პლატონი - სახელმწიფო
წიგნი მესამე

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

სოკრატე, გლავკონი, პოლემარქე
თრასიმაქე, ადიმანტე, კეფალე

saxelmwifo, platoni, სახელმწიფო, პლატონი, ფილოსოფია, ქველი, filosofia, Qwelly, philosophy, სოკრატე, გლავკონი, პოლემარქე, თრასიმაქე, ადიმანტე, კეფალე

- აი, როგორ წარმოგვიდგება საქმე ღმერთებთან მიმართებით: – ვთქვი მე, – ჩვენ უკვე ვიცით, თუ სიყრმითგანვე რას შეიძლება უსმენდნენ და რას არ უნდა უსმენდნენ ისინი, ვისი ვალიცაა თაყვანს სცემდნენ ღმერთებს, პატივს მიაგებდნენ მშობლებს და არ ამცირებდნენ მეგობრობას ადამიანთა შორის.

- ეს, მე მგონია, – თქვა ადიმანტემ, – სავსებით სწორი თვალსაზრისია.

- მერედა, თუ გვინდა, რომ ისინი მხნენი და მამაცნი იყვნენ, განა ყოველივე ისიც არ უნდა გავაცნოთ მათ, რაც ამ ჩვენს მომავალ მცველებს სიკვდილის შიშისაგან დაიხსნის? ან იქნებ, შენი აზრით, შეიძლება მამაცი იყოს ის, ვის გულშიაც ამნაირი შიში ბუდობს?

- არა, ვფიცავ ზევსს, არ შეიძლება.

- მაგრამ ვისაც სწამს, რომ ჰადესი ათასნაირი საშინელების საუფლოა, განა მისთვის იმდენად უცხო იქნება სიკვდილის შიში, რომ ბრძოლის ველზე სახელოვან სიკვდილს ამჯობინებს დამარცხებას და მონობას?

- არამც და არამც.

- მაშასადამე, ჩვენ გვმართებს მკაცრად ვადევნოთ თვალი ამნაირ თქმულებათა მთხზველებსაც, რათა ისინი ხელაღებით კი არ ჰგმობდნენ ჰადესის მთელ საუფლოს, არამედ აქებდნენ მას, მით უმეტეს, რომ მათი გმობა არა მარტო მკრეხელურია, არამედ მავნეც მომავალი მეომრებისთვის.

- დიახ, ესეც ჩვენი ვალია:

- მაშ, პირწმინდად ამოვშალოთ მათი ქმნილებებიდან, აი, ამნაირი ლექსები:

«ათასწილ მიჯობს, ცოცხალი ვიყო და ვმსახურებდე თუნდ დღიურ მუშად
კაცს ღარიბ-ღატაკს, ვიდრე ჰადესში მწუხარე ლანდთა მბძანებლად მთვლიდნენ.!»

      ანდა ესენი:

«შეკრთა, შეძრწუნდა, ვაითუ მოკვდავთ და მათთან ერთად უკვდავთაც ღიად
დაიგულონო ბჭე შავეთისა, თვით ღმერთებისთვის თავზარდამცემი.»

      ან კიდევ:

«ჰოი, ღმერთებო, ნამდვილად რჩება ჰადესში ჩვენი სული და ლანდი,
მაგრამ უგონო და უსხეულო, უგრძნობელი და ცნობამიხდილი.»

      ანდა:

«მხოლოდ ერთადერთს შერჩა გონება ამ ცნობამიხდილ აჩრდილთა შორის.»

      აი, ესენიც:

«მწარე ქვითინით მიფრინავს ჰადესს
სხეულს გაყრილი საბრალო სული,
დასტირის თავის უბედურ სვესა
და სამუდამოდ ამ ქვეყნად შთენილ სიმტკიცეს, სიმხნეს და სიჭაბუკეს»

      და ესენიც მათ მივაყოლოთ:

«როგორც პირქუში მღვიმის სიღრმეში
გიშრისფერ აცმად დაკიდებული
ღამურების გუნდს გულშემზარავი
წრიპინით წყდება ერთი მათგანი
და დაფეთებულს ფრთხიალ-ფრთხიალით
თან მიჰყვებიან დანარჩენები,
ასე იხუვლეს სულებმაც მაშინ
და მიაშურეს წივილით ჰადესს.»

      ჩვენ ბოდიშს ვიხდით ჰომეროსისა და სხვა პოეტების წინაშე და ვთხოვთ, ნუ შეგვრისხავენ, თუ ამოვშლით, აი, ამათ და სხვა მათნაირ ლექსებს, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ არაპოეტურნი არიან, ან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენენ მრავალ მსმენელზე, არამედ პირიქით: რაც უფრო პოეტურნი არიან, მით უფრო ნაკლებად მართებთ მათი სმენა ბავშვებსაც და მოზრდილებსაც, რაკიღა ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს და სიკვდილზე უფრო უფრთხოდეს მონობას.

- ცამდე მართალი ბრძანდები.

- ეგეც არ იყოს, უნდა უარვყოთ ჰადესთან დაკავშირებული ყველა საშინელი და საზარელი სახელი, როგორც მაგალითად, «კოკიტოსი», «სტიქსი», «დამიწებულნი», «შავეთი» და სხვა მისთანანი, რომელთა ხსენებაზეც მსმენელს შიშის ჟრუანტელი უვლის ტანში. შესაძლოა მათი ხმარება გამართლებულიც იყოს სხვა თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ გვაშინებს ჩვენივე მცველების ბედი: ვაითუ ამდენმა ჟრჟოლამ თუ თრთოლამ მეტისმეტად გაასათუთოს და ზედმეტად მგრძნობიარენი გახადოს ისინი.

- ჩვენი შიში საფუძველს მოკლებული როდია.

- მაშასადამე, ყოველივე ეს უნდა უარვყოთ?

- დიახ.

- და სულ სხვა სიტყვებითა თუ პოეტური ქმნილებებით შევცვალოთ ისინი?

- ცხადია.

- ესე იგი, პოეზიიდან ჩვენ გამოვრიცხავთ სახელოვან ვაჟკაცთა მწარე გმინვასა თუ საწყალობელ მოთქმა-გოდებას?

- აუცილებლად, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რაც ზემოთ ითქვა.

- მაშ, დაუკვირდი, მართებულად ვიქცევით თუ არა, ყოველივე ამას რომ გამოვრიცხავთ. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ბრძენკაცი საშინელებად არ მიიჩნევს მეორე ბრძენკაცის სიკვდილს, ეს უკანასკნელი მისი მეგობარიც რომ იყოს.

- დიახ, ვამტკიცებთ.

- მაშასადამე, ის არ მოჰყვება გოდებას, ეს რა საშინელება მოხდაო.

- რასაკვირველია, არ მოჰყვება.

- მაგრამ ჩვენ იმასაც ვამტკიცებთ, რომ ამნაირი კაცი, რომელიც ღირსეული ცხოვრებით ცხოვრობს, ყველაზე მეტად თვითმკმარია და დანარჩენებისაგან განსხვავებით ნაკლებად სჭირდება ვინმე.

- ჭეშმარიტად.

- მაშასადამე, მისთვის სულაც არაა საშიში ვაჟის, ძმის, ახლობლების, ავლადიდებისა თუ სხვა მისთანათა დაკარგვა.

- არა, ღმერთმანი.

- ესე იგი, ის არ მოჰყვება მოთქმა-გოდებას და შესაშური თვინიერებით შეეგებება თავს დატეხილ უბედურებას?

- დიახ.

- მაშასადამე, მართებულად მოვიქცეოდით, თუ გამოვრიცხავდით ყველა იმ ადგილს, სადაც სახელგანთქმული გმირები მდუღარე ცრემლებს აფრქვევენ, რათა ქალებისათვის, თანაც, ყველაზე უმწეო ქალებისა თუ უნიათო კაცებისთვის მიგვენებებინა მოთქმა-გოდება, და ამნაირი ქცევის მიმართ ზიზღი აღგვეძრა მათთვის, ვისაც, როგორც მოგახსენე, ქვეყნის მცველებად უნდა ვზრდიდეთ.

- მართალს ბრძანებ.

- კვლავ უნდა ვთხოვოთ ჰომეროსსა და სხვა პოეტებს, ნუ წარმოგვიდგენენ აქილევსს იმ სახით, რაც არ შეჰფერის ქალღმერთის ძეს:

«ხან მხარ-თეძოზე წევს მგლოვიარე, ხან პირქვე გდია, ხანაც გულაღმა,
წამოიჭრება მერე სარეცლით და მიაშურებს ზღვის სანაპიროს.»

      ანდა:

«ხელით მოხვეტა გულჯავრიანმა ფერფლი და თავზე გადაიყარა.»

      ნურც სხვაგან დრტვინავს, მოთქვამს და გოდებს, როგორც გვაუწყებს ჰომეროსი; ნურც ღვთისდარ პრიამოსზე გვეუბნებიან, თითქოს ის

«მტვერში გორავდა და სახელდებით ევედრებოდა თვითეულ ვაჟკაცს.»

      კიდევ უფრო დიდი სათხოვარი გვაქვს ჰომეროსის მიმართ: ნუ გვიხატავს მოტირალსა და მოზარე ღმერთებს:

«ვაიმე ბედკრულს, ვაი სვედავსილს, უებრო გმირის უბედურ დედას!»

      თუ საერთოდ დაუშვებელია ასეთნაირად დაგვიხატონ ღმერთები, მაშინ რა თავხედობაა საჭირო, რათა იმ სახით წარმოგვიჩინონ უკვდავთა შორის უდიადესი, რომ ვეღარც კი იცნო, და, აი, ეს სიტყვები ათქმევინო:

«ვაიმე, ვხედავ, როგორ გაურბის ქალაქის ბჭესთან მტერს უძლეველი
გმირი, ვინც ასე ძლიერ მიყვარდა, და მწუხარებით მევსება გული.»

      ანდა:

«ვაიმე, ვხედავ მოკვდავთა შორის ჩემთვის ყველაზე ძვირფას სარპედონს,
მოირების მსხვერპლს და სასიკვდილოდ განწირულს უკვე პატროკლეს ხელით».

      თუ ჩვენი ჭაბუკები, ჩემო ძვირფასო ადიმანტე, სარწმუნოდ მიიჩნევენ ამნაირ ლათაიებს, ნაცვლად იმისა, რომ სასაცილოდაც არ ეყოთ ისინი, როგორც ღმერთებისთვის ყოვლად უღირსნი, მაშინ ნებისმიერ მათგანს, რაკიღა ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია, გაუჭირდება თავისთვის უღირსად მიიჩნიოს ასეთივე სიტყვა თუ საქმე, რაც შეიძლება წამოსცდეს ან ჩაიდინოს; პირიქით, თუკი ოდნავი საბაბი მაინც მიეცა, ყოველგვარი სირცხვილის გარეშე მოჰყვება მოთქმა-გოდებას.

- ცამდე მართალი ბრძანდები.

- მაგრამ ეს დაუშვებელია რაშიც თვალნათლივ დაგვარწმუნა ჩვენმა მსჯელობამ, რომელსაც უნდა ვეყრდნობოდეთ, ვიდრე უფრო სარწმუნო საბუთებს არ წარმოგვიდგენენ.

- გეთანხმები.

- თუმცა არც ის ივარგებს, რომ ჩვენი მცველები ყველაფერზე იცინოდნენ, რადგანაც წრეგადასულ სიცილ-ხარხარს მალე სრულიად საპირისპირო განწყობილება ცვლის.

- მეც ეგრე მგონია.

- ესე იგი, დაუშვებელია, რომ სიცილი თავს ავიწყებინებდეს ღირსეულ ადამიანებს და, მით უმეტეს, ღმერთებს.

- რა თქმა უნდა.

- მაშასადამე, ისიც დაუშვებლად უნდა მიგვაჩნდეს, რასაც ჰომეროსი ამბობს ღმერთებზე:

«ენით უთქმელი სიცილ-ხარხარი აუტყდათ ღმერთებს, როს ჰეფესტოსმა
ჩლახუნ-ჩლახუნით ჩამოატარა დარბაზში თასი, სავსე ნექტარით.»

      რას იტყვი, დაუშვებელია თუ არა ეს?

- თუ ჩემი აზრის გაგება გსურს, ვერასდიდებით ვერ დავუშვებთ ამას.

- მაგრამ ყველაფერზე მაღლა უნდა ვაყენებდეთ ჭეშმარიტებას. თუ მართალნი ვიყავით, როცა აღვნიშნე, რომ ღმერთებისათვის ფუჭი და ურგებია სიცრუე, ადამიანებისათვის კი ხანდახან მაინც სასარგებლოა, როგორც სამკურნალო საშუალება, ცხადია, რომ ეს საშუალება მკურნალთა ხელში უნდა იყოს, უვიცნი კი ახლოსაც არ ეკარებოდნენ მას.

- დიახ.

- სხვისა რა მოგახსენო, მაგრამ ქვეყნის მმართველს კი უფლება აქვს იცრუოს, რათა თვალი აუხვიოს მტრებსაც და თავის ქვეშევრდომებსაც, თუკი სახელმწიფოს კეთილდღეობა მოითხოვს ამას, დანარჩენებს კი სასტიკად ეკრძალებათ ეს. ხოლო თუ კერძო პირი ცრუობს მმართველის წინაშე, ისეთსავე, ან უფრო მძიმე დანაშაულადაც ჩავუთვლით ამას, როგორც ავადმყოფს – ექიმის, ან მოვარჯიშეს მისივე მწვრთნელის წინაშე სიცრუის თქმას, მწვრთნელისა, რომელსაც იგი თავისი ჯანმრთელობის ამბავს უმალავს, და არანაკლებ სცოდავს მენიჩბეც, რომელიც მესაჭეს არ მოახსენებს, რა დღეშია ხომალდი, ან დანარჩენი მენიჩბეები.

- მართალს ბრძანებ.

- ამრიგად, თუ მმართველი სიცრუეში ამხილებს რომელიმე მოქალაქეს

«გინდ გრძნეულ მისანს, გინდაც ექიმს, გინდ ხუროთმოძღვარს,»

      უთუოდ უნდა დასაჯოს მხილებული, რომელიც ამკვიდრებს მავნე ჩვეულებას, რასაც შეუძლია ისე ააყირაოს სახელმწიფო, როგორც გრიგალმა – ხომალდი.

- მით უმეტეს, თუ სიტყვას საქმე მოსდევს.

- და მერე, განა თავდაჭერილობაც ასევე აუცილებელი არ იქნება ჩვენი ჭაბუკებისათვის?

- რა თქმა უნდა.

- თავდაჭერილობა კი უმრავლესობისათვის ისაა, რომ არა მარტო ემორჩილებოდნენ მბრძანებლებს, არამედ თვითონვე იყვნენ ამქვეყნიურ სიამეთა – სმა-ჭამის, სასიყვარულო განცხრომისა და სხვა მისთანათა მბრძანებელნი.

- მეც ეგრე მგონია.

- ასე რომ, ალბათ, მოსაწონად მივიჩნევთ იმას, რასაც ჰომეროსი ათქმევინებს დიომედესს:

«ჩუმად იყავი, კაპანევსის ძევ, და ყურად იღე ჩემი თათბირი,»

      და, მე მგონია, ამ სიტყვებსაც:

«მხნედ მოდიოდნენ აქაიელნი, სდუმდნენ თავიანთ ბელადთა რიდით,»

      ისევე, როგორც ყველა ამნაირ ადგილს.

- კეთილი და პატიოსანი.

- მაგრამ ამაზე რაღას იტყვი?–

«ეჰეი, ღვინით გალეშილო, ძაღლის თვალი გაქვს, გული კი – ირმის.»

      ან ამის მომდევნო ლექსი მაინც თუა მოსაწონი? და საერთოდაც, რა საკადრისია, როცა ხელქვეითი აუგად იხსენიებს მბრძანებელს გინდ პროზაული და გინდ პოეტური სიტყვით?

- მართლაცდა, რა საკადრისია.

- მე მგონია, ყოველივე ეს სულაც არ უწყობს ხელს ჭაბუკის სულში თავდაჭერილობის განვითარებას. თუმცა ამნაირი ლათაიები შეიძლება სასიამოვნო მოსასმენიც იყოს, და ამაში არა არის რა გასაკვირველი; ასეა, არა?

- დიახ, ასეა.

- მერედა, როცა პოეტი კაცთა შორის ყველაზე ბრძენს ათქმევინებს, რომ, მისი აზრით, ვერაფერი შეედრება

«პურ-ღვინით სავსე და ხორცეულით გულის სალხენად გაწყობილ სუფრას,
მწდე კრატერიდან მჩქეფარე ღვინით რომ ალიცლიცებს წვეულთა თასებს,»

      განა ეს, შენის აზრით, თავდაჭერილობას ასწავლის ჭაბუკს? ანდა, აი, ეს:

«მაგრამ შიმშილით სიკვდილი ჩვენთვის ყველაზე უფრო საშინელია,»

      ან კიდევ ზევსის წარმოჩენა ისეთნაირად, თითქოს როცა დანარჩენ ღმერთებსა და ადამიანებსაც ეძინათ, მხოლოდ ის ერთი ფხიზლობდა, მაგრამ ვნებაატანილს ერთბაშად გადაავიწყდა ყველაფერი, რაც განეზრახა: ჰერას დანახვისას ისეთი ძალით შემოეგზნო ტრფობის სახმილი, რომ შინ შესვლაც აღარ ინება, არამედ მოიწადინა იქვე, მიწაზე გაეგორებინა და ძალით დაუფლებოდა მეუღლეს; როგორც თვითონვე აღიარა, ვნების ალმა უფრო ძალუმად იფეთქა მასში, ვიდრე მათი პირველი შეხვედრისას, რაც «საყვარელი მშობლებისგან მალულად» მოხდა. ზუსტად ამავე მიზეზის გამო არესი და აფროდიტე ერთად შეკოჭა ჰეფესტოსმა.

- ვფიცავ ზევსს, – თქვა ადიმანტემ, – ყოველივე ეს უხამსობა მგონია.

- მაგრამ როდესაც გადმოგვცემენ ქედუხრელ და უდრეკ გმირთა სიტყვას თუ საქმეს, ამას ყოველთვის სიამოვნებით უნდა ვკითხულობდეთ და ვისმენდეთ კიდეც; სანიმუშოდ ესეცა კმარა:

«მკერდს მჯიღი იკრა და გულს ასე უთხრა ბორგნეულს:
დამშვიდდი, გულო, უარესიც დაგითმენია.»

- მართალს ბრძანებ.

- ვერც იმის ნებას მივცემთ ჩვენს მომავალ მცველებს, რომ მექრთამენი და ანგარების მოყვარენი გამოვიდნენ.

- ვერა, ვერ მივცემთ.

- და ვერც პოეტებს – იმის უფლებას, რომ მათ წინაშე მღეროდნენ:

«თავს მოუქონავ სუყველას ქრთამით – თვით ღმერთებსაც და დიდ მეფეებსაც.»

      ვერ მოვუწონებთ საქციელს აქილევსის გამზრდელს – ფენიქსს, შემპარავი სიტყვით რომ ურჩევდა შეგირდს, მიეღო ძღვენი და მიშველებოდა ქაიელებს, ხოლო თუ ძღვენს არ მიართმევდნენ, არ დაეცხრო გულში შმაგად მბორგავი რისხვა. ვერც იმას მივიჩნევთ ქების ღირსად, რაც არ ეკადრება აქილევსს: ასე მაგალითად, როცა ამბობენ, თითქოს იმდენად ანგარების მოყვარე ყოფილიყოს, რომ აგამემნონისაგან მიეღოს ძღვენი, ანდა გამოსასყიდის ფასად დაეთმოს მის მიერ მოკლული გმირის ცხედარი, რასაც არასდიდებით არ დათანხმდებოდა გამოსასყიდის გარეშე.

- აბა, ეგ რა ქების ღირსად უნდა მიგვაჩნდეს?

- მაგრამ ეს მაინც ჰომეროსია, და მე იმის თქმასაც ვერ ვბედავ, რომ მკრეხელობაა, ამნაირად წარმოგვიჩინო აქილევსი, თუმცა სხვა პოეტებს კი ვუჯერებთ ამას. მაგრამ, აი, რას ეუბნება იგივე აქილევსი აპოლონს:

«მაშ, მომატყუე, უკვდავთა შორის
უმზაკვარესო და უბოროტესო?
ო, რომ შემეძლოს, ღმერთმანი, მწარედ
გაზღვევინებდი მაგ თავხედობას!»

      აქილევსი თვით მდინარესაც არ ეპუება – ხოლო ეს იგივე ღმერთია, – და მზადაა ორთაბროლაში გამოიწვიოს. ხოლო მეორე მდინარის – სპერხეიოსის ტალღებს რომ ატანს თავის კულულებს, ის ამბობს:

«თან წაიტანებს გმირი პატროკლე მისი მეგობრის შეკვეცილ კულულს,»

      პატროკლე კი ამ დროს უკვე მკვდარია. ვერ დავიჯერებთ, თითქოს აქილევსს ეს ჩაედინოს; ვერც იმას, თითქოს პატროკლეს სამარის ირგვლივ დაათრევდა ჰექტორის ცხედარს; ისიც დაუჯერებელია, რომ პატროკლეს გვამის დასაფერფლად დანთებულ კოცონთან ყელი გამოეღადროს ტროელი ტყვეებისათვის და ცეცხლში შეეყაროს ისინი. ამიტომაც ყოველივე ეს მტკნარ სიცრუედ უნდა მიგვაჩნდეს, და ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენს ჭაბუკებს სწამდეთ, თითქოს აქილევსს – ქალღმერთისა და შორსმჭვრეტელი პელევსის ძეს (პელევსისა, ვისი წინაპარიც თვით ზევსი იყო) და ბრძენთა-ბრძენი ქირონის აღზრდილს – ისეთი ქვენა გრძნობები უმღვრევდნენ სულს, რომ მასში ერთმანეთს ერწყმოდა ორი ურთიერთსაპირისპირო ვნება: სულმდაბალთათვის ნიშნეული ანგარება და ქედმაღლური ზიზღი უკვდავთა და მოკვდავთა მიმართ.

- მართალს ბრძანებ.

- ვერც იმას ვირწმუნებთ და არც ვათქმევინებთ ვინმეს, თითქოს თესევსი, პოსეიდონის ძე, და პერითუსი, ზევსის ვაჟი, თავზეხელაღებული მტაცებლები ყოფილიყვნენ; და საერთოდაც, განა შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ღვთაების ამა თუ იმ ნაშიერს, ან რომელიმე გმირს ისეთი საზარელი და ღვთისმგმობლური საქმის ჩადენა გაებედოს, რასაც მათ მიაწერენ ხოლმე? მეტიც, ჩვენ ვაიძულებთ პოეტებს, აღიარონ, რომ ან მათ არ ჩაუდენიათ მთელი ეს საშინელება, ან თუ ჩაიდინეს, მაშინ ნამდვილად არ ყოფილან ღვთის ნაშიერნი. ნუ მივცემთ მათ იმის უფლებას, რომ ერთდროულად ამტკიცონ ორი ურთიერთგამომრიცხველი რამე. ნურავინ ეცდება ჩააგონოს ჩვენს ჭაბუკებს, თითქოს ღმერთები ბოროტების მიზეზად გვევლინებოდნენ, ხოლო გმირები არაფრით არ იყვნენ ჩვეულებრივ ადამიანებზე უკეთესნი. ზემოთქმულისა არ იყოს, ეს არა მარტო სიცრუეა, არამედ მკრეხელობაც: აკი დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელია ბოროტება ღმერთებისაგან იღებდეს დასაბამს.

- რა თქმა უნდა.

- თვით ამნაირი უაზრობისთვის ყურის გდებაც კი მავნეა: მაშინ ყოველი ჩვენგანი შეეცდება როგორმე გაამართლოს თავისი ბოროტება, რადგანაც დარწმუნებული იქნება, რომ ამნაირ საქმეს სჩადიოდა და კვლავაც სჩადის

«თვით ღვთაებათა ნაშენ-ნაგრამი, თვით დიდი ზევსის სისხლი და ხორცი,
ვინც იდას თხემზე თაყვანს სცემს დღესაც
მოკვდავთა მამის წმინდა სამსხვერპლოს,
და ვის ძარღვებშიც ძალუმად ბორგავს ღვთიური სისხლი წინაპრებისა.»

      ამიტომაც ნუღარავის გავუმეორებთ ამ აბდაუბდას, რათა უკეთური ზრახვებისგან დავიხსნათ ჩვენი მომავალი მცველების სული.

- მართალი ხარ, – თქვა ადიმანტემ.

- კეთილი და პატიოსანი; რაკიღა ჩვენ ვაპირებთ იმის გარკვევას, თუ რანაირ თხზულებებს უნდა ვიწონებდეთ ან ვიწუნებდეთ, რაღა დაგვრჩა განსახილველი? ვინაიდან უკვე ყველაფერი ითქვა, რაც ღმერთების, დემონების, გმირებისა თუ ჰადესის მკვიდრთა შესახებ უნდა თქმულიყო.

- დიახ.

- მაგრამ ადამიანებზე ხომ რაღაც მაინც დაგვრჩა სათქმელი?

- როგორც ჩანს.

- მაგრამ ამის თაობაზე, ჩემო ძვირფასო, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით.

- რატომ?

- მოგახსენებ: ამ შემთხვევაში, მე მგონია, მიუკიბ-მოუკიბავად უნდა განვაცხადოთ, რომ პოეტებსაც და არაპოეტებსაც ძალიან მცდარი წარმოდგენა აქვთ ადამიანებზე. ისინი ამტკიცებენ, რომ უსამართლო ადამიანების უმრავლესობა ბედნიერია, სამართლიანებისა კი – უბედური; რომ უსამართლო ქცევა თავისთავად სასარგებლოა, თუ უსამართლობა დაფარული რჩება, მაშინ როდესაც სამართლიანობა მხოლოდ სხვისთვისაა სასარგებლო, თვით სამართლიანისთვის კი – სასჯელი. ჩვენ მათ ავუკრძალავთ ამნაირ ლაპარაკს და ვაიძულებთ ამიერიდან სრულიად საპირისპირო რამ ამტკიცონ როგორც პოეტური, ისე პროზაული სიტყვით; ან, იქნებ, შენ სხვა აზრისა ხარ?

- არა, ღმერთმანი.

- თუ ჩემს სიმართლეს აღიარებ, მაშინ ისე ვიგულებ, რომ წეღანდელ მსჯელობასაც ეთანხმები.

- რა თქმა უნდა.

- მაშ, სამერმისოდ გადავდოთ იმის გარკვევა, თუ რანაირად უნდა ვმსჯელობდეთ ადამიანებზე; მანამდე კი დავადგინოთ, რა არის სამართლიანობა, ან რა სარგებლობა მოაქვს მას თავისთავად სამართლიანი კაცისათვის, მიუხედავად იმისა, სამართლიანი ჰგონია თუ არა იგი ხალხს.

- ცამდე მართალი ბრძანდები.

- ამით დავამთავროთ სიტყვიერების განხილვა. ახლა კი გამომსახველობით საშუალებებსაც მივხედოთ და მაშინ, ალბათ, სრულად მიმოვიხილავთ იმასაც, თუ რას ვამბობთ და იმასაც, როგორ ვამბობთ.

- რა ვქნა, არ მესმის, – თქვა ადიმანტემ.

- უნდა გესმოდეს, – ვუთხარი მე, – თუმცა, იქნებ, ასე უკეთ გაიგო: ყველაფერი, რასაც გადმოგვცემენ თქმულებათა მთხზველებიც და პოეტებიც, ან წარსულს ეხება, ან აწმყოს და ან მომავალს.

- რა თქმა უნდა.

- ხოლო ამას უბრალო თხრობის, ან მიბაძვის გზით აღწევენ, ან კიდევ როგორც ერთის, ისე მეორის საშუალებით.

- ნეტა უფრო ნათლად გამაგებინა.

- როგორც ჩანს, მასწავლებლად ღმერთს არ ვუქნივარ. ამიტომ იმ ხალხისა არ იყოს, ვისაც არაფრის გადმოცემა არ შეუძლია, მეც ერთბაშად მთელ საკითხს კი არა, მხოლოდ მის ერთ ნაწილს ავიღებ და ამის მიხედვით აგიხსნი, თუ რისი თქმა მსურს, ერთი ეს მითხარი: «ილიადას» დასაწყისი თუ გახსოვს, სადაც პოეტი გვაუწყებს, როგორ ეახლა ქურუმი ქრისე აგამემნონს და შეევედრა, გაეთავისუფლებინა მისი ასული, რამაც საშინლად განარისხა აქაიელთა წინამძღოლი, და როგორ შეღაღადა გაწბილებულმა ქურუმმა ღმერთს, სანაცვლო მიეგო ბერძნებისათვის?

- ცხადია, მახსოვს,

- მაშინ ისიც გემახსოვრება, რომ, აი, ამ ადგილამდე:

«ასე მხურვალედ ევედრებოდა აქაიელებს საბრალო მამა,
უმეტესად კი ორივე ატრიდს, აქაიელთა ორ მძლე წინამძღოლს,»–

      პოეტი თავისი პირით ლაპარაკობს და ოდნავადაც არ ცდილობს სხვა მხრივ მიმართოს ჩვენი აზრი, ან გვაფიქრებინოს, თითქოს თვითონ კი არა, ვიღაც სხვა ლაპარაკობს. აქედან მოყოლებული კი ისე გადმოგვცემს ამბავს და შეძლებისდაგვარად ცდილობს იმნაირი შთაბეჭდილება შეგვიქმნას, თითქოს თვითონ კი არა, აპოლონის მოხუცი ქურუმი ლაპარაკობდეს. ამნაირადვე წარმართავს მთელ დანარჩენ თხრობასაც, მიუხედავად იმისა, თუ რას გადმოგვცემს ილიონის, ითაკისა თუ იმ მხარეთა ამბავს, «ოდისეაში» რომ აღგვიწერს.

- მართალს ბრძანებ.

- მაშასადამე, როცა სხვის სიტყვებს გადმოგვცემს და მაშინაც, როცა მათ შორის თავის სიტყვასაც ჩაურთავს ხოლმე, ეს მაინც თხრობა იქნება?

- მაშ, რა?

- კი მაგრამ, როცა სხვისი პირით ლაპარაკობს, ხომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ცდილობს თავისი სიტყვა რაც შეიძლება უფრო მეტად მიამგვანოს მისას, ვისზედაც წინასწარ გვაუწყებს, ახლა ამას და ამას ვაძლევ სიტყვასო?

- რა თქმა უნდა, შეგვიძლია.

- ხოლო სიტყვით თუ სახით მიემგვანო სხვა ადამიანს, განა იგივე არ არის, რომ მიბაძო მას, ვისაც ემგვანები?

- რასაკვირველია.

- მაშ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ჰომეროსიცა და სხვა პოეტებიც მიბაძვის მეშვეობით წარმართავენ თხრობას?

- ცხადია.

- პოეტი რომ არსად არ მალავდეს თავს, მაშინ მისი თხრობისთვის და, საერთოდ, შემოქმედებისთვისაც უცხო იქნებოდა მიბაძვა. მაგრამ შენ რომ არ გათქმევინო, არც ეს მესმისო, ვეცდები ახლავე აგიხსნა. მას შემდეგ, რაც გვაუწყა, როგორ ეახლა ქრისე აგამემნონს, გამოსასყიდი მიართვა და გულმხურვალედ შეევედრა აქაიელებს, უწინარეს ყოვლისა კი – მათ ბელადებს, ჩემი ქალი დამიბრუნეთო, – ჰომეროსს კვლავაც თავისი პირით რომ გაეგრძელებინა ამბის გადმოცემა, და არა ისე, თითქოს ქრისედ ქცეულიყოს, შენთვის, ალბათ, გასაგებია, რომ ეს მიბაძვა კი არ იქნებოდა, არამედ უბრალო თხრობა, რომელიც დაახლოებით ამნაირ სახეს მიიღებდა (პროზაული სიტყვით გადმოგცემ, რადგანაც პოეტისა არა მცხია რა): «მოვიდა ქურუმი და აქაიელებს შეევედრა: ღმერთმა ინებოს რომ ტროა აიღოთ, თქვენ კი უვნებელნი და საღსალამათნი დარჩეთ; გემუდარებით, ჩემი ღვთაების რიდით მიიღეთ გამოსასყიდი და ჩემი ქალი დამიბრუნეთო. ამის თქმაც იყო და აქაიელებმა ერთსულოვნად დაუდასტურეს თავიანთი თანხმობა, მაგრამ განრისხებულმა აგამემნონმა ქურუმს უბრძანა, სასწრაფოდ გასცლოდა იქაურობას და აღარასოდეს დაედგა ფეხი აქაიელთა ბანაკში, თორემ ვეღარც ქურუმის კვერთხი იხსნიდა და ვეღარც საღმრთო გვირგვინი. თანაც დასძინა, რომ ვიდრე ასულს დაუბრუნებდა, ტყვე ქალი მასთან ერთად დაბერდებოდა არგოსში; ბოლოს კი დაემუქრა, წადი, გამეცა, მოთმინების ძაფს ნუ გამიწყვეტ, თუ გინდა მშვიდობით დაბრუნდე შინო. შეშინებული ბერიკაცი უსიტყვოდ გაეცალა აქაიელებს, მაგრამ მათ ბანაკს გასცდა თუ არა, გულმხურვალედ შეევედრა აპოლონს, ყველა სახელით უხმო და შეახსენა, რა სამსახური გაეწია მისთვის, რამდენი ტაძარი აეგო და რამდენჯერ შეეწირა ზვარაკი. ყოველივე ამის სანაცვლოდ კი სთხოვა, თავისი ბასრი ისრებით მისი ცრემლების სანაცვლო მიეგო აქაიელთათვის!» აი, რანაირია, ჩემო ძვირფასო, ლიტონი თხრობა, ყოველგვარი მიბაძვის გარეშე.

- გასაგებია.

- ახლა კი შენთვის ალბათ ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ არსებობს სულ სხვანაირი თხრობაც: საკმარისია მთლიანად ამოვიღოთ პოეტის სიტყვა, რომელიც მისივე გმირების სიტყვებს შორისაა ჩართული, და ხელთ შეგვრჩება მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

- ესეც გასაგებია: ტრაგედიას გულისხმობ, არა?

- ნამდვილი გულთმისანი ყოფილხარ. მე მგონია, შენთვის ახლა მაინც ნათელია ის, რაც წეღან ვერ გაგაგებინე: პოეზიისა და მითისქმნადობის ერთ დარგს წმინდა მიბაძვა უდევს საფუძვლად; ეს, შენი თქმისა არ იყოს ტრაგედია და კომედიაა. მეორე დარგის საფუძვლად საკუთრივ პოეტის სიტყვა გვევლინება; ეს უპირატესად დითირამბოსები გახლავთ და ბოლოს, ეპიური პოეზია და სიტყვიერების ბევრი სხვა დარგიც, თუ კარგად გესმის ჩემი, ორივე ზემოხსენებულ საფუძველს ემყარება.

- დიახ, ახლა კი მესმის, რისი თქმაც გსურდა წეღან.

- თუ გახსოვს, რას ვარკვევდით ამაზე უწინ? უკვე ითქვა, რას უნდა ვამბობდეთ პოეზიაში; განსახილველი დაგვრჩა ის, თუ როგორ უნდა ვამბობდეთ.

- მახსოვს.

- სწორედ იმას მოგახსენებდი, რომ უნდა შევთანხმდეთ, მივცეთ პოეტებს მიბაძვის ნება თუ არ უნდა მივცეთ? ანდა, თუ მივცემთ, მაშინ რას შეიძლება ბაძავდნენ და რას არა? ან, იქნებ, სულაც აგვეკრძალა მათთვის ყოველგვარი მიბაძვა?

- მესმის, რისი თქმაც გნებავს: დავუშვათ თუ არა ჩვენს სახელმწიფოში ტრაგედია და კომედია.

- შესაძლოა, ასედაც იყოს, თუმცა შესაძლოა, არც იყოს ასე; ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვი; საითაც წაგვიღებს აზრის დინება, ჩვენც იქით უნდა წავიდეთ.

- დიდებული ნათქვამია.

- ახლა კი შენ თვითონ გადაწყვიტე, ადიმანტე, მიმბაძველები უნდა იყვნენ ჩვენი მცველები თუ არ უნდა იყვნენ? თუმცა ეს თავისთავად გამომდინარეობს ზემოთქმულიდან, რის თანახმადაც თვითეულ ჩვენგანს შეუძლია სათანადოდ ასრულებდეს მრავალს კი არა, მხოლოდ ერთ საქმეს: ვინც ბევრ საქმეს მოჰკიდებს ხელს, ვერცერთს ვერ გაართმევს თავს, და ვერც ვერაფერს მიაღწევს.

- მართალს ბრძანებ.

- განა იგივე არ ითქმის მიბაძვაზედაც? ერთი კაცი ისევე კარგად მიბაძავს მრავალს, როგორც ერთ რასმე?

- ვერა.

- მით უმეტეს, შეუძლებელია რაიმე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდე და, იმავდროულად, წარმატებით ბაძავდე მრავალ რამესაც. რადგან იმ შემთხვევაშიაც კი, როცა მიბაძვის ორი სხვადასხვა სახე საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან, როგორც, ვთქვათ, ტრაგედია და კომედია, იშვიათად რომ ვინმემ წარმატებით გაართვას თავი ორივეს. აკი წეღან შენ თვითონ მიბაძვად მიიჩნიე როგორც ერთი, ისე მეორეც.

- დიახ, მართალი ხარ, როცა ამტკიცებ, რომ შეუძლებელია ერთმა კაცმა ორივეს გაართვას თავი.

- ასევე შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს რაფსოდიც იყო და მსახიობიც.

- დიახ.

- ვერც ერთი და იგივე მსახიობი ითამაშებს ტრაგედიასაც და კომედიასაც, თუმცა მსახიობის ხელოვნებაც, ტრაგედიებისა და კომედიების თხზვაც მიმბაძველობითი ხელოვნებაა.

- რა თქმა უნდა.

- ეგეც არ იყოს, მე მგონია, ადიმანტე, ადამიანის ბუნება ურიცხვ პაწაწინა ნაწილაკებადაა დანაწევრებული, ასე რომ, მისთვის შეუძლებელია სათანადოდ მიბაძოს მრავალ რასმე, ან აღასრულოს ის, რის მსგავსებადაც გვევლინება მიბაძვა.

- სრული სიმართლეა.

- ამრიგად, თუ შევინარჩუნებთ პირველად საწყისს, ჩვენმა მცველებმა ხელი უნდა აიღონ ყველა სხვა საქმიანობაზე და მტკიცედ დაიცვან სახელმწიფოს თავისუფლება, ისე, რომ არას დაგიდევდნენ და ჩირადაც არ თვლიდნენ დანარჩენს. სხვა რამის არც კეთება მართებთ და არც მიბაძვა; ანდა, თუ მაინც მიჰბაძავენ რასმე, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რასაც ბავშვობიდანვე უნდა იძენდნენ: სიმამაცეს, თავდაჭერილობას, ღვთისმოსაობას, თავისუფლების სიყვარულს და სხვა მისთანათ. ხოლო იმას, რაც უპირისპირდება თავისუფლებას, იმას, რაც სამარცხვინოა, არც უნდა ბაძავდნენ და არც შეეძლოთ მისი მიბაძვა, რათა მიბაძვის წყალობით იმასვე არ დაემგვანონ, რასაც ბაძავენ. ან, იქნებ, არ შეგიმჩნევია, რომ მიბაძვა, თუკი ბავშვობიდან მოყოლებული ხანგრძლივად ბაძავენ რასმე, ჩვეულებად იქცევა და ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილი ხდება: იცვლება გარეგნობა, იცვლება ხმა, იცვლება სული.

- როგორ არ შემიმჩნევია.

- ამიტომაც ვერ დავუშვებთ, რომ ისინი, ვისზედაც ვზრუნავთ და გვსურს ქველ ვაჟკაცებად აღვზარდოთ, ქალებს ბაძავნენ, თუმცაღა კაცები არიან, სულერთია, ახალგაზრდაა ეს ქალი თუ ბებერი, წყევლა-კრულვას არ აკლებს ქმარს თუ ღმერთებს ეტოქება, კეთილდღეობით იწონებს თავს თუ სიღატაკეს უჩივის და გულამოსკვნით დასტირის თავის უიღბლობას, – აბა, ყველას სად ჩამოთვლი?

- მართლაც.

- არც ის ივარგებს, რომ მონებსა და მონა ქალებს ბაძავდნენ, რადგანაც მონა მხოლოდ თავის მონურ საქმეს ასრულებს.

- ცხადია, არც ეგ ივარგებს.

- არც ბოროტმოქმედებს, ამ ნამდვილ ლაჩრებს, ყოველთვის იმის საპირისპიროდ რომ იქცევიან, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდით, – ავსიტყვაობენ, ერთმანეთს დასცინიან, სიფხიზლეშიც და სითვრალეშიაც ლანძღვა-გინებით იკლებენ ერთიმეორეს და, საერთოდ, ვინ მოსთვლის, სიტყვით თუ საქმით, რაღას არ ჰკადრებენ არა მარტო ერთმანეთს, არამედ სხვებსაც. მე თუ მკითხავთ, ჩვენი მცველები არც შლეგებს უნდა ბაძავდნენ, არც სიტყვითა და არც საქმით, უნდა შეეძლოთ გამოიცნონ შლეგი, უგუნური და უკეთური, გინდ ქალი იყოს და გინდ კაცი მაგრამ არც უნდა ჰგავდნენ და არც ბაძავდნენ მათ.

- ცამდე მართალი ბრძანდები

- მაგრამ იქნებ მჭედლებსა თუ სხვა ხელოსნებს, ტრიერების მენიჩბეებსა თუ მათ თავკაცებს, ან სხვა მისთანათ უნდა ბაძავდნენ?

- რანაირად უნდა ბაძავდნენ, როცა ყველა სხვა ხელობის შესწავლაზე ფიქრიც კი ავუკრძალეთ?

- ცხენების ჭიხვინზე, ხარების ბღავილზე, ნაკადულების ჩუხჩუხზე, ზღვების ღრიალსა თუ მეხის გრიალზე რაღას იტყვი: იქნებ ყოველივე ამას მაინც უნდა ბაძავდნენ?

- კი მაგრამ, მათ ხომ სიშლეგეც ეკრძალებათ და ისიც, რომ შლეგებსა ჰგვანდნენ?

- თუ სწორად გავიგე შენი სიტყვები, არსებობს თხრობისა და გამოხატვის იმნაირი სახე, რომელსაც განუხრელად უნდა მისდევდეს ჭეშმარიტად ღირსეული კაცი, როცა მას სურს რამე გვაუწყოს; მაგრამ არსებობს თხრობის სულ სხვანაირი სახეც, რომელსაც გამუდმებით იყენებს და განუხრელად მისდევს ის, ვინც თავისი აღზრდითაც და ბუნებითაც ძირეულად უპირისპირდება პირველს.

- მაინც რა სახეებს გულისხმობ?

- მე მგონია, როცა ღირსეული კაცი, ვისთვისაც უცხო არ არის ზომიერების გრძნობა, ამა თუ იმ ამბის თხრობისას იმ ადგილამდე მივა სადაც მასავით ქველი კაცის სიტყვა თუ საქმე უნდა გადმოგვცეს, – უთუოდ მოიწადინებს ისე გვაუწყოს ყველაფერი, თითქოს თვითონვე იყოს ის, ვის ამბავსაც გადმოგვცემს, და ალბათ სამარცხვინოდ არ მიიჩნევს ამნაირ მიბაძვას, მეტადრე მაშინ, თუ იმის ქცევაში, ვისაცა ბაძავს, მკაფიოდ ვლინდება სულის სიმტკიცე და სიბრძნე, და არა იმ შემთხვევაში, თუ მისი მიბაძვის საგანი უბრძოლველად ნებდება სნეულებას, წინააღმდეგობას ვერ უწევს ვნებათა ღელვას, ან თავს ვერ აღწევს სიმთვრალეს და სხვა მისთანათ. მაგრამ როცა იმნაირი კაცი უნდა წარმოგვიდგონოს, ვინც თავისი ღირსებებით ვერ შეედრება, ის მხოლოდ ცოტა ხნით თუ იკადრებს მიბაძოს მას, და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი, ასე თუ ისე, ღირსეულად იქცევა; რადგანაც საგანგებოდ არ უვარჯიშნია მის მიბაძვაში და ამიტომ არა მარტო სათაკილოდ, თავისდა საზიანოდაც მიიჩნევს იმ კაცად გარდასახვას, ვინც მასზე უარესია; ასე რომ, მხოლოდ თავშესაქცევად თუ მიბაძავს იმას, ვინც, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია პატივისცემის ღირსად მიაჩნდეს.

- მართალს ბრძანებ.

- მაშასადამე, მისი თხრობა მსგავსი იქნება იმისა, რაზედაც წეღან, ჰომეროსის ლექსების განხილვისას ვლაპარაკობდით: გადმოცემისას ის გამოიყენებს ორივე ხერხს, მიბაძვასაც და თხრობასაც, თუმცა მიბაძვის წილი ნაწარმოების მთლიან მოცულობაში გაცილებით უფრო უმნიშვნელო იქნება; ან, იქნებ, ვცდები?

- რას ბრძანებ? მისი თხრობა სწორედ ამნაირად წარმოგვიდგება.

- ესე იგი, იმას ვინც ჩვენს მთხრობელზე უარესია, გაცილებით უფრო მეტი მიდრეკილება ექნება ყოველგვარი მიბაძვისადმი: მე შენ გეტყვი, სათაკილოდ მიიჩნევს რასმე! ამიტომაც ეცდება გულმოდგინედ მიბაძოს ყველაფერს მრავალრიცხოვან მსმენელთა თანდასწრებით, თვით იმათაც კი, რაც წეღან ჩამოვთვალეთ, კერძოდ, მეხის, ქარისშხლის თუ სეტყვის გრიალს, კრაზანების ბზუილს, ღერძისა თუ ლილვაკის ჭრიალს, ყოველგვარი მუსიკალური საკრავის ხმიანობას, ბუკის გუგუნს, სალამურისა თუ სტვირის წკრიალს, აგრეთვე ძაღლების ყეფას, ცხვრების პეტელსა და ჩიტების ჭიკჭიკს. მთელი მისი გადმოცემა ბგერების, მოძრაობისა თუ მიხრა-მოხრის მიბაძვაზე დაიყვანება, თხრობას კი ძალზე უმნიშვნელო ადგილი უჭირავს მასში.

- ეგ გარდუვალია.

- აი, სწორედ ესაა გადმოცემის ის ორი სახე, წეღან რომ გეუბნებოდი.

- და მართალსაც მეუბნებოდი.

- პირველი სახე დასაშვებს ხდის მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებს, და თუ მას სათანადო ჰარმონიას და რიტმს მივანიჭებთ, იმისათვის, რომ მართებულად გამოიყენო იგი, საჭირო იქნება კვალდაკვალ მიჰყვე ამ ჰარმონიას, რაკიღა აქ მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებია შესაძლებელი, და დაახლოებით იგივე ითქმის რიტმზედაც.

- რა თქმა უნდა.

- მეორე სახე კი, პირიქით, სრულიად სხვადასხვა ჰარმონიას და რიტმს მოითხოვს, რათა სათანადო ზემოქმედება მოახდინოს მსმენელზე; აკი აქ ნაირნაირი ცვლილებებია შესაძლებელი.

- ჭეშმარიტად.

- მაგრამ ყველა პოეტი და, საერთოდ, ყველა ადამიანი, მსმენელთა წინაშე გამოსვლისას, გადმოცემის ან ერთ სახეს გამოიყენებს, ან მეორეს, ან კიდევ ორივეს ნაზავს.

- უცილობლად.

- მერედა, რა ვქნათ, რომელი მათგანი მივიჩნიოთ დასაშვებად ამ ჩვენს სახელმწიფოში: სუყველა ერთად, თუ ერთ-ერთი, მეორესთან შეზავების გარეშე, ან, იქნებ, ორივეს ნაზავი?

- ჩემს ხმას რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, მაშინ დასაშვებად უნდა მიგვეჩნია ნაზავი, რომლითაც პოეტი მიბაძავდა ღირსეულ კაცს.

- კი მაგრამ, ადიმანტე, სასიამოვნოა შეუზავებელი სახეობაც; ბავშვებსაც, მათ აღმზრდელებსაც და ბრბოის უმეტეს ნაწილსაც საამოდ ეჩვენებათ სწორედ იმის საპირისპირო სახეობა, შენ რომ უპირატესობას ანიჭებ.

- დიახ, მათთვის ეგ უფრო სასიამოვნოა.

- მაგრამ შენ, ალბათ, იტყვი, რომ ის არ შეჰფერის ჩვენს სახელმწიფოს, ვინაიდან ჩვენი მოქალაქე ვერც ორად გაიჭრება და ვერც ათად, რაკიღა ყველა მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებს.

- მართლაც რომ არ შეჰფერის.

- ამიტომ მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოზე თუ შეიძლება იქვას, რომ აქ მეწაღე მარტოოდენ მეწაღეა და თავის მეწაღეობას მესაჭეობასაც არ უთავსებს, მიწის მუშაც მხოლოდ მიწის მუშაა და თავის საქმესთან ერთად მსაჯულის მოვალეობასაც არ ასრულებს, ხოლო მეომარი მარტოოდენ მეომარია და არა ვაჭარიც.

- მართალს ბრძანებ.

- ამრიგად, ჩვენს სახელმწიფოს რომ სწვეოდა კაცი, რომელსაც გარდასახვისა და ყველაფრის მიბაძვის უნარი შესწევს, რათა საჯაროდ შეესრულებინა თავისი ქმნილებები, ჩვენ თაყვანს ვცემდით მას, როგორც სიწმინდით მოსილსა და მომნუსხველ საოცრებას, მგრამ, ამასთანავე, ვეტყოდით, რომ ჩვენს სახელმწიფოში არ არიან და არც შეიძლება იყვნენ მისნაირები, მერე გუნდრუკს ვაკმევდით თავზე, შალის საკრავით წავუკრავდით შუბლს და სხვა სახელმწიფოში გავისტუმრებდით, ჩვენ კი ნაკლებად მკაცრსა და თუნდაც ნაკლებ სასიმოვნო, მაგრამ ჩვენი მიზნებისათვის გაცილებით უფრო სასარგებლო პოეტსა თუ თქმულებების მთხზველს დავჯერდებოდით, რომელიც მხოლოდ ღირსეული კაცის მეტყველებას მიბაძავდა და თავის ენას იმ ნიმუშებს შეუხამებდა, იმთავითვე, რომ ჩამოვაყალიბეთ, ჩვენი მცველების აღზრდაზე საუბრისას.

- ჩვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ასეც მოვიქცეოდით.

- ახლა კი, ჩემო მეგობარო, – ვუთხარი მე, – უკვე დავასრულეთ მუსიკური ხელოვნების იმ დარგის განხილვა, სიტყვიერებასა და თქმულებებს რომ ეხება; გავარკვიეთ, რას უნდა ვამბობდეთ და როგორ ვამბობდეთ.

- მეც ეგრე მგონია.

- მაშასადამე, განსახილველი დაგვრჩა გალობისა და მელოსის თავისებურებანი.

- დიახ.

- მაგრამ რა უნდა ვთქვათ მათზე, ან რანაირი უნდა იყვნენ ისინი, – ამას, ალბათ, ყველა მიხვდება, თუკი ჩვენს ახლანდელ მსჯელობას შევუთანხმებთ იმას, რაც ზემოთ ითქვა.

      გლავკონმა გაიცინა და მითხრა:

- პირადად მე, სოკრატე, როგორც ჩანს არ ვეკუთვნი ამ «ყველას», რადგანაც ასე ერთბაშად ვერ გეტყვი, რისი თქმა გვმართებს; თუმცა რაღაცას მაინც ვხვდები.

- ყოველ შემთხვევაში, – ვუთხარი მე, – შენ შეგიძლია თამამად თქვა, რომ მელოსი სამ ნაწილს მოიცავს: სიტყვას, ჰარმონიას და რიტმს.

- დიახ, მაგის თქმა კი შემიძლია.

- სიტყვები, რომლებიც მელოსის ნაწილად გვევლინებიან, არსებითად, არ განსხვავდებიან სამწერლო ენაში ხმარებული სიტყვებისაგან, რაკიღა ისინიც უნდა ესადაგებოდნენ იმ ნიმუშებს, რომლებზედაც წეღან ვლაპარაკობდით.

- სწორია, – თქვა გლავკონმა.

- სიტყვას თან უნდა ახლდეს ჰარმონია და რიტმი.

- რა თქმა უნდა.

- მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ პოეზიისათვის უცხო უნდა იყოს ცრემლის ღვრა და მოთქმა-გოდება.

- დიახ, შევთანხმდით.

- კი მაგრამ, რანაირი კილოები ახასიათებს მოთქმა-გოდებას? მითხარი, შენ ხომ მუსიკოსი ხარ.

- ნაზავი ლიდიური, მკვეთრი ლიდიური და ზოგიერთი სხვა მათნაირი კილო.

- მაშასადამე, ისინი უნდა უკუვაგდოთ, რადგანაც თვით ღირსეული ქალებისთვისაც ფუჭნი და ურგებნი არიან, არამცთუ კაცებისათვის.

- რა თქმა უნდა.

- მცველებისათვის სრულიად შეუფერებელია სიმთვრალე, უნიათობა და უქნარობა.

- დიახ.

- კი მაგრამ, რომელ კილოს შეიძლება ეწოდოს უნიათო და სუფრული სიმღერებისათვის ნიშნეული?

- იონიურსა და ლიდიურს, რომლებსაც «დუნედ» უხმობენ.

- მერედა, განა დასაშვებია, ჩემო ძვირფასო, რომ მათ იყენებდნენ მეომრები?

- არამც და არამც, ასე რომ შენ დორიული და ფრიგიული კილოღა გრჩება.

- რა ვქნა, არ მესმის ეს კილოები, მაგრამ დამიტოვე ის კილო, სათანადოდ რომ მიბაძავდა მხნე, მამაცი და შემმართებელი კაცის ხმასა თუ სიმღერას, კაცისა, რომელიც ბრძოლის შუაგულში ტრიალებს, ან ათასნაირ განსაცდელს ერკინება, მარცხს განიცდის, ჭრილობებიდან სისხლი სდის, თავის განწირვას აპირებს თუ სხვა რამ უბედურება ემუქრება, მაგრამ ქედს არ უხრის ბედისწერას და უდრტვინველად იტანს თავის უმძიმეს ხვედრს.

      დამიტოვე მეორე კილოც იმისათვის, ვინც მშვიდობის ჟამს იძულებით კი არა, თავისი ნებით აკეთებს საქმეს, და მიზნის მისაღწევად ლოცვითა თუ ხვეწნა-ვედრებით ცდილობს გული მოულბოს ღმერთს, რჩევითა თუ შეგონებით დაარწმუნოს კაცი, ანდა, პირიქით, თვითონვე უსმენს ყურადღებით სხვის რჩევას და შეგონებას, მოკლედ, გონივრულად იქცევა, არ ქედმაღლობს და ისე იგვარებს საქმეს, როგორც შეშვენის თავდაჭერილსა და ჭკუადამჯდარ კაცს, რომელიც წინდახედულად ითვალისწინებს ყველა შესაძლო შედეგს.

      აი, სწორედ ეს ორი კილო – »იძულებითი» და «ნებაყოფლობითი» დამიტოვე, ყველაზე ზუსტად რომ გამოხატავენ ღირსეული ადამიანის ბედნიერებას თუ უბედურებას, მის სიბრძნეს და სიმამაცეს.

- მაგრამ შენ სწორედ იმათ დატოვებას მთხოვ, წეღან მე რომ დაგისახელე.

- ამრიგად, ჩვენი სიმღერებისა თუ მელოსისათვის არც მრავალსიმიანი საკრავები დაგვჭირდება და არც ყველა კილო.

- მე მგონია, არა.

- ასე რომ, ჩვენ აღარ მოვამზადებთ იმ ოსტატებს, რომლებიც ტრიგონოსებს, ჰექტიდებსა და სხვა მრავალსიმიან თუ მრავალკილოიან საკრავებს აკეთებენ.

- ალბათ აღარ მოვამზადებთ.

- ავლოსების ოსტატებსა და ავლეტისტებზე რაღას იტყვი, მათ მაინც თუ აბოგინებ ამ ჩვენს სახელმწიფოში? განა ავლოსი ყველაზე მრავალხმიანი საკრავი არ არის? ასე რომ, ყველა კილოს ნაზავი მხოლოდ მისი ხმიანობის მიბაძვად გვევლინება.

- ცხადია.

- მაშასადამე, ქალაქში სახმარად მხოლოდ ლირა და კითარა გრჩება, სოფლად კი მწყემსებმა, დაე, სალამური აკვნესონ.

- ჩვენს მსჯელობას სწორედ ამ დასკვნამდე მივყავართ.

- განა რაღაც უჩვეულოს ჩავიდენთ, ჩემო ძვირფასო, თუკი აპოლონს მთელი თავისი საკრავებითურთ მარსიასა და მის საკრავებზე მაღლა დავაყენებთ?

- ვფიცავ ზევსს, მეც ეგრე მგონია.

- ვფიცავ ძაღლს, – ვუთხარი მე, – ვერც კი შევნიშნეთ, როგორ გავწმინდეთ ჩვენი სახელმწიფო, რომელსაც წეღან უნიათოს და ფუფუნებაში ჩამყაყებულს ვეძახდით.

- ჩვენ ხომ გონივრულად ვიქცევით.

- მაშ, მოდი, დანარჩენიც გავწმინდოთ. კილოს კვალდაკვალ განსახილველი დაგვრჩა რიტმი. ნაირნაირ რიტმსა და საზომებს ნუკი დავეძებთ, არამედ დავადგინოთ, რომელი რიტმი შეესაბამება ღირსეული და მამაცი კაცის ცხოვრებას, ხოლო როდესაც დავადგენთ, იმდენი ვქნათ, რომ საზომიცა და მელოსიც ამ კაცის სიტყვებს ესადაგებოდეს, და არა პირიქით: სიტყვები – საზომს და მელოსს. შენ თვითონ უნდა გვიჩვენო, მაინც რანაირია ეს რიტმი, ისევე, როგორც წეღან კილოები გვიჩვენე.

- ვფიცავ ზევსს, არ ვიცი, რა ვთქვა. თუ კარგად დავუფიქრდები, მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენო, რომ არსებობს ტერფების სამი სხვადასხვა სახე, რომელთაგანაც ითხზვის ყველა სალექსო საზომი, ისევე, როგორც ყველა კილო ოთხი სხვადასხვა ხმიანობისაგან წარმოიქმნება, მაგრამ რომელი მათგანი წარმოგვიდგენს მიბაძვის გზით ამა თუ იმ ცხოვრებას, ამისას კი ვერაფერს გეტყვი.

- მაშინ ჩვენც ავდგებით და დამონს დავეკითხებით, მაინც რომელი საზომი შეესაბამება სიმდაბლეს, კადნიერებას, სიშლეგეს და სხვა უკეთურ თვისებებს, ანდა რომელი საზომი უნდა შემოვინახოთ საპირისპირო თვისებების წარმოსაჩენად. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ოდესღაც გამიგონია, რომ დამონი ენოპლიოსს, დაქტილოსსა თუ ჰეროიკოსს უწოდებდა რომელიღაც შედგენილ ტერფს, მაგრამ არ ვიცი, რანაირად აგებდა, ან როგორ აღწევდა ხმის აწევისა თუ დაწევის თანაბარზომიერებას, რასაც ხმოვანთა სიგრძე და სიმოკლე უდევს საფუძვლად. თუ არა ვცდები, ის ახსენებდა იამბეიონსა და რომელიღაც სხვა ტერფსაც, ვგონებ ტროქიოსს, სადაც ერთმანეთს ერწყმის მოკლე და გრძელი მარცვლები. ზოგჯერ ამა თუ იმ საზომში ის აქებდა ან იწუნებდა ტერფთა მოძრაობას და არა საკუთრივ რიტმს, ზოგჯერ კი ერთსაც და მეორესაც, ზუსტად ვერ გეტყვი. თუმცა, როგორც წეღან მოგახსენე, მოდი, ყოველივე ეს დამონს მივანდოთ, რადგანაც ამაზე მსჯელობა დიდ დროს წაგვართმევს; მაგრამ იქნებ შენ სხვაგვარად ფიქრობ?

- არა, ღმერთმანი.

- ასეა თუ ისე, ერთი რამ მაინც შეგიძლია აღნიშნო: მომხიბვლელობაც და ხიბლისაგან განძარცულობაც რიტმულობასა და არიტმულობაზეა დამოკიდებული.

- რა თქმა უნდა.

- მაგრამ რიტმულობა დახვეწილ სტილს შეესაბამება, არიტმულობა კი – საპირისპირო სტილს. იგივე ითქმის ნატიფ ჰარმონიასა და დისჰარმონიაზედაც, რაკიღა, ზემოთქმულის თანახმად, კილოც და რიტმიც სიტყვას უნდა ესადაგებოდეს და არა პირიქით.

- დიახ, სიტყვას უნდა ესადაგებოდეს, როგორც ერთი, ისე მეორეც.

- კი მაგრამ, განა გამოხატვის საშუალებებიც და თვით სიტყვაც სულიერებას არ შეესაბამება?

- რასაკვირველია.

- ყოველივე დანარჩენი კი – სიტყვის თავისებურებებს?

- დიახ.

- ასე რომ, სიტყვის, ჰარმონიის, ხიბლისა თუ რიტმის სინატიფე სულის სიმარტივის შედეგად გვევლინება: მე იმ სიმარტივეს კი არ ვგულისხმობ, რასაც ჩვენ პირფერულად ვუწოდებთ მიამიტობას, არამედ სულის ჭეშმარიტ სიმარტივეს, საიდანაც იღებს დასაბამს სიკეთეც და მშვენიერებაც.

- ჭეშმარიტად.

- განა ჩვენი ჭაბუკები თავგამოდებით არ უნდა მიელტვოდნენ ყოველივე ამას, თუ სურთ პირნათლად მოიხადონ თავიანთი მოვალეობა?

- რა თქმა უნდა.

- ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამითაა სავსე ფერწერაც და ყველა სხვა მსგავსი ხელოვნებაც – ქსოვა, ქარგვა, მშენებლობა, მეავეჯეობა და თვით სხეულებისა თუ ათასნაირი მცენარეულობის ბუნებაც: აქაც ყველაფერში ვლინდება სიმახინჯეც და კეთილსახიერებაც. უსახურობაც, არიტმულობაც, დისჰარმონიაც ავსიტყვაობას და ავზნეობას ენათესავება, ხოლო მათი საპირისპირო თვისებები ტყუპისცალივით ჰგვანან კეთილგონიერებას თუ კეთილზნეობას და მათ უშუალო მიბაძვად გვევლინებიან.

- მერედა, ნუთუ მხოლოდ პოეტებზე უნდა გვეჭიროს თვალი ფხიზლად, რათა ვაიძულოთ ისინი, თავიანთ ქმნილებებში ხორცი შეასხან კეთილზნეობის ნიმუშებს, ანდა საერთოდ ხელი აიღონ შემოქმედებით საქმიანობაზე, თუ სხვა ოსტატებსაც უნდა ვადევნოთ თვალყური, რათა საშუალება არ მივცეთ მათ, ცოცხალ არსებათა სახით, ნაგებობებითა თუ სხვა ქმნილებებით განასახიერონ ავზნეობა, აღვირახსნილობა, სიმდაბლე და სიმახინჯე? ვისაც ამ მოთხოვნების შესრულება არ შეუძლია, იმას საერთოდ არ უნდა მივცეთ დაოსტატების ნება, თორემ ბიწიერების ნიმუშებზე აღზრდილი და თითქოს შხამიანი მცენარეულობით ნასაზრდოები ჩვენი მცველები ყოველდღიურად ცოტ-ცოტას კი არა, იმდენ სიმყრალეს და სიბინძურეს შეიწოვენ და შეისისხლხორცებენ, რომ მათ სულს თანდათან, თვით მათთვისვე მალულად და ნაჩუმათევად შეეპარება და ბოლოს მთლიანად მოიცავს საზარელი სენი – ხრწნილება. არა, უნდა გამოვძებნოთ იმნაირი ოსტატები, რომლებსაც, თანდაყოლილი ნიჭიერების წყალობით, უნარი შესწევთ თავიანთ ქმნილებებში ხორცი შეასხან მშვენიერებისა და კეთილსახიერების ბუნებას, რათა ჩვენი ჭაბუკებისათვის, ყოველი სიკეთით შემკული კუთხის მცხოვრებთა მსგავსად, სარგო იყოს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, თუ რა მხრიდან სწვდება მათ მზერასა და სმენას მშვენიერების ანარეკლი: ესაა თითქოს იმ კურთხეული კუთხიდან მონაბერი სიო, რომელსაც თან მოაქვს სიმრთელე და სიჯანსაღე, ჩვენს ჭაბუკებს სიყრმითგანვე რომ აჩვევს მშვენიერების სიყვარულს და მეგობრობისა თუ სრული თანხმობის ცხოველმყოფელ გრძნობას უნერგავს გულში.

- რამდენად უმჯობესი იქნებოდა ამნაირი აღზრა!

- აი, სწორედ ეს განაპირობებს, გლავკონ, მუსიკური ხელოვნების უდიდეს აღმზრდელობით მნიშვნელობას, ხელოვნებისა, რომელიც ყველაზე ღრმად სწვდება ადამიანის სულს და უჩვეულო ძალით აღელვებს მას. რიტმსა და ჰარმონიას თან ახლავს კეთილსახიერება, და ისინი კეთილსახიერებითვე მოსავენ სულსაც, თუკი ეს უკანასკნელი ისეა აღზრდილი, როგორც ჯერ არს, თუ არა და, პირიქით, ამახინჯებენ მას. ვინც ამ მხრივ სათანადოდ არის აღზრდილი, ძალიან მძაფრად განიცდს როგორც ბუნების, ისე ხელოვნების ქმნილებათა ყოველნაირ ნაკლს, მათ გაურანდაობასა თუ არასრულყოფილებას. მისი გაღიზიანებაც და კმაყოფილებაც სავსებით ბუნებრივი იქნება. მშვენიერების თაყვანისმცემლად ქცეული, სულით რომ აღიქვამს და შეისისხლხორცებს მას, მშვენერებითვე ისულდგმულებს და თვითონაც მშვენიერი და კეთილი გახდება. სიმახინჯეს კი სავსებით სამართლიანად დაჰგმობს და სიყრმითგანვე შეიზიზღებს მას, თვით მანამდეც კი, ვიდრე გონებით შესძლებდეს ამის გააზრებას, ხოლო როდესაც გონიერების ასაკს მიაღწევს, მთელის არსებით შეიყვარებს თავის გონებას და შეიცნობს კიდეც, რომ მასთან სწორედ მუსიკურმა აღზრდამ დაანათესავა.

- მე მგონია, – თქვა გლავკონმა, – სწორედ ესაა მუსიკური აღზრდის უპირატესობა.

- ეგეც არ იყოს – ვუთხარი მე, – ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, კითხვა ვიცითო, როცა თავისუფლად ვცნობთ ყველა ასოს (რომელთა რიცხვიც საკმაოდ ცოტაა) ნებისმიერ ასოთნაერთში, ისე, რომ არცერთს არ უგულებელვყოფთ, თითქოს ყურადღების ღირსად არ ვთვლიდეთ, არცერთი არ გვეპარება მხედველობიდან, არც დიდი და არც მცირე, პირიქით, ყველგან ვცდილობთ სათითაოდ ამოვიცნოთ ისინი, და მანამდის ვერ ვისწავლით კითხვას, სანამ ამას თავს არ გავართმევთ.

- მართალს ბრძანებ.

- ასე რომ, წყლის სიღრმეში თუ სარკეში არეკლილ ასოებსაც მანამდე ვერ ამოვიცნობთ, სანამ არ გვეცოდინება თვითეული მათგანი; თუმცა ეს იმავე ხელოვნებაში თავის გაწაფვას და წვრთნას მოითხოვს.

- რა თქმა უნდა.

- კი მაგრამ, ვფიცავ ღმერთებს, მეც ხომ სწორედ ამას ვამტკიცებ: ზუსტად ასევე ვერ დავეუფლებით მუსიკურ ხელოვნებას ვერც ჩვენ და ვერც ის მცველები, რომლებიც, როგორც მოგახსენე, ჩვენ თვითონ უნდა აღვზარდოთ, ვიდრე არ ვისწავლით კეთილგონიერების, სიმამაცის, დიდსულოვნებისა თუ ყოველივე იმის გარჩევას, რაც მათ ენათესავება, ან უპირისპირდება; ვიდრე არ შევიგნებთ, რომ არ შეიძლება უგულებელვყოთ, ან მხედველობიდან გამოგვეპაროს მათი ნებისმიერი გამოვლინება, მიუხედავად იმისა, თუ სად გვხვდებიან, ან რა ადგილი უჭირავთ – დიდი თუ მცირე, ანდა რანაირად გვევლინებიან – თავისთავად თუ ხატებათა სახით, და ვიდრე არ ვირწმუნებთ, რომ აქაც იმავე ხელოვნებაში გაწაფვა და წვრთნაა საჭირო.

- უცილობლად.

- მაშასადამე, თუ ზნეკეთილ კაცში ერთმანეთს ერწყმის სულიერი და ხორციელი სილამაზე, – ხოლო ორივე ეს სილამაზე ერთი და იმავე წყაროდან იღებს დასაბამს, – რა შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი სანახაობა იმისათვის, ვისაც ამ მშვენების დანახვა ძალუძს?

- არაფერი.

- მაგრამ ყველაზე მშვენიერი ხომ, იმავდროულად, ყველაზე უფრო საყვარელია?

- რა თქმა უნდა.

- მაშასადამე, ყველაზე მეტად სწორედ ამნაირ ადამიანს შეიყვარებდა მუსიკური ხელოვნების მიმდევარი, და არა იმას, ვის არსებაშიც ჰარმონიულად არ ერწყმის ერთმანეთს სულიერი და ხორციელი მშვენიერება.

- რა თქმა უნდა, არა, თუ ეს დისჰარმონია სულიერი მანკიერების შედეგია, რასაც ვერ ვიტყვით იმ შემთხვევაში, თუ ამის მიზეზად რაიმე ფიზიკური ნაკლი გვევლინება.

- გასაგებია, – ვუთხარი მე, – შენთვის უცხოა ეს გრძნობა და ამიტომაც არ გედავები. მაგრამ ერთი ეს მითხარი: თუა რამე საერთო თავდაჭერილობასა და განცხრომას შორის?

- რა უნდა იყოს საერთო; თუკი განცხრომა არანაკლებ ვნებს სულს, ვიდრე სნეულება?

- განცხრომასა და ამა თუ იმ სიქველეს შორის?

- არაფერი.

- განცხრომასა და თავხედობას, ან თავაშვებულობას შორის?

- ყველაზე ნაკლები.

- კი მაგრამ, თუ შეგიძლია დამისახელო სხვა განცხრომა, თავისი სიმძაფრით სასიყვარულო განცხრომას რომ შეედრებოდეს?

- არა, მაგაზე შლეგური არა არის რა.

- მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარულის საგანი წესრიგია და მშვენიერება; ეს გონივრული და ჰარმონიული სიყვარულია.

- რა თქმა უნდა.

- ასე რომ, მისთვის სრულიად უცხოა სასიყვარულო განცხრომა, რასთანაც საერთო არა აქვს რა არც შეყვარებულს და არც მისი სიყვარულის საგანს.

- ვფიცავ ზევსს, მართალი ხარ, სოკრატე.

- ამიტომ ჩვენს მიერ დაარსებულ სახელმწიფოში შენ დაადგენ, რომ მათი ურთიერთობა არაფრით არ უნდა განსხვავდებოდეს მამისა და შვილის ურთიერთობისაგან, და ამ სიყვარულის მიზანი მშვენიერება უნდა იყოს, რათა არავის მისცენ მათი გმობისა და კილვის საბაბი.

- დიახ.

- ხომ არ გგონია, – ვუთხარი მე, – რომ ჩვენი მსჯელობა მუსიკური ხელოვნების შესახებ დასასრულს მიუახლოვდა. ის დამთავრდა იმით, რითაც უნდა დამთავრებულიყო, რადგანაც ყველაფერი, რაც მუსიკურ ხელოვნებას ეხება, მშვენიერების სიყვარულით უნდა დასრულდეს.

- გეთანხმები, – თქვა გლავკონმა.

- მუსიკური ხელოვნების კვალდაკვალ, ჭაბუკთა აღზრდა გიმნასტიკას უნდა მივანდოთ.

- რა თქმა უნდა.

- ამ მხრივაც საჭიროა გულმოდგინე წვრთნა, ბავშვობიდან მოყოლებული მთელი სიცოცხლის განმავლობაში. აი, რას ვფიქრობ ამის თაობაზე, თუმცა შენც ჩემთან ერთად განსაჯე: მე მგონია, კეთილაღნაგი სხეული თავისი ძალმოსილებით კი არ ანიჭებს სიკეთეს სულს, არამედ, პირიქით, კეთილი სული თავისი სიქველით განაპირობებს სხეულის სიმრთელეს და შესაძლო სრულყოფილებას; მაგრამ იქნებ შენ სხვაგვარად ფიქრობ?

- არა, სავსებით გეთანხმები.

- ასე რომ, თუ სათანადოდ ვიზრუნებთ სულზე და შემდეგ უკვე მას მივანდობთ სხეულზე გულმოდგინე ზრუნვას, ჩვენ კი მრავალსიტყვაობის თავიდან ასაცილებლად, ზოგად ნიმუშთა ჩვენებით შემოვიფარგლებით, როგორ გგონია, სწორად მოვიქცევით თუ არა?

- დიახ, სავსებით სწორად.

- სიმთვრალეს რომ უნდა ეროდონ, ეს უკვე ითქვა. ისე გამოტყვრე რომ აღარ იცოდე, სადა ხარ, ეს შეიძლება სხვას მიეტევოს, მაგრამ არა მცველს.

- განა სასაცილო არ იქნება, მცველს რომ მცველი სჭირდებოდეს?

- კვებაზე რაღას იტყვი? ჩვენი მცველები ხომ ყველაზე დიდი ასპარეზობის მონაწილენი არიან?

- დიახ.

      მერედა, ათლეტთა ცხოვრების პირობები შესაფერისი იქნება მათთვის?

- შესაძლოა.

- მაგრამ ამნაირი პირობები ხომ ძილისგუდად აქცევს კაცს და მავნეა ჯანმრთელობისთვის. ნუთუ არ დაჰკვირვებიხარ, რომ ეს ათლეტები თითქმის მთელ სიცოცხლეს ძილში ატარებენ, და როგორც კი ცხოვრების ჩვეული წესი დაერღვევათ, მაშინვე საშინელი ავადმყოფობა დარევთ ხელს?

- როგორ არ დავკვირვებივარ.

- მეომარ ათლეტებს ცოტა უკეთესი მომზადება სჭირდებათ: ძაღლებივით ფხიზლები უნდა იყვნენ, უკიდურესად მახვილი მზერა თუ სმენა და იმნაირი ჯანმრთელობა ჰქონდეთ, რომ ლაშქრობისას ვერც ჰავის, სასმელი წყლისა თუ საკვების სხვადასხვაობამ, ვერც ზაფხულის ხვატმა თუ ზამთრის ყინვამ ვერ შეარყიოს.

- მეც ეგრე მგონია.

- მაგრამ ყველაზე საუკეთესო გიმნასტიკური აღზრდა იმ მუსიკურ აღზრდას არ ენათესავება, წეღან რომ გავარჩიეთ?

- რას გულისხმობ?

      რასა და იმას, რომ ამნაირი აღზრდა მარტივი და ხელსაყრელია, მეტადრე, მეომრებისთვის.

- რა მხრივ?

- ამას თვით ჰომეროსიც გვასწავლის: როგორც მოგეხსენება, თავისი გმირების სუფრას ღრეობისას არც თევზს გააკარებს – თუმცაღა მოქმედება ზღვის პირას, ჰელესპონტოსში ხდება, – და არც მოხარშულ ხორცს, არამედ ყველგან შემწვარი ხორცით უმასპინძლდება მათ, რაც, კაცმა რომ თქვას, გაცილებით უფრო ხელსაყრელია მეომრებისთვის: მართლაცდა, ცეცხლის დანთება ყველგან შეიძლება, ასე რომ, საჭირო აღარაა, მუდამ თან ათრიო ჭურჭელი.

- დიახ, ეგ უფრო ხელსაყრელია.

- თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჰომეროსი არც საკაზმსა თუ სანელებლებს ახსენებს სადმე. თუმცა ეს ყველა ათლეტსაც მშვენივრად მოეხსენება: ვისაც სურს საბრძოლოდ შემართული ჰქონდეს სხეული, ყოველივე ამისაგან თავის შეკავება მართებს.

- ყოჩაღ, რომ ეგ იციან და თავსაც იკავებენ.

- რახან ეს მოგწონს, ეტყობა დიდად აღტაცებული არა ხარ, ჩემო ძვირფასო, არც სირაკუზელთა სუფრითა და არც სიცილიელთა ნაირ-ნაირი კერძებით.

- მართალი გითხრა, აღტაცებას ბევრი მიკლია.

- მაშ, შენ იმასაც ჰგმობ, რომ კორინთოელი ქალიშვილი თავს დაჰკანკალებს თავის სხეულს, რათა თავი მოაწონოს კაცებს?

- რა თქმა უნდა.

- ატიკურ ნამცხვრებსაც, თუმცა მათზე უკეთესს ვერაფერს იგემებს კაცი?

- რასაკვირველია.

- მე მგონია, ამნაირი კვებაც და ცხოვრების ამნაირი წესიც შეიძლებოდა შეგვედარებინა მელოსისა და სიმღერისათვის, რომელშიაც ჩაქსოვილია ყველა კილო და ყველა რიტმი; განა მართალს არ ვამბობ?

- დიახ.

- აქ სიჭრელე აღვირახსნილობის სათავე ხდება, იქ კი – სნეულებისა, და პირიქით, სისადავე მუსიკურ ხელოვნებაში ხელს უწყობს სულის წონასწორობას, გიმნასტიკაში კი– ტანის სიმრთელეს.

- ცამდე მართალი ბრძანდები.

- როცა მთელ სახელმწიფოს მოედება აღვირახსნილობა და სნეულება, რაც შეიძლება მეტი სამსჯავრო და საავადმყოფო უნდა გაიხსნას, და განა ფასი არ დაედება სამსჯავროებში საქმის გარჩევას და მკურნალობას, როცა ამას გულმოდგინედ ხელს მიჰყოფს მრავალი კეთილშობილი კაცი?

- რა თქმა უნდა.

- განა მოიძებნება მოქალაქეთა მანკიერი და სამარცხვინო აღზრდის უფრო სარწმუნო საბუთი, ვიდრე ის, რომ დახელოვნებული ექიმებისა და მსაჯულების გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ არა მარტო მდაბიორებსა და ხელოსნებს, არამედ იმათაც, ვისაც თავი მოაქვს კეთილშობილური აღზრდით? განა, შენის აზრით, სამარცხვინო და უზრდელობისა თუ უწვრთნელობის უტყუარი ნიშანი არ არის ის რომ ამდენი ხალხი იძულებულია სხვებისაგან ნასესხები სამართლიანობით იცხოვროს და სხვებსვე მოუხმოს საკუთარი ბედ-იღბლის გამრიგედ, რაკიღა სამართლიანობის საკუთარი გაგება არ გააჩნია?

- მართლაც რომ სამარცხვინოზე სამარცხვინოა.

- მაგრამ უფრო სამარცხვინოდ ხომ არ მიიჩნევ იმ გარემოებას, რომ ადამიანი არა მარტო სამსჯავროებში ატარებს თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს როგორც მოპასუხე თუ მომჩივანი, არამედ იკვეხნის კიდეც იმას, რომ შეუძლია უსამართლო იყოს, ათას ხვრელში გაძვრეს და ათასნაირი ხრიკით თავიდან აიცილოს სასჯელი, ხოლო ყოველივე ამის შედეგად ერთი სრულიად უმნიშვნელო და უბადრუკი საქმე მოიგოს? არც კი იცის, რამდენად უფრო მშვენიერია და უმჯობესი, ისე წარმართო ცხოვრება, რომ საერთოდ არ დაგჭირდეს მსაჯული, რომელიც საქმის გარჩევისას თვლემს.

- დიახ, ეგ კიდევ უფრო სამარცხვინოა.

- ხოლო როცა მკურნალობა წყლულების ან იმ სნეულების გამო კი არ ხდება საჭირო, წლითი-წლობით რომ მეორდება, არამედ უქნარობისა და ცხოვრების იმ მანკიერი წესის შედეგად, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდით, განა ეს კი არ არის სამარცხვინო? სხეული ჭაობივით ივსება მაშინ ათასნაირი მავნე ნესტით თუ ოხშივარით, რაც საიმისოდ აქეზებს მახვილგონიერ ასკეპიადებს, რომ ამნაირ სნეულებებს «წყალმანკსა» თუ «ლორწოვან ანთებებს» უწოდებდნენ.

- ეს რა ახალი და უჩვეულო სახელებია.

- რომლებიც, ალბათ, არც არსებობდნენ ასკლეპიოსის დროს; ხოლო ამას შემდეგი გარემოება მაფიქრებინებს: როდესაც ტროასთან დაჭრილ ევრიპილეს ერთმა ქალმა პრამნოსური ღვინით უწამლა, რომელშიაც შერეული იყო ფქვილი და გახეხილი ყველი, რასაც შეიძლებოდა ლორწოვანი ანთება გამოეწვია, ასკლეპიოსის ვაჟებს ამნაირი მკურნალობა არ აუკრძალავთ მისთვის, და არც პატროკლეს სამკურნალო საშუალებები დაუწუნებიათ.

- მართლაც რომ უცნაური წამალი იყო ამ დღეში მყოფი კაცისთვის.

- არც ისე უცნაური, თუ დაუფიქრდები, რომ ჰეროდიკემდე ასკლეპიადებმა, როგორც ამბობენ, საერთოდ არ იცოდნენ, რანაირად წარემართათ ავადმყოფობის განვითარება, ესე იგი, მათთვის უცხო იყო მკურნალობის ახლანდელი გზა. ჰეროდიკე კი გიმნასტიკის მასწავლებელი იყო, და როცა ჯანმრთელობა შეერყა, სამკურნალოდ სწორედ გიმნასტიკას მიმართა, რითაც ჯერ თავის თავსვე დაუწყო ჯიჯგნა და წამება, შემდეგ კი სხვებსაც.

- როგორ?

- როგორ და ისე, რომ სულთმობრძაობა გაიხანგრძლივა. მიუხედავად იმისა, რომ სასიკვდილოდ იყო გადადებული და, ბევრიც ეცადა, ვერასდიდებით ვერ განიკურნებოდა, მაინც გადაწყვიტა კვალდაკვალ მიჰყოლოდა თავისი სნეულების განვითარებას, ყველაფერზე ხელი აიღო და სხვა მიზანი აღარ დარჩა, გარდა მკურნალობისა, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა, ვინაიდან წელებზე ფეხს იდგამდა, რომ მისხლითაც არ დაერღვია ცხოვრების ჩვეული წესი. ასე, თავისი ცოდნისა და გულმოდგინების წყალობით, უწყვეტი კვდომის მიუხედავად, რის ვაივაგლახით მიაღწია სიბერეს.

- კაი სამსახური კი გაუწევია სამკურნალო ხელოვნებას მისთვის!

- ახია მასზე! რა დიდი საქმე უნდოდა იმის მიხვედრას, რომ თუ ასკლეპიოსმა არაფერი გაუმჟღავნა თავის მემკვიდრეებს ამნაირი მკურნალობის თაობაზე, ეს უმეცრებით ან გამოუცდელობით როდი მოსვლია. არა, მან იცოდა, რომ კეთილმოწყობილ სახელმწიფოში ყველა თავის დანიშნულებას ასრულებს და არავის არა აქვს იმის უფლება, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ თავის სნეულებას ულოლიავებდეს. სეირი, თუ გნებავთ, სწორედ ისაა, რომ ასე იქცევიან ხელოსნები, მაგრამ არა სიმდიდრით გალაღებულნი, ბედნიერნი რომ ჰგონია ხალხს.

- როგორ?

- ხურო რომ ავად გახდება, ექიმს მიაკითხავს წამლისთვის, რომელიც პირის ღებინებასა თუ კუჭის მოქმედების გაძლიერებას იწვევს, ან კიდევ მტკივანი ადგილის ამოწვასა თუ ამოკვეთას სთხოვს. თუ ექიმმა ხანგრძლივი მკურნალობა დაუნიშნა, ურჩია თავშეფუთნულმა იაროს და სხვა მისთანანი, ეს ჩვენი ხურო ადგება და პირში მიახლის, საიმისოდ სადა მცალია, რომ ჩემს ავადმყოფობას ველოლიავოო; რას მიბრძანებ საქმეზე ხელი ავიღო და ავადმყოფობის მეტი აღარაფერი მახსოვდეს? ამნაირ ყოფას სიკვდილი მიჯობსო. ამ სიტყვებით დაემშვიდობება ექიმს, და თუ მოიკეთა, კვლავ თავის საქმეს მიჰყოფს ხელს, ხოლო თუ მისი სხეული სნეულებას ვერ მოერია, სიკვდილიც აღარ დაახანებს და ტანჯვისაგან დაიხსნის.

- ამნაირ კაცს სწორედ ასეთი მკურნალობა შეჰფერის.

- იმიტომ ხომ არა, რომ თავისი საქმე აქვს, და თუ მისი კეთების თავი არ ექნა, სიცოცხლეც არაფრად უღირს?

- ცხადია.

- მდიდარს კი, როგორც აღვნიშნეთ, იმნაირი საქმე არა აქვს, რომ მასზე ხელის აღებამ სიცოცხლე შეაძულოს.

- ჰო, მაგრამ ვინ აღიარებს მაგას?

- შენ ალბათ, გაგიგონია ფოკილიდეს სიტყვები:

«ჯერ ლუკმა პურზე უნდა იზრუნო, სიქველეზე კი მხოლოდ მას შემდეგ.»

- მე კი პირიქით მგონია.

- მაგრამ ამის გამო ომს ნუ გამოვუცხადებთ ფოკილიდეს; უმჯობესია ვიკითხოთ, სჭიროა თუ არა, რომ მდიდარი კაცი სიქველეში იწვრთნიდეს თავს, ან რამდენად აუტანელი, ეჩვენება სიცოცხლე, თუკი ამის საშუალება არ ექნა, და თუ ხურო ან სხვა ხელოსანი ხანგრძლივი მკურნალობის ნებას არ აძლევს თავს, რადგანაც მაშინ იძულებული იქნება მუშაობაზე აიღოს ხელი, ვითომ მდიდარ კაცს რა უჭირს, რომ ფოკილიდეს რჩევას მისდიოს?

- ვფიცავ ზევსს, უჭირს და ძალიანაც უჭირს, რაკიღა სხეულზე მომეტებული ზრუნვა ჩვეულებრივი გიმნასტიკის ფარგლებს სცილდება; ეს ოჯახის გაძღოლაშიც ხელის შემშლელია და ლაშქრობაშიაც, ქვეყნის მართვაშიც და შინ უქმად ყოფნაშიაც.

- მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ სხეულზე მომეტებული ზრუნვა ყველაზე დიდ დაბრკოლებად გვეღობება ცოდნის შეძენის, აზროვნებისა თუ თვითშემეცნების გზაზე. ხალხს ჰგონია, რომ ეს გონების მეტისმეტ დაძაბულობას, თავის ტკივილსა თუ თავბრუსხმას იწვევს, რაშიაც ბრალს სდებენ ფილოსოფიას, დიახ, იმ ფილოსოფიას, რომლის წყალობითაც ვითარდება და მოწმდება კიდეც სიქველე, და ამტკიცებენ, რომ სწორედ ის აიძულებს ადამიანს მძიმე ავადმყოფად მიაჩნდეს თავი და გამუდმებით უჩიოდეს თავის ჯანმრთელობას.

- ეგრე ჩანს.

- მერედა, რა ვქნათ, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ასკლეპიოსმაც იცოდა ეს და მხოლოდ იმას უნიშნავდა მკურნალობას, ვისაც ბუნებით თან დაჰყვა ტანის სიმრთელე და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, მაგრამ შემთხვევით შეეყარა რაღაც უჩვეულო სენი? ამიტომაც წამლობითა თუ გაკვეთით ცდილობდა სნეულების ამოძირკვას, მაგრამ ისე კი, რომ ავადმყოფს კვლავაც ძველებურად ეცხოვრა, რათა საზოგადო საქმეს რაიმე ზიანი არ მისდგომოდა. რაც შეეხება ამა თუ იმ მძიმე შინაგან სნეულებას, მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ გრძელდება, ასკლეპიოსი არც კი ცდილობდა ავადმყოფისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა იმის შედეგად, რომ ასე თუ ისე შეეცვალა მისი ცხოვრების წესი, რათა ფუჭი და უბადრუკი სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა საცოდავისთვის, და ამრიგად, საშუალება არ მიეცა, ზუსტად მისნაირი შთამომავლობა დაეტოვებინა ქვეყნად. ასკლეპიოსის აზრით, კაცი, რომელსაც იმისი თავი არ ჰქონდა, რომ გაესრულებინა ბუნების მიერ დასაზღვრული ამქვეყნიური არსებობის ყავლი, მკურნალობის ღირსიც არ იყო, რადგან ვერც თავს არგებდა რასმე და ვერც საზოგადოებას.

- მაშ, შენი აზრით, ასკლეპიოსი საზოგადოებაზე ზრუნავდა?

- რა თქმა უნდა, და თუ კარგად დაუკვირდები, დაინახავ, რომ მისი ვაჟებიც, მამაცურად რომ იბრძოდნენ ტროასთან, ზუსტად ისევე იყენებდნენ თავიანთ სამკურნალო ხელოვნებას, როგორც მე გეუბნები. ან, იქნებ, აღარ გახსოვს, რომ პანდაროსის ისრით დაჭრილ მენელაოსს ისინი

«სისხლსა სწურავდნენ და მალამოს ადებდნენ წყლულზე.»

      ხოლო იმის თაობაზე, თუ რა ესვა და ეჭამა შემდეგ, მენელაოსსაც დაახლოებით იგივე ურჩიეს, რაც ევრიპილეს, ვინაიდან განკურნებისათვის წამალიც საკმარისია, და თუ კაცი დაჭრამდე ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, დაჭრილი თუნდაც იძულებული გამხდარიყო კიკეონი შეესვა. ხოლო ბუნებით ავადმყოფი და, თანაც, თავშეუკავებელი კაცის ცხოვრება ასკლეპიადებს ფუჭად და ურგებად მიაჩნდათ, როგორც თვით მისთვის, ისე მისი ახლობლებისთვისაც; ამიტომ, მათი აზრით, ის მკურნალობის ღირსადაც არ ჩაითვლებოდა, თუნდაც თვით მიდასზე მდიდარიც ყოფილიყოს.

- შენ თუ გერწმუნებით, ასკლეპიოსის ვაჟები ნამდვილი ჭკუის კოლოფები ყოფილან.

- როგორც მათ შეჰფერის და ეკადრება. თუმცა, ალბათ, არც ტრაგიკოსები დაგვიკრავენ კვერს და არც პინდარე: მათი მტკიცებით, ასკლეპიოსი აპოლონის ძე იყო, მაგრამ ოქროს ფასად დათანხმდა მოერჩინა ერთი მომაკვდავი მდიდარი კაცი, რისთვისაც მეხი დაეცა და ფერფლად აქცია. ჩვენ კი, ზემოთქმულის თანახმად, არც ერთი გვჯერა და არც მეორე: მართლაცდა, ასკლეპიოსი რომ ღმერთის ძე ყოფილიყო, ანგარებისმოყვარე არ იქნებოდა, ხოლო თუ ანგარებისმოყვარე იყო, ღმერთის ძედ ვეღარ დავსახავდით.

- ცამდე მართალი ხარ, მაგრამ ამაზე რას იტყვი, სოკრატე: სჭირდება თუ არა ჩვენს სახელმწიფოს კარგი ექიმები? კარგი ექიმები კი უპირატესად ისინი არიან, ვის ხელშიაც ყველაზე მეტ ჯანმრთელსა და ავადმყოფ ადამიანსაც გაუვლია. იგივე ითქმის მსაჯულებზედაც; ყველაზე უკეთეს მსაჯულებად ისინი უნდა მიგვაჩნდნენ, ვისაც ათასი ჯურის ხალხთან ჰქონია საქმე.

- დიახ, მეც იმ აზრისა ვარ, რომ კარგი ექიმებიც გვჭირდება და კარგი მსაჯულებიც; მაგრამ თუ იცი, ვინ მიმაჩნია ამნაირებად?

- მეცოდინება, თუ მეტყვი.

- რაც არი, არი, ვეცდები. მაგრამ შენ კითხვაში ორი სხვადასხვა რამ შეაერთე.

- როგორ?

- ყველაზე დახელოვნებულ ექიმად ის მოგვევლინებოდა, ვინც, ბავშვობიდან მოყოლებული, მარტო თავის ხელოვნებას კი არ შეისწავლიდა, არამედ რაც შეიძლება მეტ უიმედო ავადმყოფთანაც ექნებოდა საქმე, არც თვითონ იქნებოდა მაინცდამაინც დიდი ჯანმრთელობის პატრონი და ამიტომ მრავალ სნეულებას გადაიტანდა. რადგანაც, მე თუ მკითხავ, ავადმყოფ სხეულს სხეულითვე კი არ მკურნალობენ (თორემ ექიმებისთვის საერთოდ დაუშვებელი იქნებოდა ავადმყოფობა), არამედ – სულით, სულით კი ვერავის უმკურნალებ, თუ თვითონვეა სნეული, ან შემდეგ დასნეულდა.

- სწორია.

- მსაჯული კი, ჩემო მეგობარო, სულითა მართავს სულს. ამიტომაც დაუშვებელია, რომ მისი სული სიყრმითგანვე ტრიალებდეს უკეთურ სულთა შორის, უწყვეტი ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, ათასნაირი უსამართლობის მოწმე იყოს და თვითონაც სჩადიოდეს უსამართლობას, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილებით განსაჯოს სხვისი დანაშაული, ისევე, როგორც ექიმი საკუთარი ავადმყოფობის მიხედვით მსჯელობს სხვის სნეულებაზე. პირიქით, სული სიყრმითგანვე უბიწო და უმანკო უნდა იყოს, თუკი მომავალში მოუწევს ისე აღასრულოს მართლმსაჯულება, როგორც შეჰფერის ღირსეულ კაცს. ამიტომაცაა კეთილშობილი სული ესოდენ მიამიტი სიყრმისას თუ სიჭაბუკისას, ამიტომაც ებმება ასე ადვილად უკეთურთა მიერ დაგებულ მახეში: მისთვის ხომ სრულიად უცხოა უღირსის მთელი სიბილწე.

- მართლაცდა, ყველა კეთილშობილი სული სასტიკად იტანჯება ამის შედეგად.

- ამიტომაც მართლად გამრიგე მსაჯული ჭაბუკი კი ვერ იქნება, არამედ ხანდაზმული, რომელმაც მხოლოდ მოწიფულობისას შეიცნო უსამართლობის ბუნება, რაც თავისსავე სულში კი არ აღმოუჩენია, როგორც საკუთარი მანკიერება, არამედ – სხვებისაში, როგორც მისთვის სრულიად უცხო რამ. აი, რამდენი დრო დასჭირდა ამ ბოროტების არსში საწვდომად, რადგანაც უსამართლობას მხოლოდ სხვებზე დაკვირვების გზით თუ შეიცნობს და არა საკუთარი გამოცდილებით.

- როგორც ჩანს, სწორედ ეგ იქნება ღირსეული მსაჯული.

- დიახ, ღირსეული; შენც ხომ ამას მეკითხებოდი. რადგანაც ღირსეულია ის, ვისი სულიც ღირსებითაა სავსე. გაქნილი კაცი კი, ვისაც ყველაფერში მხოლოდ უკეთურება ელანდება, თვითონვე მრავალი უსამართლობის ჩამდენი, ყოვლის მცოდნედ და ბრძენკაცად რომ მოაქვს თავი, – მართალია, თავისსავე მსგავს ხალხთან ურთიერთობისას ყოვლისშემძლე ჩანს, რადგანაც უკეთურთა ალი-კვალია და თავისსავე თავში ხედავს მათი ბიწიერების ნიმუშს; მაგრამ როცა მასზე უხნესსა და კეთილშობილ ხალხთან უხდება ურთიერთობა, მისი გაუმართლებელი უნდობლობისა და უადგილო ეჭვიანობის შედეგად დაუყოვნებლივ ვლინდება მისი სრული უმწეობა და უმეცრება, ვინაიდან წარმოდგენაც არა აქვს კეთილზნეობაზე, რაც ესოდენ უცხო ხილია მისთვის. და მაინც, რაკი ბიწიერნი უფრო ხშირად ახვევიან გარს, ვიდრე სიქველით მოსილნი, თავისი თავი ბრძენი უფრო ჰგონია, ვიდრე რეგვენი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ასევე ეჩვენებათ სხვებსაც.

- მართალს ბრძანებ.

- მაშასადამე, მსაჯული, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, დიდებული და ბრძენი მსაჯული, ეს კაცი კი არ იქნება, არამედ ის, ვინც პირველად დავასახელეთ. უკეთურება ვერასოდეს ვერ შეიცნობს ვერც სიქველეს და ვერც საკუთარ თავს, მაშინ როდესაც სიქველე, რომელსაც მხარს უმაგრებს განსწავლულობა, თავის თავსაც შეიცნობს და უკეთურებასაც. ჩემის აზრით, სწორედ ამნაირი კაცი ეზიარება სიბრძნეს, და არა უღირსი.

- მეც მაგ აზრისა ვარ.

- ასე რომ, ჩვენს სახელმწიფოში, ამნაირ მართლმსაჯულებასთან ერთად, შენ დაამკვიდრებ ისეთ სამკურნალო ხელოვნებას, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდით. როგორც ერთის, ისე მეორის მიზანი სულით და ხორცით ჯანსაღსა და სრულფასოვან მოქალაქეებზე ზრუნვა იქნება, დანარჩენები კი ჭირსაც წაუღია: ორივენი ხელს ააღებენ და სასიკვდილოდ გასწირავენ ხორციელად არასრულფასოვან მოქალაქეებს, ხოლო მათ, ვისი სულიც იმდენად ბიწიერია, რომ ვეღარაფერი გამოასწორებს, მათივე თვისტომნი მიუჯიან სიკვდილს.

- ასე აჯობებს არა მარტო ამ საპყართა და სახიჩართათვის, არამედ მთელი სახელმწიფოსთვისაც.

- ჭაბუკები კი, ეტყობა, ეცდებიან თავი აარიდონ მსაჯულებას, რაკიღა დაუფლებულნი იქნებიან იმ მარტივ მუსიკურ ხელოვნებას, რომელიც, ზემოთქმულისა არ იყოს, ხელს უწყობს თავდაჭერილობის განვითარებას.

- რა თქმა უნდა.

- ზუსტად ასევე, მუსიკურ ხელოვნებას დაუფლებული ყოველი კაცი, რომელიც, იმავდროულად გიმნასტიკასაც მისდევს, დახმარებისათვის მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში თუ მიმართავს სამკურნალო ხელოვნებას.

- მეც ეგრე მგონია.

- გიმნასტიკაში თავის გაწაფვაც, წვრთნაც და ათასგვარი სიძნელის დაძლევაც მას მხოლოდ სულიერი ძალმოსილების განსამტკიცებლად სჭირდება, და არა ფიზიკური ძალისა; ამ მხრივ, ის მკვეთრად განსხვავდება დანარჩენი ათლეტებისგან, რომლებიც მხოლოდ იმას მიელტვიან, რომ უფრო ძლიერები გახდნენ.

- მართალს ბრძანებ.

- რას იტყვი, გლავკონ, მუსიკურსა და გიმნასტიკურ ხელოვნებაზე დაფუძნებული აღზრდა იმას ხომ არ ისახავს მიზნად, რომ ერთის მეშვეობით სხეული განავითარონ, მეორის მეოხებით კი – სული?

- მხოლოდ და მხოლოდ მაგას.

- მაგრამ იქნებ ორივე სულის სარგოდ იქნა დაწესებული?

- როგორ?

- ნუთუ არ შეგიმჩნევია, რანაირი სული აქვს იმას, ვინც მთელი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ გიმნასტიკას მისდევდა და ერთხელაც არ გაჰკარებია მუსიკურ ხელოვნებას? ან იმას, ვინც პირიქით იქცეოდა?

- რას გულისხმობ?

- ერთის მხრივ, სიტლანქეს და სისასტიკეს, მეორეს მხრივ სილბოსა და თვინიერებას.

- როგორ არ შემიმჩნევია: ვინც მხოლოდ გიმნასტიკას მისდევს, მეტისმეტად ტლანქი და უხეში ხდება, ხოლო ვინც მარტოოდენ მუსიკურ ხელოვნებაში იწაფავს თავს, – უფრო მეტად სათუთი, ვიდრე ჯერ არს.

- არადა, სიტლანქე, რომელიც ბუნებითი სიფიცხისგან იღებს დასაბამს, წრფელი გზით წარმართული სათანადო აღზრდის შედეგად, შეიძლებოდა სიმამაცეში გადაზრდილიყო; მაგრამ მეტისმეტი სიტლანქე, რა თქმა უნდა, გაუსაძლისია და აუტანელი.

- დიახ, მეც მაგ აზრისა ვარ.

- ხოლო თვინიერება განა სიბრძნის მოყვარე სულის ბუნებრივ თვისებად არ გვევლინება? მართალია, მეტისმეტი თვინიერება უნიათობასა და უხერხემლობას უახლოვდება, მაგრამ სათანადო აღზრდის წყალობით, ის სხვა არა არის რა, თუ არა თავმდაბლობა და კრძალულება.

- მართალია.

- ჩვენ კი გვინდა, რომ სახელმწიფოს მცველები ორივე ამ თვისებას აერთიანებდნენ.

- დიახ.

- და რომ ორივე თვისება ჰარმონიულად ერწყმოდეს და ეხამებოდეს ერთმანეთს.

- რა თქმა უნდა.

- სული, რომელშიაც ისინი ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს, მამაცია და თავდაჭერილი.

- მართალს ბრძანებ.

- მათი დისჰარმონია კი სულის სიმხდალისა და სიტლანქის სათავედ გვევლინება.

- დიახ.

- თუ კაცი მთელის არსებით განიცდის მუსიკის მომნუსხველ ზემოქმედებას და იმ ტკბილი, თბილი და მწუხარე ჰანგების ნაკადი, რაზედაც ზემოთ ვლაპარაკობდით, ყურებიდან – თითქოს ერთგვარი ძაბრიდან – ეღვრება სულში, თუ ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ჭმუნვით აღვსილი ან სიხარულით აღტყინებული ქედს იხრის სიმღერის ჯადოქრული ხიბლის წინაშე, მაშინ ეს, უწინარეს ყოვლისა, არბილებს მისი სულის სიფიცხეს, როგორც რკინას არბილებს ცეცხლი, და მისი თვითრჯულობა თუ უჯიათობა, რაც აქამდე არას არგებდა, ახლა შეიძლება სასარგებლო შეიქნეს მისთვის. მაგრამ თუ ის უწყვეტად და დაუსრულებლად ნებდება ამ მომნუსხველ ხიბლს, მაშინ მისი სიფიცხე კი არ რბილდება, არამედ ლღვება, რაც ისეთნაირად ასუსტებს სულს, თითქოს ყველა მყესი ამოაცალესო, ხოლო თვითონ «უსუსურ შუბოსნად» იქცევა.

- რა თქმა უნდა.

- და ეს მით უფრო სწრაფად იჩენს თავს, რაც უფრო სუსტი სული დაჰყვება კაცს დაბადებიდან. ხოლო ვისაც ფიცხი სული აქვს, სიფიცხის დათრგუნვის შემდეგ ფხუკიანი ხდება: ყველა წვრილმანი აღიზიანებს, თუმცა უმალვე ივიწყებს წყენას; ასე რომ, სიფიცხეს სიავე, სიანჩხლე და გულღრძოობა ცვლის.

- როგორც ჩანს.

- ხოლო თუ კაცი თავგადაკლული ვარჯიშობს, მერე კი ხარბად აცხრება საჭმელს, მაგრამ არც მუსიკურ ხელოვნებას დაგიდევს და არც ფილოსოფიას, განა ქედმაღლობითა თუ ამპარტავნებით არ აღივსება და თავის თავსვე არ აღემატება ყოყლოჩინობით?

- რასაკვირველია.

- მაგრამ რაკი სხვა საქმე არა აქვს და მუზასთანაც მწყრალად ბრძანდება, ცოდნის შეძენაც რომ სურდეს, რაკიღა არც რა შეუსწავლია და არც რისიმე ძიებით აუტკიებია თავი, არც სიტყვიერების მადლს ზიარებია და არც მუსიკური ხელოვნების სხვა დარგში უდევს წილი, – მისი სურვილი თანდათანობით სუსტდება და თითქოს ბრმა და ყრუ ხდება, ასე რომ, ვეღარ ახერხებს გამოაფხიზლოს ეს კაცი, დაწმინდოს მისი გრძნობები და დახვეწოს მისი უნარი.

- სწორია.

- ამნაირი კაცი, ჩემის აზრით სიტყვის მტერი და მუზების მოძულე ხდება. ის გონებას როდი მოუხმობს ვიღაცის დასარწმუნებლად, არამედ ნადირივითა ცდილობს, სისასტიკითა და ძალმომრეობით გაიტანოს თავისი; მთელ სიცოცხლეს უმეცრებასა და უქნარობაში ატარებს, უაზროდ და უშინაარსოდ.

- მართალს ბრძანებ.

- ჩემის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ხელოვნება – მუსიკური და გიმნასტიკური, – რომელიღაც ღვთაებამ უბოძა ადამიანებს, მაგრამ სულისა და სხეულისთვის კი არა (ეს მხოლოდ სასხვათაშორისოდ) არამედ იმ მიზნით, რომ სიმამაცე და სიბრძნე ჩაენერგა ადამიანებისთვის, რათა ორივე ეს თვისება ჰარმონიულად შერწყმოდა ერთმანეთს, ხან მათი დაძაბვის, ხან კი მოშვების გზით, ვიდრე არ მიიღწეოდა, მათი სრული თანხმობა.

- როგორც ჩანს.

- მაშასადამე, ვინც ყველაზე უკეთ უხამებს ერთმანეთს გიმნასტიკურსა თუ მუსიკურ ხელოვნებას და როგორც ერთს, ისე მეორეს სათანადო თანაფარდობით უსადაგებს საკუთარ სულს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან უკვე მიაღწია სრულქმნილებას მუსიკურ ხელოვნებაში და უფრო ჰარმონიულ თანახმიერებასაც, ვიდრე იმან, ვინც სიმებს აწყობს.

- მართლაც ეგრეა, სოკრატე.

- ასე რომ, ჩვენს სახელმწიფოში, მისი წყობილების შესანარჩუნებლად, სწორედ ამნაირი აღმზრდელი დაგვჭირდება, გლავკონ.

- რა თქმა უნდა.

- აი, ასე გვესახება აღზრდისა და განსწავლის ძირითადი ნიმუშები. რას ვუკირკიტოთ იმას, თუ რანაირი უნდა იყოს ჩვენი მცველების ცეკვა, მათი ნადირობა მწევრებით თუ უმწევრებოდ, მათი ათლეტური შეჯიბრი, ცხენოსანთა თუ მეეტლეთა ასპარეზობა? ისედაც ნათელია, რომ ყოველივე ეს აღზრდის ძირითად ნიმუშებს უნდა ეხამებოდეს, და ახლა ძნელი როდია ამის მიკვლევა.

- მართლაც არაა ძნელი.

- მაშ, რაღა დაგვრჩა ამის შემდეგ განსახილველი? იქნებ, ის, თუ ჩვენს მოქალაქეთა შორის ვინ უნდა გასცემდეს ბრძანებებს, ან ვინ უნდა ასრულებდეს მათ?

- რა თქმა უნდა.

- ცხადია, რომ ბრძანებებს უნდა გასცემდნენ უხუცესნი, შესრულებით კი უმრწემესნი ასრულებდნენ.

- ცხადია.

- უხუცესთა შორის კი – ყველაზე უკეთესნი.

- ეგეც ცხადია.

- კი მაგრამ, მიწის მუშაკთა შორის განა ისინი არ არიან ყველაზე უკეთესნი, ყველაზე უკეთ რომ ამუშავებენ მიწას?

- დიახ.

- ახლა კი ესეც მითხარი: ვინაიდან მბრძანებელნი უკეთესნი უნდა იყვნენ ჩვენს მცველთა შორის, განა მათ ყველაზე მეტად არ უნდა შესწევდეთ სახელმწიფოს დაცვის უნარი?

- დიახ.

- ხოლო ამისათვის საჭიროა გამჭრიახობა, ძალმოსილება და დაუცხრომელი ზრუნვა სახელმწიფოს საკეთილდღეოდ.

- რა თქმა უნდა.

- ზრუნვით კი ყველა იმაზე უფრო ზრუნავს, რაც უფრო მეტად უყვარს.

- უცილობლად.

- ხოლო სიყვარულით ყველაზე მეტად მაშინ უყვარს, როცა დარწმუნებულია, რომ ის, რაც საქმეს რგებს, მისთვისაც სასარგებლოა, და მის წარმატებასა თუ მარცხს საქმის წარმატება ან წახდენა განაპირობებს.

- ეგრეა.

- მაშასადამე, მცველებს შორის უნდა ამოვარჩიოთ იმნაირი ხალხი, რომელიც, ჩვენი დაკვირვებით, თავისი ცხოვრების უმთავრეს მიზნად დაისახავდა დაუცხრომელ ზრუნვას სახელმწიფოს საკეთილდღეოდ და არასდიდებით არ დათანხმდებოდა, საზოგადო სიკეთის საზიანოდ ემოქმედა.

- აი, ეგენი იქნებოდნენ ნამდვილი მზრუნველნი.

- ჩემის აზრით, ყველა ასაკის ხალხში თვალი უნდა გვედევნებინა იმათთვის, ვინც განუხრელად დაიცავდა ამ წესს და ვერავითარი ცთუნება თუ ძალმომრეობა ვერ აიძულებდა უკუეგდო ან დაევიწყებინა ის აზრი, რომ საჭიროა იმის კეთება, რაც სახელმწიფოს რგებს.

- რას გულისხმობ, როცა ამბობ – »უკუეგდოო»?

- მოგახსენებ. მე ასე ვფიქრობ: ადამიანს შეიძლება აზრი თავიდან ამოუვარდეს ან მისი ნებით, ან მისდა უნებურად; მისი ნებით, თუ აზრი ყალბია და ადამიანი მის სიყალბეს ხვდება; მისდა უნებურად, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აზრი ჭეშმარიტია.

- გასაგებია, რანაირად ხდება ეს საკუთარი ნებით, მაგრამ როგორღა ხდება იგივე უნებურად, ეს კი აღარ მესმის.

- როგორ? განა შენც ჩემსავით არ გგონია, რომ ადამიანები თავისდა უნებურად კარგავენ იმას, რაც მათთვის სასიკეთოა, ხოლო იმას, რაც მათთვის ბოროტებაა, – საკუთარი ნებით? განა ბოროტება არაა მცდარად გესმოდეს ჭეშმარიტება, სიკეთე კი ის, რომ ჭეშმარიტი სახით აღიქვამდე იმას, რაც ჭეშმარიტია? განა სწორედ ამას არ ნიშნავს მართებული აზრი თუ წარმოდგენა გქონდეს ყოველივე არსებულზე?

- მართალს ბრძანებ; მეც მგონია, რომ ადამიანები თავისდა უნებურად კარგავენ ჭეშმარიტ აზრს თუ წარმოდგენას.

- ესე იგი, როცა მათ ქურდავენ, აჯადოებენ ან ძალმომრეობით თრგუნავენ.

- არც ახლა მესმის.

- როგორც ჩანს, ტრაგიკოსებივით ვლაპარაკობ. გაქურდულს მე ვუწოდებ იმას, ვინც საშუალება მისცა სხვებს, აზრი შეეცვლევინებინათ მისთვის, ან იმას, ვინც გულმავიწყია: ამ უკანასკნელს მისთვისვე უჩუმრად ქურდავს დრო, პირველს კი – სიტყვიერი საბუთი; ახლა ხომ გესმის?

- დიახ.

- ძალმომრეობით დათრგუნვილად ის მიმაჩნია, ვისაც ტანჯვა-წამებამ თუ მწუხარებამ შეაცვლევინა აზრი.

- მართალს ბრძანებ; მაგნაირებსაც ბევრს ვიცნობ.

- მოჯადოებულად კი, ალბათ, შენ თვითონვე აღიარებ იმას, ვისაც აზრს აცვლევინებს განცხრომის საცთური, ან ვიღაცის თუ რაღაცის შიში.

- როგორც ჩანს, ყოველივე ის, რასაც შეცდომაში შეჰყავს სული, კიდევაც აცთუნებს მას.

- ამრიგად, ჩემი წეღანდელი თქმისა არ იყოს, უნდა ვეძებოთ ის ხალხი, ვინც ყველაზე მტკიცედ იცავს საკუთარ აზრს და თავს მოვალედ თვლის აღასრულოს ყველაფერი, რაც სახელმწიფოსათვის ყველაზე მეტად სასარგებლოა. ამიტომ ბავშვობიდანვე უნდა ვცდიდეთ და სხვადასხვა საქმეს ვაკეთებინებდეთ მათ, იმავდროულად კი ვაკვირდებოდეთ, ვინ უფრო მალე ივიწყებს თავის მოვალეობას, ან ვის რა აცთუნებს; ამის შემდეგღა ვირჩევდეთ იმათ, ვისაც კარგი მეხსიერება აქვს და ვისი ცთუნებაც ძნელია, ხოლო ვინც ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ჩვენ არ გვჭირდება; ასეა, არა?

- დიახ.

- კიდევაც უნდა ვამუშაოთ, ვაომოთ და ჭირის ოფლი ვაწურვინოთ რათა ვნახოთ, ვინ როგორ გაუძლებს ამას.

- სწორია.

- მესამენაირი გამოცდაც უნდა მოვუწყოთ მათ, მე ვგულისხმობ გამოცდას ცთუნების საშუალებით, და ვნახოთ, ვინ როგორ გაუძლებს საცთურს. როგორც კვიცებს ერეკებიან ყიჟინით, რათა დარწმუნდნენ, მფრთხალები არიან თუ არა, ჩვენი ჭაბუკებიც ჯერ რაღაც საშინელებაში უნდა გამოვატაროთ, შემდეგ კი სასიამოვნო განცდით შევცვალოთ საშინელება, და ამრიგად, უფრო სასტიკი გამოცდის წინაშე დავაყენოთ ისინი, ვიდრე ოქროსა სცდიან ცეცხლით: ამნაირად გაირკვევა, შესწევთ თუ არა იმისი ძალა, რომ საცთურს გაუძლონ, მტკიცედ იცავენ თუ არა თავიანთ თავსაც და მუსიკურ ხელოვნებასაც რომელსაც დაუფლებიან, ყოველნაირ ვითარებაში უხამებენ თუ არა თავიანთ ქცევას ზომიერებას და ჰარმონიულობას და აქვთ თუ არა იმის უნარი, რომ რაც შეიძლება მეტი არგონ თავიანთ თავსაც და სახელმწიფოსაც. იმათ, ვინც ღირსეულად გაუძლო ამ გამოცდას ყველა ასაკში – ბავშვობაშიც, სიჭაბუკეშიც და მოწიფულობაშიაც, – სახელმწიფოს მმართველობასა და დაცვას მივანდობთ, უშურველ პატივს მივაგებთ არა მარტო სიცოცხლეში, არამედ სიკვდილის შემდეგაც, დიდებულ ძეგლებს ავუგებთ და ასე უკვდავყოფთ მათ ხსოვნას. ხოლო ისინი, ვინც ამ გამოცდის ჩაბარება ვერ შესძლო მმართველებად და მცველებად არ გამოდგებიან. წვრილმანებს რომ მოვეშვათ, გლავკონ, აი, როგორ უნდა მოხდეს ზოგადად მცველებისა თუ მმართველების შერჩევა, და როგორ უნდა გავამწესოთ ისინი თანამდებობებზე.

- მეც მგონია, რომ სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ.

- განა სრული უფლება არა გვაქვს, ჭეშმარიტად სრულყოფილნი გვეწოდებინა ამნაირი მცველებისათვის, რომლებიც გარეშე მტრებისგანაც დაიცავდნენ სახელმწიფოს და ქვეყნის შიგნითაც უზრუნველყოფდნენ თანხმობას და ერთსულოვნებას, რათა ზოგს საერთოდ არ აღძვროდა სიავის ჩადენის სურვილი, ზოგს ძალა არ ჰყოფნოდა საამისოდ. ხოლო ის ჭაბუკები, რომლებსაც ეს-ესაა მცველები ვუწოდეთ, მმართველთა თანამდგომნი და მათი გადაწყვეტილებების განმახორციელებელნი იქნებოდნენ.

- გეთანხმები.

- მაგრამ რანაირად შევძლებდით დაგვერწმუნებინა თვითონ მმართველნი და, თუ შესაძლო იქნებოდა, დანარჩენი მოქალაქენიც, ეღიარებინათ ერთი იმ კეთილშობილურ გამონაგონთაგანი, რომელნიც, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, ესოდენ აუცილებელნი არიან?

- მაინც რომელი გამონაგონი?

- ახალი კი არა, ძველისძველი, თვით ფინიკიელებისაგან რომ იღებს დასაბამს: უწინ ეს ბევრჯერ მომხდარა, როგორც გადმოგვცემენ პოეტები, და ხალხსაც სჯერა მათი, მაგრამ დღეს კი აღარა ხდება და, ალბათ, არც ოდესმე მოხდება; ასე რომ, ძნელი საქმეა, ვინმე დაარწმუნო ამაში.

- გეტყობა, თქმასაც ვერ ბედავ.

- როდესაც გეტყვი, ეს ჩემი გაუბედაობა სავსებით ბუნებრივი მოგეჩვენება.

- მითხარი, ნუ გეშინია.

- კეთილი, გეტყვი, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიკრიბო მხნეობა, ან რანაირი გამოთქმები მოვიშველიო. ვეცდები დავარწმუნო ჯერ მმართველები და მცველები, შემდეგ კი – დანარჩენი მოქალაქეებიც, რომ ყველაფერი, რაც მათთვის გადაგვიცია და გვისწავლებია, სხვა არა არის რა, თუ არა სიზმარი, სინამდვილეში კი ისინი თითქოს მიწის წიაღში ჩაისახნენ, იქვე იზარდნენ და ჩამოყალიბდნენ, – თვითონაც, მათი საჭურველიც და მთელი მათი აკაზმულობაც, – რის შემდეგაც დედამიწამ, მათმა მშობელმა, ამ ქვეყნად მოავლინა ისინი. ამიტომაც მართებთ, ისე ზრუნავდნენ თავიანთ სამშობლოზე, როგორც დედასა თუ ძიძაზე, მომხდურთაგან იცავდნენ მას და ისე ეპყრობოდნენ დანარჩენ მოქალაქეებს, როგორც მიწისგანვე შობილ ღვიძლ ძმებს.

- ტყუილად როდი გიმძიმდა, ეგ გამონაგონი გეამბნა ჩემთვის!

- დიახ, არცთუ უსაფუძვლოდ მიმძიმდა; მაგრამ, მოდი ამ არაკის დასასრულიც მოისმინე: თქვენ, ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქენო, ერთმანეთის ძმები ხართ, – ასე ვიტყოდით ამ არაკის თანახმად, – მაგრამ ღმერთმა, რომელმაც გამოგძერწათ, ზოგიერთ თქვენგანს, ვისაც მმართველობის უნარი შესწევს ოქრო შეურია დაბადებისას, ამიტომაც მათი ფასი არავინაა ამ ქვეყნად; მცველებს – ვერცხლი, ხოლო მიწის მუშებსა და ხელოსნებს – სპილენძი და რკინა. დაბადებითვე ერთმანეთის თვისტომნი ხართ, მაგრამ უპირატესად თქვენსავე მსგავსთა ბადებთ, თუმცა ზოგჯერ ისედაც ხდება, რომ ოქროს მოდგმა ვერცხლის ნაშიერთ აძლევს დასაბამს, ვერცხლისა კი – ოქროსას; იგივე ითქმის დანარჩენთა მიმართაც. მმართველებისაგან ღმერთი მოითხოვს, უმეტესად და უწინარეს ყოვლისა, თავგამოდებით იცავდნენ თავიანთ ნაშიერთ, დაუცხრომლად ზრუნავდნენ მათზე და, იმავდროულად, აკვირდებოდნენ, ვის რა მინარევი აქვს სულში: თუ ყრმას სპილენძის ან რკინის მინარევი დაჰყვება თან, არავითარი სიბრალული არ უნდა გამოიჩინონ მის მიმართ, არამედ ისე მოეპყრან, რანაირ მოპყრობასაც იმსახურებს თავისი ბუნებრივი მონაცემებით, ესე იგი, ხელოსნებსა თუ მიწის მუშებს მიაკუთვნონ იგი; ხოლო ვინც ვერცხლის ან ოქროს მინარევით დაიბადება, სათანადო პატივი მიაგონ და მცველებად თუ მეომრებად განამწესონ ისინი, რადგან, ერთი წინასწარმეტყველებისა არ იყოს, სახელმწიფო დაიღუპება, თუ მას რკინა ან სპილენძი იცავს. ახლა მითხარი თუ გეგულება რაიმე საშუალება, რომ ეს არაკი ვარწმუნებინოთ ხალხს?

- არავითარი, თვით იმ თაობას რომ ვარწმუნებინოთ, რომელზედაც შენ ლაპარაკობ, მაგრამ იქნებ მათმა შვილებმა თუ შვილიშვილებმა მაინც ირწმუნონ

- ეგეც კი საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რომ მოქალაქეებს მეტი მზრუნველობა გამოეჩინათ როგორც სახელმწიფოს, ისე ერთურთის მიმართაც: დაახლოებით, აი, ასე მესმის შენი სიტყვები. მაგრამ, დაე, ჩვენმა არაკმა იმ გზით იაროს, საითაც მას წაიყვანს მითქმა-მოთქმა. ჩვენ კი შევაიარაღოთ დედამიწის ეს ნაშიერნი და მათთან ერთად გავწიოთ წინ მმართველთა წინამძღოლობით. მოვიდნენ და ამ ჩვენს სახელმწიფოში ამოირჩიონ ადგილი, სადაც შეიძლება დასცენ ბანაკი, რათა უკეთ შესძლონ მორჩილებაში იყოლიონ ის მოქალაქენი, რომელნიც არ ისურვებენ დაემორჩილონ კანონს, და, იმავდროულად, მოიგერიონ მტერიც, თუ ისე დაგვესხმის თავს, როგორც მგელი – ფარას. დაბანაკებისა და სათანადო მსხვერპლშეწირვის შემდეგ კი, დაე, თავიანთი კარვების გაშლას შეუდგნენ. ასე უნდა მოიქცნენ, არა?

- რა თქმა უნდა.

- კარვებისა, რომლებიც ზამთრის ყინვისგანაც დაიფარავს მათ და ზაფხულის სიცხისაგანაც.

- ცხადია; როგორც ჩანს, მათ დაბინავებაზე ლაპარაკობ.

- ჰო, მაგრამ საქმე მეომართა ბინებს ეხება და არა ვაჭრებისას.

- ვითომ რა განსხვავებაა?

- ვეცდები აგიხსნა: ყველაზე დიდი სიმახინჯე და საშინელება ისაა როცა მწყემსები იმნაირად ზრდიან ფარის მოდარაჯე ქოფაკებს, რომ ისინი, ურჩობის, შიმშილისა თუ რაღაც უკეთური ჩვეულების გამო, თვითონვე გლეჯენ ცხვრებს და, ამრიგად, ქოფაკებს კი აღარ ჰგვანან, არამედ – მგლებს.

- მართლაც რომ საშინელებაა.

- ამიტომ ყოველნაირი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ჩვენი მცველები ასევე არ ეპყრობოდნენ მოქალაქეებს და, თავიანთი მძლეთამძლეობისა თუ კეთილმოწყალე მფარველთა იმედით, მძვინვარე მოძალადეებს არ დაემგვანონ.

- რა თქმა უნდა, ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ.

- მაგრამ ყველაზე უკეთესი საშუალება ის იქნებოდა, რომ წესიერად აღგვეზარდა ისინი.

- როგორ? ნუთუ აღზრდა აკლიათ?

- მოდი, ნუ დავიჩემებთ მაგას, ჩემო ძვირფასო გლავკონ; ერთადერთი, რაც შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, ისაა, ახლახან რომ მოგახსენე: წესიერად უნდა აღვზარდოთ-მეთქი ისინი, სულერთია, რანაირიც არ უნდა იყოს ეს აღზრდა, რათა უკიდურესად ლმობიერნი იყვნენ როგორც ერთურთის, ისე დანარჩენთა მიმართაც, რომელთა დაცვაც ვალად ადევთ.

- მართალი ხარ.

- გარდა სათანადო აღზრდისა, საღი აზრი გვკარნახობს ისე დავაბინაოთ და იმნაირი პირობები შევუქმნათ მათ, რომ არაფერმა შეუშალოთ ხელი თავიანთი მოვალეობის აღსრულებისას, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველაზე უკეთესი მცველები იყვნენ და არავითარ ზიანს არ აყენებდნენ თავიანთ თანამოქალაქეებს.

- დიახ, საღი აზრი სწორედ მაგას გვკარნახობს.

- მაშ, დაუკვირდი, თუ გვინდა, რომ ღირსეულად მოიხადონ თავინთი ვალი, აუცილებელია თუ არა, ისე დავაბინაოთ და იმნაირი პირობები შევუქმნათ მათ, როგორც მე გეუბნები. ჯერ ერთი არცერთი მათგანი არ უნდა იყოს რაიმე კერძო საკუთრების მფლობელი, გარდა იმ საგნებისა, რომლებიც აუცილებელია ყოველი ჩვენგანისათვის. მეორეც, არცერთს არ უნდა ჰქონდეს იმნაირი საცხოვრისი თუ სათავსი, სადაც ვერ შეაღწევდა ნებისმიერი სხვა მოქალაქე. რაც შეეხება თავდაჭერილი და მამაცი მეომრებისათვის საკმარის სარჩოს, მას თავიანთი სამსახურის საზღაურად უნდა იღებდნენ დანარჩენი მოქალაქეებისაგან, ისე, რომ არც შემოაკლდეთ და არც მოსჭარბდეთ მთელი წლის განმავლობაში. ისევე, როგორც ლაშქრობისას, ისინი ერთად უნდა ცხოვრობდნენ და ერთადვე ჭამდნენ პურსაც. ოქრო-ვერცხლზე კი მათ უნდა ვუთხრათ, რომ სულში ყოველთვის უბრწყინავთ ღვთივბოძებული ოქრო, ასე რომ, კაცთაგან ბოძებული ოქრო აღარ სჭირდებათ, და, ეგეც არ იყოს, მკრეხელობა იქნებოდა მიწიერი ოქროთი შეებღალათ ღვთიური ოქრო, რომელიც ყოველთვის წმინდაა და შეურევნელი, მაშინ როდესაც მიწიერი ოქრო ურიცხვი უწმინდურებისა თუ დანაშაულის წყაროდ გვევლინება. მოქალაქეთა შორის მხოლოდ მათ ეკრძალებათ არა მარტო ოქრო-ვერცხლის ფლობა, არამედ, თვით მათი შეხებაც, იმ ჭერქვეშ ყოფნა, სადაც ოქრო-ვერცხლს ინახავენ და ოქროსა თუ ვერცხლის სასმისებით სმაც. მხოლოდ ესაა როგორც თვით მათი, ისე სახელმწიფოს ხსნის ერთადერთი საწინდარიც და საშუალებაც. რადგანაც საკმარისია საკუთარი ადგილ-მამულის, სახლ-კარისა თუ ოქრო-ვერცხლის მფლობელნი გახდნენ, რომ მცველები კი აღარ იქნებიან, არამედ მხვნელ-მთესველნი და მესაკუთრენი, ასე რომ, დანარჩენ მოქალაქეთა თანამდგომებად კი არა, მათ მტრებად და მრისხანე მბრძანებლებად მოგვევლინებიან. სხვათა მოძულენი და სხვებისგან მოძულებულნი, სხვათა მგმობელნი და სხვებისაგან გმობილნი მთელი თავიანთი დღე და მოსწრება თავს ვერ დააღწევენ შიშსა და ძრწოლას, ხოლო მათი შიშის მიზეზი შინაური მტერი უფრო იქნება, ვიდრე გარეშე მომხდური, ასე რომ, ადრე თუ გვიან, უფსკრულში გადაიჩეხებიან და სახელმწიფოსაც თან გადაიყოლებენ.

      აი, ყოველივე ამის გამო გითხარი, რომ სათანადოდ უნდა მოვაწესრიგოთ და დავაკანონოთ კიდეც ჩვენი მცველების ყოფა-ცხოვრება; ან, იქნებ, არ მეთანხმები?

- გეთანხმები, – მითხრა გლავკონმა.

     

      შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მესამე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური.

     

ტეგები: Qwelly, დიალოგი, პლატონი, სამართალი, სახელმწიფო, სოკრატე, ფილოსოფია, ქველი

ნახვა: 500

გამოხმაურებები!

აუცილებლად შემოვამატებთ, ფედონს, მენონს, იონს და სხვა დიალოგებს.

Kakha_მ თქვა:

თუ მოხერხდება რომ სხვა დიალოდებიც დადოთ! )) (ფედონი, მენონი...)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters