსოფიურ რელიგიას, რომელმაც უნდა გადაარჩინოს ქრისტიანობა. მიაჩნდა, რომ ნეოპლატონური ემანაციის თეორია თანხმობადია  ქრიატიანობასთან.  ღმერთი,  ამტკიცებდა  იგი, ერთჯერადი აქტით კი არ ქმნის სამყაროს, არამედ სათნოებით, გამოსხივების დარად. სამყაროში ადამიანის სპეციალური ადგილი იმითაა განსაზღვრული, რომ მას შემეცნების უნარი და ნების თავისუფლება აქვს. ემანაციის ტრადიციული თეორიის თანახმად, გამოსხივების დაღმავალ საფეხურებად ფიჩინოსთან მიჩნეულია ზეციური ინტელიგენცია (გონება), ადამიანური სული, გრძნობადი თვისებრიობანი და მატერია. შემეცნების გზა ქვემოდან ზემოთ ამოდის. ყოველი ზემო საფეხური უფრო წმინდა სარკეა. მატერია აბსოლუტურად განუსაზღვრელი და უძრავია. გრძნობად თვისებრიობაში მატერია უკვე გარკვეულ ფორმაშია მოცემული. ადამიანურ სულში კი კონცენტრირებულია უნივერსუმის ყოველი თვისებრიობა. მასში უმაღლესიცაა და უმდაბლესიც. ამიტომ თავისუფალი ნების მქონე ადამიანს ორივე მხრივ შეუძლია სვლა. თუ ის ნივთებში ღმერთს შეიყვარებს, შემდეგ ღმერთში ნივთების შეყვარებასაც ისწავლის. მაგრამ ეს გადაწყვეტილება თვით ადამიანმა უნდა მიიღოს. ეს შემეცნების (როგორც ძიების) პროცესია და მას ადამიანის განსჯა წარმართავს. შემეცნების საგნის და მისი კვლევის მიმართულების არჩევისას ის იღებს გადაწყვეტილებას. თუ ეს გადაწყვეტილება სწორია, ადამიანი ამაღლდება გონებამდე, როგორც ღმერთის ხედვამდე (ვისიო). ეს შედეგი, ამავე დროს, ღვთის წყალობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აუცილებელი პროცესი არაა და მხოლოდ თეორიულ შემეცნებაზე (რომელიც  განსჯის  სფეროა)  როდია  დამოკიდებული.  ამდენად, ფიჩინო  არ  დაეთანხმებოდა ორიგენეს (185- 254)  აპოკატასტისის (საბოლოოდ ღმერთში ყოველი შექმნილის შერიგების) თეორიას, რომელიც ღმერთის სიკეთიდან გამომდინარე უფრო ლოგიკური იყო და უფრო ზნეობრივიც. მას ეთანხმებოდნენ გრიგოლ ნაზიანზელი (დაახლ. 330  დაახლ.390), გრიგოლ ნოსელი (დაახლ. 335 დაახლ. 394), იოანე სკოტი ერიუგენა (810-877)  და  მრავალი  სხვა.  ფიჩინოსათვის  განსჯის  უმაღლესი მიღწევა ადამიანის ცნობიერების გონების სფეროში შეყვანა, ანუ ადამიანის შემმეცნებელი გონების ამოქმედებაა. ეს საკითხი თომა აქვინელსაც ასე ესმოდა და თვლიდა, რომ თუ ამქვეყნად არა, მიღმა სამყაროში მაინც მიაღწევს ამას ადამიანი. ფიჩინო ამ აზრს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ პლატონზე დამყარებით ფიქრობს, რომ ამქვეყნად შემმეცნებელ გონებას ცოტა ვინმე თუ ფლობს, განსჯა კი ყველა ადამიანს აქვს (26, 57). მართალია, ღმერთისკენ სვლის უმაღლესი საფეხური  ღვთაებრივ უვიცობაში ღმერთთან შერწყმაა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ამქვეყნიური სიამოვნების და სილამაზის ღირებულებას. ისინი საფეხურებია მისკენ, როგორც აბსოლუტური ღირებულებისაკენ. ფიჩინოს სურს შეათანხმოს ადამიანის  მიწიერი  და  ღვთაებრივი  დანიშნულებანი.  ორივე ეს  ასპექტი  ადამიანის  თავისუფალი  ნების  გადაწყვეტილებას ემყარება. იმ დროს გავრცელებული ასტროლოგიური მოძღვრების საპირისპიროდ, ფიჩინო თვლის, რომ ადამიანის ცხოვრების გზა წინასწარ განსაზღვრული არ არის ვარსკვლავთა მიერ. ვარსკვლავების ძალა, ამტკიცებს ფიჩინო, ვერ გადაუღობავს ადამიანს გზას ღმერთისაკენ. ადამიანის შესახებ ეს შეხედულებანი განავითარა ფიჩინოს მოწაფემ და მეგობარმა ჯოვანი პიკო დელა მირანდოლამ. ფიჩინოს იტალიური რენესანსის პირველ ხმას (ტენორს) უწოდებდნენ. მისი ხმა ადრევე ახდენდა ზემოქმედებას სხვა ქვეყნებშიც. უნგრეთის მეფემ, მატიას I (1443 -1490), ჰუმანიზმის დამცველმა, სთხოვა ფიჩინოს თავის კარზე გადასვლა. ფიჩინო ფლორენციის გარეთ არ გადიოდა, მაგრამ გაუგზავნა თავისი მიმდევარი ფრანჩესკო ბანდინი (XV ს.), რომელიც რამოდენიმე წელი დარჩა ამ საინტერესო სახელმწიფო მოღვაწის და მოაზროვნის სასახლეში.

 

ნახვა: 1432

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters