...მაისის ნისლიანი დილა იდგა. ნისლიან საფარველს მიღმა ბანაკი მოჩანდა - ბეტონის სვეტები, მაღალი ძაბვის მავთულები, თანაბარი, მართკუთხა ბარჟები, სუფთად დაგვილი მოედანი, კომენდატურის შენობა, კოშკურები ტყვიამფრქვევებითა და ჩამქრალი პროჟექტორებით... ტიტრი: „იდგა 1945 წლის 2 მაისი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი...“ კომენდატურიდან ოფიცერ-ესესელი გამოვარდა, გზადაგზა იკრავდა მუნდირს, თან ჭიშკართან და კოშკურაზე მყოფ გუშაგებს რაღაცას უყვიროდა. მას მეორე ოფიცერი მოჰყვა, რომელიც სატელეგრაფო ლენტს კითხულობდა. ტყვეების ბარაკებისაკენ ტყვიამფრქვევების ლულების მობრუნება დაიწყეს.

- სწრაფად! - ყვიროდა პირველი ოფიცერი, - ჰიმლერის ბრძანებაა! ეშმაკმა წაიღოს! ყველა! სწრაფად! შენობიდან, რომელშიც დაცვა იყო განთავსებული, ჯარისკაცები გამოცვივდნენ, თან გრძელ თოკზე გამობმული ნაგაზები მოჰყავდათ. დილის სიჩუმე ძაღლების გაშმაგებულმა ყეფამ დაარღვია. ჯარისკაცები ბარაკებში შეცვივდნენ, პატიმრები წიხლებითა და ავტომატის კონდახებით წამოყარეს ნარებიდან. სხვადასხვა ბრძანებას შორის ძაღლების ყეფასთან ერთად ყველაზე ხშირად გაისმოდა: - შნელ! სწრაფად, სწრაფად! ნამძინარევი, ძალაგამოცლილი ტყვეები ნელა დგებოდნენ, ბარაკებიდან გამოდიოდნენ და კოლონებად ეწყობოდნენ. ესესელები კონდახის ცემით ერეკებოდნენ მათ. დანიელი - მაღალი, გამხდარი, ქერა, გრუზათმიანი ტყვე, - ძაღლის ყეფამ გააღვიძა. ნარიდან ჩამოძვრა და თან გაცვეთილი ბიბლიის ტომი წამოიყოლა.

- ეი, ქსენდზ, რას წამოგვყარეს ამ დილაადრიან? - ჰკითხა ვიღაცამ პოლონურად. დანიელმა მხრები აიჩეჩა და გასასვლელისკენ გაემართა. ჟერარს კი ისე მაგრად ეძინა, მეზობლები დიდხანს ეჯაჯგურნენ და ვიდრე ჯარისკაცმა გვერდში ავტომატის ლულა არ უბიძგა, ვერ გააღვიძეს. ბოლოს, როგორც იქნა, თვალი გაახილა, ნელა ჩამოძვრა ნარიდან. თან სიცივისაგან იძუძგებოდა.

- რამ გაამხეცათ? - იკითხა ვიღაცამ გვერდით ჩავლისას.

- ამერიკელები გვიახლოვდებიან, - გაიღიმა ჟერარმა, - გესმით?

ჯარისკაცების ყვირილისა და ძაღლების ყეფის მიღმა უკვე ახლოს ისმოდა ტყვიამფრქვევების კაკანი.

- ჯანდაბა, მე კი მარსელი მესიზმრებოდა, - გაიღიმა ისევ ჟერარმა.

- ახლა გვაჩვენებენ მარსელსაც და რიო-დე-ჟანეიროსაც, - გაბრაზებით ჩაილაპარაკა ვიღაცამ. მაისის მზე ანათებდა და ბარაკებიდან გამოსულ ტყვეებს თვალს ჭრიდა. მხოლოდ ერთი უსწორებდა თვალს სინათლეს, შეუპოვრად და მტკიცედ, - კუთხოვან სახეზე ნაკვთიც არ უტოკავდა. მაისის ნათელი დილა ნერვებს უშლიდა. ეს იყო ვლადიმერი.

ესესელმა ერთ-ერთ პატიმარს კონდახი ჩასცხო. ის ტკივილისაგან შეიჭმუხნა და ხელი ჰკრა გერმანელს.

- გაგიჟდი, ძაღლო?! გაისმა ავტომატის ჯერი. მობუზული პატიმარი მიწაზე დაეცა. ყველა გაოგნდა, შეძრწუნებულები უყურებდნენ მოკლულს. ჯარისკაცები კი ყვირილს განაგრძობდნენ. ისევ გაავებით ყეფდნენ და პატიმრებისაკენ იწევდნენ ძაღლები. შავი, ხვეულთმიანი პატიმარი, იტალიელს რომ ჰგავდა, მოკლულთან დაიხარა, ხელზე შეეხო და თავი გაიქნია: - მკვდარია... დასასრულის ეშინიათ, ეშმაკებს... - ოდნავ ქართული აქცენტით, რუსულად ჩაიბურტყუნა და ხელი სახეზე მოისვა. კეხიანი, მკვეთრად წინ წამოწეული ცხვირი ჰქონდა. დანიელი ტანდაბალ, მსუქან, შავმუნდირიან და უნტერ-ოფიცრის სამხრეებიან ავსტრიელთან გაჩერდა. დაჭმუჭნული მუნდირი ცუდად ადგა ტანზე, მუცელთან ღილი აწყვეტოდა. აღარ ჰგავდა იმ ყოჩაღ ესესელს, როგორიც ომის დასაწყისში იყო.

- რა პანიკაა დღეს, „მამილო“ შტოლც? - იკითხა დანიელმა. - სამუშაოსთვის ორი საათით ადრე წამოგვყარეს?

- სამუშაოსთვის არა, მამაო, - თითქმის ჩურჩულით უპასუხა „მამილო“ შტოლცმა, თან აქეთ-იქით იხედებოდა. - როგორც კათოლიკემ კათოლიკეს შემიძლია გითხრა - სამუშაოს გამო არა. ჰიმლერის ბრძანება მოვიდა. სასწრაფოდ ყველას ლიკვიდაცია უნდა მოხდესო! - და შეშინებულმა მიიხედ-მოიხედა.

- რატომ? - იკითხა დაბნეულმა დანიელმა. - ვინღა იმუშავებს ქარხანაში? მუშაობა აღარაა საჭირო... ამერიკელები ოცდაათ კილომეტრში არიან. ღმერთო, გვიშველე! იკითხეთ ბიბლია, მამაო, იკითხეთ ბიბლია... უნტერ-ოფიცერ შტოლცის სიტყვები მხოლოდ დანიელს არ გაუგონია. მის ახლომახლოს სწორედ ამ დროს აღმოჩნდნენ ვლადიმერი და ჟერარი, რომელიც ის-ის იყო, ბარაკიდან გამოვიდა.

- მგონი ლიკვიდაციაა... - ასევე ხმადაბლა თქვა ვლადიმერმა.

- სწრაფად! სწრაფად! - ყვიროდა უფროსი ოფიცერი. მოწყობილი კოლონა ბანაკის ჭიშკრისაკენ დაიძრა. კეხიანცხვირიანი ქართველი - ვახტანგი - კოლონის შუაგულში მოექცა. მან და სხვა პატიმრებმაც იგრძნეს, რაღაც ცუდი რომ ხდებოდა და შეშფოთებულები იხედებოდნენ აქეთ-იქით. ირგვლივ კი მთები იყო, მუქი, ტეხილი ნაპრალებით, სადაც მზის სხივებზე ყინული ცისფრად ბრწყინავდა. მწვერვალი თოვლით იყო დაფარული. მთები პატარა ბანაკს მჭიდროდ ერტყმოდა გარს. კლდოვანი ფლატე პატარა პლატოზე იყო ჩამოწოლილი და ბანაკის ჭიშკრიდან ვიწრო გზა იკლაკნებოდა. ყველაფერი ელვისებურად მოხდა. პატიმრების კოლონა ბანაკიდან გამოვიდა, ბოლო ჯერ კიდევ ჭიშკართან იყო. აქ იყვნენ ჟერარი, ვლადიმერი და დანიელი. ისინი აქეთ-იქით იხედებოდნენ, მავთულხლართიან გალავანს, ტყვიამფრქვევიან კოშკურებს და მთის ფლატეებს შორის მიმავალი, დახვეული გზის ტყიან ფერდობებს აკვირდებოდნენ. ცოტაც და ყველაფერი დამთავრდებოდა. მაისის ამ ნათელ დღეს... როცა ომი სულს ღაფავდა... და თავისუფლება ასე ახლოს იყო. ისე მოხდა, რომ დანიელი, ჟერარი და ვლადიმერი კოლონის ბოლოში მოექცნენ. ზურგს უკან ხაოდნენ ნაგაზები. ვლადიმერმა ჟერარს გადახედა, თვალებით ანიშნა და „მამილოსა“ და კიდევ ერთ ჯარისკაცს ჭიშკრის დახურვაში მიეშველა. უცებ ჟერარი ჯარისკაცთან მივარდა, მუშტი მთელი ძალით ჩაარტყა, წააქცია, მხრიდან ავტომატი ჩამოგლიჯა და ბანაკის ჭიშკრიდან გავარდა. დანიელმაც, ბიბლია უბეში ჩაიჩარა, მეორე, გაოგნებულ ესესელს ავტომატი გამოგლიჯა და ისიც პატიმართა კოლონის საპირისპირო მხარეს, ვიწრო, ქვიან გზაზე გაიქცა. ვლადიმერმა „მამილო“ შტოლცი წააქცია, ბუდიდან პისტოლეტი ამოაძრო და ჟერარსა და დანიელს მიჰყვა. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. გონს მოსული ესესელები გაქცეულებს გამოუდგნენ და ნაგაზებიც აუშვეს. ტყვეების კოლონა წეღანდელზე მეტად აჩოჩქოლდა. მთამ ექო მისცა. შორიდან კი, როგორც სიცოცხლის იმედი, მოისმოდა ტყვიამფრქვევების კაკანი.

- ლიკვიდაციაა! - დაიძახეს კოლონაში. - მოსაკლავად მივყავართ!

ალყაში აღმოჩენილმა ვახტანგმა იყვირა: - დასცხეთ მაგათ! ასე სიკვდილი სჯობს! - ის ესესელებს დაეტაკა და დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. ალყა ორმა ათეულმა ტყვემ გაარღვია და გზაზე გაცვივდა. არ იცოდნენ, სად უნდა გაქცეულიყვნენ, სად ეძებნათ შველა.

- დახოცეთ, მაგათი! - გერმანულად ყვიროდა უფროსი ოფიცერი და კოლონის სიღრმისაკენ ისროდა. გაისმა ავტომატების კაკანი, რომელიც ცელავდა ტყვეებს. ვახტანგი ავტომატით გავარდა გზაზე, არ იცოდა, საით წასულიყო, მაგრამ უცებ გაქცეულებს მოჰკრა თვალი - ვლადიმერი, ჟერარი და დანიელი ფლატეზე დაეშვნენ და წიფლის ტყეს მისცეს თავი. უკანასკნელ ძალას იკრებდნენ და მიფორთხავდნენ. სამი ჯარისკაცი კი, ძაღლებთან ერთად, ფეხდაფეხ მისდევდა. ვახტანგი გაქცეულების კვალს მიჰყვა. სახე ოფლით დაენამა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ავტომატიც საშინლად დამძიმდა. ვლადიმერი მობრუნდა, პისტოლეტიდან გაისროლა. ერთი ესესელი დაეცა. დანიელი ხის ქვეშ, ქვაზე დავარდა. გაისმა ავტომატის ჯერი. ვლადიმერს ნაგაზი დაეწია, მკერდზე შეახტა, ბასრი ეშვები მხარში ჩაავლო. ვლადიმერმა რამდენჯერმე ესროლა მუცელში და ცხოველის ლეში მოიშორა. დანიელი გაბმული ჯერით ისროდა. ორი ესესელი დაწვა და ცეცხლი გაუხსნა გაქცეულებს.

უცებ ერთ-ერთის ზურგს უკან ვახტანგის ფიგურა წამოიმართა.

- ჰეი! - შესძახა მან და როცა ქვის უკან მიწოლილი ესესელი მობრუნდა, ავტომატის ჯერი მიუშვა. ერთ წამში ტყვია მასვე მოხვდა მხარში - ესესელმა, რომელიც იქვე იყო გაშოტილი, დაასწრო გასროლა. ამასობაში დანიელი წამოხტა და ტყეს შეაფარა თავი. მიწაზე დავარდა. ვეღარ სუნთქავდა. გზიდან ხშირი, უწესრიგო სროლა, ხალხის ყვირილი და ძაღლების ყეფა მოისმოდა. ჟერარს მეორე ძაღლი დაეწია და შეახტა. ფრანგმა ძლიერი ხელები ძაღლს ყელში ჩაავლო და დახრჩობა დაუწყო. ძაღლი ხელიდან უსხლტებოდა, ვარდისფერი ენა გადმოეგდო და ხაოდა. იქვე ვლადიმერი იწვა და ხედავდა, როგორ უმიზნებდა ავტომატს რიყის ქვას ამოფარებულ ჯარისკაცს ტყვე, რომელიც იტალიელს ჰგავდა. „იტალიელს“ გაუმართლა - გერმანელს მოარტყა. ის მიწაში ცხვირით ჩაემხო და დადუმდა. ვახტანგმა კიდევ ერთხელ გამოკრა ჩახმახს, მაგრამ ვაზნაში ტყვიები გამოელია. წამოიწია, ქვემოთ გზას გახედა და რუსულად, ქართული აქცენტით დაიძახა: - ყველას ხოცავენ, წყეული მხეცები!

ნაგაზს ქაფი გადმოსდიოდა. ჟერარმა ხელი გაუშვა. ცხოველი უსულოდ დაეცა მიწაზე და აფართხალდა. ჟერარი დაბნეული დასჩერებოდა.

- გავგუდე... ეს ხომ ძაღლია... ყოველთვის მიყვარდა ძაღლები...

- ეს ძაღლი არაა, - გაბოროტებით უპასუხა ვლადიმერმა, რომელიც აქამდე ხის უკან იმალებოდა, - ესენი ისეთივე ესესელები არიან... ოღონდ ძაღლის ტყავში... გესმის?! ყველას ხოცავენ!.. დამაცადეთ, არამზადებო! - იგინებოდა ჟერარი და ყვრიმალები ებერებოდა, - თქვენი ჯერიც მოვა, ვერსად დაიმალებით...

- აღარავინ მოგვსდევს, ახლა ჩვენთვის აღარ სცხელათ, - ჟერარმა მოიხედა... - საკუთარი ტყავი აქვთ გადასარჩენი.

- რა გქვია? - გერმანულად ჰკითხა ვლადიმერს ფრანგმა.

- ვლადიმერი.

- რუსი ხარ?

- კი, რუსი ვარ, - გერმანულადვე უპასუხა ვლადიმერმა. - მგონი იქ ჩემიანი დავინახე... თუ იტალიელია. იმ ფრიცს ესროდა - ხედავ, რიყის ქვის უკან აგდია. - ორი ფრანგი, შესანიშნავია, - გაიღიმა ჟერარმა. - იტალიელიც კარგია... ეეი!

ძახილზე ხის უკნიდან ვახტანგის მოხრილი ფიგურა გამოჩნდა. ხელით დაჭრილი მხარი ეჭირა.

- კიდევ ერთი იყო, ქერათმიანი, - თქვა ჟერარმა. თავიდან სამნი გამოვიქეცით...

გასროლის ხმა თანდათან მიყუჩდა. გაურკვევლად მოისმოდა ავტომობილების მოტორების გუგუნი და ოფიცრების ბრძანებები.

- აი ისიც, გაგიჟდა! - თქვა უცებ ვლადიმერმა, - უკან გაიქცა. დანიელი გზისკენ გარბოდა. ხეებს შორის მოჩანდა, როგორ გამოდიოდა ბანაკიდან ხუთი მძიმე სატვირთო ავტომანქანა. ისინი გვამების გროვასთან გაჩერდნენ. ესესელები სწრაფად აძვრნენ მანქანების ძარაზე.

- სწრაფად! შნელ! - მოისმოდა ბრძანება, - ამერიკელებმა შეიძლება გრუნვალდის გზატკეცილი გადაკეტონ.

რამდენიმე ჯარისკაცი გვამებს შორის დადიოდა, დაჭრილებთან ჩერდებოდა და ავტომატის მოკლე ჯერით უღებდა ბოლოს.

-კმარა! - დაიძახა უფროსმა ოფიცერმა. - წყეულიც იყვნენ! სწრაფად, მანქანებში! ძრავები აგუგუნდა, მანქანები ადგილიდან დაიძრა და გვამებზე გადავლით დაადგა გზას. სისხლის დიდმა ლაქებმა დაფარა ქვიანი გზა... სისხლის საოცარმა გუბეებმა. სატვირთო ავტომობილების ბორბლებიდან სისხლი აშხეფებდა, იმსხვრეოდა ადამიანთა ძვლები. ირგვლივ დაკრუნჩხული, მკვდარი სხეულები ეყარა... დანიელი მთელი ძალით გარბოდა გზაზე და სასოწარკვეთილი ყვიროდა: - ნაძირლებო! ნაბიჭვრებო! უნამუსოებო!

ჟერარი, ვახტანგი და ვლადიმერი მას მთის ფერდობიდან უცქერდნენ.

- გაგიჟდა, - თქვა ფრანგმა, - დაიჭერენ!

- ჯანდაბა... - ვლადიმერმა პისტოლეტის მჭიდში ვაზნა შეამოწმა, - რადგანაც ასე უნდა...

- რას ჰქვია - ჯანდაბას? - ქართული აქცენტით, რუსულად შეჰყვირა ვახტანგმა.

- რას ამბობ, მოიცა? როგორ შეიძლება? ეეე! შეჩერდი! - მან ავტომატები დაყარა და მოუქნელად დაეშვა ფერდობზე, თან დაჭრილ მხარზე ჰქონდა ხელი ჩავლებული.

- რუსია? - იკითხა გაოცებულმა ჟერარმა.

- საბჭოელია... - უპასუხა ვლადიმერმა. - მგონი... ქართველია...

...გერმანელები წავიდნენ. გაზაფხულის მზე მიტოვებულ ბანაკს და ტყვეების გვამებით მოფენილ მთიან გზას ანათებდა. დანიელი მოკლულებს შორის დააბოტებდა და ჩურჩულით ლოცულობდა: - ღმერთო, მიიღე გარდაცვლილთა სულები... გზაზე ვახტანგი გამოჩნდა. ზოლიანი ქურთუკის მარცხენა მხარე სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. მას კვალდაკვალ ჟერარი, ბოლოს კი ავტომატებით დატვირთული ვლადიმერი მოჰყვნენ. დანიელი ერთ ტყვესთან დაიხარა. მხარზე შეეხო: - ზბიშეკ, ადექი, ზბიშეკ!.. გესმის? წავიდნენ... - დანიელი სულ უფრო ძლიერად ანჯღრევდა მკვდარს, ტუჩები უცახცახებდა, სახე რისხვითა და ტკივილით ემანჭებოდა. - გესმის ჩემი, ზბიშეკ? წავიდნენ, ბინძური ნაბიჭვრები! წავიდნენ! ადექი, ზბიშეკ! ჟერარმა ხელი მხარზე დაადო, მაგრამ დანიელმა უხეშად მოიშორა. პოლონელის მთელი ყურადღება მკვდარი ზბიშეკისაკენ იყო მიმართული.

- ზბიშეკ! ადექი, ძვირფასო! თავისუფლები ვართ! სახლში წავალთ! - ყვიროდა დანიელი და მის სასოწარკვეთილ ყვირილს მთის ექო იმეორებდა. - ღმერთო, არ აპატიო მათ! რისთვის, ღმერთო, რისთვის! არასდროს აპატიო! ჩვენ ვიცოცხლებთ, ზბიშეკ! ამ ნაბიჭვრების ჯინაზე! ვი-ცოც-ხლეეებთ, ზბიშეკ! ვიი-ცო-ცხლეეებთ! ჟერარი ცდილობდა, დანიელი მკვდარი ზბიშეკისათვის აეგლიჯა, მაგრამ პოლონელი წინააღმდეგობას უწევდა. პირზე ქაფი მოდგომოდა, თვალები ბუდიდან ლამის ამოცვენოდა. უცებ ძირს დავარდა და კრუნჩხვა დაეწყო. იკლაკნებოდა, ძალამიხდილ სახეზე ცრემლბი სდიოდა. პირის კუთხეებში ქაფი ბუშტუკებად მოუგროვდა. ვლადიმერი და ვახტანგი ჩუმად დასცქეროდნენ, როგორ გადმოაბრუნა ჟერარმა დანიელი ზურგზე და გზიდან როგორ გადაათრია. ვლადიმერი და ვახტანგიც მათ მიჰყვნენ. უცებ ვლადიმერმა მკვდარი გერმანელი ჯარისკაცი დაინახა, წამით დაფიქრდა, მერე მივიდა, ჩექმები და შარვალი გახადა, გაისინჯა. შემდეგ მუნდირიც გააძრო და გაიყინა - მზერა გერმანელის სახეს შეავლო. სულ ახალგაზრდა იყო. გაფითრებული, გაქვავებულ სახეზე სისასტიკე აღბეჭდვოდა. შუბლზე ქერა თმა ეყარა.

- პაკეტი აიღე, - მოესმა უცებ ვახტანგის ხმა, - ქამარში პაკეტი აქვს. ვლადიმერმა ვახტანგის დასისხლიანებულ მხარს შეხედა, სწრაფად გაგლიჯა ინდივიდუალური პაკეტი, მერე ქართველს ქურთუკის გახდაში მიეხმარა და ჭრილობის ბამბით გაწმენდას შეუდგა, თან ჩაიბურტყუნა: - ორი ტყვია მოურტყამთ... როგორც მინიმუმ... - ის სწრაფად და მოხერხებულად ახვევდა ჭრილობას.

ჟერარი გზის ფერდობზე დახრილი უსმენდა დანიელის პულსს, შემდეგ მასთან მიახლოვებულ ვახტანგსა და ვლადიმერს შეხედა.

- ძალიან ცუდადაა... - თქვა ჟერარმა, - ვერ მივატოვებთ...

- რა ვქნათ? - ვლადიმერი იქვე ჩამოჯდა და სახეზე ოფლი მოიწმინდა. - ქართველიც დაჭრილია... ორი ტყვია აქვს მხარში - ამასაც ექიმი სჭირდება... რა გქვია, „კაცო“?

- ვახტანგი, - მოკლედ მიუგო მან და მიწაზე ჩამოჯდა.

- აჰა, ჩაიცვი, - ვლადიმერმა გერმანელი ჯარისკაცის მუნდირი გაუწოდა, მაგრამ ვახტანგს სახეზე ზიზღი აღებეჭდა.

- არა, არასდროს!

ისინი რუსულად ლაპარაკობდნენ. ჟერარს არ ესმოდა მათი, ამიტომ გერმანულად იკითხა: - გახსოვს, როგორ დავყავდით ქარხანაში? დიდი მამული უნდა გაგვევლო... ფოლვარკი თუ რაღაც ასეთი, გახსოვს?

- კი, მახსოვს, - ხანმოკლე ფიქრის შემდეგ უპასუხა ვლადიმერმა.

- ეს ხომ აქვეა... საჭმელსაც ვიშოვით... ტანსაცმელსაც... რაიმე წამლებსაც...

- ვერ წავიყვანთ... მძიმეა... მუხლები მიკანკალებს...

- მე ვატარებ, - გაიღიმა ჟერარმა. - „ბოშები“ მიერეკებიან. ესე იგი, მამულში არავინაა... - არესტანტული ქურთუკის უბეში ბიბლიას შეავლო ხელი და ამოიღო.

- ბანაკში ყველა ქსენდზს ეძახდა. მღვდელს ნიშნავს?

- ჰო, პოლონურად... - უპასუხა ვლადიმერმა, ზურგზე დაწვა და კრიალა ცას ახედა.

- მღვდლის მიტოვება არ შეიძლება, - სრული სერიოზულობით თქვა ჟერარმა, - ისინი მთელი ცხოვრება ჩვენს სულებზე ზრუნავენ.

- მღვდლის მიტოვება არ შეიძლება, ადამიანისა კი შეიძლება, ჰმ! - ვახტანგმა თავი გადააქნია.

- შენ რა, გერმანულად არ ლაპარაკობ? - ჰკითხა ჟერარმა.

- არ მინდა, - ასევე რუსულად უპასუხა ვახტანგმა.

- რა თქვა? - ჰკითხა ჟერარმა ვლადიმერს.

- თქვა, რომ არ სურს გერმანულად ლაპარაკი, - გაიცინა ვლადიმერმა.

- პარლე ვუ ფრანსე? - ჰკითხა ჟერარმა.

ვახტანგმა უარყოფის ნიშნად გააქნია თავი.

- ესპანიოლა? დუ იუ სპიკ ინგლიშ? - თავს არ ანებებდა ჟერარი. - ლატინოს?

ვახტანგმა ისევ უარყოფის ნიშნად გაიქნია თავი.

- ხედავ, ვახტანგ, - გამხიარულდა ვლადიმერი, - ერთი ენა მაინც გესწავლა, როგორ გამოგადგებოდა?

- მან თუ ხუთი ისწავლა, გამოადგა? - ჟერარისკენ მიუთითა ვახტანგმა.

ხმადაბლა გაიცინეს, ვლადიმერმა თქვა: - ვერაფერს გააწყობ, ჟერარ. რუსულად ილაპარაკოს, მე გადაგითარგმნით.

- შემიძლია, ქართულად ვილაპარაკო, - თქვა ვახტანგმა.

 

რომანი გოგონებზე

     გოგონებს უყვარდათ უცხოელები. არა, არ იფიქროთ, თითქოს თავისიანები არ უყვარდათ... პირიქით... ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ დიდი, ძალიან დიდი ხნის - 6-7 წლის წინათ. მაგალითად, ერთ გოგონას, სახელად თამარას, რომელიც იმხანად მართლაც რომ სულ გოგონა გახლდათ, უკვე მოზრდილი და ზრდასრული ყმაწვილი, მეტსახელად კოლეგა, უყვარდა - ოქროს ორი კბილით, მეოცნებე და დამნაშავე. ეს მეტსახელი, სავარაუდოდ, იმიტომ შეარქვეს, რომ მასთან თამამად შეიძლებოდა საქმის დაჭერა. ბავშვობასა და ყმაწვილობაში ნიკოლაი მტრედებს დასდევდა, ქურდობდა და წარმატებულიც გახლდათ. მტრედები - სახიფათო საქმეა, სიმტკიცესა და გამჭრიახობას მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეზობელ ეზოში „მოხსნი“ და ლიონკა „ცინგლიასთან“ ერთად გასაყიდად მიგყავს „კონკაზე“ (სიტყვიდან „ცინგლი“, მეტსახელია ასეთი). „ცინგლია“ - კომპანიონი და თანამოსაქმე, კრეტინი და უსაქმური, უკვე არაყს სვამს. ერთი სიტყვით, ის ჯერ კიდევ მეწყვილეა, მაგრამ მისი ძმა „კალიბრზე“ მუშაობს. ჰოდა, ამ ძმამ ლიონკას ჯაყვა გაუკეთა, დანის პირი ქლიბისაგან გამოუჩარხა. და ლიონკასაც სულ თან დააქვს. სწორედ მასთან ერთად დადიოდა კოლეგა ნიკოლაი კონკაზე „მოხსნილი“ მტრედების - მონახების, შპანცირიების გასაყიდად. ზოგს იაფად - ორმოც კაპიკად, სხვებს - მანეთად ჰყიდდა. გააჩნია, როგორ გაუმართლებდა. ბაზარზე კი უკვე მოაბოტებს ჩამოფხავებული მეზობლების ჯგრო, ათვალიერებენ თავიანთ მტრედებს და ვინ იცის... იქნებ მათი ძმებიც „კალიბრზე“ მუშაობენ, ასაკით ჯერ თექვსმეტამდე არიან, ასე რომ, დიდი სასჯელის არ ეშინიათ, დანის ტარებაც შეუძლიათ, ნერვებსაც იფხანენ და თუ საჭირო გახდება, სადმე მოყუჩებულში, ცხელ გულზე, გაუყრიან კიდეც.

- რამდენი გინდა წყვილში?

- 150.

- ვარშავურები რა ღირს?

- ერთი ფასი აქვს.

- დიდი ხანია, გყავს? - თანდათანობით უახლოვდებიან, წრეში აქცევენ, კრიჭაშეკრულები იპურჭყებიან, დაძაბულობისა და ცუდი წინათგრძნობისაგან გაფითრებულებს აკანკალებთ... შიშისაგან საჭირო ოთახში უნდებათ და ოფლიანი ხელებით სახელოებს ჭმუჭნიან. აი, სწორედ აქ ამჟღავნებს კოლეგა არნახულ გამჭრიახობასა და ალღოს. გრძნობს მოპარული მტრედების პატრონების მოახლოებას. მოულოდნელად იწყებს ზმუილს, პირს იქაფებს, პერანგის საყელოს იგლეჯს და ყვირილისაგან იჭაჭება, თითქოს საკუთარ შიშს აშინებს.

- აჰა, უსირცხვილო მგლებო, ყველა თქვენი იყოს, - სახტად დარჩენილებს ჩრის თავიანთ მტრედებს და განაწყენებული იწყებს ფშლუკუნს.

- ესესაა, შურიკ მალიუშკისაგან ავიღე 120-ად.

პატარა იყო კოლკა „კოლეგა“, თუმცა უკვე გაბედულიც, ცბიერიც, გამჭრიახიც. მტრებს ცნობილი მემტრედის სახელი უხსენა, რომელიც დაზარალებულების მახლობლად ცხოვრობდა.

- მაგარი მსახიობია! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა მოგვიანებით „ცინგლია“, როცა თავს დააღწევდნენ, იმიტომ რომ მეზობლების ხროვა შურიკას საძებნელად მიეშურებოდა და როცა ნახავდნენ, ალბათ დაუნდობლადაც სცემდნენ.

- მსახიობი ხარ, - სლოკინით იმეორებდა ლიონკა, - ასე სად გამოიქექე. მე, ცოტაც და, იმ წითურს ცხვირ-პირს მივუნაყავდი. შენ კი უცებ ისე აყვირდი. მაგარი ხარ, კოლეგა! კოლკა ეზოში გაიზარდა, ეზოშივე შეუყვარდა. როცა თამარამ გაიცნო, უფრო სწორად - როცა კოლკამ გაიცნო ის, თამარას უკვე დიდი ხნის შემჩნეული ჰყავდა და ხშირად ესიზმრებოდა - ძლიერი და უშიშარი. რაიონში მასზე ლეგენდები დადიოდა - როგორ გადიოდა ლავგარდანზე, ისე, ტყუილუბრალოდ... როგორ გალახა და გაყარა ოთხი თუ ხუთი ყაზილარი, რომლებიც მასთან სადარბაზოში დადიოდნენ და მეორე სართულიდან ქალების აბანოში იჭვრიტებოდნენ. მცხოვრებლები მათ წყალსა და ნარცხს ასხამდნენ თავზე, ისინი კი მაინც მოდიოდნენ, როგორც სამსახურში. რა უბედურებაა! აქედან მხოლოდ აბანოს შესასვლელს ხედავდნენ, სადაც ყველა ჯერ კიდევ არაა შიშველი, თანაც მხოლოდ წელსქვემოთ მოჩანან. რაში სჭირდებოდათ უკანალი, როცა სახეებს ვერ ხედავდნენ? კოლკამ ისინი გარეკა და თან გალახა. ეს ისე - კოლკას დახასიათებისათვის. 25-ის იყო. ფულიც ჰქონდა, გიტარაზე უკრავდა და მღეროდა. ისეთ გულისამაჩუყებელ, ისეთ ქურდულს - უქურდულეს, განცდებით აღსავსე სიმღერებს... ეწეოდა, რაღაც აყროლებულს. აიღებს პაპიროსს, მოაკვნეტს ბოლოს, გადაწევს თხელ ქაღალდს, მასრას წინ მოაქცევს, თუთუნს გადმოყრის, რაღაცას შეურევს, თითებით დაფშვნის და ისევ პაპიროსში ყრის, ბოლოს ისევ შეაერთებს მასრას და ღრმად ისუნთქავს, რისთვისაც ტუჩებით ოდნავ უჭირავს, ხელით კი ოდნავ არხევს, რომ დიდხანს გაჩერდეს ფილტვებში ჰაერთან ერთად. მერე შეძლებისდაგვარად დიდხანს შეაყოვნებს, და მხოლოდ შემდეგ ამოისუნთქავს ამ რაღაცას, მწკლარტე სუნი რომ ასდის. თამარასაც მოაწევინა. ღვინოსაც ასმევდა. შეაცდინა კიდეც, როგორღაც შემთხვევით და უბრალოდ - კოცნიდა, კოცნიდა, მერე კოფთის ქვეშ შეუძვრა, გაუხსნა ღილები - ერთი, მეორე, მან კი უეცრად თქვა: - გამიშვი, მე თვითონ.

და მართლაც, თვითონ გაიხადა. ეს მეცხრე კლასის შემდეგ იყო, ზაფხულის არდადეგები რომ დამთავრდა, მაშინ. თამარა პიონერხელმძღვანელად გაემგზავრა ბანაკში, როგორც ყოველთვის - ტარუსუში. ეს ცნობილი ადგილია, ძველისძველი, მდინარით, ტყეებით და თბილი ამინდებით... სურნელოვანი, თბილი საღამოებით, როცა ცნობისმოყვარე რაზმელებს (ბევრი კარგა მოზრდილი ახმახიც იყო) ღამღამობით გოგონების კარვებთან უყვარდათ ბოდიალი და ვიღაცები დაბოდიალებდნენ კიდეც, ჯანდაბას მათი თავი - ახალგაზრდული ამბავია, - მოკლედ, როცა ასეთ საღამოებზე იკრიბებოდნენ ხელმძღვანელები. საღამოები გასაიდუმლოებული იყო - ბანაკის უფროსსა და აღმზრდელებს სათქმელი რომ არაფერი ჰქონოდათ, ან ღმერთმა ნუ ქნას და, სახლში რომ არ გაეშვათ და სკოლისთვის რამე ისეთი არ მიეწერათ მათ მორალურ იერ-სახეზე. უფროსმა და აღმზრდელებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ ამ საღამოების შესახებ - არც თვითონ იტყოდნენ უარს, მაგრამ უფროსები იყვნენ და ეშინოდათ. პიონერხელმძღვანელები კი სხედან სადმე ტყეში, მღერიან სხვადასხვა სინაზეებსა და უხამსობებს და აქვე ახორციელებენ - სინაზესა და უხამსობას. წავიდ-წამოვიდოდნენ წყვილ-წყვილად კარვებში - შეყვარებულთა სამოთხეში, თუმცა სულაც არ იყვნენ შეყვარებულები. უბრალოდ, სისხლი უდუღდათ და ღამეებიც თბილი და ვარსკვლავიანი იყო. ამ კარვებს დღისით ბავშვები აგებდნენ. მადლობა მათ, პიონერებს, რამე ხეირი მაინცაა მათგან. განსაკუთრებული თავაშვებულობა, რასაკვირველია, არ იყო, რადგან გოგონებს რცხვენოდათ თავიანთი ქალწულობის და ბიჭებიც ერიდებოდნენ ტალახში ამოსვრასა და თავის მოჭრას. ბევრმა კი არც იცოდა, რა უნდა ექნა მოფერების შემდეგ. პრაქტიკაზე არ იცოდნენ, თუმცა თეორიულად, დიდი ხანია, ყველაფერი წვრილ-წვრილად შეისწავლეს ბოტანიკიდან, ზოოლოგიიდან და ანატომიიდან, რომელიც მეცხრე კლასში გაიარეს ხითხითისა და უწმაწური ხუმრობების თანხლებით. იცოდნენ ადამისა და ევას პირველყოფილი და შემდგომი ცოდვების შესახებ (ჩვენს დრომდე მოყოლებული), რადგანაც უმრავლესობას მშობლებთან ერთად ეძინა ოთახში, მშობლები კი, რა თქმა უნდა, ფიქრობდნენ, რომ შვილებს ეძინათ... მაგრამ მათ არ ეძინათ და ყველაფერი ესმოდათ. სამართლიანად შეუნიშნავთ ძველ ბრძენთ: „ყველაფერში საბინაო საკითხია დამნაშავე!“ მაგრამ არც ერთ ხელმძღვანელს ზღვარი არ გადაულახავს. თამარას ბიჭმაც ვერ გარისკა და შეუნახა ის ნიკოლაი „კოლეგას“, ყოფილ მემტრედეს, შემდგომში დამნაშავესა და მეოცნებეს, რომელსაც ციხე იხმობდა - დიდხანს და მოწოდებით. და მოიხმო კიდეც. ვერ გადაურჩა. ყველაფერს იმისთვის ვყვებით, რომ თამარა არდადეგების შემდეგ გარუჯული და გამხდარი, გახუნებული თმებითა და ჩამუქებული უპეებით დაბრუნდა, რაც ბავშვებზე ზრუნვითა და გაუმართლებელი ღამის გამოუძინებლობით იყო გამოწვეული. ნუთუ იქნებოდა მისი არშეცდენა? არ იქნებოდა, რასაკვირველია. კოლკამ, მართალია, შეაცდინა, მაგრამ არ მიუტოვებია, როგორც ხდება ხოლმე. უბრალოდ ციხეში წავიდა, რომელიღაც არშემდგარი ქურდობის გამო. თამარას ტირილით თავი არ მოუკლავს, და ისიც კეთილსინდისიერად მოიქცა. მათ შორის შემდეგი საუბარი შედგა: - არ დამელოდო. ფრონტზე ხომ არ მივდივარ.

- არც ვაპირებ.

- ძალიანაც კარგი, რომ არ აპირებ. ჯერ ღლაპი ხარ და სკოლა უნდა დაამთავრო.

- ჰოდა, ვაპირებ კიდეც.

- მეც მაგას ვამბობ.

      შემდეგ იყო პაუზა, რომლის განმავლობაშიც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მერე ბადრაგმა ნიკოლაი სვიატენკო სასამართლო დარბაზში წაიყვანა, მასზე სამართლის აღსასრულებლად. დამშვიდობებისას ნიკოლაიმ შესძახა: - დავბრუნდები, ვილაპარაკებთ! - ხელი დაუქნია, მერე ისევ ზურგს უკან დაიწყო და ბადრაგს გაეხუმრა: - ასეთი რომ გყავდეს, მოინდომებ ჩემს ადგილას ყოფნას?  თამარა დარბაზში არ შესულა - რა უნდა ეკეთებინა იქ? თანაც რცხვენოდა და სახლში წავიდა. არადა, ასეთ ბიჭებს ისეთი ერთგული მეგობარი გოგონები ჰყავთ, დაუჯერებლად ერთგული. ბიჭი პატიმრობის ექვს-შვიდ ვადას იხდის და ყოველ ჯერზე ბრუნდება, გოგო კი ადგილზეა და ზრუნავს მასზე, რადგანაც ექვსი-შვიდი პატიმრობის შემდეგ ის სრულიად ინვალიდია, ფილტვები მომსპარი აქვს, სისხლს აფურთხებს და ერთ ხელს ვეღარ ხრის. არადა, როგორი იყო - ვარსკვლავებს წყვეტდა, ბანაკებშიც - კანონიერ ქურდად იჯდა, ახლა კი - აღარანაირია. მხოლოდ წარსული დარჩა, ისიც - როგორი წარსული. წარმატება - იცოცხლე. აი, თავისუფლება ჰქონდა ცოტა. მოპარვასა და მოპარულის მორგებას, პიჯაკის გადაკეთებას (რომ არ შენიშნონ, რომ სხვისია) ძლივს მოასწრებ, ისევ ციხეში ხარ. ქალი კი კვლაც ელის, ხვდება და ზრუნავს მასზე, - კაცი, ბევრიც რომ მოინდომოს, ვეღარ იმუშავებს - არც ხელი უვარგა, აღარც ფეხი - შიგნეული ხომ, საერთოდ... ქურდობა კი? ქალი აღარ მისცემს ამის უფლებას, იმიტომ რომ ბავშვები წამოიზარდნენ და აზრზე მოდიან, მამაზეც, მათ შორის. ჰოდა იჯდეს ახლა ბავშვებთან, ვიდრე ქალი ზაფხულში გაზირებული წყლებით, ზამთარში კი - ლუდითაა დაკავებული. საიმედო საქმეა: ნახევრად შევსებული კათხა, ქაფი, გაზავება, ბევრი სხვა ხერხი - და ცხოვრება შეიძლება. ის კი იჯდეს ბავშვებთან. თანაც ავადმყოფია - იჩალიჩოს ინვალიდობის პენსიაზე, როგორც შრომა-გასწორებით ბანაკებში სამუშაოზე დაზარალებულმა.

- საით?

- დოღზე.

- ეს რაღაც ახალია.

- ეს შენი მოკლე ჭკუის საქმე არაა, კლავა.

- აჰა! ესე იგი, ჩემი საქმე მხოლოდ შენი და შენი ნაბიჭვრების ჭუჭყიანი საცვლების რეცხვაა, არა? აგე, პირი აქვთ დაფჩენილი - ჩახეთქვა უნდათ. ესე იგი, ჩემი საქმე მხოლოდ მტკივნეულ ფეხებზე დგომა და დილის შვიდიდან შენი ლოთი ამხანაგების ლუდით გახეთქვაა, არა? ეს კი - ჩემი საქმე არაა? სად მიდიხარ, ძაღლო?

- გითხარი, დოღზე მეთქი.

- რა ეშმაკი უნდა აკეთო იქ?

- ლიოვკა „მოსკოვი“ და შურიკა „მოსასხამიანი“ მოდიან. შურიკა ერთი თვეა, რაც გამოუშვეს. უნდა ვინახულო და საქმეც მაქვს.

- შენსას არ იშლი? დაიფიცე, ახლავე დაიფიცე ბავშვების ჯანმრთელობა, რომ არანაირ საქმეზე არ წახვალ! ახლავე დაიფიცე!

- რა გჭირს, კლავა, რამ გაგაგიჟა? გითხარი - მალე დავბრუნდები-მეთქი! მერე ვილაპარაკოთ. მიდიოდა და უკეთეს შემთხვევაში, 4 წლის შემდეგ ბრუნდებოდა. და მაინც, კლავა მასთან იყო. აი, ასეთი მეგობარი გოგოები ჰყავთ ასეთ ბიჭებს. მაგრამ თამარა ასეთი არ იყო. არც დალოდებია ნიკოლაი „კოლეგას“ და დიდხანს არც იხსენებდა. ხოლო როცა ის დაბრუნდა, იმ დროისთვის გოგონებს უკვე უცხოელები უყვარდათ. არა რომელიმე ერთი, არამედ, ზოგადად, უცხოელები, როგორც ცნება, როგორც სიმბოლო რაღაც უცნაურისა და განსხვავებულისა. ჯერ ერთი - უცხოელები, ძირითადად, სასტუმროებში ცხოვრობენ, სასტუმროებთან კი რესტორნებია, რესტორნებს ნომრები მოჰყვება, რომელთაც ახლა შვედები, ფინელები და ფრანგები აწყობენ. ერთბაშად სითბოში, სისუფთავეში აღმოჩნდები, როგორც უკვე ნანახ 197... წლის „მის“, „მისტერ“ და „მისის“ ამერიკებიან „პენდჰაუზის“ და „ფლეიბოის“ ფურცლებზე. დიზაინერების გასაოცარი ნამუშევრებით: სახლები, ტუალეტები, აბაზანები და აუზები, საძინებლები და ტერასები და მათში თეთრკაბიანი პატარძლები, ელეგანტური ცოლები, კარგად ნაკვები და ასევე ელეგანტური ბავშვები და რა თქმა უნდა - ავტომობილებში, „ჯონსონის“ ძრავიან ნავებში, ლოგინებში გამოჭიმული ყოველთვის მოწესრიგებული და ღიმილიანი მამაკაცები. თითქმის ისეთები, რომელმაც აქ მოგიყვანა. ის, მართალია, არც ასეთი გაწკეპილია და ასაკითაც შენზე ორნახევარჯერ ხნიერია, სამაგიეროდ, აგერ ეს ჟურნალები აქვს „მალბოროს“ რეკლამებით, რომელთაც შლაპიანი და ჯინსიანი, ცისფერთვალა, ნაოჭიანი კოვბოები ეწევიან - ძლიერი და საიმედო ულაყები, ველური დასავლეთის დამპყრობლები, ფერმერები და მილიონერები. ხოლო ის, ვინც აქ მოგიყვანა, საიდუმლო გამომეტყველებით იღებს ჭრაჭუნა პაკეტს „ბონ მარშესაგან“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა, უბრალოდ, ბაზარი ან უნივერმაღი, და არა „პიერ კარდენი“, მაგრამ შენ ამის შესახებ არაფერი იცი. ხსნი პაკეტს, თამარა, გალინა, ვერა, ლუდმილა და იღებ, თან წითლდები, კოლგოტებსა და ბიუსჰალტერს, რომელიც ზუსტად შენზეა გამოჭრილი, რადგანაც ყველა უმკერდოები, თითქმის მოდაზე მორგებული ხართ - თამარა, გალინა, ლუდმილა, ვერა. ამიტომ მეორე ნომერი მან ყველა თქვენთაგანისთვის უშეცდომოდ შეარჩია. თქვენ ან შენ საჩუქარს აფრიალებთ და მოსაზომად გარბიხართ. აქვე, აბაზანაში. უცხოელი კი იღიმება თქვენს უშუალობაზე. ვალენტაინს, ტონიკს ან სხვა ლამაზ ბოთლს საცობს ხსნის და იცდის. ეს ჭაღარაშერეული ტიპი არ არის ცუდი ბიძა, ჯიბეში რაღაც საფულისმაგვარი უდევს, რომელიც გარმონივით იხსნება და მის ყველა განყოფილებაში ცოლ-შვილის ფოტოებია. შენ კი მოსწონხარ, რატომაც არა? ახალგაზრდა ხარ, ლამაზი, გარუჯული. ისეთი არა, რასაკვირველია, როგორც შვიდი წლის წინ, კოლია სვიატენკოსათვის იყავი, მაგრამ მაინც, არა გიშავს, რა. აი, გამოვარდი აბაზანიდან - შენი თავის და ლიფის საჩვენებლად. ორივე მოეწონეთ და დასაწყისისთვის იდაყვზე გკოცნიან. არადა, ხომ შეეძლოთ თამარებს, ვერებს, გალინებს, ლუდმილებს, წასულიყვნენ, მაგალითად, „მოსტორგში“ და იქ ეყიდათ ერთი, მეორე, მესამე... ჯინსები და „მალბოროც“ კი. აი, მაშინ კი გაუჭირდებოდა ჩვენს ძვირფას უცხოელ სტუმარს, ენის თითქმის არცოდნით, მათი საწოლში ჩაწვენა სასტუმროს ნომრებში. თუმცა არა მხოლოდ პრეზენტების გამო, არამედ... მათთან მშვიდად და კარგად ხარ. თავს გევლებიან, კომპლიმენტებს გეუბნებიან, სანთებელით გიკიდებენ და დაქორწინების იმედის ნაპერწკალს გიღვივებენ. ასეთი რამ ხანდახან ხდება კიდეც, მაგრამ იშვიათად, იმიტომ რომ წინა უცხოელმა მომდევნოს უკვე უთხრა - ვინ ხარ, რა ხარ, რომ გიყვარს უცხოელები, როგორც მოვლენა, და მას მშვენივრად ესმის, რომ შენ მასთან, როგორც რაღაც უცნაურის და განსხვავებულის „სიმბოლოსთან“ ხარ. სასაცილო ამბავს ყვებიან მომღერალ ქალზე, რომელიც ორკესტრებთან ერთად მოგზაურობდა სხვადასხვა ქალაქებში. კონცერტის შემდეგ მას რატომღაც მხოლოდ კონტრაბასისტები ეპატიჟებოდნენ, ასმევდნენ რატომღაც ლუდს, მერე კი თავისთან მიჰყავდათ. ერთხელ მომღერალმა ქალმა იკითხა: „არ გეუცნაურებათ, ძვირფასო, რომ მიწვევთ მხოლოდ კონტრაბასები, მასმევთ ლუდს, შემდეგ კი... რატომ ხდება ასე?“ პასუხად მუსიკოსმა აჩვენა ნოტები, რომელიც ერთი ორკესტრიდან მეორეს გადაეცემოდა და მასზე კონტრაბასის პარტიას ეწერა: „მომღერალს უყვარს ლუდი, მერე კი ყველაფერზე თანახმაა.“ მსგავსებაა, არა? ასევე უცხოტომისანი, თავთავიანთ ენაზე ერთმანეთს უყვებიან თქვენზე, თამარებო, ვერებო, გალინებო, ლუდმილებო. და ყოველი მომდევნო გიღვივებთ დაქორწინების იმედს მხოლოდ განსაზღვრული და ვერაგული მიზნით, ან შეიძლება არც გიღვივებთ და უბრალოდ, კარგადაა აღზრდილი. თქვენ კი, კაცი თუ არ გეუხეშებათ, თავში ბოთლს არ გირტყამთ და არ გაგინებთ, უკვე ფიქრობთ - დაქორწინება უნდაო. ერთი სიტყვით, გოგონებს უყვარდათ უცხოელები. სიხარულით მიდიოდნენ მათთან და მათი საოჯახო ბიუჯეტის დაუზიანებლად შეძენილ საჩუქრებსაც იღებდნენ. ისედაც მიეჩვივნენ - გოგონები - უცხოელებს. ისე უყვარდათ, რომ ერთხელ, დილით, თამარამ ფეერგელი გერმანელის დაუკითხავად 800 მარკა აიღო ზემოთხსენებული საფულედან. აკანკალებდა, როცა იღებდა, გულიც ერეოდა, მკერდქვეშ ჩხვლეტას გრძნობდა, გუშინდელი სმის თუ საქმიანობის სიახლის გამო. მთლიანად ამოიღო და ლიფში უკრა თავი, მაგრამ მაინც მოასწრო, ფოტოებისთვის თვალი შეევლო, სადაც პეტერის გრეხტენი ბავშვებით იყო გამოსახული. დახედა და მაშინვე დამშვიდდა, ხოლო დამშვიდებული - გაწიწმატდა. „ცოლად მოყვანასაც რომ დამპირდა? პარაზიტი!“, თუმცა სულაც არ დაპირებია. ასეც რომ ყოფილიყო, - მაინც ვერ გაიგებდა, იმიტომ რომ „უცხოენებში“ ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ არ მიიღეს და მას შემდეგ ენათმეცნიერებაში წინ ვერ წაიწია - მხოლოდ „ჰელოუ“ იცოდა, „გუდბაი“ და „ბონჟურ“, აგრეთვე - „ვისკი-სოდა“ და „აი ლოვ იუ“. პეტერი აბაზანიდან გამოვიდა - გაპარსული, მხნე, და მაშინვე საფულეს ეცა. აღმოაჩინა რა დანაკარგი, კითხვით სავსე თვალებით მიაჩერდა თამარას, ის კი უარყოფით - აქაოდა, არაფერი ვიციო! არ მინახავს შენი აყროლებული მარკებიო! ძალიან მჭირდება, ხო იციო! როგორ არ გრცხვენია, ჩემზე ეს რომ იფიქრეო! მე შენ ვინ გგონივარო! თუ გინდა, შენი ტილიანი ლიფიც უკან წაიღეო! - ეს ყველაფერი ძალიან ნატურალურად ამოიყვირა, მრისხანებით, გაწითლდა კიდეც სიბრაზისაგან და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ლიფს იხდისო, მაგრამ არ გაიხადა, - მასში ფული იყო. პეტერმა კი ხელები გააქნია - არაფერი მსგავსი არ მიფიქრიაო - ჟესტებით აუხსნა, აქაოდა, გუშინ მე თვითონ ვიყავი გალეშილიო - აქ კისერზე დაიკაკუნა, რუსეთში დიდი ხანია ჩამოვიდა, ლოთობის ჟესტები უკვე შეისწავლა, მაგრამ აღელვებულმა ააცდინა და ხვანჩში მოირტყა, რისგანაც ხველება აუვარდა. ორივეს სიცილი აუტყდა. ეჰ! რომ სცოდნოდა თამარას, რომ გრეხტენი - ყოფილი ცოლი იყო, და ბავშვები კი - გრეხტენისა, რომ განქორწინება უკვე გაფორმებულია და მის წინ სავსებით უცოლო და ქვრივი ფეერგელი გერმანელი დგას და რომ ეს მოქალაქე ფირმის საქმეებზე უკანასკნელი ხუთი თვის მანძილზე უკვე მეექვსედ ჩამოვიდა რუსეთში, უკანასკნელი ორი ვიზიტი კი სწორედ თამარას გამო განახორციელა, ცოტაც რომ დაეცადა ქურდობასთან დაკავშირებით, ხომ გახდებოდა პეტერის იმ, არც ისე დიდი ავლადიდების პატრონი, რომელიც ეკონომიურობითა და თავშენახულობით დაეგროვებინა მის პატრონს. ხომ მოხვდებოდა თამარა ამ ბუმბულებისა და აბაზანების თვითდინებაში და ვინ იცის, რამდენიმე თვის შემდეგ ახალგაზრდა, თეთრ, თანაც საქორწინო კაბაში გამოწყობილი პატარძლის წინ რეპორტიორებს ფოტოაპარატები აეჩხაკუნებინათ, მეგობრები კი თვალებს გადაატრიალებდნენ - ბედნიერიო! ჰო, ბედნიერება ასეთი შესაძლებელი იყო. მაგრამ პეტერი, თუმცა არ იმჩნევდა, დარწმუნებული იყო, რომ დანაშაული მისი ვნების საგნის მიერ იყო ჩადენილი. პეტერ ონიგმანი გერმანელი იყო, აქედან გამომდინარე, ყველა სანტიმენტებით. თან რუსეთშიც ბევრი რამ ისწავლა, ბევრი მთვრალი ცრემლები და ღვარღვარების ფრქვევა ნახა... და თითქმის ატირდა პეტერ ონიგმანი დანგრეული იმედების გამო, რადგან მზად იყო - ცოლად შეერთო თამარა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არასრული უმაღლესი განათლება ექნებოდა მიღებული. კომკავშირელიც რომ ყოფილიყო, კგბ-ს გენერლის მდივანიც, ქვრივი ან გმირი დედა, მაგრამ არ შეეძლო, თუ მის დაუკითხავად აიღო, და თუნდაც უბრალოდ გახსნა მისი საფულე. მაგრამ პეტერი გულში ტიროდა, ხმამაღლა მხოლოდ იცინოდა, ცრემლები სდიოდა სიცილისაგან. მერე კი მეგობარი ქალი საუზმეზე უკანასკნელად დაპატიჟა. ქვემოთ, ჰოლში მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ორივესთვის მოულოდნელად. სამი ახალგაზრდა უდანაშაულო სახით უშიშრად მიუახლოვდა უცხოელსა და მის თანამგზავრ ქალს, დამტვრეულ არიულ ენაზე მოიბოდიშეს, ქალს კი სთხოვეს, კიბის უკან დატანებულ, შეუმჩნეველ კარში გაჰყოლოდა. იქ უკვე სხვები ელოდნენ, მაგიდასთან, რომელზეც სუფთა ფურცლების დასტა ეწყო. არც მოსულებს და არც დამხვდურებს განსაკუთრებული თავაზიანობა არ გამოუჩენიათ.

- თქვენი გვარი! სახელი და მამის სახელი?

- პოლუექტოვა. თამარა მაქსიმოვნა.

- ასაკი?

- რაშია საქმე, მაპატიეთ?

მაგიდასთან მსხდომებმა გაოცებისაგან წარბები აზიდეს.

- უპასუხეთ, როცა გეკითხებიან. - ეს ითქვა უხეში და შემაშინებელი ტონით, და თამარა მაშინვე დამშვიდდა.

ფეხი ფეხზე გადაიდო, ნაჩუქარი „მალბორო“ გააბოლა და რაც შეიძლება ვულგარულად და ზიზღით თქვა: - რატომ მელაპარაკებით შენობით. ჩვენ ბრუდერშაფტი არ დაგვილევია.

- შენთან ერთად დამლევის... - კითხვის დამსმელმა ცინიკურად შეიგინა. - უმჯობესია გვიპასუხო! უარესი მოხდება! - შეშინება დაუწყო. მაგრამ თამარას ვერ შეაშინებთ, მოქალაქე უფროსო. მას ასეთების არ ეშინია. მას თვით კოლკა სვიატენკო, მეტსახელად „კოლეგა“ აშინებდა. ბევრჯერ აშინებდა. პირველად სამი წლის წინ დააშინა, როცა დაბრუნდა. დაბრუნდა და, როგორც დაპირდა, საქმის გარჩევა დაიწყო. თუმცა ამაზე... მერე! ახლა კი?

- რას ილანძღები, უფროსო? ბინძურად იგინები და მაშინებ. რა გინდა? უცხოელთან რომ ვიყავი ნომერში? დიახ, ვიყავი! ის გირჩევნიათ, სასტუმროს მომსახურე პერსონალს ადევნოთ თვალყური, თორემ ორ ხელფასს იღებენ - ერთს - თქვენგან, მანეთებში, მეორეს კლიენტებისაგან - ვალიუტაში. თუ თქვენც გინაწილებენ? აი, შენ, ვხედავ „უინსტონს“ ეწევი. საიდან გაქვს „უინსტონი“ - ის მხოლოდ ბარებსა და „ბერიოზკაშია“. ეს ჰალსტუხი საიდან გაქვს? თუ ასეთებს გირიგებენ?

- გაჩუმდით, პოლუექტოვა! - გაცეცხლდა ირგვლივ ყველა. თამარას უტიფრობამ გააშმაგა. - მით უარესი თქვენთვის!

მაგრამ პოლუექტოვა თამარა არ გაჩუმდა! გაკერპდა. უცებ პეტერი გამოჩნდა მის გადასარჩენად. რაც არ უნდა იყოს, სიყვარულს ჯერ კიდევ არ გაევლო.

- უარესი? და სად ვიქნები იმაზე უარესად, ვიდრე თქვენთან ვარ? დაკავების უფლება არ გაქვთ! მე პეტერი მიყვარს და ის ჩემზე დაქორწინებას აპირებს! - ამ ყალბი სიტყვებით თამარა კარებს მიაწყდა, გააღო და მეორე მხრიდან არშემდგარი საქმრო შემოუშვა, პეტერ ონიგმანი - ბიზნესფიურერი და ქვრივი, საყელოთი შემოათრია ოთახში, მათ შორის თანხმობისა და სიყვარულის დასამტკიცებლად კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებზე მიაფრინდა. სასტუმროს თანამშრომლებმა პეტერს პირდაპირ დაუსვეს შეკითხვა მის მშობლიურ დამტვრეულ ენაზე: - მართალს ამბობს ეს ქალი, ბატონო... რა გქვიათ? მართალია, რომ მასზე დაქორწინებას აპირებთ? ახლავე გვიპასუხეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ძუკნას უტიფრობისათვის ისე გადავმალავთ, რომ ვერავინ იპოვის. ისეთ ადგილებში გავასეირნებთ, ისეთ სალაფავს ვაჭმევთ და კიდევ ბევრ რამეს... შეეშინდა პეტერს თამარას გამო. საკუთარი თავის გამოც შეეშინდა, იმიტომ რომ მამამისი ტყვედ იყო ციმბირში და მართალია, იქიდან თბილი მოგონებებიც ჩამოიტანა, მაგრამ მოგონებები, ძირითადად, ცივი იყო. მაგალითად, ზამთარი. პეტერმა კი, იმის გამო რომ ცუდად ესმოდა სასტუმროს თანამშრომლების მუქარა, იფიქრა, მე მიპირებენ გადამალვას, გასეირნებას და გამოკვებასო. და ახსოვდა რა მამის - ბბრრრ... - ციმბირული ზამთრის მოგონებისას, მტკიცედ განაცხადა: - იავოლლ! - რაც ნიშნავდა - მართალიაო... და თამარას ხელკავი გაუყარა. გრძნობებით გადავსებულმა თამარამ კი მას გიჟური კოცნა დაუწყო, თან გამარჯვებული იერით უთვალთვალებდა ინტურისტის შერცხვენილ და განაბულ თანამშრომლებს. კოცნიდა, ტიროდა, იცინოდა, ხტოდა და ცახცახებდა. აი, უკანასკნელი ნახტომი კი სულ ტყუილად შეასრულა, ვინაიდან გაიხსნა ის ავადსახსენებელი ლიფი და იქიდან ის ავადსახსენებელი 800 მარკა გადმოცვივდა. ირგვლივ ყველა დადუმდა და სასტუმროს თანამშრომლები შურისძიებით აენთნენ. ხელი დაავლეს ავტოკალმებს, ქაღალდის დასტა ახლოს მიიჩოჩეს, ხოლო ფეერგეს მოქალაქე იდგა წყალში ჩაშვებულივით, დასჩერებოდა ფულის შეკვრას, თითქოს პირველად ხედავდა თავისი ქვეყნის ფულად ნიშნებს და ბოლო ეჭვიც გაეფანტა. სიტყვები კი უკვე ნათქვამი ჰქონდა. ხომ თქვა: - იავოლლ! გერმანიაში კი სიტყვებს ქარს არ ატანენ. თამარა პოლუექტოვა სამოტეჩნის მოედნიდან კი ასე გაშეშდა, დაღებული პირით და გახსნილი ლიფით იდგა და ელოდა... არავინ იცის, რას. 

თამარა პოლუექტოვას ნაამბობი ჩვენთვის

       თამარა მქვია. მამის სახელი - პოლუექტოვა, უფრო სწორად, მაქსიმე, გვარი პოლუექტოვა. დავიბადე 1954 წელს. ახლა 24 წლის ვარ. არაფერს დაგიმალავთ, დაკითხვაზე ხომ არ ვარ. დედაჩემი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ორი ქალიშვილი ვყავართ - მე და ირინა. ირინა ჩემზე სამი წლითაა უფროსი. მისი ქმარი ინჟინერია. ირკა წარუმატებელი აბორტის შემდეგ ბავშვს ვეღარ აჩენს. შვიდი წლის წინ, როცა მე სკოლა დავამთავრე, აი, როცა ნიკოლაი ჩასვეს, ერთ მხატვართან ცხოვრობდა. მხატვარი ირას ხატავდა და ღამით სახლში არ უშვებდა. რეკავდნენ მისი დაქალები, იტყუებოდნენ, რომ აგარაკზე არიან, და ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რომ იქ კარგია და უსაფრთხო. დედა ეკითხებოდა - ბიჭები თუ არიან მანდო და... - რა ბიჭები, გოგოები ვართ მხოლოდო და... ხითხითებდნენ. დედას მამის სახელით მიმართავდნენ და ვითომ ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, მეც მომიკითხავდნენ - თამარა როგორ არისო. მამასაც მოკითხვას უთვლიდნენ. მამა დედაზე 23 წლით უფროსია. ადრე მილიციაში მუშაობდა, ახლა კი პენსიაზეა. მას ორდენი და კუჭის წყლული აქვს. ორი წელია, რაც კვდება, მაგრამ ისევ ცოცხალია. კარგად იცის, რომ კვდება, ამიტომ გაბოროტებულია, ლოთობს და არავინ უყვარს. მამა სამსახურში ყოველთვის სიგელებს იღებდა. იქ ყველას უყვარდა, სახლში კი ნამდვილი სადისტი იყო. გახსენებაც კი მზარავს. როცა ძალიან პატარა ვიყავი, ირკა კი ცოტა უფროსი, ჩვენ მოსკოვის გარეუბანში, პატარა სახლში ვცხოვრობდით და ერთი ციცქნა ბაღი გვქონდა. მე, დედა და ირკა ვრწყავდით ბუჩქებს და ვსხლავდით ხეებს. მეზობლები ჩვენთან არ დადიოდნენ, მამა ყველას აშინებდა, თითქმის არასდროს ელაპარაკება ადამიანებს, ეწეოდა და ახველებდა. დაუძახებდნენ - მაქსიმ გრიგორევიჩ! - ის კი ხმას არ სცემდა. ამბობდნენ, კონტუზია აქვსო, მაგრამ არანაირი კონტუზია არ ჰქონია. ფრონტზეც კი არ ყოფილა - ჯავშანი იცავდა. ჩვენ რატომღაც არ ვუყვარდით, მაგრამ მაინც ჩვენთან ცხოვრობდა. დედა თხოვდა - წადიო, ის კი არ მიდიოდა. ერთხელ მოვიდა სამსახურიდან და მთელი ბაღი აგვიჩეხა, ყველა ბუჩქი. ამბობდნენ - სიმთვრალით მოუვიდაო, მაგრამ ასე არ იყო. იცოდა, რომ ამით ყველაზე მეტად გვატკენდა გულს. ერთხელ კი ჩემი და ირკას ლეკვი დაახრჩო. ლეკვი ავად იყო და წკმუტუნებდა, უცებ გამომართვა და ხელი წაუჭირა ყელში. ლეკვი ფართხალებდა, მერე კი გაყუჩდა. არ გვიტირია. უბრალოდ ვყვიროდით - თითქოს ჩვენ გვახრჩობდა. ლეკვი მოგვცა, მეორე ოთახში გავიდა და გამოილეშა. მერე მთვრალმა მოკივანები, ღამის პერანგებით ქუჩაში გაგვყარა. ზამთარი იყო. დედა ქარხნის სასადილოში, ღამის ცვლაში მუშაობდა. ჩვენ სკამძელზე ვისხედით და ვტიროდით, თან ვიყინებოდით. მამამ კარი დაკეტა და დაიძინა. როცა დედა მოვიდა, ადგომის თავიც არ გვქონდა. სახლში შეგვიტანა, გაგვათბო, სპირტით დაგვზილა, მაგრამ მაინც დიდხანს ვიყავით ავად. მერე ბებიასთან გავემგზავრეთ მოსკოვში, მარტონი, თვითდინებაზე, მამის გარეშე, მაგრამ როცა ბებია მოკვდა, მამა ისევ ჩვენთან ჩამოვიდა საცხოვრებლად და დღემდე აქ ცხოვრობს - რატომ, არ ვიცი. დედა ამბობს - მეცოდებაო. მალე ჩაძაღლდება. მე ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და ამბობდნენ, რომ კლასში ყველაზე ლამაზი ვიყავი, მამაკაც მასწავლებლებს ვუყვარდი, ქალებს - არა. თამარა პეტროვნა, ჩვენი კლასის დამრიგებელი, ბოტანიკის მასწავლებელი, „სტაფილოს“ ვეძახდით, - საერთოდ ვერ მიტანდა. განსაკუთრებით თუ კარგად დავარცხნილი და მხიარული ვიყავი. ერთხელ დავალება მოგვცა - სახლში ხორბალი უნდა დაგვეობებინა. დასველებულ მარცვალზე ჭიქა დაგვემხო, რამდენიმე დღის შემდეგ კი ბამბასავით ობი უჩნდებოდა. არ გამომივიდა. სამაგიეროდ, სამზარეულოს მაგიდის ქვეშ, ყუთში ბოსტნეული დაობდა. მეც ბევრი არ მიფიქრია, ჭიქა დავახურე და სკოლაში წავიღე - „აი, ნახეთ, სტაფილოზე გაჩნდა ობი-მეთქი“. მხოლოდ მაშინ გამახსენდა მეტსახელის შესახებ. ისეთი სკანდალი აიწია... დედა გამოიძახეს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ აღვირახსნილი ქალი გავიზრდებოდი. მეც გავიზარდე. მასწავლებლები წინასწარმეტყველები გამოდგნენ. დედა სადღაც ვაჭრობაში მუშაობდა. ის ახლაც ბოსტნეულის განყოფილების უფროსის მოადგილეა. ახლა თითქმის აღარ ველაპარაკებით ერთმანეთს. სულ ტვინს მიბურღავს, წამდაუწუმ იცვლი სამსახურს, ბოლო რვა თვეა ხომ, საერთოდ, უსაქმურობო. სულ მპირდებიან, რომ სამსახურს დამაწყებინებენ, ხოლო თუ ვინმეს დაუწვები, მაშინვე ავიწყდება დანაპირები. თუ არ დაუწვები, ხომ არ ახსოვთ და არა. აღარავისი მჯერა. თანაც, ყველას თავის საქმე აქვს - ბავშვები, ოჯახი, კოოპერატივები, მეგობრები და მანქანები. სულ ოჯახიანები მხვდებიან, ასაკით უფროსები. პატარა ბიჭები არ მიყვარს, მოსაწყენი ხალხია, საკუთარ გართობაზე თვითონ უნდა იზრუნო. მე კი ჩემს თავთან ვერ ვერთობი. მიყვარს, როცა კაცი ბევრად უფროსია - უხარია ახალგაზრდა გოგოსთან ერთად ყველგან გამოჩენა - მეგობრებთანაც მიჰყავხარ და რესტორანშიც. ასე რომ, სულ ოჯახიანებთან (ეს არც იმათ უშლის ხელს და არც მე) და ასაკოვანებთან მაქვს საქმე. მანქანიანს, უკეთეს შემთხვევაში, ვაჭრობაში და ხელოვნებაში მომუშავეებს ვირჩევ, იმიტომ რომ ერთნიც და მეორენიც ერთსა და იგივე ადგილას დაიარებიან - საკავშირო თეატრალურ საზოგადოებაში, კინოს სახლში - ჩვენებებზე, რესტორნებში, ჟურნალისტთა და ლიტერატორთა სახლებში... იქ საინტერესო და ცნობილი ადამიანები იკრიბებიან, უფრო ინტიმური გარემოა, ყველა გცნობს, ბევრის საყვარლობა უკვე მოასწარი, ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის, იმიტომ რომ ერთმანეთს უკვე ეტრაბახნენ შენს შესახებ და შთაბეჭდილება გაუზიარეს. მაგრამ ეს არაფერია და არც არავის უშლის ხელს. პირიქით, გეჩვენება რომ ყველა მეგობარია და უხარიათ შენი დანახვა. მერე კი ვინმეს გაყვები. სახლში წასვლა დაგეზარება და იქვე დარჩები. შეეცდები მარტომ დაიძინო, მაგრამ არ გამოდის. ადრე ჩემი დაქალები ურეკავდნენ დედაჩემს და ატყუებდნენ, როგორც წინათ ირინა აკეთებდა... ყველაფერი საშინლად მეორდება. მართლა, იმ მხატვარმა აიძულა აბორტი გაეკეთებინა, თუმცა ექიმები უარს ეუბნებოდნენ. საკვერცხეებზე რაღაც სჭირდა, საშინლად გაცივდა. ჩვენ ხომ სულ ზაფხულის საცვლებით დავდივართ, რაც შეიძლება თხელი და ლამაზი ტრუსებით. თბილს რა ჩაგაცმევს, მით უმეტეს, სამამულო წარმოებისას. გახდისას სირცხვილით დაიწვები. ამბობენ, ფრანგებს საბჭოური ნიფხვების გამოფენაც კი მოუწყვიათ. კოლოსალური წარმატება ჰქონია. დაიტაცეს თურმე სუვენირებად და კიდევ ითხოვდნენ, მაგრამ გამოილია - დეფიციტია. ირკა იტანჯებოდა, იტანჯებოდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ის მხატვარი, ის პარაზიტი და საზიზღარი ტიპი, უწვერო, მაგრამ ტიპიური ბოჰემური არამზადა. ის ირკასთან მეგობრების თანდასწრებით წვებოდა, მერე ჩუმად გადიოდა, ვითომ ტუალეტში, ირასთან კი თავის მეგობარს უშვებდა. ამას თურმე „ცვლას“ ეძახიან. ირამ მომიყვა. ილანძღებოდა და ყვიროდა. ასეთი საზიზღარი იყო ის ვიქტორი. მერე ვნახე, დაქალთან ერთად ვიყავი მასთან და დავრჩი კიდეც. რა უცნაურია: თან მეზიზღებოდა, მატლივით. იმავდროულად მაინტერესებდა - რა იპოვა მასში ჩემმა დამ. თითქმის თანახმა ვიყავი, გახდაც დამიწყო, მძიმედ სუნთქავდა და ყურზე მკბენდა, ყველა ეროგენულ ზონაზე მეხებოდა, რომლებიც მე სულაც არ მაქვს იქ, სადაც ის მეხებოდა, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ როცა მის სახლში ჩემს დას აბორტი გაუკეთეს, ვიქტორი ექიმს - თავის მეგობარს - ასისტენტობას უწევდა. ოდესღაც სამედიცინოზე სწავლობდა, მაგრამ მეორე კურსიდან გამოაგდეს. ირკა ჰყვებოდა, როგორ ფუსფუსებდა თურმე, მაგიდა დაუდგამს, ზეწარი გადაუფარებია, ინსტრუმენტები, ბამბა და წყალი გაუმზადებია, ხუმრობდა თურმე, ირას ამხნევებდა. ეს რომ გამახსენდა, ავდექი, გავლანძღე, ნაგავი თუ ნაძირალა ვუძახე, აღარ მახსოვს - მთვრალი ვიყავი და წამოვედი. ის უკან მომსდევდა და მეკითხებოდა: „გააფრინე? რა ბზიკმა გიკბინა?“ რამ და იმან, რომ ჩემი ირკა ლამის მოკვდა და ვეღარასდროს გააჩენს ბავშვს, რომ დედამ ტვინი წაუღო, და იმან, რომ ქმარი ერთხელაც იქნება და წამოაყვედრებს. კიდევ იმან, რომ ვერ ვიტან კაცებს, რომლებიც ქალებზე უარესი ჭორიკნები და ტრაბახები არიან, რომლებიც თავის ოჯახებს ცივ ნიავს არ აკარებენ: ღმერთმა ნუ ქნას და ცოლზე რამე წამოგცდეს, შეიძლება გცემონ, თვითონ კი სახლში ათასი სიბინძურე მიაქვთ. წავა ვინმესგან, არც კი ჩაიბანს, ნახევარი საათის შემდეგ ცოლთან დაწვება და აწუწუნდება, როგორ დავიღალეო. ის შეიბრალებს კიდეც და ზურგსაც დაუზელს, დაძაბულობა რომ მოუხსნას და არც ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებას მოსთხოვს. ეს ისედაც იშვიათად აქვთ - ორ კვირაში ერთხელ. ქალი ფიქრობს, რომ თავისი ბრალია - გავსუქდი, არ ვიღებები, რა მაცვია, ღმერთმა უწყისო. სინამდვილეში კი ქმარი უკვე მაძღარია, ნასვამი და თამბაქოთი გაჟღენთილი და დღეს უკვე ორი ქალი ჰყავდა. იმათთანაც ისე, წუთით. მეტი აღარ შეუძლია. ქალები კი კმაყოფილები არიან, ფული აქვს და იმიტომ. მას კი სჯერა, რომ მისი მამაკაცური შესაძლებლობების გამო. აი, რამ მიკბინა. ადრევე შევატყვე, რომ კაცებს მოვწონდი. მასწავლებლებსაც, ჩვენი კლასის ბიჭებსაც, ქუჩაში გამვლელებსაც - ისინი ყოველთვის თვალს მაყოლებდნენ. ეს ძალიან მომწონდა, მაგრამ მათკენ შეგნებულად არ ვიხედებოდი, თუმცა ვიცოდი, რომ მიყურებდნენ. ზაფხულში დედაჩემის სამსახურიდან პიონერხელმძღვანელად ვიყავი წასული. ახლა ცუდად მახსოვს ის პიონერული რიტუალები - ხაზი, დროშის აღმართვა, სამხედრო თამაშები და მასკარადები ყოველი ნაკადის დამთავრების შემდეგ. თუმცა ბიჭები იგონებდნენ სხვადასხვა სასაცილო კოსტიუმებს და ღმერთმა უწყის, რისგან აღარ აკეთებდნენ: გვიმრის ფოთლებისაგან - ქვედაწელსა და ინდიელის თავსაბურავებს, მუყაოსა და ვერცხლისფრად შეღებილი ჯოხებისაგან - იარაღსა და აბჯარს. მათთან ერთად სულელურ სკეტჩებსა და სცენებს ვიგონებდი მარსიელების, მშობლებისა და სკოლის ცხოვრებიდან. ამას მერე ხშირად ვიხსენებდი, როცა გიტისში ვსწავლობდი. ვსწავლობდი, მართლა. იქიდან მორალური გახრწნილობისათვის გამრიცხეს. ამას მერე გიამბობთ. ახლა ამის გახსენება არ მინდა, გული მერევა და გახსენებაც მიჭირს. მახსოვს, ბანაკში, როგორ განვმარტოვდებოდით ხოლმე ტყეში, გოგონათა და ვაჟთა რაზმების ხელმძღვანელები, უკვე წამოზრდილი ბავშვები. ვმღეროდით, კარტოფილს ვწვავდით და ბუჩქებსა და კარვებში ვკოცნაობდით. ბიჭები ხელებს გვიფათურებდნენ, სურვილისგან იწვოდნენ, ხანდახან ამბობდნენ - ეხ, ჯერ ხეირიანად კოცნაც კი არ იციო. თვითონ კი - კუნთები ქვასავით, თვალები - უაზრო, ან დახუჭული და მუხლებსა და მკერდზე გეფერებიან, მაგრამ ყველაფერს ისე არ აკეთებენ, როგორც საჭიროა. მაშინ ბევრი არც მე ვიცოდი, მარტო ირკას ნაამბობიდან, თანაც დიდ თავისუფლებას თავს არ ვაძლევდი. მერე კი შემიყვარდა. შემიყვარდა კი არა, გამაგიჟა ნიკოლაიმ - ენით, სიმღერით, საჩუქრებით, კოცნით. რვა წლით უფროსი იყო ჩემზე, წარმოუდგენლად პოპულარული, ლამაზი და ძლიერი. თითქმის არაფრის ეშინოდა, არც ჩხუბის, არც მშობლების, არც თამაშის, არც რაღაც შავბნელი საქმეების. ბავშვობიდან კატასავით ვიყავი შეყვარებული. დიდი ხნის მანძილზე ჩემთვის მიუწვდომელი და დიადი იყო. 16-ის რომ გავხდი, ყველაფერი ერთბაშად ამიხდა. ბანაკიდან დავბრუნდი, დედაჩემი შვებულებაში იყო, მამა - საავადმყოფოში, ირკა კი მაშინ გათხოვდა და ჩვენგან გადავიდა. ახლა ჩვენთან ცხოვრობს, იმიტომ რომ ჩვენს სახლს მალე დაანგრევენ და ორ ოჯახზე უფრო დიდ ბინას, შეიძლება ორიც კი მოგვცენ. ასე რომ, ორი კვირა მარტო ვიყავი. და ორი კვირა ერთმანეთს არ დავშორებივართ. მან დამინახა, უბრალოდ მოვიდა და მითხრა: - როგორ გავზრდილვართ და გავლამაზებულვართ, ტომაჩკა. მალე უნდა გავთხოვდეთ. გათხოვებამდე კი ურიგო არ იქნებოდა, ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი! ახლა მეცინება, სტუდენტობის შემდეგ - ჩემი მაღალი საზოგადოების ცხოვრებიდან თავბრუსდამხვევ რომანებამდე, მაშინ კი მჭერმეტყველების მწვერვალად მეჩვენებოდა. ნიკოლაი ლექსებს თხზავდა და სევდიან სიმღერებს მღეროდა. მათში იყო ქურდული სიბრალული, რასაც ღრმა მწუხარებად აღვიქვამდი. სიმღერის გმირები უსამართლოდ დასჯილი, უდანაშაულო სერიოჟები იყვნენ, რომელთაც თავიანთი შეყვარებულები ენატრებოდათ. მე კი მეჩვენებოდა, რომ თავის თავზე მღეროდა: „მდინარე ქვიშაზე მიედინება, ლესავს ნაპირს, ახალგაზრდა გოგონა კი მდინარეში ფეხებს ისველებს“. თავის თავზე და ჩემზე. ალბათ ასეც იყო. არასდროს მეუხეშებოდა. პირიქით, მომთმენი და მორჩილი იყო. მე და თავის მეგობრებს ხშირად გვაგრძნობინებდა, რომ თათი სერიოზულად და მაგრად დამადო. ეს მაშინვე ვიგრძენი. მომწონდა, რომ მყავდა პატრონიც და მსახურიც ერთდროულად და ვფიქრობდი, რომ მასთან იმდენ ხანს ვიცხოვრებდი, რამდენსაც თვითონ მოისურვებდა. რომ მასთან ერთად ცხრა მთას იქით გადავიკარგებოდი და გავხდი კიდეც მისი ქალი მაშინვე, როგორც კი მან მოინდომა. სულაც არ ვნანობ, იმიტომ რომ ის თუ არა, იქნებოდა ვინმე სხვა და სავარაუდოდ, მასზე უარესი. მთელი წელი ჭირიანებივით დავდიოდით. არავისი გვრცხვენოდა - არც მშობლების, არც მეზობლების. ჩემი კლასელი გოგოები სულ მეკითხებოდნენ - რა და როგორ. აინტერესებდათ წვრილმანები. განსაკუთრებით ფიზიოლოგიურ ნაწილში. არასდროს არაფერს ვუყვებოდი და ჩამორჩნენ. პედსაბჭო და დირექციაც გადამეკიდა, ისევ აშინებდნენ დედას ჩემი, წარმოუდგენლად გახრწნილი მომავლით და სევდიანი დასასრულით სადმე საავადმყოფოში, ინფექციურ ან ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ნიკოლაი სვიატენკოს მიერ თავგახეთქილს მიმიყვანდნენ, იმიტომ, რომ ყველაფერი იცოდნენ ნიკოლაი სვიატენკოს შესახებ. ის, რაც მათ იცოდნენ, მე არ მინდოდა, დამენახა. ხოლო ის, რაც მე ვიცოდი - მათ არ შეეძლოთ დაენახათ. მერე ნიკოლაი დააპატიმრეს ჩხუბის გამო, გაასამართლეს და ოთხი წელი მიუსაჯეს. მე უკვე ვეწეოდი და ვსვამდი. ნიკოლაიმ მასწავლა. არ ვნანობ. ის თუ არა, სხვა მასწავლიდა - უფრო უარესად. მაგრამ ნიკოლაი არასდროს მიყვებოდა თავისი შავბნელი საქმეების შესახებ. რასაც ღიად სჩადიოდა - კი ვიცოდი. ვიცოდი, რომ ვუყვარდი. სადღაც კინოთეატრის ახლოს ცხოვრობდა და აქვე მუშაობდა - რეკლამას ხატავდა. ფოტო უჯრებში გადაჰქონდა, მერე კი თითოეულ კვადრატს ადიდებდა და ისე ხატავდა ხოლმე. ახლა მეცინება, მაშინ კი ნიკოლაიზე დიდი მხატვარი არ მეგულებოდა. მერე დაიჭირეს ნიკოლაი სვიატენკო, ჩემი პირველი მამაკაცი, შესაძლოა, პირველი სიყვარულიც. იმიტომ რომ ყველა დანარჩენი უკვე დანარჩენები იყვნენ, შესაძლოა უფრო მაგრებიც, მაგრამ არა პირველი. გამოცდებისათვის ვემზადებოდი. და უცებ ეს დაპატიმრება. ყველა ჩურჩულებდა ზურგს უკან, თამარა პეტროვნამ კი პირდაპირ მომახალა: - რაო, მიიღე შენი დამნაშავისაგან? იქნებ თან გაყოლოდი, დეკაბრისტის ცოლივით? იქნებ მართლაც უნდა გავყოლოდი, შემდგომი საზიზღრობა ხომ აღარ იქნებოდა, მაგრამ გამოცდებისთვის ვემზადებოდი და შევიძულე ნიკოლაი - მის გამო ამდენ დაცინვასა და დამცირებას ვიტანდი სკოლაში, სახლში და ყველგან. ამიტომ არ წავყევი.

*

      მაქსიმ გრიგორევიჩ პოლუექტოვმა იქ გაიღვიძა, სადაც დაწვა. ჯერ კიდევ მძინარეს, დაუნდობლად სტანჯავდა ნაბახუსევი. ისე სტანჯავდა, რომ გაღვიძება არ უნდოდა. არა მარტო ნაბახუსევი. ისედაც, რისთვის უნდა გაეღვიძა და რა უნდა ეკეთებინა იმ სამყაროში, რომლის დატოვებასაც მალე აპირებდა. რა დარჩენოდა ამ საზიზღარ რეალობაში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში სტკიოდა და სტანჯავდა ქირურგების მიერ მესამედამდე დაყვანილი კუჭი. ეს, არავინ უწყის, რისთვის დატოვებული მესამედი, თან სიცოცხლეს უნარჩუნებდა, თანაც ხელს უშლიდა და თავს ხშირ-ხშირად ახსენებდა პირღებინებითა და შეტევებით. აბა, რა უნდა ეკეთებინა ამ სამყაროში ისეთი საინტერესო და განსაკუთრებული. მიუხედავად ამისა, მაინც ადგა მაქსიმ გრიგორევიჩი იქიდან, სადაც დაწვა - ნაბახუსევმა სიზმრები დაუფრთხო. ან რა სიზმრები კი ეს იყო? კოშმარები, სხვა არაფერი. ვიღაც ხორთუმიანი და ვირთხისთვალება ტიპები ხმამაღლა და გარკვევით ეძახდნენ ფანჯრიდან, თავიდან სიტყვებს ნელ-ნელა წარმოთქვამდნენ, ხოლო შემდეგ, მისი აღგზნებული ტვინის ძილში ჩაძირვასთან ერთად, სულ უფრო ხმამაღლა და სწრაფად. ტიპები მოუწოდებდნენ, ფანჯარა გაეღო და იმ არარაობაში შეებიჯებინა, სადაც ყველაფერი მიმზიდველია და სიმსუბუქე სუფევს. ტიპები რაღაც სისაძაგლეებს სთავაზობდნენ და მიაჩნდათ, რომ მაქსიმ გრიგორევიჩს ისინი რატომღაც მოეწონებოდა. და სულ უფრო ხმამაღლა, სწრაფად, თითქმის ღრიალით იხმობდნენ ხმები.

      „მოდი აქ მაქსიმ, მოდი, ძვირფასო! რა დაგრჩენია მაგ რწყილიან დივანზე? შეხედე, რა მზეთუნახავი გელოდება... - და სთავაზობდნენ მზეთუნახავს: ხან ქალთევზას სახით - მწვანე და საძაგელი ღიმილით, ხან მოკლულ, ადრე სადღაც ნანახ ქალს - შიშველს და სისხლში მცურავს. - ადექი, ნუ წევხარ! გამოდი მაქსიმ აივანზე, აი, ჩვენ, აქ ვართ, მინის მიღმა, გადმოდგი ფეხები მოაჯირზე და გადმოხტი, გადმოხტი, გადმოხტი!!!“ ქალთევზა თუ ქალი ქირქილებდა თუ ტიროდა და ხელს უქნევდა - თავისკენ იხმობდა. მერე ეს ყველაფერი დეფორმირდებოდა, საბოლოო საძაგლობად იქცეოდა და თუ ქუთუთოებს გახსნიდა, მყის ქრებოდა. ახლა კი, თვლემის შემდეგ, რაც მაინც დადგა ღამით - ნაწყვეტ-ნაწყვეტ და წვალებით, თვლემის, რომელშიც მთლიანად ვერ ეფლობი, ისიც გაჭირვებითა და კრთომით, თვლემის, რომელსაც მძიმე სიზმრების მწკრივი გასდევს, საბოლოოდ ხომ მაინც უნდა გამოიღვიძო, ფეხები ჩამოუშვა დივანიდან, გახვიდე სამზარეულოში და მაცივრიდან გამოღებული ყინულიანი წყალი დალიო, ან უმჯობესია ლუდი მოწრუპო, მაგრამ სახლში ლუდი არ არის. სახლში დასალევი არ მოიპოვება - ეს მაქსიმ გრიგორევიჩმა ზუსტად იცის, იმიტომ რომ მუდამ ასე იყო - დილით არაფერი მოიპოვებოდა. მაგრამ ადგომა მაინც საჭირო იყო. თანაც სიზმარს უნდა ჩასჭიდებოდა დახუჭული თვალებით. დაიკვნესა პენსიონერმა და მეხანძრემ, ჩვენი განშტოებული პენიტენციალური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებების შინაგანი დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა, ნაოპერაციევმა კუჭისწყლულიანმა, ღვარძლიანმა და ბოღმიანმა, სიტყვაძუნწმა მაქსიმ გრიგორევიჩ პოლუექტოვმა. დაიკვნესა, ვინაიდან შემოუტიეს და შევიწროება დაუწყეს გუშინდელმა სიზმრებმა და ამასწინანდელმა მოგონებებმა, რომლის გამოც რცხვენოდა, გული ერეოდა, იმდენად არა საკუთარი თავის, არამედ უფრო გუშინდელი მოქმედებების გამო და ლაყბობის თანამონაწილეებსა და მოწმეებზე ბრაზობდა. თანაც ჭარბი კუჭის წვენი ყელში აწვებოდა და სპირტს მოითხოვდა: - მომეცი დასალევი, უკან მაშინ ჩავბრუნდები, თუ დამალევინებო. თავზეც მარწუხებივით მოუჭირა სპაზმმა და ისიც ამასვე მოითხოვდა - ახლავე დამალევინე, თორემ გაგჭყლეტო, და აჩვენებდა, ანიშნებდა, როგორ გაჭყლეტდა, სპაზმი - მაქსიმ გრიგორევიჩს. აქ თავმობეზრებულ ინვალიდს სრულიად უადგილოდ გაახსენდა, როგორ ამასხარავებდნენ ბუტირკაში პატიმრები. აი, შედის კამერაში, წინასწარ, რა თქმა უნდა, სათვალთვალო ხვრელში იჭყიტება და გამოცდილი თვალით ამჩნევს, რომ კარტს თამაშობენ. თუმცა როცა კარს აღებს და შედის, კარტი ქრება და მასთან შფოთისთავი და გულღვარძლიანი შურიკა, მეტსახელად „მოსასხამიანი“ მირბის. უწყებს ხვევნას, ტკბილი და ალერსიანი ლათაიებითა და მანჭვით მხარზე ტყაპუნს. მაქსიმ გრიგორევიჩმა იცის - ამას შეგნებულად სჩადის, რომ ამის მიღმა რაღაც იდუმალი აზრი და დაცინვა იფარება, იგერიებს შურიკას და ნელა უახლოვდება ნარს, სადაც ახლახან თამაშობდნენ. სკურპულოზურად იწყებს ძებნას, თავდაპირველად სიხარულით ენთება, აი, გაქუცული და თხელი ლეიბის ქვეშ ტაბურეტზე ქილით დაპრესილ და ცხელ პარაფინში კუთხეებდასველებულ, გაზეთის 8-10 ფენისაგან გაკეთებულ ბანქოს ვნახავო, რომელზეც ყვავები, გულები, ჯვრები და აგურები ტრაფარეტითაა დატანილი. მაგრამ ვერასდროს, რაოდენ სკურპულოზურად და მოთმინებითაც არ უნდა ეძებნა, ბანქოს ვერ პოულობდა და უკან ცარიელი ბრუნდებოდა. შურიკა „მოსასხამიანი“ კი კვლავ ეხუტება, მხარზე ხელს უტყაპუნებს და ემშვიდობება - ოქროს კაცი ხარ, ნახე, ნარი რა აკურატულად გაასწორეო. ვერაფერი იპოვე, მოქალაქე უფროსო? დასანანია! და რას ეძებდი? კარტს? კარტს? ნწუ, ნწუ, ნწუ! ნუთუ ვინმეს კარტი აქვს? სულ ტყუილად ეძებდი! კარგი, უფროსო, ხომ მოძებნე. წადი ახლა, თორემ ხომ ხედავ, მხოლოდ მაისურში ვარ, ბუშლატი მომპარეს, თუ წავაგე - აღარ მახსოვს. უნდა დავიბრუნო! ასე, რომ თუ კაცი ხარ, ხელს ნუ მიშლი! კამერა ერთობა და ხორხოცებს, შურიკას კი სერიოზული თვალები აქვს, თითქოს არც იცინის, არამედ მაქსიმ გრიგორევიჩს თანაუგრძნობს და უყვარს კიდეც თავისი ყალბი ნატურის სიღრმეში. მაქსიმ გრიგორევიჩი პირველ ხანებში ასეც ფიქრობდა და შურიკაზე არ ბრაზობდა. შურიკ გოლიკოვი მეტსახელად „მოსასხამიანი“ უკვე 50 წლის, მაგრამ უასაკო, ბანაკის დიდი ხნის ბინადარი გახლდათ, რომელიც ციხის რთული ცხოვრების ყველა სიბრძნესა და წვრილმანებს იცნობდა. ზედამხედველები, დიდი ხანია, აღარ სძულდა. იღებდა მათ, როგორც ფაქტს - ისინი არსებობენ, თავის საქმეს აკეთებენ, თვითონ კი თავის ჯვარს ეზიდება. შურიკა აქ უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ იჯდა, ძირითადად, წვრილმანი და უმნიშვნელო საქმეებისთვის - ჯიბის ქურდობისა და ბარიგობისათვის გადიოდა, უსაფრთხო ადამიანად და ასატან ტუსაღად, თუმცა შფოთისთავად ითვლებოდა. მხოლოდ გვიან შეიტყო მაქსიმ გრიგორევიჩმა - კარტს იმიტომ ვერ პოულობდა, რომ ბანქოს შურიკა მასზევე მალავდა. ჩაეხუტება, მიესალმება, ხელს დაუტყაპუნებს და მის ზურგზევე მალავს, ხოლო დამშვიდობებისას - უკან იღებს. მერამდენედ გაიხსენა ეს მაქსიმ გრიგორევიჩმა და საკუთარ თავს დაუწყო გინება. გაიღვიძა, ესე იგი. დილა მშვიდობისა! რაღა მშვიდობაა? წყალმა წყურვილი ხუთი წუთით მოუკლა, მერე კი რაღაც თბილი და მწარე ამოაღებინა. გაიარა სახლის პატრონმა ფეხშიშველმა, გამოიარა და ისევ დაწვა. პატრონი... პატრონი... რა პატრონი. არანაიარი პატრონი არაა ამ სახლში. ისე, იტანენ და ელოდებიან, როდის ჩაძაღლდება. ცოლი დიდი ხანია, ცოლი აღარაა. შვილები - შვილები. ერთი სულ ტირის, მეორე, თამარა კი - ძუკნაა. მეორე წელია, არ ელაპარაკება. არც თვითონ იკლავს თავს მასთან ურთიერთობით. რაში სჭირდება. თამარა სახლში ისედაც სულ არაა, სადღაც დაეთრევა და ლოგინიდან ლოგინში დახტის, უნამუსო. თუმცა იყო დათბობაც მისი და თამარას უხმო მტრობაში. ეს მაშინ, როცა თამარამ მსახიობობა მოინდომა და თეატრალური სასწავლებლის კონკურსში ჩაიჭრა. ამ დროს მაქსიმ გრიგორევიჩი თეატრში მეხანძრედ მოეწყო. თამარამაც აქ დაიწყო სიარული. ხშირად მიდიოდა, მამამისთან კი არა, სპექტაკლების სანახავად, მაგრამ სწორედ მამამისი უშვებდა სამსახურეობრივი შესასვლელიდან. მერე თამარა მსახიობებს ელოდა, მაქსიმ გრიგორევიჩი თავისი პოსტიდან, ფანჯრიდან ხედავდა, როგორ მიდიოდა ხან ერთთან, ხან მეორესთან - იმ ლამაზ წვეროსანთან ერთად. მაგრამ ეს შემდეგ იყო. თავიდან კი იმ პატარასთან, სიმღერებს რომ წერს და ხრინწიანი ხმით მღერის, იმასთან ერთად მიდიოდა. თეატრის გახსენებაზე სახე დაეღმიჭა და რწყევა მოუნდა. იძულებით დალია წყალი, რამე მაინც რომ ამოეღებინებინა. იწვალა, იყვირა უნიტაზის თავზე და ისევ დაწვა. დღეს 11 მაისია, გუშინ ვეტერანებს მიაგებდნენ პატივს. ცოტანი დარჩნენ, მაგრამ მაინც მოვიდნენ. მაქსიმ გრიგორევიჩსაც შეხვდა ორდენი. რისთვის ჩამოკიდეს? მართალია, საბრძოლოა - „ბრძოლის წითელი დროშის“, მაგრამ ფრონტზე ბრძოლისათვის კი არა, წელთა ნამსახურებით მიიღო. 25 წელი იმუშავა და ჩამოკიდეს. კიდევ საათი აჩუქეს, წარწერით - „ერთგული სამსახურისათვის“, მეძებარი ძაღლივით. მაქსიმ გრიგორევიჩმა გუშინ ბევრი დალია მუქთად. ბევრთან სვამდა, განსაკუთრებით იმ არტისტთან, ტომკასთან რომ დაძვრება. ცუდია, რა თქმა უნდა, ცოლიანი კაცია, რაც არ უნდა იყოს, ბავშვიანი. ცნობილია, კინოში იღებენ. გოგო კი სულ პატარაა - პარაზიტი! ჩემი საქმე არაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. ჰოდა, გამოდის, რომ ამ არტისტს, საშკა კულეშოვს, ალექსანდრე პეტროვიჩს, რომელიც 35 წლისაა, ორდენის გამო გული აუჩუყდა, მაქსიმ გრიგორევიჩის სადღეგრძელო შესვა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: - ჩვენ ყველა შევდივართ და გამოვდივართ თეატრში. სულ მცირე დროში ორჯერ ვხედავთ მაქსიმ გრიგორევიჩს და მივეჩვიეთ, როგორც ავეჯს, ის კი ცოცხალი ადამიანია. დამსახურებებით. ფრონტი აქვს გამოვლილი, ინვალიდია, წითელი დროშის ორდენიც აქვს. ორდენს კი ტყუილად არ იძლევიან, მხოლოდ მისი პირადი მამაცობისთვის. ეს ყველაზე საბრძოლო და ფასეული ორდენია.

- შევსვათ, - თქვა მან, - ამ ორდენის მფლობელის, მოკრძალებული და შეუმჩნეველი ადამიანის სადღეგრძელო. ჯანმრთელობა ვუსურვოთ! მერე მიუჯდა მაქსიმ გრიგორევიჩს გიტარით და რამდენიმე თავისი საბრძოლო სიმღერა უმღერა. ზოგიერთი მოეწონა კიდეც მაქსიმ გრიგორევიჩს, თუმცა იცოდა, რომ ამ სიმღერებს ის ყველგან მღეროდა, მაგრამ სხვანაირსაც წერს - უხამს სიმღერებს, მაგალითად, „ჩამშვებ ნინკაზე“ და ქურდულებს. მათ მხოლოდ მთვრალ კამპანიებში და მეგობრებში მღერის. ისინი კი მაგნიტოფონზე იწერენ და ყიდიან. საშკა კულეშოვი - მთხზველია. მაქსიმ გრიგორევიჩს ეს სიმღერები, რა თქმა უნდა, მოსმენილი ჰქონდა. თამარკა უკრავდა ხოლმე და მოსწონდა. ეს ბიჭიც მისთვის როგორღაც ახლობელი იყო, - რაღაცით მის ყოფილ ქვეშევრდომებს აგონებდა, თუმცა თეატრში მთავარ როლებს თამაშობდა და დიდ არტისტად ითვლებოდა. მართალია, მაქსიმ გრიგორევიჩი მთელი დღეები უსაქმოდ იჯდა თავის პოსტზე, მაგრამ ნაკლებად აინტერესებდა, რა ხდებოდა თეატრის შიგნით, შესასვლელის იქით. ერთხელ სიმღერები რომ მოისმინა, თამარას ჰკითხა: - ვინ მღერის?

- ჩემი ნაცნობი!

- შემთხვევით, ციხეში ხომ არ იჯდა?

- ის შენთან თეატრში მუშაობს. კულეშოვია, ალექსანდრე!

მაქსიმ გრიგორევიჩმა გაოცებისაგან პირი დააღო და მეორე დღეს სპექტაკლის ნახვა გადაწყვიტა. სპექტაკლი საბრძოლო ცხოვრებიდან იყო. კულეშოვს ჯარისკაცის ფორმა ეცვა და მღეროდა. მაქსიმ გრიგორევიჩს ისევ მოეწონა. გუშინ კიდევ სადღეგრძელო უთხრა, მიუჯდა და უმღერა. არა! მართლა, არა უშავს. ბოთლი დადგა, უსხამდა და ეკითხებოდა საბრძოლო დამსახურებებსა და რისთვის მისცეს ორდენი - იმაზე. მაქსიმ გრიგორევიჩს შეეძლო დუმილი. ხანდახან რამეს ეკითხებოდნენ, ორჯერ, სამჯერ, ის კი დუმდა. ისინიც თავს ანებებდნენ. გუშინ კი დალია, მოეშვა და ლაყბობა და ტრაბახი დაიწყო.

- რა ორდენი, ალექსანდრე პეტროვიჩ, ჩემთვის საშა ხარ, რა თქმა უნდა. არც ერთი ორდენი არ მაქვს. რა უნდა გითხრა.

- ნუ თავმდაბლობ, მაქსიმ გრიგორევიჩ!

- რატომ უნდა ვითავმდაბლო, ჩემო ძვირფასო საშა! ისეთ საქმეებს ვატრიალებდი, ისეთი პოსტები მეკავა და ისეთ დავალებებს ვასრულებდი, 30 წლის წინ რომ დაგენახე, გაგიჟდებოდი, 40 წლისა - ხომ საერთოდ, დაშტერდებოდი... - სადღაც შსს შინაგანი ჯარებში ყოფილი მამასახლისობა გაიხსენა და უკვე თვითონ სჯეროდა, რასაც ფქვავდა, ყოველგვარი კონტროლი და ძაფი დაკარგა, ერთსა და იგივეს უაზროდ იმეორებდა, ტყუილების კორიანტელი დააყენა.

- მე თვით ტუხაჩევსკი დავიჭირე!

- როგორ თუ დაიჭირე? - გაოცდა საშა და ფრუტუნი შეწყვიტა.

- ჩვეულებრივად, ხელებით, რომ არ წაქცეულიყო.

- ეს სად ხდებოდა?

- არ გინდა, საშა!

ტუხაჩევსკის თაობაზე მაქსიმ გრიგორევიჩმა, რა თქმა, უნდა გადაამლაშა. უბრალოდ, ოდესღაც დამახსოვრებული გვარი ამოუტივტივდა თავში, თუმცა რატომ არ შეიძლებოდა, მართლაც დაეჭირა? იმიტომ, რომ სხვა ბევრიც დაუჭერია, უფრო მსხვილებიც. სავსებით შეეძლო, ნებისმიერი დაეჭირა, ვინც გნებავთ, ის. რის შესახებაც ახლა უამბობდა საშა კულეშოვს... მაქსიმ გრიგორევიჩი ფიქრობდა, რომ მისი სიტყვების შემდეგ საშა სკამზე ან სცენაზე ახტებოდა, თავის მთვრალ მეგობრებს სიჩუმისაკენ მოუწოდებდა და ხრინწიანი, მაგრამ ცნობილი ხმით იყვირებდა: - კიდევ ერთხელ შევსვათ მაქსიმ გრიგორევიჩის სადღეგრძელო, მან თურმე ბლუხერი დაიჭირა! - აი, ერთი გვარიც გაიხსენა. მაგრამ საშა ამის ნაცვლად რატომღაც ადგა, თავის შემთხვევით თანამეინახეს სიბრალულით შეხედა და გაეცალა. ამის შემდეგ აღარაფერი უმღერია, მოიწყინა კიდეც, მერე კი მაგრად გამოთვრა. ლოთი იყო კულეშოვი, თანაც როგორი. ეს ყველაფერი გაახსენდა მაქსიმ გრიგორევიჩს და ისევ თვალთ დაუბნელდა.

- ვინ მექაჩებოდა ენაზე, რა სულელი ვარ. თუმცა თავში ქვა უხლია, რა, ბავშვის ნათლიად ხომ არ ვიკიდებ? - რაღაც მტკივნეულად გაიღიმა, იმიტომ რომ ბილწი ხუმრობა გამოუვიდა, კულეშოვისა და თამარას ამბავში. მერე კიდევ ერთხელ წავიდა ტუალეტში და ყველაფერი განმეორდა. ოღონდ ამჯერად ეს ოხერი კუჭის მესამედი ასტკივდა. როცა ოთხი წლის წინ, შსს ჰოსპიტალიდან ეწერებოდა, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, მისმა ექიმმა, გერმან აბრამოვიჩმა გულწრფელად და კაცურად გააფრთხილა: - თუ დალევთ, მოკვდებით, ისე კი სამი წლის გარანტიას გაძლევთ. ის კი, მეოთხე წელია, გაუთავებლად სვამს და ჯერაც ცოცხალია, თუ ამას სიცოცხლე ჰქვია. გერმან აბრამოვიჩს კი ეუბნება, რომ არ სვამს, მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი და კარგი ექიმია.

       მაქსიმ გრიგორევიჩი მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოკვდება, სწორედ გერმანელისა და თამარას ქორწილის წინა დღეს. ახლა კი არ მოკვდება, რა თქმა უნდა, თუ რაიმე სპირტიანს მიაგნებს. სად გიშოვოთ სასმელი, მაქსიმ გრიგორევიჩ, ნაბახუსევს რომ ვუშველოთ? ჩაიხედე ქალიშვილის ძველ ჩანთაში! ჩაიხედე? ირკა და მისი ქმარი, თუ ზედმეტი კაპიკი გაუჩნდებათ, სიძე პრემიას თუ აიღებს ან ეკონომიას გააკეთებენ - მაშინვე შემნახველ სალაროში მიაქანებენ, შვებულებისთვის აგროვებენ. ქალიშვილი და სიძე ალპინიზმით არიან გატაცებულნი. მთელი ზაფხულით დომბაიში მიემგზავრებიან, ხან ბაქსანში, სადღაც მთებში. ერთი სიტყვით, დაძვრებიან კლდეებზე. განსაკუთრებით სიძე - ბორის კლიმოვი - დაცოცავს. დაცოცავს და იმტვრევა. სასიკვდილოდ არა, მაგრამ მაგრად. გასულ წელს ორი თვე იწვა - ჩამოიყვანეს დალეწილი ჯერ კიდევ შუა შვებულებაში. გამოშუშდა და თავისას ისევ არ იშლის. ასე რომ, ირკასთან ფულს ვერ იპოვი, მაქსიმ გრიგორევიჩ, თამარკასთან კი ძებნასაც აზრი არ აქვს: ის მეტროს ფულს დედამისს სთხოვს და სიგარეტს - მეზობლებს. იქნებ მეზობელთან გასულიყავი? ის სულ დაკავებულია. თანაც მგონი აქ არ უნდა იყოს, სადღაც ცდებზეა. რაკეტების საწვავის სპეციალისტია. სერიოზული ბიძაა, თუმცა ახალგაზრდა. ორი კვირის წინ გაემგზრავრა ბაიკანურში. ახლა ხშირად დადის. წავა, ერთი კვირის შემდეგ გაზეთებში წერენ: „განხორციელდა მორიგი გაშვება... „კოსმოსი 1991“. ყველაფერი წესრიგშია და ა.შ.“ და მეზობელიც ბრუნდება მხიარული და კმაყოფილი. მაქსიმ გრიგორევიჩს ფულს ასესხებს ხოლმე, თუ ეს უკანასკნელი გადაბმით სვამს. მაგრამ მეზობელი აქ არაა. არ ჩამოსულა. იქნებ ზეწრების კარადაში შეიხედოს? შეიხედა ყოველი შემთხვევისათვის. არც იქაა, რადგანაც ცოლი დიდი ხანია, ფულს იქ აღარ ინახავს, გადამალა. ზის მაქსიმ გრიგორევიჩი დივანზე, თავის ტერიტორიაზე, დანარჩენი ფართობი მისი არაა, ზის და სასტიკი ნაბახუსევით იტანჯება, მორალურით - ორდენის გამო და ფიზიკურით - მიღებული ალკოჰოლის გამო. ალბათ ასეც იჯდებოდა დიდხანს და ირბენდა სამზარეულოსა და ტუალეტში, რომ არა კიბის უჯრედზე უეცრად აჟღერებული გიტარა. გაისმა მხიარული ხმები, ვიღაცამ კარზე უტიფრად გრძელი ზარით დარეკა და იღრიალა: - არის ვინმე? ახლავე გააღეთ! თორემ კარს შემოვამტვრევთ! მაქსიმ გრიგორევიჩს ხმა ძალიან ეცნო და კარის გასაღებად წაფრატუნდა. თვალები, თუმცა ნაბახუსევის ნისლით ჰქონდა დაბინდული, გაუფართოვდა. ზღურბლთან კოლია სვიატენკო იდგა, მეტსახელად „კოლეგა“, საკუთარი პერსონით, დილიდან ნალოთავები, გიტარით და ვიღაც ლოთთან ერთად, რომელიც ზურგს უკან რაღაცას მალავდა და იღიმებოდაპ კოლკაც იღრიჭებოდა, ამზეურებდა უკვე ოთხ ოქროს კბილს, ლოთს კი პირი მთლიანად ოქროთი ჰქონდა გამოტენილი. კოლიას შუბლზე ახალი ნაიარევი ემჩნეოდა.

*გაგრძელება*

ნახვა: 404

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters