არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი XI

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      რომ სიბრძნე არის რაღაც მეცნიერება საწყისების შესახებ, ეს ცხადია წინამორბედი მსჯელობიდან, სადაც ვარჩევდით საწყისების შესახებ სხვა მოაზროვნეთა თეორიებს. კითხვა ეხება იმას, სიბრძნე ერთი მეცნიერებაა, თუ ბევრი? ის რომ ერთი ყოფილიყო, ერთი იქნებოდა წინააღმდეგობების შემსწავლელი მეცნიერებაც, საწყისები კი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. ეს მეცნიერება თუ ერთი არაა, მაშინ რომელია ეს მეცნიერებანი? ამას გარდა, დასაბუთების საწყისები არის ერთი, თუ მრავალი მეცნიერების საგანი? თუ ერთის, რატომაა ის უფრო მეტად ზემოდასახელებულისა და არა სხვა ნებისმიერი მეცნიერებისა? თუ ბევრის, რომელია ესენი? შემდეგ, ეხება ის ყველა სუბსტანციას თუ არა? თუ არ ეხება ყველას, ძნელია იმის ჩვენება, თუ რომელს ეხება. თუ ეხება ყველას, არაა ცხადი თუ როგორ შეიძლება ბევრს ერთი და იგივე მეცნიერება სწავლობდეს. შემდეგ, მარტო არსებათა დასაბუთება შეიძლება, თუ შემთხვევითი თვისებებისაც? თუ შემთხვევითი თვისებების დასაბუთება შეიძლება, მაშინ შეუძლებელი იქნება არსების დასაბუთება. მაგრამ თუ სხვადასხვა მეცნიერება სწავლობს ამას, მაშინ როგორია თითოეული მათგანი და რომელია სიბრძნე? არის რა სიბრძნე მტკიცებითი მეცნიერება, ის ეხება შემთხვევით თვისებებს, ხოლო ის მეციერება, რომელიც პირველ ელემენტს ეხება, იქნება მეცნიერება არსებათა შესახებ. მაგრამ არც ფიზიკის წიგნებში მოხსენებული მიზეზები უნდა იყოს საძიებელი მეცნიერების ობიექტი. მისი საგანი არც მიზანი შეიძლება იყოს, რადგან მიზანი არის სიკეთე, რომელიც ახასიათებს მოძრაობასა და მოქმედებაში მყოფს. ისაა პირველი მამოძრავებელი და მიზანი, ხოლო პირველ მამოძრავებელს არა აქვს ადგილი უძრავ საგანთა შორის.

      საერთოდ, სიძნელეს წარმოადგენს კითხვა იმის შესახებ, საკვლევი მეცნიერება შეგრძნებად საგნებს სწავლობს, თუ სხვა რამეს? თუ სწავლობს სხვა რამეს, ეს იდეებია, თუ მათემატიკური მოვლენები? რომ იდეები არ არსებობენ, ეს ცხადია, მაგრამ თუ მათ არსებობას დავუშვებთ, მაშინ საკითხავია, რომ სხვა მოვლენებშიც, რომელთა იდეები არსებობენ, რატომ არაა ისეთვიე მდგომარეობა, როგორიც მათემატიკაში? მე ვგულისხმობ რაღაც მათემატიკურ მოვლენებს, რომელიც იდეებსა და შეგრძნებად საგნებს შორის მდებარეობენ, როგორც მესამე იდეა, არსებული მეორე იდეასა და აქაურ საგნებს გარდა. მაგრამ იდეებისა და ერთეული საგნების გარდა არ არსებობს არც „მესამე ადამიანი“[1], არც ცხენი, და თუ ეს ასე არაა, როგორც ისინი ამტკიცებენ, მაშინ რას უნდა სწავლობდეს მათემატიკა? ის ვერ შეეხებოდა აქაურ საგნებს, რადგან მათში არაა ისეთი მოვლენები, როგორსაც მათემატიკური მეცნიერებანი სწავლობენ. მაშასადამე, ამჟამად, საძიებელი მეცნიერება არ ეხება მათემატიკურ მოვლენებს, რადგან ისინი არ არიან დამოუკიდებელნი. ეს არ ეხება არც შეგრძნებად საგნებს, რადგან ისინი წარმავალი არიან[2]. საერთოდ, საკითხავია, თუ რომელი მეცნიერების საქმეა მათემატიკური მოვლენების კვლევა? ამას არ შეიძლება ეხებოდეს ფიზიკა, რადგან ფიზიკოსის მთელი საქმიანობა ეხება იმ მოვლენებს, რომელთაც მოძრაობისა და უძრაობის საწყისი თავის თავში აქვთ და არც ის მეცნიერება, რომელიც იკვლევს დასაბუთებას[3] და ცოდნას, რადგან ის კვლევას აწარმოებს სწორედ ამ სახის მოვლენების შესახებ. ამრიგად, შედეგად მივიღებთ, რომ ეს კვლევა პირველმა ფილოსოფიამ უნდა აწარმოოს.

      გადასაწყვეტია აგრეთვე კითხვა იმის შესახებ, რომ საძიებელი მეცნიერება ხომ არ უნდა ეხებოდეს საწყისებსაც, რომლებსაც ზოგი ელემენტებს უწოდებს. მათ ყველა რთული საგნების შემადგენელ ნაწილებად თვლიან. უფრო მეტად საფიქრებელია, რომ საძიებელი მეცნიერება ზოგადს სწავლობს, რადგან ყოველი ცნება და ცოდნა ეხება ზოგადს და არა უკანასკნელ საფეხურებს[4]. ამრიგად ეს ობიექტები უპირველესი გვარები უნდა იყვნენ, ასეთი კი არის არსებული და ერთი. ყველაზე მეტად მათ შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ყოველივე არსებულს მოიცავენ და ყველაზე მეტად ჰგვანან საწყისებს, რადგან ბუნებით პირველნი არიან. რადგან ყველაფერი არის ერთი და არსებული, ამიტომ მათ მოსპობასთან ერთად ისპობა ყოველივე დანარჩენი. თუ ასეთ თავისთავად გვარებს დავუშვებთ, მაშინ მათი სახეები აუცილებლად უნდა ეზიარებოდნენ მათ. სახესხვაობანი კი არც ერთ გვარს არ ახასიათებს. ამიტომაც, როგორც ჩანს, არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი გვარები ან საწყისები იყვნენ. გარდა ამისა, თუ საწყისი არის უფრო მეტად მარტივი, ვიდრე ნაკლებ მარტივი და გვარის შიგნით ყველაზე მარტივია ყველაზე უკანასკნელი სახე, რომელიც დაუყოფელია (გვარები ხომ მრავალ განსხვავებულ სახეებად დაიყოფებიან), ამიტომ გვარებზე უფრო მეტად სახეები უნდა ჩაგვეთვალა საწყისად, მაგრამ, სახეები ისპობიან გვარებთან ერთად. ამიტომაც, გვარები უფრო მეტად წააგავენ საწყისებს, რომლის მოსპობასთან ერთად ისპობა სხვაც. ასეთია ეს სიძნელეები, მაგრამ ამათ გარდა უნდა არსებობდეს ასეთი ხასიათის სხვა სიძნელეებიც.

თავი 2

      საძიებელი მეცნიერება ეხება იმას, რომ საჭიროა თუ არა კონკრეტული საგნების[5] გარდა, რომელნიც[6] ურიცხვნი არიან, სხვა რამის დაშვება? კონკრეტული საგნების გარდა არსებობენ გვარები და სახეები, მაგრამ საძიებელი მეცნიერება არ ეხება არც ერთ მათგანს. თუ რატომ არ ეხება, ამის შესახებ უკვე ვთქვით, საერთოდ, საკითხავია, უნდა დავუშვათ თუ არა რაიმე სუბსტანცია, შეგრძნებადი და მიწიერი სუბსტანციების გარდა, თუ მხოლოდ ესენი[7] არსებობენ და მათ სიბრძნე შეისწავლის? როგორც ჩანს, საძიებელია რაღაც სხვა და ესაა ჩვენი მიზანი. მე ვგულისხმობ იმის გარკვევას, არსებობს თუ არა რაღაც თავისთავადი და დამოუკიდებელი, რომელიც არც ერთ შეგრძნებად საგანში არაა მოცემული. შემდეგ, შეგრძნებადი არსებების გვერდით არის თუ არა რაღაც სხვა არსება, და თუ არის, რომელი შეგრძნებადი საგნების გვერდით უნდა მოვათავსოთ ის, ადამიანთა, ცხენთა, სხვა ცხოველთა, თუ საერთოდ უსულოთა გვერდით? შეგრძნებადი და მოკვდავი სუბსტანციების გვერდით მათივე რაოდენობის სხვა მარადიული სუბსტანციების დაშვება, ჩანს სცილდება გონიერების ფარგლებს. თუ ამჟამად საძიებელი საწყისი არაა დაცილებული სხეულებს, მაშინ სხვა რა უნდა იყოს ასეთი, თუ არა მატერია, რომელიც არსებობს არა რეალობაში, არამედ შესაძლებლობაში. მაგრამ მასზე უფრო მეტად საწყისად შეიძლება მიგვეჩნია სახე და ფორმა. ესენი კი წარმავალნი არიან[8]. ასე რომ, საერთოდ, არ არსებობს მარადიული, დამოუკიდებელი და თავისთავადი სუბსტანცია, რადგან ეს შეუსაბამობა იქნებოდა.

      როგორც ჩანს, დაახლოებით ასეთ სუბსტანციას და საწყისს ეძებდნენ ყველაზე განათლებულნი[9], რადგან როგორ იარსებებდა წესრიგი, თუ არ იქნებოდა არაფერი მარადიული, დამოუკიდებელი და მდგრადი? ამას გარდა, თუ არსებობს რაღაც ასეთი სუბსტანცია და ისეთი ბუნების საწყისი, როგორსაც ჩვენ ვეძებთ, და ისაა ერთი ყველასათვის როგორც მარადიული, ისე წარმავალი მოვლენებისათვის, მაშინ დაბრკოლებას წარმოადგენს კითხვა იმის შესახებ, თუ რატომაა ერთი და იგივე საწყისიდან წარმოშობილი ნაწილი მარადიული და ნაწილი კი არამარადიული, რაც შეუსაბამობაა. მაგრამ თუ სხვა საწყისი აქვს წარმავალს და სხვა მუდმივს და თუ წარმავალთა საწყისიც მარადიულია, მაშინ წარმოიშობა ანალოგიური დაბრკოლება, რომ მარადიული საწყისიდან წარმოშობილნი, რატომ არ არიან მარადიულნი? თუ საწყისი წარმავალია, მაშინ მას სხვა საწყისი სჭირდება, ამ უკანასკნელს - სხვა საწყისი და ასე შემდეგ, დაუსრულებლად. მაგრამ თუ არსებული და ერთი, რომელნიც უძრავნი არიან და არ წარმოადგენენ კონკრეტულ საგანს, მივიჩნიეთ საწყისად, როგორ იქნებოდნენ ისინი განცალკევებულნი და თავისთავადნი? ჩვენ კი ასეთ მუდმივ და პირველ საწყისს ვეძებთ. მაგრამ თუ თითოეული საწყისი წარმოადგენს კონკრეტულ საგანს და სუბსტანციას, მაშინ ყოველი არსებული სუბსტანცია იქნებოდა. ყოველივეს შეიძლება ვუწოდოთ არსებული, ზოგს ერთიც კი, მაგრამ ყველაფრის სუბსტანციად ჩათვლა შეცდომა იქნებოდა.

      შემდეგ, ისინი, რომლებიც პირველ საწყისად ერთს იღებენ და მას სუბსტანციად თვლიან, ხოლო ერთისა და მატერიიდან პირველ რიცხვს[10] აწარმოებენ, რომელსაც არსებას უწოდებენ, ამ შემთხვევაში როგორღა იქნება ჭეშმარიტი ყოველივე მათ მიერ თქმული? ან როგორ შეიძლება ერთად ჩავთვალოთ ორიანი და ყველა დანარჩენი რთული რიცხვი? ამის შესახებ ისინი არც არაფერს ამბობენ და არც ადვილია ამის თქმა.

      და თუ ვინმე საწყისად თვლის ხაზებს ან იმას, რაც მათ მოსდევს (მე ვგულისხმობ პირველად სიბრტყეებს)[11], ესენი დამოუკიდებელი სუბსტანციები კი არ არიან, არამედ ან ნაწილები, ან დანაყოფები: პირველნი - სიბრტყეთა, მეორენი - სხეულთა, ხოლო წერტილები - ხაზებისა, ესენი ხომ მათი საზღვრებია. ყველა ესენი სხვაში არსებობენ და არც ერთი მათგანი არაა დამოუკიდებელი. გარდა ამისა, როგორ უნდა ჩავთვალოთ სუბსტანციებად ერთი და წეტილი, რადგან ყოველგვარი სუბსტანცია წარმოიშობა, წერტილი კი არა, ის ხომ დანაყოფია.

      დაბრკოლებას წარმოადგენს აგრეთვე ის, რომ ყოველგვარი ცოდნა ზოგადის და თვისებების ცოდნაა, სუბსტანცია კი არის არა ზოგადი, არამედ კონკრეტული და დამოუკიდებლად არსებული საგანი. ამრიგად, თუ ცოდნა არის საწყისების ცოდნა, როგორ უნდა დავუშვათ, რომ საწყისი სუბსტანციაა?

      შემდეგ, არსებობს თუ არა მთელის გარდა რაიმე (მე ნაგულისხმევი მაქვს მატერია და ის, რაც მის შემდეგაა), თუ არ არსებობს, მაშინ ყოველი მატერიალური წარმავალი იქნებოდა. და თუ არსებობს რაიმე[12], ეს იქნებოდა სახე და ფორმა, მაგრამ თუ რომელ საგნებს აქვთ ის და რომელს არა, ამის დადგენა ძნელია. ცხადია ის, რომ ფორმას ზოგგან არა აქვს დამოუკიდებლობა (მაგალითად, სახლის ფორმა). შემდეგ, საწყისები სახით არიან ერთი, თუ რიცხვით? თუ რიცხვით არიან ერთი, მაშინ ყოველივე ერთი გახდებოდა.

თავი 3

      ფილოსოფიის ობიექტია არსებული, როგორც ზოგადი და არა არსებულის ნაწილები. არსებულს კი მრავალი მნიშვნელობა აქვს, თუ არებულთ მარტო სახელი აქვთ საერთო და სხვა არაფრი, მაშინ ისინი ერთი მეცნიერების საგანი ვერ იქნებოდნენ, რადგან მათ ერთი გვარი არ ექნებოდათ. ისინი იმ შემთხვევაში იქნებიან ერთი მეცნიერების ობიექტი, თუ რაღაც საერთო ექნებათ. როგორც ჩანს, ეს იმასვე ნიშნავს, რაც ჩვენ უკვე ვთქვით მედიცინისა და ჯანმრთელობის შესახებ. ამათაც მრავალი მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ ამათგან ერთი ნაწილი როგორღაც დაიყვანება მედიცინაზე, მეორე კი ჯანმრთელობაზე. ყველა დანარჩენი კი რაღაც ერთზე. „საექიმო“ ეწოდება, როგორც მეცნიერებას, ისე დანას. პირველი სამედიცინო ხელოვნების ცოდნიდან გამომდინარეობს, მეორე კი მისთვისაა გამოსაყენებელი. ასევეა ჯანმრთელობის შემთხვევაშიც. მეორე, როგორც ჯანმრთელობის საშუალება, პირველი, როგორც მისი შემოქმედი.

      ანალოგიური მდგომარეობაა დანარჩენ შემთხვევებშიაც. ასევე ეწოდება ყოველივე დანარჩენს არსებული. არსებულია ის, რაც არსებობს ან როგორც თვისება, ან ქონება, ან მდგომარეობა, ან მოძრაობა, ან სხვა ამდაგვარი, რასაც არსებულის მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი არსებული დაიყვანება ან ერთზე, ან ზოგადზე. ასევე წინააღმდეგობის ყოველი მხარე შეიძლება დაყვანილ იქნას არსებულის პირველ განსხვავებასა და წინააღმდეგობაზე, რაც არსებულის პირველი განსხვავებაა, ან სხვა რამეზე. ყველაფერი ეს კი უკვე განვიხილეთ. არავითარი განსხვავება არაა, დავიყვანთ არსებულს არსზე თუ ერთზე. თუ ეს ერთი და იგივეა და არა სხვადასხვა, მაშინ შეიძლება მათი გადაადგილება, რადგან ერთი როგორღაც არსებულიცაა, ხოლო არსებული ერთია.

      რადგანაც ყოველგვარი წინააღმდეგობა არის ერთი და იმავე მეცნიერების ობიექტი, თითოეულ მათგანზე მსჯელობა შეიძლება როგორც ნაკლზე, მაგრამ ერთგვარ სიძნელეს წარმოადგენს კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ვიმსჯელოთ ნაკლზე, რომელსაც როგორღაც რაღაც შუა საფეხური უკავია, როგორც მაგალითად, სამართლიანსა და უსამართლოს შორის. ყველა ამდაგვარის შესახებ უნდა დავუშვათ არსებობა ნაკლისა, მაგრამ არა მთელი ცნების მიმართ, არამედ უკანასკნელი სახის მიმართ. მაგალითად, თუ სამართლიანია კანონების ერთგული, უსამართლო ის კი არ იქნება, ვინც სრულიად არაა კანონების ერთგული, არამედ ის, ვინც ნაწილობრივაა ასეთი, რადგან ნაკლიც როგორცღაც არსებობს. ასევე სხვა შემთხვევაშიც. როგორც მათემატიკოსი იკვლევს გამოკლების მეთოდით, სახელდობრ, ყოველი შეგრძნებადი თვისებების გამოკლების გზით, როგორიცაა სიმძიმე, სიმსუბუქე, სიმკვრივე და მათი საპირისპირო, შემდეგ, სითბოს, სიცივის და სხვა დაპირისპირებული შეგრძნებების გამოტოვების გზით და იტოვებს მარტო რაოდენობას და უწყვეტობას. ერთს, როგორც უწყვეტს ერთი მიმართულებით, მეორეს - ორი მიმართულებით, მესამეს - სამი მიმართულებით. აგრეთვე მათ თვისებებსაც, რომლებიც რაოდენობას და უწყვეტობას წარმოადგენენ. ისე რომ, სხვა რამეს არ აქცევს ყურადღებას, არამედ ზოგგან იკვლევს მათს ერთმანეთთან მიმართებას და იმას, რაც მათ ახასიათებთ, სიმეტრიას, ასიმეტრიას და მათ მიმართებას. მაგრამ ყველა ამათ ჩვენ ვაკუთვნებთ ერთ მეცნიერებას, სახელდობრ, გეომეტრიას.

      ასეთივე მდგომარეობაა არსებულშიც. არსებულის შემთხვევითი ნიშნებიც, რომელიც მას მიეწერება და მისთვის, როგორც არსებულისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობანი, არის ფილოსოფიის და არა სხვა მეცნიერების საგანი. ხოლო ფიზიკის საგანს ის შეადგენს არა იმდენად, რამდენადაც ის არსებობს, არამედ რამდენადაც მოძრაობს. დიალექტიკა და სოფისტიკა კი არსებულის შემთხვევით ნიშნებს ეხებიან, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ისინი არსებობენ და არც თვით არსებულს ეხებიან, რამდენადაც ის არსებობს.

      ამრიგად, მივიღეთ, რომ ფილოსოფიის საკვლევი უნდა იყოს არსებული, რამდენადაც ის არსებობს. მაგრამ ყოველ არსებულს, როგორც ერთსა და ზოგადს, მრავალი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ასევეა დაპირისპირებათა შემთხვევაშიც, რადგან ისინი დაიყვანებიან არსებულის პირველ წინააღმდეგობასა და განსხვავებაზე. ასეთი მოვლენები კი შეიძლება იყვნენ ერთი მეცნიერების ობიექტები. ამგვარად, მოიხსნება ის დაბრკოლება, რომელზეც ნათქვამი გვქონდა თავდაპირველად. მე მხედველობაში მაქვს კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ერთი მეცნიერის საგანი იყოს არსებულის მრავალი და განსხვავებული გვარი.

თავი 4

      რადგანაც მათემატიკოსი ზოგადი ცნობებეით თავისებურად სარგებლობს, ამიტომ მათი საწყისების კვლევაც პირველი ფილოსოფიის საქმე უნდა იყოს. თუ ტოლ სიდიდეებს ტოლ სიდიდეს გამოვაკლებთ, ნაშთი ტოლი დაგვრჩება. ეს დებულება საერთოა ყველა რაოდენობისათვის. მათემატიკა კი იკვლევს სახლის მატერიის რომელიმე ნაწილს, როგორიცაა ხაზები, კუთხეები, რიცხვები, ან სხვა რაიმე რაოდენობრივ მხარეს. არა რამდენადაც არსებობენ ისინი, არამედ რამდენადაც უწყვეტნი არიან ერთი, ორი ან სამი მიმართულებით. ფილოსოფია კი არ იკვლევს მათ ნაწილებს, ან თითოეული მათგანის შემთხვევით თვისებებს, არამედ იკვლევს არსებულს, როგორც ასეთს. მათემატიკასთან საერთო მეთოდი აქვს აგრეთვე ბუნებისმეტყველებას. ბუნებისმეტყველება სწავლობს შემთხვევით მოვლენებს და არსებულის საწყისებს, რამდენადაც ისინი მოძრაობაში იმყოფებიან და არა იმდენად, რამდენადაც ისინი არსებობენ. პირველ მეცნიერებას ჩვენ ვუწოდებთ იმას, რომლის მიხედვით არსებული არის სუბსტრატი და არა სხვა რაიმე. ამიტომაც, როგორც ბუნებისმეტყველება, ისე მათემატიკა, სიბრძნის ნაწილებად უნდა ჩავთვალოთ.

თავი 5

      არსებულ მოვლენებს აქვთ რაღაც საწყისი, რომლითაც შეცდომის დაშვება შეუძლებელია, მაგრამ საწინააღმდეგო შედეგის, ე.ი. ჭეშმარიტების მიღება კი ყოველთვის შესაძლებელი. ეს დებულება შემდეგში მდგომარეობს: შეუძლებელია, რომ ერთი და იგივე ერთსა და იმავე დროს იყოს და არც იყოს და ასევე ყველა სხვა შემთხვევაში, რაც ასევე უპირისპირდება თავის თავს. ზოგად დებულებებს მტკიცება არ ესაჭიროებათ, ეს ესაჭიროება კონკრეტულ დებულებებს[13], რადგან შეუძლებელია ამაზე უფრო საწრმუნო წანამძღვარების არსებობა, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა დასკვნა. მათი არსებობა[14] კი საჭირო იქნებოდა მარტივი დასაბუთებისას. ხოლო ვინც ერთდოულად საწინააღმდეგო დებულებებს გამოთქვამს, უნდა დავუმტკიცოთ, რომ ის სცდება, როდესაც ამას ამტკიცებს, რადგან შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე იყოს და არც იყოს ასეთი. ამგვარად მას უნდა დავუმტკიცოთ მცდარობა დებულებისა, რომ ერთსა და იმავე მიმართებაში საწინააღმდეგო აზრები შეიძლება ჭეშმარიტნი იყვნენ. იმათ კი, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან მსჯელობა, ერთიმეორისა რამდენადმე მაინც უნდა ესმოდეთ. რადგან ეს რომ არ იყოს, როგორ იქნებოდა შესაძლებელი აზრთა გაცვლა-გამოცვლა? საჭიროა ყოველი სიტყვა როგორღაც გასაგები იყოს და ცხადი და ერთი სიტყვა ერთის ნიშანი იყოს და არა ბევრის. ის რომ ბევრზე მიუთითებდეს, საჭირო იქნებოდა იმის ნათელყოფა, თუ რაზე მიუთითებს ეს სიტყვა. ხოლო ის ვინც ამბობს, რომ ერთი და იგივე არის და არც არის, ის უარყოფს თავის ნათქვამს. რადგან ამბობს, რომ ეს სიტყვა არ ნიშნავს იმას, რასაც ნიშნავს, რაც შეუძლებელია. ამრიგად, „ეს“ თუ რაღაცის არსებობას ნიშნავს, ამის საწინააღმდეგო დებულება ჭეშმარიტი აღარ იქნება. გარდა ამისა, თუ სიტყვა რაღაცას ნიშნავს და ეს ჭეშმარიტია ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს[15]. ხოლო ის, რაც აუცილებლად არსებობს, შეუძლებელია როდისმე არ არსებობდეს. მაშასადამე, დაპირისპირებული დებულებანი, მტკიცება და უარყოფა ერთსა და იმავე მიმართებაში არ შეიძლება ჭეშმარიტი იყოს.

      გარდა ამისა, თუ მტკიცება არაა უფრო მეტად ჭეშმარიტი, ვიდრე უარყოფა, ის, ვინც ამბობს, რომ ეს „ადამიანიაო“, ვერ იტყვის იმაზე მეტ ჭეშმარიტებას, ვიდრე ის, ვინც ამბობს, რომ ის „არაა ადამიანიო“. მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ ის, ვინც ადამიანზე ამბობს, რომ „ის არაა ცხენი“ ან უფრო მეტ, ან არანაკლებ ჭეშმარიტებას ამბობს, ვიდრე ის, ვინც ამბობს, რომ „ის არაა ადამიანი“. ასე რომ, ისიც სწორი იქნება, ვინც ამბობს, რომ „ეს ცხენიაო“, რადგან მოპირისპირე დებულებანი ჭეშმარიტი არიან. აქედან კი გამომდინარეობს, რომ ერთი და იგივე არის როგორც ადამიანი, ისე ცხენი და სხვა რაიმე ცხოველი. მაგრამ არც ერთი ამ დებულების დამტკიცება არაა ადვილი და ისინი მიმართული არიან იმათ წინააღმდეგ, ვინც ზემოთქმულს ამტკიცებდა. წარმატებით შეიძლებოდა, რომ თვით ჰერაკლიტეც კი გვეიძულებინა, კითხვა-პასუხის მეთოდით დაედასტურებინა, რომ არასოდეს არ შეიძლება საწინააღმდეგო დებულებანი ერთს მიმართებაში ჭეშმარიტნი იყვნენ. ახლა კი წამოაყენა ისეთი დებულება, რომ თვითონაც კი არ ესმის, რას ამბობს. საერთოდ კი, თუ ერთსა და იმავე საგანზე გამოთქმული ყველა შეხედულება ჭეშმარიტია[16], მაშინ არ იქნებოდა ჭეშმარიტი დებულება იმის შესახებ, რომ ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე შეიძლება იყოს და არც იყოს, რადგან ამ დებულების თითოეული ნაწილი, მტკიცება იქნება ის, თუ უარყოფა, ერთიმეორეზე მეტ-ნაკლებად არ არის ჭეშმარიტი. ასევე ორივე ერთად აღებული და შერწყმული ისე, თითქოს რაღაც ერთ მტკიცებას წარმოადგენენ, არ იქნებოდა უფრო მეტად წეშმარიტი, ვიდრე უარყოფა. შემდეგ, თუ ჭეშმარიტად არაფრის მტკიცება არ შეიძლება, მაშინ იმის თქმაც შეცდომა იქნებოდა, რომ მტკიცებაში არავითარი ჭეშმარიტება არაა. მაგრამ, თუ მტკიცებაში არის რაიმე ჭეშმარიტება, მაშინ ირღვევა მათ მიერ წამოყენებული დებულება, რომლითაც ისინი აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალებას სპობენ.

თავი 6

      ზემოთქმულს უახლოვდება პროტაგორას დებულება იმის შესახებ, რომ ყველა საგნის ზომა ადამიანია, რაც სხვას არას ნიშნავდა, თუ არა იმას, რომ, რაც თითოეულს გვეჩვენება ის სინამდვილეში ასეთივე არის. თუ ასეა, აქედან გამომდინარეობს როგორც ის, რომ ერთი და იგივე არსებეობს და არც არსებობს, კეთილიცაა და ბოროტიც, ასევე სხვა ერთი მეორისადმი დაპირისპირებული დებულებანი, ე.ი. რაც ხშირად ერთს ლამაზად ეჩვენება, მეორეს, პირიქით, რადგან თითოეულისათვის საზომს მოვლენა წარმოადგენს. ის, ვინც გამოიკვლევდა, თუ საიდან მომდინარეობს ამ შეხედულებათა საწყისი, გადაწყვეტდა ამ დაბრკოლებასაც. ზოგს ჰგონია, რომ ის ბუნებისმეტყველთა შეხედულებებიდანაა წარმოშობილი, ზოგს კი იქიდან, რომ ერთსა და იმავე მოვლენაზე ყველას ერთი და იგივე შეხედულება არა აქვს, არამედ ზოგს ის ტკბილი ჰგონია, ზოგს კი ამის საწინააღმდეგო. მაგრამ დებულებას იმის შესახებ, რომ არარსებულიდან არაფერი არ წარმოიშობა, არამედ ყველაფერი წარმოიშობა არსებულიდან, თითქმის ყველა ბუნებისმეტყველი იზიარებს. რადგან თეთრი არ წარმოიშვება იქიდან, რაც სავსებით თეთრია და არც არათეთრიდან. არათეთრი კი არათეთრიდან უნდა წარმოიშვას. ამრიგად, ამ თვალსაზრისის მიხედვით, ის არარსებულიდან უნდა იყოს წარმოშობილი თუ ერთი და იგივე არ იქნება თეთრი და არათეთრი. მაგრამ ამ სიძნელეებისათვის თავის დაღწევა ძნელი არაა. თხზულებაში ფიზიკის შესახებ ნათქვამი გვაქვს, თუ როგორ ხდება წარმოშობა არსებულიდან და როგორ - არარსებულიდან. მაგრამ ერთნაირი მნიშვნელობის მიწერა ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულებებისა და ფანტაზიებისათვის უაზრობა იქნებოდა, რადგან, ცხადია, რომ ერთ-ერთი მხარე მცდარი უნდა იყოს, რასაც შეგრძნებებიც ცხადყოფენ. ერთი და იგივე არასოდეს არ ეჩვენება ერთს ტკბილად და მეორეს მწარედ, თუ ერთ-ერთმა მხარემ არ დაკარგა, ან არ დაიზიანა ზემოთქმული გემოს შეგრძნების ორგანო და კრიტერიუმი. თუ ეს ასეა, ერთი მხარე უნდა მივიჩნიოთ საზომად, მეორე კი არა. იგივე უნდა ითქვას კეთილისა და ბოროტის, მშვენიერისა და მახინჯის და სხვა ამგვარის შესახებ. ეს არაფრით არ განსხვავდება იმისაგან, როდესაც ვინმე თითს აჭერს თვალს და ერთის მაგიერ ორი საგანი ეჩვენება და რადგან ორად ეჩვენება, ამიტომ ორიც უნდა იყოს სინამდვილეში და ერთიც. ხოლო ვინც მხედველობის ორგანოს ასე არ მოექცევა, მას ერთი ერთად ეჩვენება. საერთოდ კი, უაზრობაა, რომ მიწიერი მოვლენების მიხედვით, რომლებიც იცვლებიან და არასოდეს არ რჩებიან ერთსა და იმავე მდგომარეობაში, გვემსჯელა ჭეშმარიტების შესახებ. მუდამ კი საჭიროა, რომ ვიპოვოთ ჭეშმარიტება იმათგან, რაც თავის თავადია და არასოდეს არ იცვლება. ასეთი კი არიან კოსმიური მოვლენები. ისინი არ გვეჩვენებიან ხან ისეთად და ხან ასეთად, არამედ მუდამ იგივეობრივნი არიან და არ ემორჩილებიან არავითარ ცვალებადობას. შემდეგ, თუ არსებობს მოძრაობა და რაღაც მოძრავი, ამიტომ ყველაფერი რაიმედან რაიმესაკენ უნდა მოძრაობდეს.

      ამიტომაც მოძრავი უნდა იყოს კიდეც იქ, სადაც ის იწყებს მოძრაობას და არც უნდა იყოს, ხოლო საითკენაც მოძრაობს, იქ ის მომავალში იქნება. ამრიგად, საწინააღმდეგო მტკიცებანი ერთი და იმავე მოვლენის შესახებ ერთდროულად ჭეშმარიტი ვერ იქნება, თუ აქაური საგნები რაოდენობის მიხედვით განუწყვეტლივ დინებასა და მოძრაობაში იმყოფებიან. მაგრამ ვინც ამას ამტკიცებს, ვერც ის იტყოდა ჭეშმარიტებას, რადგან რატომ არ ტოვებს მათ თვისობრიობის მიხედვით უცვლელად? მაგრამ როგორც ჩანს, გამომდინარენი იქიდან, რომ სხეულთა რაოდენობა უცვლელი არ რჩება, უშვებენ წინააღმდეგობას და იღებენ შედეგად, რომ ერთი და იგივე არის და არც არის ოთხი წყრთის სიგრძისა. საგნის არსება თვისობრივი თვალსაზრისით, განსაზღვრული ბუნებისაა, რაოდენობით კი განუსაზღვრელი. ამას გარდა, რატომ ხდება, რომ როცა ექიმები ამა თუ იმ საკვებს ურჩევენ ადამიანებს, ისინი აუცილებლად სარგებლობენ მით. რატომ უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს ის ყველაზე უფრო მეტად პური? იქნება არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, შევჭამდით მას თუ არა. ამჟამად კი სარგებლობენ ამ საკვებით ისე, თითქოს იცოდნენ მის შესახებ ჭეშმარიტება. მაგრამ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა, თუ შეგრძნებად მოვლენებს არა აქვთ რაიმე მყარი ბუნება, არამედ მუდმივ მოძრაობასა და დინებაში იმყოფებიან. გარდა ამისა, თუ თვით ჩვენც ყოველთვის ვიცვლებით და არასოდეს არ ვჩერდებით, საკვირველია, რომ არასოდეს ის არ გვეჩვენება, რაც ავადმყოფებს, რომლებიც ისევე არ იმყოფებიან უცვლელ მდგომარეობაში, როგორც ჯანმრთელები და გრძნობადი საგნები, არც მათ ეჩვენებათ ერთნაირად. თუმცა გრძნობადი საგნები არ მონაწილეობენ არც ერთ ამ ცვალებადობაში. ისინი ავადმყოფობისას მაინც სხვა შეგრძნებებს იწვევენ და არა იმასვე, თუმცა აუცილებელია, რომ ზემოთქმულ ცვალებადობათ იგივე შედეგები გამოეწვიათ. მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცვლებით, არამედ იგივე ვრჩებით უნდა არსებობდეს რაღაც უცვლელი.

      ამ მოძღვრების მიმდევართათვის ადვილი არაა იმ სიძნელეების გადაწყვეტა, რაც აქედან გამომდინარეობს, თუ არ დაუშვებენ რაღაცას, რაც არავითარ დასაბუთებას არ საჭიროებს და საიდანაც იღებს ყოველივე აზრდა და დასაბუთების შესაძლებლობას. ისინი კი არ უშვებენ რა არაფერს მყარს, სპობენ მსჯელობასა და საერთოდ, აზროვნებას. ამიტომ მათთან შეუძლებელია მსჯელობა. ზემოთქმულიდან ცხადია რომ ასეთ სიძნელეებში ჩავარდნილთათვის ადვილი იქნება პასუხის გაცემა, თუ ისინი ამ სიძნელეების გამომწვევ მიზეზებს გაიგებენ.

      აქედან ცხადია, რომ ერთსა და იმავე საგანზე ერთსა და იმავე დროს თქმული საწინააღმდეგო დებულებანი ჭეჭმარიტი არ უნდა იყოს. ასევეა იქაც, სადაც წინააღმდეგობის ერთი მხარე მეორეს გამორციხავს. ეს ცხადი გახდება, თუ საწინააღმდეგო ცნებებს საწყისზე დავიყვანთ.

      ასევე არც შუალედი ცნებები შეიძლება ერთდროულად გამოითქვას ერთსა და იმავე საგანზე. როდესაც საგანი თეთრია, სცდება ის, ვინც მასზე ამბობს, რომ ის არაა არც შავი, არც თეთრიო, რადგან აქედან გამომდინარეობს, რომ ის არის და არც არის თეთრი. ამ ორი დაკავშირებული მსჯელობიდან ერთ-ერთი ჭეშმარიტია, ზემოთქმული კი თეთრს უარყოფდა. არც ჰერაკლიტეს შეხედულებაა ჭეშმარიტი და არც ანაქსაგორასი, რადგან ამ შემთხვევაში მივიღებდით, რომ ერთსა და იმავეზე საწინააღმდეგო აზრის თქმა შეიძლება, რადგან როდესაც ამბობენ, რომ ყველაფერში არის ყველაფრის ნაწილი, მაშინ რაიმე არა ნაკლებ ტკბილია, ვიდრე მწარე ან სხვა ნებისმიერი წინააღმდეგობის შემცველი. რადგან ყველაფერს ყველაფერი ახასიათებს არა მხოლოდ შესაძლებლობაში, არამედ რეალურად და გამოცალკევებულად. ასევე შეუძლებელია, რომ ყველა დებულება ჭეშმარიტი ან შემცდარი იყოს ამ დებულებიდან გამომდინარე სხვა მრავალი სიძნელის გამო. მაშასადამე, თუ ყველა დებულება მცდარია, არც ის იქნება მართალი, ვინც ამ დებულებას იცავს. ნამდვილად შემცდარი იქნება ისიც, ვინც ამბობს, რომ არავინ არ სცდებაო.

თავი 7

      ყოველი მეცნიერება, იქნება ის მედიცინა, ფიზკულტურა, თუ სხვა შემოქმედებითი ხასიათი მეცნიერება, იკვლევს იმის საწყისებსა და მიზეზებს, რასაც ის შეისწავლის. თითოეულ მეცნიერებას, აქვს რა მისთვის განკუთვნილი სფერო, მუშაობს მასზე, რამდენადაც ის არსებობს, მაგრამ როგორც არსებულზე, რადგან ამას სხვა მეცნიერება ეხება, ზემოდასახელებულ მეცნიერებათაგან თითოეული იკვლევს მის სფეროში შემავალ გვართა არსებას და აქედან გამომდინარე, ცდილობს ყოველივე დანარჩენის დამტკიცებას მეტ-ნაკლები სიზუსტით. არსების ცოდნას კი ისინი აღწევენ ან შეგრძნებების საშუალებით, ან ჰიპოთეტური მეთოდით, რადგან ინდუქცია ცხადყოფს, რომ სუბსტანციისა და არსების დასაბუთება არ შეიძლება.

      რადგან არსებობს ბუნების შესახებ რაღაც მეცნიერება, ამიტომ, ცხადია, უნდა არსებობდეს როგორც პრაქტიკული ხასიათის, ისე შემოქმედებითი ხასიათის მეცნიერება. შემოქმედებითი ხასიათის მეცნიერებაში მოძრაობის საწყისი იმყოფება შემოქმედში და არა შემონაქმედში. და ეს უნარი არის ან ხელოვნება, ან სხვა რამე. ასევე პრაქტიკულ მეცნიერებაშიც მოძრობის საწყისი არის არა გაკეთებულ საგნებში, არამედ გამკეთებელში, ბუნებისმეტყველებას კი ისეთი ობიექტები აქვს, რომელიც თავის თავში შეიცავს მოძრაობის საწყისს. აქედან ცხადია, რომ ბუნებისმეტყველება აუცილებლად თეორიული მეცნიერებაა და არა პრაქტიკული ან შემოქმედებითი, თუ აუცილებელია რომელიმე ამ ჯგუფში მისი მოთავსება. რადგანაც ყოველი მეცნიერებისათვის აუცილებელია როგორღაც თავისი ობიექტის არსების ცოდნა და მისი, როგორც საწყისის გამოყენება, არ უნდა დაგვრჩეს განუხილველი თუ ბუნებისმეტყველებამ როგორ უნდა განსაზღვროს და დაადგინოს არსების ცნება, მაგალითად, პაჭუა ან ჩაზნექილი ცხვირისა. ამათგან პაჭუა ცხვირის ცნება მატერიასთან არის დაკავშირებული, კეხ-ჩაზნექილი ცხვირისა კი არა. პაჭუობა ცხვირში წარმოიქმნება, ამიტომაც მისი ცნება ცხვირთან ერთად განიხილება. პაჭუა ხომ ამავე დროს კეხ-ჩაზნექილი ცხვირია. ცხდია ისიც, რომ ხორცის, თვალის და სხვათა ნაწილების ცნებებიც ყოველთვის მატერიასთან კავშირში უნდა იქნას განხილული.

      რადგან არსებობს არსებულის, როგორც არსებულის დამოუკიდებელის შესახებ რაღაც მეცნიერება, ამიტომ გასარკვევია ის უფრო მეტად ბუნებისმეტყველებასთან უნდა გავაიგივოთ, თუ რომელიმე სხვა მეცნიერებასთან. ბუნებისმეტყველება ეხება იმ საგნებს, რომლებსაც მოძრაობის საწყისი თავის თავში აქვთ. მათემატიკა კი თეორიული მეცნიერებაა და სწავლობს უცვლელ, თუმცა არადამოუკიდებელ მოვლენებს. დამოუკიდებელი და უძრავი მოვლენების შესახებ არსებობს რაღაც ამ ორი მეცნიერებისაგან განსხვავებული მეცნიერება, რადგან არსებობს რაღაც ასეთი დამოუკიდებელი და უძრავი სუბსტანცია (რის დამტკიცებასაც ჩვენ ახლა შევეცდებით), ის სადღაც უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ღვთაებრივი, პირველი და უმთავრესი საწყისი. ამრიგად, ცხადია, რომ სამი სახის თეორიული მეცნიერება არსებობს: ბუნებისმეტყველება, მათემატიკა და თეოლოგია. ყველა მეცნიერებებზე მაღლა დგას თეორიული მეცნიერებები, მათ შორის კი უკანასკნელი, რომელიც არსებულის ყველაზე უფრო საპატიო ობიექტს ეხება. თითოეული მეცნიერება იწოდება უკეთესად, ან უარესად იმისდა მიხედვით, თუ როგორია მისი შემეცნების ობიექტი.

      გადასაწყვეტია აგრეთვე კითხვა იმის შესახებ, რომ მეცნიერება არსებულის, როგორც არსებულის, შესახებ ზოგადია თუ არა. თითოეულ მათემატიკურ მეცნიერებას აქვს თავისი განსაზღვრული სფერო. ზოგი მეცნიერება კი[17] ყველაფერს ეხება. თუ არსებულ მოვლენათა შორის ბუნებრივი სუბსტანციები პირველნი არიან, მაშინ ბუნებისმეტყველებაც პირველი იქნება მეცნიერებათა შორის, მაგრამ თუ არსებობს სხვა ბუნება და დამოუკიდებელი და უძრავი სუბსტანცია, მაშინ აუცილებელია, რომ მის შესახებ არსებობდეს სხვა მეცნიერება, რომელიც ბუნებისმეტყველებაზე წინ იდგება და როგორც პირველი, ზოგადიც იქნება.

თავი 8

      „მარტივს“ მრავალი მნიშვნელობა აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი შემთხვევით არსებულს ნიშნავს, პირველად სწორედ არსებულის ეს სახე უნდა შევისწავლოთ. რომ არც ერთი ტრადიციული მეცნიერება არ სწავლობს შემთხვევითს ეს ცხადია. მაგალითად, მშენებლობა არ სწავლობს იმას, რაც სახლის მცხოვრებთ შეიძლება შეემთხვათ. სახელდობრ იმას, იცხოვრებენ ისინი სიამოვნებაში თუ უსიამოვნებაში. ამას არ სწავლობს არც ქსოვა, არც მეწაღეობა, არც მზარეულობა, არამედ თითოეული მათგანი სწავლობს მათთვის განკუთვნილ სფეროს და ესაა მათი მიზანი. იმას, რომ მუსიკოსი ამავე დროს წერა-კითხვის მცოდნე არაა და მუსიკის მცოდნე წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ არ გახდება ერთდროულად ორივე, ის, რაც წინათ არ იყო და რაც ის მუდამ არ არის, მუსიკოსიც და წერა-კითვის მცოდნე, ამას, სოფისტიკის გარდა, არც ერთი ზემოდასახელებული მეცნიერება არ იკვლევს. შემთხვევით მოვლენებს მხოლოდ ის სწავლობს, ამიტომ არა სცდებოდა პლატონი, როცა ამბობდა, რომ სოფისტიკა არარსებულის შესწავლას უნდებაო. რომ შემთხვევითის შესახებ მეცნირება არ შეიძლება არსებობდეს ცხადი გახდება მას შემდეგ, როცა დავადგენთ, თუ რა არის შემთხვევითი.

      ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველივე ან მარადიულია და აუცილებელი, ან უმეტეს შემთხვევაში არსებული. აუცილებელში იძულებით აუცილებელს კი არ ვგულისხმობ, არამედ მტკიცებაში გამოსადეგს[18]. შემთხვევითი კი არ არსებობს არც „მეტწილად“, არც მუდმივად, არამედ, როგორც მოხვდება. მაგალითად, თუ ზაფხულში აგრილდა. ეს არ ხდება ყოველთვის, არც აუცილებლად, არც მეტწილად, არამედ ხანდახან. ამრიგად, შემთხვევითია ის, რაც არც მუდამ ხდება, არც აუცილებლად და არც მეტწილად. თუ რა არის შემთხვევითი, ამის შესახებ უკვე ვთქვით, რომ მის შესახებ მეცნიერება არ არსებობს, ესე ცხადია, რადგან ყოველი მეცნიერება ეხება მარადიულს, ან იმას, რაც მეტწილად არსებობს, შემთხვევითი კი არც ერთი არამთგანი არაა. რომ შემთხვევითს არა აქვს ისეთი მიზეზები და საწყისები, როგორიც თავისთავად მოვლენებს, ეს ცხადია, რადგან მაშინ ყველაფერი აუცილებელი იქნებოდა. მაგალითად, თუ ერთი არსებობს მაშინ, თუ არსებობს მეორე, მეორე მაშინ, თუ არსებობს მესამე, ეს უკანასკნელი კი არაა შემთხვევითი, არამედ აუცილებელი, მაშინ აუცილებელი იქნება ისიც, რის მიზეზსაც ის წარმოადგენს და ასე უკანასკნელ შედეგებამდე, რომელიც შემთხვევითი გვეგონა. მაშინ ყველაფერი აუცილებელი იქნება და შემთხვევითი ე.ი. ის, რაც შეიძლება იყოს და არც იყოს, სავსებით განიდევნება.

      ასევე, თუ დავუშვებთ ისეთ მიზეზს, რომელიც კი არ არსებობს, არამედ იქმნება, ასეთ შედეგებს მივიღებთ, ე.ი. ყველაფერი აუცილებელი გახდება. მაგალითად, ხვალ მზის დაბნელება მოხდება, თუ მოხდება ეს, ეს კი მაშინ, თუ სხვა რაიმე, ეს სხვა მაშინ, თუ კიდევ სხვა და ამ გზით დღევანდელსა და ხვალეს შორის დროის განსაზღვრული მონაკვეთების გამოკლებით მივაღწევთ იმას, რაც უკვე მოხდა. თუ ეს ასეა, მაშინ ყოველივე აუცილებელი გახდება და აუცილებლობით წარმოიშვება.

      საგანთა ნაწილი ჭეშარიტად არსებობს, ნაწილი კი შემთხვევით, პირველი დაკავშირებულია აზროვნებასთან და მის მდგომარეობასთან. ამიტომაც ასეთი არსებულის საწყისებს არ ვეძებთ, არამედ იმის საწყისებს, რაც აზროვნების გარეშეა და მისგან დამოუკიდებელი. შემთხვევითი კი არ არის აუცილებელი, არამედ განუსაზღვრელი, რომელსაც მიზეზებიც არაკანონზომიერი და განუსაზღვრლი აქვს.

      მიზანი აქვთ ან ბუნებრივ მოვლენებს, ან აზროვნებით წარმოებულთ. ხოლო შემთხვევითია ის, რაც მათ თან სდევთ. ისევე როგორც არსებული შეიძლება წარმოადგენდეს როგორც თავისთვადს, ისე შემთხვევითს, ასევეა მიზეზიც. შემთხვევა, როგორც მიზეზი, თან სდევს იმ მოვლენებს, სადაც მიზანი თავისუფალი ნებით არის არჩეული, ამიტომაც თავისუფალი არჩევნის სფეროში გვხვდება როგორც აზროვნება, ისე შემთხვევა. ნებისმიერი არჩევანი კი არ ხდება აზროვნების გარეშე. ის განუსაზღვრელი მიზეზები კი, რომელთა ზემოქმედებით წარმოიქმნებიან შემთხვევითი მოვლენები, უცნობია ადამიანის აზროვნებისთვის. შემთხვევით მიზეზთაგან არც ერთი არაა ცნობილი ჩვენთვის. კეთილი ან ბოროტი შემთხვევა ნიშნავს, რაიმეს კარგად ან ცუდად დამთავრებას. ბედნიერება ან უბედურება კი მაშინ გვაქვს, როდესაც დიდია სიკეთე ან ბოროტება. რადგან თავისთავადს არაფერი შემთხვევითი არ უძღვის წინ, თვით მიზეზიც კი, და თუ ციური მოვლენებიც ხდებიან ან შემთხვევით, ან თავისთავად, ამიტომ მათზე უფრო ადრე მიზეზი გონება და ბუნება უნდა იყოს.

თავი 9

      ზოგი მოვლენა მხოლოდ რეალურად არსებობს, ზოგი შესაძლებლობაში, ზოგი კი როგორც შესაძლებლობაში, ისე რეალურად, იქნება ის საგანი, რაოდენობა, თუ სხვა რაიმე. არ არსებობს არავითარი მოძრაობა არსებული კატეგორიების მიხედვით. არ არსებობს ისეთი ზოგადი, რომ არ ექვემდებარებოდეს რომელიმე კატეგორიას. თითოეული ამ კატეგორიათაგანი კი ყოველივეს ორგვარად ახასიათებს, მაგალითად, არსების თვალსაზრისით, ერთი მხრივ, გვაქვს ფორმა, მეორე მხრივ, მისი არქონება. თვისობრიობის თვალსაზრისით, ერთი თეთრია, მეორე შავი. რაოდენობის თვალსაზრისით ერთი დასრულებულია, მეორე დაუსრულებელი. მოძრაობის მიხედვით, ერთი მაღლა მოძრაობს, მეორე დაბლა. ერთი მსუბუქია, მეორე მძიმე. ამრიგად, არსებულის მოძრაობისა და ცვალებადობის იმდენი ფორმა არსებობს, რამდენიც არსებულია.

      მოვლენათა თითოეულ გვარზე შეიძლება მსჯელობა შესაძლებლობისა და რეალობის თვალსაზრისით. მოძრაობა იმის განხორციელება, რაც შესაძლებლობაში არსებობს. რომ ჭეშმარიტებას ვამბობ, ეს ცხდი გახდება შემდეგიდან: ის, რაც შეიძლება აშენებულ იქნას რეალურად, მაშინ არსებობს, როცა შენდება, ე.ი. მშენებლობის პროცესში[19]. ასევე სწავლის, მკურნალობის, სიარულის, ხტუნაობის, მოხუცების და ზრდის დროს მოძაობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც რაიმე ხორციელდება, არც ადრე და არც გვიან. მოძრაობა კი მაშინ არსებობს, როდესაც შესაძლებლობაში მყოფი ამოძრავდება, მაგრამ არა თავისთვად, არამედ მამოძრავებლის ზემოქმედებით.[20] ხოლო შესაძლებლობაში მყოფი მაშინ ხორციელდება, როდესაც ის მძრაობს, არა რამდენადაც ის არსებობს, არამედ რამდენადაც მოძრაობს. „ამდენად“ -ს კი შემდეგი მნიშვნელობები აქვს; სპილენძი შესაძლებლობაში ქანდაკებაა და მოძრაობა არის არა სპილენძის, როგორც სპილენძის, არამედ ქანდაკების განხორციელება. რადგან ერთი და იგივე არაა სპილენძად და რაღაცის შესაძლებლობად ყოფნა. ის რომ ერთი და იგივე ყოფილიყო მხოლოდ ცნების მიხედვით, მაშინ სპილენძი რეალურად რაღაც მოძრაობა იქნებოდა. მაგრამ, ეს ერთი და იგივე არაა, რაც ცხადი ხდება დაპირისპირებიდან: ერთი და იგივე არაა ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის უნარი. რადგან მაშინ ავადმყოფად და ჯანმრთელად ყოფნა ერთი და იგივე იქნებოდა. თუმცა ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის სუბსტრატი ერთი და იგივეა, იქნება ის სითხე თუ სისხლი. თუ ის ერთი და იგივე არაა. ისევე, როგორც არაა ერთი და იგივე ფერი და ხილვადი საგნები? ამრიგად, შესაძლებელის განხორციელება მოძრაობაშია, რომ ეს სწორედ მოძრაობაა და რომ ის გვხვდება სწორედ მაშინ, როდესაც რაიმეს განხორციელება წარმოებს, არც ადრე და არც გვიან, ეს ცხადია. ყოველი მოვლენა ხან რეალურად არსებობს, ხან არა, მაგალითად, რაც შეიძლება აშენებულ იქნას, როგორც ასეთი. ხოლო იმის განხორციელება, რაც შეიძლება აშენებულ იქნას, ხდება მშენებლობის პროცესში, რადგან რეალობაა ან მშენებლობა, ან უკვე აშენებული სახლი. მაგრამ, როდესაც სახლი უკვე არსებობს, აღარაფერია ასაშენებელი, რადგან შენდება ის, რაც ასაშენებელია. აუცილებელია სახლის შენება რეალური იყოს, რაც რაღაც მოძრაობაა. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სხვა მოძრაობების შესახებ.

      რომ ჩვენს მიერ თქმული სწორია, ცხადია იქიდან, რასაც სხვები ამბობენ ამის შესახებ და აგრეთვე იქიდან, რომ ამის სხვანაირად განსაზღვრა ადვილი არაა. მისი არც სხვა გვარში მოთავსება შეიძლება, რაც ცხადია, იქიდან, რასაც მასზე ამბობენ. ზოგი მას განსხვავებულს არატოლს და არასრულს უწოდებს, მაგრამ ამათგან არც ერთი არ მოძრაობს აუცილებლობით. და ცვალებადობა არ გვხვდება არც თვით მათში, არც ამათგან უფრო მეტად, ვიდრე მათი მოწინააღმდეგე მხრიდან. მიზეზი იმისა, თუ რატომ მოვათავსეთ ის აქ, არის ის, რომ მოძრაობა რაღაც განუსაზღვრელი ჩანს, მეორე სახის საწყისები კი განუსაზღვრელი არიან ნაკლულოვანების გამო. ისინი არ ეკითვნიან არც არსებას, არც თვისებას და არც სხვა რომელიმე კატეგორიას. ხოლო მიზეზი იმისა, რომ მოძრაობა განუსაზღვრელი გვეჩვენება, არის ის, რომ მას ვერ მოვათავსებთ ვერც შესაძლებელთა და ვერც რეალურად არსებულთა შორის. არც შესაძლებლობაში არსებული და არც რეალური რაოდენობა მოძრაობს აუცილებლობით მოძრაობა კი როგორც ჩანს, რაღაც რეალობაა, თუმცა დაუსრულებელი. ამის მიზეზი კი არის დაუსრულებლობა იმ შესაძლებლობისა, რომლის განხორციელებასაც მოძრაობა წარმოადგენს. ამიტომ ძნელია იმის დადგენა თუ რაა მოძრაობა. უნდა მივაკუთვნოთ ის ნაკლს, შესაძლებლობას თუ, უბრალოდ, რეალობას. მაგრამ არც ერთი ამათგანი არაა დასაშვები. ასე რომ, როგორც ვთქვით, ის უნდა მივაკუთვნოთ რეალობასაც და არარეალობასაც. ამის განჭვრეტა ძნელია, მაგრამ ის კი ცხადია, რომ მოძრაობა არის მოძრავში და მისი განხორციელება ხდება მამოძრავებლის ზემოქმედებით. თვით მამოძრავებელის რეალობაც სხვა არა არის რა, თუ არა ორივეს განხორციელება. მოძრაობის უნარის მქონე შესაძლებლობაში არსებულია. მოძრაობა ამის განხორციელებაა, ხოლო რეალურად არსებობის შემძლეა მოძრაობის შემძლე. ასე რომ, ორივეს ერთი რეალობა აქვთ ისევე, როგორც ერთი და იგივეა მანძილი ერთიდან ორისაკენ და ორიდან ერთისაკენ, მაღლა და დაბლა. თუმცა ისინი ერთი დ იგივე არ არიან. ასეთივე დამოკიდებულებაა მამოძრავებელსა და მოძრავს შორის.

თავი 10

      განუსაზღვრელია ის, რის დათვლა არ შეიძლება. რადგან მის შემადგენელ ყველა ნაწილს ვერ გადავსინჯავთ, როგორც იმ ბგერას, რომლის დანახვა შეუძლებელია ან იმიტომ, რომ დაუსრულებელია, ან ძნელად დასრულებადი, ან დასასრული და საზღვარი არა აქვს იქ, სადაც მას ბუნებრივად უნდა ჰქონდეს, ან განუსაზღვრელია მიმატების, დაკლების, ან ორივეს გამო. ის არ შეიძლება დამოუკიდებელი იყოს, როგორც კონკრეტული საგანი, მაგრამ თუ ის არაა არც სიდიდე, არც სიმრავლე, მაშინ მისი არსება არაშემთხვევით განუსაზღვრელი იქნება, რადგან დაუყოფელია (დაყოფადი ან სიდიდეა, ან სიმრავლე). მაგრამ არც განუსაზღვრელი იქნება, როგორც უხილავი ბგერა, თუმცა ისინი ამას არ ამბობენ და არც ჩვენ ვიკვლევთ განუსაზღვრელს, როგორც ასეთს, არამედ როგორც დაუთვლელს.

      გარდა ამისა, როგორ შეიძლება არსებობდეს თავისთავად განუსაზღვრელი, თუ ის არაა რიცხვი, არც სიდიდე, რომელთა თვისებაა განუსაზღვრელობა. მაგრამ თუ ის შემთხვევითაა განუსაზღვრელი, ის ვეღარ იქნებოდა არსებული საგნების ელემენტი, როგორც ენის უხილავი ელემენტი, თუმცა ბგერა უხილავია. ამრიგად, რომ განუსაზღვრელი არ შეიძლება რეალურად არსებობდეს, ეს ცხადია, რადგან მაშინ განუსაზღვრელის ნებისმიერი ნაწილი განუსაზღვრელი იქნებოდა. რადგან ერთი და იგივეა განუსაზღვრელი და მისი არსება, იმ შემთხვევაშიც, თუ განუსაზღვრელი არის სუბსტანცია და ითქმის სხვა სუბსტრატზე.

      ამრიგად, ის ან დაუყოფელია, ან თუ ნაწილებისაგანაა შემდგარი, განუსაზღვრელად დაყოფადია. მაგრამ შეუძლებელია, რომ ის, როგორც მრავალი, დაუსრულებელი იყოს. როგორც ჰაერის ნაწილი ჰაერია, ისევე დაუსრულებელის ნაწილი დაუსრულებელია, თუ ის სუბსტანციაა და საწყისი. მაგრამ თუ ნაწილები არა აქვს, დაუყოფელიცაა. მაგრამ შეუძლებელია, რომ ის, რაც განუსაზღვრელია, რეალურად არსებობდეს, რადგან ამ შემთხვევაში ის აუცილებლად გარკვეული რაოდენობა იქნებოდა. მაშასადამე, ის არსებობს შემთხვევით. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ის კი აღარ იქნება საწყისი, არამედ ის, რის შემთხვევითი თვისებაც ის არის, ჰაერი ან ლუწი რიცხვი.

      ეს კვლევა ზოგადია. მაგრამ რომ განუსაზღვრელი შეგრძნებად მოვლენებს შორის არ არსებობს, ეს ცხადია შემდეგნაირადაც: თუ სხეულის ცნება სიბრტყეებით შემოსაზღვრულს ნიშნავს, მაშინ განუსაზღვრელი სხეული არ იქნება, რადგან როგორც რიცხვი, ისე ის, რაც რიცხვს შეიცავს, თვლადია.

      ბუნებისმეტყველების თვალსაზრისით ეს შემდეგნაირადაა ცხადი: უსასრულო არ შეიძლება იყოს არც რთული და არც მარტივი. რთული სხეული არ იქნება განუსაზღვრელი, თუ ის განსაზღვრული რაოდენობის ელემენტებს შეიცავს. მასში საჭიროა მოპირისპირე მხარეები ერთმანეთს აწონასწორებდნენ და არც ერთი მათგანი არ უნდა იყოს განუსაზღვრელი. თუ სხეულის ერთ-ერთი მხარის უნარი როგორღაც ჩამორჩება, ის როგორც განსაზღვრული, დაიღუპება განუსაზღვრელი მხარისაგან, მაგრამ შეუძლებელია ისიც, რომ მისი თითოეული მხარე უსაზღვრო იყოს. რადგან სხეული ყველა მიმართულებითაა განვრცობილი და განუსაზღვრელიც ასევე ყველა მიმართულებით იქნება განვცრობილი. მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ თუ ყველა სხეული განუსაზღვრელია, ის ყველა მიმართულებით იქნება განუსაზღვრელი. ასევე განუსაზღვრელი სხეული არ შეიძლება იყოს არც ერთი და არც მარტივი, არც როგორც ზოგნი ამბობენ, იმ ელემენტებისაგან დამოუკიდებელი, რომელთაგანაც წარმოიშვება, რადგან ასეთი სხეული არ შეიძლება არსებობდეს ელემენტებისაგან დამოუკიდებლად. ყოველივე ხომ იმად დაიშლება, რისგანაც წამოიშო. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, სხვა არა არის რა, თუ არა მარტივი სხეული. არც ცეცხლი და არც სხვა რომელიმე ელემენტი არაა ასეთი, რადგან თთოეული მათგანი შორს დგას განუსაზღვრელისაგან. შეუძლებელია აგრეთვე სამყაროს განუსაზღვრელობის შემთხვევაში ის იყოს, ან გახდეს ერთ-ერთ მათგანად, ან როგორც ამბობდა ჰერაკლიტე, ოდესმე ყველაფერი ცეცხლად იქცეს. იგივე შეიძლება ითქვას ერთის შესახებაც, რომელსაც ფიზიკოსები ელემენტებისაგან დამოუკიდებლად აცხადებენ.

      ყოველი ცვალებადობა წარმოებს მოპირდაპირე მხარეთა შორის, მაგალითად, სითბოდან სიცივისაკენ. გარდა ამისა, შეგრძნებადი სხეული არსებობს სადმე და ერთი და იგივე ადგილი უკავია, როგორც მთელს, ისე მის ნაწილებს, მაგალითად, მიწას. ასე რომ, თუ ის ერთგვაროვანია, უძრავი იქნებოდა, ან მუდამ მოძრავი, ეს კი შეუძლებელია, რადგან რატომ იმოძრავებდა ის უფრო მეტად მაღლა ან დაბლა, ან ნებისმიერი მიმართულებით? თუ ეს მიწის ბელტია, სად იმოძრავებდა ის, ან სად იდგებოდა? რადგან ადგილი, რომელიც მისი მონათესავე სხეულია, განუსაზღვრელი იქნებოდა. ის მთელ ადგილს დაიკავებდა? როგორ? როგორ იქნებოდა მისი უძრაობა ან მოძრაობა? თუ ის მთლიანად გაჩერებულია, ვერ იმოძრავებდა, და თუ მთლად მოძრაობს, ვერ გაჩერდებოდა. თუ ის მთლიანად არაერთგვაროვანია, არაერთგვაროვანი იქნებოდა აგრეთვე ადგილიც და პირველ რიგში ყოველმხრივ ერთი არ იქნებოდა სხეული, ან ერთი იქნებოდა მხოლოდ შეხებისათვის. შემდეგ, სახით განუსაზღვრელი იქნებოდა თუ განსაზღვრული? მაგრამ განსაღვრული ვერ იქნებოდა, რადგან მაშინ ერთი ნაწილი ექნებოდა განსაზღვრული, მეორე კი არა. თუ განუსაზღვრელი იქნებოდა ყოველმხრივ, როგორც ცეცხლი ან წყალი, მაშინ ეს წინააღმდეგობის ერთ-ერთ მხარეს დაღუპავდა. თუ ისინი მარტივნი და რაოდენობით განუსაზღვრელნი არიან, მაშინ, როგორც ადგილები, ისე ელემენტები განუსაზღვრელი რაოდენობისა იქნებოდნენ. და თუ ეს შეუძლებელია და ადგილები განსაზღვრული რაოდენობისა არიან, მაშინ სამყაროც აუცილებლად განსაზღვრული იქნება. საერთოდ, შეუძლებელია, რომ სხეული და სხეულთა ადგილები უსაზღვრო იყვნენ. თუ მთელი შეგრძნებადი სხეული მძიმეა ან მსუბუქი, ის იმოძრავებდა ან ცენტრისაკენ, ან ზევითკენ. მაგრამ შეუძლებელია, რომ განუსაზღვრელს ან მთლიანად, ან მის ნახევარს რომელიმე ეს განეცადა. როგორ დათვლიდი მას? ანდა უსაზღვროს როგორ ექნებოდა „ქვევით“ ან „ზევით“, ნაპირი ან ცენტრი? გარდა ამისა, თუ ყოველი შეგრძნებადი სხეული ადგილზე იმყოფება, ადგილს კი ექვსი ფორმა აქვს, შეუძლებელია, რომ იგივე ჰქონდეს უსაზღვრო სხეულსაც.

      თუ საერთოდ, შეუძლებელია ადგილის უსასრულობა, ეს შეუძლებელი იქნება სხეულისათვისაც, რომელიც ერთ გარკვეულ ადგილზე იმყოფება, ან მაღლა, ან დაბლა, ან სხვაგან სადმე. თითოეული მათგანი კი რაღაც საზღვარია. განუსაზღვრელი კი არაა ერთი სიდიდის და მოძრაობის მქონე და არ იმყოფება განსაზღვრულ დროში, როგორც რაღაც ერთი ბუნება, არამედ მასში მომდევნო წინამორბედისგან არის დამოკიდებული, როგორც მოძრაობა სიდიდისაგან, რომელიც წარმართავს მოძრაობას, ცვალებადობას და ზრდას. დრო კი მოძრაობაზეა დამოკიდებული.

თავი 11

      ცვალებადი ზოგჯერ შემთხევით იცვლება, მაგალითად განათლებული ზოგჯერ დადის, ზოგჯერ კი მას რაიმე ეცვლება; ასეთ ცვალებადობას, როგორიცაა ნაწილობრივი ცვალებადობა, მარტივი ეწოდება. მაგალითდ, სხეული ჯანმრთელია, რადგან განიკურნა თვალი. ზოგი თავიდანვე თვითონ მოძრაობს და სწორედ ესაა თავისთავად მოძრავი. ასეთივე მდგომარეობაა მამოძრავებლის თვალსაზრისითაც. ზოგი შემთხვევით ამოძრავებს, ზოგი ნაწილობრივ, ზოგი თავისთავად. არსებობს აგრეთე რაღაც პირველი მამოძრავებელი და ისიც, რაც მოძრობს გარკვეულ დროს საიდანღაც და საითკენმე. ფორმა, მდგომარეობა და ადგილი, სადაც მოძრავი მოძრაობს უცვლელია, მაგალითად, ცოდნა და სითბო. სითბო კი არაა მოძრაობა, არამედ გათბობა; არაშემთხვევითი მოძრაობა ყველგან არ არსებობს, არამედ მოპირდაპირე მხარეთა შორის, მათ შუალედ საფეხურებში და ერთიმეორის გამომრიცხავ დაპირისპირებებში, რაშიც ცდა გვარწმუნებს. ცვალებადი კი იცვლება ან სუბსტრატიდან სუბსტრატისკენ, ან არასუბსტრატიდან სუბსტრატისკენ, ან არასუბსტრატიდან არასუბსტრატისკენ. სუბსტრატში კი მე ვგულისხმობ იმას, რაც მსჯელობით ხდება ცხადი. ამრიგად, აუცილებელია სამი სახის ცვალებადობის არსებობა, მაგრამ არასუბსტრატიდან არასუბსტრატისაკენ ცვალებადობა არ არსებობს, რადგან მათ შორის არ არსებობს წინააღმდეგობა და არც დაპირისპირება. არასუბსტრატიდან სუბსტრატისაკენ კი არსებობს დაბადება დაპირისპირების გზით, ან მარტივი დაბადება, ან საგნის რაიმე ნაწილისა. სუბსტრატიდან არასუბსტრატისაკენ მოძრაობა კი სიკვდილს ნიშნავს, რაც ან მარტივი სიკვდილია, ან მისი რომელიმე ნაწილისა.

      არარსებულს მრავალი მნიშვნელობა აქვს და მოძრობა არ შეიძლება იყოს არც შეკავშირების, არც დაშორების შედეგი და არც შესაძლებლობაში არსებული მოძრაობს, რომელიც კონკრეტულად არსებულს უპრისპირდება. არათეთრი და არაკეთილი ასევე შეიძლება შემთხვევით მოძრაობდეს (რადგან ადამიანი შეიძლება არათეთრი იყოს), არარსებული კი არანაირად, რადგან არარსებულს მოძრაობა არ შეუძლია. თუ ეს ასეა და დაბადება მოძრაობაა, ამ შემთხვევაში იბადება არსებული. მაგრამ, თუ ეს წარმოშობა შემთხვევითია, მაშინ სწორნი არ არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ არარსებული არსებობს კონკრეტული საგნის მსგავსად.

      იგივე ითქმის უძრაობაზეც: აქაც იგივე სიძნელე წარმოიშვება, თუ ყველაფერი რაიმე ადგილზე მოძრაობს. მაგრამ, არარსებულს ადგილი არა აქვს, მაშინ სად არსებობს ის? არც სიკვდილია მოძრაობა, რადგან მოძრაობას უპირისპირდება ან მეორე მოძრაობა, ან უძრაობა. სიკვდილი კი უპირისპირდება დაბადებას. მაგრამ თუ ყოველგვარი მოძრაობა რაიმე ცვალებადობაა, ცვალებადობა კი სამი სახისაა, რაზეც უკვე ითქვა, ამათგან დაბადება და სიკვდილი მოძრაობა არაა, ისინი წინააღმდეგობით არსებობენ, მაშინ აუცილებელია, რომ მოძრაობა არსებობდეს მხოლოდ და მხოლოდ სუბსტნციიდან სუბსტანციისაკენ. სუბსტანციები კი ან ერთმანეთს უპირისპირდებიან, ან შუალედ საფეხურებს წარმოადგენენ. ნაკლიც კი წინააღმდეგობას წარმოადგენს, რაც ვლინდება დადებით მსჯელობაში, მაგალითად, „შიშველი“, „უკბილო“ და „შავი“.

თავი 12

      თუ კატეგორიები იყოფიან არსებად, თვისებად, ადგილად, მოქმედებად, ვნებად, მიმართებად და რაოდენობად, მაშინ აუცილებლად იარსებებს სამი სახის მოძრაობა: თვისებისა, ადგილისა და რაოდენობის მიხედვით. არსება არ მოძრაობს, რადგან არსებას არაფერი არ უპირისპირდება. არც მიმართებას ახასიათებს მოძრაობა, რადგან ერთი მხარის ცვალებდობა არ ვრცელდება მეორეზე, რომელიც შეიძლება სრულებით არ იცვლებოდეს. ასე რომ, ისინი შემთხვევით იმოძრავებენ. მოძრაობა არ ახასიათებს არც მოქმედს, არც განმცდელს, არც მამოძრავებელს და მოძრავს, რადგან არ არსებობს მოძრაობის მოძრაობა, ან წარმოშობილის წარმოშობა, საერთოდ, ცვალებადობის ცვალებადობა. მოძრაობის მოძრაობას ორი აზრი აქვს: ან როგოც სუბსტრატის მოძრაობა, როგორც მოძრაობს ადამიანი, როცა ის იცვლება თეთრი ან შავი ფერისაკენ, ან მოძრაობა გათბობის, გაცივების, ადგილმონაცველეობისა და ზრდის შემთხვევაში. მაგრამ ეს უკანასკნელი შეუძლებელია, რადგან არ არსებობს სუბსტრატის არავითარი ცვალებადობა. ანდა სუბსტრატი მოძრაობს რაღაც სხვის ზეგავლენით, გადადის რა ერთი ფორმიდან მეორეში, როგორც ადამიანი იცვლება ავადმყოფობიდან ჯანმრთელობაში. მაგრამ ესეც მხოლოდ შემთხვევით არის შესაძლებელი, რადგან ყოველგვარი მოძრაობა არის ცვალებადობა ერთი ფორმიდან მეორეში. ასევეა წრმოშობაც და სიკვდილიც. იმ განსხვავებით, რომ აქ ხდება გადასვლა წინააღდეგობის ერთი ფორმიდან მეორეში და პირიქით. ხოლო ჯანმრთელობიდან ავადმყოფობაში, ანდა ამ ცვალებადობიდან რომელიმე სხვა ცვალებადობაში გადასვლა ერთდროულად ხდება. ცხადია, რომ თუ ადამიანი ავად გახდა, ის გადადის რომელიღაც მდგომარეობაში. ამ მდგომარეობაში ის შეიძლება დარჩეს კიდეც, თუმცა ეს მდგომარეობა შეიძლება ყოველთვის შემთხვევითი იყოს. ეს ცვალებადობაც არის გადასვლა რაიმედან რაიმეში, იმაში, რაც უპირისპირდება ჯანმრთელობას, თუმცა შემთხვევით, როგორც გახსენებიდან დავიწყებაში გადასვლა. ვისაც ეს თვისებები აქვს, ის იცვლება ხან ცოდნის და ხან არცოდნის მიმართულებით.

      ამას გარდა, თუ არსებობს ცვალებადობის ცალებადობა და დაბადების დაბადება, მაშინ მივიღებთ უსასრულო პროცესს. აგრევე წინამორბედის არსებობა აუცილებელია მაშინ, თუ არსებობს მომდევნო. მაგალითად, თუ როდისმე ადგილი აქვს მარტივ წარმოშობას, მაშინ უნდა წარმოშობილიყო წარმოშობადიც. ასე რომ, მარტივად წარმოშობილი ჯერ არ ყოფილა, არამედ არსებობდა რაიმე წარმოშობადი. და თუ ესეც წარმოიშობა, წარმოშობა მაშინ, როდესაც არ იყო წარმოშობადი. თუ დაუსრულებელში არაფერია პირველი, ამიტომ არც მომდევნო იქნება, და არ იქნება არც წარმოშობა, არც მოძრაობა, არც რაიმე ცვალებადობა. გარდა ამისა, ერთი და იგივე განცდის საწინააღმდეგო ცვალებადობას, მოძრაობას, უძრაობას, წარმოშობას და დაღუპვას. ასე რომ, წარმოშობადი წარმოშობისას ისპობა კიდეც, რადგან ის არც მაშინ იბადება უცებ და არც მას შემდეგ, რადგან აუცილებელია არსებობდეს მოსპობადი.

      ამას გარდა, წარმოშობადსა და მოსპობადს უნდა ჰქონდეთ მატერიაც. მაგრამ რა არის ცვალებადი, სხეული თუ სული? ან რაა წარმოშობადი, მოძრაობა თუ წარმოშობა? და გარდა ამისა, რა არის ის, საითკენაც ხდება მოძრაობა? საჭიროა არსებობდეს, როგორც მოძრავი, ისე ის, საიდან და საითკენაც წარმოებს მოძრაობა და წარმოიშობა. მაგრამ როგორ? რადგან სრულებით არ არის ცოდნის ცოდნა, არც წარმოშობის წარმოშობა. რადგან არ არსებობს არც მიმართების, არც მოქმედებისა და არც ვნების მოძრაობა. რჩება მოძრაობა თვისების, რაოდენობისა და ადგილის მიხედვით, რადგან თითოეულ მათგანს აქვს მოპირისპირე მხარე. მე ვლაპარაკობ არა იმ თვისებაზე, რომელიც სუბსტანციას ახასიათებს (სახესხვაობაც თვისებაა), არამედ იმ მდგომარეობაზე, რომლის მიხედვით ვამბობთ, რომ საგანი განიცდის ან არ განიცდის. „უძრავი“ კი ან ისაა, რასაც საერთოდ არ შეუძლია მოძრაობა, ან რაც ძნელად მოძრაობს და დიდი დრო სჭირდება მოძრაობისათვის, ან რაც ნელა იწყებს მოძრაობას, ან ბუნებრივად ახასიათებს და შეუძლია მოძრაობა, მაგრამ არ მოძრაობს, მაშინ, როდსაც უნდა მოძრაობდეს იქ და ისე, როგორც უნდა მოძრაობდეს. უძრავთაგან მხოლოდ ამათ ვუწოდებთ მშვიდ მდგომარეობაში მყოფთ. მოძრაობას უპირისპირდება უძრაობა. ამრიგად, ეს ნაკლია იმათთვის, ვისაც მოძრაობის უნარი აქვთ. „ადგილზე ერთად“ იმათზე ითქმის, რომლებიც თავიდანვე ერთ ადგილზე არიან და „ცალკე“ იმათზე, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე იმყოფებიან. ერთმანეთს ისინი ეხებიან, რომლებსაც კიდეები ერთად აქვთ. შუაში ის, სადაც პირველად უნდა მივიდეს ბუნებრივად უწყვეტად ცვალებადი საგანი, ვიდრე მივიდოდეს კიდესთან. „მოპირდაპირენი ადგილის მიხედვით“ ისინი არიან, რომლებიც პირდაპირი ხაზით ყველაზე მეტად დაშორებულნი არიან ერთმანეთისაგან. „ერთმანეთის მომდევნო“ იმათ ეწოდებათ, რომლებიც დასაწყისის შემდეგ არიან და დაშორებულნი არიან მისგან ან მდებარეობით, ან სახით, ან სხვარამენაირად. და რასც ის მოსდევს, მას მისგან იმავე გვარისა არაფერი არ აშორებს, როგორც ხაზები იმყოფებიან ხაზების შემდეგ, ერთნი ერთთა შემდეგ ანდა სახლები სახლებს შემდეგ, თუმცა მათ შუა რაიმეს ყოფნას არაფერი არ უშლის ხელს.

      ამრიგად, ის, რაც თანმიმდევრულად რაღაცას მოსდევს, რაღაცის შემდეგაა. მაგალითად, ერთი არის ორის შემდეგ და თვის პირველი რიცხვი მეორე რიცხვის შემდეგ, ხოლო რასაც მოსდევს საგანი, ის მას ეხება კიდეც. რადგან ყოველგვარი ცვალებადობა დაპირისპირებულთა შორის ხდება. დაპირისპირება კი არის კონტრარული ან კონტრადიქტორული. კონტრადიქტორული ურთიერთობისას შუალედი არ არსებობს. ცხადია, რომ შუალედი იმყოფება კონტრარულ ურთიერთობაში მყოფ მხარეთა შორის. „უწყვეტია“ ის, რომლებიც ერთიმეორეს მოსდევენ. მე უწყვეტს ვუწოდებ იმათაც, რომლებსაც საერთო საზღვარი აქვთ, სადაც ისინი ერთიმეორეს ეხებიან და ერთიმეორეს მოსდევენ.

      ამრიგად, ცხადია, რომ ამათგან „თანმინდევარი“ ეწოდება იმათ, რომელთაგან რაიმე ერთი მიიღება შეხების საშუალებით. რომ მათში ჯერ პირველია, შემდეგ მომდევნო, ესეც ცხადია. თანმიმდევარნი შეიძლება ერთმანეთს არ ეხებოდნენ, და შეიძლება ეხებოდნენ. და თუ ეხებიან, უწყვეტნი აღარ იქნებიან. იქ, სადაც შეხება არაა, იქ არც შეწრყმაა. ასე რომ, წერტილი იგივე არაა, რაც ერთიანი. პირველს შეხება ახასიათებს, მეორეს კი არა, არამედ მხოლოდ თანმიმდევრობა. პირველთა შორის იმყოფება რაღაც, მეორეთა შორის კი არა.

« წიგნი მეათე

წიგნი მეთორმეტე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] მათემარიკური მოვლენების დაშვებას, რომელნიც არსებობენ შეგრძნებადსა და იდეალურ მოვლენებს შორის, მოსდევს ის შეუსაბამო შედეგი, რომელიც ცნობილია „მესამე ადამიანის“ სახელწოდებით და რაც პროცესის დაუსრულებობას ნიშნავს.

[2] შეგძნებადი საგნები არ შეიძლება იყვნენ მეცნიერების ობიექტი, რადგან ისინი წარმავალნი არიან. მეცნიერების ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ მარადიული და აუცილებელი მოვლენები.

[3] ლოგიკაა ნაგულისხმევი.

[4] იგულისხმება კონკრეტული საგნები, რომლებიც გვარ-სახეობრივი დამოკიდებულების უკანასკნელ საფეხურს წარმოადგენენ. ამაში არ უნდა იგულისხმებოდნენ სახეები, როგორც ამას კუბიცკი ფიქრობს, რადგან სახეები არიან მეცნიერების ობიექტები, არისტოტელე კი გულისხმობს ისეთ მოვლენებს, რომელნიც მეცნიერების საგანი ვერ გახდებიან. ასეთნი კი არისტოტელეს აზრით, არიან შეგრძნებადი საგნები.

[5] არისტოტელე ამ კითხვით იწყებს კვლავ პლატონის იდეებზე მოძღვრების განხილვას.

[6] ნაგულისხმევია კონკრეტული წარმავალი საგნები, რომელთა რიცხვი განუსაზღვრელია.

[7] მიწიერი საგნები.

[8] საყურადღებოა ის, რომ არისტოტელე აქ საგანთა ფორმებს წარმავალად თვლის, მაშინ, როდესაც სხვაგან ის მათ მარადიულად თვლიდა.

[9] τ ῶ ν χ α ρ ι ε σ τ ά τ ω ν კუბიცკისთან თარგმნილია „ყველაზე უფრო მიმზიდველ მოაზროვნეებად“. ჩვენ უფრო მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ეს სიტყვა გადმოგვეცა ტერმინით „ყველაზე უფრო განათლებულნი“.

[10] τ ὸ ν ἀ ρ ι θ μ ὸ ν π ρ ῶ τ ο ν ჩვენ ვთარგმენთ „პირველ რიცხვებად“. კუბიცკისთან ეს თარგმნილია ასე „прежде всего число“, რადგან მას სიტყვა π ρ ῶ τ ο ν ზმნიზედად ესმის, ჩვენ კი - ზედსართავად.

[11] „პირველად სიბრტყეებში“ გეომეტრიული სიბრტყეებია ნაგულისხმევი.    

[12] უკვდავ და წარუვალ მოვლენებად ჩათვლილია აქ ფორმა და სახე.

[13] გამოთქმაში π ρ ὸ ς τ ό ν δ ε δ ὲ ἔ σ τ ι ν გოლკეცა და კუბიცკიც გულისხმობენ „ცალკეულ პიროვნებებს“. ჩვენი აზრით კი, რადგან ფრაზის პირველ ნაწილში არისტოტელე ლაპარაკობდა ზოგად დებულებებზე, აქ ის კონკრეტულ დებულებებს უნდა ეხებოდეს. შეუძლებელია, რომ ფრაზის პირველი ნახევარი ზოგად დებულებებს ეხებოდეს, მეორე ნახევარი კი კონკრეტულ პიროვნებებს.

[14] აუცილებელია ზოგადი, სარწმუნო დებულებების არსებობა.

[15] არისტოტელეს აქ იმის თქმა უნდა, რომ „ეს სინამდვილეშიც აუცილებლად ასე უნდა იყოს“.

[16] აქ მსჯელობა ეხება სოფისტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველა დებულება ჭეშმარიტია, ან მცდარი.

[17] ἡ κ α θ ό λ ο υ როსსა და კუბიცკის ესმით ისე, თითქოს აქ ერთმანეთს უპირისპირდებოდეს კონკრეტული და ზოგადი მათმატიკა. სინამდვილეში აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მათემატიკის ყოველი დარგი სწავლობს მისთვის განკუთვნილი კონკრეტული მოვლენების სფეროს. მაშინ, როდესაც ზოგადი მეცნიერება (ἡ δ ὲ κ α θ ό λ ο υ ) ეხება მთელ კოსმოსს, ამიტომ ის ყველა სხვა მეცნიერებაზე მაღლა დგას.

[18] ნაგულისხმევია აქსიომატური ხასიათის დებულებები, რომლებიც მტკიცებას არ საჭიროებენ. არისტოტელეს ამის ნიმუშად მოაქვს ხოლმე დებულება ერთს მიმართებაში ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოვლენის არსებობის შეუძლებლობის შესახებ.

[19] ის, რაც შეიძლება აშენებულ იქნას, რეალურად არსებობს მშენებლობის პროცესში.

[20] არისტოტელე აქ, როგორც მოძრაობას, ისე არსებობის კატეგორიას განიხილავს შესაძლებლობისა და რეალობის თვალსაზრისით.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 1346

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters