ღირებულების ძირითადი ნიშნები

ღირებულების ძირითადი ნიშნები, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      ღირებულების ცნების დადგენა შეგვიძლია ღირებულების არეალის მოხაზვითა და მისი ძირითადი ნიშნების ანალიზის გზით. პირველი - ღირებულების სფეროს მოხაზვა, ყოველთვის დაკავშირებულია ღირებულების გარკვეულ გაგებასთან ე. ი. მისი ძირითადი ნიშნების შესახებ გარკვეულ ცოდნასთან. ამის გარეშე სფერო არ მოიხაზება. შეიძლება ეს ძირითადი ნიშნები პრობლემატურად, ჰიპოთეზურად იყოს აღებული, ან არ ემყარებოდეს ცნების დისკურსიულ ანალიზს და ამოდიოდეს მხოლოდ ყოველდღიური გაგებიდან, მაგრამ ყველა ვითარებაში საჭიროა რაღაც გაგება, ამავე დროს, ცნების ჩამოყალიბების შემდეგ საჭიროა კრიტერიუმი, რითაც შეიძლება დადგინდეს ესა თუ ის სფერო, ეკუთვნის თუ არა ღირებულებათა იერარქიას. ღირებულებათა სკალის გამზომი მაინც მისი ცნებაა. ეს კი შეიძლება მოხდეს იმ არსებითი ნიშნების მიხედვით, რომელიც ღირებულებას ახასიათებს. ასე ხდება, მაგალითად, როდესაც ღირებულებას ახასიათებენ როგორც ნორმატულის სფეროს, როგორც ჯერარსობას ყოფიერებასთან დაპირისპირებაში. იმიტომ კი არა, რომ ჯერარსობა არ იყოს ღირებულების ნიშანი, ღირებულების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი ჯერარსობაა, მაგრამ მასზე არ დაიყვანება ღირებულება. როდესაც ღირებულების საკითხს ვსვამთ, უნდა ვაღიაროთ, რომ პირველ რიგში ღირებულება ჯერარსული სფეროა. ამიტომ უნდა განვსაზღვროთ, რა უნდა გვესმოდეს ჯერარსში.

      სოციალური სამყარო ბუნებრივი ყოფიერებისაგან განსხვავებით, ღირებულებებითა და ნორმებით გამოირჩევა. ისინი განაპირობებენ პიროვნებებისა და ერთობების ქცევას. ღირებულებანი საფუძველია, რომლებზედაც აიგება ნორმები. ნორმები კი ადამიანებს უწესებენ ჯერარსს, ე. ი. მას განსაზღვრავენ გარკვეული მიმართულებით. ეს საჭირო და საზრისიანი ხდება იმის გამო, რომ ადამიანის ქცევა არაა განსაზღვრული მიზეზობრივად. ის არაა ერთმნიშვნელოვანი შესაძლებლობისა და არც შემთხვევით ალბათობათა ხარისხის მქონე. ადამიანი ნებელობით მოქმედი არსებაა, მისი მოქმედება გადაწყვეტილებათა და მოტივაციის საფუძველზე განისაზღვრება. ჯერარსობა არის ის, რაც წარმართავს ადამიანის მოქმედებას, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანმა მრავალ შესაძლებლობათა შორის გააკეთოს სწორედ ასეთი და არა სხვაგვარი არჩევანი. ჯერარსობა ადამიანის ფაქტობრივი მოქმედება კი არაა, არამედ ის, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს. ამ უნდაობას ე. ი. ჯერარსობას განსაზღვრავს საზოგადოებაში მოქმედი ნორმები, იმპერატივები. საზოგადოების განვითარების ყოველ ეტაპზე არსებობს საერთო საკაცობრიო და სოციალურ ერთობათა ნორმები. პირველნი ჯერარსობას უწესებენ კაცობრიობას, მეორენი - შესაბამის ერთეულებს. ჯერარსი არსის საპირისპიროა, რამდენადაც ის კი არაა, რაც არის, არამედ - რაც უნდა იყოს. მაგრამ ის არსის სფეროში განხორციელებადია, ამიტომ პიროვნებისა და სოციალურ ერთობათა ქცევა-ყოფიერება - ჯერარსულია.

      ჯერარსი ორი სახისაა: ის, რაც გარედანაა მოხვეული თავს სოციალურ სუბიექტზე და ის, რაც საკუთრივ სოციალური სუბიექტიდან მოდის. პირველი ჯერარსი შეიძლება იყოს ეთიკური, ესთეტიკური, იდეოლოგიური, ტრადიციით ნაკარნახევი. ყოველი მათგანი წარმართავს ადამიანთა ქცევას და იმის მიხედვით, წარიმართება თუ არა იგი ჯერარსულად, აწესებს მის მიმართ სანქციებს. სამართლებრივი ჯერარსის მიმართ სასჯელი და ჯილდო, მორალურისა და ტრადიციის მიმართ საზოგადოებრივი გაკიცხვა და მოწონება. სუბიექტისათვის გარეგანი ჯერარსიდან განსხვავებულია მისი შინაგანი ჯერარსობა, საკუთარი მე-დან მისი პირადი გადაწყვეტილებით განსაზღვრული, რომ მას ასე უნდა იმოქმედოს და არა სხვანაირად. ორივე ჯერარსი ნებელობის გამოხატულებაა. პირველი სოციალურ ერთობათა მოვალეობის მკარნახებელი, შინაგანი ჯერარსობა (მ?სსენ) ადამიანის თავისუფალი ნებელობის გამოხატულებაა, მეორე კი (სოლენ) გარეგანია. როცა გარეგანი და შინაგანი ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ადამიანი თავისუფალია. ჯერარსობა ნორმატული ბუნებისაა, მაგრამ იგი არაა ნორმის იგივეობრივი. ნორმა სამ მომენტს მაინც შეიცავს: ნებელობას, ჯერარსობასა და შეფასებას. ჯერარსობა ნორმის ერთ-ერთი მომენტია, გაპირობებული ნებელობით და გაზომილი შეფასებით. ნებელობის გარეშე ჯერარსობა უაზრობა იქნებოდა. არავინ არ აწესებს ნივთის მოძრაობისათვის ჯერარსობას, რადგან ის მოძრაობს ბუნებრივი კანონის მიხედვით, რომლის დარღვევა არ შეიძლება. მხოლოდ ნებელობის მქონე არსებათა მიმართ აქვს აზრი ჯერარსობას, როგორც გარკვეულ მოთხოვნას, იმპერატივს და ამ მოთხოვნის მიმართ ჩვენი ქცევის დამოკიდებულების შეფასება ხდება. ჯერარსული ფასდება როგორც კარგი და მოსაწონი, არაჯერარსული - როგორც ცუდი და დასაგმობი.

      ჯერარსისა და ყოფიერების დაპირისპირება მრავალ მიმართებაში ვლინდება. ერთ-ერთია ყოფიერებისა და ჯერარსის გამომხატველ მსჯელობათა განსხვავება. ყოფიერების ანუ ფაქტის მსჯელობა აფიქსირებს არსებულ ვითარებას. მას აღწერითი, ახსნითი და გაგებითი ხასიათი აქვს. დესკრიპტული მსჯელობა შემეცნებითი ფუნქციის მქონეა. პრესკრიპტული კი ნებელობითი და ემოციონალურია. ფაქტის მსჯელობა გამოიხატება ფორმულით: A არის B, პრესკრიპტული - A უნდა იყოს B. ასეთ მსჯელობას ჭეშმარიტება-მცდარობა არ მიეწერება. ღირებულებითი ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ზოგჯერ შემეცნებით მსჯელობას ღირებულების მსჯელობად მიიჩნევენ, რამდენადაც მასში მტკიცება ურყოფაა და მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტებაც ღირებულებაა. ასეთი პოზიცია ჰქონდათ ნეოკანტიანელებს, რომლებიც შემეცნების პროცესს ტრანსცენდენტური ჯერარსით განსაზღვრულად მიიჩნევენ. ფაქტისა და ჯერარსის განსხვავების გამოვლენის ერთ-ერთი ფორმაა თეორიულ და პრაქტიკულ მეცნიერებათა განსხვავებაც. თეორიული ახსნის სინამდვილეს, ნორმატული კი ნორმას უწესებს და აფასებს. ნორმატულ მეცნიერებათა სფეროში შეჰყავთ ეთიკა, ესთეტიკა, ზოგჯერ ლოგიკაც, როდესაც ეს უკანასკნელი მიაჩნიათ არა მეცნიერებად აზროვნების შესახებ, არამედ სწორი აზროვნების შესახებ. ზოგიერთი უარყოფს ნორმატულ მეცნიერებათა არსებობას. ასეთია მაქს ვებერის, პიტირიმ სოროკინისა და სხვათა პოზიცია. ნათქვამიდან ცხადია, რომ ჯერარსი დაკავშირებულია ნორმასთან, ნორმა ღირებულებასთან, ღირებულებიდან გამომდინარეობს ნორმა, ნორმიდან - ჯერარსი.

      ყოფიერებისა და ჯერარსის მიმართების საკითხის დასმაა კანტის ფილოსოფოსობის ძირითადი კითხვები: რა შემიძლია ვიცოდე? რა უნდა ვაკეთო? რისი იმედი უნდა მქონდეს? და მათი დამაჯამებელი: რა არის ადამიანი? ეს მიუთითებს რამდენიმე არსებით მომენტზე: რა შემიძლია ვიცოდე, ეხება ყოფიერებას, რა უნდა ვაკეთო - ჯერარსს და ნაჩვენებია, რომ ესენი ადამიანის პრობლემის არსებაში მოიაზრება.

      კანტის განსაზღვრებით, "წარმოდგენა ობიექტურ პრინციპზე, რამდენადაც ის ნებისყოფის მაიძულებელია, იწოდება გონების კარნახად, ხოლო ამ კარნახის (повелевание) ფორმულაა იმპერატივი. ყველა იმპერატივი გამოიხატება ჯერარსობით" . კანტი აიგივებს ჯერარსობასა და იმპერატივს. "ჯერარსობა ანუ იმპერატივი", წერს იგი, მხოლოდ იმ შემთხვევაშია აზრიანი, თუ ჩვენი ნებელობა თავისუფალია "ეს იმპერატივი თუ ჩვენ ნებელობას არ ჩავთვლით თავისუფლად, შეუძლებელი და უსაზრისოა" . ასეთ შემთხვევაში ვიქცევით მარიონეტებად, რომელნიც ღმერთის გადაწყვეტილებას ვასრულებთ და ის, რაც უნდა ვაკეთოთ, როგორც მოქმედმა, არ მიიღება მხედველობაში. კანტის აზრით, ჩვენს მოქმედებას განსაზღვრავს სამი სახის ჯერარსობა: პირველი არის ცოდნა, რაღაც რომ ვიცი ის მამოქმედებს ასე და არა სხვაგვარად, მეორე არის კეთილგონიერება, რომელიც მომიწოდებს ვიმოქმედო ბედნიერების მიღწევის მიზნით, მისი პრინციპი ბედნიერებაა, თუმცა ეს ცნება ძალზე განუსაზღვრელია, ორივე ცდისეული და ჰიპოთეზურია, არის მესამე ჯერარსი, კატეგორიული იმპერატივი, რომელიც აუცილებელი და აპრიორული ფორმისაა .

      კატეგორიული იმპერატივი საყოველთაოა და ყველა სხვა იმპერატივთა ამხსნელი. ის მოვალეობის იმპერატივია და ამტკიცებს "მოიქეცი ისე, რომ შენი ნებელობის მეშვეობით შენი მოქმედების მაქსიმა უნდა გახდეს ბუნების საყოველთაო კანონი" .

      კანტი იმპერატივის მრავალ ფორმულირებას იძლევა. ერთ-ერთი მათგანი ასე ჟღერს: "მოიქეცი ისე, რომ შენ კაცობრიობას როგორც შენი, ისე ყოველი სხვის თვალით უყურებდე, როგორც მიზანსაც და არასოდეს არ განიხილავდე მას, როგორც მხოლოდ საშუალებას" . კანტი ჯერარსულად მიიჩნევს მორალურ, ტელეოლოგიურ და ესთეტიკურ მსჯელობას. მორალურს განსაზღვრავს ზემოთდასახელებული იმპერატივები, ტელეოლოგიურს - მიზანი, ტელეოლოგიური მსჯელობა - ბუნების პროდუქტს - რაც არის იგი, ადარებს იმას, რაც უნდა იყოს. მისი შესაძლებლობის საფუძველია მიზნის ცნება, რომლის ჯერარსობის პრინციპი ცდიდან არ გამოიყვანება. ესთეტიკური და ტელეოლოგიური მსჯელობები ეხება ბუნების მიზანშეწონილებას და ორივე ექვემდებარება აპრიორულ პრინციპს .

      ჯერარსის დასახასიათებლად გამოვიყენეთ ღირებულების, ნორმის, იმპერატივის, მოთხოვნილების ცნებები. ყველა ესენი კი თვითონ საჭიროებენ განმარტებას, რამდენადაც ღირებულების რაღაც მნიშვნელობას ან მასთან დაკავშირებულობას გამოხატავენ. ამიტომ ღირებულების ერთ-ერთი ნიშნის გაანალიზების ჩვენი ცდა ფაქტობრივად ღირებულების სფეროსა და თვით ღირებულების ანალიზად გადაიქცა. ეს დაკავშირებულია ღირებულების განსაზღვრის სიძნელესთან. მისი ნიშნები ისეთი არსებისაა, რომ ყოველი მათგანით შეიძლება და ფაქტობრივად ხასიათდება კიდეც ღირებულება მთლიანობაში. ჯერარსობა ღირებულების ნიშანია, მაგრამ ისეთი, რომელიც უდრის ღირებულებას, მისი არსების გამომხატველია, იმდენად, რომ ღირებულებას აიგივებენ ჯერარსთან. ეს ასე ხდებოდა ღირებულების მამამთავრის ლოტცეს მოძღვრებიდან დაწყებული, ნეოკანტიანელობის გავლით თანამედროვე თეორიებამდე.

      ღირებულების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია იდეალი. იმდენად ძირითადი, რომ ზოგიერთი ღირებულების განსაზღვრისათვის საკმარისად თვლის დებულებას: ღირებულება იდეალია (ვიტანი და ბოგომოლოვი). ღირებულების, როგორც ჯერარსულის იდეალად დასახვა სათავეს კანტთან იღებს და რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ფიხტეს განაზრებანი, რომელმაც მე-ს განზომილებაში განიხილა მთელი სამყარო. მე ანიჭებს სამყაროსაც და ადამიანსაც ღირებულებას. მაგრამ ეს მე ფიხტესათვის ცალკეული ინდივიდი კი არაა, არამედ წმინდა გონის დიადი ერთიანობა. "წმინდა გონის ერთიანობა არის ჩემთვის მიუღწეველი იდეალი. უკანასკნელი მიზანი, რომელიც სინამდვილეში არასოდეს განხორციელდება". ფიხტეს ამ მსჯელობაში რამდენიმე ძირითადი მომენტია, რომელიც შემდგომ ღირებულების ყველა თეორიაში ჰპოვებს ასახვას. ესაა იდეალისა და საბოლოო მიზნის გაიგივება და ყოველივე ამის დაპირისპირება სინამდვილისადმი. სინამდვილე განხორციელებული და განხორციელებადია, იდეალი კი განუხორციელებელი, მაგრამ მუდმივი სწრაფვისა და სურვილის საგანი. ეს ნიშნავს, რომ ღირებულება, იდეალი, საბოლოო მიზანი, სასურველი, რასაც ვესწრაფვით, ჯერარსული ყველაფერი ეს ერთ განზომილებაშია და სადღაც მომავლის მიმართებას აჩვენებს. ღირებულების ასეთ გაგებას ეფუძნება ექსისტენციალიზმიც, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენლის, სარტრის ნააზრევში ღირებულება ისაა, რაც ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ, რომლის განხორციელებაც სასურველია. ის თავისებური მოწოდებაა თუ როგორნი უნდა ვიყოთ და რა ვისურვოთ "ეს აბსოლუტური მიზანი, ტრანსცენდენტალური და ერთდროულად მიღებული იმპერატივი, რომელიც თავისუფლებასაც თავისად მიიჩნევს, შეიძლება იწოდებოდეს ღირებულებად. მხატვრული ნაწარმოები ღირებულებაა, რამდენადაც ის მოწოდებაა".

      სფეროსა და არსების მიხედვით, ღირებულება არ წარმოგვიდგება სხვაგვარად, თუ არა იდეალის განზომილებაში, მაგრამ ღირებულების იდეალთან გაიგივება მაინც შეუძლებელია, თუნდაც იმის გამო, რომ ღირებულება ატარებს ყოველივე იმას, რაც კულტურის ფუნქციის მქონეა, რაც რეალიზებულია. ეს კი იდეალს არ უდრის. გარდა ამისა, იდეალისა და, შესაბამისად, ღირებულების განხილვა მხოლოდ მომავლის განზომილებაში, იმის გამო, რომ იგი უკავშირდება სასურველს, ყველა შემთხვევისათვის არ უნდა იყოს მართებული. პლატონის იდეალი, მისი უტოპია სპარტის სახელმწიფო წყობილებაშია, რომელიც წარსულშია და არა მომავლის განზომილებაში. ისე, როგორც რომანტიზმის იდეალები წარსულისეულია და არა მომავლის. სასურველობაც არაა ყოველთვის ღირებულების დამახასიათებელი, რამდენადაც სინამდვილისაგან განსხვავებით არსებობს არა მარტო დადებითი, არამედ უარყოფითი ღირებულებანიც და მათი სპეციფიკა ისაა, რომ ისინი არც იდეალს წარმოადგენენ და არც მომავლისა თუ სასურველის განზომილებაში იმყოფებიან.

      ღირებულების გაგებაში განმსაზღვრელია მისი მიმართებითი ხასიათის დადგენა, იმის დაფიქსირება, რომ ღირებულება არ შეიძლება არსებობდეს სუბიექტსა და ობიექტს შორის მიმართების გარეშე. ღირებულება სწორედ ამ მიმართების შედეგია. ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება თავისთავადი ღირებულება არსებობდეს. ზოგჯერ ღირებულების ობიექტურობის დასასაბუთებლად მიმართავენ თავისთავადი ღირებულების ცნებას. 1965 წლის ღირებულების პრობლემის შესახებ ჩატარებულ სიმპოზიუმზე ჯიოევმა განავითარა ასეთი თვალსაზრისი: "თავისთავადი ღირებულებანი, რამდენადაც ისინი ისტორიული თავისუფლების რეალურობის წინაპირობას წარმოადგენენ, მონაწილეობენ ისტორიული მოვლენების განსაზღვრაში. ობიექტური თავისთავადი ღირებულების აღიარების გარეშე, შეუძლებელია გავიგოთ პიროვნების დამოუკიდებელი როლი ისტორიაში" . ისევე, როგორც თავისთავადი ჭეშმარიტების ცნება არ გამოდგება ჭეშმარიტების ობიექტურობის მაჩვენებლად, არც თავისთავადი ღირებულების დაშვებაა მისი ობიექტურობის საბუთი. თავისთავადი ღირებულების დაშვება უფრო მეტ სიძნელეებს ქმნის ღირებულების გაგებაში, რადგან გაუგებარია ღირებულება ვისთვის მნიშვნელობს აღიარების გარეშე. ეს იგივეა, რაც ჭეშმარიტება შემეცნების გარეშე. ვისთვის ღირებულება? თავისთავადი ღირებულება არავისთვის არ უნდა მნიშვნელობდეს. ეს კი წინააღმდეგობრივია. ღირებულების ობიექტურობის მაჩვენებლად არც ჭეშმარიტების ობიექტურობა გამოდგება. ჭეშმარიტება ობიექტურია იმით, რომ გამოხატავს თავისთავად არსებულ ნივთთა ვითარებას. ჭეშმარიტება ობიექტის სურათია. ნივთთა ვითარება განმსაზღვრელია და ცნობიერების აქტიურობა მის ჩარჩოებშია მოქცეული. ღირებულების შემთხვევაში კი მდგომარეობა არსებითად იცვლება. ღირებულება საჭიროებს ნივთთა ვითარებას, მაგრამ ეს უკანასკნელი არაა ღირებულება. ნივთთა ვითარება ღირებულებას იძენს მხოლოდ სუბიექტთან მიმართებაში, როდესაც სუბიექტი მას მოაქცევს მიზან-საშუალებათა სფეროში. ნივთთა ვითარება თავისთავად არც მიზანია და არც საშუალება. მისი არსებობის განმსაზღვრელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ისე, როგორც აზრთა სფეროს განსაზღვრავს საფუძველ-შედეგის მიმართება. არც მიზეზ-შედეგი და არც საფუძველ-შედეგი არაა ღირებულებითი სფეროს მახასიათებელი. ღირებულებები გაიზომება მიზნებისა და საშუალებების მიმართებაში. რაც არც მიზანია და არც საშუალება, არ შეიძლება ღირებულება იყოს, ან ღირებულება ჰქონდეს. ღირებულებად ყოფნა და ღირებულების ქონებაც არ არის ერთი და იგივე.

      ნივთებს, ნივთთა ვითარებას, ბუნებასაც კი, შეიძლება ჰქონდეს და კიდევაც აქვს ადამიანისათვის ღირებულება, მაგრამ არც ერთი მათგანი არაა ღირებულების სფერო. ბუნება ისეთია, როგორიც არის თავისთავად. ის ჯერარსობას მოკლებულია, მაგრამ მას ადამიანი იყენებს როგორც საშუალებათა სისტემებს და ამდენად მიზან-საშუალებათა რგოლში ექცევა. თანამედროვე ბუნების ვითარება გვაიძულებს არა მარტო მივაწეროთ ბუნებას ღირებულების ქონება, რასაც ადრე უარყოფდნენ, არამედ მიზან-საშუალებათა რგოლშიც განვიხილოთ როგორც უფრო მეტი, ვიდრე საშუალებაა. აქამდე, ბუნებისადმი დამოკიდებულებას რომ განსაზღვრავდა, მისი განხილვა, როგორც მხოლოდ საშუალებისა, ასეთმა მიდგომამ ბუნების გამოფიტვა გამოიწვია და არაჰუმანური აღმოჩნდა. თანამედროვე ვითარება აჩვენებს, რომ ბუნება უნდა განვიხილოთ როგორც მიზან-საშუალება ე. ი. მისი მხოლოდ საშუალებად განხილვა არაა საკმარისი. მიზნადაც ვერ ვაქცევთ, მიზანი ადამიანია. ამიტომ მიზან-საშუალება, ანუ სხვა, უფრო მაღალი მიზნების მიმართ საშუალებად მყოფი მიზანი. ასეთი უნდა იყოს ჩვენთვის ბუნება. ეს ნიშნავს, რომ მოვლენები, რომლებიც ადამიანისაგან დამოუკიდებლად არსებობენ, ადამიანთან მიმართებაში იძენენ მიზან-საშუალების სტატუსს და ამდენად მათ ენიჭებათ ღირებულება, მაგრამ თვითონ არ წარმოადგენენ ღირებულებას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც მიზან-საშუალებათა განზომილებაში ექცევა, შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ღირებულების მქონე. უფრო სწორად, ღირებულების მნიშვნელობის მატარებელი, რამდენადაც მას ენიჭება საზრისი, ამ საზრისსა თუ მნიშვნელობას მას ადამიანი ანიჭებს და ამდენად ისევ სუბიექტის ობიექტთან მიმართებასთან გვაქვს საქმე, რომელშიც სუბიექტი საზრისსა და, შესაბამისად, ღირებულებას ანიჭებს ობიექტს.

      თანამედროვე სოციოლოგიაში ყველაზე მეტ როლს ღირებულების ემპირისტულ-ფუნქციონალური ინტერპრეტაცია თამაშობს, რადგან, ჯერ ერთი, სოციოლოგიის განვითარების ამ ეტაპზე ემპირისტული სოციოლოგია ყველაზე გავრცელებული მიმართულებაა, განსაკუთრებით, ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანელ სოციოლოგებს შორის. მართალია, დასავლეთში პოზიტივისტური სოციოლოგია უარყოფს ღირებულების ცნებას, მაგრამ "მიუხედავად პოზიტივისტების ამ პოზიციისა, ღირებულების ცნება, როგორც კოლბი აღნიშნავს, "რჩება ძირითადად ამერიკულ სოციოლოგიურ აზრში", ასევე ძირითად მნიშვნელობას ინარჩუნებს ღირებულების ცნება გერმანიის სოციოლოგთა შრომებში. ამას მოწმობს ღირებულების ცნების მაქს ვებერისეული ინტერპრეტაციის გამოყენება სოციალური ტიპოლოგიისათვის კელნის სოციოლოგიის ინსტიტუტის შრომებში.

      ღირებულების ცნება, როგორც ორიენტაციის ობიექტი და მნიშვნელობის მქონე, გამოყენებულ იქნა ბეკერის მიერ თავის ფუნქციონალისტურ თეორიაში, როგორც სოციალურ ცვლილებათა ტიპოლოგიის ძირითადი პრინციპი. ბეკერის აზრით, " ღირებულება შეიძლება იყოს შეგრძნებადი და შეუგრძნობადი, მიმზიდველი ან საძაგელი, კერძო ან საზოგადოებრივი, რეალური ან წარმოსახვითი, ბუნდოვანი ან ნათელი და ა. შ. მისი, როგორც ობიექტის ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ ის მასთან დაკავშირებული მოთხოვნილების შემგრძნობი ორგანიზმის მიერ განისაზღვრება როგორც ობიექტი. შვეიცარული ყველი, ციური სამეფო, კეთილდღეობა, სიღატაკე, ფარული სიამაყე, დიდება და ათი დოლარის ვალი - ყველა ისინი არიან რაღაც მოთხოვნილებათა ობიექტები და ღირებულებანიც იმ აზრით, რა აზრითაც ჩვენ ვხმარობთ ამ სიტყვას .

      ღირებულება ნამდვილობას მოკლებულია, ის სინამდვილის სფეროს არ ეკუთვნის, მაგრამ მის მიმართ მნიშვნელობს. სინამდვილე კი არსებულია, სულერთია, მატერიალური თუ იდეალური ფორმით. მაშასადამე, პირველი ძირეული განსხვავება ღირებულებასა და სინამდვილეს შორის ისაა, რომ ღირებულება მნიშვნელობს, სინამდვილე კი არსებობს.

      მეორე ძირითადი განსხვავება ღირებულების ორი ფორმაა: დადებითი და უარყოფითი, მაშინ, როდესაც სინამდვილე არ იყოფა დადებითად და უარყოფითად, იგი არსებულია და თავისთავად არც დადებითია, არც უარყოფითი. ჩვენთან მიმართებაში შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი როლის მქონე, მაგრამ თავისთავად ორსახოვნობა არ ახასიათებს.

      მესამე განსხვავება ღირებულებასა და სინამდვილეს შორის ისაა, რომ ღირებულება მიზან-საშუალებათა სფეროა, მასში მიზნები ბატონობს, სინამდვილე კი მიზეზ-შედეგობრივ კავშირთა სისტემაა, ხოლო აზროვნების სფეროში საფუძველ-შედეგთა კავშირის სისტემა. სინამდვილეში მიზეზობრიობის პრინციპი ბატონობს, მიზეზი და მიზანი კი განსხვავებული სფეროებია.

ამოსაბეჭდი ვერსია:

ღირებულების ძირითადი ნიშნები

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 2180

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters