ობსესიური პიროვნებები

«ერთხელ ქვად იქეც! მერე კი ასეთად დარჩი!»
ჰესე

      ადამიანს «მუდმივობის» განცდა ძალიან ადრე უჩნდება და მერე ღრმად არის გამჯდარი მასში. როგორც დავინახეთ, ბავშვობისდროინდელი ჩვევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის შემდგომ განვითარებაში. მხოლოდ მათი წყალობით ხდება ჩვენი განსაკუთრებული, ადამიანური თვისებებისა და ემოციური თუ გონებრივი უნარების ჩამოყალიბება და განვითარება; ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას, გავაცნობიეროთ ჩვენი ნდობა და იმედები. შიზოიდური ადამიანების აღწერისას დავინახეთ, რომ პარტნიორების ხშირი ცვლის დროს ან ადრეულ ბავშვობაში ძვირფასი ადამიანის დაკარგვის გამო, ეს უნარ-ჩვევები განუვითარებელი რჩება და მახინჯი სახით გამოვლინდება.

      «მუდმივობის» განცდა და ერთი და იმავე შთაბეჭდილებების საიმედო განმეორება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მეხსიერების, ცნობიერებისა და გამოცდილებისათვის, ასევე, საერთოდ, ჩვენი ორიენტაციისათვის სამყაროში. სამყარო ქაოტური რომ იყოს და მასში კანონზომიერება და წესრიგი არ არსებობდეს, ადამიანს საერთოდ არ ექნებოდა ამ თვისებების განვითარების შესაძლებლობა; იგი ვერ მოახერხებდა საჭირო ცოდნის დაგროვების, რადგან გარეგნული და შინაგანი ქაოსი ერთმანეთს გადაფარავდა. ამრიგად, ცნობიერებაში მყარად დაგროვილი ცოდნა ჩვენი სამყაროს შინაგანი სულიერების ანარეკლს წარმოადგენს და მისი კანონზომიერებებისა თუ მასში გამეფებული წესრიგის მსგავსია. ადამიანი მთვარეზე ვერასოდეს დაეშვებოდა, ეს მნათობი ჩვენთვის გაურკვეველ ორბიტაზე, უცნობი კანონების მიხედვით რომ მოძრაობდეს.

      მაკრო და მიკროკოსმოსს შორის ამ კავშირს ყველაზე დიდი სიცხადე ასტროლოგიამ მოჰფინა, რომელიც, როგორც ჩანს, დღესდღეობით კვლავ განიცდის აღმავლობას. ოსკარ ადლერს თავის «ასტროლოგიის ანდერძში» მოჰყავს კანტის გამონათქვამი, რომელსაც ამ სამყაროში ორი მოვლენა აღავსებდა ღრმა სასოებით: ეს არის ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს თავზე და მორალური კანონი თავად ჩვენში, რაც ნიშნავს, რომ ეს მორალური კანონი კოსმიური წესრიგის, «ჩვენს თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის» ანარეკლს წარმოადგენს და მისი მსგავსია. ადამიანი უკეთ რომ აცნობიერებდეს კოსმიურ წესრიგში საკუთარი თანამონაწილეობის მნიშვნელობას, იგი თავის თავში იპოვიდა იმ წესრიგის პრინციპს, რომელიც მაღლა დგას ნებისმიერ იდეოლოგიაზე, რადგან იგი ადამიანების მიერ არ არის მოგონილი, და, იმავდროულად, ჩვენი არსებობისა და ცხოვრებისეული სივრცისათვის ფუნდამენტური აუცილებლობაა.

      ამრიგად, «მუდმივობისკენ» სწრაფვით ადამიანი თავის შინაგან არსს გამოხატავს. გარდა იმისა, რომ ამ სწრაფვას მასში საყვარელი არსების «არდაკარგვის» სურვილი იწვევს, მისი რეალური გრძნობების საწყისიც ამ სწრაფვას უკავშირდება. მარადიული, დროის მიღმა არსებული და ყველგანმყოფელი, ღვთიური სურათ-ხატის შექმნით, ადამიანმა «მუდმივობისკენ» სწრაფვის მოთხოვნილება დაიკმაყოფილა. თუ რა ღრმად არის ეს მოთხოვნილება გამჯდარი ჩვენში, ამას ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ. სამაგიეროდ, უმალ შევიგრძნობთ, როგორ განიცდის ცვლილებას ჩვენთვის საიმედო, მუდმივი და თითქოს უცვლელი რამ, მერე კი სულაც წყვეტს არსებობას და, შევიგრძნობთ საფრთხეს, რომ ის აღარასოდეს იარსებებს. აი, სწორედ ამ დროს გვიპყრობს ძრწოლა წარმავლობის წინაშე და ვაცნობიერებთ, რომ დრო არის ჩვენი მბრძანებელი.

      ახლა გვინდა, შიშის იმ მესამე, მთავარ ფორმაზე გადავიდეთ, რომელსაც წარმავლობის წინაშე შიში ჰქვია; იგი მით უფრო ძლიერად შეგვიპყრობს ხოლმე, რაც უფრო ვცდილობთ მისგან თავის დაღწევას.

      თავდაპირველად იმ შედეგებს აღვწერთ, რაც წარმავლობის შიშს მოჰყვება. ამ დროს ადამიანი მეტისმეტად მწვავედ განიცდის მას და ცდილობს, «მუდმივობის» უსაფრთხო განცდით იცხოვროს. ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილ შედარებაში ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ამ სწრაფვას ცენტრისკენული ანუ სიმძიმის ძალა ახორციელებს. ადამიანს ზოგადად აქვს იმის სურვილი, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს. ყოველგვარი ცვლილება მასში წარმავლობის განცდას იწვევს და ცდილობს, ამ განცდას, რაც შეიძლება, თავი აარიდოს. აქედან გამომდინარე, ადამიანს სურს, მუდმივად უკვე ნაცნობ, ერთი და იმავე საგნებთან და მოვლენებთან ჰქონდეს საქმე, ან კვლავ გამოძებნოს და დაიბრუნოს ისინი. ადამიანი ნერვიულობს, წუხს, შიშიც კი იპყრობს, როდესაც მის ცხოვრებაში რაიმე ცვლილება ხდება, ამიტომ ცდილობს, მას ხელი შეუშალოს, წინ აღუდგეს და, თუ საჭირო გახდა, შეებრძოლოს კიდეც. როდესაც ადამიანი ნებისმიერი სიახლის წინააღმდეგ გამოდის, მისი საქციელი სულ უფრო და უფრო ემსგავსება სიზიფეს შრომას, რადგან ცხოვრება მუდმივად მიედინება, ყველაფერი მოძრაობს, მუდმივ ქმნადობას და წარმავლობას განიცდის, ამის შეჩერება კი შეუძლებელია.

      როგორ გამოიყურება, საერთოდ, ადამიანის ამგვარი მცდელობა? ის ამ დროს ცდილობს, მტკიცედ ჩაეჭიდოს თავის აზრებს, გამოცდილებას, განწყობას და ჩვევებს, ისინი, შეძლებისდაგვარად, მარად მოქმედ პრინციპად, განუხრელ წესად და «მარადისობის კანონად» აქციოს. ამ შემთხვევაში ადამიანს აღარ სურს ახალი გამოცდილების მიღება და, თუ ეს მაინც აუცილებელია, ახლებურად გაიაზრებს მას, ცდილობს, მისთვის უკვე ჩვეულ, ნაცნობ და შეცნობილ მოვლენებს დაუკავშიროს იგი. ამგვარ დამოკიდებულებას, ნებსით თუ უნებლიეთ, იქამდე მივყავართ, რომ ყოველგვარი სიახლის უგულებელყოფა ან ტენდენციურად შეფასება ხდება, ზოგჯერ კი მას, ემოციების საფუძველზე, ხელაღებით უარყოფენ; მაგრამ, როდესაც ამის მიზეზებს ასახელებენ, აშკარა ხდება მათი არგუმენტების არადამაჯერებლობა, რადგან ვხედავთ, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ობიექტურობასთან და საქმე მხოლოდ აკვიატებულ აზრებს ეხება, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია. მეცნიერების ისტორიაში უამრავი მაგალითი არსებობს, რა ამაოდ ცდილობდნენ ადამიანები, ერთმანეთთან კამათში იმის გარკვევას, თუ ვინ იყო «მართალი».

      როდესაც ადამიანი ასე ეჭიდება მისთვის ნაცნობ, ჩვეულ საგნებსა და მოვლენებს, რა თქმა უნდა, იგი ცრურწმენით უყურებს ნებისმიერ სიახლეს და ცდილობს, ყველაფერს მოულოდნელს, უცნობსა და უჩვეულოს თავი აარიდოს; მაშინ ადამიანს აღარ ემუქრება საფრთხე, რომ გულუბრყვილოდ ირწმუნებს პროგრესს და ყველა სიახლეს უპირობოდ მიიღებს. სამაგიეროდ, იგი იმ საფრთხის წინაშე დგება, რომ ამ სიახლის მიმართ განწყობა და ინტერესი არ ექნება, რაც განვითარებას, მათ შორის მის საკუთარსაც, დაამუხრუჭებს, ხელს შეუშლის, ზოგ შემთხვევაში კი, საერთოდაც, შეუძლებელს გახდის.

      ამრიგად, ობსესიური ადამიანების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს აყენებენ. სწორედ ამას უკავშირდება მათი ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიფრთხილე, წინდახედულობა, შორს გამიზნული, გრძელვადიანი გეგმები და, საერთოდ, «მუდმივობის» გუნება-განწყობა; ამ დროს მათ პრობლემას რისკის, ცვლილებებისა და წარმავლობის წინაშე შიში წარმოადგენს. ობსესიური პიროვნება ის ადამიანია, რომელიც წყალში მხოლოდ მაშინ შევა, როდესაც ცურვას ისწავლის; მოკლედ რომ ვთქვათ, იგი ცხოვრების მდინარიდან «მშრალად გამოსვლას» ლამობს, რის გამოც მისი საქციელი და გუნება-განწყობა, შესაძლოა, მეტად მძიმედ და უჩვეულო სახით გამოვლინდეს.

      30 წელს გადაცილებულ მამაკაცს საკუთარი, მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა; მიუხედავად ამისა, იგი საჯარო ბიბლიოთეკაში დადიოდა იმ «მოსაზრებით», რომ, შესაძლოა, ოდესმე ისეთ ადგილას მოხვედრილიყო, სადაც ბიბლიოთეკა საერთოდ არ იქნებოდა და წიგნების გამოტანას ვერ შეძლებდა; მაშინ რა ეშველებოდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ საკუთარი ბიბლიოთეკიდან ყველა წიგნი უკვე წაკითხული ჰქონდა?

      ამ შემთხვევაში წინათგრძნობა და შიში იმისა, რომ, ერთხელაც იქნება, შეიძლება ყველაფერი დასრულდეს, ნამდვილად გროტესკულად გამოიყურება.

      ზოგიერთი ობსესიური ადამიანი, რომელსაც კარადა გამოტენილი აქვს ტანსაცმლით, ძველმანებში გამოწყობილი დადის, ტანსაცმელს კი «მარაგის» სახით ინახავს. ასეთი ადამიანი დიდი წუხილითა და ძალდატანებით იცვამს ახალ ტანსაცმელს, რადგან ურჩევნია, ის კარადაში ჩრჩილმა შეჭამოს; ობსესიური ადამიანისთვის ახლის ჩაცმა იმას ნიშნავს, რომ მან ტანსაცმელი დროს და წარმავლობას გასაცვეთად გადააბაროს და ამით მისი საბოლოო განადგურების მოწმე გახდეს, რადგან დასასრულს მიახლოებული ყველა მოვლენა მას წარმავლობას და, ბოლოს, სიკვდილს აგონებს. ეს შიში, ისევე როგორც «მუდმივობისა» და უკვდავების სურვილი, ფარულად ყველა ჩვენგანში არსებობს; ყველანი ვეძებთ რაღაც უსასრულოს და კმაყოფილება გვეუფლება, როდესაც ნაცნობი საგნები ისევ იმ მდგომარეობაში გვხვდება, როგორშიც დავტოვეთ. ამავე მიზეზით აიხსნება შეგროვებისადმი ჩვენი «ლტოლვაც». რასაც უნდა აგროვებდეს ადამიანი, იქნება ეს საფოსტო მარკები, მონეტები თუ ფაიფურის ჭურჭელი, ჩვენი ქცევის ქვეცნობიერი მოტივი ის არის, რომ მარადისობას პაწაწინა ნაწილი წავგლიჯოთ და უსასრულობის გარანტია მოვიხელთოთ, რადგან ადამიანი კოლექციის შეგროვებას ვერასოდეს დაასრულებს და ყოველთვის მოინდომებს მის შევსებას. ზოგი ადამიანი «მუდმივობის» და მარადიულობის მიღწევას იმით ცდილობს, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება ან «perpetuum mobile» გამოიგონოს; ზოგიც საკუთარ თვალსაზრისებს და თეორიებს ზოგად, დროისმიღმა მოვლენებს უკავშირებს და ამ გზით სურს ისეთ «ზემუდმივობას» ეზიაროს, რომელიც დროზე გაიმარჯვებს. «მუდმივობის» ამ აკვიატებულ სურვილს იმ დროს შევიგრძნობთ, როდესაც იძულებული ვხდებით, შევცვალოთ ჩვენი საყვარელი ჩვევები და განწყობილებები.

      ცვლილებებისა და წარმავლობის წინაშე შიშის დაძლევა ნებისმიერ სფეროში ტრადიციების დაცვით ხდება. ოჯახურ, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, მორალურ, მეცნიერულ თუ რელიგიურ ტრადიციებს დოგმატიზმამდე და კონსერვატიზმამდე მივყავართ, რომლებიც ყალბი პრინციპულობით, ცრურწმენებითა და ფანატიზმით გამოირჩევა. რაც უფრო ჯიუტად იცავს ადამიანი ამ ტრადიციებს, მით უფრო შეუწყნარებელი ხდება იგი მათი მოწინააღმდეგის მიმართ; ამის უკან კი იმალება შიში იმისა, რომ ბევრ ნაცნობ, გააზრებულ და უკვე ნაცად, სასიკეთო მოვლენას, რომელიც ადამიანის უსაფრთხო არსებობას უზრუნველყოფს, შესაძლოა, ახალი თვალსაზრისებისა და ახლებური მიდგომების შედეგად, საფრთხე დაემუქროს; თანაც ამ დროს გადაცდომები და შეცდომებიც არ არის გამორიცხული; ადამიანი კი ამ სიახლის გამო იძულებული იქნება, გარდაიქმნას და შეიცვალოს. რაც უფრო ვიწროა ადამიანის გონებრივი თვალსაწიერი და ცხოვრებისეული სივრცე, მით უფრო ჯიუტად უპირისპირდება იგი ნებისმიერ სიახლეს, მით უფრო დაჟინებით ცდილობს ყოველივე ძველის შენარჩუნებას, რადგან შიშობს, რომ სიახლის დანერგვა მის უსაფრთხოებას დაემუქრება.

      ამრიგად, რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი ძველის შენარჩუნებას, მით უფრო მეტად განიცდის შიშს წარმავლობის წინაშე; რაც უფრო მეტად ვეწინააღმდეგებით განვითარების პროცესებს, მით უფრო ხელს ვუწყობთ საწინააღმდეგო ძალების ქმედებებს, რაც განსაკუთრებით ცხადად დაგვანახა თაობათა ბრძოლამ. ის გარემოება, რომ ძველ თაობას ყოველივე არსებულის შენარჩუნება სურს და ნებისმიერ სიახლეს ჯიუტად ეწინააღმდეგება, ახალ თაობას ხშირად ექსტრემიზმისკენ უბიძგებს.

      რა თქმა უნდა, ტრადიციებისა და უკვე აღიარებული ფასეულობების დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ის პრინციპული და აბსოლუტური ფასეულობებიც არ უნდა დავივიწყოთ, რომლებიც ნამდვილად არსებობს, რადგან ამით მხოლოდ ზედროითი კანონზომიერებების დადგენას შევძლებთ. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი ბევრ პრობლემას მოიცავს; ეს არის: ნაკლები მზაობა ახალი ორიენტაციის მიმართ; შემდგომი განვითარების მიზნით, ძველი გამოცდილების შესწავლა და ბრძოლა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რასაც ცხოვრება მუდმივად გვაიძულებს. ობსესიური ადამიანი საერთოდ არ იზიარებს ისეთ ძველ ჭეშმარიტებას, რომლის თანახმადაც «tempora mutantur et nos mutamur in illis»[1], თუმცა უცვლელობის ჯიუტი მოთხოვნის საფასურს იგი ცვლილებების წინაშე შიშით იხდის. ამგვარი აკვიატებული იდეებით შეპყრობილი პიროვნება ცდილობს, ცხოვრებაში მის მიერ დადგენილი წესებით იმოქმედოს და შეუწყნარებლობას იჩენს ყოველგვარი სიახლის მიმართ, რადგან მისთვის ამ დროს ყველაფერი უჩვეულო და სხვაგვარია, ვიდრე ის, რასაც აქამდე შეჩვეული იყო – ეს კი მას აღელვებს და მოსვენებას უკარგავს. მერე ისე ხდება, რომ ადამიანი იმ ძალადობას, რომელსაც მის მიმართ იყენებენ, ახლა საკუთარი თავისკენ მიმართავს. ამრიგად, ნებისმიერი ტრადიციის, დოგმის თუ ფანატიზმის უკან შიში დგას, ეს არის შიში ცვლილებების, წარმავლობისა და, ბოლოს და ბოლოს, სიკვდილის წინაშე; ამიტომ ობსესიური ადამიანები ძალიან განიცდიან, როდესაც ძალაუფლებას კარგავენ ან მათ ნებას ვინმე არ ემორჩილება. ამ ადამიანებს სურთ, ყველაფერი თავის ნებაზე წარმართონ, მაგრამ, სწორედ ამიტომ ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ ის ძალადობა, რომელსაც ისინი სხვების მიმართ იყენებენ. ასეთი მოძალადე ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი ვერ მოუთოკავს და ყველას თავის ჭკუაზე ატარებს, იძულებულია აღიაროს, რომ საბოლოოდ ყველაფერი იცვლება; ეს აღიარება კი მასში ყოველგვარ ნებისყოფას ჩაკლავს; მოძალადე ასე ნელ-ნელა გადაიქცევა იძულების მსხვერპლად, რის გამოც ერთხელ კიდევ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ძალა, რომელიც ცხოვრებისეულ ცალმხრიობებს აწონასწორებს. ობსესიურ ადამიანს არ ესმის, რომ ცხოვრებაში არ არსებობს აბსოლუტური, უცვლელი პრინციპები, და რომ არ შეიძლება მათი წინასწარ გათვლა და განსაზღვრა. მას სჯერა, რომ შეუძლია ყველაფერი ერთ სისტემაში მოაქციოს, და, ამრიგად, ბუნებაზე იძალადოს. როგორც ნიცშემ თქვა, სისტემურობისადმი სწრაფვაში ყოველთვის იგულისხმება გარკვეული არაგულწრფელობა, რადგან ამ დროს ადამიანი ძალადობრივად ამარტივებს ცხოველმყოფელი სამყაროს მრავალფეროვნებას.

      მსგავსად ამისა, ადამიანთა ურთიერთობებშიც ვლინდება ობსესიური პიროვნების ქმედებები. იგი მეორე ადამიანს, ნებსით თუ უნებლიეთ, თავისი სურვილით მიაწერს ხოლმე ბევრ რამეს. ეს განსაკუთრებით პარტნიორებს, ხელქვეითებს და ბავშვებს ეხებათ.

      ობსესიურ ადამიანებში თაობათა შორის ბრძოლა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობს; როდესაც ეს ადამიანები ნებისმიერი სიახლის უგულებელყოფას და ჩახშობას ცდილობენ, მათ მდგომარეობა ad absurdum[2] მიჰყავთ; სწორედ ამის შედეგად ჩნდება საბრძოლო ასპარეზზე ისეთი მოწინააღმდეგე, როგორიცაა მეამბოხე ან რევოლუციონერი; იგი, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ ამ ადამიანების დასამარცხებლად სხვა უკიდურეს საშუალებებს უნდა მიმართოს; ამას კი შედეგად ის მოჰყვება, რომ ნაბან წყალს ხშირად ბავშვსაც გადააყოლებენ ხოლმე. ტრაგიზმი კი აუცილებლად სწორედ იმ დროს იჩენს თავს, როდესაც ადამიანი ცდილობს გამოავლინოს თავისი მზაობა სიახლის მისაღებად და გასაცნობიერებლად.

      ობსესიური ადამიანები მუდმივად იმის შიშში არიან, რომ უეცრად ყველაფერი შეიცვლება და ირგვლივ ქაოსი დაისადგურებს, თუ ისინი ყურადღებას ოდნავ მაინც მოადუნებენ, ნებისმიერ «განსხვავებული» აზრსა და ქმედებაზე სათანადო რეაქციას არ მოახდენენ, პოზიციას დათმობენ ან სიტუაციას სპონტანურად მიენდობიან; მით უფრო, რომ ამ დროს არც გარეშე და არც თვითკონტროლი არ იარსებებს. მათ იმის შიშიც აქვთ, რომ ის დათრგუნული თუ გამოდენილი იმპულსები, რომლებსაც, მათი აზრით, არსებობის უფლება არა აქვთ, გადმოხეთქავს და წალეკავს ყველაფერს; ამიტომ მათ ეს არ უნდა დაუშვან. ობსესიური ადამიანები ჰერაკლეს ჰგვანან, რომელმაც ვითომდა წინასწარ იცოდა, ჰიდრას ერთ თავს რომ მოჰკვეთდა, მას, სულ ცოტა, ორი მაინც ამოეზრდებოდა. ამრიგად, ამ ადამიანებს ყველაზე მეტად ის «პირველი ნაბიჯი» აშინებთ, რომლის გადადგმასაც მათ წარმოსახვაში გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. ამის გამო, ისინი მუდმივად ცდილობენ, მეტი ძალაუფლება მოიპოვონ, ცოდნით შეიარაღდნენ და ვარჯიშში გამოიწრთონ, რათა ყველა არასასურველ და გაუთვალისწინებელ გარემოებას გაუმკლავდნენ. მათ თავში გამუდმებით უტრიალებთ კითხვა: «ჩემს ამგვარ საქციელს შედეგად რა მოჰყვება?» ანუ ცხოვრობენ მრწამსით: «what if»[3]. ობსესიური ადამიანები, შესაძლოა, ამის გამო იმ «ხმელეთზე მოცურავე ადამიანებად» გადაიქცნენ, რომლებიც მხოლოდ იმით, რომ თავდაცვისა და სიცოცხლის მზაობის უნარს ავლენენ, თავს ვერ გადაირჩენენ.

      პაციენტმა, რომელსაც სთხოვეს, შეზლონგზე დაწოლილიყო, განმუხტულიყო და ფიქრებში წასულიყო, აღშფოთებით შესძახა: «კი მაგრამ, მაშინ ხომ მთელი ქაქი ზედაპირზე ამოვა?!» ამრიგად, მან უხეში ფორმით, აშკარად გამოხატა ის, რასაც საკუთარ თავში გულმოდგინედ თრგუნავდა და აკონტროლებდა; «თავშეკავება» კი მისი მუდმივად დათრგუნული მდგომარეობის შედეგი იყო. ობსესიური ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პრინციპი, თავი დაიცვას ყველაფრისგან, რასაც არსებობის უფლება არა აქვს, და რასაც თავი უნდა აარიდოს. ამ პრინციპის დაცვას იგი ფრიად გამომგონებლური ხერხებით ცდილობს და ამას მაგალითები ცხადყოფს.

      რეალობისაგან გაქცევის ერთ-ერთ საშუალება ყოყმანი, დაეჭვება და ორჭოფობაა. ერთმა ობსესიურმა პიროვნებამ წერილი მომწერა, რომელშიც მეკითხებოდა, ჩავუტარებდი თუ არა მას ფსიქოთერაპიულ სეანსებს, თუ აჯობებდა, მისივე სურვილის თანახმად, ბალნეოლოგიური მკურნალობა დაეწყო? მერე მან ჩემი წერილის პასუხად მომწერა:

      «გულითად მადლობას გიხდით წერილისათვის. მან დიდ საგონებელში ჩამაგდო, რადგან ვერ გადამიწყვეტია, ჩემი ნევროზი პირველსავე შეხვედრისას დაწვრილებით აგიწეროთ, თუ მასზე ძალიან მოკლედ მოგიყვეთ.

      ეს-ესაა ბალნეოლოგიური კლინიკიდან მივიღე პასუხი ჩემს წერილზე; მთხოვენ, 15 ივლისისთვის ვაცნობო, თანახმა ვარ თუ არა მათთან მკურნალობაზე; სწორედ ამ დროს თქვენი წერილიც მომივიდა. მატყობინებთ, რომ შემიძლია თქვენთან დავიწყო მკურნალობა. ახლა ვყოყმანობ და საშინელ მდგომარეობაში ვარ. თუ გადაწყვეტილებას დროზე ვერ მივიღებ, ბალნეოლოგიურ კლინიკაში ჩემს ადგილს დაიკავებენ; ისე კი ამის გადაწყვეტა სულ ადვილად შეიძლება, რადგან მიუნჰენში წამოსასვლელად საკმარისი ფული არა მაქვს; ვცდილობ, საჭირო თანხა როგორმე შევაგროვო, მაგრამ ვერ ვახერხებ; ვიცი, რომ აქედან არაფერი გამოვა, არადა, დრო აღარ ითმენს. ვფიქრობ, მიუნჰენში ჩემი ამ ქრონიკული თუ ორგანული დაავადების მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მანდ ბინა არა მაქვს. ბალნეოლოგიურ კლინიკაში წელს შემეძლო წასვლა, მაგრამ იქ ყოველდღე მგზავრობა ხომ ძალიან გამიჭირდება?! ამას ვერაფრით შევძლებ. როდესაც ვფიქრობ, რა გაურკვეველ პირობებში მომიხდება წასვლა, საშინელი შიში მიპყრობს; ასე მგონია, ომში მივდივარ-მეთქი. წარმოდგენილი მაქვს, როგორ აღშფოთდებით ჩემი ასეთი ყოყმანის გამო, მაგრამ თქვენ ხომ ანალიტიკოსი ხართ! თავის დროზე ცოლად ვერ გავყევი კაცს, რომელიც მიყვარდა; ეს იმის გამო მოხდა, რომ გადაწყვეტილება ვერა და ვერ მივიღე, მერე კი უკვე ძალიან გვიან იყო! ჰოდა, ახლა, მკურნალობასთან დაკავშირებით ზუსტად იგივე მჭირს და, ასე მგონია, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მიუნჰენში წამოსასვლელად ფული მჭირდება და, ეს ცოტა არ იყოს, მაშინებს. ასეთია რეალობა! განა უფრო ბუნებრივი არ იქნება, რომ ადამიანმა ჯერ ფული იშოვოს, მერე კი მშვიდად გაემგზავროს? იმედია, გაისად, მაისში, მოვახერხებ ამას. დღემდე მხოლოდ ნახევარი ხელფასი მოგვცეს ორჯერ; ასე მგონია, ამიერიდან საქმე უფრო კარგად წავა. ახლა ვფიქრობ, რომ, ალბათ, მაინც ბალნეოლოგიურ კლინიკას ავირჩევ, თუნდაც მერე ვინანო, რომ მიუნჰენში არ წამოვედი. თუ ახლა იქიდან მომწერენ, რომ ასე დიდხანს ადგილს ვერ შემინახავენ, მაშინ, ალბათ, გადაწყვეტილებას მიუნჰენის სასარგებლოდ მივიღებ. ასეთ შემთხვევაში თქვენთან ერთი თხოვნა მექნება: თუ შეიძლება, რომ მკურნალობის საფასური 15 სექტემბერს გადავიხადო, მკურნალობა კი 7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე ჩავიტარო? ეს რთული ამბავია! ამას იმიტომ გწერთ, რომ მინდა ახლავე გავაგრძელო ფსიქოანალიზის სეანსები. სხვა ყველაფერი ძველებურად დარჩება.

      P.S. გადაწყვეტილების მიღება მიჭირს და საშინლად ვიტანჯები. ახლა ვცდილობ გავიგო, ბალნეოლოგიურ კლინიკაში კიდევ თუ არის თავისუფალი ადგილი. კარგი იქნება, ვიცოდე, 7 სექტემბრისთვის მანდ იქნებით თუ არა, და, თუ შეიძლება, სამკურნალო თანხა 15 სექტემბერს გადავიხადო? ალბათ ტელეგრამას გამოგიგზავნით» (ქალმა ბოლოს მაინც ფსიქოანალიზით მკურნალობა გადაწყვიტა).

      შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა მტანჯველი იქნება, როდესაც ადამიანი ყოყმანს იწყებს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, მით უფრო, თუ ამ დროს საქმე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ამბავს ეხება, ვიდრე ეს ამ მაგალითზე დავინახეთ. ობსესიურ ადამიანს, გადაწყვეტილების მიღების დროს, ხშირად გარეშე საგნებზე გადააქვს ყურადღება: მაგალითად, შეუძლია ამ დროს ითვალოს ან კრიალოსანივით ათამაშოს საკუთარი პიჯაკის ღილები. მოგვიანებით დავინახავთ, როგორ შეიპყრობს ობსესიურ პიროვნებას საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე შიში.

      კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა სიძნელეებს უქმნის ასეთი ადამიანი საკუთარ, ბუნებრივ განცდებს. ფსიქოანალიზის სეანსზე პაციენტი ყვება თავის სიზმარს, რის შემდეგაც ასეთ მსჯელობას იწყებს: «არ ვიცი, აქვს კი საერთოდ აზრი სიზმრების ახსნას? ადამიანს ამ დროს ხომ შეუძლია ნებისმიერი განმარტება მისცეს სიზმარს და მასში სასურველი აზრი ამოიკითხოს? ვის შეუძლია მითხრას, რომ სწორად გამოვიცანი მისი აზრი? განა გამორიცხულია, რომ მოყოლის დროს გადავასხვაფერო ან სულაც ზუსტად ვერ გავიხსენო სიზმარი? ეს ყველაფერი ხომ დიდ ეჭვებს ბადებს?! სიზმარი საპნის ბუშტი მგონია, ამიტომ მასზე მეცნიერული კვლევების ჩატარება არამართებული უნდა იყოს! ფროიდს და იუნგს, სიზმრებთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული თვალსაზრისები ჰქონდათ და სხვადასხვანაირად განმარტავდნენ მათ. სავსებით ცხადია, რომ ამგვარი მიდგომა არ შეიძლება საიმედო და უტყუარი იყოს. მერედა, რას ნიშნავს სიზმრების ახსნა? განა შეიძლება იმ აზრის გადამოწმება, რომელიც თავში უეცრად გაგიელვებს და გაქრება?.. ამ დროს ხომ ადამიანი სრულიად ბუნდოვან მდგომარეობაში იმყოფება... ესეც იქით იყოს, ახლა თავში საერთოდ არაფერი მომდის...»

      ეს შემთხვევა კარგად დაგვანახებს, რაციონალური აზროვნების წყალობით, როგორ იზღვევს თავს ობსესიური პიროვნება და, როგორ ცდილობს, კედელი აღმართოს საკუთარი განცდების წინაშე. მას აშკარად აშინებს აზრი, რომ სიზმრების «გადამოწმება» არ შეუძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ სულაც არ იყო საჭირო სიზმრების თაობაზე მეცნიერული კამათი?! პაციენტი უბრალოდ შეზლონგზე უნდა დაწოლილიყო და საკუთარ ფიქრებს მისცემოდა. ვიღაცამ შეიძლება გაიფიქროს, რომ იგი სიზმრების თაობაზე საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ეჭვი რა მიზნით გამოთქვა: პაციენტს ამ დროს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება არ უნდოდა და თავის დაძვრენა მოინდომა. მაგრამ მისი ეჭვები არავითარ შემთხვევაში არ ეხებოდა მხოლოდ სიზმრებს. პაციენტს ეშინოდა ყველაფრისა, რასაც იგი «არასაიმედოდ» მიიჩნევდა და ცდილობდა ამ შიშს გაჰქცეოდა.

      ობსესიური ადამიანები, უსაფრთხოების საბაბით, მზად არიან არჩევანი თავის სასარგებლოდ გააკეთონ, რაც შემდეგ ანეგდოტში კარგად ჩანს:

      საიქიოში შესული კაცი ორ კარს დაინახავს; ერთს «სასუფეველი» აწერია, მეორეს – «ლექციები სასუფეველზე». კაცი მეორე კარს შეაღებს.

      ფსიქოანალიზის ერთ-ერთი კანონის თანახმად, ყველაფერი, რასაც ჩვენს თავში ვთრგუნავთ, ერთად დაგროვდება. ამის გამო ობსესიური პაციენტი შინაგანად დაძაბულობას განიცდის და სულ უფრო მეტი დრო და ძალები სჭირდება დათრგუნული ემოციების შესაკავებლად. ასე წარმოიქმნება აკვიატებული აზრების მოჯადოებული წრე, რომელსაც პაციენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დააღწევს თავს, თუ იგი იმ «მეორე», გამოდენილ ემოციებზე გაამახვილებს ყურადღებას და მათ ახსნას შეეცდება. მხოლოდ ასე შეიძლება მოახდინოს ადამიანმა შიშისა და იმ განცდის ინტეგრირება, რომელსაც ეს შიში იწვევს; და ადამიანი ალბათ გაოცებას ვერ მალავს, როდესაც გრძნობს, რომ დათრგუნულ ემოციებს კეთილმყოფელი ძალაც კი გააჩნიათ და «უაზრო» სიზმრებს ბევრი რამ მნიშვნელოვანი აქვთ მისთვის სათქმელი.

      ადვილი წარმოსადგენია, რა ჯიუტი, შეზღუდული, პრინციპული, შეუწყნარებელი და «რკინისებურად თანმიმდევრული» ხდება ასეთი გუნება-განწყობის ადამიანი და რა უღიმღამო ყოფა აქვს მას, როდესაც ცდილობს, საკუთარი ცხოვრება აბსოლუტის რანგში აიყვანოს და მას თავისი პირობები მოახვიოს თავს. ამასთან, ობსესიური ადამიანი დარწმუნებულია, რომ «სიმართლეს» იცავს (იმ პაციენტის მსგავსად, რომელიც სიზმრების ახსნისას «სწორი აზრის» პოვნას ლამობდა, და სწორედ ამ მიზეზით ვერ ახერხებდა თავისუფლად ფიქრს), და ვერ აცნობიერებს, რომ ამ დროს რისკის წინაშე შიშს მალავს.

      როდესაც ადამიანი ყველაფერს ასეთი პრინციპულობით უყურებს, მისი ცხოვრება პედანტური წესრიგით წარიმართება; ამ დროს მის მიერ გამოტანილი დასკვნები საეჭვო სიჯიუტედ გამოვლინდება, გონივრული ანგარიშიანობა – სიძუნწედ, ხოლო ჯანსაღი პრინციპულობა – დესპოტიზმამდე მისულ თავნებობად. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე შიშის დასაძლევად, რადგან ცხოვრება, თავისი მრავალფეროვნების გამო, ვერ თავსდება გაქვავებული წესების ჩარჩოებში, სწორედ ამ დროს გამოავლენს ადამიანი აკვიატებულ აზრებსა და ჩვევებს. ეს სიმპტომები თავდაპირველად შიშის ჩახშობის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა გამოცალკევდება და შინაგან აუცილებლობად გადაიქცევა. ადამიანი მათ ძალადობრივ გავლენას მაშინაც კი ვეღარ აღწევს თავს, როდესაც ეს აზრები და ქცევები თავადაც უაზროდ ეჩვენება. ხელების ხშირი დაბანის, მტანჯველი ფიქრების, რიცხვების უაზროდ დათვლის თუ მოგონებების აკვიატება სწორედ ამგვარი, ძალადობრივი ქმედებებია. ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი ცდილობს, აკვიატებებს თავი დააღწიოს, ამასთან დაკავშირებული შიშისგანაც თავისუფლდება.

      როგორი განსხვავებულიც უნდა იყოს აკვიატებული აზრები და ქცევები, ისინი, საბოლოოდ, ყოველთვის დაკავშირებული არიან იმ შიშთან, რომელიც თავს იჩენს რისკისა და გაუთვალისწინებელი, ცხოვრებისეული მოვლენების წინაშე. ეს შიში ადამიანს ყოველთვის იმ დროს ეუფლება, როდესაც ცდილობს, რაღაცას თავი აარიდოს, იქნება ეს მისთვის ახალი, უცნობი, აკრძალული და არასაიმედო, თუ რაიმე უკვე ნაცნობი და ჩვეული მოვლენა. თუ ყველაფერი უცვლელი რჩება – იქნება ეს საწერ მაგიდაზე რუდუნებით დალაგებული წიგნები, რაიმის შესახებ უდავო აზრი, კანონის ძალის მქონე მორალური დასკვნა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული თეორია თუ აბსოლუტიზმის რანგში აყვანილი რწმენა – მაშინ თითქოს დრო ჩერდება, ყველაფრის გათვალისწინება შესაძლებელი გახდება, სამყარო აღარ შეიცვლება და ცხოვრებაც მხოლოდ ნაცნობი და ჩვეული მოვლენების განმეორებად გადაიქცევა. ამ დროს ცხოვრების ძალუმად მფეთქავი პულსის რიტმი ერთფეროვანი მოვლენების მონოტონური რიტმით შეიცვლება. ადამიანის ამგვარ საქციელში, შესაძლოა, იყოს კიდეც რაღაც ამაღლებული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მას მაინც ტრაგიკული შედეგები მოსდევს, რადგან ცხოვრებისეული ძალების დამორჩილებისა და მოთოკვის ჯიუტი მცდელობა უკვე მის წარუმატებლობაზე მიანიშნებს. თავად ტრაგიკულობა კი იმ აბსოლუტიზმის მარცხის შედეგია, რომლის მიღწევასაც ადამიანი თავისი ჭეშმარიტი თუ ვითარსი მოთხოვნების შესრულებით ცდილობს.

      ერთი მარტივი მაგალითი ნათელყოფს ობსესიური აზრებისა და ქცევების დაჟინებულ ხასიათს, რის გამოც ცხოვრებაში მოვლენები ხშირად ტრაგიკომიკური სახით წარმოჩნდება. თუ ადამიანს ერთხელ მაინც შეუძლია წარმოიდგინოს თავის ოთახში ისეთი აბსოლუტური სისუფთავე, რომ იქ მტვრის ნატამალი არ იყოს, მაშინ იგი აუცილებლად მიხვდება იმ ობსესიური პიროვნების ტრაგიკომიკურ მდგომარეობას, რომელიც გარდაუვალი მოვლენებისა და თვით დროის შეჩერებას ცდილობს, და, ამდენად, დანაიდების უძირო კასრიდან ხაპავს წყალს. მაგრამ ადამიანი ამ შემთხვევაში «მტვრით» იმ პრობლემას ჩაანაცვლებს, რომლის გადაჭრასაც ცდილობს; ამიტომ იგი «მტვრის გადაწმენდის» აკვიატებულ აზრს ვერ მოიშორებს, ვიდრე არ გადაჭრის იმ კონკრეტულ პრობლემას, რომელიც მან «მტვერზე» გადაიტანა; აშკარაა, რომ მტვრის აბსოლუტურად მოსპობა მისთვის რაღაც უფრო მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მას ცდუნებები საფრთხეს უქმნის, იგი ცდილობს მორალური სიწმინდე იმით შეინარჩუნოს, რომ ეს კონკრეტული პრობლემა ყოველდღიურ მოვლენებზე გადაიტანოს; ამის გამო მისი ქმედება აკვიატებად გადაიქცევა. პრობლემებზე გულახდილმა მსჯელობამ არასოდეს შეიძლება აკვიატებული ხასიათი მიიღოს. თუ ჩვენი ყოველდღიური, უწყინარი საქმიანობის დროს, საკუთარი თავის მიმართ რაიმე იძულების ირაციონალური გრძნობა გაგვიჩნდება, ჩვენს თავსვე უნდა ვკითხოთ, რა მნიშვნელოვან ახსნა-განმარტებებს ან გადაწყვეტილებას გვსურს ავარიდოთ ამით თავი.

      ფ. თ. ვიშერი თავის რომანში «მათ შორის ის კაციც» იუმორით აღწერს ობსესიურ პრობლემებს. როგორც ავტორი გვამცნობს, მისი გმირი გამუდმებით ებრძვის «ობიექტის ვერაგობას», მას ყოველდღიურად უჩვეულო ამბები გადახდება თავს, რომლებიც მის დათრგუნულ აფექტებს, უპირველეს ყოვლისა კი, აგრესიულ იმპულსებს უკავშირდება. რომანის გმირს აღნიშნული აფექტები და იმპულსები ყოველდღიურ საგნებზე გადააქვს და ნებისმიერ წარუმატებლობას ამ «ობიექტების ვერაგობას» აბრალებს. მაგალითად, როდესაც იგი მისთვის საძულველ ქალს კაბაზე «შემთხვევით» სოუსს გადაასხამს, ფიქრობს, რომ ამის მიზეზი სწორედ «ობიექტის ვერაგობა» იყო. მისი აზრით, ეს უსიამოვნო საქციელი მას სოუსის ჭურჭელმა ან პიჯაკის ღილმა ჩაადენინა, რომელიც ამ დროს თეფშს გამოედო. რომანის გმირი ვერ აცნობიერებს, რომ ამ საქციელით მან ქალის მიმართ საკუთარი დათრგუნული სიძულვილი და აგრესია გამოავლინა.

      ობსესიურ ადამიანებთან განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით ფროიდის მიერ ზუსტად შეფასებულ, ე.წ. «უმართებულო ქცევებს», რომელთა საშუალებითაც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ძალიან ბევრი იმპულსის გამოდენა ხდება. «უმართებულო ქცევებში» იგულისხმება: «ამაო დაპირება», «დავიწყება», «შემთხვევით ვიღაცასთან შეჯახება» და ა.შ. ამ დროს ადამიანები თავისი სურვილის გარეშე, თავისდაუნებურად გამოავლენენ დათრგუნულ გრძნობებს ისე, რომ საკუთარი დანაშაულის განცდა არ ეუფლებათ, ისინი გვერდს უვლიან თავის საქციელს და არ სჭირდებათ თავის გაკონტროლება; სამაგიეროდ, გამოააშკარავებენ იმ განწყობას, რომლის დამალვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ.

      აკვიატებულმა აზრებმა და ქცევებმა, შესაძლოა, დაისადგუროს ობსესიური პაციენტის ცხოვრებაში, ნელ-ნელა საშიში, შემზარავი სახე მიიღოს და პირდაპირ დემონური ძალით გააგრძელოს დამოუკიდებელი არსებობა. გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ადამიანმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდა ფსიქოდინამიური კავშირების თაობაზე. აკვიატებებს, რომლებსაც ადამიანი თავადაც უაზრობად მიიჩნევს, მაგრამ თავს მაინც ვერ აღწევს, ძველად ეშმაკით ან ბოროტი სულებით შეპყრობილი ადამიანის ქმედებებად აფასებდნენ. თავად პაციენტიც ამგვარი აკვიატებული საქციელის ჩადენის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ რაღაც ძალას მორჩილებს, რომელიც მის «მე»-ს სრულიად ეუცხოება.

      თუ მაგალითებს სომატური დაავადებების ისტორიიდან მოვუხმობთ, დავინახავთ, რომ ნებისმიერი აზრი თუ საქციელი შეიძლება მეტასტაზებივით გავრცელდეს, და აქამდე ჯერ ისევ ხელშეუხებელ სფეროებზე გადაინაცვლოს. ამის გამო ობსესიური ადამიანები აკვიატებული აზრებით დატვირთული, გულჩათხრობილი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამას ქვემოთმოყვანილი მაგალითები ცხადლივ დაგვანახებს.

      შესაძლოა, ზემოაღწერილი პროცესები მხოლოდ სულიერ სფეროში მიმდინარეობდეს. ამ შემთხვევაში იმ შემაშფოთებელი, «ბოროტი» ფიქრებისგან, სურვილებისა და იმპულსებისგან თავის დაცვა იგულისხმება, რომელთა დათრგუნვაც ადამიანს აუცილებლად მიაჩნია, რაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მაგალითად, ამის მიღწევას ადამიანი იმით ცდილობს, რომ «ბოროტი» აზრებისა და სურვილების წინააღმდეგ ჯადოქრობას იყენებს. თუ ადამიანს სურს, თავი დააღწიოს ბოროტ, ცოდვილიან სურვილებსა და შავ-ბნელ ფიქრებს, მან საწინააღმდეგო ზომებს უნდა მიმართოს, როგორც კი ისინი ამოტივტივდებიან. ამ დროს მას შეუძლია მაგიური შელოცვის ფორმულა («იესო-მარიამ-იოსებ») წარმოთქვას, ან ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც მისთვის მიუღებელ აზრებს ცნობიერებიდან გამოდევნის. დაავადების მძიმე ფორმის დროს, ავადმყოფს შეიპყრობს ხოლმე თვითგვემის მანია, რომელიც დამახასიათებელია რელიგიური ფანატიზმისათვის; გავიხსენოთ თუნდაც ფლეგელანტები (თვითმგვემები). ამ დროს აკვიატებები, შესაძლოა, «მეტასტაზების» სახით სულ უფრო და უფრო ფართოდ გავრცელდეს, რაც დროულად უნდა ავიცილოთ თავიდან. სრულიად უწყინარ ან უსიამოვნო მოვლენებთან ასოციაციურად დაკავშირებული სიტყვები ამ დროს საეჭვო მნიშვნელობას იძენენ და ასევე უნდა გამოიდევნონ ცნობიერებიდან, როგორც ამას რიცხვების «ქრისტიანული» წესით ჩამოთვლის დროს, ხუმრობით გამოხატავენ ხოლმე: «ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ფუი ეშმაკს, შვიდი». ეს კი იმ სამარცხვინო «ექვსიანის» გამო ხდება, რომელიც სექსუალურ ასოციაციებს იწვევს, და ამიტომ გამოტოვებული უნდა იქნეს. ადამიანი აქაც იმ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ცდილობდა, მისი ოთახი აბსოლუტურად დაცული ყოფილიყო მტვრისაგან. ამ დროს გვახსენდება ლათინური ანდაზა: «Naturam expellas furca, tamen usque recurret»; ეს ნიშნავს, რომ «ბუნებაზე ძალადობა არ შეიძლება, მას ვერ დათრგუნავ; იგი ყოველთვის შემოგიბრუნდება უკან». ქვემოთ მოყვანილ მაგალითზე დავინახავთ, თავდაცვის გაცნობიერებული ქმედების პირობებში, რა ნატიფი სახით შემოუბრუნდება ადამიანს ის, რისგანაც თავს იცავდა.

      ობსესიური ნევროზით დაავადებულ პაციენტს დაბანა ჰქონდა აკვიატებული. «დაბანის» ეს გაუცნობიერებელი სურვილი მის «უხამს» სექსუალურ იმპულსებთან, კერძოდ კი, მასტურბაციასთან იყო დაკავშირებული. ქალს შთაგონებული ჰქონდა, რომ ამით დიდ ცოდვას ჩადიოდა; ამიტომ ცდილობდა, თავისი გენიტალიები, როგორც ამ «ცოდვაში მონაწილე» ორგანოები, რაც შეიძლება ხშირად დაებანა. ამ დროს ქალი აკრძალულ სიამოვნებასაც განიცდიდა, ორგაზმამდე მიდიოდა და თავს იკმაყოფილებდა; ვინაიდან დაბანის დროს ეს ყველაფერი «მისდაუნებურად» ხდებოდა, ქალს დანაშაულის გრძნობა აღარ აწუხებდა; ახლა იგი ხომ მხოლოდ საკუთარი სხეულის სისუფთავეზე ზრუნავდა!

      კათოლიკურმა და ლუთერანულმა ეკლესიებმა სექსუალობა შეაჩვენეს და «ცოდვად» შერაცხეს, რის შემდეგაც მასთან დაკავშირებულმა დანაშაულის გრძნობამ რელიგიური ხასიათის ნევროზების გავრცელება გამოიწვია, რაც დღესაც არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა. ამ კონფესიების მტრული დამოკიდებულების გამო ყოველივე ხორციელისადმი, ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების ასაკში, შიშითა და დანაშაულის გრძნობით იყო შეპყრობილი. ცნობილია, რომ ე.წ. პრიმიტიული ხალხები ცდილობენ, ახალგაზრდები მათი განვითარების ამ მნიშვნელოვან ფაზაში თავიანთი რიტუალების მეშვეობით შეიყვანონ. ჩვენთან კი, ნაცვლად იმისა, რომ გაკვეთილებზე, ამ თემებთან დაკავშირებით მოწყობილ საღამოებზე ან პირად საუბრებში ახალგაზრდობას მისთვის საინტერესო საკითხები წამოეჭრა, დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ კონფირმანდებს ამზადებდნენ, მათ უმთავრესად გალობას და «საღმრთო რჯულს» ასწავლიდნენ და «საჩოთირო» კითხვების დასმას საერთოდ უკრძალავდნენ. ვისაც ათეული წლების მანძილზე ფსიქოთერაპიაში უმუშავია, იცის, რა გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა რელიგიის მტრულ დამოკიდებულებას სექსუალობის ყოველგვარი გამოვლინებისადმი. ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, ონანიზმის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საშინელ სომატურ და სულიერ ტრავმებთან იყო დაკავშირებული, და, აქედან გამომდინარე, ძლიერ შიშებს და დანაშაულის გრძნობას იწვევდა. ხშირი იყო ახალგაზრდობის თვითმკვლელობის შემთხვევები, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ «ცოდვის» წინააღმდეგ ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო.

ობსესიური ადამიანი და სიყვარული

      ობსესიური ადამიანისთვის სიყვარული ირაციონალური, ზღვარდაუდებელი და ტრანსცენდენტალური გრძნობაა, რომელიც შეიძლება საშიშ ვნებაში გადაიზარდოს და, თავისთავად, მისი ტანჯვის მიზეზი გახდეს. სიყვარულში აშკარად არის რაღაც ისეთი, რასაც ადამიანი ვერაფერს უხერხებს; მას თავისი კანონები გააჩნია, ადამიანის ნებას არ ემორჩილება, შეიძლება მოულოდნელი სენივით შეეყაროს და იქამდე მიიყვანოს, რომ ადამიანმა საღი განსჯის უნარი დაკარგოს.

      აქედან გამომდინარე, ობსესიური პიროვნებები ცდილობენ, თავიანთი გრძნობები «მოთოკონ» და კონტროლს დაუმორჩილონ. მათი აზრით, მეტისმეტი სუბიექტურობის, არამდგრადობისა და წარმავლობის გამო, სიყვარულს არ შეიძლება ენდოს კაცი. ობსესიური პიროვნებები ფიქრობენ, რომ «ვნება» სრულიად მეყსეული, უგუნური გრძნობაა და ადამიანის სისუსტეზე მეტყველებს. მათ გრძნობებისადმი ანგარიშიანი დამოკიდებულება აქვთ, სიყვარულით გატაცება არ სჩვევიათ და პარტნიორისაც დიდად არ ესმით; ამასთან, შეუძლიათ ინტიმური ურთიერთობის დროს მეტისმეტი ფხიზელი ქცევით «გამოიჩინონ» თავი. სამაგიეროდ, ობსესიური ადამიანები, ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობისას, პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან და განუხრელად იცავენ ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას. ისინი ძნელად აღიარებენ პარტნიორის თანაბარუფლებიანობას და უფრო ვერტიკალური (ანუ «ზემოდან» – «ქვემოთ») წესრიგის მომხრენი არიან. მათ ურჩევნიათ, «ჩაქუჩსა» და «გრდემლს» შორის არჩვევანის გაკეთება, მაგრამ ვინ მოისურვებდა «გრდემლად» ყოფნას? ამის გამო ობსესიურ ადამიანებთან ურთიერთობა სულ მალე გადაიქცევა ხოლმე ძალთა ბრძოლად უპირატესობის მოსაპოვებლად. იმ დროს, როდესაც დეპრესიულ ადამიანს «დაკარგვის შიში» პარტნიორზე დამოკიდებულს ხდიდა, ობსესიურ პიროვნებას სურს პარტნიორი თავის ნებას დაუმორჩილოს; აქედან გამომდინარე, მას უჭირს იმის აღიარება, რომ პარტნიორი მისგან განსხვავებული ადამიანია, და თან მის საკუთრებას არ წარმოადგენს. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ობსესიური პიროვნება პარტნიორის ხარჯზე ცხოვრობს, ამასთან, მისგან დათმობას და მეტისმეტ მორჩილებას მოითხოვს. იგი ადამიანებთან ურთიერთობაში რაღაც «ბედისწერას» ხედავს; ეკონომიკურ მიზნებთან დაკავშირებით, მისთვის არც ერთგულებაა უცხო; იგი ამტანი და გამძლეა. ობსესიური პიროვნებები ხშირად გონივრული მოსაზრებებით ქორწინდებიან; ამ დროს მისთვის პარტნიორის მატერიალური კეთილდღეობა არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს.

      ობსესიური პიროვნება ქალთან ურთიერთობის დაწყებამდე დიდხანს ყოყმანობს; სასიძოს სახელით კარგა ხანს დაიარება საცოლის ოჯახში, რასაც ხშირად დანიშნული ქორწილის გადადება მოჰყვება ხოლმე; მაგრამ თუ იგი, ბოლოს და ბოლოს, მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ამიერიდან ცოლ-ქმრობას ურღვევ კავშირად აღიარებს. ზნეობრივი თუ რელიგიური მოტივით, ობსესიური პიროვნება არასდროს თანხმდება განქორწინებაზე. დაე, თუნდაც მისი პარტნიორი და თავადაც ამ დროს იტანჯებოდეს, ან ცოლს მასთან ურთიერთობა აღარ სურდეს.

      ქალმა, რომლისთვისაც ქმართან ურთიერთობა, ამ უკანასკნელის მიზეზით, აუტანელი გახდა, განქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ქმარი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. როდესაც ცოლმა ერთხელ ჰკითხა, რატომ არ მეყრებიო, მან მხოლოდ ეს უპასუხა: «იმიტომ, რომ დაქორწინებულები ვართ». ქმარმა ეს ისე თქვა, თითქოს ქორწინება მას სამუდამოდ ჰქონდა მისჯილი ან რაღაც მარადიულს ეხებოდა საქმე.

      კაცის ეს პასუხი არც რელიგიური და არც რაიმე სხვა მიზეზით ყოფილა ნაკარნახევი; მისი საქციელიც იმით იყო გამოწვეული, რომ ამ ადამიანისთვის ქორწინება ერთხელ და სამუდამოდ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი იყო. ამ დროს ასევე დიდ როლს თამაშობდა ჩვეულებები და საკუთარი ძლიერების დემონსტრაცია; თან აირჩია, უკვე მოპოვებული კეთილდღეობა ხელიდან არ გაეშვა და ახალ რისკზე არ წასულიყო.

      ობსესიურ პიროვნებებს შორის ისეთ ქორწინებებსაც შევხვდებით, როდესაც ცოლქმრული «კავშირის» არსს სიძულვილი და ურთიერთწამება შეადგენს და ორივე მათგანი ერთმანეთის სიკვდილს ნატრობს.

      რაც უფრო მკვეთრადაა გამოხატული ადამიანში «აკვიატების» ნიშნები, მით უფრო დაჟინებით მიიჩნევს იგი ქორწინებას იურიდიულ აქტად, რომელშიც მკაცრად გაწერილია მისი უფლება-მოვალეობანი. ამ დროს ფორმალური მხარე იმ უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს, რომელსაც იგი ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში მოუხმობს ხოლმე, ვიდრე ეს ურთიერთობა «clara pacta - boni amici»[4]-ს ჩარჩოებს არ გასცდება, მის ამ მოსაზრებას ვერ შეეწინააღმდეგება. მაგრამ, როგორც კი წინა პლანზე ფორმალური მხარე წამოიწევს და ემოციების უგულებელყოფა მოხდება, შესაძლოა, საქმე გართულდეს. ამ დროს ობსესიური პიროვნება დაჟინებით მოითხოვს საკუთარი უფლებების დაცვას და ცდილობს, სადისტური პრინციპებით იმოქმედოს, თუმცა ამ დროს, მისი, თითქოს სამართლებრივად სწორი, მოთხოვნების ნიღბის ქვეშ მტრული მიზნები და ძალაუფლების პრეტენზია იმალება.

      ქალი, რომელსაც ქმრის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა, ადვოკატთან მივიდა და კონტრაქტის შედგენა სთხოვა, რომელშიც განსაზღვრული იქნებოდა ქმართან მისი ურთიერთობის სიხშირე; ოთახში ამ დროს უნდა ყოფილიყო ცოლისთვის სასურველი ტემპერატურა და ქმარს სიგარეტი არ უნდა მოეწია; თუ ქმარი მის ამ მოთხოვნებს დაარღვევდა, ქალს უფლება ექნებოდა, მისთვის გარკვეული ფულადი ჯარიმა გადაეხდევინებინა. ქმარი ამ კონტრაქტს ხელს თუ მოაწერდა, ქალი მასთან ცხოვრებას გააგრძელებდა. ამ დროს იგი დარწმუნებული იყო, რომ მან ქმარს საქმიანი და ზნეობრივად მართებული პირობები წაუყენა, და, მათი შესრულების შემთხვევაში, ცოლ-ქმრის შემდგომი თანაცხოვრება შესაძლებელი გახდებოდა.

      ქალი ამ კონტრაქტში გარკვეული პირობების შესრულებას მოითხოვდა, ნაცვლად იმისა, რომ ქმართან ურთიერთობა გაერკვია; პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქმარი მას თავისი სურვილების შესრულებას აიძულებდა, და ქალს მასთან ემოციური შეუთავსებლობა ჰქონდა. ობსესიური პიროვნება კრიტიკულ და კონფლიქტურ სიტუაციებში არაფერს უწევს ანგარიშს; მას პოზიციების დათმობა მაშინაც კი უჭირს, როდესაც გრძნობს, რომ უსამართლოდ იქცევა. ის პარტნიორს წარსულში მომხდარ ფაქტებს შეახსენებს და ანგარიშს სთხოვს ყველაფერზე, რაც მან ზუსტად ამა და ამ დროს ჩაიდინა, მერე კი მას იმის გამო კიცხავს, რომ იგი ამჟამადაც არასწორად იქცევა. ობსესიური პიროვნება კრიტიკულ სიტუაციებში ცდილობს გამოსავალი იპოვოს, მაგრამ ამ დროს თავში ხშირად უცნაური აზრები მოსდის, რასაც ზემოთ მოყვანილი მაგალითიც ადასტურებს.

      რაკი ობსესიური პიროვნება გრძნობებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, იგი პარტნიორს, მისი აზრით, გონივრულ, პროგრამულ წინადადებებს სთავაზობს და დაადგენს წესებს, რომელთა დაცვა ორივე პარტნიორს ევალება. მაგალითად, მავანი ქალი ჩიოდა, რომ მისი ქმარი კვირადღეობით ან საფოსტო მარკებს ჩაჰკირკიტებს, ან რაღაცას თავისთვის ჩხირკედელაობს, ის კი ამ დროს მოწყენილია, რადგან ქმარი ყურადღებას არ აქცევს; ქმარი მას კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს და ეუბნება, რომ იგი ორ კვირაში ერთხელ თავისი საყვარელი საქმიანობით გაერთობა, დანარჩენ დღეებს კი მასთან ერთად გაატარებს, რის შემდეგაც ცოლ-ქმარი ამ პირობის თანახმად იცხოვრებს. ამ შემთხვევაში ქმრის მხარდაჭერისა და თანადგომის მცდელობა აშკარაა, მაგრამ მის მიერ წამოყენებული პირობა იძულების შედეგი და, საბოლოო ჯამში, არაგულწრფელია, რადგან ამ კაცს ამიერიდან ძალით დაკისრებული მოვალეობის შესრულება მოუხდება, თუმცა თავად ფიქრობს, რომ ასეთი საქციელით ცოლთან ურთიერთობა შეინარჩუნა. მოგვიანებით იგი საშინლად გაოცდა და თან გაბრაზდა, როდესაც შეიტყო, რომ ქალი მაინც უკმაყოფილო იყო მისი საქციელით; იგი გრძნობდა ქმრის უხალისო განწყობას, მას კი მისი ყურადღება და თანადგომა სჭირდებოდა და არა მოვალეობის შესრულება. ეს შემთხვევა იმ მრავალი ობსესიური პიროვნების ქცევის მაგალითად გამოდგება, რომლებიც პარტნიორებთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობენ; თუმცა მსგავსი საქციელით პარტნიორი ვერასოდეს აღწევს თავისი მოთხოვნის კონკრეტულ შედეგს: ეს არის მეორე ადამიანის მხრიდან მინიჭებული მეტი სიხარული, მისი უშუალო და მოსიყვარულე დამოკიდებულება, ყოფით ცხოვრებაში მომხდარი სასიამოვნო ცვლილებები და მხიარული გუნებაგანწყობა. ობსესიური პიროვნება, თავისი სიძუნწისა და ფრთხილი ხასიათის გამო, პარტნიორის მოთხოვნებს ხშირად «პრეტენზიებად» აღიქვამს და ამას მისი «დაუოკებელი» ხასიათით ხსნის. ასეთი განწყობით ბევრი ცოლ-ქმარი ერთ ჭერქვეშ, თუმცა ერთმანეთის «გარეშე» ცხოვრობს, მათ წინაშე კი სულ უფრო დიდი პრობლემები წამოიჭრება. ობსესიური ადამიანების ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს დრო და ფული. პარტნიორთან მიმართებაში მათთვის დამახასიათებელია ასევე სიზუსტე და ხელმომჭირნეობა. მათ ხასიათში ყველაზე მეტად ძალაუფლების მოპოვების სურვილი, პედანტურობა და სიჯიუტე იჩენს თავს. მაგალითად, ოჯახში ქმარი მოითხოვს, რომ სადილი «წუთიწუთზე» მიართვან, ამასთან სახარჯო ფულსაც მთლიანად ის უნდა განაგებდეს და ანაწილებდეს. ცოლის მოთხოვნით კი ქმარმა მთელი ხელფასი მას უნდა ჩააბაროს, მერე ცოლი მას იქიდან მისცემს ჯიბის ფულს. ახალი და საჭირო ნივთის შეძენის გამო, შესაძლოა, ცოლ-ქმარს შორის ტრაგედია დატრიალდეს. ამ დროს ერთი მხარე მუდმივად საყვედურობს პარტნიორს იმის გამო, რომ მას «ფულის ფლანგვა» უყვარს, და ნივთებს იმდენად დაუდევრად ექცევა, რომ «უკვე ისევ» ახლის შეძენაა საჭირო. ასეთი ურთიერთობის დროს ფულის პრობლემა ხშირად კრიზისის გამომწვევი მიზეზი ხდება.

      პატრიარქატის პირობებში, როდესაც მამაკაცი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა, ცოლქმრობის მთელი ტვირთი მეტწილად ქალს აწვებოდა მხრებზე. ამის მაგალითია თუნდაც «ცოლქმრული» მოვალეობის შესრულების ფაქტი, როდესაც ქალის სექსუალურ მოთხოვნილებებს საერთოდ უგულებელყოფდნენ, და ამით შეურაცხყოფას აყენებდნენ. შემდეგ თავში დავინახავთ, როგორ იძიებდა ხოლმე ამის გამო შურს ქალი. პატრიარქატის ხანაში გავრცელებული ქორწინებების დროს მართვის სადავეები მთლიანად მამაკაცებს ეპყრათ ხელთ. ქალს ყველა უფლება ჩამორთმეული ჰქონდა; მას პატარა, გონებაჩლუნგი ბავშვივით ეპყრობოდნენ და სრულიად დაბეჩავებულ მდგომარეობაში ჰყავდათ. ობსესიური პიროვნებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კარგად დაზეთილი მანქანასავით ზუსტად, შეუფერხებლად და გამართულად «ფუნქციონირებდეს» და თავის განწყობას ემოციურად არ გამოხატავდეს. ცოცხალი და გულითადი ურთიერთობის ნაცვლად, ობსესიური პიროვნება მხოლოდ იმას აქცევს ყურადღებას, როგორ უნდა მოიქცეს მისი პარტნიორი. უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ცივი და «დაპროგრამებული» ქორწინების დროს, ცოლ-ქმრის სექსუალური ურთიერთობა მატარებლის მოძრაობის განრიგს ემსგავსება და უფრო მოვალეობის შესრულებაა, ვიდრე სასიყვარულო გატაცება და განწყობა; ისინი საქორწინო სარეცელს მხოლოდ იმისთვის იზიარებენ, რომ დაელოდონ მომენტს, როცა «ამაზე მიდგება» საქმე.

      სექსისა და ნებისმიერი ცხოვრებისეული სიამოვნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ობსესიურ პიროვნებას მერე და მერე სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი ხშირად «გეგმური» სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს, რის გამოც მას სექსისადმი მტრული, სრულიად ანტიდიონისური განწყობა აქვს; ეს კი შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ობსესიურმა ადამიანმა ქალთან პირველივე შეხვედრის დროს მარცხი განიცადოს. აქვე უნდა გავიხსენოთ ქორწინების პირველ ღამეს მომხდარი ტრაგედიები. რაკი იგი პარტნიორის გუნება-განწყობას ვერ შეიგრძნობს და ძალიან მწირი სასიყვარულო ფანტაზიები გააჩნია, მისი სექსუალური ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ გაკვალული გზით, უცვლელად მიედინება. ობსესიური ადამიანები, არცთუ იშვიათად, სადისტური მიდრეკილებებითაც გამოირჩევიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ინტიმური ურთიერთობის დროს პარტნიორზე ძალადობენ და საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას ლამობენ. წარსულიდან შემორჩენილმა სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობამ, რომელიც შემდგომ ობსესიური პიროვნების სექსუალურ თვისებებზეც ახდენს გავლენას, შესაძლოა, მისი ინტიმური ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს. მისთვის «სექსი» ფანტაზიისგან დაცლილი, ნებადართულ საზღვრებში მოქცეული გრძნობაა, რომლის დროსაც მას გარკვეული პირობების დაცვა ევალება. ამ დროს ობსესიური პიროვნება, შესაძლოა, იქამდე მივიდეს, რომ მან ხანგრძლივი ეჭვებისა და ზიზღის ბარიერი აღმართოს ან სხვა რაციონალურ საშუალებებს მოუხმოს «აკრძალული» ინსტინქტების წინააღმდეგ, რასაც შემდეგი მაგალითი დაგვანახებს:

      ახალგაზრდა კაცმა გაიცნო გოგონა, რომელიც ძალიან მოეწონა; მაგრამ მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ, შინ რომ დაბრუნდა, მტანჯველი ფიქრები აეკვიატა: რა შედეგები მოჰყვებოდა ამ ურთიერთობას (რომელიც ჯერ არ დაწყებულიყო!)? რა ოჯახიდან იყო გოგონა? რამდენი მამაკაცის ხელში იყო უკვე გამოვლილი? ჯანმრთელობას ხომ არ უჩიოდა? რას ფიქრობდა სიყვარულზე? მასთან ურთიერთობის დროს საქმე ფეხმძიმობამდე ხომ არ მივიდოდა? რაიმე სენი ხომ არ გადაედებოდა მისგან? ასეთი ვნებიანი ტუჩების პატრონი, იქნებ ნებისმიერ მამაკაცს უწვებოდა ლოგინში? ამ ფიქრების შემდეგ, ახალგაზრდა ყმაწვილმა საკუთარ თავს ასეთი კითხვები დაუსვა: «ისე, კაცმა რომ თქვას, რა აუცილებელია მასთან ურთიერთობა? ვინ მომცემს იმის გარანტიას, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩები? ხომ აშკარაა, რომ ამ საქმეს კარგი პირი არ უჩანს?.. ჰოდა, ასეთ ახალგაზრდა ასაკში რატომ უნდა გავიმრუდო ცხოვრება?» (არადა, მთელ ამ ისტორიაში საერთოდ არაფერი იყო გასარჩევი და საკამათო).

      ამ შემთხვევაში მეტისმეტად ფრთხილ და წინდახედულ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. იგი ითვალისწინებს მოვლენის ყველა ნეგატიურ მხარეს, ხშირად ექცევა ყურით მოთრეული, რაციონალური აზრების ტყვეობაში, რათა გადაწყვეტილება არ მიიღოს, არ იმოქმედოს და რაიმე რისკზე არ წავიდეს. ახალგაზრდა კაცს სხვა აკვიატებული აზრებიც ჰქონდა. მაგალითად, სემესტრის ბოლოს და სახელმწიფო გამოცდების წინ გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, რომელი ჰალსტუხი გაეკეთებინა, და მთელ დროს მათ შერჩევა-მოზომებას ანდომებდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა კაცს აკვიატებული ჰქონდა, რომ ნაცნობთან შეხვედრის შემდეგ, ზუსტად უნდა გაეხსენებინა, რა უთხრა მან და ამაზე თავად როგორ უპასუხა. ამ დროს რაიმე ისეთი ხომ არ წამოსცდა, რაც მისთვის საბედისწერო გახდებოდა, ან ნაცნობის სიტყვებში რაიმე ორაზროვნება ხომ არ გამოეპარა? მოკლედ, ეს ადამიანი ხშირად ფიქრობდა იმაზე, როგორ აღედგინა მეხსიერებაში უკვე ჩავლილი საუბრები. აღნიშნული ქმედებები მისთვის უსაფრთხოების გარანტია და თვითნებური საქციელისგან თავდაცვის საშუალება იყო.

      ობსესიური პიროვნება საკუთარ ქმედითუნარიანობას ხშირად სექსუალურ საკითხს უკავშირებს. ამ დროს სექსუალური ურთიერთობა მას თავისი ქმედითუნარიანობისა და პოტენციის შესამოწმებლად სჭირდება, ხოლო პარტნიორი ქალი მისთვის ის ობიექტია, რომელსაც ამ მიზნისთვის იყენებს. გერმანულ ენაში ადამიანის სექსუალურ და ფინანსურ პოტენციალს ერთი და იგივე სიტყვა: «შესაძლებლობა» გამოხატავს და ობსესიურ პიროვნებასაც ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება აქვს საკუთარ სექსუალური და ფინანსური პოტენციალის მიმართ. იგი ან აშკარად იყენებს თავის ამ «შესაძლებლობას», ან ზოგავს თავის პოტენციას, რადგან გრძნობს, რომ იგი შეზღუდულია და განახლებას მოითხოვს; ამიტომ, იმის შიშით, რომ «თოფის წამალი» არ გამოელიოს, ზოგავს და უფრთხილდება მას. ობსესიურ პიროვნებას ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება აქვს ფულთან.

      ობსესიური პიროვნების გუნება-განწყობა, ეროტიკული და სექსუალური ურთიერთობის დროს, გარკვეულწილად გარემოპირობებზეა დამოკიდებული; მას აღიზიანებს ხმაური, სხვადასხვა სუნი, არასასურველი განათება, ნახევრად გამოღებული კარი და ა.შ. ეს ყველაფერი ობსესიურ ადამიანზე ისე მოქმედებს, რომ ამ დროს, შესაძლოა, საერთოდ გაუქრეს სექსუალური ლტოლვა, სუნთქვა შეეკრას და პოტენცია დაკარგოს. ზოგიერთი ობსესიური ადამიანი ასეთი შემთხვევის წინ დიდხანს და გულმოდგინედ ბანაობს და უკვე ამით იხშობს ინტიმური ურთიერთობის სურვილს. ეს პიროვნებები ხშირად არიდებენ თავს წინასწარ დასახულ, სისტემატურად შესასრულებელ «ვალდებულებებს» და ფიქრობენ, რომ ჯერ სხვა საქმეები უნდა მოაგვარონ. ისინი სიამოვნებით იმიზეზებენ დაღლას, ამბობენ, რომ გადაქანცულნი არიან მძიმე შრომით, და, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სხვა მიზეზს გამონახავენ, რათა თავი დააღწიონ პარტნიორულ ურთიერთობებს. ობსესიურ პიროვნებებს იშვიათად ეუფლებათ ჭეშმარიტი და ლაღი სიხარულის განცდა. თუ ისინი აიკვიატებენ აზრს, რომ პარტნიორი მათი საკუთრებაა, ეჭვიანობას იწყებენ, თუმცა ეს მათი მხრიდან უფრო ძალაუფლების გამოვლინების სურვილზე მიუთითებს. ისინი პარტნიორს არ აძლევენ საშუალებას, მათ გავლენას დააღწიონ თავი. მაგრამ, თუ პარტნიორი ამას მაინც შეეცდება, ობსესიური ადამიანები მას ყოველნაირად ავიწროებენ და მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. უნდა ვიფიქროთ, რომ თავის დროზე სწორედ აკვიატებული აზრით შეპყრობილმა ადამიანმა გამოიგონა «უმანკოების ქამარი».

      ობსესიურ პიროვნებაში ხშირად იმდენად ხდება სიყვარულისა და სექსუალობის, სინაზისა და ვნებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, რომ მას არ უჩნდება საყვარელ ქალთან სიახლოვის სურვილი; სამაგიეროდ, შესაძლოა, ვნებამ შეიპყროს პარტნიორის მიმართ, რომელთანაც არავითარი გრძნობა არ აკავშირებს. ობსესიური პიროვნებისათვის წარმოუდგენელია «უხამსი, სექსუალური ურთიერთობა საყვარელ ქალთან», რადგან ფიქრობს, რომ ამით მის ღირსებას შელახავს. ამრიგად, ხშირად გვხვდებიან ობსესიური ადამიანები, რომლებიც თაყვანს სცემენ საყვარელ ქალს, სექსუალურ მოთხოვნილებებს კი მეძავებთან იკმაყოფილებენ.

      ჯანმრთელი ადამიანები, რომლებსაც სუსტად გამოხატული ობსესიური ნიშნები აქვთ, საერთოდ არ არიან ვნებიანი საყვარლები, სამაგიეროდ, საიმედო და სტაბილური პარტნიორები არიან, ქალის მიმართ სითბოს და სინაზეს იჩენენ, მასთან ურთიერთობას პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ცდილობენ, მისი კეთილგანწყობა მოიპოვონ.

      ობსესიური ადამიანები ახლობლებზე ზრუნვით გამოირჩევიან და მათი ოჯახი ხშირად «წმინდა თანამეგობრობის» შთაბეჭდილებას ტოვებს; ეს არის ოჯახი, რომლის საფუძველსაც ურთიერთპატივისცემა და პასუხისმგებლობა შეადგენს.

ობსესიური ადამიანი და აგრესია

      ობსესიურ ადამიანს აგრესიული და აფექტური ხასიათი ხშირად უქმნის სიძნელეებს; ამიტომ მან ადრევე უნდა ისწავლოს, რომ თავის მოთოკვა და გაკონტროლებაა საჭირო. მისი ცხოვრების აღწერისას კი დავინახავთ, რომ მისთვის დამახასიათებელ სპონტანურ რეაქციებს უზარმაზარი შიში ახლავს თან. ობსესიური პიროვნება იძულებულია, საკუთარ თავში ადრევე დათრგუნოს აღშფოთების, სიძულვილის, სიჯიუტისა და მტრული განწყობის ყოველგვარი გამოვლინება, რადგან ამის გამო ისჯებოდა, ან გარშემომყოფთა სიყვარულს ვეღარ იმსახურებდა. მაგრამ ცხოვრება ხომ არ არსებობს აგრესიებისა და აფექტების გარეშე?! მაშ, რა უნდა მოუხერხოს მათ ადამიანმა? ობსესიურ პიროვნებას, დეპრესიულ ადამიანთან შედარებით, უფრო ძლიერად აქვს განვითარებული საკუთარი «მე» და ბავშვობაშიც არ განიცდიდა «დაკარგვის შიშს», რაც მას აფექტებზე ხელს ააღებინებდა; ამიტომ მას აგრესიები იმის შიშით უნდა დაეთრგუნა, რომ დასჯიდნენ. ახლა განვიხილოთ, რა შეიძლება მოიმოქმედოს ასეთ სიტუაციაში ობსესიურმა ადამიანმა.

      ალბათ, ყველაზე გავრცელებულია ისეთი შემთხვევები, როდესაც იგი დიდი სიფრთხილით ეკიდება აფექტებისა და აგრესიების გამოხატვას. ის ყოყმანით და ეჭვით აკვირდება სიტუაციას და ფიქრობს, აქვს თუ არა უფლება, აგრესია გამოავლინოს; მაგრამ თუ თავის შეკავებას მაინც ვერ ახერხებს, ამის შემდეგ ცდილობს, ასეთი მძაფრი რეაქცია აღარ ჰქონდეს, ან სხვა დროს საერთოდ ჩაიხშოს იგი: ერთხელ ერთმა პაციენტმა ფსიქოთერაპიული სეანსის დროს აგრესიულად მოიხსენია საკუთარი ცოლი, რომელიც ამას ნამდვილად იმსახურებდა; თუმცა პაციენტმა მაშინვე სინანულით თქვა: «რა თქმა უნდა, მეტისმეტი მომივიდა. ცხადია, ასე არ ვფიქრობ და ასეთი რამ მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ ჩემს სიტუაციას ნათელი მოჰფენოდა. ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ: წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩემს ცოლზე მცდარი შთაბეჭდილება შეგქმნოდათ; არადა, ერთმანეთთან ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვაქვს». ეს შემთხვევა კარგად დაგვანახებს, რა შიში ახლავს აგრესიის გამოვლინებას. რომელსაც მოგვიანებით თვითბრალდების გრძნობა ჩაენაცვლება. აგრესიულ რეაქციებზე ამგვარმა «შერბილების ტენდენციამ», სიტუაციის განმეორების დროს, შესაძლოა, ობსესიურ ადამიანში შეცდომის გამოსწორების სურვილი ან უფრო დიდი თვითბრალდების გრძნობა გამოიწვიოს.

      ობსესიურ ადამიანს შეუძლია შეიმუშაოს გარკვეული იდეოლოგია, რომლის თანახმადაც, კონფლიქტის დროს მისი აფექტები კვლავ მასთან დარჩება, ოღონდ იგი მათ გამოვლენის საშუალებას არ მისცემს. ამასთან, აფექტებზე უარისთქმის არსი უმთავრესად იმაში მდგომარეობს, რომ ობსესიურმა პიროვნებამ თავი უნდა მოთოკოს და ამ პრინციპით აღზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფექტების გამოხატვა იმის მაუწყებელი იქნება, რომ ობსესიური პიროვნება საკუთარ თავს გაურბის და ვერ ერევა, რაც მის ღირსებას ლახავს. საერთოდ კი, როგორც არ უნდა უვნებლად გამოიყურებოდეს ობსესიური ადამიანის საქციელი, მაინც არსებობს იმის საფრთხე, რომ იგი ამ დროს მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს. აფექტების ძლიერი დამუხრუჭების დროს ადამიანში ხდება მათი დაგროვება, რის შემდეგაც მკაცრი კონტროლია საჭირო, რომ მათ არ ამოხეთქონ. მაგალითად, მსგავსი ობსესიური სიმპტომები გამოვლინდა ქალში, რომელიც ქმრისადმი თავის მტრულ დამოკიდებულებას აშკარად არასოდეს გამოხატავდა. სამაგიეროდ, იგი საშინელ შიშს განიცდიდა დანებისა და ბასრი საგნების დანახვაზე, რადგან ფიქრობდა, რომ მასში დაგროვილი აგრესია ამოხეთქავდა და არავინ იცის, ამის შემდეგ ქალი რას მოიმოქმედებდა. მას რომ ქმრისთვის თავისი სათქმელი დროულად ეთქვა, მისი აგრესია ასეთ სახიფათო სახეს არ მიიღებდა.

      ობსესიის სინდრომით დაავადებული ადამიანები ამ დილემას თავს დააღწევენ, თუ საამისოდ საჭირო ლეგიტიმურ საშუალებებს გამონახავენ. მათ უნდა გააცნობიერონ ის მიზეზები და გარემოებები, რომლებიც არათუ აგრესიის გამოხატვის შესაძლებლობას მისცემენ, არამედ ამ აგრესიას გარკვეული ღირებულების სახითაც წარმოაჩენენ; ამის საშუალებას კი ზოგიერთი პროფესია იძლევა. ამ შემთხვევაში ობსესიური ადამიანი ებრძვის ყველაფერს, რის აკრძალვასაც საკუთარი თავისთვის ცდილობს. ასეთ ფანატიკოსებს ნებისმიერი საქმიანობის სფეროში ვხვდებით. ისინი ყველგან დაუნდობლად, უკომპრომისოდ და ანგარიშმიუცემლად იბრძვიან ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ – იქნება ეს ჰიგიენის, სექსის, მორალის თუ რელიგიის სფერო. ამჯერად ობსესიური პიროვნებები აგრესიას საკუთარ თავში კი არ იხშობენ, როგორც ეს დეპრესიულ ადამიანებს სჩვევიათ, არამედ მას, სინდისის ქენჯნის გარეშე, ვიღაცის ან რაღაცისაკენ მიმართავენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ამით სასარგებლო საქმეს აკეთებენ. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა სახიფათო მდგომარეობა იქმნება, როდესაც ობსესიური პიროვნება საკუთარი აგრესიისთვის «გადასაკეტ სარქველს» ეძებს. ამ დროს მან ყველგან და ყველაფერში შეიძლება დაინახოს ისეთი რამ, რის წინააღმდეგაც, «საკუთარი რწმენიდან» გამომდინარე, რაღაც უნდა მოიმოქმედოს. ეს მას საშუალებას აძლევს, თვით ის საშინელი აგრესიებიც კი გამოავლინოს, რომლებსაც იგი «წმინდა მიზნებს» უკავშირებს. ამაზე ჩვენ ქრისტიანულ იდეოლოგიებზე მსჯელობისას უკვე მივუთითეთ.

      ამ შემთხვევაში ძალიან მყიფეა ის საზღვარი, ჯანმრთელ და ავადმყოფ ადამიანებს შორის რომ გადის. ამ სახით გამოვლენილი აგრესიები გარკვეულწილად დაკავშირებულია იმ ნორმებთან, რომლებსაც თავისთავად რაღაც ღირებულება გააჩნიათ, ან, შესაძლოა, გააჩნდეთ.

      რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს აგრესიას, რომელსაც ადამიანთა კოლექტივი მას თავისი იდეოლოგიის იარაღად აქცევს, ამის მოწმენი ჩვენ მესამე რაიხში ებრაელების დევნის დროს გავხდით. აგრესიის გამოვლენა ნებისმიერ ომში ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მტრის განადგურება «სათნოების» სახელით ხდება.

      ზემოთ აღწერილი «ლეგიტიმური» აგრესიის უფრო მსუბუქი ფორმა მეტისმეტი კორექტულობაა. ობსესიურ პიროვნებაში, დათრგუნულ აგრესიასთან ერთად, ამ დროს თავს იჩენს აგრესია, რომელიც მას, როგორც წესი, გაცნობიერებული არა აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ობსესიური პიროვნება კორექტულად გამოავლენს აგრესიას, რომელიც სადიზმის ზღვარზე დგას. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით მრავლად გვხვდება. ამის მაგალითია საჯარო მოხელე, რომელიც გულგრილად მიუკეტავს ადამიანს ცხვირწინ სარკმელს, როდესაც ბოლო წუთში შეუძლია მოემსახუროს; მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს, უნებლიეთ დაშვებული შეცდომის გამო, «განსასჯელის სკამზე» სვამს; გამომცდელი, რომლისთვისაც სწორი პასუხი სიტყვა-სიტყვით უნდა ემთხვეოდეს მის მოსაზრებას; მოსამართლე, რომელსაც კანონი პედანტურად ესმის და დანაშაულზე ისე გამოაქვს განაჩენი, რომ არ აინტერესებს მისი ჩადენის მოტივაცია. აგრესიის გამოვლინების ამგვარი მაგალითები მრავლად გვხვდება. ეს ობსესიური პიროვნებები ზედმიწევნით კორექტულად, ლეგიტიმურად გამოავლენენ აგრესიებს, ბოროტად სარგებლობენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებით. ისინი ამგვარ საქციელს საკუთარი თავის წინაშე იმით ამართლებენ, რომ სწორად და თანმიმდევრულად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და გარკვეული ღირებულებების დამცველებად გამოდიან; მაგრამ ობსესიური პიროვნებების აგრესია სწორედ იმით არის სახიფათო, რომ ეს ადამიანები ხშირად ლაპარაკობენ ღირებულებებზე, ამის გამო კი ძნელია იმის დადგენა, როდის აქვს მათ საქმიანობას რაიმე ღირებულება და როდის არის იგი მათი ძალაუფლების გამოხატვის საშუალება. რა თქმა უნდა, ისინი მართლები არიან, როცა ამბობენ – «წესრიგია საჭიროო», მაგრამ ეს არ არის სიცოცხლით სავსე, არაპედანტური წესრიგი. ზნეობა ნამდვილად ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ იგი ამ დროს კაცთმოძულეობას არ უნდა ქადაგებდეს.

      აქედან პირდაპირ იქით მივდივართ, რასაც სამხედრო საქმიდან ვიცნობთ და «წვრთნას» ვეძახით. როგორც დავინახეთ, ობსესიური ადამიანების აგრესია ნორმების, წესებისა და პრინციპების დაცვით გამოვლინდება. ისინი ამ დროს, უმთავრესად, «ვიღაცის სახელით» მოქმედებენ, რაც ძალაუფლების ინსტინქტის აშკარა გამოვლინებას წარმოადგენს. ეს ის მოუხელთებელი აგრესიაა, რომლის მხილებაც ხშირად ძალიან ძნელია; ამასთან, იგი იმ ზეპიროვნული და ანონიმური სახით ვლინდება, რომლის მიღმა აგრესიისადმი პიროვნული სწრაფვა იმალება. ობსესიური აგრესიის კიდევ ერთ დამახასიათებელ თვისებას ძალაუფლებისკენ ლტოლვა წარმოადგენს. ეს აღარ არის ის აგრესია, რომლის საშუალებითაც შიზოიდური ადამიანები თავს იცავენ; ამ აგრესიის დროს საქმე ძალაუფლებას ეხება. ობსესიური ადამიანები ძალაუფლების მოსაპოვებლად აგრესიას მიმართავენ, ხოლო მათ ხელთ არსებული ძალაუფლება კვლავ აგრესიის გამოვლენას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს ისეთ პროფესიებში ვხვდებით, რომლებიც მათ ძალაუფლებას ანიჭებენ და იმავდროულად აძლევენ შესაძლებლობას, თავიანთი აგრესიები წესრიგის, აღზრდის, კანონის, ავტორიტეტის სახელით, ლეგალურად გამოავლინონ. ამიტომ, ბუნებრივია, ბევრი პოლიტიკოსი მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ობსესიური სტრუქტურული ტიპის ადამიანს წარმოადგენს. მათ რიცხვში არიან: სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციელები, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები, სასულიერო პირები, პედაგოგები და პროკურორები. თუ როგორ გამოიყენებენ ეს ადამიანები ძალაუფლებას და მასთან დაკავშირებით – თავიანთ აგრესიას, ეს მათ პიროვნულ მოწიფულობასა და ინტეგრაციაზეა დამოკიდებული. ობსესიურ პიროვნებებს ნებისმიერი საზოგადოება, თავისი იერარქიული წყობით და წესრიგით, ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს, რათა მათ, «კეთილი მიზნების» საფარქვეშ, ლეგიტიმურად გამოავლინონ აგრესიები და სიძულვილი. ოჯახი, სკოლა და ეკლესია ქმნიან ადამიანის აღზრდისთვის საჭირო, პირველად გარემოს. ამასთან, ისინი იმ ინსტიტუციებსაც წარმოადგენენ, რომლებიც თავიანთი უსულგულო წვრთნის მეთოდებით ცდილობენ ბავშვების აღზრდას, მათში დანაშაულის გრძნობისა და დასჯის შიშის გაღვიძებას; ამით ისინი ნოყიერ ნიადაგს უმზადებენ ბავშვებს, რათა მომავალში ობსესურ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.

      ობსესიური აგრესიის ერთ-ერთ ფორმას «მზაკვრულს» უწოდებენ. იგი ვლინდება ფარულად, ვერაგულად და ფრთხილად, რის გამოც ობსესიურ ადამიანებს ბავშვობაში მკაცრად სჯიდნენ. მათ არ აძლევდნენ უფლებას, თავიანთი სიჯიუტე და აფექტები აშკარად გამოევლინათ; თუ ისინი მოფარებულში, ჩუმად მაინც ახერხებდნენ ამას, შემდგომ ამის გამო მკაცრად ისჯებოდნენ. ამ დროს თავჩენილი მზაკვრობა და ვერაგობა ძალიან მოგვაგონებს «ცხვრის ტყავში გახვეული მგლის» საქციელს.

      მოტორულ-ექსპანსიური, აფექტური და აგრესიული ქცევებისთვის ბავშვის დასჯას ის შედეგი მოაქვს, რომ იგი სრულყოფილად ვეღარ შეიგრძნობს საკუთარ სხეულს. ბავშვი კარგავს სამოძრაოდ საჭირო უნარს და ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს სხეული მას აღარ ეკუთვნის. იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი სხეული ბუნებრივად მართოს, მას თავისუფალი მოძრაობის საშუალება უნდა ჰქონდეს. მაგრამ, თუ ბავშვი მუდმივად დაძაბულია და მთელი ყურადღება იმაზე აქვს გადატანილი, რომ არ «წაიბორძიკოს» და თავისი ქცევით ვინმე არ გააღიზიანოს, ეს მისი მოტორული და აგრესიული მოძრაობის დამუხრუჭებას იწვევს, ამასთან, მას უქრება რწმენა, რომ დამაჯერებლად შეუძლია მოძრაობა. ამ დროს საქმე გვაქვს მოძრაობის მკვეთრად გამოხატულ «მოუქნელ» ფორმასთან, რომელიც განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, შესაძლოა, «დონდლო» მოძრაობებში გადაიზარდოს. ამ დროს აგრესია ხშირად უკვე ხსენებულ «უმართებულო ქცევებში» იჩენს თავს. მოუქნელი, მოუხეშავი და დონდლო ადამიანი მისთვის საჭირო აგრესიებს, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, «თავისდაუნებურად აითვისებს». მაგალითად, ობსესიური ადამიანი ამ დროს თავის დათრგუნულ აგრესიებს იმით გამოხატავს, რომ ძვირფასი ლარნაკი «უნებლიეთ» ხელიდან გაუვარდება და გაუტყდება, ან წაიბორძიკებს და ღამის ლამპას გადააყირავებს. მის საქციელზე შეიძლება გაბრაზდე, მაგრამ ამისათვის პასუხს ვერ მოსთხოვ. ამას ბავშვი სიამოვნებით უყურებს და, რაკი ამბობენ: «გიჟი თავისუფალიაო», ისიც გიჟის თავისუფლებით ტკბება; გარშემომყოფნი ამ დროს თავიანთ უპირატესობას იმით გამოხატავენ, რომ შეუძლიათ ბავშვი შეიბრალონ და მისდამი კეთილგანწყობილნი იყვნენ. ასეთი ნატიფი ხერხებით ცდილობს ბავშვი შურისძიებას იმ ადამიანებზე, რომლებიც მას მხოლოდ «ყურს უწევდნენ».

      არცთუ იშვიათად ბავშვი თავის ასეთ საქციელში მოგვიანებით კიდევ ერთ სარგებელს ხედავს: რაკი მას ყველანი მოუხერხებელი და უგერგილო ადამიანის სახელით იცნობენ, შეუძლია, მომავალში მძიმე საქმეებიდან დაიძვრინოს თავი.

      აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად «თავის მოთოკვის» აუცილებლობამ და მეტისმეტმა კონტროლმა, შესაძლოა, ადამიანი იპოქონდრული თვითდაკვირების აკვიატებამდე მიიყვანოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გამუდმებით საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ფიქრობს და თავის აგრესიას ამით გამოავლენს. ამ დროს ობსესიური პიროვნება გარშემომყოფთ თავისი იპოქონდრული შიშებითა და სიმპტომებით სასოწარკვეთილებაში აგდებს და გუნება-განწყობას უწამლავს; ამ შემთხვევაში მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ფუნქციის რეალურად ან მოჩვენებითად დარღვევა, რაც ოჯახისთვის ნამდვილ კატასტროფას მოასწავებს.

      ობსესიურ ადამიანებს კიდევ ორი სახის აგრესიული ქცევა ახასიათებთ; ამ დროს ისინი თავიანთ აგრესიებს და აფექტებს გაუცნობიერებლად ავლენენ და, შესაბამისად, არც დანაშაულის გრძნობას განიცდიან. ესენი არიან

      «არხეინი» და «კირკიტა» ადამიანები, რომლებიც სხვებზე შემაწუხებლად და დამთრგუნველად მოქმედებენ. ეს აგრესიის მეტად ნატიფი და ფარული სახეობებია, რომლებიც უმთავრესად ქალებს ახასიათებთ; მაგალითად, არიან ქალები, რომლებიც კონცერტზე ან თეატრში წასასვლელად იმდენ ხანს ემზადებიან, რომ პარტნიორი წონასწორობიდან გამოჰყავთ. თუმცა არიან მამაკაცებიც, რომლებიც მოყოლას, როგორც იტყვიან, «ათადან-ბაბადან» იწყებენ. იგივე შეიძლება ითქვას ობსესიურ პაციენტზე, რომელიც დაწვრილებით მიხსნიდა, რატომ დააგვიანდა იმ დღეს სეანსზე მოსვლა «თითქმის ორი წუთით(!)»

      «როგორც ყოველთვის, სამსახურიდან შვიდის თხუთმეტ წუთზე გამოვედი. ავტობუსმა 3 წუთით დააგვიანა და ერთ წუთს გაჩერდა. ასევე დაგვიანებით ჩამოვედი ჩემს გაჩერებაზე და თქვენკენ გამოვეშურე. მინდოდა დაკარგული დრო ამენაზღაურებინა და ნაბიჯს ავუჩქარე, მაგრამ ვიღაც ქალმა გამაჩერა და რომელიღაც ქუჩა მკითხა. მე, რა თქმა უნდა ავუხსენი, იქ როგორ მისულიყო, თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. მერე თქვენამდე მთელი გზა სირბილით გამოვიარე».

      ორი წუთით დაგვიანებაზე, რა თქმა უნდა ლაპარაკი, საერთოდ, არ ღირდა, მაგრამ, რაკი პაციენტს ამის აღნიშვნა უნდოდა, შეეძლო ეს ერთი წინადადებით ეთქვა: «მაპატიეთ, ცოტა დამაგვიანდა». ასეთი პაციენტები კლინიკაში დროულად მოდიან, ზარის ღილაკს წუთი-წუთზე აჭერენ თითს და ამით ადრე ან გვიან მოსულ პაციენტებს შორის თავიანთ ნეიტრალურ პოზიციას გამოხატავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ადრე მოსვლით და იქ ყოფნით ვინმეს თავს მოაბეზრებენ, ან, შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ მათ კლინიკაში მოსვლა უხარიათ და ამიტომ მოდიან დროზე ადრე; ხოლო თუ დააგვიანებენ, ამას მათ ვინმე უზრდელობაში ჩამოართმევს და, შესაძლოა, რაღაც უკეთურებაც დასწამოს. პაციენტის ასეთი საქციელის ერთ-ერთი მიზეზი «თავშეკავება» ან «ერთგულების» წინაშე შიში უნდა იყოს, თუმცა ამის ახსნა საღ განსჯას არ ექვემდებარება. ობსესიური პიროვნებისთვის ამგვარი ქცევა ის სარქველია, რომელსაც იგი ე.წ. «არაპირდაპირი აგრესიის» გამოსახატავად იყენებს. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ქმარი, რომელიც ცოლს ყოველ ჯერზე, სულ უმნიშვნელო თანხის მიცემაზეც კი ახვეწნინებს; ანდა ადამიანი, რომელიც შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა, თითქოს დუმილის აღთქმა ჰქონდეს დადებული, რაც მეორე ადამიანს საშინლად აღიზიანებს. ასეთ შემთხვევებში, ობსესიული პიროვნება აშკარა აგრესიას არ ავლენს, მას კაცი ვერაფერს უსაყვედურებს, მაგრამ, სამაგიეროდ, მისმა ასეთმა საქციელმა, შესაძლოა, მეორე ადამიანს გული ატკინოს და გუნება-განწყობა გაუფუჭოს. საერთოდ კი, ობსესიურ პიროვნებას ურჩევნია, მკრეხელური საქციელი არ ჩაიდინოს, რადგან ფიქრობს, რომ «არჩადენილ ცოდვებს» სამხილი უფრო ძნელად გამოეძებნება.

      ამის საპირისპირო თვისებას «აბეზრობა» წარმოადგენს. ობსესიური ადამიანი ამ დროს კარგავს ზომიერების გრძნობას, და, როგორც იტყვიან, «ძაღლის ყბა აქვს გამობმული», ყველას თავს აბეზრებს. ბოლოს კი, ობსესიური ადამიანის ისეთი თვისებაც უნდა გავიხსენოთ, როგორიცაა: «წუწუნი», «მოთქმა» და «ვაი-ვიში», რაც აგრესიის გამოვლენის ტიპური ფორმაა.

      ობსესიურ პიროვნებას, აგრესიულ იმპულსებთან ერთად, ხშირად უძლიერდება დასჯისა და დანაშაულის შიში. ამ დროს იგი ვეღარ იყენებს აგრესიის გამოხატვის ზემოაღნიშნულ შესაძლებლობებს, რაც მოგვიანებით სომატურად იჩენს ხოლმე თავს. ამის შედეგი კი არის გულის და სისხლ-ძარღვთა დაავადებები, წნევა (უპირველეს ყოვლისა, მაღალი წნევა, რომელიც, არცთუ იშვიათად, ინსულტის წინაპირობას წარმოადგენს), შაკიკი, უძილობა და კუჭ-ნაწლავის ფუნციის მოშლა. ამ დროს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივად დათრგუნული აფექტებისა და აგრესიების სომატური სიმპტომები იჩენს თავს. ობსესიურ ადამიანებში მიმდინარეობს შინაგანი კონფლიქტი, რადგან მას აგრესიის გამოვლენის სურვილი აქვს; მეორე მხრივ, ძალაუფლებისკენ სწრაფვის მიუხედავად, გავლენას ვერ ახდენს მიმდინარე მოვლენებზე და, ამასთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებების მიღებაზე. დაგროვილმა აფექტებმა ამ დროს, შესაძლოა, ისეთი ძალით ამოხეთქოს, რომ «ამოკის» დაავადება გამოიწვიოს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ობსესიურ პიროვნებას უეცარი მრისხანება შეიპყრობს და უჩნდება სურვილი, ყველაფერი მოსპოს და გაანადგუროს. რილკემ თავის რომანში «მალტე ლაურიდს ბრიგე» ამაღელვებლად აღწერა ადამიანში უეცარი ემოციური აფეთქების შემთხვევა.

      გვინდა აფექტებისა და აგრესიების სომატური გამოვლინების შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ:

      მაღალი თანამდებობის პირს, რომელსაც საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, სამსახურში თავი ყოველთვის საქმიანად, ნეიტრალურად ეჭირა და აფექტებს არასოდეს ჰყვებოდა. მისთვის უცხო იყო ისეთი გრძნობების გამოვლენა, როგორიცაა სიხარული, მრისხანება ან მოუთმენლობა. ამ უდრეკი ხასიათის ადამიანს ვერავინ შეამჩნევდა აღელვებას ან გაღიზიანებას. ის ამაყობდა თავისი ძლიერი ნებისყოფით, სულიერი ურყევობით და იმ უპირატესობით, რომელიც სხვა ადამიანებისგან გამოარჩევდა. ამასთან მტკივნეულად განიცდიდა იმასაც, რომ საჭირო შემთხვევაში თავს უფლებას არ აძლევდა, გაბრაზებულიყო და თავისი რისხვა გადმოენთხია; ამას იგი საკუთარ თავს, პრესტიჟისა და მაღალი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, სასტიკად უკრძალავდა. სამაგიეროდ, ეს ადამიანი სულ უფრო ხშირად გრძნობდა, რომ ასეთ სიტუაციებში პულსი საგრძნობლად უჩქარდებოდა და გულის არეში ტკივილები ეწყებოდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იგი თავის «ჯავშანს» არცთუ მთლად წარმატებით იყენებდა. მერე ის იყო, სამსახურებრივი კონფლიქტების დროს მას მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა და მათი თავდასხმების მოგერიება მოუხდა, რის შემდეგაც მან ექიმს მიმართა. ამ უკანასკნელმა მას გულის ინფარქტი უწინასწარმეტყველა, თუ ემოციურ დაძაბულობას არ მოიხსნიდა და სამსახურში თავს ისევ გადაიტვირთავდა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მუშაობის ფაქტორი სულაც არ იყო გადამწყვეტი. ამ ადამიანის დაავადება მისი არაბუნებრივი თავშეკავებითა და მოთმინებით იყო გამოწვეული, რაც მას არც ერთ ღია სარქველს არ უტოვებდა დაგროვილი აფექტებისა და აგრესიების გამოსავლენად.

      ბისმარკზე ამბობენ, რომ დათრგუნული აფექტების შედეგად მას სლოკინი უვარდებოდა, კრუნჩხვითი შეტევები ეწყებოდა და ხალიჩას კბილებით გლეჯდა. ამგვარი მდგომარეობის ტრაგიზმი, შესაძლოა, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ძლიერი აფექტების მქონე ადამიანები ხშირად მაღალი თანამდებობის პირები არიან; ისინი აცნობიერებენ, რომ მათ, როგორც ხელმძღვანელებს, საკუთარი მცდელობით შექმნილი იმიჯის გამო, უფლება არა აქვთ, აშკარად გამოავლინონ თავიანთი აფექტები.

      აქვე მინდა, მოვიხსენიო აგრესიის ის სახეობა, რომელსაც ობსესიური პიროვნება თავდაცვის მიზნით იყენებს. ამ შემთხვევაში იგი საკუთარ აგრესიას იმით თრგუნავს, რომ გარკვეული ადამიანის გაიდეალებას იწყებს და ამით მას აგრესიისათვის ხელშეუხებელს ხდის. ბავშვობის ასაკის შემდეგ ამ სახის აფექტები ისევ გამოვლინდება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის დროს, როდესაც მოსწავლე საკუთარ თავს, საბოლოოდ, მის აღზრდილად აღიარებს.

← წინა ნაწილი | გაგრძელება →

ფრიც რიმანი

წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები


[1] დრონი იცვლებიან და მათთან ერთად ვიცვლებით ჩვენც (ლათინ.).

[2] აბსურდამდე (ლათინ).

[3] რა მოხდება – თუ (ინგლ.).

[4] მკაფიო შეთანხმებები საუკეთესო მეგობრები არიან (ლათინ.).

ტეგები: Qwelly, რიმანი, ფსიქოლოგია, შიში, ცვლილება

ნახვა: 1158

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters