გოლზუორთი ვაშლის ყვავილი | ლიტერატურა მოთხრობა Qwelly

ჯონ გოლზუორთი - ვაშლის ყვავილი

ჯონ გოლზუორთი - მოთხრობები

"ვაშლის ყვავილი, სიმღერა, ოქრო"
მარეი, ევრიპიდეს "ჰიპოლიტოსი"

      ვერცხლის ქორწილის დღეს ეშერსტი და მისი ცოლი ავტომანქანით მიუყვებოდნენ მანანიანი ეწრის ნაპირ-ნაპირ მიმავალ გზას. უნდოდათ, ზეიმი ღამის გატარებით დაეგვირგვინებინათ ტორკიში, სადაც პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ეს სტელა ეშერსტმა მოიგონა, რომელსაც, ცოტა არ იყოს, სენტიმენტალობა სჩვეოდა. მას კარგა ხანია დაჰკარგოდა ცისფერი თვალების ეშხი, ქორფა ყვავილისებური ხიბლი, სახისა და ტანის ნატიფი მოყვანილობა და ვაშლის ყვავილის ფეროვნება, რითაც ასე ანაზდად და უცნაურად მოინადირა ეშერსტის გული ამ ოცდაექვსი წლის წინ, მაგრამ ორმოცდასამი წლის ასაკშიაც სანდომიანი, ერთგული მეუღლე გახლდათ, ოღონდ ღაწვები ოდნავ ჩასცვენოდა, ხოლო ცისფერი თვალები თითქოს უფრო ჩამუქებოდა. სწორედ მან შეაყენა ავტომობილი იქ, სადაც ველი მკვეთრად მაღლდებოდა მარცხენა მხარეს, ხოლო ლარიქსისა და წიფლების ვიწრო ზოლი, აქა-იქ გამორეული ფიჭვებითურთ, ხეობისკენ ჩამოწეულიყო გზასა და ეწრის პირველ გაგრძელებულ მაღალ ბორცვს შორის. სტელა თვალით ეძებდა საუზმის გასაშლელ ადგილს, რადგან თვით ეშერსტს არასოდეს არაფერი ენაღვლებოდა. ეს ადგილი ოქროსფერ კურდღლისცოცხასა და მწვანე ლარიქსებს შორის, აპრილის დაისის მზეში ლიმონის სურნელი რომ უდიოდა; ეს ადგილი, რომელიც ხეობასა და ზემოთ გაგრძელებულ ხრიოკ სერებს გაჰყურებდა, შესაფერისად ეჩვენა მტკიცე ბუნების სტელას, რომელსაც აკვარელებით ხატვა და რომანტიკული კუნჭულებიც უყვარდა. ხელი სახატავი მოწყობილობის კოლოფს სტაცა და მანქანიდან გადმოვიდა.

- ხომ მოგწონს, ფრენკ? ეშერსტმაც, ორმოცდარვა წლის სიტყვაძუნწმა ვაჟკაცმა, ხელი მოჰკიდა სანოვაგიან კალათას და გადმოვიდა. იგი ცოტათი წვერიან შილერს წააგავდა. საფეთქლებშევერცხლილს, მაღალს, გრძელფეხებას დიდრონი, შორიშორს ჩამსხდარი ცისფერი თვალები ხანდახან აზრით უსხივოსნდებოდა და თითქმის ულამაზდებოდა. ცხვირი ცოტა მობრეცილი ჰქონდა, ხოლო შებანჯგვლული ბაგეები ოდნავ გაპობოდა.

- ო, შეხედე, ფრენკ! სამარე! გზის ნაპირას, სადაც ზემოდან ჩამომავალი ბილიკი პირდაპირ კვეთდა შარას და ღობეში ჩადგმული კარით ტყიანში შედიოდა, ექვსიოდე ფუტის სიგრძისა და ერთი ფუტის სიგანის დაბალი, ბალახოვანი ბორცვი მოჩანდა. დასავლეთის მხარეს დახავსებული ქვა ედო და ზედ ვიღაცას კვრინჩხის ყლორტი და მაჩიტას ყვავილები მოებნია. ეშერსტმა დახედა და მასში პოეტმა გაიღვიძა. გზაჯვარედინზე თვითმკვლელის საფლავი! სიკვდილის საბრალო შვილთა ცრურწმენანი! ვინც უნდა იწვეს აქ, განა ეს არ ურჩევნია მას სხვა საძაგელ საფლავებს შორის ყოფნას, რომელზედაც ათასი აბდაუბდაა ამოკვეთილი? აქ კი მხოლოდ უბრალო ლოდია, მაღალი ზეცა და გამვლელთა შენდობა! და უთქმელად, რადგან თავისი ოჯახის წიაღში ჩვეულებად არ ჰქონდა ფილოსოფოსობის გამოჩენა, ფერდობს აუყვა, სანოვაგიანი კალათი ყორესთან მიდგა, ძირს საფენი გაშალა ცოლის დასაჯდომად – როცა მოშივდებოდა, თავს დაანებებდა ხატვას და უკან დაბრუნდებოდა – და ჯიბიდან "ჰიპოლიტოსის" მარეისეული თარგმანი ამოიღო. მალე ჩაიკითხა "კიპროსელისა" და მისი შურისძიების ამბავი და მერე ზეცას მიაპყრო თვალი და ასეთ ლაჟვარდოვან ცაში თეთრად მოქათქათე ღრუბლის ფთილებს რომ უყურებდა, ეშერსტს, თავისი ვერცხლის ქორწინების დღეს, თვითონაც არ იცოდა, ისეთი სევდა მოაწვა გულს. რა ცუდად არის შეწყობილი ცხოვრებასთან ადამიანის ორგანიზმი! როგორი მაღალი და პატიოსანი ცხოვრებითაც უნდა ცხოვრობდეს კაცი, მაინც ყოველთვის ახლავს რაღაც ქვეცნობიერი სიხარბე, წადილი, ლტოლვა და წარმომავლობის გრძნობა. ვითომ დიაცებსაც ასე აქვთ? ვინ იცის? და მაინც, ისინი, ვინც ეხარბებოდნენ სიახლეს, გაშმაგებულნი ელტვოდნენ ახალ-ახალ თავგადასავლებს, ახალ საალალბედო საქმეებს, ახალ სიამეებს, ისინიც ზარალდებოდნენ, უეჭველია, დაუკმაყოფილებლობის საპირისპირო უზომო გადაჭარბებისგან. ამას ვერავინ დააღწევს თავს – ცხოვრებასთან რა ცუდად შეწყობილი ცხოველია ცივილიზებული ადამიანი! სად არის ის სანეტარო ბაღი "ვაშლის ყვავილის, სიმღერისა და ოქროსი", ბერძნული ქოროს მშვენიერი სიტყვებით რომ ვთქვათ; სანატრელი სავანე ცხოვრებაში, ანდა მარადიული ბედნიერი ნავსაყუდელი სიმშვენიერის გრძნობის მქონე ადამიანისთვის. ვერაფერი შეედრება ხელოვნების ძეგლში სამარადისოდ აღბეჭდილ სიმშვენიერეს, რომლის შეხედვა ან წაკითხვა ყოველთვის აღტაცების შესანიშნავ გრძნობას იწვევს და გულს მალამოსავით ესალბუნება. უეჭველია, ცხოვრებაში ხანდახან იელვებს ხოლმე ასეთი ჯურის სიმშვენიერე – დაუპატიჟებელი, ანაზდეული სტუმარი, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ისინი ისევე მსწრაფლ ქრებიან, ვითარცა ღრუბლის ფთილები, მზეს რომ გადაუქროლებენ ხოლმე. შეუძლებელია მათი ისე შეკავება, როგორც ამას ხელოვნება ახერხებს – სიმშვენიერეს რომ იჭერს და მტკიცედაც ინარჩუნებს. ისინი წარილტვიან, ქრებიან, როგორც წუთიერი გაელვებანი, ან ოქროს ზმანებანი, კაცს რომ ელანდება ბუნების წიაღში ჩაწვდომისას. აქ, მზე რომ აცხუნებდა სახეში, გუგული რომ იძახდა კუნელიდან, ჰაერში რომ კურდღლისცოცხას თაფლისებური სურნელი იდგა – აქ, გვიმრის ნორჩ ყლორტებსა და ვარსკვლავოსან კვრინჩხნარში, როცა ქათქათა ღრუბლები დაფარფატებდნენ მაღალ სერებსა და მთვლემარე ხეობებს – ეჩვენებოდა, რომ ერთი წამით სწორედ აქ და ახლა სწვდებოდა ბუნების საიდუმლოს. მაგრამ ერთი თვალის დახამხამებაში ქრებოდა იგი, ვითარცა სახე პანისა, რომელიც კლდის კუთხიდან გამოიჭყეტს და თვალის შევლებისთანავე უჩინარდება. და ეშერსტი უცბად წამოჯდა. ჭეშმარიტად რაღაც ნაცნობი ჩანდა ეს სანახები, ეწრის ფერდობის ეს ნაწილი, გზის ის ზოლი, იმის იქით კი ძველი კედელი. სანამ ავტომობილით მოუყვებოდნენ გზას, არაფერი შეუმჩნევია, არც ყურადღება მიუქცევია – სულ სხვა რაღაცებზე, სულაც არაფერზე ფიქრობდა, ახლა კი შეამჩნია – ოცდაექვსი წლის წინ, სწორედ წლის ამ დროს, სწორედ ამ ადგილს ნახევარ მილზე დაშორებული ფერმიდან გაუდგა იგი გზას ტორკისკენ, საიდანაც, უნდა ითქვას, აღარასოდეს დაბრუნებულა. და ანაზდად რაღაცამ უკბინა გულში – იგი წააწყდა თავისი ცხოვრების სწორედ ისეთ გარდასულ შემთხვევას, რომლის სიმშვენიერისა და ხიბლის შენარჩუნება მან ვერ მოახერხა და რომელიც დავიწყების წყვდიადმა შთანთქა, იგი წააწყდა დასამარებულ მოგონებას, უზომოდ ტკბილ ხანას, ანაზდად შეწყვეტილსა და ბოლომოღებულს. იგი გადმობრუნდა თავდაღმა, ნიკაპი ხელებს დააყრდნო და თვალები დააშტერა დაბალ ბალახს, რომელშიც პაწია ცისფერი რძიანი ყვავილი ხარობდა... და აი, ეს ამბავი მოაგონდა.

I

      პირველ მაისს, უნივერსიტეტის უკანასკნელი კურსის დასრულების შემდგომ, ფრენკ ეშერსტი და მისი მეგობარი რობერტ გარტონი სამოგზაუროდ წამოსულიყვნენ. იმ დღეს ბრენტიდან გამოვიდნენ და უნდოდათ, ჩეგფორდისთვის მიეღწიათ, მაგრამ ეშერსტს ფეხბურთის თამაშის დროს ნატკენმა მუხლმა უღალატა, რუკის მიხედვით კი შვიდიოდე მილი მაინც იყო დარჩენილი იქამდე. ისინი ისხდნენ გზის პირა ბექობზე, სადაც ბილიკი კვეთდა ტყეს, მუხლს ასვენებდნენ და, როგორც ყმაწვილკაცებს სჩვევიათ, მსოფლიო პრობლემებზე მსჯელობდნენ. ორივენი ექვს ფუტზე მაღლები იყვნენ და სარებივით წვრილები; ეშერსტი – ფერმკრთალი, მეოცნებე და დაბნეული, გარტონი – უცნაური, თავდაჯერებული, ჯმუხი, თმახუჭუჭა, თითქოს პირველყოფილი მხეციაო. ორივეს უყვარდა ლიტერატურა; ორივენი უქუდოდ დადიოდნენ. ეშერსტს ნატიფი, ქერა, ხვეული თმა ჰქონდა, მუდამ შუბლზე ჩამოშლილი, რომელსაც წამდაუწუმ უკან იყრიდა; გარტონს კი როგორღაც შავად ჰქონდა გაბანჯგვლული თავი. რამდენიმე მილზე კაცი სულიერი არ შეხვედრიათ.

- ჩემო ძვირფასო, – ამბობდა გარტონი, – სიბრალული მხოლოდ თვითშემეცნების შედეგია. ეგ ამ უკანასკნელი ხუთი ათასი წლის სენი გახლავს. სამყარო უმაგისოდ უფრო ბედნიერი იყო. ეშერსტმა, რომელიც თვალს აყოლებდა ღრუბლებს, მიუგო: – ეგ მაინც მარგალიტია ამა სოფლისა.

- ჩემო ძვირფასო მეგობარო, მთელი ჩვენი თანამედროვე უბედურების სათავე სწორედ სიბრალული გახლავს. შეხედე ცხოველებსა და წითელკანიან ინდიელებს, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი პირადი ბედუკუღმართობებით რომ იზღუდებიან; მერე ჩვენკენ მოიხედე – სხვათა კბილის ტკივილიც რომ მოსვენებას არ გვაძლევს. მოდით ძველებურად ნურავის ყურადღებას ნუ მივაქცევთ და ვატაროთ ბედნიერად დრო!

- მაგას შენ თვითონაც ვერ აღასრულებ.

      ფიქრებში წასულმა გარტონმა აბურდული თმა მოიჩეჩა.

- ვისაც დავაჟკაცება უნდა, აზიზობას თავი უნდა ანებოს. საკუთარ გრძნობათა ჩახშობა შეცდომაა. ყოველი გრძნობა სასიკეთოა – ცხოვრებას ამდიდრებს.

- კი, მაგრამ როცა რაინდულ პატიოსნებას ეწინააღმდეგება?

- ოჰ, ეგ ნამდვილი ინგლისური ამბავია! თუ გრძნობა ახსენე, ინგლისელს ყოველთვის ჰგონია, რაღაც ფიზიკურს გულისხმობ და თავზარი ეცემა. გრძნობისა, ვნებისა ეშინიათ, მაგრამ ავხორცობისა არა, სრულიადაც არა! – ოღონდ მიჩქმალული კი ჰქონდეთ! ეშერსტს არ უპასუხებია; მოეწყვიტა ცისფერი პაწია ყვავილი, ხელში ატრიალებდა და ზეცის ლაჟვარდს ფერს უდარებდა. კუნელის ბუჩქიდან გუგულის ძახილი მოისმა. ზეცის ლაჟვარდი, ყვავილები, ფრინველთა გალობა! რობერტი მიეთმოეთობს! და მან თქვა: – მოდი, წავიდეთ და სადმე ღამის გასათევი სახლი მოვნახოთ. – ეს სიტყვები არც გაეთავებინა, რომ ფერდობზე ჩამომავალი გოგონა შენიშნა. იგი მკაფიოდ გამონაკვთულიყო ცის ფონზე. ხელში კალათი ეჭირა და ზეცის ლაჟვარდი მისი მოხრილი მკლავის ქვეშაც გამოკიაფობდა. და ეშერსტმა, რომელიც უანგაროდ აფასებდა ყოველ სილამაზეს, გაიფიქრა, რა მშვენიერიაო. ქარი ფეხებზე ატმასნიდა მუქი, სქელი ქსოვილის კაბას და გაცრეცილ ცისფერ ბერეტს ურხევდა. მონაცრისფრო ხალათი გასცვეთოდა და დასძველებოდა, ფეხსაცმელები დახეთქოდა, პაწია ხელები გასწითლებოდა და გატლანქებოდა, ყელ-კისერი მზით ჰქონდა გარუჯული. მუქი თმა უთავბოლოდ ჩამოშლოდა ფართო შუბლზე. სანდომიანი სახე ჰქონდა, ზემო ბაგე – ცოტა მოკლე და ქათქათა კბილები მოუჩანდა; წარბები – სწორი და მუქი; წამწამები – გრძელი და შავი; ცხვირი – სწორი და ჩამოქნილი; მაგრამ ყველაზე უფრო გასაოცარი მისი ღია ფერის თვალები გახლდათ – ჟუჟუნა, შუქიანი, თითქოს ახალი გახელილი აქვსო. გოგონამ შემოხედა ეშერსტს – ალბათ ეუცნაურა კოჭლობით მავალი უქუდო კაცი, რომელსაც თმა უკან ჰქონდა გადაყრილი და დიდრონი თვალები მისთვის მიეპყრო. თავზე რომ არაფერი ჰქონდა, აბა რას მოუხდიდა, მაგრამ სალმის ნიშნად ხელი ასწია ყმაწვილმა და უთხრა: – არ შეგიძლიათ გვითხრათ, აქ ახლომახლო სადმე ფერმა ხომ არ არის, ღამე გავათიოთ? ფეხი ამტკივდა.

- აქ ახლოს მხოლოდ ჩვენი ფერმა გახლავთ, ბატონო. – თამამად უპასუხა გოგონამ საამო, ნაზი, მკაფიო ხმით.

- მერე სად არის?

- აქეთ, ქვემოთ გახლავთ, ბატონო.

- შეგვიფარებთ?

- ოჰ, მე მგონი, კი!

- გზას გვასწავლით?

- კი, ბატონო.

      ეშერსტი კოჭლობით მიჰყვა მდუმარედ, გარტონმა კი კითხვები გააგრძელა.

- დევონშირელი ხართ?

- არა, ბატონო.

- მაშ, სადაური ხართ?

- უელსელი.

- ოჰ, მე თავიდანვე ვიფიქრე, კელტი იქნება-მეთქი. მაშ თქვენი ფერმა არ ყოფილა!

- დეიდაჩემის გახლავთ, ბატონო.

- და ბიძათქვენის, არა?

- ბიძა გარდაიცვალა.

- მეურნეობას ვინ ეწევა?

- დეიდაჩემი და ჩემი სამი დეიდაშვილი.

- ბიძათქვენი ხომ დევონშირელი იყო?

- დიახ, ბატონო.

- აქ დიდი ხანია ცხოვრობთ?

- შვიდი წელიწადია.

- მერე როგორ მოგწონთ უელსთან შედარებით?

- რა მოგახსენოთ, ბატონო.

- მგონი, აღარც გეხსომებათ უელსი.

- არა, მახსოვს, მაგრამ ის სულ სხვანაირია.

- გეთანხმებით!

      ანაზდად ეშერსტი ჩაერია საუბარში: – რამდენი წლის ხართ?

- ჩვიდმეტის, ბატონო.

- რა გქვიათ?

- მეგენ დევიდი.

- ეს რობერტ გარტონია, მე – ფრენკ ეშერსტი. ჩვენ ჩეგფორდს მივდიოდით.

- მწყინს, ფეხი რომ გტკივათ! ეშერსტს გაეღიმა და როცა იღიმებოდა, თითქმის მშვენიერი უხდებოდა სახე. ტყის ვიწრო ზოლს რომ გასცდნენ, უცბად მიადგნენ ფერმას – ეზოში მდგარ დაბალ, მოგრძო ქვიტკირის შენობას, რომელსაც ანჯამებიანი ფანჯრები ჰქონდა. ეზოში ღორები, ქათმები და ბებერი ფაშატი დაყიალებდნენ. უკან მცირეოდენი ფიჭვებით დაგვირგვინებული, ბალახოვანი დაბალი ბორცვი მოჩანდა; ხოლო წინ ეს-ეს არის ყვავილობაში შესული ვაშლების ძველი ბაღი ეშვებოდა მდინარისა და გრძელი, შიშველი მინდვრისკენ. მოელმო შავთვალა პატარა ბიჭი ღორს მოერეკებოდა; კარის ზღურბლზე კი დედაკაცი გამომდგარიყო, რომელიც მათ შემოეგება.

- ეს, ქალბატონი ნარაკუმი გახლავთ – დეიდაჩემი, – თქვა გოგონამ.

      "ქალბატონ ნარაკუმს, დეიდაჩემს" გარეული დედა იხვივით დაცეცებული შავი თვალები ჰქონდა და გველური კისერიც ძალიან მიუგავდა იმავე ფრინველისას.

- გზაში შეგვხვდა თქვენი დისწული და გვითხრა, რომ ეგებ შეძლოთ ღამე გაგვათევინოთ, – მოახსენა ეშერსტმა. ქალბატონმა ნარაკუმმა თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა ისინი და მიუგო: – ჰოდა, გაგათევინებთ კიდეც, თუ მარტო ერთი ოთახი გეყოფათ. მეგენ, სასტუმრო ოთახი მოამზადე და ბადიაში ნაღები ჩაასხი... ალბათ ჩაი გენდომებათ! გოგონამ ორი ურთხელისა და მოცხარის რამდენიმე აყვავებული ბუჩქისგან შექმნილი ერთგვარი პარმაღი გაიარა და სახლში მიიმალა; ვარდისფერ ყვავილებსა და ურთხლების მუქ მწვანე ფოთლებში მისი ცისფერი შოტლანდიური ბერეტი გამოკრთოდა.

- შინ შემობრძანდით და მუხლი დაასვენეთ. ალბათ სტუდენტები იქნებით?

- ვიყავით, მაგრამ უკვე დამთავრებული გვაქვს. ქალბატონმა ნარაკუმმა ბრძნულად დააკანტურა თავი. აგურის იატაკიანი სასტუმრო, რომელშიაც შიშველი მაგიდა, გაპრიალებული სკამები და ცხენის ძუით გატენილი ტახტი იდგა, ისე კრიალებდა, გეგონებოდათ, შიგ ფეხი არასოდეს არავის შეუდგამსო. ეშერსტი მაშინვე ტახტზე დაჯდა და მტკივან მუხლს ხელები შემოაჭდო. ქალბატონი ნარაკუმი თვალს არ აშორებდა. ეშერსტი განსვენებული ქიმიის მასწავლებლის ერთადერთი ძე გახლდათ, მაგრამ ზოგს წარჩინებული ვინმე ეგონა, ვინაიდან ხშირად ერთგვარი განურჩეველი გულგრილობა ახასიათებდა.

- აქ მდინარე არსად არის, რომ ვიბანაოთ?

- ბაღის ბოლოს ჩამოდის, მაგრამ შიგაც რომ ჩაჯდეთ, ვერ დაგფარავთ.

- რა სიღრმეა?

- ფუტ-ნახევარი თუ იქნება.

- ოჰ, დიდებულია. საით არის?

- გზას ჩაჰყევით, მარჯვენა მხარეს მეორე კარში გახვალთ და იქ განმარტოებით მდგარი დიდი ვაშლის ქვეშ არის გუბე. შიგ კალმახიც იცის, თუ ხელაობა შეგიძლიათ.

- თვითონ იმათ არ გვიხელთონ ჩვენ!

      ქალბატონ ნარაკუმს გაეღიმა.

- უკან რომ დაბრუნდებით, ჩაი გამზადებული დაგხვდებათ. გუბეს, რომელიც კლდეს შეეკავებინა, სილიანი ფსკერი ჰქონდა. დიდი ვაშლის ხე ისე ახლოს იდგა ნაპირთან, რომ მისი ტოტები თითქმის გადმოკიდებულიყო წყალზე. უკვე შეფოთლილიყო და სულ მალე აყვავდებოდა კიდეც – დახეთქაზე ჰქონდა ალისფერი კუკურები. ამ ვიწრო აბაზანაში ერთის მეტი ვერ ეტეოდა, ამიტომ ეშერსტი თავის ჯერს ელოდა, მუხლს ისრესდა და ლოდებით, კუნელის ბუჩქებით და ველური ყვავილებით მოფენილ ყამირ მინდორსა და იქით თავბრტყელ ბორცვზე აქოჩრილ წიფლნარის კორომს გაჰყურებდა. ყოველი რტო ირწეოდა ნიავის მობერვაზე, გაზაფხულის ყოველი ჩიტი ჟივჟივებდა. მზის ირიბი სხივები ეფინებოდა ბალახს. ეშერსტს აგონდებოდა თეოკრიტოსი, მდინარე ჩარუელი, მთვარე და თვალჟუჟუნა ქალწული. იმდენ რამეზე ფიქრობდა, თითქოს სულაც არაფერზე ფიქრობსო, და ბრიყვულ ბედნიერებას განიცდიდა.

II

      ჩაიზე უხვად მოართვეს კვერცხები, ნაღები, მურაბა და ოდნავ ზაფრანის სურნელებადაკრული ახალი ნამცხვრები. გარტონი კელტებზე განაგრძობდა ყბედობას. კელტთა გამოღვიძების ხანა გახლდათ და, რაკი ამ ოჯახს კელტური სისხლი აღმოაჩნდა, დიდად აღეგზნო ეს ყმაწვილი – იგი დარწმუნებული ბრძანდებოდა, თვითონაც კელტი ვარო. ცხენისძუიან რბილ სავარძელში გაშხლართულს აპრუწული ტუჩების კუთხეში ხელით ნახვევი პაპიროსი გაეჩარა; ცივი, წვრილი თვალები ეშერსტისთვის გაეყარა თვალში და ხოტბას ასხამდა უელსურ სინატიფესა და დახვეწილობას. უელსიდან ინგლისს გადმობარგება ხომ ჩინური ფაიფურის უბრალო თოხის ჭურჭელზე გაცვლას ემსგავსებოდა! ფრენკმა, ვითარცა ოხერმა ინგლისელმა, რასაკვირველია, ვერც შენიშნა ამ უელსელი ქალწულის უცხო სინატიფე, მომხიბვლელობა და სათუთი გრძნობიერება! იგი თან ფრთხილად იჩეჩდა ჯერ კიდევ სველ შავ ხუჭუჭ თმას და უხსნიდა ამხანაგს, რა ზუსტ სურათს წარმოადგენდა ეს ქალიშვილი მეთორმეტე საუკუნის უელსელი ბარდის მორგან-რომელიღაცის თხზულებათათვის. ცხენისძუიან ტახტზე მთელი სიგრძით გაშოტილ ეშერსტს ფეხები ძირს გადმოჰკიდებოდა, ჩამუქებულ ჩიბუხს ეწეოდა, ყურს არ უგდებდა ამხანაგის ყბედობას და წინ ედგა გოგონას სახე, როცა იგი კიდევ შემოვიდა ნამცხვრების შემოსამატებლად. მისი ცქერა სწორედ ყვავილის ანდა ბუნების სხვა რამ ტურფა სანახავის შეხედვას ედრებოდა და ეშერსტმაც თვალი ვერ მოსწყვიტა, ვიდრე ქალწული როგორღაც სასაცილოდ არ შეკრთა და თვალებდახრილი, წრუწუნასავით წყნარად არ გაილალა ოთახიდან.

- მოდი, სამზარეულოში გავიდეთ და ერთი კიდევ შევავლოთ თვალი იმ გოგოს, – თქვა გარტონმა. სამზარეულო გახლდათ თეთრად გაქათქათებული დარბაზი. კოჭებზე ეკიდა ლორები, კედლებზე – თოფები, უცნაური ფინჯან-თასები, ფაიფურისა და კალის ჭურჭელი, აგრეთვე დედოფალ ვიქტორიას სურათები. ფანჯრის რაფებზე ყვავილებიანი ქოთნები ეწყო, უბრალო ხის გრძელ, ვიწრო მაგიდაზე, მაღლა დაკიდებული ხახვის გალების ქვეშ კი ჯამები და კოვზები. ორი ნაგაზი და სამი კატა იატაკზე გაწოლილიყო. შეღრმავებული ბუხრის ერთ მხარეს წყნარად იჯდა ორი პატარა ოქრო ბიჭი; მეორე მხარეს – ზორბა, ლურჯთვალა, სახეწითელი ჭაბუკი, თმა და წამწამები რომ იმავე ძენძისფერი ჰქონდა, რომლითაც თოფის ლულას წმენდდა. მათ შორის ქალბატონი ნარაკუმი დიდრონ ქოთანში ზანტად ურევდა რაღაც საამო სურნელების მქონე საჭმელს. კიდევ ორი სხვა ჭაბუკი – ელამი, შავთმიანი, ცოტა ეშმაკური გამომეტყველებისა და ორი პატარა ბიჭის მსგავსი – კედელს მიყრდნობილნი, ერთმანეთში მუსაიფობდნენ. ფანჯარასთან დაბალი, ხანში შესული, სუფთად პირგაპარსული, ხავერდისშარვლიანი კაცი მიმჯდარიყო და დაფლეთილ ჟურნალს ჩაჰკირკიტებდა. თითქოს მარტო მეგენი ფუსფუსებდა – კასრიდან კათხებში ასხამდა ვაშლის ბურახს და მაგიდასთან მიჰქონდა. გარტონმა რომ ნახა, სუფრასთან დაჯდომას აპირებენო, თქვა: – ოჰ, თუ ნებას დაგვრთავთ, ნავახშმევს მოვალთ. პასუხსაც აღარ დაუცადეს და კვლავ სასტუმრო ოთახში გაბრუნდნენ. მაგრამ გაქათქათებულმა სამზარეულომ, სითბომ, სურნელებამ და იმ ადამიანების სახის ხილვამ ნირი წაუხდინა მათ გაკრიალებულ სასტუმრო ოთახს და ყმაწვილები მოწყენით ჩამოსხდნენ თავიანთ სკამებზე.

- ეს ბიჭები ნამდვილი ბოშები არიან. საქსონელი მხოლოდ ერთია – ის, თოფს რომ წმენდდა. ეს გოგო კი ძალიან, ძალიან ღრმა ფსიქოლოგიურ დაკვირვებას მოითხოვს. ეშერსტმა ტუჩები აპრუწა. გარტონი პირდაპირ ვირად ეჩვენებოდა. ღრმა დაკვირვებაო! ეგ ხომ ყვავილი ველისა იყო – საამო სანახავი, გულის გამხარებელი. დაკვირვებაო! გარტონი განაგრძობდა: – საოცარი გრძნობიერი ვინმე უნდა იყოს. მხოლოდ გამოფხიზლება ესაჭიროება!

- მერმე შენ აპირებ მის გამოფხიზლებას?

      გარტონმა შემოხედა და ჩაიქირქილა. "ნამდვილი ტლანქი ინგლისელი ხარ!" – თითქოს ეუბნებოდა იგი ამ ღიმილით. ეშერსტმა ჩიბუხი გააბოლა. მისი გამოფხიზლება! ამ ბრიყვს რა დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე! ჭაბუკმა ფანჯარა გამოაღო და გადაეყუდა. უფრო და უფრო ჩამობნელდა. კარ-მიდამოს შენობები მოლურჯო ბინდბუნდში იძირებოდა, ვაშლის ხეები უღრან ტევრად მოჩანდა. ჰაერში სამზარეულოს ცეცხლის კვამლის სუნი იდგა. ერთი ჩიტი, რომელსაც სხვებზე უფრო შეგვიანებოდა ძილი, უნიათოდ ჟივჟივებდა, თითქოს სიბნელეს დაუფრთხიაო. ბოსლიდან ისმოდა ბაგაზე დაბმული ცხენის ფრუტუნი და ტორის ცემა. შორს ბუნდოვნად მოჩანდა ეწერი, კიდევ უფრო შორს კი მორცხვი ვარსკვლავები, რომელთაც ჯერ კიდევ არ მიეღწიათ სრული შუქიანობისთვის და თეთრად გამოეხვრიტათ ზეცის ღრმა, ჩაშავებული თაღი... ყურს მოსწვდა ბუს შემკრთალი კივილი. ეშერსტმა ღრმად მოითქვა სული. რა სასეირნო ღამეა! გაისმა დაუჭედელი ფლოქვების თქარათქური შუკაში და სამმა შავმა, ბუნდმა ჩრდილმა გაიქროლა – პონებმა ჩაიჯირითეს ღამეში. მათი ბანჯგვლიანი, შავი თავები ჭიშკრის ზემოთ გამოკრთა. ეშერსტმა ჩიბუხი დაბერტყა და წვრილი ნაპერწკლების გაელვებაზე პონები დაფრთხნენ, იბრუნეს პირი და მოკურცხლეს. ღამურამ ჩაიფარფატა ოდნავ გასაგონი წრიპინით. ყმაწვილმა ხელი გაიშვირა – გაშლილ ხელისგულზე ნამი იგრძნო. ანაზდად ზემოდან მოისმა პატარა ბიჭების ბუტბუტი, ძირს დაცემული წაღების ბრაგვანი და კიდევ სხვა წკრიალა, ნაზი ხმა – უეჭველია, გოგონა აძინებდა პატარებს. ამას მოჰყვა შვიდი მკაფიო სიტყვა: "არა, რიკ, კატის ჩაწვენა არ შეიძლება ლოგინში". მერე ატყდა ერთი ხორხოცი, ბღლარძუნი, ხითხითი და კუჭკუჭი; სილის მსუბუქი ტკაცუნი და ხმადაბალი, ისე მარილიანი ჩაკისკისებაც გაისმა, რომ ეშერსტს ცოტა გააჟრჟოლა კიდეც. ყურს მოსწვდა შებერვის ხმა და ზემოთა სარკმლიდან გამომავალი სანთლის შუქი, სიბნელეს რომ აპობდა, გაქრა. სიჩუმე გამეფდა. ეშერსტი მოშორდა ფანჯარას. დაჯდა. მუხლი სტეხდა, გულზეც ნაღველი შემოაწვა.

- შენ წადი სამზარეულოში, მე კი მეძინება, – უთხრა მან გარტონს.

III

      ეშერსტს ჩვეულებრივ სწრაფად და უჩუმრად ეკიდებოდა ხოლმე ძილი, მაგრამ, როცა მისი ამხანაგი დაბრუნდა, თუმცა ჩაძინებულს ჰგავდა, ნამდვილად სრულიად ფხიზელი გახლდათ. მერეც, იმ დაბალჭერიანი ოთახის მეორე საწოლში მოკრუნჩხული გარტონი რომ წყვდიადს შეჰღაღადებდა აბზეკილი ცხვირით, ეშერსტს დიდხანს ესმოდა ბუების გადაძახილ-გადმოძახილი. მუხლის ტკივილს თუ არ ჩავთვლით, არცთუ უსიამოდ გრძნობდა თავს – ცხოვრების ზრუნვანი ამ ყმაწვილს სრულიადაც არ უფრთხობდა ღამის მოსვენებას. ჭეშმარიტად არც ჰქონდა რაიმე საზრუნავი – ეს-ეს არის ვექილობა დაუმტკიცეს, სამწერლო მიდრეკილებაც ჰქონდა, ქვეყანა მის წინ გახლდათ გადაშლილი, დედ-მამა არ ჰყავდა, თანაც წელიწადში ოთხასი გირვანქა სტერლინგის საკუთარი შემოსავალიც მოეპოვებოდა. არავის არ ეკითხებოდა, სად წავიდოდა ან როდის რას გააკეთებდა. საწოლიც მაგარი იყო და ამან იპატივა შეხურვებისგან. ეშერსტი იწვა და იყნოსავდა ღამის სურნელებას, მის თავთან ახლოს მდებარე ღია სარკმლიდან რომ შემოდიოდა დაბალ ოთახში. გარდა ერთგვარი ცოტაოდენი გაღიზიანებისა მეგობრის მიმართ, რაც სრულიად ბუნებრივია, მთელ სამ დღეს რომ ვინმესთან ერთად დაეხეტები, ეშერსტის იმ უძილო ღამის მოგონებანი და ხილვანი ფრიად კეთილი, ნაღვლიანი და თანაც ამაღელვებელი გახლდათ. თავისდა უნებურად თვალწინ წარმოუდგა და თან რატომღაც განსაკუთრებით მკაფიოდ, თოფის მწმენდელი ჭაბუკის სახე. მისი დაკვირვებული, გულგრილი და თან გაკვირვებული გამოხედვა სამზარეულოს კარისკენ, მერე მსწრაფლ ბურახიანი კათხით მომავალ ქალიშვილზე რომ გადაიტანა. ეს წითური, ლურჯთვალა, მოთეთროწამწამებიანი და ჩალისფერთმიანი სახე ისევე მტკიცედ ჩარჩა ხსოვნაში, როგორც თვით ქალწულის სახე – ასე ნორჩი, ქორფა და სანდომიანი. მაგრამ ბოლოს უფარდო სარკმლის ბნელ ოთხკუთხედს დღის სინათლე შეეპარა და მამლის ხრინწიანი, ნამძინარევი ყივილიც გაისმა. შემდეგ კვლავ სამარისებური დუმილი დამყარდა, ვიდრე ჯერ კარგად ვერ გამოფხიზლებულმა შაშვმა არ გაბედა სიჩუმის დარღვევა; და მოძალებული სინათლის ცქერაში კიდეც ჩაეძინა ეშერსტს. მეორე დღისთვის ეშერსტს მუხლი ძალიან შეუსივდა. ეტყობოდა, მოგზაურობას ბოლო მოეღო. გარტონი ლონდონს უნდა დაბრუნებულიყო და შუაღამისას კიდეც გაუდგა გზას დამცინავი ღიმილით, რომლითაც ცოტა გამაღიზიანებლად გაუკენწლა გული; თუმცა ეს გულისტკივილი უმალვე გაუნელდა ეშერსტს, როგორც კი მისი უგერგილო ფიგურა აღმა მიმავალი ორღობის კუთხეს მიეფარა. ეშერსტი მთელ დღეს ბალახში მდგარ მწვანედ შეღებილ ხის სკამზე იჯდა ურთხელის ქვეშ, სადაც მზის სხივები უფრო ამძაფრებდა ლევკოიონებისა და ჟაბოების სურნელებას და აყვავებული მოცხარის ბუჩქების ოდნავ საგრძნობ სუნს. ჭაბუკი ნეტარებით ეწეოდა ჩიბუხს, ოცნებობდა და უკვირდებოდა ყველაფერს. გაზაფხულზე სოფლად ყველაფერი იფურჩქნება და ყვავის – კვირტებიდან და კვერცხებიდან ახალი, ნორჩი თაობა იშვის და ადამიანებიც გაფაციცებით უკვირდებიან, უვლიან ახლად შობილთ. ჭაბუკი ისე წყნარად იჯდა, რომ დედა ბატმა თავისი ექვსი ყელყვითელა, ზურგნაცარა ბჟიტი ბაჯბაჯით ზედ მის ფეხებთან მიასხა საბალახოდ. დროდადრო ქალბატონი ნარაკუმი ანდა მეგენი მოაკითხავდნენ, ხომ არაფერი გნებავთო. და ისიც ღიმილით უპასუხებდა: "გმადლობ, არა, არაფერი მინდა – აქ დიდებულად ვარო". ჩაის დროს ორივენი ერთად ეახლენ, თან რაღაც მუქსითხიან ჯამში ჩასველებული გრძელი, ცხელი საფენი მოიტანეს, დიდხანს გულმოდგინედ უსინჯეს გასივებული მუხლი და შეუხვიეს. როცა ისინი წავიდნენ, ყმაწვილს მოაგონდა, ქალიშვილმა მისი მტკივანი ფეხის დანახვაზე, როგორ შესძახა – "ოჰ!" თან სიბრალულით რომ აღევსო თვალები და წარბებიც ოდნავ შეეჭმუხნა და ეშერსტს კვლავ ანგარიშმიუცემლად მოუვიდა გული წასულ მეგობარზე, ისეთ სისულელეს რომ როტავდა ამ ქალწულზე. მერე მეგენმა ჩაი მოართვა.

- როგორ მოგეწონათ ჩემი მეგობარი, მეგენ? – ჰკითხა ფრენკმა.

      გოგონამ ზემო ბაგეს დაატანა ძალა, თითქოს ეშინია, არ გამეცინოსო, რადგან ეს უზრდელობად თუ ეჩვენებოდა.

- უცნაური ვაჟბატონი იყო. ბევრი გვაცინა. ალბათ, ძალიან ჭკვიანია.

- ისეთი რა თქვა, რომ გაცინათ?

- თქვა, თითქოს მე ბარდთა ასული ვიყო. ვინ არიან ბარდები?

- უელსელი პოეტები, ასობით წლის წინ რომ ცხოვრობდნენ.

- მერედა რად უნდა ვიყო მე მათი ასული, ბატონო?

- ამით უნდოდა ეთქვა, რომ თქვენ იმ ქალწულების მსგავსი ხართ, რომელთაც ისინი უმღეროდნენ.

      მეგენმა წარბები შეიკრა.

- მე მგონი, ხუმრობა უყვარს, განა მართლა ვგავარ მათ?

- მე რომ მეთქვა, დამიჯერებდით?

- ოჰ, დიახ!

- ჰოდა, მე მგონი, მართალი თქვა.

      ქალს გაეღიმა და ეშერსტმა გაიფიქრა, "შენ მართლაც მომხიბლავი ხარ!"

- კიდევ თქვა, ჯო საქსონური ტიპიაო. ეგ რაღას უნდა ნიშნავდეს?

- რომელია ჯო? ლურჯთვალა და სახეწითელი?

- დიახ. ბიძაჩემის ძმისწული.

- მაშ ეგ თქვენი დეიდაშვილი არ არის?

- არა.

- ჰოდა, ის გულისხმობდა, რომ ჯო ჰგავს იმ ხალხს, ვინც თხუთმეტიოდე საუკუნის წინ გადმოვიდა ინგლისში და დაიპყრო იგი.

- ოჰ, მეც ვიცი ეგ ამბავი. მაგრამ განა ჰგავს?

- გარტონი შეშლილია მაგისთანა რამეებზე, მაგრამ მეც უნდა ვაღიარო, რომ ჯო მართლაც ცოტა წააგავს ძველ საქსს.

- ჰოო!

      ამ "ჰომ" ძალიან აამა ეშერსტს, მეგენმა რომ ისე მკვირცხლად, მოხდენილად, დაბეჯითებით თქვა და ისე თავაზიანად დაუკრა კვერი იმაზე, რისაც, ეტყობოდა, სრულიად არ გაეგებოდა რა.

- ისიც თქვა, სხვა ბიჭები, ყველანი, ნამდვილ ბოშებს ჰგვანანო. ეგ არ უნდა ეთქვა. დეიდაჩემმა გაიცინა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა და ჩემს დეიდაშვილებსაც გული მოუვიდათ. ბიძაჩემი გლეხი კაცი გახლდათ და გლეხები სულაც არ არიან ბოშები. არ ვარგა ხალხის შეურაცხყოფა! ეშერსტს მოუნდა, ხელი ჩამოერთმია მისთვის და მოეჭირა, მაგრამ მხოლოდ ეს მიუგო: – სავსებით მართალი ბრძანდებით, მეგენ. სხვათა შორის, მე ყური მოვკარი, წუხელ პატარებს როგორ აძინებდით. ქალს ცოტა შეუფაკლდა სახე.

- მიირთვი, ბატონო! ჩაი სულ გაგიცივდათ. ცხელი ხომ არ მოგიტანოთ?

- ოდესმე გრჩებათ დრო, თქვენთვისაც რაიმე გაიკეთოთ?

- ოჰ, რასაკვირველია.

- თვალს გადევნებდით, მაგრამ სამაგისო ჯერ ვერაფერი შევნიშნე.

      მეგენმა წარბები შეიჭმუხნა და უფრო გაწითლდა. როცა ქალი წავიდა, ეშერსტმა გაიფიქრა: "ნუთუ ჰგონია, ვამასხარავებდი? მაგას არამც და არამც არ ვიზამ, რაც უნდა იყოს!" იგი იმ ასაკში გახლდათ, როცა ზოგისთვის "სილამაზე ყვავილია", როგორც პოეტი იტყვის, და რაინდულ გრძნობებს უღვივებს მათ. ძალიან არასოდეს არ უკვირდებოდა, მის ირგვლივ რა ხდებოდა და მხოლოდ კარგა ხნის მერე შენიშნა, რომ სწორედ გარტონისგან ნახსენები ის "საქსონური ტიპი" იდგა ბოსლის კართან. ჩინებული დასანახავიც იყო წვირიან ყავისფერ ხავერდის შარვალში, ტალახიან ყელიან წაღებსა და ლურჯ ხალათში გამოწყობილი. წითელხელებიანი, წითელსახიანი, რომლის ნაძენძის მსგავსი ბალანი მზეს სელად ექცია; გარინდებული, მოღუშული და ყეყეჩი, ჯიუტად იდგა. რომ შეამჩნია, ეშერსტი მიყურებსო, ეზო გადაკვეთა იმნაირი ნაბიჯებით, რომლითაც სოფლელი ტლუ ბიჭები დადიან ხოლმე; ყოველთვის რომ რცხვენიათ, ფეხის აჩქარება არ დამწამონო, მძიმედ მიაბოტებენ ყოველი ნაბიჯის ტკეპნით, და სახლის კუთხეს მიეფარა სამზარეულოს შესასვლელის მხარეს, ეშერსტს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. რეგვენები! როგორც უნდა მოინდომო, რა ძნელია ამათთან შეგუება! და მაინც დახეთ ამ გოგონას! ფეხსაცმელი დახეთქილი აქვს, ხელები გაუხეშებია, მაგრამ რა იმალება მასში? ნუთუ მართლა კელტური სისხლისგანაა ასეთი, როგორც კარტონი ამბობს? იგი ბანოვნად იყო დაბადებული, ობოლი მარგალიტი გახლდათ, თუმცა ალბათ წერა-კითხვის მეტი არც არა იცოდა რა! წინა ღამეს სამზარეულოში ნანახი ხანში შესული, სუფთად პირგაპარსული კაცი ნაგაზის თანხლებით შემოვიდა ეზოში – მოსაწველად მიერეკებოდა ძროხებს. ეშერსტმა შენიშნა, კოჭლი ყოფილაო.

- კარგი ძროხები გყოლიათ!

      კოჭლს სახე გაუბრწყინდა. იგი ცოტა კუშტად გამოიყურებოდა, რასაც ხანგრძლივი ტანჯვა იწვევს ხშირად.

- დიახ, მართლაც რომ ლაზათიანები არიან; კარგადაც იწველიან.

- ოღონდაც!

- ალბათ უკეთ გექნებათ ფეხი, ბატონო!

- გმადლობ, უკეთესობა ეტყობა.

      კოჭლმა საკუთარ ფეხზე დაიდო ხელი.

- მე თვითონაც მიწვნევია ეგ – მუხლი ძალიან მტკივნეული რამეა. ამ ათი წლის წინ დავიშავე.

      ეშერსტმა თანაგრძნობის მანიშნებელი ბგერა აღმოუტევა, რაც ასე ადვილად ემეტება ხოლმე დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე ხალხს. კოჭლს კვლავ გაეღიმა.

- საწუწუნო არა მაქვს რა – კინაღამ სულ მოსაჭრელი გამიხდა ფეხი!

- ოჰო!

- დიახ, და იმასთან შედარებით, რაც იყო, ახლა თითქმის სულ საღსა ჰგავს.

- რაღაც ჩინებული წამლის საფენი დამადეს ფეხზე.

- გოგონა აგროვებს მაგ წამლებს. კარგად იცის ყვავილების ამბავი. ზოგი ადამიანი არჩევს, რა რის წამალია. დედაჩემი ძალიან დაოსტატებული იყო ამ საქმეში. მალე გამოკეთებას გისურვებთ, ბატონო. აბა, გაუტიეთ! ეშერსტს გაეღიმა. "ყვავილების ამბავიო!" თვითონაც ხომ ყვავილია! იმ საღამოს, ეშერსტმა ცივად მოხარშული იხვით, ნაღებშერეული ჯავზიანი ხაჭოთი და ბურახით რომ ივახშმა, გოგონა შემოვიდა.

- ბოდიში, დეიდამ შემოგითვალათ, ჩვენს სამაისო ღვეზელს ხომ არ ინებებდითო?

- თუ ნებას მომცემთ, სამზარეულოში გამოვალ თქვენთან!

- კი ბატონო! მაგრამ მეგობარს რომ მოისაკლისებთ?

- სულაც არა. ოღონდ დარწმუნებული ხართ, არავის ეწყინება?

- აბა, ვის უნდა ეწყინოს? ძალიან გაგვიხარდება. ეშერსტს დაავიწყდა მტკივანი მუხლი, უცბად წამოიჭრა ზეზე, წაიბორძიკა და ჩაიკეცა. ქალიშვილმა ოდნავ შეჰკივლა და ხელები გაიწოდა მისკენ. ეშერსტიც მოეჭიდა მის პაწია, გაუხეშებულ, მზით გარუჯულ ხელებს; ძლივს შეიკავა თავი, რომ ბაგეებით არ დაჰკონებოდა ზედ და მისი შემწეობით წამოიმართა. ქალი ახლოს მივიდა, მხარი შესთავაზა და ჭაბუკმა მასზე დაყრდნობით გაიარა ოთახი. ამ მხარზე უფრო საამო შესახები არაფერი ეგონა ეშერსტს. მაგრამ იმდენი ჭკუა მაინც იხმარა, რომ გავლისას ხელი მოავლო კუთხეში მიყუდებულ ყავარჯენს და ვიდრე სამზარეულოში შევიდოდნენ, ქალწულის ბეჭსაც მოარიდა მეორე ხელი. იმ ღამეს გულიანად იძინა და რომ გაიღვიძა, მუხლი თითქმის სულ დასცხრომოდა. დილა კვლავ თავის სავარძელში გაატარა მოლზე, თან ლექსებს ჯღაბნიდა. ნაშუადღევს პატარა ნიკთან და რიკთან ერთად გაისეირნა. შაბათი გახლდათ და ბალღები ადრე დაბრუნდნენ სკოლიდან. შვიდისა და ექვსი წლის მკვირცხლი, მორცხვი, შავტუხა პაწია ცუღლუტები მალე აჭიკჭიკდნენ, რადგან ეშერსტმა იცოდა ბავშვების ენა. ოთხი საათისთვის უკვე უჩვენეს მას დროსტარების მთელი თავიანთი ნიჭ-უნარი, გარდა კალმახის ჭერისა. მერე შარვლები ამოიკაპიწეს, წაწვნენ მდინარის პირას მუცლებზე და, ვითომც ეს საქმეც ვიცითო, შეუდგნენ ხელაობას. რასაკვირველია, ვერაფერიც ვერ იხელთეს, ვინაიდან კისკისით, ხითხითითა და შეძახილებით სულ დააფრთხეს თევზი. ეშერსტი წიფლის კორომის კიდესთან კლდეზე იჯდა, თვალს ადევნებდა მათ და ყურს უგდებდა გუგულის ხმას, ვიდრე უფროსი ბიჭი, ნიკი, რომელსაც გული აუცრუვდა თევზაობაზე, არ ამოვიდა ზევით და გვერდით არ დაუდგა.

- მაგ ლოდზე ბოშას ლანდი ზის ხოლმე, – თქვა მან.

- რა ბოშას ლანდი?

- არ ვიცი, არასოდეს მინახავს. მეგენი ამბობს, მანდ ზისო, და ბებერ ჯიმსაც უნახავს ერთხელ. იმის წინა ღამესაც მად მჯდარა, როცა ჩვენმა პონიმ თავი გაუხეთქა მამას. ჭიანურს უკრავს ხოლმე.

- მერედა რა ჰანგს უკრავს?

- არ ვიცი.

- როგორი შესახედავია?

- შავია. ბებერი ჯიმი ამბობს, თავიდან ფეხებამდე სულ გაბანჯგვლულიაო. ნამდვილი ავი სულია. ის მარტო ღამით არ დადის. – პატარა ბიჭმა შავი, ელამი თვალები ირგვლივ მოავლო. – როგორ გგონიათ, ხომ არ მომიტაცებს? მეგენს ეშინია მისი.

- განა უნახავს?

- არა. თქვენი კი არ ეშინია.

- მეც ეგრე მგონია. რატომ უნდა ეშინოდეს?

- ის თქვენთვის ლოცულობს ხოლმე.

- ეგ საიდან იცი, შე ცუღლუტო?

- მე რომ ვიძინებდი, თქვა: "უფალო, შეგვიწყალე ჩვენ ყველანი და ბატონი ეშესიო". გავიგონე, როგორ ჩურჩულებდა.

- დიდი უზრდელობაა გათქვა ის, რისთვისაც ყური მოგიკრავს შემთხვევით!

      პატარა ბიჭი გაჩუმდა. შემდეგ გამომწვევად შესძახა: – მე ბაჭიების გატყავება შემიძლია. მეგენი კი ვერ იტანს, მათ რომ ატყავებენ. მე მიყვარს სისხლი!

- ოჰო, მართლა? აი, შე პაწია ურჩხულო!

- ეგ რაღაა?

- ისეთი არსებაა, სხვისი ტკენა რომ უყვარს.

      პატარა ბიჭი მოიღუშა.

- ჩვენ მარტო დახოცილ ბაჭიებს ვჭამთ.

- სრული ჭეშმარიტებაა, ნიკ. ბოდიშს ვიხდი.

- მე ბაყაყების გატყავებაც ვიცი! მაგრამ ეშერსტი უკვე აღარ უგდებდა მას ყურს. "უფალო, შეგვიწყალე ჩვენ ყველანი და ბატონი ეშესი!" და რაკი ვეღარ მიიპყრო მისი ყურადღება, ნიკმა ისევ ჩაირბინა მდინარის პირას, სადაც მყის ატყდა კისკისი და შეძახილები. როცა მეგენმა ჩაი მოართვა, ეშერსტმა ჰკითხა: – ეგ რა ბოშას ლანდია, მეგენ? ქალი შეკრთა.

- მაგას ავი მოაქვს.

- ნუთუ აჩრდილებისა გჯერათ?

- ნეტავი სულაც თვალით არ ვნახავდე!

- რასაკვირველია, არც ნახავთ! მაგისთანა რამეები არ არსებობს. მოხუცმა ჯიმმა პონის თუ მოჰკრა თვალი.

- არა! კლდეებში აჩრდილები ბუდობენ. ეგ იმ ადამიანების ლანდები არიან, დიდი ხნის წინ რომ ცხოვრობდნენ.

- მაგრამ ეგენი ბოშები მაინც არ არიან. ის ძველი ხალხი ძალიან დიდი ხნის დახოცილი იყო, როცა ბოშები გამოჩნდნენ აქ.

      ქალმა უბრალოდ თქვა: – ისინი ყველანი ცუდები არიან.

- რატომ? თუკი ისინი მართლაც სადმე მოიპოვებიან, მხოლოდ და მხოლოდ ველურები იქნებიან ბაჭიების მსგავსად. განა ველური ყვავილი ცუდია? გარეული ვარდი არავის დაურგავს, მაგრამ ხომ არ გეჯავრებათ: მე ჩავალ იქ ღამით, ვნახავ იმ თქვენს აჩრდილს და ვემუსაიფები კიდეც.

- ოჰ, არა, არ ჩახვიდეთ!

- დიახაც რომ ჩავალ! წავალ და სწორედ მის კლდეზე ჩამოვჯდები.

      გოგონამ ხელი ხელს ჩასჭიდა ვედრებით: – ოჰ, ნუ იზამთ, გეთაყვა!

- რატომ? რა მოხდება, თუნდაც რომ რამე დამემართოს?

      ქალმა ამაზე პასუხი არ გასცა და ეშერსტმა თითქოს გაბუტული კილოთი დასძინა: – მე კი, მგონია, ვეღარც ვნახავ იმას – მალე წავალ აქედან!

- მალე?

- დეიდათქვენს აღარ ენდომება ჩემი აქ ყოფნა.

- ოჰ, არა! ზაფხულობით ჩვენ ყოველთვის გვყავს მოაგარაკენი.

      ვაჟმა დაკვირვებით შეხედა სახეში და უთხრა: – თქვენ კი გინდათ, რომ დავრჩე?

- დიახ.

- ამაღამ მე უნდა ვილოცო თქვენთვის! ქალწული ყაყაჩოსავით გაწითლდა და მოღუშული გავიდა ოთახიდან. ეშერსტმა საკუთარ თავს უსაყვედურა. ამასობაში ჩაიც გაუცივდა. თითქოს თავისი სქელლანჩიანი წაღებით ცისფერი მაჩიტას ყლორტები გაეთელოს. რატომ წამოროშა ასეთი სისულელე? ნუთუ ისიც ისეთივე ქალაქელი ვირია, როგორიც რობერტ გარტონი და იმასავით არაფერი ესმის ამ გოგონასი?

IV

      ეშერსტმა მომდევნო კვირა, ნატკენი ფეხის გასავარჯიშებლად, ახლომახლო ადგილების თვალიერებაში გაატარა. წლევანდელი გაზაფხული პირდაპირ გამოცხადება, აღმოჩენა გახლდათ მისთვის. მოხიბლული და აღტაცებული უჭვრეტდა ზეცის ლაჟვარდში ატყორცნილ, მზის სხივებში გახვეულ, განზე მდგარ რომელიმე წიფლის შევარდისფერებულ კვირტებს, კაშკაშა შუქში ყვითლად გამომზირალ ფიჭვის ღეროებსა და რტოებს, ან ეწერში მდგარ, ქარიშხლისგან გადახრილ ლარიქსებს, ნიავი რომ არხევდა მათ ქორფა ფოთლებს ჩაშავებულ-ჩაჟანგებული ძირების ზემოთ. ანდა იწვა მდინარის პირას, უცქეროდა ჯგუფ-ჯგუფად ამოღაღანებულ იებს ან გამხმარ ეწერის გვიმრას; თითებით სინჯავდა მაყვლის ვარდისფერ, გამჭვირვალე კვირტებს; თან ყურს უგდებდა გუგულების ძახილს, მწვანე კოდალების ხმაურს ანდა ზეცაში ძალიან მაღლა აჭრილი ტოროლას წკრიალს. ჭეშმარიტად სრულიად განსხვავებული გაზაფხული გახლდათ წელს მისთვის, ვინაიდან გაზაფხული არა მარტო გარეთ, მის გულშიაც ჩაბუდებულიყო. დღისით თითქმის ვერ ხედავდა ოჯახის წევრებს; ხოლო როცა მეგენს მისთვის იჯრა შემოჰქონდა, გოგონა ყოველთვის იმდენად გართული ჩანდა სახლისა და აგრეთვე გარეთ ეზოში მოზარდების მოვლის საქმეებით, რომ სამუსაიფოდ არ ეცალა. მაგრამ საღამოობით ეშერსტი ფანჯარასთან დაბრძანდებოდა სამზარეულოში, ეწეოდა თამბაქოს და ემასლაათებოდა კოჭლ ჯიმს ან ქალბატონ ნარაკუმს, ქალიშვილი კი კერავდა ანდა ნავახშმევს ფუსფუსით ალაგებდა და ასუფთავებდა ჭურჭელს. და ხანდახან იმ გრძნობით, რომელსაც მოკრუტუნე ფისო განიცდის, ჭაბუკი ამჩნევდა, რომ მეგენს თავისი ჟუჟუნა, წყლიანი თვალები რაღაც ნაზი ალერსით მიეპყრო მისთვის და ეს უცნაურად ესალბუნებოდა მის გულს. ერთხელ, კვირა საღამოს ბაღში რომ იწვა, შაშვის ჭახჭახს უსმენდა და სატრფიალო ოდას თხზავდა, ყური მოჰკრა ბაღის კარის ჭრიალს და ხეებში სირბილით მომავალი მეგენი დაინახა, რომელსაც უკან ლოყაღაჟღაჟა, უგერგილო ლოხი ჯო მოსდევდა გამწარებით. მისგან ოციოდე ნაბიჯზე შეჩერდნენ. ერთმანეთის პირისპირ მდგარნი ბალახში მწოლარე უცხო მაყურებელს ვერ ამჩნევდნენ. ბიჭი ეტანებოდა, გოგო კი იგერიებდა და თავს არიდებდა. ეშერსტი ხედავდა ქალწულის გაჯავრებულ, შეწუხებულ სახეს და აგრეთვე ჭაბუკისასაც – თუმცა ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ სახეგაჟინჟღილებულ გაგრიას ასეთი გახელება შეეძლო! და ამ სანახაობით მწვავედ გულნატკენი ეშერსტი წამოიჭრა. ორივემ თვალი მოჰკრა მას. მეგენმა ხელები დაუშვა და ხეს ამოეფარა. ბიჭმა რაღაც წაიდუდღუნა გაჯავრებით, მიაშურა ღობეს, გადაბობღდა ზედ და მიიმალა. ეშერსტი ნელა მიუახლოვდა ქალს. იგი სრულიად წყნარად იდგა და ბაგეს იკვნეტდა. ძალიან ლამაზი ჩანდა – ფაფუკი შავი თმა სახეზე ჩამოშლოდა, თვალები ძირს დაეხარა.

- ბოდიშს ვიხდი, – უთხრა ეშერსტმა.

      ქალმა ფართოდ დაჭყეტილი თვალებით ერთი ამოხედა, სულშეგუბებულმა პირი იბრუნა და წავიდა. ეშერსტი დაედევნა.

- მეგენ!

      ქალი მაინც არ შეჩერებულა. ეშერსტი მკლავში მისწვდა და ნაზად შემოაბრუნა თავისკენ.

- მოიცადეთ. სალაპარაკო მაქვს.

- რატომ ბოდიშობთ ჩემთან? ჩემთან რა გაქვთ საბოდიშო?

- აბა, მაშ ჯოს უნდა მოვუხადო ბოდიში.

- როგორ ბედავს ის ჩემს დევნას?

- ალბათ უყვარხართ.

      გოგონამ გაჯავრებით დასცა ფეხი ძირს.

      ეშერსტმა ჩაიცინა.

- თუ გინდათ, კისერს მოვუგრეხ! ქალმა უცბად აღელვებით შესძახა: – თქვენ მე დამცინით... ყველას დაგვცინით! ვაჟმა ხელი მოჰკიდა ხელებში, მაგრამ ქალწული უკან მიაწყდა ისე, რომ მისი პაწია, აღგზნებული სახე და აბურდული შავი თმა ვაშლის ვარდისფრად დაბერილ კუკურებს შორის მოექცა. ეშერსტმა ბაგესთან მიიტანა დატყვევებული ხელი და ზედ ეამბორა. მან ნამდვილ რაინდად იგრძნო თავი, იმ რეგვენ ჯოზე ბევრად აღმატებულად – მხოლოდ ოდნავ შეახო ბაგე ამ პაწია, გაუხეშებულ ხელს! ქალი უკვე აღარ გაურბოდა, თითქოს მისკენაც კი მიილტვოდა ახლა ათრთოლებული. ეშერსტს ტკბილმა ჟრუანტელმა დაუარა თხემით ფეხამდე. მაშ ამ ნატიფ, ნაზ ქალწულს, ასე წრფელს, სადას, ტურფასა და ლამაზს, ეამა მისი ბაგეების შეხება! და დაემორჩილა რა ანაზდეულ ვნებათა ღელვას, მოხვია მკლავები ქალს, ჩაიკრა გულში და შუბლზე აკოცა. მერე კი დაფრთხა ჭაბუკი. მეგენი გაფითრდა, თვალები დახუჭა, შავი, გრძელი წამწამები გაცრეცილ ღაწვებზე მუქად დაეფინა; მკლავებიც უსიცოცხლოდ ჩამოცუვიდა ძირს. ეშერსტს ქალწულის მკერდის შეხებაზე გააჟრჟოლა.

- მეგენ! – ჩასჩურჩულა ვაჟმა და ხელი უშვა. სამარისებურ სიჩუმეში შაშვმა გაიჭახჭახა. მერმე გოგონა მისწვდა მის ხელს, მიიკრა ლოყაზე, გულში, ტუჩებზე; ვნებით აკოცა ზედ, მოკურცხლა ხავსიან ვაშლის ხეებს შორის და თვალს მიეფარა. ეშერსტი ჩამოჯდა დაღრეცილ ბებერ ხეზე, რომელიც თითქმის მიწაზე გართხმულიყო, და ათრთოლებული და გაოგნებული მიაშტერდა ახლახან ქალწულის თავზე გვირგვინად წამოდგმულ, დასახეთქად გამზადებულ კვირტებს; იმ ვარდისფერ კუკურებს, რომლებშიც ერთი გაშლილი ყვავილი უკვე თეთრად კიაფობდა ვარსკვლავივით. ეს რა ჩაიდინა? ასე როგორ დაავიწყებინა თავი სილამაზემ თუ სულაც გაზაფხულმა? იგი მაინც უცნაურად ბედნიერად გრძნობდა თავს – ბედნიერად და გამარჯვებულადაც! სხეულში ჟრჟოლა უვლიდა და ბუნდად უკვნესოდა გული. ეს რის დასაწყისი უნდა ყოფილიყო? კოღოები კბენდნენ, მოფარფატე ქინქლები პირში უძვრებოდნენ და მთელი გაზაფხულის გარემო ირგვლივ უფრო ლამაზად და გახალისებულად ეჩვენებოდა. გუგულები გუგუს გაიძახოდნენ, შაშვები ჭახჭახებდნენ, მწვანე კოდალები ხმაურობდნენ, მზის სხივები ირიბად ეშვებოდა ძირს; იფურჩქნებოდა ვაშლის ყვავილი, გვირგვინად რომ ედგა თავს ტურფა ქალწულს!.. ეშერსტი წამოდგა და გავიდა ბაღიდან – სივრცე უნდოდა, ღია ზეცა, რათა ამ ახალ შეგრძნებებსა და განცდებს შეჰგუებოდა. იგი ეწრისკენ გაუყვა. ღობეში ჩაყოლებული იფნიდან კაჭკაჭი წამოუფრინდა და გზირივით წაუსწრო წინ.

      ხუთი წლის ასაკიდან მოყოლებული ვერც ერთ მამაკაცზე ვერავინ იტყვის, არასოდეს არავინ ჰყვარებიაო. ეშერსტაც უყვარდა თავისი მეწყვილენი ცეკვის კლასში, უყვარდა აღმზრდელი ქალი, არდადეგების დროს გაცნობილი გოგონები, თითქმის არც არასოდეს ყოფილა უსიყვარულოდ – მუდამ ვიღაცას ეტრფოდა მეტ-ნაკლები გატაცებით. მაგრამ ეს სხვა იყო, უფრო ხელშესახები, სრულიად ახალი გრძნობა; საშინლად საამური, რომელიც დასრულებული ვაჟკაცის შეგნებას ანიჭებდა მას. ხელში ასეთი ველის ყვავილის ჭერა, მისი ამბორი და გულში ჩაკრული ქალწულის ნაზი თრთოლვის განცდა! რა თავბრუდამხვევია და თან რა შემაშფოთებელი! რა უნდა ექნა? როგორ უნდა შეხვედროდა? ვაჟის პირველი ალერსი თავშეკავებული თანაგრძნობის გამომხატველი თუ იყო; მაგრამ შემდეგ კი ვეღარ იქნებოდა ასეთი, რადგან მწველ კოცნასა და მისი ხელის გულში ჩაკვრაზე უკვე მიხვდა, ქალს ვუყვარვარო. ზოგის ბუნებას ატლანქებს მათდამი გამოჩენილი სიყვარული; სხვებს, ეშერსტის მსგავსთ, იმორჩილებს, იტაცებს, გულს უთბობს და უჩვილებს, თითქმის აღამაღლებს და მათ ეს გრძნობა ერთგვარ სასწაულად ეჩვენებათ. და იქ, კლდოვან სერზე, მას ტანჯავდა, ერთი მხრივ, ვნებიანი წადილი, დამტკბარიყო გაზაფხულის ამ ახალი განცდით, რომელიც აღავსებდა მის გულს, და, მეორე მხრივ, კი ბუნდოვან და თანაც ძალიან ხელშესახებ მოუსვენრობასა და გულისწუხილს განიცდიდა. ჯერ იგი თავდავიწყებით გაიტაცა სიამაყის გრძნობამ, ასე ტურფა, ალალი, თვალჟუჟუნა არსების გული რომ დაიპყრო; მეორე წუთს კი ხელოვნური სიდარბაისლით ფიქრობდა თავისთვის: "კი, ყმაწვილო, მაგრამ აბა დახედე, რას სჩადი? ხომ იცი, რა მოჰყვება მაგას?" შეუმჩნევლად შემოაღამდა – ბინდი დაეშვა ძველი ასურეთის სასახლეთა ნანგრევების მსგავსად აჩოჩხილ კლდეებზე და ბუნების ხმამ ჩასძახა: "ეს ახალი სამყაროა შენთვის!" ისევე, როგორც ადამიანი რომ ადგება ოთხ საათზე, გამოვა ზაფხულის დილას გარეთ, ნადირები, ფრინველები და ხეები რომ შემოაშტერდებიან და გრძნობს, თითქოს ყველაფერი ახლად არის შექმნილი. ეშერსტმა რამდენიმე საათი გაატარა იქ, ვიდრე არ აცივდა. შემდეგ ლოდებსა და მანანის ძირებზე ხელის ცეცებით დაუყვა თავდაღმა გზისკენ, ჩამოიარა ორღობე, მინდორი და კვლავ ბაღს მიადგა. გაკრა ასანთს და საათს დახედა. თითქმის თორმეტი ხდებოდა! აქაობაში ახლა სამარისებური დუმილი და წყვდიადი სუფევდა – აღარაფრით ჰგავდა ჩიტების ჟღურტულით აღვსილ, მზის შუქით გაბრწყინებულ გარემოს, ექვსი საათის წინ რომ დატოვა! და უცბად ამ თავის სანეტარო ყოფას უცხო, გარეშე თვალით შეხედა – გონების თვალით წარმოიდგინა, როგორ იღერებს თავის გველისებურ ყელს ქალბატონი ნარაკუმი, შავი თვალებით როგორ განჭვრეტს ყველაფერს და მზაკვრული სახე როგორ ეღუშება; ხედავდა ტლანქად დამცინავ, უნდო ბოშა-დეიდაშვილებს; გაშმაგებულ ლოხ ჯოს. მხოლოდ და მხოლოდ ტანჯულის თვალებიანი კოჭლი ჯიმი ეჩვენებოდა ასატანად მის გონებას. ახლა სოფლის ხალხი? – ჭორიკანა დედაკაცები, რომელთაც იგი გვერდით ჩაუვლიდა ხოლმე სასეირნოდ მიმავალი; მერე კიდევ საკუთარი მეგობრები! მოაგონდა რობერტ გარტონის ირონიული, ნიშანდობლივი ღიმილიც, ამ ათი დღის წინ ასეთი ღიმილით რომ გაუდგა იგი გზას. საზიზღრობაა! ერთხანს პირდაპირ შესძაგდა ეს მიწიერი, ცინიკური სამყარო, რომელსაც იგი ძალაუნებურად ეკუთვნოდა. იმ ადგილას, სადაც ეშერსტი ეზოს კარს მიყუდებოდა, ნაცრისფერმა დაჰკრა, რაღაც შუქმა გაიკიაფა მის თვალწინ და მოლურჯო სიბნელეს შეერია. მთვარე ამოვიდა! იგი მკაფიოდ მოჩანდა ღობის თავზე – წითელი, თითქმის სულ მრგვალი, უცნაური, იბრუნა პირი და შეუყვა ღამის ლორთქო ფოთლებისა და ნეხვის სუნით გაჟღენთილ ორღობეს. ბაკში თვალი შეავლო საქონლის ჩაშავებულ სილუეტებს, მორკალული რქები რომ ცერზე დამდგარი, მკრთალი, მილეული მთვარეებივით მოუჩანდათ. ეზოს კარი ქურდულად გახსნა. მთელ სახლში ბნელოდა, ფეხაკრეფით ერთ ურთხელთან აიტუზა და მეგენის სარკმელს მიაჩერდა. იგი ღია დაეტოვებინათ. ეძინა თუ ეგებ ფხიზლობდა კიდეც, მისი ასე დაგვიანებთი შეშფოთებულ-შეღონებული? ბუმ დაიკივლა ეშერსტის იქ დგომაში და ბაღის ბოლოდან მოდენილი მდინარის დაუბოლოვებელი რაკრაკ-ბუტბუტის გარდა ისეთი სრული სიწყნარე სუფევდა, თითქოს მთელი ღამე აავსო ამ ფრინველის ხმამ. დღისით გუგულების გუგ-გუ, ახლა კი ბუების კივილი რა საოცრად ეხმიანებოდა მისი აფოფინებული გულის ბორგვას! და უცბად ყმაწვილმა თვალი მოჰკრა სარკმელში გადმომდგარ ქალწულს. ეშერსტი ოდნავ ჩამოშორდა ურთხლის ღეროს, ცოტა წინ წამოდგა და წაიჩურჩულა: "მეგენ!" ქალმა უკან დაიხია, გაქრა, კვლავ გამოჩნდა და ძალიან გადმოიხარა. ჭაბუკმა ფეხაკრეფით გაიარა მოლზე. გზაში მწვანედ შეღებილ სკამს დაეჯახა წვივით და ატეხილი ხმაურის შიშით სულის მოთქმა ვეღარ გაბედა. ქალის მკრთალად მოკიაფე ჩამოწვდილი მკლავი და სახე არ განძრეულა. ეშერსტმა სკამი მიიდგა და ჩუმად ავიდა ზედ. თუ ხელს ასწევდა, მისწვდებოდა. ქალს სახლის კარის ვეება გასაღები ეპყრა და ეშერსტმა მისი გახურებული ხელი ცივი გასაღებიანად ჩაბღუჯა. იგი ძლივს არჩევდა მის სახეს, ბაგეთა შორის მოქათქათე კბილებს, ჩამოშლილ თმას. მეგენს ისევ ეცვა – საბრალო გოგონა! უთუოდ მას ელოდა! "კარგო მეგენ!" ქალის ცხელი, გაუხეშებული თითები მისას მოეჭიდა. სახეზე უცნაური, დაბნეული გამომეტყველება აჩნდა. ნეტავი შესძლებოდა, მისწვდომოდა – თუნდ ხელით მაინც! ბუმ კიდევ იკივლა. ასკილის სუნი მოედინა, ნაგაზმაც წამოიყეფა. მეგენმა თითები უშვა და შიგნით შეიწია.

- ღამე მშვიდობისა, მეგენ!

- ღამე მშვიდობისა, ბატონო! და გაქრა! ეშერსტმა ამოიოხრა. ძირს ჩამოვიდა. ჩამოჯდა იმავე სკამზე და ფეხსაცმელი გაიძრო. შინ უჩუმრად შეცოცებისა და ლოგინში ჩაწოლის მეტი აღარა დარჩენოდა რა. მაინც კარგა ხანს იჯდა გარინდებული, უცივდებოდა ფეხები ნამში და ტკბებოდა ქალწულის დაბნეული, ნახევრად მოღიმარი სახისა და გახურებული თითების მოჭერის მოგონებით, თან ცივი გასაღები რომ მოაჩეჩა ხელში.

V

      ისეთი გრძნობით გამოიღვიძა, თითქოს წინაღამეს ძალიან დანაყრებულიყოს, თუმცა სულაც არაფერი ეჭამა. და რა შორეულ, არარეალურ ამბად ეჩვენებოდა გუშინდელი სამიჯნურო თავგადასავალი! მაინც ოქროს დილა გახლდათ. ბოლოს მთლიანად იჩინა თავი გაზაფხულმა – ერთ ღამეში თითქოს სულ ბაიებმა დაისაკუთრეს მინდორ-ველი და სარკმლიდან ხედავდა თეთრ-ვარდისფერი საბანივით როგორ გადაეფარა ვაშლის ყვავილები ბაღს. ეშერსტი თითქმის ძრწოდა მეგენის შეხვედრის მოლოდინში და მაინც მის მაგიერ ქალბატონმა ნარაკუმმა რომ მოართვა საუზმე, შეწუხდა და ეწყინა. დედაკაცის ისედაც დაცეცებულ თვალებსა და გველურ კისერს ამ დილით თითქოს კიდევ უფრო შემატებოდა სიმკვირცხლე. ხომ არაფერი შეუნიშნავს?

- მაშ მთვარემ და თქვენ ერთად ისეირნეთ წუხელ, ბატონო ეშერსტ, ჰა! ივახშმეთ სადმე მაინც?

      ეშერსტმა თავი გააქნია.

- ვახშამი შეგინახეთ, მაგრამ, მგონი, თავი ისე გქონდათ გაბრუებული, ეგეთი რამეები აღარ მოგაგონდებოდათ! ნუთუ დასცინის ამ ხმით, რომელსაც კვლავ შერჩენოდა უელსური მკაფიოება და დასავლურ ჩლიფინს ვერ დაეძლია! რომ იცოდეს? და მყის გაიფიქრა: "არა, არა, უნდა ავიბარგო! სულაც არ მეპრიანება ასეთ ტუტუცურ მდგომარეობაში ყოფნა!" მაგრამ ნასაუზმევს მეგენის ნახვის წყურვილმა მოუარა; ამ წყურვილმა უფრო და უფრო უმატა და თან შიშიც დაერთო: ხომ არაფერი უთხრეს ისეთი, რომ სულ გაეფუჭებინათ საქმეო. ავად ენიშნა, რომ ქალი არ გამოჩენილა, თვალითაც აღარ სჩვენებია! სატრფიალო ლექსი, რომელსაც დიდი გულმოდგინებითა და გატაცებით თხზავდა გუშინ ნაშუადღევს ვაშლის ხეების ჩრდილში, ისე უბადრუკად ეჩვენა ახლა, რომ დახია და ჩიბუხის ასანთები მილაკები გააკეთა. აბა, რა იცოდა სიყვარულისა, ვიდრე ქალწულმა ხელი არ სტაცა ხელში და ზედ არ ემთხვია! ახლა კი რაღა არ იცის? მაგრამ ამაზე წერა უკვე ეჩოთირებოდა და ულამაზოდ ეჩვენებოდა. ფრენკი წიგნის წამოსაღებად შევიდა თავის ოთახში და გულმა ბაგაბუგი დაუწყო – მეგენი იქ იყო და ლოგინს ასწორებდა. ეშერსტი კარის ზღურბლზე შედგა და თვალთვალი დაუწყო. უცბად სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა – დაინახა, როგორ დაიხარა მეგენი და აკოცა მის ბალიშს; სწორედ იმ ჩაღრმავებულ ადგილას, სადაც მას თავი ედო წინა ღამეს. ეშერსტი ხომ ვერ გაუმხელდა, რომ მან თვალი მოჰკრა თავდავიწყებული სიყვარულის დამადასტურებელ ამ უნაზეს სურათს! ვერც უჩუმრად გაიპარებოდა – ყური რომ მოეკრა, უარესი იქნებოდა. ქალწულმა აიღო ბალიში და დაიჭირა, თითქოს ფრენკის ღაწვის ანაბეჭდის წაშლა ენანებაო, მერე ხელიდან გააგდო და მსწრაფლ შემობრუნდა.

- მეგენ!

      ქალმა ლოყებზე იტკიცა ხელები, მაგრამ თვალები კი თითქოს პირდაპირ თვალებში გაუყარა ვაჟს. ფრენკს წინათ ასე არასოდეს ჩაუხედავს ამ უძირო, უმანკო, გულისამაჩუყებლად წრფელ, ჟუჟუნა თვალებში და ძლივს წაიბლუკუნა: – რა კარგი ქენით, რომ იმდენ ხანს მიცადეთ წუხელ. გოგონას მაინც არ დაუძრავს კრინტი და ეშერსტმა კვლავ განაგრძო ბორძიკით: – ეწერში დავხეტიალობდი... რა მომხიბლავი ღამე იყო! მე... მე მხოლოდ წიგნისთვის შემოვიარე!.. მერე ბალიშზე კოცნა მოაგონდა, ამან უცბად გაათამამა და ქალწულს მიეჭრა, ბაგეები მის თვალებს დააკონა და, თან უცნაურად აღგზნებულს, თავში გაუელვა: "აღსრულდა!.. გუშინ ყველაფერი მაინც ანაზდეულად მოხდა... ახლა კი, ახლა საქმე გადაწყვეტილია!" გოგონას არ აურიდებია სახე მისი ბაგეებისთვის, რომელნიც უკვე ქვევით და ქვევით მოიწევდნენ, ვიდრე მის ტუჩებს არ შეეწებნენ. სატრფოს ამ პირველმა ნამდვილმა კოცნამ – უცნაურმა, საოცარმა, ტკბილმა და ჯერ კიდევ თითქმის სულ უმანკომ – ნეტავ ვის უფრო მეტად აუფორიაქა გული?

- დიდ ვაშლთან ჩამოდი ამაღამ, როცა ყველანი დაწვებიან, მეგენ, პირობა მომეცი!

- პირობას გაძლევ! – წყნარად უჩურჩულა ქალმაც. მერე, ქალწულის გაფითრებული სახის დანახვაზე დამფრთხალმა და საერთოდაც შეშინებულმა ეშერსტმა ხელი უშვა გოგონას და კვლავ ძირს ჩამოვიდა. დიახ, ახლა კი აღსრულდა, გადაწყდა! ქალის სიყვარულიც ცნო, მიიღო და თვითონაც გამოუტყდა სიყვარულში! მწვანე სკამს მიაშურა – წიგნი აღარც მოჰგონებია. იჯდა, თვალები უმიზნოდ გაშტერებოდა, თან გამარჯვება ეამაყებოდა, თან სინდისის ქენჯნასაც განიცდიდა; მის ცხვირწინ და ზურგს უკან ფერმაში კი ჩვეულებისამებრ არ წყდებოდა ფუსფუსი. რამდენ ხანს იჯდა ასე უცნაურად გამოშტერებული, ვერ გეტყოდათ, როცა ცოტა უკან მარჯვენა მხარეს მდგარ ჯოს მოჰკრა თვალი. ჭაბუკი, ეტყობოდა, ყანის მძიმე სამუშაოდან დაბრუნებულიყო; ცმუკავდა, ფეხიდან ფეხზე გადადიოდა, მძიმედ ქშინავდა, პირსახე ჩამავალ მზესავით უღაჟღაჟებდა; მკლავებზე, დაკაპიწებული ლურჯი ხალათის სახელოებს ქვემოთ, ხაოიანი მწიფე ატმის ელვარება და ფერი დაჰკრავდა. წითელტუჩებიანი პირი დაეღო და სელისფერწამწამებიანი ლურჯი თვალები მოზვერივით მიეშტერებინა ეშერსტისათვის, რომელიც ირონიულად შეეკითხა: – ოჰო, ჯო, ხომ არაფერი გნებავთ ჩემგან?

- დიახ!

- რაო?

- მოწყდით აქედან; ჩვენ არაფრად გვეპიტნავებით! ეშერსტის ისედაც ამპარტავნულმა სახემ კიდევ უფრო ბატონკაცური იერი მიიღო.

- კარგი და პატიოსანი, მაგრამ, ხომ იცით, მირჩევნია თვითონ მითხრან სხვებმა თავიანთი სათქმელი. ჭაბუკი ერთი-ორი ნაბიჯით წინ წამოდგა და ეშერსტს ცხვირში ეცა პატიოსანი შრომით გახურებული მისი სხეულის სუნი.

- აქ რისთვის გდიხარ?

- მე ასე მესიამოვნება.

- მერე აღარ გესიამოვნება, მაგ გოგრას რომ გაგიხეთქ!

- ჰოო? მერე და როდის ინებებთ მაგ საქმის ჩადენას? ჯომ მხოლოდ კიდევ უფრო ხმამაღალი ქშენით გასცა პასუხი, ოღონდ გავეშებული მოზვრის თვალებით კი ბურღავდა. შემდეგ თითქოს კრუნჩხვისებურმა რაღაცამ დაუმანჭა სახე.

- მეგენს სულაც არ უნდიხარ! შური, ეჭვიანობა, ზიზღი და რისხვა ერთად მოაწვა ყელში ეშერსტს იმ ზორზოხი, მქშინავი ტეტიისადმი და მოთმინების ფიალა აევსო – წამოხტა ზეზე და ფეხით უკან მიაგდო სკამი.

- მომწყდი თავიდან! და ამ სიტყვების თქმის უმალვე სახლის კარის ზღურბლზე თვალი მოჰკრა მეგენს, რომელსაც ხელში სპანიელის პაწია, წაბლისფერი ლეკვი ეჭირა. იგი მსწრაფლ მოეჭრა: – რა ლურჯი თვალები აქვს! – უთხრა მან. ჯო მიტრიალდა – კისერი პირდაპირ აჭარხლებული ჰქონდა სიბრაზისგან. ეშერსტმა თითი მიუტანა პირთან პაწია წაბლა ბაჭყატს. რა მყუდროდა გრძნობდა თავს იგი ქალწულის გულში ჩახუტებული!

- უკვე უყვარხარ. ეჰ, მეგენ, ყველას უყვარხარ შენ!

- რას გეუბნებოდათ ჯო, გეთაყვა?

- მეუბნებოდა, აქედან დაიკარგე, მეგენს არ უნდიხარო.

      ქალმა ფეხი გაჯავრებით დასცა ძირს და ეშერსტს მიაპყრო თვალები. თაყვანისცემის გამომხატველ ამ შეხედვაზე ყველა ნერვი აუთრთოლდა ჭაბუკს, თითქოს ფრთებშეტრუსულ ფარვანასთვის მოეკრას თვალი.

- ამაღამ არ დაგავიწყდეს! – წაულაპარაკა მან.

- არა! თან მიახუტა ლოყა ლეკვის პაწია, ბუთხუზა, წაბლისფერ სხეულს და კვლავ შინ შეცქრიალდა. ეშერსტი დაუყვა შუკას. მინდორში გასასვლელ კართან კოჭლს და მის ძროხებს წამოეწია.

- ჩინებული დღეა, ჯიმ!

- ოჰ, კარგი ამინდია ბალახისთვის. იფნები უფრო გვიან გაიფურჩქნება წელს, ვიდრე მუხები. "როცა მუხა დაასწრებს იფანს..."

      ეშერსტმა დაუდევრად ჩაურთო: – სად იდექით, ბოშას აჩრდილი რომ დაინახეთ, ჯიმ?

- ემაგ დიდი ვაშლის ქვეშ იქნებოდა, თითქოს.

- და მართლა გჯერათ, რომ ეგ მანდ იყო?

      კოჭლმა ცოტა ყოყმანით მიუგო: – ვერ გეტყვით, რომ დანამდვილებით იქ იყო. შეიძლება მომეჩვენა კიდეც.

- რატომ უნდა გამოჩენილიყო?

      კოჭლმა ხმას დაუწია: – ამბობენ, ძველი პატრონი, ნარაკუმი, ბოშების ჩამომავალიაო. მაგრამ ჭორია. უცნაური ხალხი კია, ხომ იცით, თავისიანს ძალიან ეჭიდებიან. შეიძლება, იცოდნენ, საიქიოს წასვლას აპირებდა და ამხანაგი გამოუგზავნეს თანამგზავრად. მე ასე მგონია.

- რანაირი იყო?

- სულ გაბანჯგვლული ჰქონდა სახე და ისე მოდიოდა, თითქოს ვიოლინო უჭირავსო. ამბობენ, მოჩვენებები არ არსებობენო, მაგრამ ამას კი თვალი მოვკარი, რომ ჩემს ძაღლს ბალანი აებურძგლა წყვდიად ღამეში, ოღონდ თვითონ მე ვერას ვარჩევდი.

- მთვარე იყო?

- დიახ, თითქმის სავსე, მაგრამ ის-ის იყო ამოანათა ოქროსფრად იმ ხეებს უკან.

- თქვენ განა გჯერათ, რომ მოჩვენება ავის მომასწავებელია?

      კოჭლმა ქუდი გადაიწია. მკვირცხლი თვალები უფრო დაკვირვებით დააშტერა ეშერსტს.

- ეგ ჩემი სალაპარაკო არ გახლავთ... მაგრამ უსიამოვნონი კი უნდა იყვნენ. ბეჯითად უნდა ვთქვათ, რომ ზოგი რამ ჩვენ არ გვესმის. ზოგი ხედავს რამეს, ზოგი კი ვერასოდეს ვერაფერს ამჩნევს. მაგალითად, ჯოს ცხვირწინ რომ დაუდო რამე, ვერც დაინახავს; ის სხვა ბიჭებიც ყეყეჩები არიან. მაგრამ ჩვენი მეგენი რომ დააყენო მათ ადგილას, ეგ იმასაც კი შეამჩნევს და, თუ არ ვცდები, მეტსაც!

- მეგენი უფრო მგრძნობიარეა და იმიტომ.

- ეგ რაღას უნდა ნიშნავდეს?

- ესე იგი, ის ყველაფერს კარგად გრძნობს.

- ოჰ! მაგას ძალიან მოსიყვარულე გული აქვს.

      ეშერსტმა იგრძნო, როგორ წამოუწითლდა ღაწვები და სათუთუნე ქისა გაუწოდა მოსაუბრეს.

- ჩიბუხს ხომ არ დაიტენით, ჯიმ?

- გმადლობ, ბატონო. მაგისთანა, მე მგონი, ასში ერთი თუ მოიძებნება.

- მეც აგრე მგონია, – მოკლედ მოუჭრა ეშერსტმა, თავი მოუკრა ქისას და გზა განაგრძო. "მოსიყვარულე გულიანიაო!" დიახ! და თვითონ რას სჩადიოდა? რა ზრახვები ჰქონდა გულში, როგორც იტყვიან, ამ მოსიყვარულე გულის მქონე გოგონას მიმართ? ეს ფიქრი აწვალებდა და უტრიალებდა თავში, როცა იგი ბაიებით გადაჭრელებულ მინდორში დახეტიალობდა, სადაც პატარა წითელი ბოჩოლები ძოვდნენ და მაღლა მერცხლები დანავარდობდნენ. დიახ, მუხები იფნებზე უფრო ადრე იფურჩქნებოდნენ – წაბლისფერ-ოქროსფერი დასდებოდათ უკვე; ყოველ ხეს სხვადასხვა იერი და ელფერი დაჰკრავდა. გუგულები და უამრავი სხვა ფრინველი ჟივჟივებდა და გალობდა; პაწია ნაკადულები კამკამებდნენ. ძველებს ხომ სჯეროდათ ოქროს ხანისა და ჰესპერიდების ბაღის ამბავი!.. სახელოზე დედა კრაზანა დააჯდა. ყოველი მოკლული დედა კრაზანა კრაზანების რიცხვის ორი ათასით შემცირებას მოასწავებდა და ვეღარ გაანადგურებდნენ ამ ბაღის კუკურებიდან დაზრდილ ვაშლებს. მაგრამ ამისთანა დღეს განა სიყვარულით გულსავსე რომელი ადამიანი გაიმეტებდა სასიკვდილოდ სულიერს? მინდორში წითელი მოზვერი ძოვდა. ეშერსტს ეჩვენა, რომ იგი ჯოს წააგავდა. მაგრამ მოზვერმა ყურიც არ გააბარტყუნა სტუმრის მოახლოებაზე – თვითონაც ეგებ ცოტა შეზარხოშებულიც იყო ფრინველთა ჭიკჭიკითა და მის მოკლე ფეხებს ქვეშ გაშლილი ოქროსფრად მობიბინე საძოვრის ხიბლით. ეშერსტმა მშვიდად გადაკვეთა მინდორი და მდინარის გაღმა სერის ფერდობს შეჰყვა. შეფერდებას კლდოვანი მწვერვალი აგვირგვინებდა. იქ მიწა მაჩიტას ყვავილებს დაეფარათ და ოციოდე მაჟალო ვაშლი მთლიანად აყვავებულიყო. ჭაბუკი ბალახში ჩაწვა. ბაიებით გაღაღანებული მინდვრისა და შეოქროსფერებული მუხების ხიბლის შეცვლამ ნაცრისფერი კლდის ქვეშ გადაშლილი ამ ჰაეროვანი სიმშვენიერით, ეშერსტი განაცვიფრა. გარდა წყლის ჩხრიალისა და გუგულების გუ-გუსი, სხვა არაფრით ემსგავსებოდნენ ერთმანეთს. იგი დიდხანს იწვა, უკვირდებოდა მზის გადასვლას, ვიდრე მაჟალო ვაშლების ჩრდილი არ დაადგა მაჩიტებს. გარშემო აქა-იქ მხოლოდ გარეული ფუტკარი ირეოდა. ჭაბუკი ცოტა შექანჯალებულიც გახლდათ, დილანდელ კოცნასა და ვაშლის ქვეშ ამღამინდელ პაემანზე რომ ფიქრობდა. ამისთანა ადგილას უეჭველად ფავნუსები და დრიადები ბუდობენ; იმ ხეებში მაჟალო ვაშლის ყვავილებივით ქათქათა ნიმფები იყვნენ შეფარებული; მათ გამხმარი ეწრის გვიმრასავით მიხაკისფერი, ყურებწაწვეტებული ფავნუსები ჩასაფრებოდნენ. როცა გამოეღვიძა ჯერ კიდევ ისმოდა გუგულების ხმა და წყლის ჩხრიალი, მაგრამ მზე კლდის მწვერვალს ამოჰფარებოდა; ფერდობზე აგრილებულიყო და კურდღლები გამოშლილიყვნენ. "ამაღამ"! – გაუელვა მას თავში. როგორც ყველაფერი ზევით მოიწევდა და ნიადაგიდან ამოხეთქილი იფურჩქნებოდა უხილავი ხელის ნაზი, მზრუნველი თითებით, ასევე იშლებოდა და იფურჩქნებოდა მისი გული და გრძნობანი. წამოდგა და მაჟალოს რტო მოტეხა. კუკურები მეგენს ჰგავდნენ – ნიჟარისებურნი, ვარდისფერნი, ველურნი, ქორფანი; და გაფურჩქვნილი ყვავილებიც ასევე – უმწიკვლონი, ქათქათები, უცხონი, ნაზები და გულის ამაჩუყებელნი იყვნენ. რტო ღილკილოში გაიკეთა და გაზაფხულის მთელი ვნებათა ღელვა ერთ ღრმა ამოოხვრაში გამოხატა. მაგრამ კურდღლები დაფრთხნენ და მოკურცხლეს.

VI

      თითქმის თერთმეტი საათი იქნებოდა იმ ღამეს, რომ ეშერსტმა ძირს დადო "ოდისეა", რომელიც ტყუილად ეჭირა ხელში ნახევარ საათს, და ეზოს გავლით ბაღში ჩავიდა. მთვარე, სულ ოქროსფერი, ის-ის იყო გადმომდგარიყო სერზე და კაშკაშა, მძლავრი მოდარაჯე სულივით იჭყიტებოდა ნახევრად შიშველი იფნების ტოტებში. ვაშლებქვეშ კვლავ ბნელოდა და ეშერსტი, გზის ასარჩევად, ფეხით სინჯავდა წამოქოჩრილ ბალახს. იქვე, მის ზურგს უკან, რაღაც შავი მასა შეინძრა მძიმე ღრუტუნით და სამი ვეება ღორი კვლავ მიწვა კედელთან, ერთმანეთის გვერდიგვერდ. ეშერსტმა ყური მიუგდო. სიო არ იძროდა, ოღონდ მდინარის მოსალბუნე ჩუხჩუხს, დილანდელთან შედარებით, ორჯერ უფრო მომატებოდა ხმა. რომელიღაც ფრინველი სულ ერთფეროვნად გაიძახოდა – "პიპ-პიპ", "პიპ-პიპ!" ძალიან შორიდან მოისმოდა თხაწოვიას ხმა და ბუს კივილი. ეშერსტმა ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა და კვლავ შეჩერდა – ირგვლივ უცბად ქათქათა შუქი დალანდა. ჩაშავებული, გარინდებული ხეების მთელი ნაზი, ბუნდად გამოსახული ყვავილები და კვირტები ჯადოსნურად გააცოცხლა ჩუმად ჩამოპარულმა მთვარის შუქმა. უცნაური გრძნობა დაეუფლა მათ დანახვაზე – თითქოს მილიონობით თეთრი ფარვანა თუ სული ფარფატებდა ჰაერში და ეშვებოდა ჩაბნელებულ ზეცასა და კიდევ უფრო ღრმა წყვდიადში გახვეულ დედამიწას შორის და შლიდნენ და კეცავდნენ თავიანთ ფრთებს სწორედ მისი თვალების სისწორეზე. ამ წუთის მომაჯადოებელ, თავბრუდამხვევ, გარინდებულ სიმშვენიერეში მას თითქმის გადაავიწყდა კიდეც, რატომ ჩამოვიდა ამ ბაღში. მოფარფატე ხიბლი, რომელიც სუფევდა მიწაზე მთელ დღეს, არც ღამეში წარხოცილიყო, ოღონდ მას სხვა, ახალი ფორმა მიეღო.

      ჭაბუკი მიიწევდა წინ მოლივლივე თეთრშუქმოფრქვეული ხეებისა და ტოტების ტევრში, ვიდრე დიდ ვაშლის ხეს არ მიაღწია. იგი წყვდიადშიც არ გამოეპარებოდა ვინმეს – ყველა სხვა ხეზე ორჯერ უფრო მაღალი და მსხვილი, გაშლილი მინდვრისა და მდინარისაკენ გადახრილიყო. მის ხშირ ტოტებქვეშ გაირინდა და კვლავ სმენად იქცა. სწორედ იგივე ხმები და ჩაძინებული ღორების ოდნავი ღრუტუნი თუ ისმოდა. ხელები მიადო ხის მშრალ, თითქმის თბილ ღეროს, რომლის ხეშეშმა, ხავსიანმა ზედაპირმა შეხებაზე თითქოს ნესტის სუნი გამოსცა. მოვა იგი? მოვა განა? და ამ მთრთოლვარე, გრძნებით მოსილ, მთვარით მოჯადოებულ ხეებში ათასნაირმა ეჭვმა შეიპყრო! ყველაფერი არაამქვეყნიური ჩანდა აქ, არამიწიერ შეყვარებულთა საფერი, საფერი მხოლოდ ღმერთისა და ღმერთქალისა, ფავნისა და ნიმფის და არა მისი და მისი სოფლელი გოგონასი. განა თითქმის ხსნა არ იქნება, რომ იგი სულაც არ მოვიდეს? მაგრამ მაინც სმენად იყო ქცეული. უცნობი ფრინველი კვლავ განაგრძობდა თავის "პიპ-პიპს", კალმახიანი ნაკადულის რაკრაკიც ძველებურად ისმოდა, ხეებში დატუსაღებული მთვარეც ისევ იჭყიტებოდა ტოტებში. მის თვალწინ გადაშლილ ყვავილებს თითქოს ყოველ წუთს უფრო და უფრო ემატებოდა სიცოცხლე და თითქოს თავიანთი უცნაური სილამაზით უფრო და უფრო ხდებოდნენ მისი მოუსვენარი მოლოდინის მონაწილენი. მოწყვიტა პატარა ყლორტი და ახლოს მიიტანა სახესთან – სამი ყვავილი ესხა. რა მკრეხელობაა ხეხილის ყვავილის მოწყვეტა – მოწყვეტა ნაზი, წმინდა, ქორფა ყვავილის – და გადაგდება! უცბად ყური მოჰკრა ბაღის კარის მიხურვის ხმას; ღორებიც შეჩოჩქოლდნენ და აღრუტუნდნენ. ჭაბუკი აეკრა ხის ღეროს, შემოაჭდო ხელები მის ხავსიან გვერდებს თავის ზურგს უკან და გაირინდა. ქალწული ისე უჩუმრად, უხმაუროდ მოგოგმანებდა ხეებში, აჩრდილი გეგონებოდათ! შემდეგ სულ ახლოს მოჰკრა მას თვალი – ქალის მუქი ფიგურა თითქოს მოზარდი ხის ღეროს შეერწყა, ხოლო მისი ქათქათა სახე – ხის ყვავილებს! წყნარად იდგა და დაკვირვებით იცქირებოდა მისკენ. ყმაწვილმა წაიჩურჩულა: "მეგენ!" და გაიწოდა ხელები. ქალმა პირდაპირ მის მკერდს მოაშურა. როცა ეშერსტმა მისი გულის ფეთქვა იგრძნო გულთან, უკვე სრულად განიცადა რაინდული გრძნობა და ვნებათა ღელვის მთელი სიძლიერე. ვინაიდან იგი მის წრეს არ ეკუთვნოდა, რაკი იგი ასე ალალი, გულუბრყვილო, ქორფა, წინდაუხედავი, თავდავიწყებით შეყვარებული და უმწეო იყო, როგორ შეიძლებოდა მისი მფარველობა არ ეკისრა ამ სიბნელეში? ვინაიდან იგი მთლიანად თვით ბუნების უბრალოებასა და სილამაზეს განასახიერებდა. იგი ისევე გახლდათ ნაწილი ამ გაზაფხულის ღამისა, როგორც ეს გაცოცხლებული ყვავილები და როგორ შეეძლო მას, ეშერსტს, არ მიეღო მისგან ყოველივე ის, რასაც იგი სთავაზობდა; როგორ არ უნდა შეევსო და განესრულებინა გაზაფხული მის და თავის საკუთარ გულშიც? და ამ ორი გრძნობის ჭიდილში მაგრად ჩაიკრა მკერდში ქალი და თმაზე ეამბორა. რა ხანს იდგნენ ასე გარინდებულნი, ეშერსტმა არ უწყოდა. მდინარე განაგრძობდა რაკრაკს, ბუები – კივილს, მთვარე კვლავ იჭყიტებოდა ხეებში და უფრო და უფრო ემატებოდა სიქათქათე; მათ ირგვლივ და თავზე ყველგან ყვავილები ფეთქავდნენ საოცარი იდუმალი სილამაზით გასხივოსნებულნი. ქალ-ვაჟის ბაგეებმა თვითონვე მონახეს ერთმანეთი – კრინტი არ დაუძრავთ. რაწამს დაილაპარაკებდნენ, მთელი ხიბლიც გაქრებოდა! გაზაფხულს მეტყველი ენა არ გააჩნია, მხოლოდ შარიშური და ჩურჩული იცის. გაზაფხულის ენა გაფურჩქვნილი ყვავილები და ქორფა ფოთლებია, ნაკადულთა ჩუხჩუხი და ტკბილი, მოუსვენარი ლტოლვა-ძიება! და ხანდახან გაზაფხული თვალნათლივ ცხადდება და ვითარცა იდუმალი მოწმე, დგას მიჯნურებზე ხელებშემოხვეული; დაუდევს მათთვის თავისი ჯადოსნური თითები ისე, რომ ბაგე-ბაგეს შეწებებულთ კოცნის გარდა ყველაფერი და ყოველივე ავიწყდებათ. ვიდრე ქალწულის გული მის გულთან ფეთქავდა და ბაგეები მის ბაგეებზე თრთოდნენ, ეშერსტი უბრალო თავდავიწყების გარდა სხვას არასა გრძნობდა – ბედისწერამ განუწესა მის მკლავებში ადგილი ამ ქალწულს და სიყვარულის აბუჩად აგდება არა ჯერ არს! მაგრამ ბაგენი რომ გაშორიშორდნენ სულის მოსათქმელად, კვლავ მყის თავი იჩინა გრძნობათა გაორებამ. ოღონდ ვნებათა ღელვამ კი ახლა უფრო იმძლავრა და მან ამოიოხრა: – ოჰ, მეგენ, რატომ მოხვედი? ქალმა წყენითა და განცვიფრებით მიაპყრო თვალები: – ბატონო, თქვენ ხომ მითხარით მოდითო?

- ნუ მეძახი, "ბატონს", ჩემო ლამაზო!

- მაშ რა უნდა გიწოდოთ?

- ფრენკი.

- არ შემიძლია, ოჰ, არა, არ შემიძლია!..

- მაგრამ ხომ გიყვარვარ... განა არ გიყვარვარ?

- მე არც შემიძლია, არ მიყვარდეთ. მე მინდა, სულ თქვენთან ვიყო... ეგ არის და ეგ!..

- ეგ არის და ეგ?

      ჩუმად, ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა ქალმა.

- მე მოვკვდები, თუ თქვენთან არ ვიქნები.

      ეშერსტმა ღრმად მოითქვა სული.

- მაშ მოდი და სულ იყავი ჩემთან!

- ოჰ!

      ამ "ოჰ"-ში გამოხატული ძრწოლისა და გაოგნებისგან გაბრუებულმა ყმაწვილმა კვლავ განაგრძო ჩურჩულით: – ჩვენ ლონდონს წავალთ. ქვეყანას გაჩვენებ. და პირობას გაძლევ, მოგივლი, მეგენ. არასოდეს არ გაწყენინებ!

- ოღონდ თქვენთან მამყოფა... ეგ არის და ეგ! ჭაბუკმა თმაზე გადაუსვა ხელი და ჩაუჩურჩულა: – ხვალ ტორკის წავალ, ცოტა ფულს ვიშოვი, რამე კაბას გიყიდი, რომ ძალიან გამოსარჩევი არ იყოს, და მერე გავიპაროთ. როცა ლონდონს ჩავალთ, მალევე, თუ მართლაც ძალიან გიყვარვარ, ვიქორწინებთ კიდეც. ეშერსტმა იგრძნო, როგორ შეირხა მისი თმა თავის გაქნევასთან ერთად.

- ოჰ არა! ეგ არ შემიძლია. მე მარტო თქვენთან ყოფნა მინდა! საკუთარი რაინდობით გაბრუებული ეშერსტი ბუტბუტს განაგრძობდა: – შენ კი არა, მე არ ვარ შენი ღირსი. ოჰ, მეგენ, როდის შეგიყვარდი?

- როცა გზაში დაგინახეთ და თქვენ შემომხედეთ. პირველივე ღამეს შემიყვარდით, მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ თქვენც დაგჭირდებოდით. იგი უცბად დაეშვა მუხლებზე და სცადა ფეხებზე მთხვეოდა ყმაწვილს. თავზარდაცემულ ეშერსტს მთელ ტანში გააჟრჟოლა. მან წამოაყენა ქალი და მაგრად ჩაიკრა გულში – ისე სახტად დარჩა, რომ კრინტის დაძვრა ვერ მოახერხა. ქალმა წაიჩურჩულა: – რატომ არ დამანებეთ?

- მე თვითონ მმართებს შენი ფეხების ამბორი!

      მისმა ღიმილმა ცრემლი მოჰგვარა ჭაბუკს. ქალის ახლო მოტანილ, მთვარის შუქით გაქათქათებულ სახესა და გაპობილ ბაგეთა ნაზ ვარდისფერს ვაშლის ყვავილის არაამქვეყნიური სინატიფის განსულიერებული იერი დაჰკრავდა. ანაზდად ქალს თვალები გაუფართოვდა. ზარდაცემული შორს მიაშტერდა. დაუსხლტა მკლავებიდან ვაჟს და წაიჩურჩულა: – შეხედეთ! ეშერსტმა გარდა მოკამკამე მდინარისა, ოდნავ მოოქროვარაყებულ კურდღლისცოცხას ბუჩქებისა, ალაპლაპებული წიფლებისა და მათ უკან ბუნდ მთვარის შუქში გახვეული სერებისა სხვა ვერაფერი დაინახა. უკნიდან ქალის გულშემზარავი ჩურჩული მოესმა: – ბოშას აჩრდილი!

- სად?

- აი, აქ... ლოდთან... ხეების ძირში!..

      გაცხარებული ეშერსტი გადაევლო ნაკადულს და პირდაპირ წიფლების კორომს მიაშურა. მხოლოდ მთვარის შუქის ოინი იყო და მეტი არაფერი! აქეთ-იქით ეცა ლოდებსა და კუნელის ბუჩქებს; ბურტყუნით, წყევლით და თან ცოტა შიშნეულად დაძრწოდა და დაბორძიკობდა. სისულელე! სიტუტუცე! – არაფერი არ ჩანდა. უკან მობრუნდა ვაშლთან, მაგრამ მეგენი იქ აღარ დახვდა. მხოლოდ შარიშურის, ღორების ღრუტუნისა და ბაღის კარის დაკეტვის ხმასღა მოჰკრა ყური. მის ნაცვლად მარტო ეს ბებერი ვაშლის ხე იდგა! ჭაბუკმა მკლავები შემოაჭდო მის ღეროს. სატრფოს ნაზი სხეულის ნაცვლად შიშველი ხე! ქალის ნაზი ღაწვის მაგივრად უხეში ხავსის ლამუნი ლოყაზე! მხოლოდ თითქოს ტყის სურნელი თუ მიემსგავსებოდა ცოტათი მისას! და თავზე და ირგვლივ კიდევ უფრო ქორფა, აფოფინებული, მთვარის შუქით კიდევ უფრო გაქათქათებული ყვავილები თითქოს კაშკაშებდნენ და სუნთქავდნენ.

*გაგრძელება*

ნახვა: 4575

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters