ვინ გადაურჩა წარღვნას

      თხუთმეტიოდე წლის თუ იქნებოდა მაშინ, ჯერ ისევ უწვერული, სხარტი და მხიარული ყმაწვილი, სწორედ ასეთი დოქით გაატანა ღვინო მამამისმა მუშტართან. ამის საფასური უკვე აღებული მაქვს და ეს ღვინო უსიკვდილოდ უნდა ჩააბარო პატრონსო, გააფრთხილა. ნოე მაშინვე გაუდგა გზას, ლაღად მიაბიჯებდა სოფლის ორღობეებში, სხვა დროსაც არაერთხელ შეუსრულებია მამის ასეთი დავალება. არც დოქი იყო მაინცდამაინც მძიმე, შვიდიოდე ჩარექი თუ იქნებოდა, მეტი არა. გზამ ტყისპირისკენ გადაუხვია. ნოემ იფიქრა, ცოტას შევისვენებო, ფართოდ ტოტებგაბარჯღული ხის ძირას შეჩერდა. მაინცდამაინც დიდად არ დაღლილა... ეს მომცრო დროქი რას დაღლიდა თხუთმეტი წლის ყმაწვილს, მაგრამ ის იყო, ძალიან ცხელოდა იმ დღეს. მზეც საშუადღეოზე იდგა, როცა ნოე გზას გაუყვა... თანაც ის ხე ისეთ საამო ჩრდილს ჰფენდა ირგვლივ, ღონიერი ფესვებიც ისე ჰქონდა ამოყრილი, თითქოს გეპატიჟებოდა, ცოტა ხნით ჩამოჯექი და შეისვენეო. ნოემაც თავპატიჟი არ გაიდო, ჩამოჯდა ერთერთ ფართო ფესვზე, ზურგით ხეს მიეყრდნო. დოქი გვერდით მოიდგა. საგანგებოდ შეურჩია ადგილი ფესვებს შორის, არ გადაყირავდესო. თუმცაღა დოქს მჭიდროდ ჰქონდა თავი დაცობილი, მაინც სიფრთხილე ამჯობინა, მეტისმეტად დიდი რიდი ჰქონდა მშობელი მამისა.

      იჯდა, ისვენებდა ბარაქიანი ჩრდილის ქვეშ, ფიქრი არაფრისა ჰქონდა, ამ ტყისპირიდან შორს აღარ იყო ღვინის მუშტარი, სულ მალე მიაღწევდა იქამდე...

      უკვე გზის გაგრძელებას აპირებდა... წამოიწია კიდეც ხის ფესვიდან, როცა წყურვილი იგრძნო. ეს არც იყო გასაკვირი, აკი ძალიან ცხელოდა იმ დღეს, სიარულითაც საკმარისად იარა იმ სიცხეში... საქმე იმაშია, რომ ვერაფერს დალევდა, სოფლის ორღობეები კარგა მანძილზე ჩამოიტოვა უკან, მოსახლეთაგან იქ არავინ ჭაჭანებდა, თორემ აბა, წყალს ვინ დაუჭერდა? არც წყარო ეგულებოდა სადმე ახლომახლო. ღვინით სავსე დოქი კი ედგა გვერდით, მაგრამ მის დალევაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.

      ნოე ხელით მიეფერა დოქს ნამიან, გრილ ფერდებზე, წყურვილი კიდევ უფრო გაუცხოველდა.

      იცოდა კია მაშინ თხუთმეტი წლის ღლაპმ ღვინის გემო? მეტნაკლებად. ჯერ კიდევ პატარაობიდანვე შესჩვეოდა ახალდაწურული ყურძნის წვენის წრუპვას, ეამებოდა მისი ტკბილი გემო. როცა წამოიზარდა, გემოვნებაც შეეცვალა, მაჭარი უფრო მოსწონდა. განსაკუთრებით საამო იყო მისთვის, როცა ყურძნის დამაჭრებული წვენი ენაზე უკბენდა, თან საკმაოდ ტკბილიც იყო. უფრო მოგვიანებით ღვინის მოწრუპვაც შეძლო, ოღონდ ძალიან ზომიერად... ამ საკითხშიც მეტისმეტად მკაცრი იყო მამამისი, ისე როგორც დანარჩენ სხვა ყველა საქმეში.

      ასე რომ, ნოე იმ დროისთვის უკვე განდობილი იყო იმ ჯადოსნური სამყაროს ხიბლს, რომლესაც ღვინო გადაუშლის ხოლმე ადამიანს. იცნობდა თრობის საამურ განცდას, ანუ, ყურძნის კარგად დაღვინებული ნაჟურიც შეეძლო დაელია. ცოტა, რაღა თქმა უნდა... მით უმეტეს, როდესაც ასე ძალიან წყუროდა, ირგვლივ კი წყლის ჭაჭანებაც არსად იყო. თან როგორ ცხელოდა...

      ერთხანს ელაციცა ნოე (თხუთმეტი წლისა) დოქის ნამიან ფერდებს. გულით უნდოდა მოეწრუპა და ვერ კი ბედავდა, მეტისმეტად დიდი რიდი ჰქონდა მამისა. ბოლოს ასე თქვა, ერთ ყლუპს დავლევ, მეტს არაო. ერთი ყლუპი საქმეს არ წაახდენს, არც კი დაეტყობა, გინდ აქეთ, გინდ იქეთო. მოხსნა თავი დოქს, კარგა ხანს კი ეწვალა, ნოეს მამამ საფუძვლიანად იცოდა ყოველი საქმის კეთება... მოიყუდა და მოსვა, ზუსტად ერთი ყლუპი, მეტი არა...

      დადგა დოქი ნოემ, გაყუჩდა... ღვინის ყლუპმა სასიამოვნოდ გაუგრილა ენა, თუმცა წყურვილი ვერ დაუცხრო. ცოტა ხნით გაუნძრევლად იჯდა ყმაწვილი, მერე თქვა, ერთ ყლუპს კიდევ დავლევო, არც ამით დაიქცევა ქვეყანაო. მერე კიდევ...

      ასე რომ, ერთი კი არადა, ოციოდე ყლუპი მაინც გამოუვიდა ნოეს ამ წრუპვა-ცრუპვაში. ღვინომ საამურად შეუღიტინა ძარღვებში, ბოლოს თვლემაც მოჰგვარა.

      იჯდა ნოე, ნეტარებით ისვენებდა ხის ზროს მიყრდნობილი, მალე ისევ გავუდგები გზასო, ფიქრობდა. რაც შეეხება დოქის ცოტაოდნავ დანაკლულებას, ნოე ამაზე ფიქრს თავს არიდებდა. იქნებ მუშტარმა ვერ შეამჩნიოს რამეო, გულში იმედს ინახავდა. თუ არადა, რაიმეს ვიღონებო... არც კი გაუგია, ისე ჩაეძინა ხის ძირას მყუდროდ მოკლათებულს.

      მზე უკვე გადახრილი იყო, როდესაც ნოეს გაეღვიძა. მოსცილდა ხის ზროს, თვალები მოიფშვნიტა... ძალიან გაკვირვებული დარჩა, აქ რა მინდაო. აღარც კი ახსოვდა, თუ როგორ ჩამოჯდა ამ ხის ძირას. მერე უცბად გაახსენდა ყველაფერი. მიიხედმოიხედა, დოქს ეძებდა, ვეღარ დაინახა, სადაც ეგულებოდა: მიწიდან ამოყრილ ღონიერ ფესვებს შორის დოქი აღარ ჩანდა. ნოეს თავში დაცეცხლა, აქეთ ეცა, იქით ეცა, ეძებდა დოქს, მოჩხრიკა იქარუობა, სათითაოდ გასინჯა მიწიდან ამოყრილი ღონიერი ფესვები...

      დოქი ვერ მოიძია, მისი ნასახიც კი აღარსად ჩანდა...

      ცხადი იყო ყოველი; ვიღაცამ გამოიარა, ნახა, ნოეს ეძინა და ღვინით სავსე დოქი (თითქმის სავსე, დიდი-დიდი ოციოდე ყლუპი რომ აკლდა), ხელს გააყოლა.

      რაღას გააწყობდა ნოე, დაღუნა თავი და გაუდგზა გზას... მუშტრისკენ? არა. აბა, რა აზრი ჰქონდა, უდოქოდ იქ არ მიესვლებოდა. სახლისკენ? არა, არც სახლისკენ. გამბედაობა არ ყოფნიდა საამისოდ. კარგად იცოდა, ასეთ ბედოვლათობას რომ არ აპატიებდა მშობელი მამა, აუცილებლად რაიმე სასჯელს გამოუწერდა. ამიტომ სულ სხვა მხარეს წავიდა... ანუ, მთელ დუნიაზე სახეტიალოდ გაემართა. გუნებაში ასე იფიქრა ნოემ, სადმე ვიშოვნი იმ ერთ დოქ ღვინოს, ან მის საღირალ ფულს და მამაჩემს მივუტანო, ისე თვალით ვერ დავენახვებიო.

      ის დღე იყო და ის დღე, ნოეს მშობლიური სახლი აღარ უნახავს.

      რას წარმოიდგენდა მაშინ თხუთმეტი წლის ყმაწვილი, თუ ასე საძნელო საქმე იქნებოდა ერთი მომცრო დოქი ღვინის, ანდა მისი საფასურის შოვნა. არც ის შეეძლო სცოდნოდა წინასწარ, რა სახიფათოა ალალბედზე იარო ამ დუნიაზე. რა სისაძაგლეს აღარ გადაეყარა, რამდენი გაჭირვება ნახა, რამდენი დამცირება... რა დაუნდობლად სარგებლობდა ყველა მისი მიამიტობით, როცა შეატყობდნენ, ცხოვრების ავკარგში ჯერაც ვერ გარკვეულაო. ვინ აპატიებდა რაიმეს, თუნდაც სულ მცირე შეცდომას. რამდენჯერ გაახსენდა მშობელი მამის სიტყვები მწარედ ნაცემ-ნაბეგვს რომ უთხრა (ნოემ თავისი დაუდევრობით დროზე ვერ მიხედა თოკით დაბმულ ხბოს, წამხვრჩვალი დახვდა), ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სხვაგან მოგთხოვენ ასეთი შეცდომისათვის. რაღა ტყის ნადირი და რაღა წუთისოფელი, არც ერთმა და არც მეორემ დანდობა არ იცისო.

      რა მწარედ გამოსცადა ნოემ საკუთარ ტყავზე ამ სიტყვების ჭეშმარიტება... მშობელი მამა სრულებით აღარ ეჩვენებოდა მკაცრი, და როდესაც ცხოვრების ულმობელობას მოუსინჯა კბილი. ბალღური შიშიც მამის წინაშე, რაგა თქმა უნდა, სრულებით გაუქრა დროის გასვლის კვალობაზე. იმ ერთი დოქი ღვინის შოვნაც შეძლო, თანაც არაერთხელ, მაგრამ ვერ მიუტანა მამას. თავი ვერა და ვერ მოაბა ამ საქმეს. რატომ? ამას ახსნა ალბათ არ იქნება ადვილი... განა არ მოინდომა, როგორღაც არ გამოსდიოდა, მუდამ რაღაც მიზეზი გამოუჩნდებოდა, რათა იმ ერთი დოქი ღვინისთვის სხვა გზა მიეჩინა. უნდა ითქვას, ღვინოს მართლაც კარგად გაუგო გემო, ეძნელებოდა მასთან განშორება. ,,შენ ჩემთან დარჩი, მერე სხვასაც ვიშოვი~, გაუმხელდა ღვინიან დოქს. სხვასაც იგივე ბედი ელოდა, ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად...

      თუმცაღა, ისიც უნდა ითქვას, დავიწყებით არასოდეს დავიწყებია ნოეს მშობელი მამის ვალი, გულში წამითაც არ გაუვლია მის დაბრუნებაზე უარის თქმა. ოღონდ ერთი ეს იყო, კრიჭაში ვერ ჩაუდგა საკუთარ თავს, ვერ აიძულა, მოწყვეტოდა ღვინის ხიბლს და სახვალიოდ არ გადაედო ეს საქმე. აკი წყალობამაც უთხრა ერთხელ, ზედმეტი განსჯა და ფიქრი არ გიყვარს, დინების მიმართულებით გირცევნია ცურვაო. სხვა დროს კიდევ, პირქარს გაურბიხარ, საითაც ქარი დაუბერავს, შენც იქით .მიჰყვები გზასო.

      თანაც ეს დინება (თუ ქარის დაქროლვა) ყოველთვის უცნაურად ექცეოდა; როდესაც რაიმე დიდ გასაჭიროში გაჰყოფდა თავს... ისე რომ, საშველი აღარ არისო, როცა იტყოდა, სწორედ მაშინ გამოუჩენდა რაიმე სატყუარას, ფიანდაზივით გაუგებდა ფეხქვეშ შედარებით მორბილებულ ბილიკს. ნოეც მიჰყვებოდა ძალაუნებურად ამ ბილიკს. ასე გადიოდნენ დღეები, რომელთაც ის არასოდეს ითვლიდა.

      თავმოუბმელი უწოდა წყალობამ... ეს უკვე სულ სხვა საქმეს, კერძოდ, ქანდაკებას ეხებოდა. აღმა-დაღმა ხეტიალმა ნოე სრულიად შემთხვევით მიაგდო იმ სახელოსნოსთან, რომელსაც ახლა ზემოდან დაჰყურებდა, კორტოხზე შერჩენილი. მახლობელ მთებში მარმარილო და გრანიტი მოიპოვებოდა. მუშებს საზიდრებით ჩამოჰქონდათ მარმარილოს და გრანიტის ლოდები, მერე მათ ხელოსნები ამუშავებდნენ. ნოემ დღიური სამუშაო ითხოვა მცირე გასამრჯელოს ფასად, მეტად ნატანჯი და დამშეული იყო იმ დროისთვის. ბედად, წყალობა შეეფეთა, რომელმაც მაშინვე დაასაქმა სამუშაოს მაძიებელი, სახელოსნოს გამოგვა და მილაგება დაავალა, თურმე სწორედ წინა დღით გარდაცვლილიყო ამ საქმის აღმსრულებელი მუშაკი. კარგა ხანს შერჩა ნოე ამ საქმეს. ხელოსნების ნამუშაკართა გაწმენდა-გაპრიალებასაც ავალებდა წყალობა ხანდახან. ნოე მაშინვე მიიზიდა ამ საქმემ, ისე გულმოდგინედ აპრიალებდა მარმარილოს, სანამ ატლასივით არ დააწყებინებდა ბზინვას. მისი გულმოდგინება შეუმჩნეველი არ დარჩენია წყალობას, საჭრეთელი უბოძა და ჩუქურთმების გამოყვანა დაავალა, როცა სამუშაო მოძალებული ექნებოდათ. ბოლოს ქანდაკებასაც შეავლო ხელი ნოემ, ეს საქმეც ანდო წყალობამ, მაგრამ აქ ბევრს ვერაფერს ეწია, როგორღაც თავი ვერ მოაბა ამ საქმეს. დასაწყისში თითქოს ყოველივე რიგზე იყო, თანდათან რაღაცას ემსგავებოდა ის ლოდი, რომელსაც საჭრეთელით ხელში ებრძოდა ნოე. მერე და მერე ყველაფერი რატომღაც აირეოდა ხოლმე. ნოე ვერაფრით ვერ ახერხებდა, ისეთი სახე მიეცა ქანდაკებისათვის, რაც თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული. რაც მეტს ცდილობდა, მით უფრო ებნეოდა თავგზა. სწორედ ამიტომ უწოდა წყალობამ თავმოუბმელი. საქმეს დაწყებით თითქოს კარგად იწყებ, მაგრამ მის ბოლომდე მიყვანას ვერ ახერხებო, უთხრა.

      ასე რომ, ნოეს საქმიანობა სხვათა ნამუშაკარის სამსახურს ვერ გასცდა. არც ეს არის პატარა საქმეო, ამის თაობაზე თქვა ერთხელ წყალობამ, განა ყველას შეუძლია შუბლგახსნილმა შეხედოს სხვათა ნამუშაკარს, გულმოდგინეობით და ხალისით მიეფეროს სხვათა ხელიდან გამოსულ ქვის სახებას. გულღრძო არ არისო, ასე შეაფასა ნოე წყალობამ, ამ მრავალჭირნახულმა, წინდახედულმა ადამიანმა.

      არ უყვარდა გულღრძო ადამიანები, ამ საძრახის თვისებასთან დაკავშირებით ერთი თავისი ახალგაზრდობის დროინდელი თავგადასავალი ჰქონდა ნაამბობი. მაშინ პირტიტველა ყმაწვილი ვიყავიო, ასე იწყებდა თავის ამბავს წყალობა... მამაჩემმა მექოთნეებთან გამამწესა, იქ მოვსინჯე პირველად, თუ რას ნიშნავდა საკუთარი ოფლით ლუკმაპურის მოპოვება. თითქოს არა უშავდათ რა იქაურ ხელოსნებს, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, არაფრით განსხვავდებოდნენ იმ ადამიანებისგან, რომელთაც მანამდე შევხვედროდი. თუმცა ერთერთი მაშინვე გამოირჩა მათგან. მომეტებულ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ. ხშირხშირად მაკითხავდა მუშაობაში გართულს, რჩევას მაძლევდა, მისწორებდა, თუ რაიმე შემეშლებოდა, თან მეხუმრებოდა, ხელს მომიტყაპუნებდა ჯერ ისევ უწვერულ ლოყებზე. ხელებსაც დამისრესდა, მეტი მოქნილობა სჭირდებათ შენს თითებსო... რა გულთბილი ადამიანია-მეთქი, ვფიქრობდი. მთელ სახელოსნოში ყველაზე მეტად სწორედ ის მიმაჩნდა სანდო ადამიანად. კარგა ხანს გრძელდებოდა ასე, თითქმის მთელი წელიწადი... მერე ის გულთბილი ადამიანი სადღაც გაქრა. სხვა სამუშაო იშვონაო, მითხრეს, როცა მის შესახებ ვიკითხე. თანაც ერთი მეტად საინტერესო ამბავიც მითხრეს; თურმე იმ გულთბილ ადამიანს რაღაც უკურნებელი სენი სჭირდა, მთელი ტანი ლაქებით და მუწუკებით ჰქონდა მოფენილი. სწორედ იმიტომაც მიტყაპუნებდა ხელებს, იქნებ ის უკურნებელი სენი მეც შემყროდა. გაოგნებული დავრჩი, როცა ეს შევიტყვე. მომეჩვენა, თითქოს უბინძურეს ორმოში გადავიხედე. კიდევ კარგი, დამიფარა ღმერთმა, არ შემეყარა ის საზიზღარი სენი. წუთისოფლისგანაც კარგი გაკვეთილი მივიღე. ის ხომ მეტად გულღრძო ადამიანი იყო (ვითომდა გულთბილი), ამას არ უნდა ლაპარაკი, მაგრამ დანარჩენები? მთელი სახელოსნო გვიყურებდა და დუმდა. კაციშვილს კრინტი არ დაუძრავს, არ უთქვამს, თუ რა მიზნით მიტყაპუნებდა ხელებს ის უბინძურესი არსება. არ გავუფრთხილებივარ, თუ რა საშიშროება მელოდა. როცა წავიდა, მხოლოდ მაშინ გაამხილეს ყველაფერი.

      ამდენად, არც სხვები იყვნენ ნაკლებნი, ერთნაირად საზიზღარი იყო ყველა, ასკვნიდა წყალობა. ხდება ხოლმე ხანდახან, მთელი სიბინძურე ერთად იყრის თავს... ყოველივე ამის გახსენებაზე წყალობას სახე უსიამოვნოდ ეჭმუხნებოდა. ცხადად ჩანდა, თუ რარიგ სძულდა ეს საძრახისი თვისება, გულღრძოობა...

      ასე რომ, ნოემ იპოვა თავშესაფარი ამ ფართო სახელოსნოში, შემთხვევით რომ გადაეყარა. დაუყვედრებელი ლუკმა-პური ყოველთვის ჰქონდა, ღამესაც იქ ათევდა... წყალობამ ნება მისცა, პატარა სენაკი მიეშენებინა სახელოსნოს ერთერთი კედლისთვის. ხელიც კი წაახმარა მუშაობისას. არც ღვთის საჩუქარი დაჰკლებია ნოეს, რაც აქ დაიდო ბინა... კარგ ღვინოს ასე უწოდებდა ხოლმე. გულიანი მოლხენაც იცოდა. ხანდახან, ცოდვა გამხელილი სჯობს, მეტისმეტიც მოსდიოდა, რაც წყალობას არ გამოჰპარვია, მაგრამ დიდ ცოდვად აღარ ჩაუთვალა. არც თვითონ ყოფილა ღვინის სმის ხამი, მასაც უყვარდა გაშლილ სუფრასთან მოლხენა, ღვინით სავსე თასის აწევა, ფერადოვანი სადღეგრძელოს თქმა, რაც, თურმე, ასე კარგად ეხერხებოდა ნოეს. ესეც ძალიან სასიამოვნოდ დაურჩა წყალობას, ფასი შემატა ნოეს მის თვალში.

      დღიური სამუშაოს მძებნელნი ბევრნი მოსულან ამ სახელოსნოში, რომელსაც წყალობა განაგებდა, მერე ისევ წასულან, ნოე კი შერჩა იქაურობას. ახლაც იქ იქნებოდა, ეს ოხერი წვიმა რომ არა...

      ნოე წამოდგა, კისერი წაიგრძელა, დაბლა გადაიხედა. სახელოსნოს სახურავი გაარჩია წვიმის ფარდის მიღმა.

      - ჰო, ახლაც იქ ვიქნებოდი, ეს ოხერი წვიმა რომ არა, - ნოემ ხმამაღლა გაუმჟღავნა დოქს თავისი ფიქრები,- თუმცაღა, ალბათ არც შენ იქნებოდი ჩემს გვერდით,- დაუმატა ბოლოს. ისევ დოქს მიუჯდა, ხელი სიყვარულით მოუტყაპუნა.

      - გულღრძო არა ხარო, წყალობამ ასე მითხრა, - გააგრძელა ნოემ დოქთან მუსაიფი, - არც შენ ხარ გულღრძო. ყველას ახალისებ, ვინც კი გემოს გაგისინჯავს. გარჩევა არ იცი, დიდი თუ პატარა, ჭკვიანი და თავმოუბმელი, ყველა ერთია შენთვის. მართლაც ღვთის საჩუქარი ხარ, შენ გაგიმარჯოს... - თვიონ ღვინო ადღეგრელა ნოემ და დოქს დაეწაფა. შენთვის თვალის არიდებას ვეღარ შევძლებ, შენი სადღეგრძელო ხომ უნდა დამელიაო, იმართლა თავი, როცა დოქი დაბლა დაუშვა.

      ამასობაში ჩამობნელდა კიდეც. ნოეს თვლემა მოერია, წვიმის შხაპური ნანასავით ესმოდა. ერთხელ კიდევ მოიყუდა დოქი, მერე შეაჯანჯღარა... ,,კარგა ბლომად დაგატყე ხელი... ეეჰ, ნეტავი ასე მალე არ იცლებოდე~, ჩაილაპარაკა გულნაკლულად.

      ეს იყო მისი ბოლო სიტყვა იმ ფათერაკებიან დღეს, მოიკრუნჩხა გადმოხურულს ქვემოთ დარჩენილ მშრალ ადგილას, მწყემსური ტყაპუჭი მჭიდროდ შემოიხვია ტანზე. მაგრად თავდაცობილი დოქი ქვერდით მოიდგა და მიიძინა დაღლილ-დაქანცულმა.

      გულში იმედი ჩაიყოლა, დილით მზის სხივი გამაღვიძებსო.

ყოფნა-არყოფნის ზღვარზე

      გაუცრუვდა იმედი ნოეს, დილით მზის სხივი გამაღვიძებსო. თვალი ჯერაც არ გაეხილა, წვიმის ხმა რომ ჩაესმა. ვაჰ, ისევ წვიმსო, წაიბუზღუნა გულშემოყრილმა, ნელნელა წამოიწია, დაბუჟებული სხეული შეიბერტყა. სახელოსნოსკენ გადაიხედა და... თვალს ვეღარ დაუჯერა; აღარსად ჩანდა ნაცნობი სახურავი, მღვრიე წყლის მასა ბობოქრობდა იმ ადგილას, სადაც სახელოსნო უნდა ყოფილიყო. და საერთოდ, აღარაფერი ჩანდა მღვრიე წყალტალახის გარდა.

      - ღმერთო, რას უპირებ შენს გაჩენილ ქვეყანას? - შეჰღაღადა შეშინებულმა ნოემ, ორივე ხელი მაღლა აღაპყრო... წვიმის ხმა ისმოდა ამ ღაღადისის პასუხად და გაავებული ღვარცოფის ბუყბუყი, ყოველი მხრიდან რომ შემოდგომოდა კორტოხს. მერე ისევ დოქს მიეტანა, დაბლა გადახედვას ვეღარ ბედავდა. მოიყუდა, ბარაქიანად მოსვა, თხუთმეტიოდ ყლუპი მაინც, თუ მეტი არა... დაბლა დაუშვა დოქი, გაყუჩდა. როგორც წესია, ღვინომ საამურად დაურბინა ძარღვებში, გულსაც გაეთამაშა, შეშინებულ, გახევებულ გულს. ნოემ სული მოითქვა, თვალშიაც სინათლე მოემატა. ახლა უკვე გაბედა, ირგვლივ მიმოეხედა, რა ხდება ქვეყანაზეო, თვალი გაუმაგრა წყალს. ყველაფერი ისე იყო, როგორც თვალის ერთი გადავლებით დაინახა; სახელოსნოს კვალიც აღარსად ჩანდა, ქალაქი კი, ცხადი იყო, კიდევ უფრო ადრე სრულიად დაეტბორა წყალს. წვიმა ისევ შეუწყვეტლივ მოდიოდა, ცაზე მძიმე, ტყვიისფერი ღრუბლები იგრაგნებოდნენ. ნოემ თვალით მოჩხრიკა მღვრიე წყლით ავსებული სივრცე, იქნება სადმე კიდობანი, ან რაიმე მსგავსი რამ დავინახოო. მსგავსი არაფერი ჩანდა, თვალსაწიერიც მეტად ვიწრო იყო, ცისკიდურს ნისლი ბურავდა...

      ისევ დოქის გვერდით ჩაიმუხლა გაოგნებულმა, მთელ სხეულში სისუსტეს გრძნობდა, ვერც ვერაფერზე ფიქრობდა. სახელოსნოს მყუდრო თავშესაფარი, ზევახი და მისი საზიდარი, საგანგებოდ შეკრული კიდობანი... ყველაფერი ერთმანეთში აირია, აღარ იცოდა, რაზე შეეჩერებინა ყურადღება.

      ბოლოს ამ არეულობიდან წყალობას სახე გამოიკვეთა, გამსჭვალავი მზერა მიაპყრო. არავინ იცის, როდის სად სჯობია ყოფნაო, ეს სიტყვები ლამის ცხადად ჩაესმა ნოეს.

      - ჰო, ასე ამბობდი! - ფიცხლად შეეხმიანა ნოე, - ეს სიტყვები ხშირად მსმენია შენგან, მაგრამ ნეტავი მაცოდინა, რას იტყოდი, ახლა რომ დაგენახე, მთის კორტოხზე შერჩენილი.

      ნოე გაყუჩდა, ყური მიუგდო... იქნებ წყალობას მართლა მოეწვდინა ხმა რაღაც სასწაულით. წვიმის ბრალი იყო თუ სხვა რამ, პასუხი არ გაუგონია ამ შეკითხვაზე. ისევ დოქს მიეტანა სანუგეშოდ. სამაგიეროდ, შენ მყავხარ გვერდით, ჩაულაპარაკა და მოიყუდა. მაგრამ ვაი რომ ძალიან მალე იცლები, მწუხარედ დაუმატა ნოემ, როცა დოქი მოიცილა პირიდან, მეტისმეტად ემსუბუქა ხელში. მის შეჯანჯღარებას ვეღარც კი ბედავდა. კვლავ დაურბინა ღვინის ჯადომ სხეულში, ცოტათი გამოაცოცხლა ლამის მისულფერებული ნოე, ლუკმაც გაღეჭა ძალამოცემულმა. საბედნიეროდ, ხმიადი და ლეღვის ჩირი ჯერ ისევ იყო პარკში... როგორც ჩანს, ღმერთთან შესახვედრად უნდა მოვემზადო, გაუმხილა ნოემ დოქს. არა უშავს რა, ასეთია ამ სოფლის წესი, რა მნიშვნელობა აქვს, ცოტათი ადრე იქნება თუ გვიან... თუ ასე გაგრძელდა, ამ კორტოხსაც შემოუტევს ალბათ წყალი, ჩვენ კი გასაქცევი არსად აღარ გვაქვს ...

      შავბნელი ფიქრებით შეწუხებულმა ნოემ ირგვლივ მიმოატარა თვალი, თითქოს გასაქცევს ეძებსო... ხარის ტყავის რუმბი ეცა თვალში, ჯირკზე გასაშრობად გადაფენილი. ხომ არ აჯობებს, რუმბი გავბეროო, გაივლო გულში, ჯერ თავი გაიქნია, ალბათ არ ღირს, რუმბმა რა უნდა მიშველოსო... მერე და მერე უფრო მოეწონა ეს აზრი, თანაც რაიმე სხვა საშველიც არ ჩანდა, წყალი კი შეუნელებლად იწევდა მაღლა, მისი ბუყბუყიც სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა. აიღო ნოემ რუმბი, გაბერა... ეს არ ყოფილა ადვილი მისთვის, მაგრამ მოინდომა და გაართვა თავი, ამ რუმბში ხედავდა ხსნას და გადარჩენას. გარდიგარდმო თოკები გადაუჭირა (თოკის ნაწყვეტებიც დაეტოვებინათ აქ ოდესღაც თავშეფარებულ მწყემსებს), წყალმა ერთმანეთს არ დაგვაშოროსო. მართლაც ჭკვიანურად განსაჯა, ფასდაუდებელი სამსახური გაუწია თოკების ხლართმა. მისი წყალობით შერჩნენ ერთმანეთს ნოე და რუმბი. ის კი არადა, რუმბზე ფეხის მომაგრებაც შეძლო,როცა დასჭირდა...

      ამ საქმიანობას ერთგვარად გული გადააყოლა ნოემ. ამასობაში დაღამდა კიდეც, წვიმა შეუნელებლად მოდიოდა, გამუდმებით გაისმოდა მისი შხაპუნი გადმოხურულის სახურავზე, რომელსაც ღვარცოფის ბუყბუყი ერთვოდა. ო, როგორ მოაძულეს ნოეს თავი ამ ხმებმა, როგორ უნდოდა, მათგან დაესვენა... საშველი არ იყო, ამ ხმებს ვერსად გაექცეოდა...

      ისევ თავის ნუგეშს, ღვინიან დოქს მიეტანა, უდიდესი სიფრთხილით მოსვა, ყოველ ყლუპს დანანებით მიაცილებდა ყელისკენ. როცა დოქი პირიდან მოიცილა, ხელით აწონა. მისი ვარაუდით, ათიოდე ყლუპი ღვინო თუ იქნებოდა ჩარჩენილი, შეიძლება უფრო ნაკლებიც...

      ნოემ ამოიოხრა, დასაძინებლად იწყო მზადება. გაბერილ რუმბზე მოკალათდა, ეამა კიდეც, ჯირკებზე მოკრუნჩხვას ნამდვილად სჯობდა. თავს შედარებით დაიმედებულად გრძნობდა. თუ წყალი კორტოხს შემოუტევდა, გაბერილი რუმბით წყალში შეძლებდა ერთხანს ტივტივს, მერე კი ვინ იცის, იქნებ ღმერთს გამოეჩინა რაიმე საშველი.

      სიფრთხილის თავისებური ზომაც მიიღო; თოკის ნაწყვეტით ქამარზე მიიბა გაბერილი რუმბი, წყალმა ერთმანეთს არ დაგვაშოროს, თუ დაძინებულს შემომიტევსო. მაგრად თავდაცობილი დოქი გულში ჩაიხუტა, როგორმე იმ რამდენიმე ყლუპი ღვინის დალევა მოვასწრო, რაც დოქში ჩარჩა, მერე კი ჯანდაბას ჩემი თავიო. ბოლო წუთისთვის ინახავდა იმ რამდენიმე ყლუპს.

      მაგრამ ისე მოხდა, ვერ მოასწრო ნოემ იმ ბოლო ყლუპი ღვინის დალევა. როგორც შიშობდა, სწორედ ჩაძინებულს, ღამით შემოუტია წყალმა. მაშინვე გაეღვიძა, ცივი წყალი წამში აფხიზლებს ადამიანს... კიდევ კარგი, რუმბი წელზე ჰქონდა მიბმული. სულერთიანად გაილუმპა, მაგრამ რუმბს მშვიდობიანად შერჩა. საუბედუროდ, დოქი წარტაცა წყალმა. ხელები გამწარებით ააფართხალა ნოემ, იქნებ შემთხვევით დოქი ხელში მომყვესო, თვალით ვერაფერს ხედავდა იმ სიბნელეში. ხელცარიელი დარჩა, ვეღარ მოიძია დოქი, დაიკარგა რამდენიმე ყლუპ ღვინასთან ერთად.

      როგორც იქნა, გათენდა. უღიმამო ნაცრისფერმა სინათლემ გამოჟონა ყომრალი ღრუბლებით დაფარული წვიმიანი ციდან, მეტად უნუგეშო სურათი გაამჟღავნა. აღარსად ჩანდა მთის კორტოხი და გადმოხურული, ნოე რომ შეიფარა. წყალი ლიცლიცებდა ყოველი მხრით, წვიმით დაჭმუჭნული და მღვრიე. ნოე გულგრილად შეხვდა ამ ფათერაკს. ერთი იმასღა ნანობდა, დოქი რომ დაეკარგა. ნეტავი ის რამდენიმე ყლუპი ღვინო მაინც დამელია, დოქში არ ჩამეტოვებინაო.

      მეტისმეტად დაქანცა ამდენმა მღელვარებამ და შიშმა.

      - ძალიან ნუ გამაწვალებ, ღმერთო, - შეევედრა ნოე ღმერთს, - ჩემი ერთადერთი ნუგეში, ღვინო, აღარაა ჩემთან. ისევ შენ უნდა შემეწიო. შემიბრალე, მიხსენი სატანჯველისგან.

      ხმამაღლა თქვა ეს სიტყვები ნოემ და გაყუჩდა, ტკიპასავით მთელი სხეულით გაეკრა გაბერილ რუმბს, უიმისოდ ალბათ უკვე დაიხრჩობოდა. თვალებს ხან ახელდა, ხან ისევ მილულავდა, მზად იყო ღვთის სასუფევლისკენ გასამგზავრებლად. თუმცაღა, როგორც აღმოჩნდა, არც ისე ადვილი ყოფილა ზეცისკენ გზის გაგნება. მიწა, თუნდაც ერთიანად წყლით დაფარული, მაინც ძალუმად იზიდავს ადამიანს თავისკენ, არ ანებებს ცად ამაღლებას. სულ მალე შეიცნო ნოემ ეს ჭეშმარიტება; მოხდა ისე, რომ ამოყირავდა გაბერილი რუმბი, ტალღა დაეჯახა ძლიერად. ნოემ წყალში ამოჰყო თავი. მაშინვე გამწარებით ააფართხალა ხელები, რამდენიმე მალაყის შემდეგ შეძლო რუმბის გაწონასწორება, კვლავ ტკიპასავით გაეკრა თავის ნავტიკს...

      ეს იმ დროს, როდესაც თვინიერად მიიდრიკა თავი სიკვდილის სარეცელზე, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ეგონა. თვალებიც ფართოდ ჭყიტა ამ ფათერაკის დროს. დაინახა, რაღაც ტივტივებდა იქვე მახლობლად.

      ხის მოგლეჯილ ტოტს მოაცურებდა წყალი და აი საოცრება, რამდენიმე ვაშლი შერჩენოდა ზედ. არც კი დაფიქრებულა, რას ვაპირებო. ისე გაიწოდა ნოემ ხელი, ჩააფრინდა ტოტს, თავისკენ მისწია. მოწყვიტა ვაშლი, იგემა. უცნაური იყო, მთელი სხეული გამოეხმაურა ამ მწირ ტრაპეზს, გულიც კი აუძგერდა შედარებით ხალისიანად. ცხადად შეიგრძნო ნოემ, რა მჭიდროდაა ადამიანი მიბმული საკუთარ კუჭზე.

      რაღა თქმა უნდა, ამას ღვინო მერჩია, თქვა ნოემ, როცა გული მოიჯერა ვაშლების ჭამით, მაგრამ ამასაც არა უშავს რაო.

      რუმბიდან წამოიწია, ირგვლივ მიმოიხედა, იქნებ ამ ხის ტოტს რაიმე უფრო ნუგეშისმომგვრელი მოჰყვესო; ტივი, ან ნავი... ანდა სულაც ნაპირი. არსად არაფერი ჩანდა, მღვრიე წყლის მასის გარდა. ნოემ კვლავ დახუჭა თვალები. ცოტა ხანში რაღაცის შეხება იგრძნო. გაახილა თვალი, ცხედარი ტივტივებდა რუმბის გვერდით, შორიახლო სხვაც მოჩანდა.

      ნოემ მაშინვე მოუსვა წყალს ხელები, გაშორდა იმ უსიამო ადგილს. გულში გაივლო, მალე ალბათ მეც ერთი იმათგანი ვიქნებიო. ცოტა ხანში კვლავ შეეჩეხა მოტივტივე ცხედრებს. მკვდარ ბავშვებს მოაცურებდა წყალი, თვალები ღია დარჩენოდათ. ცას საყვედურით შეჰყურებენო, გულში თქვა ნოემ მათი დანახვისას. დახუჭა თვალები, თავის თავს აღთქმა მისცა, აღარც გავახელო. ვერ შეძლო ამ აღთქმის შესრულება, ხის მოზრდილი მორი შეეჯახა საკმაოდ მტკივნეულად. გაახილა ნოემ თვალი, მორს მოსცილდა... მაშინვე უცნაური რამ დაინახა, რაღაც მწკრივად ტივტივებდა. დაუკვირდა, რა არისო. კაკლები აღმოჩნდა. ნოემ ტყავის ქამრიდან მოიხსნა საჭრეთელი, გული გაუხსნა კალებს, იგემა მათი შიგთავსი. რას აღარ მოაცურებდა წყალი... როგორც ჩანს, შიმშილით სიკვდილი არ მიწერიაო, გაიფიქრა ნოემ. მაგრამ რა ხეირია ამაში, სჯობდა, დროზე მომღებოდა ბოლო...

      დაღამდა ის დღეც, სიბნელე გადაეფოფრა მღვრიე წყლის მასას. ჯერ ისევ ცოცხალი ვარ, ფიქრობდა ნოე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, დილამდე ვეღარ მივაღწევ. კვლავ შეევედრა ღმერთს, ამ სატანჯველს დროზე გამარიდეო.

      და კვლავ იხილა განაცრისფერებული დღის ნათელი, ყომრალი ღრუბლებით დაფარული წვიმიანი ციდან რომ მოჟონავდა. ნოემ გაკვირვებით გააცნობიერა, რომ ისევ ცოცხალი იყო. აღმოჩნდა, რომ მწყემსური ტყაპუჭი თურმე სველიც კი ათბობს ადამიანს. სითბოს რაღაც ნაპერწკალს მუდამ ინახავს, რომელსაც წყალიც კი ვერ აქრობს. რაიმე კბილგასაკრავიც მოიძევებოდა ჟამიდან ჟამს. რას აღარ მოაცურებდა წყალი... გულაღმა მოტივტივე თევზების შუაგულში აღმოჩნდა ნოე თავისი რუმბით, შლამით ამოვსებოდათ ლაყუჩები და დამხრჩვალიყვნენ მშობლიურ სტიქიაში.

      გასრულდა ის დღეც, დაბნელდა წარღვნით წალეკილი ქვეყანა. ერთხელ კიდევ შეავედრა ნოემ სული ღმერთს, ეჭვიც აღარ ეპარებოდა, დილამდე ვეღარ ვიცოცხლებო. ამჯერადაც შეცდა ვარაუდში, გათენებისას კვლავ იპოვა სიცოცხლის ნიშნები საკუთარ სხეულში. პირდაპირ საოცარი იყო არა და არ კვდებოდა, რუმბს ჩაფრენილი ტივტივებდა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე...

      თურმე რა გამძლეობა ჰქონია ადამიანს, მეტისმეტად ძლიერი ყოფილა მასში სიცოცხლის ნიჭი, და ეს ნიჭი ნამდვილ სატანჯველად ექცა ნოეს, არ შეეძლო თავიდან მოეცილებინა ძველი სამოსივით. თუმცა უსასრულოდ, ცხადია, ვერ გაგრძელდებოდა ასეთი ყოფა... გრძნობდა ნოე, თუ როგორც ეცლებოდა ძალღონე, სხეული ერთიანად დაუბუჟდა, ხელფეხმა უცნაური ფორმა მიიღო, კანგაცლილ მცენარის ფესვებს დაემსგავსნენ. გონებაც ხშირად ებინდებოდა, დღე და ღამე ერთმანეთში აერია. წამოდგენა არ ჰქონდა, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს სატანჯველი. რუმბიც დამძიმდა, ერთიანად გაიჟღინთა წყლით, მალე ალბათ ვეღარ იტივტივებდა. კიდევ ცოტაც და, ყოველივე დასრულდებაო, გაანდო ნოემ თავის თავს. დახუჭა თვალები, აღარც აპირებდა თვალის გახელას.

ნახვა: 31

ტეგები: qwelly, ბიბლია, ბლოგი, გადარჩენა, ვალი, ქადაგიძე, წარღვნა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:39pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

მიკროსამყაროს სკულპტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 9, 2019.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      ბუნება მრავალმხრივ მომხიბლელი და საინტერესო მოცემულობაა, რომელიც ჩვენს გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს. თუმცა, ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით, შეუძლებელია იმ უფრო დიდი სამყაროს ხილვა,…

გაგრძელება

საშვიდნოემბრო გახსენება, განათლება უმინისტროდ და ნატო უჩვენოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 7, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ერთ-ერთ ტრადიციად ქცეული დღე - 7 ნოემბრის გახსენება და იმედში შეჭრის დღემდე დაუსრულებელი სასამართლოები - ცხადია ერთ-ერთი თემა დღეს ეს იყო. მთავარი თემა განათლებას და უმინისტროდ დარჩენილ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters