მიხაილ ბულგაკოვი - საბედისწერო კვერცხები

qwelly | mixail bulgakovi sabediswero kvercxebi | mixail bulgakovi | motxroba | literatura | nawarmoebi | rusuli literatura | მიხაილ ბულგაკოვი საბედისწერო კვერცხები | მიხაილ ბულგაკოვი | ლიტერატურა | მოთხრობა | ნოველა

თავი I. პროფესორ პერსიკოვის კურიკულუმი ვიტე

      1928 წლის 16 აპრილს, საღამო ხანს, მოსკოვის IV უნივერსიტეტის ზოოლოგიის პროფესორი და ზოოინსტიტუტის დირექტორი პერსიკოვი თავის კაბინეტში შევიდა, გერცენის ქუჩაზე მდებარე ზოოლოგიის ინსტიტუტში რომ იყო მოთავსებული. პროფესორმა ზედა მქრქალი სფერო აანთო და მიმოიხედა.

      საზარელი კატასტროფის დასაწყისად სწორედ ეს ავბედითი საღამო ჩაითვალა, ისევე როგორც ამ კატასტროფის პირველმიზეზად უთუოდ პროფესორი ვლადიმირ იპატიევიჩ პერსიკოვი უნდა მივიჩნიოთ.

      იგი ზუსტად 58 წლისა გახლდათ, დიდებულ, ქვასანაყისნაირ, გამელოტებულ თავს გვერდებზე მოყვითალო თმის ბღუჯები გამოსჩროდა. წვერს მუდამ სუფთად იპარსავდა, წინ წამოზიდული ქვედა ტუჩის გამო სახეზე ნიადაგ ოდნავი ჭირვეულობის დაღი აჩნდა. წითელ ცხვირზე ვერცხლისჩარჩოიანი, პატარა, ძველმოდური სათვალე დაეკოსებინა, თვალები უბრწყინავდა, ტანმაღალი და წელში ოდნავ მოხრილი იყო. წრიპინა ხმის პატრონს სხვა უცნაურობათა შორის ამგვარი ჩვევაც ჰქონდა: როცა რამეს საფუძვლიანად და დამაჯერებლად ამბობდა, მარჯვენა სალოკ თითს მოკაკვავდა და თვალებს მოჭუტავდა. და რადგანაც მუდამ დამაჯერებლად ლაპარაკობდა, ვინაიდან თავის დარგში სავსებით ფენომენალური ერუდიცია გააჩნდა, ამის გამო პროფესორ პერსიკოვთან მოსაუბრეების ცხვირწინ მისი მოკაკული თითი ძალზე ხშირად ტრიალებდა. თავისი დარგის, ანუ ზოოლოგიის, ემბრიოლოგიის, ანატომიის, ბოტანიკისა და გეოგრაფიის გარდა პროფესორი პერსიკოვი თითქმის არაფერზე ლაპარაკობდა.

      პროფესორი პერსიკოვი გაზეთებს არ კითხულობდა, არც თეატრში დადიოდა, ცოლი 1913 წელს გაექცა, ოპერის ტენორს, ზიმინს გაჰყვა და ამგვარი შინაარსის წერილი დაუტოვა: „შენი ბაყაყები ისე მეზიზღება, მათი გახსენებაც კი აუტანელ ჟრჟოლას მგვრის. მათ გამო სულ სიცოცხლეგამწარებული ვიქნები“.

      პროფესორი მერე აღარ დაოჯახებულა. შვილები არ ჰყავდა. ძალზე ფიცხი გახლდათ, ოღონდ ბრაზი მალე გაუვლიდა ხოლმე, მიწამაყვალას მურაბიანი ჩაი უყვარდა, პრეჩისტენკაზე ცხოვრობდა ხუთოთახიან ბინაში, რომლის ერთი ოთახი ხმელ-ხმელ დედაბერს, ეკონომ ქალს, მარია სტეპანოვნას ეკავა, პროფესორს გადიასავით რომ უვლიდა.

      1919 წელს პროფესორს ხუთი ოთახიდან სამი ჩამოართვეს. მაშინ პერსიკოვმა მარია სპეტანოვნას განუცხადა: - მარია სტეპანოვნა, თუ ისინი ამ უმსგავსობას არ მოიშლიან, საზღვარგარეთ წავალ. პროფესორი ამ გეგმას თუ განახორციელებდა, ეჭვგარეშეა, მსოფლიოს რომელიც გინდა უნივერსიტეტში ზოოლოგიის კათედრაზე მოწყობას სულ იოლად შეძლებდა, რადგანაც მართლაცდა პირველხარისხოვანი მეცნიერი გახლდათ, ხოლო იმ დარგში, რომელიც წყალხმელეთა ცხოველებს ანდა შიშველ ქვეწარმავლებს შეისწავლიდა, კემბრიჯის პროფესორ უილიამ ვეკლისა და რომაელ პროფესორ ჯაკომო ბართოლომეო ბეკარის გარდა, ბადალი არ ჰყავდა. პროფესორი რუსულის გარდა ოთხ ენაზე კითხულობდა, ხოლო ფრანგულად და გერმანულად რუსულივით ლაპარაკობდა. საზღვარგარეთ წასვლის თაობაზე თავისი განზრახვა პერსიკოვს არ შეუსრულებია. ოცი წელი ცხრამეტზე კიდევ უფრო უარესი გამოდგა. ამბავი ამბავს მიჰყვა. დიდ ნიკიტსკაიას გერცენის ქუჩა დაარქვეს, შემდეგ გერცენისა და მოხოვაიას კუთხეში მდგარი სახლის კედელში ჩატანებული საათი თერთმეტ საათსა და თხუთმეტ წუთზე გაჩერდა, დაბოლოს ზოოლოგიური ინსტიტუტის ტერარიუმებში მოთავსებულმა ქვეწარმავლებმა სახელოვანი წლის ყველა არეულობას ვერ გაუძლეს და ამოწყდნენ: თავდაპირველად ვასაკების რვა დიდებული ეგზემპლარი მოკვდა, მათ თხუთმეტი ჩვეულებრივი გომბეშო მიჰყვა და ბოლოს სული ამოხდა სურინამული გომბეშოს იშვიათ ეგზემპლარსაც.

      გომბეშოების ამოწყვეტის კვალდაკვალ, რამაც ბოლო მოუღო შიშველ ქვეწარმავალთა პირველ რაზმს, სამართლიანად უკუდო ქვეწარმავალთა რაზმი რომ ეწოდება, იმქვეყნად გადასახლდა ინსტიტუტის უცვლელი დარაჯი ვლასი. თუმცაღა შიშველ ქვეწარმავალთა კლასს არ გენეკუთვნებოდა, მისი სიკვდილის მიზეზი იგივე გახლდათ, რამაც საბრალო ქვეწარმავალთა ამოწყვეტა გამოიწვია და ეს მიზეზი პერსიკოვმა უმალვე განსაზღვრა: - დამშევა! მეცნიერი უდავოდ მართალი გახლდათ: ვლასს ფქვილით უნდა ესაზრდოვა, ხოლო გომბეშოებს ფქვილის მატლებით, მაგრამ რაკიღა პირველი გაქრა, მეორენიც მის კვალს მიჰყვნენ. პერსიკოვი შეეცადა დარჩენილი ვასაკების ოცი ეგზემპლარი ტარაკანებით კვებაზე გადაეყვანა, მაგრამ ტარაკანებიც სადღაც გაუჩინარდნენ, რითაც სამხედრო კომუნიზმის მიმართ თავიანთი ბოროტგანმზრახველობა გაამჟღავნეს, ასე რომ, უკანასკნელი ეგზემპლარებიც ინსტიტუტის ეზოში ამოთხრილ სანაგვე ორმოში ჩასაყრელი შეიქნა. ქვეწარმავალთა, განსაკუთრებით კი სურინამული გომბეშოს დაღუპვამ პერსიკოვი ისე დაამწუხრა, ენით არ გამოითქმის. მათ სიკვდილს იგი რატომღაც მაშინდელ განათლების სახალხო კომისარს აბრალებდა.

      პერსიკოვი ინსტიტუტის გათოშილ დერეფანში ქუდიანი და კალოშებიანი იდგა და თავის ასისტენტ ივანოვს, ქერა, წამახული წვერით დამშვენებულ, უაღრესად დახვეწილ ჯენტლმენს ეუბნებოდა: - პიოტრ სტეპანოვიჩ, ამის გამო ხომ იმას სიკვდილი არ უნდა აკმარო! რას სჩადიან? ისინი ხომ ინსტიტუტს ღუპავენ! ჰა? უბადლო მამალი პიპა ამერიკანა, საუცხოო ეგზემპლარი, ცამეტი სანტიმეტრის სიგრძისაა...

      მერე და მერე საქმე გაუარესდა. ვლასის სიკვდილის შემდეგ ინსტიტუტის ფანჯრები ერთიანად გაიყინა, მინები შიგნითა მხრიდან ყინულმა ააჭრელა. დაიხოცნენ ბოცვრები, მელიები, მგლები, თევზები, ამოწყდა უკლებლივ ყველა ანკარა. პერსიკოვი მთელი დღეები ხმას არ იღებდა, მერე ფილტვების ანთება დაემართა, მაგრამ არ მომკვდარა. როცა გამოკეთდა, ინსტიტუტში დაიწყო სიარული და კვირაში ორჯერ ლექციების ციკლს თემაზე „ცხელი სარტყლის ქვეწარმავლები“ რვა მსმენელს უკითხავდა მრგვალ დარბაზში, სადაც მუდამ, რატომღაც უცვლელად 5 გრადუსი ყინვა იდგა იმისაგან დამოუკიდებლად, რამდენი გრადუსი იყო ქუჩაში; კალოშები ეცვა, ყურებიანი ქუდი ეხურა, კაშნე ეკეთა და პირიდან თეთრი ორთქლი ამოსდიოდა. დანარჩენ დროს პერსიკოვი პრეჩისტენკაზე, თავის ბინაში, წიგნებით ჭერამდე გამოტენილ ოთახში დივანზე იწვა, პლედი ეხურა, ახველებდა, ღუმლის ცეცხლოვან ხახას აშტერდებოდა, მარია სტეპანოვნას მოოქრული სკამებით რომ გაეხურებინა, და სურინამულ გომბეშოს იხსენებდა.

      მაგრამ ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული. გასრულდა ოცი და ოცდაერთი წლები, ხოლო ოცდაორში საქმეები თითქოს წაღმა დაიძრა. განსვენებული ვლასის ადგილას გამოჩნდა პანკრატი, ჯერ ახალგაზრდა, მაგრამ დიდი იმედების მომცემი ზოოლოგიური დარაჯი, ნელ-ნელა ინსტიტუტის გათბობაც დაიწყეს, ხოლო ზაფხულში პერსიკოვმა პანკრატის დახმარებით კლიაზმაზე თოთხმეტი ცალი ვულგარული გომბეშო დაიჭირა. ტერარიუმში სიცოცხლე კვლავ აჩქეფდა... ოცდასამ წელში პერსიკოვი უკვე კვირაში რვაჯერ კითხულობდა ლექციებს - სამჯერ ინსტიტუტში და ხუთჯერ უნივერსიტეტში, ოცდაოთხ წელში კვირაში ცამეტჯერ, ამას გარდა მუშფაკებზეც, ხოლო ოცდახუთში, გაზაფხულზე, სახელი გაითქვა იმით, რომ გამოცდებზე სამოცდათექვსმეტი სტუდენტი ჩაჭრა, თანაც ყველა შიშველ ქვეწარმავლებზე.

- მაშ არ იცით შიშველი ქვეწარმავლები რითი განსხვავდებიან სხვა ქვეწარმავლებისაგან? - ეკითხებოდა მათ პერსიკოვი, - ეს ხომ სასაცილოა, ყმაწვილო კაცო, შიშველ ქვეწარმავლებს მენჯის თირკმლები არა აქვთ. არ გააჩნიათ. მააშ. გრცხვენოდეთ. თქვენ უთუოდ მარქსისტი იქნებით?

- მარქსისტი ვარ, - უპასუხებდა ნირწამხდარი მარქსისტი.

- ჰოდა, გეთაყვა, შემოდგომაზე მობრძანდით, - თავაზიანად ეტყოდა პერსიკოვი და პანკრატს მხნედ გასძახებდა - შემდეგი შემოუშვი.

      მსგავსად იმისა, როგორც ხანგრძლივი გვალვის შემდეგ პირველივე უხვი წვიმებისას ამფიბიები გამოცოცხლდებიან ხოლმე, პროფესორი პერსიკოვი გამოცოცხლდა 1926 წელს, როცა ამერიკულ-რუსული გაერთიანებული კომპანია მშენებლობას შეუდგა, გაზეთის შესახვევისა და ტვერსკაიას გადაკვეთის გაყოლებაზე მოსკოვის ცენტრში 15 თხუთმეტსართულიანი სახლი წამოჭიმა, ხოლო გარეუბანში მუშათა 300 რვა-რვა ბინიანი კოტეჯი ააშენა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღო საშინელსა და სასაცილო საბინაო კრიზისს, ასერიგად რომ ტანჯავდა მოსკოველებს 1919-1925 წლებში. საერთოდ, ეს ზაფხული პერსიკოვის ცხოვრებაში საუცხოო გახლდათ. ზოგჯერ ხმადაბლა კმაყოფილებით ჩაიხითხითებდა ხოლმე და ხელების ფშვნეტით იხსენებდა იმ დროს, როცა ის და მარია სტეპანოვნა ორ ოთახში იყვნენ გამომწყვდეულნი. ახლა პროფესორმა ხუთივე ოთახი დაიბრუნა, ორი ათას ხუთასი წიგნი, ფიტულები, დიაგრამები, პრეპარატები ხალვათად განალაგა, კაბინეტში, მაგიდაზე მწვანე ლამპა აანთო.

      ინსტიტუტიც ძნელად საცნობი შეიქნა: შენობა კრემისფრად შეღებეს, ქვეწარმავალთა ოთახში საგანგებო წყალსადენით წყალი გაიყვანეს, ყველა მინა სარკისებური მინით შეცვალეს, ხუთი ახალი მიკროსკოპი, მინის საპრეპარაციო მაგიდები, ორიათასლამპიანი შუქამრეკლავი სფეროები, რეფლექტორები გამოგზავნეს, მუზეუმისათვის კარადები მოიტანეს.

      პერსიკოვი გამოცოცხლდა, რაც მთელ ქვეყნიერებას ამცნო 1926 წლის დეკემბერში მისმა გამოქვეყნებულმა ბროშურამ: „კვლავ ბალთოსნების ანუ ქიტონების გამრავლების საკითხისათვის“ გამოსცა, 126 გვ. „IV უნივერსიტეტის მაცნე“.

      ხოლო 1927 წლის შემოდგომაზე 350 გვერდიანი კაპიტალური ნაშრომი, გადათარგმნილი 6 ენაზე, მათ შორის იაპონურადაც: „გომბეშოების, ქიტონებისა და ბაყაყების ემბრიოლოგია“. ფასი 3 მანეთი სახგამომცემლობა.

      1928 წლის ზაფხულში კი ის წარმოუდგენელი, საშინელი ამბავი მოხდა...

თავი II. ფერადი ხვეული

      მაშ ასე, პროფესორმა სფერო აანთო და მიმოიხედა, გრძელ საექსპერიმენტო მაგიდაზე რეფლექტორი ჩართო, თეთრი ხალათი ჩაიცვა, მაგიდაზე რაღაც ხელსაწყოები ააწკარუნა...

      ოცდარვა წელს მოსკოვში მსრბოლი ოცდაათი ათასი მექანიკური ეკიპაჟიდან მრავალი გარბი-გამორბოდა გერცენის ქუჩაზე და გლუვ ტორსფენილზე მიშარიშურიბდა, ყოველ წუთში კი გერცენიდან მოხოვაიასკენ გრიალ-ხრჭიალით მიექანებოდა 16, 22, 48 ან 53 მარშრუტის ტრამვაი. კაბინეტის სარკისებურ მინებში ნაირფრად ირეკლებოდა შუქთა ათინათები, ხოლო შორს, მაღლა, ქრისტეს ტაძრის ჩამუქებული და მძიმე გუმბათის გვერდით მოჩანდა დაბინდული, მკრთალი ნამგალა მთვარე.

      მაგრამ პროფესორ პერსიკოვს არც ნამგალა მთვარე აინტერესებდა და არც მოსკოვის საგაზაფხულო გუგუნი. იგი ხრახნიან სამფეხა სკამზე იჯდა და თამბაქოსგან ჩაყვითლებული თითებით ცეისის დიდებული მიკროსკოპის კრემალიერს ატრიალებდა, მიკროსკოპში კი ამების ახალი, ჩვეულებრივი, შეუღებავი პრეპარატი მოეთავსებინა. იმ დროს, როცა პერსიკოვი პრეპარატის ზომას ხუთიდან ათი ათასამდე ზრდიდა, კარი გაიღო, წამახული წვერი და ტყავის წინსაფარი გამოჩნდა და ასისტენტის ხმა გაისმა: - ვლადიმერ იპატიჩ, ჯორჯალი დავაყენე, ხომ არ ჩახედავდით?

      პერსიკოვი ტაბურეტიდან მკვირცხლად წამოხტა, კრემალიერი შუა გზაზე მიატოვა და ასისტენტის კაბინეტში შევიდა, თან ხელში პაპიროსს ნელა ატრიალებდა. იქ, მინის მაგიდაზე, ცოცხალმკვდარი, შიშისა და ტკივილისაგან გაშეშებული ბაყაყი კორპის შტატივზე იყო გაკრული, ხოლო მისი გასისხლიანებული მუცლიდან ამოყრილი ქარსივით გამჭვირვალე შიგნეული ასისტენტს მიკროსკოპში ჩაემაგრებინა.

- ძალიან კარგი! - თქვა პერსიკოვმა და მიკროსკოპის ოკულიარს ჩააცქერდა.

      ეტყობა რაღაც ძალზე საინტერესო მოჩანდა ბაყაყის ჯორჯალში, სადაც ძარღვთა მდინარეები, როგორც ხელისგულზე, ისე გადაშლილიყო და შიგ მკვირცხლად დარბოდა სისხლის ცოცხალი ბურთულები. პერსიკოვს თავისი ამებები გადაავიწყდა და ივანოვთან ერთად ამ ბურთულებს დაუწყო თვალიერება. საათნახევრის განმავლობაში მიკროსკოპის მინას ხან ერთი ჩასცქეროდა, ხან მეორე. ამასთანავე მეცნიერები ერთმანეთს გახალისებულნი გადაულაპარაკებდნენ ხოლმე უბრალო მოკვდავთათვის გაუგებარ სიტყვებს.

      ბოლოს პერსიკოვმა მიკროსკოპს თავი ანება და თქვა: - სისხლი დედდება, ვეღარაფერს გააწყობ.

      ბაყაყმა თავი მძიმედ გადააქნია, მისი სხივმიმქრალი თვალები კი აშკარად მეტყველებდა: „არამზადები ხართ, რომ იცოდეთ...“

      პერსიკოვი წამოდგა, დაბუჟებული ფეხები გამართა, თავის კაბინეტში დაბრუნდა, დაამთქნარა, ანთებისაგან ერთთავად ჩაწითლებული ქუთუთოები თითებით მოისრისა, ტაბურეტზე ჩამოჯდა, მიკროსკოპში ჩაიხედა, თითები კრემალიერს მოჰკიდა და უკვე ხრახნის გადატრიალებას აპირებდა, მაგრამ აღარ გადაატრიალა. პერსიკოვი მარჯვენა თვალით შემღვრეულ თეთრ ლაქას და შიგ ფერმკრთალ, დაბინდულ ამებებს ხედავდა, ხოლო დისკოს შუაგულში ქალის კულულის მსგავსი ფერადი ხვეული მოჩანდა. ეს ხვეული თავად პერსიკოვს და ასეულობით მის მოწაფესაც ძალზე ბევრჯერ ჰქონდათ ნანახი და ამით არავინ დაინტერესებულა, რადგან დასაინტერესებელი არც ყოფილა რამე. შუქის ფერადი ბღუჯა მხოლოდ აფერხებდა დაკვირვებას და იმას იუწყებოდა, რომ პრეპარატი ფოკუსში არ იყო მოქცეული. ამიტომაც ამ ბღუჯას ხრახნის ერთი გადატრიალებით დაუნდობლად გააქრობდნენ ხოლმე და ველს თანაბარი თეთრი შუქით გაანათებდნენ. ზოოლოგმა გრძელი თითები ხრახნის ნაჭდევს უკვე მჭიდროდ შემოაჭდო, მაგრამ შემკრთალმა უეცრად მოაცილა. ამის მიზეზი პერსიკოვის მარჯვენა თვალი გახლდათ. უცბად რომ გაფაციცდა, განცვიფრდა და შეშფოთდა კიდევაც. მიკროსკოპთან რესპუბლიკის ჭირად მომრავლებულ საშუალო დონის ერთი უნიჭოთაგანი კი არ მჯდარა, არა, იქ იჯდა პროფესორი პერსიკოვი! მთელი მისი ცხოვრება, მთელი გულისთქმანი ამ მარჯვენა თვალში გახლდათ თავმოყრილი. უმაღლესი არსება უმდაბლესს სამარისებურ სიჩუმეში ხუთი წუთის განმავლობაში აკვირდებოდა. თვალს ძაბავდა და განაწამებ მზერას ფოკუსის მიღმა დარჩენილი პრეპარატისკენ მიმართავდა. ირგვლივ მდუმარებას დაესადგურებინა. პანკრატს უკვე ეძინა ვესტიბულის გვერდით თავის ოთახში. შორს კარადების მინებმა მუსიკალურად და ნაზად მხოლოდ ერთხელ გაიწკარუნა - მაშ ივანოვმა წასვლისას თავისი კაბინეტის კარი გაიკეტა. მერე ქუჩაში გასასვლელმა კარმა ამოიკვნესა. შემდეგ კი პროფესორის ხმაც გაისმა. თუმცა არავინ უწყის, ვის შეეკითხა: - ეს რა არის? ვერაფერი გამიგია... გერცენის ქუჩაზე დაგვიანებულმა სატვირთო მანქანამ ჩაიარა და ინსტიტუტის ძველი კედლები შეაზანზარა. მაგიდაზე პინცეტებიანმა პირგანიერმა მინის ჯამმა გაიწკარუნა. პროფესორი გაფითრდა და ხელები მიკროსკოპს ისე გადააფარა, როგორც დედა შვილს გადააფარებს ხოლმე, როცა ბავშვს ხიფათი მოელის. ახლა პერსიკოვი ხრახნს არაფრის დიდებით არ გადაატრიალებდა. ის კი არა, უკვე ეშინოდა, რაიმე ძალამ მხედველობის არიდან არ გამიქროს, რაც დავინახეო.

      უკვე მთლად გათენებულიყო. ინსტიტუტის კრემისფერი პარმაღი ოქროსფერ ზოლს გადაეხაზა, როცა პროფესორმა მიკროსკოპი მიატოვა, გაშეშებული ფეხები ფანჯარასთან ვაი-ვაგლახით მიათრია და აკანკალებული თითებით ღილაკს დააჭირა. შავი ფარდები ფანჯრებს ჩამოეფარა, დილა გააუჩინარა და კაბინეტში ბრძნული, მეცნიერული ღამე დაასადგურა. სახეჩაყვითლებულმა, შთაგონებამოძალებულმა პერსიკოვმა ფეხები გაჩაჩხა, აცრემლებული თვალები პარკეტს ჩააშტერა და ხმამაღლა თქვა: - ეს რა არის? ეს რა საოცრებაა!.. დიახ, საოცრებაა, ბატონებო, - მიმართა ტერარიუმში მყოფ გომბეშოებს, მაგრამ გომბეშოებს ეძინათ და პასუხი არ გაუციათ.

      იგი ერთხანს დუმდა, მერე ამომრთველთან მივიდა, ფარდები ასწია, ყველა შუქი ჩააქრო და მიკროსკოპში ჩაიხედა. სახე დაეძაბა, დაბუჩქული ყვითელი წარბები შეყარა.

- ჰო, ჰო, - ჩაიბურტყუნა მან, - გაქრა. გასაგებია. გა-სა-გებია, - წარმოთქვა გაბმით და ჩამქრალ სფეროს შეშლილივით შთაგონებულად ააცქერდა, - ცხადზე ცხადია.

      მერე მოსისინე ფარდები კვლავ ჩამოუშვა და სფერო ისევ აანთო, მიკროსკოპში ჩაიხედა და გახარებულმა გულიანად ჩაიცინა.

- დავიჭერ, - ზეიმით, მედიდურად თქვა მან და თითი მაღლა აღმართა, - უსათუოდ დავიჭერ. იქნებ მზის სხივი წარმოქმნის.

      ფარდები კვლავ მაღლა ასრიალდა. მზე უკვე ამოსულიყო. ინსტიტუტის კედლები სხივებში გაეხვია და გერცენის ტორსფენილზე ირიბად გაწოლილიყო. პროფესორი ფანჯრიდან იყურებოდა და ცდილობდა განესაზღვრა, მზე დღისით სად იქნებოდა. ფანჯარას ხან მოსცილდებოდა, ხან მიუახლოვდებოდა და ბოლოს ფანჯრის რაფაზე გადაწვა.

      მერე ფრიად მნიშვნელოვან საიდუმლო საქმიანობას შეუდგა. მიკროსკოპს მინის თალფაქი ჩამოაფარა. სანთურის მოლურჯო ალზე ლუქის ნაჭერი გაადნო და თალფაქის კიდეები მაგიდას მიამაგრა, ხოლო ლუქის ნაღვენთებზე ცერი თითი მიაბეჭდა. გაზი ჩააქრო, კაბინეტიდან გავიდა და კარი ინგლისური გასაღებით გადაკეტა.

      ინსტიტუტის დერეფანში მკრთალი შუქი იდგა. პროფესორი პანკრატის ოთახს მიადგა. კარზე დიდხანს უშედეგოდ აკაკუნა. ბოლოს კარს იქით ისეთი ხმა გაისმა, თითქოს ჯაჭვით დაბმული ძაღლი იღრინებაო, რასაც ხველება და ბურტყუნი მოჰყვა. განათებულ ღრიჭოში კოჭებთან გამონასკვულ ზოლიანი ნიფხვის ამარა პანკრატი გამოჩნდა. იგი მეცნიერს ფეთიანივით მიაშტერდა, ნამძინარევი ჯერ კიდევ ოდნავ ზმუოდა.

- მაპატიე, პანკრატ, - უთხრა მას პროფესორმა და სათვალის ზემოდან დახედა... - ბოდიში, რომ გაგაღვიძე. იცი რა, მეგობარო. ჩემს კაბინეტში დილით არ შეხვიდე. იქ სამუშაო დავტოვე, რომლის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება. მიხვდი?

- ჰო-ო, მი-მი-ივხვდი, - უპასუხა პანკრატმა, თუმცა ვერაფერსაც ვერ მიხვდა. იგი ბარბაცებდა და ზმუოდა.

- არა, პანკრატ, გონს მოდი, გაიღვიძე, - უთხრა ზოოლოგმა პაკნრატს და ნეკნებში ხელი ოდნავ წაჰკრა, რის შედეგადაც მას სახეზე შიში გამოესახა და თვალებში აზრის რაღაც ნატამალი გაუკრთა. - მე კაბინეტი დავკეტე, ისე რომ ჩემს მოსვლამდე კაბინეტის დალაგება საჭირო არ არის. გაიგე?

- გავიგე, - ჩაიხიხინა პანკრატმა.

- ჰოდა, ძალიან კარგი. წადი, დაიძინე.

      პანკრატი შეტრიალდა, კარს მიეფარა და უმალ საწოლზე დაემხო, ხოლო პროფესორი ვესტიბულში ჩაცმას შეუდგა. ნაცრისფერი საზაფხულო პალტო ჩაიცვა, თხელი ქუდი დაიხურა, მერე მიკროსკოპში ნანახი სურათი გაახსენდა, თავის კალოშებს დააშტერდა და რამდენიმე წამს ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავსო. შემდეგ მარცხენა ფეხზე კალოში ჩაიცვა და ამ კალოშზე მარჯვენა კალოშის ჩაცმას შეუდგა, მაგრამ კალოში კალოშში ვერ ჩატია.

- რა საოცარია, პიოტრ სტეპანოვიჩმა უცებ რომ დამიძახა, - თქვა მეცნიერმა, - თორემ მიკროსკოპში ამას ხომ ვერ შევამჩნევდი. მაგრამ ეს რას მოასწავებს? ეშმაკმა უწყის, რას მოასწავებს!..

      პროფესორმა ჩაიცინა, თვალები მოჭუტა და კალოშებს დახედა, მარცხენა კალოში გაიხადა და მარჯვენა ჩაიცვა.

- ღმერთო ჩემო, ხომ შეუძლებელია წარმოიდგინო ყველა შედეგი, რაც ამას შეიძლება მოყვეს... - პროფესორმა ზიზღით მიაგდო მარცხენა კალოში, რომელსაც არ სურდა მარჯვენა კალოშს მორგებოდა, მერე გასასვლელისაკენ ცალი კალოშით გაემართა. იქვე ცხვირსახოცი დაკარგა, გარეთ გავიდა და მძიმე კარი გაიჯახუნა. პარმაღზე დიდხანს იდგა და ასანთის მოსაძებნად ჯიბეებს იჩხრეკდა, ბოლოს იპოვა და ქუჩას გაუყვა, პირში მოკიდებული პაპიროსი ჰქონდა გაჩრილი.

      ტაძრამდე პროფესორს კაციშვილი არ შეხვედრია. იქ როცა მივიდა, თავი მაღლა ასწია და ტაძრის ოქროს მუზარადს დააშტერდა, რომელსაც მზე ცალი მხრიდან ხარბად ლოკავდა.

- ადრე რატომ არ შემიმჩნევია? აი, შემთხვევა ამას ჰქვია!.. ფუი, რა სულელი ვარ, - პროფესორი დაიხარა, სხვადასხვანაირად შემოსილ ფეხებს დააცქერდა და ჩაფიქრდა, - ჰმ... ახლა რა ვქნა? უკან დავბრუნდე? არა, პანკრატს ვერ გავაღვიძებ. ეს უპატრონო, გადასაგდებადაც არ მემეტება. სხვა გზა არა მაქვს, ხელით უნდა ვატარო. - კალოში გაიხადა, ხელში ზიზღით დაიჭირა და გზა ისე განაგრძო.

      პრეჩისტენკის მხრიდან ძველი ავტომობილი გამოჩაკჩაკდა. შიგ სამნი ისხდნენ. ორ გამობრუჟულ კაცს მუხლებზე სახეშეთხიპნილი, ოცდარვა წლის მოდაზე შეკერილი აბრეშუმის შარვლიანი ქალი ეჯდა.

- ჰეი, ბიძიკო! - ჩახრინწული ხმით გამოსძახა ქალმა პერსიკოვს, მეორე კალოში შემოგეხარჯა?

- ბერიკაცი ალბათ „ალკაზარში“ გამოთვრა, - წამოიყმუვლა მარცხნივ მჯდარმა მთვრალმა კაცმა, ხოლო მარჯვნივ მჯდარმა ავტომობილიდან თავი გამოყო და დაიყვირა: - მამილო, ვოლხონკაზე ღამის ბარი ღიაა? იქ მივდივართ!

      პროფესორმა მთვრალებს სათვალის ზემოდან მკაცრად გახედა, პირიდან პაპიროსი გაუვარდა და ავტომობილში მსხდომთა არსებობა უმალვე დაავიწყდა. პრეჩისტენკის ბულვარს მზის სხივები ზოლ-ზოლად ეფინა, ხოლო ქრისტეს მუზარადს უკვე ცეცხლი შემოგზნებოდა. მზე ამოვიდა.

თავი III. პერსიკოვმა მიაკვლია

      საქმის ვითარება ასეთი გახლდათ: როცა პროფესორმა გენიალური თვალი ოკულარს მიუახლოვა, თავის სიცოცხლეში პირველად მიაქცია ყურადღება იმას, რომ მრავალფერ ხვეულში ერთი სხივი განსაკუთრებით მკაფიოდ და მძლავრად იკვეთებოდა. ეს სხივი ხასხასა წითელი ფერისა გახლდათ და ხვეულიდან მცირე ზომის წვეტივით, ასე ვთქვათ, ნემსივით სხლტებოდა.

      საუბედუროდ ამ სხივმა ვირტუოზის გაწაფული თვალი რამდენიმე წამით მიიზიდა.

      ამ სხივში პერსიკოვმა ისეთი რამ შეამჩნია, რაც თვით სხივზე, მიკროსკოპის სარკისა და ობიექტივის მოძრაობისას შემთხვევით შობილ უბადრუკ ნაშიერზე ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო. იმის წყალობით, ასისტენტმა პროფესორი რომ გაიხმო, ამბები საათნახევრის განმავლობაში ამ სხივის ზემოქმედებას განიცდიდნენ და ამას, აი, რა შედეგი მოჰყვა: იმ დროს, როცა სხივგარეთ დარჩენილი მარცვლოვანი ამებები დისკოში დუნედ, უმწეოდ იწვნენ, იმ ადგილას, სადაც წითელი, პირბასრი მახვილი გაჭიმულიყო, უცნაური მოვლენები ხდებოდა. წითელ ძაფში სიცოცხლე დუღდა. ნაცრისფერ ამებებს ცრუფეხები გაეწვდინათ, რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, წითელი ზოლისკენ მიიწევდნენ და იქ (თითქოს ჯადოსნური ძალის წყალობით) ცხოველმყოფელობას იძენდნენ. რაღაც ძალა მათ სულს შთაბერავდა. ისინი ქარავნებად მიემართებოდნენ და სხივში ადგილისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ. იქ გაშმაგებული (სხვა სიტყვა არ მოიძებნება) გამრავლება მიმდინარეობდა. ისინი პერსიკოვისთვის საკუთარი ხუთი თითივით ცნობილ ყველა კანონს ამსხვრევდნენ და ამხობდნენ, მის თვალწინ ელვისებური სისწრაფით იკვირტებოდნენ, სხივს შიგნით ნაწილებად იშლებოდნენ და ყოველი ნაწილი ორ წამში ახალ, ცხოველმყოფელ ორგანიზმად გარდაიქმნებოდა. ეს ორგანიზმები რამდენიმე წამში სრულდებოდნენ და სიმწიფეს აღწევდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავის მხრივ მყისვე ახალი თაობა წარმოექმნათ, წითელ ზოლში, ხოლო შემდეგ მთელ დისკოში სივიწროვე შეიქნა და გარდაუვალი ბრძოლა დაიწყო. ახლად შობილნი ერთმანეთს მძვინვარედ ესხმოდნენ თავს, ნაწილ-ნაწილ გლეჯდნენ და ნთქავდნენ. ახალშობილთა შორის არსებობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა გვამები ეყარა. უკეთესნი და ძლიერნი იმარჯვებდნენ. ეს უკეთესნი შემზარავნი იყვნენ. ზომით ხომ დაახლოებით ორჯერ სჭარბობდნენ ჩვეულებრივ ამებებს, ამასთანავე რაღაც განსაკუთრებული სიანჩხლითა და სიმკვირცხლით გამოირჩეოდნენ. მათი მოძრაობა ელვისებური გახლდათ, ცრუფეხები ნორმალურზე გაცილებით გრძელი ჰქონდათ და ამ ცრუფეხებს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ისე ამუშავებდნენ, როგორც რვაფეხები საცეცებს.

      მეორე საღამოს უჭმელობისაგან ლოყებჩაცვივნული და ფერმიხდილი პროფესორი მხოლოდ მსხვილად გახვეული პაპიროსით იკრებდა ძალას და ამებათა ახალ თაობას აკვირდებოდა, მესამე დღეს კი კვლავ პირველწყაროს ანუ წითელ სხივს დაუბრუნდა.

      გაზი სანთურში ხმადაბლა შიშინებდა, ქუჩიდან კვლავ ფეხის ხმა მოისმოდა. მესამე პაპიროსით მოწამლული, თვალებმილულული პროფესორი ხრახნიანი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.

- დიახ, ახლა ყველაფერი ცხადია. ამებები სხივმა გამოაცოცხლა. ეს ახალი, ჯერ გამოურკვეველი, ჯერ აღმოუჩენელი სხივია. პირველი, რაც უნდა გამოვარკვიო, ესაა - იგი მხოლოდ ელექტროობისგან წარმოიქმნება თუ მზეც წარმოქმნის, - თავისთვის ბუტბუტებდა პერსიკოვი.

      კიდევ ერთი ღამეც და ეს გამოირკვა. პერსიკოვმა სამ მიკროსკოპში სამი სხივი დაიჭირა, მზისგან ვერაფერი მიიღო და თქვა: - უნდა ვიგულისხმოთ, მზის სპექტრი იგი არ არის... ჰმ... ერთი სიტყვით, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მისი მიღება მხოლოდ ელექტროშუქის მეშვეობით შეიძლება. - მან მქრალ სფეროს სიყვარულით ახედა, შთაგონებით გაიფიქრა რაღაცა, კაბინეტში ივანოვს მოუხმო, ყველაფერო მოუყვა და ამებები აჩვენა.

      პრივატ-დოცენტი ივანოვი გაოგნდა, მთლად დაითრგუნა: ეშმაკმა დალახვროს, ასეთი უბრალო რამ, ეს წყვილი ისარი რომაა, ადრე როგორ ვერ შევამჩნიეთ, თუნდაც მე როგორ ვერ შევნიშნე, მართლა რა საოცარია!

- ვლადიმერ იპატიჩ, ერთი შეხედეთ! - ამბობდა შეძრწუნებული, ოკულარს აკრული ივანოვი, - ეს რა ხდება?! თვალდათვალ იზრდებიან... ნახეთ, ნახეთ...

- მე ამას მესამე დღეა, რაც ვაკვირდები, - შთაგონებით უპასუხა პერსიკოვმა.

      ამის შემდეგ მეცნიერებმა ისაუბრეს, რის შედეგადაც გადაწყვიტეს: პრივატ-დოცენტ ივანოვს ლინზებითა და სარკეებით უნდა აეგო კამერა, რითაც მიკროსკოპის გარეშე შესაძლებელი იქნებოდა ამ სხივის გადიდებული სახით მიღება. ივანოვი იმედოვნებდა, დარწმუნებულიც კი იყო. ეს ძალზე უბრალო რამ არის, სხივს მოვიპოვებ, ვლადიმერ იპატიჩ, ეჭვი ნუ შეგეპარებათო. აქ კი ოდნავი უხერხულობა წარმოიშვა.

- პიოტრ სტეპანოვიჩ, როცა ნაშრომს გამოვაქვეყნებ, აღვნიშნავ, რომ კამერები თქვენი აგებულია, - ჩაურთო პერსიკოვმა, რადგან იგრძნო, უხერხულობა უნდა დაეძლია.

- ოჰ, ამას რა მნიშვნელობა აქვს... თუმცა, რა თქმა უნდა...

      უხერხულობა უმალ გაქრა. ამ წუთიდან სხივმა ივანოვიც ჩანთქა. იმ დროს, როცა გამხდარ-დაუძლურებული პერსიკოვი შუაღამემდე მიკროსკოპს უჯდა, ივანოვი ლამპებით გაჩახჩახებულ ფიზიკის კაბინეტში ფუსფუსებდა, ლინზებისა და სარკეების კომბინაციებს ცვლიდა. ივანოვს მექანიკოსი ეხმარებოდა.

      განათლების კომისარიატის საშუალებით გაგზავნილი მოთხოვნის შედეგად გერმანიიდან სამი ამანათი მიიღო, რაშიაც ეწყო ორმხრივამოზნექილი, ორმხრივჩაზნექილი და ამოზნექილ-ჩაზნექილი, გახეხილი მინები. ყოველივე იმით დამთავრდა, რომ ივანოვმა კამერა ააგო და ამ კამერაში წითელი სხივი მართლა დაიჭირა, თანაც უნდა ვაღიაროთ, რომ ოსტატურად დაიჭირა: სხივი მსხვილი, ოთხი სანტიმეტრი განაკვეთის მქონე, ბასრი და მძლავრი გამოვიდა.

      პირველ ივლისს კამერა პერსიკოვის კაბინეტში დააყენეს და პროფესორი გამალებით შეუდგა სხივით გაშუქებულ ბაყაყის ქვირითზე ცდების ჩატარებას. ამ ცდებს გასაოცარი შედეგები მოჰყვა. ორ დღე-ღამეში ქვირითიდან ათასობით თავკომბალა გამოიჩეკა. მაგრამ ეს კიდევ არაფერია; ერთ დღე-ღამეში თავკომბალები დასრულებულ ბაყაყებად იქცნენ, თანაც ისეთი ანჩხლები და ღორმუცელები იყვნენ, რომ მათი ნახევარი მეორე ნახევარმა უმალ შესანსლა. სამაგიეროდ, ცოცხლად დარჩენილებმა ყოველგვარი ვადის გარეშე იწყეს ქვირითის დაყრა და ორ დღეში ამჯერად სხივის გარეშე წარმოშვეს ახალი თაობა, თანაც ურიცხვი რაოდენობისა. მეცნიერის კაბინეტში ეშმაკმა უწყის, რა ამბავი ატყდა: თავკომბალები კაბინეტიდან მთელ ინსტიტუტს მოედვნენ, ტერასები და იატაკი გაავსეს, ყოველ კუთხე-კუნჭულში, როგორც ჭაობში, ომახიანი ქოროები ახმიანდა. პანკრატს პერსიკოვისა ისედაც ხომ როგორც ცეცხლისა ეშინოდა და ახლა შიშისაგან ლამის სული ამოხდომოდა. ერთი კვირის შემდეგ თვით მეცნიერმა იგრძნო, რომ ჭკუაზე ირყეოდა. ინსტიტუტი ეთერისა და კალიუმციანიდის სუნით ისე გაიჟღინთა, პანკრატი კინაღამ მოიწამლა, რადგან ნიღაბი უდროოდ მოიხსნა. ბოლოს შეძლეს ჭაობის გამრავლებული ბინადარნი შხამებით ამოეწყვიტათ და კაბინეტები გაენიავებინათ, - პიოტრ სტეპანოვიჩ, დეიტეროპლაზმაზე და საერთოდ კვერცხუჯრედზე სხივის მოქმედება განსაცვიფრებელია. - უთხრა პერსიკოვმა ივანოვს.

      დინჯმა, თავშეკავებულმა ჯენტლმენმა ივანოვმა პროფესორს უჩვეულო ტონით გააწყვეტინა: - ვლადიმერ იპატიჩ, წვრილმანი დეტალები, დეიტეროპლაზმა რა სალაპარაკოა. პირდაპირ ვთქვათ: თქვენ არგაგონილი რამ აღმოაჩინეთ, - ასისტენტმა თავს ძალა დაატანა და წარმოთქვა: - პროფესორო პერსიკოვო, თქვენ სიცოცხლის სხივი აღმოაჩინეთ!

      პერსიკოვს ფერმკრთალი, გაუპარსავი ღაწვები ოდნავ წამოუწითლდა.

- კარგი ერთი, - ჩაიბუტბუტა მან.

- თქვენ ისეთ სახელს მოიხვეჭთ... - განაგრძობდა ივანოვი, - ლამისაა გადავირიო. იცით რა, ვლადიმერ იპატიჩ, უელსის გმირი თქვენთან შედარებით არაფერია... მე კი ეს ზღაპარი მეგონა... „ღმერთების საზრდო“ გახსოვთ?

- ჰო, ის რომანი? - თქვა პერსიკოვმა.

- ღმერთო ჩემო, ის ხომ ცნობილი რომანია!..

- დამავიწყდა, - უპასუხა პერსიკოვმა, - მახსოვს, რომ წავიკითხე, მაგრამ დამავიწყდა.

- როგორ თუ დაგავიწყდათ, აბა ერთი შეხედეთ, - ივანოვმა მინის მაგიდიდან ფეხით ასწია უზარმაზარი, მუცელაბუშტული ბაყაყი, სულგამფრთხალსაც კი დრუნჩზე ანჩხლი გამომეტყველება რომ შერჩენოდა, - ეს ხომ განსაცვიფრებელია!

თავი IV. მღვდლის ქვრივი დროზდოვა

      ღმერთმა უწყის, ივანოვი იყო დამნაშავე, თუ სენსაციური ამბები ჰაერში თავისით ვრცელდება. ეს კია, უზარმაზარ, მოთუხთუხე მოსკოვში სხივზე და პროფესორ პერსიკოვზე უეცრად ალაპარაკდნენ, თუმცაღა გაკვრით და ძალზე ბუნდოვნად. სასწაულებრივი აღმოჩენის ამბავი აელვარებულ დედაქალაქში დაჭრილი ფრინველივით ხტოდა, ხან გაუჩინარდებოდა, ხანაც კვლავ ანავარდდებოდა. ასე გასტანა შუა ივნისამდე, ვიდრე გაზეთ „იზვესტიის“ მეოცე გვერდზე, სათაურით „მეცნიერებისა და ტექნიკის სიახლენი“, არ გამოქვეყნდა მოკლე ცნობა სხივის თაობაზე, სადაც გაკვრით იყო ნათქვამი, რომ IV უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა პროფესორმა სხივი გამოიგონა, რომელიც დაბალი ორგანიზმების ცხოველმოქმედებას წარმოუდგენლად ზრდიდა. საჭიროა ამ სხივის შემოწმებაო, - ასკვნიდა გაზეთი. გვარი, რაღა თქმა უნდა, დამახინჯებულად გახლდათ დაბეჭდილი: „პევსიკოვი“.

      ივანოვმა პერსიკოვს ცნობა აჩვენა.

- „პევსიკოვი“, - ჩაიბუზღუნა კაბინეტში კამერასთან მოფუსფუსე პერსიკოვმა, - ის ჩიტირეკიები ყველაფერს რანაირად შეიტყობენ ხოლმე?

      ვაი, რომ დამახინჯებულმა გვარმა პერსიკოვი ვერ იხსნა იმ ამბებისგან, მეორე დღესვე რომ დაიწყო და მისი ცხოვრების მდინარება ერთბაშად შეცვალა.

      პანკრატმა დააკაკუნა, კაბინეტში შევიდა და პერსიკოვს დიდებული ატლასივით მბზინავი სავიზიტო ბარათი გადასცა.

- თვითონ იქ არის, - მოკრძალებით დაუმატა პანკრატმა.

      ბარათზე ლამაზი შრიფტით იყო დაბეჭდილი: „ალფრედ არკადიევიჩ ბრონსკი“

      თანამშრომელი მოსკოვის ჟურნალებისა - „წითელი ცეცხლი“, „წითელი წიწაკა“, „წითელი ჟურნალი“, „წითელი პროჟექტორი“ და გაზეთისა „წითელი საღამოს მოსკოვი“.

- გააგდე აქედან, ჯანდაბას მაგისი თავი, - ჩაიბუტბუტა პერსიკოვმა და ბარათი მაგიდის ქვეშ შეაგდო.

      პანკრატი შეტრიალდა, გავიდა და ხუთი წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა. დამწუხრებულს ხელში იმავე ბარათის მეორე ეგზემპლარი ეჭირა.

- შენ ხომ არ დამცინი? - დაიწრიპინა პერსიკოვმა და სახეზე რისხვა გამოეხატა.

      -გეპეუდან ვარო, - უპასუხა გაფითრებულმა პანკრატმა.

      პერსიკოვმა ცალი ხელი ბარათს ისე სტაცა, კინაღამ შუაზე გადახია, მეორე ხელით კი პინცეტი მაგიდაზე დააგდო. ბარათზე ჩახუჭუჭებული ხელით იყო მიწერილი: „დიდად პატივცემული პროფესორო, ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, სამი წუთით მიმიღოთ ბეჭდვითი სიტყვის საზოგადოებრივ საქმეზე, გეპეუს გამომცემლობის სატირული ჟურნალის „წითელი ყორანის“ თანამშრომელი.“

- შემოიყვანე, - თქვა სულშეხუთულმა პერსიკოვმა.

      პანკრატის ზურგს უკანიდან უმალვე გამოსხლტა სუფთად წვერგაპარსული, ლოყებპრიალა ახალგაზრდა კაცი, ჩინელივით შუბლზე აზიდული წარბები რომ ჰქონდა და წარბებქვეშ ჩამსხდარ აქატისფერ თვალებს ერთთავად არიდებდა მოსაუბრეს. ახალგაზრდა კაცი მართლაც რომ უზადოდ, მოდაზე გახლდათ ჩაცმული. ემოსა ვიწრო და გრძელი, მუხლებამდე ჩაშვებული პიჯაკი, ძალზე განიერი, ფარფარა შარვალი და უჩვეულოდ ფართო ყელიანი, გალაქული ფეხსაცმელები, ცხვირები ფლოქვებს რომ მიუგავდა. ხელში ჯოხი, წაწვეტებული შლაპა და ბლოკნოტი ეჭირა.

- რა გნებავთ? - ჰკითხა მას პერსიკოვმა ისეთი ხმით, რომ პანკრატი უმალვე კარს იქით გასხლტა, - ხომ გითხრეს, რომ არ მცალია?

      პასუხის ნაცვლად ახალგაზრდა კაცი პროფესორს ჯერ მხარმარცხნივ, მერე მხარმარჯვნივ თავდახრილი მიესალმა, მერე თვალები მთელ კაბინეტს ბორბლებივით მოავლო და ბლოკნოტში უმალვე რაღაც ჩაინიშნა.

- მე არ მცალია, - უთხრა სტუმარს პროფესორმა და თვალებში ზიზღით შეხედა, მაგრამ ვერავითარ ეფექტს ვერ მიაღწია, რადგან მისი მზერა ვერაფრით მოიხელთა.

- ათასგზის ბოდიშს გიხდით, დიდად პატივცემულო პროფესორო, - წვრილი ხმით წამოიწყო ახალგაზრდა კაცმა, - შინ რომ შემოგეჭერით და ძვირფას დროს გაკარგვინებთ, მაგრამ თქვენი მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის ამბავი, რაც მთელ ქვეყნიერებას მოედო, ჩვენს ჟურნალს აიძულებს გთხოვოთ, რაიმე განმარტება მოგვცეთ.

- რა განმარტებას მოითხოვთ მთელი ქვეყნიერებისათვის? - შესძახა პერსიკოვმა გამყინავი ხმით და ზაფრანის ფერი დაედო, - მოვალე არა ვარ განმარტება მოგცეთ... არ მცალია... სრულებით არ მცალია.

- რაზე მუშაობთ? - ხმა დაიტკბო ახალგაზრდა კაცმა და ბლოკნოტში რაღაც კიდევ ჩაინიშნა.

- მე ხომ... რაო? რაიმეს დაბეჭდვას აპირებთ?

- დიახ, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა და უეცრად ბლოკნოტში სწრაფად იწყო წერა.

- ჯერ ერთი, არაფრის გამოქვეყნებას არ ვაპირებ, სანამ სამუშაოს არ დავასრულებ... მით უმეტეს თქვენს გაზეთებში... მეორეც, ეს ყოველივე საიდან იცით? - პერსიკოვმა უცებ იგრძნო, რომ თავგზა ებნეოდა.

- მართალია თუ არა, რომ ახალი სიცოცხლის სხივი გამოიგონეთ?

- რა ახალი სიცოცხლის სხივი? - გაშმაგდა პროფესორი, - რა სისულელეებს ჩმახავთ? ის სხივი, რაზედაც ვმუშაობ, ჯერ გამოკვლეული არ არის, და საერთოდ არაფერი არაა ცნობილი! შესაძლოა პროტოპლაზმის ცხოველმოქმედებას ზრდის...

- რამდენჯერ? - სწრაფად ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა.

      პერსიკოვი მთლად დაიბნა... „ეს რა კაცია. ეშმაკმა უწყის, რა ხდება!“

- რა ობივატელური შეკითხვებია?.. ვთქვათ, ვარაუდი გამოვთქვი, რომ ათასჯერ ზრდის!

      ახალგაზრდა კაცს სიხარბისგან თვალები გაუბრწყინდა.

- მაშ გიგანტური ორგანიზმები წარმოიქმნება?

- არაფერი ამის მსგავსი! თუმცაღა, ჩემს მიერ მიღებული ორგანიზმები ჩვეულებრივს ჭარბობენ... ზოგიერთი ახალი თვისება გააჩნიათ... მაგრამ აქ ხომ მთავარი სიდიდე კი არა, არამედ გამრავლების წარმოუდგენელი სისწრაფეა, - თავისდა საუბედუროდ თქვა პერსიკოვმა და მყისვე შეძრწუნდა. ახალგაზრდა კაცმა ნაწერით მთელი გვერდი გაავსო, გადაფურცლა და წერა განაგრძო.

- ნუ წერთ! - ჩახრინწული ხმით თქვა სასოწარკვეთილმა, უკვე ფარხმალდაყრილმა პერსიკოვმა, იგრძნო, რომ ახალგაზრდა კაცს ვერა და ვერ დაუსხლტებოდა, - აბა, რას წერთ?

- მართალია, რომ ორი დღე-ღამის განმავლობაში ქვირითიდან ორი მილიონი თავკომბალის გამოჩეკა შეიძლება?

- რა რაოდენობის ქვირითიდან? - დაიყვირა კვლავ განრისხებულმა პერსიკოვმა, - როდისმე თუ გინახავთ ქვირითი... ვთქვათ, ვასაკასი?

- ნახევარი გირვანქიდან? - ისე ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა, არც შეცბუნებულა.

      პერსიკოვი წამოჭარხლდა.

- ასე ვინ ზომავს? ჰუი! რას მიედ-მოედებით? ჰო, რა თქმა უნდა, თუ ავიღებთ ბაყაყის ნახევარ გირვანქა ქვირითს... მაშინ შესაძლო იქნება დაახლოებით ამ რაოდენობის ანდა უფრო მეტის მიღებაც!

      ახალგაზრდა კაცს თვალები ბრილიანტებივით აუკიაფდა და ნაწერით კიდევ ერთი გვერდი შეუჩერებლივ გაავსო.

- მართალის, რომ ეს მესაქონლეობაში მსოფლიო გადატრიალებას გამოიწვევს?

- ეს რა საგაზეთო შეკითხვაა, - აკივლდა პერსიკოვი, - მე საერთოდ არ გაძლევთ უფლებას უაზრო რაღაც წეროთ. სახეზე გატყობთ, რომ სისაძაგლეს წერთ!

- პროფესორო, თქვენი ფოტოგრაფიული სურათი მიბოძეთ, დაბეჯითებით გთხოვთ, - თქვა ახალგაზრდა კაცმა და ბლოკნოტი დახურა.

- რაო? ჩემი სურათი? თქვენი ჟურნალისთვის? იმ აბდაუბდასთან ერთად, რასაც წერთ? არა, არა, არა... მე არა მცალია... მშვიდობით!

- ძველი სურათი მაინც მიბოძეთ, უმალვე დაგიბრუნებთ.

- პანკრატ! - შეჰყვირა გაცოფებულმა პროფესორმა.

- კარგად ბრძანდებოდეთ, - თქვა ახალგაზრდა კაცმა და გაუჩინარდა.

      პანკრატის ნაცვლად კარს მიღმა მანქანის უცნაური, თანაბარი ღრაჭუნი და იატაკზე რაღაც ნაჭედის კაკუნი გაისმა, კარი გაიღო და კაბინეტში დრაფისგან შეკერილი ხალათ-შარვლით შემოსილი, არაჩვეულებრივად ჩასუქებული კაცი შემოვიდა, მარცხენა მექანიკურ ფეხს ჩხაკუნით მოაბრაგუნებდა, ხელში კი პორტფელი ეჭირა. გაპარსული, მოყვითალო მრგვალი პირისახე ალერსიანად უღიმოდა. პროფესორს მხედრულად გაჭიმული მიესალმა, რის გამოც მისმა ფეხმა ზამბარასავით გაიტკაცუნა. პერსიკოვს ენა ჩაუვარდა.

- ბატონო პროფესორო, - წამოიწყო უცნობმა ოდნავ ჩახლეჩილი სასიამოვნო ხმით, - მიუტევეთ უბრალო მოკვდავს, განმარტოება რომ დაგირღვიათ.

- რეპორტიორი ხართ? - ჰკითხა პერსიკოვმა, - პანკრატ!!

- არა, ბატონო პროფესორო, - უპასუხა ჩასუქებულმა კაცმა, - ნება მიბოძეთ, გაგეცნოთ: შორეული ნაოსნობის კაპიტანი და სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული გაზეთ „მრეწველობის მაცნის“ თანამშრომელი.

- პანკრატ!! - ისტერიულად შეჰყვირა პერსიკოვმა. კუთხეში ტელეფონმა უმალ წითელი სიგნალი გააელვა და მსუბუქად გაიწკრიალა - პანკრატ! - გაიმეორა პროფესორმა, - გისმენთ.

- ფარცაინ ზი ბიტტე, ჰერ პროფესორ, - ახიხინდა ტელეფონი გერმანულად, - დას იჰ შტიორე. იჰ ბინ მიტარბეიტერ დეს „ბერლინერ ტაგესბლატს“...

- პანკრატ! - ჩაჰყვირა ყურმილში პროფესორმა, - bin momental zer beSeftiet und kan zi desxalb etct niht empfangen!.. პანკრატ!!

      ინსტიტუტის სადარბაზო შემოსასვლელთან კი ამ დროს ზარის რეკა ატყდა.

* * *

- კოშმარული მკვლელობა ბრონაიას ქუჩაზე! - ბორბლებს შუა მოქცეულ შუქითა და ჩახჩახა ფარნებით გაჩირაღდნებულ ქუჩაზე უჩვეულოდ ჩახრინწული ხმით გაჰკიოდნენ ივნისის ხვატისგან გახურებულ ქვაფენილზე მოფუსფუსე ბიჭები, - ქათმების კოშმარული სენი მღვდლის ქვრივ დროზდოვას ეზოში! ქვრივის პორტრეტი!.. პროფესორ პერსიკოვის მიერ სიცოცხლის სხივის კოშმარული აღმოჩენა!!

      პერსიკოვი ისე მოსწყდა ადგილს, რომ მოხოვაიაზე კინაღამ ავტომობილს ჩაუვარდა და გაზეთს ხელი გაშმაგებით სტაცა.

- სამი კაპიკი, მოქალაქევ! - შეჰყვირა ბიჭმა, ტროტუარზე მიმავალ ხალხს შეერია და კვლავ აკივლდა - „წითელი საღამოს გაზეთი“! ექს-სხივის აღმოჩენა!!

      გაოგნებულმა პერსიკოვმა გაზეთი გაშალა და ფარნის ბოძს მიეყრდნო. მეორე გვერდის მარცხენა კუთხეში გადღაბნილი ჩარჩოდან პროფესორს შეაცქერდა მელოტი, ჩინდაკარგული შეშლილი თვალებით მომზირალი, ქვედაყბაჩამოგდებული კაცი, ალფრედ ბრონსკის მხატვრული შემოქმედების ნაყოფი. „იდუმალებით მოცული წითელის სხივის აღმომჩენი ვ. ი. პერსიკოვი“. - იუწყებოდა ნახატის ქვეშ მოთავსებული წარწერა. ქვემოთ მოჩანდა სტატიის სათაური - „მსოფლიო გამოცანა“. სტატია შემდგომი სიტყვებით იწყებოდა: „დაბრძანდით, - ალერსიანად გვითხრა მხცოვანმა მეცნიერმა პერსიკოვმა...“

      სტატიის დასასრულს ამშვენებდა ხელმოწერა: „ალფრედ ბრონსკი (ალონზო)“.

      „დაბრძანდით!!! - უცებ აწივლდა სახურავზე დამაგრებული რუპორი უსიამოვნო წვრილი ხმით. ალფრედ ბრონსკის ათასჯერ გაძლიერებულ ხმას ძალზე რომ წააგავდა, - ალერსიანად გვითხრა მხცოვანმა მეცნიერმა პერსიკოვმა! მე დიდი ხანია მსურდა, ჩემი აღმოჩენის შედეგები მოსკოველი პროლეტარიატისთვის გამეცნო...“

      პერსიკოვის ზურგს უკან ხმადაბალი მექანიკური ღრაჭუნი გაისმა და პროფესორს სახელოზე ვიღაცამ მოქაჩა. მან უკან მიიხედა და მექანიკური ფეხის მფლობელის მოყვითალო სახე დაინახა. მრგვალსახიანს თვალები ცრემლებით დანამოდა და ტუჩები უთრთოდა.

- ბატონო პროფესორო, თქვენ არ ისურვეთ გასაოცარი აღმოჩენის შედეგები ჩემთვის გაგეცნოთ, - თქვა მან სევდიანად და ღრმად ამოიოხრა, - ჰოდა: დავკარგე თუმანნახევარი!

      იგი ნაღვლიანად ასცქეროდა უნივერსიტეტის სახურავს, სადაც შავ ხახაში ჩაბუდებული უხილავი ალფრედი მძვინვარებდა. პერსიკოვს ღიპიანი კაცი რატომღაც შეებრალა.

- მე მისთვის დაბრძანდით-მეთქი არ მითქვამს! - ჩაიბუტბუტა მან, თან ციდან მომდინარე სიტყვებს მძულვარებით უსმენდა, - იგი საოცრად თავხედია! მომიტევეთ, გეთაყვა, მაგრამ დამეთანხმებით, როცა მუშაობისას შემოგივარდებიან... რა თქმა უნდა, ამას თქვენზე არ ვამბობ...

- ბატონო პროფესორო, ეგებ თქვენი კამერის აღწერილობა მაინც მაუწყოთ? - პირფერულად, მჭმუნვარედ თქვა მექანიკურმა კაცმა, - თქვენთვის ახლა ხომ ხულ ერთია...

- ნახევარი გირვანქა ქვირითიდან სამ დღეში იმდენი თავკომბალა გამოიჩეკება, დათვლა შეუძლებელია, - გაჰკიოდა რუპორიდან უჩინარი.

- პი-პი, - ყრუდ გაჰკიოდნენ ავტომობილები მოხოვაიაზე.

- ოჰო-ჰო... დახე, დახე, ოჰო-ჰო, - ბუბუნებდა თავაწეული ხალხი.

- როგორი არამზადაა, ჰა? - ჩაუსისინა რკინისფეხიან კაცს ბრაზისგან აკანკალებულმა პერსიკოვმა, - ეს ამბავი როგორ მოგწონთ? უეჭველად ვუჩივლებ!

- აღმაშფოთებელია! - დაეთანხმა ღიპიანი კაცი.

      პროფესორს თვალი მოსჭრა დამაბრმავებელმა იისფერმა შუქმა. ირგვლივ ყველაფერი გაბრწყინდა - ფარნის ბოძი, ქვაფენილის კუთხე, ყვითელი კედელი, ცნობისმოყვარე სახეები.

- თქვენ გიღებენ, ბატონო პროფესორო, - აღფრთოვანებით ჩასჩურჩულა ღიპიანმა კაცმა პროფესორს და სახელოზე ჩამოეკიდა. ჰაერში რაღაც აღრჭიალდა.

- ჯანდაბას ამათი თავი! - ნაღვლიანად წამოიყვირა პერსიკოვმა, ბრბო გაარღვია და სახელოზე ჩამოკიდებული ღიპიანი კაციც თან გაიყოლა, - ჰეი, ტაქსომატორო! პრეჩისტენკაზე!

      ოცდაოთხი წლის კონსტრუქციის ძველი, გაქერცლილი მანქანა ტროტუართან ათუხთუხდა და პროფესორი ლანდოში შებობღდა, თან ცდილობდა ღიპიანი კაცი თავიდან მოეშორებინა.

- თქვენ ხელს მიშლით, - სისინით ამბობდა იგი და იისფერ შუქისგან სახეს მუშტებით იფარავდა.

- წაიკითხეთ?! რას გაჰყვებიან?.. მალაია ბრონაიაზე პროფესორ პერსიკოვისთვის ყელი გამოუჭრიათ შვილებთან ერთად!.. - გაჰკიოდნენ ირგვლივ.

- მე შვილები არა მყავს, თქვე მამაძაღლებო, - დაიღრიალა უცებ პერსიკოვმა და მისი პროფილი, დაფჩენილი პირი და რისხვით ანთებული თვალები უცებ შავი აპარატის ფოკუსში მოექცა.

- კრხ...ტუ...კრხ...ტუ, - აღმუვლდა ტაქსომოტორი და ხალხის ტალღა გაარღვია.

      ღიპიანი კაცი უკვე ლანდოში იჯდა და პროფესორს გვერდს უთბობდა.

თავი V. ქათმების ამბავი

      კოსტრომის გუბერნიის სტეკლოვსკის მაზრის პატარა შტატგარეშე სამაზრო ქალაქში, ყოფილ ტროიცკში, ამჟამად სტეკლოვსკში, ყოფილ სობორნაიას, ამჟამად კი პერსონალნაიას ქუჩაზე მდებარე სახლის პარმაღზე ხილაბანდით თავწაკრული, თაიგულებით მორთული ნაცრისფერი კაბით შემოსილი ქალი გამოვიდა და აქვითინდა. ეს ქალი, ყოფილი ტაძრის ყოფილი დეკანოზის ქვრივი დროზდოვა ისე ხმამაღლა ქვითინებდა, რომ სულ მალე ქუჩის გადაღმა მდებარე სახლის ფანჯრიდან თავი გამოყო თივთიკის თავშალიანმა ქალმა და შესძახა: - რა მოხდა, სტეპანოვნა, კიდევ ერთი მოკვდა?

- მეჩვიდმეტე! - ქვითინით უპასუხა ყოფილმა დროზდოვამ.

- ვაი-ვაი-ვაი, - კრუსუნით თავი გააქნია თავშალიანმა ქალმა, - რა ხდება ჩვენს თავს? ჭეშმარიტად უფალი გაგვირისხდა! მართლა მოკვდა?

- ნახე, ნახე ერთი, მატრიონა, - ხმამაღლა, მწარედ ასლუკუნდა მღვდლის ქვრივი, - ნახე ერთი, რა დღეშია!

      გადაღრეცილი რუხი კუტიკარი გაჯახუნდა, ფეხშიშველი ქალი მტვრიან ქუჩაზე გაფლატუნდა და ცრემლებით სახედაჟივებული ქვრივი მატრიონას საქათმის ეზოში შეუძღვა.

      უნდა ითქვას, რომ ანტირელიგიურ შემოტევათა შედეგად 26 წელში გარდაცვლილ დეკანოზ საბა დროზდოვის ქვრივს ყურები არ ჩამოუყრია და მექათმეობას მიჰყო ხელი. მაგრამ საქმე როგორც კი სასიკეთოდ დაიძრა, ისეთი გადასახადი შეაწერეს, კეთილი ადამიანები მხარში რომ არ ამოსდგომოდნენ, მექათმეობისთვის თავი უნდა მიენებებინა. მათ ქვრივი შეაგულიანეს, ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადება მიუტანეს იმის თაობაზე, რომ ქვრივს მექათმეობის შრომითი არტელის დაარსება სურსო. არტელის შემადგენლობაში შევიდნენ: თვითონ დროზდოვა, მისი ერთგული მოახლე მატრიოშკა და ქვრივის ყრუ დისშვილი. ქვრივს გადასახადი მოუხსნეს და მისი მექათმეობა ისე გაიფურჩქნა, რომ 28 წლის დამდეგს საქათმეებით გარშემორტყმულ მტვრიან ეზოში ორას ორმოცდაათამდე ქათამი დადიოდა, რომელთა შორის კოხინხინებიც კი ერია. ქვრივის კვერცხები ყოველ კვირა დღეს იყიდებოდა სტეკლოვსკის ბაზარზე, კვერცხები გაჰქონდათ ტამბოვში, ზოგჯერ კი მოსკოვამდეც აღწევდა და ყველ-კარაქის მაღაზიის შემინულ ვიტრინებში მოჩანდა, უწინ ჩიჩკინს რომ ეკუთვნოდა.

      ჰოდა, მეჩვიდმეტე დედალი, ქვრივის საყვარელი ქოჩორა ბრამაპუტრა დილას აქეთ ეზოში დალასლასებდა და პირს აღებინებდა. „ერ... რრრ... ურლ... ურლ კო-კო-კო“, - ჩაიკაკანებდა ქოჩორა და მზეს ისე ნაღვლიანად ახედავდა ხოლმე, თითქოს უკანასკნელად ხედავდა. დედლის წინ ჩაცუცქულ არტელის წევრ მატრიოშკას ხელში წყლით სავსე ჯამი ეჭირა და აქეთ-იქით დახტოდა.

- ქოჩორა, საყვარელო... ჯუ-ჯუ-ჯუ... წყალი დალიე, - ემუდარებოდა დედალს მატრიოშკა და ნისკარტის წინ ჯამს უტრიალებდა, მაგრამ ქოჩორას წყლის დალევა არ უნდოდა, პირს ფართოდ აღებდა და თავს მაღლა სწევდა, მერე კი ღებინებისას სისხლიც ამოანთხია.

- ღმერთო დიდებულო! - შესძახა სტუმარმა და თეძოებზე ხელები შემოირტყა, - ეს რა ხდება? მარტო სისხლს ანთხევს. არასოდეს მინახავს ქათამს ადამიანივით მუცლისგვრემა სჭირდეს.

      ეს საბრალო ქოჩორასათვის უკანასკნელი გზის დასალოცი სიტყვები გამოდგა. იგი უეცრად გვერდზე გადაგორდა, ნისკარტი მტვრიან მიწას უმწეოდ გაუსვა და თვალები გადაატრიალა, მერე ზურგზე გადაბრუნდა, ორივე ფეხი მაღლა აფარჩხა და ასე გაშეშდა. მატრიოშკა ბოხი ხმით აქვითინდა და ჯამიდან წყალი დაეღვარა. ატირდა თვითონ ქვრივიც - არტელის თავმჯდომარე. სტუმარი მისკენ დაიხარა და ყურში ჩსაჩურჩულა: - სტეპანოვნა, მიწამ მიყოს პირი, თუ შენი ქათმები არ გათვალეს. ასეთი რამ სად გაგონილა! ასეთნაირი ქათმის ავადმყოფობა არ არსებობს! შენს ქათმებს ვიღაცამ ჯადო შეუკრა.

- მტრებმა მიყვეს!! - ცას შეღაღადა მღვდლის ქვრივმა, - რას მერჩიან, წუთისოფელს უნდათ რომ გამომასალმონ?

      მის ხმას აჰყვა მამლის ხმამაღალი ყივილი, რის შედეგად ბუმბულგაჩეჩილი გამხდარი მამალი საქათმიდან გვერდულად ისე გამოვარდა, გეგონებოდათ, ლუდხანიდან შფოთიანი ლოთი გამობანცალდაო. მამალმა ეზოში მყოფებს თვალები დაუბრიალა, ერთ ადგილას დაბზრიალდა, ფრთები არწივივით გაშალა, მაგრამ არსად გაფრენილა და ეზოში წრეზე იწყო სირბილი თოკზე გამობმული ცხენივით. მესამე წრეზე გაჩერდა, ღებინება აუტყდა და ხრიალ-ხროტინს მოჰყვა, იქაურობა სისხლით მორწყა, პირაღმა გადატრიალდა და ფეხები მზისკენ ანძებივით აფარჩხა. ქალების კივილმა მთელი ეზო შეძრა. კივილს საქათმეებიდან მოუსვენარი კუტკუტი, ფრთების ფართხუნი და ქოთქოთი აჰყვა.

- მაშ გათვალულები არ არიან? - თავდაჯერებულად იკითხა სტუმარმა, - მამა სერგი მოიყვანე და პარაკლისი გადაახდევინე.

      საღამოს ექვს საათზე, როცა დასალიერისკენ დაქანებული მზის ცეცხლოვანი ბურთი აყვავებულ მზესუმზირებს შორის აბრიალდა, ტაძრის წინამძღვარმა მამა სერგიმ მექათმეობის ეზოში პარაკლისი დაასრულა და ეპიტარქილი გაიხადა. ძველი მესრის ზემოდან და ღრიჭოებიდან ცნობისმოყვარეთა თავები მოჩანდა. დამწუხრებული ქვრივი ჯვარს ემთხვია და მამა სერგის ცრემლებით დასველებული, დაძენძილი, გაყვითლებული მანეთიანი მისცა. მამა სერგიმ ფული გამოართვა და დააყოლა, ღმერთი გვირისხდებაო, თან ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, კარგად ვიცი, ღმერთი რატომაც გვირისხდება, მაგრამ არ ვამბობო.

      ამის მერე ქუჩაში მყოფნი წავიდ-წამოვიდნენ და, რადგან ქათმები ადრე იძინებენ, არავის შეუტყვია, რომ მღვდლის ქვრივის მეზობლის საქათმეში ერთბაშად სამი დედალი და ერთი მამალი მოკვდა. მათ ისევე აღებინებდათ, როგორც დროზდოვას ქათმებს, მაგრამ კარგამოკეტილ საქათმეში უხმაუროდ დაიხოცნენ. მამალი ქანდარიდან თავდაყირა ჩამოვარდა და ასევე თავდაყირა მოკვდა. ქვრივის ქათმები კი პარაკლისის დამთავრებისთანავე დაიხოცნენ. საღამოთი საქათმეში მდუმარებამ დაისადგურა, ყველგან გროვებად ეყარა გაშეშებული ფრინველები.

      დილით ქალაქმა მეხდაცემულივით გაიღვიძა, ამბები უცნაურად და შემზარავად განვითარდა. პერსონალნაიას ქუჩაზე შუადღისთვის სამი ქათამიღა იყო ცოცხალი, ისიც განაპირა სახლში, სადაც მაზრის ფინინსპექტორს ჰქონდა ბინა დაქირავებული, მაგრამ დღის პირველ საათამდე ისინიც დაიხოცნენ. საღამოთი ქალაქი სტეკლოვსკი სკასავით ზუზუნებდა და ბობოქრობდა, ყველგან გაისმოდა შემზარავი სიტყვა „ჭირი“. დროზდოვას გვარი ადგილობრივ გაზეთ „წითელ მებრძოლში“ მოხვდა, სადაც დაიბეჭდა სტატია: „ნუთუ ქათმის ჭირი გაჩნდა?“ იქიდან კი ქვრივის სახელი მოსკოვსაც მისწვდა.

      პროფესორ პერსიკოვის ცხოვრება უცნაური, მშფოთვარე და მღელვარე შეიქნა. ერთი სიტყვით, ამგვარ ვითარებაში მუშაობა შეუძლებელი გახდა. მეორე დღეს, ანუ მას შემდეგ, რაც ალფრედ ბრონსკის თავი დააღწია, ინსტიტუტში თავის კაბინეტში ყურმილი გადადო და ტელეფონი გამოთიშა, ხოლო საღამოთი, როცა ოხოტნიჩი რიადზე ტრამვაით მიდიოდა, საკუთარი თავი დაინახა უზარმაზარი სახლის სახურავზე, სადაც მოჩანდა წარწერა: „მუშათა გაზეთი“, იგი, პროფესორი, ხან ნაწილ-ნაწილ იშლებოდა, ხან მწვანდებოდა, ხან ციმციმებდა, ტაქსის ლანდოში მიძვრებოდა, სასაბნე დრაფით შემოსილი მექანიკური ბურთი სახელოზე ეჯაჯგურებოდა და ისიც ლანდოში ეტენებოდა. სახურავზე გაჭიმულ თეთრ ეკრანზე პროფესორი იისფერი შუქისგან სახეს მუშტებით იფარავდა. შემდეგ გამოხტა ცეცხლოვანი წარწერა: „ავტომობილით მიმავალი პროფესორი პერსიკოვი განმარტებას აძლევს ჩვენს სახელგანთქმულ რეპორტიორს კაპიტან სტეპანოვს“. მართლაც: ქრისტეს ტაძრის მახლობლად, ვოლხონკაზე ჩაირიხინა დანჯღრეულმა ავტომობილმა, შიგ პროფესორი ლაყლაყებდა, სახე მახეში მომწყვდეულ მგელს მიუგავდა.

- ესენი ადამიანები კი არა, ნამდვილი ეშმაკეულები არიან, - კბილებში გამოსცრა პროფესორმა, როცა იქაურობას მანქანით ჩაუარა.

      იმავე საღამოს შინ დაბრუნებულ პროფესორს მარია სტეპანოვნამ 17 ჩანაწერი დაახვედრა იმათი ტელეფონის ნომრებითურთ, ვინც პროფესორს ურეკავდა, როცა იგი შინიდან წასული იყო, თანაც განუცხადა, ამდენი რეკვით გამაწამესო. პროფესორს უნდოდა ჩანაწერი დაეხია, მაგრამ შეჩერდა, რადგან ერთი ნომრის გასწვრივ მინაწერი დაინახა: „ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი“.

- რა ამბავია? - თქვა მართლაცდა საგონებელში ჩავარდნილმა პროფესორმა, - რა ჯანდაბა დაემართათ?

      იმავე საღამოს, 10 საათსა და 15 წუთზე ზარის ხმა გაისმა და პროფესორი იძულებული შეიქნა თვალისმომჭრელად გამოწკეპილ ვიღაც მოქალაქესთან ესაუბრა, ვინც მიიღო სავიზიტო ბარათის გამო, რაზედაც (გვარისა და სახელის გარეშე) ეწერა: „საბჭოების რესპუბლიკაში უცხოეთის წარმომადგენლობათა სავაჭრო განყოფილებების სრულუფლებიანი შეფი“.

- ჯანდაბას მაგისი თავი, - ჩაიღრინა პერსიკოვმა, მაუდზე ლუპა და რაღაც დიაგრამები დაყარა და მერე მარია სტეპანოვნას უთხრა: - ბატონი რწმუნებული აქ, კაბინეტში მოიწვიეთ.

- რით შემიძლია გემსახუროთ? - ისეთი ტონით ჰკითხა შეფს პერსიკოვმა, რომ მას ოდნავ შეაჟრჟოლა. პერსიკოვმა სათვალე შუბლზე აიწია, მერე ისევ ჩამოიწია და ვიზიტიორი შეათვალიერა. იგი ერთიანად ლაქისა და პატიოსანი თვლების ელვარებას აფრქვევდა, ხოლო მარჯვენა თვალში მონოკლი ჰქონდა ჩამაგრებული. „რა საძაგელი სიფათი აქვს“, - რატომღაც გაიფიქრა პერსიკოვმა.

      სტუმარმა შორიდან დაიწყო, სახელდობრ, ნებართვა ითხოვა, სიგარას მოვწევო, როს გამოც პერსიკოვმა დაჯდომა შესთავაზა, თუმცა ძალზე უხალისოდ. ამის შემდგომ სტუმარმა მოიბოდიშა იმის გამო, რომ ასე გვიან ეწვია. „თუმცა... შეუძლებელია ბატონი პროფესორის დღისით დაჭერ... ხი-ხი... პარდონ... მიგნება“ (სტუმარი სიცილისას აფთარივით ქშუტუნებდა).

- დიახ, მოუცლელი ვარ! - ისე მოკლედ უპასუხა პერსიკოვმა, რომ სტუმარს ჟრჟოლამ ხელმეორედ დაუარა.

      მიუხედავად ამისა, მან თავს ნება მისცა სახელგანთქმული მეცნიერი შეეწუხებინა - როგორც იტყვიან, დრო ფულია... პროფესორს სიგარა ხომ არ აწუხებსო?

- მურ-მურ-მურ, - უპასუხა პერსიკოვმა, ნება ხომ დაგრთეთო.

- პროფესორმა ხომ სიცოცხლის სხივი აღმოაჩინა?

- მომიტევეთ, რა სიცოცხლის სხივი?! ეს მეგაზეთეების შეთხზულია! - გამოცოცხლდა პერსიკოვი.

- ოჰ, არა, ხი-ხი-ხი... - რწმუნებული მშვენივრად ამჩნევს თავმდაბლობას, რაც ყველა ნამდვილ მეცნიერს ჭეშმარიტად ამშვენებს... ამას თქმა აღარ უნდა... დღეს დეპეშები მოვიდა... მსოფლიოდ დიდ ქალაქებში - ვარშავაში, რიგაში - სხივის თაობაზე უკვე ყველაფერო ცნობილია. პროფესორ პერსიკოვის სახელი მთელ მსოფლიოს პირზე აკერია... მთელი მსოფლიო სულგანაბული ადევნებს თვალს პროფესორ პერსიკოვის მუშაობას... მაგრამ ყველამ კარგად უწყის, საბჭოთა რუსეთში მეცნიერთა მდგომარეობა რა მძიმეა. antr nu sua di... აქ უცხო ხომ არავინ არის?.. ვაი, რომ აქ სამეცნიერო შრომების დაფასება არ იციან. ისე რომ, იგი პროფესორთან მოლაპარაკებას ისურვებდა... ერთი უცხოური სახელმწიფო პროფესორ პერსიკოვს ლაბორატორიული მუშაობის ჩატარებაში სრულიად უანგარო დახმარებას სთავაზობს. როგორც წმინდა წერილი გვეუბნება, ღორებს მარგალიტები არ უნდა დაუყარო. სახელმწიფომ იცის, რა გადაიტანა პროფესორმა 18 და 20 წლებში, ხი-ხი... რევოლუციის დროს. რა თქმა უნდა, საიდუმლოება მკაცრად იქნება დაცული... პროფესორი ამ სახელმწიფოს გააცნობს თავისი მუშაობის შედეგებს, ხოლო სახელმწიფო ამის საფასურად პროფესორს დააფინანსებს. პროფესორმა ხომ კამერა ააგო, ჰოდა საინტერესო იქნებოდა ამ კამერის ნახაზებს გავცნობოდით...

      სტუმარმა ეს თქვა და პიჯაკის ჯიბიდან ქაღალდების ქათქათა დასტა ამოიღო.

      ეს უმნიშვნელო რაღაც: 5 000 მანეთი, მაგალითად, ბეს სახით, პროფესორს შეუძლია ამ წუთასვე მიიღოს... არც ხელწერილი იქნება საჭირო... პროფესორი ხელწერილზე სიტყვას თუ დაძრავს, სავაჭრო წარმომადგენლობათა შეფს დიდად გაანაწყენებს.

- მომწყდით თავიდან! - უცებ ისე შემზარავად შეჰყვირა პროფესორმა, რომ სასტუმრო ოთახში პიანინოს კლავიშებმა ხმა გამოსცა.

      სტუმარი ისე გაუჩინარდა, რომ მრისხანებისაგან აკანკალებული პერსიკოვი თავადვე შეეჭვდა, ეს ჰალუცინაცია ხომ არ იყოო.

- ეს მისი კალოშებია?! - ერთი წუთის შემდეგ წინკარში აყვირდა პერსიკოვი.

- დავიწყებია, - უპასუხა აკანკალებულმა მარია სტეპანოვნამ.

- ახლავე გადაყარეთ!

- სად უნდა გადავყარო. თვითონ მოვა და წაიღებს.

- სახლის კომიტეტს ჩააბარეთ. ხელწერილი გამოართვით. ეს კალოშები თვალით აღარ დამანახოთ! კომიტეტს მიუტანეთ! ჩაიბარონ ჯაშუშის კალოშები!

      მარია სტეპანოვნამ პირჯვარი გადაიწერა, საუცხოო ტყავის კალოშები უკანა გასასვლელიდან გაიტანა, კარს იქით ცოტა ხანს იდგა და მერე საკუჭნაოში შეინახა.

- ჩააბარეთ? - ბობოქრობდა პერსიკოვი.

- ჩავაბარე.

- ხელწერილი მომეცით.

- ვლადიმერ იპატიჩ, თავმჯდომარემ ხომ წერა-კითხვა არ იცის!..

- ახლავე. ამ წუთას. მომიტანე ხელწერილი. ხელი ვინმე წერა-კითხვის მცოდნე მამაძაღლმა მოაწეროს!

      მარია სტეპანოვნამ თავი გადააქნია და თხუთმეტ წუთში ხელწერილით დაბრუნდა, სადაც ეწერა: „პროფ. პერსიკოვისგან ფონდში მიღებულია 1 (ერთი) წყვ. კალოში. კოლესოვი“.

- ეს რაღაა?

- ჟეტონი.

      პერსიკოვმა ჟეტონი ფეხით გათელა, ხელწერილი კი მინის ქვეშ ამოდო. მერე რაღაც აზრმა შუბლი მოუქუფრა, ტელეფონს ეცა, ინსტიტუტში იმდენ ხანს რეკა, პანკრატი გამოაფხიზლა და ჰკითხა: „ყველაფერი რიგზეა?“ პანკრატმა ყურმილში რაღაც ჩაიბურდღუნა, რითაც მიხვდებოდით, რომ, მისი აზრით, ყველაფერი რიგზე იყო. მაგრამ პერსიკოვი მხოლოდ ერთი წუთით დამშვიდდა. წუთის შემდეგ ტელეფონს კვლავ შუბლშეჭმუხნული ეძგერა და ყურმილში ჩასძახა: - მომეცით ისა, რა ჰქვია, ლუბიანკა. მერსი... მანდ თქვენთან ვის უნდა ვუთხრა... ჩემთან ვიღაც კალოშებიანი საეჭვო სუბიექტები მოდიან, დიახ... IV უნივერსიტეტის პროფესორი პერსიკოვი...

      ყურმილში ლაპარაკი უცებ შეწყდა. პერსიკოვი ტელეფონს ლანძღვა-გინებით მოშორდა.

- ვლადიმერ იპატიჩ, ჩაის მიირთმევთ? - კაბინეტში მოკრძალებით შემოიხედა მარია სტეპანოვნამ.

- ჩაის არ დავლევ... მურ-მურ-მურ, ჯანდაბას იმათი თავი... ყველა ასე რამ გადარია.

      ზუსტად ათი წუთის შემდეგ პროფესორმა კაბინეტში უკვე ახალი სტუმრები მიიღო. ერთ მათგანს, სასიამოვნო, ჩამრგვალებულ, ძალზე ზრდილ კაცს, ხაკისფერი სადა სამხედრო ფრენჩი და რეიტუზი ეცვა. ცხვირზე ბროლის პეპელასავით აჯდა პენსნე და გალაქული ჩექმებით შემოსილ ანგელოზს ჰგავდა. მეორეს, პირქუშ კაცს, სამოქალაქო ტანსაცმელი ემოსა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ამ ტანსაცმელში თავს უხერხულად გრძნობდა. მესამე სტუმარი უცნაურად მოიქცა, პროფესორის კაბინეტში კი არ შევიდა, სანახევროდ ჩაბნელებულ წინკარში დარჩა, თანაც ისეთ ადგილას დაჯდა, რომ განათებული და თამბაქოს კვამლის სვეტებით გავსებული კაბინეტი თავით ბოლომდე დაენახა. ამ მესამეს, აგრეთვე სამოქალაქო ტანსაცმლით შემოსილ კაცს, კვამლისფერი პენსნე ეკეთა.

      კაბინეტში მყოფებმა პერსიკოვი ძალზე გააწამეს, სავიზიტო ბარათი ათვალიერეს, ხუთასი ათასი მანეთის ამბავი გამოჰკითხეს, სტუმრის გარეგნობა ააწერინეს.

- ეშმაკმა უწყის იმისი თავი, - ბურტყუნებდა პერსიკოვი, - როგორია და საზიზღარი ფიზიონომია აქვს, დეგენერატისა.

- შუშის თვალი ხომ არ ჰქონდა? - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ტანდაბალმა კაცმა.

- ეშმაკმა უწყის. თუმცა არ ჰქონდა, თვალები აქეთ-იქით გაურბოდა.

- რუბინშტეინი? - ხმადაბლა ჰკითხა ანგელოზმა სამოქალაქოტანსაცმლიან ტანდაბალ კაცს. მაგრამ მან პირქუშად შეხედა და თავი უარის ნიშნად გააქნია.

- რუბინშტეინი ხელწერილის გარეშე ფულს არავის მისცემს, - ჩაიბურტყუნა მან, - ეს რუბინშტეინის ნახელავს არ ჰგავს. ვიღაც, უფრო მაღალი დონისა უნდა იყოს.

      კალოშების ამბავმა სტუმრები ძალზე დააინტერესა. ანგელოზმა სახლის კომიტეტის ტელეფონის ნომერი აკრიფა და ყურმილში სულ რამდენიმე სიტყვა ჩასძახა: -„სახელმწიფო პოლოტიკური სამმართველო ითხოვს, სახლის კომიტეტის მდივანი კოლესოვი ამ წუთას მოვიდეს პროფესორ პერსიკოვის ბინაში და კალოშები მოიტანოს“, - ჰოდა, გაფითრებული კოლესოვი უმალ კაბინეტში გაჩნდა, ხელში კალოშები ეჭირა.

- ვასენკა! - ხმადაბლა გასძახა ანგელოზმა წინკარში მჯდარ კაცს. იგი აიზლაზნა და კაბინეტში შებანცალდა. კვამლისფერ მინებს მისი თვალები მთლად შთაენთქა.

- რა? - დუნე ხმით მოკლედ იკითხა მან.

- კალოშები.

      შემოსულმა კალოშებს დაბინდული თვალები შეავლო. ამასთანავე პერსიკოვს მოეჩვენა, რომ მინებს ქვემოდან, გვერდულად, ერთი წამით იელვა დუნემ კი არა, პირიქით, განსაცვიფრებლად მზიანმა მზერამ. მაგრამ თვალთა ელვარება მეყსეულად ჩაცხრა.

- დაფიქრდი, ვასენკა!

      იმან ვისაც ვასენკას უწოდებდნენ, უხალისოდ უპასუხა: - ამას დაფიქრება რად უნდა. პელეჟნკოვსკის კალოშებია.

      ფონდი პროფესორ პერსიკოვის საჩუქარს უმალვე გამოეთხოვა. კალოშები გაზეთში გაახვიეს. უსაზღვროდ გახარებული ფრენჩიანი ანგელოზი წამოდგა და პროფესორს ხელი მაგრად ჩამოართვა, თან მოკლე სიტყვაც კი წარმოთქვა ამგვარი შინაარსისა: პროფესორი ღირსეულად მოიქცა... პროფესორს შეუძლია მშვიდად იყოს... მეტად აღარავინ შეაწუხებს არც ინსტიტუტში, არც სახლში... ზომები მიღებული იქნება, მის კამერებს არავითარი საფრთხე არ ელის...

- არ შეიძლება, რეპორტიორები რომ დახვრიტოთ? - იკითხა პერსიკოვმა და სტუმრებს სათვალის ზემოდან გადახედა.

      ამ შეკითხვამ სტუმრები ძალზე გაამხიარულა. არა მარტო პირქუშმა ტანდაბალმა კაცმა, არამედ წინკარში მყოფმა კვამლისფერპენსნეიანმაც კი გაიღიმა. სახეგაბადრულმა ანგელოზმა პერსიკოვს განუმარტა, ჯერჯერობით ეს შეუძლებელიაო... რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ მაინც პრესაა... თუმცა შრომისა და თავდაცვის საბჭოში ამგვარი პროექტი უკვე მზადდებაო.

- ვინ იყო ის გაიძვერა, მე რომ მესტუმრა?

      ახლა სახეზე ღიმილი ყველას გაუქრა. ანგელოზმა მიკიბულ-მოკიბულად უპასუხა, ვიღაც წვრილფეხა აფერისტი იყო, ყურადღების მიქცევადაც არა ღირსო... მიუხედავად ამისა, მოქალაქე პროფესორს დაბეჯითებით ვთხოვთ, ამ საღამოს მომხდარი ამბავი საიდუმლოდ შეინახოსო.

      პერსიკოვი კაბინეტში თავის დიაგრამებს დაუბრუნდა, მაგრამ მუშაობის დაწყება მაინც არ დასცალდა. ტელეფონმა ცეცხლოვანი რგოლი ააკიაფა და ქალის ხმამ პროფესორს შესთავაზა, შვიდოთახიანი ბინის მქონე საინტერესო და ვნებიანი ქვრივი ქალის შერთვას ხომ არ ინებებთო. პერსიკოვმა ყურმილში ჩაჰკივლა: - გირჩევთ პროფესორ როსოლიმოსთან იმკურნალოთ...

      მაგრამ ტელეფონი კვლავ აწკრიალდა.

      ახლა კი პერსიკოვი ცოტათი მოლბა, რადგან კრემლიდან საკმაოდ ცნობილი პიროვნება ურეკავდა; დიდხანს თანაგრძნობით ელაპარაკა, სამუშაოს თაობაზე ბევრი რამ გამოჰკითხა და სურვილი გამოთქვა, ლაბორატორიას მოვინახულებო. ტელეფონს როცა ჩამოსცილდა, პერსიკოვმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, მერე ყურმილი განზე გადადო. ახლა ზედა სართულის ბინაში საყვირი აგრიალდა და ვალკირიას კივილმა იქაურობა გააყრუა, - მაუდის ტრესტის დირექტორის რადიომიმღებმა დიდი თეატრიდან ვაგნერის კონცერტის გადმოცემა დაიჭირა. პერსიკოვმა ჭერიდან მომდინარე კივილ-გრიალში მარია სტეპანოვნას განუცხადა, დირექტორს სასამართლოში ვუჩივლებ, რადიომიმღებს დავუმტვრევ, მოსკოვიდან გადავიკარგები, რადგან, ცხადია, ჩემი გაძევება აქვთ განზრახულიო. მერე ლუპა გატეხა, დასაძინებლად კაბინეტში დივანზე დაწვა და მალე ჩაეძინა კლავიშების ნაზ ხმაზე, სახელგანთქმული პიანისტის თითები დიდ თეატრში რომ გამოსცემდა.

      სიურპრიზები არც მეორე დღეს შეწყვეტილა. ინსტიტუტში ტრამვაით მისულ პერსიკოვს პარმაღზე უცნობი მოქალაქე დახვდა, თავზე მოდური კოთხოქუდი რომ ეხურა. ამ მოქალაქემ პერსიკოვი დაკვირვებით შეათვალიერა, თუმცა არაფერი უკითხავს და ამიტომ პერსიკოვს მასზე გული არ მოსვლია. მაგრამ ინსტიტუტის წინკარში დაბნეული პანკტარის გარდა პერსიკოვის შესახვედრად მეორე კოთხოქუდიანი კაცი წამოდგა და ზრდილობიანად მიესალმა: - გამარჯობათ, მოქალაქე პროფესორო.

- რა გნებავთ? - მრისხანედ ჰკითხა პერსიკოვმა და პანკრატის დახმარებით პალტო გაიხადა. მაგრამ კოთხიოქუდიანმა პერსიკოვი უმალ დაამშვიდა, უნაზესი ხმით ჩასჩურჩულა, ამაოდ ღელავთო. აქ სწორედ იმიტომ გახლავართ, რომ მომაბეზრებელი სტუმრები თავიდან მოგაშოროთო, პროფესორს შეუძლია არა მარტო კაბინეტის კარს იქით, ფანჯრის იქითაც მშვიდად იყოსო. ამის შემდეგ უცნობმა პიჯაკის ბორტი წამით გადაწია და პროფესორს რაღაც ნიშანი აჩვენა.

- ჰმ... თქვენ საქმე მართლა გამართული გქონიათ, - ჩაიბუხუნა პერსიკოვმა და მერე მიამიტად დაუმატა: - აქ რა უნდა ჭამოთ?

      ამაზე კოთხოქუდიანმა ჩაიცინა და პროფესორს განუმარტა, შემცვლიანო.

      შემდგომმა სამმა დღემ დიდებულად ჩაიარა. პროფესორს კრემლიდან ორჯერ ეწვივნენ; ერთხელაც სტუდენტები მოვიდნენ, რომელთაც პერსიკოვმა გამოცდა ჩაუტარა და ყველა ჩაჭრა. ჩაჭრილებს სახეზე ეტყობოდათ, რომ პერსიკოვი მათ უსაზღვრო შიშა აღუძრავდა.

- კონდუქტორებად იმუშავეთ! ზოოლოგიის შესწავლის თავი თქვენ არა გაქვთ, - მოისმოდა კაბინეტიდან.

- მკაცრია? - ჰკითხა პანკრატს კოთხოქუდიანმა.

- უჰ, ღმერთმა ყველა დაიფაროს, - უპასუხა პანკრატმა, - თუკი ვინმემ გამოცდის ჩაბარება შეძლო, ჩემო კარგო, კაბინეტიდან ბარბაცით გამოდის, ცხრაპირი ტყავი აქვს გამძვრალი. აქედან გავა და მაშინვე ლუდხანაში გარბის.

      ამ საქმეებით გართულმა პროფესორმა ვერც კი შეამჩნია, სამმა დღემ ისე გაირბინა, მაგრამ მეოთხე დღეს ქვეყნიერებას კვლავ დაუბრუნდა და ამის მიზეზი გამკინავი ხმა გახლდათ, ქუჩიდან რომ შემოესმა.

- ვლადიმერ იპატიჩ! - გერცენის ქუჩიდან შემოიჭრა ხმა კაბინეტის გამოღებულ ფანჯარაში. ხმის პატრონს ბედმა გაუღიმა: პერსიკოვი ბოლო დღეებში ძალზე გადაიღალა, დასასვენებლად სავარძელში იჯდა, პაპიროსს ეწეოდა არაქათგამოცლილი და ფანჯრისკენ დუნედ იყურებოდა, თავი არაფრისა ჰქონდა. ამიტომ ფანჯრიდან, ცოტა არ იყოს, ცნობისმოყვარედაც კი გადაიხედა და ტროტუარზე ალფრედ ბრონსკი დაინახა. პროფესორმა წაწვეტებულ შლაპას და ბლოკნოტს თვალი მოჰკრა თუ არა, ტიტულოვანი სავიზიტო ბარათის მფლობელი მაშინვე იცნო. ბრონსკიმ თავი მისასალმებლად მოკრძალებით, ნაზად დახარა.

- ოჰ, ეს თქვენა ხართ? - ჰკითხა პროფესორმა. გაბრაზების თავი აღარ ჰქონდა. ცნობისმოყვარეობაც კი მოეძალა, მერე რა მოხდებაო, ფანჯრის შიგნით ალფრედისგან თავს უხიფათოდ გრძნობდა. ქუჩაში მუდმივად მყოფმა კოთხოქუდიანმა ბრონსკის ხმაზე ყური უმალ ცქვიტა. ბრონსკის სახეზე მაამებლური ღიმილი გადაეფინა.

- ორიოდენი წუთით, ძვირფასო პროფესორო, - ხმას აუმაღლა ტროტუარზე მდგარმა ბრონსკიმ, - მხოლოდ ერთ შეკითხვას მოგცემთ, თანაც წმინდა ზოოლოგიურს. ნებას მომცემთ, რომ გკითხოთ?

- მკითხეთ, - ლაკონურად და ირონიულად უპასუხა პერსიკოვმა და გაიფიქრა: „ამ არამზადას თითქოს რაღაც ამერიკული აქვს“.

- ქათმებისას რას მეტყვით, ძვირფასო პროფესორო? - პირზე ხელი მოიფარა და ისე ამოსძახა ბრონსკიმ.

      პერსიკოვი განცვიფრდა. ჯერ ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, მერე ისევ ჩამოხტა, თითი ღილაკს დააჭირა, მერე ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა და დაიყვირა: - პანკრატ, ტროტუარზე კაცი რომ დგას, ჩემთან შემოუშვი.

      როცა ბრონსკი კაბინეტში შევიდა, პერსიკოვი უკვე ისე მოლბა, რომ სტუმარს ალერსიანად შესთავაზა: - დაბრძანდით!

      აღფრთოვანებულმა ბრონსკიმ გაიღიმა და ხრახნიან ტაბურეტზე ჩამოჯდა.

- მითხარით, გეთაყვა, - წამოიწყო პერსიკოვმა, - თქვენა წერთ იმ თქვენს გაზეთებში?

- ნამდვილად, - მოკრძალებით უპასუხა ალფრედმა.

- კი მაგრამ, როგორ წერთ, როცა რიგიანად ლაპარაკიც არ შეგიძლიათ. აბა რა არის, „ორიოდენი წუთით“, ანდა „ქათმებისას?“ ალბათ უნდა გეკითხათ: ქათმებზეო, არა?

      ბრონსკიმ უმწეოდ და მოკრძალებით გაიცინა: - ვალენტინ პეტროვიჩი ასწორებს.

- ვალენტინ პეტროვიჩი ვინ არის?

- ლიტერატურული ნაწილის გამგე.

- ჰო, კარგი, თუმცაღა ფილოლოგი არც მე გახლავართ. ამას თქვენი პეტროვიჩის მისამართით ვამბობ. სახელდობრ რის შეტყობა გსურთ ქათმებზე?

- პროფესორო, საერთოდ ყველაფრისა, რასაც მეტყვით.

      ბრონსკიმ ფანქარი მოიმარჯვა. პერსიკოვს თვალებში გამარჯვების ნაპერწკალი აუციმციმდა.

- თქვენ მე ტყუილად მომმართეთ, რადგან ფრთოსნების სპეციალისტი არ გახლავართ. გერჩივნათ I უნივერსიტეტში ემილიან ივანოვიჩ პორტუგალოვისთვის მიგემართათ. პირადად მე ძალზე ცოტა რამ ვიცი.

      ბრონსკიმ აღფრთოვანებით გაიღიმა, რითაც პროფესორს ამცნო, ხუმრობას მიგიხვდითო. მერე ბლოკნოტში ჩაჩხაპნა: „ხუმრობს, ცოტა რამ ვიციო!“

- მაგრამ, რაკი გაინტერესებთ, მოგახსენებთ. ქათმები, ანუ ბიბილოიანები ქათმისებრთა რაზმის ფრინველები არიან. ხოხბისებრთა ოჯახიდან... - წამოიწყო პერსიკოვმა ხმამაღლა, თანაც ბრონსკის კი არ უყურებდა, სადღაც შორეთისკენ იცქირებოდა, სადაც ათასობით მსმენელს გულისხმობდა... - ხოხბისებრთა ოჯახიდან... ფაზიანიდე. ეს გახლავთ სქელკანიანი ბიბილოსი და ქვედა ყბის ქვეშ ორი ლაპოტის მქონე ფრინველი... ჰმ... თუმცა ნიკაპის ქვეშ ერთი ლაპოტიც გვხვდება... ჰო, კიდევ ფრთები მოკლე და მომრგვალებული... ბოლო საშუალო სიგრძისა, რამდენიმე საფეხურიანი და, შეიძლება ითქვას, სახურავისებური, შუა ბუმბულები ნამგლისებურად მოხრილი... პანკრატ... მოდელების კაბინეტიდან №705 მოდელი, გაჭრილი მამალი მოიტანე... თუმცა თქვენ ხომ ეს არ გესაჭიროებათ?.. პანკრატ, მოდელს ნუ მოიტან... გიმეორებთ, მე სპეციალისტი არა ვარ, პორტუტგალოვთან მიბრძანდით. ჰო, პირადად ჩემთვის გარეული ქათმების 6 სახეობაა ცნობილი... ჰმ... პორტუგალოვმა მეტი იცის... ინდოეთსა და მალაის არქიპელაგზე. მაგალითად ბანკივური მამალი ანუ კაზინტუ გვხვდება ჰიმალაის მთისწინეთში, მთელ ინდოეთში, ასამში, ბირმაზე... ჩანგლისებურბოლოიანი მამალი ანუ გალუს ვარიუსი ლამბოკზე, სუმბავაზე და ფლორესზე. ხოლო კუნძულ იავაზე ბინადრობს შესანიშნავი მამალი გალუს ენეუსი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში შემიძლია დაგისახელოთ ძალიან ლამაზი ზონერატის მამალი... მერე სურათსაც გაჩვენებთ, რაც შეეხება ცეილონს, იქ ბინადრობს სტენლის მამალი, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება.

      ბრონსკი თვალებდაჭყეტილი იჯდა და იწერდა.

- კიდევ გსურთ, რაიმე გაუწყოთ?

- მე მინდა რაიმე მითხრათ ქათმების ავადმყოფობათა თაობაზე, - ხმადაბლა თქვა ალფრედმა.

- ჰმ, მე სპეციალისტი არა ვარ... პორტუგალოვს გამოჰკითხეთ... თუმცა... ვთქვათ, ლენტისებური მუცლის ჭიები, მწუწნავები, მუნის ტკიპა, დემოდეკოზი, ფრინველის ტკიპა, ქათმის ტილი ანუ ღინღლიჭამია, რწყილები, ქათმის ქოლერა, ლორწოვანი გარსის კრუპოზულ-დიფთერიული ანთება, პნევმონომიკოზი, ტუპერკულოზი, ქათმის ქეცი... რამდენიმე რამ შეიძლება შეეყაროს... (პერსიკოვს თვალებში ნაპერწკლები უხტოდა)... მოწამვლა, მაგალითად, ციკუტათი, სიმსივნეები, ინგლისური სენი, სიყვითლე, რევმატიზმი, ახორიონ შენლაინის სოკო... ძალიან საინტერესო ავადმყოფობაა. დასნეულებისას ქათამს ბიბილოზე ობისნაირი პატარა ლაქები უჩნდება...

      ბრონსკიმ ჭრელი ცხვირსახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

- პროფესორო, ამჟამინდელი კატასტროფის მიზეზი თქვენი აზრით რა უნდა იყოს!

- რა კატასტროფისა?

- რაო, პროფესორო, განა არ წაგიკითხავთ? - გაოცდა ბრონსკი და პორტფელიდან დაჭმუჭნული გაზეთი „იზვესტია“ ამოიღო.

- მე გაზეთებს არ ვკითხულობ, - უპასუხა პერსიკოვმა და წარბები შეიჭმუხნა.

- პროფესორო, რატომ არ კითხულობთ? - ნაზად ჰკითხა ალფრედმა.

- იმიტომ, რომ გაზეთებში რაღაც მონაჩმახს წერენ, - დაუფიქრებლად უპასუხა პერსიკოვმა.

- რას ბრძანებთ, პროფესორო, - ჩაიჩურჩულა ბრონსკიმ და გაზეთი გაშალა.

- ეგ რა არის? - ჰკითხა პერსიკოვმა და ფეხზე წამოდგა. ახლა ნაპერწკლები თვალებში ბრონსკის აუკიაფდა. მან ლაქწასმული ფრჩხილების წვეტი გაუსვა უზარმაზარ სათაურს, გაზეთის მთელ გვერდს რომ გასდევდა: „ქათმის ჭირი რესპუბლიკაში“.

- რაო? - ჰკითხა ბრონსკის პერსიკოვმა და სათვალე შუბლზე აიწია.

თავი VI. მოსკოვი 1928 წლის ივნისში

      მოსკოვი ელვარებდა, შუქი ცეკვავდა, ჩაქრებოდა და აენთებოდა. თეატრის მოედანზე ავტობუსების თეთრი ფარები და ტრამვაების მწვანე შუქი ბრიალებდა. ყოფილი მიურის და მერილიზის თავზე დაშენებული მეათე სართულის ზემოთ ჭრელაჭრულა ელექტრული ქალი ხტოდა და ასო-ასო ისროდა ფერად-ფერად სიტყვებს: „მუშათა კრედიტი“. დიდი თეატრის მოპირდაპირე სკვერში, სადაც ღამით მრავალფერი შადრევანი იფრქვეოდა, ხალხი იერეოდა და გუგუნებდა, ხოლო დიდი თეატრის სახურავზე უზარმაზარი რუპორი გაჰკიოდა: „ლეფორტის ვეტერინალურ ინსტიტუტში ჩატარებული ქათმის ჭირის საწინააღმდეგო აცრა ბრწყინვალე შედეგს იძლევა. ქათმების სიკვდილიანობა დღეისათვის ორჯერ შემცირდა...“

      მერე რუპორი ტემბრს იცვლიდა, შიგ რაღაც აღმუვლდებოდა, თეატრის თავზე მწვანე ჭავლი იფეთქებდა და ჩაცხრებოდა, შემდეგ კი რუპორი ბოხი ხმით წამოიწყებდა: „ჩამოყალიბდა ქათმის ჭირთან მებრძოლი საგანგებო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ჯანმრთელობის სახალხო კომისარი, მიწის სახალხო კომისარი, მეცხოველეობის გამგე ამხანაგი პტახა-პოროსიუკი, პროფესორი პერსიკოვი და პორტუგალოვი... და ამხანაგი რაბინოვიჩი! ქათმების ჭირთან დაკავშირებით ინტერვენციის ახალი მცდელობანი!.. - ტურასავით გაჰკიოდა და ქვითქვითებდა რუპორი.

      თეატრალურ შესახვევში, ნეგლიანაიაზე და ლუბიანკაზე სინათლის თეთრი და იისფერი ზოლები გიზგიზებდა, სხივები იფრქვეოდა, საყვირები გაჰკიოდნენ, მტვრის კორიანტელი ადიოდა. კედლებზე გამოკრულ ჭახჭახა წითელი რეფლექტორებით განათებულ განცხადებათა დიდრონი ფურცლების წინ ხალხი ჯგუფ-ჯგუფად იდგა.

      „მოსახლეობას სასტიკად ეკრძალება ქათმის ხორცისა და კვერცხის საჭმელად გამოყენება. კერძო მოვაჭრენი ბაზრებზე ქათმის ხორცისა და კვერცხის გაყიდვის მცდელობისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან და მთელი ქონება ჩამოერთმევათ. კვერცხის მქონე ყველა მოქალაქემ კვერცხი სასწრაფოდ უნდა ჩააბაროს მილიციის რაიონულ განყოფილებას“.

      „მუშათა გაზეთის“ სახურავზე გაჭიმულ ეკრანზე ქათმები იყო დაზვინული და მწვანეტანსაცმლიანი, ნაპერწკლებში გახვეული მეხანძრეები ზედ ნავთს შლანგებით ასხამდნენ. ეკრანზე ახლა წითელი ტალღები იქოჩრებოდა, კვამლი იბერებოდა, მერე ფთილა-ფთილა იფანტებოდა და ცისკენ სვეტ-სვეტად მიიწევდა, ბოლოს კი ცეცხლოვანი წარწერა გამოხტებოდა: „ქათმის ლეშის დაწვა ხოდინკაზე“.

      ქალაქის მაღაზიები ღამის სამ საათამდე ვაჭრობდნენ, შესვენება მხოლოდ ორჯერ - სადილობისას და ვახშმობისას ჰქონდათ. ამ მაღაზიათა გაჩახჩახებულ ვიტრინებს შორის მოჩანდა ფიცრებაჭედილი, ჩაბრმავებული ფანჯრები იმ ფირნიშებს ქვემოთ, სადაც ეწერა: „კვერცხით ვაჭრობა. ხარისხისათვის გარანტია“. მილიციელების თვალწინ ხშირ-ხშირად მძიმე ავტობუსებს საგანგაშო წივილით ასწრებდნენ და შიშინით მიჰქროდნენ მანქანები, რომლებზეც მოჩანდა წარწერა: „მოსჯანგანყოფილება. სასწრაფო დახმარება“.

- ვიღაც კიდევ გამომძღარა აყროლებული კვერცხით, - გაისმოდა ხალხში.

      პეტროვკაზე მწვანე და ნარინჯისფერ ფარნებს აელვარებდა საქვეყნოდ განთქმული რესტორანი „ამპირი“, სადაც გადასატანი ტელეფონების გვერდით ეწყო ლიქიორის ლაქებით დაფარული მუყაოს ფირნიშები: „მოსსაბჭოს განკარგულებით ომლეტი არ გვექნება. მიღებულია ქორფა ხამანწკები“.

      „ერმიტაჟში“, სადაც უსიცოცხლო სიმწვანეში შესაბრალისად ბჟუტავდა მძივებივით ჩარიგებული ჩინურა ფარნები, თვალისმომჭრელად გაჩახჩახებულ ესტრადაზე კუპლეტისტები შრამსი და კარმანიკოვი ჩეჩოტკის ბაგაბუგით მღეროდნენ პოეტების არდის და არგუევის კუპლეტებს.

      ვაი, დედა! ვაი, დედა!

      უკვერცხოდ რა გვეშველება?

      1927 წელს პუშკინის „ბორის გოდუნოვის“ დადგმისას შიშველი ბოიარებით მოხატული ტრაპეციების ჩამონგრევისას დაღუპული ვსევოლოდ მეიერხოლდის სახელობის თეატრმა ელექტრო ფირნიში გამოჰკიდა, რომელზედაც მრავალფერი მოძრავი წარწერა იუწყებოდა, რომ მწერალ ერენდორგის პიესა „ქათმის ჭირის“ დადგმა განახორციელა მეიერხოლდის მოწაფემ, რესპუბლიკის დამსახურებულმა რეჟისორმა კუხტერმანმა. გვერდით, „აკვარიუმში“, მწვანე ესტრადაზე სარეკლამო შუქების ლივლივსა, ნახევრად შიშველი ქალის სხეულის ელვარებასა და ტაშის გრიალში მიმდინარეობდა მწერალ ლენივცევის მიმოხილვა „ქათმის შვილები“. ხოლო ტვერსკაიაზე მწკრივად მიდიოდნენ დრუნჩის ორივე მხარეს ფარანჩჩამოკიდებული ცირკის ვირები, ზურგზე მოელვარე პლაკატები რომ ჰქონდათ დამაგრებული: „კორშის თეატრში როსტანის „შანტეკლერი“ განახლდება“.

      გაზეთების გამყიდველი ბიჭები მოტორთა გრიალში გაჰკიოდნენ: - შემზარავი აღმოჩენა მიწისქვეშეთში! პოლონეთი საშინელი ომისთვის ემზადება!! პროფესორ პერსიკოვის საზარელი ცდები!!

      ყოფილ ნიკიტინის ცირკში, ნაკელის საამო სუნით გაჟღენთილ ყავისფერ არენაზე სახეშეთეთრებული კლოუნი ბომე წყალმანკიანივით გაფიჟვინებულ კუბოკრულტანსაცმლიან ბიმს ელაზღანდარებოდა.

- ვიცი, რატომაცა ხარ ასე დაღონებული!

- ლატომ? - წრიპინა ხმით ეკითხებოდა ბიმი.

- კვერცხები მიწაში ჩამარხე, მეთხუთმეტე უბნის პოლიციამ კი აღმოაჩინა.

- ხა-ხა-ხა-ხა, - ისე იცინოდა ცირკი, რომ ნაღველნარევი მხიარულებისგან ძარღვებში სისხლი გაგეყინებოდა. ხარხარის ხმა ძველი გუმბათის ქვეშ ტრაპეციებს არხევდა და აბლაბუდას აფრიალებდა.

- ჰო-ოპ! - ყურისწამღებად შეჰყვირებდნენ კლოუნები და ჩათქვირებულ თეთრ ცხენებზე ამხედრებული, ჟოლოსფერი ტრიკოთი შემოსილი, ფეხებჩამოქნილი, საოცრად ლამაზი ქალი არენაზე გამოიჭრებოდა.

      უეცარი დიდებით მოსილი შთაგონებული პერსიკოვი მოხოვაიაზე მანეჟთან მოციმციმე ცეცხლოვანი საათისკენ მარტოდმარტო მიდიოდა, ზედ არავის უყურებდა, ვერავის ამჩნევდა, გამვლელთა მუჯლუგუნებს არაფრად აგდებდა და ნაზი ხმით მოპატიჟე კახპებს ყურადღებას არ აქცევდა. ფიქრებში წასული ირგვლივ ვერაფერს ხედავდა, უცნაურ, ძველმოდურად ჩაცმულ კაცს შეეჯახა და თითები იტკინა, ხელი ისე ატაკა ხისბუდიან რევოლვერს, იმ კაცს ქამარზე რომ ეკიდა.

- ფუ ეშმაკს! - ამოიწრიპინა პერსიკოვმა - უკაცრავად.

- ბოდიში, - უსიამო ხმით უპასუხა რევოლვერიანმა, მერე ერთმანეთს მოსცილდნენ და ხალხის ზღვას შეერივნენ. პროფესორმა პრეჩისტენკისკენ გასწია და ეს შეჯახება უმალვე მიავიწყდა.

თავი VII. როკი

      არავინ უწყის, მართლა კარგი იყო თუ არა ლეფორტის ვეტერინარული აცრები, მარჯვედ მოქმედებდნენ თუ არა სამარელი გადამღობი რაზმები, შედეგიანი აღმოჩნდა თუ არა მკაცრი ზომები, რაც კალუგასა და ვორონეჟში კვერცხების შემსყიდველთა მიმართ ჩაატარეს, შედეგიანად მოქმედებდა თუ არა მოსკოვის საგანგებო კომისია, მაგრამ ის ცნობილია, რომ პერსიკოვისა და ალფრედის ბოლო შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ რესპუბლიკების კავშირში ქათმების მხრივ ყველაფერი მოწესრიგდა. პატარა სამაზრო ქალაქების ეზოებში ალაგ-ალაგ ობლად ეყარა ქათმის ბუმბულები, მნახველს ცრემლს რომ მოჰგვრიდა, საავადმყოფოებში მოთავსებულ უკანასკნელ ღორმუცელებს სისხლიანი ფაღარათი და გულისრევა მალე გაუვლიდათ და გამოჯანმრთელდებოდნენ. ადამიანთა სიკვდილიანობა რესპუბლიკაში, საბედნიეროდ, ათას კაცს არ გადასცილებია. ამ ამბავს არც დიდი არეულობა მოჰყოლია. თუმცაღა ვოლოკოლამსკში წინასწარმეტყველი გამოჩნდა, ხალხს რომ აუწყებდა, ქათმის ჭირი კომისრებმა გამოიწვიესო, მაგრამ თავისი ქადაგებით დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. ვოლოკოლამსკის ბაზარში დედაკაცებისთვის ქათმების ჩამოსართმევად მისულ რამდენიმე მილიციელს სცემეს და ადგილობრივ ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებაში ფანჯრები ჩაამტვრიეს. მაგრამ ვოლოკოლამსკის მარჯვე ხელისუფლებამ, საბედნიეროდ, ზომები მიიღო, რის შედეგადაც წინასწარმეტყველის მოღვაწეობა შეწყდა, ხოლო ტელეგრაფში მინები ჩასვეს.

      ჩრდილოეთისკენ გავრცელებულმა ქათმის ჭირმა არხანგელსკსა და სიუმკინვასელოკს მიაღწია თუ არა, თავისით შეჩერდა იმის გამო, რომ იქით ვეღარ გავრცელდებოდა, - თეთრ ზღვაში, მოგეხსენებათ, ქათმები არ არიან. ქათმის ჭირი შეჩერდა ვლადივოსტოკშიც, რადგან იმას იქით ოკეანე გახლავთ. შორეულ სამხრეთში გაქრა და ჩაცხრა სადღაც ორდუბატის, ჯულფისა და ყარაბულაკის გადახრუკულ სივრცეებში, ხოლო დასავლეთში, თუმცა საოცარია, სწორედ პოლონეთსა და რუმინეთის საზღვრებზე შეჩერდა. იქ კლიმატი იყო სხვანაირი თუ მეზობელ მთავრობათა მიერ მოწყობილმა გადამღობმა კორდონებმა გამოიღო შედეგი, არ ვიცით, მაგრამ ჭირი იქით აღარ გავრცელებულა. უცხოეთის პრესა ისტორიაში უმაგალითო ჭირის ამბავს ცხარედ, ერთი აურზაურით განიხილავდა, ხოლო საბჭოთა რესპუბლიკების მთავრობა ყოველგვარი აურზაურის გარეშე, თავაუღებლად მუშაობდა. ქათმის ჭირთან მებრძოლ საგანგებო კომისიას სახელი შეუცვალეს და რესპუბლიკაში მექათმეობის განახლება-აღორძინების საგანგებო კომისია უწოდეს. ეს კომისია ახალი საგანგებო სამეულით შეავსეს, რომლის შემადგენლობაში თექვსმეტი ამხანაგი შეიყვანეს. დაარსდა მექათმეობის ნებაყოფლობითი საზოგადოება, რომელშიაც თამჯდომარის საპატიო ამხანაგებად შევიდნენ პერსიკოვი და პორტუგალოვი. გაზეთებში მათი პორტრეტების ქვემოთ გამოჩნდა სათაურები: „უცხოეთში კვერცხების მასობრივი შესყიდვა“ და ბატონ იუზს კვერცხების კომპანიის ჩაშლა სურს“. მთელ მოსკოვში გადაიქუხა ჟურნალისტ კოლეჩკინის გესლიანმა ფელეტონმა, რომელიც შემდგომი სიტყვებით მთავრდებოდა: „ბატონო იუზო, ჩვენს კვერცხებში ხელებს ნუ აფათურებთ, თქვენ საკუთარიცა გაქვთ“.

      პროფესორი პერსიკოვი ბოლო სამ კვირაში ძალზე გაიტანჯა და გადაიქანცა. ქათმების ამბავმა იგი კალაპოტიდან ამოაგდო და ტვირთი გაუორმაგა. საღამოობით ქათმის ჭირთან მებრძოლ საგანგებო კომისიაში უნდა ემუშავა, ხოლო დროდადრო ხან ალფრედ ბრონსკისთან, ხანაც მექანიკურ ღიპიან კაცთან ხანგრძლივი საუბრებისთვის გაეძლო. საჭირო შეიქნა პროფესორ პორტუგალოვთან და პრივატ-დოცენტ ივანოვთან ერთად ქათმები გაეკვეთა და მიკროსკოპით ჭირის ბაცილა ეძებნა, ამას გარდა, სამი საღამო თავჩარგული იჯდა და ხელახლად დაწერა ბროშურა „ცვლილებანი ჭირიანი ქათმების ღვიძლში“.

      პერსიკოვი ქათმების დარგში დიდი გატაცებით არ მუშაობდა და ეს ამბავი გასაგებიცაა, - ერთთავად სხვა რამეზე, ძირითადზე და მნიშვნელოვანზე, ესე იგი წითელ სხივზე ფიქრობდა, რასაც ქათმების კატასტროფის გამო მოსწყდა. პერსიკოვი ისედაც გატეხილ ჯანმრთელობას მთლად ბოლოს უღებდა, ძილისა და ჭამისთვის ვეღარ იცლიდა, ზოგჯერ პრეჩისტენკაზე აღარც ბრუნდებოდა, ინსტიტუტის კაბინეტში მუშამბაგადაკრულ დივანზე წათვლემდა და გათენებამდე კამერებსა და მიკროსკოპებს უტრიალებდა.

      ივლისის დამდეგისთვის ალიაქოთი ოდნავ ჩაცხრა, სახეშეცვლილ კომისიაში მუშაობა ნორმალურ კალაპოტში ჩადგა და პერსიკოვი შეფერხებულ სამუშაოს დაუბრუნდა. მიკროსკოპებში ახალი პრეპარატები მოათავსეს, ხოლო კამერებში სხივებქვეშ თევზისა და ბაყაყის ქვირითი ზღაპრული სისწრაფით მწიფდებოდა. კენინგსბერგიდან აეროპლანით საგანგებოდ შეკვეთილი მინები ჩამოიტანეს და ივლისის ბოლო რიცხვებში მექანიკოსებმა ივანოვის მეთვალყურეობით ორი ახალი დიდი კამერა ააგეს, რომლებშიაც სხივი ფუძესთან პაპიროსის კოლოფის სიგანისა გახლდათ, ხოლო მილძაბრაში თითქმის ერთ მეტრს აღწევდა. პერსიკოვმა ხელები მხიარულად მოიფშვნიტა და იდუმალებით მოცული რთული ცდებისთვის მზადებას შეუდგა. უპირველეს ყოვლისა, განათლების სახალხო კომისარს ტელეფონით რაღაცაზე შეუთანხმდა და ყურმილის ყიყინა ხმა ყოველგვარ მხარდაჭერას თავაზიანად შეჰპირდა, რის შემდეგ პერსიკოვმა ტელეფონითვე გამოიძახა უმაღლეს კომისიასთან არსებული მეცხოველეობის განყოფილების გამგე, ამხანაგი პტახა-პოროსიუკი. პტახა პერსიკოვს დიდი გულისყურით მოეპყრო. საუბარი ჰქონდათ პროფესორ პერსიკოვისთვის უცხოეთში დიდი დაკვეთის თაობაზე. პტახამ თქვა, ბერლინში და ნიუ-იორკში დეპეშებს ახლავე გავგზავნიო. ამის შემდეგ პერსიკოვს კრემლიდანაც დაურეკეს და ჰკითხეს, თქვენი საქმეები როგორ მიდისო, და ალერსიანი, თუმცა მედიდური ხმით უთხრეს, ავტომობილი ხომ არ გჭირდებათო?

- არა, გმადლობთ, ტრამვაით სიარული მირჩევნია, - უპასუხა პერსიკოვმა.

- რატომ? - იკითხა იდუმალმა ხმამ და შემწყნარედ ჩაიცინა.

      პერსიკოვს ყველანი საერთოდ რიდითა და შიშით ელაპარაკებოდნენ, ანდა ალერსიანად ჩაიცინებდნენ ხოლმე, თითქოს იგი პატარა, თუმცა ტანადი ბავშვი ყოფილიყო.

- ტრამვაი უფრო სწრაფად დადის, - მიუგო პერსიკოვმა.

- როგორც გენებოთ, - ჩაიბუბუნა ხმამ ტელეფონში.

      კიდევ ერთმა კვირამ გაიარა და ქათმებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა მინელდა. პერსიკოვი ამ საქმიანობას თანდათან ჩამოშორდა და სხივის შესწავლას ჩაუღრმავდა. უძილო ღამეებმა და გადაღლამ გონება გაუნათა, თითქოს სიმჭვირვალე და სიმჩატე შესძინა. თვალთა ირგვლივ წითელი რკალები აღარ სცილდებოდა. თითქმის ყოველ ღამეს ინსტიტუტში ათევდა. ზოოლოგიური სავანე მხოლოდ ერთხელ მიატოვა, რათა პრეჩისტენკაზე, ბიოლოგთა ცენტრალური კლუბის უზარმაზარ დარბაზში მოხსენება წაეკითხა თავის სხივზე და იმის თაობაზე, თუ ეს სხივი კვერცხუჯრედზე როგორ მოქმედებდა. ეს ახირებული ზოოლოგის გიგანტური ტრიუმფი გახლდათ. სვეტებიანი დარბაზის ჭერი ტაშისცემამ ლამის ჩამოანგრია. რკალური მილაკები შუქსა ჰფენდა კლუბის წევრთა შავ სმოკინგებსა და ქალების თეთრ კაბებს. ესტრადაზე, კათედრის გვერდით, მინის მაგიდაზე შემოდგმულ ლანგარზე კატისხელა რუხი, სველი ბაყაყი იჯდა და მძიმედ სუნთქავდა. ესტრადისკენ წერილებს ისროდნენ. მათ შორის შვიდი სასიყვარულო წერილი აღმოჩნდა და პერსიკოვმა შვიდივე დახია. კლუბის თავმჯდომარემ იგი ხალხისათვის თავის დასაკრავად ესტრადაზე ძალით გაიყვანა. პერსიკოვი თავს უხალისოდ უკრავდა, ხელები ოფლისგან დასველებოდა, შავი ჰალსტუხი ნიკაპს ქვემოთ კი არა, მარცხენა ყურს უკან მოქცეოდა. მსმენელთა ამონასუნთქის ბურუსში ასობით მოყვითალო სახესა და მამაკაცთა თეთრ მკერდებს ხედავდა. უეცრად რევოლვერის ყვითელმა ბუდემ გაიელვა და სადღაც თეთრი სვეტის მიღმა გაუჩინარდა. მაგრამ მოხსენების შემდეგ დარბაზს როცა ტოვებდა და კიბეზე დაფენილ ნოხზე ჩადიოდა, უეცრად თავი ცუდად იგრძნო. ვესტიბულში გაჩახჩახებული ჭაღი წამით შავად შებურული წარმოესახა, თვალები დაებინდა, გულისრევა იგრძნო... მოეჩვენა, რომ ირგვლივ კვამლი იდგა და ყელიდან მწებვარე ცხელი სისხლი სდიოდა... პროფესორმა მოაჯირს აკანკალებული ხელი ჩასჭიდა.

- ვლადიმერ იპატიჩ, ცუდად ხართ? - გაისმა ირგვლივ შეშფოთებული ხმები.

- არა, არა, - უპესუხა პერსიკოვმა და თავი შეიმაგრა, - უბრალოდ, გადავიღალე... ჰო... ერთი ჭიქა წყალი დამალევინეთ, გეთაყვა.

* * *

      აგვისტოს თაკარა დღე იდგა. პროფესორს მზე ხელს უშლიდა და ამიტომ ფანჯრებისთვის ფარდები ჩამოეფარებინა. ინსტრუმენტებითა და მინებით გავსებულ მინის მაგიდას დრეკადი რეფლექტორი მჭახე შუქს ფენდა. დაქანცულ პერსიკოვს ხრახნიანი სავარძლის საზურგე უკან გადაეწია, პაპიროსს ეწეოდა დადაღლილობისაგან ჩამქრალი, მაგრამ კმაყოფილი მზერა კვამლის სვეტების მიღმა მიეპყრო კარგამოღებული კამერისკენ, სადაც წყნარად გაწოლილიყო წითელ სხივთა კონა და კაბინეტის ისედაც ჩახუთულ, უსუფთაო ჰაერს კიდევ უფრო ახურებდა.

      კარზე მოაკაკუნეს.

- შემოდი! - გასძახა პერსიკოვმა.

      კარმა ოდნავ გაიჭრიალა, პანკრატი შემოვიდა, ხელები ჩამოუშვა და ღვთაების წინაშე შიშისგან ფერწასულმა თქვა: - ბატონო პროფესორო, როკი გეწვიათ.

      მეცნიერს სახეზე ღიმილის მსგავსი რაღაც გამოესახა. მან თვალები მოწკურა და თქვა: - ეს საინტერესოა, მაგრამ მე არ მცალია.

- ამბობს, კრემლიდან წერილით ვარ მოსულიო.

- როკი წერილით? საკვირველია, - თქვა პერსიკოვმა და მერე დაუმატა: - აბა, შემოიყვანე!

*გაგარძელება*

ნახვა: 764

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: It was a bittersweet experience slowly finishing

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 6:54am 0 კომენტარი

The Diablo 4 Season 1 patch notes dropped yesterday, with headline changes focusing on buffing classes but nerfing powerful builds, especially those based around Crit Damage and Vulnerable enemies. According to the reaction across social media, they've proved pretty unpopular, but Blizzard says it's aware of the sentiment around the update.



We have been hearing feedback from players regarding some of the changes in 1.1.0 for #DiabloIV. We are going to have a Campfire Chat later this… გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:40am 0 კომენტარი



In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of …

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters