მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი - მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია

თავი მეორე

"მადლის განახლება"

       ჩვენ წარმოვაჩინეთ, რომ მღვდლობა - უდიდესი მადლია, რაც ეძლევა იმას, ვინც ვნებათაგან იკურნება და მკურნალის ადგილს იკავებს სხვა ადამიანთა ვნებების განსაკურნებლად.

       მკურნალ-ექიმს მუდმივად სჭირდება ცოდნის გაღრმავება და განახლება. სხვაგვარად მკურნალობის ახალ მეთოდებს ვერ გამოიყენებს. გარკვეული თვალსაზრისით იგივე ეხება მღვდელსაც. იგი ვერ შეძლებს მღვდლობის მადლის შენარჩუნებას მუდმივი სიფხიზლისა და ღვაწლის გარეშე, მღვდელი ქრისტესმიერ მადლს ატარებს და მას წაბილწვისგან უნდა იცავდეს. ეს არის სწორედ მღვდლობის სიღრმისეული არსი.

       არსებობენ ისეთი მღვდლები, რომლებიც თავად არ განწმენდილან, მიუხედავად ამისა მსახურობენ და საღმრთო ლიტურგიას ასრულებენ ღვთის მადლის თანამოქმედებით. გარეგნულად მათი მღვდლობა შეუბღალავია, რადგან ეკლესიას ისინი არ განუსჯია. ასეთი მღვდლობა უძლურია, რადგან მას ხელდასხმული თავისი ცხოვრებით ბილწავს. ნიკოლოზ კაბასილასი ამბობს: "მათ შეუძლიათ წმინდა ძღვენი აკურთხონ, მაგრამ თავად ვერ იკურთხებიან სიწმინდისაგან".

       რა არის მიზეზი ასეთი სამღვდელოების უძლურებისა? უპირველესი მიზეზი ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ კურნება. საიდუმლოს შესრულება ღვთის მადლით არის მონიჭებული, რაც მღვდელს ხელდასხმისას ეძლევა. ადამიანთა უძლურების კურნების უნარი ისეთ ადამიანს ეძლევა, ვინც ნათლობის მადლი ღირსეულად შეინარჩუნა. ეს სამეუფო მადლია. აი, რატომ არ შეუძლია ყველა მღვდელს განკურნოს ადამიანთა ვნებები, მან ხომ არ იცის კურნების მეთოდები. მას წარმოდგენა არა აქვს რა არის გული და გონება. როგორ შეიძლება იყოს გონება დატყვევებული და გული მკვდარი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამის ცოდნა მონაზონთა საქმეა. აქედან გამომდინარე, წმინდა მამების ქრისტესმიერ სწავლებებში განარჩევენ მონაზვნურ და საერო ცოდნას. ამგვარი განსხვავება მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არსებობს.

       ქვემოთ შევეცდებით მოციქულთა და ეკლესიის მამათა შრომების მიხედვით გადმოვცეთ ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ მღვდელი მღვდლობის მადლის ღირსი უნდა იყოს და მუდმივად განაცხოველებდეს ხელდასხმისას მიღებული მადლის მხურვალებას. სხვაგვარად ვერ შეძლებს ადამიანების სულიერ სნეულებათა განკურნებას.

 

მკურნალ-მღვდელთა ძირითადი თვისებები

       პავლე მოციქული მოუწოდებს თავის მოწაფე ტიმოთეს: "ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი..." (1 ტიმ. 4,14). ეს მიმართვა ჰგავს ზოგადად ქრისტიანებისადმი მოწოდებას: "ხოლო თანა-შეგეწევით და გლოცავთ, რაჲთა არა ამაოდ მადლი იგი ღმრთისაჲ შეიწყნაროთ თქუენ". (2 კორ. 6,1). მოციქულის მტკიცებით: "და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაჲ იყო..." (1 კორ. 15.10). პავლე ეუბნება ტიმოთეს: "რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელითა ჩემთაჲთა" (2 ტიმ. 1,6). პავლე მოციქული ეპისტოლეებში ხშირად ეხება ამ საკითხს. ეპისკოპოსი და ზოგადად, მღვდელმსახური საკუთარ სულში მღვდლობის მადლის შესანარჩუნებლად უნდა იბრძოდეს, ღირსეულად რომ ემსახუროს უფალს და ადამიანებს და დაიცვას მიღებული საუნჯე.

       აღნიშნულ თემაზე ბევრგან მსჯელობს მოციქული. მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას: "იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა" (1 ტიმ. 4,7). "კეთილი მსახურ ქრისტეს იესუჲსა და იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილთა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდეგ" (1 ტიმ. 4,6). "სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულთა, სულთა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა" (1 ტიმ. 4,12). მოციქული სთხოვს ტიმოთეს: "დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ, ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა (1 ტიმ. 6,14) და მას ტრადიციის დაცვას ურჩევს: "დაიმარხე სულითა წმიდითა, რომელმან დაიმკჳდრა ჩუენ თანა" (2 ტიმ. 1,14).

       ტრადიციის დაცვა ტიმოთეს სულში დავანებული სული წმიდით უნდა განხორციელდეს. მოციქული მოითხოვს მისგან სიფხიზლეს, ყურადღებას, დაუღალავ ზრუნვას მადლისთვის, რათა უფლის მოწოდებას უპასუხოს. "ხოლო შენ ფრთხილ იყავ ყოველსა შინა ძჳრსა იხილევდ, საქმე ქმენ მახარებელისაჲ, მსახურებაჲ შენი კეთილად აღასრულე" (2 ტიმ. 4.5).

       მამათა სწავლებაში ჩამოთვლილია ყველა ღირსება, რითაც უნდა იყოს შემკული მღვდელმსახური თავის მაღალი მოვალეობის შესასრულებლად. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ზოგიერთ ნაწყვეტს. პირველ რიგში მივმართავთ იოანე ოქროპირს და წმინდა თეოგნოსტეს. ამ მამების სწავლება მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას გამოხატავს.

       წმინდა თეოგნოსტეს სიტყვებით მღვდელმსახურისთვის საკმარისი არ არის ადამიანური ცოდნა, იგი შინაგანად ფარულ, საიდუმლო ღვთიურ მადლს უნდა ატარებდეს. "საღმრთო საიდუმლოთა აღსრულებისას ნუ დაკმაყოფილდები მარტო ადამიანური გადმოცემებით, იყოს შენთან ღვთიური მადლი, რომელითაც უმაღლესის ჭვრეტა შეგეძლება". მღვდელმსახური ამ მადლს "თვალის ჩინივით" უნდა უფრთხილდებოდეს და ატაროს იგი უბიწოდ", ასე რომ, მღვდელმსახურს სჭირდება მღვიძარება, რაც დიდი ძალისხმევით მიიღწევა. საღმრთო ლიტურგია უნდა შესრულდეს "ფხიზლად და განცდითა და ტკივილით". იოანე ოქროპირიც იმავეს ამბობს, რომ მღვდლობის მადლის შესანარჩუნებლად სიფხიზლეა საჭირო. "მღვდელმსახური მღვიძარე, ყურადღებიანი, ფრთხილი უნდა იყოს, ყველა მხარეს მიმართოს თვალი". იგი მრავალთვალიან ქერუბიმს უნდა ჰგავდეს, წმინდად რომ ემსახუროს უფალს, ყველა მხრიდან დაიცვას თავი... მუდმივი სიფხიზლით იცხოვროს, დანაკარგი რომ არ განიცადოს". იოანე ოქროპირის სიტყვებით, როგორც ცეცხლს სჭირდება შეშა ასაგიზგიზებლად, ასევე მადლს მუდმივად არსებობისთვის "ჩვენი სურვილი და მზადყოფნა სჭირდება". ჩვენზეა დამოკიდებული ჩაქრება თუ იცოცხლებს იგი. "ეკლესიის მფარველი მადლი" ქრება "სიზარმაცისა და უმოქმედობისას და იღვიძებს "ყურადღებითა და სიფხიზლით". 

       სიფხიზლე აუცილებელია მღვდლობის მადლის და კურთხევის დასაცავად. წმინდა თეოგნოსტეს სწავლების მიხედვით პატიოსანი მღვდლობა "ანგელოზებრივ წესრიგსა და სიწმინდეს მოითხოვს", მღვდელმსახურის ხარისხის მიღებისას უფრო მეტი სიმტკიცე და სიბრძნეა საჭირო"129. იოანე ოქროპირი წერს, რომ მღვდელმსახური ისეთი წმინდა უნდა იყოს, თითქოს ზეციურ ძალთა შორის იმყოფება". მისი სული მზის სხივივით სპეტაკი უნდა იყოს, არასდროს რომ არ მიატოვოს სულმა წმინდამ".

       სინანული მღვდელმსახურის კიდევ ერთი აუცილებელი თვისებაა, აუცილებელია "ცრემლის ნაკადით" განიწმინდოს და თოვლზე მეტად განსპეტაკდეს მისი სული და ამის შემდეგ შეეხოს "წმინდანივით წმინდა საიდუმლოებებს".

       მღვდელმსახურის სიწმინდე თავისი სინათლით სხვა ქრისტიანებს უნდა ანათებდეს. განიწმინდოს ვნებებისგან, "განსაკუთრებით სიძვისა და გულღრძოობისაგან, რაზეც მსუბუქადაც არ უნდა გაიფიქროს". ბევრი წმინდა მამა თვლის, რომ ამ ორი ცოდვისგან (სიძვა და გულღრძოობა) შორს უნდა იდგეს მღვდელმსახური. სხვაგვარად ღვთიური მადლი მაკურნებელი არ იქნება სულიერი სამწყსოსთვის. მღვდელმსახურმა მსხვერპლად თავისი ვნება და ხორციელი სურვილები უნდა მიიტანოს. ამბა დოროთეს სიტყვებით "მღვდლობა არის ყველაფრის ღმერთის სამსხვერპლოზე დადება, ბატკნის, მოზვერის თუ სხვა რამის". მღვდელმსახური მთლიანად უნდა მიეძღვნას უფალს. სახარებაში გადმოცემულია ქრისტიანის სვლა უფალთან ურთიერთობის მისაღწევად. ეს, პირველ ყოვლისა, ეხება უფლის მსახურს, ე.ი. მღვდელს და ეკლესიის ასკეტიკას, რასაც ჩვენი ნაშრომი ეძღვნება. სახარების ამ შინაარსს კარგად უნდა აცნობიერებდეს (იცოდეს) მღვდელმსახური. "ცოდნაში" თეორიულ ცოდნას არ ვგულისხმობთ, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ. ყოველივე გულიდან გამომავალი ქრისტიანის დამხმარეა. მღვდელმსახური მსხვერპლად სწირავს თავის სისხლს სხვის გამოსაკვებად, საკუთარ თავს აქუცმაცებს და ხალხს ასაზრდოებს.

       სიფხიზლესთან, განწმენდასთან, სინანულთან ერთად მღვდელმსახური სული წმინდის ყველა მადლით და სათნოებით უნდა იყოს აღვსილი. უმთავრესი სათნოება მოთმინებაა, რასაც ისააკ ასური ღვთიურ შესამოსელს უწოდებს, რადგან ქრისტემ ადამიანის გამოსახსნელად "დაიმდაბლა თავი თჳსი" (ფილ. 1.8.). - ამბობს პავლე მოციქული. მღვდელმსახურის მიერ აღსრულებული ლიტურგია გვიჩვენებს ქრისტეს სიმდაბლეს. ევქარისტიით წმინდა სიმდაბლის თანაზიარნი ვხდებით და მსხვერპლის გაღების უნარს ვიძენთ. ლიტურგიას ვასრულებთ არა მარტო ღვინისა და პურის სისხლად და ხორცად გარდაქცევისთვის, არამედ ქრისტესთან ზიარებისთვის. ეს არის დამდაბლება, ჩვენ ვესწრაფვით, ვიტვირთოთ საღმრთო ევქარისტია, რაც თვით დამდაბლებას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით წმინდა თეოგნოსტე მოგვიწოდებს: ჳდაიმდაბლე თავი, სამსხვერპლო კრავის მსგავსად და სხვა ყველა ჭეშმარიტად შენზე აღმატებულად მიიჩნიე. წმინდა თეოგნოსტეს ეკუთვნის სიტყვები: "მიიჩნიე თავი მიწად, ფერფლად და მტვრად და იტირე მუდმივად". მღვდელმსახურება უნდა შესრულდეს "შიშით და კანკალით" და ამგვარად მართლად ვლინდება ჭეშმარიტება". 

       წმინდა მამებმა რეალობაც იციან. ისინი აღნიშნავენ, რომ ბევრი უღირსი მღვდელმსახური არსებობს და მიუხედავად შესაფერისი თვისებებისა, ასრულებს საეკლესიო საიდუმლოებებს. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მღვდლობა არ ფარავს ადამიანის უღირსობას, პირიქით ააშკარავებს მას. როგორც "ცეცხლში იწრთობა ლითონის ნივთები, ასე გამოსცდის სამღვდელოება ადამიანთა სულებს, გამოავლენს ვინ არის მრისხანე, სულმოკლე, პატივმოყვარე, ამაყი და სხვა. სწრაფად გამოააშკარავებს ყველა სისუსტეს და უფრო მძიმედ წარმოადგენს მათ". იოანე სინელი ამბობს: "ვიხილენ მოხუცებულნი მღვდელნი, რომელთა ეკიცხვიდეს ეშმაკნი".

       წმინდა მამები მოურიდებლად, მთელი სიმკაცრით წარმოაჩენენ რა დაემართებათ უღირს მღვდლებს. მათ, ვინც ეს ტვირთი შესაბამისი მომზადებისა და ცხოვრების წესის გარეშე იტვირთეს. წერენ იმიტომ, რომ არ აცდუნონ სხვათა სულები განკურნების ნაცვლად. ისიდორე პელუსიელი ამბობს "ნუ მივცემთ ღვთიურს განსაკიცხად". იოანე ოქროპირი წერს, რომ თვით მღვდლობის პატივი გახდება ჩვენი განმსჯელი თუკი მღვდელმსახურებას არასწორად წარვმართავთ".

       წმინდა თეოგნოსტის შრომების მიხედვით, გამოუსწორებელი მღვდელი, თუ თავისი ნებით არ შეწყვეტს მღვდელმსახურებას, "ღმერთის ხელში მოხვდება, ის კი კაცთმოყვარეობით არ შეიწყნარებს მას". წმინდა მამა მიუთითებს გადმოცემაზე, რომლის თანახმადაც "უღირსი მღვდლები მოულოდნელი სიკვდილით პირდაპირ მსაჯულის ხელში ხვდებიან". წმინდა მამას ორი ამგვარი მღვდელმსახურის მაგალითი მოჰყავს; ერთი გარეგნულად თითქოს ღირსეული, მაგრამ შინაგანად სიამოვნების მოყვარე და ბინძური", ქერუბიმთა გალობის დროს კითხულობდა ლოცვას "არავინ არს ღირს" და მოულოდნელად გარდაიცვალა". მეორე მღვდელმა მეძავთან შესცოდა და უკურნებელი სენით დაავადდა", მძიმედ დასნეულებულმა შეინანა და აღთქმა დადო, რომ მღვდელმსახურებას აღარ შეასრულებდა. ამის შემდეგ განიკურნა ისე, რომ სნეულების ნიშანიც კი არ დარჩა.

       ასეთი ვრცელი მსჯელობა მღვდლობის შესახებ დაგვჭირდა იმიტომ, რომ გვეჩვენებინა ერის სამსახურისთვის მისი მნიშვნელობა. ეპისკოპოსს და მღვდელს აქვს მინიჭებული ასეთი დიდი პატივი - ერის სამსახური. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, არის თერაპია. ეკლესია ადამიანთა სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად არ არსებობს, არამედ მათი ხსნისათვის, სულის განკურნებისთვის. ამგვარი სამსახური ადამიანისგან ბევრ ღირსებას მოითხოვს. მღვდელმსახურზე უნდა გადმოვიდეს ღვთიური მადლი, იგი ეკლესიის საიდუმლოთა აღსრულებისას თავადაც უნდა განათლდეს და ეს სინათლე სხვებსაც გადასცეს. ეს უმაღლესი ღვაწლია, ამიტომ ამბობს იოანე ოქროპირი: "ვფიქრობთ, რომ მღვდელმსახურთა შორის ცხონებულნი მცირედნი არიან, უმრავლესობა წარწყმდება. მიზეზი ამისა კი ის არის, რომ ეს საქმე სულის სიმაღლეს ითხოვს.

 

სულიერი მღვდლობა

       ზემოთ ვისაუბრეთ მღვდელმსახურის ორგვარ ღვაწლზე. იგი ასრულებს ეკლესიის საიდუმლოებებს და კურნავს მორწმუნე სულებს იმისთვის, რომ ეზიარონ უფლის სისხლსა და ხორცს. აღვნიშნეთ ისიც, რომ ზოგიერთი მღვდელმსახურის მღვდლობა გარეგნულად ღირსეულად გამოიყურება, საქმით კი შებილწულია, რადგან არ შეუძლია განკურნება. ასეთი მღვდელმსახური ასრულებს ლიტურგიას, აკურთხებს წმინდა ძღვენს, მაგრამ არც საკუთარი სულის ხსნა შეუძლია და არც სხვათა სულების კურნება. არსებობენ ერისკაცები და მონაზვნები, რომელთაც ხელდასხმა არ მიუღიათ, მაგრამ სულიერად მღვდლები არიან, რის გამოც შეუძლიათ ადამიანთა განკურნება. სწორედ ამ ფაქტზე შევაჩერებთ ყურადღებას. ჩვენ, ქრისტიანები, ვინც ვესწრაფვით ქრისტეს მცნებათა დაცვას, ქრისტეს შევიმოსავთ ნათლობით და ასე ვხდებით მისი მეუფების, წინასწარმეტყველთა და მღვდელმთავართა თანაზიარნი.

       ამგვარი სწავლება ახალი აღთქმის წიგნებში ჩანს. იოანე ღმრთისმეტყველი წერს: "რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლთა თჳსითა და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამის თჳსისა" (გამოცხ. 1. 5-6). პეტრე მოციქული ამბობს: "თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული (1 პეტრ. 2,9). პავლე მოციქული მიმართავს ქრისტიანებს: "გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელ ეგე მსახურებით თქუენი" (რომ. 12,1). 

       მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, რომ თითოეული ადამიანი ქრისტეს მღვდელია იმ თვალსაზრისით, რაზეც ვიმსჯელეთ და შემდგომაც გავაგრძელებთ. ეს მოსაზრება გვხვდება წმინდა მამების შრომებშიც. იოანე ოქროპირი ბიბლიურ აბრაამს მღვდელმსახურს უწოდებს: იქ, სადაც არის ცეცხლი, სამსხვერპლო და დანა "რატომ უნდა დავეჭვდეთ მღვდლობის არსებობაზე?" აბრაამისეული მსხვერპლშეწირვა ორმაგი იყო. მან შეწირა თავისი მხოლოდშობილი ძეც და კრავიც. "უფრო სწორად, მსხვერპლად შეწირა მთელი თავისი გონება ყველასთვის". კრავის სისხლით მან მარჯვენა განიწმინდა, ყრმის შეწირვით, (რომლის აღსასრულებლად მზად იყო) განიწმინდა სული. "ამგვარად, იგი ხელდასხმული იქნა მღვდლად მხოლოდშობილი ყრმის სისხლით, კრავის შეწირვით. ამასთანავე იოანე ოქროპირი მოუწოდებს მსმენელებს: "და ასევე შენც გახდი მეუფე, და მღვდელი, წინასწარმეტყველი საბანელში, მეუფე - ყველა ცბიერი საქმის და ცოდვების დათრგუნვით; მღვდელი - ღმერთისათვის თავის მიძღვნით, ხორცის დათრგუნვით და თავშეწირვით". წმინდა სამების სახელით მონათლული და სამპიროვანი ერთარსება ღმერთის ნებას დამორჩილებული ყველა მორწმუნე არის მღვდელმსახური, სულიერი მღვდელი. ტერმინი "სულიერი მღვდლობა" ჩვენთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ("საყოველთაო", "საერო" მღვდლობა), რადგან "სულიერი მღვდლობა" შეიძლება მიიღოს სასულიერო პირმაც და ერისკაცმაც, მაგრამ არა ყველა მონათლულმა, მხოლოდ იმათ, ვინც უფლის ტაძარი გახდა.

       სულიერი მღვდლობა შეუძლია გონებით უწყვეტად მლოცველ ადამიანს, უფრო სწორად იმას, ვინც მადლის იმ სიმაღლეს მიაღწია, როცა ძალმოსილია მთელი სამყაროსთვის ილოცოს. ამას სულიერი მღვდელმსახურება ეწოდება, და ყველასთვის აღესრულება. ამგვარი ადამიანების (თავშეწირვით სხვებისთვის რომ ლოცულობენ) ლოცვაზეა დამყარებული სამყარო და მათით იკურნებიან სულები. ლოცვით ხდებიან ისინი ექსორცისტები და განაგდებენ ადამიანთა შორის გამეფებულ ეშმაკს. ეს რჩეულთა ღვაწლია, მათი, ვინც მთელი დედამიწისთვის ლოცულობს.

       წმინდა გრიგოლ სინელი სულიერ სამღვდელოებაზე ამბობს, რომ მისი არსებობა თავად ხელდასხმული სამღვდელოებისათვისაა აუცილებელი. ნაშრომის წინა ნაწილში წარმოვაჩინეთ, რომ მღვდელმსახურად ირჩევდნენ ღვთიური მადლის მატარებელ ადამიანებს. გრიგოლ სინელის სიტყვებით გონებითი ლოცვა "საიდუმლო მღვდელმსახურებაა". საინტერესოა წმინდა მამის გამონათქვამი: "გონებით ლოცვას წინ უძღვის განწმენდა ანუ სული წმინდის ქმედება და შემდეგ გონებით საიდუმლო მღვდელმსახურება". ვისაც გონებითი ლოცვის მადლი ეძლევა, ის გრძნობს მადლის ქმედებას, რაც განწმენდილი, განმანათლებელი და საიდუმლოა. ასეთია სულიერი მღვდელმსახურება და სულიერი საღმრთო ლიტურგია. ამ მდგომარეობამდე ამაღლებული ადამიანი არის მღვდელმსახური. ჭეშმარიტი მღვდელმსახურებისას სული წმინდა მართავს გულს და სხვა აზრებისგან ათავისუფლებს, ასეთ გულში ყველაფერი ითქმის და სრულდება სული წმინდის მადლით".

       წმინდა მამის მოყვანილი სიტყვები ცხადყოფენ, რომ სწორედ სულიერი სამღვდელოება გადავა მომავალ საუკუნეში, ზეციურ სასუფეველში. სულიერი სამღვდელოება ერისთვის, მისი სამსახურისთვის არსებობს. ის ზეციურ სასუფეველში განაგრძობს მსახურებას წმინდა ტრაპეზთან. ასეთი სულიერი მადლის მატარებელნი შეადგენენ `ჭეშმარიტ სამღვდელოებას", მათი ღვაწლი ამქვეყნიურ ცხოვრებაში იწყება. ამ სინათლეში შეუძლია შესვლა ყველანაირ ადამიანს, მათ შორის ქალსაც. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ მართლმადიდებლური ტრადიციით ქალის ხელდასხმა არ შეიძლება. ქალს შეუძლია "სულიერი მღვდელმთავარი" გახდეს. გრიგოლ სინელი სხვა ადგილას წერს: "ყველა კეთილმორწმუნე მეფე და მღვდელმსახური მადლცხებულია ახალი მადლით, ისევე როგორც უწინ. "არქეტიპის მიხედვით". ძველი აღთქმის მღვდელმსახურები იყვნენ წინასახენი ჩვენი ჭეშმარიტებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი სამღვდელოება და მეფეები არ არიან "ერთსახოვანნი და ერთნაირნი".

       ტყვეობისგან განთავისუფლებული ადამიანური გონება სული წმინდის მადლის მიღებით "სულიერი ხდება და მაშინ ადამიანი საიდუმლოდ ასრულებს მღვდელმოქმედებას საკუთარი სულის სამსხვერპლოზე და ეზიარება უფლის კრავს სულიერი ქორწინებით. სულის გონიერ სამსხვერპლოზე სულიერი მღვდელმსახური იგემებს უფლის კრავს და იმავდროულად თავად ემსგავსება მას. ამდენად, როცა ჩვენს სულში გონებითი ლოცვა აღევლინება, სრულდება უწყვეტი საღმრთო ლიტურგია, რაც ჩვენს არსებობას ასაზრდოებს. წმინდა გრიგოლ სინელი წერს: "სულიერი მღვდელმსახურება სულის საკურთხეველზე აღსრულებული გონიერი ქმედებაა. ზიარებაა უფლის კრავთან და უფალთან ქორწინება". გონიერ საკურთხეველზე კრავის შეჭმა ნიშნავს არა მხოლოდ მასთან ზიარებას, არამედ კრავად გარდაქცევას, მის მიმსგავსებას მომავალში."

       წმინდა გრიგოლი აგრძელებს "ზეციური სასუფეველი უფლის შექმნილ კარავს ჰგავს, სასუფეველსაც მოსეს კარვის მსგავსად ორი შესასვლელი ექნება მომავალ საუკუნეში". პირველ კარავში შევლენ "მადლით განათლებულნი", მეორეში კი ისინი, ვინც იმსახურა "ღმრთისმეტყველებაში, როგორც სრულყოფილმა განმანათლებელმა" და მათგან რომელიც არის უპირატესი წმინდა სამებისა და იესოს წინაშე".

       უპირატესობა აქვთ მათ, ვინც ღმრთისმეტყველების მადლი ზემოთ გადმოცემული გზით მოიპოვა. უფლის ჭვრეტით შევიდა ღვთიურ სამყაროში, ისინი არიან უფლის მღვდელმსახურები და წარმოადგენენ ჭეშმარიტ, სულიერ სამღვდელოებას და ძალუძთ უძლურთა განკურნება.

       ნიკიტა სტითატი ამბობს, რომ ნებისმიერი ღვთიურ მადლთან ზიარებული და წმინდა მამათა მიერ ჩამოთვლილი თვისებების მატარებელი მღვდელი, დიაკვანი და მონაზონიც კი ითვლება "ჭეშმარიტ ეპისკოპოსად" მაშინაც კი, თუ ის ხელდასხმული არ არის მღვდელმთავრად. პირიქით, სულიერ ცხოვრებასთან უზიარებელი ითვლება ცრუ მღვდელმსახურად, თუგინდ ხელდასხმის ღირსებით ამაყობდეს და სხვებზე აღმატებულად მიიჩნევდეს თავს".

       კურნების მადლის თაობაზე საყურადღებოა სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის სწავლება. იგი წერს, რომ ცოდვათა მიტევების უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს ჰქონდათ მოციქულთაგან მემკვიდრეობით მიღებული. თუმცა, როცა ისინი (ეპისკოპოსები) ამისთვის შეუფერებელნი გახდნენ, "ეს საშინელი მოვალეობა მღვდლებს გადაეცა, ვინც უბიწო ცხოვრებით ცხოვრობდა და ღვთიური მადლის ტარების ღირსი იყო". როცა სამღვდელოებაც მიეცა ცდუნებას, მაშინ ცოდვათა შენდობის პატივი გადაეცა ღვთის რჩეულთ, ანუ მონაზვნებს. ეპისკოპოსებს და მღვდლებს კი არ ჩამოერთვათ, არამედ ისინი თავად გაუუცხოვდნენ ამ მოვალეობას".

წმინდა მამის სიტყვებით ცოდვათა შესმენისა და მიტევების უფლება "ხელდასხმით" მიეცა სამღვდელოებას, ანუ მიეცა უფლება შესაბამისი "მსახურებისა". ცოდვათა განტევების ძალა კი მიემადლა "იმ მღვდელმთავრებს, მღვდლებს და მონაზვნებს, ვინც თავისი სიწმინდით იყო ქრისტეს მოწაფე". 

სვიმონ ღმრთისმეტყველის ნააზრევი გვიჩვენებს, რომ თუკი ადამიანი სულიერი მღვდელმსახური არ არის, მღვდლობის საიდუმლო მაგიური ძალით ვერ გადასცემს მას ადამიანთა ცოდვების მიტევების უნარს. ღმრთისმეტყველი აღწერს მისი ეპოქის სამღვდელოების საბრალო მდგომარეობას, ნათელს ჰფენს და გამოკვეთს სულიერი სამღვდელოების მნიშვნელობას, გონებითი ლოცვის და უფლის ჭვრეტის სიმაღლეს და სიღრმეს, რაც მის დროში, ისევე როგორც ჩვენს ეპოქაში, უგულვებელყოფილი იყო. სულიერი სამღვდელოების თემა მისთვის ახლობელი გახდა საკუთარი ცხოვრების მაგალითით. მისი მოძღვარი არ იყო ხელდასხმული, მაგრამ ჰქონდა სული წმინდის მადლი ცოდვათა მისატევებლად. ეს მადლი ღმრთისმეტყველის სიტყვებით ეძლევა "უფლისგან მის ნამდვილ შვილებს და წმინდა მორჩილებს. მე თავად ვსწავლობდი ასეთ მამასთან, ვინც ადამიანთაგან ხელდასხმული არ იყო და ამომარჩია მოწაფედ ღვთის ხელით, სული წმინდის მადლით... მან მიიღო მადლი უფლისგან, სული წმინდის ცეცხლით აენთო და მისგანვე მიემადლა ცოდვათა მიტევების უნარი". ცოდვათა მიტევებაში ვგულისხმობთ ვნებათაგან განკურნებას. "მადლმოსილი" მონაზვნები გვკურნავენ ხელდასხმის გარეშე. მჭვრეტელი თვალით შეუძლიათ წინ აღუდგნენ ადამიანთა მტანჯველ პრობლემებს, დაუნიშნონ წამალი და თერაპიის კურსი, ჩვენ ვიკურნებით იმისგან, რაც შინაგანად გვაწუხებს. ასეთი მკურნალი, წმინდა ადამიანების არსებობა კაცთა მოდგმის ნუგეშია.

 

 

ამოსაბეჭდი ვერსია იხილეთ მეორე თავის, მესამე ნაწილში

 

← სარჩევი

ტეგები: Hierotheos, Metropolitan, Orthodox, Psychotherapy, Qwelly, Vlachos, არქიმანდრიტი, განმარტება, ვლახოსი, იეროთეოსი, მეტი...იოანე, მართლმადიდებლობა, მიტროპოლიტი, ოქროპირი, ფსიქოთერაპია, ქრისტიანობა

ნახვა: 839

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters