არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი IX

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      უკვე ვიმსჯელეთ იმის შესახებ, რაც არსებობს როგორც პირველადი და რაზედაც დაიყვანება ყველა კატეგორია, ე.ი. სუბსტანციის შესახებ. რადგან როგორც ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ყველა სხვ კატეგორია: რაოდენობა, თვისება და სხვა, სუბსტანციას ეხება. ხოლო, რადგან არსებულზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ერთი მხრივ, ან როგორც კონკრეტულ საგანზე, ან თვისებაზე და რაოდენობაზე, მეორე მხრვივ, როგორც შესაძლებლობაზე, განხორციელებაზე და მოქმედებაზე, ამიტომ უნდა დავადგინოთ შესაძლებლობისა და სინამდვილის და უპირველესად ყოვლისა, შესაძლებლობის უმთავრესი მნიშვნელობები. თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი არაა იმ საკითხისათვის, რაზეც ახლა გვსურს მსჯელობა. როგორც შესაძლებლობის, ისე რეალობის მნიშვნელობა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მოძრაობისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა ვიმსჯელოთ მოძრაობის შესახებ, ხოლო რეალობის განსაზღვრებებში ცხადვყოთ ყოველივე სხვაც.

      რომ „უნარსა“ და „შესაძლებლობას“ მრავალი მნიშვნელობა აქვს, ეს სხვაგანაც დავაგდინეთ. შესაძლებლობის ის მნიშვნელობები, სადაც მხოლოდ სახელწოდებაა საერთო, უნდა გადავდოთ გვერდზე (ზოგჯერ ის ეწოდება რაღაც მსგავსთ. მაგალითად, გეომეტრიაში შესაძლებელსა და შეუძლებელს ვუწოდებთ გარკვეული სახით არსებობას ან არარსებობას)[1], ხოლო, რომლებსაც ერთსა და იმავე სახესთან აქვთ მიმართება რაღაც საწყისებს წარმოადგენენ და შეიძლება მათზე მსჯელობა იმ პირველ ერთთან მიმართების გამო, რომელიც ან სხვაშია მოძრაობის საწყისი, ან თვითონაა სხვა.

      განცდა, ერთი მხრივ, არის უნარი, რომელიც ან თვით განმცდელში არის ვნებითი ცვალებადობის საწყისი, ან სხვის ზემოქმედებითაა გამოწვეული, ანდა რამდენადაც თვითონ არის სხვა. მეორე მხრივ კი, ისაა ცუდისაკენ ცვალებადობისადმი ან განადგურებისადმი უგრძნობლობა, რაც ან ცვალებადობის სხვა საწყისისაგანაა გამოწვეული, ან რამდენადაც თვითონაა სხვა. ყველა ამ განსაზღვრებაში მოცემულია პირველადი ძალის ცნება. შესაძლებლობა ეწოდება აგრეთვე არა მხოლოდ მოქმედების ან ვნების, ან კარგად მოქმედების უნარს, არამედ ამ ცნებაში მოცემულია როგორღაც პირველად უნართა მნიშვნელობებიც.

      აქედან ცხადია, რომ მოქმედებისა და განდის უნარი ერთი და იგივეა, რადგან შესაძლებლობაა, როგორც თვით საგნის მიერ განცდის უნარის ქონება, ისე მის მიერ სხვაში ამ უნარის გამოწვევა. ზოგჯერ კი ეს სხვადახვა რამაა. ერთი მხრივ, ის არსებობს განმცდელში იმიტომ, რომ მას როგორც არსებობის, ისე მატერიალური რაღაც საწყისი აქვს. განცდა კი, მაგალითად, ქონის წვა, რბილის გაღუნვა და სხვა, განმცდელს შეუძლია სხვადასხვა მიზეზით. სხვადასხვა უნარი აქვთ მოქმედ საგნებს, მაგალითად, გათბობის და აშენების უნარი, პირველი გამათბობელშია, მეორე - მშენებელში. ამიტომაც ამ თვისების მქონე საგნები არავითარ ზემოქმედებას არ ახდენენ თავის თავზე, რადგან საგანი ერთია და არა სხვა. უუნარობა და უნარის არმქონე უპირისპირდება უნარს და მისი არქონებაა. ისე რომ ყოველგვარი უნარი, განხილული ამ თვალსაზრისით, უპირისპირდება უუნარობას.

      „უნარის არქონებას“ მრავალი მნიშვნელობა აქვს. ის ნიშნავს, როგორც საერთოდ „არქონებას“ , ისე იმის არქონებას, რაც ბუნებრივად უნდა ჰქონდეს მოვლენას, მაგრამ ან მთლიანად არა აქვს, ან არა აქვს მაშინ, როცა უნდა ჰქონდეს, ან რაც რაღაცნაირად უნდა ჰქონდეს, მაგრამ ან სრულიად არა აქვს, ან როგორღაც. ზოგჯერ კი ვამბობთ, რომ უუნაროა მოვლენა, რომელსაც იძულების გამო არა აქვს ის, რაც ბუნებრივად უნდა ჰქონდეს.

თავი 2

      ზოგი ამ საწყისთაგანი არსებობს უსულო საგნებში, ზოგი კი სულიერშიც და სულშიც, კერძოდ, ისეთ სულში, რომელსაც განსჯა აქვს, ამიტომ ცხადია, რომ ზოგი უნარი დაკავშირებულია განსჯასთან, ზოგი კი არა. ყველა სახის ხელოვნება და შემოქმედებითი ხასიათის მეცნიერებაც უნარია, რადგან ისინი ცვალებადობის საწყისნი არიან სხვაში, ან თვით არიან სხვა. ის უნარნი, რომლებიც დაკავშირებული არიან განსჯასთან, იწვევს საპირისპირო შედეგებს, ხოლო რომლებიც არ უკავშირდებიან განსჯას - მხოლოდ ერთს. მაგალითად, სითბო მხოლოდ ათბობს, მედიცინა კი იწვევს, როგორც ჯანმრთელობას, ისე ავადმყოფობას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ განსჯა ცოდნაა, რომელიც ავლენს როგორც საგანს, ისე მის გაქრობას. ოღონდ არა ერთნაირად, არამედ ზოგჯერ ავლენს ორივეს, ზოგჯერ კი უმეტეს შემთხვევაში არსებულს. ასე რომ, აცილებელია მეცნიერება საწინააღმდეგო მოვლენების ცოდნაც იყოს, ე.ი. როგორც თავისთავადი, ისე არათავისთავადი მოვლენებისა. როგორც განსჯა, რომელიც ხან თავისთავადს ეხება, ხან კი შემთხვევითსაც, რადგან ის უარყოფით და დაშორებით ცხადყოფს წინააღმდეგობას. არქონება ხომ წინააღმდეგობის პირველი სახეა[2] და მოპირდაპირე მხარის უარყოფა. მოპირდაპირე მხარეები კი ერთსა და იმავე მიმართებაში არ არსებობენ[3]. ცოდნა არის განსჯის უნარი, სული კი მოძრაობის საწყისია. ამიტომ გამაჯანმრთელებელი უნარი მარტო ჯანმრთელობას წარმოშობს, გამათბობელი - სითბოს, გამაცივებელი - სიგრილეს, შემეცნების უნარი კი ორივეს. განსჯა ორივეს უნარია, თუმცა არა ერთნაირად. სულში იმყოფება მოძრაობის საწყისიც. ამრიგად, ორივეს ერთი და იგივე საწყისი ამოძრავებს და ერთი და იმავე მიზნისაკენ წარმართავს. ამიტომაც განსჯის უნარის მქონე ამ უნარის საპირისპირო შედეგსაც იწვევს, არქონის შედეგებს, რადგან მათ აერთიანებთ ერთი საწყისი - განსჯა.

      ცხადია, რომ კარგი მოქმედების უნარს თან სდევს საერთოდ მოქმედებისა და განცდის უნარი. ამ უკანასკნელთ კი პირველი ყოველთვის არ ახლავთ თან, რადგან აუცილებელია, რომ კარგად მოქმედი საერთოდ მოქმედიც იყოს, მაგრამ აუცილებელი არაა, რომ საერთოდ მოქმედი კარგის მოქმედიც იყოს.

თავი 3

      ზოგიერთი მოაზროვნენი, მაგალითად, მეგარელები, ფიქრობენ, რომ უნარი მხოლოდ მოქმედების დროს არსებობს და არ არსებობს უმოქმედობის დროს. მაგალითად, ვინც აშენებს, იმას აშენების უნარიც აქვს და აქვს მაშინ, როდესაც აშენებს. ასევეა სხვა შემთხვევაშიაც.

      მაგრამ აქედან გამომდინარე შეუსაბამო შედეგთა განჭვრეტა ძნელი არაა. ცხადია, სახლის მშენებელი არ იქნება სახლის მშენებელი, თუ სახლს არ ააშენებს, რადგან სახლის მშენებლად ყოფნა გულისხმობს სახლის შენების უნარის მქონედ ყოფნას. ასევე სხვა ხელობებშიც თუ შეუძლებელია ამ ხელობის დაუფლება შესწავლისა და ათვისების გარეშე და არქონება ოდესმე ქონების გარეშე, რაც შეიძლება მოხდეს დავიწყების, განცდის ან დროის ხანგრძლიობის შედეგად, რადგან რომ ამ რიგად არ მოსპობილიყო, მუდმივი იქნებოდა[4]. მაშინ, როდესაც შეწყვეტდა მშენებელი მქმედებას, მას აღარც ეს ხელობა ექნებოდა და შემდეგ, მშენებლობის დაწყებისთანავე, კვლავ როგორღაც მიიღებდა მას. ასევე უსულო საგნებიც: არ იქნებოდა არც ცივი, არც თბილი, არც ტკბილი, საერთოდ, რაიმე შეგრძნებადი, შემგრძნებელის არარსებობის შემთხვევაში. აქედან ისეთივე შედეგი გამომდინარეობს, რაც პროტაგორას თვალსაზრისიდან. გარდა ამისა, არავის არ ექნებოდა შეგრძნების უნარი, თუ არ შეიგრძნობდა და არ იმოქმედებდა[5]. ბრმაა ის, რომელსაც მხედველობა არა აქვს, მაშინ, როდესაც ბუნებრივად უნდა ჰქონდეს და უნდა ჰქონდეს მაშინ, როდესაც არსებობს. ზემომოტანილი მსჯელობით კი ერთი და იმავე დღის განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანი მრავალჯერ იქნებოდა ბრმაც და ყრუც. ამას გარდა, თუ უუნარო იმას ჰქვია, ვინც უნარი დაკარგა, მაშინ იმას, რაც არ წარმოიშობა, საერთოდ, არ ექნება წარმოშობის უნარი, ხოლო ვინც წარმოშობის უნარის არმქონეს მიაწერს არსებობას, - ან მომავალში არსებობას, სცდება, რადგან „უნარის არმქონე“ ამას არ ნიშნავდა. ამრგიად, ზემომოტანილი მსჯელობით ისინი სპობენ როგორც მოძრაობას, ისე წარმოშობას, რადგან ის, რაც დგას, განუწყვეტლივ იდგება და რაც ზის, განუწყვეტლივ იჯდება. და ვინც ზის, არ ადგება, რადგან ვერ შესძლებს ადგომას, ისევე, როგორც ის, ვისაც ადგომის უნარი არა აქვს. თუ ამის თქმა არ შეიძლება, ცხადია, რომ უნარი და მისი განხორციელება სხვადასხვაა. ზემომოტანილი მოძღვრება კი აიგივებს შესაძლებლობასა და სინამდვილეს, რის გამოც ცდილობს იმის მოსპობას, რაც უმნიშვნელო არაა.

      ამრიგად, შესაძლებელია, რომ რაიმე არსებობის უნარის მქონე არ არსებობდეს და არარსებობის უნარის მქონე არსებობდეს. ასევე სხვა კატეგორიებშიც. მაგალითად, სიარულის უნარის მქონე შეიძლება არ დადიოდეს და სიარულის უნარის არმქონე დადიოდეს. ამრიგად, შემძლე ისაა, ვისაც ის უნარი აქვს, რომლის ფლობაში არაფერი შეუძლებელი არაა. მე ვგულისხმობ იმას, რომ ჯდომის უნარის მქონე შეიძლება იჯდეს და თუ ზის, ამაში არაფერი შეუძლებელი არაა. ასეთივე მიმართებაა მოძრაობის უნარის მქონეს და მოძრავს ან დგომის უნარის მქონესა და მგდომს, არსებობის უნარის მქონესა და წარმოშობის პროცესში მყოფს, არარსებობის უნარის მქონესა და არარსებულს შორის. სიტყვა „ენერგია“[6], რომელიც რეალობას ნიშნავს, როგორც აქ, ისე სხვა შემთხვევაში, ძირითადში, მოძრაობიდან წარმოიშვა. რადგან, ჩემი აზრით, „უნარი“ უპირველესად ყოვლისა, მოძრაობის უნარს უნდა ნიშნავდეს. მაშასადამე, იმათ, რომლებიც არ არსებობენ, არც მოძარობის უნარი უნდა მივაწეროთ, არამედ რაღაც სხვა კატეგორია. მაგალითად, არარსებული შეიძლება იყოს აზროვნების და მისწრაფების ობიექტი, მაგრამ არ შეიძლება მოძრაობდეს, რადგან მაშინ არარეალურნი რეალურთან გაიგივდებოდნენ. ზოგი არარსებული არ არსებობს მსჯელობაში, მაგრამ ის არარსებულია, იმიტომ, რომ რეალურად არ არსებობს.

თავი 4

      თუ ზემოთქმული „შესაძებელს“ ან მისგან გამომდინარე შედეგეს ეხებოდა, ცხადია, არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ ესა და ეს შესაძლებელია, მაგრამ ვერ იარსებებს, რადგან მაშინ „შეუძლებელის“ ცნების მნიშვნელობა ხელიდან გვისხლტება. მე იმას ვგულისხმობ, რომ თუ ვინმე ამბობს, რომ კვადრატის დიაგონალის ზომა ეფარდება კვადრატისავე გვერდების ზომას, მაგრამ ვერ გაზომა, რადგან ვერ მოისაზრა, რომ ეს შეუძლებელია და არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ არსებობის ან წარმოშობის შემძლე რაიმე სინამდვილეში არც არსებობდეს და არც მომავალში წარმოიშვას. ჩვენი დაშვებიდან კი აუცილებლობით გამომდინარეობს ისეთი რაიმეს არსებობა ამჟამად ან წინათ, რაც შეუძლებელია. ამ შემთხვევაში კი შეუძლებელი არაფერი არ იქნებოდა, მაშინ, როდესც ჩვენ დავუშვით, რომ შეუძლებელია კვადრატის გვერდების თანაზომიერება კვადრატისავე დიაგონალთან, რადგან სიცრუე და შეუძლებელი ერთი და იგივე არა. ის ფაქტი, რომ შენ ახლა დგახარ, სიცრუეა, მაგრამ შეუძლებელი არაა. ამავე დროს, ცხადია, რომ თუ α -ს არსებობისას აუცილებელია β -ს არსებობა, მაშინ, თუ α -ს არსებობა შესაძლებელია, მაშინ β -ს არსებობაც აუცილებლად შესაძლებელია. მაგრამ თუ ეს შესაძლებლობა არაა აუცილებელი, არაფერი არ უშლის ხელს, რომ ეს შესაძლებლობა არ იყოს.

      დავუშვათ, რომ α შესაძლებელია, მისი არსებობის დაშვებიდან არავითარი შეუსაბამო შედეგი არ გამომდინარეობს. მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია β -ს არსებობა, მაგრამ თუ α შეუძლებელია, β -ც შეუძლებელი იქნება. თუ β აუცილებლად უნდა არსებობდეს მაშინ აუცილებლად იქნება α -ც. მაგრამ, თუ პირველის აუცილებელი არსებობა შეუძლებელია, შეუძლებელი იქნება მეორეც, რადგან თუ α შესაძლებელია, β -ც შესაძლებელი იქნება. თუ პირობა ისეთი იყო, რომ α -ს არსებობისას აუცილებლად არსებობს β -ც. თუ α -სა და β -ს შორის ასეთი ურთიერთობა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელი იქნება β -ც და მაშასადამე, არც α იქნება და არც β , როგორც ვთქვით, თუ α -ს შესაძლებლობიდან აუცილებელია β -ს შესაძლებლობაც, და პირიქით α -ს აუცილებელი არსებობიდან აუცილებელია β -ს არსებობაც. მაგრამ β -ს შესაძლებლობა აუცილებელია, თუ α შესაძლებელია. თუ α არის გარკვეული დროსა და გარკვეულ პირობებში, მაშინ β -ც ამავე დროს და ამავე პირობებში აუცილებლად იქნება.

თავი 5

      ზოგი უნარი თანდაყოლილია, როგორც შეგრძნებები, ზოგი ვარჯიშის შედეგია, როგორც სალამურზე დაკვრა, ზოგი განსწავლის შედეგია, როგორც ხელობა. ის უნარნი კი, რომლებიც მიჩვევისა და განსჯის შედეგნი არიან, მოითხოვენ წინასწარ ვარჯიშს, ხოლო ისინი, რომლებიც ასეთნი არ არიან და განცდას წარმოადგენენ, ვარჯიშს არ საჭიროებენ. უნარის მქონე გულისხმობს ვინმეს, როდისმე და როგორღაც და ყველა სხვა განსაზღვრებას[7]. გარდა ამისა, ზოგს მოძრაობის უნარი განსჯის შედეგად აქვს და მაშასადამე, მათი უნარი გონივრულია. ზოგნი კი უგუნურნი არიან და მოქმედებებიც უგუნურნი აქვთ. პირველნი აუცილებლად სულიერნი არიან. ეს უკანასკნელნი კი, როგორც სლიერნი, ისე უსულონი. ამ უკანასკნელი უნარის მქონე აუცილებელია ხან მოქმედებდეს, ხან განიცდიდეს, რამდენადც შესაძლებელია მოქმედების და განცდის უართა დაახლოება. პირველთათვის კი ეს აუცილებელი არ არის. პირველნი შემოქმედნი არიან მხოლოდ, მეორენი კი მათ უპირისპირდებიან, რადგან ერთდროულად საწინააღმდეგო რამ შეუძლიათ, რაც პირველთათვის[8] შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია რაღაც სხვა უმთავრესის არსებობა. მე მხედველობაში მაქვს მისწრაფება და გადაწყვეტილება. რისკენაც ძლიერ ისწრაფვი, იმას მიაღწევ კიდეც, როდესაც შეძლებ დაწყებას და მისწრაფების ობიექტთან მიახლოებას. ამრიგად, ვინც აზროვნებით მოქმედებს აუცილებლად გააკეთებს იმას, როდესაც მიისწრაფვის იმისკენ, რის და როგორი უნარიც აქვს, ხოლო აქვს მაშინ, როდესაც არსებობს შეგრძნების გამომწვევი ობიექტი, რომელზეც ის გარკვეული მიმართულებით მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ზემოქმედებას ვერ შეძლებდა. ხოლო იმის დამატება, რომ „არავითარი გარეშე დამაბრკოლებელი არ უნდა იყოს“ , საჭირო აღარაა, რადგან, რასაც მოქმედების უნარი აქვს, არა ყოველნაირი, არამედ გარკვეული მოქმედების უნარი და ის ძლევს კიდეც გარეშე დაბრკოლებებს, რითაც სპობს აგრეთვე განსაზღვრებაში ზოგიერთი ნაწილის დამატების საჭიროებას. მაშასადამე,[9] თუ ვინმეს სურს ან ისწრაფვის გააკეთოს ორი ან ერთმანეთის საწინააღმდეგო რამ, ვერც გააკეთებს, რადგან მას არც ასეთი უნარი ექნება და, საერთოდ, არც არსებობს ერთდროულად ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო რამის კეთების უნარი, არამედ ის იმოქმედებს იმ ერთი უნარის შესატყვისად, რომელიც მას აქვს.

თავი 6

      მოძრაობაზე მსჯელობისას განვსაზღვრეთ შესაძლებლობა, ახლა უნდა დავადგინოთ, თუ რა არის რეალობა და როგორია ის. შესაძლებელს ვუწოდებთ არა მხოლოდ იმას, რასაც სხვის ამოძრავება შეუძლია ან რომელსაც სხვა ამოძრავებს საერთოდ, ან გარკვეული ფორმით, არამედ სხვა სახის მოძრაობასაც, რომელიც დავადგინეთ ჩვენი კვლევისას.

      რეალობა არის საგნის არსებობა არა ისე, როგორც ამას შესაძლებელზე ვამბობთ. შესაძლებელს კი ვუწოდებთ ისეთ არსებობას, როგორციაა მაგალითად, ჰერმესის არსებობა ხეში ან ნახევრისა მთელში, რომელნიც მოცილებადნი[10] არიან, და მცოდნეს კი ვუწოდებთ იმას, რომელიც შესაძლებელია ამჟამად არ აზროვნებს მაგრამ, რომელსაც შეუძლია აზროვნება. მეორე მხრივ, ვლაპარაკობდით შესაძლებლის გნხორციელებაზე. ის, რის თქმაც გვინდა, ცხადი გახდება ინდუქციით კონკრეტული ფაქტებიდან[11]. არაა საჭირო ყოველივეს განსაზღვრების ძიება, არამედ ანალოგიებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორიცაა ანალოგია სახლის მშენებელსა და სახლის მშენებლობის უნარის მქონეს შორის, ფხიზელსა და მძინარეს, მხედველსა და თვალდახუჭულს, თუმცა მხედველობის უნარი მქონეს შორის, როგორც მატერიიდან გამოყოფილსა და თვით მატერიას შორის, დამუშავებულსა და დაუმუშავებელს შორის. ამ განსხვავებათა ერთი მხარე, გამოყოფილი მეორისაგან, არის რეალობა, მეორე მხარე კი შესაძლებლობაა. რეალობა ყველგან ერთი მნიშვნელობით არ იხმარება, არამედ ზოგჯერ ანალოგიით. მაგალითად, ეს არსებობს იმაში, ან იმის მიმართ, ის კი ამაში, ან ამის მიმართ, ზოგჯერ ის იხმარება მოძრაობის შესაძლებლობის მნიშვნელობით, ზოგჯერ კი სუბსტანციის რაღაც მატერიის არსებობის მნიშვნელობით. მისი სხვა მნიშვნელობებია განუსაზღვრელი, ცარიელი და სხვა ამდაგვარი. შესაძლებელი და ნამდვილი საგანთა სიმრავლესაც ნიშნავს: მხედველს, მოსიარულეს, დანახულს. შესაძლებელია, აქ ზოგჯერ მარტივი ჭეშმარიტება იყოს, რადგან ხილვადია ხან ის, რასაც ვხედავთ, ხან ის, რაც შეიძლება დანახულ იქნას. ხოლო განუსაზღვრელი შესაძლებლობა გონებაშია დამოუკიდებელი და არა რეალურად[12]. დაყოფის უწყვეტობა მას შესაძლებლობაში არსებობის უნარს აძლევს, მაგრამ არა გამოყოფის უნარს. რადგან ის მოქმედება, რომლის საზღვარი მიზანი არაა, სხვა მიზანს ემსახურება. მაგალითად, გახდომა და სიგამხდრე. ის, რაც ხდება, მოძრაობს, თუმცა არ წარმოადგენს იმას რის გამოც წარმოებს მოძრობა. ეს[13] კი არაა მოქმედება ან უფრო სწორად, დასრულებული მოქმედება, რადგან არაა მიზანი და რადგან მხოლოდ ის მოქმედებაა დასრულებული, რომელსაც მიზანი აქვს. მაგალითად, ხედავს და ამავე დროს დაინახა კიდეც, ფიქრობს და მოიფიქრა, აზროვნებს და მოიაზრა. მაგრამ არ ითქმის, რომ იგი სწავლობს და შეისწავლა კიდეც, ან ჯანმრთელდება და უკვე გაჯანმრთელდა, ან კარგად ცხოვრობს და კარგად იცხოვრა, ერთდროულდა ბედნიერია და იყო ბედნიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს არსებობა უნდა შეეწყვიტა. მაგალითად, როდესაც ის გახდებობდა, და არა იმ შემთხვევაში, თუ ის ცხოვრობს და ცხოვრობდა. ამათგან ერთი მხარე მოძრაობაა, მეორე კი განხორციელება. ყველა მოძრაობა დაუსრულებელია, გახდომაც, სიარულიც, სწავლაც და შეგნებაც. ესენი მოძრაობებია და დაუსრულებელი მოძრაობები, რადგან არ შეიძლება, რომ ადამიანი ერთდროულად დადიოდეს და ეარა კიდეც. აშენებდეს და აეშენებინოს, იბადებოდეს და დაბადებულიყოს, მოძრაობდეს და ემოძრავა, არამედ სხვაა ის, რაც მოძრაობს და რამაც უკვე იმოძრავა. მაგრამ, ერთი და იგივე ერთსა და იმავე დროს ხედავს და დაინახა, ისევე როგორც აზროვნებს და მოიაზრა. ამათგან ერთი მოძრაობაა, მერე - რეალობა. ამ და ამდაგვარი მსჯელობიდან ჩვენთვის ცხადია, თუ რა არის და როგორია რეალობა.

თავი 7

      დასადგენია ისიც, თუ კონკრეტული საგანი როდის არსებობს შესაძლებლობაში და როდის არა. რადგან ის ყოველთვის არ არსებობს. მაგალითად, მიწა არის თუ არა ადამიანი შესაძლებლობაში, თუ მაშინ არის ასეთი, როდესაც თესლი წარმოიშობა? და მაშინაც ყოველთვის არა. როგორც ყოველივე ჯანმრთელდება არა მედიცინით, არამედ გამოჯანმრთელების უნარით და ესაა სწორედ ჯანმრთელი შესაძლებლობაში. განსაზღვრება იმისა, რაც აზროვნების მეშვეობით შესაძლებლობიდან სინამდვილეს იქცევა, მაშინ გვაქვს, როდესაც ეს ვინმეს სურს და არც გარედან უშლის ხელს არაფერი. ხოლო „ჯანმრთელდება“ მაშინ ვამბობთ, როდესაც თვით ობიექტში არაფერი არ უშლის ამას ხელს. ასევე სახლი შესაძლებლობაში მაშინ არსებობს, თუ არც თვით მასში და არც მატერიაში არაფერი არ უშლის ხელს სახლის წარმოშობას და არც რაიმეს დამატება ან გამოკლება, ან შეცვლა არაა საჭირო ამისათვის[14]. ასევეა სხვა შემთხვევებშიც, როგორც იქ, რომლებსაც წარმოშობის საწყისი გარეთა აქვთ, ისე იქ, რომლებსაც ის თავის თავში აქვთ[15], და რომლებსაც გარედან ხელს არაფერი არ უშლის, რომ თავის თავიდან წარმოიშვნენ. მაგალითად, თესლი ჯერ მცენარის შესაძლებლობა არაა, რადგან ის ამისთვის სხვაგან უნდა მოხვდეს და შეიცვალოს. როდესაც ის მასში არსებული საწყისით ასეთი გახდება, ის უკვე შესაძლებლობაშია. პირველს კი სხვა საწყისი სჭირდება. როგორც მიწა არაა ქანდაკება შესაძლებლობაში, არამედ გარდაქმნილი სპილენძად იქცევა ამის შესაძლებლობად.

      ჩანს, რომ რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით, არის არა ეს და ეს კონკრეული საგანი, არამედ მიღებული ამა და ამისაგან. მაგალითად, ყუთი ხე კი არაა, არამედ ხისაა. არც ხეა მიწა, არამედ მიწისაა. ასევე პირიქით, მიწაც თუ ასეთია, არის არა სხვა, არამედ სხვისგან. ყოველთვის ისაა შესაძლებლობაში, რაც მომდევნოა. მაგალითად, ყუთი არის არა მიწის, არც მიწა, არამედ ხისა, რადგან ხეა ყუთი შესაძლებლობაში და ყუთის მატერიაც. ზოგადი ხე ესაა ზოგადი ყუთის მატერია დ კონკრეტული - კონკრეტული ყუთისა. მაგრამ თუ არსებობს რაიმე პირველი, რომელზეც არ ითქმის, რომ სხვისგან წარმოებულიაო, ის იქნება პირველი მატერია. მაგალითად, მიწა ჰაერისაგანაა, ჰაერი კი არის არა ცეცხლი, არამედ ცეცხლისაგან[16]. აქ ცეცხლია პირველი მატერია და არა რაიმე კონკრეტული საგანი. კონკრეტული საგანი და სუბსტრატი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან კონკრეტულ საგნად ყოფნა-არყოფნით[17]. მაგალითად, თვისებების სუბსტანციაა ადამიანი, სხეული და სული. ხოლო თვისებებია „განათლებული“ და „თეთრი“ . ამიტომაც ვამბობთ, რომ განათლების საგანში მოხვედრით მივიღებთ არა „განათლებას“ , არამედ „განათლებულს“ და არა „სითეთრეს“ , არამედ „თეთრ ადამიანს ” , არა „მოძრაობასა“ და „სიარულს“ , არამედ „მოძრავსა“ და“ მოსიარულეს“ , როგორც მათგან წარმოებულს. ასეთ შემთხვევაში კიდური წევრი არის სუბსტანცია[18]. ხოლო რაც არსებობს არა ასე, არამედ როგორც ფორმა ან როგორც რაიმე კატეგორია, იქ კიდური წევრი მატერიაა და მატერიალური სუბსტანცია. და სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ „რაიმესი“ ეწოდება საგანს მატერიისა და თვისების მიხედვით. თუმცა ორივე განუსაზღვრელია.

      ამრიგად, უკვე ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ რას ეწოდება შესაძლებლობაში არსებული და რას არა.

თავი 8

      განვსაზღვრეთ რა, თუ რამდენი მნიშვნელობით იხმარება „ადრე“ , ცხადი გახდა, რომ შესაძლებლობაზე წინ სინამდვილე დგას. მე ვგულისხმობ არა შესაძლებლობას, რომელიც გარკვეული ცვალებადობის საწყისია სხვაში ან რამდენადაც თვითონაა სხვა, არამედ, საერთოდ, ყველა მოძრაობისა და უძრაობის საწყისს. ბუნებაც თავისსავე გვარშია მოძრაობის საწყისი[19], ე. ი. ისიც მოძრაობის საწყისია, მაგრამ არა სხვაში, არამედ რამდენადაც თვითონ არის ეს სხვა საგანი[20]. ყოველივე ამას როგორც ლოგიკურად, ისე რეალურად წინ უსწრებს სინამდვილე, დროის თვალსაზრისით კი ეს ხან ასეა, ხან კი არა. რომ ლოგიკურად ის ადრეა, ცხადია.

      უპირველესად ყოვლისა, განხორციელების უნარის მქონეა ის, რაც ადრე შესაძლებლობაში არსებობს. მაგალითად, სახლის მშენებელს ვუწოდებთ იმას, ვისაც მშენებლობა შეუძლია, მხედველს იმას, ვისაც ხედვა შეუძლია, ხილვადს იმას, რის დანახვაც შეიძლება. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სხვა შემთხვევებშიაც. ასე რომ, აუცილებელია, რომ შემეცნების ცნება წინ უსწრებდეს შემეცნების პროცესს.

      დროის მიხედვით „წინ“ შემდეგს ნიშნავს: რეალობა წინ უსწრებს იმავე სახის შესაძლებლობას, მაგრამ არა რიცხობრივად, მე მხედველობაში მაქვს შემდეგი: ამა და ამ რეალურად არსებულ ადამიანს, საჭმელს და მხედველს დროში წინ უსწრებს მატერია, თესლი და მხედველობის უნარის მქონე, რაც შესაძლებლობაში არის ადამიანი, საჭმელი და მხედველი, და არა რეალურად. ამათ წინ უსწრებენ სხვა რეალურად არსებული საგნები, რომლისგანაც ესენი წარმოიშვნენ[21], რადგან რეალურად არსებული შესაძლებლობაში არსებულიდანაა ყოველთვის წარმოშობილი რეალურად არსებულისავე ზემოქმედებით. მაგალითად, ადამიანი წარმოიშობა ადამიანისაგან, განათლებული განათლებულისაგან, მაგრამ მუდამ რაიმე პირველი მამოძრავებლის ზემოქმედებით. მამოძრავებელი კი რეალურად არსებობს. წიგნში „არსების შესახებ“ ნათქვამია, რომ ყოველი ქმნადი წარმოიშობა რაიმესაგან და რაიმეს ზემოქმედებით, რომელიც ამავე სახისაა. ამიტომაც ჩანს, რომ შეუძლებელია მშენებლად ყოფნა ისე, თუ არაფერი გაქვს აშენებული და გიტარის დამკვრელად ყოფნა ისე, რომ არაფერი არ გქონდეს დაკრული. ვინც გიტარაზე დაკვრას სწავლობს, სწავლობს დაკვრის პროცესში. ასევეა სხვა შემთხვევებშიც. აქედან წარმოსდგა სოფისტური დებულება, რომ ვისაც ცოდნა არა აქვს, აკეთებს იმას, რის გაკეთებაც მხოლოდ ცოდნით შეიძლება, რადგან ვინც სწავლობს, იმას ცოდნა არა აქვს. მაგრამ ნაწილი იმისა, რაც იქმნება, უკვე უნდა არსებობდეს და საერთოდ, მოძრავის რაღაც ნაწილი წინასწარ უნდა მოძრაობდეს[22]. ეს ცხადი გახდა თხზულებიდან „მოძრაობის შესახებ“ . მაშასადამე, ვინც სწავლობს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცოდნის გარკვეული მარაგი. აქედან ცხადია, რომ რეალობა წინ უსწრებს შესაძლებლობას, როგორც წარმოშობის, ისე დროის თვალსაზრისით და სუბსტანციის თვალსაზრისითაც, რადგან, რაც წარმოშობის მიხედვით მომდევნოა, სახისა და არსების მიხედვით წინამორბედია. მაგალითად, მამაკაცი ბავშვზე ადრე არსებობს და ადამიანი თესლზე, რადგან პირველთ უკვე აქვთ ფორმა, მეორეებს კი არა. ყოველი ქმნადი კი მოძრაობს საწყისისა და მიზნისკენ. საწყისი მიზანია, მიზანი კი არის ის, რის გამოც წარმოშობა ხდება. მიზანი არის ის რეალობა, რის გამო ვუშვებთ შესაძლებლობას. რადგან ცხოველი ხედავს არა იმიტომ, რომ მხედველობა აქვს, არამედ მხედველობა აქვს იმიტომ, რომ დაინახოს. ასევე იმიტომ ფლობს ადამიანი მშენებლობის ხელოვნებას, რომ აშენოს და შემეცნების უნარს, რათა შეიცნოს. შემეცნება იმიტომ კი არ სწარმოებს, რომ შემეცნების უნარი გვქონდეს. ამას მხოლოდ ვარჯიშობის დროს აქვს ადგილი, როდესაც შემეცნება სწარმოებს მისი არაპირდაპირი, სპეციალური მნიშვნელობით, რადგან უშუალოდ ამ დროს შემეცნება საჭირო არაა.

      გარდა ამისა, მატერია შესაძლებლობაში იმიტომ არსებობს, რომ ისწრაფვის ფორმისკენ და როდესაც განხორციელდება, უკვე ფორმაშია მოცემული, ასევეა სხვა შემთხვევებშიც, სადაც მიზანი არის მოძრაობა. ამიტომაცაა, რომ როდესაც მასწავლებლები გვიჩვენებენ ადამიანებს მოქმედებაში, ფიქრობენ, რომ მიზანს მიაღწიეს. ასევეა ბუნებაშიც. ეს რომ ასე არ იყოს, ისეთივე მდგომარეობა გვექნებოდა, როგორც პავსონის ჰერმესთან. როგორც ეს ქანდაკება, ასევე გაურკვეველია ცოდნაც, გარეგანია, თუ შინაგანი. საქმე მიზანია, მოქმედება კი საქმეა, ამიტომაც მოქმედების სახელი „საქმიდან“ მოდის და განხორციელებისაკენაა მიმართული.

      ზოგჯერ უკანასკნელი ეტაპი გამოყენებაა. მაგალითად, მხედველობისათვის ესაა ხედვა და ხედვიდან მის გარდა, ვერაფერს ვერ მივიღებთ. ზოგჯერ კი იქმნება რაღაც სხვა. მაგალითად, მშენებლობის ხელოვნების მეშვეობით, მშენებლობის პროცესში იქმნება სახლი. მიუხედავად ამისა, მიზანი არსებობს იქაც და აქაც და ეს უკანასკნელი უფრო მეტად, ვიდრე შესაძლებლობა. მშენებლობა არსებობს იმაში, რაც შენდება. ამავე დროს არსებობს სახლთან ერთად. სადაც გამოყენების გარდა, რაღაც სხვის წარმოშობა ხდება, რეალობა მოცემულია შემონაქმედში. მაგალითად, მშენებლობა - შენობაში, ქსოვა - ქსოვილში, ასევე სხვა შემთხვევებშიც. საერთოდ, მოძრობა არსებობს მოძრავში, ხოლო იმათ, რომლებიც არ იწვევენ რაიმე სხვა შედეგს, გარდა მოქმედებისა, იქ მოქმედება მოქმედშივე არსებობს. მაგალითად, მხედველობა - მხედველში, ცოდნა - მცოდნეში, სიცოცხლე და მაშასადამე ბედნიერება - სულში, რაც სიცოცხლის თავისებური გამოვლენაა. ამრიგად, ცხადია, რომ არსება და ფორმა რეალობაა.

      ამ მსჯელობიდან ცხადი ხდება, რომ არსებობს თვალსაზრისითაც შესაძლებლობას რეალობა უსწრებს წინ, დროის თვალსაზრისით კი ერთი რეალობა - მეორეს. ასეა პირველ და მარადიულ მამოძრავებლამდე. მაგრამ უფრო არსებითადაც, რადგან მარადიული არსებობით წინ უსწრებს მოკვდავს და შესაძლებლობაში კი არავითარი მარადიული არ არსებობს[23]. ეს შემდეგნაირად მტკიცდება: ყოველგვარი შესაძლებლობა დაპირისპირებულთა წამოშობის შესაძლებლობას ნიშნავს. ის, რასაც არსებობა არ შეუძლია, არც რაიმეს შეიძლება ახასიათებდეს. მაგრამ ყველა შესაძლებლობა კი არ განხორციელდება, არამედ ზოგი შესაძლებელი ხორციელდება და ზოგი არა. ამრიგად ერთსა და იმავე შესაძლებელს შეუძლია როგორც არსებობა, ისე არარსებობა, ხოლო რასაც შეუძლია არარსებობა, შეიძლება არ არსებობდეს. ის კი, რაც შეიძლება არ არსებობდეს, მოკვდავია ან საერთოდ ან იმ მხრივ, რა მხრივაც ის არსებობს: ადგილის, დროის, რაოდენობის, თვისებების ან საერთოდ, არსების თვალსაზრისით. ასე რომ, იმათგან, რომლებიც საერთოდ, უკვდავნი არიან, არც ერთი არ არსებობს შესაძლებლობაში საერთოდ, არამედ კონკრეტული მიმართების მიხედვით ან თვსების, ან ადგილის მიხედვით. მათს არარსებობას კი არაფერი არ აბრკოლებს, რადგან ყოველივე ეს რეალობაა. ასევეა აუცილებლად არსებულიც. ისინი ხომ პირველადნი არიან, რადგან მათი არარსებობისას, არაფერი არ იარსებებდა. ასევე არც მოძრაობა არსებობს შესაძლებლობაში, თუ ის მარადიულია და არც რაიმე მარადიულად მოძრავი არის შესაძლებლობაში მოძრავი, არამედ ის, რომელიც წარმოებს საიდანმე და საითკენმე. მათს მატერიალობას კი არაფერი არ უშლის ხელს. ამიტომაც მუდამ მოძრაობენ მზე, ვარსკვლავები, მთელი ცა და არც საშიშია, რომ ოდესმე დადგნენ, რისაც ეშინიათ ბუნებისმეტყველთ. მნათობები არ იღლებიან მოძრაობით. მათ მოძრაობაში არაა წინააღმდეგობა, როგორც მოკვდავთა მოძრაობაში, რომ მათთვის მოძრაობის უწყვეტლობა ძნელი ყოფილიყო. ამის[24] მიზეზი კი ისაა, რომ მოკვდავთა არსება არის მატერია და შესაძლებლობა და არა რეალობა.

      უკვდავ საგნებს ბაძავენ ცვალებადობაში მყოფნი, როგორიცაა მიწა და ცეცხლი. ისინი მუდამ მოქმდებენ, და თავის თავშივე შეიცავენ მოძრაობას. ყოველივე სხვა უანრი კი ჩვენი განსაზღვრებების მიხედვით, წინააღმდეგობრივი ბუნებისაა, რადგან გონიერ არსებებს შეუძლიათ იმოძრაონ, როგორც ასე, ისე სხვაგვარად. უგუნურთ ეს არ ეხებათ, რადგან მათი მოძრაობა წინააღმდეგობრივი არაა. და თუ არსებობენ რაღაც ასეთი ბუნებები ან არსებები, როგორც ფიქრობენ იდეებზე მოძღვრების მომხრენი, მაშინ უფრო მეტად უნდა ეარსება მცოდნეს, ვიდრე თვით ცოდნას და მოძრავს - უფრო მეტად, ვიდრე თვით მოძრაობას, რადგან ისინი რეალობანია, ესენი კი მხოლოდ იმათი შესაძლებლობა.

      რომ რეალობა წინ უსწრებს შესაძლებლობას და ყოველგვარ ცვალებად საწყისს, ეს ცხადია.

თავი 9

      აქედან ცხადია, რომ უფრო კარგია და უფრო პატივსაცემი კეთილის მოქმედება, ვიდრე უნარი კეთილის მოქმედებისა. რაც შეეხება უნარს, საერთოდ, ის ერთი და იგივეა საწინააღმდეგო მოქმედებებისათვისაც კი. მაგალითად, ჯანმრთელობის უნარი იგივეა, რაც ავადმყოფობის უნარი და ერთსა და იმავე დროსაც კი, რადგან ერთი და იგივეა ავადმყოფობისა და ჯანმრთელობის, უძრაობისა და მოძრაობის, შენებისა და ნგრევის, აშენებულად და დანგრეულად ყოფნის უნარი და სხვა. ამრიგად, საწინააღმდეგო მოქმედების უნარი ერთდროულად არსებობს, მაგრამ წინააღმდეგობის ერთდროულად რეალური არსებობა შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია საწინააღმდეგო უნართა ერთდროულად არსებობა, მაგალთად, ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის. ამრიგად აუცილებელია, რომ წინააღმდეგობის ერთ-ერთი მხარე სიკეთე იყოს, ხოლო ორივე ერთნაირად შეიძლება იყოს შესაძლებლობა, ან არც ერთი მათგაანი. მაშასადამე, აქ რეალობა უკეთესია, ხოლო ბოროტების დასრულება და რეალობა აუცილებლად უარესია, ვიდრე მისი შესაძლებლობა. წინააღმდეგობის ორივე მხარე ერთნაირად არის შესაძლებლობაში. აქედან ცხადია, რომ ბოროტება საგნებისაგან დამოუკიდებლად არ არსებობს და ის ბუნებით შესაძლებელს მოსდევს შედეგად. თავიდანვე არსებულ, მარადიულ საგნებში არ არსებობს არც ბოროტება, არც შეცდომა და არც წარმავალი, რადგან წარმავლობა ბოროტების ერთ-ერთი სახეა. გეომეტრიულ სიდიდეებსაც განხორციელებისას ვპოულობთ. სახელდობრ, ვპოულობთ დაყოფის საშუალებით. დანაყოფები რომ გქონდეს, ეს ცხადი გახდებოდა. ამჟამად კი ისინი შესაძლებლობაში გვაქვს მოცემული. რატომ ჰქმნის სამკუთხედის კუთხეების ჯამი ორ სწორ კუთხეს? იმიტომ, რომ ერთ წერტილთან მდგარი მოსაზღვრე კუთხეების ჯამი ყოფელთვის ორ სწორ კუთხეს უდრის. თუ ერთ-ერთი გვერდიდან გავავლებთ პარალელურ ხაზს, დამკვირვებლისათვის უმალ ნათელი გახდება, თუ რატომ არის ეს ასე. ნახევარსფეროში ჩახაზული კუთხე რატომაა სწორი? რადგან, თუ სამი გვერდი თანასწორი გვაქვს, აქედან ორი ჰქმნის ფუძეს, მესამე კი ცენტრიდან გაყვანილი სწორი კუთხეა. ვინც ეს იცის, მისთვის ეს ნახვისას უმალ ცხადი გახდება. ასე რომ, ის, რაც არსებობს შესაძლებლობის სახით, ნათელი ხდება განხორციელებისას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აზროვნება არის მოქმედება. ასევე ჩნდება რეალობიდან შესაძლებლობა და ამიტომაც შეიცნობენ ისინი, რომლებიც მოქმედებენ. წარმოშობის თვალსზრისით კი, მათემატიკური რეალობა უფრო გვიან არსებობს.

თავი 10

      არსებულსა და არარსებულზე მსჯელობას ვაწარმოებთ ან კატეგორიათა ფორმების, ან თვით მათი და მათი მოპირდაპირე მხარეთა შესაძლებლობისა და სინამდვილის თვალსაზრისით და რაც მთავარია, მსჯელობა მათზე შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, ან ცრუ. ეს უკანასკნელი კი საგნების დაკავშირება და დაშორებაა. ასე რომ, ის, ვინც დაშორებულს დაშორებულად აცხადებს, და დაკავშირებულს დაკავშირებულად, ჭეშმარიტებას ამბობს და სცდება, ვინც წინააღმდეგობაშია სინამდვილესთან. ახლა უნდა გავარკვიოთ ის, თუ როდის არის მსჯელობა ჭეშმარიტი ან მცდარი. შენ იმიტომ კი არა ხარ თეთრი, რომ ჩვენი თვალსაზრისი შენზე, როგორც თეთრზე, ჭეშმარიტია, არამედ იმიტომ, რომ შენ თვითონ ხარ თეთრი. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ ჭეშმარიტებას[25]. ზოგი რამ ყოველთვის შეკავშირებულია და შეუძლებელია მისი დაშლა, ზოგი ყოველთვის დაშლილია და შეუძლებელია მისი შეკავშირება, ზოგი კი ასეც არის და ისეც. ამ შემთხვევაში არსებობა ნიშნავს კავშირსა და ერთიანობას, ხოლო არარსებობა არა კავშირს, არამედ სიმრავლედ ყოფნას. უკანასკნელ შემთხვევაში[26] ერთი და იგივე აზრი და შეხედულება შესაძლებელია იყოს როგორც ცრუ, ისე ჭეშმარიტი. ასე რომ, აქ შესაძლებელია ხან შეცდომის და ხან ჭეშმარიტების თქმა. ხოლო იმ საგნების შესახებ, რომლებიც სხვადასხვაგვარად არ არსებობენ, არ შეიძლება ერთი და იგივე აზრი ხან ჭეშმარიტი და ხან მცდარი იყოს არამედ ერთი მსჯელობა აქ ყოველთვის ჭეშმარიტია, მეორე კი ყოველთვის მცდარი.

      რა არის არსებობა ან არარსებობა, ან ჭეშმარიტება და სიცრუე მარტივ საგნებში? ისინი არ არიან შეკავშირებულნი, რომ არსებობდნენ შეკავშირებისას და არ არსებობდნენ დაშლისას, როგორიცაა თეთრი ხე, ან დიაგონალის არათანაფარდობითობა. ჭეშმარიტებას და სიცრუეს მათთან ერთი და იგივე მნიშვნელობა არ აქვს და როგორც ჭეშმარიტება არაა აქ იგივე, ასევე არსებაც. აქ ჭეშმარიტებას და სიცრუეს მაშინ ვიღებთ, როდესაც შევეხებით ან გამოვთქვამთ აზრს საგნების შესახებ. რადგან დადასტურება და თქმა ერთი და იგივე არაა. და საგნები არ გვეცოდინება, თუ არ შევეხებით მათ. რადგან ასებულის მიმართ შეცდომა შეუძლებელია ან შეიძლება, მაგრამ შემთხვევით. ასევე შეუძლებელია შეცდომა მარტივ არსებათა მიმართ. ყველა ისინი არსებობენ სინამდვილეში და არა შესაძლებლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი წარმოიშვებოდნენ და მოისპობოდნენ. ასე არსებული არც წარმოიშობა და არც მოისპობა, რადგან ის რაიმესაგან უნდა წარმოიშვას. იმათ მიმართ, რომლებიც რაიმე კონკრეტულს წარმოადგენენ და სინამდვილეში არსებობენ, შეცდომა შეუძლებელია, არამედ შეიძლება მათი მოაზრება ან არა. ჩვენ ვიკვლევთ მათ არსებობას, და არა იმას, თუ როგორი არიან ისინი. რაც შეეხება არსებობას, როგორც ჭეშმარიტებას და არარსებობას, როგორც სიცრუეს ჭეშმარიტება მაშინ გვაქვს, თუ გვაქვს ერთი და კავშირი და შეცდომა, თუ ეს კავშირი არაა. ერთი, როგორც არსებული ასე არსებობს, თუ არა და ის არ არსებობს, საერთოდ. ჭეშმარიტება კი არის ამის მოაზრება. შეცდომა არის არა სიცრუე, არამედ უცოდინარობა, რომელიც არ ჰგავს სიბრმავეს, რადგან სიბრმავე აზროვნების უნარის არქონებას ჰგავს. ცხადია, შეცდომა შეუძლებელია უძრავი საგნების მიმართაც, თუ მათ ვინმე არ აღიქვამს, როგორც უძრავთ, გარკვეულ დროში. მაგალითად, თუ სამკუთხედს მოვიაზრებთ, როგორც უცვლელს, მისი კუთხეების ჯამი არ შეიძლება ხან მოგვეჩვენოს ორი სწორი კუთხის ტოლად, ხან კი არა, რადგან ის ამ შემთხვევაში ცვალებადი იქნებოდა, არამედ ის შეიძლება მოვიაზროთ ხან არსებულად, ხან არა. მაგალითად, რომელიღაც პირველი ლუწი რიცხვი ან არ არსებობს, ან ზოგგან არსებობს და ზოგგან კი არა. არც რიცხობრივად ერთზე[27] შეიძლება ამის თქმა, რომ ის ხან ასეთია, ხან კი არა. არამედ მუდამ ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფის მიმართ, როგორც ასეთზე, შეიძლება ხან შეცდომის, ხან ჭეშმარიტების თქმა.

« წიგნი მერვე

წიგნი მეათე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] τ ῷ ε ἶ ν α ί π ω ς ἢ μ ὴ ε ἶ ν α ι კუბიცკისთან ასეა თარგმნილი: носят ли они известную геометрическую форму, или не носят, ჩვენ თარგმანში კი ასეა: „რაიმე გარკვეული სახით არსებობა, ან არარსებობა“.

[2] ἡ γ ὰ ρ σ τ έ ρ η σ ι ς ἡ π ρ ώ τ η τ ὸ ἐ ν α ν τ ί ο ν ეს ადგილი კუბიცკის გადმოცემული აქვს ასე: „в самом деле быте, противоположное <данному>, это - отсутствие <данного бытия> в основном смысле этого слова“ ჩვენთან კი ეს ადგილი ასე გამოიყურება: „არქონება (ἡ γ ὰ ρ σ τ έ ρ η σ ι ς ) არის წინააღმდეგობის პირველი სახე“ (ἡ π ρ ώ τ η τ ὸ ἐ ν α ν τ ί ο ν ).

[3] არსტოტელე აქაც ავითარებს თავის ცნობილ დებულებას წინააღმდეგობათა ერთ მიმართებაში არსებობის შეუძლებლობის შესახებ.

[4] ο ὐ γ ὰ ρ δ ὴ τ ο ῦ γ ε π ρ ά γ μ α τ ο ς ϕ θ α ρ έ ν τ ο ς , ἀ ε ὶ γ ὰ ρ ἔ σ τ ι ν კუბიცის მიხედვით: „только не уничтожение <созданного искусством> об’ екта - он ведь существует вечно“ ჩვენ ეს ადგილი ასე ვთარგმნეთ: „საგანი რომ ამრიგად არ მოსპობილიყო, ის მუდმივი იქნებოდა“. და ასე თარგმნა უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რადგან დედანში ცოტა ზემოთ საგანთა მოსპობის სხვადასხვა ფორმებზეა ლაპარაკი. მით უმეტეს, რომ შეუძლებელია არისტოტელეს ხელოვნური საგნების მარადიულობა ემტკიცებინა.

[5] ἂ ν μ ὴ α ἰ σ θ ά ν η τ α ι μ η δ ᾽ ἐ ν ε ρ γ ῇ კუბიცკი ამ ადგილს ასე თარგმნის: „если оно не совершает акт восприятия в реальной действительности“ , ჩვენი თარგმანის მიხედვით კი, ეს ადგილი ასეა გადმოცემული: „თუ არ შეიგრძნობდა, არც იმოქმედებდა“ , რადგან ჩვენი აზრით, დედანში III პირის ორი ზმნაა: α ἰ σ θ ά ν η τ α ι და ἐ ν ε ρ γ ῇ.

[6] ἡ ἐ ν έ ρ γ ε ι α ნიშნავს, როგორც მოქმედებას, ისე სინამდვილეს.

[7] „უნარის მქონეს“ ცნების დადგენის მიზნით, არისტოტელე საჭიროდ მიიჩნევს დროის, მიმართების, მოქმედებისა და ობიექტის გარდა, სხვა განსაზღვრებების დამატებას.

[8] „პირველში“ ყველგან ნაგულისხმევია „განსჯით“ მოქმედნი, რომელნიც ყოველთვის შემოქმედნი არიან.

[9] თუ მოქმედება გონივრულია, შეესატყვისება მოქმედის უნარს და არსებობს მოქმედების გამომწვევი ობიექტი, მოქმედი სძლევს დაბრკოლებებს და მისი მოქმედება კეთილად დაგვირგვინდება. ამიტომ განსაზღვრებაში აღარაა საჭირო „გარედამაბრკოლებელ მიზეზთა“ გათვალისწინება.

[10] „მოცილებადში“ იგულისხმება გარკვეული ფორმისათვის გარკვეული მატერიის ჩამოცილებადობა და სხვა მატერიაში მისი განხორციელების შესაძლებლობა. მაგალითად, იგივე ჰერმესის გამოსახულება შეიძლება ამოჭრილ იქნას ხეშიც, სპილენძშიც, და სხვა მატერიაშიც. მაშ, ამ შემთხვევაში მატერია ფორმისაგან მოცილებადია.

[11] τ ῇ ἐ π α γ ω γ ῇ ინდუქციური მეთოდი, კონკრეტულისაგან ზოგადი ცნებებისაკენ მსვლელობის მეთოდი.

[12] განუსაზღვრელი არსებობს მხოლოდ წარმოდგენაში, გონებაში. ასე რომ, დაყოფის დაუსრულებლობა არისტოტელესათვის შესაძლებელია მხოლოდ წარმოდგენაში.

[13] გახდომის პროცესი.

[14] შესაძლებლობის დაკონკრეტებით არისტოტელე აყალიბებს თვის თვალაზრისს შეუძლებელის არსებობის შესახებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე შესაძლებელი იქნებოდა.

[15] თავის თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ არსეობს შესაძლებელობა და აუცილებლობა, არისტოტელე ავრცელებს, როგორც იმ მოვლენებზე, რომლებსაც ასეთი მიზეზი არა აქვთ შიგნით, არამედ რაღაც გარეგანი იძულება უბიძგებს აქეთკენ.

[16] არისტოტელე ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა ბერძენი მოაზროვნე, საზღვარს უდებს წარმოშობის პროცესის დაუსრულებლობას და მას პირველი მატერიით და მარადიული, წარმოუქმნელი და წარუვალი ფორმით იწყებს.

[17] განსხვავება საგანსა და მატერიას შორის იმაში მდგომარეობს, რომ საგანი ყოველთვის განსაზღვრულია, ე.ი. გარკვეული თვისებების შემცველი, მატერია კი ზოგჯერ.

[18] თვისებების მრავალფეროვან ჯაჭვში არის კიდური წევრი, რომელიც არაფრის თვისება არაა და რომლის თვისებაა ყოველივე სხვა. და ეს კიდური წევრი, ამ შემთხვევაში „ადამიანი“ , არის სუბსტანცია.

[19] „მოძრაობის საწყისი თავისსავე გვარში“ ისე უნდა იქნას გაგებული, რომ თუ წარმოშობას ბუნებრივი ხასიათი აქვს, საგანი წარმოშობს თავისსავე გვარის საგანს და არასოდეს სხვა გვარისას.

[20] „მოძრაობის საწყისი სხვაში“ საგანში მოძრაობის ისეთი საწყისის არსებობას ნიშნავს, რომელიც მასთან იგივეობრივი არ არის. „მოძრაობის საწყისი, რამდენადაც თვითონაა სხვა“ უნდა ნიშნავდეს მოძრაობის საწყისის არსებობას მოძრავ საგანში, მაგრამ ასეთ არსებობას, რომ ამ საწყისით გამოწვეული შედეგი არ გავს ამ შედეგის გამომწვევ მამოძრავებელ მიზეზს.

[21] შესაძლებლობას წარმოადგენს არამარტო თავდაპირველი მატერია, არამედ ყოველი კონკრეტული საგანი, რომელიც მისგან წარმოშობილ მოვლენათა შესაძლებლობას წარმოადგენს. ამ აზრით, რეალობა და რეალურად არესებული საგანი წინ უსწრებს მისგან სხვა საგნის წარმოშობის შესაძლებლობას.

[22] არისტოტელე უარყოფს არაფრისაგან წარმოშობას და აყენებს ახალ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ წარმოშობადი რაიმე ნაწილი უნდა არსებობდეს წინასწარ, სანამ საგანი მთლიანად წარმოიშობოდეს. ხოლო რაც ისპობა, არ უნდა ისპობოდეს მთლიანად, არამედ მისი რაღაც ნაწილი უნდა რჩებოდეს. მაგალითად, თესლი, რომლიც არსებობს მატერიის წარმოშვებამდე, არის ნაწილი მომავალში წარმოსაშობი მცენარისა. თვით ამ თესლის წარმოშობამდეც არსებობს რაღაც მისი ნაწილი და ასე მივადგებით ან პირველ მამოძრავებელს, ან პირველ მატერიას. ამ უკანასკნელის დაშვება კი აუცილებელია მოძრაობისა და წარმოშობის უსასრულობის თავიდან ასაცილებლად.

[23] არისტოტელე, მუხედავად იმისა, რომ ებრძვის პლატონს იდეების საკითხში, მაინც უშვებს მარადიულ პირველ მამოძრავებელს, რომელიც არასოდეს არ არსებობს შესაძლებლობაში, რადგან შესაძლებლობაში მისი არსებობა მისი არამარადიულობის მომასწავებელი იქნებოდა. მაგრამ აქ შეიძლება დაიბადოს კითხვა, რომ როგორღა შეიძლება მარადიული იყოს პირველი მატერია, რომელიც ყოველთვის მხოლოდ შესაძლებლობის სახით არსებობს? იქნება მისი მარადიულობა მის მარადიულად შესაძლებლობაში ყოფნით გამოიხატება?

[24] იგულისხმება მოძრაობაში სიძნელისა და წინააღმდეგობის მიზეზი.

[25] როგორც ამ, ისე წინამორბედი მსჯელობის მიხედვით, ჭეშმარიტების კრიტერიუმად მიჩნეულია ნააზრევის შედარება სინამდვილესთან, რაც არისტოტელეს შემეცნების თეორიაში ძლიერი რეალისტური ნაკადის არსებობაზე მეტყველებს.

[26] იგულისხმება რთული, ანუ შედგენილი საგნები.

[27] ნაგულისხმევია არა რიცხვი ერთი, არამედ მოვლენა, რომელიც რიცხობრივად ერთია.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 728

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: It was a bittersweet experience slowly finishing

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 6:54am 0 კომენტარი

The Diablo 4 Season 1 patch notes dropped yesterday, with headline changes focusing on buffing classes but nerfing powerful builds, especially those based around Crit Damage and Vulnerable enemies. According to the reaction across social media, they've proved pretty unpopular, but Blizzard says it's aware of the sentiment around the update.



We have been hearing feedback from players regarding some of the changes in 1.1.0 for #DiabloIV. We are going to have a Campfire Chat later this… გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:40am 0 კომენტარი



In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of …

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters