- ჩვენ აქ ვერაფერსაც ვერ ვიპოვით, - თქვა ახალგაზრდამ, ბარი მიწაში ჩაარჭო და წელში გაიმართა. ჭაღარას თავიც არ აუწევია, გულმოდგინედ ჩიჩქნიდა მიწას ხისტარიანი მომცრო ნიჩბით. რაკი პასუხს ვერ ეღირსა, ახალგაზრდამ ოქროსფერი ხელთათმანები ისე ენერგიულად დაიჭიმა თითებზე, თითქოს დაგროვლ ჯავრს გზა მისცაო და მუშაობა განაგრძო. ოქროსფერივე კომბინეზონი თევზის ქერცლივით მჭიდროდ შემოტმასნოდა ტანზე. ჭაღარას მოლურჯო ფერის სრული კომბინეზონი ემოსა, ხელთათმანები კი საერთოდ არ ეკეთა.

      ათიოდე წუთი ისე გავიდა, სიჩუმე არაფერს დაურღვევია ბარის პირზე ქვიშის გაფხაჭუნების გარდა. პატარ პატარა ბელტები ფრთხილად ამოჰქონდათ კვადრატებად დაყოფილი თხრილიდან. იქვე კუთხეში არქეოლოგიური იარაღები ეწყო. მათში რაღაც გაურკვეველი ლითონის საგანიც მოჩანდა.

- აშკარად ტყუილად ვკარგავთ დროს, - ისევ ალაპარაკდა ახალგაზრდა. მის ხმას უკვე გაღიზიანება ეტყობოდა.

- თუ დაიღალე, დაისვენე.

- არ დავღლილვარ, მაგრამ ტყუილუბრალოდ დაკარგული დრო მენანება. განა დარჩა რაიმე აღმოუჩენელი დედამიწაზე? ამ სახლის სარდაფში რა უნდა ვიპოვოთ?

- ბევრი ფიქრობდა ასე, ბევრმა მიატოვა თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმე, მაგრამ შემდეგ სხვა, ერთი ბარის დაკვრით დიდ განძს პოულობდა.

- ეს მხოლოდ ზღაპრებშია ასე.

      ხანდახან ზღაპარიც სინამდვილედ შეიძლება იქცეს.

- სხივებით მაინც შეგვემოწმებინა, - კვლავ ჯიუტობდა ახალგაზრდა.

- არა, არ არის საჭირო. გული მიგრძნობს, აქ რაღაც უნდა იყოს.

      თითქოს ამ სიტყვების პასუხიაო, ბარს მიწიდან ძვალი ამოყვა. ჭაღარა დაიხარა და ყურადღებით დააკვირდა სიძველისგან ჩაშავებულ ძვალს. ახალგაზრდა ინტერესით შესცქეროდა.

- ადამიანისა უნდა იყოს, - გამოთქვა ვარაუდი ჭაღარამ და წელში გაიმართა.

- ჰო, ადამიანისას ჰგავს, - დაუმოწმა ახალგაზრდამ.

      ძვლის საგულდაგულოდ დათვალიერების შემდეგ ისევ განაგრძეს მუშაობა. ახლა უფრო ფრთხილად ირჯებოდნენ, ფენა - ფენა, თხელ ბელტებად იღებდნენ მიწას. თანდათან მათ თვალწინ ძვლების მთელი გროვა გაშიშვლდა. ორი ჩონჩხი იყო, ერთმანეთში არეული.

- ერთმანეთს შესჭიდებიან, - თქვა ჭაღარამ ჩონჩხების დათვალიერების შემდეგ. - ერთს მეორესთვის ნეკნი ჩაუმტვრევია, იმას კი თავი გაუტეხია. შეხედე, თავის ქალა როგორაა ჩაჭყლეტილი.

- ნეტავი რა ჰქონდათ გასაყოფი.

- ვინ იცის, - ყრუდ გაისმა ჭაღარას ხმა. იგი ჩონჩხების ირგვლივ ისევ ფრთხილად ჩიჩქნიდა მიწას.

      ახალგაზრდას ბოლოს მობეზრდა მიწის თხრა და ჩაილაპარაკა: არ შეიძლება, ხვალისთვის გადავდოთ დანარჩენი საქმე?

- რაც დღესაა საპოვნელი, ხვალე ვეღარ იპოვნი...

      ეს სიტყვები ისე დამაჯერებლად იყო ნათქვამი, რომ ახალგაზრდამ შეპასუხება ვერ გაბედა და მუშაობა განაგრძო. უცებ მისი ბარის პირი რაღაც მაგარ საგანს შეეხო.

- აქ მართლაც ყოფილა რაღაც, - ჩაილაპარაკა ახალგაზრდამ და უფრო გაფაციცებით დაუწყო მიწას თხრა. ჭაღარაც მიეშველა. მალე გამოჩნდა ჟანგისაგან სანახევროდ შეჭმული ლითონის ყუთი. როგორც კი მიწა მოაშორეს, ყუთი დაიშალა და ჩაშავებული ფილების გროვა გადმოიყარა.

- ოქრო - თქვა ჭაღარამ.

      ახალგაზრდამ ბარი გვერდზე მიაგდო.

- აკი ვამბობდი, დროს ტყუილ - უბრალოდ ვკარგავთ მეთქი.

      ჭაღარასაც იმედგაცრუება დაეტყო სახეზე, მაგრამ ცდილობდა, არ შემჩნეოდა.

- სჯობია, მართლაც შევისვენოთ, დანარჩენს ეს რკინის „მაიმახი“ მიხედავს - ჩაილაპარაკა მან და არქეოლოგიურ იარაღებს შორის მიგდებულ უცნაური ფორმის საგანს დაუდევრად წაჰკრა ფეხი. თვითონ იქვე ყუთების გროვაზე ჩამოჯდა. გაურკვეველი ფორმის რკინის მაიმახი მაშინვე გამოცოცხლდა და მარჯვედ შეუდგა საქმეს. მოქნილმა მანიპულატორებმა საცეცებივით ჩაბღუჯეს ძირს მიმოფანტული ოქროს ზოდები. მომცრო ეკრანზე ზოდების ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები აციმციმდნენ.

- რა დაუშვებელი უზუსტობაა, - ვერ ისვენებდა ახალგაზრდა. რისთვის დავზარჯეთ ამდენი დრო, თანაც სულ ხელით ვმუშაობდით...

- ნუ მიიტან გულთან ახლოს, - დამშვიდებით გამოეპასუხა ჭაღარა, სამიოდე საათი წავივარჯიშეთ. დიდი არაფერი მომხდარა.

- დიდი არაფერიო... დრო, თანაც სამი საათი... ეს თქვენთვის არაფერია?

- მაგაში გეთანხმები, - ჭაღარა უფრო მოხერხებულად დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. - დრო მართლაც უძვირფასესი განძია დღემდე ცნობილ ყველა განძთა შორის, მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ წინასწარ ვერასოდეს ვერ განსაზღვრავ როდის დახარჯავ ამ უძვირფასეს განძს ტყუილუბრალოდ და როდის საქმიანად. რა იცი, იქნებ არც ეს სამი საათი დაკარგულა ამაოდ.

- სამ საათში მზის სხივი ეკლიპტიკის ნახევარზე მეტს გაირბენს...

- არც ჩვენი ნაპოვნია მთლად ხელწამოსაკრავი. ამდენი ოქრო ვინმეს მეოცე ან ოცდამეერთე საუკუნეში რომ ეპოვნა, თავს უბედნიერეს ადამიანად ჩათვლიდა, სამი საათი კი არა, სამი წელიწადიც რომ ეთხარა მიწა, სიხარულისგან შეიძლება ჭკუაზე შემცდარიყო.

      ახალგაზრდას ხმა არ ამოუღია, მაგრამ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, ალბათ გუნებაში ფიქრობდა, მოხუცი ხომ არ დამცინოსო.

- იქნებ ისიც გაგიკვირდეს, თუ ვიტყვი, რომ ეს ორი ჩონჩხი, - ჭაღარამ ხელი ძვლების გროვისკენ გაიშვირა, - ამ განძის გულისთვის წაეკიდნენ.

- ამისათვის?

      ჭაღარამ ხელი დაუშვა.

- ერთი ის მითხარი, რომელი პლანეტიდან ჩამოფრინდი ყმაწვილო? - ჰკითხა ახალგაზრდას.

- ახალი დედამიწიდან.

- რაო? - ახლა თავის მხრივ ჭაღარას დაეტყო გაბრზება. - საქმეა ეს? ვთხოვე იმ პატიოსან კაცს, დამხმარე მჭირდება მეთქი, რაღა არამიწიერი გამომიგზავნა?

- არამიწიერი კი არა...

      აბა, აბა - შეუტია ჭაღარამ. - შენიშვნებს თავი დაანებე. თქვენ ყველანი, - აქ ჭაღარამ ჰაერში ხელით გაურკვეველი რკალი მოხაზა, - არამიწიერები ხართ, ახალი დედამიწიდან იქნებით, მთვარიდან, იუპიტერიდან თუ... ისიც ვერ ამიხსნია, თუ რატომ შეარქვით ახალი დედამიწა იმ თქვენს ნამცეცა პალნეტას. ერთი ის მითხარი, რა საერთო უნდა ჰქონდეს დედამიწასთან ასტეროიდებით შეკოწიწებულ სათამაშოს, ზომით ოდნავ რომ აღემატება მთვარეს. ერთი ყოვლად უბადრუკი, ოღრო - ჩოღრო გუნდაა, რომელსაც არც წყალი აქვს და არც ატმოსფერო. რა უფლებით დაარქვით ახალი დედამიწა, ჰა? რა უფლებით...

      ბოლო სიტყვები ჭაღარამ ხმის აწევით წარმოთქვა, ბრაზი ახრჩობდა.

      ახალგაზრდა ჩუმად იყო, თუმცა ნირი არ შეუცვლია.

- ჩამოფრინდებიან ეს გუშინდელი ღლაპები თავიანთი შეკოწიწებული სათამაშოებიდან და ჭკუის სწავლებასაც მოჰყვებიან, აქაოდა, მთელ სამყაროს ხელის გულივით ვიცნობთო, ყველაფერი ვიცითო. ნეტავი რა იცით, ჰა? რითი გაგანათლეს ახალ დედამიწაზე.

- ლითონკონსტრუქციის მთელი კურსი წაგვიკითხეს, - ამაყად თქვა ახალგაზრდამ.

- ერთი უყურე, თავიც რომ მოსწონს, - ჩაიფრუტუნა ჭაღარამ. - მაინც რომელ ლითონს იყენებთ თქვენი კონსტრუქციისთვის, ოქროს ხომ არა?

- დიახ, ოქროს.

- საშველი აღარ ყოფილა, - თავი გადააქნია ჭაღარამ. - გაგონილი მქონდა, ახალი დედამიწიდან ჩამოსული ყველა საოცრად ყოყოჩიაო, მაგრამ ამას მაინც ვერ წარმოვიდგენდი.

      ახალგაზრდა ხმას არ იღებდა, თავჩაქინდრული იდგა, დაბნეული.

      ჭაღარაც დუმდა. მწუხარე ფიქრებში წასულმა ერთ წერტილს გაუშტერა თვალი. შემდეგ წამოიძახა: ეჰ, რაც არის, არის! ვერ ვიტან, როცა თავისთავში მეტისმეტად დაჯერებულებს გადავეყრები ხოლმე. თუმცა არამიწიერებს რას ვერჩი, დედამიწაზეც ბევრს შეხვდები დღეს ასეთს, ბაიბურში არაა თუ რა ამბები ტრიალებდა უწინ ჩვენს დალოცვილ მიწაზე. იქნებ არც არიან გასამტყუნნი, ადამიანი წინ უნდა იყურებოდეს. ერთი ეს მითხარი, არამიწიერო, რისთვის დაშვებულხარ მიწაზე?

- პრაქტიკაზე გამოგვიშვეს.

- მერე არქეოლოგია რა შუაშია.

- ასეთია წესი. ჩვენ ყველანი არქეოლოგებს და ისტორიკოსებს მიგვამაგრეს. მე თავიდანვე თქვენთან ვიყავი გამწესებული. როგორც კი გამოჩნდით შემოსასვლელში, ჩვენი ჯგუფის ხელმძღანელმა მაშინვე მითხრა, აი, იმ ჭაღარა კაცს გაჰყვებიო.

- უყურე ერთი, - აღშფოთებით წარმოთქვა ჭაღარამ. - მე კი მადლობა მათქმევინა, აქაოდა, დამხმარე გიშოვნეო.

      ორიოდე წამში სახე დაუწყნარდა და გულიანად გადაიხარხარა.

- არცერთი ჩამორჩებით ერთმანეთს, მიწიერები თუ არამიწიერები. ეგეც კარგია, მაგდენი რომ მოუფიქრებიათ. პრაქტიკა არქეოლოგებთან... ცოტა რღაცას მაინც ისწავლით. კიდევ ვის იცნობ ძველ მიწაზე?

- ბებია მყავს აქ.

- დანარჩენებსაც ჰყავთ აქ ბებიები?

- უმეტესობას.

- ერთი სიტყვით, ჩამოფრინდი ძველ, ბებერ მიწაზე, გადაეხვიე საყვარელ ბებიას, მიირთვი ჩაი ვაშლის ნამცხვრით, გამოიძინე ოთახში, რომლის ფანჯრები ვაშლის ბაღს გადაჰყურებენ, დილით კი პირდაპირ ჩემისთანა ბუზღუნა ბებერს მოაშურე. ვაშლის ნამცხვარი გემრიელი იყო?

      ახალგაზრდას სიამოვნება აღებეჭდა სახეზე.

- ჩემ სიცოცხლეში მაგაზე გემრიელი არაფერი მიჭამია.

- აბა, რა გეგონა, - ნიშნის მოგებით თქვა ჭაღარამ, - ყველაზე გემრიელი ნამცხვარი დედამიწაზე ცხვება. მახსოვს, სიძველეთა პლანეტიდან რომ ჩამოვფრინდი, ბებია ისე შემხვდა, როგორც სასწაულებრიოვ გამოცხადებას. ვაშლის ნამცხვარი გამოაცხო, იმის გემო ახლაც მახსოვს.

- სიძველეთა პლანეტა კი გამიგონია, - თქვა გამოცოცხლებულმა ახალგაზრდამ. - ამბობენ, რაც დედამიწაზე ისტორიული ძეგლები იყო, ყველას იქ მოუყარეს თავიო.

- ჰო, დაამძიმეს იქაურობა. დედამიწა ერთი დიდი ბაღნარია, იმათთვის ადგილი აღარ იყო. ოდესმე მე და შენ ერთად ვნახავთ იმ პლანეტა - მუზეუმს. სხვათა შორის, იქ ერთ კაბინეტში ჩემი აღმოჩენილი ძეგლიცაა. ახლა კი ერთ შეკითხვაზე მიპასუხე: ოქროს სასახლეში ხომ არ ცხოვრობ?

- რა თქმა უნდა.

- რატომ მაინცდამაინც ოქროს სასახლეში?

- სხვა მასალა ჩვენ არ გამოგვადგება მშენებლობისთვის. ჩვენთან ხომ ატმოსფერო არაა, კოსმოსის ხისტი გამოსხივების პირობებში...

- ჰო, რაც გინდა თქვი და ლამაზად კი ჟღერს „ოქროს სასახლე“, - უბოდიშოდ შეაწყვეტინა ჭაღარამ, - რაც არ უნდა იყოს, ლამაზი ლითონია ოქრო. როცა პირველად დავხედე ზემოდან ახალ დედამიწას, მომეჩვენა მთელი პლანეტა მრავალსაცეციანი გიგანტური ოქროს მდუზებით იყო მოფენილი. როცა დავეშვით, აღმოჩნდა, რომ ოქროს მედუზები ოქროს სასახლეები იყო, ოქროს საცეცები კი ოქროს გვირაბები, რითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან. ვერაფერს იტყვი, მშვენივრადაა მოწყობილი. სივრცე და მანძილი ისეთნაირადაა გამოყენებული, იუპიტერზე გეგონება თავი და არა ასეთ ნამცეცა სათამაშოზე.

      ახალგაზრდა ყურადღებით უსმენდა.

- ყველაზე უფრო განათების სისტემა მომეწონა. მაქსიმალურადაა გამოყენებული ოქროს ძლიერი ამრეკლი თვისება. თითქმის ისეთივე სინათლეა, როგორც ჩვენთან. მერე კიდევ ის ოქროს ანტენები. ოქროს კარკასში ჩასმული სათბურებიც კარგი სანახავია, ნისლივით ჰაეროვანი ღრუბლებით... ერთი წამით დედამიწაზე მეგონა თავი.

- როდის იყავით ახალ დედამიწაზე?

- არც ისე დიდი ხანია. აბა, გული როგორ მომითმენდა, არ მენახა პლანეტა, რომელსაც ასეთი ამაყი სახელი უწოდეს. სიმართლე რომ ვთქვა, ბევრი რამ ძალიან მომეწონა, მაგრამ ასეთი სახელი მაინც არ შეგეფერებათ. ვთქვათ, ოქროს ცთომილი რომ დაგერქმიათ? მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა შენთვის უფრო მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს სთქმელი, ყური დამიგდე.

      ახალგაზრდა მორჩილად გადაიხარა მისკენ. ჭაღარამ ხმას დაუწია და თითქმის ჩურჩულით დაიწყო:

- იყო დრო, როცა დედამიწაზე ყველა ნაგებობა, თვით საქათმეც კი, ოქროსი იყო.

- ეს რისთვის? - გაიოცა ახალგაზრდამ. - ამის აუცილებლობა ხომ არაფრით იქნებოდა ნაკარნახევი. პირიქით, უამრავ უხერხულობას შექმნიდა. ოქრო ძალიან მძიმე საშენი მასალაა დედამიწის გრავიტაციული ველის პირობებში.

- მიუხედავად ამისა, ოქროს გარდა, სხვას აღარაფერს ცნობდნენ მშენებლობისთვის.

- წარმოუდგენელია...

- თუ ჩემი არ გჯერა, მოდი, ამ მაიმახს ვკითხოთ, - თქვა ჭაღარამ პაუზის შემდეგ, როცა ახალგაზრდის ეჭვიან სახე ს შეხედა.

- ასე ნუ უყურებ. მართალია, გარეგნულად იგი არ ჰგავს თქვენს სუპერ - რობოტებს, მაგრამ ცოდნით არც ერთს არ ჩამოუვარდება. შენზე ბევრად უკეთ, როგორც ხედავ, ეს მეხმარება, მაგრამ მე ცოცხალი ადამიანი მერჩივნა გვერდით... მოდი, ერთი გავანათლოთ ეს ყმაწვილი...

      ახალგაზრდამ თითქმის შიშით შეხედა პატარა ოთხკუთხედ ეკრანს.

- აჰა, გეუცხოება? არამიწიერები ვეღარაფერს აღიქვამენ სივრცული გამოსახულების გარდა.

- უეცრად ჭაღარას რაღაც აზრმა გაუელვა და ახალგაზრდას ჰკითხა:

- შენ ალბათ ოთხგანზომილებიანი კრისტალი გექნება.

      ახალგაზრდამ ჯიბიდან ხმისამოუღებლად ამოიღო მომცრო ზომის კრისტალი. ჭაღარამ გამოართვა, ხელისგულზე დაიდო და ყურადღებით დააცქერდა.

- მთლად წყალწაღებულები არ ყოფილხართ არამიწიერები, ამის გაკეთება მართლაც ერთ რამედ ღირს. აშკარად დაჯაბნა ჩემი რკინის მაიმახი.

      ამ სიტყვებით ჭაღარამ კრისტალი საპროექციო ეკრანის წინ დაამაგრა. იმავე წამს სარდაფის კედელი სადღაც გაქრა. გამოჩნდა სრულიად რეალური პეიზაჟი, მზით განათებული მდინარე. მდინარის ორივე ნაპირზე ოქროს ქვიშა ბრჭყვიალებდა, მრავლად ეყარა ოქროს ზოდებიც. ორიოდე წამის შემდეგ, თითქოს სცენაზე გამოვიდნენო, გამოჩნდნენ ნადირის ტყავით შემოსილი ადამიანები. დააბიჯებდნენ ოქროს ქვიშაზე, ერთმა მათგანმა ფეხი წამოკრა ოქროს ზოდს, გაბრაზებულმა კაჟის ნაჯახი დასცხო და გააბრტყელა.

- ეს ოქროს პირველი აღმოჩენაა სარბიელზე - აღნიშნა ჭაღარამ. - ჯერ ადამიანმა მხოლოდ ის იცის, რომ ოქრო კაჟზე რბილია და საჭმელად არ გამოდგება. იმ ყუთზე დაჯექი და უყურე, სანახავი კიდევ ბევრია.

      ახალგაზრდა ყუთზე ჩამოჯდა, თან სანახაობას თვალს არ აშორებდა. ჭაღარაც ცდილობდა, თვალყური ედევნებინა, მაგრამ ძილი მოერია და თავი ჩაქინდრა.

- შეხედე, მგონი მართლა ოქროს გულისთვის კლავენ ერთმანეთს - გაისმა ახალგაზრდის გაოცებული შეძახილი. ჭაღარამ თვალი გაახილა, მათ წინ ორი გააფთრებული ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს.

- აბა, რა გეგონა, ტყუილს გეტყოდი? აჰა, მგონი ისინი არიან.

- ვინ ისინი? - იკითხა ახალგაზრდამ.

      ჭაღარამ მდუმარედ ანიშნა ჩონჩხებზე.

- რა საშინელებაა ეს ყველაფერი, - შეძრწუნებას ვერ მალავდა ახალგაზრდა. - საშინელი და...

- სამარცხვინოო, გინდოდა გეთქვა არა? აბა, საიდან უნდა სცოდნოდათ იმ დროს, თუ ეს ყველაფერი ერთ გიგანტურ სარკეში აისახებოდა და შენისთანა ყოჩაღი ყმაწვილი ჩაუსაფრდებოდა ოთხგანზომილებიანი კრისტალით. ისე კი, სჯობდა სცოდნოდათ.

      ჭაღარამ ისევ მილულა თვალი, რამდენიმე წუთის შემდეგ იგი შეაკრთო ახალგაზრდის წამოძახილმა.

      ახლა ოქროს ქალაქმა მოსჭრა თვალი ახალგაზრდას. ცხადად იხილა ჭაღარას მიერ აღწერილი ოქროს ქალაქი ოქროს სასახლეებით, ოქროს ასფალტით, ოქროს მანქანებით...

- ეს ალბათ ოქროს იზოტოპებია, დედამიწაზე ამდენი თვითნაბადი ოქრო არ იქნებოდა, - თქვა ახალგაზრდამ.

- ყოჩაღ, კარგად მიხვდი, - მოუწონა ჭაღარამ. ეს მართლაც თქვენთვის კარგად ცნობილი იაფი იზოტოპებია, სხვა არაფერი გეგონოს.

- ასე რამ გააგიჟათ ნეტავი ოქროსთვის,- უკვირდა ახალგაზრდას.

- ვერც მე გეტყვი, თუმცა შენთან შედარებით ორი თაობით უფრო ახლოს ვარ მაგათთან. მე მგონი, ეს თავისებური შიმშილია, ოქროს შიმშილი. საუკუნეების მანძილზე ძალიან გააღმერთეს ოქრო, ჰოდა, როცა მისი დამზადება ისწავლეს, ზომაც დაჰკარგეს, თვალი ვერ გაიძღეს, თვალი.

- კარგა ხანი გავიდა, რომ თვალი გამძღარიყო, მერე კი, აჰა, ნახე აღარ აშენებენ ოქროს სასახლეებს. ოქროს ზოდები ძირს ყრია და ზედაც არავინ უყურებს, ისევე როგორც თავდაპირველად. ოქრომ დაასრულა თავისი არსებობის სრული რკალი. ჯერ არაფერი ღირდა, მერე რაღაც წარმოუდგენელი ფასი შეიძინა და ბოლოს ისევ გაუფასურდა.

      დაუჯერებელია - ბუტბუტებდა ახალგაზრდა, - მაგრამ ოთხგანზომილბიანი კრისტალი არ შეიძლება ტყუოდეს, მას შეუძლია წარსულში შეღწევა... ამ რკინის მაიმახის მოწოდებული ინფორმაცია სწორი რომ არ ყოფილიყო, არ დააფიქსირებდა.

- ასეა, ასე, - გამოეხმაურა ჭაღარა, - არც ჩემი რკინის მაიმახი ტყუის დ არც შენი კრისტალი.

      ორივე ჩუმად შესცქეროდნენ უკანასკნელ კადრებს. დაცხრა ოქროს შიმშილი. სულ უფრო და უდრო ნაკლებად ჩანდა ოქროს შენობები თუ ოქროს ზოდები. სულ ბოლოს საკუთარი თავიც იხილეს სარდაფში. თითქოს სარკეში იხედებიანო და ყველაფერი გაქრა.

      ჭაღარა ნელა წამოდგა, რამდენიმე რთული მოძრაობა გააკეთა დაბუჟებული კუნთების გამოსაცოცხლებლად.

- ხომ გაგანათლეთ მე და ჩემმა მაიმახმა, ამაზე რას იტყვი?

      ახალგაზრდას გაეცინა:

- მეგონა, ყველაფერი ვიცოდი ოქროს შესახებ, თურმე ვცდებოდი. ეს დროც უქმად დაკარგულად არ მიმაჩნია.

- არც მე დამიკარგავს იგი ტყუილ - უბრალოდ, - ჭაღარამ კრისტალი ააცალა რკინის მაიმახს და ჯიბეში ჩაიდო.

- მეტი არა მაქვს, შეწუხებული სახით შეხედა ახალგაზრდამ.

- ახალ დედამიწაზე ამის მეტს რას იშოვი, სასწაულების სამყაროა ნამდვილი, ოქროს სასახლეებით და...

      უცბად მზერა ახალგაზრდის კომბინეზონზე გადაიტანა.

- ოქროს გვირაბებში ოქროს თევზები დასრიალებდნენ, - წარმოთქვა თითქოს თავისთვის. - ვისაც კი შევხვდით, უმეტესობას სულ ოქროსფერი ეცვა. მართალია, მზე თქვენსკენ სუსტად ანათებს, მაგრამ მაინც ასე რამ შგაყვარათ ოქროსფერი, ჰა? - ცალი თვალი მოჭუტა და ეშმაკურად გაიღიმა.

      პასუხს აღარ დალოდებია, დღეისთვის გვეყოფაო, თქვა და იარაღების აკრეფა დაიწყო.

- ხვალაც აქ ვიმუშავებთ? - ჰკითხა ახალგაზრდამ.

- რა თქმა უნდა. აქ კიდე ბევრ საინტერესო რამეს ვნახავთ, გული მეუბნება, ეს კი ბევრს ნიშნავს არამიწიერო!

ნახვა: 240

ტეგები: qwelly, ბლოგი, დაღლა, დედამიწა, დრო, ზღაპარი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters