ქცევის პოლიმოტივაცია

ქცევა, მოტივაცია, პოლიმოტივაცია, ფსიქოლოგია, იმედაძე, Qwelly, polimoivacia, qceva imedadze, fsiqologia

      ადამიანის ქცევის აღწერა, როგორც ქცევის ზოგადი თეორიის მნიშვნელოვანი მხარე, პირველ ყოვლისა ქცევის სტრუქტურის გარკვევას გულისხმობს. ქცევის შემადგენლობაში შესაძლებელია ორი სტრუქტურული ბლოკის გამოყოფა: გარეგანი სტრუქტურა ანუ ფორმა და შინაგანი სტრუქტურა ანუ შინაარსი. პირველს შეადგენს აქტივობის ის ერთეულები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ქცევა; ესენია: მოქმედებები და ოპერაციები. მეორეში შედის ყველა ის მოვლენა თუ ცვლადი, რომელიც აპირობებს ქცევის აღძვრასა და დინამიზაციას, მის მიმართულებას და მის პიროვნულ მნიშვნელობას ან სუბიექტურ ღირებულებას. მოთხოვნილება პირდაპირ თუ გაშუალებულად ქცევის ყველა ამ ასპექტს უკავშირდება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნილება ქცევის შინაგანი სტრუქტურის, მისი შინაარსის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია. მართლაც, თუ გვსურს ქცევის შინაარსეული დახასიათება, პირველ რიგში სწორედ იმ მოთხოვნილების ძიებას ვიწყებთ, რომელსაც ეს ქცევა აკმაყოფილებს. ამასთან, სავსებით შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ ასეთი მოთხოვნილებები ერთზე მეტია, რომ ქცევას მოთხოვნილებათა გარკვეული სისტემა უკავშირდება. კონკრეტული ქცევის სრულყოფილი აღწერა ამ სისტემის ყველა ელემენტის გამოვლენასა და მათი ურთიერთკავშირის ხასიათის გარკვევას ითვალისწინებს.

      რამდენიმე მოთხოვნილებით ქცევის დეტერმინირებულობის მოვლენა პოლიმოტივაციის სახელწოდებითაა ცნობილი. იგი სავსებით დადასტურებული ფაქტია. სხვადასხვა ქცევების, კერძოდ, შემოქმედების, ინტელექტუალური ქმედების, სპორტის, გართობადასვენების შესწავლამ გამოავლინა მათი პოლიმოტივაციური ბუნება. ემპირიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ქცევის ისეთი წამყვანი ფორმები, როგორიც სწავლა და შრომაა, პრაქტიკულად ყოველთვის პოლიმოტივირებულია. ერთი სიტყვით, პოლიმოტივირებულობა ტიპური ადამიანური ქცევის ძალზე გავრცელებული და, შესაძლოა, უნივერსალური თვისებაა [3][5].

      ამავე დროს აქვე საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ მოცემულ შრომაში პოლიმოტივაციის ფენომენის აღწერის გასამარტივებლად მოთხოვნილებას და მოტივს სინონიმებად ვხმარობდით, მაგრამ პრინციპში ჩვენ მომხრეები ვართ ეს ტერმინები ქცევის სხვადასხვა მხარეებს, სხვადასხვა ფუნქციებს და შესაბამისად, განსხვავებულ მოვლენებს დავუკავშიროთ. ყოველი მოთხოვნილება ცოცხალი ორგანიზმებისთვის დამახასიათებელი თვითაქტივობის პირველადი და ზოგადი უნარის საგნობრივი კონკრეტიზაციაა, რომელიც, როგორც დინამიკური მდგომარეობა, ქცევას აღძრავს და მიმართავს თავის საგანზე. მოტივი ქცევის შინაარსთანაა დაკავშირებული, მის მნიშვნელობას, ღირებულებას გამოხატავს და სუბიექტურად ამართლებს მას. მოტივი, როგორც ქცევის საერთო სუბიექტური ღირებულება, კონკრეტული ქცევის ყველა ასპექტის (მათ შორის მოთხოვნილებისეულის) შეფასებით იქმნება და ქცევას სრულად შეესატყვისება. გადაწყვეტილება ამ ქცევის სუბიექტური ღირებულების ანუ მოტივის საფუძველზე გამოიტანება, ე.ი. ყველა ქცევას ერთი მოტივი აქვს. რამდენი მოტივიცაა იმდენივეა ქცევა. დაწვრილებით ეს თვალსაზრისი სხვაგან გვაქვს დასაბუთებული[8] [7]. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ერთი ქცევის რამდენიმე მოთხოვნილებით აღძვრის მოვლენის ქვემოთ მოყვანილ დახასიათებას, რომელიც პოლიმოტივაციის ფენომენის სახელით იქნება აღნიშნული, პოლიმოთხოვნილებისეულობის ტერმინი უფრო შეესაბამება. აქ ჩვენ მხოლოდ ფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ ტრადიციას ვუწევთ ანგარიშს. მაგრამ ამავე ნაშრომის მეორე ნახევარში ისეთ ქცევით რეალობასაც შევეხებით, რომელსაც ტერმინი პოლიმოტივაცია ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს: რამდენიმე ერთდროულად მომქმედი მოტივი, ანუ ორი და მეტი სიმულტანურად განხორციელებული ქცევა, რომელსაც თავისი მოტივი აქვს.

      საზოგადოდ, პოლიმოტივაციის მოვლენა არსებითად აიხსნება პიროვნების მრავალგანზომილებიანობით; იმით, რომ ადამიანი სხვადასხვა მიმართებით უკავშირდება სინამდვილეს და აქვს მოთხოვნილებათა მდიდარი და რთული სისტემა. ამ სისტემის ბევრი წევრი მეტ-ნაკლებად აქტუალურ მდგომარეობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, ცალკე ქცევის პოლიმოტივირება სავსებით ბუნებრივია და გასაგები, ვინაიდან ცხადია, რომ თუ არსებობს სიტუაციური და ოპერაციული შესაძლებლობები, სუბიექტი ყოველი მოცემული ქცევის შემთხვევაში შეეცდება, დააკავშიროს იგი რაც შეიძლება მეტ მოთხოვნილებასთან. ხშირად ეს გაუცნობიერებლადაც ხდება. პოლიმოტივირებული ქცევა მოტივაციის თვალსაზრისით მაქსიმალურად ოპტიმალური ქცევაა.

      პოლიმოტივაციის მოვლენის გააზრება შესაძლებელია მხოლოდ ისეთი თეორიული მოდელების ფარგლებში, რომლებშიც პიროვნების მოტივაციური სფერო მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან მოთხოვნილებათა სახითაა წარმოდგენილი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იძენს აზრს და მნიშვნელობას საკითხი ერთ ქცევაში მოთხოვნილებათა თანამონაწილების შესახებ. მაგალითად, ფსიქოანალიზის მოტივაციურ კონცეფციაში ასეთი საკითხი არ დადგება. პიროვნების მოტივაციური სფეროს მრავალფეროვნების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ანალიზი ჰ. მიურეის ეკუთვნის [17]. მან წინ წამოსწია მოთხოვნილებათა ურთიერთმიმართების საკითხი და მის კონტექსტში პოლიმოტივაციის მოვლენასაც შეეხო.

      მიურეიმ გამოკვეთა აქტუალური მოთხოვნილებების ურთიერთმოქმედების ოთხი სახე: გაბატონება, კონფლიქტი, შერწყმა და დაქვემდებარება. გაბატონების შემთხვევასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ერთ-ერთი მოთხოვნილება ინტენსიობის ისეთ დონეს აღწევს, რომ მისი დაკმაყოფილების გადადება შეუძლებელი ხდება (მაგ., ტკივილი, შიმშილი, წყურვილი და სხვა). მისი მინიმალური დაკმაყოფილება აუცილებელი პირობაა სხვა, ერთდროულად მოცემული მოთხოვნილებების აქტივობაში გამოსავლენად.

      მოთხოვნილებები კონფლიქტურ მდგომარეობაშია, როდესაც დაახლოებით თანაბარი ინტენსივობის ორი ან მეტი მოტივაციური ძალა მოითხოვს აქტივობის წარმართვას სხვადასხვა მიმართულებით. მოთხოვნილებათა შორის კონფლიქტი მათი დაკმაყოფილების პრიორიტეტს ეხება და იგი გაბატონების წინა ვითარებაა.

      იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ქცევის ფარგლებში კმაყოფილდება რამდენიმე მოთხოვნილება, ლაპარაკია მოთხოვნილებათა შერწყმაზე. და ბოლოს, თუ ერთი მოთხოვნილება ემსახურება მეორის დაკმაყოფილებას, ხელს უწყობს მის რეალიზაციას, უნდა ვილაპარაკოთ ერთი მოთხოვნილების მიერ მეორის დაქვემდებარების შესახებ. ძნელი დასანახი არ არის, რომ მოთხოვნილებათა ურთიერთქმედების ეს ოთხივე ვარიანტი არ ქმნის ქცევის პოლიმოტივაციის მოვლენას. ე. წ. გაბატონება პოლიმოტივაციის საპირისპირო – მონომოტივირების ფენომენის გამოვლინებაა. ამ შემთხვევაში ერთი მოთხოვნილება მთლიანად ეუფლება ქცევას და დანარჩენებს რაიმე სახის რეალიზაციის საშუალებას უსპობს.

      კონფლიქტიც არ არის პოლიმოტივაცია. აქ მოთხოვნილებები ერთ ქცევაში კი არ ერთიანდება, არამედ განსხვავებული, უფრო მეტიც, ურთიერთდაპირისპირებული ქცევების წყაროებია. ხოლო ე. წ. შერწყმა მთლიანად თავსდება პოლიმოტივაციის ჩარჩოებში, თუმცა კონფლიქტისა არ იყოს, არც შერწყმა გულისხმობს მოთხოვნილებათა შორის სრულ ჰარმონიას. საზოგადოდ ტერმინი «შერწყმა» ერთგვარ უხერხულობას ქმნის, რადგან გულისხმობს ელემენტების ისეთ გაერთიანებას, რომელშიც მათ ეკარგება ინდივიდუალობა და იქმნება ახალი თვისებრიობა (მაგ., ფერების შერწყმა). მოთხოვნილებები კი თავისი გამოკვეთილი საგნობრივი მიმართულობის გამო არ ითქვიფება ერთმანეთში, მათი კონტაქტი არ გვაძლევს ერთ ახალ მოთხოვნილებას. ამიტომ უმჯობესია ვილაპარაკოთ არა შერწყმაზე, არამედ პოლიმოტივაციაზე, რომელშიც მოთხოვნილებები ისეთ სისტემას ქმნის, რომლის ყველა ერთეული თავის სახეს ინარჩუნებს. ქცევის პოლიმოტივირებისას მოთხოვნილებებს შორის საკმაოდ რთული მიმართებები წამოიქმნება იმის მიხედვით, თუ რა სახის მოთხოვნილებები თანამოქმედებს, როგორია თითოეულის ძალა, ქცევასთან კავშირის ხასიათი და სხვა. აქედან გამომდინარე, ქცევის პოლიმოტივაციური სისტემა ყოველთვის გარკვეულად იერარქიზირებულია, რაც კიდეც აისახება მოთხოვნილებათა დაქვემდებარებულობის მიურეისეული ცნებით.

      წამყვანი ან დაქვემდებარებული პოზიცია შეიძლება სრულიად განსხვავებული სახის მოთხოვნილებებს ეკავოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორია ამ მოთხოვნილების კავშირი ქცევასთან. მაგალითად, შინაგანია იგი თუ გარეგანი. პირველ შემთხვევაში მოთხოვნილებები პირდაპირაა დაკავშირებული ქცევის პროცესთან ან მის შედეგთან, მეორეში – არა. როდესაც მოწაფე სწავლობს იმიტომ, რომ მას აინტერესებს ასათვისებელი საგანი, ან საკუთარ შესაძლებლობათა განვითარების მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, მაშინ სწავლის ქცევა შინაგანადაა მოტივირებული. ხოლო როდესაც სწავლა სხვა მიზნებს ემსახურება, ან უბრალოდ დასჯის შიშით წარიმართება, მაშინ იგი გარეგანი მოტივაციითაა აღძრული. უფრო ხშირად კი ქცევის მოტივაციის ეს ორი წყარო თანაარსებობს.

      ის, თუ რა ხდება ასეთ დროს, ემპირიული შესწავლის საგანი გახდა. სამწუხაროდ, ექსპერიმენტული კვლევის შედეგები არ გვაძლევს ერთმნიშვნელოვან სურათს. ზოგი მონაცემი თითქოს ადასტურებს, რომ გარეგანი მოტივაციის ჩართვა ქცევაში ასუსტებს შინაგან მოტივაციას. აქედან ზოგჯერ რადიკალური დასკვნები კეთდება ამ მოტივაციური ტენდენციების პრინციპული შეუთავსებლობის, მათი შეჯამების, ან ერთი ქცევის ფარგლებში მათი რაიმე პოზიტიური ურთიერთქმედების შეუძლებლობის შესახებ [8][14]. მაგრამ არსებობს ისეთი მონაცემებიც, რომელთა მიხედვით ქცევაში გარეგანი მოტივაციის ჩართვა არ ასუსტებს, ზოგჯერ კი აძლიერებს კიდეც შინაგან მოტივაციას. არსებობს მითითება იმაზე, რომ ამგვარი ეფექტები ნაწინასწარმეტყველევია ოლპორტისა და ვუდვორთის მოდელებში. განაზოგადებს რა ამ მიმართულებით წარმოებულ კვლევებს, ჰ. ჰეკჰაუზენი აღნიშნავს, რომ მონაცემები შინაგანი და გარეგანი მოტივების ურთიერთგავლენის შესახებ მიღებულია ისეთ ექსპერიმენტულ სიტუაციებში, რომლებშიც ქცევა ან ჭარბად, ან არასაკმარისადაა მოტივირებული [12]. ეს წარმოშობს შემასუსტებელ ეფექტებს და აქედან გამომდინარე, გარკვეულ მოსაზრებებს შინაგანი და გარეგანი მოტივაციის შეუსატყვისობის შესახებ. მაგრამ საფიქრებელია, რომ მოტივაციის ნორმალური დონის პირობებში ერთიანი მოტივაციური სისტემის ამ კომპონენტების ურთიერთმიმართება სხვაგვარი იქნება. აქ შესაძლებელია მოველოდეთ შეჯამების ეფექტებს, რადგან ქცევა იშვიათადაა მოტივირებული მხოლოდ შინაგანი ან მხოლოდ გარეგანი მოტივით. მოთხოვნილებათა ურთიერთქმედების სწორედ ასეთ ვარიანტს ითვალისწინებს ე.წ. მოტივაციის ინსტრუმენტალური მოდელები, რომელთა მიხედვით ქცევის შედეგის საერთო ვალენტობა (ე.ი. მისი სუბიექტური მიმზიდველობა) არის კერძო ვალენტობათა ჯამი (ე.ი. იმ შედეგებისა, რომლებიც მოჰყვება ქცევას მის მიერ სხვადასხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების თვალსაზრისით)[16][20].

      საზოგადოდ პოლიმოტივაციის მოვლენა ემპირიულად ძალზე ცუდად არის შესწავლილი. ეს ვითარება იმის შედეგია, რომ თეორიულ პლანში ჯერჯერობით არ არის სათანადოდ აღწერილი, სისტემატიზებული და გააზრებული ამ ფენომენის გამოვლინებათა მთელი სპექტრი. ისევ შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ურთიერთქმედების ეფექტებს რომ დავუბრუნდეთ, მათი არსებითი განხილვა მხოლოდ ქცევისა და მოთხოვნილების ურთიერთმიმართების უფრო ფართო თეორიულ კონტექსტში უნდა მოხდეს. ეს საკითხი კი სრულებითაც არაა გარკვეული. ქცევის ზოგიერთი აღწერითი მოდელი მათი სრული ურთიერთშესატყვისობის პრინციპს ეფუძნება – როგორიცაა მოთხოვნილება, ისეთია ქცევა და პირიქით. ქცევის ფორმები მათთვის სპეციფიკური მოთხოვნილების მიხედვით გამოიყოფა. ამ პრინციპის მკაცრ დაცვას ლოგიკურად შორსმიმავალი თეორიული დასკვნები მოჰყვება, მათ შორის ის, რომ ქცევა შეიძლება მხოლოდ შინაგანად მოტივირებული იყოს. მაგრამ ქცევის ასეთი აღწერა არც ემპირიულ ვითარებას შეესაბამება და არც თეორიას მატებს დამარწმუნებლობას.

      ქცევის ბუნება, რა თქმა უნდა, გაპირობებულია მისი საფუძველმდებარე მოთხოვნილებებით. მაგრამ ქცევის კონკრეტული ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია არა მხოლოდ მოტივაციური, არამედ სიტუაციური და ინსტრუმენტული ფაქტორებითაც. გარდა ამისა, ქცევასთან შესატყვისობის თვალსაზრისით თვით მოთხოვნილებებიც ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ვიტალურ მოთხოვნილებებს, როგორც წესი, საკუთარი ქცევითი პატერნი აქვს. მაგალითად, შიმშილი საკვების მოპოვების, მომზადების და მიღების მეტ-ნაკლებად განსაზღვრულ აქტივობას უკავშირდება. მაგრამ მრავალ მოთხოვნილებაზე საზოგადოდ არცაა «მიმაგრებული» შესატყვისი ქცევის ფორმა. კავშირი მათსა და ქცევას შორის არ არის ისეთივე ბუნებრივი და ერთმნიშვნელოვანი, როგორც ეს ვიტალურ მოთხოვნილებათა შემთხვევაშია. ისინი რეალიზდებიან სხვადასხვაგვარ ქცევებში. მაგალითად, წარმატების მიღწევის მოთხოვნილება კმაყოფილდება წარმატების მიღწევით ერთმანეთისაგან განსხვავებულ ქცევებში. იგი არ აყალიბებს «წარმატების მიღწევის» დამოუკიდებელ ქცევას. ასეთივე ბუნებას ავლენს სხვა ტიპური ადამიანური მოთხოვნილებები: პრესტიჟის, აფილაციის, დომინირების, ძალაუფლების, სიცოცხლის საზრისის ძიების, თვითაქტუალიზაციის და სხვა. პრესტიჟის მოთხოვნილება შეიძლება მრავალი სახის სოციალური აქტივობით დაკმაყოფილდეს, თვითაქტუალიზაცია კი სხვადასხვა მიზნის მიღწევის პროცესში ხორციელდება. ამგვარი, ჭეშმარიტად ადამიანური მოთხოვნილებები არის პიროვნების ძირეული და მუდმივმოქმედი ტენდენციები, რომლებიც განუწყვეტლად რეალიზდებიან ხან ერთ, ხან მეორე ქცევაში. ამიტომ ისინი, როგორც წესი, თანაარსებობენ სხვადასხვა მოთხოვნილებებთან და მათთან ერთად ქმნიან კონკრეტული ქცევის აღმძვრელების რთულ ანსამბლებს.

      მოკლედ შევჩერდეთ მოთხოვნილებათა თანაქმედების რამდენიმე შემთხვევაზე. ხშირად ერთი მოთხონილების აქტუალიზაცია აჩენს სხვა მოთხოვნილებას, რის მერეც ისინი ერთდროულად მოქმედებენ ერთი ქცევის ფარგლებში. ეს ხდება მაშინ, როცა ერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაცია შეიცავს სხვა მოთხოვნილების მასტიმულირებელ მომენტებს. ეს უფრო ხშირად უკავშირდება პირველი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებებს; ხოლო მათ მიერ სტიმულირებული მოთხოვნილებები საწყის მოთხოვნილებასთან პარალელურად მოქმედებს და საერთო ძალით აღძრავს ქცევას.

      ცივილიზებულ ადამიანს არა მხოლოდ კვების მოთხოვნილება აქვს, არამედ ისეთი მოთხოვნილებაც, რომელიც დაკავშირებულია საკვების მიღების ხერხებთან, იმ აქსესუარებთან, საშუალებებთან თუ რიტუალებთან, რომლებიც, როგორც კულტურული ნორმები, არეგულირებენ საკვების მიღების პროცესს. ასეთი მოთხოვნილება აღზრდის პროცესში ფორმირდება და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შესაბამისი ქცევის განხორციელებას და სუბიექტურ ღირებულებას. ნორმალურ, ჩვეულებრივ პირობებში იგი თავისთავად კმაყოფილდება და მკაფიოდ არც განიცდება, როგორც კვებით მოთხოვნილებასთან შეწყვილებული ქცევის განსაკუთრებული ფორმა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი მუდმივად მოქმედებს და ეს შესამჩნევი ხდება მაშინვე, როგორც კი ქცევის სიტუაციაში ამ მოთხოვნილების შეფერხება იწყება. მაშინ იგი დაუყოვნებლივ ამოდის ცნობიერების სფეროში როგორც ფაქტორი, რომელიც დაჟინებით მოითხოვს სუბიექტისაგან თავისი დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ზომების მიღებას და, მაშასადამე, შესაბამისი ქცევის შეცვლას.

      არსებობს მრავალი მოთხოვნილება, რომელთა დაკმაყოფილება მიმდინარეობს სხვა მოთხოვნილებათა ფონზე. მათ მიეკუთვნება ზემოთ აღნიშნული სოციალურ-პიროვნული მოთხოვნილებები. ესაა პიროვნების მუდმივმოქმედი აღმძვრელები, რომელთა რეალიზაცია სხვადასხვაგვარ ქცევაში და, მაშასადამე, სხვადასხვა მოთხოვნილებებთან ერთად ხდება. ხშირია შემთხვევა, როცა სხვა მოთხოვნილებებს შემეცნებითი მოთხოვნილებები უკავშირდება. ისინი სიტუაციურად აღმოცენდებიან პრაქტიკული ქცევის განხორციელების პროცესში და გარკვეულად ურთიერთქმედებენ შესაბამის მოთხოვნილებებთან. მაგრამ პოლიმოტივაციის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს, ალბათ ის შემთხვევები ქმნის, როდესაც ქცევას ერთდროულად ე. წ. ფუნქციონალური და სუბსტანციური მოთხოვნილებები აღძრავს. ფუნქციონალური მოთხოვნილებები საკუთრივ აქტივობის პროცესით, ფუნქციონირებით კმაყოფილდება, სუბსტანციური კი საგნებითა და მოვლენებით [11]. ყოველი მეტ-ნაკლებად გაშლილი ქცევის განხორციელებაში განსხვავებული ფსიქოფიზიკური ფუნქციები მონაწილეობს. ყველა მათგანს პროცესუალური მხარე და შესაბამისი ფუნქციობის ტენდენცია აქვს. ამიტომ ამა თუ იმ ქცევის სუბსტანციურ მოტივაციას, როგორც წესი, ახლავს და ზურგს უმაგრებს მეტ-ნაკლები ძალის ფუნქციონალური მოტივაცია.

      პრინციპულად პოლიმოტივირებულ ქცევებად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი კოლექტიური სახის ქცევები, რომლებიც სხვა ამოცანებთან ერთად ადამიანური ურთიერთობის აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც გულისხმობენ. პოლიმოტივირებულ ქცევათა ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე გართობასთან, დასვენებასთან, სხვადასხვა გატაცებებთან დაკავშირებული მრავალი ქცევა. მაგალითად, თუ სოკოს კრეფას ან სპორტულ ნადირობას თავისებურ ქცევებად განვიხილავთ, ისინი პრინციპულად პოლიმოტივირებულებად უნდა მივიჩნიოთ, რადგანაც რამდენიმე მოთხოვნილების ერთდროულ დაკმაყოფილებას გულისხმობენ (მათ შორის ფუნქციონალურ-სამოძრაო მოთხოვნიელების, ბუნებასთან ურთიერთობის მოთხოვნილების, მოსაპოვებელი პროდუქტის ღირებულებასთან დაკავშირებული მოთხოვნილების და სხვა). ამგვარი ქცევების მოტივაციურ სისტემაში შემავალ ყოველ მოთხოვნილებას საკუთარი წვლილი შეაქვს იმაში, რომ ქცევის ამ ფორმებს საკუთარი სახე აქვს. თითოეულ ამ მოთხოვნილებას შეუძლია აქტივობის დამოუკიდებელად მოტივირება, მაგრამ მაშინ ეს აქტივობა სულ სხვა ქცევის ფორმად გადაიქცევა. მაგრამ თუ ცალკეული მოთხოვნილება სხვა მოთხოვნილებასთან თანამოქმედებს, იგი გარკვეული ქცევების სპეციფიკურ მოტივაციურ საფუძველს ქმნის. თუ აქტივობა მოტივირებულია მხოლოდ ნანადირევის ღირებულებასთან დაკავშირებული მოტივით, იგი გადაიქცევა ეგერის შრომით ქცევად; ხოლო აქტივობა, რომლის აღძვრაში მხოლოდ მოძრაობის ფუნქციონალური მოთხოვნილება მონაწილეობს, უბრალო სეირნობის სახეს მიიღებს.

      მხოლოდ მათი თანამოქმედება გვაძლევს ისეთი ქცევის სახეს, როგორიცაა სპორტული ნადირობა.

      მოტივაცია არის პროცესი, რომელსაც გარკვეული დინამიკა აქვს. მასში ხშირია მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები, რომლებიც, პირველ რიგში, შეეხება მოთხოვნილებებს, ანუ მოტივაციის პროცესის საწყისს. ეს ვითარება უშუალოდ აისახება როგორც ქცევის დინამიზაციაზე (ენერგეტიკული ასპექტი), ისე მის სუბიექტურ ღირებულებაზე (სემანტიკური ასპექტი). ეს უკანასკნელი მეტად მგრძნობიარეა იმ ცვლილებათა მიმართ, რომლებიც ქცევის მოთხოვნილებისეულ საფუძველში ხდება[9].

      აქამდე მსჯელობა ეხებოდა პოლიმოტივაციას, როგორც ერთი ქცევის რამდენიმე მოთხონილებით მოტივირების მოვლენას. იგი მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს იმ ვითარებისაგან, როცა ადამიანი რამდენიმე ქცევას ახორციელებს ერთდროულად. გარკვეული აზრით, ესეც პოლიმოტივაციაა, რადგან დროის ერთ მომენტში აქაც რამდენიმე მოთხოვნილებაა აქტუალიზებული. მაგრამ ამ შემთხვევაში მათი დაკმაყოფილება სხვადასხვა ქცევის ფარგლებში მიმდინარეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ქცევები, თავის მხრივ, შეიძლება პოლიმოტივირებული იყოს, ვითარება საკმაოდ გართულდება. მაგრამ ესაა რეალობა, რომლის გათვალისწინების გარეშე ქცევის სრულფასოვანი აღწერითი მოდელი ვერ შეიქმნება. მართლაც, ცხოვრების ერთ ნაკვეთურში ადამიანი, როგორც წესი, ერთზე მეტი ქცევის სივრცეში იმყოფება. ამრიგად, პოლიმოტივაციის ფენომენის ანალიზი ახლა უკვე ერთი ქცევის ფარგლებს სცილდება და ახალ რეალობასთან – ერთდროულად მიმდინარე ქცევების იერარქიულ ორგანიზაციასთან მიდის. როგორც დასაწყისშივე ითქვა ჩვენი თვალსაზრისის მიხედვით, რომელიც მიჯნავს მოთხოვნილებისა და მოტივის ცნებებს, პოლომოტივაციის ტერმინის გამოყენება სწორედ ამ რეალობის მიმართაა უპრიანი.

      საკითხი, თუ რა სახის ურთიერთმიმართებები წარმოიქმნება ქცევებს შორის, ფრიად საყურადღებოა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. მაგრამ ეს თითქმის სრულებით შეუსწავლელია. ქცევის ფსიქოლოგიის სფეროში სულ რამდენიმე თეორიული ნაშრომი მოიპოვება, სადაც აღწერილია ქცევათა ურთიერთკავშირის გარკვეული პატერნები და ნაცადია იმ ფსიქოლოგიური მექანიზმების გააზრება, რომლებიც აქტივობის ასეთი რთული ფორმების განხორციელების შესაძლებლობას ქმნიან [9][10][13][17].

      ხოლო საკითხის ექსპერიმენტული შესწავლის კუთხით მხოლოდ ყურადღების განაწილების სფეროში შესრულებული კვლევის აღნიშვნა შეიძლება. იგი, არსებითად, მხოლოდ იმას ეხება, თუ როგორი მოქმედებებისა და ოპერაციების ერთდროული შესრულებაა შესაძლებელი. ეს ქცევების ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ქცევების «სიმულტანური კვანძების» წარმოქმნის ერთ-ერთი პირობა მათი ოპერაციული ურთიერთშესატყვისობაა.

      იგულისხმება ის, თუ რამდენად მოიცავს ერთდროული ქცევები იდენტურ ან არაურთიერთგამომრიცხავ და «ინსტრუმენტალურად» თავსებად მოქმედებებსა და ოპერაციებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქცევათა აქტუალური ურთიერთქმედების პრობლემა არ დაიყვანება ყურადღების დისტრიბუციის პრობლემაზე, ყოველ შემთხვევაში იმ სახით, რა სახითაც ეს ზოგად ფსიქოლოგიაშია წარმოდგენილი. საქმე ისაა, რომ ასეთი ქცევების განხორციელება «საკუთრივ ყურადღების განაწილებას არ მოითხოვს, თუმცა უეჭველად გულისხმობს პიროვნების წარმართვას სხვადასხვა მიმართულებით, რადგან თითოეულ საქმეს ადამიანის ძალების სათანადო მიმართულებით მობილიზაცია ესაჭიროება» [1; 261]. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქცევათა თავსებადობისა და ურთიერთდაქვემდებარებულობის პიროვნული ან საზრისულ-ღირებულებითი ასპექტი.

      ყოველ სიმულტანურ ქცევას საკუთარი შინაგანი სტურქტურა აქვს. მასში შედის ყველა ის ფსიქოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც განაპირობებს ქცევის დინამიზაციას, სემანტიზაციას და ინტენციონალობას. ესენია – მოთხოვნილება, მოტივი, მიზანი, გეგმა.

      ქცევის გარეგანი სტრუქტურა, ქცევის ფორმა, როგორც დასაწყისში აღინიშნა, ქცევის საშემსრულებლო მხარეს ეხება და მოქმედებებისა და ოპერაციებისაგან შედგება. გარეგანი სტრუქტურის მიხედვით სიმულტანური ქცევების ორი ვარიანტი შეიძლება იქნეს გამოყოფილი: შეთავსებული და ჩართული. შეთავსებული ქცევების შემთხვევაში მოქმედებებისა და ოპერაციების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს. მათ «მომსახურებითი» ხასიათი აქვს და ერთნაირად ესაჭიროებიან თითოეულ ამ ქცევათაგანს. სამაგიეროდ, ის «მარეალიზირებელი», «დამამთავრებელი» მოქმედებები და ოპერაციები, რომლებიც უშუალოდ გადიან ქცევის საბოლოო მიზანზე, მათ განსხვავებული აქვთ. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ისინი კონკრეტულ ქცევებთან სპეციფიკურად არიან დაკავშირებულნი.

      ნათქვამის საილუსტრაციოდ გავაანალიზოთ დ. უზნაძის მიერ აღწერილი სავსებით ცხოვრებისეული სიტუაცია: მეცნიერის წინაშე დილემაა – წავიდეს საინტერესო კონცერტზე, თუ სახლში დარჩეს და იმუშაოს ხელნაწერზე. იგი ყოყმანებს. ამასობაში ტელეფონით ატყობინებენ, რომ კონცერტზე იქნება პიროვნება, რომელთანაც სასწრაფო შეხვედრა მას უსათუოდ სჭირდება. ამ ვითარებაში ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს კონცერტზე საქმიანი შეხვედრისთვის. ცხადია, რადგან სამუშაოს მაინც მოსცდა, იგი გამოიყენებს შესაძლებლობას და კონცერტსაც მოუსმენს. ამრიგად, მიღებული გადაწყვეტილების რეალური ფსიქოლოგიური აზრი ამ შემთხვევაში ორი «შეთავსებული» ქცევის განხორციელებაშია. ფსიქოლოგიურად აქტივობის შინაარსის (შინაგანი სტრუქტურის) თვალსაზრისით, ეს სრულიად განსხვავებული ქცევებია. მაგრამ მათი ფორმა (გარეგანი სტრუქტურა) გარკვეულ დრომდე ერთი და იმავე მოქმედებების და ოპერაციებისაგან იქნება შემდგარი (ესაა მომზადება სახლიდან გარეთ გამოსასვლელად, ბილეთების შეძენა და ა. შ.). ამავე დროს ამ ქცევების გარეგანი სტრუქტურის სრული დამთხვევა ვერასოდეს მოხდება, ვინაიდან ნათელია, რომ ნაცნობთან ურთიერთობის აქტები არსებითად განსხვავდება კონცერტის აღქმასთან, ესთეტიკურ ტკბობასთან დაკავშირებული აქტივობისაგან.

      ჩართულია ისეთი ქცევები, რომელთაგანაც თითოეულს აქვს საკუთარი გარეგანი სტრუქტურა (ფორმა). ასეთი რამ ხდება მაშინ, როდესაც ერთი ქცევის მიმდინარეობის პროცესში სუბიექტს უჩნდება სხვა მიზნებისა და მოტივების რეალიზაციის შესაძლებლობა. ამგვარი ვითარება შეიძლება ორი მიზეზით იყოს გაპირობებული. ერთი, როცა ძირითადი ქცევის მსვლელობაში დროებით დგება შედარებითი უმოქმედობის პერიოდი; მეორე, როცა წამყვანი ქცევის მიზნის მიღწევა შესაძლებელი ხდება მოქმედებებისა და ოპერაციების შეზღუდული რაოდენობის მეშვეობით. ეს ათავისუფლებს ფუნქციების ნაწილს და ისინი სხვა ქცევის რეალიზაციაში ერთვებიან.

      ისევ აღწერილი მაგალითი გამოვიყენოთ და წარმოვიდგინოთ, რომ კონცერტზე მიმავალ ადამიანს გზაში ხვდება კოლეგა, ისინი იწყებენ კამათს ორივესთვის საინტერესო მეცნიერული პრობლემის გარშემო. ერთ-ერთი მათგანი თავისდაუნებურად იწყებს სიგარეტის მოწევას. აქტივობის ამ აღწერაში ადვილად შევამჩნევთ მოქმედებებისა და ოპერაციების პარალელურად მიმდინარე რამდენიმე ჯაჭვს, რომლებიც განსხვავებულ ქცევით სისტემებში არიან ჩართული. კონცერტზე წასვლის, მეცნიერული კამათის, სიგარეტის მოწევის სიმულტანური ქცევების გარეგან სტრუქტურებში საერთო ელემენტების მონახვა თითქმის შეუძლებელია. იგივე ითქმის მათ შინაგან სტრუქტურაზეც. მაშასადამე, ეს მართლაც ქცევის ცალკე შემთხვევებია, რომლებიც ქცევის განსხვავებულ სახეობებს მიეკუთვნებიან. მიუხედავად ამისა, ისინი აშკარად ურთიერთჩართულნი და გარკვეულად ურთიერთდაქვემდებარებულნიც არიან. ყოველივე ეს არსებითად განასხვავებს მოცემულ ქცევით რეალობას იმისაგან, რაც ზემოთ ცალკეული ქცევის პოლიმოტივირების სახით იქნა წარმოდგენილი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთ ქცევასთან თავისი გარეგანი და შინაგანი სტრუქტურით, ფორმით და შინაარსით. მისი ფორმა შედგება ერთმანეთის მიმართ ჰომოგენური მოქმედებებისა და ოპერაციებისაგან. ამ სტრუქტურის თითოეული ელემენტი საბოლოო მიზნისა და ქცევითი ამოცანის საერთო ლოგიკითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. აქვს რა აღძვრის რამდენიმე წყარო, ასეთი ქცევა მიმართულია გარკვეულ კონკრეტულ შედეგზე, რომელსაც, ასე თუ ისე, უკავშირდება პოლიმოტივაციური სისტემის თითოეული მოთხოვნილება. აქ მთავარი ისაა, რომ სისტემის არც ერთი წევრი არ აკეთებს საკუთარი საშემსრულებლო სტრუქტურებით უზრუნველყოფილი, დამოუკიდებელი ინტენციური ხაზის (ანუ ქცევის) ორგანიზაციას. ასეთი აქტივობის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი გარკვეული ქცევითი ამოცანის გადაწყვეტისათვის აუცილებელი მოქმედებები და ოპერაციები შედის.

      როცა ადამიანი რაიმე საქმეს აკეთებს, ვთქვათ, შრომობს ან სწავლობს, იგი ასრულებს კონკრეტულ ქცევით ამოცანას. ეს საკმაოდ ხშირად რამდენიმე მისწრაფებისა თუ ინტერესის საფუძველზე ხორციელდება. ამ ქცევითი ამოცანის შესრულება მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს ყოველ მათგანს, რის გამოც აქტივობა მრავალფეროვანი მოტივაციური შინაარსის მატარებელი ხდება. სწორედ ესაა ერთი ქცევის პოლიმოტივირების ფენომენი.

      პოლიმოტივაცია და ქცევათა ერთდროული განხორციელება გავრცელებული მოვლენებია. ამიტომ მათი აღწერა-დახასიათება მნიშვნელოვანი კვლევით ამოცანაა. მოვლენის შესწავლის შემდეგ დონეზე საჭიროა აღწერილი ფაქტიური ვითარების გაანალიზება ქცევის ახსნითი მოდელის ფარგლებში, ანუ იმის გააზრება, თუ რა მექანიზმის მოქმედებითაა ქცევა შესაძლებელი. აქ მოსალოდნელია განსხვავებული ინტერპრეტაცია ამა თუ იმ ზოგადფსიქოლოგიური თეორიის პრინციპების შესაბამისად. მთავარია ის, თუ როგორაა მათში წარმოდგენილი ქცევის ფაქტორთა მაინტეგრირებელი მექანიზმი. თუ უზნაძის თეორიით ვიხელმძღვანელებთ, პოლიმოტივირებული ქცევის მიზანშეწონილი განხორციელების მექანიზმად ამ ქცევის ყველა ფაქტორის (მათ შორის მოტივაციურის) გათვალისწინებით შექმნილი განწყობის ერთიანი, მთლიანპიროვნებისეული მდგომარეობა უნდა ვიგულისხმოთ. ეს საკითხი სხვაგან საგანგებოდ გვაქვს განხილული [7]. აქ კი პოლიმოტივაციას კონკრეტული ქცევის ორგანიზაციის უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით გვინდა შევხედოთ.

      ადამიანის მოქმედება უმეტესწილად ძალებისა და დროის ეკონომიის პრინციპების შესაბამისად ორგანიზდება. პოლიმოტივაცია ამ პრინციპის პირდაპირი და აშკარა გამოვლინებაა. რაც უფრო ეკონომიურად იხარჯება ფსიქოფიზიკური რესურსები და დრო, მით უფრო ეფექტურია აქტივობა. ამ კრიტერიუმით პოლიმოტივირებული აქტივობა, ცხადია, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მონომოტივირებული, რადგან იგი ერთი რთული ქცევის შიგნით თავს უყრის და აერთიანებს პიროვნების მრავალფეროვან ინტერესებს. გარდა ამისა, პოლიმოტივირებული აქტივობა ხშირად უფრო ნაყოფიერიცაა, ვინაიდან მას მრავალრიცხოვანი მოთხოვნილებიდან მომდინარე შედარებით ძლიერი დინამიკური მუხტი აქვს. ქცევის შედეგიანობისა და მოტივაციის ძალის ურთიერთმიმართება კი კარგად არის ცნობილი. ასეთი აქტივობა, აგრეთვე, უფრო გამძლეა სხვადასხვა დაბრკოლების მიმართ. ისიც საყურადღებოა, რომ მონომოტივირებულ ქცევასთან შედარებით მისი გახანგრძლივების მეტი შესაძლებლობაა – ერთი მოთხოვნილების ენერგეტიკა შეიძლება მალე გამოილიოს, ხოლო პოლიმოტივაციური სისტემა ამ მხრივ ბევრად უფრო მდგრადია. გარდა ამ დინამიკური მხარისა, არსებობს შინაარსეული მხარეც, მდიდარი მოტივაციური შინაარსის აქტივობა მეტი პიროვნული წონისაა და მეტი ქცევითი კმაყოფილების მომტანია; მასში ხომ ხშირად სასიამოვნო და სასარგებლოა შეთავსებული. ამ თვალსაზრისით საინტერესოა სწავლის ქცევის განხილვა. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ადამიანისთვის და მის შესწავლას ფსიქოლოგიაში დიდი ადგილი უკავია. მიუხედავად ამისა, ბევრი არსებითი საკითხი ღიად რჩება. თუნდაც ის, თუ რა უნდა მივიჩნიოთ საკუთრივ სასწავლო ქცევად. უბრალოდ დასწავლის ფაქტი სწავლის ქცევად ვერ ჩაითვლება, რადგან იგი ყოველგვარ ქცევას შეიძლება მოჰყვეს შედეგად. სწავლა, როგორც ადამიანის სპეციფიკური ქცევა, დასწავლის ამოცანაზე მიმართული, დასწავლის განზრახვით განხორციელებული აქტივობაა. ეს განზრახვა კი სხვადასხვა მოტივის საფუძველზე შეიძლება გაჩნდეს. არსებობს თუ არა სწავლის სპეციფიკური მოთხოვნილება და რომელია იგი? რას წარმოადგენს სხვა, არასპეციფიკური მოტივით აღძრული სასწავლო აქტივობა? ამ კითხვებზე თეორეტიკოსები საკმაოდ განსხვავებულ პასუხს იძლევიან. აქ მხოლოდ ერთ თვალსაზრისს გამოვყოფთ, რომლის თანახმად სწავლა თამაშიდან შრომაზე გარდამავალი ქცევის ფორმაა და ორივეს ბუნებას იზიარებს [11]. მაგრამ, რადგანაც ქცევის ბუნებას ყველაზე მეტად მისი მოტივაცია განსაზღვრავს, სწავლის, როგორც ქცევის დამოუკიდებელი ფორმის მოტივაციური საფუძველი თამაშისა და შრომის დამახასიათებელ მოტივაციას უნდა შეიცავდეს. ერთი სიტყვით ლოგიკურად ამ თვალსაზრისს სწავლის ქცევის პრინციპული პოლიმოტივირებულობის იდეამდე მივყავართ.

      ეს, ასე ვთქვათ, წმინდა თეორიული მსჯელობაა. კონკრეტული ემპირიული კვლევებიც მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ აღიარებულ იქნეს სწავლის შინაგანი (პირველადი) და გარეგანი (მეორადი) მოტივების არსებობა [2][4][19]. პირველნი უშუალოდ სწავლის პროცესს ან შინაარსს უკავშირდებიან, მეორენი – კი სხვადასხვა სოციალურ და პირად ინტერესებს. თუ სწავლას განვიხილავთ დიდი პიროვნული მნიშვნელობის მქონე, საზოგადოებრივად ორგანიზებულ და დროში საკმაოდ გაშლილ პროცესად, მასში მართლაც აღმოვაჩენთ ასეთ კომპლექსურ მოტივაციას.

      აქ დგება შემდეგი საკითხი: თუ სწავლა რთული და სერიოზული ქცევაა, რომელიც მის სუბიექტს დიდ მოთხოვნებს უყენებს, რომელი ასაკიდან ხდება შესაძლებელი მისი ეფექტური განხორციელება მიღებული წესის შესაბამისად, ანუ სასკოლო პირობებში. ეს არის სასკოლო მზაობის საკითხი. იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება ის გადაჭრილი, განისაზღვრება როდის, რა და როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. საკითხს სიმწვავეს მატებს სასკოლო სწავლების დაწყების ასაკობრივი ცენზის დაწევის ობიექტური ტენდენცია. იგი გაპირობებულია აქსელერაციის პროცესით და აუცილებელი ცოდნის მოცულობის გაზრდის ამოცანით.

      სასკოლო სწავლა სრულფასოვანი ქცევაა და, როგორც ასეთს, აქვს ოპერაციული და მოტივაციური მხარე. შესაბამისად, სასკოლო მზაობაში ორი ასპექტი გამოიყოფა: ერთი ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური (შემეცნებითი) ფუნქციების მომწიფებას ეხება, ხოლო მეორე – მოტივაციური სფეროს მზაობას. მაგრამ რა იგულისხმება ამ უკანასკნელში?

      სასკოლო სწავლა რთული და წლობით მიმდინარე პროცესია. დღის განმავლობაში იგი მოსწავლისაგან დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ერთი კონკრეტული მოტივი ამ ტვირთის ზიდვას ვერ შეძლებს, განსაკუთრებით – პატარა ბავშვის შემთხვევაში. ამისთვის არც შემეცნებითი მოტივაციაა საკმარისი და არც სოციალური. გარდა ამისა, არ არის სათანადოდ განვითარებული ქცევის კონტროლისა და თვითრეგულაციის აუცილებელი მექანიზმები. ყველამ კარგად იცის, თუ რა ძნელია, გააკეთებინო ბავშვს ის, რაც მას არ აინტერესებს. სკოლამდელს კი, პირველ ყოვლისა, თამაში აინტერესებს. სასკოლო მზაობის მისაღწევად მოტივაციურმა სფერომ ძირეული ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს. წინა პლანზე სწავლასთან დაკავშირებულმა მოტივებმა უნდა გადმოინაცვლოს. ბავშვი უნდა მიისწრაფოდეს ახალი სასკოლო ცხოვრებისკენ, «საპასუხისმგებლო» დავალებებისკენ – ერთი სიტყვით, ახალი სოციალური მდგომარეობისკენ. თამაშის, როგორც წამყვანი ქცევის სწავლით შესაცვლელად საჭიროა ბავშვს ჩამოუყალიბდეს «მოსწავლის შინაგანი პოზიცია». მისი შინაარსი დროთა განმავლობაში იცვლება და თანდათანობით ისეთ სახე იღებს, რომელიც სასკოლო მზაობის კრიტერიუმებს შეესაბამება. თავდაპირველად ბავშვს იზიდავს სკოლის გარეგანი ატრიბუტები, ახალი შთაბეჭდილების მიღების, ახალ გარემოში ყოფნის, ახალი ამხანაგების შეძენის მოთხოვნილებები, რაც სისტემატურ, სერიოზულ სწავლას ვერ უზრუნველყოფს. მხოლოდ მოგვიანებით წამოიქმნება სწავლის, როგორც სერიოზული საქმიანობის განხორციელების სურვილი, სურვილი ახლის გაგებისა და შინაგანი ძალების განვითარებისა, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმისთვის შეფასების მიღების სურვილი, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც წარმატებული სწავლის პოლიმოტივაციურ სისტემაში უნდა შედიოდეს. სკოლისთვის მზაობის დიაგნოსტიკისას სისტემის ყველა აუცილებელი კომპონენტი უნდა იქნეს გათვალისწინებული.

      ირკვევა, რომ ასეთი პოლიმოტივაციური სისტემა შვიდი წლისთვის ფორმირდება. ამას ჩვენი გამოკვლევაც ადასტურებს. ის თავის დროზე ჩატარდა ექვსწლიანთა სასკოლო სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით [6]. გამოვლინდა, რომ ექვსწლიანთა მოტივაციურ სფეროში გაბატონებული ადგილი თამაშის მოტივაციას უკავია. სწავლისკენ მისწრაფება ერთობ სუსტია და მის რეალურ შინაარსთან და ღირებულებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული. ერთ წელიწადში ვითარება არსებითად იცვლება. შვიდი წლის ბავშვების უმეტესობა სკოლისკენაა მიმართული. სწავლის პოლიმოტივაციურ საფუძველში მკაფიოდ არის წარმოდგენილი როგორც გაძლიერებული შემეცნებითი მოთხოვნილებები, ისე სწავლის საზოგადოებრივ მნიშვნელობასთან დაკავშირებული სოციალური მოტივაცია. შეუდარებლად არის გაზრდილი აგრეთვე ნებელობითი რეგულაციის, თავშეკავების უნარი. იმ გარემოებას, რომ ექვსი წლის ბავშვს უფრო ხშირად ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული სწავლის ქცევის სრულყოფილი პოლიმოტივაციური სტრუქტურა, პედაგოგიური პრაქტიკა, ცხადია, გვერდს ვერ აუვლის. ამ ასაკის ბავშვების სწავლების ორგანიზაციული, შინაარსეული და მეთოდიკური პრინციპების განსაზღვრისას ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. ძალიან ზოგად პლანში ეს პრინციპები იმაზე უნდა იყოს მიმართული, რომ ექვსწლიანთა სწავლას ნაკლებად მძიმე და უფრო სახალისო საქმიანობის სახე მიეცეს. ამისათვის სწავლას მაქსიმალურად მრავალფეროვანი მოტივაციური შინაარსი უნდა ჰქონდეს.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

ტეგები: Qwelly, თეორია, იმედაძე, კვლევები, მოტივაცია, ფსიქოლოგია, ქცევა

ნახვა: 1240

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters