დეპრესიული პიროვნებები

«დაივიწყე საკუთარი «მე», მაგრამ არასოდეს დაკარგო საკუთარი თავი»
ჰერდერი

ახლა კი განვიხილოთ შიშის მეორე მთავარი ფორმა; ეს არის შიში საკუთარი, დამოუკიდებელი «მე»-ს წინაშე, რომელსაც ადამიანი მტკივნეულად განიცდის, როგორც საკუთარი უსაფრთხოების დაკარგვას. ჩვენი შედარების თანახმად, ამ შემთხვევაში საქმე ეხება «რევოლუციას», ანუ იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც მეტისმეტად ინტენსიურად მოძრაობენ უფრო დიდი ცენტრის გარშემო, და არ სურთ «საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალი». ამით გვსურს ერთგულების ცნებას უფრო ფართო მნიშვნელობა მივანიჭოთ.

ადამიანებთან სიახლოვის სურვილი და იმისკენ სწრაფვა, რომ ვინმე გიყვარდეს ან ვინმეს უყვარდე, ადამიანის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს. სიყვარულს თან ახლავს იმ ძვირფასი ადამიანის გაბედნიერების სურვილი, რომელთანაც საერთო გრძნობები გვაკავშირებს; ამ დროს მისი სურვილების ამოცნობას ვცდილობთ და მასზე უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე საკუთარ თავზე; ამასთან საკუთარი თავი ხშირად გვავიწყდება და გრძნობების ურთიერთგაზიარების იმ ბედნიერ წუთებს განვიცდით, როდესაც ორი «მე»-ს «ჩვენ»-ად შერწყმა ხდება და აღარ არსებობს გათიშულობა ინდივიდებს შორის, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროით მაინც. ამგვარი ურთიერთობის თაურსახეს დედა-შვილის ურთიერთობა წარმოადგენს. ეს გრძნობა, შესაძლოა, მოგვიანებით ნებისმიერი სხვა სახეობის სიყვარულშიც გაკრთეს, როდესაც ადამიანი ცდილობს კვლავ იპოვოს და აღადგინოს ის, რასაც ადრეულ ბავშვობაში განიცდიდა. ეს არის დაბრუნება ბავშვობისდროინდელ სიყვარულთან, რადგან ვიცით, რომ იმხანად უანგაროდ ისეთები ვუყვარდით, როგორებიც ვიყავით; ახლა კი თავად გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ გაცემული სითბო და სიყვარული სხვას აგრძნობინებს ბედნიერებას.

სიყვარულის უნარი ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება, რადგან ეს მისი ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გრძნობა განვითარდეს, მას ზრუნვა და ხელშეწყობა სჭირდება. მოპოვებული სიყვარულის წყალობით, ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, გაიგოს საკუთარი თავის ფასი და იგრძნოს, რომ სიყვარული უკუგებას მოითხოვს; უნდა შევეცადოთ და კვლავ დავფიქრდეთ ადამიანზე, რომელსაც პიროვნებად ჩამოყალიბება არ სურს და უმთავრესად ცდილობს, საკუთარი «მე»-ს მოთხოვნებითა და მისდამი ერთგულებით იცხოვროს.

ამგვარი განწყობის თავდაპირველ შედეგს ის წარმოადგენს, რომ ადამიანი საკუთარ თავს ნებისმიერ პარტნიორზე მაღლა აყენებს. სიყვარულისა და ერთგულების სურვილი პარტნიორს მოითხოვს, იგი სხვა ადამიანს უკავშირდება და მის გარეშე ვერ იარსებებს. სწორედ ამ დამოკიდებულების გაცნობიერება გადაიქცევა იმ ადამიანების პრობლემად, რომლებსაც ჩვენ დეპრესიულებს ვუწოდებთ. სიყვარულის უნარი და მოთხოვნილება, ადამიანის მზაობა ამ გრძნობის მიმართ ერიჰ ფრომმა ორი წინადადებით ჩამოაყალიბა თავის წიგნში «სიყვარულის ხელოვნება»: «მე შენ მჭირდები, რადგან მიყვარხარ» და «მე შენ მიყვარხარ, რადგან მჭირდები».

ამრიგად, ადამიანს ვიღაც სჭირდება, რათა თავისი სიყვარულის რეალიზაცია მოახდინოს, ან იმის საჭიროებას განიცდის, რომ ის ვინმეს უყვარდეს, რადგან იცის, რომ ამ მოთხოვნას თავად ვერ შეასრულებს. როდესაც ადამიანს გვერდით სხვა ვინმე სჭირდება, იგი ცდილობს, მასთან, რაც შეიძლება, ახლოს იყოს და წუხს, თუ ეს ვერ მოახერხა. შიზოიდურ პიროვნებას აუცილებლად სჭირდება პარტნიორთან მანძილის დაცვა, რადგან მისი სიახლოვე აშინებს. დეპრესიული ადამიანი კი ცდილობს, «საკუთარი ღერძის გარშემო» ნაკლებად იტრიალოს და შეამციროს მანძილი პარტნიორთან, რათა მიტოვებული არ დარჩეს. ეს შეიძლება მისი ღრმა დეპრესიისა და სასოწარკვეთის მიზეზი გახდეს.

მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ იგი პარტნიორთან განშორებისა და მისი დაკარგვის შიშმა არ შეიპყროს? ამ დროს ერთადერთი გონივრული ნაბიჯი იქნებოდა, თუ იგი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდებოდა და თვითდამკვიდრებას მოახერხებდა, რათა პარტნიორზე მთლიანად არ ყოფილიყო დამოკიდებული. მაგრამ დეპრესიული პიროვნებისთვის სწორედ ეს წარმოადგენს სიძნელეს, რადგან მან ამ დროს უარი უნდა თქვას ადამიანებთან ახლო ურთიერთობაზე, ეს კი მასში ისევ და ისევ «დაკარგვის შიშს» გამოიწვევს. ამრიგად, დეპრესიული ადამიანი საკუთარ უსაფრთხოებას სხვებში ეძებს, რომლებმაც მისი პრობლემები უნდა გადაჭრან. მაგრამ მოგვიანებით დავინახავთ, რომ ამით მისი მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. რაკი დეპრესიულ ადამიანს ჰგონია, რომ სხვაზე დამოკიდებულებით მას უსაფრთხოება ექმნება, იგი ცდილობს, საკუთარი თავი ვინმეს დაუქვემდებაროს ან ვინმე თავად დაიქვემდებაროს. როცა სხვაზე ხარ დამოკიდებული, მაშასადამე ის გჭირდება, და სწორედ ამგვარი «საჭიროების არსებობა» აძლევს დეპრესიულ ადამიანს იმის გარანტიას, რომ მას არ მიატოვებენ. დეპრესიულ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, იმით დაიქვემდებაროს, რომ თავი უმწეო და უსუსურ არსებად მოაჩვენოს, და ამით აგრძნობინოს, რომ მისი მიტოვების უფლება არა აქვს. განა შეიძლება ადამიანი ისეთი მკაცრი და უსულგულო იყოს, რომ უმწეო არსება მიატოვოს და განუდგეს?! ადამიანი რომ დაიქვემდებარო, იგი ბავშვივით უსუსურ და უმწეო არსებად უნდა აქციო, რაც ზემოაღწერილი საშუალების საპირისპირო სურათს ქმნის, თუმცა დეპრესიულ ადამიანს ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე მოტივი ამოძრავებს: იგი ცდილობს, ამგვარი დაქვემდებარებული ურთიერთობა მეორე ადამიანის «დაკარგვის შიშით» გამოიყენოს. ამ დროს დეპრესიული ადამიანი შეპყრობილია იზოლაციის, მარტო დარჩენისა და ახლობელთან განშორების შიშით და ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი სიახლოვე ჰქონდეს მასთან. იგი ჩვენ მიერ აღწერილი შიზოიდური პიროვნების საპირისპირო ტიპს წარმოადგენს, რადგან შიზოიდი პარტნიორთან სიახლოვეს გაურბის და დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს. დეპრესიულ პიროვნებას მარტო დარჩენისა ეშინია, ამიტომ მისთვის ადამიანებთან ურთიერთობა და სიახლოვე შიშის დაძლევას და უსაფრთხოებას ნიშნავს, მაშინ როდესაც შიზოიდი ამ სიახლოვეში საფრთხეს და ავტარკიის შეზღუდვას ხედავს.

როდესაც დეპრესიული ადამიანი აცნობიერებს, რომ პიროვნებად ჩამოყალიბების ანუ ინდივიდუაციის პროცესში ახლობელ ადამიანთან განშორების საფრთხე ექმნება, იგი ამას ან საკუთარი თავის წინაშე არ აღიარებს, ან პარტნიორისთვის ამის დამალვას ცდილობს. თუ ჩვენი კოსმიური შედარების ენით ვიმსჯელებთ, ამ დროს დეპრესიული ადამიანი ლამობს შიშს იმით დააღწიოს თავი, რომ ან «საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალზე» აცხადებს უარს, ან ამ შიშს პარტნიორს უმალავს. ამრიგად, დეპრესიული პიროვნება ზოგჯერ მეორე ადამიანის ცხოვრების თანამგზავრად გადაიქცევა, ზოგჯერ კი თავად ამ ადამიანს გადააქცევს თავის თანამგზავრად. დეპრესიული პიროვნების ცხოვრება მთვარეულის არსებობას ემსგავსება, რადგან იგი სხვის ცხოვრებას ექოსავით იმეორებს, ან ცდილობს, საკუთარი თავი მეორე ადამიანს დაუქვემდებაროს. ამ დროს მას ისევ და ისევ გაუცნობიერებელი რჩება შიში ინდივიდუაციის წინაშე, რომელიც მისთვის კონკრეტულ პრობლემას წარმოადგენს. დეპრესიულ ადამიანს ეშინია, რომ საკუთარი თუ პარტნიორის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, იგი ასცდება ერთობლივად განვითარების გზას; ამგვარი დამოუკიდებლობა ნამდვილად შეიცავს მეორე ადამიანის დაკარგვის საფრთხეს, რადგან ინდივიდუაცია გარკვეულწილად ყოველთვის ახდენს ადამიანის იზოლაციას; რაც უფრო მეტად გამოვირჩევით ჩვენი თვითობით და განვსხვავდებით სხვებისაგან, მით უფრო ნაკლები შეხება გვაქვს მათთან. ინდივიდუაციის პროცესში ადამიანი ამოვარდება იმ უსაფრთხოების სისტემიდან, რომელშიც იგი «ისეთია, როგორიც ყველა», რაც ასევე შიშის საფუძველს ქმნის. «ჯოგური ინსტინქტი» ამცირებს ამ შიშს, რადგან ბრბოში ადამიანებს უქრებათ შიში ინდივიდუაციის წინაშე. დეპრესიულ ადამიანს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს ამგვარი შიშისადმი. განსხვავებული აზროვნება, გრძნობები და განცდები მასში გარკვეული ადამიანის «დაკარგვის შიშს» აღძრავს, რადგან ამას მასთან დაშორებად და მის მიმართ გაუცხოებად აღიქვამს; სწორედ ამიტომ ცდილობს დეპრესიული ადამიანი, უარი თქვას ყველაფერზე, რაც მას სხვებისგან განასხვავებს.

შევეცდებით, უფრო ნათლად განვმარტოთ ეს. ადამიანი რაც უფრო ნაკლებად აცნობიერებს, რომ მისთვის აუცილებელია განვითარება და დამოუკიდებლობა, მით უფრო მეტად სჭირდება მას ადამიანებთან ურთიერთობა. ამრიგად, ადამიანის «დაკარგვის შიში» წარმოგვიდგება ამ შემთხვევაში, როგორც საკუთარი «მე»-ს სუსტი მხარე. «დაკარგვის შიშისგან» თავის დაცვას დეპრესიული პიროვნება იმით ცდილობს, რომ სულ უფრო და უფრო განუდგება საკუთარ თავს, რასაც იგი საპირისპირო შედეგამდე მიჰყავს; რადგან, თუ ადამიანი ძლიერი და განვითარებული პიროვნება არ არის, მაშინ მისთვის ასეთი ძლიერი «მე» გარესამყაროში უნდა არსებობდეს, რომელსაც იგი დაეყრდნობა. რაც უფრო სუსტია დეპრესიული ადამიანი, მით უფრო მეტად დამოკიდებულია სხვაზე, და, რაც უფრო დიდია ეს დამოკიდებულება, მით უფრო მეტად იპყრობს შიში, რომ ეს საყრდენი ხელიდან გამოეცლება. მან ხომ ყველაფერი სხვა ადამიანს მიანდო და იმხელა უფლებამოსილებით აღჭურვა იგი, რომ ახლა მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია, რადგან საკუთარი არსებობა მთლიანად იმ სხვას გადააბარა! აქედან გამომდინარე, დეპრესიული ადამიანი ისეთ დაქვემდებარებულ არსებობას ეძებს, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგრამ ამგვარი არსებობა ზრდის მასში «დაკარგვის შიშს». ამიტომ ეჭიდება დეპრესიული ადამიანი სხვებთან ურთიერთობას და მათთან ხანმოკლე დაშორების შემთხვევაშიც კი პანიკა იპყრობს. ასე ნელ-ნელა მოექცევა იგი «ეშმაკის წრეში», რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გაარღვევს, თუ ინდივიდუაციას შეეცდება და ავტონომიურ სუბიექტად ყოფნის გაბედულ სურვილს გამოიჩენს.

შიზოიდური პიროვნება ადამიანებთან ურთიერთობას იმ მიზეზით გაურბის, რომ მათ არასანდოდ და სახიფათოდ მიიჩნევს, და ამ გზით ცდილობს შიშის დაძლევას ადამიანისადმი ერთგულების წინაშე. დეპრესიული პიროვნება ასეთ დროს პირიქით იქცევა; იგი, საერთოდ ადამიანის, უპირველეს ყოვლისა, ახლობელი ადამიანის იდეალიზაციას ახდენს და მას სრულიად საიმედოდ მიიჩნევს, ყოველგვარ სისუსტეს შეუნდობს და მისი ხასიათის თვით ყველაზე უკუღმართ გამოვლინებაზეც კი თვალს ხუჭავს. მას არ სურს ამ ადამიანში დაინახოს რაიმე საშიში და შემაშფოთებელი, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის მასთან კეთილსაიმედო ურთიერთობას. ამის გამო დეპრესიული პიროვნება ძალიან ძნელად წარმოიდგენს, რომ ადამიანებს ან საკუთარ თავს შეიძლება რაიმე ბოროტებაში დასდოს ბრალი, რადგან მათთან ურთიერთობისთვის სრული ნდობა და უპირობო სიყვარული სჭირდება. იგი საკუთარ თავში ახშობს ამ ადამიანების მიმართ ყოველგვარ ეჭვს და კრიტიკას, ვერ აცნობიერებს მათთან ურთიერთობის არსს და ცდილობს, ახსნა-განმარტების გარეშე, თავიდან აირიდოს ნებისმიერი დაძაბულობა, რადგან ეს ყველაფერი ეხმარება «სანუკვარი მშვიდობის» მიღწევაში; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პარტნიორის მხრიდან გაუცხოება ელის. დეპრესიული ადამიანი პარტნიორის თვისებების იდეალიზაციას იმის შიშით ახდენს, რომ, შესაძლოა, მისთვის «არასაჭირო» გახდეს, მაგრამ ამ შიშს მისი ბავშვური გულუბრყვილობა და გამოუცდელობა იწვევს. დეპრესიული პიროვნება «სირაქლემის პოლიტიკას» ეწევა და ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე თავს ქვიშაში მალავს, რადგან მტკიცედ სჯერა, რომ ადამიანი კეთილია.

იმისათვის, რომ დეპრესიულმა პიროვნებამ ადამიანებთან ურთიერთობაში სასურველ ჰარმონიას და მშვიდ სიახლოვეს მიაღწიოს, იგი, თავის მხრივ, ასევე «კეთილი» უნდა იყოს. ამიტომ ცდილობს გამოავლინოს ისეთი ალტრუისტული თვისებები, როგორიცაა: სათნოება, მოკრძალება, ერთგულება, კეთილგანწყობა, თვინიერება, უანგარობა, თანაგრძნობა და შემწყნარებლობა. დეპრესიული ადამიანი მეტ-ნაკლები ინტენსიობით გამოავლენს თვინიერებას, უარს ამბობს პირად სიკეთეზე და თვით უკიდურესი, მაზოხისტურად მორჩილი საქციელიც კი უცხო არ არის მისთვის. ყველა ეს თვისება შეიძლება ერთ საერთო ნიშნულზე დავიყვანოთ და აღვნიშნოთ, რომ საკუთარ სურვილებზე და დამოუკიდებლობაზე უარისთქმით დეპრესიული პიროვნება ცდილობს, «დაკარგვის შიში» განდევნოს და მისთვის აგრერიგად სახიფათო ინდივიდუაციის პროცესს დააღწიოს თავი. მაგრამ მის ამგვარ დამოკიდებულებაში თავის მოტყუების საფრთხე იმალება; იმ დროს, როდესაც დეპრესიული პიროვნება საკუთარი თავისგან ამგვარ ქმედებას მოითხოვს და მას იდეოლოგიის სახეს აძლევს, იგი ამით მხოლოდ «დაკარგვის შიშის» მოტივაციას კი არ მალავს, არამედ მორალურ უპირატესობასაც კი გრძნობს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამგვარი სათნოებითა და უანგარობით არ გამოირჩევიან. ამრიგად, დეპრესიული პიროვნება ხელოვნურად მიიწერს სათნოებას, მსხვერპლის როლს თამაშობს და ცდილობს, ადამიანებს საკუთარი, განუვითარებელი «მე» შესთავაზოს.

მაგრამ ინდივიდუაციაზე უარისთქმა დეპრესიულ პიროვნებას ძვირად უჯდება იმის გამო, რომ არ ჰყოფნის გამბედაობა, გამოავლინოს თავისი სურვილები, აფექტები და ინსტინქტები, რადგან შიშის გრძნობა თუ საკუთარი იდეოლოგია არ აძლევს ამის უფლებას. ის ასევე ვერ ჩაიდენს ისეთ საქციელსაც, რისთვისაც სხვებს გაკიცხავდა. ამის გამო ყოველთვის უფრო მეტად დამოკიდებულია სხვებზე, რადგან მათ დეპრესიულ პიროვნებას უნდა შეუსრულონ ის სურვილები და მოლოდინები, რაც მას, ბუნებრივია, გააჩნია. ვისაც საკუთარი სურვილის შესრულება არ შეუძლია, იმედი აქვს, რომ მას სხვები შეუსრულებენ; და ეს ის საფასურია, რომელსაც საკუთარი თვინიერებისთვის მიიღებს; და, თუ ეს ამქვეყნად არ მოხდება, ქრისტიანული იდეოლოგიის თანახმად, ამისათვის იმქვეყნად დაჯილდოვდება.

სწორედ მოლოდინის იმედგაცრუება იწვევს ამ პიროვნებების დეპრესიის შემდგომ გართულებას, რადგან ცხოვრებაში მათი ბევრი მოლოდინი არ მართლდება. ამასთან, თუ მათ სათანადო პატივს არ მიაგებენ, დეპრესია ღრმავდება და სასოწარკვეთილებაში გადადის. ამ დროს დეპრესიული პიროვნება ისევ და ისევ ბერძენი გმირის, ტანტალოსის, მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე; მას წინ უდგას ხილი და წყალი, რომელიც მისთვის მიუწვდომელია, რადგან ან არ იცის, როგორ შეისრულოს სურვილი, ან მას ეს ეკრძალება. დეპრესიულ პიროვნებას შეუძლია გამოთქვას სურვილი, მაგრამ ამ დროს, განმუხტვის მიზნით, საკუთარ ემოციებს ვერ გამოავლენს; ეს კი მასში, სულ მცირე, საკუთარი ღირსების გრძნობას აღძრავს, რაც კიდევ უფრო თრგუნავს იმ სიმამაცეს, მიზნის მისაღწევად რომ სჭირდება.

მოვიყვანთ დეპრესიული პიროვნების ქცევის რამდენიმე მაგალითს:

მავანი ახალგაზრდა გათხოვილი ქალი ამბობს: «ჩემი ქმარი ბოლო ხანს დიდ დროს ატარებს ერთი ახალგაზრდა გოგონას საზოგადოებაში. გოგონა ძალიან მომხიბლავია და ადვილად შეიძლება აცდუნოს ჩემი ქმარი; მე ამ დროს სახლში ვზივარ და მოვთქვამ, მაგრამ ეს ქმარმა არ უნდა შემამჩნიოს, რადგან, თუ მას ამის გამო საყვედურს ვეტყვი, იფიქრებს, რომ ჩამორჩენილი და ეჭვიანი ვარ. ამასთან, მეშინია, იგი ჩემი საყვედურებით არ გავაღიზიანო და, საერთოდ, არ დავკარგო. ის, ალბათ, მეტყვის, რომ ასეთია კაცების ბუნება, და, თუ ის ნამდვილად მიყვარს, მაშინ ამ მდგომარეობას უნდა შევეგუო».

ახალგაზრდა ქალი გრძნობს, რომ ამ მდგომარეობას არ უნდა შეურიგდეს, უნდა შეეწინააღმდეგოს ქმრის აზრს ქალისა და კაცის პარტნიორობასთან დაკავშირებით, მაგრამ ისიც იცის, რომ მისთვის ესოდენ სახიფათო სიტუაციაში ვერ შეძლებს თავის დაცვას; ეს იმითაა გამოწვეული, რომ იგი საკუთარი პიროვნების შეფასებისას მეტისმეტ სიმკაცრეს იჩენს, მეტოქეზე კი გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. ნაცვლად იმისა, რომ თავი დაიცვას, და, თუ საჭირო გახდა, საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებულ ქმარს ეჭვიანობის სცენა მოუწყოს, ქალს ეშინია, რომ მას ჩამორჩენილობას და ეჭვიანობას დასწამებენ; ამიტომ ფიქრობს, რომ მომავალშიც მორჩილად უნდა შეასრულოს ქმრის სურვილები, რაც, ცხადია, ისევ და ისევ ამ უკანასკნელის წისქვილზე ასხამს წყალს. როდესაც ქალმა იგრძნო, რომ საშიშროების წინაშე დადგა, და შეიძლებოდა ქმარი დაეკარგა, გადაწყვიტა მის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წასულიყო და მისი გული მოეგო, თუმცა სასოწარკვეთილმა ბოლოს აღიარა, რომ ქმარმა ის შეიძულა და მიატოვა; აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქალი საკუთარ თავს უმწეოდ მიიჩნევდა და ამიტომ მას ქმარიც ასეთად აღიქვამდა. დღესდღეობით მსგავს სიტუაციებს ხშირად შევხვდებით, რადგან თავისუფლების, ადამიანთა ურთიერთობის, ერთგულებისა და სქესობრივი ორიენტაციის საკითხებში საყოველთაო გაურკვევლობა სუფევს, რასაც ზოგჯერ არასწორი პროპაგანდაც უწყობს ხელს; ადამიანები, მათ შორის დეპრესიული პიროვნებები, ხშირად იძულებული არიან, თავს ძალა დაატანონ და საკუთარი სურვილების წინააღმდეგ მოიქცნენ იმის შიშით, რომ არავინ იფიქროს, თითქოს მათ ახალ ცხოვრებას და «დროების ტრენდს» ალღო ვერ აუღეს.

ახალგაზრდა ქალი საკუთარ თავს, ჩვეულებისამებრ, უამრავ ალტრუისტულ მოთხოვნას უყენებდა. იგი ყოველწლიურად ადგენდა იმ ასი კაცის სიას, რომლებსაც საშობაოდ მილოცვებს ან საჩუქრებს უგზავნიდა. ამის გამო, მას შობამდე უკვე რამდენიმე კვირით ადრე შეიპყრობდა ხოლმე იმის შიში, რომ ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად, ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ვერ მოასწრებდა. ქალს ამ დროს თავში აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ამ მდგომარეობის შეცვლა შეეძლო, ამიტომ დანაშაულის უსიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა, თუ საქმე ისე არ წარიმართებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული.

დეპრესიულ ადამიანებში ხშირია «უიღბლობის განცდა», რასაც შემდეგი მაგალითი ცხადყოფს:

«უამრავი სადარდებელი მაქვს, რადგან ბედი ისევ და ისევ არ მწყალობს. გუშინ პარიკმახერთან შევიარე, რომელმაც გამკორტნა და მთლად დამამახინჯა. მერე ხელოსანი გამოვიძახე და იმანაც მთელი დღე მალოდინა. ოდნავ რომ დავმშვიდებულიყავი, მაღაზიაში წავედი და ჩემთვის ზედატანი ვიყიდე; მერე სახლში დავბრუნდი და აღმოჩნდა, რომ რაღაც საშინელება მიყიდია. ასეთი რამ კი მხოლოდ მე შეიძლება დამემართოს».

ამ მაგალითიდან ჩანს, როგორ თავისებურად, გაურკვევლად და გაუგებრად გამოხატავენ დეპრესიული ადამიანები თავიანთ სურვილებს; მათი შესრულების თუ შეუსრულებლობის შემთხვევაში კი იმედგაცრუებულები რჩებიან და ყველაფერს რაიმე გარემოებებს ან საკუთარ უიღბლობას აბრალებენ. ახალგაზრდა ქალმა ჯერ პარიკმახერს ვერ გააგებინა, როგორი ვარცხნილობა სურდა, მერე თავადაც არ იცოდა, როგორი ზედატანი უნდა ეყიდა; სინამდვილეში კი ქალი მხოლოდ საკუთარი იმედგაცრუების გამართლებას და თავის მოსაწყლებას ცდილობდა, რის გამოც ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, რომ უიღბლო ადამიანი იყო და ცხოვრებამ საშინლად დაჩაგრა; იმას კი ვერ აცნობიერებდა, რომ თავის სურვილებს და მოთხოვნებს გაურკვევლად გამოთქვამდა და აზრს ვერ აყალიბებდა; ასევე ტენდენციურად მიუდგა ახალგაზრდა ქალი ხელოსანთან დაკავშირებულ შემთხვევასაც, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად გვხვდება; მან კი ხელოსნის დაგვიანების ფაქტი ისევ საკუთარი უიღბლობით ახსნა; ქალი შეეცადა, საკუთარი თანამონაწილეობა ყველაფერში გამოერიცხა, და როდესაც თქვა: «ასეთი რამ მხოლოდ მე შეიძლება დამემართოსო», ამით მან ყველა მიზეზი საკუთარი თავიდან «ბოროტ სამყაროზე» გადაიტანა და თავისი უგერგილობა და შიში ბედს გადააბრალა, რომელმაც იგი უიღბლობისთვის გაწირა. ამრიგად, ახალგაზრდა ქალი თვითშებრალების შემდეგ გარკვეულ კმაყოფილებას გრძნობდა და არავითარი სურვილი ჰქონდა, შეცვლილიყო. დეპრესიული პიროვნებების კონფლიქტები, უპირველეს ყოვლისა, იმ შინაგან ორგანოებში მიმდინარე დარღვევებს უკავშირდება, რომელთა საშუალებითაც ისინი გარესამყაროს მოვლენებს აღიქვამენ. კონფლიქტურ სიტუაციებში ამგვარი ფსიქოსომატური დარღვევები ხშირად იჩენს ხოლმე თავს საყლაპავ მილში, ხახის ლიმფურ ქსოვილში და კუჭში. ადამიანის სიმსუქნე ან სიგამხდრე, შესაძლოა, ფსიქოდინამიური თვალსაზრისით, ამგვარ კონფლიქტებს უკავშირდებოდეს. ხალხში გავრცელებული გამოთქმა – «დარდიანი ადამიანის სიმსუქნე» იმ გამოცდილების შედეგია, რომ, იმედგაცრუებისა და დიდი დანაკარგის შემთხვევაში, ადამიანი სულიერ წონასწორობას ხშირად მეტისმეტი ჭამა-სმით აღიდგენს. აქ გადის იმ დაავადებების მყიფე ზღვარი, რომლებიც, გარკვეულწილად, ადამიანის დაკმაყოფილების ერზაცად ან ამქვეყნიური ცხოვრებიდან გაქცევის მცდელობად უნდა შევაფასოთ.

დეპრესიული ადამიანები სიძნელეებს განიცდიან, როდესაც საქმე რაიმე ახლის შეთვისებას ან მფლობელობაში მიღებას ეხება, რაც, ასე ვთქვათ, მათი «მახსოვრობის სისუსტეში» იჩენს თავს. მათ სუსტი მახსოვრობა და გულმავიწყობა ახასიათებთ და ფიქრობენ, რომ ეს ამ ადამიანებისთვის ორგანული სიმპტომი უნდა იყოს. ზუსტი კვლევებით დასტურდება, რომ დეპრესიულ პიროვნებაში არ ხდება სრული აპერცეფცია. ისინი სამყაროს მთელი ინტერესით და ყურადღებით არ აღიქვამენ, რადგან ეშინიათ, რომ, გარემოგამღიზიანებლების გავლენით, შესაძლოა, კონფლიქტებამდე მივიდნენ. იმ შემთხვევაში, თუ დეპრესიული პიროვნება ვერ ახერხებს თავისი ძალიან დიდი სურვილის შესრულებას, იგი გარემოგამღიზიანებლებს წინ დაუხვედრებს იმ დამცავ ფილტრს, რომელიც მას ამ სიტუაციას თავიდან აცილების საშუალებას მისცემს. ამ გარემოებებმა დეპრესიულ პიროვნებას შეიძლება შეუქმნას სიძნელეები სწავლაში, გამოიწვიოს მასში დაღლილობა და გულგრილობა, რაც ასევე დამცავ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ახლა უკვე, პირიქით, აძლიერებს მის დეპრესიას, რადგან ადამიანი უარს ამბობს ბედნიერებაზე და საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუებას გრძნობს. დეპრესიულ პიროვნებაში მეხსიერების სისუსტე ხშირად იმაზე მიუთითებს, რომ იგი ცხოვრებას განუდგა და ღრმად დარწმუნებულია, რომ უიღბლობამ შეუშალა ხელი, საერთოდ, რამის მფლობელი გამხდარიყო. ამრიგად, დეპრესიული ადამიანი საკუთარ ბედნიერებაზე წინასწარ ამბობს უარს, რადგან იმედგაცრუების დროს დამატებითი სიამოვნების განცდა ელის. იგი «მკვახე ყურძნის პოლიტიკას» ეწევა, არ სჯერა, რომ შეძლებს საკუთარი სურვილების შესრულებას, ამიტომ მათ წინასწარ აუფასურებს და მიაჩნია, რომ მათი განხორციელება წვალებად არ ღირს. ამასთან, დეპრესიულ პიროვნებას სამყარო სულ უფრო მრუმე, არასასიამოვნო ფერებში წარმოუდგება, რადგან საკუთარი სურვილების გარეშე ცხოვრება თანდათან ცარიელი და მოსაწყენი ხდება; ისინი თითქოს ცხოვრების ხორაგით სავსე სუფრასთან სხედან, მაგრამ არ სჯერათ, რომ იქიდან რამის აღებას და დაგემოვნებას შეძლებენ და ამით სიამოვნებასაც მიიღებენ.

დეპრესიული ადამიანი ისევ და ისევ იმ ზღვრამდე მიდის, რომელიც მისი შემგუებლობის უნარს და უარისთქმის მზაობას განსაზღვრავს. თუ იგი იმ შეგნებით ცხოვრობს, რომ უარს არ ამბობს საკუთარ პიროვნებაზე, მუდმივად არ წამოუყენებს თავს «სათნოებებთან» დაკავშირებულ მეტისმეტ მოთხოვნებს, არ «ღრღნის» შური იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ განიცდიან დანაშაულის გრძნობას და ყოველგვარი შიშის გარეშე იღებენ ცხოვრებისაგან იმას, რისი მიღებაც შეუძლიათ; აი, ამის გაცნობიერება იქნება დეპრესიული პიროვნების გამოჯანმრთელების საფუძველი.

დეპრესიული ადამიანი და სიყვარული

დეპრესიული ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განცდას სიყვარული წარმოადგენს, რომელიც მასში აღძრავს სურვილს, რომ ვინმე უყვარდეს და მასაც სიყვარულით უპასუხებდნენ. ამ დროს დეპრესიულ პიროვნებას შეუძლია თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს, მაგრამ ეს გრძნობა ყველაზე დიდ საფრთხეებსაც მალავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დეპრესიული პიროვნების კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, პარტნიორულ ურთიერთობებს უკავშირდება; მისთვის დაძაბული სიტუაციები, ახსნა-განმარტებები და კონფლიქტები აუტანელი და მტანჯველი უმთავრესად იმის გამო ხდება, რომ მათ «დაკარგვის შიშის» გააქტიურება ახლავს თან. დეპრესიულ ადამიანს არ ესმის, რომ პარტნიორთან თავადვე მიყავს საქმე კრიზისამდე, რადგან ეს უკანასკნელი ცდილობს, მის მარწუხებს დააღწიოს თავი. ამ დროს დეპრესიული პიროვნება ჯერ პანიკაში ვარდება, შემდეგ კი ღრმა დეპრესია ეწყება, შიშს ხანდახან შანტაჟითა და მუქარით გამოხატავს და თავის მოკვლასაც კი ცდილობს. მას უჭირს იმის წარმოდგენა, რომ პარტნიორს მასთან სიახლოვის ისეთივე სურვილი არა აქვს, როგორსაც თავად განიცდის მის მიმართ; თუ პარტნიორი მისგან დისტანცირებას მოითხოვს, დეპრესიული პიროვნება ფიქრობს, რომ მისი კეთილგანწყობა და სიყვარული დაკარგა.

დეპრესიული პიროვნების ერთ-ერთი განსაკუთრებული და ყველაზე მშვენიერი თვისება ის არის, რომ შეუძლია მთელი არსებით შეიყვაროს ადამიანი და მასთან ტრანსცენდენტური თანამონაწილეობის გზით მისი გრძნობები შეიცნოს და გაიზიაროს. დეპრესიული პიროვნების ჭეშმარიტად გულწრფელი განცდის ეს უნარი სიყვარულის, და, ამასთანავე, ყოველგვარი ადამიანურობის გამოვლენის მაუწყებელია. იდენტიფიკაციისადმი მზაობამ მასში, შესაძლოა, მედიუმის ემოციურ დონეს მიაღწიოს, რომლის იქითაც ზღვარი «მე»-სა და «შენ»-ს შორის ფაქტობრივად იშლება. ეს არის ყველა შეყვარებული ადამიანისა და მისტიკოსის სწრაფვა იმ ტრანსცენდენტური თუ ღვთაებრივი სამყაროსაკენ, რომელთან ქვეცნობიერი შერწყმაც მას დედასთან ურთიერთობის ბავშვობისდროინდელ სამყაროში დააბრუნებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ დროს სწორედ ამ ურთიერთობიდან მიღებულ გამოცდილებას ენიჭება. ჯანმრთელ ადამიანს, რომელსაც სუსტი დეპრესია აღენიშნება, დიდი სიყვარულის, ერთგულების და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის უნარი გააჩნია; მას შეუძლია, პარტნიორთან ერთად გადალახოს ნებისმიერი სიძნელე, და, ასევე, უპირობოდ გამოხატოს საკუთარი გულწრფელობა და კეთილგანწყობა.

ღრმა დეპრესიით შეპყრობილ ადამიანებში სიყვარულის განცდას «დაკარგვის შიში» გადასძლევს. ამ დროს საქმე ეხება ისეთ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელსაც უმთავრესად დეპრესიის ორი კონკრეტული ფორმა გააჩნია და დაახლოებით ასე გამოიყურება: ადამიანი ცდილობს, თავისი პარტნიორის ცხოვრებით იცხოვროს და მასთან სრულ იდენტიფიკაციას ახდენს, რომლის დროსაც ადამიანებს შორის ურთიერთობა სიახლოვის მართლაც მაღალ ხარისხს აღწევს; ადამიანი თითქოს მეორე ადამიანად გარდაიქმნება, აღარ არსებობს როგორც ცალკე პიროვნება და საკუთარი ცხოვრება აღარ გააჩნია; ამ დროს იგი მეორე ადამიანის ფიქრებს, გრძნობებს და განცდებს გამოხატავს და შეუძლია პარტნიორის ნებისმიერი სურვილი «მის თვალებში ამოიკითხოს». დეპრესიულმა პიროვნებამ იცის, რაზე შეიძლება თქვას უარი მისმა პარტნიორმა, ან რა უშლის ხელს და მზადაა, ყველა სიძნელე მასთან ერთად გადალახოს. მოკლედ, დეპრესიულ ადამიანს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება თითქოს სახიფათოდ მიაჩნია და ამაზე ფიქრი მასში მეორე ადამიანის «დაკარგვის შიშს» იწვევს. ამრიგად, იგი მთლიანად შეერწყმის პარტნიორს, მისდამი თავგანწირულ სიყვარულსა და ერთგულებას გამოხატავს. ამგვარი სიყვარულის ჭეშმარიტი არსი იმით შეგვიძლია განვსაზღვროთ, არიდებს დეპრესიული პიროვნება თავს «საკუთარ ღერძზე ტრიალს», თუ ცდილობს თავი დააღწიოს «დაკარგვის შიშს», გააცნობიეროს სიყვარულთან დაკავშირებული საფრთხეები და ყოფნის თუ არა გამბედაობა, საკუთარ თავსაც და პარტნიორსაც მისცეს განვითარების საშუალება, თან ამ დროს ის ისევ უყვარდეს? ამ შემთხვევაში თითქოს ხდება სრული განზოგადება გამოთქმისა: «შენ საითაც წახვალ, მეც იქით გამოგყვები». ასეთი ურთიერთობა, ბევრი თვალსაზრისით, ნამდვილად ხელსაყრელია, მაგრამ, ვინც პარტნიორისგან უფრო მეტს მოითხოვს და არ სურს, მასში მხოლოდ საკუთარი პიროვნების აჩრდილს ან მუდმივად მორჩილ მსახურს ხედავდეს, მას ამგვარი ურთიერთობა არ დააკმაყოფილებს და იმედგაცრუებული დარჩება, როდესაც იგრძნობს, რომ მისმა პარტნიორმა «დაკარგვის შიშით» საკუთარ თავზე უარი განაცხადა და, ფაქტობრივად, თავის ბავშვობისდროინდელ პერიოდს დაუბრუნდა. რაკი დეპრესიული პიროვნება საკუთარ ფუნქციებს პარტნიორს გადაულოცავს, რაც კონკრეტულად თავად უნდა შეესრულებინა, იგი სულ უფრო დამოკიდებული ხდება მასზე და მის გარეშე საშინელ უმწეობას გრძნობს; დროდადრო კი მის დახმარებას ცდილობს, რათა უფრო საიმედოდ «გამოიჭიროს» იგი. დეპრესიული პიროვნება ამ დროს პარტნიორთან გაუცნობიერებლად ისეთ ურთიერთობას ამყარებს, რომელიც ბავშვობაში მასსა და მშობლებს შორის არსებობდა; ამიტომ ხშირია ქორწინებები, რომელთა საფუძველსაც ამგვარი პარტნიორული ურთიერთობები შეადგენს. იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც დეპრესიული პიროვნება დაქვრივების შემდეგ კვლავ ქორწინდება, თუმცა გარდაცვლილი მეუღლე თავისებურად უყვარდა. ასეთი ადამიანები დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ ეგუებიან და ნებისმიერ პარტნიორს მთლიანად მიენდობიან ხოლმე. როგორც ჩანს, აქ ის სიმპტომი მოქმედებს, რომლის დროსაც დეპრესიული პიროვნება ცდილობს «მე»-სა და «შენ»-ს შორის ყოველგვარი ზღვარი წაშალოს და ისინი ერთმანეთს შეურწყას; როგორც ერთმა დეპრესიულმა პიროვნებამ თქვა: «ამ დროს ადამიანმა აღარ იცის, სად მთავრდება თვითონ და სად იწყება ის «სხვა». დეპრესიული პიროვნება სიამოვნებით გაერთიანდებოდა ერთ არსებად მეორე ადამიანთან ან «სიყვარულით შესანსლავდა» მას ისე, რომ თავს არ დაკარგავდა და პიროვნებადაც დარჩებოდა; მაგრამ პრობლემას ქმნის ის, რომ დეპრესიული პიროვნება თავს არიდებს ინდივიდუაციის პროცესს და არც პარტნიორს აძლევს მასში მონაწილეობის საშუალებას.

პარტნიორული ურთიერთობის დროს ხშირად გავიგონებთ ასეთი გამონათქვამს – «ჩემი სიყვარული შენ რაში გეხება?» ამ სიტყვებში აშკარად ჩანს «დაკარგვის შიშისაგან» გათავისუფლების მცდელობა: პარტნიორი თავისუფალია და შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც მოესურვება; დეპრესიულ ადამიანს საკუთარი სიყვარულის გრძნობა ბოლოს და ბოლოს პარტნიორზე მეტად უღირს, ამიტომ მხოლოდ თავისთავზე და ამ სიყვარულზეა მიყურადებული; ამდენად, მას შეუძლია ამ გზით მარადიულ სიყვარულს ეზიაროს.

პარტნიორობის უფრო რთულ ფორმას ე.წ. «დამაშანტაჟებელი» ანუ გამომძალველი სიყვარული წარმოადგენს. დეპრესიული პიროვნება ამ გრძნობას სიამოვნებით ნიღბავს საგანგებო მზრუნველობით, მის მიღმა კი მბრძანებლობის სურვილს მალავს, რაც ისევ და ისევ «დაკარგვის შიშით» არის გამოწვეული. როდესაც დეპრესიული პიროვნება სურვილს ვერ ისრულებს, იგი უფრო მკაცრ საშუალებებს (მაგ., თვითმკვლელობის მუქარასაც კი) მიმართავს, თუმცა ცდილობს, პარტნიორს, უპირველეს ყოვლისა, დანაშაულის გრძნობა შთაუნერგოს, და, თუ ესეც ამაო აღმოჩნდა, დეპრესიული პიროვნება სასოწარკვეთილებაში ვარდება და ამბობს: «თუ შენ აღარ გიყვარვარ, თავს არ ვიცოცხლებ». ამით იგი პარტნიორს მიანიშნებს, რომ მას პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანის სიცოცხლეზე. იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი სისუსტეს გამოავლენს, დანაშაულს იგრძნობს და სიტუაციას ალღოს ვერ აუღებს, შესაძლოა, სიტუაცია გართულდეს და ტრაგედია დატრიალდეს. არსებობს ისეთი სიტუაციებიც, როდესაც პარტნიორი იძულებულია, მხოლოდ შიშის, სიბრალულის და დანაშაულის გრძნობის გამო შეინარჩუნოს ურთიერთობები დეპრესიულ პიროვნებასთან, თუმცა ამის მიღმა მისდამი სიძულვილს და მისი სიკვდილის სურვილს მალავს. ამ დროს შანტაჟის იარაღი შეიძლება ავადმყოფობაც გახდეს, რასაც, არცთუ იშვიათად, ტრაგიკული ფინალი მოსდევს.

ჩვენ ისევ დავინახავთ, რომ დეპრესიული პიროვნებების შიშებსა და კონფლიქტებს მნიშვნელოვანი ზოგადი საფუძველი გააჩნია; გამოდის, რომ ადამიანს, რაც უფრო ძლიერად უყვარს, მით უფრო მეტი აქვს დასაკარგი; იგი ნებისმიერი საფრთხის დროს თავშესაფარს სიყვარულში ეძებს და მისი პოვნის იმედი აქვს. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ინდივიდუაციაზე უარისთქმა «დაკარგვის შიშს» ვერ აქრობს; პირიქით, როდესაც დეპრესიული პიროვნება საკუთარ არსს უარყოფს, ისევ იმ სიტუაციას უბრუნდება, საიდანაც თავის დაღწევას ცდილობდა. ადამიანებს შორის პარტნიორობა კარგად გააზრებული მანძილის არსებობას მოითხოვს, რათა ორივე მხარემ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და განვითარება შეძლოს. ჭეშმარიტი პარტნიორობა მხოლოდ ორ დამოუკიდებელ ინდივიდს შორის ურთიერთობას ნიშნავს; თუ ერთ-ერთი პარტნიორი მეორეზეა დამოკიდებული, იგი იმ ობიექტად გადაიქცევა, რომელიც საკუთარ თავს არ ენდობა და ფიქრობს, რომ დამოუკიდებელ პარტნიორად არ გამოდგება. დეპრესიულ პიროვნებას სწორედ ეს უქმნის მის გვერდით მყოფი ადამიანების დაკარგვის საფრთხეს, რადგან სხვაზე დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი პატივისცემას უგულებელყოფს და ადამიანი დგება საშიშროების წინაშე, რომ პარტნიორის პატივისცემას დაკარგავს; ამის შედეგად კი დეპრესიულ პიროვნებას უჩნდება გრძნობა, რომ მისი გამოყენება «მთლიანი დატვირთვით» არ სურთ. მეორე მხრივ, ვინც ცდილობს პარტნიორი უმწეო ბავშვად აქციოს, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ის როდესმე შეეცდება ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას და მოინდომებს, მასაც სერიოზულად მოეკიდონ. შესაძლებელია, მან ამ დროს ტოლერანტობის ზღვარს გადააბიჯოს, და მაშინ მის სიყვარულს სიძულვილი შეცვლის. ასეთი სიტუაცია ორივე პარტნიორში «ნევროზის» ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობაში სტაგნაცია დაისადგურებს და მისი შემდგომი განვითარება აღარ მოხდება. ამ სიტუაციაში თითქმის ზუსტად ხდება ბავშვებისთვის დამახასიათებელი ურთიერთობის განმეორება.

დეპრესიული პიროვნება ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს სექსუალობას. მის მთავარ საზრუნავს სიყვარული, კეთილგანწყობა და სინაზე შეადგენს. თუ პარტნიორი მის ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დეპრესიულ პიროვნებას მასთან ფიზიკური სიახლოვეც სიამოვნებს და ფიქრობს, რომ სიყვარულში არ შეიძლება რაიმე სახის აკრძალვა არსებობდეს. იმ დეპრესიული პიროვნებებისთვის, რომლებიც მეტისმეტად დამოუკიდებლები არიან, დასაშვებია მაზოხიზმის ნებისმიერი ფორმა, რაც, არცთუ იშვიათად, პარტნიორის სრულ მორჩილებას გულისხმობს. ამასთან, ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა პარტნიორის შესანარჩუნებლად, რადგან ადამიანი ამ დროს მთლიანად მიენდობა მის ნება-სურვილს.

არ არსებობს ზოგადი წესი, რომელიც დაადგენდა, რა სახის თავისუფლება სჭირდება ადამიანს ან რა არის მისთვის მისაღები და მიუღებელი. ყველა შემთხვევაში იგი საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებს. თავად ადამიანების ცხოვრება, ემოციები თუ სოციალური პირობები იმდენად განსხვავებულია, რომ პარტნიორული ურთიერთობების დროს რთულია მათთვის მისაღები მოთხოვნების წამოყენება, მით უფრო, რომ ზოგიერთი მათგანი ნორმიდან გადახრილია და არცთუ მთლად ჯანსაღად აზროვნებს. ამიტომ, ჩვენი მხრივ, კეთილგონიერება და გულისხმიერება უნდა გამოვიჩინოთ და სიყვარულის იმ ფორმებსაც პატივისცემით მოვეკიდოთ, რომლებიც ჩვენთვის მიუღებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ იმ ადამიანების განსჯა მოგვიწევს, რომლებმაც ბავშვობის მძიმე წლები გამოიარეს და მოგვიანებით ვეღარ შეძლეს სრულყოფილი სიყვარულის განცდა; ახლა კი გამოდის, რომ ისინი ამისათვის უნდა დაისაჯონ.

დეპრესიული ადამიანი და აგრესია

ზემოთქმულიდან აშკარად ჩანს, რომ დეპრესიული ადამიანი ძნელად ართმევს თავს აგრესიებს და აფექტებს, რაც მას დიდ პრობლემებს უქმნის. განა შეიძლება იგი აგრესიული იყოს და თავის დამკვიდრებას ცდილობდეს, როდესაც მთელი არსებით «დაკარგვის შიშითაა» შეპყრობილი, სხვაზეა დამოკიდებული და, ამრიგად, სიყვარულის ამარაა დარჩენილი? ასეთი ადამიანი ვერ მიიტანს იერიშს იმაზე, ვიზეც დამოკიდებულია და ვინც მას სჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მან მოჭრას ტოტი, რომელზეც ზის. მეორე მხრივ, აგრესიები და აფექტები ყოველთვის იარსებებს, ვიდრე არსებობს სამყარო და ადამიანი, რადგან მათი მეშვეობით სწორედ ადამიანის არსის ბუნებრივი გამოვლინება ხდება. მაგრამ რა უნდა მოუხერხოს ადამიანმა საკუთარ აგრესიებს, რომლებიც უკვე სახიფათო სახეს იღებს?

ამის ერთ-ერთ შესაძლებლობას მათთვის თავის არიდება წარმოადგენს. ამის მიღწევას ადამიანი, ალბათ, იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ საკუთარ თავში «მშვიდობიანობის იდეოლოგიას» შეიმუშავებს. ეს დაეხმარება მას, რომ თავად აგრესია და მისი გამომწვევი მიზეზი საკუთარ თავშიც და მის გარეთაც აღარ აღიქვას. როდესაც დეპრესიულ ადამიანს შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოთქვას და არგუმენტებით გაამყაროს, სიტუაცია უეცრად გამწვავდება, თუ ვინმე მის მოსაზრებას არასწორად გაიგებს ან სხვა მნიშვნელობას მისცემს. მაგრამ ამ დროს

დეპრესიული პიროვნება ფიქრობს: განა ღირს ახლა რაღაც წვრილმანის გამო აგრესიის გამოხატვა? და გარკვეულ დათმობაზე მიდის; რაც უფრო მეტად ექცევა დეპრესიული პიროვნება ამ იდეოლოგიის ჩარჩოში, თავს იმცირებს, წინააღმდეგობის გაწევას ვერ ახერხებს და საკუთარი აფექტების გამოხატვა არ შეუძლია, მით უფრო მეტად ხდება იძულებული, ასეთი საქციელის კომპენსაცია მორალური უპირატესობით მოახდინოს, თუმცა ამასობაში ვერ აცნობიერებს, რომ ესეც აგრესიის ერთ-ერთი ფორმის სუბლიმაციას წარმოადგენს. ამგვარმა მოთმინებამ, შესაძლოა, დეპრესიული ადამიანი სულიერი, მორალური და სექსუალური მაზოხიზმის მდგომარეობამდე მიიყვანოს. ამასთან, უჩვეულო ურთიერთმონაცვლე პროცესები ხდება, როდესაც იდენტიფიკაციის დროს ერთი პარტნიორი მეორეს ისეთ გრძნობებს გადასცემს, რაც თავად არასოდეს განუცდია და თავში აზრად არ მოსვლია. თუ დეპრესიულ პიროვნებას მკაცრი, მომთხოვნი და აგრესიული პარტნიორი ჰყავს, იდენტიფიკაციის დროს მხოლოდ საკუთარ, დათრგუნულ იმპულსებს კი არ გადასცემს, არამედ მორალური უპირატესობის განსაკუთრებით ძლიერი გრძნობაც უჩნდება: ის ფიქრობს, რომ იგი, როგორც დაჩაგრული და ტანჯული ადამიანი, სხვებზე უკეთესია, და დარწმუნებულია, რომ დანაშაულად არ ჩაეთვლება, თუ სხვას რამეში დაადანაშაულებს. ამასთან, შესაძლოა, ეს ცალმხრივად განცდილი «სათნოება» ეჭვქვეშაც დავაყენოთ. როდესაც ერთ ადამიანს თავი ტანჯულად მოაქვს, ამით მეორე ადამიანს თავისდაუნებურად დამნაშავედ წარმოადგენს, რაც სადომაზოხისტური ურთიერთობის სახეს იღებს: «წმინდანი» მწვალებლად გადაიქცევა, «ცოდვილი» კი – წამებულად. «მსხვერპლი დამნაშავეა, მკვლელი – უდანაშაულო» – ასეთი სახელწოდება აქვს ფრანც ვერფელის ერთ-ერთ თეატრალურ პიესას. როდესაც დეპრესიული პიროვნება თავისი მორჩილებითა და თვინიერებით პარტნიორს ხელს უწყობს, რომ იგი აგრესიული და «ბოროტი» გახდეს, ამით მას დამნაშავედ აქცევს და სულ უფრო მეტად აღვიძებს მასში დანაშაულის გრძნობას. თუ ამას ისიც ემატება, რომ დეპრესიული პიროვნება ავად ხდება, პარტნიორი დანაშაულის გრძნობისგან ვეღარ თავისუფლდება; მაშინ, როცა დეპრესიული ადამიანი მსხვერპლის როლში გამოდის, იმ დროს შეიძლება მოვლენები ტრაგიკულად განვითარდეს და მან აფექტები ერთობ ინტენსიურად გამოავლინოს, რაც მის მძიმე დეპრესიაზე მიგვანიშნებს, თუმცა თავად იგი ამას ვერ აცნობიერებს და, ალბათ, ძალიან შეეშინდება, თუ ამის შესახებ შეიტყობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დეპრესიული პიროვნებები თვით ყველაზე მზრუნველი სიყვარულის მიღმაც კი ქვეცნობიერ აგრესიებს მალავენ; მათ შეუძლიათ ამ დროს პარტნიორს მზრუნველობით «სული ამოხადონ» ან მასზე უბრალოდ «ნაზად იძალადონ».

ქვეცნობიერი აგრესიებით ხასიათდება აგრეთვე დეპრესიული აგრესიის ის სახეობა, რომელიც წუწუნით, ჩივილით და მოთქმა-ვაებით გამოვლინდება. დეპრესიული პიროვნება ვერ აცნობიერებს, რა დამთრგუნველად შეიძლება იმოქმედოს ამან პარტნიორზე. იგი ამ დროს მოთქვამს, რომ მას ყველაფერი მობეზრდა, რომ ადამიანები ბოროტები და დაუნდობლები არიან; ამასთან, სახეზე აწერია, რომ ყველაფერში ბრალს უსიტყვოდ სდებს პარტნიორს და ცდილობს, მასში დანაშაულის გრძნობა გააღვიძოს, რათა ეს უკანასკნელი აიძულოს, მეტი ყურადღებითა და გულისხმიერებით მოეკიდოს მასთან ურთიერთობას; ზოგჯერ პარტნიორს ბეზრდება ასეთი ურთიერთობა და თავისუფლდება დანაშაულის გრძნობისაგან, რომელსაც დეპრესიული ადამიანი მას თავს ახვევდა.

იმ შემთხვევაში, თუ აგრესია ვერც ერთი აქ მითითებული გზით ვერ გამოვლინდება, იგი დეპრესიულ პიროვნებაში თვითბრალდების სახეს მიიღებს, რაც ყველაზე ხშირად მელანქოლიკებს ახასიათებთ. იმ აგრესიას, რომელიც დეპრესიულ პიროვნებაში საკუთარი, გადაუჭრელი კონფლიქტების გამო დანაშაულის გრძნობას და სიყვარულის დაკარგვის შიშს იწვევდა, ასევე სხვა ადამიანებისადმი თავდაპირველად წაყენებულ ყველა ბრალდებას, საყვედურსა თუ სიძულვილს, ეს ადამიანი ახლა საკუთარ თავზე იქამდე მიმართავს, ვიდრე თვითსიძულვილს არ იგრძნობს და, შეგნებულად თუ შეუგნებლად, თვითგანადგურებას არ მიაღწევს. ამგვარი თვითგანადგურება კი ნამდვილად ტრაგიკულ ხასიათს ატარებს და დეპრესიული პიროვნების ბავშვობისდროინდელ, ოდესღაც გამართლებული სიძულვილისა და შურის გრძნობებს უკავშირდება. ამ გრძნობების აშკარად გამოხატვა მას არასოდეს შეეძლო, რადგან იცოდა, რომ ამით მდგომარეობას უფრო გაირთულებდა, ეს კი მის ყოფას სრულიად გაუსაძლისს გახდიდა. რაკი ამ ადამიანს აფექტებისაგან გათავისუფლების არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდა, იგი თვითბრალდებას მიეცა და იძულებული იყო, ეს აფექტები საკუთარ თავზე სასჯელის სახით გადმოენთხია. დიდი ტრაგედიები ადამიანის ცხოვრებაში სწორედ ბავშვობის პერიოდში დატრიალდება ხოლმე. ამ დროს უყურადღებოდ დარჩენილ, დაუცველ ბავშვს სიყვარულის დაკარგვის შიში და სიძულვილის გრძნობა იპყრობს და ამ სახიფათო სიტუაციაში საკუთარი აგრესია მისთვის მძიმე ტვირთად გადაიქცევა.

ამრიგად, მომავალი დეპრესიული პიროვნება ადრეულ პერიოდში ვერ სწავლობს, როგორ უნდა მოექცეს საკუთარ აგრესიებს; ამას კი მოგვიანებით, ჩვეულებისამებრ, ის შედეგი მოჰყვება, რომ იგი ძალიან გვიან აცნობიერებს ან საერთოდ ვერ გრძნობს, სად და რა სიტუაციაში უნდა გამოავლინოს თავისი აგრესია, რადგან ამასთან დაკავშირებით მას მცდარი წარმოდგენები ჩამოუყალიბდა. რაკი დეპრესიულმა პიროვნებამ არ იცის, რომ მიზნის მისაღწევად თავის დამკვიდრება ან საკუთარი აზრის გატანა სჭირდება, ამიტომ მას წარმოდგენა არა აქვს, რომ ეს მეტისმეტად დიდ, აგრესიულ ძალას მოითხოვს, რომელიც მას არ გააჩნია. დეპრესიული პიროვნება მეტისმეტად გადაჭარბებულ შეფასებას აძლევს იმ შედეგებსაც, შიშთან და თვითბრალდების მზაობასთან დაკავშირებულ აგრესიას რომ მოჰყვება ხოლმე. მას თავისი შიში მუდმივად იმ ბუმერანგს აგონებს, რომელიც გაორმაგებული ძალით შემოუბრუნდება. დეპრესიული პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ ზოგჯერ მხოლოდ მკაცრი მზერით ან სათანადო ქცევით შეიძლება დაიმსახუროს პატივისცემა, რადგან არ იცის, სად გადის ის ზღვარი, რომლის მიხედვითაც იგი აგრესიის შედეგებს ზუსტად შეაფასებდა. არადა, სწორედ ამ ზღვრის ცოდნის შემთხვევაში შეძლებდა ახალი გამოცდილების მიღებას საკუთარ აგრესიებთან დაკავშირებით.

უნდა აღინიშნოს, რომ დეპრესიულ ადამიანში აგრესიის გამოხატვა ისეთი თვისებების საფუძველზე ხდება, როგორიცაა: საგანგებო მზრუნველობა, იდეოლოგიზირებული თავმდაბლობა, სიმშვიდისა და მორჩილებისადმი მზაობა, წუწუნი, მოთქმა და მოთმინება. ამ ნუსხას ემატება შემდეგი თვისებები: საკუთარი თავის საყვედური, თვითბრალდება, თვითდასჯა და, ბოლოს, თვითგანადგურება. საკუთარი თავისადმი მიმართული აგრესია ასევე გულისხმობს ზემოხსენებულ სომატიზაციას. ზოგიერთ მძიმე და უკურნებელ სენს, შესაძლოა, ისეთი ფსიქოდინამიური საფუძველი ჰქონდეს, როგორიცაა საბოლოო, ქვეცნობიერი თვითდასჯის გრძნობა, რომელსაც ახლავს თვითგანადგურების შურისძიება.

იმ აფექტებს და აგრესიებს, რომელთა გამოხატვასაც დეპრესიული ადამიანი ვერ ახერხებს, მარეგულირებელი მექანიზმები არ გააჩნიათ. ისინი დეპრესიულ პიროვნებას მხოლოდ ტანჯვას კი არ აყენებენ, არამედ მასში საერთოდ ასუსტებენ ყოველგვარ იმპულსებს, პასიურობას და გულგრილობას იწვევენ. ეს აფექტები და აგრესიები ასევე დათრგუნული აგრესიულობის შედეგსაც წარმოადგენს და მათი ახალი, მეორადი დათრგუნვის მიზეზი ხდება. სიძულვილი და შური ბავშვის ცხოვრების ასევე აუცილებელ ნაწილს შეადგენს, მაგრამ ისინი საფრთხეს მხოლოდ მაშინ ქმნიან, როდესაც შინაგანად ერთად იყრიან თავს და დეპრესიისთვის ამზადებენ ნიადაგს. უმწეო გააფთრება, იმედგაცრუებით გამოწვეული აგრესიები, სიძულვილისა და შურის განცდა, რომელსაც საკუთარ თავში ვახშობთ, ჩვენს შემდგომ ცხოვრებას კიდევ უფრო დეპრესიულს და დათრგუნულს ხდის, რადგან შებოჭილები ვართ და უმწეობის გამო არა გვაქვს ამ გრძნობების გამოხატვის უფლება. თუ ბავშვი ისწავლის თავისი აფექტებისა და აგრესიების მართვას, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიხვდება, სიტუაციის შესაბამისად, როგორ გამოიყენოს ისინი ან როდის თქვას მათზე უარი. დეპრესიის საწყისი ნიშნები, რასაც დროულად უნდა მიექცეს ყურადღება, შემდეგია: ბავშვი ამ დროს არაბუნებრივად მშვიდი და თვინიერია; არაფერში იჩენს ინიციატივას და აქტიურობას, მოწყენილია და გარესამყაროსთან ურთიერთობა უჭირს; ყოველგვარი აქტიური ქმედება აღაგზნებს, მტკივნეულად რეაგირებს მარტო დარჩენაზე.

ადამიანი აგრესიის გამოვლინების სწორ ფორმას მხოლოდ მაშინ გამოიმუშავებს, თუ იგი აგრესიულობის მეშვეობით ცხოვრებისეულ გამოცდილებას შეიძენს. ჯანსაღი და სწორად გამოვლენილი აგრესიულობა პიროვნების თვითშეფასებისა და ღირსების მნიშვნელოვანი ნაწილია და ადამიანის ჯანსაღი სიამაყის საფუძველს შეადგენს. დეპრესიული ადამიანების თვითშეფასების შეზღუდულ უნარს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს არამდგრადი და არასწორად გამოხატული აგრესიულობა. როგორც გოეთე თავის «არჩევით ნათესაობაში» ამბობს: «დიდი შურისგან ადამიანის ხსნა მხოლოდ სიყვარულს ძალუძს». ეს იმ შურის სუბლიმაციაა, რომლის გაცნობიერებაც ბავშვს ჯერ არ შეუძლია.

ახლა გვინდა, კვლავ დავსვათ კითხვა: როგორ ხდება დეპრესიული პიროვნების განვითარება და რატომ ენიჭება ადამიანში «დაკარგვისა» და პიროვნებად ჩამოყალიბების «შიშს» ასეთი დიდი მნიშვნელობა?

ცხოვრებისეული სივრცე

ადამიანის კონსტიტუციის მიმართ გამოჩენილმა განსაკუთრებულმა ყურადღებამ და ემოციურმა, თბილმა გუნება-განწყობამ შეიძლება სიყვარულის უნარი გააღვიძოს და დიდი, ღრმა გრძნობებისადმი მზაობა გამოიწვიოს. ეს თვისებები ხშირად უკავშირდება გარკვეულ გულცივობას და გრძნობებისადმი უსულგულო დამოკიდებულებას; ეს კი ხელს უშლის დეპრესიულ ადამიანს, გათავისუფლდეს ნებისმიერი რამისგან, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, ან დიდ ძალისხმევად დაუჯდა. ამრიგად, დეპრესიული ადამიანი წარმოადგენს ისეთი გრძნობების მქონე სტრუქტურას, რომელიც ესწრაფვის ერთგულებას, თავდადებას და სიყვარულს, რასაც ხშირად ვხვდებით ოდნავ მელანქოლიურად განწყობილ ადამიანებთან. ამასთან, ღიად რჩება საკითხი, რამდენად შეუძლიათ ამ თვისებების მქონე ადამიანებს, თავიდან აიცილონ, ანდა თუნდაც შეამცირონ ის საფრთხე, რომელიც მათ ხელს უშლის, საკუთარი მიდრეკილებების თანახმად იცხოვრონ. ეს ადამიანები აგრესიას საკუთარ თავზე მიმართავენ, რადგან ხედავენ, რომ ცხოვრებაში საკუთარი თავის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ამ ბუნებით მშვიდ, კეთილ და მშვიდობიან ადამიანებს «იდაყვებით» თავის გატანის უნარი არ გააჩნიათ. მეორე კონსტიტუციურ კომპონენტად შეიძლება დავასახელოთ დაუცველობა, მგრძნობიარობა, მოწყლულობა და «გაშიშვლებული კანი», რის გამოც ამ ადამიანებს დაცვა სჭირდებათ; ამასთან, ისინი გაუცნობიერებლად მოითხოვენ მშობლიურ მზრუნველობას. გარდა სიყვარულისა, მხედველობაში უნდა მივიღოთ აგრეთვე მათი თანდაყოლილი მიდრეკილება ფლეგმატურობისა და გუნება-განწყობის ფაქტორებისადმი, თუმცა ძნელია იმაზე პასუხის გაცემა, რა განაპირობებს მათ გუნება-განწყობას და რა რეაქციებს იწვევენ ისინი.

აქ კვლავ ხდება კონსტიტუციური და ცხოვრებისეული ფაქტების ურთიერთგადაკვეთა. ვითარებას უკეთ ჩავწვდებით, თუ გავითვალისწინებთ ბავშვის მდგომარეობას მისი განვითარების მეორე ფაზაში. ადრეული ფაზისგან განსხვავებით, როდესაც ბავშვი ნელ-ნელა იწყებს სამყაროს აღქმას, მას ამ დროისთვის უკვე შეცნობილი ჰყავს დედა, როგორც მისი ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილების წყარო. ახლა ბავშვისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ იგი იმედიანად ელის დედის დაბრუნებას, და ისიც სისტემატურად ბრუნდება და იმყოფება მასთან. ბავშვი და დედა ერთად დიდხანს ქმნიან ერთ მთლიანობას, როგორც ეს ჩამოაყალიბა კიუნკელმა. მისი აზრით, დედა და შვილი სიმბიოზში ცხოვრობენ და ისეთ ერთობას ქმნიან, რომელსაც ბავშვი ნელ-ნელა ემიჯნება. ბავშვის ცნობიერებაში თავდაპირველად არ არსებობს ზღვარი მასსა და დედას შორის; ბავშვი დედას გაიაზრებს როგორც არსებას, რომელიც მის ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებს და მას ბედნიერებას ანიჭებს; ის გრძნობს, რომ დედაზეა დამოკიდებული და ეშინია, კვლავ არ გაუჩინარდეს. ბავშვი დედის სურათ-ხატს და მის არსებას მთელი გრძნობით აღიქვამს და ამ დამოკიდებულებიდან გათავისუფლების შემდეგაც დედის სურათ-ხატი დიდხანს აქვს ღრმად ჩაბეჭდილი გულში. ასე ხდება დედის «გათავისება», რის შემდეგაც იგი ბავშვის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დედისადმი განწყობის მიხედვით, შეიძლება გავიგოთ, რა განწყობა აქვს ბავშვს საკუთარი თავის მიმართ. მის მიერ დედის შინაგანი სურათ-ხატის შექმნას ფსიქოანალიზი «ინტროექციას» ანუ «ინკორპორაციას» უწოდებს; მასში ინდივიდუალიზებული დედობრივი გამოცდილება ჩვენს იმ განწყობაში აისახება, რომელიც საკუთარი თავის მიმართ გაგვაჩნია. ვისაც ჰქონია ბედნიერება, წარმოედგინა მოსიყვარულე დედის სურათ-ხატი, ის საკუთარ თავს სიყვარულის ღირსად მიიჩნევს; მაგრამ, ვისაც ბედმა არ გაუღიმა, და მკაცრი, სასტიკი დედა უნდა წარმოიდგინოს, რომელმაც უარყო შვილი, ის ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის სიყვარულის ღირსი. ასეთმა ადამიანმა ცხოვრების დიდი გზა უნდა გაიაროს, რათა ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ ისიც იმსახურებს სიყვარულს. ამრიგად, მოსიყვარულე დედის სახით მიღებული გამოცდილება ადამიანისათვის ფასდაუდებელ საუნჯეს წარმოადგენს.

დედასთან კარგი ურთიერთობის დროს არსებობს სიყვარულის გაცემისა და მიღების ორმხრივი კავშირი, რაც მათი ბედნიერების საწინდარია. ბავშვის გულში ექოსავით ხმიანობს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია დედასთან. იგი დედის ღიმილს ღიმილითვე უპასუხებს, ხოლო მისი ღიმილი დედის ღიმილს იწვევს. ის შინაგანი ურთიერთკავშირი, რომელიც ორ ადამიანს შორის გაგებინების საშუალებაა, ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც ცხოვრებაში შეიძლება შეიგრძნოს ადამიანმა; და ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ეს არის ადამიანის მადლიერების, იმედისა და კეთილგანწყობის სათავე. ბავშვი ამ დროს ჯერ კიდევ თავისი ცხოვრების «სამოთხისეულ» ხანაში იმყოფება; ეს ის ხანმოკლე პერიოდია, როდესაც მისგან არაფერს მოითხოვენ, მის ყოველ სურვილს ასრულებენ და ისიც ტკბება საკუთარი არსებობით.

ბავშვი სწორედ თავისი ცხოვრების ამ მეორე ფაზაში გრძნობს, რომ სიახლე ხდება და იგი მეორე ადამიანზეა დამოკიდებული; ის ამ ადამიანს ენდობა და თავის ახლობლად მიიჩნევს; ეს ადამიანი, ჩვეულებისამებრ, დედაა, რომელმაც ბავშვს იმის შესაძლებლობა უნდა მისცეს, რომ მან დედის სურათ-ხატი «გულში ჩაიბეჭდოს», რადგან ამის წყალობით ბავშვს იმავდროულად ექმნება შთაბეჭდილება, საერთოდ, ადამიანსა და ადამიანურობაზე. დედის ქცევასა და მის ხასიათზეა დამოკიდებული, როგორ სამყაროში აღმოჩნდება ბავშვი, თავიდანვე კეთილგანწყობას იგრძნობს იგი თუ უგულებელყოფას, სიყვარულს თუ სიძულვილს, რადგან ბავშვის გრძნობები ამ დროს ყველაზე ნატიფ შთაბეჭდილებებზე აისახება, საკუთარი თავისადმი მისი დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად «ცალმხრივ მიმართულებას» იღებს და შემდგომში მის თვითშეფასების უნარს მტკიცე საფუძველს უქმნის იმ პრინციპის თანახმად, რომ «ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს».

ახლა კი უნდა დავსვათ კითხვა: რა შეიძლება იყოს ამ ფაზაში იმ დარღვევების მიზეზი, რის გამოც ადამიანი საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის იმპულსს, სიხარულის ნაცვლად, შიშითა და დანაშაულის გრძნობით უპასუხებს? ამ შემთხვევაში უნდა დავასახელოთ დედისთვის დამახასიათებელი, ორი უმართებულო და არასწორი საქციელი, როგორიცაა «განებივრება» და «აკრძალვა».

როდესაც «განებივრებაზე» ვლაპარაკობთ, იმ ძალიან პატარა ბავშვების დედებს ანუ «კრუხ დედებს» ვგულისხმობთ, რომლებიც ბედნიერად იგრძნობენ თავს, თუ მათი შვილები «ჩვილის» ასაკს არ გასცდებიან, სამუდამოდ უმწეოები და უსუსურები დარჩებიან და დედაზე იქნებიან დამოკიდებული. ეს ის დედები არიან, რომლებიც ხშირად დეპრესიული პიროვნული სტრუქტურით გამოირჩევიან და ცხოვრებას გაუცნობიერებელი შიშით უყურებენ. ისინი ბავშვს ანებივრებენ, გადაჭარბებული ალერსითა და სინაზით ექცევიან, არაფერს უშლიან და უკრძალავენ.

ხანდახან ამას საბედისწერო გარემოებებიც ემატება; ასე, მაგალითად, ქალები, რომლებსაც ქორწინებამ იმედი გაუცრუა, ან რომლებმაც პარტნიორი დაკარგეს, თავიანთი ცხოვრების აზრს მხოლოდ შვილებში ხედავენ. შვილის სიყვარული მათთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს და მისთვის თავს არ ზოგავენ. მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს ზრუნვა შვილმაც მადლიერებით უნდა მიიღოს. ბავშვისთვის კი, ასაკის მომატებასთან ერთად, ასეთი დედა სულ უფრო პრობლემური ხდება; დედა შიშით ადევნებს თვალს შვილის ზრდას და განვითარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი დამოუკიდებელი ხდება, მალე დედა საერთოდ აღარ დასჭირდება და სხვა ადამიანებთან დაიწყებს ურთიერთობას. ასეთ დედას შვილის შენარჩუნება სურს და ნატრობს, რომ იგი მუდმივად პატარა იყოს; ეს სურვილი ღრმა დედობრივ ინსტინქტს უკავშირდება, მაგრამ ამ დროს არც ის დიდი მსხვერპლი უნდა დავივიწყოთ, დედა რომ გაიღებს შვილის საკეთილდღეოდ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იგი ასე ადვილად არ დათმობს არსებას, რომელსაც ამდენი ხანი უვლიდა და ელოლიავებოდა!

ასეთი დედები ბავშვს დაბადებიდანვე ანებივრებენ, ძუძუს აწოვებენ და ყოველ წამოტირებაზე ხელით დაატარებენ, რაც ბავშვს ხშირად ვიტალურ მოთხოვნილებად გადაექცევა ხოლმე; გარდა ამისა, ისინი ბავშვში სასიცოცხლო იმპულსებს ახშობენ და მის ყოველ უგუნებობას ისეთი ყალბი სინაზით ხვდებიან, რომ ბავშვი საკუთარი აფექტებისა და უკმაყოფილო რეაქციების გამოხატვას ვეღარ ახერხებს. ასეთი დედები ბავშვს გვერდიდან წუთითაც არ იშორებენ, მის ყურადღებას და გრძნობებს ანდამატივით იზიდავენ და, მოკრივეების ენით რომ ვთქვათ, მასთან ერთად მუდმივ «კლინჩში» ცხოვრობენ. ასეთი სიახლოვის დროს ორივეს ეზღუდება თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა, რადგან დედა, ისევ და ისევ საკუთარი სურვილის თანახმად, ცდილობს, ბავშვს ყოველგვარი დამოუკიდებლობა წაართვას, წინასწარ «დაუღეჭოს» ყველაფერი და გარესამყაროსა და ბავშვს შუა ჩადგეს, რათა ყოველნაირად დაიცვას იგი. ამ დროს დედა ვეღარ აღიქვამს შვილის ჯანსაღ, აუცილებელ აფექტებს, მათზე ავადმყოფურად, ცრემლებით რეაგირებს, რის შედეგადაც ბავშვს დანაშაულის გრძნობა უჩნდება მისი ასაკისთვის სრულიად ნორმალური და ადეკვატური რეაქციების გამო.

ამგვარი საქციელი მას არა მხოლოდ აკავშირებს დედასთან, არამედ თითქმის ყოველგვარ შესაძლებლობას ართმევს საკუთარი იმპულსების გამოსავლენად; ამიტომ ბავშვმა არ იცის, დედის ჩარევის გარეშე როგორ მოიქცეს; შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რომ მას ბოლოს და ბოლოს საკუთარი სურვილებიც აღარ გაუჩნდეს. ამ დროს იგი გარესამყაროს განუდგება და ყველაფრისადმი გულგრილი ხდება, თუმცა გამუდმებით იმის მოლოდინშია, რომ მის დაკარგულ სურვილებს სხვა ამოიცნობს და შეუსრულებს. ბავშვს უყალიბდება «მოხერხებული ქცევები», უჩნდება პასიური მოლოდინები და ექმნება წარმოდგენა, რომ «ზღაპრულ ქვეყანაში» ცხოვრობს. თუმცა ამ ყველაფრის უკან დეპრესია იმალება.

ბავშვის განვითარების ეს პროცესი ბრწყინვალედ აღწერა გონჩაროვმა რომანში «ობლომოვი». სურვილებისა და ნატვრის იმპულსების ჩახშობის შედეგად, ბავშვს უჭირს გარესამყაროსთან ურთიერთობა; ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, იძულებულია, ისევ და ისევ სხვებზე იყოს დამოკიდებული, დედა კი ბავშვს გარესამყაროს წარმოუდგენს როგორც ბოროტსა და სახიფათოს; ამის გამო მას თანდათან ეუფლება გრძნობა, რომ სითბოს, დაცულობას, გაგებას და უსაფრთხოებას მხოლოდ დედასთან იპოვის. ეს კი ასუსტებს გარესამყაროსთან ბავშვის ურთიერთობის იმპულსებს, რადგან ჰგონია, რომ მის სახლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. დედა ცდილობს, ბავშვთან ახლოს არავინ მიუშვას და ფხიზლად დარაჯობს მას; ბავშვს შემდგომში არავისთან უნდა მეგობრობა, რადგან დედა ავადმყოფურად რეაგირებს მეგობრობაზე და ჰგონია, რომ ამ დროს შვილი მას ღალატობს. ამგვარი «ნაზი ძალადობა» ბავშვზე სიმწიფის ასაკშიც გრძელდება, როდესაც მისი იმპულსების დათრგუნვა კვლავ «თბილად შეფუთული» დედობრივი სიყვარულის მეშვეობით ხდება. იმის გამო, რომ ბავშვს არ უგრძვნია ურთიერთობაში სიცივე და სიმკაცრე, მას არა აქვს საშუალება, შეამოწმობს საკუთარი თავი, და იმ იმედის ამარა რჩება, რომ მას გარესამყაროც ასე გაანებივრებს. ამიტომაც იგი მოუმზადებელი ხვდება მომავალ სიძნელეებს, განიცდის საკუთარ უმწეობას და სისუსტეს, ცდილობს, კვლავ იმ ძველ, უსაფრთხო ცხოვრებას დაუბრუნდეს.

საკუთარი «მე»-ს სისუსტის გამო, მას ცხოვრებისეული სიძნელეების დაძლევა წარმოუდგენლად ეჩვენება და განუდგება გარესამყაროს.

ამრიგად, ასეთი დედა დროულად ვერ ათავისუფლებს შვილს საკუთარი გავლენისაგან და არ აძლევს დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას. სიყვარულის სახელით მას ბავშვი «კალთაზე ჰყავს გამობმული», უხშობს თვითგამოხატვის უნარს და გამუდმებით ჩასჩიჩინებს:

«აბა, ახლა მომესიყვარულე!» «აბა, მომეფერე და მაკოცე!» ამასთან, დედა ბავშვს ყველაფერს უკრძალავს: «აბა, მაგას მოეშვი, მე თვითონ გავაკეთებ!» «შენ ამის გაკეთებას როგორ შეძლებ?!» «შენ ჯერ პატარა ხარ, ამიტომ ეს ჯერ არ შეგიძლია!» ან «არ გინდა ამით ითამაშო?» «აბა, ახლა თავი დაანებე მაგას!» ამ დროს დედა ვერ ხვდება, რომ ბავშვს თვითგანვითარების ყოველგვარ საშუალებას უსპობს, და ბოლოს და ბოლოს ოცნების სფეროსაც უნადგურებს, რომელიც მას, გარესამყაროსკენ მიმავალ გზაზე, პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. თუ ბავშვი ასეთ პირობებში ვერ ისწავლის «საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალს», ის «დედის კალთაზე გამობმული» დარჩება, მის ექოდ გადაიქცევა და ვერ შეიცნობს ვერც გარესამყაროს და ვერც საკუთარ შესაძლებლობებს. ის ყოველთვის პასიური იქნება და შეეცდება, თავისი მოლოდინები შემდგომშიც ისე მიუსადაგოს ცხოვრებას, როგორც ეს განებივრებულ გარემოში ყოფნისას წარმოედგინა. რა თქმა უნდა, ამ დროს გარდაუვალია იმედგაცრუება, რომელიც აქამდე დაფარული დეპრესიის სახით ვლინდებოდა.

დედის ურთიერთობა შვილთან, შესაძლოა, სხვა უსიამოვნო მოვლენების გამოც გართულდეს. ეს მაშინ ხდება, როდესაც დედა დაქვრივდება, მშობლები ერთმანეთს ეყრებიან, ცოლ-ქმარს ბავშვის დაბადების პერიოდში რთული ურთიერთობა აქვთ, ან დედას ერთმანეთზე მიყოლებით უწევს მშობიარობა და ა.შ. ბუნებრივია, დედისერთა შვილი ასეთ დროს უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ის ბავშვი, რომელსაც და-ძმა ჰყავს, რადგან დედის სიყვარული მხოლოდ ერთ შვილის წილხვედრი არ იქნება. ერთხელ ერთმა პაციენტმა, რომელიც დედისერთა იყო, საკმაოდ უკმეხად თქვა:

«როდესაც დედაჩემი სიყვარულის კალთას გადმომაბერტყავს ხოლმე, მთელ ტანში მბურძგნის».

შვილისათვის თავისუფლების მინიჭება ის აუცილებლობაა, რომელიც დედობას უმადურ საქმედ წარმოაჩენს, მით უფრო, როდესაც დედა შვილისაგან მზრუნველობისთვის მადლიერების გამოხატვას ელის ან ამას პირდაპირ მოითხოვს. თუ დედა პიროვნულად მოუმწიფებელია და ვერ ხედავს, რომ შვილის ჯანსაღი განვითარება მისი დედობრივი სიყვარულის და მზრუნველობის, მისთვის მსხვერპლად შეწირვისა და თავდადების საზღაურს წარმოადგენს, დედა საკუთარ შვილსაც და თავის თავსაც ცხოვრებას აუცილებლად სატანჯველად უქცევს.

ასეთ ბავშვებს კიდევ უფრო რთული შინაგანი განწყობა აქვთ. მათ ისღა დარჩენიათ, გულში სიძულვილი ჩაიდონ დედის მიმართ, რომელიც მათ განიარაღებას და დამორჩილებას ცდილობს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შვილი გაბედავს და რაიმე სახით გამოხატავს უკმაყოფილებას, დედა მაშინვე ცდილობს, მასში დანაშაულისა და თვითბრალდების გრძნობა გააღვიძოს, და შეახსენებს, რა მსხვერპლი გაიღო მისი კეთილდღეობისათვის. რა თქმა უნდა, ის შვილს სიმართლეს ეუბნება, მაგრამ ამ დროს შვილისგან მადლიერების აღიარებას არ უნდა მოელოდეს იმის გამო, რაც ბავშვს არათუ მისთვის არ უთხოვია, არამედ მას გარკვეული ზიანიც მიაყენა. დედა მოითხოვს, რომ მას სინდისი აწუხებდეს, თავს დამნაშავედ გრძნობდეს და მუდმივად ჰქონდეს ამის განცდა. დედის ამგვარი საქციელის გამო, განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვები იტანჯებიან. ამის მაგალითებს ჩვენ ჯერ კიდევ გავეცნობით. ამ დროს ბავშვი ვერ ბედავს თავისი ასაკის შესაფერისი ნაბიჯების გადადგმას, რათა დედისგან თავი დაიხსნას. დედა-შვილს შორის ახლო ურთიეროთობისა და ბავშვის დედაზე დამოკიდებულების საფრთხე ამასობაში აშკარად იჩენს თავს, რადგან ბავშვმა უარი უნდა თქვას თავის თავზე და გაითავისოს საკუთარი დანაშაული. მხოლოდ მისი ამგვარი ქცევით გახდება შესაძლებელი სიტუაციის განმუხტვა. ამ დროს ბავშვს არაფერი თრგუნავს ისე, როგორც «აღზრდის» ის მეთოდი, რომლის საშუალებითაც მასში დანაშაულის გრძნობის გაღვიძებას ცდილობენ. ეს ერთ-ერთი დიდი ცოდვაა, რომელსაც ადამიანი თავის მშობლებს მომავალში ძნელად თუ შეუნდობს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ იგი ამ სიტუაციას თავს დააღწევს და გააცნობიერებს იმ ტანჯვას, მას იმ ვითომდა სიყვარულის გამო რომ მიაყენეს. ამისათვის ერთ ტიპურ მაგალითს მოვიყვანთ:

დედას არ მოსწონდა, რომ მისი შვილი უზრდელი იყო, უსიტყვოდ არ ემორჩილებოდა და მისი სურვილისამებრ არ იქცეოდა. ამ დროს უკმაყოფილო დედა ტახტზე წვებოდა და «კვდებოდა», რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი გაუნძრევლად იწვა და არ რეაგირებდა ბავშვის ვედრებაზე – «გაცოცხლებულიყო», ვიდრე სასოწარკვეთილი ბავშვი ღრიალს არ მორთავდა.

ბავშვში დანაშაულის გრძნობის გამოწვევას ასეთი დედები ხშირად მუქარით ცდილობენ: «იცოდე, ახლა წავალ და აღარასოდეს დავბრუნდები!» ან «შენ მე საფლავში ჩამაწვენ!» და ა.შ.

თუ ბავშვის განებივრების მოტივაცია პირველ შემთხვევაში ის იყო, რომ მას მშობელი უნდა ჰყვარებოდა და მისგან თავი დავალებულად ეგრძნო, მეორე შემთხვევაში მოტივაცია უფრო რთულია და ბავშვისთვის უმთავრესად ტრაგიკული შედეგი მოაქვს. აქ ის შემთხვევები იგულისხმება, როდესაც დედას ამ ბავშვის გაჩენა არ უნდოდა, ან რაღაც სხვა მიზეზით გამუდმებით უარყოფს მას და მის მიმართ მტრულად არის განწყობილი, თუმცა ამავე დროს ცდილობს, ბავშვს კარგი დედობა გაუწიოს და დანაშაულის გრძნობა სტანჯავს, რომ ამას ვერ ახერხებს; ამის გამო იგი ბავშვს ანებივრებს და ასე ცდილობს თავისი შეცდომის გამოსწორებას.

ასეთი სიტუაცია, გასაგები მიზეზების გამო, უფრო გერი შვილების შემთხვევაში გვხვდება; თუ ეს დედას სირთულეებს უქმნის, მით უფრო აუტანელია ბავშვისთვის. იგი გრძნობს მისდამი უარყოფით, ან სულაც მტრულ დამოკიდებულებას და გულწრფელი სიყვარულის დეფიციტს განიცდის, რომელსაც მისი განებივრება ვერ ანაზღაურებს; ის კი არა, ბავშვი ამას იმ მდგომარეობამდე მიჰყავს, რომ იძულებულია, მისდამი გამოჩენილი «სიკეთის» გამო მადლიერებასაც კი გრძნობდეს; ზოგჯერ საქმე იქამდე მიდის, რომ ბავშვი ამგვარ არსებობას დანაშაულად აღიქვამს და საკუთარ თავს ეჭვის თვალით უყურებს. იგი გრძნობს, რომ დედას ტვირთად აწევს და, რაკი სიცოცხლის უფლება არა აქვს, ამიტომ მადლიერი უნდა იყოს, რომ მის არსებობას ეგუებიან.

ახლა გვინდა, ადამიანზე უარისთქმის პირობები განვიხილოთ, რომლებსაც დეპრესიული პიროვნების ცხოვრებისეული სივრცე გამოავლენს ხოლმე. აქ ის ხისტი, დედობრივი სიყვარულის უნარს მოკლებული ქალები იგულისხმებიან, რომლებსაც ბავშვობაში მშობლის სიყვარული არ უგრძვნიათ და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერ შეძლეს, კარგი დედები გამხდარიყვნენ. შედარებით უწყინრად გამოიყურებიან ე.წ. «პროგრამული დედები», რომლებიც, საკუთარი უმწეობის, გაუბედაობისა და არამგრძნობიარე ხასიათის გამო, ბავშვს ძუძუს დადგენილი წესების მიხედვით აწოვებენ და ისე ზრდიან, რომ მის ინდივიდუალურ მოთხოვნებს ანგარიშს არ უწევენ. მსგავს სიტუაციას კარგად აღწერს თავის დღიურში დედა პირველი შვილის დაბადებასთან დაკავშირებით: «ბიჭი უკვე რამდენიმე საათია განუწყვეტლივ ჩხავის და არ გაჩერდება, ვიდრე ჭამის დრო არ მოუვა და ძუძუს არ მოვაწოვებ». მსგავს ჩანაწერებს მის დღიურში მრავლად ვხვდებით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დროს ზოგიერთი ექიმის «მეცნიერული» რჩევა ხშირად სავალალო შედეგს გამოიღებს ხოლმე.

ამასთან, ბავშვისგან მეტისმეტად ბევრს მოითხოვენ, როდესაც გარემოპირობებთან მის მისადაგებას ძალადობით ცდილობენ და მის სურვილებს ანგარიშს არ უწევენ; ასე მაგალითად, დედა მას არასისტემატურად აწოვებს ძუძუს, მერე კი საწოლში აწვენს და, საერთოდ, ყურადღებას აღარ აქცევს; ანდა, დედა ძალიან მოუცლელია, ამიტომ ცდილობს, ძუძუს წოვების პროცესი სწრაფად დაასრულოს. მსგავსი მაგალითები ძალიან ხშირად გვხვდება. რაკი ბავშვს ჯერ არ შეუძლია თავის დაცვა და საკუთარი სურვილების გამოხატვა, იგი ნელ-ნელა განუდგება მისთვის ჩვეულ გარესამყაროს და უჩნდება შეგრძნება, რომ ამ სამყაროსგან იგი არაფერს უნდა მოელოდეს. ამის შემდეგ ბევრ დეპრესიულ პიროვნებას უყალიბდება თავისი ცხოვრების მთავარი განცდა: ეს ის უიმედობაა, როდესაც ადამიანს აღარც მომავლისა სჯერა და აღარც – საკუთარი თავისა; უიმედობასთან ერთად, დეპრესიულ პიროვნებას აქვს შეგრძნება, რომ შესაძლოა გარემო პირობებთან მისადაგება, და რომ მის ყველაზე ძლიერ თვისებას ამტანობა და ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე უარისთქმა წარმოადგენს. ნაცვლად იმისა, რომ მომავლის იმედით ცხოვრობდეს, დეპრესიული პიროვნება მუდმივად ცუდი ამბების მოლოდინშია, აშკარად პესიმისტურად არის განწყობილი და ვერ წარმოუდგენია, რომ ცხოვრებამ მასაც შეიძლება სულ მცირე სიხარული და ბედნიერება მოუტანოს; მაგრამ, თუ ეს იშვიათად მაინც მოხდა, მას დანაშაულის გრძნობა უჩნდება და საკუთარ თავს ეკითხება, რით დაიმსახურა ეს. დეპრესიული პიროვნება არასოდეს განიცდის ჭეშმარიტ სიხარულს და მოსალოდნელი ბედნიერების შესაძლებლობას ზოგჯერ წინასწარი იმედგაცრუებით ირიდებს თავიდან; რაკი ფიქრობს, რომ ბედნიერება არ ეღირსება, ამიტომ დეპრესიული პიროვნება მის მიღწევას არც ცდილობს, რადგან უშედეგო მცდელობის შემდეგ იმედგაცრუება უფრო მტკივნეული იქნება; როდესაც ადამიანი ცხოვრებისგან კარგს არაფერს მოელის, იგი იმედგაცრუებითაც ბევრს არაფერს კარგავს. ამგვარი განცდების მაგალითს ერთი დედის დღიურიდან ამონარიდი წარმოადგენს:

«თავიდანვე სუსტი ბავშვი იყავი. ექვსი კვირის განმავლობაში ძუძუს გაწოვებდი, მაგრამ მერე ხელოვნურ კვებაზე გადაგიყვანე, რადგან ძუძუზე გული გერეოდა და აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ჯერ კიდევ კლინიკაში ყოფნისას, ათი დღე უარს ამბობდი ძუძუზე, ამიტომ ცხვირზე ხელს გიჭერდით და გაიძულებდით, ასე მაინც რაღაც გეჭამა. შენი გულისრევის მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა კარდიოსპაზმი. ყოველ შემთხვევაში, ექიმები არ ადასტურებდნენ ამას. ეს ალბათ უფრო შენი ზემგრძნობელობისა და ნევროზის ბრალი იყო, რადგან პირველი ექვსი თვის განმავლობაში ერთ ღამესაც არ გძინებია წყნარად. სამი კვირის შემდეგ კლინიკიდან სახლში რომ წამოგიყვანე, მალე ისევ გავედი სამსახურში, ამიტომ სათანადო ყურადღებას ვერ გაქცევდი. როდესაც დავინახე, რომ 3-4 კვირის განმავლობაში წონაში ვერ მოიმატე, ისევ ექიმს მივმართე. მან სერიოზული ვერაფერი აღმოგიჩინა, მაგრამ, თავის დაზღვევის მიზნით, მირჩია, ბავშვთა კლინიკაში დამეწვინე. კლინიკაში შენი საწოლი ფანჯარასთან იდგა და მხოლოდ ერთი საბანი გეფარა, სახლში კი უფრო შეფუთული მყავდი ხოლმე. ამის შედეგი კი ის იყო, რომ ფილტვების ანთება დაგემართა. იმხანად ნერვები საშინელ მდგომარეობაში მქონდა, მაგრამ პირველ დღეებში მაინც დავდიოდი კლინიკაში და ძუძუს გაჭმევდი. სწორედ იმ ხანებში ვიგრძენი, რომ რაღაც უცნაურობა მჭირდა: ირგვლივ ყველაფერს შავ ფერებში ვხედავდი; ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნუგეში კი შენ იყავი, რადგან მამაშენი ხშირად კარგავდა წონასწორობას, რაღაც ახირებები დასჩემდა და ძალიან მძიმე ასატანი გახდა. ამის გამო შენს აღზრდაში ბევრი შეცდომა დავუშვი; მკაცრად ვიცავდი გარკვეულ წესებს, გაიძულებდი, ხშირად ყოფილიყავი ჰაერზე და დასაძინებლად ადრე დაწოლილიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი ცხოვრება მშვიდად და წესიერად ვერ წარიმართებოდა. ექიმებისა ყოველთვის საშინლად გეშინოდა და ერთხელ, ყურის ანთების დროს, ექიმთან ისეთი ბღავილი მორთე, რომ საშინლად აღშფოთდა და გაბრაზებულმა მომაძახა: «ძალიან ცუდად აღზრდილი შვილი გყავთ», მერე კი ადგა და წავიდა».

ამ ჩანაწერში ნამდვილად იკვეთება ბევრი ისეთი საკითხი, რასაც, შესაძლოა, დამთრგუნველად და უარყოფითად ემოქმედა ბავშვზე. ცხოვრების ადრინდელი პერიოდის განცდები ორმაგ ცვლილებებს იწვევს მასში; ჯერ ერთი, იგი ძალიან ადრე განუდგება გარესამყაროს, ეს კი მასში ყველა სფეროს განვითარებას ამუხრუჭებს. ამ დროს ბავშვს ბევრი ნივთის ხელში ჩაგდების სურვილი უჩნდება და მოითხოვს, რომ მათი მფლობელი გახდეს. თუ იგი მორჩილებას გამოავლენს და რომელიმე ნივთის მოსაპოვებლად ფარ-ხმალს დაყრის, დაამტკიცებს, რომ თავის გატანა არ შეუძლია და შურის გრძნობა აღეძვრება იმის გამო, რომ ეს ნივთი სხვის ხელში ადვილად აღმოჩნდება, მაშინ როდესაც თავად მისი აღების უფლებას არ აძლევენ. რადგან ბავშვი ამის გამო საკუთარ თავს კიცხავს, ამიტომ ცდილობს, მის წინაშე წარმოქმნილ სიძნელეს სათნოების მნიშვნელობა მიანიჭოს და საკუთარი გრძნობების დათრგუნვა გარკვეულ ღირებულებად თუ თავმდაბლობისა და უპრეტენზიობის გამოვლინებად წარმოადგინოს; მაშინ ადამიანს მორალური უპირატესობის გრძნობა მაინც რჩება ნუგეშად.

გარესამყაროსგან ადრეული განდგომის მეორე შედეგი ბავშვის იმ განცდაში იჩენს თავს, რომ იგი სიყვარულის ღირსი არ არის, რაც მასში, როგორც წესი, არასრულფასოვნების გრძნობას ავითარებს. ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა იგრძნოს, რომ იგი უყვართ, რათა თავი სიყვარულის ღირსად ჩათვალოს. მაგრამ თუ მას ეს გრძნობა არ განუცდია, მაშინ ამის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს, რადგან სიყვარულის უნარი თავადაც არ გააჩნია. არასრულფასოვნების გრძნობას ამ ასაკში ისიც იწვევს, რომ ბავშვს არ შეუძლია შეაფასოს, რამდენად მოკლებული არიან მისი მშობლები სიყვარულის უნარს; ამ დროს გარესამყარო ბავშვისთვის «მისი მშობლების სამყაროს» სახით წარმოჩინდება.

არასრულფასოვნების მძიმე განცდამ, შესაძლოა, ადამიანში ისეთი განწყობაც აღძრას, რომ მას, საერთოდ, არა აქვს სიცოცხლის უფლება და ეს უფლება უნდა მოიპოვოს. ის ფიქრობს, რომ მის არსებობას გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ისიც სხვებივით იცხოვრებს. «ჩემი არსებობა უკვე დანაშაულს ნიშნავს», თქვა ერთმა დეპრესიულმა პაციენტმა, როდესაც იგი ბავშვობისდროინდელ ამბებს იხსენებდა. ამის შემდეგ, შესაძლოა, ადამიანი იმ მდგომარეობამდე მივიდეს, რომ მან დედის ან, საერთოდ, მშობლების წინაშე თავისი დანაშაული გააცნობიეროს და მის გამოსყიდვას შეეცადოს. დეპრესიული პიროვნებები თავიანთ სიცოცხლეს ხშირად მსხვერპლად სწირავენ მშობლების ეგოიზმს და ამას სრულიად ბუნებრივად მიიჩნევენ. ბავშვის განებივრებაც და მისთვის აკრძალვების დაწესებაც, საბოლოო ჯამში, ერთ შედეგს იძლევა: ორივე შემთხვევაში, უმთავრესად, პიროვნების დეპრესიულ სტრუქტურად ჩამოყალიბება ხდება. განებივრებულ ბავშვს, ჩვეულებრივ, მოგვიანებით იპყრობს ხოლმე შიში და კრიზისი მაშინ ეწყება, როდესაც ხედავს, რომ ცხოვრება დედასავით აღარ ანებივრებს; სახელმწიფო ინსტიტუციები, ქორწინება, სოციალური დაზღვევა მას დედას ვერ შეუცვლიან; ამიტომ, როდესაც აღმოჩნდება, რომ ადამიანი სრულიად უძლურია ცხოვრების სიძნელეებთან საბრძოლველად, მას მწვავე დეპრესია ეწყება. ამ დროს იგი გამოსავალს ხშირად იმაში ხედავს, რომ ავადმყოფური გატაცებით ჰკიდებს ხელს რაიმე საქმიანობას. არაჯანსაღი განცდებისა და აკრძალვების პირობებში გაზრდილი ბავშვი ძალიან ადრე განუდგება გარესამყაროს. ასეთი ჩუმი, მორჩილი და უპრეტენზიო შვილის ყოლა ძალიან «ხელსაყრელია» მშობლებისათვის, რომელთაც მისი დეპრესიული ბუნება შეუმჩნეველი რჩებათ. ბავშვი იმდენად შეგუებულია იმ მდგომარეობას, რომ შეუმჩნეველი უნდა დარჩეს და არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, რომ იგი შემდგომშიც ცდილობს, სხვებზე იყოს დამოკიდებული, მათი მოთხოვნები შეასრულოს და მოლოდინი გაამართლოს. დეპრესიული ადამიანი თითქმის არასოდეს ცდილობს გარესამყაროსთან დაპირისპირებას და, რაკი საკუთარ თავს სუბიექტად ვერ წარმოაჩენს, ამიტომ მუდმივად სხვების ობიექტი აღმოჩნდება ხოლმე. მას ყველა მოთხოვნა ბრძანებად მიაჩნია, ამიტომ ისინი აუცილებლად უნდა შესრულდეს, რაც მისთვის სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება და დანაშაულის ახალი გრძნობის გამო დეპრესიაში ვარდება, თუმცა ცალკეულ ადამიანებთან კონტაქტის დამყარებას მაინც ახერხებს. ზოგიერთი დეპრესიული პიროვნება, სავარაუდოდ, შვებას გრძნობს, რომ შეუძლია სხვებისთვის გასცეს ის, რაც თავად არასოდეს მიუღია. იგი ცდილობს, მის მიმართ უგულებელყოფილი სიყვარულის სუბლიმაცია დამატებითი ქმედებით მოახდინოს, იქნება ეს მოყვასის თავდადებული სიყვარული თუ ქველმოქმედება. სამაგიეროდ, მას იმის სურვილიც აქვს, რომ, თავისი აქტიურობის გამო, სიყვარულს ან ჯილდოს იმსახურებდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის ყველა საქმიანობა მეტისმეტად რთული აღმოჩნდება.

თუ რას განიცდის ადამიანი, რომელიც ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნებს ხედავს, ამას შემდეგი მაგალითი ნათელყოფს:

«როდესაც მზე ანათებს, რატომღაც მგონია, რომ უნდა მიხაროდეს; მაგრამ ამის გამო მთელი დღე ჩაშხამებული მაქვს».

ერთი სტუდენტი, რომელსაც თავდაპირველად დააინტერესებდა ხოლმე რომელიმე წიგნი, მას ბოლომდე ვერ კითხულობდა. რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ ეჩვენებოდა, თითქოს ამ წიგნიდან მოდიოდა მისი წაკითხვის მოთხოვნა.

ამრიგად, სტუდენტის აზრით, თავად კი არ სურდა წიგნის წაკითხვა, არამედ მისგან ამას წიგნი მოითხოვდა და ამით მას თითქოს თავის ობიექტად აქცევდა, რის გამოც სტუდენტს წიგნის კითხვის ხალისი, საერთოდ, ეკარგებოდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ამგვარი განცდების დროს ადამიანი გარესამყაროს განუდგება, სრულ აპათიაში ვარდება და ყოველგვარი მოთხოვნის შესრულებას გაურბის.

როგორც დავინახეთ, ადამიანის «დეპრესიულ სამყაროში ყოფნამ», შესაძლებელია, უკიდურესი ფორმები მიიღოს: აქედან გამომდინარე, დეპრესიული პიროვნების ამგვარი «ამბოხი» სიკეთის მომასწავებელია, რადგან იგი გამოხატავს გარკვეულ წინააღმდეგობას იძულებითი მოთხოვნების მიმართ. თუ დეპრესიულ პიროვნებას ერთხელ მაინც არ გამოუჩნდება დრო და საშუალება, რომ საკუთარი მოთხოვნები შეასრულოს, ის ვერ გახდება საკუთარი იმპულსებით და მოთხოვნებით მოქმედი სუბიექტი, რომელსაც უკიდურესი სასოწარკვეთა ელის, ასეთ შემხთვევაში იგი უფრო ინდიფერენტული, გულგრილი და აპათიური ხდება, ყველაფერს «უარყოფს», ავადმყოფური გატაცებით ჰკიდებს ხელს რაიმე საქმიანობას და თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. თუ დეპრესიული პიროვნება შეეცდება, უფრო მორჩილი გახდეს და მისდამი წაყენებული ყველა მოთხოვნა შეასრულოს, მას ცხოვრებაში არასოდეს ექნება სიხარულის განცდა; მაგრამ, თუ გადაწყვეტს, ყველა მოთხოვნის შესრულებას თავი აარიდოს, ამ შემთხვევაში მას მძიმე დანაშაულის გრძნობა დაეუფლება. ამრიგად, დეპრესიული პიროვნება ქვეცნობიერად იმეორებს საკუთარი ბავშვობის სიტუაციას.

ზევით უკვე ვრცლად აღვწერე, როგორ ქმნის ბავშვი დედის სურათ-ხატს და, რა კავშირშია ეს იმ განწყობასთან, რომელიც მას საკუთარი თავისადმი გააჩნია. მკაცრი დედა, რომელიც შინაგანად მტრულად არის განწყობილი შვილის მიმართ და მას ყველაფერს უკრძალავს, არცთუ იშვიათად ხდება დეპრესიული ადამიანის თვითმკვლელობის მიზეზი, როგორც თვითაღკვეთის უკანასკნელი საშუალებისა. დედა იმ შინაგან, სულიერ ინსტანციად გადაიქცევა, რომლის მეშვეობითაც ბავშვი სიძულვილით უარყოფს საკუთარ თავს და თვითგანადგურებამდე მიჰყავს იგი. ამ დროს ბავშვი, შესაძლოა, დედისადმი სიძულვილმა ისეთი ძალით შეიპყროს და მასში დანაშაულის ისეთი აუტანელი გრძნობა გამოიწვიოს, რომ ურჩევნია, ეს სიძულვილი საკუთარ თავზე ამოანთხიოს.

დანაშაულის გრძნობა, რომლის დროსაც მკაცრი დედისადმი სიძულვილის გადატანა საკუთარ თავზე ხდება, ფსიქოდინამიურ ფონს ქმნის მძიმე მელანქოლიისათვის. თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება უნდა აიხსნას, როგორც საკუთარ თავზე გადატანილი მკვლელობის ტენდენცია, და, ამავე დროს, ეს არის სასჯელი, რომელსაც დეპრესიული პიროვნება საკუთარ თავს მიუსჯის დედისადმი მიმართული სიძულვილის გამო.

ზემოთქმულიდან ცხადი ხდება, რომ დეპრესიული პიროვნების მთავარ პრობლემას «საკუთარი ღერძის გარშემო» წარუმატებელი ტრიალი და მისი, როგორც სუბიექტის, არასრულყოფილი განვითარება წარმოადგენს. ვინაიდან დეპრესიული პიროვნება გარესამყაროს თავის სუსტ «მე»-ს უპირისპირებს, მისთვის ყველაფერი მოთხოვნის სახეს იღებს და თავის გარშემო ამ მოთხოვნებისგან აღმართულ მთებს ხედავს, რომელთა წინაშეც იგი ბოლოს და ბოლოს, სასოწარკვეთილი, ფარ-ხმალს ყრის. იმავე «მე»-ს, სისუსტის გამო, არ გააჩნია საკუთარი, ძლიერი იმპულსები, სურვილები და მიზნები და ვერც იმას ახერხებს, რომ გონივრულად განაცხადოს უარი მეტისმეტად დიდ მოთხოვნებზე და, საერთოდ, გაიაზროს ისინი. დეპრესიულ პიროვნებას უძნელდება რაიმეზე «არას» თქმა, «დაკარგვის შიშისა» და დანაშაულის გრძნობის გამო, რომელსაც იგი შემდეგ განიცდის. ამის შედეგს კი დეპრესია და ის გაუცნობიერებელი «ამბოხი» წარმოადგენს, რომელიც მისი ტოლერანტობის ზღვარზე მიგვანიშნებს, თუმცა მაინც არ ათავისუფლებს მას დანაშაულის გრძნობისაგან. დიდხნობით დაგროვილი სიძულვილი და შური, რომლის გამოხატვასაც დეპრესიული პიროვნება ვერ ბედავს, მას მთელ ცხოვრებას უწამლავს ან იძულებულს ხდის, გამუდმებით დაიდანაშაულოს თავი და «ცოდვა» ამგვარი სასჯელის აღსრულებით გამოისყიდოს. იმ დროს, როდესაც დეპრესიული ადამიანი ამ გზით ცდილობს გაექცეს «პიროვნებად ჩამოყალიბების შიშს» და უგულებელყოფს საკუთარ არსებობას, სიტუაცია სულ უფრო გამოუვალი ხდება. მისი ხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის გამბედაობას გამოიჩენს და დამოუკიდებელ ინდივიდუუმად ჩამოყალიბდება.

დეპრესიული განცდების მაგალითები

ახალგაზრდა გოგონამ კაფეში გაიცნო მამაკაცი, რომელიც მას გამოელაპარაკა, მერე კი საკუთარი ცხოვრების ამბები გაანდო; აღმოჩნდა, რომ იგი ცოლს გასცილებოდა და ახლა მარტოობა ტანჯავდა. რაკი გოგონას მიმართ დიდი სიმპატია იგრძნო, მამაკაცი ახლა მისი გულის მოგებას შეეცადა და ყურადღებით თავბრუ დაახვია. მერე მასთან ისევ მოინდომა შეხვედრა და, ბოლოს, ცოლობა სთხოვა. და, თუმცა გოგონა ამ კაცით დიდად არ მოხიბლულა, იფიქრა, უფლება არ ჰქონდა, შეხვედრაზე უარი ეთქვა, რადგან მოეჩვენა, რომ კაცს იგი სჭირდებოდა. გოგონამ მას საჭირო მომენტში ვერ უთხრა შემოთავაზებაზე უარი და ამით კაცს იმედი ჩაუსახა; მერე კი, როდესაც ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდა, იგი უარით გაესტუმრებინა, გოგონა დანაშაულის გრძნობამ შეიპყრო.

ეს მაგალითი ცხადყოფს «დეპრესიულ სამყაროში მყოფი» ადამიანის ხასიათს. დეპრესიის უფრო რთული ფორმის შემთხვევაში, ადამიანს საერთოდ არ ეყოფოდა ძალა, ამ კაცისთვის უარი ეთქვა. დეპრესიული პიროვნება სხვა ადამიანის სიტუაციაში გადაერთვება და მასთან ისეთ იდენტიფიკაციას ახდენს, რომ საკუთარ ფიქრებსა და ინტერესებს საერთოდ ივიწყებს; რადგან თავად მას ძალიან ცოტა იმპულსები და სურვილები გააჩნია, რომლებსაც იგი სხვებისას დაუპირისპირებდა, ამიტომ იგი ადვილად ებმება სხვისი სურვილებისა და იმპულსების ქსელში. დეპრესიული პიროვნება შეჩვეულია სხვათა მოლოდინების აღსრულებას; მას მსგავს სიტუაციებში ჩართვის არავითარი სურვილი არა აქვს, მაგრამ, თავისდაუნებურად, მაინც ჩაერთვება ხოლმე; ამიტომ რთულ ვითარებაში ხშირად იმ უპასუხისმგებლო ადამიანების მსხვერპლი ხდება, რომლებიც მის სისუსტეს თავის სასარგებლოდ იყენებენ. დეპრესიული პიროვნება შემდგომში ვეღარ ართმევს თავს ჩახლართულ სიტუაციებს და ეუფლება დანაშაულის გრძნობა. ამასთან, იგი სირცხვილს განიცდის როგორც საკუთარი გულუბრყვილობისა და შეურაცხყოფის, ასევე იმ ადამიანის გამო, რომელმაც იგი გამოიყენა.

ოჯახში, სადაც გოგონა იზრდებოდა, ადამიანებს რთული ურთიერთობები ჰქონდათ. პირველი ცოლის სიკვდილის შემდეგ მამამ უბრალო, ღარიბი ქალი შეირთო. პაციენტი 8 წლისა იყო, როდესაც 60 წელს მიტანებულ მამას ასაკობრივი დემენციის ნიშნები დაეტყო; გოგონა თავისზე უფროს გერებთან ერთად იმავე სახლში ცხოვრობდა, სადაც პირველ სართულზე მაღაზია იყო. თავის დროზე იგი გერების პაპას ეკუთვნოდა, ამჟამად კი მისი მფლობელი გერების ორი დეიდა გამხდარიყო. ეს ქალებიც იმავე სახლში ცხოვრობდნენ და სიძის ახალი ცოლის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი. ახალი ცოლი ერთი მორიდებული და მორცხვი ქალი იყო, რომლის დაცვას ქმარი არც კი ცდილობდა. ახალი ცოლი გრძნობდა, რომ მას და მის შვილს ამ სახლში არავინ სწყალობდა. ბავშვს ახალ ტანსაცმელს თუ უყიდდა, ისე აცმევდა, რომ არავის შეემჩნია, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობდა, და ეგონა, რომ ამით გერებს რაღაცას ჰპარავდა. დედა-შვილს ოჯახში თავი ზედმეტ, არასასურველ და უცხო ადამიანებად მიაჩნდათ, რომლებიც უკვე თავიანთი არსებობით სხვებს ზიანს აყენებდნენ. დედა-შვილი ასეთ გარემოცვაში ცხოვრობდა, ვიდრე მამა არ გარდაიცვალა, რის შემდეგაც ისინი სახლიდან გაყარეს. დედამ ოჯახთან საერთო ენა ვერ გამონახა, მუშაობა დაიწყო და მერე ადვოკატიც აიყვანა, რომელმაც უთხრა, რომ მათი სახლიდან გამოგდების უფლება არავის ჰქონდა. მაგრამ დედას ძალა და ნებისყოფა არ აღმოაჩნდა, რომ სამართლიანობისთვის ებრძოლა. «დედას ყოველთვის ყველაფრის ეშინოდა; არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას თავისი გაეტანოს; ნათესავებზე ზურგსუკან ჩიოდა, მაგრამ მათთან ყოველთვის დათმობაზე მიდიოდა, თუმცა მერე სულ წუწუნებდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა; დედა ხშირად დადიოდა ეკლესიაში და მეც თან დავყავდი; ვლოცულობდით, მიცვალებულთა სულებს უფალს ვავედრებდით და ჩვენთვის ყოველდღიურ ლუკმას შევთხოვდით. ეს ის მცირედი იყო, რაც საბრალო სულებს შეეძლოთ ჩვენთვის გაეღოთ. ჩემი გერი დები კი ამ დროს ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ბავშვობაც ახალგაზრდა მშობლების გარემოში ჰქონდათ გატარებული და ყველაფრით უზრუნველყოფილნი იყვნენ. მოგვიანებით ჩემთვის ასეთი დასკვნა გამოვიტანე: «თუკი არავის ვუყვარვარ, სჯობია ღარიბი და უქონელი ვიყო; ღარიბი ბავშვი უფრო საყვარელია. ასე შევქმენი ჩემთვის ქრისტიანული სათნოების ნიმუში: ღარიბი და უქონელი იყო – ნიშნავს ბაძავდე ქრისტეს!»

მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს:

ქ-ნი მ. თავის კოლეგასთან ერთად საერთო საცხოვრებელში, ერთ ოთახში, ცხოვრობდა; ამასთან, ორივენი ერთ ფირმაში მუშაობდნენ. მ-ს მანქანა ჰყავდა, ამიტომ სამსახურშიც ერთად დადიოდნენ. მისი კოლეგა დიდი წესრიგით არ გამოირჩეოდა, დილაობით ლოგინში ნებივრობა უყვარდა და მ-ს მის გამო სამსახურში ხშირად დაგვიანებით უხდებოდა მისვლა და, რაკი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა, კოლეგის საქციელი არ სიამოვნებდა. იმის გამო, რომ მანქანა მხოლოდ მას ჰყავდა, ქ-ნი მ. თავს მოვალედ თვლიდა, შაბათ-კვირას ქალაქგარეთ კოლეგაც თან წაეყვანა. მერე შეამჩნია, რომ სწორედ ამ დღეებში საშინელი თავის ტკივილები ეწყებოდა და კუჭშიც უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა, რასაც ვერაფრით ხსნიდა.

ფსიქოთერაპიული მკურნალობის დროს გაირკვა, რომ ქ-ნი მ. ბენზინის ხარჯებს მთლიანად თვითონ იხდიდა; ეს მას ბუნებრივად მიაჩნდა, რადგან მანქანა მისი იყო. მის კოლეგას კი თავში აზრად არ მოსდიოდა, რომ ამ დროს თავადაც უნდა გაეღო რაღაც თანხა. პაციენტი ახლა უკვე ბრაზობდა კოლეგაზე, მაგრამ მას ვერც ხარჯის ანაზღაურებას სთხოვდა და ვერც იმას აგრძნობინებდა, რომ მასზე გაბრაზებული იყო. პირიქით, იგი ამ დროს საკუთარ თავს სიძუნწეში ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ წვრილმანი ადამიანი იყო, და ასეთი რამ არ ეკადრებოდა. ასე მიუშვა საკუთარი თავი, რომ მისთვის მოთხოვნები წამოეყენებინათ და გამოეყენებინათ კიდეც; მერე კი «თავს აჭმევინებდა» დათრგუნულ სიბრაზეს და მხოლოდ გამოვლენილი სიმპტომების წყალობით მიხვდა, რომ აშკარად რაღაც წესრიგში არ ჰქონდა. არაცნობიერი მასში ახლა სწორედ ფიზიკური სიმპტომებით რეაგირებდა იმაზე, რის გაცნობიერებასაც თავად ვერ ბედავდა; მისი გაბრაზება თავის ტკივილში გამოვლინდა, კუჭის ტკივილი კი იმის შედეგი იყო, რომ ვერ შეძლო თავისი მოთხოვნილების წამოყენება. ამას ერთი ფაქტიც ართულებდა: ქ-ნი მ. ნახევრად ებრაელი იყო და კოლეგას შეეძლო ეფიქრა, რომ, რახან მან ფულის გამო ასეთი ამბავი ატეხა, ესე იგი მასში რაღაც ებრაულმა თვისებამ იჩინა თავი. მ. ფიქრობდა, რომ ადამიანები ებრაელობაში ყოველთვის რაღაც ნეგატიურს ხედავენ. მერე ისე მოხდა, რომ დიდი ყოყმანის შემდეგ მაინც გადაწყვიტა, კოლეგისთვის ეთქვა, ბენზინის თანხა მასაც გაეღო. როდესაც, მისდა გასაკვირად, კოლეგა ამაზე მაშინვე დათანხმდა, მ-ს გაუქრა არა მარტო კვირის ბოლოს გამოვლენილი სიმპტომები, არამედ ქალებს შორის კოლეგიალური ურთიერთობაც მეგობრობაში გადაიზარდა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ შემთხვევებისა, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად გვხვდება.

ამრიგად, დეპრესიული პიროვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ბედავს თავის დამკვიდრებას, საკუთარი აზრის დაცვას, რაიმეზე უარისთქმას და სუბიექტად წარმოჩენას. რაკი დეპრესიული პიროვნების უმთავრეს თვისებად «დათმობა», თვითუარყოფა და თავის დაცვა გადაიქცა, ამიტომ ის ვეღარ აცნობიერებს, რომ მისი საქციელი დეპრესიაზე მიანიშნებს, როდესაც ადამიანი საკუთარ ბედს და გუნებაგანწყობას ეგუება და არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ექიმი ავადმყოფს ამ დროს, ჩვეულებრივ, ანტიდეპრესანტებს უნიშნავს და გარეგნულად ვერ ამჩნევს დეპრესიის გამომწვევ მიზეზებს; მედიკამენტები გარკვეულწილად უმსუბუქებს ავადმყოფს მდგომარეობას, თუმცა, საერთო ჯამში, ამით დაავადების გადაფარვა ხდება; ამასთანავე, არსებობს საფრთხე, რომ ავადმყოფი მედიკამენტზე დამოკიდებული გახდება. ახლა მინდა ერთი ასეთი პაციენტის ცხოვრებისეული სივრცე უფრო ფართოდ აღვწერო:

გოგონა ძალიან რთული, შერეული ქორწინების ერთადერთი პირმშო იყო და ებრაელი დედა ჰყავდა; ის ადრეული ბავშვობიდან ხშირად ხდებოდა მშობლების შეხლაშემოხლის მოწმე; დროდადრო საქმე იქამდე მიდიოდა, რომ მშობლების ერთ ჭერქვეშ ცხოვრება შეუძლებელი ხდებოდა, და ბავშვს ეშინოდა, რომ ცოლ-ქმარი რაღაც უბედურებას დაატრიალებდა. მშობლები არ მალავდნენ, რომ გაყრა უნდოდათ, და ბავშვს პირდაპირ ეუბნებოდნენ: «დედიკო და მამიკო იყრებიან; ამიტომ ახლა შენ უნდა გადაწყვიტო, ვინ უფრო გიყვარს, და ვისთან გინდა ცხოვრება». აი, ამ სიტყვებით მიმართავდნენ მშობლები ოთხი წლის ბავშვს, რომელსაც ისედაც თავგზა ჰქონდა არეული. მას ორივე მშობელი უყვარდა, ამიტომ არაფრის გადაწყვეტა შეეძლო; მაგრამ თუ უპირატესობას რომელიმე მათგანს მაინც მიანიჭებდა, მაშინ თავს დამნაშავედ იგრძნობდა იმის გამო, რომ მეორე მშობელს უღალატა. მერე კი თითქმის მთელმა მისმა ბავშვობამ ისეთ პირობებში განვლო, რომ სასოწარკვეთილი ბავშვი გამუდმებით ცდილობდა, მშობლებს შორის ურთიერთობა მოეგვარებინა და შუამავლის როლი შეესრულებინა. გოგონა დედას ჩუმად ეუბნებოდა: «მართალია, მამას ფიცხი ხასიათი აქვს, მაგრამ არცთუ ისე ცუდი ადამიანია, ამიტომ მისი საქციელი გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო. ამას წინათ მამამ თავად მითხრა, ჩემს საქციელს ძალიან ვნანობო». ბავშვი მამასაც ასევე საიდუმლოდ ეუბნებოდა: «დედა ძალიან უბედურია იმის გამო, რომ მასთან გაყრას აპირებ. ვიცი, რომ დედას ნამდვილად უყვარხარ, მაგრამ ამას რატომღაც ვერ გამოხატავს». არავინ იცის, ბავშვის მიერ ჩატარებული ამ წინასამუშაოს გამო, თუ სხვა რაიმე მიზეზით, ცოლ-ქმრის გაყრის საქმე ჭიანურდებოდა და გოგონას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვულკანზე ცხოვრობდა, რომელიც ეს-ესაა ამოიფრქვევოდა. ასე დაეკისრა მას მშობლების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება და, როგორც ერთხელ თავად თქვა, სასწორის ისარივით «აწონასწორებდა» მშობლების ურთიერთობას; ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას მუდმივად ჰქონდა იმის განცდა, რომ მშობლების ბედი მასზე იყო დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, ამ დროს გოგონას თავში აზრად არ მოუვიდოდა, მშობლების ისედაც მყიფე და საჭოჭმანო ურთიერთობა საკუთარი მოთხოვნებითა და პრობლემებით კიდევ უფრო გაერთულებინა, რადგან მაშინ, მისი აზრით, მთელი შრომა წყალში ჩაეყრებოდა. ამრიგად, ბავშვს არ ჰქონდა საშუალება, რომ, თავისი ასაკის კვალობაზე, საკუთარი უშუალობა და გულუბრყვილობა გამოევლინა. გოგონა იძულებული იყო, თავისი სურვილები, იმპულსები, დარდები, აფექტები და შიშები რეფლექტორულად, ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაეწია და თავი ისე დაეჭირა, თითქოს ისინი მას აღარ ეხებოდა. სამაგიეროდ, ამ დროს სხვა სიმპტომებმა იჩინა თავი: ბავშვს თმის ცვენა დაეწყო, კბილები გაუმეჩხერდა და მთელ ტანზე კანი აექერცლა; ამას ზედ ერთი უსიამოვნო მოვლენაც დაერთო: საზოგადოებაში ყოფნის დროს მუცელი ბუყბუყს უწყებდა, რის გამოც გოგონა თავს უხერხულად გრძნობდა. როგორც ჩანს, ეს გაუცნობიერებელი პროტესტი იყო იმ მეტისმეტი მოთხოვნების წინააღმდეგ, რასაც გოგონა ვერსად გაექცეოდა. შესაძლოა, სწორედ ეს სიმპტომი გახდა კუჭის ტკივილის მიზეზი, რომელიც პაციენტს, მოგვიანებით, კოლეგასთან ურთიერთობის დროს დაეწყო. ასე ჩამოყალიბდა ბავშვი იმ ადამიანად, რომელიც კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ ასრულებდა თავის მოვალეობას, როგორც კი გარკვეული მოთხოვნების წინაშე აღმოჩნდებოდა, თუმცა ეს საკუთარი პიროვნების უგულებელყოფის ხარჯზე ხდებოდა. ამასთან, იგი თავს სრულიად უმწეოდ გრძნობდა და საშინლად იტანჯებოდა, როდესაც ფირმაში თავისი სიტყვა უნდა გაეტანა ან კოლეგებისთვის რაიმე მითითება მიეცა. ამ დროს მას გაურკვეველი შიში იპყრობდა და მაშინ ერჩივნა, ის საქმე თავად შეესრულებინა, რისთვისაც კოლეგების გამოყენება სრულიად ბუნებრივი იქნებოდა.

«დასვენებისა» და «თავისუფალ დღეებთან» დაკავშირებულ ზოგიერთ ნევროზს გამოვლენის მსგავსი ფორმა ახასიათებს. მეტისმეტი თავისუფლება შიშს იწვევს ადამიანში, რადგან ამ დროს თავს იჩენს ის იდუმალი, დათრგუნული და აკრძალული სურვილები, რომელთა შესრულებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა. თავისუფალ დროს ადამიანს აღარ აქვს იმის შიში, რომ ვალდებულია, რაღაც მოთხოვნა შეასრულოს და ამიტომ შეუძლია, საკუთარი თვითმყოფადობა გამოავლინოს. მოვიყვანთ იმის მაგალითს, როგორ ვერ ამბობს ადამიანი უარს იმ მოთხოვნაზე, რომლის შესრულებაც არ სურს.

ჩვენი პაციენტი, ახალგაზრდა ამერიკელი ქალი, ომის შემდეგ გერმანიაში საბალეტო სკოლაში სწავლობდა და ერთ-ერთ ოჯახში ქირით ცხოვრობდა. მეცადინეობიდან დაბრუნებული ქალი ცდილობდა, თავის ოთახში შეუმჩნევლად შეპარულიყო, მაგრამ ოჯახის დიასახლისი მას იქვე ჩასაფრებული ელოდა, რომ «ცოტა ხნით, საჭორაოდ» სამზარეულოში შეეყვანა; პაციენტი დაღლილი იყო და საღამოს, სცენაზე გასვლამდე, დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ დიასახლისს შეპატიჟებაზე უარს ვერ ეუბნებოდა. ომის შემდეგ გერმანელებს ძალიან უჭირდათ და, რადგან იმხანად იქ ყავა დიდი იშვიათობა იყო, გოგონას ძალაუნებურად მთელი ოჯახი ყავაზე უნდა დაეპატიჟა. ყავის დასალევად კი იკრიბებოდნენ: თავად დიასახლისი, მისი უფროსი ქალიშვილი, ვაჟი და რძალი, რომელსაც ქედმაღლობის გამო ოჯახში დიდად არ სწყალობდნენ, ის კი ამისთვის ყველაზე შურისძიებას ცდილობდა. დიასახლისის ქალიშვილი აშკარა შურით ათვალიერებდა პაციენტის ლამაზ ნივთებს და ისეთ აღტაცებას გამოხატავდა, რომ მდგმური იძულებული იყო, მისთვის თავისი რომელიმე ტანსაცმელი ეჩუქებინა, რომელსაც თავადაც სიამოვნებით ხმარობდა. დიასახლისის ვაჟი მდგმურს ეარშიყებოდა და, მართალია, გოგონა ამას ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ «იძულებული» იყო, მისთვის დროდადრო კეთილი მზერა შეევლო, რომ არ ეწყენინებინა. და, ბოლოს, იგი ასევე «იძულებული» იყო,

საუბარი დიასახლისის რძალთანაც გაება, რომ ოჯახის წევრებს შორის დაძაბულობა ოდნავ მაინც განემუხტა. ამის შემდეგ ქანცგაწყვეტილი გოგონა თავის ოთახში შედიოდა და დამშეული აცხრებოდა საჭმელს. გაცხოველებულმა მადამ და სიხარბემ ბოლოს და ბოლოს იქამდე მიიყვანა, რომ კოლეგებს კარადებიდან ტკბილეულს ჰპარავდა; ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა, ფსიქოთერაპევტისთვის მიემართა.

დეპრესიული ადამიანების ცხოვრებაზე ყოველთვის ახდენს გავლენას გარესამყაროში მომხდარი მოვლენები, რომლებიც ართულებს და ხელს უშლის ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას; ზემოხსენებული პაციენტი დედისერთა იყო, რომელიც უიღბლო ცოლქმრული ურთიერთობის შედეგად დაიბადა. მან ადრეული ასაკიდან ისწავლა საკუთარ სურვილებზე უარისთქმა და მშობლების პრობლემებით ცხოვრობდა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე საკუთარ თავს შეიცნობდა და პიროვნებად განვითარდებოდა.

აი, კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ბავშვის განებივრება:

ბატონი ს. ასევე დედისერთა იყო, ოღონდ შედარებით ბედნიერ ოჯახში იზრდებოდა. დედამისს ცხოვრებაში საკუთარი ინტერესები არ გააჩნდა და თავისი ქორწინებით, ასე თუ ისე, ბედნიერი იყო, თუმცა, გაუგებარი მიზეზების გამო, შინაგან სიცარიელეს გრძნობდა. როდესაც ქალს რამდენიმე წლის შემდეგ შვილი შეეძინა, მთელი თავისი აღუსრულებელი ოცნებები მასზე გადაიტანა და ის გახდა მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი. ბავშვს თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, თავს ევლებოდა და ცდილობდა, მისთვის ნებისმიერი საფრთხე და ხიფათი თავიდან აერიდებინა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დედა ბავშვისთვის ყველაფერში საფრთხეს ხედავდა! ნიავის ოდნავ დაბერვაზე შვილს ფილტვების ანთებას უწინასწარმეტყველებდა და ისე თბილად ფუთნიდა, რომ ბიჭს ამხანაგები დასცინოდნენ (რასაც ასეთი დედები არასოდეს ითვალისწინებენ).

თუ ბავშვი ქვიშაში თამაშობდა, დედა ფიქრობდა, რომ ქვიშა ვერაგი ბაქტერიების ბუდე იყო; შვილს ველოსიპედით სიარულს უკრძალავდა, რადგან შეიძლებოდა გადმოვარდნილიყო, ხელი ან ფეხი მოეტეხა, ან მანქანას გაეტანა! შვილი კლასელებთან ან რამდენიმე მეგობართან ერთად სამოგზაუროდ რომ გაეშვა, იქ ათასი უბედურება შეიძლებოდა მომხდარიყო! დედას აშინებდა, რომ ბავშვებს თივის ზვინში უნდა გაეთიათ ღამე და იქ მის შვილს უამრავი ცდუნება ელოდა; მათ შორის ქალი ჰომოსექსუალების მხრიდან მიტანილ იერიშებსაც არ გამორიცხავდა! დედა უკვე მოწიფულ ყმაწვილს თავად აბანავებდა, ზურგს უხეხავდა და საუზმით ლოგინში უმასპინძლდებოდა; ერთი სიტყვით, ბიჭი ნამდვილ «სამოთხეში» ცხოვრობდა, მაგრამ იმ ფასად, რომ უფლება არ ჰქონდა, საკუთარი სურვილები გამოეთქვა და მამაკაცების საზოგადოებაში ეტრიალა. ერთხელ ბიჭმა გარდამავალ ასაკში «ამბოხის» მოწყობა სცადა და დედის ნება-სურვილის წინააღმდეგ, ამხანაგებთან ერთად ველოსიპედით შორ მანძილზე გასეირნება მოინდომა; ამ დროს მას ხელებაპყრობილი დედა სარდაფის კართან გადაეღობა, საიდანაც ბიჭს ველოსიპედი უნდა გამოეტანა, და ტრაგიკული ხმით შესძახა:

«იცოდე, ჩემს გვამზე გადაივლი და მხოლოდ ისე წახვალ!» ბიჭი ბედს შეურიგდა, სამაგიეროდ, დედა მას ნუგბარი საჭმელებით გაუმასპინძლდა და შვილისთვის ალერსი არ მოუკლია. უკვე მოწიფულ ყმაწვილს, დედა ურჩევდა, გოგონებს მორიდებოდა და ეუბნებოდა: «ნუთუ ვერ ხვდები, რომ მაგათ მარტო შენი ფული აინტერესებთ?» ან: «იცოდე, ფრთხილად იყავი, არ გამოგიჭირონ; ეგენი მარტო გათხოვებაზე და უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებობენ! თანაც იციან, რომ ერთ დღეს დიდ მემკვიდრეობასაც მიიღებ! ჰოდა, შენს ქონებას უმიზნებენ!» და ა.შ. რა თქმა უნდა, ვერც ერთი გოგო ვერ უძლებდა დედის გამჭოლ მზერას. როგორც კი ბიჭი რომელიმე მათგანის მიმართ ყურადღებას გამოიჩენდა, დედა მას უმალ რაღაც ნაკლს უპოვიდა. ერთზე ამბობდა: «ბოსლიდან გამოსულს ჰგავსო», მეორეს თავი მეტისმეტად გამომწვევად ეჭირა და ეროტიკულად გამოიყურებოდა, ამიტომ მასზე ლაპარაკიც არ ღირდა; დანარჩენები ბიჭს სათანადო პატივისცემით არ ექცეოდნენ, ბოლოს კი დაასკვნიდა, რომ შვილი «არავისთვის არ ემეტებოდა». ამრიგად, დედა ცდილობდა, ბიჭის თვალში ყველა გოგო დაემცირებინა, და, რაკი შვილი სამყაროს დედის თვალებით უყურებდა, მალე თავადაც რწმუნდებოდა, რომ დედა მართალი იყო, და ქალებთან ურთიერთობის შიშს მაშინვე რაციონალურ მიმართულებას აძლევდა.

ბიჭი თხუთმეტი წლისა იყო, როდესაც თავს უბედურება დაატყდა – მამა გარდაეცვალა და ამით მის მომავალსაც წერტილი დაესვა. ახლა, როცა დედა მარტო დარჩა, ხომ ვეღარ მიატოვებდა მას?! ამაზე ბიჭს კატეგორიულად მიანიშნეს კიდეც. ყმაწვილი თავს დამნაშავედ გრძნობდა, თუ საღამოობით სადმე დიდხანს შეყოვნდებოდა. დედა ხომ ამ დროს დარდისაგან კვდებოდა! შაბათ-კვირას და არდადეგებს ახალგაზრდა კაცი სახლში, დედასთან ერთად ატარებდა. როდესაც იგი სასწავლებლად იქვე ახლოს, სხვა ქალაქში, გადავიდა, დედა მას ისეთი მწუხარებით დაემშვიდობა, თითქოს მისი შვილი სხვა კონტინენტზე მიემგზავრებოდა და სამუდამოდ ტოვებდა. ამასთან დედამ შვილს პირობა ჩამოართვა, რომ ყოველი კვირის ბოლოს აუცილებლად შინ დაბრუნდებოდა.

დედამ შვილის ცხოვრების ყველა წვრილმანი იცოდა. ახალგაზრდა კაცი სულაც არ აპირებდა ხოლმე თავისი ამბების მოყოლას, მაგრამ დედა დაჟინებით გამოჰკითხავდა მას ყველაფერს, ვიდრე ყმაწვილს მისთვის თავისი ცხოვრების ყველა წვრილმანის მოყოლა ჩვევად არ ექცა. ახალგაზრდა კაცს დედასთან ასეთი სიახლოვე იმდენად ბუნებრივად მიაჩნდა, რომ მას საყვედურსაც კი არ ეუბნებოდა, როდესაც ქალი მის წერილებს მშვიდად ხსნიდა და კითხულობდა. თუ დედა ხედავდა, რომ შიდა თუ გარე ვითარებების გამო მათ ერთობას «საფრთხე» ემუქრებოდა, იგი საჭიროების შემთხვევაში «ავად» ხდებოდა და შვილს გასაქანს არ აძლევდა.

ასე ჩამოყალიბდა ყმაწვილკაცი «მარადიულ შვილად», რადგან ნებისმიერი მისი მცდელობა, მოსწყვეტოდა დედის ჭიპლარს, მარცხით მთავრდებოდა. რაკი დედამ მას პატარაობიდანვე ჩაუნერგა თვითბრალდების გრძნობა, ყმაწვილს ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული. ბოლოს და ბოლოს კი მისგან ერთი სულელი, კეთილმოსურნე და გულისხმიერი შვილი, თუმცა უღიმღამო და უსქესო კაცი დადგა. ქალებთან ურთიერთობისას მას უფრო და უფრო იპყრობდა შიში და თავს უხერხულად, გაუბედავად გრძნობდა; ყმაწვილს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა მოეგო ქალის გული; მან მხოლოდ ის იცოდა, როგორი ქცევა ევალებოდა კარგ შვილს. ამიტომ ახალგაზრდა კაცი უფრო ადვილად ამყარებდა ურთიერთობას უფროსი ასაკის, დედისტოლა ქალებთან, რადგან მათ საზოგადოებაში თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდა. ისინიც, თავის მხრივ, აღფრთოვანებულნი იყვნენ თავაზიანი და ყურადღებიანი ყმაწვილით, რომელიც დახვეწილი ქცევებით გამოირჩეოდა. თუ ახალგაზრდა კაცი იგრძნობდა, რომ ვინმე ქალს მასთან დაახლოება სურდა, იგი მაშინვე დედის გამაფრთხილებელ სიტყვებს იხსენებდა და ფიქრობდა:

«მშვენივრად ვიცი, რომ ეგ ქალი ფულის გამო დამდევს!» უაზროდ გატარებული წლების შემდეგ, ახალგაზრდა კაცი სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ ვერც კაცებთან და, მით უფრო, ვერც ქალებთან ურთიერთობას ვერ ამყარებდა, რაც თავისდაუნებურად, დედას უკავშირდებოდა. დედამ კი შვილში პიროვნული თვისებების დათრგუნვის ფასად იმას მიაღწია, რომ კვლავაც საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და საყვარელ შვილთან «სანუკვარ ერთობაში» განაგრძობდა ცხოვრებას.

დედისგან განებივრებული ყმაწვილი კი უჩვეულო პრეტენზიულობით გამოირჩეოდა, თუმცა ამას თავად ვერ აცნობიერებდა. სწავლის დამთავრების შემდეგ, მან მამის მეგობრების წყალობით ერთ-ერთ მსხვილ ფირმაში დაიწყო მუშაობა. მისი პიროვნული სისუსტეები დედის გადაჭარბებული შეფასებით იჩქმალებოდა, ამიტომ ახალგაზრდა კაცმა საკუთარი თავი გამორჩეულ ადამიანად წარმოიდგინა, მერე კი ამის აღიარებას სხვებისგანაც მოითხოვდა, თუმცა ამის არავითარი საფუძველი არ ჰქონია, ის მტკივნეულად აღიქვამდა კრიტიკას და თავის უფროსს ამპარტავნული საქციელით აღიზიანებდა. მეორე მხრივ, თავისი თავაზიანობით ფირმაში სწრაფად მოიზიდა კლიენტები, თუმცა პროფესიული ცოდნითა და კომპეტენციით დიდად ვერ დაიკვეხნიდა. შუადღისას, სამუშაო საათებში, შეეძლო ყველა საქმე გადაედო და სამსახურიდან წასულიყო, მერე კაფეში დიდხანს მჯდარიყო, ან პლაჟზე და კინოში გაეტარებინა დრო. ბუნებრივია, ასეთი საქციელით იგი სამსახურში წინ დიდად ვერ წაიწევდა, თუმცა თავად ამის დიდი იმედი ჰქონდა. ახალგაზრდა კაცი ფიქრობდა, რომ მის ნიჭსა და უნარს გარშემომყოფნი სათანადოდ ვერ აფასებდნენ. ერთ-ერთი მივლინების დროს, იგი მთვრალ მდგომარეობაში ვიღაც გოგოს გადაეკიდა, მაგრამ რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიხვდა, რომ იმპოტენტი იყო. ცოტა ხანში ახალგაზრდა კაცმა ფსიქოთერაპევტს მიმართა, თუმცა დედა ამის წინააღმდეგი იყო; თავისი ამ დამოუკიდებელი საქციელით მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ, რადგან ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ახალგაზრდა კაცმა თავისი მდგომარეობა გააცნობიერა.

შემდეგ მაგალითზე დავინახავთ, რას განიცდის ადამიანი, რომლის მთელი არსება იმ შეგნებას მოუცავს, რომ იგი მთელი ცხოვრება ადამიანების მიერ უარყოფილი და მოძულებული იყო.

ბატონი ა. მესამე უკანონო შვილი იყო, რომელიც დედამისმა ვიღაც კაცისგან გააჩინა. რაკი ბავშვი თავიდანვე არასასურველი იყო, მას ყურში გამუდმებით ჩაესმოდა დედის სიტყვები: «ნეტავ სულ არ გამჩენოდი!» ერთხელ პაციენტმა ფსიქოთერაპიული სეანსის დროს მოიტანა სურათი, რომელზეც საკუთარი თავი დაეხატა. სურათზე მას მოსწავლის ფორმა ეცვა, ხელები უკან გაკოჭილი ჰქონდა და ტყეში მიაბიჯებდა, მის ზურგსუკან კი აბრა მოჩანდა, რომელზეც მუქარის სიტყვები ეწერა: «ვაი შენს დღეს, თუ ამას გაბედავ!» «ახლავე შეეშვი მაგას!» «დაიცა, ჯერ სახლში დაბრუნდი, მერე გაჩვენებ სეირს!» «სად დაეთრეოდი აქამდე?» «ერთხელ კიდევ თუ მოიქცევი ასე, მაშინ ნახავ...!» ამ ადამიანს ბავშვობიდანვე ჰქონდა იმის განცდა, რომ სიცოცხლის უფლება არ ჰქონდა და მის არსებობას მხოლოდ ეგუებოდნენ, რისთვისაც იგი მადლობელი უნდა ყოფილიყო. დედა ვაი-ვაგლახით არჩენდა ოჯახს და შვილისთვის ლუკმა ენანებოდა. ბიჭმა პატარაობიდანვე იცოდა, რომ არავის ყურადღება არ უნდა მიეპყრო და ყველას უნდა დამალვოდა. როდესაც პაციენტი კლინიკაში, შეზლონგზე იწვა, მაშინაც კი თავის შარვალზე იყო ჩაბღაუჭებული, განძრევას ვერ ბედავდა, ჩვეულებისამებრ, ცდილობდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო და თავისი არსებობით არავინ გაეღიზიანებინა; მისი აზრით, თუ ხელს არავის შეუშლიდა და ოთახში ნაკლებ სივრცეს დაიკავებდა, კლინიკიდან აღარ გააგდებდნენ. ზუსტად ასე იქცეოდა იგი ცხოვრებაშიც: ძალიან მოკრძალებული იყო და უკვე შეჰგუებოდა იმ აზრს, რომ საკუთარი სურვილები და გეგმები არ უნდა ჰქონოდა, რადგან ბედი საერთოდ არ სწყალობდა და მომავალშიც კარგი არაფერი ელოდა; პაციენტი იძულებული იყო, მუშაობა ძალიან ადრეულ ასაკში დაეწყო გაზეთების დამტარებლად, ნაშოვნ ფულს კი მთლიანად დედას აბარებდა. მერე ჯიხურში გაზეთების გამყიდველის ადგილი იშოვა და თავს ბედნიერად გრძნობდა, თუ ხანდახან ცხელ გროგს დალევდა, მერე ქუჩის კუთხეში, საათობით იყურყუტებდა, საღამოს კი სიგარეტს გააბოლებდა ან კინოში წავიდოდა. ამ მარტოსულ ადამიანს განსაკუთრებით ქალებისა ეშინოდა, რადგან ისინი მკაცრ და შვილისმოძულე დედას ახსენებდნენ და მათგან სასიკეთოს არაფერს ელოდა. ბიჭს ყოველთვის აკლდა მამის მზრუნველობა, ამიტომ, როდესაც ვიღაც ხანდაზმულმა კაცმა ჰომოსექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, მის წინადადებას მაშინვე დათანხმდა, თუმცა მერე სულ იმის შიშში იყო, რომ მას ამ საქმეში ამხელდნენ. მოგვიანებით პაციენტმა ვიღაც მეგობარი გაიჩინა და მისი გავლენის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც მაზოხიზმის ნიშნები გამოავლინა. იგი პარტნიორს უფლებას აძლევდა, თავისი ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა და მას ყველაფერში მხარს უბამდა, რადგან ეშინოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მეგობარი მის მიმართ ინტერესს დაკარგავდა და მიატოვებდა. მართალია, ის უსამართლოდ ექცეოდა და ყველანაირად ამცირებდა, მაგრამ მასთან ყოფნა პაციენტისთვის ვიღაცასთან ურთიერთობას ნიშნავდა და არსებობდა ადამიანი, რომელსაც იგი, ასე თუ ისე, მაინც სჭირდებოდა. დროდადრო მასში სიძულვილის გრძნობა იღვიძებდა, როდესაც აცნობიერებდა, რომ პარტნიორი მას ნივთივით ხმარობდა, მაგრამ მერე ისევ შეიპყრობდა ხოლმე მისი «დაკარგვის შიში», ბედს ურიგდებოდა და უფრო მეტი მონდომებით ცდილობდა, პარტნიორი ახალ-ახალი სექსუალური ილეთებით დაეინტერესებინა. პაციენტი ამ გაუკუღმართებული ურთიერთობის დროს მიხვდა, რომ მასთან სრული იდენტიფიკაცია მოახდინა და საკუთარ თავში სადისტური, მეგობარში კი – მაზოხისტური მიდრეკილებები აღმოაჩინა. ამ ადამიანს ცხოვრებაში ერთადერთი გატაცება ჰქონდა: ის ჩუმად წერდა რაღაც კომედიას, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდა. კომედიის დამთავრება, ალბათ, მისდა საბედნიეროდ, ვერ შეძლო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ილუზიაც დაემსხვრეოდა, რომელიც მომავალ დიდებაზე ოცნებით, მარტოსულ საღამოებს ულამაზებდა.

ორმოციოდე წლის ქალმა ფსიქოთერაპიული მკურნალობის თაობაზე წერილობით მომმართა და შეხვედრა მთხოვა. ერთმანეთს შევხვდით და მაშინ მას, სხვათა შორის, ვკითხე, როგორ წარმოედგინა ეს მკურნალობა. მოგვიანებით ქალმა შემდეგი შინაარსის წერილი მომწერა:

«საშინელი ბავშვობა მქონდა და ნამდვილი უბედურება იქნებოდა ჩემთვის, იმდროინდელი მდგომარეობა რომ გამეცნობიერებინა. ამიტომ გადავწყვიტე, წყალში ჩამეყვინთა; ახლა კი იმედი მაქვს, რომ მოჩვენებებს გამიფანტავთ, ნაპირზე გამომიყვანთ და მასწავლით, როგორ დავამყარო მშვიდი ურთიერთობა იმ საგნებთან და ადამიანებთან, რომლებიც გარს მარტყია. ასევე ვიმედოვნებ, რომ საძილე წამლების, ნიკოტინის და ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლაშიც დამეხმარებით და მასწავლით, როგორ მოვიქცე იმ ადამიანებთან, რომელთა აზრებსაც არ ვეთანხმები; არ მინდა ამ დროს ჩემი აფექტები გულში დავიგროვო, რადგან ეს ძალიან ძვირად მიჯდება. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სიძნელეების გადალახვა მიხდება, თუმცა ამას უცხო თვალი ვერ შეამჩნევს, რადგან გარეგნულად ერთობ დამყოლი და თვინიერი ვჩანვარ; კეთილსინდისიერად მუშაობას კი, ჩემი სიზარმაცის გამო, გულს ვერაფრით ვუდებ. ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე პერიოდი მამასთან ურთიერთობას უკავშირდება; მაგრამ მამა გაუჩინარდა და სიზმარშიც აღარ მეცხადება».

ეს აღსარება ნამდვილად იმ ტრაგიკული ბავშვობის გამოძახილია, რომელსაც ქალი შემდეგ აღწერს:

მამამისი სულით ავადმყოფი იყო და გარდაცვალებამდე (იმ დროისთვის გოგონა თორმეტიოდე წლის იქნებოდა) ოჯახში მათთან ერთად ცხოვრობდა. ამასთან იგი ალკოჰოლსაც ეტანებოდა და ბავშვი ხშირად ხედავდა მთვრალ და გაშმაგებულ მამას. დედამისი სუსტი და თვინიერი ქალი იყო. მერე იგი დაფეხმძიმდა და ბიჭი გააჩინა, რომელიც სამი წლით უმცროსი იყო თავის დაზე. მშობიარობის შემდეგ დედას ფსიქოზი დაემართა და კარგა ხანს აკვიატებული აზრები სტანჯავდა. მაგალითად, ამბობდა, რომ შვილებს თავში ნემსს ჩაურჭობდა და ასე დახოცავდა. ხუთი წლის გოგონას კი შემდეგი ამბავი გადახდა: მთვრალი, გამძვინვარებული მამა ცოლს და შვილებს ოთახში შეუვარდა და რევოლვერი ისროლა. ტყვია გოგონას ასცდა და ზედ თავთან გაუარა, მამა კი ოთახიდან გავარდა. დედას პოლიციის ან ექიმის გამოძახება უნდოდა, მაგრამ ბავშვმა უთხრა: «ნურავის გამოუძახებ, მოდი, ეს ამბავი მამიკოს მოვუყვეთ; ის ნამდვილად გვიშველის».

ამ შემთხვევაში ბავშვი ნამდვილად გასცდა შემწყნარებლობის ყოველგვარ ზღვარს და შიშის დაძლევა მხოლოდ იმით მოახერხა, რომ საკუთარი თავი ემოციების სფეროდან გამოთიშა. ქალის წერილის შინაარსი ჩვენთვის უფრო გასაგები გახდება, თუ გავიხსენებთ იმ ადგილს, სადაც ის ამბობს, რომ მისთვის ნამდვილი უბედურება იქნებოდა, თუ თავისი ბავშვობის წლებს გააცნობიერებდა; გასაგები გახდა ისიც, თუ რატომ უჩინარდებოდა მის მოგონებებში მამა და სიზმარში რატომ არასოდეს ეცხადებოდა. ადრეულ ასაკში მომხდარი ამბის შემდეგ, ბავშვის ფსიქიკა ვერ აიტანდა, თუ იგი გადატანილ შიშს და მუქარას სრულად გააცნობიერებდა და მას მამას დაუკავშირებდა. ამით იგი საკუთარი შიშისა და საფრთხეების წინაშე სრულიად მარტო აღმოჩნდებოდა. ამიტომ გოგონამ თავისი ცნობიერება გახლიჩა და ამით მამის აგრესიულობა და მისგან მომავალი საფრთხეები იქიდან გამოდევნა, სამაგიეროდ, თავისთვის მისი კეთილი და მფარველი სურათ-ხატი შემოინახა. თუ გოგონა მას საშველად მიმართავდა, იგი მხსნელი და მფარველი მამის სახით მოევლინებოდა, რომელიც მას აგრერიგად სჭირდებოდა. მაგრამ, როგორმა შიშმა და სასოწარკვეთამ უნდა შეიპყროს ბავშვი, რომ მან ასეთი საქციელი მოიმოქმედოს და საკუთარ თავში მოვლენები ასე გადაასხვაფეროს! რა თქმა უნდა, ზემოაღწერილი სცენა ერთ-ერთი ყველაზე ტრავმული და მტანჯველი უნდა ყოფილიყო ბავშვის ცხოვრებაში. ისიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა შიშებითა და სასოწარკვეთილი განცდებით იყო აღსავსე მისი ბავშვობისდროინდელი რეალობა. გოგონა ვერსად გაიქცეოდა და ვერ იპოვიდა მფარველს, ამიტომ მან თავისი ცხოვრება სიზმრებში გადაიტანა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მას რეალურ სამყაროში არც არასოდეს უცხოვრია. მოსალოდნელი საფრთხისა და მუქარის თავიდან აცილების მიზნით, გოგონას მოვლენების გარკვევით და მკაფიოდ დანახვა არ სურდა, ამიტომ ამ სფეროდან მან საკუთარი ემოციური თანამონაწილეობა გამორიცხა, რათა აღარ განეცადა ის, რაც მის ტრავმირებას მოახდენდა; მოგვიანებით ქალის ტოკსიკომანიაც ამ «სამყაროსგან განდგომის» შედეგი იყო. ალბათ, ამავე განცდას უკავშირდება ასევე მისი სწრაფვა, თვალებგახელილი და გულზე ხელებდაკრეფილი შესულიყო ტბაში, წყლიდან ზეცაში აეხედა და თავი ბედნიერად ეგრძნო. იმავდროულად, გოგონა მხოლოდ სიზმრების სამყაროში შესვლით თუ გადაარჩენდა თავის სიცოცხლეს და გაუძლებდა არსებულ რეალობას. ასე იდგა იგი დეპრესიასა და ფსიქოზს შორის, რასაც იგი სინამდვილესთან შემდგომი აუტანელი შეჯახებებისაგან უნდა დაეცვა.

32 წლის დიპლომატმა, ხანგრძლივი იმპოტენციის შემდეგ, სამკურნალოდ მოგვმართა. როდესაც დადგინდა, რომ იმპოტენცია არავითარი ორგანული დაავადებით არ იყო გამოწვეული, მას აუხსნეს, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ მასთან, არამედ მის პარტნიორთანაც იყო დაკავშირებული. მოგვიანებით, მის დაავადებასთან დაკავშირებით, შემდეგი სურათი გამოიკვეთა: საღამოობით, როდესაც პაციენტი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, ექვსი თვის შვილს აბანავებდა, აცმევდა და კვებავდა; ამ დროს მისი ცოლი, ტახტზე იყო წამოწოლილი, სიგარეტს აბოლებდა და წიგნს კითხულობდა. ახალგაზრდა კაცი შუათანა იყო ორ ძმას შორის; მათგან უფროსი ძმა თავისი აგრესიულობით და ველური ბუნებით გამოირჩეოდა და არავის ეპუებოდა, რის გამოც იგი დედამ სახლიდან გააგდო. პაციენტი ბავშვური გუმანით გრძნობდა, რას მოითხოვდა მისგან დედა, და, როგორც სანიმუშო შვილი, ყველანაირად ცდილობდა მისი გულის მოგებას; სიამოვნებით ეხმარებოდა დედას სამზარეულოში, იცავდა სისუფთავეს და წესრიგს და იმდენად მოიგო მისი გული, რომ ქალმა უფროსი ვაჟი საერთოდ მოიკვეთა. რაკი «სანიმუშო შვილმა» დედის სიყვარული თავის ვაჟკაცურ ბუნებაზე უარისთქმით მოიპოვა, მან ამგვარი ქცევები ცოლის შერთვის შემდეგაც არ მოიშალა და მის მიერ კარგად გათავისებული როლის თამაშს კვლავ განაგრძობდა. ახალგაზრდა კაცი საკუთარი თავის მიმართ მეტისმეტად მომთხოვნი იყო, მაგრამ მისთვის ამგვარი მოთხოვნების წამოყენების უფლებას ცოლსაც აძლევდა; ამასთან, ისევე როგორც ადრე დედაზე, ახლა ცოლზეც არ ბრაზობდა იმის შიშით, რომ მის სიყვარულს დაკარგავდა, თუ მას რაიმეში შეეწინააღმდეგებოდა. ის არ იყო შეჩვეული, ვინმესთვის მოთხოვნების წაყენებას ან უარისთქმას. კონფლიქტის მოგვარება მისთვის ის «სინდრომი» იყო, რომელსაც იგი შურისძიებისა და დასჯის მიზნით იყენებდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ცოლს სექსუალურად ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა პაციენტს ამ დროს დანაშაულის გრძნობა არ აწუხებდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ის «სომატური სიმპტომი» იყო, რომლის წინააღმდეგაც ვერაფერს გააწყობდა. ამასთან, რაკი ახალგაზრდა კაცი ცოლის მიმართ აგრესიას ვერ ავლენდა, ძალაუნებურად საკუთარ თავსაც სჯიდა. პაციენტის დედა მოწევას და დალევას ვერ იტანდა, ამიტომ პაციენტმა ამაზე თავიდანვე უარი თქვა; მაგრამ, როდესაც მან პირველი სიგარეტი გააბოლა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ კაცმა ამ ცხოვრებაშიც შეიძლება შეიგრძნოს სიამოვნება. მერე ისე მოხდა, რომ ახალგაზრდა კაცი, ცოლის შერთვის შემდეგ, პირველად, სამსახურიდან ჩვეულებრივ დროს არ დაბრუნდა და მხოლოდ დილის ოთხ საათზე გამოცხადდა სახლში; ცოლი საშინლად აფორიაქებული იყო მისი დაგვიანებით, მაგრამ შინ მშვიდობით დაბრუნებულ ქმარს სიხარულით შეხვდა; და, რაკი გონიერი ქალი იყო და უნდოდა, რომ ქმრად ნამდვილი მამაკაცი ჰყოლოდა და არა «სანიმუშო შვილი», ამიტომ ახალმოსულს მიეფერა, მერე კიდეც «აცდუნა» და ახალგაზრდებმა საქმე წარმატებული და ბედნიერი ურთიერთობით დაამთავრეს.

← წინა ნაწილი | გაგრძელება →

ფრიც რიმანი

წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები

ტეგები: Qwelly, აგრესია, დეპრესია, პიროვნება, რიმანი, ფსიქოლოგია, შიში, ჰერდერი

ნახვა: 1675

გამოხმაურებები!

"თუ დედა პიროვნულად მოუმწიფებელია და ვერ ხედავს, რომ შვილის ჯანსაღი განვითარება მისი დედობრივი სიყვარულის და მზრუნველობის, მისთვის მსხვერპლად შეწირვისა და თავდადების საზღაურს წარმოადგენს, დედა საკუთარ შვილსაც და თავის თავსაც ცხოვრებას აუცილებლად სატანჯველად უქცევს"

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters