რენე დეკარტი - მეტაფიზიკური მედიტაციები 

მეხუთე მედიტაცია 

რენე დეკარტი, დეკარტე, მეტაფიზიკა, მედიტაცია, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

მატერიალურ საგანთა არსის შესახებ კვლავ ღმერთის არსებობის დადასტურება 

      გამოსაკვლევი მრჩება მრავალი საკითხი, რომელიც ეხება ღმერთის ატრიბუტებსა და ჩემს საკუთარ ბუნებას, ე. ი. ჩემი გონისას; მაგრამ მათ განხილვას, ალბათ, სხვა დროს დავუბრუნდები. ამჟამად კი, მას შემდეგ, რაც შევნიშნე, რას უნდა მოვერიდო და რა გავაკეთო ჭეშმარიტების მისაღწევად, ყველაზე არსებითად მეჩვენება განთავისუფლება ეჭვებისაგან, რომლებიც ამ ბოლო დღეებში დამეუფლა; ასევე, არსებითია, შესაძლებელია თუ არა რაიმე უტყუარის ცოდნა მატერიალური საგნების შესახებ. ვიდრე გავარკვევდე არსებობს თუ არა ამგვარი, ჩემ მიღმა არსებული საგნები, უნდა შევეხო მათ იდეებს, რაკი ეს უკანასკნელნი აღბეჭდილან ჩემს აზროვნებაში. ამ გზით გამოჩნდება თუ რომელია მათ შორის გარკვეული და რომელი - ბუნდოვანი.

      ცხადია, გარკვევით წარმოვიდგენ სიდიდეს, რასაც ფილო სოფოსები, ჩვეულებრივ, უწოდებენ უწყვეტ სიდიდეს ანუ განფენილობას სიგრძეში, სიგანეში და სიღმეში, რომელსაც შეიცავს ეს სიდიდე, ან ამ სიდიდის მქონე საგანი. ამ უკანასკნელში მე ვითვლი სხვადასხვა ნაწილს; მათგან თითოეულს მივაწერ ნებისმიერ სიდიდეს, ფიგურას, მდებარეობას, სასურველ ლოკალურ მოძრაობას, ხოლო თითოეულ ამ მოძრაობას - ნებისმიერ ხანგრძლივობას.

      და ამ გზით, ზოგადად განხილული საგნების შესახებ ვიღებ არა მხოლოდ გამჭვირვალე, ბოლომდე ცხად ცოდნას, არამედ, თუ მეტ ყურადღებას ვიჩენ, ვიღებ უამრავ კერძო პერცეფციას ფორმის, რიცხვის, მოძრაობისა და სხვა მისთანათა შესახებ. ამ უკანასკნელთა ჭეშმარიტება იმდენად ცხადია და ისე ეთანადება ჩემს ბუნებას, რომ მათი აღმოჩენისას მგონია, რაიმე ახალს კი არ ვიგებ, არამედ, უმალ, ვიხსენებ იმას, რაც ადრე უკვე ვიცოდი; მეჩვენება, თითქოს პირველად ვაპყრობდე მზერას საგნებს, რომლებიც, ცხადია, დიდი ხანია არსებობდნენ ჩემში, თუმცა ჩემი გონითი მზერა ჯერ კიდევ არ იყო მათკენ მიპყრობილი.

      ის, რაც აქ ყველაზე უწინ უნდა განვიხილო, გახლავთ შემდეგი: ჩემში ვპოულობ ცნობილი საგნების უამრავ იდეას, რომლებიც შეუძლებელია იყოს არარა. შესაძლოა, ისინი არც არსებობენ ჩემი აზროვნების მიღმა და არც ჩემი გამოგონილნი არიან. მართალია, მე თავისუფალი ვარ მათ მოაზრება-არმოაზრებაში, მაგრამ ამ საგნებს აქვს თავიანთი საკუთარი ჭეშმარიტი და მყარი ბუნება. როდესაც მე წარმოვიდგენ, მაგალითად, სამკუთხედს: თუმცა ამგვარი ფიგურა, შესაძლოა, არც არსებობს და არც არასოდეს არსებულა სამყაროში ჩემი აზროვნების გარეთ, მაგრამ, რომ უდავოდ არსებობს რაღაც გარკვეული უცვლელი და დადგენილი ბუნება, ან არსი ან მისი განსაზღვრული ფორმა, რაც ჩემი გამოგონილი არ არის და არც ჩემ გონზეა /ლ ’ ესპრიტ/ დამოკიდებული, ამას ცხადყოფს შემდეგი: შეიძლება დამტკიცდეს ამ სამკუთხედის სხვადასხვა თვისება, კერძოდ: რომ მისი სამი კუთხე ტოლია ორი მართისა, რომ დიდი კუთხის მოპირდაპირეა დიდი გვერდი და სხვა მისთანანი, რომელთაც ამჟამად - მსურს ეს მე, თუ არა - ნათლად შევიცნობ სამკუთხედში არსებულ ნიშნებად. თუმცა, ადრე, როდესაც სამკუთხედს წარმოვიდგენდი, არასოდეს ვფიქრობდი ამ თვისებებზე და ამრიგად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ისინი ჩემი გამოგონილია.

      არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვიტყვი, რომ სამკუთხედის ეს იდეა ჩემში შემოვიდა გარე საგნებიდან გრძნობის ორგანოების მეშვეობით იმიტომ, რომ ხანდახან ვნახულობდი სამკუთხედის ფორმის სხეულებს. რადგან მე შემიძლია, გონებაში წარმოვიდგინო უამრავი სხვა ფიგურა, რომლებიც მცირეოდენ ეჭვსაც არ იწვევს, რომ არასოდეს აღუქვამთ ჩემს გრძნობებს ისინი და, მაინც, შემიძლია დავადასტურო მათი ბუნების სხვადასხვა თვისება ისევე კარგად, როგორც სამკუთხედისა. ეს თვისებები, ცხადია, ყველა ჭეშმარიტია, რაკი მათი ნათლად გაგება შემიძლია. მაშასადამე, ისინი წარმოადგენენ რაღაც არსებულს და არა წმინდა არარაობას; ცხადია, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია წარმოადგენს რაღაცას და ისიც საკმაოდ ცხადად დავადასტურე, რომ ყველაფერი, რასაც ნათლად შევიცნობ, ჭეშმარიტია. ეს რომ არ დამედასტურებინა, ჩემი გონების ბუნების წყალობით, მაინც ვერ მივცემდი საკუთარ თავს ნებას, ისინი არ მეღიარებინა ჭეშმარიტად, ყოველ შემთხვევაში იმდენ ხანს მაინც, ვიდრე მე ისინი მიმაჩნდა ნათლად. მახსენდება, მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ ძლიერ შეზღუდული ვიყავი გრძნობადი ობიექტებით, ყველაზე უტყუარ ჭეშმარიტებად მიმაჩნდა ის, რაც ცხადად მესმოდა ფიგურათა, რიცხვთა და სხვა მსგავს საგანთა შესახებ არითმეტიკის, გეომეტრიის ანუ ზოგადად იმის ირგვლივ, რაც წმინდა და აბსტრაქტულ მათემატიკას განეკუთვნება.

      ახლა, მხოლოდ ჩემი აზროვნებიდან თუ შემიძლია მივიღო რაიმე სუბსტანციის იდეა; აქედან ხომ არ გამომდინარეობს ის, რომ ყოველივე, რასაც შევიცნობ ნათლად და გარკვევით როგორც ამ სუბსტანციის კუთვნილებას, მართლაც მას ეკუთვნის? აქედანვე ხომ არ მიიღება ისეთი არგუმენტი, რომელიც ღმერთის არსებობას ადასტურებს? ცხადია, ღმერთის - ამ უაღრესად სრულყოფილი არსების - იდეა იმაზე მკრთალად როდი არსებობს ჩემში, ვიდრე ნებისმიერი ფიგურისა, თუ რიცხვის იდეა, მისი ბუნების მარადი არსებობის იდეასაც ნაკლებ ნათლად და გარკვევით როდი შევიცნობ, ვიდრე რომელიმე ფიგურის ან რიცხვის მიმართ ჩემ მიერ დადასტურებულ თვისებას, როგორც მისი ბუნების კუთვნილებას. ასე რომ, თუ ყოველივე ის, რაც მე ამ ბოლო დროს მედიტაციით დავადგინე, იქნება მცდარი, ღმერთის არსებობის ჭეშმარიტება მაინც უეჭველობით უნდა დამკვიდრებულიყო ჩემში, როგორც ეს ახასიათებდა მათემატიკურ ჭეშმარიტებებს.

      ცხადია, ერთი შეხედვით, ეს მთლად ცხადად არ გვეჩვენება და უფრო სოფიზმს ჰგავს. მე, მართლაც, შევეჩვიე ყველა საგანში არსების განცალკევებას არსებობისაგან და იოლად ვრწმუნდები, რომ არსებობა შეიძლება გამიჯნული იყოს ღმერთის არსებისაგან და ამით უზენაესი შეიძლება მოაზრებული იქნას როგორც არარსებული. მაგრამ უფრო მეტი გულისყურია საჭირო და აშკარა გახდება, რომ არსებობა არ შეიძლება განვაცალკევოთ ღმერთის არსებისაგან ისევე, როგორც სამკუთხედის არსებისაგან არ შეიძლება გამოვყოთ მის კუთხეთა ჯამის ტოლობა ორი მართისადმი, ან მთის იდეა განვაცალკევოთ ბარის იდეისაგან. ისევე წინააღმდეგობრივია ღმერთის, ანუ უაღრესად სრულყოფილი არსების, მოაზრება არსებობის ე. ი. ერთ-ერთი სრულყოფილების გარეშე, როგორც მთის მოაზრება ბარის გარეშე.

      მაგრამ დავუშვათ, მართლაც, არ შემიძლია ღმერთის მოაზრება არსებობას მოკლებულად, ისევე, როგორც მთისა ბარის გარეშე; მაინც იმის საფუძველზე, რომ მე მოვიაზრებ მთას ბართან ერთად არ გამომდინარეობს, რომ ქვეყნად არსებობს რაიმე მთა. ზუსტად ასევე, რაკი მე მოვიაზრებ ღმერთს როგორც არსებულს, არ გამომდინარეობს ის, რომ იგი არსებობს. ჩემი აზროვნება არაფერს ავალდებულებს საგნებს. თუკი შემიძლია წარმოვიდგინო ფრთოსანი ცხენი, თუმცა ცხენს ფრთები საერთოდ არა აქვს ასევე, ჩანს, შემიძლია ფიქტიური არსებობა მივაწერო ღმერთს, თუნდაც არავითარი ღმერთი არ არსებობდეს. მაგრამ არა! სწორედ აქ იმალება ერთგვარი სოფიზმი. დავუკვირდეთ: იქიდან, რომ მე არ შემიძლია მოვიაზრო მთა ბარის გარეშე, არ გამომდინარეობს ის, რომ ამქვეყნად არსებობს რაიმე მთა და რაიმე ბარი, არამედ აშკარა ხდება მხოლოდ ის, რომ მთა და ბარი - მიუხედავად იმისა, არსებობენ ისინი თუ არა - განუყოფელია ერთმანეთისაგან; ხოლო იქიდან, რომ მე არ შემიძლია მოვიაზრო ღმერთი სხვაგვარად, თუ არა არსებულად, გამომდინარეობს არსებობის განუყოფელობა ღმერთისაგან; მაშასადამე, იგი არსებობს სინამდვილეში და არა ჩემი აზროვნების ნებით ან იმით, რომ ეს აზროვნება აკისრებს რაიმე არსებულს რაღაც აუცილებლობას. პირიქით, თავად აუცილებლობა არსებულისა, ე. ი. ღმერთის არსებობისა, იწვევს ჩემში ამგვარ აზრს. მე, მართლაც, არ ვარ თავისუფალი ღმერთი მოვიაზრო არსებობის გარეშე (ე. ი. უაღრესად სრულყოფილი არსებისა - უმაღლესი სრულყოფილებიგარეშე), სამაგიეროდ თავისუფლად შემიძლია წარმოვიდგინო ფრთოსანი, ან არაფრთოსანი ცხენი.

      აქ არც უნდა ითქვას, რომ მე უეჭველად უნდა ვაღიარო ღმერთის არსებობა მას შემდეგ, რაც დავუშვი, რომ მას აქვს ყველა სრულყოფილება, რადგან არსებობა თავად არის ერთ-ერთი სრულყოფილებათაგანი, მაგრამ ამ პირველი ვარაუდის დაშვება არ იყო აუცილებელი, ისევე როგორც არ არის აუცილებელი იმის მოაზრება, რომ ყველა ოთხგვერდა ფიგურა შეიძლება ჩაიხაზოს წრეში. რაკი ერთხელ დავუშვებთ ამ აზრს, უკვე იძულებული ვხდები, ვაღიარო, რომ რომბი შეიძლება წრეში ჩაიხაზოს, რაც აშკარა მცდარობაა. მაგრამ, მართლაც, რომ დავუშვა, რომ არ იყო აუცილებელი ოდესმე ღმერთის იდეა გამჩენოდა, მაინც ყოველთვის, როდესაც მიწევს ფიქრი უპირველესი და უზენაესი არსების შესახებ, ან მისი იდეის გამოხმობა მოხდება, ასე ვთქვათ, ჩემი გონების საგანძურიდან, აუცილებლად მივაწერ მას ყველა სრულყოფილებას, თუნდაც ისინი არ ჩამოვთვალო და ყურადღება არ გავამახვილო თითოეულ მათგანზე. ეს აუცილებლობა სავსებით საკმარისია, რათა შემდეგში - როგორც კი შევიცნობ რომ არსებობა სრულყოფილებაა, გამოვიტანო სრულიად მართებული დასკვნა, რომ უპირველესი და უზენაესი არსება არსებობს; ასევე, არ არის აუცილებელი, რომ წარმოვიდგინო რაიმე სამკუთხედი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც მსურს განვიხილო წრფივი ფიგურა, რომელსაც მხოლოდ სამი კუთხე აქვს, აუცილებელია მას მივაწერო ყოველივე ის, რის საფუძველზეც სრულიად მართებულია დასკვნა: მისი სამი კუთხე არ აღემატება ორ მართს, თუმცა, შესაძლოა, ამ დროს ამ კერძო თვისებას არც განვიხილავდე. მაგრამ როდესაც ვიკვლევ, რომელი ფიგურები შეიძლება ჩაიხაზოს წრეში, სრულიადაც არ ვიტეხ თავს, რომ მათ რიცხვს მიეკუთვნება ყველა ოთხგვერდა ფიგურა; პირიქით, მე არც კი მიხდება რაიმე სხვა აზრის გამოგონება, ვიდრე თვითონ არ დავუშვებ რაიმეს, რასაც ვერ გავიგებ ნათლად და გარკვევით. მაშასადამე, ასეთ მცდარ დაშვებებსა და ჩემში თანდაყოლილ ჭეშმარიტ იდეებს შორის სხვაობა დიდია; ამ იდეათაგან პირველი და მთავარი არის ღმერთის იდეა, ვინაიდან მე მრავალი უტყუარი საბუთი მაქვს იმის დასადასტურებლად, რომ იგი (ეს იდეა) არ არის ჩემ აზროვნებაზე დამოკიდებული ფიქტიური რამ, არამედ არის ხატება ჭეშმარიტი და უცვლელი ბუნებისა. ნათქვამის ნათელსაყოფად, ჯერ ერთი, ღმერთის გარდა მე არ შემიძლია მოვიაზრო არც ერთი სხვა არსებული, რომლის არსებასაც გააჩნია არსებობა; შემდეგ, რადგან მე არ შემიძლია მოვიაზრო მისი მსგავსი ორი, ან მრავალი ღმერთი და რაკი ერთხელ ვირწმუნე, რომ არსებობს ერთად ერთი ღმერთი, ცხადად ვხედავ, რომ აუცილებელია იგი არსებულიყო დასაბამიდან და იარსებოს უკუნისამდე. დაბოლოს, ღმერთში ვიაზრებ მრავალ სხვა რამეს, რომელთაგანაც არც არაფრის მოკლება შემიძლია და არც რაიმეს შეცვლა.

      მაგრამ რა მამტკიცებელი საბუთებითაც არ უნდა ვსარგებლობდე, მაინც ყოველთვის უნდა დავუბრუნდე შემდეგს: მხოლოდ ის მარწმუნებს სრულად, რასაც ნათლად და გარკვევით შევიმეცნებ. ცხადია, ამგვარად შეცნობილი პერცეფციებიდან ზოგი ყველასათვის ნათელია, ზოგსაც მხოლოდ ისინი შეიმეცნებენ, ვინც უფრო ახლოს განიხილავს და გულდასმით გამოიკვლევს მათ. და მაინც, ეს უკანასკნელნი, რაკი იქნებიან აღმოჩენილნი, ყველასათვის ნათელ პერცეფციებზე ნაკლებ ჭეშმარიტად არ მიიჩნევიან. მაგალითად, ის რომ მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის კვადრატი ტოლია კათეტების კვადრატთა ჯამისა, ეს თვისება არც ისე იოლი შესამჩნევია, როგორც ის, რომ ჰიპოტენუზა მდებარეობს ყველაზე დიდი კუთხის პირდაპირ; რაკი იგი ერთხელ გახდა ნათელი, მისი ჭეშმარიტებაც ასევე უეჭველია. რაც შეეხება ღმერთს, რომ არ ვყოფილიყავი ცრურწმენების ტყვე ობაში და ჩემი გონება არ ყოფილიყო ყოველი მხრიდან გრძნობადი საგნების ხატების ალყაში, ცხადია, არ მოიძებნებოდა არც ერთი ისეთი არსებული, რომელსაც ღმერთზე უფრო უწინ და უფრო იოლად შევიცნობდი. ნუთუ არსებობს რაიმე თავისთავად უფრო ცხადი, ვიდრე ის, რომ უზენაესი არსება ე. ი. ღმერთი, ერთადერთი, რომლის არსებასაც აქვს არსებობა, თავადაც არის, არსებობს? ეს ყველაფერი როდია; თუმცა ამ ჭეშმარიტების შესაცნობად დიდი გულისხმევა დამჭირდა. ამჟამად არა მხოლოდ დარწმუნებული ვარ ღმერთის არსებობის ჭეშმარიტებაში ისევე, როგორც, ჩემი აზრით, ყოველივე უტყუარში, არამედ აშკარად ვხედავ შემდეგს: ყველა სხვა საგნის ჭეშმარიტებაც იმდენადაა მასზე დამოკიდებული, რომ ამ ცოდნის გარეშე შეუძლებელია ოდესმე რაიმეს სრულყოფილად ცოდნა.

      მართალია, ჩემი ბუნებით არ შემიძლია ჭეშმარიტად არ ვირწმუნო ის, რასაც ძალზე ნათლად და გარკვევით შევიცნობ; მაგრამ ჩემივე ბუნებით არ შემიძლია გონითი მზერის განუწყვეტლივ მიპყრობა ერთსა და იმავე საგანზე მის ნათლად გასაგებად; ასევე, მახსენდება, ხშირად მივიჩნევდი ხოლმე რაიმე საგანს ჭეშმარიტად მაშინაც, როდესაც აღარ განვიხილავდი ამ ჭეშმარიტების მამტკიცებელ საბუთებს, ამასობაში სხვა საბუთებიც გამოჩნდებოდა ხოლმე, რომელთაც შეეძლოთ, ჩემთვის ძალზე იოლად შეეცვლევინებინათ აზრი, მე რომ ღმერთის არსებობა არ მცოდნოდა. ამგვარად, უამისოდ, არასოდეს არც ერთ საგანზე არ მექნებოდა ჭეშმარიტი და უტყუარი ცოდნა, ვიქნებოდი მხოლოდ ზერელე, მერყევი და ცვალებადი შეხედულებების ამარა. მაგალითად, როდესაც სამკუთხედის ბუნებას განვიხილავ, მე - გეომეტრიის პრინციპებში გათვითცნობიერებულმა - ძალზე ცხადად ვიცი, რომ მისი სამი კუთხე ტოლია ორი მართისა და ვიდრე ჩემი ყურადღება მიპყრობილია ამის დასაბუთებაზე, ამ დებულების ჭეშმარიტებაც მწამს, მაგრამ როგორც კი მას მოვაშორებ გონით მზერას, მართალია, მეხსომება, რომ ძალზე ნათლად გავიგე ეს დასაბუთება, მაინც შეიძლება იოლად დავეჭვდე მის ჭეშმარიტებაში, თუ არ მეცოდინება ღმერთის არსებობა. რადგან შემიძლია, საკუთარი თავი დავარწმუნო, რომ ჩემი ბუნების გამო ვცდები ადვილად იმ საგნებშიც, რომლებიც შეძლებისდაგვარად ყველაზე დიდი სიცხადით შეცნობილი მგონია, განსაკუთრებით თუ ვიხსენებ რა ხშირად მივიჩნევდი მრავალ რამეს ჭეშმარიტად და უტყუარად, რომელთაც შემდეგში სხვა საფუძველთა გამო ვაღიარებდი მცდარად.

      მაგრამ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი ღმერთის არსებობაში და იმავდროულად ისიც გავიგე, რომ ყოველივე დანარჩენი დამოკიდებულია მასზე, რომ იგი არ არის მატყუარა, გამოვიტანე დასკვნა: ყველაფერი, რასაც ნათლად და გარკვევით შევიცნობ, უცილობლად ჭეშმარიტია, თუნდაც ყურადღებას აღარ ვაქცევდე მათი ბუნების ჭეშმარიტების ნათელმყოფელ საბუთებს, ოღონდ კი მახსოვდეს, რომ იგი ნათლად და გარკვევით გავიგე, შეუძლებელია მოტანა რაიმე საპირისპირო საბუთისა, რომელიც მასში (ნათლად და გარკვევით შეცნობილში) დამაეჭვებდა. მაშასადამე, მის შესახებ, მართლაც, ჭეშმარიტი და უტყუარი ცოდნა მაქვს; და არა მხოლოდ მის შესახებ, არამედ ყოველივე იმის შესახებაც, რაც ერთხელ უკვე დავადგინე, მაგალითად, გეომეტრიის ჭეშმარიტებათა მიმართ. ახლა, მართლაც, რა შეიძლება დამიპირისპირონ? ის, რომ შექმნილი ვარ ისეთად, ვინც ხშირად ცდება? მაგრამ ამიერიდან ხომ უკვე ვიცი, რომ არ შემიძლია შევცდე იმაში, რაზეც მაქვს ცხადი ცოდნა. ის, რომ ოდესღაც ჭეშმარიტად და უტყუარად მივიჩნევდი მრავალ რაიმეს, შემდეგში რომ ვაღიარე მათი მცდარობა? ვუპასუხებ: არც ერთ მათგამზე არ მქონდა ნათელი და გარკვეული პერცეფცია და რაკი ჯერ კიდევ არ ვიცოდი ჭეშმარიტების შეცნობის ზემოთ განხილული წესი, ალბათ, დავიჯერე გარკვეული საბუთების საფუძველზე, შემდეგში კი აღმოვაჩინე, რომ მათ არ გააჩნდათ იმდენი სიმტკიცის ძალა. კიდევ რა შეიძლება თქვან ჩემ საწინააღმდეგოდ? ის, რომ ზმანებებისათვის ვერ დამიღწევია თავი - ამას ხომ თავად ვედავებოდი საკუთარ თავს ცოტა ხნის წინ - ე. ი. ყოველივე ის, რასაც ამჟამად ვფიქრობ, არ არის უფრო ჭეშმარიტი, ვიდრე სიზმრისეული ზმანებებია? კიდეც რომ მეძინოს, ეს არაფერს ცვლის; რადგან ყველაფერი, რაც ჩემს გონებას ძილის დროსაც ცხადად წარმოუდგება, აბსოლუტურად ჭეშმარიტია.

      ამგვარად, ჩემთვის სავსებით ნათელია, რომ ყოველი ცოდნის უტყუარობა და უეჭველობა იმდენად დამოკიდებულია მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებაზე, რომ ვიდრე მას არ შევიცნობდი, არც ერთი საგანი არ შემეძლო გამეგო სრულყოფილად. ამჟამად კი შემიძლია ვეზიარო სავსებით უტყუარ ცოდნას არა მხოლოდ თავად ღმერთისა და სხვა გონითი საგნებისა, არამედ, ასევე, ნებისმიერი სხეულებრივი ბუნების შესახებაც, რაც წმინდა მათემატიკის საგანია.

« მედიტაცია მეოთხე

მედიტაცია მეექვსე »

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მატერია, მედიტაცია, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ღმერთი

ნახვა: 802

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters