თავი II. მაქს ვებერის სოციალური მოქმედების თეორია

II თავის შინაარსი

     • შესავალი: ინდივიდის მოქმედება, როგორც სუბიექტური საზრისის მქონე ქცევა

     • სოციალური მოქმედების კატეგორია და მისი ფორმები

     • სოციალური ურთიერთობა და მისი ფორმაბი

     • სოციალური მოქმედება და რაციონალობის კონცეფცია

     • II თავის ძირითადი შინაარსი

     • დამოწმებული ლიტერატურა

1. შესავალი: ინდივიდის მოქმედება, როგორც სუბიექტური საზრისის მქონე ქცევა

     როგორც თანამედროვე მკვლევარები აღნიშნავენ (I.J. Cohen, 2000: 75), მაქს ვებერის სოციალური მოქმედბის თეორია იყო აშკარა გარღვევა მე-20 საუკუნის აზროვნებაში ემპირიული ანალიზის მიმართულებით. მოქმედების ფილოსოფიური კვლევის ბატონობის პირობებში, როდესაც ცენტრალური ყურადღება ეთმობოდა მოქმედების "ობიექტურად მნიშვნელად", მეტაფიზიკურ საზრისებს და კვლევის ძირითად მეთოდოლოგიას წარმოადგენდა სპეციფიკური აზროვნება ან ინტუიცია, ვებერი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაჟინებით მოითხოვდა, რომ სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებს პატივი ეცათ აქტორთა (მოქმედების სუბიექტთა) ხელშეუვალი უფლებისათვის, განსაზღვრონ საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა (საზრისი). ვებერი (1990:602) სწორედ ამ პოზიციიდან განსაზღვრავს ადამიანის მოქმედებას, რომელიც მოქმედებას წარმოადგენს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც აქტორი ან აქტორები მას უკავშირებენ სუბიექტურ საზრისს (meaning).[1]

     აქტორის მიმართ ეს პატივისცემა პირველად იჩენს თავს ვილჰელმ დილთან ის ნაწერებში, როდესაც იგი იკვლევს კულტურული ობიექტების სუბიექტურ მნიშვნელობებს. ვებერიც ამ კალაპოტში მოძრაობს, ოღონდ სუბიექტურ მნიშვნელობებს (საზრისებს) ეძებს ქცევების ემპირიულ გამოვლინებებში. ვებერი ადამიანური გარემოს თითქმის ყველა ასპექტს განსაზღვრავს აქტორის ეგზისტენციალურ-ემპირიულ თვალსაზრისიდან გამომდინარე: თუ ეკონომისტები უსიციცხლო ფულად ერთეულებს და არტეფაქსებს განიხილავენ როგორც მატერიალურ ობიექტებს, ვებერი ლაპარაკობს იმ სუბიექტურ მნიშვნელობაზე, რასაც აქტორები ამ ობიექტის პრაქტიკულ გამოყენებას მიაწერენ; თუ ფილოსოფოსები დაბადებასა და სიკვდილზე მსჯელობენ, როგორც ადამიანური არსებობის უნივარსელურ (ტოტალურ) კონსტანტებზე, ვებერისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ ინდივიდები ცხოვრების ამ ბიოლოგიური ფაქტების განსხვავებულ ახსნას იძლევიან და, შესაბამისად, მათ მოქმედებაში გამოხატული რეაქციებიც მრავალგვარია.

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგები უნდა იყოს ვებერის (1990a: 603-9) თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ აქტორის მოქმედების გაგებას უზრუნველყოფს მოქმედებაში ნაგულისხმევი სუბიექტური მნიშვნელობის წვდომა. თავის მხრივ, მნიშვნელობა შეიძლება ატარებდეს რაციონალურ ხასიათს, ანდა ემოციურ კავშირებს გამოხატავდეს. გაგება მაქსიამლურ სიცხადეს აღწევს მაშინ, როდესაც მოქმედება რაციონალური მნიშვნელობის მატარებელია. ამას ვებერი გაგების ლოგიკურ და მათემატიკურ სიცხადესაც უწოდებს. მაგალითად როდესაც ვინმე არგუმენტაციის პროცესში იყენებს ფორმულას 2X2=4, ან პითაგორას თეორემას, ანდა ლოგიკურ დასკვნებს, ჩვენს სავსებით ცხადად ვგებულობთ მათ მნიშვნელობას. გაგების სიცხადე რამდენადმე იკლებს, თუმცა, სავსებით მისაღწევია იმ შემთხვევაში, თუ მოქმედება არ არის რაციონალური მნიშვნელობის მქონე. ამ შემთხვევაში გაგებას უზრუნველყოფს თანაგანცდა, მგრძნობელობა ანდა წარმოსახვის ძალა. ამას ვებერი გაგების ემოციურ და მხატვრულად რეცეპტულ სიცხადეს უწოდებს. თანაგანცდის შესაძლებლობების შემცირებასთან ერთად (მაგალითად როდესაც საქმე გვაქვს რელიგიურობის ან მოწყალების გამომხატველ უმაღლეს აქტებთან, რომლებიც ბევრისთვის ღირებულებას წარმოადგენს), მცირდება მოქმედების ადეკვატური გაგების შესაძლებლობაც. როდესაც მოქმედების არარაციონალური შინაარსი აფექტებში გადაიზრდება (შიში, რისხვა, შური, ეჭვიანობა, სიყვარული, ერთგულება და სხვ.), ამ შემთხვევაში, მართალია, გაგების მთავარ ინსტრუმენტს ისევ თანაგანცდა წარმოადგენს, მაგრამ, ვებერის თანახმად, ასეთი მოქმედებები, ტიპოლოგიურ მეცნიერულ კვლევას უმჯობესია (მიზანშეწონილია) იდეალური ტიპების პოზიციიდან დაექვემდებაროს.

     ასე შემოდის ვებერის სოციალური მოქმედების თეორიაში იდეალური ტიპის ცნება. რა დატვირთვა აქვს მას მოქმედების გაგებასთან დაკავშირებით? საქმე ისაა, რომ ემპირიული მოქმედების სუბიექტურ მნიშვნელობებზე აქცენტირება აჩენს ვებერის წინაშე სერიოზულ პრობლემას: ფაქტია, რომ არცთუ ისე იშვიათად ინდივიდები (აქტორები) ახორციელებენ ისეთ მოქმედებას, რომელთა მნიშვნელობები ბუნდოვნად ან საერთოდ არ ესმით. რამდენადაც ვებერი ამოდის აქტორის მოქმედების ჰერმენევტიკული ინტერესიდან, მის წინაშე დგება უსაზრისო (მნიშვნელობის უქონელი) მოქმედების ინტერპრეტაციის პრობლემა - ისინიც ხომ ადამიანურ მოქმედებებს წარმოადგენს? და რადგან ასეა, მაშინ როგორ "შევიტანოთ" მათში გაგების (ჰერმენევტიკული) მომენტი? ვებერი (Weber, 1921: 21-22) საკმაოდ ნათლად აცნობიერებს ამ პრობლემას და სწორედ მის გადასაჭრელად ახდენს იდეალური ტიპის კონსტრუირებას. იდეალური ტიპი (რომელსაც სხვანაირად "წმინდა" ან "აბსტრაქტულ" ტიპსაც უწოდებენ), წარმოადგენს თეორიულ კონსტრუქციას, აბსტრაქტულ ცნებას, რომელიც აგებულია (შექმნილია) რეალურ ცხოვრებაში დაკვირვებადი ქცევბისა და ურთიერთობების განსაზღვრული მახასიათებლებისაგან. ეს მახასიათებლები აღწერს მოქმედების რაციონალურ შინაარსს და აბსტრაქციას ახდენს არარაციონალური/ირაციონალური მოტივებისაგან[2]. ასე იქმნება მოქმედების თეორიული, რაციონალური მოდელები, როგორც იდეალური კონსტრუქციები, რომლებიც ერთგვარად "ედება", ფარავს რეალობას, ხოლო რეალური მოქმედებები ბოლომდე ვერასოდეს ამოწირავს მათ.

     მაგრამ, აქ თავს იჩენს ერთი კითხვა: ვებერი ხომ კატეგორიულად უარყოფს მოქმედების რაღაც ობიექტურად ჭეშმარიტი, უნიფიცირებული მნიშვნელობების არსებობას? იგი ხომ უარყოფს იმის შესაძლებლობას, რომ აღმოჩენილ იქნეს ადამიანური მოქმედების უნივერასალური კანონები? ხომ არ არის იდეალრი ტიპი სწორედ ასეთი უნივერსალური კანონი, უნიფიცირებული საზრისი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს რეალური მოქმედება? თუ ასეა, მაშინ ვებერიას თეორია მოქმედების "სუბიექტური მნიშვნელობის" შესახებ ინგრევა. ვებერი თავად აცნობიერებს ამას და სურს დაგვარწმუნოს, რომ "იდეალური" არავითარ შემთხვევასი არ ნიშნავს "ნორმატიულად სასურველს". იდეალურ ტიპებს, ვებერის მიხედვით, აქვს მხოლოდ შემეცნებითი ღირებულება, ანუ გამოიყენება კერძო (ემპირიული) შემთხვევების ინტერპრეტაციისათვის, როგორც შესადარებელი კონსტრუქციები. ეს სწორედ ის კერძო შემთხვევებია, როდესაც მოქმედება მოკლებულია რაციონალურ მნიშვნელობას (საზრისს) და აუხსნელი რჩება. ასეთ დროს, იდეალური ტიპები გვეხმარება მოქმედების შემეცნებაში (ახსნაში), კერძოდ, მათთან შედარების საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს რაციონალური მოქმედებისაგან გადახრის (დევიაციის) ზომა. მაგალითად, ცალკეული ბიუროკრატიული ორგანიზაციები, შესაძლოა, არ შეიცავდეს ბიუროკრატიის იდეალრი ტიპისათვის დამახასიათებელ ყველა ელემენტს, მაგრამ იდეალური ტიპი გვეხმარება გამოვავლინოთ არსებული გადახრები. სხვა მაგალითი (М. ВЕБЕРБ, 1990a: 605): თუ გვსურს, ავხსნათ "საბირჟო პანიკა", თავდაპირველად, მიზანშეწონილია, ბირჟაზე ინდივიდის ქცევის იდეალური ტიპის საფუძველზე დავადგინოთ, როგორი იქნებოდა აღნიშნული ემპირიული მოვლენა ირაციონალური აფექტების გამოვლენის გარეშე და შემდეგ შემოვიტანოთ ეს ირაციონალური კომპონენტები, როგორც "დაბრკოლებები", "გადახრები". კიდევ ერთი მაგალითი: როდესაც ვიკვლევთ რაიმე პოლიტიკურ ან სამხედრო აქციას, მიზანშეწონილია, ჯერ შევიმუშაოთ ასეთი აქციების იდეალური კონსტრუქცია, რომელიც გვეტყვის, როგორი იქნებოდა აქციის მონაწილეთა ქცევა, თუ მათ ეცოდინებოდათ ყველა თანმხლები გარემოება, მოსალოდნელი განზრახვები და მიზანმიმართულად იქნებოდა არჩეული მოქმედების საშუალებები. ამის შემდეგ შეგვიძლია ასეთ ჰიპოთეტურ კონსტრუქციას შევადაროთ რეალური მოქმედებები და დავადგინოთ ირაციონალური ფაქტორებით გამოწვეული გადახრის ზომა. როგორც ვხედავთ, ბუნდოვანი ან არარაციონალური/ირაციონალური მნიშვნელობის მქონე მოქმედებები (რომელთაც ვებერი "მარგინალური მნიშვნელობის მქონე ქცევებსაც" უწოდებს) სწორედ იდეალურ ტიპთან მიმართებაში იძენს ინტერპრეტაციას ე.ი. რაციონალური გაგების შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში, ვებერის თეორიაში ნათელი ხდება, რომ იდეალური ტიპი ისეთი თეორიული - ჰიპოთეტური კონსტრუქციაა, რომელიც მიზან-რაციონალური მოქმედებებისადან იგება (უფრო დაწვრილებით მიზან-რაციონალური მოქმედების სპეციფიკა მოგვიანებით იქნება გარჩეული).

     ზემოთქმულის მიუხედავად, ვებერის თეორიის კრიტიკოსები (I. J. Cohen, 2000: 76) მაინც თვლიან, რომ იდეალურ ტიპებს ვებერმა მსხვერპლად შესწირა მოქმედების მისი განსაზღვრება, როგორც სუბიექტური მნიშვნელობის მქონე არსისა. საქმე ისაა, რომ გარკვეული ქცევების (როგორიცაა, მაგალითად ჩვევები და ტრადიციები, რომლებიც არარეფლექსური მოტივებითაა გაჯერებული) კვალიფიკაციით, როგორც "მარგინალური მნიშვნელობის მქონე ქცევებისა", აგრეთვე იმპულსური აქტების, ემოციების და ა. შ. "საკომპენსაციოდ" იდეალური ტიპების შემოტანით, ვებერი აკნინებს მათ სოციალოგიურ რელევანტურობას, აღარიბებს ქცევის განზომილებათა მრავალფეროვნებას. იგი, ფაქტობრივად, აწესებს "ემბარგოს" ემოციაზე, საერთოდ, არაცნობიერ მოტივაციებზე. ასეთი შეზღუდვა საკმაოდ სუსტია იმისათვის, რომ გზა გადაუღობოს თვითაღიარების და თვითნებობის გრძნობებს (მაგ. ქარიზმატული ლიდერების მიერ აღტაცების და ფანატიზმის გამოწვევას). თუმცა, მეორე მხრივ, ვებერის თეორია არ ცნობს ქცევის იმ შედეგებს, რომლებიც იქმნება ამგვარი გრძნობების (გაშმაგება, შფოთვა, სირცხვილი, შური და ა.შ.) სუბლიმაციის ან ჩახშობის გზით და მოითხოვს მათ ტრანსფორმაციას იდეალური ტიპის "ენაზე".

     ვებერი დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ რაციონალური ან ემოციური (არარაციონალური) მნიშვნელობის მატარებელი მოქმედების გაგება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც უშუალოდ, ისე მოტივაციურად (ახსნითად). მაგალითად, ჩვენ უშუალოდ ვგებულობთ ადამიანის მოქმედებას, რომელიც შეშას ჩეხავს, ანდა მონადირის მოქმედებას, რომელიც ცხოველს იარაღს უმიზნებს, მაგრამ, ამავე დროს, შეგვიძლია გავიგოთ აღნიშნული მოქმედების მოტივებიც - ე.ი. ავხსნათ მოქმედება - იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის ცნობილია, რატომ იქცევა აქტორი ასე. მაგალითად, შეშის მჭრელის მოტივაცია შეიძლება იყოს საოჯახო საჭიროებები, ფულადი ანაზღაურება, გართობა და სხვა. მაშასადამე, უშუალო გაგება უზრუნველყოფს მოქმედების სუბიექტურ წვდომას, ხოლო ახსნითი გაგება - საზრისისეული კავშირების წვდომას. მარტივად რომ ვთქვათ, ერთ შემთხვევაში გაგება მოიცავს იმას, თუ რას აკეთებს აქტორი; ხოლო მეორე შემთხვევაში იმას, თუ რატომ იქცევა იგი ასე;

2. სოციალური მოქმედების კატეგორია და მისი ფორმები

     ადამიანის მოქმედების განსაზღვრის შემდგომ, ვებერი ([1921] 1968: 7, 9-13 [22-4]; 1990a: 603) განსაზღვრავს საკუთრივ სოციალურ მოქმედებას. ამ განსაზღვრებაში აქცენტი დასმულია ისეთ ქცევაზე. უფრო ზუსტად: სოციალურ მოქმედებასთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც აქტორის მოქმედება, მასში ნაგულისხმევი სუბიექტური მნიშვნელობიდან გამომდინარე შეეფარდება სხვა აქტორთა ქცევებს და ორიენტირდება მათზე. სოციალური მოქმედება შეიძლება ორიენტირებული იყოს ერთი ან რამდენიმე ინდივიდის, ან ინდივიდთა განუსაზღვრელი სიმრავლის - ფართო მოსახლეობის, ან ორგანიზებული ჯგუფების - ქცევაზე. "სხვები" შეიძლება იყვნენ თანამედროვეები, წინა, ან მომავალი თაობის წარმომადგენლები. სოციალური მოქმედება შეიძლება იყოს შურისძიება წარსულ წყენაზე, ამჟამად არსებული, ან მომავალში მოსალოდნელი საშიშროებისაგან თავდაცვა და ა. შ. აქტორი შეიძლება პირადად იცნობდეს სხვას (სხვებს), ვისზეც ორიენტირდება, ანდა სხვები შეიძლება იყვნენ უცნობები.

     სოციალური მოქმედების კვლევას ვებერი ფუნდამენტურ მნიშვნელობას ანიჭებს. იგი (1990a: 602. 627) არაორაზროვნედ მიუთითებს, რომ სოციოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მოწოდებულია გამოიკვლიოს, გაიგოს სოციალური მოქმედება და, ამასთან, კაუზალურად ახსნას მისი პროცესი და ზემოქმედება. მართალია, სოციოლოგია მხოლოდ სოციალური მოქმედების შესწავლით არ არის დაკავებული, მაგრამ იგი წარმოადგენს სოციოლოგიის ცენტრალურ პრობლემას, მაკონსტიტუირებულ პარადიგმას.

     ვებერი (1990a: 625- 27) აყალიბებს, თუ შეიძლება ითქვას, "საზღვრით სიტუაციებს" როდესაც მოქმედებათა გარკვეული ტიპები არ ჩაითვლება სოციალურად, კერძოდ:

     ა) გარეგან მოქმედებას, რომელიც ორიენტირებულია ნივთობრივი ობიექტის ქცევაზე, არ შეიძლება ეწოდოს სოციალური. სოციალურია მხოლოდ აქტორის ორიენტაცია სხვა აქტორზე (აქტორებზე) და არა მატერიალურ ნივთზე (ნივთებზე).

     ბ) ცალკეული ინდივიდის შინაგანი მოქმედება, თუ იგი მხოლოდ თვითორიენტაციას, ანუ საკუთარ თვათან მიმართებას გულისხმობს, არ ჩაითვლება სოციალურად. ასეთია მაგალითად, რელიგიური ხასიათის ქცევები, თუ ისინი არ გადიან ჭვრეტის ან მარტოობაში წაკითხული ლოცვების ფარგლებს გარეთ.

     გ) სოციალური არ არის არც ორი ადამიანის მოქმედებების ისეთი ურთიერთმიმართება (ურთიერთქმედება, ან, უფრო ზუსტად, ურთიერთშეხება), რომელიც მნიშვნელობის მქონე, ანუ გასაზრისიანებულ ორიენტაციას არ წარმოადგენს. მაგალითად, ორი ველოსიპედისტის მექანიკური (შემთხვევითი) შეჯახება არ სცილდება ბუნებრივი მოვლენის ფარგლებს და არ ჩაითვლება სოციალურად. იგი სოციალურ მოქმედებად "გადაიქცევა" მაშინ, როდესაც ერთ-ერთი აქტორი შეეცდება თავიდან აიცილოს შეჯახება და მისგან გამომდინარე უარყოფითი შედეგები.

     დ) სოციალური მოქმედება არ არის იდენტური მრავალი ადამიანის ერთგვაროვანი ქცევის. მაგალითად, როდესაც ადამიანები წვიმის დროს ქუშაში ქოლგებს შლიან, ეს ერთგვაროვანი მოქმედებაა, რომელიც მოტივირებული არაა სხვათა ქცევაზე ორიენტაციით, არამედ გარე გამღიზიანებლისაგან - წვიმისაგან თავდაცვით.

     ე) სოციალური მოქმედება არ არის იდენტური არც ისეთი მოქმედებისა, რომელიც სრულდება ადამიანთა ჯგუფების, მასისი ზეგავლენის ქვეშ. ვებერი ასეთ მოქმედებას მასობრიობით განპირობებულს უწოდებს. მასამ, შესაძლებელია, ინდივიდზე გავლენა იქონიოს როგორც უშუალოდ, ისე გაშუალებულად (მაგ. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით). ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ვებერი აქცენტს სვამს, მასის მხრიდან ისეთ ზეგავლენაზე, როდესაც "კოლექტივისტური სული" (ლებონი) უპირობოდ აიძულებს ინდივიდს მოიქცეს ისე და ჰქონდეს ისეთი რეაქციები, რომლებიც მასის გარეთ, მარტო მყოფს არ ექნებოდა. ასეთ მიმართებას ვებერი არ უწოდებს მნიშვნელობის (საზრისის) მქონე კავშირს აქტორსა და ადამიანთა ჯგუფს შორის. მისი აზრით, ეს უფრო სხვათა ქცევაზე ავტომატური რეაქციებია, განპირობებული მხოლოდ მასაში არსებობის ფაქტით. შესაბამისად, ასეთი მიმართება სოციალური მოქმედება ვერ იქნება (თუმცა, ვებერს კარგად ესმის, რომ, ზუსტი საზღვრის მოძებნა გასაზრისიანებულ და ავტომატურ რეაქციებს შორის რთულია).

     ვ) ბოლო შემთხვევიდან გამომდინარე, ვებერი აღნიშნავს იმასაც, რომ მიბაძვას, როგორც სპეციალურ მოქმედებას, მაშინ ექნება სოციალური ხასიათი, თუ იგი არ იქნება რეაქტიული ხასიათის, არ იქნება არც მხოლოდ სუბიექტური საზრისის (რაციონალური ან ემოციური) მქონე, არამედ მოცემული საზრისის შესაბამისად ორიენტირებული იქნება სხვათა ქცევაზე. თუ მაგალითად, ინდივიდი, დაკვირვების საფუძველზე, გაეცნო საზოგადოებაში მოქმედების გარკვეულ ობიექტურ შესაძლებლობებს და მოახდინა მათზე ორიენტაცია, ეს იქნება კლაუზურად განპირობებუილი, ცნობიერი მოქმედება, მაგრამ არა - სოციალური, ვინაიდან ორიენტაცია არ ხდება სხვა აქტორებზე. თუმცა, ამ შემთხვევაშიც ცალსახა განსხვავებების დადგენა რთულია.

     ვებერის სოციალური მოქმედების თეორია მოიცავს ძალზე მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა, სოციალური მოქმედების კლასიფიკაცია. კლასიფიკაციის კრიტერიუმად ვებერი (1990a: 628-30) იყენებს მოქმედების სუბიექტური მნიშვნელობის რაციონალობის ხარისხს. ამ თვალსაზრისით, მოქმედებათა სკალა ასეთია: მიზან-რაცინალური, ღირებულებით-რაციონალური, აფექტური და ტრადიციული მოქმედებები.

     აღნიშნულ სკალაზე რაციონალური სოციალური მოქმედების ორი ტიპია მოცემული. აქედან პირველი - მიზან-რაციონალური - მოქმედების იდეალურ ტიპს წარმოადგენს, რამდენადაც იგი წმინდა რაციონალური მოტივებით არის განპირობებული. ვებერი მას განსაზღვრავს, როგორც მიზანზე ორიენტირებულ მოქმედებას, როდესაც წინასწარგანსაზღვრული მიზნის მისაღწევად გამოყენებულია გარე სამყაროს ნივთების და სხვა ადამიანთა ქცევის მოლოდინები. ამ შემთხვევაში მოქმედების მიზანზე ორიენტაცია გულისხმობს მოქმედების პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტაციას, ვინაიდან განხორციელებული მიზანი პრაქტიკულად ხელშესახებ დამატებით შედეგებში უნდა გამოიხატოს. სხვანაირად რომ ითქვას, მიზან-რაციონალურად მოქმედი ინდივიდი ყოველთვის ორიენტირებულია იმაზე, თუ რა შედეგები მოყვება მიზნის განხორციელებას. ვებერი აღნიშნავს, რომ სოციალურ რეალობაში მიზან-რაციონალური მოქმედება წმინდა სახით არ არსებობს. წმინდა მიზან-რაციონალური მოქმედება უფრო თეორიეული კონსტრუქციაა, რომელსაც შემეცნებითი და მეთოდოლოგიური ღირებულება აქვს. კერძოდ, (როგორც ადრე აღინიშნა), იგი გამოიყენება იმ ცალკეულ მოქმედებათა ინტერპრეტაციისათვის, როდესაც მოქმედება მოკლებულია რაციონალურ მნიშვნელობას, ბუნდოვანი და უსაზრისოა. ამ შემთხვევაში მიზანრაციონაური მოქმედება გამოიყენება წმინდა ანაიტიკური მიზნებსათვის, როგორიცაა შედარების საშუალება და მის საფუძველზე განისაზღვრება კერძო მოქმედების გადახრის, დევიაციის ზომა (ხარისხი). მაშასადამე, მიზან-რაციონალური მოქმედება, როგორც იდეალური ტიპი, ადგენს როგორი იქნება ესა თუ ის ქცევა ირაციონალური აფექტების გამოვლენის გარეშე. აქედან გამომდინარე, ემპირიული მოქმედების ირაციონალური კომპონენტები განიხილება ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი ფაქტორების სახით. ამდენად წმინდა მიზან-რაციონალური მოქმედების სუბიექტი არა რეალურად, არამედ ჰიპოთეტურად მოქმედი პირია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეალობაში მიზან-რაციონალური მოქმედების კორელანტი არ არსებობს. ემპირიულ ქცევებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც წმინდა მიზან-რაციონალურ მიმართებასთან მიახლოებული მნიშვნელობის მატარებელია. კერძოდ (როგორც უკვე აღინიშნა), მიზან-რაციონალურად მოქმედებს ის ინდივიდი, რომელიც ორიენტირდება მიზანზე, მისი მიღწევის საშუალებებზე და მოქმედებს მეორეხარისხოვან (დამატებით) შედეგებზე.

     რაციონალური მოქმედების მეორე ტიპი - ღირებულებით - რაციონალური - ვებერის მიერ განისაზღვრება, როგორც თვითკმარი (აბსოლტური) ღირებულების (რელიგიური, ეთიკური, ესთეტიკური, და სხვა) რწმენაე დაფუძნებული მოქმედება. სხვა სიტყვებით თუ გამოვხატავთ. ღირებულებით-რაციონალური მოქმედება შეესაბამება ისეთ ქცევას, რომლის მეშვეობითაც აქტორი რაციონალურად გეგმავს თვითკმარი ღირებულების რეალიზაციას. მიუხედავად ამისა, ღირებულებით-რაციონალური მოქმედება შეფარდებითად, რაციონალურია, რამდენადაც იგი მხედველობაში არ იღებს (ანგარიშს არ უწევს) მოქმედების მეორეხარისხოვან (დამატებით) შედეგებს. ინდივიდი ორიენტირებულია ღირებულებაზე, როგორც მოქმედების მიზანზე და მისი რეალიზაციის საშუალებებზე იმის მიუხედავად, თუ რა შედეგები მოყვება ამას. ეს წარმოადგენს ძირითად განსხვავებას ღირებულებით-რაციონალურ და მიზან-რაციონალურ მოქმედებებს შორის. ვებერი მიუთითებს, რომ მიზან-რაციონალური მოქმედების პოზიციიდან ღირებულებით-რაციონალური მოქმედება გამოიყურება როგორც ირაციონალური და მისი არარაციონალობის ხარისხი მატულობს იმასთან ერთად, რაც უფრო ააბსოლუტურებს ინდივიდი ღირებულებას, ანუ, რაც უფრო უგულვებელყოფს ქცევის მოსალოდნელ შედეგებს. ღირებულებით-რაციონალრად მოქმედი ინდივიდი ერთგულად მიჰყვება მოვალეობას. სამართლიანობის, ღირსების, მშვენოერების, რელიგიური მცნებების და სხვა ღირებულებების მიმართ მის რწმენას (დაჯერებულობას), ემორჩილება მათ და იღწვის მათი რეალიზაციისათვის. ასეთი ქმედებები, როგორიცაა მაგალითად, დასაფლავების რიტუალში მონაწილეობა, მიცვალებულის ოჯახის წევრების პატივსაცემად, ან ვეგეტერიანული დიეტის დაცვა ცხოველთა სიცოცხლის პატივსაცემად და სხვა უამრავი, წარმოადგენს თვითკმარი ღირებულებების რეალიზაციას, მეორეხარისხოვან შედეგებზა აქცენტების გარეშე. როგორც ზოგიერთი მკვლევარი (I. J. Cohen, 2000: 80) შენიშნავს ღირებულებით-რაციონალური, მოქმედება ანტიუტილიტარისტულია - ინდივიდი მოქმედებს ღირებულებების და არა პრაქტიკული საჭიროებების (მოთხოვნილებების) შესაბამისად.

     სკალაზე მოცემული დანარჩენი ორი აფექტური და ტრადიციული -მოქმედება, მკაცრი აზრით, არც წარმოადგენს სოციალურ მოქმედებებს, რამდენადაც ისინი, ვებერის თანახმად, იმყოფება გასაზრისიანებული, ცნობიერად ორიენტირებული მოქმედებების ზღვარზე და ხშირად ზღვარს მიღმაც. აფექტურ მოქმედებას ვებერი განსაზღვრავს როგორც ემოციონალურ ანუ ინდივიდის ემოციური მდგომარეობით და აფექტით განპირობებულ მოქმედებას. რაც შეეხება ტრადიციულ მოქმედებას, იგი ხანგრძლივ ჩვევაზე დაფუძნებული ქცევაა. ხანგრძლივ ჩვევაზე დაფუძნებული მოქმედებები წმინდა რეაქტიული მიბაძვის მსგავსია, ანუ ავრომატურ რეაქციებს წარმოადგენს გარკვეულ გაღიზიანებებზე. ამის ანალოგიურად, აფექტებზე დამყარებული ქცევებიც ხშირად ავტომატურ რაექციებში გადაიზრდება, ანუ ცნობიერების კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა, "საზღვარზე" ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ საზღვარს "იქით", ანუ ავტომატურ რეაქციებში გადასვლის რისკს, არამედ საზღვარს "აქეთ" ე.ი. ცნობიერად ორიენტირებულ ქცევებშიც შეიძლება გამოიხატოს. მაგალითად, როდესაც აფექტებით განპირობებული მოქმედება თავის გამოხატულებას ცნიბიერ ემოციურ წესრიგში პოულობს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სუბლიმაციასთან. შესაბამისად, ასეთი მოქმედება ემსგავსება ღირებულებით-რაციონალურს.

     სოციალური მოქმედების ტიპების დახასიათების შემდეგ, საჭიროა დამატებით შევეხოთ მათ მიმართებას რაციონალობასთან. ეს თემა ბევრ კითხვას და პრობლემას ბადებს და ერთ-ერთი ცენტრალური სადისკუსიო საკითხს წარმოადგენს ვებერის სოციალური მოქმედების თეორიაში.

     როგორც ჩატარებული ანალიზი ცხადყოფს, ადამიანური მოქმედება ზოგადად და, კერძოდ, სოციალური მოქმედება ვებერის მიერ განიხილება მხოლოდ სუბიექტურ საზრისთან (მნიშვნელობასთან) კავშირში. საზრისის მქონე (გასაზრისიანებული) მოქმედება ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს ამავე დროს გაცნობიერებულ, ანუ რაციონალურ მოქმედებას - ვებერი მიუთითებს მოქმედების ასეთ საზრისზეც (მნიშვნელობაზე), რომელიც რაციონალური არ არის (ასეთია, როგორც ზემოთ აღინიშნა, ტრადიციული და აფექტური მოქმედებები). მაგრამ სწორედ აქ ჩნდება კითხვა: რაციონალური (ცნობიერი) საზრისის უქონელი მოქმედება უნდა ჩაითალოს თუ არა ირაციონალურ მოქმედებად? შესაძლებელია ეს კითხვა სხვა ფორმითაც გაოითქვას: თუ არსებობს მოქმედებების რაციონალურისგან განსხვავებული ან დაპირისპირებული საზრისი, მაშინ რაღას უნდა ნიშნავდეს, ვებერის მიხედვით, საზრისის უქონელი, უფრო ზუსტად, უსაზრისო მოქმედებები? საქმე ის არის, რომ თავად ვებერის შრომებში, არც თუ იშვიათად, იმპლიციტური დატვირთვით, ანუ ერთმნიშვნელოვანი დაზუსტების გარეშე, მოიხმარება საკვანძი ცნებები, რაც განსხვავებული ინტერპრეტაციების შესაძლებლობას აჩენს. მაგალითად, როდესაც ვებერი აღნიშნავს, რომ აფექტური და ტრადიციული მოქმედებები, გარკვეულ შემთხვევაში, გადის "გასაზრისიანებული ქცევების" ფარგლებს გარეთ და იმართება ავტომატურად, ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ აფექტური/ტრადიციული მოქმედება არარაციონალურია, მაგრამ, საკითხავია, არის თუ არა იგი ამავე დროს უსაზრისო? სხვანაირად: ვებერის თანახმად, აფექტური/ტრადიციული მოქმედება არარაციონალური საზისის მქონეა და თუ ასეა, მაშინ რას ნიშნავს მისი "გასვლა" გასაზრისიანებული მოქმედების ფარგლებს გარეთ ანუ, რა განსხვავებაა არარაციონალურ აფექტურ/ტრადიციულ მოქმედებებსა და საზრისის უქონელ (უსაზრისო) აფექტურ/ტრადიციულ მოქმედებებს შორის?

     აქვე ჩნდება კითხვა აფექტური და ტრადიციული ტიპის მოქმედებების სოციალურობასთან დაკავშირებით: ვებერის თანახმად, ისინი სოციალურობის ზღვარზე იმყოფება და ზღვარს გარეთ, ე.ი. სოციალურობის გარეთაც გადის მაშინ, როდესაც ხდება უსაზრისო. მაშასადამე "სოციალური" გამორიცხავს "უსაზრისოს", თუმცა, მეორე მხრივ, არ ემთხვევა "რაციონალურს", მაგრამ, რას უნდა ნიშნავდეს ისეთი "სოციალური", რომელიც "არარაციონალურია", და, არავითარ შემთხვევაში - "უსაზრისო"?

     აღნიშნული კითხვაზე პასუხის გასაცემად, როგორც არაერთი თანამედროვე მკვლევარი მიუთითებს, საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ სამი ცნება: "რაციონალობა", "არარაციონალობა" და "ირაციონალობა". ამერიკელი მეცნიერი Alan Sica (1988: 5-6) აღნიშნულ ცნებებს შორის ასეთ კონცეპტუალურ განსხვავებებს იძლევა:

     რაციონალობა:

     ა) უნარი იმისა, რომ გადაწყვეტილება და მოქმედება განხორციელდეს მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების ფარგლებში, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების მისაღწევად; ან,

     ბ) მზაობა ამისა, რომ უარი ითქვას კერძო ხასიათის იდიოსინკრეტულ სიამოვნებებზე ან ღირებულ განცდებზე (valued experiences), რათა გაიზარდოს მყარი მიზნების ეფექტურიბა მაშინ, როდესაც სიამოვნება კომფლიქტშია ეფექტურობასთან, ანუ როდესაც ჰედონისტური აღრიცხვა ეწინააღმდეგება ბიუროკრატიულს.

     ირაციონაობა:

     ა) მოქმედების ან რწმენის (belief) ნაკადი, რომელიც არ ემორჩილება ადეკვატურ რაციონალურ ახსნას დამკვირვებლის პოზიციიდან; ირაციონალური იმპულსი ვერ გაიგება ან გამოიყენება კაუზალური ანალიზის მიერ; მიზნების (თუ საერთოდ გაცნობიერებულია მიზნის ცნება) მისაღწევად არ გამოიყენება მოქმედების რაციონალური მოდელის მეშვეობით პოსტფაქტუმ განსაზღვრული არაადეკვატური საშუალებები; ან ბ) ქცევის ან მრწამსის ფორმა, რომელიც სუბიექტის მოქმედებას წარმართავს სასიამოვნო, არასასიამოვნო თუ ამბივალენტური შედეგების მისაღებად, სუბიექტის მხრიდან აბსოლუტური კონტროლის ან ცნობიერი განზრახვის გარეშე.

     არარაციონალობა:

     ქცევა, რომელიც სრულდება რაციონალური პროცედურებისაგან დამოუკიდებლად; მიუხედავად იმისა, რომ რაციონალური გზა შეიძლება სტრატეგიის სახით განისაზღვროს, იგი შემდეგ უარიყოფა არარაციონალური მიზნების ან საშუალებების ინტერესებიდან გამომდინარე.

     როგორც მკვლევარი აღნიშნავს (A. Sica, 1988:6), შესაძლებელია დაიძებნოს "ნაწილობრივი პარალელები" ამ ტიპოლოგიზაციასა და ვებერის სოციალური მოქმედების ტიპოლოგიას შორის. თუმცა, განსხვავებებიც აშკარაა (მაგალითად, ვებერთან რაციონალობის კატეგორია გაცილებით ფართოა, რამდენადაც იგი მოიცავს ღირებულებით-რაციონალურ მოქმედებასაც).

     მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული კონცეპტუალური გამიჯვნები უფრო იმიტომ გვჭირდება, რომ ჯერ ერთი, ნათლად გავაცნობიეროთ ის საზღვრები, რომელსაც ვებერი ატარებს მოქმედების რაციონალობისგან განსხვავებულ შინაარსსა და უსაზრისო მოქმედებას შორის, და მეორე, დაზუსტდეს მოქმედების სოციალურობის პირობები.

     ამდენად, ზემოთქმული განსხვავებების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ უსაზრისო (ანუ საზისის უქონელი) მოქმედება ვებერის თეორიის ფაგლებში არა უბრალოდ არარაციონალურია, არამედ პირველ რიგში - ირაციონალურიც; ნებისმიერი ირაციონალური, ე.ი. უსაზრისო მოქმედება არარაციონალურია, მაგრამ არა პირიქით - არარაციონალური მოქმედება შეიძლება საზრისი მქონე იყოს. ასეთია სწორედ ტადიციული და აფექტური მოქმედებები. თუმცა, არარაციონალური საზრისის მქონე მოქმედება "რისკის" შემცველია - მან შეიძლება დაკარგოს საზრისი და იქცეს ირაციონალურად (ე.ი. უსაზრისოდ). ასე ემართება ტრადიციულ და აფექტურ მოქმედებებს მაშინ, როდესაც ისინი, ვებერის სიტყვებით რომ ვთქვათ, გადის "გასაზრისიანებული მოქმედების ფარგლებს გარეთ" და იქცევა ავტომატურ რეაქციებად გარე გამღიზიანებელზე, შესაბამისად ასეთი ქცევები წყვეტს არსებობას, როგორც სოციალური ხდომილებები და გადადის ბიოლოგიური ან ფიზიოლოგიური მოვლენების სფეროში. სწორედ ამიტომ უწოდებს ვებერი აფექტებზე და ჩვეულებებზე დამყარებულ მოქმედებას "საზღვარზე მყოფს". მაშასადამე, სოციალური მოქმედება გამორიცხავს ავტომატურ ქცევას (რომელიც ირაციონალურია და უსაზრისო), თუმცა, მოიცავს არარაციონალური საზრისის მქონე მოქმედებებს (თუმცა A. Sica კიდევ უფრო შორს მიდის და ცდილობს რაციონალობის ფაქტორის გავლენა "აღმოაჩინოს" სოციალურ მოქმედებაში).

     ზემოთ აღწერილი მიმართებები თვალსაჩინოებისათვის სქემატურად ასე შეიძლება წარმოავიდგინოთ:

     (შენიშვნა: მოცემულ სქემაში წყვეტილი ხაზები, რომლებიც აკავშირებს სოციალურ მოქმედებას ტრადიციულ და აფექტურ მოქმედებასთან, მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც აღინიშნა, გარკვეულ შემთხვევაში, კერძოდ, ტრადიციული და აფექტური მოქმედებების უსაზრისო, ავტომატურ რეაქციებად არსებობისას, ისინი წყვეტენ არსებობას, როგორც სოციალური მოქმედებები).

3. სოციალური ურთიერთობა და მისი ფორმაბი

     კონცეპტუალურად საკვანძო მეორე ნაბიჯი, რომელსაც ვებერი დგამს ინდიიდის მოქმედების სოციალური და ემპირიული გაგების მიმართულებით, მდგომარეობს მის მიერ ([1921] 1968: 14-22 [26-8]; 1990a: 630) სოციალური ურთიერთობის განსაზღვრაში: სოციალური ურთიერთობა არებობს მაშინ, როდესაც რამდენიმე აქტორი, მათი მოქმედების მნიშვნელობებიდან (საზრისებიდან) გამომდინარე, ორმხრივად ორიენტირდება ისე, რომ თითოეული მათგანი მხედვეობაში იღებს სხვათა ქცევას. სხვანაირად თუ ვიტყვით, სოციალური ურთიერთობა რამდენიმე აქტორის ქცევათა გასაზრისიანებული (რაციონალური ან ემოციური მნიშვნელობის მქონე) ურთიერთორიენტაციაა.

     აქტორთა შორის ურთიერთობას შეიძლება სრულიად განსხვავებული შინაარსი ჰქონდეს: სიყვარული, მტრობა, მეტოქეობა, ეროტიზმი, საბაზრო გაცვლა, ნაციონალური ან პოლიტიკური სოლიდარობა და ა. შ. ვებერი (1990 a: 631) გვაფრთხილებს, რომ სოციალური ურთიერთობის ემპირიულად მრავალფეროვანი შინაარსის შესწავლა აინტერესებს და არა მისი ნორმატიულად "სწორი", ანდა მეტაფიზიკურად "ჭეშმარიტი" მნიშვნელობის კვლევა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სოციოლოგია აკონსტრუირებს სოციალური ურთიერთობის იდეალურ ტიპს, მისი ღირებულება მხოლოდ ემპირიულ მოვლენებთან მიმართებაში მდგომარეობს, როგორც მათი რაციონალური გაგების და დევიანტურობის გაზომვის საშუალება (საქმე გვაქვს ანალოგიურ ვითარებასთან, რასაც ვებერი ეხება სოციალურ მოქმედებასთან მიმართებაში). თვით ისეთი სოციალური წარმონაქმნებიც კი, როგორიცაა "სახელმწიფო", "ეკლესია", "ქორწინება", და ა.შ. სოციოლოგიას აინტერესებს, როგორც ემპირიული ურთიერთობების გამოხატულება, როგორც ამ ურთიერთობების პროდუქტი. ამით იგი თავიდან იცილებს ამ ფენომენების - მაგალითად, სახელმწიფოს - სუბსტანციურ, სოციალური დროისა და სივრცისაგან განყენებულ კვლევას. სახელმწოფო სოციოლოგიისათვის არსებობს მხოლოდ როგორც ემპირიული ცვლადი, რომელიც ვარირებს იმის მიხევით, თუ რა მნიშვნელობებს იძენს ინდივიდთა (აქტორთა) შორის ურთიერთობები. ეს განასხვევებს სწორედ სოციალურ თეორიას ფიოსოფიური თეორიისაგან. ეს უკანასკნელი სახელმწიფოს ნორმატიულად სწორი და ობიექტურად ჭეშმარიტი საზრისის კვლევითაა დაკავებული.

     სოციალური ურთიერთობების ვებერისეული ინტერპრეტაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ის, რომ ურთიერთობის პროცესში აქტორებს ორმხრივად შეუძლიათ დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ იმ მნიშვნელობებს, რომლებსაც ისისნი ერთმანეთზე ორიენტირებულ მოქმედებებს უკავშირებენ. სხვანაირად რომ ვთქვათ, სოციალური ურთიერთობა მოქმედებათა ურთიერთორიენტაციაა, რომელიც, ამავე დროს, აუცილებლობით არ გულისხმობს ურთიერთგაგებას, ანუ მნიშვნელობათა, საზრისთა ერთნაირობას (ერთგვაროვნებას). ასეთ ურთიერთობას ვებერი (1990a: 632) "ობიექტურად ცალმხრივს" უწოდებს. მოვიყვანოთ მაგალითები: სამსახურებრივი ურთიერთობების პირობებში, ვერტიკალური იერარქიის კიბეზე სხვადასხვა სოციალური პოზიციის მქონე ჩინოვნიკებმა, შესაძლოა, ერთმანეთს ვერ გაუგონ საჩუქრის გადაცემასთან დაკავშირებით: ზემდგომის მიერ, მისთვის საჩუქრის შეთავაზება, შეიძლება, ინტერპრეტირდეს, როგორც ქრთამის ან ანგარების გამოხატულება, ხოლო ქვემგდომის მიერ საჩუქრის გადაცემის აქტს, შესაძლოა პიროვნების უანგარო პატივისცემის მოტივაცია განსაზღვრავდეს; ომის დროს, დაპირისპირებულ მხარეთა ორი გენერალი, შესაძლოა, ერთმანეთს ვერ მიუხვდნენ დაზავებისკენ მიმართულ ტაქტიკას და განაგრძონ მძაფრი ბრძოლები. ცხადია, ცალმხრივ სოციალურ ურთიერთობებში აქტორთა მხრიდან არსებობს მოლოდინი იმისა, რომ განწყობა, რომელიც დამახასიათბელია ერთი მხარისათვის, დამახასიათებელი იქნება მისი პარტნიორისთვისაც. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ასეთი სუბიექტური მოლოდინიც კი, მასინ არ არსებობს საზრისთა არანაირი თანაფარდობა და სოციალური ურთიერთობა წყვეტს არსებობას. პირიქით, მაშინ, როდესაც ურთიერთორიენტაციის, პროცესში პარტნიორთა განწყობები და მოლოდინები თანხვდება, ასეთი ურთიერთობა უნდა ინტერპრეტირდეს როგორც "ობიექტურად ორმხრივი".

     სოციალური ურთიერთობის კვლევის გზაზე, ვებერი (1990a: 632-33 [1921] 1968: 22 [12]) თავისებურად ახალ ნაბიჯს დგამს, როდესაც განიხილავს ერთი შეხედვით "უწყინარ" საკითხს სოციალური ურთიერთობის ხანგრძლივობის შესახებ. ხანგრძლივობის ქვეშ ვებერი გულისხმობს იმ მოქმედებების განმეორებადობის შესაძლებლობას, რომლებიც ინარჩუნებს ურთიერთორიენტაციაში ნაგულისხმევ მნიშვნელობას. ეს მნიშვნელობა, ანუ სოციალური ურთიერთობის საზრისისეული შინაარსი შეიძლება "შენახულ" იქნეს დიდი ხნის განმავლობაში. ამ შემთხვევასი იგი ფორმულირდება, ანუ აქტორების მიერ გაიგება, როგორც "მაქსიმები", წესები ან ნორმები. მათ მიმართ აქტორთა მხრიდან არსებობს მოლოდინი, რომ სხვებიც ასეთ მაქსიმებზე და ნორმებზე მოახდენენ თავიანთ ქცევის ორიენტირებას.

     ამრიგად, სოციალურ ურთიერთობაში ნაგულისხმევი მნიშვნელობა, თუ იგი დროში ხანიერი აღმოჩნდა, ყალიბდება სუპრა-ინდივიდუალურ (supra-individual) პრინციპებად, რომელთა დაცვასაც ყველაზე მეტად ელიან, და (როგორც ქვემოთ გაირკვევა) რომელთა დაცვაც, გარკვეულ შემთხვევაში, მოითხოვება, ანუ სავალდებულოა. ასეთ სუპრა-ინდივიდუალურ მაქსიმებს წარმოადგენს, მაგალითად, რელიგიური მცნებები, ბიუროკრატიული კოდექსები, (კანონთა კრებულები), ანდა უსაფრთხოების პრაქტიკული წესები. იგივე შეიძლება ითქვას კაპიტალისტურ საწარმობში მოგების მიღების ნორმების შესახებ. ამ ნორმებით ხელმძღვანელობენ მენეჯერები, რომლებიც ახდენენ შრომის დანაწილების, ვაჭრობის პროცედურების, ფინანსების და გასაღების ორგანიზებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქტორთა განსხვავებულმა ტიპებმა სუპრა-ინდივიდუალურ მაქსიმებზე, ნორმებზე და წესებზე თავიანთი ქცევის ორიენტაცია შეიძლება განსხვავებული მოტივებით მოახდინონ. მაგალითად, როდესაც ფირმის მენეჯერი მოგების მიღების კრიტერიუმებს იზიარებს როგორც ლეგიტიმურ ნორმებს, იგი შეიძლება ამოდიოდეს საწარმოს ინტერესებიდან, მაშინ როდესაც, მოსამსახურეებმა (დაქირევაბულებმა) აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად თავიანთი მუშაობა, შესაძლოა, არა საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე წარმართონ, არამედ უბრალოდ იმის გამო, რომ წინაარმდეგ შემთხვევაში ხელფასს ვერ აიღებენ, რაც მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობას დააზარალებს.

     მოქმედების ერთგვაროვნება და განმეორებადობა, ანუ მაქსიმებზე, წესებზე და ნორმებზე (როგორც მოქმედების მეტ-ნაკლებად სტაბილურ მნიშვნელობებზე) ორიენტაცია, ვებერის (1990a: 633-36) თანახმად, შეიძლება ჩამოყალიბდეს "ზნე-ჩვეულების", "ადათის" ან "ლეგიტიმური წესრიგის" სახით. მათ შორის განსხვავება ისაა, თუ რა მექანიზმებით უზრუნველყოფს თითოეული მათგანი მოქმედების ერთგვაროვნების დაცვას.

     ზნე-ჩვეულების ფარგლებში მოქმედების ერთგვაროვნება აიხსნება მხოლოდ ჩვევებით. ადათი ისეთი ზნე-ჩვეულებაა, რომელიც გაცილებით ხანგრძლივი დროის განმავლოვბაში გამომუშვდება და განპირობებულია საერთო ინტერესებით, რასაც ვებერი "ინტერესთა კონსტელაციას" უწოდებს. ადათი (მით უფრო, ზნე-ჩვეულებები) არ არის "მნიშვნელადი". ეს ნიშნავს, რომ ისინი არავისაგან "მოითხოვენ" მათ დაცვას უფრო ზუსტად: ადათები ისეთ ნორმებს შეიცავს, რომლებიც სრულდება ვალდებულებების (მოვალეობების) შეგრძნების გარეშე[3]. მაგალითად, საზოგადოებაში მიღებულია ისაუზმო გარკვეული წესების დაცვით, თუმცა არავინ არ არის ვალდებული ამ წესებს მისდიოს. რაც შეეხება ლეგიტიმურ წესრიგს, იგი მოიცავს ნებისმიერ ურთიერთობას, ორიენტირებულს მაქსიმებზე, რომელთა დაცვა (შესრულება) სავალდებულოა. ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმური წესრიგი "მნიშვნელადია" - იგი განიხილება როგორც სანიმუშო, რომელიც მიბაძვის ღირსია. რასაკვირველია, ლეგიტიმური წესრიგის შესულებას სხვადასხვა მოტოვი შეიძლება ახლდეს - შიში, სიფრთხილე, კერძო ინტერესი, ჩვევა და ა.შ. - მაგრამ სხვა მოტივებთან ერთად, აუცილებელია არსებობდეს მისი შესრულების მოვალეობის განცდა.

     ზნე-ჩვეულებას, ადათსა და ლეგიტიმურ წესრიგს შორის განსხვავების საილუსტრაციოდ ვებერს მოჰყავს მაგალითები: როდესაც ავეჯის ტრანსპორტირების სააგენტო რეგულარულად სთავაზობს მომხმარებელს თავის მომსახურებას და აწვდის ინფორმაციას გადაზიდვის განრიგის შესახებ, ასეთი რეგულარობა (მოქმედების განმეორებადობა) დაფუძნებლია "ინტერესთა კონსტელაციაზე". როდესაც წვრილი ვაჭარი თვის ან კვირის განსაზღვრულ დღეებში მოივლის თავის კლიენტებს, ეს ან ხანგრძლივი ჩვევეის შედეგია, ან მისი დაინტერესების გამოვლენა. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან ზნე-ჩვეულებასთან, ან ადათთან. მათი დარღვევა იწვევს წყვეტას მოქმედების ერთგვაროვნებაში, რასაც ჯგუფუს შიგნით საერთო ინტერესებთან დაპირისპირება მოსდევს. ამის გამო დამრღვევი იმსახურებს სასჯელს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მორალური გაკიცხვა შეიძლება იყოს და არა რაიმე ადმინისტრაციული ზომების გატარება. პრინციპულად განსხვავებულ შემთხვევას წარმოადგენს ის, როდესაც სახელმწიფო მოხელე ყოველდღე ცხადდება სამსახურში განსაზღვრულ საათზე. მისი ქცევის რეგულარობა არ არის განპირობებული ან მხოლოდ შესაძლო ჩვევით, ან მხოლოდ შესაძლო ინტერესით (ეს ფაქტები შეიძლება არც არსებობდს). ამ შემთხვევაში მოქმედების ერთგაროვნება გამოწვეულია ჩინოვნიკისათვის სამსახურებრივი რეგლამენტაციის ადმინისტრაციული სისტემის "მნიშვნელადობით", რომელიც მოითხოვს მისგან გარკვეულ მაქსიმების შესრულებას (ერთ-ერთ მაქსიმას სწორედ სამსახურში გამოცხადების დრო წარმოადგენს). ამ მაქსიმების დარღვევა შელახვდა "მოვალეობის გრძნობას", როგორც რაციონალურ ღირებულებას, რასაც თავის მხრივ, ადმინისტრაციული სასჯელი მოჰყვებოდა. ადათსა და ლეგიტიმურ წსრიგს შორის აღნიშნული განსხვავების დაფიქსირების საჭიროების მიუხედავად, ვებერი ხაზს უსვამს, რომ სინამდვილეში (რეალურად) საზღვარი მათ შორის ძალზე ლაბილურია: ადათები ხშირად დაგაიზრდება მნიშვნელად სისტემებში.

     ლეგიტიმური წესრიგის მნიშვნელობადობა იმასაც ნიშნავს, რომ მისი გამოხატული მაქსიმები ძალაშია (ფუნქციობს) არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ასრულებენ, არამედ მაშინაც, როდესაც მათ არღვევენ. მაგალითად, ქურდი ცდილობს დამალოს თავისი ქცევა, ვინაიდან მისთვის სისხლის სამართლის კანონით გამოხატული მაქსიმა (რომელიც კრძალავს ქურდობას) აგრძელებს მნიშვნელობას. აქტორი მოვალეა ანგარიში გაუწიოს ამ მოთხოვნას და, არღვევს რა მას, ამით მაქსიმას კი არ აუქმებს, არამედ საკუთარ თავს აქცევს დევიანტად ლეგიტიმურ წერიგთან მიმართებაში. თუმცა, ვებერი (1990a: 638) იმასაც მიუთითებს, რომ თუ ლეგიტიმური წესრიგის დარღვევა წესად იქცა, მაშინ მისი მნიშვნელობა თანდათან იზღუდება და, ბოლოს, ქრება კიდეც. ამით ვებერს სურს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას იმას, რომ ლეგიტიმური წესრიგის ერთგვარი "ტრანსცენდენტურობა" თუ "დისტანციურობა" ინდივიდის (აქტორის) მიმართ სინამდვილეში სავსებით რელატიურია და მას ემპირიული შინაარსი აქვს: თუ პოპერს დავესესხებით, შეიძლება ითქვას, რომ ლეგიტიმური წესრიგიც სუბიექტთა შორის კონვენციის შედეგს წარმოადგენს, და, ამდენად, ყოველთვის მოსალოდნელია, რომ, მათივე ძალისხმევით, შეიცვალოს კიდეც.

     ვებერი აღნიშნავს იმასაც, რომ აქტორი თავის მოქმედებაში შეიძლება ორიენტირდეს რამდენიმე, თანაც ურთიერთსაპირისპირო ლეგიტიმურ სისტემაზე. ანუ ურთიერთდაპირისპირებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის წინაშე აღმოჩნდეს. ასე ემერთება, მაგალითად, დუელში მონაწილე სუბიექტს: ერთი მხრივ, იგი ორიენტაციას ახდენს "ღირსების კოდექასზე", ანუ იგი მოვალეა საკუთარი შელახული ღირსება დაიცვას. მეოე მხრივ, იგი ვალდებულია ანგარიში გაუწიოს სისხლის სამართლის კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს დუელს, რამდენადაც იგი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას გულისხმობს. დუელში მონაწილე სასამართლოს წინაშე წარსდგება, თუ დამალავს თავის საქციელს - ორივე შემთხვევაში მისთვის იურიდიული მაქსიმის მნიშვნელობა ძალაში რჩევა. იურისპოდენცია ამ შემთხვევაში აბსოლუტური ალტერნატივის წინაშე დგას - იგი ამოდის სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან და მხედველობაში არ იღებს "ღირსების კოდექსს". სოციოლოგიისათვის ამგვარი ალტერნატივა არ არსებობს: მან უნდა აღიაროს ორივე, ურთიერთსაპირისპირო სისტემის ლეგიტიმურობა.

     ვებერი (1990a: 639-43) განიხილავს მაქსიმებით გამოხატული წესრიგის ლეგიტიმურობის ე.ი. მისის მნიშვნელადობის უზრუნველყოფის შინაგან და გარეგან ფაქტორებს. შინაგან მაგარანტირებელ ფაქტორებთან დაკავშირებით, იგი მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური წესრიგი შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს:

     ა) წმინდა აფექტურად, რაც გამოხატავს წესრიგის მიმართ ემოციურ ერთგულებას;

     ბ) ღირებულებით-რაციონალურად, რაც გამოხატავს წესრიგის შესაბამისობას უმაღლეს (ეთიკურ, ესთეტიკურ ან სხვა რაიმე) ღირებულებასთან;

     გ) რელიგიურად, არც დაკავშირებულია იმის რწმენასთან, რომ არსებული წესრიგი ღვთის კეთილი ნების გამოვლენაა.

     შინაგანი ფაქტორების გარდა არსებობს წესრიგის მნიშვნელადობის მაგარანტირებელი გარეგანი ფაქტორები (ვებერი მათ ლეგიტიმური წესრიგის ტიპებს უწოდებს):

     ა) შეთანხმებულობა, როდესაც წესრიგი უზრუნველყოფილიაგარკვეული საერთო ჩვევევბის საფუძველზრ გაერთიანებული ადამიანთა წრის მიერ. წესრიგიდან გადახვევა მათი მხრიდან იმსახურებს გაკიცხვას (საყვედურს). მთავარი აქ ისაა, რომ ამ შემთხვევაშიდასჯას ახორციელებენ ცალკეული ადამიანები და არა სპეციალურად ორგანიზებული ჯგუფები.

     ბ) სამართალი, როდესაც წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ ადამიანთა სპეციალური ჯგუფები, რომელთა ინსტიტუციურ ფუნქციას წარმოადგენს მაქსიმების შესრულებაზე მონიტორინგი და მათი გატარება (დაცვა) ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. ასეთი ჯგუფები შეიძლება შეიქმნას გვარის, სექტის, კორპორაციის, რაიმე საზოგადოების და სხვ. ფარგლებში. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფის მიერ დასჯის ფორმები ძალზე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ეს ფორმები უფრო მკაცრია, ვიდრე უბრალოდ გაკიცხვა, ან საყვედური.

4. სოციალური მოქმედება და რაციონალობის კონცეფცია

     საჭიროა რამდენადმე დეტალურად შევჩერდეთ ვებერთან რაციონალობის კონცფციაზე და მის მიმართებაზე სოციალური მოქმედების თეორიასთან.[4] მით უფრო, რომ მათ შორის შინაგანი კავშირი არსებობს.

     დასავლური მკვლევარები (D.N. Levine, 1981: 9; S. Kalberg, 1981: 1146) სავსებით სწორად მიუთითებენ ვებერის რაციონალობის კონცეფციის "პოლიმორფოლოგიურ" ხასიათხე, რის გამოც ეს კონცეფცია "დრამატულად" განსხვავდება ყველა მისი წინამორბედისაგან, იქნება ეს კანტი, ჰგელი, ტიონისი თუ ზიმელი. ეს განსხვავება სამი ასპექტით მჟღავნდება: ჯერ ერთი, (რაც წმინდა თეორიული კვლევის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია), ვებერმა შექმნა სრულიად განსხვავებული კონცეპტუალური აპარატი რაციონალობის პროცესის და ფორმების აღსაწერად; მეორე, ვებერმა დაძლია ევროპოცენტრული თვალსაზრისი, რომ რაციონალობის განვითარება უნიკალურად დასავლური მოვლენაა, შეისწავლა რა რაციონალიზებული კულტურის ფენომენები კლასიკურ ანტიკურობაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთსა და ინდოეთში; და ბოლოს, მანამდე გაბატონებული თვალსაზრისისაგან განსხვავებით, რომელიც რაციონალობას განიხილავდა, როგორც თავისუფლების მთავარ წყაროს თანამედროვე დასავლეთში. ვებერმა რაციონალობა განიხილა, როგორც მუქარა თავისუფლების მიმართ.

     საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე, საჭიროა ყურადღების გამახვილება რაციონალობის კონცეპტუალურ ასპექტზე. ვებერი შრომაში "პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული" (1990b: 186) აღნიშნავს ცნება "რაციონალური"-ს კომპლექსურობას და რაციონალიზაციის პროცესის წინააღმდეგობრივ ბუნებას. ვებერის შრომებში ეს სირთულე კარგად აისახა, რაც რაციონალობის ვებერისეული კონცეფციის ადეკვატურ ინტერპრეტაციას აძნელებს.

     ამ სიძნელის დასაძლევად D. H. Levine (1978: 10) საჭიროდ მიიჩნევს ვებერის კონცეფციაში გამოკვეთოს განსხვავბა სუბიექტურ და ობიექტურ რაციონალობას შორის. სუბიექტური რაციონალობის ლოკუსს წარმოადგენს აქტორთა მენტალური პროცესები (აქ ავტორი პარალელს ნახულობს კანტის "პრაქტიკულ გონებასთან", ჰეგელის "თვითცნობიერებასთან", ტიონისის "რაციონალურ სურვილთან", ზიმელის "გონების გამოთვლით უნართან", პარეტოს "სუბიექტურ ლოგიკურობასთან"). ობიექტური რაციონალობის ლოკუსის მოქმედების პროცესები და ინსტიტუციური ნორმების სახით გამოხატული სიმბოლოები (აქ პარალელები იძებნება, იმასთან რასაც ჰეგელი კანონებში და პოლიტიკურ ინსტიტუტებში ხორცშესხმულ გონებას უწოდებს, ტიონისის კონცეფციასთან "Gesellschaft”-ის სტრუქტურის და მისი იურიდიული სააგენტოების შესახებ, ზიმელის მიერ "აპერსონალურ კალკულაციაზე" დაფუძნებული სოციალური ურთიერთობების კვლევასთან, პარეტოს "ობიექტურ ლოგიკურობასთან").

     D.H. Levine-ის აზრით, მართალია ვებერი სპეციალურად არ განიხილავს ასეთ განსხვავებას, მაგრამ მის შრომებში არსებობს მთელი რიგი პასაჟები, სადაც იგი ახდენს ამგვარ დიფერენციაციას, და რაც ყველაზე საყურადღებოა, სწორედ სოციალურ მოქმედებასთან მიმართებაში. კერძოდ, ვებერის თანახმად ([1922] 1949: 34 [488]), სუბიექტური რაციონალობა ეხება მოქმედებას, რომელიც ცნობიერია და წინასწარგანზრახული (იმ მოქმედების საპირისპიროდ, რომელიც ემორჩილება არაცნობიერ მოტივებს და არაწინასწარგანზრახულია) და/ან ორიენტირებულია საშუალებებზე, რომლებიც სუბიექტის მიერ ჩაითვლება, როგორც კორექტული (სწორი) მოცემული მიზნისათვის. ამისაგან განსხვავებით, ობიექტურად რაციონალურია მოქმედება,რომელიც იყენებს ტექნიკურად კორექტულ (სწორ) საშუალებებს მეცნიერულ ცოდნასთან შესაბამისობაში და/ან ექვემდებარაბა გარეგან სისტემატიზაციას.

     მსგავს განსხვავებას სხვაგანაც ვხვდებით: თავისი შრომის - "ეკონომიკა და საზოგადოება" - პირველი თავის მე-6 და მე-7 პარაგრაფებში ვებერი ერთმანეთისაგან გაარჩევს, ერთი მხრივ, იმ განსხვავებულ გზებს, რომელთა მეშვეობითაც აქტორები ორიენტირდებიან ნორმების და სოციალური წესრიგის დასაცავად და, მეორე მხრივ, იმ საფუძვლებს, რომელთა გამოც ლეგიტიმურობა მიეწერება სოციალურ წესრიგს. ეს უკანასკნელი უნდა განვიხილოთ როგორც ინსტიტუციურ ფორმათა ტიპოლოგია, რომელიც შეიცავს შეხედულებებს და დაკავშირებულია სანქციებთან, რომლებსაც სოციალური წესრიგის წარმომადგენლები მიმართავენ ლეგიტიმური ძალაუფლების გამოსაყენებლად.

     ხაზი უნდა გაესვას (კიდევ ერთხელ) იმას, რომ ობიექტური რაციონალობის ქვეშ ვებერი არ გულისხმობს მოქმედების "ობიექტურად სწორ (ვალიდურ)" მნიშვნელობას, რომელიც ნორმატიული დატვირთვის მქონეა (ისე როგორც ეს ესმის, მაგალითად, იურისპოდენციას, რომლისგანაც ვებერი პრინციპულად განასხვავებს თავის ემპირიულ სოციოლოგიას). ობიექტურ რაციონალობას, დიურკჰაიმის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, საქმე აქვს სუპრა ინდივიდუალურ (supra-individual), ანუ ინსტიტუციურ ნორმებთან. რაც შეეხება სუბიექტურ რაციონალობას, იგი ეხება აქტორთა სუბიექტურ განზრახვებს, რამდენადაც ისინი გულისხმობს ამ ნორმებით უზრუნველყოფილი სოციალური წესრიგის მიმართ დამორჩილებას ან მისგან გადახრას.

     თუ გავითვალისწინებთ განსხვავებას სუბიექტურ და ობიექტურ რაციონალობას შორის, შესაძლებელია, ამ კლასიფიკაციის საფუძველზე შევაფასოთ, ზოგადად, მოქმედების და, კერძოდ, სოციალური მოქმედების ვებერისეული კონცეფცია, რომელიც ზემოთ იქნა განხილული:

     როდესაც ვებერი ერთმანეთისგან განასხვავებს გაგების რაციონალურ (ლოგიკურ და მათემატიკურ) და ემპათიკურ (ემოციურ, მხატვრულად რეცეპტულ) მნიშვნელობებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა მენტალური პროცესების ორი კონტექსტი: ლოგიკურ-მათემატიკური გაგება სუბიექტური რაციონალობის პრედიკატია, ხოლო ემპათიკური გაგება - სუბიექტური არარაციონალობის პრედიკატი.

     სხვა მხრივ, სუბიექტური ორიენტაციის ფორმებს წარმოადგენს, აგრეთვე, ვებერის მიერ სოციალური მოქმედების კლასიფიკაცია (მიზან-რაციონალური, ღირებულებით-რაციონალური, ტრადიციული და აფექტური).

     მენტალური პროცესების ლოგიკურ-მათემატიკურ და ემპათიურ კონტექსტებსა და სოციალური მოქმედების ფორმებს შორის არსებობს კორელაცია: მიზან-რაციონალური მოქმედებები სუბიექტური რაციონალობის კორელატურია, ხოლო, ტრადიციული და აფექტური მოქმედებაბი - სუბიექტური არარაციონალობის. ეს მიმართებები სქემატურად ასე შეიძლება გამოისახოს (D. H. Levine, 1978: 14):

     რაც შეეხება ობიექტურ რაციონალობას, ვებერი განიხილავს ამგვარი რაციონალობის სხვადასხვა ფორმას და ვარიაციას. ამ შემთხვევაში ვებერი იკვლევს რაციონალობის ფენომენს ცხოვრების ისეთ ინსტიტუციურ სფეროებში, როგორიცაა: ეკონომიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური წესრიგი, სამხედრო ორგანიზაცია, იურიდიული სისტემები, სოციალური სტრატიფიკაცია, განათლება, რელიგია, ეთიკა, მეცნიერება, ხელოვნება და ეროტიკული ცხოვრება. ამრიგად რაციონალიზაციის პროცესს შეიძლება დავაკვირდეთ სხვადასხვა სოციოკულტურულ დონეზე და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

     შრომებში: "ეკონომიკური საზოგადოება", "პროტესტანტული ეთიკა და კაპიალიზმის სული", "მსოფლიო რელიგიების სოციალური ფსიქოლოდია" - ვებერი გაარჩევს ობიექტური რაციონალობის ოთხ სახეს: კონცეპტუალურს, ინსტრუმენტალურს, სუბსტანციურს, (substantive) და ფორმალურს. რაციონალობის თეორიული ტიპი წარმოადგენს კონცეპტუალურ სქემას, რომელსაც ვებერი იყენებს მოქმედების განსაზღვრული მოდელების ანალიზისათვის. სხვანაირად თუ ვიტყვით, რაციონალობის ეს ტიპები ქმნის მოქმედების ცნობიერ წესებს (რეგულაციებს), იმისათვის, რათა დაძლიონ რეალობის ფრაგმენტულობა. მოკლედ დავახასიათოთ თითოეული მათგანი:

     კონცეპტუალური (თეორიული, ინტელექტუალური) რაციონალობის ქვეშ ვებერი ([1946] 1958a: 293 [265-66]), ზოგადად, გულისხმობს ნებისმიერ აბსტრაქტულ კოგნიტურ პროცესს, გამოხატულს მის ყველა ექსპანსიურ, აქტიურ ფორმაში. რაციონალობის ეს ტიპი რეალობაზე ზეწოლას (რეალობის მართვას) ახორციელებს აბსტრაქციული ცნებების გაგების გზით (და არა მოქმედებაზე აქცენტირებით). იგი წარმოადგენს კოგნიტურ კონფრონტაციას ადამიანის რეალურ გამოცდილებასთან ისეთი აზროვნებითი პროცესების მეშვეობით, როგორიცაა ლოგიკური დედუქცია და ინდუქცია, მიზეზობრიობის მიწერა, სომბოლური მნიშვნელობების ფორმაცია და სხვ. ვებერის თანახმად, კონცეპტუალური რაციონალობა აყალიბებს სამყაროს კოჰერენტულ (თანმიმდევრულ), აბსტრაქტულ და მნიშვნელად სურათს. იგი მოიცავს ლოგიკური სისტემატიზაციის და გენერალიზაციის კოგნიტურ პროცესებს და წარმოადგენს რეაქციას ადამიანის სურვილზე, "გამოხატოს და გაიგოს სამყარო".

     თეორიული რაციონალიზაციის პროცესს ვებერი ისტორიის უადრეს საფეხურზე აღმოაჩენს: ათასი ჯურის მისნები და ქურუმები ცდილობდნენ ბუნების და ზებუნებრივი სამყაროს გარაციონალურებას (მათთვის მნიშვნელობის მინიჭებას). ზნეობრივად მხსნელი რელიგიების გაჩენასთან ერთად, მისმა მქადაგებლებმა (პირველ რიგში, თეოლოგებმა) მოახდინეს დოქტრინებში იმპლიციტურად ნაგულისხმევი ღირებულებების კიდევ უფრო რაციონალიზება, რათა უზრუნველყოთ "ტანჯვის მარადიულობის" გაგებისათვის ხელმისაწვდომი ახსნა. ფილოსოფოსები კიდევ უფრო შორს წავიდნენ კონფეპტუალიზების მიმართულებით და შეეცადნენ თეორიული სქემით აეხსნათ ბუნება და საზოგადოება, მათი საწყისები და კანონზომიერება. ვებერი ([1946] 1958a: 279-81 [251-54]); ([1921] 1968: 505-6 [307-8]), აღნიშნავს, რომ თეორიული რაციონალობის მამოძრავებელი ძალას წარმოადგენს მოაზროვნეთა და "სისტემატიკოსთა" "მეტაფიზიკური მოთხოვნილება", აჯობონ რეალობის რუტინას და ყოველდღიური ცხოვრების შემთხვევით მოვლენებს მიანიჭონ კოჰერენტული მნიშვნელობა. ამ მოაზროვნეთა მოტივაციას წარმოადგენს პასუხის ძიება მეტაფიზიკურ კითხვაზე (M. Weber, [1921] 1968: 451 [275]),: თუ სამყაროს მთლიანობაში და, კერძოდ, ცხოვრებას, უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, რა შეიძლება ეს იყოს და როგორ უნდა გამოიყურებოდეს სამყარო იმისათვის, რომ შეესაბამებოდეს მას?" ვებერი დარწმუნებულია, რომ ამ ძიებამ ითამაშა განუზომლად დიდი როლი ინტელექტუალთა ძალისხმევაში, გაერღვიათ ყოველდღიური რეალობა და გაეგოთ სამყარო, როგორც "მნიშვნელობის მქონე" კოსმოსი.

     ინსტრუმენტალური (პრაქტიკული) რაციონალობა, ვებერის თანახმად ([1921] 1968: 400 [224]), ადამიანის მოღვაწეობას (activity) განიხილავს წმინდა პრაგმატულ და ეგოისტურ ინტერესებთან მიმართებაში. იგი წარმოადგენს მოცემული პრაქტიკული მიზნის მეთოდურ განხორციელებას, ადეკვატური საშუალებების გამოყენებით. ადეკვატური საშუალებების ქვეშ იგულისხმება ტექნიკური ეფექტური და ოპერატიული ხერხების გამოყენება მიზნის მისაღწევად. ინსტრუმენტალურ რაციონალობას არ აინტერესებს მოქმედების მოდელები, რომლებიც თვითკმარ ღირებულებათა სისტემის პოზიციებიდან, აქტიურ მანიპულირებას ახდენს ყოველდღიური ცხოვრების რუტინაზე; ცხოვრების პრაქტიკულ-რაციონალური გზა არსებულ რეალობას იღებს, როგორც მოცემულობას ახდენს ყველაზე მიზანშეწონილი საშუალებების გამოთვლას იმ წინაარმდეგობების დასაძლევად, რომელსაც აწყდება. ვებერი აღნიშნავს ([1946] 1958a: 293 [266]), რომ ამ შემთხვევაში, პრაგმატული მოქმედება (ყოველდღიურ ინტერესების აზრით) არის განმსაზღვრელი და პრაქტიკული მიზნები მიიღწევა ყველაზე ადეკვატური საშუალებების ფრთხილი აწონვის და ზედმიწევნით ზუსტი გამოთვლის გზით.

     მართალია ვებერის ([1946] 1958a: 279 [251]), 284 [256]) თანახმად, რაციონალობის ეს ტიპი ყველაზე სრულყოფილად მჟღავნდება ისეთ სოციალურ ფენაში, როგორიცაა გლეხები, ვეჭრები და ხელოსნები და სწორედ ეს "სამოქალაქო" (civic) ფენა ამჟღავნებს გამოკვეთილ ტენდენციას, უხელმძღვანელოს ცხოვრებას პრაქტიკული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ, ვებერი იმასაც აღნიშნავს ([1921] 1968: 400 [224]), რომ ინსტრუმენტალური რაციონალობა მაინც უნივერსალურ ფორმას წარმოადგენს და თვით მაგიური და რელიგიური ქცევების ყველაზე ელემენტარულ ფორმას მოიცავს.

     სუბსტანციური (თვითმყოფადი) რაციონალობა, ვებერის თანახმად ([1921] 1968: 85 [44]), დაკავშირებულია შეფასებით სტანდარტებთან. რაციონალობის ეს ფორმა აყალიბებს ვალიდურ წესებს და კრიტერიუმებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს წესები ეთიკურ იმპერატივებს მოიცავს (რომლებიც თანხმობაშია ეთიკურ იდეალებთან); ხელოვნებაში - შეფასების ესთეტიკურ კრიტერიუმებს; ეკონომიკის, პოლიტიკის და სმართლის სფეროებში - შესაბამის მაქსიმებს და ა. შ.

     ვებერის მიხედვით ([1921] 1968:85-86 [44-45]), სუბსტანციური რაციონალობა იმით ემსგავსება პრაქტიკულ რაციონალობას (შესაბამისად, განსხვავდება თეორიული რაციონალობისაგან), რომ იგი პირდაპირ (უშუალოდ) უქვემდებარებს მოქმედებას განსაზღვრულ ეტლონებს. თუმცა, პრაქტიკური რაციონალობის საპირისპიროდ, ეს პროცესი არ წარმოადგენს უბრალოდ მიზან-საშუალებათა გამოთვლას, რიგითი რუტინული პრობლემების გადასაჭრელად, არამედ - რეალობის მართვას ნამყოს, აწმყოს და პოტენციურ "ღირებულებათა პოსტულატთან" (past, prezent, or potential "valuepostulate”) მიმართებაში. ღირებულებითი პოსტულატი გულისხმობს არა მხოლოდ ერთ ღირებულებას, (მაგალითად, სიმდიდრის მხარდაჭერას ან მოვალეობის განხორციელებას), არამედ ღირებულებათა მთელ ჯგუფს, რომლებიც განსხვავდება სიღრმით, შინაგანი სიმტკიცით და შინაარსით. ამდენად, რაციონალობის ეს ტიპი წარმოადგენს ინდივიდის იმ უნარის მანიფესტაციას, რომ იმოქმედოს ღირებულებით-რაციონალურად.

     ვებერი აღნიშნავს, რომ სუბსტანციური რაციონალობა შეიძლება შემოისაზღვროს, განახორციელოს რა ცხოვრების მხოლოდ განსაზღვრული სფეროს ორგანიზება, სხვა კი მხედველობის გარეშე დატოვოს. ამის ილუსტრაციას წარმოადგენს, მაგალითად, მეგობრობის სფერო, რომელიც ყოველთვის, როცა იმართება ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა ერთგულება, თანაგრძნობა და ურთიერთდახმარება, ქმნის სუბსტანციური რაციონალობის არსს. კომუნიზმნი, ფეოდლიზმი, ჰედონიზმი, ეგალიტარიზმი, კალვინიზმი, სოციალიზმი, ბუდიზმი, ინდუიზმი და რენესანსული თვალსაზრისი ცხოვრებაზე, აგრეთვე, სუბსტანციური რაციონალობის მაგალითებია, რამდენადაც ახდენს მოქმედების ორგანიზებას მათი ღირებულებათი შინაარსის შესაბამისად.

     რა სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს, სუბსტანციური რაციონალობა უნდა განვიხილოთ (M. Weber, [1946] 1858a: 294 [266]), როგორც "ვალიდური წესი (კრიტერიუმი), როგორც განსაკუთრებული "სტანდარტი", რომლის მიხედვითაც შეირჩევა, გაიზომება და შეფასდება ("გასამართლდება") ემპირიულ მოვლენათა ერთობლიობა. ჯგუფები, ორგანიზაციები, ინსტიტუტები, პოლიტიკური ერთობები, კულტურები და ცივილიზაციები იმართება სპეციფიკური ღირებულებითი პოსტულატების მიერ, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ აღიქმებიან მისი მონაწილეების მიერ იგივეობრივად.

     ვებერი მიუთითებს შესაძლო ღირებულებითი პოსტულატების დაუსრულებლობაზე (infinity), რის გამოც, ზოგიერთი კრიტიკოსი (S. Kalberg, 1981: 1155) სუბსტანციური რაციონალობის ვებერისებულ კონცეფციას "რადიკალურ პერსპექტივიზმს" მიაწერს. სუბსტანციური რაცონალობა და მასზე დაფუძნებული რაციონალიზაციის პროცესები ყოველთვის არსებობს ბოლოვადი თვალსაზრისის, ანუ "დირექტივების" სახით: თითოეული ასეთი თვალსაზრისი გულისხმობს ღირებულებათა იგივეობრივ (identifiable) კონფიგურაციას, რაც განსაზღვრავს შემდგომში რაციონალიზაციის პროცესის პოტენციურ მიმართულებას. ამროგად, რაციონალურ ღირებულებათა დაუსრულებლობა (infinity) არ ნიშნავს მუდმივი სტანდარტების ქსელის არსებობას რაციონალიზაციის პროცესებისათვის. პირიქით, "რადიკალური პერპექტივიზმის" თანახმად, რაციონალიზაციის პროცესის არსებობა დამოკიდებულია ბოლოვადი ღირებულებების ინდივიდთა მხრიდან სავარაუდო ან განსაზღვრული, ცნობიერი ან არაცნობიერი უპირატესობის მინიჭებაზე და მოქმედების სისტემატიზაციაზე ღირებულებების შესაბამისად.

     ცხოვრების ყველა სფეროში არსებობს ღირებულებათა პოსტულატზე დაფუძნებული, სულ ცოტა, ერთი იგივეობრივი თვალსაზრისი. თავის მხრივ, თითოეული სფეროს შიგნით მიმდინარე რაციონალიზაციის პროცესები უკუშეხებაშია იმავე ღირებულებით პოსტულატებთან. ვებერის მიხედვით ([1946] 1858a: 301 [275]), ცხოვრების სფეროები (life-spheres) საკუთარი ღირებულებით პოსტულატებს განიხილავენ, როგორც "რაციონალურს", ხოლო სხვა სფეროებში მოქმედ პოსტულატებს "ირაციონალურის" იარლიყს აკრავენ. მაგალითად, ეკონომიკის სფეროში მოქმედი ეფექტურობის და პროდუქტულობის თვალსაზრისის მიხედვით, ყველა მონოპოლიური სტატუსი, ვინაიდან ისინი ზღუდავს თავისუფალი ბაზრის გაფართოებას, წარმოადგენს "ირაციონალურს". ასე აფასებს კაპიტალიზმის ცხოვრების წესი ფეოდალიზმის ღირებულებებს, რამდენადაც მათში მონოპოლურობა ყველაზე მეტად მჟღანდება. მეორე მხრივ (M. Weber, [1946] 1858a:348-49 [561-62]), 311-40 [544-45] კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი ანგარიშიანობა და პოლიტიკოსთა ძალაუფლებითი ინტერესები "ირაციონალურად" ფასდება რელიგიური თვალსაზრისით და პირიქით. სხვა მაგალითი (M. Weber, [1946] 1858a: 281 [253]): თანამედროვე ინტელექტუალისათვის, რომელიც მხოლოდ მეცნიერებას და ემპირიულ ცოდნას ენდობა, რწმენის მიმართ რელიგიური ადამიანის ნდობა ირაციონალურის სფეროს განეკუთვნება[5].

     ფორმალური რაციონალობა აყალიბებს აბსტრაქტულ პროცედურებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს პიროვნული კავშირების და სოციალური შეხედულებების გავლენა და მაქსიმალურად გაზარდოს ქმედებების წინასწარმეტყველების (გათვლის) შესაძლებლობა. რაციონალობის ეს ფორმა მოქმედებებს და ურთიერთობებს აქცევს კალკულირებადი წესრიგის ფარგლებში.

     როგორც მკვლევარები მიუთითებენ (S. Kalberg, 1981: 1159), პრაქტიკული, თეორიული და სუბსტანციური რაციონალობის ინტერცივილური და ეპოქის მიმართ ტრანსცენდენტური (epoch-trancending) თავისებურებისაგან განსხვავებით, ფორმალური რაციონალობა იფარგლება მხოლოდ ინდუსტრიალიზაციისათვის დამახასიათებელი ცხივრების სფეროებით და ძალაუფლების სტრუქტურებით. რაციონალობის ეს ტიპი ყველაზე გამოკვეთილად მჟღავნდება ეკონომიკურ, სამართლებრივ და მცნიერების სფეროებში, აგრეთვე, ძალაუფლების ბიუროკრატიულ ფორმაში.

     აღსანიშნავია ფორმალური რაციონალობის სპეციფიკური განსხვავება პრაქტიკული რაციონალობისაგან: ორივე ორიენტირდება კალკულირებად მოქმედებაზე, მაგრამ თუ პრაქტიკული რაციონალობა ყოველთვის მიმართულია ტენდენციაზე, რომ, გამომდინარე პრაგმატული კერძო ინტერესებიდან, რუტინული პრობლემები გამოთვალოს და გადაჭრას მოქმედების მიზან-საშუალებათა რაციონალური ეტალონების მეშვეობით, ფორმალური რაციონალობა მიზან-საშუალებათა ამგვარ რაციონალურ გამოთვლას ახდენს უნივერსალურად გამოყენებადი წესების, კანონების თუ ნორმების საფუძველზე. ვებერი ხაზგასმით მიუთითებს ([1921] 1968: 979 [565], 244 [141], 225 [129]), რომ ფორმალური რაციონალობა ახორციელებს ისეთი აბსტრაქტული წესების გამოთვლას, რომელთა შესაბამისად გადაწყვეტილებები მიიღება "პიროვნებების მხედვლობაში მიღების გარეშე". მოქმედების ორიენტაცია ფორმალურ წესებზე და კანონებზე უარყოფს ნებისმიერ თვითნებობას (arbitrariness): უნივერსალიზმის კალკულირებადი წესრიგის პირობებში გადაწყვეტილების მიღების ("კეთების") პროცესი საერთოდ არ ითვალისწინებს ინდივიდის პერსონალურ თვისებებს. რჩეული პიროვნებები - თვით ქარიზმატულიც კი - ექვემდებარებიან ფორმალური რაციონალობის პროცედურებს. მაგალითად, მემამულის (lord of a manor) პიროვნული მიმზიდველობა და კეთილგანწყობა სრულიად უცხოა ბიუროკრატიის "სულისათვის".

     ვებერი ([1921] 1968: 975 [562], 226 [130], 225 [129]; [1946] 1958a: 295 [267]) ფორმალური რაციონალობის გამოკვეთილ ინდიკატორად (ძალაუფლების ყველაზე რაციონალურ ტიპად) ბიუროკრატიულ ძალაუფლებას მიიჩნევს, რამდენადაც ამ დროს დომინანტურს წარმოადგენს მოქმედება, რომელიც ორიენტირებულია ინტელექტუალურად გაანალიზებად ზოგად წესებზე, ისევე როგორც - მათი გახანგრძლივების ყველაზე ადეკვატური საშუალებების შერჩევაზე. ბიუროკრატიის მიზანი სხვა არაფერა, თუ არა პრობლემების გაადაჭრის ყველაზე ზუსტი და ეფექტური საშუალებების გამოთვლა, უნივერსალური და აბსტრაქტული წესებისადმი მატი დამორჩილების მეშვეობით. ვებერი აღწერს რაციონალობის ამ ტიპის მოქმედებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: სამართლის სფეროში ლეგალური ფორმალური რაციონალობა, ვებერის თანახმად ([1921] 1968: 656-57 [396]), არსებობს მაშინ, როდესაც ფორმალურად განსწავლული იურისტები შეიმუშავებენ კანონებს, რომლებიც სახელმწიფოს ყველა მოქალაქეს მიეყენება იმ აზრით, რომ "მხედველობაში მიიღება რაიმე შემთხვევის მხოლოდ არაორაზროვანი ზოგადი ნიშნები (თვისებები), წმინდა პროცესუალური და ლეგალური ფაქტორების გათვალისწინებით". იურიდიული პროცედურის ეს სახე უპირისპირდება ლეგალურ სუბსტანციურ რაციონალობას, რომლის დროსაც გადაწყვეტილებები მიიღება ბოლოვადი (აბსოლუტური) სამართლიანობის პოსტულატზე დაყრდნობით. მსგავსად ამისა, ეკონომიკურ სფეროში (M. Weber, [1921] 1868a: 85 [44-45]) ფორმალური რაციონალობა ნიშნავს, რომ "ბაზრის კანონების" ფარგლებში უნივერსალურად სრულდება ყველა ტექნიკურად შესაძლო კალკულაცია, მიუხედავად იმისა, თუ რა ხარისხით არღვევენ ისინი ეთიკურ სუბსტანციურ რაციონალობას.

     რაც შეეხება მეცნიერების სფეროს, ვებერის თანახმად, თეორიული რაციონალობის მიერ ფორმულირებული ჰიპოთეზების საპირისპიროდ, მთლიანად ფორმალურ-რაციონალურად უნდა ჩაითვალოს ექსპერიმენტული მეცნიერული პროცედურები. ამ შემთხვევასი, კალკულაცია სრულდება ექსპერიმენტის ზოგადი წესების მიხედვით. ეს კიდევ უფრო რთული გზაა, ვიდრე წესების შემუშავება ძალაუფლების ბიუროკრატიულ ფორმაში, ანდა სამართლის და ეკონომიკის სფეროებში: მკაცრი ემპირიული დაკვირვება, კვანტიფიკაცია და სისტემური გაზომვა აღწევს ამ დროს მეთოდური კონტროლის პიკს, განსაკუთრებით, ლაბორატორიულ პირობებში. აქაც, ისევე როგორც ცხოვრების სხვა სფეროში, ყველა ტექნიკურად შესაძლო მიზან-საშუალებათა რაციონალური გამოთვლა ხორციელდება "პიროვნებათა შეხების გარეშე".

     წესებზე ორიენტირებული წმინდა კალკულაცა (რაც უშუალო უკუგავლენას ახდენს მოქმედებაზე) ხორციელდება რელიგიის სფეროში, თუმცა, მხოლოდ ზოგიერთ განსაკუთრებულ შემთხვევაში. ფორმალური რაციონალობა ამ სფეროში ვებერის მიერ აღიწერება (1946] 1858a: 293-94 [266]), როგორც მოქმედება, რომელიც "იმართება გეგმის მიხედვით" (Planmassigkeit): ამ შემთხვევაში, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, გამოიყენება ისეთი მეთოდური ხერხები, როგორიცაა ჭვრეტა (contemplation) ან იოგა.

     მკვლევარები, ვებერის შრომების ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კომენტარებს აკეთებენ აღნიშნული ტიპოლოგიზაციის შესახებ. კერძოდ, ისინი (D. N. Levine, 1978: 14) აღნიშნავენ, რომ ა) არსებობს სპეციფიკური ნათესაობა ობიექტური რაციონალობის ამა თუ იმ ფორმასა და სხვადასხვა ინსტიტუციურ სფეროს შორის. მაგალითად, მეცნიერების სფეროში (რომელიც ძირითადად დაკავშირებულია სამყაროს გაგებასთან), სპეციფიკურ სიახლოვეს ამჟღავნებს კონცეპტუალურ რაციონალობასთან ბ) ნიშანდობლივია ის, რომ ობიექტური რაციონალობის ოთხივე ფორმას აქვს თავისი "ორეული" (დუბლიკატი) სუბიექტური რაციონალობის ფორმებს შორის. კერძოდ, რაციონალური (ლოგიკურ-მათემატიკური) გაგება შეესაბამება კონცეპტუალურ რაციონალობას; მიზან-რაციონალური ორიენტაცია თანხმობაშია ინსტრუმენტალურ რაციონალობასთან; ღირებულებით-რაციონალური ორიენტაციის დუბლიკატია სუბსტანციური რაციონალობა; მიუხედავად იმისა, რომ ვებერი არ იძლევა ტერმინს იმ სუბიექტური ორიენტაციის აღსანიშნავად, რომელიც ფორმალური ორიენტაციის პარალელური იქნება, იგი ხშირად აღწერს აქტორთა მენტალურ ტენდენციას, რომ მარეგულირებელი ნორმების შეთვისებით დაიცვან წსრიგი, რაც ამ ტენდენციას მოტივაციურ მნიშვნელობას ანიჭებს.

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, ობიექტური რაციონალობის ოთხი ფორმიდან სამი (ინსტრუმენტალური, სუბსტანციური და ფორმალური) უშუალო, ხოლო ერთი (კონცეპტუალური) - გაშუალებულ შეხებაშია სოციალური მოქმედებასთან (მოქმედების სოციალურიად სანქცირებულ მიმდინარეობასთან). რაციონალობის ტიპები წარმოადგენს იმ კონცეპტუალურ სქემას, რომელსაც ვებერი იყენებს მოქმედების წესების და მოდელების ანალიზისათვის. მოქმედების ეს ცნობიერი წესები (რეგულაციები) იქმნება იმისათვის, რათა დაიძლიოს რეალობის ფრაგმენტულობა. კერძოდ,

     ა) ინსტრუმენტალური რაციონალობა "ზრუნავს" მოქმედების ნორმების ტექნიკურ ეფექტურობაზე; რაციონალობის ეს ტიპი არსებობს როგორც ადამიანთა უნარების გამოვლინება (მანიფესტაცია) მიზან-რაციონალური მოქმედებისათვის;

     ბ) სუბიექტური რაციონალობა მიისწრაფვის მიაღწიოს მოქმედებათა მოტივაციურ ერთიანობას, დაუქვემდებაროს რა მოქმედება განსაზღვრულ "თვითკმარ" ღირებულებებს;

     გ) ფორმალური რაციონალობა ახდენს მოქმედებების დაგეგმვას და მათი მომავალი მსვლელობის გათვლას;

     დ) რაც შეეხება კონცეპტუალურ რაციონალობას, იგი წარმოადგენს სიმბოლური სისტემების (ანუ, "კონცეპტების", რომლებიც გამოხატავენ და იმეცნებენ) და არა სოციალური მოქმედების, პრედიკატს. მიზან-რაციონალური მოქმედებისაგან განსხვავებით, რომელიც უზრუნველყოფს საფუძველს წმინდა ადაპტაციური პრაქტიკული რაციონალობისათვის, თეორიული რაციონალიზაცია რეალობას ხელმძღვანელობს (მართავს) აზროვნების მეშვეობით. თუმცა, ვებერი დარწმუნებულია, რომ ამ ფორმას არა უშუალო, მაგრამ ირიბი შეხება აქვს მოქმედებასთან: რეალობასთან თეორიულ კონფრონტაციას შეუძლია შექმნას მოქმედების ახალი რეგულაციები, არაპირდაპირ შემოიტანოს მოქმედების ეტალონები.[6]

     შინაარსობრივი განსხვავების მიუხედავად, რაციონალობის ოთხივე ტიპისათვის საერთო ის არის, რომ ისინი აღწერს მენტალურ პროცესებს (ანუ, თუ D. N. Levine-ის გამოკვლევას გავითვალისწინებთ, კორელაციას ამყარებენ "სუბიექტურ რაციონალობასთან") და ისწრაფვიან, მართონ რეალობა. რაციონალობასთან (ობიექტური და სუბიექტური) დაკავშირებული პროცესები სისტემურ კონფრონტაციაშია სოციალური რეალობის კონკრეტული მოვლენების სასრულ ნაკადთან, დაუკავშირებელ და წყვეტად ხდომილობებთან. რეალობის მართვა ნიშნავს სწორედ მის მოწესრიგებას გასაგები და "მნიშვნელადი" წესებით.

     როგორც უკვე აღინიშნა, რაციონალობის ტიპები და მათთან დაკავშირებული მენტალური პროცესები ვებერს უმთავრესად იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ისინი შეიძლება "ითარგმნოს" სოციალურ მოქმედებათა ეტალონებად. ერთი მხრივ, კავშირი რაციონალობის ტიპებსა და მენტალურ პროცესებს (D. N. Levine-ის სიტყვებით, ობიექტური რაციონალობის "სუბიექტურ დუბლიკატებს") შორის, ხოლო, მეორე მხრივ, მოქმედებასთან მათი მიმართების ხასიათი სქემატურად ასე შეიძლება გამოიხატოს (S. Kalberg, 1981: 1162):

     რამდენადაც ობიექტური რაიცონალობის ტიპები და მათთან დაკავშირებული მენტალური პროცესები სხვა არაფერია, თუ არა მოქმედების ცნობიერი რეგულაციები, რომელთა მიზანია რეალობის მართვა, მიმართება, ერთი მხრივ, რაციონალობის ტიპებსა და მენტალურ პროცესებს, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური მოქმედების ტიპებს შორის, ასეთია:

     ა) რაციონალობის პრაქტიკული და ფორმალური ტიპები და მათი თანმდევი მენტალური პროცესები, როგორც წესი, დაკავშირებულია მიზან-რაციონალურ მოქმედებასთან;

     ბ) სუბსტანციური რაციონალობა, როგორც წესი, ღირებულებით-რაციონალურ მოქმედებას უკავშირდება;

     გ) მიუხედავად იმისა, რომ თეორიული რაციონალობა, მოქმედების ნაცვლად, დაფუძნებულია აბსტრაქტულ კოგნიტურ პროცესებზე, რაციონალური მოქმედება (თვით რაციონალური მოქმედების ეტალონებიც კი) შეიძლება არაპირდაპირ გამომდინარეობდეს თეორიული რაციონალური აზროვნებიდან.

     საბოლოო ჯამში, მიმართებათა ქსელი სუბიექტურ და ობიექტურ რაციონალობასა და, სოციალური მოქმედების რაციონალურ და არარაციონალურ ფორმებს შორის სქემატურად ასე გამოიხატება (S. Kalberg, 1981: 1162):

     * რაციონალური მოქმედება შეიძლება შეიქმნას არაპირდაპირ

     ვებერის სქემის მიხედვით, რაციონალობის სუბსტანციური, ფორმალური და თეორიული ტიპები არ რჩება ამორფული მოქმედების სოციო-კულტურული რეგულაციების მიმართ. პირიქით, სოციოლოგიური და ისტორიული ფაქტორების კონფიგურაციების გათვალისწინებით, ისინი ინსტიტუციონალიზდება როგორც მოქმედების ნორმატიული რეგულაციები "ლეგიტიმურ წესრიგთა" - ორგანიზაციების, ძალაუფლების ტრადიციული (პატრიარქალური, პატრიმონიალური, ფეოდალური) და რაციონალურ-ლეგალური (ბიუროკრატიული) ფორმების; ეკონომიკური სტრუქტურების, ეთიკური დოქტრინების, კლასების და სტრატების - ფარგლებში. რაც შეეხება პრაქტიკულ რაციონალობას, მისი "პრობლემის-გადამჭრელი" (problem solving) ხასიათის გამო, იგი ძირითადად შემოიფარგლება რუტინული, ყოველდღიური, პრაგმატული წინააღმდეგობების სფეროთი.

     როგორც მკვლევარები მიუთითებენ (R.H. Howe, 1978: 366-85), არსებობს "გამორჩეული სიახლოვე" გარკვეულ ლეგიტიმურ წესრიგებს და მოქმედების კერძო ტიპებს შორის. როდესაც სუბსტანციური რაციონალობა წინასწარმეტყველების, მღვდლების და თეოლოგების მიერ ფორმირდება ზნეობრივად მხსნელი დოქტრინების სახით და ინსტიტუციონალიზდება ისეთი ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ეკლესია, სექტა და სხვ. რელიგიური (ღვთისმოშიში) ადამიანები, როგორც წესი, გრძნობენ ვალდებულებას, რომ მისდიონ "ეთიკურ სუბსტანციურ რაციონალობას" ღირებულებით-რაციონალური მიზნებიდან გამომდინარე. თუმცა, არ არის აუცილებელი, სუბსტანციურ რაციონალობას მისდიოს მხოლოდ ღირებულებით-რაციონალური მოქმედების ფარგლებში. ვებერის თანახმად ([1921] 1968: 26 [13], 85-86 [45]), ბევრი ადამიანი არ ფლობს "რელიგიურ კვალიფიკაციას", თუმცა, თანმიმდევრულად მიმართავს თავის მოქმედებებს ღირებულებებთან კონსტელაციაში. საქმე ისაა, რომ მათ სჯერათ ამ ღირებულებების არა როგორც აბსოლუტური ეთიკური ნორმების, არამედ როგორც მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპებისა, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ მომენტალური (ამჟამად მოცემული) მოთხოვნების შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ეთიკური სუბსტანციური რაციონალობა ხორციელდება მხოლოდ მიზან-რაციონალური მოტივებით, ინდივიდის კერძო ინტერესებთან მიმართებაში ამ შესაძლებლობის ილუსტრაციას წარმოადგენს, მაგალითად, ბიზნესმენის მიზან-რაციონალური მოტივაცია, რომელიც კალვინისტთა სექტას უბრალოდ იმიტომ უერთდება, რომ მოიპოვოს უმწიკვლო, პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია და უზრუნველყოს სექტის და ერთობის სხვა წევრების გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის. ასეთ შემთხვევაში, მოქმედების სუბსტანციური რაციონალური ეტალონები არ ჩაითვლება ღირებულებით-რაციონალურად. ისინი წარმოადგენს ნამდვილ მიზან-რაციონალურ საშუალებებს წარმატებული ბიზნესის განსახორციელებლად.

     ვებერი განიხილავს სხვა კორელაციებს განსაზღვრულ ლეგიტიმურ წესრიგსა და სოციალური მოქმედების ტიპებს შორის: კაპიტალიზმი, მაგალითად, როგორც ლეგიტიმური ეკონომიკური წესრიგი, სხვადასხვა მიზეზის წყალობით განვითარდა. ვებერი (1990b: 70-96) ამტკიცებს, რომ თანამედროვე კაპიალიზმის საფუძვლებს სრულყოფილად ვერ გავიგებთ, თუ არ გავითვალისწინეთ პურიტანთა ღირებულებით-რაციონალური ორიენტაცია ეთიკური სუბსტანციური რაციონალობის მიმართ: მორწმუნის რელიგიური შთაგონება დისციპლინირებული, მეთოდური შრომის მიმართ, ფულის მოგროვება და დაბანდება აღმოჩნდა ეკონომიკური მოღვაწეობის ის სისტემატური კომპონენტი, რომელიც გაცილებით ეფექტური გამოდგა, ვიდრე "ავანტურას აყოლილი კაპიტალისტების" უტილიტალური ორიენტაციები ეკონომიკური ტრადიციონალიზმის წინააღმდეგ. მეორე მხრივ, თანამედროვე კაპიტალიზმი ხასიათდება საბაზრო ეკონომიკის აბსტრაქტული კანონების ერთგულებით, წმინდა მიზან-რაციონალური მოტივებიდან გამომდინარე:

     ამრიგად, ვებერის თანახმად, ლეგიტიმური წესრიგი, რომელიც ახდენს რაციონალობის ამა თუ იმ ტიპის ინსტიტუციონალიზებას, შეიძლება დაუკავშირდეს სოციალური მოქმედების განსხვავებულ ტიპებს.

     * * *

     დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ ვებერი სოციალური მოქმედების თეორიას არაერთი კრიტიკოსი გამოუჩნდა. კრიტიკის ძირითად ობიექტს წარმოადგენს კონცეფცია მოქმედების სუბიექტური მნიშვნელობის (საზრისის) და, აქედან გამომდინარე მოქმედების გაგების შესახებ. პარსონსი (2000: 162-63) მიიჩნევს, რომ ვებერი ვერ გათავისუფლდა ფსიქოლოგიზმის გავლენისაგან, რომ მის მიერ მოქმედების ირაციონალური საზრისის აღიარებას ფსიქოლოგიურ დეტარმინაციამდე მივყავართ. მიუთითებენ (П. Гайдененко, 1990c: 21), რომ ამ შემთხვევაში საქმეს ვერ შველის იდეალური ტიპების, როგორც რაციონალური გაგების ინსტრუმენტების, შემოტანა. მაგალითად, პარსონსი თვლის, რომ ტრადიციული მოქმედების დაყვანა ჩვევის ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე (რასაც ვებერი აკეთებს) გაუმართლებელია, რომ ტრადიციული მოქმედება არ ნიშნავს სრულ "ავტომატიზმს", არამედ დაკავშირებულია გარკვეულ ნორმატიულ ასპექტებთან. ამასთან, ვებერი დაჟინებით ამტკიცებს, რომ რაციონალურ იდეალურ ტიპებს არა აქვს ნორმატიული მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში, პარსონსი (2000: 211) თვლის, რომ ვებერი დადგა მოქმედების ვოლუნტარისტური თეორიის პოზიციებზე.

     I. J. Cohen (2000: 78), პირიქით, ვებერს ადანაშაულებს, რომ მისი ორიენტაცია მოქმედების რაციონალურ გაგებაზე (იდეალური ტიპების პოზიციიდან), წინააღმდეგობაში მოდის ძალაუფლების მისივე საბაზისო განსაზღვრებასთან. ამ განსაზღვრების თანახმად (Weber, [1921] 1968: 53), ძალაუფლება წარმოადგენს ისეთი სოციალური მოქმედების ალბათობას, როდესაც აქტორს შესაძლებლობა ეძლევა განახორციელოს თავისი სურვილები, თუნდაც ამისათვის წინააღმდეგობების გადალახვა მოუწიოს. ვებერთან "სურვილი" (will) არის ნიცშეს "ძალაუფლების ნების" გამოძახილი. თუმცა, ვებერმა (ნიცშესაგან განსხვავებით) ეს ტერმინი ("სურვილი") თავის თეორიაში ისე შემოიტანა, რომ მას კონცეპტუალური საფიძველი ვერ მოუძებნა.

II თავის ძირითადი შინაარსი

     1. ვებერის თანახმად, ადამიანის მოქმედება სოციოლოგიისათვის იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც იგი შეიძლება დაექვემდებაროს ემპირიულ ანალიზს. ინდივიდის მოქმედებას ვებერი განსაზღვრავს, როგორც ქცევას, რომელსაც აქტორი ან აქტორები უკავშირებენ სუბიექტურ საზრისს (მნიშვნელობას), შესაბამისად, სოციოლოგიას (როგორც ემპირიულ მეცნიერებას) არ შეიძლება აინტერესებდეს მოქმედების "ობიექტურად მნიშვნელადი" ან "მეტაფიზიკური" მნიშვნელობა.

     2. მოქმედების გაგებას უზრუნველყოფს მასში ნაგულისხმევი სუბიექტური მნიშვნელობის წვდომა. არსებობს მოქმედების რაციონალური და ემოციური (არარაციონალური/ირაციონალური) მნიშვნელობები. რაციონალური საზრისის წვდომა მოქმედების გაგების ლოგიკურ-მათემატიკურ სიცხადეს აღწევს, ხოლო, ემოციური საზრისის წვდომა - გაგების ემოციურ და მხატვრულად რეცეპტულ სიცხადეს. პირველ შემთხვევაში გაგებას უზრუნველყოფს ინდივიდის ლოგიკური აზროვნების უნარი, ხოლო, მერე შემთხვევაში - თანაგანცდის, მგრძნობელობის უნარი.

     3. მოქმედების გაგება შეიძლება განხორციელდეს ორ - უშუალო და მოტივაციურ - დონეზე. უშუალო გაგების დროს მოქმედების საზრისი (რაციონალური ან არარაციონალური) მიიწვდომება პირდაპირ, რომელიც წარმოადგენს იმის წვდომას, თუ რას აკეთებს აქტორი (რა არის მისი მოქმედების შინაარსი). რაც შეეხება მოტივაციურ გაგებას, იგი პასუხობს კითხვაზე - რატომ იქცევა აქტორი ასე, რაც წარმოადგენს მოქმედების საზრისისეული კავშირების წვდომას.

     იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედების საზრისი არ არის რაციონალური, ან, მით უფრო, მოქმედება უსაზრისო ხასიათს ატარებს, ისინი ტიპოლოგიურ მეცნიერულ კვლევას ექვემდებარება მოქმედების იდეალური ტიპების პოზიციიდან. იდეალური ტიპი წარმოადგენს თეორიულ-აბსტრაქტულ კონსტრუქციას, რომელიც აგებულია რეალურ ცხოვრებაში დაკვირვებადი ქცევებისა და ურთიერთობების განსაზღვრული მახასიათებლებისაგან. მას აქვს მხოლოდ შემეცნებითი (და არა მეტაფიზიკრ-ონტოლოგიური) ღირებულება, ანუ გამოიყენება ემპირიული (კერძო) შემთხვევების ინტერპრეტაციისათვის, როგორც შესადარებელი კონსტრუქციები. კერძოდ, იდეალურ ტიპებთან შედარების საფუძველზე შესაძლებელია განისაზღვროს რაციონალური მოქმედებისაგან გადახრის (დევიაციის) ზომა. იდეალური ტიპები მიზან-რაციონალური მოქმედებებისაგან შემდგარ კონსტრუქციას წარმოადგენს. კრიტიკოსები თვლიან, რომ იდეალური ტიპების შემოტანით, ვებერი აკნინებს არარაციონალური/ირაციონალური მოქმედებების სოციოლოგიურ რელევანტურობას, აღარიბებს ქცევის განზომილებათა მრავალფეროვნებას და აწესებს "ემბარგოს" ემოციაზე. საერთოდ, არაცნობიერ მოტივაციებზე.

     4. სოციალურ მოქმედებას ვებერი განსაზღვრავს როგორც აქტორის ქცევას, რომელიც მასში ნაგულისხმევი სუბიექტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეეფარდება სხვა აქტორთა ქცევებს და ორიენტირდება მათზე. ამ განსაზღვრებიდან გამომდინარე, სოციალურ მოქმედებად არ ჩაითვლება: ა) გარეგანი მოქმედება, რომელიც ორიენტირებულია ნივთობრივი ობიექტების ქცევაზე; ბ) ინდივიდის შინაგანი მოქმედება, თუ იგი მხოლოდ თვითორიენტაციას, ანუ საკუთარ თავთან მიმართებას გულისხმობს; გ) ორი ადამიანის ურთიერთქმედება, რომელიც მნიშვნელობის მქონე, ანუ გასაზრისიანებლ ორიენტაციას არ წარმოადგენს (მაგ., წმინდა რეაქტიული ურთიერთქმედება); დ) მრავალი ადამიანის ერთგვაროვანი ქცევა, რომელიც მოტივირებულია არა სხვათა ქცევაზე ორიენტაციით, არამედ გარე (არასუბიექტური) გამღიზიანებლისაგან თავდაცვით; ე) ისეთი მოქმედება, რომელიც სრულდება ადამიანთა ჯგუფების, მასის ზეგავლენის ქვეშ ("მასობრიობით განპირობებული" მოქმედება); ვ) მიბაძვითი მოქმედების ის შემთხვევა, რომელიც რეაქტიული ხასიათისაა, ანდა, შესაძლოა, ცნობიერ შინაარს ატარებს, თუმცა, სხვათა ქცევაზე ორიენტაციის გარეშე.

     5. ვებერი იძლევა სოციალური მოქმედებების კლასიფიკაციას, რომელიც ოთხი ტიპის მოქმედებას მოიცავს (კლასიფიკაციის კრიტერიუმად გამოყენებულია მოქმედების რაციონალობის ხარისხი): 1. მიზან-რაციონალური მოქმედება, როდესაც ინდივიდი ორიენტირებულია მიზანზე და მის მისაღწევად იყენებს გარე სამყაროს ნივთების და სხვა ადამიანთა ქცევებს (ქცევის მოლოდინებს), როგორც საშუალებებს. ამ დროს აქტორი ყოველთვის ითვალისწინებს იმას, თუ რა დამატებითი შედეგები მოყვება მიზნის განხორციელებას. აღნიშნულ მოქმედებას ვებერი იდეალურ ტიპად მიიჩნევს. იგი წმინდა სახით რეალობაში არ არსებობს, არამედ წარმოადგენს თეორიულ კონსტრუქციას, რომელიც გამოიყენება შემეცნებითი მიზნებისათვის არარაციონალური მოქმედებების მიმართ, რათა განისაზღვროს მათი დევიაციის ხარისხი. რეალობაში არსებობს მხოლოდ იდეალურ ტიპთან მიახლოებული საზრისის მქონე ქცევა; 2. ღირებულებით-რაციონალური მოქმედება, რომელიც დაფუძნებულია თვითკმარი ღირებულებების (რელიგიური, ეთიკური, ესთეტიკური და სხვა) უპირობო რწმენაზე. ამ დროს აქტორი რაციონალურად იღწვის ღირებულების რეალიზაციისათვის. თუმცა, სოციალური მოქმედების ეს ტიპი შეფარდებითად რაციონალურია, რამდენადაც იგი მხედველობაში არ იღებს მოქმედების მეორეხარისხოვან შედეგებს. ღირებულებით-რაციონალური მოქმედება ანტიუტილიტარისტულია - ინდივიდი მოქმედებს ღირებულებების და არა პრაქტიკული საჭიროებების შესაბამისად. 3-4. აფექტური და ტრადიციული მოქმედებები, რომლებიც, მკაცრი აზრით, არც წარმოადგენს სოციალურს, რამდენადაც იმყოფებიან გასაზრისიანებული მოქმედებების ზღვარზე და ხშირად ზღვარს მიღმაც. აფექტური მოქმედება განისაზღვრება როგორც ინდივიდის ემოციური მდგომარეობით განპირობებული, ხოლო ტრადიციული მოქმედება წარმოადგენს ხანგრძლივ ჩვევაზე დაფუძნებულ ქცევას. აფექტური და ტრადიციული მოქმედებები არარაციონალური სუბიექტური საზრისის მქონეა, თუმცა, არააუცილებლად - ირაციონალური მნიშვნელობის მქონეც. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ისინი უსაზრისო მოქმედებებად იქცევა, შესაბამისად, კარგავს "სოციალურობის" სტატუსს.

     6. სოციალურ ურთიერთობას ვებერი განსაზრვრავს, როგორც რამდენიმე აქტორის მოქმედებათა ურთიერთორიენტაციას, ამ მოქმედებებში ნაგულისხმევი სუბიექტური მნიშვნელობებიდან გამომდინარე. სოციალური ურთიერთობა არსებობს მაში, როდესაც მასში მონაწილე თითოეული წევრი მხედველობაში იღებს სხვათა ქცევას. სოციოლოგიას სოციალურ ურთიერთობათა ემპირიულად მრავალფეროვანი შინაარსის შესწავლა უნდა აინტერესებდეს და არა მისი ნორმატიული "სწორი", ანდა მეტაფიზიკურად "ჭეშმარიტი" მნიშვნელობის კვლევა.

     7. სოციალური ურთიერთობა "ობიექტურად ცალმხრივია" მაშინ, როდესაც მოქმედებათა ურთიერთორიენტაცია, ამავე დროს, არ წარმოადგენს ურთიერთგაგებას, ანუ არ მიიღწევა საზრისთა ერთგვაროვნება. პირიქით, მაშინ, როცა ურთიერთორიენტაციის პროცესში პარტნიორთა განწყობები და მოლოდინები თანხვდება, ასეთი ურთიერთობა "ობიექტურად ორმხრივს" წარმოადგენს. "ობიექტურად ცალმხრივი" ურთიერთობის დროს არსებობს სუბიექტური მოლოდინი იმისა, რომ განწყობა, რომელიც დამახასიათებელია ერთი მხარისათვის, დამახასიათებელი იქნება მისი პარტნიორისთვისაც. სოციალური ურთიერთობა არ შედგება, თუ არ არსებობს ასეთი სუბიექტური მოლოდინიც კი.

     8. სოციალური ურთიერთობის შინაარსი, თუ იგი დროში ხანგრძლივი აღმოჩნდა, ყალიბდება სუპა-ინდივიდუალურ ნორმებად, რომელთა დაცვასაც ყველაზე მეტად მოელიან, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, მოითხოვება კიდეც, ანუ სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, როდესაც სოციალური ურთიერთობა ჩვევაში გადაიზრდება, საქმე გვაქვს ზნე-ჩვეულებასთან. ადათი ისეთი ზნეჩვეულებაა, რომელიც მოქმედებათა გაცილებით ხანგრძლივ განმეორებადობას მოიცავს და, ამასთან, განპირობებულია საერთო ინტერესებით ("ინტერესთა კონსტელაცია"). როგორც ზნე-ჩვეულებები, ისე ადათები, ვებერის თანახმად, არ არიან "მნიშვნელადი" სოციალური ურთიერთობები. ეს ნიშნავს, რომ ისინი არავისაგან "მოითხოვენ" მატ დაცვას და შეიცავენ ნორმებს, რომლებიც სრულდება ვალდებულების შეგრძნების გარეშე. მათგან განსხვავებით, ლეგიტიმური წესრიგი ისეთ მაქსიმებზე ორიენტირებულ სოციალურ ურთიერთობას წარმოადგენს, რომელთა დაცვა სავალდებულოა. ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმური წესრიგი "მნიშვნელადია" - იგი ძალაშია მაშინაც კი, როდესაც მას არღვევენ. ამ ტიპის წესრიგის დაცვაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სისტემა, რომელსაც ინდივიდზე ზემოქმედების განსხვავებული ინსტიტუციური ბერკეტები აქვს.

     9. ვებერის კონცეფციაში საჭიროა გამოიკვეთოს განსხვავება ობიექტურ და სუბიექტურ რაციონალობას შორის. სუბიექტური რაციონალობა ეხება აქტორთა მენტალურ პროცესებს, რომლებიც ჩართულია მოქმედების გაგებაში. იგი მხედველობაში იღებს განზრახულ (ცნობიერ) მოქმედებებს და ორიენტირებულია საშუალებებზე, რომლებიც სუბიექტის მიერ კორექტულად ჩაითვლება მოცემული მიზნისათვის. რაც შეეხება ობიექტურ რაციონალობას, იგი ორიენტირდება სუპრა-ინდივიდუალურ, ინსტიტუციურ ნორმებზე და მათ შესაბამის მოქმედებებზე, რომლებიც სოციალური ლეგიტიმური წესრიგის წყაროს წარმოადგნს.

     10. მენტალურ პროცესებს ორი კონტექსტი აქვს: ლოგიკურ-მათემატიკური გაგება და ემპათიური გაგება. პირველი სუბიექტური რაციონალობის პრედიკატს წარმოადგენს, ხოლო მეორე - სუბიექტური არარაციონალობის. აღნიშნულ კონტექსტებსა და სოციალური მოქმედების ფორმებს შორის არსებობს კორელაცია: მიზან-რაციონალური და ღირებულებით-რაციონალური მოქმედებები სუბიექტური რაციონალობის კორელატურია, ხოლო, ტრადიციული და აფექტური მოქმედებები - სუბიექტური არარაციონალობის.

     11. ვებერი განიხილავს ობიექტურ რაციონალობის ოთხ ფორმას:

     ა) კონცეპტუალური (თეორიული, ინტელექტუალური) რაციონალობა. მის ქვეშ ვებერი გულისხმობს ნებისმიერ აბსტრაქტულ კოგნიტურ პროცესს, რომელიც რეალობის მართვას ახორციელებს აბსტრაქტული ცნებების აგების გზით (და არა უშუალოდ მოქმედებაზე ზეწოლით). იგი წარმოადგენს კოგნიტურ კონფრონტაციას ადამიანის რეალურ გამოცდილებასთან ისეთი აზროვნებითი პროცესების მეშვეობით, როგორიცაა ლოგიკური დედუქცია და ინდუქცია, მიზეზობრიობის მიწერა, სიმბოლური მნიშვნელობების ფორმაცია და სხვ.

     ბ) ინსტრუმენტალური (პრაქტიკული) რაციონალობა. ეს ტიპი ადამიანის მოღვაწეობას (activity) განიხილავს წმინდა პრაგმატულ და ეგოისტურ ინტერესებთან მიმართებაში. იგი წარმოადგენს მოცემული პრაქტიკული მიზნის მეთოდურ განხორციელებას ადეკვატური - ტექნიკურად ეფექტური და ოპერატიული - საშუალებების გამოყენებით. ინსტრუმენტალურ რაციონალობას აინტერესებს მოქმედების მოდელები, განხილული არა თვითკმარ ღირებულებათა სისტემის, არამედ უტილიტარული პოზიციებიდან.

     გ) სუბსტანციური (თვითმყოფადი) რაციონალობა. იგი დაკავშირებულია შეფასებით სტანდარტებთან. რაციონალობის ეს ფორმა აყალიბებს ვალიდურ წესებს და კრიტერიუმებს, რომლებიც მოიცავს ეთიკურ იმპერატივებს (იდეალებს), შეფასების ესთეტიკურ კრიტერიუმებს, სამართლებრივ და პოლიტიკურ მაქსიმებს და ა.შ. მათ საფუძველზე შეირჩევა, გაიზომება და შეფასდება ემპირიულ მოვლენათა ერთობლიობა. სუბსტანციური რაციონალობის მიერ მოქმედების დაქვემდებარება განსაზღვრული ეტალონებისადმი არ წარმოადგენს უბრალოდ მიზან-საშუალებათა გამოთვლას რიგითი რუტინული პრობლემების გადასაჭრელად, არამედ - რეალობის მართვას "ღირებულებით პოსტულატთან" მიმართებაში, რომელიც მოიცავს სიღრმით, შინაგანი სიმტკიცით და შინაარსით განსხვავებულ ღირებულებათა ნაკრებს.

     დ) ფორმალური რაციონალობა. ეს ტიპი აყალიბებს აბსტრაქტულ პროცედურებს (წესებს) ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს პიროვნული კავშირების და საზოგადოებრივი თვალსაზრისების გავლენა და მაქსიმალურად გაზარდოს ქმედებების გათვლის შესაძლებლობა. იგი სოციაურ მოქმედებებს და ურთიერთობებს აქცევს კალკულირებადი წესრიგის ფარგლებში. ფორმალურ რაციონალობას არა აქვს "ინტერცივილური" ხასიათი, იგი იფარგლება მხოლოდ ინდუსტრიალიზაციის ეპოქისათვის დამახასიათებელი ცხოვრების სფეროებით და ძალაუფლების სტრუქტურებით. მართალია, ფორმალური რაციონალობა, პრაქტიკული რაციონალობის მსგავსად, ორიენტირდება კალკულირებად მოქმედებაზე, მაგრამ თუ პრაქტიკული რაციონალობა ყოველთვის ამოდის პრაგმატული კერძო ინტერესებიდან, ფორმალური რაციონალობა მიზან-საშუალებათა რაციონალურ გამოთვლას ახდენს უნივერსალურად გამოყენებადი წესების, კანონების თუ ნორმების საფუძველზე. ასეთი გამოთვლის შესაბამისად გადაწყვეტილებები მიიღება "პიროვნებების მხედველობაში მიღების გარეშე". მოქმედების ორიენტაცია ფორმალურ წესებზე და კანონებზე უარყოფს ნებისმიერ თვითნებობას, რამდენადაც საერთოდ არ ითვალისწინებს ინდივიდის პერსონალურ თვისებებს. ვებერი ფორმალური რაციონალობის გამოკვეთილ ინდიკატორად ბიუროკრატიულ ძალაუფლებას მიიჩნევს.

     12. ობიექტური რაციონალობის ოთხივე ფორმას გააჩნია თავისი კორელატი სუბიექტური რაციონალობის ფარგლებს შორის. კერძოდ, ლოგიკურ-მათემატიკური გაგება შეესაბამება კონცეპტუალურ რაციონალობას; მიზან-რაციონალური ორიენტაცია თანხმობაშია ინსტრუმენტალურ რაციონალობასთან; ღირებულებით-რაციონალური ორიენტაციის დუბლიკატია სუბსტანციური რაციონალობა; მიუხედავად იმისა, რომ ვებერი არ იძლევა ტერმინის იმ სუბიექტური ორიენტაციის აღსანიშნად, რომელიც ფორმალური ორიენტაციის პარალელური იქნება, იგი ხშირად აღწერს აქტორთა მენტალურ ტენდენციას, რომ მარეგულირებელი ნორმების შეთვისებით დაიცვან აბსტრაქტული და უპიროვნო წესრიგი.

     13. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ობიექტური რაციონალობის ინსტრუმენტალური, სუბსტანციური და ფორმალური ტიპები უშუალო, ხოლო კონცეპტუალური ტიპი - გაშუალებულ შეხებაშია სოციალურ მოქმედებასთან. კერძოდ,

     ა) ინსტრუმენტალური რაციონალობა უზრუნველყოფს მოქმედების ნორმების ტექნიკურ ეფექტურობას. იგი წარმოადგენს მიზან-რაციონალური მოქმედების განსახორციელებლად ადამიანთა უნარების მანიფესტაციას.

     ბ) სუბსტანციური რაციონალობა უზრუნველყოფს მოქმედებათა მოტივაციურ ერთიანობას, ცდილობს რა დაუქვემდებარის მოქმედება განსაზღვრულ "თვითკმარ" ღირებულებებს.

     გ) ფორმალური რაციონალობა ახდენს მოქმედებების დაგეგმვას და მათი მომავალი მსვლელობის გათვლას.

     დ) კონცეპტუალური რაციონალობა, რომელიც სიმბოლური სისტემების, და არა სოციალური მოქმედების, პრედიკატია, რეალობას მართავს აზროვნების მეშვეობით. ამ ფორმას არა უშუალო, მაგრამ ირიბი შეხება აქვს მოქმედებასთან: რეალობასთან თეორიულ კონფრონტაციას შეუძლია შექმნას მოქმედების ახალი რეგულაციები, არაპირდაპირ შემოიტანოს მოქმედების ეტალონები. მაშასადამე, კონცეპტუალური რაციონალობა უზრუნველყოფს თეორიულ საფუძველს წმინდა ადაპტაციური პრაქტიკული რაციონალობისათვის.

ძირითადი ცნებები:

მოქმედება, სოციალური მოქმედება, სოციალური ურთიერთობა. იდეალური ტიპი, სუბიექტური საზრისი, ზნე-ჩვეულება, ადათი. ლეგიტიმური წესრიგი, სუბიექტური რაცონალობა, ობიექტური რაციონალობა, მიზან-რაციონალური, ღირებულებით-რაციონალური, ტრადიციული, აფექტური.

ძირითადი კითხვები:

  • როგორ განსაზღვრავს ვებერი ინდივიდის მოქმედებას? მოქმედების სუბიექტური საზრისის ვებერისეული ანალიზი
  • იდეალური ტიპები და მათი შემეცნებითი ღირებულება არარაციონალური/ირაციონალური მოქმედებების მიმართ.
  • როგორ განსაზღვრავს ვებერი სოციალურ მოქმედებას? სოციალური მოქმედების ფორმები; აფექტური და ტრადიციული მოქმედებების სოციალურობის პრობლემა.
  • რა არის სოციალური ურთიერთობა? რა ფორმები აქვს მას? სოციალური ურთიერთობის მნიშვნელობის პრობლემა.
  • ვებერის რაციონალობის კონცეპცია; სუბიექტური და ობიექტური რაციონალობა.
  • როგორია კორელაცია სოციალური მოქმედების ფორმებსა და სუბიექტური/ობიექტური რაციონალობის ტიპებს შორის?

მაქს ვებერი (1864-1920) ძირითადი შრომები:

  • (1904) სოციალური მეცნიერებათა მეთოდოლოგია
  • (1905) პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული
  • (1918) მსოფლიო რელიგიათა სოციალური ფსიქოლოგია
  • (1919) მსოფლიო რელიგიათა სამეურნეო ეთიკა
  • (1921) ეკონომიკა და საზოგადოება

დამოწმებული ლიტერატურა:

1. Cohen, I.J. 2000:Theories of Action and Praxis, in Bryan S. Turner (ed).. The Blackwell Componion to Social Teori (second edition). Oxford: Blackwell Publishers, pp. 73-111.

2. Howe, R. H. 1978: Max Weber's Eleqtive Affinities: Sociology within the Bounds of Pure Reason. Amercan Journal of Sociology, 84 (september), pp. 366-85.

3. Kalberg, S. 1981: Max weber's types of rationality: cornerstones for the analysis of rationalization processes in history. American Journal of Sociology, 85. pp. 1145-79.

4. Levine, D. 1981: Rationality and Freedom: Weber and Beyond. Sociological Inquiry, 51, pp. 5-25.

5. Sica, A. 1988: Weber, Irrationality and Social Order. Berkeley: University of California Press.

6. Weber Max [1921] 1968: Economy and society: An Outline of Interpretive Sociology, eds. G. Roth and C. Wittich. New York: Bedminster.

7. Weber Max [1922] 1949: The Methodology of the Social Sciences, trans. By Edward A. Shalis and Henry A. Finch New York: Free Press.

8. Weber Max [1946] 1958 a. The Social Psychology of the World Religions, in From Max Weber: Essays in Sociology ( hereafter Esseys), edited and translated by Hans H. Gerth and C. Wright Mills. New York: Oxford University Press, pp. 267-301.

9. Weber, M. [1946] 1958 b: Religious Rejections of the World and their Directions in from Max Weber: Essays in sociology (hereafter Essays), New York: Oxford University Press, pp. 323-58.

10. Вебер. М. 1990 а: Основные Социологические Понятия, в книге: М.Вебер, Избранные Произведения, Москва, „Прогресс“

11. . Вебер. М. 1990 b: Протестантская этика и Дух Капитализма, в книге: М.Вебер, Избранные Произведения. Москва, „Прогресс“.

12. Гайденко, П.П. 1990 с. Социология Макса Вебера. Книге: М.Вебер, Избранные Произведения. Москва, „Прогресс“.

13. Парсонс, Т. 2000: Структура Социального Действия. Москва, Академический Проект.


[1] ტერმინი „meaning“ შეიძლება ითარგმნოს როგორც „საზრისი“, ან „მნიშვნელობა“. რუსულ თარგმანში იხმარება როგორც „смысл“. წარმოადგენილ ტექსტში მოვიხმაროთ თარგმანის ორივე ვარიანტი.

[2] ვებერის თეორიის ფარგლებში ტერმინები „არარაციონალური“ და „ირაციონალური“ სპეციფიკურ განმარტებას მოითხოვს, რამდენადაც მათ მოქმედების საზრისთან არაერთგვაროვანი მიმართება აქვთ. ამაზე ქვემოთ იქნება საუბარი. ახლა მხოლოდ ის არის საინტერესო, რომ იდეალურ ტიპებს შემეცნებითი ღირებულება აქვს ნებისმიერი იმ მოქმედების მიმართ, რომელიც რაციონალური არ არის (ანუ, ორივე - არარაციონალური/ირაციონალური - მოქმედების მიმართ).

[3] როგორც ჩანს ვებერის მიერ ადატის ინტერპრეტაცია განსხვავდება არა მხოლოდ ამ ფენომენის ყოველდღიური ცნობიერების მიერ წარმოადგენისაგან, არამდ ეთნოლოგიური და ეთნომეთოდოლოგიური კვლევებისაგან. ვებერთან ადათები რედუქცირებულია მხოლოდ მოქმედების ერთგვაროვნების ხანგრძლივობაზე (ე.ი. დროის ფაქტორზე) და ინტერესთა თანაფარდობაზე. მაშასადამე, მათ არა აქვს ფორმალურ-ინსტიტუციური ხასიათი და არ ექვემდებარება ადმინისტრაციულ რეგულირებას.

[4] მე-19 საუკუნის ფრანგი ანთროპოლოგებისაგან განსხვავებით, ვებერი ამტკიცებდა, რომ ადამიანებს „რაციონალობა“ არ შეუძენიათ განმანათლებლობის ეპოქაში და, რომ რაციონალური მოქმედება ხელმისაწვდომი იყო ყველა წინა ეპოქისათვის: პრიმიტიული ადამიანის ყოველდღიური მოქმედებებიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო სუბიექტურად მიზან-რაციონალური, მაგალითად, როცა სრულდება სპეციალური რელიგიური რიტუალები ღვთისაგან წყალობის მიღების მიზნით, ვებერის აზრით ([1921] 1968: 429 [258-59]), ის წმინდა „გაცვლითი“ ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა მსხვერპლშეწირვასი და ლოცვებში, იდენტურია იმისა, რასაც თანამედროვე ბიზნესმენი აკეთებს, როდესაც ცდილობს გამოთვალოს ყველაზე ეფექტური საშუალებები მოგების მისაღებად. ამდენად, ვებერი რაციონალობის ტიპებს უნივერსალურად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ რაციონალობას, ძირეითადად, დასავლურ საზოგადოებებს უკავშირებს და იკვლევს, თუ რატომ არ შეითვისა ჩინურმა, ინდურმა და უძველესმა ახლო აღმოსავლურმა ცივილიზაციებმა რაციონალიზაციის პროცესი (რის გამოც მათ წიაღში „რაციონალური საზოგადოებები“ ვერ ჩამოყალიბდა).

[5] არამხოლოდ სხვადასხვა სფეროებს შორის, არამედ სუბსტენციური რაციონალობის თვალსაზრისები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი სფეროს შიგნით. მაგალითად (M. Weber, [1946] 1858a: 338 [551-52]) რელიგიური ცხოვრების სფეროში ინდუსების ორგანული სოციალური ეთიკა, როგორც ცხოვრების წესი, გაუგებარია ბუდისტური მისტიკისათვის, რომელმაც აირჩია გაყოლოდა ნირვანის გზას, ჭვრეტით ცხოვრებას და ასკეტიზმს.

[6] მაგალითად ვებერი (1990b: 142-4) ამტკიცებს, რომ აბსტრაქტული რაციონალიზაციის ზეწოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა დემაგიურობის (de-magification) პროცესებში, რამაც განაპირობა შუასაუკუნეების კათოლიციზმის ტრანსფორმაცია კალვინიზმად. სხვა მაგალითი (M. Weber (1921] 1968 432 [264]), 424 [258]): როდესაც გაჩნდა წარმოდგენა ღმერთებზე, როგორც ფუნქციონალურად ძალმოსილ ისეთ არსებებზე, რომლებიც ბოროტებისაგან იფარავენ ადამიანებს, მარცხის მოლოდინის (დაშვების) კომპენსირება კვლავ აბსტრაქტულმა (ლოგიკურმა) აზროვნებამ იტვირთა: მან დაასკვნა, რომ ღმერთები ეგოისტური არსებებია, რომელთა რისხვა მხოლოდ ხვეწნით და ვედრებით შეიძლება ჩაცხრეს. ამ წმინდად „რაციონალურმა“ დასკვნამ, თავის მხრივ, სხვადასხვაგვარი გავლენა მოახდინა სოციალური მოქმედების პროცესებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ღმერთების დაწყნარების აუცილებლობამ სტიმული მისცა იმას, რომ მომხდარიყო რელიგიურ პრაქტიკოსთა ახალი სტრატის ფორმირება, ჩამოყალიბებულიყო თაყვანისცემის ახალი სუბიექტები - მღვდლები. ვებერი მათ მეტაფიზიკურ სამეფოს თეორიულად რაციონალიზებული კონცეპტების გამოხატულებად მიიჩნევს.

იხილეთ ამოსაბეჭდი ვერსია:

"მაქს ვებერის სოციალური მოქმედების თეორია"

წიგნიდან

"სოციალური მოქმედების თეორიები"

ტეგები: Qwelly, ვებერი, თეორიები, კაჭკაჭიშვილი, სოციალური_მოქმედება, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 2913

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters