რამდენიმე წუთის წინ, საპატრიარქომ გამოაქვეყნა სინოდის ხდომის ოფიციალური ოქმი.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

თბილისი 21 ივნისი, 2018წ.

საპატრიარქოს რეზიდენცია;

სხდომის თავმჯდომარე, – ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სხდომის მდივანი: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი

სხდომას ესწრებოდა 43 მღვდელმთავარი

სხდომას არ ესწრებოდა 4 მღვდელმთავარი

      1. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II.

      მისასალმებელ სიტყვაში კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს და რომ ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლებასთანაა წილნაყარი, როგორც ღვთისგან ბოძებული დიდი სიკეთე. ასევე კათოლიკოს-პატრიარქმა საიუბილეო თარიღი მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს.

      მისალმების ტექსტს ვბეჭდავთ სრულად:

      3000 წელზე მეტი ხნის სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ჩვენმა ქვეყანამ წელს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავი იზეიმა.

      ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლებასთანაა წილნაყარი და, ამდენად, ღვთისგან ბოძებული დიდი სიკეთეა.

      განსაკუთრებულია ხელისუფლების პასუხისმგებლობა თავის მოქალაქეებთან მიმართებაში და ხალხის პასუხისმგებლობაც, – ქვეყანასთან მიმართებაში.

      ერთის მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, თანამედროვე ყოფაში უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისთვის ზრუნვა, ენის სიწმინდის დაცვა და რწმენის განმტკიცება, რომ ქვეყანამ სწორი პასუხი გასცეს დროის გამოწვევებს.

      საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს ვულოცავთ ამ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ღვთისა და ქვეყნისათვის ერთგულ მსახურებას.

      უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ!

      2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა პატრიარქის მოსაყდრის სტატუსის შესახებ და მოისმინა სინოდის მღვდელმთავართა აზრი

      სინოდის კრებამ დაადგინა:

      „საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წელი, თავი მე-4, პარაგრაფი 4-9) შესაბამისად დაზუსტდეს მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.

      3. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

      4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და სინოდის კრებამ იმსჯელა მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და ნარკომანიისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მძიმე შედეგებზე.

      კრება მიიჩნევს, რომ

      1. საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისისთ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანას მართებს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მდგომარეობის გამოსასწორებლად.

      ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი პროგრამების დროულად განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მრავალშვილიანობის წახალისებასა და მხარდაჭერას.

      უნდა გაძლიერდეს აბორტის, შვილთა კვლის, როგორც უმძიმესი ცოდვის საწინააღმდეგო პროპაგანდა, მათ შორის შერჩევითი აბორტისა.

      გატარდეს განსაკუთრებული რეგულაციები ორსულ ქალთა როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.

      გამორჩეული ყურადღება დაეთმოს ხუთ წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას.

      2. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციას ნიშნავს. ეს ლოგიკურად აყენებს ამ ნარკოტიკის მოპოვების ლეგალური გზების მოძებნის საკითხს და ეს ყველაფერი საბოლოოდ საქართველოში მარიხუანას (კანაფის) ლეგალური ნებადართული კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც ყოვლად მიუღებელია.

      ეკლესია არასოდეს უჭერდა მხარს ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია და სერიოზულ ბიძგს აძლევს ნარკოტიკების ფართოდ გავრცელებასა და მოხმარებას.

      კანაფის დამზადების ნებართვა კი, ფაქტიურად, ნარკო-ვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.

      ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან და სახელმწიფოს მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმასთან (რაც ადრე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშიც დაფიქსირდა):

      ა) ქვეყანაში დროულად უნდა შეიქმნას სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ.

      ბ) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

      გ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, ახალგაზრდებმა გააცნობიერონ რას უქადის მათ ჯანმრთელობას ნარკოდამოკიდებულება და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

      დ) გამკაცრდეს ზომები ნარკოტიკების უკანონო შემოტანასა და გავრცელებასთან მიმართებაში; ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

      ე) ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი.

      ასევე სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა:

      შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.

      5. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა სასწავლებლებში ბავშვთა ადრეულ ასაკში ღრმა – ფილოსოფიური აზროვნების განსავითარებლად და ლოგიკური მოქმედებების უნარ-ჩვევების სწავლების შესაძენად სათანადო სწავლების აუცილობლობაზე. საკითხთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მისცა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს გრიგოლს.

      თემის გარშემო აზრი გამოთქვეს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და სხვებმა.

      სინოდის კრებამ მოიწონა და აღნიშნა, რომ დიდი ხანია ამ საკითზე მიმდინარეობს საუბრები და რომ სასწავლებლებში დროულად დასაწყებია მსგავსი მიდგომების დანერგვა. ასევე, შესაბამისი სერთიფიკატების გაცემა და სასწავლო პროგრამების დამუშავება საპატრიარქოს განათლების ცენტრთან ერთად და რაც მთავარია, სულიერების ამაღლება, რადგან სულიერი ცოდნა დაგვიცავს გონებისა და გულის ამპარტავნებისაგან.

      6. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა უკრაინაში შექმნილ საეკლესიო რთულ ვითარებაზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიტყვა მისცა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტოპოლიტ გერასიმეს.

      მან აღნიშნა: საპატრიარქოში შემოსულია სამი წერილი:

  1. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის სამდივნოდან;
  2. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოდან;
  3. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქოდან.

      იქნა წაკითხული წერილები და სინოდის წევრები გაეცნენ შექმნილ ვითარებას უკრაინაში საეკლესიო მდგომარეობის შესახებ.

      7. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დააყენა საკითხი დიაკონ სევერიანეს (ერისკაცობაში ხასან ბერიძის) კანონიზების შესახებ.

      კრებამ მოისმინა მამა სევერიანეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები და სასწაულები.

      კრებამ დაადგინა: დიაკონი, მამა სევერიანე შეირაცხოს წმინდათა დასში და ეწოდოს: წმიდა დიაკონი სევერიანე, – აჭარელი აღმსარებელი და მისი ხსენების დღედ დადგინდეს გარდაცვალების დღე, – 9 (22) აგვისტო.

      მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ! ამინ!

ნახვა: 112

ტეგები: qwellynews, ბლოგი, კანონიზება, ოქმი, საპატრიარქო, სინოდი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (დასასრული)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2020.
საათი: 5:14pm 0 კომენტარი

                                                                                                                               მონატრება

      უკვე მერამდენედ ვინატრე გველთან საუბარი... სიზმრად ნანახმა ფრინველ-ღრუბელმა ძალიან დამაფიქრა.

    უპირველეს ყოვლისა, იმის შესახებ ვკითხავდი, თუ რად…

გაგრძელება

პოლიტიკოს ქალთა დაპირისპირება და ევროპარლამენტარების კითხვები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2020.
საათი: 7:02pm 3 კომენტარი

      დღის მთავარი ამბავი, ერთმნიშვნელოვნად, ომბუდსმენისა და მინისტრ წულუკიანის საპარლამენტო გამოსვლები და დაპირისპირება გახლდათ. კომპეტენცია, ცოდნა, საქმიანობა, რეფორმები, პრობლემები - ეს ის საკითხებია, რომლებსაც ეს ორი ქალბატონი დიდის მონდომებით უწუნებდა ერთმანეთს. დღის ერთ-ერთი ხმაურიანი თემა შორიდან, ევროპარლამენტიდან ისმოდა - პარლამენტარებმა კრიტიკული კითხვებით, შეფასებებით დახუნძლეს ქართული წარმომადგენლობა. კალაძი ისევ თბილისის ტრანსპორტსა და…

გაგრძელება

გაყოფილი სამინისტრო, პროკურორობა, მთავრობა და ტიტულატურა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 20, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      როგორც ჩანს წყენამ წყალბურთელებსაც ავნო - დღეს ის იყო წარმატებას ულოცავდნენ ქართველ წყალბურთელებს, რომ საღამოს ტრაგიკულად დამარცხდნენ რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან - ანგარიშით 14 - 13. თუმცა დღის მთავარი ამბავი, განათლებისა და კულტურის სამინისტროების განყოფა იყო, სავარაუდო სამთავრობო ცვლილებები, სტატისტიკა, და სხვა წვრილ-მსხვილი ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 იანვარი, 2020

     …

გაგრძელება

მრავალფეროვანი qwellynews - კვლევები, ჯანდაცვა, პენიტენცია, სამთავრობო ცვლილებები, იმპიჩმენტი, ელჩობა, პროკურატურა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2020.
საათი: 11:30pm 4 კომენტარი

      ქველინიუსის მთავარი აბავი - ქართული სოციალური ქსელი, მილიონიანი მკითხველით - დიახ, www.qwelly.com-ის მკითხველთა რაოდენობა მილიონზე მეტია. დღის სხვა ამბებში, NDI-ის კვლევის შედეგებია,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters