მიხა ჯიღაურის გუნდი


მიხა ჯიღაური

      1921 წელს, თებერვლის 25-ს, საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ამ ამბავს მე მეტისმეტად მტრულად შევხვდი: გარდა იმისა, რომ გაზეთებში დაიბეჭდა ჩემი ანტიკომუნისტური ლექსები ("მწუხრები" და სხვა), სცენაზე, კლუბებში და ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იყო, გამოვდიოდი იმისთანა მტრული ლექსებით, რომლებიც, შემდეგში რომ მომაგონდებოდა, ჟრუანტელსა მგვრიდა და თმებს ყალყზე მიყენებდა, თან მიკვირდა: ამგვარი ლექსებისათვის რატომ არ დამხვრიტეს.

      ჩემმა ბეცმა და მიუხვედრელმა ახალგაზრდობამ გაიარა. დავდუღდი. მივხვდი, რომ ვებრძოდი იმას, რაც მე მენატრებოდა, მივხვდი, რომ თავს ქვას ვახლიდი, მივხვდი, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება საქართველოს მოსპობას კი არ ნიშნავდა, როგორც ჩაგონებული გვქონდა, არამედ, პირიქით: თურმე მის ასაყვავებლად და ასამაღლებად შეიცვალა რეჟიმიც და ხელისუფლებაც. ეს მთელი სიგრძე-სიგანითა და სიღრმით შევიგენ, მაგრამ გვიანღა იყო. მე უკვე სახელი გამიტყდა და ჩემმა თანამოკალმეებმა შუბლზე დამღაც დამკრეს: შენ კონტრრევოლუცია ხარ და აქ ადგილი აღარა გაქვსო. რა თქმა უნდა, იმათ კარგად იცოდნენ, რომ მე გულწრფელად მივხვდი შეცდომებს, მაგრამ ჩემი წინ გაშვება არ ინებეს, რადგან

      მათთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა. ამის გამო ჩამოვრჩი კულტურულ ცხოვრებას, ჩემს საქმეს და ბუდიდან ამოვარდნილივით დავდიოდი უსაქმოდ. ამიტომვე ბევრი კარგი საქმეების შემძლე ხელფეხშეკრულივით ვიყავ. ყველას საკმაოდ დიდი საბუთი ჰქონდა ჩემი ჩამოყენებისათვის, უკან დაწევისათვის; მწერლობაში წინ ფეხი ვეღარ წავდგი, თუ არ ჩავთვლით სახელგამის მიერ რამდენიმე ჩემი ნაწარმოების გამოცემას.

      1927 წელს, ძველმა საზოგადო მოღვაწემ ნიკოლოზ (კოლა) ერისთავმა განიზრახა ლიტერატურული საღამოს გამართვა რუსთაველის თეატრში. მას უკვე შეედგინა საღამოს პროგრამა და ბოლოს მეც მომმართა: - იოსებ, შენ ხალხს უყვარხარ, შენი ლექსების მოთაყვანენი და პატივისმცემელნი საქართველოში ჯერ კიდევ სულ არ გამქრალან და კარგი იქნება, თუ ჩემს ლიტერატურულ საღამოს შენც დაამშვენებ.

      დიდი სიამით დავთანხმდი. კაი ხანი არ გამოვსულიყავ სცენაზე და ამჟამად მტკიცედ გადავწყვიტე აპოლიტიკური ლექსების წაკითხვა, თუ მეორედ გამომიძახებდა საზოგადოება, უნდა მეთქვა ლექსი ლენინისადმი, რომელიც ასე იწყება:

      მზეებრ ჩავიდა იგი საფლავში,

      ჩავიდა მისთვის, კვლავ ამოვიდეს:

      მისი მოძღვრება, ვით მზის კაშკაში

      წინ გაგვიძღვება და გზას გაგვიკვლევს...

      და სხვა.

      მეორე დღეს უნდა ყოფილიყო აფიშები გაკრული მთელს ქალაქში. იმედი მქონდა, მასზე ჩემი გვარიც იქნებოდა, მაგრამ აფიშების ბოძთან რომ მივედი ნიკო ერისთავის საღამოს საძებნელად, მან უკანიდან მტაცა ხელი მკლავში და მომესალმა.

      მისგან გავიგე, რომ აფიშების გაკვრის ნება არ მიუციათ, როგორც ყოფილი თავადისათვის.

      მერე? - ვკითხე ნიკოს

      მერე ისა, რომ სხვანაირ ხერხს მივმართე: საღამოს გამართვის ნებას აძლევენ ძველ მსახიობს გიორგი იორდანოვს - იორდანიშვილს (ქართული თეატრის მსახიობი).

      მერე? - ვკითხე კიდევ ერისთავს.

      მერე და იორდანოვს ავაღებინე ნებართვა.

      ხომ მაინც მოხერხდება საღამო, ხომ მიიღეთ ნებართვა?

      ნებართვა კი მივიღეთ, მაგრამ პროგრამაში შენი გვარი წაშალეს.

      აფიშა დააბეჭდვინე?

      არა, - მიპასუხა მან, - შენს მაგივრად სხვა ვინმე უნდა შევიტანო და ვის მირჩევო, - მკითხა მან ბოლოს.

      ბევრი ფიქრი არ დამჭირდა.

      1915 წლიდან განვიზრახე და მიზნად დავისახე, როგორმე თბილისელი ქართველებისთვის მეჩვენებინა ხალხური მომღერლები და ნამდვილი ქართული ხალხური სიმღერები მომესმენინებინა. ამის შესახებ მოსკოვში ვებაასე ცნობილ ქართველ კომპოზიტორს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილს და ეს საუბარი დაიბეჭდა მაშინდელ აკადემიურ გაზეთში ("სახალხო ფურცელი", 9 დეკემბერი, 1916 წელი).

ბაასი დ. ე. არაყიშვილთან


დიმიტრი არაყიშვილი

      ამ დღეებში შევიარე ჩვენს კომპოზიტორ დ. ე. არაყიშვილთან. დიდხანს ვიბაასეთ საქართველოს აწმყო-წარსულ-მომავალზე და კერძოდ, ქართულ ხალხურ მუსიკაზე. სხვათა შორის მეტად საყურადღებო აზრი გამოსთქვა ბატონმა არაყიშვილმა ქართულ ხალხურ სიმღერებზე, რომელნიც მას აქვს ჩაწერილი საქართველოში ყოფნის დროს ფონოგრაფით (ხუთასამდე ხალხური სიმღერა აქვს ჩაწერილი).

      ბაასის დროს არაყიშვილმა, სხვათა შორის, თქვა: მე ბევრჯერ მოვისმინე ხალხური სიმღერები სხვადასხვა ალაგას გლეხებისაგან, მაგრამ განცვიფრებული დავრჩი, როდესაც იგივე სიმღერები გავიგონე ტფილისის სცენაზე ქართულ მომღერალთა გუნდისაგანაო, ვსთქვი: რა არის საერთო ამ გუნდისაგან ნამღერსა და ხალხურ სიმღერებს შორის, რომლებიც გაგონილი მქონდა სოფლებში გლეხებისაგანაო. სოფელში ვერც ერთგან ვერ ჰნახავთ, რომ სიმღერაში რამდენიმე პირი იძახდეს პირველსა და რამდენიმე მოძახილი მისდევდეს პირველებსაო. ვერც ქალაქებში კერძო სიმღერებში ნახავთ ამას. ეს ქართული სიმღერის ბუნება არ არის, პირველსაც და მეორესაც მუდამ თითო პირი ამბობს, დანარჩენები ბანს ეუბნებიან. პირველიც და მეორეც სიმღერაში ისე მიხვეულ-მოხვეულებს აკეთებენ, ისეთნაირად ჩააკაკან-ჩაარაკრაკებენ ხმას, რომ ყოვლად შეუძლებელია ეს რამდენიმე ხმამ ერთად შეძლოს. სცენაზე კი მთელი "როტა" პირველებისა და მეორებისა გამოჰყავთ ლოტბარებსა და ამახინჯებენ ხალხურ სიმღერებს, რადგანაც ეს მის ბუნებას სრულიად არ შეეფერება. კიდევ ის არის სამწუხარო, - თქვა არაყიშვილმა, - რომ ტფილისის მომღერალ გუნდების ლოტბარებს ხშირად უყვართ თავიანთით რამის წამატება, რაც მუდამ აფუჭებს ქართულ ხალხურ სიმღერას. მით უფრო სამწუხაროა ესა, რომ ამ ლოტბარებს თავი დიდი მცოდნე ჰგონიათ და საზოგადოებაც უჯერებს მათა. შეიძლება, მათი ასეთი სიმღერები მივიღოთ კიდეც, როგორც კარგი, მაგრამ, როგორც ქართული ხალხური სიმღერა, კი არა.

      ნიჭიერი და სინდისიერი ლოტბარი, თუ იმას ნამდვილი ხალხური სიმღერების ჩვენება უნდა, არაფერს მიუმატებს, არც გამოაკლებს, რადგანაც ყოველი ნოტი, ყოველი მიმოხვრა ხმისა დამახასიათებელია იმ ხალხის სულისა, რომელიც მასა მღერის, ეს არის ძვირფასი განძი, იმას უნდა გავუფრთხილდეთ, ეს უნდა შევინახოთ, ხოლო, თუ გამოვცვლით, სხვა სახელი უნდა დავარქვათ და არა ქართული - ნამდვილი ხალხური სიმღერა.

      რაც შეეხება ოპერას, - სთქვა არაყიშვილმა, - ამბობენ, ოპერა ქართული უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი, რას ეძახიან ქართულ ოპერას. სცენაზე რომ გმირები გამოვიყვანოთ და თითო-თითოს თითო ქართული ეროვნული, ხალხური სიმღერა ვამღეროთ, ეს ქართული ოპერა კი არა, არავითარი ოპერა არ იქნება.

      ოპერა ისეთი რთული, ხელოვნური ნაწარმოებია, რომელიც შეიცავს თავისებურ ფილოსოფიურ იდეებს, მაგალითად: არ შეიძლება ავიღოთ რომელიმე ხალხური სიმღერა და უცვლელად გადავიტანოთ ოპერაში. ოპერას, როგორც ყოველ დრამატიულ ნაწარმოებს, აქვს თავისი მიზანი, რომლის ფსიხოლოგიაც დახასიათებულია მუსიკითა და სხვა. ამიტომ ხალხური სიმღერების უცვლელად გადატანა ოპერაში არ არის მხატვრული ან შემოქმედებითი ფორმა მუსიკისა და ნიშნავს მხოლოდ ხალხურ სიმღერების ეტნოგრაფიას; ხოლო თუ გვინდა ოპერა ქართული იყოს, მასში ისე უნდა იქმნეს ქართული სიმღერების კილო დაცული, რომ ქართველმა თქვას, ქართულიაო, მაგრამ ვერ კი შეეძლოს გამოცნობა, თუ რომელი სიმღერიდან არის იგი ამოღებული და გადამუშავებული. ასეთი ოპერა ქართველის გულს მოხვდება და უცხოსაც დიდად აამებს, - ასე დაათავა ბაასი დ. ე. არაყიშვილმა.

      ... რა აზრი ჰქონდა, რისთვის მინდოდა ხალხური მომღერლების თბილისში ჩამოყვანა? - უეჭველია, მკითხველს ეს კითხვა დაებადება. მით უფრო, ცნობილი იყო თბილისში მაშინდელი სიმრავლე ხალხური გუნდებისა, რომელთა ლოტბარებიც კამერტონების წკრიალით, ტონის მიცემითა და ხელების ქნევით იყვნენ ცნობილნი საზოგადოების წინაშე.

      ამის საპასუხოდ მოკლედ უნდა ვთქვა: ქართულ ხალხურ სიმღერას არავითარი ტონის მიცემა და მერე ხელების ქნევა არა სჭირდება. ქართული ხალხური სიმღერა სამხმიანი, ორხმიანი და ერთხმიანია, უმეტეს შემთხვევაში, სამხმიანი. პირველ მოძახილს მეორე მოძახილი მიჰყვება და მერე რამდენიმე ბანი შეავსებს ჰარმონიას, ამასთანავე ყოვლად შეუწყნარებელია რამდენიმე პირველი და რამდენიმე მეორე მოძახილი მღეროდეს, ისევე, როგორც "ევგენი ონეგინში" ორმა ონეგინმა და ორმა ტატიანამ იმღეროს.

      ხალხური მომღერლები, ვინც უნდა აიღოთ, არამც თუ ცნობილი მომღერლები, თვით გლეხიც, რომელსაც ჩვეულებრივი ნიჭი შესწევს სიმღერისა, ერთსა და იმავე სიმღერას ხან ასე იმღერს, ხან - ისე. მოკლედ ხალხური სიმღერა იმას ნიშნავს, რომ მისი ყოველი შემსრულებელი გლეხი ამ სიმღერის ავტორიცაა. ამიტომ შეუძლებელია რამდენიმე კაცი ამბობდეს პირველს და რამდენიმე - მეორეს.

      რაც შეეხება ხელების ქნევას, ეს პირდაპირ უაზრობა და ამაო შრომაა. ეს ჩვენმა ქალაქელმა ლოტბარებმა ისწავლეს ევროპელთაგან. მაგრამ ერთი რამ ვერ გამოიცვნეს: ევროპაში ხალხურ სიმღერებს კი არ უქნევდნენ ხელებს, არამედ კომპოზიტორთაგან შექმნილ გუნდებს. მე ვფიქრობდი, რომ ისეთი ხალხური სიმღერები, როგორიც ჩვენა გვაქვს, ევროპელებს ან არა ჰქონდათ, ან თუ აქვთ, მას არ უქნევენ ხელს.

      ჩვენი ლოტბარები კი ხალხურ სიმღერებს ასწავლიდნენ გუნდის წევრებს, სიმღერასაც ამახინჯებდნენ და მღერის წესსაც ღალატობდნენ (მათ რომ ვკითხოთ - აკეთებდნენ), რაც ხალხურ სიმღერას ხალხურობას ართმევდა, ართმევდა ორიგინალურ სახეს.

      სწორედ ამ მიზნით მინდოდა ჩამომეყვანა სოფლიდან ხალხური მომღერლები. მინდოდა, თბილისელებისთვის მეჩვენებინა, თუ რა იყო ქართული ხალხური შემოქმედება, რომელიც ჩვენი მაშინდელი ლოტბარების ხელში მახინჯდებოდა და გადაგვარების გზას ადგა.

      - ვინ წაშალა ჩემი გვარი? - ვკითხე ნიკოს.

      - ახალგაზრდა ყმაწვილია, მგონი, პატიკო ქიქოძეს იტყვიან.

      - ჰო, ვიცი, - წავიბურტყუნე ჩემთვის.

      ხელოვნების მთავარ სამმართველოს მაშინ ეს ყმაწვილი, ნაროუშვილი, ლუარსაბიძე და სხვები განაგებდნენ. ამ ახალგაზრდებს მე არ მოვწონდი, ეჭვის თვალით მიყურებდნენ და ყოველგვარი საბუთიც ჰქონდათ ამისი: მათ სრული უფლება ჰქონდათ ჩემი გვარის ამოშლისაც და ჩაწერისაც, ამიტომ კოლა ერისთავს ვუთხარი:

      - ჩემს გვარს რომ წაშლიდნენ, წინდაწინვე ვიცოდი. ამიტომ მინდა, ჩემი ადგილი ისეთ ვინმეს შევთავაზო, რომელიც ჩემზე უკეთესად თუ არა, ნაკლებ მაინც არ გამოიტანს სცენაზე ჩვენი ხალხის თავისუფლებას, სიკეთეს, ეროვნულ-ხალხურ სახეს.

      - ვის გინდა დაუთმო შენი ადგილი? - შემეკითხა იგი მოუთმენლად.

      - დიდი ხანია განზრახვა მქონდა, კახეთიდან ჩამომეყვანა განთქმული მომღერლების გუნდი, მაგრამ ამისი საშუალება ვერ მოვიპოვე - ვერც მეფის რეჟიმის დროს, ვერც მენშევიკების ხანაში და, მე მგონია, რომ ახლა ამისი დრო არის სწორედ. ამიტომ შენი საღამოსთვის კახეთიდან გამოვუძახებ გლეხ მომღერლებს, რომლებიც შენც გასახელებენ, ქართველ ხალხსაც და ჩემი მიზანიც მიღწეული იქნება.

      ეს რომ ვთქვი, კოლა ერისთავს ისე მოეწონა, რომ სიხარულისაგან ტაში შემოკრა.

      - ვინ გინდა ჩამოიყვანო? - მკითხა მან ბოლოს.

      - შიდა კახეთში განთქმულია გლეხი მომღერალი შილდელი დედას ლევანა. მართალია, ყარალაშვილები უფრო კარგა მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს, მაგრამ ისინი თავადები არიან და მათ სცენაზე არავინ გამოუშვებს. ამიტომ დედას ლევანა ჯობია, ის საწყალი გლეხია და კარგი მომღერალიც.

      რა თქმა უნდა, რომელიმე ლექსის წაკითხვას სჯობდა, სცენაზე გამოგვეტანა იმისთანა სიმღერები, როგორიც არის: "კახური მრავალჟამიერი", "ჩაკრულო", "ხეურო", "მაყრული", "მხედრული", "ღმერთო ღმერთო", "ჩონგურო", "თამარ-მეფე", "ალილო", "ჭონა", "ბერიკაცი ვარ", "მკის სიმღერა", "თოხნის სიმღერა" და ათასი სხვა.

      გადავწყვიტეთ და იმავე დღეს დეპეშა ვაფრინე თელავში მასწავლებელ გიორგი ბურჭულაძესთან, რათა მას შილდიდან დედას ლევანა წამოეყვანა. ამის გამო ჩვენ საღამო ერთი კვირით გადავდეთ. ნიკომ მეორე დღეს, მთავლიტის მოთხოვნით, შეცვალა ჩემი გვარი დედას ლევანას მომღერალი გუნდით, რაც თურმე იმათაც ძალიან ესიამოვნათ.

      გიორგი ბურჭულაძემ მესამე დღეს ჩამომგვარა დედას ლევანა და მისი პირველი მოძახილი ალექსი ელოშვილი (ისიც შილდელია).

      რა თქმა უნდა, ეს ორი კაცი, პირველი და მეორე მოძახილები, სიმღერას ვერ იტყოდნენ, მით უმეტეს, რომ ყოველ სიმღერას თავისი მომღერალი ჰყავს, მაგალითად: "მრავალჟამიერს" შესანიშნავად მღერის დედას ლევანა, "ჩაკრულოს" - მიხა ავგაროზიშვილი, "ღმერთო-ღმერთოს" - აღნიაშვილი, ნაზარა და სხვა. ყველა ესენი რომ გამომეწვია, არავითარი საშუალება არა მქონდა და ვიფიქრე: რასაც ეს ორი კაცი იმღერებს, ჯერჯერობით ესეც საკმარისი იქნება თბილისისათვის, რაც შეეხება ბანებს, ამას აქ, თბილისში, მოვუძებნი-მეთქი. ასეც მოვიქეცი.

      ... დედას ლევანა და ელოშვილი ჩემსას ჩამოვიდნენ, მე მაშინ ვცხოვრობდი ჩემი პირველი მეუღლის ირა გერცევას სახლში (შიო ჩიტაძის ჩიხი 1), რომელიც ფუნიკულიორის წინ ახლად გაშენებულ ბაღს გადაჰყურებდა. ბინა ფართო მქონდა და ეს საპატიო სტუმრები კარგად მოვაწყვე.

      დავაბინავე თუ არა სტუმრები, დავუძახე ჩემს მეგობრებს და მომღერლების გამოსაცდელად პატარა წვეულება გავმართე. დედას ლევანას სიმღერა მე გაგონილი მქონდა 1908 წელს და ვშიშობდი, ვაითუ ახლა ისეთი ხმა აღარა ჰქონდეს და ხალხის წინაშე არ შევრცხვემეთქი.


დედას ლევანა

      მართლაც, დედას ლევანა 76 წლის იყო, ელოშვილი - 82-ის და ქეიფებში გაცვეთილ ხალხს რაღა ხმა უნდა შერჩენოდათ?! იმღერეს სიმღერები, ამ სიმღერებში მოსჩანდა უზარმაზარი გენია ქართველი ხალხისა, მისი კულტურა, საუკუნეთა განმავლობაში გულით ნატარი ტანჯვაც, სიხარულიც, კვნესაც და სიცილიც, მაგრამ ლევანას გაბზარული ხმა, ხოლო ელოშვილის აქა-იქ ხრინწი, მაღონებდა, თუმც გულს იმით ვიმედოვნებდი, რომ ამ ძველი ოსტატების ყელში, რაც უნდა მრუდედ ამოსულიყო სიმღერა, მაინც ჟრუანტელს მოჰგვრიდა მსმენელთ.

      ის დედას ლევანა, რომელსაც ბავშვობაში ვიცნობდი, აღარ იყო. მას თავისი პეწი დაჰკარგოდა, ხავერდი გადასცვეთოდა ხმაზე, მაგრამ სიმღერას ისევ ისე მშვენივრად და ოსტატურად მღეროდა. მან მთლიანად მაინც ვერ დამაკმაყოფილა. ამიტომ საღამოს მატარებლით ვაფრინე ჩემი უმცროსი ძმა დიმიტრი ჩვენს სოფელში - კაკაბეთში, სადაც ცხოვრობდა სამოცი წლის მომღერალი მიხა ჯიღაური და დავავალე: მკვდარი თუ ცოცხალი, ხვალვე აქ უნდა მომგვარო-მეთქი.

      მეორე დღეს, საღამოს ექვს საათზე, დიმიტრიმ კაკაბეთიდან ჩამოიყვანა მიხა ჯიღაური. მომღერლებს გავაცანი ერთმანეთი. ავუხსენი ჩემ მიერ დაწყებული საქმის მიზანი და ვთხოვე სიმღერა. როცა მიხამ დაიწყო "ჩაკრულო", დედას ლევანამ ყბა დააღო და, ცოტა არ იყოს, ეწყინა. მიხას ხმა ზარივით გაისმა, ოთახი გაავსო და შიგ რომ ვერ დაეტია, გარეთაც გაიჭრა. ამ ხმაზე ბაღში მსხდომი ხალხი წამოიშალა და მოაჩერდა ჩემს ფანჯრებს. დედას ლევანას ძალიან ეწყინა და მეორე მოძახილი აღარ უთხრა.

      ქართველებს დიდ ღირსებებთან ერთად დიდი ნაკლიცა აქვთ: თუ შეატყო თავის მოძმეს რაიმე სიკეთე, შურით აივსება - ან გასკდება ამ შურით ან იმდენს იზამს, მოსპობს მოპირდაპირეს.

      - ლევან, - ვუთხარი მე, - შენ შენს ჯეელობაში მიხასა სჯობდი, შენი სახელი ქვეყანამ იცის, მაგრამ რა არის, რომ ახლა თექვსმეტი წლით შენზე უმცროსს უკეთესი ხმა ჰქონდეს?! თქვენ ხომ ერთი დედის შვილები ხართ, ნუ გაუწევთ ერთმანეთს ჯიბრს, პირიქით, ერთმანეთს უღელი კარგა გაუწიეთ, რომ ჩვენს მშობელ ერს, ჩვენს ხალხს, მთელი სიგრძე სიგანით ვუჩვენოთ ხალხური შემოქმედება; ამისთვის ის დიდ მადლობას გვეტყვის, მის სიყვარულსა და უაღრეს პატივისცემას დავიმსახურებთ. ჯიბრი კი ამ საერთო, ეროვნულ-ხალხურ საქმესაც წაახდენს და ხალხსაც შევეზიზღებით, დამიჯერეთ!

      ლევანამ ყური კარგა დამიგდო, ელოშვილმა კვერი დამიკრა და ლევანაც დამთანხმდა. ოღონდ ის კი მითხრა, მიხასთან შეჩვეული არა ვარ, ხმა არა მაქვს მასთან შეწყობილი და, ამას გარდა, ამ სიმღერებს გარეკახეთში სხვანაირადა მღერიან, შიდა კახეთში კი სხვანაირადო, ამიტომ შეიძლება ვერ შევეწყოთ ერთმანეთს, კილო კილოს ვერ მივუყენოთ და სიმღერა გაგვიფუჭდესო.

      დავსხი ისევ სუფრაზე. სტუმრად საუკეთესო მცოდნე ხალხი მყავდა მოწვეული. მათთვის მობანეებად მოვიყვანე ჩემი ბიძაშვილები - გიორგი და ნიკო, ორი კაციც სხვა. ეს საკმარისი იყო ქართული ხალხური სიმღერის სათქმელად. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენს ხალხურ სიმღერებს შვიდი-რვა კაცის მეტი არ უნდა.

      პირველი სადღეგრძელო ლევანასი იყო. მიხა ჯიღაურს ვთხოვე, დედას ლევანას სადღეგრძელოდ "მრავალჟამიერი" დაეწყო. ლევანას მეორე მოძახილი დავავალე. მიხამ აარაკრაკ-ჩაარაკრაკა, ლევანამ შეუტია თავისი მედიდური ხმით, ჩვენც კარგა ვუთხარით ბანი და ჩემს სახლს ალყა შემოარტყეს მსმენელებმა. გარედან გვიკვეთავდნენ - ესა და ეს სიმღერა თქვითო.

      ვიმღერეთ სხვა სიმღერებიც. ლევანა და მიხა მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს. გამეხარდა. ცამდე ავიწიე, ამაღამ თავს ვისახელებთ ხალხური სიმღერებით-მეთქი.

      სუფრიდან შვიდ საათზე ავდექით. მე დედას ლევანასთან, მიხა ჯიღაურსა და ელოშვილთან ერთად პირდაპირ თეატრში წავედი, დანარჩენები კი, ვისაც ბანი უნდა ეთქვა, წავიდ-წამოვიდნენ და დამპირდნენ: ნახევარ საათში ყველანი თეატრში მოვიდოდნენ.

      აუარებელი ხალხი მიაწყდა თეატრს. ამას ხელი შეუწყო გაზეთმა "ზარია ვოსტოკამ", რომელმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა ხალხური მომღერლებისადმი, ჩემთან სახლში გამოგზავნა ფოტოგრაფი, გადაიღო ამ მომღერლების სურათი და დაბეჭდა კიდეც.

      კონცერტის წინა დღეს, როდესაც ფოტოგრაფმა სურათი გადაიღო და წამოვიდა, მას ჩვენც ჩამოვყევით რუსთაველის პროსპექტზე. მაშინ რუსთაველის თეატრის პირდაპირ ტროტუარზე გრძელი სკამები იდგა. მერხზე ჩამოვსხედით მე, ელოშვილი და დედას ლევანა. ჩვენს გვერდით იყო სააფიშო ბოძი, რომელზედაც, სხვათაშორის, ჩვენი საღამოს აფიშაც გაეკრათ, რომლიდანაც დიდი, ერთი მტკაველის სიგრძე ასოებით ეწერა "დედას ლევანა". ვიღაცა კაცმა, ტროტუარზე ჩვენ წინ რომ მოდიოდა, თითი გაიშვირა აფიშისაკენ და მეორე თანამგზავრს უთხრა: აგერ დედას ლევანაო. ლევანას ეგონა, შეეშალა - სხვა კაცში ერევა, თორემ მე აქა ვარ და ის იქ უჩვენებსო. წამოხტა და მიაძახა: ის კი არა, მე ვარო. მაგრამ უცნობი კაცი გამვლელ-გამომვლელში აირია... ლევანა დავსვი სკამზე.

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გუნდები, ვაჟთა_გუნდი, კახეთი, ქველი

ნახვა: 509

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 3 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters