არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი VIII

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      ზემოთქმულს საჭიროა გაუკეთდეს დასკვნა და უმთავრესის დადგენით დამთავრდეს კვლევა-ძიება. ზემოთ კი ნათქვამი იყო, რომ ვიკვლევთ სუბსტანციათა მიზეზებს, საწყისებსა და ელემენტებს. სუბსტანციათა შესახებ ყველას ერთი აზრი აქვს, თუმცა ზოგიერთ სუბსტანციაზე ზოგიერთმა თავისებური შეხედულება გამოთქვა. ყველა აღიარებს ბუნებრივი ელემენტების არსებობას, როგორიცაა ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი და სხვა მარტივი სხეულები, შემდეგ მცენარეები და მათი ნაწილები, აგრეთვე ცხოველები და ცხოველთა ნაწილები. და ბოლოს: ცა და ცის ნაწილები[1]. ზოგიერთის ორიგინალური შეხედულების მიხედვით, სუბსტანციებია იდეები და მათემატიკური მოვლენები. ჩვენი მსჯელობიდან კი გამომდინარეობს დასკვნა ისეთი სუბსტანციების არსებობის შესახებ, როგორიცაა არსება და სუბსტრატი.

      შემდეგ, სხვა თვალსაზრისით, გვარი სახეებზე[2] უფრო მეტად არსებობს, ზოგადი - ერთეულ საგნებზე. ზოგადსა და გვარს კი იდეები უკავშირდება, რომლებიც იმავე მოძღრებით სუბსტანციებადაა მიჩნეული. თუ არსება სუბსტანციაა, რომლის ცნება განსაზღვრებაა, მაშინ საჭიროა დადგენილ იქნას, როგორც განსაზღვრება, ისე კონკრეტული საგანი. რადგან განსაზღვრება არის ცნება და ცნებას კი ნაწილები აქვს, ამიტომ აუცილებელია მათი შესწავლა იმ მხრივაც, თუ რომელია არსების ნაწილები და რომელი არა, და ესენი ის ნაწილებია, რაც განსაღზვრებებისა, თუ არა? მაგრამ სუბსტანცია არც ზოგადია და არც გვარი. ხოლო იდეებსა და მათემატიკურ მოვლენებზე ჩვენ ქვემოთ ვიმსჯელებთ, რომლებიც ზოგიერთს შეგრძნებადი საგნებისაგან დამოუკიდებლად არსებულ სუბსტანციებად მიაჩნია.

      ამჟამად კი უნდა დავუბრუნდეთ იმ სუბსტანციებს, რომელთა შესახებ ყველას ერთი აზრი აქვს. ესენია გრძნობადი საგნები. ყველა შეგრძნებად საგანს კი მატერია აქვს. სუბსტანცია ესაა, ერთი მხრივ, სუბსტრატი, მეორე მხრივ კი, მატერია. მატერიას მე ვუწოდებ იმას, რაც რეალურად კი არ წარმოადგენს კონკრეტულ საგანს, არამედ შესაძლებლობაში, სხვანაირად კი ცნებას და ფორმას, რომელიც, როგორც არსება დამოუკიდებელია აზრობრივად[3]. მესამე მხრივ, ესაა მათგან შემდგარი, რომელიც იბადება და ისპობა და რომელიც ყოველთვის დამოუკიდებლად არსებობს. ცნებადი მოვლენებიდან ზოგი ასეთია, ზოგი კი არა.

      ამრიგად, ცხადია, რომ მატერია სუბსტრაცია, რდგან ყველა ერთმანეთისადმი მოპირისპირე ცვალებადობაში არსებობს ცვალებადობის რაღაც სუბსტრატი. როგორც მაგალითად, ადგილზე ცვალებადობისას არსებობს ის, რაც ახლა აქაა, შემდეგ კი სხვაგან. ზრდაში კი, - რაც ახლა ასეთია, შემდეგ კი ან დიდი გახდება, ან მცირე. ცვალებადობაში არსებობს ის, რაც ახლა ჯანმრთელია, მაგრამ შემდეგ შეიძლება დაავადდეს. ასევე არსებაშიც, რაც ახლა დაბადების პროცესშია, შემდეგ კვდომის პროცესში იქნება. და ის, რაც ახლა კონკრეტული საგნის სუბსტრატია, შემდეგ მისი არ არსებობის სუბსტრატი გახდება. ამას უკავშირდება ყველა სხვა ცვალებადობანი. სხვა შემთხვევებში ის შესაძლებელია ერთს ან ორს არ ახასიათებდეს, რადგან არაა აუცილებელი, რომ რასაც განფენილი მატერია აქვს, ეს მატერია ამავე დროს წარმოშობადი და მოსპობადი იყოს. ხოლო იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა მარტივსა და არამარტივ მოვლენებს შორის, ნათქვამი იყო წიგნებში „ბუნების შესახებ“.

თავი 2

      ყველა ერთი აზრისაა არსებაზე, როგორც სუბსტრატსა და მატერიაზე, რომელიც შესაძლებლობაში არსებობს. ამიტომ დარჩა გამოსაკვლევი, თუ რას წარმოადგენს რეალურად არსებული შეგრძნებადი სუბსტანცია. დემოკრიტე, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ არსებობდა მისი სამი სახე. რადგან მისი აზრით, საფუძველში მყოფი სხეული და მატერია იგივეობრივია, მაგრამ განსხვავდება ელემენტების ზომით, რაც ფორმაა, ტრიალით, რაც მდებარეობაა, და განლაგებით, რაც წესრიგია. მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ სხვა მრავალი განსხვავება უნდა ჰქონდეს მას. ამათგან ერთი უნდა იყოს მატერიის შეკავშირების შედეგი. შეკავშირება შეიძლება მოხდეს შერევით, როგორც თაფლისა რძესთან, ან რაიმე კონის თასმებით შეკვრის მსგავსად, წიგნის წებოთი დაკავშირების სახით, ყუთის ლურსმნებით დამაგრების სახით და სხვა მრავალი ამდაგვარი ხერხით.

      განსხვავებას ჰქმნის მდებარეობაც, მაგალითად, კარის დირე, ან თაღი, რომლებიც როგორღაც მდებარეობით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, აგრეთვე დრო, როგორც სადილი და საუზმე. შემდეგი განსხვავებაა ადგილით, როგორც ქარები. შემდეგ, შეგრძნებადი თვისებით განსხვავება, მაგალითად, სირბილე და სიმკვრივე, სიხშირე და იშვიათობა, სიმშრალე და სისველე. აქედან ზოგს ამ თვისებების ნაწილი ახასიათებთ, ზოგს ყველა, ხოლო ამ თვისებების სიჭარბე ან ნაკლებობა ყველასათვის საერთოა. ამრიგად, ცხადია, რომ არსებულ საგნებზე ამგვარად შეიძლება მსჯელობა. დირე არის ის, რაც ასე მდებარეობს და მის არსებასაც მისი ასე მდებარეობა გამოხატავს. ყინულის არსება ნიშნავს ნაწილების გარკვეული სახით გამკვრივებას. ზოგიერთი მოვლენის არსება, როგორიცაა ხელი ან ფეხი, შეიძლება განსაზღვრული იყოს ყველა ამ განსხვავებით: შეკავშირებით, შერევით, შეკვრით, გამკვრივებით და სხვა.

      დაგვრჩა განსხვავებათა გვარების დადგენა, რომლებიც არსებობის საწყისნი არიან. მაგალითად, მეტი და ნაკლები, ხშირი და იშვიათი და სხვა ამდაგვარი. ყველა ესენი ხომ მეტ-ნაკლებობას წარმოადგენენ. თუ საგნები ფორმით განსხვავდებიან, მაგალითად, სიგლუვით ან ხორკლიანობით, ისინი განსხვავებული ყოფილან სისწორით და მოღუნულობით. ზოგიერთის არსებობა შერევაში მდგომარეობს, ამიტომ მისი საწინააღმდეგო მოვლენა არარსებობაა. აქედან ცხადია, რომ თუ არსება თითოეული საგნის არსებობის მიზეზია, ეს მიზეზი თითოეულ ამ მოვლენათაგანშია საძიებელი. არსება არაა არც ერთი ამათგანი, არაა არც მათი გაორმაგება, არამედ თითოეული მათგანი მისი რაღაც ანალოგიურია. და ის, რაც ითქვა სუბსტანციის მატერიაზე, იგივე უნდა ითქვას მის განხორციელებაზეც და მით უმეტეს, სხვა განსაზღვრებებზე. მაგალითად, თუ საჭიროა კარის ზღურბლის განსაზღვრა, ვამბობთ, რომ ისაა ან ხე, ან ქვა, რომელიც ასე ან ისე მდებარეობს და სახლის შესახებ კი ვამბობთ, რომ ის არის ქვების ან ბოძების გარკვეული მდებარეობა. ამას გარდა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მიზნის მითითება. ყინულზე ვამბობთ, რომ ესაა გარკვეული სიხშირის ან სიმკვრივის მქონე წყალი. სიმფონია არის მაღალი და დაბალი ტონების გარკვეული ნარევი. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სხვა შემთხვევებშიაც.

      აქედან ცხადია, რომ სხვადასხვა მატერიას სხვადასხვა განხორციელება და ცნება აქვს ზოგგან ეს შერწყმაა, ზოგგან შერევა, ზოგგან კი რომელიმე ზემოთქმული შემთხვევათაგანი. მაშასადამე, ვინც სახლის არსებას განსაზღვრავს, როგორც ქვას, აგურებს და ბოძებს, ის ლაპარაკობს სახლზე შესაძლებლობაში, რადგან ყველაფერი ეს მატერიაა. მაგრამ, ვინც იტყვის, რომ ესაა საგნებისა და სხეულების სათავსი, ანდა რაიმე ამდაგვარს უმატებს, ის რეალურად არსებულ სახლზე ლაპარაკობს. ორივეს შეკავშირების შედეგად კი ვიღებთ მესამეს, მათგან წარმოებულ სუბსტანციას, რადგან როგორც ჩანს, ცნება მიღებულია სახესხვაობისაგან და გვარისაგან და წარმოადგენს ფორმისა და რეალობის განსაზღვრებას, ხოლო ნაწილების განსაზღვრება კი პირველ რიგში მატერიის განსაზღვრებაა.

      ანალოგიური განსაზღვრებები მიიღო არქიტამ: აქაც მოცემულია ორივე მხარე. მაგალითად, კითხვაზე: რა არის ამინდი, პასუხობს: ესაა ჰაერის მასაში არსებული სიმშვიდე. ამ შემთხვევაში ჰაერი არის მატერია, ხოლო მისი განხორციელება და არსება კი სიმშვიდე. რა არის მშვიდი ზღვა? ესაა წყლის ზედაპირის სიგლუვე. აქ წყალი არის მატერიალური სუბსტრატი, ხოლო სიგლუვე კი რეალობა და ფორმა.

      ზემოთქმულიდან ცხადია, თუ რა არის შეგრძნებადი არსება და როგორ არსებობს იგი. ერთ შემთხვევაში ესაა მატერია, მეორე შემთხვევაში ფორმა და რეალობა, მესამე შემთხვევაში კი მათი შეერთების შედეგი.

თავი 3

      არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ზოგჯერ გაურკვეველია, რთულ არსებას გამოხატავს სიტყვა, თუ მის განხორციელებასა და ფორმას, მაგალითად, „სახლი“ გამოხატავს ზოგადს, რომელიც გარკვეული ფორმით განლაგებული აგურებისა და ქვებისაგან შედგენილ სათავსს წარმოადგენს, თუ სათავსის რეალობასა და ფორმას? ანდა რას ნიშნავს ხაზი, სივრცეში არსებულ ორიანს[4], თუ საერთოდ სულს, რომელიც რომელიმე სხეულის არსება და რეალობაა? ორივესაგან ვიღებთ ცხოველს, მაგრამ, არა როგორც ერთ მოვლენას. ის სხვა მიმართებაში შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ არა შეგრძნებადი სუბსტანციის კვლევისას, რადგან აქ არსება მოცემულია როგორც ფორმის, ისე რეალობის სახით. სული და სულის არსება ერთი და იგივეა, ადამიანის არება და ადამიანი კი ერთი და იგივე არაა, თუ სულსაც ადამიანად არ ჩავთვლით. ეს კი ზოგჯერ შეიძლება, ზოგჯერ არა.

      კვლევის შედეგად არ დადასტურდა, რომ მარცვალი ელემენტებსა და მათ სინთეზს წარმოადგენს, ხოლო სახლი აგურებსა და მათ სინთეზს. ეს სწორია, რადგან საგანი არაა მხოლოდ იმათი სინთეზი და ნარევი, რისგანაც ის შედგება. ასევე სხვა შემთხვევაშიაც, მაგალითად, დირეს შემთხვევაში განლაგება კი არ არის დირესაგან წარმოებული, არამედ უფრო მეტად ის ამისაგან, ასევე არც „ადამიანია“ „ცხოველი“ და „ორფეხი“, არამედ უნდა არსებობდეს რაღაც მათ გარდა[5]. თუ ის მატერიაა, ის არ იქნება არც ელემენტი და არც ელემენტებისაგან შემდგარი, არამედ ის არსება იქნება, რომლესაც ისინი უყურადღებოდ ტოვებენ და მატერიაზე ლაპარაკობენ. თუ მატერიაა მისი არსებობის მიზეზიც და სუბსტანციაც, მას ჩვენ მის არსებად მაინც ვერ ჩავთვლით, რადგან არსება აუცილებლად ან მარადიული უნდა იყოს, ან წარმავალი, გარეშე მოსპობისა და წარმოშობადი გარეშე წარმოშობისა[6]. სხვაგან კი დავამტკიცეთ და ცხადვყავით, რომ ფორმად არც არავინ ჰქმნის და არც წარმოშობს, არამედ კეთდება ესა და ეს და წარმოიშობა ამისა და ამისაგან[7]. არსად არაა გარკვეული ის, აქვთ თუ არა წარმავალ საგნებს დამოუკიდებელი არსება, ცხადია მხოლოდ ის, რომ ეს ზოგჯერ შეუძლებელია. მაგალითად, იმ საგანთა არსება, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებელი არსებობა. ასეთია სახლი და ჭურჭელი. ასე რომ, სუბსტანციები არ არიან არც ესენი და არც სხვა რაიმე არაბუნებრივი, რადგან წარმავალ საგანთა შორის მხოლოდ ბუნებრივი შეიძლება იყოს სუბსტანცია.

      ამრიგად, იმ სიძნელეს, რომელზეც დაობდნენ, როგორც ანტისთენეს მიმდევრები, ისე სხვა გაუნათლებები, რაღაც საფუძველი აქვს. სახელდობრ ის, რომ საგანი არ განისაზღვრება[8], რადგან მისი განსაზღვრება ძალიან ვრცელი იქნებოდა. საგნის თვისება კი შეიძლება განვსაზღვროთ და სხვასაც ვასწავლოთ ეს. მაგალითად, ვერცხლზე ვერ ვიტყვით თუ რაა ეს, მაგრამ ვიტყვით, რომ ის ისეთივეა, როგორც კალა. ასე რომ, საგნის არსება ისეთი რამაა, რომელსაც შეიძლება განსაზღვრებაც ჰქონდეს და ცნებაც. თუნდაც ის რთული შედგენილობის იყოს, სულ ერთია, იქნება ის შეგრძნებადი, თუ აზრობრივი. მაგრამ მისი შემადგენელი პირველი ელემენტების განსაზღვრება კი არ შეიძლება, რადგან განსაზღვრება მიუთითებს რაღაცას რაღაცის შესახებ, რაც ერთ შემთხვევაში მატერია უნდა იყოს და მეორე შემთხვევაში კი ფორმა.

      აქედან ცხადი უნდა იყოს, რომ თუ რიცხვები რაღაც არსებებია, ისინი ამგვარად არსებობენ და არა როგორც ერთიანები, რასაც ზოგიერთი ამტკიცებს, რადგან განსაზღვრებაც რაღაც რიცხვია და დაიშლება დაუშლელ ნაწილებად, და რადგან არც ცნებებია უსაზღვრო და არც რიცხვები. როგორც რიცხვებისაგან იმის გამოკლებით ან მიმატებით, რისგანაც რიცხვი შედგება, მივიღებთ არა იმავე რიცხვს, არამედ სხვას, თუნდაც მას მოაკლდეს ან მიემატოს უმცირესი რამ, ასევე განსაზღვრებაც რაიმეს გამოკლებით ან მიმატებით აღარ იქნება იგივე. რიცხვშიც უნდა იყოს რაღაც, რის გამოც ის ერთს წარმოადგენს და რომლის შესახებ ვერ ვიტყვით, თუ რაა ის. ის, მართლაც ერთია? ან რიცხვი არაა ერთი, არამედ გროვისმაგვარი, ან თუ ერთია, უნდა ითქვას, თუ არა ის, რაც მას სიმრავლიდან ერთად აქცევს. განსაზღვრებაც ისევე ერთია, როგორც არსება. მის შესახებაც ისინი არაფერს ამბობენ და შედეგი აქაც ანალოგიურია. ასეა ერთი არსებაც და არა ისე, რასაც ზოგიერთები ამბობენ, რომ ის არის რაღაც ერთიანი და წერტილი. არსება ყოველ ცალკე შემთხვევაში არის რაღაც რეალობა და ბუნება, არც მას ახასიათებს მეტ-ნაკლებობა, როგორც რიცხვს და არც მხოლოდ ფორმალური არსება, რადგან მატერიასთანაა დაკავშირებული.

      ე.წ. არსებათა წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორაა ეს შესაძლებელი და როგორ არა, აგრეთვე რიცხვებზე მათი დაყვანის შესახებ, ამით უნდა შემოვიფარგლოთ.

თავი 4

      მატერიალური სუბსტანციის კვლევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ თუ ყოველივე წარმოიშობა რაიმე პირველადისაგან ან პირველადი ელემენტებისაგან, და თუ მატერია წარმოშობადი საგნების საწყისია, მაშინ ყოველ საგანს უნდა ჰქონდეს რაღაც მისთვის სპეციფიკური მატერია, როგორც ლორწოს პირველი მატერიაა ტკბილი და მსუქანი, ნაღველისა მწარე და სხვა ამდაგვარი, ეს უკანასკნელნიც ელემენტებისაგან შედგებიან. ერთ და იმავე მოვლენას შეიძლება მრავალგვარი მატერია ჰქონდეს, თუ წარმოშობა ერთი მეორისაგან ხდება, როგორც ლორწო შედგება მსუქანი და ტკბილი ნაწილებისაგან იმ შემთხვევაში, თუ მსუქანი წარმოიშობა ტკბილისა და ნაღველისაგან და თუ ეს უკანასკნელი დაიშლება პირველ მატერიად. ერთი საგნის მეორისაგან წარმოშობა კი ორგვარია: ან თანმიმდევრული განვითარებით, ან საწყისებზე დაშლით. შესაძლებელია ერთი და იმავე მატერიიდან სხვადასხვა საგნები წარმოიშვას მამოძრავებელი მიზეზის გამო. მაგალითად, ხისგან - ყუთიც და საწოლიც. ზოგჯერ კი, თუ მატერია სხვადასხვაა, საგნებიც აუცილებლად სხვადასხვა იქნებიან. მაგალითად, ხეს ვერ დავამზადებთ ხისგან, თუნცად მამოძრავებელი მიზეზი იგივე იყოს. ხერხი ვერ დამზადდება ვერც მატყლისგაგან და ვერც ხისაგან. თუ ერთი და იგივე საგანი მზადდება სხვადასხვა მატერიისაგან, ცხადია, რომ მაშინ ხელოვნება და საგნის მამოძრავებელი საწყისი ერთი და იგივე უნდა იყოს. რადგან, თუ მატერია და მამოძრავებელი სხვადასხვაა, წარმოშობილიც სხვადასხვა იქნება[9]. ამიტომ ვინც მიზეზებს იკვლევს, უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაძლებელი მიზეზი, რადგან მიზეზები მრავალგვარია. მაგალითად, რა არის ადამიანის მატერიალური მიზეზი? მენსტრუაცია. რაა მისი მამოძრავებელი მიზეზი? - თესლი. რაა ფორმალური მიზეზი? - არსება. რა არის მიზანი - დასასრული. ეს ორი უკანასკნელი ერთი და იგივეა[10]. ყოველთვის საჭიროა უახლოესი მიზეზის დასახელება. რა არის მატერია? ის არაა ცეცხლი ან მიწა, არამედ საგნისათვის რაღაც სპეციფიკური. ბუნებრივი და წარმოშობადი საგნების კვლევა აუცილებლად ასე უნდა ვაწარმოვოთ, თუ კვლევის სწორად წარმართვა გვსურს. ამრიგად, თუ მიზეზები ესენი და ამდენია, საჭიროა მათი შესწავლა. ბუნებრივსა და მარადიულ არსებებზე სხვადასხვაგვარად უნდა ვიმსჯელოთ. ზოგ მათგანს არა აქვს მატერია, ან აქვს, მაგრამ ისეთი, რომელიც მხოლოდ გადაადგილდება. ბუნებრივ საგნებს, რომლებიც არ არიან სუბსტანცია, მატერია არა აქვთ და მათი არსება მათივე სუბსტანციაა. მაგალითად, რა არის მთვარის დაბნელების მიზეზი, რომელი მატერია? ის არ არსებობს, არამედ ეს მთვარის განცდაა. რა არის სინათლის მოძრაობისა და მოსპობის მიზეზი? - დედამიწა. მიზნობრივი მიზეზი კი არა გვაქვს. ფორმის როლს აქ ასრულებს განმარტება, მაგრამ განმარტება ბუნდოვანი იქნება, თუ ის არ ეხება მიზეზს. მაგალითად, რა არის დაბნელება? - სინათლის გაქრობა. მაგრამ თუ დავუმატებთ,“ დედამიწის შუაში მოქცევა“, აქ განმარტება მიზეზთან იქნება დაკავშირებული. რაც შეეხება ძილს, უცნობია თუ რა განიცდის მას პირველად. შესაძლებელია ცხოველი? - კარგი, მაგრამ რა მიმართებაში? და მისი რომელი ნაწილი განიცდის ამას პირველად? სული, თუ სხვა რამ? შემდეგ, რისგან განიცდის ამ ზემოქმედებას? შემდეგ, რა განცდაა ეს? რომელიმე ორგანოსი, თუ მთელი სხეულის? უძრაობაა? კარგი, მაგრამ საგანი რის ზემოქმედებით განიცდის რაიმეს?

თავი 5

      ზოგი მოვლენა არსებობს და არც არსებობს წარმოშობისა და მოსპობის გარეშე[11]. ასეთია წერტილები, თუ ისინი არსებობენ[12] და ფორმები საერთოდ, რადგან წარმოიშობა არა „თეთრი“, არამედ „თეთრი ხე“, თუ წარმოშობილი ყოველთვის რაიმესგან წარმოიშობა და რაიმედ იქცევა. ყველა დაპირისპირებული მოვლენა ერთიმეორისაგან კი არ წარმოიშობა, არამედ სხვაგვარად წარმოიშობა თეთრი ადამიანი შავისაგან და შავი თეთრისაგან. არც მტერია აქვს ყველაფერს, არამედ აქვთ იმათ, რომლებიც ერთიმეორისაგან წარმოიშობიან და ერთიმეორეში გადადიან[13]. ხოლო იმათ, რომლებიც არსებობენ, ან არ არსებობენ ცვალებადობის გარეშე, მატერია არ აქვთ[14].

      ძნელად გადასაწყვეტია კითხვა იმის შესახებ, თუ თითოეული საგნის მატერია როგორ დამოკიდებულებაშია თავის მოპირდაპირე მხარესთან. მაგალითად, თუ სხეული შესაძლებლობაშია ჯანმრთელი და ჯანმრთელობას ავადმყოფობა უპირისპირდება, მაშინ ორივე შესაძლებლობაში არსებობს? და წყალი შესაძლებლობაში არის როგორც ღვინო, ისე ძმარი? თუ ერთ შემთხვევაში მომატებისა და ფორმის გამო გვაქვს ჩვენ მატერია და მეორე შემთხვევაში, დაკლებისა და დაღუპვის გამო - ბუნების საწინააღმდეგო მოვლენა? საკითხავია აგრეთვე, თუ რა არის ღვინო და რატომ არაა ის ძმრის მატერია ან ძმარი შესაძლებლობაში. რადგან მისგან მიიღება ძმარი. ან რატომ არაა ცოცხალი მკვდარი? რადგან თუ არაა ცოცხალი მკვდარი, სიკვდილი შემთხვევით იქნება. სიკვდილის შემდეგ ცხოველის მატერია წარმოადგენს მკვდრის მატერიას და მის შესაძლებლობას. წყალი კი - ძმრის შესაძლებლობას? რადგან ისინი ისე წარმოიშობიან ამათგან, როგორც ღამე დღისაგან. ისინი, რაც არ გადადის ერთიმეორეში, მატერიას უნდა დაუბრუნდნენ. მაგალითად, თუ მკვდრისაგან წარმოშობილი სიცოცხლე უბრუნდება პირველად მატერიას[15], შემდეგ მისგან ისევ სიცოცხლე უნდა წარმოიშოს, ასევე ძმარი უნდა იქცეს წყლად და შემდეგ ღვინოდ.

თავი 6

      ზემომოტანილი სიძნელე განსაზღვრებებისა და რიცხვების შესახებ ეხება მათი ერთიანობის მიზეზს. ყველა იმათ, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ნაწილებისაგან შედგებიან, მაგრამ მაინც წარმოადგენენ არა გროვას, არამედ რაღაც მთელს, ნაწილებს გარდა, ამისათვის რაღაც მიზეზი აქვთ. მაგალითად, სხეულებში ერთიანობის მიზეზი ზოგგან არის შეხება, ზოგგან წებოვნება ან რაღაც სხვა ასეთი მოვლენა. განსაზღვრება კი არის ერთი არა მისი ნაწილების ერთად ყოფნის გამო, როგორც „ილიადა“, არამედ იმიტომ, რომ მას არსება აქვს ასეთი. მაგრამ რა არის ის, რაც ადამიანს ერად აქცევს ან რატომ არის ის ერთი და არა მრავალი, მაგალითად, „ცხოველი“ და „ორფეხი“ ? მით უმეტეს, თუ არსებობს რაღაც „ცხოველი“ და „ორფეხი თავისთავად“, როგორც ზოგი ამბობს. რატომ არის ეს ადამიანი და ისინი ადამიანები არა ადამიანებთან, ან ერთთან, არამედ ორთან, ცხოველთან და ორფეხიანობასთან ზიარების გამო? მაშინ ადამიანი უნდა ყოფილიყო არა ერთი, არამედ მრავალი: ცხოველი და ორფეხი. ცხადია, რომ იმ მეთოდით, როგორც ისინი ფიქრობდნენ განესაზღვრათ და ემსჯელათ, არ შეიძლება არც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და არც სიძნელის გადაჭრა, მაგრამ იმ გზით, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთი მატერიაა, მეორე კი ფორმა, ერთი არსებული შესაძლებლობაში, მეორე კი სინამდვილეში, საძიებელი აღარავითარ სიძნელეს აღარ წარმოადგენს. აქ იგივე დაბრკოლება იქმნება, როგორც იმ შემთხვევაში „ტანსაცმელის“ განსაზღვრება „მრგვალი სპილენძი“ რომ ყოფილიყო. აქ სიტყვა ცნების ნიშანია. ასე რომ, საკვლევია, - „სიმრგვალისა“ და „სპილენძის“ ერთიანობის მიზეზი, მაშინ კი, როგორ ჩანს, აღარავითარი სიძნელე აღარ იქნება, თუ ერთი მატერიაა, მეორე კი ფორმა. რა არის იმის მიზეზი, რომ ის, რაც შესაძლებლობაშია, სინამდვილედ იქცევა, გარდა შემოქმედი მიზეზისა, რომელიც წარმოქმნის? შესაძლებლობაში არსებული სფეროს რეალურად ქცევის სხვა არავითარი მიზეზი არაა, გარდა თვით მისი არსებისა. ხოლო მატერია ერთ შემთხვევაში არის გააზრებადი, მეორეში შეგრძნებადი, და ცნება ყოველთვის ხან მატერიის სახით არსებობს, ხან კი რეალურად, როგორც, მაგალითად, წრე არის ბრტყელი ფორმის მქონე. ხოლო ის, რასაც არა აქვს არც გააზრებადი, არც შეგრძნებადი მატერია, ის თვითონ არის უშუალოდ ერთიანი და არსება. ასეა არსებაც, საგანიც, თვისებაც და რაოდენობაც. ამიტომაც განსაზღვრებაში არაა არც საგანი, არც ერთი და არც არსება უშუალოდ, მაგრამ ის მაინც არის, როგორც ერთი, ისე რაღაც არსებული და ამიტომაც მას არა აქვს არც ერთიანობის და არც არსებობის რაიმე თვით მისგან განსხვავებული მიზეზი. თითოეული თვითონ არის რაღაც არსებული და ერთი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის მონაწილეობს არსებობისა და ერთიანობის გვარში, და არც იმიტომ, რომ ეს გვარები საგნებისაგან დამოუკიდებელნი არიან. ამ დაბრკოლების გამო ისინი, ვინც „ზიარებაზე“ ლაპარაკობენ, უძნელდებათ „ზიარების“ მიზეზისა და არსების ახსნა. ზოგი კი, როგორც, მაგალითაც, ლილოფრონი, კაპარაკობენ შემეცნებისა და სულის კავშირზე. სხვები კი სიცოცხლეს უწოდებენ სულისა და სხეულის სინთეზს. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას ყოველივე სხვაზე. მაგალითად, ჯანმრთელობა არის სულისა და ჯანმრთელობის თანაარსებობა, კავშირი ან სინთეზი. სპილენძის სამკუთხედი არის სინთეზი სპილენძისა და სამკუთხედისა. და თეთრი საგანი არის სინთეზი სიბრტყისა და სითეთრისა. აქ ყველგან ერთიანობისა და განსხვავების მიზეზი არის საძიებელი შესაძლებლობასა და მის განხორციელებაში.

      როგორცა ვთქვით, კიდური მატერია და ფორმა ერთი და იგივეა, პირველი შესაძლებლობაში, მეორე სინამდვილეში. ასევე უნდა მოვიქცეთ ერთის მიზეზისა და არსების კვლევისას, რადგან ყოველი საგანი როგორღაც არის ერთი, როგორც შესაძლებლობაში, ისე სინამდვილეში. ასე რომ, ამის მიზეზი სხვა არა არის რა, გარდა მამოძრავებელი მიზეზისა, რასაც შესაძლებლობიდან სინამდვილეში გადავყავართ. ხოლო რასაც მატერია არა აქვს, ყოველთვის რაღაც მარტივი ერთია.

« წიგნი მეშვიდე

წიგნი მეცხრე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] ὁ ο ὐ ρ α ν ὸ ς ნიშნავს, როგორც ცას, ისე სამყაროს. კუბიცკის საჭიროდ მიაჩნია ამ სიტყვის თარგმნა „სამყაროდ“. ჩვენი აზრით, აქ უფრო ცა და მისი ნაწილებია ნაგულისხმევი, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ტავტოლოგია გვექნებოდა, რადგან ამის წინ ჩამოთვლი ნაწილები სამყაროს ელემენტები არიან.

[2] τ ῶ ν ε ἰ δ ῶ ν შეიძლება გაგებულ იქნას სახეებადაც და იდეებადაც. ამ კონტექსტში ის სახეებს ნიშნავს და გვართან კავშირშია ნახმარი.

[3] ფორმა, როგორც კონკრეტული საგანი, მხოლოდ აზროვნებაშია დამოუკიდებელი, ე.ი. არისტოტელე აქაც ლაპარაკობს სამ ნაწილზე: საგანსა, მის მატერიასა და ფორმაზე.

[4] „სივრცეში არსებულ ორიანში“ არისტოტელეს ნაგულისხმევი აქვს ხაზი, სივრცეში არსებულ ერთიანში - წეტილი. ხაზი იმიტომ გამოხატავს ორიანს, რომ სივრცეში მისი განვრცობა შესაძლებელია ორი მიმართულებით.

[5] არისტოტელეს აზრით, საგანი არაა მისი შემადგენელი ელემენტების მექანიკური გროვა, არამედ კიდევ სხვა რაღაც, რაც საგნის არსებაა. არსება მატერიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არამატერიალურია.

[6] არისტოტელე უარყოფდა მარადიულ არსებათა საგანთან დამოუკიდებელ არსებობას, მაგრამ ასეთ მოვლენებს ის ეძებდა თვით საგნებშივე მათი არსების სახით.

[7] არისტოტელე ამტკიცებს ფორმის მარადიულობას, წინააღმდეგ კონკრეტული საგნის წარმავლობისა.

[8] კუბიცკის გაგებით, არისტოტელე ეთანხმება ანტისთენეს თვალსაზრისს საგანთა არსების, ანუ ზოგადის განუსაზღვრელობის შესახებ. ჩვენი ზრით, შეუძლებელია არისტოტელეს გაეზიარებინა ეს თვალსაზრისი. სინამდვილეში აქ ლაპარაკია საგნების, როგორც კონკრეტულთა, განუსაზღვრელობაზე და ანტისთენეს ამ თვალსაზრისს არისტოტელე ეთანხმება.

[9] არისტოტელე ასხვავებს საგნის სამ მიზეზს: მატერიალურს, ფორმალურს და მამოძრავებელს. ამ უკანასკნელში გულისხმობს ხელოვანს, როგორც შემოქმედს, ფორმასა და ზოგჯერ რაიმე კონკრეტულ მოვლენასაც, მაგალითად, თესლს.

[10] დასახელებულ მიზეზთაგან არისტოტელე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფორმალურ მიზეზს, ანუ ფორმას.

[11] არსებობის და არარსებობის უნარი წარმოშობა-მოსპობის გარეშე ახასიასიათებთ ფორმალურ მოვლენებს, ფორმებს საერთოდ. ფორმა შეიძლება იყოს, ან არ იყოს საგანში ისე, რომ არ მოისპოს და არ წარმოიშვას. ის მარდიულია, თუმცა ყოველთვის არ არის მოცემული ამა თუ იმ საგანში, თუნდაც ამ საგნის წარმავლობის და მატერიალურობის გამო.

[12] არისტოტელე აქ ეჭვობს წერტილების, როგორც გეომეტრიული სიდიდეების, რეალურ არსებობაში და არა საერთოდ, წერტილების არსებობაში. „მეტაფიზიკის“ სხვა ადგილას ის გამოთქვამდა ეჭვს სხვა გეომეტრიული სიდიდეების რეალურ არსებობაზე.

[13] გოლკეს ინტერპრეტაციით, მატერია არა აქვთ იმ საგნებს რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან და ერთმანეთში გადადიან. მაშინ როდესაც ამ ადგილას არისტოტელე ამის საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს სწორედ ასეთ საგანთა მატერიის არსებობის შესახებ.

[14] არისტოტელესთან ცვალებადობა მატერიის დამახასიათებელი ნიშანია. ამიტომ უარყოფს ის ცვალებადობის არსებობას იქ, სადაც მატერია არაა, რადგან ფორმა, წინააღმდეგ მატერიისა, უცვლელია.

[15] არისტოტელე აქ უნდა გადმოგვცემდეს პითაგორელთა და ორფეველთა სულის ღოღვის თეორიას, რომლის მიხედვით, მკვდრები ცოცხლებიდან იშვებიან და პირიქით. ეს თეორია უაღრესად გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში: სპარსეთში, ინდოეთში, ბაბილონიასა და სხვაგან. საეჭვოა, რომ თვით არისტოტელე იზიარებდეს ამ თეორიას. მას ეს თეორია მოაქვს მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ წარმოიშვებიან დაპირისპირებული მოვლენები ერთმანეთისაგან.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 661

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters