მიხაილ ბულგაკოვი - საბედისწერო კვერცხები

*დასაწყისი*

- ახლავე, - უთხრა პანკრატმა და კარებში ხვლიკივით გასხლტა.
ერთი წუთის შემდეგ კარმა ისევ გაიჭრიალა და ზღურბლზე კაცმა გადმოაბიჯა. პერსიკოვმა ხრახნიანი სავარძელი ჭრიალით შემოაბრუნა და მოსულს სათვალის ზემოდან გახედა. პროფესორი ცხოვრებას ძალზე ჩამოცილებული იყო - სრულებით არ აინტერესებდა, მაგრამ მასაც კი თვალში ეცა კაბინეტში შემოსულის ძირითადი და უმთავრესი თავისებურება - უცნაურად ძველმოდური გარეგნობა. 1919 წელს ეს კაცი მოსკოვის ქუჩებისთვის სავსებით შესაფერისი იქნებოდა, 1924 წლის დასაწყისისთვის ასატანი, მაგრამ 1928 წელში უცნაური მოგეჩვენებოდათ. იმ დროს როცა პროლეტარიატის ყველაზე ჩამორჩენილი ნაწილი - ხაბაზებიც კი პიჯაკებით შემოსილნი დადიოდნენ, როცა მოსკოვში ფრენჩი - 1924 წლის დასასრულს საბოლოოდ მიტოვებული ძველმოდური კოსტიუმი - იშვიათი სანახავი შეიქნა, შემოსულს ტყავის ორბორტიანი ქურთუკი და მწვანე შარვალი ეცვა. ფეხზე ტოლაღები და შტიბლეტები ემოსა, ხოლო გვერდზე ძველებური კონსტრუქციის პისტოლეტი - ყვითელ, გაქერცლილ ბუდეში ჩადებული უზარმაზარი მაუზერი ეკიდა. სტუმრის სახემ პერსიკოვზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორსაც ყველაზე ახდენდა - უკიდურესად უსიამოვნო შთაბეჭდილება. წვრილი თვალები ქვეყნიერებას გაოცებით და ამავე დროს თავდაჯერებულად უცქეროდა, ბრტყელტერფიან მოკლე ფეხებს ერთგვარი მოურიდებლობის ნიშანი ედო. გულდასმით გაპარსულ ლოყებზე სილურჯე გადაჰკრავდა. პერსიკოვი მყისვე მოიღუშა, ხრახნიანი გამეტებით ააღრჭიალა, სტუმარს სათვალის ზემოდან კი არა, უკვე სათვალიდან დააცქერდა და უთხრა: - წერილი მოიტანეთ? აბა, სადა გაქვთ?
სტუმარი როგორც ჩანს იქაურობამ ძალზე განაცვიფრა. განცვიფრების უნარი ნაკლებად გააჩნდა, მაგრამ ახლა განცვიფრდა. თვალებზე ეტყობოდა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჭერამდე აღმართულმა და წიგნებით გამოტენილმა თორმეტთაროიანმა კარადამ გააოცა. შემდგომ, რა თქმა უნდა, კამერებმა, სადაც მინებში გაჯირჯვებული სხივი, როგორც ჯოჯოხეთში, ჟოლოსფრად ციალებდა. რეფლექტორიდან ისარივით გამომსხლტარი სხივის განაპირას ხრახნიან სავარძელზე მჯდარი, სანახევროდ სიბნელეში ჩაძირული პერსიკოვიც საკმაოდ უცნაური და დიდებული შესახედაობის მქონე გახლდათ. სტუმარი პროფესორს დააშტერდა, თვალებში თავდაჯერებულობასთან ერთად მოწიწების ნაპერწკლები აშკარად გაუკრთა. პერსიკოვისთვის წერილი არ გაუწოდებია, ისე უთხრა: - მე ალექსანდრ სემიონოვიჩ როკი გახლავართ!
- მერე რა გნებავთ?
- მე საჩვენებელი საბჭოთა მეურნეობის - „წითელი სხივის“ - გამგედ გახლავართ დანიშნული, - განმარტა სტუმარმა.
- მერე?
- ამხანაგო თქვენთან საიდუმლო წერილი მაქვს.
- საინტერესოა. ოღონდ მოკლედ თქვით, თუ შეიძლება.
სტუმარმა ქურთუკის ბორტი გაიხსნა, საუცხოო სქელ ქაღალდზე დაბეჭდილი ბრძანება ამოიღო, პერსიკოვს მიაწოდა და მერე ხრახნიან ტაბურეტზე დაუპატიჟებლად ჩამოჯდა.
- მაგიდა არ შეარყიოთ, - ბრაზით უთხრა მას პერსიკოვმა.
სტუმარმა შიშით გახედა მაგიდას, რომლის კიდეზე ნაცრისფერ, ბნელ ხვრელში ვიღაცის უსიცოცხლო თვალები ზურმუხტივით კიაფობდა. ამ თვალებიდან სიცივე მოედინებოდა.
პერსიკოვმა წერილი წაიკითხა თუ არა, ტაბურეტიდან უმალ წამოხტა და ტელეფონისკენ გაექანა. რამდენიმე წამის შემდეგ უკვე აჩქარებით ლაპარაკობდა უკიდურესად გაღიზიანებული.
- უკაცრავად... ვერ გამიგია... ეს როგორ შეიძლება? ჩემი თანხმობის, ჩემი რჩევის გარეშე... ეშმაკმა უწყის, ახლა ეს რას ჩაიდენს!!
უცნობი ტაბურეტზე დიდად განაწყენებული შემოტრიალდა.
- უკაცრავად, - წამოიწყო მან, - მე ხომ გამგე გახლავ...
მაგრამ პერსიკოვმა მოკაკული თითი დაუქნია და განაგრძო: - უკაცრავად, მაგრამ ვერ გამიგია... ბოლოს და ბოლოს კატეგორიულ პროტესტს ვაცხადებ. კვერცხებზე ცდების ჩასატარებლად სანქციას არ მოგცემთ... სანამ თავად მე არ ვსინჯავ... ყურმილიდან ყიყინ-კაკუნი მოისმოდა და შორიდანაც კი მიხვდებოდით, რომ პერსიკოვს დაყვავებით ელაპარაკებოდნენ, როგორც პატარა ბავშვს. ყოველივე იმით დასრულდა, რომ სახეწამოჭარხლებულმა პერსიკოვმა ყურმილი დაახეთქა და კედლისკენ პირშექცეულმა თქვა: - მე ხელები დამიბანია. იგი მაგიდასთან დაბრუნდა, წერილი აიღო, უსათვალოდ ჩაიკითხა, მერე სათვალით ქვემოდან ზემოთ აუყვა და უცებ შეჰკივლა: - პანკრატ! პანკრატი კარებში გამოჩნდა. ისე მოაბიჯებდა, თითქოს ოპერაში ტრაპზე ადისო. პერსიკოვმა შეხედა და დაიღრიალა: - პანკრატ, გასწი აქედან!
პანკრატი ისე გაუჩინარდა, სახეზე გაოცება არ გამოხატვია.
პერსიკოვი ახლა სტუმარს მიუბრუნდა: - ნება თქვენია... დაგმორჩილდით. ჩემი საქმე არ არის. არც მაინტერესებს.
- უკაცრავად, - წამოიწყო სტუმარმა, - ამხანაგო, თქვენ ხომ...
- სულ რა „ამხანაგოს“ გაიძახით... - პირქუშად ჩაიბურტყუნა პერსიკოვმა და გაჩუმდა.
„თუმცა“, - გამოესახა როკს სახეზე.
- უკაცრა...
- მაშ ასე, გეთაყვა, - გააწყვეტინა პერსიკოვმა, - აი, რკალური სფერო. ოკულარის გადაადგილებით მისგან სხივების კონას მიიღებთ, - პერსიკოვმა ფოტოგრაფიული აპარატის მსგავსი კამერის სახურავი გააჩხაკუნა, - ამ კონის შეკვრა ობიექტების გადაადგილებით შეგიძლიათ. აი, №1... და სარკე №2 - პერსიკოვმა სხივი ჩააქრო, მერე ისევ აანთო აზბესტის კამერის იატაკზე, - ხოლო იატაკზე გაწოლილ სხივში შეგიძლიათ ის განალაგოთ, რასაც მოისურვებთ და ცდები ჩაატაროთ. ძალზე მარტივი რამაა, ხომ მართალია?
პერსიკოვის ირონია და ზიზღი სტუმარმა ვერ შეამჩნია, მოელვარე თვალებით კამერას დაკვირვებით დააშტერდა.
- ოღონდა გაფრთხილებთ, - განაგრძო პერსიკოვმა, სხივში ხელები არ შეყოთ, ვინაიდან, ჩემი დაკვირვებით, იგი ეპითელიუმის ზრდას იწვევს... ავთვისებიანი არის თუ არა, ეს კი, სამწუხაროდ, ჯერ არ დამიდგენია.
სტუმარმა ხელები ზურგს უკან მკვირცხლად დამალა და ტყავის კარტუზი დაუვარდა. მან პროფესორის ხელები შეათვალიერა. პერსიკოვს ხელები ერთიანად იოდით ჰქონდა დადაღული, მარჯვენა ხელის მაჯა კი ბინტით შეეხვია.
- პროფესორო, თავად როგორ იქცევით?
- შეგიძლიათ კუზნეცკზე შვაბესთან რეზინის ხელთათმანები იყიდოთ. მე მოვალე არა ვარ ამაზე ვიზრუნო, - ბრაზიანად უპასუხა პროფესორმა და სტუმარს ისე დააცქერდა, თითქოს ლუპით აკვირდებაო. - საიდან გაჩნდით? საერთოდ... რატომ მოინდომეთ?
როკი ახლა კი ძალზე განაწყენდა.
- უკაცრა...
- საქმის ვითარებას ხომ უნდა იცნობდეთ!.. ამ სხივს რატომ მოეძალეთ?
- იმიტომ, რომ უდიდესი მნიშვნელობის საქმეა...
- მაშ უდიდესია? მაშინ... პანკრატ!
პანკრატი უმალ გამოჩნდა.
- მოიცა, დავფიქრდები.
პანკრატი მორჩილად გაუჩინარდა.
- ერთი რამ ვერ გამიგია, - თქვა პერსიკოვმა, - ასეთი აჩქარება და გასაიდუმლოება რა საჭიროა?
- პროფესორო, უკვე თავგზა ამიბნიეთ, - უპასუხა როკმა, - ხომ იცით, რომ ქათმები ერთიანად ამოწყდნენ.
- მერე რა მოხდა? - აყვირდა პროფესორი. - რაო. გინდათ, რომ უცებ მკვდრეთით აღადგინოთ? ამას შეუსწავლელი სხივის შემწეობით რატომ აპირებთ?
- ამხანაგო პროფესორო, სინდისს გეფიცებით, დამაბნიეთ, - უპასუხა როკმა, -გეუბნებით, რომ მექათმეობა აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, იმიტომ, რომ უცხოეთში ჩვენზე ყოველგვარ უხამსობას წერენ. დიახ.
- წერონ რამდენიც უნდათ...
- იცით, რას გეტყვით... - იდუმალად უპასუხა როკმა და თავი გადააქნია.
- მინდა ვიცოდე, კვერცხებით ქათმების მომრავლება აზრად ვის მოუვიდა?
- მე, - უპასუხა როკმა.
- ჰო-ო... კარგი... მიბრძანეთ, მაინც რატომ? საიდან შეიტყვეთ, სხივს რა თვისებები აქვს?
- პროფესორო, თქვენს მოხსენებაზე გახლდით.
- კვერცხებით მე ჯერ არაფერი გამიკეთებია! ახლა ვაპირებ!
- ღმერთმანი, მოგვარდება, - უცებ დამარწმუნებლად და გულითადად თქვა როკმა, - თქვენი სხივი ისეთი დიდებულია, წიწილებს კი არა, სპილოებს გამოზრდის.
- იცით რა, - უთხრა პროფესორმა, - თქვენ ზოოლოგი არა ხართ? არა? სამწუხაროა... თქვენგან ძალზე გამბედავი ექსპერიმენტატორი დადგებოდა... დიახ... მაგრამ რისკს ეწევით... შესაძლოა მარცხი განიცადოთ... ხოლო მე დროს მაკარგვინებთ...
- კამერებს უკანვე დაგიბრუნებთ.
- როდის?
- პირველ პარტიას როცა გამოვიყვან.
- თავდაჯერებულად ლაპარაკობთ! კარგი. პანკრატ!
- მე ხალხი მოყვანილი მყავს, - თქვა როკმა, - მცველებიც...
საღამო ხანს პერსიკოვის კაბინეტი დაობლდა... მაგიდები დაცარიელდა. როკის მოყვანილმა ხალხმა სამი დიდი კამერა წაიღო. პროფესორს მხოლოდ პირველი, პატარა კამერა დაუტოვეს, რომლითაც მან ცდების ჩატარება დაიწყო.
ივლისის საღამოს ბინდი ახლოვდებოდა, ინსტიტუტში ნოტიო ჰაერი შემოიჭრა და დერეფნებს გაუყვა. კაბინეტიდან მონოტონური ნაბიჯების ხმა მოისმოდა - პერსიკოვი დიდ ოთახში ფანჯრიდან კარამდე ბოლთას სცემდა, ისე რომ, შუქი არ აუნთია. უცნაური რამ მოხდა! იმ საღამოს ინსტიტუტში მყოფ ადამიანებსაც და ცხოველებსაც შეუცნობელი სევდა დაეუფლა. გომბეშოებმა რატომღაც მეტისმეტად ნაღვლიანი კონცერტი გამართეს, ავის მომასწავებლად და გამაფრთხილებლად გნიასობდნენ. პანკრატმა საკნიდან გამომძვრალი ანკარა დერეფანში დაიჭირა. ანკარას ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს უნდოდა ცხრა მთას იქით გადაკარგულიყო, ოღონდაც იქაურობას მოშორებოდა. როცა მთლიანად ჩამობნელდა, პერსიკოვის კაბინეტიდან ზარის ხმა მოისმა. პანკრატმა ზღურბლიდან უცნაური სურათი დაინახა. პროფესორი შუა კაბინეტში მარტოდმარტო იდგა და მაგიდებს დასცქეროდა. პანკრატმა ჩაახველა და გაირინდა.
- ხომ ხედავ, პანკრატ, - უთხრა პერსიკოვმა და დაცარიელებულ მაგიდაზე მიუთითა.
პანკრატი შეძრწუნდა. ბინდბუნდში მოეჩვენა, რომ პროფესორს თვალები ნამტირალევი ჰქონდა. ეს კი მართლა არაჩვეულებრივი, მართლა შემზარავი რამ გახლდათ.
- ვხედავ, - წამოიტირა პანკრატმა და გაიფიქრა, - „მირჩევნია, დამყვიროდე!“
- ხომ ხედავ, პანკრატ, - გაიმეორა პერსიკოვმა და ფანჯრისკენ შეტრიალდა, - ჩემი ცოლი, აქედან თხუთმეტი წლის წინ რომ წავიდა და ოპერაში დაიწყო მუშაობა, თურმე ახლა მომკვდარა... აი, რა ამბავია, ძვირფასო პანკრატ... წერილი გამომიგზავნეს...
გომბეშოები საწყალობლად ყიყინებდნენ, პროფესორი ბინდბუნდში ეხვეოდა, მოსკოვში ღამდებოდა... სადღაც, ფანჯრებს მიღმა თეთრი სფეროები აციმციმდა... დაბნეული, დანაღვლიანებული პანკრატი გამოჭიმული იდგა.
- წადი, პანკრატ, წადი, - თქვა გულდამძიმებულმა პროფესორმა, - დაიძინე, ძვირფასო, საყვარელო პანკრატ.
დაღამდა. პანკრატი კაბინეტიდან რატომღაც ფეხის წვერებზე გავიდა, თავის საკანში შეირბინა, კუთხეში მიყრილი ძონძები გაქექა, არაყის ნაკლული ბოთლი ამოაძვრინა, ერთი ჩაის ჭიქის ოდენა ერთბაშად გადახუხა, მარილმოყრილი პური დააყოლა და თვალები ოდნავ გაუმხიარულდა.
შუაღამე მოახლოვებული იყო, როცა პანკრატი ძუნწად განათებულ ვესტიბულში სკამზე იჯდა, ჩითის პერანგის ქვეშ მკერდს იფხანდა და კოთხოქუდიან ძილგამკრთალ მორიგეს ეუბნებოდა: - ღმერთმანი, მერჩივნა მოვეკალი...
- მართლა ტიროდა? - ცნობისმოყვარედ ეკითხებოდა კოთხოქუდიანი.
- ღმერთმანი... - არწმუნებდა პანკრატი.
- დიდი მეცნიერია, - თქვა კოთხოქუდიანმა, - მაგრამ ბაყაყი ცოლის მაგივრობას ვერ გაუწევდა.
- ვერ გაუწევდა, - კვერი დაუკრა პანკრატმა.
მერე დაფიქრდა და დაუმატა: - ჩემი ცოლი უნდა ჩამოვიყვანო... აბა, სოფელში რად უნდა იჯდეს... ეგ არის, ქვეწარმავლებს თვალის დასანახად ვერ იტანს...
- რაც მართალია, მართალია, დიდი საზიზღრობაა, - დაეთანხმა კოთხოქუდიანი.
მეცნიერის კაბინეტიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. არც შუქი ენთო, კარის ქვედა ღრიჭოდან სინათლის ზოლი არ გამოდიოდა.

თავი VIII. საბჭოთა მეურნეობაში მომხდარი ამბავი
ნამდვილად არ არსებობს უკეთესი დრო, ვიდრე ეშხში შესული აგვისტოს ჟამია, თუნდაც სმოლენსკის გუბერნიაში. 1928 წლის ზაფხული დიდებული გახლდათ. გაზაფხულზე წვიმები დროულად მოდიოდა, მერე მზიანი, მცხუნვარე დღეები დაიჭირა და მოსავალსაც კარგი პირი უჩანდა... შერემეტიევების ყოფილ მამულში ვაშლი მწიფდებოდა... ტყეები მწვანედ ხასხასებდა, მინდვრები გაყვითლებულ კვადრატებად იქცა... ბუნების წიაღში ადამიანი უკეთესი ხდება. ალექსანდრ სემიონოვიჩიც ისეთი უსიამოვნო შესახედავი აღარ იყო, როგორც ქალაქში გახლდათ. საძაგელი ქურთუკი აღარ ეცვა, სახე შერუჯოდა, ჩითის გაღეღილი პერანგიდან შავად გაბანჯგვლული მკერდი მოუჩანდა, ტილოს შარვალი ეცვა. მშვიდად, კეთილად იმზირებოდა.
კამერიდან პარმაღზე, ვარსკვლავის ქვემოთ, მიჭედებული იყო აბრა: „საბჭოთა მეურნეობის „წითელი სხივი“
ალექსანდრ სემიონოვიჩმა პარმაღიდან მკვირცხლად ჩაირბინა და პატარა სატვირთო ავტომობილთან მიიჭრა, რომელმაც მცველთა თანხლებით სამი შავი კამერა მოიტანა. ალექსანდრ სემიონოვიჩი მთელ დღეს თანამშრომლებთან ერთად ფუსფუსებდა, ყოფილ ზამთრის ბაღში - შერემეტიევების ორანჟერეაში კამერებს აყენებდა. საღამო ხანს ყველაფერი მზად იყო. მინის ჭერქვემოთ თეთრი, მქრქალი სფერო აენთო, კამერები აგურებზე დადგეს და კამერებთან ერთად მოსულმა მექანიკოსმა მოელვარე ხრახნების ტკაცან-ტრიალით შავ ყუთებში აზბესტის იატაკზე იდუმალი წითელი სხივი აანთო.
ალექსანდრ სემიონოვიჩი ვერ ისვენებდა, კიბეზე ადიოდა და სადენებს თავად ამოწმებდა.
მეორე დღეს იგივე სატვირთო მანქანამ სადგურიდან საუცხოო პრიალა ფანერისგან შეკრული სამი ყუთი მოიტანა, ირგვლივ იარლიყები რომ ჰქონდა შემოწებებული და შავ ფონზე თეთრი წარწერებით იყო აჭრელებული: VORSICHT: EIER!!
ფრთხილად კვერცხებია!!
- რა ცოტა გამოუგზავნიათ? - გაუკვირდა ალექსანდრ სემიონოვიჩს, მაგრამ უმალ დაფაცურდა და შეფუთული ყუთების გახსნას შეუდგა. ყუთებს იმავე ორანჟერეაში ხსნიდნენ. ამ საქმიანობაში მონაწილეობდნენ: თვით ალექსანდრ სემიონოვიჩი, მისი უსაზომოდ ჩასუქებული ცოლი მანია, ამჟამად საბჭოთა მეურნეობაში დარაჯის უნივერსალურ თანამდებობაზე მომუშავე ყოფილი შერემეტიევების ყოფილი ელამი მებაღე, საბჭოთა მეურნეობაში ცხოვრებისთვის განწირული და დამლაგებელი დუნია. ეს მოსკოვი არ იყო და ყველაფერს უფრო უბრალო, ოჯახური და მეგობრული ელფერი ჰქონდა. ალექსანდრ სემიონოვიჩი განკარგულებებს იძლეოდა და თან სიყვარულით დასცქეროდა ყუთებს, ძვირფას, კომპაქტურ საჩუქარს, ორანჟერეის შემინული ჭერიდან ჩამავალი მზის შუქი რომ ეფინებოდა. კარებთან მიყუდებული შაშხანა მშვიდობიანად თვლემდა, თავად მცველს კი მარწუხი მოემარჯვებინა და სამაგრებსა და ლითონის გარსაკრავებს გლეჯდა. ჭახანი გაისმოდა... მტვერი აქეთ-იქით აფრქვეოდა. ალექსანდრ სემიონოვიჩი სანდლებს დააფლატუნებდა და ყუთებთან ფუსფუსებდა.
- ცოტა ნელა, გეთაყვა, - ეუბნებოდა იგი მცველს, - ფრთხილად, შიგ ხომ კვერცხებია?
- ფიქრი ნუ გაქვთ, - ხიხინებდა ძველი მეომარი და თან ბურთავდა, - ახლავე.
ტრ-რ-რ... - გაისმოდა ხმა და მტვერი იფრქვეოდა.
კვერცხები ჩინებულად შეფუთული აღმოჩნდა: ფიცრის სახურავის ქვეშ გასანთლული ქაღალდის ფენს გამოჩნდა, მერე საშრობი ქაღალდისა, მერე ბურბუშელის სქელი ფენა, შემდეგ ნახერხისა, ნახერხში კი კვერცხის თეთრი წვეტები გამოკრთა. ალექსანდრ სემიონოვიჩი ნახერხში იქექებოდა და თან ესიყვარულებოდა.
- უცხოურად არის შეფუთული, ჩვენებურად კი არა. მანია, ფრთხილად, არ დაამტვრიო.
- ალექსანდრ სემიონოვიჩ, რამ გადაგრია, - უპასუხა ცოლმა, - ოქრო ხომ არ არის. რაო. კვერცხები არ მინახავს? ვაი!.. რამხელებია!
- უცხოურია, - ამბობდა ალექსანდრ სემიონოვიჩი და კვერცხებს ხის მაგიდაზე ალაგებდა, - განა ჩვენებური სოფლური კვერცხებია... ალბათ სულ ბრამატუტრისაა, ეშმაკმა დალახვროს! გერმანული...
- რა თქმა უნდა, - კვერს უკრავდა მცველი და კვერცხებს ალერსიანად დასცქეროდა.
- მხოლოდ ეს ვერ გამიგია, დასვრილი რატომაა. - ამბობდა ჩაფიქრებული ალექსანდრ სემიონოვიჩი, - მანია, თვალი ადევნე, ამოალაგონ, მე კი ტელეფონით დავრეკავ.
ალექსანდრ სემიონოვიჩმა ეზო გადაჭრა და საბჭოთა მეურნეობის კანტორისკენ გაემართა, სადაც ტელეფონი იდგა.
ზოოლოგიური ინსტიტუტის კაბინეტში საღამო ხანს ტელეფონი აწკრიალდა. თმააბურძგნული პროფესორი პერსიკოვი აპარატთან მივიდა.
- გისმენთ, - თქვა მან.
- ახლა პროვინცია დაგელაპარაკებათ, - გაისმა ყურმილში ქალის შიშინა ხმა.
- ჰო, გისმენთ, - ზიზღით ჩასძახა პერსიკოვმა ტელეფონის შავ ყურმილში, სადაც ჯერ რაღაც ტკაცუნობდა, შემდეგ კი კაცის შორეული, მღელვარე ხმა გაისმა: - პროფესორო, კვერცხები გავრეცხოთ?
- რა თქვით? რა? რას მეკითხებით? - გაბრაზდა პერსიკოვი, - საიდან მელაპარაკებით?
- ნიკოლსკიდან, სმოლენსკის გუბერნიიდან, - უპასუხა ყურმილმა.
- ვერაფერი გამიგია. ნიკოლსკი არც გამიგონია. ვინა ხართ?
- როკი, - მკაცრად მიუგო ყურმილმა.
- ვინ როკი? ჰო... ეს თქვენა ხართ?.. აბა რას მეკითხებით?
- გავრეცხოთ თუ არა? უცხოეთიდან ქათმის კვერცხების პარტია გამომიგზავნეს.
- მერე?
- ... კვერცხები გათუთხნულია...
- რაღაც გეშლებათ... როგორ შეიძლება „გათუთხნული“ იყოს, როგორც თქვენ ამბობთ? რა თქმა უნდა, შეიძლება ცოტაოდენი სკინტლი ჰქონდეს მიმხმარი... ანდა კიდევ სხვა რამ...
- მაშ არ გავრეცხოთ?
- რა თქმა უნდა, არა... რაო, უკვე აპირებთ კვერცხები კამერაში ჩააწყოთ?
- დიახ, ვაპირებ, - უპასუხა ყურმილმა.
- ჰმ... - ჩაიფრუტუნა პერსიკოვმა.
- აბა, კარგად, - ჩაისისინა ყურმილში და დადუმდა.
- „აბა, კარგადო“, - ბრაზით გადაულაპარაკა პერსიკოვმა პრივატ-დოცენტ ივანოვს, - როგორ მოგწონთ ეს ტიპი, პიოტრ სტეპანოვიჩ?
ივანოვს გაეცინა.
- ის არის? წარმომიდგენია, იმ კვერცხებს რა დომხალად აქცევს.
- მაშ... მაშ... მაშ... - ბრაზიანად წამოიწყო პერსიკოვმა, - პიოტრ სტეპანოვიჩ, აბა, დაფიქრდით... შესაძლებელია, ქათმის კვერცხის დიეტეროპლაზმაზე სხივმა ისეთივე ზემოქმედება მოახდინოს, როგორც შიშველი ქვეწარმავლების პლაზმაზე. შესაძლებელია, ქათმები გამოიჩეკოს კიდევაც. მაგრამ ვერც თქვენ და ვერც მე ხომ ვერ ვიტყვით, ის ქათმები როგორი იქნება... იქნებ ყოვლად უვარგისნი აღმოჩნდნენ. იქნებ ორი დღის მერე ამოწყდნენ. იქნებ მათი ხორცი საჭმელად გამოუსადეგარი იყოს. განა შემიძლია თავდებად დავდგე, რომ ფეხზე დადგომას შეძლებენ? იქნებ მსხვრევადი ძვლები აღმოაჩნდეთ. - პერსიკოვი ისე გაფიცხდა, ხელს იქნევდა და თითებს კაკვავდა.
- ნამდვილად ასეა, - დაეთანხმა ივანოვი.
- პიოტრ სტეპანოვიჩ, თქვენ შეგიძლიათ თავდებად დადგეთ, რომ ის ქათმები შთამომავლობას წარმოქმნიან? იმ ტიპმა იქნებ სტერილური ქათმები გამოიყვანოს. შესაძლოა, ძაღლისხელები გაიზარდნონ, მაგრამ შთამომავლობა ვერ წარმოქმნან, თუნდაც მეორედ მოსვლამდე ელოდო.
- ამის თავდებად ვერავის დადგება, - დაეთანხმა ივანოვი.
- თანაც როგორი მოურიდებელია, - გულს იმღვრევდა პერსიკოვი, - როგორი კადნიერი! არ დაგავიწყდეთ, რომ დავალებული მაქვს იმ არამზადას ინსტრუქტაჟიც მევე გავუწიო, - პერსიკოვმა როკის მოტანილ ქაღალდზე მიუთითა, რომელიც საექსპერიმენტო მაგიდაზე ეგდო, - იმ უვიცს ინსტრუქტაჟი რანაირად უნდა გავუწიო, როცა ამ საკითხზე თავად მე არაფრის თქმა შემიძლია.
- არ შეგეძლოთ უარი გეთქვათ? - ჰკითხა ივანოვმა.
პერსიკოვი წამოჭარხლდა, ქაღალდი აიღო და ივანოვს მიაწოდა. ივანოვმა წაიკითხა და ირონიულად ჩაიცინა.
- ჰო-ო... - თქვა მერე მრავლისმეტყველად.
- თანაც არ დაგავიწყდეთ - მე ჩემს შეკითხვას ორი თვეა, ველი და ჩამიჩუმიც არ ისმის. იმას კი კვერცხები უმალ გაუგზავნეს და, საერთოდ, ყოველგვარი შემწეობა აღმოუჩინეს...
- ვლადიმერ იპატიჩ, ის ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ კამერებს დაგიბრუნებენ.
- ნეტავი ეს მალე მოხდებოდეს, მე ხომ ცდების ჩატარება მიფერხდება.
- ეს კი ცუდია. მე ყველაფერი მზად მაქვს.
- სკაფანდრები მიიღეთ?
- დიახ, დღეს მივიღე.
პერსიკოვი ცოტათი დამშვიდდა და გამოცოცხლდა.
- ჰო-ო... მე მგონი, ასე უნდა მოვიქცეთ: საოპერაციო ოთახის კარი ჩავკეტოთ, ხოლო ფანჯარა გავაღოთ...
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა ივანოვი.
- ჩაფხუტი სამია?
- დიახ, სამია.
- მაშ ასე... თქვენ, მაშასადამე, მე და შეიძლება რომელიმე სტუდენტი მოვიხმაროთ. მესამე ჩაფხუტი იმას მივცეთ.
- გრინმუტი გამოდგება.
- სალამანდრებზე რომ ამუშავებთ? ჰმ... იმას არა უშავს... თუმცა, გეთაყვა, გაზაფხულზე ვერ მითხრა, შიშველკბილებიანებს საცურაო ბუშტი როგორა აქვთ მოწყობილი, - ღვარძლიანად დაუმატა პერსიკოვმა.
- არა, მართლა არა უშავს... კარგი სტუდენტია, - გამოესარჩლა გრინმუტს ივანოვი. - ერთი ღამის გათევა მოგვიწევს, - განაგრძო პერსიკოვმა, - ოღონდ, იცით რა, პიოტრ სტეპანოვიჩ, გაზი შეამოწმეთ, თორემ ქიმიის ნებაყოფლობითი საზოგადოება, ეშმაკმა უწყის, რა ნაგავს გამოგზავნის.
- არა, არა, - ივანოვმა ხელები გააქნია, - გუშინ უკვე გამოვცადე. ვლადიმერ იპატიჩ, სიმართლე უნდა ითქვას, საუცხოო გაზია.
- რაზე გამოცადეთ?
- ჩვეულებრივ გომბეშოებზე. ჭავლს მიუშვებ თუ არა, მყისვე იხოცებიან. ჰო, ვლადიმერ იპატიჩ, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ. მთავარი სახელმწიფო სამმართველოს სახელზე მიმართვა დაწერეთ, რომ ელექტრო რევოლვერი გამომიგზავნონ.
- ხმარება რომ არ ვიცი!
- ეგ მე მომანდეთ, - უპასუხა ივანოვმა, - კლიაზმაზე თავის შესაქცევად ვისროდით... იქ ჩემს მეზობლად მთავარი სახელმწიფო სამმართველოს ერთი მუშაკი ცხოვრობდა. საუცხოო რამეა, მართლაცდა ჩინებული... უხმოდ ისვრის, ას ნაბიჯზე კლავს, ყვავებს ვესროდით... მგონი გაზი აღარც დაგვჭირდეს.
- ჰმ... ეს ჩინებული აზრია... ნამდვილად ჩინებული, - პერსიკოვი კუთხეში მივიდა, ყურმილი აიღო და ჩასძახა: - აბა, ერთი, რა ჰქვია... ლუბიანკა შემაერთეთ...

*


   გაუსაძლისი ცხელი დღეები იდგა. ცხადლივ ჩანდა, ველზე როგორ ლივლივებდა გამჭვირვალე, შედედებული ხვატი. ღამეები კი ჩინებული, მაცდუნებელი, მომწვანო ელფერისა გახლდათ. შერემეტიევების ყოფილ მამულს მთვარე დანათოდა და ისე ალამაზებდა, ენით არ გამოითქმის, სასახლე-საბჭოთა მეურნეობა თითქოს შაქრისააო, ისე ბრწყინავდა, პარკში ჩრდილები თრთოდა, ხოლო ტბორები სანახევროდ მთვარის ირიბ სვეტს გაენათებინა, მეორე ნახევარი კი წყვდიადში ჩაძირულიყო. მთვარის შუქზე თავისუფლად წაიკითხავდით გაზეთ „იზვესტიას“, წერილი ნონპარელით აწყობილი საჭადრაკო განყოფილების გარდა. მაგრამ ასეთ ღამეებში „იზვესტიას“, ცხადია, არავის წაიკითხავდა... დამლაგებელი დუნია საბჭოთა მეურნეობის გარეთ, კორომში აღმოჩნდა გარემოებათა დამთხვევის შედეგად იქვე გაჩნდა საბჭოთა მეურნეობის გაქერცლილი სატვირთო ავტომობილის წითელულვაშა შოფერი. იქ რას აკეთებდნენ, არავინ იცის. თელის მეჩხერ ჩრდილში ტყავის პალტოზე ისხდნენ, შოფერს მიწაზე რომ გაეშალა. სამზარეულოში ნათურა ენთო. იქ ორი მებაღე ვახშმობდა, ხოლო თეთრკაპოტიანი მადამ როკი სვეტებიან ვერანდაზე იჯდა, თვალწარმტაც მთვარეს ასცქეროდა და ოცნებობდა. საღამოს ათ საათზე, როცა საბჭოთა მეურნეობის გარეთ მდებარე სოფელ კონცოვკაში ხმაური მიწყდა, იდილიურ პეიზაჟს ფლეიტის მშვენიერი, ნაზი ხმები მოეფინა. შეუძლებელია იმისი გამოხატვა, ეს ხმები კორომებსა და შერემეტიევის ყოფილი სასახლის სვეტებს რამდენად შეეფერებოდა. „პიკის ქალის“ ნაზი ლიზას ხმა ვნებიანი პოლინას ხმას ერწყმოდა და მთვარით გაჩირაღდნებული ზეცისკენ მიიწევდა, ვით ძველი და მაინც საოცრად სანატრელი, გულის აჩუყებამდე მომხიბლავი რეჟიმის ზმანება. ქრებიან... ქრებიან...
მოლივლივე ხმით სტვენდა, კვნესოდა ფლეიტა.
კორომები გაირინდნენ. ალივით მომხიბლავ დუნიას ლოყა შოფრის ხმელ, მქითურ, ვაჟკაცურ ლოყაზე მიეყრდნო და ფლეიტას უსმენდა.
- კარგად უკრავს ეს მამაძაღლი, - თქვა შოფერმა და ვაჟკაცური ხელი დუნიას წელზე შემოხვია. ფლეიტაზე თვით საბჭოთა მეურნეობის გამგე ალექსანდრ სემიონოვიჩ როკი უკრავდა. ჰოდა, მართლაც საუცხოოდ უკრავდა. საქმე ის გახლავთ, რომ ფლეიტა ოდესღაც ალექსანდრ სემიონოვიჩის სპეციალობა გახლდათ. 1917 წლამდე იგი მსახურობდა მაესტრო პეტუხოვის ცნობილ საკონცერტო ანსამბლში, რომელიც ყოველ საღამოს ქალაქ ეკეტერინოსლავის მყუდრო კინემატოგრაფ „ჯადოსნური ოცნებების“ ფოიეს მწყობრი ბგერებით ახმიანებდა. მაგრამ მრავალ ადამიანთა კარიერის გარდამტეხმა დიადმა 1917 წელმა ალექსანდრ სემიონოვიჩიც ახალ გზას გაუყენა. მან „ჯადოსნური ოცნებები“ და სატინაგადაკრული, ვარსკვლავებით მოხატული მტვრიანი კედლები მიატოვა, ფლეიტის ნაცვლად ხელში სიცოცხლის მომსპობი მაუზერი აიღო და ომისა და რევოლუციის მღელვარე ზღვაში გადაეშვა. ალექსანდრ სემიონოვიჩს ტალღები დიდხანს დააქანებდა, ხან ყირიმში გამორიყავდა, ხან მოსკოვში, ხან თურქესტანში და ხანაც ვლადივოსტოკში. თურმე რევოლუცია იყო საჭირო, რათა ალექსანდრ სემიონოვიჩს თავისი უნარი მთლიანად გამოევლინა. თურმე იგი ნამდვილად დიდი ადამიანი გახლდათ და „ოცნებების“ ფოიეში არაფერი ესაქმებოდა. ყველაფრის დაწვრილებით ჩამოთვლას არ მოვყვებით და მხოლოდ მოგახსენებთ, რომ 1927 წლის ბოლოს და 1928 წლის დამდეგს ალექსანდრ სემიონოვიჩი თურქესტანში იმყოფებოდა, სადაც ვეებერთელა გაზეთს რედაქტორობდა. ამას გარდა, როგორც უმაღლესი სამეურნეო კომისიის ადგილობრივმა წევრმა, სახელი გაითქვა თურქმენეთის მხარის მორწყვისთვის შექმნილი განსაცვიფრებელი ნაშრომებით. 1928 წელს როკი მოსკოვში ჩავიდა, სადაც დამსახურებულ დასვენებას აზიარეს. უმაღლესმა კომისიამ იმ ორგანიზაციისა, რომლის ბილეთსაც პროვინციული ძველმოდური კაცი ღირსეულად ატარებდა, იგი დააფასა და მშვიდ, საპატიო თანამდებობაზე განაწესა, მაგრამ ალექსანდრ სემიონოვიჩის მგზნებარე ტვინი, რესპუბლიკის საუბედუროდ, ვაი, რომ არ დაცხრა! როკი მოსკოვში პერსიკოვის გამოგონებას გადააწყდა. ჰოდა, ტვერსკაიაზე მდებარე სასტუმრო „წითელი პარიზის“ ნომერში ალექსანდრ სემიონოვიჩს დაებადა იდეა, რომ ორ თვეში პერსიკოვის სხივის შემწეობით რესპუბლიკაში ქათმებს კვლავ მოამრავლებდა. როკს მეცხოველეობის კომისიაში მოუსმინეს, დაეთანხმნენ და იგი უცნაურ ზოოლოგს გატკიცინებული ქაღალდით ეწვია.
სარკესავით მოელვარე ტბორების, პარკისა და კორომების დამატკბობელი კონცერტი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ ერთმა გარემოებამ ეს კონცერტი დროზე ადრე შეწყვიტა. დიახ, კონცოვკაში ძაღლებმა, რომელთაც წესით უკვე უნდა სძინებოდათ, უეცრად საშინელი ყეფა ატეხეს. ყეფა თანდათან გაბმულ, გულის გამაწვრილებელ ყმუილად იქცა, მერე იმატა და ველებს ერთიანად მოედო. უეცრად ამ ყმუილს ტბორებიდან ბაყაყების მილიონხმიანი მჭახე კონცერტი აჰყვა. ყოველივე ისეთი შემაძრწუნებელი გახლდათ, რომ იდუმალებით მოცული, ჯადოსნური ღამეც კი წამით თითქოს გაფერმკრთალდა.
ალექსანდრ სემიონოვიჩმა ფლეიტა მიატოვა და ვერანდაზე გავიდა.
- მანია, გესმის? თუ იცი, ეს წყეული ძაღლები რამ გადარია?
- მე რა ვიცი? - უპასუხა მანიამ, თან მთვარეს ასცქეროდა.
- წამო, მანეჩკა, კვერცხებს დავხედოთ, - უთხრა ალექსანდრ სემიონოვიჩმა.
- ღმერთმანი, ალექსანდრ სემიონოვიჩ, მაგ შენმა კვერცხებმა და ქათმებმა მთლად გაგაგიჟეს. ცოტა მაინც დაისვენე!
- არა, მანეჩკა, წავიდეთ.
ორანჟერეაში ელვარე ბურთი ბრიალებდა. სახეწამონთებული, თვალებგაბრწყინებული დუნიაც მოვიდა. ალექსანდრ სემიონოვიჩმა საკონტროლო მინები ფრთხილად გახსნა და ყველამ კამერაში ჩაიხედა. ლაქებით აჭრელებული ღაღანა წითელი კვერცხები აზბესტის თეთრ იატაკზე მწყობრ რიგებად ეწყო. კამერებში მდუმარება სუფევდა... ზემოთ კი 15 000 სანთლიანი სფერო ხმადაბლა შიშინებდა.
- ოჰ, რა წიწილებს გამოვჩეკავ! - აღფრთოვანებით ამბობდა ალექსანდრ სემიონოვიჩი და კამერებში ხან გვერდიდან, საკონტროლო ჭრილებიდან, ხანაც ზემოდან, ფართო სავენტილაციო ხვრელებიდან იცქირებოდა, - აი, ნახავთ... რა? ვერ გამოვჩეკავ?
- ალექსანდრ სემიონოვიჩ, იცით რა, - ღიმილით უთხრა დუნიამ, - კონცოვკელი გლეხები თქვენზე ამბობენ, ანტიქრისტეაო. ამბობენ, ეშმაკეული კვერცხები მოუტანიაო. მანქანით წიწილების გამოჩეკა ცოდვააო. თქვენი მოკვლა უნდოდათ.
ალექსანდრ სემიონოვიჩი შეკრთა და ცოლისკენ შეტრიალდა. სახეზე ზაფრანისფერი დაედო.
- ერთი უყურეთ! ეს რა ხალხია! ამისთანა ხალხს რა ეშველება? ჰა? მანეჩკა, კრება უნდა ჩავატაროთ... ხვალ მაზრიდან მუშაკებს გამოვიძახებ. სიტყვას მეც წარმოვთქვამ. საერთოდაც აქ უნდა წავიმუშაოთ... თორემ ეს ისეთი მიყრუებული ადგილია...
- უმეცრებაა. - თქვა ორანჟერეის კართან გაშლილ მაზარაზე წამოწოლილმა მცველმა. მეორე დღეს უცნაური და აუხსნელი ამბები ერთმანეთს წაეწყო. დილით, როცა მზემ ამოანათა და კორომები მნათობს ჩვეულებისამებრ ფრინველთა განუწყვეტელი, მძლავრი სტვენა-გალობით უნდა შეგებებოდნენ, ახლა დადუმდნენ. ეს ყველამ შეამჩნია. ასეთი სიჩუმე ავდრის წინ ჩამოდგება ხოლმე, მაგრამ ახლა ავდრის ნიშანწყალიც არაფერს ეტყობოდა. ალექსანდრ სემიონოვიჩმა შეამჩნია, რომ საბჭოთა მეურნეობაში უცნაურად, ორაზროვნად იწყეს ლაპარაკი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონცოვკელი ბრძენი კაცის, ცნობილი შფოთისთავის, მეტსახელად თხაწვერას მონაყოლი მოისმინეს. იგი ამბობდა, ფრინველებმა თავი მოიყარეს, გუნდ-გუნდად დაეწყვნენ და გამთენიისას შერემეტიოვკადან ერთიანად სადღაც ჩრდილოეთისკენ გადაიხვეწნენო. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ეს ლაპარაკი სისულელედ მიიჩნია, მაგრამ გუნება მაინც წაუხდა და მთელი დღე იმაზე დაკარგა, რომ ქალაქ გრაჩოვკას ტელეფონით დაკავშირებოდა. ალექსანდრ სემიონოვიჩს აღუთქვეს, რომ ორი დღის შემდეგ ორატორებს გამოუგზავნიდნენ, რომლებიც ისაუბრებდნენ ორ თემაზე - საერთაშორისო მდგომარეობაზე და მექათმეობის ნებაყოფლობით საზოგადოებაზე.
არც საღამოს ჩაუვლია სიურპრიზების გარეშე. თუ დილით კორომები ჩაჩუმდა, რამაც სრულიად ცხადი გახადა, ხეთა შორის მდუმარება რა საეჭვო და უსიამოვნოა, თუ შუადღისას ბეღურები საბჭოთა მეურნეობის ეზოდან სადღაც გადაიკარგნენ, საღამო ხანს შერემეტიოვკის ტბორიც დადუმდა. ეს მართლაც გასაოცარი გახლდათ, რადგან ირგვლივ ორმოცი ვერსის მანძილზე იყო განთქმული შერემეტიოვკელი ბაყაყების ყიყინი. ახლა კი თითქოს ამომწყდარიყვნენ. ტბორიდან ჩქამიც არ მოისმოდა, მდუმარედ იდგა ისლი. უნდა ვაღიაროთ, რომ ალექსანდრ სემიონოვიჩს გუნება საბოლოოდ წაუხდა, რადგან ამ უცნაურ ამბებზე ძალზე უსიამოვნო მითქმა-მოთქმა დაიწყეს, თანაც ალექსანდრ სემიონოვიჩის ზურგს უკან.
- ეს მართლაც უცნაურია, - უთხრა ალექსანდრ სემიონოვიჩმა ცოლს სადილობისას, - ვერ გამიგია, ფრინველები რატომ უნდა გადახვეწილიყვნენ?
- აბა, მე რა ვიცი? - უპასუხა მანიამ. - იქნებ შენი სხივის გამოა?
- მანია, ნამდვილად სულელი ხარ, - უთხრა ალექსანდრ სემიონოვიჩმა და კოვზი გადააგდო. - რაღა შენ და რაღა ის გლეხები. სხივი, აბა რა შუაშია?
- მე რა ვიცი. თავი გამანებე. საღამოთი მესამე სიურპრიზმაც არ დააყოვნა - კონცოვკაში ძაღლები ისევე აყმუვლდნენ და მერე როგორ აყმუვლდნენ! მთვარის შუქით განათებულ ველებს გაბმული, ბრაზიანი, ნაღვლიანი კვნესა-გოდება მიეფინა. ალექსანდრ სემიონოვიჩი ამჯერად ცოტათი გაახარა სასიამოვნო სიურპრიზმა, რაც ორანჟერეაში ელოდა. კამერებში ჩაწყობილი წითელი კვერცხებიდან განუწყვეტელი კაკუნი მოისმა. ტუკ...ტუკ...ტუკ...ტუკ... ხმიანებდა ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე კვერცხი. კვერცხების კაკუნი ალექსანდრ სემიონოვიჩს საზეიმო ხმებად ჩაესმა. კორომებსა და ტბორებზე მომხდარი უცნაურობანი უმალ გადაავიწყდა. ყველამ თავი მოიყარა ორანჟერეაში: მანიამაც, დუნიამაც, დარაჯმაც და მცველმაც, რომელსაც შაშხანა კარებთან დაეტოვებინა.
- აბა, რას იტყვით? - გამარჯვებული კაცის ხმით ეკითხებოდა მათ ალექსანდრ სემიონოვიჩი. ყველანი პირველი კამერის კარის წინ დაიხარნენ და ყური ცნობისმოყვარედ მიაპყრეს, - წიწილები ნისკარტებს უკაკუნებენ, - განაგრძობდა სახეგაბრწყინებული ალექსანდრ სემიონოვიჩი. ¬- ახლაც იტყვით, ვერ გამოჩეკავო? არა, ძვირფასებო, - გრძნობამოჭარბებულმა მცველს მხარზე ხელი დაუტყაპუნა. - ისეთ წიწილებს გამოვჩეკავ, პირს დააღებთ. ახლა თვალი კარგად გეჭიროთ, - მკაცრად დაუმატა მან. - როგორც კი გამოჩეკვას დაიწყებენ, მაშინვე მაცნობეთ.
- კარგი, - ერთხმად უპასუხეს დარაჯმა, დუნიამ და მცველმა.
- ტუკ...ტუკ...ტუკ... - სულ უფრო მძლავრად ხმიანობდა პირველ კამერაში ხან ერთი, ხან მეორე კვერცხი. თხელ გამჭვირვალე ნაჭუჭს შიგნით ახალი სიცოცხლის აღმოცენება იქ მყოფთა თვალწინ მართლაც ისე საინტერესო იყო, რომ მთელი საზოგადოება კიდევ დიდხანს იჯდა დაპირქვავებულ ცარიელ ყუთებზე და უცქეროდა, იდუმალ შუქში ჟოლოსფერი კვერცხები როგორ მწიფდებოდა. დასაძინებლად საკმაოდ გვიან წავიდ-წამოვიდნენ, როცა საბჭოთა მეურნეობასა და მის შემოგარენს მომწვანო ღამე გადაეფარა. ეს ღამე იდუმალებით მოცული, შეიძლება ითქვას, შემზარავიც კი იყო, ალბათ იმიტომ, რომ მდუმარებას დროდადრო არღვევდა ძაღლების ნაღვლიანი ყმუილი, კონცოვკაში უმიზეზოდ რომ იწყებოდა.
დილით ალექსანდრ სემიონოვიჩს უსიამოვნო ამბავი ელოდა. ძალზე დაბნეული მცველი ხელებს მკერდზე იდებდა, ფიცით თავს იკლავდა, არ მძინებიაო, მაგრამ ვერაფერი შევამჩნიეო.
- ვერაფერი გამიგია, - თავს იმართლებდა მცველი, - ამხანაგო როკო, მე არაფერ შუაში ვარ.
- დიდ მადლობას მოგახსენებთ, - ტუქსავდა მას ალექსანდრ სემიონოვიჩი, - რას ფიქრობთ, ამხანაგო? აქ რატომ გადაყენეს? თვალყურის სადევნებლად. მაშ მითხარით სად გაქრნენ? ხომ გამოიჩეკნენ, არა? მაშ გაიპარნენ. მაშასადამე კარი ღია დაგიტოვებიათ და ისინიც გაპარულან. არა ვიცი რა, წიწილები იპოვეთ და მომიყვანეთ!
- არსად არ წავალ. მე ჩემი საქმე კარგად ვიცი, - განაწყენდა ბოლოს მცველი, - ამხანაგო როკო, ტყუილ-უბრალოდ საყვედურს ნუ მეუბნებით!
- მაშ სად დაიკარგნენ?
- მე რა ვიცი, - გაცხარდა ბოლოს მეომარი, - დარაჯად ხომ ვერ დავუდგებოდი. მე რა მევალება? თვალყური მეჭიროს, რომ კამერები არავინ აწაპნოს. ჰოდა, ჩემს მოვალეობას ვასრულებ. აი კამერები. ხოლო თქვენი წიწილების დაჭერა კანონით არ მევალება. ვინ იცის, რანაირი წიწილები გამოიჩეკებიან, იქნებ ველოსიპედითაც ვერ დაეწიო.
ალექსანდრ სემიონოვიჩმა ხმადაბლა რაღაც ჩაიბურტყუნა. განცვიფრებას ვერ მალავდა. მართლაცდა უცნაური ამბავი იყო. პირველ კამერაში, სადაც კვერცხები ყველაზე ადრე ჩააწყვეს, სხივის ფუძეში ჩადებული ორი კვერცხი გამოტეხილი დახვდა, ერთი კვერცხი გვერდზეც კი გადაგორებულიყო. ნაჭუჭი აზბესტის იატაკზე, სხივში ეგდო.
- ეშმაკმა უწყის, - ბუტბუტებდა ალექსანდრ სემიონოვიჩი, - ფანჯრები ჩაკეტილია, სახურავიდან ხომ არ გაფრინდებოდნენ.
მან თავი ასწია და იქ აიხედა, სადაც მინის სახურავში რამდენიმე ფართო ხვრელი მოჩანდა.
- რას ამბობთ, ალექსანდრ სემიონოვიჩ, - ძალზე განცვიფრდა დუნია, - წიწილები სად გაფრინდებოდნენ. სადმე აქ იქნებიან... ძიბ... ძიბ... ძიბ... დაიწყო მან ძახილი, თან ორანჟერეის კუთხეებში იცქირებოდა, სადაც დამტვერილი ყვავილების ლარნაკები იდგა, რაღაც ფიცრები და ხარახურა ეყარა. მაგრამ წიწილების ხმა არსაიდან ისმოდა.
მოსამსახურეთა მთელი გუნდი საბჭოთა მეურნეობის ეზოში ორ საათს დარბოდა და მკვირცხლ წიწილებს დაეძებდა, მაგრამ წიწილები ვერსად იპოვეს. დღემ ძალზე მშფოთვარედ ჩაიარა. კამერებს დამცველი დარაჯიც მიუჩინეს და უმკაცრესი ბრძანება მისცეს: ყოველ თხუთმეტ წუთში კამერების სარკმლებიდან შეეჭყიტა და თუ რამეს შეამჩნევდა, ალექსანდრ სემიონოვიჩისთვის დაეძახა. მცველი კართან წარბებშეჭმუხნული იჯდა. შაშხანა მუხლებს შუა მოექცია. ამ ალიაქოთით დაქანცულმა ალექსანდრ სემიონოვიჩმა მხოლოდ დღის ორ საათზე ისადილა. ნასადილევს შერემეტიევის ყოფილ დივანზე გრილ ჩრდილში ერთი საათი ეძინა, საბჭოთა მეურნეობაში დამზადებული ორცხობილის ბურახი დალია, ორანჟერეაში შეიარა და დარწმუნდა, რომ იქ ყველაფერი რიგზე იყო. პირველ კამერასთან ჭილობზე პირქვე გაწოლილი მოხუცი დარაჯი საკონტროლო მინაში თვალების ხამხამით იყურებოდა. მცველი კარს ფხიზლად დარაჯობდა.
ალექსანდრ სემიონოვიჩს ორანჟერეაში ახალი ამბავიც დახვდა: მესამე კამერაში ყველაზე ბოლოს ჩაწყობილი კვერცხები ისე ახმიანდნენ, თითქოს შიგნით ვიღაც სლუკუნებსო.
- უჰ, გამოსაჩეკად ემზადებიან, - თქვა ალექსანდრ სემიონოვიჩმა, - ნამდვილად მალე გამოიჩეკებიან. ხედავ? - მიუბრუნდა დარაჯს.
- მაგარი რამეა, - უპასუხა დარაჯმა ორაზროვანი ტონით და თავი გადააქნია.
ალექსანდრ სემიონოვიჩი კამერასთან ჩაცუცქდა, ცოტა ხანს უთვალთვალა, მაგრამ მის თვალწინ არაფერი გამოჩეკილა, მერე წამოდგა, ხელ-ფეხი გამართა და თქვა, აქაურობას არ გავცილდები, მხოლოდ ტბორზე საბანაოდ ჩავალ და, თუ რამე ახალი იქნება, მაშინვე დამიძახეთო. იგი სასახლისაკენ გაემართა, საწოლ ოთახში შეირბინა, სადაც ორი ვიწრო, ზამბარებიანი საწოლი იდგა, ზედ დაჭმუჭნული თეთრეული რომ ჰქონდა გადაფარებული, ხოლო იატაკზე მწვანე ვაშლის გროვა და წიწილების მომავალი თაობისთვის გამზადებული ფეტვის ზვინი მოჩანდა. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ხაოიანი პირსახოცს ხელი წამოავლო, მერე დაფიქრდა და ფლეიტაც აიღო, როცა წყლის პირას დავისვენებ, ცოტას დავუკრავო, სასახლიდან მხნედ გამოირბინა, საბჭოთა მეურნეობის ეზო გადაჭრა, ტირიფების ხეივანს გაუყვა და ტბორისკენ გაემართა. მხნედ მიაბიჯებდა, პირსახოცს მიაფრიალებდა, ფლეიტა იღლიაში ამოეჩარა. ტირიფებს შორის ციდან მცხუნვარება იფრქვეოდა, ალექსანდრ სემიონოვიჩს ტანი უბჟუოდა და წყლისკენ მიუწევდა. ხელმარჯვნივ ძირხვენების ბარდნარი გამოჩნდა და როცა იქ ჩაიარა, ბუჩქებისაკენ გადააფურთხა. ბუჩქების სიღრმეში უმალვე ისეთი შარიშური გაისმა, თითქოს ვიღაცა მორს მოათრევსო. ალექსანდრ სემიონოვიჩს გული ოდნავ შეუქანდა. მან თავი ბარდნარისკენ შეატრიალა და იქაურობას დაკვირვებით დააცქერდა. ორი დღეა, ტბორიდან ჩქამიც არ მოისმოდა. შარიშური მიწყდა. ძირხვენებს მიღმა ტბორის მიმზიდველი წყნარი ზედაპირი და გასახდელი ჯიხურის ნაცრისფერი სახურავი გაკრთა. ალექსანდრ სემიონოვიჩს ცხვირწინ რამდენიმე ნემსიყლაპია აუფრინდა. იგი უკვე ფიცრის ბოგურისკენ შეტრიალებას აპირებდა, როცა ბუჩქებში უეცრად შარიშური განმეორდა და თან მოკლე შიშინიც დაერთო, თითქოს ორთქმავალმა ზეთი და ორთქლი გამოუშვაო. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ყურები ცქვიტა და ბარდნარს დააცქერდა.
- ალექსანდრ სემიონოვიჩ, - გაისმა ამ დროს როკის ცოლის ხმა და ჟოლოს ბუჩქებში მისი თეთრი კოფტა გაკრთა, მერე მიიმალა და ისევ გაკრთა. - მომიცადე, საბანაოდ მეც მოვდივარ. როკის ცოლი ტბორისკენ მარდად გამოემართა, მაგრამ ალექსანდრ სემიონოვიჩი ძირხვენებისკენ იყო მიყურადებული და მისთვის ხმა არ გაუცია. ძირხვენებიდან მორუხო-მოწენგოსფერო მორი ამოიმართა და თვალდათვალ იწყო ზრდა. ალექსანდრ სემიონოვიჩს მოეჩვენა, რომ მორი მოყვითალო სველი ლაქებით იყო დაფარული. მორი ირხეოდა, იგრიხებოდა, იწელებოდა და იმხელაზე გაიწელა, დაბალსა და დაკორძილ ტირიფს ასცდა, შემდეგ მორის წვერო თითქოს ჩამოტყდა, ოდნავ ჩამოიხარა და ალექსანდრ სემიონოვიჩის თავს ზემოთ მოსკოვური ელექტრობოძის ოდენა რაღაც წამოიმართა. მაგრამ ეს რაღაცა ბოძზე სამჯერ მსხვილი და გაცილებით ლამაზი გახლდათ, რადგან ქიცვოვანი ტატუირება ამშვენებდა. ალექსანდრ სემიონოვიჩი თუმცა ჯერ ვერაფერს მიხვდა, სხეულში სიცივემ მაინც დაურბინა, შემზარავი ბოძის წვეროს ახედა და მისმა გულმა რამდენიმე წამით ძგერა შეწყვიტა. მოეჩვენა, რომ აგვისტოს დღის მცხუნვარებას უეცრად თოში შეენაცვლა. თვალები ისე დაებინდა, თითქოს საზაფხულო შარვალი ჰქონდა აფარებული და მზეს ისე ასცქეროდა.
მორის ზედა წვეროზე გაბრტყელებული, წამახული და ყვითელი, მრგვალი ლაქით შემკობილი თავი მოჩანდა. ლაქის ზემოთ, თითქოს სახურავქვეშ ჩამჯდარი, ვიწრო უქუთუთო თვალებიდან არნახული ბრაზი გამოსჭვიოდა. თავი ისე შეირხა, თითქოს ჰაერი ჩაკორტნაო, ხოლო მორი მთლიანად ძირხვენებში ჩაიმალა, ზემოთ მარტო თვალები დარჩა, ალექსანდრ სემიონოვიჩს დაშტერებით რომ უცქეროდა. ფოთლებს შორის გამომჭვირვალი თვალები ისეთი შემზარავი იყო, რომ ოფლში გაღვარულმა ალექსანდრ სემიონოვიჩმა ყოვლად უადგილო სამი სიტყვა წარმოთქვა, ჭკუიდან შემშლელმა შიშმა რომ წამოაძახებინა.
- ეს რა ხუმრობაა...
მერე გაახსენდა, დავრიშები... დიახ... დიახ... ინდოეთი... მოწნული კალათი... შელოცვა.
თავი კვლავ აღიმართა და ტანიც ამოჰყვა. ალექსანდრ სემიონოვიჩმა ფლეიტა ტუჩებთან მიიტანა, ჩახლეჩილი ხმით ჩასტვინა და ვალსის დაკვრა დაიწყო „ევგენი ონეგინიდან“, თუმცა ყოველ წამს სული ეხუთებოდა. მწვანე ფოთლებიდან გამომზირალი თვალები უმალ ამ ოპერის დაუოკებელმა სიძულვილმა ააკიაფა.
- რამ გაგასულელა, ამ პაპანაქებაში რომ უკრავ? - გაისმა მანიას მხიარული ხმა და ალექსანდრ სემიონოვიჩმა სადღაც მარჯვნივ თვალი მოჰკრა თეთრ ლაქას. შემდეგ მთელი საბჭოთა მეურნეობა გულშემზარავმა კივილმა შეძრა, თანდათან იმატა და ცაში აიჭრა, ხოლო ვალსმა ფეხმომსხვრეულივით იწყო ხტომა. თავი მწვანე ფოთლებს მოსცილდა, წინ გაექანა და თვალები ალექსანდრ სემიონოვიჩს განშორდა. თხუთმეტიოდე არშინის სიგრძე და ადამიანის სიმსხო გველი ძირხვენებიდან ზამბარასავით გამოხტა. გზაზე მტვერი აისვეტა და ვალსი დასრულდა. გველმა საბჭოთა მეურნეობის გამგეს გვერდით ჩაუქროლა და იქით გაექანა, სადაც გზაზე თეთრი კოფთა მოჩანდა, როკმა თვალნათლივ დაინახა, რომ მანიას ზაფრანისფერი დაედო და გრძელი თმა ნახევარი არშინის სიმაღლეზე მავთულებივით აღემართა. გველმა როკის თვალწინ პირი წამით გააღო, საიდანღაც ჩანგლის მსგავსი რაღაც გამოხტა. მტვერში ჩამჯდარ მანიას გველმა კბილები მხარში ჩაასო და ერთი არშინის სიმაღლეზე აიტაცა. მანიამ სიკვდილის წინ შემზარავად ამოიკივლა. გველი ხუთსაჟენიან ხრახნად ჩაიგრიხა, კუდი ქარბორბალასავით დაატრიალა და მანიას შემოერტყა. მანიას ერთი ბგერაც აღარ დასცდენია, როკს მხოლოდ მისი ძვლების მსხვრევის ხმა ჩაესმა. გველის ყბაზე ნაზად აკრულ მანიას თავი მაღლა აიჭრა, მანიამ პირიდან სისხლი ამოანთხია, მოტეხილი ხელი ჩამოეკიდა და ფრჩხილებიდან სისხლი წასკდა. მერე გველმა ყბები ამოიგდო, ხახა დააფჩინა, მანიას თავს თავისი თავი ერთბაშად ჩამოამხო და როგორც თითზე ხელთათმანს, ისე დაუწყო წამოცმა. გველი ირგვლივ ყოველ მხარეს სუნთქვას აფრქვევდა და ეს მხურვალება როკს სახეზე მისწვდა. მოქნეულმა კუდმა კინაღამ გზისპირა მტვერში გატყორცნა. სწორედ მაშინ როკის კუპრივით შავი თავი ვერცხლისფრად ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა მხარეს შეიფერა, საშინელი გულისრევა მოეძალა. იგი გზას მოსწყდა და გამაყრუებელი ღრიალით გაიქცა, ირგვლივ ვეღარაფერს ხედავდა...

თავი IX. ცოცხალი ფაფა
სადგურ დუგინოში სახელმწიფო კონტროლის სამმართველოს აგენტი შჩუკინი ძალზე მამაცი კაცი გახლდათ. მან თავის ამხანაგს, მწითურა პოლაიტისს ჩაფიქრებულმა უთხრა: - მაშ რა ვქნათ, უნდა წავიდეთ, მოტოციკლეტი გამოიყვანე, - ცოტა ხანს დუმდა, მერე სკამზე ჩამომჯდარ კაცს მიუბრუნდა, - ფლეიტა მაინც დადეთ.
მაგრამ დუგინოს სახელმწიფო პილიტიკური სამმართველოს შენობაში სკამზე მჯდარ ჭაღარა კაცს ფლეიტა არ დაუდვია, ატირდა და აზმუვლდა. მაშინ შჩუკინი და პოლაიტისი მიხვდნენ, რომ ჭაღარა კაცისთვის ფლეიტა თვითონ უნდა გამოერთმიათ, რადგან თითები ზედ მიჰკვროდა. ცირკის მსახიობივით ღონიერმა შჩუკინმა თითები სათითაოდ გადაუწია, ხელი გააშლევინა და ფლეიტა მაგიდაზე დაადებინა.
ეს ამბავი მანიას სიკვდილის მეორე დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მოხდა.
- თან უნდა გამოგვყვეთ, - უთხრა შჩუკინმა ალექსანდრ სემიონოვიჩს, - იქ ყველაფერს გვაჩვენებთ.
მაგრამ როკი განზე გაიწია და სახეზე ხელები აიფარა, თითქოს საშინელ რაღაცას ხედავდა.
- უნდა გვაჩვენოთ, - მკაცრად დაუმატა პოლაიტისმა.
- არა, თავი გაანებე. ვერ ხედავ, კაცი ჭკუაზე აღარ არის.
- მოსკოვში გამგზავნეთ, - ტირილით ითხოვა ალექსანდრ სემიონოვიჩმა.
- საბჭოთა მეურნეობაში საერთოდ არ დაბრუნდებით?
როკმა პასუხის ნაცვლად ხელები კვლავ სახეზე აიფარა და თვალებში შიში ჩაუდგა
- ჰო, კარგი, - გადაწყვიტა შჩუკინმა, - თქვენ ძალა მართლაც არ შეგწევთ... თავადაც გამჩნევთ. ახლა საკურიერო მატარებელი ჩამოივლის და იმას გაჰყევით.
მერე სადგურის დარაჯმა ალექსანდრ სემიონოვიჩს მინანქარმოტეხილი ტოლჩით წყალი დაალევინა. ყბააცახცახებული როკი ტოლჩაზე კბილებს ურაწკუნებდა. სანამ მას წყალს ასმევდნენ, შჩუკინი და პოლაიტისი ერთმანეთს ეთათბირებოდნენ. პოლაიტისი ამბობდა, არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ, როკი სულით ავადმყოფია და საშინელი ჰალუცინაციები ჰქონდაო, შჩუკინი კი ვარაუდობდა, ქალაქ გრაჩოვკიდან, სადაც ამჟამად საგასტროლოდ ცირკი არის ჩამოსული, მგუდავი გაეპარებოდათო. როკმა შეეჭვებულ მოთათბირეთა ჩურჩული გაიგონა და წამოდგა, ცოტათი გონს მოსულმა ხელები ბიბლიური წინასწარმეტყველივით აღმართა და წარმოთქვა: - მისმინეთ. რატომ არ გჯერათ? ეს ნამდვილად მოხდა. მაშ ჩემი ცოლი სად არის? შჩუკინი დადუმდა და ჩაფიქრდა, მერე გრაჩოვკაში დაუყოვნებლივ რაღაც დეპეშა გაგზავნა. მისი განკარგულებით მესამე აგენტი ალექსანდრ სემიონოვიჩს არ უნდა მოსცილებოდა და მოსკოვშიც გაჰყოლოდა. შჩუკინი და პოლაიტისი კი ექსპედიციისათვის მზადებას შეუდგნენ. მათ მხოლოდ ერთი ელექტრო რევოლვერი ჰქონდათ, მაგრამ დიახაც დიდად საიმედო რამ. 1927 წლის გამოშვება, ფრანგული ტექნიკის სიამაყე, ახლო მანძილზე ბრძოლისთვის განკუთვნილი ორმოცდაათმუხტიანი მოდელი სულ ას ნაბიჯზე მოქმედებდა, მაგრამ ორი მეტრი დიამეტრის ველს ქმნიდა და ამ ველში ყოველივე ცოცხალს უმალ სპობდა. მიზანს ძნელად თუ ააცდენდი. შჩუკინმა ეს ბრჭყვიალა ელექტრო სათამაშო ჩამოიკიდა, პოლაიტისმა ჩვეულებრივი ოცდახუთვაზნიანი ტყვიამფრქვევი აიღო და მჭიდებიც გაიყოლა. ორივენი ერთ მოტოციკლში ჩასხდნენ და სანამ დილით ნამი აშრებოდა, საბჭოთა მეურნეობისაკენ მიმავალ შარაგზას გაუყვნენ. მოტოციკლეტმა სადგურიდან საბჭოთა მეურნეობამდე ოცი ვერსი თხუთმეტ წუთში ტრახტრახით გაიარა (როკი მთელ ღამე მიდიოდა და დროდადრო, როცა შიშის ზარი აიტანდა, გზისპირა ბალახში იმალებოდა) და როცა მზემ საკმაოდ დააცხუნა, გორაკიდან, რომლის ძირას მდინარე ტოპი მიიკლაკნებოდა, სიმწვანეში ჩაფლულმა სვეტებიანმა შაქრისფერმა სასახლემ გამოაშუქა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო. საბჭოთა მეურნეობის მისადგომებთან აგენტებმა საზიდრით მიმავალ გლეხს გაასწრეს. რაღაც ტომრებით დატვირთული საზიდარი ნელა მიჩანჩალებდა და მალე უკან დარჩა. მოტოციკლეტმა ხიდი გადაირბინა. პოლაიტისმა საყვირს ჩაჰბერა, რომ ვინმე გამოეძახა. მაგრამ საყვირის ხმას არავის გამოხმაურებია, მხოლოდ შორს, კონცოვკაში ძაღლები გააფთრებით აყეფდნენ. მოტოციკლეტმა სვლა შეანელა და ფაფარგამწვანებულ ლომებით შემოღობილ ჭიშკარს მიადგა. ყვითელგეტრიანი, ტანსაცმელდამტვერილი აგენტები ჩამოქვეითდნენ, მოტოციკლეტი მესრის გისოსზე ჯაჭვით მიაბეს, ბოქლომით ჩაკეტეს და ეზოში შევიდნენ. ისინი აქ დამკვიდრებულმა მდუმარებამ განაცვიფრა.
- ჰეი, მანდ ვინმე თუ ხართ?
- ხმამაღლა შესძახა შჩუკინმა.
მაგრამ მის ბოხ ხმას არავინ გამოპასუხებია. აგენტებმა მთელი ეზო მოიარეს უფრო და უფრო გაოცებულებმა. პოლაიტისი მოიღუშა. შჩუკინი სერიოზულად იცქირებოდა და ქერა წარბებს სულ უფრო მეტად ჭმუხნიდა. სამზარეულოში ჩაკეტილი ფანჯრიდან შეიხედეს. იქ არავინ მოჩანდა, მაგრამ მთელ იატაკზე ჭურჭლის თეთრი ნამსხვრევები იყო მიმობნეული.
- აქ მართლა რაღაც მომხდარა, უთუოდ კატასტროფაა, - თქვა პოლაიტისმა.
- ჰეი, აქ ვინმე თუ ხართ! ჰეი! - ყვიროდა შჩუკინი, მაგრამ სამზარეულოს თაღებიდან მხოლოდ ექო ეპასუხებოდა.
- ეშმაკმა უწყის, რა ამბავია! - ბუზღუნებდა შჩუკინი. - ყველას ერთბაშად ხომ ვერ გადაყლაპავდა. იქნებ სადმე გაიქცნენ. სახლში შევიდეთ.
სასახლის კარი სვეტებიანი ვერანდის მხრიდან ყურთამდე ღია ეგდო, მაგრამ შიგნით არავინ ჩანდა. აგენტები მეზონინშიც კი ავიდნენ, ყველა კარზე მიაკაკუნეს, ყველა კარი გამოაღეს, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს და ცარიელი პარმაღიდან კვლავ ეზოში ჩავიდნენ.
- სახლს ირგვლივ შემოვუაროთ. ორანჟერეისკენ წავიდეთ, - განკარგულება გასცა შჩუკინმა, - ყველაფერი გავჩხრიკოთ და მერე შეიძლება, ტელეფონით დავრეკოთ.
აგენტები აგურით მოფენილ ბილიკს გაუყვნენ, ყვავილნარს ჩაუარეს, უკანა ეზოში გავიდნენ, ეზოც გადაჭრეს და ორანჟერეის ბრჭყვიალა მინები დაინახეს.
- მოიცა, - ჩაიჩურჩულა შჩუკინმა და ქამრიდან რევოლვერი მოიხსნა. პოლაიტისმა ყური გაამახვილა და ტყვიამფრქვევი მოიმარჯვა. ორანჟერეაში და იმას იქითაც უცნაური, მძლავრი ხმა გაისმოდა, თითქოს ორთქმავალი შიშინებსო. ში-ში-ში... სი-სი-სი... - სისინებდა ორანჟერეა.
- ფრთხილად, - ჩაიჩურჩულა შჩუკინმა. აგენტები ორანჟერეისკენ გაემართნენ, თანაც ცდილობდნენ, ქუსლები არ ებაკუნებინათ, მინებთან მივიდნენ და შიგნით შეიხედეს. პოლაიტისი უმალ უკან გადაიხარა და გაფითრდა. რევოლვერმომარჯვებულმა შჩუკინმა პირი დააღო და ერთ ადგილას გაშეშდა.
მთელი ორანჟერეა მატლებდახვეულ ფაფასავით ფუთფუთებდა. ორანჟერეის იატაკზე უზარმაზარი გველები დასრიალებდნენ, ხან გორგლებად შეიკვრებოდნენ, ხან გაიშლებოდნენ, სისინებდნენ და ყელყელაობდნენ, აქეთ-იქით ტრიალებდნენ და თავებს არხევდნენ. იატაკზე მიმოფანტულ ნაჭუჭს მათ სხეულქვეშ ღრაჭუნი გაჰქონდა. ზემოთ მძლავრი ელექტროსფერო ენთო და ორანჟერეას უცნაურ კინემატოგრაფიულ შუქს ჰფენდა. იატაკზე სამი შავი, ფოტოგრაფიული კამერის მსგავსი უზარმაზარი ყუთი გახირულიყო. ორ მათგანში, განზე გაცურებულსა და აყირავებულში, შუქი აღარ ენთო, მესამეში კი ჟოლოსფერი მცირე ლაქა ციალებდა. ყველანაირი ზომის გველები მავთულებზე მიცოცავდნენ, ფანჯრის ჩარჩოებზე ადიოდნენ და სახურავის ხვრელიდან გარეთ მიძვრებოდნენ. თვით ელექტრო სფეროზე რამდენიმე არშინის სიგრძე შავი ხალებიანი გველი ეკიდა და თავს ქანქარასავით აქანავებდა. ხრიალ-ჟღარუნი და სისინი ერთმანეთში ირეოდა, ორანჟერეიდან საშინელი შმორის, თითქოს ტბორის სუნი გამოდიოდა. ამას გარდა, აგენტებმა ბუნდოვნად მოჰკრეს თვალი მტვრიან კუთხეში გროვა-გროვად დახვავებულ თეთრ კვერცხებს, კამერასთან უძრავად გაწოლილ კანჭმაღალ გიგანტურ ფრინველს და კართან, შაშხანის გვერდით გაშოტილ რუხტანსაცმლიან გვამს.
- უკან დაიხიე! - შესძახა შჩუკინმა; თავადაც უკან იხევდა, მარცხენა ხელით პილაიტისს აწვებოდა, მარჯვენათი კი რევოლვერს უმიზნებდა. ცხრაჯერ მოასწრო გასროლა და ორანჟერეის გვერდით მომწვანო ელვა სისინით დააკვესა. შჩუკინის სროლის პასუხად მთელი ორანჟერეა გაშმაგებით ამოძრავდა, ყველა ხვრელიდან ბლაგვი თავი ამოიზიდა. ქუხილმა უმალ მთელ საბჭოთა მეურნეობაში დაიგრგვინა და კედლებზე ათინათებად ათამაშდა. ჭახ-ჭახ-ჭახ-ჭახ, - ისროდა პოლაიტისი და თან უკან იხევდა. უკნიდან ოთხი ფეხის უცნაური შარიშური მოისმა. პოლაიტისმა უცებ საშინლად შეჰყვირა და გულაღმა დაეცა. ფეხებგაჩაჩხული მომწვანო-მოყავისფრო, უშველებელი წაწვეტებული დრუნჩისა და სავარცხლისებური კუდის მქონე არსება, შემზარავი ზომის ხვლიკს რომ წააგავდა, ფარდულის კუთხიდან გამოსხლტა, პოლაიტისს ფეხი წააკვნიტა და მიწაზე დაანარცხა.
- მიშველე, - შეჰყვირა პოლაიტისმა. მისი მარცხენა ხელი უმალ ნიანგის პირში მოექცა და გადაიმსხვრა. პოლაიტისი ამაოდ ცდილობდა, მარჯვენა ხელი მაღლა აეწია, რევოლვერს მიწაზე მიაჩოჩებდა. შჩუკინი მისკენ შეტრიალდა და ერთხელ გასროლა მოასწრო, მაგრამ ააცდინა, იმიტომ რომ შეეშინდა, ამხანაგი არ მოეკლა. მეორედ ორანჟერეისკენ გაისროლა, რადგან იქიდან გველის პატარა თავებს შორის ერთი უზარმაზარი წენგოსფერი თავი ამოიმართა, თავს სხეულიც ამოჰყვა და პირდაპირ მისკენ გამოექანა. ამ გასროლით შჩუკინმა გიგანტური გველი მოჰკლა, მერე კვლავ ნიანგის პირში მოქცეულ ცოცხალმკვდარ პოლაიტისს მიუბრუნდა. ირგვლივ ურბენდა, ადგილს არჩევდა, სად ესროლა, რომ საშინელი ქვეწარმავალი მოეკლა, აგენტისთვის კი არაფერი ევნო. ბოლოს მოახერხა. ელექტრორევოლვერმა ორჯერ იფეთქა და ირგვლივ ყველაფერი მომწვანო შუქით გაანათა. ნიანგი შეხტა, გაიჭიმა, მერე გაშეშდა და პოლაიტისი პირიდან ამოაგდო. პოლაიტისს სხეულიდან სისხლი სდიოდა, სისხლს ანთხევდა პირიდანაც, მარჯვენა საღ ხელს ეყრდნობოდა და გადამსხვრეულ მარჯვენა ხელს მიათრევდა, თვალები თანდათან ებინდებოდა.
- შჩუკინ... გაიქეცი, - ამოიღმუვლა მან სლუკუნით.
შჩუკინმა ორანჟერეისკენ რამდენჯერმე გაისროლა და რამდენიმე მინა ჩაამსხვრია. მაგრამ უკნიდან, სარდაფის სარკმლიდან, უზარმაზარი, წენგოსფერი და მოქნილი ზამბარა გამოხტა, ეზოში გამოსრიალდა, ხუთსაჟენიანი სხეულით მთელი ეზო დაიკავა, შჩუკინს ელვის უსწრაფესად ფეხებზე შემოეჭდო. შჩუკინი მიწას დაასკდა, ბრჭყვიალა რევოლვერი ხელიდან გაუსხლტა და გვერდით გადავარდა. მან მძლავრად შეჰყვირა, მერე სული შეეხუთა, მთელი სხეული, თავის გარდა, რგოლებმა დაუფარა, ერთი რგოლი თავზე ერთხელ გადაევლო, სკალპი გადააძრო და თავი გაუხეთქა. საბჭოთა მეურნეობაში სროლის ხმა აღარ ისმოდა. ყოველივე ჩაახშო მოსისინე, ყოვლისმშთანმთქმელმა ხმამ. პასუხად ძალზე შორიდან, კონცოვკიდან, ქარს ყმუილის ხმა მოჰყვა, თუმცა ძნელი გასარჩევი იყო, ძაღლი ყმუოდა თუ ადამიანი.

თავი X. კატასტროფა
გაზეთ „იზვესტიას“ რედაქციაში ღამით კაშკაშა სფეროები ბრდღვიალებდა. ჩასუქებული გამომშვები რედაქტორი ტყავის მაგიდაზე დეპეშების მეორე გვერდს აკაბადონებდა, რომელსაც სათაურად ჰქონდა „რესპუბლიკების კავშირში“. თვალში ერთი სვეტი მოხვდა, პენსნეთი დააცქერდა და ახარხარდა, მერე საკორექტოროდან კორექტორებს მოუხმო, მეტრანპაჟსაც დაუძახა, ყველანი გარს შემოიკრიბა და სვეტი აჩვენა. საღებავშეუმშრალი ქაღალდის ვიწრო ზოლზე დაბეჭდილი გახლდათ: „სმოლენსკის გუბერნიის ქალაქი გრაჩოვკა. მაზრაში ცხენისხელა ქათამი გამოჩნდა, ცხენივით ტლინკებს რომ ყრის და ბოლოს ნაცვლად ქალის ბურჟუაზიული ბუმბულები აქვს“. ასოთამწყობებმა ხარხარი ატეხეს.
- ჩემს ახალგაზრდობაში, - წამოიწყო გამომშვებმა გულიანი ხითხითით, - როცა ვანია სიტინთან „რუსულ სიტყვაში“ ვმუშაობდი, გამომთვრალებს სპილოები ელანდებოდათ. ნამდვილად. ახლა კი, როგორც ჩანს, სირაქლემები მოლანდებიათ.
ასოთამწყობები ხარხარებდნენ.
- მართლა სირაქლემა მოსჩვენებიათ, - თქვა მეტრანპაჟმა, - რა ვქნა, ჩავსვა ივან ბონიფატიევიჩ?
- ხომ არ გასულელდი, - უპასუხა გამომშვებმა, - მიკვირს, მდივანმა როგორ გაუშვა. ვიღაც მთვრალის გამოგზავნილი დეპეშაა.
- მართლა ნაქეიფარის გამოგზავნილია, - დაეთანხმნენ ასოთამწყობები და მეტრანპაჟსაც სირაქლემის თაობაზე გამოგზავნილი ცნობა მაგიდას მოაცილა.
ამიტომ მეორე დღეს გამოსული „იზვესტია“ ჩვეულებისამებრ, დიდძალ საინტერესო მასალას შეიცავდა, მაგრამ გრაჩოვკული სირაქლემის ხსენებაც კი არსად იყო. პრივატ-დოცენტი ივანოვი „იზვესტიას“ ყოველთვის გულდასმით კითხულობდა, ახლაც თავის კაბინეტში თავიდან ბოლომდე გადაიკითხა, მერე გრაგნილივით დაახვია, მთქნარებით თქვა, საინტერესო არაფერიაო, და თეთრი ხალათის ჩაცმას შეუდგა. ცოტა ხნით ადრე მის კაბინეტში სანთურები აბრიალდა და ბაყაყები აყიყინდნენ. პროფესორ პერსიკოვის კაბინეტში კი ერთი ალიაქოთი იდგა. შეშინებული პანკრატი გაჭიმული იდგა, ხელები დაბლა ჩამოეშვა.
- გასაგებია... გასაგებია, - ამბობდა იგი.
პერსიკოვმა ლუქით დაბეჭდილი პაკეტი მიაწოდა და უთხრა: - მეცხოველეობის განყოფილებაში მიდი და განყოფილების გამგეს - პტახას პირდაპირ უთხარი, ღორი ხარ-თქო. უთხარი პროფესორმა პერსიკოვმა შემოგითვალა-თქო. ეს პაკეტიც გადაეცი.
„კარგი ამბავია, ხომ იცი...“ - გაიფიქრა გაფითრებულმა პანკრატმა და პაკეტიანად გაუჩინარდა.
პერსიკოვი კი ბობოქრობდა.
- ეშმაკმა უწყის, ეს რა უბედურებაა, - წუწუნებდა იგი, კაბინეტში ბოლთას სცემდა და ხელთათმანიან ხელებს იფშვნეტდა, - ეს არნახული აბუჩად აგდებაა, ჩემიც და ზოოლოგიისაც, იმ წყეულ ქათმის კვერცხებს აუარებელს აგზავნიან, მე კი ორი თვეა, ვერ მიმიღია, რაც აუცილებლად მჭირდება. თითქოს ამერიკა ისე შორს იყოს! სულ ასეთი არეულობაა, სულ ასეთი უწესრიგობა, - მან თითებზე იწყო ანგარიში: - მოგროვებას, ვთქვათ, ათი დღე დასჭირდებოდა, დიდი-დიდი თხუთმეტი... კარგი, თუნდაც ოცი, გადმოფრენას ორი დღე, ლონდონიდან ბერლინში ერთი დღე... ბერლინიდან აქამდე ექვსი საათი... ენით აუწერელი უწესრიგობაა...
იგი გააფთრებით ეცა ტელეფონს და სადღაც რეკვას შეუდგა.
პერსიკოვს საიდუმლო და სახიფათო ცდების ჩასატარებლად კაბინეტში ყველაფერი მზად ჰქონდა, კარებზე ასაწებებელი, ზოლ-ზოლად დაჭრილი ქაღალდი მაგიდაზე ეწყო, იქვე მოჩანდა გამყვანი მილებით აღჭურვილი საყვინთო ჩაფხუტები და ვერცხლისწყალივით მოელვარე რამდენიმე ბალონი, რომლებსაც ეკრა ეტიკეტები: „არმიის ნებაყოფლობითი საზოგადოება. არ მიეკაროთ“, აგრეთვე თავის ქალა და გადაჯვარედინებული ძვლებიც ჰქონდა მიხატული. პროფესორს სამი საათი მაინც დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და წვრილმანი სამუშაოებისთვის ხელი მოეკიდა. ინსტიტუტში ღამით თერთმეტ საათამდე იმუშავა, ამიტომ არ იცოდა, კრემისფერი კედლების მიღმა რა ხდებოდა. არ გაუგია, მოსკოვში გველებზე რა უაზრო ხმები დაირხა და არც ის შეუტყვია, საღამოს გაზეთებში მისული უცნაური დეპეშა რას იტყობინებოდა, იმიტომ რომ დოცენტი ივანოვი სამხატვრო თეატრში „ფიოდორ იოანოვიჩზე“ იყო და, მაშასადამე, პროფესორი ახალ ამბავს ვერავისგან გაიგებდა.
პროფესორი პრეჩისტენკაზე დაახლოებით შუაღამისას მივიდა და დასაძინებლად დაწვა. სანამ დაიძინებდა, ლონდონიდან მიღებული ჟურნალ „ზოოლოგიის მაცნეში“ დაბეჭდილი რაღაც ინგლისური სტატიისა წაკითხვაც მოასწრო. პერსიკოვს ეძინა, გვიან ღამემდე მოფუსფუსე მოსკოვმაც ჩაიძინა. არ ეძინა მხოლოდ ტვერის ქუჩაზე ეზოში მდგარ უზარმაზარ რუხ კორპუსს, სადაც „იზვესტიის“ საროტაციო მანქანების გრიალი მთელ შენობას აზანზარებდა. გამომშვების კაბინეტში წარმოუდგენელი ალიაქოთი სუფევდა. თვალებჩაწითლებული, მთლად გაცოფებული გამომშვები აქეთ-იქით აწყდებოდა, აღარ იცოდა, რა ექნა და ყველას ლანძღვა-გინებით იკლებდა. ღვინის სუნით აქოთებული მეტრანპაჟი უკან დასდევდა და ეუბნებოდა: - რა მოხდა, ივან ბონიფატიევიჩ, არა უშავს, დილაზე საგანგებო დამატება გამოუშვან. ნომერს მანქანიდან ხომ ვერ ჩამოვიღებთ.
ასოთამწყობები შინ არ წასულან, გუნდ-გუნდად დადიოდნენ, მერე შექუჩდებოდნენ და დეპეშებს კითხულობდნენ, მთელი ღამე ყოველ თხუთმეტ წუთში განუწყვეტლივ რომ მოდიოდა და სულ უფრო შემზარავი და უცნაური ხდებოდა. თვალისმომჭრელი ვარდისფერი შუქით გაჩირაღდნებულ სტამბაში ალფრედ ბრონსკის წვეტიანი შლაპა მალიმალ გაიელვებდა, მექანიკური ღიპიანი კაცი ღრაჭუნ-ჩლახუნით ხან აქ, ხან იქ გამოჩნდებოდა. რეპორტიორები მთელი ღამე მოდიოდნენ და სადარბაზო შესასვლელის კარიც მალიმალ ხახუნობდა. სტამბის თორმეტივე ტელეფონი განუწყეტლივ წკრიალებდა, სადგური იდუმალ ყურმილებს თითქმის მექანიკურად პასუხობდა: - „დაკავებულია“, „დაკავებულია“. სადგურში უძილობით დაქანცული ქალიშვილების წინ სიგნალების მღერა არ წყდებოდა...
ასოთამწყობები მექანიკურ კაცს შემოეხვივნენ.
- გაზით აღჭურვილი აეროპლანები უნდა გაიგზავნოს, - უთხრა მათ შორეული ნაოსნობის კაპიტანმა.
- ნამდვილად - ამბობდნენ ასოთამწყობები, - ეს რა ამბავია! - მერე საშინელმა ლანძღვა-გინებამ იქაურობა გააყრუა და და გამკინავი ხმა გაისმა: - პერსიკოვი დასახვრეტია.
- პერსიკოვი რა შუაშია, - უპასუხეს მას, - საბჭოთა მეურნეობაში ვიღაც მამაძაღლი რომ არის, ის უნდა დაიხვრიტოს.
- დაცვა უნდა დაეყენებინათ, - ყვიროდა ვიღაცა.
- იქნებ კვერცხები სულაც არაფერ შუაშია.
საროტაციო ბორბლები მთელ შენობას აზანზარებდა და აგუგუნებდა, იქაურობის შემხედვარეს მოეჩვენებოდა, ულამაზო რუხ კორპუსს ელექტრო ხანძარი აგიზგიზებსო. როცა გათენდა და დღემ იმძლავრა, ალიაქოთი მაინც არ შენელებულა, თუმცა ელექტროშუქი ჩაქრა. მოტოციკლეტები მოასფალტებულ ეზოში ავტომობილებთან მონაცვლეობით მალიმალ შეგრიალდებოდნენ ხოლმე. მთელმა მოსკოვმა გამოიღვიძა და გაზეთის თეთრი ფურცლები ქუჩებს ჩიტებივით მოეფინა. ყველას ხელში გაზეთი ეჭირა, ყველგან გაზეთები ფრიალებდა და შრიალებდა. თერთმეტი საათისთვის გაზეთის გამყიდველებს გაზეთები გამოელიათ, თუმცა „იზვესტია“ იმ თვეში მილიონნახევარი ტირაჟით გამოდიოდა. პრეჩისტენკიდან ავტობუსით წამოსული პერსიკოვი ინსტიტუტში მივიდა. იქ ახალი ამბავი ელოდა. ვესტიბულში ლითონის სალტეებით ფაქიზად შემოჭედილი ფიცრის სამი ყუთი იდგა. ეტიკეტებს ფარავდა ცარცით რუსულად მსხვილი ასოებით მინაწერი: „ფრთხილად. კვერცხებია“!
პროფესორს უსაზღვრო სიხარული დაეუფლა.
- როგორც იქნა, - შესძახა მან. - პანკრატ, ყუთები დაუყოვნებლივ გახსენი, თანაც ფრთხილად, რომ არ დაამტვრიო, და კაბინეტში შემომიტანე.
პანკრატმა ბრძანება უმალ შეასრულა და თხუთმეტი წუთის შემდეგ ნახერხითა და ქაღალდის ნაგლეჯებით მოფენილ კაბინეტში პროფესორის მძვინვარე ხმა გაისმა.
- სასაცილოდ მიგდებენ, თუ რა არის, - გაჰკიოდა პროფესორი და მუშტებს იქნევდა, ხელში კვერცხები ეჭირა. - პტახა ნამდვილი პირუტყვია. ნებას არ მივცემ, მასხარად ამიგდონ. პანკრატ, ეს რა არის?
- კვერცხებია, - დაღონებით უპასუხა პანკრატმა.
- ქათმისა, გესმის, ქათმისა, ეშმაკმა წაიღოს იმათი თავი! რა ჯანდაბად მინდა. იმ არამზადას გაუგზავნონ საბჭოთა მეურნეობაში!
პერსიკოვი ოთახის კუთხისკენ გაექანა, ტელეფონს ეცა, მაგრამ დარეკვა ვეღარ მოასწრო.
- ვლადიმერ იპატიჩ, ვლადიმერ იპატიჩ, - გაისმა ინსტიტუტის დერეფანში ივანოვის მჭექარე ხმა.
პერსიკოვი ტელეფონს მოსცილდა, პანკრატი გვერდზე გახტა და პრივატ-დოცენტს გზა დაუთმო. ივანოვმა კაბინეტში შემოირბინა, ჯენტლმენური ჩვევა გადაავიწყდა და კეფაზე მოქცეული ნაცრისფერი შლაპა არ მოუხდია, ხელში გაზეთი ეჭირა.
- ვლადიმერ იპატიჩ, იცით რა მოხდა? - შესძახა მან და პერსიკოვს ცხვირწინ გაზეთის ფურცელი გაუშალა, სათაურად რომ ჰქონდა: „საგანგებო დამატება“, ხოლო შუაში ჭყეტელა ფერადი ნახატი მოჩანდა.
- აბა, ნახეთ, რა ქნეს, - პასუხად აყვირდა პერსიკოვი, ივანოვს არც უსმენდა, - ქათმის კვერცხებით უნდათ, რომ გამაკვირვონ. ეს პტახა ნამდვილი იდიოტია, ნახეთ!
ივანოვი გახსნილ ყუთებს შეძრწუნებული დააცქერდა, მერე გაზეთის ფურცელს დახედა და თვალები ლამის გადმოუცვივდა.
- აი, თურმე რა მომხდარა, - თქვა სულშეხუთულმა, - ახლა კი მივხვდი... ვლადიმერ იპატიჩ, აბა, დახედეთ, - გაზეთის ფურცელი სწრაფად გაშალა და პერსიკოვს ფერად გამოსახულებაზე აკანკალებული ხელით მიუთითა. ფურცელზე გადღაბნილ უცნაურ მწვანე ფონზე სახანძრო შლანგივით დაკლაკნილი, ყვითელლაქებიანი წენგოსფერი შემზარავი გველი მოჩანდა. სურათი ზემოდან იყო გადაღებული. მსუბუქი მფრინავი მანქანიდან, - ვლადიმერ იპატიჩ, მითხარით, ეს რა არის?
პერსიკოვმა სათვალე შუბლზე აიწია, მერე კვლავ თვალებზე მოირგო, სურათს დააშტერდა და გაოცებულმა თქვა: - ეს რა ჯანდაბაა. ეს... ეს ხომ ანაკონდაა, წყლის მგუდავი...
ივანოვმა შლაპა მოიძრო და სკამზე მოწყვეტით დაჯდა.
- ვლადიმერ იპატიჩ, ეს ანაკონდა სმოლენსკის გუბერნიიდან გახლავთ, - ამბობდა იგი და ყოველ სიტყვას მაგიდაზე მუშტის ბრაგუნს აყოლებდა, - ეს რაღაც საშინელებაა. ხომ გესმით, იმ არამზადამ ქათმების ნაცვლად გველები გამოჩეკა და ისინიც, უნდა მოგახსენოთ, ზუსტად ისეთივე ფენომენალური რაოდენობის კვერცხებს დებენ, როგორც ბაყაყები დებდნენ.
- რაო? - თქვა პერსიკოვმა და სახე წამოუჭარხლდა... - ხუმრობთ თუ... პიოტრ სტეპანოვიჩ... რანაირად?
ივანოვი წამით დამუნჯდა, მერე მეტყველების უნარი დაუბრუნდა, თითი გახსნილი ყუთისკენ გაუშვირა, სადაც ყვითელი ნახერხიდან თავამოყოფილი კვერცხები თეთრად ქათქათებდა და თქვა: - აი, ამნაირად.
- რაო? - შეჰკივლა პერსიკოვმა, რაღაცას მიხვდა.
ივანოვმა ორივე მუშტი დამაჯერებლად აღმართა და შეჰყვირა: - ცხადზე ცხადია. თქვენი შეკვეთილი გველებისა და სირაქლემას კვერცხები შეცდომით საბჭოთა მეურნეობაში გაგზავნეს, თქვენ კი ქათმის კვერცხები მოგიტანეს.
- ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო... - გაიმეორა პერსიკოვმა, სახეზე მწვანე ფერი დაედო და ხრახნიან ტაბურეტზე ჩამოჯდა.
კართან მდგარი პანკრატი მთლად გაოგნდა, გაფითრდა და ენა ჩაუვარდა. ივანოვი წამოხტა, გაზეთის ფურცელს ხელი დასტაცა, ერთ სტრიქონს ფრჩხილის წვეტი გაუსვა და პროფესორს ყურში ჩასძახა: - ახლა კარგ დროს გაატარებენ!.. რა მოხდება, ვერც კი წარმომიდგენია. ვლადიმერ იპატიჩ, აბა, ნახეთ, - მან დაჭმუჭნული ფურცელი გაშალა და იმ ადგილის კითხვას შეუდგა, რაც თვალში მოხვდა... - გველები მოჟაისკის მიმართულებით გუნდ-გუნდად მიემართებიან და აურაცხელ კვერცხს დებენ. კვერცხები დუხოვოს მაზრაშიც შეამჩნიეს... ალაგ-ალაგ ნიანგები და სირაქლემებიც გამოჩნდნენ. საგანგებო დანიშნულების ნაწილებმა და სახელმწიფო სამმართველოს რაზმებმა ვიაზმაში პანიკა იმით შეწყვიტეს, რომ ქალაქის გარეუბნებთან ტყეს ცეცხლი წაუკიდეს და ქვეწარმავლების წინსვლა შეაჩერეს...“
სახეაჭრელებული, გალურჯებულ-გაფითრებული, თვალებშეშლილი პერსიკოვი ტაბურეტიდან წამოდგა და სულშეხუთული აყვირდა: - ანაკონდა... ანაკონდა... წყლის მგუდავი! ღმერთო ჩემო! - იგი ასეთ მდგომარეობაში არასოდეს უნახავთ არც ივანოვს და არც პანკრატს.
პროფესორმა ჰალსტუხი ხელის ერთი გაქნევით მოიგლიჯა, პერანგზე ღილები აიწყვიტა, დამბლადაცემულივით წამოჭარხლდა, თვალები უაზროდ გაეყინა, ადგილს მოსწყდა და საითკენღაც ბარბაცით გაექანა. ინსტიტუტის ქვით ნაგები თაღები მისმა ღრიალმა შეძრა.
- ანაკონდა... ანაკონდა... - აგუგუნდა ექო.
- პროფესორი დაიჭირე! - დასჭყივლა ივანოვმა შიშისაგან ერთ ადგილს აცეკვებულ პანკრატს. - წყალი შეასხი... სისხლმა თავში აასხა.

თავი XI. ბრძოლა და სიკვდილი
ელექტრო შუქში გახვეული მოსკოვი ერთიანად ბრიალებდა. იმ ღამეს ყველა ბინაში შუქი ენთო, ერთ ადგილსაც ვერ ნახავდით, სადაც აბაჟურმომძვრალი ნათურები არ ჩახჩახებდა. მოსკოვის ოთხ მილიონ ბინადართაგან ბავშვების გარდა არავის ეძინა. იმას ჭამდნენ და სვამდნენ, რასაც მოიხელთებდნენ, რაღაცას გაჰყვიროდნენ. სახეშეშლილი მცხოვრებნი ყველა სართულის ფანჯრებიდან ყოველ წუთს თავს ჰყოფდნენ და პროჟექტორებით ერთიანად დახაზულ ცას ასცქეროდნენ. ცაში მალიმალ თეთრი შუქი ინთებოდა, მოსკოვს მკრთალ კონუსებად ეფინებოდა, მერე თანდათან ილეოდა და ქრებოდა. აეროპლანები ძალზე დაბლა გადაიფრენდნენ ხოლმე და მათი გუგუნი განუწყვეტლივ გაისმოდა. ყველაზე უფრო შემზარავი სანახავი ტვერსკაია-იამსკაია გახლდათ. ალექსანდრეს ვაგზალზე ყოველ ათ წუთში შემოდიოდა სატვირთო თუ სხვადასხვა კლასის ვაგონებისგან არეულ-დარეულად შემდგარი მატარებლები, შიგადაშიგ ცისტერნებიც რომ ერია და გაგიჟებული ხალხით იყო შეხუნძლული, ტვერსკაია-იამსკაიაზე ზვავად მომსკდარი ხალხი გარბოდა, შეშლილებივით ავტობუსებისა და ტრამვაის ვაგონებში ეტენებოდნენ, სახურავებზე მიძვრებოდნენ, ერთმანეთს თელავდნენ, ბორბლებქვეშ ცვიოდნენ, ვაგზალში ბრბოს თავზე წამდაუწუმ გაისმოდა შაშხანების საგანგაშო ტკაცა-ტკუცი - სამხედრო ნაწილები ცდილობდნენ, სროლით დაეშოშმინებინათ გადარეული ხალხი, სმოლენსკის გუბერნიიდან მოსკოვს რომ მოაწყდა და რკინიგზის ლიანდაგებზე გამორბოდა. ვაგზალზე წამდაუწუმ წკრიალით იმსხვრეოდა ფანჯრის მინები, კიოდა ყველა ორთქლმავალი. ყველა ქუჩაზე გათელილი პლაკატები ეყარა, ასეთივე პლაკატებს აეჭრელებინა თვალისმომჭრელი ჟოლოსფერი რეფლექტორებით განათებული კედლები. ამ პლაკატებზე რაც ეწერა, ყველამ იცოდა და აღარავინ კითხულობდა. პლაკატები ხალხს ამცნობდა, რომ მოსკოვში სამხედრო მდგომარეობა ცხადდებოდა, პანიკის ამტეხებს სასჯელით ემუქრებოდა და ატყობინებდა, რომ სმოლენსკის გუბერნიისკენ ერთი მეორის მიყოლებით მიემართებოდნენ გაზით აღჭურვილი წითელი არმიის რაზმები. მაგრამ პლაკატები მოგუგუნე ღამეს ვერ გააჩერებდა. ბინებში ხელიდან უცვიოდათ და ემსხვრეოდათ ჭურჭელი, ყვავილის ლარნაკები, გარბი-გამორბოდნენ, კედლის კუთხეებს ეჯახებოდნენ, ჩემოდნებს ტენიდნენ, ბოხჩებს ხსნიდნენ და კრავდნენ ფუჭი იმედით, რომ იაროსლავის ან ნიკოლოზის ვაგზლებში შეაღწევდნენ. მაგრამ ამაოდ ირჯებოდნენ. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ყველა სადგურს ქვეით მეომართა მჭიდრო ალყა ერტყა. იქითკენ ჯაჭვების ჩხარუნით მიემართებოდა ყუთებით გაძეძგილი უზარმაზარი სატვირთო მანქანები. ყუთებზე ჯარისკაცები ისხდნენ, თავზე წვეტიანი მუზარადები რომ ეხურათ და ყოველ მხარეს ხიშტები გაეშვირათ. ამ მანქანებით ეზიდებოდნენ ფინანსთა სახალხო კომისარიატის სარდაფებიდან ამოღებულ ოქროს მონეტების მარაგს და უზარმაზარ ყუთებს, რომლებზეც ეწერა: „ფრთხილად. ტრეტიაკოვის გალერეა“. მთელ მოსკოვში მანქანები დაღმუოდნენ და დაქროდნენ. შორს, ძალზე შორს, ცის კიდურზე, ხანძრის ათინათი თრთოდა და აგვისტოს წყვდიადს ქვემეხთა განუწყვეტელი ზათქი აპობდა.
ღამენათევ მოსკოვში, სადაც მთელი ღამე ერთი ნათურაც არ ჩამქრალა, გათენებისას ტორსფენილზე ფლოქვების თქარუნით ტვერსკაიას აუყვა მრავალათასიანი რიგები გველივით გაკლაკნილ ცხენოსანთა არმიისა, გზიდან ყველაფერს რომ იცილებდა. დამფრთხალი ხალხი სადარბაზოში იჭეჭყებოდა, ვიტრინებს აწყდებოდა და მინებს ლეწავდა. მხედართა ხუხ ზურგებზე ჟოლოსფერ ჩაბალახთა წვეროები ფრიალებდა, ხიშტთა წვეტები ცას სერავდა. აზავთებულ-აკივლებული ბრბო თითქოს ერთბაშად გამოცოცხლდა, როცა დაინახა, ცხენებს როგორ მოაგელვებდნენ მხედართა მწკრივები. ტროტუარებზე მდგართ გული მოეცათ და იმედიანად იწყეს მოწოდებათა ძახილი.
- გაუმარჯოს ცხენოსანთა არმიას! - გულის გამყინავი ხმით გაჰკიოდნენ ქალები.
- გაუმარჯოს! - ბანს აძლევდნენ კაცები.
- გაუმარჯოს!! გაგვსრესენ!.. - წიოდნენ სადღაც.
გვიშველეთ! - ყვიროდნენ ტროტუარზე მდგარნი.
ტროტუარებიდან მწკრივებისკენ მიფრინავდა პაპიროსის კოლოფები, ვერცხლის ფულები, საათები, ვიღაც ქალები ქვაფენილზე შერბოდნენ, ხიფათს არად აგდებდნენ, მხედართა მწყობრს აწყდებოდნენ, უზანგებზე ეჭიდებოდნენ და კოცნიდნენ. ფლოქვთა განუწყვეტელ თქარუნში ხანდახან გაისმოდა ოცეულის მეთაურთა შეძახილი: - სადავეები დაამოკლეთ.
სადღაც მხიარულად და დარდიმანდულად მღეროდნენ, ცხენებიდან იცქირებოდნენ მკრთალი სარეკლამო შუქით განათებული სახეები მხედრებისა, ჟოლოსფერი ქუდები გვერდზე რომ მოეგდოთ. იმ მხედართა რიგებს, ვისაც სახე მოუჩანდა, წამდაუწუმ ენაცვლებოდა რიგები უცნაური ჩადრებით პირშებურული უცნაური მხედრებისა, გამყვანმილებიანი ბალონები ზურგზე ღვედებით რომ წამოეკიდათ. მათ უკან მიჰყვებოდა ყრუდ დაგმანული, ვიწრო სათოფურიდან მანათობელი, ტორსფენილის ჩამზნექელი მძიმე მუხლუხა ტანკები. მერე მხედართა რიგები წყდებოდა და რუხ ჯავშანში ჩასმული ავტომობილები გამოჩნდებოდა, გარეთ ისეთივე მილები რომ ჰქონდათ გამოჩრილი და გვერდებზე თეთრი თავის ქალები ეხატა, რომელთა ქვეშ ეწერა: „გაზი“. „ქიმიის ნებაყოფლობითი საზოგადოება“.
- გვიხსენით, ძმებო, - გაჰკიოდნენ ტროტუარებზე, - ქვეწარმავლებს დასცხეთ... მოსკოვი გადაარჩინეთ!
- ვაშა... ვაშა... ვაშა... - გადაიგრგვინებდა მწკრივებში. განათებულ ღამის ჰაერში პაპიროსის კოლოფები მიფრინავდა და ცხენებზე მსხდომნი კბილებს თეთრად აელვარებდნენ. მწკრივებში ჩაიქროლებდა ხოლმე მოგუდული, გულის გამაწვრილებელი სიმღერა.
რა ტუზი, ქალი და რა ვალეტი, გველებს რომ მოვსპობთ, უეჭველია, და გამარჯვებას ჩვენივე ხელით...
ხალხის მორევში „ვაშა“ ჩაიგრგვინებდა ხოლმე, რადგან ხმა დაირხა, რომ მწკრივებს წინ მიუძღოდა ცხენზე ამხედრებული, სხვა მხედრებივით შემოსილი, მათსავით ჟოლოსფერჩაბალახიანი, ათი წლის წინ ლეგენდად ქცეული, ამჟამად მობერებული და გაჭაღარავებული მეთაური ცხენოსანთა არმიისა. ბრბო აკივლდებოდა და ცისკენ მიიწევდა მშფოთვარე გულების ოდნავ დამშვიდებული გუგუნი: „ვაშა... ვაშა...“


*


   ინსტიტუტი სუსტად იყო განათებული. მომხდარ ამბავთა მხოლოდ ცალკეული ბუნდოვანი და ყრუ გამოძახილი აღწევდა იქამდე. მანეჟის ახლოს ცეცხლოვანი საათის ქვეშ ბათქმა მარაოსავით ერთხელ ჩაიშრიალა. იქ ადგილზე დახვრიტეს ვილხონკაზე ბინის გაძარცვის მცდელობისას დაჭერილი მოროდიორები. მახლობელ ქუჩებში მანქანები ნაკლებად მოძრაობდა, რადგან ყველა მანქანა ვაგზლებისკენ მიემართებოდა. პროფესორის კაბინეტში ერთი ლამპა მქრქალად ანათებდა და სხივთა კონას მაგიდაზე აფენდა. ხელებზე თავჩამოყრდნობილი პერსიკოვი მდუმარედ იჯდა. კვამლი ირგვლივ ფენა-ფენა ეხვია. ყუთში სხივი ჩამქრალიყო. ტერარიუმებში ბაყაყები დუმდნენ, უკვე ეძინათ. პროფესორი არც მუშაობდა და არც კითხულობდა. განზე, მარცხენა იდაყვქვეშ, ვიწრო ზოლად ნაბეჭდი დეპეშების საღამოს გამოშვება ედო, სადაც იუწყებოდნენ, რომ სმოლენსკი ერთიანად იწვოდა, ხოლო მოჟანსკის კვადრატებად დაყოფილ ტყეს არტილერია ჭურვებს უშენდა და ყველა ნოტიო ხრამში მიმობნეულ ნიანგის კვერცხთა ბუდობებს ანადგურებდა. იტყობინებოდნენ, რომ აეროპლანების ესკადრილია ვიაზმასთან ერთობ წარმატებით მოქმედებდა. თითქმის მთელი მაზრა გაზის ჭავლებში გაეხვია, მაგრამ ამ სივრცეებში ადამიანთა მსხვერპლიც აურაცხელი გახლდათ, იმიტომ რომ პანიკის შედეგად მოსახლეობის დაქსაქსული ჯგუფები თავის ნებაზე, ვინ საით, ვინ საით, უგზოუკვლოდ მიემართებოდა, იმის მაგივრად, რომ მაზრები ევაკუაციის წესსა და რიგზე დაეტოვებინათ. იტყობინებოდნენ, რომ კავკასიელთა საგანგებო საკავალერიო დივიზიამ მოჟაისკის მიმართულებით ბრწყინვალედ მოიგო ბრძოლა სირაქლემების გუნდთან, ყველა ერთიანად აჩეხა და სირაქლემის კვერცხების უზარმაზარი გროვები გაანადგურა, თანაც თავად უმნიშვნელო დანაკლისი განიცადა. მთავრობა იუწყებოდა, რომ თუ დედაქალაქიდან ორასკილომეტრიან ზონაში ქვეწარმავლების შეჩერებას ვერ შეძლებდნენ, მაშინ ქალაქის მოსახლეობის მთლიან ევაკუაციას მოახდენდნენ. მუშა-მოსამსახურეებს სრული სიმშვიდე უნდა დაეცვათ. მთავრობა უმკაცრეს ზომებს მიიღებდა, რათა სმოლენსკის ამბავი არ განმეორებულიყო, სადაც რამდენიმე ათასი ჩხრიალა გველის მოულოდნელმა თავდასხმამ ისეთი არეულობა გამოიწვია, იმედდაკარგული მოსახლეობა ერთბაშად აიყარა და გადაიხვეწა, ქალაქში უპატრონოდ მიტოვებული ჩაუმქრალი ღუმელებისგან კი ყველგან ხანძარი გაჩნდა და ქალაქი გადაიწვა. იტყობინებოდნენ, რომ მოსკოვი ექვსი თვის საკმარი სურსათით მაინც იყო უზრუნველყოფილი და მთავარსარდალთან არსებული საბჭო სასწრაფოდ ზრუნავდა ბინების შესაჯავშნად, რათა ქვეწარმავლებთან ქუჩის ბრძოლები გაეჩაღებინათ თვით დედაქალაქის ქუჩებში, თუ წითელი არმიები, აეროპლანები და ესკადრილიები ქვეწარმავალთა შემოსევის შეჩერებას ვერ შეძლებდნენ.
პროფესორს ეს ცნობები არ წაუკითხავს, თვალებგაშტერებული სადღაც იცქირებოდა და პაპიროსს ეწეოდა. ინსტიტუტიდან აღარ გადიოდა, თავისი ერთადერთი ჩამქრალი ყუთის მიტოვება არაფრის გულისთვის არ უნდოდა. ინსტიტუტში მის გარდა ორნი იყვნენ - პანკრატი და ეკონომი ქალი მარია სტეპანოვნა. თვალცრემლიანმა მარია სტეპანოვნამ პერსიკოვის კაბინეტში სამი ღამე გაატარა. ახლა კაბინეტის კუთხეში მდგარ მუშამბაგადაკრულ დივანზე იჯდა, თავისთვის რაღაცას სევდიანად ფიქრობდა, ზედადგარზე შემოდგმულ ჩაიდანს უყურებდა და ელოდა, გაზის სანთური წყალს როდის აადუღებდა, რომ პროფესორისთვის ჩაი მიერთმია. ინსტიტუტი დუმდა. ყველაფერი უეცრად მოხდა. ტროტუარიდან უეცრად ხმამაღალი, ბრაზიანი შეძახილები გაისმა. მარია სტეპანოვნამ წამოიკივლა და წამოხტა. ქუჩაში ფარნების შუქი აკიაფდა და ვესტიბულში პანკრატის ხმა გაისმა. პროფესორს ამ ხმაურისთვის ყურადღება მაინცდამაინც არ მიუქცევია, თავი წამით ასწია და ჩაიბურტყუნა: „დახე, როგორ გაშმაგდნენ... თუმცა მე რა უნდა ვქნა?“ მერე თვალები კვლავ გაუშტერდა, მაგრამ მალევე გამოერკვა. ინსტიტუტის რკინით შემოჭედილმა კარმა, გერცენის ქუჩაზე რომ გადიოდა, საშინლად დაიგრიალა და ყველა კედელი შეზანზარდა. მერე მეზობელ კაბინეტში სარკე შუაზე გასკდა. პროფესორის კაბინეტში მინა წკრიალით ჩამოიმსხვრა, ფანჯრიდან რუხი ქვა შემოვარდა და მინის მაგიდა ჩალეწა. ტერარიუმში ბაყაყები ატყაპუნდნენ და აყიყინდნენ. მარია სტეპანოვნა პროფესორისკენ გაექანა, ხელებში ჩაეჭიდა და აყვირდა: „გაიქეცით, ვლადიმერ იპატიჩ, გაიქეცით“. პროფესორი ხრახნიანი სკამიდან წამოდგა, წელში გაიმართა, თითი მოკაკვა, თვალები ძველებურად დააკვესა და ადრინდელ შთაგონებულ პერსიკოვს დაემგვანა.
- არსადაც არ წავალ, - თქვა მან, - რა სისულელეა. ისინი გიჟებივით დაძრწიან... მთელი მოსკოვი თუ გაგიჟდა, სადღა უნდა წავიდე. ნუ ყვირით, გეთაყვა. მე რა შუაში ვარ. პანკრატ! - მოუხმო პანკრატს და თითი ღილაკს დააჭირა. ალბათ უნდოდა პანკრატს ამ ალიაქოთისთვის ბოლო მოეღო, რადგან არეულობა ყოველთვის სძულდა. მაგრამ პანკრატს აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლო. გრიალი იმით დასრულდა, რომ ინსტიტუტის კარი გაიღო და შორიდან რევოლვერის ტკაცატკუცი მოისმა, შემდეგ კი ქვით ნაგები ინსტიტუტი ფეხების ბრაგუნმა, ყვირილმა, ჩამსხვრეულმა მინების წკრიალმა შეძრა. მარია სტეპანოვნა პერსიკოვს სახელოზე ჩაეჭიდა და შეეცადა საითკენღაც წაეთრია, მაგრამ პერსიკოვმა ხელი გააშვებინა და დერეფანში თავაწეული გავიდა. თეთრი ხალათი არ გაუხდია.
- რა ამბავია? - იკითხა მან. კარი გაიღო და სამხედრო კაცის ზურგი გამოჩნდა, მარცხენა სახელოზე ჟოლოსფერი შევრონი და ვარსკვლავი რომ მოუჩანდა. იგი უკან იხევდა და რევოლვერს იქით ისროდა, საიდანაც გააფთრებული ბრბო მოიწევდა. მერე ადგილს მოსწყდა, პერსიკოვს გვერდით ჩაურბინა და დაიძახა: - პროფესორო, თავს უშველეთ, მე აღარაფერი შემიძლია. მის შეძახილს მარია სტეპანოვნას კივილი აჰყვა. სამხედრო კაცი თეთრ ქანდაკებასავით აღმართულ პერსიკოვს მოწყდა და მოპირდაპირე მხარეს მიხვეულ-მოხვეული დერეფნების წყვდიადში გაუჩინარდა. ხალხი დერეფანში ყვირილით შემოცვივდა: - დასცხეთ! მოკალით!
- ქვეწარმავლები შენ შემოგვისიე!
ირგვლივ შეშლილი სახეები, ჩამოფხრეწილი კაბები აირია, ვიღაცამ რევოლვერიც ისროლა. კეტები დატრიალდა. პერსიკოვმა ოდნავ უკან დაიწია, კაბინეტის კარი მიხურა, სადაც შიშისგან თავზარდაცემული მარია სტეპანოვნა დაჩოქილიყო, ხელები ჯვარცმულივით გაეშალა რათა ბრბო შიგნით არ შეეშვა და ბრაზიანად შეჰყვირა: - ეს რა სიგიჟეა... რამ გაგამხეცათ, რა გინდათ? - შემდეგ დასჭექა: - გასწით აქედან! - და ყვირილი ყველასთვის ცნობილი მჭახე შეძახილით დაასრულა: - პანკრატ ყველანი გარეკე!
მაგრამ პანკრატს არავის გარეკვა აღარ შეეძლო, იგი თავგაჩეხილი, გათელილი და დანაფლეთებული გაუნძრევლად ეგდო ვესტიბულში. ბრბო კი შიგნით ტალღა-ტალღა მოგორავდა და ქუჩაში მილიციელთა მიერ ატეხილ სროლს არაფრად აგდებდა. ტანდაბალმა კაცმა, მაიმუნივით მოკვანტილი ფეხები რომ ჰქონდა, დახეული პიჯაკი და გვერდზე მოქცეული, გულისპირჩაფხრეწილი პერანგი ეცვა, ყველას დაასწრო, პერსიკოვს მიეჭრა, კეტა გამეტებით ჩასცხო და თავი გაუხეთქა. პერსიკოვი დაბარბაცდა და იატაკზე გვერდულად დამხობილმა უკანასკნელად ამოიძახა: - პანკრატ... პანკრატ...
ყოვლად უდანაშაულო მარია სტეპანოვნა კაბინეტში დაფლითეს, სხივჩამქრალი კამერა ნამსხვრევებად აქციეს, ტერარიუმი მიანგრ-მოანგრიეს, გადარეული ბაყაყები გაჟლიტეს და ფეხით გასრისეს, მინის მაგიდები და რეფლექტორები დალეწეს, ერთი საათის შემდეგ ინსტიტუტი გიზგიზებდა, შენობასთან გვამები ეყარა, გვამებს ელექტრო რევოლვერებით შეიარაღებულთა ალყა ერტყა, ხოლო სახანძრო ავტომობილები წყლის ჭავლებს ტყორცნიდნენ ფანჯრებისკენ, საიდანაც ცეცხლის გრძელი ენები გუგუნით მობრიალებდა.

თავი XII. ყინულის ღმერთის სრბოლა
1928 წლის 19 აგვისტოს, ღამით, ქვეყანას ისეთმა არნახულმა ყინვამ შემოუტია, ღრმად მოხუცებიც რომ არ მოსწრებიან. ყინვამ ორ დღესა და ღამეს გასტანა და 18 გრადუსს მიაღწია. გაწამებულმა მოსკოვმა ყველა კარ-ფანჯარა ჩაგმანა. მოსახლეობა მხოლოდ მესამე დღის დასასრულს მიხვდა, რომ ყინვამ იხსნა ქალაქი და მისი კუთვნილი უკიდეგანო სივრცეები 1928 წელს მოვლენილი საშინელი უბედურებისაგან. ცხენოსანთა არმიამ მოჟაისკთან მებრძოლთა ორი მესამედი დაკარგა და ძალა გამოელია. საზიზღარი ქვეწარმავლები მოსკოვისკენ დასავლეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან ნახევარწრედ მოემართებოდნენ. მათი წინსვლის შეჩერებას გაზით აღჭურვილი ესკადრილიებიც ვეღარ ახერხებდნენ.
ქვეწარმავლები ყინვამ მოაშთო. საზიზღარ არსებათა ქარავნებმა თვრამეტგრადუსიან ყინვას ვერ გაუძლეს, რამაც ორ დღესა და ღამეს გასტანა. ოც აგვისტოს, როცა ყინვამ გადაიარა მიწაზე მარტო გუბეები იდგა, ჰაერში სინესტეღა დარჩა, ხეებზე კი მოულოდნელი ყინვებისგან ჩამომჭკნარი ფოთლები ეკიდა. ბრძოლა აღარავისთან იყო საჭირო, უბედურება დასრულდა. ტყეები, მინდვრები, თვალუწვდენელი ჭაობები ჯერაც სავსე იყო ჭრელაჭრულა კვერცხებით, რომელთა ნაწილს უცნაური, უცხო გამოსახულებები ფარავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულმა როკმა რომ გათუთხნული უწოდა. მაგრამ ეს კვერცხები ახლა სრულიად უვნებელი გახლდათ. ჩანასახები მკვდარი იყო.
   თვალუწვდენელ სივრცეებში კიდევ დიდხანს იხრწნებოდა აურაცხელი გვამი ნიანგებისა და გველებისა, რომელთაც სიცოცხლე გერცენის ქუჩაზე გენიალურ თვალებში შობილმა სხივმა მიანიჭა, მაგრამ ეს არსებანი სახიფათონი აღარ იყვნენ. მცხუნვარე ტროპიკების აშმორებულ ჭაობთა ბინადრებმა ყინვას ვერ გაუძლეს, ორ დღეში ამოწყდნენ და სამი გუბერნიის სივრცეები საშინელი სიმყრალით, ზინზლითა და სიმყაყით გაავსეს.
ქვეწარმავალთა და ადამიანთა გვამებისგან გამოწვეული ხანგრძლივი ეპიდემიები და მრავალგვარი მოარული სენი კიდევ დიდხანს მძვინვარებდა, არმია გუბერნიებში კიდევ დიდხანს დადიოდა, ოღონდ გაზით კი არა, მესანგრეთა იარაღებით, ნავთის ცისტერნებითა და შლანგებით აღჭურვილი და მიწას წმენდდა. იქაურობა გაწმინდეს და 1929 წლის გაზაფხულისთვის ყოველივე დასრულდა.
   1928 წლის გაზაფხულზე მოსკოვი კვლავ გასხივოსნდა, აბრიალდა და გაჩახჩახდა, ქუჩებში ძველებურად დახრიგინებდნენ მექანიკური ეკიპაჟები, ქრისტეს ტაძრის გუმბათის ზემოთ კვლავ თითქოს ძაფზე ეკიდა ნამგალა მთვარე, ხოლო 1928 წლის აგვისტოში დამწვარი ორსართულიანი ინსტიტუტის ადგილას ახალი ზოოლოგიური სასახლე იდგა, რომელსაც პრივატ-დოცენტი ივანოვი განაგებდა. პერსიკოვი აღარსად იყო, მოსაუბრეების წინაშე დამარწმუნებლად მოქანავე მოკაკვული თითი აღარასოდეს გამოჩნდებოდა და წრიპინა ხმას ვეღარავის გაიგონებდა. სხივსა და 1928 წლის კატასტროფაზე მთელი მსოფლიო კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა და წერდა, მაგრამ შემდეგ პროფესორ ვლადიმერ იპატიჩ პერსიკოვის სახელი ბურუსში თშაინთქა და ისევე გაქრა, როგორც თვით მის მიერვე აპრილის ღამეს აღმოჩენილი წითელი სხივი. ამ სხივის ხელახლა მიღება ვეღარ მოხერხდა, თუმცა დახვეწილი ჯენტლმენი, ამჟამად კი ორდინალური პროფესორი პიოტრ სტეპანოვიჩ ივანოვი არაერთგზის შეეცადა. პირველი კამერა გააფთრებულმა ბრბომ გაანადგურა იმ ღამეს, როცა პერსიკოვი მოკლეს. სამი კამერა ნიკოლსკის საბჭოთა მეურნეობა „წითელ სხივში“ დაიწვა ქვეწარმავლებთან ერთად ესკადრილიის პირველივე ბრძოლისას და მათი აღდგენა აღარ მოხერხდა. მინებისა და სარკეებიდან მომდინარე სხივთა კონების შეხამება თითქოს მარტივი იყო, მაგრამ მათი ხელახლა კომბინირება ვეღარ შეძლეს, თუმცა ივანოვი ბევრს ცდილობდა. საამისოდ, ცოდნის გარდა, ალბათ სხვა განსაკუთრებული რაღაც იყო საჭირო, რაც მთელ მსოფლიოში მხოლოდ ერთ კაცს - განსვენებულ პროფესორს, ვლადიმერ იპატიჩ პერსიკოვს გააჩნდა. მოსკოვი, 1924 წელი, ოქტომბერი.

ნახვა: 336

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters