ფსიქოლოგიის ისტორია, IV თავი, ნაწილი II

4.2. ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგია მეთვრამეტე საუკუნეში

      ასოციაციონიზმი, როგორც ემპირიული ფსიქოლოგიის განსაკუთრებული და ყველაზე მძლავრი მიმართულება XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ის ცარიელ ადგილას არ წარმოქმნილა, წინა საუკუნეში იგი სპინოზამ, ჰობსმა და ლოკმა შეამზადეს. ამ უკანასკნელმა შემოიტანა ტერმინი “ასოციაცია”, ე.წ. ასოციაციის კანონები კი ჯერ კიდევ არისტოტელეს მიერ იყო დამუშავებული. სწორედ ასოციაციონიზმის განვითარებამ მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რომ ფსიქოლოგიას ფილოსოფიური ორიენტაცია თანდათან კვლევითმეცნიერულით შეეცვალა და XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სრულფასოვანი დამოუკიდებელი დისციპლინის სახით დამკვიდრებულიყო. XVIII საუკუნის ბრიტანული ასოციაციური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჰიუმმა და, განსაკუთრებით, ჰერტლიმ. ხოლო იმ დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ბერკლიმ, მართალია ნაკლები გავლენა მოახდინა ემპირიული ფსიქოლოგიის ასოციაციურ მოძღვრებაზე, მაგრამ აღქმის ფსიქოლოგიის ზოგიერთი საკითხის დასმასა და გააზრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

      ჯორჯ ბერკლი (1685-1753) დაიბადა ირლანდიაში, იქვე მიიღო განათლება. მან ბევრი იმოგზაურა, იყო საკმაოდ გავლენიანი ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: “ესსე მხედველობის ახალ თეორიაში” (1709) და “ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ” (1710).

      ბერკლის ფილოსოფია სუბიექტური იდეალიზმია. დეკარტედან მომდინარე დუალისტურ თვალსაზრისს ორი განცალკევებული სამყაროს შესახებ, ბერკლიმ დაუპირისპირა “ახალი პრინციპი”, რომლის თანხმად, სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებული საგნების სამყაროზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია: საგანთა არსებობა (ყოფიერება) არის მათი აღქმა, აღქმულობა (სსე ესტ პერციპი).

      მატერიის ცნება, როგორც სუბსტანციისა, საგანთა მიღმა მყოფი არსისა, უაზრობაა. იგი შემეცნებისთვის არ გამოდგება, ვინაიდან არაფერს მატებს საგანთა თვისებებს იმაზე მეტს, რაც შეიძლება მოგვცეს გრძნობადმა აღქმამ. მატერია უზოგადესი ცნებაა, რომელიც ინდივიდუალურ საგნებში არ არსებობს. ცოდნა ინდივიდუალური საგნებზე უნაშთოდ იშლება მის გრძნობად თვისებებად (ის მათი ჯამია). აქ მატერიისთვის, როგორც დამატებით მოცემული სუბსტანციისთვის, ადგილი არ რჩება, ის არც აღიქმება და არც მოიაზრება. ბერკლი ნომინალისტია - იგი ზოგადის რეალურ არსებობას უარყოფს, ხოლო თუ არ არსებობს ზოგადი, მაშინ არც მატერია არსებობს.

      რეალურად არსებობს მხოლოდ იდეები. წარმოშობის თვალსაზრისით ისინი ოთხ ჯგუფად იყოფა: 1) შეგრძნებებით მიღებული იდეები; 2) იდეები, რომლებიც სულის მოქმედების ან მდგომარეობის საფუძველზე აღმოცენდება (განცდები); 3) წარმოსახვის საფუძველზე შექმნილი იდეები და 4) იდეები, რომლებიც ზემოთ დასახელებული იდეების შეერთების შედეგად წარმოიქმნება. ამგვარად, გონებას შეადგენენ შეგრძნებები, სულიერი განცდები და მათ საფუძველზე შექმნილი წარმოდგენები.

      ამოსავალი ყველა იდეისთვის არის შეგრძნება, გრძნობადი აღქმა. ბერკლი სენსუალისტია, რაც თავისთავად ბუნებრივია იმ მოაზროვნისთვის, რომელიც საგანთა არსებობას მათ აღქმადობასთან აიგივებს. ერთადერთი, რისი მოცემულობის შესახებაც ადამიანმა ნამდვილად იცის, მისი შინაგანი გამოცდილებაა, პირველ ყოვლისა, შეგრძნებით მიღებული იდეებია. ადამიანი დარწმუნებით ვერაფერს იტყვის საგნებისა და მათი თვისებების ობიექტური, სუბიექტისაგან დამოუკიდებელი არსებობის თაობაზე. “მაგიდა, რომელზეც მე ვწერ, არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე მას ვხედავ, მე მას ვეხები. მე რომ ჩემს სამუშაო ოთახში არ ვყოფილიყავი, ვიტყოდი: მაგიდა არსებობს ოთახში და ვიგულისხმებდი, რომ ოთახში რომ ვყოფილიყავი, მე მას აღვიქვამდი ან რომელიმე სხვა სული აღიქვამდა მას”. თუ ავტორის ამ მაგალითს გავყვებით, შეიძლება ვთქვათ, რომ მაგიდას, პრინციპში, შეუძლია აღძრას ფორმის, მოცულობის, სიმკვრივის, ფერის, სუნის, ტემპერატურისა და სხვა შეგრძნებები მათი შესაბამისი იდეებით. ლოკის მიხედვით, ზოგი მათგანი ამ საგნის ობიექტურ თვისებას ასახავს ანუ თვით ობიექტის კუთვნილებაა (პირველადი თვისება), ზოგიც მხოლოდ სუბიექტის, დამკვირვებლის, მისი გონებისა თუ სენსორული აპარატის უნარებს გამოხატავს (მეორადი თვისება).

      ავითარებს რა ლოკის აზრს, ბერკლი ფიქრობს, რომ პირველადი და მეორადი თვისებების განცალკევება არ შეიძლება; პირველადი თვისებები დაკავშირებულია მეორადთან (მაგ., შეუძლებელია ფიგურას არ ჰქონდეს რაიმე ფერი, თუნდაც თეთრი ან შავი). ამიტომ თუ მეორადი თვისებები გონებაშია (გონების პროდუქტია), რა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ პირველადი თვისებებიც არაა ასეთი წარმოშობისა? მით უფრო, რომ შეხედულება პირველად თვისებებზე ეყრდნობა რწმენას განფენილი მატერიალური სუბსტანციის არსებობის შესახებ (საგანთა პირველადი თვისებები განფენილობიდანაა წარმოებული); ამ რწმენის უსაფუძვლობაში კი ბერკლის ეჭვი არ ეპარება.

      რამდენადაც საგნების თვისებების დამადასტურებელი შეგრძნებები გონებაშია, თვით საგნებიც სხვა არაფერია, თუ არა ამ შეგრძნებათა შესატყვისი იდეების კრებადობა. ისინი, როგორც წესი, მყარ კომბინაციებს ქმნიან, მათ ერთ სახელს ვუწოდებთ და, ამიტომ, ერთ საგნად მივიჩნევთ. მაგალითად, აღვიქვამთ რაიმე ფერს, გემოს, სუნს, ფორმას, კონსისტენციას, რაც ერთდროულადაა მოცემული და ამას ვუწოდებთ “ვაშლს”. იდეათა სხვა კრებული არის ქვა, ხე, წიგნი, სახლი და ა.შ. შეგრძნებათა ეს ერთიანობები იწვევენ სიხარულს ან მწუხარებას იმის მიხედვით, სასიამოვნოა ისინი ჩვენთვის თუ უსიამოვნო. თითოეული შეგრძნებიდან მომდინარე იდეა სხვა იდეებისაგან გამიჯნული და განსხვავებულია, მაგრამ, ვინაიდან ისინი ყოველთვის ერთდროულად გვეძლევა, ერთი საგნის იდეად ერთიანდებიან. ამ იდეათა შეკავშირების მექანიზმი, არსებითად, ასოციაციურია (მეზობლობის ასოციაცია), თუმცა იგი ბერკლისთან ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გააზრებული და ფორმულირებული.

      ბერკლის მოძღვრების მთავარი პრინციპი გულისხმობს საგნის არსებობის დაყვანას მის აღქმადობაზე. აქედან გასაგებია, რომ აღქმის, პირველ ყოვლისა, მხედველობითი აღქმის საკითხს იგი საგანგებო ყურადღებას აქცევს. მისი ერთ-ერთი მთავარი თხზულება მხედველობითი აღქმის ახალი თეორიის აგების მცდელობაა. მასში მართლაც არის მრავალი სიახლე, განსაკუთრებით, სივრცის აღქმის გააზრების თვალსაზრისით. მანამდე თვლიდნენ, რომ საგნების სივრცით თვისებებს - სიდიდეს, დაშორებულობას, ფორმას, ადგილმდებარეობას და სხვას - ჩვენ უშუალოდ ვხედავთ, ისევე როგორც ფერებს. ბერკლის მართებულად მიაჩნია, რომ ასეთი გაგება არ არის ადეკვატური. თავის მტკიცებებში ბერკლი ძირითადად ეყდნობა თვითდაკვირვებას, რამდენადაც “ყოველი თვითონ არის საუკეთესო მსაჯული იმისა, რას აღიქვამს და რას არა”. ბერკლი არ კმაყოფილდება თვითდაკვირვებით და, ლოგიკურ მსჯელობასთან ერთად, იყენებს არსებულ დაკვირვებებს დაბადებიდან ბრმა ადამიანებზე, რომელთაც თვალი აეხილათ. ეს მის არგუმენტაციას უფრო დამარწმუნებელს ხდის. ჯერ ერთი, მანძილი არ აღიქმება უშუალოდ თვალით თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი რაიმე ობიექტამდე არის თვალის მიმართ პერპერდიკულარული ხაზი, რომელიც პროექციაში იძლევა მხოლოდ წერტილს. აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა მანძილია ობიექტამდე. მეორეც, ის უსინათლოები, ვისაც მხედველობა დაუბრუნდა, უშუალოდ სივრცეს ვერ ხედავენ და მხოლოდ თანდათან ეჩვევიან ამას. ეს განსაკუთრებით მესამე განზომილების აღქმას ეხება.

      მაშასადამე, განფენილი სხეულები სამ განზომილებაში მხოლოდ მხედველობით არ აღიქმება. ამაში უდიდეს როლს ასრულებს შეხებითი და თვალის მოძრაობასთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, რომლებიც უკავშირდებიან მხედველობით შეგრძნებებს. მათ შესაბამის იდეებს შორის ასოციაციური კავშირი გამეორებათა სიხშირის გამო მყარი ხდება. ამრიგად, ის, რასაც ჩვენ სივრცის მხედველობით აღქმას ვუწოდებთ, სინამდვილეში წარმოადგენს მხედველობის, შეხებისა და კუნთური შეგრძნებების კომბინაციას. როგორც ვხედავთ, მინიშნება აქაც ასოციაციის მექანიზმზე კეთდება.

      ბერკლი გამოყოფს და განიხილავს რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც განაპირობებენ სივრცის აღქმის სიზუსტეს. მათ შორის გადამწყვეტია ე.წ. “მანძილი გუგებს შორის”, რომელიც ცვალებადობს ობიექტის დაშორების შესაბამისად (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ეს არის კონვერგენცია ანუ თვალების ღერძების კოორდინირებული შებრუნება შიგნით) და ე.წ. “თვალის დაძაბვა” (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ეს არის აკომოდაცია ანუ ბროლის ჩაზნექა და ამოზნექა საგნის დაშორების შესაბამისად). თანამედროვე შეხედულების მიხედვითაც, მხედველობითი აპარატის ამ მოძრაობებთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, საკუთრივ ოპტიკურ შთაბეჭდილებასთან ერთად, უდიდესწილად განსაზღვრავენ სივრცის (განსაკუთრებით, რელიეფის, სიღრმის) აღქმას, ამიტომ მათ პირველად ფაქტორებს უწოდებენ. გამოიყოფა, აგრეთვე, ე.წ. მეორადი ფაქტორები. უნდა აღინიშნოს, რომ ბერკლი იყო პირველი, ვინც ზოგიერთ მათგანზე მიუთითა. მაგალითად, მან აღნიშნა, რომ მანძილის შეფასების სიზუსტე მატულობს, თუ აღმქმელსა და საგანს შორის სხვა ობიექტებიც არის განლაგებული (დღეს ამას სივრცის შევსებულობა ჰქვია); ბერკლიმ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მანძილის მატებასთან ერთად ობიექტის გამოსახულება ბუნდოვანი ხდება და ადამიანი ამ გამოცდილებას მანძილის შეფასებისას ითვალისწინებს (დღეს ამას ჰაერის პერსპექტივის ფაქტორის ზემოქმედებით ხსნიან). ერთი სიტყვით, ბერკლიმ სავსებით მართებულად მიუთითა სივრცის აღქმის ფაქტორებზე, თუმცა, ცხადია, არ ესმოდა აქ მოქმედი ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მექანიზმების ბუნება. ეს მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში გაირკვა. ბერკლი სწორად მიხვდა იმასაც, რომ სივრცის აღქმა უპირატესად შეძენილი უნარია (ამას შემდგომში გენეტიზმი ეწოდა). მან ასევე, მართებულად მიანიშნა, რომ სივრცის აღქმა რამდენიმე შეგრძნების გაერთიანებული მოქმედების შედეგია, ანუ ინტერმოდალური ხასიათისაა. ბერკლის ხაზი მეცხრამეტე საუკუნის ასოციაციონიზმში განაგრძო ა. ბეინმა, რომელიც სპეციალურად აღნიშნავდა კუნთური შეგრძნების როლს სივრცის აღქმაში.

      შემდეგი ბრიტანელი, რომელმაც ფსიქოლოგიაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ვიდრე ბერკლიმ, იყო დევიდ ჰიუმი (17111766). ჰიუმი დაიბადა ედინბურგში. ერთხანს სწავლობდა იქვე უნივერსიტეტში, შემდეგ კი განათლების მიღება განაგრძო საფრანგეთში. ინგლისში დაბრუნების შემდეგ თავი მრავალ სფეროში გამოსცადა: მუშაობდა ბიბლოთეკარად, ადვოკატად, დიპლომატად, ბავშვის მასწავლებლად მდიდარ ოჯახში. დაწერა არაერთი პუბლიცისტური ესსე და ინგლისის რვატომიანი ისტორია. ჰიუმის მთავარი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თხზულებებია “ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ” (1739) და “გამოკვლევა ადამიანის შემეცნების შესახებ” (1748).

      ჰიუმის ფილოსოფიაში ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას დიდი ადგილი უკავია. ეს გასაგებიცაა. როგორც თანმიმდევრული სუბიექტური იდეალისტი, იგი სრულებით უარს ამბობს ობიექტური სამყაროს შესახებ მსჯელობაზე და მთლიანად სუბიექტური სინამდვილის ანალიზით იფარგლება. ჰიუმი, ლოკის მსგავსად, ადასტურებს მარტივი და რთული იდეების არსებობას და ამ უკანასკნელთა წარმოქმნის ასოციაციურ პრინციპს უფრო ჩამოყალიბებულ სახეს აძლევს. ასევე, მეტი ადეკვატურობით გამოირჩევა ცნობიერების შინაარსების ჰიუმისეული ანალიზიც. მთელ შინაგან გამოცდილებას, ცნობიერების მდგომარეობათა ერთობლიობას მან პერცეფცია უწოდა და ორ კლასად დაყო: შთაბეჭდილებებად და იდეებად. “შთაბეჭდილებებში” იგულისხმება შეგრძნებები, გრძნობები და ვნებები. “იდეები” კი არის შთაბეჭდილებათა მკრთალი სურათები ან ასლები ჩვენს გონებაში. ამგვარ გამიჯვნას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი წყალობით, როგორც თვითონ ავტორი აღნიშნვს, სიტყვა “იდეამ” თავდაპირველი მნიშვნელობა დაიბრუნა, რომელიც მას ლოკმა დაუკარგა, ვინაიდან შეგრძნებებსაც იდეებს უწოდებდა. იდეა არის ისეთი განცდა, რომელიც არსებობს მისი შესაბამისი საგნის სუბიექტზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ის იგივეა, რაც წარმოდგენა. ეს ტერმინი დღესაც ამ მნიშვნელობით იხმარება, რასაც ვერ ვიტყვით ტერმინ “შთაბეჭდილების” ჰიუმისეულ გაგებაზე.

      შთაბეჭდილება და იდეა განცდის ორი სახესხვაობაა. მათი გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმი არის განცდის სიცხოველე: შთაბეჭდილებები უფრო ძლიერი, გამოკვეთილი და ცხადია. ეს განსხვავება მართლაც ადვილად გამოიკვეთება შინაგან გამოცდილებაში. მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორია ამ განსხვავების საფუძველი, მხოლოდ რაოდენობრივი, როგორც ჰიუმს მიაჩნდა, თუ თვისებრივიც. ალბათ ძნელია იმის უარყოფა, რომ ზოგიერთი იდეა უფრო ძლიერი და მკაფიოა, ვიდრე რაიმე სუსტი შთაბეჭდილება. ქუხილის იდეა, მაგალითად, აშკარად უფრო ინტენსიურია, ვიდრე საათის ტიკტიკის ოდნავ შესამჩნევი შეგრძნება. ისეთი მახვილი თვითდაკვირვების უნარის მქონე მკვლევარს, როგორიც ჰიუმი იყო, არ შეიძლებოდა ეს არ შეემჩნია. იგი პირდაპირ მიუთითებს ისეთ მდგომარეობებზე (სიზმარი, ტრანსი და ა.შ.), როდესაც იდეის ინტენსიობა უტოლდება ან აჭარბებს კიდეც შთაბეჭდილების ძალას. მიუხედავად ამისა, ავტორს არ უჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა ვუწოდოთ მაშინ ასეთ სუსტ ფსიქიკურ შინაარსს შთაბეჭდილება, ხოლო უფრო ძლიერს - იდეა. აქ საქმე მხოლოდ ინტენსიობაში არ უნდა იყოს. შთაბეჭდილებასა და იდეას შორის განსხვავება ჰიუმმა ემპირიულად დაადგინა. უშუალო გამოცდილების ფარგლებში ეს იმდენად აშკარაა, რომ აღნიშნული სირთულის მიუხედავად, მეცნიერებამ იგი მაინც მიიღო. მაგრამ, ამ განსხვავების სიცხადე მათ შორის არსებულ უფრო მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიანიშნებს; იგი მხოლოდ განცდების ძალითა და სიცხოველით კი არ ამოიწურება, არამედ თვისებრივ, რომელობით განსხვავებას ეხება. ფაქტია, რომ გრძნობადი აღქმა იმდენად თვალსაჩინოდ განსხვავდება მეხსიერების ან წარმოსახვის განცდებისაგან, რომ იშვიათად ხდება მათი აღრევა (მაშინაც კი, როცა მათი ინტენსივობა, სიცხოველე თანაბარია). ეს ფსიქიკურ მასალაში პირველადი, რომელობითი განსხვავების არსებობაზე მიუთითებს. აქ იმის მსგავსი განსხვავებაა, რომელიც არსებობს, ვთქვათ, ფერისა და გემოს განცდებს შორის.

      შთაბეჭდილებები იყოფა შეგრძნების შთაბეჭდილებებად (ანუ უბრალოდ შეგრძნებებად) და რეფლექსიის შთაბეჭდილებებად. ეს უკანასკნელნი იდეის მიერ აღძრული შთაბეჭდილებებია და, ფაქტობრივად, ვნებებსა და ემოციებს აღნიშნავენ. მათი წარმოქმნა შემდეგნაირად ხდება: ჩვენ განვიცდით სიცივეს, შიმშილს, ტკივილს და სხვა შეგრძნებებს, ისინი იწვევენ სათანადო იდეებს, ამ იდეებს კი შეუძლიათ ახალ შთაბეჭდილებათა გამოწვევა, მაგალითად, მისწრაფების, იმედის, შიშის, ზიზღის და სხვა. მათი პირველადი საფუძველი ამ შემთხვევაშიც შეგრძნებებია.

      რაც შეეხება იდეებს, მათში გამოიყოფა მეხსიერებისა და წარმოსახვის იდეები. მეხსიერების იდეები უფრო შთაბეჭდილებებს გვანან და მეტი სიმკვეთრით და სიცხოველით ხასიათდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მონაცემები არ ადასტურებენ ჰიუმის ამ მოსაზრების მართებულობას. ჰიუმის მიხედვით, შთაბეჭდილებები, ისევე როგორც იდეები, შეიძლება იყოს მარტივი ან რთული. მარტივი იდეა უთუოდ ჰგავს მარტივ შთაბეჭდილებას, მაგალითად, წითელი ფერის იდეა - ანალოგიური შინაარსის შეგრძნებას. მარტივ შთაბეჭდილებებსა და იდეებს არა აქვთ ნაწილები, ხოლო რთული იდეები განსხვავებული ნაწილების ან თვისებების ერთობლიობას წარმოადგენენ. მაგალითად, ვაშლის აღქმაში ან იდეაში განვასხვავებთ ფორმას, ფერს, გემოს და ა.შ. რთული იდეები შინაარსის მხრივ ასევე შეესაბამებიან რთულ შთაბეჭდილებებს (აღქმებს), მაგრამ, არსებობენ ისეთი რთული იდეებიც, რომლებიც არ გვანან არავითარ აღქმით შთაბეჭდილებას და მარტივი იდეების ახლებური შეერთებით წარმოიქმნებიან.

      როგორც ზემოთ ითქვა, რთული (ზოგადი) იდეების წარმოქმნა, ლოკის მიხედვით, უპირატესად, გონებრივ მოქმედებათა (შედარება, განყენება, შეერთება და სხვა) საშუალებით ხორციელდება. ამ საკითხის განხილვისას ჰიუმი ბევრად უფრო თამამად საუბრობს ასოციაციის მექანიზმზე, ვიდრე მისი წინამორბედნი, თუმცა ამ ტერმინს თავადაც არ ხმარობს დარწმუნებით. იგი ასე მსჯელობს: პრინციპში ყველა მარტივი იდეა შეიძლება განცალკევდეს სხვა იდეებისაგან და ნებისმიერად, წარმოსახვის უნარის გამოყენებით ყოველნაირი კომბინაციით ხელახლა დაუკავშირდეს სხვადასხვა იდეებს. ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ ერთმანეთს ცხენის ტანი ადამიანის თავს და ასე შევქმნათ კენტავრის იდეა. მაგრამ ეს კავშირი ბუნებრივი არ არის. ამიტომ უნდა არსებობდეს მუდმივი დამაკავშირებელი უნივერსალური პრინციპი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მოქმედებს. იგი საშუალებას იძლევა, მარტივი იდეები გაერთიანდნენ რეალურად ერთსა და იმავე კომპლექსებში ისე, რომ ერთმა იდეამ ბუნებრივად გამოიწვიოს მეორე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ასეთი პრინციპია ასოციაცია. ასოციაცია გაგებულია, როგორც მიზიდულობა იდეებს შორის, მათი დამაკავშირებელი ძალა. ასოციაცია არ არის რაღაც აუცილებელი კანონი, რომლითაც იდეები ერთმანეთს უკავშირდება. როგორც ითქვა, წარმოსახვის საშუალებით იდეების ყოველგვარი დაკავშირებაა შესაძლებელი. ასოციაცია ის მუდმივმოქმედი პრინციპია, რომელიც ქმნის უფრო ხშირ, “როგორც წესი” არსებულ კავშირებს. ჩვეულებრივი ობიექტების ან მიმართებების შესახებ ჩვენში მოცემული რთული იდეები სწორედ ასოციაციის მექანიზმის მოქმედების შედეგადაა აღმოცენებული.

      თავდაპირველად ჰიუმმა გამოყო ასოციაციის სამი კანონი: მსგავსების, მეზობლობის (დროსა ან სივრცეში) და მიზეზ-შედეგის. შემდგომში, ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, მეზობლობაზე იქნა დაყვანილი. ჰიუმი არჩევდა ერთდროულ (სიმულტანურ) და თანმიმდევრულ (სუქცესიურ) ასოციაციებს. იგი მიუთითებდა აგრეთვე ე.წ. გაშუალებულ ასოციაციებზე, როდესაც ორი ობიექტი ერთმანეთს უკავშირდება არა იმის გამო, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსია ან ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს, არამედ იმიტომ, რომ მათ შორის მოთავსებულია მესამე ობიექტი, რომელიც თითოეულ მათგანთან ერთერთი ამ მიმართებით არის დაკავშირებული.

      ასოციაციის ყველა ეს ვარიანტი თუ კანონი გვხვდება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მეცნიერულ აზროვნებაში. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ კაუზალური მიმართების ჰიუმისეულ ანალიზში ჩანს. იდეა იმის შესახებ, რომ რაიმე მოვლენას (მიზეზს) აუცილებლად მოჰყვება სხვა მოვლენა (შედეგი), ე.ი. რომ ერთი იწვევს მეორეს, არის ილუზია. აქ ყველაფერი მოვლენათა, უფრო ზუსტად კი, შთაბეჭდილებათა და შესაბამის იდეათა მეზობლობაზე დაიყვანება. სინამდვილეში ერთ იდეას, როგორც წესი, მოჰყვება მეორე. ასეთი თანხვედრის სიხშირის გამო ჩვენ გვიჩნდება რწმენა, რომ ერთი მეორის მიზეზია. მაგრამ ის, რომ მოვლენები ერთმანეთიდან გამომდინარეობს, აღქმაში არ გვეძლევა, ამის შესაბამისი შთაბეჭდილება არ არსებობს. ჩვენ განვიცდით მხოლოდ მოვლენათა (შთაბეჭდილებათა) თანმიმდევრობას. მაგალითად, ელვას ქუხილი მოსდევს, მაგრამ თანმიმდევრობიდან მიზეზობრიობაზე დასკვნის გამოტანა ლოგიკური შეცდომაა: პოსტ ჰოს, ერგო პოპტერ ჰოს (ამის შემდეგ, მაშასადამე ამის გამო). თუკი მიზეზობრიობა, როგორც რეალური მიმართება არ აღიქმება, მაშინ არც შესაბამისი იდეა შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან იდეაში უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც შთაბეჭდილებაში იყო მოცემული. მაშასადამე, მიზეზობრიობის იდეა, რომელიც კაუზალურ კავშირს, როგორც რეალობას სახავს, დროში მოსაზღვრეობის ასოციაციის გზით ყალიბდება და სინამდვილეში მხოლოდ ჩვეულებას ან სუბიექტურ რწმენაზე დაფუძნებულ ილუზიას (ჰიუმის გამოთქმით, ქიმერას) წარმოადგენს.

      ამრიგად, ჩვენ ვერაფერს ვამბობთ ობიექტური სამყაროსა და იქ მოქმედი კაუზალური კავშირების რეალურ არსებობაზე. რეალურად არსებობს მხოლოდ შთაბეჭდილებათა და იდეათა ჩვევად ქცეული კომპლექსები. მათ, მოსახერხებლობის გამო, ერთ სახელს ვუწოდებთ და რეალური არსებობის რწმენით ვაჯილდოვებთ. მაგრამ, იმავე ლოგიკით, თუ არ არსებობს რეალური ობიექტი, არ არსებობს რეალური სუბიექტიც. სუბიექტის, “მე”-ს ცნება ზუსტად ასევეა კონსტრუირებული ჩვენ მიერ. “მე” არის ჩვენი ცნობიერების შინაარსების კავშირი, კომპლექსი: “როცა საკუთარ მე-ში ვღრმავდები, ყოველთვის ვაწყდები ამა თუ იმ ერთეულ პერცეფციას - სიყვარულს ან სიძულვილს, ტანჯვას ან სიამოვნებას, და ვერასოდეს ვიჭერ ჩემს “მე”-ს, პერცეფციისაგან დამოუკიდებლად”. ცნობიერების ამ მდგომარეობათა კრებადობას მხოლოდ ჩვეულების გამო ვუწოდებთ “მე”-ს, მაგრამ ამ კომპლექსის რეალური არსებობის შესახებ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. პიროვნება, “მე”, როგორც ასეთი, დაკვირვებას არ ექვემდებარება და, ამდენად, ფსიქოლოგიურ ილუზიად, ქიმერად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, ჰიუმი აქვე აღიარებს, რომ კარგად არ ესმის, თუ რა შემადგენლობისაა “მე”-ს იდეა და როგორ არის კონსტრუირებული. სამაგიეროდ, ზუსტად განმარტავს კიდევ ერთი “ქიმერული იდეის”, სახელდობრ, ღმერთის იდეის სტრუქტურას, რომელიც, მისი აზრით, ყოვლისმცოდნეობის, ყოვლისშემძლეობისა და მშობლიური სიყვარულის იდეათა გაერთიანებაა.

      იქიდან, რაც “მე”-ს შესახებ ითქვა, შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ ჰიუმის “დამსახურებით” დარჩა ფსიქოლოგია კარგა ხანს, ასე ვთქვათ, უსუბიექტო მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრების ანალიზში “მე”-ს, პიროვნების კატეგორიები არ ფიგურირებდა. ფსიქიკა გაგებული იყო, როგორც სცენა, რომელზეც ცნობიერების სხვადასხვა შინაარსი ჩნდება, ცოცხლობს და ქრება. ჰიუმი პირდაპირ ამბობს: “სული თეატრს ჰგავს, რომელშიც ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან სხვადასხვა პერცეფციები”. სხვათა შორის, თეატრთან შედარებას დეკარტეს ფსიქოლოგიურ შეხედულებათა მიმართაც ხშირად იყენებდნენ. მათ “კარტეზიანულ თეატრს” უწოდებდნენ და გულისხმობდნენ, რომ სული სხეულის შიგნით ზის და უყურებს თეატრალურ სცენას, რომელზეც გარე და შინაგანი სამყაროს ამსახველი იდეები გამოდიან. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის ზუსტი შეფასებით, ჰიუმმა გამორიცხა სული (ანუ “მე”, სუბიექტი) კარტეზიანული თეატრიდან და ფსიქოლოგიური რეალობის სახით მხოლოდ მისი სცენა დატოვა (თ. ლიხი).

      ასეთია ჰიუმის ფსიქოლოგიური წარმოდგენები, რომლებიც უკიდურესი ემპირიზმის ნიშანს ატარებს: მხედველობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ ის, რაც გამოცდილებაშია (ცნობიერებაშია) მოცემული. ამ გამოცდილების პირველადი მასალა კი შეგრძნებებიდან მიიღება. ამიტომ მეცნიერებამ შეიძლება მხოლოდ დაკვირვებად მოვლენებზე იმსჯელოს. ეს პოზიცია მომდევნო საუკუნეში გაგრძელდება და განვითარდება პოზიტივისტურ ფილოსოფიაში და საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს ფსიქოლოგიური აზროვნების ფორმირებაზე. მიუხედავად თავისი უკიდურესობისა და ცალმხრივობისა, განვითარების სწორედ ეს ვექტორი მიიყვანს ფსიქოლოგიას ექსპერიმენტამდე და, საბოლოოდ, ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი ემპირიული მეცნიერების დამკვიდრებამდე.

      ჰიუმის ფილოსოფია ყველაზე უფრო ფსიქოლოგიზირებული მოძღვრებაა. მასში პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ საკმაოდ ნათლად არის მინიშნებული, რომ ფსიქოლოგიურ ცოდნას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს მეცნიერებათა მთელი სისტემის დაფუძნების თვალსაზრისით. “ყველა მეცნიერება, ამბობს იგი, ადამიანის ბუნებას ენათესავება და ერთადერთი საძირკველი, რომელსაც ისინი შეიძლება ეყრდნობოდნენ, ესაა მეცნიერება ადამიანის ბუნების შესახებ”. ამასთან მასალა, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელია ადამიანის ბუნების შესწავლა, პერცეფციებით ანუ ფსიქიკური შინაარსებით ამოიწურება. მაშასადამე, სუბიექტური სინამდვილის შესახებ ცოდნის სისტემა ყოველგვარი ცოდნის საფუძველია. ტერმინი “ფსიქოლოგია” იმ ხანად კიდევ ეს-ესაა იკიდებდა ფეხს სამეცნიერო ლექსიკონში. ამიტომ, მართალია ამ კონტექსტში ფსიქოლოგია ჰიუმის მიერ არაა ნახსენები, მაგრამ ის დანამდვილებით არის ნაგულისხმევი.

      დევიდ ჰერტლი (1705-1757) არაა ისეთი მასშტაბის მოაზროვნე, როგორსაც მისი თანამედროვე და თანამემამულე ბერკლი ან ჰიუმი არიან, მაგრამ მან უდავოდ უფრო დიდი როლი ითამაშა იმდროინდელ ფსიქოლოგიაში, ვინაიდან შექმნა პირველი, დასრულებული სახის ასოციაციონისტური სისტემა. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მეხსიერებაში წარმოდგენათა შორის კავშირის დამყარების პროცესი გარკვეულ კანონებს ემორჩილება, ჯერ კიდევ არისტოტელემ გამოთქვა. იდეებს შორის კავშირებზე (ასოციაციებზე) აგრეთვე მიუთითებდნენ სპინოზა, ჰობსი, ლოკი. უფრო თამამად საუბრობდა ასოციაციის პრინციპზე ბერკლი, ჰიუმმა კი ის ფსიქიკური შინაარსების გაერთიანების ყველაზე გავრცელებულ პრინციპად მიიჩნია. ჰერტლი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან ასოციაცია ცნობიერების მუშაობის არა უბრალოდ ყველაზე გავრცელებულ, არამედ ერთადერთ პრინციპად გამოაცხადა. ჰერტლიმ გამოიყენა წინამორბედთა იდეები, დაუმატა საკუთარი მოსაზრებები, გააერთიანა ისინი და ჩამოაყალიბა ერთი მთლიანი ფსიქოლოგიური კონცეფცია. ჰერტლისთან მთელი ფსიქიკური ცხოვრება ასოციაციის პრინციპის საფუძველზეა გააზრებული.

      ჰერტლის ოჯახი მაღალ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა. მამამისი მინისტრი იყო. ჰერტლის თავდაპირველად უნდოდა, სასულიერო პირი გამხდარიყო, მაგრამ შემდგომში გეგმები შეცვალა და თეოლოგიურ განათლებას სამედიცინოც დაუმატა. იგი დიდად ერუდირებული ექიმი იყო, რაც აისახა მის მთავარ თხზულებაში: “ფიქრები ადამიანზე, მის აგებულებაზე, მოვალეობებსა და იმედებზე” (1749). მის შექმნაზე ჰერტლი 18 წელს მუშაობდა. “ფიქრები”, პირველ ყოვლისა, ადამიანის სულიერ სამყაროზეა მიმართული. ჰერტლი ფსიქოლოგიის სისტემას ქმნის, მაგრამ ისეთი ფსიქოლოგიისა, რომელსაც მედიკოსისთვის დამახასიათებელი მატერიალისტურ-სხეულებრივი საფუძველი აქვს. სულზე საუბრისას იგი არასდროს ივიწყებს სხეულს. ჰერტლის მთავარი საფიქრალი სწორედ მათი ურთიერთობის გარკვევაა.

      ამ საკითხის გააზრებისას ჰერტლი ცდილობს, ერთმანეთს დაუკავშიროს ლოკის და მისი მიმდევრების იდეათა ასოციაციის მოძღვრება და ნიუტონის ე.წ. ვიბრაციების თეორია. ჰერტლის აზრით, ის კანონზომიერებანი, რომლებსაც ემორჩილება სულის იდეები და სხეულის ვიბრაციები, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ისინი მხოლოდ პარალელურია და არა იდენტური. სხეული და სული სხვადასხვა რეალობას, სუბსტანციას მიეკუთვნება. ამრიგად, ჰერტლი დუალისტია და პარალელისტი. მისი პარალელიზმი ფსიქოფიზიოლოგიურია, იგი სხეულისა და სულის ურთიერთმიმართებაზე ფიქრობს. ჰერტლი მკაფიოდ გამოყოფს სხეულის იმ ნაწილებს, რომლებთანაც სულია დაკავშირებული, ანუ “სულის ადგილსამყოფელია”. ასეთი ნაწილი, პირველ რიგში, თავის ტვინია, აგრეთვე, ზურგის ტვინი და მათგან გამომავალი ნერვები. ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ჰერტლის აზრით, ნერვული სუბსტრატის უმცირესი ნაწილაკების ვიბრაციული მოქმედება განაპირობებს. ეს შეხედულება უპირისპირდება ნერვული მექანიზმის დეკარტესეულ გაგებას, რომელიც გულისხმობს ნერვებში “ცხოველური სულების” გადაადგილებას. ჰერტლის თანახმად, ნერვები მილაკები კი არა, შევსებული სტრუქტურებია და მათში ვიბრაციული პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ ვინაიდან მისი სტიმულირება ეთერის ვიბრაციით ხდება, ეს პროცესი გრძნობის ორგანოებში და კუნთებშიც მიმდინარეობს. ამრიგად, ჰერტლი ვიბრაციის ტერმინებში ახასიათებს რეფლექტორულ რკალს, რომელიც პირველად დეკარტემ აღწერა: გარემოდან მიღებული ვიბრაცია გრძნობის ორგანოს გადაეცემა და, ტვინის გავლით, ნერვების საშუალებით აღწევს სამოძრაო აპარატამდე.

      სხეულში განვითარებული ვიბრაციული პროცესები ერთმანეთისაგან ოთხი ნიშნით განსხვავდება: ხარისხით, რაგვარობით, ადგილმდებარეობით და მიმართებით. ხარისხი რხევის ამპლიტუდას ანუ ძალას ნიშნავს, რაგვარობა - რხევის სიხშირეს, ადგილმდებარეობა ლოკალიზაციაზე მიუთითებს, ხოლო მიმართებას განსაზღვრავს ის, რომ ვიბრაციები სხვადასხვა ნერვებით გადაეცემა ტვინს. ხარისხის, ანუ ძალის მიხედვით, ვიბრაციების ორი სახეობა გამოიყოფა: ჩვეულებრივი, ანუ გრძნობადი ვიბრაციები, რომლებიც შეგრძნებებს შეესაბამება და ამ უკანასკნელთა განმეორებით გამოწვეული კიდევ უფრო მცირე ვიბრაციები ტვინში. მათ ვიბრაციუნკულები ან მინიატურები ეწოდება და ისინი იდეებს შეესაბამებიან.

      უნდა აღინიშნოს, რომ ჰერტლის ვიბრაციულ-ფიზიოლოგიური წარმოდგენები საკმაოდ შორს იყო ჭეშმარიტებისაგან. ისინი გამოხატავდნენ XVIII საუკუნის ცოდნას, უფრო ზუსტად, რეალური ფიზიოლოგიური პროცესების შესახებ ცოდნის არარსებობას. მაგრამ, როგორც ფსიქოლოგიის ისტორიკოსები მუთითებენ, მათში მაინც აისახა მკვლევარის პროგრესული ბუნებისმეტყველური სწრაფვა, გამოევლინა ფსიქიკური პროცესების ობიექტური დინამიკა ისე, რომ არ მიემართა სულისთვის, როგორც ამხსნელი ცნებისთვის.

      სულიერი სამყაროს აგებულებაში, ჰერტლის მიერ გამოიყოფა სამი უმარტივესი ელემენტი: შეგრძნებები (სენსეციები), იდეაციები (შეგრძნების იდეები ანუ გამეორება საგნის რეალური მოცემულობის გარეშე) და აფექტაციები (სიამოვნება-უსიამოვნება). ეს არის ის მასალა, რომლისაგანაც ასოციაციის მექანიზმის მეშვეობით მთელი ფსიქიკური ცხოვრება შენდება. ამასთან, სხეულებრივი (ნერვული) და ფსიქიკური პროცესები სრულ შესაბამისობაშია, ამიტომ, არსებითად, ასოციაციის ორი მექანიზმისა და, შესაბამისად, ორი პროცესის შესახებ უნდა ვისაუბროთ. მათგან ერთი სხეულში ხორციელდება, მეორე - სულში.

      სულში მოქმედ ასოციაციის კანონზე ჰერტლი წერს: “თუ გარკვეული შეგრძნებები (A,B,ჩ და სხვა) საკმარისად ხშირად დაუკავშირდება ერთმანეთს, ისეთ ძალას შეიძენენ შესატყვის იდეებზე (ა,ბ,ც და სხვა), რომ რომელიმე მათგანი (A) განცალკევებული მოქმედებისას სულში დანარჩენ შეგრძნებათა იდეებს (ბ,ც და სხვა) აღძრავს”. სხეულში პარალელურად მიმდინარე ასოციაციური პროცესის ფორმულირება აღწერილის ანალოგიურია იმ განსხვავებით, რომ შეგრძნების ნაცვლად ლაპარაკია გრძნობად ვიბრაციაზე, ხოლო იდეის ნაცვლად - მინიატურულ ვიბრაციაზე. ეს არის კანონი, რომლის საფუძველზეც მყარდება ასოციაცია შეგრძნებასა და იდეას შორის. რაც შეეხება იდეებს შორის ასოციაციას, მისი შესაბამისი პროცესი ტვინში ასე აღიწერება: როცა ორი მინიატურული ვიბრაცია ტვინში ერთდროულად მიმდინარეობს, შესატყვისი ზონებიდან აგზნების პროცესი ყველა მიმართულებით ვრცელდება და ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ; ზონებს შორის მით უფრო მჭიდრო კავშირი მყარდება, რაც უფრო ხშირად ხდება ეს. ამიტომ, როდესაც შემდგომში ერთი ვიბრაცია აღმოცენდება, ის გამოიწვევს მეორეს. ეს შეესაბამება ერთი იდეის მიერ მეორის გამოწვევის პროცესს.

      ასოციაცია შეიძლება დამყარდეს შეგრძნებებს, იდეებსა და მოძრაობებს შორის. მოძრაობის შემოტანა აქ მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საშუალებას იძლევა ასოციაციის მექანიზმი გავრცელდეს მოტორული მოქმედების სფეროზე, რაც თითქმის ორი საუკუნის შემდეგ განხორციელდა ბიჰევიორიზმში. თვით ჰერტლი მოძრაობათა ორ ჯგუფს გამოყოფს: ავტომატიზმებს და ნებისმიერ მოძრაობებს. ავტომატიზმები სხეულებრივი მექანიზმებიდან მომდინარეობს და გრძნობად გამღიზიანებელზე უშუალო რეაქციას წარმოადგენს. ადამიანი იბადება ე.წ. პირველადი ავტომატიზმების გარკვეული მარაგით. ნებელობითი მოძრაობები ამ ავტომატიზმების სხვადასხვა ფსიქიკურ მიზეზებთან (იდეები, აფექტები, ვნებები) ასოციაციური დაკავშირების გზით ყალიბდება. მაგალითად, ახალშობილი ბავშვის ხელისგულზე შეხება იწვევს თითების უნებლიე შეკუმშვას, ანუ ტაცების პირველად ავტომატიზმს. ეს მოძრაობა შეიძლება დაუკავშირდეს სხვადასხვა შეგრძნებებსა თუ იდეებს, ვთქვათ, საყვარელი სათამაშოს დანახვას, რომლის ტაცებას და დაჭერას ბავშვი თანდათან სწავლობს ასოციაციის კანონების შესაბამისად. ამავე ლოგიკით, სიტყვები: აიღე, დაიჭირე, რომლებიც ბავშვს ესმის უფროსებისაგან, უკავშირდება სათანადო მოძრაობებს და მას სამოქმედოდ აღძრავს. ეს უკვე ნახევრად ნებელობითი მოძრაობაა. მოძრაობა მთლიანად ნებელობითი გახდება მაშინ, როდესაც “ის იდეა ან სულის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ტაცების სურვილი და რომელსაც, გარკვეულად, შინაგანი ბრძანების ხასიათი აქვს, ისე ძლიერად დაუკავშირდება სათანადო მოძრაობას, რომ ეს უკანასკნელი პირველის გაჩენისთანავე აღმოცენდება”. ნებელობა სწორედ “სულის მდგომარეობაა”, რომელიც წინ უსწრებს ჩვენ მიერვე გამოწვეულ სულიერ (მოგონება, წარმოსახვა) თუ სხეულებრივ (მოძრაობა) აქტებს. ხშირი გამეორების, ვარჯიშის შედეგად ნებელობითი მოძრაობები შეიძლება გადაიქცეს ე.წ. მეორად ავტომატიზმებად, ანუ ჩვევებად და ჩვეულებებად. ისინი ნებელობად წოდებული “სულის მდგომარეობით” აღარ არიან გაშუალებული, თითქოს თავისთავად აღიძვრებიან და მიმდინარეობენ. მაშასადამე, პირველადი ავტომატიზმებიდან ასოციაციის მექანიზმის საშუალებით წარმოიქმნება ნახევრად ნებელობითი, ნებელობითი აქტები და მეორადი ავტომატიზმები.

      აღზრდის პროცესში ასოციაციის ასეთივე მექანიზმით ყალიბდება აფექტები და ვნებები (თავისი წინამორბედების მსგავსად, ჰერტლიც ვერ განასხვავებს დაბეჯითებით ემოციურ და მოტივაციურ სფეროებს; მაგ., ძლიერ აფექტს იგი სურვილს უწოდებს). ვნება წარმოიქმნება საგნის წარმოდგენის ანუ იდეაციის და აფექტაციის დაკავშირების გზით. თავიდან ბავშვისთვის უცხოა შიში. მას რაღაც უნდა დაუშავდეს, რაიმე ზიანი მიადგეს, რის შემდეგაც მეხსიერებაში შემორჩენილი ამ უარყოფითი ემოციის იდეა ასოცირდება იმ პირობების იდეასთან, რომლებმაც გამოიწვიეს ზიანი და შესაბამისი ემოცია.

      თვით ასოციაციის პრინციპის გააზრებაში ჰერტლის ბევრი ახალი და საყურადღებო ნიუანსი შემოაქვს. ასოციაციის პირობებიდან თუ ფაქტორებიდან იგი მსგავსებას გამორიცხავს, ტოვებს მეზობლობას და უმატებს გამეორებას. ეს ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქიკურ ასოციაციას საფუძვლად უდევს ფიზიოლოგიური (ვიბრაციული) ასოციაცია. ამიტომ ასოციაციური კავშირის შექმნა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული სუბიექტურ და სუბიექტიდან გამომდინარე წინაპირობებზე (მსგავსება, მაგალითად, ასეთი ფაქტორია, ვინაიდან მსგავსია თუ არა საგნები და მოვლენები - სუბიექტი ადგენს). ამდენად ჰერტლი აგრძელებს ჰიუმისეული უსუბიექტო მექანიცისტური ფსიქოლოგიის ხაზს. პოზიტიური აქ ის არის, რომ ჰერტლი ასოციაციის ფაქტორებს დაბეჯითებით უმატებს გამეორებას. “შეგრძნებები, იდეები და მოძრაობები საკმაოდ ხშირად უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს”, ამბობს იგი და ამით ხაზს უსვამს გამეორების ფაქტორს. მისი უდიდესი მნიშვნელობა მხოლოდ XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე გახდა ნათელი (ებინჰაუსი, თორნდაიკი და სხვა) და ის დასწავლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად იქცა.

      ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ჰერტლის ასოციაციური მოძღვრების სხვა მხარეებიც საინტერესოა. მან საგანგებო მსჯელობის საგნად აქცია სიმულტანური და სუქცესიური ასოციაციების არსებობის ფაქტი (რომელზეც ჰიუმმა მხოლოდ მიანიშნა) და ამით მკვეთრად გააფართოვა ასოციაციის გამოყენების არე. ის ვარგისიანი გახდა როგორც თანმიმდევრული პროცესების (მეხსიერება, აზროვნება), ისე მარტივი იდეების კომპლექსებად შერწყმის ასახსნელად (აღქმა). სიმულტანური ასოციაციების დაშვება ნაბიჯია ჯ.ს. მილის “სულის ქიმიისკენ”, ანუ ცნობიერების რთულ წარმონაქმნებში ისეთი კავშირების გააზრებისკენ, სადაც შემადგენელი ელემენტები ახალ თვისობრიობას ქმნიან (იხ. თავი 4.3). ასოციაციონისტური მოძღვრების განვითარებას, როგორც შემდგომში დავრწმუნდებით, ლოგიკურად მივყავართ ცნობიერების მოვლენების ასეთ ანალიზამდე. ამის ნიშნები უკვე ჰერტლისთან არის მოცემული, რასაც ადასტურებს თუნდაც შემდეგი გამონათქვამი: “შეგრძნების მარტივი იდეები უნდა ერთიანდებოდნენ ჯგუფებად და კომბინაციებად. ასოციაციების მეშვეობით თითოეული მათგანი მრავალი შემადგენელი ნაწილის დაახლოებისა და შერწყმის გზით ერთ დიდ რთულ იდეად შეიზრდება. დაკვირვება იმასაც გვიჩვენებს, რომ მრავალი ინტელექტუალური იდეა, როგორიცაა მშვენიერების, ღირსების, ზნეობრივი თვისებებისა და სხვა, ფაქტობრივად არიან ისეთი ნაწილებისაგან შემდგარი იდეები, რომლებიც თანდათან შეიზარდნენ ერთ რთულ იდეად”.

      ყველა რთული სულიერი მოვლენა მარტივი ფსიქიკური მასალიდან აიგება ასოციაციის მეშვეობით. აფექტები და ვნებები, როგორც ითქვა, შეგრძნებების, სიამოვნება-უსიამოვნების ან მათი იდეების ასოციაციური გაერთიანებაა. აღქმები მიიღება საგნის გრძნობადი თვისებების ამსახველ შეგრძნებათა შეერთების გზით. მეხსიერება ასოციაციურად დაკავშირებული იდეების აღდგენაა იმ თანმიმდევრობითა და მიმართებით, როგორც შეგრძნებაში იყო მოცემული. წარმოსახვაც იდეების დაკავშირებაა, ოღონდ თავდაპირველი წესისა და თანმიმდევრობის გარეშე (მაგ., სიზმარი). აზროვნებაზე ჰერტლი პირდაპირ არ ლაპარაკობს; იგი მხოლოდ სიტყვით გამოთქმული შინაარსის გაგების პროცესს განიხილავს. სიტყვა ბგერათა ჯამია, მნიშვნელობა კი გრძნობადი თვისებების კომპლექსი, რომლითაც საგნები ერთმანეთს გვანან. მაგალითად, სიტყვა “სითეთრის” მნიშვნელობა მრავალი საგნის (თოვლი, ქაღალდი, რძე და ა.შ.) მუდმივი გრძნობადი თვისების გამოყოფის შედეგად მიიღება. აღზრდისა და სწავლის პროცესში ხდება ასოციაციური კავშირის დამყარება სათანადო ბგერით კომპლექსსა და საგნის გრძნობად თვისებათა ერთობლიობას შორის. სიტყვის მნიშვნელობის გაგებაც ამას ნიშნავს. პირინციპში, ასეთივე გზით მიმდინარეობს ცნების ფორმირება - აქ ჰერტლი, ფაქტობრივად, ლოკის მოსაზრებებს ეყრდნობა.

      ჰერტლის შრომამ საგრძნობი ზეგავლენა არა მარტო ფსიქოლოგიაზე, არამედ სხვა დარგებზეც მოახდინა; მაგალითად, ეთიკაზე, ლოგიკაზე, პედაგოგიკაზე. ჰერტლის იდეების პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მისმა მოწაფემ, ლონდონის სამეფო საზოგადოების, პარიზისა და სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიების წევრმა ჯოზეფ პრისტლიმ (1733-1804). იგი ახერხებდა წარმატებით შეეთავსებინა ერთმანეთთან თეოლოგიური (იყო მღვდელი) და ბუნებისმეტყველური (იყო ქიმიკოსი, ჟანგბადის აღმომჩენი) ინტერესები. როგორც გავლენიანი ფილოსოფოსი, იგი სწორედ ბუნებისმეტყველების პოზიციიდან განიხილავდა ფსიქიკურ სინამდვილეს. ფსიქიკური პროცესები ფიზიოლოგიური პროცესებით აიხსნება, შესაბამისად, მეცნიერება სულიერი ცხოვრების შესახებ (ფსიქოლოგია) არის “ნერვული სისტემის ფიზიკა”. მოკლედ, პრისტლიმ მოხსნა ჰერტლისთვის დამახასიათებელი ორაზროვნება სხეულებრივი და სულიერი პროცესების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით. ყველა ფსიქიკური პროცესი ასოციაციური წარმოშობისაა, მაგრამ ასოციაციის მექანიზმის ბუნება ნერვულ სუბსტრატში უნდა ვეძებოთ.

      ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარება მიმდინარეობდა საფრანგეთშიც, თუმცა მისი გავლენა შემდგომი დროის ფსიქოლოგიაზე ნაკლები იყო, ვიდრე ინგლისური ასოციაციონიზმისა. XVIII საუკუნის ფრანგული ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზროვნება ძირითადად ემპირიზმის განვითარებისა და რაციონალიზმის კრიტიკის ნიშნით ხასიათდება. ფრანგული ემპირიული ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ემყარებოდნენ ლოკის სენსუალისტურ თეზისს გრძნობადი (შეგრძნებითი) გამოცდილების პრიორიტეტის შესახებ და ფსიქიკის განვითარებაში მთავარ ძალად გარემოს მიიჩნევდნენ. ცნობიერების ფორმირება სოციალურ გარემოში მიმდინარეობს, სადაც გადამწყვეტ როლს აღზრდა-განათლება ასრულებს. ამიტომ განათლების პროცესის სწორი ორგანიზაცია პირველი რიგის ამოცანაა. ამ მიზნით, დიდროს თაოსნობით, გამოიცა ენციკლოპედია, რომელშიც თავმოყრილი იყო განათლებული ადამიანისთვის აუცილებელი ცოდნა. ამიტომ, ამ ეპოქის ფრანგი სწავლულების დიდ ნაწილს განმანათლებლებს და ენციკლოპედისტებს უწოდებენ. ფრანგული ემპირიული ფსიქოლოგიის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ შემეცნებით და ემოციურ პროცესებთან ერთად, მასში წარმოდგენილია მოტივაციური სფეროს, კერძოდ, მოთხოვნილებათა საყურადღებო დახასიათება.

      ეტიენ ბონო დე კონდილიაკი (1715-1780) საფრანგეთის აკადემიის წევრი, დიდროსთან დაახლოებული ენციკლოპედისტი, ცდილობს კიდევ უფრო გააძლიეროს ლოკის ემპირიზმი. ეს უკანასკნელი გამოცდილების შეძენის ორ წყაროს უშვებდა: შეგრძნებებს და რეფლექსიას. ის, რაც ლოკთან რეფლექსიიდან, ხოლო დეკარტესთან სულის ოპერაციებიდან და თანდაყოლილი იდეებიდან მომდინარეობდა (ანუ ფსიქიკური მოქმედება), კონდილიაკს სურს ახსნას შეგრძნებების საშუალებით. კონდილიაკი, თანმიმდევრული სენსუალისტი, თავის მთავარ ნაშრომში “ტრაქტატი შეგრძნებების შესახებ” (1754), ცდილობს ყველა ფსიქიკური უნარი და პროცესი შეგრძნებიდან გამოიყვანოს. თუ ძირითადი ფსიქიკური უნარების - მეხსიერების, აზროვნების, ფანტაზიის, ნებისყოფის და ა.შ. ჯამს გონებას ვუწოდებთ, შეიძლება ითქვას, რომ კონდილიაკის მიხედვით, ადამიანი თავდაპირველად მოკლებულია გონებას. “ტრაქტატის” მიზანია გვიჩვენოს, თუ როგორ შეიქმნა ადამიანური შეგრძნებებიდან გონება.

      აქ ავტორი მიმართავს ე.წ. მარმარილოს ქანდაკების მოდელს, რომელიც გარეგნულად ადამიანის მსგავსია. დავუშვათ, ეს ქანდაკება ცოცხალია, სულიერია, მაგრამ არც ცოდნა და არც სხვა ფსიქიკური თვისება, შეგრძნების გარდა, არ გააჩნია. მისი სულიერება, ფაქტობრივად, შეგრძნების უნარში მდგომარეობს. კონდილიაკი გვთავაზობს ჩავატაროთ ასეთი გონებაჭვრეტითი ექსპერიმენტი: მივანიჭოთ ქანდაკებას ყნოსვის შეგრძნების უნარი და ამ დაშვებიდან გამოვიყვანოთ ყველა იდეა თუ სულის თვისება. ყნოსვის შეგრძნება შემთხვევით არ არის შერჩეული; ავტორი თვლის, რომ ის ყველაზე დაბალი რანგის შეგრძნებაა. შეგრძნებათა რანგები, საზოგადოდ, კლასიფიცირებულია მათი შემეცნებითი ღირებულების მიხედვით და ასეთი რიგით არიან განლაგებული: 1. შეხება, 2. მხედველობა, 3. გემო, 4.სმენა, 5. ყნოსვა. შეხების შეგრძნება ყველაზე მეტად უწყობს ხელს შემეცნებას და, რაც მთავარია, იგი ერთადერთია, რომელიც ქანდაკებას უქმნის რწმენას ობიექტური სამყაროს არსებობის შესახებ. ამასთან, შეხება ყველაზე ინტენსიურ ემოციას აღძრავს ქანდაკებაში.

      საზოგადოდ, ყოველ შეგრძნებას, მათ შორის ყნოსვის შეგრძნებას, რომელიც ქანდაკებას მივანიჭეთ, აუცილებლად ახლავს ერთგვარი გრძნობითი ტონი, სიამოვნების ან უსიამოვნების განცდა. სიამოვნება-უსიამოვნება, კონდილიაკის თანახმად, შეგრძნების ერთ-ერთი დახასიათებაა, მისი იმანენტური ნიშანია. შეგრძნების მეტ-ნაკლები ინტენსივობა თანმხლები გრძნობითი ტონის განსხვავებული სიძლიერით გამოიხატება. შეგრძნების მეორე თანმდევი განცდა ყურადღების განცდაა. ყურადღება ყოველგვარი განცდის აუცილებელი პირობაა, ფონია, რომელზეც ფსიქიკური მოვლენები (ე.ი. შეგრძნებებიც) გამოისახება. ამრიგად, ქანდაკებამ, რომელსაც სუნის შეგრძნების უნარი გაუჩნდა, იმავდროულად შეიძინა მგრძნობელობისა და ყურადღების თვისებებიც. დანარჩენი ფსიქიკური ფუნქციები ამ უნართვისებების ამოქმედებისა და გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება. პირველი მათ შორის მეხსიერებაა. ის ყურადღების ფუნქციონირებას მოჰყვება. ქანდაკების მიერ განცდილი სუნი არ ისპობა გამღიზიანებლის ზემოქმედების შეწყვეტასთან ერთად. ყურადღება, რომელიც ქანდაკებამ სუნს მიაპყრო, კიდევ ერთ ხანს ინახავს მას, ტოვებს სულში გარკვეული შთაბეჭდილების სახით. ამიტომ სუნის გამეორებისას ქანდაკება მას იცნობს. ესაა მეხსიერება. ორი შეგრძნების ერთდროული არსებობა, ან აწმყოში მოცემული სუნის წარსული სუნის იდეასთან შედარება მსჯელობას გვაძლევს, ვინაიდან, ავტორის მტკიცებით, მსჯელობა ორ შესადარებელ მოვლენას შორის მიმართების აღქმაა. ასე იძენს ქანდაკება აზროვნების, შემეცნების უნარს. მოთხოვნილება აქტივობისა და განვითარების პირობაა, მაგრამ ის ვერ გაჩნდებოდა გრძნობებისა და მეხსიერების გარეშე. შეგრძნებას სიამოვნებაუსიამოვნების ნიშანი რომ არ ჰქონოდა, ქანდაკება ვერ განვითარდებოდა და ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან ის არ იქნებოდა დაინტერესებული, მიეღო ერთი ან განრიდებოდა მეორეს, ანუ არ ექნებოდა სათანადო სურვილი. ამავე დროს, მოთხოვნილება მეხსიერებასაც გულისხმობს, ვინაიდან ის არის სწრაფვა უკეთესი (სასიამოვნო) წარსული მდგომარეობისკენ. მოთხოვნილების ნიადაგზე აღმოცენდება წარმოსახვა, როგორც ტენდენცია სასურველი ხატის აღდგენისა. წარმოსახვა მომავლის გათვალისწინების უნარს იძლევა, ხოლო მისი გაერთიანება შეფასების აზროვნებით უნართან და მოთხოვნილებასთან წარმოქმნის იმას, რასაც ნებისყოფა ეწოდება.

      ამრიგად, ჩვენი ქანდაკება ყველა ძირითადი ფსიქიკური ფუნქციით აღიჭურვა. ახლა, თუ შევიტანთ სხვა შეგრძნებებს - სმენას, გემოს, მხედველობას, არსებითად არაფერი შეიცვლება. მდგომარეობას პრინციპულად ცვლის მხოლოდ შეხებითი შეგრძნება, რომელიც გვაძლევს სხვა სხეულის სიმკვრივის, წინააღმდეგობისა და, აქედან გამომდინარე, მისი არსებობის განცდას. ამ მომენტამდე ჩვენი შეგრძნებები განიცდებოდა მხოლოდ შინაგან მდგომარეობებად, ახლა ისინი იქცევიან საგნის თვისებებად, საგნისა, რომელიც სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამდენად, ობიექტის განცდასთან ერთად და მასთან დაპირისპირებაში ჩნდება თავად სუბიექტის განცდაც, “მე”-ს ცნობიერებაც. ერთი სიტყვით, მთელი შინაგანი სამყარო სრული სახით გამოიყვანება შეგრძნებებიდან. თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, მთელი ეს თეორია უსაფუძვლო ხელოვნური კონსტრუქციაა.

      ჟიულ ოფრე დე ლამეტრიც (1709-1751) სენსუალისტია, მაგრამ მისი ყურადღების ცენტრში სხვა საკითხი, სახელდობრ, სხეულისა და სულის მიმართების საკითხი იყო. ლამერტიმ სამედიცინო განათლება პარიზში მიიღო და სტაჟირება ჰოლანდიაში, ცნობილ მკურნალ ბურხავესთან გაიარა. სამხედრო ექიმად მუშაობისას იგი დააკვირდა იმ ვითარებას, რომ ავადმყოფობა (ვთქვათ ციება) არა მარტო ფიზიკურად ასუსტებს ადამიანს, არამედ მის გონებრივ შესაძლებლობებსაც აქვეითებს. აქედან ლამეტრი მივიდა დასკვნამდე, რომ სულიერი მოქმედება გაპირობებულია სხეულებრივი ორგანიზაციით. ამ იდეით შეპყრობილმა მან ზედიზედ დაწერა ორი ნაშრომი “სულის ბუნებრივი ისტორია” (1745) და “ადამიანი მანქანა” (1748), რომლებიც დაწვეს, როგორც ერეტიკული ტრაქტატები. ამ ნაწარმოებებმა მის ავტორს სკანდალური პოპულარობა მოუტანა და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო, რის გამოც იგი იძულებული გახდა სიცოცხლის ბოლო წლები ბერლინში გაეტარებინა, სადაც განთლებული მონარქის, პრუსიის მეფის, ფრიდრიხ II-ის მიწვევით ჩავიდა.

      ლამეტრიმ უარყო დეკარტეს დუალიზმი: არსებობს მხოლოდ ერთი მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც, სხვა დანარჩენი თვისებების გარდა, შეგრძნებისა და აზროვნების უნარიც გააჩნია. ეს მატერიის (ტვინის) გარკვეული ორგანიზაციის შედეგია. ორგანიზაციის კატეგორია წამყვანია ლამეტრის მსჯელობაში. ადამიანი ბუნების ნაწილია. მცენარე, ცხოველი, ადამიანი - უწყვეტი კიბის საფეხურებია. მათ შორის განსხვავება სხეულის სხვადასხვა ორგანიზაციით არის გაპირობებული. აქ ლამეტრიმ წინასწარ განჭვრიტა უფრო გვიანდელი ევოლუციონისტების იდეები. ეპოქაში, როცა მეცნიერება დარწმუნებული იყო მცენარეებისა და ცხოველების სახეობათა უცვლელობაში, ლამეტრიმ გაბედა გამოეთქვა მკრეხელური აზრი იმის თაობაზე, რომ ცოცხალი სხეულების, მათ შორის ადამიანის ორგანიზაცია, არის სახეობათა ხანგრძლივი ევოლუციის პროდუქტი. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა ერთმანეთისაგან ორგანიზაციის სირთულით განსხვავდება. ცხოველის მსგავსად, ადამიანიც კარგად აწყობილი, თვითმართვადი მანქანაა. “თუ სულის ყველა უნარი იმდენადაა დამოკიდებული ტვინისა და მთელი სხეულის ორგანიზაციაზე, რომ ისინი არსებითად, სხვა არაფერია ამ ორგანიზაციის შედეგის გარდა, მაშინ ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ფრიად განსწავლულ მანქანად”. ცხადია, სიტყვა “მანქანა” აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ იხმარება. ის მხოლოდ მეტაფორის სახით გამოიყენება და გულისხმობს მატერიალურად დეტერმინირებულ სისტემას. მისი დახმარებით ავტორი ცდილობს ბუნებისმეტყველების პოზიციებიდან ახსნას ადამიანის ყველა ურთულესი უნარის, მათ შორის ცნობიერების ფუნქციონირება და განვითარება. ადამიანის, როგორც “განსწავლული მანქანის” უპირატესობას სწავლებისა და აღზრდის პროცესები უზრუნველყოფს.

      სულიერი ცხოვრების სპეციფიკის დახასიათებისას ლამეტრიმ ხაზი გაუსვა მოთხოვნილებათა მნიშვნელობას. მოთხოვნილება ორგანული, სასიცოცხლო პროცესებიდან გამოიყვანება, მაგრამ სულიერი ცხოვრების დეტერმინაციაში იმდენად დიდ როლს თამაშობს, რომ გარკვეულად გონებასაც უთანაბრდება. არსებები, რომლებიც მოკლებული არიან მოთხოვნილებებს, მოკლებული არიან გონებასაც. ასეთებია, მაგალითად მცენარეები. ცხოველი შეიძლება ჩაითვალოს მოძრავ მცენარედ, მაგრამ ის უკვე სრულიად სხვაგვარი არსებაა, ვინაიდან გადაადგილების უნართან ერთად აქვს მოთხოვნილებები და, შესაბამისად, შეგრძნების, გრძნობისა და აზროვნების უნარი. რაც მეტი მოთხოვნილება აქვს ორგანიზებულ სხეულს, მით მეტი საშუალებები აქვს ბუნებისაგან ბოძებული მათ დასაკმაყოფილებლად. ეს საშუალებები გონიერების სხვადასხვა ხარისხთან არის დაკავშირებული და ცხოველებთან ინსტინქტის, ხოლო ადამიანთან სულის სახით ვლინდება. რაც ნაკლები მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს, მით უფრო ადვილია მისი გამოკვება და გაზრდა, მით ნაკლებად არის მასში განვითარებული გონებრივი უნარები.

      როგორც ვხედავთ, ლამეტრიმ მოქმედების მანქანური (მექანიკური) პრინციპი სხეულიდან (დეკარტეს “სხეული - მანქანა”) სულზეც, ფსიქიკურ ცხოვრებაზეც გაავრცელა და ამით ადამიანის ქმედების სხვადასხვაგვარი მექანიცისტური (თუნდაც ბიჰევიორისტული) ინტერპრეტაციისთვის ერთგვარი ინტელექტუალური ფონი შექმნა.

      ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის კლოდ ადრიან ჰელვეციუსის (1715-1771) ინტერესის მთავარ საგანს შეადგენდა ადამიანების ფსიქიკური წყობის, კერძოდ კი გონებრივ შესაძლებლობათა, ნიჭიერების განსხვავებულობის საკითხი. თავისი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მან გადმოსცა ორ მთავარ თხზულებაში: “გონების შესახებ” (1758) და “ადამიანის შესახებ” (1769), რომლებიც, ერეტიკულობის ბრალდებით, ოფიციალურად აკრძალეს.

      ჰელვეციუსიც სენსუალისტია. იგი მიჰყვება კონდილიაკს და თვლის, რომ დაბადებიდან ადამიანს აქვს შეგრძნება და მისი შემონახვის უნარი - მეხსიერება. მეხსიერება “ხანგრძლიობის მქონე, მაგრამ შესუსტებული შეგრძნებაა”. აზროვნებაც შეგრძნებებს უკავშირდება და მათი კომბინირების უნარად არის წარმოდგენილი. მაგრამ ადამიანთა ინტელექტუალურ უთანაბრობას არც შეგრძნებები განსაზღვრავს და არც მათგან წარმოებული ფსიქიკური უნარები. თითქმის ყველა ადამიანს აქვს საკმარისი შეგრძნებათა სიმახვილე და მეხსიერება, რომ გააკეთოს დიდი აღმოჩენა. ამაში არავითარ როლს არ თამაშობს გეოგრაფია, რასა, კვება, ტემპერამენტი თუ სხვა ფაქტორები. ჰელვეციუსი საბოლოოდ ორ მიზეზს აღნიშნავს, ეს არის სხვადასხვა მდგომარეობები და ვითარებები, რომლებშიც შემთხვევითობის წყალობით ხვდება ესა თუ ის ადამიანი, და, აგრეთვე, დიდებისკენ მისწრაფების მეტ-ნაკლებობა. ჰელვეციუსი საჭიროდ თვლის შევისწავლოთ ყველა ფაქტორი, რომლებმაც ხელი შეუწყო დიდ აღმოჩენებს, რათა მათი გათვალისწინებით მიზანდასახულად აღვზარდოთ თვალსაჩინო პიროვნებები. ჰელვეციუსი დარწმუნებულია აღზრდის გადამწყვეტ როლში: “ჭკუის უთანაბრობა შეიძლება აღზრდით აიხსნას”, “აღზრდა გვაქცევს ჩვენ იმად, რაც ვართ”, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ აღზრდა ვერ აქცევს საზოგადოების ყველა წევრს გამოჩენილად. საქმე ისაა, რომ ყველა ერთნაირ აღზრდას ვერ მიიღებს, ვინაიდან თითოეული ინდივიდის აღმზრდელად გვევლინება როგორც მმართველობის ფორმა, რომელშიც იგი ცხოვრობს, ისე მეგობრები, საყვარელი ადამიანები, გარშემომყოფი ხალხი, წაკითხული წიგნები, დაბოლოს შემთხვევა, ანუ ის უამრავი მოვლენა, რომელთა მიზეზებსა და კავშირებს ჩვენ ვერ მივუთითებთ. მიუხედავად ამისა, აღზრდას ძალუძს გაზარდოს გენიალური ადამიანები, ხოლო დანარჩენები აქციოს გონიერებად და ჭკვიანებად.

      შემოქმედების მოტივაციასთან დაკავშირებით, ჰელვეციუსი აღნიშნავს, რომ გონება შეიძლება განვიხილოთ როგორც მანქანა, რომელიც არ მოქმედებს, სანამ ვნებები არ აამუშავებს მას. ვნების ძალა და ხასიათი ყველასთან განსხვავებულია, მაგრამ ეს არ არის თანდაყოლილი თვისება, ვინაიდან ადამიანები იბადებიან არა მხოლოდ იდეების, არამედ ვნებების გარეშეც. გონების მსგავსად, ვნებებიც უნდა აღვზარდოთ. ამისთვის დიდებასთან და სახელთან დაკავშირებული ვნებები უნდა დავუკავშიროთ სხვადასხვაგვარ სხეულებრივ სიამოვნებას, რომლებიც ყოველგვარი მაღალი მისწრაფების ფორმირების პირობას წარმოადგენენ. დიდება და მისგან გამომდინარე მატერიალური უზრუნველყოფა ჰედონისტური განცდების მიღების საშუალებაა. დიდების წყურვილი მხოლოდ სხეულებრივ სიამოვნებათა მიღების შენიღბული სურვილია. მოტივაციის გაგებაში ჰელვეციუსი, ლამეტრის მსგავსად, ბიოლოგისტურ პოზიციაზე დგას.

      ჰელვეციუსის ფსიქოლოგიური წარმოდგენები ამართლებს მის მსოფლმხედველობრივ პოზიციას ადამიანთა საყოველთაო თანასწორობის შესახებ - უთანაბრობა და ინდივიდუალური განსხვავებები მთლიანად ინდივიდების სოციალური მდგომარეობისა და აღზრდის განსხვავებულობით აიხსნება. ჰელვეციუსის ინტერპრეტატორები აღნიშნავენ, რომ ასეთ მიდგომას ფატალიზმამდე მივყავართ. ეს ერთი შეხედვით უცნაურია, ვინაიდან ფატალიზმს, როგორც წესი, უკავშირებენ საწინააღმდეგო შეხედულებას, რომლის თანახმად ადამიანის ფსიქიკური წყობა დამოკიდებულია თანდაყოლილ შინაგან ფაქტორებზე. ისინი ფატალურად განსაზღვრავენ მის უნარ-თვისებებს და, საბოლოოდ, ცხოვრების გზასაც. მაგრამ ჰელვეციუსის თვალსაზრისითაც ფატალიზმამდე მივდივართ: ადამიანი ბედის სათამაშოდ, შემთხვევითობის მსხვერპლად წარმოგვიდგება, რომელიც, მოათავსებს რა მას ამა თუ იმ გარემოში, განსაზღვრავს მის სოციალურ მდგომარეობას, სწავლა-აღზრდის პირობებს და, მაშასადამე, მისი ცხოვრების სცენარსაც. თანდაყოლილ თავისებურებათა უარყოფასთან ერთად ჰელვეციუსი უარყოფს ადამიანის პასუხისმგებლობას საკუთარი უნარ-თვისებების, ცოდნა-ჩვევების ჩამოყალიბებისა და, საბოლოოდ, ცხოვრების სტილისა და შინაარსის წინაშე.

      ასეთ მიდგომას არ იზიარებდა იმდროინდელი საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული, ფრანგული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი დენი დიდრო (1713-1784). მან დაწერა სპეციალური ნაშრომი: “თანმიმდევრული უარყოფა ჰელვეციუსის წიგნისა “ადამიანის შესახებ”. როგორც ემპირისტი და მატერიალისტი, დიდრო გარემოს წამყვან როლს აღიარებს, მაგრამ, მისი აზრით, გარემოს მნიშვნელობა განსხვავებულია ინდივიდისთვის და საზოგადოებისთვის. ამ უკანასკნელის გონებრივ მდგომარეობას მთლიანად განაპირობებს სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია. კანონები, წეს-წყობილება, განათლების სისტემა და ა.შ. განსაზღვრავს განსხვავებებს ხალხებს შორის. საზოგადოებრივ განათლებას შეუძლია გაათანაბროს მხოლოდ ადამიანთა დიდი მასები, მაგრამ არა ერთეული ინდივიდები. დიდრო ასე უსვამს საკითხს ჰელვეციუსს: წარმოიდგინეთ, რომ მოინდომოთ ხუთასი ახალშობილის აღზრდა თქვენი შეხედულებისამებრ. რამდენ მათგანს აქცევდით გენიოსად? რატომ ხუთასივეს არა? დაფიქრდით და დარწმუნდებით, რომ საბოლოოდ ბავშვების შინაგანი, ბუნებრივი ორგანიზაციის განსხვავებულობამდე მიხვალთ. ის არის სიზარმაცის, ქარაფშუტობის, სიჯიუტისა და სხვა მანკიერებათა პირველწყარო, მაგრამ, ის თანდაყოლილი ნიჭებისა და უნარების წყაროცაა.

      ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური, თანდაყოლილი გონებრივი უნარები, ყველაფრის გადაბრალება გარემოებებსა და შემთხვევითობაზე არაა მართებული. გენიოსობა, ამბობდა ჰელვეციუსი, არის შემთხვევითობის პროდუქტი. სწორედ შემთხვევა ათავსებს ჩვენს თვალწინ გარკვეულ საგნებს, რითაც განსაკუთრებით საინტერესო აზრებს იწვევს და ზოგჯერ დიდ აღმოჩენებამდე მივყავართ. ამაზე დიდრო კითხულობს: ნუთუ გგონიათ, რომ შემთხვევამ მიიყვანა ნიუტონი ჩამოვარდნილი ვაშლიდან მთვარის მოძრაობამდე, მთვარის მოძრაობიდან კი მთელი სამყაროს სისტემამდე? თვითონ ნიუტონი სხვაგვარად ფიქრობდა. როცა ეკითხებოდნენ, როგორ მივიდა აღმოჩენამდე, იგი პასუხობდა: “ფიქრის გზით”. ამიტომ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ შემთხვევა მხოლოდ პირობებს ქმნის კონკრეტული ადამიანის განვითარებისთვის, მაგრამ შეძლებს თუ არა იგი ამ შემთხვევის გამოყენებას, და როგორ - ეს მის ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული. მაშასადამე, პიროვნება არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან ის თვითონ წყვეტს, რა გამოიყენოს გარემოებათა შემოთავაზებებიდან და რა - არა.

      ასევეა დიდებისკენ მისწრაფების შემთხვევაშიც. ეს მისწრაფება ტალანტებს ქმნისო, წერდა ჰელვეციუსი. დიდრო აღიარებს ამ მოტივაციის მნიშვნელობას, მაგრამ თვლის, რომ თავისთავად სურვილი ან მისწრაფება ვერ შექმნის ნიჭიერებას იქ, სადაც ის არ არის. არსებობს უამრავი რამ, რაც იმდენად აღემატება ჩემს ძალებსა და შესაძლებლობებს, რომ ვერაფერი მაიძულებს მათკენ ვისწრაფოდე, არც სამეფო ტახტის მიღების იმედი და არც საკუთარი სოცოცხლის გადარჩენის სურვილი. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ შეჯიბრი, დიდებისკენ მისწრაფება თუ სხვა მოტივაცია ნიჭიერების გამოვლენის შესაძლებლობას ქმნის და არა თვით ნიჭიერებას.

      დიდროს ნატივისტური პოზიცია არ შეიძლება ტიპურად ჩაითვალოს XVIII საუკუნის ფრანგული ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური აზროვნებისთვის. როგორც ითქვა, აქ გაბატონებულია ემპირიზმი და მისი უკიდურესი გამოვლინება - სენსუალიზმი, რომლის თანახმად ყოველგვარი სულიერი შინაარსის, მდგომარეობისა თუ პროცესის პირველწყარო არის შეგრძნებების მიერ მიღებული გამოცდილება. ყველაფერი, რაც სულშია მოთავსებული, ამ გზით არის შეძენილი. სულიერი მოვლენების ქმნადობის ყველაზე გააზრებული მექანიზმი ინგლისურმა ემპირიულმა ფსიქოლოგიამ ასოციაციის მექანიზმის სახით შემოგვთავაზა. ასოციაციური კავშირები მექანიკურად მყარდება შეგრძნებებისა თუ წარმოდგენების მეზობლობის, მსგავსების, გამეორების ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში.

      სულიერი სინამდვილის განხილვის ასეთი წესი XVIII საუკუნეში ყველაზე გავრცელებული იყო, მაგრამ არა ერთადერთი. მას უპირისპირდებოდა ნაკლებ გავრცელებული და ნაკლებ გავლენიანი მიმართულება, რომლის სათავეები ემპირიზმის ფილოსოფიურ ანტაგონისტში, სახელდობრ, რაციონალიზმში ძევს და მას ნიჭთა ფსიქოლოგია ეწოდება. ის ჩაისახა გერმანიაში, სადაც იმხანად ემპირიზმმა ფეხი ვერ მოიკიდა. აქ პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ქრისტიან ვოლფი.

      ქრისტიან ვოლფი (1673-1754) ლაიფციგის, მარბურგისა და ჰალეს უნივრსისტეტების მეტად ავტორიტეტული ფილოსოფიის პროფესორი იყო. ვოლფი ლაიბნიცის დიდ გავლენას განიცდიდა და მისი შემოქმედების თვალსაჩინო სისტემატიკოსად და პოპულარიზატორად ითვლებოდა. ცხადია, ისიც პარალელიზმის პოზიციაზე იდგა, მაგრამ, ლაიბნიცისაგან განსხვავებით, იმდენად მატერიისა და სულის მიმართება კი არ აინტერესებდა, რამდენადაც მიმართება სხეულსა და ფსიქიკას შორის. შესაბამისად, მისი პარალელიზმი, ჰერტლის მსგავსად, ფსიქოფიზიოლოგიურია.

      ვოლფი არ უგულებელყოფდა არც ემპირიულ და არც რაციონალურ ფსიქოლოგიას. ამაზე მეტყველებს ის, რომ ამ სახელწოდებებით, 1732 და 1734 წლებში, მან გამოსცა ორი წიგნი, რის შემდეგაც სიტყვა “ფსიქოლოგია” ევროპაში საყოველთაოდ მიღებული გახდა. ფსიქოლოგიის ამ ორი სახეობის ურთიერთმიმართებაზე მსჯეობისას ვოლფი აღნიშნავდა, რომ ყოველი მოვლენა, მათ შორის სულიერი, შეიძლება შეიმეცნო როგორც გამოცდილების, ისე გონების საშუალებით და განიხილო როგორც გარეგანი თვისებების, ისე არსის მხრივ. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ემპირიულ ფსიქოლოგიასთან. ის, გარკვეული აზრით, საფუძვლად ედება რაციონალურ ფსიქოლოგიას, რომელიც ამოსავალ პუნქტად იღებს რაიმე ცდისეულ მოცემულობას, მაგალითად, სხეულებრივ და სულიერ ცვლილებათა თანხვედრის ფაქტს, ხოლო შემდეგ ცდილობს მის ახსნას. ეს ახსნა ჰიპოთეტურ ხასიათს ატარებს, რაც სავსებით ბუნებრივია ისეთი ჭეშმარიტად ფილოსოფიური, მეტაფიზიკური დისციპლინისთვის, როგორიც რაციონალური ფსიქოლოგიაა. ემპირიული ფსიქოლოგია პრაქტიკულადაც სასარგებლოა, ვინაიდან “ლოგიკის კანონები” და “მორალის წესები” საჭიროებს დაფუძნებას რაიმე ისეთზე, რაც თავისთავად ცხადია. ასეთი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ცდისეული ცოდნა სულის შესახებ. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ვოლფის ემპირიულმა ფსიქოლოგიამ, რომელიც ცნობიერების მოვლენების აღწერას შეიცავდა, ახალი ვერაფერი შესძინა მეცნიერებას სულის შესახებ (გარდა ზოგიერთი ფრთხილად გამოთქმული მოსაზრებებისა ფსიქიკური მოვლენების გაზომვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით). სამაგიეროდ, რაციონალური ფსიქოლოგია, გარდა აბსტრაქტული მსჯელობებისა სულის არსზე, ადგილმდებარეობაზე, თავისუფლებასა თუ უკვდავებაზე, შეიცავდა თეორიულად საინტერესო მოსაზრებებს სულის ბუნების შესახებ.

      სულიერი მოვლენების ამხსნელ ფაქტორად ნიჭის ცნება დასახელდა. ამასთან ერთად, განვითარდა ლაიბნიციდან მომდინარე იდეა სულის სპონტანური აქტივობის შესახებ. ეს სპონტანური, ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისაგან დამოუკიდებელი აქტივობა, სულის მთავარი მახასიათებელი გახდა. ეს აქტივობა აქცევს ქმედითად ფსიქიკურ პროცესებს, პირველ რიგში, შემეცნებითს. სწორედ ამიტომ, სულს როგორც გრძნობადი, ისე გონებრივი შემეცნების შემთხვევაში, შეუძლია მასში ჩანერგილი წარმოდგენები საგნების შესახებ გააძლიეროს და განავითაროს. სულში ორი სახის ნიჭი (პროცესები) არსებობს - შემეცნებითი (წარმოდგენები) და ლტოლვითი (მისწრაფებები). აქტიური ბუნების გამო წარმოდგენები არ არის სტატიკური. რომელიმე ობიექტის ან მოვლენის წარმოდგენას უკავშირდება მისგან მომდინარე სიამოვნება და აზრი მის ღირსებათა შესახებ, რასაც მოჰყვება მისკენ სწრაფვა ან, როგორც ვოლფი იტყოდა - აპეტიტი.

      პოსტულატი ჩანერგილი უნარების, პრინციპებისა თუ ნიჭების შესახებ, რომლებიც სულის საკუთარ, სპონტანურ აქტივობას გამოხატავენ, ამოსავალია ნიჭთა ფსიქოლოგიის სხვადასხვა განშტოებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ბრიტანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შოტლანდიელი პროფესორების მიერ შეიქმნა და ამიტომაც შოტლანდიური სკოლა ეწოდება. ამ სკოლის ფუძემდებელია თომას რიდი (1710-1796) აბერდინის უნივერსიტეტიდან, ხოლო ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლია დიუგალტ სტიუარტი (1753-1828) ედინბურგის უნივერსიტეტიდან. შოტლანდიური სკოლა ინგლისურ ემპირიზმსა და ასოციაციონიზმს (ბერკლი, ჰიუმი, ჰერტლი) ე.წ. საღი აზრის თეორიის პოზიციდან ეწინააღმდეგება. “საღ აზრში” იგულისხმება როგორც გონების განსაკუთრებული ინტუიციური უნარი ან ძალა, ისე პირველადი და ამოსავალი პრინციპებისა და დებულებების ერთობლიობა. ისინი ადამიანთა გონებაში ღმერთის მიერ არიან ჩანერგილი და “ადამიანური ბუნების” ნაწილს წარმოადგენენ. მათი საშუალებით ჩვენ ზუსტად შევიმეცნებთ სამყაროს და ვმოქმედებთ ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად. ეს პრინციპები წინ აღუდგებიან შემეცნებით სკეპტიციზმსა და ცხოვრებისეულ ნიჰილიზმს, განსაზღვრავენ საღად აზროვნებასა და საღად მოქმედებას. ნაშრომში “ნარკვევები ადამიანის ინტელექტუალური უნარების შესახებ” (1785) რიდი თორმეტ ასეთ პრინციპს ჩამოთვლის, მათ შორისაა ღმერთისა და გარე სამყაროს არსებობის რწმენა, დებულება ჭეშმარიტისა და მცდარის გარჩევის შესაძლებლობის შესახებ, მიზეზობრიობისა და ინდუქციის პრინციპები, პირადი იდენტობის ცნება და ა.შ.

      რიდმა პირველმა განაცალკევა ტერმინოლოგიურად შეგრძნება და აღქმა. შეგრძნება უბრალო მგრძნობელობაა, სუბიექტში მოცემული მდგომარეობაა; აღქმა გარე ობიექტის ხატია, ის საგნობრივია და მასში მოცემულია რწმენა ამ ობიექტის ჩვენგან დამოუკიდებელი, რეალური არსებობის შესახებ. ეს რწმენა ერთ-ერთი იმ თანდაყოლილი ნიჭის (პრინციპის) გამოვლინებაა, რომლებზეც რიდი საუბრობს. პერცეფცია სამი ელემენტისაგან შედგება: აღმქმელი სუბიექტი, აღქმის აქტი და რეალური ობიექტი. აღქმის აქტი პირდაპირ კონტაქტშია საგანთან და არა მასთან დაკავშირებულ იდეასთან. ამ პუნქტში რიდი უპირისპირდება ბერკლისა და ჰიუმის სკეპტიციზმამდე მიმყვან “იდეიზმს”, რომლის მიხედვით სამყარო უშუალოდ არ შეიცნობა; გამოცდილებას და შემეცნებას საქმე აქვს მხოლოდ საგნების ხატებთან, იდეებთან. ამის საპირისპიროდ, რიდი ამტკიცებს, რომ ჩვენ პირდაპირ, გაშუალების გარეშე შევიცნობთ საგნებს. ჩვენი პერცეფცია იმთავითვე საგნობრივია, საგნობრივი მნიშვნელობის მქონეა. ამიტომ მისით მოპოვებული გამოცდილება საგნობრივი სინამდვილის ამსახველია. იდეები იმის მენტალური რეპრეზენტაციაა, რაც რეალურად არსებობს.

      აღქმის საგნობრიობის ხაზგასმით შოტლანდიური სკოლა ებრძვის არა მხოლოდ სკეპტიციზმს, არამედ სენსუალიზმსაც. გამოცდილება არ არის მარტივი შეგრძნებების უბრალო კომბინაცია. პირველადი გამოცდილება რთული, “კომპლექსური შთაბეჭდილებაა”. ის შეიძლება ანალიზის გზით დაყვანილ იქნეს მარტივ, ერთეულ შეგრძნებებამდე, მაგრამ, საგნობრივი მნიშვნელობის მქონე კომპლექსის წარმოქმნა არ ხდება შეგრძნებითი ელემენტების მექანიკური ასოციაციური დაკავშირებით. როგორც მოგვიანებით მთლიანობის ფსიქოლოგია იტყვის, სამკუთხედი სამი ხაზისაგან შედგება, მაგრამ ჩვენს გამოცდილებაში ის ყოველთვის წარმოდგენილია, როგორც ორგანიზებული, საგნობრივი მნიშვნელობის მქონე მთელი - სამკუთხედი (და არა როგორც სამი ხაზის ნაერთი). ამდენად, პერცეპტული კომპლექსის დაყვანა ერთეულ შეგრძნებებზე შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკარგება მისთვის ძირეული რამე - საგნობრივი მნიშვნელობა. აშკარაა, რომ ამ მსჯელობით შოტლანდიურმა სკოლამ ბევრად გაუსწრო იმ ეპოქაში გავრცელებულ ელემენტარისტულ-სენსუალისტურ წარმოდგენებს. მან პირველმა გამოხატა ნათლად მთლიანობის ფსიქოლოგიის სულისკვეთება, რომელმაც დასრულებული სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში, გეშტალტფსიქოლოგიაში მიიღო (იხ. თავი 10.1.).

      ნიჭთა ფსიქოლოგიის ტრადიცია გერმანიაში გააგრძელა იოჰან ნიკოლას ტეტენსმა (1736-1807). მან პირველმა მკაფიოდ გამოთქვა მოსაზრება სულის ტრიქოტომიის შესახებ (ცნობიერების მოვლენათა დაყოფა სამ კლასად - შემეცნებითად, ემოციურად და ნებელობითად), რაც ფსიქოლოგიის კლასიკად იქცა და დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ტეტენსი უაღრესად განსწავლული, მათემატიკის, ფიზიკისა და ფილოსოფიის პროფესორი იყო. იგი კარგად იცნობდა წინა საუკუნის კლასიკურ სისტემებს, მაგრამ, რაც მთავარია, ზედმიწევნით კარგად იყო ინფორმირებული მისი თანამედროვე ბრიტანული (ბერკლი, ჰიუმი, რიდი, სტიუარტი, ჰერტლი, პრისტლი), ფრანგული (კონდილიაკი, ჰელვეციუსი, რუსო, ბიუფონი) და გერმანული (ვოლფი და მისი სკოლა) მენტალური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესახებ. უფრო მეტიც, იგი ცდილობდა ამ განსხვავებულ შეხედულებათა ერთგვარი სინთეზი მოეხდინა. ეს ნიშნავდა ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის სისტემურ დაკავშირებას. ნიჭების (ფსიქიკური პროცესების) დახასიათებისას, ტეტენსი დაკვირვებას, უფრო ზუსტად, თვითდაკვირვებას ეყრდნობოდა, მაგრამ, ამავე დროს, მიიჩნევდა, რომ ეს ემპირიული მონაცემები სრულყოფილი ანალიზისთვის საკმრისი არ არის. ამისთვის აუცილებელია სულის სუბსტანციონალობასთან დაკავშირებული მეტაფიზიკური დაშვებები. ტეტენსმა არ შექმნა სკოლა და მისი გავლენა არ იყო დიდი, თუმცა ამ მეცნიერის კაპიტალურ ნაშრომს “ფილოსოფიური ცდები ადამიანის ბუნებასა და განვითარებაზე” (1777) მაღალ შეფასებას აძლევდნენ გერმანელი სწავლულები, კერძოდ, კანტი. სხვათა შორის, ფსიქოლოგიის ზოგიერთი ისტორიკოსი სწორედ კანტის გავლენას მიაწერს იმას, რომ ტეტენსმა ვერ მოიპოვა აღიარება. კანტის “კრიტიკული პერიოდის” პირველ ნაშრომს ტეტენსის ტრაქტატის გამოქვეყნებიდან სულ ოთხი წელი აშორებს. გერმანიის მთავარი ინტელექტუალური ძალები მის განხილვაზე წარიმართა, ამიტომაც ტეტენსის ნაშრომი სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა.

      XVII და XVIII საუკუნეების ფსიქოლოგიის განვითარების ზოგადი ტენდენციების რეზიუმირება ძალზე სქემატურად ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის შემდეგი სიტყვებით შეიძლება: “დეკარტედან მოყოლებული, მსჯელობა ფსიქიკური ცხოვრების შესახებ ორი მიმართულებით ვითარდებოდა, თუმცა ეს მიმართულებები უკვე ანტიკური ფილოსოფიის დროიდან გახდა კლასიკური. ერთი მათგანი, რომელიც ეხებოდა ჩვენს წარმოდგენებს და მათი შეერთების კანონებს, აქცენტს აკეთებდა ემპირიულ გენეზისზე და ასოციაციებზე, რომელთა ძირითადი ფაქტორები იყო მეზობლობა და გამეორება; მეორე მიმართულება წინა პლანზე აყენებდა ცნობიერების აქტივობის პრინციპს” (პ. ფრესი). მაგრამ ეს განხილვა სრული არ იქნება, თუ მოკლედ მაინც არ შევეხებით ი. კანტის სისტემას, რომლის ერთმნიშვნელოვანი კვალიფიკაცია მოცემული სქემის საფუძველზე საკმაოდ რთულია, ვინაიდან მისი მოძღვრება, არსებითად, ანტიფსიქოლოგიური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ გავლენას, რომელიც კანტზე ვოლფმა და ტეტენსმა მოახდინეს, აგრეთვე თვით კანტის სისტემის თავისებურებებს, შესაძლებელია ვისაუბროთ მის კავშირებსა თუ მიმართებებზე აქტივობისა და ნიჭთა ფსიქოლოგიასთან.

      იმანუელ კანტის (1724-1804) მოძღვრების შეფასება ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით არც ისე იოლია. ფსიქოლოგიის ისტორიის ზოგიერთი მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს კანტის როლს ფსიქოლოგიაში, ზოგი კი, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს მას. ალბათ ორივე პოზიციის გამართლება შეიძლება. კანტის გიგანტური ფიგურა ისეთი მასშტაბისაა, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო ზეგავლენა არ მოეხდინა შემდგომი დროის იმ მოაზროვნეებზე, რომლებიც სულიერ სამყაროზე ფიქრობდნენ. ეს განსაკუთრებით ითქმის გერმანელ მკვლევარებზე. ამავე დროს, კანტის აშკარა ანტიფსიქოლოგიზმი გასაგებს ხდის იმათ პოზიციასაც, ვინც დიდ ყურადღებას არ უთმობს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიას, საზოგადოდ არ ძალუძს რამდენადმე სარწმუნო მეცნიერული ცოდნის მოცემა. კანტი კი სწორედ ასე ფიქრობდა. იგი საგანგებოდ და სერიოზულად მუშაობდა როგორც ემპირიული, ისე რაციონალური ფსიქოლოგიის კრიტიკის მიმართულებით.

      აუცილებელია აღინიშნოს, რომ ასეთი პოზიცია დამახასიათებელია კანტის ფილოსოფიური მოღვაწეობის მეორე, ე.წ. “კრიტიკული პერიოდისთვის”. ამ პერიოდის ნაშრომებში ჩამოყალიბდა მისი ცნობილი ფილოსოფიური სისტემა, “ტრანსცენდენტული” ან “კრიტიკული” იდეალიზმი. “წინაკრიტიკულ” პერიოდში კანტი ლოიალურად იყო განწყობილი ფსიქოლოგიის მიმართ. იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს ფსიქოლოგიაში, რომლის შინაარსი ცნობილია. ამ კურსს ვოლფის ფსიქოლოგიის სერიოზული გავლენა ეტყობა. ვოლფის მსგავსად, კანტი ასხვავებს ემპირიულ და რაციონალურ ფსიქოლოგიას. პირველი, თავისი ემპირიზმის გამო, არ არის მეტაფიზიკური დისციპლინა. მისი მთავარი მიზანია სულის “ნიჭების” (სულიერი მოვლენების) დახასიათება და კლასიფიკაცია. ამ მონაცემების საფუძველზე რაციონალური ფსიქოლოგია იწყებს სულის არსის აპრიორულ გამოკვლევას.

      კანტი იმასაც ცდილობდა, რომ გაერკვია ფსიქოლოგიის ადგილი მეცნიერებათა სისტემაში. ფსიქოლოგია მოთავსებულია ფიზიოლოგიაში, როგორც ბუნების შესახებ კრებით სწავლებაში. შესაბამისად, ფიზიოლოგია კონკრეტდება, ერთი მხრივ ფიზიკად, ანუ მეცნიერებად იმ საგნების შესახებ, რომლებიც გარეგან გრძნობაშია მოცემული, და, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიად, რომელიც შეისწავლის იმას, რაზეც შინაგანი გრძნობაა მიმართული, ანუ სულს. ამ მეცნიერებათაგან თითოეული, თავის მხრივ, შეიძლება იყოს რაციონალური ან ემპირიული. კანტთან სხვა სქემასაც ვხვდებით: თეოლოგია - მეცნიერება საგნების პირველსაწყისის შესახებ, კოსმოლოგია - მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და ფსიქოლოგია - მომავლის, ან, უფრო ზუსტად, სულის მომავლის შესახებ. აქედან გამომდინარეობს ამ უკანასკნელის ძირითადი თემაც - სულის უკვდავება. ადვილი შესამჩნევია, რომ ეს სქემა ფსიქოლოგიის მთელ შინაარსს ვერ ფარავს, ვინაიდან სულის უკვდავება რაციონალური ფსიქოლოგიის ექსკლუზიური საკითხია და ემპირიული ფსიქოლოგია ამ სისტემაში ვერ მოიაზრება.

      “კრიტიკულ პერიოდში” კანტის პოზიცია შეიცვალა. ჩამოყალიბდა უაღრესად სკეპტიკური განწყობა ემპირიული ფსიქოლოგიის შესაძლებლობების მიმართ. კანტი აკრიტიკებდა ვოლფს, უარყოფდა მათემატიკის გამოყენების შესაძლებლობას სულის ემპირიული შესწავლის პროცესში და ამით, თავისთავად, უარყოფდა სულიერი მოვლენების გაზომვის იდეას. კანტის უნდობლობას ემპირიული ფსიქოლოგიის მონაცემების მიმართ ისიც აძლიერებდა, რომ ამ უკანასკნელს არ შეუძლია ბუნებისმეტყველების მთავარი იარაღის, ექსპერიმენტის გამოყენება. საქმე ისაა, რომ ვერც საკუთარი თავის და ვერც სხვების შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვენდობით დაკვირვებას, მეცნიერული კვლევის რომელ ფორმაშიც უნდა მიმდინარეობდეს იგი. განუყოფელი და ერთიანი სულის დანაწევრება, მისი ნაწილების შენახვა და შემდეგ შეერთება შეუძლებელია. ამის გარეშე კი სულიერი მოვლენების ექსპერიმენტული შესწავლა, პრინციპში, ვერ განხორციელდება; თავის მხრივ, ინტროსპექციის სირთულე ის არის, რომ შინაგანი დაკვირვება, როგორც ფსიქიკური მოვლენა, ზედ ედება დასაკვირვებელ სულიერ მდგომარეობას და ცვლის მას. ბუნებრიობა ეკარგება სხვა ინდივიდის ქცევასაც, როცა მას აკვირდებიან.

      მიუხედავად იმისა, რომ ემპირიული ფსიქოლოგია, კანტის აზრით, ძალზე არასანდოა და შეზღუდული, ის მაინც შეიძლება განვიხილოთ, როგორც “ისტორიული მოძღვრება” სულის მოვლენების შესახებ, რომელიც ვერ ადის ნამდვილი ბუნებისმეტყველების დონემდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ემპირიული ფსიქოლოგია არის აღწერითი და არა ახსნითი დისციპლინა. ის თავს უყრის და აწესრიგებს გარკვეულ დაკვირვებებს ფსიქიკურ მოვლენებზე, მაგრამ ვერ გვითვალისწინებს მათი წარმოშობისა თუ ფუნქციონირების კანონზომიერებებს.

      ფსიქოლოგიის ასეთი სახე წარმოადგინა კანტმა თავის “ანთროპოლოგიაში” (1798), რომელშიც ზოგი რამ შევიდა წინაკრიტიკული პერიოდის ლექციებიდან ემპირიულ ფსიქოლოგიაში. ეს ნაწარმოები ეხება ადამიანს საზოგადოდ და არა მხოლოდ მის ფსიქიკას, თუმცა ფსიქოლოგია მის საკმაო ნაწილს იკავებს. თანაც, დახასიათებულია არა მხოლოდ ინდივიდის ფსიქიკური წყობა, არამედ ადამიანთა დიდ გაერთიანებათა სხვადასხვა თავისებურებანი, მათ შორის ფსიქიკურიც. ლაპარაკია სქესის, ერისა და რასის დახასიათებაზე. აქ კანტი იშველიებს მრავალი წყაროდან მომდინარე მონაცემებს (ისტორია, ლიტერატურა, მოგზაურთა ჩანაწერები და სხვა).

      რაც შეეხება ინდივიდის ფსიქოლოგიას, აქ მოცემულია არაერთი ზუსტი დაკვირვება და სერიოზული განზოგადება. მათ შორის უნდა აღინიშნოს ზემოთ ნახსენები “სულის ტრიქოტომია”, რომელიც სწორედ კანტის გავლენით გადაიქცა საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციად. კანტი საგანგებოდ განასხვავებს სულის შემეცნებით უნარს მგრძნობელობითი და მისწრაფებითი უნარებისაგან. ფსიქიკური ფენომენი, რომლითაც შემეცნებითი პროცესები ოპერირებენ, წარმოდგენებია. წარმოდგენების ცნობიერებაში შეკავება ყურადღების ფუნქციას უკავშირდება, მაგრამ კანტი არ შემოსაზღვრავს სულიერ სფეროს მხოლოდ ცნობიერი მოვლენებით. წარმოდგენა შეიძლება იყოს იმდენად სუსტი და მკრთალი, რომ, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი დარჩეს სუბიექტისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაცნობიერი განცდები ზეგავლენას არ ახდენენ ჩვენზე: “საკმაოდ ხშირად ბუნდოვანი წარმოდგენები ჩვენით თამაშობენ”. მათი გავლენით ხან მოუფიქრებლად ვმოქმედებით, ხან რაიმეს განვსჯით. ამ კონტექსტში კანტი ერთ პრაგამტულ რჩევას აძლევს მწერლებს: თქვენი იდეები ცოტა ბუნდოვნად წარმოადგინეთ; როცა მკითხველი მათში გაერკვევა და სინათლეს შეიტანს, მას თავისი თავი უფრო ჭკვიანად მოეჩვენება. საზოგადოდ, თუ ჩავუკვირდებით იმას, რაც ვიცით, აღმოვაჩენთ, რომ ბუნდოვანი წარმოდგენები ნათელზე მეტია. კანტის სიტყვებით, ჩვენი გონება უზარმაზარ რუკას ჰგავს, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადგილია განათებული. უნდა აღინიშნოს, რომ კანტის მიერ არაცნობიერის დაშვება, თუნდაც ბუნდოვანი წარმოდგენის სახით, ლაიბნიცის ხაზის გაგრძელებაა. ლოკიდან წამოსული ემპირიული ფსიქოლოგიისთვის ეს ცნება სრულიად მიუღებელი იყო. ამ მხრივ გერმანული ფსიქოლოგია, როგორც ისტორიამ აჩვენა, თავიდანვე უფრო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.

      მიუხედავად ამისა, ნამდვილი ადამიანური აქტივობა შემეცნებისა თუ პრაქტიკის სფეროში, ცნობიერებას და გონიერებას უკავშირდება. ამიტომ კანტი საგანგებოდ გამოკვეთს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ და გააზრებულ ქცევას. ასეთებს შორის უმნიშვნელოვანესია აფექტები და ვნებები. კანტი ამ მოვლენების თავისებურ კლასიფიკაციას გვთავაზობს იმის მიხედვით, თუ რამდენად აფერხებენ ისინი გადაწყვეტილების მიღებას და განხორციელებას. ამ მხრივ ვნებები უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს. “აფექტისაგან ადამიანს მხოლოდ დროებით ეკარგება თავისუფლება და საკუთარი თავის ფლობის უნარი, ვნება კი სრულიად უარს ამბობს მათზე; იგი თავის სიამოვნებასა და დაკმაყოფილებას მონურ სულში პოულობს”.

      ზოგადად მისწრაფებით უნარები კი მოიცავენ სურვილებს, რომელთა სათავე სიამოვნების ობიექტის წარმოდგენაში უნდა ვეძებოთ; მაგრამ სულში, ასეთ სურვილებთან ერთად, არსებობენ აუცილებელი ზნეობრივი მოთხოვნები. ისინი მორალური კანონის გამოვლინებებია. ეს კანონი აპრიორულ ფორმაში მოცემული უპირობო ბრძანებაა, ე.წ. კატეგორიული იმპერატივია, რომელიც ადგენს ყოველგვარი ქცევის ზნეობრივ ქმედებად შეფასების კრიტერიუმს. ნებისყოფა (პრაქტიკული გონება) მორალური კანონის შესრულების უნარს განასახიერებს. ასეთი ნებისყოფა თავისუფალია ყოველგვარი ემპირიული განსაზღვრულობისაგან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მის დახასიათებას რეალურ ფსიქიკურ პროცესად. ნებისყოფისა და თავისუფლების ცნებები იმდენად მჭიდროდ უკავშირდება კანტის მორალურ შეხედულებას (“პრაქტიკული გონების კრიტიკა”), რომ მათ ერთმანეთისაგან ვერ დააშორებ. მხოლოდ თავისუფალ არსებას შეუძლია არ დაექვემდებაროს ბუნებაში მოქმედ მიზეზობრიობის კანონს და, საკუთარი ნებით, იხელმძღვანელოს ზნეობრივი კანონით. აქედან გამომდინარე, ნებისყოფა დეტერმინაციის გარეშე მყოფ ფუნქციად გვევლინება, რომლის შესწავლა მეცნიერების, კერძოდ - ემპირიული ფსიქოლოგიის ფარგლებში შეუძლებელია.

      კანტი ახასიათებს თითქმის ყველა შემეცნებით ფსიქიკური პროცესს. იგი არ ასხვავებს აღქმასა და შეგრძნებას და იფარგლება არისტოტესეული ხუთი შეგრძნების გარჩევით. აქ უფრო საინტერესოა მსჯელობა ზოგადად მგრძნობელობის უნარზე მოქმედ ფაქტორებზე. ზოგი ფაქტორი ამ უნარს აძლიერებს (კონტრასტი, სიახლე, ცვალებადობა), ზოგიც ასუსტებს ან საერთოდ თრგუნავს (სიმთვრალე, ძილი, გულყრა, ასფიქსია). მეხსიერება და წარმოსახვა წარმოდგენის, როგორც საგნის უშუალო ზემოქმედების გარეშე ცნობიერებაში აღმოცენების უნარის გამოვლინებებია. წარმოდგენების დაყოფა ტემპორალური ნიშნით შეიძლება - ზოგი წარმოდგენის შინაარსი წარსულს უკავშირდება, ზოგის - აწმყოს, ზოგისაც - მომავალს. აქ რამდენადმე მნიშვნელოვან სიახლეს ვერ ვხვდებით. მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ კანტმა შედარებით მკაფიოდ გამიჯნა წარმოსახვის ფუნქციის ორი გამოვლინება. პირველია უნებლიე, რეპროდუქტიული წარმოსახვა, რომელსაც ფანტაზიას უწოდებს (მაგ., სიზმარი) და მეორე - ნებელობითი, პროდუქტიული წარმოსახვა, რაც შემოქმედების უნართან არის დაკავშირებული. იგი აგრეთვე მსჯელობს ფანტაზიის მასტიმულირებელ ფიზიკურ ზემოქმედებებზე, სახელდობრ, ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფანტაზიის კონტექსტში განიხილავს იმას, რასაც დღეს ფსიქოლოგიაში ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს უწოდებენ. ეს, პირველ ყოვლისა, სიზმრებს ეხება. ყურადღებას იმსახურებს კანტის მოსაზრება სიზმრის აუცილებლობისა და სარგებლიანობის შესახებ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრების დასაბუთებისას იგი საკმაოდ გულუბრყვილო ფიზიოლოგიური არგუმენტაციით იფარგლება.

      რადგან ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ “ანთროპოლოგიაში” საკმაოდ ვრცელი მასალაა წარმოდგენილი სულიერი აშლილობების შესახებ. ამ თემის სერიოზული დამუშავება სათანადო კლინიკური პრაქტიკის გარეშე ძალზე რთულია. კანტი კაბინეტური მეცნიერი იყო, ამიტომ მისი “ანთროპოლოგიური” მოსაზრებები ფსიქიკური დარღვევების შესახებ ფსიქიატრიისა და ფსიქოპათოლოგიის შემდგომ წინსვლაზე არ აისახა. იგივეს ვერ ვიტყვით ამავე ნაწარმოებში მოცემულ მსჯელობებზე ინდივიდუალური ხასიათის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ნაშრომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირებული ნაწილი იყოს. კანტის გავლენა ქარაქტეროლოგიის განვითარებაზე უეჭველია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ კანტმა მისცა დასრულებული ფორმა ტემპერამენტის კლასიკურ ტიპოლოგიას (იხ. თავი 7.2).

      ასეთია ძალიან მოკლედ კანტის მოსაზრებები ემპირიული ფსიქოლოგიის შესახებ, რომელსაც იგი არასრულყოფილ, მაგრამ მაინც რეალურ მეცნიერებად თვლის. სამაგიეროდ, ე.წ. რაციონალურ ფსიქოლოგიას კანტი მთლიანად უარყოფს. ამ უკანასკნელში მას ესმის მეცნიერება სულის (ცნობიერების) არსისა და უზოგადესი პრინციპების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია კარტეზიანულ დებულებაზე - ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ, - აქედან გამომდინარე ყველა მტკიცებით. ეს მტკიცებები ეხება სულის სუბსტანციურობას, სიმარტივეს, დაუნაწევრებადობას, არამატერიალურობას. კანტის თანახმად, ისინი ლოგიკურ შეცდომებია (ე.წ. პარალოგიზმებია), ვინაიდან არასწორი საფუძვლიდან გამომდინარეობენ. საქმე ისაა, რომ სული (ცნობიერება, ცოგიტო) ზღვრული ცნება და ყოვლეგვარი შემეცნების პირობაა. როგორც ასეთი, ის ემპირიული გამოცდილების მიღმა, ტრანსცედენტალურად არსებობს და ვერ გადაიქცევა მეცნიერული აზროვნების საგნად, რადგანაც ეს უკანასკნელი თვით მას ეფუძნება. “მე ვაზროვნებ” არის რაციონალური ფსიქოლოგიის ერთადერთი დებულება, რომლიდანაც მან უნდა გამოიყვანოს მთელი თავისი სიბრძნე, ამბობს კანტი. მაგრამ, როგორც კი მეცნიერული შემეცნების ეს ლოგიკური პირობა თვით გახდება მეცნიერების საგანი, დაგვჭირდება ამ პირობის ახლიდან მონახვა, რათა შემეცნება შესაძლებელი შეიქმნას. სულიერი ცხოვრების წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ემპირიული დაკვირვების გზით, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რასაც ეს დაკვირვება შეიცავს. დაუკვირვებადზე, ტრანსცენდენტურზე მეცნიერება ვერ იმსჯელებს. სულის სუბსტანციურობა, არამატერიალურობა და სხვა, რაციონალური ფსიქოლოგიის, როგორც კონკრეტული მეცნიერების საქმე არ არის. მის ფარგლებში ეს დებულებები ვერც დამტკიცდება და ვერც მათი უარყოფა მოხდება. ამიტომ, კანტის დასკვნით, რაციონალური ფსიქოლოგია მთელი თავისი შინაარსით უნდა შევიდეს ფილოსოფიაში, სახელდობრ, შემეცნების თეორიაში (“გონების კრიტიკა”), რომელიც ეხება საზოგადოდ ცოდნის წინაპირობებს, ცნობიერების აპრიორულ ფორმებს. ისინი წინ უსწრებენ ყოველგვარ გამოცდილებას, მისგან არ გამომდინარეობენ და მასზე არ დაიყვანებიან.

      თეორიული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, კანტის სისტემაში ყველაზე საინტერესოა მოძღვრება ცნობიერების აპრიორულ ფორმებზე. აპრიორული ფორმები ჩვენი სულის იმთავითვე მოცემული უნარებია. ისინი უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ე.წ. ნოუმენებისაგან, ანუ ცნობიერების მიღმა ობიექტურად არსებული საგნებისაგან (ნივთები თავისთავად) და, მეორე მხრივ, ჩვენი ცნობიერების წარმოდგენებისა თუ განცდებისაგან, რომლებსაც კანტი მოვლენებს უწოდებს. ნოუმენები, რომელთა ობიექტური არსებობის სახე ჩვენთვის ყოველთვის დაფარული დარჩება, მოქმედებს მგრძნობელობაზე და იწვევს შეგრძნებებს. ეს მასალა თავიდანვე გადამუშავდება ცნობიერების აპრიორული ფორმების მიერ და მთელი ჩვენი ცოდნა ამ უნარების მოქმედების შედეგად მიიღება. რამდენადაც შემეცნება აღქმიდან იწყება და აზროვნებით გრძელდება, აპრიორული ფორმები ორივეგან უნდა ვიგულისხმოთ. აღქმის (მგრძნობელობის) აპრიორული ფორმებია სივრცე და დრო. პირველი მხოლოდ გარე მგრძნობელობას ეხება, მეორე - გარესაც და შინაგანსაც (ლოკის მსგავსად, კანტიც ე.წ. შინაგან აღქმაზე ლაპარაკობს, რომელიც მიმართულია ჩვენს საკუთარ სულიერ მდგომარეობებსა და ქცევებზე). ის, რაც არსებობს სივრცეში, არსებობს დროშიც, მაგრამ არა პირიქით. სულიერ მოვლენებს სივრცული მახასიათებლები არ გააჩნია. ამიტომ დრო ყველაფრის, ხოლო სივრცე მხოლოდ ბუნების მოვლენების ჭვრეტის აპრიორული ფორმაა. აქ იგულისხმება სწორედ ჭვრეტის ფორმა, სქემა, “აპრიორული წარმოდგენა” და არა ემპირიულად მოპოვებული წარმოდგენა ან ცნება. ჭვრეტის ამ ფორმების აპრიორულობა იმით მტკიცდება, რომ ისინი ლოგიკურად წინ უსწრებენ მოვლენების წარმოდგენას. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ არავითარი სივრცე და დრო არ არსებობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია სივრცისა და დროის მოაზრება მათში საგნების არსებობის გარეშე. ამდენად, ისინი გამოცდილების პირველადი და აუცილებელი პირობებია. მაგალითად, ჩვენი ცნობიერება თავიდანვე ისე აწესრიგებს სივრცულ გამოცდილებას, რომ სამყარო სამგანზომილებიანი წარმოგვიდგება. მაგრამ, როგორც თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია იტყოდა, ეს მხოლოდ ინფორმაციის ორგანიზაციისა და გადამუშავების პირველი ეტაპია.

      ჭვრეტის აპრიორულ ფორმებში დალაგებული მონაცემების ურთიერთდაკავშირება, კანონზომიერი, აუცილებელი და საყოველთაო კავშირების დადგენა გონების (აზროვნების) მეშვეობით ხდება. ამისთვის გამოიყენება ე.წ. განსჯის აპრიორული ფორმები ან კატეგორიები. ჩვენი გონების მიერ მოვლენები ფასდება, როგორც მიზეზი და შედეგი, ერთიანობა და სიმრავლე, არსებული, შესაძლებელი, აუცილებელი და სხვა. მაგალითად, ადამიანის ცნობიერების წინასწარ მოცემული წყობა სამყაროს ისე წარმოგვიდგენს, რომ ყოველ მოვლენას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი. განსჯის კატეგორიები აწესრიგებენ გამოცდილებას, ახორციელებენ ემპირიულად მიღებული მრავალფეროვანი მასალის, ქაოტური წარმოდგენების სინთეზს. მათი საშუალებით გადამუშავებული მონაცემები იძენენ სტრუქტურას და მნიშვნელობას, ხოლო მეცნიერული ცოდნა - საყოველთაო და აუცილებელ ხასიათს.

      ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ თვით განსჯის ფორმები ან კატეგორიები თანდაყოლილი იდეებია, მზამზარეულ ცოდნაა. კანტის სისტემის ფსიქოლოგიური ანალიზისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ განსჯის - აპრიორულ კატეგორიებში რაიმე ცნებები, შინაარსი კი არ იგულისხმება, არამედ, საზოგადოდ, ადამიანის ცნობიერების მოწყობისა და ფუნქციონირების ფორმა, ცოდნის ორგანიზაციის ხერხი, გონების მასინთეზირებელი მოქმედება. სწორედ ამ აქტივობას უწოდებს კანტი აპერცეფციას. აპერცეფცია ორი სახისაა იმის მიხედვით, თუ რაზეა ის მიმართული - თვითცნობიერებაზე (განაპირობებს ცნობიერების ერთიანობას, რის გარეშე შემეცნება ვერ განხორციელდება), თუ ობიექტზე (განაპირობებს სხვადასხვაგვარი შთაბეჭდილების ერთ ობიექტად გაერთიანებას).

      ფილოსოფიური რეფლექსია აღმოაჩენს, რომ ადამიანის ცნობიერებას გარკვეული სტრუქტურა აქვს და, ასევე, გარკვეული ორგანიზაციით ხასიათდება. სივრცის, დროის, მიზეზობრიობის და სხვა კატეგორიები ჩაშენებულია ფსიქიკის სტრუქტურაში და ისეთნაირად აწესრიგებს მთელს გამოცდილებას, რომ სამყარო მხოლოდ ამ კატეგორიების პრიზმაში გარდატეხილად წარმოგვიდგება. ფსიქოლოგიისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა საკითხი ფსიქიკის ამ სტრუქტურული ფორმების არსებობის წესისა და ბუნების შესახებ. ისინი არ იქმნებიან ფსიქიკური ცხოვრების შედეგად და, როგორც სულის თანდაყოლილი უნარ-თვისებები, შეადგენენ ყოველგვარი გამოცდილების პირობას. კანტის თქმით, მათ ახასიათებთ “ემპირიული რეალობა”, ანუ ისინი ნამდვილად არსებობენ შემმეცნებელ სუბიექტში სხვა წარმოდგენებისა თუ განცდების მსგავსად, თუმცა, ცხადია, არ ცნობიერდებიან და ფსიქიკის სიღრმივ სტრუქტურას ქმნიან. მაგრამ თუ სულიერი განცდები ასე თუ ისე ექვემდებარება მეცნიერულ შესწავლას ემპირიული ფსიქოლოგიის ჩარჩოებში, სულის აპრიორული ფორმების შესახებ მეცნიერება ვერ იარსებებს. ამიტომ რაციონალური ფსიქოლოგია, როგორც კონკრეტული მეცნიერება, შეუძლებელია, თუმცა მისი შინაარსი ძალზე მნიშვნელოვანია და უნდა დამუშავდეს ფილოსოფიის ფარგლებში.

      უკვე აღინიშნა, რომ კანტის როლი ფსიქოლოგიის განვითარებაში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული. კანტს ეშლებოდა, როცა ემპირიულ ფსიქოლოგიას მეთოდური იმპოტენციის დიაგნოზი დაუსვა. კანტის გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეულ წელიწადში, ფსიქოფიზიკისა და ფსიქომეტრიის განვითარებამ დამაჯერებლად აჩვენა, რომ მისი შეფასებები არ იყო მართებული (იხ. თავი 5.2. 5.3. 7.1.). ფსიქოლოგია წარმატებით დაეუფლა ექსპერიმენტსაც, გაზომვასაც და, საზოგადოდ, კვლევის საბუნებისმეტყველო ტექნოლოგიას. კანტის მიერ რაციონალური ფსიქოლოგიის კრიტიკის მართებულობასაც არ მიიჩნევენ სარწმუნოდ. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ “კანტმა სულის ცნებას ის ფუნქციაც წაართვა, რაც აქვს სამყაროს იდეას ბუნების შემეცნების პროცესში. არ არის ნაჩვენები, თუ რატომ არ შეიძლება სულმა ზღვრული ცნების როლი შეასრულოს და სულიერი მოვლენების შეუჩერებელ შემეცნებას საფუძვლად დაედოს” (ა. ბოჭორიშვილი). ასე რომ, ფსიქოლოგიის კანტისეულ კრიტიკას ფსიქოლოგიის სისტემის შენებისთვის პოზიტიური არაფერი გაუკეთებია.

      მეორე მხრივ, ფსიქოლოგიის ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ კანტის მოძღვრება საფუძვლად უდევს მთელ რიგ სერიოზულ ფსიქოლოგიურ კონცეფციას (აღწერითი და გაგებითი ფსიქოლოგია, ვუნდტის სისტემა, ვიურცბურგის სკოლა, გეშტალტფსიქოლოგია). ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ გარკვეულ გავლენებზე შეიძლება იყოს საუბარი და ისიც არაპირდაპირზე, ვინაიდან აღნიშნული კონცეფციები სინამდვილეში ზოგადფსიქოლოგიური კვლევის სისტემებია, ანუ ის, რასაც კანტი ფაქტობრივად უარყოფდა.

      ამავე დროს, კანტმა პირდაპირი გავლენაც მოახდინა ფსიქოლოგიურ და ფსიქოფიზიოლოგიურ კვლევაზე აღქმის სფეროში (ი. მიულერი. ე. ჰერინგი და სხვა). სივრცის აღქმის მიმართ ე.წ. ნატივისტური თვალსაზრისი მჭიდროდ უკავშირდება კანტის მოსაზრებებს აღქმის აპრიორული (თანდაყოლილი) ფორმების შესახებ. იოჰანეს მიულერმა ამ ფორმების ფიზიოლოგიზაცია მოახდინა, და სივრცის კონსტრუირების უნარი თვალის ბადურას მიაწერა (იხ. თავი 5.1). ნატივიზმი, როგორც ცნობილია, სივრცის აღქმას თანდაყოლილ თვისებად მიიჩნევს. ამდენად, იგი შეესაბამება კანტის შეხედულებას. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე ფსიქოლოგიის წარმოდგენებზე სივრცის აღქმის შესახებ. დღეს უკვე ემპირიულად დამტკიცებულად ითვლება, რომ სივრცის აღქმის უნარი ნაწილობრივ თანდაყოლილია და ნაწილობრივ შეძენილი. ორგანზომილებიან სივრცეს, ანუ განფენილობას ადამიანი დაბადებიდან აღიქვამს, ხოლო მესამე განზომილების ანუ სიღრმის აღქმის უნარი თანდათანობით, გამოცდილების კვალდაკვალ ვითარდება. ამრიგად, სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა არ არის აღქმის აპრიორული ფორმა კანტისეული გაგებით, ე.ი. ცნობიერების თანდაყოლილი, გამოცდილებამდელი და უცვლელი სტრუქტურა.

      იგივე ითქმის განსჯის აპრიორული ფორმების ან კატეგორიების მიმართაც. თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მონაცემების მიხედვით, ყოველგვარ გამოცდილებას და ქცევას კოგნიტური სქემები და სტრუქტურები აშუალებს. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ თავის წინამორბედებზე ლაპარაკისას კოგნიტივისტები კანტის სახელს საკმაოდ ხშირად ახსენებენ. თითქმის უდავო ფაქტად არის მიჩნეული, რომ გონებრივი სტრუქტურები აქტიურად გარდაქმნიან გრძნობად გამოცდილებას და იმასაც განსაზღვრავენ, თუ როგორ წარიმართება გარემოსთან ურთიერთობა, ადაპტაციური მოქმედება. ამ აზრით, კოგნიტური სქემები ასტრუქტურებენ მთელ ჩვენს ცოდნას სამყაროს შესახებ. მაგრამ ეს სტრუქტურები აპრიორულ მოცემულობას არ წარმოადგენს, ისინი ცვალებადობენ და ვითარდებიან ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად. გონებრივი განვითარება სულ უფრო სრულყოფილი ინტელექტუალური სქემების თანმიმდევრული ცვალებადობაა. ეს პროცესი დაწვრილებით შეისწავლა ერთ-ერთმა უდიდესმა ფსიქოლოგმა, გენეტიკური ეპისტემოლოგიის ფუძემდებელმა, ჟან პიაჟემ. პიაჟეს მიხედვით, შემეცნებითი სტრუქტურების გენეზისი ონტოგენეზში ოთხ სტადიას გაივლის. თითოეულ სტადიაზე ინტელექტი თვისებრივად სხვადასხვაგვარია, ანუ განსხვავებულია ბავშვის გონებრივი წყობა და, შესაბამისად, მის მიერ შექმნილი სამყაროს სურათიც (იხ. თავი 12.2.). მაშასადამე, ლაპარაკი გონებრივ სტრუქტურებზე, როგორც თანდაყოლილზე (აპრიორულზე) და უცვლელზე, უსაფუძვლოა.

      კანტი გენეზისის საკითხს საერთოდ არ განიხილავდა და განვითარების ფაქტს მხედველობაში არ იღებდა. იგი ამოდიოდა უკვე არსებული მეცნიერული ცოდნიდან და ცდილობდა მისი საფუძვლებისა და წინაპირობების დადგენას. მეცნიერული ცოდნის განვითარებამ გარკვეული ეჭვები წარმოქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნივერსალურია ეს წინაპირობები (ცნობიერების აპრიორული ფორმები). მაგალითად, რა აპრიორული ფორმებით ხელმძღვანელობენ თანამედროვე ქვანტურ ფიზიკაში ან არაევკლიდურ გეომეტრიაში, სადაც სულ სხვა წარმოდგენებია დროზე, სივრცეზე, მიზეზობრიობაზე და ა.შ. ეს საკითხი კანტის შეხედულებათა დღევანდელი მეცნიერების მონაცემებთან შესაბამისობის პრობლემაა და მოცემული ანალიზის ფარგლებს სცილდება, მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ კანტის მიერ დახასიათებული ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები “ემპირიული რეალობის” მქონე “სულის თვისებებია”, მათი ანალიზი გენეტიკური მიდგომის გარეშე დამარწმუნებელი ვერ იქნება.

      საზოგადოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიამ, ერთგვარად, “სამაგიერო” გადაუხადა კანტს მისი ანტიფსიქოლოგისტური პოზიციისთვის. ფსიქოლოგია არა მხოლოდ შედგა, როგორც სრულყოფილი მეცნიერება, არამედ მან წარმატებით, ემპირიულად იკვლია სწორედ ის სფერო, რომლის დახასიათების ექსკლუზიური უფლება კენიგსბერგელმა სწავლულმა თავის შემეცნების თეორიას და, შესაბამისად, გონებაჭვრეტას მიანიჭა. გარდა ამისა, განა ნიშანდობლივი არ არის, რომ კანტი, ერთ-ერთი უდიდესი ანტიფსიქოლოგისტი, ძალზე საფუძვლიანად გაება ფსიქოლოგიზმის ბადეში. მართლაც, შემეცნების წინაპირობები - ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები - ხომ არსებითად ფსიქიკის სტრუქტურებია, სულის უნარებია. აპერცეფციაც, როგორც სულის მასინთეზირებელი უნარი, “არის ადამიანის ფსიქიკის კანონზომიერება, ხოლო ფსიქიკური კანონზომიერებით შემეცნების პროცესის ახსნა ისევ ფსიქოლოგიზმსა და, რადგან ეს კანონზომიერება ადამიანურის კანონზომიერებაა, ანთროპოლოგიზმს წარმოადგენს” (კ. ბაქრაძე).

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია

ტეგები: Qwelly, დიდრო, ემპირია, იმედაძე, კანტი, რაციო, ტეტსენი, ფსიქოლოგია

ნახვა: 3819

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters