qwelly | literature | პროსპერ მერიმე - არსენ გიიო | პროსპერ მერიმე

პროსპერ მერიმე - არსენ გიიო

წიგნიდან: პროსპერ მერიმე - ნოველები

I

      „წმინდა როხის“ ეკლესიაში უკანასკნელი წირვა ახალი დამთავრებული იყო. მნათემ, ჩვეულებისამებრ, დაცარიელებული ეგვტრების დაკეტვას მიჰყო ხელი. ის იყო გამოსწია ერთ-ერთი არისტოკრატული სამლოცველოს რიკული, რომელშიც ზოგიერთ ღვთისმოსავს, განსაკუთრებული თანხის გადახდის შედეგად მოპოვებული აქვს უფლება ილოცოს სხვა მორწმუნეთაგან განცალკევებით, როდესაც მუხლებზე დაჩოქილი, შუბლით სკამის ზურგს მიყრდნობილი, ფიქრებში ღრმად წასული მლოცველი ქალი შენიშნა. „ქალბატონი დე პიენიაო“, - თქვა გულში და ეგვტრის შესასვლელთან შეჩერდა. ქალბატონ დე პიენის მნათე კარგად იცნობდა. იმ დროს მაღალი წრის ახალგაზრდა, ლამაზი, მდიდარი ქალის ღვთისმოსაობა, რომელსაც ეკლესიაში ნაკურთხი პური და საკურთხევლის საფენი დაჰქონდა და რომელიც თავის მოძღვრის მეშვეობით უხვად სცემდა შესაწირავს, ერთგვარ პატივისცემას იმსახურებდა, თუ მთავრობის მოხელეზე არ იყო გათხოვილი, არ ჰქონდა არავითარი დამოკიდებულება დოფინის ქალბატონთან და ეკლესიაში სიარულით სულიერ ნეტარების გარდა სხვა რასმე სარგებელს არ ნახულობდა. ასეთი იყო ქალბატონი დე პენი.

      მნათეს ბარემაც სურდა წასულიყო სასადილოდ, ამ ჯურის ხალხი ხომ საერთოდ პირველ საათზე სადილობს, მაგრამ ვერ გაებედა დაერღვია წმინდა როხის მრევლის ყველაზე პატივსაცემი ღვთისმოსავის მყუდროება. ჰოდა, გაეცალა; ქვაფენილზე გაცვეთილი ფეხსაცმელების პაკაპუკით განაგრძო საყდრის მოვლა, იმ იმედით, რომ ეგვტერი თავისუფალი დამხვდება, სანამ შემოვლას დავამთავრებო.

      მნათე უკვე გუნდის მხარეს იყო გასული, როდესაც ეკლესიაში ერთი ახალგაზრდა ქალი შემოვიდა, ტაძრის დაბალ კედელს აუარ- ჩაუარა და ცნობისმოყვარეობით მიმოიხედა ირგვლივ. საკურთხევლის ტიხარი, ეგვტრები, აიაზმის ქვაბი, ყოველივე ალბათ, ისე უცნაური სანახავი იყო მისთვის, როგორც თქვენთვის წმინდა ნიში იქნებოდა ან კაიროს რომელიმე მეჩეთის წარწერები.

      ქალი დაახლოებით ოცდახუთი წლის იქნებოდა, მაგრამ ყურადღებით უნდა დაკვირვებოდით, რომ მეტის არ მოგჩვენებოდათ. თუმცა ძალიან კი უბრწყინავდა თვალები, მაგრამ ჩავარდნილი და ამოლურჯებული კი ჰქონდა თეთრი, ოდნავ მონაცრისფრო სახის ნაკვთები და ფერდაკარგული ტუჩები ტანჯვაზე მეტყველებდნენ; და მაინც მის გამოხედვაში ავადმყოფური გარეგნობის შეუსაბამო სიმამაცე და მხიარულება იგრძნობოდა. მის ჩაცმულობას ერთგვარი დაუდევრობისა და გულმოდგინების კვალი ეტყობოდა. მისი ხელოვნური ყვავილებით მორთული ვარდისფერი ქუდი საღამოს შილიფი მორთულობისათვის უფრო გამოდგებოდა. ქიშმირის გრძელ შალში, რომელსაც ბანოვანის გამოცდილი თვალი შეამჩნევდა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო მისი პირველი მფლობელი, იმალებოდა ადლი ოც სუდ ღირებული ჩითის უხეში და ოდნავ გაცრეცილი კაბა. დაბოლოს, მხოლოდ მამაკაცს თუ მოიყვანდა აღტაცებაში მისი იაფფასიანი, წინდებით და მოკირწყლულ გზებზე სიარულში ჯაფაგამოვლილი პრუნელის ფეხსაცმელებით შემოსილი ფეხები. ალბათ გახსოვთ, ქალბატონო, რომ მაშინ ასფალტი ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი.

      ქალი, რომლის სოციალურ მდგომარეობას თავად მიხვდებოდით, ეგვტერს მიუახლოვდა, სადაც ჯერ კიდევ იმყოფებოდა ქალბატონი დე პიენი. ცოტა ხანს შეწუხებული და შემცბარი სახით უთვალთვალებდა, მერე, რა დაინახა წასვლას აპირებსო, ხმადაბლა, მოკრძალებული ღიმილით გამოელაპარაკა.

- ვერ მიმასწავლით, ქალბატონო, - ჰკითხა ხმატკბილად და მორცხვი ღიმილით, - ვერ მიმასწავლით, ვის მივმართო სანთლის დანთება მინდა.

      ასეთი კითხვა უჩვეულოდ მოხვდა ქალბატონ დე პიენის ყურს, უცებ ვერ მიხვდა, რასა სთხოვდნენ და გაამეორებინა ნათქვამი.

      - დიახ, ძალიან მინდოდა დამენთო, სანთელი წმინდა როხში, მაგრამ არ ვიცი, ფული ვის გადავუხადო.

      ქალბატონი დე პიენი იმდენად განათლებული სულის პატრონი გახლდათ, რომ უბრალო ხალხური ცრუმორწმუნეობა ვერ გაიტაცებდა, მაგრამ დაფასებით კი აფასებდა, რადგან ყოველგვარ თაყვანისცემაში, რაგინდ უხეშადაც არ უნდა იყოს იგი გამოხატული, არის რაღაც ამაღელვებელი. ქალბატონმა დე პიენმა თავისი გულმოწყალების გამო და კიდევ იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, საქმე ეხებოდა ნატვრას ან რაიმე მაგის მსგავსს, ისე რომ აზრადაც არ მოსვლია ამ ქალის ჩაცმულობის შემყურეს გამოეტანა დასკვნა, რომელსაც თქვენ შეიძლება არ მორიდებოდით, უკვე მოახლოებულ მნათეზე მიუთითა. უცნობმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ დე პიენს და იმ კაცისაკენ გაიქცა. მნათემ, როგორც ჩანს, უსიტყვოდ გაუგო მას. ქალბატონმა დე პიენმა, ვიდრე ლოცვანს შეინახავდა და პირბადეს გაისწორებდა, თვალი მოჰკრა თუ როგორ ამოიღო უცნობმა ჯიბიდან ქისა, როგორ ჩაიყარა მუჭაში ხურდა ფული, როგორ ამოაძვრინა იქიდან ერთადერთი ხუთფრანკიანი და როგორ გაუწოდა იგი მნათეს, რომელიც ღიმილით ისმენდა მის ხმადაბალსა და დაწვრილებით მითითებებს.

      ორივენი ერთდროულად გამოვიდნენ ეკლესიიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი გზა ჰქონდათ. ქუჩის კუთხეში, სადაც ქალბატონი დე პიენი ცხოვრობდა, იგი მას ხელმეორედ შეხვდა. ნახმარი შალის ქვემოდან უცნობს ოთხ გირვანქიანი პური მოუჩანდა, რომელიც მეზობელ დუქანში ეყიდა. რა დაინახა ქალბატონი დე პიენი, უცნობმა თავი ჩაღუნა, თავშეკავებულად გაიღიმა და ნაბიჯს აუჩქარა. მისი ღიმილი ამბობდა: „რა გინდათ? მე ღარიბი ვარ, დამცინეთ. თვითონაც ვიცი, რომ პურის საყიდლად ვარდისფერი ქუდით და ქიშმირის შალით არ დადიან“. ეს ცრუ სირცხვილი, მორჩილება და გულკეთილობა ერთად აღებული, მხედველობიდან არ გამოპარვია ქალბატონ დე პიენს. ქალიშვილის ცხოვრების პირობები წარმოიდგინა და სევდამ შეიპყრო; მისი გულმოწყალება უფრო სასიქადულოა, ვიდრე ჩემიო - გაივლო გულში, - მისი ერთი ეკიუ გულუხვობაზე მეტია, მე ხომ მხოლოდ იმას ვწირავ უქონელთ, რაც ზედმეტი მაქვს, თავად არაფერს ვიკლებო.

      მერე ქვრივის ორი გროში გაახსენდა, ღმერთს რომ მდიდრების ხელგაშლილობაზე მეტი სიამოვნება მოჰგვარა. ჩემი სიკეთე საკმარისი არ არისო, - გაიფიქრა, - უფრო მეტს უნდა ვაკეთებდეო. შინ მიმავალს, გონებაში ასეთი, რაღა თქმა უნდა, დაუმსახურებელი საყვედურები უტრიალებდა თავის თავის მიმართ. სანთელმა, ოთხგირვანქიანმა პურმა, შესაწირავად გამეტებულმა უკანასკნელმა ხუთფრანკიანმა წონა შემატეს ქალბატონ დე პიენას თვალში ახალგაზრდა ქალს, ვინც მისთვის უკვე გულმოწყალების თითით საჩვენებელ ნიმუშად ქცეულიყო.

      კიდევ ბევრჯერ შეხვდა ქალბატონი დე პიენი მას ქუჩაში, ეკლესიის ახლომახლო, მაგრამ მსახურებაზე კი არასოდეს უნახავს. ყოველთვის, როცა ქალბატონი დე პიენს გვერდით ჩაუვლიდა, თავს დაბლა ხრიდა და მშვიდად იღიმებოდა ხოლმე. ეს თავმდაბლური ღიმილი მოსწონდა ქალბატონ დე პიენს. ქალბატონი დე პიენი ისურვებდა: შემთხვევა მისცემოდა, რითიმე დახმარებოდა ამ საწყალ გოგოს, ვინც თავიდანვე მიიპყრო მისი ყურადღება და ახლა ასე ებრალებოდა; შეამჩნია, რომ ვარდისფერი ქუდი გახუნებოდა და ქიშმირის შალიც სადღაც გამქრალიყო. უეჭველია, გადამყიდველს დაუბრუნა. ცხადი იყო, წმინდა როხს ასმაგად არ გადაუხდია შეწირული.

      ერთ დღეს ქალბატონმა დე პიენმა დაინახა, რომ წმინდა როხში კუბო შეიტანეს. კუბოს ცუდად ჩაცმული კაცი მიჰყვებოდა უკან, მეკარე თუ რაღაც ამის მსგავსი, უკეპო შლიაპით. თვეზე მეტი იყო გასული, რაც ქალბატონ დე პიენს სანთლის დამნთები ქალი არ ენახა და ანაზდად თავში გაუელვა: იმას ხომ არ ასაფლავებენო. ეს ადვილი შესაძლებელი იყო, ვინაიდან უკანასკნელად როცა შეხვდა, ძალიან გამხდარი და ფერმიხდილი ეჩვენა. მნათემ ქალბატონი დე პიენის თხოვნით ყველაფერი გამოკითხა იმ კაცს, რომელიც კუბოს მიჰყვებოდა; ეს კაცი ლუი დიდის ქუჩაზე მდებარე სახლის კონსიერჟი აღმოჩნდა. მნათემ მისგან შეიტყო, რომ მისი სახლის მდგმური გარდაცვლილა, ვინმე ქალბატონი გიიო, რომელსაც არც ნათესავი ჰყოლია და არც მეგობარი. ერთი ქალიშვილი ჰყავდაო მხოლოდ, ჩემის მხრივ წმინდა წყლის გულკეთილობაა მის დაკრძალვას რომ ვესწრები, ჩემი არაფერი იყოო. ქალბატონმა დე პიენმა უმალ წარმოიდგინა, ჩემი უცნობი გაჭირვებაში მომკვდარა და პატარა გოგო უპატრონოდ დარჩენიაო. განიზრახა ამბის გასაგებად ხუცესი გაეგზავნა, რომელსაც ხშირად იყენებდა ხოლმე კეთილი საქმეებისათვის.

      ამ ამბიდან ორი დღე იყო გასული, რომ ქალბატონი დე პიენის ეტლი შინიდან გამოსვლისთანავე ქუჩაში გახიდულმა ფორანმა გააჩერა. სარკმლიდან დაბინდული მზერა ესროლა ფორანს. ფორანის კიდეში ის ახალგაზრდა ქალი დაინახა, მკვდარი რომ ეგონა. მაშინვე იცნო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივზე უფრო გამხდარსა და ფერმიხდილს ახლა ძაძებიც ემოსა, - არც ხელთათმანები ეცვა და არც ქუდი ეხურა. მისთვის ჩვეული სათნო ღიმილი სადღაც გამქრალიყო, სახე უცნაურად აშლოდა, დიდი შავი თვალები უაზროდ იცქირებოდნენ. ქალბატონ დე პიენს უყურებდა, მაგრამ ვერ სცნობდა; თვალში აღარაფერი უჩანდა. სახე მწუხარებაზე კი არა, უფრო რაღაც ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მეტყველებდა. ქალბატონ დე პიენის ეტლი სწრაფად მოსწყდა ადგილს. ამ გოგოს სახე და სასომიხდილი გამომეტყველება გულში ჩაყვა ქალბატონ დე პიენს.

      შინ დაბრუნებულმა ქუჩაში თავმოყრილი ბრბო დაინახა. კარისკაცები თავ- თავიანთ კარებთან იდგნენ და რაღაცას უყვებოდნენ მეზობლებს, რომლებიც, ჩანდა, დიდი ინტერესით უგდებდნენ მათ ყურს. განსაკუთრებით ბევრი ხალხი შეჯგუფებულიყო ერთ მაღალ შენობასთან, ქალბატონი დე პიენის სახლის მახლობლად. ყველას მზერა მესამე სართულზე, - ერთი ღია ფანჯრისაკენ იყო მიპყრობილი. აქა- იქ ჯგუფებში, დროდადრო ვიღაც ხელს გაიშვერდა ხოლმე ფანჯრისაკენ და მერე მიწაზე მიუთითებდა. დანარჩენები თვალს აყოლებდნენ მისი ხელის მოძრაობას; რაღაც არაჩვეულებრივი ამბავი უნდა მომხდარიყო

      წინკარში ქალბატონ დე პიენს შეშფოთებული მოსამსახურეები დაუხვდნენ, რომელნიც მყისვე გამოეშურნენ მისკენ ამბის სათქმელად და ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ. პირის ფარეშმა სიტყვის თქმაც არ აცალა, ისე მიაყარა: - ახ, ქალბატონო!.. რომ იცოდეთ!..

      ენით აუწერელი სისწრაფით გააღო კარი და თავის ქალბატონთან ერთად „წმიდათაწმიდა“ სამყოფელში, მინდოდა მეთქვა, ბუდუარში შევარდა, სადაც დანარჩენ მოსამსახურეებს შესვლა ეკრძალებოდათ.

      - ახ, ქალბატონო! - დაიწყო ჟოზეფინამ, თან მოსასხამს ხსნიდა ქალბატონ დე პიენს, - გონზე ვერ მოვსულვარ! ასეთი არაფერი მინახავს, მართალია, მე არ მინახავს, თუმცა მაშინვე მივირბინე.. მაგრამ მაინც...

      - რა მოხდა? ჩქარა ილაპარაკე!

      - დიახ, ქალბატონო, ამ სამი წუთის წინ მეზობელი სახლის ფანჯრიდან ერთი სნეული გადმოვარდა, საცოდავი გოგონა, თქვენ რომ ერთი წუთით ადრე დაბრუნებულიყავით, თვითონვე გაიგონებდით დაცემის ხმას.

      - ახ, ღმერთო ჩემო! მოკვდა ის უბედური?

      - ეს საშინელება იყო. ბაპტისტი, რომელიც ომშია ნამყოფი, ამბობს, ამნაირი არაფერი მინახავსო. მესამე სართულიდან გადმოვარდა, ქალბატონო!

      - ადგილზევე მოკვდა?

      - ოხ, ქალბატონო, ის კიდევ ინძრეოდა, ლუღლუღებდა კიდეც, ასე ამბობდა: „ბარემ გამათავეთო“. ძვალ- რბილი ერთმანეთში ჰქონდა არეული. წარმოიდგინეთ რა დღეში იქნებოდა!

      - კი მაგრამ, ამ უბედურს ... უპატრონა ვინმემ? ექიმი მოიყვანეს ან მღვდელი?

      - რაც შეეხება მღვდელს... თქვენ ჩემზე უკეთ იცით... მაგრამ მე რომ მღვდელი ვყოფილიყავი... უბედური, ისეთი გაუბედურებული ყოფილა, თვითმკვლელობამდე მისულა... ისე, უსაქციელო ქალი კი ყოფილა მითხრეს, ბალეტში გამოდიოდა თურმე. ეგენი ყველანი ცუდად ამთავრებენ... ფანჯრის რაფაზე შემდგარა, ვარდისფერი ბაფთით გამოუნასკვავს ქვედა ტანი და.. ჰოპლა!

      - ეს ის ძაძებში ჩაცმული გოგოა! - წამოიყვირა ქალბატონმა დე პიენმა.

      - დიახ, ქალბატონო! დედა მოუკვდა სამი თუ ოთხი დღის წინ. ამის გამო გონება დაუკარგავს... ამასობაში ოთახის ქირის გადახდის დროც დამდგარა, ფული არ ჰქონია, მუშაობა კი მათ საერთოდ არ იციან... დაბოლოს, შეიძლება საყვარელმა მიატოვა კიდეც... და აი ცოდვაც მოხდა... უბედური!

      - თუ იცით, აქვს მაინც რაიმე ამ საცოდავს, რაც მის პირობებში სჭირდება ადამიანს? თეთრეული, ლეიბები.. ახლავე უნდა გავიგოთ.

      - გავიგებ თქვენი სახელით, თუ გნებავთ, - წამოიძახა ჟოზეფინამ. აღფრთოვანებულმა იმით, რომ საშუალება ეძლეოდა ახლოს ენახა ქალი, რომელსაც თავის მოკვლა უნდოდა. მაგრამ მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დაუმატა: - მაგრამ, არ ვიცი, მეყოფა კი ძალა იმ ქალს შევხედო, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა! მე იმასაც ვერ ვიტანდი, ბაპტისტისთვის მეცქირა სისხლის გამოღების დროს... ცუდად ვხდებოდი.

      - კარგი, - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა, - მაშინ ბაპტისტი გაგზავნეთ, მაგრამ მალე მაცოდინეთ, როგორ არის ის საცოდავი.

      საბედნიეროდ, სწორედ მაშინ, როდესაც განკარგულებას იძლეოდა, ქალბატონ დე პიენს ექიმი - დოქტორი კ. ეწვია. ჩვეულებისამებრ, სამშაბათობით, იტალიური ოპერის დღეს, ექიმი ქალბატონ დე პიენთან სადილობდა.

      - ჩქარა გაიქეცით, ექიმო! - წამოიძახა; ჯოხის დადება და პალტოს გახდაც არ აცალა. - ბაპტისტს გაყევით აგერ ორი ფეხის ნაბიჯზე, ერთი საწყალი გოგო გადმოვარდნილა ფანჯრიდან, იქნება უშველოთ რამე.

      - ფანჯრიდან? - თქვა ექიმმა, თუ ფანჯარა მაღალზე იყო, მაშინ მე იქ ალბათ არაფერი მესაქმება.

      ექიმს ოპერაციის გაკეთებას სადილი ერჩია, მაგრამ ქალბატონმა დე პიენმა თავისი გაიტანა, დაპირდა: უთქვენოდ არ ვისადილებთო და ექიმი დაითანხმა გაჰყოლოდა ბაპტისტს.

      რამდენიმე წუთის შემდეგ ბაპტისტი უკან დაბრუნდა მარტო. თეთრეული, ყურთბალიშები და სხვა მოითხოვა, თან ქალბატონს ექიმის აზრი შეატყობინა: - საშიში არაფერია. გადარჩება, თუ... არ მახსოვს რას ამბობდა, რაღაცით თუ არ მოკვდაო, ეს სიტყვა „უს“ - ზე ბოლოვდება.

      - ტეტანუსი, - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა.

      - დიახ, ქალბატონო, მაგრამ ექიმის მისვლა მაინც საჭირო იყო, იქ ერთი უპრაქტიკო ექიმი აღმოჩნდა, აი ის, წითელასაგან რომ მკურნალობდა პატარა ბერთელოს; ის საცოდავი მისი მესამე მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.

      ერთი საათის შემდეგ ექიმი დაბრუნდა: ჟაბო გვერდზე მოქცეოდა და ზედ ცოტაოდენი პუდრიც დაჰყროდა.

      - თვითმკვლელები რა ქუდბედიანები არიანო, - თქვა, - ამ დღეებში ჩემთან საავადმყოფოში ერთი ქალი მოიყვანეს, ტყვია ჰქონდა ნასროლი პირში. საძაგელი ხერხია! სამი კბილი მოიტეხა და მარცხენა ლოყა გაიხვრიტა. ცოტა დამახინჯდა, ესაა და ეს. ვინმე წესიერი ადამიანი კი შემთხვევით გადმოვარდება მეორე სართულიდან და თავს გაიტეხავს. ეს გოგო, მაგალითად, მესამე სართულიდან ხტება, იტეხს მხოლოდ ფეხს, ორ ნეკნს, ღებულობს სხეულის მრავალ დაჟეჟილობას და მეტი არაფერი. მისი ბედი, რომ საჭირო ადგილზე იმყოფებოდა რაღაც გადმონაშვერი, რომელმაც შეარბილა დაცემა. ეს მესამე ასეთი შემთხვევაა, რაც მე პარიზში დავბრუნდი. მიწაზე ფეხებით დაეცა. პატარა და დიდი წვივის ძვლები კი შეეზრდება.. მაგრამ ამ კარიდის ქერქი რომ გამომშრალა, ამას რა ეშველება.. მწვადის ამბავიც მაფიქრებს, ოტელოს პირველ მოქმედებასაც ვეღარ მივუსწრებთ ალბათ..

      - გითხრათ იმ უბედურმა, თუ რამ უბიძგა ამ...

      - ო, ამ ამბებს არასოდეს არ ვისმენ, ქალბატონო. მხოლოდ ამას ვეკითხები: ჭამეთ თუ არა რაიმე ამ ამბის წინ? და სხვა და სხვა. ვეკითხები იმიტომ, რომ ამას მნიშვნელობა აქვს მკურნალობისათვის. ეშმაკმა დალახვროს! როცა თავს იკლავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საფუძვლიანი მიზეზი არა აქვთ, ხტებიან ფანჯრიდან, რომ ამით მას ვნება მიაყენონ, მაგრამ ვერ მოასწრებენ ძირს დავარდნას, რომ უკვე ყველაფერს ნანობენ.

      - საბრალო ბავშვი, ახლა ალბათ ნანობს ყველაფერს.

      - რა თქმა უნდა, ეჭვი არ შეგეპაროთ! ისე მოსთქვამდა, ლამის დამაყრუა.. ბაპტისტი კი, ქალბატონო, საუცხოო ფერშალი გამოდგა. საქმეს უფრო კარგად გაართვა თავი, ვიდრე ვიღაც ექიმბაშმა, რომელიც იქ იდგა და კისერს იფხანდა. არ იცოდა საიდან დაეწყო; მაგრამ საქმე ისაა, ეს ახალგაზრდა ქალი ჩამოვარდნით რომ მომკვდარიყო, თავიდან აიცდენდა ჭლექით სიკვდილს; ჭლექიანია. ამის გარანტიას ვიძლევი, მართალია, მისთვის არასოდეს მომისმენია, მაგრამ სახის გამომეტყველება არასოდეს მატყუებს. ეჰ, ნეტავი რას ჩქარობდა, ისედაც განწირულია.

      - ხვალაც ნახავთ, არა, ექიმო?

      - როგორც მიბრძნებთ, ისე საჭირო კია.. უკვე ვუთხარი, რომ თქვენ რითიმე დაეხმარებოდით. კარგი იქნება, თუ საავადმყოფოში გადაიყვანთ... იქ უფასოდ დაადებენ ფეხზე არტახებს. მაგრამ ეს კია, „საავადმყოფოს“ უხსენებ თუ არა, ყვირილს იწყებს, აქვე მომკალითო. ჭორიკანა ქალებსაც ხომ მეტი არ უნდათ, უმალვე აჰყვებიან ხოლმე. მაგრამ როცა არც ერთი გროში არ გაგაჩნია...

      - ხარჯებს მე გავიღებ, ექიმო!.. იცით, სიტყვა „საავადმყოფო“, ჭორიკნების არ იყოს, როგორც თქვენ ბრძანეთ, მეც მგვრის შიშს. ესეც არ იყოს, უბედური ახლა ისეთ მდგომარეობაშია, გინდა საავადმყოფოში გადაგიყვანიათ და გინდა მოგიკლავთ, ერთი და იგივეა.

      - ცრურწმენაა! წმინდა წყლის ცრურწმენა მაღალი წრის ხალხისა: საავადმყოფოში შესანიშნავი პირობებია. თუ ოდესმე ავად გავხდი, მოვითხოვ, დაუყონებლივ საავადმყოფოში გადამიყვანონ. სწორედ იქიდან გადავჯდები ხარონის ნავში, სხეულს კი მოსწავლეებს ვაჩუქებ.. რა თქმა უნდა, დღეიდან ოცდაათი, ორმოცი წლის შემდეგ. ხუმრობა იქით იყოს, ქალბატონო, აბა დაფიქრდით: განა თქვენი პროტეჟე იმსახურებს ასეთ ყურადღებას თქვენის მხრივ, მე თუ მკითხავთ, ეს გოგო ოპერიდან უნდა იყოს... მართლაც საოპერო ფეხები უნდა ჰქონდეს ადამიანს, ასეთი ნახტომი რომ გააკეთოს...

      - არა, ექიმო! ეკლესიაში ვნახე... და იცოდეთ... ხომ იცით, არა? მე შემიძლია მთელი ამბავი ავაგო ერთ უბრალო გამოხედვაზე, სახის გამომეტყველებაზე... იცინეთ რამდენიც გინდათ, მე იშვიათად ვცდები. ამ საცოდავმა დიდი ხანი არ არის, ავადმყოფი დედა შეავედრა ღმერთს. დედა მოუკვდა... ჰოდა, ამანაც გონება დააკარგვინა... გაჭირვებამ და სასოწარკვეთამ აქამდე მიყვანა!

      - ღმერთმანი! თხემის ძვალზე ნამდვილად ემჩნევა ამოზნექილობა, რაც უთუოდ ერთგვარ აღგზნებაზე მიუთითებს. რასაც თქვენ ამბობთ, ალბათ მართალია. მომაგონდა, რომ მისი ასაკეცი საწოლის თავზე წიფლის ტოტი ეკიდა. ეს ხომ მის ღვთისმოსაობაზე მეტყველებს, ხომ ასეა?

      - ასაკეცი საწოლი! ახ, ღმერთო ჩემო! საწყალი გოგონა! ექიმო, რატომ იღიმებით ასეთი მზაკვრული ღიმილით? მე იმაზე კი არ ვლაპარაკობ, ღვთის მოშიშია თუ არა. თუ რაღაც განსაკუთრებულ ვალდებულებას ვგრძნობ, ყურადღებით მოვეპყარი იმ ქალს, მხოლოდ იმიტომ, რომ მის წინაშე თავს დამნაშავედ ვთვლი.

      - დამნაშავედ? მივხვდი. თქვენ უეჭველი ვალდებული იყავით მისთვის ქუჩაში ბალიშები დაგეფინათ, რომ არაფერი ტკენოდა?

      - დიახ, დამნაშავედ. მე შევამჩნიე მისი მდგომარეობა და ვალდებული ვიყავი დავხმარებოდი, მაგრამ საწყალი მოძღვარი დიუბინიონი ლოგინად იყო ჩავარდნილი და..

      - ასე თუ გაგრძელდა, ვეღარ მოგისვენიათ, ქალბატონო, ყველა გაჭირვებულს თქვენ ეხმარებით, ახლა კიდევ ახალი აღმოგიჩენიათ... მაგრამ მოდით მოვეშვათ ფეხმოტეხილებს; თუმცა არა, კიდევ ვთქვათ ორი სიტყვა; თუ გადაწყვეტილი გაქვთ მფარველობა გაუწიოთ ჩემს ახალ ავადმყოფს, ხვალიდან მიეცით უკეთესი საწოლი, მომვლელი ქალი... დღეისათვის არამკითხე მამიდებიც საკმარისია, - ბულიონი, წამალი და სხვა. და კიდევ, ურიგო არ იქნება, თუ რომელიმე ჭკვიან ხუცესს გაუგზავნით, რათა მის ზნეობრივ გამოჯანსაღებაზე იზრუნოს ისევე, როგორც მე ვზრუნავ იმისათვის, რომ ფეხი მოვურჩინო. ეს ქალბატონი ძალიან ნერვიულია, მოსალოდნელია გართულებები. თქვენ. ღმერთმანი, თქვენ, მე მგონი ყველაზე უკეთ გაართმევთ თავს, უკეთეს ჭკუის დამრიგებელს ვერც იპოვით, მაგრამ რაც შეეხება ქადაგებას, ჩემგან არაფერი გესწავლებათ... გავათავოთ ამაზე ლაპარაკი. უკვე ცხრის ნახევარია. იწამეთ ღმერთი! მოემზადეთ ოპერაში წასასვლელად, ბაპტისტი ყავას და „დე დებას“ მომიტანს. მთელი დღე აქეთ- იქით დავრბივარ და არც ვიცი ქვეყანაზე რა ხდება.

      რამდენიმე დღემ გაიარა. ავადმყოფი ცოტა მომჯობინდა; ექიმი მხოლოდ იმას ჩიოდა, მისი სულიერი აღგზნებადობა არ კლებულობსო.

      - მაინცდამაინც დიდად არ ვენდობი თქვენს ხუცესს, - ეუბნებოდა ექიმი ქალბატონ დე პიენს. - ამ საცოდაობის ატანა რომ შეგეძლოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, საამისო გამბედაობა არ გაკლიათ, წმინდა როხის ყველა მოძღვარზე უკეთ შეძლებდით იმ უბედურის გონების დამშვიდებას; ეს კი არა, მე მგონი, თქვენი ქადაგება ლატუკის წვენზე უკეთაც იმოქმედებდა.

      ქალბატონ დე პიენსაც მეტი არა უნდოდა რა და უმალ გამოთქვა სურვილი ავადმყოფთან გაჰყოლოდა ექიმს. ერთად ავიდნენ ავადმყოფთან.

      ოთახში სამი სელის სკამი და ერთი პატარა მაგიდა იდგა, ავადმყოფი ქალბატონი დე პიენის გამოგზავნილ კარგ საწოლზე იწვა. თხელი საბნები, რბილი ქვეშაგები და ფართო ყურთბალიშების მთელი წყება მეტყველებდნენ იმ ადამიანის კეთილგანწყობაზე, ვისი ვინაობის დადგენა თქვენ ალბათ თავადაც არ გაგიძნელდებათ. ახალგაზრდა ქალი საშინლად ფერმიხდილი იყო და სიცხისაგან თვალები უხურდა; ცალი ხელი საწოლის გადაღმა ჰქონდა ჩაკიდული; ხელის ის ნაწილი, რომელსაც პერანგი ვერ ფარავდა, დალურჯებოდა. ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იქნებოდა მთელი მისი სხეული. ქალბატონი დე პიენი რომ დაინახა, თავი წამოსწია და თბილად, სევდანარევი ხმით თქვა: - ასეც ვიცოდი, ქალბატონო, რომ თქვენ შემიბრალებდით, თქვენი სახელი რომ მითხრეს, მაშინვე ვიფიქრე, ეს ის ქალბატონი იქნება, წმინდა როხთან რომ მხვდება-მეთქი.

      ვგონებ უკვე გითხარით, რომ ქალბატონ დე პიენს თავი მოჰქონდა იმით, რომ შეეძლო სახის გამომეტყველებით გამოეცნო ადამიანები. ეს უნარი ამ ქალსაც აღმოაჩნდა. ქალბატონი დე პიენი ერთობ მოიხიბლა ამ გარემოებით. ამ აღმოჩენამ ერთიორად გაუძლიერა ინტერესი ახალგაზრდა ქალისადმი.

      - აქ ძალიან ცუდად ხართ მოწყობილი, ჩემო გოგონა! - უთხრა და მზერა მიმოატარა ღარიბულად გაწყობილ ოთახში. - ფარდაგები რატომ არ მოუტანიათ? - ბაპტისტს უნდა უთხრათ ხოლმე ამ წვრილმანების შესახებ.

      - რა კარგი და კეთილი ხართ, ქალბატონო.. მე აღარაფერი მჭირდება.. უკვე ყველაფერი დამთავრებულია. ცოტა უკეთესად ვიქნები თუ ცოტა უარესად, რა მნიშვნელობა აქვს? - სახე დამალა და ატირდა.

      - დაიტანჯეთ, არა, საბრალო გოგონა! - შეეკითხა ქალბატონი დე პიენი და საწოლზე ჩამოჯდა.

      - არც ისე... მხოლოდ ყურებში ახლაც მიშხუის ქარი, ვარდნისას რომ მესმოდა; და ხმაური... ჭახანი, ქვაფენილზე დაცემის დროს რომ გავიგონე.

      - მაშინ გიჟი იყავით, ჩემო კარგო; ახლა ხომ ნანობთ, არა?

      - დიახ, მაგრამ ადამიანს უბედურებაში ჭკუა არ ეკითხება.

      - ძალიან ვწუხვარ, რომ ადრე არ ვიცოდი თქვენი მდგომარეობა. მაგრამ იცოდეთ, ჩემო კარგო, ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას.

      - თქვენთვის ადვილია ლაპარაკი, ქალბატონო, - თქვა ექიმმა, რომელიც რეცეპტს სწერდა პატარა მაგიდაზე, - თქვენ რა იცით, რა არის მშვენიერი, ახალგაზრდა, ულვაშიანი კაცის დაკარგვა... მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, უკან რომ გაედევნო, განა ამისათვის ფანჯრიდან გადმოხტომაა საჭირო?!

      - თქვენც ერთი, ექიმო, - უთხრა ქალბატონმა დე პიენმა, - საცოდავ ბავშვს ალბათ სხვა მიზეზი ჰქონდა, რომ...

      - ახ, მე თვითონ არ ვიცი, რა მომივიდა, - წამოიყვირა ავადმყოფმა. - ყველაფერი ერთმანეთს დაერთო. ჯერ იყო და დედა მომიკვდა და ამან ძლიერ იმოქმედა! შემდეგ თავი მიტოვებულად ვიგრძენი, არავის არ ვაინტერესებდი! დაბოლოს, ერთადერთმა ადამიანმა, რომელზედაც ყველაზე მეტს ვფიქრობდი ამქვეყნად, ქალბატონო, დაივიწყა ყველაფერი, - ჩემი სახელიც კი! მე მქვია არსენ გიიო. გიიო, ორი ,ი- თი“, ის კი ასე მწერს - გიო.

      - აკი ვთქვი: უღალატა ვიღაცამ! - წამოიძახა ექიმმა. - ყოველ ფეხის ნაბიჯზე ერთი და იგივე. ოჰ! ოჰ! დაივიწყეთ, ლამაზო, დაივიწყეთ! კაცი, რომელსაც მეხსიერება ღალატობს, არ ღირს იმად, რომ მასზე იფიქრონ.

      ექიმმა საათი ამოიღო.

      - ოთხი საათიო, - თქვა და წამოდგა, - კონსილიუმზე მაგვიანდება. ქალბატონო, უმორჩილესად გთხოვთ მაპატიოთ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. იმის დროც კი არ მრჩება, სახლამდე მიგაცილოთ. ნახვამდის, პატარავ. დაწყნარდით, ყველაფერი რიგზე იქნება. მალე ორივე ფეხებით ერთნაირად, კარგად იცეკვებთ; თქვენ კი, ქალბატონო მომვლელო, აფთიაქში წადით ამ რეცეპტით და მოიქეცით ისევე, როგორც გუშინ.

      ექიმი და მომვლელი ქალი გავიდნენ. ქალბატონი დე პიენი მარტო დარჩა ავადმყოფთან. ცოტა გულდაწყვეტილი იყო იმით, რომ ამბავი, თავის გონებაში სულ სხვანაირად წარმოედგინა, სიყვარულთან დაკავშირებული აღმოჩნდა.

      - ესე იგი მოგატყუეს, არა? საბრალო გოგოვ! - ჩაილაპარაკა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ.

      - მომატყუეს? არა, ჩემნაირებს არ ატყუებენ... უბრალოდ აღარ ვუნდივარ... მართალიცაა, აბა რაში სჭირდება ჩემნაირი ქალი. ის ყოველთვის ისეთი კეთილი და დიდსულოვანი იყო. მივწერე, ასე და ასეა ჩემი საქმე-მეთქი, კვლავ შენთან ყოფნა მინდა-მეთქი. იცით, რა მიპასუხა... იმგვარად მიპასუხა, გული დამწყდა.. შინ რომ დავბრუნდი, მისი ნაჩუქარი სარკე გამივარდა ხელიდან, - ვენეციური სარკე, - როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე. სარკე გატყდა... ყველაფერი გათავებულია-მეთქი, გავიფიქრე... ეს იმის მაუწყებელია, რომ ყველაფერი გათავებულია-მეთქი... აღარავითარი სახსოვარი აღარ დამრჩა მისგან... სამკაულები დაგირავებული მქონდა... ბოლოს ღია ფანჯარა დავინახე... ვიფიქრე: შურს ვიძიებ-მეთქი, და ვისკუპე.

      - ვაი, შე უბედურო, შენ... და ამ ქარაფშუტა მიზეზის გამო ასეთი დანაშაული ჩაიდინე.

      - დიახაც! რას იზამ? უბედურების დროს ვერაფერს განსჯი. ბედნიერები კი ადვილად გასწავლიან ჭკუას..

      - მესმის, უბედურება რას არ ჩაგადენინებს, მაგრამ რადგან მძიმე იყოს განსაცდელი, არსებობს ისეთი რამ, რისი დავიწყებაც არ შეიძლება. ამ ცოტა ხნის წინათ სანთელი დაანთეთ „წმინდა როხში“. თქვენ ბედნიერი ხართ, რადგან გწამთ რწმენის, ჩემო ძვირფასო, უნდა შეეკავებინეთ იმ დროს, როცა სასოწარკვეთილებაში ვარდებოდით. სიცოცხლე ღვთის მიერ გაქვთ მოცემული ის თქვენ არ გეკუთვნით... მაგრამ ახლა რა დროს თქვენი დატუქსვაა, თქვენ ინანებთ, იტანჯებით. ღმერთი მოწყალეა.

      არსენმა თავი დახარა. ცრემლები მოადგა თვალებზე.

      - აჰ, ქალბატონო, - თქვა ოხვრით, - იმაზე კარგი გგონივართ, ვიდრე ვარ... თქვენ გგონიათ, ღვთის მოშიში ვარ... ჩემი ღვთისმოშიშობა რა სათქმელია... მე ერთი უსწავლელი ვარ; ეკლესიაში გნახეთო, ბრძანებთ: თქვენ დამინახავთ სანთელს რომ ვანთებდი.. ეს იმიტომ, რომ არ ვიცოდით, რომ არ ვიცოდი, რა წყალში ჩავვარდნილიყავი.

      - ჰოდა, ძალიან კარგი! ჩემო ძვირფასო! ძალიან კარგი აზრი მოგსვლია თავში. უბედურების დროს ყოველთვის ღმერთს უნდა მიმართო.

      - მითხრეს. „წმინდა როხში“ სანთელი დაანთეო და. მაგრამ, არა, ამას ვერ გეტყვით. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, როცა ერთი გროშიც არ გააჩნია.

      - ღმერთს უნდა სთხოვო, ძალას მოგცემს.

      - თუმცა რა თქვენ ხომ არ მიცნობთ. ქალბატონო, და თქვენი კეთილი განწყობით სარგებლობა, რასაც არ ვიმსახურებ, თქვენს გაქურდვას უდრის. ერთი უბედური გოგო ვარ... მაგრამ ამ ქვეყანაზე ვისაც როგორ შეუძლია, ისე ცხოვრობს... ერთი სიტყვით, ქალბატონო, დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „წმინდა როხში“ ვინც სანთელს დაანთებს, ერთ კვირაში ბალიშის მონახევრეს იშოვისო; მეც ამიტომ დავანთე სანთელი, მაგრამ უკვე ისე დავუშნოვდი! მუმიას დავემსგავსე. აწი ვინღა მომინდომებს? ერთადერთი გამოსავალი ისევ სიკვდილია. მალე ალბათ გავთავდები კიდეც და ეს იქნება.

      ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად იყო ნათქვამი, ქვითინით, მღელვარებით და ქალბატონ დე პიენს ზიზღზე მეტად შიში მოჰგვარა, მისდაუნებურად ავადმყოფის საწოლიდან სკამი გვერდზე გასწია. ალბათ ოთახიდანაც გავიდოდა, ადამიანური გრძნობა რომ არა, რამაც ძლიერ იმოქმედა მასზე, ვიდრე ამ დაღუპული ქალისადმი ზიზღმა, და რამაც არ დაანება ასეთ უიმედო სასოწარკვეთილების ანაბარა მიეტოვებინა იგი, სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ქალბატონმა დე პიენმა თვალები დახარა და სუსტი ხმით წაიჩურჩულა: - დედათქვენმა? უბედურო, როგორ ბედავთ ამის თქმას?

      - ეჰ, დედაჩემი იყო ისეთი, როგორიც ყველა დედაა, უფრო სწორად, როგორიც ჩვენი დედები იყვნენ. ის თავის დედას არჩენდა, მე კი მას ვარჩენდი... კიდევ კარგი, ბავშვი არა მყავს. ვხედავ, ქალბატონო, შეძრწუნებული ხართ... გასაგებიცაა! თქვენ კარგად აღიზარდეთ, თქვენ არასოდეს არ გატანჯულხართ, მდიდარი თუ ხარ, იოლია იყო პატიოსანი. მეც ვიქნებოდი პატიოსანი, საშუალება რომ მქონოდა. მე მყავდნენ საყვარლები... მაგრამ მხოლოდ ერთი კაცი მიყვარდა. მან მიმატოვა, მდიდარი რომ ვყოფილიყავი, დავქორწინდებოდით და შევქმნიდით პატიოსან ოჯახს. აი, ხომ ხედავთ, ქალბატონო, გულახდილად გელაპარაკებით, თუმცა ვიცი, რასაც ფიქრობთ ჩემზე და მართალიცა ხართ... მაგრამ თქვენ ხართ ერთადერთი პატიოსანი ქალი, ვისთანაც მილაპარაკია ჩემი ცხოვრების შესახებ და ისეთი კეთილი მეჩვენებით, ისეთი კეთილი.. რომ აი, ახლა ვფიქრობდი სწორედ: რომც გამიცნოს, მაინც შევებრალები-მეთქი. მე მალე მოვკვდები, ერთ რამესა გთხოვთ მხოლოდ - როცა მოვკვდები, აწირვინეთ ჩემთვის უბრალო ლოცვა, მეტს არაფერს გთხოვთ, და თქვენი მადლობელი დავრჩები...

      - არა, თქვენ არ მოკვდებით! - წამოიძახა გულაჩუყებულმა ქალბატონმა დე პიენმა. - ღმერთია თქვენი შემწე, საბრალო ცოდვილო. მოინანიეთ ცოდვები და შენდობას მიიღებთ. მე ლოცვას არ დაგაკლებთ, ეს, თუ რამეს უშველის თქვენს გაჭირვებას. თქვენზე მეტი დანაშაული თქვენს აღმზრდელებს მიუძღვით. მხოლოდ იცოდეთ: სიმამაცე მოიკრიბეთ და იმედს ნუ დაკარგავთ. რაც მთავარია: ეცადეთ დამშვიდდეთ, ჩემო საბრალო გოგონავ, ჯანმრთელობა უნდა აღიდგინოთ; სულიც დაავადებული გაქვთ, მაგრამ მის განკურნებას მე ვიღებ ჩემს თავზე.

      ლაპარაკის შეუწყვეტლივ წამოდგა. ხელში ქაღალდის შეკვრას ატრიალებდა, რომელიც რამდენიმე ლუიდორს შეიცავდა.

      - აი, თქვა, - თუ მოგინდეთ რამე... - და დააპირა ძღვენი ავადმყოფის სასთუმალქვეშ ამოედო.

      - არა, ქალბატონო! - სიფიცხით წამოიძახა არსენმა და ხელი ჰკრა ქაღალდის შეკვრას, - რაც დამპირდით, ისე შეასრულეთ, თქვენგან მეტი აღარაფერი მინდა, მშვიდობით. ჩვენ ერთმანეთს ვეღარასოდეს ვნახავთ. უთხარით საავადმყოფოში გადამიყვანონ, მინდა ისე მოვკვდე, არავინ შევაწუხო. ჩემგან აწი აღარაფერი გამოვა. მეცოდინება, რომ ისეთი წარჩინებული ქალბატონი, როგორიც თქვენ ხართ, ჩემს სულს შეავედრებს ღმერთს. კმაყოფილი ვარ. მშვიდობით!

      კედლისაკენ შებრუნდა, რამდენადაც ამის ნებას საწოლზე მიმაგრებული ხელსაწყო აძლევდა, და თავი ბალიშებში ჩარგო, რომ აღარაფერი დაენახა.

      - მომისმინეთ, არსენ, - უთხრა ქალბატონმა დე პიენმა სერიოზული ტონით, - განზრახული მაქვს ქალად გაქციოთ. თქვენი სინანული ძალას მმატებს. ხშირად მოგინახულებ და ვიზრუნებ თქვენზე. დადგება დღე, საკუთარი თავისადმი პატივისცემა გაგიჩნდებათ და ჩემი მადლობელი იქნებით: და ხელი ხელზე მოუჭირა ოდნავ: - თქვენ მე შემეხეთ! - წამოიყვირა საწყალმა გოგომ. - თქვენ მე ხელი მომიჭირეთ!

      და სანამ ქალბატონი დე პიენი უკან წაღებას მოასწრებდა, დაიჭირა და ცრემლითა და კოცნით დაუფარა.

      - დაწყნარდით, დაწყნარდით, ჩემო ძვირფასო. - ამბობდა ქალბატონი დე პიენი. - მეტს ნურაფერს მეტყვით. ახლა ჩემთვის ყველაფერი ნათელია. უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ იცნობთ თავს. მე ვმკურნალობ თქვენს თავს, თქვენს უგუნურ თავს. და მოვითხოვ დამემორჩილოთ ზუსტად ისე, როგორც ემორჩილებით ექიმს. გამოგიგზავნით ვინმე სასულიერო პირს ჩემი მეგობრებიდან, მას უნდა მოუსმინოთ. აგირჩევთ კარგ წიგნებს, თქვენ ისინი უნდა წაიკითხოთ. ხანდახან ვისაუბრებთ კიდეც. მერმე, როდესაც მომჯობინდებით, თქვენს მომავალზე ვიფიქრებთ.

      მომვლელი ქალი დაბრუნდა აფთიაქიდან წამლიანი შუშით ხელში. არსენი ჯერ კიდევ ტიროდა, როდესაც ქალბატონმა დე პიენმა კიდევ მოუჭირა ხელი, მაგიდაზე პატარა ფულების შეკვრა დაუდო და გარეთ გამოვიდა. ახლა კიდევ უფრო კარგად განეწყო თავისი აღსაზრდელისადმი, ვიდრე მანამდე, სანამ მის უცნაურ აღსარებას მოუსმენდა.

      რატომ არის, ქალბატონო, უწესო ხალხი რომ ყველას უყვარს? დაწყებული „უძღები შვილებიდან“ დამთავრებული თქვენი ძაღლით - დიამანით, რომელიც ყველას კბენს და ყველაზე აუტანელი ცხოველია მათ შორის, რომელთაც კი მე შევხვედრილვარ. რაც უფრო ნაკლებად იმსახურებს ადამიანი პატივისცემას, მით უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მისადმი. პატივმოყვარეობას! წმინდა წყლის პატივმოყვარეობას! დაუძლეველი სიძნელე სიამოვნებას გვგვრის „უძღები შვილის“ მამამ ეშმაკი დაამარცხა და ნადავლი გამოსტაცა. თქვენ გაიმარჯვეთ დიამანის ცუდ ბუნებაზე ღვეზელის დახმარებით.

      ქალბატონ დე პიენს ეამაყებოდა, რომ დაძლია მეძავის ბიწიერება, თავისი მჭერმეტყველებით დაანგრია ცდუნებათა ჯებირი, რითაც ოცი წლის განმავლობაში იყო გარშემორტყმული ეს პატარა, ღვთის ანაბარად მიტოვებული ქმნილება. და შემდეგ - რა სალაპარაკოა, მაგრამ - ამ გამარჯვებით გამოწვეულ სიამაყეს და კეთილი საქმის ჩადენით მიღებულ სიამოვნებას თან ერთვოდა ცნობისმოყვარეობა, რასაც არა ერთი და ორი პატიოსანი ქალი განიცდის, როცა „იმნაირი“ ქალის გაცნობის საშუალება მიეცემა. დაკვირვებული ვარ, როგორ აყოლებენ თვალს სალონში მომღერალ ქალს. მეტწილად მათ კაცები კი არ უყურებენ... განა თქვენ თვითონ, ქალბატონო, „ფრანგული კომედიის თაეტრში“ გაფაციცებით არ უყურებდით ლორნეტით „ვარიეტეს“ მომღერალს, რომელიც ლოჟიდან დაგანახეთ? „ნუთუ შეიძლება სპარსელი იყო?“ - რამდენს დაუსვამს ასეთი შეკითხვა? ჰოდა, ქალბატონო, ქალბატონი დე პიენი ბევრს ფიქრობდა არსენ გიიოზე. ამბობდა, უნდა გადავარჩინო.

      მღვდელი გამოუგზავნა შინ, რომელმაც არსენს მონანიება შთააგონა. მონანიება ადვილი საქმე იყო საცოდავი არსენისათვის, რომელსაც გაჭირვების მეტი არაფერი ენახა, გარდა რამდენიმე საათის დიდი ბედნიერებისა. უბედურ ადამიანს, რომ უთხრათ: „თქვენ თვითონ ხართ დამნაშავე“ - ო, უმალ დაგეთანხმებათ, ამის მერე კი თუ ოდნავ შეარბილებთ საყვედურს და ცოტა ნუგეშსაც მისცემთ, თან გადაგყვებათ. ვიღაც ბერძენი ამბობს, უფრო სწორად ამიოს ათქმევინებს.

      „...თავისუფალ კაცს ხელს ბორკილი როს გაუკეთეს, იმ დღეს დაჰკარგა ნახევარი მადლი სიკეთის...“

      უბედურება ბატკანივით დამყოლსა და მორჩილსა გვხდის, აი, რა უხეშ პროზამდე დავყავართ ამ გამონათქვამს. მღვდელი ეუბნებოდა ქალბატონ დე პიენს, არსენ გიიო სრულიად უვიცია, მაგრამ ბუნებით კეთილია და იმედი მაქვს სწორ გზაზე დავაყენებო. არსენი მას მართლაც დიდი ყურადღებითა და პატივისცემით უგდება ყურს. კითხულობდა ან აკითხებდა ვინმეს ქალბატონი დე პიენის მიერ „გამოწერილ“ წიგნებს და მის მითითებებს ისევე ზუსტად ასრულებდა, როგორც ექიმისას. მაგრამ არსენმა მღვდლის გული საბოლოოდ მაინც მის ხელში ჩავარდნილი მცირეოდენი თანხის გონივრული გამოყენებით მოიგო და მით მფარველსაც თავისი გონივრული გამოჯანსაღების რწმენა განუმტკიცა. ითხოვა საზეიმო წირვა ეთქვათ „წმინდა როხში“ თავისი განსვენებული დედის - პამელა გიიოს - სულის მოსახსენიებლად. უდავოა, ჯერ არ ყოფილა სული, რომელსაც აგრე რიგად სჭირდებოდა ეკლესიის ლოცვა.

II

      ერთ დილით, ქალბატონი დე პიენი ჯერ კიდევ საპირფარეშოში იყო, რომ ამ წმინდა ალაგის კარს ერთმა მოსამსახურემ დააკაკუნა მორიდებულად და ჟოზეფინას, მოახლე გოგოს, ვიღაც ახალგაზრდა კაცის სადარბაზო ბარათი გადასცა.

      - მაკსი პარიზშია! - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა, მოჰკრა თუ არა თვალი ბარათს.

      წადით ახლავე, ბატონ დე სალინის სთხოვეთ სასტუმრო ოთახში მომიცადოს. ცოტა ხნის შემდეგ სასტუმრო ოთახიდან სიცილი და ჩუმი წამოძახილები მოისმა. ჟოზეფინს მთლად გაწითლებული და ყურებზე ქუდჩამოფხატული დაბრუნდა.

      - რა მოხდა? - შეეკითხა ქალბატონი დე პიენი.

      - არაფერი, ქალბატონო, ბატონმა დე სალინიმ მითხრა ძალიან გასუქებულხარო.

      ბატონი დე სალინი ორ წელზე მეტი იყო რაც მოგზაურობდა: ჟოზეფინის გასუქება დიახაც უნდა გაკვირვებოდა. ადრე ხომ იგი ჟოზეფინის ერთ-ერთი რჩეულთაგანი იყო და მისი ქალბატონის გამუდმებული ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. ქალბატონი დე პიენის ახლო მეგობრის დისწული გახლდათ და ხშირად დაიარებოდა მასთან დეიდამისთან ერთად. სხვათა შორის, ეს თითქმის ერთადერთი წესიერი სახლი იყო, სადაც შეიძლებოდა მისი ნახვა. მაკს დე სალინის საკმაოდ ცუდი სახელი ჰქონდა; მოთამაშის, მოჩხუბრის, მოქეიფის - „თუმცა სხვამხრივ კარგი კაცი იყო...“ დეიდამისს, ქალბატონ ობრეს, იმედს უკარგავდა, თუმცა დეიდა, მიუხედავად ამისა, მაინც აღმერთებდა მას. არაერთხელ უცდია მისი სწორ გზაზე დაყენება, მაგრამ ცუდი ჩვეულებები ყოველთვის სჯაბნიდნენ მის ბრძნულ შეგონებებს. მაკსი სულ რაღაც ორიოდე წლით იყო უფროსი ქალბატონ დე პიენზე. ერთმანეთს ბავშვობიდანვე იცნობდნენ და ქალიშვილობაში მაკსს, ეტყობა, მოსწონდა კიდეც ქალბატონი დე პიენი. „ჩემო კარგო, - ეუბნებოდა ქალბატონი ობერი ქალბატონ დე პიენს, - თქვენ რომ მოინდომებდეთ, დარწმუნებული ვარ, შეძლებდით მის მოთოკვას.“ ქალბატონ დე პიენს, - მაშინ მას ელიზ დე გისკარს ეძახოდნენ, - შეიძლებოდა ეფიქრა კიდეც რამე. მაკსი ისეთი მხიარული, ისეთი გამრთობი, ისეთი დაუღალავი მოცეკვავე იყო ბალზე, რომ მისგან უეჭველად კარგი ქმარი დადგებოდა, მაგრამ ელიზის მშობლები უფრო შორს იცქირებოდნენ. თვითონ ქალბატონი ობრეც ვერ თავმდებობდა მაინცდამაინც თავის დისშვილს; ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ მას ვალები ჰქონდა და საყვარლებიც ჰყავდა; ამას დაერთო გახმაურებული დუელი, რომლის მიზეზიც „ჟიმნაზის“ მსახიობი ქალი იყო. ქორწინება, რომლის შესახებაც ქალბატონ ობერს არც არასოდეს უფიქრია სერიოზულად, შეუძლებლად იქნა გამოცხადებული. ამ დროს გამოჩნდა ბატონი დე პიენი, კეთილშობილი, სერიოზული კაცი, კარგი მდგომარეობის პატრონი და კარგი ოჯახის შვილი. მის შესახებ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თავაზიანი კაცის სახელით სარგებლობდა, და დამსახურებულადაც. საერთოდ ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ თუკი პირს მოაღებდა, იტყოდა რაღაც დიდსა და უდავო ჭეშმარიტებას. საეჭვო კითხვებში კი „კონრარს“ ბაძავდა „კეთილგონიერ სიჩუმეში“. მართალია, საზოგადოებას სადაც იმყოფებოდა, ვერაფერს მატებდა, მაგრამ ყველგან სათანადოდ ეჭირა თავი. ცოლის წყალობით, ყველას საკმაოდ უყვარდა, მაგრამ სადმე რომ არ გამოჩენილიყო, რაც ძალიან ხშირად ხდებოდა, რადგან წელიწადში ცხრა თვეს თავის მამულში ატარებდა, და კერძოდ ახლაც, რა დროიდანაც ჩემი მოთხრობა იწყება, იქ იმყოფებოდა, თვალში არავის ეცემოდა. სხვაზე მეტად არც ცოლს დაჰკლებია თვალში.

      ქალბატონი დე პიენი ხუთ წუთში გამოეწყო. ოთახიდან ცოტა აღელვებული გამოვიდა; მაკს დე სალინის მოსვლამ ამას წინ გარდაცვლილი პიროვნება მოაგონა, პიროვნება, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. ეს იყო, მე ვფიქრობ, ერთადერთი მოგონება, რაც მას ახლა აღეძრა და ეს მოგონება იმდენად ცოცხალი იყო, შეეძლო გაენელებინა სასაცილო დასკვნები, რასაც ნაკლებად გონიერი არსება უთუოდ გამოიტანდა ჟოზეფინას ჩამოფხატული ქუდის შემხედვარე. სასადილო ოთახს რომ მიუახლოვდა, ოდნავ შეაცბუნა მშვენიერმა ბანმა, რომელიც ნეაპოლიტანურ ბარკაროლას ამღერებდა პიანინოს თანხლებით.

      Addio, Teresa, Tereza, addio!

      Ai mio ritorno, Ti sposero!

      კარი გააღო, ხელი გაუწოდა და სიმღერა შეაწყვეტინა მომღერალს: - ჩემო საბრალო ბატონო მაკს, რომ იცოდეთ, როგორ მიხარია თქვენი ნახვა!

      მაკსი სწრაფად წამოდგა ფეხზე და დაბნეულად ჩამოართვა ხელი. სიტყვა ვერ ეპოვნა.

      - ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი რომში წასვლა, როცა თქვენი კეთილი დეიდა ავად გახდა, ვიცი, როგორ ზრუნავდით მასზე. დიდად მადლობელი ვარ მისი უკანასკნელი სახსოვრისათვის, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ.

      მაკსის ბუნებრივად მხიარულ სახეს ანაზდად მოწყენა დაეტყო.

      - თქვენზე ხშირად მელაპარაკებოდა ხოლმე უკანასკნელ წუთებამდე. ვხედავ, მიგიღიათ მისი ბეჭედი.. და წიგნი, რომელსაც ჯერ კიდევ იმ დილით კითხულობდა....

      - დიახ, მაკს. მადლობას მოგახსენებთ. ამ სევდიანი საჩუქრის გამოგზავნით გამაგებინეთ, რომ რომს სტოვებთ, მაგრამ არ მაცნობეთ თქვენი მისამართი. არ ვიცოდი, სად მომეწერა თქვენთვის. საწყალი მეგობარი! სიკვდილი სამშობლოდან ასე დაშორებით! საბედნიეროდ თქვენ მაშინვე მიირბინეთ მასთან ... თქვენ უკეთესი ხართ მაკს, ვიდრე გინდათ თავი მომაჩვენოთ.. კარგად გიცნობთ.

      - ავადმყოფი დეიდა სულ ამას მეუბნებოდა: როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, მხოლოდ ქალბატონი დე პიენი იქნება შენი დამტუქსავიო. - მას უნებურად გაეღიმა. - ეცადე, ხშირად არ დაგტუქსოსო. ახლა კი ხედავთ, ქალბატონო, რომ ცუდად ასრულებთ თქვენს მოვალეობას.

      - გავიგე, რომ შეიცვალეთ, დადინჯდით, დაჭკვიანდით. ასე რომ, იმედი მაქვს, მალე სინეკურა მექნება.

      - არ სცდებით ქალბატონო, დავპირდები დეიდაჩემს, წესიერი კაცი გავხდები-მეთქი..

      - შეასრულებთ კიდეც სიტყვას, დარწმუნებული ვარ!

      - ვეცდები. მოგზაურობაში ეს უფრო იოლია, ვიდრე პარიზში. მიუხედავად ამისა... რომ იცოდეთ, ქალბატონო, სულ რამდენიმე საათია რაც ჩამოვედი და უკვე მოვერიე ერთ ცდუნებას. თქვენთან რომ მოვდიოდი, ერთი ძველი მეგობარი შემხვდა და სადილად დამპატიჟა, სადილს რაღაც- რაღაცეები მოჰყვებოდა და უარი ვუთხარი.

      - კარგი გიქნიათ.

      - დიახ, მაგრამ. სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა, რომ თქვენ დამპატიჟებდით.

      - რა სამწუხაროა! დღეს სხვაგან ვსადილობ... მაგრამ ხვალ...

      - ამ შემთხვევაში ჩემს თავზე აღარ ვაგებ პასუხს. ვინ იცის, სად მოვხვდები სადილად; ყველაფერზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი.

      - მომისმინეთ, მაკს , რაც მთავარია, კარგად უნდა დაიწყოთ. ბიჭებთან ნუ ისადილებთ. აი, მე ქალბატონ დარსენესთან ვარ დაპატიჟებული, მოდით იქ საღამოს, ვისაუბრებთ.

      - კი, მაგრამ ქალბატონო დარსენე, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი პიროვნებაა, ათას რამეს შემეკითხება. მე ხმასაც ვერ ამოვიღებ. რაიმეს ალბათ ისე არ ვიტყვი, როგორც საჭიროა; შეიძლება ჯერ კიდევ გაუთხოვარია და...

      - მშვენიერი ქალია.. სხვათა შორის, არ არის საკადრისი ასეთი ლაპარაკი.

      - დამნაშავე ვარ, არ გედავებით, მაგრამ... მხოლოდ დღეს ჩამოვედი და ძალიან ნაადრევად ხომ არ ჩამეთვლება მისვლა?

      - კეთილი, მოიქეცით ისე, როგორც გენებოთ. მაგრამ აი რა, მაკს, როგორც დეიდათქვენის კარგ მეგობარს, უფლება მაქვს გელაპარაკოთ გულახდილად: თავი მოარიდეთ წინანდელ ნაცნობებს. დრომ უნებურად დაამსხვრია ყველა ის კავშირი, რომელსაც თქვენთვის მხოლოდ ზიანი მოჰქონდა და ნუღარ ეცდებით მის აღდგენას. დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ აღარ გაგიტაცებთ. ეს თქვენს ასაკში... ჩვენს ასაკში, წინდახედული უნდა იყო, მაგრამ მოვეშვათ ამ რჩევა- დარიგებებს; მელაპარაკეთ იმაზე, თუ რა გააკეთეთ იმ ხნის განმავლობაში, რაც ერთმანეთი აღარ გვინახავს. ვიცი მხოლოდ, რომ იყავით გერმანიაში, თქვენ მხოლოდ ორჯერ მომწერეთ, ეს კი ძალიან მცირეა იმისათვის, რომ თქვენს შესახებ რაიმე მცოდნოდა.

      - ღმერთო ჩემო! ქალბატონო, დამნაშავე ვარ... მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ: მე ხომ ასეთი.. ზარმაცი ვარ! ბარე ოცჯერ გადაწყვიტე თქვენთვის მომეწერა? მე ხომ არ მეხერხება წერილის წერა. რამდენჯერაც თქვენზე მიფიქრია, იმდენჯერ რომ წერილი მომეწერა, მთელი იტალიის ქაღალდი არ მეყოფოდა.

      - მაინც რას აკეთებდით? რით იყავით დაკავებული ამ დროის განმავლობაში? უკვე ვიცი, რომ წერილების წერით არ იყავით გართული.

      - დაკავებული? თქვენ იცით, საუბედუროდ, რომ არასოდეს არა ვარ დაკავებული. ვათვალიერებდი, დავხეტიალობდი, მინდოდა მხატვრობისთვის მომეკიდა ხელი, მაგრამ ამდენი მშვენიერი სურათის ნახვამ საბოლოოდ განმკურნა უკუღმართი გატაცებისაგან. ეჰ!.. მერე მოხუცმა ნიბიმ კინაღამ არქეოლოგად მაქცია. დიახ, მისი დაჟინებითი გათხრებიც კი ვაწარმოე.. ვნახეთ ერთი გადატეხილი ჩიბუხი და რა ვიცი ჭურჭლის რამდენიმე ნატეხი... შემდეგ ნეაპოლში მივიღე სიმღერის რამდენიმე გაკვეთილი, მაგრამ კარგი მომღერალი ვერ დავდექი... მე...

      - თქვენ მშვენიერი ხმა გაქვთ და მშვენივრადაც მღერით, მაგრამ მაინც არ მომწონს თქვენი სიმღერები, ვინაიდან იგი გაკავშირებთ ისეთ ხალხთან, რომლის სიახლოვესაც ისედაც დიდი მიდრეკილება გაქვთ.

      - გასაგებია, მაგრამ ნეაპოლში, ჩემს იქ ყოფნაში, საშიში არაფერი მომხდარა. პრიმადონა ასორმოცდაათ კილოგრამს იწონიდა; მეორე მომღერალ ქალს ღუმელივით პირი ჰქონდა, ცხვირი კი ლიბანის კოშკს მიუგავდა. ერთი სიტყვით, არაფერი გამიკეთებია, არაფერი მისწავლია, და აგერ ორი წელი გამეპარა ხელიდან.

      - მე კი მინდოდა რაიმეთი ყოფილიყავით დაკავებული, გამეგო, რომ ინტერესი გამოიჩინეთ რაიმე სასარგებლო საქმისადმი. მე მაშინებს თქვენი უსაქმურობა.

      - გულახდილად გითხრათ, ქალბატონო, მოგზაურობა იმდენად სასარგებლო გამოდგა ჩემთვის, რომ მართლა არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ უსაქმურად მაინც არ ვყოფილვარ. ლამაზ საგნებს როდესაც ვუყურებ, არ გწყინდება, მე კი, თუ მოწყენილი ვარ, ბევრი არაფერი მინდა, რომ სისულელე ჩავიდინო. ისე კი, საკმაოდ დავდინჯდი და ასე განსაჯეთ, დავივიწყე ზოგიერთი მსუბუქი საშუალება ფულის ხარჯვისა. იმის შემდეგ რაც საწყალმა დეიდაჩემმა გადაიხადა ჩემი ვალები, ვალებს აღარ ვიღებ და არც მინდა ავიღო. მარტოხელა კაცისათვის ჩემი შემოსავალი სავსებით საკმარისია და რადგან არ ვაპირებ უფრო მდიდრად მოვაჩვენო ვინმეს თავი, ვიდრე სინამდვილეში ვარ, აღარც უცნაურობებს ჩავდივარ. გეცინებათ? ნუთუ არ გჯერათ ჩემი? გინდათ ამის დამამტკიცებელი საბუთი? კი ბატონო. დღეს ჩემმა მეგობარმა ფამენმა, რომელმაც სადილზე დამპატიჟა, შემომთავაზა მისგან ცხენი მეყიდა ხუთი ათას ფრანკად... შესანიშნავი ცხენია! პირველ ხანებში მინდოდა მყოლოდა ეს ცხენი, მერე გადავიფიქრე: არც ისეთი მდიდარი ვარ, ხუთი ათასი ფრანკი დავხარჯო ერთი სურვილისთვის-მეთქი და ფეხით სიარული ვამჯობინე.

      - ეს სასწაულია, მაკს! მაგრამ იცით რა არის საჭირო, რომ დაუბრკოლებლად განაგრძოთ ამ გზით სიარული? უნდა დაქორწინდეთ.

      - ახ, დავქორწინდე! რატომაც არა? მაგრამ ვინ გამომყვება? მე, რომელსაც უფლება მაქვს ვიყო წუნია. მე მინდა ქალი.. ო, არა, ჩემი შესაფერი აღარავინ მოიძებნა.

      ქალბატონი დე პიენი ცოტა გაწითლდა, მაკსს ეს არ შეუმჩნევია და განაგრძო: - ქალი, რომელსაც მოვეწონებოდი... მაგრამ იცით, ქალბატონო ეს, ეს თითქმის საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მე ის აღარ მომწონებოდა?

      - რატომ ? ეს რა სისულელეა!

      - აკი ოტელო ამბობს სადღაც, - ჩემი აზრით, იმ ადგილას, სადაც დეზდემონას მიმართ ეჭვიანობის გამართლება უნდა: „ამ ქალს უნდა ჰქონდეს საშინელი ჭკუა და გარყვნილი გემოვნება, რადგან მე ამომირჩია, მე - შავკანიანი.“ და განა იგივე არ შემიძლია მეც ვთქვა: ქალი, რომელსაც მე მოვეწონებოდი, ნამდვილად უცნაური ჭკუის იქნება-მეთქი?

      - თქვენ საკმაოდ გზააბნეული ადამიანი იყავით, მაკს, ამიტომ სრულიად არა გჭირდებათ იმაზე ცუდად მოაჩვენოთ ვინმეს თავი, ვიდრე ხართ. ნუ ილაპარაკებთ თქვენს თავზე ცუდს, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ამას ადვილად დაიჯერებენ, რაც შემეხება მე, დარწმუნებული ვარ, თუ ოდესმე... დიახ, შეგიყვარდებათ ქალი, რომელსაც პატივსა სცემთ მაშინ თქვენ მას მოეჩვენებით...

      ქალბატონ დე პიენს ეტყობოდა ეუხერხულებოდა ამ წინადადების დამთავრება, და მაკსი, რომელიც მას დაჟინებით და უკიდურესი ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა, სრულებით არ ცდილა მიხმარებოდა დაემთავრებინა უხეიროდ დაწყებული წინადადება.

      - თქვენ გინდათ თქვათ, - წარმოთქვა მან ბოლოს, - რომ თუ ნამდვილად შემიყვარდება, მაშინ მეც შემიყვარებდნენ, რადგან ვიქნებოდი ამის ღირსი?

      - დიახ, მაშინ იქნებოდით ღირსი, რომ თქვენც შეყვარებოდით.

      - სიყვარული რომ საკმარისი იყოს იმისათვის, რომ შეგიყვარონ... რასაც თქვენ ამბობთ, ქალბატონო, მთლად სწორი არ არის.. კარგი, მომინახეთ გაბედული ქალი და ვითხოვ; ოღონდ მთლად მახინჯი არ იყოს, რადგან ჯერჯერობით არც ისეთი მოხუცი ვარ, რომ სხვებმა არ მომხიბლონ; დანარჩენზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი.

      - საიდან ჩამოხვედით ახლა? - შეაწყვეტინა ქალბატონმა დე პიენიმ სერიოზული ტონით.

      მაკსმა თავის მოგზაურობაზე ძალიან მოკლედ ილაპარაკა, მაგრამ მაინც ჩანდა, რომ ცდილობდა არ დამსგავსებოდა იმ ტურისტებს, რომლებზედაც ბერძნები ამბობენ: „ჩემოდნით წავიდა და ჩემოდნით დაბრუნდაო.“ მისი მოკლე შენიშვნები მის გონებაგახსნილობაზე მიუთითებდნენ; ცხადი იყო, მზამზარეული აზრებით არ იკვებებოდა და სინამდვილეში იმაზე მეტად განვითარებული იყო, ვიდრე თავს აჩვენებდა. მალე დადუმდა, რადგან შეამჩნია, რომ ქალბატონი დე პიენი კედლის საათისაკენ აპარებდა მზერას და არც თუ მაინცდამაინც დიდი ხალისით დაპირდა რომ საღამოს დაუგვიანებლივ მივიდოდა ქალბატონ დარსენესთან.

      არ მივიდა და ქალბატონ დე პიენს, ცოტა არ იყოს, გული დაწყდა. სამაგიეროდ, მეორე დღეს დილითვე ეახლა და პატიება თხოვა, - მგზავრობამ ძალიან დამღალაო, მოიმიზეზა, და ამის გამო იძულებული ვიყავი შინ დავრჩენილიყავი; მაგრამ ამას რომ ამბობდა, ქალბატონ დე პიენს თვალებს ვერ უსწორებდა და ამდენად არადამაჯერებელი კილოთი ლაპარაკობდა. არ იყო აუცილებელი ქალბატონ დე პიენისავით მახვილი თვალი გქონოდათ, რომ მიმხვდარიყავით მის თვალთმაქცობას, როგორც იქნა, დაამთავრა ლაპარაკი. ქალბატონ დე პიენს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ თითის დაქნევით დაემუქრა.

      - არ გჯერათ? - იკითხა.

      - არა, საბედნიეროდ ჯერ კიდევ არ გეხერხებათ მოტყუება, - გუშინ ქალბატონ დარსენესთან არ ყოფილხართ, იმიტომ კი არა, რომ ისვენებდით, არამედ იმიტომ, რომ შინ არ ბრძანდებოდით.

      - დიახ, - უპასუხა მაკსმა. თან ღიმილს იკავებდა.

      - მართალი ხართ. „როშ- დე- კანკანში“ ვისადილე იმ არამზადებთან ერთად, შემდეგ ფამენთან წავედი ჩაის დასალევად, აღარ მომეშვნენ და ვითამაშე.

      - და წააგეთ, თავისთავად ცხადია.

      - არა, მოვიგე!

      - მით უარესი. ვამჯობინებდი წაგეგოთ, თუ ეს ხელს აგაღებინებდათ ამ სულელურ და საზიზღარ ჩვევაზე.

      ქალბატონი დე პიენი დაიხარა და თავის ხელსაქმეს შეუდგა, ცოტა არ იყოს, თვალთმაქცური მონდომებით.

      - ბევრი ხალხი იყო ქალბატონ დარსენესთან? - მორცხვად ჰკითხა მაკსმა.

      - არა, ცოტა.

      - ვინმე გასათხოვარი ქალიშვილი?

      - არა.

      - მაინც თქვენი იმედი მაქვს. ხომ გახსოვთ, რასაც დამპირდით...

      - მოვასწრებთ ამის მოფიქრებას.

      ქალბატონი დე პიენის ხმაში ერთგვარი სიმშრალე, არაბუნებრიობა იგრძნობოდა, რაც არ იყო მისთვის დამახასიათებელი. მცირე დუმილის შემდეგ მაკსმა თავმდაბლურად განაგრძო: - უკმაყოფილო ხართ ჩემით, ქალბატონო? რატომ არ დამტუქსავთ ერთს მაგრად, დეიდაჩემის არ იყოს, რათა მერე მაპატიოთ? მოიცათ, გინდათ სიტყვა მოგცეთ, რომ არასოდეს აღარ ვითამაშებ?

      - პირობას როცა დებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეასრულებთ.

      - თქვენთვის მოცემულ სიტყვას, ქალბატონო, შევასრულებ. შემწევს ძალა და ვაჟკაცობა.

      - მაშ კარგი, მაკს თანახმა ვარ, - თქვა და ხელი გაუწოდა.

      - ათას ასი ფრანკი მოვიგე, - განაგრძო მაკსმა, - გნებავთ მოგცეთ თქვენი ღატაკებისათვის? ასე იოლად და ცუდი გზით ნაშოვნი ფულის უკეთესად დახარჯვა შეუძლებელია.

      ქალბატონი დე პიენი ერთხანს შეყოყმანდა.

      - რატომაც არა? - თქვა მერე ხმამაღლა,- აბა, მაკს, დაიმახსოვრეთ ეს გაკვეთილი. წიგნში ჩავიწერ, რომ ჩემი ათას ასი ფრანკი გმართებთ.

      - დეიდაჩემი ამბობდა ხოლმე: თუ გინდა ვალი ვისიმე გქონდეს, მაშინვე ნაღდად უნდა გადაუხადო.

      ამ ლაპარაკში საქაღალდეს დასწვდა, რათა ფული ამოეღო. ქალბატონ დე პიენს მოეჩვენა, რომ ნახევრად გახსნილ საქაღალდეში ქალის სურათი დაინახა. მაკსმა შეამჩნია მისი დაჟინებული მზერა და გაწითლდა. იგი ფულის გადახდას ჩქარობდა, რათა დროულად დაეხურა საქაღალდე.

      - მაგ საფულეს ხომ ვერ მანახვებდით.. თუ შეიძლება, - დასძინა ცბიერი ღიმილით.

      მაკსი მთლად დაიბნა. რამდენიმე გაუგებარი სიტყვა ჩაიბუტბუტა და შეეცადა სხვა საგანზე გადაეტანა ქალბატონი დე პიენის ყურადღება.

      ქალბატონმა დე პიენიმ თავიდან იფიქრა, საქაღალდეში ვინმე იტალიელი ლამაზმანის სურათი იქნებაო. მაგრამ მაკსის აშკარა დაბნეულობა და მინიატურის საერთო იერმა - ეს იყო სულ, რისი დანახვაც მოასწრო - სხვა ეჭვია აღუძრა. ოდესღაც მან თავისი სურათი აჩუქა ქალბატონ ობერს და ახლა წარმოიდგინა, რომ მაკსმა, როგორც დეიდამისის პირდაპირმა მემკვიდრემ, უფლებამოსილად ჩათვალა თავი, დაესაკუთრებინა ეს სურათი. უზრდელობაში ჩამოართვა, მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია; მხოლოდ, როდესაც ბატონი დე სალინი წასასვლელად გაემზადა, უთხრა; - ამ გახსენებაზე, დეიდათქვენს ერთი ჩემი სურათი ჰქონდა, რომელიც ძალიან მინდა ვნახო.

      - არ ვიცი.. რა სურათი?.. როგორი? - შეეკითხა მაკსი ნაკლებად დამაჯერებელი ხმით.

      ამჯერად ქალბატონმა დე პიენიმ გადაწყვიტა არ შეემჩნია, რომ მაკსი ცრუობდა.

      - მომიძებნეთ, - უთხრა რაც შეიძლება ბუნებრივი ხმით, - დიდად მასიამოვნებთ.

      სურათი რომ არა, სხვამხრივ კმაყოფილი იყო მაკსის ყოფაქცევით და იმედოვნებდა, რომ კიდევ ერთი გზადაკარგულ ცხვარს გადაარჩენდა.

      მეორე დღეს მაკსმა იპოვა სურათი და საკმაოდ გულგრილი იერით მიუტანა. აღნიშნა, რომ მაინცდამაინც დიდი მსგავსება არ იყო, რომ მხატვარმა მოუქნელი პოზა და მკაცრი გამომეტყველება მიანიჭა სურათს, რომელიც ბუნებრიობას სრულიად მოკლებულიაო. ამ დროიდან მოყოლებული ქალბატონ დე პიენთან დიდხანს აღარ რჩებოდა, მის გვერდით მოღუშული იჯდა ხოლმე, რაც ქალბატონ დე პიენს წინათ არასოდეს შეუმჩნევია. იფიქრა, ასე უხასიათოდ იმიტომ არის, უჭირს დაპირების შესრულება და ძვირად უჯდება წინ აღუდგეს ცუდ მიდრეკილებებსო.

      თხუთმეტიოდე დღე იყო გასული ბატონი დე სალინის ჩამოსვლიდან, ქალბატონი დე პიენი, ჩვეულებისამებრ, წავიდა თავისი მფარველობის ქვეშ მყოფი არსენ გიიოს სანახავად, რომელიც თქვენი არ იყოს, ქალბატონო, არც მას დავიწყებია ამ ხნის განმავლობაში. ჯანმრთელობის ამბავი გამოჰკითხა. ავადმყოფი უფრო დასუსტებული ეჩვენა, ვიდრე წინა დღეებში და ლაპარაკით რომ არ დაეღალა, წაგიკითხავ რამესო - შესთავაზა. საცოდავ გოგოს უეჭველად საუბარი ერჩივნა იმის მოსმენას, რის წაკითხვასაც აპირებდნენ, რადგან თავადაც ხვდებით ალბათ, რომ საქმე ეხებოდა სერიოზულ წიგნს, არსენს კი მხოლოდ მზარეული ქალებისათვის განკუთვნილი წიგნი ჰქონდა წაკითხული. წიგნი, რომელიც ქალბატონმა დე პიენიმ აიღო ხელში, სასულიერო ხასიათისა იყო; არ დავასახელებ - რა წიგნი იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ავტორის სახელს ვუფრთხილდები, მეორეც, შეიძლება ბრალი დამდოთ იმაში, რომ მსურს მზაკვრული დასკვნები გამოვიტანო საერთოდ ასეთ თხზულებებზე. დავკმაყოფილდეთ იმით, რომ ეს იყო ერთი 19 წლის ახალგაზრდა კაცის მიერ დაწერილი წიგნი, განკუთვნილი მოურჯულებელი ცოდვილების გარდასაქმნელად. არსენს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და ძალიან დაღლილი იყო. მესამე გვერდის წაკითხვისას მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, რომელიც გნებავთ წიგნის წაკითხვისას, სერიოზული იქნებოდა იგი თუ არასერიოზული; მადმუაზელ გიიომ თვალები დახუჭა და დაიძინა. ქალბატონმა დე პიენიმ ეს რომ შეამჩნია, ძალიან გაუხარდა, იფიქრა: დავამშვიდეო. ჯერ ხმას დაუწია, რომ არ გაეღვიძებინა ავადმყოფი, შემდეგ შეჩერდა, დადო წიგნი და წამოდგა თითის წვერებზე, რათა წყნარად გასულიყო; საერთოდ მომვლელ ქალს ჩვეულებად ჰქონდა ჩასულიყო მეკარე ქალთან მაშინ, როდესაც ქალბატონი დე პიენი მოდიოდა, რადგან მისი ვიზიტები ცოტათი წააგავდა მოძღვრის ვიზიტებს. ქალბატონ დე პიენს სურდა მომვლელ ქალს დალოდებოდა. რადგან, როგორც მაღალი წრის ქალი, ყველაზე დიდი მტერი იყო უსაქმურობისა, გადაწყვიტა რაიმე გაეკეთებინა, სანამ მძინარეს გვერდით იმყოფებოდა. პატარა ოთახში საძინებლის უკან, მაგიდაზე, მელანი და ქაღალდი იდო, დაჯდა და წერილის წერა დაიწყო. მაგიდის უჯრაში ლუქს ეძებდა, როდესაც, უეცრად ვიღაც შემოვიდა ოთახში და ავადმყოფი გააღვიძა.

      - ღმერთო ჩემო! ამას ვის ვხედავ! - წამოიძახა არსენ გიიომ ისეთი ათრთოლებული ხმით, რომ ქალბატონი დე პიენი შეკრთა.

      - აი ახალი ამბავი! რასა ჰგავს ეს? გადახტე ფანჯრიდან როგორც გიჟი. თუ უნახავს ვინმეს ასეთი ტუტუცი, როგორიც ეს გოგოა?

      არ მახსოვს ზუსტად გადმოვცემ თუ არა მის სიტყვებს, ყოველ შემთხვეაში, ასეთი იყო აზრი იმისა, რასაც ლაპარაკობდა ახლად შემოსული, რომლის ხმაზეც ქალბატონმა დე პიენიმ უმალვე შეიცნო მაკს დე სალინი... ყოველივე ამას თან მოჰყვა წამოძახილი, არსენის ყრუ წამოყვირება და, ბოლოს, საკმაოდ ხმაურიანი კოცნა. მაკსი განაგრძობდა; - საწყალო არსენ, რა მდგომარეობაში გხედავ? იცი, რომ ვერასოდეს ვერ მოგძებნიდი, ჟიულის რომ არ ეთქვა შენი უკანასკნელი მისამართი? უნახავს ვისმე ოდესმე ამის მსგავსი სიგიჟე!

      - ახ, სალინი! სალინი! რა ბედნიერი ვარ! მაგრამ როგორ ვნანობ, რაც გავაკეთე! აწი აღარ მოგეწონები. აღარ გენდომები.

      - რა სულელი ხარ, - ეუბნებოდა მაკსი, - რატომ არ მომწერე თუ ფული გჭირდებოდა? რატომ არ სთხოვე მაიორს? კი მაგრამ, შენი რუსი? წავიდა შენი კაზაკი?

      მაკსის ხმამ ქალბატონი დე პიენი პირველად ისევე გააკვირვა, როგორც არსენი. განცვიფრებამ ხელი შეუშალა მაშინვე გამოსულიყო მათთან. მერე იფიქრა, ჩვენებოდა თუ არა მათ; ხოლო, როცა ერთსა და იმავე დროს ფიქრობ და ისმენ ძნელია სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარად მოისმინა ჩვენს მიერ მოყვანილი დამრიგებლური დიალოგი, მაგრამ მაშინვე მიხვდა, ოთახში ფარულად დარჩენის შემთხვევაში, შეეძლო უფრო მეტი რამ გაეგონა. ამიტომ სწრაფად გადაწყვიტა და უხმაუროდ შემოვიდა ოთახში. მედიდური იერი ჰქონდა, რომელსაც სათნო ადამიანები იშვიათად ჰკარგავენ და, თუ დასჭირდებათ, საგანგებოდ იღებენ ხოლმე.

      - მაკს, - თქვა, - ნუ აწვალებთ ამ საცოდავ გოგოს, გადით! ერთ საათში ჩემთან მოდით და ვილაპარაკოთ.

      მაკსს მკვდრის ფერი დაედო, გაფითრდა, ქალბატონი დე პიენი რომ დაინახა იქ, სადაც არავითარ შემთხვევაში არ ელოდებოდა მასთან შეხვედრას, დაემორჩილა და კარისაკენ გადადგა ნაბიჯი.

      - მიდიხარ? ნუ წახვალ! - წამოიძახა არსენმა და სასოწარკვეთილმა ძალით წამოიწია საწოლიდან.

      - ჩემო გოგონა, - უთხრა ქალბატონმა დე პიენიმ და თან ხელში აიღო მისი ხელი, - იყავით გონიერი, მომისმინეთ... აბა მოიგონეთ, რას დამპირდით!

      მაკსს მიუბრუნდა და მშვიდი, მაგრამ ბრძანებლური მზერა ესროლა. მაკსი იმწამსვე გავიდა ოთახიდან. არსენი უგონოდ დაეცა საწოლზე, რა დაინახა მაკსი მიდისო.

      ქალბატონი დე პიენი და მომვლელი ქალი, რომელიც ჩქარა დაბრუნდა, მიეშველნენ მას ისეთი ხელოვნებით, როგორსაც ასეთი უბედური შემთხვევების დროს იჩენენ ხოლმე ქალები;.. არსენი თანდათან მოვიდა გონს. ჯერ მთელს ოთახს მიმოავლო თვალი, თითქოს იქ ეძებდა მას, ვინც ეს-ესაა ნახა, შემდეგ დიდი შავი თვალები ქალბატონი დე პიენისაკენ მიაბრუნა და დაჟინებით დააცქერდა.

      - თქვენი ქმარია? - უთხრა.

      - არა, - უპასუხა ქალბატონმა დე პიენმა ნაზად, თუმცა კი სახეზე სიწითლემ გადაურბინა, - ბატონი დე სალინი ჩემი ნათესავია.

      ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ასეთი უმნიშვნელო ტყუილის თქმა, რაიმეთი ხომ უნდა აეხსნა თავისი გავლენა მაკსზე.

      - მაშ, უყვარხართ! - წამოიძახა არსენმა, თან ალივით ანთებულ თვალებს არ აცილებდა.

      - მე?! - ელვამ გაანათა ქალბატონი დე პიენის შუბლი. წუთით ლოყები ალისფრად შეეღება და ხმა ჩაუწყდა, მაგრამ ჩქარა დაიბრუნა სიმშვიდე.

      - სცდებით, ჩემო საცოდავო ბავშვო, - თქვა სერიოზული ხმით. - ბატონი დე სალინი მიხვდა, რომ შეცდა, როცა მოგაგონათ ის, რაც საბედნიეროდ, უკვე ამოშლილია თქვენი მეხსიერებიდან. თქვენ დაგავიწყდათ...

      - დამავიწყდა! - წამოიყვირა არსენმა გაწამებული ღიმილით, რომელიც დასანახავადაც აუტანელი იყო.

      - დიახ, არსენ, ხომ უარყავით თქვენი გიჟური აზრები, რომლებიც უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დაფიქრდით, ჩემო საცოდავო ბავშვო, ეს დანაშაულებრივი კავშირია თქვენი უბედურების მომტანი. დაფიქრდით...

      - არ უყვარხართ? არ უყვარხართ და ერთი შეხედვით კი გაგიგოთ. მე დავინახე თქვენი და მისი თვალები. მე არ ვცდები. რაა მერე? ასეც უნდა იყოს, თქვენ ლამაზი ხართ, ახალგაზრდა, ბრწყინვალე... მე, - დასახიჩრებული, მომაკვდავი...

      სათქმელი ვერ დაამთავრა, ქვითინი ახრჩობდა, ისეთი ძლიერი, ისეთი მწუხარე, რომ მომვლელმა ქალმა წამოიყვირა, ახლავე ექიმთან გავიქცევი, რადგან, - ყვიროდა იგი, - ბატონ ექიმს ისე არაფრის ეშინია, როგორც კრუნჩხვებისა და თუ ეს გაგრძელდა, საცოდავი გოგო გათავდებაო.

      ნელ-ნელა, საშინელი ტანჯვისაგან გამოწვეული აღგზნებადობა დუნე სასოწარკვეთით შეიცვალა და ქალბატონმა დე პიენმა იფიქრა: დამშვიდდაო. შეგონება განაგრძო, მაგრამ საწოლზე უძრავად მწოლიარე არსენი ყურს არ უგდებდა მჭერმეტყველურ დარიგებებს, უპირატესობა მიენიჭებინა ღვთაებრივი სიყვარულისათვის მიწიერ სიყვარულთან შედარებით. მფარველ ზეცასა და მომავალზე ელაპარაკებოდა, ის კი კრიჭაშეკრული და თვალებდამშრალი აწმყოზე ფიქრობდა. მაკსის მოსვლამ ერთი წუთით გაუღვიძა გიჟური ილუზიები, მაგრამ ქალბატონი დე პიენის შემოხედვამ ჩქარა გაფანტა ისინი. წუთიერი ბედნიერი ოცნების მერე არსენმა მხოლოდ საწყენი სინამდვილე იხილა, რომელიც ასჯერ უფრო საშინელი გამხდარიყო ერთი წუთით დავიწყების შემდეგ.

      თქვენი ექიმი, ქალბატონო, უთუოდ გეტყვით, რომ ღელვაში მოყოლებული, შიშითა და შიმშილით გაოგნებული, სიზმარში ნაირნაირი კერძებით გაწყობილ სუფრას ნახულობენ, კიდევ უფრო დამშეული იღვიძებენ და ისურვებდნენ, რომ არ დასძინებოდათ. არსენიც ასევე იტანჯებოდა. მხოლოდ მასთან ერთად უნდოდა სპექტაკლს დასწრებოდა, მასთან ერთობოდა სოფლის განაპირას, მხოლოდ მასზე ელაპარაკებოდა ხოლმე მეგობრებს. მაკსი რომ წავიდა, ბევრი იტირა, მაგრამ მაინც უთანაგრძნო ერთი რუსის თაყვანისცემას, რომელიც მაკსს სურდა რომ ყოფილიყო მისი შემცვლელი, რადგან წესიერ კაცად მიაჩნდა, ე.ი. გულუხვად. არსენისათვის, სანამ თავისი ჯურის ქალებივით დაბნეული ატარებდა ცხოვრებას, მაკსის სიყვარული მხოლოდ სასიამოვნო მოგონება იყო, რომელიც მას ხანდახან ამოაოხრებდა ხოლმე. მასზე ის ფიქრობდა, როგორც ბავშვობის დროინდელ გართობაზე ფიქრობენ, რისი ხელახლა განმეორებაც არავის უნდა. მაგრამ როცა არსენი უსიყვარულოდ დარჩა, თავი მიტოვებულად იგრძნო და გაჭირვება და სირცხვილი მთელი სიმძიმით დააწვა მხრებზე, მისი სიყვარული მხოლოდ მაკსისადმი რამდენადმე განიწმინდა იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი მოგონება, რომელიც არ იწვევდა მასში არც სინანულსა და არც სინდისის ქენჯნას; ამაღლებდა საკუთარ თვალში და რამდენადაც თვითონ თავს დამცირებულად გრძნობდა, იმდენად უფრო ადიდებდა მაკსს. „მე მისი საყვარელი ვიყავი. მე ვუყვარდი მას“ - ამბობდა ხოლმე თავისთვის გამოუცნობი სიამაყით, როცა ზიზღი შეიპყრობდა თავის კურტიზანულ ცხოვრებაზე ფიქრის დროს. მინტიურნის ჭაობებში მარიუსი გულს იმით იმაგრებდა, რომ ამბობდა: „მე დავამარცხე კიმვერები!“ ქალს კი, რომელიც საყვარლების კისერზე ჯდომას იყო დაჩვეული, აბა რა უნდა ექნა? საყვარლები აღარა ჰყავდა, სირცხვილსა და უიმედობის დასაძლევად ერთი მოგონებაღა რჩებოდა: მაკსს მე ვუყვარვარ.. კიდევ ვუყვარვარ! ერთი წუთით მიეცა საშუალება ასე ეფიქრა, მაგრამ ახლა მას მოგონებებიც წაართვეს - ერთადერთი რამ, რაც ამ ქვეყნად დარჩენოდა.

      ამ დროს კი, როცა არსენი თავის ამ სევდიან ფიქრებს ეძლეოდა, ქალბატონი დე პიენი გატაცებით უმტკიცებდა, რომ აუცილებელი იყო ერთხელ და სამუდამოდ უარეყო ყოველივე, რასაც ის დანაშაულებრივ ცდუნებებს უწოდებდა. დამაჯერებელი მტკიცება ადამიანს უგრძნობელს ხდის, და ქალბატონი დე პიენიც შეუბრალებელი სიმტკიცით განაგრძობდა თავის საქმეს, როგორც ქირურგი ადებს ხოლმე გახურებულ რკინას იარაზე ისე, რომ არ აქცევს ყურადღებას ავადმყოფის კვნესას. ეუბნებოდა, ბედნიერი დრო, სადაც თავშესაფარს ეძებდით, რათა საკუთარ თავს გაქცეოდით, ცოდვასა და სირცხვილის დრო იყო და ახლა სამართლიანად ინანიებთო. ეს ილუზიები უნდა შეიზიზღოთ, გულიდან ამოიგდოთო. ადამიანი, რომელიც თავის შემწედ და მფარველ ანგელოზად მიაჩნდა, ამიერიდან მაცდურად უნდა ეღიარებინა და ცდილიყო სამუდამოდ ჩამოშორებოდა.

      სიტყვა „მაცდურმა“, რომელიც ქალბატონ დე პიენს არ შეიძლებოდა სასაცილოდ მოსჩვენებოდა, არსენს კინაღამ ღიმილი მოჰგვარა, თუმცა ტიროდა, მაგრამ მის ღირსეულ მფარველს არც ეს შეუმჩნევია. აუღელვებლად განაგრძობდა ჭკუის სწავლებას და ბოლოს იმგვარი განაჩენი გამოუტანა, რომ საცოდავ გოგოს გული ამოუჯდა ტირილით: თქვენ მას აწი აღარ ნახავთო.

      ექიმის მოსვლამ და ავადმყოფის სრულმა ღონემიხდილობამ მიახვედრა ქალბატონი დე პიენი, რომ უკვე საკმაოდ გაისარჯა, წასვლის ხანს ხელი ჩამოართვა არსენს და უთხრა: - გამაგრდი, ჩემო გოგონავ, და ღმერთი არ მიგატოვებს.

      ერთი მოვალეობა ხომ მოიხადა, ახლა მეორე - უფრო ძნელი დარჩა ასასრულებელი. ახლა მეორე დამნაშავე უცდიდა, ვისი სულიც უნდა მოემზადებინა მონანიებისათვის; მიუხედავად თავისი რწმენისა, მიუხედავად თავისი გავლენისა მაკსზე, რომელშიც იგი დარწმუნებული იყო, დაბოლოს მიუხედავად იმისა, რომ სულის სიღრმეში მაინც კარგი შეხედულებისა იყო ამ გზადაბნეულ კაცზე, მაინც საშინელ მღელვარებას განიცდიდა მასთან პირისპირ შეხვედრის მოლოდინში. ამ საშინელი ბრძოლის წინ ძალის მოკრება გადაწყვიტა, ამისათვის ეკლესიაში შევიდა და ღმერთს შთაგონება სთხოვა, რომ ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე.

      შინ რომ დაბრუნდა, უთხრეს, ბატონი დე სალინი კარგა ხანია აქ არის და სასტუმრო ოთახში გელოდებათო. მაკსი ფერმკრთალი და აღელვებული იყო და მოუსვენრობა ეტყობოდა. დასხდნენ, მაკსი ვერ ბედავდა სიტყვის თქმას, ქალბატონი დე პიენიც. აღელვებული, თვითონაც არ იცოდა რატომ, დიდხანს იყო ჩუმად და თვალს ვერ უსწორებდა. ბოლოს თქვა: - მაკს, მე თქვენ საყვედურებს არ დაგიწყებთ.

      მაკსმა საკმაოდ ამაყად ასწია თავი. ერთმანეთს შეხედეს და მაკსმა მაშინვე დახარა თვალები.

      - თქვენი კეთილი გული, - განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - უფრო მეტს გეუბნებათ ვიდრე მე გატყობდით. განგებამ მოისურვა თქვენთვის ეს გაკვეთილად მოეცა, იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, ეს ფუჭად არ ჩაივლის.

      - ქალბატონო, - შეაწყვეტინა მაკსმა, - წესიერად არც ვიცი, რა მოხდა. მითხრეს, რომ ეს უბედური ფანჯრიდან გადმომხტარა, მაგრამ არც ისეთი დიდი წარმოდგენისა... მინდოდა მეთქვა, არც ისე განვიცდი ამას, რომ, ვიფიქრო, თითქოს ეს გიჟური საქციელი გამოწვეული იყოს ჩემი ადრინდელი ურთიერთობით.

      - უკეთესია თქვათ, მაკს, რომ როცა ცუდ საქმეს სჩადიოდით, არ გაითვალისწინეთ რა შედეგი მოჰყვებოდა ამას, ამ გოგოს გარყვნილებისკენ რომ უბიძგებდით, არ ფიქრობდით, ერთ მშვენიერ დღეს თავის თავს რამეს აუტეხავდა?

      - ქალბატონო, - წამოიძახა მაკსმა გაცხარებით. - ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ არსენ გიიო მე არ შემიცდენია. მე რომ გავიცანი, უკვე შეცდენილი იყო. საყვარლად მყავდა, ამას არ უარყოფ. შემიძლია კიდეც ვაღიარო, რომ მიყვარდა... ისე როგორც შეიძლება ასეთი ქალის სიყვარული... ვფიქრობ, სხვაზე ცოტა მეტად მე ვუყვარდი... მაგრამ დიდი ხანია ჩვენს შორის ყოველგვარი ურთიერთობა გაწყდა და მაინცდამაინც დიდი სინანულიც არ გამოუთქვამს ამ ამბის გამო. უკანაკნელად როცა მომწერა, ფული გავუგზავნე, მაგრამ თადარიგი არ იცის... კიდევ რომ ეთხოვა, შერცხვა, რადგან თავისებური სიამაყე გააჩნია... გაჭირვებამ მიიყვანა ამ საშინელ გადაწყვეტილებამდე... ვწუხვარ... მაგრამ გიმეორებთ, ქალბატონო, ამ ამბავში არავითარი ბრალი არ მიმიძღვის.

      ქალბატონმა დე პიენმა ხელი მუჭირა რაღაც ნაკეთობას, რომელიც მაგიდაზე იდო და განაგრძო.

      - რა თქმა უნდა, „ხალხის“ აზრით, თქვენ არა ხართ დამნაშავე. თქვენ არ აგიღიათ არავითარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მაგრამ არსებობს სხვა მორალი, მაკს, და მოხარული ვიქნებოდი დამენახა, რომ სწორედ ამ მორალით ხელმძღვანელობთ. ახლა შეიძლება თქვენ ხართ იმ განწყობაზე, რომ მომისმინოთ. დავანებოთ ამას თავი, დღეს ერთი რამ მინდა გთხოვოთ და პირობა უნდა მომცეთ, რომ შემისრულებთ. უბედური გოგო მზად არის მოინანიოს ყოველივე. მან მოწიწებით მოუსმინა ერთი პატივცემული მღვდლის რჩევას, რომელმაც კეთილი ინება და ინახულა იგი. მისგან ყველაფერს უნდა მოველოდეთ. თქვენ, თქვენ ის მეტად აღარ უნდა ნახოთ, იმიტომ, რომ მისი გული მერყეობს კეთილსა და ბოროტს შორის და თქვენ კი, საფიქრებელია, არც სურვილი გაქვთ და შეიძლება არც შესაძლებლობა, იყოთ მისთვის გამოსადეგი. ნახვით კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოთ... ამიტომ გთხოვთ მომცეთ პირობა, რომ მასთან აღარ მიხვალთ.

      ჩანდა, რომ მაკსი გაკვირვებული იყო.

      - უარს ნუ მეტყვით, მაკს. თქვენი დეიდა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ისიც ამასვე გთხოვდათ. წარმოიდგინეთ, რომ ის გელაპარაკებათ.

      - ღმერთო კეთილო! ქალბატონო, რასა მთხოვთ? განა რა უნდა დავუშავო ამ საცოდავ გოგონას? პირიქით, ნუთუ ვალდებული არა ვარ მე, ვინც... შევხვდი მას თავდავიწყებისას, არ მივატოვე მარტოდმარტო ახლა როცა ის ავადაა, და ძალიან მძიმედაც. თუ მართალია რაც მითხრეს..

      - რა თქმა უნდა, ასეთია საერთო მორალი, მაგრამ ეს არ არის ჩემი მორალი. რაც უფრო მძიმეა ეს ავადმყოფობა, მით უფრო აუცილებელია, რომ თქვენ იგი აღარ ნახოთ.

      - რარიგ მოკრძალებითაც არ უნდა მოექცე, არ შეიძლება მისი აღშფოთება. იცით, მე რომ ძაღლი მყოლოდა ავად და მცოდნოდა ჩემი ნახვა სიამოვნებდა, თავს დამნაშავედ ჩავთვლიდი მარტო მიმეტოვებინა და ისე მომკვდარიყო. შეუძლებელია თქვენ სხვანაირად ფიქრობდეთ, თქვენ ხომ ასეთი კეთილი და ლმობიერი ხართ. აბა, დაფიქრდით, ქალბატონო, ჩემი მხრივ ეს ნამდვილი სისასტიკე იქნებოდა.

      - ამ წუთში გთხოვთ თქვენი კეთილი დეიდის სახელით... ჩემდამი მეგობრობის სახელით მოგეცათ პირობა, ახლა ამას გთხოვთ თვით ამ უბედური გოგოს სახელით, თუ იგი მართლა გიყვართ....

      - ახ, გევედრებით, ნუ დაუკავშირებთ საგნებს, რომელთა ერთმანეთთან შედარებაც შეუძლებელია. დამიჯერეთ, ქალბატონო, ძალიან მიჭირს თქვენთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაშიაც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თავმოყვარეობის საკითხია... ეს სიტყვა არ მოგწონთ? დაივიწყეთ. მხოლოდ, ქალბატონო, ჩემის მხრივ ნება მომეცით შეგევედროთ ამ უბედურისათვის... და აგრეთვე ცოტა ჩემთვისაც. თუ დავაშავე. თუ ხელი შევუწყვე მის უწესო ცხოვრებას... ახლა მოვალე ვარ მზრუნველობა გავუწიო მას. საზიზღრობა იქნებოდა მისი მიტოვება. ამას ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებდი. არა, არ შემიძლია მივატოვო: თქვენ არ შეგიძლიათ ეს მომთხოვოთ.

      - მზრუნველობა მას არ მოაკლდება, მაგრამ მიპასუხეთ, მაკს, გიყვართ ის გოგო?

      - მიყვარს?.. არა. არ მიყვარს. ეს არ არის ის სიტყვა, რომელიც მას შეეფერებოდა... მე ის მიყვარდეს!. როგორ გეკადრებათ, არა. მასთან ყოფნით მინდოდა გამექარვებინა უფრო სერიოზული გრძნობები, რომელთაც ვებრძოდი... ეს სასაცილოდ, გაუგებრად გეჩვენებათ? თქვენი უმწიკვლო სული ვერც წარმოიდგენს, რომ შეიძლება ასეთ საშუალებას მიმართო... მერე რა! ეს არ არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი საქციელი. ჩვენ, კაცებს, იმის საშუალება რომ არ გვქონდეს ზოგჯერ სხვამხრივ წარვმართოთ ჩვენი ვნებანი... შეიძლება ახლა მე თვითონ გადავვარდნილიყავი ფანჯრიდან... მაგრამ თვითონაც არ ვიცი რას ვლაპარაკობ და აბა თქვენ ამას , როგორ გამიგებთ... თვითონაც ძლივს მესმის.

      - მე გკითხეთ გიყვართ თუ არა-მეთქი, - ქალბატონმა დე პიენმა თვალები დახარა და ცოტა ყოყმანის შემდეგ განაგრძო, - იმიტომ , რომ თუ თქვენ... თუ თქვენ მისი სიკეთე გინდათ, გეყოფათ გამბედაობა ცოტა მწუხარება მიაყენოთ, რათა შემდეგ დიდი სიკეთე გაუწიოთ. რა თქმა უნდა, თქვენთან განშორება მისთვის ძნელი გადასატანი იქნება, მაგრამ უფრო ცუდი იქნებოდა აგეცდინათ იმ გზიდან, რომელზედაც სასწაულით დაადგა. მისი გადარჩენისათვის, მაკს აუცილებელია დაივიწყოს ის დრო, რომელსაც თქვენი აქ ყოფნით უფრო ნათლად მოაგონებდა.

      მაკსმა წყნარად გააქნია თავი, ის იყო მორწმუნე და სიტყვა „გადარჩენა“, რომელსაც ქალბატონი დე პიენზე დიდი გავლენა ჰქონდა, ასევე ძლიერად ვერ იმოქმედებდა მის სულზე, მაგრამ ამაზე აღარ შეკამათებია. ის ყოველთვის ცდილობდა მისთვის არ გაემჟღავნებინა თავისი ეჭვები და ამჯერადაც გაჩუმდა, თუმცა იოლად შეამჩნევდით, რომ დარწმუნებული არ იყო.

      - ახლა ასე გეტყვით: არითმეტიკულ ამოცანასთან გვაქვს საქმე. თქვენი ნახვით ვერაფერს მოიგებს, ბევრს კი დაკარგავს.. ახლა აირჩიეთ.

      - ქალბატონო, - თქვა მაკსმა აღელვებით, - ვიმედოვნებ აღარ გეეჭვებათ, რომ არსენის მიმართ არა მაქვს არავითარი გრძნობა, გარდა... ადვილად გასაგები ინტერესისა. რა საფრთხეზე შეიძლება ლაპარაკი? არავითარზე. ეჭვი გეპარებათ ჩემში? თუ ფიქრობთ, რომ წინ აღვუდგები ამ კეთილ რჩევას, რომელსაც თქვენ მას აძლევთ? ახ, ღმერთო ჩემო! მე ხომ ასე მეჯავრება მოსაწყენი სანახაობები, თითქმის შიშითაც გავურბი მათ და ნუთუ გჯერათ, რომ მომაკვდავთან ხელახლა შეხვედრას დანაშაულებრივი განზრახვით ვაპირებ? გიმეორებთ, ქალბატონო, ეს ჩემი მოვალეობაა, გამოსყიდვაა, სასჯელია, თუ გნებავთ, რომელსაც მე ვეძებ მის სიახლოვეს.

      ამ სიტყვებზე ქალბატონმა დე პიენმა მაღლა ასწია თავი და დაკვირვებით შეხედა, რამაც მის სახეს სიდიადე შემატა.

      - გამოსყიდვას, თქვან ამბობთ, სასჯელს?.. კეთილი. დიახ! თქვენდა უნებურად, შეიძლება ემორჩილებით „მაღლიდან შთაგონებას“, და მართალი იყავით, როცა წინააღმდეგობას მიწევდით... თანახმა ვარ, ნახოთ ის გოგო, და დაე ის გახდეს თქვენი ხსნის იარაღი, ისევე როგორც თქვენ კინაღამ გახდით მისი დაღუპვის იარაღი.

      მაკსმა ალბათ თქვენსავით კარგად ვერ გაიგო, ქალბატონო, რას ნიშნავდა „მაღლიდან შთაგონება“. მას აკვირვებდა ასე ჩქარა რომ შეცვალა გადაწყვეტილება ქალბატონმა დე პიენმა და არ იცოდა რისთვის მიეწერა ეს. არ იცოდა მადლობა გადაეხადა თუ არა ამ დათმობის გამო. ამ წუთში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გაეგო - თავისი კერპობით დაღალა თუ დაარწმუნა ეს პიროვნება, რომელთანაც უკმაყოფილებას მაკსი ყველაზე მეტად ერიდებოდა.

      - მხოლოდ, მაკს, - განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - უნდა გთხოვოთ, უფრო სწორად, მოვითხოვო..

      წამით შეჩერდა და მაკსმა თავის დაკვრით ანიშნა რომ ყველაფერზე თანახმა იყო.

      - მოვითხოვ, - განაგრძო, - რომ ის მხოლოდ ჩემთან ერთად ნახოთ.

      მაკსს გაკვირვება გამოეხატა სახეზე, მაგრამ უმალვე განაცხადა, რომ ემორჩილებოდა.

      - მთლად არ გენდობით თქვენ, - განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - ვშიშობ, წყალში არ ჩამიყაროთ შრომა; მსურს წარმატებას მივაღწიო. ჩემი ზედამხედველობის ქვეშ კი პირიქით, დიდი დახმარების გაწევა შეგიძლიათ და ვიმედოვნებ, მორჩილებისათვის სამაგიეროც მოგეზღებათ.

      ქალბატონმა დე პიენმა ამ სიტყვებთან ერთად ხელი გაუწოდა მაკსს. გადაწყდა, რომ მაკსი მეორე დღეს წავიდოდა არსენ გიიოს სანახავად და რომ ქალბატონი დე პიენი მასზე ადრე მივიდოდა იქ, რათა მოემზადებინა არსენი ამ შეხვედრისათვის.

      თქვენთვის გასაგებია მისი გეგმა. თავიდან ფიქრობდა, რომ მაკსი მოინანიებდა და არსენივით იოლად დაიყოლიებდა, მაგრამ მაკსმა, წინააღმდეგა მისი მოლოდინისა, მოიხსნა ყოველგვარი პასუხისმგებლობა. ქალბატონი დე პიენი იძულებული გახდა სხვაგვარად მოქცეულიყო. ეს ასევე სახიფათო იყო, როგორც ჯარის წყობის შეცვლაა მოულოდნელ იერიშებს შორის. ქალბატონ დე პიენს არ შეეძლო მოხერხებულად ემოქმედა. იმის ნაცვლად, რომ დაერიგებინა, კამათი დაუწყო ზრდილობის შესახებ. უცებ ერთი აზრი მოუვიდა - თანამზრახველის მონანიება მას გულში მოხვდებოდა, - გაიფიქრა, - ქრისტიანული დასასრული ქალისა, რომელიც მაკსს უყვარდა (საუბედუროდ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს დასასრული მოახლოვებული იყო). უთუოდ გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებსო. სწორედ ამ იმედით მიიღო გადაწყვეტილება - ნება მიეცა მაკსისათვის არსენი ენახა. ამგვარად დროს მოიგებდა და განზრახულ საუბარს მაკსთან იქით გადასწევდა. მართალია, მისდაუნებურად შიშს გვრიდა ის აზრი, რომ მასთან ასეთ სერიოზულ თემაზე უნდა ეკამათა.

      ქალბატონი დე პიენი ფიქრობდა, რომ კეთილ საქმეს აკეთებდა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო სრულ წარმატებაში, ხოლო წარუმატებლობა ამ საქმეში - მაკსის გადარჩენის ყოველგვარი იმედის გადაწყვეტას უდრიდა, ეს ნიშნავდა, საბოლოოდ შეეცვალა შეხედულება მის მიმართ. ეზრუნა, რათა ქრისტიანული სასოებით გაემართლებინა ეს გრძნობა. ყველა იარაღი კარგია მაცდურის ხელში და ასეთი პრაქტიკა მისთვის ჩვეულებრივია. აი, რატომ ლაპარაკობენ პორტუგალიელები მოხდენილად: „De boas intencoes esta o interno cheico“ (ჯოჯოხეთი კეთილი განზრახვებითაა მოკირწყლული). ფრანგულად ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი მოკირწყლულია ქალების ენით. ეს იგივეა, რადგან ქალებს, ჩემი აზრით ყოველთვის სიკეთე სურთ.

      განაგრძეო, მეუბნებით; მაშ ასე... მეორე დღეს ქალბატონი დე პიენი წავიდა თავის პროტეჟესთან, რომელიც ძალიან დასუსტებული და დანაღვლიანებული დაუხვდა, მაგრამ მაინც უფრო წყნარი და უფრო ბედის მორჩილი, ვიდრე ფიქრობდა. კვლავ ჩამოუგდო სიტყვა ბ- ნ დე სალინიზე, მაგრამ ამჯერად უფრო დალაგებულად ლაპარაკობდა, ვიდრე წინა დღით. არსენს უარი უნდა ეთქვა მაკსზე და თუ კიდევ იფიქრებდა მასზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოეტირებინა მათი საერთო სიბრმავე. გარდა ამისა, არსენმა მაკსს უნდა აჩვენოს რომ ინანიებს, მისცეს მაგალითი, დაიწყოს ახალი ცხოვრება და უზრუნველყოს მისი სულიერი სიმშვიდე. ამ სრულიად ქრისტიანული შეგონებისათვის ქალბატონმა დე პიენმა საჭიროდ ჩათვალა რამდენიმე არგუმენტიც დაემატებინა. ასე მაგალითად, არსენს, თუ ნამდვილად უყვარს ბატონი დე სალინი, უწინარეს ყოვლისა, მისი სიკეთე უნდა სურდეს, და რომ თავისი ქცევის შეცვლით ის დაიმსახურებს იმ კაცის პატივისცემას, რომელსაც აქამდე არ შეეძლო ასეთი გრძნობა ჰქონოდა მისდამი. ყოველივე, რაც ამ სიტყვებში მკაცრი და მოსაწყენი იყო, უმალვე წაიშალა, როგორც კი ქალბატონმა დე პიენმა თავისი შეგონება დაამთავრა და უთხრა მაკსს კიდევ ნახავ, სადაცაა მოვაო. ქალბატონმა დე პიენმა, დიდი ხნის ტანჯვისაგან ფერდაკარგულ სახეზე უეცრად მოწოლილი სიწითლისა და თვალების უჩვეულო ელვარების შემყურემ, კიდეც ინანა, რომ დათანხმდა მათ შეხვედრაზე, მაგრამ ახლა გვიანი იყო გადაწყვეტილების შეცვლა. მაკსის მოსვლამდე დარჩენილი რამდენიმე წუთი ღვთისმოსაურ და ენერგიულ შეგონებებს მოახმარა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ყურს არ უგდებდნენ; არსენი მხოლოდ თმების წესრიგში მოყვანით და ქუდზე დაჭმუჭნული ბაბთის გასწორებით იყო დაკავებული.

      ბოლოს ბატონი დე სალინიც გამოჩნდა. სახის ყველა ნაკვთს ძაბავდა, რათა მხიარული და თავისუფალი იერი ჰქონოდა. არსენი მოიკითხა. შეეცადა ბუნებრივი კილო შეენარჩუნებინა, მაგრამ ისეთი ხმა აღმოხდა, ძალზე გაციებულ ადამიანს რომ ექნება. თავის მხრივ ვერც არსენი გრძნობდა თავს თავისუფლად; რაღაც წაიბუტბუტა, სიტყვები ვერ იპოვა და, თითქოს მადლობას უხდისო, ქალბატონი დე პიენის ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა. ყველგან, რაღაცით შებოჭილ ადამიანებს შორის, იგივე ითქმებოდა, რაც აქ ამ თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში ითქვა. მხოლოდ ქალბატონი დე პიენი ინარჩუნებდა ჩვეულებრივ სიმშვიდეს, ან, უფრო სწორად, უკეთ იყო მომზადებული და უფრო კარგად ეჭირა თავი; ხშირად არსენის ნაცვლად პასუხობდა. ამ უკანასკნელის აზრით, მისი შუამავალი საკმაოდ ცუდად გამოთქვამდა მის ფიქრებს. საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა. ქალბატონმა დე პიენმა შენიშნა, რომ ავადმყოფი ხშირ-ხშირად ახველებდა, მოაგონდა, რომ ექიმი ლაპარაკს უკრძალავდა და მაკსს უთხრა: შეკითხვებს ის სჯობს რაიმე წაუკითხოთ ხმამაღლაო. მაკსმა მაშინ აიღო წიგნი, ფანჯარასთან მივიდა, რადგან ოთახში ცოტათი ბნელოდა, და დაიწყო კითხვა ცოტა გაუგებრად. არსენსაც არაფერი ესმოდა, მაგრამ არ იმჩნევდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს ცხოველი ინტერესით უსმენდა. ქალბატონ დე პიენს შინიდან ხელსაქმე წამოეღო და იმით ერთობოდა. მომვლელი ქალი თავს იჩქმეტდა, რომ არ დასძინებოდა. ქალბატონ დე პიენს წამდაუწუმ გადაჰქონდა მზერა საწოლიდან ფანჯრისაკენ, თვით ასთვალა არგუსიც კი ვერ იქნებოდა ასეთი კარგი მცველი, რამდენიმე წუთის შემდეგ იგი არსენისაკენ დაიხარა და ჩასჩურჩულა: - რა კარგად კითხულობს!

      არსენმა შემაძრწუნებელი მზერა ესროლა ქალბატონ დე პიენს, ტუჩებზე კი ღიმილი დასთამაშებდა.

      - დიახ! - უპასუხა.

      შემდეგ თვალები დახარა, დრო და დრო მსხვილი ცრემლები მოადგებოდა ხოლმე წამწამებზე და ლოყებზე ჩამოუგორდებოდა ისე, რომ თავად ვერ ამჩნევდა ამას. მაკსს ერთხელაც არ მოუბრუნებია თავი. რამდენიმე გვერდის წაკითხვის მერე ქალბატონმა დე პიენმა უთხრა არსენს: - მოგასვენებთ, ჩემო ბავშვო, ვშიშობ რომ ძლიერ დაგღალეთ. ჩქარა დავბრუნდებით შენს სანახავად.

      ქალბატონი დე პიენი ადგა. მაკსი ჩრდილივით აჰყვა მას. არსენი ისე გამოემშვიდობა, თითქმის არც შეუხედავს მისთვის.

      - კმაყოფილი ვარ თქვენით, მაკს, - უთხრა ქალბატონმა დე პიენმა, როდესაც მაკსმა სახლამდე მიაცილა, - იმ გოგოსი კიდევ უფრო მეტად. ეს საწყალი გოგო აღსავსეა სიმშვიდით. ის თქვენ მაგალითს გაძლევთ.

      - ტანჯვა და დუმილი, ქალბატონო, ნუთუ ასე ძნელი სასწავლია?

      - რაც მთავარია, უნდა ისწავლო, რომ გულში ცუდი აზრები არ გაიტარო.

      მაკსმა თაყვანი სცა და სწრაფად განშორდა.

      მეორე დღეს ქალბატონმა დე პიენმა არსენს სწორედ იმ დროს შეუსწრო, როდესაც საწოლის ახლოს მდგარ მაგიდაზე დაწყობილი იშვიათად ყვავილების თაიგულს ათვალიერებდა.

      - ესენი ბატონმა დე სალინიმ გამომიგზავნაო, - უთხრა, - კაცი გამოგზავნა ჩემი ამბის გასაგებად. თვითონ არ მოსულა.

      - ძალიან ლამაზი ყვავილებია, - თქვა ქალბატონმა დე პიენმა ცოტა არ იყოს მშრალად.

      - წინათ ძალიან მიყვარდა ყვავილები, - თქვა ავადმყოფმა და ამოიოხრა. - მანებივრებდა... ბატონი დე სალინი მანებივრებდა, ყველაზე ლამაზი ყვავილები მოჰქონდა, რაც შეიძლებოდა... მაგრამ დღეს ეს აღარაფრად მიღირს... ძალიან მძაფრი სუნი აქვთ... ქალბატონო, თქვენ წაიღეთ ეს თაიგული, ის არ გაბრაზდება ამაზე.

      - არა, ჩემო ძვირფასო, თქვენთვის სასიამოვნოა ამ ყვავილების ცქერა, - უპასუხა ქალბატონმა დე პიენმა უფრო ხმადაბლა, რადგან აღელვებული იყო საცოდავი არსენის ღრმად მოწყენილი ტონით. - მე მხოლოდ იმ ყვავილებს წავიღებ, რომლებსაც მძაფრი სუნი აქვთ. კამელიები დაიტოვეთ.

      - არა, მე მძულს კამელიები... ერთადერთ ჩხუბს მაგონებენ, რომელიც ჩვენ გვქონდა ერთად ყოფნისას.

      - ნუღარ ფიქრობთ ამ სისულელეებზე, ჩემო ძვირფასო ბავშვო.

      - ერთ დღეს, - განაგრძო არსენმა და თან ყურადღებით უცქეროდა ქალბატონ დე პიენს, - ერთ დღეს, დავინახე ძალიან ლამაზი კამელია მის ოთახში, რომელიც წყლიან ჭიქაში ჰქონდა ჩადებული. მინდოდა ამეღო, მაგრამ უფლება არ მომცა. შეხებაც კი დამიშალა. ავუხირდი და ვუთხარი რაღაც სისულელეები. აიღო და კარადაში ჩაკეტა, გასაღები კი ჯიბეში ჩაიდო. არაფერმა უშველა. მივხვდი, რომ ის მართლა კარგი ქალის საჩუქარი უნდა ყოფილიყო... ვერაფრით ვერ გავიგე - ვისი.

      არსენი ლაპარაკობდა და თითქმის ბოროტად მიშტერებოდა ქალბატონ დე პიენს, რომელმაც უნებურად თვალები დახარა. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ავადმყოფის ჩქარი სუნთქვა არღვევდა. ქალბატონ დე პიენს კამელიასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მოაგონდა ბუნდოვნად. ერთ დღეს, როდესაც ქალბატონ ობრესთან სადილობდა, მაკსმა უთხრა, ეს არის დეიდაჩემმა დაბადების დღე მომილოცაო და სთხოვა, თქვენც მომეცითო თაიგული. ქალბატონმა დე პიენმა სიცილით გამოიძრო თმიდან ერთი კამელია და მისცა. მაგრამ როგორ დაამახსოვრდა ასეთი უმნიშვნელო შემთხვევა? ქალბატონ დე პიენს ვერაფრით აეხსნა ეს, ამ ამბავმა შიშიც კი მოჰგვარა. ვერ მოასწრო თავისი დაბნეულობა გაეფანტა, რომ, ამ დროს მაკსი შემოვიდა და იგრძნო, რომ წითლდებოდა.

      - გმადლობთ ყვავილებისათვის, - უთხრა არსენმა, - მაგრამ ისინი ჩემზე ცუდად მოქმედებენ... ტყუილად მაინც არ დაიკარგებიან. ქალბატონს მივეცი. ნუ მალაპარაკებთ. ლაპარაკი აკრძალული მაქვს. წამიკითხეთ რამე, თუ გნებავთ.

      მაკსი დაჯდა და კითხვა დაიწყო. ამჯერად, ვფიქრობ, არავინ უსმენდა. ყოველი მათგანი, და მათ შორის მკითხველიც, საკუთარ ფიქრს მიჰყვებოდა.

      როდესაც ქალბატონი დე პიენი წასასვლელად წამოდგა, თაიგული მაგიდაზევე დატოვა, მაგრამ არსენმა შეახსენა, არ დაგრჩეთო. რაღას იზამდა? წაიღო უკმაყოფილომ იმით, რომ ამ წვრილმანზე თავიდანვე არ დათანხმდა, და ერთგვარი ღელვა გამოამჟღავნა. „რა არის ამაში ცუდი?“ - ფიქრობდა; ცუდი უკვე ის იყო, რომ თავის თავს ასეთ კითხვას აძლევდა.

      არ უთხოვია, მაგრამ მაკსი შინ წაჰყვა. დასხდნენ და თვალს არიდებდნენ ერთმანეთს. იმდენ ხანს იყვნენ ჩუმად, რომ უხერხულობა იგრძნეს..

      - საცოდავი გოგო, - თქვა ქალბატონმა დე პიენმა, - ძალიან მაფიქრებს. როგორც ჩანს, იმედი უკვე აღარ არის.

      - ექიმი ნახეთ? - შეეკითხა მაკსი, - რას მბობს?

      ქალბატონმა დე პიენმა თავი გააქნია.

      - რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩა. ასე დააკვნეს ამ დილით.

      - რა სანახავი იყო, ცუდად გავხდი, - თქვა მაკსმა და ფანჯარასთან მივიდა, ალბათ მღელვარების დასაფარავად.

      - რა თქმა უნდა, საშინელებაა სიკვდილი მის ასაკში, - მძიმედ განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - მაგრამ მეტი რომ ეცოცხლა, ვინ იცის, იქნებ ეს უფრო დიდი უბედურება ყოფილიყო მისთვის?.. განგებამ ინება, რომ დრო მიეცა მოსანანიებლად და სასოწარკვეთილი სიკვდილისგან გადაერჩინა. ეს დიდი მოწყალებაა და ახლა მან თავადაც იცის ამის ფასი. აბატი დიუბინიონი ძლიერ კმაყოფილია მისი. არც ისე შესაბრალისია იგი, მაკს.

      - არ ვიცი, უნდა გვებრალებოდეს თუ არა ისინი, ვინც ახალგაზრდები კვდებიან, - უპასუხა მაკსმა ცოტა არ იყოს მოულოდნელად, - მე, მაგალითად, ვისურვებდი ახალგაზრდა მოვმკვდარიყავი, მაგრამ მის ტანჯვას არ შემიძლია ვუცქირო.

      - ხორციელი ტანჯვა სასარგებლოა სულისათვის...

      მაკსმა არაფერი უპასუხა და წავიდა დასაჯდომად ოთახის ბოლო კუთხეში, სქელი ფარდებისაგან ნახევრად ჩაბნელებულ ადგილას. ქალბატონი დე პიენი ხელსაქმობდა ან ვითომ ხელსაქმობდა. ნაქარგს დაშტერებოდა, მაგრამ მაკსის მზერას გრძნობდა, და ეს ისე მოქმედებდა მასზე, თითქოს რაღაც სიმძიმე აწვებაო. იმ მზერას, რომელსაც გაურბოდა, გრძნობდა ხელებზე, მხრებზე, შუბლზე. მოეჩვენა, თითქოს მზერა მის ფეხებზე შეჩერდა და ჩქარა დამალა ფეხები კაბის ქვეშ. შეიძლება არის რაიმე ჭეშმარიტება იმაში, რასაც ლაპარაკობენ მაგნიტურ დენებზე, ქალბატონო?

      - ადმირალ დე რინის იცნობთ, ქალბატონო? - შეეკითხა უცებ მაკსი.

      - დიახ, ცოტათი.

      - შეიძლება ერთი სამსახური გთხოვოთ? სარეკომენდაციო წერილი...

      - რისთვის?

      - რამდენიმე დღეა, ქალბატონო, გეგმებს ვადგენ, - განაგრძო მოჩვენებითი მხიარულებით, - რჯულზე მინდა მოვიქცე და ჩავიდინო ჭეშმარიტი ქრისტიანული საქციელი, მაგრამ არ ვიცი, როგორ.

      ქალბატონმა დე პიენმა, ცოტა მკაცრად შეხედა.

      - აი, რაზე შევჩერდი, - განაგრძო, - ძალიან ვწუხვარ, რომ სამხედრო სკოლაში არ მისწავლია, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება. არც თუ ისე ცუდად ვხმარობ თოფს... და ვგრძნობ რაღაც არაჩვეულებრივ სურვილს - წავიდე საბერძნეთში და ვეცადო იქ მოვკლა რამდენიმე თურქი ქრისტეს ჯვრის სადიდებლად.

      - საბერძნეთში! - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა და ხელიდან გაუვარდა ძაფის გორგალი.

      - დიახ, საბერძნეთში! აქ აღარაფერს ვაკეთებ, მოწყენილი ვარ, არავის არაფერში ვჭირდები, არ შემიძლია გავაკეთო რაიმე სასარგებლო. ქვეყნად არ არის ადამიანი, ვისთვისაც რაიმე სარგებლობის მოტანა შემეძლოს. რატომაც არ წავალ; ან მოვიმკი დაფნის გვირგვინს, ან თავს გამიტეხავენ სასიქადულო საქმის გულისთვის. სხვათა შორის, ჩემთვის ვერ ვხედავ სხვა საშუალებას დიდების ან უკვდავების მოსაპოვებლად, რაც ძალიან მინდა. თვითონ წარმოიდგინეთ, რა პატივი იქნება ჩემთვის, როდესაც გაზეთში წაიკითხავთ: „ტრიპოლიციიდან გვატყობინებენ, რომ ბატონმა მაკს დე სალინიმ, ახალგაზრდა ფილელინმა, რომელიც დიდ იმედებს იძლევა - ხომ შეიძლება ეს თქვან გაზეთში - დიდ იმედებს იძლევა, რწმენისა და თავისუფლების წმიდათაწმინდა საქმისადმი უანგარო ერთგულებას ემსხვერპლა. გამხეცებული ყურშიდ- ფაშა იქამდე მივიდა, რომ ზრდილობა დაივიწყა და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ“...ზოგიერთების აზრით მე სწორედ თავი არა მაქვს წესრიგში, არა ქალბატონო? - და ნაძალადევად გაიცინა.

      - სერიოზულად ლაპარაკობთ, მაკს? მართლა გინდათ საბერძნეთში წასვლა?

      - ნამდვილად სერიოზულად, ქალბატონო; ოღონდ ვეცდები ჩემი ნეკროლოგი რაც შეიძლება გვიან გამოჩნდეს.

      - რას გააკეთებთ საბერძნეთში? ბერძნებს ჯარისკაცები არ აკლიათ.. თქვენ საუცხოო ჯარისკაცი იქნებით, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ...

      - შესანიშნავი გრენადერი, ხუთი ფუტის სიმაღლისა! - წამოიძახა და ფეხზე წამოდგა, - ბერძენები მეტისმეტად წუნიები იქნებოდნენ, თუ უარს იტყოდნენ ასეთ ახალწვეულზე. ხუმრობის გარეშე, ქალბატონო, - განაგრძო და თან სავარძელში ჩაეშვა, - ჩანს ყველაზე კარგი საშუალებაა, რაც მე შემიძლია მოვიფიქრო. არ შემიძლია დავრჩე პარიზში (ეს სიტყვა რაღაც განსაკუთრებული სიძლიერით წარმოთქვა). აქ უბედური ვარ, ათას სისულელეს ჩავიდენ... ძალა აღარ შემწევს წინააღმდეგობისა... მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლავე არ მივემგზავრები... მაგრამ წავალ.. დიახ, დიახ! ეს საჭიროა, თავს უკვე პატიოსანი სიტყვა მივეცი. იცით, რომ ორი დღეა რაც ბერძნულს ვსწავლობ? ბერძნული შესანიშნავი, ლამაზი ენაა, ხომ მართალია?

      ქალბატონ დე პიენს წაკითხული ჰქონდა ლორდი ბაირონი და მოაგონდა ეს ბერძნული ფრაზა, მისი ერთი პატარა ლექსის მისამღერი. თარგმანი, როგორც თქვენთვის ცნობილია, მოცემულია შენიშვნებში, სახელდობრ - „სიცოცხლე ჩემო, მე შენ მიყვარხარ“, - ეს არის ამ ქვეყნის თავაზიანი მანერა. ქალბატონი დე პიენი წყევლიდა თავის კარგ მეხსიერებას; მას არ უკითხავს, რას ნიშნავდა ეს ბერძნული სიტყვები. შიშობდა , სახეზე არ დამჩნეოდა, რომ გაიგო მათი მნიშვნელობა. მაკსი პიანინოს მიუახლოვდა და მისი თითები ვითომც შემთხვევით დაეცა კლავიშებზე, აკრიფა რამდენიმე მელანქოლიური აკორდი, უცებ ქუდი აიღო, ქალბატონ დე პიენისაკენ შემობრუნდა და ჰკითხა, აპირებდა თუ არა ქალბატონ დარსენესთან წასვლას ამ საღამოს.

      - ვფიქრობ, რომ კი, - უპასუხა ოდნავი ყოყმანის შემდეგ ქალბატონმა დე პიენმა.

      ხელი ჩამოართვა და მაშინვე გავიდა; ამგვარი მღელვარება ქალბატონ დე პიენს ჯერ არ განეცადა.

      თავში ისეთი ბუნდოვანი აზრები უტრიალებდა და ისე სწრაფად სცვლიდა ისინი ერთიმეორეს, რომ ვერ ასწრებდა რომელიმე მათგანზე შეეჩერებინა გულისყური. ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მაკსს უყვარდა. ეს სიყვარული - კეთილი განწყობა, - როგორც თვითონ ამბობდა, - დიდი ხნის წინათ წარმოიშვა, მაგრამ აქამდე ამის გამო გული არ აჩუყებია. მასავით ღვთისმოსავ ქალსა და მაკსისავით ლაზღანდარა კაცს შორის გულუხვი დაბრკოლება იყო აღმართული და ამიტომ ეს ამბავი არც აფიქრებდა. თუმცა ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა და თავმოყვარეობას უღიზიანებდა ის, რომ ისეთ თავქარიან კაცს, როგორიც მისი აზრით მაკსი იყო, სერიოზულ გრძნობებს აღუძრავდა. იმაზე კი არასოდეს უფიქრია, რომ ამ გრძნობებს ერთ მშვენიერ დღეს შეეძლოთ მისი სიმშვიდის დარღვევა. ახლა კი ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ საშიშროებას, რომელსაც ბუნდოვნად ხედავდა, არ ჰქონდა არავითარი რეალური საფუძველი. უეცარი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე, ცვლილება რაც ბატონ დე სალინის ქცევაში შეამჩნია, შეიძლებოდა არსენ გიიოს სიყვარულით ახსნილიყო; მაგრამ, ამის გაფიქრება მისთვის უფრო აუტანელი იყო, ვიდრე სხვა რამ და შვებას გრძნობდა, როცა ამ აზრის უსაფუძვლობაში რწმუნდებოდა.

      ქალბატონ დე პიენს მთელი საღამოს განმავლობაში რაღაც აჩრდილები ეზმანებოდნენ, მერე ქრებოდნენ და სახეცვლილნი კვლავ წარმოუდგებოდნენ ხოლმე თვალწინ. ქალბატონი დარსენესთან წასვლა არ უნდოდა, თავი რომ დაეზღვია, მეეტლეს ნება დართო შინიდან წასულიყო და ადრე დაწოლა მოინდომა. მაგრამ ამ დიდსულოვნური გადაწყვეტილების მიღებისთანავე, როცა უკვე გვიან იყო უკან დახევა, ინანა - არასაკადრის სისუსტეში ჩამოართვა თავის თავს ეს ამბავი. მაკსმა ეჭვი არ აიღოსო, - განსაკუთრებით ამისი ეშინოდა. თავის თავს უკვე ვეღარ უმალავდა წაუსვლელობის ნამდვილ მიზეზს და თავი დამნაშავედ მიაჩნდა. ბატონი დე სალინის გამო ასეთი მოუსვენრობა მისი აზრით უკვე დანაშაული იყო. დიდხანს ილოცა, მაგრამ ვერც ლოცვაში ჰპოვა შვება. არ ვიცი რომელ საათზე მოახერხა დაძინება, მაგრამ, ერთი კი ცხადია, - თავში დილითაც ისევ ის ბუნდოვანი ფიქრები უტრიალებდა და არ იცოდა რა გზას დასდგომოდა.

      საუზმობისას, რამეთუ საუზმობენ ყოველთვის, ქალბატონო, მით უფრო თუ წინა დღით არ უსადილიათ, გაზეთში წაიკითხა, რომ ვიღაც ფაშას რომელიღაც ქალაქი აუოხრებია. გაუჟლეტია ქალები და ბავშვები; რამდენიმე ფილელენი იარაღით ხელში ბრძოლის ველზე დაცემულა, ზოგისათვის კი ნელი წამებით ამოუხდიათ სულ. ქალბატონ დე პიენს ესღა აკლდა, რომ წარმოედგინა მაკსის მოგზაურობა საბერძნეთში. სევდით გულდამძიმებული გაზეთს ჩაშტერებოდა, როცა მაკსის ბარათი გადასცეს. წინა საღამოს ძალიან მოუწყენია ქალბატონ დარსენესთან; შეწუხებულა, რომ ქალბატონი დე პიენი არ დაუხვდა იქ და ახლა წერილს სწერდა, მისი ამბავი რომ გაეგო და გაერკვია რომელ საათზე წავიდოდა არსენ გიიოსთან. ქალბატონი დე პიენი არ იყო ნაჩვევი წერილების წერას და სიტყვიერად შეუთვალა: ჩვეულებრივ რა დროსაც დავდივარ, იმ დროსო. მერე, ერთი პირობა იფიქრა მაშინვე წასულიყო, რათა მაკსს არ შეხვედროდა იქ, მაგრამ დაფიქრდა, სახიფათო და სამარცხვინო ტყუილი გამომივაო და გადაწყვიტა სიამამცე მოეკრიბა. ლოცვას შეუდგა, დანიშნულ დროზე სახლიდან გავიდა და მტკიცე ნაბიჯით ავიდა არსენის ოთახში.

III

      საწყალი გოგო შესაბრალის მდგომარეობაში დაუხვდა. ცხადი იყო, რომ მისი აღსასრულის ჟამი მოახლოებულიყო. ავადმყოფობა საშინლად გამწვავებოდა. საცოდავი ხრიალით სუნთქავდა; ქალბატონ დე პიენს უთხრეს, ამ დილით რამდენჯერმე წამოაბოდაო, ექიმი ფიქრობდა, დილამდე ვერ გააწევსო. არსენმა მაინც იცნო თავისი მფარველი და მადლობა გადაუხადა ნახვისათვის.

      - მალე აღარ დაიღლებით ჩემს კიბეზე ამოსვლით, - უთხრა ჩამქრალი ხმით.

      ჩანდა, ლაპარაკი ძვირად უღირდა და ყოველი სიტყვის წარმოთქმისას თავს ძალას ატანდა. მისი ლაპარაკი რომ გაგეგონათ, საწოლთან უნდა დახრილიყავით. ქალბატონმა დე პიენმა ხელზე მოჰკიდა ხელი; იგი უკვე ცივი და თითქმის უსიცოცხლო იყო.

      მალე მაკსიც მოვიდა და მომაკვდავის საწოლს მიუახლოვდა. ქალბატონმა დე პიენმა რაღაც ანიშნა და, ხელში წიგნი რომ დაუნახა, ხმადაბლა უთხრა: - დღეს არაფრის წაკითხვა აღარ მოგიწევთო.

      მერე თვალი შეავლო წიგნს, - საბერძნეთის რუკა აღმოჩნდა, რომელიც მაკსს გზაში ეყიდა.

      აბატმა დიუბინიონმა, რომელიც დილიდანვე თავზე ადგა ასრსენს, იმის შემყურე, თუ რა სწრაფად ეცლებოდა ძალა ავადმყოფს, გადაწყვიტა რამდენიმე წუთის სიცოცხლე, რაც მას დარჩენოდა, მისი სულის ნეტარებისათვის გამოეყენებინა. მაკსი და ქალბატონი დე პიენი გვერდიდან მოიშორა და საწოლზე დახრილმა რელიგიის მიერ ასეთი წუთებისათვის განკუთვნილი მაღალფარდოვანი და დამამშვიდებელი სიტყვები წარმოთქვა. ოთახის ერთ კუთხეში ქალბატონი დე პიენი ლოცულობდა, მუხლმოყრილი; ფანჯარასთან მდგარი მაკსი კი ქანდაკებად ქცეულიყო.

      - ყველას მიუტევებთ, ვინც გაწყენინათ, ჩემო გოგონავ? თქვა მღვდელმა აღელვებული ხმით.

      - დიახ.. დაე ბედნიერნი იყვნენ!.. - უპასუხა ოდნავ გასაგონი ხმით არსენმა.

      - მიენდეთ ღვთის მოწყალებას, ჩემო გოგონა! - განაგრძო მღვდელმა, - მონანიება ცის კარებს აღებს.

      კიდევ რამდენიმე წუთს განაგრძობდა აბატი თავის შთაგონებებს, შემდეგ ლაპარაკი შეწყვიტა, დარწმუნებული არ იყო, რომ მის წინ მხოლოდ გვამი არ იყო. ქალბატონი დე პიენი წყნარად წამოდგა, რამდენიმე ხანს ყველანი უძრავად იდგნენ; მღელვარედ უცქეროდნენ არსენის გალურჯებულ სახეს. თვალები დახუჭული ჰქონდა. ყველამ შეიკავა სუნთქვა, თითქოს იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალათ ამ საშინელი ძილისათვის.

      ოთახში მკაფიოდ ისმოდა საათის ტიკტიკი.

      - გათავდა, საწყალი გოგონა, - ამ სიტყვებთან ერთად მომვლელმა ქალმა თავისი სათუთუნე არსენს ტუჩებთან მიუტანა და დაუმატა, - ხომ ხედავთ, მინა არ დაიორთქლა. მკვდარია!

      - საწყალი ბავშვი! - შეჰყვირა გაბრუებისაგან მაკსმა. - რა სიხარული ნახა ამქვეყნად?

      უცებ, თითქოს ამ ხმამ გამოაცოცხლა, არსენმა თვალები გაახილა.

      - მიყვარდა! - წაიჩურჩულა ყრუ ხმით.

      თითებს ამოძრავებდა, თითქოს სურდა ხელი გაეწოდებინა მისთვის. მაკსი და ქალბატონი დე პიენი მიუახლოვდნენ და ორივემ აიღო ხელში მისი თითო ხელი.

      - მიყვარდა! - გაიმეორა ნაღვლიანი ღიმილით.

      ეს იყო უკანასკნელი სიტყვები. მაკსს და ქალბატონ დე პიენს დიდხანს ეჭირათ მისი გაყინული ხელები და ვერ ბედავდნენ თვალები აეწიათ მაღლა.

IV

      მაშ ასე, ქალბატონო, თქვენ ამბობთ, რომ ჩემი მოთხრობა უკვე დამთავრებულია და მეტის მოსმენა აღარ გსურთ. მე კი მეგონა თქვენ მოინდომებდით გაგეგოთ, იმოგზაურა თუ არა ბატონმა დე სალინიმ საბერძნეთში... მაგრამ უკვე გვიანაა, თქვენთვის ესეც საკმარისია. რა გაეწყობა! ყოველ შემთხვევაში თავი მაინც შეიკავეთ ნაჩქარევი განსჯისაგან. მე ვამტკიცებ, რომ არ მითქვამს არაფერი ისეთი, რაც თქვენ ამის უფლებას მოგცემდათ.

      რაც მთავარია, ეჭვი ნუ შეგეპარებათ მოთხრობის სიმართლეში. ეჭვობთ? წადით პრე- ლაშეზზე; გენერალ ფუას საფლავიდან ოც ნაბიჯზე, მარცხნივ, თქვენ დაინახავთ უბრალო ქვის ფილას, რომელსაც გარს აკრავს ცოცხალი ყვავილები. ქვაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ დიდი ასოებით ამოჭრილი ჩემი გმირი ქალის სახელი, რა თქმა უნდა თუ წვიმამ არ წაშალა, ფაქიზი ხელით, ფანქრით ნაწერ დიდ ასოებს: „საწყალი არსენი! ის ჩვენთვის ლოცულობს.“

იხილეთ:

პროსპერ მერიმეს ლიტერატურა
პროსპერ მერიმეს ლიტერატურა, პროსპერ მერიმე, prosper merime, qwelly, literature, ქველი, ლიტერატურა

ნახვა: 1664

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Path of Exile 2 is set to usher

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 13, 2024.
საათი: 4:23am 0 კომენტარი

Even though Grinding Gear Games intends to announce a beta test for Path of Exile 2 on July 29, 2023, it would be a huge surprise if they opted not to have one. The developers' dedication to delivering an exceptional gaming experience for their players is evident, and a beta test would offer them an unmatched opportunity to POE currency trade gather priceless feedback and confirm that the game lives up to the high standards set…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters