რენე დეკარტი - მსჯელობა მეთოდის შესახებ

ნაწილი VI

რენე დეკარტი, დეკარტე, მსჯელობა, მეთოდი, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

      ამგვარად, უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავასრულე ტრაქტატი[1], რომელშიც გადმოცემულია ყოველივე ეს. შევუდექი გადასინჯვას, რათა გადამეცა გამომცემლისათვის და შევიტყვე, რომ ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა, რომელ თაც ჩემი ქმედებების იმართ ისეთივე ავტორიტეტულებად ვთვლი, როგორც საკუთარ გონებას ჩემივე აზრების მიმართ, არ მოიწონეს ფიზიკის სფეროდან ერთი მოსაზრება, ცოტა ხნით ადრე სხვა ავტორმა[2] რომ გამოაქვეყნა. მართალია, არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, მაგრამ ამ კრიტიკამდე ვერაფერი შევნიშნე მასში ისეთი, რაც შეიძლებოდა მიმეჩნია მიუღებლად სარწმუნოების ან სახელმწიფოსათვის და რაც, შესაბამისად, მეც თავს შემაკავებინებდა ტრაქტატის დაეწერისაგან, თუ კი გონება აღნიშნული კრიტიკის სისწორეში დამარწმუნებდა. ამან მაიძულა სიფრთხილე გამომეჩინა - ხომ არ იყო, მაინც, ჩემს შეხედულებებშიც რაიმე მცდარი, მიუხედავად დიდი მცდელობისა მიმეღო მხოლოდ ისეთი დებულებები, რომლებიც აგებული იყო ძალზე უტყუარ დასაბუთებებზე და არაფერი დამეწერა ისეთი, რაც შეიძლებოდა ვინმესთვის საზიანო ყოფილიყო ეს საკმარისი შეიქნა აზრის შესაცვლელად - გადავწყვიტე არ გამომექვეყნებინა ჩემი შეხედულებები. თუმცა მოსაზრებები, რომელთა საფუძველზეც ადრე განვიზრახე მათი სინათლეზე გამოტანა, ძალზე დამაჯერებელი გახლდათ, მაგრამ ჩემმა სიძულვილმა წიგნების „კეთების“ ხელობისადმი, მყისვე მიკარნახა სხვა საფუძვლები ამ განზრახვაზე ხელის ასაღებად. თავისთავად, ეს საფუძვლებიც და წინა მოსაზრებანიც იმგვარი გახლავთ, რომ გარკვეულ წილად არა მხოლოდ მე ვარ დაინტერესებული მათი გამოქვეყნებით, არამედ, შესაძლოა, საზგადოებასაც სურდეს მათი გაცნობა.

      არასოდეს მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რაც ჩემი გონებიდან მოდიოდა; რაკი ერთადერთი შედეგი, რაც მივიღე ჩემგან გამოყენებული მეთოდიდან გახლავთ გონებაჭვრეტითი მეცნიერებების ზოგიერთი სირთულის გადალახვით მიღებული კმაყოფილება და მცდელობაჩემი ქმედებები დამეფუძნებინა იმ წესებზე, რომლებსაც ეს მეთოდი მასწავლიდა, არც კი ჩამითვლია თავი ვალდებულად მათ შესახებ რაიმე დამეწერა. რაც შეეხება ზნე-ჩვეულებებს, მათ შესახებ თითოეულის აზრი იმდენად ჭარბია და იმდენი რეფორმატორი აღმოჩნდებოდა, რამდენი ადამიანიცაა, თუკი ამ სფეროში ცვლილებათა შეტანის ნებას მისცემდნენ - იმათ გარდა, ღმერთმა საკუთარი ხალხის ხელმწიფეობა რომ დააკისრა, ანდა ვისაც წინასწარმეტყველების მადლი და ძალა უბოძა; და, თუმცა, საკუთარი სპეკულაციები ძალზე მომწონდა, ვიფიქრე, სხვებიც მიმართავენ ასეთ სპეკულაციებს და შესაძლოა, საკუთარი უფრო მეტადაც მოსწონთ. მაგრამ როგორც კი შევიძინე ფიზიკის ზოგიერთი დებულების შესახებ გარკვეული ცოდნა და დავიწყე მათი შემოწმება სხვადასხვა რთულ კერძო შემთხვევაში, შევნიშნე - რამდენად შეუძლიათ მათ დაგვარწმუნონ და რამდენად განსხვავდებიან ისინი იმ პრინციპებისაგან, რითაც აქამდე სარგებლობდნენ. მივხვდი, რომ მათი დაფარვა დიდი შეცოდება იქნებოდა კანონის წინაშე, რომელიც გვავალდებულებს შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ ყველა ადამიანის საერთო კეთილდღეობას. დავრწმუნდი, რომ ფიზიკის დებულებების მეშვეობით შეიძლებოდა მიგვეღწია ძალზე სასარგებლო ცხოვრებისეული ცოდნისათვის; ამასთან, იმ სპეკულაციური ფილოსოფიის ნაცვლად სკოლებში რომ ისწავლება, იქნებ შეგვექმნა პრაქტიკული ფილოსოფია, რომლის საშუალებითაც გვეცოდინებოდა ცეცხლის, წყლის, ჰაერის, ვარსკვლავების, ცის შრეთა და ჩვენ ირგვლივ მყოფ მსგავს სხეულთა ძალა და მოქმედება ისევე ნათლად, როგორც ვიცით ჩვენი ხელოსნობის სხვადასხვა დარგები; ასე გამოვიყენებდით მათ, როგორც შესაძლებელია მათი გამოყენება მათივე წესისამებრ და ასე გავხდებოდით ბუნების ერთგვარი ბატონპატრონები. ასეთი ცოდნა საჭიროა არა მხოლოდ იმისათვის, რომ მრავალ საშუალებას მივაგნოთ, რათა ყოველგვარი გარჯის გარეშე დავტკბეთ მიწის ნაყოფითა და სიკეთით, არამედ, უმთავრესად, იმ მიზნით, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, რაც უდავოდ, უპირველესი სიკეთეა და ამქვეყნად ყველა სხვა სიკეთის საფუძველიცაა. თავად სულიც ხომ ისე ძლიერაა დამოკიდებული ტემპერამენტზე და სხეულის ორგანოთა აღნაგობაზე, რომ იქნებ მოინახოს რაიმე საშუალება, ადამიანები, საერთოდ, უფრო გონიერნი და უფრო მარჯვენი გახდნენ, ვიდრე არიან. ვფიქრობ, ეს ყოველივე მედიცინაშია საძიებელი. მართალია, თანამედროვე მედიცინაში ცოტა რამ არის მნიშვნელოვნად სასარგებლო ადამიანისათვის - ისე არ გამიგოთ, თითქოს მისი ძაგება მეწადოს - მაინც მჯერა, პროფესიით ექიმთა შორისაც არ მოიძებნება ერთი ადამიანიც კი, რომელიც არ აღიარებდა მედიცინის დღევანდელი მიღწევების არარაობას იმასთან შედარებით, რაც ჯერ კიდევ მისაკვლევია. შეიძლებოდა, თავიდან აგვერიდებინა როგორც სხეულის, ისე სულის მრავალი დაავადება და იქნებ ხანდაზმულობით გამოწვეული უძლურებაც, ჩვენ რომ საკმარისი ცოდნა გაგვაჩნდეს მათ გამომწვევ მიზეზებსა და იმ სამკურნალო საშუალებებზე ბუნებამ რომ მოგვამარაგა. რაკი განვიზრახე მთელი სიცოცხლე მიმეძღვნა ესოდენ საჭირო მეცნიერების ძიებისათვის, და თანაც წავაწყდი იმ გზას, რომელმაც, თუ გავყვები, გარდუვალად უნდა მიმიყვანოს ამ მეცნიერებამდე, ცხადია, საკუთარი სიცოცხლის ხანმოკლეობა, ანდა ექსპერიმენტების ნაკლებობა ხელს თუ არ შემიშლის. ხსენებული ამ ორი დაბრკოლების წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება იქნება, კეთილსინდისიერად ვაცნობო საზოგადოებას ის მცირედი, რასაც აღმოვაჩენ, საღადმოაზროვნენი წავახალისო, უფრო დაწინაურდნენ, რისთვისაც საჭირო იქნება საკუთარი უნარი და შესაძლებლობა გამოიყენონ აუცილებელი ცდების ჩასატარებლად. მათ უნდა გააგებინონ ხალხს, რასაც მიაღწევენ, რათა მომდევნო მკვლევართ იმით დაიწყონ, რითაც წინამორბედნი დაასრულებენ; მრავალი ადამიანის სიცოცხლისა და ნაღვაწის ამგვარი შეერთებით, ყველა ერთად ბევრად უფრო წინ წავალთ, ვიდრე ამას თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე შეძლებდა.

      რაც შეეხება ცდებს, შევნიშნე, რომ მათი ჩატარების აუცილებლობა იზრდება, რაც უფრო მეტს ვიგებთ; დასაწყისისათვის უმჯობესია ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ იმ ექსპერიმენტებით, რომელთა ჩატარების საჭიროებაც თავისთავად დგება ჩვენი გრძნობების წინაშე და რომელთა შესახებაც მცირეოდენი რეფლექსიაც კმარა, რათა გავიგოთ მათი შედეგები. ეს ბევრად უმჯობესია, ვიდრე იშვიათი და რთული ცდების ძიება, რაც დასტურდება იმით, რომ ასეთ ცდებს ხშირად შევყავართ შეცდომაში მანამ, ვიდრე არ შევიცნობთ უფრო მარტივ მიზეზებს, ხოლო მათი განმსაზღვრელი გარემოებები თითქმის ყოველთვის იმდენად იშვიათი და ფარულია, რომ მათი აღმოჩენა ძალზე ძნელდება. ამ შემთხვევაში შემდეგ თანმიმდევრობას ვიცავდი: ჯერ ერთი, საერთოდ ვცდილობდი მეპოვა ყველაფრის - რაც კი არსებობს, ან შეიძლება არსებობდეს სამყაროში - პრინციპები ან პირველმიზეზები; რაკი მხოლოდ ღმერთი მიმაჩნდა სამყაროს შემქმნელად, ამ საწყისებს ვეძებდი ზოგიერთ ჩანასახებში იმ ჭეშმარიტებებისა, განგებით რომ ძევს ჩვენს სულში. ამის შემდეგ განვიხილე პირველი და ყველაზე უფრო ჩვეული შედეგები, რაც შეიძლებოდა გამოგვეტანა ამ მიზეზებიდან; ვფიქრობ, ასე აღმოვაჩინე ცის შრეები, ვარსკვლავები, მიწა და თვით წყალი, ჰაერი, ცეცხლი, წიაღისეული და სხვა ძალზე ჩვეულებრივი, უმარტივესი და, ამდენად, ყველაზე იოლად შესაცნობი სხეულებიც. როდესაც უფრო კერძო შედეგებზე გადასვლა მოვისურვე, თვალწინ წარმომიდგა მათი უსაზღვრო მრავალფეროვნება და დავასკვენი: ადამიანის გონებას არ ძალუძს მიწაზე არსებულ სხეულთა ფორმები და სახეობები გამოარჩიოს უამრავ სხვათაგან, რომლებიც ღმერთისნებით შეიძლება განლაგებულიყო დედამიწაზე. მაშასადამე, მათ გამოყენებას ჩვენ სასარგებლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდით, თუ შედეგებიდან მივიდოდით მიზეზებამდე და მრავალ კერძო ცდას გამოვიყენებდით. სწორედ ამიტომ, გონებით გადავხედე ყველა საგანს, რომელსაც კი ოდესმე ჩემს გრძნობებთან ჰქონია შეხება და ვბედავ განვაცხადო, რომ არ შემინიშნავს არც ერთი საგანი, რომლის ახსნაც არ შემეძლებოდა საკმაოდ იოლად

      ჩემ მიერ აღმოჩენილი პრინციპებით, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ ბუნების ძალმოსილება იმდენად უკიდეგანო და ვრცელია, ჩემი პრინციპები კი მარტივი და ზოგადი, რომ ვერც ერთ კერძო შედეგს ვერ გამოვიყვანდით ამ პრინციპებიდან, რამდენიმე ხვადასხვა გზა რომ არ გამოგვეყენებინა. სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული - რომელი გზა, რომელი ხერხი იყო უკეთესი ამ დამოკიდებულების ნათელსაყოფად. ასეთ შემთხვევაში ერთადერთ საშუალებად მიმაჩნია, ხელახლა შევარჩიო რამდენიმე ისეთი ცდა, რომელთა შედეგი განსხვავებული იქნება იმის მიხედვით, თუ რა ხერხით ავხსნით ამ შედეგს. თუმცა, ეტყობა, უკვე კარგად ვარჩევ რა მისასვლელ გზებს ითხოვს იმ ცდათა უმრავლესობა, ამ მიზნისათვის რომ გამოგვადგებოდა. მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ეს ცდები ისეთი ბუნებისაა და იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ მათ არც ჩემი ხელი ეყოფოდა და არც იმაზე ათასჯერ მეტი ქონება, რაც მაბადია. გამოდის, რომ ცდათა ჩასატარებლად რამდენადაც მეტი ან ნაკლები შესაძლებლობა მექნებოდა, იმდენად მეტად ან ნაკლებად წავიდოდი წინ ბუნების შემეცნებაში. საკუთარ თავს პირობა მივეცი, ეს ყოველივე გადმომეცა ჩემს ტრაქტატში და მასშივე ნათელმეყო ის სარგებელი, რის მიღებასაც საზოგადოება შეძლებდა მისგან. ამით ვაიძულებდი ყველას, ვისაც საერთოდ სიკეთე სურს ადამიანებისათვის, ე. ი. მათ, ვინც საქმით არიან სიკეთისმქმნელნი და არა მათ, ვისაც ასეთებად მოაქვთ თავი, ანდა მხოლოდ სხვებს თვლიან ასეთებად, მაცნობონ მათ მიერ ჩატარებული ცდების შესახებ და დამეხმარონ იმათ მიგნებაში, რაც კიდევ დარჩა ჩასატარებელი.

      მაგრამ ამის შემდგომ გამიჩნდა სხვა მოსაზრებები, რომელთაც განზრახვა შემაცვლევინეს: ახალ ჭეშმარიტებათა აღმოჩენის კვალდაკვალ, თუ მივიჩნევდი მნიშვნელოვნად, წერილობით ჩამომეყალიბებინა ისინი და, თანაც, ისეთივე გულმოდგინებით, თითქოს მათი გამოქვეყნება მსურდა. ამან მაიძულა, უფრო გულდასმით განმეხილა ისინი, რადგან უდავოა, ბევრად გულისხმიერად ვიკვლევთ იმას, რაც მრავალთა სამსჯავროზე გაგვაქვს ვიდრე იმას, მხოლოდ ჩვენთვის რომ ვაკეთებთ. ხშირად საგნები, რომლებიც მიმაჩნდა ჭეშმარიტად, როცა მათზე ფიქრს ვიწყებდი, მცდარი აღმოჩენილა ხოლმე, როცა მათზე მსჯელობას ქაღალდზე გადავიტანდი. იმავდროულად, ვცდილობდი ხელიდან არ გამეშვა საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანის არც ერთი შესაძლებლობა, თუ მე შემწევს ამის

      უნარი და ჩემს თხზულებებსაც თუ აქვს რაიმე ღირებულება; მსურდა მათ, ვისაც ჩემი სიკვდილის შემდეგ ისინი ხელში ჩაუვარდებოდა, შეძლებისდაგვარად უკეთ გამოეყენებინათ. ოღონდ არ უნდა დავთანხმებოდი ჩემ სიცოცხლეში მათ გამოცემას, რათა არც იმ საწინააღმდეგო მოსაზრებებს, არც მათგან გამოწვეულ დისპუტებს, არც ნებისმიერ სახელს, რომელიც მათ შეიძლება მოეტანათ ჩემთვის, არ დაეკარგინებინათ ჩემთვის ის დრო, რომელიც უნდა გამომეყენებინა თვითგანათლებაზე. ცხადია, ყოველი ადამიანი შეძლებისდაგვარად ვალდებულია ზრუნავდეს სხვათა კეთილდღეობაზე, სხვებისთვის უსარგებლოს არავითარი ფასი არ გააჩნია. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენი საზრუნავები აწმყოზე უფრო შორს უნდა მიდიოდეს და თანამედროვეთათვის სასარგებლო მოღვაწეობას, სჯობს, ხელი მოვკიდოთ იმას, რაც მეტად წაადგება ჩვენს შთამომავლობას. მე ნამდვილად მსურს, იცოდნენ, რომ ის მცირედი, რაც მე ვიცი, თითქმის არაფერია იმასთან შედარებით, რაც არ ვიცი და რისი შესწავლის იმედსაც არ ვკარგავ. ისინი, ვინც თანდათანობით აღმოაჩენენ ჭეშმარიტებას მეცნიერებაში, იმათ ჰგვანან, ვინც, გამდიდრებულნი, უკვე ნაკლებ ირჯებიან სიმდიდრის მოსამატებლად, ვიდრე სიღარიბის დროს გაცილებით ნაკლების შესაძენად რომ შრომობდნენ. ისინი შეიძლება შევადაროთ იმ მხედართმთავრებს, რომელთა ძლიერებაც იზრდება მათი გამარჯვებების კვალობაზე, ხოლო დამარცხების შემდეგ, გადარჩენილთა დასაცავად და მდგომარეობის შესანარჩუნებლად უფრო მეტი საბრძოლო ხელოვნება მართებთ, ვიდრე ქალაქებისა და პროვინციების ძლევამოსილად აღებისას. რადგან მისწრაფება ყველა სირთულისა და შეცდომის დასაძლევად, რომლებიც ხელს გვიშლის ჭეშმარიტების შემეცნებაში, მართლაც, რომ საბრძოლო შერკინების ტოლფასია; მცდარი აზრის შექმნა რაიმე მნიშვნელოვან და ზოგად საგანზე ბრძოლის წაგებას უდრის; შემდგომში ბევრად უფრო მეტი ხელოვნება იქნება საჭირო იმისათვის, რათა ძალა მოიკრიბო და უწინდელი მდგომარეობა აღიდგინო,ვიდრე ეს იქნებოდა საჭირო მეტი წარმატებების მისაღწევად ხელთ არსებული სრულიად დასაბუთებული პრინციპების საფუძველზე. თავად მე, თუ ადრე აღმოვაჩინე ზოგიერთი ჭეშმარიტება მეცნიერებაში, ვიმედოვნებ, წინამდებარე ტომის შინაარსი ამას მოწმობს, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი გახლავთ მხოლოდ შედეგები და დასკვნები ხუთი თუ ექვსიჩემ მიერ გადალახული მთავარი სირთულისა, რომლებზე გამარჯვებაც მიმაჩნია ბრძოლად, რომელშიც ბედი ჩემ მხარეზე იყო. არც იმის თქმას შევუშინდები, რომ კიდევ ორისამი მსგავსი ბრძოლის მოგება და ჩემს გეგმებს განხორციელებულად ჩავთვლი; არც ისე ხანდაზმული ვარ, რომ მე, ბუნების ჩვეული დინების მიხედვით, საკმაო თავისუფალი დრო არ მქონდეს ამის განსახორციელებლად; მაგრამ მით უფრო უნდა გავუფრთხილდე ჩემს დარჩენილ დროს, რაც უფრო მეტად ვიმედოვნებ მის გამოყენებას კარგად. ცხადია, ჩემი ფიზიკის საფუძვლები რომ გამომექვეყნებინა, დროს ბევრჯერ დავკარგავდი, არადა ამ საფუძველთაგან ყველა იმდენად ცხადი გახლავთ, რომ მათი მოსმენაც კმარა, რათა ირწმუნოთ; მათ შორის არც ერთი არ გახლავთ ისეთი, რომლის დამტკიცებაც ჩემს ძალას აღემატებოდეს, თუმცა შეუძლებელია ისინი დაემთხვეს ყველა სხვათასრულიად განსხვავებულ მოსაზრებებს; ამიტომ წინასწარ ვითვალისწინებ, რომ ხშირად მომიწევს დროის გაცდენა, ყურადღების გადატანა საპირისპირო მოსაზრებებზე, რომელთაც აღნიშნული საფუძვლები გამოიწვევენ.

      შესაძლოა, ეს საპირისპირო შეხედულებანი სასარგებლოც გამოდგეს ჩემთვის: ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ისინი გამაგებინებდნენ ჩემს შეცდომებს; მეორეც, იმიტომ, რომ ამ გზით სხვები უკეთ გაიგებდნენ ჩემს სიმართლეს: რამდენიმე ადამიანს ხომ მეტის დანახვა შეუძლია, ვიდრე ერთს; ამიტომ ახლა, როცა ვიყენებ ჩემ მიერ აღმოჩენილ პრინციპებს, ამ ადამიანებს შეეძლოთ დამხმარებოდნენ თავიანთი აღმოჩენებით. ვაღიარებ, ძალზე იოლად შეიძლება შევცდე და თითქმის არასოდეს ვენდობი თავში პირველად მოსულ აზრებს; მაინც საკუთარი გამოცდილება ნებას არ მაძლევს რაიმე სარგებლის გამოტანის იმედი ვიქონიო იმ საპირისპირო მოსაზრებათაგან, ჩემ საწინააღმდეგოდ რომ გამოთქვამენ. ხშირად შემიმოწმებია იმათი მოსაზრებებიც, ვინც მეგობრებად მეგულებოდა, იმათიც, ვინც მიუკერძოებლებად მიმაჩნდა და იმათიც კი, ვისაც ავი ზრახვა და შური აიძულებდა აღმოეჩინათ ის, რასაც კეთილგანწყობა მეგობრების თვალთაგან მალავდა, მაინც იშვიათად მომხდარა ჩემთვის დაეპირისპირებინოთ რაიმე ისეთი, რაც მე გათვალისწინებული არ მქონდა, ცხადია, თუ არ ჩავთვლით იმას, რაც ძალზე შორს იყო ჩემი საგნისაგან. ასე რომ, თითქმის არასოდეს შევხვედრივარ ჩემ მოსაზრებათა ისეთ ცენზორს, რომელიც ჩემზე უფრო მკაცრი და უფრო სამართლიანი ყოფილიყო. ასევე, არასოდეს შემინიშნავს, რომ კამათის საშუალებით, სკოლებში რომ არის მიღებული, აღმოეჩინოთ თუნდაც რაიმე, მანამდე უცნობი ჭეშმარიტება, რადგან ასეთ დროს თითოეული ლამობს გაიმარჯვოს და ორივე მხარე უფრო მეტს ცდილობს სიმართლის მსგავს რაიმეს ფასი მოუმატოს, ვიდრე ერთმანეთის მოსაზრებები აწონ-დაწონოს. დიდი ხნის განმავლობაში კარგ ადვოკატად ნამსახური, უკეთესი მოსამართლე როდი ხდება.

      რაც შეეხება სარგებელს, რის გამოტანასაც სხვები შეძლებდნენ ჩემი აზრებიდან, რომელთაც გამოვაქვეყნებდი, ძალზე დიდი ვერც ის იქნებოდა, ვინაიდან ეს აზრებიც არ იყო იქამდე მიყვანილი, რომ პრაქტიკულ გამოყენებამდე არაფრის დამატება არ დასჭირვებოდა. პატივმოყვარეობის გარეშე შემიძლია განვაცხადო: თუ ვინმეს შესწევს მათი შევსების უნარი, ეს სხვაზე მეტად თავად მე ვარ; არა იმიტომ, რომ ქვეყნად არ ყოფილა ჩემზე გაცილებით მაღალი გონების მრავალი ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია გაიგო და გაითავისო სხვისი ნებისმიერი აზრი ისე კარგად, როგორც მაშინ თავად რომ მისულიყავი მის ჩამოყალიბებამდე. ეს ერთობ ცხადი რამ არის. არაერთგზის ამიხსნია ზოგიერთი ჩემი მოსაზრება გონებით გამორჩეული ადამიანებისათვის და თი-

      თქოსდა მათაც ნათლად ესმოდათ ჩემი ჩვენი საუბრისას, მაგრამ შემდეგ, როდესაც ისინი მათ იმეორებდნენ და თითქმის ყოველთვის იმდენად ცვლიდნენ ჩემს აზრებს, რომ აღარ შემეძლო ისინი ჩემად მეღიარებინა. ვსარგებლობ შემთხვევით და ამის გამო ვთხოვ, ჩვენს შთამომავლებს: არასოდეს დაიჯერონ, როცა ამა თუ იმ აზრს ჩემად მიაწვდიან; ასეთად მხოლოდ ის მიიჩნიონ, რაც თავადვე გამოვაქვეყნე. პირადად მე სრულებითაც არ მიკვირს ის უცნაურობები, ძველი დროის იმ ფილოსოფოსებს რომ მიაწერენ, რომელთა თხზულებებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია; ამის გამო არ მეჩვენება მათი აზრები დიდად უგუნურად, რადგან ვფიქრობ მათი - თავიანთი დროის საუკეთესო მოაზროვნეების - აზრები ცუდად მოიტანეს ჩვენამდე. ეს იმითაც დასტურდება, რომ მათი მიმდევრები თითქმის არასოდეს აღემატებოდნენ თავიანთ მასწავლებლებს. დარწმუნებული ვარ, არისტოტელეს ამჟამინდელი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თავს ბედნიერად ჩათვლიდნენ, ბუნების შესახებ მათაც იმდენი რომ სცოდნოდათ, რაც მან იცოდა, თუნდაც იმ პირობით, უფრო მეტი ცოდნა ვერასოდეს შეეძინათ. ამ მხრივ ისინი ჰგვანან იმ სუროს, რომელიც ცდილობს არ ასცდეს ხეს, რომელსაც მიჰყვება, ხოლო მის კენწერომდე თუ მიაღწია, ისევ დაბლა ეშვება. ვფიქრობ, ესენიც ასევე ეშვებიან, რადგან, გარკვეული აზრით, მათი ცოდნა ღარიბდება და თავად ნაკლებსწავლულნი ხდებიან, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდნენ, სწავლისაგან თავი რომ შეეკავებინათ; მათ არ აკმაყოფილებთ იმის ცოდნა, რაც ავტორის მიერ გადმოცემულია გასაგებად, სურთ მის ნაწერებში აღმოაჩინონ პასუხი მრავალ საკითხზე, რომელთა შესახებაც ავტორი არაფერს ამბობს, ან, შესაძლოა, არც არასოდეს უფიქრია. თუმცა ფილოსოფოსთათვის დამახასიათებელი ასეთი წესი დიდად ხელსაყრელია საშუალო გონების ადამიანებისათვის, რადგან ბუნდოვანება იმ სხვაობებისა და იმ პრინციპებისა, რითაც ისინი სარგებლობენ, საშუალებას აძლევს მათ მცოდნეებივით ყველაფერზე თამამად ილაპარაკონ; აღნიშნულ ბუნდოვანებას იმისთვისაც იყენებენ, რომ ჯიუტად დაიცვან თავი იმისაგან, რასაც მათ შესახებ ამბობენ თვით ყველაზე გამჭრიახი და გაწაფული მოწინააღმდეგეები. ამით ისინი ჰგვანან იმ უსინათლოს, თანაბარ პირობებში საბრძოლველად თვალის ჩინის მქონეს სადმე ბნელ სარდაფში რომ ჩაიყვანს. ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები დაინტერესებულნი არიან, თავი შევიკავო ფილოსოფიის ჩემეული პრინციპების გამოქვეყნებისაგან, რომლებიც იმდენად მარტივი და ნათელია, რომ მათი მზის სინათლეზე გამოტანით, მე ერთგვარად გავაღებდი რამდენიმე ფანჯარას და შუქს ჩავუშვებდი იმ სარდაფში, ბრმა და თვალხილული საბრძოლველად რომ ჩავიდნენ. მაგრამ აღნიშნული პრინციპების გაცნობის სურვილი გამორჩეული გონების ადამიანებსაც კი არ გააჩნიათ; თუკი მათი სწრაფვა ამქვეყნად ყოველივეზე საუბარი და ამით სწავლული ადამიანის სახელის მოხვეჭა გახლავთ, ამას ისინი უფრო იოლად მიაღწევენ, თუ დასჯერდებიან სიმართლისმაგვარის იოლად აღმოჩენას ნებისმიერი სახის საკითხებში, ვიდრე ეძიონ ძნელად საპოვნელი ჭეშმარიტება და ისიც მხოლოდ ზოგიერთ საკი- თხში რომ მიიკვლევა, ამასთან საკუთარი უვიცობა გულახდილად აღიარონ, როგორც კი საქმე მიდგება სხვა საკითხზე. თუ ისინი ამჯობინებენ იცოდნენ ცოტაოდენი ჭეშმარიტება, ვიდრე დაკმაყოფილდეს მათი პატივმოყვარეობა და ყოვლისმცოდნედ გამოჩნდნენ - რაც, მართლაც, ბევრად უმჯობესია - და სურთ მიჰყვნენ ისეთსავე მიზანს, რომელსაც მე მივდევდი, სრულიად საკმარისი იქნება ისიც, რაც უკვე ვთქვი ამ მსჯელობაში; თუ მათ შესწევთ უნარი, ჩემზე მეტად წინ წავიდნენ, მით უფრო იოლად აღმოაჩენენ იმას, რაც, ვფიქრობ, მე აღმოვაჩინე; მე ყველაფერი გამოვიკვლიე მხოლოდ თანმიმევრობის დაცვით, ამდენად ის, რაც დამრჩა აღმოსაჩენი, ცხადია, თავისთავად ბევრად უფრო რთული და იდუმალია, ვიდრე ის, რაც აქამდე გამოვიკვლიე; რაოდენ სასიამოვნო იქნებოდა მათთვის, თავად აღმოეჩინათ ეს ყოველივე, ვიდრე ჩემგან შეეტყოთ. გარდა ამისა, შეძენილი ჩვევა - თავდაპირველად იოლი საკითხების კვლევა და თანდათანობით, საფეხურებრივად გადასვლა უფრო რთულ საკითხებზე - მით უფრო მეტადწაადგებოდათ, ვიდრე ამას შეძლებდა ყველა ჩემი დამოძღვრა. რაც შემეხება მე, დარწმუნებული ვარ, ჩემთვის ახალგაზრდობაშივე რომ ესწავლებინათ ყველა ჭეშმარიტება, რომელთა დასაბუთებასაც შემდეგში მე თავად ვეძებდი, ისინი რომ შემეცნო ყოველგვარი გარჯის გარეშე, ალბათ, ვერავითარ სხვა ჭეშმარიტებას ვეღარ მივაკვლევდი ან, ყოველ შემთხვევაში, ვერასოდეს შევიძენდი მათი მიგნების იმ ჩვევასა და უნარს, რაც მგონი გამაჩნია ახალ ჭეშმარიტებათა საძიებლად და აღმოსაჩენად. ერთი სიტყვით, ამქვეყნად თუ არსებობს რაიმე თხზულება,რომელიც შეიძლება წარმატებით დაასრულოს მხოლოდ მან, ვინც დაიწყო, მაშინ ეს სწორედ ის გახლავთ, რომელზეც მე ვმუშაობ.

      მართალია, ამისათვის საჭირო ცდების ჩატარებასერთი ადამიანი ვერ შეძლებდა, მაგრამ საკუთარ ხელებზე უკეთ ხომ სხვათა ხელებს ვერ გამოიყენებენ; ცხადია, ხელოსნები და, საერთოდ, დაქირავებული ადამიანები გასამრჯელოს, ამ ძალზე ქმედითი საშუალების, იმედით ზუსტად გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი შეუკვეთენ. რაც შეეხება მოყვარულებს, ცნობისმოყვარეობის ან სწავლის სურვილით რომ შეუძლიათ საკუთარი სამსახურის შეთავაზება, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ, ჩვეულებრივ, ისინი უფრო მეტს გვპირდებიან, ვიდრე ასრულებენ, ასევე, გვთავაზობენ კარგ წინადადებებს, რომელთაგანაც არასოდეს არც ერთი არ სრულდება; ზოგიერთი სირთულის ახსნისათვის, ისინი აუცილებლად ითხოვენ გასამრჯელოს, ანდა, ქათინაურებსა და ფუჭ თანხმობას მაინც, რაც ყოველთვის უფრო ძვირი დაგიჯდება, რაც არ უნდა ცოტა დრო დაიხარჯოს. სხვათაგან ცდების ჩატარებას რაც შეეხება - ისინი, ვინც საიდუმლოდ საქმიანობენ, რომც დათანხმებოდნენ ამის შესახებ ავტორისათვის ეცნობებინათ, რასაც, ცხადია, არასოდეს გააკეთებენ, - ეს ცდები უმთავრესად საჭიროებს იმდენ პირობას და ინგრედიენტს, რომ მათში ჭეშმარიტების გამოვლენა იოლი არ გახლავთ. გარდა ამისა, ყველა მიგნებული შედეგი ცუდად განმარტებული, ანდა მცდარიც კი იქნებოდა იმის გამო, რომ ცდების შემსრულებლები შეეცდებოდნენ მათ მისადაგებას თავიანთი პრინციპებისათვის; ზოგიერთი მათგანი თუ მაინც წაადგებოდა საქმეს, ძლივს აანაზღაურებდა მათ შესარჩევად დაკარგულ დროს. ამრიგად, ქვეყნად რომ არსებობდეს ერთობ უნარიანი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტდა, აღმოეჩინა საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სასარგებლო რამ, რაც კი შეიძლება რომ არსებობდეს, და ამ განზრახვის აღსრულებაში სხვებსაც მცდელობა არ დაეკლოთ ყოველგვარი საშუალებებით დახმარებოდნენ, მაშინ, ჩემი აზრით,ყველაზე საუკეთესო, რასაც ისინი გააკეთებდნენ იქნებოდა ცდებისათვის საჭირო ხარჯების გაღება; თანაც, არავისთვის უნდა მიეცათ საშუალება, თავისი აბეზარობით მკვლევარისთვის თავისუფალი დრო დაეკარგვინებინა. თუმცა საკუთარ თავზე იმდენად დიდი აზრისა არ გახლავართ, რომ რაიმე არაჩვეულებრივს დაგპირდეთ, არც თავს ვიტყუებ ფუჭი იმედით, რომ საზოგადოება დიდად დაინტერესებულია ჩემი გეგმებით; არც ისე სულმოკლე ვარ, ნებისმიერისაგან მივიღო მოწყალება, რაც შეიძლება დაუმსახურებელ დახმარებად ჩამითვალონ.

      ყველა ამ მოსაზრებათა ერთობლიობა გახლდათ ის მიზეზი, რის გამოც სამი წლის წინათ არ ვისურვე უკვე დასრულებული ტრაქტატის გამოქვეყნება და კიდეც გადავწყვიტე: ჩემ სიცოცხლეში არ გამომეცა სხვა, ასეთივე ზოგადი ნაშრომი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ჩემი ფიზიკის საფუძვლების გაგება. მაგრამ, მოგვიანებით, ორმა ახალმა გარემოებამ მიბიძგა ამ მსჯელობაში გამომექვეყნებინა რამდენიმე კერძო მოსაზრება და ამით ჩემს ქმედებებსა და გეგმებზე ჩამებარებინა ერთგვარი ანგარიში საზოგადოებისათვის. პირველი მოსაზრების თანახმად, მე რომ ეს არ მექნა, ბევრი, ვინც იცოდა ჩემი უწინდელი განზრახვა ზოგიერთი თხზულების გამოქვეყნების თაობაზე, იფიქრებდა, რომ ჩემი თავშეკავების მიზეზი უფრო დიდ ზიანს მომაყენებს, ვიდრე ეს ასე გახლავთ. მართალია, დიდების უზომო მოყვარული არ გახლავართ და - ვბედავ ვთქვა - მძულს კიდეც, რადგან მიმაჩნია, რომ იგი არღვევს სიმშვიდეს, რასაც მე ყველაზე მეტად ვაფასებ, მაინც, არც მიცდია ჩემი ქმედებები დამეფარა ისევე, როგორც ჩადენილ დანაშაულს ფარავენ ხოლმე. არც განსაკუთრებული სიფრთხილე გამომიჩენია იმისათვის, რომ ჩრდილში შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი. ამას ხომ უსამართლობად ჩავთვლიდი საკუთარი თავის მიმართ, ეს ასევე გამიჩენდა გარკვეულ საზრუნავს, რაც დაარღვევდა ჩემი გონების სრულ სიმშვიდეს, რისკენაც მივილტვი. ასე რომ, მუდამ გულგრილი ვიყავი იმის მიმართ - სახელოვანი ვიქნებოდი, თუ ჩრდილში დავრჩებოდი. გარკვეული რეპუტაციის შეძენას არ ვეწინააღმდეგებოდი, პირიქით, მიმაჩნდა, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა მეღონა, რათა ჩემი სახელი ცუდი მაინც არ ყოფილიყო. მეორე მოსაზრება, რამაც მაიძულა ამ თხზულების დაწერა, გახლავთ შემდეგი: ვხედავდი, რომ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო გვიანდებოდა ჩემი განზრახვა - შემეძინა ცოდნა, რათა ჩამეტარებინა უამრავი ექსპერიმენტი, რაც მე ასე მჭირდება და რომელთა ჩატარებაც შეუძლებელი იქნებოდა სხვისი დახმარების გარეშე; ცხადია, თავს ვერ დავიიმედებ იმით, რომ საზოგადოება დიდ დახმარებას გამიწევს ჩემი ზრახვების განხორციელებაში, მაინც არ მინდა შევცოდო საკუთარ თავს და საბაბი მივცე მათ, ვინც ჩემ შემდეგ იცოცხლებს, ერთ მშვენიერ დღეს მისაყვედურონ: რატომ არ ავუხსენი მათ, თუ რით შეეძლოთ დამხმარებოდნენ ჩემი გეგმების შესრულებაში და თავს საშუალება არ მივეცი მრავალი საუკეთესო მონაცემი დამეტოვებინა მათთვის.

      გადავწყვიტე: იოლია შერჩევა რამდენიმე საკითხისა, რომლებიც დიდად საკამათო არ გახდებოდა და არც მე მაიძულებდა ჩემი პრინციპები იმაზე მეტად გამომეტანა საჯაროდ, ვიდრე ეს მსურს; ისინი მაინც საკმაოდ ნათლად წარმოაჩენდნენ, თუ რას შემიძლია მივაღწიო მეცნიერებაში და რას არა. არ ვიცი, შევძელი ეს თუ არა, არც ის მსურს, რომ საკუთარ თხზულებებზე საუბრით ვინმეს მსჯავრს დავასწრო. დიდად მოხარული ვიქნები, თუ მათ განიხილავენ, ხოლო უფრო მეტი საფუძველი რომ ჰქონდეთ ამისათვის, უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ვისაც კი რაიმე შენიშვნა ექნება, ნუ დაიზარებენ და აცნობონ ისინი ჩემს გამომცემელს, ვისი მეშვეობითაც მე შევიტყობ და შევეცდები, მაშინვე ვუპასუხო; ასეთი გზით მკითხველები ერთდროულად გაეცნობიან შენიშვნებს და პასუხებს და უფრო იოლად განსჯიან ჭეშმარიტებას. თანაც იმასაც გპირდებით, რომ მათ ვრცელ პასუხებს არასოდეს გავცემ, ძალზე გულახდილად ვაღიარებ ჩემს შეცდომებს, თუ მათ შევნიშნავ; მათ შემჩნევას თუ ვერ შევძლებ, უბრალოდ, ვიტყვი იმას, რასაც ჩემი ნაწერის დასაცავად საჭიროდ მივიჩნევ, არ მოვყვები რაიმე ახალი საკითხების განმარტებას, რათა კამათი დაუსრულებლად არ გაგრძელდეს.

      „დიოპტრიკისა“ და „მეტეორების“ შესავალში მოცემულმა ზოგიერთმა მოსაზრებამ თავდაპირველად გაოცება თუ გამოიწვია, რაკი მე მათ ვარაუდებს ვუწოდებ და თითქოსდა არ ვაპირებდე მათ დასაბუთებას, მოთმინება იქონიონ და ყურადღებით წაიკითხონ ყველაფერი; ვიმედოვნებ, კმაყოფილნი დამრჩებიან, ვინაიდან, ჩემი აზრით, საბუთები მოცემულია იმგვარი თანმიმდევრობით, რომ პირველი საბუთებით, როგორც მიზეზებით, დასტურდება ბოლონი; ხოლო თავის მხრივ პირველები ე. ი. მიზეზები, ნათელიყოფა მომდევნოებით, როგორც მათი შედეგით. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ისეთივე შეცდომას ვუშვებდე, ლოგიკოსები წრეს რომ უწოდებენ, რადგან გამოცდილება მთელი სიცხადით ადასტურებს აღნიშნულ შედეგთა უმრავლესობას. მიზეზები, რომელთაგანაც ეს დასაბუთებები გამომდინარეობს, ემსახურება არა იმდენად მათ დამტკიცებას, რამდენადაც ახსნას და პირიქით, თავადვე დასტურდება შედეგებით. მე მათ ვარაუდები მხოლოდ იმიტომ ვუწოდე, რომ შესაძლებლად მიმაჩნია მათი გამოყვანა ჩემ მიერ ზემოთ ახსნილი პირველი ჭეშმარიტებებიდან, მაგრამ განზრახ გავაკეთე ეს შემდეგი მიზნით: ისინი - ვისაც ჰგონიათ, ერთ დღეში გაიგებენ ყველაფერს, რაზეც ოცი წელი უფიქრია სხვას, თუკი იგი მათ ორი-სამი სიტყვით აუხსნის თავის ნააზრევს, მით უფრო ცდებიან და შორდებიან ჭეშმარიტებას, რაც უფრო გამჭრიახი და მკვირცხლი გონების პატრონი არიან; მინდოდა ხელი შემეშალა მათთვის, და არ მიმეცა შესაძლებლობა აეგოთ იმ საწყისებზე, რომელთაც ისინი ჩემად მიიჩნევდნენ, რაიმე ექსტრავაგანტური ფილოსოფია, რომლის მცდარობაც მევე დამბრალდებოდა. აბსოლუტურად ჩემს მოსაზრებებს რაც შეეხება, არა მგონია სიახლე საბოდიშო იყოს მათთვის; მჯერა რომ, თუ კარგად ჩაუკვირდებიან მათს საფუძვლებს, დარწმუნდებიან, ისინი იმდენად მარტივი და მისაღებია საღი აზრისათვის, რომ იმავე საგნების შესახებ ნებისმიერ სხვა შესაძლო შეხედულებებზე ნაკლებ უჩვეულო და უცნაური მოეჩვენებათ; არ ვტრაბახობ, რომ პირველმა აღმოვაჩინე ისინი; საკუთარ დამსახურებად ის მიმაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლების სისწორეში საკუთარმა გონებამ დამარწმუნა, და არა ის, რომ მივიღე, რაკი ჩემზე ადრე სხვებს ჰქონდათ, ან პირიქით, საერთოდ არავის ჰქონდა გამოთქმული. „დიოპტრიკაში“ მოცემული გამოგონება ხელოსნებს მაშინვე რომ ვერც განეხორციელებინათ პრაქტიკულად არა მგონია, მხოლოდ ამის გამო დაეგმოთ ისინი. ჩემ მიერ აღწერილი მანქანების აგება და გამართვა - ისე რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ - დიდ ოსტატობასა და გამოცდილებას ითხოვს. ამდენად, პირველივე ცდაზე ხელოსანთა წარმატება ისევე გამიკვირდებოდა, როგორც კარგი ნოტების წყალობით ვინმეს ბარბითზე ჩინებულად დაკვრა ერთ დღეში რომ ესწავლა. ამ თხზულებას კი იმიტომ ვწერ ფრანგულად - ჩემი ქვეყნის ენაზე და არა ლათინურად, ჩემი მასწავლებლების ენაზე, რომ ვიმედოვნებ: ჩემს მოსაზრებებს უკეთ განსჯიან ის ადამიანები, მხოლოდ საკუთარ, განგებით ნაბოძებ წმინდა გონებას რომ იყენებენ; ხოლო ისინი, ვისაც საღი გონება ცოდნით გაუჯერებიათ, ერთადერთნი არიან, საკუთარ მსაჯულებად ვისაც ვისურვებდი. დარწმუნებული ვარ, ისინი არ გამოიჩენენ მიკერძოებას ლათინური ენისადმი და მხოლოდ იმ საბაბით არ განაცხადებენ უარს ჩემი მოსაზრებების წაკითხვაზე, რომ მე ისინი სახალხო ენაზე გადმოვეცი.

      დასასრულ, აქ არ მსურს უფრო დაწვრილებით საუბარი იმ წარმატებებზე, რომელთაც, ვიმედოვნებ, სამომავლოდ მივაღწევ მეცნიერებებში; არ მინდა საზოგადოების წინაშე თავის დავალდებულება რაიმე დაპირებებით, რომელთა შესრულებაშიც არ ვარ დარწმუნებული. დავსძენ მხოლოდ ერთს: გადავწყვიტე, მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე მოვანდომო მხოლოდ ბუნების შესწავლას, რომ მისგან შეიძლებოდეს მედიცინაში იმაზე უფრო საიმედო წესების გამოტანა, ვიდრე დღემდე გვაქვს; ჩემი სურვილი იმდენად ძლიერია, რომ არავითარი სხვა განზრახვა აღარ მიპყრობს, განსაკუთრებით ის, რომელშიც ერთთათვის სარგებელი აუცილებლობით გულისხმობს საზიანოს მეორეთათვის. თუ გარემოებათა გამო იძულებული ვიქნებოდი, ამგვარი რამ მეკეთებინა, წარმატების იმედი არც უნდა მქონოდა. ამას აქ ვაცხადებ, თუმცა ვიცი, ამგვარი განცხადება საზოგადოებაში არ გაზრდის ჩემს ავტორიტეტს, მაგრამ ეს არც გახლავთ ჩემი მიზანი. მარად მადლიერი ვიქნები მათი, ვისი წყალობითაც დაუბრკოლებლად შევძლებ თავისუფალი დროით სარგებლობას, ვიდრე მათი, ვინც შემომთავაზებს ამქვეყნად ყველაზე უფრო საპატიო თანამდებობებს.

დასასრული

« მეხუთე ნაწილი

----------------------------------

შენიშვნები:

[1] იგულისხმება დეკარტის თხზულება „სამყარო ანუ ტრაქ ტატი სინათლის შესახებ“.

[2] დეკარტი გულისხმობს იტალიელ ფიზიკოსსა და ასტრონომს გალილეი გალილეის /1564-1642/. გალილეის ძირითადი თხზულებაა „დიალოგი სამყაროს ორი უმთავრესი - პტოლომესეული და კოპერნიკისეული - სისტემის შესახებ“ /1632/.

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მოდერნი, მსჯელობა, ტრაქტატი, ფილოსოფია

ნახვა: 127

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters