არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი XII

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      ახლა სუბსტანცია უნდა განვიხილოთ. კერძოდ, მისი საწყისები და მიზეზები. თუ სამყარო რაღაც მთელია, სუბსტანცია მისი პირველი ნაწილი იქნება. თუ მას თანმიმდევრობის თვალსაზრისით განვიხილავთ, ასეც სუბსტანცია იქნება პირველი, შემდეგ თვისება და რაოდენობა. ისინი დამოუკიდებლად არ არსებობენ, როგორც დამოუკიდებლად არ არსებობს არათეთრი და არაპირდაპირი, არამედ წარმოადგენენ სუბსტანციის მდგომარეობასა და მოძრაობებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვამბობთ მათზე, რომ ისინიც არსებობენ, როგორც არსებობს „არათეთრი“. გარდა ამისა, სხვა არაფერი არაა დამოუკიდებელი, რასაც წინამორბედნი საქმით ამტკიცებდნენ. ისინი ეძებენ სუბსტანციათა საწყისებს, ელემენტებსა და მიზეზებს. თანამედროვე მოაზროვნენი კი უფრო მეტად ზოგადსა თვლიან სუბსტანციად. ისინი ლოგიკური მეთოდით ამტკიცებენ, რომ გვარი, როგორც ზოგადი, უფრო მეტად არის საწყისი და სუბსტანცია, ძველი მოაზროვნენი კი სუბსტანციად თვლიდნენ კონკრეტულ ელემენტებს, როგორიცაა ცეცხლი და მიწა და არა ზოგადად სხეულს.

      სუბსტანცია კი სამგვარია: ერთია შეგრძნებადი, რომელთაგან ერთი მუდმივია, მეორე მოკვდავი. ამ უკანასკნელის შესახებ (ესენი არიან ცხოველები და მცენარეები) ყველა ერთი აზრისაა, ხოლო უკვდავთათვის კი ელემენტებად ასახელებენ ხან ერთს, ხან ბევრს. მესამე სუბსტანცია კი უძრვია, რომლის შესახებ ზოგი ამბობს, რომ დამოუკიდებელია, ზოგი მას ერთი ბუნებისად თვლის, ზოგი მას ორად ჰყოფს: იდეებად და მათემატიკურ საგნებად. ზოგი კი ასეთად მხოლოდ მათემატიკურ საგნებს ასახელებს. შეგრძნებადი საგნები არის ფსიქიკის ობიექტი, რადგან ისინი მოძრაობასთან არიან დაკავშირებული, მეორენი კი სხვა მეცნიერებისა, თუ მათ არავითარი საწყისი არა აქვთ.

თავი 2

      შეგრძნებადი სუბსტანცია ცვალებადია; ცვალებადობა იწყება ან მოწინააღმდეგე მხარედან, ან მათ შუა მოთავსებულ საფეხურებიდან, მაგრამ არა ყოველგვარი მოპირისპირედან (მაგალითად, ბგერა თეთრი არაა), არამედ იმათგან, რომელთა შუა არსებობს წინააღმდეგობა, რაიმე ცვალებადი აუცილებლად წინააღმდეგობის ერთი მხრიდან მეორისაკენ იცვლება, მაგრამ თვით წინააღმდეგობა არ იცვლება. გარდა ამისა, წინააღმდეგობის ერთი მხარე რჩება, მეორე კი არა[1]. მაგრამ მოპირდაპირე მხარეებს გარდა არსებობს რაღაც მესამე, რაც მატერიაა.

      ცვალებადობა ოთხგვარია: არსების, თვისების, რაოდენობისა და ადგილის მიხედვით. მარტივი დაბადება და სიკვდილი ეხება საგანს, მომატება და დაკლება - რაოდენობას, ცვალებადობა - თვისებას, მოძრაობა - ადგილს. ყოველი ცვალებადობა მოწინააღმდეგე მხარეთა შორის წარმოებს. აუცილებელია, რომ მატერიას შეეძლოს ორივე მხარედ გარდაქმნა, რადგან ყოველ არსებულს ორგვარი ხასიათი აქვს, ამიტომ ყველაფერი იცვლება შესაძლებლობიდან სინამდვილისაკენ. მაგალითად, შესაძლებელი თეთრი გადადის სინამდვილეში არსებულ თეთრში. ასევეა ზრდისა და კლების შემთხვევაშიაც. ასე რომ, არარსებულიდან არა მარტო შემთხვევითი წარმოშობა ხდება, არამედ ყველაფერი არსებულიდან წარმოიშობა, მაგრამ შესაძლებლობაში არასებულიდან, და არა რეალურად არსებულიდან. და სწორედ ესაა ანაქსაგორას „ერთი“, რომელიც სჯობს მის მეორე დებულებას იმის შესახებ, რომ „ყოველივე ერთადაა“. იგივე უნდა ითქვას ემპედოკლესა და ანაქსიმანდრეს ნარევსა და დემოკრიტეს დებულებაზე: „ყოველივე ერთად იყო შესაძლებლობაში და არა სინამდვილეში“. ამრიგად, ისინი მიადგნენ მატერიის ცნებას.

      ყველაფერი რაც იცვლება, შეიცავს მატერიას, მაგრამ სხვადასხვას. აგრეთვე იმ მუდმივ მოვლენებსაც, რომლებიც არ წარმოიშობიან, მაგრამ მოძრაობენ ადგილმონაცვლეობით, აქვთ მატერია, მაგრამ არა წარმოშობადი, არამედ ისეთი, რომელიც ადგილს იცვლის საიდანღაც საითკენმე. მაგრამ იბადება კითხვა, თუ რომელი სახის არსებულიდან ხდება წარმოშობა? რადგან არარსებული სამგვარია: თუ ის შესაძლებლობაში არსებულია, მისგან საგნები შემთხვევით კი არ წარმოიშობიან, არამედ ერთიმეორისაგან. არც ის ახსნა კმარა, რომლის მიხედვით ყველა საგნები ერთად იყვნენ, რომლებიც მატერიით განსხვავებული არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ იქნებოდნენ ისინი განუსაზღვრელად ბევრნი და არაერთი? აზროვნება ერთია და თუ მატერიაც ერთია, მაშინ რეალობაში ის გადავიდოდა, რომლის მატერია შესაძლებლობაშია, მიზეზი და საწყისი კი სამია. ორი დაპირისპირებულია, აქედან ერთი ცნებაა და იდეა, მეორე მისი არქონება, მესამე კი - მატერია.

თავი 3

      ამის შემდეგ უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ არ წარმოიშობა არც მატერია და არც ფორმა. მე ვგულისხმობ მათ უკანასკნელ საფეხურებს[2]. რაიმე ყოველთვის რაიმედან რაიმეში იცვლება. რისგანაც იწყება ცვალებაადობა, პირველი მამოძრავებელია, რაც იცვლება, მატერიაა, რადაც იცვლება ფორმაა. ცვალებადობა კი დაუსრულებელია. თუ არა მარტო სპილენძი ხდება მრგვალი, არამედ იქმნება მრგვალიცა და სპილენძიც, ამიტომ აუცილებელია შეჩერება.

      ამის შემდეგ უნდა შევეხოთ იმას, რომ ყოველი სუბსტანცია როგორც ბუნებრივი, ისე სხვაგვარი, იმავე სახის სუბსტანციიდან წარმოიშობა, იქნება ეს ბუნებრივი, ხელოვნური, შემთხვევითი თუ თავისთავადი წარმოშობა. ხელოვნება არის საწყისი სხვაში[3], ბუნება კი თავის თავისივე საწყისია. მაგალითად, ადამიანი ადამიანს ბადებს. დანარჩენი საწყისები კი მათი არქონებაა.

      არსება სამია: მატერია, რომელიც გვევლინება კონკრეტული საგნის სახით. მატერია და სუბსტრატი არსებობს შეხებით და არა შერწყმით. მეორე მხრივ, ესაა კონკრეტული მოვლენა და რაღაც გარკვეულობა[4], და მესამე[5], ამათგან წარმოშობილი რაიმე კონკრეტული საგანი, მაგალითად, სოკრატე ან კალიასი. ზოგჯერ კონკრეტული საგანი, თუ ის ბუნებრივია და არა ხელოვნური, არ შეიძლება არსებობდეს შედგენილი სუბსტანციის გარეშე, მაგალითად, სახლის ფორმა და არა ხელოვნებაში არსებული ფორმა, რომელნიც არც წარმოიშობიან და არც ისპობიან, არამედ სახლი მატერიის გარეშე, ისევე როგორც ჯანმრთელობა და ყოველივე სხვა, შექმნილი ხელოვნებით, არსებობენ და არ არსებობენ როგორღაც სხვაგვარად[6]. ამიტომაც არ სცდებოდა პლატონი, როცა ამბობდა, რომ იდეები აქვთ ბუნებრივ საგნებსო. მაგრამ თუ არსებობენ იდეები ისეთი მოვლენებისათვის, როგორიცაა ცეცხლი, სხეული ან თავი, ყველა ისინი მატერიაა და უმეტესად წარმავალი არსების მქონე.

      მამოძრავებელი მიზეზი წინ უსწრებს მოძრავს, ლოგიკურად კი მოვლენებთან ერთად არსებობს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ჯანმრთელდება, მაშინ არსებობს ჯანმრთელობის ცნებაც, და სპილენძის სფეროს ფორმასთან ერთად არსებობს სპილენძის სფეროც. რჩება თუ არა რაიმე შემდეგ, ეს საკვლევია. ზოგჯერ ამას ხელს არაფერი არ უშლის. მაგალითად, ასეთია სული მაგრამ არა ყოველგვარი, არამედ მხოლოდ გონება,[7] რადგან შეუძლებელია მთელი სული ასეთი იყოს.

      ამრიგად, ცხადია, რომ იდეების არსებობა საჭირო არაა, რადგან ადამიანი ადამიანს ბადებს, კონკრეტულ საგანს კი რაიმე კონკრეტული საგანი. ასევეა ხელოვნებაშიც, მაგალითად, მედიცინა არის ცნება ჯანმრთელობისა.

თავი 4

      სხვადასხვა მოვლენებს სხვადასხვა მიზეზები და საწყისები აქვთ, ზოგს ასეთი, ზოგს ისეთი. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ ზოგადად და ანალოგიით, ისინი ყველგან ერთი და იგივეა. კითხვა ეხება იმას, რომ ერთი და იგივე თუ სხვადასხვა საწყისები და ელემენტები აქვთ არსებათ, მიმართებათ, და ყველა სხვა კატეგორიათ. მაგრამ უაზრობა იქნებოდა, რომ ისინი ყველას ერთნაირი ჰქონოდა, რადგან ერთი და იგივესაგან იქნებოდა წარმოშობილი მიმართებაცა და სუბსტანციაც. მაშ როგორი არიან ისინი? არსებისა და სხვა კატეგორიების გარდა, არაფერია ზოგადი, ელემენტი კი წინ უსწრებს იმას, რის ელემენტიც ის არის. მაგრამ არც არსებაა ელემენტი მიმართებათა, არც ეს უკანასკნელნი არიან ელემენტები სუბსტანციათა.

      ამას გარდა როგორ შეიძლება, რომ ყველაფერს ერთი და იგივე ელემენტები ჰქონდეს. არასოდეს არ შეიძლება ერთი და იგივე იყოს ელემენტები და მისგან წარმოებული მთელი. მაგალითად, BA იყოს იგივე, რაც B და A. ელემენტი არც აზრისეული უნდა იყოს[8], მაგალითად, არსება და ერთი, თუმცა ისინი ყოველი საგნის შემადგენლობაში შედიან. არც ერთი ელემენტთაგანი არაა არც სუბსტანია და არც მიმართება[9]. თუმცა ეს აუცილებელია ასე იყოს. არც ყველაფერს აქვს ერთი და იგივე ელემენტები. ანდა როგორცა ვთქვით, ეს ზოგჯერ ასეა, ზოგჯერ კი არა. მაგალითად, ყველა შეგრძნებად სხეულს ერთნაირად აქვთ ფორმად: ერთ შემთხვევაში, თბილი, მეორეში - ცივი, რაც სითბოს ნაკლებობაა. ხოლო მატერია პირველად შესაძლებლობაში არის ერთიც და მეორეც. სუბსტანციებია, როგორც ეს, ისევე ის, რაც მათგან არის წარმოშობილი და რომლებსაც ასეთივე საწყისები აქვთ. მაგალითად, როდესაც თბილისა და ცივისაგან რაიმე ერთს ვიღებთ, როგორიცაა ხორცი ან ძვალი. ის, რასაც ვიღებთ, განსხვავებული უნდა იყოს იმათგან, რისგანაც ვიღებთ. ამათ ეს ელემენტები და საწყისები აქვთ, სხვებს კი - სხვა. მაგრამ ყოველივეზე ასეთი მსჯელობა არ შეიძლება, არამედ ზოგზე უნდა ვიმსჯელოთ ანალოგიით. მაგალითად, ვინმემ რომ დაასახელოს საწყისად ფორმა, მისი არქონება და მატერია, თითოეული ამათგანი სხვადასხვაა სხვადასხვა გვარში. მაგალითად, ფერებისათვის ესაა თეთრი, შავი, ზედაპირი, სინათლე, სიბნელე, ჰაერი, რომელთაგან წარმოიშვება დღე და ღამე.

      მიზეზები კი არამხოლოდ ისინი არიან, რომლებიც საგნის შემადგენლობაში შედიან, არამედ გარეშენიც, მაგალითად, მამოძრავებელი მზეზი. ცხადია, რომ საწყისი სხვაა და ელემენტი კი სხვა, თუმცა ორივე მიზეზია. ასევე იყოფა საწყისიც: მამოძრავებელ და შემჩერებელ საწყისად. არსებობს აგრეთვე რაღაც საწყისი სუბსტანცია. ასე რომ, ანალოგიის მიხედვით ელემენტები სამია, მიზეზები და საწყსები კი - ოთხი. მაგრამ ისინი სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა არიან. პირველ რიგში სხვადასხვაა პირველი მიზეზი, როგორც მამოძრავებელი მიზეზი, მაგალითად ჯანმრთელობა, ავადმყოფობა, სხეული. მამოძრავებელი მიზეზია მედიცინა. ფორმაა გარკვეული სახის უწესრიგობაც, აგრეთვე სახლის ასაშენებელი აგურები. მშენებლობა კი არის მამოძრავებელი მიზეზი.

      ასეთ სახეებად განიყოფება საწყისები. თუ ბუნებრივ საგნებში ადამიანი ადამიანს ამოძრავებს, აზროვნებაში ამოძრავებს ფორმა ან მისი საწინააღმდეგო. ამ შემთხვევაში კი სამი სახის მიზეზი გვექნება, ზოგჯერ კი გვექნება ოთხი. ჯანმრთელობის ფორმა როგორღაც არის მედიცინა, სახლის ფორმა - მშენებლობა, ადამიანი კი ჰქმნის ადამიანს. გარდა ამისა, ყოველივე ამას წინ უსწრებს მამოძრავებელი მიზეზი.

თავი 5

      არსებობენ როგორც დამოუკიდებელი, ისე არადამოუკიდებელი მოვლენები, რომელთაგან პირველი სუბსტანციებია. სუბსტანციები ყოველივეს საწყისები იმიტომ არიან, რომ მათ გარეშე არ არსებობს არც მოძრაობა და არც თვისებები. ამათ მოსდევს სული და სხეული, ან გონება, მისწრაფება და სხეული.

      შემდეგ, როგორღაც ანალოგიის გზით საწყისებია რეალობა და შესაძლებლობა, მაგრამ ისინი სხვადასხვანაირნი არიან და სხვადასხვა ვითარებაში არსებობენ. ერთი და იგივე მოვლენა ზოგჯერ რეალობაა, ზოგჯერ კი შესაძლებლობა, როგორც მაგალითად, ღვინო, ხორცი და ადამიანი. ისინიც დასახელებული მიზეზების ფარგლებში ექცევიან. რეალურად არსებობს ფორმა, როდესაც ის დამოუკიდებელია, და ის, რაც ორივესაგან არის შემდგარი, ან მისი ნაკლი, როგორიცაა სიბნელე და ავადმყოფობა. შესაძლებლობაში კი მატერია არსებობს, რომელსაც შეუძლია ორივედ იქცეს. რეალურად და შესაძლებლობაში არსებული კი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რადგან არა აქვთ ერთი და იგივე მატერია, ზოგს კი სხვადასხვა აქვთ ფორმაც. მაგალითად, ადამიანის მიზეზია შემდეგი ელემენტები: ცეცხლი და მიწა, როგორც მატერია და მისი სპეციფიკური ფორმა. ამას გარდა, კიდევ რაღაც გარეშე, მაგალითად, მამა, მზე, წრეში ტრიალი, რომელიც არც მატერიაა, არც ფორმა, არც მისი არქონება, არც იმავე სახის მიზეზი, არამედ მამოძრავებელი.

      გარდა ამისა, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმასაც, რომ ზოგი რამ ზოგადია, ზოგი კი არა. ყოველივეს თავდაპირველი საწყისები ზოგჯერ რეალურად უსწრებენ მათ, ზოგჯერ კი შესაძლებლობაში. ისინი ზოგადნი არ არიან[10]. კონკრეტული საგნების საწყისები კონკრეტული საგნები არიან. ზოგადი ადამიანი კი ზოგადი ადამიანის საწყისია. მაგრამ ასეთნი არ არსებობენ. არამედ პელეასი აქილევსის მამაა, შენ კი შენი მამა გყავს. კონკრეტული B AB-ს საწყისია, საერთოდ B კი საერთოდ AB-სი.

      შემდეგ, სხვადასხვა სუბსტანციებს სხვადასხვა მიზეზები და ელემენტები აქვს, როგორც ნათქვამი იყო. თუ ისინი სხვადასხვა გვარს ეკუთვნიან, მაგალითად, ბგერები, ფერები, არსებები, რაოდენობა, მათ ანალოგიის გარდა, სხვა არაფერი არა აქვთ საერთო. ერთსა და იმავე სახეში შემავალნი კი განსხვავდებიან არა სახით, არამედ ინდივიდუალურად. მაგალითად, შენი მატერია, შენი ფორმა, შენი მოძრაობა, და ჩემი, რაც მხოლოდ ცნების მიხედვითაა ერთი და იგივე.

      ამრიგად კითხვაზე იმის შესახებ, რომ არსებათა, მიმართებათა და თვისებათა საწყისები და ელემენტები არის თუ არა ერთი და იგივე, ცხადია, მრავალი აზრით შეიძლება გავცეთ პასუხი. ცხადია, რომ ისინი სხვადასხვაა თითოეულისათვის და არა ერთი და იგივე. მაგრამ, ისინი ზოგჯერ ყველას ერთი და იგივე აქვთ ანალოგიით, ზოგჯერ მათ საერთო აქვთ მატერია, ფორმა, მათი არქონება, მამოძრავებელი, არსების მიზეზი, რომელიც ყველასათვის საერთოა, და რომლის მოსპობით ისპობა ყოველივე დანაჩენი.

      გარდა ამისა, ზოგჯერ პირველია რეალობა, ზოგჯერ კი სხვებს წინ უსწრებს წინააღმდეგობა, რომელიც არც გვარია და არც მრავალი მნიშვნელობა აქვს, ზოჯგერ კი - მატერიები.

      თუ რომელია შეგრძნებადი საგნის საწყისები და რამდენი, აგრეთვე როგორ არიან იგივეობრივი და როგორ განსხვავებული, ამის შესახებ უკვე ვთქვით.

თავი 6

      არსებობს სამი სუბსტანცია, ორი ბუნებრივი და ერთი უძრავი, იმ უკანასკნელის შესახებ უნდა ითქვას, რომ აუცილებელია რაღაც უძრავი მარადიული სუბსტანციის არსებობა. რადგან არსებულ მოვლენათა შორის სუბსტანციები პირველნი და წარმავალნი არიან, ამიტომ ყველაფერი წრმავალი იქნება[11]. მაგრამ შეუძლებელია მოძრაობისა და დროის წარმოშობა და მოსპობა, ისინი ხომ მარადიულნი არიან. მაგრამ თუ არ არსებობს დრო, არ იარსებებდა არც წინამორბედი და მომდევნო, რადგან მოძრაობა ისევე უწყვეტია, როგორც დრო. იგივე უნდა ითქვას მოძრაობის ნებისმიერ თვისებაზე. საერთოდ, მოძრაობა კი არაა უწყვეტი, არამედ ადგილმონაცვლეობა, კერძოდ, წრეში ტრიალი. მაგრამ თუ არსებობს ან მამოძრავებელი, ან შემოქმედი მიზეზი, მაგრამ ისე, რომ არ მოქმედებს, მაშინ არც მოძრაობა იქნება, რადგან შესაძლებელია უნარი არსებობდეს ისე, რომ არ განხორციელდეს.

      არც მაშინ გვექნება რაიმე სარებლობა, თუ არსებებს როგორციაა იდეები, მარადიულად ვაქცევთ ისე, რომ მათში ცვალებადობის გამომწვევ რაიმე მოქმედ საწყისს არ დავუშვებთ. არც იდეები იქნება საკმარისი და არც იდეების გარდა სხვა სუბსტანციების დაშვება, რადგან თუ ისინი არ მოქმედებენ, არ იქნება მოძრაობა, მოძრაობა არ იქნება არც მაშინ, ისინი რომ მოქმედებდნენ, რადგან მათი არსება შესაძლებლობაა. არც მოძრაობა იქნება მარადიული, რადგან ის, რაც შესაძლებლობაში არსებობს, შეიძლება არც არსებობდეს. ასე რომ, საჭიროა ისეთი საწყისები, რომელთა არსება მოქმედებაა. გარდა ამისა, მათი არსება არამატერიალური უნდა იყოს, რადგან ისინი მარადიული უნდა იყვნენ, თუ საერთოდ, რეალურად არსებობს რაღაც მარადიული.

      მაგრამ აქ ჩნდება სიძნელე: უნდა ვიფიქროთ, რომ ყოველივე რეალური შესაძლებლობაში არსებობდა, ხოლო ყველა შესაძლებელი კი შეიძლება არ იქცეს რეალობად. ასე რომ, თავდაპირველად შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რეალური აღარაფერი აღარ იქნება, რადგან შესაძლებელია ისიცი, რაც შეიძლება არ არსებობდეს.

      მაგრამ შეუძლებელია როგორც ის, რასაც თეოლოგები ამბობდნენ, რომ ყოველივე ღამიდან წარმოიშვაო, ისე ის, რასაც ამტკიცებენ ბუნებისმეტყველნი, რომ ყველა საგნები ერთად იყვნენო. რადგან როგორ იარსებებს მოძრაობა, თუ რეალურად არც ერთი მიზეზი არ არსებობს. რადგან მატერია თვითონ კი არ ამოძრავებს თავის თავს, არამედ მშენებლობა. არც ყოველთვიური მსხვერპლშეწირვები და არც დედამიწა არ მოძრაობს თავისთავად, არამედ მოძრაობს თესლი და დაბადება. ამიტომაც ზოგი ენერგიას მარადიულად აქცევს, როგორც ლევკიპე და პლატონი. ისინი ამბობენ, რომ მოძრაობა მარადიულიაო. მაგრამ არ ამბობენ თუ რატომ, ან რა მოძრაობს, ან რა არის იმის მიზეზი, რომ ის ხან ასეთია, ხან კი ისეთი. შემთხვევით კი არაფერი არ უნდა მოძრაობდეს, არამედ როგორც მუდამ, ისე ამჟამად რაიმე მიზეზით უნდა ხდებოდეს ან ბუნებრივად, ან იძულებით, ან გონებით და სხვა რამენაირად.

      შემდეგ, რომელი მოძრაობაა პირველი? რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ არც პლატონი წყვეტს კითხვას იმის შესახებ, თუ რომელია ის საწყისი, რომლითაც მოვლენა თავის თავს ამოძრავებს, რადგან როგორც ის ამბობს, სული შემდეგ ჩნდება და ცასთან ერთად არსებობსო.

      რაც შეეხება თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა რეალობას წინ უსწრებს, ეს ზოგჯერ სწორია, ზოგჯერ - არა. თუ როგორ ამის შესახებ უკვე ვთქვით. რომ რეალობა წინ უსწრებს შესაძლებლობას, ამას ანაქსაგორაც ადასტურებს, რომლის აზრით, გონება არის რეალობა. ემპედოკლესთან ასეთია მეგობრობა და მტრობა. ლევკიპეს აზრით კი, მოძრაობა მარადიულა. ქაოსი და ღამე კი არ არსებობენ განუსაზღვრელი დროის განმავლობაში, არამედ ან ტრიალებენ, ან სხვანაირად მოძრაობენ. თუ რეალობა წინ უსწრებს შესაძლებლობას, და თუ ერთი და იგივე განუწყვეტლივ წრიულ მოძრაობაშია, საჭიროა არსებობდეს რაღაც უცვლელი, რაც ყოველთვის ერთნაირად ამოძრავებდა მათ. და თუ უნდა არსებობდეს წარმოშობა და სიკვდილი, მაშინ უნდა არსებობდეს რაღაც სხვაც, რაც სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ე.ი. რაც აუცილებლად ხანდახან თავისთავად მოძრაობს, ხანდახან კი - სხვის ზეგავლენით. ეს კი უნდა იყოს ან რაღაც მესამე, ან პირველი, მაგრამ ის პირველი უნდა იყოს, რომელიც როგორც თავის თავის, ისე ამის მოძრაობის მიზეზია. ასე რომ, უკეთესია თუ პირველს დავუშვებთ. ის ხომ იმის მიზეზია, რაც ყოველთვის ერთნაირად მოქმედებს. ხოლო რაც სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, მისი მიზეზი არის მეორე, ხოლო იმას, რაც ყოველთვის სხვადასხვანაირად ხდება, ამის მიზეზი ორია, რაც უკვე ცხადი გახდა.

      ასეთი მდგომარეობაა მოძრაობებში. ისმის კითხვა - საჭიროა კიდევ სხვა საწყისების ძიება, თუ არა?

თავი 7

      ეს ასე უნდა იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე წარმოშობილი იქნება ღამისა, ყოველივეს ნარევისა და არარსებულისაგან; ამიტომაც ეს დადგენილად უნდა ჩავთვალოთ. ასე რომ, უნდა არსებობდეს რაღაც მუდამ შეუჩერებლად მოძრავი, როგორიცაა წრიული მოძრაობა. ეს ცხადია არა მარტო მსჯელობით, არამედ ფაქტებითაც. ამრიგად, პირველი ცა მარადიულია. ამას გარდა, არსებობს რაღაც მამოძრავებელი, რომელიც ამოძრავებს სხვას და თვითონაც მოძრაობს და რომელსაც შუა ადგილი უკავია. ამიტომაც უნდა არსებობდეს რაღაც, რაც ისე ამოძრავებს, რომ თვითონ არ მოძრაობს და რაც მარადიული სუბსტანცია და მოქმედებაა. ასე კი ამოძრავებს მისწრაფებისა და აზროვნების საგანი, რომელიც თვით არ მოძრაობს. ამრიგად, ამოძრავებს უძრავი, რომელიც იგივეობრივია. ჩვენ კი ვისწრაფვით იმისკენ, რაც მშვენივრად გვეჩვენება. ასევე, უპირველესად ყოვლისა, მშვენიერია სასურველი. ჩვენ უფრო მეტად იმიტომ ვისწრაფვით მისკენ, რომ მშვენივრად გვეჩვენება, ან გვეჩვენება იმიტომ, რომ ვისწრაფვით მისკენ, საწყისი კი აზროვნებაა. აზროვნებას აზროვნების ობიექტი ამოძრავებს. აზროვნების ობიექტი კი აზროვნებისაგან დამოუკიდებელი თავისთავადი მოვლენების რიგს განეკუთვნება. მას აქვს პირველადი არსება, რომელიც მარტივია და რეალუად არსებული, მაგრამ ერთი და მარტივი ერთი და იგივე არაა, რადგან ერთი საზომს ნიშნავს, მეორე კი მის მდგომარეობას. მაგრამ როგორც მშვენიერი, ისე თავისთავადი მოვლენები ერთსა და იმავე რიგს განეკუთვნებიან და ან საუკეთესონი არიან, ან მისი ანალოგიური.

      რომ მიზანი უძრავ მოვლენებს შორის იმყოფება, ამას განხილვა ნათელყოფს. მიზანი კი რაიმეს მიზანია და რაიმეში არსებობს. ეს უკანასკნელი კი შეიძლება იყოს და შეიძლება არა. მიზანი მოვლენას ამოძრავებს, რადგან ის სასურველია და ამოძრავებული კი ამოძრავებს სხვას. ასე რომ, თუ რაიმე მოძრაობს, მას სხვაგვარადაც შეუძლია არსებობა. ასე რომ, თუ ტრიალი არის პირველი მოძრაობა, ის, რაც ასე მოძრაობს, მას შეუძლია სივრცეში იმოძრაოს ასეც და სხვანაირადაც, ე.ი. არა არსების მიხედვით. მაგრამ თუ არსებობს უძრავი მამოძრავებელი, რომელიც რეალურად არსებობს, ის არასოდეს არ შეიძლება სხვადასხვაგვარად ამოძრავებდეს. პირელი ცვალებადობა გადაადგილებაა. ასეთია წრეში ტრიალიც, რასაც უძრავი მამოძრავებელი იწვევს და ეს უკანასკნელი კი აუცილებლად არსებობს. აუცილებლად არსებული კი მშვენიერია და ამდენად საწყისიცაა.

      „აუცილებელს“ შემდეგი მნიშვნელობა აქვს: პირველი არის იძულება, რადგან მიმართულია საკუთარი მიდრეკილების წინააღმდეგ, მეორე მხრივ, ის, რის გარეშე არაა კეთილდღეობა. მესამეა ის, რასაც სხვაგვარად არ შეუძლია არსებობა, თუ არა მარტივად. ასეთი საწყისისაგან არის დამოკიდებული ცაც და ბუნებაც. ის ისე ცხოვრობს, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე ბედნიერ წუთებში. ის კი ყოველთვის ისე ცხოვრობს, რაც ჩვენთვის შეუძლებელია, რადგან მისთვის მოქმედება არის სიამოვნება. აქედან აქვს მას სიფხიზლეც, შეგრძნებაც, და რაც ყველაზე საიამოვნოა, აზროვნება, საიდანაც გამომდინარეობს მისი იმედები და შეხედულებები.

      აზროვნება თავისთავად კი არის აზროვნება ყველაზე უკეთესისა და რაც უფრო მეტად კეთილშობილია აზროვნება, მით უფრო მეტად საპატიო ობიექტი აქვს მას. თავის ობიექტთან ზიარების გამო აზროვნება თავის თავს აზროვნებს. რადგან აზრის ობიექტი აზრთან შეხებისა და საერთოდ, გააზრების შედეგად იქმნება. აზრი და აზრის ობიექტი ერთი და იგივეა, რადგან აზროვნება თავის თავში შეიცავს როგორც ობიექტს, ისე მის არსებასაც. და ის იმიტომ მოქმედებს, რომ შეიცავს მას. ამრიგად აზროვნებაში ყველაზე მეტად ღვთაებრივი ეს უნდა იყოს, ხოლო აზროვნება უნდა იყოს ყველაზე უფრო სასიამოვნო და საუკეთესო მოქმედება. ის ბედნიერებაა, რასაც ჩვენ ხანდახან განვიცდით, ღმერთი კი ყოველთვის, რაც საოცარია. და რომ არსებობდეს ამაზე უფრო მეტი ბედნიერება, კიდევ უფრო მეტად საოცარი იქნებოდა. ღვთაება კი ასეთია, როგორც ვთქვით. ღმერთს ახასიათებს სიცოცხლეც, რაც აზროვნების გამოვლენაა. ეს უკანასკნელი კი არის მოქმედება. თავისთავად მოქმედება კი არის საუკეთესო და მუდმივი სიცოცხლე. ამიტომაც ვამტკიცებთ, რომ ცოცხალ არსებათა შორის ღმერთია ყველზე მეტად მარადიული და ყველაზე უკეთესი. ასე რომ, ღმერთს მუდმივად ახასიათებს უწყვეტი სიცოცხლე და მარადიული არსებობა და ესაა სწორედ ღმერთი.

      პითაგორელები და სპევზიპე კი ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება უმშვენიერესი და საუკეთესო საწყისი იყოს, იმის გამო, რომ მცენარეებიცა და ცხოველებიც საწყისი მიზეზები არიან, მაგრამ მშვენიერი და სრულყოფილი არის ის, რაც მათგან გამომდინარეობსო. ეს შეხედულება კი სწორი არ არის, რადგან თესლი სხვა პირველი სრულყოფილი მიზეზებისაგან არის წარმოშობილი და ამრიგად, თავდაპირველად, არის არა თესლი, არამედ სრულყოფილი მიზეზი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თესლზე ადრე ადამიანი არსებობს, მაგრამ არა თესლისაგან შექმნილი, არამედ სხვა ადამიანი, რომლისგანაც წარმოშობილია ეს თესლი.

      ზემოთქმულიდან ცხადია, რომ არსებობს რაღაც მუდმივი, უძრავი, შეგრძნებადი საგნებისაგან დამოუკიდებელი არსება. დავამტკიცეთ ისიც, რომ ამ არსებას არა აქვს არავითარი სიდიდე, არამედ ის არის უნაწილო და დაუშლელი. ის ამოძრავებს მოვლენებს განუსაზღვრელი დროის მანძილზე, რადგან განუსაზღვრელ ძალას არაფერი არა აქვს გასანზღვრული. ყოველგვარი სიდიდე კი ან განსაზღვრულია ან განუსაზღვრელი. ამიტომ ამ არსებას განსაზღვრული სიდიდე ვერ ექნება, ხოლო განუსაზღვრელი ვერ იქნება იმიტომ, რომ არ არსებობს არავითარი განუსაზრვრელი სიდიდე. ამას გარდა ის უგრძნობი და უცვლელია, რადგან ყველა სხვა მოძრაობანი მოსდევენ ადგილმონაცვლეობას. ამგვარად, ცხადი ხდება, რომ ეს ასე უნდა იყოს.

თავი 8

      ასეთი არსება ერთია, თუ ბევრი? თუ ბევრია, რამდენი? ეს არ უნდა დავტოვოთ აუხსნელი, არამედ უნდა გავიხსენოთ სხვების შეხედულებებიც, რომლებმაც სიმრავლის არსების შესახებ ნათლად არაფერი არ თქვეს. მაგალითად, იდეებზე მოძღვრებას არავითარი ორიგინალური თვალსაზრისი არ მოუცია. ისინი, რომლებიც იდეების არსებობას ამტკიცებენ, რიცხვებს იდეად აცხადებენ, რომლებსაც ხან განუსაზღვრელად თვლიან, ხან კი ათამდე განსაზღვრულად. რიცხვთა ასეთი სიმრავლის შესახებ კი სერიოზულად არაფერი არა აქვთ დასაბუთებული.

      ჩვენ კი უნდა ვიმსჯელოთ გამომდინარე ჩვენი წანამძღვრებიდან და განსაზღვრებიდან. საგნების საწყისი და პირველი როგორც თავისთავად, ისე შემთხვევით, უძრავია, რომელიც იწვევს პირველ მარადიულ და ერთადერთ მოძრობას, რადგან მოძრავს აუცილებლად რაიმე ამოძრავებს. პირველი მამოძრავებელი კი თავისთავად უძრავია და მუდამ ამოძრავებს მარადიული მოძრაობით და მხოლოდ ამ მოძრაობით. მაგრამ ყოველივეს მარტივი მოძრაობის გვერდით, იმ მოძრაობის გვერდით, რომელსაც ჩვენი აზრით პირველი უძრავი სუბსტანცია იწვევს, ვხედავთ სხვა მარადიულ მოძრაობებსაც, რომელიც პლანეტებს ახასიათებთ. სხეულთა წრიული მოძრაობა რომ მარადიულია და შეუჩერებელი, ეს მტკიცდება წიგნებში „ბუნების შესახებ“. აუცილებელია, რომ თითოეული ამ მოძრაობათაგანი იყოს გამოწვეული უძრავი, თავისთავადი და მუდმივი სუბსტანციის მიერ. რადგან მნათობები არიან რაღაც მარადული ბუნების, ამიტომ ასეთივე უნდა იყოს მათი მამოძრავებელი, რომელიც წინ უსწრებს მის მიერ ამოძრავებულს. რაც სუბსტანციებს უსწრებს წინ, თვითაც სუბსტანცია უნდა იყოს. მაგრამ ცხადია, რომ ასეთი სუბსტანცია ზემოთქმული მიზეზების გამო აუცილებლად მუდმივი ბუნებისა უნდა იყოს, უძრავი და სიდიდის არმქონე, რომ არსებობენ რაღაც სუბსტანციები და მათ შორის არის რაღაც წინამორბედი და მომდევნო, ვარსკვლავების ანალოგიურად მოძრავი, ეს ცხადია. ხოლო მნათობების სიმრავლე შესწავლილ უნდა იქნას ფილოსოფიის მონათესავე მათემატიკური მეცნიერების - ასტრონომიის მიერ, რომელიც სწავლობს მუდმივ, მაგრამ შეგრძნებად სუბსტანციებს. სხვები კი სუბსტანციებს არ სწავლობენ. მაგალითად, მეცნიერება რიცხვების შესახებ და გეომეტრია.

      რომ მოძრაობა მრავალგვარია, ეს ცხადია იმათთვისაც, ვისაც მცირეოდნად მაინც უფიქრია ამაზე. მაგალითად, თითოეული ვარსკვლავი მოძრაობს ერთზე მეტი სახის მოძრაობით. საჭიროა შევეხოთ იმას, თუ რას ამბობენ მათემატიკოსები მოძრაობის ფორმების შესახებ, რათა აქედან მოძრაობათა რაოდენობაზე რაღაც წარმოდგენა მივიღოთ და აზრით კი მათი ათვისება შევძლოთ. დანარჩენი კი ან ჩვენ თვითონ უნდა ვიკვლიოთ, ან გავიგოთ იმათგან, ვინც მას იკვლევს, თუ მათ ახლახან თქმულისაგან რაიმე განსხვავებული აქვთ. საჭიროა ორივე მეთოდის გამოყენება, მაგრამ უნდა ვენდოთ უფრო ზუსტს.

      ევდოქსმა მზისა და მთვარის მოძრაობა სამ სფეროში მოათავსა. ამათგან პირველია უძრავი ვარსკვლავებისა, მეორე ზოდიაქის ნიშანთა შუა მდებარეობს, მესამე ამ ნიშნებიდან გადახრილია. ამათგან უფრო მეტად იყო გადახრილი მთვარე, ვიდრე მზე. მოძრავ ვარსკვლავებს თითოეულს მოძრაობის ოთხი სფერო მიუჩინა. ამათგან პირველი ორი მზისა და მთვარის სფეროებთან გააიგივა, ევდოქსის აზრით, მოძრავი ვარსკვლავები იყოლებენ ყოველივეს, იმასაც, რაც მათს ქვეშაა და რაც ზოდიაქის ნიშანთა შუაშია და ისე მოძრაობენ, როგორც ყველა დანარჩენი. მესამე სახით მოძრავთ ყველას პოლუსები ზოდიაქის ნიშანთა შუა სფეროზე აქვთ, მეოთხე სახის მოძრაობა დახრილია მესამე წრის შუისკენ. მესამე სფეროში მოძრავ თითოეულ პლანეტას კი თავისი პოლუსი აქვს, მხოლოდ ჰერმესსა[12] და აფროდიტას[13] აქვთ ერთნაირი.

      კალიპოსმა სფეროები ისევე განალაგა, როგორც ევდოქსმა, რამდენადაც საქმე მანძილებს ეხება. ზევსსა და კრონოსს[14] მან იმდენივე მოძრაობის სფერო განუკუთვნა, რაც ევდოქსმა, მზისა და მთვარისათვის კი, მისი აზრით, საჭირო იყო კიდევ ორი სფეროს მიმატება, თუ ვინმე მოვლენების ახსნას მოისურვებდა. სხვა მნათობებსაც თითო სფერო დაუმატა. მაგრამ თუ ამ სფეროებმა უნდა აგვიხსნან მოვლენები, აუცილებელია, თითოეულ მოძრავ ვარსკვლავს დაემატოს სხვა სფეროები, უკვე დასახელებულებთან შედარებით ერთით ნაკლები, რომლებიც ყველაზე დაბლა მოთავსებულ ვარსკვლავის სფეროს პირველ მდგომარეობას აღადგენენ. მხოლოდ ამგვარად შეიძლება წარმოებდეს პლანეტების ყოველგვარი მოძრაობა. ამრიგად, ერთი მხრივ, არის მოძრავ ვარსკვლავთა 8 სფერო, მეორე მხრივ, 25, რომელთაგან უკან არ ბრუნდება ის სფეროები, რომლითაც ყველაზე დაბლა მოთავსებული პლანეტა მოძრაობს. პირველი ორი პლანეტის სფეროდან უკან ბრუნდება 6, ხოლო იმათი რიცხვი, რომლებიც მომდევნო ოთხ სფეროს უკან აბრუნებენ, არის 16. იმ სფეროების რიცხვი, რომლითაც პლანეტები მოძრაობენ და უკან ბრუნდებიან, არის 55. თუ მთვარესა და მზეს არ დავუმატებთ ზემოდასახელებულ მოძრაობებს, რაზეც ჩენ მივუთითეთ, მაშინ ყველა სფეროთა რიცხვი 47 იქნება. ამდენია სფეროთა რიცხვი, ამრიგად, გონივრული იქნებოდა, რომ არსებათა, უძრავ საწყისთა და შეგრძნებადი მოვლენების რიცხვიც ამდენი დაგვეშვა. ხოლო აუცილებელის კვლევა უნდა დაგვეთმო უფრო ღრმა მოაზროვნეთათვის. თუ არ არსებობს სხვა არავითრი მოძრაობა, რომელიც ამა თუ იმ მნათობის მოძრაობს გააძლიერებდა, გარდა ამისა, თუ თითოეული მათგანის ბუნება და არსება უგრძნობია და თავისთავადი და მის მიზანს ყველაზე უკეთესი შეადგენს, მაშინ ამათ გარდა, სხვა ბუნებები არ იარსებებს და ამრიგად, სუბსტანციათა რიცხვი აუცილებლად ამდენი იქნება. და თუ არსებობენ სხვებიც, მაშინ ისინი, როგორც მოძრაობის მიზანნი, აამოძრავებდნენ დანარჩენს. მაგრამ გარდა ზემოთქმულისა, სხვა მოძრაობების დაშვება შეუძლებელია. ეს გონივრულია, თუ დავაკვირდებით მნათობებს. თუ ყოველი მამოძრავებელი არსებობს მოძრავის გულისთვის და ყოველი მოძრაობა მოძრავ საგანს ეკუთვნის, მაშინ არც ერთი მოძრაობა არ იარსებებს თავის თავის, ან სხვა მოძაობების გულისათვის, არამედ მნათობების გულისათვის. მაგრამ თუ მოძრაობა არსებობს მოძრაობის გულისათვის, ეს უკანასკნელი სხვა მოძრაობის გულისათვის იარსებებდა. და თუ ეს არ შეიძლება უსასრულო იყოს, მაშინ ყოველი მოძრაობის მიზანი რაიმე ღვთაებრივი ციური მოძრავი სხეული იქნება.

      რომ ცა ერთია, ცხადია, რადგან ისინიც რომ ბევრნი ყოფილიყვნენ, როგორც ადამიანები მაშინ ყოველ მათგანს სახით ერთი, მაგრამ რიცხვით ბევრი საწყისი ექნებოდა. მაგრამ რიცხვით ბევრს მატერია აქვს, ცნება კი ერთი, მაგალითად, ადამიანის ცნება. სოკრატე კი ერთია. ხოლო პირველს, რომელიც არსებაა, არა აქვს მატერია, რადგან რეალობაა. ხოლო ის, რაც ერთია როგორც ცნებით, ისე რიცხვით, ე.ი. პირველი მამოძრავებელი, თვით უძრავია. ასეთივეა ისიც, რაც მოძრაობს მუდმივ და უწყვეტლივ. მაშასადამე, ერთია ცაც.

      მითის ფორმაში ძველ და უძველეს მოაზროვნეთაგან გადმოცემული და მომდევნო მოაზროვნეთა მიერ გაზიარებული შეხედულებით, ღმერთები ასეთნი არიან და ისინი მოიცავენ მთელ ბუნებას. დანარჩენი მითიური კი დამატება იქნება მასის დასარწმუნებლად, კანონების განსამტკიცებლად და საგრებლობის მიზნით.

      ღმერთებს ზოგნი ადამიანთა და სხვა ცხოველთა მსგავსად აცხადებდნენ და აქედან გამოჰყავდათ ზემოთქმულის მსგავსი სხვა შედეგები. თუ ამას გამოვტოვებთ, მივიღებთ მხოლოდ თავდაპირველ დაშვებას, რომ პირველი სუბსტანციები ღმერთები არიან, მაშინ ეს ღვთაებრივ მსჯელობად უნდა ჩაგვეთვალა. ალბათ, როგორც მეცნიერებამ, ისე ფილოსოფიამ და ამ შეხედულებებმა, რომლებიც მრავალჯერ იქნენ აღმოჩენილი და კვლავ დავიწყებულნი, ჩვენამდე მაინც მოაღწიეს, როგორც ძვირფასმა გადმონაშთებმა.

      ამრიგად, მამა-პაპათა და წინამორბედთა შეხედულებანი ჩვენთვის მხოლოდ ამდენად არის ცნობილი.

თავი 9

      გასარკვევია ზოგიერთი საკითხი გონების შესახებ, როგორც ჩანს, ის მოვლენათა შორის ყველაზე ღვთაებრივია. მაგრამ ზოგიერთ სიძნელესთან არის დაკავშირებული კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ არის გონება ასეთი? ის რომ არაფერს არ აზროვნებდეს, პატივსაცემი არ იქნებოდა და მძინარს დაემსგავსებოდა, მაგრამ თუ ის აზროვნებს, მას სხვა ძირითადი მიზეზი აქვს. მისი არსება რომ ყოფილიყო არა აზრი, არამედ აზროვნების უნარი, ის არ იქნებოდა ყველაზე საუკეთესო, რადგან მისი ღირსება აზროვნებაში მდგომარეობს.

      შემდეგ, მისი არსება ან აზრია, ან აზროვნება. მაგრამ რას აზროვნებს ის? ან თავის თავს, ან რაღაც სხვას. თუ სხვას, მაშინ ან ყოველთვის ერთსა და იმავეს, ან სხვადასხვას. მნიშვნელობა არ აქვს იმას, მოიაზრებს ის ყოველთვის მშვენიერს, თუ იმას, რაც მოხვდება. მაგრამ ზოგიერთი მოვლენის შესახებ ფიქრი უაზრობაა. ის კი ცხადია, რომ ის მოიაზრებს ყველაზე უფრო ღვთაებრივსა და პატივსაცემს და არც იცვლება. რადგან ის შეიძლება შეიცვალოს უარესისაკენ, ესეც ხომ რაღაც მოძრაობაა. ჯერ ერთი, თუ ის არის არა აზროვნება, არამედ აზროვნების უნარი, მისთვის ძნელი იქნებოდა უწყვეტი აზროვნება. შემდეგ, ცხადია, რომ მაშინ უნდა ყოფილიყო რაღაც სხვა, გონებაზე უფრო პატივსაცემი, სახელდობრ, მოაზრებული. რადგან აზროვნება და აზრი მაშინაც არსებობს, როდესაც ყველაზე უარესს მოიაზრებს. ასე რომ, თუ ამას გვერდს ავუვლით, რადგან ზოგჯერ არდანახვა სჯობს დანახვას, აზროვნება აღარ იქნებოდა ყველაზე უკეთესი. ამრიგად, თუ გონება ძლიერია, ის თავის თავს მოიაზრებს და მაშასადამე, აზროვნება აზროვნების აზროვნებაა. მაგრამ როგორც ჩანს, ცოდნა, შეხედულება, შეგრძნება და განსხჯა სხვას ეხებიან, თავის თავს კი სხვათა შორის. გარდა ამისა, თუ სხვადასხვაა აზროვნება და მოაზრებული, რომელი მათგანი შეადგენს მის ღირსებას? აზროვნება და გააზრებული ერთი და იგივე ხომ არაა? თუ ზოგიერთ შემთხვევაში ცოდნა და საგანი ერთი და იგივეა? შემოქმედებითს მეცნიერებებში სუბსტანცია და არსება მოცმეულია მატერიის გარეშე, თეორიულში ისაა საგნის ცნება და აზროვნება. იმ ობიექტებში, რომელთაც მატერია არა აქვთ, აზრის ობიექტი და აზრი სხვადასხვა არაა, არამედ ერთი და იგივე, მაშასადამე, ერთი და იგივეა აზროვნება გააზრებული.

      რჩება კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა მოაზრებული რთული? ამ შემთხვევაში ცვალებადობა მთელის ნაწილებსაც შეეხება. თუ ყველაფერი, რასაც მატერია არა აქვს, დაუშლელია, როგორც ადამიანის გონება, რომელიც ზოგჯერ მიმართულია შედგენილი საგნებისაკენ და რომლისთვისაც სიკეთე არსებობს არა ამა და ამ ადგილას, არამედ როგორც რაღაც საუკეთესო მთელი და მისგან განსხვავებული. ამავე მდგომარეობაშია აზროვნება, რომელიც მარადიულობის განმავლობაში თავის თავს აზროვნებს.

თავი 10

      გამოსარკვევია, თუ როგორ არსებობს ბუნებაში სიკეთე და კეთილშობილება, როგორც რაღაც დამოუკიდებელი და თავის თავადი, როგორც წესრიგი, თუ ორივენაირად, როგორც ჯარში? წესრიგი აქ ხომ ჯარის კეთილდღეობაცაა და სარდალიც და უფრო მეტად ეს უკანასკნელი, რადგან ის წესრიგის საშუალებით არსებობს, და არა წესრიგი მისი საშუალებით. ყველაფერი როგორღაც მოწესრიგებულია, წყლის ბინადარნიც, ფრინველებიც და მცენარეებიც, მაგრამ არა ერთნაირად და არც ისე, თითქოს ერთს მეორესთან არავითარი მიმართება არ ჰქონდეს, პირიქით, მათ შორის არსებობს რაღაც მიმართება. ყველაფერი მიმართულია ერთისაკენ, მაგრამ ისე, როგორც სახლში თავისუფლებს ნაკლებ ეძლევათ ნება გააკეთონ, რაც მოხვდებათ, რაც მთლიანად ან უმეტესად უკვე მოწესრიგებულია. მონებს და ცხოველებს უფრო ნაკლებ ევალებათ საერთო საქმე და უმეტესად შემთხვევით საქმეს აკეთებენ. რადგან ასეთია თითოეული მათგანის საწყისი ბუნება. მე ვგულისხმობ იმას, რომ მოვლენათა ნაწილისათვის აუცილებელია დაშლა, დანარჩენისათვის კი გაერთიანება. არ უნდა დავფაროთ, თუ რა შეუსაბამობა და დაბრკოლებანი გამომდინარეობს სხვათა მსჯელობებიდან, რა შედეგებს იღებენ ისინი, რომელიც უფრო მახვილგონივრულად მსჯელობენ და ვის აქვს ყველაზე ნაკლები სიძნელეები.

      ყველანი ყველაფერს დაპირისპირებული საწყისებიდან აწარმოებენ. მაგრამ არაა სწორი, რომ თითქოს ყოველივე წინააღმდეგობიდან არის წარმოშობილი. ისინი არც იმას ხსნიან, თუ როგორაა წინააღმდეგობიდან წარმოშობილი ის, რაც თვითონ შეიცავს წინააღმდეგობას, რადგან მოპირდაპირე მხარეები ერთმანეთზე არ ახდენენ ზემოქმედებას. ჩვენთვის ამის გადაჭრა იოლია, რადგან ჩვენ ვუშვებთ რაღაც მესამეს. ზოგნი კი წინააღმდეგობის ერთ-ერთ მხარედ მატერიას აცხადებენ, ისევე როგორც ტოლს უპირისპირებენ არატოლს და ერთს კი ბევრს. მაგრამ ესეც იმავე ხერხით წყდება, რადგან მატერია არაფერს არ უპირისპირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი, გარდა ერთისა, ბოროტებას ეზიარებოდა. რადგან ბოროტება წინააღმდეგობის ერთ-ერთი მხარეა.

      სხვა მოაზროვნეების აზრით, სიკეთე და ბოროტება საწყისები არ არიან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველგან უფრო მეტად საწყისია სიკეთე. ის კი სწორია, რომ სიკეთე საწყისია, მაგრამ არ ამბობენ, თუ როგორ არის ის საწყისი, როგორც მიზანი, როგორც მოძრაობა, თუ როგორც ფორმა?

      უაზრობას ამბობს ემპიდოკლეც, რომელიც მეგობრობას აქცევს სიკეთედ და მას სთვლის, როგორც მამოძრავებელ, ისე მატერიალურ საწყისად. ის ხომ ნარევის ნაწილია. მაგრამ თუ ერთი და იგივე შემთხვევითაა, როგორც მატერიალური, ისე მამოძრავებელი საწყისი, ის ერთი და იგივე ვერ იქნება. რომელი ამათგანია მეგობრობა? უაზრობაა აგრეთვე, რომ შური უკვდავი იყოს, რადგან მას ისეთივე ბუნება აქვს, როგორიც ბოროტებას.

      ანაქსაგორას კი სიკეთე მიაჩნდა მამოძრავებელ საწყისად, რადგან მისი აზრით, მამოძრავებელი არის გონება, მაგრამ ის ამოძრავებს რაღაც მიზნით. ასე რომ, ეს სულ სხვაა, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მედიცინაც როგორღაც ჯანმრთელობაა. უაზრობაა, რომ ის არაფერს არ უპირისპირებს სიკეთესა და გონებას. ყველა ისინი, რომლებიც წინააღმდეგობას თვლიან საწყისად, არ სარგებლობენ წინააღმდეგობით, თუ მათი ნათქვამი როგორღაც არ დავალაგეთ. არაფერს არ ამბობენ იმაზეც, თუ რატომაა ერთი მოკვდავი და მეორე უკვდავი[15], რადგან ყველა არსებული ერთი საწყისიდან გამოჰყავთ. გარდა ამისა, ზოგნი არარსებულიდან აწარმოებდნენ არსებულს, ზოგნი კი იძულებულნი იყვნენ ყოვლივე ერთად ექციათ, რათა იგივე შედეგი არ მიეღოთ[16].

      გარდა ამისა, არავინ არაფერს არ ამბობს იმაზე, თუ რატომ არის წარმოშობა მარადიული და რაა ამის მიზეზი. ისინი, რომლებიც ორ საწყისს უშვებენ, მათთვის აუცილებელია სხვა უფრო ძლიერი საწყისის დაშვება. ისინი კი, რომლებიც იდეებს აღიარებენ სხვა უმთავრეს საწყისად, არ ამბობენ, თუ რატომ მონაწილეობენ მასში საგნები, ან თვით რატომ მონაწილეობენ საგნებში.

      ზოგის აზრით, აუცილებელია, რომ სიბრძნეს და საუკეთესო მეცნიერებას რაღაც უპირისპირდებოდეს. ჩვენი აზრით, ეს აუცილებელი არაა, რადგან პირველს არაფერი არ უპირისპირდება. ყოველ დაპირისპირებულს აქვს მატერია, რომელიც შესაძლებლობაში არსებობს. უცოდინარობა გადადის საწინააღმდეგოში, მაგრამ პირველს არაფერი ეწინააღმდეგება. თუ შეგრძნებადის გარდა, სხვა არაფერი არ არსებობს, მაშინ არ იარსებებდა არც საწყისი, არც წესრიგი, არც წარმოშობა და არც ცური მოვლენები, არამედ ყოველ საწყისს საწყისი ექნებოდა, როგორც ამტკიცებენ ყველა თეოლოგები და ბუნებისმეტყველნი. მაგრამ თუ არსებობენ იდეები და რიცხვები, ისინი არაფრის მიზეზები არ იქნებიან. ყოველ შემთხვევაში ისინი არ იქნებიან მოძრაობის მიზეზები. გარდა ამისა, როგორ წარმოიშობოდა სიდიდე და უწყვეტობა იმისაგან, რასაც სიდიდე არა აქვს? რადგან რიცხვი ვერ წარმოშობს უწყვეტობას, არც როგორც მამოძრავებელი, არც როგორც ფორმა. მეორე მხრივ, დაპირისპირებულთა შორის არც ერთი არაა ისეთი საწყისი, როგორიცაა შემოქმედი და მამოძრავებელი. შესაძლებელია ის არ არსებობს, რადგან მოქმედება შესაძლებლობას მოსდევს. და მაშასადამე, არსებული მარადიული ვერ იქნება. მაგრამ მარადიულნი არსებობენ. ამრიგად, ამ შეხედულებათაგან რომელიღაც უარსაყოფია. თუ როგორ, ამის შესახებ უკვე ვთქვით.

      გარდა ამისა, იმის შესახებ, თუ როგორ არის რიცხვით ერთი სული, სხეული, საერთოდ, ფორმა და საგანი, ამაზე არავინ არაფერს არ ამობობს. ამის თქმა შეუძლებელიცაა, თუ ისეთივე პასუხი არ იქნა გაცემული, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამას მამოძრავებელი სჩადის. ისინი კი, რომელიც ამტკიცებენ, რომ მათემატიკური რიცხვები პირველია და თითოეულ მოვლენას განსხვავებულ არსებასა და საწყისს აძლევენ, სამყაროს არსებას შემთხვევითობის გროვად აქცევენ (რადგან ერთის არსებობა ან არარსებობა მეორეს არაფერს არ მატებს) და მრავალ საწყისს უშვებენ. სამყაროს კი არ სურს, რომ ცუდად მართავდნენ: „ცუდია მრავალხელისუფლიანობა, დაე იყოს ერთმმართველობა!“.

« წიგნი მეთერთმეტე

წიგნი მეცამეტე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] τ ὸ μ ὲ ν ὑ π ο μ έ ν ε ι, τ ὸ δ ᾽ ἐ ν α ν τ ί ο ν ο ὐ χ ὑ π ο μ έ ν ε ι კუბიცკისა და გოლკეს აზრით, აქ პირველი ტერმინი ( τ ὸ ὑ μ ο μ έ ν ε ι ) გაურკვეველია, ჩვენი აზრით, ის გულისხმობს წინააღმდეგობის იმ მხარეს, რომელიც რჩება და საითკენაც მიმართულია ცვალებადობისა და მოძრაობის პროცესი. მეორე ტერმინი ( τ ὸ δ ᾽ ἐ ν α ν τ ί ο ν ο ὐ χ ὑ π ο μ έ ν ε ι ) წინააღმდეგობის ის პირველი მხარეა, რომელიც იცვლება და საიდანაც საგანი მოძრაობას იწყებს.

[2] არისტოტელე ყოველ კონკრეტულ ფორმასა და მატერიას მიაწერს წარმოშობისა და მოსპობის უნარს, გარდა პირველადი ფორმისა და მატერიისა, რომელიც მარადიულია. ვფიქრობთ, არ უნდა იყვნენ სწორი როსი და კუბიცკი, რომელნიც „ცვალებადობის კიდურ წევრში“ კონრეტულ საგანს გულისხმობენ და არა პირველად ფორმასა და მატერიას.

[3] „საწყისი სხვაში“ გულისხმობს არა თავისი თავის, არამედ სხვის წარმოშობის მიზეზს. ეს მიზეზი არსებობს იმ „სხვა საგანში“, რომლის წარმოშობის მიზეზიც ეს არის.

[4] ნაგულისხმევია კონკრეტულ საგანში არსებული მატერია.

[5] ნაგულისხმევია კონკრეტული მოვლენის ფორმა.

[6] ფორმა ზოგადად, რომელსაც მეცნიერება ჰქმნის, წარუვალია. ამ ფორმებს არისტოტელე უპირისპირებს კონკრეტული, ანუ ბუნებრივი საგნების ფორმებს, რომელნიც წარმავალნი არიან. ამრიგად, არსებობს ორგვარი ფორმა: „ბუნებრივი“, მოცემული კონკრეტულ საგანთან ერთად და „ხელოვნური“, არსებული მეცნიერებაში, რომელიც არამატერიალურია.

[7] გონება დაკავშირებული სულთან, ანუ იგივე სული.

[8] არისტოტელე უარყოფს აზრს ( ν ο η τ ῶ ν ), როგორც ელემენტს, რადგან ამ შემთხვევაში ყოველივე აზრად იქეცოდა.

[9] არიტოტელე ამავე მოტივით უარყოფს მიმართებასა და სუბსტანციას, როგორც ელემენტს. ელემენტი ვერ იქნება სუბსტანცია იმიტომ, რომ ელემენტი არაა იმისგან დამოკიდებული, რის ელემენტიც ის არის. და თუ ელემენტი არის სუბსტანცია და ამავე დროს იმყოფება იმ საგანში, რომლის ელემენტიც ის არის, ამ შემთხვევაში ერთ ადგილას ორი საგანი იქნებოდა მოთავსებული, რაც არისტოტელეს დაუშვებლად მიაჩნია. მიმართების ელემენტად გამოცხადების შემთხვევაში კი ყოველივე მიმართებას იქცეოდა. ამ შემთხვევაში სწორია კუბიცკის შენიშვნა იმის შესახებ, რომ არიტოტელე წინააღმდეგი იყო ელემენტის იმასთან გაიგივებისა, რის ელემენტიც ის იყო.

[10] ზოგადის საწყისობის უარყოფით არისტოტელე ეკამათება პლატონს.

[11] არისტოტელე უარყოფს სუბსტანციას, როგორც საწყისს, რადგან მაშინ ყოველივე წარმავალად იქცეოდა. არისტოტელე კი უარყოფს ყოვლივეს წარავლობას.

[12] τ ῆ ς Ἀ ϕ ρ ο δ ί τ η ς აფროდიტა, პლანეტა ვენერა.

[13] τ ο ῦ Ἑ ρ μ ο ῦ ჰერმესი, პლანეტა მერკური.

[14] τ ο ῦ Κ ρ ό ν ο υ კრონოსი, პლანეტა სატურნი.

[15] არისტოტელეს აზრით, უკვდავ და მოკვდავ მოვლენებს არ შეიძლება ერთი საწყისი ჰქონდეთ, რადგან მაშინ მათგან გამომდინარე შედეგიც ერთნაირი იქნებოდა, ან მხოლოდ მოკვდავი და ან უკვდავი.

[16] წარმავალი და წარუვალი მოვლენებისათვის ერთი და იგივე საწყისი არ უნდა დაეშვათ.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 857

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters