თავი III. ტალკოტ პარსონსის სოციალური მოქმედების თეორია

III თავის შინაარსი

     • სოციალური მოქმედების სტრუქტურა - "ერთეული აქტი"

     • ღირებულებითი ორიენტაცია - კულტურული ობიექტების ინტერნალიზაცია მოქმედების სისტემაში

     • "ეტალონური ცვლადები" - სოციალურ სიტუაციაში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა

     • კრიტიკა

     • III თავის ძირითადი შინაარსი

     • დამოწმებული ლიტერატურა

1. სოციალური მოქმედების სტრუქტურა - "ერთეული აქტი"

     ტალკოტ პარსონსის (2000a: 74-93; 415-7) მიზანს წარმოადგენდა სოციალურ მეცნიერებათა ერთიანი თეორიული სისტემის შექმნა, რომელიც შეძლებდა მთელი არსებული ემპირიული ცოდნის სისტემატიზაციას. ეს მიზანი უნდა განხორციელებულიყო სოციალური მეცნიერებებისათვის ინვარიანტული ფუნდამენტური ცნებების აღწერით, რომლის საფუძველზე შეიქმნებოდა უნიფიცირებული "კონცეპტალური "კონცეპტუალური სქემა". ეს სქემა დარჩებოდა უცვლელი და შენარჩუნდებოდა სოციალურ მეცნიერებათა თეორიული სისტემის ცვალებადობის მიუხედავად. აღნიშნულ კონცეპტუალურ სისტემას პარსონსი სხვანაირად "მოქმედების კოორდინატის სისტემას" ("Frame of reference") უწოდებს ან, უფრო მარტივად, "სოციალური მოქმედების სტრუქტურას". რატომ სოციალური მოქმედების? პარსონსის აზრით, სოციალური მოქმედება არის ის ამოსავალი პუნქტი, რომელზეც თეორიული რეფლექსია (ანუ სოციალური მოქმედების თეორია) წარმოადგენს სოციალურ მეცნიერებათა ინტეგრაციის საფუძველს.

     პარსონსი ახდენს მოქმედების კოორდინატის სისტემის კონცეპტუალური სქემის ანალიტიკურ დეკონსტრუქციას აბსტრაქტულ ელემენტებად და შემდეგ ახდენს ამ ელემენტების რეკონსტრუქციას სინთეზური თეორიული მოდელის სახით, რომელიც მოქმედების სისტემის ერთეულს წარმოადგენს და რომელსაც პარსონსი "ერთეულ აქტს" ("unit act") უწოდებს. პარსონსის სოციალური მოქმედების თეორიის გასაანალიზებლად აუცილებელია აღიწეროს ამ თეორიული მოდელის სტრუქტურა.

     "ერთეული აქტი" რომელსაც სხვანაირად "მოქმედების აქტი" ან, უბრალოდ, "აქტი" ეწოდება, შემდეგ ელემენტებს შეიცავს (T. Парсонсб 2000a: 94-103):

     ა) "აგენტს", "მოღვაწეს" ან "აქტორს" ("actor").

     ბ) "მიზანს" ("end"), ანუ მოვლენათა მომავალ მდგომარეობას, რომელზეც ორიენტირდება მოქმედება.

     გ) "სიტუაციას", რომელშიც სრულდება აქტი და რომელიც, ცხადია, განსხვავებულია მოვლენათა იმ მდგომარეობისაგან, რომელზეც ორიენტირებულია მოქმედება, ე.ი მიზნისაგან. თავის მხრივ, სიტუაცია ორი ტიპის ელემენტისაგან შედგება: იმათგან, რომელთა გაკონტროლება და შეცვლა აქტორს არ შეუძლია და იმათგან, რომელთა გაკონტროლების შესაძლებლობაც მას აქვს. პირველი ტიპის ელემენტები მოქმედების "პირობებს" წარმოადგენს, ხოლო მეორე ტიპის ელემენტები - მოქმედების "საშუალებებს".

     დ) მოქმედების "ნორმატიულ ორიენტაციას", რომელიც განსაზღვრავს მიზნის მისაღწევი ალტერნატიული საშუალებებიდან არჩევანს (ამორჩევას) ანუ სელექციას. პარსონსი, მოქმედების გაგების თვალსაზრისით, გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ნორმატიული ორიენტაციის არსებობას, რომელიც საშუალებათა თვითნებური (შემთხვევითი) სელექციისაგან იცავს აქტორს (ამ საკითხს ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით).

     მოქმედების კოორდინატის სისტემა როგორც კონცეპტუალური სქემა, პარსონსის მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვან წინამძღვარს შეიცავს:

     პირველი წინამძღვარი ისაა, რომ მოქმედება ყოველთვის პროცესს წარმოადგენს, ანუ დროში მიმდინარეობს. მოქმედების პროცესუალური (დროითი) ხასიათი მნიშნელობას იძენს მოქმედების მიზანთან მიმართებაში - მიზანი ხომ მოვლენათა მომავალი მდგომარეობაა, რომელსაც აქტორმა უნდა მიაღწიოს, ე.ი. მიზანი მოითხოვს აქტორის დროში ძალისხმევას, რათა იგი განხორციელდეს.

     მეორე წანამძღვარი გულისხმობს აქტორის მიერ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. კერძოდ, როგორც მიზნის, ისე საშუალებების ამორჩევას, რაც უკავშირდება აქტორის ნორმატიულ ორიენტაციას. ეს წინამძღვარი გულისხმობს, აგრეთვე, მიზნის მიღწევის გზაზე, ანდა საშუალებათა ამორჩევისას "შეცდომების" (error) დაშვების შესაძლებლობას, რასაც წარუმატებლობა მოსდევს.

     მესამე წინამძღვარი ისაა, რომ მოქმედების კოორდინატის სისტემა სუბიექტურად რელევანტურია. ეს ნიშნავს, რომ მას საქმე აქვს მოვლენებთან, როგორც ისინი წარმოუდგენია აქტორს, რომლის მოქმედებაც განიხილება. ასეთნაირად განხილული მოვლენები სუბიექტურ ფაქტებს წარმოადგენს (ამისაგან განსხვავებით, ობიექტურ ფაქტს წარმოადგენს მოვლება, როგორც იგი ხდება გარედან დაკვირვების ობიექტი მეცნიერის მიერ).

     მეოთხე წინამძღვარი, რომელსაც მოქმედების კოორდინატის სისტემა ითვალისწინებს, ეხება სიტუაციის (რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს) ფიზიკურ და ბიოლოგიურ ასპექტებს. ისინი მოქმედების თეორიას მხოლოდ იმდენად აინტერესებს, რამდენადაც მონაწილეობს მოქმედების სქემაში, ანუ ასრულებს მოქმედების პირობების ან საშუალებების როლს.

     დაბოლოს, პარსონსი აღნიშნავს, რომ მოქმედების კონცეპტუალური სქემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორ - კონკრეტულ და ანალიტიკურ - დონეზე. კონკრეტულ დონეზე "ერთეული აქტის" ქვეშ გაიგება რეალური მოქმედება, ხოლო მისი ელემენტების ქვეშ - კონკრეტული მიზნები, პირობები და საშუალებები. ასეთია, მაგალითად, სტუდენტის მოქმედება, რომლის უშუალო მიზანს წარმოადგენს მოცემულ თემაზე სტატიის დაწერა. ეს მიზანი მისთვის არსებობს, როგორც განსახილველი პრობლემის ზოგადი იდეა, მონახაზი, რომელიც თანდათან, მოქმედების პროცესში უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, სტუდენტის მოქმედება შეიცავს კონკრეტულ საშუალებებს - ეს ის საგნები ან მოვლენებია, რომლებსაც აქტორი (სტუდენტი) მეტ-ნაკლებად აკონტროლებს, მაგ., წიგნები (რომლებიც მას აქვს, ან რომლებსაც ბიბლიოთეკაში მოიძიებს), ქაღალდი, საწერი მოწყობილობა, საბეჭდი მანქანა და სხვ. რაც შეეხება მოქმედების სიტუაციის პირობებს, ეს ის ასპექტებია, რომელთა გაკონტროლება აქტორს არ ძალუძს, მაგრამ რომლებიც უშუალო კავშირშია მიზანთან. ასეთია, მაგალითად, ფაქტი, რომ სტუდენტი იძულებულია შემოიფარგლოს იმ წიგნებით, რომლებიც მისი კოლეჯის ბიბლიოთეკაშია და სხვ. სტუდენტის მოქმედების წარმოდგენილი კონცეპტუალური სქემა აღწერითი ხასიათისაა. იგი გამოიყენება მხოლოდ მონაცემთა მოწესრიგებისათვის (დალაგებისათვის), მაგრამ ვერ გამოდგება მათი ანალიზისათვის, რაც მოქმედების ახსნის ტოლფასია. ანალიტიკური დონისათვის, ე.ი. ახსნისათვის, აუცილებელია აბსტრაქციის გზით წასვლა. ეს გულისხმობს კონცეპტუალური სქემის გენერალიზაციას ისე, რომ გამოვლინდეს ფუნქციონალური კავშირები იმ მოვლენებს შორის, რომლებიც აღწერის ეტაპზე მოწესრიგდა (დალაგდა). კერძოდ, ანალიტიკური კონცეპტუალური სქემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მოქმედების ნორმატიული და არანორმატიული ელემენტების გამიჯვნა. ეს პრობლემა ყველაზე კარგად მოქმედების მიზანთან მიმართებაში ილუსტრირდება. მიზანი (როგორც განისაზღვრა) არის საგანთა (მოვლენათა) წინასწარ დანახული (განჭვრეტილი) მომავალი მდგომარეობა. მაგრამ ცხადია, რომ მიზნის ე.ი. საგანთა მდგომარეობის ყოველი ასპექტი არ არის დამოკიდებული აქტორის მოქმედებაზე, ანუ არა ყოველი ასპექტი წარმოადგენს ნორმატიულ ელემენტს. თუ დავუბრუნდებით მოყვანილ მაგალითს, კონკრეტული მიზნის (სტუდენტის მიერ სტატიის დაწერა) განხორციელების ბევრი ასპექტი (ვთქვათ ბიბლიოთეკაში საჭირო წიგნების მარაგი) არ არის დამოკიდებული სტუდენტის (აქტორის) მოქმედებაზე, შესაბამისად, არც ნორმატიული მნიშვნელობა მიეწერება. ამ შემთხვევაში, მიზანი, ანალიტიკური თვალსაზრისით, უნდა განისაზღვროს როგორც, ერთი მხრივ, აქტორის მოქმედების შედეგად განხორციელებული საგანთა მომავალი მდგომარეობა და, მეორე მხრივ, როგორც საგანთა მომავალი მდგომარეობა - განყენებული აქტორის მოქმედებისაგან, ანუ განჭვრეტილი საწყისი სიტუაციიდან ამოსვლით, მასში აქტორის მოქმედების ჩარევის გარეშე. აღნიშნული დიფერენციაცია ამავე დროს არის ნორმატიულ და არანორმატიულ ელემენტებს შორის განსხვავება.

     მოქმედების თეორიის ორ - კონკრეტულ და ანალიტიკურ - დონეზე გამოყენების გაცნობიერების აუცილებლობის შესახებ პარსონსი არაერთხელ (Т. Парсонсб 2000a: 273) მიუთითებს, თავის მხრივ, ეს ხაზს უსვამს ანალიტიკურ დონეზე მოქმედების ნორმატიული და არანორმატიული ელემენტების გამიჯვნის აუცილებლობას.

     ახლა შედარებით დეტალურად განვიხილოთ მოქმედების ნორმატიული ორიენტაციის არსი, ვინაიდან ამ პრობლემის გადაწყვეტა საკვანძო მნიშვნელობისაა როგორც თავად პარსონსის მოქმედების თეორიის გასაგებად, ისე ამ თეორიის მიმართ გამოთქმული კრიტიკული თვალსაზრისების ნათელსაყოფად.

     პირველ რიგში, რაც შეეხება "ნორმატიულის" ცნებას. პარსონსი (2000a: 134-7) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იგი არ იყენებს ამ ცნებას ესთეტიკური ან იურიდიული მნიშვნელობით. ეს ცნება მოქმედების სისტემის ის ელემენტია (ნაწილია), რომელიც მიუთითებს აქტორის (ან აქტორების) სპეციფიკურ განცდაზე, თითქოს რაღაცა თვითკმარი მიზანია, მისი სტატუსისაგან დამოუკიდებლად. მაშასადამე, მოქმედების ნორმატიულობა მხოლოდ მიზანთან მიმართებაში შეიძენს საზრისს. მიზანი მოვლენათა მომავალი მდგომარეობაა, რომელიც ამასთანავე სასურველია აქტორისათვის, ანუ მის მიერ განიხილება, როგორც საორიენტაციო მიჯნა. ცხადია, საგანთა მომავალი მდგომარეობა (მიზანი) და მასზე ორიენტაცია სუბიექტურია, ანუ განსხვავდება არსებულ სოციალურ ძალთა ბუნებრივი, თავისთავად მოქმედებისაგან, რომელშიც სუბიექტი აქტიურად არ ერევა. სხვანაირად თუ ვიტყვით, პარსონსის აზრით, სიტუაცია, რომელშიც იდივიდი მოქმედებს, შეიძლება შეიცავდეს მიზანზე ორიენტირებულ სუბიექტურ ქცევებს და სუბიექტისაგან (აქტიორისაგან) დამოუკიდებელ ელემენტებს. ნორმა სწორედ იმ მოქმედებათა ვერბალური აღწერაა, რომლებიც მიზნის მიმართ სუბიექტურად რეველანტურია. ნორმის მაგალითს წარმოადგენს დებულება: "ჯარისკაცი უნდა დაემორჩილოს ოფიცრის ბრძანებებს". ეს ნორმა აღწერს მოქმედების სასურველ განვითარებას (ცხადია, მათ შორის, ვინც მას აღიარებს). მაშასადამე, არსებობს მოქმედების სისტემის ნორმატიული და არანორმატიული ელემენტები, სხვანაირად - მოქმედების სუბიექტურად რელევანტური და არარელევანტური ელემენტები. პარსონსი ამ ემპირიული და მეთოდოლოგიური განსხვავების უკეთ წარმოსაჩენად ანალოგიას ახდენს ბიოლოგიასთან, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მემკვიდრეობით და გარემო პირობებით ჩამოყალიბებულ თვისებებს.

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ნორმატიული ორიენტაციის გამო, ადამიანის მოქმედება არ არის მხოლოდ სტიმულებზე უბრალო რეაგირება, არამედ ინდივიდები ისწრაფვიან, შეათანხმონ საკუთარი მოქმედებები სტანდარტებთან, რომლებიც პირველ როგში თავად აქტორისათვის ითვლება სასურველად, აგრეთვე, საზოგადოების (კოლექტივის) სხვა წევრებისათვის.

     პარსონსი (2000a: 274) მოქმედების ნორმატიულ ორიენტაციას მოქმედების თელეოლოგიურ თვისებას მიაწერს და განიხილავს იმ ჯაჭვში, რასაც "მიზან-საშუალებების" ურთიერთობა წარმოადგენს. პარსონსის მიხედვით, სოციალური მოქმედება ყოველთვის გააზრებულ უნდა იქნეს მოქმედების ორი განსხვავებული - ნორმატიული და სიტუაციური (conditional) - ტიპის ელემენტებს შორის დაძაბულობის კონსტექსტში. როგორც პროცესში, მოქმედება ფაქტიურად წარმოადგენს სიტუაციური ელემენტების ცვალებადობას ნორმებთან შესაბამისობის მიმართულებით. ამ ორი ელემენტიდან რომელიმეს იგნორირებას მოქმედების თეორია უკიდურესობამდე დაჰყავს, კერძოდ, ნორმატიული ასპექტის ელიმინაციას (გამორიცხავს) რადიკალურ პოზიტივისტურ პოზიციამდე მივყავართ. მეორე მხრივ, სიტუაციური ასპექტის გავლენის ელიმინაციას - იდეალისტურ ემანაციონიზმამდე.

     საჭიროა კიდევ რამდენიმე განმარტება "პოზიტივისტურ-იდეალისტურ დუალიზმის" თაობაზე, რამდენადაც პარსონსის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა მისი დაძლევა. პოზიტივიზმის პრობლემა ისაა (A. Dawe, 1979: 400), რომ იგი უარყოფს სოციალური აქტორების ყველა იმ სუბიექტურ საზრისს (მნიშვნელობას), რომელიც არ ეთანხმება სოციალური სამყაროს შესახებ მის დოგმებს და ჰიპოტეზებს. პოზიტივისტური პარადიგმის თანახმად, სოციალური სამყარო ისეთია, როგორადაც მას პოზიტივიზმი აღწერს და ადამიანის მოქმედება არის მხოლოდ მასთან პასიური ადაპტაციის პროცესი. ამდენად, სოციალური აქტორი არის ობიექტური სიტუაციის ობიექტური პროდუქტი. ადამიანები მოქმედებენ არსებული სიტუაციების ფარგლებში და ეს სიტუაციები არ ასიმილირდება აქტორთა სუბიექტურ განსაზღვრებებთან.

     რაც შეეხება იდეალიზმს, მისი პრობლემა ისაა, რომ იგი ვარდება მეორე უკიდურესობაში - ახდენს რა კონცენტრირებას იდეალურ კონცეპტებზე. იდეალიზმის თანახმად, სოციალური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა მნიშვნელობის სამყარო (universe of meaning), რომელშიც ყველა ფენომენი, მოქმედების ჩათვლით, ყოვლისმომცველი ბოლოვადი ღირებულებების ემანაციაა. ამდენად, იდეალიზმი, მეორე უკიდურესობიდან ამოსვლით, მიდის იგივე შედეგამდე სოციალური მოქმედების დახასიათების თვალსაზრისით: მოქმედება არის მხოლოდ პასიური ორიენტაცია წინასწარმოცემულ (pregiven) მნიშვნელობაზე, რომელიც განსაზღვრავს მოქმედების მსვლელობას.

     არც პოზიტივიზმი და არც იდეალიზმი არაფერს ამბობს საკუთირვ მოქმედების შესახებ, რამდენადაც მოქმედება, როგორც პარსონსი იტყვის, ყოველთვის ჩართული უნდა იყოს ორ განსხვავებულ წესრიგს - ნორმატიულსა და სიტუაციურს - შორის დაძაბულობის მდგომარეობაში. ამ დაძაბულობის არსი (როგორც ითქვა) ისაა, რომ სიტუაციური წესრიგი მოქმედების პროცესში უნდა დაიძლიოს ან გადაყვანილ იქნას ნორმატიულ წესრიგში.

     საბოლოო ჯამში, პარსონსი ასკვნის, რომ სიტუაციის ისეთი ასპექტი, როგორიცაა მოქმედების პირობები, განხილულ უნდა იქნეს ერთ პოლუსზე, მიზნები და ნორმატიული წესები - მეორეზე, ხოლო მოქმედების საშუალებები, როგორც აქტორების ძალისხმევა - აღნიშნულ პოლუსებს შორის დამაკავშირებელი რგოლია.

     ასეთია პარსონსის პასუხი პოზიტივისტურ-იდეალისტურ დუალიზმზე. აქტორის ძალისხმევის ანუ სიტუაციურ წესრიგის ნორმატიულის მიმართ დამორჩილების აქცენტირება, პარსონსისავე (2000a: 58) აღიარებით, მის მოქმედების თეორიას, გარკვეული აზრით, "მოქმედების ვოლუნტარისტულ თეორიად" აქცევს. ადამიანი, პარსონსის (1935: 282) აზრით, "აქტიური, შემოქმედი, შემფასებელი არსებაა" ("active, creative, evaluating creature"), რომელიც მოქმედებს რეალობაში იმისათვის, რათა იგი შესაბამისობაში მოიყვანოს თავის მიზნებთან, იდეალებთან. აქტორი არჩევანის მქონე ინდივიდია, რომელიც დამოუკიდებელი მოღვაწეობით შეარჩევს თავის საკუთარ მიზნებს, საკუთარ ნორმატიულ ორიენტაციებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ იმოქმედოს. მოქმედების და აქტორის ეს გაგება უდევს საფუძვლად სწორედ პარსონსის მიერ "ერთეული აქტის" თეორიული მოდელის სტრუქტურის დახასიათებას, რაზეც დასაწყისში იყო საუბარი. როგორც პარსონსის თეორიის მკვლევრები (A.W. Gouldner, 1970: 190-1; 197) აღნიშნავენ, პარსონთან აქტორის ვოლუნტარიზმი მისი ანტიდეტერმინიზმის გამოხატულებაა, რომელიც ხაზს უსვამს სოციალური მოქმედებების ღიაობას და ისტორიულ განვითარებას. აქტორს მოქმედების პროცესში არაწინასწარმეტყველური ელემენტები შეაქვს. ადამიანის ასეთ გაგებას ("აქტიური, შემოქმედი, შემფასებელი") პარსონსი მიმართავს ყველა იმ სოციოლოგიური, პოზიტივისტურ-იდეალისტური ტრადიციის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანს მიიჩნევს "პასიურ, შემგუებელ, რეცეპტულ" არსებად. პარსონსის პრინციპული მტკიცებით, აქტორები შემოქმედებითად განსაზღვრავენ რეალურ სიტუაციებს, მათ იდეალურ მიზნებთან მიმართებაში, ხოლო ამის პროდუქტი არის სოციალური სისტემა, როგორც სოციალური ინტერაქციის გამჟღავნებული შედეგი.

     მოქმედების მიზან-საშუალებათა სტრუქტურას პარსონსი უტილიტარული თეორიებიდან ითვისებს. უტილიტარიზმის თანახმად (T. Парсонс, 2000a: 113), რომელიც პოზიტივისტური სისტემის ქვესისტემას წარმოადგენს, მოქმედება მიზნისა და საშუალებების რაციონალური თანაფარდობაა. მოქმედება რაციონალურია იმ ზომით, რამდენადაც იგი მისდევს ისეთ მიზნებს, რომლებიც მიიღწევა მოცემულ სიტუაციის პირობებში, აქტორის ხელთ არსებული, შედარებით შესაფერისი საშუალებების გამოყენებით. "შედარებით შესაფერისად" ითვლება ის საშუალებები, რომლებიც ფასდება პოზიტიური ემპირიული მეცნიერებების მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. სხვანაირად თუ ვიტყვით, მიზან-საშუალებათა რაციონალობა ეხება მოქმედებას, როდესაც აქტორი ირჩევს მიზანს და ეს ამორჩევა დაფუძნებულია გამოთვლაზე, რომ მის ხელთ არსებული საშუალებები საკმარისია დასახული ამოცანის წარმატებით დასასრულებლად. მაშასადამე, უტილიტარიზმი ძირითადად "ეკონომიკური თეორიაა" (A. Dawe, 1979: 402-3), რომელიც აქტორებს მიაწერს მხოლოდ ეკონომიკური რაციონალობის ნორმატიულ ორიენტაციას. ეს არის ინსტრუმენტალური რაციონალობა, რამდენადაც თავისი ეგოისტური ზრახვებიდან და კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, ინდივიდები მათი დაკმაყოფილების ოპტიმალურ გზებს ეძებენ და ამისათვის მიზანთა ოპტიმალური ბალანსის გამოთვლას ახდენენ - სხვა შესაძლო კომბინაციებთან მიმართებაში. ამით ამოიწურება უტილიტარიზმისათვის სოციალური სამყარო. არ არსებობს რაიმე, როგორც თვითკმარი საზოგადოებრივი ღირებულება, ყველაფერი ავტომატურად და საბოლოო ანგარიშით ემსახურება კერძო ინტერესების დაცვას. "ნორმა" შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რაც კარგად ერგება კერძო ინტერესს. ეკონომიკური (ინსტრუმენტალური) რაციონალობა არ არის ორიენტირებული კოოპერაციაზე, არამედ კერძო ინტერესების რეალიზაციაზე, თუნდაც "ძალისა და თაღლითობის" გამოყენებით. ამრიგად, უტილიტარიზმი ხელახლა ქმნის სოციალური წესრიგის ჰობსიანურ პრობლემას (ამ საკითხს ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით).

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, უტილიტარიზმის თანახმად, მიზან-საშუალებათა რაციონალობა მთლიანად განსაზღვრულია აქტორის ინტერესებით. აღნისნულ პუნქტამდე პარსონსი ეთანხმება და იზიარებს უტილიტარიზმის პოზიციას. იგი (T. Parsons, 1937: 251) აღიარებს, რომ თავის ყოველდღიურ მოქმედებებში ინდივიდები "აბანდებენ ძალებს", ანუ მოქმედებენ საკუთარი ინიციატივით, ირჩევენ მიზნებს და საკუთარ მოქმედებების მობილიზაციას ახდენენ მათ მისაღწევად.

     ფუნდამენტური განხეთქილება პარსონსის მოქმედების თეორიასა და უტილიტარიზმის შორის იწყება მაშინ, როდესაც საკითხი დგება იმის შესახებ, თუ როგორ ხდება აქტორთა მიერ მიზნების შერჩევა და რა განაპირობებს აქტორის მობილიზაციას, იმოქმედოს მათ განსახორციელებლად. უტილიტარისტები (მაგ., H. A. Simon, 1983: 7-8) მიზანთა შერჩევის მექანიზმების შესახებ კითხვას "ფრჩხილებში სვამენ", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ამოდიან მიზანთა თვითნებურობის აღიარებიდან. პარსონსი (2000a: 116-117) ხაზგასმით აღნიშნავს: იმის გამო რომ, უტილიტარიზმის მიხედვით, არ არსებობს როგორც მიზნების, ისე საშუალებების ამორჩევის ალტერნატიული კრიტერიუმი, ამ სისტემას მიზანთა თვითნებურობის ნეგატიურ გაგებამდე მივყავართ. "მიზანთა თვითნებურობა" "ნებას რთავს" მიზნებს, რომ შეიცვალონ ალალბედზე, შემთხვევით.

     მიზანთა შემთხვევითი ვარიაცია წარმოადგენს ერთ მხარეს (ნაწილს) იმისა, რასაც პარსონსი (2000a: 121) "უტილიტარულ დილემას" უწოდებს. დილემის მეორე ნახევარს შეადგენს იმის აღიარება, რომ თუ მიზანთა თვითნებურობას უარვყოფთ, მაშინ ქრება მათი დამოუკიდებლობაც და ისინი უპირობოდ დეტერმინირდებიან სიტუაციის პირობებით ე.ი. სიტუაციის არასუბიექტური ელემენტებით, რომლებიც აღიწერებიან მემკვიდრეობითობის და მატერიალური გარემოს კატეგორიებში. მაშასადამე, ამ შემთხვევაში აქტორის მოქმედება ბიოლოგიურად და მატერიალურად დეტერმინირებულია. ასეთი აქტორი ინსტიქტებით განსაზღვრულ არსებას ემსგავსება, რომელიც რაიმე მოქმედებას (ქცევას) ასრულებს მემკვიდრეობით მიღებული ხასიათის თვისებების საფუძველზე. თუ შემდეგ მას მოვათავსებთ კონკრეტულ მატერიალურ გარემოში, იგი დაიწყებს მიზანთა "შერჩევას" ინსტიქტურად - არა საკუთარი აქტიურობის საფუძველზე, არამედ გარემო პირობების ზეწოლის შედეგად.

     ორივე შემთხვევაში - მიზნები შემთხვევითად (თვითნებურად) ამოირჩევა თუ სიტუაციის პირობებით იქნება დეტერმინირებული - "უტილიტარული დილემა" აქტორებს არ უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ მიზნები თავად, მაგრამ გარკვეული კრიტერიუმების დაცვით შეარჩიონ.

     პარსონსი გამოდის "უტილიტარული დილემის" ორივე ნახევრის წინააღმდეგ. მისი მოქმედების კოორდინატის სისტემის ძირითად ამოცანას წარმოადგენს დაიცვას (როგორც შემთხვევითი ვარიაციებისაგან, ისე ბიოლოგიური და მატერიალური დეტერმინაციისაგან) აქტიორის ეგზისტენციური "კაპიტალდაბანდება" მისი მოქმედების მიზნებთან მიმართებაში. პარსონსის თეორიის მკვლევარები (I. J. Cohen, 2000; A. Dawe, 1979; K. Menzies, 1977) აღნიშნავენ, რომ პარსონსმა წარმატებით ვერ გაართვა თავი ვერც "უტილიტარულ დილემას", ვერც "პოზიტივისტურ-იდეალისტურ დუალიზმს" და წინააღმდეგობების ქსელში გაიხლართა. მივყვეთ პარსონსის მოსაზრებებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რომლებიც მისი მოქმედების თეორიის ყველაზე შემოქმედებით და სადისკუსიო ნაწილს წარმოადგენს:

     პარსონსი აფართოებს თავის თეორიულ ინტერესს ერთეული მოქმედებიდან ანალიტიკურად დაკავშირებული მოქმედებების ჯაჭვამდე, როდესაც კავშირის საფუძველს წარმოადგენს მორალურად ღირებული მიზნები. ეს არის გადანაცვლება (გადაადგილება) ინდივიდუალური აქტორის მოქმედებიდან სოციეტალური ინტეგრაციის დონეზე. პარსონს სჯერა (1937: 247-8), რომ თუ აქტორები გაყვებიან მხოლოდ მათ კერძო, დამოუკიდებელ მიზნებს, მაშინ არ ექნებათ არავითარი სინდისის ქენჯნა სხვა აქტორების ექსპლოატაციის (გამოყენების) გამო საკუთარი წარმატებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ჰიპოთეტურ უკიდურესობაში, შედეგად ვღებულობთ ჰობსისეულ "ომს ყველასი ყველას წინააღმდეგ". ვღებულობთ დეზინტეგრირებულ საზოგადოებას. პარსონსმა იცის, რომ საუკეთესოდ ინტეგრირებული საზოგადოებები იშვიათია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვნად ის მიაჩნია, რომ საზოგადოებას არც სამარადისო ჰობსიანური ანარქია ემუქრება, რომ საზოგადოებას ყოველთვის შეუძლია და უნდა ფლობდეს ინტეგრაციის და, აქედან გამომდინარე, წესრიგის გარკვეულ ხარისხს. ამას სწორედ ის განაპირობებს, რომ საზოგადოების ინდივიდუალური წევრები იზიარებენ საერთო მიზნებსა და ღირებულებებს. მათ პარსონსი "ბოლოვად" ("ultimate") მიზნებს უწოდებს. ისინი ხელმძღვანელობენ ინდივიდის რაციონალური მოქმედების მთელ ჯაჭვს (მიუხედავად იმისა, რომ აქტორებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ მათი ზუსტი ფორმულირება). იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ ხდება ინდივიდუალური მოქმედების დამორჩილება ზოგადი მიზნების მიმართ, ერთ-ერთ მკვლევარს (I. J. Cohen, 2000: 80) ყავს მაგალითი მარქსის თეორიიდან: დაქირავებული მუშები, რომლებიც გასხვისებულ (გაუცხოებულ) შრომას ეწევიან (ანუ არა აქვთ საკუთარი ინტერესები დაბანდებული იმ პროდუქტებში, რომლებსაც ისინი აწარმოებენ), მათი მოქმედების უშუალო კონტექსტიდან გამომდინარე, თითქოს უნდა მუშაობდნენ მხოლოდ ხელფასისათვის. მაგრამ, როგორც მარქსმა გაიგო, მუშები (კაპიტალისტებისაგან განსხვავებით), ფულს არ მიიჩნევენ საბოლოო მიზნად, არამედ მხოლოდ სახმარ ღირებულებად ე.ი. საშუალებად რაღაც სხვა მიზნების განსახორციელებლად. ეს მიზნები ხელმძღვანელობს მოქმედებათა ფართო სპექტრს (ჯაჭვს). ისინი, მაგალითად, შეიძლება იყოს: ოჯახის კეთილდღეობა, ცხოვრების გარკვეული წესისათვის მიყოლა, გარკვეული გაერთიანებების (კავშირების) დაფინანსება და სხვ.

     აქ აუცილებელია აღინიშნოს ის გავლენა, რაც პარსონსმა განიცადა დიურკჰაიმის სოციალური თეორიის მხრიდან. პარსონსი (1937: 382-90) თავად აღნიშნავს, რომ ინდივიდებისათვის საერთო მიზნებისა და ღირებულებების ("ბოლოვადი" მიზნების) ზეგავლენის იდეა დიურკჰაიმისაგან აიღო. დიურკჰაიმი ამტკიცებდა, რომ რამდენადაც ინდივიდუალური სურვილები თავისთავად (დამოუკიდებლად) შეუზღუდავია, როგორც სოციალური სტაბილურობის, ისე ინდივიდუალური ბედნიერებისათვის აუცილებელია, რომ ისინი დარეგულირდეს ნორმატიული წესების (სოციალური ნორმების) საფუძველზე. საზოგადოება უზრუნველყოფს აქტორებს ნორმატიული წესების ქსელით ყოველი კონკრეტული ქცევისათვის. დიურკჰაიმისათვის ამ წესებს მორალური ძალა აქვს. ეს არის სოციალური მორალი, რომლის ხელშეუხებლობას პარსონსიც აღიარებს. საზოგადოების, სოციალური ერთობების და სოციალური ჯგუფების ინტეგრაცია მოითხოვს მათი წევრების, როგორც ინტეგრირებულ კავშირებში ჩართული არსებების, მიერ ნორმათა და ღირებულებათა საერთო ზოგადი სისტემის აღიარებას. ეს სისტემა მორალური ძალაუფლების მქონეა და იგი არ დაიყვანება ცალკეულ აქტორთა ნებაზე. კატეგორიულად ეს ასე შეიძლება გამოითქვას: ყველაფერი ინდივიდუალური არის ინსტრუმენტალური, ყველაფერი სოციალური კი - მორალური. პარსონსი აღიარებს ასეთი სოციალური მორალის ძალას. მაგალითად, მამა, რომლისთვისაც ღირებულია შვილების კარგად ყოფნა (ეს არის წმინდა, ხელშეუხებელი ღირებულება), ამ ღირებულებას ახორციელებს სპეციფიკური აქტებით, ერთგულად იცავს რა ბავშვის აღზრდის ყველა ნორმას, რასაც მისი კულტურა კარნახობს და რასაც მისივე კულტურის (საზოგადოების) სხვა წევრები იღებენ როგორც შვილებზე სანიმუშო ზრუნვის გამოხატულებას. მსგავსად ამისა, ექიმის ვალდებულება მისი პაციენტის ჯანმრთელობაზე (როგორც ხელშეუხებელი ღირებულება) განხორციელდება მაშინ, თუ იგი ერთგულად დაიცავს ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის მორალურად მისაღებ ან მიუღებელ გზებს სპეციფიკურ სიტუაციებში. ისმის კითხვა: ეგუება თუ არა ნორმატიული თვალსაზრისი მშობლების უყურადღებობის, ექიმის დაუდევრობის ან მორალური უპასუხისმგებლობის შემცველი აქტების ფართო მასშტაბით არსებობის შესაძლებლობას? პარსონსი (1937: 404) ამ შემთხვევაშიც ეთანხმება დიურკჰაიმს, აღნიშნავს რა, რომ სანქციების დაკავშირება ნორმებთან სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ აქტორთა მარგინალური რაოდენობისაგან შეიძლება ველოდოთ ნორმატიული წესებისაგან გადახრას (დევიაციას). თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პარსონსის (ისევე როგორც, საერთოდ ფუნქციონალისტების) ნორმატიული ორიენტაციის თეორიული პოსტულატი მოითხოვს იმის აღიარებას, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, ნორმების მიმართ ერთგულია (ნორმებს აღიარებს საკუთარი მოქმედების პრინციპებად). საზოგადოების უმეტესი ნაწილი მიდრეკილი რომ იყოს დევიაციისაკენ, მაშინ სანქციები ძალას დაკარგავდა.

2. ღირებულებითი ორიენტაცია - კულტურული ობიექტების ინტერნალიზაცია მოქმედების სისტემაში

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მოქმედებიდან სოციეტალურ დონეზე გადანაცვლებისას, სოციალური წესრიგის და ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, პარსონსის მოქმედების თეორიაში მყარად მკვიდრდება "ღირებულების" და "ღირებულებითი ორიენტაციის" ცნებები. თუმცა, შინაარსობრივი თვალსაზრისით ისინი პრინციპულად ახალს არაფერს შეიცავენ, რასაც პარსონსთან "ნორმა" და "ნორმატიული ორიენტაცია" გულისხმობს. უბრალოდ, ღირებულებითი ორიენტაცია რამდენადმე უფრო ფართო ანალიტიკურ კატეგორიას წარმოადგენს. საჭიროა ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდეთ ამაზე.

     როგორც უკვე ცნობილია, სოციალური მოქმედების სტრუქტურის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს სიტუაცია, რომელშიც სრულდება მოქმედება. სიტუაციაში ინდივიდი ორიენტირდება განსხვავებული კლასის ობიექტებზე. პარსონსი (2000ბ: 464-7) გამოყოფს სიტუაციის შემადგენელ ობიექტთა ორ კლასს: ა)სოციალური ობიექტები და ბ) არასოციალური ობიექტები. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ იყოფა _ ფიზიკურ და კულტურულ ობიექტებად.

     ა) სოციალური ობიექტები ეს იგივე აქტიორებია _ პიროვნებები ან კოლექტივები. აქტიორი როგორც სუბიექტი შეიძლება ორიენტირებული იყოს საკუთარ თავზე, როგორც ობიექტზე, აგრეთვე სხვა სოციალური ობიექტებზე _ ინდივიდებზე ან კოლექტივებზე. პარსონსი (Т. Парсонс, 1997: 449) სოციალურ ობიექტებზე აქტიორის განსხვავებულ ორიენტაციას ასეც გამოხატავს: "მე" (ორიენტაცია საკუთარ თავზე), "სხვა" (ორიენტაცია სხვა ინდოვიდზე) და "ისინი" (ჯგუფზე ორიენტაცია).

     ბ) არასოციალური ობიექტები მოიცავს ნებისმიერ ობიექტს, რომელიც არ წარმოადგენს აქტიორს. მათ შორის, ფიზიკურია - დროში და სივრცეში განფენილი ობიექტები, რომლებიც, სხვა აქტიორების მსგავსად, არ ზემოქმედებენ (ურთიერთქმედებენ) აქტიორზე, როგორც სუბიექტზე, არამედ მოქმედების მხოლოდ «ინსტრუმენტებს» (საშუალებებს) წარმოადგენენ. რაც შეეხება ისეთ არასოციალურ ობიექტებს, როგორიცაა კულტურული ობიექტები, ისინი მოიცავენ კანონებს, ნორმატიულ წესებს (ეტალონებს), იდეებს, მნიშვნელად სიმბოლოებს, ტრადიციებს და ა.შ. მართალია, კულტურული ობიექტები, როგორც ასეთნი, აქტიორი-სუბიექტის მიმართ გარემდებარეა, მაგრამ ისინი შეიძლება გახდნენ ინტერნალიზებულნი აქტიორის მოქმედების სისტემაში. ასეთ შემთხვევაში, ისინი წყვეტენ არსებობას როგორც ობიექტები და პიროვნული და სოციალური სისტემის კომპონენტები ხდებიან.

     სიტუაციის ობიექტთა კლასიფიკაცია და მათი დახასიათება ამ შემთხვევაში იმიტომ დაგვჭირდა, რომ როდესაც პარსონსი ღირებულებით ორიენტაციაზე საუბრობს, მას მხედველობაში აქვს, სწორედ ორიენტაცია კულტურულ ობიექტებზე, უფრო სწორად, კულტურული ობიექტების ინტერნალიზაცია მოქმედების სისტემაში.

     ახლა რაც შეეხება მოცემულ სიტუაციაში აქტიორის ორიენტაციას. პარსონსი (2000ბ: 467-70; 481-5) აქტიორის ორიენტაციას ანალიტიკურად ყოფს ორ დამოუკიდებელ კატეგორიად: მოტივაციურ ორიენტაციად (წარმოდგენები, სურვილები, ანუ "კატექსისი" და გეგმები) და ღირებულებით ორიენტაციად (კოგნიტური, ესთეტიკური და მორალური სტანდარტები).

     მოტივაციური ორიენტაცია გულისხმობს აქტიორის ორიენტაციის იმ ასპექტს, რომელიც დაკავშირებულია აქტიორის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და დაუკმაყოფილებლობის დისპოზიციასთან. მოტივაციური ორიენტაცია მიმართულია მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ოპტიმიზაციისაკენ და დაუკმაყოფილებლობის თავიდან აცილებისაკენ (ორიენტაციის ამ ტიპზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღირებულებითი ორიენტაცია).

     ღირებულებით ორიენტაციას პარსონსი განსაზღვრავს, როგორც ორიენტაციის ისეთ ასპექტს, რომელიც აქტიორს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს (დაიცვას) შერჩევის (ამორჩევის) კრიტერიუმები, სტანდარტები, ნორმები. მას შეუძლია ასე მოიქცეს ყოველთვის, როდესაც უხდება საშუალებებისა და მიზნების ალტერნატიული შესაძლებლობებიდან არჩევანის გაკეთება. მოკლედ რომ ვთქვათ, ღირებულებითი ორიენტაცია აყალიბებს ეტალონებს, რომელთა საფუძველზეც აქტიორი ახორციელებს შერჩევის აქტს. მაშასადამე, მიზნებისა და საშუალებების განსაზღვრა ხდება არა შემთხვევითად (როგორც ამას უტილიტარიზმი ამტკიცებს), არამედ, ორგანიზებულად. შერჩევის ეტალონებს შეიცავს კულტურა. მაგრამ კულტურის დონეზე ისინი მოჩანან როგორც აქტიორისაგან განყენებულ სტანდარტები, რომლებიც ღირებულებითი ორიენტაციის პროცესში ინტერნალიზდებიან მოქმედების სტრუქტურაში, ანუ იქცევიან აქტიორის "საკუთარ" ღირებულებებად. საბოლოო ჯამში, პარსონსი (1997: 455) ღირებულებას განსაზღვრავს როგორც კულტურული სისტემის ელემენტს, რომელიც წარმოადგენს კრიტერიუმს ან სტანდარტს მოქმედების არსებულ ალტერნატივებს შორის არჩევანის გასაკეთებლად.

     პარსონსი გამოყოფს ღირებულებითი ორიენტაციის სამ დონეს: შემეცნებითს (კოგნიტურს), შეფასებითს და მორალურს. ღირებულებითი ორიენტაციის შემეცნებითი (კოგნიტური) დონე უკავშირდება იმ ეტალონებს, რომელთა მეშვეობითაც დგინდება შემეცნებითი მსჯელობების ვალიდურობა. ამ ეტალონებს პარსონსი (2000ბ: 490) "კოგნიტური ვალიდურობის ეტალონებს" უწოდებს. ეს ეტალონები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ ცოდნის რომელ ტიპთან გვაქვს საქმე. ემპირიული ცოდნის შემთხვევაში, მაგალითად, ასეთ ეტალონებს მიეკუთვნება მონაცემთა რელევანტურობის კრიტერიუმები.

     ღირებულებითი ორიენტაციის შეფასებითი დონე უკავშირდება იმ ეტალონებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება განსხვავებული ობიექტების და ობიექტთა კლასების ვარგისიანობის შეფასება კატექსისათვის. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს ეტალონები გამიზნულია იმისათვის, რათა შესაძლებლობა მისცენ აქტიორებს განსაზღვრონ, რამდენად მნიშვნელოვანია მოცემული ობიექტი მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, თუ კერძო ინდივიდების მასშტაბით ვიმსჯელებთ, შესაძლებელია არსებობდეს მუსიკალური გემოვნების (საერთოდ, ესთეტიკური ხედვის) განმსაზღვრელი ეტალონების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება ამა თუ იმ ობიექტის ამორჩევა ამა თუ იმ გემოვნების დასაკმაყოფილებლად.

     ღირებულებითი ორიენტაციის მორალური დონე დაკავშირებულია ეტალონებთან, რომელთა მეშვეობითაც ხდება მოქმედების მთელი სისტემის შეფასება და რეგულირება, იქნება ეს პიროვნება თუ საზოგადოება, ანდა მათი სუბსისტემები. პარსონსი (2000b: 491) მათ "უკანასკნელი ინსტანციის მსაჯულებს" უწოდებს. მორალური სტანდარტების მეშვეობით ფასდება ცალკეულ მოქმედებათა შედეგები მოქმედების მთელ სისტემაზე მათი ზემოქმედების თვალსაზრისით. ამდენად, ისინი განსაზღვრავენ აქტიორის პასუხისმგებლობას შედეგების მიმართ. კერძოდ, მორალური სტანდარტების მიხედვით, ხდება მოქმედების მიზნების და საშუალებების შერჩევა იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას იქონიებს ამ არჩევანის შედეგები საკუთრივ აქტიორის პიროვნული სისტემის ინტეგრაციაზე და, აგრეთვე, იმ სოციალური სისტემის ინტეგრაციაზე, რომელშიც ის მონაწილეობს.

     კრიტიკოსები (I.J. Cohen, 2000: 82) მართებულად მიუთითებენ, რომ პარსონსის ნდობა ბოლოვადი (ultimate) ღირებულების და მორალური სტანდარტების ემპირიული ეფექტურობის (ქმედითუნარიანობის) მიმართ ეხმაურება სოციალური აზროვნების ფესვებს. განმანათლებლებიდან დაწყებული, დასავლეთის მოაზროვნეები (ფილოსოფოსები) ყოველთვის იკვლევდნენ იმ რთულ ურთიერთობას, რომელიც არსებობს იმას, რაც "არის" და რაც "უნდა იყოს" შორის ინდივიდის სოციალურ ქცევაში. სხვა სიტყვებით, ეს არის ურთიერთობა იმას, თუ როგორ ვიქცევით ჩვენ ფაქტობრივად და იმას შორის, თუ როგორ მოქმედებას მოითხოვენ ჩვენგან მორალური პრინციპები. პარსონსი სწორედ იმ თეორეტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც გამძაფრებული სურვილი აქვთ, იცხოვრონ სამყაროში (საზოგადოებაში), სადაც ღირებულებები გავლენას ახდენენ მოქმედებაზე. მაგრამ, რამდენადაც მძაფრია ეს სურვილი, იმდენადვე მძაფრდება იმის ახსნის აუცილებლობა, თუ რატომ არსებობს უფსკრული იმას, რაც ხილულია სოციალურ მოქმედებებში და იმ გზებს შორის, რომლებიც მორალური სტანდარტების შესაბამისია და რომელთა მიხედვითაც აქტიორებმა "უნდა" იმოქმედონ. კრიტიკოსები საყვედურობენ პარსონს იმის შესახებ, რომ მას მეტი ყურადღება უნდა მიექცია, თუ რა განაპირობებს აქტიორების მარცხს მორალური ნორმების რალურად განხორციელების თვალსაზრისით.

     მოქმედების საერთო სისტემაში ღირებულებითი ორიენტაციის შემოტანით პარსონსი ხარკს უხდის ვებერსაც, კერძოდ, იმას, რასაც ვებერი ღირებულებით-რაციონალურ მოქმედებას უწოდებს. თუმცა, პარსონს ზოგჯერ სწორედ ვებერიანული პოზიციიდან აკრიტიკებენ (ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით)

     შემოიტანა რა ღირებულებითი ორიენტაციის და მორალური სტანდარტების ცნებები მოქმედების სისტემაში, პარსონსმა მიუთითა სახოგადოებაში სოციალური წესრიგის და ინტეგრაციის განმაპირობებელ წყაროზე. იგი (T. Parsons, 1937: 389-90) არაორაზნოვრად აღნიშნავს, რომ საზოგადოების და სოციალური ჯგუფის ინტეგრაციას უზრუნველყოფს მათი წევრების მიერ იმ ნორმების აღიარება, რომლებიც «მორალურ ძალაუფლებას ატარებენ». ამდენად, საერთო ღირებულებითი სისტემის არსებობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა საზოგადოებაში წესრიგის და წონასწორობის შესანარჩუნებლად.

     ზოგიერთი კრიტიკოსი (A. Dawe, 1979: 403) ამტკიცებს, რომ სოციალურ წესრიგზე და ინტეგრაციაზე პარსონსის აქცენტირება გამოწვეულია მისი ამერიკელობით და პასუხია იმ სოციალურ კონტექსტზე, რომელშიც ამერიკა აღმოჩნდა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში: ურბანიზაციის და კორპორაციულობის ზრდა, საჯაროობა, მანქანური პოლიტიკის და მძაფრი ეკონომიკური ექსპლოატაციის გაჩენა, ევროპიდან "დიდი მიგრაცია" ... მაგრამ "გადაარჩინა" რა სოციალური წესრიგის და კონტროლის მექანიზმების მნიშვნელობა მოქმედების სოციალური სისტემის ანალიზისათვის, იმავე კრიტიკოსების აზრით, პარსონსმა სოციალური წესრიგის და წონასწორობის იდეას მსხვერპლად შესწირა მის მიერ მოქმედების ვოლუნტარისტული გაგება. პარსონსის თვალსაზრისი "აქტიორის დამოუკიდებელი მოღვაწეობის" შესახებ სრულ კონტრადიქციაში მოვიდა სოციალური ინტეგრაციის და, აქედან გამომდინარე, ღირებულებათა საერთო სისტემის აუცილებლობის მისსავე კონცეფციასთან

     ეს კონტრადიქცია მძაფრად იჩენს თავს მაშინ, როდესაც პარსონსი საუბრობს ღირებულებების და მორალური სტანდარტების, როგორც კულტურული სისტემის ელემენტების, ინტერნალიზაციაზე პიროვნების სისტემაში და სოციალურ სისტემაში. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით (Т Парсонс, 2000b: 463), კულტურის სისტემა ინტერნალიზდება პიროვნებაში, ხოლო სოციალურ სისტემაში ადგილი აქვს კულტურის ეტალონების ინსტიტუციონალიზებას.

     კულტურული სისტემის ინტერნალიზაციის და ინსტიტუციონალიზების პროცესის უკეთ გასაგებად, საჭიროა მოკლედ განვსაზღვროთ ის, რასაც პარსონსი (2000b: 460-3) მოქმედების საერთო სისტემის (ან მოქმედების ელემენტების ორგანიზაციის) სამ დონეს უწოდებს. ეს დონეებია: პიროვნული სისტემა, სოციალური სისტემა და კულტურული სისტემა. რასაკვირველია, სამივე სისტემა კონკრეტული სოციალური მოქმედებისაგან განყენებულია და კონცეპტუალურ აბსტრაქციებს წარმოადგენს, მაგრამ თითოეულ მათგანს თავისი ემპირიული რეფერენტები გააჩნია.

     პიროვნული და სოციალური სისტემები პარსონსის მიერ განიხილება როგორც მოტივირებული მოქმედების ორგანიზაციის ხერხები. კერძოდ, პიროვნული სისტემა წამოადგენს ცალკეული აქტიორის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, გარშემო ორგანიზებულ მოტივირებულ მოქმედებას. ეს ნიშნავს, რომ აქტიორის მოქმედება მოტივირებულია დაკმაყოფილების ოპტიმიზაციით - სიამოვნების ძიებით და უსიამოვნების თავიდან აცილებით. სოციალური სისტემა - ორი ან მეტი აქტიორის ურთიერთობის გარშემო ორგანიზებულ მოტივირებულ მოქმედებას გულისხმობს. სხვანაირად რომ ვთქვათ (Т. Парсонс, 2000b: 447, 1997: 450), სოციალური სისტემა "ეგოსა" და სხვებს შორის ურთიერთქმედებას წარმოადგენს, რომელიც, გარდა იმისა, რომ შეიცავს ფიზიკურ ასპექტს და "დაკმაყოფილების ოპტიმიზაციის" ტენდენციას, გაშუალებულია კულტურული სიმბოლოებით.

     რაც შეეხება კულტურულ სისტემას _ იგი ფორმირდება არა ცალკეული აქტიორების მოქმედების ან აქტიორთა შორის ურთიერთქმედების შედეგად, არამედ, ღირებულებების, ნორმების და სიმბოლოების ორგანიზაციის მეშვეობით. სხვანაირად რომ ითქვას, კულტურული სისტემა სიტუაციის კულტურული ობიექტებისაგან შედგება, რომლებიც (როგორც უკვე აღინიშნა) ხელმძღვანელობენ აქტიორთა მიერ მიზან-საშუალებათა შერჩევას და განსაზღვრავენ აქტიორთა შორის ურთიერთქმედებას (აძლევენ მას მიმართულებას). ამრიგად, კულტურული სისტემა, პიროვნული და სოციალური სისტემებისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენს ემპირიულ, უფრო ზუსტად, მოტივაციურ სისტემას. თუმცა, კულტურული სისტემის ელემენტები (ღირებულებები, ნორმები, სიმბოლოები) შეიძლება გადაერთოს პიროვნული და სოციალური სისტემების "რეჟიმში". სწორედ ამას წარმოადგენს "ინტერნალიზაცია" და "ინსტიტუციონალიზაცია". ინტერნალიზებული კულტურული ეტალონები უკვე პიროვნული და სოციალური სისტემის შემადგენელი ელემენტები ხდება. ეს არის სწორედ ღირებულებითი ორიენტაციის გამოხატულება, რაზეც ზემოთ იყო საუბარი.

     მაშასადამე, თუ შევაჯამებთ, უნდა ითქვას, რომ ეტალონები, რომლებიც ჩართულია კულტურის სისტემაში, საჭიროებს აქტუალიზაციას, ანუ აქტიორების მიერ ძალების ხარჯვას (expenditure of effort). ეს ნიშნავს, რომ ღირებულებათა სისტემა ვერ ამოქმედდება (აქტუალიზირდება ან სრულიყოფა) დამოუკიდებელი აქტიორების გარეშე. სწორედ აქ იჩენს თავს კონტრადიქცია (A. Dawe,1979: 404): როგორღა არიან აქტიორები დამოუკიდებელნი და აქტიურნი (რასაც პარსონსი ამტკიცებს), თუ მათ მიერ ძალების დახარჯვა ღირებულებათა სისტემის აქტუალიზაციას გულისხმობს? თუ დავუშვებთ, რომ აქტიორებს მოქმედება შეუძლიათ ღირებულებათა სისტემასთან ზიარების გარეშე, ეს, ფაქტობრივად, იქნებოდა მათი სოციალიზაციის გარეთ დაყენება, ანუ ჰობსისეული "ომის მდგომარეობის" აქტუალიზაცია. მაგრამ, საზოგადოება ხომ სოციალური წესრიგის და ინტეგრაციის აუცილებელი დონის არსებობას გულისხმობს? მაშასადამე, ღირებულებათა სისტემა პირველადია, იგი წინასწარ მოცემულია (pregiven), როგორც სიტუაციის არასუბიექტური პირობა, რომელიც განსაზღვრავს აქტიორთა ქცევას. მაგრამ, თუ ასეა, მაშინ რაღაში მდგომარეობს პარსონსის მოქმედების თეორიის "ვოლუნტარისტული" ხასიათი?

     საინტერესოა, რომ სწორედ ამ თვალსაზრისით აკრიტიკებენ პარსონს ვებერიანული პოზიციიდანაც (I. J. Cohen, 2000: 83). კერძოდ, პარსონსმა ძალზე იჩქარა, როდესაც დაასკვნა, რომ აქტიორები, სოციალური წესრიგის (ე.ი. არა ჰობსისეული "ომის მდგომარეობის") ფარგლებში, მათ მოქმედებებს ყოველთვის უკავშირებენ ისეთ მიზნებს, რომლებიც ეთიკური სოციალური ღირებულებებისაგან იძენენ მნიშვნელობას. პარსონსის მოქმედების თეორია ნაადრევად კეტავს იმის შესაძლებლობას, რომ მოქმედება ორიენტირდეს მიზანზე იმის მიუხედავად, რომ იგი (მიზანი) შეიძლება მორალური მნიშვნელობის მატარებელი არც იყოს. სხვანაირად: პარსონსი არ ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ მოქმედება მიზანმიმართულ ხასიათს ატარებდეს მანამდეც, ვიდრე ის მორალურ მნიშვნელობას შეიძენდეს. ვებერის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, პარსონსი არ ტოვებს ადგილს მიზან-რაციონალური მოქმედებისათვის, იგი ვერ ახერხებს ჩათვალოს, რომ მორალურ ღირებულებას მოკლებული ინსტრუმენტალური საშუალებებისადმი გაყოლა შეიძლება თავად გახდეს მიზანი. ამდენად, პარსონსი ვერ ხედავს ამორალური მიზნის მნიშვნელობას. ცხადია, ყველაფერი ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს პარსონსი უარყოფს ამორალური მიზნების არსებობას და მიიჩნევს, რომ მოქმედების მიზნები მხოლოდ ეთიკურად ღირებულია. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ პარსონსი შეუძლებლად მიიჩნევს ამორალურ მიზნებზე ორიენტირებული მოქმედებების პირობებში სოციალური წესრიგის შენარჩუნებას (არსებობას). ამას ამტკიცებდა სწორედ ვებერი თავის შრომაში: "პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული" იგი (M. Вебер, 1990: 93) მიიჩნევდა, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში ეკონომიკური რაციონალიზაცია და სწარფვა მოგებისაკენ, რომელიც მორალური თვალსაზრისით "ცარიელია", ანუ მოკლებულია მორალურ დადასტურებას, წარმოადგენს ბოლოვად (ultimate) მიზანს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს წესრიგის ორგანიზებას სოციალური ხცოვრებაში.

     დავუბრუნდეთ საკითხს იმის შესახებ, რომ პარსონსმა, ღირებულებათა სისტემაზე აქცენტირებით, შეიწირა მოქმედების ვოლუნტარისტული ხასითი. პარსონს (1937: 380) სურს აღნიშნული წინააღმდეგობა დაძლიოს იმით, რომ იგი ხელახლა განსაზღვრავს ვოლუნტარიზმს, როგორც "voluntariness" და განასხვავებს მას "თვითნებობისაგან" ("arbitariness"). ამ განსხვავების არსი ის არის, რომ თვითნებობის საპირისპიროდ, "volutariness" წარმოადგენს ისეთ ნებაყოფლობითობას, რომელიც მორალური ვალდებულებების გაშინაგნებას გულისხმობს (ეს არის აშკარა ანალოგია ჰეგელის მიერ თავისუფლების, როგორც "გაცნობიერებული აუცილებლობის" გაგებასთან). რაც შეეხება თვითნებობას, იგი ნებისმიერი ვალდებულების მიღმაა. ცხადია, ვალდებულება (მათ შორის, მორალური) თავის თავში ყოველთვის შეიცავს "მაიძულებელ ელემენტს". მაგრამ, პარსონსი განასხვავებს ორგვარ იძულებას: შინაგანს და გარეგანს. შესაბამისად, ერთმანეთისაგან განასხვავებს მოქმედბებს, რომლებიც სრულდება გარეგან ძალთა იძულების ქვეშ და მოქმედებებს, რომლებიც სრულდება შინაგანი "იძულების" გამო. "შინაგანი მაიძულებელი ელემენტი" არ არის დამოუკიდებელი ადამიანის სურვილისაგან, პირიქით, იგი ასეთი სურვილის გამოხატულებაა. მაშასადამე, "voluntariness"-თან, პარსონსის მიხედვით, საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც ინდივიდები ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით მიყვებიან ღირებულებებს და მორალურ სტანდარტებს. ამ პროცესის აღსანიშნავად, პარსონსი (1937: 388) დამატებით ფროიდისაგან სესხულობს ტერმინს "ინტროექცია", როდესაც ხდება მორალური ღირებულებების "ჩანერგვა" ადამიანში.

     ასეთი მცდელობის მიუხედავად, კრიტიკოსების (A. Dawe, 1979: 405; K. Menzies, 1977) აზრით, პარსონსმა ვერ დაიცვა მისი მოქმედების თეორიის ვოლუნტარისტული საფუძვლები და ვერ გადაარჩინა ეს თეორია წინააღმდეგობებისაგან. "შინაგანი ვალდებულების" და "ინტროექციის" პროცესისადმი მიმართვა არ ცვლის ღირებულებითი სისტემის პრიორიტეტულობას აქტიორის მიმართ. პირიქით, აძლიერებს კიდეც: ინტროექციაზე გავლით, ზოგადი ღირებულებითი სისტემა ხდება უფრო მეტად საფუძვლიანი, ვიდრე, უბრალოდ, აქტიორის ინდივიდუალობის დარეგულრება გულისხმობს. აქტიორი უკვე სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა ღირებულებათა სისტემაზე რეფლექსიას. ინტროექციის გამო, ღირებულებათა სისტემა კარგავს გარეგანი მაიძულებლის მხოლოდ "ხილვადობას", მაგრამ - არა ძალასა და ეფექტურობას.

     ასე იკარგება, კრიტიკოსების შეფასებით, პარსონსის მოქმედების თეორიაში რეფერენცია სუბიექტზე, როგორც დამოუკიდებელ აქტიორზე. აქტიორის ინსტრუმენტალური მოქმედება უპირობოდ დაექვემდებარა მორალურ ეტალონებს, რომელთა შეცვლის ძალა აქტიორს არა აქვს. მაშასადამე, ღირებულებათა სისტემა სიტუაციის პირობებად (ანუ სუბიექტის მიერ გაუკონტროლებელ მოთხოვნებად) იქცა და მოხდა სიტუაციის პირობებთან მიზნების ასიმილირება, რამაც, საბოლოო ჯამში, გააუქმა განსხვავება აქტუალურსა და იდეალურს შორის. მოქმედების, როგორც პროცესის, იდეა გაქრა: იგი აღარ წარმოადგენს "ძალთა ხარჯვას" მოქმედების სიტუაციური და ნორმატიული ელემენტების დაძაბულობის კონტექსტში.

     ყველაფერი ეს გამოიწვია "სოციალური მოქმედების სტრუქტურაში" ორი თეორიული პროგრამის სრულმა შეუთავსებლობამ (მიუხედავად იმისა, რომ პარსონსი გულმოდგინედ ცდილობს მათ "შედუღებას"): პირველი პროგრამა წარმოადგენს კონფრონტაციას "პოზიტივისტურ-იდეალისტურ დუალიზმთან", კერძოდ, მის თვალსაზრისთან ადამიანის, როგორც "პასიური, შემგუებელი (ადაპტური), რეცეპტული" არსების შესახებ. ამ კონფრონტაციის შედეგია სოციალური მოქმედების თეორიის აშენება, რომელიც დაფუძნებულია კონტრაქსიომაზე, რომ ადამიანი არის "აქტიური, შემოქმედი, შემფასებელი" არსება. მეორე პროგრამის მიზანია სოციალური წესრიგის ჰობსისეული პრობლემის გადაწყვეტა. ეს პროგრამა წარმოადგენს კონფრონტაციას უტილიტარიზმთან. ამ ბრძოლაში ამოსავალი აქსიომატური პრინციპი არის მოთხოვნა ღირებულებათა ზოგად სისტემაზე, როგორც სოციალური წესრიგის ერთადერთ შესაძლო საფუძველზე. ამრიგად, მეორე პროგრამაში პარსონსის მოქმედების თეორიის ვოლუნტარიზმი კარგავს თავის აქსიომატურ დასაყრდენს, რომელიც მას პირველ პროგრამაში ჰქონდა და გარდაიქმნება "ინტროექციის" გზით ჩანერგილ განწყობად. პარსონსი უარს ამბობს სოციალური მოქმედების საწყის თეორიაზე: პირველი პროგრამის "აქტიური, შემოქმედი, შემფასებელი არსება" ეწირება მეორე პროგრამის "პასიურ, შემგუებელ, რეცეპტულ" არსებას. ზოგადი ღირებულებითი სისტემის პრიორიტეტულობა სოციალური აქტიორთან მიმართებაში მეთოდურად ანგრევს განსხვავებას მოქმედების ნორმატიულ და სიტუაციურ ელემენტებს შორის: აქტიორი ეჯახება წინასწარ მოცემული (pregiven) მნიშვნელობებით კონსტრუირებულ სამყაროს, რომლის მიმართაც მისი მოქმედება წარმოადგენს მხოლოდ ემანაციას.

     პარსონსმა ვერ მოარიგა ორი, ტოტალურად საპირისპირო მიმართულება _ ერთი მხრივ, ადამიანის "ინსტრუმენტალური მოქმედების" კვლევა, ხოლო, მეორე მხრივ, "მორალური მოქმედბის" კონცეფცია. ამ უკანასკნელის პრიმატი პირველთან შედარებით დასრულდა პარსონსის (1937: 768) მიერ სოციოლოგიის განსაზღვრებაში, როგორც მეცნიერებისა, რომელიც მოწოდებულია განავითაროს სოციალური მოქმედების სისტემების ანალიტიკური თეორია იმდენად, რამდენადაც ეს სისტემები შეიძლება გაგებულ იქნას ზოგად-ღირებულებითი ინტეგრაციის ფლობის თვალსაზრისით.

     მოქმედების სამი _ კულტურული, სოციალური და პიროვნული - სისტემის იერარქიაში, პიროვნული სისტემა ყველაზე დაქვემდებარებულ პოზიციას იკავებს. იგი დეტერმინირებულია როგორც ღირებულებათა საერთო სისტემის, ისე სოციალური სისტემის მიერ. მეტიც: პარსონსი (2000b: 448) არაორაზროვნად აღნიშნავს, რომ ინდივიდი, როგორც "ეგო", როგორც კონკრეტული პიროვნება არც წარმოადგენს სოციალური სისტემის ერთეულს. სოციალური სისტემის, როგორც "ეგოს" და "სხვებს" შორის ურთიერთქმედების, ერთეულს და ბირთვს წარმოადგენს სოციალური როლი. სოციალური როლი არის პიროვნების (აქტიორის) საზოგადოებაში (სოციალურ გარემოში) ორიენტაციის მაორგანიზებელი მექანიზმი. როდესაც ურთიერთქმედება "ეგო"-სა და "სხვებს" შორის იძენს მეტ-ნაკლებად მყარ, ორგანიზებულ ხასიათს, ყალიბდება როლებრივი მოლოდინები: "სხვა" ელოდება, რომ ინდივიდი ("ეგო") მოიქცევა განსაზღვრული წესით, მოქმედების განსაზღვრული ალტერნატივების დიაპაზონის ფარგლებში. სოციალური როლები, თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა სოციალურ სისტემაში ინტერნალიზებული, ინსტიტუციონალიზებული ღირებულებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოციალური როლები წარმოადგენს იმ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც ღირებულებითი ეტალონები ინსტიტუციონალიზდებიან სოციალურ სისტემაში, ანუ შეიძენენ ემპირიულ გამოხატულებას. ამდენად, სოციალური როლები ძალაუფლების და პრესტიჟის მატარებლები არიან, ისინი სოციალური სისტემის (საზოგადოების) ინტეგრაციას განაპირობებენ. ინდივიდის მიერ სოციალურ როლთა ათვისების პროცესს, პარსონსი (2000b: 438-40; 454) "სოციალიზაციას" უწოდებს.

     ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოციალურ სისტემაში აქტიორის მოქმედება, უფრო ზუსტად, მოქმედებათა ალტერნატივებს შორის არჩევანი არ არის თვითნებური. იგი შეზღუდულია (განსაზღვრულია) სოციალური როლებით და როლებრივი მოლოდინებით. თუ ინდივიდის მოქმედება პასუხობს ამა თუ იმ როლიდან გამომდინარე მოსალოდნელ ქცევას, მასზე რეაქცია დადებითია და, გარკვეულ შემთხვევებში, ჯილდოსაც იმსახურებს. პირიქით, თუ ინდივიდის მოქმედება არ შეესაბამება (არღვევს) როლებრივ მოლოდინს, ამაზე რეაქცია უარყოფითია და ხშირად სასჯელიც მოსდევს. როგორც ჩანს, კულტურული და სოციალური სისტემების დეტერმინაციის პირობებში აქტიორის (ინდივიდის) თავისუფალი არჩევანი იკარგება და იგი სისტემის საკუთრება ხდება.

3. "ეტალონური ცვლადები" - სოციალურ სიტუაციაში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა

     კულტურული და სოციალური სისტემების დეტერმინაციის მიუხედავად, პარსონსის მოქმედების თეორიაში ინდივიდს მაინც რჩება არჩევანის უფლება (Т. Парсонс, 2000b: 496-500). ეს არის არჩევანი განსაზღვრულ დილემებს (დიხოტომიებს) შორის, რომელსაც ინდივიდი ეჯახება სიტუაციაში ორიენტირებისას. პარსონსი გამოყოფს ხუთ დილემას (დიხოტომიას), რომელთაც ეტალონურ (ტიპობრივ) ცვლადებს (pattern varables) უწოდებს. ეტალონური ცვლადების ხუთი წყვილიდან აქტიორმა აუცილებლად უნდა გააკეთოს არჩევანი იმისათვის, რათა სიტუაციამ განსაზღვრული მნიშვნელობა (საზრისი) შეიძინოს. პარსონსი ხაზს უსვამს, რომ სიტუაციის (რომელშიც ხდება მოქმედება) მნიშვნელობა განისაზღვრება არა ავტომატურად, არამედ აქტიორის მიერ. აქ საჭიროა გაკეთდეს ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება: ეტალონურ ცვლადებს შორის არჩევანი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ღირებულებითი ორიენტაციის გარეთ გასვლის შესაძლებლობას _ არჩევანს ღირებულსა და არაღირებულს შორის (გავიხსენოთ პარსონსის კრიტიკა, რომ მან ადგილი არ დატოვა მიზან-რაციონალური მოქმედებისათვის თავის თეორიაში). პარსონსი არაორაზროვნად მიუთითებს, რომ ეტალონური ცვლადები "ღირებულებითი ორიენტაციის აღმწერი კატეგორიებია", რომ ისინი, "მოქმედების სისტემის ნორმატიულ ასპექტს" განეკუთვნება.

     აღწერს რა ეტალონურ ცვლადებს _ დიხოტომიებს, პარსონსი (2000ბ: 500-513) მიუთითებს თითოეული მათგანის კილტურულ, პიროვნულ და სოციალურ ასპექტებზე. შემოვიფარგლებით კულტურული ასპექტების მოკლე დახასიათებით, რამდენადაც პიროვნული და სოციალური სისტემები წარმოადგენს მხოლოდ ინდივიდუალური მოთხოვნილებების (პიროვნული სისტემა) და სოციალური როლების (სოციალური სისტემა) დონეზე ინტერნალიზებულ ნორმატიულ-ღირებულებებით ეტალონებს:

     1. აფექტურობა - აფექტური ნეიტრალობა: აფექტურობის ნორმატიული ეტალონი აქტიორს მიაწერს იმას, რომ მოცემულ სიტუაციაში მან უპირატესობა მიანიჭოს უშუალო დაკმაყოფილების შესაძლებლობას (ემოციურ კმაყოფილებას), შეფასებითი განსაზღვრებების მხედველობაში მიღების გარეშე; პირიქით, აფექტური ნეიტრალობის ნორმატიული ეტალონი აქტიორისაგან მოითხოვს, რომ მან მოცემულ სიტუაციაში თავი შეიკავოს უშუალო ემოციური კმაყოფილების მიღებისაგან და უპირატესობა მიანიჭოს შეფასებით მიდგომას.

     2. ორიენტაცია საკუთარ თავზე _ ორიენტაცია კოლექტივზე: პირველ შემთხვევაში ნორმატიული ეტალონი უფლებას აძლევს აქტიორს, მოცემულ სიტუაციაში, განახორციელოს პირადი (კერძო) ინტერესები, იმის მიუხედავად, თუ როგორია ამ ინტერესების შინაარსი (შემეცნებითი, კატექტიკური თუ შეფასებითი), ანდა რამდენად შეესაბამება იგი სხვა აქტიორთა ინტერესებს. პირიქით, კოლექტივზე ორიენტაციის ნორმატიული ეტალონი აქტიორისაგან მოითხოვს მოცემულ სიტუაციაში იმ ღირებულებების გათვალისწინებას, რომლებიც საერთოა მისთვის და კოლექტივის დანარჩენი წევრებისათვის. ამით განისაზღვრება კოლექტივის წინაშე აქტიორის პასუხისმგებლობა.

     3. უნივერსალიზმი _ პარტიკულარიზმი (პარსონსი ამ დილემას სხვანაირად "ტრანსცენდენტურობა-იმანენტურობას" უწოდებს): უნივერსალიზმის ნორმატიული ეტალონი ავალდებულებს აქტიორს, მოცემულ სიტუაციაში, სოციალურ ობიექტზე ორიენტირდეს საერთო (ზოგადი) სტანდარტების და არა ობიექტთა უნიკალური თვისებების გათვალისწინებით. რაც შეეხება პარტიკულარიზმის ნორმატიულ მოდელს, იგი ავალდებულებს აქტიორს, მოცემულ სიტუაციაში, უპირატესობა მიანიჭოს ობიექტთა კერძო კავშირებს, მათი საკუთარი თვისებებიდან გამომდინარე[1].

     4. თვისება _ რეზულტატურობა (პარსონსი მას "ობიექტური მოდალობის დილემასაც" უწოდებს): თვისების ნორმატიული ეტალონი აქტიორს მიაწერს ვალდებულებას, რომ სოციალური ობიექტების მიმართ განსხვავებულ მიდგომებს შორის არჩევანის პროცესში უპირატესობა მიანიჭოს განსაზღვრულ (კონკრეტულ) ატრიბუტებს, რომლებსაც ისინი ფლობენ და არა მათ წარსულ, აწმყო ან მომავალ საქმიანობებს; პირიქით, რეზულტატურობის ნორმატიული მოდელი აქტიორს ავალდებულებს სოციალური ობიექტების მიმართ დამოკიდებულების არჩევანისას უპირატესობა მიანიჭოს მათ კონკრეტულ _ წარსულ, აწმყო და მომავალში მოსალოდნელ - საქმიანობებს.

     5. სპეციფიკურობა _ დიფუზურობა (პარსონსი მას "ობიექტის მნიშვნელოვნების ხარისხის" დილემასაც უწოდებს): სპეციფიკურობის ნორმატიული ეტალონი აქტიორს ავალდებულებს, განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება ობიექტის მიმართ მხოლოდ ცალკეულ სფეროებში და არ ჩართოს მასში სხვა ემპირიულად შესაძლო ურთიერთობები. პირიქით, დიფუზურობის ნორმატიული მოდელი აქტიორს ავალდებულებს ობიექტზე ორიენტაციის პროცესში არ შეიზღუდოს სპეციფიკური ინტერესით და მასზე რეაგირება მოახდინოს ნებისმიერი რელევანტური ხერხით.

     ეტალონური ცვლადების ნორმატიული ასპექტები სოციალური სისტემის დონეზე სოციალურ როლებად და როლებრივ მოლოდინებად ინსტიტუციონალიზდება, ხოლო წმინდა პიროვნულ დონეზე მათ შორის არჩევანი მოტივირებულია მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ოპტიმიზაციით _ სიამოვნების ძიებით და უსიამოვნების თავიდან აცილებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ პიროვნების მოტივაციური ორიენტაცია პარსონსის მოქმედების თეორიაში არ წარმოადგენს დამოუკიდებელ და საწყის პუნქტს, არამედ განისაზღვრება იმ სტანდარტების შესაბამისად, რასაც მას ღირებულებათა ზოგადი სისტემა და, მასზე გავლით, სოციალური სისტემა კარნახობს. კრიტიკოსები (A. Dawe, 1979: 407-8) აღნიშნავენ, რომ პარსონსის თეორიაში აქტიორი არის "სოციალურთან მიწერილი უტილიტარი", და რომ ეს თეორია სანიმუშოდ აცხადებს პრინციპს: "საზოგადო (სოციალური) ინტერესების დაცვა ავტომატურად უზრუნველყოფს კერძო კეთილდღეობას". ამდენად, პარსონსი იმეორებს იმავე გზას, რაც სამი საუკუნით ადრე ჰობსმა გაიარა.

     საჭიროა ყურადღება მივაქციოთ პარსონსის მოქმედების თეორიის კიდევ ერთ ასპექტს: მართალია, ეტალონური ცვლადები ახდენენ ურთიერთქმედების ნებისმიერი სისტემის კონსტრუირებას, მაგრამ მოქმედების ყველა სისტემას წაეყენება განსაზღვრული მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სისტემის თვითშენახვისა და ფუნქციონიერბისათვის. პარსონსი გამოყოფს ფუნქციონალურ მოთხოვნათა ოთხ სიდიდეს (ისინი ცნობილია სახელწოდებით - AGIL):

     1. ადაპტაცია (A: adaptation): იგი მოითხოვს, რომ ნებისმიერი სისტემა ადაპტირდეს გარემოსთან.

     2. მიზნის მიღწევა (G: goal-attainment): იგი მიოთხოვს, რომ ყველა სისტემა ფლობდეს მისი რესურსების მობილიზების საშუალებებს, რათა განახორციელოს მიზნები და უზრუნველყოს კმაყოფილება.

     3. ინტეგრაცია (I: integration): იგი მოითხოვს, რომ ყველა სისტემამ შეინარჩუნოს (დაიცვას) მისი ნაწილების შინაგანი კოორდინაცია და განავითაროს დევიაციის დაძლევის გზები.

     4. ლატენტურობა (L: latency): ყველა სისტემამ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა შეინარჩუნოს წონასწორობის მდგომარეობა (პარსონსი ამ მოთხოვნას "ეტალონურ მხარდაჭერესაც" ("pattern maintenance") უწოდებს).

     აღნიშნული მოთხოვნების შესასრულებლად მოქმედების სოციალური სისტემები დიფერენცირდება ქვესისტემებად. თითოეული ქვესისტემა თავის კერძო ფუნქციას ასრულებს, რომელიც ეთანადება ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს. მაგალითად, ეკონომიკური ქვესისტემა ასრულებს ადაპტაციის ფუნქციას სოციალური სისტემისათვის; პილიტიკური სუბსისტემა - რესურსების მობილიზების საშუალებებს აერთიანებს და ა.შ. თითოეული ქვესისტემა შეიძლება კიდევ დიფერენცირდეს. ასე რომ, იქმნება ქვესისტემათა ქსელი, სპეციფიკური ფუნქციებით, რომლებიც მოქმედების ზოგადი სისტემის ("ერთეული აქტის") სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება.

4. კრიტიკა

     პარსონსის სოციალური მოქმედების თეორიის ძირითადი დებულებები, საბოლოო ჯამში, საკმაოდ რთულ სისტემას ქმნის. ზოგიერთი კრიტიკოსი (G. Rocher, 1974: 111) პარსონსის თეორიას "ჩინური კოლოფების ნაკრებს" ადარებს. როდესაც ერთს გახსნიან, მასში მოთავსებულია უფრო პატარა კოლოფი, რომელშიც კიდევ უფრო პატარა კოლოფი ინახება, მეორე უფრო პატარა და ა.შ.

     სხვა მკვლევარები (I. Craib, 1992: 42) უფრო ხატოვან შედარებებს იყენებენ: პარსონსის მოქმედების თეორიის ცნობები ("ერთეული აქტი", "სოციალური როლი", "სოციალური სისტემა" და ა.შ.) - აბსტრაქციებია და არსებობს ამ აბსტრაქციათა განსხვავებული დონეები. თუ შესადარებლად მივმართავთ ისეთ თვისებას, როგორიცაა ფერი, აბსტრაქციის უმაღლესი დონის შესაბამისი იქნება "ფერი" როგორც ასეთი. ირველ ქვეტიპად ჩაითვლება მაგ., წითელი ფერი; შემდგომ, აბსტრაქციის უფრო დაბალ დონეზე - მუქი წითელი, ღია წითელი, ვარდისერი და ა.შ. აბსტრაქციის კიდევ უფრო დაბალ დონეზე ემატება სხვა თვისებები: მაგ., მუქი წითელი და მრგვალი. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე არ მივალთ უნიკალური ობიექტის აღწერამდე... ასე იწყებს პარსონსი ერთეული აქტის აბსტრაქტული სისტემით და დადის სუბსისტემათა სუბსისტემებამდე.

     კრიტიკოსები (F. Lechnen, 2000: 117-8) მართებულად მიუთითებენ, რომ პარსონსმა თავისი მოქმედების თეორიის აგება დაიწყო მარტივი დებულებებით: სოციალური მოქმედებების სტრუქტურა შედგებოდა "ერთეული აქტის" ელემენტებს - აქტორი, სიტუაცია, საშუალებები, მიზნები და ნორმატიული ორიენტაცია - შორის მიმართებებისაგან. მაგრამ, ერთეული აქტი სოციალური წესრიგის პირობა ვერ გახდებოდა. პარსონსის შემდგომი ნაბიჯი იყო ერთეული აქტიდან სოციალურ წესრიგზე გავლა, რომელშიც უამრავი ერთეული აქტი იქნებოდა სისტემატურად კოორდინირებული. ასეთი სოციალური წესრიგი წარმოადგენს სოციალური სისტემის პროდუქტს. სოციალური სისტემა აქტორთა ისეთი კავშირია, რომელიც ინდივიდთა მხრიდან მოტივირებულია "დაკმაყოფილების ოპტიმიტიზაციით", ხოლო ურთიერთქმედების პროცესი "ეგოსა" და "სხვებს" შორის გაშუალებულია კულტურული ღირებულებებით და სიმბოლოებით. თავის მხრივ, ღირებულებითი სტანდარტები და სიმბოლოები კულტურული სისტემის ელემენტებია. მოცემულს სიტუაციაში აქტორთა ღირებულებითი ორიენტაციის სისტემატიზაციისათვის პარსონსი ახდენს მათ კლასიფიკაციას დიხოტომურ "ეტალონურ ცვლადებად". აქტორები ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში ეჯახებიან დილემას და აკეთებენ არჩევანს დიხოტომიური წყვილის რომელიმე კიდურა წევრის სასარგებლოდ (მაგ., უხდებათ იმის გადაწყვეტა, სხვა აქტორების მოქმედებების მნიშვნელოვნება შეაფასონ უნივერსალური სტანდარტების საფუძველზე, თუ მათი უნიკალური (კერძო) თვისებების მიხედვით). "ეტალონური ცვლადების" ლიმიტირებული ქსელი უზრუნველყოფს საბაზისო არჩევანის მომართულებას ამა თუ იმ სპეციფიკური ქვესისტემისათვის (შესაბამისად, მოქმედების სუბსისტემისატვის). მაგალითად, ეკონომიკური ქვესისტემა (ეკონომიკური მოქმედება) იმართება უნივერსალიზმის და რეზულტატურობის ღირებულებითი სტანდარტებით. მაშასადამე, სოციალური სისტემა, პარსონსის მიხედვით, ახდენს ღირებულებითი სტანდარტების ინსტიტუციონალიზაციას. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური სისტემა (როგორც წესრიგის მატარებელი) სხვა არაფერია, თუ არა ინსისუციონალიზებული ნორმატიული სკულტურა. ამის პროდუქტს წარმოადგენს სოციალური როლები, რომლებიც განსაზღვრავს მოსალოდნელ ქცევას მოცემულ სიტუაციაში. ინდივიდი სოციალიზაციის პროცესში ითვისებს სოციალურ როლებს, ანუ ხდება პიროვნულ სისტემაში ღირებულებითი ინტერნალიზაცია (რომელსაც აქტორისათვის მოტივაციური მნიშვნელობა აქცს, კერძოდ, მოტივირებულია დაკმაყოფილების ოპტიმიზაციით). ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია დევიაციათა არსებობა. მაგრამ სოციალური სისტემის ინტეგრაციული ხასიათი ყოველთვის მიდრეკილია დევიაციის მინიმიზაციისაკენ, რაც დევიანტის ინტეგრირებული ნორმატიული კავშირებისადმი დაქვემდებარებას გულისხმობს.

     დასასრულს, ისევ უნდა ითქვას, რომ თეორიას ძირითადად, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ: ა) ამ თეორიაში აქტორს დაკარგული აქვს ავტონომიურობა და ინდივიდის მოქმედება დეტერმინირებულია სოციალური და კულტურული სისტემებით; ბ) ეს თეორია ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღირებულებებს (განსაკუთრებით მორალურ სტანდარტებს) და კულტურულ ეტალონებს. პარსონსი ადგილს აღარ ტოვებს მიზან-რაციონალური ინსტიტუციონალური მოქმედებებისათვის (ვებერის პოზიციიდან კრიტიკა); გ) პარსონსი ნაკლებ ყურადღებას უთმობს დევიანტურ ქცევას და სოციალურ კონფლიქტებს.

III თავის ძირითადი შინაარსი

     1. ტალკოტ პარსონსის მიზანს წარმოადგენს სოციალურ მეცნიერებათა ერთიანი თეორიული სისტემის შექმნა, რომელიც შეძლებდა მთელი არსებული ემპირიული ცოდნის სისტემატიზაციას. ეს მიზანი მოითხოვს სოციალური მეცნიერებებისათვის ინვარიანტული ფუნდამენტური ცნობების აღწერას, რომლის საფუძველზე შეიქმნება უნიფიცირებული "კონცეპტუალური სქემა". ამ უკანასკნელს პარსონსი სხვანაირად "მოქმედების კოორდინატის სისტემას" ან, უფრო მარტივად, "სოციალური მოქმედების სტრუქტურას" უწოდებს.

     2. მოქმედების კოორდინატის სისტემის საფუძველს წარმოადგენს "ერთეული აქტი" ("unit act"). იგი შემდეგ ელემენტებს შეიცავს: ა) "აგენტი", "მოღვაწე" ან "აქტორი" ("აცტორ"). ბ) "მიზანი" ("end"), ანუ მოვლენათა მომავალი მდგომარეობა, რომელზეც ორიენტირდება მოქმედება. გ) "სიტუაცია", რომელშიც სრულდება აქტი. ეს უკანასკნელი ორი ტიპის ელემენტებისაგანშედგება: მოქმედების "პირობებისაგან", რომელთა გაკონტროლება და შეცვლა და მოქმედების "საშუალებეისაგან", რომელთა გაკონტროლების შესაძლებლობაც მას აქვს. დ) მოქმედების "ნორმატიულ ორიენტაცია", რომელიც განსაზღვრავს მიზნის მისაღწევი ალტერნატიული საშუალებებიდან ამორჩევის შესაძლებლობას.

     3. მოქმედების კოორდინატის სისტემა რამდენიმე მნიშვნელოვან წინამძღვარს შეიცავს: 1. მოქმედება ყოველთვის პროცესს წარმოადგენს, ანუ დღოში მიმდინარეობს. მოქმედების პროცესუალური ხასიათი მნიშვნელობას შეიძენს მიზანთან მიმართებაში. მიზანი, რათა იგი განხორციელდეს, მოითხოვს აქტორის დღოში ძალისხმევას. 2. როგორც მიზნის, ისე საშუალებების შემთხვევაში აქტორს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, რაც კავშირშია აქტორის ნორმატიულ ორიენტაციასთან. 3. მოქმედების კოორდინატის სისტემა სუბიექტურად რელევანტურია: მას საქმე აქვს მოველენებთან, როგორც ისინი წარმოაუდგენია აქტორის. ასეთნაირად განხილული მოვლენები სუბიექტურ ფაქტორებს წარმოადგენს. 4. სიტუაციას, რომელშიც მოქმედება მიმდინარეობს, გააჩნია ფიზიკური და ბიოლოგიური ასპექტები, რომლებიც მოქმედების პირობების ან საშუალებების როლს ასრულებენ. 5. მოქმედების კოორდინატის სისტემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორ - კონკრეტულ და ანალიტიკურ - დონეზე. კონკრეტულ დონეზე "ერთეული აქტის" ქვეშ გაიგება რეალური მოქმედება, ხოლო მისი ელემენტების ქვეშ რეალური მიზნები, პირობები და საშუალებები. ანალიტიკური დონისათვის აუცილებელია აბსტრაქციის გზით წასვლა, რაც გულისხმობს იმ მოვლენებს შორის ფუნქციონალური კავშირების გამოვლენას, რომლებიც აღწერის ეტაპზე მოწესრიგდა.

     4. ნორმა წარმოადგენს მოქმედების სისტემის იმ ელემენტს რომელიც აქტორისათვის წარმოადგენს თვითკმარ მიზანს, ამ ელემენტის სტატუსისაგან დამოუკიდებლად. მოქმედების ნორმატიულობა მხოლოდ მიზანთან მიმართებაში შეიძლება შეიძენს საზრისს. მიზანი მოვლენათა მომავალი მდგომარეობაა, რომელიც სასურველია აქტორისათვის, ანუ მის მიერ განიხილება, როგორც საორიენტაციო მიჯნა. ნორმა იმ მოქმედებათა ვერბალური აღწერაა, რომლებიც მიზნის მიმართ სუბიექტურად რელაგენტურია. მაშასადამე, ნორმატიული ორიენტაცია სოციალური მოქმედების ტელეოლოგიურ თვისებას წარმოადგენს.

     5. სოციალური მოქმედება ყოველთვის გააზრებულ უნდა იქნეს მოქმედების ორი განსხვავებული - ნორმატიული და სიტუაციური - ტიპის ელემენტებს შორის დაძაბულობის კონტექსტში. მოქმედება, როგორც პროცესი, წარმოადგენს სიტუაციური ელემენტების ცვალებადობას ნორმებთან შესაბამისობის მიმართულებით. ამ ორი ელემენტიდან რომელიმეს იგნორირებას მოქმედების თეორია უკიდურესობამდე დაჰყავს. კერძოდ, ნორმატიული ასპექტის გამორიცხვას რადიკალურ პოზიტივისტურ პოზიციამდე მივყავართ, ხოლო, სიტუაციური ასპექტის გავლენას ელიმინაციას - იდეალისტურ ემანაციონიზმამდე.

     6. სოიცალური წესრიგის ნორმატიულის მიმართ დამორჩილების მოთხოვნა პარსონსის თეორიას "მოქმედების ვოლუნტარისტული თეორიის" სახეს აზლევს, რომლის თანახმადაც ადამიანი "აქტიური, შემოქმედი, შემფასებელი არსებაა". იგი მოქმედებს იმისათვის, რათა რეალობა შესაბამისობაში მოიყვანოს თავის მიზნებთან, იდეალებთან. აქტორის ამგვარი ვოლუნტარიზმი არის ანტიდეტერმინიზმის გამოხატულება, რომელიც ხაზს უსვამს სოციალური მოქმედების ღიაობას და ისტორიულ განვითარებას. ამის პროდუქტი კი არის სოციალური სისტემა, როგორც სოციალური ინტერაქციის განჟღავნებული შედაგი. ადამიანის ასეთ გაგებას პარსონსი მიმართავს პოზიტივისტურ-იდეალისტური ტრადიციის წინაარმდეგ, რომელიც ადამიანს "პასიურ, შემგუებელ, რეცეპტულ" არსებად მიიჩნევს.

     7. პარსონსი აფართოებს თავის თეორიულ ინტერესს ერთეული მოქმედებიდან ანალიტიკურად დაკავშირებული მოქმედებების ერთობლიობამდე. ეს არის გადანაცვლება ინდივიდუალური აქტორის მოქმედებიდან სოციეტალური ინტეგრაციის დონეზე. პარსონსი ამტკიცებს, რომ თუ აქტორები გაყვებიან მხოლოდ მათ კერძო, დამოუკიდებელ მიზნებს, მაშინ თავიდან ვერ ავიცილებთ ჰობსისეულ "ომს ყველასი ყველას წინააღმდეგ", ანუ დეზინტეგრირებულ საზოგადოებას. საზოგადოებას ყოველთვის შეუძლია და უნდა ფლობდეს ინტეგრაციის და, აქედან გამომდინარე, წესრიგის გარკვეულ ხარისხს. ამას კი ის განაპირობებს, რომ საზოგადოების ინდივიდუალური წევრები იზიარებენ საერთო მიზნებსა და ღირებულებებს. მათ პარსონსი "ბოლოვად" მიზნებს უწოდებს. საზოგადოების, სოციალური ერთობების და სოციალური ჯგუფების ინტეგრაცია მოითხოვს მათი წევრების მიერ ნორმათა და ღირებულებათა საერთო სისტემის აღიარებას. ეს სისტემა მორალური ძალაუფლების მქონეა და იგი არ დაიყვანება ცალკეულ აქტორთა ნებაზე. პარსონსი აღიარებს ასეთი სოციალური მორალის ძალას.

     8. ღირებულებით ორიენტაციას პარსონსი განსაზღვრავს, როგორც ორიენტაციას განსაზღვრულ ეტალონებსა და სტანდარტებზე, რომელთა საფუძველზე აქტორი მოქმედების მიზნებისა და საშუალებების ალტერნატიული შესაძლებლობებიდან ახორციელებს შერჩევის აქტს. შესაბამისად, ღირებულება განისაზღვრება როგორც კულტურული სისტემის ელემენტი, რომელიც წარმოადგენს კრიტერიუმს მოქმედების არსებულ ალტერნატივებს შორის არჩევანის გასაკეთებლად. ღირებულებებს შეიცავს კულტურა. მაგრამ კულტურის დონეზე ისინი წარმოადგენს აქტორისაგან განყენებულ სტანდარტებს, რომლებიც ღირებულებითი ორიენტაციის პროცესში ინტერნალიზდება სოციალურ და პიროვნულ სტრუქტურებში, ანუ გადაიქცევა აქტორის "საკუთარ" ღირებულებად.

     9. პარსონსი გამოყოფს ღირებულებითი ორიენტაციის სამ დონეს: ა) კოგნიტური დონე უკავშირდება იმ ეტალონებს, რომლითაც დგინდება შემეცნებით მსჯელობათა ვალიდურობა; ბ) შეფასებითი დონე უკავშირდება იმ ეტალონებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება განსხვავებული ობიექტების და ობიექტთა კლასების ვარგისიანობის შეფასება კატექსისათვის (კმაყოფილების ოპტიმიზაციისათვის); გ) მორალური დონე დაკავშირებულია ეტალონებთან, რომელთა მეშვეობითაც ხდება მოქმედების მთელი სისტემის შეფასება და რეგულირება, იქნება ეს პიროვნება თუ საზოგადოება, ან მათი სუბსისტემები. პარსონსი მათ "უკანასკნელი ინსტანციის მსაჯულებს" უწოდებს.

     10. ღირებულებები და მორალური სტანდარტები, როგორც კულტურული სისტემის ელემენტები, ინტერნალიზდება პიროვნების სისტემაში და სოციალურ სისტემაში. კულტურული, პიროვნული და სოციალური სისტემები წარმოადგენს მოქმედების საერთო სისტემის სამ დონეს: ა) პიროვნული სისტემა ცალკეული აქტორის გარშემო ორგანიზებული მოტივირებული მოქმედებაა. აქტორის მოქმედება მოტივირებულია დაკმაყოფილების ოპტიმიზაციით - სიამოვნების ძიებით და უსიამოვნების თავიდან აცილებით. ბ) სოციალური სისტემა - ორი ან მეტი აქტორის ურტიერთობის გარშემო ორგანიზებულ მოტივირებულ მოქმედებას გულისხმობს. გ) კულტურული სისტემა ფორმირდება ღირებულებების, ნორმებისა და სიმბოლოების ორგანიზაციის მეშვეობით. კულტურული სისტემა, პიროვნული და სოციალური სისტემებისაგან განსხვავებით, არ წარმოადგენს ემპირიულ, მოტივაციურ სისტემას. თუმცა, კულტურული სისტემის ელემენტები (ღირებულებები, ნორმები, სიმბოლოები) შეიძლება გადაერთოს პიროვნული და სოციალური სისტემების "რეჟიმში". სწორედ ამას წარმოადგენს "ინტერნალიზაციის" და "ინსტიტუციონალიზაციის" პროცესი. ინტერნალიზებული კულტურული ეტალონები უკვე პიროვნული და სოციალური სისტემის შემადგენელი ელემენტები ხდება.

     11. მოქმედების სამი - კულტურული, სოციალური და პიროვნული - სისტემის იერარქიაში, პიროვნული სისტემა ყველაზე დაქვემდებარებულ პოზიციას იკავებს. იგი დეტერმინირებულია როგორც ღირებულებათა საერთო სისტემის, ისე სოციალური სისტემის მიერ. სოციალური სისტემის ერთეულს და ბორთვს სოციალური როლი წარმოადგენს. სოციალური როლი პიროვნების საზოგადოებაში ორიენტაციის მაორგანიზებელი მექანიზმია. როდესაც ურთიერთობა "ეგო"-სა და "სხვებს" სორის იძენს მეტნაკლებად მყარ, ორგანიზებულ ხასიათს, ყალიბდება როლებრივი მოლოდინები: "სხვა" ელოდება, რომ ინდივიდი ("ეგო") მოიქცევა განსაზღვრული წესით, მოქმედების ალტერნატივების დიაპაზონის ფარგლებში. სოციალური როლები სხვა არაფერია, თუ არა სოციალურ სისტემაში ინტერნალიზებული, ინსტიტუციონალიზებული ღირებულებები. სოციალურიროლები წარმოადგენს იმ მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც ღირებულებითი ეტალონები ინსტიტუციონალიზდება სოციალურ სისტემაში, ანუ შეიძენს ემპირიულ გამოხატულებას. ინდივიდის მიერ სოციალურ როლთ ათვისების პროცესს პარსონსი "სოციალიზაციას" უწოდებს.

     12. კულტურული და სოციალური სისტემების დეტერმინაციის მიუხედავად, ინდივიდს მაინც რჩება არჩევანის უფლება. ეს არის არჩევანი განსაზღვრულ დილემებს შორის, რომელსაც ინდივიდი "ეჯახება" სიტუაციაში ორიენტირებისას. პარსონსი გამოყოფს ხუთ დილემას (დიხოტომიას), რომელთაც ეტალონურ (ტიპობრივ) ცვლადებს უწოდებს. ეტალონური ცვლადები ხუთი წყვილიდან აქტორმა აუცცილებლად უნდა გააკეთოს არჩევანი იმისატვის, რათა სიტუაციამ განსაზრრული მნიშვნელობა შეიძინოს. ეს ეტალონური ცვლადებია: 1. აფექტურობა - აფექტური ნეიტრალობა. 2. ორიენტაცია საკუთარ თავზე - ორიენტაცია კოლექტივზე. 3. უნივერსალიზმი - პარტიკულარიზმი. 4. თვისება - რეზილტატურობა. 5. სპეციფიკურობა - დიფუზურობა. სოციალური სისტემის დონეზე ეტალონური ცვლადების ნორმატიული ასპექტები სოციალურ როლებად და როლებრივ მოლოდინებად ინსტიტუციონალიზდება, ხოლო წმინდა პიროვნულ დონეზე მათ შორის არჩევანი მოტივირებულია მოთხოვნილებატა დაკმაყოფილების ოპტიმიზაციით - სიამოვნების ძიებით და უსიამოვნების თავიდან აცილებით.

     13. მართალია, ეტალონური ცვლადები ახდენს ურთიერთქმედების ნებისმიერი სისტემის კონსტრუირებას, მაგრამ მოქმედების ყველა სისტემას წაეყენება განსაზღვრული მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია სოციალური სისტემის თვითშნახვისა და ფუნქციონირებისათვის. პარსონსი ფუნქციონალურ მოთხოვნათა ოთხ სიდიდეს (ისინი ცნობილია სახელწოდებით - AGIL): 1. ადაპტაცია. 2. მიზნის მიღწევა. 3. ინტეგრაცია. 4. ლატენტურობა. აღნიშნული მოტხოვნების შესასრულებლად მოქმედების სოციალური სისტემები დიფერენცირდება ქვესისტემებად. თითოეული ქვესისტემა თავის კერძო ფუნქციას ასრულებს, რომელიც ეთანადება აღნიშნულ მოთხოვნებს.

     14. პარსონსის მოქმედების თეორიას, ძირითადად, აკრიტიკებენ იმის გამო, რომ: ა) ამ თეორიაში აქტორს დაკარგული აქვს ავტონომიურობა და ინდივიდის მოქმედება დეტერმინირებულია სოციალური და კულტურული სისტემებით; ბ) ეს თეორია ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღირებულებებს (განსაკუთრებით მორალურ სტანდარტებს) და კულტურულ ეტალონებს. პარსონსი ადგილს აღარ ტოვებს მიზან-რაციონალური ინსტიტუციონალური მოქმედებისათვის (ვებერის პოზიციიდან კრიტიკა); გ) პარსონსი ნაკლებ ყურადღებას უთმობს დევიანტურ ქცევას და სოციალურ კონფლიქტებს.

ძირითადი ცნებები:

"მოქმედების კოორდინატის სისტემა", "ერთეული აქტი", "ნორმატიული ორიენტაცია", "ღირებულება", "კოგნიტური, კატექტიკური, მორალური ორიენტაციები", "ინტერნალიზაცია", "სოციალური როლი", "ეტალონური ცვლადები" "AGIL".

ძირითადი კითხვები:

  • "ერთეული აქტის" სტრუქტურა
  • ნორმატიული ორიენტაცია და ღირებულებითი ორიენტაცია;
  • ღირებულებითი ორიენტაციის სამი - კოგნიტური, შეფასებითი, მორალური - დონე.
  • რაში გამოიხატება პარსონსის თეორიის "ვოლუნტარისტური" ხასიათი, რომელიც პოზიტივისტურ-იდეალისტურ უკიდურესობას უპირისპირდება?
  • კულტურულ, სოციალურ და პიროვნულ სისტემებს შორის მიმართება.
  • რა არის ინტერნალიზაციის და ინსტიტუციონალიზაციის პროცესის არსი?
  • "ეტალონური ცვლადების" აღწერა და მათი მნიშვნელობა პიროვნული სისტემისათვის.
  • დაახასიათეთ სოციალური სისტემის ფუნქციონირებისა და თვითშენახვისათვის აუცილებელი ძირითადი მოთხოვნები.
  • პარსონსის თეორიის კრიტიკის ძირითადი აქცენტები

ტალკოტ პარსონსის (1902-1979) ძირითადი შრომები:

  • (1937) სოციალური მოქმედების სტრუქტურა
  • (1951) სოციალური სისტემა
  • (1956) ეკონომიკა და საზოგადოება
  • (1964) სოციალური სტრუქტურა და პიროვნება
  • (1967) სოციალური თეორია და თანამედროვე საზოგადოება

დამოწმებული ლიტერატურა:

1. Парсонс, Т. 2000 а. Структура социального Действия в книге: О структуре Социального действия, Москва, Академический Проект.

2. Парсонс, Т. 2000 . К Общей теории действия. Теоретические Основания Социальных Наук, в книге: О структуре Социального действия, Москва, Академический Проект.

3. Парсонс, Т. 1994: система координат действия и общая Теория систем действия: Культура, личность и Место Социальных систем, в книге: Американская социологическая мысль. Москва, МГУ.

4. Вебер М. 2000: Протестантская Этика и Дух Капитализма, в книге: М. Вебер, Избранные произведения, Москва, «Прогресс».

5. Camic, CH. 1989. Structure after 50 years: The Anatomy of a Charter, American Journal of sociology, 95, Number 1 (july) pp. 38-107.

6. Cohen, I.J. 2000: Theories of Action and Praxis, in Bryan S. Turmer (ed) The blackwell Companion ro Social Theory (second edition). Oxford: Bleckwell publishers, pp. 72-111.

7. Craib, I. 1992: Modern Social Theery, from Parsons to Habermas (second edition). Great Britain: Harvester.

8. Dawe, A. 1979: Theories of Action, in T. Bottomore and R. Nisbet (eds.): A History of Sociological Analysis. London: Heineman Educational Books, pp. 362-418.

9. Gouldner, A. W. 1970: The Coming Crisis of Western Sociology, New York: Basic Books.

10. Lechner, F. J. 2000: System Theory and Functionalizm, in Bryan S. Turner (ed.) The Blekwell Companion to Social Theory (second edition): Bleckwell Publishers. pp. 112-133.

11. Menzies, K. 1977: Talcot Parsons nd the Social Image of a Man. London: Routlege and Kegan Paul.

12. Parsons, T. 1937. (1968): The Structure of Social Action, New York Free Press.

13. Rocher, G. 1974: Talcot Parsons and American Sociology, Nelson, London.

14. Simon, H.A. 1983: Reasons in Human Affairs. Stanfrod: Stanford University Press.


[1] პარსონსი ზოგჯერ მეორე და მესამე ეტალონურ ცვლადებს აერთიანებს "უნივერსალიზმი-პარტიკულარიზმის" სახელმწიფოს ქვეშ.

იხილეთ ამოსაბეჭდი ვერსია:

"ტალკოტ პარსონსის სოციალური მოქმედების თეორია"

წიგნიდან

"სოციალური მოქმედების თეორიები"

ტეგები: Qwelly, თეორიები, კაჭკაჭიშვილი, პარსონსი, სოციალური_მოქმედება, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 1993

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters