დადგა ნანატრი პარასკევი საღამო, ხვალ მაღვიძარას ამაზრზენი და გულისგანმგმირავი ხმა არ გამაღვიძბს და მშვიდად შემიძლია შემოვიჭყიტო სოციალურ ქველში, გადავავლო თვალი ამბებს და მეც ვიბოდიალო იმაზე, რაზეც კეთილი ქველსაზოგადოება უკვე ვიცი, რომ არ გამკიცხავს, ქვებს არ დამიშენს, ბოღმას არ დამანთხევს თავზე, უბრალოდ მომისმენს, მოიწონებს ან უკომენტაროდ შემინდობს ამაო ყბედობას. კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი თავაზიანობისა და ადამიანურობისათვის და აი, რა მინდოდა მომეყოლა, მოგეხსენებათ ახლოვდება უაზრო და გაუგებარი ვითომდღესასწაულები და ტელეფონი გადაივსო ესემესრეკლამებით და აქციების შემოთავაზებით, ხოდა ერთ-ერთმა პარფიუმერული კომპანიის შემოთავაზებამ გამახსენა ჩემი დის ბოლოდროინდელი ნამიოკები:

   - ახლოვდება 3 მარტი და ნეტავ რას მაჩუქებენ ხელფასიანი ახლობლებიიი??? ;) :)))

   - გოგო, 8 მარტისთვის მაინც ინატრე, ამ 3-ს რას გადაეკიდე, ეგ დედების დღეა, ვთხოვ ისე თითქოს მისი ზმები მე საერთოდ არ მეხება.

   -  აბა, ვინ ვარ მე  შენთვის, ვინ გაგზარდა და ახლაც ვინ გპატრონობს??? :))))

   ნუ სხვა გზა არაა, ჩემი გაწუწკებულია და რაღა დამრჩენია, მევე უნდა ავიტანო :). დილით, ერთმა ესემესმა გადამაწყვეტინა „დედობილისთვის“ სიურპრიზი  გამეკეთებინა. გამახსენდა ერთი ამოჩემებული სუნამო გაუთავდა და  ვუყიდი მეთქი. გადავრეკე, ახლომდებარე ფილიალში არ ჰქონდათ, გადამამისამართეს და მივაგენი. ქალაქის ბოლოში კი მიწევდა გასვლა, მაგრამ  პრანჭიას გახარებად, ვიფიქრე, ღირდა მსხვერპლის გაღება და სამსახურიდან მისიის შესასრულებლად გავემართე. მაღაზიის პოვნით გახარებული გაღიმებულ-ბედნიერი შევცუნცულდი და ასევე ბედნიერი ვუხსნი კონსულტანტ გოგონას, რომ მე ის ვარ ვისაც ის ერთადერთი ფლაკონი სუნამო უნდა, მხოლოდ მათთან რომ დარჩა და თან ვუსახელებ სახელწოდებას.

   -არ ვიცი როდის დარეკეთ და რა გითხრეს და ეს კია, ასეთი სუნამო ჩვენს ქსელში არ არის ნამდვილად. ამას მპასუხობს ისე  მკაცრად, რომ აშკარად გაბრაზებული იყო ჩემამდეც და ვატყობ  ჩემი ღიმილიც აღიზიანებს.

   -იცით, ნამდვილად აქ გამომიშვეს, თქვენთან გადმომამისამართეს ვუხსნი უკვე შეწუხებული და თითქმის სასოწარკვეთილი გულში ვფიქრობ, რომ ალბათ გაყიდეს ის ერთადერთი დარჩენილიც და ამიტომ მეუბნებიან არც გვქონიაო.

   - „ჰალილუია“ გვაქვს ჩვენ? ჰკითხა გოგონამ თანაშემწეს.

   -რააა? ეგ რამე ახალია? დაეჭვდა ახლა მეორეც,

   -კი მაგრამ დავრეკე და მითხრეს რომ თქვენ გაქვთ დარჩენილი, ვცადე მე ახსნა.

   -გიხსნით, რომ ეგ „ჰალელუია“ არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია! უკვე სიბრაზეს ვეღარ მალავს პირველი.

   რაღა დამრჩენოდა, იმედგაცრუებული და გულნატკენი  მოვბრუნდი გასასვლელისკენ და ზუსტად კარის გვერდით, ვიტრინაში უცებ თვალი მოვკარი, სწორედ იმ ფლაკონს რომელსაც ვეძებდი. მთელი ემოციით, კვლავ აღფრთოვანებითა და ვაშა-ურათი მივიჭერი დახლთან და ვეუბნები, რომ ვიპოვნე. პირველი ჩემმა ემოციამ ეტყობა კიდევ უფრო გააღიზიანა და გამომყვა, შეხედა სუნამოს, აიღო და აი, ისე მოსწავლეს რომ ტუქსავენ შეცდომაზე, თითისქნევით მიჩვენებს, რომ სუნამოს „ჰალილუია“ კი არა, „ჰელოუინი“ ჰქვია. მე ისეთი გახარებული ვარ, რომ ტყუილად არ ჩაიარა ჩემმა თავდადებამ და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გამომგზავრებამ, რომ გაღიმებული ვუხდი ბოდიშს რამდენჯერმე და ველოდები როდის გამომისტუმრებენ ჩემი მონაპოვრიანად.

   დავემშვიდობე, მადლობები გადავუხადე ორივეს და გაღიმებულს კარებში მეწევა ფრაზა: „ჩამოეთრევიან, გაიხდიან კალოშებს, დაიპკურებენ დუხს და თავი მწვანე კიტრები ჰგონიათ, არადა სახელიც ვერ დაუმახსოვრებიათ ნორმალურად.“ დიდად სხარტი აზროვნებით არ გამოვირჩევი და პასუხიც ნამდვილად არ მქონდა ისე სახტად დავრჩი. ზურგით იდგა და ვიტრინის სარკეში შემნიშნა, მაშინვე გაუჩინარდა და მეც გამოვედი. რა უნდა მეთქვა, კიდევ იქით ვადანაშაულე თავი ამ ასოციაციური მეხსიერების გამო, ჩემს დას უყვარს ჯეფ ბარკლის სიმღერა „ჰალელუია“ და ეტყობა სახელწოდებაც მაგიტომ დავიმახსოვრე ასოციაციით ან არ ვიცი... მაღაზიის ინციდენტმა კიდევ ერთი ამბავი გამახსენა. სოფელში, ბავშვობის მეგობარმა მითხრა ერთხელ, რაღაცაზე განაწყენებულმა - შე ჩამოთრეულო ბოჰემაო,  ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა და „ქალაქელს“ გულისხმობდა სინამდვილეში, ოღონდ უფრო შეურაცხმყოფელი ეგონა ალბათ.

   საბოლოოდ, რას მოვაყოლე ამდენი ლაი-ლაი. ის რომ მათი სიტყვები პირად შეურაცხყოფად და საწყენად არ ღირს ვიცი, მაგრამ ზოგად გულისტკივილად კი მეფიქრება და მინდა თუ არ მინდა ხასიათს მაინც მიფუჭებს ხოლმე. პერიფერიებში მაცხოვრებელთა „ოტელოსეული“ კომპლექსები კიდევ ადვილი ასახსნელია. ბავშვები კი არა 60%-მდე უფროსი თაობის ხალხიც, ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ დედაქალაქს ვინ ჩივის, ქალაქი არ უნახავთ. მაღალმთიანი რეგიონების შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურულ-კულტურული მოწყობა კი მოგეხსენებათ რა მდგომარეობაშია. ჩემს გადაკარგულ მხარეს, რომ თავი დავანებოთ, აგერ სულ ახლახანს ხაშურელი ბავშვი გამოიპარა თბილისში ზოოპარკის დასათვალიერებლად. ამ პატარას შემართებამ მომხიბლა, მაგრამ თვითონ ფაქტი დამეთანხმებით გულსატკენია. მოზარდებს უწევთ იზოლირებულ სოციო-კულტურულ გარემოში ცხოვრება, სადაც არც კინოა, არც თეატრი (თუ არის დაახლოებით ისეთი „იმერულ ესკიზებში“ რომაა), არც ზოოპარკი და ბევრგან საერთოდაც ინტერნეტიც გაჭირვებით ან საერთოდ არ არსებობს. ამ გარემოში აღზრდილს, რომ ექნება კომპლექსები და გაუცხოება დანარჩენი სამყაროსადმი აღარ მიკვირს, მაგრამ აქაურების „გამოხდომები“ რაღას მივაწეროთ. კი ბატონო, ჩრდილოურმა ჩექმამ ზედმიწევნით კარგად შეძლო გათიშულობის შემოტანა სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა შორის, მაგრამ რით ვეღარ მოვიშორეთ ეს „პადოშის დაღი“?.. საბოლოოდ, საითაც არ უნდა წავიდეთ, ყველა გზას  გაუნათლებლობით გამოწვეულ სიბნელის ჩიხში შევყავართ და ხსნა რაცაა ვიცით მაგრამ რათ გინდა, ნება ზევიდან არაა და რას იზამ... მიდი და უმტკიცე შენ ქვეყანას გაუნათლებლობის ჭაობში, ფსკერზე ხართქო, როცა აგერ უმაღლესი სასწავლებლები ერთ ამბავში არიან, უცხოელ სტუდენტებს ვიზების მიცემის პროცესი გაუმარტივეთო.

   ძალიან მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ცოდვას გამხელა უნდა და თავის „დამშვიდება“  მარტო იმით თუ შეიძლება, რომ ჩვენზე უარესადაც არიან სადღაც, თორემ აქ განათლების მისაღებად რომელი ჭკუათმყოფელი ჩამოვიდოდა. :(

   სახლში მოსული, ჩემს გულისტკივილს ვუზიარებ ძმას, რომელიც კომპიუტერში თავჩარგული მიგდებს ყურს და ექსპრომტად მიძღვნის ამ მელოდიას :))))   

 

 

ნახვა: 198

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ბოჰემა, მიძღვნა

vako: მარტი 4, 2018||7:03pm
აუ მაგ ბავშვზე მეც ვიღადავე ზოოპარკის სანახავად რო გამოიპარა :))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

შეცვალე შენი ცხოვრება - გაუხსენი გზა პირად განვითარებას

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2021.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი





Sometimes we reach a point in our life whenever we are ready for change and self improvement. Items aren't going so well for all of us, or painful or disappointing events seem to be to keep repeating themselves in our lives. You know very well what I mean; such things as continually choosing the wrong partner or the wrong job, or maybe it's just the feeling you are stuck in a rut with absolutely nothing exciting to look forward to on the horizon. A person start to think, "I need…

გაგრძელება

რელიგიური არეულობა ჩოხატაურში და საპარლამენტო მანდატები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 14, 2021.
საათი: 10:24pm 0 კომენტარი

      როცა ქვეყანას ორი ახალი წელი აქვს ნაბახუსევი უფრო დიდხანს გრძელდება და დღის ამბები ცოტა უინტერესო ხდება. დღეს ზეიმის დღე იყო მრავალი მიმართულებით - ბასილი დიდი ხსენების დღე, დროშის დღე, თეატრის დღე და ბითლზის დღეც კი. ჩოხატაურში კი რელიგიური არეულობაა. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 244612, გუშინ დილის შემდეგ - 1357; გამოჯანმრთელებული - 228359, გუშინ დილის შემდეგ - 748; გარდაცვლილი - 2867, გუშინ დილის შემდეგ - 21;…

გაგრძელება

ეპისტოლე, დანატოვარი და პროკურატურის ანგარიში - ხელოვნური ინტელექტი გამოძიებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 12, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როცა მრავალთათვის მთავარი პიროვნება ხარ სამმართველოში, წასვლა და მოსვლა მარტივი არ არის. ბიძინას წავსლის მეორე სერია, წასვლიდან მეორე დღესაც აქტუალური იყო, დატოვებული კობახიძეც კი მრავალთა განხილის მიზეზი გახდა. დღეს აქტუალური იყო პროკურატურაც და მთავარი პროკურორი შოთაძეც. რაც შეეხება ვირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 241637, გუშინ დილის შემდეგ - 1857; გამოჯანმრთელებული - 227208, ბოლო 24 საათში - 993; გარდაცვლილი - 2820, გუშინ დილის შემდეგ -…

გაგრძელება

მეორედ წასვლა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 11, 2021.
საათი: 10:00pm 1 კომენტარი

      ისეთი მასშტაბური გამოდგა ერთი კაცის პოლიტიკიდან წასვლა, მთელი დღეა ამ თემაზე საუბრობენ. ბოლო პერიოდში გააქტუალურებული ეპისტოლარული ჟანრის ფონზე, ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, საკუთარი საქმიანობა შეაფასა, იამაყა და პოლიტიკიდანაც წავიდა. მერე, მთელი დღე, პოზიციაცა და ოპოზიციაც მის წასვლაზე საუბრობდა, ვინ აქებდა, ვინ აძაგებდა, ვინ ზეიმობდა და ვინ გამარჯვებად სახავდა. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი მეორედ წავიდა პოლიტიკიდან. ამ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters