ფრანსუა რენე შატობრიანი

მოთხრობები

რენე

      რენე რომ ნატჩესებთან მივიდა, ინგლისელების ზნე-ჩვეულებების თანახმად, იძულებული გახდა ცოლი შეერთო, მაგრამ მასთან არ უცხოვრია. სევდით შეპყრობილ რენეს ტყე იზიდავდა, მთელ დღეებს იქ ატარებდა მარტოობაში და ველურთა შორის ველური ჩანდა. მხოლოდ თავის მამობილს შაქტასსა და ციხე როზალის მისიონერს, მამა სუელს ხვდებოდა. სხვებთან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა. მხოლოდ ამ ორმა მოხუცმა მოინადირა მისი გული. პირველმა ალერსიანი, ამყოლი ხასიათით, მეორემ - პირიქით, უკიდურესი სიმკაცრით. წავზე ნადირობის შემდეგ, როდესაც ბრმა საშემმა რენეს თავის თავგადასავალი უამბო, რენემ აღარ ისურვა თავის წარსულზე ეთქვა რაიმე. შაქტასი და მისიონერი კი ძალიან მონდომებული იყვნენ გაეგოთ თუ რა უბედურმა შემთხვევამ მიიყვანა ეს კეთილშობილი ევროპელი ამ უცნაურ გადაწყვეტილებამდე - ლუიზიანის უდაბნოში გადმოკარგულიყო. რენე არწმუნებდა, ჩემი ამბავი მაინცდამაინც საინტერესო არ არისო, ის ჩემს ფიქრებსა და გრძნობებს ეხებაო. - სამუდამო დავიწყებას უნდა მივცე შემთხვევა, რამაც ამერიკაში ჩამოსვლა მაიძულა,- დაუმატებდა ხოლმე. რამდენიმე წელმა განვლო და მოხუცებმა მისი საიდუმლოების გაგება ვერ მოახერხეს. უცხოეთის მისიების ბიუროს საშუალებით ევროპიდან მიღებულმა წერილმა იმდენად გაუორკეცა რენეს მწუხარება, რომ თავის მოხუც მეგობრებსაც გაურბოდა. ისინი კი უფრო მეტი გულმოდგინებით ცდილობდნენ რენეს მათთვის გული გადაეშალა. მთელი თავისი გავლენა გამოიყენეს, ისეთი მოკრძალებითა და სინაზით მიუდგნენ, რომ რენე დაითანხმეს. დანიშნეს დღე, თუ როდის ეამბნა რენეს არა თავისი თავგადასავალი, რადგან მას არაფერი ღირსშესანიშნავი არ შემთხვევია, არამედ თავისი სულიერი განცდები. იმ თვის ოცდაერთს, რომელსაც ველურები ყვავილთა მთვარეს ეძახიან, რენე შაქტასის ქოხში მივიდა. საშემს ხელი მოჰკიდა და დაფნის ხის ქვეშ, მდინარე მეშასებეს ნაპირთან მიიყვანა. მამა სუელიც დაუგვიანებლად გამოცხადდა პაემანზე. რიჟრაჟი იწყებოდა. ცოტა მოშორებით, ვაკეში, თუთის ხეების ჭალაში მოჩანდა ნატჩესების სოფელი ფუტკრის სკების მსგავსი ქოხებით. ფრანგთა ახალშენი და როზალის ციხე მარჯვნივ იყო, მდინარის ნაპირას. კარვები, ნახევრად აშენებული სახლები, დაწყებული მშენებლობა სიმაგრეებისა, ზანგებით მოფენილი, დახნული ყამირი, ინდიელთა და თეთრკანიანთა ჯგუფები ამ პატარა ფართობზე კულტურულ და ველურ ხალხთა ზნე-ჩვეულებების კონტრასტს წარმოადგენდნენ. აღმოსავლეთისკენ ცის ტატნობზე მზე ამოდიოდა აპალაჩის მთების მიმოფანტულ მწვერვალებიდან, რომლებიც ცის მოოქრულ მაღალ თაღზე ანბანის ლაჟვარდ ასოებსავით მოჩანდნენ. დასავლეთით საუცხოო დუმილში მეშასებე ტალღებს მიაგორებდა და მიუწვდომელი სიდიადით სურათს არშიად ევლებოდა. ახალგაზრდა კაცი და მისიონერი ამ მშვენიერი სანახაობით სტკბებოდნენ ცოტა ხანს, თან ამ სიამოვნებას მოკლებული საშემი ებრალებოდათ. მერე სუელი და შაქტასი ხის ძირში დასხდნენ მოლზე, რენე მათ შორის მოეწყო და მცირე დუმილის შემდეგ მოხუც მეგობრებს ეს უამბო: „ჩემს ამბავს რომ ვიწყებ, სირცხვილის გრძნობა მიპყრობს. დარბაისელნო მოხუცნო, ჩემი სულის შეშფოთება და მღელვარება მაწითლებს, თქვენი გულის სიმშვიდისა და ჩემს გარშემო გამეფებულ სიწყნარეს რომ ვხედავ. „როგორ შეგებრალებით! ჩემი დაუსრულებელი მოუსვენრობა რა უბადრუკად მოგეჩვენებათ! რას იფიქრებთ თქვენ - ცხოვრებაში ყოველგვარი მწუხარების მნახველნი - ძალაგამოლეულ, სათნოებას მოკლებულ ახალგაზრდაზე, რომელიც სატანჯველს თავის არსებაში პოულობს და ის უბედურება აწუხებს, რაც თავისთავს თვითონვე მიაყენა? ეჰ! ნუ დაძრახავთ, ის საკმაოდ დასჯილია. „ჩემი ქვეყნად გაჩენა დედაჩემს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დედის მუცლიდან რკინით გამომიღეს. მყავდა ძმა, რომელიც მამაჩემმა დალოცა, როგორც თავის პირმშო, მე კი ბავშობიდანვე სხვის ოჯახში გამაბარა. მამის კერას მოშორებული აღვიზარდე. „შფოთიანი დაუდგრომელი ხასიათისა ვიყავი. ხან ვხმაურობდი, ხან ვმხიარულობდი, ხან დავწყნარდებოდი, მოვიწყენდი. ირგვლივ ჩემს ტოლ ამხანაგებს შემოვიკრებდი. მერე მათ უეცრად გავეცლებოდი, განმარტოებით ვჯდებოდი, რათა ღრუბლების მოძრაობისთვის მეცქირა, ან ფოთლებზე წვიმის შხაპუნისთვის დამეგდო ყური. „ყოველ შემოდგომაზე მამის ციხე-დარბაზში ვბრუნდებოდი, რომელიც ერთ შორეულ პროვინციაში მდებარეობდა, შუაგულ ტყეში, ტბის მახლობლად. მამაჩემთან მოკრძალებული, თავდაჭერილი ვიყავი. სიხარულსა და კმაყოფილებას მხოლოდ ჩემი დის, ამელის, სიახლოვე მანიჭებდა. დასთან მჭიდროდ მაკავშირებდა ის გარემოება, რომ ჩვენი ხასიათი და გემოვნება საამურად შეთანხმებული იყო. ამელი ჩემზე ცოტათი იყო უფროსი. გვიყვარდა ბორცვებზე ერთად არბენა, ტბაზე ნავით სეირნობა, ტყეში ხეტიალი, როდესაც ხეებს ფოთლები სცვიოდა. ახლაც სიამით ავსებს ჩემს სულს ამ სეირნობის მოგონება. ეჰ! ბავშვობის და სამშობლოს ზმანებავ. არასოდეს ჰკარგავთ თქვენს სიტკბოებას! „ხან ჩუმად დავდიოდი და ყურს ვუგდებდით შემოდგომის ყრუ ხმაურს, ხმელ ფოთოლთა შრიალს, ფეხქვეშ რომ ვთელავდით. უმანკო თამაშობაში გართულნი ხან ველზე მერცხალს დავდევდით, ხან წვიმაში ბორცვებზე ცისარტყელას გამოვუდგებოდით, ხან ბუნების მშვენიერებით შთაგონებულ ლექსებს ვბუტბუტებდით. სიყმაწვილეში ლექსებს ვწერდი. რა შეედრება თექვსმეტი წლის ჭაბუკის გულის პოეტურობასა და ვნებათა სიხალისეს. ცხოვრების გარიჟრაჟი ნათელი, სახოვანი და ჰარმონიულია. „კვირა და უქმე დღეებში ტყეში, ხეებს შორის ხშირად მესმოდა შორეული ზარების რეკვა, რომელიც მიწის მუშას ტაძრისკენ უხმობდა. თელის ხეს მიყრდნობილი ჩუმად ყურს ვუგდებდი მოკრძალებულ გუგუნს. ზარის ყოველი თრთოლვა ჩემს გულუბრყვილო სულს ავსებდა სოფლის ზნე-ჩვეულებათა უმანკოებით, მარტოობის სიმშვიდით, სარწმუნოების მომხიბვლელობითა და ჩემი ბავშვობის პირველი წლების მოგონებათა დამატკბობელი სევდით. ოჰ, ვისი გული, რა ცუდიც არ უნდა იყოს, არ აძგერებულა სამშობლო კუთხის ზარების ხმის გაგონებაზე, ზარების, რომლებიც სიხარულით თრთოდნენ მის აკვანზე და რომლებმაც ამცნეს ქვეყანას მისი გაჩენა, აღნიშნეს მისი პირველი გულისცემა, აუწყეს გარშემო ყველას მამის ზეიმი, დედის ტანჯვა და კიდევ უფრო გამოუთქმელი სიხარული! ყველაფერია იმ ჯადოქრულ ოცნებაში, საითკენაც მშობლიური ზარის გუგუნი გვიტაცებს: სარწმუნოება, ოჯახი, სამშობლო, აკვანი და საფლავი, წარსული და მომავალი. „ამ მძიმე და ნაზი ფიქრებით ყველაზე უფრო მე და ამელი ვტკბებოდით, რადგან ჩვენ, ორივეს, პატარა სევდა გვქონდა გულის სიღრმეში, ეს ჩვენ, ალბათ, ან ღვთისგან ან დედისგან დაგვყვა. „მამაჩემი ავად გახდა და რამდენიმე დღეში სიცოცხლეს გამოესალმა, ჩემს ხელში დალია სული. და მე სიკვდილი იმის ბაგეზე გავიცან, ვინც სიცოცხლე მომანიჭა. მამის გარდაცვალებამ ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მას დღესაც ცხოვლად ვგრძნობ. მაშინ პირველად ვიგრძენი სულის უკვდავება. ვერ წარმომედგინა, რომ აზრის შემოქმედი ჩემში ეს უსულო გვამი იყო. ვიგრძენი, რომ ის ჩემში სხვა წყაროდან უნდა წამომდგარიყო. სიხარულის მსგავსი, წმინდა სევდით შეპყრობილი იმედით ავივსე, რომ ერთ დღეს მამაჩემის სულს შევუერთდებოდი. „ეს მაღალი აზრი სხვა საოცარმა მოვლენამაც დამიდასტურა. მამის სახემ რაღაც დიადი იერი მიიღო. ნუთუ ეს საოცარი საიდუმლოება ჩვენი უკვდავების ნიშანი არ არის? ნუთუ ყოვლის მცოდნე სიკვდილი თავის მსხვერპლის შუბლზე სხვა სამყაროს ამოცანას არ აღბეჭდავს ხოლმე? ნუთუ საფლავში უკვდავების დიდი ხილვა არ ხდება? „მწუხარებით შეპყრობილი ამელი კოშკში ჩაიკეტა, სადაც მას გოთიკურ თაღებქვეშ ესმოდა მღვდელების სულთათანა და ზარის სამგლოვიარო რეკვა. „უკანასკნელ თავშესაფრამდე მივაცილე მამაჩემი. მისი ნეშტი მიწამ გულში ჩაიკრა. მთელი სიმძიმით დააწვა თავზე მარადისობა და მივიწყება. საღამომაც კი გულგრილად ჩაუარა მამის სამარეს. თითქოს მას არასოდეს არ ეცხოვროს. ჩვენ გარდა, ცხოვრება ყველასათვის თავის კალაპოტში ჩადგა. თითქოს მამაჩემი არასოდეს არ არსებულიყო. „უნდა გავცლოდი მამის სახლ-კარს, რომელიც მემკვიდრეობით ჩემმა ძმამ ჩაიბარა. მე და ამელი ჩვენს მოხუც ნათესავებთან გადავედით. „ცხოვრების მაცთურ გზებს მივადექი. ვფიქრობდი, თუ რომელ გზას დავდგომოდი, მაგრამ ვერც ერთი ვერ ამომერჩია. ამელი ხშირად მესაუბრებოდა მონასტრის ცხოვრების ბედნიერებაზე. მეუბნებოდა ამ ქვეყანას მხოლოდ შენ მაკავშირებო, და სევდიან თვალებს მომაპყრობდა ხოლმე. „ამ სათნო საუბრით აღელვებული ხშირად გავწევდი მონასტრისაკენ, რომელიც ჩემი ახალი ბინის მახლობლად მდებარეობდა. ერთხელ კინაღამ გადავწყვიტე იქ ჩავკეტილიყავი. ბედნიერია ის, ვინც მგზავრობა ნავსადგურიდან გაუსვლელად დაასრულა და უსარგებლო დღეები ჩემსავით დედამიწაზე ხეტიალში არ გაუტარებია. „მუდამ მოუსვენარი ევროპელები იძულებულნი არიან განმარტოება ეძიონ. რამდენადაც უფრო მოუცავს ჩვენი გული შფოთვა-მღელვარებას, იმდენად უფრო გვიზიდავს წყნარი და მშვიდი ცხოვრება. ჩემს ქვეყანაში უბედურთა და სუსტთათვის გახსნილ ხანაგებს ხშირად ხეობებში მალავენ, ეს უბედურების სიმწვავეს ანელებს და თავის შეფარების იმედს იძლევა. სავანეებს ხშირად მთა ადგილებშიც შეხვდებით, სადაც ღვთისმოშიში სული მთის მცენარესავით თითქოს ცისკენ ისწრაფვის, რათა იქ თავისი სურნელება მოაფრქვიოს. „ახლაც თვალწინ მიდგას ის ძველი მონასტერი, გარემოცული დიდებული ტყითა და მდინარეებით, სადაც ვფიქრობდი ბედუკუღმართობისაგან თავი დამეფარა. თითქოს ახლაც დავეხეტები საღამო ჟამს ამ განმარტოებულ და მოგუგუნე კედლებს შორის. როდესაც მთვარე თაღების სვეტებს სანახევროდ გააშუქებდა და მათი ჩრდილი პირდაპირ კედელზე იხატებოდა, შევჩერდებოდი და ვუმზერდი ჯვარს, რომელიც სიკვდილის სამფლობელოს აღნიშნავდა, ვუმზერდი აგრეთვე სამარის ლოდებშუა ამოსულ მაღალ ბალახს, ოჰ, ადამიანებო რომელთაც საზოგადოების გარეშე გიცხოვრიათ და ცხოვრების სიმშვიდიდან სიკვდილის სიმშვიდეში გადასულხართ, რა ზიზღით არ ავსებდნენ ამ ქვეყნისადმი ჩემს გულს თქვენი საფლავები! „არ ვიცი იმის გამო, რომ დაუდგრომელი ხასიათი დამყვა, თუ მონასტრის ცხოვრება წინასწარვე ავითვალწუნე, განზრახვა შევიცვალე და მოგზაურობა გადავწყვიტე. დას გამოვემშვიდობე, მას თითქოს ჩვენი განშორება გაუხარდაო, სიხარულით ჩამიკრა გულში. უნებურად გავიფიქრე: რა წამალია მეგობრობა-მეთქი. „აღგზნებული მარტოდმარტო გადავეშვი ცხოვრების მშფოთვარე ოკეანეში, რომლის არც ნავსადგურებისა, არც მეჩეჩისა არაფერი ვიცოდი. ჯერ ვეწვიე იმ ხალხებს, რომლებიც აღარ არსებობდნენ: ვიჯექი რომისა და საბერძნეთის ნანგრევებზე, ვინახულე იშვიათი წარსულის ქვეყანა, სადაც სასახლეები მტვერშია ჩამარხული და მეფეთა მავზოლეუმი მაყვალნარს დაუფარავს - ბუნების სიძლიერე და ადამიანის სისუსტე. ხშირად ბალახის ღერი ხვრეტს ამ საფლავების უმაგრეს მარმარილოს, რომელსაც ეს მიცვალებულნი, ოდესღაც ესოდენ ძლიერნი, ვერასოდეს ვერ ასწევენ. „ზოგჯერ უდაბნოში განმარტოებით გამოჩნდებოდა მაღალი სვეტი, მსგავსად დიდი ფიქრისა, რომელიც ხანდახან დროისა და უბედურებით გატიალებულ სულში აღიმართება ხოლმე. „ყოველთვის და ყველგან ამ ძეგლებზე ვფიქრობდი. ხანდახან იგივე მზე, რომელიც ამ ქალაქების საძირკველის ჩაყრის მოწმე ყოფილა, ჩემს თვალწინ დიდებულად ეშვებოდა მათ ნანგრევებზე. ხან ორ გატეხილ ფერფლიან ლარნაკს შუა, მოწმენდილ ცაზე მთვარე ამოდიოდა და ფერდაკარგულ აკლდამებს მიაშუქებდა, ხშირად ამ ოცნების აღმძვრელი მნათობის სხივები თითქოს ჩემ გვერდით მჯდომ, ჩაფიქრებულ მოგონებათა სულს ანთებდნენ. „მაგრამ კუბოების ჩხრეკამ დამღალა, იქ უფრო ხშირად ცოდვილ მტვერს ვქექავდი. „გადავწყვიტე გამეგო, შემომთავაზებდნენ თუ არა ამჟამად არსებული ერები უფრო მეტ სათნოებასა და ნაკლებ უბედურებას, ვიდრე გარდასული ხალხი? ერთხელ, როდესაც დიდ ქალაქში სეირნობის დროს, სასახლის უკან ჩავიარე, განცალკევებულ, მიტოვებულ ეზოში შევნიშნე ქანდაკება, რომელსაც თითი მსხვერპლით ცნობილი ადგილისაკენ გაეშვირა. ამ მიდამოს მდუმარებამ გამაოცა. ამ ტრაგიკული მარმარილოს გარშემო მხოლოდ ქარის კვნესა ისმოდა. მუშები ქანდაკების კვარცხლბეკთან გულგრილად იწვნენ, ან ქვებს თლიდნენ, თან უსტვენდნენ. შევეკითხე, ეს ძეგლი რას აღნიშნავს-მეთქი. ზოგმა ძლივს შეძლო პასუხის მოცემა, სხვებმა კი არაფერი იცოდნენ ამ კატასტროფისა, რასაც ეს ქანდაკება გამოხატავდა. არაფერს მოუცია ჩემთვის ამაზე სუსტი საზომი ჩვენი ცხოვრების მოვლენებისა და თვით ჩვენი არსებობისა. რა მოუვიდა იმ პირებს, რომლებმაც ამდენი აურზაური ასტეხეს? დრომ ნაბიჯი გადადგა და დედამიწის პირი შეიცვალა. „ჩემი მოგზაურობის დროს განსაკუთებით დავეძებდი ხელოვანთ, ღვთაებრივ ადამიანებს, რომლებიც ქნარზე ღმერთს ადიდებდნენ და იმ ხალხთა ნეტარებას უმღერიან, რომელნიც კანონებს, სარწმუნოებასა და საფლავებს პატივსა სცემენ. „ეს მგალობელნი ღვთაებრივი წარმოშობისა არიან, მათ აქვთ ის ერთადერთი უდავო ნიჭი, რომლითაც ცას დედამიწა დაუჯილდოვებია. მათი ცხოვრება ერთი და იმავე დროს გულუბრყვილოცაა და დიადიც. ისინი ოქროს პირით ადიდებენ ღმერთს და მეტად უბრალო ადამიანები არიან. საუბრობენ, როგორც უკვდავნი, ან როგორც პატარა ბავშვები. ისინი სამყაროს კანონებს ხსნიან და ცხოვრების მეტად უბრალო საქმის გაგება კი არ შეუძლიათ. საუცხოო წარმოდგენა აქვთ სიკვდილზე, მაგრამ მას ვერც კი ამჩნევენ, ისე კვდებიან ახალშობილივით. „კალედონიის მთებში უკანასკნელმა ბარდმა, რომლისთვისაც ამ უდაბნოებში მოუსმენიათ, მიმღერა პოემები. გმირი ოდესღაც ამ პოემებში პოულობდა თავისი სიბერის ნუგეშს. ხავსით დაფარულ ოთხ ქვაზე ვიჯექით: ჩვენს ფეხებთან ნაკადული მირაკრაკებდა. რამდენიმე ნაბიჯზე კოშკის ნანგრევებში შველი ძოვდა. კონაის ველის ბუჩქნარს ზღვის ქარი დასტვენდა. ახლა ქრისტიანულმა სარწმუნოებამ, რომელიც თვით მაღალი მთების ასულია, მორვენის გმირთა ძეგლებზე აღმართა ჯვრები და დავითის ქნარს შეეხო იმავე ნაკადულის ნაპირზე, სადაც ოსიანი თავის ქნარს აკვნესებდა. ეს რელიგია, იმდენად მშვიდობიანი, რამდენადაც სელმის ღვთაებანი მებრძოლნი იყვნენ, მწყემსავთ თავის ფარას იქ, სადაც ფინგალი ბრძოლებს მართავდა, მან მშვიდობიანობის ანგელოზები მოჰფინა იმ ღრუბლებში, სადაც ადამიანთა ამომჟლეტი აჩრდილები ბუდობდნენ. „ძველმა და მომღიმარმა იტალიამ შედევრების ლაშქარი დამახვედრა. როგორი წმინდა და პოეტური შიშით შეპყრობილი დავეხეტებოდი ამ უზარმაზარ შენობებში, რომლებიც ხელოვნებამ სარწმუნოებას მიუძღვნა. რა ლაბირინთია სვეტებისა, რა თანამიმდევრობა კამარა-თაღებისა, რა მშვენიერი ხმაურობა ისმის გუმბათების გარშემო, ის გვაგონებს ოკეანის ტალღების გუგუნს, ქარის შრიალს ტყეში, ან ღვთის ხმას ტაძარში. არქიტექტორმა, ასე ვთქვათ, პოეტის იდეებს ხორცი შეასხა, გრძნობათათვის მისაწვდომი გახადა. „მაგრამ რა შევისწავლე ამ ხნის განმავლობაში? ვერაფერი გარკვეული ძველთაგანვე მშვენიერი თანამედროვეთაგან. წარსული და აწმყო ორი დაუსრულებელი ქანდაკებაა: ერთი სრულიად დამახინჯებული იქნა ამოღებული საუკუნეთა ნანგრევებიდან, მეორეს ჯერ კიდევ არ მიუღია მომავლის სრულყოფილი სახე. „ჩემო მოხუცო მეგობრებო, შეიძლება, თქვენ, უდაბნოს მცხოვრებთ, განსაკუთრებით გიკვირთ, რომ ჩემი მოგზაურობის ამბავში არც ერთხელ არ მიხსენებია ბუნების შესანიშნავი ძეგლები. „ერთ დღეს ვულკან ეტნის მწვერვალზე ავედი: ესაა ვულკანი, რომელიც კუნძულის შუაგულშია ამართული. უსაზღვრო ცის ჰორიზონტზე, ჩემს ქვემოთ მზე ამოდიოდა. სიცილია ჩემს ფეხქვეშ წერტილის ოდენა ჩანდა, თვალუწვდენელ სივრცეზე კი ზღვა გადაშლილიყო. ამ სურათს მაღლიდან რომ დავცქეროდი, მდინარეები რუკაზე აღნიშნულ გეოგრაფიულ ხაზებად მეჩვენებოდა. მაგრამ, თუ ერთი მხრით, ჩემი თვალი ამ საგნებს სწვდებოდა, მეორე მხრით, ეტნის კრატერში ვიცქირებოდი და მის ანთებულ შიგნეულს შავი ორთქლის ბოლქვებში ვარჩევდი. „ვულკანის პირთან მჯდომი, ვნებით შეპყრობილი ახალგაზრდა, მომაკვდავთა ბედზე მტირალი, რომელთა ბინებს სადღაც ქვემოთ ძლივს ხედავდა, რასაკვირველია, მხოლოდ თქვენი სიბრალულის ღირსია, მოხუცნო, მაგრამ რენეზე რაც უნდა იფიქროთ, ეს სურათი სრულ წარმოდგენას გაძლევთ მის ხასიათსა და ცხოვრებაზე: მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ასე თვალწინ მედგა ქმნილება ერთსა და იმავე დროს უზარმაზარი და მოუხელთებელი, იქვე ჩემ გვერდით კი პირდაღებული უფსკრული“. უკანასკნელი სიტყვები რომ წარმოსთქვა, რენე დადუმდა და ფიქრს მიეცა. მამა სუელი გაკვირვებით შესცქეროდა; მოხუც ბრმა საშეს კი, რომელსაც ახალგაზრდა კაცის ლაპარაკი აღარ ესმოდა, არ იცოდა, რით აეხსნა ეს სიჩუმე. რენეს თვალები ვაკეში მხიარულად მიმავალ ინდიელთა ჯგუფისთვის მიეპყრო. მისმა სახემ ანაზდად ნაზი გამომეტყველება მიიღო, თვალთაგან ცრემლები წამოსცვივდა და წამოიძახა: „ბედნიერო ველურნო! ოჰ! რატომ მეც არ შემიძლია დავტკბე ამ სიმშვიდით, რომელიც თქვენი განუყრელი თანამგზავრია! იმ დროს, როდესაც ასე უსარგებლოდ ამდენი ქვეყანა შემოვიარე, თქვენ მუხებქვეშ მშვიდად მსხდომნი, ყურადღებას არც კი აქცევდით, როგორ ილეოდნენ თავის ნებაზე მიშვებული დღეები. „თქვენი გონება მხოლოდ თქვენს საკუთარ საჭიროებაზე ფიქრით ისაზღვრებოდა, და სიბრძნეს ბავშვივით უფრო სწვდებოდით ძილსა და თამაშში, ვიდრე მე. თუ თქვენს სულს უზომო ბედნიერებით წარმოშობილი სევდა შეეხებოდა, ამ წარმავალ მოწყენილობას თავს მალე აღწევდით. ცისკენ აღმართული, სინაზით სავსე თქვენი თვალები დაეძებდნენ რაღაც უცნაურს, რომელიც საწყალ ველურს სიბრალულით ეპყრობა“. რენეს ხმა ისევ მიწყდა და ახალგაზრდამ თავი ჩაჰქინდრა. შაქტასმა ხელის ფათურით სიბნელეში თავისი შვილობილის მკლავი მოსძებნა და აღელვებული ხმით შესძახა: „ჩემო შვილო! ჩემო ძვირფასო შვილო!“ ამ მიმართვამ ამელის ძმა გამოარკვია. მას თავისი აღელვებისა შერცხვა და მამას პატიება სთხოვა. მოხუცმა ველურმა განაგრძო: „ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, შენი გულის პატრონს არ შეიძლება მუდამ ერთნაირი განცდები ჰქონდეს, მაგრამ შენი ხასიათი უნდა დაიმორჩილო. მან უკვე ამდენი ბოროტება მოგაყენა. თუ ცხოვრების მოვლენებისგან შენ უფრო იტანჯები, ვიდრე სხვა, ეს არ უნდა გაგიკვირდეს: სულდიდმა ქმნილებამ უფრო მეტი უნდა გადაიტანოს, ვიდრე პატარამ. განაგრძე შენი ამბავი. შენ ევროპის ერთი ნაწილი შემოგვატარე, ახლა შენი სამშობლოც გაგვაცანი. ხომ იცი, რომ საფრანგეთი მინახავს. ისიც იცი, მასთან რა ძაფები მაკავშირებს. ძალიან მესიამოვნებოდა იმ დიდ ბელადზე, რომელიც ამქვეყნად აღარ არის და რომლის ბრწყინვალე ქოხში ვყოფილვარ. ჩემო შვილო, მე მხოლოდ წარსულის მოგონებით ვცოცხლობ. მოხუცი თავისი მოგონებებით ჰგავს ჩვენი ტყეების დაჩაჩანაკებულ მუხას: ეს მუხა საკუთარი სიმწვანით ვეღარ ირთვება, მაგრამ ზოგჯერ თავის სიტიტვლეს ფარავს უცხო მცენარეებით, რომლებიც მის ბებერ ტოტებზე ამოსულან“. ამ სიტყვებით დამშვიდებულმა ამელის ძმამ თავისი გულის ამბავი ასე განაგრძო: „ეჰ, მამაჩემო! ამ დიდი ეპოქის შესახებ ვერაფრის მოყოლას ვერ შევძლებ, ჩემს ბავშვობაში მხოლოდ მის ბოლოს მოვუსწარ და, როდესაც მოგზაურობიდან დავბრუნდი, ის უკვე აღარ იყო, არასოდეს არც ერთ ხალხს ასეთი საოცარი და მოულოდნელი ცვლილება არ განუცდია. ნიჭის სიმაღლე, სარწმუნოების პატივისცემა, ზნე-ჩვეულებათა სიმტკიცე უეცრად გაიძვერობამ, ურჯულობამ და გარყვნილობამ შესცვალა. „იმედი მქონდა, რომ ისევ სამშობლოში ვპოვებდი ჩემი მოუსვენრობის, დაუცხრომელი, განუშორებელი სურვილის დასაწყნარებელ წამალს, მაგრამ მოვტყუვდი. ქვეყნების შესწავლამ ვერაფერი შემძინა, ხოლო უცოდინარობის სიტკბოება კი დამაკარგვინა. „ამელის უცნაური საქციელი კი ვერ ამეხსნა, მას ჩემი სევდის გაძლიერება თითქოს სიამოვნებას ჰგვრიდა. რამდენიმე დღით ადრე ჩემს ჩასვლამდე პარიზი მიატოვა. მივწერე, შენთან შეხვედრა მსურს-მეთქი. პასუხმა არ დააყოვნა, ამ სურვილზე ხელი აიღეო, რადგან არ ვიცი, ჩემი საქმეების გამო საით მომიწევს გამგზავრებაო. რა მწარე აზრები გამოვთქვი მაშინ მეგობრობაზე, რომელსაც ერთად ყოფნა ასუსტებს, დაშორება კი აქარწყლებს, მეგობრობაზე, რომელიც სრულიად ვერ უძლებს უბედურებას და მით უფრო ნაკლებად კეთილდღეობას. „სამშობლოში უფრო გარიყული აღმოვჩნდი, ვიდრე უცხოეთში ვიყავი, გადავწყვიტე, რამდენიმე ხნით ისეთ მხარეში გადავხვეწილიყავი, რომელიც ვერც ვერაფერს მეტყოდა, ვერც ჩემსას გაიგებდა. ვნებისგან სრულიად ხელშეუხებელი ჩემი სული ეძებდა საგანს, რომელთანაც შეთვისებას შესძლებდა. მაგრამ შევნიშნე, რომ მეტს ვიძლეოდი, ვიდრე ვიღებდი. ჩემგან არც მაღალ საუბარს, არც ღრმა გრძნობას არ ითხოვდნენ. ჩემს ცხოვრებას ვზღუდავდი და საზოგადოების დონემდე დამყავდა, მეოცნებე ადამიანად მთვლიდნენ ყველგან და ჩემი მდგომარეობისა მრცხვენოდა. სულ უფრო და უფრო მბეზრდებოდა ნივთები და ადამიანები. გადავწყვიტე, გარეუბანში გადავსახლებულიყავი და იქ მეცხოვრა ვინაობის გამოუმჟღავნებლად. „პირველად საკმაოდ მსიამოვნებდა ეს დამოუკიდებელი და ფარული ცხოვრება. ყველასათვის უცნობი დავეხეტებოდი ბრბოში, ადამიანთა ვრცელ უდაბნოში. „ხშირად ვიჯექი რომელიმე ეკლესიაში, სადაც ცოტა მლოცველი დადიოდა, და მთელ საათებს ჩაფიქრებული ვატარებდი. ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ საბრალო დედაკაცები და ღვთის წინაშე მიწაზე ერთხმოდნენ, ან როგორ იდრეკდნენ ცოდვილნი სააღმსარებლოში მუხლს. ერთიც არ ყოფილა ისეთი, რომ ეკლესიიდან უფრო ნათელი სახით არ გასულიყო. ის ყრუ გუგუნი, გარეთ რომ ისმოდა, რომელიც თითქოს ქვეყნის ვნებათა ღელვა და ქარტეხილი იყო, რომელიც უფროს ტაძრის საძირკველთან ქრებოდა. ღმერთო დიდებულო, რომელსაც გიხილავს ამ წმინდა სავანეში საიდუმლოდ დაღვრილი ჩემი ცრემლები, შენ უწყი, რამდენჯერ დავცემულვარ შენ ფერხთა წინაშე, შეგვედრებივარ, მოგეხსნა ჩემთვის არსებობის ტვირთი, ან გამოგეცვალა ჩემში წინანდელი ადამიანი. ოჰ, ვის არ აღძვრია ზოგჯერ სურვილი გადახალისებისა, წყალთა ნიაღვარში გაახალგაზრდავებისა, სიცოცხლის წყაროში სულის ამოვლებისა? ვის არ უგრძნია ზოგჯერ თავი საკუთარი გარყვნილების სიმძიმით დათრგუნვილად და უძლურად, რომ რაიმე დიდი კეთილშობილი, მაღალი გააკეთოს? „როდესაც შეღამდებოდა, ჩემი თავშესაფრიდან უკან დავბრუნდებოდი, ხიდზე შევჩერდებოდი, რათა ჩამავალი მზისთვის მეცქირა. მნათობს ქალაქის ანაორთქლი აენთო და თითქოს მოვარაყებულ სითხეში თრთოდა ნელა, როგორც საუკუნეთა დიდი საათის ქანქარა. მერე ღამეს გავყვებოდი, დაცარიელებული ქუჩების ლაბირინთს გავივლიდი. ბინებში მოკიაფე სინათლეს შევსცქეროდი. ჩემი ფიქრები დასტრიალებდა მის მიერ განათებულ მწუხარებისა და სიხარულის სცენებს, თან ის აზრიც არ მეშვებოდა, რომ ამ ჭერქვეშ მობინადრეთა შორის ერთი მეგობარიც არ მყავდა. ამ ფიქრებში რომ ვიყავი გართული, გოთური ტაძრის კოშკიდან საათის თანაბარ-ზომიერი რეკვა მესმოდა, რომელიც მეორდებოდა სხვადასხვა ხმაზე საყდრიდან საყდრამდე. ეჰ, ყოველი საათი საზოგადოებაში პირს უხსნის სამარეს და ცრემლებს გვაფრქვევინებს. „ასეთი ცხოვრება, რომელმაც პირველად გამიტაცა, ჩემთვის მალე აუტანელი შეიქნა. დავიქანცე ერთი და იმავე მდგომარეობისა და აზრების განმეორებით, ჩემი გულის შესწავლას შევუდექი, თავს ვეკითხებოდი, რა სურდა მას. ეს თვითონ არ ვიცოდი. ანაზდად გავიფიქრე, რომ ტყეში ვიგრძნობ ბედნიერებას-მეთქი. მყისვე გადავწყვიტე სოფლად გადავხვეწილიყავი და იქ დამესრულებინა ის-ის იყო დაწყებული ცხოვრება, რომელმაც საუკუნეები ჩანთქა. „ამ გადაწყვეტილებას ისეთივე გატაცებით ჩავჭიდე ხელი, როგორითაც საერთოდ ყოველ ჩემს განზრახვას ვეჭიდები. ისევე სასწრაფოდ, როგორც წინათ ქვეყნების შემოსავლელად, ახლა სადმე ქოხში თავის ჩასამარხავად გავემგზავრე. „ბრალს მდებენ, რომ ცვალებადი გემოვნება მაქვს, ერთი და იგივე ქიმერა დიდხანს ვერ მატკბობს, რომ მსხვერპლი ვარ ოცნებისა, რომელიც იჩქარის ამოწუროს ყოველი სიამოვნება, თითქოს ამ სიამოვნების ხანგრძლივობით ოცნება იჩაგრებოდეს. ბრალს მდებენ, რომ ყოველთვის გვერდს ვუვლი მიზანს, რომლის მიღწევაც შემიძლია: ეჰ, მე მხოლოდ უცნობ სიკეთეს დავეძებ, რომლის ალღო თან დამდევს. ნუთუ ეს ჩემი ბრალია, რომ ყველგან ზღუდეებს ვხვდები, რომ ის, რაც დასრულებულია, ჩემთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამავე დროს ვგრძნობ, რომ ცხოვრების განცდების ერთფეროვნება მიყვარს. და თუ მე იმდენად უგუნური ვყოფილიყავი, რომ ბედნიერება მწამებოდა, მას ჩვეულებაში მოვძებნიდი. „სრულმა მარტოობამ, ბუნების ცქერამ მალე აუწერელ მდგომარეობაში ჩამაგდო. უნათესავო, უმეგობრო, ასე ვთქვათ, დედამიწაზე სულ მარტო დარჩენილი, მე, რომელსაც არავინ მყვარებია, ცხოვრების სიჭარბით ვიყავ მოტეხილი. ზოგჯერ მოულოდნელად ვწითლდებოდი და ვგრძნობდი, თითქოს ჩემს გულში ანთებული ნიაღვრის ნაკადულები დადიოდნენ. ზოგჯერ ჩემდა უნებურად ვყვიროდი, და ღამეც უძილობა და სიზმრები არ მასვენებდა. რაღაც მაკლდა, რათა ჩემი არსებობის უფსკრული ამომევსო. ბარში დავეშვებოდი თუ მთაზე ავდიოდი, სურვილებით შეპყრობილი შმაგად ვუხმობდი მომავალი ვნების სრულყოფილ საგანს. ვეხვეოდი მას ქარში. მეგონა მისი ხმა მდინარის დუდუნში მესმის-მეთქი. ყველაფერი ეს - ცაში ვარსკვლავები, თვით სიცოცხლის საწყისიც ამ მოჩვენებად იქცეოდა. „ყოველ შემთხვევაში რაღაც მომხიბვლელობას მაინც არ იყო მოკლებული შფოთვა-სიმშვიდისა და სიმდიდრე-სიღარიბის ეს მდგომარეობა. ერთ დღეს ასე ვერთობოდი ტირიფის ტოტს ფოთლებს ვაცლიდი და ნაკადულში ვყრიდი, თან ყოველ წყალწაღებულ ფოთოლს რაიმეს ჩავუთქვამდი. მოულოდნელი რევოლუციის დროს გვირგვინის დაკარგვის შიშით შეპყრობილი მეფეც კი არ სწუხს ისე ძლიერ, როგორც მე ვწუხდი მაშინ, როდესაც ჩემი ტოტის ფოთლებს რაიმე ხიფათი ემუქრებოდა. ოი, მოკვდავთა სისუსტევ! ოი, ბავშვობავ ადამიანის გულისა, რომელიც არასოდეს ბერდება! აი სიბავშვის რა დონემდე შეიძლება დაეშვას ჩვენი ზვიადი გონება! მართლაც, ხომ ბევრია ისეთი ადამიანები, რომელიც თავის ბედს ისეთ უმნიშვნელო რამეს უკავშირებს, როგორიც ტირიფის ფოთლებია. „როგორ გადმოგცეთ სეირნობის დროს განცდილი უამრავი წარმავალი შთაბეჭდილება. ვნებათა ღელვით გულის სიცარიელეში აჟღერებული ხმები ჰგავს ქართა და წყალთა ბუტბუტს უდაბნოს სიწყნარეში: ადამიანები ამ ხმებით ტკბებიან, მაგრამ მათი გამოხატვა არ შეუძლიათ. „ამ გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფს შემოდგომამ მომისწრო. აღტაცებით შევდგი ფეხი ქარიშხლიან თვეებში. ხან მინდოდა ერთი იმ მებრძოლთაგანი ვყოფილიყავ, რომელიც ქარსა და ღრუბლებში აჩრდილებს შორის დაეხეტება, ხან იმ მწყემსის ბედს შევნატროდი, რომელიც სადღაც ტყეში ფიჩხებით პატარა ცეცხლს ანთებს და ხელებს ითბობს. ვუსმენდი მის სევდიან სიმღერას და ვფიქრობდი, რომ ყველა ქვეყანაში ადამიანის ბუნებრივი სიმღერა ნაღვლიანია მაშინაც კი, როდესაც ის ბედნიერებას გამოხატავს, ჩვენი გული უსულო ინსტრუმენტია, ქნარი, რომელსაც სიმები აკლია და ჩვენ იძულებულები ვართ, სიხარულის ხმები მკვნესარ სიმებს გამოვაცემინოთ. „დღისით ტყის მახლობლად, მაღალ ბუჩქებში დავეხეტებოდი. რა ცოტა რამ იყო საკმარისი, რომ ოცნებას მივცემოდი. გამხმარი ფოთოლი, ჩემს წინ ქარი რომ მიაქროლებდა. ქოხი, რომლის ბოლი ხეების გაძარცვულ კენწეროებს აღწევდა, ხავსი, რომელსაც ჩრდილოეთის სუნთქვა მუხის ტანზე ათრთოლებდა. შორეული კლდე. უდაბური ტბა, სადაც მომჭკნარი ლერწამი თავისთვის ლუღლუღებდა. შორს, ბარში ობლად მდგომარე სამრეკლო ჩემს თვალებს ხშირად იტაცებდა. ხშირად თვალს ვაყოლებდი მძლევარ ფრინველებს, თავზე რომ გადამივლიდნენ. წარმოვიდგენდი უცნობ ნაპირებს, შორეულ ქვეყნებს, საითკენაც ფრთოსანნი მიისწრაფოდნენ. მსურდა მათ ფრთებს ავეტაცე. იდუმალი ალღო მაწვალებდა, ვგრძნობდი, რომ მეც მხოლოდ მოგზაური ვიყავი, მაგრამ ციდან თითქოს ხმა ჩამომძახოდა: „ადამიანო, შენი გადასახლების დრო ჯერ არ მოსულა. სიკვდილის ქარის ამოვარდნას დაუცადე. მაშინ გაშლი ფრთებს იმ უცნობ მხარეში გასაფრენად, საითკენაც გული მიგიწევს“. „მოვარდით სასურველო ქარიშხალნო, რომლებმაც რენე სხვა ქვეყნის სივრცეებში უნდა გაიტაცოთ! „ასე ვუხმობდი და სახეანთებული მივაბიჯებდი. ჩემს თმას ქარი წეწავდა. არ ვგრძნობდი არც წვიმას, არც ჭირხლს. აღტაცებული, გატანჯული ვიყავი, თითქოს ჩემი გულის დემონს შევეპყარ. „ღამით, როდესაც ჩრდილოეთის ქარი ჩემს ქოხს აზანზარებდა და სახურავს კოკისპირული წვიმა სცემდა, ფანჯრიდან ვხედავდი ტალღებზე მსრბოლი გემის მსგავს გაფითრებულ მთვარეს, რომელიც დახერგილ ღრუბლებს სერავდა, ასე მეგონა, გულის სიღრმეში სიცოცხლე მიორკეცდებოდა და ახალი ქვეყნის შექმნას შევძლებდი. ეჰ, რომ შემძლებოდა სხვისთვის გამენდო ის აღტაცება, რასაც განვიცდიდი. ოჰ, ღმერთო! ჩემთვისაც გებოძებინა სასურველი მეუღლე! როგორც ჩვენს პირველ მამას მიჰგვარე, ისე ჩემთვისაც ხელმოკიდებული მოგეყვანა ჩემი გვერდიდან შექმნილი ევა... ციურო მშვენებავ, შენ წინაშე მუხლს მოვიდრეკდი მერმე ხელთ აგიყვანდი და ღმერთს შევევედრებოდი, რომ ჩემი სიცოცხლის დარჩენილი დღეები შენთვის მოეცა. „ეჰ! მარტო ვიყავი, მარტო ვიყავი დედამიწაზე, ჩემი სხეული იდუმალმა დაღლილობამ მოიცვა, სიცოცხლის სიძულვილმა ახალი ძალით შემომიტია. ჩემი გული გონებას საზრდოს ვეღარ აძლევდა და არსებობას მხოლოდ ღრმა მოწყენილობა მაგრძნობინებდა. „ერთ ხანს ვებრძოდი ჩემს სნეულებას, მაგრამ უგულოდ მისი დამარცხების მტკიცე სურვილი არ ჰქონდა. ბოლოს, როდესაც მალამო ვეღარ აღმოვუჩინე ჩემი გულის უცნაურ ჭრილობას, რომელიც არსად იყო, მაგრამ იმავე დროს მას ყველგან ვგრძნობდი, გადავწყვიტე სიცოცხლეს გამოვსალმებოდი. „ღვთის მსახურნო, თქვენ მისმინეთ, მომიტევეთ ზეცის მიერ თითქმის გონებაწართმეულს და უბედურს. ღრმა მორწმუნე ვიყავი, მაგრამ უღვთოსავით ვაზროვნებდი. ჩემს გულს ღმერთი უყვარდა, ჩემი გონება კი მას უარყოფდა. ჩემი ქცევა, სიტყვა-პასუხი, ჩემი გრძნობები, ფიქრები მხოლოდ წინააღმდეგობას, წყვდიადს, სიცრუეს წარმოადგენენ. მაგრამ ადამიანმა განა ყოველთვის იცის კარგად, თუ რა სწადია? განა თავისი ფიქრების ყოველთვის სჯერა? „ყველაფერი ერთად მეცლებოდა ხელიდან, მეგობრობა, ქვეყანა, განმარტოება. ყველაფერი ვცადე და ჩემთვის ყველაფერი საბედისწერო გამოდგა. საზოგადოებისგან განდევნილს, ამელისგან მიტოვებულს, ბოლოს მარტოობასაც მოკლებულს რაღა დამრჩენოდა? ეს უკანასკნელი ფიცარი იყო, რომლითაც თავის გადარჩენას ვლამობდი და ვგრძნობდი, რომ ისიც უფსკრულში მეძირებოდა. „რაკი ცხოვრების ტვირთისგან განთავისუფლება გულს ჩავინერგე, გადავწყვიტე, მთელი ჩემი გონება ამ უგუნური საქმისკენ მიმემართა. არაფერი მაჩქარებდა. გამგზავრების დრო არ დამინიშნავს, რათა ჩემი არსებობის უკანასკნელი წუთების გახანგრძლივებით დავმტკბარიყავი. ძალას ვიკრებდი, რომ ძველი დროის ადამიანივით მეგრძნო ჩემი სულის განშორება. „ამასობაში საჭიროდ ვცანი ჩემი ქონების საქმე მომეგვარებინა და იძულებული გავხდი, ამელისთვის მიმეწერა. მისგან დავიწყებულს რამდენჯერმე სამდურავი წამომცდა და, რასაკვირველია, ჩემში სინაზემ იფეთქა, რომელიც თანდათან მიმორჩილებდა. მე კი მეგონა, საიდუმლო დავფარე-მეთქი, მაგრამ ამელიმ, რომელიც ჩემი გულის სულის კუნჭულებში დაფარულის წაკითხვას ნაჩვევი იყო, განზრახვას ადვილად მიმიხვდა. ამელი შეეშფოთებინა წერილის ნაძალადევ კილოს და შეკითხვებს ისეთ საქმეზე, რასაც წინათ ყურადღებას არ ვაქცევდი. პასუხის მოცემის მაგივრად, თვითონ ამელი მეწვია მოულოდნელად. „რათა კარგად იგრძნოთ, როგორ უნდა ყოფილიყო შემდეგში ჩემი მწუხარების სიმწვავე და როგორი იყო ჩემი პირველი აღტაცება როდესაც ამელი დავინახე, საჭიროა იცოდეთ, რომ ამ ქვეყანაზე ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მიყვარდა და რომელშიც თავს იყრიდნენ ჩემი მოგონებები ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან ერთად. „აღტაცებით შევხვდი ამელის. რა დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც არავინ შემხვედრია ისეთი, რომელსაც ჩემი მოესმინა და რომლისთვისაც გულის გაშლა შემძლებოდა. „ამელი გულზე მომეკრა და მითხრა: „უმადურო, შენ სიკვდილი განიზრახე, მაშინ როდესაც და ცოცხალი გყავს! ჩანს, მის გულს შენ ვეღარ ენდობი. ნურაფერს მიხსნი, ბოდიშსაც ნუ იხდი, ყველაფერი ვიცი, ყველაფერს მივხვდი, თითქოს შენთან ვყოფილიყავი. ნუთუ შეიძლება შევცდე მე, შენი პირველი გრძნობის ჩასახვის მოწმე? აი, შენი უბედური ხასიათი, შენი სიძულვილი, შენი უსამართლობა. შემომფიცე ახლა, როდესაც გულში გიკრავ, შემომფიცე, რომ სიგიჟემ დაგიმორჩილა... ფიცი მომეც, რომ თავის მოკვლას არასოდეს განიზრახავ“. „ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა, თანაგრძნობითა და სინაზით მიცქერდა. შუბლზე მკოცნიდა, დედასავით მეპყრობოდა. თითქოს დედაზე უფრო ნაზი იყო. „ჰე! ჩემი გული ყოველგვარი სიხარულისათვის გაიფურჩქნა, ნუგეშისცემას ვითხოვდი მხოლოდ. ამელის დავემორჩილე: საზეიმო ფიცი მომთხოვა, უყოყმანოდ მივეცი. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამიერიდან უბედური არ ვიქნებოდი. „ამელი თვეზე მეტს დარჩა ჩემთან, შევეჩვიეთ ერთად ყოფნას და ამით ვტკბებოდით. დილით, როცა ჩემი დის ხმას გავიგონებდი, სიხარულისა და ბედნიერების თრთოლვა ამიტანდა. ამელი ბუნებას რაღაც ღვთიური ღირსებით დაეჯილდოვებინა. მისი სული ისეთი უმანკო მშვენიერებით იყო შემკული, როგორც მისი სხეული. გონება მხოლოდ ოცნებით ოდნავ დაბინდულ და ფაქიზ ფიქრებს შეეპყრო, იტყოდით მისი გული, ფიქრი, ხმა შეხმატკბილებულანო. ქალისგან ამელის მორცხვობა და სიყვარული მიეღო, ანგელოზისგან კი უმანკოება და მელოდიურობა. „დადგა წუთი, როდესაც ჩემი მოუფიქრებელი საქციელი უნდა გამომესყიდა. ჩემ სიშმაგეში უბედურების განცდის სურვილამდეც მივედი, რათა ტანჯვის ნამდვილი საგანი მაინც მქონოდა: საშინელი სურვილია, რაც ჩემზე განრისხებულმა ღმერთმა გადაჭარბებით შემისრულა. „რა უნდა გაგიზიაროთ, ჩემო მეგობრებო! შეხედეთ ცრემლს, ჩემი თვალები რომ ღვრიან. შევძლებ კი... რამდენიმე დღის წინათ, ამ საიდუმლოს პირიდან ვერავინ ამომგლეჯდა... ახლა ყველაფერი გათავებულია! „ჰოი, მოხუცნო, ეს ამბავი მაინც საუკუნოდ დაიმარხოს ამ მდუმარებაში. გახსოვდეთ, რომ ის ნაამბობია მხოლოდ უდაბნოში, ხის ქვეშ. „ზამთარი იწურებოდა, როდესაც შევნიშნე, რომ თვითონ ამელი კარგავდა იმ სიმშვიდესა და ჯანმრთელობას, რომელსაც მე მიბრუნებდა. გახდა, თვალები ჩაუცვივდა, მისუსტებული ძლივს დადიოდა, ხმა უთრთოდა. ერთხელ შევესწარი ჯვარცმის წინ დამხობილი ცრემლად იღვრებოდა. საზოგადოებაში ყოფნა, მარტოობა, ჩემთან დაშორება და სიახლოვე, დღე, ღამე - მას ყველაფერი აშინებდა. მის ბაგეს უნებური ოხვრა აღმოხდებოდა. ხან დამღლელად იტანდა ხანგრძლივ სეირნობას. ხან ფეხს ძლივს მიათრევდა. საქმეს ხელს მოკიდებდა და თავს მიანებებდა, წიგნს გადაშლიდა, მაგრამ წაკითხვას ვერ ახერხებდა, წინადადებას დაიწყებდა, მაგრამ ვერ დაამთავრებდა, უეცრად ცრემლი მოსწყდებოდა და სალოცავად წავიდოდა. „მისი საიდუმლოების გაგება მინდოდა, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. როდესაც მკერდზე ვიკრავდი და მის საიდუმლოებას ვკითხულობდი, ამელი ღიმილით მიპასუხებდა, მეც შენსავით ვარ და თვითონაც არ ვიცი, რა მჭირსო. „სამმა თვემ განვლო ამნაირად. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. მისი ცრემლების მიზეზი, ჩემი ფიქრით, საიდუმლო მიმოწერა უნდა ყოფილიყო, რადგან ამელი ხან უფრო დამშვიდებული, ხან უფრო აღელვებული მეჩვენებოდა, იმისდა მიხედვით, თუ როგორ წერილს მიიღებდა. ბოლოს, ერთ დილას, როდესაც ჩვენი ერთად საუზმობის დრომ გადაიარა, მის ოთახში ავედი. ვაკაკუნებ, არავინ მიპასუხა. კარს ვაღებ, არავინ არის ოთახში. ბუხრის თავზე წერილი დევს ჩემ სახელზე. აკანკალებულმა ხელი ვტაცე, გავხსენი და წავიკითხე. ამ წერილს ვინახავ იმისთვის, რომ მომავალში ბედნიერება და სიხარული გულს არ გავაკარო“. „რენეს ზეცაა მოწმე, ჩემო ძმაო, რომ სიცოცხლეს ათასჯერ გავწირავდი მხოლოდ იმისთვის, რომ თუნდაც ერთი წუთით თქვენთვის ტანჯვა ამეცილებინა. მაგრამ იმდენად უბედური ვარ, რომ თქვენი ბედნიერებისთვის არაფერი ძალმიძს. მომიტევეთ, დამნაშავესავით რომ გავიპარე. ვერ შევძლებდი თქვენს მუდარას გავმკლავებოდი, წასვლა კი აუცილებელი იყო... ღმერთო ჩემო, შემიბრალეთ! „რენე, თქვენ იცით, რომ მონაზვნის ცხოვრება ყოველთვის მიზიდავდა. დროა ცის გაფრთხილება ვინიშნო. რას ვუცდი, ასე რატომ დავიგვიანე? ღმერთი მსჯის ამისთვის, თქვენი გულისთვის დავრჩი ამსოფლად... სულ არეული ვარ მწუხარებით, მომიტევეთ, რომ მიგატოვეთ. „ჩემო ძვირფასო ძმაო, სწორედ ახლა ვგრძნობ იმ თავშესაფართა საჭიროებას, რომელთა წინააღმდეგ თქვენ ასე ხშირად ილაშქრებდით. ამქვეყნად ბევრი უბედურება გვაშორებს ადამიანებს სამუდამოდ. რა ეშველება ბედით განწირულ, საწყალ ადამიანებს?.. დარწმუნებული ვარ, ჩემო ძმაო, რომ თქვენც ჰპოვებდით სიმშვიდეს სარწმუნოების ფრთებქვეშ: საწუთრო ისეთს არაფერს გთავაზობთ, თქვენი ღირსი იყოს. „ფიცს არ მოგაგონებთ. ვიცი თქვენი სიტყვის სიმტკიცე შემომფიცეთ და ჩემთვის იცოცხლებთ. რა დიდი უბედურება უნდა იყოს განუწყვეტლივ ფიქრი სიცოცხლის განშორებაზე? თქვენი ხასიათისთვის სიკვდილი აუცილებელია. დაუჯერეთ თქვენს დას, სიცოცხლე უფრო ძნელია. „ჩემო ძმაო, რაც შეიძლება მალე დააღწიე თავი მარტოობას, რომელიც არავითარ სიკეთეს არ გიქადით. რამე საქმეს მოჰკიდეთ ხელი. მე ვიცი, მწარე სიცილს გგვრით ის აუცილებლობა, რომ საფრანგეთში ყველამ რაიმე მდგომარეობა უნდა მოიპოვოს, ჩვენი მამების სიბრძნე და გამოცდილება ასე ნუ გეზიზღებათ. უმჯობესია, ჩემო ძვირფასო რენე, ჩვეულებრივ ადამიანებს უფრო ჰგავდეთ და უფრო ნაკლებად იყოთ უბედური. „სევდა შეიძლება ქორწინებამ შეგიმსუბუქოთ. ცოლი, ბავშვები თქვენს დღეებს აავსებენ. ვინ იქნება ისეთი ქალი, თქვენი გაბედნიერება არ ისურვოს. თქვენი სულის გზნება, ბრწყინვალე ნიჭი, თქვენი სახის კეთილშობილური და ვნებიანი გამომეტყველება, ზვიადი და ნაზი გამოხედვა, ყველაფერი ეს დაგიმკვიდრებდათ ქალის სიყვარულსა და ერთგულებას. აჰ! რა ნეტარებით შემოგხვევდა ხელებს და გულში ჩაგიკრავდა. თვალსა და ფიქრს არ მოგაშორებდა, რათა ოდნავი საწყენიც აეცდინა შენთვის. ის ქალი იქნებოდა შენი სიყვარული, სრული უმანკოება შენ წინაშე, გეგონებოდა, ახალი და ვიპოვეო. „მივემგზავრები ბ-ის მონასტერში, რომელიც ზღვის პირასაა და ჩემს სულიერ განწყობილებას შეეფერება.

       ღამით ჩემს სენაკში იმ ტალღების გრგვინვას მოვისმენ, რომლებიც მონასტრის კედლებს ევლებიან. მოვიგონებ, როგორ ვსეირნობდით შუაგულ ტყეში, სადაც ფიჭვების შრიალი ზღვის ხმაურობად გვეჩვენებოდა. ნუთუ აწ ვეღარ გიხილავ, ჩემი ბავშვობის საყვარელო მეგობარო? თქვენზე ოდნავ უფროსი, აკვანს გირწევდით. ხშირად ერთად გვძინებია. ნეტავ ოდესმე ერთ ლოდქვეშ ვპოვებდეთ ბინას. მაგრამ არა, მე ცალკე უნდა მეძინოს იმ საკურთხევლის ცივ მარმარილოთა ქვეშ, სადაც სამარადისოდ განისვენებს ქალწულები, რომელთაც არასოდეს სიყვარული არ განუცდიათ. „არ ვიცი, შესძლებთ თუ არა ჩემი ცრემლით სანახევროდ წაშლილი სტრიქონების წაკითხვას. ბოლოს და ბოლოს, ჩემო მეგობარი, ადრე თუ გვიან, ერთმანეთს ხომ უნდა დავშორებოდით? განა საჭიროა თქვენთან იმაზე საუბარი, თუ რა დაუდეგარია ცხოვრება და რა მცირე ფასი აქვს მას? თქვენ ხომ გახსოვთ ახალგაზრდა ვაჟი, რომელიც ილ დე ფრანსის ნაპირებთან დაიღუპა გემის ჩაძირვის დროს? თქვენ მისი უკანასკნელი წერილი მიიღეთ, ის უკვე რამდენიმე თვის მკვდარი იყო, მისი მიწიერი ნეშტიც კი აღარ არსებობდა. როდესაც თქვენ აქ გლოვა დაიწყეთ, ის უკვე გამოგლოვილი იყო ინდოეთში. რას წარმოადგენს ადამიანი, ვისი ხსოვნაც ასე სწრაფად ქრება? მეგობრის ნაწილს მისი სიკვდილი არც კი გაეგო, რომ მეორეს უკვე დავიწყებული ჰყავს. ნუთუ, ძვირფასო, უძვირფასესო რენე, ჩემი ხსოვნაც ასე სწრაფად ამოიშლება შენი გულიდან? ოჰ, ჩემო ძვირფასო ძმაო! თუ დროთა ვითარებაში თქვენ მოგწყდით ეს იმისთვის, რომ მარადისობაში თქვენთან განუყრელი ვიყო. ამელი P.S. აქვე ვურთავ ნაჩუქრობის წერილს ჩემს ქონებაზე. იმედი მაქვს მიიღებთ, როგორც ჩემი მეგობრობის გამოხატულებას“. „თითქოს მეხი დამეცა, ისე იმოქმედა ჩემზე ამ წერილმა. რა საიდუმლოებას მიმალავდა ამელი? რამ აიძულა ასე მოულოდნელად მონაზვნად აღკვეცილიყო? ნუთუ იმისთვის მომხიბლა მეგობრობით, იმისთვის დამაკავშირა სიცოცხლეს, რომ ასე უეცრად მივეტოვებინე? ოჰ! რატომ ჩამოვიდა და ჩემს განზრახვაზე ამაღებინა ხელი! ის ჩემთან სიბრალულის გრძნობამ მოიყვანა, მაგრამ ამ მძიმე მოვალეობამ დაქანცა და აჩქარდა, რათა მივეტოვებინე უბედური, რომელსაც მის გარდა არავინ ჰყავს ამქვეყნად. ზოგს ჰგონია თუ ადამიანს თვითმკვლელობაში ხელი შევუშალე, ამით ყელაფერი გავაკეთეო, ასე მოვთქვამდი. მერე ჩემს თავს დავეკითხებოდი, შენ როგორ მოიქცეოდი-მეთქი. „უმადური ამელი, ვამბობდი, შენ რომ ჩემს მდგომარეობაში ყოფილიყავი, ჩემსავით დღეთა სიცარიელეში რომ დაკარგულიყავი, შენი ძმა არ მიგატოვებდა“. მაგრამ როდესაც წერილს გადავიკითხავდი, შიგ რაღაც ისეთ სევდიანსა და ნაზს ვკითხულობდი, რომ გული მელეოდა. უცბად ერთმა აზრმა გამიელვა, და ოდნავ იმედი მომეცა: გავიფიქრე, იქნებ ამელის ვინმე შეუყვარდა და გამჟღავნებას ვერ ბედავდა-მეთქი. ეს ეჭვი თითქოს გასაგებს ხდიდა მის მელანქოლიას, საიდუმლო მიმოწერასა და დატოვებული წერილის აღგზნებულ კილოს. მაშინვე წერილი მივწერე. ვემუდარებოდი, ჩემთვის გული გადაეშალა. „პასუხი არ დამიგვიანია, მაგრამ თავისი საიდუმლოება მაინც არ გამანდო. მორჩილების გავლა მაპატიეს და მონაზვნობის აღთქმას ღმერთს მალე მივცემო. მხოლოდ ამას მატყობინებდა. „აღფრთოვანებული ვიყავი ამელის სიჯიუტით, საიდუმლოებით მოცული მისი სიტყვებითა და უფრო იმით, რომ ჩემს მეგობრობას არა საკმაო ნდობით ეკიდებოდა. „წუთი არ მიყოყმანია, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი: ბ-ს გამგზავრება გადავწყვიტე, რათა უკანასკნელი ძალ-ღონე მეხმარა და ჩემი და დამერწმუნებინა, ხელი აეღო განზრახულზე. ის ადგილი, სადაც აღვიზარდე, გზად უნდა გამევლო. როდესაც თვალი მოვკარი ტყეს, სადაც ცხოვრების საუკეთესო დღეები გავატარე, ცრემლი ვერ შევიკავე, ვერც სურვილი დავძლიე, ტყეს უკანასკნელად გამოვთხოვებოდი. „ჩემს უფროს ძმას მემკვიდრეობით მიღებული მამული გაეყიდა, ახალი მემამულე კი ჯერ იქ არ ცხოვრობდა. ფიჭვნარის გრძელი ხეივნით მცირე დარბაზს მივადექი, დაცარიელებული ეზოები ფეხით გავიარე. ვჩერდებოდი და შევცქეროდი დაკეტილ და ნახევრად დამტვრეულ ფანჯრებს, თავცეცხლას, რომელიც კედლების ძირში იზრდებოდა, ფოთლებს, რომელიც კარების ზღურბლზე ეყარა, დაობლებულ პარმაღს, სადაც არა ერთხელ მინახავს მამაჩემი თავისი ერთგული მსახურებით. კიბის საფეხურები უკვე ხავსში დაეფარა. მათ დაშორიშორებულ და მოქანავე ქვებს შორის ყვითელი მათიოლა იზრდებოდა. მოულოდნელად უცნობმა დარაჯმა კარი გააღო. შევყოყმანდი, შევსულიყავი თუ არა. მაშინ დარაჯმა წამოიძახა: „აბა! ნუთუ თქვენც იმ უცხო ქალივით მოიქცევით, რომელიც რამდენიმე დღის წინათ აქ იყო? შემოსვლას რომ აპირებდა, გული შეუღონდა, და იძულებული შევიქენ ეტლში ჩამესვა“. ადვილად მივხვდი, ვინ უნდა ყოფილიყო ის უცხო ქალი, რომელიც აქ ჩემსავით მოსულიყო წარსულის მოსაგონრად და ცრემლთა საფრქვევად. „ერთ წამს თვალზე ცხვირსახოცი მივიფარე და ჩემი წინაპრების ჭერქვეშ შევედი. შემოვირბინე ოთახები, სადაც მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა ისმოდა. დაკეტილი დარაბებიდან შემოსული სუსტი შუქი ოდნავ ანათებდა ოთახებს. ვნახე ის ოთახიც, სადაც დედაჩემი ჩემი გაჩენის დღეს სიცოცხლეს გამოესალმა, ის ოთახიც, სადაც მამაჩემი გარდაიცვალა, ისიც, სადაც აკვანში მეძინა. ბოლოს ის ოთახიც, სადაც ჩემს დას მეგობრობა შევფიცე. დარბაზები მოუვლელი იყო, მიტოვებულ საწოლებზე ობობას ქსელი გაება. სწრაფად დავტოვე ეს ადგილები, იქაურობას გავშორდი, უკან მიხედვასაც კი ვერ ვბედავდი. რა ტკბილია, მაგრამ რა სწრაფად მიჰქრის ის წუთები, რომლებიც და-ძმას მოხუცი მშობლების ფრთებქვეშ გაუტარებია. ადამიანის ოჯახის არსებობა მხოლოდ ერთ დღეს გრძელდება. ღვთის ერთი სულის შებერვაა საკმარისი, და ოჯახი ბოლივით იფანტება. შვილი ძლივს ცნობს მამას, მამა შვილს, ძმა დასა და და ძმას. მუხა ხედავს, თავის გარშემო რკოები ძირს როგორ იკეთებენ. ადამიანის შვილნი ამასაც მოკლებულნი არიან. „როგორც ბ-ში ჩავედი, მონასტრისკენ გავსწიე. იქ ვთხოვე, ჩემი და სალაპარაკოდ ეჩვენებინათ. მითხრეს, არავის იღებსო. ბარათი გავუგზავნე. ამელიმ მიპასუხა: საცა არის მონაზვნად უნდა აღვიკვეცო და ნება არ მაქვს ამქვეყნიურ ფიქრებს მივეცეო. თუ გიყვარვართ თქვენს მწუხარებას ამარიდებთ, არ დამტანჯავთო. წერილს ასე ამთავრებდა: „მაგრამ თუ თქვენ ჩემი აღთქმის მიცემის დღეს საკურთხეველთან მოსვლას მოისურვებთ, პატივი დამდეთ და მამის მაგივრობა გამიწიეთ. თქვენს ვაჟკაცობას მხოლოდ ასეთი საქციელი შეშვენის, რომელიც ჩვენს მეგობრობასა და ჩემს სიმშვიდეს შეეფერება“. „საშინლად გამაშმაგა მისმა მტკიცე გულცივობამ, რომელიც ჩემს მგზნებარე მეგობრობას დაახვედრეს, ხან უკან გაბრუნება გადავწყვიტე, ხან დარჩენა მინდოდა, განსაკუთრებით იმისთვის, რომ მონაზვნად აღკვეცის წესის შესრულებისთვის ხელი შემეშალა. ჯოჯოხეთი თითქოს იმ აზრს მიკარნახებდა, საყდარში თავი მომეკლა და ჩემი უკანასკნელი სუნთქვა იმ აღთქმისათვის შემეერთებინა, რომელიც დას მტაცებდა. დედათა მონასტრის წინამძღვარმა ქალმა შემატყობინა, საკურთხეველში თქვენთვის სკამი დავდგითო და მეორე დღისთვის დანიშნული წესის შესრულებაზე დასასწრებად დამპატიჟა. „ალიონზე ზარების პირველი რეკვა მომესმა... ათი საათი იყო. როცა სულთმობრძავივით მივჩანჩალებდი მონასტრისკენ. ვინც ამ სანახაობას დასწრებია, მისთვის არაფერი შეიძლება უფრო ტრაგიკული იყოს. ვისაც ეს განუცდია, მისთვის შეიძლება სამწუხარო იყოს. „ეკლესიაში აუარებელი ხალხი იყო. სკამთან მიმიყვანეს. მუხლებზე დავეცი. თითქმის არც კი ვიცოდი, სად ვიყავი ან რა გადავწყვიტე. მღვდელი უკვე იცდიდა საკურთხეველში. უეცრად იდუმალი კარი გაიღო და ამელი გამოვიდა მთელი ამქვეყნიური ბრწყინვალებით მორთული. ისეთი მშვენიერი იყო, მის სახეს რაღაც ისეთი ღვთაებრივი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ხალხში გაკვირვება და აღტაცება გამოიწვია. წმინდანის მაღალი მწუხარებით დამარცხებულს, სარწმუნოების სიდიადით განადგურებულს შმაგი ზრახვები გამიქრა ძალამ მიმტყუნა. ვიგრძენი თითქოს ყოვლისშემძლე ხელმა შემბოჭა და ღვთის გმობისა და მუქარის ნაცვლად. გული მხოლოდ ღრმა მწუხარებითა და მორჩილების კვნესით ამევსო. „ამელი გავალაკის ქვეშ დადგა. წირვა დაიწყო. ეკლესია ლამპართა შუქით განათებული, ყვავილებით მორთული და სურნელება მოფრქვეული იყო, რათა შეწირვა უფრო სასიამოვნო გამხდარიყო. სანამ სეფისკვერსა და ზედაშეს აკურთხევდა, მღვდელმა შესამოსი გაიხადა, მხოლოდ სელის კაბა დაიტოვა. კათედრაზე ავიდა და სადა, მგზნებარე სიტყვაში დაგვიხატა იმ უმანკო ქალის ბედნიერება, რომელიც უფალს ეწირება. როდესაც წარმოთქვა სიტყვები: „უბიწო ქალი მოგვევლინა საკმეველივით, რომელიც ცეცხლში იწვის“, თითქოს ტაძარს დიადი სიწყნარე და ციური სურნელება მოეფინა. ყველა ისეთმა გრძნობამ მოიცვა, თითქოს მისტიკური მტრედის ფრთებს დაეფაროს, თითქოს საკურთხეველზე ანგელოზები ჩამოშვებულიყვნენ და გვირგვინით შემკულნი, კეთილსურნელოვანნი ისევ ცად ასულიყვნენ. „მღვდელი სიტყვას ამთავრებს, ხელახლა იმოსება, წირვას განაგრძობს. ამელი, რომელიც ორ ახალგაზრდა მონაზონს მოჰყავს, საკურთხევლის უკანასკნელ საფეხურზე იჩოქებს. მოდიან ჩემს წასაყვანად, რათა მამის მოვალეობა შემასრულებინონ. როცა ამელის ჩემი აბარბაცებული ფეხის ხმა მოესმა, კინაღამ გული წაუვიდა. მღვდლის გვერდით დამაყენეს, რათა მისთვის მაკრატელი მიმეწოდებინა. იმ წუთში ვიგრძენი, რომ აღგზნება მეწყებოდა. ის-ის იყო ჩემს სიშმაგეს უნდა ეფეთქა, რომ ამელიმ გამბედაობა მოიკრიბა და ერთი შემომხედა. იმ შემოხედვაში იმდენი საყვედური და მწუხარება იხატებოდა, რომ გამანადგურა. სარწმუნოება იმარჯვებს. ამელი ჩემი დაბნევით სარგებლობს. მარდად თავს დახრის, ნაკურთხი რკინა ეხება და მისი საუცხოო თმა ცვივა. გრძელი ფალასი სცვლის მის საერო მორთულობას. მაგრამ ამით ამელის მიმზიდველობა არ აკლდება. მის თვალებზე აღბეჭდილი სევდა სელის თავსაფარქვეშ იმალება. გაძარცვულ თავს უფარავს საიდუმლო პირსაბურავი, უმანკოებისა და სარწმუნოების ორმაგი სიმბოლო. ის არასოდეს ყოფილა ასე მშვენიერი. მომნანიებელს თვალი ქვეყნის მტვრისაკენ მიეპყრო, მისი გული კი ცაში იყო. „მაგრამ ამელის ჯერ აღთქმა არ წარმოეთქვა. საფლავი უნდა გაევლო, რათა ამქვეყნისათვის მომკვდარიყო. ჩემი და მარმარილოზე წვება. სუდარას აფარებენ, რომლის ოთხივე კიდესთან ლამპარი ანთია. ოლარიან მღვდელს ხელში წიგნი უჭირავს და პანაშვიდს იწყებს. ახალგაზრდა ქალწულები პანაშვიდს განაგრძობენ. ოჰ! რა დიდი და რა საშინელი ხარ, სარწმუნოების სიხარულო! ამ სამგლოვიარო სარეცელთან დამაჩოქეს. უეცრად სუდარის ქვემოდან გაურკვეველი ჩურჩული ისმის, რომლის გაგონება მხოლოდ მე შემეძლო. ვიხრები და საშინელი სიტყვები ხვდება ჩემს ყურს: „მოწყალეო ღმერთო, ნუ ამაყენებ ამ სიკვდილის სარეცელიდან და შენი მადლი მოჰფინე ჩემს ძმას, რომელსაც ჩემი ცოდვილი ვნება არ გაუზიარებია!“ „კუბოდან ამოძახილმა ამ სიტყვებმა საშინელი ჭეშმარიტება მამცნეს. გონება ამებნა, სუდარაზე ვეცემი. დას გულში ვიკრავ, თავს დავძახი: „იესო ქრისტეს უბიწო მეუღლევ, უკანასკნელად ჩამეკარ გულში სიკვდილის სიცივეში და მარადისობის წიაღში, რომელნიც ძმას გაშორებენ!“ „ეს აღელვება, ძახილი, ცრემლები წესის შესრულებას ხელს უშლის: მღვდელი დუმდება, მონაზვნები კარს ხურავენ. ბრბო ტოკავს და საკურთხევლისაკენ მოიწევს. უგრძნობლად გამიყვანეს. მომაბრუნეს, მაგრამ არავის ვუმადლოდი ამას. როდესაც თვალი გავახილე, გავიგე რომ წირვა დასრულებულიყო. ამელის დაებარებინა: ჩემს ნახვას არ ეცადოსო. ოჰ! ცხოვრების არარაობავ! დას ძმასთან ლაპარაკი ეშინოდეს და ძმას ეშინოდეს, რომ დას თავის ხმა გააგონოს! გამოვედი მონასტრიდან, სადაც ცეცხლი ჩვენ ზეციური ცხოვრებისათვის გვამზადებს, სადაც, როგორც ჯოჯოხეთში, იმედს გარდა, ყველაფერი დაკარგულია. „შეიძლება პირად უბედურებასთან საბრძოლველად სულიერი ძალა იპოვოთ, მაგრამ ყოვლად აუტანელია, თუ სხვისი უბედურების უნებური მიზეზი გახდით. დის მწუხარება რომ გავიგე, წარმოვიდგინე, რა ტანჯვა უნდა განეცადა მას. მაშინ ჩემთვის ბევრი რამ გახდა ნათელი, რასაც წინათ ვერ ვხვდებოდი. სევდა და სიხარულის ცვალებადობა, რომელიც ამელის ემჩნეოდა შორეულ ქვეყნებში ჩემი გამგზავრების წინ, ის სიფრთხილეც, რომ მოგზაურობიდან, დაბრუნებულს არ შემხვედროდა და ეს სისუსტეც, რომელიც დიდხანს ხელს უშლიდა მონასტერში ჩაკეტილიყო. უბედური ქალი, უეჭველია, თავის განკურნების იმედს არ ჰკარგავდა. მონაზვნად აღკვეცის განზრახვას, მორჩილებისაგან გათავისუფლებას და ჩემთვის ქონების დამტკიცებას გამოეწვიათ ის საიდუმლო მიმოწერა, რომელმაც შეცდომაში შემიყვანა. „ოჰ, ჩემო მეგობრებო! ასე გავიგე, თუ რას ნიშნავს ცრემლის ღვრა არა მოგონილი, არამედ ნამდვილი უბედურების გამო. ასე დიდხანს გამოუყენებელი ჩემი ვნებანი. ამ პირველ მსხვერპლს გაშმაგებით მივარდნენ: მწუხარებით აღვსილმა, რაღაც წარმოუდგენელი კმაყოფილება ვიგრძენი და იდუმალი სიხარული განვიცადე, როდესაც შევნიშნე, რომ მწუხარება ისეთი გრძნობა არ ყოფილა, რომელიც სიამოვნებასავით მალე ქრება. „ამ ქვეყნის მიტოვება უფრო ადრე მოვინდომე, ვიდრე ამას ყოვლისშემძლე ინებებდა. ეს უდიდესი დანაშაული იყო. ღმერთმა ჩემს გადასარჩენად და იმავე დროს დასასჯელად ამელი გამომიგზავნა. ცოდვილი ფიქრი და მოქმედება ასე იწვევს უბედურებასა და არევ-დარევას. ამელიმ მთხოვა, მეცოცხლა და მოვალე ვიყავ მისი ტანჯვა არ დამემძიმებინა. სხვათა შორის (ეს საოცარი ამბავია!) იმის შემდეგ, რაც ნამდვილად უბედური გავხდი, სიკვდილი აღარ მინდოდა. ჩემი მწუხარება საქმედ გადამექცა, რომელიც ცხოვრების ყოველ წუთს მივსებდა: იმდენად შეჩვეულია ჩემი გული ბუნებით თანდაყოლილ დარდსა და ტანჯვას. „მოულოდნელად სხვა გზას დავადექ: გადავწყვიტე ევროპა მიმეტოვებინა და ამერიკაში გავმგზავრებულიყავი. „სწორად იმ ხანად ბ-ის ნავსადგურში ფლოტს ადგენდნენ ლუიზიანაში წასასვლელად. გემის ერთ-ერთ კაპიტანს შევუთანხმდი. ეს გეგმა ამელის ვაცნობე და მგზავრობისთვის მზადებას შევუდექი. „ჩემი და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ღმერთმა, რომელიც უმანკო ქალის პირველობის პალმა მას მიაკუთვნა, ასე ნაადრევად მისი წაყვანა არ ინება. ამქვეყნად მას გამოცდა გაუგრძელდა, ცხოვრების მძიმე გზას ხელმეორედ გაჰყვა და ჯვრის სიმძიმის ქვეშ მოხრილმა გმირმა ქალმა ახალ მწუხარებათა შესახვედრად გულადად გასწია. ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვებას ხედავდა. ხოლო დაუსრულებელ ტანჯვაში დაუსრულებელ დიდებას. იმ მცირე ქონების გაყიდვამ, რომელიც დამრჩა და ჩემს დას დავუთმე, აგრეთვე ფლოტის ხანგრძლივმა სამზადისმა და პირქარებმა ნავსადგურში დიდხანს დამაყოვნეს. ამელის ამბის გასაგებად ყოველ დილით დავდიოდი მონასტერში, სადაც ახალი საბაბი მეძლეოდა ცრემლთა ღვრისა და აღტაცებისათვის. „ზღვის პირად აშენებული მონასტრის ირგვლივ დავეხეტებოდი და ხშირად ვხედავდი უკაცური ნაპირისკენ გამოჭრილ გისოსიან სარკმელთან მჯდომარე ჩაფიქრებულ მონაზონს. ის ოცნებობდა ოკეანეს თვალმიპყრობილი, სადაც ზოგჯერ აფრა გაშლილი შორეული ქვეყნებისაკენ მიმავალი გემი გამოჩნდებოდა. მთვარის შუქზე ბევრჯერ მინახავს ის მონაზონი, სარკმლის იმავე გამირებს მიყრდნობილი, ღამის მნათობით სხივმოფენილი ზღვის მზერით სტკბებოდა, თითქოს ყურს უგდებდა ტალღების ხმაურს, უდაბურ სილიან ნაპირებს სევდიანად რომ ეხეთქებოდნენ. „თითქოს ახლაც მესმის ღამეში ზარის რეკვა, რომელიც მონაზვნებს ღამის სათევად და სალოცავად მოუწოდებდა. იმ დროს, როცა ზარი ზანტად გუგუნებდა და მონაზვნები ყოვლისშემძლის საკურთხევლისკენ ჩუმად მიდიოდნენ, მე მონასტრისკენ გავრბოდი: იქ კედლების ძირში, წმინდა აღტაცებით ვუსმენდი ჰიმნის უკანასკნელ ხმებს, რომლებიც ტაძრის თაღებქვეშ ტალღების სუსტ ჩხრიალს უერთდებოდა. „არ ვიცი, როგორ მინდა, მაგრამ ყოველდღე იმას, რასაც ჩემი ტკივილები უნდა გაეძლიერებინა, პირიქით მჩხვლეტავი ეკლები დაუჩლუნგა. ახლა ნაკლები სიმწარე ახლდა ჩემს ცრემლს, რომლებსაც კლდეებზე და ქარში ვაფრქვევდი. ჩემი არაჩვეულებრივი ხასიათის კაეშანიც რაღაც წამალს შეიცავდა. ადამიანს ატკბობს ის, რაც ყველას კუთვნილებას არ წარმოადგენს, თუგინდ ის უბედურებაც იყოს. ეს იმედს მაძლევდა, რომ ჩემი დაც თავს ნაკლებ უბედურად იგრძნობდა. „გამგზავრების წინ მიღებულმა მისმა წერილმა ეს აზრი თითქოს დამიდასტურა. ამელი ჩემი წუხილისთვის ნაზად მტუქსავდა, მარწმუნებდა, ჭმუნვა შემიმსუბუქდაო. „ჩემი ბედნიერების იმედს არ ვკარგავ, მწერდა ის, თვით სიდიადე მსხვერპლშეწირვისა, რომელიც უკვე დასრულებულია, ახლა რაღაც სიმშვიდეს მანიჭებს. ჩემი მეგობარი ქალების უბრალოება, აღთქმათა უმანკოება და წესიერი ცხოვრება ჩემი დღეების მალამოა. როცა აბობოქრებულ ქარიშხალს ვუსმენ და ზღვის ფრინველი ჩემს ფანჯარას ფრთებს ურტყამს, მე, საბრალო ზეციური მტრედი, ვფიქრობ ჩემს ბედნიერებაზე, ვფიქრობ, რომ ვპოვე თავშესაფარი და გრიგალი ვერას დამაკლებს. აქ არის წმინდა მთა, მაღალი მწვერვალი, სადაც მიწის უკანასკნელი ხმაურობა და სადაც ცის პირველი გალობა აღწევს. აქ სარწმუნოება მგრძნობიარე სულს ნაზად აყუჩებს. უშმაგეს სიყვარულს რაღაც აღგზნებული უმანკოებითა სცვლის, რომელშიც სატრფო და ქალწული ერთიანდებიან. სარწმუნოება სწმენდს ოხვრა-გმინვას და უბიწო ცეცხლით სცვლის ხრწნად ცეცხლს: სულიც მოუსვენრობისა და ავხორცობის ნაშთს, რომელიც დასვენებას მოწყურებულ გულსა და მიმავალ სიცოცხლეს შერჩენია, სარწმუნოება ღვთაებრივად ურთავს თავის სიმშვიდესა და უმანკოებას“. „არ ვიცი, ზეცა რას მიქადის, იქნება გამაფრთხილა, რომ ყოველ ჩემს ნაბიჯს გრიგალი მოჰყვება. ფლოტს გამგზავრების ბრძანება მისცეს. მზის ჩასვლის წინ უთვალავმა გემმა გაშალა აფრა. უკანასკნელი ღამე ნაპირზე გავატარე, რათა ამელისთვის გამოსათხოვარი წერილი გამეგზავნა. შუაღამისას, როდესაც წერით ვიყავი გართული და ქაღალდს ცრემლით ვასველებდი, ქარის ხმაურობა მომესმა. ყური დავუგდე. გრიგალში საგანგაშო ზარბაზნის სროლა მომესმა, რომელიც მონასტრის ზარის სამგლოვიარო რეკვას ერთვოდა. ზღვის უდაბურ ნაპირისკენ მივქრივარ, სადაც მხოლოდ ტალღების ღრიალი ისმის. კლდეზე ჩამოვჯექ. იქით მბრწყინავი ტალღები შფოთავენ, აქეთ მონასტრის კუშტი კედლები ცაში გაურკვევლად იკარგებიან. გისოსიან ფანჯარაში პატარა შუქი გამოჩნდა. ოჰ, ნუთუ ეს შენა ხარ, ჩემო ამელი, რომელიც ჯვარცმის ფერხთქვეშ გართხმული ღმერთს ევედრები, რომ უბედური ძმა გრიგალისგან დაიფაროს? ტალღებზე ქარიშხალი ბობოქრობს, შენს სენაკში კი სიწყნარე მეფობს. ადამიანები მეჩეჩზე იმსხვრევიან იმ სავანის საძირკველთან, რომლის მყუდროების დარღვევა არაფერს შეუძლია. სენაკის კედლის გარეშე დაუსრულებლობაა, გემების მოქანავე ფარნები, მონასტრის უძრავი შუქურა. მეზღვაურის ბედის დაუდგრომლობა. ვესტელი, რომელსაც განვლილი ერთი დღით შეუძლია წარმოიდგინოს, როგორი იქნება მისი მომავალი, ცხოვრების ყოველი დღე. მეორე მხრით, ისეთი სული, როგორიც შენა გაქვს, ამელი, ოკეანესავით გრიგალიანი. უფრო საშინელია ავარია, ვიდრე გემის დაღუპვა. მთელი სურათი ჩემს მეხსიერებაში ღრმად არის ამოკვეთილი. ახალი ცის მზეო, ჩემი ცრემლის ახლანდელო მოწმევ, ამერიკის ნაპირთა გამოძახილნო, რომელნიც რენეს ნათქვამს იმეორებთ, იცოდეთ, იმ საშინელი ღამის მეორე დღეს მოხდა ეს: უკანა გემბანზე დაყრდნობილი ვუცქეროდი, როგორ მშორდებოდა სამუდამოდ სამშობლო მიწა-წყალი. დიდხანს ვუმზერდი ნაპირზე ჩემი სამშობლოს ხეების უკანასკნელ რხევას და მონასტრის თავბანდებს, რომლებიც ჰორიზონტს ეფარებოდნენ“. * როდესაც რენემ თავისი ამბავი დაასრულა, უბიდან ქაღალდი ამოიღო და მამა სუელს გადასცა. თვითონ შაქტასს მკლავებში ჩაუვარდა და ქვითინი შეიკავა, რათა მისიონერისთვის გადაცემული წერილის წაკითხვა ეცლია. მონასტრის წინამძღვარ ქალს გამოეგზავნა ეს წერილი, რომელიც იუწყებოდა ამელის უკანასკნელი დღეების ამბავს. ამელი თავისი ღვაწლის და თავდადების მსხვერპლი გამხდარიყო და გადამდები სენით დაავადებული ქალების მოვლას გადაჰყოლოდა. უნუგეშო მწუხარებას მოეცვა ყველა. ამელი წმინდანად ჩათვალეს. წინამძღვარი ქალი დასძენდა, ორმოცდაათი წელია, რაც ამ მონასტერს ვუძღვები და ასეთი მშვიდი, დამდგარი ხასიათის მონაზონი ჯერ არ შემხვედრია. არც ისეთი, რომელიც ამელიზე უფრო კმაყოფილი ყოფილიყოს, რომ ამქვეყნიურ განსაცდელს თავი დააღწიაო. შაქტასმა რენე მკერდში ჩაიკრა. მოხუცი ტიროდა. „ჩემო ბავშვო, უთხრა თავის შვილს, ვისურვებდი, რომ მამა ობრი ახლა აქ ყოფილიყო. ის თავის გულის სიღრმეში გრიგალების დამწყნარებელ რაღაც სიმშვიდეს პოულობდა, თუმცა მისთვის გრიგალები უცხო არ იყო. ობრი იყო მთვარე ქარიშხლიან ღამეში. მოხეტიალე ღრუბლებს არ შეუძლიათ თავისი ლტოლვით მისი გატაცება. სპეტაკი და უცვლელი მთვარე წინ წყნარად მიცურავს მათ ზემოთ. ეჰ! მე კი ყველაფერი მაღელვებს და მიტაცებს! აქამდე მამა სუელს სიტყვა არ წარმოუთქვამს, მკაცრი გამომეტყველებით უსმენდა რენეს. მამა სუელი თავის გულშემატკივრობას მალავდა, გარეგნულად მოუდრეკელი ხასიათისა იყო, საშემის მგრძნობიარობამ დაარღვევინა დუმილი. „თქვენს ნაამბობში ისეთი არაფერია, რომ აქ გამომჟღავნებულ სიბრალულს იწვევდეს. მე ვხედავ ქიმერებით გაბრუებულ ახალგაზრდას, რომელსაც არაფერი მოსწონს და რომელიც ყოველგვარ მოვალეობისგან ითავისუფლებს თავს საზოგადოების წინაშე, რათა ფუჭ ოცნებას მიეცეს. ბატონო, ადამიანი რჩეულ არსებად არ ჩაითვლება, იმიტომ, რომ ის მხოლოდ ქვეყნის საზიზღარ მხარეს ხედავს. ცხოვრება და ადამიანები ზოგიერთს იმიტომ სძულთ, რომ არასაკმაო მანძილიდან უცქერიან მათ. ცოტა შორიდან შეხედეთ მათ და მალე დარწმუნდებით, რომ ყველა ეს ბოროტება, რომელსაც უჩივით, სულ არარაობას წარმოადგენს. მაგრამ რა სირცხვილია, რომ თქვენს ერთადერთ რეალურ უბედურებაზეც გაუწითლებლად ფიქრი არ შეგიძლიათ. მთელი სისპეტაკე, სათნოება, ღვთისმოსაობა და წმინდანის ყველა გვირგვინი ძლივს ხდის ასატანად თქვენი მწუხარების აზრს. თქვენმა დამ თავისი ცოდვა მოინანია, მაგრამ თუ საჭიროა ჩემი აზრის გამოთქმა, ვშიშობ, რომ საფლავის წიაღიდან მოსმენილმა აღსარებამ სასტიკი სამართლიანობით არ შეაშფოთოს თქვენი სული. რას აკეთებთ ამ უღრან ტყეში, სადაც სიცოცხლის გზას იმოკლებთ და უგულებელყოფთ ყველა თქვენს მოვალეობას? თქვენ მეტყვით, რომ წმინდანები უდაბნოში ისამარებენ თავსო. მათ თვალზე ცრემლი არ აშრებოდათ და დროს, რომელსაც თქვენ შეიძლება საკუთარი ვნებების გასაღვივებლად ჰკარგავთ, ისინი ვნებათა ღელვის დასაცხრომად იყენებდნენ. ქედმაღალო ახალგაზრდავ, რომელსაც წარმოგიდგენია, რომ ადამიანს შეუძლია მხოლოდ თავისთავით დაკმაყოფილდეს. მარტოობა მავნებელია ადამიანისთვის, თუ იმავე დროს ღმერთთან არ არის. მარტოობა სულის ძალებს აორკეცებს, მაგრამ იმავე დროს განვითარების ყოველგვარ საშუალებას აცლის. ადამიანმა მისთვის მინიჭებული ძალა თავის მსგავსთა სამსახურს უნდა შესწიროს. ვინც ამ ძალას ვერ იყენებს, ეს მას ჯერ იდუმალად სტანჯავს, ხოლო ადრე თუ გვიან ზეცისაგან საშინელ სასჯელს მიიღებს“. ამ სიტყვებით შეშფოთებულმა, დამცირებულმა რენემ შაქტასის მკერდიდან თავი აიღო. ბრმა საშემმა გაიღიმა. ტუჩების ამ ღიმილში, რომელსაც თან აღარ ახლდა თვალების ღიმილი, რაღაც ციური და იდუმალი იხატებოდა. „ჩემო შვილო, თქვა ატალას ძველმა სატრფომ, სუელი ძალიან მკაცრად გესაუბრება: მოხუცსაც და ახალგაზრდასაც ჭკუას გვასწავლის. სუელი მართალია, ჰო, შენ ხელი უნდა აიღო ამ არაჩვეულებრივ, ურვა-წუხილით სავსე ცხოვრებაზე მხოლოდ საერთო გზას მივყავართ ბედნიერებისაკენ“. „ერთხელ მეშასებეს სათავის მახლობლად მობეზრდა, რომ ის მხოლოდ ანკარა ნაკადული იყო. მეშასებე სთხოვს თოვლს მთებს, წყალს-ნიაღვარს, წვიმებს-ქარიშხალს; ის გადალახავს კალაპოტს და ის ანადგურებს თავის ტურფა ნაპირებს, ზვიადი წყარო პირველად კმაყოფილია თავისი სიძლიერით. მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ის ადგილი, სადაც გაიარა, უდაბნოდ იქცა, რომ ის მარტოდმარტო დარჩენილი მიაქროლებდა ტალღებს და რომ წყალი მუდამ მღვრიე ჰქონდა, დაენანა თავისი მშვიდი, ბუნების მიერ მიჩენილი კალაპოტი, ფრინველები, ყვავილები, ხეები და ნაკადულები, ოდესღაც თავისი წყნარი მდინარეების მოკრძალებული თანამგზავრები“. შაქტასმა ლაპარაკი შეწყვიტა. მეშასებეს ლელიანში მიმალული ფლამინგოს ძახილი გაისმა, რაც შუადღისას ქარიშხლის ამოვარდნას მოასწავებდა. სამივე მეგობარმა ქოხებისკენ გასწია. მისიონერი ღმერთს ევედრებოდა. ბრმა საშემი გზას ფრთხილად მიიკვლევდა, რენე კი მათ შორის მდუმარედ მიდიოდა. ამბობენ, ამ ორი მოხუცის რჩევით, რენე თავის ცოლს დაუბრუნდა, მაგრამ ბედნიერება ვერ ჰპოვა მასთანო. დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რომ რენე შაქტასსა და მამა სუელთან ერთად დაიღუპა ლუიზიანაში ფრანგებსა და ნატჩესებს შორის მომხდარ სისხლის ღვრის დროსო. ახლაც გვიჩვენებენ იმ კლდეს, სადაც რენე მზის ჩასვლისას ჯდებოდა.

ნახვა: 1891

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters