არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი X

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      „ერთის“ მნიშვნელობის შესახებ უკვე ვთქვით ზემოთ, სადაც ამ საკითხზე ვმსჯელობდით. თავისთავადი და არაშემთხვევითი ერთის მნიშვნელობათაგან ძირითადია ოთხი. მისი პირველი მნიშვნელობაა უწყვეტობა არა შეხებით ან რაიმეთი შეკავშირებით, არამედ მარტივად, ან, უმეტესად, მისივე ბუნებით. ამათგან ყველაზე მეტად ერთი და პირველია ის, რასაც დაუშლელი და უმთავრესად, მარტივი მოძრაობა აქვს. შემდეგ ასეთია და უფრო მეტადაც კი, მთელი და რამე ფორმისა და სახის მქონე. განსაკუთრებით კი ის, რომელიც ასეთია არა იძულებით, მაგალითად, წებოთი, თასმებით, ან ლურსმნებით დაკავშირების გამო, არამედ ბუნებრივად, და იმის გამო, რომ თავის თავშივე აქვს უწყვეტობის მიზეზი. ასეთია ადგილისა და დროის მიხედვით ერთი და დაუშლელი მოძრაობა.

      ამრიგად, ცხადია, რომ პირველ ყოვლისა, სიდიდით ერთი ის იქნება, რასაც ბუნებრივად აქვს პირველი საწყისი თავდაპირველი მოძრაობისა, როგორიცაა სივრცეში გადაადგილება წრიული მოძრაობის სახით. ზოგი ასეა ერთი, უწყვეტი და მთელი, ზოგს კი ცნება აქვს ასეთი. ასეთები არიან ისინი, რომელთა შესახებ ერთი აზრი გვაქვს და რომლებიც უწყვეტნი არიან. უწყვეტი კი შეიძლება იყოს ან რიცხვით ან სახით. რიცხვით უწყვეტია თითოეული კონკრეტული საგანი, სახით - შემეცნებისა და ცოდნისათვის დაუშლელი. ამრიგად, სუბსტანციათა ერთიანობის მიზეზი, უპირველესად ყოვლისა, ერთია.

      მაშასადამე, ერთს შემდეგი მნიშვნელობები აქვს: ბუნებით უწყვეტი მთელი, კონკრეტული საგანი და ზოგადი. თითოეული ამათგანი კი ერთია ან მოძრაობით, ან აზროვნებით, ან ცნებით დაუშლელობის გამო. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ამავე გაგებით ვერ ვიმსჯელებთ ერთის თვისებებსა, არსებასა და ცნებაზე, ერთს ზემოაღნიშნული მნიშვნელობა აქვს და თითოეული მათგანი ნიშნავს ერთის რომელიმე ამ სახით არსებობას. ერთის არსება ან რომელიმე ამათგანი, ან სხვა რამე, რომელიც სახელწოდებით უფრო მეტად უახლოვდება ერთს, ხოლო შესალებლობით - ელემენტსა და მიზეზს, თუ საგნების გასაზღვრებისას საჭიროა მათი ცნების დადგენაც, მაგალითად, ცეცხლი არის და არც არის ელემენტი. აგრეთვე ცეცხლი თავისთავად განუსაზღვრელიცაა და სხვა ამდაგვარიც, რადგან ერთი და იგივე არა ცეცხლად და ელემენტად ყოფნა, არამედ როგორც საგანი და ბუნება, ის ელემენტია, მაგრამ სიტყვა „ერთი“ მის შემთხვევით თვისებებს ნიშნავს, რაც ახასიათებს მას, როგორც პირველად არსებულს. იგივე ითქმის მიზეზის, ერთისა და ყველა სხვა ამგვარის შესახებ. ამრიგად, ერთად ყოფნა არის დაუნაწევრებლად ყოფნა, ისევე როგორც კონკრეტულ საგნად ყოფნა, რომელიც დამოუკიდებელია ან ადგილის, ან ფორმის, ან განსჯის თვალსაზრისით, რომელიც დაუნაწევრებელი მთელია და თითოეული გვარისა და უფრო მეტად რაოდენობის საზომია. მისი მნიშვნელობა აქედან სხვა სფეროებზეც ვრცელდება.

      ზომა კი არის ის, რითაც რაოდენობას შევიცნობთ, ხოლო რაოდენობის, როგორც რაოდენობის, შეცნობა შეიძლება ერთით და რიცხვით, ყოველგვარ რიცხვსაც ერთით შევიცნობთ და ის პირველი საზომი, რომლითაც რაოდენობა შეიცნობა, არის ერთი. მაშასადამე, რიცხვის, როგორც რიცხვის, საწყისია ერთი. ამიტომ სხვაგანაც საზომია ის, რასაც პირველად შევიცნობთ. ამრიგად, ყველაფრის, როგორც სიგრძის, ისე სიგანის, სიღრმის, სიმძიმის და სისწრაფის საზომი არის ერთი. სიმძიმე და სისწრაფე დაპირისპირებულ მოვლენებსაც საერთო აქვს. მაგალითად, მძიმე ეწოდება, როგორც ნებისმიერი სიმძიმის მქონე საგანს, ისე დიდი სიმძიმის მქონეს. ასევე სწრაფია, როგორც ნებისმიერად, ისე უაღრესად სწრაფად მოძრავი საგანი. რადგან როგორც სისწრაფე აქვს ნელ საგანს, ისე სიმძიმე - მსუბუქს. ყველა ამათი საზომი და საწყისი არის რაღაც ერთი და დაუნაწევრებელი. ასევე ხაზებში ვსარგებლობთ ფუტით[1], როგორც განუყოფელით. ამრიგად, ყველგან საზომად აღებულია რაღაც ერთი და დაუნაწევრებელი, რაც მარტივია ან თვისებით, ან რაოდენობით და რომელსაც, როგორც ჩანს, ვერც გამოვაკლებთ რაიმეს და ვერც მივუმატებთ. ისაა ზუსტი საზომი. საზომთა შორის ყველაზე ზუსტია რიცხვი. საერთოდ, ყველგან საზომად გამოყენებულია ყოველმხრივ დაუნაწევრებელი ერთი, რომელიც სხვა სფეროებშიაც ნიმუშადაა აღებული. სტადიიდან[2] და ტალანტიდან[3] და საერთოდ, მსხვილი ერთეულებიდან და მოზრიდილი სიდიდეებიდან უფრო ადვილად და შეუმჩნევლად შეიძლება მიმატებაც და გამოკლებაც ვიდრე მცირედან. ამიტომ იმას, რომლის მიმართ შეგრძნებით შეუძლებელია ამის გაკეთება[4], ყველანი თვლიან როგორც სისველის, ისე სიმშრალის, სიმძიმის და სიდიდის საზომად. ჩვენ კი ჩვენ თავს მაშინ ვთვლით რაოდენობის მცოდნენ, როდესაც ამ საზომით შევიცნობთ მას. მოძრაობასაც მარტივი და უსწრაფესი მოძრაობით შევიცნობთ. იმას ხომ უმცირესი დრო სჭირდება. ამიტომაც ასტრონომიაში ასევე ერთია საწყისი და საზომი. რადგან საზომად ვიღებთ ცის თანაბარ და უსწრაფეს მოძრაობას, რომლის მიხედვით ვმსჯელობთ ყოველივე სხვაზე. ასევე მუსიკაში უმცირესი ინტერვალია დიეზი[5], ენაში საწყისი ბგერა. ამგვარად, ყოველივე ეს რაღაც ერთია, მაგრამ არა რაღაც ზოგადის მნიშვნელობით, არამედ როგორც ზემოთა ვთქვით[6]. მაგრამ საზომი ყოველთვის არაა რიცხვით ერთი, არამედ ზოგჯერ მეტია, როგორც დიეზისათვის ასეთია ორი არა სმენის, არამედ ცნების მიხედვით და ამიტომ ბგერებშიც საზომი ერთზე მეტია. კვადრატის დიაგონალი გვერდები და ყოველგვარი სიდიდე, საერთოდ, ორით იზომება. მაგრამ ყოველივეს საზომი მაინც ერთია, საიდანაც შევიცნობთ, თუ რისგან შედგება არსება, იქნება ეს რაოდენობრივი, თუ სახეობრივი თვალსაზრისით. ერთი დაუყოფელია, რადგან პირველი ყველგან დაუყოფელია. მაგრამ ყოველივე ერთნაირად არაა დაუყოფელი. მაგალითად, ფუტი და ერთი, არამედ ერთი მთლიანად დაუყოფელია, მეორე კი - შეგრძნებებისათვის, როგორც უკვე ვთქვით. ასევეა დაყოფადი ყოველი უწყვეტი.

      საზომი ყოველთვის იმავე გვარისაა, რომლის საზომიც ისაა. სიდიდეებისათვის ის სიდიდეა, სიგრძეებისთვის - სიგრძე, სიბრტეებისთვის - სიბრტყე, ბგერისათვის - ბგერა, სიმძიმეებისათვის - სიმძიმე, ერთეულებისათვის - ერთი. ეს ასე უნდა გავიგოთ და არა ისე, რომ რიცხვი რიცხვების საზომად გამოვაცხადოთ. ასე უნდა მოვქცეულიყავით იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური მდგომარეობა იქნებოდა. მაგრამ აქ ანალოგიური მდგომარეობა კი არაა, არამედ ისეთი რომ ერთეულების საზომად თვლიდნენ ერთეულებს და არა ერთს. რიცხვი კი ერთეულების სიმრავლეა. ცოდნას და შეგრნებასაც საგნების საზომად იმიტომ ვთვლით, რომ მათი საშუალებით რაღაცას შევიცნობთ, თუმცა თვითონ მეტად იზომებიან, ვიდრე სხვას ზომავენ. აქ ისეთივე მდგომარეობაა, როგორც ჩვენ სხვისი გაზომვისას გაგვეგო ჩვენი სიმაღლეც, როდესაც ეს საზომი[7] ამდენზე და ამდენზე მოგვწვდა. პროტაგორას აზრით კი, ადამიანია ყველაფრის საზომი, იქნება ეს შემმეცნებელი, თუ შემგრძნები ადამიანი, რადგან ადამიანს ხან შეგრძნება აქვს, ხან კი ცოდნა, რასაც ჩვენ სუბსტანციათა საზომად ვთვლით. მაგრამ, როგორცა ჩანს, ისინი ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ გვეუბნებიან.

      ამრიგად, ერთი, თუ განვსაზღვრავთ მას, ცხადია, არის რაღაც საზომი, უმთავრესად რაოდენობისა, შემდეგ კი თვისობრიობისაც. ცხადია, რომ ის დაუყოფელია, პირველ რიგში, რაოდენობის მიხედვით, შემდეგ თვისობრიობის მიხედვით, ამიტომაც ერთი დაუყოფელია ან საერთოდ, ან რამდენადაც ის ერთია.

თავი 2

      უნდა ვიკვლიოთ თუ რას წარმოადგენს არსება და ბუნება, როგორც ვიკვლევდით წიგნში „პრობლემების შესახებ“ საკითხს იმის შესახებ, თუ რა არის ერთი და რა უნდა დავადგინოთ მის შესახებ. არსებობს თუ არა თავისთავადი ერთი, როგორც რაღაც სუბსტანცია. როგორც ამბობდნენ ჯერ პითაგორელები და შემდეგ პლატონი, თუ მას რაღაც სხვა სუბსტრატი აქვს? როგორ უნდა ვიმსჯელოთ მის შესახებ ბუნებისმეტყველებაზე უფრო გასაგებად, რომელთაგან ერთნი ამტკიცებენ, რო ერთი არის რაღაც მეგობრობაო, მეორენი - ჰაერიო, მესამენი კი ასეთად განუსაზღვრელს აცხადებდნენ. თუ ზოგადი არ შეიძლება იყოს რაიმე სუბსტანცია, როგორ ეს აღვნიშნეთ სუბსტანციისა და არსებულის შესახებ მსჯელობისას, და არც ამ სუბსტანციას შეუძლია იარსებოს, როგორც ერთმა სიმრავლისაგან დამოუკიდებლად, რადგან ის ზოგადია? თუ ეს ზოგადი მხოლოდ კატეგორიაა, არც „ერთი“ უნდა იყოს ასეთი, რადგან „არსებული“ და „ერთი“ ყოველივეზე ზოგადად ითქმის, ასე რომ, თუ გვარები არ არიან რაღაც სხვებისაგან დამოუკიდებელი სუბსტანციები, არც ერთიანი შეიძლება იყოს გვარი იმავე მიზეზების გამო, რომლითაც ასეთი არ შეიძლება იყოს არც არსებული და არც სუბსტანცია. ასეთივე მდგომარეობა უნდა იყოს აუცილებლად ყველა სხვა შემთხვევაშიც. რამდენი მნიშვნელობაც აქვს „არსებულს“, იმდენივე - „ერთს“, ასე რომ, როგორც თვისობრიობას, ასევე რაოდენობას აქვს რაღაც ერთი და ბუნება. ცხადია, რომ საერთოდ, საძიებელია, თუ რა არის ერთი ისევე, როგორც არსებული და არაა საკმარისი თქმა იმისა, რომ მისი[8] ბუნება ასეთივეა. ფერებში ერთი არის ერთი რომელიმე ფერი, მაგალითად, თეთრი, ყოველი სხვა ფერი მისგან და შავი ფერისაგან უნდა იყოს წარმოშობილი. შავი არის თეთრი ფერის დაკლება, როგორც სიბნელე არის სინათლის დაკლება; ასე რომ, თუ ფერები არსებულია, მაშინ არსებული იქნება რაღაც რიცხვი, თუმცა როგორც რაღაცის რიცხვი. ცხადია, რომ ფერებიც და ერთიანიც რაღაც ერთია, როგორც მაგალითად, თეთრი. ასევე, თუ არსებული არის მელოდია, მაშინ ის რაღაც რიცხვი იქნებოდა, ოღონდ დიეზების რიცხვი, თუმცა მისი არსება რიცხვი არ იქნებოდა[9]. მაშინ ერთიც იქნებოდა რაღაც, რომლის არსება იქნებოდა არა ერთი, არამედ დიეზი, ასევე, თუ ბგერებიც, როგორც ელემენტები, რაღაც რიცხვს წარმოადგენენ, მაშინ ერთი ბგერა იქნებოდა და თუ ეს სწორხაზოვანი ფიგურებია და ფიგურების არსება - რიცხვია, მაშინ ერთი სამკუთხედი იქნებოდა. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სხვა გვარებზეც. როგორც განცდებს, ისე თვისებებს, რაოდენობებს და მოძრაობებსაც აქვთ რიცხვი და რაღაც ერთი, მაგრამ ის არაა მათი არსება[10]. ასეთივე მდგომარეობა უნდა იყოს სუბსტანციებშიც, რადგან ეს ასეა ყველგან.

      ცხადია, რომ ერთი ყოველ გვარში რაღაც ბუნებას წარმოადგენს, მაგრამ თვით იგი არაა არაფრის ბუნება. როგორც ფერებში უნდა დავძებნოთ ერთი თავისთავადი ფერი, ასევე სუბსტაციებშიც უნდა ვეძიოთ ეს ერთი. რომ ერთი და არსებული როგორღაც ერთსა და იმავეს გამოხატავს, ცხადია იქიდან, რომ ერთნაირად გამოდგება ყველა კატეგორიისათვის, ისე რომ არ განეკუთვნება არც ერთ მათგანს. ის არაა არც საგანი, არც თვისება, არამედ ისეთივეა როგორც არსებული. და „ერთი ადამიანი“ სხვას არას ნიშნავს „ადამიანის“ გარდა. ისევე როგორც არსება არ არსებობს კონკრეტული საგნის თვისებისაგან ან რაოდენობისაგან დამოუკიდებლად და ნიშნავს იმავეს, რასაც „ერთად ყოფნა“ და „კონკრეტულ საგნად“ ყოფნა.

თავი 3

      ერთი და მრავალი ერთმანეთს მრავალმხრივ უპირისპირდება. ამ დაპირისპირების პირველი სახეა დაუშლელი და დაშლადი, რომელთაგან დასაშლელი და დაშლადი არის რაღაც სიმრავლე, ხოლო დაუშლელი და დასაშლელი კი ერთი. დაპირისპირება ოთხგვარია, სადაც ერთი მხარე მეორის უარყოფაა. წინააღმდეგობა შეიძლება იქაც იყოს, სადაც არაა არც დაპირისპირება და არც მიმართება. წინააღმდეგობებზე მსჯელობის საშუალებით ნათელი გახდება აგრეთვე ერთის მნიშვნელობაც ანუ დაყოფილიდან ნათელი გახდება დაუყოფელი, აგრეთვე ის, თუ რატომაა შეგრძნებადი უფრო მეტად სიმრავლე და დაყოფადი, ვიდრე დაუყოფადი. სიმრავლე თავისი ცნებით დაუყოფელზე წინ დგას შეგრძნების თვალსაზრისით. ერთი, როგორც ეს მოვხაზეთ მსჯელობაში წინააღმდეგობის შესახებ, იგივეობრივია, მსგავსი და ტოლი. სიმრავლე კი სხვაა, განსხვავებული და არატოლი.

      „იგივეობრივსაც“ მრავალი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ მასზე ვლაპარაკობთ რიცხობრივი თვალსაზრსით, ზოგჯერ კი, როგორც რიცხვობრივი, ისე ცნების თვალსაზრისით. მაგალითად, შენ შენს თავთან იგივეობრივი ხარ ფორმითაც და მატერიითაც. ზოგჯერ იმ აზრით, რომ პირველადი სუბსტანციის ცნება ერთია, როგორც ტოლი სიგრძის ხაზები ცნებით იგივე არიან და როგორც ტოლი არიან ტოლფერდა ოთხკუთხედები, რომელთა ტოლობა ერთობაში გადადის.

      „მსგავსება“ გვაქვს მაშინ, თუ საგნებს სახე ერთი აქვთ, მაგრამ, მარტივად ერთნი არ არიან და არც საფუძველში მყოფი მატერიით განუსხვავებელნი. როგორც დიდი ოთხკუთხედი მსგავსია პატარა ოთხკუთხედისა და როგორც მსგავსნი არიან არათანაბარი სწორი ხაზები. პირველნი მსგავსნი არიან უშუალოდ, ესენი კი არაუშუალოდ. ერთი და იმავე სახის ფარგლებში შეიძლება გვქონდეს მეტნაკლებობა ისე, რომ არ გვქონდეს თავისთავად მეტი ან ნაკლები. მაგრამ თუ მოვლენები თვისებებითაც და სახითაც ერთნი არიან, მაგალითად, მეტად თეთრი ან ნაკლებად თეთრი, მაშინ ვამბობთ, რომ ისინი მსგავსნი არიან, ვიდრე განსხავებულნი ან საერთოდ, ან იმ თვისებების მიხედვით, რომელიც ჩვენთვისაა მისაწვდომი, მაგალითად, ვერცხლზე ვმბობთ, რომ თუთიის მსგავსია, რადგან თეთრია, ოქროს კი ვამსგავსებთ ცეცხლს, რადგან მოყვითალო-მოწითალო ფერისაა.

      „სხვა“ და „განსხვავებულსაც“ მრავალი მნიშვნელობა აქვთ. პირველი: „სხვას“ უპირისპირდება „იგივე“ და მოვლენები ან მთლიანად „სხვა“, ან მთლიანად „ერთი და იგივე“ არიან. მეორე, როდესაც მოვლენებს არც ცნება და არც მატერია არა აქვთ ერთი და იგივე, ამიტომაც შენ სხვა ხარ და შენი მეზობელი სხვაა. მესამე: როგორც ამას ადგილი აქვს მათემატიკაში.

      ამრიგად „იგივე“ და „სხვა“ ყოველთვის იხმარება იმათ მიმართ, რაც ან ერთია, ან არსებული. „იგივე“ არ იხმარება არარსებულის მიმართ, არამედ მხოლოდ არსებულის მიმართ. არაიგივე კი იხმარება არარსებულის მიმართაც. ასე უპირისპირდება ერთმანეთს „სხვა“ და“ იგივე“. „განსხვავება“ კი სულ სხვაა, ვიდრე „სხვად ყოფნა“, რადგან „სხვად ყოფნისას“ არაა აუცილებელი რაიმეთი „სხვად ყოფნა“.

      ყოველი არსებული ან სხვაა, ან იგივე. ხოლო რაიმესაგან განსხვავება ნიშნავს რაიმეთი განსხვავებას, ამ შემთხვევაში, აუცილებელია იგივეობრივი იყოს ის, რითაც მოვლენები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ეს იგივეობრივი კი არის ან გვარი ან სახე, რადგან ყოველი განსხვავება არის ან გვარობრივი, ან სახრობრივი. განსხვავება გვარით მაშინ გვაქვს, როდესაც საგნებს არა აქვთ საერთო არც მატერია და არც ერთმანეთში გადადიან. მაგალითად, ისინი, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიას ეკუთვნიან, ხოლო სახით განსხვავებულნი ერთი და იმავე გვარისა არიან. გვარი არის არსებითი იგივეობა, არსებული ერთმანეთისაგან განსხვავებულ საგნებში. დაპირისპირებულნი კი განსხვავებულნი არიან და დაპირისპირებაც რაღაც განსხვავებაა. რომ ჩვენ ეს სწორად დავადგინეთ, ნათელი გახდება ინდუქციით, რადგან ყველა განსხვავებულში იგივეობრივიც ჩანს, არიან რა ისინი არა მხოლოდ განსხვავებული, არამედ სხვა გვარისაც, თუმცა შედიან ერთი კატეგორიის ფარგლებში. ასე რომ, ერთი და იგივე გვარში შედიან გვარით იგივეობრივნი, სხვა ადგილას კი განსვაზღვრეთ, თუ რომელი საგნებია გვარით განსხვავებული ან იგივეობრივი.

თავი 4

      რადგან ერთმანეთისაგან განსხვავებულნი მეტ-ნაკლებად განსხვავდებიან, ამიტომ მათ შორის უნდა არსებობდეს მაქსიმალური განსხვავებაც, რასაც მე წინააღმდეგობას ვუწოდებ. რომ უნდა არსებობდეს ასეთი განსხვავება, ამას იდუქცია ცხადყოფს. საგნებს, რომლებიც ერთმანეთისაგან გვარით განსხვავდებიან, ერთმანეთში გადასასვლელი გზა არ აქვთ, ერთმანეთისაგან დიდად არიან დაშორებული და მათი შედარებაც კი შეუძლებელია. სახით განსხვავებულნი კი წარმოშობილი არიან უკიდურესად დაპირისპირებული საწყისებიდან, რომელთა შორის მანძილიც დიდია, ასე რომ, ისინიც დაპირისპირებულთ განეკუთვნებიან. გვარში უდიდესი სხვაობა არის დასრულებული სხვაობა, უდიდესია ის სხვაობა, რომლის უმეტესი არ არსებობს და დასრულებულია ის, რომლის გარეშე რაიმეს დაშვება შეუძლებელია. დასასრული აქვს დასრულებულ განსხვავებას. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, დასრულებულად იწოდება ის, რასაც დასასრული აქვს, ხოლო დასარულს იქით აღარაფერია, რადგან ისაა საზღვარი და მოიცავს ყოველივეს. მაშასადამე, დასასრულს იქით აღარაფერია და სრულს არც რაიმე ესაჭიროება. აქედან ცხადია, რომ დაპირისპირება არის დასრულებული განსხვავება.

      „დაპირისპირებული“ მრავალი მნიშვნელობით იხმარება და იმდენი დასრულებული წინააღმდეგობა არსებობს, რამდენი წინააღმდეგობაც შეიძლება არსებობდეს, საერთოდ, მოვლენებში. თუ ეს ასეა, ცხადია, რომ ერთს არ შეიძლება ბევრი რამ უპირისპირდებოდეს, არც კიდურზე უფრო მეტად კიდური რაიმე შეიძლება იყოს და არც მანძილს ორზე მეტი კიდე შეიძლება ჰქონდეს. საერთოდ, წინააღმდეგობა, როგორც განსხვავება, არსებული ორ მოვლენას შორის, დასრულებული განსხვავებაა. აუცილებელია, რომ დაპირისპირებულთა სხვა განსაზღვრებანიც ჭეშმარიტნი იყვნენ. ყველაზე მეტი განსხვავების შემცველია დასრულებული განსხვავება, რადგან როგორც გვარობრივი, ისევე სახეობრივი განსხავების იქით არ არსებობს სხვა სახეობა. დამტკიცდა, რომ ერთი გვარის ფარგლებს გარეთ არ არსებობს სხვაობა, რადგან ეს უდიდესი სხვაობაა. თვით გვარში კი ყველაზე დიდი განსხვავება დასრულებული განსხვავებაა. ერთი და იმავე სუბსტრატის საფუძველზე უკიდურესი განსხვავება ანუ წინააღმდგეგობა წარმოიშობა, რადგან დაპირისპირებულთ ერთი და იგივე მატერია აქვთ. უდიდესი სხვაობა არსებობს ერთი უნარის ფარგლებშიც. ერთი გვარის ფარგლებში დასრულებული განსხვავება უდიდესი განსხვავებაა, რასაც ერთი მეცნიერება სწავლობს. დაპირისპირების პირველი სახეა ქონება და ნაკლი, მაგრამ არა ყოველგვარი ნაკლი, რადგან ნაკლს მრავალი მნიშვნელობა აქვს, არამედ ის, რომელიც დასრულებულია. ყველა სახის დაპირისპირებანი კი მასზე დაიყვანება ან იმიტომ, რომ მათ ეს თვისებები აქვთ, ან აწარმოებენ მათ, ან შეუძლიათ აწარმოონ, ან იმიტომ რომ იღებენ და კარგავენ ან ამ, ან სხვა წინააღმდეგობებს. ესენი კი არიან შემდგი: დაპირისპირება, ნაკლი, წინააღმდეგობა და მიმართება. ამათგან პირველი დაპირისპირებაა. დაპირისპირებულ წევრთა შორის არაფერი არ იმყოფება, აქედან კი ცხადია, რომ უარყოფა და დაპირისპირება ერთი და იგივე არაა. ნაკლიც რაღაც უარყოფაა, რადგან ან სრულიად არ შეუძლია რაიმეს ქონება, ან ის, რაც უნდა ჰქონოდა ბუნებრივად საგანს, არა აქვს, რადგან ან მთლიანად დაკარგა ის, ან რაიმე მიმართებაში. ესეც მრავალი აზრით იხმარება, როგორც ეს ჩვენ სხვაგან გავარჩიეთ. ასე რომ, არქონებაც რაღაც უარყოფაა, დაკავშირებული ან განსაზღვრების შეუძლებლობასთან ან სუბსტრატთან. მაშასადამე, დაპირისპირებულთა შუა არაფერი არ იმყოფება. ნაკლში კი არის რაღაც ასეთი, რადგან ყოველივე ან ტოლია ან არატოლი. მაგრამ ტოლი ან არატოლი არსებობს არა ყველგან, არამედ მხოლოდ საერთო სუბსტრატის პირობებში.

      თუ მატერიალური საგნების წარმოშობა მოწინააღმდეგე მხარეებიდან ხდება, ისინი წარმოიშობიან ან სახიდან, ან სახის ქონებიდან. ანდა სახეთა და ფორმათა არქონებიდან. ამგვარად, ცხადია, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა „ნაკლია“, მაგრამ ყოველი ნაკლი არაა წინააღმდეგობა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „ნაკლს“ მრავალი მნიშვნელობა აქვს. მოწინააღმდეგენი კი ისინი არიან, რომლებიც ცვლილების კიდურ წევრებს წარმოადგენენ. ეს კი ცხადია ცდით. ყოველგვარი წინააღმდეგობა არის წინააღმდეგობის მეორე მხარის არქონება, მაგრამ ის ყველგან ერთნაირი არაა. უტოლობა ტოლობის ნაკლია, განსხვავება - მსგავსების, ბოროტება - სიკეთის. აქ ისეთივე განსხვავებაა, როგორც უკვე ვთქვით. ერთ შემთხვევაში არსებობს მხოლოდ მოვლენა, რომელსაც რაღაც აკლია, მეორე შემთხვევაში არა აქვს როდისმე ან სადმე, მაგალითად, გარკვეულ ასაკში, ან უმთავრესად, ან მთლიანად. ამტომაც ერთ შემთხვევაში არსებობს შუალედი საფეხურები. მაგალითად, არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც არც კეთილია, არც ბოროტი. ზოგჯერ კი ასეთი შუალედი არ არსებობს და აუცილებელია მოვლენა ან ლუწი იყოს ან კენტი. ამას გარდა, ერთ ერთ შემთხვევაში არსებობს განსაზღვრული სუბსტრატი, სხვა შემთხვევებში კი არა. ასე რომ, ცხადია, წინააღმდეგობის ერთ-ერთი სახე არის ნაკლი. საკმარისია გვქონდეს წინააღმდეგობის პირველი გვარი, როგორიცაა ერთი და მრავალი, რომ ყოველივე სხვა მასზე დავიყვანოთ.

თავი 5

      რადგან წინააღმდეგობის ერთი მხარე მეორეს უპირისპირდება, ამიტომ გასარკვევია, თუ როგორ უპირისპირდება ერთი მრავალს და ტოლი - დიდსა და მცირეს. დაპირისპირებულთა მიმართ ჩვენ ყოველთვის ვსვამთ კითხვას: რა არის ეს? თეთრი თუ შავი? ან თეთრია თუ არათეთრი? მაგრამ ზემოხსენებული ჰიპოთეზიდან ამოსულნი არა ვკითხულობთ: ადამიანია თუ თეთრი, ან ვინ შემოვიდა, კლეონი თუ სოკრატე? ამის კვლევა არაა აუცილებელი არც ერთ გვარში. ესეც იქიდან გამომდინარეობს, რომ დაპირისპირებულნი არ შეიძლება ერთდროულად არსებობდნენ, რასაც ვიყენებთ ამ შემთხვევაშიც იმის დასამტკიცებლად, რაც თავდაპირველად ვთქვი. სასაცილო იქნებოდა წინააღმდეგობის ერთდროულად არსებობა. ეს რომ დაგვეშვა, კვლავ მივიღებდით ანტითეზას, ერთია ის თუ მრავალი? ე.ი. ორივე მოვიდა, თუ ერთ-ერთი მათგანი? რადგან დაპირისპირებულ წყვილში პასუხი ყოველთვის ერთ-ერთ მხარეს გუსლისხმობს და ჩვენც ვკითხულობთ: რომელია ის, დიდი, მცირე, თუ ტოლი? ან როგორ უპირისპირდება ტოლი მათ? ის არ უპირისპირდება წინააღმდეგობის არც ერთ-ერთ მხარეს და არც ორივეს ერთად. ანდა რატომ უნდა უპირისპირდებოდეს ის უფრო მეტად დიდს, ვიდრე მცირეს? ამას გარდა, თუ არატოლს უპირისპირდება ტოლი, მაშინ ის ბევრისადმი იქნება დაპირისპირებული, და არა ერთისადმი. თუ არატოლი ერთსა და იმავე დროს ორივეს ნიშნავს, ის ორივესადმი იქნება დაპირისპირებული. ეს დაბრკოლება იმათ ეხმარება, რომლებიც ორს არატოლად თვლიან. მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ ერთი უპირისპირდება ორს, რაც შეუძლებელია. ამას გარდა, ტოლი აღმოჩნდება დიდსა და მცირეს შორის. დაპირისპირება კი არაფრის შუა არაა და ამის შესაძლებლობა არც მისი განსაზღვრებიდან გამომდინარეობს, რადგან დაბოლოვებული არ არის რაიმეს შუა მოთავსებული. პირიქით, ის მეტწილად თვითონ შეიცავს რაღაც შუალედს. მაშინ როგორი დაპირისპირებაა ის, როგორც უარყოფა, თუ როგორც ნაკლი? მაგრამ ის ვერ იქნება რომელიმე ამათგანი, რადგან რატომ უნდა იყოს ის უფრო მეტად დიდის მოპირისპირე, ვიდრე მცირესი? და თუ ორივე შემთხვევაში ეს უარყოფა ნაკლს ნიშნავს, მაშინ კითხვა „რომელი“ ისმის ორივეს მიმართ და არა ერთ-ერთი მხარის მიმართ, როგორც, მაგალითად, რომელია ის დიდი თუ ტოლი? ან რომელია ის, ტოლი თუ მცირე? ამრიგად, კითხვას ყოველთვის სამი წევრი აქვს და არაა აუცილებელი, რომ ის ნაკლს ნიშნავდეს, რადგან ტოლი ყოველთვის არაა ის, რაც არაა დიდი ან მცირე, არამედ ის, რაც თავისი ბუნებით ასეთი უნდა იყოს.

      ტოლია ის, რომელიც არც მეტია, არც ნაკლები, მაგრამ რომელიც შეიძლება იყოს მეტი ან ნაკლები. ის უპირისპირდება კიდევაც ორივეს, როგორც ნაკლი და უარყოფა და ამიტომაც მათ შუა მდებარეობს. ორივე მხარეს უპირისპირდება ის, რაც არც კეთილია, არც ბოროტი და რომელსაც სახელი არა აქვს, თითოეული მათგანი მრავალი მნიშვნელობით იხმარება და არა აქვს ერთი რომელიმე სუბსტრატი, არამედ ისეთია, რომელიც არც თეთრია, და არც შავი. არც ამას აქვს ერთი სახელი, არამედ ესაა რაღაც გარკვეული ფერი, სადაც უარყოფას ნაკლის აზრი აქვს. ამ შემთხვევაში საგანი აუცილებლად უნდა იყოს ან ნაცრისფერი, ან ყვითელი, ან რაიმე სხვა ამდაგვარი. ასე რომ, სწორი არ არის იმათი კრიტიკა, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველივეზე შეიძლება ერთნაირად ვიმსჯელოთ და რომ ფეხსაცმელსა და ხელს შუა არის რაღაც, რაც არაა არც ფეხასაცმელი და არც ხელი, თუ კეთილსა და ბოროტს შუა არის რაღაც შუალედი, მაგრამ ეს შედეგი არაა აუცილებელი, რადგან მოპირისპირე მხარეებს თუ რაღაც შუალედი და მანძილი აქვთ, ერთდროულად უარიყოფიან. ზოგჯერ კი მათ შორის არ არის განსხვავება, რადგან ის დაპირისპირებანი, რომლებიც ერთდროულად უარიყოფიან, სხვადასხვა გვარებს ეკუთვნიან, ასე რომ, ერთი და იგივე სუბსტრატი არა აქვთ.

თავი 6

      ანალოგიური დაბრკოლებები ახლავს თან ერთისა და მრავალის საკითხს. თუ მრავალი უშუალოდ უპირისპირდება ერთს, აქედან ზოგიერთი შეუსაბამობა გამომდინარეობს: ამ შემთხვევაში ერთი მცირე გახდება, რადგან მრავალი მცირეს უპირისპირდება. გარდა ამისა, ორი ბევრი იქნება, რადგან ორმაგი მრავალკეცია და ორიდან გამომდინარეობს. ასე რომ, ერთი მცირე იქნება, რადგან რის მიმართ უნდა იყოს ორი ბევრი, თუ არა ერთისა და მცირეს მიმართ? რადგან ერთზე უფრო მცირე რაიმე არ არსებობს. გარდა ამისა, თუ არსებობს სიგრძით გრძელი და მოკლე, სიდიდითაც უნდა იყოს მრავალი და მცირე და ის, რაც მეტია, მრავალიც იქნება და რაც მრავალია, ის მეტიცაა. თუ მნიშვნელობა არა აქვს ადვილად განსაზღვრებად უწყვეტს, მცირეც რაღაც სიმრავლე იქნება. ასე რომ, ერთიც რაღაც სიმრავლე იქნება, თუმცა პატარა. ეს კი აუცილებელია, თუ ორი მრავალია. ასევე მრავალ საგანზე ვამბობთ, რომ ის მეტია, მაგრამ უნდა განვასხვავოთ ამათგან წყლის შემთხვევა, რომელიც შეიძლება მეტი იყოს, მაგრამ არა მრავალი.

      დაყოფადზე შემდეგი აზრით შეიძლება ვილაპარაკოთ: ერთი მხრივ, თუ სიმრავლეს სიჭარბის ხასიათი აქვს ან საერთოდ, ან რაიმეს მიმართ. ასევე მცირეც სიმრავლეა, მაგრამ ნაკლებობის თვალსაზრისით, ხოლო რიცხვი მხოლოდ ერთს უპირისპირდება. ერთსა და სიმრავლეს იმავე მნიშვნელობით ვხმარობთ, როგორც ამბობენ „ერთი“ და „ერთები“ ან „თეთრი“ და „თეთრი საგნები“ ან „გაზომილი“ საზომისა და „გაზომვადის“ მიმართ. ასევე ამბობენ მრავალკეცზეც, რადგან ყოველი რიცხვი, როგორც ერთი, ისე სიმრავლე, ერთით იზომება და უპირისპირდება ერთს და არა მცირეს. სიმრავლეა ორიანიც, მაგრამ არა იმ გაგებით, როგორც სიმრავლე ჭარბია რაიმეს მიმართ, და არა უბრალოდ, არამედ პირველადი სიმრავლის მნიშვნელობით. საერთოდ, ორიანი მცირეა, რადგან როგორც პირველ სიმრავლეს, მას ნაკლი ახასიათებს. ამიტომაც ანაქსაგორამ არასწრად დაიხია უკან, როდესაც თქვა, რომ ყველა საგანი ერთნაირად განუსაზღვრელიაო, როგორც სიმრავლით, ისე სიპატარავით მაგრამ „სიპატარავის“ მაგივრად „სიმცირე“ უნდა ეთქვა, რადგან ისინი სიპატარავით განუსაზღვრელნი არ არიან, ხოლო „მცირე“ იწყება არა ერთით, როგორც ზოგიერთი ამბობს, არამედ ორით.

      ერთი და მრავალი ისე უპირისპიდება ერთმანეთს, როგორც რიცხვებში საზომი და გასაზომი და ამ შემთხვევაშიაც ისე, როგორც რაიმე კონკრეტული რაიმე კონკრეტულს და არა როგორც რაიმე თავისთავდი რაიმე კონკრეტულს. სხვაგან ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ მიმართება ორი მნიშვნელობით იხმარება: ერთი მხრივ, როგორც დაპირისპირება, მეორე მხრივ, მაგალითად, როგორც მიმართება ცოდნისა შეცნობადისადმი, ე.ი. როგორც რაიმე სხვის მიმართება ცოდნასთან. ერთი მცირეა რაიმესთან შედარებით, მაგალითად, ორთან შედარებით, ამას წინ არა უდგას რა, მაგრამ ის იმიტომ არაა მცირე, რომ პატარაა, ხოლო სიმრავლე კი რიცხვისათვის რაღაც გვარია. რიცხვი, როგორც სიმრავლე, ერთით იზომება და როგორღაც უპირისპირდება ერთსაც და რიცხვსაც, მაგრამ არა როგორც მოპირისპირე, არამედ როგორც ითქვა, მიმართების სახით, რადგან ერთი ზომაა, მეორე გასაზომი, ამდენად ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან; მაგრამ ყოველივე, რაც ერთია, რიცხვი არაა, მაგალითად, რაიმე განუყოფელი. ასევე ე.წ. ცოდნა შეცნობადის მიმართ არ იმყოფება ანალოგიურ დამოკიდებულებაში. შეიძლება გვეფიქრა, რომ ცოდნა არის საზომი, შეცნობადი კი გასაზომი საიდანაც გამომდინარეობს, რომ ყოველგვარი ცოდნა შეცნობადია, მაგრამ ყოველი შეცნობადი ცოდნა არაა, თუმცა ცოდნა შეცნობადით როგორღაც იზომება. რაც შეეხება „სიმრავლეს“, ის არ უპირისპირდება „მცირეს“ (ამ უკანასკნელს უპირისპირდება „ბევრი“, როგორ „მეტს“ „ნაკლები“ ) და არც საერთოდ ერთს, არამედ, როგორცა ვთქვით, ერთი მხრივ, როგორც დაყოფადი განუყოფელს, მეორე მხრივ კი, როგორც მიმართება, მაგალითად, ცოდნა და შეცნობადი. და თუ საქმე გვაქვს რიცხვთან, მაშინ საზომი ერთი იქნება.

თავი 7

      რადგან მოწინააღმდეგე მხარეებს შორის შესაძლებელია რაღაც შუალედის არსებობა და ზოგს აქვთ კიდევაც ასეთი შუალედი, ამიტომაც აუცილებელია რომ „შუალედი“ მოწინააღმდეგე მხარეთაგან წარმოსდგეს, რადგან ყველა შუალედი იმავე გვარისაა, რომელთა შუაც ის მდებარეობს. „შუალედს“ იმას ვუწოდებთ, რადაც გადაიქცევა პირველად ცვლადი მოვლენა. მაგალითად, თანდათანობით გადასვლა ყველაზე დაბალი ბგერიდან ყველაზე მაღალზე ხდება შუალედი ბგერების გავლით. ფერებში კი გადასვლა თეთრიდან შავზე, ვიდრე შავს მივიღებდით, ხდება თავდაპირველად ალისფერსა და ნაცრისფერზე გადასვლით. ასევე სხვა შემთხვევებშიც. ერთი გვარიდან მეორეში გადასვლა კი არ ხდება, და თუ ხდება - შემთხვევით. მაგალითად, არ ხდება ფერიდან ფორმაზე გადასვლა. ამრიგად, აუცილებელია, როგორც შუალედი საფეხურების, ისე იმ მოვლენების არსებობა, რომელთა შორისაც ცვალებადი იმყოფება და რომელნიც ერთსა და იმავე გარს ეკუთვნიან. ყოველი შუალედი იმყოფება ორ მოწინააღმდეგე მვლენათა შორის, რადგან მხოლოდ ამ დროს ხდება ცვალებადობა. მაშასადამე, შეუძლებელია შუაში ყოფნა, თუ არა დაპირისპირებულთა შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში ცვალებადობა იქნებოდა არადაპირისპირებულ მხარეთა შორისაც. სხვადასხვა გვარის მოვლენებს შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არის, რადგან სწორედ მაშინ გვაქვს ასეთი ურთიერთობა, როდესაც ერთი მხარის ნებისმიერი ნიშანი მეორეს ისე ახასიათებს, რომ მათ შუა არაფერი არ იმყოფება. დანარჩენ დაპირისპირებათაგან ზოგი მიმართებაა, ზოგი ნაკლი, ზოგი კი წინააღმდეგობა. იმ მიმართებას, რომელიც არაა დაპირისპირება, არც შუალედი საფეხურები აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ ის ერთ გვარს არ ეკუთვნის. მაგალითად რა უნდა იყოს მოთავსებული ცოდნასა და შეცნობადს შორის? დიდსა და მცირეს კი შუალედი არა აქვს. ერთსა და იმავე გვარში მოპირისპირე მხარეთა შორის მყოფი მოვლენები, როგორც დავამტკიცე, აუცილებლად, ამავე წინააღმდეგობათაგან უნდა იყვნენ შედგენილნი, და მათთან უნდა ჰქონდეთ რაიმე საერთო გვარი, ან არავითარი. და თუ მათ აქვთ ასეთი გვარი, რომელიც რაღაც პირველია, წინააღმდეგობასთან შედარებით, მაშინ პირველი განსხვავება ის დაპირისპირება იქნება, რომელიც ამ გვარის მოპირისპირე სახეებს ჰქმნის, რადგან სახე არის გვარი და სახეობითი სხვაობა. მაგალითად, თეთრი და შავი ერთმანეთს უპირისპირდება, ამათგან პირველი ფერი დამაშორებელი იქნება, მეორე კი დამაკავშირებელი. მაშინ ესენი პირველ წინააღმდეგობას შექმნიდნენ რადგან წინააღმდეგობრივი განსხვავება ყველაზე დიდი განსხვავებაა. ყველა სხვა შეუალედი საფეხურიც გვარისა და სახესხვაობისგან წარმოსდგება. მაგალითად, ის ფერი, რომელიც თეთრსა და შავს შუა იმყოფება, წარმოდგება გვარისაგან, რომელიც ამ შემთხვევაში ფერია და რომელიღაც სახესხვაობისაგან, რომელიც პირველი დაპირისპირება არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი ან თეთრი იქნებოდა, ან შავი. მაშ ესენი, რომელიც პირველ დაპირისპირებათა შორის იმყოფებიან, რაღაც სხვას წარმოადგენენ და არა პირველ წინააღმდეგობათ, რომელნიც დამაშორებელი და შემაკავშირებელი სახესხვაობანი არიან. მაშასადამე, უნდა გამოვარკვიოთ ის პირველი წინააღმდეგობა, რომელიც გვარის ფარგლებში იმყოფება და რომლისგანაც წარმოსდგება ამ გვარის შუალედი საფეხურები, რადგან აუცილებელია, რომ ერთი და იმავე გვარის ფარგლებში არსებული სახეები შემდგარი იყვნენ მარტივი ელემენტებისაგან, ან თვითონ იყვნენ მარტივნი, ხოლო თვით წინააღმდეგობანი არ შედგებიან ერთიმეორისაგან, ისინი საწყისებია. მათ შუა მოთავსებული კი ან ყველა უნდა იყოს ასეთი, ან არც ერთი. დაპირისპირებულთაგან კი წარმოიშობა რაღაც, რაც ცვალებადობაშია, ვიდრე მიაღწევდეს ის წინააღმდეგობის ერთ, ან მეორე მხარეს და რომელთანაც შედარებით ის შეიძლება იყოს მეტიც და ნაკლებიც, რადგან ის ამ წინაარმდეგობათა შორის არის მოთავსებული. ამრიგად, ყოველი სხვა შუალედიც შედგენილია. ის, რაც ერთზე მეტია და მეორეზე ნაკლები, შედგენილია როგორღაც იმათგან, რომელთაგანაც ის ერთზე მეტია და მეორეზე კი ნაკლები. რადგან არ არსებობს რაიმე, რომელიც ამ წინააღმდეგობაზე ადრე იქნებოდა. ამიტომ ყველაფერი ის, რაც შუაშია მოთავსებული, წინააღმდეგობათაგან არის წარმოშობილი. ასეთია როგორც დაბალი, ისე დაპირისპირებული და შუალედი საფეხურები. ყველა ესენი წარმოშობილი არიან თავდაპირველი წინააღმდეგობებისაგან.

      რომ ერთი და იმავე გვარის ფარგლბში დაპირისპირებულთა შორის მყოფი დაპირისპირებულთაგანვეა წარმოშობილი, ეს ცხადია.

თავი 8

      სახით გასხვავებულნი ერთმანეთისაგან რაღაცით განსხვავდებიან, რაც ორივე მხარეს უნდა ახასიათებდეს. მგალითად, თუ ერთი ცხოველი მეორისაგან განსხვავდება სახით, ორივე მაინც ცხოველი უნდა იყოს. ამრიგად, სახით განსხვავებულნი აუცილებლად ერთსა და იმავე გვარში უნდა იმყოფებოდნენ. მე გვარს იმას ვუწოდებ, რაც ორივე მხარეზე ერთნაირად ითქმის, იქნება ის მატერია, თუ სხვა რამ, და რომლისთვისაც განსხვავებანი შემთხვევითნი არ არიან. ორივე მხარეს არა მარტო საერთო თვისებები ახასიათებს, მაგალითად, ცხოველობა, არამედ იგივე ცხოველობა თითოეული მხარისათვის განსხვავებული არის. მაგალითად, ერთი ცხენია, მეორე ადამიანი, ამიტომ ეს საერთო ამ ორი მხარისათვის სხვადასხვა სახისაა. ერთ შემთხვევაში ეს თავისთავად ასეთი ცხოველია, მეორეში - ისეთი, ე.ი. ერთი ცხენია, მეორე ადამიანი. ეს განსხვავება არის გვარში არსებული განსხვავება. მე ვგულისხმობ თვით გვარში არსებულ იმ განსხვავებას, რომელიც ამ გვარს სხვად გარდაქმნის. ეს იგივე წინააღდმეგობაა, რაც ცხადი ხდება ცდით.

      ამრიგად, დამტკიცდა, რომ ყველაფერი მოწინააღმდეგე მხარეებად არ დაიშლება. წინააღმდეგობას კი ადგილი აქვს ერთსა და იმავე გვარის ფარგლებში, წინააღმდეგობა არის დასრულებული განსხვავება, ხოლო ყოველი განსხვავება რაიმესაგან რაიმეთი განსხვავებას ნიშნავს. მაგალითად, ორივე მხარეს ერთი და იგივე გვარი უნდა ჰქონდეთ. მაშასადამე, ერთი და იმავე კატეგორიის ფარგლებში არსებული წინააღმდეგობა, რომლის მხარეები განსხვავდებიან სახით და არა გვარით, ყველაზე მეტად განსხვავეულნი არიან, რადგან დასრულებული განსხვავება აქვთ და არც ერთდროულად არსებობენ[11].

      ამრიგად, წინააღმდეგობა განსხვავებაა, რომელიც არსებობს ერთი გვარის ფარგლებში სახეობრივი განსხვავების სახით და რომლის თითოეული შემადგენელი ნაწილი განუყოფელია[12]. განუყოფელნი ისინი არიან, რომლებიც სახით არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, რადგან დაყოფის დროს, ვიდრე განუყოფელ ნაწილაკებს მივაღწევდეთ, შუალედ საფეხურებში წამოიშობა წინააღმდეგობა. ასე რომ, ე.წ. გვარში შემავალი სახეები გვარის მიმართ არც იგივეობრივი არიან და არც განსხვავებული. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან მატერია უარყოფით ხდება ნათელი, ხოლო გვარი იმის მატერიაა, რის გვარიც ის არის, მაგრამ არა ჰერაკლიდების გვარის მნიშვნელობით, არამედ როგორც ეს ბუნებაშია[13]. ისინი არ არიან მიმართებაში სხვა გვარის მოვლენებთან, რადგან ამ შემთხვევაში გვარეობრივი განსხვავება გვექნებოდა. ერთ გვარში შემავალი მოვლენები კი გვარით კი არ განსხვავდებიან, არამედ სახით. დაპირისპირება კი იქაა აუცილებელი, სადაც სახესხვაობა გვაქვს. ეს კი ახასიათებთ მხოლოდ ერთი გვარის ფარგლებში მყოფთ.

თავი 9

      აქ შეიძლება წარმოიშვას კითხვა იმის შესახებ, თუ ქალი კაცისაგან რატომ არ განსხვავდება სახით, თუმცა ქალსა და კაცს შორის განსხვავება წინააღმდეგობის ხასიათს ატარებს. ქალი და კაცი როგორც ცხოველი, სახით არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება განეკუთვნება ცხოველს თავისთავად. და არა ისეთივე ტიპის განსხვავება, როგორიც არსებობს სითეთრესა და სიშავეს შორის, არამედ ახასიათებს მამაკაცსა და ქალს, როგორც ცხოველებს. ეს კითხვა უახლოვდება კითხვას იმის შესახებ, თუ წინააღმდეგობა ერთ შემთხვევაში რატომ ჰქმნის სახესხობას, მეორეში კი არა. მაგალითად, ფეხოსანი და ფრთოსანი ქმნის ასეთ სახესხვაობას, სითეთრე და სიშავე კი არა. შესაძლებელია იმიტომ, რომ აქ ერთ შემთხვევში გვაქვს გვარისათვის მეტად სპეციფიკური, მეორეში ნაკლებ სპეციფიკური თვისება. შესაძლებელია, იმიტომ, რომ ერთი მხრივ, გვაქვს ცნება, მეორე მხრივ კი - მატერია. ცნების ფარგლებში არსებული წინააღდმეგობები სახეობრივ განსხვავებას ქმნის, მატერიასთან დაკავშირებული კი არა. ამიტომაც ადამიანის სითეთრე ან სიშავე არ გვაძლევს სახეობრივ სხვაობას, არც „თეთრი ადამიანი“ განსხვავდება სახით „შავი ადამიანისაგან“, იმ შემთხვევაში კი, როდესაც სახელი ერთი აქვთ, რადგან აქ ადამიანია აღებული მატერიასთან კავშირში. მატერია კი სახესხვაობას არ გვაძლევს. არც ადამიანები ჰქმნიან ადამიანის სახეებს, თუმცა სხვადასხვაა ის ხორცი და ძვლები, რისგანაც შედგება ეს ან ის ადამიანი. მართალია, მთელი აქ სხვადასხვაა, მაგრამ ის არაა სხვადასხვა სახის, რადგან ეს არაა წინააღმდეგობა ცნებაში. ეს უკანასკნელი დაუნაწევრებელია მაშინ, როდესაც კალიასი მატერიასთან დაკავშირებული ცნებაა და ადამიანიც იმიტომაა თეთრი, რომ კალიასი თეთრია. ამრიგად, ადამიანი შემთხვევითაა თეთრი და არც სპილენძის ან ხის სფეროა სხვადასხვა სახის. ხოლო სპილენძის სამკუთხედი და ხის სფერო სხვადასხვა სახისაა. სპილენძის სამკუთხედი და ხის სფერო მატერიით კი არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, არამედ ცნებაში მოცემული წინააღმდეგობით. ამრიგად ჰქმნის თუ არა მატერიალური განსხვავება სახეობრივ განსხვავებას? რატომაა, რომ ეს ცხენი ამა და ამ ადამიანისაგან სახით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ მატრიასთან ერთად ცნებებიც საერთო აქვთ. იქნება იმიტომ, რომ წინააღმდეგობა ცნებაში აქვთ? თეთრი ადამიანი და შავი ცხენი ერთმანეთისაგან სახით განსხვავდებიან და არა იმით, რომ ერთი თეთრია და მეორე შავი. ორივე რომ თეთრი ყოფილიყო, ისინი მაინც სხვადახვა სახისა იქნებოდნენ. კაცი და ქალი ცხოველებისათვის დამახასიათებელი თვისებებია, მაგრამ არა როგორც არსებითი, არამედ მატერიალური და სხეულებრივი. ამიტომაც ერთი და იგივე თესლი გარკვეული ცვლილების შედეგად შეიძლება კაციდან ქალად იქცეს.

      თუ რას ნიშნევს სახეობრივი განსხვავება და რატომ განსხვავდებიან ერთნი სახით, მეორენი კი არა, ამის შესახებ უკვე ვთქვით.

თავი 10

      რადგან დაპირისპირებულნი სახით განსხვავდებიან და მოკვდავი უკვდავს უპირისპირდება (უუნარობა ხომ განსაზღვრული ნაკლია), ამიტომ აუცილებელია, რომ მოკვდავი და უკვდავი სხვადასხვა გვარისა იყვნენ. ამჟამად მათ შესახებ ზოგადი ცნებები ვიხმარეთ, ამიტომ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ არაა აუცილებელი, რომ უკვდავი და მოკვდავი სხვადასხვა სახისა იყვნენ, როგორც არ არის ეს აუცლებელი „შავი“ და“ თეთრისათვის“. რადგან, როდესაც საქმე ზოგადს ეხება, შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე ერთსა და იმავე დროს ორივე იყოს. მაგალითად, ადამიანი შეიძლება იყოს თეთრიც და შავიც და ასეთივე იყვნენ ცალკეული ადამიანებიც, თუმცა არა ერთდროულად, მიუხედავად ამისა, თეთრი უპირისპირდება შავს. საწინააღმდეგო ნიშანი ზოგიერთ მოვლენას შემთხვევით ახასიათებს, როგორც ახლახან თქმული, ისე სხვა მრავალი, ზოგგან კი ეს შეუძლებელია, მაგალითად, მოკვდავი და უკვდავი, რადგან არც ერთი საგანი შემთხვევით არაა მოკვდავი. შემთხვევითი თვისებები შეიძლება საგანს არ ახასიათებდეს, ხოლო მოკვდაობა კი მოვლენას აუცილებლად ახასიათებს. თუ შესაძლებელი იქნება, რომ მოვლენას მოკვდავობა არ ახასიათებდეს, მაშინ ერთი და იგივე იქნება მოკვდავიც და უკვდავიც. თითოეული წარმავალი საგანი კი ან თვითონაა მოკვდავი, ან არსებაში აქვს ეს თვისება. იგივე ითქმის უკვდავის შესახებაც, რადგან ორივე საგანთა აუცილებელი თვისებებია. ისინი, რომლებსაც ეს პირველი წინააღმდეგობა ახასიათებთ, წინააღმდეგობა მოკვდავისა და უკვდავისა, აუცილებლად სხვადასხვა გვარს ეკუთვნიან. ოღონდ არ შეიძლება არსებობდნენ ისეთი იდეები, როგორც ზოგიერთი ამტკიცებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იარსებებდა, როგორც მოკვდავი, ისე უკვდავი ადამიანი. მიუხედავად ამისა, იდეები და საგნები სახით იგივეობრივი უნდა იყვნენ და არა სახელით, ამბობს ზოგიერთი. თუმცა გვარით განსხვავებულნი უფრო მეტად განსხვავებულნი არიან, ვიდრე სახით განსხვავებულნი.

« წიგნი მეცხრე

წიგნი მეთერთმეტე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] τ ῇ π ο δ ι α ίᾳ ფუტი, სიგრზის ზომაა, უდრის 0.305 მეტრს.

[2] τ ὸ σ τ α δ ί ο υ, სტადია, სიგრძის საზომი, უდრის 600 ფუტს. II საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ის ეტოლებოდა 148 მეტრს, ოლიმპური სტადია უდრის 184, 97 მეტრს.

[3] τ ὸ τ α λ ά ν τ ο υ ტალანტი,მისი სიდიდე იცვლებოდა, ყველაზე გავრცელებული იყო სოლონის ტალანტი. ის უდრიდა 26,2 კგ-ს.

[4] მიმატება ან გამოკლება.

[5] დიეზი, მუსიკაში ტონის მეოთხედი.

[6] საზომია არა რაღაც განყენებული ზოგადი, არამედ კონკრეტული ერთეული, რომელიც ექვემდებარება შეგრძნებებს.

[7] δ π ῆ χ υ ν, საზომია ძველ საბერძნეთში, ეტოლება 46 სმ-ს.

[8] არსებულის ბუნებაა ნაგულისხმევი. მაშასადამე, არაა საკმარსი, ამტკიცებს არისტოტელე, იმის თქმა, რომ არსებული ერთია, რადგან ამით მისი ბუნება დადგინდება.

[9] არსებული რომ მელოდია ყოფილიყო, ამბობს არისტოტელე, ის რიცხვიც იქნებოდა, მაგრამ მისი არსება მუსკიალური ხასიათისა იქნებოდა და არა რიცხობრივი.

[10] „ერთი“ მოვლენების ერთ-ერთი მხარეა და არა მათი არსება.

[11] დებულება იმის შესახებ, რომ წინააღმდეგობის არსებობა ერთს მიმართებაში შეუძლებელია, არისტოტელემ მიმართა სოფისტებისა და ჰერაკლიტელთა შეხედულების უარსაყოფად. მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მოძრავი საგანი, სანამ წინააღმდეგობის მეორე მხარეს მიაღწევს, ეს მეორე მხარე არ არსებობს, ხოლო როდესაც მიაღწევს მას, მაშინ აღარ არსებობს პირველი მხარე.

[12] ἄ τ ο μ α ὄ ν τ α ნიშნავს დაუშლელს მაგრამ აქ ნაგულისხმევია არა ფიზიკურად, არამედ ლოგიკურად დაუშლელი, კერძოდ, გვარის უკანასკნელი სახეები, რომელნიც მეტად აღარ დაიშლებიან.

[13] „ბუნებაში“ ნაგულისხმევია ლოგიკური გვარ-სახეობრივი მიმართება, რაც მისთვის სინამდვილეში არსებული გვარ-სახეობრივი მიმართების ანარეკლი იყო.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 657

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters