ონორე დე ბალზაკი - პიერ გრასუ

წიგნიდან: ონორე დე ბალზაკი - მოთხრობები

      1830 წლის რევოლუციის შემდეგ ახალ ყაიდაზე მოწყობილ ფერწერისა და ქანდაკების გამოფენას თუ სერიოზული განზრახვით დასწრებიხართ, ნუთუ გრძელ, გადატვირთულ გალერეებს თქვენთვის არ აღუძრავს სევდა, მღელვარება და მოწყენილობა? 1830 წლის შემდეგ სალონი აღარც არსებობს. ხალხის მიერ უკვე ერთხელ დაპყრობილი ლუვრი ახლა მხატვრებმა აიღეს იერიშით და იქ დამკვიდრდნენ. წინათ ლუვრის სალონი საზოგადოებას ხელოვნების რჩეულ ნიმუშებს სთავაზობდა და გამოფენილი ქმნილებებით უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა. ორას შერჩეულ სურათს შორის ხალხი უკეთესს ეძებდა. საუკეთესო ნაწარმოებს უცნობი ხელი გვირგვინით ამკობდა. ამა თუ იმ ტილოს გამო ცხარე კამათი იმართებოდა. დელაკრუასა და ენგრისადმი მიმართული ლანძღვა-გინება ისევე უწყობდა ხელს ამ მხატვრების სახელის განდიდებას, როგორც აღტაცებული ხოტბა, რასაც თაყვანისმცემლები უძღვნიდნენ მათ. დღეს აქ გამოფენილი ნაშრომები არც ხალხსა და არც კრიტიკოსებს აღარ აღაგზნებს. მაყურებელი იძულებულია, თვითონ შეარჩიოს სურათები, რაც უწინ ჟიურის ევალებოდა. ამგვარი მუშაობა ხალხის ყურადღებას ქანცავს. დასრულდება თუ არა ეს საქმიანობა, გამოფენაც იხურება. 1817 წლამდე გამოფენაზე მიღებული ტილოები აროდეს გასცილებია გრძელი გალერეის პირველ ორ სვეტს, სადაც ძველი ოსტატების ნამუშევრებია გამოფენილი. წელს კი დიდად გაოცდა საზოგადოება; ახალმა სურათებმა მთელი გალერეა გაავსო. ისტორიული ჟანრი, ჟანრული და სადაზგო ფერწერა, პეიზაჟი, ყვავილები, ცხოველები, აკვარელი - მხატვრობის ეს შვიდი სახეობა მაყურებელს ვერ შესთავაზებს ოცზე მეტ ისეთ ნაწარმოებს, რაც შეხედვის ღირსია. ადამიანი ყურადღებას ამაზე მეტ სურათზე ვერ შეაჩერებს. მხატვრების რიცხვის ზრდასთან ერთად ჟიურის მოთხოვნილებაც უნდა გაზრდილიყო. ყველაფერი მაშინ დაიღუპა, როცა სალონმა მთელი გალერეა დაიკავა. სალონი უნდა დარჩენილიყო განსაზღვრულ, შემოფარგლულ ადგილზე, სადაც მხატვრობის თითოეული სახე თავის შესაფერ ფართობს მიიღებდა და საუკეთესო ნაწარმოებს გამოფენდა. ათი წლის გამოცდილებამ ძველი წესრიგის უპირატესობა ნათელჰყო. ახლა პაექრობის ნაცვლად აქ აყალმაყალს ვხვდებით, ბრწყინვალე გამოფენის სამაგიეროდ - არეულ-დარეულობას, შერჩეულის ნაცვლად - ყველაფერს, ერთად დახროვილს. რა ხდება? ნამდვილი ხელოვანი წაგებული რჩება. წლევანდელ ასიოდე საუკეთესო სურათთან ერთად დიდ სალონში გამოფენილი ოთხი ტილო: თურქული ყავახანა, ბავშვები შადრევანთან, კაუჭებით დასჯა და იოსები დეკამპს უფრო დიდ სახელს მოუხვეჭდა, ვიდრე მისივე ოცი ტილო, ექვს გალერეაში სამი ათს სურათს შორის მიმოფანტული. რაღაც უცნაური მიზეზის წყალობით, მას შემდეგ, რაც სალონმა მთელ ქვეყანას გაუღო კარი, ყველა დაჩაგრულ გენიოსზე ალაპარაკდა. თორმეტი წლის წინათ, როდესაც ხელოვნების სახელგანთქმულმა მოღვაწეებმა და თავგამოდებულმა მსახურებმა სალონში გამოსაფენად დაუშვეს ენგრის კურტიზანი ქალი, ჟერიკოს მედუზა, დელაკრუას სისხლის ღვრა ქიოსზე» და დევერიას ანრი IV მონათვლა, ტილოები, რომელთაც მტრულად განწყობილი კრიტიკის მიუხედავად საზოგადოებას მგზნებარე ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა მხატვრების არსებობა აუწყეს, არავითარი უკმაყოფილება არ წარმოშობილა. ახლა თვით ყველაზე საცოდავ თხუპნიასაც კი შეუძლია თავისი ნაშრომი გამოფენაზე გაგზავნოს და მაინც ამბობენ, შეუცნობელი მხატვრები არსებობენო. იქ, სადაც შეფასება აღარ არის, აღარც შესაფასებელი საგნებია. რაც უნდა იყოს, მხატვრები მაინც დაუბრუნდებიან შერჩევის ძველ წესს; ეს კი მათი ნაშრომებისკენ მიაპყრობს ხალხის ყურადღებას. ისინი ხომ სწორედ ხალხისთვის მუშაობენ. სალონი ვერ იარსებებს, თუ აკადემია არ შეურჩევს სურათებს, ხოლო ხელოვნება სალონის გარეშე შეიძლება დაიღუპოს. მას შემდეგ, რაც კატალოგის წიგნაკი სქელ დავთრად გადაიქცა, დავთარში თავი მოიყარა მრავალმა სახელმა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ დართული აქვს ათი ან თორმეტი სურათის სია, მაინც სრულიად უცნობია საზოგადოებისთვის. მათ შორის ყველაზე ნაკლებ ცნობილია ფუჟერიდან ჩამოსული მხატვარი პიერ გრასუ. მხატვართა წრეში მას უბრალოდ ფუჟერს ეძახიან. დღეს ფუჟერი მზის ქვეშ კარგა თბილად არის მოკალათებული, ეს კი გვიღვიძებს მწარე ფიქრებს, რომელთა ნაყოფია პიერ გრასუს წინამდებარე თავგადასავალი, რაც მხატვართა ტომის სხვა წარმომადგენელთა ცხოვრებასაც მოგვაგონებს. 1832 წელს ფუჟერი ნავარენის ქუჩაზე ცხოვრობდა, ერთი წოწოლა სახლის მეოთხე სართულზე, ასეთი სახლები ლუქსორის ობელისკს ჰგვანან. გრძელი და ბნელი დერეფანი აქვთ, ასევე ბნელი, ვიწრო და სახიფათო ხვეული კიბე, რის გამოც თითოეულ სართულზე მხოლოდ სამი ფანჯარა ეტევა. სახლის შიგნით ეზოა, უფრო ზუსტად რომ გამოვთქვათ, ოთხკუთხი ჭა. პიერ გრასუს სამ თუ ოთხოთახიანი ბინის თავზე მოთავსებული იყო მისივე სახელოსნო, რომელიც მონმარტრს გადასცქეროდა. სახელოსნოს კედლებს საღებავი ზედ აგურებზე ჰქონდა წასმული. იატაკი ყავისფრად იყო შეღებილი და გულმოდგინედ გაპრიალებული. თითოეულ სკამს არშიებიანი პატარა ხალიჩა ეფარა. აქ იდგა უბრალო, მაგრამ გულდაგულ მოვლილი ტახტი, სწორედ ისეთი, ბაყალი დედაკაცის საწოლ ოთახში რომ დგას ხოლმე. ამ სახელოსნოში ყველაფერი მიგვითითებდა გონებაშეზღუდულ კაცუნას დაწვრილმანებულ ცხოვრებაზე და ღარიბი ადამიანის ხელმომჭირნეობაზე. აქვე იდგა კარადა მხატვრის ხელსაწყოებისთვის, სასადილო მაგიდა, ბუფეტი, საწერი მაგიდა. დაბოლოს, აქ ელაგა მხატვრისათვის მეტად აუცილებელი საგნები, ყველაფერი ჩაწიკწიკებული და კრიალა. ღუმელი ეხამებოდა ამ ჰოლანდიურ თადარიგიანობას, რასაც უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდიდა ფაქიზი და ნაკლებ ცვალებადი ჩრდილოეთის შუქი, თავის წმინდა და ცივ სინათლეს უხვად რომ ფენდა ვეებერთელა ოთახს. ფუჟერს, უბრალო ჟანრულ მხატვარს, არ სჭირდებოდა უზარმაზარი ნაგებობანი, რომლებიც ისტორიული ჟანრის მხატვრებს აღატაკებენ. თავის თავში არასოდეს ისეთი დიდი ნიჭი არ უგრძვნია, რომ მაღალ ხელოვნებასაც წაპოტინებოდა. იგი ჯერჯერობით დაზგას ვერ სცილდებოდა.

     ამა წლის დეკემბრის დამდეგს, იმ დროს, როდესაც ფრანგ ბურჟუებს დროდადრო აეკვიატებათ ხოლმე სასაცილო სურვილი - უკვდავჰყონ თავიანთი ისედაც მომაბეზრებელი გარეგნობა, - პიერ გრასუ დილაადრიან ადგა, ფერები დაზილა, ღუმელი აანთო და რძეში ჩამბალი პურის ჭამას შეუდგა, სანამ ფანჯრებზე ყინული გალღვებოდა, რათა ოთახი განათებულიყო და მუშაობის დაწყება შესაძლებელი გამხდარიყო. კარგი, მშრალი ამინდი იდგა. ბევრისმთქმელი, თვინიერი და ბედს დამორჩილებული გამომეტყველებით ილუკმებოდა ფუჟერი, როცა ნაბიჯების ხმა შემოესმა და იცნო, რომ ნაბიჯები ეკუთვნოდა ადამიანს, ვინც გრასუს ცხოვრებაზე ისეთსავე გავლენას ახდენდა, როგორსაც ამ ჯურის ადამიანები ახდენენ თითქმის ყველა მხატვრის ცხოვრებაზე. ეს იყო ელიას მაგიუსი, სურათებით მოვაჭრე, მხატვრობის ჩარჩი. მაგიუსი სწორედ მაშინ შემოვიდა, როდესაც მხატვარი თავის გაკრიალებულ სახელოსნოში მუშაობის დაწყებას აპირებდა.

- როგორაა საქმე, ბებერო გაიძვერავ? - მიმართა მას მხატვარმა. ფუჟერი ორდენით იყო დაჯილდოებული და ელიასი მას თითო სურათში ორას ან სამას ფრანკს უხდიდა; ჩარჩს ხელოვნების დიდ მცოდნედ მოჰქონდა თავი.

- ვაჭრობის საქმე ცუდადაა, - უპასუხა ელიასმა. - თქვენ ყველას დიდი პრეტენზიები გაქვთ. ერთ ტილოზე ექვსი სუს ფერებს დახარჯავთ და აბა, მიართვით ორასი ფრანკი... არა, თქვენზე არ ვამბობ, კარგი ბიჭი ხართ, რიგიანი ადამიანი და აი, მეც სარფიანი საქმე გაგიჩარხეთ.

- Timeo Danaos et dona ferentes, - უპასუხა ფუჟერმა, - ლათინური იცით?

- არა.

- ეს ნიშნავს, რომ ბერძნები ტროელებს კარგ საქმეს ისე არ შესთავაზებენ, თუ თავადაც არაფერი მოიგეს. უწინ ამბობდნენ: წაიყვანეთ ჩემი ცხენი! ახლა კი ვამბობთ: წაიყვანეთ ჩემი დათვი... რა გნებავთ იულიუს-ლაჟენჟოლ-ელიას მაგიუს?

     ეს სიტყვები ნათლად წარმოგვიდგენენ ფუჟერის უწყინარ ენამახვილობას, რასაც იგი მიმართავდა იმის გამოსახატავად, მხატვართა სახელოსნოებში ხუმრობა რომ ჰქვია.

- თუმცა თქვენ არ აგცდებათ ჩემთვის ორი სურათის უფასოდ დახატვა.

- ოჰო!

- ბატონი ბრძანდებით, არ ჩაგაცივდებით. თქვენ პატიოსანი მხატვარი ხართ.

- რაო, რა მოხდა?

- ასე და ამგვარად, მე მომყავს ერთი მამა, ერთი დედა და მათი ერთადერთი ასული.

- ყველა ერთადერთი!

- გამოგიტყდებით, სწორედ აგრე გახლავთ!.. ჰოდა, მათი პორტრეტებია შესასრულებელი. ამ ხელოვნებაზე გაგიჟებულ ბურჟუებს მხატვრის სახელოსნოში ცხვირის შეყოფა ჯერ არ გაუბედავთ. ქალიშვილს ასი ათასი ფრანკის მზითევი აქვს. აბა, ერთი კარგად დახატეთ ისინი, იქნებ თქვენი ოჯახის პორტრეტებად გადაიქცეს შემდეგში.

     ამ სიტყვებზე ელიას მაგიუსს, ძველ გერმანულ კუნძს, ვისაც, რატომღაც, ადამიანად თვლიდნენ, სიცილი წასკდა და მისმა მკვახე ხარხარმა მხატვარს შიშის ზარი დასცა; ასე მოეჩვენა, თითქოს თვით მეფისტოფელმა ჩამოუგდო ლაპარაკი ქორწინებაზეო.

- თითო პორტრეტში ხუთას ფრანკს მოგცემენ. ჩემთვის სამ სურათს დახატავთ.

- ოჰო, - მხიარულად შესძახა ფუჟერმა.

- უკეთუ ქალიშვილს ცოლად შეირთავთ, არ დამივიწყებთ.

- ცოლი შევირთო, მე? - შეჰყვირა პიერ გრასუმ. - მე ხომ მარტოდ წოლას ვარ მიჩვეული, დილით ადრე ადგომას. თანაც ცხოვრება ისე მაქვს აწყობილი...

- ასი ათასი ფრანკი, - მიუგო მაგიუსმა. - და ზედაც ნაზი ასული, ოქროსფერი ტონებით სავსე, წმინდა წყლის ტიციანი!

- ვინ არიან, რას წარმოადგენენ?

- ყოფილი ვაჭრები, ახლა - ხელოვნების მოტრფიალენი. ვილ დ’ავრეიში აგარაკი აქვთ და ათი თუ თორმეტი ათასი წლიური შემოსავალი.

- რითი ვაჭრობდნენ?

- ბოთლებით.

- ნუ მეუბნებით მაგ სიტყვას; თითქოს მომესმა კიდეც, როგორ ჭრიან საცობებს და კბილები მომეკვეთა.

- მაშ, მოვიყვანო?

- სამი პორტრეტი? სალონში გამოვფენ. იქნებ პორტრეტების მხატვარი გავხდე... ჰო, კარგი, თანახმა ვარ. მოხუცი ელიასი ვერველთა ოჯახის მოსაყვანად გაეშურა.

      რათა წარმოვიდგინოთ, როგორ იმოქმედა მაგიუსის წინადადებამ მხატვარზე და რა შთაბეჭდილება მოახდინეს მასზე ბატონმა და ქალბატონმა ვერველებმა, რომელთაც ერთადერთი ასული უმშვენებდა გვერდს, საჭიროა თვალი გადავავლოთ პიერ გრასუ დე ფუჟერის წარსულს.

     მოწაფეობის ჟამს ფუჟერმა ხატვა სერვენთან ისწავლა. სერვენი აკადემიურ სამყაროში დიდ ოსტატად ითვლებოდა. მისგან ფუჟერი შინერთან გადავიდა; დააპირა ჩაწვდომოდა მაძღარ და საუცხოო ფერებს, რითაც განირჩევა ეს ხელოვანი. შინერი და მისი შეგირდები თავშეკავებულნი აღმოჩნდნენ და პიერი პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. აქედან გრასუ უფროს სომერთან გადაბარგდა, რათა ახლოს გაეცნო ხელოვნების ის ნაწილი, რასაც კომპოზიცია ეწოდება. აქაც ვერაფერს გახდა, კომპოზიცია მისთვის უცხო და მიუწვდომელი დარჩა. მერე შეეცადა გრანესა და დეკამპისათვის ინტერიერების მომხიბვლელობის საიდუმლო გამოეტაცა; ამ ორმა ოსტატმა არაფერი მოატაცებინა მას. ბოლოს, ფუჟერმა თავისი წვრთნა დიუვალ-ლეკამიუსთან დაასრულა. სწავლისა და ამ სხვადასხვა გარდაქმნების განმავლობაში ფუჟერმა გამოიჩინა მშვიდი და დინჯი ხასიათი, რის გამოც ყველა სახელოსნოში, სადაც კი ყოფილა, დასცინოდნენ, მაგრამ პიერმა თავისი მოკრძალებით, მოთმინებით და ბატკნის თვინიერებით დამცინავ ამხანაგებს ფარ-ხმალი დააყრევინა. ოსტატები არავითარ სიყვარულს არ ამჟღავნებდნენ ამ ალალი ბიჭის მიმართ. მათ უყვართ ბრწყინვალე შეგირდები, ახირებული აზროვნების ადამიანები, ლაღი და თავშეუკავებელნი, ან კიდევ მჭმუნვარე და დაფიქრებულნი, რაც მაღალი ნიჭით დაჯილდოებულთ ახასიათებს. პიერ გრასუს ყველა თვისება დაბალ ნიჭზე მიუთითებდა. თვით ზედმეტი სახელი - ფუჟერი - მხატვრის სახელი ეგლანტინის პიესიდან, დაცინვის დაუშრეტელ წყაროს წარმოადგენდა. რა უნდა ექნა, ძალა აღმართსა ხნავს: იძულებული გახდა მიეღო იმ ქალაქის სახელი, სადაც პირველად იხილა დღის სინათლე.

      გრასუ დე ფუჟერი თავის სახელს ჰგავდა. მსუქანი და შუა ტანისა იყო, სახეზე გაცრეცილი ფერი ედო. მრეში თვალები ჰქონდა, შავი თმა, ბუკივით ცხვირი, ძალიან ფართო პირი და გრძელი ყურები. მშვიდი, უდრტვინველი და თვინიერი გამომეტყველება მის ჯანმრთელობით აღსავსე, მაგრამ უსიცოცხლო სახის ნაკვთებს ვერაფერს მატებდა. გრასუს, ალბათ, არ აღელვებდა არც სისხლის სიჭარბე, არც ფიქრთა მგზნებარება, არც კომიკური აზრებით აღტყინება, რაც დიდ შემოქმედებს ემართებათ. ეს ახალგაზრდა კაცი პატიოსან ბურჟუად გაეჩინა ღმერთს. წარმოშობით მეიენელი გახლდათ, ორჟემონების შორეული ნათესავი, სამშობლოდან პარიზში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ფერებით მოვაჭრესთან ნოქრად დამდგარიყო, მაგრამ ბრეტონელებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტის შედეგად მხატვრობას მოჰკიდა ხელი. მარტოოდენ უფალმა უწყის, მოწაფეობის წლებში რა არ გადახდა თავს და როგორ ცხოვრობდა. ფუჟერი იტანჯებოდა ისევე, როგორც იტანჯებიან შიმშილით შეწუხებული დიდი ადამიანები, გარეული მხეცებივით დევნილნი, შურისძიებას მოწყურებული უნიჭოთა ხროვისა და პატივმოყვარეთა ბრბოს მიერ.

      პიერ გრასუმ იგრძნო თუ არა, საკუთარი ფრთებით ფრენა შემიძლიაო, მარტირის ქუჩის ზემოთ სახელოსნო დაიქირავა და მუყაითად შეუდგა მუშაობას. გრასუს დებიუტი 1819 წელს მოხდა. პირველი სურათი, რაც მან ლუვრის გამოფენისათვის წარუდგინა ჟიურის, გამოხატავდა სოფლურ ქორწილს, საკმაოდ უბადრუკად გადმოკეთებულს გრეზის ნაწარმოებიდან. ნახატი არ მიიღეს. ფუჟერი არ გაშმაგებულა, როცა ეს საბედისწერო გადაწყვეტილება გაიგო, არც თავმოყვარეობის ბნედას მოუვლია მისთვის, რაც ამპარტავან ადამიანებს ემართებათ და რაც ხანდახან დირექტორის ან მუზეუმის მდივნის დუელში გამოწვევით და სიკვდილის მუქარით მთავრდება ხოლმე. გრასუმ ნახატი ხელსახოცში მშვიდად გაახვია, სახელოსნოში წაიღო და თავის თავს შეჰფიცა, რადაც უნდა დამიჯდეს, დიდი მხატვარი უნდა გავხდეო. ტილო დაზგაზე მოათავსა და თავის ძველ მასწავლებელს, შინერს ეახლა. ეს იყო დიდად ნიჭიერი კაცი, მშვიდი და მომთმენი ხელოვანი, ვისაც ამ უკანასკნელ გამოფენაზე სრული წარმატება ხვდა წილად. ფუჟერმა შინერს სთხოვა, ჩემს დაწუნებულ სურათს გადახედეო. დიდმა მხატვარმა ყველაფერი მიატოვა და ფუჟერისაკენ გასწია. პიერმა მას თავისი ნაშრომი უჩვენა. შინერმა სურათი შეათვალიერა და ფუჟერს ხელზე მოუჭირა ხელი.

- კარგი ბიჭი ხარ, ოქროს გული გაქვს და ვერ მოგატყუებ. მომისმინე: რის იმედსაც იძლეოდი შეგირდობისას, გაამართლე კიდეც. ჩემო კარგო ფუჟერ, რაკი შენი ფუნჯი ამგვარ ტილოებსა ქმნის, მოდი, ნუღარ მიითვისებ ბრიულონის ფერებს, ნურც სიუჟეტს მოპარავ ვისმეს; სანამ გვიანი არ არის, დაბრუნდი შინ. ბამბის ჩაჩი დაიხურე, ცხრა საათზე დაიძინე, დილით კი ათ საათზე გასწიე რომელიმე კანცელარიისკენ, სადაც ადგილს მიიღებ და ხელოვნებას თავი დაანებე.

- მეგობარო, - მიუგო ფუჟერმა, - ჩემი ტილო უკვე მსჯავრდადებულია. განაჩენს არ გთხოვთ, მიზეზი მაინტერესებს.

- კარგი. შენ ხატავ რუხი, ბნელი ფერებით. ნატურას სამგლოვიარო რიდეს იქით ხედავ. შენი ნახატი მძიმეა და ჭუჭყიანი. შენი კომპოზიცია გრეზის მიბაძვაა, მაგრამ გრეზი თავის ნაკლს ისეთი თვისებებით ფარავდა, რაც შენ არ გაგაჩნია. სურათის ნაკლოვანებათა ჩამოთვლის შემდეგ შინერმა ფუჟერს სახეზე ისეთი ღრმა მწუხარება შენიშნა, რომ სადილად მიიწვია და მის დამშვიდებას შეეცადა. მეორე დილას, შვიდი საათიდანვე ფუჟერი მსჯავრდადებული სურათის გადამუშავებას შეუდგა. შეეცადა ფერები გამოეცოცხლებინა, სხეულები გადაეღება და შინერის მითითებების მიხედვით შეესწორებინა. ბოლოს, ამ თითხნით თავგაბეზრებულმა ნახატი ელიას მაგიუსს წაუღო. ჰოლანდიურ-ბელგიურ-ფლამანდური წარმოშობის ელიას მაგიუსს სამი მიზეზი ჰქონდა ყოფილიყო ის, რაც გახლდათ: ძუნწი და მდიდარი. სულ ცოტა ხნის წინათ ჩამოსულიყო ბორდოდან და ახლა პარიზში იკიდებდა ფეხს. ძველი სურათებით ვაჭრობდა და ბონ-ნუველის ბულვარზე ცხოვრობდა. ფუჟერი ხაბაზის მუშტარი თავისი პალიტრის იმედით იყო და ამიტომაც არხეინად შეექცეოდა პურს და ნიგოზს, პურს და რძეს, პურს და ალუბალს, ან პურს და ყველს, იმისდა მიხედვით, თუ წლის რომელი დრო იდგა. ელიას მაგიუსმა, ვისაც პიერმა თავისი პირველი ტილო შესთავაზა, ბევრი ათვალიერა სურათი და თხუთმეტ ფრანკად შეისყიდა.

- წელიწადში თუ თხუთმეტი ფრანკი მექნება შემოსავალი და ათასი ფრანკი გასავალი, - ღიმილით თქვა გრასუმ, - კარგი დახლი დამიდგება.

     ელიას მაგიუსი შეკრთა. თითზე იკბინა, რადგან მიხვდა, რომ შეეძლო სურათი ას სუდ ჩაეგდო ხელში. რამდენიმე დღე, დილაობით, ფუჟერი მარტირის ქუჩიდან ქვემოთ ჩამოდიოდა, მაგიუსის დუქნის პირდაპირ, ბულვარზე, ხალხში მიმალული აშტერდებოდა თავის სურათს, რომელიც ამვლელ-ჩამვლელთა ყურადღებას სრულებითაც არ იზიდავდა. ერთი კვირის შემდეგ ნახატი გაქრა. მხატვარმა ბულვარი აიარა და ისე გაემართა ძველმანებით მოვაჭრის დუქნისკენ, ვითომც და აქ არაფერია, ჩემთვის დავსეირნობო.

     ებრაელი დუქნის კართან იდგა.

- რაო, გაყიდეთ სურათი?

- აგერ, აქ არის, - უპასუხა მაგიუსმა, - ჩარჩოში ჩავსვი. იქნებ ასე მაინც მომეცეს საშუალება ისეთ ვინმეს შევთავაზო, ვისაც ჰგონია, მხატვრობა მესმისო.

     ბულვარზე დაბრუნება ფუჟერმა ვეღარ გაბედა. ახალი სურათის ხატვას ჩაუჯდა. ორი თვე მუშაობას მოანდომა. საკვები თაგვის სამყოფი ჰქონდა, ხოლო ტანჯვა - კატორღელისა.

     ერთ საღამოს გულმა ვეღარ მოუთმინა და ბულვარისკენ გაემართა. ფეხებმა თითქოს თავად მიიყვანეს მაგიუსის დუქანთან, სურათი ვერსად შეამჩნია.

- გავყიდე თქვენი ტილო, - უთხრა ვაჭარმა.

- რამდენად?

- ცოტაოდენი სარგებელიც ვნახე. გამიკეთეთ ფლამანდური ინტერიერები, ანატომიის გაკვეთილი, პეიზაჟი. გასამრჯელოს გადაგიხდით, - მიმართა ელიასმა ფუჟერს. გრასუ მზად იყო მაგიუსს გადახვეოდა. ახლა იგი საკუთარ მამასავით შესცქეროდა ვაჭარს. შინ სიხარულით აღვსილი დაბრუნდა. მაშ, დიდი მხატვარი შინერი შემცდარა! უზარმაზარ ქალაქ პარიზში თურმე არსებობენ ადამიანები, ვისი გული გრასუს გულთან შეხმატკბილებულად სცემს. მისი ნიჭი გაიგეს და დააფასეს. საწყალი ოცდაშვიდი წლის კაცი ბიჭივით გულუბრყვილო იყო. ვინმე სხვა, ეჭვიანი და პირქუში მხატვარი, შეამჩნევდა ელიას მაგიუსის სატანისებურ გამოხედვას, წვერის ცანცარს, ულვაშების დამცინავ ცმაცუნს, მხრების აჩეჩვას, რაც ამჟღავნებდა ვალტერ სკოტისეული ებრაელის კმაყოფილებას, ქრისტიანის შეცდენით გამოწვეულს. აღფრთოვანებულმა ფუჟერმა ბულვარზე გაისეირნა. სიხარულმა მის სახეს ამაყი გამომეტყველება მოჰფინა. დაემსგავსა ლიცეუმის მოსწავლეს, რომელმაც პირველი საყვარელი გაიჩინა. გრასუს გზად ამხანაგი შემოხვდა. ეს იყო ჟოზეფ ბრიდო, ერთი იმ არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებულ მხატვართაგანი, რომელნიც დიდებისა და უბედურებისათვის დაბადებულან ქვეყნად. ჟოზეფ ბრიდოს, როგორც თავად განუცხადა მეგობარს, ჯიბეში რამდენიმე სუ გასჩენოდა. მან ფუჟერი ოპერაში დაპატიჟა. გრასუ ვერც ბალეტს ხედავდა და ვერც მუსიკას უსმენდა; სურათებზე ფიქრობდა, ხატავდა. შუა წარმოდგენისას ჟოზეფი მიატოვა და შინ გაიქცა. ლამპის შუქზე ესკიზები მოხაზა, ოცდაათი სურათი მოიფიქრა - ოდესღაც უკვე ნანახი, დავიწყების ბურუსით მოცული, მოგონებებით სავსე. თავი გენიალურ მხატვრად წარმოიდგინა. მეორე დღესვე იყიდა ფერები, სხვადასხვა ზომის ტილოები. მაგიდაზე დაიწყო პური, ყველი, ხელადით წყალი. ღუმელისათვის შეშა მოიმარაგა და შემდეგ, სახელოსნოებში რომ იტყვიან, კირკიტი დაუწყო თავის სურათებს. რამდენიმე მენატურეც ჰყავდა, ხოლო მაგიუსმა ქსოვილები ათხოვა. ორი თვის პატიმრობის შემდეგ ბრეტონელმა ოთხი სურათი დაასრულა.

     კვლავ შინერს მიმართა რჩევისათვის. არც ჟოზეფ ბრიდო დავიწყებია. ორივე მხატვარმა ამ ნახატებში ჰოლანდიური პეიზაჟებისა და მეტსუს ინტერიერების მიბაძვა აღმოაჩინა, მეოთხე სურათში კი რემბრანდტის «ანატომიის გაკვეთილის» ასლი.

- ისევ მიბაძვა, - აღმოხდა შინერს, - ეჰ! ფუჟერს ძალიან უმძიმს დამოუკიდებელი მუშაობა.

- კარგი იყო სხვა საქმე აგერჩია, - უთხრა ბრიდომ.

- რა საქმე? - იკითხა ფუჟერმა.

- მოდი, ლიტერატურაში გადაიჭერი.

     პიერ გრასუმ თავი ჩაქინდრა, როგორც ცხვარმა იცის წვიმის დროს, მერე ისევ გამოკითხვას შეუდგა; კვლავ საჭირო რჩევა-დარიგება მიიღო. ნახატები შეასწორა და ელიასს წაუღო. ელიასმა თითოეულ სურათში ოცდახუთი ფრანკი გადაუხადა. ფუჟერი არც მოგებას იყო, არც წაგებას, თუ გავიხსენებთ მის ხელმომჭირნეობას. რამდენჯერმე აისეირნ-ჩაისეირნა მაგიუსის დუქნის წინ, - უნდოდა გაეგო, რა ბედი ეწია ჩემს ნახატებსო. უცნაური ჰალუცინაცია დაემართა. მისი ესოდენ დავარცხნილი, გაკრიალებული, თოლუსივით მაგარი და ფაიფურზე ნახატივით პრიალა ტილოები, თითქოს ბურუსში გახვეულიყო და ძველ სურათებს დამსგავსებოდა. ელიასი სულ ცოტა ხნის წინათ სადღაც წასულიყო და ფუჟერმა ამ საკვირველი მოვლენის ასავალ-დასავალი ვერ გაიგო. გაიფიქრა, ალბათ, კარგად ვერ გავარჩიე, უთუოდ მომეჩვენაო. გრასუ თავის სახელოსნოში დაბრუნდა და იმ სურათების ხატვას შეუდგა, რაც, დიდი ხანია, სხვების მიერ იყო შექმნილი. შვიდი წლის განუწყვეტელი მუშაობის შედეგად ფუჟერი ცოტად თუ ბევრად ჩაწვდა კომპოზიციის საიდუმლოებას და საშუალო ღირსების ნახატების შესრულებას დაეუფლა. ხატავდა ისევე, როგორც ყველა მეორეხარისხოვანი მხატვარი ხატავს. ელიასი მის ყველა ნაშრომს ყიდულობდა და ყიდდა. საწყალი ბრეტონელი ასიოდე ლუიდორს ძლივს იღებდა და ათასორას ფრანკზე მეტს არ ხარჯავდა.

      1829 წლის გამოფენის დროს ლეონ დე ლორა, შინერი და ბრიდო დიდი გავლენით სარგებლობდნენ და ხელოვნების ახალ მიმართულებას სათავეში უდგნენ. სამთავეს თავიანთი ძველი მეგობარი მისი სიჯიუტისა და სიღარიბის გამო შეეცოდათ და დიდ სალონში გამოსაფენად ფუჟერის ერთი ნახატი მიიღეს. სურათი დიდ ყურადღებას იპყრობდა. განწყობილებით ვინერონს მოგვაგონებდა, ხოლო შესრულებით - ადრინდელ დიუბუფს. გრასუს თავის ტილოზე წარმოედგინა ახალგაზრდა კაცი, ვისაც კეფაზე თმას პარსავდნენ. ამ კაცს ერთი მხრიდან მღვდელი ედგა, მეორე მხრიდან - დედაბერი და მტირალი ყმაწვილი ქალი. სასამართლოს მდივანი საღერბო ქაღალდს კითხულობდა. გაჩორკნილ მაგიდაზე ხელუხლები საჭმელი მოჩანდა. სინათლე მაღლა ჩატანებულ ფანჯრის გისოსებში შემოდიოდა. სურათში ისეთი რამ იყო გადმოცემული, რის დანახვაზე ბურჟუები უნდა აკანკალებულიყვნენ და კანკალებდნენ კიდეც. ფუჟერი კი სულ უბრალოდ, ჟერარ დოუს შედევრით იყო შთაგონებული. მან წყალმანკიანი ქალის ჯგუფი წინა მხრიდან კი არ გადმოსცა, არამედ ფანჯრისკენ შეატრიალა. მომაკვდავი სიკვდილმისჯილით შეცვალა: იგივე ფერმკრთალი სახე, იგივე გამოხედვა, იგივე ღაღადი ღვთისადმი. ფლამანდიელი ექიმის ნაცვლად სასამართლოს მდივნის ცივი და ოფიციალური ფიგურა დახატა. ჟერარ დოუს ახალგაზრდა ქალს, გვერდით დედაბერი დაუყენა. დაბოლოს, შემაძრწუნებლად გულთბილ ჯალათს მთავარი ადგილი მიუჩინა. ეს უხვად შენიღბული პლაგიატი ვერავინ იცნო.

     კატალოგში ასე ეწერა: 510. გრასუ დე ფუჟერი (პიერ). ნავარენის ქუჩა 2.

     1809 წელს სიკვდილმისჯილი შუანის ჩაცმა.

     ნახატი თუმცა მდარე ღირსების იყო, მაინც საოცარი წარმატებით სარგებლობდა, ვინაიდან ყველას მორტანის ცეცხლისმომკიდებელთა საქმეს აგონებდა. საზოგადოება ყოველ დღე თავს იყრიდა მოდაში შემოსული ნაწარმოების წინ. შარლ X-ც კი შეჩერდა აქ. დედოფალმა ყურადღება გამოიჩინა საბრალო ბრეტონელისადმი, ვისი მოთმინებით სავსე ცხოვრების ამბავს მის ყურამდეც მიეღწია. ორლეანელმა დუკამ სურათის შესყიდვა დააპირა. სასულიერო პირებმა დოფინის მეუღლეს მოახსენეს, ნახატის სიუჟეტი კეთილი აზრებითაა გამსჭვალულიო. მართლაც, ამ ტილოზე მეტად დამაკმაყოფილებელი რელიგიური განწყობილება სუფევდა. მისი უდიდებულესობა დოფინი იატაკის მტვერმა აღტაცებაში მოიყვანა, რაც უხეშ შეცდომას წარმოადგენდა, რადგან ფუჟერმა მომწვანო ფერი კედლების ძირის ნესტიანობის აღსანიშნავად მიმოფანტა. დედოფალმა გრასუს ნაშრომი ათას ფრანკად შეისყიდა. დოფინმა სხვა სურათი შეუკვეთა მხატვარს. შარლ X-მ ოდესღაც, 1799 წელს, მეფის დასაცავად ბრძოლის მონაწილე გლეხის შვილს, პიერ გრასუს, ორდენი უბოძა. დიდი მხატვარი ჟოზეფ ბრიდო არ დაუჯილდოებიათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ორი ტილო შეუკვეთა ფუჟერს რელიგიურ თემაზე. ეს სალონი გახდა მთელი ცხოვრება პიერ გრასუსი, მისი სახელი, სიმდიდრე, მომავალი.

      ბოლოს და ბოლოს, მიადგა თუ არა ოქროს მადანს, გრასუ ფუჟერელმა ნაწილობრივად დაამტკიცა არსებობა იმ საზარელი კანონისა, რისი წყალობითაც უბადრუკ, უნიჭო ადამიანებს საშუალება ეძლევათ საზოგადოების ყველა ფენაში მაღალი მდგომარეობისათვის განკუთვნილ პიროვნებათა არჩევანი საკუთარი გემოვნების მიხედვით მოახდინონ. რაღა თქმა უნდა, ისინი საკუთარ თავს ირჩევენ და ჭეშმარიტად ნიჭიერ ადამიანებს გააფთრებით ებრძვიან. მცდარია ყველაფერში საარჩევნო წესის გამოყენება. ასე იყო თუ ისე, კეთილი და მშვიდი ფუჟერის მოკრძალებამ, უბრალოებამ და თავისი გამარჯვებით გამოწვეულმა გაკვირვებამ კინკლაობა და შური ჩააჩუმა. ამას გარდა, მას იცავდა ყველა წინწაწეული გრასუ, რომლებიც ახალგამოჩეკილ გრასუებს მხარში უდგანან. ზოგიერთს ამ კაცის შეუპოვრობამ და მხნეობამ გული მოულბო და დომენიკო გაახსენა. ისინი ამბობდნენ: «ხელოვნებაში ნებისყოფის გამოჩენას ჯილდო უნდა მიეზღოს! გრასუს თავისი წარმატება არ მოუპარავს. აგერ, ათი წელია, რაც სურათებს ჩაჰკირკიტებს. საბრალო! შეძახილი «საბრალო!» სანახევროდ გახდა მიზეზი ქებისა და მილოცვებისა, რასაც მხატვარი იღებდა. სიბრალული ისევე ამოატივტივებს ხოლმე უნიჭოებს, როგორც შურიანობა ძირავს დიდ შემოქმედებს. გაზეთებმა არ დაინდეს მხატვარი, მაგრამ ახლად გამომცხვარმა კავალერმა ეს ისევე მოინელა, ვითარც მეგობრების რჩევა-დარიგებას ინელებდა: ანგელოზური მოთმინებით. ამ დროისათვის გრასუმ დიდი ოფლის ღვრით მოპოვებულ თხუთმეტიოდე ათას ფრანკს თავი მოუყარა და ნავარენის ქუჩაზე ბინა და სახელოსნო მოიწყო. აქ დახატა მისი უდიდებულესობის დოფინის მიერ დაკვეთილი სურათი და მინისტრსაც დანიშნული დღისათვის რელიგიურ თემაზე შექმნილი ორი ტილო მოუმზადა. ასეთმა სიზუსტემ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო სხვაგვარ მოქმედებას შეჩვეული მინისტრის სალარო. მოდი და აღტაცებაში ნუ მოგიყვანთ თადარიგიანი ადამიანის ბედი! გრასუს რომ დაეგვიანა, ივლისის რევოლუცია მოუსწრებდა და ვერაფერს მიიღებდა. ოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეულმა ფუჟერმა ელიას მაგიუსისათვის შექმნა დაახლოებით ორასი სურათი, მართალია, საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი, მაგრამ ხელი გაიწაფა მათი მეოხებით და ისეთი ხატვა დაიწყო, რაც ბურჟუას გულს უხარებს, ხოლო ნამდვილ მხატვარს აიძულებს მხრები აიჩეჩოს. მეგობრებისთვის ფუჟერი ძვირფასი იყო თავისი პირდაპირობის, შეურყეველი გრძნობების, უებრო თავაზიანობისა და დიდი პატიოსნების გამო. თუ პატივს არ სცემდნენ ამ მხატვრის პალიტრას, პალიტრის პატრონი მაინც უყვარდათ.

- რა უბედურებაა, ნეტავი ფუჟერს მხატვრობის კვიატი არ სჭირდეს! - ეუბნებოდნენ ერთმანეთს მისი ამხანაგები.

     მიუხედავად ამისა, გრასუმ შესანიშნავი რჩევის მიცემა იცოდა, მსგავსად იმ მეფელეტონეებისა, რომელთაც თავად არ ძალუძთ წიგნის დაწერა, თუმცა კარგად უწყიან, სად სცოდავენ სხვისი ნაშრომები. ერთი კია, ლიტერატურულ კრიტიკოსებსა და ფუჟერს შორის არსებობდა განსხვავება: ფუჟერი უაღრესად მგრძნობიარე იყო მშვენიერების მიმართ, მისი გამოცნობა შეეძლო. ამიტომ გრასუს რჩევას სამართლიანობის ბეჭედი ესვა, რაც ადამიანს მისი შენიშვნების სისწორეში არწმუნებდა.

     ივლისის რევოლუციის შემდეგ ფუჟერი ყოველ გამოფენაზე ათიოდე სურათს წარადგენდა ხოლმე. ჟიური აქედან ოთხს ან ხუთს იღებდა. გრასუ უაღრესი მომჭირნეობით ცხოვრობდა. ერთი მოახლე ჰყავდა მხოლოდ. მის ერთადერთ გასართობს მეგობრებთან ერთად სტუმრად სიარული და ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება წარმოადგენდა. ხანდახან თავის თავს საფრანგეთში პატარ-პატარა მოგზაურობის ნებას აძლევდა. ოცნებობდა შვეიცარიაში წასვლაზე - შთაგონების მისაღებად. ეს უმსგავსი მხატვარი შესანიშნავი მოქალაქე გახლდათ: ნაციონალური გვარდიის გუშაგად დგებოდა, სამხედრო შემოწმებაზე დადიოდა, ბინის ქირას და სხვა გადასახადებს უაღრესი ბურჟუაზიული სიზუსტით იხდიდა. შრომასა და სიღატაკეში ჩაფლულს არასოდეს სიყვარულისთვის არ მოუცლია. აქამდე უცოლოდ დარჩენილსა და ხელმოკლე ცხოვრებაში ჩაძირულს სრულებითაც არ სურდა თავისი ესოდენ მარტივი არსებობა გაერთულებინა. გასამდიდრებლად რაიმე გზის გამოძებნის უნარი არ შესწევდა. სამაგიეროდ, ყოველ სამ თვეში ერთხელ ნოტარიუს კარდოსთან თავისი დანაზოგი და მოგება მიჰქონდა. მოუგროვდებოდა თუ არა ათასი ეკიუ, ნოტარიუსი გრასუსათვის საგირავნო ქაღალდს ყიდულობდა: დამგირავებელს, ამ ქაღალდის თანახმად, დავალიანების შემთხვევაში ქონების გაყიდვის უფლება ეზღუდებოდა, ასევე მის მეუღლესაც, თუ დამგირავებელი ცოლიანი იყო. პროცენტებზეც ნოტარიუსი ზრუნავდა და მათ გრასუ დე ფუჟერის თავნს უმატებდა. მხატვარი მოელოდა იმ ბედნიერ წუთს, როცა მისი დაკვეთები მნიშვნელოვან რიცხვს მიაღწევდა და ორი ათას ფრანკს წლიურ შემოსავალს მოუტანდა. მაშინ კი უფლება მიეცემოდა, ლაღად გაეშალა ფრთები და დასწაფებოდა მხატვრის otium cum dignitate-ს. ო, რა სურათებს შექმნიდა! ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ სურათებს! დასრულებულს, პირდაპირ გასაგიჟებელს, ადამიანის ყოველგვარ წარმოდგენას გადაცილებულს! ხომ არ გსურთ გაიგოთ მისი ოცნება მომავალზე, ბედნიერებაზე, მისი იმედების უმაღლესი მწვერვალი? უნდოდა, გამხდარიყო აკადემიის წევრი, მიეღო საპატიო ლეგიონის ოფიცრის ჯვარი, შინერსა და ლეონ დე ლორას გვერდით ამოდგომოდა და აკადემიაში ჟოზეფ ბრიდოზე ადრე მოხვედრილიყო! საღილეში ორდენის ლენტი! რა ოცნებაა! მხოლოდ უნიჭოებს შეუძლიათ ყველაფერზე ფიქრი!

      გაისმა თუ არა კიბეზე ნაბიჯების ხმა, ფუჟერმა ქოჩორი გადაივარცხნა, ბოთლისფერი ხავერდის ხალათი შეიკრა და უნდა გენახათ მისი გაკვირვება, როდესაც კარებში გამოჩნდა ადამიანის ისეთი თავი, რასაც მხატვართა სახელოსნოებში მდაბიურად «გოგრას» ეძახიან. ეს ნაყოფი ჟღარუნა ზინზილაკებით მორთულ ლურჯ მაუდში გამოწყობილ საზამთროზე იყო მიმაგრებული, გოგრა დელფინივით ქშინავდა; საზამთრო მოძრაობდა თალგამებით, რისთვისაც შეცდომით ფეხები დაერქმიათ. ჭეშმარიტი მხატვარი ბოთლების ვაჭრუკანას ამგვარ კარიკატურას შექმნიდა, მერე იტყოდა, ბოსტნეულს არ ვხატავო და მაშინვე გარეთ გააგდებდა. ფუჟერს კი დამკვეთის დანახვაზე სულაც არ გასცინებია - ბატონი ვერველის პერანგს ხომ ათას ეკიუდ ღირებული ბრილიანტი ამშვენებდა.

     მხატვარმა მაგიუსს გადახედა და იმ დროს სახელოსნოებში მიღებული ჟარგონით აღნიშნა: მსუქანი ნაჭერია!

      ამ სიტყვების გაგონებაზე ბატონმა ვერვილმა კოპები შეიკრა, ბურჟუა წინ მიუძღოდა ბოსტნეულის სხვა რთულ ჯიშებს - მეუღლესა და ასულს თვისას. ცოლს პირისკანი გადაღებილ წითელ ხეს მიუგავდა. აღნაგობით ქამარგადაჭერილ ქოქოსის კაკალს ჰგავდა, თავით დაგვირგვინებულს. ქოქოსის კაკალი ფეხებზე მოგორავდა და შავზოლებიან ყვითელ კაბაში იყო გახვეული. მას ამაყად გაეფარჩხა თითები, რომლებზედაც ვიტრინაში გამოფენილი ხელთათმანებივით გაბერილი ექსტრავაგანტური მიტენები წამოეცვა. ჩამოფხატულ შლიაპაზე პირველი კლასის კატაფალკის ბუმბულები ირხეოდა. წინ და უკან ერთნაირად ამობურცულ მხრებს მაქმანები უმკობდა. ამგვარად უზადო გახლდათ სფერული ფორმა ქოქოსის ნაყოფისა. მისი ფეხები, სწორედ იმ ჯურისა, მხატვრები რომ მორგვებს უწოდებენ, ექვსკეცად ამოფუებულიყო გალაქულ ფეხსამოსიდან: ნეტავ როგორ ჩაეტია ეს ფეხები ფეხსაცმელში? არ ვიცით.

      დედ-მამას მოსდევდა ქორფა სატაცური, მწვანე და ყვითელი თავისი კაბის წყალობით. პატარა თავზე რომაელების სათაყვანო მოყვითალო-სტაფილოსფერი თმა გადაეჭიმა. ბუსუსიანი მკლავები ჰქონდა. საკმაოდ თეთრ კანზე ჭორფლი ეყარა. დიდ, გულუბრყვილო თვალებს თეთრი წამწამები და თხელი წარბები უმშვენებდა. იტალიურ ჩალის შლიაპაზე თეთრი ატლასი ევლო და ატლასისვე ორი უმწიკვლო ბაფთა ეკეთა. კდემამოსილი წითელი ხელები ჰქონდა და დედის ფეხები.

     სახელოსნოს დათვალიერებისას ამ სამი ქმნილების ბედნიერ გამომეტყველებას დაეტყო პატივისცემის გრძნობით გამსჭვალული აღტაცება ხელოვნებისადმი.

- ბატონო ჩემო, მაშ, თქვენ იკისრეთ ჩვენისთანების დახატვა? - გმირულად იკითხა ოჯახის მამამ.

- დიახ, ბატონო, - მიუგო გრასუმ.

- ვერველ, ჯვარი ჰქონია, - უჩურჩულა ცოლმა ქმარს, როცა მხატვარმა მათ ზურგი შეაქცია.

- აბა, რა გეგონა, ისეთ მხატვარს შევუკვეთდი ჩვენს პორტრეტებს, რომ ორდენით არ ყოფილიყო დაჯილდოებული? - უპასუხა ყოფილმა ბოთლებით მოვაჭრემ.

     ელიას მაგიუსი ვერველთა ოჯახს გამოემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. გრასუმ კიბემდე გააცილა.

- თქვენს მეტი ვერავინ შეძლებდა ამ სფეროების ანკესზე წამოგებას.

- ასი ათასი ფრანკი მზითვად!

- ჰო, მაგრამ ოჯახსაც შეხედეთ!

- მომავალში სამი ათასი ფრანკი, ვილ დ’ავრეიში აგარაკი, სახლი ბუშერას ქუჩაზე.

- ბუშერა, ბოთლი, საცობი, დაცობა... - ჩაიქილიკა მხატვარმა.

- სიცოცხლის დანარჩენ დღეებს უზრუნველად გაატარებთ, - უთხრა ელიასმა.

     ეს აზრი ისე შეიჭრა პიერ გრასუს თავში, როგორც დილის შუქი - მანსარდაში და როცა ნორჩი ასულის მამა დასახატავად მოამზადა, მისი გამომეტყველება უკვე კეთილი ეჩვენა და მისი სახის მკვეთრი ტონებითაც აღფრთოვანდა. გრასუს ყოველგვარ მზადებას ხატვისათვის დედა-შვილი აღტაცებაში მოჰყავდა. მხატვარს გარს დაჰფარფატებდნენ და ღმერთივით შესციცინებდნენ. ეს აშკარა გაღმერთება გულზე სალბუნად მოედო ფუჟერს. ოქროს ვერძმა ვერველთა ოჯახი ფანტასტიური შარავანდედით განაცისკროვნა.

- ალბათ, უთვალავ ფულს შოულობთ და ისევე ფანტავთ, როგორც შოულობთ? - აღმოხდა დედას.

- არა, ქალბატონო, - მიუგო მხატვარმა, - არაფერსაც არ ვფანტავ. თავშესაქცევად ფული სად მაქვს. ჩემს შემოსავალს ნოტარიუსი პატრონობს. მისი ასავალ-დასავალი იმან იცის. ჩავაბარებ ფულს და მორჩა, მასზე აღარც ვფიქრობ.

- მე კი მეუბნებოდნენ, - შეჰყვირა მამა ვერველმა, - ყველა მხატვარი ჯიბეგახვრეტილიაო.

- თუ თავხედობად არ ჩამომართმევთ, მითხარით, ვინ არის თქვენი ნოტარიუსი? - იკითხა ქალბატონმა ვერველმა.

- ერთი ჩინებული ყმაწვილი, მეტად პატიოსანი, კარდო.

- ამას დახედე, რა ოინია! - შეჰყვირა ვერველმა. - კარდო ხომ ჩვენი ნოტარიუსიცაა.

- ნუ მოძრაობთ, - მიმართა მხატვარმა ვერველს.

- აბა, წყნარად იჯექი, ანტენორ, - უთხრა ცოლმა. - არაფერი გააფუჭებინო ბატონ ფუჟერს. რომ ხედავდე, როგორ მუშაობს, მაშინ მიხვდებოდი...

- ღმერთო ჩემო, რატომ არ მასწავლეთ ხატვა? - უთხრა მადმუაზელ ვერველმა მშობლებს.

- ვირჟინი, მაგას რას ამბობ? - შესძახა დედამ, - ყმაწვილმა ქალმა არ უნდა იცოდეს ზოგიერთი რამ! როცა გათხოვდები... მაშინ შენი ნებაა! მანამდე კი ჭკუით იყავი. პირველი სეანსის დროს ვერველთა ოჯახი თითქმის დაუმეგობრდა პატიოსან მხატვარს. სახელოსნოდან გავიდნენ თუ არა, დედ-მამამ ვირჟინის უთხრა, წინ გაგვიძეხიო. მშობლებსა და შვილს შორის საკმაო მანძილი იყო, მაგრამ ასულმა მაინც მოჰკრა ყური ქვემომოყვანილ სიტყვებს, რომელთა აზრს არ შეიძლებოდა ქალიშვილისათვის ცნობისმოყვარეობა არ აღეძრა.

- კაცი ორდენითაა დაჯილდოებული... ოცდაჩვიდმეტი წლისაა... დაკვეთები აქვს და დანაზოგს ჩვენს ნოტარიუსთან ინახავს... რას იტყვი, კარდოს ხომ არ შევეკითხოთ? კარგია, გიწოდებდნენ ქალბატონ ფუჟერს!.. ცუდი კაცი არ ჩანს!.. იქნებ თქვა, ვაჭარი ჯობსო?.. რა იცი, სანამ ვაჭარი საქმიდან არ გადადგება, ვერ გაიგებ, რა მოელის შენს შვილს... ხელმომჭირნე მხატვარი კი... თანაც ჩვენ ხელოვნება გვიყვარს... და ბოლოს და ბოლოს!..

     იმ დროს, როდესაც ვერველთა ოჯახი პიერ გრასუზე ბჭობდა, პიერ გრასუ ვერველთა ოჯახზე ფიქრობდა. სახელოსნოში ვეღარ მოისვენა და ბულვარზე გაისეირნა. გამვლელ-გამომვლელ მწითურ ქალებს დაუწყო თვალთვალი. თავში მეტად უცნაური აზრები მოსდიოდა: ოქრო უმშვენიერესი ლითონია. ყვითელი ფერი ოქროს გვაგონებს. რომაელებს მწითური ქალები მოსწონდათ. გრასუც რომაელი გახდა და ასე შემდეგ. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ნეტავ რომელი მამაკაცი ფიქრობს ცოლის ფერზე? სილამაზე წარმავალია... მაგრამ სიმახინჯე რომ რჩება!.. ფული ბედნიერების საწინდარია... ღამით, დაწოლისას, მხატვარი ვირჟინი ვერველს უკვე მომხიბვლელად თვლიდა.

     ხოლო, როდესაც სამივე ვერველი მეორე სეანსისათვის დანიშნულ დღეს გამოცხადდა, მხატვარი მათ თავაზიანი ღიმილით შეეგება. არამზადას წვერი შეესწორებინა, ქოჩორი საამურად გადაევარცხნა, თეთრი პერანგი ჩაეცვა, საუკეთესო შარვალი შეერჩია და წითელ, ჭვინტაწეულ წაღებში გამოწყობილიყო. ოჯახმა გრასუს ალერსიანი ღიმილითვე უპასუხა. ვირჟინი საკუთარი თმისფრად შეიფაკლა, თვალები დახარა, პირი მიიბრუნა და ეტიუდების დათვალიერება დაიწყო. პიერ გრასუ ამ საცოდავმა მანჭიაობამ აღტაცებაში მოიყვანა. ვირჟინის ცოტაოდენი სინაზე გააჩნდა. საბედნიეროდ, არც მამას ჰგავდა და არც დედას. მაშ, ვიღას ჰგავდა?

- ოჰ, მივხვდი, - გაიფიქრა მხატვარმა, - დედამ, ალბათ, ნაცნობს შეხედა.

     სეანსის დროს ფუჟერსა და ვერველთა ოჯახს შორის კვიმატი სიტყვების დიდი შეხლა-შემოხლა გაიმართა და მხატვარს იმდენი სითამამე ეყო, რომ მამა ვერველი გონებამახვილ ადამიანად გამოაცხადა. ამ ქათინაურების შემდეგ გრასუს გულმა სწრაფად გაუღო კარი ვერველთა საგვარეულოს და ვირჟინის მხატვარმა ერთი ჩანახაზი აჩუქა, ხოლო დედამისს - ერთი ესკიზი.

- უფასოდ? - იკითხეს ქალებმა.

     პიერ გრასუმ ღიმილი ვერ შეიკავა.

- ეგრე არ უნდა არიგებდეთ სურათებს, ეს ხომ ფულია, - უთხრა ვერველმა.

     მესამე სეანსზე მამა ვერველი თავისი მშვენიერი სურათების გალერეაზე ალაპარაკდა, ვილ დ’ავრეის აგარაკზე რომ ჰქონდა. ჩამოთვალა რუბენსი, ჟერარ ჟოუ, მიერისი, ტერბორხი, რემბრანდტი, ტიციანი, პოლ პოტერი და სხვა. - ბატონმა ვერველმა ბევრი სიგიჟე ჩაიდინა, - გოროზად წარმოთქვა ქალბატონმა ვერველმა, - ასი ათასი ფრანკის სურათები აქვს შეძენილი.

- მე ხელოვნება მიყვარს, - განაცხადა ყოფილმა ბოთლებით მოვაჭრემ.

     როცა ფუჟერმა ქალბატონი ვერველის პორტრეტის ხატვა დაიწყო, ხოლო მისი მეუღლისა თითქმის დაასრულა, ვერველთა ოჯახის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. ნოტარიუსმა დიდი ქება-დიდებით მოიხსენია მხატვარი. მისი აზრით, პიერ გრასუზე პატიოსანი კაცი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა. ნოტარიუსმა ისიც აღნიშნა, რომ ფუჟერი ერთ-ერთი ყველაზე დარბაისელი მხატვარია, თანაც ოცდათექვსმეტი ათასი ფრანკი აქვს მოგროვილი და მისი სიღარიბის დღეები წარსულს ჩაბარდაო. ახლა, თქვა მან, წელიწადში ათი ათას ფრანკს იღებს, პროცენტები თავნში გადააქვს და, რაც მთავარია, მას არ ძალუძს ქალის გაუბედურებაო. ეს უკანასკნელი მოსაზრება უდიდეს სიმძიმედ დაეშვა სასწორზე. ვერველთა მეგობრებს სახელგანთქმული ფუჟერის ხსენებით ყურები გამოუჭედეს. იმ დღეს, როდესაც გრასუმ ვირჟინის პორტრეტის დახატვა დაიწყო, იგი უკვე in petto სიძე გახლდათ ვერველებისა. სამივე ვერველი იფურჩქნებოდა სახელოსნოში, რომელსაც უკვე თავიანთ ერთ-ერთ სამფლობელოდ თვლიდნენ. მათთვის გამოუცნობი მიმზიდველობა იფარებოდა ამ სუფთა, მილაგებულ, კოპწია, არტისტულ ოთახში. Abyssus a byssum - ბურჟუა იზიდავს ბურჟუას.

      სეანსის დასასრულს კიბე აჭრიალდა, კარი უხეშად გაიღო და გააფთრებული, გაწეწილი, გატანჯული ჟოზეფ ბრიდო შემოვარდა. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. შემოურბინა სახელოსნოს და უცბად გრასუს მივარდა, თან რედინგოტის მუცელთან შეკვრას ცდილობდა, თუმცა ამაოდ - ღილი მაუდის ბუდიდან ამოვარდნილიყო.

- ცუდადაა საქმე, - უთხრა მან გრასუს.

- ჰოო!

- მტერი ფეხდაფეხ მომდევს... მოიცა, ეს რა საგნებსა ხატავ?

- აბა, გაჩუმდი!

- ჰო, კარგი.

     ამ უცნაური კაცის გამოცხადებით უაღრესად აღშფოთებულმა ვერველთა ოჯახმა თავისი ჩვეულებრივი წითელი ფერი შეიცვალა იმ მეწამული ალუბლისფერით, აგიზგიზებულ კოცონში რომ გამოკრთის ხოლმე.

- ესეც შემოსავალი! - განაგრძო ჟოზეფმა. - გამოჩნდა ოქროს მადანი საბადოებში?

- ბევრი გინდა?

- ხუთასი... ერთი ისეთი ძაღლის ჯიშის ჩარჩი მომდევს, რომ თუ კბილი ჩაგავლო, მორჩა, არ მოგშორდება, სანამ ხორცს არ ამოგგლეჯს. ეს რა მოდგმაა!

- ახლავე რამდენიმე სიტყვას მიგიწერ ჩემს ნოტარიუსთან...

- დახე, ნოტარიუსიცა გყავს?

- ჰო.

- ახლა კი მესმის, რატომაც არ ანებებ თავს ვარდისფერი ლოყების ხატვას. სწორედ მისწრებაა პარფიუმერიის ვიტრინისათვის.

     როგორ არ უნდა გაწითლებულიყო გრასუ, - იგი ხომ ვირჟინის ხატავდა.

- რატომ ისეთს არ ხატავ, როგორიცა არის ეს ქალიშვილი, - აღნიშნა დიდმა მხატვარმა და განაგრძო: - ქალი მწითურია, მერე რა, განა ეს მომაკვდინებელი ცოდვაა? მხატვრისათვის ყველაფერი შესანიშნავია. მიუმატე სინგური შენს პალიტრას. გამოაცოცხლე ეგ ლოყები, დაუწინწკლე ზედ თავისი ყავისფერი ხალები. აქ კი ზეთი მიუმატე. რაო, ბუნებაზე ჭკვიანი ხომ არ გინდა იყო?

- მოდი, აქ დაჯექი, - უთხრა ფუჟერმა, - სანამ ბარათს დაგიწერ, შენ დახატე.

     ვერველი მაგიდასთან მიგორდა და გრასუს ჩასჩურჩულა: - ეს ვიგინდარა ხომ ყველაფერს გააფუჭებს.

- მაგას რომ მოესურვებინა თქვენი ვირჟინის პორტრეტის შესრულება, ჩემზე ათასჯერ უკეთესად დახატავდა, - გულისწყრომით უპასუხა ფუჟერმა.

     ამის გაგონებაზე ბურჟუამ თვინიერად დაიხია ცოლისაკენ. გარეული მხეცის შემოჭრით გაშტერებული ქალბატონი ვერველი კი ვერ დამშვიდებულიყო, რაკი ამ მხეცს თავისი ასულის პორტრეტის ხატვაში გარეულს ხედავდა.

- აჰა, ამ მონახაზს მიჰყევი, - უთხრა ბრიდომ გრასუს, რომელსაც წერილი გამოართვა და პალიტრა დაუბრუნა, - არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა! ახლა კი შემიძლია არტეზის სასახლეში დავბრუნდე: სასადილო დარბაზს ვუხატავ, ლეონ დე ლორა კი კარის ზემოთ ფრესკებს ხატავს. შესანიშნავია. მოდი, გვნახე.

     ვირჟინის მზერით საკმაოდ თავმობეზრებული ბრიდო არავის გამომშვიდობებია, ისე გავიდა სახელოსნოდან.

- ვინ არის ეგ კაცი? - იკითხა ქალბატონმა ვერველმა.

- დიდი ხელოვანი, - მიუგო გრასუმ.

     ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

- ნამდვილად დარწმუნებული ბრძანდებით, - მიმართა ვირჟინიმ, -რომ მან ჩემს პორტრეტს ზიანი არ მიაყენა? ძალიან კი შემაშინა.

- პირიქით, კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, - უპასუხა გრასუმ.

- თუკი ეგ დიდი ხელოვანია, მაშინ მე თქვენნაირი დიდი ხელოვანი მირჩევნია, - განაცხადა ქალბატონმა ვერველმა.

- არა, დედიკო, ბატონი ფუჟერი უფრო დიდი ხელოვანი ბრძანდება. ის მე მთლიანად დამხატავს, -აღნიშნა ვირჟინიმ.

      გენიოსის საქციელმა ააფორიაქა ეს ყოვლად წესიერი ბურჟუები.

     დგებოდა შემოდგომის ის პერიოდი, რასაც ესოდენ საამურად «წმიდა მარტენის ზაფხული» ეწოდება. გენიალურ ადამიანებთან ურთიერთობას შეუჩვეველმა ვერველმა ძლივს გაბედა მომავალი კვირისათვის თავის აგარაკზე ფუჟერის მოწიწებით მიპატიჟება. მან იცოდა, რომ მხატვრისათვის ბურჟუას ოჯახი სულ არ იყო მიმზიდველი.

- თქვენნაირ ხალხს, - უთხრა ვერველმა ფუჟერს, - განცდები სჭირდება, ღირსშესანიშნავი სანახაობანი და განსწავლულ ადამიანებთან შეხვედრა. მე მხოლოდ კარგი ღვინით შემიძლია გაგიმასპინძლდეთ და თანაც ჩემი გალერეის იმედი მაქვს - გაგიქარვებთ მოწყენილობას, რაც არ შეიძლება თქვენისთანა მხატვარმა ვაჭართან ყოფნისას არ იგრძნოს.

     ამგვარი თაყვანისცემა განსაკუთრებით ესალბუნებოდა მხატვრის თავმოყვარეობას და აკი დაახვია კიდეც თავბრუ ქათინაურებს მიუჩვეველ საცოდავ პიერ გრასუს. ეს პატიოსანი მხატვარი, ეს სამარცხვინო უნიჭობა, ოქროს გული, ალალ-მართალი კაცი, გონებაჩლუნგი მხატვარი - მეფის ბრძანებით საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოებული სანაქებო ყმაწვილი, მთელი თავისი საჭურველით შეიარაღდა და ვილ დ’ავრეისაკენ გაემგზავრა, რათა იქ წლის უკანასკნელი მშვენიერი დღეებით დამტკბარიყო.

     მხატვარი ვილ დ’ავრეიში სულ უბრალოდ, სახალხო ეტლით ჩავიდა. აქ უნებურად მოიხიბლა ბოთლებით მოვაჭრის თვალწარმტაცი აგარაკით, რაც ხუთ არპანზე გადაჭიმულ პარკში გაეშენებინათ, ვილ დ’ავრეის ყველაზე მაღლობ ადგილას, საიდანაც შესანიშნავად მოჩანდა მიდამოები. ვირჟინის ცოლად შერთვა მშვენიერი აგარაკის დაპატრონებას ნიშნავდა. ვერველები მხატვარს ისე გულიანად, სიხარულით, აღფრთოვანებით და ისეთი მეშჩანური გულღიაობით შეხვდნენ, რომ ფუჟერი შეკრთა. ეს იყო ბრწყინვალე გამარჯვების დღე. სასიძო შეყვითლებულ ხეივანში გაასეირნეს. ხეივანი გულმოდგინედ დაესუფთავებინათ, სწორედ ისე, დიდი და ცნობილი ადამიანის ჩამოსვლას რომ შეეფერებოდა. ბუჩქები შეეკვეცათ. თვით ხეებიც თითქოს დაევარცხნათ, სოფლის სუფთა ჰაერში სამზარეულოს უსაზღვროდ გამამხნევებელი სურნელება იფრქვეოდა. ამ სახლში ყოველივე ამბობდა: «ჩვენთან სახელგანთქმული ხელოვანი ჩამობრძანდა!»

     მამილო ვერველი თავის ბაღში ვაშლივით მიგორავდა, მისი ასული გველთევზასავით მიიკლაკნებოდა, ხოლო დედა კეთილშობილური გამომეტყველებით ღირსეულად მიაბიჯებდა. შვიდი საათის განმავლობაში ეს სამი არსება პიერ გრასუს ერთი წუთითაც არ მოშორებია. სადილის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობა სუფრის სიუხვეს შეეფარდებოდა, ბატონსა და ქალბატონ ვერველთ დაუდგათ ზეიმის უმნიშვნელოვანესი წუთი: სურათებისათვის ხელსაყრელად გაჩირაღდნებულ გალერეისკენ გაუძღვნენ სტუმრებს - დიდებული მხატვრის საპატივცემულოდ მოწვეული სამი მეზობელი, სამთავე ყოფილი ვაჭარი, ბიძა, ვისაც მემკვიდრეობა დარჩებოდა, ერთი შინაბერა ვერველი და სხვა სტუმრები გრასუს გალერეაში შეჰყვნენ. ყველას სურდა გაეგო, რა აზრს გამოთქვამდა დიდი ოსტატი მამილო ვერველის სახელგანთქმული გალერეის შესახებ, რადგანაც ბატონ ვერველს ისინი გაეყრუებინა თავისი სურათების ზღაპრულ ღირებულებაზე ლაპარაკით. ბოთლებით მოვაჭრე თითქოს ეჯიბრებოდა კიდეც მეფე ლუი-ფილიპს და ვერსალის გალერეებს. საუცხოო ჩარჩოში ჩასმულ ტილოებს პატარა ფირფიტები ჰქონდა მიკრული. ფირფიტების ოქროსფერ ფონზე შავი ასოებით ეწერა: რუბენსი. «ფავნებისა და ნიმფების ცეკვა».

     რემბრანდტი. «ანატომიის დარბაზი. დოქტორი ტრომპი თავის მოწაფეებს ლექციას უკითხავს. გამოეფინათ ასორმოცდაათი პრიალა და ფაქიზად მოვლილი ტილო. ზოგიერთისათვის მწვანე ფარდა ჩამოეფარებინათ. ფარდის გადაწევა ნორჩ ასულთა თანდასწრებით არ შეიძლებოდა.

     მხატვარი გაშეშდა ხელებჩამოყრილი, პირდაღებული და ხმაჩაწყვეტილი. ამ სურათების ნახევარი მას ეკუთვნოდა. თავადვე იყო რუბენსიც, პოლ პოტერიც, მიერისიც, მეტსუც, ჟერარ დოუც! მხოლოდ ერთი გრასუ ოც დიდ მხატვარს წარმოადგენდა.

- რა მოგივიდათ, რატომ გაფითრდით?

- შვილო, ჩქარა წყალი! - შეჰყვირა დედა ვერველმა.

     მხატვარმა მამა ვერველის ფრაკის ღილს ხელი ჩაავლო და ერთ კუთხესთან მიიყვანა, ვითომდაც მურილიოს ნახვა უნდოდა: იმ ხანებში ესპანური სურათები მოდაში იყო.

- ეს ტილოები ელიას მაგიუსთან შეიძინეთ?

- დიახ, ყველა დედანია!

- ჩვენს შორის დარჩეს, მითხარით, რამდენად მოგყიდათ, მე რომ მიგითითებთ, ის სურათები?

     ორთავემ გალერეას შემოუარა. მხატვარმა სტუმრები აღაფრთოვანა, მასპინძლის თანხლებით ესოდენ ყურადღებით რომ ათვალიერებდა შესანიშნავ ქმნილებებს.

- სამი ათასი ფრანკი! - დაბალი ხმით თქვა ვერველმა, როცა უკანასკნელ ტილოს მიუახლოვდა, - მაგრამ ყველას ვეუბნები, ორმოცი ათასი ფრანკი მივეცი-მეთქი.

- ორმოცი ათასი ფრანკი ტიციანში? - ხმამაღლა შესძახა მხატვარმა, - ეს ხომ სულ მუქთაა!..

- აკი მოგახსენეთ, ჩემი სურათები ასი ათასი ეკიუ ღირს! - შეჰყვირა ვერველმა.

- ეს სურათები ჩემი დახატულია, - ჩასჩურჩულა მას პიერ გრასუმ. - და ყველა ერთად ათი ათას ფრანკზე მეტად არ გამიყიდია.

- დამიმტკიცეთ ეგ, - უთხრა ბოთლებით მოვაჭრემ, - და ჩემს ქალიშვილს მზითევს გავუორკეცებ, რადგან მაშინ თქვენ ყოფილხართ თვით რუბენსიც, რემბრანდტიც, ტერბორხიც, ტიციანიც!

- ხოლო მაგიუსი - სურათების სახელოვანი ვაჭარი! - დასძინა გრასუმ. მისთვის ახლა ნათელი გახდა, თუ რატომ ეძლეოდა მის ტილოებს მოძველებული იერი და რისთვის იყო საჭირო ის სიუჟეტები, რომლებსაც ჩარჩი უკვეთდა გრასუს.

      ბატონ ფუჟერს, როგორც მიმართავდა ყოველთვის პიერ გრასუს ვერველთა ოჯახი, ამ შემთხვევის წყალობით თაყვანისმცემელთა პატივისცემა სრულებითაც არ მოჰკლებია. პირიქით, იგი ისე ამაღლდა, რომ ვერველთა ოჯახს პორტრეტები უფასოდ დაუხატა და მიუძღვნა, რაღა თქმა უნდა, თავის სიმამრს, სიდედრსა და მეუღლეს.

      დღეს პიერ გრასუ სურათების არც ერთ გამოფენას არ აკლდება. ბურჟუების წრეში პორტრეტების ჩინებულ მხატვრად ითვლება. წელიწადში თორმეტი ათას ფრანკს იღებს და ხუთასი ფრანკის ტილოს აფუჭებს. მის ცოლს მზითვად მოჰყვა ექვსი ათასი ფრანკი წლიური რენტა. გრასუ სიმამრთან და სიდედრთან ბინადრობს. ვერველები და გრასუები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, საკუთარი ეტლი აქვთ და ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან. პიერ გრასუ ბურჟუების წრეს არ სცილდება. აქ იგი ამ დროის უდიდეს მხატვრად მიაჩნიათ. ტრონის ქუჩის ზღუდესა და ტამპლის ქუჩას შორის მდებარე უბანში, ვინც კი მოისურვებს ოჯახური პორტრეტის დახატვას, აუცილებლად დიდ მხატვარს - პიერ გრასუს უკვეთს და არასოდეს ხუთას ფრანკზე ნაკლებს არ იხდის. აი, რას ამბობენ ბურჟუები, როცა პორტრეტს უკვეთენ ფუჟერს: «რაც გსურთ ისა ბრძანეთ და პიერ გრასუ კი თავის ნოტარიუსთან წელიწადში ოცი ათას ფრანკს ინახავს!»

     12 მაისის ამბოხების დროს პიერ გრასუმ თავი ისახელა, რის გამოც საპატიო ლეგიონის ოფიცრის ჯვარი მიიღო. ახლა იგი ნაციონალური გვარდიის ათასეულის მეთაურია. აბა, როგორ შეეძლო ვერსალის მუზეუმს ესოდენ კეთილგანწყობილი მოქალაქისათვის ბატალური სურათის დახატვა არ დაევალებინა. ეს მოქალაქე პარიზის ქუჩებში განგებ დაეხეტება, რათა თავის ამხანაგებს გადაეყაროს და ვითომც, სხვათა შორის, მოახსენოს: «მეფემ ბატალური სურათი დამიკვეთა.

      ქალბატონი ფუჟერი აღმერთებს ქმარს, ვისაც ორი შვილი აჩუქა. ამ მხატვარს, სანიმუშო მამასა და მეუღლეს, თავიდან არ სცილდება ერთი საბედისწერო აზრი: მხატვრები მასხრად იგდებენ, მის სახელს სახელოსნოებში დაცინვის გამოსახატავად ხმარობენ. კრიტიკოსები მის შრომას ყურადღებას არ აქცევენ. გრასუ მაინც განაგრძობს მუშაობას და ოცნებობს აკადემიაზე, სადაც აუცილებლად მოხვდება. თანაც მის გულს სიხარულით ავსებს ერთგვარი შურისძიება: გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი სახელგანთქმული მხატვრების სურათებს ყიდულობს და ვილ დ’ავრეიში არსებულ ნათითხნ ტილოებს ცვლის ნამდვილი შედევრებით, რაც მას არ ეკუთვნის.

      ბევრია პიერ გრასუსავით უნიჭო ადამიანი: ესენი უნიჭობასთან ერთად ბოროტები და ჭირვეულები არიან, პიერ გრასუ კი უჩუმარი ქველმოქმედია და თან უებრო თავაზიანობით გამოირჩევა.

პარიზი, დეკემბერი, 1839 წელი.

ნახვა: 716

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters