blog, dream, georiga, homeland, immigrants, nationality, paradox, profession, progress, qwelly, ბლოგი, ბრძოლა, გაგება, განვითარება, გაუგებრობა, გახარება, დღიური, ემიგრანტი, მისწრაფება, მიწა-წყალი, მიწაჩაყრილი, ოცნება, პარადოქსი, პროგრესული, პროფესია, სამშობლო, საქართველო, ფესვები, ფეხსაცმელი, ქართული საზოგადოება, ქველი, ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, ძალა ერთობაშია, წარმომავლობა

ფეხსაცმელებში მიწაჩაყრილი სიარული ადვილია?

     ზაფხულის ერთ თბილ საღამოს ჩემი მეგობრის უცხოელ მეგობართან ერთად ვსეირნობდი ქუჩაში. ლაპარაკი ჩამოვარდა საქართველოში გადმოსახლებაზე, იმაზე, რომ თავიანთ ქვეყანაში არ აქვთ შესაბამისი პირობები, არეულობაა... მოკლედ ურჩევნია აქ იცხოვროს და საერთოდაც, ადამიანმა იქ უნდა იცხოვროს, სადაც მოესურვება და სავიზო რეჟიმი არ უნდა არსებობდეს. ვუსმენდი ამ ადამიანს, რომელოიც "პროგრესულ" აზრებს გვიზიარებდა და ვფიქრობდი, - და შენი სამშობლო? და საერთოდ სიტყვა "სამშობლო" რა აზრს ატარებს? რამდენად მართებულია წახვიდე ქვეყნიდან იმის გამო, რომ იქ შესაბამისი პირობები არ გაქვს, არ მოგწონს შენი საზოგადოება, სახლი და ა.შ.? წახვიდე იმიტომ, რომ არ მოგწონს მთავრობა, წყობა და ა.შ. წახვიდე ისე, უბრძოლველად, სურვილის გარეშე, - შეგეცვალა რამე...

     შემდეგ გადმოვინაცვლე ჩვენს რეალობაში და პარადოქსებს წავაწყდი. აღმოჩნდა, რომ უცხოელებისთვის ჩვენი ქვეყანა წალკოტია, აქ მორბის ყველა და თავისუფლებას აქ ჰპოვებს?! ჩვენი ტელევიზიები წელიწადში რამდენჯერმე "გვახარებს" ვიღაც გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი, არაბი თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელით, რომელიც გვიღიმის ქართული ღვინით სავსე ჭიქით ხელში, თავისი ვენახის, ან ფერმის ფონზე და ამბობს რომ ბედნიერია, აქ ყველა პირობა აქვს, რომ განვითარდეს და მშვიდად იცხოვროს. ქართველი ახალგაზრდობისთვის კი აქაურობა ჭაობია, საიდანაც უახლოესი სასწავლო პროგრამით ცდილობენ სამუდამოდ გაქცევას. ისე, უკან მოუხედავად, - აქ სული ეხუთებათ. მგონი თვალები და ყურები არ მატყუებს და მოვლენას სწორად თუ არა, ცოტათი მაინც ლოგიკურად დავარქვი სახელი: პარადოქსი.

     მეც ვცხოვრობ ამ ქვეყენაში, მეც მაწუხებს უკულტურო საზოგადოება, ბიზნესად ქცეული სიღატაკე, დანაგვიანებული ქუჩები, გაჩეხილი ხეები და უიმედობის სიმძიმე, რომელიც უმრავლესობას გვაწევს ზურგზე. ვხედავ, რომ პესიმიზმის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ოპტიმიზმის. თუმცა მაინც არ მესმის, რატომ უნდა წავიდე. გავიქცე?

     ვცდილობდი გამეხსენებინა უცხოეთში წასული ქართველების ბედი, - მიაღწიეს თუ არა მათ სულის სიმშვიდეს, მატერიალურ კეთილდღეობას. ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, - აქედან გაქცევის მიზეზი უმეტესწილად მატერიალური კეთილდღეობის მოპოვების მიზანია. შრომის სურვილი მისასალმებელია და არავითარ შემთხვევაში დასაძრახი. ვიფიქრე, ვიფიქრე და ერთეულები გამახსენდა ჩემს ირგვლივ, ვინც იქ "განვითარდა" - ჩვენეული გაგებით. რას გულისხმობს განვითარება? იმ საქმის კეთება, რაც მოგწონს და გიყვარს? შეგიძლიათ მითხრათ მთელი ცხოვრება რისი კეთება გინდათ? რაში გინდათ გახდეთ პროფესიონალი? ქართველი სტუდენტები რომ გამოვკითხოთ, უმრავლესობა იმ კითხავზე, თუ რა დარგში სურს გახდეს პროფესიონალი და თქვას თავისი სიტყვა, ვერ გაგცემთ პასუხს, ან გაგცემთ და მოგატყუებთ. უცხოეთში სულის სიმშვიდისთვის წასული ხალხის უმრავლსეობა არ ეწევა იმ საქმიანობას, რისი სპეციალისტიცაა. სამსახურს პოულობს, მაგრამ არა იმას, რაც სურს...

     რა გველოდება ჩვენ "იქ"? მოწესრიგებული საზოგადოება, სუფთა ქუჩები, შეგნებული ხალხი. ვერაფერს იტყვი, მშვენიერია. მაგრამ ეს ყველაფერი სხვისი ხელითა და ძალისხმევითაა აშენებული. ქვეყანა, სადაც მივდივართ, არის სხვისი, - ორ მსოფლიო ომგამოვლილი ქვეყნები. მათი საზოგადოების სისხლითა და ოფლით აშენებული შეგნება და სუფთა ქუჩები. როცა ამ ყველაფერს ვიაზრებ, ვხვდები, რომ ჩვენ უბრალოდ ეგოიზმი და სიზარმაცე გვიტევს. სიძნელეებთან შეჭიდება რთულია, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელს არც ეკონომიკური ფონი და არც შეგნება არ გიწყობს, მაგრამ უბრძოლველად დანებება არ ვიცი, რამდენად გამართლებულია. ნურავინ მეტყვის, რომ იბრძოლა, ვერაფერს მიაღწია და ახლა მიდის... სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლა ექვტიმე თაყაიშვილმა, რომ სამშობლოსთვის განძი და მემკვიდრეობა ჩამოეტანა, ის, რითაც ვამაყობთ, - ჩვენი წარსული შეენახა. სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა ქაქუჩა ჩოლოყაშვილმა, რომ მიწა შეენარჩუნებინა ჩვენთვის. ჩემს წინაპრებს ცოცხლად გააძრეს ტყავი აჭარის მთებში, იმისთვის რომ სამშობლო წაერთმიათ... ნურავინ იტყვის, რომ იბრძოლა და შედეგს ვერ ხედავს.

     რატომ გვტკივა ჩვენს სამაჩაბლო და აფხაზეთი? თუ ქვეყნიდან უკანმოუხედავად წასვლას ვაპირებთ... იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოს ნაწილია? რად მინდა სამაჩაბლო და აფხაზეთი, თუ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი უკვე აღარაფერში მაინტერესებს? ქვეყანა, რომელიც ვერაფერს მაძლევს ღირებულს... დაე ამოვიდეს ანწლი ბაბუაჩემის საფლავზე, იქ, აჭარის მთებში, იმ მიწაზე, რომელიც შემინახა, მაინც არ მინდა ცხოვრება... რაღა საჭიროა ბიჭების დახოცვა ომში, ჩვენი ერთიანობის შესანარჩუნებლად, მიწის შესანარჩუნებლად... მილან კუნდერას "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე" - ში ერთ - ერთ პერსონაჟი სწორედ ამ მოვლენას აკრიტიკებს. აკრიტიკებს ხალხს, ემიგრანტებს, რომლების გაიქცნენ უცოხეთში და ახლა იქიდან ცდილობენ თითქოს რამის გამოსწორებას, კომფორტულ სავარძლებში მოკალათებულები, პატრიოტიზმს ასწავლიან განადგურებულ ჩეხეში მცხოვრებთ. ადვილია გტკიოდეს შორიდან, იქედან, სადაც მთავარი ბრძოლის ცეცხლი არ შეგხებია. მარტივია თქვა: "საქართველო მაინც საქართველოა", - და ხელი ჩაიქნიო. როგორ მეცოდება ჩემი სამშობლო ამ სიტყვებისთვის. ანუ შენ მაინც ის ხარ, ვინც ხარ და სადაც არ უნდა წახვიდე, შენ ისეთივე საქართველო იქნები, როგორიც დატოვე. ქვეყანა არ არსებობს თავისთავად, ქვეყანას ვქმნით ჩვენ. ქვეყანა არის მისი საზოგადოება, კულტურითა და ღირებულებებით. მაშინ ნუღარ იამაყებთ იმითი, რომ ჩაკრულო კოსმოსშია, ქართული ჩოხით, დიდგორით და ა.შ. საქართველო ხომ საქართველოა და დარჩება საქართველოდ. ამ ლოგიკით, ის ასეთივე ქვეყანა იყო, არის და იქნება, როგორიც ეხლა გვაქვს. შესაბამისად ის,რითიც ვამაყობთ, ამ დაბალი შეგნების ხალხის მიერ არის შექმნილი. თუ არ მეთანხმებით, იმისაც გეტყვით, რომ განვითარება და წინსვლა თავისთავად არ მოდის, მას შრომა სჭირდება. ანუ ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ კონდიციას, რომელმაც ის დიდი კულტუარა შექმნა, რითიც ვამაყობთ. და თუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი სულ არ გაინტერესებთ და სულ კარგად ვიყოთ, თქვენ იტყუებით. და მაშინ იტყუებიან ის გაღიმებული უცხოელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში თუ იმუშავებ, არის ესაძლებლობა იმისა, რომ განვითარდე.

     არ ვცდილობ ვინმეში პატრიოტული გრძნობები აღვძრა, ან ვინმეზე უკეთესი გამოვჩნდე. მე უბრალოდ პასუხები მინდა ამ კითხებზე, არგუმენტირებული პასუხები, თუ რატომ არის "პროგრესული" საქართველოდან წასვლა, რა არის სულის ხუთვის მიზეზი, რატომ ნიშნავს ევროპული სუფთა ქუჩიდან გულის ტკივილი სამაჩაბლოზე, - პატრიოტიზმი, რატომ უნდა დავნებდე უბრძოლველად. ვფიქრობ, საზოგადოება, ჩვენ ყველა, ვერ ვიაზრებთ იმ ძალას რასაც ვფლობთ. მგონი დაგვავიწყდა იგავი, რომ "ძალა ერთობაში", რომ საქართველო და ზოგადად ქვეყანა ვართ ჩვენ! არ არსებობს განყენებული, ცალკე ობიექტი "საქართველო", ჩვენ მისი შემადგენელი ნაწილები ვართ. თუ ყველა ერთად გამოვიჩენთ კეთილ ნებას, გვექნება იდეა და სურვილი შევცვალოთ რამე: მოვუსმინოთ ერთამენთს, დავაფასოთ სხვისი აზრი, არ დავყაროთ ქუჩაში ნაგავი, არ მოვჭრათ ხე და ა.შ. არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ვფირობ, რომ ისინი, ვისაც წასვლა გადაუწყვეტია, თავს არ აღიქვამენ ქართული საზოგადოების ნაწილად. თითქოს საზოგადოება არსებობდეს განყენებულად, ქაოტურად მოძრავი ბუზების ჯგუფის მსგავსად და ისინი ცალკე. ვერ იაზრებენ, რომ იმ სუძულვილით, რომლითაც სულის ხუთვაა გამოწვეული, იმ ბნელი საზოგადოების ნაწილი ხდებიან, ვისგანაც გაქცევა სურთ. შრომისა და დახმარების არ სურვილით ისინიც ბნელი ნაწილის მატარებლები არიან. ამ სიბნელეს კი ვერსად გაექცევი, - შენი წილი "ქართული საზოგადოება" ყველგან გამოგყვება. არა მგონია, რომ შოტლანდიელმა, რომელიც დღეს ინგლისელად იწოდება, თავისი კილტით დააფასოს ადამიანი, რომელიც საკუთარი სამშობლოდან გამოიქცა. და ნურავინ მეტყვის რომ, დღეს ნაციონალიზმი ჩამორჩენილობად ითვლება. მაგალითად რომ ავიღოთ თურქეთი, რომლის მაგალითად წარმოდგენა არ გვაქვს წესად, ჩვენზე განვითარებული ქვეყანაა. არცერთი თურქი არ მოგცემს უფლებას, შეურაცხყო თავისი ქვეყანა, რელიგია, გააფუჭო რამე, დაარღვიო კანონი. ყველა სახლზე სახელმწიფო დროშაა გამოკიდებული. ამ ადამიანებმა, ნულიდან ააშენეს თავიანთი დაქცეული ქვეყანა, იშრომეს და დღეს კარგ კონდიციამდე მივიდნენ. მათ უყვართ თავიანთი სამშობლო და დღესაც, როცა იქ მოვლენები "ცუდად" ვითარდება, არავინ ცდილობს გაიქცეს ქვეყნიდან, სადაც "ვერ უგებენ" "ებრძვიან", დისკომფორტს უქმნიან. ისინი იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის. საქართველოს გარდა ქართველები ყველგან ვიქნებით სტუმრები.

     ხალხს რომ თავი დავანებოთ, მიწა - წყალს და წარსულს, - არის რაღაც ცხოველი, მოაზროვნე და გრძნობებით სავსე, რომლის აქ დატოვება მოგვიწევს, რომლის წინაშეც ყველა ადამიანი უძლურია, - ჩვენი მშობლები. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ უცხოეთში და იქიდან მატერიალურად უზრუნველყოთ ეს ძვირფასი ადამიანები. ზრუნვა და სიყვარულის გამოხატვა ახლა მწვანე ფურცლებითაც შესაძლებელია. რატომ გვგონია ასე? რატომ გადავიდა უკანა პლანზე გულითადი ურთიერთობები, სითბოს გაზიარება და ზრუნვა. რატომ გახდა ის ასე შაბლონური. ყველა დავბერდებით. სიბერეს კი ათასგვარი დაავადება მოსდევს. ზრუნვა თუ გაძღომით შემოიფარგლება, მაშინ ახლავე ჩავაბაროთ ჩვენი ახლობლები მოხუცთა თავშესაფარში, გადავიხადოთ ფული ყოველ თვე... მათი მიტოვება ზუსტად ამას გულისხმობს.

     მაინტერესებს პასუხები ამ კითხვაზე. არ ვცდილობ ნამუსზე შევაგდო ვინმე, უკეთეს მოქალაქედ ან პატრიოტად გამოვჩნდე. გული მწყდება, როცა აქედან სამუდამოდ წასვლაზე სახეგაბადრული საუბრობს ადამიანი. მე მათში პესიმიზმს ვხედავ. ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს მარტო ვრჩებოდე. ვფიქობ, ადამიანს არ გააჩნია ძალა, გონებიდან ამოირეცხოს ყველაფერი რაც უყვარდა და ახსოვს. ადამიანს არ შეუძლია ცხოვროს ნოსტალგიის განცდით მუდმივად. ფილმი "ფესვები" ყველას გვაქვს ნანახი. მამაჩემი სახე მახსენდება რომელიც, თავის სოფლის სახლზე ბავშვივით ანთებული თვალებით საუბრობს.

     

ნახვა: 605

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ბრძოლა, განვითარება, ემიგრაცია, ოცნება, სამშობლო

ლაშა: თებერვალი 20, 2015||12:01am

ოხ ჩემო სოციოლოგო, როგორ იცი ხოლმე. :) 

რა გითხრა, ჩემი სატკივარი რომ გტკივა მაგას კი ვხედავ, მაგრამ მოდი მაინც გიპასუხებ იმ კითხვებზე რომელსაც ასე ხმალივით იქნევ და მტრისას ვის გულსახ მოახვედრებ. 

პირველი პასუხი ცალსახად ქართული კულტურისთვის დამახასიათებელია, რაოდენობრივ აზროვნებას და მსჯელობას მოაქვს - რაც მეტი მით უკეთესი. ჩვენთან ასეა - ჯერ კარგად მოვეწყო და მერე დაგეხმარები შენც, ჯერ მე გავმდიდრდე და მერე დავეხმარები ღატაკებს, რა განა როცა მეტი ფული მექნება უკეთ არ დავეხმარები? წავალ ჯერ საზღვარგარეთ ვიცხოვრებ და რომ ჩამოვალ უკეთ დამაფასებენ და გამოვადგები ჩემს ქვეყანას. 

ესაა ის არგუმენტები, თუ ჰქვია ამას არგუმენტები, რომლებიც შენს ბასრ ისრებს წინ აღუდგება. ამას გარდა კიდევ არის მრავალი - ოჯახს უჭირს, ლუკმა პური არ მქონდა, ახლა კი მაქვს ვილაც, მაგრამ რა, ისევ სიღარიბეში დავბრუნდე? გასამტყუნებლად ადვილია, მაგრამ ყველა ჩვენგანს გვყავს ვინმე საზღვარგარეთ და როცა მათ ვხვდებით და ვიცით, მათი იქ ყოფნის მიზეზები, ის ტრავმები რაც გადაიტანეს ამ უცხოობაში, მარტოობაში. რა მძიმე სამუშაობს ასრულებდნენ რომ აქ შვილები გამოეკვებათ, მერე ძნელია სამშობლოს სიყვარულზე ესაუბრო, მით უფრო რომ მათ ტექსტებში სამშობლოზე გულისტკივილიც იგრძნობა. 

კიდევ არის ის ფაქტორი, რომლზეც ვფიქრობდი რომ საუბარს იქით წაიყვანდი - უცხოტომელების ხელში ქართული ფიალები და კომფორტული მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის დაუფასებლობა. ეს ხშირი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ელის. ქვეყნიდან წასვლის ხშირი მიზეზი სწორედ შენი ქვეყნის ხელისუფლებათა მხრიდან ადამიანების დაუფასებლობა და გარიყვაა ხოლმე. 

ასეც და ისეც, მთელი დროის მანძილზე, როცა ამ ტექსტ ვკითხულობდი, ერთი სახე მედგა თვალწინ და არ შემიძლია რომ არ დავლინკო - http://www.qwelly.com/video/dasamali

elisabed: თებერვალი 20, 2015||12:06am

სამუდამოდ წასვლაზე მაქვს საუბარი ლაშა, აი ახალგაზრდები რომ სამუდამოდ წავლაზე ფიქრობენ და გეგმავენ უკვე 

ლაშა: თებერვალი 20, 2015||12:10am

elisabed მანდ არგუმენტები არ არსებობს, არც პასუხები ექნებათ ადექვატური. როგორც კეჟერაძე ამბობს "უსამშობლოდ კაცი არააააააა ხარ გერასიმე!" :)) 

salome: თებერვალი 20, 2015||5:25pm

უკვე რამდენიმე თვეა რაც სახლში არ ვარ და ზუსტად ვიცი, რომ აქ არ ვიცხოვრებდი ! ;) პრინციპში მანამდეც ვიცოდი :D

ერთი - უცხოა. უცხო ქვეყანა იმიტომ ჰქვია, რომ რაც არ უნდა დიდხანს იცხოვრო, მაინც უცხოდ დარჩება შენთვის!.

მეორე - ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი საქართველოშია!

მესამე - არც აქ არის დალაგებული ყველაფერი ისე, როგორც გვგონია!

მე ყველაზე მეტად გული მწყდება,იმაზე, რომ უცხოეთიდან ჩამოსული ქართველი ახალგაზრდები ქართულ რეალობაზე წუწუნებენ, უსამართალობას, უკანონობას და უწესრიგობას აპროტესტებენ საქართველოში და იქიდან გაქცევის გზებს ეძებენ. ეს კი მაშინ, როდესაც უცხოეთში ყველაზე "კანონმორჩილი" და "მოწესრიგებული" მოქალაქეები არიან !!!! :)))


პ.ს. მაგარი გოგო ხარ შენ, ელი! <3 

მარიკო: თებერვალი 20, 2015||7:28pm

ლაშიკო, გეთანხმები ჩემო ძვირფასო მეგობარო და საუკეთესოდ მოაზროვნე ადამიანო! ზუსტად დღეს მეტროში გოგონა შემოვიდა უცხოელ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად. ისინი მეტროს მეორე ხაზზე იყვნენ როგორც მე, ეტყობოდა გოგონა ხშირად არ იყენებდა მეტროს ან თავს აჩვენებდა მეგობარს, რომ მეტროზე მხოლოდ სმენია და პრაქტიკლად შეხება არ ჰქონია. როდესაც გამოცხადდა რომ შემდეგი სადგური "სადგურის მოედანი" ბოლო გაჩერება. გოგომ თვალები დაცქვიტა და ქართულად იქვე მყოფ გოგონას შეეკითხა, რომ ის სხვა გაჩერებაზე მიდიოდა და როგორ წასულიყო. მანამდე სანამ გაერკვეოდა თავის მეგობარ უცხოელს უთხრა ინგლისურად "ეს საქართველოა" მისი სიტყვები საოცრი სარკაზმით გამოირჩეოდა. შეიძლება მეც მითქვამს მსგავსი რამ მაგრამ არა უცხოელთან და არა მსგავსი ზიზღით.. მაშინ მივხვდი რა ცუდად ჟღერს და რომ შენ ამავე ქვეყნის მოქალაქე ამას ამბობ სხვისგან რას უნდა ელოდე..

იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენვე უნდა გვეამაყებოდეს და ვუფრთხილდებოდეთ ჩვენს ქვეყანას! და თუ სადმე უნდა ვინმეს წასვლა ეგეც იმიტომ, რომ საზღვარგარეთ "ჭ" კლასის კოლეჯ დამთავრებულიც კი მაღალ კვალიფიციურად ითვლება ვიდრე აქ თსუ დამთავრებული. 

ლაშა: თებერვალი 20, 2015||10:14pm

მარიკო გეთანხმები, ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ვერაფერს ვუშველით. ფასეულობების და ღირებულებების სრული, არალოგიკური შეცვლა, გაუფასურება და ალბათ გაქრობაც კი. :( 

Kakha: მარტი 18, 2015||10:01am

პარადოქსს :DD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters