ფილიმონ ქორიძის ცხოვრება და ღვაწლი

      ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს წმიდათა დასში შერაცხა ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ეწოდა "წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული", და ძმები კარბელაშვილები, რომელთაც ეწოდათ "წმიდანი მღვდელმოწამენი პეტრე და ანდრია" და "წმიდა აღმსარებელნი ეპისკოპოსი სტეფანე და მღვდელნი პოლიევქტოს და ფილიმონი".

ფილიმონ ქორიძე

ფილიმონ ქორიძის ცხოვრება და ღვაწლი, ფილიმონ ქორიძე, ცხოვრება და მოღვაწეობა, ქველი, გალობა, მოღვაწე, გალობის რაინდები, გარდამჩენელი, პორტრეტი, qwelly, chant, galoba, filimon qoridze, philimon koridze, galobis raindebi

წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული

ფილიმონ ქორიძის ღვაწლის ზოგადი შეფასება

      XIX საუკუნეში ქართული გალობა გადაგვარებისა და გაქრობის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. თავისუფლება-წართმეულ ქართულ ეკლესიაში აიკრძალა ქართული ენა და საგალობლები. ეკლესიებიდან განიდევნენ ქართველი მგალობლები. ზეპირი ტრადიციით და ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობით გადმოცემული უძველესი საგალობლების გადასარჩენად ვეღარაფერს ახერხებდა დაჩაგრული და უსახსროდ დარჩენილი ქართველი სამღვდელოება. XVIII საუკუნის ბოლოს ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის, ასევე სხვა ქართველ მეფე-მთავართა და საეკლესიო იერარქთა ზრუნვის შედეგად, ქართული გალობა მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და სიყვარულითა და სასოებით გარემოცული. XIX საუკუნეში კი ქართული გალობა მის ძველ და უმთავრეს ცენტრებში - სვეტიცხოვლის, გელათისა და შემოქმედის მონასტრებშიც კი აიკრძალა და მოიშალა. საგალობლების მცოდნეთა რიცხვი თანდათან მცირდებოდა. მხოლოდ მოხუც სამღვდელოებას, ბერ-მონოზვნებს, ზოგიერთ თავადსა და უფრო მცირედ, გლეხებსღა თუ ახსოვდათ უძველესი საგალობლები. სასწავლებლებში ქართული გალობის სწავლება აკრძალული იყო. ნოტის მცოდნე კი არავინ იყო, რომ ძველ მგალობელთაგან ჩაეწერა და გადაერჩინა ეს უწმინდესი და მრავალსაუკუნოვანი საგანძური, რომელიც სათავეს ათასწლეულთა მიღმიდან იღებს. ქართველი ერის მტრები ქართულ გალობას "ძაღლის ყეფასა და თხის კიკინს" უწოდებდნენ. მდგომარეობა უნუგეშო იყო და ქართული გალობა სამარადისოდ გაქრობისათვის იყო განწირული.

      მაგრამ, ქართველი ერი და ეკლესია ამ ღვთივმშვენიერი საუნჯის გარეშე არ დატოვა უფალმა, რომლის ძლიერება, მოწყალება და მშვენიერება უსაზღვროა და რომელიც ზრუნავს დაჩაგრულთათვის, ვინაიდან იგია "უძლურთა ძალი და დაცემულთა აღდგომა". ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, "უსასოთა სასოებამ და განწირულთა ნუგეშინისმცემელმა" იზრუნა თავისი წილხვედრი "ახლად-აღყვავებული ვენახის" სულიერი სიმდიდრისათვის, მისი საპატრონოს მადლისმიერი ნიჭებისათვის და მოუვლინა საქართველოს ადამიანები, რომლებიც იყვნენ ღმერთის იარაღნი - ქართული ენის, სულიერების, კულტურის, უძველესი მრავალხმიანი გალობა-სიმღერის გადასარჩენად. ესენი იყვნენ წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე); წმიდა ეპისკოპოსები გაბრიელი (ქიქოძე) და ალექსანდრე ოქროპირიძე); წმიდა მოწამე, ერისათვის თავდადებული დიმიტრი ყიფიანი; წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული (ქორიძე), წმიდა მღვდელმოწამენი და აღმსარებელნი, ძმები კარბელაშვილები; წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი); წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე); წმიდა პატრიარქები კირიონი (საძაგლიშვილი) და ამბროსი (ხელაია)...

      ილია მართლის წინამძღოლობით, ამ ადამიანებმა ქართული სულიერი თუ ნივთიერი კულტურის სხვადასხვა სფეროებში იღვაწეს და გადაარჩინეს. ღმერთისაგან ნიჭად მომადლებული, მსოფლიო მუსიკალურ-სულიერ კულტურაში გამორჩეული ქართული მრავალხმიანი გალობა და სიმღერა კი გადაარჩინეს ფილიმონ ქორიძემ, ძმებმა კარბელაშვილებმა, ექვთიმე კერესელიძემ და მათმა თანამოღვაწეებმა.

      ეს დიდი მოღვაწენი და მგალობლები არიან: მღვდლები - რაჟდენ ხუნდაძე, ალექსანდრე მოლოდინაშვილი და გრიგოლ მღებრიშვილი, ნესტორ კონტრიძე, ილიასთან დაახლოებული მაქსიმე შარაძე, დიდი მგალობლები ანტონ დუმბაძე, დიტო ჭალაგანიძე და მელქისედეკ ნაკაშიძე, ვასილ და არისტოვლე ქუთათელაძეები...

      ამ მამულიშვილებს და მათ წინამძღვრებს - ფილიმონ ქორიძესა და კარბელაშვილებს, ასევე ექვთიმე კერესელიძეს საღვთო და ეროვნულ ღვაწლში შთააგონებდნენ და თანადგომას უწევდნენ წმიდა ილია მართალი და წმიდა გაბრიელ და ალექსანდრე ეპისკოპოსები.

      დღეისათვის უკვე ფართოდაა ცნობილი ფილიმონ ქორიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობა, მისი დამსახურება ქართველი ერისა და ჩვენი ეკლესიის წინაშე; კერძოდ - აღიარებულია მისი განუზომელი ღვაწლი ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის საქმეში. ექვთიმე თაყაიშვილისა და ექვთიმე კერესელიძის მსგავსად და მათზე ადრე, ფილიმონ ქორიძემ თავისი სიცოცხლე დასდო ქართველთა სულიერი საგანძურისა და ეკლესიის სამკაულის - ქართული გალობის გადარჩენას. სწორედ მისი და შემდგომ მისი მოსწავლის - წმინდა ექვთიმე აღმსარებელის (კერესელიძის) თავდადების წყალობით შემოგვენახა გაქრობისათვის განწირული 6 000-მდე უნიკალური, გარმოჩეული და შეუფასებელი ღირებულების მქონე საგალობელი.

      ცნობილია, რომ ფილიმონ ქორიძე იყო ღრმად მორწმუნე, მშობლიური ერისა და ეკლესიისათვის თავდადებული, სიყვარულით, სიკეთითა და თავგანწირვით აღსავსე ადამიანი. მან ეროვნულ-საეკლესიო საგანძურის - ქართული გალობის გადასარჩენად უარი სთქვა იმდროინდელი (და დღევანდელი) ქართველისათვის უპრეცენდენტოდ სახელოვან და წარმატებულ საოპერო მომღერლის კარიერაზე. უფლისა და მამულის სიყვარულით აღვსილმა ფილიმონმა თავისი ცხოვრება, პირადი თუ ოჯახის კეთილდღეობა შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. მან უარი სთქვა თავის მიღწევებზე, ევროპაში მოღვაწეობის შედეგად მოტანილ მატერიალურ კეთილდღეობაზე და მრავალი წელი შესწირა საგალობლების ჩაწერას, გადაწერასა და შენახვას, სიღარიბისა და დიდი გაჭირვების ფასად.

      ფილიმონ ქორიძის მიერ საკუთარი თავის უარყოფის მასშტაბი უფრო ცხადი ხდება, როდესაც ვიხსენებთ, რომ გალობის გადასარჩენად თავგანწირულ მოღვაწეობას ფილიმონი იწყებს მას შემდეგ, რაც იგი იტალიის ნებისმიერი საოპერო თეატრის ყველაზე სასურველ და საუკეთესო ბანად აღიარეს. ფილიმონ ქორიძე იყო პირველი ქართველი პროფესიონალი მუსიკოსი, ვინც მიიღო სისტემური ევროპული მუსიკალური განათლება და თანაც ევროპაში - იტალიაში. ის იყო პირველი ქართველი საოპერო მომღერალი, რომელიც უდიდესი წარმატებითა და აღიარებით გამოდიოდა ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე. იგი დიდი საოპერო მომღერლის დიდებით შეიმოსა იტალიის, მილანის ლა-სკალას თეატრში მოღვაწეობისას, XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, იტალიური მუსიკის იმ ოქროს ხანაში, როდესაც ბრწყინავდა ჯუზეპე ვერდის და სხვა იტალიელ მუსიკოსთა - კომპოზიტორთა თუ შემსრულებელთა სახელები.

      ყოველივე ამაზე, როგორც ქართველი ერისა და ეკლესიის მსახურებაზე უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანზე, წმიდა ილია მართლისა და გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ შთაგონებულმა ფილიმონმა უარი სთქვა. მან, ცხოვრების მწვერვალზე მყოფმა, ქვეყნიურ დიდებას და სახელს თავმდაბლობითა და გაჭირვებით მამულის, მოყვასისა და ეკლესიის მსახურება აირჩია და მოსწავლის - წმიდა ექვთიმე აღმსარებელისა (კერესელიძე) და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) მსგავსად, მრავალწლიანი მარტვილობის თანაბარი ღვაწლი იტვირთა, რათა გადაერჩინა ქართველთა საეკლესიო საგანძური - მრავალსაუკუნოვანი ქართული საგალობლები, რომლებშიც განივთებულია ჩვენი წმიდა წინაპრების თავდადებული და მხურვალე სიყვარული უფლისა და მოყვასისადმი.

ფილიმონ ქორიძის ცხოვრება - კეთილმორწმუნე ოჯახი, ბავშვობა

      ფილიმონ ქორიძე დაიბადა 1835 წელს, გურიაში, სოფელ გამოჩინებულში, მღვდლის იესე ქორიძის ოჯახში. იესე გიორგის ძე ქორიძეს, 1817 წლის 8 მაისს, მღვდლად ხელი დაასხა და აკურთხა გაენათელმა მიტროპოლიტმა, წმიდა ექვთიმემ (შარვაშიძე) და განაწესა სამოღვაწეოდ გამოჩნიებულის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში. მამა იესეს ოჯახი უფლის, სამშობლოსა და მოყვასის მიმართ სიყვარულით გამოირჩეოდა. სწორედ ოჯახში მიღებულმა სულიერებამ, სარწმუნოებამ, უფლისა და სამშობლოს მხურვალე სიყვარულმა გამოატარა ფილიმონი ამქვეყნიური დიდებისა და საწუთო ცხოვრების ფერადოვან გზებზე ისე, რომ მას არასდროს დავიწყნია თავისი სამშობლო და ეკლესია, არასოდეს დაუკარგავს სულის სიწმიდე და უფლისადმი რწმენა. ოჯახში მიღებულმა აღზრდამ ჩაუნერგა მას საქართველოსადმი ისეთი სიყვარული, რამაც ძალა მისცა, რომ უარი ეთქვა "ყოველივე მსოფლიო ზრუნვაზე" და ანგელოზებრივი მრავალხმიანობისადმი შემსგავსებული ქართული საგალობლების გადასარჩენად დაეწყო უანგარო მსახურება.

      ქართველი ადამიანისათვის მრავალხმიანი გალობა-სიმღერა იგივე მშობლიური ენაა, რომლითაც ის თავის ყველაზე ამაღლებულ და სანუკვარ მისწრაფებებს, წმინდა სიყვარულსა და ხელთუქმნელ მშვენიერებას გამოხატავს. XIX საუკუნეში კი ქართული მრავალხმიანობა ეროვნული და საეკლესიო დამოუკიდებლობის სიმბოლოდ გაიაზრებოდა. როგორც ენას, გალობა-სიმღერასაც ისე სდევნიდნენ ქართველი ერის გადაგვარების მოსურნენი. ამიტომ, სამღვდელოება თუ საერონი, გლეხები თუ თავადები მომავალი თაობის საოჯახო აღზრდაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გალობა-სიმღერის შესწავლას.

      გალობის ნიჭითა და ულამაზესი ხმით დაჯილდოებული პატარა ფილიმონიც ადრეული წლებიდანვე გამოირჩეოდა საგალობლებისა და სიმღერის სიყვარულითა და ცოდნით. დაწყებითი განათლება ფილიმონმა მიიღო მამამისის უახლოესი მეგობრისა და მოყვრის - მღვდელ იაკინთესაგან. იგი სწავლობდა წერას, წმიდა წერილის - სახარების, სამოციქულოს, დავითნის, "ჟამნის" კითხვას და არითმეტიკას. პატარა ფილიმონი, შემეცნებისადმი სწრაფვით, მამისა და მასწავლებლისაგან მიღებული სასულიერო თუ მეცნიერული ცოდნის გაღრმავება-გაფართოების დაუოკებელ წყურვილით იყო ანთებული. იგი ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით განმოირჩეოდა.

      შრომისმოყვარეობას ფილიმონი არა მხოლოდ სწავლაში, არამედ ოჯახის მორჩილებაში - საოჯახო-სამეურნეო საქმეებშიც იჩენდა. დაუზარებელი იყო წყლისა და შეშის მოტანაში თუ სხვა შინაურ საქმეებში. ბავშვობიდანვე დამახასიათებელმა შრომისმოყვარეობამ მისი შემდგომი პროფესიული თუ საქვეყნო-საზოგადო მოღვაწეობის ფართო მასშტაბები განაპირობა.

სიჭაბუკე

      1853 წელს ფილიმონ ქორიძე სწავლას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში აგრძელებს. თავისი უახლოესი ნათესავის, ამირან ბალანჩივაძის დახმარებით, ფილიმონს, როგორც გამორჩეულად ნიჭიერ მოსწავლეს სასწავლებელში უფასოდ, სასულიერო უწყების ხარჯზე ღებულობენ.

      ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისასაც ფილიმონი მუყაითობით, გულისხმიერებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ამასთან, ყველაზე მეტად მას სასწავლებლის საეკლესიო გუნდში გალობა იზიდავდა. მისი ძლიერი, ლამაზი ტემბრით გალობის მოსმენა ძალიან უყვარდა მღვდელ ამირან ბალანჩივაძეს, და ხშირად უმეორებდა ხოლმე: "ძლიერი ხმა გაქვს, ფილიმონ, ამ ხმით ადიდე ღმერთი, შვილო".

      სასწავლებელში სწავლისას ფილიმონს საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეებს ავალებდნენ ხოლმე (მაგალითად, სასწავლებლისათვის საყიდლებზე წასვლა), ხოლო არდადაგებზე ფილიმონი სოფელში ბრუნდებოდა და მოხუც მამას მიწის სამუშაოებში ეხმარებოდა.

      ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი ფილიმონმა 1855 წელს დაამთავრა. პედაგოგიურმა საბჭომ მას თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად შესანიშნავი სარეკომენდაციო წერილი გაატანა.

      თბილისის სემინარიაში სწავლა კი ფილიმონისათვის ახალ სირთულეებსაც ნიშნავდა. მშობლიური სოფლისა და პატარა ქუთაისის ცხოვრების მშვიდ და წყნარ რიტმს მიჩვეული ყმაწვილი იმ დროისათვისაც დიდი ქალაქის - თბილისის ხმაურიან მაჯისცემას ძნელად შეეგუა.

      ამასთან, ყველაზე მძიმე ქართველი მოსწავლეებისათვის სემინარიის სასწავლო პრაქტიკა და შინაგანაწესი იყო. უცხო, რუსულ ენაზე სწავლება, ქართული ენისა და გალობა-სიმღერის დევნა, მკაცრი რეჟიმი - საცხოვრებლის დატოვების აკრძალვა საშობაო და სააღდგომო არდადაგებზეც კი, ქართველი ბიჭებისათვის გაუსაძლის პირობებს ქმნიდა. სემინარია ქართველი ერის რუსიფიკაციას, ეროვნული და საეკლესიო თვითმყოფადობის გადაგვარებას და დაკარგვას ემსახურებოდა.

      ამ წლებში ფილიმონისათვის განსაკუთრებული ნუგეში იყო სწავლების ზოგიერთი საგანი (საქართველოს და მსოფლიო ისტორია, ქართული ლიტერატურა, უცხო ენები) და ყველაზე მეტად კი სემინარიის საეკლესიო გუნდში მონაწილეობა.

      ეს გუნდი იმხანად რუსულ გალობას ასრულებდა, მაგრამ ულამაზესი და ხავერდოვანი ტემბრის წყალობით, ქართველ ფილიმონს თავიდანვე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მგალობლის პატივი ერგო.

      სემინარიაში ფილიმონს ახასიათებდნენ როგორც მაღალი აკადემიური მოსწრებითა და ზნეობრიობით გამორჩეულ სტუდენტს. სასწავლებლის მმართველობის დახასიათებაში მის შესახებ ნათქვამია: "Филимон Коридзе, способностей весьма хороших, прилежания весьма ревностного, успехов весьма хороших, поведения весьма хорошего и причислен к первому разряду воспитанников".

      ფილიმონი სასულიერო წოდების მქონე წინაპართა ღირსეული მემკვიდრე იყო. მამამისს - მღვდელ იესეს და მასაც სურდათ, რომ იგი სასულიერო პირი გამხდარიყო - ამიტომ ფილიმონმა 1858 წლის სექტემბერში ეგზარქოს ევსევის სახელზე თხოვნა დაწერა, დიაკვნად კურთხევის თაობაზე. ამავე წერილში ფილიმონი საეგზარქოსოში საქმეთა მწარმოებლად და სიონის საკათედრო ტაძარში მგალობლად მსახურების ნებართვასაც ითხოვს.

      მაგრამ, უფალი, რომელიც სიბრძნითა და წინასწარხედვით განაგებს ადამიანთა ბედს, სხვა გზას უმზადებდა ფილიმონ ქორიძეს - მას წმინდა მამათაგან მადლითა და სიყვარულით შექმნილი და საუკუნეებს მიღმა გამოღწეული ქართული საგალობლები უნდა გადაერჩინა, ჩაეწერა, თავი მოეყარა და სისტემატიზაცია გაეკეთებინა მათთვის და გრიგოლი დიოლოღოსის, გრიგოლ ხანძთელის, იოანე დამასკელის თუ მიქაელ მოდრეკილის მსგავსი ამ ღვაწლით უნდა გაემშვენებინა წამებული ქართული ეკლესია და განედიდებინა სამყაროს შემოქმედი.

      სწორედ ამიტომ, ღვთის განგებით, ფილიმონ ქორიძის დიაკვნად კურთხევა გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო და არ შედგა, მიუხედავად მისი დიდი სურვილისა. ფილიმონი საქართველოს საეგზარქოსოში საქმეთა მმართველად და სიონის გუნდის მგალობლად განაწესეს მხოლოდ. ამ თანამდებობებზე ფილიმონი 1858-1867 წლებში მუშაობდა.

      ეს წლები ქორიძისათვის მაინც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა - იგი განაგრძობდა საკუთარი თავისა და ცოდნის სრულყოფას, სწავლობდა ისტორიას, ლიტერატურას, ენებს. ეცნობოდა ქართულ კულტურაში იმ დროს წარმოჩენილ ახალ ტენდენციებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგების საფუძვლებს. მისი გული სამშობლოსადმი სიყვარულით იყო აღსავსე და ამიტომაც გატაცებით და მღელვარებით იღებდა ყოველ ახალ ლექსს, მოთხრობას, სპექტაკლსა თუ ყველა ისეთ საზოგადოებრივ მოვლენას, რომელიც მაშინდელი დაჩაგრული ქართველობისათვის ერთადერთი საშუალება იყო მშობლიური ენისა და ეროვნული თუ საეკლესიო თვითმყოფადობის გადარჩენისათვის.

      ფილიმონის ცხოვრების ეს პერიოდი შინაგანი ძიებითა და მღელვარებით იყო აღსავსე. მიუხედავად სურვილისა და შესაბამისი სულიერ-პიროვნული თვისებებისა, სასულიერო გზაზე არ გაუშვა რუსულმა საეკლესიო მმართველობამ. ამავე წლებში გარდაიცვალა მამა იესე ქორიძე. ეს დიდი ტკივილი იყო ფილიმონისა და მისი ოჯახისათვის. ამასთან, ფილიმონი ხედავდა თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდნენ საქართველოს მაშინდელი მმართველები უძველესი ერისა და მისი ეკლესიისა თუ კულტურის გადაგვარებას. იგი ცდილობდა ეპოვნა ის გზა, რითაც უფალს განადიდებდა და სამშობლოს სალმობათა განკურნებას შეეცდებოდა.

სწავლა და წარმატებები იტალიასა და ამერიკაში

      სულ მალე, ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა ფილიმონ ქორიძის ცხოვრება და მომავალ დიდ მოღვაწეს სავალი გეზი დაანახვა.

      ერთხელ, სტუმრად მყოფმა ფილიმონ ქორიძემ რამდენიმე იტალიელი გაიცნო, ისინი იმხანად თბილისის საოპერო თეატრის დასში მონაწილეობდნენ (იტალიიდან მოწვეული დასი თბილისის ოპერაში 1851-1872 წლებში გამოდიოდა). ქართული პურობის წესისამებრ, სუფრასთან ფილიმონმა სხვა ქართველებთან ერთად, რამდენიმე საგალობელი, ხალხური სიმღერა და რომანსი შეასრულა. მომღერლის ბანმა იტალიელები განაცვიფრა და აღაფრთოვანა. "ამ ხმით თქვენ ქვეყანას დაიმონებთ" - აღტაცებას ვერ მალავდა ოპერის იტალიელი დირიჟორი.

      იტალიელები ისე დაინტერესდნენ ფილიმონის უნიკალური მუსიკალურ-ვოკალური მონაცემებით, რომ მის მოსასმენად სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ. წირვის შემდეგ ახალგაზრდა მგალობლის ხმით მოხიბლული დირიჟორი გაესაუბრა ფილიმონს და ურჩია: "არ შემიძლია თვალები არ აგიხილოთ. თქვენი ხმა დიდი და არაჩვეულებრივი განძია... მკერდში სამჭედლოს საბერველი გაქვთ, ამ საბერვლის მოხმარება კი არ იცით. სერიოზულად გირჩევთ, საოპერო სიმღერა ისწავლოთ. აქ თქვენი შესაფერი მასწავლებელი არ გვეგულება.. წადით იტალიაში! თქვენი ხმის პატრონს იქ საუკეთესო პროფესორები უფასოდ გასწავლიან. მაშინ დიდი მომღერალი გახდებით".

      იტალიელი მაესტროს ეს შეფასება ფილიმონისათვის საკვირველი იყო, რადგანაც იგი გულწრფელი თავმდაბლობით აფასებდა და ასეთ გამორჩეულ მგალობელ-მომღერლად არ მიიჩნევდა საკუთარ თავს.

      იტალიაში წასვლა და იქ სრულყოფილი სამუსიკო განათლების მიღება ფილიმონის ოცნებად იქცა. მაგრამ არც მას და არც უმამოდ დარჩენილ მის ოჯახს ამის საშუალებები არ გააჩნდა.

      1868 წელს ფილიმონი დაოჯახდა - ვინმე ხანჯალაძის ქალზე (სახელი უცნობია). მეუღლის ოჯახის დახმარებით ფილიმონის ოცნება ასრულდა და მან შესძლო იტალიაში, მილანში გამგზავრება და განათლების მიღება.

      იტალიელებმა გულთბილად მიიღეს იქ სიმღერის სასწავლებლად პირველად ჩასული ქართველი და ხმაც მოუწონეს. შესანიშნავი პედაგოგის - ფ. რონკონის ხელმძღვანელობით ფილიმონ ქორიძის შემოქმედებითი ზრდა სწრაფი ტემპებით წარიმართა. იგი ეუფლებოდა მუსიკალურ-სასიმღერო ხელოვნების სირთულეებსა და საიდუმლოებს. თუმცა, არც ფილიმონმა და არც მისმა პედაგოგებმა არ უწყოდნენ, რომ მუსიკალური ხელოვნების შემეცნების გზებზე ასეთი სწრაფი ზეაღსვლა ღვთის განგება იყო, რათა მომავალში ფილიმონს ქართული გალობა გადაერჩინა.

      იტალიაში ქორიძის პირველ საკონცერტო გამოსვლებს დიდი წარმატებები ჰქონდა. ამავე პერიოდში ქორიძე კოლეგების დასთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. ამერიკაში გასტროლებმა დიდი გამარჯვებები მოუტანა ქართველ მომღერალს, მას ყველგან მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ.

      ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ შედგა ფილიმონ ქორიძის დებიუტი მილანის თეატრ ლა სკალაში. დებიუტმა დიდი წარმატებით ჩაიარა.

პირველი ქართველი მუსიკოსი - იტალიის ყველაზე ცნობილი და აღიარებული ბანი

      1870 წელს ფილიმონს გარდაეცვალა მეუღლე. ეს მძიმე განსაცდელი იყო ახალგაზრდა მომღერლისათვის. ის საქართველოში ჩამოვიდა და ერთხანს სამშობლოში რჩება.

      საზღვარგარეთ მიღწეული წარმატებებსაც თუ სამშობლოში ქვრივობის მწუხარებასაც, ფილიმონის გული რწმენითა და სიწმიდით ხვდება. იგი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი არასდროს ჰკარგავს სიმშვიდესა და უბრალოებას, უფლისადმი სასოებასა და მინდობას, ლოცვა და გალობა მუდამ მისი შემწე და იარაღია ცხოვრებისეული მოულოდნელობებისაგან თავდასაცავად.

      1872 წელს ფილიმონ ქორიძეს იწვევენ პეტერბურგში, საიმპერატორო თეატრში. რუსულმა საზოგადოებამ ფილიმონი თავიდან მოწონებით მიიღო. მაგრამ ცოტა ხანში იტალიურად მომღერალი პირველი ქართველის მიმართ კეთილგანწყობა, უარყოფითი დამოკიდებულებითა და დიდი აგრესიით შეიცვალა. მას აღიარებდნენ იტალიური რეპერტუარის კარგ შემსრულებლად, მაგრამ უწუნებდნენ რუსული საოპერო მუსიკის ცოდნასა და საშემსრულებლო ოსტატობას. პრესაში ქორიძის საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი შეფასებებიც კი დაიწერა. რუსეთის იმპერიის დედაქალაქში დამცირება არცთუ მცირე სულიერი სიმძიმე იყო იტალიაში დაფასებული და აღიარებული მომღერლისათვის.

      ამ მძიმე პერიოდში ახალგაზრდა მოღვაწისათვის ღვთისგან მოვლენილი ნუგეში აღმოჩნდა უკრაინელი სენატორის ქალიშვილის, ზინაიდა ვორობეცის თანაგრძნობა და გულისხმიერება. 1873 წელს ფილიმონმა და ზინაიდამ იქორწინეს.

      ეს არისტოკრატი ქალბატონი დიდად განათლებული, ღვთისმოშიში და სათნო ადამიანი იყო. იგი იყო კარგი პიანისტი, უცხო ენების მცოდნე, მეუღლის უერთგულესი თანამდგომელი და შემწე, მომავალში ფილიმონის თავდადებისა და გაჭირვებული ცხოვრების მოთმინებით, სიყვარულითა და თავმდაბლობით თანამტვირთველი.

      1873 ან 1874 წელს მეუღლეები კვლავ იტალიაში ჩადიან. აქ ფილიმონი სრულჰყოფს თავის საშემსრულებლო ოსტატობას და თავდაუზოგავი შრომით უმაღლეს შედეგებს აღწევს. რეცენზენტები მას მთელ იტალიაში საუკეთესო ბანად აღიარებენ. აღნიშნავენ მის მიერ შესრულებული ურთულესი პარტიების სიღრმეს, ოსტატობას, საშემსრულებლო-ვოკალური ხელოვნების სრულყოფილებას.

      ქართველი მომღერლის არნახული წარმატების ამბავი საქართველოშიც ჩამოვიდა და არაერთხელ აღინიშნა მაშინდელი პრესის ფურცლებზე. მაგალითად, 1880 წლის 28 მარტის "დროებაში" თარგმნილია იტალიური პრესის გამოხმაურებები ქორიძის შესახებ: "არ არის ჩვენში (იტალიაში) ისეთი თეატრი, რომელსაც დიდის ამბითა და პატივით არ მიეღოს ჩინებული ბოხი ხმის პატრონი მომღერალი არტისტი ფ. ქორიძე და არც ისეთი ჟურნალი, რომელსაც არ ექოს ის... ქორიძე ისეთი არტისტია, რომელიც თავისი ხმის ძლიერებითა და გალობის მანერით ყველა უპირველეს თეატრში პატივცემულ იქნება".

      ფ. ქორიძე, საოპერო სპექტაკლებში მონაწილეობის გარდა თავის მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად იტალიის სხვადასხვა ქალაქებში მცირე კამერულ კონცერტებსაც მართავს, იგი ოჯახთან ერთად მოგზაურობს ევროპაში და ეცნობა ევროპულ კულტურას. 1875 წელს ქორიძეებს შეეძინათ ვაჟი მიხეილი.

      საყოველთაოდ აღიარებულ მომღერალს ევროპაში გამოჩენილი ხელოვანის პატივი და დიდება არ აკლდა. ჰქონდა უზრუნველი და საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება. მაგრამ მას მოსვენებას მხოლოდ ერთი რამ აკარგვინებდა - სამშობლოში ყოფნის დაუოკებელი სურვილი. იტალიაში ყოფნისას ის ახერხებდა, რომ პერიოდულად ჩამოსულიყო საქართველოში და კონცერტები გაემართა. მაგ. 1880 წელს მან გამართა კონცერტები თბილისში, ქუთაისსა და ფოთში (მათ შორის რამდენიმე საქველმოქმედოც ყოფილა). ევროპაში აღიარებულ თანამოძმეს ქართველი მსმენელი აღფრთოვანებით შეხვდა. ეს განწყობა გასდევს მაშინდელ ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს.

      ამ წერილების მთავარი პათოსი კი იყო სურვილი და ზოგჯერ მოწოდებაც ფილიმონ ქორიძისადმი, რომ მისი ცოდნა და ნიჭი სამშობლოს სამსახურში ჩაეყენებინა:

      "ჩვენს მამულიშვილს 10-12 წელი დაუყვია უცხო ქვეყანაში, გაუვითარებია, გაუვრცელებია თავისი ნიჭი და ეხლა, როდესაც მის ნიჭს უპირველეს თეატრებშიც ღირსეულად აფასებენ, არ გვივიწყებს ჩვენ და არც თვითონ ავიწყდება, რომ რაც ბუნებას კაცისათვის ნიჭი მიუცია, პირველად თავის მამულს, თავის მოძმე მამულიშვილებს უნდა მოახმაროს" ("დროება", 1880 27/VI).

      "კარგი იქნება, რომ ბატონი ქორიძე იკისრებდეს ჩვენის სახალხო სიმღერების ნოტებზედ გადაღებას. ამით ეს ნიჭიერი არტისტი, უეჭველია მთელი ქართველობისაგან უგულითადეს მადლობას მიიღებს და უკვდავს შეიქმს თავის სახელს სამშობლო სიმღერის ისტორიაში" ("დროება", 1880, 29/VI).

      1881-1883 წლებში ფილიმონ ქორიძე გასტროლებით მიიწვიეს თბილისის საოპერო თეატრში, რასაც იგი სიხარულით დათანხმდა. ამავე წელს იგი ოჯახთან ერთად ბრუნდება საქართველოში და თბილისში სახლდება.

      მართალია ქართველი საზოგადოება აღტაცებით იღებს ფილიმონს, მაგრამ ოპერის თეატრის დირექცია, ასევე რუსული პრესა და ჩინოვნიკები, რომლებიც იმპერიულ-რუსიფიკატორულ კულტურის პოლიტიკას ატარებდნენ, სიცივით ხვდებოდნენ ევროპულ მუსიკალურ სამყაროში ასე უპრეცენდენტოდ წარმატებულ და სახელოვან ქართველს.

გარდატეხა

      როგორც ცნობილია, XIX საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობის, ასევე ბაგრატოვანთა მრავალსაუკუნოვანი მონარქიის გაუქმებას მეტად მძიმე შედეგები მოჰყვა. ქართული საზოგადოების რჩეული წარმომადგენლები ხედავდნენ და ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ მამულის გადაგვარებისა და დაკარგვის საფრთხეს, მაგრამ, წმიდა ილია მართლის გამოჩენამდე "ბედი ქართლისა" დიდი განსაცდელების ქვეშ იმყოფებოდა. ქვეყნისა და ერის ბედს მუდამ იზიარებდა ქართული კულტურის გამორჩეული ნაწილი - ჩვენი გალობა და სიმღერა. ცალკეულ საერო თუ სამღვდელო პირთა ინიციატივები არ იყო საკმარისი ამ საუნჯის გადასარჩენად. ქართველი მამულიშვილები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო საგალობლების ნოტებზე ჩაწერა, რადგანაც, ძველ, მოხუც გალობისმცოდნეთა გარდაცვალებას თან მოსდევდა მათ ცოდნაში არსებული ფასდაუდებელი მარგალიტების დაკარგვაც. რამდენიმე ადამიანმა (მიხეილ მაჭავარიანმა, ანდრია ბენაშვილმა...) სცადა კიდეც საგალობლების ნოტირება, მაგრამ მათმა მუშაობამ სასურველი შედეგები ვერ გამოიღო. ქართველთა შორის გავრცელებული იყო, და რუსული მმართველობაც აქტიურად ავრცელებდა აზრს, რომ შეუძლებელი იყო ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე საგალობლების გადატანა-ჩაწერა. ამდენად, მდგომარეობა თითქოს უნუგეშო იყო...

      მაგრამ, ჩვენს ცხოვრებას განაგებს უფალი, რომელიც ზრუნავს განწირულებზე და ძალას აძლევს უძლურებაში მყოფებს, იგი გამოაჩენს შეწევნას უიმედოთათვის და სიბრძნითა და სიყვარულით წარმართავს ადამიანთა სიცოცხლის გზებს. უფალს განზრახული ჰქონდა, რომ ფილიმონი ყოფილიყო მისი მადლის ჭურჭელი, ადამიანი, რომლის ხელითაც აღესრულებოდა ღვთისმშობლის ზრუნვა მის საკუთარ საპატრონო ივერიაზე. ფილიმონ ქორიძის მარჯვენა უფალმა აკურთხა, რათა კაცთათვის შეუძლებელი ღვაწლი ეტვირთა - მრავალი ათასი ქართული საგალობელი გადაერჩინა და გადაეცა იგი ჯერ მოსწავლისათვის - წმიდა ექვთიმე აღმსარებელისათვის, ხოლო მისი მეშვეობით - მომავალი თაობებისათვის, რათა ეროვნული და ეკლესიური მონობიდან განთავისუფლებულ ქართველებს უძველესი ხმებითა და ჰარმონიით ედიდებინათ მშვენიერების პირველსათავე და სიკეთის საუნჯე - სული წმიდა მამითა და ძითურთ.

      გალობის ჩაწერის საქმეში გადამწყვეტი აღმოჩნდა წმიდა ილია მართლის პოზიცია. ერის უგვირგვინო მეფე, ჩაწერის პირველ მცდელობათა არასასურველი შედეგების მიუხედავად, მნიშვნელოვნად მიიჩნევდა თვითონ ფაქტს ამ საქმის დაწყებისა, იგი ბრძანებდა:

      "ვერ ვიტყოდი, რომ ყველა ქართული ხმები კარგად იყოს გადაღებული, მაგრამ მაინც კიდევ ჩვენ მიერ ქება და დიდება ეკუთვნით ამ საქმის დამწყებთა. იგი ნაკლოვანება, რომელიც ყოველს ახალს საქმეს აუცილებლად მოსდევს ხოლმე და რომელიც აქ ვახსენეთ, უკეთესის სურვილით მოგვივიდა და არა წუნის დასადებად. ამისთანა საქმეში თვითონ წუნიც კი უნდა მდუმარებდეს, იმიტომ რომ თვითონ საქმე ქველმოქმედებაა თავით თვისით".

      აი, როგორ ყვება თავად წმიდა ფილიმონი საგალობელთა გადარჩენის პროცესში თავისი ჩართვის ამბავს:

      "1870-1880 წლებში ტფილისის სამღვდელოებას აღეძრა ლაპარაკი ქართული გალობის ნოტებზედ გადაღების შესახებ, რომლის განსახორციელებლადაც შეედგინათ კომიტეტი და მგალობლებიც მოეწვიათ, მაგრამ რადგანაც ვითომცდა მცოდნე კაცებს გადაეწყვიტათ, რომ ქართულის გალობის ნოტებზედ გადაღება შეუძლებელიაო, ამისთვის საქმე ჩაშლილიყო და დავიწყებას მისცემოდა. 1880-1883 წლების საოპერო სეზონებში მიწვეული ვიყავ მე ევროპიდან ტფილისის თეატრში. შევასრულე თუ არა ვადა სამსახურისა და დავაპირე ევროპაში წასვლა, ამ დროს მოვიდა ჩემთან რამდენიმე ქართველი მგალობელი და მკითხეს: "შესაძლებელია თუ არა ქართული გალობის გადაღება ნოტებზეო?" – "ძალიან ადვილად-მეთქი", ვუპასუხე. იმათ ეჭვის თვალით შემომხედეს. "მობრძანდით ხვალ, მიგალობეთ რაც გინდათ და მაშინ შეიტყობთ, რაც მოხდება-მეთქი" - ვუთხარი მე. მოვიდნენ, იგალობეს, დავაწყვე ნოტებზე და ვუგალობე მათი ნათქვამი და ფორტეპიანოზედ გავაგონე ახლად დაწერილი გალობები. მაშინ დარწმუნდნენ რომ ქართული გალობის ნოტებზედ დაწყობა შესაძლებელი ყოფილა.

      ეს ამბავი მოეფინა მთელ ტფილისს, დამაწერინეს მთელი წირვის გალობა, რომელიც მოისმინა რამდენჯერმე ქართველმა ინტელიგენციამ, საზოგადოებამ, თავად-აზნაურობამ ბატონ მაღალაშვილის სახლში და აწ განსვენებულმა ექსარზოსმა პავლემ. რუსული და ქარტული გაზეთებიც დიდი თანაგრძნობით იხსენიებდნენ ამ სასიამოვნო მოვლენას. საქმე დადგა ისე, რომ გალობის წერა ტფილისში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებისა გამო ეს აღარ მოხდა. ამისთვის გალობის წერა დავიწყეთ ქუთაისში ნეტარ-ხსენებული გაბრიელ ეპისკოპოსის სურვილითა და ნება-რთვით. ნეტარ-ხსენებული გაბრიელი დიდის სიფრთხილით მიუდგა გალობის საქმეს: მომიჩინა საუკეთესო მგალობლები გალობის გადმოსაცემად. დავწერდით თი არა რამდენსამე საგალობელს, შეამოწმებინებდა გამოცდილ, მცოდნე მგალობლებს. ამ შემოწმებულს მოისმენდა ხან ეკლესიაში და ხან თავის დარბაზში. მომყავს ეს წარსული ამბავი იმისათვის, რომ ყოველგვარი ქმნილება ხალხისა, მისი ჩვეულება, სწავლა, გენიოსობა ზეპირ თუ წერილობით, უნდა დამტკიცდეს ხალხისავე მსჯელობით, დაფასებით...

      დაიწერა საგალობლები დიდის სიფრთხილით, მოიწონა საზოგადოებამ და სცნო მისი სინამდვილე. ცოტაოდენი დაიბეჭდა კიდეც, მაგრამ სოფელი რას ამბობს? არ სწამს. ის ჩვენებური არ იქნებაო. ხალხის ასეთმა ეჭვმა და ურწმენელობამ მაიძულა სოფელშიც მომესმენინებინა ნოტებზედ დაწყობილი გალობა. სამი თუ ოთხი წელი ვიარე სხვადასხვა სოფლებში: ბევრგან გავაჩაღე წირვის გალობა, რომლის მოსმენისთანავე ხალხის სიხარულს და აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა...

      კარგად ვიცით, რომ მუსიკა არის ხალხის ხასიათის გამომხატველი, მომგონებელი, აწმყოს დამაახლოებელი და შემაერთებელი, უცნობთა გამცნობი, მეგობრობის დამაკავშირებელი, მეზობელთა კარის გამღები, უცხოთ შორის თავმომწონეთ გამომაჩენელი, ჭირვარამის ნუგეში და დამამშვიდებელი, სიყვარულის აღმძვრელი; ერტის სიტყვით, მუსიკა არის სულის საზრდო.

      ამისათვის მოგიწოდებთ და გთხოვთ ქართველ ახალ თაობას, ქალს და კაცს: შევიკრიბნეთ და გავიცნოთ ერთმანეთი, შევისწავლოთ ძველი და ახალი ქართული სიმღერები. მასალა ბევრი გვაქვს და ბევრსაც შევიძენთ. შევადგინოთ პატარა ოჯახური წრე, ვმართოთ სამუსიკო საღამოები, მოვამზადოთ კონცერტები, რომელთა შემოსავლის ნაწილი მოვამზადოთ ამ საქმის გაუმჯობესებას და ნაწილი - საქველმოქმედო საქმეს...

      ვიქონიოთ ერთობა და საქმეც ფეხს მოიდგამს და შედეგიც სასურველი იქნება".

      ფილიმონ ქორიძე. ივერია, 1899 წ. 12 ნოემბერი.

      ამრიგად, ღვთის განგებით და წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, ფილიმონ ქორიძის გული მიეჯაჭვა ღვთისმსახურებას, ქართულ საგალობლებს. მისი ცხოვრების მოწოდებად და მიზნად იქცა ზრუნვა ქართული საგალობლების გადარჩენაზე. ფილიმონი ხედავდა, რომ ძველი მგალობლების წასვლას აუნაზღაურებელი დანაკარგი მოჰქონდა ქართული გალობისათვის, და ამიტომ ჩქარობდა, ცდილობდა რაც შეიძლება მალე მოესწრო ყველა მონასტრის, ყველა ტაძრის, ყველა სოფლის მოვლა და იქ დარჩენილი მგალობლებისაგან საგალობლების ჩაწერა.

      წმიდა მართალ ილია ჭავჭავაძესთან და წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსთან ერთად ამ საქმეში ფილიმონის თანამდგომლები იყვნენ წმიდა დიმიტრი ყიფიანი, აკაკი წერეთელი, მელიტონ ბალანჩივაძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ილია კიკნაველიძე, ალექსანდრე ბერიძე და დიდი მგალობლები - მელქისედეკ ნაკაშიძე, მღვდელი (შემდგომში არქიმანდრიტი, კომუნისტების მიერ მოკლული) ნესტორ კონტრიძე, ივლიანე წერეთელი და სხვები.

      მელიტონ ბალანჩივაძის გადმოცემით, ქართული საგალობლებისა და სიმღერების ბედ-იღბალზე ფიქრისას თავად ფილიმონ ქორიძეს გაუჩნდა მათი ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერისა და ამ გზით უცვლელად შენავის იდეა. "საშვილიშვილო საქმე იყო. მე ამას ვგრძნობდი და, რა თქმა უნდა, ვღელავდი" - ამბობდა დიდი მოღვაწე.

      ამ საქმეს დიდი გამბედაობა და მხარდაჭერა სჭირდებოდა. მეგობრები ხშირად დადიოდნენ მასთან და თანაგრძნობით ამხნევებდნენ მას "..და თუ ბოლოს და ბოლოს ქართული მუსიკის უცვლელად შენახვას შევუდექი, მეტწილად მელიტონის და ჩემი მეგობრების - აკაკის, გიორგი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანის რჩევა-წაქეზებით" იგონებდა ქორიძე.

      ქართული საგალობლების ნოტირებას ფილიმონი 1882 წელს შეუდგა. თავდაპირველად მელქისედეკ ნაკაშიძისა და მღვდლის ნესტორ კონტრიძისაგან, ძველი გალობის აღიარებულ მცოდნეთაგან იწერდა.

      მუშაობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და სულ მალე მრავალი საგალობლის ჩაწერა მოხერხდა. ფილიმონმა გადაწყვიტა მგალობელ-მომღერალთა გუნდი ჩამოეყალიბებინა, რათა მის მიერ ჩაწერილი საგალობლები შეესრულებინა, გაევრცელებინა და ხალხისათვის შეეყვარებინა. მართლაც, ჩამოყალიბდა ასეთი გუნდი, რომელთან ერთად შრომას ფილიმონი გაასკეცებული ენერგიითა და გატაცებით შეუდგა.

      ქორიძეების ოჯახში იმდენად ხშირად ჟღერს საეკლესიო გალობა, რომ ერთ-ერთ მოგონებაში აკაკი წერეთელი მათ სახლს ეკლესიას, ხოლო იქ მყოფ სასულიერო პირებს ხატებს შეადარებს.

      ამრიგად, ცხოვრება ადამიანისა, რომელსაც ელოდებოდა იტალიის წამყვანი თეატრები, სრულიად შეიცვალა - ევროპული საოპერო კარიერა დაივიწყა და თავისი სამშობლოს მეჭირნახულედ, მისი საუნჯის მცველად იქცა. ფილიმონ ქორიძე უდიდესი პასუხისმგებლობითა და მხურვალე სიყვარულით ეკიდებოდა ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების ნოტირებას. წმიდა ფილიმონი ხედავდა გალობის საქმის განუზომელი მნიშვნელობას და მასთან შედარებით თავისი საოპერო კარიერის განსხვავებული ღირებულებას.

      ამის შესახებ იგი აღნიშნავდა: "საოპერო ასპარეზმა დროებით კმაყოფილება მომცა: ვამაყობდი, რომ მე, ქართველმა კაცმა, ჩვენი ქვეყანა ვასახელე, ტაშს მიკრავდნენ, წერდნენ - სახელოვანი კაცი ხარო. შემდეგ კი დავფიქრდი და დავინახე, რომ გამოჩენილი მომღერლის წარმატება და ბედიც დროებითია, წარმავალია. დღეს ხელით მატარებენ, მადიდებენ. მოვკვდები - ჩემი ხსენებაც გაქრება, ჩემი კვალიც არ დარჩება ჩემს ქვეყანას, შთამომავლობას ვერაფერს დავუტოვებ. ჩემი დღევანდელი მუშაობა კი საზოგადო მოღვაწეობაა, შინაარსით სავსე, ჩემი ქვეყნისათვის სასარგებლო და საჭირო. ჩემი ნამუშევარი ჩაწერილი და დაბეჭდილი არასოდეს არ წაიშლება და ჩვენს ქართულ მუსიკას მაღლა აიყვანს, სხვა ქვეყნების მუსიკას გადააჭარბებს".

      ფილიმონი აღტაცებული იყო მის მიერ პირველად მოსმენილი და ჩაწერილი საგალობლების სულიერი სიღრმით, მუსიკალური გამომსახველობითა და განუზომელი ღირებულებით. ის ხედავდა, რომ ამ საგანძურს დაღუპვის საფრთხე ემუქრებოდა და უფლის განგება აკისრებდა მის გადარჩენას.

      ამრიგად, იყო-რა უდიდესი საოპერო მომღერალი, ამავე დროს ფილიმონ ქორიძე გახდა უფლის მგალობელი, საგალობელთა გადამრჩენელი, შემკრები და გამავრცელებელი "გალობის მოძღვარი და მასწავლელი". ყრმობიდანვე მის გულში არსებულმა მადლმა და სიყვარულმა ფილიმონი მამულისა და ეკლესიისათვის თავდადებისა და ღვთივსათნო მოღვაწეობის გზაზე დააყენა

ფილიმონ ქორიძე - გალობის ჩამწერი, გამომცემელი, გამავრცელებელი, მასწავლებელი, გადამრჩენელი

      ამიერიდან ფილიმონის ცხოვრება მთლიანად ქართულ გალობას ეძღვნება - ჯერ თბილისში, შემდეგ ქუთაისში, შემდეგ გურიაში და მთელ დასავლეთ საქართველოში ის რჩეული, ყველაზე პატივცემული და განსწავლული სრული მგალობლებისაგან იწერს საგალობლებს. თავისი გუნდი დაყავს სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში და აგალობებს დავიწყების მრუმ-უკუნიდან ამოტაცებულ ჰიმნებს, ასწავლის ახალ-ახალ და უცნობ ნიმუშებს. ყველგან ქმნის სამგალობლო გუნდებს. საგალობლებთან ერთად სწავლობენ და ავრცელებენ ხალხურ სიმღერებსაც - საგალობლისა და სიმღერის ურთიერთმიმართება ხომ ძალიან ჰგავს და გადმოსცემს, ჩვენში ქრისტიანულისა და ეროვნულის ისტორიულ ერთიანობას.

      საჭირო იყო ჩაწერილი საგალობლების - უპირველეს ყოვლისა წირვის სამგალობლო კრებულის გამოცემა. ფილიმონი და მისი მეუღლე ამას საოჯახო დანაზოგის მეშვეობით გეგმავდნენ, მაგრამ, ბანკი, რომელშიც თანხა ჰქონდათ შენახული, გაკოტრდა.

      ქორიძე და მისი თანამებრძოლნი იძულებულნი გახდნენ ცნობილ ეგზარქოს პავლესათვის მიემართა დახმარებისთვის, ეგზარქოსმა კი კომისია შექმნა და ეს საქმე ასევე ცნობილ (განსაკუთრებით ქართველთა მიმართ სიძულვილით) ჩუდეცკის მიანდო. საგანგებო კომისიის სხდომებს ესწრებოდნენ აკაკი და გიორგი წერეთლები, ასევე ალექსანდრე ყაზბედი. ჩუდეცკი ყველანაირად ცდილობდა რომ ნოტების გამოცემის საქმე ჩაეშალა, ამტკიცებდა რომ ძველი ქართული სასულიერო მუსიკა "უმართებულოა" და მისი ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერა შეუძლებელია (არადა, როგორც აღვნიშნეთ, ქორიძეს უკვე ნოტირებული ჰქონდა საგალობლები და ეგზარქოსთან მათ გამოცემაში დახმარების თხოვნით იყვნენ მისულნი). ჩუდეცკის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუკი ქართული "კაკაფონიური" გალობის ნაცვლად უპირატესობას "კეთილხმოვან და მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ რუსული გალობას" მიანიჭებდნენ. ჩუდეცკის დაუპირისპირდნენ რუსი მღვდელი და მგალობელი აუშევი, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები. საბოლოოდ ჩუდეცკიმ განაცხადა, რომ ქართული გალობა კარგია, მაგრამ ფული არ გვაქვს და ვერ გამოგიცემთო, ჩედეცკის პირით გაჟღერებული რუსული საკლესიო-იმპერიალისტური პოლიტიკა ამხილა აკაკი წერეთელმა:

      "თქვენ შეგიძლიათ, პირდაპირ უარი განაცხადოთ ამ დიდი შრომის გამოქვეყნებაზე, რადგანაც გგონიათ, რომ ჩვენ ყველანი რამდენიმე წელიწადის განმავლობაში სლავიანებად გადავიქცევით, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ გვაქვს მდიდარი ისტორია, მდიდარი უძველესი კულტურა და ახალი კულტურისათვის გაწალდული გზა, რომლის მოსპობა არავითარ უხეშ ძალას და არავის არ შეუძლია".

      საბოლოოდ, ფილიმონ ქორიძემ ქართველ სამღვდელოებას მიმართა თხოვნით -- ფინანსური შემწეობა აღმოეჩინათ საგალობლების ჩაწერისა და გამოცემის მამულიშვილური საქმისათვის.

      1884 წელს ფილიმონ ქორიძე თავისი გუნდითურთ ქუთაისში ჩადის. გაბრიელ ეპისკოპოსმა მას დიდი და საგანგებო დახვედრა მოუწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს რჩეული პირები და მათ შორის, გამოჩენილი სრული მგალობლები - ჯაბა და ტელემონ გურიელები, ანტონ, გიორგი და დავით დუმბაძეები, დიმიტრი ჭალაგანიძე მარტვილიდან, ვასილ და არისტო ქუთათელაძეები ხონიდან, დიდი მგალობელი ასლან ერისთავი რაჭიდან, მგალობელი კანდელაკები ნიკორწმიდიდან, შოთაძეები გელათიდან, კანდელაკები ჯრუჭიდან, წერეთლები საჩხერიდან და სხვები.

      წმიდა გაბრიელმა და მისმა კრებულმა ფილიმონის მიერ ნოტირებული ქართული საგალობლები, ქორიძის გუნდის შესრულებით ჯერ სახაზინო თეატრში მოისმინეს და შემდეგ კი ეპისკოპოს გაბრიელის მიერ აღსრულებულ კვირის სამღვდელთმთავრო წირვაში. მგალობლებმა შესანიშნავად იგალობეს.

      წირვის ბოლოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსმა მადლიერებით აღსავსე სიტყვა წარმოსთქვა:

      "ვმადლობთ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენ ნიჭიერ ერის შვილს, ფილიმონს, დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყნებით სწავლა დაასრულებიეს და მერე მობრუნდა თავის საყვარელ ქვეყანაში, რომელმაც მათი სწავლა-განათლება ჩვენს ხალხსა და ერს ძღვნათ მოუტანა. ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას მძლავრი ხმით დასძახა: აწი უნდა აღსდგეო! და ჩვენი ხმათა სიმშვენიერე და სიდიადე სხვათა სამეფოთა შორის უნდა იდიდებოდესო".

      ფილიმონ ქორიძის ნაღვაწი ყველა მამულიშვილისათვის სიხარულისა და აღტაცების საგანი გახდა. საბოლოოდ დაიმსხვრა მითი, რომელსაც რუსული სასულიერო მმართველობა ყველანაირად ავრცელებდა - რომ ქართული გალობის ნოტირება შეუძლებელი იყო. საზოგადოება აღივსო რწმენით, რომ ქართულ ტრადიციულ მუსიკას, გალობასა და სიმღერას დაღუპვისა და გადაგვარების საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

      გაბრიელ ეპისკოპოსმა დახმარება აღუთქვა ფილიმონ ქორიძეს: "ამ დიდი საქმისთვის დაჩქარებაც უნდა და თანხის შეგროვებაცო".

      წმიდა გაბრიელის მიერ ფილიმონის და მისი საქმიანობის ასეთმა მიღებამ გაამწარა რუსული საეკლესიო მმართველობა. ეგზარქოსმა ბრალი დასდო წმინდანს იმაში, რომ ის თეატრში დადიოდა, კონცერტებს მართავდა და ერთობოდა, და მკაცრად მოსთხოვა პასუხი. წმიდა გაბრიელმა მისთვის დამახასიათებელი სიმტკიცით მიუგო პასუხი ეგზარქოს პავლეს: "შენ ხარ მოძმე და არა - უფროსი! მე პასუხისმგებელი და ანგარიშის მიმცემი ვარ ქრისტე მეუფისა და სამწყსოს მიმართ და შენ, აგრეთვე ხარ ვალდებული".

      მიუხედავად საეგზარქოსოს უარყოფითი დამოკიდებულებისა, გაბრიელ ეპისკოპოსმა 1884 წელს მოიწვია სამღვდელოების კრება. კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაარსებულიყო ქართული საეკლესიო გალობის აღმდგინებელი კომიტეტი დეკანოზ დავიღ ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. წმიდა გაბრიელის მოთავეობით, იმერეთის ეპარქიის ეკლესიებმა და შეძლებულმა გლეხებმა შეაგროვეს საგალობელთა ჩაწერისა და გამოცემისათვის საჭირო თანხა. კომიტეტმა დაავალა ფილიმონს, რომ 2 წლის მანძილზე ჩაეწერა 400 საგალობელი. მართლაც, ჩაწერილ იქნა იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიოლოღოსის წირვების, აღდგომის და წირვის სადღესასწაულო, მღვდლის კურთხევის, ქორწინების წესისა და შესვენებულთა საგალობლები და მთელი წლის სადღესასწაულო განიცადეები. ჰიმნებს ფილიმონი იწერდა მარტვილის საკათედრო ტაძრის მგალობელ დიმიტრი ჭალაგანიძისაგან, ქუთაისის მთავარდიაკონ რაჟდენ ხუნდაძისაგან, თავად ივლიანე წერეთლისაგან. ამ საქმეში ასევე მონაწილეობდნენ ცნობილი მგალობლები - დეკანოზი დავით დუმბაძე, ნიკო მეძმარიაშვილი, ნიკოლოზ კანდელაკი, ტარასი ტყეშელაშვილი, ივლიანე შოთაძე და დეკანოზი ვასილ ქუთათელაძე. რჩეულ მგალობელთა ამ დასს ხელმძღვანელობდა სახელგანთქმული ხელოვანი, გალობის მამამთავრად აღიარებული ლოტბარი ანტონ დუმბაძე, რომელსაც საქართველოსთან ერთად, გალობის ცოდნა გაღრმავებული ჰქონდა ათონის ივერთა სავანეშიც.

      საგალობელთა ნოტირებისა საქმე დიდი თავგანწირვითა და შემართებით სრულდებოდა. ფილიმონ ქორიძე მისთვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის მოწოდებას. ჩაწერილ საგალობლებს მრავალგზის ამოწმებდნენ ჯერ თვითონ ფილიმონი და მგალობლები, შემდეგ სხვა ცნობილი გალობის მცოდნენი და თავად წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი. ნოტირებისა და მისი შემოწმების შედეგების შესახებ სისტემატურად ქვეყნდებოდა ცნობები იმ დროინდელ პრესაში. ყველა აღიარებდა, რომ დასავლეთ საქართველოს გალობას ფილიმონ ქორიძე სიზუსტით, "დიდის სინამდვილითა და შეუცდომელი კილოთი" იწერდა და უტოვებდა ეკლესიასა და შთამომავლობას.

      წმიდა გაბრიელი ამასაც არ დასჯერდა - მისი ლოცვა-კურთხევით, ფილიმონ ქორიძე ავრცელებდა ჩაწერილ საგალობლებს, მრავალი გუნდი ჩამოაყალიბა და აგალობებდა მათ გადარჩენილ ძვირფას საუნჯეს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში, ღვთისმსახურებაზე. ფილიმონი ამ საქმესაც თავდაუზოგავად ეწეოდა, პრაქტიკულად, სიცოცხლის ბოლომდე.

      1887 წელს ფილიმონმა გადასცა წმიდა გაბრიელს აღთქმული 400 საგალობლისაგან შემდგარი კრებული. ეპისკოპოსმა და კომიტეტმა განიხილეს ჩაწერილი მასალა და აღტაცებითა და მადლიერებით შეაფასეს იგი.

      გალობის აღდგინების საქმისათვის თანხების შესაგროვებლად ფილიმონი საქველმოქმედო კონცერტებსაც მართავდა, სადაც ასრულებდა ქართულ საგალობლებს, სიმღერებს და ევროპულ საოპერო მუსიკასაც. ფილიმონი ხალხის დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომ კონცერტებზე ბევრი მსმენელი მოდიოდა. შემოსული თანხა კი გალობის ჩაწერა-გამოცემას და გავრცელებას ხმარდებოდა.

      ამავე პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოშიც - თბილისში, მიმდინარეობდა საგალობლების ჩაწერა. თუკი დასავლეთ საქართველოს სამგალობლო ტრადიციის ნოტირებას ფილიმონი და წმინდა გაბრიელი ედგნენ სათავეში, აღმოსავლეთ საქართველოს საგალობლების გადარჩენას დიდი მოღვაწეები - ძმები კარბელაშვილები და წმიდა ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე) ეწეოდნენ. კარბელაშვილების ღვაწლითა და თავდადებით და წმიდა ალექსანდრეს სულიერი და მატერიალური თანადგომით ჩაწერილ და გამოცემულ იქნა მრავალი ნიმუში "ქართლ-კახური კილოს", სვეტიცხოვლის სკოლის სამგალობლო ტრადიციისა.

      შეუძლებელია ცალ-ცალკე განხილვა და გაყოფა ფილიმონ ქორიძის, ძმები კარბელაშვილის, წმიდა ექვთიმე აღმსარებელის, დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის, XX საუკუნის ბოლო სრული მგალობლის - არტემ ერქომაიშვილის და გალობის სხვა მრავალი გადამრჩენელის ღვაწლისა და სახელებისა. ამ ადამიანებმა მშობელ ქვეყანას და მის მრავალტანჯულ ეკლესიას საკუთარი თავის შეწირვის ფასად შემოუნახეს შეუფასებელი სულიერი საგანძური. მათგან რამდენიმემ - მაგალითად დეკანოზმა ანდრია და მღვდელმა პეტრე კარბელაშვილებმა, აგრეთვე არქიმანდრიტმა ნესტორ კონტრიძემ უღმერთო ბოლშევიკური რეჟიმისაგან მოწამეობრივი სიკვდილიც იგემეს. თუმცა, გალობის ამ მოამაგეთა მთელი სიცოცხლე უფლისა და სამშობლოს სამსახურად მსხვერპლის გაღება და მარტვილობა იყო.

მოღვაწეობის ეკლიანი გზა

      გალობის აღმდგენელ კომიტეტთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების შემდეგ ფილიმონ ქორიძე ოჯახითურთ კვლავ ქუთაისში რჩება. იგი საეკლესიო საგალობლების ნოტირებას განაგრძობს, ხელმძღვანელობს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გუნდს.

      ღვაწლმოსილი ხელოვანი, დიდი მგალობელი და ლოტბარი შემოსავლის გარეშე რჩება. უსახსრობის გამო ის და მისი მეუღლე სიმღერისა და ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლებას შეუდგნენ. თუმცა, ფილიმონი აქაც მისთვის ჩვეული უანგარობით მოქმედებდა - მოსწავლეთა უმრავლესობას უსასყიდლოდ ამეცადინებდა, თუკი სადმე ძლიერი და ლამაზი ხმის მქონე ახალგაზრდას შეხვდებოდა, უმალ სიმღერის სწავლას სთავაზობდა: "ისწავლე, უფასოდ გასწავლი, ოღონდ ისწავლე".

      ქალბატონ ზინაიდას მეუღლეზე ბევრად მეტი მოწაფე ჰყავდა და გაკვეთილების ჩასატარებლად დილიდან საღამომდე ქუთაისის სხვადასხვა ოჯახებში ჩადიოდა. უკრაინელი დიდებულისა და სენატორის ქალიშვილი, ქმრისა და მისი სამშობლოს მიმართ სიყვარულით აღვსილი, უდრტვინველად და პროტესტის გარეშე ეწეოდა ღვთის განგებით მათ ოჯახზე დაკისრებულ უღელსა და მოვალეობას. თუმცა, მომქანცველმა შრომამ და გაჭირვებამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია. 1889 წლის სუსხიან ზამთარს ორი თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ზინაიდა ვორობეცი - ფილიმონის უსაყვარლესი და თავდადებული მეუღლე გარდაიცვალა.

      მეუღლის გარდაცვალება ფილიმონისათვის უმწარესი ტკივილი იყო. ის ხედავდა, რომ მის მიერ არჩეული ცხოვრების გზა მეტად მძიმე აღმოჩნდა სუსტი და მშვენიერი მეუღლისათვის. ფილიმონი დიდმა მწუხარებამ მოიცვა, ძალები და შემართება შეუმცირდა. ის თავის მცირეწლოვან ქალ-ვაჟთან ერთად სრულიად მარტო აღმოჩნდა გაჭირვებული ცხოვრების წინაშე, მაშინ როდესაც შეეძლო, რომ ევროპის ნებისმიერ ქალაქში სიმდიდრითა და დიდებით ეცხოვრა.

      ფილიმონმა ოჯახის შესანახად სცადა მოსწავლეების აყვანა, მაგრამ სევდისაგან დაუძლურებულმა, მუშაობა ვეღარ შესძლო. გაჭირვების გამო, მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მეუღლის ოჯახმა კიევში წაიყვანა აღსაზრდელად, ხოლო ვაჟიშვილი მიხეილი, მეოთხე კლასის მოსწავლე, გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა.

      თუმცა, ფილიმონს არასდროს უნანია არჩეული გზა, რადგანაც იგი, მაშინდელი საქართველოს მამამთავრის, ილია მართლის მსგავსად, გრძნობდა, რომ მამულიშვილური თავგანწირვა ზეციური განგებით მასზე დაკისრებული მოვალეობა იყო. მწუხარებაში მყოფი ფილიმონის გული არ დატოვა "უძლურთა მკურნალმა და ნაკლულევანთა აღმავსებელმა" მადლმა სულისა წმიდისა. მწუხარეთა ნუგეშინისმცემელმა და შებრკოლებულთა აღმმართველმა უფალმა, რომლის მსხვერპლია გული შემუსრვილი და სული დამდაბლებული, რომელიც ნეტარებას ანიჭებს მგლოვარეთა გულითა და ნუგეშინისცემას აღუთქვამს მათ, სიკეთისა და სიყვარულის მოწყალე ღმერთმა, ტკბილმა იესომ არ მიატოვა სამშობლოსა და ეკლესიისათვის თავდადებული ფილიმონი და დაეხმარა ცხოვრების ჯვრის ბოლომდე ტვირთვაში.

      მეგობრების რჩევით, 1890 წელს ფილიმონი თბილისში ბრუნდება.

      თბილისში მეგობრისა და დიდი მგალობლის, მელქისედეკ ნაკაშიძის მეშვეობით ფილიმონ ქორიძე გაიცნობს და უკავშირდება იმხანად "მართლმადიდებელთა ძმობის კაბინეტად" წოდებული "საღმრთო წიგნთ-საკითხავის" დამაარსებლებს - ილია ჭავჭავაძის ხაზინადარსა და უახლოეს ადამიანს, სათნოებებით ცნობილ მაქსიმე შარაძეს და წმიდა ექვთიმე აღმსარებელს (მაშინ ესტატე კერესელიძეს).

      მელქისედეკ ნაკაშიძე "ძმობის კაბინეტში" თავმოყრილ მორწმუნე ქართველ ახალგაზრდებს საგალობლებს ასწავლიდა (ზეპირად, ზოგჯერ ძველი ნევმური დამწერლობით).

      პიროვნული ტრაგედიით დათრგუნული ფილიმონისათვის დიდი მადლი აღმოჩნდა მაქსიმე შარაძისა და წმიდა ექვთიმეს გაცნობა. წიგნის კითხვასა და გალობის სწავლას მოწყურებული უანგარო, ანთებული ახალგაზრდების ხილვამ მას გული გაუხარა. მაქსიმემ და ექვთიმემ ფილიმონს ევროპული სამუსიკო დამწერლობისა და გალობის მასწავლებლობა სთხოვეს, და საცხოვრებელ ბინასა და გასამრჯელოსაც შეპირდნენ. შეჭირვებულმა, მაგრამ გულგაუტეხელმა მოღვაწემ სიხარულით მიიღო მათი შემოთავაზება და ერთ თვეში 12 ახალგაზრდას ნოტის კითხვა და გალობა შეასწავლა.

      1890 წელს მაქსიმე შარაძემ და წმიდა ექვთიმე აღმსარებელმა, წმიდა ილია მართლის დახმარებით შეიძინის სტამბა სასულიერო ლიტერატურის საბეჭდად, ხოლო 1891 წელს ნოტების შრიფტი. მრავალი წლის მანძილზე, ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სანოტო სტამბა. ილიას, მაქსიმესა და ექვთიმეს შეთანხმებით, ეს სტამბა კეთილ საქმეებს, ღვთის სადიდებელი და მამულის სასარგებლო ლიტერატურის გამოცემას ემსახურებოდა. მართლაც, უამრავი სასულიერო და ისტორიული ხასიათის წიგნი თუ კრებული გამოიცა "ძმობის" სტამბის მიერ. იგივე სტამბაში იბეჭდებოდა ქორიძისა თუ კარბელაშვილთა მიერ ნოტირებული სამგალობლო კრებულები.

      ფილიმონ ქორიძისათვის დიდი ნუგეში და მისი ცხოვრების საზრისის - საგალობელთა ჩაწერა-გამოცემის აღსრულება იყო მაქსიმესა და ექვთიმესთან ურთიერთობა.

      სწორედ მათი ინიციატივითა მიემართება ფილიმონი 1893 წელს ოზურგეთში, ყველაზე ავტორიტეტული გალობის მცოდნისაგან - ანტონ დუმბაძისაგან საეკლესიო საგალობლების ჩასაწერად. ანტონის ღრმა მოხუცებულობა აშინებდათ ქართული გალობის მოამაგეებს: "ძალიან ვშიშობდით, კაცი ხელიდან არ გამოგვეცალოს და გალობა დაუწერელი არ დაგვრჩეს, არ დაიკარგოს მეთქი" - წერს მამა ექვთიმე.

      ფილიმონისა და ანტონის შეხვედრების მოთავეები ასევე იყვნენ დიდი ხონელი მგალობლის, ვასილ ქუთათელაძის შვილი არისტო და წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი). სწორედ მათ შეკრიბეს სახსრები ხსენებული ინიციატივისათვის. აი რას ამბობს ექვთიმე თაყაიშვილი: "არისტო ქუთათელაძე, როგორც გალობის კარგად მცოდნე და დამფასებელი, იყო ერთ-ერთი მოთავე გურიაში მუსიკოს ფილიმონ ქორიძის გაგზავნისა... ამ საქმეში არისტოს და სხვებს გარდა ვერიეთ მე და მესტამბე მაქსიმე შარაძის ძმა (ილია ჭავჭავაძის მოურავი), ღვთისნიერი ადამიანი. შევაგროვეთ ფული და გავგზავნეთ ფილიმონ ქორიძე გურიაში... ძალიან დიდი საქმე გაკეთდა და პირდაპირ სულზე მოასწრო, თორემ ცოტა ხნის შემდეგ უკვე ვეღარ მოხერხდებოდა, იმ, ბედად კიდევ შემორჩენილ მგალობლებთან ერთად დაგვეკარგებოდა ძველის-ძველი, შესანიშნავი რთული საგალობლები..."

      საგალობელთა ნოტირების გასაადვილებლად ფილიმონ ქორიძეს ფისჰარმონიაც უყიდეს (გადმოცემის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი წმიდა გიორგი და იოანე ბერების მიერ დაცული იყო და დღემდე ინახება ბეთანიის მონასტერში).

      ამ მოგზაურობისას, მხცოვანი მგალობლისაგან ფილიმონმა ჩაიწერა ძველი ქართული სასულიერო მუსიკის ჯერ კიდევ დაუფიქსირებელი უამრავი ნიმუში: ძლისპირები, მთელი წლის სადღესასწაულო საგალობლები (მათ შორის ჭრელები), ქართული რვა ხმის სისტემის პრაქტიკულად თითქმის ყველა საგალობელი, ქუთაისში ჩაწერილი "გამშვენებული" ჰიმნების მარტივი, "სადა" ვარიანტები და სხვ..

      როგორც წმიდა ექვთიმე კერესელიძე წერს, ოზურგეთში ჩასვლისთანავე, გულგაუტეხელი 58 წლის ფილიმონი შეუდგა "მტკიცე და მხნე შრომას". ფილიმონი ძალიან ჩქარობდა და ამიტომ ბევრი საგალობლის მხოლოს პირველ ხმას, "მთქმელის" ჰანგებს იწერდა (მოგვიანებით მათი ჩაწერა წმიდა ექვთიმემ დაასრულა). მასწავლებელი მოსწავლეს, ექვთიმეს სწერდა: "ხშირადა ვთხოვ ხოლმე ანტონს, იმისთნა უცხო-უცხო საგალობელთა ჭრელები დამაწერიე, რომელიც სხვამ არავინ იცოდეს და დარჩეს შენდა სასახელოდ მეთქი, და ვართ გართობილი ამ შრომით".

      დიდი მუსიკოსი გაოცებული იყო სული წმიდის მადლით აღბეჭდილი ძველი ქართული საგალობლების მუსიკალური სრულყოფილებით. იგი წერდა წმიდა ექვთიმეს: "ხომ სხვადასხვა სამეფოებში ვყოფილვარ და მომივლია და მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ მთელ ქვეყანაზე არც ერთ ტომს, არც ერთ სამეფოს არა აქვს ისე მრავალი, ისე სრული, ისე გამტაცი, ისე კაცის აღმაფრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა, როგორც ამ ჩვენს პატარა ერს გვაქვს. ამისთვის დღე და ღამე თავს ვიკლავ მეტის-მეტი შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა-გალობის სხვადასხვა ხმები".

      ანტონ დუმბაძის თანამგალობლები იყვნენ მისი შვილი დეკანოზი დავითი და მოწაფე სვიმონ მოლარიშვილი.

      ანტონმა სამგალობლო განათლება გელათში მიიღო. ამის შესახებ დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე წერს: "გელათი წინეთ გალობის ბუდე იყო. როგორც ვიცით, ჩვენი სახელოვანი მგალობლები, განსვენებულნი: ანტონ დუმბაძე, სინო კანდელაკი, დავით ჩხარელი (შოთაძე) და სხვა საუკეთესო მგალობლები გელათში იყვნენ გაზრდილი". 1880 წლამდე ანტონი ათონის ქართველთა სავანის, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდგომ გურიის ეპარქიის სამღვდელთმთავრო გუნდს ხელმძღვანელობდა.

      ანტონმა ზეპირად იცოდა მრავალრიცხოვანი "სადა" თუ "გამშვენებული" საგალობლები, ის აგრეთვე მცოდნე იყო ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობისა, ამის შესახებ ფილიმონ ქორიძე იგონებდა: "ერთ მშვენიერ "ჭრელს" საგალობელს ვწერდი. ეს საგალობელი ბატონ დუმბაძეს ორმოცისა თუ მეტის წლის განმავლობაში არ ეგალობნა. დავწერე თითქმის ნახევარი. მგალობელი შეჩერდა, ვეღარ განაგრძო, დამავიწყდაო, სთქვა. მეორე დღეს მოიტანა ქართული ნოტებით აჭრელებული წიგნი, ჩაიხედა შიგ, დამამთავრებია საგალობელი და მითხრა: "შენ თუ ნოტებით სწერ, მეც ნოტებით ვგალობო".

      ამრიგად, ფილიმონ ქორიძე შუამავლად იქცა ძველი ქართული დამწერლობის სისტემებით დაფიქსირებულ გალობასა და თანამედროვეობის შორის.

      ოზურგეთში ანტონთან მუშაობის პარალელურად, ფილიმონი ბათუმში აყალიბებს საკრებული ტაძრის გუნდს, რომელიც ქალაქის მკვიდრთა დიდი მოწონებითა და სიყვარულით სარგებლობს.

      ამავე პერიოდში, ძველი საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შესაგროვებლად, ფილიმონ ქორიძე გურიის სოფლებშიც დადიოდა. ურემზე დაკეცილ ფისჰარმონიას დადგამდა, თვითონ კი გზას ფეხით მიუყვებოდა. "ფეხით სიარული მიყვარსო", ამბობდა თურმე.

      იგი ყველგან მგალობლებისა და მომღერლების ამბავს კითხულობდა, ეცნობოდა გალობა-სიმღერის მცოდნეებს და იწერდა მათგან მუსიკალურ საუნჯეს. დაუღალავ მოღვაწეს ხშირად შორეულ, მიყრუებულ სოფელზე მიუთითებდნენ: "იქ მიბრძანდით ბატონო! იმ სოფელში ძველთაძველი კილოები სუფთად არის შენახული; ისევე მღერიან როგორც ოსმალოს შემოსევამდე მღეროდნენო". ასეთ დროს იგი ხანგრძლივ და დამქანცველ მგზავრობას არ ერიდებოდა და უდიდეს სიხარულს გრძნობდა როდესაც უცნობ საგალობელსა და სიმღერას ჩაწერდა: "მე ბედი მეწია: რამდენიმე ძველთაძველი სიმღერა და საგალობელი ჩავწერე, ჯერ სრულებით უცნობიო" - ახარებდა ხოლმე თურმე თავის შვილს.

      ერთხელ, სენაკში ყოფნის დროს, ფილიმონმა გაიგო, რომ მახლობლად, თეკლათის დედათა მონასტერში დაცული იყო ძველთაძველი საგალობლები. იგი სასწრაფოდ გაემგზავრა მონასტერში, დაესწრო წირვა-ლოცვას. შემდეგ კი, ერთ-ერთ ოჯახში, მისივე თხოვნით მონასტრის დედების მიერ შესრულებული არაერთი საეკლესიო საგალობელი და ხალხური სიმღერა მოისმინა. მისთვის უცნობი ნიმუშები ფილიმონს ჩაუწერია და ცალკე გადაუნახავს. დედების მიერ გადმოცემულ საგალობლებზე ფილიმონი წერდა: "ასე ოსტატურად, ორიგინალურად შექმნილი აკორდები, მშვიდი და დამაჯერებლი რიტმის ჰანგები არასდროს გამიგონია".

      საგალობლებისა და სიმღერების ჩაწერის საქმეს ფილიმონი სიცოცხლის ბოლომდე უდიდესი პასუხისმგებლობითა და თავდადებით ეკიდებოდა. მისი მოღვაწეობის Dშედეგად დიდი რაოდენობის უძვირფასესი მუსიკალური საუნჯე შეგროვდა.

      1894 წელს მაქსიმე შარაძე და წმიდა ექვთიმე სთხოვენ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს, რათა გამოუგზავნოს მათ ქორიძის მიერ ნოტირებული საგალობლები სტამბაში დასაბეჭდად და გამოსაცემად, რადგანაც - "ეს უძვირფასესი და უდიდესი ნაშრომი შეიძლება დაიღუპოს. უმორჩილესად გთხოვთ, ნება დაგვრთოთ საკუთარი სახსრებით დავაბეჭდინოთ ისინი და ამით დავაზღვიოთ ყოველგვარი შემთხვევისაგან". წმიდა მღვდელთმთავარი ამ თხოვნას სიხარულითა და ლოცვა-კურთხევით დათანხმდა. ქუთაისში ჩაწერილ საგალობლებს დაემატა გურიაში ჩაწერილი ნოტირებული საგანძური და 1895-1911 წლებში, ქართული საეკლესიო საგალობლების 6 კრებული დაიბეჭდა:

      ქართული გალობა, ლიტურღია იოანე ოქროპირისა. ტფ. 1895;

      საგალობელნი პირველშეწირულისა, ვასილი დიდისა, მღვდლის კურთხევისა და ქორწინებისა. ტფ. 1901;

      მიცვალებულის საგალობელი. ტფ. 1899;

      აღდგომის საგალობლები. ტფ. 1904;

      სადღესასწაულო განიცადეები. ტფ. 1908;

      სადღესასწაულო საგალობელნი წირვისა. ტფ. 1911.

      საგალობელთა კრებულების გამოცემა ფილიმონ ქორიძეს "როგორც ბავშვს, ისე ახარებდა".

      ქორიძემ შეადგინდა და "ძმობასთან" ერთად გამოსცა "სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის". აღნიშნული სახელმძღვანელოს შესახებ დიმიტრი არაყიშვილი წერდა: "ავტორი, რომელიც შეძლებისამებრ წინ სწევს ჩვენს კულტურას, ცხოვრებას და ანვითარებს ჩვენს ენას, ღირსია, ვგონებ, საზოგადოების გულწრფელი და ღრმა მადლობისა".

      80-იან და 90-იან წლებში ფილიმონი მრავალ საგაზეთო პუბლიკაციას და სტატიას წერს, სადაც ქართული გალობის აწმყოსა თუ წარსულის, მისი ისტორიისა და თეორიის შესახებ ფასდაუდებელ ცნობებს გვთავაზობს.

      1895 წელს ფილიმონი კვლავ გურიაში მიემგზავრება საგალობლების ჩასაწერად. აქ იგი საგალობელთა და სიმღერათა ნოტირების პარალელურად, აყალიბებს ოზურგეთის საკრებულო ტაძრის გუნდს. ქორიძის მუშაობით აღფრთოვანებული და შთაგონებული გურულები 1897 წელს ქმნიან გალობის აღმდგენელ კომიტეტს, რომელსაც ცნობილი მგალობელი, სიმონ გუგუნავა დაუყენეს თავკაცად. კომიტეტმა მიზნად დაისახა საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შეკრება და მათი ხუთხაზიანი ნოტაციით ჩაწერა, ასევე მგალობელ-მომღერალთა გუნდების შედგენა და გალობის გასავრცელებლად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში ღვთისმსახურებებზე და კონცერტებზე გალობა. ცხადია, მუშაობის მთელი სიმძიმე ფილიმონ ქორიძეს უნდა ეტვირთა. კომიტეტის წევრი, ოზურგეთის მოურავი ნიკოლოზ თავდგირიძე წერდა: "ფილიმონ ქორიძისთანა გულმოდგინე, ბეჯით და თვით მისი სპეციალობით გატაცებულ მშრომელს ჩვენ სხვას ვერსად ვიშოვით, ამისთვის დრო არის, შემწეობა აღმოვუჩინოთ ამ თავდადებით მოღვაწე კაცს და მოვახმაროთ ის ჩვენ საერთო საქმეს".

      ფილიმონ ქორიძის შემოქმედებითი მუშაობის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოკლე დროში (1896-1899 წლებში) გურიის სხვადასხვა კუთხეში საგალობლებისა და სიმღერების ჩაწერის გარდა, იგი მთელ დასავლეთ საქართველოს მოივლის და მგალობელ-მომღერალთა მრავალ გუნდს ჩამოაყალიბებს. თავდადებული და სახელოვანი ლოტბარის მიერ ხშირად უსასყიდლოდ მომზადებული გუნდები მსახურობენ ოზურგეთის, ხონის, სუფსის, სამტრედიის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ბათუმის საკრებული ტაძრებში. ამის გარდა, ფილიმონ ქორიძე ოზურგეთში, ქუთაისში და მარტვილში აარსებს მგალობელთა და ეთნოგრაფიულ გუნდებს. თავისი გუნდებით იგი 1897 და 1898 წლებში თბილისში მართავს კონცერტებს. თბილისელი მსმენელი აღფრთოვანებით ხვდება დიდი ლოტბარის მიერ მომზადებულ ქოროს.

      ფილიმონს აღიარებენ როგორც სახელოვან მოღვაწეს, "დახელოვნებულ ლოტბარს, მოგზაურ არტისტს", ქართული გალობა-სიმღერის გადამრჩენელს, ნიჭიერ პედაგოგს - მას რთული სამუსიკა ქმნილებების მარტივად სწავლების საოცარი უნარი ჰქონდა. ფილიმონის აღზრდილთა შორის იყო მრავალი გამორჩეული მგალობელი და ლოტბარი. ამასთან იგი რეგულარულად ასწავლის სასულიერო სასწავლებლებში ქართულ გალობას.

      ფილიმონი მზრუნველი მამა იყო არა მხოლოდ საკუთარი შვილების, არამედ ყველა მოსწავლისათვის. იგი ხშირად შუამდგომლობა და აწუხებდა თავისი მოსწავლეების გამო სახელმწიფო თუ საგანმანათლებლო აპარატის სხვადასხვა წარმომადგენლებს, სხვადასხვა თხოვნებით. შემორჩენილია სინოდალური კანტორის თანამშრომლის, მწერლის სოფრომ მგალობლიშვილის მიმართ მისი წერილები. ამ კეთილ ადამიანს ხშირად მიმართავდა მოსწავლეებზე ზრუნვისათვის ფილიმონი და სთხოვდა მას "მორჩილად და უმორჩილესად სამადლო საქმის აღსრულებას, ბავშვებისათვის დახმარების გაწევას". "იმედი მაქვს, ამდენი ჩემი ლოცვით მოაქცევ ჩემს თხოვნას ყურადღებასო" სწერს დიდი მოღვაწე, რომელიც ყველა საქმეს ლოცვითა და თავდადებული სიყვარულით აღასრულებდა.

      წმიდა ფილიმონის პიროვნული თვისებების შესახებ მეტად მწირი ცნობებია შემორჩენილი. თუმცა, მისი პიროვნება, მისი მხურვალე რწმენა, თავგანწირული სიყვარული, სიკეთე, კეთილშობილება, ანთებული სული და თბილი გული ჩანს მის თითოეულ საქმეში, მისი მრავალმხრივი შემოქმედებითი მოღვაწეობის უზარმაზარ მასშტაბებში.

      ამის ნათელი მაგალითია დეკანოზ ერმოლაოზ ვეფხვაძის მონათხრობი: ფილიმონ ქორიძე და ვინმე ოკრიბელი მესხი თბილისის საავადმყოფოში ერთ ოთახში წოლილან. საავადმყოფოში დიდმა მგალობელმა მესხს მთელი წირვის წესის საგალობლები შეასწავლა, რის შემდეგაც ამ მესხს ოკრიბასა და იმერეთის მთელ რიგ სოფლებში გალობის ცოდნა გაუვრცელებია.

      ეს შემთხვევა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ფილიმონ ქორიძე ძველი სასულიერო მუსიკის აღორძინებას სიცოცხლის მთავარ მოწოდებად მიიჩნევდა და ღვთისაგან ბოძებულ ტალანტს ბეჯითად ამრავლებდა.

      სიცოცხლის ბოლო ათწლეულებში დიდი მოღვაწის ცხოვრება უსახსრო და მატერიალური შეჭირვებული იყო. ფილიმონის მიერ ორგანიზებული კონცერტების მცირე შემოსავალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მგზავრობას, საგალობლებისა და სიმღერების ჩაწერას ძლივს ჰყოფნიდა. იგი ზოგჯერ კერძო მოსწავლეებისაგან აღებული გასამრჯელოთი ირჩენდა თავს, ზოგჯერ კი დღიური სარჩო სხვადასხვა ოჯახებში როიალის ამწყობად მუშაობით მოუპოვებია. გამოუცნობია ადამიანის ბედი - იტალიის გამორჩეული მაესტრო თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ინსტრუმენტების აწყობით ირჩენს თავს, ქართული მუსიკალური საუნჯის გადამრჩენელი ლუკმა პურის მოსაპოვებლად იბრძვის. ასეთი გარემოებები ფილიმონ ქორიძის მოღვაწეობის კიდევ ერთი ეკლიანი გვირგვინი იყო. ქვეყნიურ სახელთან და დიდებასთან ერთად, მან მატერიალური კეთილდღეობაც დათმო, გაჭირვებაც უნდა ეგემა, შიმშილიც, გაჭირვების გამო ოჯახის მწუხარებაც და ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთხელ შეყვარებული და აღებული ჯვარი არ დაუთმია - სიცოცხლის ბოლომდე ქართული გალობის გადარჩენას ემსახურა. "ჩემს ხანგრძლივ უსასყიდლო მუშაობაში ბევრი დაბრკოლება და სიღარიბე ვითმინე, მაგრამ მე მანუგეშებდა ჩემი შრომა და მისი ნაყოფი" - ბრძანებდა ფილიმონ ქორიძე.

      ქორიძის მიერ ჩამოყალიბებული ეთნოგრაფიული გუნდები დიდ სამსახურს უწევდნენ ქართველ ერს რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტაძრებში ეს გუნდები ასრულებდნენ უძველეს და უმშვენიერეს ქართულ საგალობლებს, კონცერტებზე კი, ასევე ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს. თავად ფილიმონი კონცერტების შესახებ ამბობდა: "ეს კონცერტები არა მხოლოდ ნამუშევრების ჩვენებაა, არამედ ქართული მუსიკის შესასწავლი კონსერვატორიააო". მართლაც, თავად ფილიმონი და მისი მგალობლები მხცოვანი ლოტბარებისაგან სწავლობდნენ სიმღერა-გალობის საიდუმლოებებს, ხოლო მსმენელი კი მუსიკალურ-ესთეტიკურად იზრდებოდა მათ კონცერტებზე. ყოველივე ეს კი დაპყრობილ და თავისუფლებაწართმეულ ქართველ ერს უღვივებდა ეროვნული ღირსების შეგრძნებას, ხვალინდელი დღის რწმენას, თავისუფლებისაკენ სწრაფვას, უფლისადმი სასოებას, მოყვასის სიყვარულს.

      სიცოცხლის ბოლო წლებში ფილიმონ ქორიძე განსაკუთრებით ზრუნავდა დაუფიქსირებელი საგალობლების ჩაწერაზე. ის კარგად ხედავდა, რომ დაკარგვის საფრთხე ხალხურ სიმღერაზე მეტად (რომლის მცოდნე და შემსწავლელი მრავალი იყო) ძველ სამგალობლო მემკვიდრეობას ემუქრებოდა: "ხალხური სიმღერები იციან, არ დაიკარგება და ეს (საგალობლების ჩაწერის საქმე) მოსასწრებია, დაიკარგება" - დარდობდა იგი. მის თვალწინ მიდიოდნენ ძველი დიდი მგალობლები, საკუთარი ხანდაზმულობაც აფიქრებდა: "მე ცას ხომ ვერ გამოვეკერები. დღეს ბევრი არ არის ვინც ამას გააკეთებს და ჩაწერსო" ამბობდა იგი. ამიტომ 1904 წლიდან იგი ინტენსიურ შემოქმედებით მუშაობას მხოლოდ საეკლესიო გალობის სფეროში განაგრძობს. ამ პერიოდში სხვადასხვა მგალობლებისაგან თბილსსა და ოზურგეთში იწერს საგალობლებს. უმშვენიერესი საგალობლებით აღტაცება სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა დიდ მოღვაწეს, რომელიც, როგორც არტემ ერქომაიშვილი იხსენებდა, ყოველი ნიმუშის ჩაწერის შემდეგ აღტაცებული ამბობდა ხოლმე "ოჰ, ღმერთს ამაზე მშვენიერი არაფერი შეუქმნიაო".

      ფილიმონ ქორიძემ იცოდა, რომ ქართული საეკლესიო საგალობლების სანოტო ჩანაწერები უდიდსე სულიერ განძს წარმოადგენდა და მათ ადგილსამყოფელს არავის უმხელდა, საკუთარ შვილსაც კი - "წამოგცდება სადმეო" - ეტყოდა თურმე. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ფილიმონი ხელნაწერების შენახვასა და მოვლა-პატრონობას ანდობდა, მისი მოსწავლე, წმიდა ექვთიმე კერესელიძე გახლდათ. ექვთიმე ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილ ნიმუშებს გულმოდგინედ იწერდა, ათეთრებდა და საგულდაგულოდ ინახავდა.

      სიცოცხლის ბოლოს ფილიმონს ქორიძეს ამ უდიდესი საგანძურის ბედზე ფიქრი არ ასვენებდა: "მეშინია, მთელი ეს განძი ჩემს შემდეგ სადმე სარდაფში ან რომელიმე მუზეუმის თაგვების სახრავი არ გახდესო" ამბობდა იგი.

      დიდმა მოღვაწემ საგალობლების გამოცემა გადაწყვიტა. ვინაიდან, საქართველოში ეს ვერ ხერხდებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით იგი მოლაპარაკებას იტალიელებთან აწარმოებდა.

      ეს იყო ფილიმონის უკანასკნელი საქმე - იტალიელებს დაუკავშირდა, და თვითონ აპირებდა ნოტების იტალიაში წაღებას, რადგანაც ეშინოდა, ფოსტას გზაში არ დაეკარგა. დიდი მგალობელი ძალზე დაიმედებული ყოფილა, უხაროდა: "ხელნაწერებს დამიბეჭდავენ და მზა-მზარეულს ჩვენს ქვეყანას მივართმევო".

      ევროპაში წასვლის წინ ფილიმონი ბახმაროზე გაემგზავრა. სამწუხაროდ, ცხენით მგზავრობისას ძველი უნაგირისაგან დაშავებულა, სისხლი მოსწამვლია და სულ რაღაცა ორ დღეში გარდაცვლილა 1911 წლის 12 ივლისს.

      ფილიმონ ქორიძე ბახმაროდან ჩამოსვენებისთანავე ოზურგეთში ხის ეკლესიაში დაუსვენებიათ. მის "მშვიდ სახეს ოდნავ ჭაღარა, გრძელი წვერი ამშვენებდა". დასაფლავების დღეს ფილიმონის მიერ ჩაწერილ საგალობლებს გალობდნენ მისი მეგობარი მელქისედეკ ნაკაშიძე და მოსწავლეები არტემ ერქომაიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, დიმიტრი პატარავა, სამუელ ჩხიკვიშვილი და სამსონ ჭანუყვაძე.

      კვირას, 17 ივლისს ღვაწლმოსილი მამულიშვილი ეკლესიის სიახლოვეს მდევარე სასაფლაოზე დიდი პატივით დაუკრძალავთ.

***

      ფილიმონ ქორიძის გარდაცვალების შემდეგ მისი მრავალრიცხოვანი სანოტო მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, გადაწერა, სისტემატიზაცია, მოწესრიგება და დაუსრულებელი ნიმუშების დასრულება წმიდა ექვთიმე აღმსარებელმა, კერესელიძემ ასევე უდიდესი თავდადების ფასად შესძლო. გაქრობის პირას მისული სულიერი განძის დაცვის რთულ გზაზე, წმიდა ექვთიმემ, თავისი მასწავლებლის მსგავსად, მრავალი განსაცდელი, მატერიალური სიდუხჭირე და სნეულება დაითმინა.

      ფილიმონ ქორიძისაგან ჩაწერილი და მისთვის გადაცემული საგანძურის პატრონობისა და გადარჩენისათვის გაწეული ღვაწლის გამო, ღირსი მამა ექვთიმე, მადლიერმა საქართველოს ეკლესიამ 2003 წლის 18 აგვისტოს, წმიდა სინოდის რუის-ურბნისის კრებაზე წმინდანად შერაცხა.

      ფილიმონ ქორიძის საფლავი მრავალი წლის მანძილზე დაკარგული იყო, რადგანაც კომუნისტური რეჟიმის მიერ საგალობლების გადამრჩენელი ადამიანი არ მიიჩნეოდა ხსოვნისა და პატივის ღირსად. უფრო მეტიც, თუკი მის ღვაწლს სადმე ახსენებდნენ, ან არასათანადოდ წარმოაჩენდნენ, და ან კი ცილს სწამებდნენ - თითქოს ის არ იყო მორწმუნე ადამიანი.

      ფილიმონ ქორიძის და ექვთიმე კერესელიძის თავდადების წყალობით, ჩვენი წინაპრებისაგან შექმნილი 5 532 (!) ღვთივ-მშვენიერი, უნიკალური საგალობელი გადმოგვეცა.

ბოლოთქმა

      ფილიმონ ქორიძე მიეკუთვნება წმიდა ილია მართლის, წმიდა გაბრიელ და ალექსანდრე ეპისკოპოსების და მათი თანამებრძოლების იმ გუნდს, რომლებმაც შესძლეს, ქართული სულისა და კულტურის გადარჩენა, აღორძინება, განვითარება და ახალი სიცოცხლით შემოსვა. ფილიმონ ქორიძემ თავდადებით, საკუთარი და ოჯახის ბედნიერებისა და კეთილდღეობის უარყოფის საფასურად, საქმით აღასრულა სახარების სიტყვები "უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს". მან, ილია მართლის და მისი თანამდგომელების მსგავსად, მთელი თავისი ცოდნა, ენერგია, სიცოცხლე, ყოველივე თვისი, ღვთისმსახურებას და სამშობლოს შეალია.

      ფილიმონი ამბობდა: "ყოველი მამულიშვილი ვალდებულია თვისი ხელობა მოჰფინოს და გააჩირაღდნოს თავის ქვეყანაში". ეს სიტყვები დიდმა მოღვაწემ ტიტანური შრომით, საქმით განახორციელა. მისი სიტყვა და საქმე ერთი იყო, მან თავისი ცოდნა და გამოცდილება მოჰფინა სამშობლოს და გაქრობის სიბნელისათვის განწირული ქართული გალობა ახალი და ჩაუქრობელი სიცოცხლით გაუჩირაღდნა ეკლესიასა და ქვეყანას. კარბელაშვილებმა აღმოსავლეთ საქართველოს 2000-მდე სამგალობლო ნიმუში, ხოლო ქორიძემ და კერესელიძემ 5000-ზე მეტი დასავლურ-ქართული საგალობელი გადმოგვცეს. რომ არა ეს ადამიანები, საუკუნოდ გაქრებოდა მსოფლიო კულტურაში ჩვენი ერის მიერ შეტანილი ყველაზე დიდი სულიერი საგანძური.

      ეს ადამიანები ქართველი ერის მგალობელთ-მთავრები და გალობის მოძღვარნი არიან. მათი პატრიოტული და კულტურულ-საზოგადოებრივი ღვაწლი წმიდა ილია მართლის დიდ საქმეთა მსგავსია. ხოლო მათი დამსახურება და ღვაწლი ეკლესიისა და ღვთისმსახურების წინაშე, მსგავსია და ტოლფასია წმიდა პაპის გრიგორი დიდის, რომანოზ ტკბილად მგალობლის, წმიდა გრიგოლ ხანძთელის, წმიდა იოანე დამასკელის, მიქაელ მოდრეკილის, წმიდა გიორგი მთაწმიდელის, ღირსი იოანე პეტრიწის, წმიდა იოანე კუკუზელისა და მსოფლიო ეკლესიის სხვა დიდი მგალობლებისა თუ ღვთისმსახურების გალობით გამამშვენებელთა მოღვაწეობისა. ამავე დროს, მსოფლიო ეკლესიას არ ჰყავს ასეთი ადამიანები, რომლებსაც მთელი სამგალობლო ტრადიცია გადაერჩინოთ, ამ მხრივ, ისინი უნიკალურნი და გამორჩეულნი არიან მსოფლიო ქრისტიანობის მასშტაბით.

      საქართველოს ეკლესიამ, მისმა წმიდა სინოდმა, ფილიმონ ქორიძეს, კანონიზაციის შემდეგ, უწოდეს - წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. ამ წოდებაში ჩანს მისი ღვაწლის უმთავრესი არსი, ის, თუ რისთვის და როგორ იცხოვრა და როგორ მოიხვეჭა სულიერი მადლი, ამ ღვთივრჩეულმა ადამიანმა.

მოამზადა, თბილისის ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის რეგენტმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა.

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გალობის_რაინდები, გურია, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 2100

გამოხმაურებები!

გაბრიელ ეპისკოპოსმა და მასთან ყველა გამოჩენილმა ხალხმა, დიდი საქები და სადიდებელი სიტყვები მოახსენეს ფილიმონს, რომლების სიტყვების შინაარსი ეს გამოიხატებოდა:

ვმადლობთ ჩვენს დიდ მოთავე ქართველებს, რომლებმაც ჩვენ ნიჭიერ ერის შვილს ფილიმონს, დახმარება გაუწიეს და უცხო ქვეყნებით სწავლა დაასრულებიეს, და მერე მობრუნდა თავის საყვარელ ქვეყანაში, რომელმაც მათი სწავლა, განათლება, ჩვენ ხალხსა და ერს ძღვნად მოუტანა. ჩვენი ხალხის სიმღერა-გალობას, მძლავრის ხმით დასძახა: აწი უნდა აღდგეო! და ჩვენი ბუნებათა ხმათა სიმშვენიერე, და სიდიადე, სხვათა სამეფოთა შორის უნდა ბრწყინვალედ იდიდებოდესო."

ექვთიმე სოლ. კერესელიძე

დღეს ფილიმონობაა! ვულოცავ ყველა მგალობელს და გალობის მოყვარეს, რომ არა ეს ადამიანი, ჩვენი გალობაც ალბათ ლამაზ მოგონებად იქცეოდა - იცი შვილო, ოდესღაც ვგალობდით! 

გილოცავთ მეც!! გმადლობთ რომ გალობთ და რომ გვილამაზებთ წირვა-ლოცვას და ლოცვას მეტად მისტიურსა და მრავლალფიქროვანს ხდით :)

5 წლის წინ განცხადდა ჩვენი ეკლესიისთვის - წმინდათა დასს შეემატა ფილიმონ ქორიძე - წმინდა ფილიმონ მგალობელი. 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

hhhhhhhhhhhhhhhhh

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 9:50pm 0 კომენტარი

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters