დიმიტრი უზნაძემ ნებელობის საკუთარი კონცეფციის პირველი ვარიანტი «ზოგად ფსიქოლოგიაში» წარმოადგინა 1940 წელს. ეს შეხედულება უზნაძის ფსიქოლოგიური შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილია. ამავე დროს, იგი არ არის თავისუფალი ხარვეზებისა და წინააღმდეგობებისაგან. ორმოციანი წლების განმავლობაში უზნაძე განუწყვეტლივ მუშაობდა ამ კონცეფციის დასახვეწად, რაზეც მეტყველებს მისი «შენიშვნების რვეული» [7]. აქ არაერთი ჩანაწერია, რომელიც ქცევისა და ნებელობის საკითხებს ეხება. ბოლო, განმაზოგადებელ ნაშრომებში უზნაძე შეეცადა ნებელობის ფუნქცია თავისი ობიექტივაციის კონცეფციის ჭრილში განეხილა [5][6].

      თუ ამ კონცეფციას ცნობიერების კი არა, ქცევის კატეგორიის კუთხით შევხედავთ, მასში არსებითად სამი სახეობის ქცევას აღმოვაჩენთ. პირველი, განწყობის პლანში მიმდინარე აქტივობა, ფაქტობრივად, იმპულსური ქცევაა. საკუთრივ ობიექტივაციის პლანში კი ორი სახის ქცევას ვხვდებით. უშუალოდ ობიექტივაციის აქტს თეორიული ქცევა მოჰყვება. მისი საშუალებით პიროვნება არკვევს იმპულსური ქცევის შეფერხების მიზეზებს. როგორც იმპულსურს, ისე თეორიულ ქცევას თავისი განწყობა უდევს საფუძვლად. შემდგომი ქცევა შემაფერხებელი ვითარების გამოსწორებასა და საწყისი მიზნის განხორციელებაზეა მიმართული. ეს ქცევა არსებითად ნებელობითია, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ქვემდებარე განწყობის შექმნა ნებელობით აქტს საჭიროებს.

      შევჩერდეთ ჯერ-ჯერობით ამ უკანასკნელზე და დავსვათ შეკითხვა: რა საჭიროა ამ შემთხვევაში ნებისყოფის ცნების გამოყენება? უზნაძესთან ასეთ პასუხს ვნახულობთ: შეფერხებამ და ობიექტივაციის აქტმა დაანგრია იმპულსური ქცევის განწყობა. მის ნაცვლად შეიქმნა თეორიული ქცევის განწყობა. ამ უკანასკნელის საფუძველზე შესრულებულმა თეორიულმა ქცევამ გაარკვია შეფერხების მიზეზი. ახლა დადგა ამ მიზეზის აღმოფხვრისა და ამოსავალი ქცევის პრაქტიკული განხორციელების ამოცანა, რომლის გადაწყვეტა სათანადო განწყობას მოითხოვს. ასეთი «განწყობა, ასე ვთქვათ, იდეურ პლანში, უკვე მონახულია» [5; 164]. მაგრამ ეს არის «ნაგულისხმევი განწყობა», რომელსაც რეალური მოქმედების გამოწვევა არ შეუძლია. ამიტომ პიროვნება მიმართავს ნებელობის უნარს, რომელსაც შესწევს ძალა ეს «წარმოსახული მოქმედების განწყობა აქტუალურ განწყობად გადააქციოს» [6; 323].

      «ზოგად ფსიქოლოგიაში», სადაც გაშლილი სახითაა წარმოდგენილი უზნაძის შეხედულება ნებელობაზე, არ არის საუბარი იმაზე, თუ რა განწყობის საფუძველზე მიმდინარეობს ფსიქიკური პროცესი ნებელობის მოსამზადებელ პერიოდში. ეს პროცესი მიმართულია პიროვნებისთვის მისაღები და მიზანშეწონილი ქცევის მონახვაზე, რომელსაც «ამტკიცებს» ნებელობის სპეციფიკის გამომხატველი გადაწყვეტილების აქტი. ამ აქტში იქმნება ახალი განწყობა, რომელიც ნებელობითი ქცევის შესრულებას განაპირობებს. ბოლო ნაშრომებში უზნაძე თითქოს აზუსტებს ამ მოდელს იმით, რომ ობიექტივაციის პლანში მიმდინარე ნებელობის მოსამზადებელ პერიოდს, თეორიული განწყობის სახით, თავის განწყობისეულ საფუძველს უფარდებს. გარდა ამისა, ნებელობას მიაწერს მოსამზადებელ პერიოდში (იდეურ პლანში) მონახული განწყობის აქტუალიზაციის ფუნქციას.

      უნდა ითქვას, რომ ამ დაზუსტებებს უფრო მეტი გაუგებრობა შემოაქვს, ვიდრე სიცხადე. თეორიულ განწყობაზე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ თეორიულ განწყობასა და ქცევაზე დაყვანა იმისა, რაც გადაწყვეტილებამდე (ნებელობის აქტამდე) ხდება, სრულყოფილად და ზუსტად არ გამოხატავს მთელი მოსამზადებელი პერიოდის შინაარსს, რომელსაც, თვითონ ავტორი, მოტივაციას უწოდებს [4]. წმინდა თეორიული, აზროვნებითი აქტივობა ამ პერიოდის მხოლოდ პირველ ნაწილს თუ მოიცავს. რაც შეეხება დებულებას, რომ ამ პერიოდში შემუშავდება რაღაც არაქმედითუნარიანი განწყობა, რომელსაც სიცოცხლეს შთაბერავს ნებელობა, იგი დასაბუთებული არ არის. ამის გაკეთება, ალბათ, შეუძლებელიცაა. საქმე ისაა, რომ განწყობა ამ შემთხვევაში ბრჭყალებში არ არის ჩასმული. მაშასადამე, აქ ისეთი განწყობაა ნაგულისხმევი, რომელსაც თეორია სულ არ ითვალისწინებს. ის არც ინაქტურ ფორმაში შენახული ფიქსირებული განწყობაა და არც აქტუალური განწყობა. იგი არც ე.წ. «გადავადებული განწყობაა! « [1], ვინაიდან არც მისი გადავადების აზრი ჩანს (დამაბრკოლებელი ვითარება ხომ უკვე გაირკვა) და არც მისი რეალიზაციისთვის ნებელობის ჩარევის აუცილებლობა. ამიტომ, საფიქრებელია, რომ იგი არც არის განწყობა. ნებელობის აქტის წინა პერიოდი ამზადებს არა საკუთრივ განწყობის რაღაც არასრულყოფილ და არასიცოცხლისუნარიან ნიმუშს, არამედ ფაქტორებს, რომლებსაც ეს აქტი ერთად კრავს ახალი განწყობის სახით.

      სურათი კიდევ უფრო გართულდება, თუ გავითვალისწინებთ აზროვნების ისეთ ნიშანს, როგორიც მისი აქტიურობაა. უზნაძე საგანგებოდ აანალიზებს აზროვნების პროცესის მიზანშეწონილ და აქტიურ ხასიათს და აღნიშნავს, რომ «პიროვნება პირველივე ნაბიჯებიდან იღებს მასში თავისი მიზნებით მონაწილეობას და ბოლომდე აქტიურად წარმართავს მას. ასეთი აქტივობა შეიძლება მხოლოდ ნებელობის გამოყენების სხვადასხვა შემთხვევას ახასიათებდეს, თორემ სხვა ფსიქიკური პროცესების მიმართ ამას ვერ ვიტყვით» [4; 444-445]. აზროვნების განსაკუთრებულობა მართლაც მჟღავნდება იმაში, რომ სხვა ფსიქიკური პროცესებისაგან განსხვავებით, მას უნებლიე ფორმა არ გააჩნია. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ, თუ აზროვნება ქცევის სახეობაა (თეორიული ქცევა), ეს ქცევა ნებელობითია და მას ასეთი ქცევის ყველა აუცილებელი ნიშან-თვისება უნდა ახასიათებდეს. აქედან გამომდინარე, საკუთრივ თეორიული ქცევის შესრულებამდე წარმატებით უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების მომზადებისა და თავად გადაწყვეტილების მიღების პროცესები, რომლებიც დაგვირგვინდება სათანადო თეორიული განწყობის შექმნით. ისიც მივიღოთ მხედველობაში, რომ თეორიული ნებელობითი ქცევის მოსამზადებელი პერიოდი თვითონაც უნდა შეიცავდეს თეორიულ ქცევას და ა.შ. უსასრულოდ. ამიტომ მთელი ამ თეორიული კონსტრუქციის გამართულობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება.

      მოცემული თეორიული მოდელის სირთულეები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება რეალური ქცევის ანალიზისას. განვიხილოთ მაგალითი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ვიგრძენი წყურვილი და მივედი მაგიდასთან, სადაც მინერალური წყალი მეგულება. დაუფიქრებლად ავიღე იქვე მყოფი გასახსნელი, მაგრამ ბოთლის თავსახური ვერ მოვხსენი. დავაკვირდი და გავარკვიე, რომ გასახსნელი თავსახურის მიმართ ზუსტად არ მქონდა მომარჯვებული. მის შემდეგ ხელად განვახორციელე ზუსტი მოძრაობა, გავხსენი ბოთლი, დავლიე წყალი და მოვიკალი წყურვილი. აქტივობა დასრულდა. მას, შესაძლოა, წუთიც არ დასჭირვებია. ახლა საკითხავია, ამ პატარა ეპიზოდში ერთი ქცევა შესრულდა თუ სამი ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ მაინც არსებითად განსხვავებული? შესაბამისად, ერთი განწყობის ფორმირება-რეალიზაცია მოხდა, თუ სამისა? პირველი პასუხი რომ უფრო მართებულად გამოიყურება, ძნელი დასანახი არ არის. მაშ, რატომ უნდა ვიფიქროთ სხვანაირად? როგორც ჩანს, იმ ორი თეორიული დაშვების გამო, რომელთა ემპირიული ვალიდურობა ერთობ სათუოა.

      პირველი დაშვების თანახმად, თვითმომსახურების ტიპური იმპულსური ქცევა (წყლის დალევა), მასში მიკროსკოპული შეფერხების გამო, სახეს იცვლის და ნებელობით ქცევად გარდაიქმნება. მისი სხვაგვარი კვალიფიკაცია შეუძლებელია, ვინაიდან შეფერხების მიზეზის გამოსწორებასა და საბოლოო მიზნის რეალიზაციაზე მიმართული ქცევის (მესამე ქცევა) განწყობისეული მექანიზმის ამოქმედება მხოლოდ ნებელობის დახმარებით არის შესაძლებელი. იგულისხმება, რომ სხვანაირად თეორიული ქცევის მომყოლი პრაქტიკული ქცევის გაგრძელება და დასრულება ვერ მოხერხდება. უზნაძე სპეციალურად აღნიშნავს, რომ «სუბიექტმა ეს ნაგულისხმები განწყობა აქტუალურ განწყობად უნდა გადააქციოს და უშუალოდ მისი რეალიზაცია უნდა მოახდინოს და არა იმ განწყობისა, რომელიც მან მოქმედი ობიექტივაციის აქტში შეაჩერა» [6; 323]. ნებელობა არააქტუალურ განწყობას აქტუალურად აქცევს, ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ძალას აძლევს, ენერგიით ამარაგებს დამასრულებელ პრაქტიკულ ქცევას. აქ აუცილებლად ჩნდება შეკითხვა: რატომ გახდა საჭირო ამ ქცევისთვის ახალი ენერგეტიკული წყაროს მოძიება ნებელობის სახით? განა ამოსავალი მოტივაცია, რომელიც თავიდან აღძრავდა ქცევას, სადმე გაქრა? ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ნუთუ შეიძლება იმის დაშვება, რომ ბოთლის გაღებასთან დაკავშირებული უმნიშვნელო ტექნიკური სირთულეების გამო ინდივიდს გაუქრა წყლის დალევის სურვილი და ქცევის დასრულებისთვის ნებელობის ამოქმედება გახდა საჭირო? ალბათ არა. მიახლოების გრადიენტის ეფექტის გათვალისწინებით, ამოსავალი მოთხოვნილება არა თუ გაქრებოდა, გაძლიერდებოდა კიდეც. თუ ასეა, მას სავსებით შესწევს უნარი, დარჩეს სათანადო განწყობის მოტივაციურ ფაქტორად და დაასრულოს ქცევა. ამრიგად, პირველი დაშვება უნდა უარვყოთ და ვივარაუდოთ, რომ ობიექტივაციის აქტისა და მის შედეგად აღმოცენებული თეორიული აქტივობის შემდეგ ინდივიდი უბრუნდება ზუსტად იმავე ქცევას, რომელიც შეწყვიტა ობიექტივაციის აქტმა.

      მაგრამ წყდება კი ეს ქცევა სინამდვილეში? აქ მეორე დაშვებასთან მივდივართ, რომლის მიხედვით პრაქტიკული ქცევის შეფერხების მიზეზის გასარკვევად აღმოცენებულ კოგნიტურ აქტივობას უთუოდ დამოუკიდებელი ქცევის სტატუსი აქვს, ამ უკანასკნელს კი ყველა თავისი ატრიბუტი: საკუთარი ენერგეტიკული წყარო – «თეორიული მოთხოვნილება», «პრობლემური სიტუაცია» და მათ საფუძველზე შექმნილი «თეორიული ქცევის განწყობა». ამ მსჯელობის სათავე იმის მტკიცებაშია, რომ აზროვნება და თეორიული მოთხოვნილება აუცილებელ კავშირში არიან, პირველი მეორის გარეშე არ არსებობს.

      ობიექტივაციის პლანში წარმართული გონებრივი აქტივობის ასეთმა გააზრებამ შ. ჩხარტიშვილის მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. მისი აზრით, ქცევითი რეალობის ამგვარ ინტერპრეტაციას ლოგიკურად მივყავართ დასკვნებამდე, რომელთა გაზიარება შეუძლებელია, სახელდობრ: 1) ადამიანი აზროვნებს მხოლოდ მაშინ, თუ იგი თეორიული მოთხოვნილებითაა აღძრული და არც ერთ სხვა მოთხოვნილებას, რაოდენ ძლიერიც უნდა იყოს ის, არ ძალუძს შექმნას განწყობა, რომელიც აზროვნების აქტებს მოემსახურება; 2) აზროვნებისა და პრაქტიკული მოქმედების აქტები ერთი და იმავე ქცევის შემადგენლობაში ვერ შევლენ; 3) ფილოგენეზსა და ონტოგენეზში თეორიული მოთხოვნილება ყოველთვის და აუცილებლად წინ უსწრებს აზროვნების პროცესს [12]. მაგრამ, შეიძლება კი დამარწმუნებლად იმის დამტკიცება, რომ ობიექტივაციის შემთხვევაში წყდება ამოსავალი ქცევა და სუბიექტი გადაერთვება ახალ ქცევაზე? ამოვიდეთ ზემოთმოყვანილი მაგალითიდან. რეალურად შემდეგს ვაკვირდებით: ქცევის რომელიღაც უბანზე გაჩნდა დაბრკოლება და აქტივობის ქსოვილში ახალი პროცესები ჩაერთო. რისთვის? ცხადია იმისთვის, რომ გართულებულ პირობებში ამ ქცევის რეგულაცია უფრო მაღალ დონეზე წარმართულიყო. არ იქნება სწორი იმის მტკიცება, რომ ქცევის სიტუაციურ ან ინსტრუმენტულ ბლოკში წარმოქმნილი პრობლემების გამო ქცევას ეკარგება მოტივი და მიზანი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ახალ აქტებს (გონებრივი პროცესები) დაეკარგება თავისი რეალური დანიშნულება. ისინი ხომ სწორედ ამ მოტივსა და მიზანს ემსახურებიან. აქტივობაში მათი ჩართვის გამო სუბიექტი არ გადის ამოსავალი ქცევის სივრციდან. იმისთვის, რათა ვილაპარაკოთ ერთი ქცევის მეორით შეცვლაზე, აქტივობას ახალი საზრისი უნდა გაუჩნდეს, მან ახალი სუბიექტური ღირებულება (მოტივი) უნდა შეიძინოს. ჩვენს შემთხვევაში სუბიექტი, საბოლოო ჯამში, ერთი და იმავე ქცევის პრობლემებს წყვეტს. მას თავისთავად არ აინტერესებს უეცრად წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემა, მას არა აქვს მოთხოვნილება, ჩასწვდეს შეფერხების ბუნებას (ნორმალურ ადამიანში ბოთლის გაუხსნელობის პრობლემა თეორიულ ინტერესს არ უნდა იწვევდეს). პირიქით, ხშირად ქცევაში შეფერხებები აღძრავს არა ინტერესს (რომლის გარეშე თეორიული მოთხოვნილების დახასიათება შეუძლებელია), არამედ მკაფიოდ გამოხატულ უარყოფით ემოციებს. ფენომენოლოგია ამას აშკარად გვიდასტურებს. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ სუბიექტი ახალ, შემეცნებით ინტერესთან დაკავშირებულ თეორიულ ქცევას კი არ იწყებს, არამედ მიისწრაფის იმავე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ. ამ მოთხოვნილების წყაროდან იკვებება ქცევაში ახალჩართული ყველა ფსიქიკური ფუნქცია, უნარ-ჩვევა, ცოდნა-გამოცდილება, რომელიც საბოლოო მიზნის მიღწევას ემსახურება.

      თუ პრობლემას ზოგად პლანში განვიხილავთ, აუცილებელი გახდება იმის აღიარება, რომ ქცევაში მაღალი კოგნიტური პროცესების ჩართვა თავისთავად არ ნიშნავს ახალი ქცევის დაწყებას. ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ინდივიდში აღმოცენდება ძლიერი თეორიული მოტივაცია, თუ მისი ინტერესი მიიმართება თვით ინტელექტუალურ ამოცანაზე, ან მისი გაწყვეტის პროცესზე. აქ უნდა გავიხსენოთ უკვე XX საუკუნის დასაწყისში ჰ. მაიერის მიერ გამოთქმული ძალზე საყურადღებო თვალსაზრისი, რომელიც მიჯნავს ე.წ. «მსჯელობით» და «ემოციურ» აზროვნებას. ამ უკანასკნელის დამახასიათებელი თავისებურება ის არის, რომ აქ «შემეცნებითი პროცესი დაჩრდილულია, გადაწეულია უკანა პლანზე, არ არის იდენტიფიცირებული, როგორც ასეთი, ყურადღება ფოკუსირებულია პრაქტიკულ მიზანზე, რომლისთვისაც შემეცნება მხოლოდ თანმდევი საშუალებაა» [11; 126]. ამასთანავე, «ემოციური აზროვნება» იმავე ლოგიკურ პროცესებს იყენებს, როლებსაც «მსჯელობითი აზროვნება». ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ აზროვნებითი აქტები სხვადასხვაგვარადაა მოტივირებული. მაიერის მიერ შემჩნეული ეს განსხვავება კარგად გამოიხატება შინაგანი და გარეგანი მოტივაციის დღეს დამკვიდრებული ტერმინოლოგიით. მაიერის ანალიზი იმითაც არის საყურადღებო, რომ «იგი აქარწყლებს ინტელექტუალისტურ ცრურწმენას, თითქოს აზროვნებაში პირველხარისხოვან როლს ყოველთვის შემეცნებითი ინტერესი თამაშობს» [11; 129].

      ზემოთმოყვანილ თვალსაზრისამდე უზნაძე, როგორც ჩანს, ობიექტივაციის პლანში მიმდინარე თეორიული აქტივობის სპეციფიკის ჩვენების ამოცანამ მიიყვანა. «ზოგად ფსიქოლოგიაში» აზროვნების პროცესის ანალიზი ამ «ინტელექტუალისტური ცრურწმენის» გარეშე ხორციელდება. აქ უზნაძე საუბრობს «გაკვირვების განცდაზე», «გაკვირვების გრძნობაზე», ანუ აზროვნების საწყის ეტაპთან დაკავშირებულ ემოციაზე. ავტორი მიიჩნევს, რომ მართალია, გაკვირვება საფუძვლად უდევს აზროვნებას, მაგრამ იგი არ არის მისი ძირითადი წყარო. «იგი მხოლოდ მეორადი პროცესია, რომელიც უფრო ღრმად მდებარე იმპულსს ეყრდნობა. აზროვნების ძირითად სტიმულს, რასაკვირველია, მოთხოვნილება წარმოადგენს» [4; 441]. ყოველ აქტივობას მოთხოვნილების დაკმაყოფილების იმპულსი აღძრავს; გაკვირვება, როგორც ყოველგვარი გრძნობა, პირველადი მოტივაციის მიმართ მეორადი ფსიქიკური მოვლენაა, რომელიც გამოხატავს ინდივიდის დამოკიდებულებას მოთხოვნილების დაკმაყოფილების (განწყობის რეალიზაციის) მიმდინარეობის მიმართ, კერძოდ მისი დაბრკოლების მიმართ. ვინაიდან აზროვნების ფუნქცია პრაქტიკის ნიადაგზე აღმოცენდა და მის ინტერესებს ემსახურება, მას, გენეტიკურად მაინც, ვიტალურ მოთხოვნილებათა ინტერესი ამოძრავებს. მაგრამ ადამიანის დონეზე ჩნდება უამრავი სრულიად ახალი მოთხოვნილება, რომლის მსგავსი ცხოველებთან არ გვხდება. «აზროვნების მოქმედების იმპულსს ყოველი მათგანი შეიძლება დაედვას საფუძვლად. ოღონდ გადამწყვეტი როლი აქ იმას აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნილება პიროვნებისთვის» [4; 441]. როგორც ვხედავთ, აქ უზნაძე საერთოდ არ ლაპარაკობს აზროვნებისთვის აუცილებელ და სპეციფიკურ მოთხოვნილებაზე. აზროვნების აღძვრა შეიძლება როგორც ვიტალური, ისე საზოგადოებრივი ხასიათის მოთხოვნილებით, მთავარია, მას დიდი მოტივაციური წონა ჰქონდეს. ხოლო გაკვირვება მოტივაციურ ფაქტორად არც განიხილება. შემდგომში, ობიქტივაციის კონცეფციის დამუშავების კვალდაკვალ, ეს პოზიცია სერიოზულად შეიცვალა. გაკვირვებამ მოტივაციური მნიშვნელობა შეიძინა და, არსებითად, თეორიულ მოთხოვნილებას გაუთანაბრდა. ეს უკანასკნელი კი ობიექტივაციის პლანში მიმდინარე აქტივობის, ანუ აზროვნების აუცილებელ პირობად გადაიქცა. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – საკმაოდ წინააღმდეგობრივი და «ეკოლოგიურად არავალიდური» თეორიული კონსტრუქცია. ყველაფერთან ერთად, იგი იმასაც გულისხმობს, რომ ობიექტივაციის დონეზე მარტო თეორიული, უფრო კონკრეტულად კი, სააზროვნო ქცევა ხორციელდება.

      თუ ობიექტივიციის დონეზე მიმდინარე აქტივობას ქცევის ფსიქოლოგიის პოზიციიდან შევხედავთ, იმის აღიარება მოგვიწევს, რომ ამა თუ იმ ქცევაში ერთეული თეორიული (კოგნიტური) აქტების ჩართვა მთელ ქცევას თეორიულ-შემეცნებითად ვერ აქცევს. ხომ ფაქტია, რომ თეორიული ამოცანის გადაჭრისას წამდაუწუმ გვიწევს პრაქტიკული აქტების გამოყენება? განა ამიტომ ქცევას თეორიულის სტატუსი ეკარგება? არა, ის რჩება თეორიულ ქცევად, შემეცნებით-კვლევით საქმიანობად, ვინაიდან მისი ინტენციონალურ-შინაარსეული მხარე, ამოსავალი მოტივაცია და საბოლოო მიზანი თეორიული ხასიათისაა. საზოგადოდ, როცა ვცდილობთ დავახასიათოთ თეორიული ქცევის არსობრივი მხარე, მუდმივად უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ რეალურ ქცევაში, ფაქტობრივად, ვერ მოინახება შემთხვევა, როცა იგი დაკომპლექტებულია მხოლოდ მოტორულ-პრაქტიკული ან მენტალურთეორიული აქტებით. რეალური ქცევა, მისი ზუსტი აღწერა-დახასიათება – აი რა უნდა იყოს ანალიზის საფუძველი. სწორედ ეს აკლია ობიექტივაციის წარმოდგენილ მოდელს.

      ამრიგად, ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ არ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ობიექტივაციის ყოველი აქტი თეორიულ მოთხოვნილებას წარმოქმნის, ყოველ შემთხვევაში ისეთი ძალისას, როგორიც საჭიროა ძველი განწყობის დასანგრევად და ახალი, თეორიული განწყობის აღმოსაცენებლად. მაშასადამე, განწყობათა ასეთი მონაცვლეობისთვის უბრალოდ არ არსებობს აუცილებელი მოტივაციური საფუძველი. მაგრამ მოსაზრება ობიექტივაციის პროცესში განწყობათა და შესატყვის ქცევათა მუდმივი ცვლის შესახებ იმის რწმენასაც გულისხმობს, რომ ამოსავალ განწყობას თვითონ არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ქცევაში აღმოცენებულ სირთულეებს და, ამიტომ, სიტუაციისადმი უფრო ადეკვატური განწყობით უნდა შეიცვალოს. ეს რწმენა ეფუძნება განწყობის სტრუქტურის სტატიკურ მოდელს, რომლის თანახმად განწყობის სტრუქტურის ყოველგვარი ცვლილება აუცილებლად იწვევს ამ განწყობის შეცვლას. მსჯელობა ასე აიგება: თუ ძველი განწყობა შეძლებდა სიტუაციის სათანადო დონეზე ასახვას, ობიექტივაციის საჭიროება არც გაჩნდებოდა. რამდენადაც ასეთი «განწყობისეული ასახვა» არ ხდება, სიტუაციის უფრო ხარისხიან ასახვაზე მიმართული გონებრივი აქტივობის საფუძვლად პრაქტიკული ქცევის განწყობა ვერ გამოდგება. იგი თეორიული განწყობით უნდა შეიცვალოს [3].

      ამ მოდელს ახლაც ჰყავს თავისი მომხრეები, მაგრამ ის აღარ არის ერთადერთი. ჩხარტიშვილმა მას ე.წ. «განწყობის დინამიკური სტრუქტურის მოდელი» დაუპირისპირა [9][12]. სტატიკურ მოდელს აზრი აქვს, თუკი სიტუაცია მთლიანად აისახება განწყობაში ქცევის დაწყებამდე და მის დასრულებულ სტრუქტურას ქმნის. მაგრამ, ფაქტობრივად, ეს ასე არ ხდება, ვინაიდან წარმოუდგენელია წინასწარ, აქტივობის დაწყებამდე, განწყობაში სიტუაციის ყველა მონაკვეთის დროით-სივრცითი, თუ სხვა პარამეტრების ასახვა და წინასწარ განჭვრეტა. მრავალი მათგანი მხოლოდ ქცევის მსვლელობაში, მომენტურად, მოვლენების შემთხვევითი შეხვედრების შედეგად იჩენს თავს. მიზანშეწონილი ქცევის ყველა აქტი კი სიტუაციასთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს. ამიტომ ინფორმაცია სიტუაციის მიმდინარე მომენტების შესახებ მუდმივად შემოდის განწყობის სტრუქტურაში ე.წ. «სიტუაციური ხატების» საშუალებით. ისინი აკონკრეტებენ განწყობის სტრუქტურას, რომელიც ქცევის დაწყებამდე არსებობს, ე.წ. «სიტუაციური გეგმის» სახით. ამდენად, განწყობას «მიმდინარე სტრუქტურა» აქვს; იგი დინამიკური წარმონაქმნია, რომელიც მუდმივად ცვალებადობს «ძირითადი კარკასის» შიგნით, რაც არ ნიშნავს ერთი განწყობის მეორით შეცვლას. ჩხარტიშვილი მხოლოდ სიტუაციურ ფაქტორთან დაკავშირებულ ცვლილებებს შეეხო, მაგრამ განწყობის სტრუქტურის მუდმივ რეორგანიზაციას მისი მოტივაციური და ოპერაციული ფაქტორებიც განაპირობებს, რაზეც სხვაგან საგანგებოდ გავამახვილეთ ყურადღება [10].

      აქ მთავარია ხაზი გაესვას იმას, რომ განწყობაში წინასწარ ვერ იქნება ასახული ყველა ვითარება და კოლიზია, რომელიც ქცევის პროცესში წარმოიქმნება. ქცევის მსვლელობაში ხდება განწყობის სტრუქტურის მუდმივი კორეგირება, სირთულის წარმოქმნისას მასში ჩაერთვება ახალი სენსომოტორული და ფსიქიკური პროცესები, მათ შორის აზროვნება; იგეგმება დამატებითი მოქმედებები და ოპერაციები ამ სირთულის დასაძლევად. ეს ყველაფერი ხდება ერთი და იმავე ქცევისა და განწყობის ფარგლებში.

      თუ ჩვენ გვსურს ქცევის ფსიქოლოგიის ენაზე ვილაპარაკოთ, მაშინ ზუსტი ქცევითი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ ობიექტივაციის დონეზე განხორციელებულ აქტივობას. აქ საჭიროა მაქსიმალური სიზუსტე გამოვიჩინოთ ქცევების აღწერა-დახასიათებაში. ჯერ ერთი, უნდა შევთანხმდეთ, რომ რეალურ ქცევაში საქმე გვაქვს პრაქტიკული და თეორიული აქტივობის მუდმივ ცვალებადობასთან, რაც სულაც არ მოითხოვს ქცევისა და განწყობის ფორმების კალეიდოსკოპურ ცვალებადობას (ასეთი რამ იგულისხმება განწყობის სტრუქტურის სტატიკურ მოდელზე დამყარებულ ობიექტივაციის კონცეფციაში). უფრო მეტიც, ერთიან ქცევაში პრაქტიკული და თეორიული აქტები ხშირად პარალელურად მიმდინარეობს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ გავაანალიზებთ რეალურ ქცევას და არა თეორიული მოდელის საჭიროებისთვის მოძებნილ შემთხვევებს. ამ მომენტში, როცა ეს კონკრეტული აზრი კომპიუტერში გადამაქვს, ჩემი აქტივობა ერთდროულად პრაქტიკულ და თეორიულ (ობიექტივაციის) პლანში მიმდინარეობს, ერთიანი განწყობის საფუძველზე; მე ერთ ქცევას ვახორციელებ. ანდა, განა ცოტაა შემთხვევა, როცა ქცევაში გაჩენილ ტექნიკურ პრობლემას ქცევის შეუწყვეტლად ვაანალიზებთ? მაგალითად, მანქანით მივდივართ და თან ვფიქრობთ, თუ სადაა უკეთესი მისი გაჩერება. ნუთუ აქ რამდენიმე ქცევასა და განწყობაზე უნდა ვსაუბრობდეთ? ამგვარი მაგალითები უამრავია. ამიტომ გარკვევით უნდა ითქვას, რომ ყველა ასეთი ქცევის რეგულირება რთულად სტრუქტურირებული განწყობის საფუძველზე ხდება, რომელიც ერთიანი ქცევის მიზანშეწონილი შესრულებისთვის აუცილებელი სხვადასხვა ფუნქციონალური სისტემების მზაობას მოიცავს.

      საზოგადოდ, ობიექტივაცია გვევლინება არა მხოლოდ როგორც დისკრეტული აქტი (როგორც უზნაძის ცნობილ მაგალითებშია), არამედ როგორც საკმაოდ მყარი მდგომარეობა, რომელიც მთელ ქცევას გასდევს; მეტ-ნაკლებად რთული ქცევების განხორციელება ხშირად მუდმივი ობიექტივაციის რეჟიმს მოითხოვს: ადამიანი სულ ფხიზლადაა, აკონტროლებს თავის საქმიანობას, აცნობიერებს ვითარებას (ასე ვიქცევით უცხო, არასტანდარტულ, სარისკო და ა.შ. სიტუაციებში). ცხადია, ასეთ ქცევას ვერ ვუწოდებთ თეორიულს მხოლოდ იმიტომ, რომ ის სულ ობიექტივაციის პლანში მიმდინარეობს. ობიექტივაციის კლასიკური მოდელი კი ამას მოითხოვს. არსებითად ასეთივე სურათი იხატება შ. ნადირაშვილის მოდელშიც. აქ განწყობის ფორმირებისა და მოქმედების სამ დონეს – ინდივიდის, სუბიექტისა და პიროვნების დონეებს შეესაბამება ქცევის სამი სახე: იმპულსური, თეორიული და ნებელობითი [1][3].

      ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტივაციის შედეგად აღმოცენებული თეორიული აქტივობა შეიძლება ხორციელდებოდეს დამოუკიდებელი თეორიული ქცევის სახითაც. ეს მაშინ ხდება, როცა იმდენად ძლიერი შემეცნებითი მოტივაცია აქტუალიზდება, რომ იგი ანგრევს ან გადაავადებს წინმსწრებ განწყობას და ახალი, თეორიული ქცევის განწყობას ედება საფუძვლად. თუმცა, გაცილებით ხშირად, ობიექტივაციის აქტის მომყოლი თეორიული აქტივობა იმავე ქცევის კალაპოტში მიმდინარეობს, რომლის პრობლემების გადაწყვეტასაც ემსახურება. ამ შემთხვევაში შესაბამის გონებრივ აქტებს (დაკვირვება, დამახსოვრება, მოგონება, გააზრება, ანგარიში, შეფასება, ანალიზი, სინთეზი, განყენება, წარმოსახვა და სხვა) ქცევაში შემავალ მოქმედებათა და ოპერაციების სტატუსი აქვთ და, როგორც ასეთებს, საკუთარი განწყობა არ გააჩნია. თეორიული მოქმედებები და ოპერაციები იგეგმება და ხორციელდება რთული ობიექტივირებული ქცევის განწყობის ნიადაგზე, რომლის სტრუქტურაში თეორიული და პრაქტიკული მოქმედებები ერთმანეთშია გადახლართული. ობიექტივაციით გამოწვეული ცვლილებები დინამიკური სტრუქტურის მქონე ერთიანი განწყობის შიგნით მიმდინარეობს. ქცევის პროცესში გაჩენილი სირთულეები და პრობლემები წყდება «სიტუაციური გეგმის» კორექციის, ანუ მასში დამატებითი თეორიული მოქმედებებისა და ოპერაციების ჩართვის გზით. ამ თეორიული აქტივობის შედეგები აისახება იმავე განწყობაში, რომელიც უფრო კონკრეტიზირებული და ადეკვატური ხდება. ეს, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, იმავე განწყობისეულ საფუძველზე დაიგეგმოს და შესრულდეს ზოგიერთი პრაქტიკული მოქმედება და ოპერაცია შეფერხების აღმოსაფხვრელად. ამის მერე ქცევა გრძელდება საბოლოო მიზნის მიმართულებით, როგორც ეს თავიდანვე იყო დაპროგრამებული განწყობაში.

      თუ გვსურს ობიექტივაციის პლანში წარმართული აქტივობის ზუსტი ქცევითი კვალიფიკაცია, უნდა შევთანხმდეთ ქცევის სახეების ერთმანეთისაგან გარჩევის პრინციპებზეც. ეს შეადგენს ქცევის ზოგადი თეორიის აღწერითი ნაწილის პრობლემატიკას, რომელსაც განწყობის სკოლაში ყოველთვის სერიოზული ყურადღება ექცეოდა. თვითონ უზნაძემ შექმნა ქცევის ფორმების ისეთი კლასიფიკაცია, რომელიც უნიკალურია მსოფლიო ფსიქოლოგიაში. აქ ქცევები ერთმანეთისაგან გამოიყოფა და ჯგუფდება აქტივობის მოტივაციური შინაარსის, ანუ შესაბამისი მოთხოვნილებების მიხედვით; ქცევის სახელწოდება იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რაზეა მიმართული აქტივობა, რა საზრისის მატარებელია იგი. ამით განსხვავდება ერთმანეთისაგან მოხმარება-მომსახურება და თამაში, სწავლა და ესთეტიური ტკბობა, მხატვრული შემოქმედება და შრომა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი, როცა იგი შემეცნებითი ინტერესით არის მოტივირებული, «გონებრივი შრომის» სახეს იღებს, თუმცა იმისთვის, რომ აქტივობა სწორედ შრომად იქნას ცნობილი და არა სხვა სახის თეორიულ ქცევად, იგი ამავე დროს, «ობიექტური ღირებულების მქონე ნაწარმოების შექმნის განზრახვით» უნდა წარმოებდეს. თუ იგი მხოლოდ ინტელექტუალური მოთხოვნილებით, ცოდნის წყურვილით არის აღძრული, რომლის დასაკმაყოფილებლად სუბიექტი უბრალოდ სხვადასხვა არხებიდან, ინფორმაციას მოიპოვებს, მაშინ მოხმარების ტიპის ქცევასთან, სახელდობრ, «ცნობისმოყვარეობასთან» გვაქვს საქმე. უზნაძე მოხმარებასა და ცნობისმოყვარეობას შორის პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავს.

      «სპეციფიკური ამ უკანასკნელისთვის მხოლოდ ისაა, რომ აქ წამყვანი როლი არა ფიზიკურს, არამედ ფსიქიკურს, კერძოდ ინტელექტუალურ აქტებს აქვს დაკისრებული. ამ მიზეზის გამო არ იქნება მართებული, ცნობისმოყვარეობის განზრახვით გაერთიანებული აქტები მოხმარების ჩვეულებრივ სახეობათა (ჭამა, სმა, სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება) ხაზზე მოვათავსოთ; უფრო სწორი იქნება, თუ მათ ქცევის ცალკე ფორმად ვაღიარებთ, რომელიც ტიპოლოგიურად მოხმარების ქცევის ანალოგიურ ფორმას წარმოადგენს» [8; 420]. როგორც ვხედავთ, აქტივობის «ფიზიკურ» (ოპერაციულ) მხარეს, მის რაგვარობას ამ შემთხვევაში დამატებითი დისკრიმინაციული ნიშნის სტატუსი ენიჭება. იგი საშუალებას იძლევა, ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით გამოყოფილი ქცევის ფორმების შიგნით მოხდეს აქტივობის სახეების დიფერენციაცია, მაგალითად, ერთმანეთისგან გაირჩეს ფიზიკური და გონებრივი შრომა, ანდა გაიმიჯნოს ტიპოლოგიურად მსგავსი ქცევის ფორმები, მაგალითად მოხმარება და ცნობისმოყვარეობა.

      უზნაძესთან სხვა კლასიფიკაციასაც ვხდებით, სადაც სწორედ ქცევის საშემსრულებლო-ოპერაციული მხარე, უფრო ზუსტად, მისი სირთულის დონე გამოდის პირველ პლანზე. აქტივობის იმპულსურ, თეორიულ და ნებელობით ქცევებად დაყოფა ამ პრინციპის მიხედვით ხდება. აღსანიშნავია, რომ ნაცადია ამ ორი კლასიფიკაციური პრინციპის გაერთიანებაც [3]. ამ შემთხვევაში ქცევის ინტროგენურ-ექსტროგენური ფორმების ჰორიზონტალურ განზომილებას ემატება აქტივობის სამი დონის ვერტიკალური განზომილება. ასეთი მიდგომა საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება, თუმცა ამ მიდგომის ფარგლებში შექმნილ სქემებში ვხვდებით ხარვეზებსაც. აქ მხოლოდ ერთს აღვნიშნავთ – ესაა ცნობისმოყვარეობის მოთავსება უმდაბლეს, ინდივიდის, ანუ იმპულსური ქცევის დონეზე. ადვილია დავრწმუნდეთ, რომ ქცევის ეს ფორმა სულაც არ არის იმპულსური. ამას თუნდაც უზნაძის მიერ მოყვანილი ცნობისმოყვარეობის გამოვლინების მაგალითები მოწმობს: გაზეთის კითხვა ახალი ამბების გასაგებად, მეცნიერული ლიტერატურის გაცნობა რაიმე საკითხზე ზუსტი ცნობების მისაღებად, ან თუნდაც სხვებისადმი მიმართვა საინტერესო ინფორმაციის მისაღებად და ა.შ. განა მართებულია მათი იმპულსურ, ე.ი. არაცნობიერად მიმდინარე ქცევად მიჩნევა?

      შეიძლება ვინმემ თქვას, რომ უზნაძის მიხედვით, იმპულსურ და ნებელობით ქცევებს არა ფსიქიკური რეგულაციის სხვადასხვა დონე, არამედ მოტივაციური კრიტერიუმი (აღმძვრელი მოთხოვნილების სახეობა) განასხვავებს. აქ შეიძლება მოყვანილ იქნას უზნაძის გამონათქვამები იმის თაობაზე, რომ «ნებელობის შემთხვევაში აქტუალური მოთხოვნილების იმპულსი კი არ არის მოქმედების თუ ქცევის წყარო, არამედ სულ სხვა რამ, რაც შეიძლება ზოგჯერ ეწინააღმდეგებოდეს კიდეც მას» [4; 179]. უზნაძის აზრით, ნებელობის ფსიქოლოგიის საკვანძო საკითხი მართლაც ისაა, თუ რომელი წყაროდან იღებს ნებელობა მოქმედების ენერგიას. ეს საკითხი სხვაგან განვიხილეთ და ჩვენი შეხედულებაც გამოვთქვით [10]. ამ კონტექსტში კი მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას უზნაძე ნებელობითი ქცევის ე.წ. მაღალ (ეთიკურ, ესთეტიკურ და ინტელექტუალურ) მოთხოვნილებებთან დაკავშირებაში ხედავს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არც ნებელობითი და არც სხვა, უფრო დაბალი დონის ქცევის (თუნდაც იმპულსურის) მიბმა რაიმე სახის მოთხოვნილებაზე არ არის მართებული. აქ ამ პოზიციის ვრცელ დასაბუთებაზე არ შევჩერდებით, უბრალოდ უზნაძის ერთ ჩანაწერზე მივუთითებთ, სადაც ვითარება ძალზე საინტერესო და, ჩვენი აზრით, სწორი რაკურსით არის განხილული. შენიშვნების რვეულში ასეთ ანალიზს ვხვდებით: ემოცია შეიცავს ლტოლვის ტენდენციას და იმპულსური ქცევაც ამ იმპულსითაა მოტივირებული (მაგალითად, შეგვეშინდა და გავიქეცით). ნებელობითი ქცევა ემოციური იმპულსების შემაკავშირებელი და კოგნიტურად განსაზღვრული ქცევაა. «რასაკვირველია, შესაძლებელია ე.წ. მაღალ ემოციებსაც ჰქონდეთ, და აქვთ კიდეც ასეთივე იმპულსი; და მაშინ მათაც შეუძლიათ ქცევის განსაზღვრა. ცხადია, ეს ქცევაც იმპულსური იქნება. მაშასადამე, არაა გამორიცხული ზნეობრივი ემოციებიდან გამომდინარე იმპულსური ქცევის არსებობა: შეიძლება ზნეობრივადაც იქცეოდე იმპულსურად! იგივე ითქმის, განსაკუთრებით, რელიგიური ქცევის შესახებ და აგრეთვე, მეტად თუ ნაკლებად, ესთეტიკურისა და ინტელექტუალურის შესახებაც» [7ბ; 54].

      ასევე ვერ მივიჩნევთ გონებრივ შრომად სუბიექტის ისეთ აქტივობას, რომლის მიზანიც გონების მხოლოდ გავარჯიშება ან თვითდამკვიდრებაა (მაგალითად კროსვორდის ამოხსნა, ვიქტორინაში მონაწილეობა). უზნაძის კლასიფიკაციის მიხედვით ეს ქცევა ინტელექტუალურ გართობას უნდა მივაკუთვნოთ.

      ამრიგად, უზნაძე სავსებით მართებულად ამტკიცებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, დაბალია თუ მაღალი მოთხოვნილება (ემოციებზე აქ შესაბამისი ლტოლვების, მოთხოვნილებების მნიშვნელობით არის საუბარი) ქცევა მაინც იმპულსურია, თუ იგი უშუალოდ ამ იმპულსს მიჰყვება და არაცნობიერად მიმდინარეობს. ნებელობითი ქცევა მაშინ იწყება, როცა წარმოიქმნება მოტივაციური კონფლიქტი და პიროვნება დაპირისპირებულ ტენდენციებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანის, ღირებულის გარკვევის წინაშე დგება. მოტივაციური კონფლიქტი ქცევის მოტივაციური საფუძვლის მოშლას და შესაბამისი განწყობის ლიკვიდაციას ნიშნავს. ამის შემდგომ იწყება ნებელობითი პროცესი, რომელიც ახალი ქცევის მონახვასა და შეწყნარებაში მდგომარეობს. ცხადია, ყოველივე ეს ობიექტივაციის დონეზე გაიშლება.

      ობიექტივაციის ინიციაციას არა მარტო ქცევის მოტივაციურ, არამედ ოპერაციულ სფეროში წარმოქმნილი პრობლემებიც ახდენენ. პირველ შემთხვევაში პასუხი გასაცემია შეკითხვაზე, თუ რა და რისთვის უნდა გაკეთდეს, ხოლო მეორეში – როგორ უნდა გაკეთდეს ის, რაც სუბიექტის მიერ შეწყნარებულია. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ქცევის შესრულების ტექნიკური პრობლემები წყდება. ეს «ფსიქიკური სამუშაო» კოგნიტური ფუნქციების საშუალებით ხორციელდება. ამის აუცილებლობა შეიძლება ქცევის პროცესშიც გაჩნდეს და მის დაწყებამდეც. ორივე შემთხვევაში იგი კონკრეტული ქცევის მოტივისა და მიზნის რეალიზაციას ემსახურება და ბიოგენური, ფსიქოგენური თუ სოციოგენური მოთხოვნილებით არის აღძრული. თუ ეს «ფსიქიკური სამუშაო» თეორიული ფსიქოგენური მოთხოვნილებით არის მოტივირებული, იგი დამოუკიდებელი ქცევის სახეს იღებს. უმეტესწილად კი მას ჩართული მოქმედებებისა და ოპერაციების სტატუსი აქვს და შესაბამისი ქცევის განწყობით იმართება. ეს ქცევა თეორიული არ არის; უმჯობესია მას გაცნობიერებული ან ობიექტივირებული ქცევა ვუწოდოთ. თუ ქცევებს ფსიქიკური რეგულაციის იერარქიის მიხედვით დავალაგებთ, ამ კლასში შემავალი ქცევები სირთულის მეორე დონეზე განლაგდება, იმპულსურსა და ნებელობითს შორის.

      ადვილია დავრწმუნდეთ, რომ, პრინციპში, მოტივაციურ-ინტენციური კრიტერიუმით გამოყოფილი ქცევის არაერთი ფორმა შეიძლება სამივე დონეზე ხორციელდებოდეს. ავიღოთ, მაგალითად, თვითმომსახურება. იგი არ არის ერთმნიშვნელოვნად იმპულსური, როგორც სხვათა შორის, უზნაძე მიიჩნევს (გაუგებარია, რატომ უნდა ემსახურებოდე საკუთარ თავს მხოლოდ არაცნობიერად?). ამ ქცევის შესრულების ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტის საჭიროება მას გაცნობიერებულ, ობიექტივირებულ ქცევად გარდაქმნის, ხოლო თუ პიროვნების მხრიდან ამ ქცევის სანქციონირება გახდება საჭირო, იგი ნებელობითი ქცევის სახეს მიიღებს.

      დასასრულ, მცირე ისტორიული ექსკურსის სახით აღვნიშნავთ, რომ უკვე ე. კლაპარედი მკაფიოდ განასხვავებდა აქტივობის დეზადაპტაციით, ქცევის შეფერხებით აღმოცენებულ ცნობიერების პროცესებს (რომლებიც მიმართული არიან მიზნის განხორციელების ხერხების, საშუალებებისა და პირობების საკითხების გადაწყვეტაზე) იმათგან, რომლებიც თვით სუბიექტისთვის მისაღები მიზნის გამოვლენას ემსახურება. ეს პროცესები განსხვავდება არა მარტო იმით, თუ რა ვითარება იწვევს მათ, არამედ საკუთრივ ფსიქოლოგიური შინაარსითაც. მათ შორის განსხვავება ისევე დიდია, როგორც ამოცანის გადაწყვეტასა და გადაწყვეტილების მიღებას შორის. ერთ შემთხვევაში პროცესი უპირატესად კოგნიტურია, მეორეში – მოტივაციური, ან, სხვაგვარად, შესაბამისად – გონებრივი და ნებელობითი, როგორც თვით კლაპარედი ამბობს [13]. ჩვენი ანალიზის კონტექსტში საგანგებოდ უნდა აღინიშნოს კლაპარედის მიერ ფორმულირებული «გაცნობიერების კანონიც». ამ კანონის თანახმად, ცნობიერება ჩნდება მაშინ, როდესაც ინდივიდის ადაპტაცია აღარ მიმდინარეობს ავტომატურად (არაცნობიერად), როდესაც თავს იჩენს რაიმე სირთულე და ინდივიდი იძულებული ხდება, გაითვალისწინოს ქცევის სუბიექტური და ობიექტური გარემოებანი; მაშინ აღმოცენდება სპეციალური პროცესი, რომელიც ხასიათდება «ცნობიერების უეცარი ამოხეთქვით».

      მსგავსი იდეა ცოტა ადრე გამოთქვა ვ. შტერნმა, როცა საუბრობდა გარემოსა და პიროვნების კონვერგენციის პროცესის შეფერხებაზე. ცნობიერება სამყაროსთან პიროვნების კონფლიქტის მანიშნებელია, მისი პროდუქტი და დაძლევის საშუალებაა [2]. შტერნი «ობიექტივაციის» ტერმინსაც კი ხმარობს. ა. ვიემენიც კონფლიქტს განიხილავს, როგორც «მენტალობის სტიმულს», ხოლო ჯ. დიუი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ამბობდა: იქ, სადაც მხოლოდ ისეთი საგნებია, რომლებიც ინდივიდის წინაშე არავითარ პრობლემებს არ აყენებენ, ცნობიერებაც არ ფუნქციონირებსო (სხვა საკითხია, თუ რამდენად მართებულია ამგვარი თვალსაზრისის გავრცელება ობიექტივაციის ყველა შემთხვევაზე [1]). ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ უზნაძის ობიექტივაციის თეორია ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა. მისი იდეური წანამძღვრების ანალიზს სპეციალური გამოკვლევა ესაჭიროება. აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ არსებითად გაცნობიერების პროცესის ანალიზიდან წამოსულმა ამ შეხედულებამ უზნაძესთან ერთგვარად ინტელექტალისტური ჟღერადობა შეიძინა. ობიექტივაცია, როგორც აქტივობა, არ ნიშნავს მხოლოდ აზროვნებას და, თანაც, მაინცადამაინც თეორიული ქცევის რანგში მიმდინარე ქმედებას.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

ტეგები: Qwelly, განწყობა, იმედაძენ, ობიექტივაცია, ფსიქოლოგია, ქცევა

ნახვა: 120

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters