მიხა ჯიღაურის გუნდი
მეოთხე ნაწილი

      ალექსანდრე ოჰანეზაშვილი ტომით ნამდვილი სომეხი იყო, მაგრამ ქართველის გვარს ატარებდა, ძალიან უყვარდა ქართული კულტურა, ჩასჩიჩინებდა "ვეფხისტყაოსანს" - ათასნაირ საიდუმლოებას ეძებდა მასში, ჩვენი კულტურის სიღმეებში. ამავე ქართულ კულტურაში იგი ხედავდა მეტისმეტ ძალას, სიძლიერეს, სიმკვიდრეს, სიღრმეს, ურყეველობას და დაუძლეველობას. ის გატაცებული იყო ამით.

  - ალექსანდრე, - ვუთხარი მე, – ვშიშობ, ქართველების გულის მოსაგებად ან მეტისმეტი ქართული პატრიოტობით აბსურდი არა ქნა.

  - არა, მე გულწრფელი ვარ ჩემს შეხედულებებში და, ასეთ შემთხვევებში, შეცდომებს აპატიებენ, თუმც ვიცი, რომ მე არაფერში ვცდები.

  - რაკი ასეა, "იყავნ ნება შენი", – ვუთხარი მას და შევადგინეთ პროგრამა.

      პროგრამაში სომხურად და თათრულად (აზერბაიჯანულად) თვით ალექსანდრემ ჩაწერა შესასრულებელი ნომრების სახელები.

პროგრამა მეტისმეტად დიდი გამოვიდა, მაგრამ ხელოვნების სამმართველომ იგი საგრძნობლად დააპატარავა: ამოდენა პროგრამის შესრულებას ორი საღამო უნდაო. საღამოში მონაწილეობდა სომხების გამოჩენილი აშუღი-მომღერალი გრიგორ ტალიანი.

      პროგრამაში საქართველოს განგებ უკან ვაყენებდი, შოვინისტობა არ დამწამონ-მეთქი, მაგრამ ხელისუფლების პირნი ასე სახავდნენ: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი.

      ამიერკავკასიის რესპუბლიკების ხალხური მუსიკის საღამო დაინიშნა 1929 წლის აპრილის ორისთვის, მაგრამ გაიმართა აპრილის სამს - ოპერის თეატრში. თეატრი გაივსო აუარებელი ჭრელი ხალხით. აქ იყვნენ ყარაჩოხელებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, ქართველებიც, რუსებიც და სხვებიც.

      სომხების განყოფილება რომ სუსტი არ გამოსულიყო, გარდა აშუღებისა, კულტურული (ხელოვნური) ძალებიც მივაშველე, მაგრამ მაინც სუსტი გამოვიდა. როდესაც სომხები იწყებდნენ მღერას, თვით სომხებივე ყვიროდნენ: "კახური იმღერეთ, ეგ არ გვინდაო". დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს აზერბაიჯანელმა აშუღებმა - სადღ-მა და ტაშტამირამ, საშუალო - შულავრელმა გიურჯამ და მისმა დუდუკმა. მიხა ჯიღაურმა ხომ პირდაპირ ზარალი მიაყენა ოპერის თეატრს: დაამტვრიეს სკამები და ლოჟების გვერდები.

      ყველაზე სერიოზულად და პატივისცემით ქართულ სიმღერას იღებდა ხალხი და გასაკვირია, რომ თვით სომხებს უფრო მოსწონდათ იგი.

      რამდენიმე დღის შემდეგ გადმომცეს: სომხურ გაზეთში გსაყვედურობენ, სომხური სიმღერა იოსებ მჭედლიშვილმა განგებ სუსტი გამოიყვანაო. ეს დოკუმენტი მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამეკარგა და მის მოძებნას სომხურის ცოდნა სჭირდება. წერილში იმასაც წერდნენ, რატომ სომხური აკადემიური გუნდი არ მიიწვიაო და ავიწყდებოდათ, რომ ეს აკადემიური გუნდების კონცერტი კი არა, ხალხური სიმღერისა იყო.

      ჩემდამი საყვედურებს სომხური გაზეთი "პროლეტარი" დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში წერდა.

      ამის შემდეგ თვე არც კი გასულიყო, რომ ამიერკავკასიის ცაკის ყრილობა გაიმართა საოპერო თეატრში. ყრილობის მეთაურებმა, ანუ ამიერკავკასიის მთავრობებმა, ყრილობის დასრულების შემდეგ თავთავიანთი ხალხის ჰანგების მოსმენა მოინდომეს. მათი სურვილი იყო გლეხის და მუშის მოსმენა და არა იმისი, რასაც ლენინგრადიდან გასტროლებზე ჩამოსული მსახიობი იმღერებდა. ამიტომ მოიკითხეს კაცი, რომელიც ამას მოაწყობდა.

      მომძებნეს მე. კი არა მთხოვეს, მიბრძანეს, ეს საქმე სასურველად მომემზადებინა. აქაც დავიხმარე ალექსანდრე ოჰანეზაშვილი. მან მოაწყო სომხური და აზერბაიჯანული განყოფილება, მე - ქართული.

      ჩვენ უკვე ყველაფერი მზად გვქონდა, მხოლოდ სომხურისა მეშინოდა, კიდევ სუსტი არ გამოსულიყო.

      ყრილობა ერთ კვირას გრძელდებოდა, ბოლოს ღამის თორმეტ საათზე გათავდა. შემდეგ დაიწყო კონცერტი (1929 წლის 6 მაისი).

      კონცერტის დაწყებამდე, საღამოს კონფერანსიემ - კოლია კახიძემ - ხალხს გააცნო ეთნოგრაფიული საღამოს პროგრამა და სხვათა შორის თქვა: ეს მშვენიერი საღამო ამ ყრილობისთვის ჩვენმა პოეტმა იოსებ მჭედლიშვილმა მოამზადაო. კახიძეს კულისებიდან ყურს უგდებდა თეატრის ფინანსური ნაწილის დირექტორი ილო მაჩაბელი, რომელმაც, გაიგო რა ჩემი გვარი, გაბრაზებით გადასძახა:

  - Ты не умеешь, где что говорить!

      კოლიამ რომ გაათავა ლაპარაკი და სცენიდან კულისებში გამოვიდა, ეცა ილო მაჩაბელი და სულ მტვერი ადინა ზურგზე - იოსებ მჭედლიშვილი რად ახსენეო. კოლია გულწრფელად უმტკიცებდა: განა თქვენ კი არ იცით, რომ მე მართალი ვთქვი, თქვენ არ მოიწვიეთ მჭედლიშვილი ამ საღამოს გასამართავად, თვითონ არ დაავალეთ ამ საღამოს მოწყობა და თქვენვე არ იცით, რომ ეს ყოველივე მაგისი გაკეთებულიაო. მაგრამ, თუ მაგ კაცის სახელის ხსენება არ შეიძლებოდა, მე არ ვიცოდი, ვინაიდან ყოველდღე ათას საღამოებზე და ხანდახან ამ თეატრშიც ვაცხადებ ხოლმე ლენინგრადიდან და მოსკოვიდან ჩამოსულ გასტროლიორებსაო. ყოველ შემთხვევაში, თუ ეს არ უნდა მეთქვა, რატომ წინდაწინ არ მითხარით და, რაკი ვთქვი, მაპატიეთო.

      სცენაზე უკვე იდგა ჩემი გუნდი, სომხების გუნდი და მათ გარშემო ერტყა აღმოსავლური ორკესტრი ალექსანდრე ოჰანეზაშვილის ხელმძღვანელობით. სცენაზე აღარ გამიშვეს და კულისებში ვეუბნებოდი მიხას, რა სიმღერაც უნდა ეთქვათ. ჩემ შესახებ რომ ჩხუბი გათავდა, მეგონა ინციდენტი ამით ამოიწურებოდა. მიხა ჯიღაურის შემდეგ სომხებს მივეცი შეკვეთა კულისებიდან - ესა და ეს იმღერეთ-მეთქი.

      ხან სომხები ვამღერე, ხან - ჯიღაური წინდაწინვე მომზადებული პროგრამით, ხან - აზერბაიჯანელი აშუღები, რამაც ხალხი გააგიჟა თავისი მუსიკალურობით და, როცა კონცერტი დასრულდა, სცენაზე ამოვარდა ამიერკავკასიის ცაკ-ის მდივანი ახვერდოვი და ხმამაღლა იყვირა:

  - Где же Армяне? Я их не вижу! Вы нарочно сделали так, чтобы их не было видно!

      ეს კი მძიმე არტილერია იყო ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ მას, ჩემდა საბედნიეროდ, მძიმე არტილერიავე დაუხვდა წინ:

  - უკაცრავად! – შეეჯახა ალექსანდრე ოჰანეზაშვილი ახვერდოვს, - მე სომეხი ვარ, სომხების ავი და კარგი თქვენზე კარგა ვიცი და მოგახსენებთ, რომ სომხებს იმაზე მეტი ხალხური, რაც აქ იმღერეს, არ მოეპოვებათ და ახლა ჩვენ აქ მეტს ვერ შევუქმნითო.

      ახვერდოვი პირში ჩალაგამოვლებული წავიდა. ამ ამბავმაც დიდი აურზაური ატეხა. ვიღაც სომხები და ილო მაჩაბელი მე მომესივნენ. მეც მოვხსენ პირი გუდასა და სულ ქიზიყურად ვილანძღებოდი.

      ცაკ-ისთვის კონცერტის გასამართად რომ დამიბარეს, იქ თანხაზეც დავდეთ პირობა თეატრის ხელმძღვანელობასთან, ანუ მთავრობის ხაზინადართან. ამ საღამოს გამართვაში ჩემთვის უნდა მოეცათ ოთხასი მანეთი.

      ალექსანდრე ოჰანეზაშვილს ჩემი საკუთარი ჯიბიდან წინდაწინვე მივეცი ოცდახუთი მანეთი. არ მახსოვს, აღმოსავლური ორკესტრისათვის მართლა 310 მანეთს დავპირდი თუ არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ მასთან სრულიად პირნათლად ვიყავ.

      ჩემდა საბედნიეროდ კონცერტის დაწყებამდე ილო მაჩაბელმა, წარდგენილი უწყების მიხედვით, მომცა 361 მანეთი. როცა ვუთხარ, ჩემი ჰონორარი სადღაა-მეთქი, მითხრა, ხვალ მოგცემთო. ეს 361 მანეთი იმ ღამესვე დავარიგე, ხოლო შემდეგში მე აღარც მაჩაბელმა მომცა და აღარც სხვა ვინმემ ჩემი კუთვნილი არც ერთი კაპიკი. პირიქით, აღარც კი მელაპარაკებოდნენ. ამის მიზეზი ჩემთვის საიდუმლოდ დარჩა.

      როგორც ვთქვი, ალექსანდრე ოჰანეზაშვილს ჩემი ჯიბიდან ჰქონდა მიღებული 25 მანეთი. ამ ღამესაც, თარის დამკვრელების რიცხვის მიხედვით, მივეცი 198, დანარჩენი დავურიგე აზერბაიჯანელებს, სომხებს და ქართველებს. მე დავრჩი სრულიად უკაპიკოდ.

      რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან მოვიდა ალექსანდრე ოჰანეზაშვილი და მითხრა: შენ მე 310 მანეთს დამპირდი მეთარეებისათვის და ცოტა მომეციო. მე, როგორც ამ მხრივაც დაჩაგრულმა, შევჩივლე: ერთი კაპიკიც არ მომცეს, პირიქით, 25 მანეთი შენ რომ მოგეცი, ის საკუთარი ჯიბიდან წავიდა-მეთქი, მაგრამ მან ამას ყურიც არ ათხოვა.

  - რა ჩემი საქმეა, მოგცეს თუ არა. შენ 310 მანეთს დამპირდი, უნდა მომცე, მორჩა და გათავდაო.

      მე გამიკვირდა: როგორ მოხდა, რომ ამისთანა ინტელიგენტი, შეგნებული და იდეური კაციც კი ასე შერყვნა ფულის საკითხმა-მეთქი. თითქმის გავლანძღე და ისე გამოვერიდე ამ, აქამდე ჩემთვის სათაყვანებელ კაცს.

      რამდენიმე კვირის შემდეგ ქაღალდი მომივიდა პროფკავშირებიდან - ალექსანდრე ოჰანეზაშვილი 310 მანეთიდან 87 მანეთს მიჩიოდა. პროფკავშირმა კარგად გამოიკვლია ეს საქმე და საჩივარი სრულიად უსაფუძვლოდ და უმართებულოდ ჩათვალა.

      ალექსანდრე ოჰანეზაშვილი პროფკავშირში გამტყუნების შემდეგ ხმას აღარ მცემდა. ერთხელ ქუჩაში შეხვედრის დროს გამოველაპარაკე:

- რას მემდური, ალექსანდრე, განა ჩემი ბრალია, რომ ოპერის თეატრის დირექტორმა ბევრი ფული არ მოგცა?

      ალექსანდრემ ხმა არ გამცა. ჩუმად გაბრუნდა და წავიდა. ასეთად დარჩა იგი, სანამ ამქვეყნად არსებობდა. რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა.

      ალექსანდრე ოჰანეზაშვილი მეტად მცოდნე კაცი იყო. მან ბევრი რამ დაუტოვა მომავალ თაობას. ამიტომ მისი პირადი ნაკლის გამო იგი ავად მოსახსენებელი არ არის, რისთვისაც მე ისევ ისე პატივსა ვცემ მის ნეშტს, როგორც სიცოცხლეში თვითონ მას.

* * *

      ჩემ მიერ დაწყებულ საქმეს საბჭოთა ხელისუფლებამ მოჰკიდა ხელი და 1929 წელს თბილისში გაიმართა სრულიად საქართველოს მომღერალთა ოლიმპიადა. მე დამიბარეს ხელოვნების მთავარ კომიტეტში და დამავალეს, ჩამომეყვანა სოფლებიდან მომღერალი გლეხების გუნდი. საამისო თანხაც წინდაწინვე მომცეს. რაკი ხელისუფლებამ მოჰკიდა ამ საქმეს ხელი და ამისთვის არავითარ ხარჯებსაც არ ერიდებოდა, ჩემ სიხარულს საზღვარი აღარა ჰქონდა და მისი დავალება აღფრთოვანებით ვიკისრე. ვიფიქრე, რომ ჩემი ხელისშემშლელი აღარავინ იქნებოდა ქვეყნად.


იოსებ მჭედლიშვილი, შალვა დადიანი,
ნიკოლოზ გალუსტოვი

      მივმართე სოფლებს. შიდა კახეთიდან წამოვიყვანე: იასონ დალაქიშვილი, გიო საიქოძე (მურყლას ბიჭად წოდებული), ვანო რუსიშვილი და რამდენიმე სხვა. მინდოდა დედას ლევანას წამოყვანაც, მაგრამ წინანდალში მითხრეს, გუშინ დამარხესო. ამიტომ აღარ გავედი შილდას. შემდეგ კი გამოირკვა, რომ ის ისევ ცოცხალი ყოფილა.

      ვაჩნაძიანელი მომღერლები იასონ დალაქიშვილის მეთაურობით ჩავაბარე გიორგი ვაჩნაძეს (ობრატნოდ წოდებული გლეხობაში). ეს გიორგი ვაჩნაძე იქაური თავადი იყო და 1924 წლის აჯანყების გამო გლეხებს გამოეძევებინათ. ამის შემდეგ პირველი იყო მისი მისვლა თავის სოფელში.

      ვაჩნაძეს ჩავაბარე ვაჩნაძეები, ხოლო მე ისევ კაკაბეთში დავბრუნდი. კაკაბელებისა და ვაჩნაძეების გუნდი შევაერთე თბილისში. ამან აღაშფოთა მიხა ჯიღაური:

  - ეგენი რაღად გინდაო?

      მე დავამშვიდე:

  - ნუ სწუხარ, თუ ცუდი არ არის, კარგის კარგობას ვერ დავინახავთ-მეთქი. მაინც შფოთავდა. ხან მიხა მიწუხებდა გულს, - მე მაგათთან არ ვიმღერებო, - ხან თვით ვაჩნაძიანელები რაღაც საყვედურებს მეუბნებოდნენ მიხა ჯიღაურზე, - ჯიბრიანი კაცი ყოფილაო, - და ვიყავ ერთ უბედურებაში. აღარ ვიცოდი, ეს ორი ქვეყანა როგორ მომერიგებინა ერთმანეთთან. ერთიც და მეორეც ირეოდა საავდრო ღრუბელივით. მიხას გუნდის წევრები გარბოდნენ და გამორბოდნენ, ეტყობოდა ვიღაცასთან ჰქონდათ კავშირი, ვიღაცა მათ ჭკუას ასწავლიდა და ამის გამო ამღვრეულები დადიოდნენ, ჩუმად რაღაცას ბუზღუნებდნენ, მეც მიწეწავდნენ გულ-ღვიძლს და თითონაც იწეწებოდნენ.

      აქ მოვაგონე მიხა ჯიღაურს:

  - გახსოვს, მიხავ, როცა დედას ლევანამ შენ ჯიბრი გაგიწია, შენ იძახდი, ეგეთი კაცი მე არ მინახავს, მე კაცს ჯიბრს ვერ გაუწევ, რაც უნდა იყოსო.

  - გახსოვს? - შევეკითხე კიდევ გარკვევით.

      მიხამ რაღაცა წაილუღლუღა და სხვებს გადააბრალა ყველაფერი. თუმც გულში ძალიანა ვშფოთავდი და ვწუხდი, მაინც ამას არაფრად ვიმჩნევდი, თავი დინჯად და მშვიდად მეჭირა, მაგრამ კარგად კი ვგრძნობდი, რომ ვიღაც ხაფანგს მიგებდა, სარმას მდებდა და ჩემის წაქცევით გამარჯვებას ფიქრობდა.

      ვინ იყო ეს ვიღაცა, ვის უნდოდა ჩემი მტრობა, ვინ ელოდა ჩემი წახდენით თავის ბედნიერებას, თავის გამარჯვებას?

      რა უგნურებაა - კაცმა სიკარგით უნდა გაიმარჯვოს, თორემ რა ფასი აქვს სიცუდით გამარჯვებას! ყოველი ადამიანი თავის თავში უნდა აგროვებდეს იმდენ სიკარგეს, რომ ამით ჰქონდეს გამარჯვების იმედი. ვინც ბევრს სიკეთეს დააგროვებს თავის საქმეში, ის დარჩება გამარჯვებული. თორემ რა გამარჯვებაა, სხვას ხელი შევუშალო მადლის დაგროვებაში იმის გამო, რომ მე ამდენი არ შემიძლიაო. ასეთი გამარჯვება დროებითია.

      ოლიმპიადის ჟიურიში იყო ერთი უკრაინელი ქალი, სახელად ევდოკია, გვარი არ მახსოვს. „ზარია ვოსტოკა“-ს რედაქციაში მსახურობდა. მან გადმომცა განცხადება, რომელიც ოლიმპიადის ჟიურის მოუვიდა თბილისელი ლოტბარებისგან: ვინ არის იოსებ მჭედლიშვილი, მაგას ჩვენ ვიცნობთ როგორც პოეტს, ოღონდ როგორც ლოტბარს მაგას არავინ იცნობს, რა გაეგება ამ საქმისა ან ვისთვის რა სიმღერა უსწავლებია, რომ ლოტბარებში ერევა და გუნდების ხელმძღვანელობაც უკისრია.

  - მერე? - ვკითხე ევდოკია ალექსანდროვნას, - რა პასუხი გასცა ჟიურიმ?

  - არ შეიწყნარა მათი განცხადება, ვინაიდან ყველას უფლება აქვს, გამოიყვანოს მომღერალი გუნდი. ოღონდ იცოდე: მტერი ბევრი გყავს - თბილისის ხალხური გუნდების ლოტბარები. ამიტომ მე გირჩევდით, როდესაც გუნდის წინა დგახართ, ხელები იქნიეთ, როგორც ლოტბარებმა იციან, თორემ თქვენ ლოტბარად არავინ ჩაგთვლით.

      მე ევდოკიას ავუხსენ, რომ სწორედ ეგ არის დამახასიათებელი ხალხური სიმღერებისთვის: მას არც ტონის მიცემა უნდა და არც ხელების ქნევა. ეგ მართალია, - მითხრა ევდოკიამ, - მაგრამ, თუ გსურთ გუნდის ხელმძღვანელობა შეირჩინოთ და გუნდი თქვენი სახელით დაჯილდოვდეს, უნდა ხელები გაიქნიოთ სცენაზე, ეს რაც უნდა საჭირო არ იყოს სიმღერის ხალხურობისათვისო.

      ამ ამბავმა და ამ გარემოებამ ძალიან დამაფიქრა, ძალიანაც შემაწუხა, მაგრამ ამაზე უფრო მეტად შემაწუხეს ჩემი გუნდის წევრებმა. თავისი არევ-დარევით, შფოთით და უაზრო, უგნური, მეტისმეტად ბნელი საყვედურებით კინაღამ გადამრიეს.

      მუშტაიდის ბაღში ესტრადაზე გასვლის წუთი ახლოვდებოდა და ისინი კი მეჩხუბებოდნენ, შიდა კახელებთან არ ვიმღერებთო. ორპირი სიმღერები კი იმათთანა ჰქონდათ შეწყობილი. ბოლოს იქამდე მიმიყვანეს, რომ გადავწყვიტე ეს ორი გუნდი ცალ-ცალკე გამეყვანა: კაკაბელები ცალკე, ვაჩნაძიანელები - ცალკე. ამით მეგონა დავამშვიდებდი, მაგრამ ახლა კიდევ ამიტყდნენ: თუ თითო-თითო ჩარექი ღვინო არ დავლიეთ, კარგა ვერ ვიმღერებთო.

      ამ თითო ჩარექ ღვინოზე გვქონდა დავა და ჩხუბი, რომ ესტრადაზე დაიძახეს იოსებ მჭედლიშვილის გუნდიო. დავა შეწყდა და გუნდს მოვუწოდე ესტრადისაკენ. ისინი ზანტად ავიდნენ მაღლა და ერთმა მაინც მოასწრო და სადღაც გაიპარა იმისთვის, რომ ერთი ჩარექი ღვინო არ დავალევინე.

      მშვიდი სახით გადავხედე თვალუწვდენელ აუდიტორიას, ცის ქვეშ მოთავსებულს, გულში ცეცხლი მეკიდა, მაგრამ არ ვიწვებოდი.

      ჩვენს ასვლას ესტრადაზე ტაშის ქუხილით შეხვდა ხალხი, რადგანაც გუნდს საკმაო სახელი ჰქონდა ფართო მასებში მოპოვებული. მე ისევ ისე გულხელდაკრეფილი დავდექ გუნდის წინ და თვალით ვანიშნე სიმღერის დაწყება. არამც თუ ხელი არ გავიქნიე, თვითონაც არ გავტოკებულვარ, რათა ხალხისთვის ნათლად მეჩვენებინა, თუ რას ერქვა ქართული ხალხური სიმღერის შესრულება.

      სულ სამი სიმღერა შეასრულეს: "კახური მრავალჟამიერი", "ბერიკაცი ვარ" და "მკის სიმღერა".

      ხალხმა აშკარა სიყვარულით, განსაკუთრებული გულთბილობით მოგვისმინა და შემდეგ ოვაციებით დაგვაჯილდოვა. აშკარა იყო, რომ რაღაც ჯილდოს მივიღებდით ჟიურისაგანაც.

      ჯიღაურის გუნდის შემდეგ გამოვიყვანე ვაჩნაძიანელები. იმათაც კარგა იმღერეს, მაგრამ ჟიურიმ, რაკი ესტრადაზე ამ გუნდებს ხელი არ გავუქნიე, პირველს ჯიღაურის გუნდი დაარქვა, მეორეს - იასონ დალაქიშვილისა. მე დავრჩი გამოშვებული ხარივით უდაბურ მინდორში. ჯილდო ერთსაც მისცეს და მეორესაც.

      მიხა ჯიღაურის გუნდს ერგო მეორე ჯილდო (პირველი ერქომაიშვილებმა მიიღეს).

      გაზეთ "კომუნისტში" დაიბეჭდა ანგარიში მიხა ჯიღაურის გუნდის შესახებ. სხვათა შორის იქ აღნიშნული იყო ხაზგასმით: ყურადღება უნდა მიექცეს ჯიღაურის გუნდში ახალგაზრდა მომღერალს ივანე (ვანო) მჭედლიშვილს (ჩემი განაყოფია), რომელსაც კარგი ხმა და დიდი მომავალი აქვსო. ამას წერდა კომპოზიტორი კოტე მეღვინეთუხუცესი.

      გვერდი ამიარეს. მეც ამის შემდეგ, რაკი საქმე დასრულდა და დაგვირგვინდა, ახლოს აღარ გავეკარე, თავი მივანებე და წაველ სახლში. მაგრამ პრიზის გადმოსაცემად ისევ მე დამიბარეს, რადგან იგი ჩემს სახელზე იყო გამოწერილი.

      ფულის მისაღებად ხელოვნების მთავარ კომიტეტში მივედი. იქ მოვიდნენ გუნდის წევრებიც. რადგან მეორე ჯილდო სამ გუნდს ერგო: მიხა ჯიღაურს, თარხნიშვილებს და პაჭკორიას, სამასი მანეთი უნდა გაეყო ამ სამ გუნდს (პირველი ჯილდო ხუთასი მანეთი იყო). მიხა ჯიღაურს კი ასე ეგონა - სამასი მანეთი მარტო მას ეკუთვნოდა. მიხას თვალწინ მომცეს მისი გუნდისთვის ასი მანეთი და, როდესაც ეს ასი მანეთი უნდა გამეყო მათ შორის, მიხამ გაიკვირვა სამასი რომ არ იყო, ახლა კიდევ გამოირკვა: სამასი მანეთი მიხა ჯიღაურს მხოლოდ საკუთარ ჯილდოდ ჰგონებია.

      გაკვირვებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. დავუძახე აკაკი ფაღავას - ოლიმპიადის ხელმძღვანელს. აკაკიმ მთელი ორი საათი უმტკიცა მიხა ჯიღაურს, რომ არამც თუ სამასი მანეთი, არამედ მხოლოდ ასი მანეთი ერგება მთელ გუნდს.

      აკაკის თვალწინ გადავეცი მიხა ჯიღაურს გუნდის კუთვნილი ასი მანეთი და სრულიად მოვშორდი, რათა ჩემზე აღარაფერი სალაპარაკო აღარა ჰქონოდათ. სხვათა შორის, როცა ჯიღაურს განვუცხადე, ასი მანეთი გერგოთ და უნდა გაგიყოთ-მეთქი, ის გაცოფებული გადგა განზე და შემომყეფა: - კაცო, არ გეყო, რაც აქამდე გვყვლიფე? აქაც აღარ გვასვენებ?

      ამ სიტყვების გამო დავუძახე აკაკი ფაღავას. როცა მან დაარწმუნა და სხვებმაც აქეთ-იქით აუხსნეს ნამდვილი, მეც გაბრაზებით ვუთხარ: შენი უგნური და უსინდისო სიტყვები უკანვე წაიღე-მეთქი.

  - რა ვიცი, კაცო, ეგრე მეუბნებიან, გატყუებს იოსებიო.

      აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, მივიღე რაიმე ხელფასი თუ არა. ამაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. ასე დასრულდა ეს ოლიმპიადა.

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, კახეთი, ფოკლორი, ქველი

ნახვა: 470

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters