მატერიალურ საგანთა არსებობისა და ადამიანის გონსა და სხეულს შორის სხვაობის შესახებ

რენე დეკარტი - მეტაფიზიკური მედიტაციები

მეექვსე მედიტაცია

რენე დეკარტი, დეკარტე, მეტაფიზიკა, მედიტაცია, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

მატერიალურ საგანთა არსებობისა და ადამიანის გონსა და სხეულს შორის რეალური სხვაობის შესახებ

      ახლა განსახილველია არსებობს თუ არა მატერიალური საგნები; ყოველ შემთხვევაში უკვე ის მაინც ვიცი, რომ როგორც წმინდა მათემატიკის საგანს, მე მათ შევიცნობ ნათლად და გარკვევით. ეჭვგარეშეა, რომ ღმერთის უნარის შეწევნით წარმოიქმნება ყოველივე ის, რისი ასე გარკვევით შეცნობის უნარიც მე მაქვს. აზრი, რომ ღმერთს არ შეუძლია რაიმე საგნის შექმნა, მიჩნდებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ წინააღმდეგობის გარეშე არ შემეძლო გარკვევით საგნის შეცნობა.

      გარდა ამისა, მატერიალური საგნების არსებობაში მე შეუძლია დამარწმუნოს ჩემში არსებულმა წარმოდგენის უნარმა, რომლითაც ვსარგებლობ მატერიალური საგნების განხილვისას, რაც დასტურდება ცდით. მართლაც, ყურადღებით თუ განვიხილავ, რა არის წარმოდგენა, აღმოჩნდება რომ იგი სხვა არაფერია, თუ არა შემეცნებითი უნარის გარკვეული გამოყენება სხეულის მიმართ, რომელიც უშუალოდ წარმოუდგება მას და მაშასადამე, არსებობს.

      ეს რომ ცხადი გავხადო, თავდაპირველად განვიხილავ სხვაობას, რომელიც არსებობს წარმოდგენასა და წმინდა გაგებას /ლ ’ ინტელლეცტიონ/ შორის. მაგალითად, როდესაც წარმოვიდგენ სამკუთხედს, გონებით მხოლოდ იმას კი არ შევიცნობ, რომ ეს არის სამი ხაზისაგან შემდგარი ფიგურა, არამედ, მაშინვე გონითი მზერით მე ასევე ვხედავ ამ სამ ხაზს, როგორც ჩემ წინაშე არსებულთ; სწორედ ეს არის ის, რასაც წარმოდგენას ვუწოდებ. თუ ახლა მოვისურვებ მოვიაზრო ჰილიოგინი, ცხადია, გონებით ვიცი, რომ ეს არის ათასი გვერდისაგან შემდგარი ფიგურა, ისევე როგორც ვიცი, რომ სამკუთხედი არის სამგვერდიანი ფიგურა; მაგრამ სამკუთხედისაგან განსხვავებით, მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ხსენებული ათასი გვერდი, ე. ი. მე მათ ვერ ვხედავ როგორც ჩემ წინაშე არსებულთ. და თუმცა ჩვევის გამო სხეულებრივ საგანზე ფიქრისას ყოველთვის ვსარგებლობ წარმოდგენის უნარით, ამ შემთხვევაში, ჰილიოგინზე ფიქრისას, ბუნდოვნად წარმომიდგება რაღაც ფიგურა, რომელიც, ცხადია, არ არის ჰილიოგინი, რადგან იგი არაფრით განსხვავდება იმისაგან, რასაც წარმოვიდგენდი მაშინ, როცა მირიოგონზე,[1] ან რაიმე სხვა ძალზე მრავალგვერდიან ფიგურაზე ვიფიქრებდი; წარმოდგენა არანაირად არ უწყობს ხელს იმ თვისებების გამოაშკარავებას, რომლებიც ჰილიოგინს განასხვავებენ სხვა პოლიგონებისაგან[2]. ცხადია, თუ საკითხი ეხება პენტაგონას, მე უეჭველად შემიძლია გონებით, წარმოდგენის დაუხმარებლად, მისი ფორმა ისევე შევიცნო, როგორც ჰილიოგინისა. მაგრამ ამავე დროს მე შემიძლია იგი წარმოვიდგინო, თუ გონითს მზერას მივაპყრობ ზუსტად მის ხუთ გვერდს და იმავდროულად სივრცეს, რომელსაც ისინი შემოწერენ: აქ ცხადად ვამჩნევ, რომ წარმოდგენისათვის მე მესაჭიროება გონების განსაკუთრებულად დაძაბვა, რასაც არ მივმართავ გონითი შეცნობისას და გონის ეს დამატებითი დაძაბვა ნათლად მოწმობს სხვაობას წარმოდგენასა და წმინდა გაგებას /ლა პურე ინტელლეცტიონ/ შორის.

      ამას დავუმატებდი შემდეგს: ჩემში არსებული წარმოდგენის ეს უნარი, იმდენად რამდენადაც იგი განსხვავდება გაგების გონითი უნარისაგან, არ არის აუცილებელი ჩემი პირადი არსებისათვის, ე. ი. ჩემი გონის არსებისათვის, რადგან წარმოდგენის უნარის გარეშე მე მაინც იგივე ვიქნებოდი, რაც ვარ ამჟამად. აქედან კი, ჩანს, უნდა დავასკვნათ, რომ იგი დამოკიდებულია რაღაც ისეთზე, რაც განსხვავდება ჩემგან და ჩემთვის სრულიად გასაგებია: თუ არსებობს რაიმე სხეული, რომელთანაც ჩემი გონი დაკავშირებულია იმგვარად, რომ თავისი ნება-სურვილის მიხედვით იყენებს, ე. ი. ზედამხედველობს მას, შესაძლებელია, ზუსტად ეს არის ის საშუალება, რომლითაც მე წარმოვიდგენ სხეულებრივ საგნებს; ამრიგად, აზროვნების ეს სახე წმინდა გაგებისაგან განსხვავდება ერთადერთი ნიშნით: გონი, გონითი შემეცნებისას, გარკვეულწილად მიმართულია საკუთარ თავზე და განიხილავს რომელიმეს იმ იდეათაგან, რომელიც მასშივეა, მაშინ როდესაც წარმოდგენისას გონი მიმართულია სხეულზე და ამ უკანასკნელში ხედავს რაღაცას შესატყვისს იმ იდეისას, რომელიც თავადვე შექმნა, ან მიიღო გრძნობითი პერცეფციით. ამრიგად, ჩემთვის სავსებით გასაგებია, რომ წარმოდგენა შეიძლება განხორციელდეს ამგვარად, თუ ჭეშმარიტია ის, რომ სხეული არსებობს; რაკი გონებით ვერ ვნახულობ სხვა უფრო ნაყოფიერ საშუალებას ამის ასახსნელად, ამიტომ მხოლოდ აქედან ვვარაუდობ: ალბათ, სხეული არსებობს; მაგრამ ეს მხოლოდ ალბათობაა. მიუხედავად სრულყოფილი და საგულდაგულო გამოკვლევისა, მე მაინც ვერ ვხედავ შესაძლებლობას ჩემს წარმოდგენაში არსებული იდეიდან, რომელიც განსხვავდება შესაბამისი სხეულებრივი ბუნებისაგან, მივიღოთ რაიმე არგუმენტი, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს რაიმე სხეულის არსებობას.

      მაგრამ გარდა ამ სხეულებრივი ბუნებისა წმინდა მათემატიკის საგანი რომ გახლავთ, ჩვეულებრივ, წარმოვიდგენ, თუმცა არა ისე გარკვევით, მრავალ სხვა რამესაც, როგორიცაა ფერი, ბგერა, გემო, ტკივილი და სხვა მისთანანი; ამ უკანასკნელთ გაცილებით უკეთ აღვიქვამ გრძნობებით, რადგან ეტყობა ისინი ჩემ წარმოდგენამდე მეხსიერების მეშვეობით აღწევენ, უფრო ღრმა შესწავლისათვის საჭიროა იმავდროულად გამოვიკვლიოთ გრძნობაც; ვნახოთ, ხომ არ შემიძლია გამოვიტანო რაიმე უეჭველი არგუმენტი სხეულებრივ საგანთა არსებობის სასარგებლოდ იმ იდეებიდან, რომლებიც წარმოიქმნება ჩემს გონებაში აზროვნების იმ სახით გრძნობას ან შეგრძნებას რომ ვუწოდებ. უწინარეს ყოვლისა, ცხადია, აქ ჯერ გავიხსენებ როგორია გრძნობებით აღქმული ეს საგნები, რომლებიც ადრე მივიჩნიე ჭეშმარიტად და რას ეფუძნებოდა ჩემი რწმენა; შემდეგ, ასევე განვიხილავ იმ საფუძვლებს, რომელთა გამოც შემდეგში ეჭვქვეშ დავაყენე ისინი და ბოლოს, გამოვარკვევ რა უნდა მწამდეს ამჟამად მათ შესახებ.

      ამრიგად, პირველ ყოვლისა, ვიგრძენი, რომ მქონდა თავი, ხელები, ფეხები და ყოველივე დანარჩენი ნაკვთი, რაც შეადგენს ჩემს სხეულს, რომელსაც მე ვუყურებდი როგორც ჩემს ნაწილს ან, შესაძლოა, როგორც თვით მთლიანად „მე” -ს. ვიგრძენი, რომ ეს სხეული იმყოფებოდა კავშირში მრავალ სხვა სხეულთან, რომლებიც მასზე შეიძლებოდა სხვადასხვაგვარ - კარგს ან ცუდს - შთაბეჭდილებას ახდენდა. ამათგან სასიკეთოს მამცნობდა სიამოვნების ერთგვარი გრძნობა, ხოლო უსიამოვნებებს - ტანჯვის გრძნობა. ამ ორი გრძნობის გარდა, ჩემში ასევე იყო Gშიმშილის, წყურვილის და სხვა მსგავსი სურვილები; აგრეთვე, გარკვეული სხეულებრივი მიდრეკილებები მხიარულების, მწუხარების, რისხვის და სხვა მსგავს ვნებათა მიმართ. სხეულთა განფენილობის, ფორმისა და მოძრაობის გარდა, საგნებში მე ასევე ვგრძნობდი სიმკვრივეს, სითბოს და სხვა თვისებებს, შეხებით რომ აღიქმება; გარდა ამისა, სინათლე, ფერი, სუნი, გემო, ბგერა, თავიანთი მრავალფეროვნებით, საშუალებას მაძლევდა ერთმანეთისაგან განმესხვავებინა ცა, მიწა, ზღვა და ზოგადად ყველა სხვა სხეული.

      რაკი ჩემში იყო იდეები ყველა იმ თვისების შესახებ რომლებიც წარმოუდგებოდნენ ჩემს გონებას და ერთადერთი, რასაც ვგრძნობდი პირდაპირ და უშუალოდ, ცხადია, არცთუ უსაფუძვლოდ მიმაჩნდა, რომ ვგრძნობდი ჩემი გონებისაგან სრულიად განსხვავებულ საგნებს ანუ სხეულებს, საიდანაც მომდინარეობდნენ ეს იდეები. გამოცდილებით ვიცოდი, რომ ეს თვისებები თავისთავად წარმომიდგებოდა ჩემი ნების გარეშე; ასე რომ, უდიდესი სურვილიც რომ მქონოდა, არ შემეძლო მეგრძნო საგანი, თუ იგი არ იყო რომელიმე ჩემი გრძნობის წინაშე; ასევე, ვერ შევძლებდი, არ მეგრძნო იგი, როდესაც იგი იყო ჩემ წინ, თუნდაც არც მდომებოდა ეს. რაკი გრძნობების მეშვეობით აღქმული იდეები ბევრად უფრო ცოცხალი და ექსპრესიული იყო და თავისებურად უფრო გარკვეულიც, ვიდრე რომელიმე იმ იდეათაგანი, რომელთაც მედიტაციის დროს მე თავად ვქმნიდი მიზეზის სრული ცოდნის საფუძველზე, ან ვნახულობდი აღბეჭდილს ჩემს მეხსიერებაში, აშკარა იყო, რომ ისინი არ შეიძლებოდა ჩემგან წარმოქმნილიყო. მაშასადამე, ისინი მხოლოდ რაღაც სხვა მოვლენათა მიზეზით მკვიდრობდნენ ჩემში; რაკი მათზე არავითარი სხვა ცოდნა არ გამაჩნდა, გარდა თავად ამ იდეებისა, ამდენად, აქედან მხოლოდ ის შეიძლებოდა მომსვლოდა აზრად, რომ ეს საგნები მსგავსი იყო მათი იდეებისა. ასევე, მახსენდება ისიც, რომ ჯერ გრძნობებით ვსარგებლობდი და არა გონებით, რადგან ვხედავდი, ჩემ მიერ შექმნილი იდეები არ გამოირჩეოდა ისეთი ექსპრესიულობით, როგორც გრძნობათა მეშვეობით აღქმულნი და, რომ უმეტეს შემთხვევაში, შედგებოდა ამ უკანასკნელთა ნაწილთაგან. ამიტომ იოლად ვრწმუნდებოდი, რომ საგანთა შესახებ გონებაში არ გამაჩნდა არავითარი იდეა, რომელიც მანამდე არ იდო გრძნობებში. ამრიგად, არცთუ უსაფუძვლოდ მეგონა ისიც, რომ ეს სხეული, რომელსაც განსაკუთრებული უფლებით ჩემსას ვუწოდებდი, ნებისმიერ სხვა საგანზე უფრო მეტად მეკუთვნოდა, რადგან რეალურად მე არასოდეს შემეძლო ისევე განვცალკევებულიყავი მისგან, როგორც ყველა სხვა სხეულისაგან; მასში და მისთვის მე ვგრძნობდი ყველა სურვილსა და ვნებას, დაბოლოს, ამ სხეულის თითოეულ ნაწილში განვიცდიდი ტანჯვისა და სიამოვნების რაღაც თრთოლვას და არა სხვა, მის გარეთ არსებული სხეულის ნაწილებში. რატომ მოსდევს ტანჯვის ამ გრძნობას გონის ერთგვარი მწუხარება, და სიამოვნებისას - სიხარული, ან კუჭის გაღიზიანება - შიმშილად რომ იწოდება, რატომ მაიძულებს საკვების მიღებას, ხოლო ყელის სიმშრალე - რაიმეს დალევას და ა.შ. ამაში სხვა ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავდი, გარდა იმისა, რომ ასე მაკეთებინებს ბუნება. რადგან, მართლაც, არ არსებობს არავითარი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის გასაგები, მსგავსება კუჭის ამ აღგზნებასა და საკვების მიღების სურვილს შორის, ისე როგორც რაიმეს შეგრძნებაში, ტანჯვას რომ იწვევს და ამ შეგრძნებებით გამოწვეულ მწუხარე ფიქრს შორის. ყველა სხვა მსჯელობა, რომლებიც მიმაჩნდა, რომ მომდინარეობდა ჩემი გრძნობის ორგანოებიდან, ასევე ბუნებისაგან ბოძებული მეგონა,დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საგნები ამგვარი იყო მანამდე, ვიდრე ავწონ-დავწონიდი რომელიმე იმ საფუძველთაგანს, რომელსაც შეეძლო მისი ამგვარობის დადასტურება.

      მაგრამ შემდეგში მრავალმა გამოცდილებამ თანდათანობით დაანგრია მთელი ის ნდობა, რომელიც ჩემი გრძნობებისადმი მქონდა. ზოგჯერ კოშკი, შორიდან მრგვალი რომ ჩანდა, ახლოდან ოთხკუთხედი აღმოჩენილა; მათ წვერზე აღმართული უდიდესი ქანდაკებები კი მომცროდ ეჩვენებოდა მათ, ვინც ქვემოდან შეჰყურებდა. ზუსტად ასე უამრავ სხვა შემთხვევაშიც მე ვაწყდებოდი შეცდომებს გარეგან გრძნობებზე შექმნილ მსჯელობებში და არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი გრძნობების საფუძველზეც. მართლაც, რა შეიძლება იყოს ტკივილზე უფრო უშუალო? მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ასეთი რამ მოვისმინე ხელ-ფეხ ამპუტირებულ პირთაგან: თურმე მათ ზოგჯერ ეჩვენებათ, თითქოს კიდევ გრძნობენ მოკვეთილი კიდურის ტკივილს; სწორედ ასევე, როდესაც მე მეხება საქმე, მთლად უეჭველად არ მეჩვენება, რომ მტკივა რომელიმე ორგანო, თუნდაც მასში მეგრძნო ტკივილი. ეჭვის ამ საფუძველს ახლახან მივუმატე კიდევ ორი ძალზე ზოგადი ხასიათის მიზეზი; პირველი: ყველაფერი, რასაც შევიგრძნობ ღვიძილში, შეიძლება, ზოგჯერ ძილშიც შევიგრძნობდე. გასაგებია, რომ ძილის დროს რასაც შევიგრძნობ არ მოდის ჩემ მიღმა არსებული საგნებიდან; მაშ, უფრო მეტად რატომ უნდა ვირწმუნო ჩემ გარეთ არსებული საგნებიდან მომდინარედ ის, რასაც ღვიძილის დროს შევიგრძნობ. მეორე მიზეზი გახლდათ შემდეგი: რაკი ჯერ კიდევ არ ვიცოდი ან, ყოველ შემთხვევაში, თავს ისე ვაჩვენებდი თითქოს არ ვიცოდი ვინ იყო შემოქმედი ჩემი შექმნისა, არაფერი მიშლიდა ხელს მეფიქრა - ბუნებით ვარ ისეთი, რომ შეიძლება შევცდე თვით იმ საგნებშიც, რომლებიც ყველაზე უფრო ჭეშმარიტი მეჩვენებოდა. რაც შეეხება საფუძვლებს, რომლებმაც ამას წინათ დამარწმუნეს გრძნობადი საგნების ჭეშმარიტებაში, ჩემთვის რთული არ არის საპირისპირო აზრიც გამოვთქვა: მგონი ჩემივე ბუნება მეზიდება მრავალი რამისაკენ, რომელთაც გონება მარიდებს. ამიტომ დიდად არ უნდა ვნდობოდი ბუნების მითითებებს. თუმცა გრძნობითი პერცეფციები არანაირად ჩემს ნებაზე დამოკიდებული არაა, მიუხედავად ამისა, აქედან არ შემიძლია დავასკვნა, რომ ისინი მომდინარეობენ ჩემგან განსხვავებული საგნებისაგან; იქნებ ჩემშია მათ შესაქმნელად საჭირო, ჯერჯერობით ჩემთვის უცნობი რაღაც უნარი.

      ამჟამად, როდესაც ვიწყებ საკუთარი თავისა და ჩემი წარმოშობის შემოქმედის უკეთ შეცნობას, მე მართლაც აღარ ვფიქრობ, რომ უნდა თამამად დავუშვა ყველაფერი, რაც, ჩანს, მიღებულია გრძნობებით, მაგრამ ასევე არა მგონია, რომ ყველა ისინი ეჭვქვეშ უნდა დავაყენო.

      უწინარეს ყოვლისა, უკვე ვიცი, რომ ყველაფერი, რაც მესმის ნათლად და გარკვევით, შეიძლება წარმოქმნილი იყოს ღმერთისაგან სწორედ იმ სახით, როგორადაც მე მათ შევიცნობ; საკმარისია ნათლად და გარკვევით შემეძლოს ერთი საგნის შეცნობა სხვა საგნის გარეშე, რათა დავრწმუნდე, რომ იგი განსხვავებულია მეორისაგან, რადგან იგი შეიძლება თუნდაც ღმერთმა გამოაცალკეოს მეორისაგან. მაგრამ იმისათვის, რომ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებულნი აღმოჩნდნენ, არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა ძალით ხდება ეს განცალკევება. ამრიგად, გამომდინარე იქიდან მე ვიცი, რომ ვარსებობ და, იმავდროულად, საერთოდ სხვა ვერაფერს ვხედავ, რაც ეკუთვნის ჩემს ბუნებას ანუ არსებას, გარდა იმისა, რომ მე ვარ ისეთი რამ, რომელიც აზროვნებს, სრულიად სამართლიანად ვასკვნი: ჩემი არსება მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ მე ვარ ისეთი რამ, რომელიც აზროვნებს. შეიძლება (ან როგორც ამას ახლავე უეჭველად დავადასტურებ) მე მაქვს ისეთი სხეული, რომელიც უმჭიდროესად არის დაკავშირებული ჩემთან, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ვარ რეალურად განსხვავებული ჩემი სხეულისაგან და შემიძლია მის გარეშე არსებობა, რაკი, ერთი მხრივ, ვფლობ ნათელ და გარკვეულ იდეას თავად ჩემ შესახებ იმდენად, რამდენადაც მე ვარ მხოლოდ მოაზროვნე არსება, განუფენელი, და, მეორე მხრივ, გარკვეული იდეაც მაქვს სხეულზე, რამდენადაც იგი მხოლოდ განფენილი, არამოაზროვნე რამაა.

      გარდა ამისა, ჩემში ვნახულობ აზროვნების განსხვავებულ უნარებს, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თვისებებით; მაგალითად, წარმოდგენისა და შეგრძნების უნარებს, რომელთა გარეშეც შემიძლია საკუთარი თავი მთლიანად შევიცნო ნათლად და გარკვევით, მაგრამ არა პირუკუ - აღნიშნული უნარების გაგება ჩემ გარეშე, ე. ი. ინტელექტუალური სუბსტანციის გარეშე, რომელსაც თავად ეკუთვნიან, ეს მე არ ძალმიძს. თავიანთ ფორმალურ ცნებაში ისინი, მართლაც, შეიცავენ რაღაც გონისმიერ /ლ ’ ინტელლეცტიონ/ ქმედებას, აქედან მე ვიმეცნებ, რომ ისინი (წარმოდგენა და შეგრძნება) განსხვავდებიან ჩემგან, როგორც მოდუსები - საგნისაგან.

      მე ასევე შევიცნობ ზოგ სხვა უნარს, როგორიცაა გადაადგილების, სხვადასხვა მდგომარეობის მიღების უნარი და სხვა მისთანანი, რომლებიც, განხილულთა მსგავსად, ეჭვგარეშეა, ვერ გაიგება რაიმე სუბსტანციის გარეშე, რომელშიც თავად არიან და, მაშასადამე, არ შეუძლიათ არსებობა ამ სუბსტანციის გარეშე. ცხადია, ეს უნარები - თუ ჭეშმარიტია ის, რომ ისინი არსებობენ - უნდა იმყოფებოდნენ რაიმე სხეულებრივ ანუ განფენილ, და არა გონით სუბსტანციაში, რაკი მათ ნათელ და გარკვეულ ცნებასაც ახასიათებს რაღაც განფენილობა, მაგრამ არა გონითი ქმედება.

      ამრიგად, სწორედ ჩემში არის შეგრძნების რაღაც პასიური უნარი, ე. ი. უნარი გრძნობადი საგნების იდეების მიღებისა და გაგებისა. მაგრამ ამ უნარს ვერანაირად გამოვიყენებდი, ჩემში ან რაიმე სხვა არსებაში ასევე რომ არ არსებულიყო სხვა, აქტიური უნარი, რომელსაც შეუძლია წარმოქმნას ან გამოიწვიოს ეს იდეები. ეს აქტიური უნარი, ცხადია, არ შეიძლება იყოს ჩემში, როგორც მხოლოდ მოაზროვნე არსებაში, რადგან, ჯერ ერთი, უნარი სრულებით არ საჭიროებს ჩემს აზროვნებას და მეორეც - ეს იდეები ზოგჯერ მე წარმომიდგება ჩემი შემწეობის გარეშე, ხშირად ჩემი სურვილების საწინააღმდეგოდ; მაშასადამე, რჩება ის, რომ ეს უნარი აუცილებლად უნდა არსებობდეს რაიმე ჩემგან განსხვავებულ სუბსტანციაში, რომელშიც ფორმალურად ან ემინენტურად უნდა იყოს მთელი ის რეალობა, რომელიც ობიექტურად არსებობს ამ უნარის მეშვეობით წარმოქმნილ იდეებში; ეს იქნება სხეული ანუ სხეულებრივი ბუნების მქონე სუბსტანცია, რომელიც ფორმალურად შეიცავს ყველაფერს, რაც ობიექტურად არის იდეებში, ან იქნება თავად ღმერთი, ან რაიმე სხვა, სხეულზე უფრო კეთილშობილი ქმნილება, რომელიც შეიცავს ყოველივე ამას ემინენტურად. მაგრამ ვინაიდან ღმერთი არ არის მატყუარა, სავსებით ცხადია, რომ იგი არ მიგზავნის ამ იდეებს არც უშუალოდ და არც რაიმე ქმნილების მეშვეობით, რომელშიც

      იდეების რეალობა მოცემულია არა ფორმალურად, არამედ მხოლოდ ემინენტურად. მართლაც, ღმერთმა არავითარი უნარი არ მიბოძა ამის გასაგებად, სამაგიეროდ დიდი მიდრეკილება მაქვს იმის დასაჯერებლად, რომ ეს იდეები სხეულებრივი საგნებიდან მაქვს; ვერ ვხედავ რანაირად შევინარჩუნებდი რწმენას, რომ ღმერთი არ არის მატყუარა, თუ ეს იდეები, მართლაც, სხვა მიზეზებიდან იქნებოდა მომდინარე და არა სხეულებრივი საგნებიდან. მაშასადამე, სხეულებრივი საგნები არსებობს.

      მაგრამ იქნებ ისინი სრულებითაც არ არიან ისეთები, როგორადაც მე მათ აღვიქვამ გრძნობებით, რადგან ეს გრძნობადი აღქმები, ხშირ შემთხვევაში, ძალზე ბუნდოვანი და გაურკვეველია. მაგრამ ამ საგნებში ის მაინც არის, რასაც ნათლად და გარკვევით აღვიქვამ ე. ი. ყოველივე რაც, ზოგადად რომ ვთქვათ, წარმოადგენს წმინდა მათემატიკის საგანს. რაც შეეხება დანარჩენს, რაც კერძოა, მაგალითად, მზის გარკვეული სიდიდე, ან ფორმა და ა. შ. ან რაც ნაკლებად ნათლად და გარკვევით შეიცნობა გონების მიერ /ლ ’ ენტენდემენტ/, მაგალითად, სინათლე, ბგერა, ტკივილი და სხვა მისთანანი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს არ ხასიათდება უეჭველობით, მაინც მათი ბუნების ჭეშმარიტების მიკვლევის იმედი მაქვს. ამის საფუძველს ის მაძლევს, რომ ღმერთი არ არის მატყუარა და, გამომდინარე აქედან, ჩემს შეხედულებებშიც არ დაუშვებს რაიმე მცდარობას ისე, რომ არ მიბოძოს უნარი მათ გამოსასწორებლად. უეჭველია, ბუნების ყველა სწავლება შეიცავს ჭეშმარიტების წილს მაინც. ზოგადად, ბუნება მე ახლა მესმის როგორც მხოლოდ თავად ღმერთი ანუ დადგენილი წესი მის მიერვე შექმნილი საგნებისა და სხვა არაფერი; საკუთრივ ჩემი ბუნება კი მიმაჩნია ერთობლიობად ყოველივე იმისა, რაც ღვთისაგან მაქვს ბოძებული.

      ბუნება იმაზე გარკვევით არაფერს მასწავლის, რომ მაქვს სხეული, რომელსაც უჭირს, როდესაც ვგრძნობ ტკივილს, სჭირდება საკვები ან სასმელი, როდესაც განვიცდი შიმშილს ან წყურვილს და სხვა მისთანანი; მაშასადამე, არ უნდა ვეჭვობდე, რომ ყოველივე ამაში ძევს ჭეშმარიტების წილი. ტკივილის, შიმშილის, წყურვილის და ა.შ. შეგრძნებებით ბუნება ასევე მასწავლის, რომ მე იქ, ჩემს სხეულში, ვარ არა მხოლოდ როგორც მესაჭე ხომალდში, არამედ იმასაც, რომ მასთან ძალზე მჭიდროდ ვარ დაკავშირებული და ვერთვი მას იმდენად, რომ მასთან ერთად ვქმნი ერთ მთელს. მართლაც, როდესაც სხეული დაჭრილია, მე თუ სხვა არაფერი ვარ იმ არსების გარდა, რომელიც აზროვნებს, ვერ ვიგრძნობდი ტკივილს და ამ ჭრილობას შევიცნობდი მხოლოდ წმინდა გონებით, ისე როგორც გემის მესაჭე მხედველობით აღიქვამს იმას, რაც მწყობრიდან გამოდის ხომალდში. როდესაც ჩემს სხეულს საკვები ან საჭმელი დასჭირდებოდა, მე ამის შესახებ შემექმნებოდა მხოლოდ გონისმიერი ნათელი გაგება და არა შიმშილისა და წყურვილის ბუნდოვანი შეგრძნებები, რადგან წყურვილის, შიმშილის, ტკივილის და ა.შ. შეგრძნებები სხვა არაფერია, თუ არა აზროვნების ბუნდოვანი მოდალობები, წარმოქმნილი სხეულთან გონის კავშირისა და მათი ერთი მთლიანობისაგან. ბუნება ასევე მასწავლის, რომ არსებობს მრავალი სხვა სხეული ჩემი სხეულის ირგვლივ, რომელთაგანაც ზოგთან ახლოს უნდა ვიყო, სხვებს კი უნდა გავექცე. იქიდან, რომ ვგრძნობ ფერს, გემოს, სუნს, სითბოს, სიმკვრივეს და სხვა მისთანათა მრავალფეროვნებას, სრულიად მართებულად გამომაქვს დასკვნა: საგნები, რომლებიდანაც წარმოიქმნება ეს სხვადასხვა გრძნობადი პერცეფციები, შეესაბამება ამ მრავალფეროვნებებს, თუმცა, შესაძლოა, სინამდვილეში ისინი მათი მსგავსი არც იყონ. იქიდან კი, რომ ზოგიერთი ამ პერცეფციათაგანი ჩემთვის სასიამოვნოა, სხვები - არასასიამოვნო, სრული უეჭველობით მარწმუნებს შემდეგში: ჩემი სხეული ან, უმალ, თავად მე მთლიანად, რაკი შედგენილი ვარ სხეულისა და გონისაგან, ვემორჩილები იმ სხეულებს, მე რომ გარს მაკრავს და მათი გავლენით მექმნება დადებითი ან უარყოფითი შთაბეჭდილება. არსებობს მრავალი სხვა საგანი, რომელიც მგონია ბუნებამ შთამაგონა, თუმცა, ცხადია,რეალურად ისინი ჩამოყალიბდა ჩემში რაღაც ზერელე განსჯის ჩვევის შედეგად და, ამდენად, ადვილი შესაძლებელია იყოს მცდარი. ასეთია, მაგალითად, შეხედულება, რომ ნებისმიერი სივრცე, რომელშიც აბსოლუტურად არაფერია ისეთი, რაც მოძრაობს და იწვევს ჩემს გრძნობებს, ცარიელია; ან, რომ თბილ სხეულში არის რაღაც სავსებით მსგავსი ჩემში არსებული სითბოს იდეისა; რომ თეთრ ან მწვანე სხეულში არის სწორედ სითეთრის ან სიმწვანის ის ფერები, რომელთაც მე შევიგრძნობ; რომ მწარე ან ტკბილ სხეულში არის სწორედ სიმწარისა და სიტკბოს გემო და ა.შ.; რომ მნათობებს, კოშკებს და ყველა სხვა ნებისმიერ შორეულ საგნებს აქვს ისეთივე სიდიდე და ფორმა, რომლითაც ისინი წარმოუჩნდებიან ჩემს გრძნობებს და სხვა მისთანანი.

      მაგრამ იმისათვის, რომ ამ საკითხის გარკვევისას თავიდან ავიცდინოთ ყოველგვარი პერცეფცია, რომელიც არ იქნება საკმაოდ გარკვეული, უნდა მეტი გულისყურით განვსაზღვრო შემდეგი: კერძოდ რას ვგულისხმობ, რა მესმის ნათქვამში - ბუნება მასწავლის რაღაცას. აქ ჩემთვის სიტყვა „ბუნებას” უფრო ვიწრო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც მასში ვგულისხმობ ყველა იმ საგნის ერთობლიობას, ღმერთმა რომ მიბოძა; ეს ერთობლიობა, მართლაც, შეიცავს მრავალ რაიმეს, რომლებიც მხოლოდ გონს განეკუთვნება. მაგალითად, ასეთია ჩემი პერცეფცია იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომ ყველაფერი რაც მოხდა, შეუძლებელია არ მომხდარიყო; აგრეთვე, ყველა სხვა ცნება, რომელიც ბუნებრივი სინათლის მეშვეობით ვიცი და რომელთა შესახებაც არ მაქვს აქ საუბარი; ასევე, პერცეფცია მრავალი იმ საგნის შესახებ, რომელიც მხოლოდ სხეულს ეხება, მაგალითად, მისი თვისება ქვევით მიზიდულობისა და სხვა მისთანანი, რომელთაც, ასევე, საერთოდ არ ვეხები; მე ვსაუბრობ მხოლოდ იმის შესახებ, რაც ღმერთმა მე - გონისა და სხეულისაგან შედგენილ არსებას - მიბოძა.

      ამრიგად, ეს ბუნება მირჩევს, გავურბოდე იმას, რაც ტანჯვის გრძნობას იწვევს და ველტვოდე იმას, რაც მანიჭებს სიამოვნების გრძნობას და სხვა მისთანანი. მაგრამ იმას კი აღარ გვასწავლის, ამ გრძნობითი პერცეფციებიდან გამოვიტანოთ რაიმე დასკვნა იმ საგნების მიმართ, ჩვენ მიღმა რომ არსებობენ, თუ ეს უკანასკნელნი წინასწარ ჩვენი გონების მიერ არ იქნებოდნენ განხილულნი. ეტყობა, მართებულია, რომ ამ საგანთა ჭეშმარიტების შეცნობა ძალუძს მხოლოდ გონს და არა გონისა და სხეულის ერთიანობას. მაგალითად, მართალია, ვარსკვლავის ნათება პატარა სანთლის შუქზე უფრო ძლიერად არ მჭრის თვალებს, მაგრამ ჩემში ვერ ვნახულობ ვერავითარ რეალურ თუ პოზიტიურ უნარს, რომელიც დამაჯერებდა, რომ ვარსკვლავის ნათება არ აღემატება სანთლის ალს. სხვათა შორის, ბავშვობისას ასე ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. მართალია, ცეცხლთან მიახლოებისას ვგრძნობ სითბოს, მაგრამ იმავე ცეცხლთან უფრო ახლოს მისვლისას ტკივილსაც განვიცდი; მაინც რა საფუძველი დამარწმუნებს იმაში, რომ ცეცხლში არის რაღაც ამ სითბოს და, მით უფრო, ამ ტკივილის მსგავსი რამ; შეიძლება მხოლოდ, ითქვას, რომ მასში არის რაღაც ისეთი, რაც იწვევს ჩემში სითბოს, ან ტკივილის შეგრძნებებს. ასევეა ამ შემთხვევაშიც - თუმცა სივრცეში არაფერია ისეთი, რაც აღაგზნებს გრძნობას, აქედან მაინც არ გამომდინარეობს ის, რომ მასში არავითარი სხეული არ არსებობს. ვხედავ, რომ ასეთ დროს, ისე როგორც მრავალ სხვა მსგავს შემთხვევაში, ჩვევად მაქვს ბუნების წესრიგის დამახინჯება; ფაქტია, რომ გრძნობითი პერცეფციები, ბუნების მიერ მხოლოდ იმიტომ არის ჩადებული ჩემში, რომ ჩემს გონს მიუთითონ, რა არის სასარგებლო და რა - საზიანო იმ მთელისათვის, რომლის ნაწილიც არის თავად გონი და რაკი ეს პერცეფციები შეცნობის ამ საზღვრებში საკმაოდ ნათელი და გარკვეულია, ამიტომ მე ვიყენებ მათ, როგორც სავსებით უეჭველ წესებს, რათა უშუალოდ შევიცნო, რა არის არსება ჩვენ გარეთ არსებული საგნებისა, თუმცა ამის შესახებ პერცეფციებს შეუძლიათ მიმითითონ მხოლოდ ძალზე ბუნდოვნად და გაურკვევლად.

      ადრე, უკვე საკმაოდ გამოვიკვლიე, რომ მიუხედავად ღმერთის სიკეთისა,ჩემ მიერ შექმნილი მსჯელობები ზოგჯერ მცდარია. აქ ჩნდება ერთი დამატებითი სირთულე იმ საგნების მიმართ, რომელთა შესახებ ბუნება მიჩვენებს, რომ მე მათ უნდა მივყვე, თუ გავერიდო; იკვეთება სირთულე შინაგან შეგრძნებათა შესახებაც, რადგან მეჩვენება, რომ მათშიც აღმოვაჩინე შეცდომები. მაგალითად, რომელიმე საწამლავშერეულმა საკვების სასიამოვნო გემომ შეიძლება შეგაცდინოთ და დაეხარბოთ ასეთ საჭმელს. ცხადია, ამ შემთხვევაში ბუნება გვიღძრავს სურვილს საკვების მიმართ მხოლოდ მისი სასიამოვნო გემოს და არა საწამლავის გამო, რომლის შესახებაც მან არაფერი იცის. აქედან შემიძლია გამოვიტანო მხოლოდ ის დასკვნა, რომ ჩემი ბუნება არ არის ყოვლისმცოდნე, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ადამიანი სასრულია და ყოველივე, რაც მას ეძლევა შეზღუდული სრულყოფილებით ხასიათდება.

      მაგრამ ჩვენ საკმაოდ ხშირად მცდარად ვიგებთ თვით იმ საგნებსაც, რომლებისკენაც საკუთარი ბუნება გვიბიძგებს; მაგალითად, ავადმყოფები ზოგჯერ სვამენ ან ჭამენ რაიმე ისეთს, რაც ცოტა ხნის შემდეგ მათვე აწყენს. შეიძლება თქვან, რომ მათი ამ შეცდომის მიზეზი სწორედ მათი ბუნების დარღვევაა. მაგრამ სირთულე მაინც რჩება, რადგან ავადმყოფიც არანაკლებად ჭეშმარიტად არის ღმერთის ისეთივე ქმნილება, როგორც ჯანმრთელი ადამიანი; აქედან გამომდინარე, არანაკლებადაა გამორიცხული, რომ მასაც ღმერთისაგან ჰქონდეს მატყუარა ბუნება. ასევე, საათიც, რომელიც შედგება პატარა ბორბლებისა და ქანქარასაგან, არანაკლები სიზუსტით იცავს ბუნების კანონებს მაშინ, როცა ცუდად მუშაობს და არასწორად უჩვენებს დროს და მაშინაც, როცა ოსტატი წუნს ვერ დასდებს. მე ასევე განვიხილავ ადამიანის სხეულს, როგორც ერთგვარ მანქანას, რომელიც შედგება ძვლების, ნერვების, კუნთების, ძარღვების, სისხლისა და კანისაგან, აგებულს იმგვარად, რომ მას გონის გარეშეც შეეძლო შეესრულებინა ყველა მოძრაობა, რაც ამჟამად ხდება ნების ძალისხმევის, მაშასადამე, გონის დახმარების გარეშე. ასეთ დროს ჩემთვის ნათელი ხდება, რომ წყალმანკით დაავადების შემთხვევაში სხეულისათვის ბუნებრივი იქნება, განიცდიდეს ყელის სიმშრალეს, რასაც, ჩვეულებრივ, გონი მაშინ იგებს ხოლმე, როდესაც ადამიანს სწყურია და ამის გამო ნერვებსა და სხეულის სხვა ნაწილებს ისე განაწყობს, რომ სვამს წყალს, რაც ამძიმებს დაავადებას. ეს ბუნებრივია, როდესაც ადამიანი სავსებით ჯანმრთელია და სურს წყლის დალევა, რაკი ყელი უშრება და წყლის დალევა მისთვის სასარგებლოა. თუ გავითვალისწინებთ, რისთვის არის გაკეთებული საათი, შემეძლო მეთქვა: როდესაც იგი არაზუსტად აჩვენებს დროს, ასცდება ხოლმე თავის ბუნებას. ზუსტად ასევე, ადამიანის სხეულის მანქანაც, თუ განვიხილავთ მას იმგვარად მოწყობილს, რომ ის ასრულებდეს ყველა მისეულ მოძრაობას, ვფიქრობ, ის ადამიანიც ასევე აცდენილია თავის ბუნებას, რომელიც ყელის სიმშრალის გამო წყალს სვამს, რაც მავნეა მისი ბუნების შენარჩუნებისათვის; კარგად ვამჩნევ, რომ ბუნების ეს ბოლო განსაზღვრება განსხვავდება სხვა გაგებისაგან; იგი სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ჩემი აზროვნების მიერ შემუშავებული გარეგნული სახელდება, რომელიც ავადმყოფ ადამიანს და ცუდად გაკეთებულ საათს ადარებს ჯანმრთელი ადამიანისა და კარგად გაკეთებული საათის იდეას; გარეგნული სახელდება, რაც ჰქვია საგნებს, არაფერს ისეთს არ აღნიშნავს, რაც ნამდვილად არსებობს ამ საგნებში. ბუნების პირველი განსაზღვრების თანახმად კი მე მესმის რაღაც ისეთი, რაც, მართლაც, არსებობს საგნებში და მაშასადამე, შეიცავს ჭეშმარიტებას.

      ცხადია, წყალმანკით დაავადებული ადამიანის სხეულის მიმართ მხოლოდ გარეგნული სახელდება იქნება იმის თქმა, რომ დარღვეულია მისი ბუნების ჯანმრთელობა, რაკი მას ყელი უშრება და წყლის დალევა კი არ ესაჭიროება; მაგრამ მთელის მიმართ, ე. ი. ასეთ სხეულთან გონის ერთიანობის დროს, ეს არის არა მხოლოდ და მხოლოდ სახელდება, არამედ ბუნების ნამდვილი შეცდომა, რაკი მას სწყურია მაშინ, როცა წყლის დალევა მისთვის საზიანოა. ისღა გვრჩება, გამოვიკვლიო: რატომ არ ეწინააღმდეგება ღმერთის სიკეთე იმას, რომ ადამიანის ბუნება - ამ მნიშვნელობით გაგებული - იყოს შეცდომების დამშვები.

      დასაწყისისათვის, ვამჩნევ, რომ არსებობს დიდი სხვაობა გონსა და სხეულს შორის იმ მხრივ, რომ სხეული თავისი ბუნებით ყოველთვის გაყოფადია, გონი კი აბსოლუტურად განუყოფადი. მართლაც, როდესაც მე განვიხილავ გონს, ანუ თავად საკუთარ თავს, რამდენადაც მე მხოლოდ მოაზროვნე არსება ვარ, არ შემიძლია ჩემში გამოვყო რაიმე ნაწილი, ე. ი. მე ვარ ისეთი რამ, რაც აბსოლუტურად ერთი და მთელია - ეს მე მესმის. თუმცა სხეული და გონი მთლიანად შეერთებულია ერთმანეთთან, მაინც სხეულს თუ დააკლდება ფეხი, ხელი ან რაიმე სხვა ნაწილი, ამით ჩემს გონს არაფერი დაეტყობა; ნების, გრძნობის, გაგებისა და ა.შ. უნარი კი არ შეიძლება იწოდოს გონის ნაწილებად, რადგან ერთი და იგივე გონია ისიც, რომელსაც სურს, ისიც, რომელიც გრძნობს, რომელიც იგებს. აქ აბსოლუტურად პირიქითაა, - მე არ შემიძლია მოვიაზრო არც ერთი სხეულებრივი ანუ განფენილი საგანი, რომელსაც გონება ვერ დაყოფს ნაწილებად და რომლის დაყოფილი ბუნება არ მესმის. სხვა წყაროდანაც რომ არ მცოდნოდა, მხოლოდ ეს შენიშვნაც საკმარისია იმისათვის, რათა დავრწმუნდე - გონი აბსოლუტურად სხვაობს სხეულისაგან. ასევე ვხედავ, რომ გონი შთაბეჭდილებას უშუალოდ იღებს არა სხეულის თითოეული ნაწილისაგან, არამედ მხოლოდ ტვინისაგან, ან, შესაძლოა, თვით მისი უმცირესი ნაწილისაგან, კერძოდ, ზოგადი გრძნობისაგან, რომელიც არასოდეს იძვრის და ერთსა და იმავეს აგრძნობინებს გონს, თუმცა სხეულის სხვა ნაწილები ამ დროს სხვადასხვა მდგომარეობაში არიან. ამას მოწმობს მრავალი ცდა, რომელთა შესახებ საუბარიც აქ არ არის აუცილებელი.

      ამას გარდა, ვამჩნევ სხეული იმგვარი ბუნებისაა, რომ შეუძლებელია რომელიმე ერთი მისი ნაწილი მოძრაობაში მოიყვანოს მისგან მცირედით დაშორებულმა სხვა ნაწილმა ისე, რომ მისი ზუსტად ასევე ამოძრავება ვერ შეძლოს მათ შორის მდებარე თითოეულმა ნაწილმა, თუნდაც ეს პირველი ნაწილი თავად უმოძრაოდ იყოს. მაგალითად, ავიღოთ დაჭიმული თოკი ABCD; თუ მოვწევთ მის ბოლო DD ნაწილს, პირველი AA ნაწილიც მოვა მოძრაობაში, ისე როგორც იგი ამოძრავდება იმ შემთხვევებშიც, თუ მოვწევთ ერთერთ შუა B Bან C ნაწილს, ბოლო DD ნაწილი კი უძრავი იქნებოდა. ანალოგიურად, როდესაც ვგრძნობ ტკივილს ტერფში, ფიზიკა მასწავლის, რომ ეს გრძნობა მეძლევა ფეხში განტოტილი ნერვებით, რომლებიც თოკებივითაა დაჭიმული ტერფიდან ტვინამდე. როდესაც მათ ტერფში „მოწევენ”, ამით „მოწევენ” ტვინის შინაგან ნაწილებსაც, სადაც ნერვები ბოლოვდებიან და იწვევენ მათში ბუნებით დადგენილ მოძრაობას, რათა გონს აგრძნობინოს ფეხში არსებული ტკივილი. მაგრამ რადგან ამ ნერვებმა უნდა გაიარონ წვივი, თეძო, წელი, ზურგი და კისერი, რათა ტერფიდან ტვინამდე მიაღწიონ, შეიძლება მოხდეს ისიც, რომ ამ ნერვების დაბოლოება, რომელიც ტერფშია, არ იყოს მოძრაობაში მოყვანილი, და მხოლოდ მათი შუალედური ნაწილები გადასცემდნენ ტკივილს. ეს ტვინში გამოიწვევდა ზუსტად იმავე ამოძრავებას, რაც შეიძლებოდა გამოეწვია ტერფის დაზიანებას და ამის გამო გონიც აუცილებლად იგრძნობდა იმავე ტკივილს. ასე უნდა ვიმსჯელოთ ნებისმიერ სხვა შეგრძნებაზეც.

      დაბოლოს, რაკი თითოეული მოძრაობა ხდება ტვინის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ახდენს შთაბეჭდილებას გონზე, მასში იწვევს მხოლოდ ერთ გრძნობას, ამიტომ ყველა იმ გრძნობათა შორის, რომლის გამოწვევაც ამ მოძრაობას ძალუძს, ყველაზე საუკეთესო არის ის, რაც სასარგებლოა და ხშირად უწყობს ხელს ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველა გრძნობა, რომლითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა, ამგვარი გახლავთ. მაშასადამე, ყოველივე ეს მოწმობს, რომ ღმერთი ძლევამოსილია და სიკეთისმოქმედი. მაგალითად, როდესაც ტერფში განტოტილი ნერვები ჩვეულზე მძაფრად და მეტად იქნა მოყვანილი მოქმედებაში, ეს მოძრაობა მათ ზურგის ტვინის გავლით თავის ტვინს გადასცეს, სადაც გონს მიეცა ნიშანი - იგრძნოს, რომ ტერფში ტკივილია და გააკეთოს ყოველივე შესაძლებელი ტერფისათვის საშიში ტკივილის მიზეზის აღსაკვეთად. ცხადია, ღმერთს შეეძლო ადამიანის ბუნება ისე მოეწყო, რომ ტვინში ამ მოძრაობას გონისათვის ეკარნახა, რათა მას ეგრძნო ნებისმიერი სხვა რამეც, მაგალითად, თავად ეს მოძრაობა იმდენად, რამდენადაც იგი ხდება ტვინში, ან რამდენადაც იგი ხდება ტერფში, ან რომელიმე მათ შორის შუალედურ ადგილში, ან, ბოლოს და ბოლოს, გამოეწვია ნებისმიერი სხვა რამ გრძნობა. მაგრამ ამათგან არც ერთი სხვა გრძნობა ისე კარგად არ შეუწყობდა ხელს სხეულის შენარჩუნებას. ამის მსგავსად, წყურვილის დროს ყელის სიმშრალე ჩნდება, რასაც მოძრაობაში მოყავს ყელის ნერვები, მათი მეშვეობით - ტვინის შინაგანი ნაწილები და გონებაში აღიძვრება წყურვილის გრძნობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე სასარგებლოა ის ცოდნა, რომ წყლის დალევა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ასევე სხვა შემთხვევებშიც.

      აქედან სავსებით ცხადია, რომ ღმერთის უსაზღვრო სიკეთისაგან განსხვავებით, ადამიანის ბუნება - შედგენილი გონისა და სხეულისაგან - შეიძლება ზოგ შემთხვევაში შეცდომას უშვებდეს. თუ რაიმე მიზეზი გამოიწვევს ნერვის იმ მოძრაობას, ჩვეულებრივ ტერფის ტკივილით რომ აღიძვრება არა ტერფში, არამედ ნერვის რომელიმე სხვა ნაწილში თავის ტვინამდე, ანდა თავად ტვინში, ასეთი მიზეზის გამოძახილი ტკივილი ისევე შეიგრძნობა, როგორც ტერფში არსებული ტკივილი. მართლაც, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ჩვენი შეგრძნება მოტყუვდება. რაკი ტვინის ერთი და იგივე მოძრაობა იქნება მიზეზი გონის ერთი და იმავე შეგრძნებისა და ამგვარი შეგრძნების მიზეზი უფრო ხშირად დაჭრილი ტერფია და არა რაიმე სხვა, ბევრად გონივრულია, ვიფიქროთ: ეს მოძრაობა გონს ყოველთვის გადასცემს ტერფის, და არა რომელიმე სხვა ნაწილის ტკივილს. თუ ზოგჯერ, ჩვეულებისამებრ ყელის სიმშრალე გამოწვეულია არა იმით, რომ წყლის დალევა სასარგებლოა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ რაიმე სხვა, სრულიად საპირისპირო მიზეზით, როგორც ეს წყალმანკით დაავადების შემთხვევაშია, როცა ბევრად უმჯობესია იგი გვატყუებდეს, და არა პირიქით, გვატყუებდეს ყოველთვის, როცა სხეული ჯანმრთელია; და ასე შემდეგ.

      ეს გამოკვლევა დიდად მეხმარება არა მხოლოდ ყველა იმ შეცდომის შესამჩნევად, რომელთაც ჩემი ბუნება ექვემდებარება, არამედ მიადვილებს მათ გამოსწორებასა და თავიდან აცილებას. მართლაც, მე ვიცი, რომ ჩემი გრძნობები უფრო ხშირად ჭეშმარიტ და არა მცდარ მითითებებს მაძლევენ იმის თაობაზე, რაც სხეულს შვებას ჰგვრის. თითქმის ყოველთვის შემიძლია გამოვიყენო რამდენიმე შეგრძნება ერთი და იმავე საგნის განსახილველად; გარდა ამისა, შემიძლია ვისარგებლო ჩემი მეხსირებითაც, რათა დავუკავშირო ერთმანეთს ამჟამინდელი და წარსული ცოდნა და ჩემი გონების /l' edentment/ წყალობით, რომელმაც უკვე გამაგებინა ჩემ შეცდომათა ყველა მიზეზი, აღარ უნდა მეეჭვებოდეს იმ საგანთა სიმცდარე, რომელთაც ჩემი გრძნობები ყოველდღიურად წარმომიჩენენ. ამასთან, უნდა უკუვაგდო ამ ბოლო დღეების გაზვიადებული სასაცილო ეჭვები, განსაკუთრებით დიდი ეჭვი ძილის თაობაზე, რომელსაც ვერ ვარჩევდი ღვიძილისაგან. ამჟამად მათ შორის ვხედავ ძალზე მკვეთრ სხვაობას: ჩვენს მეხსიერებას არასოდეს შეეძლება ისე დაუკავშიროს სიზმრისეული რამ ჩვენი ცხოვრების დანარჩენ ქმედებებს, როგორც, ჩვეულებრივ, იგი ერთმანეთთან აკავშირებს ყველაფერს, რასაც ცხადში განვიცდით. მართლაც, ცხადად ვინმე უეცრად რომ დამიდგეს წინ და უეცრადვე გაუჩინარდეს, მე ვერ მივხვდები - საიდან მოვიდა ან სად წავიდა იგი, როგორც ეს ხდება იმ სახეების მიმართ, ძილში რომ ვხედავ. ამ შემთხვევაში არცთუ უსაფუძვლოდ მას მივიჩნევდი არა ნამდვილ ადამიანად, არამედ, უმალ ლანდად, მოჩვენებად, რომელიც ჩემმავე ტვინმა შექმნა. მაგრამ როდესაც მე წარმომიდგება საგნები, რომელთაც გარკვევით ვამჩნევ, საიდან, სად და როდის მოდიან და შემიძლია ყოველგვარი წყვეტილის გარეშე მათი პერცეფციის დაკავშირება მთელი ცხოვრების დანარჩენ მსვლელობასთან, უკვე სავსებით ვრწმუნდები, რომ ამას არა ძილში, არამედ ცხადში აღვიქვამ; ახლა მე მცირედითაც არ უნდა დავეჭვდე ამ საგანთა ჭეშმარიტებაში, თუ მას შემდეგ, რაც მათ განსახილველად მოვუხმე ყველა ჩემს გრძნობას, მეხსიერებამ და გონებამ არაფერი მომაწოდა ისეთი, რაც შეეწინააღმდეგებოდა ყოველივე დანარჩენს. იქიდან, რომ ღმერთი არ არის მატყუარა, უეჭველად გამომდინარეობს ის, რომ ამ შემთხვევაში მეც არ ვცდები.

      მაგრამ მოქმედების აუცილებლობა ხშირად გვაიძულებს გადაწყვეტილების მიღებას მანამდე, ვიდრე მას საგულდაგულოდ გამოვიკვლევთ; ამიტომ ვაღიაროთ, რომ ადამიანიც ცხოვრებაში ხშირად ცდება, განსაკუთრებით როცა საქმე კერძო საგნებს ეხება და ვცნოთ ჩვენი ბუნების სისუსტე.

დასასრული

« მედიტაცია მეხუთე

[1] მირიოგონი - ათი ათას გვერდიანი ფიგურა.

[2] პოლიგონი - მრავალკუთხედი.

ტეგები: Qwelly, გონი, დეკარტი, მატერია, მედიტაცია, მეტაფიზიკა, სხეული, ფილოსოფია

ნახვა: 871

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters