მიტროპოლიტი იეროთოეოს ვლახოსი -  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია

 თავი მესამე

გონების, გულისა და აზრთა შესახებ

       აქამდე ნათქვამი ყველაფერი სულის შინაგან ცხოვრებას ეხებოდა. სულის უძლურება და მკურნალობა გონების, გულისა და აზრების მკურნალობაა. ამ თემას მიეძღვნება ჩვენი შემდგომი მსჯელობა. ცალ-ცალკე განვიხილავთ გონებას, გულს და აზრებს. ვფიქრობ, ქვემორე მსჯელობა ჩვენი შინაგანი სამყაროს "ენდოსკოპია" იქნება.

 

გონება

ამ პოსტის თემები:

• გონების ბუნებრივი ცხოვრება

• გონების სნეულება

• გონების კურნება

       ვნახეთ, რომ "გონებას" რამდენიმე მნიშვნელობა აქვს წმინდა წერილსა და მამათა ნაწერებში. "გონება" ხან სულთან არის გაიგივებული, ხან სულის ენერგიას, მის თვალს აღნიშნავს. რიგ შემთხვევებში "გონება" სულის არსებაა, ზოგჯერ სულის ენერგია, ან ყურადღება. წინამდებარე თავში, რომელიც გონების უძლურებასა და კურნებას ეძღვნება. მას განვიხილავთ როგორც სულის თვალს. ტერმინში "გონება" ვგულისხმობთ "სულის ძალას". მის უწმინდეს ნაწილს თვალი ეწოდება იოანე დამასკელის სიტყვებით. სულის თვალი გონება - შეგრძნებებით მოქმედებს და დასნეულებულია. მას კურნება სჭირდება. ხორციელი თვალის მსგავსად, როცა ის სნეულდება, მთელი სხეული ბნელდება. დაუძლურებული სულის თვალი ანუ გონება მთელ სულს აბნელებს. ეს აზრი იგულისხმება მაცხოვრის სიტყვებში: "უკუეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელი არს, ბნელი იგი რაოდენ-მე?" (მათ. 6,23). უფლისგან განდგომილნი და გულისაგან მიდრეკილი გონება სნეულდება და კვდება, კვდება მთელი სული. გადმოგცემთ როგორ ხდება ეს...

 

• გონების ბუნებრივი ცხოვრება

       წმინდა მამები გონების ბუნებრივ ცხოვრებას ნათლად განმარტავენ. ნიკიტა სტითატის მიხედვით "ღმერთი არის უვნებო გონება, ყველა გონებაზე და უვნებობაზე აღმატებული - ნათელი და მადლის სინათლის წყარო - სიბრძნე, სიტყვა და შემეცნება". ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს აქვს უვნებო გონება. როცა ეს გონება თავის ბუნებრივ მდგომარეობაშია და საზღვრებს არ სცილდება: "ჩვენს გონებას, ღვთის ხატს, თავისი ბუნებრიობა აქვს მაშინ, როცა არ მოქმედებს მისი ბუნების უჩვეულოდ... ესწრაფვის სიახლოვეს უფალთან, რომლისგანაც მიიღო საწყისი და ბაძავს მასვე სიმარტივით და კაცთმოყუარეობით". გონება - მამა ბადებს სიტყვას (ლოგოსს), სიტყვა (ლოგოსი) ბადებს და ქმნის ადამიანს, სულიერი გონება წარმოშობს თავის სიტყვას (ლოგოსს), და სხვა. ზეციური სასუფევლის მსგავსად ერთი მოდგმის ადამიანების სულებს განალაგებს და მოთმინების სიმტკიცეს ანიჭებს იმისთვის, რომ სათნო საქმენი აღასრულონ". გონება ლოგოსით არა მარტო გარდაქმნის სხვა ადამიანთა სულებს, არამედ "ცხოველყოფს სულით თვის ბაგეთაგან~. ამრიგად, ღმერთისკენ მოსწრაფე ადამიანის გონება სხვა სულებს გარდაქმნის და ბაძავს ღმერთს. ისიც ხდება შემოქმედი გონიერი ქმნილებებისა და დიდი სამყაროსი".

       ნიკიტა სტითატის სიტყვები ცხადყოფს, რომ გონება თავისი ბუნებით ღმერთისკენ ისწრაფვის და მას უერთდება, თავად ხდება მადლით ზეციური გონების მსგავსი. გონების ერთობა ღმერთთან მდგომარეობაა, მაგრამ იმავდროულად მოქმედებაც, რადგან სრულყოფილება უსასრულოა. მაქსიმე აღმსარებელი საუბრობს უწყვეტ მოძრაობაზე და სტატიკაზე. უფლისკენ მიმავალი ადამიანი მუდმივად მოძრაობს. იმავეს წერს ნიკიტა სტითატი გონებაზე: "ყველა გონებას ამ უპირველეს გონებაში მარადიული სტატიკა აქვს, ამავე დროს უსასრულოდ მოძრაობს". ეს არ ეხება განუწმენდელ გონებას, არამედ გამჭვირვალეს და სუფთას. ასეთი გონება უერთდება უპირველეს გონებას". იგი განიბრძნობა და სათნო ხდება "სათნო და ბრძენი ბუნებით მხოლოდ ღმერთია, მასთან ერთობით გონებაც ხდება ამგვარი".

       გონების ბუნებრივ მდგომარეობაზე საუბრისას უნდა აღვწეროთ მისი ბუნებრივი, არაბუნებრივი და ზებუნებრივი მოძრაობები. მოვიხმოთ წმინდა მარკოზ მოღვაწე. "არსებობს სამი შემეცნებითი ადგილი, სადაც ადამიანის გონება აღწევს და იცვლება; ესენია ბუნებრივი, არაბუნებრივი და ზებუნებრივი. როცა თავის ბუნებრივ ადგილას არის, ის ბოროტ განზრახვებსა და ვნებების მიზეზს პოულობს თავის თავში და აღიარებს ცოდვებს ღვთის წინაშე. როცა გონება არაბუნებრივ მდგომარეობაშია, მას ავიწყდება ღვთის სიმაღლე და ადამიანებს ებრძვის, თითქოს მათგან უსამართლოდ იჩაგრება. როცა ზებუნებრივ მდგომარეობაშია, მაშინ სული წმინდის მადლის ნაყოფს ხედავს თავის თავში". ღვთის სიმართლის დავიწყებით და ადამიანებთან ბრძოლით ჩვენი გონება არაბუნებრივ მდგომარეობაშია, ვნებების მიზეზის აღმოჩენისას და სული წმინდის მადლის შეგრძნებისას კი ბუნებრივ და ზებუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება. ადამიანი, როცა ცდილობს გონება ბუნებრივ მოძრაობაში ამყოფოს, მაშინ ის იწმინდება "მოიდრეკება სიყვარულით და მოწყალებით" და სული წმიდის მადლით ნათდება".

       მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით "გონება ბუნებრივად მოქმედებს, როცა ვნებები მოთოკილი აქვს, უჭვრეტს თავის არსებას და მიისწრაფვის ღმერთისკენ". წმინდა მამები შენიშნავენ, რომ "გონება ყოველი აზრის შესაბამისად იცვლის სახეს; სულიერი ხედვისას კი იგი სხვანაირად იცვლება. უფალთან თანამყოფი გონება უხილავი და უსახოა". აქედან გამომდინარე, გონება უნდა მიეჩვიოს სულიერად მიიღოს საგნებზე ფიქრები, სხვაგვარად იგი ვერ იქნება თავის ბუნებრივ მდგომარეობაში და შეიცვლება. თუკი გონება, სულის თვალი, შეიცვალა, მაშინ უდავოდ შეიცვლება მთელი სული. სულის რამდენიმე ქმედება თუ წაიბილწა და დასუსტდა, სხვა ძალებიც შეიცვლებიან, რადგან "ყველანი ისინი" ერთადერთს, ერთიან სულს უკავშირდებიან".

       სწორედ გონება განსაზღვრავს ადამიანის ზოგად მდგომარეობას, გონება ასაზრდოებს სულს. ჩვენი გონება ბოროტებასა და სიკეთეს შორის არის. ანგელოზსა და ეშმაკს შორის და ორივე მხარე თავისებურად მოქმედებს მასზე. გონება თავისუფალია და შეუძლია რომელიმე მათგანს გაჰყვეს ან შეეწინააღმდეგოს. გონება ფლობს სულს. დაზიანებული გონება თავისკენ მიდრეკს სულსაც. გონების განმასხვავებელი შტრიხი ის არის, რომ იგი ერთ ადგილზეა, ფართოვდება და თავისკენ მიმართავს სურვილსაც და სიყვარულსაც. გააჩნია, სად არის გონება ღვთიურ საგნებში, აზრებში, საქმეში თუ ხორციელ ვნებებში". "განკითხვის ვნება გონებას მიწიერ საგნებზე აბამს". მართლმადიდებლური ასკეტიკა გონების მიმართულებას ანიჭებს განსაკუთრებულ ყურადღებას. გონება თუ მატერიალურ საგნებს მიეჯაჭვა, შეირყვნება მათზე ფიქრით, დასნეულდება და სხვა სულებსაც დაასნეულებს. სულის მოძრაობის შესახებ უნდა ითქვას, რომ სული თავისუფალი ნებით ბუნებრივად ან არაბუნებრივად და ან ზებუნებრივად მოძრაობს, შესაბამისი არჩევანის მიხედვით "ადამიანთა გონება მიმართულია ცოდვებისაკენ, ან იესოსკენ, ან ადამიანებისკენ". ამ თემაზე ქვემოთ ვიმსჯელებთ, სადაც გონების უძლურებას შევხვდებით. გრიგოლ ნოსელი გვასწავლის, რომ გონება "ჩვენი სხეულის რამდენიმე ნაწილში კი არ არის, ის ყველგან სუფევს..." გონება სხეულს უკავშირდება გამოუთქმელი და უხილავი კავშირით, რომელიც "არც შიგნით არის (რადგან უხორცო არ შეიძლება სხეულში იყოს) და არც გარედან ეკვრის (უსხეულოს გარს ვერ შემოარტყამენ); გონება რთულად და გაუგებრად ეხება ბუნებას (სხეულს ე.დ.) ისე, რომ მასში არ არის და არც გარს ეხვევა".

       გრიგოლ პალამა ადარებს წმინდა მაკარის (გონება და სულის აზრები გულშია თავმოყრილი) და გრიგოლ ნოსელის სწავლებებს (უხორცო გონება სხეულში არ არის) და წერს, რომ ეს ორი მოსაზრება ურთიერთსაწინააღმდეგო არ არის, პირიქით თანხვედრილია. წმინდა მაკარი და გრიგოლ ნოსელი თავიანთ ანთროპოლოგიაში სხვადასხვა წინაპირობებს ეფუძნებიან. უფრო ზუსტად, წმინდა მაკარი ამბობს, რომ გონება სხეულშია და წმინდა გრიგოლი ამტკიცებს, რომ გონება არ არის სხეულში - სხვადასხვა რამეს გულისხმობს. ორი მოსაზრება ერთმანეთს არ გამორიცხავს იმის მსგავსად, რომ ღმერთი (უსხეულო) არ მყოფობს ერთ რომელიმე ადგილას და ამავე დროს სიტყვა ღმრთისა ღმრთისმშობლის უბიწო საშოში შევიდა. უსხეულო ადამიანური გონება სხეულის შიგნით არ არის. მაგრამ იმავდროულად იქაც არის, რადგან გამოუთქმელად იყენებს სხეულის ორგანოს, გულს". უკვე განვმარტეთ ზემოთ, რომ გონებას არსებაც აქვს და ენერგიაც. არსება გულშია, ენერგია აზრებში, რომელთა საშუალებითაც გონება ტოვებს სხეულს და იღებს საგნების აზრს. ბუნებრივი მდგომარეობით გონება გულში შედის, ენერგიით არსებაში და მაღლდება ღმერთამდე. ასეთი წრიული ქმედება ახასიათებს გონებას. ღვთის ხატად შექმნილი გონება ცოცხლდება ღმერთთან შეერთებით, განიბრძნობა და მადლს იღებს. ამგვარია გონების სიცოცხლე. პავლე მოციქული წერს: "ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას" (1. კორ. 2.16). გონების ბუნებრივი მდგომარეობა ქრისტეს გონებასთან შეერთებაა. მაშინ იგი ნათდება და ნათლდება. "გონების სიცოცხლე და ჭეშმარიტი ენერგია არსებობს, როცა სულის ლოგოსური ნაწილი ღვთიურზეა ორიენტირებული და უფალს მადლობის საგალობელს აღუვლენს და მუდმივი ხსოვნით მას ერწყმის". სულის სიკვდილი ღმერთისგან განშორებაა, მისი სიცოცხლე კი უფალთან ერთობაა. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით გონების სიცოცხლე "შემეცნების განათლებაა". ეს განათლება იბადება ღვთის სიყვარულით, "მაგრამ ღვთიურ სიყვარულზე ამაღლებული არაფერია".

       სხეულს საკვების გარეშე, სულს კი სათნოების გარეშე არსებობა არ შეუძლია, "სულიერი ლოცვა გონების საზრდოა". ლოცვა ასაზრდოებს და ცხოველყოფს გონებას. ღმერთისკენ მოსწრაფე გონება ცოცხალია და ჯანსაღი. ამ დროს ღმერთისაგან ნუგეშს გრძნობს. უფალში იძენს გონება სიჯანსაღეს, შეგრძნებას, ამ შეგრძნებით არის შესაძლებელი "გემოს ხილვა და გარჩევა".

       სულიერი ცხოვრებისთვის გონების სიცოცხლეა საჭირო, იმისთვის, რომ ღმერთის და ეშმაკის ქმედება გაარჩიოს. ჯანსაღი გონებისთვის, რომელიც ღვთისაკენ არის მიმართული, "სულის ვნებიანი (სურვილიანი) ნაწილიც ღვთიური იარაღი ხდება". ამ შემთხვევაში მთელი სული ჯანსაღია. გონება ჰგავს ეტლს, რომელიც სულს აქეთ-იქით დაატარებს, ან ღმერთისკენ და ან ეშმაკისკენ და ცოდვებისკენ. გონება თუ ჯანსაღია, ღმერთისგან იმთავითვე იღებს დასტურს. პავლე მოციქული ცოცხალი და განწმენდილი გონების შესახებ ამბობს: "კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულ-სავსე იყავნ" (რომ. 14.5).

       გონება მოცემულ შემთხვევაში სულის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, მაგრამ თავად გონებას აქვს საკუთარი ქმედების ძალა. ნიკიტა სტითატი ამბობს, რომ არსებობს გონების ოთხი ძალა: "კეთილგონიერება (σύνεση), გამჭრიახობა (ἀγχίνοια), შემეცნება (κατάληψη) და სისწრაფე, (მზადყოფნა, ოსტატობა, სიმახვილე) (ἐντρέχεια). ეს ოთხი ძალა გონებისა უნდა შეუერთდეს სულის ოთხ სათნოებას. უფრო სწორად, კეთილგონიერება სულის სიბრძნეს, მოაზროვნეობა გონიერებას, გაგება სამართლიანობას და სისწრაფე სიმამაცეს. ასე იქმნება ზეცისკენ აღმყვანელი,,ცეცხლოვანი ეტლი", ის ეწინააღმდეგება სამ ვნებას; ვერცხლისმოყვარებას, სიამოვნებისმოყვარეობას და პატივმოყვარეობას". მართალია, ჩვენთვის ძნელია გონების ამგვარი დაყოფის გაგება, მაგრამ წმინდა მამებმა ის სულიერი გამოცდილებით და სული წმიდის მადლით შეიცნეს. სულისა და გონების ყველა სიღრმე და ძალა, რაც მადლისგან განშორებულთათვის გაუგებარი და მიუღწეველია. მოკლედ ღმერთთან დაშორებული ადამიანი უჩინო და უცნობი ხდება.

       ყოველივე ზემოთქმული წარმოაჩენს გონების ბუნებრივ მდგომარეობას, თუ როგორ მოქმედებს იგი ღვთიურ ადამიანში. ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი გონება ყველანაირ ეშმაკეულ მაცდუნებელ ფიქრს განაგდებს, რადგან ეს უკანასკნელი სიყვარულს ეწინააღმდეგება. გონება სრულყოფილი ხდება, როცა მდიდრდება ღვთის შეცნობით" "სრულია გონება, რომელიც ღვთიური ცოდნით აივსო". ეს ღვთისა და მის ქმნილებათა ცოდნაა. "სრულყოფილია გონება, რომელიც ჭეშმარიტი რწმენით შეიცნობს შეუცნობელს (უფალი) და ჭვრეტს მის (უფლის, შეუცნობლის) ყველა ქმნილებას".

 

• გონების სნეულება

       ცოდვით დაცემისას ადამიანის გონება დაბნელდა, დაკარგა სრულყოფილება. იგივე ხდება მაშინაც, როცა ადამიანი სცოდავს. ეშმაკის პირველი შეტევა გონებაზე მიდის. ბოროტი ადამიანის გონების დამონებას ცდილობს, რათა ბოლოს და ბოლოს ცოდვისკენ მიმართოს. წმინდა მაქსიმე გვასწავლის, რომ ეშმაკი სულში მყოფ ვნებებზე ზემოქმედებს, აღძრავს ვნებიან აზრებს, ებრძვის გონებას და აიძულებს ცოდვის ჩადენას. იწყება მძიმე შეტაკება. მისი მიზანია გონების დატყვევება და ვნებიანი აზრებისკენ მიდრეკა. დამარცხებულ გონებაში ეშმაკი ცოდვიან აზრებს ამკვიდრებს და დატყვევებულს (გონებას) ცოდვასაც ჩაადენინებს. ბოროტი ქმედება ამით არ მთავრდება. ეშმაკი ვნებიანი აზრებით გულს აცარიელებს. მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში ცოდვის კერპი მაინც რჩება. მაქსიმე აღმსარებელს მოჰყავს სახარებისეული სიტყვები; "რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, ... მდგომარე ადგილსა წმიდასა" (მათ. 24,15) და ასე განმარტავს: "წმინდა ადგილი, ანუ ტაძარი ღვთისა არის ადამიანის გონება, მასში დემონებმა, რომლებმაც სული დააცარიელეს ვნების აღმძვრელი აზრებით, ცოდვის კერპი აღმართეს". ასეთია გონების უძლურება, იგი დატყვევებულია და დასნეულებულია, რადგან მასში ცოდვის კერპია - შეუხორცებელი ჭრილობა და ახალი ცოდვის მიზეზი. ასეთ მდგომარეობაში გონება ეშმაკის და ცოდვის ტყვეა. "ცოდვებით შეპყრობილი გონება შეუფერებელს იაზრებს, ამას წარმოაჩენს საქმე და სიტყვა". ამიტომ ადამიანები, ვისაც გარჩევის მადლი აქვს ღვთისგან, კარგად ასხვავებენ ადამიანის გონების მდგომარეობას მისი ქცევისა და საუბრის მიხედვით. "გონების კავშირი შეგრძნებებთან, მას ხორციელი სიამოვნების მონად აქცევს". ასეთ შემთხვევაში ადამიანის გონება იმის ნაცვლად, რომ უფლისკენ იყოს მიმართული და მას შეერთოს, ხორციელ და გრძნობად საგნებს ეჯაჭვება და მათ ემონება. ეს ტყვეობა სწორედ გონების დაუძლურებაა, რასაც სიკვდილამდე მიჰყავს იგი.

       წმინდა მამათა ნაწერების მაგალითებით აღვწერთ გონების უძლურების ზოგიერთ ნიშნებს და მდგომარეობას.

       წმინდა წერილში საუბარია დაზიანებულ, ხორციელ გონებაზე. დასაზუსტებლად მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას: "გულის წყრომანი, განხრწნილთა კაცთა გონებაჲ და ნაკლულევანთაჲ ჭეშმარიტებისაგან" (1 ტიმ. 6.5). ვინც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, არიან "კაცნი განხრწნილნი გონებითა" (2. ტომ. 3.8). პავლე მოციქული იხსენებს თავის თანამედროვე ერეტიკოსს და მასზე ამბობს: "გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა" (კოლ. 2.18) აქედან ცხადი ხდება, რომ ხორციელ ადამიანს, ვინც სული წმინდის მადლს მოკლებულია, აქვს ხორციელი გონება. სხვა ადგილას ღვთისგან დაშორებული ადამიანის გონებას "გამოუცდელი" (რომ. 1. 28) ეწოდება. მოციქულის სურვილია, რომ ქრისტიანებმა წარმართთა მსგავსად არ იარონ "ამაოებითა გონებისა მათისაჲთა" (ეფეს. 4. 17). წმინდა თალასე ამბობს, რომ გონება ირევა, როცა სულის ნებითი ნაწილი სათნოებებს განეშორება.

       გონების უძლურებას "დაბნელებაც" ეწოდება, რადგან გონება, როგორც ღვთის ხატი, ნათელია. ღვთისგან განშორებით კარგავს თავის ბუნებრივ მდგომარეობას და იბინდება. ისიხიოს პრესვიტერი გვასწავლის, რომ არსებობს გულში შეღწეული რვა ცოდვიანი აზრი, და თუკი ეს აზრები დაუცველ გულს მიაგნებენ "ერთი მეორის მიყოლებით თავსდებიან იქ". ამასთანავე თითოეულ აზრს თან მისდევს ბილწი აზრების ნაკადი და ამ გზით გონებისა და გულის დაბნელებით, სხეულსაც აზიანებს და მიდრეკს სამარცხვინო საქმეებისკენ". წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ვეკრძალოთ მაცდუნებელ აზრებს, "რომ არ დაგვიბნელდეს გონება და დამახინჯებულად არ ვხედავდეთ საგნებს".

       ამგვარად შეიძლება ვისაუბროთ გონების დაბრმავებაზე, როცა იგი მართებულად ვერ ხედავს ნივთებს. დაბინდული გონება სწორ, ნათელ და სუფთა გზას ვეღარ იპოვის. მთელი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს დაბინდულად და შერყვნილად დავინახავთ. მაცდუნებელი აზრები გონებას ფარავენ და ანადგურებენ ისე, როგორც ღრუბლები აბნელებენ მზეს". გონება უნაყოფო ხდება, როცა ადამიანი "ესაუბრება ვინმეს მიწიერ საგნებზე ან ფიქრობს მათზე, ან კიდევ გონება და სხეული გრძნობებზეა მიჯაჭვული. მაშინ კარგავს სითბოს, სიმშვიდეს, უფალთან საუბრის უნარს და შემეცნებას" ამიტომ "თუ ყურადღებას ვაქცევთ გონებას, ვნათლდებით, თუ არადა გვებინდება იგი".

       დაბნელება დაბრმავებას ნიშნავს: გონება ბრმავდება სამი ვნებით: ვერცხლისმოყვარეობით, ცუდადმზვაობრობით და სიამოვნებით".

       ნიკიტა სტითატის სიტყვებით "მიწიერი გონების უცოდინრობა, კუნაპეტი სიბნელესავით ფარავს სულის თვალებს, დაბნელებულ თვალებს კი არ ძალუძთ ღვთიურისა და ადამიანურის ხილვა, ღვთიური ნათლის ჭვრეტა, განცდა მადლისა, რომელიც თვალებს არ უხილავს, ყურს არ გაუგონია და გულშიც არ გაუვლია". გონებას სულის მსგავსად სრულად არ შეუძლია უყუროს ღმერთს და გაბრწყინდეს. ამის გამოა ის სნეული და სიკვდილისკენ მიდრეკილი. ამგვარ მდგომარეობაში ადამიანი ჭეშმარიტებას ვერ იპოვის. წმ. ბასილი დიდი გვასწავლის, რომ სულს, თვალს, გონებას, იგივე ემართება, რაც ხორციელ თვალს. თუ ეს უკანასკნელი ბევრს მოძრაობს "ზემოთ და ქვემოთ", ნივთებს კარგად ვერ ხედავს. "ადამიანის გონება მიწიერი ზრუნვით გართული ნათლად ვერ ხედავს ჭეშმარიტებას".

       გონების სხვა სნეულებებია გაქვავება, უმტკივნეულობა და უგრძნობელობა. "უმტკივნეულობა გულისა აბრმავებს გონებას" ვკითხულობთ "სათნოებათა კიბეში". ეშმაკი "რაჟამს სულსა ეუფლნენ, და ნათელი იგი გონებისა დააბნელონ, მიერითგან არღარა არნ ჩვენ შორის უბადრუკთა ამათ სიფრთხილე გონებისა, არცა განკითხვა, არცა გულისხმისყოფა, არცა სირცხვილი, არამედ უღმერთოება, და უგუნურება, და განუკითხველობა და სიბრმავე". უძლური გონება ტყვეა. "განკითხვის ვნება გონებას გრძნობად საგნებთან აბამს, მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: როგორც ფეხდაბმული ჩიტი აფრინდება, მაგრამ ისევ ქვემოთ ეშვება, ასევე გონება, რომელიც უვნებელობამდე არ ამაღლდება, მართალია ზეცისკენ მიილტვის, მაგრამ ვნებებით შებოჭილი ისევ მიწაზე ეშვება".

       ზეციურის შეცნობისაკენ რაც არ უნდა ისწრაფოს გონებამ, ვერ მიაღწევს მას, სანამ ვნებებისგან არ განთავისუფლდება. ვნებები აკავებს მას მიწაზე. ვნებებით სავსე განუწმენდელი გონება ვერ ლოცულობს ღვთის წინაშე.

       "დაბინდული გონება უწყლო ღრუბელს ჰგავს, რომელსაც ამაოებისა და ამპარტავნების ქარი აქეთ-იქით დააფრენს". ამაოების ვნებით მოძრავი გონება ცდუნდება.

       ისიხიოს პრესვიტერი გადმოგვცემს, როგორ ხდება გონება ტყვე. თუ ის გამოუცდელია და ფხიზლად არ ცხოვრობს "მაშინვე ერევა ვნება და წარმოსახვით მოვლენილს ესაუბრება და კითხვებზეც პასუხობს. ამგვარად ჩვენი აზრები ეშმაკეულის წარმოსახვებს შეერევა. რაც უფრო მრავლდება წარმოსახვები, მეტად იტანჯება სული".

       გონების ჩამოთვლილ სნეულებებთან ერთად არსებობს მისი შებილწვის საფრთხეც. პავლე მოციქული ამბობს: "ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის, ხოლო შეგინებულთათჳს და ურწმუნოთა არარაჲ არს წმიდა, არამედ შეგინებული არს მათი გულიცა და გონებაჲცა" (1 ტიტ. 15.).

       გონება შეიძლება წაიბილწოს არა მარტო რომელიმე დიდი ცოდვისგან, არამედ ბაგიდან გამოსული ერთი სიტყვითაც "ხშირად უყურადღებოდ წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი აბინძურებს გონებას". მაგრამ ეს ეხება იმას, "ვინ ლოცვის მადლი და ძალის გემო იხილა". იოანე სინელი აღნიშნავს იმასაც, რომ ვნება მყისიერად აღწევს სულში. გონება ტყვე ხდება სწრაფადვე რაიმე წინასწარი რთული გააზრების გარეშე. ზემოთქმული გვიჩვენებს, რომ გონების უძლურება არის ხრწნა, დაბინდვა, დაბრმავება, უგრძნობლობა, უმტკივნეულობა, მიჯაჭვულობა და მხნეობა, ცდუნება და დაბინძურება. ყველაფერი, რაც გონების ბუნებრივ ქმედებებს ხელს უშლის, არის სნეულება, და მას შედეგად სიკვდილი მოჰყვება. ამგვარი გონების მქონე ადამიანი სნეული, წაბილწული და მკვდარია.

 

• გონების კურნება

       მართლმადიდებლური ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, სულის გონიერი ნაწილის კურნებას გულისხმობს. გონების დაბინდვით ბნელდება და იბილწება მთელი სული. ეს იმას ნიშნავს, რომ გონების გაკურნებით განიკურნება მთელი ჩვენი არსება. სწორედ გონების კურნებაზე ვისაუბრებთ ახლა. საკითხს ორ ნაწილად დავყოფთ; როგორ მიიღწევა გონების გაკურნება და რა შედეგები მოჰყვება მას.

       თავდაპირველად გავერკვეთ თუ როგორ მიიღწევა გონების კურნება. წმინდა მამათა შრომების მიხედვით კურნება ხდება გონების დაცვით და მასზე დაკვირვებით, რასაც სიფხიზლე ეწოდება. გონების დაკვირვება არის "ყველა სათნოების შესახებ [ნათქვამი] სიტყვის სამიზნე,"გონების დაცვას უწოდებენ "სინათლის მშობელს, ელვის მშობელს, სხივთამფრქვევს და ცეცხლის მატარებელს". გონების დაცვა არის ქრისტესმიერი ძალა, რომლითაც ცოდვილი, უსარგებლო, გარყვნილი, უგუნური და უსამართლო ადამიანი იქცევა სამართლიანად, სასარგებლოდ, წმინდად, გონიერად. გარდა ამისა, გონების დაცვა ადამიანს ანიჭებს "საიდუმლოს ჭვრეტისა და ღმრთისმეტყველების უნარს".

       გონების დაცვით ადამიანი იწმინდება, ნათლდება და ღმრთისმეტყველების ღირსი ხდება. ფილოთეოს სინელის სიტყვებით საჭიროა კაცმა მკაცრად დაიცვას გონება. მაცდუნებელ აზრს გაჩენისთანავე უნდა შეეწინააღმდეგო და მოუხმო გონებას. "ტკბილი იესო კი გიპასუხებს: მე შენთან ვარ და შეგეწევი, მაგრამ ამის შემდეგაც საჭიროა გონების ბეჯითად კონტროლი".

       გონების დაცვა აზრთა კონტროლი არ არის მხოლოდ, ეს რთული საქმეა. აზრები სათავეს ვნებიდან იღებენ. გონების დაცვის საწყისი ჭამა-სმისგან თავშეკავებაა, სხვადასხვა გულისთქმათა წინააღმდეგობაა, გულის სიმშვიდეა.

       გონების დაცვას თან უნდა ახლდეს იესოს ლოცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვნებისგან განთავისუფლების მცდელობისა და სათნოების მოპოვების გარეშე გონების დაცვა სრულყოფილად ვერ მოხერხდება.

       მკვდარ გონებას სიმამაცითაც კურნავენ. წმინდა მამები სულიერ ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს მიაკუთვნებენ ვაჟკაცობას. სულით მამაცი მოღვაწე არ იღლება მაშინაც კი, თუ მოუწევს ეშმაკის თაყვანისცემა და მაინც სასოებით ღმერთისკენ მიემართება. "ახოვანებამან სულისაგან გონება მომკვდარი აღადგინის". "ცხენმან კეთილმან ვლის რაჲ და განხურდის, უმეტესად შესძინის სრბასა, ხოლო სრბად გულის ხმა-ვყო გალობასა ლოცვისასა, და ცხენად ახოვანსა მას გონებასა" სულის სიმამაცე აღადგენს ცოდვით მკვდარ გონებას.

       აუცილებელია ადამიანის გონება ქმედებით იწრთობოდეს. მის გასაცოცხლებლად საჭიროა ქრისტეს მცნებების დაცვა. თუკი გონება ღვთის მცნებათა უგულებელყოფით კვდება, მათი ლოცვით აღდგება. ამისთვის საჭიროა "სიყვარული ღვთისა, ხსენება ღვთისა, ხსენება სასუფეველისა, ხსენება შურისა წმიდათა მოწამეთასა, ხსენება ხედვისა ღვთისა, ... ხსენება წმიდათა მით და უხილავთა ძალითა, ხსენება სიკვდილისა შემთხვევისა ღვთისა, სატანჯველთა და მერმისა მის განჩინებისა".

       მშვიდი განმარტოება, ლოცვა, სიყვარული და თავშეკავება ოთხთვლიანი ეტლია, რომელსაც ზეცისკენ მივყავართ. "გონება ნათლდება თუ ადამიანი მოქმედ ცხოვრებას არ უგულებელყოფს".

       სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფე ნიკიტა სტითატი ამბობს, რომ "სათნოების მოპოვების უმოკლესი გზა არის დადუმება ბაგისა, დაბრმავება თვალთა, დაყრუება ყურთა. ამ მდგომარეობაში, შეგრძნებათა უმოქმედობით გონება თავის თავს და თავის ქმედებებს უღრმავდება ...იგი თვითმპყრობელი მეუფის მსგავსად აანალიზებს აზრებს და განარჩევს კარგს ცუდისაგან, კეთილ აზრებს იუნჯებს, ბოროტს კი მიივიწყებს და მათ სიმწარეს იცილებს".

       მოყვანილი სიტყვები საყურადღებო და საგულისხმოა. აქედან ნათლად ჩანს, რომ შეგრძნებების მონობისგან განთავისუფლებული გონება დუმილით აწესრიგებს სულს. იგი არ უშვებს ეშმაკეულ აზრებს ე.წ. ქვეცნობიერში, სულის სიღრმეში. იქ მკვიდრდებიან მხოლოდ კეთილი აზრები, რომლებიც ცხოველჰყოფენ ადამიანს. მაშინ ადამიანის ფიქრი და საქმე განწმენდილია და მათი განმკარგულებელი არის გონება.

       მაქსიმე აღმსარებელი მოუწოდებს მოღვაწეს სულის მრისხანე ნაწილი სიყვარულით შეავსოს, სურვილი თავშეკავებით მოსპოს და ლოცვით შეასხას ფრთები, მაშინ "გონების ნათელი არასოდეს დაბნელდება".

       წმინდა მამების უმთავრესი მოთხოვნაა გონების განკურნებისას, უპირველეს ყოვლისა, მისი სიწმინდის დაცვა. ამაზე ზრუნვა მერეც აუცილებელია.

       მჭვრეტელი (θεωρητικός) და მოქმედი (πρακτικός) გონების ადამიანები განსხვავებულად იმორჩილებენ გონებას. არსებობს სულიერი ასაკის შესაბამისი გონების დაცვა.

       მოქმედი ადამიანი უფრო ადვილად უმორჩილებს გონებას ლოცვას, მჭვრეტელი კი ლოცვას წარმართავს გონებისკენ. მოქმედებით მიიღწევა გონების განკურნება, რასაც წმინდა მამათა ენაზე გონების განწმენდა ეწოდება. განწმენდა სული წმიდის მოქმედებით ხდება, ამიტომ ჩვენში მისი მადლი უნდა სუფევდეს, გონების შუქურა მუდამ ანთებული რომ გვქონდეს".

       ნიკიტა სტითატი აღწერს გონების განწმენდის გზას. ჩვენ ხუთი გრძნობის შესაბამისი ხუთი ღვაწლი გვაქვს: მღვიძარება, ღმერთზე ფიქრი, ლოცვა, თავშეკავება, სიმშვიდე. შევუსაბამოთ მხედველობას მღვიძარება, სმენას ღმერთზე ფიქრი, სუნთქვას - ლოცვა, გემოვნებას - თავშეკავება, შეხებას (აგზნებას) სიმშვიდე. ასე რომ, ადამიანი ამგვარად სწრაფად განიწმენდს გონებას და უვნებოსა და მჭვრეტელს გახდის.

       ისიხიოს პრესვიტერი მნიშვნელოვან ადგილს უთმობს იესოს ლოცვას, რომელიც მავნე აზრებისგან ათავისუფლებს გონებას. ადამიანს საჭმელი რომ აწყენს, იღებს მის ამოსაღებ საშუალებას. ლოცვასაც წაბილწული გონებისთვის ანალოგიური მნიშვნელობა აქვს. "გონება, რომელიც შთანთქავს ბილწ აზრებს და გულისრევის შეგრძნება აქვს, იესოს ლოცვას თუ წარმოთქვამს(გონება) გულის სიღრმიდან, ბილწ აზრებს ამოაგდებს და შორს გადააგდებს".

       გონების განწმენდა მარტო ბილწი აზრების აღმოჩენა არ არის, მათგან გათავისუფლებაა. ეს კი ლოგიკური ანალიზით არ ხდება, იესოს ლოცვის წარმოთქმაა საჭირო. ჩვენ როცა ვამბობთ სიტყვა "ლოცვას", ვგულისხმობთ სული წმინდის მოქმედებას. შემთხვევითი არაა, რომ გრიგოლ პალამა ამბობს: გონების ქმედება, რაც აზრებით გამოიხატება, ადვილად განიწმინდება "ლოცვით მოღვაწეებთან".

       ლოცვისას ადამიანის გონება იკურნება. მაცდუნებელი აზრების არსებობა წყდება, მაგრამ ეს მთელი სულის განწმენდას არ ნიშნავს. სრულყოფილად განწმენდისთვის სულის სხვა ძალებიც უნდა განიწმინდოს. თავშეკავებით, სიყვარულით და ა.შ. თუ ადამიანმა დაიჯერა, რომ უკვე განიწმინდა, იგი ცდება. ღვიძილი ერთ-ერთი გზაა განწმენდისათვის. "თვალმან მღვიძარემან განწმინდა გონება".

       თუკი უგნურება სულის მხედველობას ახშობს და ღვთიური და ადამიანური საქმეების უმეცრად აქცევს, მისი კურნება სინანულია. აქედან ნათელია მონანიების ღირსება. ნიკიტა სტითატი სულის საკურნებლად მონანიებას ასახელებს "სინანულით გახელილი თვალებით სული ყველაფერს სუფთად ხედავს, ესმის სუფთად და ფიქრობს გონიერად". ამასთან ერთად მოიპოვებს ღვთიური ცოდნის და ღვთის სიბრძნის სიტყვით გადასცემს სხვებს ღვთის საოცარ სიკეთეს.

       სწორედ მონანიება, ცრემლით ხსნის სულის თვალებს, რომლითაც ღვთის დიდებით ხილვაა შესაძლებელი.

       წმინდა მამები ბევრს წერენ გონების გულისკენ და ენერგიის არსებისკენ მიბრუნებაზე. ცნობილია ბასილი დიდის გრიგოლ ღვთისმეტყველისადმი მიწერილი წერილის სიტყვები: "გონებაჲ, რომელი არა განიბნეოდეს და არაცა საცნობელთა მიერ სოფლისა მავნებელთა საქმეთა და გულის სიტყუათა მიიზიდვებოდის, მაშინ შემოკრიბების თავსა შორის თჳსსა, ... აღვალს ღმრთისა თჳსიცა ბუნებაჲ სრულიად დაჰვიწყდების და არცა საზრდელისა ზრუნვად, არცა სამოსლისა მივალონ გონებაჲ მისი, არამედ მოიცალის ყოვლისგანავე ფორცულისა ზრუნვისა და ყოველი მოსწრაფებაჲ მისი არნ მოგებად საუკუნეთა მათ კეთილთა". წერილიდან ნაწყვეტი სრულად მოვიყვანე, რადგან ნათლად გამოხატავს იმ აზრს, რაზეც ვსაუბრობ და სწორედ მას ეყრდნობოდა გრიგოლ პალამა ვარლაამთან კამათის დროს.

       გონების გულისკენ, ანუ ენერგიის არსებობისკენ მიბრუნება გონების განკურნებაა, რადგან გონების ადგილი სწორედ იქ არის. გონება თავდაპირველად ხორციელ გულს პოულობს, შემდეგ ზებუნებრივს, სულიერს. "გონება პოულობს გულის სიღრმეს, სულიერს, მეტაფიზიკურს და ხედავს რომ მთელი კაცობრიობის არსებობა მისთვის უცხო რამ კი არ არის, მისი ორგანული ნაწილია". გონების გულისკენ მიბრუნება სხვა არაფერია თუ არა მასთან გაერთიანება, ანუ გონებისა და გულის ერთობა. ამ კავშირის დამადასტურებელი არის ცრემლი და ღვთიური სიყვარულის ტკბილი განცდა. მშვიდი ლოცვის დროს დაღვრილი ცრემლი ნათელი დამადასტურებელია იმისა, რომ გონება გულს შეუერთდა და ლოცვა ნამდვილია, უფლისკენ ასამაღლებელ გზაზეა. აი, რატომ აფასებენ განსაკუთრებულად სიმშვიდეს მოღვაწენი". გულში დავანებული გონება "ყველა წარმოსახვისგან ხორციელისგან და გააზრებულისგან თავისუფლდება". გულის კარი იკეტება უცხოსთვის. მაშინ სული განსაკუთრებული წესრიგის "ნისლში" ეხვევა და ღირსი ხდება განწმენდილი გონებით უფლის წინაშე წარდგომისა".

       გონების გულისკენ (ანუ მისი ენერგიის არსებისკენ) მობრუნების შესახებ საუბრისას საჭიროა გონების სამ მოძრაობაზე შევჩერდეთ. ამ მოძრაობებს აღწერს დიონისე არეოპაგელი. მისი შრომების მიხედვით არსებობს სულისა და გონების სამი მოძრაობა. პირველი წრიულია "თავისთავში დაბრუნება და გონებრივ ძალთა მოგროვება" ამ მოძრაობისას სული პირველად თავის თავს უბრუნდება, აგროვებს ძალებს და უსაწყისო და უსასრულო უფლისკენ მიისწრაფვის. ეს უსაფრთხო გზაა, გონებას არ ფანტავს და არ აცდუნებს, ამიტომ ღმერთისკენ მიმავალ მიზანმიმართულ გზად ითვლება. ყველა ქმნილებასთან კავშირისგან გათავისუფლებული გონება ქმნილებაზე ფიქრებს და წარმოსახვებს განაგდებს და მონანიებით უერთდება გულს, სადაც უფალს ხედავს. ასე გონების ღმერთთან შეერთება ხდება. აღწერილი მოძრაობა აპოფატიკურ ღმრთისმეტყველებას განეკუთვნება. მეორე მოძრაობა სწორხაზოვანია, მის დროს სული "გარშემო მყო ნივთებს, როგორც მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან სიმბოლოებს, სცილდება და მიემართება მარტივი და სრულყოფილი ჭვრეტისკენ" ეს არის ე.წ. ბუნებრივი ჭვრეტა, ანუ კატაფატიკური ღმრთისმეტყველება, რომლის მიხედვითაც ღმერთს ბუნებაში ვჭვრეტთ. ბუნების ჭვრეტით სული ღმერთთან მაღლდება.

       მეორე გზა სახიფათოა, რადგან ბევრი ადამიანი, ვისაც შეუძლია პირდაპირ აკვირდებოდეს ღვთის ქმნილებებს, ცდუნდება და მეტ თაყვანს სცემს ქმნილებას, ვიდრე წმინდა სამებას და შემოქმედს. მესამე მოძრაობა ე.წ. სპირალისებურია, რომელიც მოიცავს პირველ ორ მოძრაობას. წმინდა მამები უპირატესობას პირველ, წრიულ მოძრაობას ანიჭებენ. გონება ბრუნდება გულთან და გულიდან მაღლდება ღმერთამდე. ასე ცდუნებას თავს აღწევს. წრიული მოძრაობა გონებითი ლოცვით მიიღწევა. მისი საშუალებით მოღვაწე ცდილობს "გონება მოიკრიბოს და წრიულად, უსაფრთხოდ ამოძრაოს". ამგვარად, გონების მოძრაობა გონებითი ლოცვით ხდება, მაშინ სუფთაა იგი და წარმოსახვების და ფიქრების გარეშე ლოცულობს ღვთის წინაშე. წმინდა ნილოს ასკეტი ნეტარად თვლის გონებას, რომელიც უსხეულოდ და გაუფანტავად ლოცულობს. "ნეტარია გონება, თუ იგი ლოცვისას ინარჩუნებს სიჩუმეს, ნეტარია გონება, რომელიც ლოცვისას არ ერთობა და მეტად და მეტად წარმართავს მას ღმერთი. ნეტარია გონება, რომელიც ლოცვისას უხორცოა და უპოვარი. ნეტარია გონება, რომელიც ლოცვის დროს ყველა ნივთიერის მიმართ უგრძნობია".

       აღწერილი გზებით ხდება გონების კურნება. ახლა მივაპყროთ ყურადღება კურნების შედეგებს. წმინდა მამათა ნაწერების მიხედვით ვნახოთ გონება რა მდგომარეობაშია განკურნების შემდეგ ან კურნების დროს.

       განკურნების პირველი შედეგი არის უვნებობა."ვნებების დამთრგუნველი გონება ამაღლებულია მწუხარებაზე და სიხარულზე, და ის უვნებოა" ამ მდგომარეობაში მყოფი გონება ხარობს მწუხარების დროს და თავშეკავებულია სიხარულში, ისე რომ არასდროს არ გაარღვევს საზღვრებს. ეს უვნებობა არის სწორედ "ღმერთისგან ცხოველმყოფელი სიკვდილი", რომელიც სული წმინდის მადლით ხდება". გარეგანი ზემოქმედებისაგან განთავისუფლებული და ცოდვისგან განწმენდილი გონება ნათლად ხედავს სამყაროს. იგი ხედავს ეშმაკის ყველა მცდელობას ბოროტის ქმედების დაწყებისასაც კი. უვნებო გონება "ჭვრეტს უმცირეს ცდუნებასაც და სხეულს აფხიზლებს". თუ სინდისი სუფთაა, ვნებიანი აზრები მას არ აწუხებენ გონების უმოქმედობისას ძილის დროს. უვნებობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული განწმენდა. "გონება სუფთაა, ღვთიური ნათელით გაბრწყინებული". გონების განწმენდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით იძენს ადამიანი ღვთიურ ცოდნას. "განწმენდილ გონებას ზოგჯერ თვით უფალი ასწავლის... ზოგჯერ კი მას წმინდა ძალას ანიჭებს, რომელიც ჭვრეტს ქმედებათა არსს". წმინდა მაქსიმეს სიტყვებით "განწმენდილი გონება არსებობს ადამიანურ საგნებისგან განშორებით ან ხილულთა და უხილავთა ბუნებრივ ჭვრეტაში ან წმინდა სამების ნათელში". ამ სიტყვების შემდეგ გასაგებია წმინდა წერილში ნათქვამი: "განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმისყოფად წიგნთა" (ლუკ. 24.45). მაქსიმე აღმსარებელი ამტკიცებს, რომ არსებობს განწმენდილი გონების ცოდნისკენ მისწრაფება, "ღვთის შეცნობა სიყვარულით მიიღწევა განწმენდილი გონებით". "სული წმინდა პოულობს განწმენდილ გონებას და მიუძღვის მას ცოდნისკენ". ამ გზით ადამიანი ხდება ღმრთისმეტყველი, ღმრთისმეტყველების უნარი კი ადამიანს ეძლევა არა ადამიანურ სიბეჯითით და ცოდნით, არამედ სული წმიდის ქმედებით. სული წმინდა განწმენდილი გულში ივანებს. "ყველანაირი ბიწიერებისგან განწმენდილი გონება, განათლებული აზრებით, სულისთვის ვარსკვლავიან ცას ჰგავს, რომელზეც სიმართლის მზე ბრწყინავს და ღმრთისმეტყველების სხივებს ასხივებს". აი, რატომ პასუხობს ამბა სისო ამბა ამონის შეკითხვას, საჭიროა თუ არა მეტყველება დაიხვეწო წმინდა წერილის კითხვით, ასე: "არ არის საჭირო, უმჯობესია განწმენდილი გონებით მოიპოვო თავი შენი, უშფოთველობა და მეტყველება".

       ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველება ადამიანის გონების კონცენტრაცია არ არის, ის სული წმინდის გამოვლინებაა. განწმენდილი გონება ნათდება და მაშინ ადამიანი, თუ მას სიბრძნე აქვს, შეძლებს ღმრთისმეტყველებას. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება და თვით მისი სხეული არის ღმრთისმეტყველება. განწმენდილი პიროვნება მთლიანად იქცევა ერთგვარ ღმრთისმეტყველებად. მართალია, წმინდა მამებმა გამოიყენეს წინაპარ მამათა გამოცდილება, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავად არ ჰქონდათ საკუთარი, არამედ სურდათ მისი დამტკიცება. ეს განსაკუთრებით იმ დროში იყო საჭირო, როცა არსებობდნენ ადამიანები, ვინც ამგვარ გამოცდილებას უარყოფდა.

       გონების განწმენდით საკუთარი თავის ჭეშმარიტი შეცნობა მიიღწევა. ფილოსოფოსი ვარლაამი ამტკიცებდა, რომ სიწმინდის და სრულყოფილების მოპოვება შეუძლებელია "გარჩევის, გააზრების (συλλογισμός) და ანალიტიკური მეთოდის გარეშე", აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიაჩნდა ამ მეთოდების ათვისება მათთვის, ვინც სიწმინდეს და სრულყოფილებას ესწრაფვოდა. გრიგოლ პალამა ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა და "სტოიკოსების და პითაგორელების მწვალებლობას" უწოდებდა. "ჩვენ ქრისტიანები ჭეშმარიტ ცოდნად სიტყვიერ და გააზრებულ (συλλογισμός) ცოდნას კი არ მივიჩნევთ, არამედ "ცოდნას, რომელიც საქმით და ცხოვრებით ვლინდება. ის არა მარტო ჭეშმარიტია, უსაფრთხოა და მტკიცე, ურყევი" ამბობს წმინდა მამა, შემდეგ აგრძელებს, რომ სილოგიზმით და ანალიტიკური მეთოდით ადამიანი თავს ვერ შეიცნობს თუ სინანულით და მძიმე ღვაწლით მისი გონება "თავმდაბალი და უეშმაკო" არ იქნება. ვინც არ განიწმენდს გონებას, ვერ შეიცნობს თავის სიღარიბეს, რაც არის სწორედ საწყისი საკუთარი სულის შეცნობისა.

       ზემოთ მოყვანილი თვალსაზრისი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ბევრი გვასწავლის, რომ ადამიანს საკუთარი თავის შეცნობა თვითანალიზით და ფსიქოანალიზით შეუძლია. ეს ცდუნებაა, რამაც პიროვნება საშინელ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს. თვითანალიზით ადამიანი შესაძლოა შიზოფრენიამდე მივიდეს. ნამდვილი ღვაწლის გზა კი მარტივია. გონების დაცვა, მისი მიდრეკა გულისკენ სინანულით და გონებით ლოცვით, აგრეთვე ქრისტეს მცნებების დაცვით. ამგვარად ვათავისუფლებთ გონებას წარმოსახვებისგან და გულში ვაბრუნებთ, რომლის დროსაც იგი თავის შინაგან სიცოცხლეს ხედავს. ამ დროს კი სული წმინდის მადლი მოქმედებს. მხოლოდ მაშინ, როცა ღვთიური მადლი ჩვენთან ერთად მოქმედებს და ანათებს სულს, შევიცნობთ ჩვენს არსებას ზუსტად. გონების კურნება ამიტომ ხდის ნათელს ვნებების არსებობას. ამ დროს ჩვენ სული წმინდით განათებულნი და განმტკიცებულნი ვნებებს შევებრძოლებით.

       გონების განკურნების სხვა ნაყოფი თავისუფლებაა. მანამდე გონება დატყვევებული იყო, იგი თავისუფლდება და "სიხარულით ისე მიემართება ზეცისკენ თითქოს საკუთარ სახლში მიდიოდეს".

       ვნებებისგან განთავისუფლებული გონება, რასაც აკეთებს, ყველაფერს წმინდა ძღვნად უფალს უძღვნის. ვნებებისგან განთავისუფლებული გონება აღდგება. აი, რატომ ვსაუბრობთ მის აღდგენაზე. ნიკიტა სტითატი მკვდარი გონების აღდგომას ლაზარეს მკვდრეთით აღდგომას ადარებს. ლაზარე როგორც მოკვდა, ისე მოკვდა გონებაც ცოდვისგან და დასამარხია. ქრისტე მიდის ბეთანიაში ლაზარეს აღსადგენად. ასე შედის მაცხოვარი მკვდარ გონებაში, რომ გამოიხსნას იგი ვნებების ტყვეობიდან. ლაზარეს დები მართა და მარიამი ცრემლით და გლოვით შეხვდნენ უფალს, ასევე "სიბრძნე და სიმართლე გლოვობენ გონების სიკვდილს, და ცრემლით განბანენ მკვდარ გონებას". სიმართლე არის სიბოროტით ტანჯული და სულიერი ქმედება, სიბრძნე კი გონიერი ქმედება და ჭვრეტა".

       ლაზარეს აღდგინებასა და მკვდარი გონების აღდგინებას შორის პარალელი გვხვდება მართლმადიდებლურ ჰიმნოგრაფიაში. ბზობის კვირის ოთხშაბათის და ხუთშაბათის მწუხრისა და ცისკრის საგალობლებში გვხვდება ალეგორიული სახეები "მივუძღვნათ უფალს მართა და მარიამი". ეს ნიშნავს, რომ მივუძღვნათ უფალს ჩვენი საქმენი და გონება, რომ მან აღადგინოს დაცემული გონება და აქციოს სული წმინდის ტაძრად.

       ამ მდგომარეობაში განწმენდილი გონება ნათდება და აღტაცებას ეძლევა. გონება ხარობს ღვთის ხილვით და ესაუბრება მას. წმინდა მამები, როცა გონების უფალთან საუბარზე წერენ, არ გულისხმობენ იმას, რომ იგი (გონება) სხეულიდან გადის, როგორც ეს პითიას შემთხვევაში ხდებოდა. გონება თავისუფლდება ხორციელი სიბრძნისგან და უფალი უახლოვდება ისე, რომ სხეულთან კავშირს არ კარგავს. ადამიანი, რომელიც უწყვეტად ლოცულობს, განიცდის გონების ამ მდგომარეობას, მას აღტაცება ეწოდება და უფლის ჭვრეტის ერთ-ერთი გზაა.

       განწმენდილი გონება ნათდება, ბრწყინდება. გონების სინათლეზე საუბრობენ წმინდა მამები. საიდუმლო ღმრთისმეტყველების მცოდნე წმინდა დიადოხოს ფოტიკელი წერს: "ჩვენი გონება, როცა მასში ღვთაებრივი ნათელი იწყებს ქმედებას, ნათელში ეხვევა და თავად გონება ხედავს ამას", წმინდა მამა შენიშნავს, რომ ადამიანი გონებაში ნათელს მაშინ ხედავს, როცა ვნებებისგან განთავისუფლებულია და "სული სწრაფად მეუფებს ვნებებზე". გარდა ამისა, სხვა ადგილას წმინდა დიადოხოსი ამბობს: "ვინც ამ წმინდა და დიდებულ სახელს (უფლისას) ინახავს უწყვეტად გულში, მას შეუძლია იხილოს გონების სინათლე".

       დიადოხოსის სწავლებას სრულად იზიარებენ მისი მოწაფეები კალისტოს და იგნატიოს ქსანთოპულოსები.

       წმინდა ნილოსი გვასწავლის, რომ "ღვთის ანგელოზი ჩვენში საწინააღმდეგო ქმედებას წყვეტს და გონების სინათლეს შეუცდომლად აამოძრავებს. გონება შექმნილია ღვთის ხატად. რადგან ღმერთი არის სინათლე, გონებასაც აქვს სინათლე. ამ თვალსაზრისით ამბობენ წმინდანები, რომ ადამიანს შეუძლია იხილოს თავისი გონების სინათლე. ეს ეხება ბუნებრივ ადამიანს, რადგან დაცემული გონება დაბნელებულია და ვნებებს დამორჩილებული. ვნებებისგან გათავისუფლებული და ღვთის მადლით გასხივოსნებული ადამიანი ხედავს თავისი გონების სინათლეს ლოცვის დროს.

       გრიგოლ პალამას თავის შრომებში ("წმინდა ისიხასტობისათვის") მოჰყავს სხვადასხვა მოსაზრებები და ასკვნის: "ძმაო, გაიგე რომ, როცა გონება ვნებებისგან გათავისუფლდება ლოცვის დროს თავის თავს ხედავს ღვთიური სინათლით გასხივოსნებულს?"შემდეგ აგრძელებს: "თუ გონებას ცოდვის საფარველი არ ფარავს, გონებრივ სინათლედ ჩანს". გონების ნათელი ხილულია სული წმინდის მოქმედებით. "განწმენდილი, განათლებული და ღვთიური მადლით გასხივოსნებული გონება" ეზიარება სხვა საიდუმლო ხილვებსაც, და "ხედავს რა საკუთარ თავს, მას უყურებს, როგორც სხვას, რადგან სინათლეს უმზერს, სინათლეს, რომელშიც ღვთის მადლით აღბეჭდილია თავად (გონება)".

       წმინდა მამის სწავლებიდან ჩანს, რომ განწმენდილი გონება საკუთარ ხატს კი არ ხედავს, არამედ ღვთიური მადლით გაბრწყინებულ თავის თავს". წმინდანები, რომლებიც ფერისცვალებას განიცდიან, უმზერენ ამ ხატს დიდებიდან დიდებისკენ. "ანუ ჩვენში გაბრწყინებული სინათლის წყალობით. [ვხედავთ] მის [უფლის] სინათლეს". ხორციელი თვალით ვერაფერს დავინახავთ თუ გარეთ შუქი არ ანთია, ასევე გონების თვალი ვერ დაინახავდა ვერაფერს, მას რომ ღვთიური ნათელი არ უნათებდეს.

       მოკლედ გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით, გონება, როგორც ღვთის ხატი, სინათლეა, მაგრამ იგი ვნებებით სუსტდება. მხოლოდ მაშინ, როცა ღვთიური ნათლით იმოსება გონება და იწმინდება, იგი ხედავს არა მარტო საკუთარ შუქს, არამედ ღვთიური მადლის სინათლესაც, რომელიც მასში აღიბეჭდება.

       ყოველივე ამას გრიგოლ პალამა უწერდა ფოლოსოფოსს, რომელიც აცხადებდა, რომ ღვთის ხილვა ადამიანური თვალით და ადამიანური გონებით არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება მცდარია.

       არქიმანდრიტი სოფრონი თავის წიგნში,,ბერი სილუანი" გონების ბუნებრივ სინათლეზე წერს: "ადამიანი, როცა მიაღწევს სინათლისა და სიბნელის საზღვარს (იობ. 26.10). ხედავს თავისი გონების მშვენიერებას, რასაც მრავალნი ღვთიურს უწოდებენ. ეს სინათლე არ არის ჭეშმარიტი უჩრდილო სინათლე. ის ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის გონების ბუნებრივი შუქია. გონების ეს სინათლე ემპირიულ ცოდნაზე აღმატებულია, შეიძლება იგი სიბნელედაც იწოდოს, რადგან მასში ღმერთი არ არის. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საგულისხმოა მაცხოვრის სიტყვები: "იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს" (ლუკ. 11.35). პირველი პრეისტორიული კატასტროფა, ლუციფერის დაცემა იყო, ის სიბნელის მეუფე გახდა. ეს საკუთარი მშვენიერების თვითკმაყოფილებით მზერის შედეგი იყო, მზერისა, რომელიც თვითგანღმრთობით დასრულდა". არქიმანდრიტი სხვაგან წერს: `თუკი ამ სიბნელის სულიერი "ადგილის" მოძებნას მოვინდომებთ, გეტყვით, რომ იგი სინათლის ხილვის საზღვარზეა. როცა გონებრივი ლოცვა ღვთის წინაშე სინანულის გარეშე მიმდინარეობს, მაშინ ყველანაირი წარმოსახვისგან განთავისუფლებული სული შეიძლება ერთ მომენტში სიბნელეში მოხვდეს, ისე რომ ვერ იხილავს ღმერთს, რადგან ამ სიბნელეში, ანუ თავის თავში - ღმერთი ჯერ არ დავანებულა. სიბნელეში მოხვედრილი გონება განიცდის თავისებურ სიამოვნებას და სიმშვიდეს, ამ დროს თუ იგი თავის თავს მიუბრუნდება, შეიძლება განიცადოს რაღაც სინათლის მსგავსი, მაგრამ იგი არ იქნება ღვთიური უქმნელი ნათელი, არამედ გონების ბუნებრივი სინათლე, რაც ღვთის ხატად არის შექმნილი. დროებითი გასვლა საზღვრებს გარეთ გონებას აძლევს შესაძლებლობას ახალი რამ შეიცნოს, მაგრამ საფრთხილოა. ვაი იმას, ვინც ამ სიბრძნეს ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობად მიიჩნევს და ამ ხილვას კი ღვთიურ არსთან სიახლოვედ. ვაი, მას, ვისთვისაც ღვთის ჭვრეტის საზღვარზე ყოფნისას, დაიკეტება კედლით უფლისკენ მიმავალი გზა. და დადგება ვნებების, დემონური ცდუნებების, მადლის დაკარგვის სიბნელე. ვაი, იმიტომ, რომ ეს მდგომარეობა იქნება ცდუნება, რადგან სიბნელეში უფალი არ არის, ღმერთი სინათლეშია და თავისი სინათლით შეჰყავს ადამიანი მარადიულ ღვთიურ არსებობაში".

       ადვილი არ არის გრიგოლ პალამას და არქიმანდრიტ სოფრონის მოსაზრებათა შედარება, რადგან ჩვენ საკმარისი გამოცდილება არა გვაქვს. ერთი შეხედვით, თითქოს მათ შორის სხვაობაა. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ გარეგნული განსხვავებაა. დარწმუნებული ვარ, ორივე მამა გონების სინათლის მდგომარეობის აღწერისას საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და გადმოგვცემს ამ გამოცდილების სხვადასხვა საზღვრის შესახებ. ვფიქრობ, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ არქიმანდრიტი სოფრონი ლოგიკაზე საუბრობს, ლოგიკაზე, რომელიც ადამიანს უყვარს თავის თავში და მას აღმერთებს. ამიტომ ამბობს ავტორი, რომ ეს სიბნელე არის "ღვთისთვის გაუვალი და მტკიცე კედელი", იგი აშორებს ადამიანს ღმერთისგან უფრო მეტად, ვიდრე ვნება, ეშმაკეული ცდუნებები და ღმერთის დავიწყება. სინამდვილეში ეს სინათლე არის ღრუბელი და სიბნელე. ამ ადგილას არქიმანდრიტი ეთანხმება გრიგოლ პალამას. ამ უკანასკნელის სწავლების მიხედვით ღვთის ხილვა სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის ზემოქმედება ადამიანზე: "უქმნელი ღვთიური სინათლის ხილვა შეუძლებელია, თუ ადამიანი ღვთის მადლით განათლებული არ არის, ანუ არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, როცა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობს და არის თანაზიარი ღვთაებრივი ცხოვრებისა".

       მე, პირადად ორი მამის ნააზრევს შორის ვერ ვხედავ განსხვავებას, ისინი ერთსა და იმავეს სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ერთი რამ ნათელია, ადამიანის გონება ღმერთთან ერთ სულს ქმნის და "ამის წყალობით სულიერ საგნებს ნათლად ხედავს". ვნებებისგან განთავისუფლებული სული სინათლის მხილველი ხდება და ჭვრეტს არსებებს".

       განკურნებული გონება ღმერთს ხედავს, ცხადია, იგი ხედავს არა მის არსებას, არამედ ღმერთის ენერგიას. წმინდანები ჭვრეტენ სინათლეს, როცა "სული წმიდის მადლს იღებენ ანუ ღმერთთან შეერთებისას ჭვრეტენ განღმრთობის სამოსელს, რადგან სიტყვის (ლოგოსის) მადლი ავსებს მათ გონებას დიდებით და ბრწყინვალებით". ასე ხდება გონების განდიდება. გონებაში სულიერი სიამოვნება იმატებს, რადგან "გონება სულიერ საგანთა ჭვრეტისკენ ისწრაფვის და მისგან სიტკბოებას იღებს". უფალთან შეერთებული გონება "ბრძენია, კეთილი, ძლიერი, კაცთმოყვარე, მოწყალე, დიდსულოვანი, ყველა ღვთიური თვისების მატარებელი. ღვთისგან განშორებული კი მატერიალურ საგნებს ეჯაჭვება, ხდება სიამოვნებისმოყვარე, გამხეცებული და ნივთიერისთვის სხვებს ებრძვის".

       გონების განკურნების შედეგად იკურნება სხეულიც. ეს არ ნიშნავს სნეულებისგან გათავისუფლებას, თუმცა ასეც ხდება ზოგჯერ. "ზოგჯერ" ვამბობთ იმიტომ, რომ ზოგიერთი დაავადება, მაგ. ნერვულ ნიადაგზე წარმოქმნილი, გონების სიკვდილთან არის დაკავშირებული. აქ მთავარი სხეულის ვნებებისგან განთავისუფლებაა. წმინდა მაქსიმე ამბობს: "როცა ხედავ, რომ შენი გონება კრძალვით და სამართლიანად არის მიმართული ამქვეყნიურის მიმართ, მაშინ შენი სხეულიც სუფთა და უცოდველია". ღვთაებრივით დატვირთული გონება სხეულსაც ვნებებისგან სუფთად ინახავს. თავდაპირველად გონება იძენს ღვთიური სიკეთის მიღების უნარს, შემდეგ ისწრაფვის უპირველესი გონებისკენ და განათებული "თავად და მასთან დაკავშირებული სხეული მიეახლებიან ღვთაებრივ მდგომარეობას".

       სხეულიც იგემებს მარადიულ სიკეთეს, ამისთვის ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე უნდა მოემზადოს.

       ყველა წმინდანი ამგვარი მეთოდით განიწმენდს გონებას. მჯერა, რომ წმინდანებს არ ექნებათ განსაკუთრებული ან განსხვავებული თვალსაზრისი დოგმატურ საკითხებთან დაკავშირებით. ისინი ერთნაირი გამოცდილებით ერთსა და იმავე სწავლებას ეყრდნობიან. თუკი ჩვენ მათ შორის რაიმე განსხვავებას ვხედავთ, ეს იმიტომ, რომ არასწორად განვმარტავთ. თუ შევეცდებით სხვადასხვა წმინდანის განსხვავებულ გამონათქვამის გაგებას, (მართალია, მათ ღვთის ერთნაირი ცოდნა აქვთ, მაგრამ სხვადასხვა სიბრძნე) თუ შევეცდებით თითოეული მათი სიტყვის ნამდვილი არსი გავიგოთ, ვერ დავინახავთ ვერანაირ განსხვავებას სწავლებებში. ჩვენ გამოუცდელნი ვართ სულიერ საკითხებში, მოკვეთილნი ეკლესიის ცოცხალი ტრადიციისგან. ამიტომ გვგონია, რომ განსხვავებულნი არიან წმინდა მამები.

       პავლე მოციქული წერს: "გლოცავთ ... იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა (1 კორ. 1.10). წმინდანები ფიქრობენ ერთნაირად. წმინდა გრიგოლ პალამა შენიშნავს: "ქრისტეს ყველა მორწმუნესთვის საერთოა გონებაზე აღმატებული ცოდნა (υπέρ ἔννοιαν γνωσις)".

       ზემოთ მოყვანილი მსჯელობებიდან ჩანს, რომ ვნებებით დასნეულებული გონება კვდება, კარგავს თავის ბუნებრივ მდგომარეობას და კურნება სჭირდება. მართლმადიდებლური მოღვაწეობა (ასკეზა) გონების განკურნების მეთოდებს იცნობს. ეს კურნება აუცილებელია, რადგან მისი საშუალებით გონება იწმინდება, შეიცნობს ღმერთს, მოიპოვებს ღვთიურ ცოდნას, რაც ადამიანის მაცხონებელია

 

 

ამოსაბეჭდი ვერსია

← სარჩევი

ტეგები: Hierotheos, Metropolitan, Orthodox, Psychotherapy, Qwelly, Spirit, Vlachos, არქიმანდრიტი, ვლახოსი, იეროთეოსი, მეტი...მართლმადიდებლობა, მიტროპოლიტი, სული, ფსიქოთერაპია

ნახვა: 1304

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters