რენე დეკარტი - მსჯელობა მეთოდის შესახებ

ნაწილი V

რენე დეკარტი, დეკარტე, მსჯელობა, მეთოდი, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

      სიამოვნებით განვაგრძობდი აქ სხვა ჭეშმარიტებათა ჯაჭვის ჩვენებას, რომლებიც წინა ნაწილებში განხილულთაგან გამოვიტანე. მაგრამ ამისთვის ახლა ერთბაშად მომიწევდა საუბარი მრავალ სადავო საკითხზე იმ სწავლულთა შორის, რომლებთანაც ურთიერთობის გაფუჭებას არ ვისურვებდი; ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თავის შეკავება; მხოლოდ ზოგადად მივუთითებ, რომელია ეს საკითხები, რათა უფრო გონიერებს მივანდო იმის განსჯა - საჭიროა თუ არა მათი უფრო დაწვრილებით გაცნობა საზოგადოებისათვის. ყოველთვის მტკიცედ ვიცავდი ჩემს გადაწყვეტილებას: მეხელმძღვანელა მხოლოდ იმ პრინციპით, რომლითაც ვისარგებლე ღმერთისა და სულის არსებობის დასამტკიცებლად და ჭეშმარიტებად არ მიმეჩნია არაფერი, რასაც არ მივიჩნევდი იმაზე უფრო ნა თელ და უტყუარ რამედ, ვიდრე გეომეტრიული დასაბუთებები მეჩვენებოდა ოდესღაც. მე მაინც ვბედავ, ვთქვა, რომ უმოკლეს დროში არა მხოლოდ ვიპოვე საშუალება, დადებითად გადამეწყვიტა ყველა ის ძირითადი სირთულე, ჩვეულებრივ, ფილოსოფიაში რომ იხილავენ ხოლმე, არამედ მიმეგნო ეჭვშეუვალი კანონებისთვისაც, რომლებიც ღმერთმა დაუდგინა ბუნებას და რომლებიც ცნებებად ისე აღბეჭდა ჩვენს სულებში, რომ ცოტაოდენი რეფლექსიაც კმარა, რათა მტკიცედ ვირწმუნოთ: ღვთისმიერი კანონები განმსჭვალავს ყველაფერს არსებულს და ყოველივეს, რაც ხდება სამყაროში. შემდეგ, ამ კანონთა შედეგის განხილვით, მგონი, აღმოვაჩინე მრავალი უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, ვიდრე იყო ყველა ჩემ მიერ მანამდე შესწავლილი, ან თვით სამერმისოდ შესასწავლი ჭეშმარიტებანი.

      ამათაგან უმთავრეს ჭეშმარიტებათა ახსნას შევეცადე ერთ ჩემს ტრაქტატში[1], რომლის გამოქვეყნებისაგანაც თავს ვიკავებ გარკვეული მოსაზრებით, მაგრამ აქ მოკლედ მოგითხრობთ ტრაქტატის შინაარს და, ვფიქრობ, კარგადაც გაგაცნობთ ნახსენებ ჭეშმარიტებებს. განზრახული მქონდა მასში შემეტანა ყველაფერი, რაც მის დაწერამდე ჩემთვის გარკვეულად მეჩვენებოდა მატერიალური საგნების ბუნების შესახებ. მაგრამ მხატვართა მსგავსად, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა სიბრტყეზე თანაბარი სისრულით გამოსახონ მყარი სხეულის ყველა მხარე, ირჩევენ ერთ-ერთს - მთავარს და მას უფრო ამკვეთრებენ სხვების დაჩრდილვის ფონზე, რითაც შესაძლებელს ხდიან მის დანახვას სურათის ყურებისას, მეც ასევე, იმის შიშით, რომ ვერ შევძლებდი ტრაქტატში ჩემი მთელი ნააზრევის გადმოცემას, გადავწყვიტე, ვრცლად მომეთხრო მხოლოდ ის, რაც ვიცოდი სინათლის შესახებ, შემდეგ კი მას- თან მიმართებით მიმეყოლებინა მსჯელობა მზისა და უძრავი ვარსკვლავების თაობაზე, როგორც სინათლის ძირითად წყაროებზე, სინათლის გამტარ ცის შრეთა შესახებ, პლანეტების, კომეტების და დედამიწის შესახებ, რომლებიც მას აირეკლავენ. განსაკუთრებით გამომეყო ყველა მიწიერი სხეული - ფერად-ფერადი, ან გამჭვირვალე, ან მბზინვარე; დაბოლოს, მემსჯელა ადამიანზე, როგორც ყველა ამ სხეულის მაყურებელზე. იმისათვის, რომ ყოველივე ცოტაოდენ დამეჩრდილა და შემძლებოდა უფრო თავისუფლად გამომეთქვა საკუთარი მოსაზრებები, იძულებით არ მივყოლოდი სწავლულთაგან აღიარებულ აზრებს, ან უარმეყო ისინი, გადავწყვიტე, მთელი ეს სამყარო მათთვის მიმენდო საკამათოდ და მესაუბრა მხოლოდ ასეთი ვარაუდის შესახებ: რა მოხდებოდა, ღმერთს რომ ახლა სადმე, წარმოსახვითს სივრცეებში შეექმნა საკმარისი ნივთიერება ახალი სამყაროს შესაქმნელად და ქაოტურ მოძრაობაში მოეყვანა ამ ახალშექმნილი მატერიის სხვადასხვა ნაწილი; მხოლოდ პოეტების ფანტაზიას შეუძლია წარმოიდგინოს ასეთი ქაოსი. ბოლოს ღმერთს, თავისი ჩვეული ყოვლისშემწეობით, ბუნებისათვის დაედგინა კანონები და სამყაროს მართვაც ამ კანონებით წარმართულიყო. ამგვარად, უპირველესად აღვწერე ეს მატერია და წარმოვიდგინე, რომ სამყაროში არაფერია უფრო გამჭვირვალე და გასაგები, გარდა იმისა, რაც უკვე მოგახსენეთ ღმერთისა და სულის შესახებ. განგებ დავუშვი ისიც, რომ ამ ახალ ნივთიერებას არა აქვს არც ერთი იმ ფორმათაგანი და თვისებათაგანი, რომლებზეც სქოლასტიკოსები კამათობენ, არ გააჩნია საერთოდ ისეთი რაიმე, რისი შემეცნებაც ჩვენი გონისათვის არ იქნებოდა ბუნებრივი და თავის მოსაჩვენებლადაც კი ვერ იტყოდით, რომ ეს არ იცით. გარდა ამისა, მე ვაჩვენე, თუ როგორია ბუნების კანონები, დასკვნებში კი მხოლოდ ღვთის უსასრულო სრულყოფილების პრინციპის საფუძველზე შევეცადე, ნათლად ამეხსნა ყველა ის კანონი, რომელთა მიმართაც შეიძლებოდა რაიმე ეჭვი დაბადებოდათ. მსურდა ამეხსნა: ღმერთს მრავალი სამყარო კიდეც რომ შეექმნა, მათ შორის ერთიც არ იქნებოდა ისეთი, სადაც ეს კანონები არ იქნებოდა დაცული. ამის შემდეგ განვაგრძე მსჯელობა შემდეგნაირად: ამ კანონთა ძალით ქაოტური მატერიის უდიდესი ნაწილი უნდა განფენილიყო სამყაროში და მოწესრიგებულიყო ისე, რომ შექმნილიყო რაღაც ჩვენი ცის მაგვარი რამ; მისივე ნაწილებისაგან უნდა შექმნილიყო ზოგისაგან - დედამიწა, პლანეტები, კომეტები, ზოგისაგან - მზე და უძრავი ვარსკვლავები. აქ ვრცლად შევჩერდი სინათლის რაობაზე, დეტალურად განვმარტე როგორ უნდა წარმოქმნილიყო იგი მზისა და ვარსკვლავთაგან, ელვისებური სისწრაფით როგორ კვეთს უკიდეგანო ცის შრეებს, როგორ აირეკლება პლანეტებიდან და კომეტებიდან და როგორ ეშვება დედამიწაზე. ამას დავუმატე მრავალი რამ ამ ცის შრეთა და ვარსკვლავთა სუბსტანციის, მდებარეობის, მოძრაობისა და ყველა სხვა თვისების შესახებ. მგონი, საკმარისად გასაგებად ვთქვი, რომ ჩვენი სამყაროს თვისებებს შორის არაფერია ისეთი, რაც ან არ, ან შეიძლება არ ყოფილიყო სრულიად მსგავსი ჩემ მიერ აღწერილი სამყაროსი. ამის შემდეგ საგანგებოდ ვისაუბრე დედამიწაზე და განზრახ დავუშვი, რომ ღმერთმა არ მიანიჭა არავითარი მიზიდულობა იმ ნივთიერებას, რომლისაგანაც შედგება დედამიწა, და მაინც როგორ ისწრაფვის ყველა მისი ნაწილი ზუსტად მისი ცენტრისაკენ; ვაჩვენე, მის ზედაპირზე, სადაც წყალი და ჰაერია, ცის შრეთა და მნათობთა - განსაკუთრებით მთვარის - განლაგებას უნდა გამოეწვია მოქცევები და უკუქცევები ზუსტად ისეთი, როგორიც, მსგავს გარემოებებში, შეინიშნება ჩვენს ზღვებში; მსგავსია აგრეთვე წყლისა და ჰაერის, ერთგვარად, თავისებური დინება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ისეთი, ტროპიკებში რომ ხდება. განვაგრძე თხრობა, თუ ბუნებრივად როგორ წარმოიქმნებოდა მთები, ზღვები, წყაროები და მდინარეები, ლითონები მიწის წიაღში, როგორ აღმოცენდებოდა მცენარეები ველებზე, და საერთოდ, როგორ, რა ძალით, იქმნებოდა ყველა ის სხეული, რომელთაც შედგენილს ან რთულს უწოდებენ. რაკი ციურ მნათობთა გარდა ქვეყნად ცეცხლის გარდა არაფერი მეგულებოდა სინათლის წყაროდ, შევეცადე, გასაგებად ამეხსნა ყოველივე, რაც ამ უკანასკნელის ბუნებას ეხებოდა: როგორ ჩნდება, რა კვებავს მის ნათებას, როგორ ბადებს სითბოს სინათლის გარეშე, ზოგჯერ კი პირიქით - სინათლეს სითბოს გარეშე; როგორ ანიჭებს სხვადასხვა სხეულს განსხვავებულ ფერს და მრავალ სხვა თვისებას; როგორ ადნობს ზოგს და როგორ ამკვრივებს სხვებს; რა ძალით წვავს ყველაფერს, აქცევს კვამლად და ფერფლად, საიდანაც თავისივე ძალით წარმოქმნის მინას. ფერფლის მინად ასეთი გარდაქმნა მიმაჩნდა ყველაზე უფრო დიდ საოცრებად ბუნებაში, ამიტომ განსაკუთრებული სიამოვნებით აღვწერე იგი.

      ზემოთ ნათქვამიდან არ გამიკეთებია დასკვნა, რომ ჩვენი სამყარო ისევე შეიქმნა, როგორც მე ვივარაუდე ახლის შექმნა. ბევრად უფრო საალბა- თოა ღმერთმა დასაბამიდანვე იგი შექმნა ისეთად, შორის საყოველთაოდ მიღებულია აზრი, რომ ქმედება, რომლითაც ამჟამად უზენაესი ინარჩუნებს სამყაროს, ზუსტად ისეთივეა, როგორც თავდაპირველი შესაქმე; ასე რომ, ღმერთმა სამყარო დასაბამით თუ მხოლოდ ქაოსად შექმნა, რათა შემდეგ ბუნების კანონების დადგენით მოეწესრიგებინა შემდგომი სწორი განვითარებისათვის, უნდა გავფრთხილდეთ: შესაქმეს სასწაულს ჩრდილი არ მივაყენოთ და ვივარაუდოთ, რომ ღვთის ძალით შეიძლებოდა ყველა მატერიალური საგანი თავიდან ყოფილიყო ისეთი, როგორადაც ჩვენ მათ ამჟამად ვხედავთ; მათი ბუნება ბევრად უფრო იოლად შეიმეცნება, როდესაც გონებას გავადევნებთ მათს თანდათანობითს განვითარებას, ვიდრე მაშინ, როდესაც მათ განვიხილავთ უკვე სავსებით ჩამოყალიბებულთ. უსულო საგნებისა და მცენარეთა აღწერის შემდეგ გადავედი ცხოველთა სამყაროზე, განსაკუთრებით ადამიანზე ვაპირებდი შეჩერებას[2]. მაგრამ რაკი არ გამაჩნდა სათანადო ცოდნა მათზე ისეთივე საუბრისათვის, როგორც სხვა დანარჩენზე, ე. ი. ნაკლებად ცნობილი მიზეზებიდან დასკვნები გამომეტანა და მეჩვენებინა, როგორ და რა თესლიდან უნდა წარმოიშობოდეს მათი ბუნება, მე დავკმაყოფილდი შემდეგი დაშვებით: ღმერთმა ადამიანის სხეული შექმნა ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ გვაქვს, როგორც ნაკვთების გარეგნული აღნაგობის, ისე მის შინაგან ორგანოთა წყობის მიხედვით; შექმნა იგი იმავე მატერიისაგან, რომელიც ზემოთ აღვწერე, და თავიდანვე მასში არც გონითი სული /ლ ’ â მე რაისონნაბლე/ ჩაუდია და არც სხვა რამ, რითაც შეეძლებოდა ესარგებლა ვეგეტატიურ ან გრძნობად სულს. მან ადამიანის გულს მხოლოდ სინათლეს მოკლებული იმ ცეცხლთაგანი მოჰმადლა, ზემოთ რომ ავხსენი. ასეთი ცეცხლი ახურებს თივას, ზვინად რომ დააწყვეს მოთიბული ბალახი, ანდა იწვევს ჭაჭაზე დატოვებული მაჭრის დუღილს. სხეულში ამ ცეცხლის ძალის განხილვით, აღმოვაჩინე ყველა ის ძვრა, რაც კი შესაძლებელია ხდებოდეს ჩვენში, აზროვნებისაგან დამოუკიდებლად, მაშასადამე, ჩვენი სულის მონაწილეობის გარეშე, ანუ სხეულისაგან განსხვავებული იმ ნაწილის გარეშე, რომლის ბუნებაც, როგორც ზემოთ ითქვა, აზროვნება გახლავთ. ეს ზუსტად ისეთივე ფიზიოლოგიური ფუნქციებია, რომლებიც ერთნაირად გვახასიათებს ჩვენც და გონების არმქონე ცხოველებსაც. ამ ფუნქციათა შორის ვერც ერთი აღმოვაჩინე, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა აზროვნებასთან და მხოლოდ ჩვენთვის, როგორც ადამიანებისათვის, იქნებოდა დამახასიათებელი. ყოველივე ეს მოგვიანებით აღმოვაჩინე, როდესაც დავუშვი, რომ ღმერთმა შექმნა გონითი სული და დაუკავშირა იგი ამ სხეულს გარკვეული წესით, როგორც აღვწერე[3].

      მაგრამ გარკვეულწილად შესაძლებელი რომ იყოს იმის დანახვა, თუ როგორ ვიხილავდი ამ საკითხებს, მსურს, აქ ავხსნა გულისა და არტერიის მუშაობა, პირველი და უმთავრესი რამ ცხოველებში, რის საფუძველზეც იოლია მსჯელობა ყველა სხვა შინაგან მოძრაობაზეც. ჩემი ნათქვამი უფრო იოლი გასაგები რომ იყოს, ანატომიაში ჩაუხედავ ადამიანებს ვურჩევდი, ვიდრე ამას წაიკითხავდნენ, კეთილი ინებონ, გაკვეთონ ფილტვების მქონე რომელიმე დიდი ცხოველის გული, რომელიც ადამიანის გულის სრული ასლია და ყურადღება მიაქციონ მის ორ საკანს, ანუ ღრუს. ერთი მარჯვნივაა და მას შეესაბამება ორი ძალზე განიერი ძარღვი - ღრუ ვენა - სისხლის ძირითადი მიმღები; იგი ხის განშტოებულ ნაწილს ჰგავს, ვენებად განტოტილს მთელ სხეულში; მეორეა არტერიული ვენა; არასწორად უწოდებენ ასე, რადგან რეალურად ეს არის არტერია, რომელიც გამოდის გულიდან და იტოტება მრავალ წვრილ სისხლძარღვად და განიშლება ფილტვებში. მარცხნივ, მეორე ღრუს ასევე უერთდება ორი ისეთივე ან, შესაძლოა, უფრო განიერი ძარღვი ვიდრე წინა ორი იყო: ერთია ვენური არტერია, ასევე არასწორად სახელდებული, რადგან იგი სხვა არაფერია, თუ არა ფილტვებიდან გამომავალი ვენა, სადაც მას რამდენიმე ტოტი აქვს და გადახლართულია არტერიული ვენისა და იმ სადინარის განტოტებასთან ყელს რომ უწოდებენ, საიდანაც ჰაერი შეისუნთქება; მეორეა დიდი არტერია, რომელიც გულიდან გამოსვლისთანავე მთელ სხეულში იტოტება. ჩემი სურვილია მკითხველებს ასევე ყურადღებით აჩვენონ თერთმეტი პატარა აპკი, რომლებიც პატარა კარის მსგავსად ხსნიან და ხურავენ ამ ორ ღრუში მდებარე ოთხ ხვრელს, კერძოდ: სამი აპკი ღრუ ვენის თავში ისეა განლაგებული, რომ ისინი ვერ შეუშლიან ხელს ძარღვიდან სისხლის გადადენას გულის მარჯვენა ღრუში, მაგრამ უკან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ; სამი არტერიული ვენის თავშია, საპირისპირო მხარესაა შებრუნებული და ხელს უწყობენ ამ ღრუდან სისხლის გადინებას ფილტვებში, საიდანაც სისხლის უკან, გულში დაბრუნებას ხელს უშლიან; ასევე ორი, ვენური არტერიის თავში მდებარე, ხელს უწყობს სისხლის დინებას ფილტვებიდან გულის მარცხენა ღრუში და კეტავს მის უკან დასაბრუნებელ გზას. სამი აპკი დიდი არტერიის თავშია. ისინი სისხლს გადაქაჩავენ გულიდან და არ აძლევენ უკან დაბრუნების საშუალებას. ამ აპკების რაოდენობის ასახსნელად კმარა შემდეგი: ვენური არტერიის ხვრელი ოვალურია და თავისი მდებარეობის წყალობით იოლად შეუძლია დაიხუროს ორი აპკით, ხოლო დანარჩენი - მრგვალი ფორმის ხვრელები - მარჯვედ იხურება სამი აპკით. იქნებ მკითხველთათვის ისიც ეჩვენებინათ, რომ დიდი არტერია და არტერიული ვენა ბევრად უფრო მაგარი და მყარი აგებულებისაა, ვიდრე ვენური არტერია და ღრუ ვენა და რომ ეს ორი უკანასკნელი გულში შესვლამდე ფართოვდება, რითაც ქმნის თითქოს ორ ტომარას, რომლებიც გულის ყურებად იწოდება. მათი და გულის ქსოვილი მსგავსია; გულში ყოველთვის უფრო მეტი სითბოა, ვიდრე სხეულის რომელიმე ნაწილში. დასასრულ, როგორც კი სისხლის წვეთი მოხვდება გულის ღრუებში, ეს სითბო იწვევს მათ სწრაფ გაბერვას და გაფართოებას, როგორც საერთოდ ეს ხდება, როცა ნებისმიერი სითხე წვეთობით ჩაედინება ცხელ ჭურჭელში.

      გულის მუშაობის ასახსნელად ისღა მრჩება სათქმელი, რომ, როცა მისი ღრუები სავსე არაა სისხლით, იგი აუცილებლად გადავა ღრუ ვენიდან მარჯვენა ღრუში, ხოლო ვენური არტერიიდან - მარცხენა ღრუში, ვინაიდან ეს ორი სისხლძარღვი მუდამ სისხლითაა სავსე, ხოლო ხვრელებმა, რომლებიც გულის მხარეს იღებიან, არ შეიძლება მათ ხელი შეუშალონ; როგორც კი თითო-თითო წვეთი სისხლი, ორივე საკმაოდ მსხვილი, რადგან ფართო ხვრელებითა და სისხლით სავსე ძარღვებიდან მოედინება, შევა ღრუში, ისინი თხელდებიან, ფართოვდებიან სითბოს გავლენით და ბერავენ გულს, შემდეგ აწვებიან და ხურავენ ხუთ პატარა კარს, რომლებიც მდებარეობენ შესასვლელ ხვრელებთან იმ ორი სისხლძარღვისა, საიდანაც თვითონ გადმოდიან და აბრკოლებენ სისხლის შემდგომ შეღწევას გულში. ისინი თანდათან ფართოვდებიან, უბიძგებენ და აღებენ დანარჩენ ექვს პატარა კარს, რომლებიც მდებარეობენ შესავლელ ხვრელებთან ორი სხვა სისხლძარღვისა, საიდანაც წვეთები გამოდიან, და თითქმის გულთან ერთად ბერავენ არტერიული ვენისა და დიდი არტერიის განშტოებებს. შემდეგ გული და არტერიები მყისვე იკუმშება, რადგან არტერიაში მოხვედრილი სისხლი ცივდება. ექვსი პატარა კარი იხურება, ხუთი, რომლებიც შეესაბამებია ღრუ ვენასა და ვენურ არტერიას, იღება, კვლავ საშუალებას აძლევენ სისხლის ორ ახალ წვეთს გულში გადასასვლელად. წინამორბედთა მსგავსად, ეს წვეთები ისევ ბერავს გულს და არტერიებს. სისხლი, რომელიც ამგვარად შედის გულში, გაივლის ორ ტომარას - ყურებად რომ იწოდება; ამდენად მათი მოძრაობა გულის მოძრაობის საპირისპიროა და ე. წ. ყურები იკუმშება მაშინ, როცა იგი იბერება. ერთი სიტყვით, მათთვის, ვისთვისაც უცნობია მათემატიკური დასაბუთებების ძალა და მიჩვეულნი არ არიან ჭეშმარიტი საფუძვლები გაარჩიონ სიმართლისმაგვართაგან, შეუსწავლელად რომ არ ინებონ ჩემი ნათქვამის უარყოფა, ვაფრთხილებ: აღწერილი მოძრაობა აუცილებლობით გამომდინარეობს გულის აგებულებიდან, რაც თვალნათლივაც შეგვიძლია დავინახოთ - თითებით შეგვიძლია შევიგრძნოთ სითბო და ცდით გამოვიკვლიოთ სისხლის ბუნება. ეს მოძრაობა ისევე აუცილებლად მომდინარეობს ზემოთქმულიდან, როგორც საათის მოძრაობა არის შედეგი საწონებისა და თვლების ძალისა, მათი განლაგებისა და მოყვანილობისა. თუ იკითხავენ: გულში გამუდმებული გადადინებით რატომ არ ილევა ვენური სისხლი და რატომ პირთამდე არ ივსება არტერიები, სადაც მიედინება გულიდან გამოსული მთელი სისხლი, შემიძლია მხოლოდ გაგიმეოროთ პასუხი ერთი ინგლისელი ექიმის[4] თხზულებიდან; ეს მკურნალი ხოტბის ღირსია იმის გამო, რომ მან პირველმა შეისწავლა და გვიჩვენა, რომ არტერიის დაბოლოებებში უამრავი პატარა გასასვლელია, რომელთაც გულიდან მიღებული სისხლი გადააქვთ ვენების პატარა განშტოებებში. აქედან სისხლი კვლავ გულისაკენ მიემართება. ასე რომ, ეს სხვა არაფერია, თუ არა უწყვეტი წრებრუნვა. ამას ექიმი ძალზე კარგად ადასტურებს ჩვეულებრივი ქირურგიული გამოცდილებით - მკლავის მსუბუქი გადახვევით იმ ადგილის ზემოთ, სადაც ვენას ხსნიან, სისხლის უფრო ჭარბ ნაკადს იღებენ, ვიდრე შეუხვევლიდან. მკლავი ხელის მტევანსა და ჭრილობას შორის რომ გადაეხვიათ, ანდა ჭრილობის ზემოთ ნახვევი ძალზე მჭიდრო რომ ყოფილიყო, მოხდებოდა პირიქით. ცხადია, მსუბუქად გადაჭერილი ლახტი აბრკოლებს მკლავში არსებული სისხლის ვენით გულისაკენ დაბრუნებას, მაგრამ ხელს არ უშლის არტერიებიდან მომდინარე ნაკადს, რადგან ისინი ვენებზე უფრო ღრმად არიან, უფრო მკვრივი კედლები აქვთ და ისე იოლად არ იკუმშებიან. გულიდან მომდინარე სისხლი მათი მეშვეობით უფრო ძლიერად მიემართება ხელის მტევნისაკენ, ვიდრე იქიდან ვენებით ბრუნდება გულში. რაკი სისხლი გამოდის ერთ-ერთი ვენის განაჭერიდან, მაშ აუცილებლად უნდა იყოს სისხლის რაღაც სადინარი სახვევის ქვემოთ, ე. ი. მკლავის დაბოლოებაზე, საიდანაც იგი შეძლებს არტერიებიდან გადინებას. ექიმი ასევე ჩინებულად უკავშირებს სისხლის მო ძრაობას პატარა სარქველების არსებობას, რომლებიც ვენების გასწვრივ, სხვადასხვა ადგილზეა განლაგებული და საშუალებას არ აძლევენ სისხლის დინებას სხეულის შუა ნაწილიდან კიდურებისაკენ, პირიქით, ატარებენ კიდურებიდან გულისაკენ. ასევე ცდით დასტურდება, რომ სხეული მთელი სისხლისაგან შეიძლება ძალზე ჩქარა დაიცალოს ერთი არტერიის გადაჭრის შემთხვევაშიც კი, თუნდაც იგი ძალზე მჭიდროდ იყოს გადახვეული გულთან ახლოს, მაგრამ გადაჭრილი იყოს გულსა და სახვევს შორის; ასე რომ, არტერიაში სისხლი მხოლოდ გულიდან მოხვდებოდა, სხვაგვარად ყოვლად წარმოუდგენელია.

      მრავალი სხვა რამეც მოწმობს, რომ სისხლის მოძრაობის ნამდვილი მიზეზი არის ის, რაც მე მოგახსენეთ. ჯერ ერთი, სხვაობა ცალკე ვენებიდან და ცალკე არტერიებიდან გამომავალ სისხლს შორის მომდინარეობს მხოლოდ იქიდან, რომ გულში გავლით გათხელებული და ერთგვარად გაწმენდილი სისხლი, იქიდან გამოსვლისას ე. ი. არტერიებში, უფრო მსუბუქი, თხელი და თბილია, ვიდრე ვენებში იყო გულში გადასვლამდე. თუ ყურადღებით დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ეს სხვაობა აშკარად შეინიშნება მხოლოდ გულის მახლობლად და არა მისგან მოშორებულ ადგილებში. ამას გარდა, არტერიული ვენისა და დიდი არტერიის კედლების სიმკვრივე საკმარისად მოწმობს, რომ სისხლის ნაკადი კედლებს უფრო ძალუმად სცემს, ვიდრე ვენისას. რატომაა გულის მარცხენა ღრუ და დიდი არტერია უფრო ტევადი და განიერი, ვიდრე მარჯვენა ღრუ და არტერიული ვენა, თუ არა იმის გამო, რომ ვენური არტერიის სისხლი, რომელიც მხოლოდ ფილტვებს გაივლის გულიდან გამოსვლისას, უფრო თხელია და შემდეგაც იოლად თხევადდება, ვიდრე უშუალოდ ღრუ ვენიდან მომდინარე სისხლი. პულსის გასინჯვით რას გაიგებენ ექიმები, თუ მათ არ ეცოდინებათ, რომ სისხლი, თავისი ცვალებადი ბუნების წყალობით, გულის სითბოთი მეტად ფართოვდება ან ნაკლებად, უწინდელზე ჩქარა ან ნელა? თუ განვიხილავთ იმასაც, როგორ გადაეცემა ეს სითბო სხვა ორგანოებს, იქნებ გვეღიარებინა, რომ ეს სისხლის მეშვეობით ხდება; გულში გავლისა და იქ გათბობის შემდეგ ხომ იგი მთელ სხეულში ვრცელდება. ამიტომ სხეულის რომელიმე ნაწილი სისხლის შეწყვეტით სითბოსაც კარგავს; მხოლოდ გული - გამდნარი რკინასავით გავარვარებული რომც იყოს, მაინც არ იკმარებდა ადამიანის ხელებისა და ფეხების გასათბობად; გულს თუ შეუძლია სხეულის გათბობა, ეს მხოლოდ სისხლის უწყვეტი მიწოდებით ხდება. აქედან იმასაც შევიტყობთ, რომ სუნთქვის ჭეშმარიტი დანიშნულება ფილტვებისათვის სუფთა ჰაერის მიწოდება გახლავთ, რათა სისხლი, რომელიც გულის მარჯვენა ნაწილიდან გათხელებული და თითქოს ორთქლად ქცეული გადადის იქ, ორთქლიდან კვლავ სისხლად აქციოს. ამის გარეშე გულის მარცხენა ღრუში შესვლისას იგი ვერ შეძლებდა მის გათბობას ცეცხლივით. თქმული დასტურდება იმით, რომ ცხოველებს, რომელნიც უფილტვონი არიან, გულშიც მხოლოდ ერთადერთი ღრუ აქვთ; დედის წიაღში მყოფ ბავშვებსაც, რომლებიც არ სარგებლობენ ფილტვებით, აქვთ ხვრელი, რითაც სისხლი ღრუ ვენიდან გადაედინება გულის მარცხენა ღრუში და სადინარი, რომლი- თაც სისხლი არტერიული ვენიდან ფილტვების გაუვლელად გადაედინება დიდ არტერიაში. გარდა ამისა, ვიფიქროთ, როგორ მოხდებოდა საჭმლის მონელება კუჭში, გულს არტერიით მისთვის სითბო და ზოგიერთი, განსაკუთრებულად აქტიური სისხლის ნაწილაკები არ გადაეცა, რომლებიც ხელს უწყობენ საკვების მონელებას? რაც შეეხება საკვების წვენის გარდაქმნას სისხლად, განა არ აიხსნება იმით, რომ მისი დაწმენდა გულში გამუდმებით, შესაძლოა, დღე-ღამის განმავლობაში ასჯერ, ორასჯერ ან მეტადაც გავლით ხდება?! კვებისა და სხეულში სხვადასხვა სახის გამონაყოფის წარმოქმნის ასახსნელად იმის თქმაც კმარა, რომ იგივე ძალა, რომლის მეშვეობითაც თხელდება სისხლი და გულიდან არტერიათა დაბოლოებებისაკენ აგზავნის, ნაწილ-ნაწილ ტოვებს იმ ორგანოებში, სადაც სისხლი გაივლის, რათა იქ დაიკავოს მანამდე არსებული სისხლის ადგილი და გააძევოს იგი. თანაც ფორების განლაგების, მოყვანილობისა და სიდიდის მიხედვით სისხლის ნაწილაკებიდან ზოგიერთნი მარცვლების მსგავსად იფანტებიან, თითქოს სხვადასხვა სიდიდის ხვრელების მქონე ცხავზე გაცხრილესო და სწრაფად იკავებენ გარკვეულ ადგილს. ამაზე დაკვირვება ყველას შეუძლია. დაბოლოს, მეტად ყურადსაღები ყოველივე ამაში არის ცხოველმყოფელი სულების /ლეს ესპრიტს ანიმაუხ/ წარმოქმნა, რომლებიც უნაზესი სიოს მსგავსად ანდა, უმჯობესია თუ ვიტყვით, უსპეტაკესი და უსწრაფესი ალივით ჭარბად მიემართებიან გულიდან ტვინისაკენ, იქიდან კი ძარღვებით - კუნთებისაკენ, რასაც სხეულის ყველა ნაწილი მოჰყავს მოძრაობაში. საჭირო არც არის რაიმე სხვა მიზეზის პოვნა იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ: სისხლის ყველაზე მოძრავი და იოლად შეღწევადი ნაწილები - ამ ცხოველმყოფელი სულების წარმოქმნას რომ უწყობენ ხელს - გულიდან ყველაზე პირდაპირი გზით, უშუალოდ ტვინისაკენ და არა რომელიმე სხვა ორგანოსაკენ, ცხადია, ტვინის მკვებავი არტერიებით მიემართებიან. მექანიკის წესების თანახმად, რომლებიც ბუნების წესებს იმეორებს, როდესაც რამდენიმე სხეული ერთად მიისწრაფვის ერთი მიმართულებით, სადაც ადგილი ყველასათვის საკმარისი არ არის, ასევე მიილტვის სისხლის ნაწილები გულის მარცხენა ღრუდან ტვინის მიმართულებით, სადაც მხოლოდ ძლიერები იკავებენ სუსტების ადგილს. სუსტები და დუნენი ითრგუნებიან უფრო ძლიერთა მიერ და ამ ხერხით მარტონი აღწევენ მიზანს. საკმაოდ გამოწვლილვით გადმოვეცი ყველაფერი ეს ტრაქტატში, რომელიც ადრევე მინდოდა გამომექვეყნებინა. გარდა ამისა, ვაჩვენე, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ადამიანის სხეულის ნერვული და კუნთოვანი სისტემა, რათა მათში არსებულმა ცხოველმყოფელმა სულებმა შეძლონ კიდურების ამოძრავება, ისევე როგორც ახლად მოკვეთილი თავი აგრძელებს მოძრაობას და მიწის კბეჩას, თუმცა უსულოა; გადმოვეცი, ტვინის რა ცვლილებებმა უნდა გამოიწვიოს ღვიძილი, ძილი და სიზმრები; როგორ აღბეჭდავს ტვინში სხვადასხვაგვარ წარმოდგენებს სინათლე, ბგერა, სუნი, გემო, სითბო და ჩვენ მიღმა არსებულ საგანთა ყველა სხვა თვისებას ჩვენივე გრძნობების მეშვეობით; როგორ აღიბეჭდება ტვინში შიმშილი, წყურვილი, თუ სხვა შინაგანი ვნებები; რა მივიჩნიოთ ზოგად გრძნობად ტვინში ე. ი. იქ, სადაც აღიქმება ეს შთაბეჭდილებები მეხსიერებად, რომელიც მათ ინახავს, და წარმოსახვად, რომელსაც შეუძლია მათი სხვადასხვაგვარად გარდაქმნა და მათგან ახალი იდეების შექმნა; ცხოველმყოფელი სულების კუნთებში განაწილებით მოძრაობაში მოიყვანოს ამ სხეულის ნაწილები, როგორც გრძნობებზე გარეგანი საგნების ზემოქმედებით, ისე შინაგანი განცდების საფუძველზე, ისე, როგორადაც ძალუძთ მოძრაობა ჩვენი სხეულის ნაწილაკებს, როდესაც მათ არ წარმართავს ნება. ეს უცნაურად არ მოეჩვენებათ მათ, ვინც იცის თუ რამდენი სხვადასხვა სახის ავტომატური თუ მოძრავი მანქანის შექმნა შეუძლია ადამიანის ოსტატობას ძალზე ცოტა დეტალების გამოყენებით, განსხვავებით იმ უამრავი ოდენობის ძვლების, კუნთების, ნერვების, არტერიების, ვენებისა და ყველა სხვა ნაწილისაგან, ყოველი სულდგმულის სხეულში რომ არის; ისინი ამ სხეულს განიხილავენ როგორც ღვთის ხელით შექმნილ მანქანას, საუკეთესოდ მოწყობილს და საოცარი მოძრაობების უნარის მქონეს, ვიდრე ადამიანთაგან შექმნილი მანქანებია. აქ განსაკუთრებულად შევეცადე, მეჩვენებინა შემდეგი: რომ არსებობდეს ისეთი მანქანები, რომელთაც მაიმუნის ან რომელიმე სხვა ცხოველის ორგანოები და იერსახე ექნებოდა, მაშინ ჩვენ ვერ შევძლებდით, გაგვეგო, რომ მანქანები და ცხოველები ერთი და იმავე ბუნებისა არ არიან; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შექმნიდნენ ჩვენი სხეულის მსგავს მანქანებს, რომლებიც გაიმეორებდნენ ჩვენსავე მოქმედებებს იმდენად, რამდენადაც ეს სულიერად დასაშვებია, მაინც გვექნებოდა ორი ძალზე უტყუარი საშუალება იმის გასაგებად, რომ ისინი ნამდვილი ადამიანები არ არიან: ჯერ ერთი, ასეთი მანქანა ვერასოდეს შეძლებდა სიტყვების ან რაიმე სხვა ნიშნების გამოყენებას, მათგან ფრაზების შედგენას, როგორც ამას ვიქმთ ჩვენ, რათა საკუთარი აზრები სხვას გავაგებინოთ. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ზოგი მანქანა წარმოთქვამს სიტყვებს, ანდა ზოგი სხეულზე ზემოქმედებით, რაც იწვევს რაღაც ცვლილებას ადამიანის ორგანოებში, მაგალითად, რომელიმე ადგილზე შეხებით, მანქანა იკითხავს - რა სურთ მისგან, სხვაგან შეხებისას ტკივილისაგან შეჰყვირებს და ა.შ. მაგრამ წარმოუდგენელია, რომ მან ერთმანეთთან დააკავშიროს სიტყვები, რათა პასუხი გასცეს მისი თანდასწრებით დასმულ კითხვას, რისი უნარი ყველაზე გონებაჩლუნგ ადამიანებსაც კი აქვთ. და მეორე: ასეთი მანქანა ბევრ რამეს იქნებ ჩვენსავით კარგად ანდა უკეთესადაც გააკეთებდა, მაგრამ, გარკვეულ შემთხვევაში, აუცილებლად უმწეო აღმოჩნდებოდა. აქედან ნათელია, რომ იგი არა შეგნებულად, არამედ მხოლოდ თავის ორგანოთა განლაგების წყალობით მოქმედებდა. გონებას, როგორც უნივერსალურ იარაღს, შეუძლია გემსახუროს სრულიად განსხვავებულ ვითარებებში, მანქანის ნაწილები კი ითხოვენ განსაკუთრებულ განლაგებას ყოველი ცალკეული მოქმედებისათვის. აქედან გამომდინარე წარმოუდგენელია, მანქანაში იყოს იმდენი სხვადასხვაგვარი წყობა, რომ მოქმედებდეს ნებისმიერ ყოფითს შემთხვევებში ისე, როგორც ჩვენი გონება გვკარნახობს ვიმოქმედოთ. დასახელებული ამავე ორი საშუალებით შეიძლება გავიგოთ სხვაობაც ადამიანსა და ცხოველს შორის, რადგან ძალზე თვალნათლივია, რომ არ არსებობს ისეთი უგუნური და ჩლუნგი ადამიანი, შეურაცხადიც კი, რომელთაც არ შეეძლოთ რამდენიმე სიტყვის შეერთება საკუთარი აზრის გადმოსაცემად; და პირიქით - არ არსებობს ცხოველი, რაოდენ სრულყოფილიც არ უნდა იყოს იგი და რაოდენ საუკეთესო გარემოებებშიც არ უნდა იყოს შობილი, რომელსაც ჰქონდეს მსგავსი უნარი. ეს ორგანოთა არასრულყოფილების ბრალი არ გახლავთ. კაჭკაჭებსა და თუთიყუშებს შეუძლიათ სიტყვები ჩვენსავით წარმოთქვან, მაგრამ ჩვენსავით მეტყველება როდი შეუძლიათ, ე. ი. ის, რაც ცხადყოფდა, რომ მათ გააზრებული აქვთ ის, რასაც ამბობენ; მაშინ როდესაც დაბადებით ყრუ-მუნჯები, რომლებიც ცხოველთა მსგავსად მოკლებულნი არიან მეტყველების უნარს, ჩვეულებრივ, თავად იგონებენ რაღაც გარკვეულ ნიშნებს, რომელთა მეშვეობითაც აგებინებენ მათთან მუდმივად მყოფ ადამიანებს და ამ უკანასკნელთაც სცალიათ მათი ენის შესასწავლად. ეს მოწმობს არა მხოლოდ იმას, რომ ცხოველები ადამიანებზე ნაკლებად გონიერნი არიან, არამედ იმას, რომ მათ საერთოდ არ გააჩნიათ გონება. ჩვენ ვხედავთ, რომ სალაპარაკოდ ძალზე ცოტა გონებაა საჭირო; როგორც ადამიანთა შორის, გარკვეული სხვადასხვაობა ერთი სახეობის ცხოველთა შორისაც არსებობს; მაგალითად, ცხოველთაგან ერთნი უფრო იოლი გასაწვრთნელნი არიან, ვიდრე მეორენი; მაგრამ წარმოუდგენელია რომელიმე მაიმუნი ან თუთიყუში, თავის სახეობაში თუნდაც საუკეთესო, გაუტოლდეს ყველაზე გონებაჩლუნგ ბავშვს, თუნდაც ისეთს, რომელსაც ტვინი დაზიანებული აქვს. ეს ხდება იმიტომ, რომ მათი სული ჩვენისაგან სრულიად განსხვავებული ბუნებისაა. ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ მეტყველების უნარი და ბუნებრივი მოძრაობები, რომლებიც გამოხატავენ ვნებებს და რომელთა მიბაძვა მანქანებსაც შეუძლია და ცხოველებსაც; არც ზოგიერთი ძველი დროის ავტორივით უნდა ვიფიქროთ, რომ ცხოველები მეტყველებენ, მაგრამ ჩვენ არ გვესმის მათი ენა; ეს რომ ასე იყოს, მაშინ ცხოველები, რომელთა ორგანოებიც ჩვენის მსგავსია, რატომ ისევე ვერ გვაგებინებენ, როგორც თავიანთ მსგავსთ აგებინებენ. ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრი ცხოველი ზოგიერთ მოქმედებას ჩვენზე ოსტატურად ასრულებს, მაგრამ სხვა დროს საერთოდ უუნაროა. ამიტომ, ზოგჯერ, ჩვენზე უკეთ მათი მოქმედება არ მოწმობს, რომ მათ გააჩნიათ გონება. თუ ასეა, მათ ნებისმიერ ჩვენგანზე უფრო მეტი გონება უნდა ჰქონოდა და ყველაფერი ჩვენზე უკეთ უნდა ეკეთებინათ. პირიქით კია, მათ საერთოდ არ გააჩნიათ გონება და შესაძლოა, მათივე ორგანოების ბუნებისმიერი განლაგების შესაბამისად უკეთაც მოქმედებენ; ისე, როგორც საათი, რომელიც შედგება მხოლოდ თვლებისა და ზამბარებისაგან, უფრო ზუსტად აჩვენებს და ითვლის დრო-ჟამს, ვიდრე ჩვენ მთელი ჩვენი გონიერებით.

      ამის შემდეგ აღვწერე გონითი სული და ვაჩვენე, რომ ყოვლად შეუძლებელია მისი მიღება მატერიის თავისებურებიდან როგორც სხვა საგნებისა, რომელთა შესახებაც უკვე მოგახსენეთ. იგი განსაკუთრებულად, საგანგებოდ იქმნება და სხეულში არ ასრულებს მესაჭის როლს, ხომალდს რომ მართავს. მისი დანიშნულება ის კი არ არის მოძრაობაში მოიყვანოს სხეულის კიდურები, არამედ აუცილებელია, მეტად მჭიდროდ იყოს დაკავშირებული და შენივთებული სხეულთან, რათა აღძრას გრძნობები და სურვილები და ამ გზით შექმნას ნამდვილი ადამიანი. აქ მე ცოტა ვრცლად შევეხე სულის საკითხს, რაკი იგი ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. იმ შეცდომის გარდა, რაც ღმერთის უარყოფაა - და ეს შეცდომა საკმაოდ დასაბუთებულად უარვყავი ზემოთ - არ არსებობს რაიმე ისეთი, რაც სუსტ გონებას უფრო მეტად გადააცდენდეს სათნოების გზიდან, ვიდრე წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს ცხოველთა სული და ჩვენი სული ერთი და იგივე ბუნებისაა, რომ, ჩვენც ბუზებისა და ჭიანჭველების მსგავსად, ამ ცხოვრების შემდეგ, არც არაფრის უნდა გვეშინოდეს და არც არაფრის იმედი უნდა გვქონდეს; თუ ვირწმუნებთ უდიდეს სხვაობას ჩვენსა და ცხოველთა სულს შორის, ბევრად იოლი გასაგები იქნება ის საბუთები, რომლებიც ადასტურებს: თავისი ბუნებით ჩვენი სული სრულიად დამოუკიდებელია სხეულისაგან და, მაშასადამე, მასთან ერთად არ კვდება; რაკი არ ჩანს რაიმე სხვა მიზეზი, რომელიც შეძლებდა სულის მოსპობას, ბუნებრივად უნდა მივიდეთ დასკვნამდე - სული უკვდავია.

მეექვსე ნაწილი »

« მეოთხე ნაწილი

----------------------------------

შენიშვნები:

[1] იგულისხმება დეკარტის თხზულება „სამყარო ანუ ტრაქ ტატი სინათლის შესახებ“. გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ.

[2] იხილეთ დეკარტი, „ტრაქტატი ადამიანის შესახებ“.

[3] იხილეთ „ტრაქტატი ადამიანის შესახებ“.

[4] ჰარვეი უილიამი /1578-1657/ - ინგლისელი ექიმი, ფიზიო ლოგი. მან პირველმა დაადგინა, რომ სისხლი მოძრაობს წრიულად. მისმა თხზულებამ „გულისა და სისხლის მოძრაობის ანატომიური გა მოკვლევა ცხოველებში“ /1628/ - დეკარტის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მოდერნი, მსჯელობა, ტრაქტატი, ფილოსოფია

ნახვა: 274

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters