qwelly | literature | post | alan poe | writher | author | novel | ედგარ ალან პო | მკვლელობა მორგის ქუჩაზე | ედგარ ალან პო - მარი როჟეს საიდუმლოება | ლიტერატურა | პროზა | ნოველა |

ედგარ ალან პო - მარი როჟეს საიდუმლოება


გაგრძელება „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“
       უკვე რამდენიმე წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელიც ამ მოთხრობას დაედო საფუძვლად და საჭირო გახდა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ ჩვენი მთავარი ჩანაფიქრის შესახებ. ნიუ-იორკის ახლოს მოუკლავთ ერთი ქალიშვილი, მარი სესილ როჯერსი; და თუმცა ამ მკვლელობის გამო დიდი და გაუთავებელი მითქმა-მოთქმა ატყდა, მისი საიდუმლოება მაინც ამოუხსნელი დარჩა იმ დროისთვის, როდესაც ეს ამბავი დაიწერა და გამოქვეყნდა (1842 წლის ნოემბერი). თითქოსდა პარიზელი გრიზეტი ქალის საბედისწერო ამბავს რომ მოგვითხრობდა, ავტორი გამოწვლილვით გვამცნობდა არსებით ფაქტებს მარი როჯერსის ნამდვილი მკვლელობისას, შეცვლილი იყო მხოლოდ მეორეხარისხოვანი გარემოებანი. ამრიგად, ყველა მოსაზრება, რომელიც გამოითქვა ამ მოთხრობაში, სინამდვილესაც მიესადაგება; ჭეშმარიტების დადგენა გახლდათ ამ თხზულების საგანი.
„მარი როჟეს საიდუმლოება“ იქმნებოდა შორს იმ ადგილიდან, სადაც ეს უბედურება დატრიალდა და მისი საფუძველი გახდა მხოლოდ ის მონაცემები, რომლის ამოკითხვაც გაზეთებშიღა შეიძლებოდა. ამიტომ მწერალმა ვერ შეძლო იმის გათვალისწინება, რასაც ადგილზე და იმ მიდამოს დათვალიერებისას ნახავდა და ჩახვდებოდა. და მაინც, თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, თუ აღვნიშნავ, ორი პირის ჩვენებამ (იმათთაგან ერთი ამ მოთხრობაში მადამ დელუკის სახელითაა გამოყვანილი), რომელიც სხვადასხვა დროს იქნა მოპოვებული კარგა ხნის მერე ამ ნაწარმოების დაწერის დღიდან, მთლიანად დაგვიმტკიცა არა მარტო ჩვენი საერთო დასკვნების სისწორე, არამედ ამ თხზულებით წარმოჩენილი ყველა სავარაუდო დეტალის შეუმცდარობაც.
      მთლად გულმშვიდ მოაზროვნეთაგან სულ რამდენიმე თუ ყოფილა ისეთი, ვისაც შიშით მოცულსა და თავდაკარგულს სანახევროდ მაინც დაუჯერებია ზებუნებრივი ძალების არსებობა თითქოსდა გასაოცარი ამბების თანხვედრის მაცქერალს, რადგან ასეთი თანხვედრა მართლაც წარმოუდგენელია. ხსენებული განწყობილების დაძლევა შეუძლებელი ხდება ჩვეულებრივი განსჯის მეშვეობით, როდესაც არ მოვიშველიებთ მეცნიერებას შემთხვევებზე, ანუ უფრო ზუსტად, იმის შემწეობით, რასაც ალბათობათა გამოთვლას ეძახიან. ამ გამოთვლის არსი წმინდა მათემატიკურია; და აქ შეგვიძლია დავინახოთ უცნაური თვისება ამ უზუსტესი მეცნიერებისა, რომელიც გამოგვადგება სულის ბუნდოვან, მერყევ და მოუხელთებელ გამოვლინებათა მისაკვლევად. ყოველი ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომელიც უნდა გაგაცნოთ, გარკვეულწილად ხორცს შეისხამს, გარკვეულწილად თანამიმდევრულობას შეიძენს და ბოლოს წარმოგვიდგება პირველი რიგის ოდნავ გასაგებ თანხვედრათა ჯგუფად, ხოლო მეორე რიგისას, ანუ საბოლოო დასკვნებს მკითხველი ჩახვდება ნიუ-იორკში მარი სესილ როჯერსის მკვლელობის ამბის გაცნობისას.
როდესაც მე რამდენიმე წლის წინათ ვწერდი მოთხრობას „მკვლელობა მორგის ქუჩაზე“, ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემი მეგობრის, შევალიე შ. ოგიუსტ დიუპენის აზროვნების მნიშვნელოვანი თავისებურებანი და რას ვიფიქრებდი, თუ კიდევ მომიხდებოდა ამ საგანთან დაბრუნება. სწორედ ამ აზროვნების თავისებურებათა წარმოჩენა გახლდათ ჩემი სურვილი და ეს სურვილი სრულად განხორციელდა კიდეც, რაკი ძალიან დაგვჭირდა დიუპენის ჭკუა და გონება. მაგალითებს რამდენსაც გინდათ, იმდენს მოგიყვანთ, მაგრამ რაღა საჭიროა. თუმცა ამ უკანასკნელი ამბებისდა კვალად ისეთი რაღაც გამომზეურდა, რომ უთუოდ უნდა მოგითხროთ და უფრო კარგადაც შეიცნობთ ამ კაცს. რა არ მოვისმინე ამ ბოლო ხანს და მართლაც უცნაური იქნებოდა, დავდუმებულიყავი და აღარაფერი მეთქვა იმაზე, რაც თავად მინახავს და გამიგონია ამ რამდენიმე ხნის წინ.
მადამ ლესპანიესა და მისი ქალიშვილის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი რომ გაარკვია, შევალიეს იმწუთას გადაავიწყდა ეს საქმე და თავის ჩვეულებრივ სევდიან ფიქრებს მიეცა. თავად მეც სულ ასეთი გახლდით და აღარც გამჭირვებია ამ კაცის მიბაძვა; სენ-ჟერმენის გარეუბნის იმ სახლში ჩავიკეტეთ და მომავალი აღარ გვადარდებდა, მშვიდი თვლემით გაგვყავდა აწმყო, ზმანებათა ბადით შემოვზღუდეთ ჩვენი სამყარო.
მაგრამ ზოგჯერ შეგვიმუსრავდნენ ხოლმე ამ ზმანებათა ბადეს. ასეც უნდა ყოფილიყო. ჩემი მეგობრის ღვაწლს იმ დრამის გასრულებაში, მორგის ქუჩაზე რომ მოხდა, პარიზის პოლიციაზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. საარაკო შექმნილიყო აქაურ გამომძიებელთათვის დიუპენის სახელი. უბრალოება იმ დასკვნებისა, რომლითაც მან საიდუმლოება ამოხსნა, არც არასდროს ყოფილა ნათელი პრეფექტისთვისაც კი და ჩემ გარდა არც არავისთვის, თქმა არ უნდა. რაღა გასაკვირი იყო, რომ მას შეჰყურებდნენ როგორც ჯადოქარს, ხოლო შევალიეს ანალიტიკური უნარი ინტუიციისთვის მიეწერათ. ყოველ კითხვაზე გულახდილად რომ გაეცა იმ კაცს პასუხი, იმათ ეს შეცდომა აღარ მოუვიდოდათ, მაგრამ ერთი სიზარმაცე სჭირდა და არ უნდოდა დაბრუნებოდა იმ საგანს, რომელიც უკვე კარგა ხანია არ იყო მისი ყურადღების არეში. ასეც მოხდა, მისანი გამხდარიყო იგი პოლიციელთა თვალში და პრეფექტურას ბევრჯერ მიუმართავს მისთვის დასახმარებლად. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი გამოდგა ქალიშვილის, ვინმე მარი როჟეს მკვლელობის საქმე.
       მორგის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების შემდეგ ორი წელიწადი იყო გასული. მარი, რომლის სახელი და გვარი ასე მოგვაგონებს იმ ბედშავ „მეთამბაქოე გოგოს“, გახლდათ ერთადერთი ასული ქვრივ ესტელ როჟესი. სულ ჩვილი იყო, როდესაც მამა მოუკვდა და მას მერე დედა და შვილი ცხოვრობდნენ პავე სენ ანდრეს ქუჩაზე, მკვლელობამდე თვრამეტი თვით ადრე კი რაღაც სიახლე მომხდარიყო იმათ ცხოვრებაში. მადამ როჟეს პანსიონი ჰქონდა, მარი კი ეხმარებოდა მას. ცუდად არ ყოფილან, ვიდრე მარი ოცდაერთი წლის არ გახდა და მისი სილამაზე და მოხდენილობა შენიშნა ერთმა პარფიუმერმა, ვისაც პალე როიალის ახლოს ჰქონდა დუქანი და რომლის კლიენტები, ძირითადად, გახლდნენ ის ნაძირალა შარახვეტიები, იმ მიდამოში რომ დადიოდნენ დღენიადაგ. მესიე ლე ბლანმა დაინახა თუ არა ეს გოგო, იმწუთასვე მიხვდა, მიიყვანდა თუ არა თავის საპარფიუმერიოში მშვენიერ მარის, მომსვლელი ხალხის რაოდენობა გაცილებით გაიზრდებოდა; კარგი გასამრჯელო რომ შესთავაზეს, გოგო სიამოვნებით დაეთანხმა, თუმცა კი დედამისს მაინცდამაინც არ გახარებია ეს ამბავი. მედუქნე არც შემცდარა, მისი დაწესებულება მალე ცნობილი გახდა იმ მომხიბვლელი და ყოჩაღი გრიზეტი გოგოს მეშვეობით. ერთი წელიწადი დაყო მან იქ და მერე უეცრად სადღაც გაქრა, მისი თაყვანისმცემელი ლე ბლანი დიდად გაოცებული დარჩა და ვერც აეხსნა ვერაფერი, ხოლო მადამ როჟე შიშით აღარ იყო; გაზეთებს არ გამორჩენიათ ეს ამბავი და პოლიციასაც გამოძიებისთვის უნდა მოეკიდა ხელი, რომ ერთ მშვენიერ დილას, ერთი კვირის შემდეგ, მარი საღ-სალამათი დაბრუნდა, თუმცა კი დამწუხრებული ჩანდა; მოვიდა თუ არა, იმწუთასვე საპარიკმახეროს დახლს მიაშურა. ისე, სხვათა შორის, რაღაცები გამოკითხეს და, რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი გამოძიება შეწყდა. მესიე ლე ბლანმა იგივე გაიმეორა, არაფერი ვიციო. მარი და დედამისი კი სულ ამას იძახოდნენ, რომ ის ერთი კვირით სოფელში, ნათესავებთან იყო წასული. საქმე უმალ შეწყდა და მერე აღარც არავის ახსოვდა რამე. სულ მალე ის გოგო პარფიუმერს საბოლოოდ დაეთხოვა, ცნობისმოყვარე ხალხი მოსვენებას აღარ მაძლევსო და დედამისთან დაბრუნდა პავე სენ ანდრეს ქუჩაზე.
სამი წელი არ იყო გასული ამის შემდეგ, რომ ამ გოგოს მეგობრებმა განგაში ატეხეს, უკვე მეორედ ისევ ისე უეცრად გამქრალიყო. სამი დღე გავიდა და მისი ასავალ-დასავალი ვერ გაიგეს. მეოთხე დღეს მისი გვამიღა იპოვეს სენაში, სწორედ სენ ანდრეს ქუჩის პირდაპირ ერთ მივარდნილ ადგილას, დე რულის კარიბჭის სიახლოვეს.
       მხეცურმა მკვლელობამ (ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ ეს მკვლელობა იყო), მსხვერპლის სიყმაწვილემ და მშვენიერებამ, ყველაზე მეტად კი იმ გარემოებამ, პირზე რომ ეკერათ მისი სახელი, დიდად იმოქმედა მგრძნობიარე პარიზელებზე. არც მახსოვს, ასეთი დავიდარაბა და შეხლა-შემოხლა გამოეწვიოს რამე შემთხვევას. რამდენიმე კვირა არ შეწყვეტილა მითქმა-მოთქმა ამ საგანზე და პოლიტიკაც კი აღარ ახსოვდათ იმხანად. პრეფექტს მოსვენება დაეკარგა და, რაღა თქმა უნდა, პარიზის მთელი პოლიცია ფეხზე დადგა. გვამი რომ ნახეს, პირველად ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მკვლელს ვერ მიაკვლევდნენ, რადგან ძიებას დაუყოვნებლივ შეუდგნენ. მაგრამ ერთი კვირა გავიდა და რომ ვეღარაფერს გახდნენ, მშველელს ჯილდო დაუდგინეს. ათასი ფრანკი იყო ეს ჯილდო. ამავე დროს მთელი ძალით მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა ვერ ვიტყვით, უნაკლოდო. მრავალი პირი დაკითხეს, მაგრამ უშედეგოდ; საიდუმლოს გასაღები ვერ მოუძებნეს და ხალხი საყოველთაო აღშფოთებამ მოიცვა. ათი დღის შემდეგ რაღას იზამდნენ, ჯილდო გააორმაგეს, დაბოლოს, მეორე კვირაც რომ გავიდა და მაინც ვერაფერს მიაკვლიეს და რადგან პარიზის პოლიციის მადლიერნი არც არასდროს ყოფილან, რამდენიმე მნიშვნელოვანი აყალმაყალი მოხდა. მაშინ კი პრეფექტმა განაცხადა, ოცი ათას ფრანკს მივცემთ იმას, ვინც „მკვლელს დაგვისახელებსო“, ან, თუ რამდენიმე კაცი იქნებოდა დამნაშავე, მაშინ იმას, ვინც „რომელიმე მათგანს დაგვისახელებსო“. ეს განცხადება გვამცნობდა ჯილდოს შესახებ და აქვე იყო აღნიშნული, რომ სრულ პატიებას მიანიჭებდნენ იმას, ვინც თანამზრახველებს გათქვამდა. განცხადებას დართული ჰქონდა ცალკეულ პირთა მიმართვა, რომ პრეფექტურის მიერ დაწესებულ თანხას დაემატებოდა ათი ათასი ფრანკი. საბოლოოდ მთელი ჯილდო იქნებოდა ოცდაათი ათასი ფრანკი. მართლაც ძალზე დიდი იყო ეს გასამრჯელო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გოგო მდაბიო წარმოშობის გახლდათ და მსგავსი მხეცობა ჩვეულებრივი ამბავია ხალხმრავალ ქალაქებში.
ახლა უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მალე ნათელი მოეფინებოდა მკვლელობის საიდუმლოს. ორჯერ თუ სამჯერ კი დააპატიმრეს ვიღაცები და იმედი გაჩნდა, გაიგებდნენ ყველაფერს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს და დაჭერილნი მაშინვე გაათავისუფლეს. კი არის უცნაური, მაგრამ სამი კვირაც გავიდა გვამის აღმოჩენის დღიდან და ოდნავადაც ვერ წაიწიეს წინ, ხალხში ერთი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი და დიუპენს და მე არც არაფერი გაგვიგია ამის შესახებ. რაღაცას ვიკვლევდით იმხანად და მთელი ჩვენი გონება იმით იყო დაკავებული, თითქმის ერთი თვე იქნებოდა, რაც სახლიდან ფეხი არ გამოგვიდგამს და არც ვინმე მოსულა ჩვენსას, ყოველდღიურ გაზეთებში კი მხოლოდ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს გადავხედავდით ხოლმე. პირველი ცნობა მკვლელობის შესახებ მოგვიტანა თავად გ.-მ. ჯერ კიდევ შუადღით გვესტუმრა და გვიან ღამემდე დარჩა. ბევრი იწვალა, ვერაფერს გახდა და შეურაცხყოფილი გახლდათ ამ მარცხით, მკვლელობის ასავალ-დასავალს ვერ მიაკვლია. ჩემი კარგი სახელი, პარიზელების ჩვეულებისამებრ, მაღალფარდოვნად წარმოთქვა მან, სასწორზე არის შეგდებულიო. მისი ღირსებაც კი იყო შებღალული. მთელი ხალხი მას შეჰყურებს და ამ საიდუმლოს ამოსახსნელად მზადაა ყოველგვარი მსხვერპლი გაიღოს. დაბოლოს, ეს თავისი სასაცილო სიტყვა ასეთი ქათინაურით გაასრულა, სიამოვნებით გეუბნებით, დიუპენის „ტაქტს“ ვენდობიო; და აქვე დაუფარავად კარგი წინადადება შესთავაზა; უფლება არ მაქვს ზუსტად გადმოგცეთ მისი ნათქვამი, თუმცა ეს არც უნდა იყოს ჩვენი მოთხრობის საგანი.
ჩემმა მეგობარმა ეს მისი ქათინაური თავაზიანად უარყო, ხოლო ის წინადადება მაშინვე მიიღო, მაგრამ თუ რა შედეგი ექნებოდა ამას, ახლა ვინ რას გაიგებდა. შეთანხმდნენ თუ არა, პრეფექტმა მაშინვე გაგვაცნო თავისი მოსაზრებები, შიგადაშიგ ფაქტობრივი მონაცემების ვრცელ კომენტარებს ჩაურთავდა ხოლმე; ამ მონაცემების შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით. საქმის ცოდნით გვიამბობდა ყველაფერს, რაღა თქმა უნდა, მაგრამ რომ აღარ დაამთავრა, გავბედე და გადავუკარი, გვიან არის-მეთქი; სადაცაა ღამე გაილეოდა. ჩვეულებისამებრ თავის სავარძელში იჯდა დიუპენი, წელგამართული მთლად ყურადღებას განასახიერებდა. მთელი ეს ხანი სათვალე არ მოუცილებია და ერთხელ შემთხვევით შევიჭვრიტე სათვალის მინების ქვეშ, სძინებია თურმე ეს შვიდი თუ რვა შემაღონებელი საათი პრეფექტის წასვლამდე. დილით პრეფექტურაში მივედი და რაც მასალა ჰქონდათ, ყველაფერი წამოვიღე, რედაქციებიც დავიარე და იქ ვიშოვე ყველა გაზეთი, სადაც კი რამე იყო დაბეჭდილი ამ უბედური ამბის შესახებ. თუ ამ ცნობებს გავცხრილავდით, ზღვა ინფორმაციაში მნიშვნელოვანი იყო შემდეგი: მარი როჟე პავე სენ ანდრეს ქუჩაზე მდებარე დედამისის სახლიდან წასულა კვირა დილით, დაახლოებით ცხრა საათზე, 22 ივნისს 18... წელს. წასვლის ხანს უთქვამს მესიე ჟაკ სენტ ესტაშისთვის, მეტი არავისთვის, დეიდასთან მივდივარო მთელი დღით დე დრომის ქუჩაზე. პატარა და ვიწროა დე დრომის ქუჩა, მაგრამ საკმაოდ ხალხმრავალია, ახლოა მდინარის სანაპიროსთან. მოკლეზე თუ ვივლით, ორი მილითაა დაცილებული მადამ როჟეს პანსიონს. სენტ ესტაში მარის თაყვანისმცემელი გახლდათ, ბინა და საჭმელი აქვე, პანსიონში ჰქონდა. შებინდებისას ამ ყმაწვილკაცს თავისი გულის სწორისთვის უნდა გამოევლო და შინ გამოეცილებინა, მაგრამ ნაშუადღევს თავსხმა წვიმა წამოვიდა და ასე უვარაუდებია, დეიდასთან დარჩება ღამის გასათევადო (სწორედ ასე შვრებოდა ეს გოგო მსგავს შემთხვევაში) და ამიტომ აღარც შეუსრულებია დანაპირები. დაღამდა და მადამ როჟეს (სამოცდაათი წლის მოხუცსა და დაუძლურებულ ქალს) შიში გამოუთქვამს, „ვეღარც ვერასდროს ვნახავო მარის“, მაგრამ ამისთვის არც მიუქცევიათ ყურადღება.
       ორშაბათს გაიგეს, რომ გოგო არც ყოფილა დე დრომის ქუჩაზე, დღე გავიდა და არც საღამოს გამოჩენილა, მაშინ კი დაუწყეს ძებნა ქალაქსა და მის შემოგარენში. მხოლოდ მეოთხე დღეს გაიგეს, რა მოსვლოდა. იმ დღეს (ოთხშაბათს, 25 ივნისს) მესიე ბოვეს, მეგობართან ერთად რომ ეძებდა მარის დე რულის კარიბჭესთან, მდინარის სანაპიროზე, პავე სენ ანდრეს ქუჩის პირდაპირ, ვიღაცამ დაუყვირა, მეთევზეებს მდინარეში გვამი უპოვიათ და ნაპირზე გამოაქვთო. დახედა თუ არა იმ გვამს მესიე ბოვემ, იმწუთასვე იცნო საპარფიუმერიოში მომუშავე გოგო. ხოლო მის მეგობარს ოდნავაც არ შეჰპარვია ეჭვი.
სახეზე შავად შესდედებოდა სისხლი, რომელიც პირიდანაც წასკდომოდა. ქაფი არსად ჩანდა, როგორც ეს წყალში დამხრჩვალებს აღმოაჩნდებათ ხოლმე. კანს ფერი არ დაეკარგა. სისხლის ჩაქცევისა და თითების ნაკვალევი დასტყობოდა ყელზე. ხელები მკერდზე ჰქონდა დაწყობილი და გაშეშებოდა. მარჯვენა ხელი მოემუჭა, მარცხენა ოდნავ გაეშალა. მარცხენა მაჯას ორი ნაჭდევი ემჩნეოდა, როგორც ჩანს, თოკისგან თუ თოკებისგან, რომელიც ორ ხაზად შემოვლებოდა. მარჯვენა მაჯა ზოგიერთ ადგილას და, მთელი ზურგი, განსაკუთრებით ბეჭებზე, გადატყავებული ჰქონდა. ნაპირზე რომ გამოჰქონდათ გვამი, მეთევზეებს მისთვის თოკი შემოუხვევიათ, მაგრამ ის გადატყავებული ადგილები ამისი ბრალი არ უნდა ყოფილიყო. მაგრად გამობერვოდა ყელი. დანის ნაჭრილობევი ან ნაცემი ადგილები გვამზე არ უნახავთ. ღვედის ნაჭერი ისე ძლიერ ჰქონდა შემოჭერილი კისერზე და ისე ღრმადაც ჩასჯდომოდა, რომ ძლივსღა შეუმჩნევიათ, თითქოსდა სულ ამოეჭამა ამ ღვედს ხორცი და მარცხენა ყურთან მკვიდრად ჩაემარყუჟებინათ. მარტო ესეც კმაროდა ადამიანის მოსაკლავად. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაღუპული მხეცურად იყო გაუპატიურებული. გვამი რომ იპოვეს, მეგობრებმა სულ ადვილად იცნეს მოკლული.
კაბა შემოგლეჯილ-შემოძარცვული ჰქონდა. კიდიდან წელამდე ერთი ფუტით აეხიათ ნაწილი, მაგრამ არ მოუგლეჯიათ, სამჯერ შემოუხვევიათ წელის გარშემო და როგორღაც ზურგზე შეუკრავთ. პერანგი მშვენიერი მუსლინის ჰქონდა და აქედან თვრამეტდიუმიანი ნაჭერი მოუხვევიათ, მოუხვევიათ ძალიან სწრაფად და დიდი სიფრთხილითაც. სწორედ იგი შემოხვეოდა ყელზე თავისუფლად, და მაგრადაც გაენასკვათ. მუსლინისა და ღვედის ზემოთ შლაპა შეუკრავთ ორი ზონრით. ქალის ხელით არ უნდა ყოფილიყო შეკრული ამ შლაპის ზონრები, რადგან მკვიდრად იყო ჩანასკვული მეზღვაურული მარყუჟით.
       გვამი იცნეს თუ არა, მორგში კი არ წაუღიათ (ზედმეტად მიუჩნევიათ ასეთი ფორმალობა), არამედ იქვე ახლოს დაუკრძალავთ, მდინარის სანაპიროზე, სადაც გამოუტანიათ. ბოვეს იმდენი მოუხერხებია, რომ ეს საქმე მიუფუჩეჩებიათ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ხალხის აღშფოთებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. დაბოლოს, ერთმა ყოველკვირეულმა გაზეთმა მოჰკიდა ამ საქმეს ხელი, გვამი ამოთხარეს და კიდევ ერთხელ გასინჯეს, მაგრამ ადრე მიკვლეულს ახალი ვეღარაფერი დაუმატეს. მხოლოდ ამჯერად მისი ტანსაცმელი უჩვენეს დედასა და დაღუპულის მეგობრებს, ყველამ ერთხმად თქვა, სწორედ ასე ეცვა სახლიდან წასვლისასო.
ამ დროს ყოველ საათს მატულობდა საყოველთაო აღშფოთება, ვიღაცები დააპატიმრეს და გამოუშვეს. განსაკუთრებით სენტ ესტაშით დაეჭვდნენ; პირველად იმან ვერც ის თქვა ზუსტად, სად იმყოფებოდა იმ კვირადღეს, როდესაც მარი სახლიდან წავიდა. მაგრამ მერე კი მესიე გ.-ს წარუდგინა ფიცით დამტკიცებული ბარათი, სადაც აღნიშნული იყო მისი ყოველი ნაბიჯი იმ დღეს. დრო გადიოდა და ვერაფერს მიაკვლიეს, ერთმანეთის სრულიად საპირისპირო ათასი ხმა დაირხა და ჟურნალისტებმა ხელი მიჰყვეს ვარაუდების წარმოჩენას. მათ შორის ყველაზე საყურადღებო იყო ერთი შენიშვნა, რომლის მიხედვითაც მარი დღესაც ცოცხალი გახლდათ, ხოლო სენაში ნაპოვნი გვამი ვიღაც სხვა უბედურის იყო; ჯობს თავად მკითხველმა ნახოს რამდენიმე ამონაწერი იმ წერილიდან, რომელშიც ასეთი ვარაუდი გამოითქვა. ქვემოთ მოყვანილი პასაჟები სიტყვა-სიტყვითაა თარგმნილი L’Etoile-დან, საერთოდ კი ოსტატის ხელი ეტყობა ამ გაზეთს: „მადემუაზელ როჟე გამოვიდა დედის სახლიდან კვირა დილით, 18... წლის ივნისის 22-ში, ვითომცდა დეიდამისის თუ სხვა ახლობლის სანახავად მიდიოდა დრომის ქუჩაზე. მას მერე არავის უნახავს იგი. იმის ასავალ-დასავალი არ იციან, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო... არც გამოჩენილა ვინმე, მოსულიყო და ეთქვა, ვნახე იმ დღეს, როდესაც დედის სახლიდან წამოვიდაო... და თუმცა ჩვენ რამე საბუთი არ გვაქვს, რომ მარი როჟე ცოცხალი დარჩენილა ივნისის თვის 22-ის, კვირადღის, ცხრა საათის შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ამ საათის დადგომამდე ის ცოცხალი გახლდათ, ხუთშაბათს კი, შუადღით, 12 საათისთვის ქალის გვამი უნახავთ დე რულის ახლოს სანაპიროსთან. თუკი ვივარაუდებთ, რომ მარი როჟე მდინარეში ჩაუგდიათ სამი საათის მერე, რაც დედამისის სახლიდან წამოვიდა, მაშინ სამი დღე და ერთი საათი უნდა ყოფილიყო გასული მას შემდეგ. მაგრამ სისულელეა იმის ვარაუდი, რომ მკვლელობა, თუკი მოკლული იყო ის გოგო, ასე ადრე მომხდარიყო, მაშინ მკვლელები გვამს შუადღის დადგომამდე თუ გადააგდებდნენ მდინარეში. ვინც ასეთ შემზარავ დანაშაულს დააპირებს, სიბნელეს არჩევს და არა სინათლეს... გამომდინარე აქედან, თუკი ის გვამი მარი როჟესი იყო, მაშინ ის წყალში უნდა ყოფილიყო ორ-ნახევარი ან სამი დღე მაინც. ხოლო ცნობილია, რომ წყალწაღებულის სხეულს ან იმის სხეულს, ვინც მოუკლავთ და იმავე წამს წყალში გადაუგდიათ, ექვსი-ათი დღე სჭირდება, ვიდრე ხრწნა მოეკიდებოდეს და მხოლოდ ამის მერე ამოტივტივდება წყალზე. თუნდაც რომ ზარბაზანი გავისროლოთ იმ ადგილას, სადაც ხუთ-ექვს დღესაა ჩაძირული გვამი, ის ამოტივტივდება და ვეღარ მივუსწრებთ, ისევ ჩაიძირება. ჰოდა, საკითხავი აი ეს არის, რად არ მოხდა ასე ამ შემთხვევაშიც, ნუთუ ბუნებასაც სჩვევია ასეთი გამონაკლისი?... თუკი ეს დასახიჩრებული სხეული ნაპირზე დარჩა სამშაბათ ღამით, მაშინ უთუოდ ნახავდნენ მკვლელობის რამე ნაკვალევს სანაპიროზე. საეჭვოა ისიც, რომ ასე მალე ამოტივტივებულიყო მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ გადაგდებული გვამი. და კიდევ, ძნელი წარმოსადგენია, ის არამზადები, რომლებმაც ასეთი მკვლელობა გაბედეს, წყალში ისე მოისროდნენ სხეულს, რომ არ მიაბამდნენ რამე სიმძიმეს ჩასაძირავად, ასე წინდახედულად მოქცევა სულ ადვილი იყო მათთვის“.
მერე კი რედაქტორი იმის მტკიცებას მოჰყოლია, რომ სხეულმა წყალში უნდა დაყოს „არა რაღაც სამი დღე, არამედ, სულ ცოტა ხუთჯერ სამი დღე“, თუკი იმდენად გახრწნილი იყო გვამი, რომ ბოვემ ძლივსღა იცნო, მაგრამ ეს უკანასკნელი მოსაზრება სრულიად იქნა უარყოფილი. ვაგრძელებ ამ თარგმანს: „და მაინც როგორია ის ფაქტები, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა მ. ბოვე, რომ ის მარი როჟე იყო? კაბის სახელოები აუტრიალებია მისთვის და განუცხადებია, ნიშნები ემთხვევა, სრული მსგავსება არისო. ხალხის ვარაუდით, ეს ნიშნები უნდა ყოფილიყო რაღაც მნიშვნელოვანი ნაიარევი, მაგრამ თურმე იმ კაცმა ხელი გამოიწვდინა და მკლავზე რაღაც თმა უპოვა, ჩვენი აზრით, ამ ნიშნით გვამის გამოცნობა იგივეა, რაც სახელოში ხელის პოვნა. მესიე ბოვე იმ ოთხშაბათ ღამით არ დაბრუნებულა შინ, მაგრამ შვიდი საათისთვის უცნობებია მადამ როჟესთვის, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ზუსტად არ იციან, თქვენი ქალიშვილია ის თუ არაო. თუკი მადამ როჟეს, მოხუცსა და ავადმყოფ ქალს, არ შეეძლო მისვლა (რაც სულაც არ არის გასაკვირი), ხომ უნდა ჰყოლოდა ვინმე, ვინც იფიქრებდა, ვაითუ ის მართლაც მარის გვამია, წავალ და გამოძიებას მივეხმარებიო. ასეთი არავინ გამოჩენილა. არც არავის უთქვამს და გაუგონია, რომ პავე სენ ანდრეს ქუჩაზე ამ საქმის გამო ვინმე მისულიყოს. სენტ ესტაშიც კი, მარის შეყვარებული და მომავალი ქმარი, რომელიც ამ გოგოს დედის სახლში ცხოვრობდა, ამტკიცებს, პირველად გვამის პოვნის შესახებ მხოლოდ მეორე დილას მაცნობესო, როდესაც მესიე ბოვე მივიდა მისას და მოუთხრო ეს ამბავი. კი ვართ გაოცებულნი, რომ ახალ ამბავს საკმაოდ ცივად შეხვდნენ“.
ასე უნდოდა იმ გაზეთს შთაბეჭდილების შექმნა მარის ნათესავების უსულგულობის შესახებ, რათა დაემკვიდრებინათ თავიანთი ვარაუდი, რომ ის გვამი სხვისი იყო. ამ ინსიუნაციებით ასეთი დასკვნა გამოჰყავდათ: მარი მეგობრების დახმარებით ქალაქიდან გარბის, რადგან არ უნდა გახმაურდეს მისი შებღალული უბიწოების ამბავი, ჰოდა, აი, მისი მეგობრები, სენაში გვამს რომ აღმოაჩენდნენ, ვითომცდა იცნობდნენ იმ გოგოს და ხმას დაყრიან კიდევაც ხალხში მკვლელობის შესახებ, ესახებ, მაგრამ ამჯერად L’Etoile-ს მეტისმეტი მოსვლია. ნათლად იყო დამტკიცებული, რომ ეს სუყველაფერი გაზეთს მოუჭორავს. სინამდვილეში ის მოხუცი ქალი დაუძლურებულა, დარდით აღარ იყო და აღარაფრის თავი არ ჰქონია; იმ სენტ ესტაშს ის ცნობა გულგრილად კი არ მოუსმენია, არამედ თავზარი დასცემია და თავის ჭკუაზე აღარ ყოფილა, მესიე ბოვემ დაუძახა ერთ მის მეგობარს, ერთ ნათესავს და უთხრა, თვალი არ მოაცილოთო; იმ გოგოს გვამს კი ახლოსაც არ გააკარა ექსჰუმაციისა და ხელმეორედ შემოწმების ხანს. უფრო მეტიც, თუმცა L’Etoile-ს უნდოდა ხმა დაეყარა, რომ გვამი ხელმეორედ დაასაფლავეს მთავრობის ხარჯზე და თითქოს წინადადება დაღუპულის სახლიდან გამოსვენების თაობაზე ოჯახმა უარყო, დაბოლოს, თურმე არც ერთი მისი ახლობელი არ მოსულა დაკრძალვაზე... თუმცა L’Etoile ყოველნაირად ცდილობდა ამ ამბის გავრცელებას, არც არავის დაუჯერებია ეს ამბავი. შემდეგ გაზეთს თავად ბოვეც არ დაჰვიწყებია და წყლის შეყენება მოუნდომებია მისთვის. რედაქტორის აზრით: „ახლა კი მოხდა რაღაც ცვლილება. ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ვიღაც მადამ ბ. შემთხვევით მოხვედრილა მადამ როჟეს სახლში, სწორედ იმ წუთას მესიე ბოვე გამოდიოდა იქიდან და ასე უთქვამს იმ ქალისთვის, სადაცაა ჟანდარმი უნდა მოვიდესო და გაუფრთხილებია, ჩემს დაბრუნებამდე იმ ჟანდარმთან კრინტი არ დაძრა, ყველაფერს მე მოვაგვარებო... საქმე ისეა, რომ, ჩვენი აზრით, მესიე ბოვეს გარეშე ვერაფერს გავხდებით, მესიე ბოვეს ჩაურევლად ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ, სადაც არ მიდგებით, ყველგან ის კაცი დაგხვდებათ... რად ფიქრობს ასე, უჩემოდ თითსაც ვერავინ გაანძრევსო, იმ ოჯახის ყველა ახლობელი მამაკაცი მისი წყალობით განზე გამდგარა; სწორედ ასეც უთქვამთ იმათ, ძალიან უცნაურად მოქცეულაო ის კაცი. თითქოსდა, რატომღაც, ძლიერ სურდა, იმ გოგოს ნათესავები გვამს ახლოსაც არ გაჰკარებოდნენ“. შემდეგ მოყვანილი იყო ისეთი ფაქტი, რომელსაც შეეძლო გარკვეული ეჭვის აღძვრა ბოვეს წინააღმდეგ. ვიღაც მისულა მასთან სამსახურში იმ გოგოს დაკარგვამდე რამდენიმე დღით ადრე და იქ არავინ დახვედრია, სწორედ მაშინ დაუნახავს გასაღების ღრიჭოში გაჩრილი ვარდი და იქვე ახლოს დაკიდებული მუყაო წარწერითურთ – „მარი“.
საერთოდ კი გაზეთებში ასეთი აზრი იყო დამკვიდრებული, რომ მარი რომელიღაც თავზე ხელაღებულთა ჯგუფის მსხვერპლი შექმნილა, მდინარის იქით გადაუყვანიათ, გაუუპატიურებიათ და მოუკლავთ. დიდი გავლენის მქონე გამოცემა Le Gommerciel-ი ძალზე მტრულად მოეკიდა ამ გავრცელებულ აზრს. მომყავს ორიოდე ამონაწერი ამ გაზეთიდან: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმთავითვე არასწორად წარიმართა კვლევა, დე რულის კარიბჭესთან რა უნდოდათ. იმ ყმაწვილ ქალს ხომ ბევრი იცნობდა და როგორღა შეეძლო სამი უბანი გაევლო და არავის დაენახა იგი; ვინმეს თვალი რომ მოეკრა მისთვის, არც დაავიწყდებოდა, რადგან ყველა მიაქცევდა ყურადღებას, ვინც კი იცნობდა მას; სახლიდან რომ გამოვიდა, ქუჩები ხალხით იყო სავსე... დე რულის კარიბჭესთან ან დე დრომის ქუჩასთან როგორ მივიდოდა ისე, რომ ერთ დუჟინს მაინც არ ეცნო; მაგრამ დედამისის სახლიდან გამოსული არც არავის დაუნახავს, ხელთ რაიმე დამამტკიცებელი საბუთიც არა გვაქვს გარდა იმისა, რომ მას განზრახული ჰქონდა სადღაც წასვლა. მისთვის ტანსაცმელი შემოუხევიათ და მერე გარშემო შემოუხვევიათ, მერე შეუკრავთ, ამის შემდეგ ფუთასავით შეიძლებოდა სხეულის წაღება. მკვლელობა რულის კარიბჭესთან რომ მომხდარიყო, მაშინ აღარც იქნებოდა საჭირო ასეთი სახელურის გაკეთება. სხეული კარიბჭის ახლოს, მდინარეში რომ უნახავთ, სულაც არ გვიჩვენებს მისი წყალში გადაგდების ადგილს... ორი ფუტი სიგრძის და ერთი ფუტი სიგანის ნაჭერი, ნაგლეჯი იმ უბედური გოგოს კაბისა, ნიკაპს ქვემოთ ყელზე დაუხვევიათ და კეფაზე გაუნასკვავთ ყვირილის დასახშობად. ასე იციან იმ ვაჟბატონებმა, რომლებსაც ცხვირსახოცი არც სჭირდებათ“.
ერთი თუ ორი დღით ადრე, სანამ პრეფექტი ჩვენსას მოვიდოდა, პოლიციას მოუპოვებია რამდენიმე მნიშვნელოვანი ცნობა, რომლებსაც უარუყვია კიდევაც Le Gommerciel-ის ძირითადი მოსაზრებანი. ქალბატონ დელუკის ორ ბიჭუნას, რომლებიც დე რულის კარიბჭესთან ახლოს ტევრში დაეხეტებოდნენ და შემთხვევით დაბურულ ბუჩქნარში შესულან, აქ სამი თუ ოთხი ვეებერთელა ქვა დაუნახავთ, სკამივით რომ იყო მოწყობილი, საზურგეც ჰქონდა და ფეხის დასადგმელიც, ზედა ქვაზე თეთრი ქვედაკაბა შეეგდოთ, ხოლო იმის ქვემოთ აბრეშუმის შარფი. იქვე ეგდო ქოლგა, ხელთათმანები და პატარა ცხვირსახოცი, რომელზეც სახელი იყო დაქარგული – „მარი როჟე“. მაყვლის ბუჩქებზე კაბის ნაგლეჯებიც უნახავთ. მიწა გადატკეპნილი იყო, ბუჩქის ტოტები გადამტვრეული და ნათლად ჩანდა, რომ აქ უბრძოლიათ. მოაჯირი ბუჩქნარსა და მდინარეს შორის მოერღვიათ და მიწაზე იმის ნაკვალევი ეტყობოდა, რომ აქ რაღაც მძიმე საგანი გადაუთრევიათ.
       ყოველკვირეულმა გაზეთმა, Le Soleil-მა შემდეგი აზრი გამოთქვა, პარიზული პრესის საერთო აზრის გამოძახილი გახლდათ ეს გამონათქვამი: „ცხადია, რომ ეს საგნები სამი თუ ოთხი კვირა ეყარა იქ; წვიმისაგან დალპობილან და ხავსიც მოჰკიდებიათ. აღარც კი ჩანდნენ ამოსულ ბალახში, აბრეშუმის ქოლგა შედარებით გამძლე გამოდგა, მაგრამ ისიც გარღვეულიყო აქა-იქ. მისი ზედა ნაწილი, სადაც იკეცებოდა და იკვრებოდა, იმდენად დახავსებულიყო და დამპალიყო, რომ გახსნეს თუ არა, მაშინვე გაიხა... ბუჩქებს კაბა გაეგლიჯათ და ამოხეულიყო, ასე, სამი დუიმი სიგანის და ექვსი დუიმი სიგრძის ნაჭერი. სამოსლის ერთი ნაწილი ნაკემსი ჩანდა, მეორეც იყო, მაგრამ ყოველგვარი ნაკემსის გარეშე, თითქოსდა ღვედებად დაეხიათ და ბუჩქებს ასე წამოსდებოდა მიწიდან დაახლოებით ერთი ფუტის სიმაღლეზე... ვისღა შეეპარება ეჭვი, რომ ადგილი შემზარავი დანაშაულისა ცნობილია“. კიდევ ახალი ფაქტები დაერთო ამ აღმოჩენას. მადამ დელუკმა ასეთი ჩვენება მისცა, სწორედ დე რულის კარიბჭის პირდაპირ, მდინარის ახლოს, გზისპირას სასტუმროს ვფლობო. მიყრუებულია ეს მიდამო, თითქმის უკაცური. კვირაობით კი აქ ვის არ ნახავთ ქალაქიდან მოსულს, რაკიღა ამ ადგილიდან უნდა გადავიდნენ ნავებით მეორე ნაპირზე. დაახლოებით დღის სამი საათი იქნებოდა, როდესაც იმ კვირას გოგო შესულა სასტუმროში შავგვრემანი ყმაწვილი კაცის თანხლებით. რამდენიმე ხანი დარჩენილან ის ორნი. მერე კი იქვე ახლომდებარე ტყისკენ წასულან. მადამ დელუკს იმ გოგოს კაბისთვის მიუქცევია ყურადღება, რადგან სწორედ ასეთს იცვამდა მისი ერთი გარდაცვლილი ნათესავი ქალი. განსაკუთრებით ის შარფი დაუმახსოვრებია. ის წყვილი წავიდა და მალე ვიღაც არამზადების ბრბო მოვიდა, იღრიალეს, სვეს და ჭამეს, ფული არ გადაუხდიათ და იქით გასწიეს, სადაც ის გოგო და ბიჭი უნდა ყოფილიყვნენ, დაღამებას აღარაფერი უკლდა, როდესაც ისინი მობრუნდნენ და საჩქაროდ მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ. უკვე კარგა დაღამებულიყო, რომ მადამ დელუკმა და იმისმა უფროსმა ვაჟმა ქალის კივილი გაიგონეს სასტუმროს ახლოს. ერთი გულშემზარავი შეკივლება მოესმათ, მაშინვე მიწყდა ეს ხმა. მადამ დელუკმა არა მარტო ბუჩქებში ნაპოვნი შარფი იცნო, გვამზე ნანახ კაბაზეც თქვა, ეს იმ გოგოსი არისო. ვიღაც ვალანსმა, ომნიბუსის მძღოლმა ჩვენება მისცა, რომ მას დაუნახავს მარი როჟე სწორედ იმ კვირადღეს, ბორანით გადადიოდა სენაზე ვიღაც მზემოკიდებულ ყმაწვილკაცთან ერთად. იგი, ვალანსი, იცნობდა მარის და ნამდვილად არ შეეშლებოდა. ბუჩქებში ნანახი საგნები სწორედ მარისი უნდა ყოფილიყო, ასე თქვეს მისმა ნათესავებმა.
დიუპენის თხოვნით გაზეთებიდან ჩემ მიერ ამოკრებილი ფაქტები და ცნობები კიდევ ერთი გარემოებით სრულდებოდა. დიდმნიშვნელოვანი იყო ეს გარემოება. თურმე მაშინვე, ზემოაღნიშნული საგნები რომ იპოვეს, იმ ადგილას, სადაც, როგორც ვარაუდობდნენ ის უბედურება დატრიალდა, უნახავთ გაციებული ან თითქმის გაციებული სხეული სენტ ესტაშისა, მარის გულის სწორისა. იმის გვერდით ეგდო „ლაუდანუმის“ ცარიელი, პატარა ბოთლი. საწამლავის სუნი ამოსდიოდა პირიდან. ისე მოკვდა, ვეღარაფერი თქვა. მისი ბარათიც უპოვიათ, მოკლედ წერდა, მე მარი მიყვარდა და თავს ვიკლავო. – რაღა უნდა გითხრა, – თქვა დიუპენმა, როდესაც ჩემი შენიშვნების კითხვა გაასრულა, – ეს შემთხვევა უფრო აბურდულია, ვიდრე ის, მორგის ქუჩაზე რომ მოხდა და იმისგან ძალიანაც განსხვავდება. ეს არის ჩვეულებრივი, თუმცა მხეცური დანაშაული. არაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. შენც შეამჩნევდი ალბათ, ამ საიდუმლოს ამოხსნა სულ ადვილი რომ ჰგონებიათ, სწორედ ამის გამო გაჭირდა საქმე, ვერაფერს გახდნენ. მიზეზი ის უნდა ყოფილიყო, რომ პირველად ჯილდო არ დაუდგენიათ. გ.-ს მირმიდონელებს ჭკუა ეყოთ, რომ მიმხვდარიყვნენ, როგორ და რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი მხეცობა, მათ შეეძლოთ წარმოედგინათ ხერხი, მრავალი ხერხი, მოტივი, ამ დანაშაულისა და რაკიღა, მათი აზრით, ამ უამრავი ხერხიდან და მოტივებიდან ერთ-ერთი სავსებით შესაძლებელი იყო, იმედი ჰქონდათ, რომ ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. მე უკვე გითხარით, სულ ჩვეულებრივ ამბებზე ამაღლებას რომ ცდილობ და ჭეშმარიტებას რომ ეძებ, სწორი არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში ასეთი კითხვის დასმა: „და მაინც, რა მოხდა?“, არამედ სჯობს: „ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რაც აქამდე არ მომხდარა?“. მადამ ლესპანიეს ბინას რომ ჩხრეკდნენ, გ.-ს ხალხს თავგზა აბნევიათ და სულით დაცემულან მომხდარი უბედურების უჩვეულობით, ეს გარემოება კი საკმაოდ მოწესრიგებული ინტელექტისთვის წარმატების საწინდარი გახდებოდა და სწორედ ეს ინტელექტი სასოწარკვეთილებას მიეცემოდა, როდესაც ნახავდა, მეპარფიუმერე გოგოსთან დაკავშირებულ რა უბრალო შემთხვევას გადავყრივარო; ამ უბრალოებამ კი პრეფექტურის წარმომადგენლები იმთავითვე საზეიმო ხასიათზე დააყენა.
მადამ ლესპანიეს და მისი ქალიშვილის შემთხვევაში მაშინვე მიხვდნენ, რომ, რაღა თქმა უნდა, დედა და შვილი ვიღაცას დაუხოცავს: თვითმკვლელობის ვარაუდი თავიდანვე იყო გამორიცხული. ჩვენ აქ შეგვიძლია მტკიცედ ვთქვათ, თვითმკვლელობა არ მომხდარა. დე რულის კარიბჭესთან ნაპოვნ გვამს ისე კარგად ეტყობოდა ძალის ნაკვალევი, რომ ის მნიშვნელოვანი ვარაუდი მაშინვე იქნა უარყოფილი. მაგრამ გვამი რომ ნახეს, ეჭვიც გამოითქვა, შეიძლება, ის არც იყოსო მარი როჟესი, რომლის მკვლელის თუ მკვლელთა გამოსავლინებლად ჯილდო იყო დადგენილი. ჩვენც ხომ სწორედ ამ გოგოს თაობაზე ვიყავით შეთანხმებული პრეფექტთან. ჩვენ კი ორივენი კარგად ვიცნობთ ამ ჯენტლმენს. ამ კაცის შემხედვარე ფონს ვერ გახვალ. თუკი ჩვენს ძიებას გვამით დავიწყებთ და ბოლოს მკვლელს მივაკვლევთ და ამასთან ერთად იმასაც აღმოვაჩენთ, რომ მოკლული მარი კი არა, ვიღაც სხვა ყოფილა ან თუ მარი ცოცხალია და ჩვენ მას ვიპოვით და ვიპოვით მრთელსა და საღ-სალამათს, ორივე შემთხვევაში დავზარალდებით, რადგან ჩვენ ამ კაცს, გ.-ს გადავყრივართ. ჰოდა, ასე უნდა იყოს საჭირო, სამართლისთვის კი არა, ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა, რომ დავადგინოთ, ის გვამი სწორედ დაკარგული მარი როჟესია. L’Etoile-ს მოსაზრებებს მკითხველებზე დიდი ზეგავლენა მოუხდენია; თავად ეს გამოცემა ამ თავის მოსაზრებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ერთი შეხედე, როგორ იწყებს თავის კიდევ ერთ წერილს ამ საგანზე – „რამდენიმე დღევანდელი დილის გაზეთი“, – გვამცნობს იგი, – დამაჯერებლად თვლის ჩვენს სტატიას ორშაბათის L’Etoile-ში“. მე თუ მკითხავ, მეტისმეტ სიბეჯითეს ამჟღავნებს ამ წერილის შემთხზველი და მეტს არაფერს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გაზეთების მიზანი სენსაციები და მკითხველთა მოპოვებაა და არა ჭეშმარიტების დადგენა. ჭეშმარიტებას აქ მკითხველთა თვალით ზომავენ. ის ორგანო, რომელიც მოარული აზრის (რაც უნდა მართებული იყოს ეს აზრი) გავრცელებას მოისურვებს, ბრბოს გულს ვერ მოიგებს. ხალხის ყურადღება იმას შეუძლია მოიპოვოს, ვინც უხეშად უარყოფს საყოველთაო აზრს. ვითომცდა საღად ვმსჯელობთო და ისევე, როგორც ლიტერატურაში, ამ შემთხვევაში ჩმახვას ძალუძს მაშინვე მოახდინოს დიდი ზეგავლენა ყველაზე. გინდ ისე იყოს და გინდ ასე, რაღა ფასი აქვს ასეთ მსჯელობას.
მე იმისი თქმა მინდა, რომ L’Etoile-ს ჩმახვასა და, თუ გნებავთ, აზრის უბრალოებას, მარი როჟე ცოცხალი უნდა იყოსო, დიდად მიუპყრია ხალხის ყურადღება. მოდით და წვრილად ჩავუღრმავდეთ ამ გაზეთის მსჯელობას, ოღონდ ისე, რომ გვახსოვდეს, არ გავებათ წერილის უთავბოლო ლაბირინთებში. უპირველეს ყოვლისა, იმის დამწერს სურს გვიჩვენოს, რომ მარის დაკარგვის საათიდან მცირე დრო იყო გასული, გვამი არ ამოტივტივდებოდა და ვეღარც იპოვიდნენ, ესე იგი, მოკლული მარი არ უნდა ყოფილიყო. გამომდინარე აქედან, რაც შეიძლება უნდა შეამცირონ ზემოთ ხსენებული დროის ხანგრძლივობა, რადგან სწორედ ეს არის იმ ჩვენი მოაზროვნის მიზანი. ჰოდა, რა არ წამოუროშავს ამ მიზნის მისაღწევად. „სულელიღა თუ იფიქრებდა, – წერს იგი, – რომ მარი მოუკლავთ და თუკი დაღუპული სწორედ ის გოგო იყო, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო ისე ადრე, რომ მკვლელებს ჯერ კიდევ შუაღამემდე მოესწროთ მდინარეში გვამის გადაგდება“. ჩვენ აქ, რასაკვირველია, ასეთი კითხვა უნდა დავსვათ: „რატომ?“ რატომ უნდა მოგვივიდეს თავში ასეთი სულელური აზრი, რომ მკვლელს დანაშაული ჩაუდენია იმ გოგოს სახლიდან გაპარვისთანავე, ხუთი წუთის შემდეგ? რატომ უნდა მოგვივიდეს თავში ასეთი სულელური აზრი, რომ მკვლელობა მოხდა მაინცდამაინც იმ დღეს? კაცისკვლა შეიძლება ყოველ წუთს მოხდეს. მაგრამ რა დროსაც უნდა მომხდარიყო მკვლელობა, კვირადღის დილის ცხრა საათიდან ღამის თორმეტ საათამდე, კი მოახერხებდნენ „გვამის მდინარეში გადაგდებას შუაღამემდე“. ხსენებული აზრი, სხვათა შორის, იმასც გვამცნობს, რომ კვირადღეს ის გოგო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და თუ ჩვენ L’Etoile-ს ასეთ დასკვნას გავაკეთებინებთ, მაშინ მსჯელობას სრულ თავისუფლებასაც მივანიჭებთ. ის საგაზეთო წერილი ასე იწყება: „სისულელეა იმის თქმა, რომ ის მოუკლავთ და ა.შ.“ როგორც ჩანს, L’Etoile-ს მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იმ წერილის შემთხზველის აზრის მიმდინარეობა – სულელიღა თუ იტყვის, ეს მკვლელობა იყოო, თუკი მოკლული მართლაც ის გოგოა, მაშინ მკვლელებს უნდა მოესწროთ მისი გვამის მდინარეში გადაგდება შუაღამის დადგომამდე; ჩვენი აზრით, სისულელეა ასეთი ვარაუდის გამოთქმა იმ დროს (ჩვენ უკვე კიდევაც დავეთანხმეთ ამ ვარაუდს), როდესაც არსებობს შეხედულება, „გვამს მხოლოდ შუაღამის მერე გადააგდებენო“ – თავისთავად ეს აზრი თანამიმდევრულობით არ გამოირჩევა, მაგრამ არც ისეთი აზრმოკლებული ჩანს, როგორც ამ გაზეთში დაიბეჭდა.
– ჩემი მიზანი რომ, – განაგრძო დიუპენმა, – L’Etoile-ს არგუმენტების უარყოფა იყოს, მე არც კი მოვყვებოდი ამის მტკიცებას. L’Etoile-ს რას ვაქნევთ, ჩვენთვის ჭეშმარიტებაა მთავარი. ამ გაზეთებიდან მოყვანილი სიტყვების მნიშვნელობა ნათელია, მაგრამ საკითხავი ის არის, რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, როგორ შეიძლება მათი ახსნა. იმ ჟურნალისტს იმისი თქმა უნდოდა, რომ იმ კვირას, გინდ დღისით და გინდ ღამითაც, რა დროსაც უნდა მომხდარიყო მკვლელობა, შეუძლებელი იყო მკვლელებს შუაღამემდე გადაეტანათ გვამი მდინარესთან. ნამდვილად არ შემიძლია ამ შეხედულების გაზიარება. მისი აზრით, მკვლელობა მოხდა ისეთ ადგილას და ისეთ გარემოებაში, რომ შეუძლებელი იყო გვამი მდინარესთან არ გადაეთრიათ. მაგრამ ხომ შეიძლება მკვლელობა სწორედ მდინარის პირას ან სულაც მდინარეში მომხდარიყო; გვამის წყალში გადაგდება შეეძლოთ დღისითაც და ღამითაც, ამაზე ადვილი რაღა იქნებოდა. მინდა სწორად გაიგოთ ჩემი ნათქვამი, მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც მასე მოხდა, ანუ ჩემი აზრი შეუვალია. ამჯერად არც მსურს ფაქტების გამოწვლილვით განხილვა. მინდა ყურადღება მიაქციოთ L’Etoile-ს მსჯელობის მანერას, მისი ყოველი სიტყვა მიკერძოებული ჩანს.
ჰოდა, მკვლელობის დრო როგორც სურდათ, ისე შეზღუდეს და დასკვნაც ამის შესაბამისად გაუკეთებიათ – თუ მოკლული ნამდვილად მარი იყო, მაშინ გვამი სულ ცოტა ხნით იქნებოდა წყალში მოხვედრილი, გაზეთი ასე განაგრძობს: „გამოცდილებით ვიცით, რომ დამხრჩვალნი თუ მკვლელობისთანავე წყალში გადაგდებულნი, გამოჩნდებიან ზედაპირზე მხოლოდ ექვსი-ათი დღე-ღამის შემდეგ, ამ დროისთვის უკვე იმდენად გაიხრწნებიან, რომ შეუძლიათ ზედაპირზე ამოტივტივება. თუ იმ მიდამოში ზარბაზანს გაისვრიან სხეული ხუთ-ექვს დღე-ღამეზე ცოტათი ადრე ამოვა ზედაპირზე და მაშინვე უნდა მიუსწროთ, თორემ ჩაიძირება“.
Le Moniteur-ის გარდა მაშინვე გაუზიარებია ეს აზრი ყველა პარიზულ გაზეთს. ხსენებული გამოცემა შეეცადა ეჭვი გამოეთქვა „ჩაძირულ სხეულთა“ თვისებების გამო, სხვა აღარაფერი გაუხდიათ სადავო. ცნობილია ხუთი თუ ექვსი შემთხვევა, როდესაც გვამები ამოტივტივებულან იმ ვადაზე უფრო ადრე, L’Etoile-ს რომ განუსაზღვრავსო. მაგრამ Le Mrniteur-ის მსჯელობა რაღაც ფილოსოფიური ნიშნით იყო აღბეჭდილი და L’Etoile-ს წინააღმდეგ ვეღარაფერს გახდებოდა ამ ორიოდე მაგალითის მოშველიებით. თუნდაც ხუთი მაგალითის ნაცვლად ორმოცდაათიც მოეყვანა, როდესაც სხეული ამოტივტივებულა ორი ან სამი დღის შემდეგ, ეს ორმოცდაათი მაგალითი მაინც გამონაკლისი იქნებოდა, რადგან L’Etoile-ს მიხედვით ასე იყო დადგენილი და მისი შეხედულების უარყოფა თავად კანონზომიერების უარყოფას ნიშნავდა. საერთოდ კი იზიარებდნენ ამ კანონზომიერებას (Le Mrniteur-იც არ უარყოფდა ამას, მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი მოჰყავდა მაგალითად) და L’Etoile-ს მტკიცება შეუვალი ჩანდა; ჰოდა, ამ ვარაუდის გამოთქმაღა უნდოდათ, ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ სხეული სამ დღეზე უფრო ადრე ამოტივტივდეს ზედაპირზე; ხსენებული შეიძლება L’Etoile-ს მტკიცებას სულაც ვერ შეარყევდა, მაგრამ ამ ბავშვური თამაშის დროს გამონაკლისების რაოდენობა იმდენად გაიზრდებოდა, რომ იმ პირველ კანონზომიერებას უარყოფდა და ახალს დაამკვიდრებდა კიდეც.
თქვენც უკვე ხედავთ, რომ ისე ვერაფერს გავხდებით, თუ იმ პირველი კანონზომიერების წინააღმდეგ არ გავილაშქრებთ. ამიტომ კიდევ უნდა შევამოწმოთ მისი რაციონალურობის საკითხი. საერთოდ კი ადამიანის სხეული არც ძალიან მძიმე და არც ძალიან მსუბუქია სენის წყალზე; ერთი სიტყვით, ნორმალურ პირობებში წყალში მოხვედრილი ადამიანის სხეულის ხვედრითი წონა დაახლოებით ტოლია მტკნარი წყლის ხვედრითი წონისა. მსუქანი და მოსული კაცის ძვალწვრილი სხეული და, რაღა თქმა უნდა, ქალებისაც უფრო მსუბუქია, ვიდრე გამხდარი ძვალმსხვილი ადამიანებისა; ისიც უნდა გვახსოვდეს, მდინარის წყლის ხვედრით წონაზე გარკვეული ზეგავლენა აქვს ზღვის წყალს, შესართავიდან რომ შემოიჭრება ხოლმე. მაგრამ მოდით და სულაც ნუ გავითვალისწინებთ ამ გარემოებას და მაინც შეიძლება ვთქვათ, მტკნარ წყალშიც ცოტანი იძირებიან თავისით. ყველას, ვინც კი მდინარეში მოხვდება, შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება, თუკი მოახერხებს თავისი სხეულით გამოდევნილ წყლის ხვედრით წონას საკუთარი წონა შეუფარდოს; ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ იგი სათანადო დონემდე დაუშვებს თავის სხეულს წყალში. იმათთვის, ვინც ცურვა არ იცის, საუკეთესო პოზიციაა, თავი უკან გადააგდოს, მხოლოდ პირი და ცხვირი გამოაჩინოს, სხეულით კი გასწორდეს, თითქოს მიწაზე მიდიოდეს. კარგადაც დაინახავთ, ასეთ მდგომარეობაში მყოფს შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება. თუმცა კი ცხადია, ასეთი წონასწორობა სხეულისა და წყლის მასისა არ არის მტკიცე და ყოველ წუთს შეიძლება დაირღვეს. წყლიდან წამითაც რომ ამოსწიოს ხელი და ასე შეირყიოს მდგრადობა, მისი წონა საკმარისი იქნება, რომ თავი მთლიანად დაეძიროს და ამ დროს რომ ხის პატარა ნაჭერი მოხვდეს ხელში, შეუძლია თავი წამოსწიოს და ირგვლივ მიმოიხედოს. ის კი, ვინც ცურვა არ იცის, მკლავებს წყლიდან ამოიშვერს და უთავბოლოდ მოჰყვება ქნევას, ცდილობს როგორმე თავი ჩვეულებრივ, პირდაპირ დაიჭიროს, ამის შედეგად ცხვირ-პირით წყალში მოხვდება და ასე აფართხალებულს წყალი ფილტვებში ჩაუვა. მუცელი წყლით გაევსება და სულ სხვა წონის გაუხდება სხეული, რადგან იქ, სადაც ჰაერი იყო, ახლა წყალია. ეს განსხვავება კი საკმარისი აღმოჩნდება სხეულის ჩასაძირავად, ასეც უნდა მოხდეს; მაგრამ ძვალწვრილ და ქონმოკიდებულ ადამიანებზე ამას ვერ ვიტყვით. დახრჩობის მერეც ისინი წყლის ზედაპირზე ტივტივებენ.
       მდინარის ფსკერზე დაშვებული გვამი მანამდე იქნება იქ, სანამ ამა თუ იმ მიზეზის გამო მისი ხვედრითი წონა წყლის მასის ხვედრით წონაზე ნაკლები არ გახდება. შეიძლება უკვე გაიხრწნა და იმიტომ, შეიძლება მიზეზი სხვა რამეც იყოს. შედეგად ამ გახრწნისა წარმოიშობა აირი, გაუჯდება უჯრედებს და მოიცავს ყოველ ღრუს სხეულისას, რომელიც გაფუვდება და შემზარავი სანახავი ხდება. თუკი გვამი ისე გადიდდება, რომ მისი მასა და წონა არ მოიმატებს, მაშინ სხეულის ხვედრითი წონა წყლის ხვედრით წონაზე უფრო მსუბუქი გახდება და მდინარის ზედაპირზე ამოვა. მაგრამ გახრწნის მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს – ზოგჯერ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს, ზოგჯერ კი ჩქარა, მიზეზი ამისა უამრავია-მეთქი; მაგალითად, შეიძლება ან ციოდეს, ან ცხელოდეს, შეიძლება წყალი მინერალური ნივთიერებებით იყოს გაჯერებული ან შედარებით სუფთა იყოს, შეიძლება წყალი ღრმა ან თავთხელი იყოს, შეიძლება მორევი იყოს ან არა, სხეულის ტემპერატურასაც აქვს მნიშვნელობა, ისიცაა გასათვალისწინებელი, წყალში დამხრჩვალი დაავადებული იყო თუ არა სიკვდილის წინ. გამომდინარე აქედან, ცხადია, ძნელია იმის თქმა, ზუსტად როდის ამოტივტივდება გვამი. გარკვეულ პირობებში შეიძლება ეს ერთი საათის განმავლობაში მოხდეს, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სულაც აღარ გამოჩნდეს. ცნობილია ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ სულ გაუხრწნავი შეინახონ ცხოველური ქსოვილები, ვთქვათ, ორქლორიანმა ვერცხლისწყალმა. მაგრამ გახრწნის გარეშეც მცენარეული მასის დუღილის შედეგად მუცელში ხდება (ან სხეულის სხვა ღრუებში სხვა მიზეზების გამო) აირის დაგროვება და სხეული იმდენად ფართოვდება, რომ წყლის ზედაპირზე ამოდის. ზარბაზნის გასროლას ვიბრირება მოჰყვება ხოლმე. სხეული შეიძლება ლამში იყოს გახვეული ან ლაფში ჩაფლული და ამოტივტივდეს იმიტომ, რომ უკვე შეუძლია ამოტივტივება, ანდა შეიძლება გაგლიჯოს გარკვეული ნაწილი შემპალი ქსოვილისა, რის შედეგადაც აირი შეიჭრება სხეულის ღრუებში და გააფართოებს მას. ჩვენ უკვე ჩავხვდით ამ საგნის მთელ ფილოსოფიას, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია შევამოწმოთ L’Etoile-ს მტკიცებათა სისწორე. ამ გაზეთის აზრით, „წარსულის მთელი გამოცდილება გვიჩვენებს, დამხრჩვალთა ან წყალში იმწამსვე გადაგდებულ მოკლულთა სხეულები ექვს-ათ დღეში ამოტივტივდებიან ზედაპირზე, როდესაც საკმაოდ გაიხრწნებიან. ზარბაზნის გასროლით ხუთ-ექვს დღეზე ადრეც რომ ამოტივტივდეს სხეული, მაშინვე ჩაიძირება, თუ ვერ მიუსწრებენ“.
ყურით მოთრეულ შეუსაბამობათა ნარევი ჩანს ახლა მთელი ეს აბზაცი. მთელი ჩვენი გამოცდილება სულაც არ გვიჩვენებს, რომ „გადაგდებულ სხეულებს“ სჭირდებათ ექვსი-ათი დღე გასახრწნელად და ამოსატივტივებლად წყლის ზედაპირზე. მეცნიერებაცა და გამოცდილებაც, ორივე ერთად ამას გვიჩვენებს, ზუსტად ვერ ვიტყვით, როდის შეიძლება ეს მოხდეს. ხოლო თუ სხეული ამოტივტივდება ზარბაზნის გასროლის შემდეგ, ისევ არ „ჩაიძირება, თუ ვერ მიუსწრებენ“, რადგან ის უკვე კარგა მაგრადაა გახრწნილი და გვამში აირის მოცულობა მომატებულია. მაგრამ მე მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება, ჩვენ აქ განსხვავებას ვხედავთ „დამხრჩვალთა სხეულებს“ და „წყალში იმწამსვე გადაგდებულ მოკლულთა სხეულებს“ შორის. და თუმცა წერილის ავტორი აღნიშნავს ამ განსხვავებას, მისთვის მაინც ყველა სხეული ერთნაირია. მე უკვე გითხარით, რომ სწორედ იმ ადამიანის ხვედრითი წონა მატულობს, ვინც არ დაიხრჩობოდა, ფართხალს, წყლიდან ხელების ამოყოფას რომ არ მოჰყოლოდა და ჰაერის მაგივრად წყალი არ ეყლაპა და არ გაბერილიყო. მაგრამ ფართხალს არ მოჰყვებოდა და სულიც არ შეეხუთებოდა „წყალში იმწამსვე გადაგდებულ მოკლულთა სხეულებს“. გამომდინარე აქედან, გვამი, ჩვეულებრივ, არც იძირება ხოლმე – ეს ფაქტი L’Etoile-სთვის უცნობი აღმოჩნდა. და მხოლოდ მაშინ დაინთქმება გვამი, როდესაც საბოლოოდ გაიხრწნება და ჩონჩხიღა დარჩება, დაღუპულის ასავალ-დასავალს ვეღარც გავიგებთ.
რა ვუყოთ იმ მტკიცებას, რომ თითქოს ის ნაპოვნი გვამი მარი როჟესი არ იყო, სამი დღე გავიდა იმ გოგოს დაკარგვის დღიდან და აქამდე როგორ არ ჩაიძირებოდაო? დამხრჩვალი ქალი იყო და შეიძლებოდა სულაც არ ჩაძირულიყო; ან თუ ჩაიძირებოდა, ისევ ამოტივტივდებოდა არა უგვიანეს ოცდახუთი საათისა. მაგრამ არავის უთქვამს, ის გოგო დაიხრჩოო; ამიტომ, რახან მოკლეს და მერე მდინარეში გადააგდეს, მთელი ეს ხანი არც ჩაძირულა, ისე მიჰქონდა წყალს.
„მაგრამ, – განაგრძობს L’Etoile-ს, – თუკი აგრე დასახიჩრებული გვამი ოთხშაბათ დილამდე გააჩერეს, მკვლელების რაღაც ნაკვალევი დარჩებოდა სანაპიროზე“. უცებ ვერც კი მიხვდები, რისი თქმა უნდა იმ წერილის ავტორს. ვაითუ ჩემი მოსაზრება უარყონო და თავსი იზღვევს, მართლაცდა შეიძლება უთხრან, ნაპირზე დაგდებული გვამი ორ დღეში უფრო მალე გაიხრწნებოდა, ვიდრე მაშინ, წყალში რომ გადაეგდოთო. ასეთ ვარაუდსაც გამოთქვამს, შეიძლება ასე მომხდარიყო, რომ იმ დღესვე გამოჩენილიყო წყლის ზედაპირზე, ასე ფიქრობს და რახან ასეა, კი უნდა გამოჩენილიყო ნამდვილად. ამიტომ, ჩქარობს, უნდა დაამტკიცოს, ნაპირზე აღარ გაუჩერებიათო, რადგან მაშინ „მკვლელების რაღაც ნაკვალევი დარჩებოდა სანაპიროზე“. მგონია თქვენი ღიმილის მიზეზი ასეთი დასკვნა უნდა იყოს. თქვენ ვერ მიმხვდარხართ, მართალია სანაპიროზე გვამი ამდენ ხანს ეგდო, მაგრამ ამას როგორღა უნდა გაემრავლებინა მკვლელთა ნაკვალევი. მეც ვერ ვხვდები. „მერედა ის როგორღა დავიჯეროთ, – ასე განაგრძობს ჩვენი გაზეთი, – იმ მკვლელებმა და ავაზაკებმა, ასეთი, როგორც ვარაუდობენ, დანაშაული რომ ჩაიდინეს, გვამი წყალში გადააგდეს და რამე სიმძიმე არ მიაბეს სიფრთხილისთვის“. ერთი ნახეთ, რა სასაცილოდ აბურდული აზრები აქვთ! არც ერთი – L’Etoile-ც კი – არ უარყოფს, რომ ის ნაპოვნი გვამი მოკლულისა იყო. მეტად ცხადლივ ჩანს სასტიკი მკვლელობის ნაკვალევი. ჩვენს ჭკუის კოლოფს უნდა გვიჩვენოს, რომ ის გვამი მარის არ იყო. მას უნდა დაგვიმტკიცოს, მარი არ მოუკლავთო და არა ის, რომ ქალის გვამი არ უნახავთ. სწორედ მეორეს ეფუძნება მისი პირველი მოსაზრება. გვამი სიმძიმემიუბმელი იყოო, გაიძახიან. სიმძიმემიუბმელად მკვლელები არ მოისროდნენო გვამს წყალში. მეტს ვეღარაფერს ამტკიცებენ, თუკი ამტკიცებენ საერთოდ რამეს. მოკლულის ვინაობას არც შეხებიან და აქ L’Etoile იმდენს ცდილობს და მსჯელობს, რომ კიდევაც უარყოფს ზემოთ მოყვანილ თავისივე მტკიცებას – „მოკლული ქალი იყოო ნამდვილად“.
მსჯელობის ამ ნაწილშიც ჩვენი ჭკუის კოლოფი თავისდაუნებურად მრავალგზის უარყოფს თავისივე მოსაზრებებს. ყოველი ღონით ცდილობს, როგორც უკვე გითხარით, დაამტკიცოს და დაასაბუთოს, მარის დაკარგვიდან გვამის პოვნის დღემდე სულ ცოტა დრო იყო გასულიო. იმის დამტკიცებაც უნდა, რომ დედის სახლიდან გამოსული გოგო არავის დაუნახავს. „ჩვენ ვერ ვიტყვით, – ასე განაგრძობს, – რომ მარი როჟე ცოცხლებში ეწერა კვირა დილის 9 საათის შემდეგ, 22 ივნისს“, ცხადი მიკერძოება ეტყობა ამ მის მოსაზრებას, მისთვის ჯობდა, სულაც არ ეხსენებინა ეს გარემოება, რადგან შიშობს, ვაითუ გაიგოს, რომ მარი ვინმეს უნახავს, ვთქვათ, ორშაბათს ან სამშაბათს, მაშინ ის მისი ხსენებული დაკარგვის დრო კიდევ უფრო მცირე გამოჩნდებოდა. გამომდინარე აქედან, მისი საკუთარი მსჯელობის შედეგად, კარგა მაგრა შეუდგებოდა წყალი მისსავე ვარაუდს, რომ ის გვამი იმ გრიზეტი ქალისა იყო. ერთი სიტყვით, ასე იყო თუ ისე, მართლაც გესიამოვნება, რა ბეჯითად და თავდაჯერებით ლამობს L’Etoile ამ თავისი ძირითადი მოსაზრების განმტკიცებასა და დასაბუთებას.
ახლა კი წერილის ის ადგილი ნახეთ, ბოვემ გვამი რომ იცნო. სულ მთლად დაბნეული ჩანს ის ჩვენი ჭკუის კოლოფი, როდესაც მკლავზე ნანახ ბეწვებს აღნიშნავს. მესიე ბოვე არც ისეთი იდიოტი იყო, რომ მოკლულის ვინაობის დადგენისას ძირითად საბუთად მკლავზე ნანახი ბეწვები მოეყვანა. ჯერ არავის უნახავს მკლავი უბეწვებოდ. L’Etoile-ს განყენებული მსჯელობა სულაც უკუღმართად წარმოგვიჩენს მოწმის მსჯელობას. იმ კაცს უსათუოდ უნდა აღენიშნა ბეწვის ფერი, სიხშირე, სიგრძე ან განლაგება; „იმ გოგოს, – წერს გაზეთი, – პატარა ფეხი ჰქონდა, მეტწილ ქალებს სწორედ ასეთი ფეხი აქვთ. იმ გოგოს შესაკრავი, ისევე როგორც ფეხსაცმელი, ვერც ვერაფერს დაგვიმტკიცებს, ასეთი შესაკრავი და ფეხსაცმელი ყველგან იყიდება. შეიძლება იგივე ვთქვათ იმ გოგოს ყვავილებზეც, რომლითაც მას ქუდი ჰქონდა მორთული. მეტად კი აქვს დაჩემებული მესიე ბოვეს ის გარემოება, რომ იმ შესაკრავის საკეტი უკან იყო გადაწეული. მერედა რა მნიშვნელობა აქვს ამას; ყოველ ქალს შესაკრავი სახლში მიაქვს და მერე მოირგებს ხოლმე, ასე ურჩევნია, ვიდრე ყიდვისას დაიწყოს მოზომვა“. აქ კი ვერ ვიტყვით, რომ იმ ჭკუის კოლოფს თავად სჯერა თავისი ნათქვამის. თუკი მესიე ბოვე მარის გვამს ეძებდა, ნახავდა, რომ დაღუპულის სიმაღლე და გარეგნობა ჰგავს მარისას, საფუძველი ექნებოდა (ტანისამოსს სულაც არ დააკვირდებოდა, ისე) ეფიქრა, რასაც ვეძებდი, ის ვიპოვეო. უფრო მეტიც, საერთო მსგავსებისა და მოყვანილობის გარდა, მკლავზე იმ ბეწვებს აღმოუჩენდა, მარის სიცოცხლეში რომ ჰქონდა ნანახი, მისი ვარაუდი კიდევ უფრო განმტკიცდებოდა: განმტკიცდებოდა-მეთქი, რადგან იმ ბეწვების თავისებურება გახლდათ განსაკუთრებული, ანუ, თუ გნებავთ, ამ შემთხვევაში არაჩვეულებრივი ნიშანი. თუკი მარის პატარა ფეხი ჰქონდა და იმ გვამსაც ასევე, მაშინ ალბათობა იმისა, რომ დაღუპული მარი გახლდათ, არითმეტიკული კი არა, გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდებოდა. ყველაფერ ამას თუ ფეხსაცმელსაც დავუმატებთ, იმ საბედისწერო დღეს რომ ეცვა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთები „აუარება გაყიდულა“, მაშინ თქვენ იმ ალბათობას თითქმის მთლად შეუვალს გახდით. ის გარემოებანი, რომელიც ცხად საბუთად არ გამოდგება, გარკვეული თანხვედრის შედეგად უეჭველად წარმოგვიჩენს ფაქტებს. ის ყვავილებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ დაკარგულ გოგოს რომ ჰქონდა დაბნეული ქუდზე და მისაკვლევი აღარაფერი დაგვრჩება. ამისთვის ერთი ყვავილიც იქნებოდა საკმარისი, მაგრამ ის ყვავილი თუ ორი, სამი და უფრო მეტიც იყო? იმათთაგან ყოველი ხომ ამრავლებს ამ ფაქტის ჭეშმარიტებას, საბუთს უბრალოდ კი არ უმატებს საბუთს, არამედ ასგზის და ათასგზისაც ამრავლებს მის უეჭველობას. მოდით და ახლა ის შესაკრავიც აღვნიშნოთ, დაღუპული გოგო რომ ატარებდა, ამის მერე შემდეგი ძიება სისულელე იქნება და მეტი არაფერი. და კიდევ, იმ შესაკრავის მისაბნევი თავად მარის გადაუადგილებია ცოტა ხნით ადრე, სანამ სახლიდან გამოვიდოდა. ჰოდა, ახლა შერეკილი ან ორპირი კაცი თუ გამოთქვამს ეჭვს. L’Etoile-ს რომ დაუჟინია, მისაბმელი თავისითაც ადვილად გადაადგილდებოდაო, ეს უკვე იმას გვიჩვენებს – არა და არ უნდათ თავიანთი შეცდომის აღიარება. ის შესაკრავი ელასტიკური იყო და სულ ჩვეულებრივად შეიძლებოდა მასზე მისაბმელის გადაადგილება. თუ საგანს თავად შეუძლია დამოკლება, პატრონსაც ძალუძს იმისი დამოკლება საჭიროებისამებრ. მარიც ასე მოქცეულა და კაცმა რომ თქვას, მეტ საბუთს ვეღარც ვინატრებთ, იმ გვამზე უნახავთ იმ დაკარგული გოგოს არა მარტო შესაკრავი, ფეხსაცმელი, მისი ქუდი და ყვავილები ამ ქუდზე, ისეთივე ფეხებიც და რაღაც ისეთივე ნიშანი მკლავზე, ისეთივე გარეგნობისა და აღნაგობისა ყოფილა, უფრო მეტიც, ყველაფერი ეს ერთად უნახავთ თურმე. თუ იმ L’Etoile-ს რედაქტორს მაინც შეეპარებოდა ეჭვი ამდენი საბუთის გაცნობის შემდეგ, მაშინ აღარ დაგვჭირდებოდა ამ შემთხვევაში გონებრივ შესაძლებლობათა საკვლევი კომისიის მოწვევა. ადვოკატივით მოჰყოლია წილადობილას. მეტი წილი ადვოკატების თვალსაწიერი კი სასამართლოს კედლებში გაბატონებულ ფეხმოკლე მსჯელობითღა შემოისაზღვრება. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, ბევრ აშკარა საბუთს რომ უარყოფს სასამართლო, ინტელექტუალური კაცისთვის ეს საბუთი საუკეთესოა ჭეშმარიტების დასადგენად. რადგან სასამართლოს საერთო პრინციპები აქვს მომარჯვებული საბუთების ძიებაში, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული პრინციპებით იკვლევს გზას, უარყოფს ყოველი შემთხვევის განსაკუთრებულობას. ასე მტკიცედ რომ იცავენ ამ თავის პრინციპებს და მათთვის რამე გამონაკლისი არ არსებობს, ამგვარი წესით კიდევაც აღწევენ მაქსიმუმს ჭეშმარიტების მიკვლევაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ცხოვრებაში, ძირითადად, ეს წესი გამართლებულია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე შეცდომის საფუძველი ხდება.
ბოვეს სულ ტყუილუბრალოდ დასწამეს ცილი და შეგვიძლია ამ წუთსავე გავაცამტვეროთ. თქვენ უკვე ჩახვდით ამ კარგი ჯენტლმენის ჭეშმარიტ ბუნებას. მოუსვენარი, რომანტიკული ბუნების კაცია და მაინცდამაინც დიდ ჭკუას ვერც მოვთხოვთ. შეიძლება შემთხვევამ მოიტანოს და ისეთ ფაციფუცს მოჰყვეს, რომ დააეჭვოს კიდეც ურწმუნო ან მისადმი მტრულად განწყობილი ხალხი. მესიე ბოვეს (როგორც თქვენს შენიშვნებში ჩანს) პირადად უსაუბრია L’Etoile-ს რედაქტორთან და გაუბედავს იმ მოსაზრების გამოთქმა, რომ რედაქტორის თეორიის მიუხედავად, თუკი ფაქტებს საღად შევხედავთ, ის გვამი მარისა არისო. „იმ კაცს დაუჩემებია, – წერს გაზეთი, – მარის გვამი ვნახეო, მაგრამ ვერ ამტკიცებს ამ გარემოებას, ვერაფერს გვეუბნება ახალს, ხოლო იმ ძველის შესახებ უკვე ვთქვით და აღარაფერს ვიტყვით, ყველასთვის ისედაც ნათელია ყველაფერი“. არც იმაზე ვიტყვით რამეს, რამდენად შეიძლება იყოს „ყველასთვის ისედაც ნათელი ყველაფერი“, ასე იშვიათად ხდება, ისღა უნდა დავსძინოთ, რომ შეიძლება ადამიანს ბოლომდე სჯეროდეს რაღაცის, მაგრამ დამაჯერებელი საბუთი არ აქვს და აღარც ძალუძს სხვები დაარწმუნოს. ყოველთვის ძნელი იყო წარმოჩენა იმ შთაბეჭდილებისა, რომლის მიხედვითაც თქვენ იცნობთ ადრე ნანახ ამა თუ იმ პიროვნებას. ყველა ცნობს თავის მეზობელს, მაგრამ ათასში ერთი თუ იტყვის უცებ, იგი ასე და ასე ვიცანიო. L’Etoile-ს რედაქტორი მართალი იყო, როდესაც ეჭვით მოჰკიდებია მესიე ბოვეს თავდაჯერებულ საუბარს.
მართალი კი იყო, მაგრამ ეჭვობდა, მესიე ბოვეს რაღაც უნდა ადარდებდესო. აჯობებდა იმას ჩემი ვარაუდი გაეზიარებია, მოუსვენარი, რომანტიკული კაცია იგი და მეტი არაფერი. ჰოდა, კეთილმოსურნის თვალით თუ შევხედავთ მას, ძნელი აღარ იქნება ავხსნათ გასაღების ხვრელში გაჩრილი ვარდი, დაფაზე მიწერილი სახელი „მარი“; ის გარემოება, რომ „იმ ოჯახის ყველა მამაკაცი მისი წყალობით განზე გამდგარა“, და „თითქოსდა რატომღაც ძალიან უნდოდა, იმ გოგოს ნათესავები გვამს ახლოსაც არ გაჰკარებოდნენ“. მადამ ბ.-სადმი მიმართული მისი გამარფთხილებელი სიტყვები – „ჩემს (ბოვეს) დაბრუნებამდე იმ ჟანდარმთან კრინტი არ დაძრაო“; დაბოლოს, რად იყო დარწმუნებული, რომ „უჩემოდ თითსაც ვერავინ გაანძრევსო „. ჩემი აზრით, ბოვე მარის თაყვანისმცემელი გახლდათ; ის გოგოც ელაციცებოდა მას და სჯეროდა კიდეც, გულითა და სულით მენდობაო. აღარაფერს ვიტყვი ამ საგანზე; და რაკიღა ცხადია, რომ L’Etoile-ს არ იყო სწორი, როდესაც იმ გოგოს დედისა და ნათესავების გულგრილობაზე წერდა, ხსენებული გულგრილობა კი ეჭვს იწვევდა, ნამდვილად იყო ის გვამი მეპარფიუმერიე გოგოსი თუ არა – ჩვენი მსჯელობის საფუძველი ახლა ის იქნება, რომ მოკლული სწორედ ის გოგო გახლდათ. – რას იტყვით, – ვკითხე მე, – Le Gommerciel-ის აზრის შესახებ?
– ამ საქმის სულს თუ ვიგულისხმებთ, მათი მოსაზრებები უფრო საყურადღებოა, ვიდრე სხვა გამოცემისა. მათი გარკვეულ წანამძღვრებს დაფუძნებული დასკვნები უფრო ფილოსოფიური და გონებამახვილური ჩანს, მაგრამ იმ წანამძღვრებს, სულ ცოტა, ორ შემთხვევაში მაინც არასწორი დაკვირვებები უდევს საფუძვლად. Le Gommerciel-ს უნდა ხალხს ჩააგონოს, რომ მარის დეიდამისის სახლის სიახლოვეს ვიღაც არამზადებმა სტაცეს ხელი. „შეუძლებელია, – ამტკიცებს იგი, – ისე გაევლო ადამიანს სამი უბანი, რომ არავის დაენახა, იმ ყმაწვილ გოგოს ხომ ყველა კარგად იცნობდა“. ეს აზრი შეეძლო გამოეთქვა პარიზის დიდი ხნის მცხოვრებს, საზოგადოებისთვის ცნობილ პიროვნებას, ვისაც ქალაქის სულ ერთი და იგივე ქუჩებით, სხვადასხვა დაწესებულებებს შორის უხდება მიმოსვლა. მან იცის, რომ იშვიათად თუ გაუვლია თორმეტიოდე უბანი თავისი დაწესებულებიდან და ვინმე ნაცნობს არ შეხვედრია. და რაკიღა იცის, მე ხომ ბევრნი მიცნობენ და მეც ბევრს ვიცნობო, თავისი მდგომარეობა იმ მეპარფიუმერიე გოგოსას შეუდარებია, დიდ განსხვავებას ვერ ხედავს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, სახლიდან გამოსული ის გოგო ჩემსავით მრავალ ნაცნობს გადაეყრებოდაო; შეიძლებოდა მართლაც ასე მომხდარიყო, იმ გოგოს რომ იმასავით სულ მუდამ, აუჩქარებლად ერთი და იმავე გზით ევლო. ის კაცი კი მიდის და მოდის ერთსა და იმავე დროს, დადის გარკვეული გზით და ხვდება იმათ, რომელთა საქმიანობა მისას ჰგავს. მარი კი, როგორც ჩანს, მეტწილად სხვადასხვა გზით დადიოდა. იმ დღეს შეიძლება სულაც იქით წასულიყო, სადაც იშვიათად თუ გაუვლია. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Le Gommerciel-ის რედაქტორს ასეთი პარალელის გავლება მოაფიქრდა, ორმა ადამიანმა ერთმანეთის შესახვედრად მთელი ქალაქი უნდა გამოიაროსო. ვთქვათ და ამ პირებს ერთნაირი რაოდენობის ნაცნობი ჰყავთ, მაშინ დაახლოებით ერთსა და იმავე რაოდენობის ნაცნობს შეხვდებიან გზაზე. მე თუ მკითხავთ, არა მარტო შესაძლებელი იყო, არამედ ისეც უნდა მომხდარიყო, რომ შინიდან წამოსული მარი ყოველთვის სხვადასხვა გზით მიდიოდა დეიდამისთან და ვერც ნახულობდა ვინმე ნაცნობს ან იმას, ვისაც ეცოდინებოდა მისი ვინაობა. ამ საკითხის განხილვისას ყველაფერი ცხადი და ნათელი რომ იყოს, უნდა გვახსოვდეს, პარიზში რაც უნდა ცნობილი პიროვნება ცხოვრობდეს, ამ ქალაქის მოსახლეობა იმდენად დიდია, რომ მისი ნაცნობები ზღვაში წვეთი იქნება მაინც. Le Gommerciel-ის მოსაზრებას წყალი მაშინაც შეუდგება, თუ გავითვალისწინებთ იმ გოგოს სახლიდან გამოსვლის საათს. „იმ დროს ქუჩა ხალხით ყოფილა სავსე“, – წერს Le Gommerciel-ი. მაგრამ ეს არ არის სწორი. დილის ცხრა საათი იყო. მართლაც, დილის ცხრა საათზე ქალაქის ქუჩები ყოველთვის ხალხმრავალია, გარდა კვირადღისა. კვირაობით დილის ცხრა საათზე ხალხი ჯერ კიდევ სახლშია და ეკლესიაში წასასვლელად ემზადება. ოდნავ დაკვირვებული კაციც კი შენიშნავს, რომ უჩვეულოდ უკაცრიელია ქალაქი უქმე დღის დილის რვიდან ათ საათამდე. ათიდან თერთმეტამდე ხალხი ქუჩებში გამოეფინება, მაგრამ ისე ადრე არა, როგორც ამ გაზეთში არის ნათქვამი.
კიდევ ერთი საკითხი არის, თითქოსდა აქაც შემცდარა და კარგად არ დაჰკვირვებია Le Gommerciel-ი. „იმ უბედური გოგოს კაბის ერთ-ერთი ნახევი, – წერენ ისინი, – ორი ფუტი სიგრძისა და ერთი ფუტი სიგანის, ნიკაპს ქვემოთ და კეფაზე ჰქონდა შემოხვეული, იქნებ იმიტომ, რომ ვეღარ დაეყვირა. ამის მოქმედი ის ვაჟბატონები არიან, რომელთაც ცხვირსახოცი თან არ დააქვთ“. რამდენად სწორია, ანუ რამდენად საფუძვლიანია ეს აზრი, ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ ამის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, რედაქტორი იმ ვაჟბატონებში, „რომელთაც ცხვირსახოცი თან არ დააქვთ“, ნაძირალებს გულისხმობს. ჩვენ კი ვიცით, რომ ამგვარი ჯურის ხალხს შეიძლება პერანგი არ ეცვათ, მაგრამ უცხვირსახოცოდ ვერ ნახავთ. ალბათ, თქვენც შენიშნავდით, ამ ბოლო დროს მთლად წყალწაღებულ კაცსაც მუდამ თან დააქვს ცხვირსახოცი.
– იმ Le Soleil-ის წერილზე რაღა უნდა ვიფიქროთ? – ვკითხე მე.
– სამწუხაროა, რომ იმისი დამწერი თუთიყუშად არ დაბადებულა – დიდი ვინმე კი იქნებოდა თუთიყუშთა მოდგმისთვის. ნახავენ რამე წერილს და დღენიადაგ იმეორებენ იქ მოყვანილ ფაქტებს, არც ერთი გამოცემა არ დაუტოვებიათ უყურადღებოდ. „ცხადზე ცხადია, – წერენ ისინი, – რომ სულ ცოტა სამი თუ ოთხი კვირა იყო ის საგნები იქ და მერე უნახავთ, იმ საშინელი მკვლელობის ადგილი უკვე ცნობილია“. Le Soleil-ის მიერ გამეორებული ფაქტები, რაღა თქმა უნდა, სარწმუნო არ არის ჩვენთვის; ამ საკითხს მე კიდევ მივუბრუნდები, როდესაც ამ ამბის სხვა გარემოებათა გამო მომიხდება საუბარი.
       ახლა კი სხვა რამე უნდა გამოვარკვიოთ. ალბათ გახსოვთ, რა უგულისყუროდ და უდიერად მოუხდენიათ გვამის შემოწმება. მართალია, მალე დაუდგენიათ მოკლულის ვინაობა, ეს ძნელი არ იყო, მაგრამ სხვა ვეღარაფრისთვის მიუკვლევიათ. გაძარცვული თუ იყო გვამი? სახლიდან გამოსულ იმ გოგოს თუ ჰქონდა რამე ძვირფასეულობა? და თუ ჰქონდა, იმ გვამთან ერთად იპოვეს? ძიების დროს ეს უმნიშვნელოვანესი გარემოებანი უგულებელყოფილია; კიდევ სხვა, ასეთივე მნიშვნელოვანი საკითხები დაუტოვებიათ უყურადღებოდ. ხსენებულ გარემოებათა მიკვლევას პირადად ჩვენ უნდა მოვკიდოთ ხელი. სულაც არ არის დამთავრებული სენტ ესტაშის ამბავი. იმ კაცზე მე ვერავითარ ეჭვს ვერ მივიტან, მაგრამ მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენს მსჯელობას. საკითხავია, რამდენად სწორია მისი წერილობითი ჩვენება, იმ კვირას აქა და აქ ვიყავიო. სულ ადვილად შეიძლება ყალბი გამოდგეს ასეთი სახის ჩვენება. თუკი ასე არ არის, მაშინ სენტ ესტაშის ხსენება აღარც დაგვჭირდება. იმ ყმაწვილკაცის თვითმკვლელობის ამბავი შეიძლება სულაც საეჭვო გამხდარიყო, თუკი მისი ჩვენების სიყალბეში დავრწმუნდებოდით, მაგრამ თუ ის ჩვენება მართალია, მის თვითმკვლელობას სულ ადვილად ავხსნით, და ჩვენც ჩვეულებრივად შეგვიძლია ხელი მივყოთ კვლევა-ძიებას. – მოდით და ახლა უშუალოდ იმ ტრაგედიას თავი დავანებოთ და მეორეხარისხოვან საკითხებს ჩავუღრმავდეთ. ჩვეულებრივ, ასეთი სახის ძიების დროს ის შეცდომა მოსდით, რომ მხოლოდ დანაშაულის ირგვლივ ტრიალებენ და სრულიად გამორჩებათ საქმის თანამდევი წვრილმანები. სასამართლოს ნაკლი ის არის, რომ მისთვის მთავარია იმ მოწმის ჩვენება და დაკითხვა, ვინც უშუალოდ ტრაგედიასთანაა დაკავშირებული. მაგრამ გამოცდილება და ნამდვილი ფილოსოფია მუდამ გვიჩვენებს, დიდი წილი ჭეშმარიტებისა სწორედ იმ მეორეხარისხოვან გარემოებათა მეშვეობით გამომზეურდება ხოლმე. აუცილებელი არაა გამოწვლილვით მივდიოთ ამ დებულებას, უნდა გვახსოვდეს მთავარი, რომლის მიხედვითაც თანამედროვე მეცნიერება იძულებულია განჭვრიტოს გაუთვალისწინებელი გარემოებანი. შეიძლება სწორად ვერ გაიგოთ ჩემი ნათქვამი. კაცობრიობის ცოდნის მთელი ისტორია ყოველთვის იმას გვიჩვენებდა, რომ ამ მეორეხარისხოვან, ანაზდეულ, გაუთვალისწინებელ გარემოებებს უნდა ვუმადლოდეთ აუარება და უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებს. დაბოლოს, სამომავლოდ აუცილებელია გვახსოვდეს, ადამიანის დიდი, უფრო მეტიც, უდიდესი აღმოჩენები შემთხვევის ძალით მოხდება იმ სფეროში, სადაც არ მოელიან. ფილოსოფიური აზრი ადრინდელივით ვეღარ დაეყრდნობა იმას, რაც მომხდარა. შემთხვევითობა ხდება ყოვლის საფუძველი. სრული სიზუსტითაც ვისწავლეთ მისი გამოთვლა. სასკოლო მათემატიკის ფორმულას დავუმორჩილეთ გაუთვალისწინებელი და შეუცნობელი.
– ვიმეორებ, რომ ცხადზე ცხადია, ჭეშმარიტებათა მეტი ნაწილი მეორეხარისხოვანი გარემოებების მეშვეობით იქნა მიკვლეული; ჰოდა, ხსენებული დებულების სულისა და გულის შესაბამისად, ამჯერად უნდა უარვყოთ ამ დანაშაულის აგრე გადატკეპნილი და მწირი გარემოებანი და ამ ამბის თანამდევ წვრილმანებს უნდა ჩავუღრმავდეთ. თქვენ იმ გოგოს გულის სწორის წერილობით ჩვენებას მიუბრუნდით, მე კი იმ გაზეთებს გადავხედავ, მაგრამ თქვენსავით არა, ცოტა სხვანაირად. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ დავზვერეთ იდუმალი ველი და მართლაც უცნაური იქნებოდა, რომ ბეჭდვითი სიტყვის გამოცემის სათანადო მოჩხრეკის შემდეგ, რასაც მე ვაპირებ, არ ვიხილოთ მეორეხარისხოვან გარემოებათა გორგალი, მეკვლე ჩვენი ძირითადი მიმართულებისა. დიუპენის დავალება შევასრულე და გულდასმით შევამოწმე მარის საქმროს ჩვენება. დავრწმუნდი იმის სისწორეში და გამომდინარე აქედან სენტ ესტაშის სიმართლეც უდავო გახდა. ამ დროს კი ჩემი მეგობარი საგულდაგულოდ ჩაღრმავებოდა, ჩემი აზრით, იმ უამრავ აბდაუბდა წერილს. კვირის ბოლოს კი შემდეგი ამონაწერები მაჩვენა: „სამწლინახევრის წინ სწორედ ასეთივე დავიდარაბა იყო ატეხილი, მესიე ლე ბლანის პალე როიალის უბანში მდებარე საპარფიუმერიოში მომუშავე მარი როჟე მაშინაც ასე დაკარგულიყო. მაგრამ კვირის მიწურულს ისევ თავის დახლთან იდგა, თუმცა კი ცოტა ფერმკრთალი. მესიე ლე ბლანს და დედამისს უთქვამთ, სოფელში იყო სტუმრადო, ერთ თავის მეგობართან; სულ მალე მიუფუჩეჩებიათ ეს საქმე. ჩვენი აზრით, ამგვარივეა იმ გოგოს ახლანდელი დაკარგვაც და გაივლის ერთი კვირა ან ერთი თვე და ისევ ჩვენ შორის ვიხილავთ მას. – „საღამოს გაზეთი“, ორშაბათი, 23 ივნისი“.
„გუშინდელ საღამოს გაზეთს უხსენებია მადმუაზელ როჟეს საიდუმლოებით მოცული წინანდელი დაკარგვის ამბავი. კარგადაა ცნობილი, რომ იმ კვირას, როდესაც ის არ იყო ლე ბლანის საპარფიუმერიოში, ერთ ყმაწვილ საზღვაო ოფიცერთან იმყოფებოდა, ბევრჯერ უნახავთ ის კაცი გარყვნილების მორევში. როგორც ჩანს, მათ უჩხუბიათ და ამიტომაც დაბრუნებულა ის გოგო სახლში. ჩვენ ვიცით პარიზში მცხოვრები იმ ლოტარიოს სახელი; რაღა თქმა უნდა, გარკვეულ გარემოებათა გამო არ გვინდა გავაცნოთ იგი საზოგადოებას. -„ლა მერკური“, 24 ივნისი, სამშაბათი, დილა“.
„მხეცური, ენით უთქმელი დანაშაული მომხდარა გუშინწინ ქალაქის ახლოს. საღამო ხანი იყო, ერთი ჯენტლმენი, რომელსაც ცოლი და ქალიშვილი ხლებია, მდინარის მეორე მხარეს გადაყვანაზე მოლაპარაკებია ექვს ახალგაზრდა კაცს, უსაქმურად რომ დაეხეტებოდნენ ნავით სენაში, წინ და უკან, ნაპირის სიახლოვეს. მეორე მხარეს რომ მისდგომიან, მგზავრები გადასულან, ნავი უკვე აღარც ჩანდა, როდესაც იმ ჯენტლმენის ქალიშვილს ნავში დარჩენილი ქოლგა გახსენებია. იმის წამოსაღებად რომ მიტრიალებულა, იმ არამზადებმა ხელი სტაცეს, მდინარის შუაგულში გაიყვანეს, პირში ჩვარი ჩასჩარეს, პირუტყვულად მოექცნენ, გააუპატიურეს, დაბოლოს, ნაპირზე გაიყვანეს, სწორედ იმ ადგილის ახლოს, სადაც პირველად ჩაჯდა იმ ნავში თავის მშობლებთან ერთად. იმ ხანად კი მიიმალნენ ის გარეწრები, მაგრამ პოლიციამ მათ კვალს მიაგნო და მალე რომელიმე მათგანს დაიჭერენ კიდეც. – „დილის გაზეთი“, 25 ივნისი“.
„ჩვენ გამოგვიგზავნეს რამდენიმე ცნობა. იმ ცნობების თანახმად, ის მხეცური დანაშაული ჩაუდენია ვიღაც მენისს, მაგრამ ოფიციალური გამოძიების შემდეგ დაადგინეს იმ ჯენტლმენის სრული უდანაშაულობა; ის საბუთები, რომლითაც ჩვენ მოგვმართეს, უფრო იმათ გულმოდგინებას მოწმობს, ვიდრე ჭეშმარიტებას, ამიტომ არცაა სასურველი იმ ცნობების გამოქვეყნება.– „დილის გაზეთი“, 28 ივნისი“.
„ჩვენ გამოგვიგზავნეს რამდენიმე ცნობა, როგორც ჩანს, სულ სხვადასხვა პირი გვამცნობს, და დარწმუნებული არიან კიდევაც ამაში, რომ ის იმსხვერპლა ერთ-ერთმა ჯგუფმა, აუარება რომ დაძრწის ჩვენს ქალაქში კვირაობით. ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ხსენებულ აზრს და შევეცდებით დავასაბუთოთ ამ მოსაზრების სისწორე. – „საღამოს გაზეთი“, სამშაბათი, 31 ივნისი“. წავიკითხე ეს ამონაწერები და გავიფიქრე, ეს რა მოსაყვანი იყო და ამ საქმეს რაღას უშველის-მეთქი. დავიცადე, იქნებ, დიუპენს აეხსნა რამე.
– მე ჯერ არ მინდა, – თქვა მან, – იმ პირველსა და მეორე ამონაწერს ჩავუღრმავდე. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ ამოვკრიბე ისინი, რომ მეჩვენებინა თქვენთვის ჩვენი პოლიციის ბედოვლათობის ამბავი; რამდენადაც თავად პრეფექტისგან ვიცი, იმათ არც გაუგიათ იმ მეზღვაურის ასავალ-დასავალი. მხოლოდ სულელი ვერ შენიშნავდა კავშირს მარის პირველ და მეორე დაკარგვას შორის და ვერც გაითვალისწინებდა ამას. ვთქვათ და მართლაც, მაშინ, შეყვარებულებმა პირველად იჩხუბეს და ის გოგო შინ იმედგაცრუებული დაბრუნდა. გამომდინარე აქედან, ჩვენ უფრო ის უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე გაქცევა (თუკი ნამდვილად მეორედაც გაქცეულა ის გოგო სახლიდან) შედეგი იყო იმავე მაცდუნებლის რაღაც დაპირებებისა, ვიდრე ვიღაც ახალგაცნობილი ყმაწვილკაცის გამოჩენისა იმ გოგოს ცხოვრებაში – ძველი სიყვარულის „განახლების“ ამბავი უფრო სარწმუნოა, ვიდრე ახლის დაწყება. ათი ვარაუდი ერთის წინააღმდეგ, ასეთი შეფარდება შეიძლება მოვიყვანოთ იმის დასტურად, რომ ის, ვისაც ადრე შეუთავაზებია მარისთვის, ჩემთან წამოდიო, კიდევ შეეცდებოდა თავისას, საფიქრებელი უფრო ეს არის. და კიდევ ერთ გარემოებას უნდა მიაქციოთ ყურადღება, დრო იმ პირველ გაქცევასა და მეორე, სავარაუდო გაქცევას შორის რამდენიმე თვით აღემატება იმ ვადას, რაც შორეულ ნაოსნობაში გამგზავრებულ ჩვენს მეზღვაურებს სჭირდებათ. იქნებ გემზე დაბრუნებამ შეუშალა ხელი ტრფიალების მოყვარულ კაცს და პირველად ვეღარ აისრულა თავისი ბოროტი განზრახვა, ჰოდა, ადრე რომ მოეცარა ხელი, ახლა, უკვე დაბრუნებულმა გადაწყვიტა უფრო ყოჩაღად მოქცეულიყო – დაემტკიცებინა თავისი ვაჟკაცობა! ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით.
თქვენ შეიძლება თქვათ, მეორედ ის გოგო აღარ გაქცეულა და ყველაფერი ეს მოგონილიაო. გარკვეულად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ვერც იმას დავამტკიცებთ, გაქცევა არ სურდაო. სენტ ესტაშისა და იქნებ, იმ ბოვეს გარდა თუ ჰყავდა იმ გოგოს თაყვანისმცემლები, ჩვენ არ ვიცით. არც არავის უთქვამს ამის შესახებ. ვინ იყო ის იდუმალი სატრფო, იმ გოგოს ნათესავებმა (ყოველ შემთხვევაში მათგან უმეტესობამ) არაფერი იციან, მარი კი შეხვდება მას იმ კვირა დილით და ისე ენდობა კიდეც, რომ უშიშრად რჩება იმ კაცთან, ვიდრე საღამო ხანის ჩრდილები არ მოეფინება იმ უკაცრიელ ხეივანს დე რულის კარიბჭესთან? ვინ იყო ის მისი იდუმალი სატრფო, გეკითხებით მე, ვის შესახებაც ნათესავების უმეტესობამ არაფერი იცოდა? და რას ნიშნავდა მადამ როჟეს ის უცნაური წინასწარმეტყველება, მარის წასვლის მერე რომ წამოსცდენია იმ დილით? – ვაითუ აწი ვეღარასოდეს ვიხილავ მარის“.
მაგრამ თუ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ მადამ როჟემ იცოდა თავისი გოგოს განზრახვის შესახებ, რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარის მართლაც ჰქონდა ასეთი განზრახვა? სახლიდან მიმავალს უთქვამს, დეიდასთან მივდივარ სტუმრად დე დრომის ქუჩაზე და სენტ ესტაშს სთხოვა, საღამოს გამომიარეო. მართლაცდა, ერთი შეხედვით, ეს გარემოება სრულიად უარყოფს ჩემს ვარაუდს, მაგრამ მოდით და ასე ვიმსჯელოთ: ვიღაცას რომ შეხვდა და იმასთან ერთად მდინარეზე გადავიდა, სამ საათზე რომ უკვე დე რულის კარიბჭესთან იმყოფებოდნენ, ეს ცნობილია. მაგრამ იმ კაცთან ერთად რომ მიდიოდა (სულერთია, იცოდა თუ არა დედამისმა ამის შესახებ), ხომ უნდა ეფიქრა სახლიდან გამოსულს, როგორ გაუკვირდება და დაეჭვდება ჩემი საქმრო და თაყვანისმცემელი სენტ ესტაში, როდესაც დანიშნულ საათზე დე დრომის ქუჩაზე გამომივლის და გაიგებს, რომ იქ არ ვყოფილვარ და როდესაც პანსიონში მოსული, ვერც იქ მნახავს და კარგადაც დამაგვიანდება, იმ კაცს თავზარი დაეცემაო. მე გეუბნებით, რომ ყველაფერი ეს უნდა ეფიქრა იმ გოგოს. ისიც ეცოდინებოდა, როგორ ეწყინებოდა სენტ ესტაშს, როგორ დაეჭვდებოდნენ ყველანი. იმასაც გაითვალისწინებდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა იმ ეჭვის გასაფანტავად; მაგრამ ამ ეჭვის დარდი არც ექნებოდა, თუ შინ დაბრუნებას აღარ აპირებდა.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას იფიქრებდა იგი – „მე ერთ კაცს უნდა შევხვდე, ვისთან ერთადაც გაქცევა მინდა ან რაღაც სხვა მიზეზი მაქვს. ხელი ვერავინ ვერ უნდა შეგვიშალოს, იმდენი დრო გვინდა, რომ ვერ წამოგვეწიონ, ამიტომ ვიტყვი, სტუმრად მივდივარ დეიდასთან დე დრომის ქუჩაზე და იქ მთელი დღე დავრჩები-მეთქი, სენტ ესტაშს კი ვთხოვ, საღამო ხანს გამომიარე-მეთქი, ასე დროც მეყოფა და არც არავინ დაეჭვდება, არც შეშინდება, ჯობს ასე მოვიქცე, ვიდრე სხვანაირად, ასე უფრო მეტი დრო მექნება. თუკი სენტ ესტაშს ვეტყვი, დაღამებამდე არ გამომიარო-მეთქი, რაღა თქმა უნდა, ის ასეც იზამს, მაგრამ თუკი იმას აღარაფერს ვეტყვი, მაშინ დროც აღარ დამრჩება, რადგან იფიქრებენ, რატომ იგვიანებს და უკან არ ბრუნდებაო, ჰოდა, კიდეც შეეშინდებათ. თუკი სახლში დაბრუნებას ვაპირებ იმ კაცთან დროსტარების შემდეგ, მაშინ რატომ ვეტყვი სენტ ესტაშს, გამომიარე-მეთქი; რადგან ასე რომ ვუთხრა, იგი მიხვდება, მატყუებსო; და ვეღარაფერს გაიგებს, თუკი სახლიდან ჩუმად წავალ და ჯერ კიდევ დაღამებამდე უკან დაბრუნებული განვაცხადებ, დეიდასთან ვიყავი-მეთქი სტუმრად დე დრომის ქუჩაზე. მაგრამ თუ მე მსურს სამუდამოდ ან რამდენიმე კვირით წასვლა, ან მანამდე, სანამ ჩემს ადგილსამყოფელს გაიგებენ, მაშინ მთავარია, იმდენი დრო მქონდეს, რამდენიც მჭირდება“.
თქვენ დაინახავდით იმ ამოკრებილ შენიშვნებში, რომ იმთავითვე ასეთი აზრი გავრცელდა, ის გოგო ვიღაც არამზადების მსხვერპლი შეიქნაო. გარკვეული ვითარებისდა კვალად საყოველთო აზრის გათვალისწინება საჭიროა მაშინ, როდესაც ეს აზრი თავისთავად, ბუნებრივად წარმოიშვება. ამ შემთხვევაში მგონია, ხალხის აზრი ავაზაკების ბრბოს თაობაზე შეიქმნა ერთი უმნიშვნელო გარემოების გამო, რომლის შესახებაც გამოწვლილვით ჩემს მესამე ამონაწერში ვნახავთ. მთელი პარიზი ააღელვა მარის, მშვენიერი, ნორჩი და საკმაოდ ცნობილი გოგოს გვამის პოვნამ. ძალადობის კვალი ეტყობოდა მდინარეში ნაპოვნ გვამს. სწორედ მაშინ, ანუ იმავე ხანს, როდესაც ის გოგო მოკლეს, მსგავსი დანაშაული კიდევ მომხდარა, მსგავსი-მეთქი, რადგან იმ შემთხვევაში არავინ მოუკლავთ; ეს დანაშაული ჩაუდენია ვიღაც გარეწარი ყმაწვილკაცების ბრბოს. ხომ გახსოვთ ის გოგო, ქოლგა რომ დარჩა ნავში. რაღა გასაკვირია, რომ იმ ცნობილ მხეცობას ზეგავლენა მოუხდენია ხალხის აზრზე და ამის გამო გარკვეული მიკერძოებით აღუქვამთ მეორე, გაცილებით მძიმე დანაშაულის ამბავი? ხალხს რაღაც უნდა ენახა გზის მეკვლედ და ნახეს კიდევაც! მარი ხომ მდინარეში უპოვიათ, სწორედ იმ მდინარეში, სადაც ის ცნობილი მხეცობა ჩაუდენიათ თითქმის გოგოს მშობლების თვალწინ. აშკარა კავშირია სავარაუდებელი ამ ორ შემთხვევას შორის და ნამდვილად საკვირველი იქნებოდა, რომ ხალხს უყურადღებოდ დაეტოვებინა. მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ, ერთი მხეცობა რომ ცნობილი ხდება, ნათლად გვიჩვენებს, იმავე ხანს მომხდარი მეორე დანაშაული უფრო სხვაგვარად უნდა ახსნილიყო. მართლაცდა, განა სასწაული არ არის, რომ ავაზაკების ერთი ბრბო განსაზღვრულ ადგილას სჩადიოდეს დანაშაულს სხვა მსგავსი არამზადების მსგავსად, იმავე ქალაქში, თითქმის ზუსტად იმავე ხერხითა და თითქმის ზუსტად იმავე ხანს! ჰოდა, სხვაგვარი როგორი იქნებოდა ხალხის აზრი ასეთი საკვირველი თანხვედრის დროს?
ვიდრე სხვა საკითხებზე გადავიდოდეთ, მკვლელობის სავარაუდო ადგილის, დე რულის კარიბჭის ახლომდებარე ბუჩქნარის გამო ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ხსენებული ბუჩქნარი თუმცა ხშირია, მაგრამ გზის პირასაა. სწორედ იქ უნახავთ სამი თუ ოთხი ვეებერთელა ქვა, საჯდომს, საზურგესა და ფეხის დასადგმელს რომ დამსგავსებოდა. ზედა ქვაზე უპოვიათ თეთრი ქვედაკაბა, მეორეზე კი აბრეშუმის ყელსაბურავი. იქვე იყო ქოლგა, ხელთათმანი და ცხვირსახოცი ნაქარგით: „მარი როჟე“. კაბის ნაგლეჯები იქვე ბუჩქებს წამოსდებოდა. მიწა გადატკეპნილი იყო, ბუჩქები გადათელილი, ყველაფერი ეს ცხადლივ გვიჩვენებდა ბრძოლის ნაკვალევს.
       ბუჩქნარში ნანახის გამო გაზეთებმა ერთი ამბავი ატეხეს, ერთხმად დაუდგენიათ, უკვე ცნობილიაო ის ადგილი, სადაც მხეცური დანაშაული მომხდარა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ აქ ბევრი რამაა საეჭვო. სწორედ იქ რომ დატრიალდა უბედურება, მე შემიძლია დავიჯერო ან არა, მაგრამ ჩემს ეჭვსაც აშკარა საფუძველი აქვს. Le Gommerciel-ის თანახმად, დანაშაული მართლაც რომ მომხდარიყო პავე სენტ ანდრეს ქუჩის სიახლოვეს, დამნაშავენი, თუკი ისინი პარიზს დარჩებოდნენ, თავზარდაცემული იქნებოდნენ, რაღა თქმა უნდა, რაკიღა ხალხის ფიქრს სწორი მიმართულება მიეცემოდა; გარკვეული ჯურის ადამიანები კიდევაც შეეცდებოდნენ რამე ეღონათ, რათა ხალხს სხვაგვარად დაეწყო ფიქრი. გამომდინარე აქედან, რადგან დე რულის კარიბჭესთან მდებარე ბუჩქნარი უკვე საეჭვო ადგილად დაესახელებინათ, ცხადია, უნდა მიმხვდარიყვნენ, კარგი იქნება, თუ იმ საგნებს იქ დავყრითო; სადაც მერე უპოვიათ კიდეც. სულაც არ უნდა იყოს სწორი, თუმცა კი Le Soleil-ი ამტკიცებს იმას, რომ ის საგნები რამდენიმე დღეზე მეტი ყოფილა იმ ბუჩქნარში დაყრილი; თუ მრავალ წვრილმან გარემოებას გავითვალისწინებთ, ფრიად საეჭვოა, ოცი დღე როგორ უნდა ყოფილიყო იმ ადგილას ისე, რომ არავის ეპოვა, სწორედ ამდენი ხანი იყო გასული იმ საბედისწერო კვირადღიდან იმ დღემდე, როდესაც ბიჭებმა ის საგნები იპოვეს. „წვიმისგან დალპობილან და ხავსიც მოჰკიდებიათ, – წერს Le Soleil-ი, თავის წინამორბედთა აზრს რომ იმეორებს, – ხავსი მოსდებოდა იქაურობას. ბალახიც იმდენი ამოსულიყო, რომ ირგვლივ აღარაფერი ჩანდა. აბრეშუმის ქოლგა შედარებით გამძლე გამოდგა, მაგრამ ისიც გარღვეულიყო აქა-იქ. მისი ზედა ნაწილი, სადაც იკეცებოდა და იკვრებოდა, იმდენად დახავსებულიყო და დამპალიყო, გახსნეს თუ არა, მაშინვე გაიხა“. იმ ბალახის შესახებ, „იმდენი“ რომ „ამოსულიყო, ირგვლივ აღარაფერი ჩანდა“, აღუნიშნავთ ორი პატარა ბიჭის სიტყვის მიხედვით, იმ ბავშვების მეხსიერებას დაყრდნობიან. ბავშვებმა მოკრიფეს ის საგნები და შინ წაიღეს, ამ დროს იქ მათ გარდა არავინ ყოფილა. მაგრამ ბალახი ხომ, განსაკუთრებით კი თბილ და ნესტიან ამინდში (სწორედ ასეთი დარი იყო მკვლელობის ხანს), სამი-ოთხი დუიმით მაინც იზრდება ერთი დღის განმავლობაში. იმ რბილ მიწაზე დაგდებულ ქოლგას ერთ კვირაში ისე მოედება ბალახი, რომ ვინღა იპოვის. La Soleil-ის რედაქტორს იმდენად მოსწონებია სიტყვა ხავსი, რომ ამ პატარა აბზაცში სამჯერ ახსენებს მას, მაგრამ ასე როგორ დაჰვიწყებია ხავსის ბუნება? ნუთუ უნდა ავუხსნათ, რომ ის სოკოვანთა ოჯახს ეკუთვნის და მისი ძირითადი თვისებაა ოცდაოთხ საათში გაიზარდოს და გაქრეს კიდეც? როგორც ვხედავთ, სულ ადვილად შეიძლება ასე ზარ-ზეიმით გამოცხადებული აზრის უარყოფა, „სულ ცოტა სამი-ოთხი კვირა მაინც იქნებოდა“ იმ ბუჩქნარში, თავად გარემოებანი გვიმტკიცებენ ამ აზრის აბსურდულობას. მეორე მხრივ, ძნელია დავიჯეროთ, რომ ის საგნები ერთ კვირაზე მეტ ხანს ყოფილიყო იმ ბუჩქნარში, ანუ იმ კვირადღიდან მეორე კვირის ორშაბათამდე თუ სამშაბათამდე. ვინც პარიზის გარეუბნებს იცნობს, კარგად იცის, რა ძნელია აქ მყუდრო კუთხე-კუნჭულის მონახვა, მხოლოდ სადღაც შორს, ქალაქგარეთ თუ მიაკვლევს კაცი ასეთ ადგილს. მართლაც წარმოუდგენელია პარიზის გარეუბნების ტყეებსა და ხეივნებში ისეთი კუთხე-კუნჭული, სადაც არავინ დადის, ანუ სადაც ხშირად არ დადიან. და ისიც კი, ვისაც სულითა და გულით უყვარს ბუნების წიაღში ყოფნა და დღენიადაგ საქმეების გამო ამ ვეებერთელა დედაქალაქის სიცხესა და მტვერში გაჩერება უხდება, ისიც კი, ძალიანაც რომ ეცადოს, თუნდაც სამუშაო დღეებში ვერ დაიმარტოხელებს თავს ბუნების მშვენიერებით მოხიბლული. სადაც წავა, ყველგან გაქრება მისი ნეტარება, რაკიღა ვიღაც გარეწარი ან სულაც არამზადების ბრბო შემოიჭრება ღრიანცელით. გაეცლება იქაურობას, თავს მისცემს ხშირ ტყეს, საწადელს კი ვერ მიაღწევს. სწორედ ასეთ ადგილებს ეტანებიან ნაძირალები და წაბილწავენ კიდეც ბუნების ტაძარს. ჰოდა, ის ჩვენი მოხეტიალე კაცი, ისევ დაუბრუნდება მყრალ პარიზს და უკვე ვეღარც აღიქვამს იმ სიმყრალეს. სამუშაო დღეებშიც აუარება ხალხი დაძრწის ქალაქის შემოგარენში, უქმე დღეს ხომ გადაჭედილი იქნება იქაურობა! და სწორედ მაშინ, შრომის ხუნდებისგან თავისუფალი ან რაკი, ჩვეულებისამებრ, დანაშაულს ვეღარ ჩაიდენენ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ქალაქელი ნაძირალები გასწევენ მის შემოგარენში, სოფლის სიყვარული კი არ უხმობს მათ, გულში აქაურობის სიძულვილიც კი აქვთ ჩახვეული, უფრო ის მოუსურვებიათ, საზოგადოებრივ არტახებსა და შეზღუდვას დაუსხლტნენ. სუფთა ჰაერი და მწვანეში ჩაფლული მიდამოს ხილვა კი არ უნდათ, ამ ქვეყნის აღვირაწყვეტილ სიამეთ მიელტვიან. ჰოდა, აქ, გზისპირა ფუნდუკში ან ხის გრილოში, ხალხის თვალს მოფარებულნი, თანამეინახეთა გვერდით მიეცემიან შლეგურ დროსტარებას, ბიწიერების ბადით დაბმულნი ტკბებიან არყითა და თავისუფლებით. აქ ისღა მინდა დავძინო, რომ ყოველი, ვინც მიკერძოებული არ იქნება, მიხვდება, ის საგნები არ დარჩებოდა შეუმჩნეველი მთელი ერთი კვირა, პარიზის გარეუბანში რაც უნდა ხშირი ბუჩქნარი იყოს, ვიღაცას რომ არ ენახა ისინი, სასწაული იქნებოდა.
კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას იმის თაობაზე, რომ ის საგნები იმ ბუჩქებში მოუტანიათ და დაუყრიათ, ასე უცდიათ თვალი აეხვიათ ხალხისთვის და დანაშაულის ნამდვილი ადგილი დაემალათ. უპირველეს ყოვლისა, იმ საგნების პოვნის თარიღის გამო უნდა გითხრათ ორიოდე სიტყვა. მოდით ეს თარიღი ჩემს მეხუთე ამონაწერში მოყვანილ რიცხვს შევუდაროთ და რას ნახავთ! ის საგნები მაშინვე, საღამოს გაზეთში უტყუარი ცნობების მისვლისთანავე უნახავთ. ხსენებული ცნობები სხვადასხვანაირია, სხვადასხვა ადგილებიდანაა გამოგზავნილი, მაგრამ ერთსა და იმავე აზრს შეიცავენ, ის მხეცური დანაშაული ჩაუდენია გარეწართა რომელიღაც ჯგუფს დე რულის კარიბჭის სიახლოვეს. თქმა არ უნდა, უეჭველია, რომ იმ ბიჭებს ცნობების მოსვლის, ანუ დანაშაულის ადგილის მითითების მერე არ უნახავთ ის საგნები; უეჭველია ისიც, რომ უფრო ადრე ვერც ნახავდნენ, რადგან იმ ბუჩქნარში არც არაფერი ყოფილა; ისინი მხოლოდ მაშინ ან ცოტა ხნის შემდეგ დაუყრიათ იქ, როცა ის ცნობები გაზეთის რედაქციაში გაუგზავნიათ თავად დამნაშავეებს.
ხსენებული ბუჩქნარი ისეთ ადგილასაა, მსგავსს რომ ვერ ნახავთ ვერსად. მთლად გადაბურულია იქაურობა. ბუნებრივად გარეშემოზღუდული ადგილის შუაგულში ნახავთ იმ სამ ვეებერთელა ქვას, რომელთა განლაგება მოგვაგონებს საჯდომს, საზურგესა და ფეხის დასადგმელს. ეს არაჩვეულებრივი ბუჩქნარი მდებარეობს იქვე, ორმოციოდე ნაბიჯზე მადამ დელუკის სახლიდან, ამ ქალის ბავშვები დღენიადაგ დაძრწიან ამ ბუჩქებში. ნაძლევს ჩამოვალ, ათასი ჩემი იყოს, ერთი სხვისი, რომ ის ბიჭები თითქმის ყოველდღე შეირბენენ ჩრდილებით მოცულ სამყოფელში და მეფურად წამოსკუპდებიან თავად ბუნების მიერ შექმნილ ტახტზე? ვისაც გაუჭირდება ასეთი სანაძლეოს ჩამოსვლა, იმას კარგად არ გაუტარებია თავისი ბიჭობის ხანა, ანუ სრულიად დავიწყებული უნდა ჰქონდეს ბავშვის ბუნება. ვიმეორებ, წარმოუდგენელია და ვერც მივმხვდარვარ, როგორ დარჩებოდა ის საგნები ბუჩქნარში უნახავი თუნდაც ერთი ან ორი დღე: როგორც ვხედავთ, ჩვენი ეჭვი საფუძვლიანია, რაც აგრე ბრიყვულად ვერ შეუნიშნავს Le Soleil-ს, ასე რომ, ის საგნები დაუყრიათ თუ არა იქ, მაშინვე უპოვიათ კიდეც. მაგრამ არის კიდევ სხვა, უფრო აშკარა საფუძველი ჩვენი მოსაზრების სისწორის დამადასტურებელი, ვიდრე ის, ზემოთ რომ მოვიხსენიეთ. და ნება მიბოძეთ გითხრათ, ძალზე ხელოვნურად ჩანს იმ საგნების განლაგება. ზედა ქვაზე იდო თეთრი ქვედაკაბა; მეორეზე აბრეშუმის ყელსაბურავი, იქვე გარშემო ეყარა ქოლგა, ხელთათმანი და ცხვირსახოცი, რომელზედაც დაქარგული იყო: „მარი როჟე“. სწორედ ასე ბუნებრივად განალაგებდა მათ ის, ვინც დიდად ჭკვიანი არ უნდა ყოფილიყო და მოისურვებდა ბუნებრივად გამოეჩინა საგნები. მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ბუნებრივ განლაგებას ამას ვერ დავარქმევდით. მე უფრო ასე მაქვს წარმოდგენილი, ყველაფერი მიწაზეა დაყრილი და ფეხებით გადათელილი. იმ სივიწროვეში კაბა და ყელსაბურავი როგორღა დარჩებოდა იმ ქვებზე, უთუოდ ჩამოცვივდებოდა, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს დაეტაკებოდა. „ჩანდა, რომ, – ასე გვამცნობენ ჩვენ, – აქ უბრძოლიათ. მიწა გადატკეპნილი იყო, ბუჩქის ტოტები გადამტვრეული“, – მაგრამ ის კაბა და ყელსაბურავი თითქოს თაროებზეაო, ისე იყო შემოწყობილი. „ბუჩქებს კაბა გაეგლიჯათ და, ასე, ამოხეულიყო სამი დუიმის სიგანის და ექვსი დუიმის სიგრძის ნაჭერი. სამოსლის ერთი ნაწილი შემოკერილი ჩანდა. თითქოსდა ღვედებად დაეხიათ“. აქ არის ერთი ფრიად საეჭვო ფრაზა, რომლისთვისაც Le Soleil-ს ყურადღება არ მიუქცევია. ის ნაჭრები, ასეა აღწერილი, „თითქოსდა ღვედებად დაეხიათ“, მაგრამ ასე ნაჭრების ამოხევა შეიძლება განზრახ და ხელებით. მართლაცდა იშვიათად თუ მოხდება, რომ ეკლებს ასე ნაჭრებად „დაეხიათ“ ის საკმაოდ მაგარი ქსოვილი. თავად ის ქსოვილი ისეთია, რომ ეკალს ან ლურსმანს მისი გახევა მხოლოდ პირდაპირი კუთხით შეუძლია – ნახევი სწორად მიდის და დასაწყისში, სადაც ეკალია მოხვედრილი, ასეთივე სწორი კუთხეა შექმნილი, ერთი სიტყვით, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის ღვედებად „დაეხიათ“. პირველად მესმის ასეთი რამ, და თქვენც ასევე თანაბარ ზოლად რომ გახიოთ ასეთი სახის ქსოვილი, საჭიროა ორნი ჩაეჭიდოთ მას და ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით გასწიოთ, სხვანაირად შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ რაიმე ნაჭერი, ვთქვათ, ცხვირსახოცი, თანაბარ ნაწილებად გახიოთ, თუ ორ კუთხეში ჩასჭიდებთ ხელს და გასწევთ, ამას ერთი ადამიანიც კარგად მოახერხებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კაბები ერთკიდიანია. განა რას შეუძლია ამ კაბის შუაგულიდან თანაბარი ნაწილების ამოხევა, სად ნახავთ ასეთ სასწაულებრივ ეკალს, არც არავითარ ეკალს არ ძალუძს ამის მოხდენა. მაგრამ თუნდაც კიდე ჰქონოდა იმ კაბას, მაშინ საჭირო იქნებოდა ორი ეკალი ერთი მხრივ და კიდევ ერთი მეორე მხრივ. ოღონდ ამ შემთხვევაში კაბის კიდე გაკერილი არ უნდა იყოს. ხოლო თუ გაკერილია, ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენ ვხედავთ, ბევრი და დიდი დაბრკოლება იქნებოდა გადასალახავი იმისთვის, რომ „ეკალს“ ასე „დაეხია“ კაბა, უფრო მეტიც, ჩვენ გვაიძულებენ დავიჯეროთ, ასეთი ნაჭერი მრავალი ყოფილაო. „სამოსლის ერთი ნაწილი“ თურმე „შემოკერილი ჩანდა“! მეორე ნაწილიც ყოფილა – „მაგრამ შემოუკერელი“, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მთლიანად იქნა ამოგლეჯილი ეკლების მეშვეობით კაბის შუაგულიდან, სადაც კიდე არ არის! დიახ, გეუბნებით, აქ გვესმის ისეთი რაღაცები, რომლის ვერდაჯერება გვეპატიება; და კიდევ, ამ საქმის სხვადასხვა გარემოებამ შეიძლება ნაკლებად დაგვაეჭვოს, ვიდრე იმან, როგორ დატოვეს მკვლელებმა ის საგნები იმ ბუჩქნარში, როდესაც იმდენი სიფრთხილე გამოიჩინეს და გვამი იქაურობას მოაცილეს. თქვენ სწორად ვერ გამიგებთ, თუ გგონიათ, ეს კაცი დანაშაულის ადგილს, იმ ბუჩქნარს უარყოფსო. უბედურება შეიძლება აქ დატრიალებულიყო. ან, უფრო სავარაუდოა, მადამ დელუკისას, მაგრამ თავად ამ გარემოებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დანაშაულის ადგილის მიკვლევა რად გვინდა, მთავარია მკვლელები ვიპოვოთ. ამდენი მსჯელობა იმიტომ დამჭირდა, იმიტომ იყო საჭირო სხვადასხვა გარემოებათა გულდასმით განხილვა, რომ, ჯერ ერთი, დამემტკიცებინა Le Soleil-ის სიბრიყვე და კიდევ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ძალდაუტანებლად, ბუნებრივად მიმეყვანეთ ამ საკითხთან, ჯგუფური იყო თუ არა მკვლელობა. ისიც უნდა დავძინოთ, რა ცუდად ჩაუტარებიათ სამედიცინო გამოკვლევა. საკმარისია ვთქვათ, იმ ექიმის დასკვნა – რამდენიმე გარეწარი უნდა ყოფილიყოო – იმდენად დაუჯერებელი და დაუსაბუთებელი ჩანდა, რომ პარიზის ცნობილ ანატომებს გასცინებიათ. თავად ამ დასკვნის საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონოდათ, გარდა იმისა, რომ ეს დასკვნა უსაფუძვლო იყო; გამომდინარე აქედან ჩვენ ხომ შეგვიძლია სხვანაირი ვარაუდი გამოვთქვათ?
„ბრძოლის ნაკვალევის“ გამოც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა, ნება მიბოძეთ გკითხოთ, რას უნდა მოწმობდეს ეს ნაკვალევი. გარეწართა ჯგუფს. მაგრამ, იქნებ, ხსენებული ნაკვალევი სწორედ იმას მოწმობს, რომ არც ყოფილა გარეწართა ჯგუფი? როგორ უნდა ებრძოლათ – როგორ უნდა ებრძოლათ-მეთქი ისეთი გააფთრებითა და მძვინვარებით, რომ თითქმის ყველგან დარჩენილიყო „ნაკვალევი“, ერთი მხრივ, იქ ხომ ნაზი და უღონო გოგო იყო და, მეორე მხრივ, გარეწართა მთელი ჯგუფი? წამის უმალესად, ჩუმად მოაშთობდა იმას რამდენიმე კუნთმაგარი ხელი და ამით გათავდებოდა ყველაფერი. ხმის ამოღებასაც ვერ მოასწრებდა იმათი მსხვერპლი. თქვენ, ალბათ, გახსოვთ, ზოგიერთის აზრით, დანაშაულის ადგილი ის ბუჩქნარი არ უნდა ყოფილიყო და ამის საბუთად ის მოჰყავდათ, რომ აქ ერთის მეტი ვერ დაეტეოდა. ხოლო თუ ჩვენ ვიტყვით, მოძალადე ერთი იყოო, მაშინ, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, იმდენად გააფთრებულებსა და გამძვინვარებულებს უბრძოლიათ, რომ კიდევაც დარჩენილა „ნაკვალევი“. და კიდევ. მე უკვე გითხარით, იმთავითვე საეჭვო უნდა გამხდარიყო ის გარემოება, რომ ყველა ის საგანი ადგილზე დაუტოვებიათ. შეუძლებელი ჩანს, ასეთი უეჭველი სამხილი როგორ უნდა დარჩენოდათ შემთხვევით იქ, სადაც იპოვეს. იმათ ხომ იმდენი გამბედაობა ეყოთ (ასეა სავარაუდებელი), რომ გვამი წაეღოთ; ამ დროს გვამზე უფრო (რამდენიმე ხნის შემდეგ ვინღა იცნობდა გახრწნილ სხეულს) ნათელი სამხილი დარჩენიათ ეჭვის აღმძვრელ ბრძოლის ველზე, მე ვგულისხმობ, დაღუპულის სახელით დაქარგულ ცხვირსახოცს. თუ ეს შემთხვევით მომხდარა, მაშინ გარეწართა ჯგუფს ვეღარ ვივარაუდებთ. ამ დროს ერთი ადამიანი უფროა სავარაუდებელი. მოდით განვსაჯოთ. მკვლელი მარტოდ დარჩენილა იმასთან, ვინც ცოცხლებში აღარ წერია. ფერწასული დასცქერის უძრავ სხეულს. მძვინვარებამ გაუარა და თავისი ნამოქმედარის გამო ბუნებრივი შიში იბუდებს მის გულში. სხვათა, თავის მსგავსთა თვალწინ ასე არ დაეცემოდა თავზარი. ის მარტოა თავისი ნამოქმედარის წინარე. კანკალებს, თავის ჭკუაზე აღარ არის. გვამის აქ დატოვება არ შეიძლება. მდინარისკენ მიათრევს, დანაშაულის სხვა სამხილს ადგილზე ტოვებს; სხვა რა გზა აქვს, ყველას ერთად ხომ ვერ მოხვევს ხელს, ჯობს უკან მობრუნდეს და მერე წაიღოს, მაგრამ ეს შემაძრწუნებელი სვლა მდინარისკენ მთლად დააფეთებს და გააოგნებს. საიდანღაც სიცოცხლის ჟრიამული მოისმის. მრავალგზის ესმის თუ ეჩვენებინა ვიღაცის ფეხის ხმა. ქალაქის სინათლეების ციმციმიც კი ჭკუას აკარგვინებს. დაბოლოს, დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ, სვენებ-სვენებით მიაღწევს მდინარის სანაპიროს და მოიცილებს თავის შემზარავ ტვირთს, შეიძლება ნავის მეშვეობითაც. მაგრამ ახლა, თუნდაც მთელი ქვეყნის ოქრო უბოძოთ, თუნდაც დაემუქროთ, ტანჯვა-წამებით ამოგხდიანო სულს, რაღა ძალა დააბრუნებს უკან ეულ მკვლელს იმ საშიში და მომქანცველი ბილიკით იმ ბუჩქნარში, გულის მომკვლელ მოგონებებს რომ წამოუშლის. აღარც დაბრუნდება, მოსახდენი მოხდესო. თუნდაც მოინდომოს, მაინც ვერ დაბრუნდება. ერთი სული აქვს გაიქცეს, არც არასდროს მოვა ამ გულშემზარავ ბუჩქნარში, მირბის, თითქოსდა სადაცაა სწვდებიან და დაიჭერენ. მაგრამ იმ გარეწართა ჯგუფს რა ვუყოთ? ბევრნი არიან და თავდაჯერებულად მოქმედებენ კიდეც; მართლაცდა, ასეთი ჯურის უბოროტესი ავისმქმნელებისგან იქმნება ჯგუფი. ბევრნი არიან და არც შეშფოთდებიან და არც თავზარი დაეცემათ. მარტოდმყოფს კი, კარგად ვიცით, ასე მოუვა ნამდვილად. პირველმა, მეორემ, მესამემ რომ რაღაც ვერ შენიშნოს, მეოთხეს შეუძლია მათი შეცდომის გამოსწორება. არც არაფერი დარჩებოდათ იმათ, ბევრნი არიან და სუყველანი წაიღებდნენ ყველაფერს. აღარც უკან დაბრუნება დასჭირდებოდათ. ახლა ისიც უნდა გავიხსენოთ, გვამის კაბაზე „კიდიდან წელამდე ერთი ფუტით აეხიათ ნაწილი, მაგრამ მთლად არ მოუგლეჯიათ, სამჯერ შემოუხევიათ წელის გარშემო და როგორღაც ზურგზე შეუკრავთ“. ცხადია, ასე იმიტომ გაუკეთებიათ, რომ უფრო იოლად, ხელით გადაეტანათ გვამი. მაგრამ ბევრნი რომ ყოფილიყვნენ, ასეთი რამ რატომ მოაფიქრდებოდათ? სამნი ან ოთხნი რომ ყოფილიყვნენ, გვამის კიდურებს ჩასჭიდებდნენ ხელს და სულ ადვილად წაიღებდნენ. მხოლოდ მარტომყოფს უნდა ეფიქრა, რაღაც უნდა ვიღონოო, და უკვე ნათელი ხდება, რატომ „მოერღვიათ“ „მოაჯირი ბუჩქნარსა და მდინარეს შორის... მიწაზე იმისი ნაკვალევი ეტყობოდა, რომ აქ რაღაც მძიმე საგანი გადაუთრევიათ“. ბევრს კი რაღად დასჭირდებოდა გვამის ისე გადათრევა, რომ მიწაზე ცხადლივ დარჩენილიყო ნაკვალევი?
ახლა კი Le Gommerciel-ში დაბეჭდილ შენიშვნას მივუბრუნდეთ; „ნაგლეჯი იმ უბედური გოგოს კაბისა, – ნათქვამია ამ გამოცემაში, – ნიკაპს ქვემოთ ყელზე დაუხვევიათ და კეფაზე გაუნასკვავთ ყვირილის დასახშობად. ასე იციან იმ ვაჟბატონებმა, რომლებსაც ცხვირსახოცი არც სჭირდებათ“.
ჩვენი გარეწრები ისეთი ხალხია, რომ თავის პატივისცემა უყვართ და ვერც ვერასდროს ნახავთ უცხვირსახოცოდ, მაგრამ მე აქ სხვა რამე უნდა აღვიშნო. იმ მიზნისთვის, Le Gommerciel-ი რომ მიუთითებს, ცხვირსახოცი არც გამოადგებოდათ, ცხვირსახოცი ბუჩქებში იყო დაგდებული და ეს საგანი არც დასჭირდებოდათ „ყვირილის დასახშობად“, რაღა აჯობებდა ამ შემთხვევაში კაბის ნაგლეჯს. დასკვნაში ნათლად იყო ნათქვამი, რომ ის ნაგლეჯი შემოხვეოდა ყელზე თავისუფლად, და მაგრადაც გაუნასკვავთ“. საკმაოდ ბუნდადაა აღწერილი, მაგრამ მაინც განსხვავდება იმისგან, Le Gommerciel-ს რომ აქვს მოყვანილი. თვრამეტდუიმიანი სიგრძის ნაგლეჯი მართალია მუსლინისა იყო, მაგრამ რამდენიმეჯერ რომ გადაგვეკეცა, მკვიდრი ღვედი გვექნებოდა ხელთ. სწორედ ასეთი ღვედი უნახავთ. სწორედ ასე ვფიქრობ, მე. ის მკვლელი მარტოდ ყოფილა და გარკვეულ მანძილზე (ბუჩქნარიდან თუ საიდანღაც კიდევ) გვამის გადასატანად იმ ღვედს სხეულს შუაში შემოახვევდა და ისე წაიღებდა, ოღონდ გაუჭირდებოდა. მერე კი იფიქრებდა, სჯობს გადავათრიოო, ასეც მომხდარა, ამას გვიჩვენებს ნაკვალევი მიწაზე. მოაფიქრდა თუ არა ეს ხერხი, რაღაც თოკისმაგვარი უნდა მოეძებნა, სხვანაირად ვერაფერს გახდებოდა. ყელზე უნდა შემოეხვია უსათუოდ, რომ არ მოსხლეტილიყო. და ახლა, რაღა თქმა უნდა, მკვლელს წელზე შემოხვეული ნაჭერი მოაგონდებოდა. კიდეც მოინდომებდა გვამზე შემოხვეული ნაჭრის მოხსნას, მაგრამ უცებ ვერ იზამდა, თანაც ის ნაგლეჯი მთლად არ იყო „მოგლეჯილი“ კაბიდან. სულაც აჯობებდა ახალი ნაჭერი მოეხია. ჰოდა, ამოხევს კიდევაც, ყელზე შემოახვევს და მდინარის სანაპიროსკენ მიათრევს თავის მსხვერპლს. ამ „ღვედის“ გამოყენება რომ დასჭირვებია, რასაც უცებ და ადვილად ვერ გააკეთებდა, ამასთან ერთად არც ისეთი მოხერხებული იყო ამ მიზნისთვის და მაინც მოუშველიებია. ნათელია, რაღაცამ აიძულა აჩქარებულიყო და არც ცხვირსახოცი ჰქონია იქვე, ყველაფერი ეს მაშინ მოხდა, ჩვენი აზრით, როდესაც ბუჩქნარიდან (თუკი საერთოდ იყვნენ იმ ბუჩქნარში) წამოსულა, და უკვე გზაზე იმყოფებოდა იმ ბუჩქნარსა და მდინარეს შორის.
       მაგრამ ხომ ცნობილი იყოო, შეგიძლიათ მითხრათ თქვენ, მადამ დელუკის (!) ჩვენების თანახმად, იმ ბუჩქნარის სიახლოვეს, დაახლოებით იმ დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა, ვიღაც გარეწრების ჯგუფი დაძრწოდა. შეიძლება მასეც ყოფილიყო. რაღა თქმა უნდა, არამზადები იმ ტრაგედიის ხანსაც მრავლად იქნებოდნენ დე რულის კარიბჭის სიახლოვეს, მაგრამ არამზადების ის ჯგუფი, რომელთა გამოც მადამ დელუკის წყალობით ნაგვიანევი ეჭვი გამოთქვეს, ის ჯგუფი გახლდათ, ამ პატიოსანი და ფაქიზი მოხუცი ქალბატონის გულისწყრომა რომ დაუმსახურებია, რაკიღა მისი ნამცხვარი ჭამეს, მისი არაყი დალიეს და ისე წასულან, ფული არ გადაუხდიათ. აბა, არ განრისხდებოდა?  მაგრამ ზუსტად როგორია მადამ დელუკის ჩვენება? „მალე ვიღაც არამზადების ბრბო მოვიდა, იღრიალეს, სვეს და ჭამეს, ფული არ გადაუხდიათ და იქით გასწიეს, სადაც ის გოგო და ბიჭი უნდა ყოფილიყვნენ. დაღამებას აღარაფერი უკლდა, როდესაც ისინი მობრუნდნენ და საჩქაროდ გადავიდნენ მდინარის მეორე მხარეს“.
ხსენებული „საჩქაროდ გადავიდნენ“ საჩქარო ჩანდა მადამ დელუკის თვალში, რადგან ის ჯერ კიდევ მისტიროდა იმ თავის ნამცხვარსა და ლუდს, იმ თავის ნამცხვარსა და ლუდს-მეთქი, რადგან, იქნებ, მცირე იმედი ჰქონდა, გადამიხდიანო იმის საფასურს, მაშინ რაღატომ დაამახსოვრდებოდა მათი სიჩქარე იმ დროს, როდესაც დაღამებას აღარაფერი უკლდა? რა გასაკვირია, რომ არამზადების ჯგუფი იჩქარებდა შინ წასვლას, იმათ ხომ მდინარე პატარა ნავით უნდა გადაეცურათ, თანაც ქარიშხალი და ღამე მოახლოებულიყო. გუბნებით, მოახლოებულიყო-მეთქი, რადგან ღამე ჯერ კიდევ არ დამდგარიყო. მხოლოდ დაღამებას აღარაფერი უკლდა და იმ „არამზადების“ თავხედურმა სიჩქარემ შეურაცხყო გულდინჯი მადამ დელუკი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სწორედ იმ საღამოს მადამ დელუკმა და მისმა უფროსმა ვაჟიშვილმა „ქალის კივილი გაიგონეს სასტუმროს ახლოს“. და რას უნდა გულისხმობდეს მადამ დელუკის სიტყვები, საღამოს რა ხანი იყო, როდესაც იმათ კივილი გაუგონიათ? „უკვე კარგა დაღამებულიყოო“, უთქვამს მას. მაგრამ „უკვე კარგა დაღამებულიყო“, რაც უნდა იყოს, მაინც ღამეა; ხოლო „დაღამებას აღარაფერი უკლდა“ ჯერ კიდევ დღეა. გამომდინარე აქედან, ცხადი უნდა იყოს, ის ჯგუფი წასულა უფრო ადრე, ვიდრე მადამ დელუკი კივილს (?) გაიგონებდა. მრავალ გაზეთს სიტყვასიტყვით მოჰყავს ის პასაჟები, მე რომ თქვენთან საუბრისას ვახსენე, ვერავითარ განსხვავებას ვერ ნახავთ, არც ერთ გამომცემელს, არც იმ ჩვენ მირმიდონელებს პოლიციიდან არ შეჰპარვიათ ეჭვი ამ სიტყვებში.
       კიდევ ერთ საბუთს მოვიყვან და ამით უარყოფილი იქნება დამნაშავეთა ჯგუფის ამბავი; ერთს-მეთქი, მაგრამ, ჩემი აზრით, სრულიად შეუვალს. ჩვენ გვახსოვს ის დიდი ჯილდო და სრული პატიება რომ აღუთქვეს სახელმწიფოს სახელით, ვინც გათქვამდა დამნაშავეს, ჰოდა, იმ ნაძირალებსა და გარეწრებში ნუთუ არ აღმოჩნდებოდა ვინმე, ვინც მაშინვე არ გასცემდა თავის თანამზრახველებს? ასეთ ჯგუფებში ყოველი იმდენად ჯილდოს მიღებას ან გაქცევას კი არ ესწრაფვის, არამედ იმის შიში აქვს, ვაითუ სხვამ დამასწროს და გამცესო. და რაკი ეს საიდუმლო საიდუმლოდვე რჩება, ეს შემზარავი, ბნელით მოცული ამბავი იცის მხოლოდ ერთმა ან ორმა სულიერმა, და კიდევ ღმერთმა. მოდით და ახლა შევაჯამოთ მცირეოდენი, თუმცა უკვე გარკვეული შედეგები ჩვენი ვრცელი ანალიზისა. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს საბედისწერო შემთხვევა იყო და ის მოხდა მადამ დელუკის ჭერქვეშ ან ის გოგო დე რულის კარიბჭის სიახლოვეს, იმ ბუჩქნარში მოკლეს; მკვლელი უნდა ყოფილიყო საყვარელი ან ვიღაც ახლობელი, იდუმალი ნაცნობი დაღუპულისა. ის ნაცნობი კაცი მზისგან გარუჯული გახლდათ. ჰოდა, ეს გარეგნობა, ის გარემოება, რომ ქუდის ზონარი „მეზღვაურის მარყუჟით“ იყო შეკრული, ვიღაც მეზღვაურზე მიგვანიშნებს. ამ კაცის სანდომ-საამური გამხდარა ის გულმხიარული, თუმცა კი უკარება გოგო, რაც იმას მოწმობს, უბრალო მეზღვაური არ უნდა ყოფილიყო იგი. წერა კარგი სცოდნია, ისიც იცის, როგორ მიუდგეს იმ გაზეთებს, ყველაფერი ეს გვამცნობს ჩვენი ვარაუდის სისწორეს. Le Gommerciel-ში გამოქვეყნებული წერილი გვატყობინებს იმ პირველი გაქცევის ამბავს და გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვიფიქროთ, სწორედ ის მეზღვაური ყოფილა „საზღვაო ოფიცერი“, რომელმაც ის უბედური გოგო იმთავითვე დაღუპვის გზაზე დააყენა.
ჩვენი ვარაუდი იმითაც მტკიცდება, რომ ის შავტუხა კაცი აღარსად ჩანს. მინდა ისიც აღვნიშნო, ის შავტუხა იყო და მზისაგან გარუჯულიც, მისი შავგვრემანი სახე კარგადაც დაგამახსოვრდებოდათ, რადგან ხსენებული ნიშანი ერთადერთი იყო, რაც დაჰვიწყებია ორივეს, ვალანსსაც და მადამ დელუკსაც. მაგრამ რატომაა ის კაცი დაკარგული? იმ ავაზაკების ჯგუფს ხომ არ მოუკლავს? თუ მასეა, რატომ ნახეს მხოლოდ იმ მოკლული გოგოს ნაკვალევი? ბუნებრივია, რომ ამ ორი ადამიანის მკვლელობა ერთსა და იმავე ადგილას უნდა მომხდარიყო. იმ კაცის გვამი კი სადღაა? მკვლელები, რაღა თქმა უნდა, ორივე სხეულს მოიცილებდნენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის კაცი ცოცხალია და ჩუმადაა, შიშობს, ვაითუ მკვლელობა მე დამბრალდესო. ამ ვარაუდის გამოთქმა ახლა შეიძლება, ამ ბოლო ხანს, მოწმეები რომ გამოჩნდნენ, ვისაც ის და მარი ერთად უნახავთ; ხოლო მაშინ, პირველ ხანებში, ვინ რას იტყოდა. უდანაშაულო კაცი იმწუთას ასე იფიქრებს, წავალ, სადაც ჯერ არს განვაცხადებ ამ უბედურების ამბავს და არამზადების დაჭერაშიც მივეშველებიო. სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო. ის იმ გოგოსთან ერთად უნახავთ. ღია ბორნით მასთან ერთად გადასულა მდინარეზე. მკვლელების გამოაკშარავების აუცილებლობას იდიოტიც კი მიხვდებოდა, მხოლოდ ასე შეძლებდა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. ჩვენ არამც და არამც არ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ იმ საბედისწერო კვირადღის ღამეს მას არც არავინ მოუკლავს და არც არაფერი სცოდნია ამ მკვლელობის შესახებ. ხოლო თუ ვიტყვით, სწორედ მასე იყოო, შეიძლება ავხსნათ მისი, საღსალამათი ადამიანის დუმილის მიზეზი.
       ჩვენ კი რაღა გვინდა ჭეშმარიტების მისაკვლევად? კიდევ ვიმსჯელოთ და უფრო მეტი გვეცოდინება და უფრო გამომზეურდება ეს საიდუმლო. მოდით ჯერ იმ პირველი გაქცევის ამბავს ჩავუღრმავდეთ. ჯერ იმ „ოფიცრის“ ასავალ-დასავალი გამოვარკვიოთ, სად არის ახლა და სად იყო მაშინ, მკვლელობის დროს. მოდით გამოწვლილვით შევუდაროთ ერთიმეორეს ის ცნობები, საღამოს გაზეთში რომ გამოუგზავნიათ და სადაც ბრალს სდებდნენ გარეწართა ჯგუფს. ხოლო ამის შემდეგ ერთმანეთს შევუდაროთ სტილიცა და ხელნაწერიც, იმ ცნობების სტილსა და ხელნაწერს, დილის გაზეთში რომ გამოუგზავნიათ უფრო ადრე; მაშინ კი სწორედ იმ მენისს ადანაშაულებდნენ ასე უღმერთოდ. დაბოლოს, მოდით ეს მრავალრიცხოვანი ცნობები შევუდაროთ იმ ოფიცრის რომელიმე ბარათის სტილსა და ხელნაწერს. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ უნდა მოვკრიბოთ კიდევ სხვა დამატებითი ცნობები იმ „შავტუხა კაცის“ გარეგნობისა და მიხრა-მოხრის შესახებ, ამიტომ უნდა მოვიწვიოთ მადამ დელუკი, მისი ბიჭები და ის ვალანსიც, ომნიბუსის მძღოლი. გულდასმითა და გონივრული გამოკითხვის შემდეგ უსათუოდ მოვიპოვებთ ცნობებს ამ საკითხზე (და სხვაზეც), ცნობებს-მეთქი, რომლებსაც ისინი მოგვაწვდიან და თავად კი ვერ ხვდებიან, თუ იციან რამე ამის თაობაზე. და მოდით ამჟამად ნავის ასავალ-დასავალი გავიგოთ, მებორნემ რომ ნავსაყუდელში მიაბა ორშაბათ დილით, ოცდასამ ივნისს, და ჩუმად რომ წაიყვანეს, საბაჟოს უფროსისთვის არ შეუტყობინებიათ, საჭეც არ მოუკითხავთ, ისე, ეს ამბავი ჯერ კიდევ გვამის აღმოჩენამდე მომხდარა. ფრთხილი და ბეჯითი თუ ვიქნებით, ჩვენ შეგვიძლია იმ ნავის კვალს მივაგნოთ; მებორნეც კარგად იცნობს იმას და საჭეც ხომ ჩვენს ხელთაა. იალქნიანი ნავის საჭეს კი არავინ მიაგდებს ისე იოლად. ჰოდა, აქ, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთი კითხვა დავსვა. იმ ნავის პოვნის შესახებ არ გამოუცხადებიათ, ჩუმად მიუყვანიათ ნავსაყუდელში და ჩუმადვე წაუყვანიათ იქიდან. მაგრამ იმ ნავის მფლობელმა თუ იმან, ვისაც ქირით ჰყავდა წამოყვანილი, უკვე სამშაბათ დილით ადრე როგორ გაიგო, ორშაბათს ნაპოვნი ნავის ადგილსამყოფელი, ამის შესახებ ხომ განცხადება არ გამოუქვეყნებიათ; უნდა ვიფიქროთ, რომ იმას რაღაც კავშირი და ურთიერთობა ჰქონდა საზღვაო სამსახურთან და იქნებ, ყველაფერს იგებდა კიდეც ამ კავშირისა და ურთიერთობის მეშვეობით, სულ წვრილმან ამბებსაც კი? მარტოდმყოფ მკვლელზე გიამბეთ, სანაპიროსკენ რომ მიათრევდა თავის ტვირთს; მაშინ ისიც გითხარით, შეიძლება იმან ნავი მოიშველია-მეთქი. ახლა კი ცხადია, მარი როჟე ნავიდან იყო გადაგდებული. სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. გვამს არ დააგდებდა იქვე, სანაპიროს თავთხელ წყალში. უცნაური ნაჭრილობევი რომ ეტყობოდა მსხვერპლს ზურგსა და მხრებზე, ნავის ძირზე დატანებული საიალქნო კაუჭებისგან უნდა ყოფილიყო. გვამს სიმძიმე არ ჰქონდა მიბმული, ნავის არსებობას ესეც მოწმობს. ნაპირიდან რომ გადაეგდოთ მოკლული, სიმძიმის მიბმა არ დაავიწყდებოდათ. ჩვენ შეგვიძლია ასე ავხსნათ ეს გარემოება, ნავზე ასვლისას მკვლელი ჩქარობდა და არც გახსენებია რაიმე სიმძიმის წაღება, გვამის გადაგდების ხანს კი მიხვდებოდა უთუოდ ამ თავის შეცდომას, მაგრამ რაღა დროს. ყველაფერზე მზად იყო, ოღონდ იმ დაწყევლილ სანაპიროზე აღარ დაბრუნებულიყო. თავისი შემზარავი ხელბარგი რომ მოიცილა, მკვლელმა საჩქაროდ ქალაქს მიაშურა, რომელიღაც ჩაბნელებულ ნავსაყუდარს მიაკვლია და ნაპირზე გადახტა. მაგრამ ნავს რაღა უნდა უყოს, მიაბას თუ არა? ნავის დარდი აღარ ჰქონდა, ძალზე ჩქარობდა და იმიტომ. ნაპირზე გადასული იმასაც მიხვდებოდა, ნავი აქ რომ გავაჩერო, ხომ დავიღუპეო. ბუნებრივია, შეძლებისდაგვარად ყველაფერს მოიცილებდა, რაც კი მის დანაშაულთან იყო დაკავშირებული. სასწრაფოდ გაიქცეოდა იმ ნავსაყუდარიდან, რაღა თქმა უნდა, ის ნავიც აღარ დაავიწყდებოდა. დინებას გაატანა. მოდით და კიდევ წარმოვიდგინოთ ამ ამბის გარემოებანი – განთიადზე იმ არამზადას გული გადაუქანდება, გაიგებს, რომ ის ნავი უპოვიათ და სწორედ იმ ადგილას მიუყვანიათ, სადაც მას ყოველდღე უხდება ყოფნა, იმ ადგილას-მეთქი, სადაც, იქნებ თავისი სამსახურის გამო უნდა იაროს დღენიადაგ და ამავე ღამეს წაიყვანს იმ ნავს, საჭის თხოვნას როგორღა გაბედავს, ისე. სადღა უნდა იყოს ახლა ის უსაჭო ნავჭურჭელი? მოდით უპირველეს ყოვლისა იმისი ძებნა დავიწყოთ. სწორედ ამ ძიების შედეგად უნდა ვიხილოთ პირველი გაელვება ნათლისა, ჩვენი წარმატების დილა თენდება. კი გაგვაოცებს ნამდვილად, ისე მალე გვაზიარებს ის ნავი საიდუმლოს და გავიგებთ, ვინ იმყოფებოდა მასში იმ საბედისწერო უქმე დღეს. სამხილი სამხილს დაემატება და მკვლელსაც მივაგნებთ.
მინდა სწორად გამიგოთ, თანხვედრათა შესახებ გესაუბრებით მხოლოდ. საკმარისი უნდა იყოს, რაც ზემოთ გითხარით ამ საგანზე. ზებუნებრივის რწმენა გულშიაც კი არ გამივლია. მოაზროვნე ადამიანთაგან ვერავინ უარყოფს ორი რამის, ბუნებისა და ღვთაების არსებობას. მეორე ქმნის პირველს და შეუძლია, თუკი ინებებს, მისი მართვა და განახლება, ესეც უდავოა. მე ვამბობ, თუკი ინებებს-მეთქი, მისი ნებაა აქ საკითხავი და არა ძალა, როგორც ამას გვასწავლის სიშლეგესთან წილნაყარი ლოგიკა. საფიქრებელი ის კი არ არის, რომ უზენაესს არ ძალუძს თავისი კანონების განახლება, არამედ თავად ჩვენ შევურაცხყოფთ მას, რაკიღა სულ გავიძახით მისი განახლების აუცილებლობას. ეს კანონები იმთავითვე მოწოდებული იყო მოეცვა ყოველივე ის, რაც შეიძლებოდა მომავალში მომხდარიყო – ღმერთისთვის აწმყო მუდამ წარუვალია.
       ვიმეორებ, ყველაფერი, რაც გიამბეთ, თანხვედრათა წარმოჩენა იყო. და კიდევ: ჩემი ნაამბობისდა კვალად, იმ უბედური მარი სესილ როჯერსის ბედს, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, და მარი როჟეს ბედს შორის, მისი სიცოცხლის გარკვეულ მონაკვეთში, შეიძლება რაღაც პარალელის გავლება, რომლის გასაოცარი სიზუსტის განჭვრეტა დაძაბავს ჩვენს გონებას. გარწმუნებთ, ყოველივე ეს ცხადლივ ჩანს, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნდა გავივლოთ გულში, რომ ზემოთ აწ უკვე დასმული წერტილის შემდეგ მარიზე სევდის მომგვრელი მოთხრობის განგრძობა და მისი საიდუმლოს კვანძის გახსნისას გადმომეკრა ამ პარალელის შემდგომი განვრცობის საჭიროება ან თუნდაც ის, რომ ჩამეგონებინა თქვენთვის, პარიზში ჩატარებული ძიება იმ გრიზეტი გოგოს მკვლელობის თაობაზე ან ის ძიება, რომლის საფუძველიც მსგავსი წანამძღვრები იქნება, რაღაც მსგავს შედეგს მოგვცემს. ეს ჩვენი უკანასკნელი ვარაუდები თუ გვემახსოვრება, ნათელი იქნება, რომ მცირეოდენი განსხვავება ორ ფაქტს შორის გახდება უდიდესი შეუსაბამობის საფუძველი, ერთმანეთისგან დაშორიშორდება მათი ორი დინება და იმიტომ; სწორედ ასეა არითმეტიკაშიც, რაღაც შეცდომა შეიძლება თავისთავად სულაც უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ბოლოს, გამრავლების შედეგად დიდზე დიდი შეიქნება. ჩემი გაფრთხილებაც უნდა გვახსოვდეს, ზემოთ მოყვანილ ალბათობათა გამოთვლა უარყოფს პარალელების შემდგომი განვრცობის აზრს, უარყოფს მტკიცედ და ცხადლივ იმდენად, რამდენადაც მატულობს ამ პარალელის გავლების სივრცეები და რამდენადაც ზუსტი აღმოჩნდება იგი. ეს ერთ-ერთი იმ ანალოგიათაგანია, რომელიც თითქოსდა მათემატიკისგან შორს მდგარმა კაცმა უნდა ახსნას, მაგრამ ასე არ არის, სწორედ მათემატიკოსს ძალუძს მისი სრულყოფილად წარმოჩენა. მაგალითად, ძნელზე ძნელია ჩვეულებრივ მკითხველს დავუმტკიცოთ ის გარემოება, რომ კამათლის მოთამაშეს თუ ორგზის დაუჯდა ექვსიანები, შეიძლება მესამედაც გაუმართლოს. და ამ აზრის მქონე უდიდეს ფსონს ჩამოვა კიდეც. საღ გონებას უჭირს ამ ამბის გათავისება. კამათლის ის ორი გაგორება ხომ უკვე წარსულს ჩაჰბარდა და როგორ შეიძლება იმოქმედოს მესამეზე, მომავალში რომ უნდა მოხდეს. მესამედაც ექვსიანების დაჯდომა მისთვის ზუსტად ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დროსაც, ანუ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოხერხებულია მოთამაშე. და ეს თავისი მოსაზრება ისე სჯერა, რომ ვერც გაუწევთ წინააღ

ნახვა: 378

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters