მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი - მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია

თავი პირველი

რა არის კურნება?

       ზემოთ ვისაუბრეთ, რომ ქრისტიანობა და ღმრთისმეტყველება, უპირველეს ყოვლისა, განმკურნებელი მეცნიერებაა, ახლა მოკლედ აღვწეროთ რა არის კურნება და რისგან გვკურნავს მართლმადიდებლობა თავისი თეოლოგიით და ღმრთისმსახურებით. სულის განკურნებაში მოიაზრება გონების განკურნება და გათავისუფლება. ადამიანური ბუნება "დასნეულდა" ღმერთისგან განშორების შემდგომ, ამიტომ სულის სნეულების მიზეზი გონების ტყვეობასა და დაცემაშია. წინაპართა ცოდვით განეშორა ღმერთს ადამიანი, დაკარგა ღვთიური მადლი, რასაც მოჰყვა გონების დაბნელება და კვდომა. ზუსტად შეიძლება, ვამტკიცოთ: "ადამიანის დაცემა, ანუ თანდაყოლილი ცოდვით ცხოვრება გამოიხატება

  1. გონიერების დაკარგვაში, ან არასწორ აზროვნებაში
  2. აზრობრივი მოქმედებისა და ფიზიოლოგიური პროცესების ურთიერთაღრევაში.
  3. აქედან გამომდინარე გონებრივი მოქმედება სტრესისა და გარემო პირობების მორჩილი ხდება.

       ადამიანის გონებრივი ძალა (νοερά δύναµις) თუ სუსტდება ან სრულიად აღარ მოქმედებს, ჩნდება მისი დაცემის სხვადასხვა საფეხური... შესუსტებული გონებრივი ძალა ერთი მხრივ ადამიანსა და ღმერთს, მეორე მხრივ თვით ადამიანებს შორის კავშირის შესუსტების შედეგია, ასეთ დროს ადამიანი ესწრაფვის ღმერთს და სურს ცოდვით დაცემული სხვა ადამიანიც საკუთარი თავისუფლებისა და ბედნიერების განსამტკიცებლად გამოიყენოს.

       ღვთიური მადლის დაკარგვამ მოაკვდინა ადამიანის გონება, რადგან მთელი მისი არსება დასნეულდა და ეს სნეულება შთამომავალთაც გადაეცა. ამგვარად აიხსნება მართლმადიდებლობაში მემკვიდრეობითი ცოდვის არსებობა. პავლე მოციქულის სიტყვებს: "ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოხდეს მრავალნი" (რომ. 5. 19). წმინდა მამები სჯულის მიხედვითაც და მედიცინის თვალსაზრისითაც განმარტავენ. ეპისტოლეს სიტყვები ნიშნავს, რომ დასნეულდა ადამიანური ბუნება. წმ. კირილე ალექსანდრიელი განმარტავს: "მას შემდეგ, რაც (ადამი) დაეცა ცოდვით, ადამიანის ხორციელ ნაწილში შეიჭრა ჰედონიზმი (სიამოვნების მოყვარეობა) და ბიწიერება და მას შემდეგ ჩვენს სხეულშიც გაჩნდა (სიამოვნების და ბიწიერების) მკაცრი კანონიც. ამგვარად ადამიანური ბუნება დასნეულდა ცოდვით ერთის (ადამის) დაუმორჩილებლობის გამო და მრავალნი გახდნენ ცოდვილნი არა იმიტომ, რომ მათ თავად ჩაიდინეს ცოდვა ადამთან ერთად, არამედ იმიტომ, რომ ყოველი კაცისთვის საერთოა დაცემული ადამის ბუნება, ადამის კაცებრივი ბუნება დაუმორჩილებლობის გამო ხრწნადი გახდა და მასში ვნება დასადგურდა". სხვა ადგილას წმ. კირილე მიმართავს ფესვის მაგალითს. ადამიდან მოყოლებული, სიკვდილი მთელ კაცობრიობას შეეხო, ისე როგორც "თუ მცენარეს ფესვი დაუზიანდა, უთუოდ დაჭკნება ყლორტებიც". საყურადღებოა აგრეთვე წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები: "ღმერთისგან განშორებული გონება, პირუტყვისას ან ეშმაკეულს ემსგავსება, ბუნებრივი კანონებისგან განმდგარი გონება სხვას ესწრაფვის". ნათლისღებისას, როცა "ადამიანი უფლის წიაღში სულით იბადება" - ადამიანის გონება განათლდება, ცოდვისა და ეშმაკის მონობისგან თავისუფლდება და ღმერთს უერთდება. ამიტომაც ნათლობა განათლებად იწოდება. თუმცა კი პირველყოფილი ცოდვის გამო ნათლობის შემდეგაც ბინდდება და კვდება გონება. წმინდა მამათა თხზულებებში ნათლად ჩანს, რომ ყოველი ცოდვა და ვნება ადამიანის გონებას კლავს.

       წმ. იოანე სინელი წერს: ცბიერ ეშმაკს სურს "დაგვიბინდოს გონება", განსაკუთრებით სიძვის ეშმაკი მძლავრობს, რომ "დაიმონოს ადამიანის გონება, ის აღძრავს ადამის მოდგმას ჩაიდინოს ისეთი რამ, "რასაც მხოლოდ შეშლილები ჩადიან". შემდეგ თავში დაწვრილებით ვიმსჯელებთ თუ რას ნიშნავს ადამიანური გონება. ახლა ვეხებით მხოლოდ გონების დაბნელების ცნებას. წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის "სხეულისთვის სამყარო ნივთებია, გონებისთვის კი აზრები; როგორც (კაცის) სხეული მრუშობს ქალის სხეულთან, ასევე გონება სხეულის წარმოსახვით მრუშობს". ეს არის სწორედ გონების დაბნელება და დაცემა. წმ. მამა სხვა ადგილას წერს: "როგორც სხეული სცოდავს ნივთიერად და ამისთვის არსებობს სხეულის ნაწილები... გონება სცოდავს ვნებიანი აზრებით და თითქოს სამოქმედოდ სულიერი სათნოებები აქვს".

ნათქვამიდან გამომდინარეობს ის, რომ გონების დაცემა მთელი სულიერი სამყაროს არევას იწვევს და აიძულებს ადამიანს დაცემის ტრაგიზმი მძიმედ გადაიტანოს. ასე რომ, ბევრი პრობლემა, რაც გვაწუხებს, შინაგანი უძლურებიდან მომდინარეობს. ამიტომაც ფსიქოთერაპევტები ხშირად ვერ ეხმარებიან ადამიანს, რადგან მხოლოდ იესო ქრისტეს შეუძლია გონების აღდგენა.

წმინდა მაქსიმე ცდილობს ნათლად წარმოაჩინოს რა არის გონების ბიწიერება და მისი დაცემა, წმინდა მამა ამბობს, რომ ეს ბიწიერება ოთხ რამეში გამოიხატება: ფსევდო (მცდარ) ცოდნაში, საყოველთაოს ვერდანახვაში, ვნებიან აზრებში, ცოდვასთან შეგუებაში.

       ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩნდება გონების განკურნების საჭიროება. ამ პროცესს წმინდა მამები გონების გაცოცხლებას ან განწმენდას უწოდებენ.

       გულისა და გონების განწმენდის შესახებ ბევრია ნათქვამი წმინდა წერილში. უფალი იესო ქრისტე ფარისევლებს, (რომლებიც გარეგნულად სისუფთავეზე ზრუნავდნენ და შინაგანს უგულებელყოფდნენ). ეუბნება: "ფარისეველო, ბრმაო, განწმინდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმინდა" (მათ. 23. 26).

       იერუსალიმში მოციქულთა კრებაზე, როცა მსჯელობდნენ იმაზე, წინადაცვეთილიყვნენ თუ არა ქრისტიანები ძველი აღთქმის სჯულის მიხედვით, პეტრე მოციქულმა თქვა: "და გულთ-მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა იგი ჩუენ; და არა რად განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა, და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი" (საქმ. 15. 8-9). პავლე მოციქული კორინთელებს ურჩევს: "განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისაჲთა (2 კორ. 7, 1). "ქრისტეს სისხლმა, განწმიდნეს გონებანი თქუენნი მკუდართაგან საქმეთა." (ებრ. 9. 14). პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში ამბობს, რომ ჩვენ ვინახავთ რწმენის საიდუმლოს "აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებაჲ წმიდითა გონებითა" (1 ტიმ. 3. 9). პეტრე მოციქულმა კარგად უწყის, რომ ურთიერთსიყვარული გულის სიწმინდის ნაყოფია, ამიტომ გვირჩევს: "შეუორგულებული იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად" (1 პეტრ. 1. 22.). ამრიგად, გულისა და გონების განწმენდა აუცილებელია. ჩვენ განცალკევებულად ვწერთ "გულსა და გონებას", თუმცა წმინდა მამათა ღმრთისმეტყველებაში ეს ორი ცნება გაერთიანებულია. ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

       წმინდა მაქსიმე სულიერ ცხოვრებას სამ ეტაპად ყოფს: პრაქტიკული სიბრძნისმოყვარეობა, რეალური ჭვრეტა და მისტიკური ღმრთისმეტყველება. წმინდა მამის შრომათა მკვლევარი მიუთითებს, რომ "წმ. მაქსიმეს ასკეტიკა სამ ძირითად ნაწილად იყოფა:

  1. "პრაქტიკული სიბრძნისმოყვარეობა", ქმედება.
  2. "რეალური ჭვრეტა", უბრალო ჭვრეტა
  3. "მისტიკური ღმრთისმეტყველება" ანუ უბრალოდ ღმრთისმეტყველება.

       პირველი განწმენდს ადამიანს ვნებებისგან და სათნოებით შემოსავს. მეორე გაანათლებს გონებას ჭეშმარიტი ცოდნით, მესამე აჯილდოებს ადამიანს უმაღლესი მისტიკური ცოდნით, რომელსაც წმინდა მამა "ექსტაზს" უწოდებს. ეს სამი ნაწილი არის უმთავრესი ეტაპები ადამიანის სულის ხსნის გზაზე სვლისას. შევნიშნავთ, რომ წმინდა მამები სულიერი ცხოვრების ამ სამ ეტაპს განარჩევენ. პრაქტიკულ სიბრძნისმოყვარეობაში გულის განწმენდა იგულისხმება, რეალურ ჭვრეტაში - გონების განათლება, ხოლო მისტიკურ ღმრთისმეტყველებაში - უფალთან ურთიერთობა ჭვრეტით.

       სხვა მამათა ნააზრევში სხვაგვარი დაყოფა არსებობს. სულიერი ცხოვრება ქმედებად და ჭვრეტად მოიაზრება. ქმედება თავისი არსით წინა ეტაპებში წარმოდგენილს არ ეწინააღმდეგება. ქმედება- განწმენდა, ჭვრეტა - გონების განათლება და უფალთან ურთიერთობა. ქმედება ყოველთვის წინ უსწრებს უფლის ხილვას. "ქმედებით მიიღწევა ჭვრეტა". უფრო ზუსტად, ქმედება - სხეულის მარხვაა, მღვიძარება, ფსალმუნთგალობაა, ლოცვაა, მდუმარებაა "სიტყვაზე უფრო ძვირფასი", "ხელთა საქმეა, ანუ ის, რასაც ხელები უშფოთველად აკეთებენ". "ჭვრეტა კი არის სულიერი ხედვა გონებისა, როცა იგი (გონება) მიაღწევს, იხილოს რაც იყო და რაც იქნება. ჭვრეტა გონებით ხილვაა".

       აშკარაა, რომ ჭვრეტა მაქსიმე აღმსარებლის სწავლებაში ქმედებისგან (საქმისგან) დამოუკიდებელი არ არის. "არ არსებობს უსაფრთხო ქმედება ჭვრეტის გარეშე, არც ჭეშმარიტი ჭვრეტა ქმედების გარეშე. რადგან ქმედება უნდა იყოს გონიერი და ჭვრეტა ქმედითი". წმ. მაქსიმე აღნიშნავს, რომ მეტისმეტად განსწავლულებისთვის ჭვრეტა წინ უსწრებს ქმედებას, ხოლო ნაკლებგანსწავლულებისთვის კი ჯერ ქმედებაა და მერე ჭვრეტა; ორივე შემთხვევაში მიზანი კეთილია და საერთო შედეგამდე მიდის. ეს ადამიანის განწმენდა და გამოხსნაა.

       სულის განწმენდაზე საუბრისას უმთავრესს, ვნებათგან განთავისუფლებას, ვგულისხმობთ, უფრო სწორად კი ვნებათა გარდაქმნას. განწმენდა ადამიანური ყოფის "გააზრებულ აზრთა თავმოყრაა", რასაც გონების განათლება მოჰყვება. ეს რაიმეს უარყოფას კი არ ნიშნავს, არამედ მოპოვებას. განწმენდილი სული შეიცნობა: "უშურველი სიტყვით, უბოროტო მოშურნეობით, უფლის დიდების უწყვეტი სიყვარულით". სხვაგვარად, თუ ჩვენი სიტყვა შურიანია და ღვთისადმი სიყვარული უწყვეტი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გული ჯერ არ განწმენდილა.

       გონება ღვთის ხატია. ის ჩვენ ცოდვით წავბილწეთ და ახლა უნდა განვწმინდოთ. ამბა დოროთე გვირჩევს: "ხატი ჩვენი განვწმიდოთ, დავიბრუნოთ ისეთი, როგორც მივიღეთ". დიდი ღვაწლისა და შრომის გაწევა მოგვიწევს, სანამ არ განიწმინდება "გონება ესე ჩვენი ძაღლებრ ხორცის მოყვარე და მწვირის მოყვარე, სიწმიდისმოყვარე და სიბრძნის მოყვარე ვყოთ სიმშვიდისა მიერ".

       ცოდვას და ვნებიან აზრებთან მებრძოლი ადამიანი თავმდაბალი ხდება, იღვწის და "ნელ-ნელა ღვაწლით განიწმინდება და თავის საწყის მდგომარეობას უბრუნდება".

       ადამიანის დიდი მცდელობის მიუხედავად, მკვდარი გონება ვერ გაცოცხლდება, თუ მასზე სული წმიდის მადლი არ გადმოვა, რადგან "განწმენდა სული წმინდით ხდება".

       ღვთიური მადლის დახმარებით გონება თუ იწმინდება, ნათდება კიდეც, რადგან "გონების განწმენდა, მისი განათლებაა". განწმენდის შემდგომ თუკი ადამიანი ცოდვით შებილწვისაგან დაიცავს გონებას, მაშინ იგი იწოდება "ნათლისგან დაბადებულად, მოკაშკაშედ და სხივთამფრქვეველად და მგზნებარედ".

       შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ადამიანის განკურნება ნიშნავს გულის, გონების, ღვთის ხატის განწმენდის, გონებისთვის პირველქმნილ მშვენიერების დაბრუნებას. უფრო მეტიც, ეს უფალთან საუბარია, როცა გონება სული წმინდის ტაძარია. ამ დროს ვამბობთ, რომ კურნება წარმატებით დასრულდა. განკურნებულნი უფლის წმინდანები არიან.

 

       მკურნალობის მეთოდები და კურსი

       უკვე განვიხილეთ თუ რა არის ქრისტიანობა, მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველების თავისებურებანი და კურნება. ახლა კი საჭიროა მკურნალობის მეთოდებზე ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს მართლმადიდებლური რწმენის მეცნიერება. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აღვწეროთ მეთოდები, რომლითაც გულის განწმენდა, ანუ განკურნება მიიღწევა. ზემოთ აღწერილ ამაღლებულ სულიერ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, თუ არ შევიმეცნებთ და არ გავითავისებთ მას. 

       როგორ მიიღწევა სულის განკურნება?

       უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ მართალი სარწმუნოების არსებობა. ჩვენ, მართლმადიდებლები, რწმენის მტკიცედ დაცვას იმიტომ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომ ვიცით რწმენის შეცვლასთან ერთად იცვლება მკურნალობაც. დასაწყისში ვთქვით, რომ ღმრთისმეტყველება სამედიცინო მეცნიერებაა. მედიცინას ნიმუშად ჰყავს ჯანმრთელი ადამიანი და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს სნეულის მიყვანას ჯანსაღ მდგომარეობამდე. იგივე შეიძლება ითქვას ღმრთისმეტყველებაზეც. თეოლოგია სულიერი ჯანმრთელობის შესახებ ეკლესიის სწავლებაა და იმ გზის მაჩვენებელია, რასაც ჩვენ, სნეულები, უნდა დავადგეთ, რომ განვიკურნოთ. მართლმადიდებლები უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ დოგმების დაცვას არა მხოლოდ იმიტომ, რომ სწავლება არ დავამახინჯოთ, არამედ შეიძლება განკურნების შესაძლებლობა დავკარგოთ, აქედან გამომდინარე კი დავკარგოთ ხსნაც. ამგვარად, პალამასა და ვარლაამის დაპირისპირება ეხებოდა არა მარტო დოგმის არსს, არამედ მათ მეთოდოლოგიურ საფუძველს, ვარლაამი მეტაფიზიკას, მეტაფიზიკურ გნოსეოლოგიას და ლოგიკას ეყრდნობოდა, პალამა კი საკუთარ რწმენით გამოცდილებას და მის დამაჯერებელ შედეგებს". 

       სულის განკურნებისთვის სნეულების შეგრძნებაა საჭირო. სნეული თუ ვერ გრძნობს სნეულებას, არც მიმართავს ექიმს. თვითშეგნება განკურნების პირველი საფეხურია. წმ. მაქსიმე გვასწავლის, რომ "ვინც შეიცნო ადამიანის უძლურება, მან მიიღო ღვთიური ძალისაგან გამოცდილება" და როდესაც მისი დახმარებით ერთ რამეს მიაღწია, სხვის მისაღწევადაც მიისწრაფვის". პეტრე დამასკელი ღამის ლოცვის დიდ ღირსებაზე საუბრისას ამბობს, რომ ზნეობრივი ქმედებაა, როცა ადამიანი დღის განმავლობაში ჩადენილ საქმეებს და ცოდვებს აანალიზებს, რომ შეიგრძნოს ღამის სიმშვიდე და იტიროს ცოდვებზე". ოღონდ უნდა ვიცნობდეთ საკუთარ სულს და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ტირილი მასზე.

       თანამედროვე ქრისტიანთა უმრავლესობამ არ იცის თავისი სულიერი მდგომარეობა. ჩვენ "მკუდარნი ვართ ბრალითა" (ეფ. 2.1.) და გარდა იმისა, რომ არ გვაქვს ეს შეგნებული, მაინც გვჯერა, რომ სავსე ვართ სული წმინდის მადლით და მოკაზმულნი სათნოებებით. სამწუხაროდ ამგვარი გამანადგურებელი თვითკმაყოფილება ჩვენს გადარჩენას აფერხებს. ქრისტე როგორ ესაუბრება ადამიანს, რომელიც თავს იმართლებს? ჩვენ ვგავართ ფარისევლებს, რომლებმაც უფლის ამქვეყნად ხორციელად ყოფნისას ვერ შეიგნეს მკურნალის საჭიროება. ვერ აივსება გული ღვთიური მადლიდან მომდინარე სინანულით, როცა იგი თავის სიცარიელეს ვერ გრძნობს. ასეთ შემთხვევაში სულიერი ცხოვრება ვერ განვითარდება.

       უძლურებასთან ერთად უდიდესი წყალობაა "თვითდამდაბლება". ეს ფაქტი სულის მორჩილებაზე მეტყველებს, რადგან "თვითდამდაბლება" ყოველთვის სულის მიმართულებას განაპირობებს". "თვითდამდაბლება" არის სულზე დაკისრებული გონიერი სიმძიმე, რაც "ატრიალებს, წურავს და გამოადენს "მხსნელ ღვინოს" ადამიანის გულს რომ ახარებს, უფრო სწორად, ახარებს სულიერ არსს. ეს ღვინო მორჩილებაა. თვითდამდაბლება სულიერ გლოვასთან ერთად ამარცხებს ვნებებს და სულს ნეტარი სიხარულით ავსებს. ასე რომ, მუდმივად უნდა ვიმდაბლებდეთ და ვკურნავდეთ საკუთარ თავს. "რათა ნებსით დამდაბლებითა თავთა თვისთათა უნებლიეთა მათ ცოდვათაგან განვერნეთ".

       უძლურების განცდა მარტო არ კმარა, აუცილებელია არსებობდეს ექიმი-მკურნალი, ეს კი სულიერი მოძღვარია, რომელიც პირველად თავად განიკურნა უძლურებისგან ან ცდილობს განიკურნოს და იმავდროულად კურნავს სულიერ შვილებს. ჩვენ ვთქვათ, რომ სულიერი მოძღვარი ღმრთისმეტყველი უნდა იყოს და პირიქით, ღმრთისმეტყველი - სულიერი მამა. ამ შემთხვევაში ითქმის: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი. (ლუკ. 4. 23). ვინც გადალახა ეშმაკის ხლართი, შეუძლია სწორი გზა აჩვენოს სულიერ შვილებს. ვინც შეიცნო დიდი საგანძური, სულიერი სიჯანსაღე, შეუძლია დაეხმაროს სხვას განკურნებაში. ვინც საკუთარი გონება იპოვა, სხვებსაც შეეწევა პოვნაში. "მკურნალი არის გონება, რომელიც საკუთარ თავს კურნავს, და იმით, რითაც თავად განიკურნა, სხვებს სწამლობს".

       თანამედროვე ქრისტიანთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მღვდელი უზენაესის გამოგზავნილია და ეკლესიის მსახურნი კი საჭიროების შემთხვევაში საკანცელარიო საქმეებში დამხმარენი არიან. ისინი სხვადასხვა საეკლესიო საიდუმლოს ასრულებენ, ჟამისწირვას ატარებენ და ამრიგად შეუძლიათ მრევლის სულიერი მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ. თანამედროვე ქრისტიანები სასულიერო პირებს მოგვებივით უყურებენ. მოგვებივით, რომლებიც მაგიურ წესებს აღასრულებენ! ვიცით, რომ ღვთიური მადლი მაგიურად ან მექანიკურად კი არ გადაეცემა, არამედ მისტიკურად. ცხადია, უღირსი მღვდელიც ასრულებს საიდუმლოს, მაგრამ იგი ვერ კურნავს. ერთია ცოდვათა მიტევება და მეორე _ განკურნება. მრავალი ქრისტიანი კმაყოფილდება ფორმალური აღსარებით, საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებით და უფრო მეტიც ფორმალური ზიარებით - და მეტი არაფერი არ სურს. ასეთი ადამიანები სულიერ კურნებას ვერ იღებენ. მღვდელი არა მარტო ასრულებს საიდუმლოს, არამედ კურნავს კიდეც ავადმყოფებს. მღვდელი ზუსტად აჩვენებს სულიერ შვილს ვნებებისგან გასათავისუფლებელ გზას. მღვდელი ასწავლის ადამიანს ტყვეობისა და მონობისგან გონების დახსნას.

       ასე მოიაზრებენ წმინდა მამები სულიერ მოძღვარს, მწყემსი იმავდროულად მკურნალიც არის. "მკურნალი იგი არს, რომლისა სული და ხორცნი იყვნენ ხორცი და მრთელ და უვნებელ და არა ვისგან ეხმარებოდის წამალი".

       იოანე სინელი წერს, თუ რა უნდა გააკეთოს მღვდელმა, მკურნალი რომ გახდეს, მოვიყვანთ ამ სიტყვებს:,, მოიგენ შენცა, ჰოი საკვირველო, წამალნი დასდებელნი წყლულისანი, და წამალნი შესასმელნი, და საოლავნი თვალთანი; და დამკვრელნი განტეხილთა ასოთანი; და გასაწმედელნი სარავთანი, და დამაყენებელნი სუნ მყრალობათანი; განსასხმელნი ძარღვთანი, და ჭურჭელნი დაწვისანი და საცხებელნი წყლულთანი; და წამალნი საძილონი, და მახვილნი განსაკვეთელად, და შესახვეველთანი შემუსვრილთანი; უკეთუ კულა ამის ყოვლისაგან ცალიერ ვართ, ვითარ ვაჩვენოთ ხელოვნება მკურნალობისა, რამეთუ სასყიდელნი არათუ სიტყვათანი არიან, არამედ საქმეთანი. ემპლასტროი არს, განკურნება ვნებათა ხილულთა ხორციელთა. შესასმელი წამალი არს, კურნება შინაგანთა ვნებათა და წარმოცარიელება ბილწებისა უხილავისა. გამახმობელი სისხლისა წამალი არს, გინება და შეურაცხება, რომელმან ატკივნის გულსა და განკურნის, და განახმის სიმსივნე და სიმპლე ამპარტავნებისა. საოლავი არს თვალთა სულისათა შემრღვეულთა, გულის წყრომისაგან განმწმენდელი მხილება. ძარღვის გასახსნელი ჭეშმარიტი არს მსწრაფლ წარმოცალიერება სიმყრალისა უჩინოსა. ძარღვის გასახსნელი ჭეშმარიტი არს მსწრაფლი და ფიცხელი კდემა, საკურნებელთა სნეულთა მათ. ღრუბელი გასაწმედელი არს, შემდგომად ძარღვისა განკვეთისა მის, ტკბილთა მიერ და ლმობიერთა სიტყვათა მწყემსისა და მკურნალისათა განსვენება სნეულისა მის. საცხებელი არს შემდგომად დაწვისა სიტყვით, ანუ ნუგეშინის ცემითა ხორციელითა, ნუგეშინის-ცემა სნეულისა მის. საძილი არს ტვირთვა, ტვირთსა მას მორჩილისასა, და რათა მორჩილებისა მიერ მიეცვას მას განსვენება, და ძილი უძილო და სიბრმე კეთილი ვერ ხედვად თვისათა სათნოებათა. სახვეველი არს მზვაობრობისაგან დახსნილთა, მოხსენებითა სიკვდილისათა განმტკიცება. ხოლო დასასრულსა ყოველისასა არს მახვილი, განჩინება და მოკვეთა ასოსა სულიერისა დამპლისა, და უკურნებელისა, რათა არცა სხვათაცა მისცეს თვისი იგი სენი და მღიერი. მკურნალთა შორის სანატრელ არს, სულმყრალობისა უჩინო მყოფელი იგი წამალი, რომელი ოდეს აქვნ არღარა ეცემინ სუნმყრალობადა ეგრეთვე წინამძღვართა შორის სანატრელ არს უვნებელობაი, რამეთუ მათ რაჟამს არა ეცემინ სული სიმყრალისა ადვილად მივიდოდინ ყოვლისავე წყლულებისა კურნებად; ხოლო ამათ რაჟამს მოიგიან უვნებელობა ძალ უძნ, ყოვლისავე სულისა მომკვდარისა აღდგინებად."

       იოანე რომანიდისი წერს: "წარმოუდგენელია ექიმად ჩავთვალოთ ადამიანი, რომელიც ვერ კურნავს, რადგან არ იცის ეს საქმე, ასევე ღმრთისმეტყველად ვერ ჩაითვლება კაცი, ვინც არ იცის რა არის განათლება და განღმრთობა, ან როგორ უნდა მიაღწიოს ამას, ამიტომ ისიც ვერ იქნება მკურნალი". იქვე განაგრძობს: "ითვლება, რომ საუკეთესო მკურნალები ეპისკოპოსები და პრესვიტერები არიან, ამათგან ეპისკოპოსი ბერებიდან აირჩევა, ახლა სამწუხაროდ ისიხაზმის საწინააღმდეგო (ნახევარსაუკუნოვანი) პროპაგანდის გამო, ამგვარი სასულიერო პირები მცირენი არიან, დიონისე არეოპაგელის მიერ აღწერილი სასულიერო პირი კი თითქმის გაქრა".

       სულიერი მოძღვარი-მკურნალი სულიერ შვილებს სთავაზობს მართლმადიდებლურ მკურნალობას. - მართლმადიდებლური რწმენის გზას. ქვემოთ აღვწერთ ამ მეთოდს, რომლითაც მოძღვარი წარმართავს სნეულს სულის განსაკურნებლად.

       უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაპყროთ ასკეტურ ღვაწლს. "ასკეტური მოღვაწეობა თავშეკავებითა და სიყვარულით, მოთმინებითა და სიმშვიდით განაგდებს ვნებას". სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფე ნიკიტა სტითატი ამგვარ ასკეტობას აღწერს. ადამიანს ხუთი გრძნობა აქვს, ამიტომ ღვაწლიც ხუთია. მღვიძარება, აზროვნება (ღმრთისმიერი), ლოცვა, თავშეკავება და სიმშვიდე (ησυχία). მოღვაწემ (ასკეტმა) უნდა დაუმორჩილოს ხუთი გრძნობა ამ ხუთ სათნოებას: მხედველობა - მღვიძარებას, სმენა - აზროვნებას, ყნოსვა - ლოცვას, გემოვნება - თავშეკავებას, შეხება - სიმშვიდეს (ησυχία): ადამიანი თუ მიაღწევს ამგვარ მდგომარეობას, მაშინ "სწრაფად განწმენდს, მოდრეკს გონებას, ვნებისგან გაათავისუფლებს და მჭვრეტელად აქცევს". 

       ღვაწლი ღვთიური მცნებების მორჩილებაა და მათი დაცვა. ჩვენი ძალისხმევა ადამიანური ნების ღვთიურ ნებისთვის დამორჩილებისათვის არის სწორედ ღვაწლი. წმინდა მამათა თხზულებებიდან ცნობილია, რომ მთელი სახარება სავსეა "გადარჩენის მცნებებით". წმინდა წერილის თითოეული სიტყვა უფლის მცნებაა, რაც ადამიანმა უნდა დაიცვას თუ ესწრაფის სულის გადარჩენას. ეს ნათლად ჩანს "ცხრა ნეტარებაში" (მათ. 5. 1-12).

       ნეტარება "ნეტარ არიან გლახაკნი სულთა" ღმერთმა მოგვცა იმისთვის, რომ სულიერი სიგლახაკე შევიგრძნოთ, ანუ შევიცნოთ ჩვენი უსუსურობა. "ნეტარ არიან მგლოვარენი", მოგვეცა ჩვენი სულის ვნებებზე, ჩვენს დაცემაზე სატირლად. "ნეტარ არიან მშიერნი და მწყურვალნი სიმართლისათვის" მოგვიწოდებს უფალთან სიახლოვისკენ. "ნეტარ არიან წმიდანი გულითა" გულთა განსაწმენდად მოგვეცა, უფალი, როცა ამბობს "ნეტარი" - ეს ნიშნავს, რომ გავხდეთ ღატაკნი, მოღვაწენი, სიმართლის მწყურვალნი და სხვ.

       ამრიგად, ქრისტეს მცნებები უწყვეტი ლოცვაა, მსახურებაში მონაწილეობა, მღვიძარება, გონების დაძაბვა, გულის განწმენდა და ა.შ. "სჯული წმიდა არს და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ" (რომ. 7. 12). იოანე ღმრთისმეტყველი, სიყვარულის მოციქული, ქრისტიანთათვის ამბობს: "და ამით უწყით, რამეთუ ვიცით იგი, უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. რომელმან თქუას; ვითარმედ ვიცან იგი და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუარ არს და ჭეშმარიტება არ არს მის თანა. ხოლო რომელმან დაიმარხოს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისა აღსრულებული არს მის თანა, ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ". (1 იოან. 2, 3-5). მახარებელი მტკიცედ განმარტავს: "რამეთუ ესე არს სიყვარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ" (იოან. 5, 3).

       "ჩვენი იერარქიის მიზანია: რამდენად არის შესაძლებელი ღმერთის მიმსგავსება და მასთან შეერთება. ამის მიღწევა კი, როგორც დიონისე არეოპაგელი გვასწავლის, შესაძლებელია სიყვარულით, უფლის მცნებების დაცვით და ღმერთის მსახურებით"50.

       გრიგოლ პალამა ამბობს, რომ არსებულის შეცნობა სათნოებათა გზით ხდება. შეკითხვაზე, თუ რა არის სათნოების მოქმედთა მიზანი, პასუხობს: "უფალთან ერთიანობა და მისი მსგავსება". ის, ვინც სათნოებით ცხოვრობს, იცავს უფლის მცნებებს ღვთის სიყვარულით და "ღვთიური მცნებების დაცვით შეძლებს სათნოებათა აღსრულებას".

       მოვიყვანთ წმინდა მამათა გამონათქვამებს უფლის მცნებათა მნიშვნელობის შესახებ: \

  • "მცნებათა მიზანია ადამიანის გონება განიწმინდოს თავშეუკავებლობისა და სიძულვილისგან" (Μαξίµου 'Οµολογητοῦ. Φιλοκαλία. β. σελ 46).
  • "ღვთის მცნებები ყველაზე ძვირფასი საგანძურია. ვინც ისინი დაიცვა, მან თავის სულში ღმერთი იპოვა". (Ισαάκ το Σύρου. τά εὑρεθεντα άσκητικά σελ. 20).
  • "მცნებათა დაცვა წარმოშობს უვნებობას, უვნებობა კი სულს ხილვის უნარს აძლევს" (ὁσ. Θαλασσίου. Φιλοκαλία β. σελ. 212).
  • "მცნებათა მორჩილება მკვდრეთით აღდგომაა"(ὀσ. θαλασσίου. Φιλοκαλία β. σελ. 212).

       წმ. გრიგოლ სინელი აღწერს ორ მთავარ გზას, რომლითაც სული წმინდა მოქმედებს და რომელსაც ჩვენ ნათლობის საიდუმლოთი ვიღებთ, ამ ორიდან წმინდა მამა ერთ-ერთად მიიჩნევს მაცხოვრის მცნებების დაცვას. რამდენადაც ჩვენ ვასრულებთ უფლის მცნებებს, იმდენად ნათლად ბრწყინავს ჩვენში უფლის სინათლე". ყოველივე ზემოთქმული წარმოაჩენს სულის განკურნებისა და აღდგომის აუცილებლობას. ამისთვის მოღვაწეობა კი, უპირველეს ყოვლისა, უფლის მცნებათა დაცვით იწყება. უმთავრესი მცნებები სულის კურნებისას ისინია, რომლებსაც ვახსენებთ გალობისას: "მარხვა, მღვიძარება, ლოცვა". თუკი მოწყალება კურნავს სულის მრისხანე ნაწილს, ლოცვა განწმენდს გონებას, მარხვა აჭკნობს ხორციელ სურვილს". და ამგვარად მთლიანი სული განკურნებული მიეძღვნება უფალს. გარდა ამისა, მარხვა იმორჩილებს სხეულსაც: "პურის უკმარისობა ადნობს მონაზვნის სხეულს". თუმცა კი "გადაჭარბებული მარხვა არამარტო ასუსტებს სხეულს, სულის მჭვრეტელ ნაწილს ადუნებს და უმეტყველოდ აქცევს".

       საყურადღებოა იოანე სინელის სიტყვები მარხვის შესახებ: "მარხვა იძულება არს ბუნებისა და დამხსნელი გემოთა სასისათა, და მომსპოლველი ხორცთა ხურვებისა და მომკვეთელი არის გულის სიტყვათა ბოროტთა; თავისუფლება არს სიზმართა ბილწთა, და სიწმიდე ლოცვისა და მნათობი არს სულისა და მცნელ გონებისა, დამხსნელი გულფიცხელობისა, და კარი ლმობიერებისა, მომატყვებელი სულთქმათა მდაბალთა და შემმუსრველი არს გულისა, კეთილი და უჩინო მყოფელი ცუდად მეტყველებისა, მიზეზი არს დაყუდებისა და მცველი მორჩილებისა და მაოტებელი ძილისა, სიმართლე არს გვამისა, წინამძღვარი უვნებელობისა, მომტევებელი არს ცოდვათა და კარი არს სამოთხისა".

       იოანე სინელის ეს სიტყვები გვიჩვენებს ერთი მხრივ მარხვის მოქმედების სფეროს და მეორე მხრივ ნაყოფს, რომელსაც მმარხველი სული გამოიღებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ადამიანში სინანულის განცდა იღვიძებს, ის თავისთავად მარხვასაც იწყებს. მაშასადამე, მარხვა ლოცვისა და სინანულის თანამდევია. მართალია, მარხვა საშუალებაა და არა მიზანი, "იარაღია მისთვის, ვინც სიბრძნისკენ მიისწრაფვის". მარხვის გარეშე შეუძლებელია ვნების დამარცხება და უვნებობის მდგომარეობამდე მიღწევა. იოანე სინელის სიტყვები კარგად გასაგებია. ებრაელები ფარაონისგან გათავისუფლდნენ, იზეიმეს პასქა, რადგან ჭამდნენ უფუარ პურსა და მწარე ბალახს. ჩვენ კი მარხვითა და მორჩილებით გავთავისუფლდებით გონების ფარაონისგან. "ნუ ეკიცხევ თავსა შენსა ძმანო, რამეთუ ვერ განერე უხილავისა მის ფარაოსაგან ვერცა იხილო ზეცისა იგი ზადიკობა. უკეთუ არა უფორავი (უფუარი პური [ე.დ.]) და ველს-ურდელი (მწარე ბალახი) [ე.დ.]). სჭამო ამას სოფელსა შინა ყოველთა დღეთა შენთა. ველს-ურდელი - არს სიმწარე იგი და შრომა და ტკივილი მარხვისა; ხოლო უფორავი გონება მდაბალი, რომელი არა სადა მიიღებს საფუარსა მას ზვაობისასა".

       აუცილებელია ეკლესიის მიერ დაწესებული მარხვების დაცვა და მოღვაწეობა იმისთვის, რომ სხეულის ყველა მოთხოვნილება არ დავაკმაყოფილოთ. მარხვის გარდა განკურნების სხვა საშუალებაც არსებობს; ეს არის მღვიძარება. მღვიძარება ასკეტური ღვაწლის შემადგენელი ქმედებაა და განწმენდს ადამიანს ვნებისგან. თვით უფალმა გვასწავლა ღამით ლოცვა, როცა ის მთაზე ღამეებს ლოცვით ატარებდა: "და ვითარცა განუტევა ერი იგი, ლოცვად თჳსაგან, და შერაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ" (მათ. 14. 23).

       წმინდა მამებმა თავიანთი ცხოვრებით დაადასტურეს ლოცვის მადლიანი ზემოქმედება. წმ. ისაკი "ასკეტურ სიტყვებში" წერს: "მონაზონი გონიერი ლოცვით თუ მღვიძარებს, ნუ შეხედავ მას, როგორც ხორციელ არსებას, რადგან ამგვარად ანგელოზი მოქმედებს. სული, რომელიც ღამით ლოცულობს "ქერობინის თვალებს შეისხამს, რათა ზეცისკენ მიმართოს მზერა".

       იოანე სინელი ჩვეული სიზუსტით აღწერს მღვიძარე და მლოცველ მონაზონს და ღამისთევის ლოცვისგან მიღებულ სარგებელს; "თვალმან მღვიძარემან განწმიდა გონება, ხოლო სიმრავლემან ძილისამან განაფიცხა გული და დააბნელა სული. მონაზონი მღვიძარე მტერი არს სიძვისა, ხოლო ძილი მეგობარი არს მისი. მღვიძარება შემუსრვა არს გულფუცხელობისა და განთავისუფლება არს სიზმართგან, მომხდული არს ტირილისა, და დამმდაბლებელი არს გულისა, მცველი არს გულის-სიტყვათა, და მომადნობელი არს ჭამადთა, მტანჯველი ეშმაკთა, აღვირი ენისა და მაოტებელი ოცნებათა. მონაზონი მღვიძარე მონადირე არს გულის სიტყვათა და ადვილად შეუძლოს მყუდროებასა შინა ღამისასა, ხედვად და შეპყრობად მათდა". მღვიძარებასთან ერთად არსებობს ლოცვა. იგი საუკეთესო საშუალებაა სულის განსაკურნებლად. რადგან ლოცვით მადლი ივანებს ადამიანის სულში. გონებით ლოცვის შესახებ ვისაუბრებთ თავში "მდუმარება კურნების მეთოდი". გონებით ლოცვა მიგვაჩნია ადამიანის გადარჩენის უმთავრეს საშუალებად. სულის ვნებათაგან გასათავისუფლებლად სხვა გზებიც არსებობს. მათზე ვიმსჯელებთ ქვემოთ თავში "მართლმადიდებლური სწავლება ვნებების შესახებ". არსებობს ისეთი მოსაზრება, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი "გულის თვალს" რომ კურნავენ. (გამოცხ. 3. 18) მხოლოდ მონაზვნის სულის კურნებას შეეხება. ეს მცდარი აზრია. ჩვენ ყველანი, ვინც მონასტერში არ ვცხოვრობთ, უნდა ვიცავდეთ უფლის მცნებებს. ლოცვა, სინანული, ცრემლი, მღვიძარება, მარხვა და ა.შ. ქრისტესგან მოგვენიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს. უფალს არ უთქვამს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანს არ შეუძლია. გრიგოლ პალამა გულის სიწმინდეზე საუბრისას, ამბობს, რომ "დაქორწინებულმაც შეიძლება მიაღწიოს ამგვარ სიწმინდეს, ოღონდ უფრო მეტი ღვაწლით". უდავოდ, ყველა ადამიანს შეუძლია სახარებისეული წესით იცხოვროს. მარტო ეპისკოპოსისა და საღმრთო ლიტურგიის არსებობა ადასტურებს, რომ ხსნა შესაძლებელია. ეკლესია რისთვის არსებობს? მაშასადამე, ყველა ადამიანს შეუძლია იცხოვროს ქრისტეს მცნებებით. წმინდა მამათა ქმნილებებში მოყვანილია ამგვარი შემთხვევები. თავად განკურნებულმა მამებმა მიიღეს მადლი და ურჩევდნენ სხვებს, რა გზას უნდა დადგომოდნენ, უფრო ზუსტად, ურჩევდნენ მართლმადიდებლური სწავლების გზას. ამ თვალსაზრისით სანიმუშოა იოანე სინელის თხზულება. წმინდა მამა ამბობს, რომ მას უნახავს უგნური, უვიცი ექიმი, რომელმაც უჯერო ლაპარაკით ერთი მორჩილი სნეული სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. ამავე დროს უნახავს სულის მკურნალი მღვდელი, რომელმაც "გაკვეთა ამპარტავანი გული და დაცალა სიმყრალისგან". წმ. იოანე წერს აგრეთვე, რომ "სნეული გულის სიბილწისგან განსაკურნებლად სვამდა "მორჩილების" წამალს და სხვა დროს კი "თვალნი სულისა მისისანი მოუძლურდეს, და დაყუდებულ იყო და არა ზრახვიდა".

       წმინდა მამა განაგრძობს: "მრავალგზის ერთისა განმკურნებელი წამალი, მეორისა მომაკვდინებელ იქმნების, და მრავალგზის თვით იგივე წამალი მარგებელ იქმნის კაცისა, რაჟამს ჟამსა თვისსა მიიღის, და კვალად არა ჟამსა თვისსა მიღებული მომაკვდინებელი ექმნის მასვე".

       აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საჭიროა არსებობდეს გონიერი მართლმადიდებელი მკურნალი (ექიმი - სულიერი მოძღვარი), ვინც გაარჩევს "წამალს" და შესაბამისად წარმართავს სულის მკურნალობას. მოვიყვანთ პატერიკებიდან წმინდა მამათა გამონათქვამებს, რომლებიც ნათელყოფენ, რომ სხვადასხვაგვარი მოღვაწეობა არსებობს და ყოველ მათგანს ფართო შესაძლებლობა აქვს.

       წმ. ანტონს ჰკითხეს: "როგორ უნდა ვიცხოვრო, რომ ღვთისთვის სათნო იყოს?" წმინდა მამამ უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, უფალი გყავდეს თვალწინ, რასაც არ უნდა აკეთებდე, საღმრთო წერილს დააფუძნე შენი ქმედება, და რა ადგილასაც არ უნდა იყო, ნუ წამოხვალ სწრაფად. დაიცავი ეს სამი პირობა და გადარჩები".

       ერთმა ბერმა ჰკითხა ამბა ნისთორს: "რომელი კეთილი საქმე შემიძლია გავაკეთო?" ბერმა მიუგო: "განა ყველა საქმე ერთნაირი არ არის? წმინდა წერილი ამბობს, რომ აბრაამი სტუმართმოყვარე იყო, და უფალი მასთან მივიდა, ილია წინასწარმეტყველს განმარტოება უყვარდა და უფალი მასთანაც იყო; დავით წინასწარმეტყველი თავმდაბალი იყო და მასთანაც იყო უფალი. რასაც გთხოვს სული, ის გააკეთე, ოღონდ ღვთისათვის სათნო და ის დაიცავი".

       იოსებ თებელი ამბობს: სამი რამ არის უფლის წინაშე პატიოსანი. პირველი: თუ ადამიანი სნეულია და თავის უძლურებას ღვთისადმი მადლიერებით იღებს, მეორე: თუ საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებს, მესამე: ემორჩილება სულიერ მოძღვარს და თავის სურვილებს უარყოფს. ეს უკანასკნელი გვირგვინს იმსახურებს. მე კი, აგრძელებს წმინდა მამა, - ავირჩიე სნეულება". 

       ამბა პიმენმა თქვა, რომ თუ ერთ ადგილას სამი ადამიანი იმყოფება, რომელთაგან ერთი მდუმარებს, მეორე სნეულია, მადლობს უფალს და მესამე ემსახურება სუფთა სინდისით და აზრებით. შეიძლება ითქვას, რომ სამივე ერთსა და იმავე საქმეს აკეთებს"67. ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ ყველა ადამიანის ღვაწლი ერთნაირია, მისი განხორციელების გზებია განსხვავებული. ყველამ უნდა დაიცვას ღვთის სიტყვა, ღვთის მცნებები, შეინარჩუნოს წმინდა გული ყველგან, სადაც არ უნდა იღვწოდეს. ამის განხორციელება კი სხვადასხვაგვარად შეიძლება და არჩევანი სულიერ მოძღვარს ეკუთვნის. მკითხველმა შეიძლება ნაკლად ჩამითვალოს ის, რომ არაფერს ვამბობ წმინდა ზიარების როლზე განკურნებაში. უფლის სისხლთან და ხორცთან ზიარება, საღმრთო ევქარისტთა უმთავრესია. იესო ქრისტემ ამომწურავად და მოკლედ გვითხრა: "უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა"(იო. 6. 53).

       ზიარებისთვის ადამიანი უნდა მოემზადოს. თუკი მას წინ არ უძღვის განკურნების ის პროცესი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, საღმრთო ზიარება უფლის სისხლთან და ხორცთან, სასჯელად გადაექცევა. ეკლესიოლოგია და ესქატოლოგია კურნების გარეშე ჩვენთვის წარმოუდგენელია.

       ამრიგად, ჩვენ კი არ ვამცრობთ საღმრთო ევქარისტიის მნიშვნელობას, არამედ ღვაწლისა და კურნების ღირსებას გამოვარჩევთ ზიარებამდე მისასვლელ გზებზე. ჩვენი მსჯელობის მიზანი სწორი მიმართულების ჩვენებაა, იმ მიმართულებისა, რომელიც წმინდა ტრაპეზთან მთავრდება და წმინდა ზიარება ხდება სინათლე და სიცოცხლე ადამიანისათვის.

       ვფიქრობთ, ზემოთ მოყვანილი მაგალითები ადასტურებენ, რომ ქრისტიანობა განმკურნებელი მეცნიერებაა. ის კურნავს სნეულ ადამიანს, სნეულება კი ეხება გონებას. ეკლესია თავისი სწავლებით, ღვთისმსახურებით, ასკეზით, საიდუმლოებებით, ათავისუფლებს გონებას და აქცევს მას სული წმინდის ტაძრად. ეს კურნება, რომელიც გამოიცადა წმინდა მამების ღვაწლით, არის ერთადერთი უფლისკენ მიმავალი გზა. სულიერი მემკვიდრეობის დავიწყებამ გამოიწვია ჭეშმარიტ მკურნალთა და მკურნალობის მეთოდების შემცირება. მართლმადიდებლური მემკვიდრეობის დაბრუნება და აღორძინება ნიშნავს განკურნების გზებისა და მკურნალთა კვლავ გამოჩენას.

ამოსაბეჭდი ვერსია •

 

← სარჩევი

ტეგები: Hierotheos, Metropolitan, Orthodox, Psychotherapy, Qwelly, Vlachos, არქიმანდრიტი, განმარტება, ვლახოსი, იეროთეოსი, მეტი...იოანე, მართლმადიდებლობა, მიტროპოლიტი, ოქროპირი, ფსიქოთერაპია, ქრისტიანობა

ნახვა: 1068

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters